შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 16]


5-03-2020, 20:34
ავტორი ჰაიკო
ნანახია 184

     ატლანტის ოკეანიდან მონადენმა უძლიერესმა ქარიშხალმა სალემს გადაუარა, ხეთა კენწეროები შეაზანზარა და ხისგან ნაგებ სახლებს კვნესა-ვაება აუყოლა, სინოპტიკოსთა სამი დღის წინანდელი ცნობის თანახმად, სალემში და მიმდებარე ტერიტორიებზე მზე და წყნარი ამინდი იყო გამოცხადებული, თუმცა აშკარად საპირისპირო ხდებოდა, ჩამუქებულ ცაზე, რომელიც ჯოჯოხეთის კუპრზე უფრო შავი თუ იქნებოდა, სქელი ღრუბლები ერთმანეთს ცვლიდნენ.
     აბსოლუტურად უარესობისკენ შეცვლილიყო ლუციუსის მყუდრო სამოთხე, ფართო ოთახში შეკრებილი საზოგადოება კი სრულიადაც არ ჰგავდა იმას, რაც ჩვეულებისამებრ იკრიბებოდა ხოლმე ვერანდაზე. ოთახის ერთ კედელთან სამი მაღალზურგიანი სკამი დაედგათ, ამ სამი სკამის პირდაპირ, თითქმის ოთახის შუაგულში კიდევ ერთი სკამი იდგა განმარტოებით, ოთახში თითქმის წყვდიადი იდგა, ფანჯრის შიდა რაფაზე მბჟუტავი სანთელი ვერ უზრუნველყოფდა შიდა სივრცის საკმარის განათებას, კედლები შავი ქსოვილით დაეფარათ,  ყოველი ქსოვილების შუაგულში სანთლის უმანკო შუქზე ავისმომასწავებლად ბრწყინავდა პრიმუმთა კლანის საფირმო ნიშნის - სამეფო გვირგვინის გამოსახულება, ოთახის ოთხივე კუთხეში დადგმულ მაღალწელიან ჭურჭელში სურნელოვანი სითხე იწვოდა და აქაურობას სასიამოვნო არომატით ავსებდა.
     ფანჯარასთან ქერა უკვდავი გაყურსულიყო და ოდნავ გადაწეული მუქი ფარდიდან ეზოს უთვალთვალებდა.
     - რატომ არაფერს ამბობ ასმოდეუსთან შეხვედრის შესახებ? - იკითხა კოვაქსმა, რომელიც ოთახის შორეულ კუთხეში გამეფებულ წყვდიადს ოსტატურად შერწყმოდა.
     ლუციუსი ფანჯარას მოშორდა და ზურგზე ხელდაწყობილმა გაიარ-გამოიარა ოთახში, რაც დროში გადაადგილებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის გავლა-გამოვლას.
     - საქმე არც ისე მარტივადაა.. - ჩაფიქრდა ის, - მან თითქმის მომკლა.. თუმცა დროულად მიხვდა, ვინც ვიყავი და სარები ამომაცალა მუცლიდან.
     - შემდეგ? - გამოეხმაურა სულწასული შავგვრემანი პირველყოფილი.
     ლუციუსმა მხრები აიჩეჩა.
     - შემდეგ არაფერი.. მან მითხრა, რომ ზედმეტად დიდხანს ცხოვრობდა ადამიანთა შორის, ზედმეტად ბევრი ბოროტება და ღვარძლი მოიმკო, ამიტომ თითქმის რვაასი წელიწადია განმარტოებით ცხოვრობს, ასკეტურად.. ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით.
     - უცნაურია, - ეს მელანქოლიური ხმა მარკუსს ეკუთვნოდა, - მეგონა, რამე მნიშვნელოვანს შევიტყობდით მისგან, იცის, რომ პრიმუმთა კლანი არსებობს?
     - ამაზე არ გვილაპარაკია, - თავი გააქნია ლუციუსმა, - თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იცის. მითხრა, ვიცი რომ "კანონის წიგნს" ღირსეული მფლობელი ჰყავსო.. შემდეგ ისევ გავითიშე და გონს რომ მოვედი სამარშრუტო ტაქსს სალემისკენ მოვყავდი.
     ამ სიტყვებს იმედგაცრუების გამომხატველი შეძახილი მოჰყვა პრიმუმთა მხრიდან.
     - სულ ესაა? - იკითხა მარკუსმა, ჩრდილს გამოეყო და ლუციუსს მიუახლოვდა.
     - დიახ, სულ ესაა, - დაუდასტურა ქერა უკვდავმა, - სამწუხაროდ, მას ჩვენთან ურთიერთობა არ სურს.. მან სამყარო უარჰყო, ის პირველია და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
     - ლუციუს, როგორია ის? - ცნობისმოყვარედ გაიჟღერა კოვაქსის ხმამ.
     - როგორ გითხრათ.. - ლუციუსი ჩაფიქრდა, - ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავს, თუმცა.. რაღაცნაირად დამთრგუნველი მუხტი მოდის მისგან.. დამიჯერე კოვაქს, მასთან შებრძოლებას არ ვისურვებდი ნამდვილად.
     ამ დროს კარზე მსუბუქად დააკაკუნეს.
     - მოვიდნენ, - ლუციუსმა კარს მიაშურა, გამოაღო და სტუმრები არისტოკრატული მანერით შემოიპატიჟა, - სომერსეტ, ნათანიელ, ბენიამინ, გთხოვთ, შემოხვიდეთ.
     კართან მდგომმა უხუცესებმა ცერემონიულად დაუკრეს თავი "კანონის წიგნის" მცველს და ოთახში ერთიმეორის მიყოლებით შემოვიდნენ.
     სომერსეტმა, რომელიც სიმაღლის გამო წელში მოხრილი დადიოდა და სახე ერთიანად ნაიარევებით ჰქონდა დაფარული, ცივად შეავლო თვალი მარკუსს და კოვაქსს, წვრილი, ბოროტად მოელვარე თვალები ოთახს მოავლო.
     - კარგად მომზადებულხართ, - გამოსცრა მან.
     ნათანიელმა და ბენიამინმა ადგილები დაიკავეს.
     სომერსეტი, სანამ საკუთარ ადგილს დაიკავებდა, ლუციუსს მოუბრუნდა და თვალი-თვალში გაუყარა.
     - ლუციუს, მინდა აქედანვე გითხრა და ჩემი სიტყვები აგრეთვე გამოხატავს ნათანიელის და ბენიამინის აზრსაც.. ტელეფონით საუბრისას შენ დამარწმუნე, რომ გაბრიელის განკითხვა უნდა შემდგარიყო, თუ ვერ დაგვარწმუნებ მის ბრალეულობაში..
     - ვიცი, - ცივად თქვა ლუციუსმა, ცისფერ თვალებში ნაპერწკალმა იელვა, სახის ნაკვთები გაეყინა, ქვისგან გამოთლილს დაემსგავსა, ამ ოთახში შეკრებილთაგან ყველაზე მეტად სწორედ ის ჰგავდა ვამპირს.
     -... თუ მისი ბრალი ვერ დამტკიცდება, სიკვდილი გელის, - მრისხანედ დაასრულა უხუცესმა და წვრილი, გაძვალტყავებული თითი მარკუსს და კოვაქსს მიაშვირა, - მათ კი კლანიდან მოკვეთა, როგორც შენს თანამზრახველებს!
     კოვაქსს წყვდიადივით შავი თვალები უფრო ჩაუმუქდა, რატომღაც ნათანიელს მიაპყრო უცნაური, შურისმგებლური მზერა, გაიღიმა და ალესილი ეშვები გამოაჩინა.
     ნათანიელს ეუცნაურა მისი ღიმილი, თუმცა არ შეიმჩნია, შუბლი შეკრა.
     ლუციუსმა სამ უხუცესს და განსასჯელის სკამს შორის პატარა ტაბურეტი დადგა, შემდეგ მეორე ოთახიდან ძვირფას წითელ ქსოვილში გახვეული ნივთი გამოიტანა და ტაბურეტზე დადო, ქსოვილი გადაწია და გამოჩნდა წიგნი, რომლის ყდაც სქელ, ვერცხლის ფურცელს წარმოადგენდა, რომელზეც უაღრესი ოსტატობით იყო გამოყვანილი სამეფო გვირგვინი-პრიმუმთა საფირმო ნიშანი, ფურცლებს საუკუნეთა სვლასთან ერთად სიყვითლე და ობი შეჰპარვოდა.
     - ვამპირთა "კანონის წიგნი", - დაიჩურჩულა თვალებგაფართოებულმა კოვაქსმა.
     მარკუსმა უხმოდ დაუქნია თავი.
     ლუციუსმა კოსტიუმის შიდა ჯიბიდან უძველესი იეროგლიფებით კონსტრუირებული, მოწითალო ხის წვერწამახული სარი ამოიღო და წიგნზე მოათავსა.
     უხუცესები სიტყვის უთქმელად აკვირდებოდნენ ქერა უკვდავის მოქმედებებს, რომელშიც უაღრესი სიფაქიზე, წიგნისადმი პატივისცემა და ერთგულება გამოსჭვიოდა, ისინი რატომღაც უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო, ვამპირთა "კანონის წიგნის" მცველი და უმაღლესი აღმსრულებელი სცენაზე გამოდიოდა და მოქმედებას იწყებდა..
     ლუციუსი წელში გაიმართა და უხუცესებს მიაპყრო მზერა.
     - შემოიყვანეთ, - გასცა ბრძანება მოკლედ და ლაკონურად.
     კოვაქსი და მარკუსი მცირე ოთახში მიიმალნენ და მალევე გამოჩნდნენ, მათ წინ ხელებშებორკილი მწვანეთვალება მამაკაცი მოდიოდა, ქერა თმა აბურდვოდა, ტანსაცმელი აქა-იქ შემოხეოდა, პრიმუმთა კლანის მეთაურის სულში შიში იგრძნობოდა, თუმცა შიში კარგად შენიღბა,  ძველებურად თავდაჯერებული, თავხედური ღიმილით მიუახლოვდა უხუცესებს და თავი დაუკრა.
     სომერსეტი წამოდგა, უემოციო მზერა მიაპყრო გაბრიელს.
     - გაბრიელ, შენ დღეს პრიმუმთა საბჭოს წინაშე წარსდგები, როგორც უმაღლესი აღმსრულებლის მიერ მრავალგზის ბრალდებული, თუ შეძლებ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას, მაშინ მატყუარა საკადრისად დაისჯება.. თუ ლუციუსი შეძლებს შენს წინააღმდეგ ბრალის დამტკიცებას, მაშინ ეს სარი შენს გულში შეაღწევს და შენ არსებობას შეწყვეტ!
     გაბრიელმა ოდნავ გაიღიმა და კვლავ თავი დაუკრა უხუცესებს.
     სომერსეტი სკამზე დაეშვა და ლუციუსს გახედა.
     ნათანიელმა და ბენიამინმა ყურადღება მოიკრიფეს და ისინიც ქერა უკვდავს მიაჩერდნენ.
     ლუციუსმა ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა, შემდეგ ხელები ზურგზე დაიწყო და ოთახში ნელა გაიარ-გამოიარა.
     - მე ლუციუსი ვარ, ვამპირთა "კანონის წიგნის" მცველი და უმაღლესი აღმსრულებელი, პრივილეგირებული პრიმუმი, რომელიც თქვენ აირჩიეთ, - მან ხელი გაიშვირა უხუცესებისკენ.
     უხუცესები თავის ქნევით დაეთანხმნენ.
     - რამდენიმე საუკუნეა, მე ერთგულად ვემსახურები კოდექსს, - განაგრძო ლუციუსმა და ხელი მოწიწებით დაადო წიგნს, - მე ერთგულად ვემსახურებოდი კლანის ინტერესებს და ვასრულებდი კლანის მეთაურის ყველა დავალებას მანამდე, სანამ არ გავაცნობიერე, რომ კოდექსის დარღვევის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდი.. ამ კაცის გამო, - მან გაბრიელს გახედა, - ამ კაცის გამო, პრიმუმთა კლანი მრავალჯერ დადგა საშიშროების წინაშე.
     - ეს ტყუილია, - დაისისინა გაბრიელმა.
     ლუციუსს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
     - მან უამრავი კანონი დაარღვია, ერთ-ერთი მთავარი კი, რაც კლანის წევრის სიცოცხლის ხელყოფას კატეგორიულად კრძალავს, მან კოვაქსის მიმართ დააღღვია, მან კოვაქსის მოკვლა სცადა!
     - ამის დამტკიცება შეგიძლია? - თვალები მოჭუტა სომერსეტმა.
     - რა თქმა უნდა, - ლუციუსმა კოვაქსს ანიშნა, ისიც უხუცესებს მიუახლოვდა, მაისური გაიძრო და სანთლის შუქზე გამოჩნდა საშინელი ნაიარევი, რომელიც სალაზარის კბილებმა დატოვა მის სხეულზე.
     ბენიამინმა შუბლი შეკრა, წინ გადაიხარა და ნაიარევს დააკვირდა, შემდეგ გაკვირვებულმა გახედა ლუციუსს.
     - ეს რა ჯანდაბაა?
     - ჰიბრიდის ნაკბენია, რომელიც პირველყოფილ ვამპირს კლავს, - მიუგო ლუციუსმა.
     - რაო? - სკამიდან წამოიწია ნათანიელმა, - რის შესახებ ლაპარაკობთ?
     გაკვირვება არ გამოუხატია მხოლოდ სომერსეტს, ის მოიღუშა და სწრაფად, შეფარვით გახედა გაბრიელს, რომელიც არც ამჯერად აღშფოთებულა.
     - გაბრიელმა ჰიბრიდი შექმნა, ვამპირის და მაქციის გენის შერწყმით, - დააკონკრეტა ლუციუსმა, - ეს ჰიბრიდი კოვაქსს თავს დაესხა, მისი ბრძანებით.
     ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
     - გაბრიელ, - მომთხოვნად გაიჟღერა ბენიამინის ხმამ.
     - სისულელეა, - თავი გააქნია მეთაურმა, - ისინი შეთქმულებას აწყობენ.
     სომერსეტმა ჩაახველა, გაბრიელს მრავალმნიშვნელოვანი მზერით გახედა და შემდეგ კვლავ ლუციუსს მიუბრუნდა.
     - დავუშვათ, მართალი ხარ. ეს ნაიარევი მაინც არ ამტკიცებს, რომ ჰიბრიდის ეშვების ნაკვალევია, ვინ შეძლებს ამის დამტკიცებას?
     გაბრიელს გამარჯვებულის ღიმილი გადაეფინა სახეზე, ლუციუსი კუთხეში მიიმწყვდიეს, თავს ვეღარ გაიმართლებდა, ეს მისი დასასრული იყო.
     - მე ვუდგები ლუციუსის სიტყვას თავდებში, რომ გაბრიელმა ნამდვილად შექმნა ჰიბრიდი და შემდეგ პრიმუმზე თავდასხმისთვის გამოიყენა, რა თქმა უნდა მისი მოკვლის მიზნით, - ჩაერია მანამდე ჩუმად მდგომი მარკუსი და გაბრიელის სკამს მიუახლოვდა.
     უხუცესები შეფიქრიანდნენ, მარკუსის სიტყვა ანგარიშგასაწევი იყო, თუმცა..
     - ეს არ არის საკმარისი აღნიშნული ფაქტის დასამტკიცებლად, - თავი გააქნია სომერსეტმა.
     ლუციუსმა ყრუდ ჩაიღრინა, ყველაფერს მიხვდა, უხუცესები, უპირველესად კი სომერსეტი, რომელსაც ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდათ კლანის მეთაურთან, არ აპირებდნენ მის გამტყუნებას, ყველანაირად შეეცდებოდნენ მის მშრალზე გამოყვანას, ეს კი საწინააღმდეგო შედეგს დადებდა, ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდებოდა ლუციუსს.
     - კარგი, - თქვა მან, კარისკენ სანახევროდ შებრუნდა, - შემოდით.
     - რა ხდება? - გაღიზიანდა სომერსეტი.
     - ახლავე გაიგებთ, - ცივად მიუგო ლუციუსმა.
     კარი გაიღო და ოთახში სამი მამაკაცი შემოვიდა, ორს ძალიან კარგად იცნობდნენ უხუცესები, აზრაელი და ეზეკიელი, მეთაურის პირადი მცველები, მესამეც სადღაც ენახათ, მაგრამ ვერ გაიხსენეს-სად. ეს იყო მაღალი, თავგადაპარსული მამაკაცი, ბოროტი მზერით და სახის კუთხოვანი ნაკვთებით.
     გაბრიელს პირველად დაეტყო მოუსვენრობა.
     - გთხოვთ, გაიცანით სალაზარი, - უხუცესებს მიმართა ლუციუსმა, - ჰიბრიდი, რომელიც გაბრიელმა შექმნა, რომელმაც კოვაქსს სასიკვდილოდ უკბინა.
     - ვადასტურებ, - პირქუშად თქვა სალაზარმა.
     უხუცესებს სახეზე გაოგნება აღებეჭდათ. ბენიამინი წამის მეასედში გაჩნდა სალაზარის წინ, ყურადღებით შეათვალიერა, გარშემო შემოუარა.
     - საინტერესოა..
     სალაზარმა უკმაყოფილოდ დაიღრინა.
     - მშვიდად, - გამოსცრა მარკუსმა, - ბატონებო, კოვაქსის მოწამვლის შემდეგ მე გაბრიელს შევხვდი ბარში, ღამე, სადაც მან შხამსაწინააღმდეგო ანტიდოტი გადმომცა, მის გარეშე პრიმუმს სიკვდილი ელოდა.. ეს ბატონები, - მან ეზეკიელზე და აზრაელზე მიუთითა, - როგორც გაბრიელის პირადი მცველები, ჩვენს შეხვედრას ესწრებოდნენ და ჩვენი საუბრის მოწმენი შეიქმნენ.
     - მართალია, - ერთხმად თქვეს ტყუპებმა და შიშით გახედეს მარკუსს, - საუბარი კოვაქსის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ეხებოდა, გაბრიელი და მარკუსი შეთანხმდნენ და გაბრიელმა სალაზარის სისხლით დამზადებული ანტიდოტი გადასცა მას.
     გაბრიელს სახეზე გაშმაგება დაეტყო, შურისმაძიებელი მზერით მიაჩერდა პირად მცველებს, მრისხანედ დაიღრინა.
     - რა შეთანხმებაზეა საუბარი? - დაინტერესდა ნათანიელი.
     - გაბრიელს ანტიდოტი უნდა მოეცა, სანაცვლოდ კი მე მია ჯეკსონი უნდა გამენადგურებინა, რომლის სხეულშიც ტალია იყო ჩასახლებული, - უპასუხა მარკუსმა.
     უხუცესმა პრიმუმებმა ერთმანეთში მრავალმნიშვნელოვანი მზერა გაცვალეს.
     - მია ჯეკსონი?
     - ერთი ჩვეულებრივი გოგონაა, რომელიც ჯადოქრის სულმა შეიპყრო, მაგრამ მხოლოდ დროებით, - აუხსნა ლუციუსმა.
     - მეჩვენება, თუ მის ჯეკსონზე საუბარს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე ამ ნაძირალაზე? - უკმაყოფილო სისინით ჩაერია კოვაქსი.
     - მისი ეს დანაშაული დამტკიცებულია! - ცივად წარმოთქვა ლუციუსმა და გაყინული მზერით გახედა უხუცესებს, - გარდა ამისა, მას ბრალს ვდებ ადამიანთა დახოცვაში და გვამების დაუდევრად მიტოვებაში, რასაც ჩვენი არსებობისთვის ფარდის ახდა შეეძლო, აგრეთვე ბრალს ვდებ სალემის საიდუმლო საბჭოს მეთაურთან კავშირში, რისი მომსწრეც კოვაქსი შეიქმნა, ბრალს ვდებ მაქციათა კლანთან არაპირდაპირ, თუმცა განზრახულ კავშირში.. ბატონებო, ეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო მიმართული, მას ჩვენი განადგურება ეწადა!
     უხუცესებს არაფერი უთქვამთ, დუმდნენ. გაბრიელის დანაშაული აშკარა იყო, ის სიკვდილს იმსახურებდა, თუმცა..
     - ბატონებო.. - შერბილებული ტონით წარმოთქვა სომერსეტმა და პრიმუმებს თვალი მოავლო, - ლუციუსის მიერ წარმოდგენილ ბრალს ვეთანხმებით, რადგან მან მოწმეები და ფაქტები წარმოადგინა, თუმცა რაღაც მინდა ვთქვა..
     ლუციუსი მოიღუშა, სომერსეტი აშკარად გაბრიელის დახმარებას ცდილობდა.
     - თუ ჩვენ დღეს გაბრიელს გავანადგურებთ, - განაგრძო სომერსეტმა და წვრილი თვალები უფრო დაუწვრილდა, - ეს უკვდავთა სამყაროში დიდ მითქმა-მოთქმას და არეულობას გამოიწვევს.. როგორც "კანონის წიგნი" ღაღადებს, პრიმუმისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა მხოლოდ უხუცესთა საბჭოს პრივილეგიაა და ამისთვის ყველა უხუცესის თანხმობაა საჭირო.. - მან ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა.
     - ამას ნუ გააკეთებ, სომერსეტ, - ყრუდ დაიღრინა ლუციუსმა.
     - ლუციუს, შენი მესმის, - პირფერულად გაუღიმა უხუცესმა, - პატივს გცემ იმის გამო, რასაც შენ კლანისთვის აკეთებ, მაგრამ აბა დაფიქრდი, რა სიკეთეს მოგვიტანს გაბრიელის სიკვდილით დასჯა? არაფერს, გარდა შინაგანი კმაყოფილებისა...
     ლუციუსმა მრისხანედ დაიღრინა, თვალები ჩაუსისხლიანდა, საიდანაც ორი მოელვარე წერტილი ანათებდა, მან სწრაფად წადა ნაბიჯი წინ და მარცხენა ხელი წიგნს დაადო.
     - სომერსეტ... კოდექსი მის დასჯას მოითხოვს!
     - ის ჩვენი დაწერილია, - მრისხანედ ისროლა ნათანიელმა, - ჩვენ უხუცესები ვართ და შეგვიძლია მასში ცვლილებების შეტანა!
     - ასეა! - დაეთანხმა ბენიამინი.
     გაბრიელი გულში ზეიმობდა, მან გაიმარჯვა, უხუცესები არ თანხმდებოდნენ მისი სიკვდილით დასჯას.
     ლუციუსი მიხვდა, რომ მთელი საბჭო მის წინააღმდეგ იყო, ახლაღა გაიაზრა, რომ კოვაქსი მართალს ეუბნებოდა, უხუცესების ნდობა არ შეიძლება, ისინი გაბრიელის მხარეს დაიჭერენო.
     - ესაა თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება? - კბილები გაახრჭიალა მარკუსმა.
     - გაბრიელი დამნაშავედ იცნოს მის მიმართ ლუციუსის მიერ წამოყენებულ ბრალდებებში, მიესაჯოს კლანიდან მოკვეთა! - მტკიცედ თქვა სომერსეტმა და ლუციუსს გამომწვევად მიაჩერდა ცივ, ცისფერ თვალებში.
     - ვეთანხმები, - თავის ქნევით დაემოწმა ორი უხუცესი.
     ლუციუსს ყბებზე კუნთები აუთამაშდა, მას უღალატეს! სამართლიანობამ ვერ იზეიმა!
     - დაგვტოვეთ, - მიუბრუნდა ტყუპებს და სალაზარს და მათაც წამიერად შეასრულეს ბრძანება.
     ლუციუსი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მედიდურად და თავხედურად მომზირალ უხუცესებს.
     - ანუ კოდექსში ცვლილება იმიტომ შეგაქვთ, რომ თქვენი დაწერილია? - ჩაეკითხა.
     - დიახ, - სამივეს მაგივრად უპასუხა სომერსეტმა, - ლუციუს, ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება.
     - ჰმ.. - ჩაიცინა ქერა უკვდავმა, კოსტიუმის ჯიბეში ხელი ჩაყო და როდესაც ამოიღო, მის ხელისგულზე რკინის ბეჭედი ბრწყინავდა, რომელზეც გვირგვინოსანი არწივი იყო გამოსახული, ლუციუსმა ბეჭედი წიგნზე დადო. 
     ოთახში შეკრებილნი უხმოდ და გაკვირვებით დააშტერდნენ ბეჭედს. სკამზე მიბმულმა გაბრიელმაც წაიგრძელა კისერი და ბეჭედს დახედა.
     - იცით, ეს რა არის? - ლუციუსის შეკითხვა ძირითადად უხუცესების მიმართ იყო დასმული.
     - ბეჭედია, - აგდებულად გამოეპასუხა ნათანიელი.
     ლუციუსმა მყისვე რენტგენისებური მზერით გაზომა უხუცესი.
     - ეს უბრალო ბეჭედი არ არის, - დაიღრინა ქერა უკვდავმა, - ეს ასმოდეუსის ბეჭედია, ჭეშმარიტი პირველყოფილის, ვის შესახებაც მშვენივრად მოგეხსენებათ თქვენც და მასაც, - გაბრიელზე ანიშნა.
     უხუცესებმა სწრაფად გადახედეს ერთმანეთს, ამას აშკარად არ ელოდნენ.
     - სისულელეებს მორჩი, - შეუღრინა სომერსეტმა და მისი სახე საშინელ ნიღაბს დაემსგავსა.
     - ეს სისულელე არ არის, - მრისხანედ გაეპასუხა ლუციუსი, - ვამპირთა "კანონის წიგნი" ასმოდეუსის-ჭეშმარიტი პირველყოფილის დაწერილია, რომელსაც თქვენ ეწინააღმდეგებით!
     ლუციუსის სიტყვებთან ერთად ხმაურით ჩაიმსხვრა ფანჯრის შუშები, ეზოდან გაველურებული ქარიშხალი შემოიჭრა, სანთელი ჩააქრო და ოთახში წყვდიადმა დაისადგურა.
     - რა ხდება? - ხმამაღლა იკითხა სომერსეტმა.
     პასუხად ისეთი რამ დატრიალდა, ყოვლისმნახველ უხუცესებსაც რომ არ ენახათ, შავი ჩრდილი, რომელიც ქარიშხლის სუნთქვას შემოჰყვა, თვალშეუსწრები, თვით პრიმუმთათვისაც წარმოუდგენელი სისწრაფით დაჰქროდა ოთახში და სიკვდილს თესდა, ორი წამის შემდეგ არცერთი უხუცესი აღარ იჯდა სკამზე, ღრუბლებს შორის მოცურავე მთვარის სუსტი შუქი კი ანათებდა სისხლით მორწყულ ოთახს, რომელიც უხუცესთა სხეულის ნაწილებით მოფენილიყო..
     - ეს... რა ჯანდაბაა.. - აღმოხდა სკამზე მიბორკილ გაბრიელს, უღონოდ გაიბრძოლა, თუმცა ვერ შეძლო ჯაჭვების გაწყვეტა.
     პრიმუმთა კლანის სამი ლეგენდარული მებრძოლი კი ნანახით გაოგნებულნი იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ უხუცესთა საშინლად დანაწევრებულ სხეულებს.
     - ამის დედაც.. - როგორც იქნა გონს მოვიდა კოვაქსი.
     - მაგარია, - არ ჩამორჩა მარკუსი, - მაგრამ ვინ..
     ლუციუსმა თვალები მოჭუტა, ოთახი ყურადღებით მოათვალიერა, ჰაერი დაყნოსა, თუმცა მხოლოდ უხუცესთა სისხლის სუნი იგრძნობოდა. შემდეგ რაღაც გაახსენდა და წიგნს გახედა, ბეჭედი სადღაც გამქრალიყო..
     - ასმოდეუს.. - ლუციუსის ჩურჩული შემზარავად გაისმა სისხლით მორწყულ ოთახში.
     უხუცესთა დანაწევრებულ გვამებს კვამლის ფარდა გადაეფარა და ცეცხლმა იფეთქა.
     ოთახის შორეულ კუთხეში გამეფებულ წყვდიადს ჩრდილი გამოეყო და სამეულისკენ დაიძრა, ლუციუსი, მარკუსი და კოვაქსი თითქოს ადგილს მიელურსმნენ, ენაჩავარდნილები შეჰყურებდნენ მას, ვინც დროის სამწამიან მონაკვეთში უხუცესთა საბჭო სრული შემადგენლობით გაანდგურა.
     ჩრდილი პრიმუმთა სამეულის წინ შედგა და ლუციუსს თვალი-თვალში გაუყარა.
     ეს იყო ტანმაღალი მამაკაცი, ახოვანი, რომელიღაც ცხოველის ბეწვისგან შეკერილი მოსასხამი მოეგდო მძლავრ მხრებზე, სახის კუთხოვანი ნაკვთები და კეხიანი ცხვირი მის რკინისებურ ხასიათზე მეტყველებდა, თმა გარშემო წმინდად შემოეპარსა, ზემოთ დაეწნა და ნაწნავის ბოლო საქამრემდე სცემდა, აპარსული ადგილები სვირინგებს დაეფარა, შავი წვერი, წარბები და შემზარავად მოელვარე შავი თვალები გარშემო სასტიკ აურას ქმნიდა.
     - ასმოდეუს, - გაიმეორა ლუციუსმა.
     კოვაქსი და მარკუსი გაოგნებულები შეჰყურებდნენ პირველყოფილს.
     ასმოდეუსი ერთხანს უხმოდ უყურებდა ლუციუსს თვალებში, შემდეგ მარჯვენა ხელი ასწია და ქერა უკვდავს მხარზე დაადო.
     - Tu es veritatem, - წარმოთქვა ფოლადნარევი ხმით, - Antequam revelaretur malitia tua, - და თვალი ვერ შეასწრეს ისე გაქრა ოთახიდან.
     ლუციუსი თითქოს ჰიპნოზიდან გამოფხიზლდა, თავი გააქნია.
     - რა თქვა? - იკითხა კოვაქსმა.
     - "შენ ჭეშმარიტება ხარ, ახლა შენ ხარ", - მიუგო მარკუსმა, - ლათინურია.
     - ეს რას ნიშნავს? - შუბლი შეკრა ლუციუსმა.
     - არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა კოვაქსმა და გაბრიელისკენ დაიძრა, - ერთი საქმე დამრჩა მოსაგვარებელი.
     - მე უნდა დავსაჯო ის, - მოიღუშა ლუციუსი, - მე უმაღლესი აღმსრულებელი ვარ.
     - არა, - კოვაქსს სახეზე ტკივილი გამოესახა, - ლუციუს.. მან ჩემი ცოლი და შვილები დახოცა, ამ მომენტს საუკუნეების განმავლობაში ველოდი, ყოველი წამი ამ იმედით ვცხოვრობდი!
     სიჩუმე ჩამოწვა. ლუციუსი კოვაქსს უყურებდა, მარკუსი-ლუციუსს.
     - კოვაქსს ვეთანხმები, - ჩაახველა მარკუსმა.
     ლუციუსმა მრისხანე მზერით შემოხედა, თუმცა მზერა მალევე დაუთბა.
     - კარგი..
     კოვაქსს სახეზე საშინელი, დემონური ღიმილი აღებეჭდა, სარი ხელში აიღო, წვერით გაბრიელს მიაბჯინა და სახეში შურისმაძიებელი მზერა მიაბჯინა.
     - სანამ მოკვდებოდე, - გამოსცრა ლუციუსმა, - იქნებ გვითხრა, ამ ყველაფერს რატომ სჩადიოდი?
     გაბრიელმა ღიმილით შეხედა, თავისებური, გველური ღიმილით.
     - შენ ყოველთვის მომწონდი, ლუციუს, წესიერი კაცი ხარ, მაგრამ ქედმაღალი და კანონების ერთგული.. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალაუფლების გამო ვაკეთებდი!
     - ტყუილია, - თავი გააქნია მარკუსმა, - შენ ისედაც გქონდა ძალაუფლება.
     - არა, - შეჰყვირა გაბრიელმა, - არასდროს მქონია, ყველგან მხოლოდ თქვენი სახელი მესმოდა, თქვენ უყვარდით, თქვენ პატივს გცემდნენ, თქვენი ეშინოდათ.. ეს მეც მინდოდა, მე არასდროს არავის ვყვარებივარ, - გაბრიელი დადუმდა, შემდეგ ლუციუსს შეხედა, - არავის ვყვარებივარ, გარდა ერთი ადამიანისა, უთხარი მას, რომ ისევ ისე მიყვარს, როგორც დანახვის დღეს!
     ლუციუსმა უხმოდ დაუქნია თავი.
     - მორჩი? - შეუღრინა კოვაქსმა.
     - არა, არა, - პანიკურად აყვირდა გაბრიელი, სახე შეეშალა, თვალებიდან ცრემლებმა, პირიდან და დორბლმა და ცოფმა იფეთქა, შეშლილივით აბრიალებდა თვალებს, - შენ ვერ მომკლავ, ვერ მომკლავ, ჩემი სიკვდილი არ შეიძლება, მე გაბრიელი ვარ, უკვდავი ვარ..
     - მოკვდი, - კოვაქსის შემზარავმა ღრიალმა გაჰკვეთა ოთახში დაგუბებული გაყინული ჰაერი, მოწითალო სარმა ელვის სისწრაფით გააპო პრიმუმთა კლანი მეთაურის მკერდი, გული ორად გახლიჩა და წვერი მეორე მხარეს, ბეჭებთან გამოვიდა.
     სახეშეშლილი და გაველურებული კოვაქსი ფეხზე წამოიჭრა, სარს ხელი უშვა, მარჯვენა მოიქნია და როდესაც უძლიერესმა დარტყმამ თავი წააცალა გაბრიელს, არტერიებიდან სისხლმა შადრევანივით იფეთქა..
     კოვაქსმა ზიზღით გახედა კარისკენ გაგორებულ თავს, რომელსაც ღიად დარჩენილ ზურმუხტისფერ თვალებში საზარელი შიში და სასოწარკვეთა ჩაჰყინვოდა, შემდეგ გვამს ზურგი შეაქცია, ვერანდაზე გავიდა, სიგარეტს მოუკიდა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და აკანკალებული ხელებით მოიწმინდა შუბლზე გამოჟონილი ცივი ოფლი...
     მარკუსი და ლუციუსი უხმოდ მისჩერებოდნენ პრიმუმთა კლანის ოდესღაც ძლევამოსილი მეთაურის გვამს, რომელსაც თანდათანობით გადაეფარა კვამლის ფარდა, შემდეგ ცეცხლმა იფეთქა და გაბრიელის სხეულის ნაცარტუტად ქცევას შეუდგა..



კარგია მართლა, მომწონს ეს ისტორია

 


№2  offline მოდერი ჰაიკო

სიყვარული გულს გვტკენს
კარგია მართლა, მომწონს ეს ისტორია


მადლობა) მიხარია რომ მოგწონს.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთო

რა ბედნიერება მერგო, ზედიზედ ორი თავი. ძალზედ დაძაბული თავი იყო. მაგრამ ასმოდეუსის გამოჩენა მხოლოდ ეს იყო? არადა მინდოდა რატომღაც კიდევ დარჩენილიყო ამათთან.
ხოო კოვაქსს რაც შეეხება, შემეცოდა, თანაც ძალიან. მიუხედავად იმისა, თუ როგორი დაუნდობელი იყო, ყველაზე მეტად მესაყვარლება :დდ აბა ახლა მე ვარ ნორმალური? :დდდ
მოკლედ მე ამ ისტორიაზე და შენზე ვგიჟდები ჰაიკო

 


№4  offline მოდერი ჰაიკო

სტუმარი ქეთო
რა ბედნიერება მერგო, ზედიზედ ორი თავი. ძალზედ დაძაბული თავი იყო. მაგრამ ასმოდეუსის გამოჩენა მხოლოდ ეს იყო? არადა მინდოდა რატომღაც კიდევ დარჩენილიყო ამათთან.
ხოო კოვაქსს რაც შეეხება, შემეცოდა, თანაც ძალიან. მიუხედავად იმისა, თუ როგორი დაუნდობელი იყო, ყველაზე მეტად მესაყვარლება :დდ აბა ახლა მე ვარ ნორმალური? :დდდ
მოკლედ მე ამ ისტორიაზე და შენზე ვგიჟდები ჰაიკო


მადლობა კიდევ ერთხელ)
იცი რა? გაარკვიეს, რომ ასმოდეუსი ჭეშმარიტი პირველყოფილია და საუკუნეების განმავლობაში ეულად ცხოვრობს, ამიტომ ჩემი აზრით ასევე საიდუმლოდ უნდა დარჩეს.
ხოო, კოვაქსს რაც შეეხება, საკუთარ თავს დააბრალოს ყველაფერი;)
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ heart_eyes
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 


№5 წევრი goddess

ვაუ ეს რა იყო მართლა საოცრება, ჯერ საერთოდ არ ველოდი ახალ თავს და ძალიან გამიხარდა რომ დადე და შემდეგ მოვლენების განვითარება იყო უმაგრესი , მემგონი თვალიც არ დამიხამხამებია ისე წავიკითხე თავიდან ბოლომდე heart_eyes ნამდვილად საუკეთესო მწერალი ხარ <3

 


№6  offline მოდერი ჰაიკო

goddess
ვაუ ეს რა იყო მართლა საოცრება, ჯერ საერთოდ არ ველოდი ახალ თავს და ძალიან გამიხარდა რომ დადე და შემდეგ მოვლენების განვითარება იყო უმაგრესი , მემგონი თვალიც არ დამიხამხამებია ისე წავიკითხე თავიდან ბოლომდე heart_eyes ნამდვილად საუკეთესო მწერალი ხარ <3


ძალიან დიდი მადლობა)) კი მეეჭვებოდა, რომ ეს თავი გაამართლებდა, მაგრამ შევცდი)
მაგის დედაც, ძლივს მოვკალი გაბრიელი, რა გახდა ასეთი rage
მადლობა და გელოდები შემდეგ თავებში ქალღმერთო heart_eyes
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent