შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნაბიჯი (მეშვიდე თავი)


16-02-2020, 21:29
ავტორი Keke27
ნანახია 2 560

7 თავი.
_სად იყავი წუხელ?- გიგა კიბეებზე ელოდა და აგრესიულო ტონით დასვა კითხვა.
_გაგეცი პასუხი უკვე, შენი საქმე არაამეთქი.- უპასუხა ბუჩუკურმა. მაქსიმალურად ცდილობდა შინაგანი ღელვა და ამ კაცის შიში გარეგნულად არ დატყობოდა. ფიქრობდა, ეს რომ მომხდარიყო და გიგას ეგრძნო, თამამად მოინდომებდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამიტომ ელენე შეუვალი იყო. თავი მაღლა აეწია და მტკიცე ნაბიჯებით ჩადიოდა კიბეზე.
_შენ ძალიან ხომ არ ატლიკინებ ენას?
_თავი მომაბეზრე უკვე, - აბეზარი ტონით გასცა პასუხი ქალმა და გვერდი აუარა. ყოფილმა ქმარმა ეს ვერ აიტანა და მკლავში წაატანა ხელი. მთელი ძალით უჭერდა. მიხედავად იმისა, რომ ელენეს ქურთუკი ეცვა, კაცის ძლიერმა ხელმა მაინც ატკინა მკლავი. ლამის სუნთქვა შეეკრა ტკივილისგან, მაგრამ არც ეს ტკივილი შეიმჩნია. მკლავის განთავისუფლება სცადა.
_ხელი გამიშვი ახლავე, თორემ მთელ კორპუსს შევყრი აქ კივილით.- ზიზღი გაურია ხმაში, ბუჩუკურმა. კაცის თვალები მრისხანებისგან ცეცხლისფრად ელავდნენ.
_მიდი, აბა გაბედე და მერე იცი, რაც მოუვათ შენს მშობლებს იქ, სოფელში, მიყრილი რომ გყავს უპატრონოდ. იცი, რომ ჩემი ერთი ზარი საქართველოში და მოკლე ჩართვა გამოიწვევს ღამით ხანძარს შენს მშობლიურ სახლში. ისე ამოიბუგებიან იქ, გაღვიძებასაც ვერ მოასწრებენ..- გიგა არ ხუმრობდა, ის ამის გამკეთებელი იყო, რადგან თავზე ხელაღებული და ნარკოტიკს დამონებული ადამიანი იყო. ელენესთვის ამის მოსმენა, გავარვარებული შანთით სხეულის დაწვას უდრიდა. ტკივილმა, ბრაზმა, ზიზღმა, თვალები საცრისოდენა გაუხადა. კისრის ძარღვები მაჯისოდენა გაუხდა. არაადამიანური ძალა იგრძნო. მთელი ძალით დაქაჩა მკლავს და გაინთავისუფლა.
_ ჩემს მშობლებს ნუ ახსენებ შენი ბინძური პირით. ჩემს მშობლებს შენი მიზეზით, რომ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს, გიგა ბაღდავაძე, მუხლებზე დაეცი და ისე ილოცე, რომ გადამირჩე. გასაგებია? - კაცი არ ელოდა ყოფილი ცოლისგან ასეთ რეაქციას, არც ტონს. ის ელენეს შეშინებულს და “დამჯერ“ ქალად იცნობდა. - შენ შეაშინე შენნაირი გამოთაყვანებულები... გადი ახლა აქედან დამეკარგე, მაგვიანდება. - ისევ აბუჩად აგდებით უთხრა გზის გაგრძელება სცადა. გიგა უცებ მოეგო გონს, ქალს კეფაში წვდა და მისკენ მიიზიდა. შიშისგან ლამის მუხლები მოეკეცა ბუჩუკურს. სიმწრის ოფლმმა მთელი სხეული დანამა.
_ გითხარი, მე შენ ძალიან ატლიკინებ ენასმეთქი. გეშლები ვიღაცაში. ხომ იცი, რომ ასეთ ტონს არ მოგითმენ. - ყურთან უჩურჩულა ღვარძლიანი ხმით. ყურიდან ყელზე გადაანაცვლა ტუჩები და ამაზრზენად დაუწყო ლოშნა. ქალს თვალებში ცრემლის ნაცვლად სისხლის ჩაუგუბდა. ბოლო ძალა მოიკრიბა, რომელიც შემორჩენილი ჰქონდა. მარჯვენა იდაყვი მთელი ძალით, გამეტებით, კუჭის თავში ჩაარტყა ორჯერ. გიგამ თმას ხელი უშვა. ტკივილმა სახე დაუმანჭა. გალურჯდა. ორივე ხელი ატკიებულ ადგილზე დაიდო და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა ბარბაცით.
ბუჩუკური ამას როდი დაჯერდა. ბეჭებში ორივე ხელით ჩააფრინდა და მუხლი ამოსცხო დაუნდობლად ფეხებშუა.
_ მეორედ არ გაბედო და არ შემეხო, თორემ ეს სანატრელი გაგიხდება. შენს თავს ნიუ იორკის პოლიციას ჩავაბარებ და მერე დამემუქრე თუ მაგარი ხარ. -მტკიცე და შეუვალი ხმა ჰქონდა ქალს.
არის მდგომარეობა, როდესაც ითმენ, ითმენ... უთმენ, უთმენ... ხან სიბრალულის გამო.. ხან შიშის გამო.. დაუცველობის გამო... ვიღაცის ხათრის გამო...გაუბედაობის გამო...
ამ დროს შენს თავზე ამბობ უარს და სხვას ანიჭებ მეტ უპირატესობას. სწორედ ეს არის დიდი შეცდომა. შენი თავი შეიყვარე ჯერ და მერე უკეთ დაალაგებ პრიორიტეტებს საკუთარ თავში, თუ ვინ რას იმსახურებს შენგან.
ელენემ გამოიარა ეს მმდგომარეობა და საკუთარი თავის სიყვარული იპოვა.
სწორედ ეს იყო მისი გამბედაობის მიზეზი. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გიგა ადგილიდან ვერ იძვროდა და სახე ცისარტყელასავით ფერადი გაუხდა.
ტკივილისგან, შოკისგან, მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშებულიყო და დაზიანებულ ადგილებს ხელს აფარებდა.
რამდენიმე წუთში ბუჩუკური ავტობუსში იჯდა და სამსახურში მიდიოდა. სხეული უცახცახებდა. მძიმედ და ღრმად სუნთქავდა. სახეზე მიტკალის ფერი დასდებოდა.
ტელეფონი მოიძია და ჩართო.
შეტყობინება დაუხვდა ნიკოლოზისგან. დევიდისგან და გოგოებისგან.
პირველი დევიდის შეტყობინება გახსნა. ღელავდა, თუ რატომ დააგვინა მისმა საუკეთესო თანამშრომელმა სამსახურში. მიწერა, გზაში ვარ, მალე მოვალო.
შემდეგ გიგაურის მესიჯი წაიკითხა. „ვიფიქრე, დილით გავაღვიძებმეთქი, მაგრამ ტელეფონი გამორთული გაქვს. როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? ვნერვიულობ შენზე.“
სულ ოდნავ შვება იგრძნო თითქოს, ამ რამდენიმე სიტყვამ თბილი ტალღასავით გადაურა მის სხეულს და ცახცახმა კლება იწყო. ეს რომ შენიშნა, გაიფიქრა „რა უცნაურია, როგორ დადებითად მოქმედებს ეს კაცი ჩემზე“-ო. ღიმილმა ბაგე გაუპო. არაფერი მიუწერია პასუხად.
გოგოების შეტყობინებაში კი, ყველა ინტერესდებოდა, „ სად გაქრი გოგო და დაიკარგე, მშვიდობა გაქვს?“… “საღამოს შვიდის მერე ჩემთან ამოდით, ხვალ დასვენება გვაქვს და ჩვენი საღამო გავმართოთ. თან მოგიყვებით ყველაფერს“.
ტელეფონის ეკრანი ჩააქრო და იმაზე დაიწყო ფიქრი, აბაზანაში დილის პროცედურაც რომ არ ჩაუტარებია, ისე სწრაფად და რეტდასხმული გამოვიდა სახლიდან.

#######
სახლში მისვლამდე ელენეზე ეფიქრებოდა. მის დარდიან თვალებზე. ტკივილზე, სიცილზე და სიცილისგან ლოყაზე გაჩენილ ღრმულებზე.
„ნამეტანია, ნიკოლოზ ამდენი ფიქრი, თავი ხელში აიყვანე.” გაუწყრა საკუთარ თავს გონებაში. ყურადღება, რომ გადაეტანა, ტელეფონში ქართული რადიო ჩართო, ცალი ყურსასმენი გაიკეთა და პოლიტიკური ამბების მიმოხილვას დაუგდო ყური. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მოსმენამ, თავისი გაიტანა და პატრიოტ გიგაურს, ქალზე ფიქრი გაუფანტა.
მანქანა პარკინგზე გააჩერა.
რადიოს მოსმენას განაგრძობდა. ბინაში შესულს სიბნელე შეეგება. სწრაფად აანთო შუქი. მანქანის და სახლის გასაღები, შესასვლელში მდგარ, სამფეხიან მოდერნირებულ მაგიდაზე დადო. პალტო საკიდზე დაკიდა. საძინებელის კარადიდად პირსახოცი გამოიღო და აბაზანაში შევიდა. ზანტად გაიხადა ტანსაცმელი და ისე დაკეცა, თითქოს ეს ესაა, ქიმწმენდიდან მოეტანოს გასუფთავებულ მოწესრიგებული. ვანაში ცხელი წყალი მოუშვა. მერე ნიჟარასთან დადგა და კბილის ჯაგრისი მოიმარჯვა. სარკეში, რომელსაც ორთქლით დაბურვა დაეწყო, საკუთარ თავს დააკვირდა. ერთხანს უყურა. ალაგ-ალაგ შეპარული ჭაღარა თმა დათვალა. ოცდაერთი გამოვიდა. წარბები გაისწორა. სწორ, ლამაზ ცხირსაც არ მოაკლო მისი ფართო და მეტყველი თვალების შევლება. სახეზე ხელები ჩამოისვა, წვერი საგრძნობლად წამოზრდილიყო. ყოველ დილით პირის გაპარსვა, შეუცვლელი და აუცილებელი რიტუალი იყო. ასეც გაიფიქრა, დილით გავიპარსავო. კბილები გაიწმინდა და პირი მოიბანა.
სარკე ორთქლმა დაბურა.

დილით ადრე გაიღვიძა. მაშინვე ელენეს ნომერი მოიძია ტელეფონზე, დაძინებამდე გადაწყვიტა, რომ დილით დაერეკა მისთვის და გაეღვიძებინა, რათა სამსახურში არ დაგვიანებოდა. ბუჩუკურს ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
შეფიქრიანდა.
სახე მოეღრუბლა. თავში ათასმა აზრმმა გაურბინა წამში.
ბოლოს შეტყობინება მიწერა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა.

მანქანით წასვლას, ფეხით გასეირნება არჩია, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა მინუსებში იყო.
გზად ყავახანაში შეიარა, რძიანი და ვანილის ექსტრაქტით გაჯერებული ცხელი ყავა აიღო და ისევ გზას დაადგა.
ბუჩუკური მას, არა მხოლოდ ისე აინტერესებდა, როგორც ქალი, არამედ როგორც პიროვნება, რომელიც საიდუმლოებით მოცული იყო. კიდევ სამი თვე უწევდა ნიუ იორკში ყოფნა. შემდეგ საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო და მერე უკვე აღარ იცოდა, კიდევ როდის მოუწევდა ამერიკაში დაბრუნება. ამის გაფიქრებისას, სახე უფრო მოეღრუბლა.
_როგორ უნდა დავტოვო ელენე აქ, მარტო, ასეთ მდგომარეობაში? მას ხომ ჩემი გვერდში დგომა სჭირდება. მართალია ახლოს არ მიშვებს, მაგრამ ამ ბარიერს ძალიან მალე გავაქრობ. ის დამოუკიდებელი, შემდგარი პიროვნებაა. როგორი ძლიერია და როგორ უმკლავდება მარტო ყველაფერს. ამიტომაც არ მიშვებს ახლოს. ხომ ვგრძნობ, რომ მოვწონვარ, მაგრამ მისი ხასიათი ისეთია, რომც შევუყვარდე, მაინც გაუჭირდება მისი დარდების ჩემთან გაზიარება. მიჩვეულია მარტომ გაუმკლავდეს საკუთარ ტკივილებს... ოჰ, ბუჩუკურო, როგორ ყირამალა დააყენე ჩემს ტვინში ყველაფერი.- მიაბიჯებდა და ხმამაღლა ფიქრობდა. სხვა თვალით დანახული, იფიქრებდა, რომ ყურსასმენით ტელეფონზე საუბრობსო.


#*#*#*#*#
შუადღის ორ საათზე მორჩა მუშაობას. დღეს პარასკევია და ებრაელები შაბასისითვის ემზადებოდნენ. ამიტომ, ყოველ პარასკევს ადრე იკეტებოდა ატელიე.
წაშლილი სახით გამოვიდა სამსახურიდან. ძალა აღარ ჰქონდა ფაქტობრივად. მკლავიც ტკიოდა, გიგა ასე გამეტებით რომ უჭერდა ხელს.
ყავა და სიგარეტი მისწრება იყო ახლა მისთვის.
_უი, ნიკოლოზი! - წამოიძახა უცებ. მაშინღა გაახსენდა, რომ პასუხი არ მიუწერია მისთვის. ფაცხაფუცხით მოიძია ტელეფონი ჩანთაში და ნიკოლოზთან დარეკა.
_ დიახ, გისმენ ელენე.
_მაპატიე, აქამდე ვერ მოვიცალე, რომ შეგხმიანებოდი. დილით ჩამეძინა და ნახევარი საათით დავაგვიანე სამსახურში, თუმცა უფროსმა, მიპატიებიაო.- მხიარულ ნოტაზე მომართა ხმა ქალმა.
_ თავს როგორ გრძნობ?
_ არა მიშავს. ცოტა თავი მტკივა, დანარჩენი ყველაფერი რიგზეა. შენ როგორ ხარ?
_ ნორმალურად. ჯერ კიდევ ვმუშაობ. საღამომდე აქ ვიქნები.
შენ რა გეგმები გაქვს დღეს? ხვალ ხომ ისვენებ?
_ კი ვისვენებ. საღამოს მეგობრებს ველოდები ჩემთან სახლში ვიკრიბებით, თითქმის ყოველ პარასკევს. ეს ტრადიციასავით დავამკვიდრეთ, მთელი კვირის ამბებს ერთ ღამეში ვუყვებით ერთმანეთს და თან სასმელს გეახლებით.
_ძალიან სასიამოვნოა, ნიუ იორკული რეჟიმის მიუხედავად, რომ შეკრებას ახერხებთ და ერთობით. ალბათ ამ საღამოს განხილვის ობიექტი მეც ვიქნები. - ჩაეცინა კაცს.
_ ეჭვიც არ შეგეპაროს.- ელენემ გადაიკისკისა.
_ ძალიანაც ბევრი არ შემაქო, თორემ მარჯვენა ყურის სიმხურვალე შემაწუხებს. - გიგაური ხუმრობდა. მოსწონდა ქალი, რომ ასე გულწრფელად და ლაღად კისკისებდა.
_ ვეცდები... ნიკოლოზ, რაღაც მინდა გითხრა.
_გისმენ.- კაცს ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე, ისეთი ტონით უთხრა ელენემ ეს სიტყვები.
_ ერთი ცუდი თვისება მაქვს, როცა დავლევ, ადამიანი რომელიც მაინტერესებს, მასთან ტექტს მესიჯებს ხმოვან შეტყობინებებს ვგზავნი. შეგიძლია ამ საღამოს ტელეფონი გამორთო? - ამის მოსმენას ნამდვილად არ ელოდა გიგაური. რამდენიმე წამიანი დუმილი გამოიყენა, ისე დაიბნა, ვერ მოახერხა დაძაბული მდგომარეობიდან ადაპტირება მოეხდინა მხიარულ ნოტაზე გადასულიყო. ყურმილში ბუჩუკურის კისკისი ისმოდა.
_ მაპატიე, მაგრამ არ ხარ შენ ნორმალური. - ეს თქვა და ქალის სიცილს შეუერთდა.
კაბინეტში, სარა ანდერსონი შემოვიდა. ნიკოლოზმა სიცილი შეწყვიტა. ელენეს სწრაფად დაემშვიდობა და ფეხზე წამოდგა. უფროსს მიესალმა.
_ნიკოლას, შემოთავაზება მაქვს შენთან. - სარა ნაზი და რბილი ხმით საუბრობდა.
_დიახ, გისმენთ, მემ.
_ არ დამიძახო, მემ.- იწყინა ქალმა. - უბრალოდ, სარა. თან აქ არავინ არის, რომ ასე ოფიციალური იყო.
_მაპატიეთ, მემ.
_ ისევ. - წითლად შეღებილი მსხვილი ტუჩები წინ გამობურცა ანდერსონმა.
_რა შემოთავაზება გაქვთ ჩემთან, სარა? - გიგაურმა გამსჭოლი მზერით დააკვირდა უფროსს.
_სამსახურის შემდეგ, მინდა ჭიქა კოქტეილზე დაგპატიჟო. აქვე ძალიან კარგი ბარია. კვირის ბოლოს განტვირთვა არ გვაწყენდა. - ისეთი ტონით ამბობდა ამას, შეთავაზებაზე უფრო, ბრძანება იყო.
ნიკოლოზმა პერანგის საყელოში საჩვენებელი თითი ჩაიყო და ოდნავ გამოწია. თითქოს ჰაერი არ ყოფნიდა და სუნთქვა შეძლებოდა თავისუფლად.
_ძალიან კარგი შემოთავაზებაა. დიდი მადლობა, მაგრამ უკვე დაგეგმილი მაქვს დღევანდელი საღამო, ამიტომ არ შემიძლია შენს მაცდურ და სასიამოვნო შემოთავაზებაზე დათანხმება. მაპატიეთ. - დამაჯერებელი და საქმიანი ტონით განუცხადა უარი სარა ანდერსონს. ქალს გეგმები წყალში ჩაეყარა, როგორც ქართველები ვამბობთ ხოლმე. არ შეიმჩნია. თან მოეწონა გიგაურის თავაზიანი პასუხი.
_რა გაეწყობა, სხვა დროს იყოს მაშინ. - თქვა ღიმილით და სხეულის გრაციოზული მოძრაობით გავიდა ოთახიდან.
კაცმა ისე ამოისუნთქა და ჩაეშვა სავარძელში, თითქოს ყელზე ვიღაცის ხელები ჰქონდა მოჭერილი დასახრჩობად და მისგან თავი გაინთავისუფლა.
_ ეს ქალი, ძალიან მავიწროვებს უკვე.- გაიფიქრა ხმამაღლა. მისსავე ხმამ სიცილი მოჰგვარა.
ტელეფონი აიღო და ელენეს მიწერა.
„მაინტერესებს, ადამიანს რომელსაც ვაინტერესებ, როგორ გამოხატავს ინტერესის დაკმაყოფილებას ნასვამ მდგომარეობაში. ამიტომ ტელეფონს არ გავთიშავ.“ თან სიცილიც დაურთო ტექსტს.
ელენემ რომ წაიკითხა შეტყობინება, გულიანად გადაიკისკისა ისევ.
„არ გირჩევთ, ბატონო ნიკოლოზ, არ გირჩევთ“.... მიწერა პასუხად.

#*#*#*#*#*#
კორპუსს რომ მიუახლოვდა, დილის ამბები გაახსენდა. წარმოიდგინა, გიგა ისევ იქ რომ დამხვდესო. სპეციალურად ავიდა კიბეებით მესამე სართულზე. ის ადგილი, სადაც დილის შემთხვევა მოხდა, ცარიელი დაუხვდა.
„ამ ამბავს, შენ ასე მარტივად არ დატოვებ, ხომ ვიცი. მაგრამ შენ არ იცი, მე როგორ დაგხვდები როცა მოხვალ“.. გაიფიქრა და სახლში შევიდა.
პირველი რაც გააკეთა აბაზანაში ცხელი წყალი მოუშვა და სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი. ცხელი შხაპი მისწრება იყო ახლა მისთვის.
მკლავს დახედა, ყოფილი ქმრის თითები ლურჯად დამჩნეოდა. ზიზღი მოერია.
ხელი ფრთხილად გადაისვა მტკივან ადგილას.
თითებს ქვეშ წარსულის იარა იგრძნო. შვიდი ნაკერი.
ხელი მაღლა აწია და სარკის წინ დადგა. იქიდან დააკვირდა ჭრილობას, რომელიც წარსულის შესახსენებლად გაქრობას არ აპირებდა. დაღონებულმა დაუშვა ხელი ძირს.
შებრუნდა და ახლა ზურგს დააკვირდა სარკეში. ზურგზეც რამდენიმე ჭრილობა აჩნდა.
ყველაზე დიდი ჭრილობა კი, გულზე ჰქონდა. ორგანოზე, რომელიც აუტანელ დარდს და ტკივილს ატარებდა.
თვალებში ცრემლი დაუგუბდა, მაგრამ მაშინვე გაიქრო. ღრმად ჩაისუნთქა და თავს შეახსენა, რომ ძალიან ძლიერია. რომ ტკივილი ვერ გატეხს. რომ უფრო უნდა გაძლიერდეს და ამ ტკივილით იცხოვროს, რადგან ეს თავის დასჯის ერთადერთი საშუალება იყო, წლების წინ დაშვებული შეცდომის გამო...

საღამოსთვის ყველაფერი მოამზადა. სუფრა გაშალა, მუსიკა დაბალ ხმაზე ჩართო და მეგობრების მოსვლას დაელოდა.
გოგოებმაც არ დააყოვნეს და ბუჩუკურის პატარა ბინა, მალე მხიარულების სიცილ-კისკისმა აავსო.
თეონა, ნანიკო, თიკო, ანა და ანა, ელენეს განუყრელი მეგობრები იყვნენ, უკვე მრავალი წელია.
ორ ანას განასხვავებდნენ, გვარებით, ამიტომ ერთს ყოველთვის გვარის შემოკლებული ფორმით „ნიკოლა“- თი მიმართავდნენ.
ის ყველაზე ენაკვიმატი და ხუმარა იყო. სხვანაირი ვერც იქნებოდა იმერელი ქალი. მეორე ანაც არ ჩამორჩებოდა ენამოსწრებულ საუბარში. ისიც იმერელი იყო.
ამ ექვსეულში, ქმარი მხოლოდ ნანიკოს ჰყავდა. ამიტომ გოგოები, მას, კოშკში გამომწყდეულ პრინცესას ეძახდნენ ხოლმე ხუმრობით.
ელენეს და ნიკოლას გარდა ყველა დედა იყო.
თეონა, ანა, თიკო, ემიგრანტი დედები იყვნენ. ხოლო ნანიკო ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აქ.
_დღეს როგორ შეგელია, დიმა? - სიცილით კითხა ნანიკოს, ნიკოლამ.
_თქვენს თავს რომ ვუხსენებ, ხომ იცი, რომ უძლურია და რაც არ უნდა იბუზღუნოს, მაინც ვერაფერს გახდება.- ასევე სიცილით უპასუხა ქალმა.
_ნამეტანი ხელზე გყავს მიჩვეული შენ ეგ, ალბათ ზოგჯერ ზურგზაც უფხან. -საუბარში ანა ჩაერთო.
_უი, შენ მოგფხანა ჭირმა.- ნანიკო ხმამაღლა იცინოდა დანარჩენებთან ერთად.
_ დღეს გიგა ვცემე. - ელენეს ნათქვამი მეხის გავარდნასავით გაისმა სიცილით სავსე ოთახში. ყველას სახეზე გაოგნება აღიბეჭდა. თავები მისკენ მიაბრუნეს.
_რა ქენი?- შოკირებული სიჩუმე თეონამ დაარღვია.
_გიგა ვცემე. - გაიმეორა ბუჩუკურმა და ისეთი სახე მიიღო, რა იყო რა გიკვირთო.
_აი, ახლა აქ არ ჩავიფსა, ოღონდ მართლა.- თიკო ფეხზე წამოდგა. მიტკალის ფერი დასდებოდა სახეზე.
_გაჩერდი თუ ქალი ხარ, ახლა შენზე მაცვლევინე ნაფსამი ტანსაცმელი, თითქოს ჩემი მოხუცი არ მეყოფოდეს. - საუბარში ანა ჩაერთო და ეს ისეთი გულშეღონებულმა თქვა, თითქოს მართლა აპირებდა თიკო რამე მსგავს.
ოთახში ისევ გაისმა ხარხარის ხმა.
_ აუ, რატომ ცალი თვალით მაინც არ დამანახა ღმერთმა გიგას სახე, როცა სცემდი. - აჟიტირებული ამბობდა ნიკოლა.
_ვფიქრობ, თავად ღმერთსაც არ უყურებია, ბაღდავაძის წამებისთვის. მძიმე სანახაობა იქნებოდა. - დაასკვნა თეონამ სერიოზული სახით.
_ ახლა, რომ მოვიდეს აქ, მერე რას ვშვრებით? - იკითხა ნანიკომ, რომელსაც მხიარულების ნასახი არ ეტყობოდა სახეზე, უფრო შეშინებული და დაძაბული ჩანდა.
ამის თქმა და კარზე ზარის ხმა ერთი იყო.
ოთახში ყველას უნებლიეთ შეკივლება აღმოხდათ. ...



№1 სტუმარი სტუმარი ირინა

სუპერ გოგო ხარ.მარტო იმიტომ კი არა რომ ასეთ საოცრებას ქმნი.არამედ წკაპ და ჩემთან რომ წამში არის ეს საოცრება.იმედია კარზე ნიკოლოზია სასუსნავებით და გიგას ცემა არ მოუწევთ გოგოებს.????

 


№2  offline ახალბედა მწერალი Keke27

სტუმარი ირინა
სუპერ გოგო ხარ.მარტო იმიტომ კი არა რომ ასეთ საოცრებას ქმნი.არამედ წკაპ და ჩემთან რომ წამში არის ეს საოცრება.იმედია კარზე ნიკოლოზია სასუსნავებით და გიგას ცემა არ მოუწევთ გოგოებს.????

:დდდდდდ როგორ გამაცინე :დდდდდ
მადლობა, რომ მიფასებ შრომას.<3
ვნახოთ ვინ იქნება კართან. ^___^
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე როგორ მინდა ეს გიგა სამაგალითოდ დაისაჯოს რა.პირუტყვი.ძალიან კარგი იყო კეკე.ელეს შრამებმა გამაოცა,ეს თუ გიგას ნამოქმედარი არის,წამებით რომ მოკლან არ დამენანება.ამ თავში ბევრი კითხვა გამიჩნდა და იმედია მალე გაეცემა ყველას პასუხი ????
--------------------
ლანა

 


№4  offline ახალბედა მწერალი Keke27

La-Na
ვაიმე როგორ მინდა ეს გიგა სამაგალითოდ დაისაჯოს რა.პირუტყვი.ძალიან კარგი იყო კეკე.ელეს შრამებმა გამაოცა,ეს თუ გიგას ნამოქმედარი არის,წამებით რომ მოკლან არ დამენანება.ამ თავში ბევრი კითხვა გამიჩნდა და იმედია მალე გაეცემა ყველას პასუხი ????


უჰ რამდენმა მომწერა უკვე, რომ გიგას ატანა არ აქვთ :დდდდ

ვნახოთ, ვნახოთ რა მოხდება.

❤❤❤❤❤❤
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

2 ვარიანტი მაქვს, ან გიგას გამოგზავნილი, რამე ამაზრზენიზმია კართან.
ან ნიკოლოზი დგას.

რაღა დაგიმალო და გამაოცა ელენას გამბედაობამ.
ასეთ დაუნდობელ კაცს დაუპირისპირდე, ფაქტობრივად შიშველი ხელებით, არ არის მარტივი.
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისეა ელენა გამწარებული, ეს სიმწარე აძლიერებს ასეთ დონეზე.

პ. ს. დღეს რატომღაც არ გელოდი და გამიხარდი.

 


№6  offline ახალბედა მწერალი Keke27

მე♥უცნაურე
2 ვარიანტი მაქვს, ან გიგას გამოგზავნილი, რამე ამაზრზენიზმია კართან.
ან ნიკოლოზი დგას.

რაღა დაგიმალო და გამაოცა ელენას გამბედაობამ.
ასეთ დაუნდობელ კაცს დაუპირისპირდე, ფაქტობრივად შიშველი ხელებით, არ არის მარტივი.
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისეა ელენა გამწარებული, ეს სიმწარე აძლიერებს ასეთ დონეზე.

პ. ს. დღეს რატომღაც არ გელოდი და გამიხარდი.


❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

დავიძაბე,ძალიან მომწონს და მაინტერესებს რა საიდუმლო აქვს ბუჩუკურს.

 


№8 სტუმარი Qeti qimucadze

Mjera nikolozi movida da ara gigaa. Madloba rom yvelafris miuxedavad ar agvianebb. Moutmenlad veli. Elene amoucnobi da saocari pirovnebaa

 


№9  offline წევრი ვიპნი

უგემრიელესი დილის საუზმე იყო :*

 


№10 სტუმარი სტუმარი Maco

Saintereso,momentze shewkda.imedia kartan nikolozia da ara giga.

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო სამხიარულო მაგრამ გიგას მოსვლით არმინდა წაუშხამდეთ ეს დღე გოგოებს, ისეთი უარყოფითი პიროვნებაა????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent