შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 15]


4-03-2020, 21:02
ავტორი ჰაიკო
ნანახია 274

     - ხელი გაუშვი, ოღონდ ფრთხილად!
     - უკან დაიხიე!
     - ხელი გაუშვი-მეთქი, გითხარი, არ მაინტერესებს!
     - უკან, შენზე კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ!
     - არაფერიც არ იცი, ერთი უსულგულო ურჩხული ვამპირი ხარ, მეტი არაფერი!
     - ურჩხული ვარ, ვეთანხმები შენს შენიშვნას, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ვამპირი არ ვარ, პირველყოფილი ვარ და მიფრთხილდი!
     - განსხვავებას ვერ ვხედავ, გაიწიე, მე მივხედავ!
     - ხელები მოაშორე, თორემ..
     - თორემ რა, რას იზავ? არ დაგავიწყდეს, რომ მე მიას მეგობარი ვარ! მომკლავ?
     - მეც მისი მეგობარი ვარ და მომშორდი, ძვლებს დაგიმტვრევ!
     - ნუ იმუქრები, ათ დოლარს ვდებ რომ არაფერს დამიშავებ!
     - მომშორდი-მეთქი, ვიცი რასაც ვაკეთებ!
     - იატაკზე ნუ აწვენ, დივანზე დააწვინე, ასე უკეთესია!
     - ჭკუას ნუ მასწავლი!
     - ამის საჭიროებას ვხედავ! დივანზე!
     - იატაკზე!
     - დივანზე!
     - იატაკზე-მეთქი!
     - ახლავე თავი დამანებეთ ორივემ, - ბრაზიანმა ყვირილმა დააშოშმინა მოკინკლავენი, - არც დივანზე და არც იატაკზე, სავარძელზე დამსვი ლუციუს და ორივე მომშორდით, თუ შეიძლება, დროულად!
     - ცოცხალია! - კმაყოფილებამ გაჟონა ქერა უკვდავის ხმაში, გოგონა ფრთხილად დაუშვა სავარძელზე და თავად დივანს დაუბრუნდა.
     - მართლა? - სარკასტულად შენიშნა ბიჭმა, - მე ორი დღის მკვდარი მეგონა.
     - კეი, - ბიჭს შეუბღვირა მიამ, სული მოითქვა და ახლა ლუციუსს გახედა, - რა დაგემართათ?
     ლუციუსმა ჯერ ბიჭს გახედა ბრაზით, შემდეგ მიას მიაპყრო აუღელვებელი მზერა.
     - მეგონა რაღაც დაგემართა..
     - მეც, - თავი იმართლა კეიმ.
     - კარგად ხარ? - იკითხა უკვდავმა.
     - ამაზე უკეთ არასდროს მიგრძვნია თავი, - მიუგო გოგონამ, - განაგრძე, სად შევჩერდით?
     ლუციუსი ყავის ფინჯანს დასწვდა.
     - მარკის დაბრუნებაზე ვლაპარაკობდი.
     - ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?
     - ამას ტალია გააკეთებს, - მიუგო ლუციუსმა და ყურადღებით დააკვირდა მიას რეაქციას.
     გოგონას ჩრდილმა გადაუარა მშვენიერ სახეზე.
     - ტალია.. ენდობი მას, ლუციუს?
     პირველყოფილმა ამოიხვნეშა.
     - საქმე ნდობაში არაა, სხვა გზა არ გვაქვს.
     გოგონა ჩაფიქრდა.
     - ანუ მარკუსი დაიძინებს და მარკი გაიღვიძებს?
     - სწორად მიხვდი, - გაიღიმა ლუციუსმა.
     მია წამოდგა, ისევ შემოუტია უზარმაზარმა სიხარულმა, მის ცხოვრებაში ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ კვლავ დგებოდა გაზაფხული, მან ანერვიულებულმა გაიარ-გამოიარა.
     - და შემდეგ რა იქნება? ანუ ვგულისხმობ, შენ, ტალია... კოვაქსი.
     ლუციუსი ჩაფიქრდა, ამაზე ხშირად უფიქრია, შერიფს პირობა მისცა, რომ ყველაფრის დასრულების შემდეგ ზებუნებრივი არსებები სალემს დატოვებდნენ, მაგრამ ამის პირნათლად შესრულება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, კოვაქსი არაპროგნოზირებადი ხასიათით გამოირჩეოდა და რომ არ მოესურვებინა სალემის დატოვება?
     - პრობლემა კოვაქსშია, - თქვა ლუციუსმა.
     მიას არაფერი უთქვამს, ყურადღებით უსმენდა.
     - მჯერა, რომ მას უყვარხარ.. ამ შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია, როგორ, რა გზით უნდა ვაიძულო აქაურობა დატოვოს.
     - გასაგებია, - ამოიოხრა გოგონამ და ჩამოჯდა.
     - მაგრამ შენ შეგიძლია საბოლოოდ დაასრულო ეს გაწამაწია.
     - მე? - გაუკვირდა მიას, - მაგრამ მე..
     - კოვაქსს უნდა აუხსნა, რომ არ გიყვარს და არც არასდროს გყვარებია, - ყრუდ თქვა ლუციუსმა.
     მიას ელდა ეცა, მშვენივრად მოეხსენებოდა შავგვრემანი პრიმუმის შინაგანი ბუნების შესახებ, იცოდა, რაოდენ სისხლისმსმელი და სადისტი შეეძლო ყოფილიყო, როდესაც მას უარყოფდნენ, საშიშროება აშკარად რეალური ჩანდა, არავინ იცოდა, რას მოიმოქმედებდა გულგატეხილი, განრისხებული და შურისძიების წყურვილით აღვსილი დემონი.
     - ამას ვერ გავაკეთებ, - ჩაილაპარაკა მიამ.
     - მას ჰგონია, რომ გიყვარს და უბრალოდ სიტუაციის სირთულის გამო არ ხართ ერთად, - მკაცრად თქვა ლუციუსმა, - მის ჯეკსონ.. - ის ოდნავ წინ გადმოიხარა, - მე ვიცნობ კოვაქსს, მეხსიერების დაბრუნების შემდეგ ის მოუთმენლად ელოდება, როდის დალაგდება ყველაფერი, რომ შენთან მოვიდეს და დაგიბრუნოს..
     მია წამოხტა, სწრაფი ნაბიჯით მივიდა ფანჯარასთან, ერთხანს ლუციუსისგან ზურგშექცევით იდგა, შემდეგ შემობრუნდა.
     - ვერ ვეტყვი იმ სიტყვებს, რაც მას კვლავ დემონად აქცევს, გესმის ლუციუს?
     ქერა უკვდავს არაფერი უთქვია, ერთხანს გამოუცნობი მზერით აკვირდებოდა.
     - უნდა სცადო, მის ჯეკსონ, სხვა გზა არ არსებობს.
     გოგონამ ნერვიულად მოისვა შუბლზე ხელი.
     - არ ვიცი, ლუციუს.. როგორ ავუხსნა ყველაფერი ისე, რომ მისი მრისხანება არ გამოვიწვიო?
     სამწუხაროდ ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ქერა უკვდავს პასუხი არ გააჩნდა, მან თავი გააქნია.
     - არ ვიცი.. თუ რამე საშინელების ჩადენას დააპირებს.. მისი მოკვლა მომიწევს!
     - არა! - შესძახა მიამ.
     - ვწუხვარ, მის ჯეკსონ, სხვა გზა მართლა არ არსებობს.. მერწმუნე, ვიცნობ მას და მსგავს სიტუაციებში მას არ ძალუძს რისხვის კონტროლი.
     - რამე უნდა მოვიფიქროთ, გთხოვ, ლუციუს, - შეევედრა გოგონა, ქერა ვამპირთან მივიდა, ჩაიმუხლა და ხელი ხელზე დაადო, - ხომ იცი, რომ ეს გამანადგურებს, მე ის არ მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ჩემი ცხოვრების ნაწილია, ხომ გესმის?
     ლუციუსი შუბლშეკრული ჩაჰყურებდა გოგონას ცრემლიან თვალებში. ბოლოს ამოიოხრა და შუბლი გახსნა.
     - არ ვიცი, იქნებ სჯობს, რებეკას ვკითხოთ აზრი ამ თემაზე?
     - შესანიშნავია, - გაიღიმა გოგონამ და წამოხტა, - წავალ, ჩემოდანს ჩავალაგებ, ხუთი წუთი მომეცი, ლუციუს, მხოლოდ ხუთი წუთი, - და მეორე ოთახში გაუჩინარდა.
     - ჯანდაბა, - კბილები გაახრჭიალა ლუციუსმა, - ამას არ ველოდი.
     - ზუსტად ეს გინდოდა, გინდოდა რომ ის სალემში წამოსულიყო შენთან ერთად, - ბრაზით გამოეხმაურა მანამდე ჩუმად მყოფი კეი, - ადამიანთა გრძნობებით თამაში არ შეიძლება, ლუციუს!
     ქერა უკვდავმა წამიერად კონტროლი დაკარგა, წამის მეასედში გაჩნდა ბიჭის წინ, ყელში სწვდა და კედელს ააკრა. კეი, შიშისგან აკანკალდა, როდესაც იხილა, როგორ გაიელვა მის სახესთან მოელვარე ეშვებმა.
     - და ვინ გითხრა, რომ არ შეიძლება? - მრისხანედ უჩურჩულა ყურში, - ჩემი სახელი არაფერს გეუბნება? მე ხომ ლუციუსი ვარ, დემონი.. მე ადამიანებით და მათი გრძნობებით ვმანიპულირებ! ამიტომ მეორედ აღარ მიმითითო, რა შეიძლება და რა-არა! გასაგებია მისტერ კრამერ? ამასთან დაკავშირებით შეკითხვები თუ გაქვს, შემიძლია სხვანაირად, სხვა მეთოდით, უფრო დამაჯერებლად აგიხსნა!
     - არა, არა, ყველაფერი გასაგებია, რა თქმა უნდა..
     ლუციუსი დამშვიდდა, კეის ხელი უშვა და აჩეჩილი მაისური გაუსწორა. კეი განძრევას ვერ ბედავდა, დემონი რენტგენისებური, საზარელი მზერით ჩასჩერებოდა.
     - კარგი ბიჭი ხარ, მიხარია, რომ ერთმანეთს გავუგეთ, - გაუღიმა ლუციუსმა და დივანს დაუბრუნდა.

*****

     ატალახებულ გზაზე ძალიან უჭირდა სიარული მანქანას, თუმცა სწორედ ასეთ პირობებში სასიარულოდ იყო გათვლილი, ის ნაძვნარი ტყის უზარმაზარი, თვალუწვდენელი მასივის პარალელურად მიდიოდა, რომლის მარჯვენა მხარეს ნახევრად გაყინული ტბა მდებარეობდა, გზა კი, რომელიც დიდი ალბათობით ცნობისმოყვარე და თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებს გაეკვალათ, ტყის მასივს და ტბას შორის გადიოდა, მანქანამ მცირე ხანს იარა, შემდეგ შეჩერდა და დათბუნებულ ქურთუკში ჩაფლულმა წვეროსანმა მძღოლმა შუშა ჩასწია, ხელთათმანიანი ხელი გამოყო და გვერდით მჯდომს ტყეში შემავალი ბილიკისკენ მიუთითა.
     - აი, ეს ბილიკია, სერ, მაგრამ ვფიქრობ რამდენიმე წელია არავის უსარგებლია.. ნამდვილად გსურთ, აქ მარტო დაგტოვოთ? - ის აშკარად შეწუხებული სახით შემობრუნდა თანამგზავრისკენ, - იცით.. ამაღამ ქარბუქი იქნება.. მე აქაური ვარ და ვერკვევი ასეთ საკითხებში, ჩემს სახლში დარჩით სამი-ოთხი დღე და როდესაც ქარბუქი გადაივლის, შემდეგ განაგრძეთ მოგზაურობა.. გარწმუნებთ, მე და ჩემს ცოლს გაგვიხარდება, თუ..
     - არა, გმადლობთ, მეგობარო, - თავაზიანად შეაწყვეტინა გვერდით მჯდომმა, ახოვანმა და ჟღალწვერა მამაკაცმა, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა ტყის მასივს, ნესტოები უცნაურად გაფართოებოდა, - აქ ჩამოვალ, როგორც შევთანხმდით.
     მძღოლმა კვლავ ტყეს გახედა, შეყოყმანდა, მაგრამ კაცთმოყვარეობის გრძნობამ სძლია.
     - მაგრამ სერ, - თითქმის ვედრებით მიმართა, - ქარბუქი ახლოვდება, სულ მალე აქ ერთი იარდის მანძილზე ვერაფერს დაინახავს კაცი, გთხოვთ.. ძალიან საშიშია, დიდი შანსია გზა აგებნათ, ან ქარბუქში გაიყინოთ.. თან აქაურობა სავსეა მგლებით..
     - ამაზე ნუ გეფიქრება, მეგობარო, - მხარზე ხელი დაჰკრა მგზავრმა და გაიღიმა, - ხვალ, ზუსტად საღამოს ათ საათზე აქ დამელოდე და ნახავ, რომ უვნებელი ვიქნები.. - მან ჯიბიდან დოლარების შეკვრა ამოიღო, ორი ასდოლარიანი კუპიურა გამოაცოცა და გაუწოდა.
     მძღოლი აილეწა.
     - სერ.. ჩვენ მხოლოდ ორმოცდაათ დოლარზე შევთანხმდით..
     - აიღე, აიღე, ნუ გეფიქრება, შენ ეს დაიმსახურე.
     - მაგრამ, სერ..
     - აიღე, - ოდნავ სიმკაცრე გაურია ხმაში მგზავრმა, ფული მძღოლს მიაჩეჩა, ქურქი ნიკაპამდე შეიკრა და მანქანიდან გადავიდა.
     - ხვალ, საღამოს ათ საათზე, - დააზუსტა მძღოლმა.
     - დიახ, - დაემოწმა მგზავრი, - არ დააგვიანოთ, ხომ ხედავთ, როგორი ამინდია, - მან გაიღიმა და ანიშნა, წადიო.
     მძღოლი გულითადად დაემშვიდობა, ძლივს მოატრიალა მანქანა და ნელი სვლით გაშორდა. მგზავრი აბსოლიტურად მარტო დარჩა თოვლის და ყინულის უდაბნოში.
     ლუციუსმა სწრაფად გაიხადა ქურქი, თბილი, ბეწვგამოკრული ქუდი ქურქის ჯიბეში მოათავსა და გზის პირას მდგარ ბოძს შემოახვია, შემდეგ მოქუფრულ ცას ახედა, საიდანაც განუწყვეტლივ ცვიოდა გაყინული ფანტელები.
     ქერა ვამპირმა მზერა დაძაბა და ტყის მასივის ზემოთ დაიწყო დაკვირვება, მისმა მახვილმა მზერამ ნისლის ფარდა ნელ-ნელა გაარღვია და რამდენიმე მილის მოშორებით ყინულის და თოვლის სამეფოში, თეთრ მოსასხამში ამაყად და კუშტად მომზირალი მწვერვალი დენალი აღიმართა.
     - აბა, - თქვა მან, - ასმოდეუს! მეც მოვედი, იმედია წინააღმდეგი არ იქნები ჩემთან შეხვედრის..
     სადღაც შორს, ტყის გაყინულ, დათოვლილ, გაუვალ მასივში მგლის საზარელი ყმუილი მოისმა, თუმცა მას სხვა ხმა არ აჰყოლია.
     - მგელი, - გაიფიქრა ლუციუსმა და ბილიკისკენ გაემართა სწრაფი მოძრაობით, - როგორც ჩანს, მძღოლი მართლა ნერვიულობდა ჩემზე, - მან ირონიულად ჩაიცინა, მიმოიხედა, გაყინული ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ბილიკის დასაწყისს მიაშურა.

*****

     მია ჯეკსონი დიდხანს იდგა სალემში, საკუთარი სახლის წინ და გრძნობამორეული უყურებდა. მონატრებოდა აქაურობა, ამ სახლთან ბევრი ტკბილი მოგონება აკავშირებდა. ფიქრებით კოვაქსს გადასწვდა და ლამაზი სახე მწუხარებით მოეღუშა, დღეს საბოლოოდ მოუწევდა შავგვრემან პირველყოფილთან ურთიერთობის გარკვევა, მიუხედავად გოგონას დიდი წინააღმდეგობისა, ლუციუსმა მაინც დაითანხმა ის კოვაქსთან გასაუბრებაზე. გრძნობდა, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ლუციუსს გულში ეთანხმებოდა, რომ ასე უკეთესი იყო, კოვაქსს ილუზიებში არ უნდა ეცხოვრა, მან იმდენჯერ გადაარჩინა გოგონა სიკვდილს, რომ ამას არ იმსახურებდა, სიმართლე აუცილებლად უნდა მოესმინა, მტკივნეული, მაგრამ მაინც სიმართლე.
     გოგონამ მხარზე მოგდებული სპორტული ჩანთა ძირს დადო და კიბის საფეხურზე ჩამოჯდა, მობილური ტელეფონის ეკრანზე ერთხანს კოვაქსის ნომერს დაჰყურებდა და საკუთარ თავს ებრძოდა, ბოლოს ამოიოხრა და CALL სენსორს დააწვა.
     - გისმენთ, - ხმა ძველებურად ცინიკური, მომნუსხველი ჰქონდა, თუმცა საკუთარ გრძნობებში გარკვევის შემდეგ ამას იმდენად აღარ უმოქმედია მიაზე, როგორც ადრე.
     - მე ვარ... - გაბედა როგორც იქნა.
     - მია? - გაოცებულმა და გახარებულმა ხმამ იკითხა, - ნამდვილად შენ ხარ?
     - მე ვარ, - ტუჩი მოიკვნიტა გოგონამ.
     - სად ხარ? ხომ კარგად ხარ? - შეშფოთება გამოერია კოვაქსის ხმას.
     - კარგად ვარ, უნდა ვილაპარაკოთ, - ამოღერღა როგორც იქნა მიამ.
     ტელეფონის მეორე მხარეს რამდენიმეწამიანი სიჩუმე ჩამოვარდა.
     - რაზე უნდა ვილაპარაკოთ? - ამჯერად ფრთხილმა ხმამ იკითხა.
     - ჩვენზე... შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
     ამ შეკითხვას კვლავ მოჰყვა დუმილი.
     - კარგი, როდის?
     - ახლავე, შეძლებ?
     - რა თქმა უნდა, ნამდვილად კარგად ხარ?
     - კარგად ვარ, მართლა.
     - კარგი, უკვე მოვდივარ.
     გოგონამ ტელეფონი ჯინსის უკანა ჯიბეში ჩაიდო და გასაღები გადაატრიალა და კარი შეაღო.
     სახლში სიცივეს და სიბნელეს დაესადგურებინა, მტვრის სუნი იგრძნობოდა.
     მია ფანჯარასთან სწრაფი ნაბიჯით მივიდა და გამოაღო, არ უყვარდა მტვრის და სიძველის სუნი, სიკვდილს აგონებდა, რომელმაც უკვე მრავალჯერ შემოაღწია მისი და მისი ახლობკების ცხოვრებაში, ფარდა ბოლომდე გაწია და როდესაც შემობრუნდა, მოულოდნელობისგან შეხტა, კედელს მიყრდნობილი შავგვრემანი უკვდავი ღიმილით უთვალთვალებდა, მკერდზე ხელები გადაეჯვარედინებინა, თითზე ავისმომასწავებლად ბრწყინავდა გვირგვინოსანი ბეჭედი, პრიმუმთა საფირმო ნიშანი.
     - გამარჯობა... - მია დაიბნა, - მე... ასე მალე არ გელოდებოდი...
     კოვაქსი ისევ ისეთი ცეცხლოვანი მზერით შეჰყურებდა, როგორც უწინ, ვნებიანად უმზერდა.
     - გამარჯობა, - ვამპირმა გაიღიმა, ალესილი ეშვები გააელვა და ნაბიჯი გადმოდგა გოგონასკენ.
     მიამ ქვეცნობიერად უკან დაიხია, ვამპირი შეჩერდა და შუბლშეკრული მიაჩერდა.
     - ჩემი გეშინია?
     - არა, - სწრაფად თქვა გოგონამ, - დაჯექი, - დივანზე მიუთითა.
     კოვაქსი ხმის ამოუღებლად დაემორჩილა, დივანზე ჩამოჯდა.
     - იცი.. - თქვა მან, - ტალიამ მეხსიერება დამიბრუნა, ყველაფერი გამახსენდა, ყველაფერი.. - ის კვლავ წამოდგა, გოგონას მიუახლოვდა.
     მიამ მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო სახეზე, მოირღვა, სადაცაა გულწასული ჩაიკეცებოდა, თუმცა საკუთარ თავს სძლია, სახე მოარიდა და მკერდზე ხელისგული მიაბჯინა.
     - გაჩერდი, გთხოვ..
     კოვაქსი შედგა, ეუცნაურა გოგონას საქციელი, შეფიქრიანდა, აშკარად ვერ იყო რაღაც რიგზე, აუცილებლად უნდა გაერკვია რა მოხდა, რატომ უნდოდა საუბარი მიას.
     - კარგი, - ხელები ასწია, დივანს დაუბრუნდა და კითხვის გამომხატველი მზერით მიაშტერდა.
     გოგონამ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ღრმად ამოისუნთქა.
     - კოვაქს.. ყველაფერი დასრულდა.. ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა..
     ვამპირს მზერა გაუშტერდა, ერთხანს ასე შეჰყურებდა.
     - ვიცი, რომ ძალიან ბევრი ტკივილი მოგაყენე, გპირდები, ამას გამოვასწორებ, შევეცდები, რომ..
     - გაჩერდი, ღვთის გულისათვის, დამასრულებინე.. - აკანკალებული ხმით შეაჩერა გოგონამ.
     - საშინლად ვიქცეოდი, ვიცი, მაგრამ..
     - მე შენ არ მიყვარხარ, კოვაქს..
     ეს სიტყვები მეხის გავარდნასავით გაისმა გაყინულ ოთახში. საზარელი სიჩუმე ჩამოწვა.
     მია შეძრწუნებული მიაშტერდა უკვდავს, რომელიც მძიმედ სუნთქავდა, მომუშტული ხელები მუხლებზე დაეწყო, თვალები სისხლის ტბებს დამსგავსებოდა, ლოყებზე დაბერილ სისხლძარღვებში მოძრავი სითხე შეუჩერებლად გადაადგილდებოდა და სახეს საშინელ ნიღბად აქცევდა, ოდნავ გაღებული პირიდან ალესილი ეშვები ელავდა, ყელიდან ყრუ ღმუილი ამოსდიოდა..
     შემდეგ უკვდავმა საკუთარ თავს სძლია, შინაგანი მხეცი უწყვერი ჯაჭვებით დააბა, ღრენა შეწყვიტა, სახე დაუმშვიდდა, ახლა გაოცებული შეჰყურებდა გოგონას, მისი მზერიდან უდიდესი ტკივილი და იმედგაცრუება იღვრებოდა.
     მია ვერ ბედავდა თვალი გაესწორებინა მისთვის.
     კოვაქსი წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა.
     - შენ მე გამომიყენე, - ახლა სიძულვილის მრისხანე ნიღაბი აეფარებინა, - ჩემი სიყვარული გამოიყენე...- ის წამის უსწრაფესად გაჩნდა გოგონას წინ, მიამ შეჰკივლა და შიშისგან თვალებგაფართოებული, ზურგით აეკრა კედელს.
     - არა, გეფიცები, მე..
     - შენგან მეტის მოსმენა არ მსურს, - გამოსცრა კოვაქსმა და ზიზღით შეხედა, - მაინც რა სულმდაბალი არსებები ხართ ადამიანები, რა სუსტები, არასაიმედონი.. თქვენ არ იცით რა არის სიყვარული, ერთგულება.. დღეს ერთი გიყვართ, ხვალ-მეორე! საზიზღარი, სულმდაბალი არსებები! შენც ასეთი ხარ.. მის ჯეკსონ!
     გოგონაში ბრაზმა იძალა.
     - ასე არ არის. შენ ბევრი ტკივილი მომაყენე!
     - მართლა? მაინც რომელი? - დაიღრინა დემონმა.
     - შენ დედაჩემი და ბიძაჩემი მოკალი, ეს არ არის საკმარისი?
     კოვაქსი გაშრა, ერთხანს უხმოდ უმზერდა.
     - დედაშენი მანამდე მოვკალი, სანამ შენ გაგიცნობდი და შეგიყვარებდი, ბიძაშენი კი-ჰეიტემ ვესტმორლენდი, ჩემზე ნადირობდა, მე საკუთარი სიცოცხლე დავიცავი.
     - ურჩხული ხარ, - იყვირა გოგონამ და სახეზე ხელები აიფარა.
     კოვაქსს სახეზე ტკივილის ღრუბელმა გადაუარა.
     - ვიცი.. ეს ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის.. ხელები ჩამოიღე სახიდან და შემომხედე.
     მიამ ხელები მოიშორა და კოვაქსს შეხედა ცრემლიანი თვალებით.
     - როდესაც ჩემი ცოლი და შვილები დახოცეს საუკუნეების წინ, მე დავიფიცე, რომ აღარასდროს შევიყვარებდი ვინმეს, იმიტომ რომ მსგავსი ტკივილი აღარ განმეცადა, - ყრუდ თქვა დემონმა, გოგონას თვალს არ აშორებდა, - შემდეგ შენ დაგინახე და ჩემი ფიცი იმწამსვე დაირღვა, შენ ჩემში ადამიანური გრძნობები გააღვიძე და სიხარული მომანიჭე.. ახლა კი.. ახლა შემომხედე, მე ვარ ის ურჩხული, ვინც სიკვდილს გადაგარჩინა, ჩრდილივით რომ დაგდევდა უკან, დღეც და ღამეც, და ყველასგან და ყველაფრისგან გიცავდა.. შენს გამო მთელ მსოფლიოს გავანადგურებდი.. შენ კი მიღალატე, ჩემს სიყვარულს უღალატე!
     - მაპატიე.. - ჩამქრალი ხმით თქვა გოგონამ.
     - გპატიობ, თუ ეს რამეს შეცვლის, ჩემთვის კი ყველაფერი დასრულდა.
     მიას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ თითქოს სუსტმა ნიავმა დაჰქროლა და კოვაქსი ისე გაქრა ოთახიდან, თითქოს არც არასდროს ყოფილა იქ.
     გოგონამ აკანკალებულ გულზე ხელი მიიდო, შემდეგ დივანზე დაეშვა, თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა..
     შორს, ტყეში ბუმ დაიკივლა.

*****

     ბარში მაგიდას ოთხნი მისჯდომოდნენ, ალდო ტომპსონი, შერიფი კრამერი, პასტორი ჰენრი და რებეკა.
     მიუხედავად მრავალდღიანი ყოყმანისა, ექიმმა მაინც გაუმხილა ყველაზე გიჟური საიდუმლო პასტორს. პასტორმა თავიდან არ დაიჯერა, იფიქრა, ექიმი ჭკუიდან შეიშალაო, მაგრამ როდესაც მომხიბლავმა ქალმა-რებეკამ მის თვალწინ ფიზიკური კონტაქტის გარეშე გადაადგილა საგნები, დაიჯერა ექიმის მონაყოლი. პირჯვარი გადაიწერა და იმ დღის მერე ნაკურთხი წყლის გარეშე აღარ გადიოდა სალემის ქუჩებში.
     - მინდა ბოლო დეტალები დავაზუსტოთ, - იღიმებოდა რებეკა.
     - ეს საკმაოდ რთული პროცედურაა, მის რებეკა, მხოლოდ ალდოს ხათრით არ გეუბნებით უარს, - პასტორმა მეგობარს გახედა, - ისედაც ვატიკანისგან ფარულად ვმოქმედებ, ეს ყველა წესს ეწინააღმდეგება.
     ექიმმა ჩაახველა და ლუდი მოსვა, ამ საღამოს მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განეხილათ, ამიტომ არ ისურვა ძლიერი სასმელით ტვინის ხვეულების გადატვირთვა.
     - ეს როგორ ხდება, პასტორო? - ჩაერია შერიფი.
     პასტორმა სათვალე მოიხსნა, გაწმინდა და შერიფს გახედა.
     - პირველ რიგში, სანამ ეგზორციზმის რიტუალს დავიწყებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ობიექტი ნამდვილად შეპყრობილია დემონის მიერ და არა ფსიქიკურად შეშლილი, ასეთი შემთხვევა ბევრი არსებობს და მრავალი ტრგიკულადაც დასრულებულა.
     ექიმი მოუთმენლად შეირხა სკამზე.
     - შემდეგ?
     - როდესაც დავრწმუნდებით, რომ ობიექტი ნამდვილად შეპყრობილია, ვიწყებთ რიტუალს, - პასუხი გასცა პასტორმა, - ამ რიტუალის მთავარი არსი იმაში მდგომარებს, რომ დავადგინოთ დემონის სახელი და შემდეგ განვდევნოთ ის. სახელის გარეშე მისი განდევნა გამორიცხულია.
     შერიფმა ვისკი მოსვა და თვალები მოჭუტა.
     - საინტერესოა.. და ვინ უნდა დაესწროს რიტუალს?
     - ზეადამიანების დასწრება გამორიცხულია, - შებლი შეკრა პასტორმა, მისი სიტყვები რებეკას მისამართით იყო ნათქვამი, - რიტუალს მხოლოდ მე და ორი პიროვნება დავესწრებით, ადამიანები, - დააზუსტა და წყალი მოსვა, - რიტუალის ჩასატარებლად წყნარი, იზოლირებული ადგილი დაგვჭირდება და გარანტია, რომ რიტუალის მიმდინარეობისას ვინმე ცნობისმოყვარე არ შემოეხეტება იქ.
     - არსებობს ასეთი ადგილი, - ექიმზე მიუთითა შერიფმა.
     - რაო? - ექიმს ლამის ლუდი გადასცდა ყელში, - შერიფო!
     - შენი სახლი პასტორის მიერ ზემოთჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს წარმატებით აკმაყოფილებს, - მხრები აიჩეჩა შერიფმა, - რატომაც არა? აბა სხვაგან სად, თუ არა შენთან?
     ექიმი ჩაფიქრდა, ეცადა, რამე საწინააღმდეგო არგუმენტი მოეყვანა, მაგრამ რებეკამ ბოლომდე გადაუწურა იმედი.
     - ლუციუსს ვეტყვი, ობიექტის გადმოყვანა ექიმის სახლში პრობლემა არ უნდა იყოს, - და ექიმს გაუღიმა.
     - ვის ეტყვით? - ყური ცქვიტა და "ლუციუსის" გაგონებაზე პირჯვარი გადაიწერა პასტორმა.
     - არავის, დაივიწყე, - დაამშვიდა ექიმმა მეგობარი და ბრაზით გალურჯებულმა უკანასკნელი ყლუპი მოსვა.
     რებეკამ ტელეფონი მოიმარჯვა და ქერა უკვდავის ნომერი აკრიფა. ზარი არ გავიდა. ქალმა შეფიქრიანებული სახით დაუშვა მობილური მაგიდაზე.
     - ალასკაზე სატელეფონო სიხშირეები რამდენად კარგად მუშაობს?
     - გააჩნია, სად, - სასხვათაშორისო პასუხი გასცა ჯერ კიდევ გაბრაზებულმა ექიმმა, თუმცა ქალზე ბრაზი დიდხანს ვერ გაჰყვებოდა, რადგან საკუთარ თავთან დიდი ხნის წინ შეთანხმდა, რომ სალემში მოქმედ ზებუნებრივ არსებათა შორის ყველაზე კეთილი და ჰუმანური ნამდვილად შოკოლადისფერთვალება, ლამაზი ჯადოქარი იყო.
     - დენალის მთის ტერიტორიაზე, - დააზუსტა ქალმა.
     - ძალიან ცუდად, თითქმის არ იჭერს, - გამოეხმაურა შერიფი, - ადრე იქ სამსახურეობრივ ტრენინგზე ვიმყოფებოდით და ნამდვილი ველურებივით ვცხოვრობდით რამდენიმე კვირა, იქ მხოლოდ თოვლი, ტყე და მგლებია, მის რებეკა, - და უდარდელად მოსვა ვისკის მოზრდილი ყლუპი, არ შეუმჩნევია, როგორ გადაუარა შავმა ჩრდილმა სახეზე ჯადოქარს.

*****

     რამდენიმე საათი იყო გასული, რაც ლუციუსი ბილიკს შეუყვა, ამინდი თანდათან გაუარესდა, ქარიშხალი გამხეცებული ღმუოდა და ჰაერში თოვლს ატრიალებდა, ჩვეულებრივი ადამიანი აქ უცებ გაიყინებოდა, ან გზა დაებნეოდა, მაგრამ არა პირველყოფილ ვამპირს, ის მიზანდასახულად მიიწევდა დენალის მთისკენ და სწრაფად ამცირებდა მანძილს მის ფერდობებამდე, რომელიც დათოვლილი ნაძვნარით იყო დაფარული.
     თოვლი თითქმის წელამდე წვდებოდა, ნაბიჯი შეანელა, სიარული ჭირდა, უცებ წინ, ნაძვნარში რუხი ფიგურა შენიშნა და შედგა.
     - ალბათ ეს მგელი ყმუოდა, - გაიფიქრა ლუციუსმა.
     მგლის კვალობაზე შეუფერებლად დიდი, უზარმაზარი ტანის ცხოველი შუა ბილიკზე იდგა, თავი დაბლა დაეხარა და ეშვებს აელვარებდა, არ აპირებდს გზა დაეთმო მისთვის.
     - აბა, ვნახოთ რამდენად გულმაგარი ხარ, - ჩაიცინა ლუციუსმა, ნაბიჯი წინ გადადგა და უცებ რკინის ხრჭიალის ხმა გაისმა, თოვლის ნამქერში მიმალულმა მომწყობილობა მხრებზე მარყუჟივით ჩამოეცვა, ჰაერში აიტაცა და უახლოს ნაძვის ტანს მიალურსმა, შემდეგ უცნაური შხუილი შემოესმა და ერთბაშად ტკივილი იგრძნო, რის ვაი-ვაგლახით მოშორდა ნაძვს, პირქვე დაეცა და ცალ მუხლზე წამოიმართა, მუცლიდან გამოჩრილ გასისხლიანებულ, წამახულ სარებს გაოცებული ღრენით დააკვირდა. ხელი მოჰკიდა, თუმცა ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერაფერი მოახერხა, ზურგზე გადაბრუნდა და მზერა მოქუფრულ ცას მიაპყრო.
     ახლოს, ნაძვნარში მსუბუქი ნაბიჯების ხმა მოესმა და ხმის მიმართულებით შეატრიალა თავი. უზარზმაზარი მხეცი ფეხაკრეფით უახლოვდებოდა მსხვერპლს.
     - უკან, - გაისმა დაბალი, მშვიდი ხმა, თუმცა ქერა უკვდავმა ამ ხმაში მაინც ამოიცნო მბრძანებლური ნოტები.
     მგელი შედგა, დაიყმუვლა, კუდი ძაღლივით გააქიცინა და ნაძვნარში მიიმალა.
     ლუციუსმა გაკვირვება დამალა და მზერა დაძაბა, ძლიერი ნისლის გამო მხედველობა ჭირდა, ძლივს გაარჩია რუხი, ადამიანის მოყვანილობის ფიგურა, რომელიც რძისფერ ნისლში თითქოს მოცურავდა.
     ლუციუსს უკვე თვალთ უბნელდებოდა, როდესაც უცნობი თავს წამოადგა, ქერა უკვდავმა მშვენივრად გაარჩია მისი ბოროტად მომზირალი შავი თვალები, სახის ნაკვთები მკაცრი და თითქოს ქვისგან ნაკვეთი ჰქონდა, თმა გვერდებზე შემოეპარსა, მაღლა დაეტოვებინა, დაეწნა და ნაწნავის ბოლო საქამრემდე სცემდა, აპარსული ადგილები სვირინგებს დაეფარა, წვერი, წარბები და რომელიღაც ცხოველის ბეწვისგან შეკერილი მოსასხამი ჭირხლს დაეფარა.
     ლუციუსი მაშინვე მიხვდა, ვინც იყო, ტკივილისგან უკვე გონს ჰკარგავდა, უკანასკნელი ძალების დაძაბვით აწია მარჯვენა, უცნობს მოსასხამის ბოლოზე მოეჭიდა და ღრმად ჩაისუნთქა.
     - ასმოდეუს.. - და ღრმა წყვდიადში ჩაიძირა გონდაკარგული..



ვაიმე ახლა დავიწყე კითხვა, ძაან საოცრება ისტორიაა

 


№2  offline მოდერი ჰაიკო

სიყვარული გულს გვტკენს
ვაიმე ახლა დავიწყე კითხვა, ძაან საოცრება ისტორიაა


მადლობა კომენტარისთვის)) მიხარია, რომ შემოუერთდი ამ ისტორიის მკითხველებს.
ყველა მიყვარხართ და მომენატრეთ.
ბოლო დროს თქვენს ნაკლებობას განვიცდი და ეს ვიცი რომ ჩემი ბრალია.
მაგრამ ალბათ ყველაფერი გამოსწორდება)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3  offline წევრი goddess

უმაგრესი მწერალი ხარ heart_eyes ისე ნათლად და საინტერესოდ წერ, რომ როდის მთავრდება ვერც კი ვგებულობ heart_eyes ეს ისტორია ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ისტორიაა რაც კი აქ წამიკითხავს <3

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

goddess
უმაგრესი მწერალი ხარ heart_eyes ისე ნათლად და საინტერესოდ წერ, რომ როდის მთავრდება ვერც კი ვგებულობ heart_eyes ეს ისტორია ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ისტორიაა რაც კი აქ წამიკითხავს <3


მადლობა ქალღმერთო:)
შენი კომენტარის აქ დანახვა ყოველთვის განსაკუთრებით მიხარია, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი "უძველესი" მკითხველი ხარ.
წელიწადნახევრიანი ჯახირის, პრობლემების და მუზის უამრავჯერ წასვლა-მოსვლის შემდეგ როგორც იქნა დასასრულისკენ მიმყავს ეს ისტორია.
შევეცდები დარჩენილი 3-4 თავი მაქსიმალურად დაძაბული და საინტერესო იყოს.
კიდევ ერთხელ მადლობა კომენტარისთვის heart_eyes

მინდა გამოვეხმაურო თამო ლელუაშვილს, ჩემს კიდევ ერთ საყვარელ მკითხველს.
მადლობა რომ ერთგულად მომყვები, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მიყვარს შენი შეფასებები heart_eyes
რაც შეეხება "მიას დამპალ თავს" smile ჩემი აზრით უსამართლო იქნებოდა მარკის საერთოდ გაუჩინარება, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ის დამებრუნებინა ისტორიის ფარგლებში, თან რატომღაც კოვაქსს ვერ ვხედავ მიას გვერდით და მომკალი თუ გინდა yum
არ მინდა ისე დასრულდეს, აი ფილმის მერე რომ იტყვიან ხოლმე "რეჟისორის დედა ვატირეო" smile smile
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთო

ჰაიკო, დიდხნიანი პაუზა რომ არ გქონოდა, ეს ისტორია ალბათ ყველანაირ რეკორდს მოხსნიდა.
ასეთი დახვეწილი, გამართული და საინტერესო სიუჟეტი მე ჯერ აქ არ წამიკითხავს. ბევრმა მაპატიოს.
შენ კი ჩემი ერთ- ერთი უსაყვარლესი მწერალი ხარ.

 


№6  offline მოდერი ჰაიკო

სტუმარი ქეთო
ჰაიკო, დიდხნიანი პაუზა რომ არ გქონოდა, ეს ისტორია ალბათ ყველანაირ რეკორდს მოხსნიდა.
ასეთი დახვეწილი, გამართული და საინტერესო სიუჟეტი მე ჯერ აქ არ წამიკითხავს. ბევრმა მაპატიოს.
შენ კი ჩემი ერთ- ერთი უსაყვარლესი მწერალი ხარ.


ვიცი და ძალიან ვწუხვარ რომ ბევრს გაგიცრუეთ იმედი((
მაგრამ მართლა პრობლემები მქონდა..
ბოდიშს ვიხდი.
მადლობა რომ არ დაგვიწყებივარ heart_eyes
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent