შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავლილი მანძილი [სრულად]


12-02-2020, 15:28
ავტორი ელპინი
ნანახია 4 536

მერე შენ დაიწყე - შეგიყვარდი.

***
სამყაროში არსებობს ძალა, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და პატარა ხორბლის მარცვლისხელა მუხტი ყველა ადამიანშია. მთავარია - შენმა უარყოფითმა თავისი დადებითი იპოვოს, ან, პირიქით, მაგრამ წარღვნა იწყება მაშინ, თუკი ორივე ერთნაირია.
მაღლა გადაწყვიტეს, რომ სიმარტოვეს ჩვენთან არ უნდა და როგორც წესი, გაგრძელებაც მარტივი მისახვედრია, როცა თეზისი თითქმის არგუმენტირებულად გაქვს დასაბუთებული. ფაქტობრივად, გავლილი მანძილი უდრის დროისა და სიჩქარის ნამრავლს და ისე, ფიზიკა ძალიან კარგი რამეა იმიტომ, რომ ამ წუთს, ზუსტად ამ ფორმულით ვცხოვრობ. სიჩქარე, როცა ნულს უდრის, ამ დროს პაემანზე ვარ. მართალია, ჩემი გული გარბის, მაგრამ სკამზე დამჯდარს მხოლოდ იმის აღქმა შემიძლია, რომ ჩემ წინ - ჩემი ცხოვრების სიყვარული ზის. აუფ! ამ ფორმულას ყველა იყენებს და შენ რითი ხარ გამორჩეული? - მარცხენა მხარზე სერიალებში რომ ჩანს, ზუსტად ისე ერთობა ჩემი ეშმაკი. მარტივი სიტყვები, შეყვარებული წყვილები ერთმანეთს რომ ეუბნებიან და მერე რა მოხდა? ალბათ, ათასჯერ მაინც დამისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის და ხანდახან ვბოროტდები კიდეც, როცა ვფიქრობ ჩემ სიტყვას სხვა იყენებს. აი, მაგალითად, ვიღაც ლუკა ზის და მარიამს ეუბნება ჩემი სიცოცხლე ხარო, ეს ისეთი ბანალურია, ზედა ტუჩს მომაბეზრებლად ვწევ ზემოთ და უცებ ვფიქრობ, როცა ამას საყვარელი ადამიანისგან ვისმენ, გული სკდება. ათასჯერ მაინც მიფიქრია - მალე სიყვარულისგან გამისკდება გული - მეთქი. ცხოვრება ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთის სიტყვებს ჩვენეულად ვიყენებთ. სიჩქარე 50 კილომეტრია საათში და უკვე ვხვდები, მისი სუნთქვა იმდენად ახლოს მესმის, წუთი კილომეტრზე გამრავლებას დროულად ვეღარ ახერხებს, მაგრამ გავლილი მანძილი ჩემსა და მას შორის მაინც სწრაფადვე იზრდება. - ჰოდა, ეგ არის, არავინ არავის არ უცდის და იმ მარიამმაც სწრაფად უნდა უპასუხოს ლუკას თავის სიტყვაზე. ძალიან კარგი რამეა სიყვარული. მონატრებისას გავლილი მანძილი ნულს ქვემოთაა. ვსხედვართ გოგონები ტკბილეულით ხელში და იქამდე ვჭამთ, სანამ მონატრება არ გადაგვივლის. რამდენჯერ მიფიქრია შუაღამით დავურეკავ ისე მენატრება - მეთქი, მაგრამ როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანი გააღვიძო? ვიცი, ბედნიერი იქნება, მაგრამ გული იკუმშება და ამაზე ატირებულს ათი ჭიქა ნაყინის ჭამა შემიძლია. უფ, ვანილის ნაყინი! ამის გაფიქრებაზე მახსენდება, რომ მას ვანილის ნაყინი უყვარს და მის მაგივრადაც ვიწყებ ჭამას. დათვლაც კი აღარ შეიძლება იმიტომ, რომ ვერ ვჩერდები და ნაყინის ჭამისას ყველა ის მომენტი მახსენდება, როცა პარკში ვისხედით და ვანილის ნაყინს ერთად ვჭამდით. მაინც რა არის ცხოვრება? ამაზე პასუხი არავის აქვს. მე კი, მაინც მგონია - რომ სიყვარული. როცა ამ სიყვარულს გამოცდი, მერე თუნდაც - მოკვდე. არ შეიძლება ადამიანი სიყვარულის გამოუცდელად მოკვდეს. ასეთი ადამიანები ცოდვილები არიან, თუმცა, მე მაინც მჯერა, რომ იმ სამყაროშიც შეიძლება იპოვო შენი სიყვარული. საერთოდ, როცა შეყვარებული ხარ, ყველაფერს გაზვიადებულად უყურებ და ჰო, მე ძალიან ბევრი ლაპარაკი მიყვარს. ჩემი მოსმენა მხოლოდ ჩემ საყვარელ ადამიანს შეუძლია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მას არ აღიზიანებს ჩემი გაუჩერებელი ლაპარაკი. ჩემი ცხოვრება ზუსტად მაშინ შეიცვალა, როცა ერთ-ერთ რადიოკომპანიაში სივი გავგზავნე და პასუხის მოლოდინში ჩემი ოთახი ტკბილეულის პარკებით გავავსე. მერე, როცა დამიბარეს, გაუჩერებლად ვლაპარაკობდი და იმათაც მეტი რა უნდოდათ? ეს რადიოკომპანია პირდაპირ ეთერში ემსახურება მომხმარებელს. ჩვენ ერთმანეთს სიყვარულს ვუზიარებთ. აი, მაგალითად, რეკავს ისევ ვიღაც ლუკა და მე, როგორც ოპერატორს, მეუბნება - გამარჯობა, ერთ მარიამზე ვარ უგონოდ შეყვარებული და მერე ვაგრძელებთ სიყვარულის ისტორიას. საბოლოოდ, მარიამს ვუკავშირდებით, ვრთავთ ონლაინ რეჟიმში და ეგ არის, მარიამი და ლუკა ერთად არიან. ვიღაცას გაეცინება, მაგრამ ერთმანეთის გაბედნიერება ნებისმიერ წუთს შეგვიძლია. ზოგადად, ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ მსუბუქად იცხოვროს. აი, ისე, თითქოს, ფრთები აქვს და სადღაც პეპელასავით დაფრინავს. მგონი, ასე ძალიან სჯობს. აბა, სულ ვიჯდე, ან ვიარო და დარდიანი გამომეტყველება მქონდეს, საუკუნოვანი დეპრესია დამეწყება, ჩამოვჭკნები, მალე დავბერდები და რად მინდა ეგრე? როგორც ვთქვი, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე რადიოკომპანიაში ამიყვანეს.

***
ერთ დილით უცნაურ განწყობაზე გავიღვიძე. იმაზე მეტად დამუხტული ვიყავი, ვიდრე ჩვეულებრივ. ალბათ, ჩემი პროტონები თავის ნეირონებს პოულობენ და ჯანდაბა, მაგნიტი! წამოვდექი და მალევე მოვემზადე, სამსახურში ხმაურიანად შევედი და ჩემი სამუშაო ადგილი დავიკავე. 10 საათზე ვიწყებთ მუშაობას და ზუსტად 09:59-ზე გული ისე ამიჩქარდა, ზუსტად ვიცოდი, ვიღაც მეტისმეტად შეყვარებული ადამიანი დარეკავდა სულ რაღაც ერთ წუთში და ისიც კი ვიცოდი, რომ ჩემსავით უცდიდა ამ ერთი წუთის გასვლას. ჰო, უცებ სანატრელი ზარი.
- ოპერატორი ანა გისმენთ. - სამუშაო მაგიდის წინ სარკე მიდგას, ჩემ თავს ყოველთვის ვაკვირდები და ახლაც ვიღიმი.
- კარგ განწყობაზე ხარ, ანა?
- რა თქმა უნდა, დღეს ახალი სიყვარულის ისტორია დაიწერება.
- მზად ხარ მოსასმენად?
- ყოველთვის.
- მაშინ, ახლა უფრო გაიღიმე.
- თქვენც გრძნობთ, ხო?
- მიყვარხარ, ანა!
და მე მერე უცებ დამიარა. პირველად ვერ გავიაზრე, მეორედ - მივხვდი, რომ მიყვარხარ თქვა და არა - მიყვარს. მესამედ - დავაზუსტე და ჩემი სახელი განმეორებით ჩამესმა ყურში. წინ მსხდარი ოპერატორები ჩემს მიმიკებს აკვირდებოდნენ და ხმაჩავარდნილი არ ვიცი, რას ველოდი.
- ანა, გესმის? გადავწყვიტე, ასე ამეხსნა სიყვარული შენთვის.
ჩემი ტვინი უცებ იაზრებს, რომ ვიღაცამ სიყვარული ამიხსნა. სიყვარული - რა კარგი სიტყვაა.
- ანა!
ჩემი გულისცემა იმდენად სწრაფი იყო, მეგონა, გასკდებოდა მალე. იმდენად მკაცრად დამიძახა, თვალები ერთმანეთს დავაჭირე შიშისგან.
- ანა, მიყვარხარ - მეთქი!
უცებ წამოვდექი და ჩემი ადგილი სხვა ოპერატორმა დაიკავა. გარეთ გავედი, ჰაერი არ მყოფნიდა. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ამიხსნა სიყვარული, შეიძლება, ვინმემ უბრალოდ იხუმრა, ან სულაც, ვიღაც მანიაკია. ამ უკანასკნელის გაფიქრებაზე ჟრუანტელმა დამიარა. აბა, როგორ შეიძლება, ადამიანი გიყვარდეს და ასე აუხსნა სიყვარული? თანამშრომელმა წყალი გამომიტანა და რამდენიმე წუთში ისევ გონს მოვედი. მერე უფროსის საყვედურის ატანაც მომიწია და სავარაუდო იყო, მალე სამსახურიდან გამიშვებდნენ, მაგრამ მე რა შუაში ვარ? ადამიანს ვუყვარვარ და არც კი ვიცი, ვინ არის. დღის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა ზარი და მთელი დღე გაბრუებული ვმუშაობდი. საღამოს ისეთი გონებაარეული გამოვედი სამსახურიდან, გადავწყვიტე, გზა ფეხით გამევლო და იქნებ, ცოტა აზრზე მოვსულიყავი.
ერთდროულად უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში და არც ერთზე პასუხი არ მქონდა. ყველაზე მეტად ეს მაგიჟებდა. რომელი ნორმალური აუხსნის ადამიანს ასე სიყვარულს? ხომ შეიძლებოდა გამსკოდომოდა გული? ან საერთოდ ვინ იყო, ან როგორ შევუყვარდი და უცებ…
- ანა!
მოვბრუნდი უკან გაცეცხლებული და გულგახეთქილი.
- მაშ, შენ ხარ ის, არა?
- მე ვარ.
- როდის მოასწარი ჩემი შეყვარება?
- შეიძლება ითქვას, ერთი ნახვით შემიყვარდი.
- მანიაკი ხარ!
- შეიძლება, ვარ, მაგრამ მიყვარხარ.
- მერე ხომ შეიძლება ადამიანურად მოიქცე და არც სამსახურის გარეშე დამტოვო? საერთოდ რატომ ვლაპარაკობ ამდენს, წადი და სხვა რამით გაერთე.
- ანა, მიყვარხარ!
- შენ რა იცი, რა არის სიყვარული?
- მე გიყურებ და ვგრძნობ, მიყვარხარ. აი, ეს არის სიყვარული. ვანილიანი ნაყინი არ გინდა?
- მინდა და რამდენი ცალსაც შევჭამ. - გაბრაზებული ვამბობ და არც კი ვიცი, რატომ მივყვები ამ ადამიანს ნაყინის საჭმელად.
- მართლა მანიაკი გგონივარ, ანა?
- რატომ არ უნდა მეგონო? - გაკვირვებული ვეკითხები.
- მიყვარხარ, შენი მოკვლა ხო არ მინდა.
- როგორ შეგიყვარდი?
- შენი კორპუსის წინ ვცხოვრობ.
- აქამდე რატომ არ მინახიხარ?
- წინ კი არა, ყოველთვის უკან მოგყვებოდი და იმიტომ.
- ახლახან აღიარე, რომ მართლა მანიაკი ხარ.
- ვიყო, თუ დაგამშვიდებს.
- მითვალთვალებდი?
- კი.
- და ასე შორიდან შეგიყვარდი?
- შემიყვარდი.
- იქნებ, არ არ უნდა შეგყვარებოდი?
- ეგრე რომ ყოფილიყო, ვანილის ნაყინზე უარს მეტყოდი.
- ამხელა დატვირთვა აქვს?
- მეტისმეტად დიდი.
- მართლა გიყვარვარ?
- ასე მგონია.
თურმე…

***
საღამო ხანი იყო უკვე. დაღლილი დივანზე ვიჯექი. ზაფხულის მზე ყველაზე ბედნიერს მხდის. ალბათ, არანორმალური ვარ, მაგრამ მზეც ზუსტად ასე მიყვარს. რომ გათბობს და თავს კარგად გრძნობ, რა სჯობს მაგას? პატარა ლეკვებსაც ქუჩაში თავშესაფრის ძებნა არ უწევთ და მზის გულს ეფიცხებიან. ბედნიერნი გამვლელ-გამომვლელს ეთამაშებიან. როგორ არ უნდა გიყვარდეს ზაფხული? და ჰო, მთავარი - ვანილის ნაყინი. ახლა უფრო კარგი გემო აქვს მას, ვიდრე აქამდე და ეს შეიძლება იმიტომ, რომ მან მნიშვნელობა მიანიჭა. მაინც არ მესმის, როგორ უნდა ითმენდე ადამიანის სიყვარულს და ასე გვიან, ასე დაულაგებლად უხსნიდე, მაგრამ ხომ არის ამაშიც ხიბლი? ვერასდროს წარმომედგინა, თუ ჩემი სამსახური და ჩემი ცხოვრება რაიმე დამაკავშირებელს იპოვიდა ერთმანეთთან. ფიქრებში გართულს აივნის კარზე კაკუნი მომესმა და სწრაფად წამოვდექი. დედაჩემს ყოველთვის ვეუბნებოდი არ გვინდა მეოთხე სართულზე ბინა, იქნებ, ამოძვრეს ვინმე - მეთქი და მგონი, ეგ არის. შევხედე და…
- ვანილის ნაყინი მოგიტანე, ვიფიქრე, არ წამომყვებოდი თეთრ ქვებში.
- რატომ გიყვარს ასე?
- არ ვიცი.
- ყავა?
- უშაქრო.
- ტკბილი ნაყინი და უშაქრო ყავა - ვერაფერს იტყვი.
- ისევ მანიაკი გგონივარ?
- რატომ არ უნდა მეგონო?
- რატომ უნდა გეგონო?
- ყველაფერ განვლილთან ერთად დღეს სახლშიც შემომივარდი.
- ძალიან კარგი რამეა კორპუსს გარეთ კიბეები.
და მერე…
ყავას ვსვამდით და ჩემ გვერდით გადმოჯდა. შეგრძნებებმა შემიპყრო.
- ამოისუნთქე, ანა.
- ასეთი ტონით რომ მეძახი, მართლა მანიაკი მგონიხარ. - თვალები დავხუჭე და გავახილე რამდენჯერმე.
- ანა… - ერთ წუთს გაჩუმდა და შემომხედა. - ძალიან ლამაზი ხარ, იცი? - მე სუნთქვა შემეკრა და რაღაც დადებითი ვიგრძენი. - დათბი, დათბი. - სიცილით მითხრა და ხელი მხარზე ჩამომადო. მე გონება დავკარგე ლამის და შიგნიდან დავიწვი. - ანა - მეთქი! რისი გეშინია? - ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ ჩვენ შორის მანძილი მაინც მინიმუმი იყო.
- ვახ! - ხმამაღლა ამოვისუნთქე და ისევ გაიცინა.
- ძალიან საყვარელი ხარ, იცი? - თითები ჩემს სახეზე აატარ-ჩამოატარა და მე თვალები დავხუჭე. - ნაზი და რბილი კანი გაქვს. ვანილის ნაყინივით თეთრი ხარ.
- რატომ იქცევი ასე? - დაბნეულმა ვკითხე.
- მიყვარხარ, ანა! ჩაგიხუტებ, კარგი? უარი არ მითხრა, რა. - მის ხმაში თითქოს მუდარა იგრძნობოდა.
- კარგი, ჩამეხუტე.
და ამ სიცხეში მეც მზე გავხდი - გავთბი…

***
თეთრი ქვები მყუდრო კაფეა პაემნისთვის. მე ყვითელყვავილებიანი თეთრი კაბა ჩავიცვი, თეთრი შლიაპა დავიფარე და პატარა ყვითელი ჩანთა მხარზე გადავიკიდე. ღია ფერები ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით, თეთრი, ყვითელი და ატმისფერი. რომ შემეძლოს, მხოლოდ ამ ფერებით შევქმნიდი სამყაროს. მას თეთრი პერანგი და შავი ჯინსი ეცვა, თითქმის ყოველთვის ასე დადის, მაგრამ პერანგების ფერს იცვლის მხოლოდ.
ერთმანეთის პირისპირ რომ ვისხედით, თვალს ვერ ვუსწორებდი და მზერის არიდებას ვცდილობდი.
- შემომხედე, ანა. ძალიან ლამაზი ხარ. - ხელი ხელზე დამადო და თბილი თვალებით მიყურებდა.
- ნუ მიყურებ ეგრე, მერე მე ვერ გიყურებ.
- რატომ ჩაიცვი ეგრე?
- არ მოგწონს?
- კი, ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზი ხარ, ანა!
- ჩემ სახელს განსაკუთრებულად ამბობ.
- როცა გიყვარს, ალბათ, ეგრეა.
- შენ ძალიან თბილი ხარ.
- მანიაკი აღარ?
- პაემანი ხომ არ უნდა გავაფუჭოთ, თორემ სულ გაგახსენებ, რომ ხარ.
დედამიწიდან ჩამოსვლა არავის უნდა.
ზაფხულში წვიმა ბედნიერების ნიშანია. ადამიანები ყველაფერს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ახლანდელი წვიმა კი წყვილებისთვისაა. უნდა ჩაჰკიდო ხელი და შემოიარო ქალაქი.
- გავისეირნოთ, ანა.
დიდი მინიდან ვუყურებდით წვიმას. ალბათ, ზაფხულის წვიმა ყველას უყვარს, ან მე მგონია ასე.
- გავისეირნოთ.
წვიმს და ქალაქში ხმაურია. ჩემი ყვითელყვავილებიანი თეთრი კაბა სველდება და მისი თეთრი პერანგიც. რაღაცნაირად ლამაზია. ალბათ, ვინმე იტყვის შეყვარებულ ადამიანს ყველაფერი ეჩვენებაო. შეიძლება, ეგრეც იყოს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი სილამაზე.
და სამყარო მეტისმეტად აუხსნელია…

***
ჩემი აზრით, სულ ზაფხული უნდა იყოს - მზე და ვანილის ნაყინი.
გავლილი მანძილი კი - იმდენად გრძელია, ვერ გაზომავ.


12 წუთში და 52 წამში დაწერილი ისტორია. ამდენი ხანი გავიდა და ცოტა შესამსუბუქებლად მაინც კარგია.
კარგად ვარ.



№1  offline მოდერი სალანდერი

ტრადიაცია რომ არ დაირღვეს. . .

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ტრადიაცია რომ არ დაირღვეს. . .

♥️♥️♥️

 


№3  offline წევრი Kalina

გცემ!! :))))))))))
დებილივით მეხევა პირი ღიმილისგან, ანუშკი!

გადი, შემეშვი, დამანებე თავი! :)))))

უპასუხოს, არა ის. :)
პასუხზე ტუჩის კუთხეები ჩამოუვარდა, რომ იცოდე.

მიყვარხარ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline ადმინი ელპინი

Kalina
გცემ!! :))))))))))
დებილივით მეხევა პირი ღიმილისგან, ანუშკი!

გადი, შემეშვი, დამანებე თავი! :)))))

უპასუხოს, არა ის. :)
პასუხზე ტუჩის კუთხეები ჩამოუვარდა, რომ იცოდე.

მიყვარხარ.

რა გიყოოოოო?

აი, ძალიან და უზომოდ მიყვარხარ, არანორმალურო!

სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.
პასუხს დაველოდოთ იმასაც და ამასაც. ღალატი არ შეიძლება. :)))))

 


№5  offline მოდერი სალანდერი

რა სილამაზე და სიმსუბუქეა. . .
არ ველოდი იცი? სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. . .
მიხარია რომ შენთან თბილა. . .
ასეთი მსუბუქი წელიწადზე ბევრად მეტია აღარ ყოფილხარ. . .
კარგი ხარ ელ, ძალიან კარგი და რაც მთავარია ხარისხს ინარჩუნებ. . .
ეს ნაწერიც ყველას გაათბობს, ვინც წაიკითხავს, ტყუილად ხომ არ ხარ მზე. . .

 


№6  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
რა სილამაზე და სიმსუბუქეა. . .
არ ველოდი იცი? სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. . .
მიხარია რომ შენთან თბილა. . .
ასეთი მსუბუქი წელიწადზე ბევრად მეტია აღარ ყოფილხარ. . .
კარგი ხარ ელ, ძალიან კარგი და რაც მთავარია ხარისხს ინარჩუნებ. . .
ეს ნაწერიც ყველას გაათბობს, ვინც წაიკითხავს, ტყუილად ხომ არ ხარ მზე. . .

მენატრები. . .
და უზომოდ მიყვარხარ, იცოდე. . .

ალბათ,
თუ მართლა,
- კარგად ვარ.

პეპლებს არ სძინავთ. . .

 


№7  offline წევრი სიბილა

თითქოს ყაყაჩოებიან მდელოზე ნაირფერი პეპლები აფარფატდნენ.ხო,თბილა.ხო, ძალიან კარგი ხარ.და კიდევ.მიხარია რომ შემოირბინე))))ამიერიდან შენგან სერიოზულად მოცულობით ისტორიას ველი.თუ ტრადიცია არ დაირღვევა))

 


№8  offline ადმინი ელპინი

სიბილა
თითქოს ყაყაჩოებიან მდელოზე ნაირფერი პეპლები აფარფატდნენ.ხო,თბილა.ხო, ძალიან კარგი ხარ.და კიდევ.მიხარია რომ შემოირბინე))))ამიერიდან შენგან სერიოზულად მოცულობით ისტორიას ველი.თუ ტრადიცია არ დაირღვევა))

დიდი მოლოდინია. . .
მადლობა, რუსა, მომენატრე. . .

 


№9 სტუმარი სტუმარი Sick Dreamer

დიდი ხანია რაც აქ არ გამოვჩენილვარ ჰო?
კი დიდი ხანია.

აუ ელ...
ახლაც ისე ვიღიმი , როგორც ყოველთვის.
ახლაც იმდენი აზრი მომდის თავში , ჰო ვითომ მსუბუქი და პატარა , მაგრამ რაღაც დიდი გრძნობის მატარებელი.

ჰო , კარგია ზაფხული.
არც ვანილის ნაყინია ნაკლები.

ყველაზე პატარასაც კი შეიძლება ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.
ყველა წვრილმანიც კი შეიძლება ბედნიერების მიზეზი გახდეს.

და მაინც ამ მსუბუქმა ისტორიამ გამაღიმა და ახლაც ვერ ვუყრი ტუჩებს თავს.

 


№10  offline ადმინი ელპინი

სტუმარი Sick Dreamer
დიდი ხანია რაც აქ არ გამოვჩენილვარ ჰო?
კი დიდი ხანია.

აუ ელ...
ახლაც ისე ვიღიმი , როგორც ყოველთვის.
ახლაც იმდენი აზრი მომდის თავში , ჰო ვითომ მსუბუქი და პატარა , მაგრამ რაღაც დიდი გრძნობის მატარებელი.

ჰო , კარგია ზაფხული.
არც ვანილის ნაყინია ნაკლები.

ყველაზე პატარასაც კი შეიძლება ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.
ყველა წვრილმანიც კი შეიძლება ბედნიერების მიზეზი გახდეს.

და მაინც ამ მსუბუქმა ისტორიამ გამაღიმა და ახლაც ვერ ვუყრი ტუჩებს თავს.

მიხარია, რომ გამოჩნდი.
იმედია, დაიმუხტე.
მადლობა. :)))) ♥️

 


№11  offline წევრი ნანა73

თბილი იყო, ლამაზი და გემრიელი... ვაღიარებ აღარ ვკითხულობდი შენს ნაწერებს. ამას მარტვად ვერ ავხსნი, არც არის საჭირო, მაგრამ ყოველთვის მახსოვდა რომ ძალიან მომწონდი და დღეს წავიკითხე blush ვანილის ნაყინიჩემი ფავორიტია, მსუბუქი და კეთილი ისტორიაც, ზაფხულის პირველი ორი თვეც. laughing მესიამოვნა ძალიან, ასეთ განწყობას გისურვებ ყოველთვის! ❤️❤️❤️

 


№12  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

დაახლოებით ცამეტ წუთში თუ შენ ასეთ საოცრებას წერ, წარმომიდგენია ერთ საათში, ორში, სამში ან თუნდაც ოცდაოთხში როგორ შედევრს შექმნი.
ბრავო შენ, ანა! ❤️
ლიტერატურად ქცეული ფიზიკური ჩანართი ძალიან კარგი იყო და იდეალურად და ორიგინალურად შეირწყა. ყოველთვის მაოცებ და არც მიკვირს, მდიდარი მწერალი ხარ, უწრეტი და ამასთანავე ზრდადი! ❤️
ჰო, მართლა, ვანილის ნაყინი ბერძნული ნიგოზით ზედ დააკვდა შენს ახალ ქმნილებას :)))
წარმატებები!
მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ შორიდან, მაგრამ ძალიან ახლოს გიცნობ! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№13  offline ადმინი ელპინი

ნანა73
თბილი იყო, ლამაზი და გემრიელი... ვაღიარებ აღარ ვკითხულობდი შენს ნაწერებს. ამას მარტვად ვერ ავხსნი, არც არის საჭირო, მაგრამ ყოველთვის მახსოვდა რომ ძალიან მომწონდი და დღეს წავიკითხე blush ვანილის ნაყინიჩემი ფავორიტია, მსუბუქი და კეთილი ისტორიაც, ზაფხულის პირველი ორი თვეც. laughing მესიამოვნა ძალიან, ასეთ განწყობას გისურვებ ყოველთვის! ❤️❤️❤️

სიმართლე გითხრათ, არ გელოდით. მეგონა, აღარასდროს წამიკითხავდით იმ მიზეზების გამო, რაც იგულისხმეთ, მაგრამ მიხარია - დაბრუნება, თუ დროებითი გამოჩენა, რაც არ უნდა დავარქვათ.
ვანილის ნაყინი ძალიან გემრიელია, ზამთარშიც და საერთოდ ყველა დროს.
დიდი მადლობა სურვილისთვის! ♥️♥️♥️

ქეთი იმერლიშვილი
დაახლოებით ცამეტ წუთში თუ შენ ასეთ საოცრებას წერ, წარმომიდგენია ერთ საათში, ორში, სამში ან თუნდაც ოცდაოთხში როგორ შედევრს შექმნი.
ბრავო შენ, ანა! ❤️
ლიტერატურად ქცეული ფიზიკური ჩანართი ძალიან კარგი იყო და იდეალურად და ორიგინალურად შეირწყა. ყოველთვის მაოცებ და არც მიკვირს, მდიდარი მწერალი ხარ, უწრეტი და ამასთანავე ზრდადი! ❤️
ჰო, მართლა, ვანილის ნაყინი ბერძნული ნიგოზით ზედ დააკვდა შენს ახალ ქმნილებას :)))
წარმატებები!
მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ შორიდან, მაგრამ ძალიან ახლოს გიცნობ! ❤️

აუუუუუ, ჩემი ქეთიიიი, რა ვქნა რომ ძალიან მიყვარხარ?
აი, მართლა, ჩემი გულის ნაწილი ხარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ნებისმიერ დროს დაგელაპარაკო და უბრალოდ - მეგულებოდე.
უზომოდ გახარებული და განათებული ვარ ახლა, ბევრს ვლაპარაკობ გულში და ხომ იცი, ვიცინიიიი.
მიყვარხარ და ყველაზე დიდი, ძალიან თბილი, შენ რომ ტკბილი გიყვარს, ეგეთი მადლობა! ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent