შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველის ნახევარი /1


1-12-2019, 01:30
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 446

არც კი მჯერა, რომ ერთი წლის შემდეგ,
გადავწყვიტე დავბრუნებოდი წერას.
საკმაოდ დიდი დრო გავიდა, წინა ისტორიის დადების შემდეგ
და თუ ვინმეს გახსოვართ,
დიახ, დიახ, არ გეჩვენებათ, მარგო დაბრუნდა.
(ვნერვიულობ!)

რაც შეეხება ამ ისტორიას,
ვფიქრობდი, რომ ჯერ დამესრულება და შემდეგ ამეტვირთა,
თუმცა, ვეღარ ვითმეეეენ!
(ვნერვიულობ, ვნერვიულობ!)

ვისაც გახსოვთ, ჩემი წითელი ღამე, მინდა გითხრათ, რომ ბევრად განსხვავებულია,
განსაკუთრებით იმით, რომ ეს ბევრად „ლაღი“ და მხიარული იქნება.
ნუ, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ წერის პროცესი ძალიან მართობს :დ
(ვნერვიულობ! /3ჯერ/)

გელოდებით....
უზარმაზარი სიყვარულით,
მარგო ტოკიო.




პროლოგი

როგორი ადვილია, ადამიანს ატკინო. უბრალოდ შეხედო და ატკინო. მზერით აგრძნობინო რომ არაფერია, ცარიელია და აღარ არსებობს.
რას ვიგრძნობ, როცა დაგინახავ?
ალბათ, პირველი გრძნობა, მონატრება და ჩახუტების სურვილი იქნება.
მაგრამ როცა შემომხედავ და არაფერს გააკეთებ, ისეთ სახეს მიიღებ, თითქოს მე კი არა, კედელს უყურებ, მეტკინება.
ჩემი მონატრება სადღაც გადაიკარგება, მაგრამ არ გაქრება.
მწარედ გამახსენდება ის დრო, რომელსაც შენთან ერთად ვატარებდი და გულწრფელი ღიმილი არ მომშორდება.
შენზე კი არა, ჩემ თავზე გავბრაზდები,
და ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, ისევ და ისევ,
მონოტორულად, ერთ შეკითხვას დავსვამ უმისამართოდ,
„რატომ?“
კვლავ გავბრაზდები ჩემ თავზე, რომ შეგიყვარე, რომ მენატრები, რომ ახლა, შენ გამო მტკივა.
შენ კი, გულიანად მოხარხარე, მეგობრებში გარეული, ახალი გრძნობით სავსე, შემომხედავ და ვერც გამიხსენებ.
მე ისევ თეთრი კედელი ვიქნები, ჩვენ შორის აღმართული.
როგორც ყოველთვის, მე ნელ-ნელა დავკარგავ ფერებს,
გამჭირვალე გავხდები და საბოლოოდ, გავქრები.
შენ კი ყოველთვის სასურველი დარჩები, შენით ყველა იამაყებს,
იმიტომ რომ არავინ იცის რეალურად ვინ ხარ, რამხელა ტკივილის მიყენება შეგიძლია, მხოლოდ ერთი გამოხედვით, მხოლოდ ერთი მზერით, უთქმელად.
მაგრამ ჯანდაბა, მაინც მენატრები.

* * *

უნივერსიტეტიდან ახალი გამოსული ვიყავი, ფალიაშვილის ქუჩას მივუყვებოდი და თან ვფიქრობდი, დამირეკავდნენ თუ არა. ერთმა ზარმა, შეიძლება ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალოს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადამიყვანოს. თითქმის მშობლების სახლამდე ვიყავი ასული, ტელეფონმა რომ დარეკა და იმდენად დავიბენი, რომ რამოდენიმე წუთი უცხო ნომერს ვუყურებდი და იმდენიც ვერ მოვიფიქრე რომ მეპასუხა.
ბოლოს, როგორც იქნა გამოვფხიზლდი.
- გიმენთ... - ამოვიკნავლე საცოდავად და შიშით დაველოდე, როდის ამოიღებდა ხმას.
ეს სამი წამი, ისე გაიწელა, ასე მეგონა რამდენიმე საათი ველოდებოდი.
- გამარჯობა, ქეთა პირველი ხართ? - მკითხა სავარაუდოდ იმ შავგვრემანმა ქალმა, გასაუბრების ოთახამდე რომ მიმიყვანა და რამოდენიმე უსარგებლო რჩევაც მომცა.
- დიახ, მე ვარ. - იმით გათამამებულმა, რომ ეს ის გოგოა, დინჯად ვუპასუხე და დაველოდე როდის მეტყოდა, „თქვენ სამსახურში აგიყვანეთ”.
- ბატონმა ზურამ გადაწყვიტა სამახურში აგიყვანოთ... ხვალ ლექციების შემდეგ გელოდებით. - მითხრა უკმაყოფილო ხმით და დაასრულა თუ არა, ეგრევე გამითიშა და იმ წამს, სამსახურში აყვანა კი არ მიხაროდა, არამედ მისი მოკვლის სურვილი უფრო მიმძაფრდებოდა. გამწარებულმა და სახეაწითლებულმა დავაბრუნე ტელეფონი ჯიბეში და სახლში შევედი, თუმცა, რა დროს ამ ქალზე გაბრაზება იყო, ჩემი ოცნება ავისურლე და მუშაობა დავიწყე იქ, სადაც ბოლო 6 თვეა ვვოცნებობ მოხვედრას. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სამსახური სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ მსურველს მოეყარა თავი და აქ მოხვედრა, ეგრეთ წოდებულ გამართლებას ნიშნავდა. შემეძლო მეთქვა ირაკლისთვის და მოეგვარებინა ეს საკითხი, მაგრამ არა! ჩემი მშობლების დახმარება ასეთი უსამართლო გზით ნამდვილად არ მინდოდა.
სახლში სწრაფად შევედი, იმ იმედით, რომ ახალ ამბავს ვამცნობდი ყველას, მაგრამ სულ ტყუილად. მხოლოდ ლანას შოტლანდიური ფოლდი, სახელად ლუციფერი დამხვდა, რომელიც სიმართლე გითხრათ, ძალიან მგავდა. ერთადერთი რაც შეეძლო, ეს ჭამა და ძილი იყო. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ მასაც კი მოვეფერე და ახალი ამბავი ვამცნე. დარწმუნებული ვარ, ჩემს მშობლებზე მეტად მაინც გაუხარდა... ტელეფონი ამოვიღე და ლანასთან დავრეკე, რამდენიმე ზარის შემდეგ, როგორც იქნა მიპასუხა;
- სად ხარ? - ვკითხე და თან ოთახიდან-ოთახში დავიწყე სიარული.
- სახლში მოვდივარ, მანდ ხარ? - მკითხა და აშკარად ბედნიერი ხმა ჰქონდა, ალბათ პროცესი მოიგო...
- კი და მალე მოდით, მაგარი ამბავი მაქვს! - ვუთხარი და გავუთიშე, თორემ იმდენ კითხვას მომაყრიდა, სახლში მოსვლამდე დამცდებოდა რამე...

როგორ ვერ ვიტანდი ლოდინს! მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, დავდიოდი და ათასჯერ... ან იქნებ მილიარდჯერ ნანახ ჩამოკიდებულ ფოტოებსა და სურათებს დიდი ინტერესით ვათვალიერებდი, თითქოს ის მე არ ვიყავი, მთელი თავისი ცხოვრება ამ სურათებს რომ უყურებდა. თითქმის მთელი სახლი შემოვიარე, ბოლოს ჩემ ყოფილ ოთახშიც შევიხედე... ყველაფერი ისე იყო, როგორც დავტოვე და თურმე როგორ მომენატრა ჩემი ძველი ცხოვრება! საერთოდ, არასოდეს ვნანობ ჩემს საქციელს, მაგრამ ახლა ისეთი გრძნობა მაქვს რომ... არა, მაინც არ ვნანობ! ან იქნებ ვნანობ კიდეც, ჩემი დის დაბრუნებამდე, მარტო რომ დავტოვე ისინი... ამ ფიქრებში ვიყავი გართული, კარის ხმა რომ გავიგე და სწრაფად გამოვედი ოთახიდან, კიბეები ჩავირბინე და სასტუმრო ოთახში შემოსულ დედაჩემს, ღიმილით ჩავეხუტე.
- კარგად ხარ? - მკითხა აღელვებულმა და შემათვალიერა.
- ასე კარგად ბოლოს როდის ვიყავი, არ მახსოვს! - ვუთხარი და გავეკრიჭე.
მართლაც რომ... ასეთი ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიყავი, 5 წლის ასაკში, თოვლის ბაბუამ ბარბები რომ მომიტანა. თუმცა, ის სიხარულიც მალევე ჩამშხამდა, როცა მთვრალმა „თოვლის ბაბუამ” თეთრი წვერი მოიშორა და ამ წვერის მიღმა დამალული ბიძაჩემი ამოვიცანი. მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამ წელს შევაბიჯე ნამდვილად იმედისგამაცრუებელ, რეალურ ცხოვრებაში და პირველი გაკვეთილიც მივიღე ბონუსად.
- ხდება რამე? - მკითხა და თან სამზარეულოში გავიდა, საჭმლის გასამზადებლად.
- მოხდა!... - რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მე დავასწარი. - ირაკლის მოსვლამდე არაფერს გეტყვი! - გავაფრთხილე და ოთახიდან გავედი, ტელევიზორი ჩავრთე და რაღაც გადაცემის ყურებაში გავიყვანე დარჩენილი დრო.
ლანამ ყველაფერი გაამზადა, სუფრა ისე გააწყო, მეგონა ჩვენ გარდა კიდევ ვინმე იქნებოდა, ყოველთვის უყვარდა პომპეზურობა, ჩემგან განსხვავებით.

- გვიკადრე ქალბატონო? - მკითხა სიცილით და ოთახში შემოვიდა მამაჩემი. ირაკლი, ის ადამიანი იყო, რომელსაც ჩემი ყოველთვის ესმოდა. ხაზს ვუსვამ, ნებისმიერ საკითხში. როცა დედა მსაყვედურებოდა, ის პირიქით, მოდიოდა და მშვიდად მიხსნიდა, რომ ასე არ შეიძლებოდა... ან შემეძლო უარესი გამეკეთებინა! მართალია, ამის გამო ლანა და ირაკლი სულ კამათობდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, კოჰაბიტაციის გზით, მათი ურთიერთობა ჰარმონიულად გრძელდებოდა. რაც შეეხება ჩემ დას, რომელიც უკვე ერთი წელია გერმანიაშია გადახვეწილი, ისეთი იყო, რომ სიტყვის თქმაც არ სჭირდებოდათ, მოწესრიგებული და მშვიდი, ისეთი მშვიდი იყო რომ ზოგჯერ ეჭვი მეპარებოდა მის არსებობაში. მაგრამ არსებობდა დღეები, როდესაც ვერ ვაჩუმებდით და საბოლოოდ, სახლი ბრძოლის ველს ემსგავსებოდა. ორივე რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით, ამის გამო კი, სულ ვჩხუბობდით. 16 წლამდე არანაირი საერთო ინტერესი არ გაგვჩანდა, თანაც სულ მეუბნებოდა, ბიჭს ჰგავხარო და ისე ვბრაზდებოდი, რომ სიკვდილისთვისაც კი ვიმეტებდი, მაგრამ ლანა ყველა გეგმას წყალში მიყრიდა!


- რაღაც უნდა გითხრათ... - ვთქვი და ჯერ ლანას გადავხედე, შემდეგ ირაკლის. ლანა ისეთი თვალებით მიყურებდა, ალბათ ჩემი არარსებული „შეყვარებულის” მშობლების გაცნობას გეგმავდა.
- რა ხდება? - ამომხედა ირაკლიმ. არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად დაძაბული ვიყავი.
- მოკლედ, სამსახური დავიწყე. - ჩავილაპარაკე ისევე დინჯად, როგორც იმ შავგვრემანს ვუთხარი. არა, ლანას თვალები უნდა გენახათ!
- რაა? - მკითხა ლანამ და ის კმაყოფილი მზერა, წამში შეეცვალა.
- მერე უნივერსიტეტი?! - ამჯერად მამაჩემი.- რა საჭირო იყო, ქეთა?
ალბათ, ერთადერთი საკითხი იყო, რომელშიც ჩვენი აზრები რადიკალურად განსხვავდებოდა.
- კარგით რა... რა პანიკებში ვარდებით? უნივერსიტეტს ვუთავსებ, რა არ მოგწონთ ვერ გავიგე. - ვთქვი გაბრაზებულმა და თვალები ავატრიალე.
- პანიკებში არ ვართ, მაგრამ ვერ ვხედავ ჯერ-ჯერობით ამის საჭიროებას. - მშვიდად თქვა ლანამ, მაგრამ აშკარად განაწყენებული იყო... დანაშაულია, 20 წლის ადამიანის დამოუკიდებლობა, იმის გამო, რომ არ სურს მშობლების ხარჯზე ცხოვრება?
- 20 წლის ვარ და არ ვაპირებ თქვენ ხარჯზე ცხოვრებას! - ვთქვი აუღელვებლად და ამის შემდეგ არაფერ უთქვამთ. - მეგონა გაგიხარდებოდათ... - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ჩემი საყვარელი კერძის ჭამა განვაგრძე.

- ირაკლი, რამე უთხარი, თორემ გავგიჟდები! - მიუბრუნდა ქმარს, - ქეთა, ვერ ისწავლი, დაიღლები და ბოლოს ვერც უნივესტიტეტში იზამ რამეს და ვერც სამსახურში! იცოდე, დაფიქრდი! - მშვიდად, გაწონასწორებულად, მაგრამ ჩვეული მკაცრი ტონით გამაფრთხილა და ოთახიდან გავიდა.
- თუ ფიქრობ, რომ შეძლებ, რატომაც არა. მე არ ვარ წინააღმდეგი. - თქვა ბოლოს ირაკლიმ, როცა ლანას ისტერიკებს, ანუ შეუსაბამო წინააღმდეგობას დასასრული არ გამოუჩნდა.
- როგორც იქნა! ლანუშ, მიბაძე ქმარს. - ვუთხარი ირაკლის გადაწყვეტილებით გამხიარულებულმა და სახლი მალევე დავტოვე.

წარმოგიდგენიათ, ჩემ სამსახურზე რა რეაქცია ჰქონდათ და ნინას წასვლაზე რა ამბები იქნებოდა? რომ მახსენდება, მეცინება. ნინას ბედნიერი სახე და მათი - აღშფოთებული. ნუ, აღშფოთებული ლანა იყო, თორემ ირაკლის ყოველთვის უნდოდა, რომ განათლება საზღვარგარეთ მიგვეღო და ამის მომხრეც იყო, თუმცა, მაინც ვერ ეგუებოდა შვილების უმისამართო გახიზვნას. მიუხედავად,ლანას თავისუფალი დამოკიდებულებისა ჩვენ მიმართ, მაინც ჰქონდა ნერვული შეტევები. ყველა საკითხის გაგება შეეძლო, სასიყვარულო თემებისაც კი, მაგრამ ვერ იტანდა, მარტო ცხოვრებას რომ ვცდილობდით. ზუსტად ერთი თვე არ ელაპარაკებოდა ნინას ნორმალურად, მაგრამ მერე გულმა ვერ გაუძლო და აპატია, ალბათ ჩემ შემთხვევაშიც ეგრე იქნება.

* * *
ქეთა პირველი.

ვგრძნობ – სიჩუმეს - მთელი სიცხადით.
მეშინია – მომავლის.
ვიცი – ის, რომ არაფერიც არ ვიცი.
არ ვიცი – ვიცი თუ არა რამე.
შემიძლია – სიჩუმის ხმების აღქმა.
არ შემიძლია – ქაოსში არსებობა.
ვტირი – უსასრულო მელანქოლიის სევდაზე.
ვიცინი – ყველაზე და ყველაფერზე.
ვეძებ – არამონოტორულ ყოფას.
ვკარგავ – დროს, - ყოველთვის, ყველგან.
მშურს – მათი, ვინც ფიქრობს, რომ თეთრი და შავი შური არსებობს.
ვემალები – საკუთარ თავს, მტკივნეულ ფიქრებში გამოჭერილს.
მაინტერესებს – უცხო ადამიანების წარსული.
არ მაინტერესებს – მოსაწყენი ადამიანები, უსარგებლო ჭორები და პოლიტიკა.
მრცხვენია – უხერხული სიტუაციების დროს.
მწამს – დაუსრულებელი სიყვარულის.
მძულს – ტყუილი.
ვნანობ – ყოველთვის.
კმაყოფილი ვარ – ვარ?
მენატრება – ბავშვობა. ფერების შეგრძნება.
მსურს – ემოციების აღმოჩენა.
ვაგროვებ – ემოციებს.
ვეჭვიანობ – ცხოვრების უყურადღებობაზე.

- იცით რაიმე ქეთა პირველის შესახებ?
- რეალურად, ვინ იყო ქეთა პირველი?! ერთი დიდი გაუგებრობა.
რატომ?
მასზე ბევრმა არაფერი იცოდა, მაგრამ ბევრმა იცოდა მისი ვინაობა. რომ იკითხოთ ქეთა პირველი, ყველა გიპასუხებთ ვისი შვილია, რამდენი წლისაა, ჩვეულებრივ, უსარგებლო ინფორმაციას დაგიდებენ, მაგრამ როგორი იყო რეალურად, ძალიან ცოტამ იცოდა, ცოტამ, მაგრამ საკმარისმა. ერთადერთი რაც ვიცი, ისაა, რომ არასდროს მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ მოსწონდა სოციუმის ჩარჩოები, ქცევის უაზრო კოდექსი და კანონები. პატარა იყო, მშობლები რომ გააფრთხილა, თქვენთან ერთად, არსად წამოვალო. რატომ? რთულია ცნობილი მშობლების შვილობა. იურისტი და ექიმი, ლანა და ირაკლი, უამრავი ნაცნობითა და დიდი სამეგობრო წრით, - მრავალფეროვანი, ქაოსური და ხალხმრავალი ყოფა ჰქონდათ და როცა ასეთ ოჯახში ცხოვრობ, უნდა შეეგუო იმ ფაქტსაც, რომ მუდამ განხილვის თემა იქნები ნაცნობ-უცნობებში. არ მოწონდა პირველს, ვერ ეგუებოდა, ეზიზღებოდა ჭორიკანა ადამიანები, ტანსაცმლის ფასით რომ იწყებდნენ სხვისი ცხოვრების განხილვას.
სწორედ ამიტომ არ მოსწონდა ქეთას მათთან ერთად პომპეზურ წვეულებებსა თუ შეხვედრებზე გამოჩენა და შემდეგ, დაუსრულებელი, პირფერული საუბრები.
ქეთას, სიჩუმე და მარტოობა უყვარდა. აღმერთებდა ამ მდგომარეობას, ზედმეტად ჰარმონიული და იდეალური ეჩვენებოდა. რა თქმა უნდა, ხმაური და გართობაც უყვარდა, თუმცა არა იმ ადამიანებთან, რომლებიც მუდამ მის ჩარჩოებში გამომწყვდევას ცდილობდნენ.
მოსწონდა სიჩუმის ხმები.
ღამით აივანზე გათენება, ცხელი ყავითა და სიგარეტით ხელში.
სასიამოვნო მუსიკის ფონზე.

* * *

საათს დავხედე, უკვე ღამის 12 საათი იყო და საკმაოდ ბნელოდა. მთელი ხუთი საათი ნატაშკასთან ვიყავი და ვერც ვიგრძენი, ისე სწრაფად გავიდა დრო. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი. მიყვარს ღამით სეირნობა, თუნდაც ტაქსით გადაადგილება. სულ სიმშვიდეა და შემიძლია თავისუფლად ვიფიქრო, მაგრამ როგორც ჩანს, ფიქრს ვერ მოვასწრებ, ნინა რეკავს.
- ქეთაა, - ისეთი ხმით ყვირის, ტაქსისტსაც ესმის და შუქნიშანთან გაჩერების დროს, სარკიდან ალმაცერად მიყურებს. - რა მაგარი ამბავი მაქვს, დაჯექი! - მეუბნება და დარწმუნებული ვარ, ადგილზე ცეკვავს. ჰო, ბავშვობის შემდეგ, ძალიან შეცვლილია.
- რა მოხდა, ჩამოდიხარ? - ვკითხე სიცილით.

- არა, რა ჩამოვდივარ! კიდევ ვრჩები რამდენიმე თვით. - მეუბნება ყვირილით და თან იცინის.
- ვიზიარებ ოჯახიდან მოკვეთას. - ვუთხარი ნიშნისმოგებით და გამეცინა, მის რეაქციის ცვლილებაზე.
- აუ, ეგ სულ დამავიწყდა... - წამოიყვირა უცებ, - კაი წავედი, დავურეკავ ლანას.
- მოიცა, მოიცა! არაფერი არ უთხრა, ჯერ... - ვუთხარი უცებ, გათიშვას რომ აპირებდა. ლანას ჯანმრთელობაზე ამდენი „ცუდი” ინფორმაცია და თან ერთ დღეში, ნამდვილად არ იმოქმედებდა კარგად. - სახლში რომ მივალ დაგირეკავ და აგიხსნი. - ვუთხარი და გავუთიშე, უკვე ნაცნობ ქუჩასთან ვიყავი. ისეთი საცობი იყო, რომ მთელი 20 წუთი გზაში ვიყავით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტაქსი მაინც ჩემი ქუჩის დასაწყისში გავაჩერე, ფული გადავუხადე და გადმოვედი.
სიმართლე გითხრათ, ბებიის დატოვებულ სახლში, სწორედ ამ ქუჩის გამო დავსახლდი.
უცნაურია, მისტიკური ელფერი დაჰკრავს, მშვიდი, ხეებითა და ფოთლებით სავსე, სულ ნიავია და კმაყოფილების, სასიამოვნო მოგონებების მიერ გამოწვეულ ემოციებს აღძრავს ჩემში.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარს ამ ქუჩაზე სიარული, ნებისმიერ დროს. მაშინაც კი, ძალიან დაღლილი რომ ვარ და ფეხზე ძლივს ვდგავარ.

შემიძლია მიყვარდეს ეს ქალაქი, მხოლოდ ამ ქუჩის გამო.

მივუყვებოდი ჩაბნელებულ ქუჩას და წამით არ გამჩენია შიშის გრძნობა.
მივდიოდი უცნაური ფიქრებით შეპყრობილი...
ეს ის მეტად ნაცნობი მომენტია, ყველაფერზე ერთად რომ ვფიქრობ, ბოლოს კი, გამოდის რომ არაფერზეც არ მიფიქრია...
ამ ფიქრებში გართულს, მხოლოდ ახლა მომესმა გინების და ჩხუბის ხმა, სმენა დავძაბე და მივხვდი, რომ სადღაც ახლოს იყვნენ... აი, შენი მშვიდი ქუჩაც! ადგილზე გავხევდი, ერთ წერტილს მივშეტებოდი და მხოლოდ ქაოსში არეულ ხმებს ვუსმენდი. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვერკვიე და ნაბიჯებს ავუჩქარე.
თბილისის უბნებში, განსაკუთრებით ღამის საათებში, ხშირად გაიგებთ ჩხუბისა და გინების ხმებს, სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ძალიან მაშინებდა ჩხუბები და მსგავსი გარჩევები, რაც ძალადობას ეფუძნებოდა, ამიტომ ჩემმა სხეულმა არც ახლა დააყოვნა და შიშით გამოწვეული ცახცახი ვიგრძენი ფეხებისა და ხელების მიდამოებში.
ხმები ნელ-ნელა მიწყდა და მეც სვლა შევანელე, უბრალოდ სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი აღმართისკენ. იმდენად მქონდა სმენა დაძაბული, რომ მგონი ფოთლების შრიალის ხმაც კი გამძაფრებულად ჩამესმოდა.

- დავიჯერო, არავის უყვარხარ? - გაისმა ჩემთვის უცნობი, მაგრამ საკმაოდ ხავერდოვანი ხმა. მე კი, შიშით ადგილზე შევხტი.
- ღამით, ქალაქში სიარული საშიში რომ არის, არ იცი? - აგრძელებდა ის... არც ნაბიჯების ხმა წყდებოდა და ვხვდებოდი, რომ მიახლოვდებოდა.
ქეთა, არ შეგეშინდეს! არ აგრძნობინო რომ გეშინია! –(უაზროდ ვამხნევებდი საკუთარ თავს.)
- ბატონო?!
- ლაპარაკიც იცის... - ჩაეცინა მას.
ისეთი სიბნელე იყო, მის სახეს ნორმალურად ვერ ვხედავდი. ჩემზე საკმაოდ მაღალი იყო, სუსტი და ისე თხლად ეცვა რომ მე შემცივდა. თუმცა, ვერ ვხვდებოდი, ეს ამინდით გამოწვეული სიცივე იყო, თუ შიშით.

- სად ცხოვრობ? - მომიახლოვდა და ჩემთან ერთად გააგძელა გზა აღმართზე.
მე ჯერ წარბაწეულმა გავხედე, შემდეგ ჩამეცინა.
- შენ რა, გგონია, გეტყვი?! - ვკითხე დამცინავად.
ჩემ სიტყვებზე გაეღიმა.
- არ მითხრა... ჩემით მივხვდები. - მითხრა და მის სიტყვებზე გამეცინა. რა მაცინებდა?! რომელი ნორმალური გაიცინებს, შუა ღამეს, ვიღაც უცნობ გადარეულთან ერთად რომ მიდიოდეს?
- არ გეშინია ჩემი? - მკითხა მან. დამაბნია ამ კითხვამ... ალბათ იმიტომ, რომ შიშის გრძნობა მხოლოდ რამდენიმე წამით გაგრძელდა, შემდეგ კი სადღაც გაუჩინარდა.
- ამ... რა ვიცი... აარა. - ვუპასუხე დაბნეულმა, იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.
- მოიცა, არ გეშინია? - გაეცინა მას. - რა იყო, ეგრე მოგხიბლა ჩემმა გარეგნობამ? - მითხრა და წარბები აათამაშა.
- რა, ეჭვი ხომ არ გეპარება?! - ვკითხე ვითომდა აღშფოთებულმა და ირონიულად გავუღიმე. ცოტათი გაოცებული გამომეტყველებით მიყურებდა, ბოლოს კი ჩაეცინა. ალბათ, ფიქრობდა, რომ გავმწარდებოდი, მან კი ძალიან მშვიდი და ირონიული პასუხი მიიღო.
რამდენიმე წუთი უხმოდ მომყვებოდა, მხოლოდ ნაბიჯების ხმა არღვევდა უცნაურ, დაძაბულ სიჩუმეს.

- პირველის ნახევარი დაიმახსოვრე, პირველო. - გაეცინა. უცნაურად დამაკვირდა სახეზე, მხოლოდ რამდენიმე წუთით. ლამპიონის მკრთალი შუქის ფონზე, ჩემი თვალები ზედმეტად გაბრწყინებული იყო და მე ამას ვგრძნობდი. ის კი არეული მზერით მიყურებდა. მომეჩვენა, თითქოს მიმახსოვრებდა. შემდეგ კი ისე გაქრა, ეჭვი შემეპარა მის დედამიწელობაში. მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ ჩემს კორპუსთან ვიყავი. შოკში მყოფმა, არეული ნაბიჯებით ავირბინე კიბეები და სახლში გულამოვარდნილი შევვარდი. არა, მაინც რაზე ვფიქრობდი, მას რომ ველაპარაკებოდი?!
-სულელი ხარ, ქეთა! - ვლანძღავდი საკუთარ თავს, - მოიცა, ჩემი გვარი საიდან იცოდა? ან საერთოდ ვინ იყო? - უაზრო კითხვებს ვსვამდი და გაურკვეველი ემოციებით სავსე აქეთ-იქეთ დავეხეტებოდი.
ჭიქაში ადუღებული წყალი ჩავასხი და ყავის გამზადება დავიწყე.
გონებაგათიშული, აივანზე ვიჯექი და ამ მომენტისთვის, თემატურ სიმღერას „Love is a Laserquest“ ვუსმენდი, თუმცა იმაზეც მეცინებოდა, რომ უკვე ამ სიმღერას, თემატური ვუწოდე.
საერთოდ არაფერზე არ მინდოდა ფიქრი. ჯერ კიდევ ცხელი ჭიქით ვითბობდი ხელებს და უაზრო მზერით ვაკვირდებოდი ერთ წერტილს. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხანი ვიჯექი ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ რომ გავიხედე, საათის ისრები 2 საათს უჩვენებდა. ძილი წამითაც არ მეკარებოდა. ყურადღების გადასატანად, ისევ ნინას გადაწყვეტილებაზე ჩავფიქრდი, რომელიც არადა არ ჩამოდიოდა საქართველოში. მახსოვს, ადრე ირაკლი ეხვეწებოდა, სანამ სკოლას დაამთავრებ, გერმანიაში წადი მამიდასთან და ისწავლეო, მაგრამ რომ თქვა „არა“, მერე ვეღარ გადაათქმევინა... ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, როგორ, რანაირად, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც აირია, შეიცვალა და შემდეგ მისი ნებით წავიდა. გაიქცა.
უცნაური იყო ყველაფერი, ჩვენ გარშემო.
მე კი სავსე მთვარეს გავყურებდი, რომელიც ძალიან მეუცნაურებოდა. „მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.“ უცებ, გონებაში სკოლაში ნასწავლი, გალაკტიონის ლექსის სტრიქონი ამომიტივტივდა და გამეცინა.
ეს რა ხდებოდა ჩემს მდორე ცხოვრებაში?

ამ ქალაქში, ყველაფერი ადვილად ხდება,
მაგრამ ადვილად არაფერი გრძელდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent