შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მას ეძახოდნენ გიჟს (სრულად)


26-03-2020, 01:12
ავტორი ტურაგო
ნანახია 1 481

√ შევიშმუშნე...
შუადღის სამი-ოთახის სივრცე გულუხვად დაუჯილდოვებია მზის სხივებს.დაღვრილან,დაღვრილან და ლამის სუნთქვა შემიკრეს მათმა ჰაერში გაწოლილმა მცხუნვარებამ.თვალების გახელისთანავე როგორც კი იატაკზე განფენილ მზის სვეტში ჩაგდებულ წიგნს დავხედე საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილებით ავივსე და ხმამაღლა წარმოვთქვი "მერამდენედ უნდა ჩამეძინოს კითხვის დროს"
ვიფიქრე ცივი წყალი გამოფხიზლებაში დამეხმარებოდა,წამოვდექი,უწესრიგოდ მიგდებული მაისური არც კი ამიღია საწოლიდან გულგრილად გავუარე გვერდი...ონკანიდან ცივი წყალი ხმაურიანად გადმოდინდა,პეშვი სითხე როგორც წვიმის უზარმაზარი შხეფი ისე შემეჯახა და გაიპო მრავალ შხეფთა ნაწილად ჩემს სახეზე.თვალებს ცოცხალი მზერა დაუბრუნდა.ჩემს ანარეკლს მივაშტერდი,როგორი მოთენთილი შემომყურებდა სარკიდან,თვალებით მკერდამდე გავიარე გზა,შევჩერდი...ნაცნობმა სევდიანმა მოგონებამ ხელი დამიქნია,სახე სარკიდან გამოვიყვანე და ამჯერად ისე დავაცქერდი გულის მხარეს-ძლივსშესამჩნევად მაინც მოსჩანდა წლების წინ სამახსოვროდ დატოვებული ნაკაწრები,ან იქნებ არც სჩანდა და ყოველ ჯერზე მე მაინც ვხედავხდი მათ.თვალდახუჭულმა გავარიდე სახე.ფიქრებმა მოასწრეს აშლილიყვნენ.ოთახს დავუბრუნდი,ოღონდ ეს შემოსვლა აღარ იყო ისეთი მჩატე როგორც წუთების წინ გასვლა.მზის სხივები თითქოს ტალღებად ქცეულიყო და კამკებდნენ ჰაერში,მეც მათში შევცურე და იატაკზეც ისე დავეშვი თითქოს მდინარის ფსკერზე დავშვებულიყავი.ძილმა ვეღარ ჩამავლო,თუმცა გონება შორეული წარსულის გზას გაუყვა და მრავალჯერ ამოტივტივებული კიდევ ერთხელ გამიცოცხლა თვალწინ მთელი სიცხადით.

ყველაფერი წლების წინ იყო.იმ წელს ბიძაშვილთან ვატარებდი ზაფხულს.სულ რაღაც ერთი თვე იყო რაც თხუთმეტი წელი შემსრულებოდა და თავს უკვე ზრდასრულ მამაკაცად მივიჩნევდი.
ჩემთვის დღეები არც ისე მხიარულად მიედინებოდა.არასდროს მქონია მარტივი ხასიათი.თუ კი ვინმესთან კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს გაქცევა მინდებოდა მისგან და ახლა რომ უკან მივიხედო უამრავ ასეთ სხვებისგან გაქცევას დავითვლი ალბათ.საერთო ენა ვერც ჩემს ბიძაშვილთან გამოვნახე,მე განსხვავებული ინტერესები მქონდა,სხვაგვარი ფიქრები მიღრღნიდა გონებას,ის კი მართლაც ბავშვი იყო,თოთხმეტი წლის ბავშვი.ერთი ადგილი მქონდა ამოჩემებული ჟანგისგან შეჭმული რკინისგზისპირი რომელსაც თითქმის ყოველ საღამოს ვსტუმრობდი.ვჯდებოდი იქ და იმ სიმშვიდეში,სიცარიელეში თითქოს რაღაც აქამდე ხელუხლებელ სიამოვნებას ვუშვებდი ჩემში.წინ ვრცელი მინდორი იშლებოდა,გრძელი დაკლაკნილი ბილიკით.ბილიკი ტყეში იკარგებოდა და აშოლტილ ხეებს აფარებდა თავს.
ერთ ჩვეულებრივ საღამოს როცა იქ ყოფნით ვიკლავდი დროს,შევნიშნე ხეებს შორის ბილიკის თავთან როგორ გამოჩნდა სილურჯე წერტილივით.წერტილი სულ უფროდაუფრო დიდდებოდა და მალევე გავაცნობიერე რომ ეს სილურჯე ფაფუკი კაბა იყო რომელიც ემოსა იმ დროისთვის ჩემთვის სრულიად უცხოს.
ხანდახან ასეც ხომ ხდება საკმარისია თვალი მოკრა და შეიგრძნობ რომ მასთან თითქოს რაღაც გაკავშირებს,თითქოს შენიანია და შეიცანი.თავადაც ვერ უძებნი ახსნას უბრალო წუთიერი შეხედვით ანდაც გვერდის გავლით როგორ შემოიჭრება შენში მასში არსებული ენერგია,როგორ ჰკვეთს შენს სხეულს ეს ენერგია და აღწევს სულამდე-სწორედ ასე დამემართა როცა მას მოვკარი თვალი.როცა ძალიან მოახლოვდა ჩემამდე ვიგრძენი როგორ გაბუნდოვანებული გახდა ირგვლივ ყოველივე და სუფთად,სარკის პირივით ნათელს მხოლოდ მის მხრებზე ჩამოშლილ ჩალისფერ თმებს ვხედავდი.მან გულგრილად ჩამიარა.ჩემში კი სუნთქვის რითმი დაირღვა,თითქოს კვანძებად მეკვრებოდა ჩანასუნთქი ჰაერი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩაედინებოდა ფილტვებში.როცა ირგვლივ ყველაფერი დაიწმინდა დავინახე რომ ის უკვე ძალიან შორს იყო ჩემგან.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში ისევ აფორიაქებული ვცემდი ბოლთას ბილიკის თავთან,მაგრამ ის არ ჩანდა.ერთ საღამოს როცა კვლავ იმედგაცრუებული დავბრუნდი შინ და სარკმელთან მჯდომი ცაზე არგამონათებულ ვაარსკვლავებს დავეძებდი ოჯახის წევრების საუბარმა დამირღვია მყუდროება:
"მაგდა,თურმე ის შეშლილი ქალი ისევ გამოჩნდა"
"რა გინდა არაფერს აშავებს"
"არავინ იცის აშავებს თუ არა,განა ბევრი ვიცით მასზე?"
"თუ მასზე არაფერი ვიცით ეს ხომ არ ნიშნავს რომ აუცილებლად ცუდი ადამიანია"
"მაგდა როგორ შეგიძლია იყო ასეთი,განა ნორმალურია ალქაჯივით ტყეში რომ ბინადრობს?ახლოს არავის იკარებს...ხალხი საუბრობდა გუშინ,დანაშაული აქვს ჩადენილი წლების წინ და ამიტომაა ყველას რომ ემალება ეშინია არ დაისაჯოსო.ალბათ ამიტომაა პერიოდულად რომ უჩინარდება,კვალს ფარავს ჰგონია"
"კარგი ერთი,ხალხი იმდენ რამეს იგონებს.დამნაშავეს დაუსჯელს არ დატოვებდნენ.განა ვცადეთ მივკარებოდით და ხელი გვკრა?სანერვიულო ვფიქრობ არაფერია,ერთი საწყალი ვინმეა..."

აღარ მინდოდა მესმინა მათთვის და გავეცალე ოთახს.ნათელი იყო სწორედ იმ ქალს გულისხმობდნენ რომელიც მე ბილიკზე მიმავალი ვნახე.არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის რა ისაუბრეს მათ,პირიქით კიდევ უფრო მომეტებულად ვიგრძენი კვანძების შეკვრა ღრმად ჩანასუნთქ ჰაერზე და ინტერესის გაღვივება გადამეხლართა გულზე.
დილით ინათა თუ არა მაშინვე ვიგრძენი როგორ მეხუთებოდა სული სახლის კედლებში.გარეთ გავარდნა და უსასრულოდ სიარული მსურდა მანამ ვიდრე არ მივაღწევდი მასთან.სრული ოთხი საათის ჟამს როცა ტყის შესასვლელთან მიახლოვება გავბედე და იქვე ხეებს შევაფარე თავი,ღრუბლის ფერშეცვლილმა ფთილებმა წვიმის მოახლოვება მაცნობეს.წასვლა არ მინდოდა,გული არ მანებებდა ნაბიჯებს სახლისკენ და აი მალევე გამოჩნდა კიდევაც...არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ვიდექი და შევყურებდი მის სხეულს რომელიც სულ მალე გამისწორდებოდა...წვიმის შხეფებმა ჯერ თითქოს ერთმანეთზე ადგილის დათმობით დაიწყეს ცვენა,მერე გაძლიერდნენ და პირველობის სურვილს დაწაფებულებმა ხმაურიანად დაქსელეს სივრცე,მხოლოდ წვიმის გამაცოცხლებელი ძახილით დაძგერებას ვგრძნობდი სხეულზე,სხვა ყველა ფიქრი და შეგრძნება გამიქრა,ვიდექი გონდაკარგულივით და ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ გავბედე როცა ის ჩემს პირდაპირ გაუსწორდა გზას.მან მე ისე ჩამიარა თითქოს იმ ხეთაგან ერთ-ერთი ვყოფილიყავი,უსულო და არა ადამიანი.კვლავ წუთით დავინახე ლურჯ კაბაში შემოსილი მისი თხელი სხეული და წვიმაში აზელილი ჩალისფერი თმები,მერე კი ბილიკის გზა ჩადგა შორ მანძილად ჩემსა და მას შორის, მე სუნთქვაშეკრული ისე დავრჩი იმ თავსხმაში თითქოს თვით სიკვდილმა გაიარა ჩემს წინ.
მეორე დილით ისეთი შეგრძნებით გამეღვიძა თითქოს წინა დღის რამდენიმე წამიანი კადრი განმეორებით ვნახე სიზმრად.ისევ წვიმდა,ოღონდ არა თავსხმად არამედ თქეშად,თითქოს ჰაერში უხილავი ბადე განფენილიყო და შხეფები მასში გაცრილნი უამრავ წვრილ შხეფთა ნამტვრევის სახით სცვივოდნენ დაბლა.
საღამო ხანს იმედით აღვსილი გავეშურე ტყისკენ.არ მაწუხებდა მსუბუქი შხეფები პირიქით მაცოცხლებდა.ბილიკს ვასრულებდი როცა დავინახე ტყის შესასვლელთან ტალახად ქცეულ მიწაზე მჯდომი,წვიმისგან დაყენებულ ბინდისფერ ჰაერში ისე გავიქნიე ხელი თითქოს ჩემს წინ ჩამოშლილ ფარდას ვებრძოდი რომელიც მის კარგად დანახვაში მიშლიდა ხელს.ვიგრძენი ყელში როგორ მომებჯინა რაღაც ემოციები რომლებსაც ვერ ვუძებნიდი ახსნას.გაუბედავად წავედი მისკენ,როცა საგრძნობლად მივუახლოვდი მერე ნაბიჯებს საბოლოოდ წაერთვა სითამამე და ისე გავშეშდი თითქოს იმ ლაფმა ჭაობის მაგვარად ჩაითრია სხეული ჩემი.შევყურებდი წვიმის წყალში ამოვლებულ მის თმებს,მის სუსტ სხეულს და წარმოუდგენლად მინდებოდა ჩამეკრა გულში...უეცრად ისეთი ამღვრეული თვალებით მომაშტერდა ვეღარ მოვახერხე სიტყვების პოვნა რომლების თქმასაც შევძლებდი "ჩემი ნუ გეშინია" ესღა ამოვილუღლუღე
-რატომ იჭრები ჩემს სივრცეში-გამომძახა სიბრაზე გამჯდარი ხმით და ისე დამანჭა სახე ვიფიქრე სადაც იყო წვიმას ძლევდა და თვალებით ცეცხლს შემინთებდა.
-მე არ მინდა გეშინოდეს ჩემი-ლამის ჩურჩულით ვთქვი
-და ვინ ხარ შენ!-წამოდგა,წამით შეჩერდა,ელოდა ალბათ პასუხს,რა უნდა მეთქვა მისთვის,ვინ ვიყავი მე პატარა ბიჭი რომელსაც წარმოდგენა არ ქონდა რატომ დასდევდა მას ვისაც ეძახდნენ გიჟს.ის წავიდა,არა აჩქარებით არამედ ნელი ნაბიჯებით,მე კი ვუყურებდი ერთიანად გაჟღენთილს წვიმისგან და სადღაც გულისა და გონების ყველაზე მიმალულ,ხელუხლებელ სივრცეში ვგრძნობდი რომ სწორედ ამ კადრით შემოიჭრა ღრმად და სამუდამოდ დაიდო ბინა ჩემს არსებაში.გვიან მომაფიქრდა ავდევნებოდი,გავიქეცი...უკან ერთხელაც კი არ მოუხედავს არადა ღრმად ვიყავი დარწმუნებული რომ იცოდა მივყვებოდი.როგორც იქნა შევაღწიეთ ტყის სიღრმეში,შორიახლოს გავჩერდი,წამიერად მოვკარი თვალი მის მსუბუქ ღიმილ დაფენილ სახეს,მერე კარს მიღმა შეაბიჯა და გაუჩინარდა.ვერ გავბედე ახლოს მისვლა,იმ დღისთვის ისიც მკმაროდა რომ დავიმახსოვრე გზა რომელიც მიმიყვანდა მასთან.
იმ საღამოს შემდეგ ლანდივით გავხდი მისთვის,დავინახავდი თუ არა უკან ვედევნებოდი.არასდროს მაქცევდა ყურადღებას,თუმცა არც მიკრძალავდა ასე უწყინრად მეთვალთვალა მისთვის.რამდენჯერმე ვცადე ჩემი უბადრუკი სიტყვებით წამომეწყო საუბარი თუმცა განცდა იმისა რომ მაინც არასდროს მიამბობდა მასზე ხმას მართმევდა.ყოველი მანძილი რომელიც მასზე ადევნებულს გამივლია მაგრძნობინებდა როგორღაც მის წილ მწუხარებას.
ერათადერთხელ გავბედე ქოხთან მიპარვა.მახსოვს როგორი სიფრთხილით გავაპარე მზერა სარკმელში,შუშები ისეთ მტვერს მოეცვა ნამდვილად გამიჭირდა გამეღწია მათ მიღმა,თუმცა მივხვდი რომ შიგნით სივრცე ცარიელი იყო.კარს მივუახლოვდი,არ შევმცდარვარ ღიად დამიხვდა.ისე შევაბიჯე ოთახში თითქოს სხვა სამყაროში გასვლისთვის ვემზადებოდი.ქოხი სულაც არ დამიხვდა შიგნიდან ისეთი უწესრიგო როგორც გარედან მოსჩანდა.პირველ რიგში რაც იმ წამსვე მომხვდა თვალში ეს იყო ხის კედლები,კედლები რომელთაც აღარცერთი ცარიელი ადგილი არ შერჩენოდათ.ისინი ამოტიფრული იყო სხვადასხვა გამოსახულებებით,ფიგურებით,სილუეტებით,თითქოს კედელში გაქვავებული ნახატების გამოფენაზე ვიყავი.წარმოვიდგინე რაოდენი ენერგია ექნებოდა ჩაქსოვილი თითოეული მათგანის შესრულებაში.აქ იყო ამოკაწრული გზები რომლებიც ყოველთვის წყდებოდა,რთული სათქმელი იყო წვეთების მსგავსი მძივები ცრემლებს გამოხატავდა თუ იმ წვიმის შხეფებს რომელთა ქვეშაც ხშირად დახეტიალობდა.თითქოს მთელი სიცხადით ვიგრძენი იმისი მძიმე ფიქრების შემოტევა ჩემს გონებაზე და წარმოუდგენელმა სევდამ შემიპყრო...უეცრად კარი გახმაურდა,ღია კარში კი მისი ბედნიერებას მოკლებული სახე შემეგება,თავი ისე მოიღრიცა მართლაც კითხვის ნიშანს დაემსგავსა,კითხვა თვალებით დამისვა,ამბობდნენ ამეხსნა თუ როგორ გავბედე დაუკითხავად შეჭრა მის სივრცეში
-არ გეწყინოს გთხოვ,მინდოდა მენახე...
-რაში გჭირდებოდა ჩემი ნახვა!
-ამ შენი ნახვის სწრაფვას ჯერ სახელი ვერ დავარქვი...განა ვერ ამჩნევ რახანია დაგდევ.ნუთუ სურვილის მოძალება არასდროს გქონია,სწრაფვა რაღაცისკენ ან ვიღაცისკენ
-სურვილები,სურვილები-იმეორებდა და თან ოთახში დააბიჯებდა
-თითქოს ჩვენ ორივე რაღაც შეუცნობლისკენ მივისწრაფვით და თუ საშუალებას მომცემ გაგიცნო ახლოს იქნებ ორივემ მოვუძებნოთ ახსნა,სახელი ჩვენს-ჩვენს მისწრაფებებს-ის დუმდა,თუმცა მისი დუმილითაც კარგად ვხვდებოდი ჩემი სიტყვები უშინაარსო,მხოლოდ ბგერებისგან აკოწიწებულნი იყვნენ მისთვის,არ ადარდებდა.იმით გათამამებულმა რომ წასვლა არ მომთხოვა კითხვა გავუბედე
-ეს ყველაფერი კედლებში შენი გაკეთებულია?
-ჩემი არა,აი-შემომხედა და თითები თავზე დაიკაკუნა-არც კი ვიცი საიდან ჩნდებიან
-საოცარია ყველა მათგანი-ვუთხარი და თითები შევახე კედელს რომლის ახლოსაც ვიდექი.
-ტკივილებს ადამიანები საოცრებებს უწოდებთ?-ეს ფრაზა ისეთი უცნაური ხმის ტემბრით თქვა რომ დამამძიმა.პირველად მომეცა საშუალება ასე დავშტერებოდი თვალებში და როცა ვერ შევძელი გამერჩია თუ რას საუბრობდნენ ცალკე ისინი თავი უბედურად ვიგრძენი
-ეს ქოხი თითქოს ჩემს გარეგან მხარეს გამოხატავს,და ეს შიგნითა ნაწილი ჩემი აზროვნების გადმოღვრაა-მოულოდნელად ალაპარაკდა-ეს ყველაფერი კედლებზე ზოგი განვლილია და ზოგიც გასავლელი,უმეტესობა კი წარმოსახვის ნათამაშებია.არ არიან ისინი გასაოცარნი არამედ ხშირად აუტანლები ხდებიან და რომ არ ვკაწრო,მათი ხატებები ხორცს შეისხამენ,საშინელი სახით დაიწყებენ სიარულს ჩემს ირგვლივ-უჯრა გამოაღო და ბებუთი ამოიღო,კედელთან ჩაიჩოქა,ძლივსძლივობით იპოვნა ცარიელი ადგილი,ჯერ მე შემომხედა მერე კედელს,კარგა ხანს ეწვალა დაბლაგვული იმ დანის პირით ხეს,როცა დაასრულა პატარა ამოტიფრული ქარაფი შეატოვა კედელს-ქარაფი რომლის წვერთანაც სილუეტი ჩანდა...არ მითხოვია ამიხსენი რას ნიშნავსთქო,ვიცოდი ამას არ გააკეთებდა.ჩაქინდრული თავი ასწია მომიბრუნდა და დაჯექიო მიმითითა სავარძელზე,ვფიქრობ უფრო მიბრძანა,დავემორჩილე მე ხომ დაუკითხავად შეჭრილი ვიყავი მასთან.
-შემიძლია რამით დაგეხმარო?-ხელში დანით მომიახლოვდა.სისხლი გამეყინა და ვიგრძენი როგორ ჩამჭიდეს სხეულზე შიშის მარწუხებმა
-რას მიპირებ?
-ამ ქოხში შემოსვლით რაღაც დოზით ჩემს სამყაროში შემოხვედი,მინდა აქედან წასულმა სახსოვრად წაიღო ჩვენი ნაწილი,ჩემს თვალებს ამოგაკაწრავ,როცა დრო გავა და შეხედავ შეიძლება ძლიერად,შეიძლება მკრთალად,მაგრამ მაინც იგრძნობ რაღაცის ჩაწყვეტას მის მიღმა გულში,ეს იქნება ძალიან მცირედი რასაც მე განვიცდი.მე მთელი ამ წლების მანძილზე სხვების თვალების მზერას როგორც დაყრილ ნემსებს ისე დავატარებ,ყველა მათგანი აუტანელ სევდად გარდაიქმნა,თქვენში ამ სევდისგან გაქცევას სიგიჟეს ეძახიან.

გავბედე მეთქვა რომ მაშინებდა.ვერ წარმომედგინა როგორ შეძლებდა დანით რაიმე დაეხატა ჩემს სხეულზე და სრულებით ვერ ვფიქრობდი იმ დროს რომ დაბინძურებულ დანის პირს შესაძლებელი იყო სერიოზული ზიანი მოეტანა ჩემთვის.უკან დაიხია კარადიდან არყის ბოთლი გამოიღო მითხრა დამელია ცოტა,დავემორჩილე,როცა გამომართვა დანასაც გადაავლო და ჩემს წინ ჩაიმუხლა.მანიშნა მაისური გამეძრო.სახესთან ჩამოშლილი თმები ყურებს უკან გადაიყარა.მარჯვენა გაშლილი ხელი ბეჭთან მომაბჯინა,მარცხენათი კი ჩემი სხეულის ტანჯვა დაიწყო.იღიმოდა ისე თითქოს მე მის წინ არა ადამიანი არამედ მისი ქოხის ყრუ კედლებივით უგრძნობი ვყოფილიყავი.ვიგრძენი როგორ დამეწყო მთელი სხეულის დაბუჟება.სისხლის წვეთები დილის ცვრის მსგავსად დამეკიდნენ კანზე,ტკივილი რომელსაც დანის თითოეული გაკვრის დროს ვგრძნობდი სიამოვნების მანტიით იმოსებოდა და სხეულში იღვენთებოდა,წვრილ მარცვლებს ემსგავსებოდნენ და თითქოს სხეულს შიგნით სცვივოდნენ რათა ყველა უჯრედით შემეგრძნო ბედნიერებად გარდაქმნილი ტკივილი.დაძაბულობამ მალევე გამიარა და აღარ მადარდებდა რას მიკეთებდა...როცა მორჩა ხელები მომაცილა.უკან დაიხია.ნივთებში დაიწყო ქექვა,დამტვერილი სარკის ნატეხი ამოიღო,კაბის კალთით გაწმინდა და ახლოს მომიტანა გულთან,მივხვდი რომ საშინლად შევცდი როცა ვიფიქრე დაჩიჩქნილ კანის ზედაპირს შემატოვებდა,საოცარი იყო მაგრამ თვალის ჭრილი და მათში მოქცეული დიდრონი წრეები ადამიანის თვალების ოსტატური განსახიერება იყო,ჩემი საკუთარი სისხლის ხაზებით ტიროდნენ მისი თვალები...წამიერად დამებინდა მზერა,ვეღარაფერს ვარჩევდი,თითქოს ლიბრი გადამეკრა,მისმა ხმამ გამომაფხიზლა
-შენი გულის ცემა დავიმახსოვრე...მისი ხმა...შენს შეგრძნებებზე მიყვებოდნენ.იქნებ როცა წლები შეგემატება იპოვო პასუხები რომლებსაც ასე გულმოდგინებით დაეძებ ჩემთან...ახლა შენ უნდა წახვიდე და მარტო დამტოვო,დასვენება მინდა.
-მე ხვალ მართალია ვტოვებ აქაურობას მაგრამ აუცილებლად მალე დავბრუნდები,გიპოვი ისევ-როცა ეს სიტყვები ვუთხარი მერე ხმა ჩამიწყდა.ის იქვე ერთადერთ საწოლზე ჩამოჯდა ხელებით ზეწარს ჩაბღუჯა და აღარც გამოუხედავს ჩემკენ.კარები გამოვიხურე,იმ წუთებში თავს ყველაზე ბედნიერ და ამავე დროს ყველაზე უბედურ ადამიანად ვგრძნობდი.იმ ღამით სიზმრად ქარაფი ვნახე,მის წვერთან კი თავად იდგა კვლავ ლურჯი კაბა ეცვა და უმისამართოდ იმზირებოდა.

მომდევნო წელს დიდი მოლოდინით ვესტუმრე იქაურობას.ბილიკის გზას როცა დავადექი ამდენი ხნის შემდეგ ისევ,ვიგრძენი როგორ მომებჯინა გული ყელში,მეგონა მხრებში ვიღაცეები მედგნენ და ჰაერში ატაცებული მივყავდი ქოხისკენ.სამწუხაროდ როდესაც ნაცნობ ადგილთან მივედი იქ სრული სიცარიელე დამიხვდა,იმედგაცრუება გულზე მძიმედ გადამაწვა.ვგრძნობდი როგორ წაეკიდა ცეცხლი და დაიწყო ფერფვლა ყველა იმედმა ჩემს შიგნით.
როგორც მოგვიანებით ბიძაშვილმა მიამბო ის გიჟი-როგორც ეძახდნენ,კარგა ხანს არ გამოჩენილა თურმე.ადგილობრივებს ქოხისთვის ცეცხლი წაუკიდებიათ და მთლიანად გაუნადგურებით.ისეთმა რისხვამ მომიცვა რომელიც ადრე არასდროს მიგრძვნია,მაგრამ საშინელება ის იყო რომ ჩემი სიბრაზით ვეღარაფერს შევცვლიდი.
მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო.იმ ხანად არ ვიცოდი რა უნდა დამერქმია იმ შეგრძნებისთვის რასაც მისი დანახვის დროს განვიცდიდი.ცოტა ხნის შემდეგე მას სიყვარული ვუწოდე,სიყვარული ქალის მიმართ რომელიც ჩემზე სადღაც თხუთმეტი წლით უფროსი მაინც იქნებოდა...როცა კიდევ უფრო ხანგრძლივმა პერიოდმა გაიარა და სარკეში ხშირად შევეჩეხე ხოლმე საკუთარ გულზე მკრთალ შრამებს მივხვდი რომ გრძნობა რომელიც იმ ხანად წარმოიშვა შემში სიყვარულისგანაც ბევრად განსხვავებული იყო...ალბათ იმ ნაცნობ შეგრძნებებს შორის რომლებსაც ჩვენ ადამიანებმა სახელები მოვუძებნეთ არის კიდევ ერთი რომლის შესახებაც ნაკლებად ვიცით რადგან ის განსხვავებულად იბადება.სიყვარულია თითქოს მასსავით გაბედული,მასსავით ძლიერი,გონების დამბინდავი მაგრამ მაინც სხვანაირი,უფრო აღმატებული.შეიძლება ყველა ვერ გრძნობდეს,ან გრძნობდეს და უსახელობის გამო მალე ივიწყებდნენ,ანდაც ნაცნობ სახელებ დარქმეულ გრძნობებს უსისხლხორცებდნენ.ბევრს ვფიქრობდი რა მეწოდებინა ამ განსხვავებული შეგრძნებისთვის თუმცა ვერ ვიპოვე სიტყვა რომელსაც მივუსადაგებდი და მე ის ფორმით დავიტოვე ჩემთან-წვიმაში მიმავალი სველი ლურჯი კაბით...
ორმოც წელს მივაღწიე და დღემდე არ დამიკარგავს იმედი რომ ჩვენი გზები გადაიკვეთება ისევ,ეს შეიძლება არ მოხდეს აქ ამ სამყაროში,მაგრამ ვფიქრობ ჩვენი სულები შეხვდებიან ერთი მეორეს იქ სადაც არ არსებობს მატერია,და აუცილებლად მომიყვება იმ უცხო სახელზე რომელიც ვერ მიპოვნია აქ.
შევიშმუშნე...ოთახში უკვე მზე აღარ,საღამოს ბინდი დაცურავდა.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

მას ეძახდნენ გიჟს, შენ კი სიგიჟეს ქმნი.
ტკივილს საოცრებას ეძახიან. ხელოვანი ადამიანები ქმნიან შედევრს, როდესაც სტკივათ და სასოწარკვეთილები არიან.
ვერ ვამბობ ვერაფერს.
უბრალოდ, თუ შეძლებ, დამეკონტაქტე fb-ზე. ერთად დავხვეწოთ შენი წერის სტილი, თუ წინააღმდეგი არ იქნები.

 


№2  offline წევრი ტურაგო

Catherine Di Perso
მას ეძახდნენ გიჟს, შენ კი სიგიჟეს ქმნი.
ტკივილს საოცრებას ეძახიან. ხელოვანი ადამიანები ქმნიან შედევრს, როდესაც სტკივათ და სასოწარკვეთილები არიან.
ვერ ვამბობ ვერაფერს.
უბრალოდ, თუ შეძლებ, დამეკონტაქტე fb-ზე. ერთად დავხვეწოთ შენი წერის სტილი, თუ წინააღმდეგი არ იქნები.


სასიხარულოა შენი სიტყვები ჩემთვის
❣️❣️
ამ ეტაპზე შეიძლება ცოტა შემაგვიანდეს...მაგრამ დაგეკონტაქტები,მოვალ.

 


№3  offline მოდერი guroo

გვიან ღამით დავბრუნდები smiling_imp heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4  offline მოდერი guroo

მაპატიე, ღამით ძილი ვარჩიე. კარგად მოვქეულვარ. ამ მძიმე შთაბეჭდილებებს ძილში დასაკარგად ნამდვილად ვერ გავიმეტებდი.

 


№5  offline წევრი ტურაგო

guroo
მაპატიე, ღამით ძილი ვარჩიე. კარგად მოვქეულვარ. ამ მძიმე შთაბეჭდილებებს ძილში დასაკარგად ნამდვილად ვერ გავიმეტებდი.



❣️❣️❣️❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent