შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული დრო (სრულად)


9-04-2020, 09:39
ავტორი აირ ისი
ნანახია 8 231

1 თავი
-ეს, ლერა ნიკოლსონია -ხის, თეთრ დაფაზე, ახალგაზრდა გოგონას სურათი ჭიკარტით მიამაგრა პოლიციის ოფიცერმა, ტაილერ უილიამსონმა და თანამშრომლებს, რომლებიც სკამებზე ნამძინარევი სახით ჩამომჯდარიყვნენ, გამჭოლი მზერა მოავლო
პოლიციის განყოფილებაში, მხოლოდ სამნიღა დარჩენილიყვნენ. ათასგვარი განცხადებითა და ფურცლებით გადავსებულ კედელზე, რომელიც ერთი შეხედვით შეგაშინდებდათ კიდეც, პატარა ზომის საათი იყო ჩამოკიდებული.
ამჯერად, მისი დიდი და პატარა ისარი, დღე-ღამის განმავლობაში, რომ შეუსვენებლად წიკწიკებდნენ, ღამის სამს უჩვენებდა, ხოლო ნიუ-იორკის ხმაურიანი ქუჩებში ნელ-ნელა სიმშვიდე ისადგურებდა. უკვე აშკარად შეიმჩნეოდა ხალხისა და ავტომობილთა ნაკადის შემცირება, თუმცა აქა-იქ მაინც მოისმოდა სახლებში დაგვიანებული ადამიანების მხიარული საუბარი, რომელსაც მხარს ქუჩის მონიტორებზე ჩართული რეკლამების ხმამაღალი ტონალობაც უბამდა.
ყველაფერი შემდეგნაირად იყო: დიდ ოთახში, რომელიც მუქი ყავისფერი ჟალუზებით ჩაებნელებინათ და მხოლოდ ერთადერთი ნეონის ნათურა დაეტოვებინათ ჩართული, სამი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. მათგან ერთ-ერთი, პატარა, თეთრ დაფაზე დამაგრებულ სურათს მიშტერებოდა და ალაგ-ალაგ თავის შორიახლოს, სკამებზე უკუღმა ჩამომჯდარ ბიჭებს უყურებდა, რომელთაც ფეხები სკამის გარდიგარდმო დაეწყოთ და ხელებით, მისი საზურგის ზედაპირს დაყრდნობოდნენ.
-უკვე რამდენი წელია -კვლავ განაგრძო ხაკისფერ პერანგში გამოწყობილმა ტაილერმა და ამჯერადაც თავისი სანაქებო ჟესტს მიმართა-შუბლზე ჩამოყრილი თქმა, ორი თითით გადაივარცხნა, ისე, თითქოს საკუთარ ოთახში, სარკის პირისპირ მდგარიყო და სახლიდან გასვლის წინ, თავის მოწესრიგების უკანასკნელ შტრიხებს ასრულებდა -ამ ნაბი*ვარს დავდევთ და შედეგი კვლავაც გულისამრევად საშინელია! -გოგონას ფოტოს გვერდით მიმაგრებულ, მამაკაცის გამოსახულებას მიაშვირა საჩვენებელი თითი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იგი, განყოფილებაში შეკრებილი თანამშრომლებისთვის პრეზენტაციას მართავდა და ყველა ილუსტრაციას სათითაოდ განიხილავდა.
-თქვენ ჩემი გუნდი ხართ, ერთად ბევრი გვიმუშავია, ბევრი რამ გამოგვივლია და ბევრი საქმე გაგვიხსნია -თვალებში უყურებდა ტაილერი საქმიანი პარტნიორებივით ჩამომჯდარ ქვეშევდრომებს- დექსტერსა და მაქსს, რომელთაც ვინ იცის, რა ძალად უჯდებოდათ თვალები გახელილ მდგომარეობაში დაეტოვებინათ და შუა "პრეზენტაციაზე" არ ჩასძინებოდათ -ის საშუალება, რომლითაც ამ ნაბი*ვრის დაკავებას შევეცდები, პოლიციელისთვის ცოტათი უკანონო და არასწორია, მაგრამ არც იმდენად, რომ თქვენი მხარდაჭერის იმედი არ მქონდეს -აქ ტაილერმა ორივეს გამომცდელად გადახედა და შეამჩნია, რომ მაქსს რაღაცის თქმა სურდა. ქვეშევრდომის უკმაყოფილო სახის მიუხედავად, იმედს იტოვებდა, რომ ეს რაღაც ისეთი არ იქნებოდა, რისი მოსმენაც გუნებას მოუშხამავდა და წყობილებიდანაც გამოიყვანდა.
-დასაწყისისთვის, მითხარით მქონდეს თუ არა თქვენი იმედი? პირველ რიგში, მინდა შენი პასუხი მოვისმინო -მუქი ყავისფერი თვალები, დექსტერის მხარზე უხეშად ჩამოყრდნობილ მაქსს შეანათა -როდესაც სკამზე წრიალებ და თითებს ერთმანეთში ხლართავ, ან შენი სტრიპტიზიორი შეყვარებული გენატრება, ან რაღაცის თქმას ცდილობ. ამ ორიდან რომელია სწორი ვარიანტი?
მაქსი კვლავ იმავე პოზაში იჯდა, თუმცა როგორც ტაილერმა აღნიშნა, მოუსვენრობა დასტყობოდა და ალაგალაგ მის გვერდით, ჩაფიქრებით მჯდარ დექსტერს გახედავდა. აშკარა იყო ამ წუთას, ორივე მათგანის გონება გამალებით მუშაობდა და ცდილობდა იმ საიდუმლოს ჩასწვდენოდა, რაც მათი უფროსის მიერ ნათქვამი, ერთი საბედისწერო სიტყვის-"უკანონოს" მიღმა იმალებოდა.
-მისმინე ტაილერ -მაქსი ფეხზე, ლუი მეთოთხმეტესავით გრანდიოზულად წამოიმართა და როდესაც თავისი "ტახტი" და სხეული ერთმანეთს განაცალკევა, მაგიდაზე დადებულ ორცხობილა გემრიელად ჩაკბიჩა -პირველ რიგში ამიხსენი, ვინ არის ეს გოგო და რას აკეთებს შენს დაფაზე. მერე კი იმაზე გადავიდეთ, რამდენად უკანონოა შენი ზრახვები -მაქსმა უცნობი გოგონას ფოტო კიდევ ერთხელ შეათვალიერა, გამომწვევად და კმაყოფილს გაეღიმა. ეს ღიმილი, თითოეული იქ მყოფისთვის ნაცნობი იყო, მათ შორის დექსტერისთვის, ვისაც ზოგჯერ ქალებისა და მამაკაცის საპირფარეშოების გარჩევაც კი უჭირდა ერთმანეთისგან. ამის ნათელი მაგალითი ის საღამო იყო, როდესაც დექსტერი, მაქსი და ტაილერი, მორიგი მკვლელობის გახსნას ერთ-ერთ ბარში ზეიმობდნენ. დაწესებულებაში გატარებული რამდენიმე წუთის შემდეგ, დექსტერს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოუნდა და გვერდით მჯდარ მაქსს, რომელიც ვისკსა და არაყს ერთმანეთში აზავებდა, სთხოვა მიესწავლებინა სად იყო მამაკაცების ტუალეტი. მაქსმა, ვინც ყველაზე დიდ დროს ატარებდა დექსტერთან და მისი დაბალი IQ-ს შესახებაც მშვენივრად უწყოდა, გადაწყვიტა გახუმრებოდა და ბარმენს ფურცელი და კალამი სთხოვა.
-ახლა, მე შენ ფურცელზე იმ ნიშანს დაგიხატავ, რომელიც მამაკაცების საპირფარეშოს კარს აქვს მიმაგრებული და ამის მიხედვით მიაგნებ -ეს, რომ თქვა ისეთი სახით გაუღიმა, რომ ტყუილების საოცარი დეტექტორიც კი არ დაეჭვდებოდა მისი სიტყვების გულწრფელობასა და სიმართლეში
-სწრაფად მაქს ძალიან მიჭირს -დექსტერის შეწუხებულ სახეს, იმხელა მოუთმენლობა ეხატა, რომ ტაილერს ჩუმი ფხუკუნი აუტყდა, თუმცა ეს მხოლოდ ამ მიზეზით არ იყო გამოწვეული. იგი მხოლოდ მაშინ მიხვდა ვერაგი პარტნიორის ფარული თვალის ჩაკვრის მიზეზს, როდესაც პატარა ფურცელზე ტრადიციული "მარსის ისარის" მაგივრად "ვენერას სარკე" დაინახა. აშკარა იყო, რომ მაქსი, საბრალო დექსტერს არასწორი მისამართით უშვებდა, თანაც არა უნებლიედ და შეცდომით, არამედ გამიზნულად და სპეციალურად.
-უნდა ვაღიარო, რომ -ვისკის ჭიქა ოდნავ ზემოთ ასწია ტაილერმა და მასში ლიმონის წვენი გაურია -ადამიანის სიყეყეჩის სახუმარო თემად გამოყენება შენზე უკეთ არავის გამოსდის. როგორ ფიქრობ, რამდენი ქალის მიერ ნაცემი დაბრუნდება უკან?
თავისი ვერაგული საქციელით გამხიარულებული მაქსი, ბარის დახლისკენ ჩვეული ირონიული მზერით გადახრილიყო, ცალი იდაყვით პრიალა ზედაპირს ეყრდნობოდა, ხოლო მეორე ხელში სიგარა ეჭირა და განცხრომით აბოლებდა.
-ჩემი შოუს მთავარი წესი ის არის, რომ წინასწარ არაფერს ვამბობ. უბრალოდ ვიცდი და როცა დრო მოვა, მიღებული შედეგით ვტკბები. იქნებ შენც ცადო?
-რა აუტანელი ხარ მაშინ, როდესაც ცდილობ ფილოსოფოსივით მელაპარაკო -წარბები შეკრა ტაილერმა და ბარმენს ანიშნა, მორიგი დოზა დაესხა -ვინკლერის საქმეზე ახალი ხომ არაფერია?
-კარგი რა ძმაო, შეეშვი ამ ტიპის დევნას -სიგარეტის დაპატარავებული ნამწვავი, შავ, კობრის ფორმის საფერფლეში ჩაასრისა მან, რის შემდეგაც ტაილერს მობეზრებულად გახედა -რაიმე ჰობი გაიჩინე, ახალი ქალი მოძებნე, ცხოვრებით დატკბი, დალიე, მოწიე, დაბოლდი და ეცადე ცხოვრების თითოეული დღე რაიმე დასამახსოვრებელზე დახარჯო. რაც თავი მახსოვს, მხოლოდ ამ ვიღაც ვინკლერისკენ მიდის ყველა ჩვენი საუბარი და ამით უკვე თავი ამტკივდა!
ჯეისონ ვინკლერი, რომლითაც ტაილერი ასე ღრმად იყო შეპყრობილი, მისი სკოლის, შემდეგ კი უნივერსიტეტის დროინდელი მეგობარი გახლდათ, ვისაც ახლა, მხოლოდ მოსისხლე მტერს თუ უწოდებდა და მეტს არაფერს. უნივერსიტეტის მეორე კურსს ამთავრებდნენ, როდესაც ტაილერი, ბიზნესის ფაკულტეტის მოსწავლე, ერთ-ერთი გოგონათი, ანაბელით, სერიოზულად დაინტერესდა. გარკვეული პერიოდი ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, თუმცა მალე მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და ამ ბზარს ჯეისონი ერქვა.
იგი მთელი ძალისხმევით ცდილობდა, ანაბელისთვის როგორმე ტვინი აერია, შეეცდინა და იგი თავისი მეგობრისთვის წაერთმია, რაც საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მათ შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა. ანაბელი უზომოდ იყო შეყვარებული ჯეისონზე და საბოლოოდ, ისიც ამ სიყვარულმა დაღუპა. ორი თვის შემდეგ, ვინკლერმა იგი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიატოვა, გოგონა კი, აღნიშნული სტრესის გადასატანად, წამალზე შეჯდა და თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები, ნარკოლოგიურ კლინიკაში გაატარა.
-ეს შენი საქმე არ არის, მაქს -ტაილერს ჯერ კიდევ ეტყობოდა, რომ თავისი წარსული, გულს უწინდებურად სტკენდა -პოლიციის აკადემიაში საბუთები იმიტომ გადმოვიტანე, რომ ეგ ნაძირალა ჩამეგდო ოთხ კედელში. მშვენივრად ვიცოდი რა საქმეებითაც იყო დაკავებული, თუმცა როდესაც მის გამოჭერას ვცდილობდი, ყოველთვის დამარცხებული ვრჩებოდი. დღეს კი, სრულიად სხვა ძალას ვფლობ და მიზანს მივაღწევ კიდეც . . .
საპირფარეშოს კარი გაიღო. იქიდან, სახეაწითლებული დექსტერი გამოვიდა. მისი გაბრაზებული გამომეტყველება და ის, რომ პირდაპირ მაქსისკენ მიიწევდა, უკვე ყველაფერს ნათელს ჰფენდა-პოლიციის ოფიცერს, უკვე მოესწრო ქალების საპირფარეშო შიგნიდან დათვალიერება და იმის აღმოჩენაც, რომ არასწორ ადგილას იმყოფებოდა.
-ესე იგი მამაკცების ტუალეტი, არა? -ფურცელი ცხვირწინ გაცეცხლებით დაუხეთქა დექსმა -მითხარი შენგან კიდევ რა ოინი და სანერვიულო მელოდება? წინასწარ მოვემზადები ხოლმე
-შენი ერთადერთი სანერვიულო ისაა, რომ ნამდვილი იდიოტი ხარ -თითქოს არაფერი ისე მიუგო მაქსმა, ვისაც სწორედ იმ წამს მოესწრო ვისკის კიდევ ერთი ჭიქის გამოცლა და მორიგ დოზას მხიარული გამომეტყველებით უკვეთავდა
-ტაილერ, მე მასთან ერთად არ ვიმუშავებ. ან ეს გადაიყვანე სხვაგან, ან მე დამკარგავ
-ჰო ნამდვილად დიდი დანაკარგი ექნება შენი სახით -ირონიას თავს ვერ ანებებდა მაქსი. დექსტერის ნერვებზე თამაში სწორედ ის იყო, რაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა
-მოკეტე მაქს! უკვე ძალიან მაბრაზებ
-მართლა? იქნებ ჯერ ქალის და მამაკაცის საპირფარეშოების გარჩევა ისწავლო და მერე მელაპარაკო?
-გეფიცები მოგკლავ! -მისკენ გაცეცხლებულმა წაიწია დექსმა, თუმცა აქ უკვე მაშველ რგოლად ტაილერი მოევლინათ. მან საჩხუბრად მომართული დექსტერი, მაისურის ბოლოთი დაიჭირა, სკამზე უხეშად დააგდო და ორივე ხელქვეითს, ბრაზით აკიაფებული, თაფლისფერი თვალები დაუბრიალა
-ახლა კარგად მომისმინეთ! მე, თქვენი დედიკო არ ვარ, რომ ყოველ წაკინკლავებაზე შუაში ჩაგდგეთ და შერიგების სანაცვლოს კანფეტებს დაგპირდეთ. ან ეს სისულელე უკანასკნელი იქნება, ან ორივეს ახალი სამსახურის ძებნა მოგიწევთ და არა მგონია რომელიმე თქვენგანმა მეტროში ჩიზბურგერების გაყიდვაზე უკეთესი ვარიანტი იშოვოს. გესმით ჩემი?!
-მე არაფერ შუაში ვარ. ჩემთვის, უწყინარი მტრედივით ვიჯექი და თავს თვითონ დამესხა -მაქსმა ამ სიტყვებს, უმანკო ბავშვის მზერაც დაურთო და დექსტერის კიდევ ერთხელ გასაბრაზებლად, წამწამები ნერვების მომშლელად ააფახულა
-საკმარისია! აქ აღსანიშნად მოვედით და არა საჩხუბრად! ჰოდა მოდი აღვნიშნოთ, თქვენი ხმა, მეტად აღარ გავიგონო -ტაილერი ბარმენისკენ გადაიხარა და დახლზე მსხვილი კუპიურა დაუდო -თუ შეიძლება ჩემს მეგობრებს ორი ჭიქა საუკეთესო ვისკი დაუსხით, რაც კი გაქვთ.
თავისთვის ტაილერმა, საყვარელი სასმელი-Moonshine აიღო და უკვე გამხიარულებულმა, თანამშრომლებთან ერთად იმ დღის აღნიშვნა, ამჯერად უკვე მშვიდ გარემოში განაგრძო . . .


* * *
განყოფილების მესამე სართულზე, კვლავ უწინდებურად ბჟუტავდა სუსტი განათება.
მაქსი, ოთახის ცენტრში იდგა გულხელდაკრეფილი. იგი, ჯერ კიდევ უყურებდა გოგონას სახეს, მის ნაკვთებს, თითოეულ მილიმეტრს. ბიჭის მექალთანურ მზერას, ფოტოზე აღბეჭდილი სილამაზე ნამდვილად ვერ გამოეპარებოდა. თუ რამე იცოდა ცხოვრებაში, ეს ქალები, მათთან ურთიერთობა და მიდგომის წესები იყო, ტაილერის მიერ ნაპოვნი გოგონა კი ასი პროცენტით ჯდებოდა მის გემოვნებაში.
ფიქრებში წასული მაქსი, განყოფილებაში ტაილერის მიერ წამოწყებულმა საუბარმა დააბრუნა, რომელიც ცოტა ხნის წინ მის დასმულ შეკითხვას სცემდა პასუხს.
-ეს გოგო, ვისაც სურათზე ხედავთ, ავიყვანე, როგორც საიდუმლო აგენტი. იგი ჩემი დახმარებით, ვინკლერის ვირთხების ბანდაში მოხვდება და ხომ ხვდებით, მისი იქ შეღწევის შემთხვევაში, ხელში რამხელა კოზირიც ჩაგვივარდება?
-მოიცა, მოიცა -მაქსმა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში კიდევ ერთხელ გაიარ-გამოიარა და განაგრძო -შენ რა, იმას ამბობ, რომ მაფიაში საკუთარ აგენტს შეგზავნი, ვინც მათზე ინფრომაციას მოგაწვდის და თითოეული წევრის ციხეში ჩასმაში დაგეხმარება?
-ზუსტად, რომ ამის თქმა მინდოდა -კმაყოფილს გაეღიმა ტაიელრს, რის მერეც, ჩუმად მჯდომ დექსტერს გადახედა, ჯერ კიდევ, რომ გაჭირვებით აანალიზებდა მიღებულ ინფორმაციას
-მაგრამ ეს ხომ სიგიჟეა? -უეცრად ისევ მაქსმა დაარღვია ჩამოვარდნილი სიჩუმე, თან დექსტერის გვერდით ჩამოჯდა -ამ სახიფათო თამაშზე, რომელი არანორმალური დაგთანხმდა? თავი ამხელა საფრთხეში ვინ ჩაიგო? ის ხალხი, ხომ დატენილი იარაღივით საშიშია? -ამის თქმისას, ტაილერის მიერ ცოტა ხნის წინ ნაჩვენები, დაფაზე ჭიკარტით დამაგრებული გოგონას სურათი გაახსენდა და სწორედ მას გახედა
-ამ ლამაზ არსებას სურს, საკუთარი ნებით მგლის ხახაში თავის შეყოფა?
-ჰო, სწორედ მას . . . და სანამ მკითხავდე ასეთ რისკზე რატომ მიდის, გეტყვი, რომ ამაში ფული გადავუხადე, თანაც საკმაოდ დიდი
-ფული? მაგრამ შენ ხომ მდიდარი არ ხარ? -საუბარში ამჯერად დექსტერიც შემოიჭრა
-მოკეტე დექსტერ! რადგან გეუბნები ფული გადავუხადე-მეთქი, ესე იგი ასეა! თქვენ ორს, მხოლოდ ის გევალებათ, რომ ეს ამბავი ჩვენ შორის დარჩეს, განყოფილების უფროსის ყურამდე არ მივიდეს და ყველა საქმეში დამეხმაროთ. მინდა ჩემი გუნდის წევრები მხარში მედგნენ. გპირდებით, ამით არც თქვენ წააგებთ. როდესაც ამ ვირთხებს დავიჭერთ, მთელი განყოფილება ჩვენზე ილაპარაკებს და დიდი ალბათობით, დაგვაწინაურებენ კიდეც -ტაილერმა აქ მცირედი პაუზა გააკეთა და ხელქვეითებს გამომცდელი მზერა გადაავლო -აბა რას იტყვით, ჩემთან ხართ, თუ არა?
პოლიციის შენობა ხანგრძლივმა დუმილმა მოიცვა. სიჩუმეს მხოლოდ იმ ორცხობილის ხრაშუნი არღვევდა, რომელსაც მაქსი გემრიელად მიირთმევდა და სივრცეში ჩაფიქრებული სახით იყურებოდა. თავის მხრივ, არც დექსტერი იჯდა უსაქმოდ. იგი მაქსის მოსაცმლის კაპიუშონს შეუჩერებლად აწვალებდა, თუმცა მისგან განსხვავებით, ტაილერის დასმულ შეკითხვაზე, უკვე დადებითი პასუხი ჰქონდა მომზადებული, რადგან თავს მოვალედ თვლიდა, თავისი უფროსის ყოველი თხოვნა უპრეტენზიოდ შეესრულებინა.
-ხმას აღარ ამოიღებთ? იმდენ ხანს ფიქრობთ, თითქოს საქმე ქვეყნებს შორის საზავო ხელშეკრულების პირობებს ეხებოდეს -ტაილერმა მაქსს შეხედა და თვალებით ანიშნა, პასუხს ველოდებიო
-მე თანახმა ვარ -პარტნიორის კაპიუშონზე თამაში შეწყვიტა დექსტერმა და ფეხზე წამოდგა. მაქს შენც უთხარი რამე, დაწინაურება და კარგი შემოსავალი ხომ ყოველთვის გინდოდა?
-მართალი ხარ დექსი, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა "უკანონო" მაფერხებს. ყველაზე ნაკლებად ის მინდა, რაც გამაჩნია ისიც დავკარგო. მაშინ მომიწევს კვლავ დედაჩემის სახლში დავბრუნდე, ჩიკაგოში და მთელი დღეების განმავლობაში, ის უგემური პიცა ვჭამო, რომელსაც ამ ქალაქში ამზადებენ
-შენ რა ხუმრობ? -დექსტერის სახეზე დიდი გაკვირვება აღიბეჭდა -ჩიკაგოს პიცა მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ყველაზე გემოვნებიანი . . .
-ხმა ჩაიკმინდე, დექს! -მკაცრად გააწყვეტინა ტაილერმა და კვლავ ურჩ ხელქვეითს მიუტრიალდა -გახსოვს, ორი დღის წინ კლუბში ერთი გოგო რომ მოგეწონა?
-ჰო, ის ჟღალთმიანი საოცრება. რა სხეული ჰქონდა, ლამის გამაგიჟა
-შემიძლია თავად მოვიყვანო შენთან და რაც გინდა ის გაუკეთე. ოღონდ სანაცვლოს ამ საქმეში უნდა დამეხმარო, თანაც ყველანაირი წუწუნისა და პრეტენზიების გარეშე
-ამას როგორ შეძლებ? მე, მაგალითად ძალიან უკარება მეჩვენა. თანაც ვიღაც დაკუნთულ ტიპთან ერთად იყო მოსული. სავარაუდოდ, მისი ბოიფრენდი უნდა ყოფილიყო
-რადგან გეუბნები, ესე იგი შევძლებ. მითხარი, მაქს ოდესმე მომიტყუებიხარ?
-კი
-ახლა არ გატყუებ. აბა? ჩემთან ხარ, თუ არა? გპირდები, რომ ამ საქმეში დახმარებით ორ კურდღელს ერთად დაიჭერ
მაქსი, ერთხანს კიდევ ყოყმანობდა. რატომღაც გული უგრძნობდა, რომ ეს სიტუაცია დიდ შარში გახვევდა, ის კი, ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელიც სხვის გამო თავის თავს არანაირ დაბრკოლებას არ შეუქმნიდა. იმ მომენტში, ეჩვენებოდა, რომ უზარმაზარი სასწორის წინ იდგა. ერთ პინაზე უკეთესი მომავალი და მისი მთავარი სამიზნე-ის უცნობი ჟღალთმიანი იყვნენ მოთავსებულები, მეორეზე კი პრობლემები, რაც შეიძლებოდა მათ საიდუმლო გეგმას მოჰყოლოდა. სრულიად გაურკვეველი იყო ამ ორიდან რომელი მათგანი გადაწონიდა მეორეს, თუმცა ცხოვრებაში ხომ რისკის გარეშე არაფერი ხდებოდა? შეიძლებოდა მის მცირედ მსხვერპლს, საბოლოოდ დიდი გამარჯვება მოჰყოლოდა თან, ამიტომ გონების ხმას მიენდო, გულში ყველანაირი საპირისპირო მოსაზრება ღრმად შეინახა და მისი პასუხის მომლოდინე თანამშრომლებს, ღიმილიანი მზერა გადაავლო.
-თქვენთან ვარ, ბიჭებო!
-როგორც იქნა. ტაილერ ხომ ვამბობდი თანახმა იქნება-მეთქი?
-შენ ასეთი რამ არ გითქვამს, დექს -მაშინვე შეეპასუხა მაქსი
-ჰო, მაგრამ ვიგულისხმე. არ გინდათ, ეს დღე აღვნიშნოთ? ჩემთან წავიდეთ და ცოტა დავლიოთ
-ოღონდ აღსანიშნი საბაბი გამოჩნდეს და ყველაფერზე თანახმაა -სიცილით გადაულაპარაკა ტაილერმა, მაქსს და მხარზე ხელი გადახვია -ძმაო, სახლში დღეს შენ უნდა წამიყვანო. ჩემი მანქანა პროფილაქტიკაშია, გუშინ პატარა ავარიაში მოვყევი
-მაგრამ აღნიშვნა? -გულუბრყვილო სახით იყურებოდა დექსი -ჩემთან ხომ უნდა წამოსულიყავით?
-მისმინე დექს -ირონიული სახით მიუახლოვდა მეგობარს, მაქსი -შენთან დასალევად მხოლოდ მაშინ წამოვალთ, როდესაც სამოცდაათი წლის ბებიასთან ერთად აღარ იცხოვრებ და მასთან ერთად, ყოველ საღამოს ლათინო-ამერიკული სერიალების ყურებით არ დაკავდები. აბა შენ იცი, Adios -ბოლოს, მხიარულად დაამატა და ტაილერთან ერთად, განყოფილებიდან გასასვლელი კარისკენ გაემართა
ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა იმ შემოთავაზების მთელ სიღრმეებს, რასაც თითქოს მოლაპარაკების დოკუმენტივით მოაწერა ხელი და სიტყვებით- "თქვენთან ვარ ბიჭებო!" მას იურიდიულად დამტკიცებული ბეჭედიც დაასვა. იცოდა, რომ ტაილერი ყოველთვის პრობლემური, სახიფათო საქმეებისკენ მიისწრაფოდა, რაც ხშირ შემთხვევაში, უარყოფითი შედეგის მომტანი იყო. თუმცა ახლა ამაზე ფიქრს, აზრი აღარ ჰქონდა. მაქსი მის წინადადებას უკვე დასთანხმებოდა და რაიმეს შეცვლას, მით უმეტეს, მისდამი მიცემული სიტყვის გადაბიჯებას, არანაირად არ აპირებდა.
-რაზე ჩაფიქრდი? ჯერ კიდევ ყოყმანობ? -მანქანის მიგნიტოფონში აჟღერებული The Verve-Better Sweet Symphony ღილაკზე საჩვენებელი თითის მიჭერით გამორთო ტაილერმა და მისი პასუხის მოლოდინში გაირინდა
-არ ვიცი ძმაო, მართალი გითხრა ეს საქმე არ მომწონს, თუმცა შეგპირდი, რომ დაგეხმარებოდი და ასეც იქნება. ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს
-მაინც რა არ მოგწონს? ჩემი აგენტი არ გეიმედება და თვლი, რომ პრობლემებს შეგვიქმნის?
-და შენ რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რომ საიმედოა? იქნებ შუა გზაზე მიგვატოვოს და ყველაფერი ჩაშალოს? ან, იქნებ, განყოფილების მმართველთან ჩაგვიშვას, რომ მის ზურგს უკან, დამოუკიდებლად ვმოქმედებთ? ხომ იცი, როდესაც პოლიციელი ხარ, მტრების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდი
-მე, შენს ადგილას ამაზე არ ვინერვიულებდი -საოცრად მშვიდი ტონით მიუგო ტაილერმა და როდესაც მაქსის თვალებში კითხვის ნიშნები დაინახა, განაგრძო -ჩემს აგენტზე, ანუ ლერაზე, რომელსაც მოგვიანებით აუცილებლად გაიცნობ, ერთი პატარა საიდუმლო ვიცი. არა მგონია იმ ძუკნას, ამ ყველაფრის გამჟღავნება აწყობდეს, ამიტომ იმას გააკეთებს, რასაც ვეტყვი
-თუ ასეა, ფული რატომღა გადაუხადე? ხომ შეგეძლო მხოლოდ ეს კოზირი გამოგეყენებინა და შენს პირობებზე ისე დაგეთანხმებინა?
მაქსს მოეჩვენა, რომ ტაილერი წამით დაიბნა, ან, იქნებ არც მოეჩვენა და მართლაც ასე იყო?
-ფული უკვე სხვა თემაა -თქვა მან ბოლოს -ეს უბრალოდ მას წაახალისებს. თანაც თანხა ძალიან სჭირდებოდა. კარგი, მოდი თემა შევცვალოთ, შევამჩნიე მანქანა გამოგიცვლია. რა მოდელია? უკვე ბნელა და კარგად ვერ გავარჩიე
-Audi Q5-ია. ძველი გავყიდე, ცოტა ფული დავამატე და ეს შევიძინე. სხვათა შორის ძალიან მაკმაყოფილებს. მგონი შემიყვარდა კიდეც -საჭეს ხელი თბილი ღიმილით გადაუსვა მან
-ჰოო? და რა კრიტერიუმით არჩევ მანქანებს?
-განსაკუთრებული კრიტერიუმები არ გამაჩნია, თუმცა ერთი რამე კი უნდა ვთქვა. მანქანის არჩევა, ქალის არჩევას ჰგავს. მასში, დღეში რამდენჯერმე შედიხარ. შეგიძლია იგი მეგობრებსაც აჩვენო, თუმცა უფლება არ უნდა მისცე, რომ შეეხონ
-როგორც ჩანს, ამ ყველაფერში კარგად ერკვევი
-რაც მიყვარს, იმაში ნამდვილად კარგად ვერკვევი. აი ბიოლოგიითა და ქიმიით, გამოგიტყდები არასდროს დავინტერესებულვარ, რასაც ამ საგნის მასწავლებლებზე ნამდვილად ვერ ვიტყვი
-ახლა არ მითხრა, რომ მათთანაც რომანი გააბი -გაეცინა
-როდესაც გაკვეთილები შენს ინტრესს არ იწვევს, სხვა რითი უნდა გაერთო? ყოველთვის ის უნდა აკეთო, რაც სიამოვნებას განიჭებს. თავი არაფერში არ უნდა შეიზღუდო, ფეხებზე უნდა გეკიდოს რა რეპუტაცია ჩამოგიყალიბდება და რას იფიქრებენ შენზე გარშემო მყოფები. ამ ქვეყნად, ერთხელ ვცხოვრობთ და ამ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოოვნება უნდა მივიღოთ
-ნამდვილი მეამბოხე ხარ, მაქს, თუმცა ეს ცუდი სულაც არ არის. ჩემს გუნდში, სწორედ შენნაირი ადამიანები მჭირდება
-როგორც იქნა აღიარე, რომ შენთვის ზედმეტად ფასეული და საყვარელი ვარ. ჩემი კალენდარი მომეცი, უკანა სიდენიაზე დევს -ცერა თითი სწორედ იქითკენ გაიშვირა
-კალენდარი რა ჯანდაბად გინდა?
-ეს დღე უნდა ჩავნიშნო. არ მინდა, რომ ოდესმე დამავიწყდეს -როგორც ჩვეოდა. წარბები გამაღიზიანებლად აათამაშა მაქსმა
-მოკეტე და გზას უყურე!
-ოუ, ოუ, ტაილერი გაბრაზდა. ნერვები უნდა დაიწყნარო ძმაო, ასე არ შეიძლება. შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე, სახლში ერთი ლამაზმანი მელოდება. თუ ძალიან ვთხოვ, თავის დაქალსაც დაურეკავს, შენც რომ არ იყო მოწყენილი
-დღეს არ გამოვა -გულგრილად გაისმა ტაილერის პასუხი -მხოლოდ სახლში მისვლა და გამოძინება მინდა
-შენი ნებაა. რომ იცოდე, ძალიან დიდ გართობას და სიამოვნებას აკლდები
-ეჭვიც არ მეპარება . . .
მანქანაში ამის მეტად აღარაფერი თქმულა. მთელი დარჩენილი გზა, თოვლიან გზებს უხმოდ მიუყვებოდნენ. ქუჩები თითქოს შეუმჩნევლად, მონოტონურად ცვლიდნენ ერთმანეთს. ჩნდებოდა ახალი კორპუსები, მაღაზიები, მანათობელი აბრებით მორთული სავაჭრო ცენტრები, ცათამრჯენები. ყველაფერი ეს, თითქოს ღამის ქალაქის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა და მასთან სამუდამოდ იყო დაკავშირებული.
კვლავ მორიგ ქუჩაზე გადაუხვიეს. აქ შედარებით წყნარი, მშვიდი გარემო იყო და მთელ სიგრძეზე საკმაოდ მდიდრული, ეზოიანი საკუთარი სახლები იყო ჩამწკრივებული. თითოეული მათგანი ორი ან სამი სართულისგან მაინც შედგებოდა. ერთი შეხედვითაც ნათელი იყო, რომ ამ ქუჩის ბინადრები, პირდაპირი გაგებით ფულში იხრჩობოდნენ და აღარ იცოდნენ რა მოეხერხებინათ ამოდენა სიმდიდრისთვის.
-მე აქ ჩამოვალ, გამიჩერე -როგორც კი, წითელი აგურით ნაშენებ, უზარმაზარ შენობას ათიოდე მეტრით მიუახლოვდნენ, ტაილერმა ღვედის შეხსნა დაიწყო
-აქ ჩამოხვალ? როგორც მახსოვს, შენი სახლი ამის მეოთხედიც არ არის
-რაღაც საქმე მაქვს, მაქს, გამიჩერე. სახლში ტაქსით დავბრუნდები, შენ შეგიძლია წახვიდე
-გოგოსთან მიდიხარ, არა? -ისევ გამაღიზიანებლად აათამაშა წარბები -თუ გინდა მეც შემოგიერთდებით
-სახლში წადი და ბევრს ნუ ლაპარაკობ, აქ საქმეზე ვარ!
მანქანა, ზუსტად ზემოთ ხსენებული სახლის წინ გაჩერდა. ქუჩაზე, ხალხი აქა-იქ თუ დაიარებოდა და ავტომობილიც იშვიათად ჩაივლიდა ხოლმე.
ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა ტაილერი წითელ, აგურით ნაშენებ, საკმაოდ დახვეწილ ნაგებობას, შემდეგ კი, ისე, რომ მაქსისთვის მადლობაც არ გადაუხდია, კარი გააღო და თოვლიან ქუჩაზე პირველი ნაბიჯები გადადგა. გარეთ კიდევ უფრო აციებულიყო, რასაც სუსხიანი, სასტიკი ქარბუქიც ერთვოდა.
-ჩემი ყელსახვევი აიღე, ძალიან ცივა -მოულოდნელად საქარე მინა ჩამოსწია მაქსმა და ტაილერს თეთრი, შალის ქსოვილი გაუწოდა -ღამე მშვიდობისა პარტნიორო. ბევრი არ იცელქო
-ღამე მშვიდობის . . .
შუა ტრასაზე მდგარი მანქანა, რომლის ძრავის ხმაც, ქუჩის სიწყნარის გამო, ალბათ საკმაოდ მკვეთრად მოისმოდა, ადგილიდან ნელი სვლით დაიძრა. ტაილერი, თოვლიან ტროტუარზე სრულიად მარტო დარჩა. სიცივისგან აკანკალებულმა, თბილი, შალის კაშნე ყელზე მაგრად შემოიხვია და სახლისკენ მხოლოდ მაშინ გაემართა, როდესაც დარწმუნდა, რომ მაქსმა, თავისი ახალი Audi Q5-ით, მორიგ ქუჩაზე გადაუხვია.
სახლს დიდი, რკინის ჭიშკარი ჰქონდა, რომლის გაღებაც მხოლოდ გარკვეული პაროლის აკრეფის შემდეგ იყო შესაძლებელი. პოლიციელმა ყელსახვევი უფრო მაგრად მოიხვია და კოდის ასაკრეფ პატარა ციფერპლატს მიუახლოვდა. ყინვის გამო, თითებს ფაქტობრივად ვერ გრძნობდა, ამიტომ ციფრებზე ხელის დაჭერა უძნელდებოდა, თუმცა საბოლოოდ, რამდენიმე წამიანი წვალების შემდეგ, მაინც მოახერხა სწორი კომბინაციის შეყვანა და ჭიშკარიც მაშინვე გაიღო.
შიგნიდან არანაირი ხმა არ გამოდიოდა. მხოლოდ მეორე სართულზე ენთო შუქი და ისიც მარტო ერთ ოთახში. ტაილერმა სწრაფად გაიარა ქვით მოკირწყლული ბილიკი, აქეთ-იქით ხელოვნური ყვავილები, რომ ჩაერგოთ, გვერდი აუქცია დათოვლილ შადრევანს, რომელიც ბერძნული მითოლოგიის ღვთაებების, ათენასა და არესის ქანდაკებებით იყო გაფორმებული და რკინის ორ-ფრთიან კარებს მიუახლოვდა.
ზარის ღილაკი სწორედ კარის მარჯვენა კუთხეში, საშუალო სიმაღლეზე იყო დამონტაჟებული, თუმცა ტაილერს იგი არ გამოუყენებია. მაშინვე კარში ჩამონტაჟებული, პირდაღებული ლომის ცხვირში გაყრილ რგოლს დასწვდა და იგი ხმაურიანად მიაკაკუნა. ვერ იტანდა ინგლისური სტილის კარებებს, თუმცა ამ სახლში მოსვლისას, ასე სწორედ ტაილერი აკაკუნებდა ხოლმე და ეს, ერთგვარ კოდად ქცეულიყო, რათა სახლის პატრონს სცოდნოდა, თუ ვინ იდგა ზღურბლის მეორე მხარეს.
ტაილერი კარის წინ, მობუზული ბეღურასავით ჩამომდგარიყო, თითქმის ყოველ წამს გაყინულ ხელებს იორთქლავდა და მაქსის ნათხოვარ კაშნეში, აწითლებული ცხვირი ჰქონდა ჩარგული. ასეთი სიცივე, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არ ახსოვდა. თითქოს ქუჩაში გამეფებული ყინვა 206-ვე ძვალში ატანდა და მათ ისე აშეშებდა, რომ გამოძრავებასაც კი შეუძლებელს ხდიდა. ტაილერს, ერთ ადგილზე დგომისაგან უკვე მთელი სხეული დაბუჟებოდა. თითოეული ქარის დაბერვისას გრძნობდა, რომ სიცივე ფეხებიდან იწყებოდა, მის სხეულს კოსმიური სიჩქარით გაივლიდა და საბოლოოდ, ტვინამდე აღწევდა. ამის ატანა, უკვე შეუძლებელი იყო, ამიტომ ტაილერმა ქურთუკის ჯიბიდან მარცხენა ხელი ამოიღო და ის-ის იყო ლომის ცხვირში გაყრილი, რკინის რგოლი კარზე კიდევ ერთხელ უნდა მიეკაკუნებინა, რომ ზღურბლს მიღმა, რიტმული ნაბიჯების ხმა გაიგონა, რამდენიმე წამში კი, შიგნიდან გამომავალი სითბო, მის გაყინულ სხეულს სასიამოვნოდ მიელამუნა.
-ამდენი ხანი სად ჯანდაბაში ხარ? ლამის თოვლის კაცად ვიქეცი!
-ვაუ, ამას ვის ვხედავ -გამომწვევი სახით შეეგება კართან მდგომი გოგონა და წარბები გამაღიზიანებლად აათამაშა -თვით იდიოტი ტაილერი მოსულა. რაიმე მომიტანე თუ ისევ ხელცარიელი მოხვედი?
-კარგი ამბები მოგიტანე -ყელსახვევი კუთხეში მდგარ საკიდზე ჩამოკიდა, პოლიციელმა და მალე ქურთუკიც მის გზას გაუყენა
-მე მშია, კარგი ამბები კი არ იჭმევა
-ნერვებს ნუ მიშლი, ლერა. თუ გშია რამე მოამზადე, მე შენი საკვებით მომარაგება არ მევალება -უხეშად მიუგო, რის შემდეგაც, გოგონას მკლავში ხელი ჩაავლო და მისაღებისკენ წაათრია. სახლის ამ ნაწილში, ყველაზე მეტად თბილოდა
-გამიშვი, მტკივა! ამ შუა ღამეს აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ხვალ დილით, რომ მოსულიყავი ამაზე არ გიფიქრია? თუ დღევანდელმა ყინვამ, ყველაფერთან ერთად შენი მიკრო ზომის ტვინიც გაყინა?
-ჩემს გუნდს შენზე დაველაპარაკე -გოგონას სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია ტაილერმა და დივანში ჩაეშვა, სადაც თბილი პლედი ეფინა, ხოლო კედელში ჩამონტაჟებული, დიდი, პლაზმური ტელევიზორი Animal Planet-ის არხზე იყო გადართული და ამჯერად, მაიმუნებზე აშუქებდა საკმაოდ საინტერესო ფილმს
-მართლა? მერე რა გითხრეს?
-დამეხმარებიან რა თქმა უნდა. შენ სხვა რამეს ელოდი? -ირონიულად გახედა
-ის თუ უთხარი რით დამემუქრე და ერთად რა დანაშაული მივჩქმალეთ? ეს რომ სცოდნოდათ, არა მგონია შენი წინადადება სიხარულით მიეღოთ -ლერას სახეზე ამჯერად დიდი ზიზღი გამოისახა, ოღონდ გაურკვეველი იყო რისდამი იყო მიმართული ეს ზიზღი ტაილერისადმი, იმისადმი, რასაც აკეთებდა, თუ ორივესადმი ერთად . . .
-მისმინე შე ძუკნა, ამაზე სიტყვას ვინმესთან დაძრავ და შენ საფლავის ქვასაც ვერ იპოვიან, გასაგებია?! -თვალები ბრაზით დააკვესა პოლიციელმა
-ძუკნას კიდევ ერთხელ დამიძახებ და გპირდები შთამომავლობის გარეშე დაგტოვებ. შენი შვილები დედამიწას მხოლოდ დააბინძურებენ
-ფისომ ბრჭყალები გამოაჩინა? საინტერესოა რამდენად ცოფიანი ხარ
-აქ რისთვის მოხვედი, ტაილერ? მხოლოდ ამის სათქმელად?
-არა მხოლოდ -პოლიციელმა პლედი მიიფარა და დივანზე მოხერხებულად წამოწვა, თან ტელევიზორიც გამორთო დისტანციური მართვის პულტით -კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი
-ყურადღებით გისმენთ, კომისარო მეგრე -დივნის კიდეზე მოხერხებულად ჩამოჯდა და თითებით, ჯინსის დაცრეცილ შარვალს დაუწყო წვალება, გოგონამ
-ეს ხვალ უნდა გააკეთო . . .
-რა? ხვალ? სერიოზულად? -თვალები ორი ზომით დიდი გაუხდა მას
-მოცდა უკვე აღარ შემიძლია. ჯეისონ ვინკლერს ხვალ უნდა შეხვდე. ყეელაფერი დაგეგმილი მაქვს, ყოველ ხუთშაბათს, ერთი და იგივე დროს, ერთსა და იმავე ბარში ზის და ერთსა და იმავე სასმელს უკვეთავს. ყველაფერი ისე უნდა მოეწყოს, ვითომ ეს შემთხვევითი შეხვედრაა, დანარჩენი კი, შენც მშვენივრად იცი.
-და რა სასმელს უკვეთავს? კონიაკს? თუ ასეა, ნამდვილი უგემოვნო ყოფილა
-არა, კონიაკს არა -ტაილერს წამით მზერა დაუსერიოზულდა. თითქოს შორეულ ფიქრებში დაიწყო ხანმოკლე მოგზაურობა, ბოლოს კი, მაინც რეალობას დაუბრუნდა და უმეტყველო სახით მიუგო -მხოლოდ ერთ სასმელს-Moonshine-ს
-საინტერესო სახელია. ნეტავ გემო როგორი აქვს?
-საოცარი -კვლავ ფიქრებში წასული სახით წარმოთქვა მან
-კარგი, ამას ხვალ შევამოწმებ. დანარჩენი დეტალებიც დილით შემითანხმე, ამისთვის საკმაოზე დიდი დრო გვექნება. ახლა კი, ასწიე ერთი ადგილი და აქედან მოუსვი, უნდა დავიძინო -პლედში დაქაჩა გოგონამ, რათა იგი გადაეძრო, თუმცა ტაილერმა გადასაფარებლისთვის ხელის ჩავლება დროულად მოასწრო
-დღეს აქ ვრჩები. სახლში წასვლის თავი არ მაქვს და სანამ შემეწინააღმდეგებოდე, ჯობია გაჩუმდე!
-შენ სულ გამოშტერდი? სახლს მწერები შემოესია, ყველა ოთახში დეზინფექცია ჩავატარე და თითოეულ წერტილში წამლის სუნია, ამ ოთახის გარდა. ესეც იმიტომ, რომ სამი ტუბიკი ჰაერის გამწმენდი გამოვიყენე. სხვაგან ვერსად დავიძინებ, მხოლოდ ეს დივანი გამაჩნია
-ჰოდა თუ ასეა, ერთად დავიძინებთ. მოდი, შემოძვერი -პლედი ოდნავ ასწია პოლიციელმა, ისე, რომ ნეტარებით დახუჭული თვალები არც კი გაუხელია
-მე, შენთან ერთად არ დავწვები -დოინჯი შემოიყარა გოგონამ
-მაშინ იატაკზეც უამრავი თავისუფალი ადგილია. ძილი ნებისა, ლერა -დამცინავი ნიღაბი, ოსტატურად მოირგო მამაკაცმა, შემდეგ კი, დივანზე გემრიელად გაიზმორა -გთხოვ შუქი ჩააქრე, თვალები მეწვის
-ტაილერ, ახლავე ადექი, არ გეხუმრები!
-არც მე გეხუმრები. თუ წვები, დაწექი თუ არა და თავზე ყვავივით ნუ დამჩხავი! ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი
-ანუ ასე, არა?
-წყლის თავზე დასხმა არც კი გაბედო, თორემ შენს წარსულის ცოდვებს, პოლიციის განყოფილებას გადავცემ
გოგონამ მხრები უღონოდ ჩამოუშვა. ისედაც დაღლილს, ნამდვილად არ ჰქონდა იმის თავი, რომ ფეხზე ხანგრძლივად მდგარიყო და ავი დედაბერივით ეჩხუბა. მშვენივრად იცოდა ტაილერის აუტანელი ხასიათისა და სიჯიუტის ამბავი, ამიტომ ხვდებოდა, რომ მისი დივნიდან ადგომის შანსი, ერთ პროცენტზე დაბალი იყო.
სხვა გზა ნამდვილად არ ჰქონდა, ახლა იატაკზე დაძინება იმას ნიშნავდა, რომ ხვალ დილით, სხეულის საშინელი ტკივილი გატანჯავდა, ამიტომ გადაწყვეტილებაც ძალიან სწრაფად მიიღო-მაღლა აწეული თმიდან რეზინი მოიშორა, ოთახში შუქი ჩააქრო, დივანს მიუახლოვდა და თვალებ დახუჭულ ტაიელერს, მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა:
-მიიწიე იდიოტო . . .










2 თავი
დიდებული იყო ჯეისონ ვინკლერის უზარმაზარი საცხოვრებელი. ქალაქის ერთ-ერთი ცათამრჯენის, ბოლო სართული, სადაც კედლების მაგივრად სქელი მინები იყო ჩასმული და იქიდან ზღაპრული, არარეალურად ლამაზი ხედი მოჩანდა, მთლიანად მის საკუთრებას წარმოადგენდა.
ბინა სამზარეულოსა და სააბაზანოს გამოკლებით, რვა ოთახისგან შედგებოდა. აქედან ოთხი საძინებელი იყო, ერთი მისაღები, ერთი ბიბლიოთეკა, დანარჩენი ორი კი, ჯეისონის პირად სავარჯიშო დარბაზსა და დახურული აუზების ოთახს ეკავა, სადაც როგორც ცივი წყლის, ისე ცხელი წყლით აუზებით შეიძლებოდა გესარგებლათ.
აქ, ვინკლერი დილის საათებში, ვარჯიშისა და შხაპის მიღების შემდეგ ცურავდა ხოლმე. ყოველი მზის ამოსვლა, მისთვის ერთნაირად იწყებოდა, ჯეისონის თითოეული წუთი და წამი, თითქოს გაწერილი იყო. დილით ყოველთვის შვიდ საათზე იღვიძებდა. არც ერთი წამით ადრე და არც ერთი წამით გვიან. მაღვიძარას დაყენებაც კი არ სჭირდებოდა. თითქოს შინაგანი ინსტიქტი ჰქონდა გამომუშავებული, რომ ღამეული ძილისგან, სწორედ ამ დროს უნდა გამოფხიზლებულიყო.
კვებითაც საკმაოდ უცნაურად იკვებებოდა, მის რაციონში მხოლოდ ჯანსაღი საკვები, სალათები, ბოსტნეული და ამგვარი რამები შედიოდა, რასაც ჩვეულებრივი მოკვდავები უგემურ, დიეტურ საჭმლად აღიქვამდნენ და მხოლოდ ჭარბი წონის შემთხვევაში თუ ეძალებოდნენ ყოველივე ზემოთ ხსენებულს.
კიდევ ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა ვინკლერს. იმ დიდი, ნათელი ოთახების ფონზე, რომლებისგანაც მისი სახლი შედგებოდა, ჯეისონის საძინებელი თითქოს ცალკე პლანეტად ქცეულიყო. დიდ ფანჯრებზე, მთელ სიგრძეზე ჩამოფარებული, სქელი, შავი ფარდები, რომელიც მზის შუქსაც კი არ ატარებდა, მუდამ ჩამოფარებული იყო და ადგილიდან არასდროს იძვროდა. ამ უცნაურ საძინებელში, უზარმაზარი, შავ-თეთრი ბალიშებით მორთული საწოლი იდგა. იგი, ახლაც საგულდაგულოდ იყო გასწორებული, რაც იმას მოწმობდა, რომ ის, ვისაც ცოტა ხნის წინ მასში ეძინა, უკვე დიდი ხნის წინ ამდგარიყო და თუ სპორტ-დარბაზის, მრავალი სხვადასხვა ტრენაჟორითა და სავარჯიშო მოწყობილობებით აღჭურვილი ოთახიდან გამომავალი, ხმამაღალი, მაგრამ წყნარი მუსიკის ხმით ვიმსჯელებდით, უკვე დილის პროცედურებიც დაემთავრებინა და თავისი საუზმეც, რომელიც როგორც ყოველთვის, ჯანსაღი თუმცა უგემური პროდუქტებისგან შედგებოდა.
სახლის ამ ნაწილში, შემდეგი სურათს მოჰკრავდით თვალს :-ძირს, ხის პრიალა იატაკზე, გასასველ კართან ახლოს, ხმის გამაძლიერებელი დინამიკები ეწყო, რომლის შტეკერიც, Apple-ს ლეპტოპტზე იყო მიერთებული და ბეთჰოვენის ერთ-ერთ მელოდიას, "სიყვარულის ისტორიას" უკრავდა. იქვე შორიახლოს, დიდი, სარბენი ბილიკის პირდაპირ, ორ რკინის ძელს შორის გადებულ ტურნიკზე, სახრახნისებით საიმედოდ რომ იყო დამაგრებული, ჯეისონი ცალი ხელით ჩამოკიდებულიყო და ორ წამში ერთხელ, სხეულის აზიდვებს აკეთებდა. ვინკლერს თავისუფალ ხელში, სქელი, ლურჯყდიანი წიგნი ეჭირა და ფურცელზე დაბეჭდილ მორიგ აბზაცს ჩაჰყურებდა:
მე მხოლოდ ორი მტერი მყავს, არ ვიტყვი რომ ჩემი დამმარცხებლები,
რადგან ჩემი შეუდრეკელობით ბოლოს დავიმორჩილებ მათ. ეს არის დრო და სივრცე.
მესამე, ყველაზე საშიში არის ის, რომ მე მომაკვდავი ვარ. მხოლოდ სიკვდილს
შეუძლია შემაჩეროს (ნაწყვ, ალ.დიუმა-გრაფი მონტე-კრისტო)
წელს ზემოთ შიშველი ჯეისონი, კიდევ რამდენჯერმე აიზიდა ტურნიკზე. ვარჯიშის დაწყებიდან აქამდე, დაახლოებით ორმოცდაათი აზიდვა მაინც ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ დაღლილობა საერთოდ არ ეტყობოდა. შეუსვენებლად განაგრძობდა ორი საქმის ერთდროულად კეთებას და პარალელურად, წყნარ მელოდიასაც უგდებდა ყურს, რომელიც უკვე მეორე წრეზე იწყებდა დაკვრას.
სავარჯიშო ოთახის მარჯვენა კუთხეში, უზარმაზარი ფანჯარა იყო ამოჭრილი. იქიდან ნათლად მოჩანდა, თუ როგორ ლამაზად ცვიოდა მოღრუბლული ციდან, მსხვილი, ბამბასავით თეთრი ფანტელები და როგორ ფარავდა იგი ცათამრჯენების სახურავებს თავისი თეთრი საბნით.
ძირს დადებულ ტელეფონზე, ტაიმერი იყო დაყენებული. ვარჯიშის დამთავრებამდე, სულ რაღაც ხუთი წუთი რჩებოდა. ჯეისონის სხეულიც უკვე საგრძნობლად გაოფლიანებულიყო და მაჯებზე ძარღვებიც შესამჩნევად ჰქონდა დაბერილი. მიუხედავად ამისა, კითხვას მაინც არ წყვეტდა, წიგნი ძალიან საინტერესო მომენტზე იყო გაჩერებული და დაძაბულობაც თანდათან უფრო და უფრო იმატებდა, თუმცა . . .
ხელის შემშლელი ფაქტორები, გამუდმებით მაშინ ჩნდებოდნენ ხოლმე, როდესაც ჯეისონს ეს ყველაზე ნაკლებად სურდა. ახლაც ზუსტად მსგავსი რამ მოხდა. ის-ის იყო ვინკლერმა მორიგი აზიდვა გააკეთა და წიგნი ნიკაპის გამოყენებით გადაფურცლა, რომ უეცრად, დინამიკებში აჟღერებული წყნარი მუსიკის ჰანგები სადღაც გაუჩინარდა. ვინკლერმა წამით გაიფიქრა, რომ ლეპტოპის ბატარეა დაჯდა, თუმცა როდესაც თავი ასწია და წიგნს მზერა მოაშორა, დაინახა, რომ დარბაზში კიდევ ერთი ადამიანი შემოსულიყო და იგი, მისკენ რეიბანის მუქ-მინებიანი სათვალეებითა და ღიმილიანი სახით მოემართებოდა.
-დილა მშვიდობისა, ჯეის! ვიფიქრე მოვენატრე-მეთქი და აი, მეც აქ ვარ-მხრირულად მიესალმა სტუმარი მას, სათვალე ზემოთ აიწია და თმაზე აბადოკივით დაიმაგრა
-კირა? აქ ვინ ჯანდაბამ შემოგიშვა?
-გასაღები მოგპარე და ასლი გავაკეთე. შენ სახლში ნებისმიერ წამს უნდა შემეძლოს შემოსვლა, ბოლოს და ბოლოს, ჩემზე ახლობელი არავინ გყავს
ჯეისონი ტურნიკიდან ჩამოხტა, წიგნი იატაკზე დადო, ერთ-ერთ ტრენაჟორზე გადაფენილი პირსახოცი აიღო და ოფლით დაცვარული კისერი შეიმშრალა. კირას სტუმრობა ნამდვილად არ გაჰკვირვებია. იგი ერთადერთი იყო, ვისაც ვინკლერის სახლში შემოსვლის უფლება ჰქონდა. ის და ჯეისონი, ფაქტობრივად ერთად იყვნენ გაზრდილები.
ვინკლერი ხუთი წლის იყო, როდესაც გოგონა იაპონური საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელ კურსებზე გაიცნო. მაშინ, ჯეისონს მშობლები ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და თავის ახალ ოჯახთან-რიჩარდ ვინკლერთან და მის კიდევ ერთ შვილობილთან, ადელაინთან შეგუებას ცდილობდა. კაციც და ბავშვიც, მას ძალიან თბილად ექცეოდნენ და მალე მოახერხეს კიდეც პატარა ჯეისონისთვის თავის შეყვარება.
კირა და ჯეისონი, მართლაც, რომ ძალიან სწრაფად დამეგობრდნენ. რა თქმა უნდა, მათ გუნდს ადელაინიც შეუერთდა. ბავშვები თითქოს განუყოფელნი გახდნენ, ყოველთვის ერთად იყვნენ, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ და მალე მათი ურთიერთობა უფრო გამყარდა კიდეც. როდესაც კირას მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ და გოგონა თავშესაფარში აღმოჩენის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მის მცირერიცხოვან ნათესავთაგან თითოეული მათგანი უარს აცხადებდა ობლად დარჩენილი ბავშვის მეურვეობაზე, ჯეისონისა და ადელაინის დიდი თხოვნით, რიჩარდ ვინკლერი მის შვილად აყვანასაც დათანხმდა. ბავშვებისთვის, რომელთაც ერთმანეთის და რიჩარდის გარდა, ამქვეყნად არავინ გააჩნდათ, ეს მართლაც, რომ დიდი სიხარული იყო, თუმცა ამ სამეულის ერთ გუნდად ყოფნა და უდარდელი ცხოვრება, დიდხანს ნამდვილად არ გაგრძელებულა.
-პირველი შემთხვევაა, როდესაც ასე ადრე მოდიხარ -აღნიშნა ჯეისონმა, ისე, რომ გოგონასთვის ზედაც არ შეუხედავს -ძირითადად ამ დროს გძინავს და ბილწ სიზმრებს ხედავ ხოლმე
-ჰოო? და შენ რა იცი, მე რა სიზმრებს ვხედავ?
-ეს რა გაცვია? -კითხვაზე კითხვით უპასუხა ჯეისონმა
-შენი მაისური -გოგონამ სარბენი ბილიკი ჩართო და ჩამოშლილი თმა მაღლა აიკრა, რათა მას ვარჯიშში ხელი არ შეეშალა -აქეთ რომ მოვდიოდი, ერთ ქალს შევხვდი, ეტლით შვილს ასეირნებდა. ცხოვრებაში პირველად მომინდა ბავშვს მოვფერებოდი და აი შედეგიც, პირდაპირ ჩემ მაისურზე აღებინა -სახე ზიზღისგან დამანჭა კირამ -ნეტავ ჩვენც ასეთი გულის ამრევები ვიყავით ამ ასაკში? პრინციპში, შენ ახლაც ასეთი ხარ ჯესი, ოცდაექვსი წლის ასაკში, უკვე ბეთჰოვენს უსმენ. ამაზე დიდი ტრაგედია რაღა გინდა?
-ოცდაექვსი წლის ხარ და კაცთან ჯერაც არ წოლილხარ ამაზე დიდი ტრაგედია რაღა გინდა? -ჯეისონმა წყლის ბოთლს თავი მოხადა და იქიდან ოდნავ მოსვა
-შენ კი, ცხოვრებაში სალათის ფურცლებისა და უგემური საჭმლის გარდა არაფერი გაგისინჯავს -არც კირამ დაინდო -ეს ჯანსაღი კვება, საბოლოოდ სიკვდილამდე მიგიყვანს,
-ჩემს ჯანმრთელობაზე ფიქრს, ჯობია ის მითხრა მოლაპარაკებამ როგორ ჩაიარა? დილერს გაურიგდი?
კირამ თვალები მობეზრებულად აატრიალა.
-მე და ის შენი ჭკუასუსტი ქილერი, სებასტიანი ვიყავით გარიგებაზე. იცი, ეგ დილერი ნამდვილი იდიოტია. ფასს არ აკლებს, ამბობს უმაღლესი ხარისხის ჰეროინია და თანხაც შესაბამისი მინდა, თორემ გარიგება არ შედგებაო. მოკლედ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ბოლოს ვუთხარი წადი შენი-მეთქი და წამოვედი
-კირა ეს საქონელი გვჭირდება, გესმის? -ჯეისონმა ხმას აუწია -შენი ნერვული სისტემის გამოხდომები კი, მხოლოდ საქმეს აფუჭებს
-და რა უნდა გამეკეთებინა? მის წინ სტრიპტიზი მეცეკვა? იქნებ გადავუხადოთ რასაც ითხოვს?
-არასდროს დასთანხმდე სხვის პირობებს, პირიქით, აიძულე სხვები . . .
-რომ დაეთანხმონ შენსას-დააბოლოვა კირამ და ამოიხვნეშა -ჰო, ვიცი, ვიცი. რიჩარდი სულ ამას გვასწავლიდა მე, შენ და ადელაინს -ამ უკანასკნელის ხსენებაზე, კირას ლურჯ თვალებში სევდა გაკრთა. გოგონამ სარბენი ბილიკი მაშინვე გააჩერა და იატაკზე, იოგას პოზაში ჩამოჯდა -ნეტავ ახლა ჩვენთან იყოს. მე, შენ და ის, ერთად უძლეველნი ვიყავით
-ადელაინზე ლაპარაკი არ მინდა, კირა -მაშინვე აარიდა თავი ჯეისონმა -გთხოვ, შეწყვიტე!
-შენ ის გიყვარდა, ჯესი. მართალია ახლა სიყვარული აღარ შეგიძლია, მაგრამ მაშინ შეგეძლო . . . მოიცა, სად მიდიხარ? აუზში თუ აპირებ ცურაობას, მეც წამოვალ -ძლივს დააწია სიტყვა, ფეხზე წამოხტა და უკვე კართან მისულ ვინკლერს უკან აედევნა.







* * *
-ყველაფერი დეტალურად უნდა გაარკვიო, კიტ! -ბარის მუსიკის გამო, ხმამაღლა ჩასძახა ყურმილში, ვინკლერმა -იმ ტიპის ოჯახზე დეტალური ინფრომაცია მჭირდება. ყველაფერს მეილზე გადმომიგზავნი, გესმის?
ჯეისონმა ჭიქა ერთი ამოსუნთქვით გამოცალა და სავარძლის საზურგეს მიაწვა. მოსაცმელი და მანაქანის გასაღები, მაგიდაზე ჰქონდა შემოდებული, თავად კი კვლავ ტელეფონზე ლაპარაკს განაგრძობდა.
-მაქსიმალურად მინიმალური დრო გამოიყენე, ეს ინფორმაცია მჭირდება! იჩქარე, კიტ!
დაახლოებით ერთწუთიანი კავშირი, სწორედ ამ სიტყვებით გაწყდა. ვინკლერმა ტელეფონი მაგიდაზე დააგდო, ბოთლიდან კიდევ ერთხელ ჩამოასხა საკმაოდ ძლიერი ალკოჰოლი და გონებით, თორმეტი წლით უკან გადაინაცვლა . . .
ახლაც გუშინდელივით ახსოვდა, ის მეტად ლამაზი, მზიანი დღე. მაშინ ადელაინის მეთოთხმეტე დაბადების დღე იყო. რიჩარდმა ამის აღსანიშნავად, ის, კირა და ჯეისონი, პარიზში წაიყვანა რამდენიმე დღით. თავად, რაღაც საქმეებიც ჰქონდა მოსაგვარებელი, ამიტომ უმეტესწილად, ბავშვები ქალაქში მარტონი დასეირნობდნენ. ერთ-ერთი ასეთი სეირნობის დროს, ჟორჟ პომპიდუს მოედანზე, სადაც ისინი ქუჩის ჟონგლიორების სახალისო გამოსვლას ადევნებდნენ თვალ-ყურს, ადელაინი კირას და ჯეისონს, რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა, ირგვლივ შემოკრებილი ხალხის წრე გაარღვია და საერთო მხიარულებას გაერიდა.
გოგონა ერთ ადგილას იდგა, მის ოქროსფერ თმას, ქარი აფრიალებდა და სახეს მლაშე ცრემლები ასველებდნენ. კირა კვლავ წარმოდგენის ცქერირთ იყო გართული და სიცილით ამხნევებდა წითელ-ცხვირიან კლოუნს, ვინც ფერად ბურთებს ჰაერში განსაკუთრებული ოსტატობით ათამაშებდა, აი რაც შეეხება ჯეისონს, ამ უკანასკნელმა, მაშინვე შეამჩნია მათი პატარა გუნდიდან ერთი წევრის გაპარვა და შოუს, რომელიც ცოტა ხნის წინ ძალიან ართობდა, თვალს უკვე საერთოდ აღარ ადევნებდა.
ბიჭი სწრაფად გამოეყო ხალხის რიგს და ირგვლივ მიმოიხედა. ჯერ მხოლოდ ერთად შეგროვებული მტრედების ჯგუფი შენიშნა, რომელსაც ვიღაც მოხუცი ქალი საკენკს უყრიდა, შემდეგ კი, იქვე შორიახლოს, ზურგით მდგარ სილუეტსაც მოჰკრა თვალი. ჯეისონი ადელაინის ოქროსფერ თმას, ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში გამოარჩევდა, ამიტომ იმაში დარწმუნებულმა, რომ იგი ნამდვილად მისი მეგობარი იყო, ზურგიდან ჩუმად მიეპარა და წელზე ხელები მაგრად შემოხვია.
-აქ რას აკეთებ? წარმოგენა არ მოგწონს?
-ჯეისონ . . . ძალიან შემაშინე -მაშინვე შეიშმუშნა გოგონა, თან სცადა ცრემლები როგორმე დაემალა, თუმცა, მისდა სამწუხაროდ არ გამოუვიდა
-ადელ, შენ რა ტირი? კი მაგრამ რა მოხდა?
-არაფერიც არ მოხდა. წამოდი, გავაგრძელოთ შოუს ყურება
-მოიცა, მოიცა -მკლავში ხელის ჩავლებით შეაჩერა ბიჭმა, ის და თვალებში გამომცდელად ჩააცქერდა -მითხარი, რა დაგემართა?
-უბრალოდ შემპირდი, რომ შენ მაინც არ დამივიწყებ, ჯეისონ, კარგი? -ხელზე ხელი თვალცრემლიანმა მოუჭირა გოგონამ, ლოყაზე მაგრად აკოცა და კირასკენ ისეთი მხიარული სახით გაიქცა, თითქოს წამის წინ, არაფერი მომხდარიყო
ეს ყველაფერი, 2006 წლის 6 სექტემბერს მოხდა . . . ხუთშაბათ დღეს . . .


- - -
სადღეღამისო ბარში, რომელიც უკვე ხალხით გადაჭედილიყო, კვლავ მორიგი მუსიკა აჟღერდა. ვინკლერმა მხოლოდ შორეული ფიქრებიდან გამორკვევისა და მელოდიას მოყოლილი ხმამაღალი ტაშის შემდეგ შენიშნა, რომ მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდომი ოქროსფერთმიანი გოგონა, ვინც მასავით Moonshine-ს მიირთმევდა, თვალმოუშორებლად უყურებდა და მზერას წამითაც არ აცილებდა.
როგორც ასეთ სიტუაციებში ჩვეოდა, ამისთვის ყურადღება არც ახლა მიუქცევია. ძალიან ხშირად გრძნობდა საპირისპირო სქესის ყურადღებას და ჯეისონისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. არც გოგონას ვიზუალისთვის მიუქცევია მაინდამაინც დიდი ყურადღება და არც საკმაოდ დახვეწილი ჩაცმულობისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაკვირვებული თვალი შენიშნავდა. უბრალოდ იჯდა, სივრცეში უაზროდ იყურებოდა და კიტის შეტყობინებას ელოდა, რომელიც წუთი-წუთზე უნდა მოსულიყო.
დილერთან ჩაშლილი გარიგების შემდეგ, რაშიც დიდი როლი კირამ ითამაშა, ნამდვილად არ აწყობდა ამ სიტუაციის ასე დატოვება. მთელი ძალისხმევით უნდა ეცადა, რომ საწადელისთვის მიეღწია და საქონელი როგორმე ხელში ჩაეგდო. მართალია, ჯეისონის პირობები დილერისთვის მიუღებელი იყო, თუმცა თუ საკუთარი ნებით არა, თავისი საყვარელი ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით გამო მაინც წავიდოდა დათმობაზე. ისინი, კიტის მიერ მათი მისამართისა და კოორდინატების დადგენის შემდეგ, უკვე პოტენციური გვამები იქნებოდნენ, თუ რა თქმა უნდა, ყველაფერი ჯეისონის ნება-სურვილის მიხედვით წარიმართებოდა და გამართლდებოდა მისი მთავარი დევიზი, რომელიც ასე ჟღერდა- "არასდროს დასთანხმდე სხვის პირობებს. აიძულე ის, რომ დაეთანხმოს შენსას".
ვინკლერი იმდენად იყო ჩაძირული თავის სტიქიაში, რომ ირგვლივ ხმამაღალ ჰანგებად დაღვრილი მუსიკის ჟღერადობაც კი აღარ ესმოდა. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ მის თვალთახედვას, ყველაზე შესამჩნევიც კი გამოეპარა, საერთოდ ვერ შენიშნა, თუ როგორ წამოადგა თავზე ვიღაცის ჩრდილი და აქედან რამდენიმე წამის შემდეგ, მის პირდაპირ მდგომი სკამიც შეივსო.
ჯეისონს გევრდულად ჩაეღიმა. მზერა და თვალმოუშოებლად ყურება, კარგი, მაგრამ იგნორის შემდეგ ინციატივის გამოჩენა? ეს უკვე რაღაც ახალი იყო, ამიტომ აღარ უცდია თავის ნაჭუჭში ყოფნა და მოულოდნელად გამოჩენილ გოგონას, მზერა გაუსწორა.
-როგორც იქნა გამხადე შენი მზერის ღირსი -სტუმარმა, სასმელი გაღიზიანებულმა მოსვა -ახლა, ალბათ ფიქრობ, რომ აქ შენ შესაბმელად მოვედი, არა?
-მგონი, ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ასე იფიქრებდა -უემოციოდ მიუგო ჯეისონმა, პარალელურად მომსველი შეათვალიერა. გოგონას შავი, ზურგ-ამოღებული, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა და ტალღოვანი თმა, წელამდე ჩამოეშალა. იმდენად ლამაზად და სექსუალურად გამოიყურებოდა, თავის სამოსსა და აგრეთვე შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში, რომ ჯეისონს წამით სურვილიც კი აღუძრა, თუმცა მხოლოდ წამით
-შენ ჯეისონ ვინკლერი ხარ, ასეა?
-ასეა . . . ჩემთან რა საქმე გაქვს?
-ჩათვალე, რომ საკმაოდ სერიოზული. დროს თუ გამონახავ, მომისმინე თუ არადა გაიძულებ გამონახო
-ეს უკვე საინტერესოა -ღიმილით გადაიხარა წინ მამაკაცი და სიგარის კოლოფიდან ერთი ღერი, ოსტატურად ამოაძვრინა -შენც ხომ არ მოწევ?
-რაიმე საძაგლობას თუ ეწევი, ჩათვალე უარზე ვარ
-უმაღლესი ხარისხის ნიკოტინია, ასეთი გასინჯულიც არ გექნება, დამიჯერე -ერთი ღერი მასაც მიაწოდა ვინკლერმა და ინიციალებიანი სანთებელათი, რომელზეც მისი სახელის და გვარის პირველი ასოები, J და W იყო ამოკაწრული, ფრთხილად მოუკიდა -ახლა კი, გისმენ. ჩემთან რა საქმე გაქვს?
-მოკლედ გეტყვი, შენს გუნდში მინდა მოხვედრა -მაშინვე მიახალა გოგონამ ის, რაც ენის წვერზე ადგა, სიგარა თითებში ლამაზად მოიქცია და სკამის საზურგეზე მიწოლილმა გააბოლა -ჰო, მართლა, მე ლერა ნიკოლსონი ვარ და . . .
-რას ნიშნავს ჩემს გუნდში? -ჯეისონმა საუბარი უხეშად გააწყვეტინა -საფეხბურთო გუნდი მაქვს შექმნილი და ამის შესახებ ახლა ვიგებ?
-მისმინე, ხუმრობის დრო ნამდვილად არ მაქვს ძალიან გთხოვ შეწყვიტე ეს მასკარადი! მშვენივრად იცი, რასაც ვგულისმხობ. შენი საქმიანობის შესახებ ძალიან ბევრს აქვს ცნობები, თუმცა პოლიცია დღემდე უშედეგოდ დაგდევს და ვერაფერს გიმტკიცებენ. გამოგიტყდები, ძალიან ჭკვიანი ხარ და ამას ვაფასებ
ვინკლერი დადუმდა. გოგონას გამომცდელი, შემფასებლური მზერით ათვალიერებდა. ერთ-ერთი მთავარი, რაც ცხოვრებამ ასწავლა ის იყო, რომ არავის და არასდროს არ მინდობოდა ბოლომდე. ვინ იყო ვიღაც ლერა ნიკოლსონი, რომ მისთვის დაეჯერებინა და ყოველი გოგონას ნათქვამი სიტყვა, რითაც ამტკიცებდა, რომ მის გუნდში სურდა გაწევრიანება, უპრობლემოდ, ყველანაირი გადამოწმების გარეშე ერწმუნა?
რა თქმა უნდა, ასე არ მოიქცეოდა. რაც თავი ახსოვდა, თავისი ხალხი მუდმივ კონტროლში ჰყავდა, მათ შესახებ ყველანაირი წვრილმანი იცოდა და თითოეულ მათგანზე ისეთი კოზირები გააჩნდა, რომლითაც ყოველმხრივ ჰყავდა შებოჭილი. ამ გოგოს კი, რა ეგონა? ნუთუ იფიქრა, რომ ასე მარტივად მოახერხებდა ვინკლერის ნდობის მოპოვებას?
-დამუნჯდი? არაფერს იტყვი? -თვალი თვალში გაუყარა მას ლერამ, ფეხი ფეხზე გამომწვევად გადაიდო და ვინკლერს პირდაპირ სახეში შეაბოლა -ვიცი ახლა რაზეც ფიქრობ და პირობას ვდებ მთელ ჩემს ისტორიას გიამბობ, შენ მთავარია ამის საშუალება მომცე
-შეგიძლია ერთი წუთით გამომყვე?
-სად? საპირფარეშოში? მგონი ჯერ ადრეა. მოდი, ცოტა ვისაუბროთ, ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ მერე კი, ვნახოთ -ირონიული ტონი გაურია გოგონამ ამ სიტყვებს
-ყველას არ აქვს იმის ბედნიერება, ჩემი შეხების მთელი ნეტარება განიცადოს, შენც მათ რიცხვში ხარ საყვარელო, ასე რომ ოცნებას შეეშვი და გამომყევი
გოგონას საპასუხოდ აღარაფერი უთქვამს. რამდენიმე წამით ღამის ბარს, რომლის ჭერზე ჩამოკიდებული მბრუნავი, ვერცხლისფერი ბურთის შუქები თითოეულ კუთხე-კუნჭულში იბნეოდა შემფასებლური მზერა მოატარა მერე კი, ფეხზე სრულიად უხმოდ წამოდგა. თითქმის ნახევრამდე ჩასული სიგარეტის ნამწვავი, მთელი ეს დრო რომ ხელში ეჭირა, მისმა თხელმა თითებმა, ფრთხილად შეაცურეს ჯეისონის ტუჩებში, შემდეგ უკვე გოგონას ბაგეებიც ამოქმედდა, რომელმაც ვინკლერს საფეთქელზე ვნებიანი კოცნის კვალი დაუტოვა და სანამ იგი რაიმეს თქმას მოასწრებდა, მამაკაცის მიერ მითითებული ოთახისკენ გაერმართა. ახლა, მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება და დამაჯერებლად საუბარი იყო მთავარი. ჯეისონის ბანდაში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო, სხვაგვარად ყველაფერი ის ჩაიშლებოდა, რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.
ლერამ ბარის მარჯვენა კუთხეში მდებარე სამი კარიდან, ერთ-ერთი შეაღო და შიგნით შევიდა. ოთახი უზარმაზარი იყო და იქ, ზუსტად ერთმანეთის პირდაპირ, ოთხი საბილიარდე მაგიდა გაემწკრივებინათ. აქედან, სამი სრულიად ხელუხლებელ მდგომარეობაში იყო და ბილიარდის ფერად-ფერადი ბურთები, ისევ მათთვის გამოყოფილი სპეციალური სამკუთხედის შიგთავსს წარმოადგენდა, ხოლო რაც შეეხება მეოთხე მაგიდას, მასთან ვიღაც სათვალიანი, მსუქანი ბიჭი გადახრილიყო და მონდომებით ცდილობდა, ბილიარდის ჯოხის ხელში მოხერხებულად დაკავება გამოსვლოდა.
ჯეისონის და მისი თანმხლების დანახვაზე, ბიჭმა წამოწყებულ საქმეს, მაშინვე თავი მიანება. წელში იმდენად იყო გამართული და ისეთ პოზაში იდგა, ვინმეს ეგონებოდა ომის ვეტერანი გენერალს სამხედრო სალამს უძღვნისო.
ლერას მახვილ მზერას არ გამოჰპარვია, ის ფაქტი, რომ ვინკლერმა მას თვალებით რაღაც ანიშნა კიდეც და რა თქმა უნდა, მართალიც აღმოჩნდა: მათი შემოსვლიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ სათვალიანმა კია მაგიდაზე მიაგდო, ახლადმოსებულებს, კერძოდ ლერას მიუახლოვდა და ჯიბიდან ამოღებული რაღაც პატარა აპარატის მთელ მის სხეულზე გადატარებას მოჰყვა, თანაც ისე, რომ ნებართვა არც კი უთხოვია.
-რა ჯანდაბას მიკეთებს? რენტგენზე მატარებს? -მაშინვე ჯეისონს გახედა გოგონამ გაღიზიანებული სახით და თავი ძლივს მოთოკა, რომ "სათვალიანი სპილოსთვის", როგორც თავის გონებაში მონათლა, ცხვირ-პირი არ გაეერთიანებინა
-წყნარად იდექი -მკაცრად გაიჟღერა ვინკლერის ხმამ. სწორედ იმ დროს, გაურკვეველი დანიშნულების აპარატმაც დაიწრიპინა და მასში ჩასმული პატარა ნათურა, მწვანედ აინთო
-სუფთაა ჯეისონ, არაფერი აქვს -დარწმუნებით თქვა სათვალიანმა ამ ხანმოკლე პროცოდურის შემდეგ, თან ბრეკეტებიანი კბილები ბოლომდე დაკრიჭა
-კარგი, სემ თავისუფალი ხარ, შეგიძლია დაგვტოვო
-მაგრამ თამაში ჯერ . . .
-სემ დაგვტოვე! -ვინკლერის ამჟამინდელი მომაკვდინებელი მზერა, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბიჭს შიშის გრძნობა გასჩენოდა და იქაურობას სასწრაფოდ, ყველანაირი პროტესტის გარეშე გასცლოდა.
უზარმაზარ ოთახში, ლერა და ჯეისონი უკვე მარტონი დარჩნენ. ვინკლერმა კარები საიმედოდ ჩარაზა, ლერასთან ახლოს ჩავლისას, მისი სუნამოს სურნელი ღრმად შეისუნთქა და მეორე მაგიდასთან მიახლოებულმა, ბურთებზე ჩამოცმული სამკუთხედი, ფრთხილად აიღო.
-მოდი, ცოტა ვითამაშოთ, თან მომიყევი ვინ ხარ და ჩემთან მოსვლა რამ გადაგაწყვეტინა? სიმართლე გითხრა, ასეთი რამ პირველა ხდება
-ჯერ თავად მითხარი, ის ტიპი ხელებს რატომ მიფათურებდა და შენს კითხვასაც ვუპასუხებ -თვალი თვალში გამომევწვად გაუყარა, რის შემდეგაც მაგიდის კიდეზე დადებულ კიას დაწვდა
-შეამოწმა მოსასმენი აპარატურა ხომ არ გქონდა მიმაგრებული. როგორც ჩანს, სუფთა ხარ
-სერიოზულად? შენ რა, ასე ძალიან გეშინია ციხეში ჩაჯდომის? -ჰკითხა გოგონამ დამცინავი ხმით და პირველივე ცდაზე, წითელი ბურთი ხვრელში ჩააგდო
-ძალიან ცდები თუ ეგრე გგონია. მარტო იმას ვცდილობ, ის ხალხი არ გავხვიო შარში, ვინც ჩემს გარემოცვაშია და საერთო საქმე გვამოძრავებს
ლერამ კიდევ ერთი ბურთი ჩააგდო. მისი დარტყმის ტრაექტორიები და მოზომვის კუთხეები, ჯეისონს საშინლად ეცნობოდა და ბევრ რამეს ახსენებდა.
-ანუ შენი ხალხის დარდი გაქვს? მე კი, მეგონა, რომ საკუთარი თავის გარდა ყველა ფეხებზე გეკიდა
-დამიჯერე ასეცაა. იმას კი, რაც გითხარი მხოლოდ მოვალეობას და პასუხისმგებლობის გრძნობას დავარქმევდი მათ წინაშე და არა ნაზ გრძნობებს, როგორც შენ ივარაუდე. ახლა კი, ჩემს კითხვაზე ველოდები პასუხს
ლერამ ამჯერად ლურჯ ბურთს ააცილა და ცოტა ხნით, სანამ ჯეისონი უმიზნებდა, ბილიარდის მაგიდას თეძოთი დაეყრდნო.
-შენთან ჩემი დის გამო ვარ. ფული მჭირდება, რადგან ავადაა, საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება და ამ თანხას, პატიოსანი შრომით ნამდვილად ვერ შევაგროვებ
-ანუ შენი დის გამო -ვინკლერმა მორიგ ბურთს კარგად დაუმიზნა, დარტყმის ტრაექტორია თვალით კიდევ ერთხელ გადაზომა და მარცხენა კუთხეში ამოჭრილ ხვრელს, მორიგი წევრი შემატა
-ახლა, საავადმყოფოში წევს. მშობლები არ გვყავს, რომ რაიმეში მაინც დაგვეხმარონ. ის ერთადერთია, ვინც გამაჩნია და მის გამო, ყველაფერზე ვარ წამსვლელი, გესმის?! -საკმაოდ დამაჯერებლად გაიჟღერა ლერას სიტყვებმა
-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემს გუნდში დროებითი წევრები არ მჭირდება. მე გეტყვი მომავალში რაც მოხდება, შენი და კარგად გახდება, შენ კი, უბრალოდ ადგები და წახვალ, რათა ისევ პატიოსანი ცხოვრება დაიწყო და ასე შემდეგ, ხომ გემის? -თან ელაპარაკებოდა, თან ჯოხით მორიგ მსხვერპლს უმიზნებდა ჯეისონი
-ძალიან ცდები თუ ასე გგონია. პატიოსანი ცხოვრება საჩემო არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ის კარგად გახდება, თუ არა, მე ბოლომდე საქმეში ვიქნები და თუ ჩემს სიტყვას გადავალ, შეგიძლია მომკლა. ალბათ, ამის გაკეთება შენთვის სირთულეს არ წარმოადგენს
-არა, ლამაზო შენ არ მოგკლავ -ირონიულად ჩაეცინა ვინკლერს და როგორც კი, მწვანე ბურთიც ხვრელში გაისტუმრა, განაგრძო -ეს არ არის აუცილებელი. მართალია, როდესაც ასეთ სერიოზულ საქმეს უდგახარ სათავეში, საჭიროა შენს ხალხის გჯეროდეს, მე კი, ეს გრძნობა არავის მიმართ არ მაქვს. აქ ჩნდება კითხვა-როგორ ვანდობ მათ ასეთ მნიშვნელოვან რამებს, თუ მათდამი არ გამაჩნია ის, რასაც ადამიანები ნდობას ვეძახით. პასუხი ძალიან მარტივია, მე ყველას წინააღმდეგ ვფლობ კოზირებს, რაიმე ისეთს, რაც მათ დააზარალებს თუკი ჩემი გზიდან გადაუხვევენ. შენ შემთხვევაში, შეიძლება ეს კოზირი შენივე დაიკო აღმოჩნდეს. ერთი შეცდომა, ერთი ჩემ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და პასუხს ის აგებს. ახლა გესმის რას ვამბობ?
-მესმის -თავი დაუქნია ლერამ -ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მიღებული ვარ?
-ნუ ჩქარობ, მე ეს არ მითქვამს. მოდი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. სხვათა შორის შენი ჯერია -ბილიარდის მაგიდაზე თვალებით ანიშნა მან, მოსაცმელი გაიხადა და ვისკის ჭიქიდან ოდნავ მოსვა
-მომისმინე -ლერამ სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ბუნებით ფიცხსა და იმპულსურს, ეს მართლაც, რომ ძალიან უჭირდა -მე დიდი დრო არ მაქვს. შენთან იმიტომ მოვედი, რომ სხვა გზა არ მქონდა და . . .
-საიდან გაიგე, რომ აქ ვიქნებოდი? -კიდევ ერთხელ გააწყვეტინა ვინკლერმა მას დაწყებული საუბარი, რაზეც მალევე მიიღო პასუხი :
-დიდი ხანია შენთან მოვსლაზე ვფიქრობ -ისე ალაპარაკდა გოგონა, რომ ჯეისონისთვის არც შეუხედავს. თვალი ერთი კონკრეტული წეტილისთვის გაეშტერებინა, თითქოს იქ ვიღაც ეგულებოდა -გამოგიტყდები, წინასწამეტყველობის ნიჭი ნამდვილად არ მაქვს, რომ შენი აქ ყოფნის ამბავი თავიდანვე მცოდნოდა. უბრალოდ, დასალევად შემოვედი, წუთით მომინდა, რომ იმ დამპალ რეალობას გავქცეოდი, რომელშიც ვცხოვრობ. მერე კი . . . მერე შენ დაგინახე. იმ დროს ვიფიქრე, რომ დის გადასარჩენად ყველაფერზე ვიყავი მზად, აბსოლუტურად ყველაფერზე . . . ჩემ ცხოვრებაში, ასე დარწმუნებული არაფერში ვყოფილვარ, თან . . . -ლერამ, საბოლოოდ ჯეისონის სიჩუმე ვეღარ აიტანა და მიუხედავად დიდი მცდელობისა, ნერვული სისტემა მშვიდ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა, მაინც აფეთქდა -ბოლოს და ბოლოს, იტყვი რამეს, თუ არა?! მთელი ეს დროა უაზროდ ვლაქლაქებ, ვიცი შენში სიბრალულის გრძნობასაც ვერ აღვძრავ და ეს არც მინდა. არც კი გაბედო და შეგებრალო! მე შემიძლია ყველაზე ბინძური საქმეებიის კეთებასაც კი დავთანხმდე. მინდა, რომ მან იცოცხლოს! გესმის ეს?!
გოგონამ ბილიარდის ჯოხი მაგიდაზე ხმაურიანად დაახეთა და ვინკლერის მშვიდ, არაფრისმთქმელ მზერაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა. ჯეისონი მაგიდაზე ისე გადახრილიყო და ბურთს ისე უმიზნებდა, თითქოს გოგონას ნათქვამიდან საერთოდ არაფერი გაეგონა. ფაქტობრივად, მის იქ ყოფნას არც იმჩნევდა. ყველაზე გამაღიზიანებელი, სწორედ ეს იყო.
-ვერც კი წარმოიდგენ, ახლა ისე მინდა ეგ ჯოხი უკნიდან გაგირჭო და შენს ღრიალს ნეტარებით ვუსმინო -გესლიანად ამოთქვა ბოლოს, მამაკაცის საქციელზე გამწარებულმა ლერამ.
აქ, უკვე ჯეისონმაც ასწია თავი და გოგონას მოეჩვენა, რომ წამით გაეღიმა კიდეც.
-შეიძლება გამომადგე კიდეც, ნიკოლსონ, მაგრამ . . . -ვინკლერმა თითები ნიკაპზე აათამაშა -თუ საქმეშიც ისეთი საშინელი ხარ, როგორც მამაკაცთან ფლირტის გაბმაში, არა მგონია ჩვენი ტანდემი შედგეს.
მერე ვისკის ჭიქას ხელი მოჰკიდა, თავისი მოსაცმელი მარცხენა ბეჭზე გადაიგდო და ისე, რომ სიტყვაც კი აღარ დასცდენია, საბილიარდე ოთახი უკანმოუხედავად დატოვა . . .









3 თავი
-მაინც არ მესმის, ვინ უნდა ცდილობდეს ასეთი ბანალური ხერხებით ჩვენს დამარცხებას? -ბეკონის სენდვიჩს კიდევ ერთხელ მოკბიჩა კირამ და მანქანის წინა სავარძლებზე, გვერდიგვერდ მჯდომ ჯეისონსა და სებასტიანს რიგრიგობით გადახედა
ავტომობილი, ერთ-ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის წინ გაჩერებულიყო და ღამის სიბნელეში, წინა ფარები ჰქონდა ანთებული. კიტის დახმარებით, ვინც კომპიუტერულ პროგრამებში, პროფესიონალურ დონეზე ერკვეოდა და ნებისმიერი სისტემისა თუ სამოქალაქო ინფორმაციის ვებ-გვერდის გატეხვა თავისუფლად შეეძლო, ჯეისონმა მაშინვე დაადგინა, თუ სად ცხოვრობდნენ ურჩი ნარკოდილერი და მისი სამი ქალიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მას გარიგებაზე უარი განუცხადა. ამ ადამიანის სახელი და გვარი, ჯოშ ნორტონი იყო. ცოლს სამი წლის წინ გაშორებოდა და რა თქმა უნდა, ერთად უკვე აღარ ცხოვრობდნენ.
მისი ყოფილი მეუღლე, სამ შვილს მარტო ზრდიდა, თუმცა ვერ იტყოდით, რომ ბავშვებს მამის მზრუნველობა აკლდათ. ჯოში, ფინანსურად მათ ყოველთვის მხარში ედგა და უიკენდის დღეებში, შვილები ყოველთვის თავისთან მიჰყავდა ხოლმე.
-ჰეი, მე კითხვა დაგისვი! მიპასუხებ თუ პოლიციაში დავრეკო და ეს მთელი ეს ნარკოდილერის ოჯახის მოტაცების გრანდიოზული გეგმა წყალში ჩაგიყარო?
-კირა, მაგ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ! ახლა ამის დრო არაა
-არა, ახლავე ვილაპარაკებთ. საიდან დაასკვენი, რომ ის ბარში გაცნობილი გოგო მოგზავნილია?
ჯეისონმა ღრმად ამოიოხრა. ხვდებოდა, რომ კირა ენას არ გააჩუმებდა, ამიტომ არჩია მისი მომაბეზრებელი კითხვებისთვის, შეძლებისდაგვარად ეპასუხა.
-საუბარზე შევატყვე, ჟესტებზე, ქცევებზე. როდესაც ადამიანი იტყუება, წარბებს ყოველთვის ინსტიქტურად ჭმუხნის, სახეში ყურებას გაურბის, თვალებს ხშირად ახამხამებს და მუდამ მარცხნივ იყურება, რადგან წარმოსახვის და ფანტაზიის სივრცე, მარცხენა ნახევარსფეროში აქვს
-თუ ასეა, რატომ აფიქრებინე, რომ მის მიღებას აპირებ? ბოლოს გითქვამს შეიძლება გამომადგე კიდეცო -კირა მართლა დაბნეული ჩანდა და ჭამისთვისაც, ცოტა ხნით თავი მიენებებინა
-ვაპირებ კიდეც. მხოლოდ ასე თუ გავიგებ, ვინაა მისი დამქირავებელი. ხომ გაგიგია, მოყვარე ახლოს უნდა იყოლიო, მტრები კიდევ უფრო ახლოსო?
-ესე იგი, მას ეგონება, რომ გვატყუებს სინამდვილეში კი, ჩვენ მოვატყუებთ?
-ჰო, რაღაც ამდაგვარი. როდესაც გავიგებ, თუ ვინ მომიგზავნა, მასაც და მის დამქირავებელსაც სებასტიანი მიხედავს -და თავი გვერდით მჯდომი ბიჭისკენ გააბრუნა, ვისაც საჭისთვის ორივე ხელი ჩაეჭიდა და კორპუსის სადარბაზოს კარს, თვალს წამითაც არ აშორებდა. შუქი, ფაქტობრივად, ყველა ფანჯარაში ჰქონდათ გამორთული. ეს არც იყო გასაკვირი. ღამის ოთხ საათზე, სავარაუდოდ არავინ იქნებოდა ისეთი, ვისაც თავის საწოლში არ ეძინა და ჯერ კიდევ ფხიზელ მდგომარეობაში იყო
-სიამოვნებით -სებასტიანს კმაყოფილს ჩაეცინა -ადამიანის მოკვლაზე უკეთესი ნარკოტიკი არ არსებობს
-ნამდვილი იდიოტია -მის სიტყვებზე, კირამ თვალები ჩვეული ზიზღითა და ნეგატივით აატრიალა -ისიც ძალიან მიკვირს, მასთან ერთად მანქანაში როგორ ვზივარ
-მე კი, ის მიკვირს ამდენი ხანი, რომ ლაპარაკობ და არ იღლები. ჯეისონი რომ არა, მანდვე გაგათავებდი და ბოლოს, სატრაბახო გექნებოდა, რომ თავად სებასტიან ალკაზარმა გამოგასალმა სიცოცხლეს, თანაც სენდვიჩით ხელში. ჰო, მართლა, ლორითაა? -დარჩენილი პატარა ნაჭერი ხელიდან ააცალა გოგონას ზუსტად მაშინ, როდესაც პირისკენ მიჰქონდა და თავად ჩაკბიჩა -მმმ . . . გემრიელია
-იდიოტო ესპანელო! წახვალ და ახალს მიყიდი!
-გაჩუმდით, გამოდიან! -მათი ბავშვური კამათი, ჯეისონის ხმამაღალმა, გამოკვეთილმა ხმის ტემბრმა შეწყვიტა. კირაც და მასთან ერთად, სებასტიანიც, მაშინვე გაჩუმდნენ და საქარე მინას, ფაქტობრივად ცხვირით აეკრნენ. ფარების განათების ფონზე, ნათლად ჩანდა, თუ როგორ გამოჰყავდათ სადარბაზოდან, ვიღაც შავებში ჩაცმულ, კეპკიან, მზის სათვალეებიან ტიპებს ორი პატარა ქერათმიანი, ტყუპი გოგონა, მათი საკმაოზე მეტად შეშინებული დედა და ახალშობილი, პლედში გახვეული ბავშვი, რომელიც რაღაც სასწაულის წყალობით, არც კი ტიროდა. ტყუპებისთვის და ქალისთვის, წელზე იარაღები შეუმჩნევლად მიებჯინათ, თან დაშინების წყალობით მიჰყავდათ მოშორებით მდგარი, თეთრი ფურგონისკენ, რომელშიც მძღოლს უკვე დაეკავებინა თავისი ადგილი და "მგზავრების" ჩასხდომას მოუთმენლად ელოდა.
კირას, იმ წამს ჩამოწეული ფანჯრიდან, ერთი ფრაზაც მოესმა, რომელიც ასე ჟღერდა :-"ერთი ზედმეტი სიტყვა და ყველას დაგხოცავთ" . . .
-როგორ ფიქრობ, სწორად მოიქეცი, რომ ეს საქმე მხოლოდ სამ კაცს მიანდე? ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ
-ვფიქრობ, მეტის საჭიროება არ იყო, კირა -მისკენ არც გაუხედავს, ისე დაუბრუნა პასუხი ვინკლერმა. მის ხმაში იმოდენა სიმშვიდე იგრძნობოდა, რომ გოგონასაც მოეხსნა ყველანაირი დაძაბულობა
-და სად წაიყვანენ? იმედია იმ იდიოტი ჯოშისთვის, თავისი ოჯახი ფასეულია, თორემ მთელი ეს ღამეული ღონისძიება წყალში ჩაგვეყრება
გამტაცებლებმა შეშინებული, თვალცრემლიანი მძევლები მანქანაში ჩასვეს. ამ ყველაფრით კმაყოფილმა ჯეისონმა, ბოლო კადრად, პატარა გოგონების დამფრთხალი გამომეტყველება დაინახა, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ და თვალები მაგრად ჰქონდათ დახუჭული, რათა მათკენ მიშვერილი ცივი იარაღი არ დაენახათ.
ფურგონი უხმაუროდ დაიძრა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ახლა მხოლოდ მოცდა იყო დარჩენილი, რათა ჯოშს დაკავშირებოდნენ და მათი პირობების მიღების სანაცვლოდ, რომლებშიც უკვე გარკვეული ცვლილებები იყო შეტანილი, ნარკოდილერის ოჯახი გაენთავისუფლებინათ.
-სებასტიან, დაძარი მანქანა, მივდივართ. ისინი თავის საქმეს უჩემოდაც მიხედავენ. მთავარია საკუთარი თვალით ვნახე, რომ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა
-დღევანდელ გეგმას ვასრულებთ, არა ჯეისონ? -ავტომობილის გასაღები, რომელზეც უამრავი სხვადასხვა სიმბოლოიანი ბრელოკი იყო გამოსახული, მარჯვნივ გადაატრიალა მან და ცალი ხელით, შარვლის ბუდეში ჩადებული იარაღიც შეამოწმა
-ვარსულებთ. ოღონდ ჯერ კირას მივიყვანთ სახლში და . . .
-მოიცა, მოიცა რა გეგმა? -მაშინვე შეიჭრა საუბარში გოგონა -თქვენ რა, კლუბში გართობა გადაწყვიტეთ და მე სახლში მტოვებთ? უკვე ხუთის ათი წუთია, ჩემნაირები ცხოვრებას ახლა იწყებენ -ბრაზიანი გამომეტყველებით დააბოლოვა კირამ, როდესაც საათს დახედა
-საქმეზე მივდივართ. შენ კი, შინ წაგიყვან და შეკამათება არც გაბედო -მკაცრად მოუჭრა ვინკლერმა
-ჯეისონ უფროსი ძმასავით ნუ მელაპარაკები. ხომ იცი, რომ სანამ ხმას არ ამოიღებ, მანამ არ მოგეშვები? ასე, რომ დროს ნუღარ წელავ და ამოღერღე
საოცარი იყო, მაგრამ ჯეისონთან ასეთ ლაპარაკს, კირას გარდა ვერავინ ბედავდა. თვით სებასტიანიც კი, რომელიც დღის უდიდეს ნაწილს სწორედ მის გვერდით ატარებდა და არა ერთხელ დაუმტკიცებია თავისი ერთგულება.
-კიტს იმ ახალბედას მისამართის დადგენა ვთხოვე -მის კიდევ ერთ კითხვას, მობეზრებულად უპასუხა ვინლერმა და ღვედი შეიხსნა, რადგან ასე საშინლად მოუხერხებლად იჯდა -ახლა სწორედ მასთან მივდივართ, გამოცდა აქვს ჩასაბარებელი
-მოიცა, ხომ თქვი არ ვენდობიო? თუ ასეა, რა გამოცდაზეა საუბარი? საერთოდ, რა საქმეებს ხლართავ?
-მართალია, მაგრამ მან უნდა იფიქროს, რომ უკანასკნელ ტესტს გაივლის და შემდეგ ჩვენთან მოხვდება. არ მინდა ასე მარტივად მივიღო, შემდეგ ეჭვები გაუჩნდება, რომ ყველაფერს ვხვდებით და მის წინააღმდეგ რაღაცას ვგეგმავთ -თქვა და ამჯერად, მის გვერდით მჯდომს მიუბრუნდა -სებასტიან, ლეონს გააგებინე მზად იყოს. ეჭვი მაქვს, რომ აღარც ახსოვს დღევანდელი გეგმის შესახებ
-ანუ კიდევ ერთი საშიში საღამო გველის. რა უნდა ვთქვა, მშვენიერია! -სავარძლის საზურგეს კმაყოფილი სახით მიაწვა კირა. თუ აქამდე, ოდნავ მოთენთილობას გრძნობდა, ახლა ეს ყველაფერი, სადღაც, უკვალოდ გამქრალიყო და დაბრუნებას არც აპირებდა
-საშიში და დრამატული -აჰყვა მას სებასტიანიც, ვინაც ზუსტად იმ წუთას მოატრიალა საჭე და მორიგ განათებულ ქუჩაზე გადაუხვია.
ამ მიდამოებში, ხალხი აქა-იქ თუ მოძრაობდა და ისიც, მცირე რაოდენობით
-ყველაფერი მომიყევით. გეგმას უნდა გავეცნო და არც იმის თქმა დაგავიწყდეთ, ამ დარტყმულს -ცერა თითით სებასტიანზე მიანიშნა -ხელში შავი ტომარა რატომ უჭირავს?
-თავზე უნდა ჩამოვიცვა, საყვარელო
-ორივეს გისმენთ, ინტერესით ვკვდები -ამჯერად უკან ჯდომას აღარ დაჯერდა კირა და იქიდან, პირდაპირ ჯეისონის სიდენიაზე გადაძვრა . . .
მანქანა კვლავ უწინდებურად მიაპობდა ნიუ-იორკის განათებულ ქუჩებს. სებასტიანი, კირას მათ გეგმას აცნობდა და ყველაფერს დეტალურად უამბობდა. გზად, რა თქმა უნდა, ლეონსაც გაუარეს, რომელსაც ამ სპექტაკლში მთავარი, ფინალური როლი უნდა შეესრულებინა და ბოლოს, ფარდაც ჩამოეფარებინა.
ჯეისონის ვარაუდი გამართლდა. მამაკაცს მართლაც დავიწყებოდა დღევანდელი ღამის შესახებ და მისი სახლის წინ ცდა, დაახლოებით თხუთმეტ წუთს მაინც მოუწიათ, სანამ საბოლოოდ, სებასტიანმა არ შეაკითხა და სარკის წინ მოპოზიორე ლეონი, რომელიც შავ და ნაცრისფერ შარფს შორის არჩევანს ვერ აკეთებდა, იქიდან, ფაქტობრივად, კინწისკვრით არ გამოაგდო, შემდეგ კი, მანქანაში პატარა ბავშვივით ჩატენა.
ჯეისონი შეჩვეული იყო ლეონის ასეთ ქცევას, ამიტომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მიმართავდა მის დახმარებას. რაც მართალია, მართალია, თავის საქმეს მუდამ ხარისხიანად და პროფესიონალურად ასრულებდა ხოლმე. სწორედ ამიტომ იჯდა ახლა მანქანაში ყველანაირი საყვედურის გარეშე და ძილიდან ახლახანს გამორკვეული, ჯერ კიდევ მთქნარების პროცესში გახლდათ.
უბანი, სადაც მათი ავტომობილი მიემართებოდა, საკმაოდ დაშორებული იყო ცენტრალურ ქუჩებს და სადღაც, მიყრუებულ ადგილას მდებარეობდა. თანაც ისეთ მიყრუებულ, რომ JPC-ც კი ძლივს აგნებდა. შემზარავი სანახავი იყო ამ რაიონის ქუჩები. კედლები თითქმის ყველგან, უწმაწური, ბილწი სიტყვებით გაეფორმებინათ და სიბინძურის მხრივაც, ალბათ უპირველესი იყო მთელ ქალაქში. ნაგვის ბუნკერებთან, რომელიც სიგრძეზე ჩაემწრივებინათ, ქუჩის ძაღლები, კატებს დასდევდნენ და იქაურობას, თავისი ყეფით აყრუებდნენ.
დილის ექვსი საათი იყო დაწყებული, დანიშნულების ადგილს, რომ ათიოდე მეტრით მიუახლოვდნენ. ესეც სებასტიანის გიჟური ტარების მანერის გამო, რაც მანქანაში მყოფთაგან არც ერთისთვის არ წარმოადგენდა პრობლემას.
უბანში სრული სიმშვიდე სუფევდა წინა ქუჩისგან განსხვავებით, საიდანაც ყრუდ ისევ მოისმოდა ქუჩის ძაღლების ყეფა და კატების გულსაკლავი ჩხავილი. ამას, ბონუსად გაურკვეველი მიმართულებიდან წამოსული გიტარის სიმების ხმაც ერთვოდა, რომელზეც ვიღაც ზედმეტად უნიჭოდ უკრავდა და ერთი მოსმენითაც კი შესამჩნევი იყო, რომ ეს ინსტრუმენტი ხელში აქამდე არასდროს სჭეროდა.
მანქანიდან ყველაზე პირველი, ჯეისონი გადმოვიდა. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, კორპუსს ახედა, შეამოწმა ხომ არავინ იყურებოდა, შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაც დაზვერა და როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პერიმეტრი სუფთა იყო, ლეონს ანიშნა მანქანიდან თავზე ტომარა ჩამოცმული სებასტიანი გადმოეყვანა. მათ, რა თქმა უნდა, კირაც უკან მიჰყვა და რამდენიმე წამში, ყველანი ნესტის სუნით გაჟღენთილ, ჩაბნელებულ სადარბაზოში მიიმალნენ.
ლერას ბინა, მეოთხე სართულზე მდებარეობდა. მას შემდეგ, რაც ვინკლერთან შეხვედრა შედგა, ტაილერმა მას დაუყოვნებლივ ახალ სახლში გადასვლა აიძულა, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა დაქირავებული, შემდეგ კი, გოგონას სახელი და გვარი, სამოქალაქო ბაზაშიც ამავე მისამართით დაარეგისტრირა. ასეთ ინფორმაციებზე ყველაზე დიდი წვდომა, პოლიციელებს შორის, მაქსს ჰქონდა, ამიტომ ზემოთ ხსენებული საკითხის მოგვარებამ, მთლიანად მის კისერზე გადაიარა.
ჯეისონისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რომელიც მან, ლერასთან საუბრის შემდეგ მიიღო, გოგონა საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა. იმდენად, რომ დის მკურნალობის ხარჯებსაც კი ვერ ფარავდა. სწორედ ამიტომ, მისი უწინდელ, მდიდრულ საცხოვრებელში დარჩენა, ყველანაირად გამორიცხული იყო და ეს ლერასაც მშვენივრად ესმოდა. ნამდვილად ვერ იტყოდით, რომ გოგონასთვის ადვილი შესაგუებელი იყო ის ბუნაგი, სადაც ცხოვრება უხდებოდა და მისი ვარაუდით, ასე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გასტანდა. ყველაზე მეტად, სწორედ ეს უჭირდა, რადგან მუდამ სიმდიდრეში ცხოვრებას, კომფორტს იყო შეჩვეული, ეს სახლი კი, ნამდვილ მიწიერ სასჯელად ესახებოდა. თუმცა უკომპრომისოდ დიდი სასჯელი, მაინც უბნის სიბინძურესთან შეგუება გახლდათ ლერასთვის. სწორედ ამიტომ იყო, რომ დღის უმეტეს ნაწილს, ან სახლის გარეთ ატარებდა, უაზროდ ხეტიალში და ნავსადგურზე გემების ყურებაში, ან ჩართული ტელევიზორის წინ ეძინა და რეალობას გამოთიშული, სიზმრების სამყაროში მოგზაურობდა.
დღეს, რატომღაც, ჩვეულებრივზე ადრე ჩასძინებოდა. მობილური იქვე, თავთან დაედო და ბალიშს ისე ჩახუტებოდა, როგორც პატარა ბავშვი, დედას. საწოლის ცოტა მოშორებით მდგარ პატარა მაგიდაზე, გადაშლილი წიგნაკი იყო დატოვებული. აქ, ლერას რაღაცის წერა ჰქონდა დაწყებული, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, შუა გზაზე გაეწყვიტა და კალამთან ერთად, იმავე ადგილას მიეტოვებინა. მარჯვენა კედელზე, რომელიც ღია ცისფრად იყო შეღებილი, ხის მრგვალი დაფა ჰქონდა მიმაგრებული, რაშიც ზუსტად შუაგულ, წითელ წერტილში, შავტარიანი დანა იყო გარჭობილი.
საძინებელს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ სხვა ოთახებთან შედარებით, ყველაზე მოწესრიგებული იყო. ლერა ყველანაირად ცდილობდა, ამ საშინელ ბინაში, მისი აპარტამენტები მაინც ყოფილიყო ნორმალური და დიდი შრომის შედეგად, ეს გამოუვიდა კიდეც. ოთახში გოგონას საწოლის გარდა, კიდევ ერთი ტახტი იდგა, რომლის თავზეც, ოქროსფერი ასოებით, კეიტი იყო ამოკაწრული. ამ საწოლის თავზე, ხის თაროები იყო მიმაგრებული, რაზეც სხვადასხვა დეტექტიური რომანები და კრიმინალური ჟანრის სქელყდიანი წიგნები იწონებდნენ თავს. ლერას, ერთ-ერთი მათგანი ბალიშთანაც კი დაედო და როგორც ჩანს, კითხვისას ჩასძინებოდა.
გოგონას არასდროს უყვარდა ადრე გაღვიძება. მართალია, მოსწონდა, როდესაც ხედავდა, თუ როგორ მიდიოდნენ ყოველ დილით გოგონები სავარჯიშოდ მოკლე ტოპებსა და შორტებში გამოწყობილები და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდნენ, თუმცა ფიზიკური დატვირთვა, თანაც ამ დროს, ყოველთვის ეზარებოდა. ძილი, მუდამ თერთმეტ საათამდე უგრძელდებოდა ხოლმე, თუმცა ახლა, რაღაც მიზეზების გამო, რომელშიც, ვინ იცის, უბრალო დამთხვევა იყო დამნაშავე, თუ მეექვსე გრძნობა, ჩვეულებრივზე ადრე გამოფხიზლდა.
ვინ მოთვლის, თუ რამდენჯერ სცადა ძილის შებრუნება, გონებაში დათვლის საშუალებასაც მიმართა, თუმცა მაინც არაფერი გამოსდიოდა. საოცარია, მაგრამ გრძნობდა, რომ საერთოდ აღარ ეძინებოდა და ამდენი უშედეგო მცდელობით მობეზრებულს, იმ წამსვე ბალიშთან დარჩენილი წიგნი მოაგონდა. კითხვა მართლაც, რომ საინტერესო მომენტზე გაწყვიტა და ახლა ძალიან მოუნდა შუა გზაზე მიტოვებულ სტრიქონებს დაბრუნებოდა.
გოგონამ საწოლიდან თავი წამოსწია, ტუმბოზე დადებული სანათი, ძაფზე ხელის ჩამოკვრით აანთო, საწოლში გასწორდა და წიგნის ფურცლებზე იმ მომენტს დაუწყო ძებნა, სადაც ძილის ანგელოზმა კითხვა გააწყვეტინა. ბავშვობიდან ძალიან უყვარდა წიგნები, თუმცა ამ პერიოდის დიდი ნაწილი არც კი ახსოვდა. საერთოდ არ აგონდებოდა, თუ ვინ იყო და რას აკეთებდა თოთხმეტ წლამდე. ეჩვენებოდა, რომ ეს წლები მისი მეხსიერებიდან ვიღაცამ წარმოსახვითი საშლელით ამოშალა, თანაც ისე, რომ მცირედი კვალიც კი, არ დაუტოვა.
ლერამ ღრმად ამოიხვნეშა და მორიგი გვერდი გადაფურცლა. დეტექტივი მის საყვარელ ჟანრად ითვლებოდა. მუდამ ეჩვენებოდა, რომ მათი კითხვისას, უფრო ჭკვიანი, დაკვირვებული და გონიერი ხდებოდა, ვიდრე ეს აქამდე იყო. როგორც ყოველთვის, პლედის გადაფარება ახლაც დავიწყებოდა და ლოგინში მხოლოდ საზაფხულო პიჟამათი შეწოლილიყო.
გამათბობელი ბოლომდე ჰქონდა აწეული, თუმცა რატომღაც მაინც დაეწყო სიცივის შემოტევა. საშინლად არ უნდოდა ფეხზე ადგომა და საინტერესო სტრიქონებს მოწყვეტა, თუმცა სხვა გზა არ იყო, სიცივისგან მობუზული სხეულის გარდა, უკვე ვეღარაფერზე ფიქრობდა, ამიტომ ფეხზე სწრაფად წამოხტა, კარადასთან მიირბინა და ის-ის იყო ზემოთა თაროდან პლედი უნდა ჩამოეღო, რომ თავის განზრახვა, კარზე ხმამაღალმა კაკუნმა ჩაუშალა.
აი ეს იყო საოცრება.
ვინ უნდა ყოფილიყო ამ დილაადრიან? ტაილერი მოსვლამდე აუცილებლად გააფრთხილებდა, მას უკვე კარგად იცნობდა და პოლიციელის ჩვევებიც საკმარისზე კარგად ჰქონდა შესწავლილი. თანაც ხომ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს მხოლოდ სატელეფონო ჯიხურით დაუკავშირდებოდნენ და შეხვედრითაც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას შეხვდებოდნენ, სადაც უცხო თვალი ვერ დაინახავდა. არა, ტაილერი ვერ იქნებოდა. ეს ვარიანტი ლერამ მაშინვე გამორიცხა და ისე, რომ ბევრი აღარ უფიქრია, შემოსასვლელისკენ დაიძრა. ვინც არ უნდა ყოფილიყო, არ ეშინოდა. რაც თავი ახსოვდა, ყოველთვის მშვენივრად გამოსდიოდა საკუთარი თავის დაცვა და ყოველი შემთვევისთვის, სამზარეულოდან გამოტანილი დასაკეცი დანაც გამოაყოლა ხელს, რომელიც ტანზე ამოცმულ პიჟამა შორტში ჩამალა და საკეტი ისე გადაატრიალა, რომ სათვალთვალოში გახედვა აზრადაც არ მოსვლია.
და უეცრად, ეს თვალები . . .
ლერამ სადარბაზოს სიბელეშიც კი ამოიცნო ჯეისონის შავი სფეროები, შემდეგ, კი მისი სურნელი იგრძნო და გაოცებისგან თვალები ლამის შუბლზე აუვიდა, როცა სახლში მისი მხლებლებიც შემოლაგდნენ. პირველი რა თქმა უნდა, ვინკლერი გადმოსცდა ზღურბლს, რომელმაც ჯერ კიდევ კარში მდგომი გოგონა, დაუკითხავად გასწია გვერდზე და ჰოლში უკითხავად შეაბიჯა. მას უკან მუქ ლურჯ, ტანზე მომდარ კომბინიზონში გამოწყობილი თმაგაშლილი კირა მოჰყვა, ხოლო სულ ბოლოს, ვიღაც შავგრემანმა, წვერმოშვებულმა ტიპმა, თავზე ტომარა გადაცმული ტიპი შემოიყვანა ზურგზე გადაკიდებული და კარებიც წამსვე დაიხურა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ლერამ გააზრებაც ვერ მოასწრო, თუმცა როდესაც სიტუაცია გაანალიზა, კარგად გადახარშა და დარწმუნდა, რომ ყოველივე ეს არ მოჩვენებია, მისაღებში, ფაქტობრივად, სირბილით გავარდა.
იქ უკვე მოწყობილიყვნენ მოულოდნელი სტუმრები. ტომარა გადაცმული ტიპი ოთახის შუაგულში მდგარ სკამზე დაესვათ, ის წვერებიანი შავგრემანი კუთხეში მიწეულ სავარძელზე შინაურულად ჩამჯდარიყო, ფეხები სახელურზე შემოეწყო და მაგიდიდან აღებული ქლიბით, ფრჩხილებს ილამაზებდა. რაც შეეხება ჯეისონს და კირას, ისინი ერთ სკამზე, გევრდიგვერდ ისხდნენ და დრო და დრო ერთმანეთს, გამომწვევ მზერას ესროდნენ.
-რა ხდება? -სიჩუმე ვეღარ აიტანა ლერამ და გაოცებული სახით იკითხა -მადლიერების დღეა და სტუმრად მოხვედით? -მგონი რაღაც გეშლებათ, ეგ დღესასწაული ნოემბერშია
პასუხის გაცემის ინიციატივა, თავის თავზე კირამ აიღო:
-შენს ადგილას ასე დიდ გულზე არ ვიქნებოდი, საყვარელო. სიტყვებსაც უნდა დაუკვირდე, როდესაც საქმე ისეთებთან გაქვს, როგორებიც ჩვენ ვართ -თვალი თვალში გაუყარა მას გოგონამ და ამ დროს, ჯეისონიც წამოდგა ფეხზე. ბიჭს ხელში ვერცხლისფერი უცხო შესახედაობის იარაღი ეჭირა, მას შავი ხელსახოცით წმენდდა და ცდილობდა გამომწვევ საღამურებში გამოწყობილი, ლერას უნაკლო ფიგურა დაეიგნორებინა
-ვინმე ამიხსნის ეს რა შეკრებაა? -ამჯერად ხმას აუწია გოგონამ -კითხვას მომწყვიტეთ და თქვენ გამო ჯერაც არ ვიცი, როგორ გახსნა შერლოკმა სერიული მკვლელის საქმე
-სერიულ მკვლელს, რომ გაუგო, ჯერ თავად უნდა გახდე მკვლელი -იმ დროის მანძილზე, რაც ლერას ბინას, თავს მოულოდნელად დაესხნენ, ხმა პირველად ამოიღო ჯეისონმა და გოგონას უცერემონიოდ გაუწოდა იარაღი, შემდეგ კი, სკამზე მჯდომ ტიპზე ანიშნა, ვისაც ტომარა ისევ ისე ჰქონდა ჩამოცმული, როგორც ცოტა ხნის წინ, ხელები კი ზურგს უკან, საგულდაგულოდ შეეკრათ -ამ ადამიანს უნდა ესროლო, ლერა. ახლა და ჩემს წინ. პირდაპირ გულში
-მაპატიე, რა უნდა ვქვნა? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით გახედა მან
-რაც გაიგე. გულში ესროლე-მეთქი! ხომ ამბობდი ნებისმიერ სიბინძურეს გავაკეთებ ჩემი დის გამოო? ჰოდა ახლა გეძლევა შანსი, რომ ეს დამიმტკიცო. მიდი, რაღას უცდი? იარაღი სროლისას ხმას არ გამოსცემს, ამაზე არ იდარდო
დივანში მჯდომი წვერიანი, კვლავ ჩუმად იჯდა და ფრჩხილების გაქლიბვას აგრძელებდა. არც კირა იღებდა ხმას. ის უბრალოდ საეჭვოდ დუმდა და დადგმული შოუს მიმდინარეობით, ბოლომდე ტკბებოდა. ოთახში, ამჯერად მხოლოდ ლერა და ჯეისონი ლაპარაკობდნენ.
-ანუ გინდა, რომ ეს ტიპი მოვკლა -ირონიულად ჩაილაპარაკა მან, მას შემდეგ, რაც მსხვერპლის ხელზე გამოსახული მორიელის სვირინგი დაინახა და ვინკლერს იარაღი მაშინვე ჩამოართვა -ესე იგი გულში ვესროლო. გამოგიტყდები იარაღი ხელში ბევრჯერ მჭერია და საუკეთესო მსროლელი ვარ
-ეს გოგო, ზუსტად შენნაირი დემონია, ჯეისონ - აღნიშნა კმაყოფილი გამომეტყველებით კირამ
-სანამ მოვკლავდე, მითხარი ეს ტიპი ხმას რატომ არ იღებს? პროტესტის გრძნობა არ უჩნდება, რომ მალე ტყვია უნდა დააჭედონ?
-საძილე წამალი გავუკეთეთ. ახლა კი, ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ, პირდაპირ გულში დაუმიზნე და ჩახმახს გამოკარი -ამ სიტყვებით, ჯეისონი მის უკან დადგა, მარჯვენა ხელი მუცელზე დაადო, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და ჩასჩურჩულა -გააკეთე ეს ლერა და ჩათვალე ჩვენთან ხარ. ამას გპირდები!
-ეს ნამდვილად არ გამიჭირდება -კვლავ ირონიულად ჩაეცინა გოგონას და სანამ ვინმე, კიდევ რაიმეს თქმას ან დამატებას მოასწრებდა, იარაღიდან ტყვიაც გავარდა. რა თქმა უნდა, არანაირი ხმა არ ყოფილა. მხოლოდ მცირედი ინერციით უკან გადაქანება სროლის დროს და მეტი არაფერი.
და აქაც, ლერას ას პროცენტიანი სიზუსტე. იარაღი პირდაპირ გულში მოხვდა. მაისურმა, რომელიც მხვერპლს ეცვა, მაშინვე შეიცვალა ფერი და მასზე წითელმა ლაქამ, ნელ-ნელა დაიწყო ზრდა. კირამ შეუმჩნევლად დაიხედა, ტანსაცმელზე მიმაგრებულ, პატარა სათვალთვალო კამერაზე და კმაყოფილს ჩაეცინა. იარაღი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა გოგონას და ჯეისონიც ზუსტად ისე ედგა უკან, როგორც რამდენიმე წამის წინ. ყველაფერი იმაზე მალე დასრულდა, ვიდრე თითოეული მათგანი მოელოდა. არც ერთ იქ მყოფს არ ეგონა, რომ ლერა ამ ყველაფერს ასე მარტივად გააკეთებდა და ჯეისონს წამით ეჭვიც კი შეეპარა თავის უწინდელ არგუმენტში, თუმცა მხოლოდ წამით.
-ლეონ, მოდი აქ -ლერას მოშორდა ვინკლერი და უკან გაიხედა -გვამი გაიტანე და იზრუნე, რომ მისი პოვნა ვერავინ შეძლოს. კირა, შენ უკან გაჰყევი და შეამოწმე გარეთ ვინმე ხომ არ დგას. მგონი იმის თქმა არ მჭირდება, რომ მოჩვენებებად უნდა გადაიქცეთ და ვერავინ უნდა შეგამჩნიოთ
ჯეისონის ბრძანება, ამჯერადაც ყველანაირი პროტესტის გარშე შესრულდა. რამდენიმე უხმოდ ჩავლილი წამიც და სახლში აღარც კირა იყო, აღარც გვამი და აღარც ლეონი, ვისაც ქლიბი იმ დივანზე დაეტოვებინა, რომელზეც ცოტა ხნის წინ, თავად იჯდა.
მისაღებში მხოლოდ ლერა და ჯეისონი დარჩენილიყვნენ. ისინი ფანჯარასთან , გევრდიგევრდ იდგნენ და უხმოდ უყურებდნენ, როგორ ტენიდნენ მანქანაში კირა და ლეონი ტომარაჩამოცმულ სხეულს. ყველაფერი ახლაც ელვის უსწრაფესად მოგვარდა თანაც ისე, რომ არანაირი მოწმე და თვითმხილველი არ ყოფილა, ვისაც საქმის გართულება და სიტუაციის დაძაბვის ძალა შესწევდა.
-ყავას დალევ? -დუმილი ლერას სიტყვებმა დაარღვია და მისმა გულცივობამ, თავად ჯეისონ ვინკლერსაც კი გაუფართოვა ღამესავით შავი თვალები
-ცოტა ხნის წინ, კაცი მოკალი და ახლა ყავის დალევა გინდა? გამოგიტყდები, ნამდვილი გიჟი ხარ, ლერა
-მგონი გავიწყდება, რომ ეს შენ მაიძულე. ჩემი სისუტით ისარგებლე, იცი, რომ ჩემი დის გამო ყველაფერს გავაკეთებ და ამას იყენებ! ჰო, ახლა გულცივი ვარ. ყველა და ყველაფერი ფეხებზე . კიდევ ათას კაცს მოვკლავ ისე, რომ ხელიც კი არ ამიკანკალდება, ოღონდ მან იცოცხლოს, გემის, ეს? -ლერა ფანჯარას მოშორდა და დივანზე გამომწვევად გაწვა -ახლა კი, თუ შეიძლება დავიძინებ. ადამიანის მოკვლა თურმე ენერგიას გაცლის და გთენთავს
-მომწონს შენნაირი ცივსისხლიანები. რაღაცით ჩემ თავს მაგონებ, იცი? -ღიმილით ჩაილაპარაკა ჯეისონმა, მას სწრაფად მიუახლოვდა და პატარა, თეთრი ქაღალდი, ხელში შეაჩეჩა
-ეს რა არის? -ჯერ მის თავზე წამომდგარ, ერთიანად შავებში შემოსილ სილუეტს ახედა გოგონამ და შემდეგ, ინტერესიანი მზერით ფურცელს დახედა, სადაც რაღაც ციფრები ეწერა საკმაოდ ლამაზი, გამოკვეთილი ხელით
-ეს ჩემი ტელეფონის ნომერია. ამ დღეებში დაგირეკავ და თუ უცხო ნომრებს არ პასუხობ, გეცოდნება, რომ ეს მე ვარ
-ჩემი ნომერი საიდან იცი? -სცადა სახეზე ყალბი გაოცება აიკრა
-მე ყველაფერი ვიცი. ცოდნა ძალაუფლებაა, ძალაუფლება კი, ჩემს სამყაროში ძალიან უყვართ
ლერას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა სწორედ ამ დროს, ქვემოდან სიგნალების ხმა გაისმა. ამ ხმას, ჯეისონის მობილურზე მოსული შეტყობინების ზუზუნიც შეუერთდა და გოგონამაც, ინსტიქტურად ფეხზე წამოიწია.
-ანუ ყავა არ გინდა, არა?
-სხვა დროს იყოს. ახლა კი, აქ მოდი -ჯეისონი, გოგონას უცერემონიოდ მიუახლოვდა, ფეხზე წამოაყენა და თავისი შავი სფეროებით, უტეხად მიაშტერდა. ეს თვალებში ყურება, დიდხანს ნამდვილად არ გაგრძელებულა. ვინკლერმა, ამჯერად ლერას მკლავებისკენ გადაინაცვლა და მას თითები გევრდულად ჩამოუსვა. მხოლოდ ოდნავ ეხებოდა, თუმცა ესეც საკმარისი იყო გოგონასთვის, რომ ორგანიზმი წყობიდან გამოსულიყო. ჯეისონ ვინკლერი მისთვის არავინ იყო, თუმცა ეს შეხება . . . როგორ ეცნობოდა ეს თითები, ეს მუხტი, ეს შეგრძნებები. თითქოს რაღაც მივიწყებული ცოცხლდებოდა მასში და ვერ გაეგო, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ყელზე, რომ იგრძნო მისი ცივი ტუჩების შეხება, აქ საბოლოოდ გაითიშა. დაიფიცებდა, რომ ახლა დეჟავუს შეგრძნება ჰქონდა. იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა, რომ წინააღმდეგობის ძალაც აღარ შესწევდა. თავადაც კი, ვერ გააცნობიერა ისე შეუცურა ჯეისონს თმაში, თავისი თლილი თითები და კვლავ მის თვალებს რომ შეეჩეხა, თავისთავად აღმოხდა:
-აქედან წადი! ახლავე!
მის სიტყვებს, ვინკლერის ირონიული ჩაეცინება მოჰყვა, თუმცა მიუხედავად ამისა, თვალების შორეულ სიღრმეებში, მაინც ეტყობოდა, რომ ეს შეგრძნებები მხოლოდ ლერასთვის არ იყო ნაცნობი. სწორედ ამ ვითარებას გადაჰყავდა ჭკუიდან და სწორედ ამან უბიძგა, გულგრილობის ნიღაბი, რაც შეიძლებოდა მაგრად მიეწებებინა კანზე.
-დღეს დამჯერე ფისუნია იყავი, ლერა. ამიტომ აი ეს გამომართვი, დაიმსახურე -ჯიბიდან შოკოლადის ლამაზად შეფუთული კანფეტი ამოაძვრინა და გოგონას მარჯვენა ხელში დააჭერინა -ჩემი კოცნის არომატსაც გაამძაფრებს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, სხვა დროს ვეღარ ეღირსები
მერე კი, იყო სიცარიელე, იყო რიტმული ნაბიჯების ხმა. ბოლოს კი, კარიც ხმაურიანად გაჯახუნდა.
ჰო სწორედ ასე იყო. მოჩვენებასავით მოვიდა და მოჩვენებასავითვე აორთქლდა . . .
ლერა, თავის პატარა სახლში სრულიად მარტო დარჩა. გარკვეული დროის განმავლობაში, კედელზე ამოჩემებულ ერთ წერტილს უყურებდა გაყინული მზერით, თან ხელში ჯეისონის მოცემული ტკბილეული ეჭირა. მერე, თითქოს რაღაც მზაკვრული მოაფიქრდაო, სახეზე კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა და დივანზე არხეინად წამოკოტრიალდა.
-ფიქრობ, რომ შენი დადგმული სპექტაკლის არსს ვერ ჩავწვდი, ვინკლერ? -ისე იკითხა გოგონამ, თითქოს ამ სიტყვების ადრესატი, მის წინ, ოთახში მდგარიყო -მშვენივრად ვხვდები, რომ ამ ღამით არავინაც არ მომიკლავს და მხოლოდ პროფესიონალურად დადგმულ ცირკში მივიღე მონაწილეობა. რაც არ უნდა გააკეთო, მე მუდამ ერთი ნაბიჯით წინ ვიქნები, ეს დაიმახსოვრე! -დაამატა ბოლოს და თვითკმაყოფილი მზერით წაიღო პირისკენ ჯეისონის დატოვებული, პარკ-შემოცლილი ტკბილეული.











4 თავი

კირა, ჭერზე დამონტაჟებული ერთადერთი ნათურით განათებულ, ნესტის სუნით გაჟღენთილ ოთახში იჯდა და თავს, ნიუტონის ვერცხლისფერ ბურთებზე თამაშით ირთობდა. მისგან ცოტა მოშორებით, რკინის ჟანგიან სკამზე, რომელიც მეტად საცოდავად გამოიყურებოდა, ლურჯი ფერის, მსხვილი კალმით ხელში, სებასტიანი ჩამომჯდარიყო. კირასაგან განსხვავებით, ამ უკანასკნელს უფრო შემეცნებითი გასართობი მოეძებნა და გაზეთიდან ამოჭრილ კროსვორდში თავიდან ფეხებამდე იყო ჩაფლული.
ჯოშ ნორტონის ოჯახის გატაცებიდან, უკვე სამი დღე გასულიყო. ჯეისონმა ბავშვებზე და მათ დედაზე მეთვალყურეობა, სწორედ კირას და სებასტიანს გადააბარა, რომლებიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში, მათ გვერდიდან არ შორდებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, იმ ბინძურ საწყობში გატარებული დღეები, რაც შეიძლებოდა მალე დასრულებულიყო. ყველაზე მეტად, ამ საშინელ გარემოსთან შეგუება, მაინც კირას უჭირდა. ვერასდროს იტანდა ნესტის სუნსა და საწყობის ტიპის შენობებს, სადაც წუთში ერთხელ, ვირთხები გაირბენდნენ თავიანთი ამაზრზენი წრიპინით.
-იაპონიის დედაქალაქი, ხუთი ასო -კირას, ნიუტონის ბურთებით თამაში, სებასტიანის სიტყვებმა გააწყვეტინა და დაბლა დაწეული თავიც, მაშინვე წამოსწია -ხომ ვერ დამეხმარები? კროსვორდში გავიჭედე
-ტოკიო, იდიოტო! ნეტავ ვიცოდე, ასეთი კარგი განათლება რომელ სასწავლო დაწესებულებაში მოგცეს
სებასტიანს ჩაეცინა და თავი გადააქნია.
-ადამიანისთვის ტყვიის დაჭედებას და ყელის გამოჭრას, სპეციალური სწავლება არ სჭირდება -მიუგო მან -სიმართლე გითხრა, მე ყოველთვის დანის გამოყენებას ვამჯობინებ. ასე, ემოციებს უფრო კარგად ვაკვირდები, მომწონს ადამიანის თვალებში შიშის დანახვა და მათი მავედრებელი გამოხედვა, რომ შევიბრალო
-ოდესმე ვინმე შეგიბრალებია? -ისე, სხვათა შორის ჰკითხა კირამ და ცოტა ხნის წინ შეხსნილი, ტყავის მოკლე ქურთუკი, ახლა საერთოდ გაიხადა, რადგან ბოლომდე აწეული გათბობის გამო, უკვე საშინლად ცხელოდა
-რა თქმა უნდა, არა
-მეც სწორედ ასეთ პასუხს ველოდი. ჰო, მართლა, ჯეისონმა არ გითხრა იმ იდიოტ ჯოშს როდის დაუკავშირდება და ბარტერს როდის მოსთხოვს? უკვე ყელში ამომივიდა შენთან ერთად აქ ჯდომა და ამ წყეული ბურთებით თამაში
-არც ჩემთვისაა დიდი პატივი შენნაირ კუდიანთან ერთად დროის გატარება, თუმცა როგორც ხედავ, არ ვწუწუნებ. მძევლებს უკვე აჭამე?
-არა. და სხვათა შორის, ახლა შენი რიგია -გამომწვევად მიუგო კირამ -საუზმე მე მივუტანე, სადილი კი, კეთილი ინებე და შენ თვითონ იკისრე
-ხომ ხედავ, კროსვორდს ვავსებ? -მისკენ არც გაუხედავს, ისე დაუბრუნა პასუხი სებასტიანმა
-ერთი კროსვორდის შევსებით, შენნაირი იმბეცილი, ჭკვიანი ნამდვილად ვერ გახდება, ასე რომ საჯდომი ასწიე და იმ ოთხეულს რაიმე უყიდე. არ ვიცი, ან მაკდონალდსში ან რომელიმე სხვა სწრაფი კვების ობიექტში. მე, ეს არ მეხება
-კარგი, მათ კიდევ მოვუვლით, მაგრამ ის პატარა ღლაპი გვიქმნის დიდ პრობლემას. გუშინ მთელი ღამე ტიროდა, ვერაფრით დაწყნარდა. წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ მოვკლავდი, მაგრამ ჯეისონი ტყავს გამაძრობს. მითხრა, არც ერთ მათგანს თმის ღერიც არ უნდა ჩამოუვარდესო - მაგიდაზე შემოწყობილი ფეხები ძირს ჩამოიღო სებასტიანმა. მერე, კიდევ ერთხელ ჩახედა ნახევრად შეუვსებელ კვადრატებს და კროსვორდი სწორედ იმ ადგილას შემოდო, სადაც ცოტა ხნის წინ, მარჯვენა ფეხსაცმლის ქუსლი ედო
-ზუსტად ათ წუთში დავბრუნდები. ბავშვისთვის, როგორც ყოველთვის ფაფა და რძე წამოვიღო, არა?
-ჰო და რეზოლსის კანფეტებიც -სერიოზული სახით დაამატა კირამ
-რეზოლსის კანფეტები? ბავშვები რა, ამასაც ჭამენ? თუ შენთვის გინდა?
-არაფერი გაგეგება, სებასტიან. რა თქმა უნდა, ჭამენ. კბილების ამოსვლას უწყობს ხელს და ღრძილებსაც ამაგრებს
-ჰო, ეს არ ვიცოდი. კარგი, ახლა წავალ და იცოდე ჭკვიანად მოიქეცი. კაცების აქ მოყვანა გეკრძალება, მეზობელ ოთახში ბავშვები არიან და ადრეული ასაკიდან ნუ გარყვნი
კირას, მის მწარე ხუმრობაზე პასუხი არ დაუბრუნებია. მხოლოდ ირონიული მზერით შემოიფარგლა და როგორც კი, სებასტიანმა კარი გაიხურა, კმაყოფილმა ჩაიცინა :-ჯანდაბა, რა იდიოტია დაიჯერა!
და აი ეს ხმაც . . .
მეზობელ ოთახში, ისევ ბავშვი ატირდა. კირას უკვე მობეზრებული ჰქონდა მისი ამაზრზენი, გულსაკლავი ჩხავილი. მშვენივრად ხვდებოდა, რომ სანამ სებასტიანი არ მოვიდოდა და პატარას საჭმელს არ მოუტანდა, სწორედ ეს შემაძრწუნებელი "მუსიკა" უნდა ესმინა.
ტყუპები, ცალკე ოთახში იყვნენ გამოკეტილები და საბედნიეროდ, სრულ მდუმარებაში ჩაძირულიყვნენ. ყოველთვის მორჩილად იღებდნენ მათთვის მიტანილ საკვებს და შიშის ქვეშ მყოფნი, არც ზედმეტ კითხვებს სვამდნენ. აი ეს ახალშობილი კი, ნამდვილი სასჯელივით იყო. მის ჩვეულებრივზე ხმამაღალ ტირილს, რომლითაც იმ დღეს იქაურობა დააჯილდოვა, სებასტიანის უპასუხისმგებლო დაგვიანებაც დაერთო თან. წასვლის წინ, დაიბარა, რომ უკან ათ წუთში დაბრუნდებოდა, მაგრამ მისი ამ კარიდან გასვლის შემდეგ, უკვე ბევრად მეტი გასულიყო, იგი კი, კვლავაც არ ჩანდა.
კირას უკვე მოთმინების ძაფი უწყდებოდა. მშვენივრად იცოდა, რომ ამ პერიოდში ბავშვს უკვე ჭამის დრო ჰქონდა და სანამ არ დანაყრდებოდა, მანამ ტირილს არაფრით არ შეწყვეტდა. სამწუხაროდ, არც თავად შეეძლო გასვლა და რამის ყიდვა. საწყობს ვერანაირად ვერ მიატოვებდა, რადგან მისი არ ყოფნის შემთხვევაში, შეიძლებოდა ნებისმიერი რამ მომხდარიყო, შედეგებზე პასუხის გება კი, რა თქმა უნდა მას მოუწევდა.
-მორჩა, უნდა დავურეკო იმ ორანგუტანგს -ბოლოს, მოთმინებიდან გამოსულმა, თავი ვეღარ გააკონტროლა, გადაწყვეტილებაც ცხელ გულზე მიიღო და იმ წამსვე, უკანა ჯიბეში ჩადებული მობილური მოიძია. იმედი ჰქონდა, რომ სებასტიანი ამჯერად მაინც აიღებდა ყურმილს და როგორც ყოველთვის, მობილური უხმო რეჟიმზე არ ექნებოდა დაყენებული.
მეათე ზარის გასვლაზე, როგორც იქნა უპასუხა. ყურმილის მეორე მხრიდან, რაღაც როკ-მუსიკის ხმები მოისმოდა და ამის გამო, სებასტიანსაც ხმამაღლა უწევდა საუბარი.
-სად ჯანდაბაში ხარ, ესპანელო? -მაშინვე შეტევაზე გადავიდა კირა -როგორც მახსოვს, აქ დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყავი. ის წყეული ბავშვი არა და არ ჩუმდება. მითხარი, რა გავაკეთო?!
-კარგი, ნუ ყვირი თავი ამტკივდა! -ამჯერად მუსიკის ხმა უკვალოდ გაქრა და სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. როგორც ჩანს, სებასტიანმა ბოლო ხმაზე აღრიალებული მაგნიტოფონის გათიშვა მოიფიქრა -GW Bridge-ზე რაღაც ავარიაა, უზარმაზარ საცობში ვარ გაჭედილი და თავ-ბედს ვიწყევლი, რომ საბარგულში ველოსიპედი არ ჩავდე. არა მგონია უახლოესი საათ ნახევარი, აქიდან გამოღწევა შევძლო
-შენ რა, დამცინი? -სკამიდან ისე სწრაფად წამოხტა კირა, რომ იგი ლამის ააყირავა -ამ ატირებულ ბავშვს რა ვუყო? იქნებ ახლავე მოვაკეტინო ერთი გასროლით? უკვე თავი მომაბეზრა
-ნუ სულელობ, ჯეისონმა თქვა, რომ არცერთ მათგანს არ უნდა ვავნოთ!
-აქაურობის დატოვება არ შემიძლია და ვერც საათ ნახევარი დავიცდი. მორჩა იმ ახალბედას ვურეკავ, ჯეისონის ვირთხებიდან, მხოლოდ მისი ტელეფონის ნომერი მაქვს
-კირა -ხმა დაეძაბა ესპანელს -არ გაბედო და ეს არ გააკეთო. ჯეისონმა ეგ გოგო მხოლოდ იმიტომ შემოგვტენა, რომ გავარკვიოთ ვისზე მუშაობს და არა იმიტომ, რომ მის წინ, სამხილები კარტებივით გავშალოთ. ჯეისონის სიტყვის გარეშე, ჩვენ ნაბიჯის გადადგმის უფლებაც კი არ გვაქვს, გესმის?
-უსაქმოდ არც მე ვზივარ. ამ სამი დღის განმავლობაში, ვიღაცებს კერძო გამოძიების ჩატარება ვთხოვე და ვფიქრობ ეგ ლერა სიმართლეს ამბობს. კლინიკაში მართლაც წევს მისი და, ექიმების თქმით, უკვე სამი თვეა და ძალიან ძვირიანი მედიკამენტები სჭირდება, რათა იცოცხლოს. იმ გოგოს ბინაშიც შევგზავნე ხალხი. საძინებელში, ერთმანეთის პირდაპირ, ორი საწოლი უდგას, სადაც ერთ-ერთ მათგანზე კეიტია ამოკაწრული. მის დას კი, ზუსტად ასე ჰქვია-კეიტ ნიკოლსონი
-კიდევ რა გაარკვიე? ეგ გამოძიება, რომ მე ჩამეტარებინა, პირველ რიგში მისი საცვლების კოლექციას დავათვალიერებდი
-კიდევ ის, რომ . . . -მისი ბოლო სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე განაგრძო -იმ ბინაში, უკვე შვიდი წელია ცხოვრობენ, მას შემდეგ რაც სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდნენ და როგორც ბინის პატრონი ამბობს, ქირის გადახდას ყოველთვის აგვიანებენ. მათი ბანკის ვალები, მუდმივი სესხები, ყველაფრის ამონაწერი მაქვს და მიუხედავად ჯეისონის უნდობლობისა, რომელმაც არც კი მომისმია, როდესაც მინდოდა ჩემი პატარა გამოძიების შესახებ მომეყოლა, იმ გოგოს სიტყვების მაინც მჯერა, თანაც -აქ კირას, კმაყოფილს ჩაეცინა და ქვედა ტუჩზე, მსუბუქად იკბინა -დამატებით გეგმას მივმართე და როდესაც ლერას ბინაში, ღამით მივედით, სადაც მან იარაღიდან გაისროლა და თითქოს კაცი მოკლა, ის კადრები სათვალთვალო კამერით ჩუმად გადავიღე.
-რა ქენი? -ლამის ტელეფონიდან გამოძვრა სებასტიანი -შენ რა, სულ გააფრინე?
-ნუ ღელავ, იმ გოგოს გარდა, ყველას სახე დაფარულია. ამ ჩანაწერით კი, ხელში მყავს, რათა ჩვენს წინააღმდეგ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლოს. პოლიციამ ხომ არ იცის, რომ ის ტომარა ჩამოცმული ტიპი შენ იყავი და ახლაც ცოცხალი და საღსალამათი დააბიჯებ
-ჰო, ეს ჯავშან-ჟილეტის და წითელი სითხით გავსებული პატარა ბუშტების იდეა, მართლაც გენიალური იყო. მაგრამ ამას შევეშვათ, მაინც არ ვფიქრობ, რომ ჯეისონის დაუკითხავდ მოქმედება მიზანშეწონილია -ყურმილში, სიგნალების ხმა გაისმა. ვიღაც გაბრაზებულმა მძღოლმა, მოუთმენლობისგან შეიგინა კიდეც
-მე არ გეკითხები რას თვლი მიზანშეწონილად და რას, არა. ამ პატარა პარაზიტის ტირილის ატანა, შენ კი არა, მე მიწევს. საცობში რომ არ ჩარჩენილიყავი და პროდუქტები დროულად მოგეტანა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. აბა, კარგად ესპანელო!
-კირა, მოიცა არ გათიშო. დაფიქრდი, ჯეისონი . . .
-ჯეისონთან მე მოვაგვარებ. შენ კი, შეგიძლია ისევ იმ უგემოვნო მუსიკის მოსმენა განაგრძო. Adios Hermano -ჩასძახა მხიარულად კირამ და წითელ ღილაკს ისე დააწვა, რომ სებასტიანს, კვლავ წამოწყებული საუბარი, შუა გზაზე სასტიკად გააწყვეტინა. იცოდა, რომ იგი კიდევ არაერთხელ დაურეკავდა და შეეცდებოდა გადაერწმუნებინა, ამიტომ სებასტიანის ნომერი დროებით დაბლოკა და ამის შემდეგ, პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ მწვანეზე დაჭერით, ზარი პირდაპირ ლერას ნომერზე გადაამისამართა.
კირა თავის საქციელით კიდევ ერთხელ ამტკიცებდა, რომ ჯეისონის რისხვის, ოდნავადაც არ ეშინოდა. კარგად იცოდა, რომ იგი მას, არასდროს არაფერს ავნებდა და ვერ გაწირავდა. კირა და ჯეისონი, მართალია ხშირად კამათობდნენ, მაგრამ ისინი ბავშვობის პერიოდიდან, განუყოფელნი, ერთი მთლიანი იყვნენ. მას შემდეგ, რაც ჯეისონი, რიჩარდის მაფიას ჩაუდგა სათავეში, ყველანაირად ცდილობდა კირა ზედმეტად ბინძურ საქმეებში არ გაეხვია და ასე თუ ისე, ამ ყველაფრისგან შორს ყოლოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ გოგონა ჯეისონის ხალხიდან მხოლოდ სებასტიანს, კიტს, ლეონს და ამჯერად, უკვე ლერასაც იცნობდა. გულახდილად რომ ითქვას, არც არასდროს მოსწონდა, რომ ჯეისონი მას ამ ყველაფრისგან შორს ამყოფებდა, მაგრამ მეორე მხრივ, იმასაც ხვდებოდა, რომ მისთვის იგი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და თუმცა არ აღიარებდა, გულის სიღრმეში, ეს სიამოვნებდა კიდეც.
ლერამ ზარს, მხოლოდ მეორე ცდაზე უპასუხა. აშკარად შესამჩნევი იყო, რომ ძალიან გადაღლილი ხმა ჰქონდა. სწორედ ისეთი, ბალიშიდან თავს სწორედ იმ წამს, რომ აიღებ და ყურზე პირდაპირ მობილურს მიიდებ. კირას, მისი ხმის ტემბრი, ტელეფონში სულ სხვანაირი ეჩვენა, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და პირდაპირ საქმეზე გადავიდა :
-ახლა კარგად მომისმინე ლამაზო! ყველანაირი მოსალმებისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვი. ერთ ადგილას უნდა მოხვიდე, რაც შეიძლება ჩქარა და რასაც გეტყვი, სასწრაფოდ უნდა მომიტანო -სიტყვებს მკაცრად და გამოკვეთილად წარმოთქვამდა, თან, ოთახში, წინ და უკან დააბიჯებდა, ისე, როგორც მოუსვენრობის დროს იციან ხოლმე -მისამართს და საყიდლების სიას, შეტყობინებით გამოგიგზავნი. ჰო, მართლა, თუ ვერ მიცანი, მაშინ გეტყვი, რომ . . .
-მშვენივრად ვიცი, ვინც ხარ -გოგონას ირონიული მზერა, ტელეფონშიც კი იგრძნო კირამ -ჯეისონის ერთ-ერთი ? მოიცა გავიხსენო . . . კირა, ხომ?
-სიტყვებს დაუკვირდი, ლამაზო. შენთვის ამდენის თქმის უფლება არ მომიცია
-უნდა მაპატიო, ხანდახან ძალიან პირდაპირი ვარ ხოლმე -კვლავ ირონიული იყო მისი ტონი. კირას უკვე ნერვები ეშლებოდა და ყველანაირად ცდილობდა ამის დაფარვას -მართალია, მე არ მეხება შენ და ჯეისონს ერთ საწოლში გძინავთ თუ ცალ-ცალკე. რა თქვი, რა უნდა გავაკეთო?
-ჰიპერ-მარკეტს უნდა ესტუმრო, საყვარელო. საყიდლების სია, უკვე გამოგიგზავნე, რასაც, ერთი საინტერესო ვიდეო-რგოლივ დავურთე იმ შემთხვევისთვის, თუ შენს პატარა ტვინს, აჯანყების მოწყობა მოუნდება. წარმატებებს გისურვებთ შენ და გორგოლაჭებიან ურიკას!
-თქვენს კლანჭებში ჩავარდნილს, ეგ ნამდვილად დამჭირდება
გოგონებს შორის კავშირი, ამ სიტყვებით გაწყდა. კირამ იცოდა, რომ სებასტიანი მომხდარს, ჯეისონს ადრე თუ გვიან აუცილებლად გააგებინებდა. ის ხომ, მისი ერთგული ფინია იყო? თუ ვინმე არსებობდა, ვისი შიშიც სებასტიანს მთელ სხეულში ჰქონდა გამჯდარი, ეს სწორედ ვინკლერი გახლდათ. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად აცნობიერებდა, რაზე იყო წამსვლელი იგი, თუ ვინმე, მისი საქმეების ჩაშლის მიზეზი გახდებოდა.
კირამ ღრმად ამოიხვნეშა და ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო. სანამ ლერა მოვიდოდა, გადაწყვიტა ტყუპების ოთახში შეეხედა და ყველაფერი გადაემოწმებინა. ბავშვის ხმამაღალი ტირილის ფონზე, ეუცნაურებოდა მათი სიჩუმე, მაგრამ გაოცებამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც შიგნით შევიდა და ერთმანეთზე მიბმული გოგონები, რომელთაც ტუჩებზე ვერცლისფერი, წებოვანი ლენტები ჰქონდათ გადაკრული, იატაკზე ნახა დავარდნილი. თავიდან, მართლა ვერ გაიგო რა მოხდა და წამით, ეს ბავშვურ ხუმრობადაც კი ჩათვალა, მაგრამ როდესაც ოთახში შესვლიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ბუნებრივი აირის სუნი იგრძნო და გატეხილი გამათბობლის მილიც დაინახა, რომლის ნაწილიც იატაკზე ეგდო, ყველაფერს მაშინვე მიხვდა.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! -სასწრაფოდ რადიატორს მივარდა კირა, მაშინვე გამორთო და იქიდან, პირდაპირ ბავშვებისკენ გაიქცა, რომლებიც იატაკზე, კვლავ უგონოდ ეყარნენ. კარგად შეკრულ თოკებს, რომლებიც მილიონჯერ მაინც იყო გადანასკვული, იმდენად სწრაფად ხსნიდა, რომ თითები უკანკალებდა. ოღონდ კი, არ მომკვდარიყვნენ, ოღონდ ცოცხლები ყოფილიყვნენ. სხვა შემთხვევაში, დიდი შარი არ ასცდებოდათ.
კირამ, ჯერ ერთ გოგონას ამოსდო ხელები იღლიების ქვეშ და ოთახიდან, გაჭირვებით გაათრია, შემდეგ მეორესთან მივარდა, ისიც სასწრააფოდ გაიყვანა უსაფრთხო ზონაში და იატაკზე, თავის დას, გვერდით მიუწვინა. მხოლოდ ახლა გაახსენდა, პულსის გაზომვა. უნდა შეემოწმებინა ცოცხლები იყვნენ თუ არა, მაგრამ ხელები ისევ უკანკალებდა. ეშინოდა, რომ ყველაფერი ცუდად იქნებოდა და მათი მაჯისკენ წაღებული თითები, მაშინვე ჰაერში ეყინებოდა. ვერც სასწრაფოში რეკავდა, რადგან ბავშვები დაკარგულად ითვლებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ გატაცების წინ, ჯოშისთვის, მათ ბინაში დატოვებულ წერილში გასაგებად იყო ნათქვამი, რომ პოლიციის გამოძახება უარეს შედეგებს მოუტანდა, შესაძლოა ბავშვებს მაინც ეძებდა, ვინმე კერძო დეტექტივი ან საიდუმლო გამომძიებელთა ჯგუფი, შეფარულად რომ მოქმედებდნენ, მაგრამ ხელი ყველაფერზე მიუწვდებოდათ. არა, სასწრაფოს გამოძახება, ნამდვილად სახიფათო იყო. თუ ასეა, რა უნდა ექნა?
იქნებ ჯეისონისთვის დაერეკა? მართალია, ლერა უკვე გზაში იყო, მაგრამ რას იზამდა ის უგონოდ მყოფ ბავშვებთან, რომლებიც, შესაძლოა უკვე ცოცხლებიც აღარ იყვნენ? აი ჯეისონს კი, ყოველთვის ჰქონდა გეგმა, ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც ბრწყინვალედ შეეძლო, სწრაფი აზროვნება და გამოსავლის პოვნა. სწორედ ამიტომ გაახსენდა კირას იგი. ამ კრიტიკულ მომენტიდან, მხოლოდ ჯეისონი თუ მოახერხებდა გამოძრომას, სხვა ვერავინ.
და ეს გაბმული ზარის ხმა... კირას ისედაც დაწყვეტილი ნერვები, უფრო მეტად აწყდებოდა. ჯერ იატაკზე დაგდებულ, უგონოდ მყოფ ბავშვებს შეხედავდა არაფრისმთქმელი მზერით, შემდეგ ჭუჭყიან კედელს და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ყურმილში, ბოლოს და ბოლოს ვინკლერის ნანატრი ხმა არ გაიგონა.
-ჯესი, რაღაც საშინელება მოხდა -ხმა დაძაბვოდა გოგონას. ამ წამს, მთელი არსებით იგრძნო, რომ ამ უცოდველი ბავშვების სიკვდილი არ უნდოდა. უფრო მეტიც, საშინლად არ უნდოდა
-რა ხდება, კირა? გაქცევა შეძლეს? არ მითხრა, რომ . . .
-უარესი -ყურმილში, გოგონას სუნთქვა საგძნობლად გახშირდა. პირველად ხდებოდა, რომ ის ასეთ მდგომარეობაში იყო და ეს თავადაც აოცებდა -ტყუპების ოთახში, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. არ ვიცი, რამდენი ხნის წინ მოიშალა გათბობის სისტემა, მაგრამ ახლა ორივე უგონოდაა. ჯესი არ ვიცი რა გავაკეთო, პულსსაც კი ვერ ვუსინჯავ, მეშინია მკვდრები არ იყვნენ და . . .
-ხუთ წუთში მანდ ვიქნები!
კავშირი იმ წამსვე გაწყდა . . .
შიშისგან აკანკალებული კირა, იქვე, კედელთან, უღონოდ ჩაიმუხლა და თავი ხელებში ჩარგო. არა, არა, არ უნდა მომკვდარიყვნენ. მათ ხომ, არაფერი დაუშავებიათ? ისინი ხომ, მხოლოდ სატყუარები უნდა ყოფილიყვნენ, რათა მათი ნაძირალა მამისთვის საქონელი გამოეძალათ? და რა მოხდა ამ დროს? მათ უსაფრთხოებაზე, მათ უვნებლად გადარჩენაზე პასუხისმგებლობის აღებაც კი ვერ შეძლეს.
კირამ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ისევ ბავშვებს დააკვირდა. იატაკზე მათი ქერა კულულები იყო მიმობნეული და შემზარავი სიჩუმე მთელს ოთახში, ბოლო ხმაზე წიოდა. გოგონებს, ყელზე ერთნაირი, მრგვალი კულონები ეკეთათ. მათში, ვერცხლისფერი ასოებით, ტყუპების სახელები ეწერა. ერთ-ერთ მათგანზე, ვალერია, ხოლო მეორეზე ლივია იყო ამოკაწრული. ამ ყელსაბამებმა, კირა, უნებურად შორეულ მოგონებებში გადაისროლა. გაახსენდა, რომ ბავშვობაში ის და ადელაინიც, სწორედ ასეთ, სახელებიან კულონებს ატარებდნენ და მეგობრობის ნიშნად, წამითაც არ იხსნიდნენ.
გოგონებმა ისინი მაშინ შეიძინეს, როდესაც საბრძოლო ხელოვების გაკვეთილიდან ჯეისონთან ერთად ბრუნდებოდნენ და გზად, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში გამოიარეს. მაშინ, ალბათ, ათი წლისანი თუ იქნებოდნენ და თან არც ჯიბის ფული ჯქონდათ თან. მაღაზიის კონსულტანტად, იმ დროს, საკმაოდ სანდომიანი სახის, მოხუცი, სათვალეებიანი კაცი მუშაობდა. მის მზერას, ნამდვილად არ გამოჰპარვია, თუ როგორ აკვირდებოდნენ პატატრა გოგონები დახლზე გამოფენილ კულონებს და მათ გვერდით, უხმოდ მდგომი ჯეისონი, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, იმ მაღაზიიდან როდის გავიდოდნენ, თითის დაქნევით იხმო. ბიჭი, ერთხანს დაბნეული იდგა, ვერ მიმხვდარიყო, თუ რა უნდოდა მისგან მოხუც კაცს, მაგრამ თავისდა გასაკვირად, ოდნავადაც არ შეშინებია და უცნობს თამამად მიუახლოვდა.
აღმოჩნდა, რომ ბერიკაცს, მართლაც კეთილი ზრახვები ამოძრავებდა. მან, ჯეისონს, ჩუმად ფული შესთავაზა, რათა თავისი ორი მეგობარი გაეხარებინა, მათ თვალში გმირად გამოჩენილიყო და ის კულონები ეჩუქნა, რომელიც ორთავეს ასე ძალიან მოეწონათ. კირას, კარგად ახსოვდა ვინკლერის უზომოდ გახარებული, ნასიამოვნები სახე. მიუხედავად იმისა, რომ მანაც და ადელაინმაც ყველაფერი მშვენივრად გაიგონეს, ორივემ სახეზე ყალბი ნიღაბი აიკრა და ჯეისონს სიურპრიზის გაკეთების საშუალება მისცა. იმ სიურპრიზის, რომლის ხელში ჩაგდების სურვილიც კლავდათ და ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიკავებდნენ ეს ლამაზი ყელსაბამები, საპატიო ადგილს მათ კისრებზე.
წინ, ტელევიზორის ეკრანივით გადაშლილი, წარსულის სურათი, რომელსაც კირა ხედავდა და ადგილზე გაქვავებული, მოძრაობასაც ვერ ახერხებდა, ჯერ კარის ხმამ გააუფერულა და მერე, გახშირებული ნაბიჯების ხმამ ააორთლა დილის ნისლივით, რომელიც ერთს კი არა, ამჯერად უკვე, ორ ადამიანს ეკუთვნოდა.
კირას უმეტყველო მზერამ, ძლივსძლივობით აღიქვა, ოთახში შემოვარდნილი ორი სილუეტი, რომელთაგან ერთ-ერთში ჯეისონი ამოიცნო, მეორეში კი, მის გვერდით მდგომი ლერა, რომელსაც, ხელში მოტოციკლეტის ჩაფხუტი ეჭირა და იატაკზე დაგდებულ ტყუპებს, გაფართოებულ თვალს არ აცილებდა.










5 თავი
დიდ, თეთრკედელებიან, ჭერში ჩამონტაჟებული ნათურებით განათებულ დარბაზში, რომელსაც ერთი ფანჯარაც კი არ ჰქონდა დატანებული და პირველი შთაბეჭდილებით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოსაც კი მოგაგონებდათ, დიდი ხმაური შექმნილიყო. დარბაზს, მთელ სიგრძეზე გაყოლებული, ორ საფეხურიანი, კიბეების მსგავსი სკამები ჰქონდა გამწრიკვებული, რომელიც შავად პრიალებდა და თეთრ კედლებთან, მართლაც რომ იდეალურ კონტრასტს ქმნიდა.
ოთახის შუა გულში, წრის ფორმით მონიშნულ, უზარმაზარ შავ რგოლში, რომელიც 3D ეფექტის იყო და პირი, კოსმოსური შავი ხვრელივით ჰქონდა დაღებული, თეთრ, კარატეს სტილის ხალათებში გამოწყობილი ორი ბავშვი, ერთმანეთის პირდაპირ მოჩვენებებივით იდგნენ, ოქროსფერ ტარიანი კატანებით* ხელში და შერკინების დასაწყებად, მათ წინ, ამავე ფერის ხალათში გამოწყობილი, საშუალო ხნის მამაკაცის სიგნალს ელოდნენ.
კაცს, მიუხედავდ იმისა, რომ შესბამის ასაკში არ იყო, თმა მაინც საგრძნობლად გაჭაღარავებოდა. ლოყებზე, და ბაკეებზე, თმის ნასახიც კი არ ემჩნეოდა, მხოლოდ ნიკაპზე დაეტოვებინა მოგრძო წვერი, რომელიც წვრილად ჰქონდა დაწნილი და ბოლოში, სამაგრითაც გაეკოჭა. თვალებით, ცხვირითა და დაჭიმული, სრულიად უნაოჭო კანით, თუ ვიმსჯელებდით, წარმოშობით აზიელი უნდა ყოფილოყო. ბოლომდე არც კორეელს ჰგავდა, არც ჩინელსა და არც მონღოლს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მასში ამ სამივე ქვეყნის ელემენტი იყო თავმოყრილი და გენეტიკურ მასალაში ჩადებული. რომ გეკითხათ, ვერც თავად გეტყოდათ, თუ სად იყო მისი ნამდვილი სამშობლო. რაც თავი ახსოვდა, მუდამ ქუჩაში იზრდებოდა, კარდონის ყუთებში ეძინა და თავს, წვრილმანი ძარცვებითა და ხულიგნობით ირჩენდა. სწორედ ქუჩა აღმოჩნდა მისთვის ბევრი რამის მასწავლებელი. თანაც ისეთის, რამაც მისი მომავალი ცხოვრებაც განსაზღვრა და ბედისწერაც, რომელმაც სრულიად ახალ ადამიანებთან დააკავშირა.
მწრთვნელმა კიდევ ერთხელ შეხედა პლასტმასის კატანებით ხელში მდგარ მოწაფეებს, ორივეს გამამხნევებლად გაუღიმა, მათ შორის, მარჯვენა ხელი ბარიერად ჩადო და როგორც კი, იგი ზემოთ ასწია, შერკინებაც მაშინვე დაიწყო. მდუმარებით მოცულ დარბაზში, მხოლოდ იაპონური ხმლების ერთმანეთზე ჭახუნის ხმა ისმოდა, რომელსაც, ჭაღარა მწვრთნელთან ერთად, თვალს, სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი და მის გვერდით მდგომი, პატარა გოგონაც ადევნებდნენ. როგორც კი, მწრთვნელმა ორივე მათგანს, გულწრფელი წარმატება უსურვა და შერკინებაში ჩაბმული მოწაფეები საბრძოლო არენაზე დატოვა, გეზი პირდაპირ იქ მყოფი, დამწრე საზოგადოებისკენ აიღო და მასზე ორჯერ მაღალ, შავგრემან მამაკაცს გევრდით ამოუდგა.
-კარგ ფორმაში არიან, არა?
-პოტენციალი ნამდვილად აქვთ, რიჩარდ! ამას ყოველ გაკვეთილზე ვამჩნევ
კაცს უბრალოდ გაეღიმა და ამჯერად, ცოტა მოშორებით მდგარ გოგონას მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა, პატარა ზურგ-ჩანთიდან ფოტოაპარატი ამოუღო, ფრთხილად გაუწოდა და მხარზე ხელი დაადო:
-კირა, საყვარელო, წადი, გაიქეცი და ჯეისონის და ადელაინის ორთაბრძოლა ფირზე ჩაწერე. გადაღება ხომ იცი?
-ვიცი, რიჩარდ -ღიმილით დაუქნია თავი გოგონამ, მეგობრებს გახედა, შემდეგ კი, ყველანაირი ზედმეტი კომენტარისა და კითხვების გარეშე, დავალების შესასრულებლად, მხიარული გამომეტყველებით გაემართა
ბავშვები, უკვე სერიოზულ შეტევაზე იყვნენ გადასული და პირველობას, ერთმანეთს არ უთმობდნენ.
-როგორ ფიქრობ, რენატო -მიუბრუნდა მწვრთნელს რიჩარდი -ამ სამეულიდან, ყველაზე ჭკვიანი რომელია? ის, ვინც, ყველაზე რთულ და ჩახლართულ საქმეებში გამოსაყენებლად გამოდგება და ნებისმიერ სირთულეს ღირსეულად გაუძლებს?
-კარგად ვხვდები, თუ რა საქმესაც გულისხმობ და მეგონა, ამისთვის ადელაინი გყავდა არჩეული, თუ ვცდები?
-არა, არ ცდები -კვლავ ცბიერი ღიმილით გაეღიმა რიჩარდს და გოგონას სწორედ იმ დროს შეხედა, როდესაც მან ჰაერში სალტო უკუღმა გააკეთა, რითაც ჯეისონის მიერ მოქნეული კატანა, ოსტატურად აიცილა -უბრალოდ მინდა, რომ შენც დამიმოწმო. ხომ იცი, მიყვარს, როდესაც რამეში მეთანხმებიან და ჩემს აზრს იზიარებენ?
-გამოგიტყდები, ადელაინი მართლაც საოცრებაა. ყველაფერს მარტივად ითვისებს, მაგრამ რა საჭიროა ეს ყველაფერი თუ მისთვის სულ სხვა რაიმეს გეგმავ და ჯეისონს და კირას უნდა ჩამოაშორო? თანაც, ბავშვები არიან, ერთმანეთი სამივეს ძალიან უყვართ და არა მგონია, ამ ამბავს რომელიმე მათგანი კარგად შეხვდეს
-ოდესმე შეეგუებიან, რენატო. კირა და ჯეისონი, ამას ერთად გადალახავენ, ადელაინს კი, მოუწევს ყველაფერს მარტო შეერკინოს. სწორედ ამიტომ ავირჩიე ის. ამ სამეულს შორის, ყველაზეე ძლიერი და უნიკალური ადაპტაციის მქონე, სწორედ რომ ადელაინია
რენატო უხმოდ იდგა, ხმას არ იღებდა და თავის მოწაფეებს სინანულით შესცქეროდა. ბავშვებს უკვე ძალიან იყო შეჩვეული და როგორი სიყვარულიც შეეძლო, სწორედ ისეთი სიყვარულით უყვარდა. იმ ტკივილისთვისაც ეცოდებოდა, რისი გადატანაც, უახლოეს მომავალში მოუწევდათ, თუმცა რა უნდა ექნა? რიჩარდის ნებას, წინ ვერანაირად ვერ აღუდგებოდა, რადგან მასთან შედარებით, ის მხოლოდ აისბერგის ნატეხი იყო, ხოლო რიჩარდი, თავად მთა, ვისაც შეეძლო თავისი შემდგენელი ნაწილები, ყოველგვარი სინანულის გარეშე მოეშორებინა თავიდან.
დაძაბული ორთაბრძოლა, კვლავაც გრძელდებოდა. ჯერ-ჯერობით, გამარჯვების კანდიდატი არ ჩანდა, რადგან არც ერთი მათგანი თავს არ ზოგავდა და ბოლომდე ღირსეულად იბრძოდა. თავის სტიქიაში მყოფებმა, რიჩარდის მიახლოება ვერც კი შენიშნეს. კირას, ცალი ხელით, ისევ კამერა ეჭირა და მეგობრებს, გამამხნევებელი შეძახილებით ანებივრებდა.
ის, რასაც ახლა ასეთი მონდომებით ეუფლებოდნენ, ცნობილი, იაპონური საბრძოლო ხელოვნება Ninjitsu* იყო, რომელიც, როგორც მწვრთნელის სიტყვებიდან ახსოვდათ, სასიკვდილო ილეთებთან ერთად, მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანასაც გულისხმობდა. ჯიუ ჯიცუს, ძიუდოსა და კარატეს დაუფლების შემდეგ, ახლა, ყველაზე რთული საბრძოლო ხელოვნების კურსებს გადიოდნენ, რაც უკვე მათ ზრდაზე და ასაკის მატებაზე მეტყველებდა.
-ადელაინ, თოკით სინჯე -რაც შეეძლო, ხმამაღლა დაიყვირა ხელში კამერით მდგომმა კირამ, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ჯეისონის დამარცხება სურდა. ალბათ იმიტომ, რომ რიჩარდთან ფსონი ადელაინის მოგებაზე ჰქონდა დადებული
-კირა შენს მხარესაა ადელ, მხარდამჭერები ნამდვილად არ გაკლია -შეუძახა ჯეისონმა გოგონას, გამომწვევი ხმით და სწორედ ამ დროს, ადელაინის მიერ გამოსროლილი, დაგრეხილი თოკი, პირდაპირ წელზე შემოეხვია. ბიჭმა სცადა, მას სწრაფად მიახლოებოდა და სანამ საბოლოო პარალიზებას მოახერხებდა, კატანით მოეგერიებინა, თუმცა გოგონამ ისე ოსტატურად გამოიყენა თოკით შებოჭვის ხელოვნება, იმდენად სწრაფად გააუვნებლა ჯერ მისი ცალი ხელი, შემდეგ მეორე, რომლიდანაც თოკის შუანა ნაწილის გამოყენებით, პლასტმასის ხმალი ააცალა, რომ ჯეისონმა ფაქტობრივად, ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. ფინალური სვლა, მაინც თოკის ბოლო ნაწილის ფეხზე შემოხვევა იყო, რის შემდეგაც, ადელაინმა იგი, რაც შეეძლო მაგრად გამოქაჩა, ბოლომდე პარალიზებული და იარაღ აცლილი ჯეისონი ძირს მარტივად დასცა და ზურზე, გამომწვევი მზერით შემოაჯდა.
გამარჯვების ეიფორიაში მყოფმა, რომელზე უკეთესი შეგრძნებაც მისი აზრით, ქვეყნად არ არსებობდა, რიჩარდის იქ ყოფნა მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა კაცმა მის მოხერხებულობას ხმამაღალი აპლოდისმენტები მიუძღვნა და ღიმილით მიუახლოვდა.
-მართლაც რომ გენიალური ხარ, ადელაინ. გამოგიტყდები, დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებ
-მე ხომ, შენი გოგო ვარ, რიჩარდ? სხვანაირად არც შეიძლება -მხიარულად მიუგო მან, ჯეისონის ზურგიდან სწრაფად წამოდგა და სანამ მისი მსხვერპლი, თოკებისგან გაკოჭილ სხეულს, ბუზღუნით ითავისუფლებდა, რიჩარდის თავისზე ორი თავით მაღალ ფიგურას, მაგრად მოეხვია
-წააგე ჯეისონ, მაგრამ მაინც გვიყვარხარ -ახლა, კირაც შეუერთდა მათ ტანდემს, კამერა იქვე მდგომ მწვრთნელს მიაწოდა და რამდენიმე წამში, რიჩარდს უკვე ყველანი ლეკვებივით ეხვეოდნენ. ადელაინი, ჯეისონს მზერას ერთი წამითაც კი არ აშორებდა. ბიჭმა, მალევე ისიც იგძნო, თუ როგორ შეეხო გოგონას თითები მისას, შემდეგ კი, ტუჩების მოახლოებაც იგრძნო ყურთან ახლოს, რომელთაც შემდეგი სიტყვები ჩასჩურჩულეს: -ნუ ღელავ, მაინც წამოგყვები პაემანზე
-მოიცა, მოიცა, თქვენ ორნი მანდ რას ჩურჩულებთ? რამე მოხდა?
რიჩარდის კითხვაზე, ბავშვებმა მორჩილი კრავების სახე მიიღეს და თავი ისე დაიჭირეს, თითქოს წამის წინ არაფერი მომხდარიყო. პასუხს არც ერთი არ ამბობდა, უბრალოდ დუმდნენ და კვლავ ერთმანეთს შესცქეროდნენ, იდუმალი ღიმილით.
-კარგი, ამჯერად დავივიწყებ -თეატრალურად გამოაცხადა რიჩარდმა და მასზე მიხუტებულ ბავშვებს გადახედა -ახლა კი, თქვენთვის ერთი ამბავი მაქვს და სანამ მკითხავდეთ, რა არის ეს, მანამდე გეტყვით, რომ სამ დღეში, ყველანი ერთად, პარიზში მივფრინავთ. ადელაინის იუბილეს სწორედ იქ უნდა შევხვდეთ. გამონაკლისსაც დავუშვებ და იმ დღეს, მარტო სეირნობის უფლებასაც მოგცემთ, ჩემს გარეშე
და შავ-თეთრი, უზარმაზარი დარბაზი, უეცრად ბავშვების მხიარულმა ჟრიამულმა და სიხარულის შეძახილებმა მოიცვა.









* * *
-ვისკი მომეცი -ამღვრეული თვალებით გადახედა ჯეისონმა თავის გვერდით ჩამომჯდარ კირას და პერანგის სამი ღილი, ერთმანეთის მიყოლებით შეიხსნა
საწყობში მისვლის შემდეგ, სადაც ბუნებრივი აირით მოწამლული ბავშვები, იატაკზე უგონოდ ეყარნენ, დიდი ტრაგედია დატრიალდა. ტყუპების საავადმყოფოში გადაყვანა, ძალიან სახიფათო იყო, ამიტომ ჯეისონმა სულ სხვა ზომებს მიმართა- ისინი, სასწრაფოდ თავის მეგობარ ექიმთან წაიყვანა, რომელსაც უკვე დიდი ხანი იყო იცნობდა და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ექიმს, საკუთარ ბინაში, კერძო კლინიკა ჰქონდა მოწყობილი. იგი, ტექნოლოგიურად საკმაოდ კარგად ჰქონდა აღჭურვილი და ამის გამო, აღნიშნულ "კლინიკაში", ურთულეს ოპერაციებსაც კი აკეთებდა.
ტყუპებს, ჯეისონის მოსვლის პერიოდში, ჯერ კიდევ აღენიშნებოდათ პულსაცია, ოღონდ საკმაოდ სუსტი. მიუხედავად ამისა, ვინკლერს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ისინი თვალებს გაახელდნენ და მათი გადარჩენა მოხერხდებოდა. კირამ, კვლავ საწყობში დარჩენა არჩია, რათა დანარჩენი მძევლებისთვის ედევნებინა თვალ-ყური, ლერა, სებასტიანი და ჯეისონი კი, მანქანაში ჩასხდნენ და იგი, ბოლო სიჩქარით გააქროლეს. ვინკლერს, ახლა იმის ნერვებიც არ ჰქონდა, რომ ლერას იქ ყოფნაზე ეფიქრა. მთელი მისი გონება იმაზე იყო გადართული, რომ დანიშნულების ადგილამდე, სადაც მის ნაცნობ ექიმს უკვე ყველაფერი მოემზადებინა და თანაშემწეც გამოეძახა, დროულად მისულიყო და მოსალოდნელი ტრაგედია თავიდან აეცილებინა.
სამწუხაროდ, სრულიად პირიქით მოხდა. ადგილზე მისვლიდან ოცი წუთის შემდეგ, რაც თითქოს ათასწლეულებივით გაიწელა, ექიმი, საოპერაციო ოთახის კართან შეკრებილ ჯეისონთან, სებასტიანთან და ლერასთან, თავისი ახალგაზრდა თანაშემწის თანხლებით, უკვე ლურჯი პირბადის გარეშე გამოვიდა, თეთრი ხალათი, ოფლით დაცვარული შუბლის წმენდით ძლივსძლივობით გაიხადა და იქ მყოფთ, შემდეგი თავზარდამცემი ამბავი აცნობა :-"მართლა ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ფილტვები ძალიან ჰქონდათ მოწამლული და მათი გასუფთავება, ჩვენი თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ვეღარ მოხერხდა. სუსტი აგებულების იყვნენ და მათმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო."
ვინკლერს, ახლაც ექოსავით ჩაესმოდა ეს სიტყვები. ნამდვილად ვერ იფიქრებდა, რომ ყველაფერი უკუღმა დატრიალდებოდა და საბოლოოდ, ასე დასრულდებოდა. ამ გეგმის მოფიქრების დროს, მოვლენების მსგავსად განვითარება ყველაზე ნაკლებად წარმოედგინა.
-ახლა რა უნდა ვქვნათ, ჯეისონ? ჯოში ამას ასე არ დატოვებს, შურისძიებას აუცილებლად შეეცდება, ხომ იცი უზარმაზარ ძალას ფლობს და ჩვენი დაჯგუფების მსგავსად, დიდი კავშირები გააჩნია?
-შენ არაფერს იზამ, კირა! -თითქოს ღრმა ფიქრებიდან, თავში აგურის ჩარტყმით გამოარკვიესო, ისეთი ტონით მიუგო, ვინკლერმა -ამასთან არაფერი გაქვს საერთო, გესმის? ჯოშმა შენსა და ჩემს კავშირზე არაფერი იცის. ყოველთვის ვცდილობდი, ჩვენი ურთიერთობა და ის, თუ ვინ ვართ ერთმანეთისთვის საიდუმლოდ დამეტოვებინა, ამიტომ თუ მას ვინმეს დასჯა მოუნდება, მაშინ ეს თავად ჩემთან მოაგვაროს
-მერე შენ რა მოგივა? რა დაგემართება? -ხმა საგრძნობლად დაეძაბა კირას და ცხოვრებაში პირველად იგრძნო უზარმაზარი შიში. შიში, რომელსაც მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვის შესაძლებლობა იწვევდა
-შენ ამაზე არ უნდა ფიქრობდე. ჩემთვის ახლა . . .
-რას ნიშნავს არ უნდა ვფიქრობდე? -გოგონას სიმშვიდე წამებში დაირღვა და უეცრად წამოენთო -არ მითხრა, რომ იმ ტიპს უნდა დანებდე. ჰო, გოგონები დაიღუპნენ. ეს, გეგმაში არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველაზე ნაკლებად იმის უფლება გაქვს, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარმა უსიამოვნო შემთხვევამ შეგაჩეროს. საშუალებას არ მოგცემ, გაიგე? მე, შენ და რიჩარდი-სხვაზე არაფერზე უნდა ფიქრობდე. სიცოცხლეს მხოლოდ ერთმანეთისთვის ვწირავთ, სხვა კი, ჩვენი საქმე არაა. გრძნობებს აყოლა და სენტიმენტებს დამონება არც კი გაბედო. ხომ გახსოვს, რამდენი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით იმაზე, რომ ყველა ადამიანური გძნობა განგვედევნა ჩვენი გონებიდან და მხოლოდ ერთმანეთზე გვეფიქრა. გიმეორებ, მე, შენ და რიჩარდი, ჯეისონ. ეს კარგად დაიმახსოვრე!
-სებასტიანმა უკვე ყველაფერს მიხედა -თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ძველი საუბრის თემა ოსტატურად შეცვალა ახლით -საწყობიდან ანონიმური ზარი გაავრცელა პოლიციის განყოფილებაში და ჯოშის ოჯახის დარჩენილი წევრების ადგილსამყოფელი შეატყობინა. ბავშვების გვამები კი, ტყეში დაუმარხავს
-თუ ძალიან არ გაბრაზდები, გეტყვი, რომ ლერაც მასთან ერთადაა -გოგონამ ღრმად ამოიხვნეშა და ჯეისონის რეაქციას დაელოდა. ამას არც დაუგვიანია.
-მოიცა, მოიცა, ის გოგოც მასთან ერთადაა? კარგად მახსოვს, რომ ექიმის სახლიდან, პირდაპირ შინ გავუშვი და ამის შემდეგ, აქ შენთან ერთად წამოვედი
-ჯეისონ -ხმადაბლა დაიწყო კირამ და მასთან უფრო ახლოს მიიწია -უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ამ საქმეს გართულებები არ მოჰყვებოდა. ვიცოდი, სებასტიანს დახმარება დასჭირდებოდა და დამხმარე თავად მოვუძებნე
-ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, ეგ გოგო სიმართლეს ამბობს, თუ არა და შენი წყალობით, უკვე ისიც იცის სად მარხია ბავშვების გვამები! -კბილებში გამოსცრა ჯეისონმა -ასეთ დაუფიქრებლობას როდიდან იჩენ?!
-ნუ მიყვირი! ყველაფერი გადავამოწმე და მის მონაყოლს ემთხვევა. ცხოვრებაში, ერთხელ მაინც დამიჯერე, ჯეისონ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მის წინააღმდეგ ვიდეო-მტკიცებულებაც მაქვს, სადაც იგი ადმიანს კლავს. ძალიანაც, რომ უნდოდეს, მაინც ვერაფერს დაგვიშავებს, რადგან ამ შემთხვევაში, ისიც ჩვენთან ერთად ჩაიძირება. დამიჯერე ჯეისონ! შენ რა, უტვინო გგონივარ? თავი, ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი გეგონა, მაგრამ ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც დაუშვა ის ვარიანტი, რომ შეცდი? მგონი ამის აღიარება გიჭირს და სწორედ ამიტომ იჩვენებ თავს, რომ იმ გოგოს არ ენდობი -უკვე ბრაზისგან ცოფებს ყრიდა კირა
-მისი სანდოობა, ჯერ კიდევ გადასამოწმებელია, გესმის?! მაგრამ ახლა ამ თემაზე ლაპარაკი ყველაზე ნაკლებად მინდა, ამიტომ მოკეტე! -ჯეისონმა ვისკის ჭიქა გადადო, ფეხზე წამოდგა და მთელ სიგრძეზე, კედლის მაგივრად გაყოლებულ ფანჯარას, საიდანაც ლამაზად განათებული ცათამრჯენები მოჩანდა, ცალი მხრით მიეყრდნო -სახლში შენით წახვალ, თუ მიგიყვანო?
-არა, გმადლობ. ტაქსის გამოვიძახებ. დავრჩებოდი, მაგრამ ახლა მარტო ყოფნა უფრო მინდა, ვიდრე შენი მოღრუბლული სახის ყურება, რომელიც მუდამ ასე გამოიყურება
-დარწმუნებული ხარ, რომ მარტო წასვლას შეძლებ?
-შევძლებ, ჯეისონ -დივანზე მიგდებული მოსაცმელი, სწრაფად მოიცვა კირამ და შიგნით ჩატნეული თმა, ორივე ხელით ამოიწია -თუკი ღამით ცუდ სიზმრებს ვნახავ, აუცილებლად მოგაკითხავ და ლოგინში შემოგიწვები, ისე, როგორც ბავშვობაში . . .
გასასვლელი კარი ხმაურიანად გაჯახუნდა . . .
ჯეისონი, თავის უზარმაზარ სახლში, რომელიც პენტჰაუსს უფრო ჰგავდა, ვიდრე საცხოვრებელ ბინას, კვლავ მარტო დარჩა. ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, რომ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც თავად მას სურდა და ეს იმედგაცრუება იმდენად დიდი იყო, რომ უნდოდა მთელი სახლი დაელეწა. სჭირდებოდა, რომ ბრაზი, რომელიც მთელ მის არსებას დამპყრობელი მეფესავით დაპატრონებოდა, გარეთ ნებისმიერი ხერხით გამოედევნა. ახლა მარტო იყო, ვერავინ ხედავდა და შეეძლო ის გაეკეთებინა, რაც მის გონებას ყველაზე ძალიან სურდა. გააკეთა კიდეც, სასმელის ბოთლს, რომელიც ჯერ კიდევ მაგიდაზე იყო შემოდებული და გვერდით ნახევრად ჩაცლილი ჭიქა ჰქონდა მიდგმული, მარჯვენა ხელით დასწვდა და კედელს, ხმამაღალი ღრიალით მიანარცხა. სითხე იატაკზე დაიღვარა, ხოლო ნამსხვრევებმა ხმამაღალი წკრიალი გამოსცეს და მარმარილოს ფილებზე, წვრილ-წვრილ ნაწილებად მიმოიფანტნენ. მალე, მისი ბედი ჭიქამაც გაიზიარა, შემდეგ თავად მაგიდა აყირავდა და ცალი ფეხიც მოტყდა. გამწარებული ჯეისონი ყველაფერს ამტვრევდა, რაც კი ხელში მოჰყვებოდა. იმდენად უჩვეულო გახლდათ მისნაირი მშვიდი, მუდამ გაწონასწორებული ადამიანისთვის ასეთი ძირფესვიანი ცვლილება, რომ ფაქტობრივად, მერვე საოცრებას უდრიდა.
ხანდახან, ასეც ხდება . . . წარუმატებლობა, რომელსაც განვიცდით, გვაიძულებს ისეთი თვისებები გამოვამჟღავნოთ, რაც ჩვენს ბუნებაში სრულებითაც არ ზის. გვეჩვენება, რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობთ, რომ მუდმივი რუტინა ირღვევა და სრული გარდასახვა ხდება. გარდასახვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მძიმედ გადაგვაქვს და ამის აღმოსაფხვრელად, სხვადასხვა შედეგს მივმართავთ. თუნდაც ყველაზე სულელურსა და აფსურდულს.
ჯეისონმა, ამჯერად ტუმბოზე მდგომი, ღამის სანათი მიანარცხა კედელს და ტელეფონზე შემოსული მორიგი ზარი დააიგნორა. ახლა, არავისთან სურდა საუბარი. მისი გონება, მხოლოდ ბოლო საათებში მომხდარზე იყო გადართული, რაც საშინელებათა ფილმის კადრებივით მეორდებოდა და მშვიდად ყოფნის საშუალებას, ერთი წამითაც კი, არ აძლევდა. ტელეფონზე მორიგი ზარი შემოვიდა. ვიბრაციის ტალღები და ხმადაბალი ბზუილის ხმა, ამჯერადაც დაიგნორდა და ჯეისონმაც ისე, რომ ყურმილი არც კი დაუკიდებია, გეზი სააბაზანოსკენ აიღო. უზარმაზარ სარკეში, რომელიც წინა კედელზე იყო დაკიდებული, შესვლისთანავე, მისი გამოსახულება აირეკლა.
ვინკლერი ნიჟარასთან დაიხარა, ვერცხლისფერ ონკანში ცივი წყალი მოუშვა, პირზე რამდენჯერმე შეისხა და პრიალა სარკეში, წვეთებისგან დასველებულ თავის ანარეკლს, ზიზღით დააკვირდა. სარკიდან ისევ ის ადამიანი უმზერდა, ვინც ადრე იყო, თუმცა რაღაც მაინც შეცვლილიყო. ნუთუ, იმედგაცრუება ადამიანს ამდნად დიდ კვალს ამჩნევდა, ნუთუ ასე ცვლიდა მის იერს?
ჯეისონმა, სარკეში არეკლილ თავის სილუეტს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა, ონკანში მოშვებული წყალი გადაკეტა და მინას, გაბრაზებულ გულზე, მუშტი მთელი ძალით მიარტყა. სარკე მაშინვე გაიბზარა და ნიჟარაში ჩაყრილმა მისმა ნამსხვრევებმა მელოდიური წკრიალი გამოსცა. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი ხმა, რომელიც იმ წამს გაისმა. ამ ყველაფერს, სრულიად მოულოდნელად და ჯეისონისთვის გასაკვირად, ვიღაცის ნაბიჯების ხმაც შეუერთდა, რომელიც თუ ტონალობის მიხედვით ვიმსჯელებდით, სწორედ აბაზანისკენ მოემართებოდა, თანაც ალაგ-ალაგ ჩერდებოდა კიდეც, ისე, თითქოს გრძელ გზაზე ფეხით სიარულის დროს, პერიოდულად ისვენებსო.
ვინკლერი კართან მივდა და სმენა დაძაბა. განსაკუთრებული არაფერი უეჭვია, ეგონა, რომ კირას რაიმე დარჩა და ახლა, სწორედ მის წასაღებად იყო დაბრუნებული. იმ დროს, უეცრად, თავის მიერ ჩამსხვრეული სარკე მოაგონდა. იგრძნო, რომ არ უნდოდა იგი მის სტუმარსაც ენახა, ამიტომ წყლის წვეთებისგან დასველებული სახე სწრაფად შეიმშალა, შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია, კარი სწრაფად გამოიხურა და ის-ის იყო, მარჯვნივ უნდა გადაეხვია, რათა კირა შეეჩერებინა და სააბაზანომდე არ მიეშვა, რომ თავის სახლში, სრულიად სხვა ადამიანს შეეჩეხა. თავდაპირველად, იფიქრა, რომ ეჩვენებოდა და მისი ქარიშხალივით აფორიაქებული გონება, ყველაფერს ერთმანეთში ურევდა, თუმცა როდესაც ხელი გაიწვდინა და სულუეტს თითები მკლავზე მაგრად მოუჭირა, მიხვდა, რომ რაც ცოტა ხნის წინ იფიქრა, სრული სისულელე იყო და მეტი არაფერი.
-შენ აქ რას აკეთებ? საიდან გაჩნდი?
-მხარდასაჭერად მოვედი, კარგად არ გამოიყურებოდი და სანამ მკითხავ, თუ საიდან გავიგე შენი მისამართი, გეტყვი, რომ მე ნებისმიერი რამის გაგება შემიძლია. აბა, მითხარი იქ რა დალეწე? როდესაც მოვედი, მსხვრევის ხმა შემომესმა. მისაღებში, რომ მთელი აღარაფერია, ამაზე საერთოდ კომენტარს არ ვაკეთებ
-ლერა, ახლავე წადი აქიდან. აღარ გამამეორებინო! -თვალები ბრაზით აენთო ვინკლერს და ისე, რომ მისი მკლავისთვის, მაგრად მოჭერილი თითები არ შეუშვია კორიდორისკენ ძალით წაათრია, თუმცა აქაც კიდევ ერთი იმედგაცრუება იგემა-გოგონა რაღაც სასწაულის წყალობით, მის საკმაოდ უხეშად შემოხვეულ თითებს, ოსტატურად დაუსხლტა და სააბაზანოს კარი, ისე სწრაფად შეაღო, რომ ჯეისონმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო
-შენ რა, ვერ გაიგე რა გითხარი?!
-ლამაზი სარკე იყო, რას ერჩოდი? საკუთარი გამოსახულება თუ არ მოგწონს, ჯავრს უსულო საგნებზე ნუ იყრი -ჯეისონმა, მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ ლერას, ხელში არაყის ბოთლი ეჭირა, თანაც თავ-მოხდილი
-ეგ რისთვის მოიტანე?
-შენ წამოგიღე, თუმცა გზაში, რამდენიმე ყლუპი მოვსვი -გოგონა, ცარიელ ჯაკუზში უცერემონიოდ ჩაჯდა, მუხლები გულზე მიიბჯინა და ვინკლერს, სერიოზული მზერით შეხედა -დღეს, რამდენიმე საათის წინ, ბავშვების გვამების გადამალვაში მივიღე მონაწილეობა, იმ გადარეულ კირას კი ჩანაწერი აქვს, სადაც კიდევ ერთ დანაშაულს ჩავდივარ. მგონი უკვე მეტისმეტად ვარ გასვრილი ამ სიბინძურეში და საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს მენდო
-აბაზანიდან ამოხვალ თუ წყლით ავავსო და შიგნით ჩაგახრჩო? ხომ იცი, ამის გაკეთება არ გამიჭირდება
-თუ ქაფსაც დაამატებ, თანახმა ვარ -ირონიულად ახედა მან და განაგრძო: -აქედან ამოსვლას არ ვაპირებ, ჯეისონ, ამიტომ ჯობია შენც ჩამოხვიდე და ჩემთან ერთად დალიო. რთული დღე იყო და ეს ორივეს გვჭირდება
ლერამ, არაყის ბოთლი მოიყუდა და ჯაკუზში, უფრო მოხერხებულად მოკალათდა. ორგანიზმი, სასმელის წყალობით, უკვე საგრძნობლად გახურებოდა, ამიტომ, სხეულზე მოცმული ერთადერთი პერანგის ღილები, ნახევრამდე ისე შეიხსნა, თითქოს ჯეისონი იქ არც ყოფილიყო.
-არ ჩამოხვალ? როგორც უკვე გითხარი, აქიდან წასვლას არ ვაპირებ, ამაღამ მარტო ყოფნა არ შემიძლია. ერთხელ მაინც დაივიწყე ეგ შენი ჰიმალაის სიმაღლის სიამაყე და ჩემთან ერთად დალიე. აბა, რას იტყვი?
ჯეისონს, ამდენი ხნის მანძილზე, მართლაც რომ პირველად გაეღიმა. თან აბრაზებდა ლერას მისდამი გამოვლენილი სითავხედე, თან ამის გამო პატივსაც სცემდა, რადგან კირას შემდეგ, იგი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მისი ოდნავადაც კი არ ეშინოდა და ისე ელაპარაკებოდა, როგორც დიდი ხნის ნაცნობს.
-ღილები შეიკარი, მე გეი არ ვარ -ჯეისონის გამაფრთხილებელი ტონი ადვილი შესამჩნევი იყო. იგი, ნელა დაიძრა ჯაკუზისკენ, თავისდა გასაკვირად, შიგნით ლერას პირდაპირ, ზუსტად ხუთიოდე სანტიმეტრის მოშორებით ჩაჯდა და თავისი სიტყვებით მხოლოდ იმას მიაღწია, რომ გოგონამ, პერანგის ღილები ამჯერად უკვე, ბოლომდე ჩაიხსნა
-დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან მცხელა. შენდა სამწუხაროდ და ჩემდა საბედნიეროდ, არც კომპლექსები გამაჩნია, რომ საპირისპირო სქესთან გახდის შემრცხვეს ასე, რომ . . .
-ნამდვილი არანორმალური ხარ. ნუთუ არ გეშინია... -აქ გოგონამ ჯეისონს სიტყვა გააწყვეტინა
-არა, არ მეშინია. მახსოვს, მითხარი, ჩემს შეხებას მეტად ვეღარასდროს ეღირსებიო და მჯერა სიტყვას ამჯერადაც შეასრულებ. შენ ხომ ძალიან პრინციპული ადამიანი ხარ და საკუთარ ნათქვამს არასდროს გადაგიბიჯებია?! აბა, ხომ დალევ ჩემთან ერთად? -მცირედი დუმილის შემდეგ, ბოთლი, გამომწვევი მზერით გაუწოდა ჯეისონს და მანაც, უხმოდ, ყველანაირი ზედმეტი სიტყვის გარეშე ჩამოართვა
-აღიარე, რომ მიწვევ. ჩემს მკლავებში ნებივრობის სურვილით იწვი და სასოწარკვეთილმა აღარ იცი რა მოიმოქმედო
-ჯეისონ ვინკლერ, შესაძლოა შენმა ვიზუალმა ბევრი გააგიჟოს, თუმცა ჩემში ვნებებს ყოველთვის თავშეკავების უნარი ჭარბობდა და ეს, მუდამ ასე იქნება. იცი? შენი პიროვნება მაინტერსებს. ქალებთან ხშირად გაქვს ურთიერთობა? აქ თუ მოგიყვანია რომელიმე მათგანი?
ვინკლერმა, სასმელი მოსვა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ხმა, თუმცა ლერას შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია, პირიქით იგი დააიგნორა და საუბარი სულ სხვა კუთხით წარმართა:
-მიკვირს, აქიდან რატომ არ გაგდებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ხვალ დილით გავიღვიძებ, გაზქურასთან არ დამხვდები და ოჯახურ ატმოსფეროს არ შემიქმნი ბლინებით და ჩაით ხელში
გოგონას, ამ სიტყვებზე, ხმამაღალი სიცილი აუტყდა. მხოლოდ ათი წამის შემდეგ მოახერხა დამშვიდება და გამომეტყველების საწყის მდგომარეობაში დაბრუნება.
-ოჯახური ატმოსფერო შენზე მეტად მძულს ასე რომ ამის საშიშროება ნამდვილად არ მოგელის. მითხარი, სახლი მეორე მსოფლიო ომის ფრონტს რატომ დაამსგავსე? შენში ადამიანმა გაიღვიძა და ბოლოს და ბოლოს, სინდისმა შეგაწუხა?
ათიანში გარტყმაც ამას ერქვა. სწორედ, რომ მიგნება იყო ლერას სიტყვები. ვინკლერმა ახლაღა გააცნობიერა, რომ გადატანილი ფორიაქი, არა იმედგაცრუებით, არამედ დანაშაულის შეგრძნებით იყო განპირობებული და ეს ყველაფერი, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, მასზე საშინლად მოქმედებდა.
-ჩემი მიზეზით, მართლაც რომ ბევრი ადამიანი დაღუპულა, მაგრამ ბავშვი არასდროს. მათ არასდროს შევხებივარ და უკანასკნელ ნაძირალად მიმაჩნდა ყველა, ვინც ბავშვების სიცოცხლეს ხელყოფდა. ახლა, კი . . . -ჯეისონმა რამდენიმე წამით პაუზა გააკეთა, არაყი გადაკრა და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო წამოწყებული უსიამოვნო, თანაც გულწრფელი საუბარი -ახლა კი, ვგრძნობ, რომ ამ უკანასკნელ ნაძირალად თავად ვიქეცი
სასმელის ბოთლი, თითქმის ბოლომდე ჩაცლილიყო და შიგნით, ერთი ყლუპი ძლივს იყო დარჩენილი. ჯეისონი ნელ-ნელა აცნობიერებდა, რომ ალკოჰოლი უკვე საგრძნობლად მოჰკიდებოდა და სხეული უბუჟდებოდა. იმასაც ამჩნევდა, რომ თანდათანობით ბურუსში იძიერებოდა. გაბრუებულმა, ვერც კი გაიგო, თუ როგორ ჩამოაყრდნო თავი მარცხენა მხარს, როგორ სწრაფად შემოუსახლდა და გაიფანტა მის ორგანიზმში დაღლილობის და უღონობის მილიონობით ნაწილაკი. ცხადად გრძნობდა, რომ თანდათანობით გონს კარგავდა და ბოლოს, სანამ წყვდიადში ჩაიძირებოდა, მხოლოდ ლერას ზღვისფერ გუგებს მოჰკრა თვალი, რომლებიც უტეხად უყურებდნენ და მზერას, წამითაც არ აშორებდნენ.
როდესაც კიდევ რამდენიმე წამი გავიდა და ჯეისონმა თვალები ბოლომდე დახუჭა, გოგონამ მას არაყის ბოთლი ხელიდან გამოაცალა და მისი გვერდზე გადადების თანავე, ვინკლერის ჯიბეებში მოჰყვა ქექვას. როგორც ელოდა, სასწაულმოქმედმა საძილე წამალმა, ამჯერადაც სწრაფი შედეგი აჩვენა და სულ რაღაც ხუთ წუთში იმოქმედა. მართალია, სასმელი თვითონაც დალია, თანაც სწორედ იმავე ბოთლიდან, საიდანაც ჯეისონმა, თუმცა აქ მოსვლამდე, ამ პრეპარატის ბლოკატორი ჰქონდა მიღებული, რისი წყალობითაც მასზე ამ ყველაფერს, მცირედი ზეგავლენაც არ მოუხდენია. პირიქით, ისევ ენერგიულად გამოიყურებოდა და ფხიზელ მდგომარეობას ინარჩუნებდა.
გოგონამ სწრაფად მოძებნა ვინკლერის მობილური მისი შარვლის მარცხენა ჯიბეში, იქიდან ოსტატურად ამოაცალა და ჯაკუზიდან ჯერ ერთი ფეხი გადმოდგა, შემდეგ კი, მეორე. ტელეფონის ეკრანს, როგორც მოსალოდნელი იყო, ხუთციფრიანი კოდი ედო. ლერას მისი გატეხვა საერთოდ არ გასჭირვებია, ასეთ პროგრამებში საკმაოდ კარგად იყო დახელოვნებული და ამჯერადაც, ზედმეტი დროისა და გართულებების გარეშე შეაღწია ჯეისონის Home Screen-ში. ყოველივე ამის შემდეგ, გოგონამ იატაკის შავ ფილებზე მიგდებული, თავისი პატარა ზურგჩანთიდან, რაღაც რაციის მსგავსი მოწყობილობა ამოაძვრინა. ვინკლერს ისევ ისე მშვიდად ეძინა ჯაკუზში, წამლის ზემოქმედების წყალობით, როგორც ადრე, ამიტომ ლერამ მას მზერა მოაშორა, უცნაურ მოწყობილობაზე რაღაც ღილაკებს დააწვა, შემდეგ, ტელეფონის სენსორებზეც აათამაშა თითები და სულ ცოტა ხანში, ეკრანზე პროგრამა Secret Connection ამოხტა.
-ესეც ასე, ახლა კი ჩამოვტვირთოთ -კმაყოფილს ჩაეცინა მას და Install ღილაკს, ცერა თითით დააწვა. მოწყობილობამაც და ტელეფონმაც, მაშინვე მწვანედ დაიწყო ციმციმი, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ტელეფონში პროგრამა სწორედ ამ რაციიდან იტვირთებოდა, სწორედ ამიტომ, საჭირო იყო ისინი ერთმანეთთან საკმაოდ ახლო მანძილზე ყოფილიყვნენ. ლერამ ორივე მათგანი, სანამ ჩატვირთვა დამთავრდებოდა, სარკის წინ მიმაგრებულ თაროზე შემოდო, რომელზეც ჯეისონს პირადი ჰიგიენის ნივთები ჰქონდა გამწკრივებული და კვლავ იატაკზე დახრილმა, თავის ზურგ-ჩანთაში დაიწყო ქექვა. ბევრი ძებნა არც დასჭირვებია, სულ მალე, იქიდან დიდი წიგნაკი ამოაძვრინა მსხვილ კალამთან ერთად, ჯაკუზში კვლავ ჯეისონის პირდაპირ მოკალათდა, ფეხები მოხერხებულად დააწყო და წერა დაიწყო:
"ჩემს წინ, გაუნძრევლად წევს და ერთმანეთს მხოლოდ ხუთი სანტიმეტრი გვაშორებს. პატარა ბავშვს ჰგავს, თავი მხარზე აქვს ჩამოყრდნობილი და გულ-მკერდი მშვიდად აუდ-ჩაუდის. ვუყურებ და ვერ გამიგია, ნუთუ მართლა მის კისერზეა ამდენი ადამიანის სიცოცხლე? როგორ შეიძლება, სწორედ მას ჰქონდეს გასვრილი ხელები სხვის სისხლში? ნამდვილი საოცრებაა, გულის სიღმეში მიზიდავს კიდეც. მხოლოდ მან შეძლო ჩემში რაღაც მიძინებულის გაღვიძება. ვნების და ლტოლვის გაცოცხლება. როგორ მინდა ახლა მივუახლოვდე და იმ კისერზე დამჩნეულ, მფეთქავ, ლურჯ ძარღვზე ვაკოცო, რომელშიც სისხლი გამალებით მოძრაობს. როგორ მინდა მის ტუჩებს თითები გადავუსვა და შემდეგ ფთხილად დავაგემოვნო. მისი სხეულის მხურვალება მინდა შევიგრძნო, იმ ღამესავით ბნელ, შავ თვალებში მინდა ჩავხედო და . . . ლერა რა გემართება? ეს ყველაფერი უკვე ზედმეტია. უკვე გიჟდები. ჯეისონ ვინკლერი ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს, მე არ მჭირდება ეს გრძნობები. ეს დამასუსტებს, ამ სამყაროში კი, სუსტები არ უყვართ . . . არც მე მიყვარს. თავს უნდა მოვერიო . . ."
გოგონამ წერა ამ სიტყვებით დაასრულა, დღიური დახურა, ჯიბიდან ამოღებული პატარა წერილი, რომელიც წინასწარ ჰქონდა მომზადებული, რათა ჯეისონისთვის თავისი გაუფრთხილებლად წასვლის მიზეზი შეეტყობინებინა, მას ხელში ფრთხილად დააჭერინა, მობილური კვლავ ჯიბეში ჩაუბრუნა და აბანაზაც და სახლიც ისე დატოვა, რომ უკან ერთხელაც კი არ მოუხედავს.

შენიშვნ:
*კატანა - იაპონური ცივი იარაღი
Ninjitsu* -იაპონური საბრძოლო ხელოვნება. ამ საბრძოლო ხელოვნების მიმდრევრები, ხშირად მკვლელები ან ჯაშუშები ხდებიან









6 თავი
შუაღამე იდგა. სასტიკი, საშინელი სუსხი გამეფებულიყო ნიუ-იორკის მუდამ ხმაურიან ქუჩებში. გზებზე და მაგისტრალებზე, მანქანები ისევ დაუსრულებლად მიედინებოდნენ, ხოლო ცის პირქუში შეფერილობა, რომელზეც ვერცხლისფერ ლაქად მოჩანდა სქელ ღრუბლებს მიღმა, მორცხვი ბავშვივით მიმალული მთვარე, რაღაც ცუდის, ავის მანიშნებელი იყო. დაკლაკნილი, ხმაურიანი ელვა კი, ყოველ ოც წამში ერთხელ ანათებდა იდუმალებით მოცულ ცის კაბადონს, ჯიუტად რომ არ იცლვიდა, უწინდელ, უღიმღამო შეფერილობას.
მიყრუებულ, საშიში შესახედაობის საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც ღამის სიბნელის ფონზე, ორმაგად უფრო ამაზრზენ იერს იძენდა, მხოლოდ ერთადერთი ბინის ოთხკუთხედი ჩარჩოდან გამოკრთოდა მკრთალი, სუსტად მანათობელი შუქი. ფანჯარა, ქუჩაში გამეფებული სუსხის მიუხედავად, ღიად იყო დატოვბული, ხოლო მის რაფასთან ახლოს მიდგმულ საწოლზე, ღამის სანათის შუქზე, ოდნავ გამოკვეთილი ლერას სილუეტი, ზურგით საწოლს მიყრდნობოდა და არეული სუნთქვის დარეგულიერებას, მთელი ძალით ცდილობდა.
ისევ ეს საშინელი სიზმარი. ისევ შეშინებული გაღვიძება და ცივი ოფლით დაცვარული შუბლი, რომელიც მთელს მის არსებაში, უსიამოვნო გრძნობებს აღძრავდა. გოგონას უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ეს ყველაფერი. ყოველთვის ერთი და იგივე, მუდმივი ფორიაქი და მარტოობა, რაც ასეთ დროს, ყველაზე ნაკლებად სურდა ხოლმე. მსგავს სიტუაციაში, მუდამ ნატრულობდა, რომ მის გვერდით ვინმე ყოფილიყო, ვინმე ვისაც ხელს მოჰკიდებდა და უბრალოდ მხარდაჭერას იგრძნობდა, თუმცა ასეთი არავინ ჰყავდა. საერთოდ არავინ.
ლერამ საწოლზე უფრო მოხერხებულად წამოიწია, მარტოობის ბურუსში ჩაძირულმა, ისევ თავის განუყრელ მეგობარს, დღიურს მიაკითხა და როგორც კი იგი, საწოლის მეორე მხარეს, კალამთან ერთად დადებული იპოვა, ემოციებისგან დასაცლელად, მაშინვე გამალებულ წერას შეუდგა:
"კვლავ განმეორდა. შენ ყველაზე კარგად იცი, რაც, რადგან ერთადერთი ხარ, ვისაც არასდროს არაფერს ვუმალავ. ალბათ სულიერი, რომ იყო შენი მოკვლა მომიწევდა, ამიტომ მადლობა თქვი, რომ არ ხარ . . .
მეტი აღარ შემიძლია, იცი? საზარელი კადრები თავიდან არ ამომდის. ღამით, როდესაც მარტო ვრჩები, როდესაც ბალიშზე თავს დავდებ, დავიძინებ და მგონია, რომ ეს ყველაფერი აღარ განმეორდება, ჩემთან კვლავ სიზმრის სახით მოდის, ისე, თითქოს ცდილობს რაღაც გამახსენოს, მივიწყებული მოგონებები აღმიდგინოს.
ქალს და მამაკაცს ვხედავ, ორივე სისხლშია ამოსვრილი და გაუნძრევლად წევს. მათგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, საწოლის ქვეშ, ნაწნავებიანი, პატარა გოგონა იმალება და ცხელ ცრემლებს, პატარა თითებით იწმენდს, თან ცდილობს ზედმეტად არ იხმაუროს. შეიძლება გიჟურად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ ეს გოგონა მე ვარ. არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ჩემთვის შეუცნობელი ძალა მკარნახობს, რომ ასეა.
ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც საშინელებათა ფილმში. აღარ მინდა ამ სიზმარს ვხედავდე. მინდა ჩემგან სამუდამოდ წავიდეს, მინდა თავი დამანებოს და მშვიდად ძილის საშუალება მომცეს. არ მსურს არაფრის გახსენება, თუნდაც რამე მნიშვნელოვანი იყოს, თუნდაც ამას გადამწყვეტი როლი ენიჭებოდეს. მხოლოდ ის მსურს, რომ . . .
გოგონამ, უეცრად წიგნაკიდან თავი ასწია და წერა შეწყვიტა. ამის მიზეზი, ალბათ, ის სადარბაზოდან წამოსული ხმამაღალი ნაბიჯების ხმა და შემდეგ უკვე, საკმაოდ ძლიერი კაკუნი გახდა, რომელიც ზუსტად მის კარზე გაისმა. როგორც ყოველთვის, ახლაც არავის ელოდა. მნახველები, თუ ჯეისონის ღამეულ სტუმრობას არ ჩათვლიდა, როდესაც მოულოდნელად დაადგა თავს, თავისი "ნინძების" ამალით, თითქმის არ აწუხებდნენ. მხოლოდ ორი ვარიანტი რჩებოდა და ლერაც სწორედ ამ ორს შორის მერყეობდა. მისი აზრით, ზღურბლს, ან ვიღაც გზააბნეული ლოთი მოდსგომოდა არაყის ბოთლით ხელში, ან რომელიღაც უტაქტო მეზობელი, ვისაც სურდა იგი იმ სულელურ, ხმაურიან წვეულებაზე დაეპატიჟა, რასაც ამ კორპუსში მცხოვრები თავზეხელაღებული ახალგაზრდები თავიანთ ბინებში მართავდნენ ხოლმე და ს და კოკაინის სიამოვნებას არ იკლებდნენ.
ლერამ ჰოლი სწრაფად გაიარა და საგულდაგულოდ ჩარაზულ კარს მიუახლოვდა. სანამ საკეტს გადაატრიალებდა, პირველ რიგში, თავის გამომწვევ პიჟამას დახედა, რა თქმა უნდა, ამჯერადაც ფეხებზე დაიკიდა, რომ ნახევრად შიშველი იდგა და ის-ის იყო, დაუპატიჟებლად მოსული სტუმარი ჯანდაბაში უნდა გაეშვა, რომ ენის წვერზე მომდგარი სიტყვები, ჯერ მასზე შეეყინა, შემდეგ ერთიანად გადაყლაპა და ზღურბლთან მდგარ, მაღალ სილუეტს გაოცებული მზერა მიაპყრო.
-მოგენატრე, პატარავ? -კარის ჩარჩოს, დახეულ ჯინსებსა და ამავე ფერის პერანგში გამოწყობილი ბიჭი მიყრდნობოდა. საკმაოდ დახვეწილი გარეგნობის იყო. ყავისფერი თმა, ლამაზად გადაევარცხნა, კისერზე შარფი მოდურად მოეხვია, ტუჩებზე კი, იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა და წყლისფერ თვალებს, ლერას ფიგურას წამითაც არ აშორებდა.
-ივან? აქ რას აკეთებ?
-რამდენი ხანი გავიდა, რაც ჩემ ზარებს და შეტყობინებებს აიგნორებ? -ბიჭმა მას წელზე ხელები თამამად მოხვია და ნახევრად გაღებული კარი, მარჯვენა ფეხის, ქუსლით მიაჯახუნა -ახლა, თავად სახლში გესტუმე და ასე მხვდები?
-ხომ გითხარი, სანამ მე თვითონ არ დაგირეკავ მანამდე არ შემაწუხო-მეთქი? -ბრაზით დააკვესა თვალები ლერამ -ივან, ძალიან დიდ შარში ვარ და ახლა ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება შენი სახით
-ნუ გეშინია -მის ტუჩებზე ცერა თითი გამომწვევად გადაატარა ბიჭმა -პრობლემების შექმნას არც ვაპირებდი. უბრალოდ, ცოტას მოგეფერები და წავალ. საშინლად მომენატრე -ეს, რომ თქვა, ლერას ატლასის პიჟამის ზედატანი წამებში მოაშორა მის სხეულს და იატაკზე დაუდევრად მოისროლა. გოგონას ლავიწის ძვლის ოდნავ ქვემოთ, მაშინვე გამოჩნდა პატარა ანგელოზის სვირინგი, რომელსაც ფრთები მოკეცილი ჰქონდა და მუხლებზე იყო დამდგარი.
-ახლა ამის ხასიათზე არ ვარ, ივან. წადი და როდესაც მოვიცლი თავად დაგირეკავ. ამ წუთას, ძალიან მნიშვნელოვან ზარს ველოდები და როგორც კი დამირეკავენ, მაშინვე უნდა წავიდე
-არ მაინტერესებს! მე ახლა მინდიხარ და მორჩა -მკაცრად მიუგო მან და ისე, რომ არავითარი შესავალი არ გაუკეთებია, მის ტუჩებს გიჟივით დააცხრა. იმდენად სასიამოვნო იყო, ბიჭის თითოეული შეხება, რომ ლერამ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მაშინვე დაკარგა, მის სხეულს მთელი ტანით აეკრო და თმებში, თითები თამამად შეუცურა. ჰოლიდან, პირდაპირ საძინებელი ოთახისკენ დაიძრნენ, ისე რომ კოცნა წამითაც არ შეუწყვეტიათ. ლერამ, ბიჭს პერანგის ღილების შეხსნა დაუწყო, თუმცა როდესაც ზედმეტი წვალება მობეზრდა, დარჩენილი ნაწილი უხეშად დაუწყვიტა, სწრაფად გახადა, საწოლზე დააგდო, თავად კი, მის ზემოდან მოექცა და კისერში კოცნით გაიკვლია გზა ნიკაპამდე. ტუჩებამდე, რომ მიაღწია, გარკვეული ხნით შეჩერდა და ივანის წყლისფერ, ვნებაჩამდგარ თვალებს დაკვირვებით შეაცქერდა. რატომღაც, ჯეისონის შავი სფეროები მოაგონდა, ის დღე გაახსენდა, როდესაც პირველად აღმოჩნდა მის თვალებთან ასე ახლოს, როცა პირველად ააფორიაქა მისმა შეხებამ და გაბრაზებულ გულზე, იმაზე გამწარებულმა, რომ ეს ადამიანი მასში ასეთ ფიქრებს აღძრავდა, ივანის ტუჩებს ხარბად წაეტანა.
ბიჭი წამებში გააქტიურდა, საწოლში გადატრიალდა, ლერას სხეული, ამჯერად თავად მოიქცია ქვეშ და მის ფეხზე, ხელი მომთხოვნად აატარა, თან ისე, რომ გოგონას კისერში ნებივრობა არ შეუწყვეტია. ნელ-ნელა აშიშვლებდა ლერას სხეულს. ჯერ მისი ქვედა პიჟამა მოისროლა იატაკზე, შემდეგ ბიუსჰალტერი და როდესაც ჯერი ქვედა საცვალზე მიდგა, რათა სრულ თავდავიწყებაში გადავარდნილიყვნენ, ამ დროს, ოთახში უპატრონოდ მიგდებულმა, ლერას სათადარიგო ტელეფონმაც დაიწკრიალა.
გოგონა, თითქოს წამებში მოეგო გონს, ბიჭი მაშინვე მოიშორა, საწოლის მარჯვენა მხარეს გადააგდო და ფეხზე ელვის უსწრაფესად წამოხტა, თან გზაში, ივანის პერანგი მოძებნა და შიშველ სხეულზე მოიცვა.
-გისმენთ!
-დათქმულ ადგილას, ნახევარ საათში. არ დააგვიანო! -მხოლოდ ეს სიტყვები უთხრა ყურმილის მეორე მხარეს მყოფმა და ყველანაირი ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე გაუთიშა. ლერამ, ტელეფონი კვლავ უწინდელ ადგილას დააბრუნა. ცოტა ხნის წინანდელ ეიფორიის შეგრძნებას, ჯერ კიდევ არ გადაევლო, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არეული თმა სარკის წინ გაისწორა, შემდეგ კი, კარადიდან თავისი ნაცრისფერი ჯინსი გამოიღო, სწრაფად ამოიცვა შიშველ ფეხებზე და ივანის პერანგიც შიგნით ჩაიტნია
-სად მიდიხარ? ვინ დაგირეკა?
-საქმე მაქვს, ივან. თუ გინდა ცოტა ხნით დარჩი და შენი არეული საწოლი მიალაგე. ჰო, მართლა, თუ მოგშივდა, ტოსტები და ბურგერები მაქვს, შეგიძლია მიირთვა -თან თავს იწესრიგებდა ლერა, თან ლაპარაკს არ წყვეტდა
-ტოსტები და ბურგერები? -ბიჭს, სახეზე აშკარად შეეტყო, რომ მოსმენილი ძალიან ესიამოვნა -სად არის, სამზარეულოში?
-არა, ქუჩის მეორე მხარეს, სწრაფი კვების ობიექტში
-ისევ ეს უაზრო სარკასტულობა. ვერაფრით გადაგაჩვიე
-არის რაღაცები, რასაც ვერასდროს ვერავინ შეძლებს -თვალი გამომწვევად ჩაუკრა და ზურგ-ჩანთაში რაღაც მოწყობილობების ჩატენვა დაიწყო, ლერამ
-კარგი, ეს დაივიწყე. მალე დაბრუნდები? თუ ასეა, არ წავალ და აქ დაგელოდები -ოდნავ იმედგაცრუებული სახით წამოდგა ივანი და ისიც ჩაცმას მოჰყვა
-არა მგონია მალე დაბრუნება შევძლო. ჯობს წახვიდე
-რა საქმეებში გაეხვიე, ლერა? ამ ბოლო დროს ძალიან უცნაური ხარ. შენს ნორმალურობაზე თავს ვერც აქამდე დავდებდი, თუმცა, რაც სტოკჰოლმში ერთად გავემგზავრეთ, მას შემდეგ თითქოს სულ სხვა ხარ. მეგონა ჩემს მშობლიურ ქალაქს ერთად დავათვალიერებდით, ახლობლებსა და მეგობრებს გაგაცნობდი, თუმცა შენ გამუდმებით სადღაც იკარგებოდი და მხოლოდ გვიან ღამით ბრუნდებოდი ხოლმე. მითხარი, სად დადიოდი?
-ივან -მობეზრებულად დაიწყო გოგონამ და მისკენ მიტრიალდა -რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესი შენთვის. გამიხარდება, თუ ერთმანეთს უფრო იშვიათად შევხვდებით. დამიჯერე, ორივესთვის ასე აჯობებს
-მოდი ჩემთან -ღიმილით მიიზიდა თავისკენ გოგონას სხეული, რომელსაც ცოტა ხნის წინ ასე მონდომებით ეფერებოდა და ყბის ძვალზე ვნებიანი კოცნის კვალი დაუტოვა -სწორედ შენი იდუმალება მხიბლავს. არც ერთ ქალთან არ გავჩერებულვარ ისე დიდხანს, როგორც შენთან და რაც დრო, გადის იმის მაგივრად, მომბეზრდე, პირიქით უფრო და უფრო მიზიდავ. შენ . . .
-ჰო, ვიცი, მე განსაკუთრებული ვარ -შუა გზაზე გააწყვეტინა ლერამ, ბიჭს ოსტატურად დაუსხლტა ხელიდან და შავი ზურგ-ჩანთა მოიკიდა -ახლა ჩემი წასვლის დროა. არ იცელქო!
-ნახვანდის ნიკიტა* -ხელის აწევით დაემშვიდობა ივანი მას და ფაფუკ საწოლზე, რომელიც უკვე საშინლად იყო არეული, კმაყოფილი სახით წამოგორდა
-დროებით და იცოდე, ჩემი საცვლების კოლექციაში ჩახედვა არც კი გაბედო!
გოგონამ, პასუხს წამითაც არ დაუცადა და თავისი საძინებლის კარი ხმაურიანად გაიჯახუნა. სწორედ იმ წამს, მობილურზე კიდევ ერთი შეტყობინება მოუვიდა, საკმაოდ მოკლე და ლაკონური ტექსტით "იჩქარე". რა თქმა უნდა, ჩქარობდა კიდეც, თუმცა ამ SMS-ის წაკითხვამ, მისი სიარულის ტემპი ერთი-ორად გაზარდა.
სადარბაზოსთან თავისი შავი, საკმაოდ ძველი მოდელის მოტოციკლი ელოდა. კორპუსის წინ, სადაც თავს ბილწი წარწერებით დამახინჯებული კედელი იწონებდა, თინეიჯერი ბიჭები აყუდებულიყვნენ და რომელიღაც იაფასიანი მოსაწევით ბოლდებოდნენ. ლერას გამოსვლისას, რამდენიმე მათგანმა ხმაურიანად დაუსტვინა, თავისთანაც იხმეს, თუმცა გოგონას ისინი შეხედვის ღირსადაც კი არ ჩაუთვლია, უბრალოდ, ჩაფხუტი თავზე მოირგო, მოტოციკლს გადააჯდა და იქაურობას სწრაფად გაეცალა.
ღამის ნიუ-იორკი, ისევ ჩვეულ ფორმაში იყო. ცათამრჯენები, ბრჭყვიალა წარწერებით გაფორმებული სადღეღამისო მარკეტები, კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები და პენტჰაუსები კვლავ თვალისმომჭრელად ანათებდნენ და თითქოს საკუთარი სიადიადით თავისივე მორევში გითრევდნენ. გვიანი ღამის მიუხედავად, ქუჩები მანქანებით იყო გადაჭედილი. ერთი მხრივ, სწორედ ამიტომ იყო გამოსადეგი ასეთი ტრანსპორტი. მისი დახმარებით, მარტივად მოახერხა ავტომობილებს შორის სწრაფად გაძრომა და მიუხედავად არც ისე მაღალი სიჩქარისა, დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა.
ძრავის გამორთვისას, ლერამ, მობილურში ლოკაცია გადაამოწმა, რათა დარწმუნებულიყო სწორედ იმ ადგილას იმყოფებოდა, თუ არა, რის შემდეგაც იქაურობა თვალის ერთი გადავლებით შეისწავლა.
ნავსადგურის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდა. ირგვლივ, ყველგან თევზის სუნი ტრიალებდა, რაც იმას მოწმობდა, რომ ეს ნავები მეთევზეების საკუთრება იყო. მათგან ცოტა მოშორებით, მდინარის ნაზად მოლივლივე ტალღებზე, პატარა, თეთრად შეღებილი იახტა ირწეოდა. ამ უკანასკნელს, სიძველისგან საღებავი ჰქონდა გადაცლილი და შავი, დაჟანგული ანძები მოუჩანდა. ლერამ, სუნთქვა შეიკავა და პირდაპირ აღნიშნულ იახტას მიაშტერდა. მდინარიდან, ცივი ქარი ქროდა და მის ტალღებს მელოდიურად აშრიალებდა.
გამეფებულმა სუსხმა და სიცივემ, გოგონას აიძულა ქურთუკის ელვა ბოლომდე შეეკრა, რის მერეც, გარემო კიდევ ერთხელ დაზვერა. მისი მოტოციკლისგან ცოტა მოშორებით, შავი ფერის, ძველი მოდელის ავტომობილი ეყენა. სწორედ ისეთი, კოლექციონერები მასში დაუფიქრებლად რომ იხდიდნენ მილიონებს და თავიანთი უზარმაზარი ავტოფარეხების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად აქცევდნენ.
ლერამ თვალები დაძაბა და სცადა ფანჯრების მიღმა რაიმე მაინც დაენახა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. საჭირო იყო, ავტომობილს უფრო მეტად მიახლოებოდა, ამიტომ ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩაიწყო და პირდაპირ უძრავად მდგარი ოთხბორბლიანი ობიექტისკენ დაიძრა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ არავინ უთვალთვალებდა და უკან არ დაჰყვებოდა. გოგონას, არანაირი გარანტია არ ჰქონდა, რომ შიგნით ვინმე იჯდებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქარე მინაზე მაინც დააკაკუნა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
თავიდან, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ლერა ისევ უძრავად შესცქეროდა შავ ავტომობილს, თუმცა, როდესაც რამდენიმე წამის შემდეგ მინა ჩამოიწია და გოგონამ, სალონის წინა სიდენიაზე, ბიჭზე ზემოდან დამხობილ გოგონას მოჰკრა თვალი, მაშინვე ნათელი გახდა, რომ ისინი, უბრალოდ შემთხვევითი გამვლელები იყვნენ, რომელთაც შუა გზაზე ჰორმონები მოეძალათ და სასტუმრომდე მისვლას აღარ დაუცადეს.
-რამე გინდათ? -პირველად გოგონა გამოერკვა და იდილიის დამრღვევი ეჭვით აათვალიერა. მისი მუქი თვალები, ლერას მობეზრებულად შეჰყურებდნენ და დაუფარავად აგრძნობინებდნენ, რომ ვიღაც გზააბნეული ეგონათ, რომელსაც კონკრეტული ადგილისთვის ვერ მიეგნო და ზუსტი მისამართის კითხვა სურდა
-არაფერი, უბრალოდ მაინტერესებდა აი იმ იახტაზე -ცერა თითი იქითკენ გაიშვირა -ვიღაც ტიპები ხომ არ შეგინიშნავთ? სამნი უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა მათ მანქანას ვერსად ვხედავ
-გაინტერესებს ტაქსით ხომ არ მოვიდნენ? -ამჯერად ბიჭმაც ამოიღო ხმა და ზედატანი შეისწორა -არა, ჯერ არავინ მოსულა. ყოველ შემთხვევაში, ის დრო, რაც ჩვენ აქ ვართ, საერთოდ არავინ გვინახავს
-კარგი, მაპატიეთ, რომ შეგაწყვეტინეთ. შეგიძლიათ განაგრძოთ -ღიმილით დაუქნია ხელი ლერამ, იქაურობას სწრაფად გაშორდა და როგორც კი, ხმელეთიდან იახტაზე გადაინაცვლა, მაშინვე კაიუტის ძებნას მოჰყვა.
ირგვლივ ყველაფერი უწესრიგოდ მიეყარათ. ჭუჭყიანი ტილოები, საღებავის ვედრები და თოკის გრაგნილები ერთმანეთში არეულიყო, რაც ნესტის საზიზღარ სუნს ერთი-ორად ამძაფრებდა. ლერამ შავი, ტყავიხელთათმანიანი ხელი ცხვირზე აიფარა, მეორეთი ზურგ-ჩანთიდან ღამის ფარანი ამოაძვრინა და იქაურობა გაანათა. წყლის პატარა ტრანსპორტი ტალღებზე მსუბუქად ირწეოდა, ხოლო ცაზე, ბოლოს და ბოლოს მკვეთრად გამოჩენილიყო ვერცხლისფრად მოელვარე მთვარე, რომელიც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ღრუბლებს თავისი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინათ. როგორც ჩანს, ამინდმა ამჯერადაც სპექტაკლი გაითამაშა. წვიმას საერთოდ აღარ აპირებდა, პირიქით, ცას ავისმომასწავებელი ღრუბლები ნელ-ნელა ეცლებოდა და გიშრისფერი კაბადონი, მთელი თავისი სიდიადით იკვეთებოდა.
ლერამ ფარნის შუქი, იქაურობას კიდევ ერთხელ მოატარა და ათასი ხარახურით გავსებული, თავმოხდილი ყუთებიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ქვემოთ, სიღრმეში ჩასასვლელ ვიწრო კიბეს მოჰკრა თვალი. საფეხურები, მუხის იყო თანაც საკმაოდ ძველი, სწორედ ამიტომ, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე გულსაკლავი ჭრიალის ხმას გამოსცემდა.
კიდევ რამდენიმე საფეხურიც და გოგონა უკვე საშუალო ზომის, ჩაბნელებულ კაიუტაში იმყოფებოდა. შუქის ჩამრთველი, კედლის მარცხენა მხარეს იყო. ლერამ, როგორც იქნა, მოახერხა მისი მოძებნა ხელი დაუფიქრებლად ჩამოჰკრა.
კაიუტა, მაშინვე კაშკაშა შუქმა მოიცვა. უმალ გამოჩნდა ოვალური, სქელმინიანი ფანჯარა, ორ ერთმანეთის პირდაპირ მდგომ, ორსართულიან საწოლთან ერთად. იქაურობა, გემბანისგან განსხვავებით, ბევრად უფრო სუფთა და მოვლილი ჩანდა. საწოლებს შორის, საწერი მაგიდა და ხის მაღალი სკამი იყო ჩადგმული, რომელზეც კალმები და ფურცლის გრაგნილები, ვიღაცას ლამაზად მიეწყო. მაგიდაზე, ამ ყველაფერთან ერთად, მსოფლიოს პოლიტიკური რუკაც გაეშალათ, რაღაც ატლანტის ოკეანის კუნძულები მრგვალად შემოეხაზათ. ლერას, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ აქ, მის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ვიღაც იყო ნამყოფი, თუმცა ფიქრები მალევე უკუაგდო, ზურგ-ჩანთასა და შავ, ტყავის ხელთათმანებს საწოლზე მიუჩინა ადგილი, თავადაც მასზე ჩამოჯდა იოგას პოზაში და მობილურიდან Call Log-ში ბოლოს დაფიქსირებულ ნომერზე ზარი განახორციელა.
ტელეფონში, მაშინვე გაბმული ზუმერი გაისმა. დიდხანს ელოდა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. მეორედაც გადარეკა. პასუხი არც ამჯერად იყო. მესამე მცდელობაზე, როდესაც გოგონას მობეზრებული სახით უნდა დაეჭირა თითი მწვანე ღილაკზე, მობილურზე ზარი თავად ადრესატისგან შემოვიდა და ლერამაც ისე, რომ ბევრი აღარ უფიქრია ყურმილის ასაღებად სენსორს თითი სწრაფად გადაუსვა.
-არაპუნქტუალურობის მეფე ხარ, ტაილერ -ხმის ამოღებაც კი არ აცადა ისე წამოიწყო საუბარი, რის შემდეგაც საწოლზე უფრო მოხერხებულად მოკალათდა
-თითქმის მოვედი. პერიმეტრი სუფთაა? რაიმე საეჭვო ხომ არ შეგინიშნავს? -პოლიციელს, მშვიდი, აუღელვებელი ტონი ჰქონდა. ხმების მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, კვლავაც მანქანაში იყო
-თითქმის მოხვედით? -გაოცებული ხმა ამოუშვა ლერამ -"თ" რა შუაშია? შენთან ერთად კიდევ არის ვინმე?
-ჩემი განყოფილების ბიჭები. შენ, სამივესთან მუშაობა გევალება, ამიტომ, მათაც უნდა იცნობდე. ახლა კი, ჩემ შეკითხვას უპასუხე თუ შეიძლება
-ისეთი არავინ შემინიშნავს ვიღაც შეყვარებული წყვილის გარდა, თუმცა მეეჭვება მათ ახლა ჩვენთვის ეცალოთ -ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია გოგონამ და ჩაეცინა
-ორ წუთში ვიქნებით. შენთვის ჯობია, რომ კარგი ამბები გქონდეს -უკანასკნელად ეს თქვა ტაილერმა და ყურმილში, წყვეტილი ზუმერიც გაისმა
ლერამ, ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩაიბრუნა, თან საწოლზე გადაწვა. კაიუტის მარჯვენა კედელს შეხედა, დიდი, ოვალური ფანჯარა რომ იყო ამოჭრილი და სავსე მთვარე ლამაზად მოჩანდა. რაღაც აუხსნელი ემართებოდა ლერას ამ ციური სხეულის დანახვისას. შეიძლება ითქვას, თავის თავს აგონებდა- ისიც მასავით იდუმალი იყო. თუმცა მხოლოდ საკუთარ თავს არა- ჯეისონსაც. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ვინკლერს, მთვარის მსგავსად, ერთი მხარე ყინულივით ცივი ჰქონდა, მეორე კი, თბილი. ეს აბსტრაქტული სითბო, ჯეისონის პიროვნებაში, სადღაც გულის ყველაზე ღრმა ცხრაკლიტულებში იყო მიმალული და მისი დანახვა ან ამოცნობა მხოლოდ იმას შეეძლო, ვინც ამ პიროვნების სულთან ყველაზე ახლოს იყო. ლერასაც ასეთი შეგრძნება ჰქონდა. მუდამ თან დაჰყვებოდა ის ფიქრები, რომ ჯეისონი მისთვის, ოდესღაც ძალიან ახლობელ ადამიანად ითვლებოდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა რატომ უჩნდებოდა მსგავსი ვარაუდები და თავისი აზრით, ამას, ვერც ვერასდროს გაარკვევდა.
ფიქრებში სამოგზაუროდ წასული გოგონას სმენას, რომელიც კვლავ ცაზე მიკრულ ვერცხლისფერ ბურთს უმზერდა, უეცრად, გარედან რაღაც გაურკვეველი ბგერები მისწვდა. ამ ყველაფერს, რამდენიმე წამის შემდეგ, ხის ყუთების წაქცევისა და სუსტი წამოყვირების ხმაც მოჰყვა. ლერა, საწოლზე მაშინვე წამოჯდა, ფანჯრიდან მოელვარე მთვარეს მზერა მოსწყვიტა, ჯეისონზე ფიქრებიც ამოიგდო თავიდან და ხის კარს, ელვის უსწრაფესად მიუახლოვდა. ბგერები, თანდათან უფრო და უფრო ძლიერდებოდა. გოგონას მახვილმა სმენამ ისიც გაარჩია, რომ ეს, ნაბიჯების ხმა იყო, რომელიც ზუსტად სამ ადამიანს ეკუთვნოდა.
-როგორც იქნა მოვიდნენ -მობეზრებულად აატრიალა თვალები და ის-ის იყო ზღურბლს მოშორდა, რათა ისევ საწოლზე ამძვრალიყო, რომ კარიც თითქოს სპეციალურად გაიღო და შიგნით, ერთიმეორის მიყოლებით შემოლაგდნენ ნიუ-იორკის განყოფილების პოლიციელები-ჯერ ტაილერი, შემდეგ მაქსი, ბოლოს კი, დექსტერი. ამ უკანასკნელმა, კარები ხმაურიანად მიხურა, საკეტი გადაატრიალა და როგორც კი უკან შემობრუნდა, ლერას ოდნავშესამჩნევად გაუღიმა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, გოგონასგან, საპასუხოდ მხოლოდ ცივი, არაფრისმთქმელი მზერა დაიმსახურა.
სამეულიდან, მხოლოდ ტაილერს არ ჰქონდა გადაღლილის მზერა. პირიქით, საკმაოდ ენერგიულადაც კი გამოიყურებოდა იმისდა მიუხედავად, რომ შუა ღამე იყო და თვალის მოხუჭვა ერთი წამითაც ვერ მოესწრო.
-ამათ ვის ვხედავ -თეატრალურად შეიცხადა ლერამ, მათმა შემხედვარემ -სამი მუშკეტერი მოსულა! აბა, მითხარით, რომელი ხართ ათოსი, რომელი პორთოსი და რომელი არამისი?
ტაილერს ბოროტულად ჩაეღიმა და გოგონას რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა.
-რაც გინდა ის დაგვიძახე, მაგრამ იმას ნამდვილად გპირდებით, რომ შენს კოშმარულ სიზმრად გადავიქცევით, თუ ხელთ არაფერი გაქვს
-დამშვიდდი მეგრე, ყველაფერი რიგზეა -ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე გოგონამ და მაქსს და დექსტერს მიუტრიალდა -მე ლერა ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა -ბიჭებს ხელი სათითაოდ ჩამოართვა მან -იმედია თქვენც, თქვენი უფროსივით უხასიათო ტირანები არ ხართ
-რა თქმა უნდა არა, ფისუნია -დექსტერი გვერდზე გასწია მაქსმა და გოგონას მიუახლოვდა -იქნებ, აქედან წასვლის შემდეგ ჩემთან შეგვევლო, საწოლზე თეთრეული მაქვს გამოსაცვლელი და დამეხმარებოდი
-მაქს! -თვალები დაუბრიალა ტაილერმა -აქ ფლირტისთვის არ მომიყვანიხარ. თქვენი სასიყვარულო თავგადასავლებიღა მაკლია
-მაპატიე ძმაო, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზია. არ მესმის, მასთან თავს როგორ იკავებ?
-იმპოტენტია -სიცილით მიუგო ლერამ, შემდეგ კი, სანამ ტაილერი კიდევ ერთხელ მოასწრებდა გაბრაზებას, თავისი განუყრელი ზურგ-ჩანთაც გახსნა და იქიდან რაღაც სადენების ამოლაგება დაიწყო -ლეპტოპი ხომ წამოიღეთ?
-კი, მე წამოვიღე -მაშინვე გაეპასუხა დექსი და Apple-ს მოდელის, ტექნიკური მოწყობილობა მაგიდაზე გაშალა. ამასობაში, ლერა ჩანთიდან ამოლაგებას მორჩა, რაციის მაგვარი მოწყობილობა, რომელიც, გასულ ღამით ჯეისონის ბინაში გამოიყენა, რაღაც სადენების დახმარებით ლეპტოპს მიუერთა და ტაილერის გვერდით ჩამოჯდა. პოლიციელი, ლეპტოპის კლავიატურაზე თითებს გამალებით აკაკუნებდა და ეტყობოდა, რომ თავისი საქმის გარდა, ამ ქვეყნად არაფერი ახსოვდა. მალე, ეკრანზე პატარა, ლურჯი ფანჯარა ამოხტა, რომელშიც კიდევ ერთი ოთხკუთხედი იყო ჩასმული და გვერდით, დიდი შავი ასოებით ეწერა PASSWORD.
-მორჩა, კოდი მითხარი და წვდომას მივიღებ
-BCH1642180070609 -დამარცვლით უკარნახა ლერამ და მოწყობილობაზე რაღაც ღილაკებს დააწვა. ორივენი თავიდან ფეხებამდე იყვნენ ჩაფლულები თავიანთ სტიქიაში და დაპროგრამებული რობოტებივით მოქმედებდნენ. ერთი შეხედვით, მათი ტანდემი, FBI-ს საიდუმლო აგენტების მუშაობასაც მოგაგონებდათ. ტაილერმა და ლერამ, ისიც კი ვერ შენიშნეს, თუ როგორ გაგზავნა მაქსმა საბრალო დექსი გარეთ, საშინელ სუსხში რათა პერიმეტრი ეკონტროლებინა და რაიმე საეჭვოს შემთხვევაში, იქ დარჩენილთათვის დაუყოვნებლივ ეცნობებინა.
-ბოლოს და ბოლოს, ამიხსნით თქვენ ორნი მანდ რას აკეთებთ?! -გრძელვადიანი, აუტანელი დუმილი ვეღარ აიტანა მაქსმა და საბოლოოდ, მაინც ვეზუვივით ამოხეთქა -ტაილერ! -პასუხი, რომ ვერ მიიღო ხმას უფრო აუწია -კითხვა დაგისვი და შენი ხმის ამოღებას ველოდები!
-ვინკლერის ტელეფონში შეყვანილ საიდუმლო პროგრამაზე ვიღებ წვდომას ამ მოწყობილობის საშუალებით -ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია ისე დაიწყო ახსნა მან. ლერა, უხმოდ იჯდა და ჩატვირთვის დასრულების მოლოდინში, მაგიდაზე თითებს აკაკუნებდა -ყველა ზარი, რომელსაც ჯეისონი განახორციელებს, ყველა შეტყობინება თუ უბრალოდ ვინმესთან საუბარი, ამ ლეპტოპში შეგროვდება. ასევე, გვეცოდინება მისი ადგილსამყოფელი, სადაც არ უნდა წავიდეს და როცა არ უნდა წავიდეს. ყველაზე უდაბურ ადგილებშიც კი. ჰო, მართლა, ის გამოშტერებული დექსტერი სად გაქრა? -მხოლოდ ახლა შენიშნა მისი არ ყოფნა ტაილერმა და იქაურობას თვალი კიდევ ერთხელ მოატარა, რამე ხომ არ მეშლებაო
-სანამ თქვენ სხვა პლანეტაზე მოგზაურობდით, მანამ გარეთ გავუშვი, რათა სიტუაცია აკონტროლოს. თუ ვინცობისაა, ამ იახტის პატრონი გამოჩნდა, რაშიც ეჭვი მეპარება, რადგან არა მგონია საერთოდ პატრონი ჰყავდეს, მაშინვე გაგვაგებინებს. მართალია, ამ დროს აქ ვინმეს მოსვლა მაინდამაინც მოსალოდნელი არ არის, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა
-შეიძლება სიფრთხილეს არა, მაგრამ მე ნამდვილად ამტკივდა თავი შენი ლაპარაკისგან -თვალები მობეზრებულად აატრიალა ლერამ და კვლავ მონიტორს შეხედა. ჯეისონის მონაცემებზე წვდომის პროგრამა ლეპტოპში 60%-ით იყო ჩატვირთული და დანარჩენი 40%-ის შევსებას, დაახლოებით ხუთი წუთი სჭირდებოდა
-ეს გოგო სულ ასეთი აგრესიულია?
-არა ყოველთვის არა -ტაილერის მაგირად, ლერა გაეპასუხა -მხოლოდ ხუთშაბათობით და უიკენდის დღეებში
-კარგი, ამას შევეშვათ. კიდევ რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ გაგირკვევია?
-არა, ტაილერ. მხოლოდ ორი ბავშვის გვამის შესახებ შემიძლია გითხრა, რომელიც მსხვილი ნარკოგამსაღებლის, ჯოშ ნორტონის შვილები იყვნენ. ისინი, ჯეისონს მძევლებად ჰყავდა აყვანილი და შემთხვევით ბუნებრივმა აირმა გაგუდა. თუმცა ეს არაფერს გვაძლევს, რადგან მის ამ საქმეში მონაწილეობას ვერაფრით დავამტკიცებთ
-მოიცა, მოიცა, ბავშვების გვამები? -საუბარში ჩაერთო მაქსი და აშკარად იგრძნო გულის რევა -შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? ნუთუ იქ იყავი, როდესაც . . .
-ჰო, ამ პროცესს მეც ვესწრებოდი. შუაგულ ტყეში დამარხეს, ქალაქგარეთ. აი, ამ კარტაზე ყველაფერი მოგინიშნეთ -მაგიდაზე პატარა, ოთხად გაკეცილი ფურცელი დადო -თუ სხვა არაფერი, ცხედრებს მაინც იპოვნით და მათ მშობლებს საშუალება მიეცემათ გოგონები ყოველგვარი წესის დაცვით დაკრძალონ
-ჯანდაბა, ეს ჯეისონი ნამდვილი ავადმყოფი მანიაკია -თავი ბრაზით გააქნია მაქსმა და ზუსტად ამ დროს, კომპიუტერმა ჩატვირთვის დასრულებაც აცნობა
-მაინც მოვატეხ რქებს მაგ ნაბი*ვარს. მიზანთან უკვე ძალიან ახლოს ვარ. ყველაფრისთვის ვაზღვევინებ, რაც გამიკეთა. როდესაც ხელთ საკმარისი სამხილი მექნება, თავს მაშინვე ციხეში ამოვაყოფინებ -ტაილერი ისე ლაპარაკობდა, თითქოს თავის მეორე "მე"-ს ესაუბრებაო. მის თვალებში, ჯეისონისადმი უსაზღვრო სიძულვილი იკვეთებოდა, რაც იქ მყოფთაგან არც ერთს არ დარჩენია შეუმჩნეველი
-მე, ერთი კითხვა არ მასვენებს -ტაილერს გახედა გოგონამ და როდესაც მის გამჭოლ მზერას გადააწყდა, განაგრძო -დავუშვათ, ბავშვები იპოვეთ. განყოფილებაში ამას როგორ ახსნით? ინფორმატორად ვის დაასახელებთ? იმას ნამდვილად ვერ იტყვით, რომ მაფიაში თქვენი წარმომადგენელი გყავთ შეგზავნილი და მათ ზურგს უკან ხლართავთ საქმეებს
კაიუტაში დუმილი ჩამოვარდა. მაქსი და ლერა, წამით ერთმანეთს მიაშტერდნენ, შემდეგ კი, ორივემ ტაილერს გახედა პასუხის მოლოდინში.
-ეს მე მომანდეთ და ბევრს ნუ ფიქრობთ. ზედმეტი ფიქრი ნაოჭებს აჩენს
-რა მოხდა ძმაო, ქალის ჰორმონები მიიღე, თუ ასეთი აზრები რას მივაწერო? -გაეცინა მაქსს
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და წადი იმ ყეყეჩს ააკითხე, რაღაც საეჭვოდ დუმს. მის მაგივრად შენ უნდა წასულიყავი, ხომ იცი სულ პრობლემებს ქმნის?
-ნუ აზვიადებ, არა მგონია რაიმე სისულელე გააკეთოს
-ეს ხომ დექსტერია? რა თქმა უნდა რაიმე სისულელეს გააკეთებს
-ჰო, ეს რატომღაც ვერ გავთვალე, ალბათ გადაღლილობის და უძილობის ბრალია. კარგი, ავალ შევამოწმებ -მუხლებზე ხელები დაიწყო მაქსმა, ფეხზე მოხუცი, წელში მოხრილი მაკაცივით ზანტად წამოდგა და აგრეთვე ზანტად აიარა ხის ჭრიალა საფეხურები, რომლის ხმაც, გოგონას ნერვულ სისტემაზე საშინლად მოქმედებდა. კაიუტაში, მხოლოდ ლერა და ტაილერი დარჩნენ. ახლა უკვე შეეძლოთ თავისუფლად, ყველანაირი საიდუმლოებების გარეშე ესაუბრათ.
-ახლა შემომხედე და კარგად მომისმინე -პოლიციელი, მეტი დამაჯერებლობისთვის, მისკენ გადაიხარა და კეფაში ხელი ჩაავლო -იმ ტიპის სისხლი, რომელსაც შენ დაეჯახე და შემთხვევით შემოგაკვდა, ახლაც ხელებზე მაცხია. ხომ ხვდები, იმედები არ უნდა გამიცრუო. ამ დანაშაულის მიჩქმალვაში მხოლოდ იმიტომ დაგეხმარე, რომ შემდეგში ჩემ სასარგებლოდ გამომეყენებინე და არა იმისთვის, რომ შენზე, როგორც მდიდარი ბაბუის გატუტუცებულ მემკვიდრეზე გული შემტკივა.
-რამდენჯერ გითხარი, იმ ღამეს ნუ მახსენებ-მეთქი?! -ხმას საგრძნობლად აუწია ლერამ -იმ ტიპს შემთხვევით დავეჯახე, ეს ჩემი ბრალი არ იყო და შენ, ეს ყველაფერი საბაბად გამოიყენე, რათა ციხით დაგეშინებინე, დაგეშანტაჟებინე და იმ ბინძურ ბანდაში შეგეგზავნე. ერთხელაც არ გიფიქრია, რომ ეს მგლის ხახაში კრავის შეგდებას ჰგავს?
-მე დაგეხმარე!!! შენი დასვრილი ავწმინდე, ის ტიპი, საკუთარი ხელებით დავმარხე და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელი ვარ და ეს ჩემი მოვალეობაა, შემთხვევის ადგილას მაინც არ დაგაკავე. მადლობას ასე მიხდი?!
-მადლობას? -საკრასტულად ჩაეცინა ლერას -ნამდვილი გარეწარი ხარ და ჩემგან მადლობას ელი? ადამიანებით მანიპულირება და მათი შენ სასარგებლოდ გამოყენება კეთილი საქმე გგონია?
ტაილერს, გოგონას პირდაპირობაზე თვალები ბრაზით აენთო. ამ წამს, მზად იყო ლერა საკუთარი ხელითაც კი მიეხრჩო. რაღაცის სათქმელადაც გააღო პირი, თუმცა აღარ დასცალდა, რადგან ზუსტად იმ დროს, მაქსი ფსიქიატრიულიდან გამოქცეული პაციენტივით შემოვარდა და იქ მყოფთ შეშლილის მზერა მოავლო.
-რა დაგემართა? მოჩვენება დაინახე? -ტაილერი ფეხზე წამოდგა და მას რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. ლერაც მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ლეპტოპი, მაშინვე დახურა
-დექსტერი . . . ის, ის ქუჩაში უგონოდ გდია. ცოცხალია, მაგრამ . . . მოკლედ, ბოლოს რაღაც შავი ფერის, ძველი ფირმის ავტომობილი დავინახე. იგი ბოლო სიჩქარით მოწყდა ადგილს, საქარე მინიდან კი მძღოლმა ბეისბოლის ჯოხი მოისროლა, რომელიც პირდაპირ მდინარეში გადავარდა. სავარაუდოდ, თავში სწორედ ის ჩაარტყეს. 911-ში უკვე დავრეკე და სასწრაფო დახმარების მანქანას გამოგზავნიან
მაქსის სიტყვებზე, ლერას თითქოს გონება გაეხსნა. მოაგონდა ის იდუმალი, შავი მანქანა, რომელშიც, შეყვარებული წყვილი ერთმანეთს ეალერსებოდა და მაშინვე მიხვდა, რომ ეს მხოლოდ თვალის ასახვევად დადგმული სპექტაკლი იყო. გოგონას, ვიღაც უთვალთვალებდა, ვიღაც ისეთი, ვინც სავარაუდოდ, ჯეისონის დაქირავებული იყო და შეეძლო მასზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაემხილა. არა, არა და არა!!! ეს არ უნდა მომხდარიყო. ცხოვრებაში, არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც დასახული მიზნის შესრულება არ გამოსვლოდა და ეს მუდამ ასე უნდა გაგრძელებულიყო.
გოგონას, არავისთვის არაფერი აუხსნია. თავის ჩანთას, ხელი მართლაც, რომ გიჟივით დაავლო, ზურგზე სწრაფად მოიკიდა და იმის გამო, რომ დრო არ დაეკარგა იქიდან, ყველანაირი სიტყვისა და ზედმეტი კომენტარის გარეშე გავარდა. გემბანზე ხის, დიდი ყუთები იყო გადმოცვენილი, რაც სიარულისას შეფერხებას ქმნიდა, თუმცა ლერა მათ სიჩქარისას უნებურად გადაახტა, ხმელეთზე გადავიდა, თავის მოტოციკლისკენ, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და როგორც კი მასზე გადაჯდა, იგი ხმამაღალი ღმუილით დაქოქა.
რამდენიმე წუთის წინ, სანამ გოგონა იახტაზე პოლიციელებს შეხვდებოდა, მან შავ, საეჭვოდ მდგომ ავტომობილს, გვერდითა სარკის უკან, ყოველი შემთხევისთვის, JPC სისტემა მიამაგრა. იმ დროს, სერიოზული ეჭვი არ ჰქონია, თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, თავი დაიზღვია და სწორადაც მოიქცა. ახლა, ამ სისტემის წყალობით, უკვე თავისი მობილურის ეკრანზე ხედავდა, თუ საით მიემართებოდა წითელ წერტილად აღნიშნული ავტომობილი და აკრებილი ბოლო სიჩქარის წყალობით, მალე მას დაინახავდა კიდეც.
გოგონა, ამჟამად ბრონქსის რაიონში იმყოფებოდა. ადგილას, სადაც ყველაზე მეტი დანაშაული ხდებოდა, ყველაზე საშიშ რაიონად ითვლებოდა და გვიან ღამით იქ სეირნობას, ქალაქის თითოეული მცხოვრები გაურბოდა. კიდევ თხუთმეტი წუთის განმავლობაში იარა ლერამ. მანქანა, კვლავაც არ ჩერდებოდა. ამჯერად, ცენტრალური ქუჩების მაგივრად, უკვე ჩიხებით სიარულს ამჯობინებდა. რა თქმა უნდა, ლერაც თადარიგს იჭერდა, ზედმეტად ახლო მანძილზე არ მიდიოდა, რათა არ ეფიქრა, რომ სწორედ მას მიჰყვებოდა. განზრახული ჰქონდა მანქანა ჯერ გაჩერებულიყო, თავს კი, მხოლოდ ამის შემდეგ დასხმოდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ავტომობილში მჯდომი პირი, ჯეისონის ინფორმატორი იყო, ხოლო ის გოგო, სპეციალურად მოწვეული დამხმარე, რომელმაც თავისი როლი, მართლაც, რომ მშვენივრად ითამაშა.
ლერამ, არ იცოდა გოგონა კვლავ მანქანაში იჯდა თუ არა, მაგრამ ახლა, ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. იმ წუთას, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, იყო თუ არა მისი მოთვალთვალე ვინკლერის ბანდის წევრი. ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ დროებით აყვანილი საიდუმლო აგენტი ყოფილიყო და უშუალოდ მაფიასთან არანაირი შეხება არ ჰქონოდა? თუ წევრებში არ შედიოდა, ესე იგი ის ძვირადღირებული მანქანა, მაფიის ფულით არ ჰქონდა შეძენილი და თუ ეს ნამდვილად სიმართლე იყო, მაშინ რა უნდა შეეთავაზებინა გაწეული სამსახურის ნაცვლად, ჯეისონს მისთვის? ფული, ხომ ისედაც საკმარისად ექნებოდა და . . . -ლერას, ამდენი ფიქრისგან უკვე თავი სტკიოდა. მხოლოდ ერთი გზა იყო იმის შესამოწმებლად, შედიოდა თუ არა ეს ადამიანი ჯეისონის ხალხში და თუ არ შედიოდა, მაშინ უკვე სულ სხვა ზომებს მიიღებდა.
ავტომობილმა მორიგ ჩიხში გადაუხვია. გოგონამ შენიშნა, თუ როგორ საგრძნობლად მოიკლო მისმა სიჩქარემ, ერთ-ერთი პატარა, ეზოიანი, ორსართულიანი სახლიდან სამიოდე მეტრის მოშორებით. იგი, მდიდირულად ნამდვილად არ გამოიყურებოდა და ასეთი მანქანის პატრონს, იოტისოდენადაც არ შეეფერებოდა.
სახლს, დიდი ფანჯრები ჰქონდა. მის ზედა სართულზე, ერთ-ერთ ოთახში, სავარაუდოდ საძინებელში სინათლე იყო დატოვებული და ბოლომდე გადაწეული ფარდებიდან ოდნავ მოჩანდა საკმაოდ დიდი ზომის, ტანსაცმლის კარადა.
ქვედა სართულზე, მარჯვენა კუთხეში, პატარა ავტოფარეხი იყო მოწყობილი. ბიჭმა, სიჩქარეს უფრო მეტად მოუკლო და მანქანა სწორედ მის წინ მიაყენა. ავტოფარეხის კარი, დისტანციურ მართვაზე გახლდათ დაყენებული, ეზოს მხოლოდ ერთადერთი ლამპიონი ანათებდა, ხოლო სადღაც შორიდან, ყრუდ მოისმოდა ქუჩის ძაღლების შეუჩერებელი ყეფა, ალაგ-ალაგ მგლებივითაც რომ იწყებდნენ ყმუილს.
მოთვალთვალემ გადაწყვიტა თავისი ოთხბორბლიანი მეგობარი ცოტა ხნით მიეტოვებინა და გარეთ გადმოვიდა. მან, ჯერ მაჯის საათს დახედა, შემდეგ ფრთხილად დაიხარა ჟალუზისებრ კართან, მის წინ მდგომი ყვავილის ქოთნიდან პატარა, ოთხკუთხედი პულტი ამოაძვრინა, წელში გასწორდა და მის ერთ-ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, ავტოფარეხის კარი მარტივად ასწია. ახლა უკვე შეეძლო მანქანა შიგნით შეეყვანა, შემდეგ კი ამ ღამეული სეირნობისგან დაღლილს კარგადაც გამოეძინა.
ბიჭი, კვლავ უკან მიტრიალდა, პულტი ამჯერად ჯიბეში ჩაიდო და ის-ის იყო სალონში უნდა შებრუნებულიყო, რომ ეზოში ანთებული ერთადერთი ლამპიონის შუქზე, კარგად დაინახა როგორ გაიზარდა ქვაფენილზე ვიღაცის ჩრდილი, შემდეგ კი, ისე, რომ რეაგირების მოხდენაც ვერ მოასწრო, ყელზე ბასრი, ცივი საგნის შეხებაც იგრძნო ხოლო მხარზე, ვიღაცის ხელი, რომელსაც თხელ თითებზე შავი, ტყავის ხელთათმანი წამოეცვა. ბიჭმა, მხოლოდ ახლა მოჰკრა თვალი უცნობ მოტოციკლს, რომელიც ჭიშკრისგან ოდნავ მოშორებით, გზის განაპირას ეყენა და ერთი შეხედვით, მხედრის მიერ მიტოვებულ დოღის ცხენს ჰგავდა.
-მარტო სეირნობ, ლამაზო? -ათწამიანი დუმილი, თავისი სარკაზმული ტონით დაარღვია ლერამ, რადგან მიხვდა, რომ ბიჭი შიშისგან მთელი სხეულით ცახცახებდა
-ვინ ხართ? ჩემგან რა გინდათ? რას მერჩით? არაფერი დამიშავებია, გეფიცებით! გთხოვთ გამიშვით!
გოგონას, მის სიმხდალეზე კინაღამ ხმამაღალი სიცილი აუტყდა. მაშინვე მიხვდა, რომ ასეთი მშიშარა ადამიანი, უშუალოდ ბანდის წევრი ვერ იქნებოდა, თუმცა ეს მაინც გადასამოწმებელი იყო.
-თქვი ვინ ხარ და რატომ მითვალთვალბდი?! -პასუხმა დააგვიანა, ამიტომ ლერამ თავის მსხვერპლს, დანის პირი უფრო მაგრად მიაბჯინა და ხმასაც საგრძნობლად აუწია -ამოღერღე, თორემ გეფიცები ხელიც კი არ ამიკანკალდება ისე გამოგჭრი ყელს
-მე, მე, უბრალოდ ფული გადამიხადეს, რათა შენთვის ოცდაოთხი საათის განმავლობაში თვალ-ყური მედევნებინა -როგორც ჩანს, შიშის ფაქტორმა იმოქმედა, რადგან მოთვალთვალე მაშინვე ალაპარაკდა -მე, შენმა ქმარმა დამიქირავა. ეჭვი აქვს, რომ ღალატობ და . . . ეს მანქანაც მან მომცა, აი, გასაღები. თუ გინდა, ახლავე წაიყვანე
-ჩემმა ქმარმა? -ლერას თვალები გაუფართოვდა -რა ჰქვია შენს დამქირავებელს? ამოღერღე, მე ქმარი არ მყავს!
-ხომ არ მომკლავ? -ბიჭს იმდენად შეშინებული ხმა ჰქონდა, რომ ლერას, წამით შეებრალა კიდეც, თუმცა არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც მხდალი პიროვნება, ვინც ნებისმიერ საფრთხეზე კანკალს იწყებდა და მზად გახლდათ, ყველას ფეხებში ჩავარდნოდა, ოღონდ კი როგორმე სიცოცხლე შეენარჩუნებინა.
-არ მოგკლავ. ახლა კი, თქვი ვინ დაგიქირავა?
-იმ . . . იმ ტიპს, როგორც მახსოვს . . .
-ამოღერღე!
-ჰო, ჰო, ჯეისონ ვინკლერი ერქვა! მგონი ასე მითხრა. ეს მანქანაც მან მათხოვა. ის გოგონაც იმიტომ წამოვიყვანე, რომ შემთხვევითი გამვლელები გგონებოდით და აეჭვი არ აგეღო. შენი ფოტო მომცა და მითხრა, სადაც არ უნდა წავიდეს, უთვალთვალეო. რამე საეჭვოს თუ შეამჩნევ, ყველაფერი გადაიღე და მაშინვე მე მომიტანეო. გეფიცები, ამის მეტი არაფერი ვიცი. ძალიან გთხოვ, გაწიე ეგ დანა და გამიშვი!
-ანუ საიდუმლო ფოტოსესია მომიწყვე, არა? და ფოტოები სად არის? ისევ შენ გაქვს, თუ უკვე გადაუგზავნე სამოდელო სააგენტო Winkler Secret-ს?
-აი, ყველაფერი იქ არის -ხელი შავი ავტომობლისკენ გაიშვირა -წინა სავარძელზე ფოტოაპარატი დევს და ნებას გაძლევ ყველაფერი წაშალო. გასაღებიც მანქანაშია, შეგიძლია ისიც წაიყვანო და ფოტოებიც გაანადგურო!
-იმ ბიჭს თავში შენ ჩაარტყი?
-ჰო, დამინახა როდესაც საიდუმლოდ გაფიქსირებდით. არავისთვის უთქვამს ისე გამომეკიდა, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ ჩემს დაჭერას დამოუკიდებლადაც შეძლებდა. თქვენს კაიუტას, შესასველი მეორე მხრიდანაც ჰქონდა. კარი ზუსტად იქ იყო, სადაც საწერი მაგიდა იყო მიდგმული. იმ შესასველით, სავარაუდოდ უკვე აღარავინ სარგებლობსა, ამიტომ ცარიელი სივრცე გიფსით ამოავსეს. მაგიდის ქვეშ, რომელსაც თქვენ უხსედით, ჩემდა საბედნიეროდ საკმაოდ პატარა, ოთხკუთხედი ფანჯარა იყო ამოჭრილი, ოდნავ დაბურული მინებით, თუმცა ფოტოების გადაღება მაინც შეიძლებოდა. უკვე წამოსვლას ვაპირებდი, როდესაც იმ ტიპმა შემამჩნია. უნდოდა ფოტოაპარატი წაერთმია, ამიტომ ხელში რაც პირველად მომყვა, სწორედ ის ჩავარტყი და მაშინვე გავიქეცი. ახლა არ მითხრა, რომ . . . -ბიჭს ხმა აუკანკალდა, სხეული საგრძნობლად დაეჭიმა და სახეზე, აშკარა დაძაბულობა დაეტყო. ამას, ისიც ემატებოდა, რომ ყელზე კვლავ დანა ჰქონდა მიბჯენილი და ოდნავ, სისხლჩაქცევის კვალიც ემჩნეოდა.
-არა, არა, არ მომკვდარა. ბედი შენი, რომ ასეა -ლერამ მისი ბეჭიდან ხელი აიღო, შარვლის უბიდან რევოლვერი ამოაძვრინა, ბიჭს კისერზე დანა მოაშორა და ხელის კვრით, წინ გააგდო -ახლა კი, , რაც გაცვია ყველაფერი გაიხადე
გოგონამ, პარალელურად ტელეფონს დახედა, რომელზეც ტაილერის უკვე მეათე ზარი მაინც შემოდიოდა და ბოლოს და ბოლოს, იგი პასუხის ღირსიც გახადა.
-გისმენ, ტაი!
-ტაილერ! -მაშინვე შეუსწორა პოლიციელმა -სად ჯანდაბაში ხარ? რა მოხდა? ის ტიპი ვინ იყო?
-ჰეი, დაწყნარდი, ყველაფერს გეტყვი -შენ კი, გაიხადე რაღას უცდი? -ამჯერად, გაოცებული სახით მდგომ ბიჭს მიუბრუნდა ლერა, თან მეტი მოტივაციისთვის, რევოლვერი გადატენა
-რატომ უნდა გავიხადო? საშინლად ცივა
-იმიტომ, რომ მე ასე მინდა! შენთვის შეწინააღმდეგების უფლება არ მომიცია, გააკეთე რასაც გეუბნები!
-ლერა, ამიხსნი მანდ რა სტრიპტიზ-შოუს დგამ? საერთოდ სად ხარ?
-ტაილერ, შენი იდიოტი თანამშრომლები დატოვე და ათ წუთში, ჩემს მიერ მოწერილ მისამართზე იყავი, პრობლემა გვაქვს -გოგონას მისი პასუხისთვის აღარ დაუცდია, ყურმილი დაკიდა, SMS სასწრაფოდ გადააგზავნა და ჯერ კიდევ უძრავად მდგომ სილუეტს, განმგმირავი მზერა ესროლა
-შენ რა ყრუ ხარ?! ტანსაცმლის გახდა გირჩევნია, თუ ის, რომ იგი პირდაპირ მორკში გაგხადონ?
-ამას რატომ მთხოვ? რა საჭიროა?
-რახან ვამბობ, ესე იგი საჭიროა! დაიწყე და ნუ ელოდები, რომ სადმე Joe Cocker -ის You can leave your hat on აჟღერდება, რათა შექმნილ სიტუაციას მოუხდეს.
ბიჭი, ამჯერად აღარ შეწინააღმდეგებია, მიუხედავად იმისა, რომ მის თვალებში ბრაზის ნაპერწლკები დახტოდნენ. პირიქით, ჯერ მოსაცმელი გაიძრო, შემდეგ ზედა, ბოლოს შარვალიც მათ მიაყოლა და როდესაც ყოველივე ეს, ქვაფენილზე დაყარა, ლერას მიუბრუნდა.
-აი ასე, კარგი ბიჭი ხარ. ახლა დატრიალდი, ოღონდ ძალიან ძალიან ნელა, ვითომ საბავშვო კარუსელი ხარ -გოგონამ, ეზოს ერთადერთი ლამპიონის ნათებას, თავისი ფარანის შუქიც შეაშველა და ბიჭს, სხეულზე მიანათა. თითქმის ყველა სანტიმეტრი დაუთვალიერა, წინიდანაც და უკნიდანაც. იცოდა, რომ ჯეისონის ბანდის წევრებს, ტანზე მორიელის გამოსახულება ჰქონდათ ამოსვირინგებული და ისიც სწორედ მას ეძებდა. დაკვირვებით უყურებდა მის მკლავებს, ზურგს, კისერს და შემდეგ, მზერას ქვაფენილზე მიყრილ ტანსაცმელზე გადაიტანდა ხოლმე.
-იქნებ მითხრა, ასე რატომ მათვალიერებ? თავი მონათა ბაზარზე მდგომი სპარტაკი მგონია
-სულ ტყუილად, სპარტაკი შენზე ბევრად უფრო სექსუალური იყო, თანაც არც შენსავით კანკალებდა, როდესაც სიკვდილს უყურებდა თვალებში. და შენი კითხვის პასუხად, გეტყვი, რომ სვირინგს ვეძებ. მაინტერესებს, "მორიელთა კლუბის" წევრი ხარ თუ, არა. დღეს, ისე ვერავის ვენდობი, თუ თავად არ გადავამოწმე
-სვირინგს? რა სვირინგს? რა ბანდა? -გაიოცა ბიჭმა -მე აქაური არ ვარ, ერთი კვირის წინ ჩამოვედი კანადიდან და უკვე შარში გავეხვიე. იქნებ, შენ და შენი ქმრის ნაირმა გიჟებმა, ჩემგან თავი შორს დაიჭიროთ? არც თქვენი ფული მინდა, ოღონდ შემეშვით!!! -მათი საუბრის მანძილზე, ხმას პირველად აუწია ბიჭმა
-სვირინგი არ გაქვს, ეს ძალიან კარგია. ანუ, ჯეისონის ხალხს არ მიეკუთვნები და თუ დაიკარგე ან რაიმე დაგემართა, მას არც კი გაახსენდები -ლერა, საკუთარ თავს უფრო ელაპარაკებოდა ვიდრე თავის შიშველ მოთვალთვალეს, თან კმაყოფილს ეღიმებოდა -მორჩა, შოუ დამთავრებულია. შეგიძლია, შენი ძონძები მოაგროვო და ჩაიცვა
-ანუ, თავისუფალი ვარ? -სახეც და თვალებიც ერთდროულად გაუბრწყინდა ბიჭს და მაშინვე შარვალში გაუყარა ჯერ ერთი ფეხი, შემდეგ კი, მეორე
-ნუ ჩქარობ, მე ეს არ მითქვამს. ახლა, ჩემი ერთი მეგობარი მოვა, ლუდით გაგიმასპინძლდება და მერე, სახლამდეც მიგაცილებს -სარკასტულად გაიჟღერა ლერას სიტყვებმა
-არანაირი ლუდი არ მინდა. გამიშვით და თავი დამანებეთ! ნუთუ ეს ასე რთულია? გპირდები იმ ჯეისონს არაფერს ვეტყვი, რაც ვნახე და მოვისმინე. ფოტოები შეგიძლია წაიღო. მითხარი, მეტი რა ვქვნა?
-ეს შენი სახლია, არა? -ისე დასვა კითხვა გოგონამ, თითქოს წამის წინ, მისთვის არაფერი ეთქვათ
-ჰო, ჩემის სახლია. ერთი თვით მაქვს დაქირავებული -ღრმად ამოიხვნეშა ბიჭმა და სცადა თავი მოეთოკა. ახლა მისთვის აჯობებდა თუ ლერას, ყველა კითხვას ამომწურავ პაასუხს გასცემდა. მიაჩნდა, რომ ასე, ნაკლები იყო იმის შესაძლებლობა, მისთვის რაიმე დაეშავებინათ -მე მოგზაური ვარ. ერთ თვეში, აქიდან საფრანგეთში მივფრინავ, მინდა პროვანსი და მარსელი ვნახო. ერთ ქვეყანაში დიდხანს არასდროს ვჩერდები და აქიდანაც მალე წავალ, გპირდები. შენთვის პრობლემების შექმნას არ ვაპირებ -ისე სწრაფ-სწრაფად ლაპარაკობდა ბიჭი, რომ ლერას, სიტყვებიც გარჩევაც კი უჭირდა. ერთი მხრივ, ძალიან ხალისობდა მის ბავშვივით შეშინებულ სახეზე, მეორე მხრივ კი, ერთი სული ჰქონდა როდის მოაღწევდა ტაილერი დანიშნულების ადგილამდე. მანამდე დრო, რაღაცით აუცილებლად უნდა მოეკლა. ისეთი რამით, რაც ცოტა დასვენების და მოდუნების საშუალებას მისცემდა.
-შენი სახელი მითხარი, რამდენი ხანია ვსაუბრობთ და ჯერაც არ მიკითხავს
-სტეფანი მქვია -ენის ბორძიკით მიუგო მან და თვალებზე შეეტყო, რომ ასეთმა შეკითხვამ ნადვილად გააოცა
-სტეფან, საყვარელო, ახლა სახლში შევიდეთ და სანამ ჩემი მეგობარი მოვა, ერთი ჭიქა მაგარი ყავა გამიკეთე. აქიდან, რომ წავალ კიდევ რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, ამიტომ ენერგია მჭირდება.
ლერას, ბიჭის პასუხისთვის აღარ დაუცდია. არც მისი დაბნეული სახისთვის მიუქცევია ზედმეტად დიდი ყურადღება. ამის მაგივრად, რევოლვერის წვერი, ზურგზე მთელი ძალით მიაბჯინა, ხელის კვრით წინ უბიძგა და როგორც კი, პირველი სართულის თეთრი კარი, გასაღების ასხმით გააღებინა, ორივენი ზღურბლს მიღმა გაუჩინარდნენ . . .


*ნიკიტა-საიდუმლო ორგანიზაციის ჯაშუში გოგონა, ამავე სახელწოდების სერიალიდან









7 თავი
ქალაქგარეთ მდგომი, მწვანე ხეივანში ჩაფლული პატარა სახლის წინ, რომელიც დასახლებულ პუნქტებს საკმაო მანძილზე იყო დაშორებული და მის უკანა ფონზე აღმართული მაღალი მთიდან, ციცაბო კლდეზე დაშვებული ჩანჩქერი ჩხრიალით მოედინებოდა, დიდი ნაცრისფერი ჯიპი და შავი მოტოციკლი ერთმანეთის გვერდიგვერდ გაჩერებულიყო. მანქანის ოდნავ დაბურული მინებიდან სრული სიცარიელე მოჩანდა, შიგნით არავინ იჯდა, მხოლოდ ერთადერთი მობილური ეგდო წინა სიდენიაზე, მესაჭის ადგილას და იქაურობის მყუდროებას, თავისი ხმადაბალი ზუზუნით არღვევდა, თან პერიოდულად ვიბრაციასაც გამოსცემდა.
სახლს, რომელიც იმ მიდამოებში ერთადერთ შენობად ითვლებოდა, მთლიანობაში სამი ოთახი ჰქონდა. მათ შორის, მისაღები ყველაზე გემოვნებიანად იყო მოწყობილი. იქაურობას სიძველის და თანამედროვეობის იერი, ერთდროულად დაჰკრავდა, რაც გარემოს საოცრად მყუდროს და კომფორტულს ხდიდა. ოთახის მარჯვენა კუთხეში, სადაც რძისფერ კედელს, ზღვის ლამაზი პეიზაჟები ამშვენებდნენ, ფერადი პუფები მიეყარათ. მათგან ცოტა მოშორებით, მაღალი, შოკოლადისფერი აბაჟური იდგა. სწორედ ის ანათებდა მისათებ ოთახს თავისი მკრთალი შუქით, რადგან შტორებზე ჩამოკიდებული მუქი ფარდები ბოლომდე იყო ჩამოფარებული და ოთახში დღის სინათლესაც კი არ უშვებდა.
მკრთალი ნათების გამო, მისაღების კედლები და საერთოდ მთელი გარემო, ისე გამოიყურებოდა, თითქოს უკვე მოსაღამოვებულიყო, თუმცა კედლის საათის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, დილის შვიდი საათი სრულდებოდა და ყოველი წუთის გასვლაზე, მზის სინათლე მუქ ფარდებთან წამოწყებულ ბრძოლაში, უფრო და უფრო დიდ წარმატებას აღწევდა.
მისაღების პირდაპირ, მაღალი ბარით გამოყოფილი სამზარეულო მოეწყოთ. თეთრ თაროებზე მხოლოდ მოზრდილი ფინჯნები და თეფშები ეწყო. მათ ქვემოთ, ხის პრიალა მაგიდაზე, რომელიც კედელს მთელ სიგრძეზე გასდევდა, პირდაპირ ნიჟარის გვერდით, რაღაც თეთრი პარკები უწერიგოდ ეყარა, მათ შორი-ახლოს კი, ვიღაცას დაუდევრად მიეგდო მანქანის გასაღების ასხმა. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ბრელოკით იყო გაფორმებული, რომელთაგან ერთ-ერთზე ამერიკის დროშაც კი იყო გამოსახული, ხოლო დანარჩენი სიმბოლოები გაურკვეველ დანიშნულებას ატარებდნენ. მათგან ყველაზე დიდი ზომის, ოქროს ბრელოკზე ამოკაწრული ხაზოვანი ნახატი კი, თითქოს იაპონური ანბანის იეროგლიფს წააგავდა.
სამზარეულო, ზომით მისაღებზე ორჯერ უფრო პატარა გახლდათ, თუმცა იმდნად მყუდროდ და გემოვნებით იყო მოწყობილი, რომ სივრცის უკმარისობის შეგრძნებას ნამდვილად არ ტოვებდა. სახლის მესამე და უკანასკნელ ოთახს, რაც შეეხება, მას უკვე საძინებლის დატვირთვა ჰქონდა. იგი, დანარჩენებისგან განცალკევებით, ვიწრო, მოგრძო კორიდორის ბოლოში მდებარეობდა და ერთადერთი ოთხკუთხა სივრცე იყო მთელ სახლში, საიდანაც ადამიანთა საუბრის ხმები, საკმაოდ მკაფიოდ გამოდიოდა:
-მაინც რამდენ ხანს უნდა გყავდეს აქ ეს ტიპი? დარწმუნებული ხარ, რომ ვერავინ მიაგნებს? -ვინ იცის უკვე მერამდენედ გააჟღერა ფანჯრის რაფაზე, ლამაზად მოწყობილ ბალიშებზე უდარდელად ჩამომჯდარმა ლერამ ეს კითხვა, იქიდან ცელქი ბავშვივით ჩამოხტა და ტაილერს, რომელიც სკამზე მაგრად მიბმულ ბიჭს, თოკებს უფრო საიმედოდ უნასკვავდა, პირდაპირ თავზე წამოადგა
-რა თქმა უნდა. დარწმუნებული, რომ არ ვყოფილიყავი აქ არ მოვიყვანდი. ბიჭებს გავაფრთხილებ და დღეგამოშვებით იმორიგევებენ, მარტო წუთითაც არ დავტოვებთ -თოკების გადანასკვას მორჩა ტაილერი, მერე კი საწოლზე მიყრილ მსხვერპლის მობილურსა და საფულეს დახედა. პოლიციელი, სწრაფად მიუახლოვდა ამ უკანასკნელს, ხელში აიღო, იქიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამოაძვრინა და ღრმად ამოისუნთქა. თავდაპირველად, მასზე გამოსახულ სურათს დააკვირდა, შემდეგ კი სკამზე მაგრად მიბმულ ბიჭს, ვისაც პირზე ვერცხლისფერი, წებოვანი ლენტი ჰქონდა გადაკრული, საწყლად ფართხალებდა და შიშჩამდგარ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-სტეფან მიშელი -გამოთქმით ამოიკითხა პოლიციელმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან მისი სახელი და გვარი, რის მერეც ისევ ბიჭს დაუბრუნდა გამჭოლი, ოდნავ მკაცრი მზერით -ესე იგი, მექსიკის მოქალაქე ხარ, არა? სამწუხაროა, შენი მექსიკელი დედიკო ალბათ ძალიან ნერვიულობს მის ზარებს, რომ არ პასუხობ -ბოროტულად ჩაეცინა ტაილერს და მსხვერპლის ტელეფონზე შემომავალი მორიგი ზარი გათიშა, ბოლოს კი, იგი საერთოდ გამორთო, ბატარეაც ამოუღო და სიმ-ბარათიც გადაამტვრია, რადგან ეს გაუთავებელი ზარები უკვე მის ნერვულ სისტემაზე მოქმედებდნენ.
-მშვიდი ცხოვრება გქონდა და რამხელა შარში გაეხვიე -ამჯერად ლერა მიუახლოვდა, დაბმულ სტეფანს, ჩვეული დამცინავი მზერით -არადა, შეგეძლო რამდენიმე დღეში ეიფელის კოშკის რესტორანში მჯდარიყავი და კრუასანები მიგერთვა ფრანგულ ყავასთან ერთად
-მმმმ . . . -დაიზმუვლა პირაკრულმა სტეფანმა და სკაზე კიდევ ერთხელ ახტუნავდა
-ჯეისონ ვინკლერთან კავშირს, მუდამ ასეთი შედეგი მოაქვს, ჩემო კარგო. ტაილერ, წამოდი, გავიდეთ, შენთან სალაპარაკო მაქვს. ამ ტიპმა, რაც იცის, ისიც საკმარისია. გონებას უფრო მეტად ნუღარ გადავუტვირთავთ -სარკასტულად ჩაეცინა გოგონას, ოთახიდან გასასვლელი კარი გამოაღო და პოლიციელს თვალებით ანიშნა, მას გაჰყოლოდა.
ორივე სამზარეულოში გავიდა. ლერა მთელ სიგრძეზე გაყოლებულ მაგიდას მიუახლოვდა, მასზე უწინდებურად შედებული პატარა ცელოფნის ერთ-ერთი პარკიდან მზა ყავის ქილა ამოიღო და მისი სიტყვების მომლოდინე ტაილერს მზერა გაუსწორა.
-ხომ იცი, რომ ეგ ტიპი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიქცეს აქიდან, სანამ ჩვენი საქმე არ დამთავრდება? -ჰკითხა მან -მართალია, გარეგნულად უწყინარი ჩანს და იფიცება არაფერს ვიტყვიო, მაგრამ . . .
-სულელი არ ვარ, ლერა! ადამიანებში შენზე ბევრად უფრო კარგად ვერკვევი და იმასაც მშვენივრად ვაცნობიერებ ვინ უქმნის საფრთხეს ჩემს გეგმებს და ვინ, არა -ცოტა არ იყოს, გაღიზიანებული ხმით გააწყვეტინა პოლიციელმა, რის შემდეგაც, ერთი ყავის ქილა თავისთვისაც ამოაძვრინა -შენ ის მითხარი, საიდან იცოდი, რომ ჯეისონის ბანდის წევრებს მორიელის სვირინგები ჰქონდათ?
-ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ გავიგე. სწორედ ამიტომ ვესროლე იმ ღამით იმ ტიპს დაუფიქრებლად. როგორც კი, მის მკლავზე სვირინგი შევნიშნე, მივხვდი, რომ ჯეისონი თავისიანს ასე უბრალოდ ვერ გაწირავდა და ეს მხოლოდ კარგად დადგმული სპექტაკლი იყო. მერე კი . . .
-მოიცა, მოიცა, აქ დააპაუზე -ტაილერმა გოგონა ხელის აწევით შეაჩერა -რომელ ღამეზე ლაპარაკობ? რა სროლა? ვერაფერი გავიგე
-ჰო, ვაპირებდი შენთვის ამის თქმას, მაგრამ რატომღაც გადამავიწყდა -ღრმად ამოიოხრა, ხის სკამზე მოწყვეტით დაეშვა და ტაილერსაც ანიშნა ჩამომჯდარიყო -მოკლედ, ერთ ღამით, სრულიად მოულოდნელად დამადგნენ თავს ჯეისონი, მისი მორიგი კახპა, კირა და კიდევ ერთი ტიპი- ლეონი. თან ვიღაც ტომარაჩამოცმული ადამიანი შემოიყვანეს, მისაღების სკამზე დასვეს და მიბრძანეს მისთვის პირდაპირ გულში მესროლა -თან ლაპარაკობდა ლერა, თან ყავას ისე უდარდელად სვამდა, თითქოს ბავშვს ძილის წინ ზღაპარს უყვებაო -მის მკლავზე, მორიელის სვირინგის დანახვით მივხვდი, რომ ჯეისონის სპექტაკლში მთავარი როლი, ერთ-ერთ მისი გუნდის წევრს ჰქონდა მიცემული და ამაში იმანაც დამარწმუნა, რომ მთხოვა პირდაპირ გულში მესროლა. ალბათ ტანზე ჯავშან-ჟილეტი ან რაიმე ამდაგვარი ეცვა და არ უნდოდათ, სამიზნედ მისი შუბლი ამერჩია. ყველაფერს მაშინვე მივხვდი, ამიტომ ბევრი აღარც მიფიქრია, ჩახმახს გამოვკარი და ვესროლე. შემდეგ კი, მისმა მხლებლებმა სხეული ბინიდან გაიტანეს და მე, ჯეისონს ყავის დალევა შევთავაზე. მორჩა, სულ ეს იყო -დაასრულა ლერამ და მთელი ამ დროის მანძილზე, ტაილერს მზერა პირველად გაუსწორა. მამაკაცს თვალები ორი ზომით დიდი გახდომოდა და გოგონას ისე ათვალიერებდა, თითქოს მის წინ ადამიანი კი არა, უცხო პლანეტელი მჯდარიყო. სიჩუმემ, რომ ათ წამზე მეტხანს გასტანა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ რაიმე თავადაც უნდა ეთქვა და ხის მაგიდას, რომლის ზედაპირსაც ჯერ კიდევ ათბობდა მისი ყავის ჭიქა, ორივე იდაყვით დაეყრდნო.
-კარგი, ახლა ყველაფერი გასაგებია და მესმის -ისევ მცირედი პაუზა . . . -ეს ყველაფერი აქამდე რატომ არ მითხარი?
-უმნიშვნელო დეტალად ჩავთვალე, ტაი -გაეღიმა გოგონას -ჯეისონს ეს ჩემი ძალების შემოწმების გამო არ გაუკეთებია. უნდოდა მეფიქრა, რომ გამოსაცდელ ტესტს ჩავაბარებდი და მასთან მოვხვდებოდი. ეგ შენი ვინკლერი ძალიან ჭკვიანი ვინმეა, კარგად იცოდა, რომ თუ ჩემს წინადადებას მარტივად მიიღებდა, მაშინვე ეჭვს ავიღებდი, რომ შეთქმულებას მიწყობდა და რაღაცას ხლართავდა. ჯერ-ჯერობით არ მენდობა. ამის ნათელი მაგალითი კი, შენს ოთახშია სკამზე მიბმული და გაუჩერებლად ზმუის -ბოლო სიტყვებზე თვალები აატრიალა ლერამ, რადგან ბიჭი სწორედ იმ წუთას ახმაურდა, თანაც წინანდელთან შედარებით ბევრად უფრო მკაფიოდ
-აი, აქ კი, ცდები, ჩემო კარგო. ჯეისონი გენდობა, ოღონდ ბოლომდე არა. შენს მოღალატეობაში დარწმუნებული რომ იყოს, ამდენად ახლოს არ მიგიშვებდა თავის სამყაროსთან, თუმცა ის ასეთია-სანამ უკანასკნელ წვეთამდე არ დარწმუნდება, მანამ მისი ვირთხების ბანდის ოფიციალური წევრი ვერ გახდები. ჩვენი მიზანი მიღწეულად მაშინ ჩაითვლება, თუ შენს სხეულზეც გაჩნდება მორიელის სვირინგი და ეს, თავად ჯეისონ ვინკლერის ინიციატივით მოხდება. მხოლოდ მაშინ -ტაილერმა, ამ სიტყვებზე ფანჯრიდან გადაშლილ, მწვანე, ყვავილებით გადაპენტილ გორაკს გახედა და ყელში ცხელი კოფეინის დიდი ნაკადი გადაუშვა, ლერამ კი, ამასობაში დრო იხელთა, მისი მანქანის გასაღები აიღო და იმ სიმბოლოს დააკვირდა, რომელიც მისი მფლობელის გარდა, ყველაში გაურკვევლობას იწვევდა. არც გოგონა წარმოადგენდა გამონაკლისს, თუმცა იმ წუთას, ტაილერიც მის გვერდით იყო, ამიტომ შეეძლო იეროგლიფის დაუდგენელი მნიშვნელობა, თავად ამ ბრელოკის მფლობელისთვის ეკითხა.
-ტაილერ, ვერ მეტყვი ეს სიმბოლო რას ნიშნავს? და საერთოდ რა დამწერლობაა? ეგვიპტურ იეროგლიფებს ჰგავს
პოლიციელმა თავის პირდაპირ, საქმიანი ბიზნესმენის სახით ჩამომჯდარ ლერას ასხმა თავისუფალი ხელით ჩამოართვა, მეორეთი კიდევ ერთხელ მოსვა ყავის ჭიქიდან და ნივთს ზემოდან ღიმილით დააცქერდა.
-ეს სიმბოლო აფეთქებას ნიშნავს. იაპონური დამწერლობა. აბა თუ გამოიცნობ, ვინ მაჩუქა ეს ბრელოკი? -გამომცდელად გახედა პოლიციელმა გოგონას და სანამ ლერა რაიმეს იტყოდა, მის დაუსმელ შეკითხვას თავადვე გაეპასუხა -ჰო, სწორედ მან ვისზეც ამ წამს გაიფიქრე-თავად ჯეისონ ვინკლერმა.
ტაილერს, ამის მეტად სიტყვაც კი არ დასცდენია, ყავის ჭიქას ხელი სწრაფად შეუშვა, ფანჯარას მიუახლოვდა და ჭრიალით შეაღო წარსულის მაგრად ჩარაზული ჭიშკარი, რომლის მიღმაც მხოლოდ ტკივილი და დიდი იმედგაცრუება დაძრწოდა.

2009 წელი იდგა, 28 ივნისი. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში, ახალგაზრდების ხუთკაციანი ჯგუფი შეკრებილიყო, რომლებიც მხიარული შეძახილებით, დახლთან გამწკრივებულიყვნენ და ერთმანეთს ტეკილას სმაში ეჯიბრებოდნენ. დახლის მეორე მხარეს ცისარტყელას შვიდ ფერში თმა შეღებილი ბიჭი იდგა. ამ ერთი შეხედვით უცნაურ არსებას, რომლის ვარცხნილობა ძალიან ჰგავდა ოფოფისას, მთელი სხეული უაზრო, უშინაარსო სვირინგებით ჰქონდა აჭრელებული და კლუბის ხმაურიანი მუსიკის ფონზე, ბოთლების შოუს კეთებით იყო გართული. ბიჭს, თავისთვის, ცალკე პლანეტა ჰქონდა შექმნილი. დედამიწაზე მხოლოდ მაშინ ბრუნდებოდა, თან ისიც დროებით, როდესაც ვინმე სასმელის შეკვეთას მისცემდა და დახლზე დოლარის კუპიურასაც მოათავსებდა.
-დღეს ბოლომდე ვსვამთ! მიდით, მიდით, არ გაჩერდეთ! -ტეკილას მორიგი ჭიქა გამოცალა ახალგაზრდების ხუთეულიდან ყველაზე მაღალმა, წაბლისფერთმიანმა ბიჭმა და მას ლიმონიც დააყოლა -ანაბელ, რა თქვეს, მალე მოვალთო?
-ჰო, ცოტა ხნის წინ ველაპარაკე ტაილერს -ბოლო ხმაზე აღრიალებული მუსიკის გამო, თავადაც ხმამაღლა უწევდა ლაპარაკი გოგონას -მითხრა, ოთხ-ხუთ წუთში უკვე ადგილზე ვიქნებითო, თუმცა ჯეისონის გიჟური ტარების ამბავი, რომ ვიცი უფრო ადრეც მოვლენ. თქვენ კი ბიჭებო, ეცადეთ მანამდე ძალიან არ დათვრეთ, თორემ ვინკლერი და უილიამსონი დაგჩაგრავენ
-მათ ფონზე, ისედაც სულ ვიჩაგრებით -ამჯერად, წაბლისფერთმიანის გევრდით მჯდომმა წამოყო თავი -ჩვენი უნივერსიტეტის გოგონების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი, ან ერთს დასდევს, ან მეორეს. დანარჩენი ერთი პროცენტი კი, ლესბოსელია
-ნუ წუწუნებ, ნიკ -ხმამაღლა გაეცინა ანაბელს ძმის სიტყვებზე -ოდესმე, შენც აუცილებლად გაგიმართლებს და შენს ჯულიეტას შეხვდები
-ჯულიეტას მხოლოდ ვერონაში თუ შეხვდება და ისიც, მხოლოდ ქანდაკებას -გამოაჯავრა წაბლისფერთმიანის გვერდით მჯდომმა, შავგრემანმა ბიჭმა მეგობარი, რის შემდეგაც, დანარჩენებთან ერთად, ამჯერად უკვე გაზავებული ტეკილას სმა განაგრძო
ანაბელმა მხოლოდ მაშინღა შენიშნა, რომ მისი მარტინის ჭიქა ცარიელი იყო და როგორც კი ბარმენს, მორიგი დოზის შეკვეთა მისცა, კლუბის განათების ფონზე სცადა მაჯაზე შემოხვეულ საათზე დრო ამოეცნო, მაგრამ ეს ყველაფერი აღარ დასცალდა, რადგან ზუსტად ამ წუთას, მის გვერდით მჯდომმა ნიკმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, მეგობრები ერთხმად დასცინოდნენ, მკლავზე ხელი მსუბუქად მიარტყა და თვალებით ანიშნა უკან გაეხედა.
გოგონა, წამით დაიბნა, ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა, თუმცა როგორც კი თავიც და ტანიც ერთდროულად მიატრიალა, მაშინვე მოხვდა თვალში, თუ როგორ შემოდიოდნენ კლუბში აჟღერებული I Am Sexy And I Know-ის ფონზე, მუქ, ზუსტად ერთნაირ სათვალეებსა და თეთრ, ქათქათა პერანგებში გამოწყობილი ტაილერი და ჯეისონი, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ და პირდაპირ დახლთან შეკრებილი ხუთ-კაციანი ჯგუფისკენ მიემართებოდნენ.
ანაბელს, წამით ნერწყვი გაუშრა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და თვალები გაუშეშდა. მარტო ის არ ყოფილა ამ დღეში, ბიჭების შემოსვლამ იქ შეკრებილ ბევრ გოგონაზე მოახდინა შთაბეჭდილება და მათგან უმეტესობას, ალბათ ვნების დაუოკებელმა ტალღებმაც კი დაუარა.
ბიჭები, რიტმული ნაბიჯებით მიუახლოვდნენ მეგობრების შეკრების ადგილს, რომელთაც უკვე კარგად მოჰკიდებოდათ ალკოჰოლი და ეს, წითლად ახურებულ ლოყებზეც ეტყობოდათ. ხანმოკლე მისალმების შემდეგ, ტაილერმა, ანაბელის გევრდით, ცარიელ სკამზე დაიკავა ადგილი, ხოლო ჯეისონი, იქვე, ახლომახლო ჩამოჯდა და მუქმინიანი სათვალე მარჯვენა ხელით მოიხსნა.
-როგორც ველოდით, ძალიან მალე მოხვედით -ჯერ ტაილერს გადახედა ანაბელმა, შემდეგ ჯეისონს. როგორც უწინ, ახლაც ცდილობდა კლუბში აჟღერებული მუსიკის გამო, თვითონაც ხმამაღლა ელაპარაკა
-უფრო სწრაფად მოვიდოდით, მაგრამ პატარა ავარია იყო და გზა, წითელი ლენტებით გადაკეტეს. სხვა მხრიდან მოგვიწია წამოსვლა -მაშინვე გაეპასუხა ტაილერი გოგონას სიტყვებს და გაუღიმა. იქ მყოფთაგან, მხოლოდ ჯეისონს არ გამოჰპარვია ეს ღიმილი, თუმცა ამ ყველაფრისადმი იმდენად დიდი ყურადღება არ გამოუჩენია, მხოლოდ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და ორი Moonshine შეუკვეთა, ერთი თავისთვის, მეორე კი, ტაილერისვის, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ისიც იმავე სასმელს აიღებდა
ახალგაზრდები სმას შეჰყვნენ. იმ წუთიდან, მართლაც აღარავინ გაჩერებულა, ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ და იცინოდნენ. ჯეისონს და ტაილერს, რა თქმა უნდა, ამჯერადაც დაეხვივნენ თავს გოგონები, თუმცა ბიჭებმა ცეკვაზე უარი განაცხადეს და უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად ყოფნა არჩიეს. ანაბელი, მათ შორის ერთადერთი გოგონა იყო, თუმცა ეს საერთოდ არ უშლიდა ხელს და არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა. ალბათ იმიტომ, რომ მის გევრდით უსაყვარლესი ძმა და აგრეთვე, ტაილერი იყვნენ და უყურადღებოდ ერთი წამითაც არ ტოვებდნენ. იქ მყოფთაგან, ყველა ამჩნევდა, რომ ანაბელსა და ტაილერს, ერთმანეთი ძალიან მოსწონდათ და ეს, რა თქმა უნდა, არც ამ უკანასკნელის საუკეთესო მეგობარს, ჯეისონს დარჩენია ყურადღების მიღმა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სხვებისგან განსხვავებით, ეს ამბავი მაინდამაინც არ სიამოვნებდა. მართალია მის სახეზე, როგორც ყოველთვის არანაირი ემოცია არ იკვეთებოდა და გართობასაც უწინდებურად აგრძელებდა, მაგრამ ალაგ-ალაგ, ყველასგან შეუმჩნევლად, ანაბელს მტრულ მზერას ესროდა ხოლმე და ისევ თავისი სასმელის ჭიქას უბრუნდებოდა.
-ტაილერ, ერთი წამით გამომყევი -როგორც კი კლუბში ახალი, ენერგეტიკული მუსიკა აჟღერდა და ამჯერად უკვე შვიდ-კაციან ჯგუფიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი, ნიკი საცეკვაოდ წამოდგა, რადგან როგორც თავად ამბობდა ეს მისი საყვარელი სინგლი იყო, მაშინვე გადაულაპარაკა ჯეისონმა მეგობარს და ჭიქა ხელიდან ფრთხილად გამოაცალა
-რა მოხდა? სად უნდა წამოგყვე? -ცოტა არ იყოს გაუკვირდა მას და ანაბელს ანიშნა, არ მოიწყინო, ახლავე დავბრუნდებიო
-საპირფარეშოში!
-მოიცა მანდ რა გვინდა? -გაეცინა -ძმაო რამეს მიმალავ? იცოდე, ცუდი არაფერი მაკადრო
-მოკეტე რა, ტაი -ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა ვინკლერს და ლურჯი, მკრთალი შუქებით განათებული კორიდორის პირველივე კარი ჭრიალით შეაღო. საბედნიეროდ, შიგნით მათ გარდა არავინ იყო და შეეძლოდ მუსიკისგან მოშორებით, შედარებით წყნარად გარემოში ესაუბრათ
-აბა, რა ხდება? აღარ იტყვი?
-ცოტა ხნით მოიცადე, ნუ ჩქარობ -უჩვეულოდ მშვიდი ხმით მიუგო ჯეისონმა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოავრინა, სანთებელათი მოუკიდა და მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა, როდესაც პირიდან სამი რგოლი მიყოლებით გამოუშვა
-რაღაც მინდა გკითხო, ტაილერ, თანაც ახლავე
-ჯერ მეც მომაწევინე და მერე მკითხე -გაეცინა მას, ნახევრად ცარიელ კოლოფს დაუკითხავად აართვა ერთი ღერი და მეგობარს სანთებელასთან მიუშვირა, რათა მისთვისაც წაეკიდებინა -კარგი, ახლა შენ განკარგულებაში ვარ და გისმენ
-ანაბელი გიყვარს, ასეა? -ყველანარი მიკიბ-მოკიბვისა და ზედმეტი რეპლიკის გარეშე გააჟღერა ჯეისონმა ის კითხვა, რომლის დასმაც მთელი იმ დროის მანძილზე უნდოდა და ეს, მხოლოდ ახლა მოახერხა
ტაილერი ამ კითხვას ნამდვილად არ ელოდა. ჯერ გაქვავდა, შემდეგ გაშრა, მზერა აემღვრა და ხმამაღალი ხველა აუტყდა. ამ წუთას, პატარა ბავშვს ჰგავდა, რომელიც სიგარეტს პირველად სინჯავდა და მის უკუჩვენებებს თავის თავზე ცდიდა. აქეთკენ, რომ მოემართებოდა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ ჯეისონი საუბარს, ზუსტად ამ თემაზე ჩამოუგდებდა. ჯერ თავადაც კი არ ჰქონდა ბოლომდე გაცნობიერებული რას განიცდიდა გოგონას მიმართ და მისი მეგობარი, უკვე ყველაფერს ხვდებოდა.
-ჰო, მგონი მიყვარს. ლამაზი გოგოა, არა? -ბოლოს მაინც აღაიარა ტაილერმა და მეგობარს ახედა, რომელსაც სახეზე უკმაყოფილება დასთამაშებდა
-ჩემი აზრით, შენი შესაფერისი არ არის. მასზე ბევრად უკეთესს იმსახურებ
-ამას რატომ ამბობ? -ცოტა არ იყოს ეწყინა ტაილერს -ანაბელთან ხომ შენც მეგობრობ? ჩემთვის რატომ არის ცუდი?
-ტაილერ უილიამსონ -ღიმილით დაიწყო ჯეისონმა და მეგობარს, ცალი ხელი მხარზე დაადო, მეორეთი კი, სიგარეტის ღერი მოიქცია თითებში -გოგონები თავზე გახვევია, თითქმის ყველა უკან დაგდევს და დავიჯერო, რომ ანაბელზე უკეთესი ვარიანტი ვერ იპოვნე? თვალები გაახილე, ქალში ლამაზი ფეხები, სექსუალურობა და დახვეწილი ფიგურა გიყვარდეს და არა მათი სული. ანაბელი უბრალო გოგოა, არაფრით გამორჩეული, შენ კი, ასეთი არ გჭირდება, გამიგე?
-სწორედ ამის გამო, ჯეისონ. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი უბრალო და ნამდვილია. არ მჭირდება უგრძნობი ადამიანი, რომელიც მხოლოდ გარეგნულადაა მიმზიდველი და მისი სული ფაიფურის თოჯინასავით ცარიელია. ანაბელი სულ სხვაა, რაღაც სხვა სამყარო. მასთან ყველაფერზე შეიძლება საუბარი. მისი უბრალოება ჭკუიდან მშლის, მაგიჟებს, ის, რომ ქუჩაში დანახული, მობუზული კნუტიც კი ებრალება და მისი სახლში წაყვანის სურვილი უჩნდება, მაგიჟებს მისი თვალები, რომელიც მთელ სამყაროს იტევს და ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამს. ანაბელის პიროვნებაში უდიდესი სითბო და სიყვარულია, უყვარს ბუნება, ღამე მთვარის ყურება და სიჩუმე, უყვარს თითოეული დილა და ხალხი, ვინც მას გარს ახვევია. ის სხვანაირია, ჯეისონ, სხვა გოგონებს არ ჰგავს. იმ გოგონებს, რომლებიც მეგობრებში იმით ტრაბახობენ, რომ სკოლის ფეხბურთის გუნდის კაპიტანთან ჰქონდათ სექსი და არც იმით, რომ მდიდარმა მშობლებმა, მეთექვსმეტე დაბადების დღეზე ძვირადღირებული მანქანა უყიდეს. ანაბელი სხვა პლანეტაა და მასში სწორედ ეს მომწონს, ახლა გესმის?
მთელი ამ მონოლოგის განმავლობაში, ჯეისონი უემოციო სახით უსმენდა ტაილერის დიდი ენთუზიაზმით წარმოთქმულ სიტყვებს და მასში გამეფებული უკმაყოფილება მთიდან დაშვებული ზვავის ნაკადივით იზრდებოდა. არა, არ უნდოდა ეს მომხდარიყო. ტაილერი და ანაბელი? ეს ხომ, ხელს შეუშლიდა იმაში, რასაც მთელი ბოლო ერთი კვირა გეგმავდა? როგორ გადაებიჯებინა ამ ყველაფრისთვის? როგორ დაეკიდებინა ყველაფერი ფეხებზე? როგორ ეპოვა თავის თავში ძალა, რომ დაწყებული საქმე, ყველანაირი სინდისის ქენჯნის გარეშე მიეყვანა ბოლომდე, როგორ?
-კარგი, მესმის რაც გჭირს. როგორც ჩემი საუკეთესო მეგობარი, ანაბელზე ეჭვიანობ -ბოლოს მაინც ტაილერმა დაარღვია ხანგრძლივი სიჩუმე და ჩამწვარი ღერი, ორი თითის კვრით მოისროლა კუთხეში მიდგმულ ურნაში -გგონია, რომ თუ ერთად ვიქნებით, შენთან იმდენად დიდ დროს აღარ გავატარებ ხოლმე
-სისულელეებს ნუ აბობ! -შეუღრინა ჯეისონმა და თავის თითებში მოქცეული ნიკოტინიც მოიშორა
-ჰო, რა თქმა უნდა -ჩაეცინა ტაილერს, მაგრამ წამებში დასერიოზულდა და მეგობარს, მხარზე ხელი დაადო - ეს წამი, კარგად დაიმახსოვრე ჯეისონ ვინკლერ, რადგანაც ამას, მეტად აღარ გამიმეორებ და თუ გინდა, ახლაც ალკოჰოლის გადაჭარბებულ რაოდენობას დააბრალე -ტაილერმა წამით პაუზა გააკეთა, შემდეგ კი, განაგრძო -ჩემთვის ძმასავით ხარ ჯეისონ, იმ ძმასავით, რომელიც ადრეულ ბავშვობაში დავკარგე და მუდამ მენატრებოდა. რაც შენ გაგიცანი, თითქოს მისი დანაკლისიც შეივსო. იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს და ვინც არ უნდა შემიყარდეს მომავალში, ანაბელი იქნება ეს, ჯესიკა თუ მელისა, შენ ჩემთვის მუდამ ძვირფას ადამიანად დარჩები, ადამიანად, ვინც ყოველთვის მხარში მედგა. ვინც ჩემ გვერდით იყო მაშინ, როდესაც დაწყებით სკოლაში უფროსკლასელი ბიჭები ცემას მიპირებდნენ და ხსნა არსაიდან მეგულებოდა. გახსოვს, რამდენი მოგვხვდა მაშინ? -გაეცინა ტაილერს ამ მოგონებაზე. არა მარტო მას, ჯეისონსაც, თუმცა მეგობრისგან განსხვავებით, ის ტკივილით იღიმოდა. დანაშაულის გრძნობის ტკივილით, რომელიც მომავალში აუცილებლად შეაწუხებდა
-მახსოვს ის დღეები -განაგრძობდა ტაილერი -როდესაც მათემატიკის და ფიზიკის ტესტებისთვის ერთად ვემზადებოდით, საბოლოოდ კი, გადაღლილები მაინც ვიდეო-თამაშებს მივუჯდებოდით და პარალელურად, დედაჩემის გამომცვარ ორცხობილებს ვჭამდით. შენ მთელი ჩემი ბავშვობა ხარ ჯეისონ, ადამიანი, რომელთან ერთადაც გავიზარდე, რომელთან ერთადაც ბევრჯერ მიძინია ერთ საწოლში და უამრავი სიგიჟე ჩამიდენია. შენ ჩემი ძმა ხარ, ჯეისონ -ბოლოს კისერზე ხელი შემოაჭდო ტაილერმა, შუბლი შუბლზე მიადო და მეგობარს მაგრად გადაეხვია. ტკივილით აღსავსე იყო ჯეისონისთვის ეს ჩახუტება, ტკივილით აღსავსე, რადგან ხვდებოდა, რომ ტაილერი მალე ამ სიტყვებს საშინლად ინანებდა. არა მარტო ამ სიტყვებს, არამედ მთელ მათ მეგობრობას, თუმცა სხვანაირად არ შეეძლო. უბრალოდ არ გამოვიდოდა . . .
ტაილერმა კიდევ ერთხელ გახედა მინიდან გადაშლილ სივრცეს, კბილები ბრაზით გააღრჭიალა და იმ დღის მოგონებას, ვინ იცის უკვე მერამდენედ მიუხურა რკინის დიდი ჭიშკარი, რომელსაც უკვე ჟანგი მოსდებოდა . . .
ცალ ხელში, ისევ ყავის ჭიქა ეჭირა პოლიციელს, მეორეში მანქანის გასაღები და მასზე დამაგებულ ბრელოკს, რომელსაც თავადაც არ იცოდა, თუ რატომ ინახავდა, მზერას წამითაც არ აშორებდა. დიდხანს იყო ასე, უზმოდ, მდუმარედ, როგორც მრავალსაუკუნოვანი სფინქსი და სიტყვასაც არ ძრავდა. ვერავინ გაიგებდა ახლა რას ფიქრობდა და მის თავში კონკრეტულად რა აზრები ტრიალებდნენ, თუმცა რომ გეკითხათ, ვერც თავად გეტყოდათ. მხოლოდ ერთი გრძნობა იყო მისთვის გასაგები-სიძულვილი. სიძულვილი იმ ადამიანისა, რომელიც ერთ დროს, მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და რომლის მოსისხლე მტრად გადაქცევას, თურმე ერთი კი არა, ნახევარი ნაბიჯიც არ დასჭირვებია.
პოლიციელი კიდევ რამდენიმე წამს იყო ჩაძირული სრული მდუმარების ნაწილაკებით გავსებულ აბაზანაში, შემდეგ კი, თითქოს ვიღაცამ მის სხეულზე არსებულ, გააქტიურების ღილაკს ხელი დააჭირაო, უკან გამძვინვარებული სახით მოტრიალდა, მზერა პირდაპირ მაგიდასთან, ყავის ჭიქით ხელში მჯდომ ლერას დაასვა და გოგონას მისამართით, მხოლოდ შემდეგი სიტყვები მოისროლა:
-რაც შეიძლება მალე უდა ჩავაგდოთ ციხეში ეგ ნაბი*ვარი! რაც შეიძლება მალე!




* * *
მზის დისკოს, ყოველი წუთის გასვლასთან ერთად, სიმხურვალე ემატებოდა და გოროზი მთებივით აღმართული ცათამრჯენების სახურავებს, ყინულის წვერზე დადებული ალმასებივით აბრჭყვიალებდა.
ჯეისონი, მზის შუქით განათებული ოთახის რაფაზე იჯდა, თავი კედელზე ჰქონდა მიყრდნობილი და უემოციო მზერით შეჰყურებდა მის საწოლში მწოლიარე, ზეწარში გახვეულ გრძელფეხება ლამაზანს, ვისი ტანსაცმელიც აქა-იქ გაფანტულად ეყარა და საკმაოზე მეტად არეული ოთახიც, ზედმეტად უხეშ, ცხოველურ ღამეზე მიანიშნებდა.
თითქმის არაფერი ახსოვდა იმ წუთებიდან. მხოლოდ ის, რომ ბარში დასალევად შევიდა, ცხოვრებაში პირველად ზედმეტი მოუვიდა და ბოლო კადრად ის აგონდებოდა, თუ როგორც შემოგლიჯა საძინებლის კარი უცნობ გოგონასთან ერთად, თანაც ისე, რომ მისი სხეულის თავისი თითებით შესწავლა წამითაც არ შეუწყვეტია.
ისევ ერთ-ღამიანი სტუმარი, ისევ ვნებებში გალეული წყვდიადი და ისევ უემოციო, ყინულივით ცივი გამომეტყველება ყველაფრის დასრულერების შემდეგ. ჯეისონისთვის, ეს უკვე ყოველდღიურ რუტინად გადაქცეულიყო და სხვანაირად ვერც კი წარმოედგინა. ასეთი იყო მისი ცხოვრების კანონზომიერება. სწორედ ისეთი, როგორიც სამყაროსი, რომელშიც მუდამ თენდება, ღამდება, თენდება, ღამდება და ასე დაუსრულებლად . . .
თითქმის აღარაფერი უკლდა დილის ათი საათის შესრულებას.
ფანრის რაფაზე ჩამომჯდარ ჯეისონს, მზის მცხუნვარე სხივები უკვე თვალებს ჭრიდა და წელს ზემოთ შიშველ სხეულსაც საგრძნობლად უხურებდა. პირველად იყო ისეთი სიტუაცია, რომ სრულიად უცნობ ქალს, საკუთარ სახლში დარჩენის უფლება მისცა, თუმცა ამის მიზეზი, ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობა გახლდათ მის ორგანიზმში.
სამაგიეროდ, ახლა უკვე ახალი დღე დამდგარიყო და საშინლად არ სიამოვნებდა თავის პირად სივრცეში უცხო არსების შემოჭრა.
ვინკლერმა კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი, თავის გრანდიოზული პენტჰაუსიდან გადაშლილ სამყაროს, ღრმად ამოიხვნეშა, ფანჯრის რაფიდან წამოდგა და საწოლში მწოლიარე ლამაზმანს მიუახლოვდა.
ახალგაზრდა გოგონას, გიშრისფერი კულულები ლამაზად გაებნია თეთრ, ქათქათა ბალიშზე და ისე ღრმად და მშვიდად ეძინა, თითქოს ერთი თვე, თვალი წამითაც არ მოუხუჭავსო.
ერთხანს, ჯეისონმა სრულიად უემოციო, გაყინული მზერით უყურა საწოლში მწოლიარე უცნობს, შემდეგ კი, როდესაც საათის ისრები შეთანხმებულად ესტუმრნენ ციფრ ათს, იგი მისკენ ფრთხილად დაიხარა, მკლავზე ხელის შეხებით შეარხია და ზეწარიც ოდნავ მოაშორა ლამაზმანის სხეულს.
ღამის სტუმარი ჯერ შეიშმუშნა, შემდეგ შეირხა და სანამ საბოლოოდ მოფხიზლდებოდა, მამაკაცმა იატაკზე უწესრიგოდ მიყრილი გოგონას ტანსაცმლის შეგროვებაც დაიწყო, რათა რაც შეიძლებოდა მალე დაეგულა იგი სახლიდან გასასვლელი კარის მეორე მხარეს.
იმ წამს, მარტო ყოფნის გარდა არაფერი სურდა, თან აინტერესებდა, როგორ მისდიოდა საქმეები მის დროებით საიდუმლო აგენტს და რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ ჰქონდა გარკვეული.
სჯეროდა ლერას ისტორია გულის სიღმეში? თავადაც არ იცოდა. პასუხი არც კი იყო და არც, არა. სადღაც საზღვარზე იდგა ჯეისონი. შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ ზედმეტი მოსდიოდა, თუმცა გონება სულ სხვა რამეს ჩასძახოდა და ამ ორის ჭიდილი, უკვე ნამდვილ, ხელჩართულ ბრძოლას დამსგავსებულიყო, რომელშიც გამარჯვებული მხარე, ჯერ-ჯერობით არ იკვეთებოდა.
-უკვე გათენდა? -ვინკლერის გონებაში წარმოქმნილი ფიქრების ქაოსი, წამებში გაფანტა ქალის ნამძინარევი ხმით წარმოთქმულმა სიტყვებმა, რომლებმაც მამაკაცის სასმენ ორგანოში შეაღწიეს და იგი, ტვინამდე ელვის სისწრაფით მიიტანეს. ამ უკანასკნელმაც, მაშინვე დაიწყო მუშაობა, ჯეისონს აიძულა თავი უკან მიებრუნებინა და კვლავ მის თეთრეულში მწოლიარე ქალისთვის შეეხედა
-შენი ტანსაცმელი საწოლზე დავაწყვე. ჩაიცვი და წადი -სრულიად უემოციოდ გაიჟღერა მამაკაცის სიტყვებმა. იგი, ფანჯარას მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა და რაფას ორივე ხელით ჩამოეყრდნო
-ასე მალე? ერთად არ ვისაუზმოთ? ან რაიმე ფილმს მაინც ვუყუროთ -მოჩვენებითი უდარდელობით მიუგო გოგომ, მერე კი, ტანზე ზეწარმოხვეული წამოდგა და ჯეისონს უკნიდან აეკრა -აბა, რას იტყვი?
-შენი ტანსაცმელი საწოლზეა-მეთქი! -ტონი გაიმკაცრა, როდესაც საპირისპირო მხარისგან მცირედ წინააღმდეგობას გადააწყდა, ვინკლერი და თავის წელზე მოხვეული ხელები ფრთხილად მოიშორა
-კარგი, როგორც გინდა -ამის თქმისას, მოღუშული გამომეტყველებით მოშორდა მამაკაცს და თავისი კაბა და ფეხსაცმელი შესაშური სისწრაფით მოირგო. ყოველივე ამ პროცედურის შემდეგ, რომლისთვისაც ორი წუთიც კი არ დასჭირვებია, უკვე მარმარილოს იატაკზე მიგდებულ ჩანთას დასწვდა, იქიდან პატარა ფურცელი ამოაძვრინა, კალმით რაღაც სწრაფად წააწერა და ისევ იმავე პოზაში მდგომ ჯეისონს მიუახლოვდა -აი, ეს ჩემი ტელეფონის ნომერია. იმედია დამირეკავ
-ნახვამდის . . . -მამაკაცმა ახლაღა გააცნობიერა, რომ გოგოს სახელიც კი არ იცოდა
-მეგანი მქვია. ნახვანდის, ჯეისონ ვინკლერ -დამშვიდობებისას, მის ტუჩებს წაეტანა ქალი და როგორც კი, ათწამიანი კოცნა დაასრულა ქუსლების კაკუნით გაემართა საძინებლიდან გასასვლელი კარისკენ.
რამდენიმე წამი უხმოდ გაილია . . .
საათის ისრები კვლავ შეთანხმებულად მოძრაობდნენ და გაჩერებას არც აპირებდნენ . . .
მარტო დარჩენილმა ვინკლერმა, ერთხანს ზემოდან უყურა პატარა ფურცელს, რომელზეც გოგონას ნომერი და მისი სახელი იყო დაწერილი, შემდეგ ხელში ფრთხილად აიღო, ორ ნაწილად გადახია და ტუმბოზე შემოდებულ თავის მობილურს დასწვდა. იქ სამი გამოტოვებული ზარი და ამას დამატებული, ერთი ხმოვანი შეტყობინება დაუხვდა სიურპრიზის სახით, რომელიც დაახლოებით, საათ ნახევრის წინ იყო გამოგზავნილი.
ვინკლერი საწოლზე ჩამოჯდა და ზარებისა და შეტყობინების ავტორიც შეამოწმა. გადაღლილ სახეზე, აშკარა გაკვირვების ელ-ფერმა გადაურბინა, როდესაც მობილურის განათებულ ეკრანზე ლერას სახელი ამოიკითხა. ყველაზე ნაკლებად, ახლა ზუსტად ამას ელოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი აღარ უფიქრია, შეტყობინება გახსნა, ხმას ბოლომდე აუწია და ტელეფონი საწოლზე დადო. ოთახში მაშინვე გაიჟღერა გოგონას ხმამ :
"ჯეისონ ვინკლერ, უკვე სამჯერ დაგირეკე და ჯიუტად არ მპასუხობ. შენი გეგმების შესახებ გავიგე და საზეიმოდ მინდა გაცნობო, რომ ყველაფერი წყალში ჩაგეყარა. მეცინება, როდესაც იმ საცოდავი აგენტის შეშინებული სახე მახსენდება, მაშინ, როდესაც ყელზე დანა მივადე. მთელი ცხოვრება, რომ მეძებნა ასეთ მხდალს ვერსად ვიპოვნიდი და მიკვირს, საიდან აღმოგაჩნდა მისი მსგავსი იდიოტების აღმოჩენის საოცარი უნარი. მოკლედ, შე , იმედია სახლში ხარ, რადგან შენთან ვაპირებ მოსვლას, რათა რაღაც-რაღაცებზე პასუხი მოგთხოვო!".
ხმოვანი შეტყობინების ჟღერადობა შეწყდა. ოთახში კვლავ მდუმარებამ დაისადგურა. ჯეისონმა კიდევ ერთხელ დახედა გამოგზავნის დროს და მიხვდა, რომ სულ რამდენიმე წუთიც და ლერა მისი სახლის კარზე დააკაკუნებდა.
გოგონას იმდენად გაბრაზებული ხმა ჰქონდა, რომ ჯეისონს მოსმენისას სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაკრა და რატომღაც ჩანაწერის მეორედ მოსმენის სურვილიც გაუჩნდა. ასეც მოიქცა, თითქოს ფილმის გამოტოვებული მომენტი უკან გადაახვიაო, შეტყობინება თავიდან ჩართო.
ამჯერად, უფრო დიდი ყურადღებით მოისმინა ლერას მიერ წარმოთქმული თითოეული ბგერა. ცდილობდა ინტონაციით მაინც წარმოედგინა, თუ როგორი სახე ექნებოდა მას ამ შეტყობინების ჩაწერის მომენტში და ეს, ნაწილობრივ გამოსდიოდა კიდეც. მაშინ, როდესაც ხმოვანი წერილი კიდევ ერთხელ მიუახლოვდა დასასრულს და ოთახში გოგონას ბოლო სიტყვებმაც გაიჟღერა, ვინკლერმა თავი, ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით გადააქნია, ნამდვილი გაიძვერაააო, თავისთვის ჩაილაპარაკა და სამზარეულოში გაეშურა ცივი ლუდის დასალევად, რათა არასასიამოვნო თავის ტკივილისგან, ბოლოს და ბოლოს განთავისუფლებულიყო.
გავიდა ერთი წუთი, ორი, სამი, ოთხი ხუთი . . .
უეცარი სტუმრის კვალი, რომელიც უკვე მეორედ მოდიოდა დაპატიჟების გარეშე, მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც საათის წამების ისარმა, შეთანხმებულად დაარტყა თხუთმეტი წრე და ისევ განაგრძო თავისი დაუსრულებელი წიკწიკი.
ვინკლერი, ამ დროს, აბაზანიდან იყო ახალი გამოსული და უზარმაზარი კარადის წინ, მხოლოდ ჯინსის შარვლით მდგომი, ლამაზად დაკეცილ მაისურებს შორის, ერთ კონკრეტულს ეძებდა, მოულოდნელად, კარზე ხმამაღალი კაკუნი, რომ მოესმა.
მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა და სახეზე რატომღაც იდუმალი, ოდნავ ცბიერი ღიმილი გადაეფინა.
-ველური კატაც მოსულა! -ჩაილაპარაკა მან თავისთვის, მერე კი, ისე, რომ მეტად აღარ დაუყოვნებია, სარკიან კარადას სწრაფად მოშორდა, ჰოლში ოლიმპიური სიმშვიდით გააბიჯა და კართან მიახლოების თანავე, მისი ოქროსფერი სახელური დაუფიქრებლად დასწია ძირს.
პირველად, რაც მზერის ობიექტივში მოხვდა, ეს გოგონას ბრაზით აკიაფებული თვალები გახლდათ, რომლებშიც ვინკლერმა მრისხანებით აზვირთებული ოკეანის ტალღები დაინახა. წამით იმდენად ჩაიძირა ამ აქაფებულ ტალღებშში, რომ ვერც კი გაიაზრა, თუ როგორ ჰკრა ხელი დაუპატიჟებელმა სტუმარმა, კარის ჩარჩოს აყუდებულს და როგორ შეაბიჯა შიგნით მასპინძლის დაუკითხავად.
მამაკაცი მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე, როცა მისაღები ოთახიდან, მსხვრევის ხმები შემოესმა და აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა იქითკენ, საიდანაც ეს შემაწუხებელი ხმაური მოდიოდა.
შიგნით შესული, საოცარ სანახაობას გადააწყდა, ლერა მისი ბარის დახლის უკან, თაროებზე გამწკრივებულ ძვირადღირებული ვისკებისა და სხვა სასმელების ბოთლებს იყო მიმდგარი და ერთმანეთის მიყოლებით ანარცხებდა ზოგს კედელს, ზოგს კი მარმარილოს იატაკს.
-რას აკეთებ? სულ გაგიჟდი? -მაშინვე მიეჭრა ჯეისონი, ხელი, რომელშიც კედელზე მისანარცხებლად განწირული მორიგი ბოთლი ეჭირა, მაჯაში გაუკავა და გოგონა თავისკენ დაქაჩა. მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ ლერას თვალები ამჯერად თაფლისფერი აღარ იყო, პირიქით ზღვასავით ლურჯი და უზომოდ ცივი
-რას ვაკეთებ, არა?! -ზედმეტად ხმამაღლა დასვა კითხვა გოგონამ-მუდამ ველოდები, რომ შენ დამპალ ნდობას ვეღირსები, რათა საავადმყოფოში მწოლიარე მომაკვდავი და გადავარჩინო. როგორ არ გესმის, რომ თქვენთან ყოფნა მჭირდება?! რატომ არ გინდა ჩემი რომელიმე საქმეზე გაშვება? ხომ გითხარი ნებისმიერ რაიმეს გავაკეთებ-მეთქი? ვინმეს მოკვლა გინდა? მოვკლავ! ნარკოტიკები გინდა გავასაღო ცხვირმოუხოცავ ლაწირაკებზე? ამასაც გავაკეთებ! გინდა ბანკი გავძარცვო? არც ამაზე დავიხევ უკან! შენ კი იმის მაგივრად, რომ ეს გააკეთო, ვიღაც იდიოტს ავალებ, რომ მითვალთვალოს და კუდში მდიოს. იცი, ახლა რა დიდი სიამოვნებით მოგკლავდი ჯეისონ ვინკლერ?! -ლამის დაუკივლა გოგონამ და მის მკლავებში აფართხალდა, თუმცა მამაკაცმა მაინც მოახერხა მისი შებოჭვა და ირლანდიური ვისკის ბოთლი, რომელიც ლერას ხელში ეჭირა, კვლავ დახლზე დააბრუნა
-ცოტა უნდა დაწყნარდე -ესღა თქვა ბოლოს, რათა შემზარავი დუმილი გაფანტულიყო
-დავწყნარდე, არა? ადვილი სათქმელია! შენ ხომ არ გიწევს მომაკვდავი და კლინიკაში? შენ ხომ არ ხარ ერთადერთი, ვინც მას გააჩნია და ვინაც მასზე უნდა იზრუნოს? მიპასუხე! შენ გამო კაცი მოვკალი, ! -გულ-მკერდზე მუშტები დაუშინა ლერამ და ხმას უფრო მეტად აუწია. მითხარი, მეტი რა ჯანდაბა გავაკეთო?! ხელის აუკანკალებლად გავისტუმრე ადამიანი საიქიოში, სხვანაირად როგორ დაგიმტკიცო, რომ კეიტის გამო ყველა სიბინძურეში გარევაზე თანახმა ვარ -"დის" სახელი ჯეისონთან პირველად ახსენა გოგონამ და კვლავ აფართხალდა მის მკლავებში, რათა თავი დაეხსნა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ
-გეყოფა ისტერიკები. შენი პრობლემები თავს არავის უნდა მოახვიო, რადგან ამ სამყაროს ფეხებზე კიდიხარ. ეს კარგად დაიმახსოვრე!
-ჰო, ვიცი, რომ ფეხებზე ვკიდივარ. სწორედ ამიტომ მოვედი შენთან, ჩემს თავს გთავაზობ, რაც გინდა ის გამიკეთე, როგორც გინდა ისე მომექეცი, რა სიბინძურეშიც გინდა იმაში გამხვიე, ოღონდ მას მიეცი სიცოცხლის უფლება. დასწყევლოს განგებამ, არაფერი გამაჩნია, საერთოდ არავინ მყავს და შენთან ამიტომ ვარ. მართლაც უკანასკნელ იმედად მესახები. ბოლოს და ბოლოს დაიჯერე, რასაც ვამბობ! არ მჭირდება არავის დევნა, არავის თვალთვალი, მტერი არ ვარ!
-მგონი, ხელი გაქვს გაჭრილი -სრულიად უემოციო სიტყვები შეაგება ჯეისონმა გოგონას ბობოქარ გამოსვლას, მის მაჯებს თითები შეუშვა და ოთახი დინჯი ნაბიჯებით დატოვა
ლერამ გაკვირვებაც კი, ვერ მოასწრო ისე სწრაფად დაინახა უკან მობრუნებული ჯეისონი, ვისაც ხელში პატარა ყუთი ეჭირა, წითელი ჯვრის გამოსახულებით. ვინკლერმა დახლთან მისვლისთანავე, ამ უკანასკნელს თავი ახადა, ლერა ბარის დახლზე შემოსვა, თავად კი მის ფეხებთან დადგა და პირველადი დახმარების ყუთიდან ამოღებული, სამედიცინო სპირტით გაჟღენთილი ბამბა, ჭრილობაზე ფრთხილად შეახო.
-მეწვის, მეწვის, მეწვის! -როგორც კი, ჯეისონმა ნაკაწრის დამუშავება დაიწყო, გოგონამ სახე პატარა ბავშვივით შეჭმუხნა და სცადა მისთვის როგორმე ხელი გამოეტაცა, თუმცა უშედეგოდ. ჯეისონს მის მაჯაზე, თავისი თითები იმდენად ჰქონდა მოჭერილი, რომ ამას ვერაფრით მოახერხებდა
-აბა რა გეგონა, აქ რომ ბროლის ღამე მომიწყვე? ხელი გამიჩერე, ნუ ამოძრავებ -გამყინველად მკაცრი იყო მისი ტონი და ლერას, იმ წამს, შეეძლო დაეფიცა, რომ მართლა შეამცივნა -ეს მამაკაცის პერანგია? -ისე, სხვათა შორის ჰკითხა ვინკლერმა და ხელით, მის სხეულზე მოცმულ ქსოვილზე ანიშნა
მხოლოდ იმ წამს გაიაზრა გოგონამ, რომ მის სხეულს ჯერაც ივანის პერანგი ამშვენებდა და უნებურად ჩაეცინა.
-ჰო, ჩემმა ბოიფრედმა მათხოვა, გუშინ ღამით მესტუმრა სრულიად მოულოდნელად
-გეტყობა, რომ პირდაპირ საწოლიდან მოდიხარ. თავისი პერანგი თუ შენ დაგიტოვა, სახლში რით წავიდა?
-ღიმილით -თავდაჯერებულად მიუგო გოგონამ, როგორც კი ვინკლერი გაჭრილი ხელის სპირტით დამუშავებას მორჩა
პრიალა დახლზე გატეხვას გადარჩენილი სასმლის ბოთლი იყო შემოდებული. ლერა სწორედ მას უყურებდა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ჯეისონი ჭრილობას უმუშავებდა. როგორც კი, ეს უკანასკნელი ყველანაირ პროცედურას მორჩა და სისხლიანი ადგილი ბინტითაც გადაუხვია, გოგონა დახლიდან ჩამოხტა, თაროს მიადგა, იქიდან ერთ-ერთი ჭიქა გადმოიღო და ალკოჰოლის ბოთლიდან ისე ჩამოასხა, რომ მასპინძლისთვისგან ნებართვა არც კი უთხოვია
-გეტყოდი თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში-მეთქი, მაგრამ ვამჩნევ ეს საერთოდ არ გჭირდება -ლერას საქციელზე რამდენიმე წამიანი, უხმო დაკვირვების შემდეგ, სამედიცინო ყუთს, თავი დაახურა ჯეისონმა და დადუმდა. გარკვეული დრო მისცა მას, რათა რაიმე ეთქვა, თუმცა ვისკის დაგემოვნებაში გართული გოგონა, ხმის ამოღებასაც არ აპირებდა და მისმა შემყურე ჯეისონმა, წამით ისიც კი იფიქრა, რომ ცოტა ხნის წინანდელი კადრი, სადაც ლერა მთელ სახლს თავზე იმხობდა და ყველაფერს დაუფიქრებლად ლეწავდა მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ეჭვებს მხოლოდ გოგონას თეთრი ბინტით გადახვეული ხელი უქარწ....ბდა, რასაც ჭრილობიდან ჯერ კიდევ შეუჩერებელი სისხლდენის გამო, ოდნავ ალისფერი შეჰპარვოდა
-რამდენი წლის დაძველებითაა? -მხოლოდ მაშინ დაილაპარაკა ლერამ, როდესაც კიდევ ერთი ჭიქა დაისხა, თან ჯეისონის ქვესკნელივით შავ თვალებს, მზის შუქზე უცნაურად, რომ ბრჭყვიალებდნენ, კიდევ ერთხელ ჩააშტერდა
-დაახლოებით ოცდაათი, ზუსტად არ მახსოვს -ლერას დაკვირვებულ თვალს, ნამდვილად არ გამოჰპარვია მამაკაცის მზერის ტრაექტორია ამ სიტყვების წარმოთქმისას და თვითონაც მოავლო თვალი საკუთარ ნახელავს
-ამ ყველაფრის გამო, ბოდიშს გიხდი -მოჩვენებითი დარცხვენით ამოთქვა მან. რა თქმა უნდა, წინანდელი რეაქცია, კარგად შედგენილი გეგმის შემადგენელი ნაწილი გახლდათ, რათა მამაკაცს მისი ბოლომდე ერწმუნა -უბრალოდ აფექტის მდგომარეობაში ჩავვარდი. იშვიათად მახასიათებს, თუმცა როდესაც მახასიათებს, ემოციებს ძალიან მწვავე ფორმებში ვავლენ
-ჰო შევამჩნიე -ვისკის ბოთლს თავი დაახურა და წამით ჩაფიქრდა. სახეზე ისეთი გამომეტყველება აიკრა, თითქოს სახელმწიფო საკითხის გადაწყვეტას აპირებსო, შემდეგ თავი ზანტად აიღო, გოგონას მზერას თავისი გაუსწორა და სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდა, ერთი კითხვა გააჟღერა:
-ლინზებს იყენებ?
-ახლა რა ფერისაა ჩემი თვალები? -ღიმილმა გადაურბინა ლერას ტუჩებს -ქამელეონი ვარ, თვალის მუდმივად ცვალებადი ფერი მახასიათებს
-ჰო? -თითქოს კიდევ ერთი ჩხვლეტა იგრძნო გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში, ჯეისონმა, თუმცა პასუხი მაინც არ დაუგვიანია -ამჯერად, ზღვისფერია, მუქი ლურჯი
-რამე მითხარი. ვიცი, რომ . . .
-რამდენია საჭირო? -უეცრად გააწყვეტინა მას მამაკაცმა
-რა?
-გეკითხები რამდენია საჭირო-მეთქი? რათა შენ დას ოპერაცია გაუკეთდეს და გადარჩეს
-საკმაოდ ბევრი -იმდენად ხმადაბლა მიუგო ლერამ, რომ მდუმარებით მოცულ ოთახშიც კი, ძლივსძლივობით გაისმა
-დაგეხმარები ლერა. მზად ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩემ თავზე ავიღო, მაგრამ . . . -აქ, ჯეისონი წამით გაჩუმდა, ფეხზე წამოდგა და კედლის მაგივრად, მთელ სიგრძეზე გაყოლებულ ფანჯარას მიუახლოვდა, საიდანაც ქალაქის პანორამა ხელის გულივით იშლებოდა. ყოველივე ეს, ცის კამარაზე მიბნეული მხურვალე ბურთის ფონზე, ბევრად უფრო თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.
-მაგრამ რა? -ლერაც უმალ წამოდგა ვისკის ჭიქით ხელში და მამაკაცს გვერდით ამოუდგა. გულის სიღმეში უკვე ზეიმობდა გამარჯვებას და აღნიშნავდა, რომ ბრწყინვალე მსახიობი იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, გარეგნულად არაფერს იმჩნევდა და კვლავ ისეთი შეუვალი გამომეტყველებით იდგა, როგორც აქამდე
-ამიერიდან ჩემი საკუთრება ხდები. შენს დას, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, აქედან ძალიან შორს გავგზავნით, ისე, რომ მხოლოდ მე მეცოდინება მისი ადგილსამყოფელი. დაემშვიდობები ყველას და ყველაფერს ვინც და რაც აქამდე იყო შენს ცხოვრებაში, ჩემოდანს ჩაალაგებ და სხვა სამყაროში გადმობარგდები. სამყაროში, სადაც დანდობა არ იციან, სამყაროში, სადაც უამრავი გვამია, სისხლი და ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერასოდეს წარმოიდგენენ. აქ არ არსებობს გრძნობები, აქ გული მხოლოდ იმისთვის უცემთ, რომ სხეულში სისხლის მოძრაობა და მათი კაპილარებში გადანაწილება უზრუნველყოს და არა იმიტომ, რომ ეს ორგანო ადამიანური, ნაზი გრძნობებით გადავტვირთოთ. ეს სულ სხვა პლანეტაა, ლერა და ბოლოჯერ გეკითხები, მზად ხარ დათმო ყველაფერი? მზად ხარ იმ ლაბირინთში შეაბიჯო, საიდან გასასვლელ გზა აღარ არსებობს?
-მზად ვარ! -ყველანაირი ყოყმანის, ფიქრისა და აწონ-დაწონვის გარეშე მიუგო გოგონამ, ჭიქიდან ოდნავ მოსვა და ჯეისონთან ერთად განაგრძო უზარმაზარი ქალაქის, ულამაზესი ხედით ტკბობა. იმ ქალაქის, რომელიც უამრავ სიკეთეს, სიბინძურესა და ტყუილს, ერთდროულად იტევდა . . .














8 თავი
-არ აანთო! -მოესმა ლერას ღამის სიჩუმეში ყველაზე ნაცნობი, მონატრებული ხმა და სანათისკენ წაღებული ხელი, მომენტალურად, ჰაერშივე გაუშეშდა
მთელი იმ ოთხი საათის განმავლობაში, რაც ბალიშზე ჩახუტებული საწოლზე იწვა, თავს მოუსვენრად გრძნობდა. ძილშიც კი ხვდებოდა, რომ ოთახში მარტო არ იყო და ეს ყველაფერი, მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. დიდხანს იწრიალა ლოგინში, რამდენჯერმე ადგილიც მოინაცვლა, თუმცა შფოთი, რომ ვერაფრით ჩაიწყნარა, თავისმა ქვეცნობიერმა აიძულა ნელ-ნელა გამოფხიზლება და ცის კაბადონზე მიბნეული სავსე მთვარის აღქმა, რომელიც ღიად დატოვებული ფანჯრიდან, ლამაზად მოჩანდა, თანაც ოთახის კუთხეში მჯდომ, კაპიუშონიან სილუეტს, მხოლოდ ნახევრად გამოკვეთდა.
-შენ . . . აქ . . . -ლერა ფრთხილად წამოჯდა და იგრძნო, რომ სიტყვებს ვერ პოულობდა -მართლა აქ ხარ? როდის დაბრუნდი? ასე მოულოდნელად, რატომ?
სილუეტი არც ამჯერად განძრეულა, უბრალოდ არაბუნებრივად თეთრი ხელები ერთმანეთს გადააჭდო და ოთახში თავის ბოხი ხმა გაავრცელა: -დავიჯერო, არ მოგენატრე?
-მომენატრე. ძალიან მომენატრე, მაგრამ . . .
-გავიგე, შენ და ჯეისონი ოდნავ დაახლოვებულხართ. ალბათ, იმ უმაქნის ტაილერსაც გაუხარდება, როდესაც ამ გენიალურ ამბავს შეატყობინებ -ამჯერად, ოდნავ ცინიკურად გაიჟღერა მამაკაცის ხმამ. მთვარის შუქი, მისი სახის მხოლოდ მარჯვენა მხარეს ანათებდა, მარცხენა კი, ისევ წყვდიადის ტყვეობაში რჩებოდა
-ჰო, მისი ჭირვეულობა საგრძნობლად შევარყიე, მაგრამ ვფიქრობ კიდევ დამჭირდება ამაზე მუშაობა. თავიდან, უნდოდა ფორმალურად მივეღე, რათა ამით ჩემი ნამდვილი ბოსის კვალზე გასულიყო, უშუალოდ საქმეებში გარევას, არც აპირებდა, თუმცა კირას წყალობით ჯეისონს აზრის გამოთქმაც არ დასცალდა, ისე აღმოვჩნდი ტყეში ნიჩაბით ხელში. გულსაწყვეტია, ლამაზი ბავშვები იყვნენ -დანანებით გადააქნია თავი ლერამ, საწოლში უფრო მოხერხებულად წამოჯდა და მუხლებში მოხრილ ფეხებზე მკლავები შემოიჭდო -ძალიან მენატრებოდი, იცი? შენც და დენიელიც. ერთი სული მაქვს ეს ყველაფერი როდის დასრულდება და კვლავ უწინდელ ცხოვრებას დავუბრუნდები. ტაილერი და მისი ტრიუმვირატი უკვე ნერვებს მიშლის
-სანამ ის ყეყეჩი პოლიციელი გაიგებს, რომ ვერაფერს გახდება, მანამდე მოგიწევს ამ თამაშის გაგრძელება. დრო სამი თვე მოგცა, არა?
-ჰო, არც მეტი, არც ნაკლები . . .
-სულიერად უნდა გატყდეს, გესმის? ყველანაირი იმედი უნდა გადაეწუროს და ეს კატა-თაგვობანა უნდა შეწყვიტოს. ჯეისონზე კი, მე ვიზრუნებ, ამაზე არ ინერვიულო. ჩემზე კარგად, მას არავინ იცნობს და მშვენივრად ვიცი, როგორც უნდა მივუდგე
-ერთი რამ არ მესმის -გოგონამ სავსე მთვარეს შეხედა, გაეღიმა თავისი საყვარელი ციური სხეულის დანახვაზე და შემდეგ, კვლავ მოულოდნელად გამოჩენილ, ღამის სტუმარს მიუტრიალდა -თუ ტაილერი ამდენ პრობლემას ქმნის და სხვა პოლიციელების მსგავად მის მოსყიდვას ვერ ახერხებ, რატომ უბრალოდ არ ადგები და მის მკვლელობას არ დაუკვეთავ? ეს ხომ, შენთვის მარტივზე მარტივია?
უცნობს ირიბად ჩაეცინა, ხორცისფერი კაპიუშონი თავზე გადაიძრო და გოგონას თავისი ფოსფორისფერი თვალები შეანათა.
-მითხარი, ლერა შემომხედე და მითხარი, ასეთი მოსაწყენი გგონივარ? უბრალოდ ავდგე და მოვკლა, როდესაც შემიძლია სულიერად გავტეხო, თავი არარაობად ვაგრძნობინო და თავისი უსუსურობის შეგრძნებით ნამსხვრევებად დავანაწევრო? დაფიქრდი, რომელი უფრო აზარტულია, პირველი, თუ მეორე?
-შენი უნდა ეშინოდეთ -მხოლოდ ამის თქმა მოახერხა გოგონამ მისი სიტყვების შემდეგ -არ მეტყვი ჯეისონთან დაკავშირებით რას აპირებ? იმაზე მაინც გაგეფრთხილებინე, რომ ბერძნული მითოლოგიის ღმერთებივით მომხიბვლელი იქნებოდა?
უცნობს, გოგონას სიტყვებზე კიდევ ერთხელ ჩაეცინა, თუმცა სასწრაფოდ დასერიოზულდა და მას თვალი თვალში გაუყარა.
-შენ არაფერი მოიმოქმედო, დინებას მიყევი და უბრალოდ ჩემს თამაშს აყევი. ვიცი, მიხვდები, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყება და შესაბამისად იმოქმედებ. ზედმეტად ჭკვიანი ხარ, ამიტომაც აგირჩიე სწორედ შენ -უცნობმა ჩაახველა, გარემოს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო და ამჯერად, ლერას საწოლზე ჩამოუჯდა -მისმინე ჩემო გოგონავ, ერთ მსხვერპლზე უნდა წახვიდე, თუმცა დამიჯერე, ეს ძალიან ცოტა ხნით გაგრძელდება
-რა სახის მსხვერპლზეა საუბარი? -სრულიად უდარდელი, უემოციო ტონით ჩაეკითხა ლერა და კარაქისფერი თმა მარცხენა ბეჭზე გადაიყარა
-ერთი ვიღაცის დანაშაული საკუთარ თავზე უნდა აიღო და ცოტა ხნით ციხეში ჩაჯდე. ეს აუცილებელი რომ არ იყოს, დამიჯერე არ გთხოვდი. მერწმუნე, ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს დაგეგმილი, თუმცა აქ უკვე ერთი პირის ჩარევა დაგვჭირდება
-ვისი? -ისეთი სახით იკითხა ლერამ, რომ მას აგრძნობინა, ამ წინადადებაზეც კი თანახმა ვარო
-კირა გვჭირდება!
-მას რა, სიმართლეს ეტყვი? -მოსმენილს ვერ იჯერებდა გოგონა და ეს გაკვირვებისგან გაფართოებულ თვალებშიც ნათლად ეტყობოდა
-თავდაპირველად, ეს გეგმაში არ მქონია, მაგრამ . . . მოკლედ, სხვა გზა არ მაქვს. ამ საქმეში, სწორედ ის მჭირდება და ამიტომ, სიმართლე უნდა იცოდეს. ვიცი, რომ იმედებს არ გამიცრუებს . . . რაც შეეხება ჩემს გეგმას, ვიზრუნებ, რომ შენი საქმე ოფიციალურად ტაილერს გადასცენ. მას, ყოველივეს დაკითხვის ოთახში აუხსნი. ეტყვი, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ჯეისონის ხალხში საბოლოოდ დასამკვიდრებლად გააკეთე. ვიცი, ჯერ თავადაც არ გესმის ბოლომდე რა მაქვს ჩაფიქრებული, თუმცა მალე ყველაფერს მალე მიხვდები -იმ დროს, როდესაც უეცარი სტუმარი ლაპარაკობდა, გოგონა კი, მას ცალი ყურით უსმენდა, მხოლოდ ერთი რამ სურდა ლერას-ფეხზე წამომდგარიყო და საწოლზე მასთან ახლოს ჩამომჯდარ სილუეტს მაგრად მოხვეოდა, თუმცა კარგად ხვდებოდა, თუ რამდენად ბავშვური, სულელური საქციელი იქნებოდა ყოველივე ეს და აგრეთვე იმ ადამიანურ სისუსტეს გამოამჟღავნებდა, რასაც მონატრება ერქვა. ის, ხომ მთელი თავისი არსებობის მანძილზე, ამ სისუსტეების აღმოფხვრას ცდილობდა თავისი არსებიდან? მისნაირი ადამიანისთვის ჩახუტება, სენტიმენტები და სიხარულის ცრემლები სრულიად უცხო იყო, ამიტომ მართლა ვერ ხვდებოდა ასე უეცრად რატომ გაუჩნდა მსგავსი უცნაური სურვილი.
-ეს ყველაფერი, რომ დასრულდება, ისევ უნდა გავუჩინარდე ამ ქვეყნიდან? -ფიქრების ბურუსს როგორღაც თავი დააღწია ლერამ და საწოლზე ჩამომჯდარ სილუეტს, კითხვის ნიშნებით სავსე თვალები მიანათა -ვაღიარებ, ნიუ-იორკი ძალიან მომეწონა
-არჩევანი შენზეა, თუმცა მინდა, რომ დარჩე. დარწმუნებული ვარ, მალე ერთ ვიღაცასაც ენდომება
ლერამ თვალები ეჭვით დააწვრილა. ეს, მის ენაზე უხმოდ დასმულ შეკითხვას ნიშნავდა და მიუხედავად იმისა, რომ უცნობმა ღამის სიბნელეში ეს მზერა ვერ დააფიქსირა, მაინც იგრძნო, რომ გოგონას ანტერესებდა თუ ვინ იგულისხმა მან ცოტა ხნის წინ, თავის ქარაგმულად ნათქვამში, ამიტომ პასუხისთვის არც დაუყოვნებია :
-ჯეისონი მყავს მხედველობაში
-ჯეისონი? -ლერას ჩაეღიმა -მას რატომ არ უნდა მოუნდეს ჩემი წასვლა?
-ამას დრო გვიჩვენებს, ჩემო გოგონა -უცნობმა, წამით პაუზა გააკეთა, შემდეგ კი, საჩვენებელი თითი საწოლთან მდგარი, პატარა სანათის მაგიდისკენ გაიშვირა, რომელზეც მასთან ერთად ლერას ლურჯ ყდიანი დღიურიც იდო, მის თავზე შემოდებული ეკრან ანთებული ტელეფონით, თითქმის უხმოდ, რომ ზუზუნებდა ღამის სიჩუმეში -მგონი, შენ გირეკავენ, არა?
-ჰო -აპარატს მაშინვე დასწვდა ლერა, ეკრანს დახედა და სივრცეს მიშტერებულმა, რატომღაც ჩურჩულით ამოთქვა:-ჯეისონია
-ალბათ, ნორტონის ტყუპების გვამების პოვნის რეპორტაჟის შესახებ გაიგო. ცოტა ხნის წინ გაუშვეს საგანგებო გამოშვებით. აი, ნახავ ხვალ გაზეთების ყდები მთლიანად ამ ამბავს დაეთმობა და მედიასაც ეს ტრაგედია ეკერება პირზე. მართლა ძალიან გავლენიანია ეგ ნორტონი, ისეთ ხალხთან აქვს კავშირები, რომ არც კი დაგესიზმრება, თუმცა ჩვენ ვერასდროს დაგვამარცხებს
-ხომ გესმის, რომ ტაილერისთვის რაღაც უნდა მიგვეცა? საჭიროა იფიქროს, რომ მიზანთან ახლოსაა, თორემ შეიძლება რაიმეს მიხვდეს. ტყუპების დასაფლავების ადგილი, სწორედ ამიტომ მივასწავლე
-ვიცი, ლერა. სწორად მოიქეცი. ახლა კი, ტელეფონს უპასუხე, თორემ ჯეისონის მრისხანებას ვიბრაციაშიც კი ვგრძნობ. მინდა გითხრა, რომ წინ რთული საათები გელის, ამ ტრაგედიის გამოაშკარავების გამო, შენში კიდევ ერთხელ დაეჭვდებიან, სწორედ ამიტომაა საჭირო ჩემი გეგმა "ბ", რომლის მიხედვითაც გარკვეული დროით, ციხეში მოგიწევს ჩაჯდომა
ლერამ, ბოლო სიტყვებზე კომენტარის გაუკეთებლად დახედა აციმციმებულ ეკრანზე გამოსახულ სახელს, ღრმად ამოისუნთქა და სენსორზე თითის გასმის თანავე, მობილური ყურზე მიიდო.
-გისმენ, ჯეისონ! სადაც იყო, პრინცს უნდა ეკოცნა, შენ კი, ბოლო მომენტში გამომაღვიძე -კვლავ ჩვეული ტონი მოირგო ლერამ და ოთახის სიბნელეშიც კარგად გაარჩია, თუ როგორ გადასწია ფარდები კაპიუშონიანმა სილუეტმა, სინათლის უკანასკნელი წყაროც მოსპო და ხმადაბალი ნაბიჯებით გასასვლელი კარისკენ გაემართა. როგორც ჩანს მიდიოდა, ლერა კი, ამჯერად, უკვე სრულ წყვდიადში იჯდა და ტელეფონმომარჯვებული, იმ ფარდებს შეშტერებოდა რომლის მიღმაც ცაზე გამოჭიმული ვერცხლისფერ ბურთს, თითქმის უკვე მთლიანად მოეშორებინა შავი ღრუბლების საფარველი, ცოტა ხნის წინ სასტიკ ტყვეობაში, რომ ამყოფებდა და ამჯერად უკვე მთელი თავისი სიდიადით ბრწყინავდა.
-ყბედობას მორჩი და ფანჯრიდან გადმოიხედე! -საკმაოზე მეტად ცივად ჟღერდა ჯეისონის ტონი. გოგონა, მომენტალურად წამოდგა საწოლიდან და ცოტა ხნის წინ ჩამოფარებულ ფარდაში გაიჭყიტა. თავისდა გასაკვირად, საეჭვო სრულიად ვერაფერი შენიშნა.
-გამოვიხედე, მაგრამ ვერც შენ გხედავ და ვერც შენ გარშემო შეკრებილ გიტარიან ბიჭებს. მე კიდევ მეგონა სერენადას მოვისმენდი
-ქვემოთ შავი მანქანა დგას -ისევ უწინდელი ცივი ტონით განაგრძო ჯეისონმა -ყოველივე ზედმეტი კითხვის გარეშე იცვამ, მასში ჯდები და მძღოლს იქ მოყვები, სადაც თვითონ წამოგიყვანს
ოდნავ გადაწეული ფარდა, შტორებს უფრო მეტად მოშორდა. გოგონამ, ტელეფონს მარჯვენა ხელი მაგრად მოუჭირა და მდუმარებაში ჩაძირული ეზო, აგენტისთვის დამახასიათებელი ეჭვნარევი მზერით მოათვალიერა. ერთ-ერთი ჟანგიანი ავტოფარეხის წინ, ლამპიონის სუსტი განათების ფონზე, მართლაც ჩანდა უძრავად ჩამომდგარი, დიდი, შავი ჯიპი, თუმცა მანქანას იმდენად მუქი მინები ჰქონდა, რომ შიგნით მძღოლის სახე კი არა, მისი სილუეტიც კი არ იკვეთებოდა.
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ კარგი არაფერი მელის?
-იმიტომ, რომ კარგი არაფერი გელის. ქვემოთ ხუთ წუთში თუ არ ჩამოვალ, მხოლოდ ერთი ზარის გაშვება დამჭირდება იმისთვის, რომ შენი სახლის კარი შემოინგრეს და მანქანის უკანა სავარძლის ნაცვლად, მისი საბარგულით იმგზავრო
-სამი წუთიც მეყოფა ვინკლერ! -ზედმეტად თავდაჯერებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხმით ჩასძახა ლერამ ყურმილში და კავშირის გასაწყვეტ წითელ ღილაკს მანამ დააწვა, სანამ მის სმენას, ყურმილის მეორე მხარეს მყოფის სიცივით გაჟღენთილი ბარიტონი კიდევ ერთხელ მისწვდებოდა
როგორც ყოველთვის, არანაირი პროტესტი. აზრი არ ჰქონდა. ხვდებოდა, რომ ახლა ასე იყო საჭირო, რომ ის ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ გავიდა ჩაბნელებული ოთახის კარიდან, მართლა ღირდა იმად, რომ მისთვის აბსოლუტურად ყველაფერი გაეკეთებინა და აეტანა. არც არავინ გააჩნდა ამ იდუმალი პიროვნების გარდა. წარსულიც კი არ ჰქონდა, არ ახსოვდა დედა, მამა, სახლი სადაც დაბადების შემდეგ პირველად მიიყვანეს. ან, იქნებ არც არსად მიუყვანიათ და პირდაპირ სანაგვეში მოისროლეს ძველი, მობეზრებული, ხმარებისგან გაცვეთილი ნივთივით? ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ცხოვრება, მხოლოდ თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ერთ დღეს, პროჟექტორებით განათებულ ოთახში გაახილა დამძიმებული თვალები და პირველად, სწორედ ის დაინახა. ის, ვინც ცოტა ხნის წინ, მისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იჯდა, თუმცა ახლა, იმ კონკრეტულის აქ ყოფნის და არსებობის არანაირი კვალი აღარ შეიმჩნეოდა.
ლერამ, ამჯერადაც პუნქტუალურობის დედოფლის ტახტი დაიკავა-როგორც თქვა, ზუსტად სამ წუთში, უკვე ჩაცმული და მოწესრიგებული ჩარბოდა სადარბაზოს კიბეებზე. სიჩქარის მიუხედავად, მისი გონება იმასაც აცნობიერებდა, რომ არც სებასტიანს მოელოდა კარგი დღე, რადგან ისინი, იმ საბედისწერო ღამით, ზუსტად ერთად ზრუნავდნენ იმაზე, რომ ტყუპების ცხედრები, რაც შეიძლებოდა მიუვალ ადგილებში წაეღოთ, რათა მათთვის ვერავის მიეგნო. ეშინოდა? რა თქმა უნდა, არა. იცოდა, რომ მისი უხილავი მფარველი უკვე აქ იყო, რომ ის მუდამ დაიცავდა და დღეიდან ხელშეუხებლობით სარგებლობდა.
გოგონამ, ბოლო საფეხურებზე ჩარბენის შემდეგ, თავის ქალაზე მორგებულ შავ კეპზე ჟაკეტის კაპიუშონი წამოიფარა და იგრძნო, თუ როგორ აუწეწა ღამის მსუბუქმა ნიავმა ჩამოშლილი თმა. შავი მანქანა, ისევ იმავე მდგომარეობაში ელოდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მძღოლი ამჯერად უკვე გარეთ გადმოსულიყო და საგანგებოდ ლერასთვის გამოღებულ უკანა კართან, მანეკენივით უძრავად იდგა. კაცი შავკანიანი იყო, საკმაოდ ჭარბწონიანი და მელოტი. თვალებს მანქანის მინებივით მუქი, მზის სათვალე უფარავდა, ხოლო ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელების თითებს, რომლებიც წინ ჰქონდა ჩამოშვებული, წითელი კობრის სვირინგები უმშვენებდა, რაც კიდევ უფრო უცნაურ იერს სძენდა ამ ისედაც იდუმალ არსებას, ერთი შეხედვით FBI-ის საიდუმლო აგენტს, რომ მოგაგონებდათ.




ლერამ, მაჯის საათს კიდევ ერთხელ დახედა, კმაყოფილს ჩაეცინა, როდესაც გააცნობიერა, რომ დროში ზუსტად ჩაეტია და კვლავ ინგლისის დედოფლის შუბიანი დაცვასავით გაუნძრევლად ჩამომდგარ მძღოლს მიუახლოვდა. კაცი არც კი განძრეულა, თითქოს მისი მოსვლა საერთოდ ვერ გაიგოო.
-ჰეი, შენ -ცხვირწინ აუქნია ხელი მისი დუმილით გაოცებულმა -არ მეტყვი, სად აპირებს ვინკლერი, რომ სიცოცხლეს გამომასალმოს?
პასუხად ისევ დუმილი. კაცი, არც კი შერხეულა, რამაც გოგონა მიახვედრა, რომ ამ ობიექტს, მხოლოდ მისი მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ დაუბრუნდებოდა ცოცხალი ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებები. ასეც მოხდა-როგორც კი, ლერა მობეზრებული სახით სპეციალურად მისთვის გამოყოფილ მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა, მძღოლმა კარები ზრდილობიანი ჟესტით მიუხურა და იმის შემდეგ, რაც მანქანას თავისი წონითი კატეგორიისთვის შესაშური სიმარდით შემოუარა, მესაჭის ადგილიც შეივსო.
მანქანა, სინათლის სიჩქარით მოსწყდა ადგილს და ლამპიონების შუქით განათებულ გზატკეცილზე გაიჭრა, სადაც, მიუხედავად გვიანი ღამისა, მაინც შეინიშნებოდა ავტომობილთა სიმრავლე.
ნახევარი საათი გავიდა . . .
სალონში, კვლავაც შემზარავი მდუმარება მეფობდა. ლერა, ჩაჯდომის თანავე მიხვდა, რომ სფინქსივით დადუმებულ კაცს ერთ სიტყვასაც ვერ დააცდენინებდა, ამიტომ ამის მცდელობა აღარც ჰქონია. უბრალოდ იჯდა და საქარე მინიდან აკვირდებოდა, თუ როგორ ცვლიდნენ ერთმანეთს შენობები, ადგილები და ქუჩები. ამ რაიონში, შედარებით დაბალი საცხოვრებელი კორპუსები იყო და ხალხიც, მაინცდამაინც არ მოძრაობდა. გოგონამ, მხოლოდ შავი წარწერებით დამშვენებულ რამდენიმე კედელთან მოჰკრა თვალი უსაქმურად აყუდებულ, თინეიჯერი ლოთების ბანდას ტუჩებზე მოყუდებული სასმელის ბოთლებით და ისიც მხოლოდ წამით, რადგან მანქანა შესაშური სისწრაფით მიქროდა დანიშნულების ადგილისაკენ, რომელიც ლერასთვის ჯერ კიდევ იმ გამოცანად რჩებოდა და ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ავტომობილი მოძრაობას არ შეწყვეტდა.
გოგონამ თავი საზურგეზე გადასწია, თვალები დახუჭა და პირველად დაფიქრდა იმ სიტყვებზე, რაც ღამის მოულოდნელი სტუმრისაგან მოისმინა. ციხეში უნდა ჩამჯდარიყო! როცა ტაილერს გვამების ადგილსამყოფელს ეუბნებოდა, კარგად იცოდა, რომ ამას ვინკლერის რისხვა და ეჭვების მთელი ოკეანე მოჰყვებოდა, მაგრამ თავის დასაძრომი გეგმა თვითონაც კარგად ჰქონდა დასახული, მანამ სანამ სხვისი არ მოისმინა და უპრობლემოდ არ დათანხმდა. ციხეში ჩაჯდომა? ეს ხომ ერთი შეხედვით საშინლად ჟღერდა? ან რა ვითარებაში უნდა მომხდარიყო ეს? უთხრა, რომ თვითონ მიხვდებოდა ყველაფერს და უბრალოდ თამაშში აჰყოლოდა. რაც იყო, იყო. მართალია გეგმის არსს ბოლომდე ვერ სწვდებოდა, თუმცა დარწმუნებული გახლდათ, რომ მისი წყალობით, გოგონას სხეულზეც გაჩნდებოდა მორიელის სვირინგი, რაც ჯეისონის ბანდის წევრების სიმბოლურ ნიშანს წარმოადგენდა.
თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ, ლერას გონებაში ხელი აურია და აზრები მთლიანად გაუფანტაო, სწორედ ისეთი შეგრძნება დაეუფლა, როდესაც წინა სავარძელზე მოკალათებულმა მძღოლმა, თავისი ოთხბორბლიანი მეგობარი ძლიერად დაამუხრუჭა. ინერციით წინ გადაქანებულმა გოგონამ, მხოლოდ ბოლო წამს შეძლო თავის შემაგრება, რათა უნებურად, საქარე მინას თავით არ შესკდომოდა.
ირგვლივ კვლავ მდუმარება ჩამოწვა. ლერამ მხოლოდ ახლა მოიაზრა, რომ უკვე საჭირო ადგილას იყვნენ და იქაურობა ეჭვიანი მზერით მოათვალიერა.
ორსართულიანი შენობის წინ იდგნენ. დახვეწილი, ლამაზი ნაგებობა იყო თავის წინ დიდი, მრგვალი ბასეინით რომელშიც მთვარის სილუეტი ლამაზად ლიცლიცებდა. ირგვლივ, ყველაფერს იდუმალების ელფერი დაჰკრავდა, შავკანიანი მძღოლის ჩათვლით, რომელიც კვლავ ჯიუტად შეერთებოდა სიჩუმის სამეფოს და იქიდან გადაბარგებას, ალბათ არც არასდროს აპირებდა. ლერას გასაკვირად, იგი გადასვლასაც არ ჩქარობდა, პირიქით, ერთ ადგილას გაუნძრევლად იჯდა და მისი ამ ქმედებით, რამდენიმე წამში გოგონასთვისაც აშკარა გახდა, რომ მძღოლის მისია- "მიეყვანა რაღაც საშინელისთვის განწირული პიროვნება დანიშნულების ადგილამდე", ოფიციალურად დასრულებული იყო.
ლერა ახლა თავად უნდა გადასულიყო სალონიდან და იმ შენობაში შეედგა ფეხი, რომელიც მის წინ მთელი თავისი სიდიადით აღმართულიყო. ამის გაცნობიერება და მანქანის კარის გამოღება, თითქმის ერთდროულად მოხდა. გოგონამ, იქიდან წითელ ხალიჩაზე გასავლელად მომზადებული ვარსკვლავივით გადმოაბიჯა, ტერიტორია დაზვერა, თავის მომცილებელს კიდევ ერთხელ შეავლო არაფრისმთქმელი მზერა და მგლის ხახაში თავის შესაყოფად, საკუთარი ნებით გასწია.
თითქმის მთელი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი და უამრავი რამ ენახა, თუმცა არასდროს ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც მშვიდობის ნიღბით ასე კარგად დაფარულ საფრთხეში ამოუყვია თავი. ეს, დღევანდელ ღამემდე იყო . . .
როგორც კი მოკლე დერეფანი გაიარა და მის ბოლოში მდებარე ერთადერთ ცარცისფერ კარში შეაბიჯა, გაოცებისგან თვალების გაფართოება არ ყოფილა ერთადერთი, რაც იმ წუთას დაემართა. თითქოს მთელმა გონებამ რევოლუცია განიცადა და უწინდელი ფიქრები სრულიად გადაავიწყა.
დიდ, გრძელი ბასეინებით გაფორმებულ დარბაზში იმყოფებოდა, რომელიც ოთხ რიადად იყო გამწკრივებული და თავზე ჩვეულებრივი ჭერის მაგივრად, სქელი მინა დაჰყურებდა. იქედან მართლაც რომ ხელის გულივით მოჩანდა შავად შეფერილი ცის კაბადონი.
დარბაზი ქლორის სურნელით გაჟღენთილიყო. ბასეინებთან ახლოს, ერთმანეთის მიყოლებით, ათი შეზლონგი იყო გამწრიკვებული. ერთ-ერთ მათგანზე, საცოდავი ლეკვის გამომეტყველებით სებასტიანი დასკუპულიყო, ხოლო მის თავზე წამომდგარი ლეონის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით, ვინც კვლავ თავის საყვარელი საქმიანობით-ფრჩხილების გაქლიბვით იყო გართული, აქ რაღაც დიდი უნდა დატრიალებულიყო.
ლერამ, ახლა შრიალა ხმის მიმართულებით გაიხედა და რიგით მეორე ბასეინში, წყლის ქვეშ ორი მოძრავი სილუეტი დალანდა, რომლებიც ერთმანეთის გევრდიგვერდ მიცურავდნენ და სავარაუდოდ, გასწრებაში ეჯიბრებოდნენ. კარგად დაკვირვების შემდეგ, გოგონამ მასში კირა და ჯეისონი ამოიცნო. უპირატესობა ჯეისონის მხარეს იყო, თუმცა დიდად არც კირა ჩამორჩებოდა. სულ რამდენიმე წამიც და გამარჯვებულის ვინაობაც ნათელი გახდა. წყალმა კიდევ ერთხელ გაიშრიალა, ამჯერად უფრო ხმაურიანად და იქიდან ჯერ ჯეოსონმა ამოყვინთა, თავზე ხელების გადასმით, შემდეგ კი, კირამ.
-ნამდვილი კოშმარი ხარ, ჯესი! ისევ მომიგე. შემთხვევით ქალთევზებთან ხომ არ გაქვს ნათესაური კავშირი? -ბუზღუნით და შეჭმუხნილი წარბებით მიადგა კირა ბასეინის კიბეს, ვერცხლისფერ სახელურებს ხელი ჩაავლო და იქიდან ჰოლივუდის მსახიობივით გრაციოზულად ამოვიდა. შავი ფერს საცურაო კოსტიუმში და სველ თმაში იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა, რომ სებასტიანმა და ლეონმა ერთდროულად გადააგორეს კისერში მოზრდილი ნერწყვი. თუმცა ნეტარება დიდხანს არ დასცალდათ, რადგან გოგონამ მალევე მოიხვია ტანზე შეზლონგზე დატოვებული თეთრი პირსახოცი და მეორეთი, სველი თმის შემშრალება დაიწყო.
მისგან განსხავვებით, ჯეისონი კიდევ ერთი წრის დარტმას აპირებდა და ის-ის იყო თავისი სურვილი სისრულეში უნდა მოეყვანა, რომ იმ წუთას, კარებთან მდგომ გულხელდაკრეფილ ლერას მოჰკრა თვალი, განზრახვაზე ხელი მაშინვე აიღო, კირას უკან მიჰყვა და ისიც შეამჩნია, რომ ლეონი და სებასტიანი ამჯერად უკვე ახლადმოსულს ბურღავდნენ განმგმირავი მზერით. ესპანელს სახეზე კმაყოფილება აღბეჭდვოდა, რადგან ხვდებოდა მარტო არ მოუწევდა ამ ყველაფერზე პასუხის გება, ხოლო აუზიდან ამოსული ვინკლერი, პირდაპირ ლერასკენ მიერმართებოდა, თანაც ისე, რომ სველი სხეულის შემშრალება აზრადაც არ მოსვლოდა.
-რატომ არ მითხარი ბასეინზე თუ მეპატიჟებოდი, საცურაო კოსტიუმს წამოვიღებდი -სიტყვის თქმაც არ აცალა გოგონამ ისე ალაპარაკდა, თუმცა როგორც კი ჯეისონის ხელმა მკლავზე მოუჭირა და იმ ადგილისკენ წაათრია სადაც სებასტიანი და ლეონი განმარტოებულიყვნენ, სცადა ტკივილისგან არ დაეკვნესა და რატომღაც კირას სტყორცნა განმგმირავი მზერა, პირსახოცშემოხვეული რომ მოემართებოდა მათკენ, სველი თმის მშრალებით.
კიდევ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, ჯეისონმა, გოგონას მკლავზე შემოხვეული სასტიკი მარწუხები უფრო მაგრად მოუჭირა და სებასტისნის გევრდით, პირდაპირ იმ შეზლონგზე დააგდო, რომელსაც ლეონი ადგა თავზე.
-ცუდადაა თქვენი საქმე. განსაკუთრებით შენი, ესპანელო -დამცინავი სახით შეუერთდა კირა დაძაბულობის ფრონტს და ჯეისონს, გევრდით პირადი მცველივით ამოუდგა
-გისმენთ!
-რისი გაგება გინდა, ვინკლერ? -ცალი წარბი, გამომწვევად აზიდა ლერამ და წამით სებასტიანს გახედა, ვისაც ბრაზისგან ყბები ერთმანეთზე მაგრად დაეჭირა, ხოლო თვალებში მრისხანების ცეცხლი უელავდა.
-ერთ-ერთი თქვენგანისგან არასასურველმა ინფორმაციამ გაჟონა, მე კი მაინტერესებს, რომლის მიკრო ზომის ტვინმა იფიქრა, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად შერჩებოდა? სანამ სასტიკ მეთოდებზე გადავსულვარ, გირჩევნიათ თავად აღიაროთ!
დარბაზში შემზარავმა დუმილმა დაისაგურა . . . როგორც ჩანდა, ხმის ამოღებას არც ნომერ პირველი მსვერპლი აპირებდა და არც, ნომერ მეორე . . .
-კარგი, როგორც გინდათ, ნება თქვენია -უხალისოდ ამოილაპარაკა ჯეისონმა, სებასტიანის თავზე წამომდგარ, ლეონს რაღაც ანიშნა და მერე, ყველაფერი წამებში მოხდა-ლერამ გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე წაავლო ამ უკანასკნელმა სებასტიანს თითები კეფაში, აუზისკენ ძალით წაათრია, მუხლებზე დააჩოქა და ამჯერად უკვე ორივე ხელის გამოყენებით, თავი შიგნით ჩააყოფინა.
დარბაზი კვლავ სიჩუმეში ჩაიძირა. მხოლოდ თავის დასახსნელად აფართხალებული სებასტიანის და ლერას ხმამაღალი სუნთქვა არღვევდა მდუმარებას. მათგან ოდნავ მოშორებით, კირა შეზლონგზე მოკალათებულიყო და ფეხზე, კანის დამატენიანებელ ლოსიონს ისეთი სახით ინაწილებდა, თითქოს მისგან ორმოციოდე სანტიმეტრში მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა.
-აბა , ხმა ამოღე შენ იყავი? -დაუღრიალა ლეონმა ესპანელს და კითხვის დასმიდან რამდენიმე წამში, თავი ამოაყოფინა კიდეც. სებასტიანს ხმამაღალი ხველა აუტყდა. გარკვეული დრო, ენის მობრუნებაც ვერ შეძლო, თუმცა იმის შიშით რომ ეს კიდევ განმეორდებოდა, მთელი ძალა მოიკრიბა და სუსტად ამოიხრიალა -რომ ვთქვა მე ვიყავი-მეთქი რა შეიცვლება? ჩემს წამებას მაინც განაგრძობთ, მაგრამ გეფიცებით, არავისთვის არაფერი მითქვამს
ლეონმა კიდევ ერთხელ ჩააყოფინა თავი სავსე ბასეინში და სებასტისნის მორიგი აფართხალების მოლოდინში მთელი სხეული დაძაბა, რათა მსხვერპლი ხელიდან არ დასხლტომოდა.
-იცოდე ნაბი*ვარო, ყოველ ჯერზე შენი წყალქვეშა ტურის დრო გახანგრძლივდება -ახლა ჯეიოსნი ჩაიმუხლა აუზთან და ლეონს თვალებით ანიშნა, ამოიყვანეო. წყალი კვლავ აშრიალდა და კიდევე ერთხელ გამოჩნდა გაწუწული სებასტიანის სახე, ცოტა ხნის წინ, ლაქით დაყენებული თმით რომ იწონებდა თავს
ვინკლერმა, თეთრ შეზლონგზე მოკალათებულ ლერას გახედა გამყინავი მზერით. გოგონა, ერთ ადგილას გაუნძრევლად იჯდა, ცალი ფეხი მუხლში მოეკეცა, ხელები მასზე შემოეხვია და მიმდინარე მოვლენებს ისე აკვირდებოდა, იფიქრებდით რაიმე საინტერესო, მძაფრ-სიუჟეტიან ფილმს უყურებსო.
-ეს ორი, მანამ იქნება ჩვენს პირად პატიმრობაში, სანამ მოღალატის ვინაობა არ გაირკვევა -ჩაილაპარაკა ჯეისონმა ლეონის მიმართულებით, თუმცა ყურებით კი, ისევ ლერას უყურებდა. ამასობაში, კირამაც დაამთავრა გამომწვევად გადმოლაგებული ფეხების ლოსიონით დატენიანება, სებასტიანს, რომელიც ლეონს ჯერ კიდევ კეფაზე წამოზრდილი თმით ეჭირა საეჭვო ღიმილით მიუახლოვდა და ყურში შემდეგი სიტყვები ჩასჩურჩულა :
-არასდროს მომწონდი, ესპანელო. სიამოვნებით ვნახავდი როგორ ამოუსუნთქავ ბოლოჯერ - მერე ჯეისონს მიუტრიალდა და მაჯაზე ხელი მოჰკიდა.
-ცოტა ხნით გვერდზე გამოდი, შენთან სალაპარაკო მაქვს. აი, შენ კიდევ -ლერას გახედა -მოიხადე ეგ კეპი, თორემ ვეჭვობ, სულ მალე დაგისველდება.
ჯეისონი და კირა ოდნავ მოშორებით გავიდნენ, ლეონი კი კვლავ თავის საქმეს, სებასტიანისთვის წყალქვეშა სამყაროს დათვალიერებას მიუბრუნდა. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებდით, რომ რიგში სხვა აღარავინ იყო, სავარაუდოდ ამის შემდეგ ლერას ჯერიც დადგებოდა. გოგონა კვლავ იმავე პოზაში იჯდა და ამჯერად უკვე განმარტოებულ ორეულს შესცქეროდა. აშკარა იყო რაღაც სერიოზულს განიხილავდნენ, თუმცა რას, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. უეცრად, ისე, რომ თავადაც ვერ გაიაზრა, თვალი ჯეისონის პრესზე მიეყინა. ჯანდაბა, ეს ნორმალური ადამიანის საქციელს ჰგავდა? ამ დროს და ამ წუთებში რა დროს ეს იყო?
ლერამ თავი გადააქნია, ფეხზე წამოხტა და როგორც კი, საიდუმლო თათბირის წარმოსახვითი კაბინეტიდან გამომავალი, კვლავ მათკენ წამოსული ჯეისონი და კირა დალანდა, ჯერ ჟაკეტი გაიხადა, ხოლო შემდეგ კეპი მოიძრო და მხოლოდ ჯინსის და მოკლემკლავიანი მაისურის ამარა დარჩა.
-ვაღიარებ ვინკლერ, სანამ აქ მოვიდოდი, ყველანაირი სასჯელი წარმოვიდგინე ტყეში ცოცხლად დამარხვიდან დაწყებული, ხრამში გადაჩეხვით დამთავრებული, თუმცა ამ ლამაზ ბასეინში ჩახრჩობის პერსპექტივა უფრო მხიბლავს -გაეცინა - გეტყობა, რომ ორიგინალური ადამიანი ხარ, ჩემი ჩამოთვლილი ხერხები ცოტა მოძველებულია.
სიტყვის დამთავრება და წყლის კიდევ ერთხელ გაშრიალება ერთი იყო. სებასტიანი, მორიგ წყალქვეშა ტურს მორჩა და განწირულმა, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეძლო : -გეყოფათ, გთხოვთ . . . -მერე კი, თავი კისერზე ჩამოუვარდა და ლეონს რომ არ სჭეროდა, სავარაუდოდ, აუზებიანი ოთახის მწვანე ფილებზე დაეცემოდა ღონემიხდილი
-ლეონ შეეშვი და სადმე დააგდე სანამ გონს მოვა. მაგას მერე მოვუვლით -გასცა მორიგი განკარგულება ვინკლერმა. ამჯერად, მზერა თავისპირდაპირ ჩამომდგარ ლერაზე გადაიტანა. იმ წამს, კიდევ ერთი ხმა შეუერთდა დიდ დარბაზში გამეფებულ მცირეხნიან დუმილს. რაღაც ბზუილის მაგვარი და გამაღიზიანებელი.
-თუ სწორად ვხვდები, მე მირეკავენ -პატარა ტუალეტის მაგიდაზე, რომელზეც კირას თავისი ნივთები ეწყო, მართლაც ანათებდა მობილურის სენსორი. გოგონა სწრაფად მიუახლოვდა თავის კუთხეს, ეკრანს სამი წამის განმავლობაში უყურა ზემოდან შემდეგ კი, აღების ღილაკს, ცერა თითი გადაუსვა და აქიდან სულ მცირე დროში, თვალებში ბედნიერების ნაპერწკლებიც გაუკრთა. კიდევ რამდენიმე წამი, ამ სიხარულის სხვისი თვალისგან შენიღბვას დაუთმო და ეს რომ უფრო კარგად გამოსვლოდა, დარბაზის შუაგულში მდებარე, პატარა გამოსაცვლელი ოთახის კარი ჭრიალით შეაღო. იქ დარჩენილ ოთხეულს, საერთოდ არაფერი უკითხავთ. სებასტიანი კვლავ უგონოდ იყო, ხოლო ლეონი ალბათ იმაზე ფიქრობდა როდის დართავდა ნებას ვინკლერი მორიგი მსხვერპლისთვისაც ეჩვენებინა წყალქვეშა სამყაროს მთელი სიდიადე.
-რაღას უცდი, ვინკლერ? ვინმემ უხმო რეჟიმზე გადაგრთო? -გამომწვევად ჩაეიკითხა ლერა და მხოლოდ იმ წამს შეამჩნია, რომ მამაკაცი მის სხეულზე რაღაცას მიშტერებოდა. რამდენიმე წამი დასჭირდა გოგონას იმის გასაცნობიერებლად, რომ ჯეისონის ყურადღების ობიექტს მისი მკერდი კი არა, ლავიწის ძვლის ოდნავ ზემოთ გამოსახული სვირინგი წარმოადგენდა. ფიქრები, მალევე დაუდასტურდა კიდეც-მამაკაცმა, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, შემდეგ ლეონს თვალებით ანიშნა სასწრაფოდ მარტო დაგვტოვეო და ისე რომ მისი გაოცებულუ მზერა არ შეუმჩნევია, ლერას სვირინგზე ცერა თითი გადაატარა
-ეს საიდან გაქვს? -ვინკლერის ხმაში, ლერა პირველად ამჩნევდა მღელვარებას, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ უნდა გამოეწვია ეს ყოველივე რაღაც პატარა სალამანდრას სვირინგს
-რაც თავი მახსოვს მაქვს. რატომ მეკითხები? -გულწრფელი ინტერესით ჩაეკითხა გოგონა. თითქოს მხედველობა ახლა დაუბრუნდაო, ზუსტად იმავე ადგილას, ლავიწის ძვლის ოდნავ ზემოთ გამოსახულ ჯეისონის ტატუს მოჰკრა თვალი, ურჩხულის გამოსახულებით. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა ლერას, თუმცა ხელი იმ გარემოებამ შეუშალა, რომ ზუსტად ამ დროს, ცივ კაფელზე უგონოდ დაგდებულმა სებასტიანმა, ნელ-ნელა აზრზე მოსვლა დაიწყო და მთელ დარბაზში მისი ხველების და პირიდან ორგანიზმში ჩარჩენილი წყლის, ღებინების ხმა გაისმა. ორივემ, მომენტალურად მისკენ მიაბრუნა თავი. სებასტიანი უკვე ოთხზე წამომჯდარიყო, ჯერ კიდევ სველი ხელის გულებით იატაკის ცივ ფილებს ეყრდნობოდა და განუწყცეტლივ ახველებდა
-ლეონ!!! -იმდენად ხმამაღლა დაიღრიალა ვინკლერმა რომ ლერამ, მომენტალურად, აიფარა ყურზე ხელები. ის-ის იყო დაძახება კიდევ ერთხელ უნდა გამეორებულიყო, რომ მოულოდნელად, თითქოს მოჩვენება გამოიკვეთაო, ზღურბლზე სასურველი ადამიანიც გამოჩნდა და უთქმელადაც მიხვდა, რაც უნდა გაეკეთებინა. იგი, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა იატაკზე მხოხავ ესპანელს, მის წინ დაიხარა, ფეხზე წამოაგდო, ცალ ხელზე ბორკილი შემოხვია, მეორე რგოლი თავად დაიჭირა, საფეთქელზე შარვლის ბუდიდან ამოღებული რეოლვერი მიაბჯინა და დარბაზიდან გასასვლელი კარისკენ წაათრია.
ლერა გაოცებული უყურებდა ამ სცენას. რატომღაც ეგონა, რომ თვითონაც მის ბედს გაიზიარებდა, თუმცა ვინკლერის სიჩუმე და უმოქმედობა უფრო აფიქრებდა. შეიძლებოდა რაიმე უფრო სასტიკი მოელოდა ვიდრე წყალქვეშა ტურებით ტკბობა იყო, რომლის მთელი ნეტარება მის თვალწინ აგემეს საბრალო ესპანელს.
ფიქრებიდან კვლავ ვინკლერის მოახლოებამ გამოარკვია. მამაკაცი იმდენად მიახლოებოდა, რომ მისი სუნთქვა მთელ სახეზე ეფრქვეოდა და უფრო მეტ გაურკვევლობაში აგდებდა.
უეცრად, ისე, რომ არც ელოდებოდა, სახეზე სიცივე იგრძნო. ალბათ იმიტომ რომ ჯეისონს თავისი ცხელი სუნთქვა, უკვე სხვა მიმართულებით გადაეტანა და ამჯერად ლერას ყურთან დახრილიყო. სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო გოგონამ, ისე შეეხო ჯეისონის ტუჩები მას ყურის ოდნავ ქვემოთ და მხოლოდ ხუთი მკაფიოდ ნათქვამი სიტყვა მისწვდა გოგონას ნახევრად დახშულ სმენას :-"შენ ჩემთან ერთად მოდიხარ, იქ მოგხედავ. "
მერე რაც მოხდა, უბრალოდ გაქცეულ კადრებად დაამახსოვრდა. პირველი მათგანი გამოსაცვლელი ოთახიდან გამოსული კირას შეცვლილი გამომეტყველება იყო, რომელიც ლერას მზერით ბურღავდა და ამით თითქოს მიახვედრებდა, უკვე ყველაფერი ვიციო, ხოლო მეორე, ჯეისონის მანქანასთან ატუზული, პირში სიგარეტ-გაჩრილი ლეონის სახე გახლდათ. ვინკლერის მარწუხებში მოქცეულმა გოგონამ, იგი მხოლოდ წამებით დალანდა, რადგან მამაკაცმა სწორედ იმ წუთას, მანქანის უკანა სავარძელზე, აქამდე, რომ შავკანიანი მძღოლი მართავდა, უხეშად შეაგდო და კარები ისე მიუჯახუნა, რომ ლერამ, მომენტალურად ყურებზე თითები დაიცვა.
სულ რამდენიმე წამიც და აქამდე უძრავად მდგომი ოთხბორბლიანის ძრავა ხმაურით ამუშავდა. იქაურობა მუქმინებიანი ჯიპის საზარელმა ღრჭიალმა გააყრუა, რომელიც გზატკეცილისკენ ისე გაიჭრა, ლამის მტვრის ქარიშხალი დააყენა . . .







9 თავი

დიდ, თეთრ, პროჟექტორების თვალისმომჭრელი შუქით განათებულ ოთახში, ქათქათა საწოლის გარშემო, რამდენიმე თეთრ-ხალათიანი შეკრებილიყო, ცხვირ-პირზე აკრული ლურჯი პირბადით. მათგან მოშორებით, დაახლოებით ათიოდე ნაბიჯში, ორი სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი, ერთმანეთის გვერდიგვერდ ქანდაკებებივით გაშეშებულიყვნენ, თუმცა „ჰიპოკრატეს მსახურებს“ მათთვის ნამდვილად არ ეცალათ, რადგან საწოლზე შეშინებული სახით ჩამომჯდარ, დაახლოებით ცამეტ-თოთხმეტი წლის გოგონას, საოპერაციო თეთრ ხალათს დიდი მონდომებით არგებდნენ.
ცივი და პირქუში იყო იქაურობა. თითქოს შესვლისთანავე იგრძნობოდა, რომ კარგი არაფერი უნდა მომხდარიყო და ამ მოსაზრებას, მუმიებივით მოსიარულე პირბადიანთა ჯგუფიც ადასტურებდა, რომელთაგან თითოეული მათგანი დაპროგრამებული რობოტივით მოძრაობდა, ხოლო აქედან ერთ-ერთს, რაღაც პატარა ამპულიდან, პლუნჟერის დახმარებით, შპრიცში, მომწვანო ფერის სითხე შეჰყავდა, თან დრო და დრო საწოლზე ჩამომჯდარი გოგონას შეშინებულ თვალებს უყურებდა, ცივი, არაფრისმთქმელი მზერით.
მთელი სივრცე, რომელიც ამ დარბაზს ეკავა, სამედიცინო სპირტისა და სხვადასხვა მედიკამენტების სუნით იყო გაჟღენთილი. ეს "არომატი" ოთხივე კედელში ერთნაირად გამჯდარიყო.
-დაფიქრდი, იქნებ არ ღირს, მისთვის ამის გაკეთება? ჯერ კიდევ ბავშვია, ნეიროდასტის სისტემა* კი სახუმარო თემა არაა. მეხსიერების წაშლა გასაგებია, მაგრამ რისკიც ხომ არსებობს? -ცისფერკედლებიან ოთახში, მხოლოდ ერთი ადამიანის გასაგონად გაისმა მოგუდული ხმით წარმოთქმული სიტყვები, რომლებსაც თავდაჯერებულობაც აკლდა და გამბედაობაც, რათა მტკიცედ აჟღერებულიყო
-გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ყველაფერი, უკვე დიდი ხნის დაგეგმილია, დენიელ. ის ამას გადაიტანს, აი ნახავ. ბავშვებს კი, ვეცდები ადვილად დავავიწყო მისი თავი. ისინი, ხომ ჯერ თინეიჯერები არიან? მათ ტვინებს, როგორც მინდა ისე მოვმართავ და მალე აღარც კი ემახსოვრებათ
-არა მგონია, ეს ასე მარტივი იყოს. იმის რისკიც დიდია, რომ გოგონა ამ მძიმე ოპერაციას ვერ გადაიტანს და ყველაფერი ცუდად დასრულდება -ჟღალ, მოკლედ შეჭრილ თმაზე ორივე ხელი გადაისვა კაცმა, რის შემდეგაც ისევ თანამოსაუბრეს მიუტრიალდა გამჭოლი მზერით -რიჩარდ, ძალიან რისკავ. მისი სიცოცხლით რისკავ, ეს გაცნობიერებული გაქვს?
-შენ იცი, რომ ეს ბავშვი ჩემთვის უბრალოდ პაიკია, რომლის დაკარგვაც მართალია მეწყინება, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ გეგმები ჩამეშლება და არა იმიტომ, რომ მისდამი მამა-შვილურ სიყვარულს განვიცდი. კირა და ჯეისონი კი, როგორმე გადაიტანენ. ხომ იცი, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, მათი მეგობარი მათთვის მაინც მკვდრად გამოცხადდება?
-შენი საქმის შენ იცი. მე უბრალოდ, როგორც შენმა მარჯვენა ხელმა გირჩიე და ჩემი მოვალეობა მოვიხადე -ჟღალთმიანი წამით ჩაფიქრდა, ნიკაპზე ცერა და საჩვენებელი თითი შემოიჭდო და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა როგორც კი სტყვის სათქმელად პირი გააღო, საწოლზე შეშინებული სახით მჯდომი გოგონა, უეცრად ადგილს მოწყდა, ფეხზე წამოფრინდა, მის გვერდით მდგომ სილუეტს მიეჭრა და მკლავებზე ჩაებღაუჭა
-რიჩარდ მეშინია, არ მინდა ამის გაკეთება! ვიცი, დაგთანხმდი, მაგრამ ახლა აღარ მინდა. გთხოვ უთხარი მათ -თავი კვლავ საწოლთან მდგომი ექიმებისკენ მიაბრუნა, რომლებიც ამჯერად, უკვე რაღაც ლაზერის მაგვარ აპარატურას ასწორებდნენ და ბავშვისთვის გაუგებარი ტერმინებით საუბრობდნენ -უთხარი, რომ წავიდნენ და თავი დამანებონ. რიჩარდ, გთხოვ -ცრემლებს ყლაპავდა, როდესაც ამ ყველაფერს ამბობდა და მთელი ძალით ცდილობდა არ აზლუქუნებულიყო
-ადელაინ, შენი წუწუნი ახლა არაფერში მჭირდება. ეს უნდა გააკეთო და მორჩა! -იმდენად ცივად გაიჟღერა კაცის ხმამ, რომ გოგონას, რომელიც მისგან თანაგრძნობას მოელოდა, ძარღვებში ლამის სისხლი გაეყინა. მის წინ მდგომი არსების მიმართ, ცხოვრებაში პირველად იგრძნო უზარმაზარი შიში
-მაგრამ . . . რიჩარდ -სიტყვებს თავს ვერ აბამდა, გოგონა და სახელოებზე ჩაბღაუჭებულ თითებს არაფრით არ უშვებდა -მე არ მინდა ამის გაკეთება. არ მინდა, გესმის? ხომ მითხარი, რომ თუ არ მენდომებოდა არაფერს დამაძალებდი?
მამაკაცს, მის სიტყვებზე ირონიულად ჩაეცინა. ერთხანს უხმოდ იდგა და ბავშვის დამფრთხალ თვალებს გამჭოლი მზერით შეჰყურებდა, შემდეგ კი, თითქოს აზვირთებული ოკეანის ტალღა მოვარდაო, მარჯვენა ხელი ჰაერში აღმართა და იგი, გოგონას სახეში მთელი ძალით გაუქანა.
-შენ, მე სურვილების ამსრულებელი თოვლის ბაბუა ხომ არ გგონივარ?! -გაისმა ოთხაში რიჩარდის ხმამაღალი ღრიალი -რასაც გეტყვი იმას იზამ, გესმის?! თქვენ მაინც რაღას უდგახართ?! დააგდეთ საწოლზე და რაც საჭიროა ის გაუკეთეთ!!! არსებული რისკი, რომ ამ ოპერაციას ვერ გადაიტანს, ფეხებზე ! -ამჯერად ექიმებს მიუტრიალდა იგი. როგორც ჩანს, ამ სიტყვებმა იმოქმედა- მათ შვიდკაციან რიგს, მალევე გამოეყო ერთ-ერთი მაღალი სილუეტი, ატირებულ გოგონას, რომელიც ძლიერი დარტყმის გამო ინერციით იატაკზე დავარდნილიყო, მკლავში ხელი ჩაავლო და ფეხზე, ფაქტობრივად ძალით წამოაყენა.
თანაშემწესთან ერთად, ოთახიდან გასვლის წინ, მხოლოდ ერთხელ მოჰკრა თვალი რიჩარდმა ბავშვის აწყლიანებულ თვალებს, რომლებშიც დიდი იმედგაცრუება იკითხებოდა და კარის გახურვის წინ, მოგუდული ხმით ნათქვამი სიტყვებიც მისწვდა მის ყურთასმენას: -სიკეთე მეგონე და ბოროტება ყოფილხარ!




* * *
ლერამ, დამძიმებული თვალები გაახილა და პირველი, რაც დაინახა ეს, უზარმაზარი, ფარდებ ჩამოფარებული ოთახი იყო, სადაც მხოლოდ უცნაური ფორმის საშანდლეში ჩამაგრებული სამი ლურჯი ფერის სანთელი ანათებდა.
ოთახის შუაგულში მდგომ, დიდ, ბალიშებით გადავსებულ ტახტზე იწვა, ლერა. მისი საწოლის გვერდით მდგომ პატარა ტუმბოზე, ხუთ მილიგრამიანი შპრიცი იყო შემოდებული, რომელიც წყლისფერი, სულ ოდნავ ყვითელში გადასული სითხით, ნახევრამდე აევსოთ. გოგონამ, გადაღლილი თვალები, რაც შეეძლო მკვეთრად გაახილა და მის ასაღებად მარჯვენა ხელი გადასწია, თუმცა მოულოდნელად რაღაცამ შეაფერხა. მალევე მიხვდა კიდეც, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული პაუზა-იგი, ერთმანეთზე შეტყუპებული ორივე ხელით, საწოლის თავზე იყო მიბმული და იქიდან იატაკზე გადასვლასაც ვერ ახერხებდა.
-ესღა მაკლდა! -უკმაყოფილო სახით, ღრმად ამოიხვნეშა ლერამ, კიდევ ერთხელ შეხედა ნემსში ჩარჩენილ სითხეს, რაც სავარაუდოდ, მის დასაძინებლად იქნა გამოყენებული და რამდენიმე საათის წინანდელი კადრები მის წინ სიძველისგან გახუნებული ფოტოალბომივით გადაიშალა-გაახსენდა, თუ როგორ გიჟივით მოაქროლებდა მანქანას ჯეისონი, როგორ შეეწინააღმდეგა სალონიდან გადმოსვლის დროს, როდესაც დაინახა, რომ ავტომობილი თავის პენტჰაუსთან გააჩერა და როგორ იგრძნო რაღაც პატარა ჩხვლეტა მკლავში, რის შემდეგაც, მისი გონება ბურუსში ჩაიძირა.
-ჯანდაბა, ახლა რა ვქვნა? -თავისი ფიქრები, ხმამაღლა გაახმოვანა გოგონამ და თოკებს იმ იმედით დაეჯაჯგურა, რომ მათ გახსნას როგორმე შეძლებდა, თუმცა სულ ტყუილად. ისინი, ისე მაგრად იყო გადანასკვული, მთელი დღეც რომ ეწვალა, არანაირი ცვლილება არ იქნებოდა, ამიტომ სცადა თავის დასახსნელად სულ სხვა ხერხისთვის მიერმართა და მთელ ხმაზე აყვირდა:
-ვინკლერ! ახლავე გამხსენი შე ნაგავო! მე, შენ ცირკის მაიმუნი ხომ არ გგონივარ?! -ლერამ რამდენიმე წამით დაიცადა, თუმცა როდესაც გააცნობიერა, რომ მის მცდელობას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, ხმა ჩაიწმინდა და ყვირილი კვლავ განაგრძო -ჯეისონ, ახლავე მომაშორე ეს თოკები! იცოდე, ამისთვის პასუხს აგებ!!!
კვლავ იგივე შედეგი. ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა და როგორც კი, თავისი უმწეო მდგომარეობით განრისხებულმა ლერამ ბოლოს და ბოლოს ეს გააცნობიერა, ფარდებჩამოფარებულ ოთახსაც მოავლო მზერა. სავარაუდოდ, ჯეისონის საძინებელში იმყოფებოდა. მართალია, იქ ადრე არასდროს შეეხედა, თუმცა მთელი ეს ინტერიერი, ფერები და ავეჯის წყობაც კი, სწორედ ვინკლერის ხასიათში ჯდებოდა-ყველაფერი მასავით ცივი და პირქუში იყო. მხოლოდ დაძველების ეფექტის მქონე საშანდლეში დანთებული სანთლები იწვევდა სითბოს ილუზიას, თუმცა ამ მყინვარების სამეფოში, ზემოთ ხსენებული სითბო, ფაქტობრივად, არც კი იგრძნობოდა.
მსგავს სულელურ სიტუაციაში, მართლაც, რომ პირველად იმყოფებოდა ლერა. ის, რომ ჯეისონი ასე უბრალოდ არაფერს დაუშავებდა, დათქმულ ადგილას მისვლამდეც კარგად ჰქონდა გააზრებული, რადგან თავისი მფარველი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავდა, მუდამ გვერდით ჰყავდა, თუმცა სჯობდა იმ აუზში დაესრულებინა სიცოცხლე ვიდრე ასეთ უსუსურობის შეგრძნებას დაეტანჯა. ვერ იტანდა ლერა საკუთარი თავის ასეთ ვერსიას. სიტუაციას, როდესაც თავის სხეულსაც კი ვერ ეხმარებოდა და ამაზე გამწარებულმა, საგულდაგულოდ შეკრულ თოკებს, რაც შეეძლო მაგრად მოქაჩა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ . . . ამჯერადაც სულ ტყუილად. მხოლოდ შემაწუხებელი ტკივილი და კანის სიწითლე მიიღო, სამაჯურივით, რომ შემოსალტვოდა მის მაჯას.
-ვინკლერ, აი ნახავ, ეს ყველაფერი თუ არ განანო!!! -რაც შეეძლო, ხმამაღლა დაიყვირა გოგონამ და საკუთარ უძლურებაზე კიდევ ერთხელ ამოასხა ბრაზმა კისერში. ის-ის იყო უკვე, მაჯებზე შემოხვეული თოკების გაწყვეტის მეოთხე მცდელობა უნდა დაესრულებინა სრული ფიასკოთი, რომ სრულიად მოულოდნელად, მის ყვირილისგან ნაწილობრივ დახშულ სმენას, კარის საკეტის გაჩხაკუნების ხმა მიწვდა და აქედან რამდენიმე წამში, ზღურბლზე მდგომ სილუეტსაც მოჰკრა თვალი.
ლერამ, მისი ცნობა მაშინვე შეძლო, სწორედ ის კაცი მოსულიყო, რომელმაც რამდენიმე საათის წინ მძღოლობა გაუწია და ჯეისონის ნაბრძანებ ადგილამდე მიიყვანა. საოცარი ის გახლდათ, რომ კაცი არც ახლა იღებდა ხმას. ჯერ, მდუმარედ იდგა ზღურბლთან, თითქოს ტერიტორიას ზვერავს, სანამ მსხვერპლს თავს დაესხმებაო, შემდეგ კისერი წაიგრძელა, ლერას საწოლისკენ დაიძრა მძიმე ნაბიჯებით და კობრის სვირინგიანი, მსვილი თითები შარვლის ჯიბისკენ წაიღო.
გოგონა, ხმას არ იღებდა და მის თითოეულ მოძრაობასა თუ ჟესტს, გამოცდილი ფსიქოლოგის მზერით აკვირდებოდა. ჯიბისკენ წაღებული ხელიდან, რომელიც იქ, საკმაოზე მეტადაც კი დააყოვნა, გარკვეული დროის შემდეგ, შავი ფერის დასაკეცი დანა ამოაცურა და ხელის მარტივი მოძრაობით გადახსნა. გოგონამ ნახევრად მოჭუტული თვალებით დაინახა დანის პრიალა ზედაპირზე არეკლილი სანთლების ალი და თითქოს სიმძიმის დაწოლასავით იგრძნო, ის, თუ როგორც გადაეფარა მის საწოლს კობრის სვირინგიანის ჩრდილი. იგი, ფრთხილად დაიხარა ლერას საწოლთან, მის მაჯაზე შემოხვეულ თოკებს დანა გაუსვა და ისინი, წამის მეასედში გადაჭრა.
ამის გაკეთება და ცაში გავარდნილი მეხის სისწრაფით, გოგონას საწოლიდან წამოხტომა ერთი იყო. იგი, მძღოლს გაცეცხლებული სახით ეცა და დანის წართმევა დაუპირა, თუმცა კობრის სვირინგიანმა ცალი ხელითაც შეძლო მისი შეკავება, დანიანი ხელი, კვლავ ჯიბეში ჩაიყო და ლერა ძლიერი ბიძგით, კვლავ საწოლზე დააგდო.
-სად არის ის ბუნების შეცდომა?! -მთელი ხმით დაიყვირა გოგონამ -რის მიღწევას ცდილობს? ჰგონია, აქ გამომკეტავს და მეც სახლში მოსულს, გემრიელ საჭმელს დავახვედრებ? რაღაც უცდის, დანარჩენი ექვსი ჯუჯაც მოიყვანოს და ნიუ-იორკელი ფიფქია ვიქნები
ლერამ, კვლავ წამოდგომა და მორიგი თავდასხმა დააპირა, თუმცა როგორც კი ის წითელი ბარათი დაინახა, რომელიც მძღოლს მისკენ გამოწვდილ ხელში ეჭირა, თავისი განზრახვა სულ გადაავიწყდა და ეს უკანასკნელი, მას ფაქტობრივად თითებიდან გამოაგლიჯა.
პატარა, ოთხკუთხედი ფორმის ფურცელი იყო. სანთლების სუსტ შუქზე, მხედველობის დაძაბვის შემდეგ, ლერამ მასზე მხოლოდ ოთხი სიტყვის ამოიკითხა შეძლო.
"მისტერ ვინკლერი მისაღებში გელოდებათ" -ეწერა ფურცელზე. ესე იგი, ჯეისონიც აქ იყო და გოგონას შეეძლო მას პირადად დალაპარაკებოდა. მხოლოდ ერთი კითხვა არ ასვენებდა-რატომ არასდროს ლაპარაკობდა ეს კაცი? მისი ხმის ჟღერადობა ერთხელაც კი არ გაეგონა ლერას, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო ნადვილად არ ჰქონდა, ამიტომ, სწრაფად წამოხტა საწოლიდან, საძინებლის ღია კარიდან შემოსულ მკრთალ სინათლეს თვალი გაუსწორა და წელში გამართული, პირდაპირ იქითკენ გაემართა, თანაც ისე, რომ მასზე პირადი დაცვასავით ადევნებული კობრის სვირინგიანის მიერ, ჯეისონის „რეზიდენციის“ დატოვებაც არ გაუგია.
ვინკლერი, როგორც ბარათზე ეწერა, მისაღებ ოთახში ელოდა ბარის დახლთან ჩამომჯდარი, ჩვეული, მშვიდი მზერით. ხელში, ლერას მობილური ეჭირა და რაღაცას დაკვირვებით ჩაჰყურებდა. როგორც კი, ზურგს უკან გოგონას ნაბიჯების ხმა გაიგო, წამით თავი მოაბრუნა და თვალი, თვალში გაუყარა, შემდეგ კი, უწინდელ საქმეს ისე მიუბრუნდა, თითქოს ცოტა ხნის წინ არაფერი მომხდარაო.
-ჩემი ტელეფონი რად გინდა, ვინკლერ? -დახლთან მიდგმულ, მაღალ სკამზე შემოჯდა ლერა და ცალი წარბი, მრავალმნიშვნელოვნად აზიდა -ან, რატომ არ ლაპარაკობს შენი მძღოლი? ჰო, მართლა მესამე კითხვაც მაქვს-რატომ მეღვიძება შენს საწოლზე მიბმულს, ისე თითქოს დიადი მისტერ ვინკლერის მორიგი ღამის ქალი ვიყო?
-ჯერ რომელზე გიპასუხო? პირველზე, მეორეზე თუ მესამეზე? ან, იქნებ ჯობდეს შენ გასცე პასუხი ჩემს კითხვებს? -როგორც ყოველთვის წარბშეუხრელად, ოლიმპიური სიმშვიდით მიუგო მან. მერე, გოგონას მობილური გვერდზე გადადო და მინის ჭიქაში ჩარჩენილი წყალი მოსვა -ვაღიარებ, გამაოცე. ტელეფონში არც ერთი სელფი არ გაქვს
-სელფებს, ჩვეულებრივი მოკვდავები იღებენ, ვინკლერ, მე კი, ასეთი არასდროს ვყოფილვარ და სურვილიც არ მაქვს, რომ ვიყო. პასუხებს ველი!
-ჩემი მძღოლი იმიტომ არ ლაპარაკობს, რომ ყრუ-მუნჯია, დანარჩენი კი, შენ არ გეხება -ცივად მოუჭრა, მთელი ტანით მოუტრიალდა და ნიკაპში ხელი უხეშად ჩაავლო, მამაკაცმა -ახლა კი, პატარა პირდაპირი ჩართვა მოვაწყოთ, თანახმა ხარ? -ამ სიტყვებით, დახლზე შემოდებული ლერას ტელეფონი კვლავ აიღო და სენსორებზე თითები ისე აათამაშა, ვინმეს ეგონებოდა პიანინოზე უკრავსო
-რა პირდაპირი ჩართვა? იქნებ ამიხსნა რა საქმეებს ხლართავდი, როდესაც მეძინა?
-მოთმინება იქონიე, ახლავე ნახავ -ისე უპასუხა, მზერის ღირსადაც არ ჩაუთვლია. გოგონამ, კარგად დაინახა, თუ როგორ დააწვა ჯეისონი ცერა თითით ვიდეო-ზარის ღილაკს, რომელიც ვიღაც Unknown-თან იყო გადამისამართებული, თან ტელეფონის ეკრანი ლერას მიუტრიალა და თავისი შავი სფეროებიც შეანათა.
მისაღებში გამეფებული სიჩუმის ფონზე, გაბმული ზარის ხმა, საკმაოდ მკაფიოდ მოისმა, რის შემდეგაც, ეკრანზე უკვე რაღაც ბნელი სარდაფი გამოისახა ერთადერთი მბჟუტავი ნათურით. გოგონამ ჯერ უცნაური, გაურკვეველი შრიალის ხმები გაიგო, შემდეგ დაინახა, როგორ მოატრიალა ვიღაცამ კამერა 180 გრადუსით და აქედან რამდენიმე წამში, ეკრანს სკამზე მიბმული, პირში ნაჭერ გაჩრილი გოგონას შეშინებული სახეც დაეხატა, ვის საფეთქელზეც გვერდიდან ვიღაცას იარაღი მიებჯინა, ხოლო კამერაში მხოლოდ მისი ხელთათმანიანი ხელი ჩანდა.
-კეიტ! -თვალებგაფართოებულს აღმოხდა ლერას და ჯეისონს ტელეფონი ხელიდან უხეშად გამოაცალა -კეიტ, ნუ გეშინია! არ მივცემ უფლებას რაიმე დაგიშავონ, გემის?
გოგონას, პირში გაჩრილი ნაჭრის გამო, ლაპარაკი არ შეეძლო, ამიტომ მხოლოდ ტირილით დაუქნია თავი და თვალები სიმწრით დახუჭა. ლერა, ამჯერად არაფრისმთქმელი გამოხედვით მჯდომ ვინკლერს მოუტრიალდა და განმგმირავი მზერითაც დააჯილდოვა.
-მითხარი, რა გინდა?! ამას რატომ აკეთებ?! იმ ტყუპების ამბის გამოაშკარავებასთან საერთო არაფერი მაქვს, გეფიცები! რატომ არ გჯერა, რატომ?!
-დაჯექი და ნუ ყვირი! ცხოვრებამ, ის ნამდვილად მასწავლა, რომ ადამიანები არაჩვეულებრივი მსახიობები არიან და თავიანთი ნამდვილი სახის შენიღბვა ყველაზე უკეთ გამოსდით. ახლა კი, თუ არ გინდა შენი დაიკოს ბოლო ამოსუნთქვა ამ მობილურის ეკრანით იხილო, კეთილი ინებე და ჩემს კითხვებს უპასუხე -ბოლო სიტყვები, უკვე მისი პიროვნებისთვის დამახასიათებელი მშვიდი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა
-რა გაინტერესებს? მითხარი და ყველაფერს გეტყვი, ოღონდ მას თავი დაანებე, გესმის? კეიტი გაუშვი და ჩვენ ვილაპარაკოთ!
ჯეისონის, ცინიკურ ჩაეცინებას, ლერასთვის ტელეფონი ხელიდან ართმევა და კავშირის, წითელ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გაწყვეტა მოჰყვა თან. საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული, ამჯერად, დახლს მედიდური სახით მიეყრდნო და გოგონას, გულხელდაკრეფილი მიაშტერდა.
-ნუ გაქვს ისეთი სახე, თითქოს ჩემი მოკვლა გინდა. ან, იქნებ გინდა კიდეც? -ირონია იგრძნობოდა მის თითოეულ სიტყვაში -კარგი, მოდი, ჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდე -საიდან გაქვს ეგ სვირინგი? კონკრეტულად როდის გაიკეთე?
-თოთხმეტი წლის ასაკში -ისე დაუბრუნა პასუხი, რომ წამითაც არ დაფიქრებულა -რაში გაინტერესებს ეს სვირინგი? აქ, ამისთვის მომიყვანე და ჩემი დაც იმიტომ გაიტაცე, რომ ეს გეკითხა? შენ რა, მეხუმრები თუ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ხარ?!
-გითხარი, ნუ ყვირი-მეთქი! -მკლავში ხელი ჩაავლო ჯეისონმა და ფეხზე უხეშად წამოაგდო -დაგავიწყდა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩემი მონა გახდი? მონას კი, ნამდვილად არ აქვს უფლება იყვიროს და პროტესტი გამოხატოს. გეტყვი ახტი-მეთქი და ახტები! გეტყვი, რაც გაცვია ყველაფერი გაიხადე-მეთქი და ამაზეც წახვალ! გასაგებია შენთვის? -თვალები ბრაზით ანთებოდა მას
-მე მონა არასდროს ვიქნები, ვინკლერ! შენ ჭკუაზე ვერ ვითამაშებ. ჰო, შევასრულებ იმას, რაშიც ფულს გადამიხდი, მაგრამ არ ვარ ვალდებული, რომ კუდი შინაური ცხოველივით გიქიცინო, გესმის ეს?! თავს ასე არასდროს დავიმცირებ. არ დავუშვებ ისე მომექცე, როგორც ნივთს და შემდეგ საკუთარ უმწეობაზე ამერიოს გული. მე თავისუფალი ვარ და შენ ამას ვერასდროს შემიზღუდავ! ვერც შენ და ვერც შენი ვირთხები, რომელთაც დიადი ვინკლერის თითოეულ სიყვაზეც კი შიშის კანკალი უტყდებათ. მე, ვერასდროს შემაშინებ, გაიგე? -ცხვირწინ დაუდგა გოგონა და სახე, სახესთან ახლოს მიუტანა -შიში ის არის, რისი გრძნობაც არასდროს გამაჩნდა და მომავალშიც ასე იქნება! ეს კარგად დაიმახსოვრე!
-ცდები, ლერა -მისი თმის მცირედი ნაწილი, საჩვენებელ თითზე ცინიკური ღიმილით დაიხვია ჯეისონმა -ყველას აქვს გარკვეული სისუსტე, თუმცა ამას ძალიან კარგად ვნიღბავთ და მხოლოდ მაშინ გამოვააშკარავებთ, როდესაც საკუთარ თავთან მარტონი ვრჩებით. ამიტომ, ნუ ცდილობ თავი რობოტად მაგრძნობინო, მაშინ როდესაც, ამ უკანასკნელთან ახლოსაც კი არ ხარ
-კეიტს გამოუშვებ! -მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა არგუმენტების გარეშე დარჩენილმა ლერამ და მომთხოვნი ტონი დაიჭირა
-მეჩვენება თუ ბრძანებებს იძლევი? -გოგონას უკვე რამდენიმე ნაბიჯით მოშორებოდა ის და პრიალა ზედაპირიან დახლს, ცალი იდაყვით ჩამოყრდნობოდა
-არა, ეს ბრძანება კი არა, თხოვნაა. მას არაფერი დაუშავებია და ნუ გარევ. ავადაა, ახლა საავადმყოფოში უნდა იწვეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყოს -ცდილობდა დამაჯერებელი ტონი ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ კეიტი მისთვის არავინ გახლდათ გამოგონილი დის გარდა, არ სურდა, რომ ჯეისონს გოგონასთვის რაიმე ევნო -შენს კითხვაზე უკვე გიპასუხე. ამას ისედაც გეტყოდი, ავადმყოფი გოგონას პირდაპირ კლინიკიდან მოტაცება საჭირო ნამდვილად არ იყო
-კარგი, მოდი მოვლენები თანმიმდევრულად დავალაგოთ -სივრცეზე თვალმიშტერებით დაიწყო ვინკლერმა, რომელიც ხელში ლერას მობილურს ათამაშებდა -შენ, სებასტიანთან ერთად მიდიხარ გვამების გადასამალად და მათი ადგილსამყოფელი ჩემსა და თქვენს გარდა არავინ იცის. შემდეგ კი, ვრცელდება ამბავი, რომ ტყეში ბავშვების სხეულები იპოვეს -ჯეისონმა, ამჯერად ერთ ამოჩემებულ წერტილს თვალი მოსწყვიტა და მზერა შორიახლოს მდგომ ლერაზე გადაიტანა -მე, ბუნებრივია, არავისთვის არაფერი მითქვამს. დარჩით შენ და ის ესპანელი. ახლა, უბრალოდ ტვინი გაანძრიე და მითხარი, ამის შემდეგ, რა მიზეზით უნდა გადაგისვათ თავზე ხელი და ის სისულელე დავიჯერო, რომ ორივენი უდანაშაულონი ხართ?
-მე არ ვაპირებ შენ გადარწმუნებას, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლებოდა ნებისმიერი რამის გამო მომხდარიყო. დაუშვი ის ვარიანტი, რომ ტყეში სეირნობის დროს ვიღაცის მეძებარმა ძაღლმა იყნოსა რაღაც და პატრონთან მიირბინა, რომელიც დაინტერესდა იმით, თუ რამ გამოიწვია მისი ოთხფეხა მეგობრის აფორიაქება. დაუშვი ის, რომ რომელიღაც მტაცებელმა ცხოველმა საკვების მიწაში ძებნის დროს ამოთხარა, მერე კი, სხეულები ვინმემ შენიშნა და პოლიციას შეატყობინა. თუ გინდა, ისიც განიხილე, რომ თავისით ამოხტნენ იქიდან, ოღონდ დამნაშავეს იქ ნუ ეძებ, სადაც ის არ არის. შენი აზრით, ან მე და ან სებასტიანს გვაწყობდა ამის გაკეთება? თუ ამ საქმეს გახსნიან ერთიც ჩავიძირებით და მეორეც. როგორ ფიქრობ, რატომ მოვჭრიდით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ? ან მე რატომ დავაყენებდი ეჭვის ქვეშ ჩემი დის სიცოცხლეს? აამუშავე ეგ ტვინის მიძინებული ნახევარსფეროები და მიხვდები, რომ სიმართლეს ვამბობ! შენი აზრით, მე მინდოდა ამ გზის არჩევა? მინდოდა იმ სიბინძურეში ჩამედგა ფეხი, სადაც შენ მთელი ცხოვრებაა იხრჩობი? არა, ვინკლერ! არ მინდოდა, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც სხვა გამოსავალი არ გაქვს, როცა მხოლოდ ერთ გზას ხედავ და ყველა დანარჩენი გადაკეტილია. სამყარო ჩემთვის არასდროს ყოფილა ის ადგილი, სადაც ბედნიერი ვიყავი. ყოველი დღე, არსებობისთვის ბრძოლა იყო, ყოველი წამი, თავის დამკვიდრების მცდელობა. არასდროს მიცხოვრია ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს -თვალები წამით დახარა, შემდეგ კი ისევ ჯეისონის შავ ირისებს მიაშტერდა -არ მიცხოვრია იმ ადამიანებივით, რომლებიც დღესასწაულებს ოჯახთან და ნათესავებთან ერთად ატარებენ, საღამომდე სამსახურში ზიან, შემდეგ კი, სახლებში ბრუნდებიან და რელაქსაციის დროს სხვადასხვა რომანტიკული დრამების ყურებით ირთობენ თავს. ის სამყარო, რომელიც ცოტა ხნის წინ აღვწერე, ჩემი არც არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება. ახლა კი, თუ გინდა, აიღე შენი იარაღი და აქვე დამახალე ტყვია, არც ამის მეშინია! მიდი, რაღას ელოდები? თუ გგონია, რომ ამ ინფორმაციამ ჩემგან გაჟონა, მომიღე ბოლო როგორც მოღალატეს!
ჯეისონმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, არაფრისმთქმელი მზერით უსმენდა გოგონას გრძელ მონოლოგს, თავი ღიმილით გადააქნია და ლერას თვალები ლამის გახვრიტა თავისი შავი სფეროებით.
-არა, შენი სიკვდილი არ შეიძლება. ჯერ კიდევ დასადგენია ხარ თუ არა ბრუტუსი. ეს დღეები, ჩემ სახლში, ჩემივე მეთვალყურეობის ქვეშ იქნები. შენს დას, დღესვე გაუშვებენ არ ინერვიულო, ეგ გოგო არაფერში მჭირდება და ზედმეტ პრობლემას არ დავიმატებ მისი სახით. მოკლედ, დროა, შენს პატარა სოროს დაემშვიდობო და ჰო, მართლა, ომის დაწყებას გილოცავ!
-რომელი ომის? -გვერდით ისეთი სახით მიუჯდა გოგონა, თითქოს წამის წინ არაფერი მომხდარიყო და ბარში, მეგობართან ერთად დღის განმავლობაში მომხდარ სასიამოვნო ამბებს განიხილავდა
-იმ ომის, რომელსაც ნორტონი დაიწყებს ჩვენს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი, შურისძიების გარეშე არ ჩაივლის და სავარაუდოდ, ბევრი ვინმეც შეეწირება
-და შენ რომ შეეწირო? ან, კირა?
-კირას, სანამ ცოცხალი ვარ, ხელს ვერავინ ახლებს! ჩემი თავი კი, ფეხებზე -ამ სიტყვების დროს, ლერას მოეჩვენა, რომ ვინკლერის ღამესავით შავი თვალები, კიდევ უფრო გამუქდა და სულ მალე, შემდეგი შეკითხვაც გააჟღერა :
-სიცოცხლე არ გიყვარს, ჯეისონ?
პასუხმა დაახლოებით ორ წუთს დააგვიანა, შემდეგ კი ოთახში მოგუდული ხმით გაისმა:
-სიცოცხლე, რომ გიყვარდეს, ბედნიერი უნდა იყო ლერა, მე კი, ამ სიტყვის მნიშვნელობა უკვე დიდი ხანია დამავიწყდა
მერე იყო დუმილი, ბნელი ღამე და ისევ დუმილი . . .
უზარმაზარ ოთახში, სრულიად ყველაფერი სიჩუმის უძირო ზღვაში ჩაიძირა. ცა, უწინდებურად ქვესკნელისფრად იყო ჩამუქებული, ჯეისონის პენტჰაუსიდან კი, მთელი სიდიადით იშლებოდა კაბადონს მიბჯენილი შენობები. მშვიდი, იდუმალებით მოცული ღამე ზანტად მიიზლაზნებოდა, ხოლო უზარმაზარ მისაღებში, დაახლოებით ისეთივე ბური ჩამოწოლილიყო, როგორც ჯეისონის ოთახში, იმ განსხვავებით, რომ აქაურობას, სანთლების მაგივრად, მკრთალად მბჟუტავი ტორშერი ანათებდა.
დაახლოებით ნახევარ საათს მაინც ბობოქრობდა მდუმარების ზღვის ტალღები მათ გარშემო. ჯეისონი, ამდენი ხნის შემდეგ მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ლერას სუნთქვა შესცვლოდა. იმ დროის მანძილზე, რაც გულის გამაწვრილებელ დუმილში გაატარეს, ვინკლერს მხოლოდ ახლა მოაგონდა თავის გვერდზე მიბრუნება და როდესაც ეს გააკეთა, საოცარ სურათსაც გადააწყდა-გოგონას, თავი დახლზე დაწყობილ გადაჯვარედინებულ ხელებზე ჩამოედო და მშვიდად ეძინა. იმდენად უცხო და უცნაური იყო ვინკლერისთვის თავის სახლში, ბარის დახლზე ჩამოძინებული გოგონას დანახვა, რომ რამდენიმე წამით გაშტერებული უყურებდა, შემდეგ კი თითქოს ვიღაცამ ჰიპნოზიდან გამოიყვანაო, ფეხზე წამოდგა, ლერას ერთი ხელი წელზე მოხვია, მეორე მუხლებს ქვემოთ ამოსდო და ხელში, ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა.
გოგონა, მაშინვე შეიშმუშნა, წამით თვალები გაახილა კიდეც, თუმცა იმდენად გახლდათ მოთენთილი, რომ მხოლოდ იმის დანახვა მოასწრო, თუ ვის მკლავებში იყო მოქცეული. ამის შემდეგ ყველანაირი პროტესტის გარეშე მილულა თვალები, სხეული მოადუნა და ჯეისონს ბოლომდე მიენდო.
-თქვი რამე, თორემ მგონია, რომ ხელში ცხედარი მიჭირავს, ლერა -მისი სახელი, განსაკუთრებულად გამოკვეთა მამაკაცმა და სანამ გოგონას თავისი ოთახისკენ წაიყვანდა, ხელში უფრო მოხერხებულად დაიჭირა
-მძულხარ, ჯეისონ. მთელი არსებით, რადგან ერთადერთი ხარ, ვინც ცდილობს ისე მომექცეს, როგორც ნივთს. თუმცა, გპირდები ჩემს დამორჩილებას ვერასდროს შეძლებ -თითქმის ჩურჩულით დასცდა გოგონას ბაგეებს ეს სიტყვები, შემდეგ კი, ისევ ნაცნობი მდუმარება გამოჩნდა ჰორიზონტზე და ნელ-ნელა დაიწყო გაბატონება იმ უზარმაზარ მისაღებში, რომლიდანაც ქალაქის პანორამა ხელის გულივით იშლებოდა
ჩამუქებულ ცას ნელ-ნელა გარიჟრაჟის ნიშნები ემჩნეოდა. შავიდან, ჯერ ჟანგისფრად შეიცვალა, შემდეგ რუხად და დილის სუსხიც აშკარად საგრძნობი გახდა. ჰაერში გაყინული წყლისა და მსუსხავი სიცივის სურნელი ერთდროულად ტრიალებდა, ხოლო ქუჩები ნელ-ნელა ივსებოდა ფეხით მოსიარულეებითა და ავტომობილთა დაუსრულებელი სიგნალებით.
დაახლოებით, დილის რვა საათი იქნებოდა ვინკლერმა რომ მისაღების დივნის საზურგეზე გადაწეული თავი ოდნავ წამოსწია, თვალები გაახილა და მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ ლერას საწოლში ჩაწვენისა და მისაღებში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე საათი, თავისდაუნებურად ძილისთვის მიეძღვნა. კისერში, საშინელი ტკივილის ტალღები უვლიდა, მოუხერხებლად წოლის გამო, თუმცა ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია ისე გააბრუნა თავი მთელ სიგრძეზე გაყოლებული ფანჯრისკენ. რუხი ციდან, მონოტონურად ეშვებოდნენ თეთრი, ქათქათა ფიფქები და ფარფატით მოემართებოდნენ დედამიწისკენ.
ჯეისონს რატომღაც თვალი გაუშტერდა გამჭვირვალე მინიდან გადაშლილ სანახაობაზე. ფიფქები, თითქოს სწორედ ისე დაფარფატებდნენ ჰაერში, როგორც იმ დღეს, როდესაც, ძალიან დიდი ხნის წინ, ადელაინს, დათოვლილ ტყეში, თვალუწვდენელი ნაძვის ქვეშ პირველად აკოცა.
ვინკლერმა, დაჭიმულ კისერზე ხელის გული გაისვა , დივნის საზურგეს მიაწვა, ჰორიზონტს გახედა და ვინ იცის, უკვე მერამდენედ გამოაღო წარსულის მაგრად დალუქული კარი, სადაც მოგონებების მთელი ოკეანე ელოდა.
გუშინდელი დღესავით ახსოვდა, თოთხმეტი წლის წინანდელი ზამთარი. მის თვალწინ წარმოსახვითი ტელევიზორის ეკრანივით გადაიშალა სურათი, თუ როგორ დასდევდნენ თოვლის ფაფუკი საბნით დაფარულ ტყეში ერთმანეთს ქურთუკებსა და კაშნეში შეფუთვნილი ბავშვები და ერთმანეთს, საგულდაგულოდ დამრგვალებულ თოვლის გუნდებს დიდი მონდომებით ესროდნენ.
-ჯეისონ, სერიოზულად გეუბნები, თუ კიდევ ერთხელ მესვრი, ამ თოვლში დაგმარხავ -საჩვენებელი თითი, გამაფრთხილებლად დაუქნია საგუნდაო პარტნიორმა, თუმცა, სწორედ ამ დროს, მორიგი ცივი მასა მოხვდა მხარში და საპასუხოდ, თავადაც დაიწყო თოვლის დამრგვალება
-ადელაინი არ ვიყო, ეს თუ შეგარჩინო!
-რას იზამ? -მისი ნასროლი ბურთი თავის ოსტატური დახრით აიცილა ჯეისონმა, გოგონას სწრაფად მიეჭრა, მაჯებში ხელები ჩაავლო, დათოვლილ ნაძვზე ააკრა, თვითონ კი, მთელი ტანით მიეყრდნო და სიცივისგან აწითლებულ ცხვირის წვერზე აკოცა
-გგონია, ამით მომისყიდი? ვერ ეღირსები! -მისი ხელიდან დასხლტომა სცადა გოგონამ, თუმცა ჯეისონმა, ამჯერად, ხელის გულებს შორის მოიქცია მისი სახე და თვალებში ჩააშტერდა
-ამ წუთას წყლისფერი თვალები გაქვს, ქამელეონო. თან, მგონი შენი პირველი კოცნისთვის იდეალური ადგილია, არა?
-ერთმანეთს შეყვარებულები კოცნიან, ჩვენ კი, შეყვარებულები არ ვართ -ბავშვური გულუბრყვილობით ააფახულა თვალები მან, შემდეგ კი, სახეზე, ნაცნობმა სიწითლემ გადაჰკრა
-არც ეგაა პრობლემა, ამ კოცნის შემდეგ გავხდებით -უცერემონიოდ განაცხადა ჯეისონმა, გოგონასკენ დაიხარა და მისი გაყინული ტუჩები, ფიფქების ქვეშ პირველად დააგემოვნა.
საკმაოდ დიდხანს გაიწელა ეს ყველაფერი. იმდენად დიდხანს, რომ ორივემ დაკარგა დროის შეგრძნება. ცხოვრება, თითქმის იდეალური იყო მათთვის. ყველაფერი ჰქონდათ, რასაც სხვა ბავშვები ნატრულობდნენ. ჰყავდათ ერთმანეთი და შეეძლოთ, ნებისმიერ წამს ჩახუტებოდნენ. ჯეისონმა, პირველად იგრძნო ეს ასე ცხადად და უკვე გოგონას თვალებში უნდა ჩაეხედა, რომ წარმოსახვით კადრად გაჩენილი გამოსახულება, ვიღაცამ გიგანტური, მაგიური ხელის გაქნევით გაფანტა და ვინკლერმა მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაიაზრა, რომ ეს მაგიური ხელი, მის კარზე ატეხილი ზარის გაუთავებელი რეკვა იყო.
ახლა, ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ უკანასკნელს წარმოიდგენდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ადრიანი დილის მკრთალი შუქით განათებული დივნიდან მობეზრებული სახით წამოდგა და ოციოდე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ზღურბლსაც მიადგა.
კარის გვერდზე, სპეციალური, საშუალო ზომის კამერა-აპარატი იყო მიმაგრებული. სანამ კლიტეს გახსნიდა, ვინკლერმა მომსვლელის ვინაობის ამომცნობ წითელ ღილაკს ცერა თითი მიაჭირა და როგორც კი აპარატის ეკრანზე, აქეთ-იქით მოუსვენრად მოსიარულე კირას სახე ამოიცნო, საკეტი მაშინვე გადაატრიალა. კარის გაღებაზე არც უფიქრია, კვლავ მისაღები ოთახისკენ დაიძრა. მშვენივრად იცოდა, რომ კირა, საკეტის ხმის გაგონების შემდეგ თავადაც მოახერხებდა შემოსვლას და გზას უმისოდაც მშვენივრად გაიგნებდა.

* ნეიროდასტის სისტემა-სისტემა, რომელიც ტვინის მონიტორინგს ეწევა შიგნიდან. ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია ტვინში გარკვეული ფაილების ატვირთვა, რომელსაც ტვინის ფუნქციონირებაში ჩარევა და ცნობიერების გათიშვა შეუძლია.







10 თავი
კირამ სახლში გიჟივით შეაჭრა და გეზი პირდაპირ სააბაზანოსკენ აიღო. წელამდე ჩამოშლილი თმა საშინლად აბურდვოდა, ტანსაცმელი მოუწესრიგებლად შემოტმასნოდა ტანზე, ხოლო ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაყოფილი და ისეთი სწრაფი ნაბიჯებით მოძრაობდა, როგორც პატარა გოგონა, ვისაც ღამით ჩიხებში სიარულისას უცნობი მამაკაცი აედევნა. სწორედ ამ სიჩქარის გამო, აბაზანასთან სულ რაღაც რვა ნაბიჯში აღმოჩნდა და კარის წინ მდგომმა, შიგ შესვლამდე თავისი სპორტული მოსაცმელი ზღურბლის წინ უხეშად გაიხადა. ქსოვილი, მაშინვე იატაკზე აღმოჩნდა. გოგონამ ანერვიულებული სახით დახედა თავის მიერ მოწყობილ არეულობას, შემდეგ კი, საკეტი ისე უხეშად ჩამოსწია, რომ ლამის ჩამოგლიჯა კიდეც.
ყველაფერი, რასაც აკეთებდა, ისეთ ხმაურს იწვევდა, შეუძლებელი იყო ამას ჯეისონის ყურამდე არ მიეღწია. მისთვის, უკვე სავსებით ადვილი მისახვედრი გახლდათ, რომ სახლში რაღაც სერიოზული ხდებოდა, ამიტომ მისაღები ოთახისკენ წასული, მალევე მოტრიალდა უკან და სიტუაციაში გასარკვევად, ხმის მიმართულებას გაჰყვა.
კირა, ამჯერად უკვე დიდი სარკის წინ იდგა, პირსახოცშემოხვეული. დარჩენილი სამოსიც, მოსაცმელივით ძირს მიმოეფანტა და კედელზე მიმაგრებული პატარა უჯრებიანი კარადიდან გამოღებულ, ორ სხვადასხვა ზომის პლასტმასის შეფუთვას დიდი ინტერესით დაჰყურებდა.
-ტანის გელი რომელია? -უკან წამითაც არ მიუხედავს და არც სარკეში არეკლილი გამოსახულება დაუნახავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯეისონის შემოსვლა მაინც იგრძნო და ასევე ისიც, თუ როგორ მიუახლოვდა მას მამაკაცი რამდენიმე ნაბიჯით
-გამაგებინებ, რა ხდება? შენს აბაზანას სჭირს რამე, თუ ისევ სიგიჟის შემოტევა გაქვს?
-კითხვების გარეშე, კარგი? საშინელი დღე მქონდა, უფრო სწორად ღამე. ძალიან ვარ დაღლილი და მხოლოდ შხაპის მიღება და დაძინება მინდა! ახლა კი, მოკეტე და მითხარი რომელია ამ ორიდან შხაპის გელი
-ძალიან ცდები, თუ გგონია, რომ ასე ადვილად დამიძვრები -ვინკლერმა, პლასტმასის ორი შეფუთვიდან, ერთ-ერთი მათგანი ხელიდან გამოაცალა, კვლავ კარადაში დააბრუნა და კირას ანიშნა კაბინაში შესულიყო, თავად კი, მის იატაკზე დაყრილ ტანსაცმელს მიუახლოვდა, რათა ისინი ერთად მოეგროვებინა. ეს ჩვევა სულით ხორცამდე ჰქონდა გამჯდარი, ვერ იტანდა საკუთარ სახლში მცირედ არეულობასაც კი და წესრიგის თემა, ყოველთვის იმაზე მეტად ადარდებდა, ვიდრე ყველაფერი სხვა დანარჩენი
მოსაცმლის ქვეშ, კირას მაისური ეგდო. ეს ორი ზედატანი, ერთმანეთში უწესრიგოდ იყო გადახლართული. ამის შემხედვარე ჯეისონმა, თვალები მობეზრებულად აატრიალა, სამოსი ერთმანეთისგან დიდი ძალისხმევის შემდეგ განაცალკევა და ის-ის იყო სააბაზანო ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ უეცრად ერთ ადგილას გახევდა. მაისური, რომელიც ხელში ეჭირა, ალაგ-ალაგ წითელი ლაქებით იყო დასვრილი, ხოლო უკანა მხარის რაღაც ნაწილი ჩამოხეულიც კი ჰქონდა. ყველაფერი თითქოს თავიდან წარმოუდგა ვინკლერს თვალწინ-კირას მიერ კარზე გაბმული ზარების რეკვა, გიჟივით შემოვარდნა, პირდაპირ აბაზანის კარის შეგლეჯა და მიხვდა, რომ იმაზე სერიოზული რამ ხდებოდა, ვიდრე ამას თავად წარმოიდგენდა.
-კირა! -საშხაპე კაბინის დაორთქლილ მინაზე საკამოდ ხმამაღლა მიუკაკუნა მამაკაცმა და მისი ტანსაცმელი კვლავ ძირს დაყარა
-რა გინდა?
-ყველანაირი დაფიქრების გარეშე, მითხარი საიდან მოდიხარ?!
-ჯეისონ, იქნებ გახვიდე? შამპუნის ქაფი პირში ჩამდის და ვერ გელაპარაკები -მოჩვენებითი მხიარულებით გაეპასუხა მოჩხრიალე წყლის ქვეშ მდგომი გოგონა
-კირა მოთმინებიდან ნუ გამოგყავარ, ტანსაცმელი სისხლში გაქვს ამოსვრილი! მითხარი, რა ჩაიდინე?!
გარკვეული დროით, დუმილი ჩამოვარდა. აბაზანაში მხოლოდ წყლის მსხვილი წვეთების კაფელზე წკაპუნის ხმა ისმოდა.
-ავარიაში მოვყევი -გამოსძახა ბოლოს კირამ. სერიოზული არაფერი, უბრალოდ მინა გაიბზარა და ცოტა დავზიანდი
-შენ, მე იდიოტი ხომ არ გგონივარ? დაგავიწყდა ცოტა ხნის წინ ნახევრად შიშველს რომ გიყურებდი? ჭრილობა არსად გქონდა და საინტერესოა ეს სისხლი საიდან მოვიდა?
-ჯეისონ, თავი დამანებე. ახლა მხოლოდ შხაპი და ძილი მინდა გასაგებია შენთვის?! -ტონს საგრძნობლად აუწია მან, თუმცა მხოლოდ იმას მიაღწია, რომ დაორთქლილი კაბინის კარი ხმაურით გაიღო და შიგნით ჯეისონის გაბრაზებული სახე გამოჩნდა, რომელმაც პირსახოცი უხეშად ესროლა და კაბინიდან მაჯაზე ხელის ჩავლებით გამოათრია
-რას აკეთებ? გააფრინე?! -მთელ ხმაზე წიოდა გოგონა, თან სველ სხეულზე თეთრ, ბამბის პირსახოცს იხვევდა
-იცოდე, კვლავ რამე სისულელე თუ გააკეთე, ვერ გადამირჩები, კირა! შენს გამო, პრობლემები ისედაც არ მაკლია
-კარგი ერთი, საყვარელო. ხომ იცი, ერთადერთი ვარ, ვისაც ვერაფერს ავნებ და ეს შენც მშვენივრად იცი -მის გულ-მკერდს იდაყვებით დაებჯინა გოგონა და ცისფერი თვალები გამომწვევად ააფახულა
-მე კი, ერთადერთი ვარ, ვის კითხვებსაც ვერ დააიგნორებ. ახლა, კეთილი ინებე და მითხარი რატომ გამოიყურები ისე, თითქოს მეორე მსოფლიო ომიდან მოდიხარ?
კირამ, პასუხის გაცემას ამჯერადაც დუმილი არჩია, უბრალოდ ფეხის წვერებზე ოდნავ აიწია, ვინკლერის ლოყას მისწვდა, ხელები კისერზე შემოხვია და ოდნავ წვერწამოზრდილ სახეზე ტუჩები ფრთხილად შეახო.
-ხომ იცი, რომ შენთვის და რიჩარდისთვის ყველაფერზე წავალ? არაფერი მკითხო ჯესი. როდესაც ყველაფერს მიხვდები, მერე ვილაპარაკოთ
-ეს საუბარი ნამდვილად არ აგცდება, ამის იმედი არ გქონდეს -გამჭოლი მზერით დააჯილდოვეს ჯეისონის შავმა სფეროებმა, გოგონა
-ისე, თუ ამჩნევ, ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვისაც როგორც ქალი არ ვიზიდავ -კვლავ მის გულ-მკერდზე აათამაშა თითები ხუმრობის ხასიათზე მოსულმა კირამ
-შენ კი, ერთადერთი ქალი, რომელსაც როგორც კაცი, არ ვიზიდავ -მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა ჯეისონის ბაგეებს -მიდი, დროზე დაასრულე შხაპის მიღება და სასტუმრო ოთახში დაიძინე! მე მისაღებში მოვთავსდები. რაც მოხდა იმაზე, კი ოდესმე აუცილებლად ვისაუბრებთ
-თუ მისაღებში იძინებ, შენს ოთახს რატომ არ მითმობ? ხომ იცი, იქ თავს ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ?
გოგონას დასმულ კითხვაზე, ჯეისონს ის მომენტი წარმოუდგა თვალწინ, თუ როგორ დააწვინა რამდენიმე საათის წინ საკუთარ საწოლზე, ხელში ბავშვივით აყვანილი ლერა და თავი უარის ნიშნად გადააქნია.
-ჩემს საძინებელში სტუმარია მოთავსებული. სხვა ოთახით მოგიწევს სარგებლობა -მტკიცე ხმით მიუგო მან ბოლოს, კირას ტანსაცმელი კვლავ აკრიბა და სანამ იგი პასუხის გაცემას მოასწრებდა, სააბაზანოდანაც გამოვიდა
ამდენი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, სადაც მხოლოდ რამდენიმე საათით მოახერხა თვალის მოხუჭვა, ერთი კარგი გამოძინება ყველაფერს ერჩივნა, ამიტომ მისაღებში გასვლისთანავე, კირას სისხლიანი ტანსახმელი სანაგვე ყუთში ჩაუძახა, დივანზე წამოწვა, კიდევ ერთხელ შეხედა ლამაზად აგიზგიზებულ მინიატურულ ბუხარს და მისი ალების ლიცლიცში, ღრმადაც ჩაეძინა.
გარეთ, კვლავ უწინდებურად თოვდა. ცელქი, ქათქათა, ფიფქების ზომა თანდათანობით იმატებდა და არარელურად საოცარ სანახაობას ქმნიდა. უზარმაზარი ფანჯრიდან გადაშლილი ბუნების ამ საოცრების ფონზე, ჯეისონს კვლავაც მხარმოუცვლელად ეძინა, ცეცხლის ალებით განათებულ მისაღებში. კირასაც უკვე მოესწრო სააბაზანოდან გამოსვლა და სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში, საწოლზე ვარსკვლავის ფორმით იყო გაწოლილი. რაც შეეხება მეზობელ საძინებელში, უკვე კარგა ხნის გაღვიძებულ ლერას, იგი იატაკის ფუმფულა ხალიჩაზე ჩამომჯდარიყო, იქაურობა ჯეისონის ოთახივით ჩაებნელებინა და ერთ წერტილს თვალმოუშორებლად შესცქეროდა.
ყველაფერი მოისმინა. კირას და ჯეისონის ლაპარაკს, აბაზანის კარს უკან მდგომი უგდებდა ყურს და იქედან ერთი სიტყვაც კი არ გამორჩენია. გონებაში მართლაც რომ ათასი კითხვა ერეოდა. რა მიზეზით უნდა ყოფილიყო კირას ტანსაცმელი სისხლში ამოსვრილი? იქნებ, სწორედ ეს იყო მინიშნება? იქნებ აქედან რაღაცას უნდა მიმხვდარიყო?
კირამ მასზე ყველაფერი იცოდა. ამაში, თავად გოგონას გამჭოლმა მზერამ დაარწმუნა, მაშინ როდესაც ჯეისონს ბასეინების ოთახიდან ძალით გაჰყავდა. იქნებ, უკვე დაწყებული იყო ის თამაში, ლერას რომ დამოუკიდებლად უნდა ამოეცნო და თავისი როლი შეესრულებინა?
მიუხედავად დიდი მცდელობისა, კონკრეტულად მაინც ვერაფერს ხვდებოდა. რა კავშირში იყო ეს ყველაფერი ციხეში ჩაჯდომასთან? სად იყო ამ დაუსრულებელი ლაბირინთიდან გასასვლელი გზა? ან რა საჭირო იყო კირასთვის სიმართლის თქმა? იქნებ სწორედ ის იყო გეგმის მთავრი არსი, რომ კირა, როგორც ამ თამაშის ერთ-ერთი პაიკი რაღაც დანაშაულს ჩაიდენდა და ამას ლერა თვითონ აიღებდა საკუთარ თავზე?
გოგონას, კიდევ ერთხელ წარმოუდგა თვალწინ კირას სისხლში ამოსვრილი ტანისამოსი, ტვინის მიერ მოწოდებულ აზრს ასი პროცენტით დაეთანხმა და გონებამაც მხიარული ტონით დაიძახა -"ბინგო!".
თავსატეხის მთავარი ნაწილი, უკვე ამოხსნილად ითვლებოდა. ახლა, საჭირო იყო სხვა რამებიც დაედგინა. მაგალითად ის, თუ რა სახის დანაშაულის დაბრალებაზე იყო საუბარი და ყველაფერი სხვა დანარჩენი.
-ვითარებაში გაერკვევი, ლერა, ცოტაც მოიცადე -შეაგულიანა საკუთარი თავი, ფუმფულა ხალიჩიდან ფეხზე წამოდგა და ჩამოფარებული ფარდები ბოლომდე გადასწია. ამ ხნის მანძილზე, პირველად გაუჩნდა შეკითხვა, თუ რას აკეთებდა ჯეისონი ამ წუთას. სახლი საეჭვოდ იყო დადუმებული. მცირედი ხმაც კი არსაიდან მოისმოდა, თითქოს იქ არც არავის უცხოვრიაო. კარს მიუახლოვდა სახელურის შესამოწმებლად. ამჯერად, ჩაკეტილი აღარ იყო. მისაღებიდან ისევ გამოკრთოდა ბუხრის ალები და კედელზე სხვადასხვა ფორმებით ისახებოდა.
ლერამ, თვალების აქეთ-იქით ცეცებით, ზღურბლს გადმოაბიჯა და კარი, ზურგს უკან ფრთხილად მოხურა. უნდოდა საბოლოოდ ამოეხსნა ეს ამოცანა და თითქოს თავსატეხის პასუხს ჯეისონი აპოვნინებდაო, ისე გაემართა უზარმაზარი მისაღები ოთახისკენ. თვითონაც არ იცოდა, ამას რატომ აკეთებდა. უბრალოდ მიდიოდა და თან, იმაზე ფიქრით იმტვრევდა თავს, თუ როგორ გამოიყურებოდა იდუმალი გეგმის სრული ფორმა.
-ჰეი შენ, მოიცადე -უკვე გრძელი, ვიწრო კორიდორიდან უნდა გაებიჯებინა, რომ ზურგს უკნიდან მოგუდული ხმა შემოესმა და მალევე, ამ ხმის პატრონმა მხარზე ხელის დადებით თავისკენაც მიაბრუნა
-კირა? -ისე გაიოცა მისი დანახვა, თითქოს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ისიც აქ იყო
-ჩემს ოთახში შევიდეთ, ოღონდ ჩუმად!
გოგონამ კორიდორიდან გაიჭვრიტა, შეამოწმა ჯეისონს კვლავ ეძინა თუ არა, შემდეგ კი, ლერას ხელით ანიშნა მას რაც შეიძლებოდა უხმაუროდ გაჰყოლოდა.
ორივენი ფეხაკრებით დაიძრნენ სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახისკენ, რომელიც კორიდორის ბოლოში მდებარეობდა. წინ კირა მიდიოდა, უკან კი ლერა მიჰყვებოდა ღამის ნინძებისთვის დამახასიათებელი მდუმარე ნაბიჯებით. დანიშნულების ადგილას რომ აღმოჩნდნენ, გოგონა, კიდევ ერთხელ მოუტრიალდა იმაში დასარწმუნებლად ნამდვილად მომყვება თუ არაო და როგორც კი, ამაში საბოლოოდ დარწმუნდა, სამ წამში, ორივენი შოკოლადისფერი კარის მიღმა აღმოჩნდნენ.
კირამ, ყოველი შემთხვევისთვის, საკეტში შერჭობილი გასაღების ასხმა ორჯერ გადაატრიალა და ლერას მხოლოდ ამის შემდეგ მიუტრიალდა:
-აბა დაიწყე, გისმენ!
-არ მესმის, რა უნდა დავიწყო -მხრები დაბნეული ბავშვისთვის დამახასიათებელი გამომეტყველებით აიჩეჩა მან და რბილ ლეიბზე უკუღმა წამოწვა, თანაც ისე, რომ თავი საწოლის მიღმა დარჩა გადაგდებული, ხოლო გრძელი თმის ბოლოები, იატაკზე დაფენილი
-რიჩარდმა ალბათ გითხრა, რომ შენზე სიმართლეს მეტყოდა და ჩათვალე, რომ ეს უკვე გააკეთა. დამატებითი ინფორმაცია შენგან მინდა მივიღო. როგორ მოხდა ეს ყოველივე? ტაილერთან როგორ აღმოჩნდი? ყველაფერი მაინტერესებს უმცირესი დეტალების ჩათვლით -საკმაოდ მტკიცედ და დამაჯერებლად გაიჟღერა კირას სიტყვებმა, ვინც ლერას მაგალითს მიბაძა და საწოლზე, მის გვერდით სწორედ იგივე პოზაში გაწვა
-გრძელი ამბავია . . . არა მგონია, ახლა ამის მოყოლა ღირდეს. შენი დანაშაული უნდა ავიღო საკუთარ თავზე, არა? რა გააკეთე? დავინახე სისხლიანი მაისურით რომ მოხვედი
-ამაზე ლაპარაკი ცოტა ხნით გადავდოთ -ხმაში საგრძნობი დაძაბულობა შეეპარა კირას და ფიქრების მოსაშორებლად, თვალები ისე მაგრად დახუჭა, რომ გუგები ეტკინა -ყველაფერი მომიყევი, გესმის? უფლება მაქვს ვიცოდე. რიჩარდს, ჩვენთან აქამდე არასდროს უხსენებიხარ, მაგრამ მითხრა, რომ შეგვიძლია ბრმად გენდოთ
-რითი დავიწყო? -როგორც კი მიხვდა, რომ მოსალოდნელ საუბარს თავს ვერანაირად ვეღარ აარიდებდა, თვალები მობეზრებულად აატრიალა ლერამ და გრძელი საუბრის დასაწყებად, ფსიქოლოგიურად მოემზადა
-სულ თავიდან მომიყევი. არაფერი გამოგრჩეს. აბა, გისმენ -თვალი თვალში გაუყარა, საწოლზე ამჯერად უკვე იოგას პოზაში ჩამომჯდარ გოგონას და ერთიანად სმენად იქცა -შეგიძლია ილაპარაკო!
-მოკლედ . . . -დაბალი ხმით დაიწყო ლერამ -რიჩარდი მაშინ გავიცანი, როდესაც თოთხმეტი წლის ვიყავი -მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, თავი გადააქნია და დაამატა :-არა, უფრო სწორად ის, და მისი თანაშემწე, დენიელი. აი, მანამდე რა ხდებოდა და რას ვაკეთებდი, ჩემთვის უცნობია. ლონდონის სკოლა-პანსიონში ვსწავლობდი და უმეტეს დროს მოგზაურობაში ვხარჯავდი. ყოველ არდადეგებზე მინიმუმ სამ ქვეყანას მაინც ვსტუმრობდი. ხანდახან რიჩარდიც ჩამომაკითხავდა ხოლმე და მთელ დროს ერთად ვატარებდით. ძირითადად, მაინც მარტო მიწევდა მოგზაურობა, ხალხს გზადაგზა ვიცნობდი გამოცდლი ჰიპივით და ხშირად მათთან ერთადაც კი დავეტეხებოდი სხვადასხა ქალაქში. პანსიონში სწავლისას, რიჩარდმა სპეციალური მწვრთნელიც ამიყვანა, ვინც, სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებებში მავარჯიშებდა
-შემდეგ? -მოუთმენლად ჩაეკითხა კირა, რადგან ლერას დუმილი ათ წამზე მეტ ხანს გაგრძელდა
-შემდეგ, როდესაც სრულწლოვანი გავხდი, ტაილერის შესახებ გამანდო. არ ვიცი, ზუსტად რა ხდება, მაგრამ ტაილერს ერთი ჩანაწერი აქვს, რომლის ხელში ჩაგდებაც რიჩარდს უნდა. იმ წყეულ პოლიციელს კი, ეს დისკი ვიღაც სანდო ადამიანისთვის აქვს გადაცემული. აღნიშნული პირის ვინაობა, ჯერ კიდევ დასადგენია. არ ვიცი, კონკრეტულად რა მასალა არის დისკზე, თუმცა ვარაუდი გამიჩნდა, რომ რიჩარდი ტაილერს, მხოლოდ ამ ჩანაწერის გამო ტოვებს ცოცხალს, რადგან სავარაუდოდ, მისი სიკვდილის შემთხვევაში, ის უცნობი ტიპი ამ ჩანაწერს პოლიციაში მიიტანს და ყველანი ჩავიძირებით
-და რიჩარდმა სწორედ ამიტომ შეგაგზავნა ტაილერის ტრიუმვირატში? რათა მას იმდენად დაუახლოვდე, რომ ამ ადამიანის კვალზეც გახვიდე?
-სწორედაც -თავი ღიმილით დაუქნია ლერამ -როცა ამერიკაში ჩამოვედი, რიჩარდმა და დენიელმა ყალბი საბუთები და წარსული შემითხზეს. ტაილერის აზრით, ლერა ნიკოლსონი ვარ, ვინც მდიდარი ბაბუის გატუტუცებული მემკვიდრეა. იმ იდიოტ პოლიციელს, დიდი ხანია უნდოდა თქვენთან აგენტი შემოეშვა, თუმცა კარგად ხვდებოდა, რომ ასეთი სარისკო ნაბიჯის გადადგმას ყველა თავს აარიდებდა, რადგანაც სასიკვდილოდ სახიფათოები ხართ და ამხელა შარში თავის გაყოფა მართლაც არავის მოუნდებოდა. ჰოდა, შენი აზრით, რა იქნებოდა ვინმეს დასაყოლიებლად საუკეთესო გზა? -ლერამ ერთმანეთზე გადაჭდობილი თითები კმაყოფილებისგან გაატკაცუნა და თავისავე დასმულ შეკითხვას, თვითონვე გასცა პასუხი:-რა თქმა უნდა, შანტაჟი!
-ვერ გავიგე, რა შანტაჟს გულისხმობ? -ამჯერად, კირაც წამოჯდა, რადგან იგრძნო, რომ საუბარი დაძაბულ წერტილს მიუახლოვდა. რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა ლერა, უფრო მეტის გაგების სურვილი კლავდა და მით უფრო საინტერესო ხდებოდა ეს ყველაფერი
-ტაილერი ყოველ ხუთშაბათს, თავის აგარაკზე დადის, თანაც ყოველთვის ერთი და იმავე გზით. გასავლელი ერთი პატარა ბილიკიც აქვს, რომელიც ტყეზე გადის და საკმაოდ უკაცრიელია. რიჩარდმა გეგმა დასახა, რომ მორკიდან მკვდარი ადამიანის სხეული წამოეღო და ისეთი სცენა დაედგა, თითქოს მას მანქანით მე დავეჯახე, თანაც სწორედ იმ გზაზე, სადაც ტაილერს უნდა გამოევლო. მანქანა შუა ტრასაზე მეყენა, გვამს მეტი ბუნებრიობისთვის სახეზე და ტანსაცმელზე სისხლი ეცხო, ხოლო ავტომობილის გვერდითა სარკეები და საქარე მინა სპეციალურად იყო გაბზარული, რომ ყველაფერი რეალურ ავარიას დამსგავსებოდა, სადაც თითქოს შემთხვევით კაცი შემომაკვდა
კირას გაფართოებული თვალების დანახვაზე, ლერას წამით ჩაეცინა, შემდეგ კი, კვლავ თავისი ერთ ადგილას დაპაუზებული, ამაღელვებელი ისტორიის თხრობას მიუბრუნდა:
-ის იდიოტი „მეგრე“, სწორედ ისე მოიქცა, როგორც ველოდით. მითხრა, თუ არ დამეხმარები, თავადაც პოლიციელი ვარ და ამ დანაშაულის ჩადენის გამო ახლავე დაგაკავებო, თუმცა მის წინადადებაზე დათანხმების სანაცვლოდ, ჩადენილი დანაშაულის დაფარვას და ცხედრის გადამალვაში დახმარებას დამპირდა. მე, როგორც სასოწარკვეთილმა და უმოციურად დანგრეულმა ადამიანმა, ციხეში ჩაჯდომას, მასთან თანამშრომლობა ვარჩიე და სწორედ ასე მოვხვდი ტაილერის გუნდში. დიდხანს მამზადებდა, სანამ ჯეისონთან შეხვედრას დამიგეგმავდა. ისევე, როგორც რიჩარდმა, მანაც ყალბი ისტორია შემიდგინა, თითქოს მყავდა და, რომელიც მკურნალობას საჭიროებდა და ამიტომაც გავხდი იძულებული მაფიისთვის მიმემართა
-ჭკვიანურია მისი მხრიდან -მხოლოდ ამის თქმა მოახერხა კირამ. მისი ტვინი, ამდენი ახალი ინფორმაციისგან, ლამის ოკეანიდან ამოვარდნილი გეიზერივით აფეთქებულიყო, თუმცა უკან დახევას მაინც არ აპირებდა. ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასარკვევი -საიდან იცოდით, რომ ტაილერი მასთან თანამშრომლობას შემოგთავაზებდა და ხელებზე ბორკილებს არ დაგადებდა? რაც არ უნდა იყოს, ის ხომ პოლიციელია?
-ესეც კარგად გვქონდა გათვლილი -აზარტში შესული ლერა, ამჯერად, უკვე მორიგი ისტორიის მოსაყოლად მოემზადა, თან ლაპარაკისგან გამშრალ ყელში, ნერწყვი გადააგორა -მოკლედ, ტაილერს ფსიქოლოგი ჰყავს, რომელთანაც თავის ყველა პირადულ საკითხს წერტილ-მძიმით განიხილავს. ეს ქალი, ვინმე ანასტასია სმიტია. მისი მოსყიდვა ადვილი აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების გამო, ხომ იცი, ბანკის ვალები, ქმარიც კაზინოების ხშირი სტუმარია და თითქმის, ოჯახის მთელი ქონება წააგო ბინის ჩათვლით. მოკლედ, როგორც გითხარი, ამ ქალს ფული ძალიან სჭირდებოდა, ეს კი ბუნებრივია, ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს. როგორც ტაილერის ფსიქოლოგმა, მასზე აბსოლუტურად ყველაფერი იცის, იმის ჩათვლით, რომ ჯეისონზე უნდა შურისძიება. აქ კი, უკვე ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩაირთო. შთაგონება იმისა, რომ მიზნის მისაღწევად ყველანაირი ბინძური ხერხი უნდა გამოეყენებინა ადამიანის რაიმე კონკრეტულით დაშანტაჟების ჩათვლით და არაფერს დარიდებოდა, რადგან მხოლოდ ამ გზით მოიპოვებდა სულიერ სიმშვიდეს
-მოიცა, მოიცა სტოპ-ხელის აწევით გააჩერა კირამ -ანუ ეს ფსიქოლოგი უნერგავდა იმას, რომ ჩვენთან შემოსაგზავნი ადამიანი შანტაჟის გზით ეპოვნა? და კომპრომატი შენი ვითომ საგზაო ავარია აღმოჩნდა, რომელშიც ვითომდა კაცი გაიტანე?
-სწორედაც -თითები ერთმანეთს გადააჭდო ლერამ და კალთაში ჩაიდო -ყველაფერი დადგმული იყო, მე და რიჩარდმა ვიცოდით, რომ სწორედ იმ გზაზე გამოივლიდა და იმაშიც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ ვითომ და ავტოსაგზაო შემთხვევას, თავისდა სასარგებლოდ გამოიყენებდა. როგორც მისმა ფსიქოლოგმა დაგვარწმუნა, ტაილერის ჯეისონისადმი სუძულვილი იმდენად იყო გამჯდარი მის არსებაში, რომ ნებისმიერი სიბინძურის ჩადენაზე იყო მზად, ოღონდ კი თავისი მოსისხლე მტერი გისოსებს მიღმა ეხილა. ამის ას პროცენტიანი გარანტია გვქონდა. რა თქმა უნდა, შეეძლო, ვინმე სხვაც ეპოვნა ამ საქმისთვის, მაგრამ არა მგონია, ვინმეს ისეთ ძლიერ ორგანიზაციასთან მონდომებოდა თამაში, როგორებიც თქვენ ხართ. ყველამ იცის, რომ ეს სასიკვდილიდ სახიფათოა და ბოლოს, მაინც გამოაშრაკავებით და მათთვის სავალალო შედეგით დასრულდებოდა
-გაოგნებული ვარ -მოგუდულად გაიჟღერა ოთახში კირას ხმამ, ვინც, მართალია, ლერას ესაუბრებოდა, თუმცა მზერა ერთი კონკრეტული წერტილისთვის ჰქონდა გაშტერებული და მისკენ არც იყურებოდა -ეს გეგმა მხოლოდ შენ და რიჩარდმა დასახეთ? ასეთი სიზუსტით და ყველა ნიუანსის გათვალისწინებით?
ლერამ, თავისი გრძელი, ლამაზად ჩამოშლილი, კარაქისფერი თმა მარჯვენა მხარეს გადაიყარა და მის ბოლოებს თითებით დაუწყო თამაში.
-ჰო, დიდი ხანია ამისთვის ვემზადებით. ახლა კი, ერთი რამეც უნდა გაირკვეს -ეს, რომ თქვა საწოლიდან წამოდგა, ფანჯრის რაფას მიუახლოვდა და ზედ შემოსკუპდა. კირამ, გამომეტყველებიდანვე შეატყო, რომ რაღაც სერიოზული უნდა ეთქვა და არც შემცდარა:
-ჯეისონის ტელეფონში სათვალთვალო პროგრამა ჩავწერე -წინანდელთან შედარებით, ოდნავ დაბალი ხმით განაცხადა ლერამ. შეიძლებოდა ჯეისონს მათი საუბრიდან რაიმე გაეგონა, ამიტომ, სიფრთხილეს თავი არ ტკიოდა
-მოიცა, რა ქენი?!
-ეს საჭირო იყო, ტაილერი სულელი არ არის და უნდა ეგონოს, რომ რაღაცას ვაკეთებ, როგორც მისი ჯაშუში. ეს, იმ დღეს მოხდა, როდესაც ნორტონის ტყუპები ბუნებრივმა აირმა გაგუდა. ვიცოდი, რომ ყველანი ამ ტრაგედიის ზემოქმედების ქვეშ იყავით და ჯეისონი რამდენიმე დღე აღარაფერს მოიმოქმედებდა ისეთს, რაც ტაილერს სამხილების მოგროვებაში დაეხმარებოდა. ახლა კი, დროა ამით შენ დაკავდე და როგორმე ისე მოახერხო მისი ტელეფონიდან ამ პროგრამის გაქრობა, რომ მან ვერაფერი გაიგოს. ჯეისონმა ჩემზე არაფერი არ უნდა იცოდეს, ხომ გესმის? ტაილერი, სწორედ მას აკვირდება, ამიტომ ყველა მისი რეაქცია ჩემთან დაკაკვშირებით ბუნებრივი უნდა იყოს და არა ხელოვნური. სწორედ ამ მიზეზის გამო არ უნდა იცოდეს სიმართლე. მისი ტელეფონიდან კი, ამ პროგრამის გაქრობას, თავად ვეღარ შეძლებ, რადგან უხილავი, დაშიფრული სისტემაა. პროფესიონალი ჰაკერი ან ყოვლისმცოდნე პროგრამისტი სჭირდება მის განბლოკვას. ვიცი, რომ თქვენს ხალხში ასეთიც მოგეძებნებათ
-შენ საიდან იცი ამ პროგრამის შესახებ ამდენი? -ეჭვიანი მზერით დააჯილდოვეს გოგონა კირას ლურჯმა თვალებმა
-იქედან, რომ იგი თავად შევქმენი. ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჰაკერთან გავიარე სასწავლო კურსები ჰელსინკში, თან იქ ბოიფრენდთან ერთად ვიყავი, რაც ჩემს ფინურ არდადეგებს უფრო მომხიბვლელს ხდიდა
-არა, ამდენი ახალი ინფორმაცია უკვე მეტისმეტია. რამე ენერგეტიკული არ გაქვს? -გონებაგადატვირთული კირა, ვისაც ამდენი სიახლისგან თავი საშინლად დამძიმებოდა, სასწრაფოდ წამოდგა საწოლიდან და ფანჯრის რაფასთან, საიდანაც ჰაერში მოფარფატე ფანტელები მთელი თავისი სიდიადით მოჩანდნენ, თანამოსაუბრის გვერდით ჩამოჯდა. თავში მხოლოდ ის აზრი უტრიალებდა, რომ ლერასაც იგივე ადგილი ეჭირა რიჩარდის ცხოვრებაში, რაც მასა და ჯეისონს. ეს სიტუაცია, ცოტა არ იყოს, ეუცნაურებოდა კიდეც.
-არა, სამწუხაროდ, ასეთ რამებს ნაკლებად ვეტანები. ან შეიძლება ითქვას მხოლოდ მაშინ, როდესაც შემომთავაზებენ. მოიფიქრე, როგორ უნდა გააქრო ის პროგრამა ჯეისონის ტელეფონიდან? ვაღიარებ, ტაილერი გაცოფდება, როდესაც ამას გაიგებს, თუმცა რამეს მოვიფიქრებ და დავამშვიდებ
-არ ინერვიულო, ამაზე პირადად ვიზრუნებ. სიმართლე გითხა, ჯერ კიდევ შოკში ვარ იმისგან, რაც მომიყევი
ოთახში, გარკვეული დროით დუმილი ჩამოვარდა. გოგონები, ფანჯრის რაფაზე მდუმარედ ისხდნენ და ერთმანეთს მზერას არ აშორებდნენ. ბოლოს, ჩამოვარდნილი სიჩუმე, მაინც კირამ დაარღვია და მუხლში მოხრილ ფეხებს, ხელები შემოაჭდო :
-დღეს პირველად მოვკალი ადამიანი. უცნაური გრძნობაა -ღრმად ამოხვნეშაც ამოაყოლა მან ამ სიტყვებს. ხვდებოდა, რომ ახლა, მისთვის სრულიად უცხო ადამიანთან ისე ლაპარაკობდა და ისეთ თემაზე, როგორზეც აქამდე ვერასდროს იფიქრებდა, თუმცა ამ წუთას, ყველაზე ნაკლებად გაჩერება სურდა. პირიქით, უნდოდა ემოციებისგან ბოლომდე დაცლილიყო, თუნდაც რამდენიმე წუთით -აქამდე ეს არასდროს გამიკეთებია. მეგონა, უფრო ძლიერი ვიყავი, მაგრამ თავს ძლივს ვიკავებ, რომ მთელი სხეულით არ ავკანკალდე და არც ის კადრები მინდა დამიდგეს თვალწინ
-მითხარი -ხელზე ხელი დაადო ლერამ და თვალებში ჩახედა -შენი ჩადენილი მკვლელობა უნდა დავიბრალო, არა? სწორედ ამიტომ მითხრა რიჩარდმა, რომ გარკვეული დროით ციხეში უნდა ჩავმჯდარიყავი?
-ჰო, ასეა. ეს დღესვე უნდა გააკეთო. ამ გზით, ჯეისონს საბოლოოდ დაარწმუნებ, რომ ჩვენს საპირისპირო ძალას არ ემსახურები. ნუ ღელავ, შენი გისოსებს მიღმა ყოფნა სამ დღესაც არ გასტანს
-ვინ მოკალი, კირა? რადგან პოლიციას დღესვე უნდა ჩავბარდე, უკვე დროა, რომ ესეც მითხრა, თუ ვცდები?
გოგონამ წამით თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და კიდევ ერთხელ სცადა შიგნიდან მომდინარე ნერვული კანკალი როგორმე ჩაეცხრო. ცდილობდა აღარ გაეხსენებინა ის საშინელი კადრები და როგორც კი მიხვდა, რომ პასუხის დაბრუნება საკმაოდ დააგვიანა, ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა:
-ჯოშ ნორტონი მოვკალი. ის ამ პლანეტას უკვე აღარ აბინძურებს
-ჯოშ ნორტონი? ის ნარკოდილერი, რომლის ტყუპებიც შემთხვევით შემოგვაკვდა? -საკამოდ ხმამაღლა მოუვიდა ლერას, რის გამოც, კირამ პირზე ხელი ააფარა და თვალებით ანიშნა ხმისთვის დაეწია
-ჰო, სწორედ ეგ. ამით ორი კურდღელი ერთად დავიჭირეთ -ხმა აუკანკალდა მას ამ სიტყვების წარმოთქმისას, ისე თითქოს ნერვული შეტევა ეწყებაო -პირველის ის, რომ ჯეისონის ყოველგვარი თვალთვალის გარეშე შეგეძლება შენი საქმე აკეთო და მეორე, რომ ნორტონისგან საომარ მოქმედებებს აღარ უნდა ველოდოთ. შურისძიების გეგმის დასახვაც კი ვერ მაოსწრო, ისე გამოესალმა სიცოცხლეს
-ხელები გიკანკალებს, კირა. სუნთქვაც გაგიხშირდა -ორივე მკლავში ხელი ჩაავლო ლერამ და შეანჯღრია - რა გემართება?
-ა... არაფერი -ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ და ის სურათები, რომელთა გონებიდან განდევნას მთელი ძალით ცდილობდა, ამჯერად მის თვალწინ ერთიანად დატრიალდნენ. დაინახა თავისი თავი, იარაღით ხელში, წითლად დასვრილი ტანსაცმელი და ძირს დაგდებული ადამიანის სხეული. იგრძნო როგორ წაუჭირა გულში რაღაცამ, იგრძნო, რომ გარშემო ყველაფერი დატრიალდა და ნერვული კანკალის თავიდან აშორებას, უკვე ვეღარ შეძლებდა.
შეშლილი თვალებით ახედა გოგონამ ლერას. ახლა ფეხებზე ეკიდა, რომ ამ მდგომარეობაში ვიღაც უყურებდა. მისი ტვინი მხოლოდ იმაზე იყო კონცენტრირებული, ეს უსიამოვნო შეგრძნება, მთელს მის სხეულს ასე მოულოდნელად რომ დაპატრონებოდა, როგორმე გარეთ გამოედევნა, შეეჩერებინა ნერვული კანკალი და ტორნადოში მოხვედრილი მტვრის ნაწილაკებივით არეული სუნთქვა დაერეგულირებინა.
-კირა რა გემართება-მეთქი? -ამჯერად, უფრო ძლიერად შეანჯღრია ლერამ, ის -კირა!
-გამიშვი, გამიშვი -მოგუდული ხმით ამოილაპარაკა, ყურებზე ხელი აიფარა, ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა და თვალები მაგრად დახუჭა, გოგონამ -თავი დამანებეთ! მე, მე . . . მას . . . ნამდვილად ვესროლე . . .
-ჰო, ესროლე -ლერა წინ სინათლის სიჩქარით დაუდგა, თან მხრებზე ხელები დააწყო -მე არ ვიცი ეს რა გრძნობაა და ვერ მივხვდები ახლა რა გჭირს, მაგრამ სუნთქვა აკონტროლე, გესმის?! კირა, ძლიერი უნდა იყო, შეწყვიტე კანკალი!!!
-არ შემიძლია, ამას ვერვაჩერებ, არ შემიძლია. ასე უეცრად, რა მომივიდა? რა დამემართა? არ შემიძლია -იატაკზე მუხლებით დაეცა იგი, თავი ხელებში ჩარგო და სცადა როგორმე მორეოდა ამ გრძნობებს, თუმცა ვერაფრით მოახერხა. არაფერი გამოსდიოდა და ეს ყველაზე მეტად აცოფებდა.
-მოდი აქ, ადექი -შექმნილი სიტუაციისგან დაბნეულმა და ანერვიულებულმა ლერამ, უკანასკნელ ხერხს მიმართა და გოგონა ფეხზე წამოაგდო -რაიმე გატეხე, დალეწე, არეულობა მოაწყვე. ჯეისონი ასე წყნარდება ხოლმე, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი
-ადამიანი მოვკალი . . . ადამიანი მოვკალი -თითქოს სიტყვები არც ესმოდაო, ისე ბუტბუტებდა იგი -სუნთქვა მიჭირს, ჰაერი არ მყოფნის! ჰაერი აღარაა!
-კირა!!! -ხმამაღლა დაუკივლა გოგონამ და გონზე მოსასვლელად, თავისდა უნებურად, სახეში მთელი ძალით გაარტყა. ამან, ნაწილობრივ იმოქმედა კიდეც. ნერვულ შეტევას დამონებული კირა, წამით დარტყმისგან შებარბაცდა, შემდეგ ხელი ლოყაზე მოისვა და ამღვრეული თვალებით წავიდა საწოლისკენ. მისი რბილ ლეიბზე დაშვება და შოკოლადისფერ კარზე შეშლილი, გამაყრუებელი კაკუნის ატეხვა ერთი იყო.
წამით, ორივენი შეხტნენ შიშიშგან, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, როგორც კი გააცნობიერეს, თუ რა ხდებოდა და ვინ იდგა ზღურბლის მეორე მხარეს, ამ შიშს რატომღაც აფორიაქებაც დაემატა.
-ჯეისონია . . .
-გააღე -კვლავ შეშლილის თვალებით იყურებოდა კირა. ნერვული კანკალი უკვე ჩაწყნარებული ჰქონდა, თუმცა ამღვრეული მზერისთვის ჯერაც ვერაფერი მოეხერხებინა -ალბათ უკვე გაიგო, ჯოშს რაც დაემართა
-კირა!!! -კაკუნთან ერთად, ამჯერად ხმამაღალი ძახილიც გაისმა კედლის მეორე მხრიდან -კარი გააღე!!!
დაძაბულობა ოთახის ყველა კუთხე-კუნჭულში იგრძნობოდა. ლერამ, კიდევ ერთხელ შეხედა საწოლზე ჩამომჯდარი, ფაქტობრივად განადგურებული ადამიანის სახეს, თავი სინანულით გადააქნია და კარის გასაღებად წამოდგა. უკვე იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა და რა როლი ენიჭებოდა ამ თამაშში. მხოლოდ ერთი რამ არ ესმოდა, როგორ მოახერხებდნენ იმას, რომ ციხეში სამ დღესაც არ მოუწევდა ყოფნა? მიუხედავად ამისა, კირასთვის არაფერი უთქვამს, ვედასდროს იტანდა ზედმეტი კითხვების დასმას და სწორედ ამიტომ არჩია უბრალოდ დინებას მიჰყოლოდა.
ვერცხლისფერი საკეტი, ძლიერი კაკუნისგან, თითქოს ადგილზე ხტუნავდა. გოგონამ ფეხს აუჩქარა, კარს სწრაფად მიუახლოვდა და გასაღების ასხმა ჩხაკუნით გადაატრიალა. როგორც კი ეს გააკეთა და კარი ფართედ გამოაღო, მისი მზერის ობიექტში მაშინვე ჯეისონის ბრაზისგან ანთებული თვალები მოხვდა. მამაკაცმა, იგი გვერდზე გასწია, ოთახში ჩქარი ნაბიჯებით შეაჭრა და საწოლზე ჩამომჯდარი გოგონა, ფეხზე მკლავებში ხელების ჩავლებით წამოაგდო.
-ნორტონი მოკლეს! -გაისმა ოთახში ვინკლერის გამყინავი ხმა, რომელმაც თითქოს დრო გააჩერა -მითხარი, რომ ამასთან არანაირი კავშირი არ გაქვს, ახლავე მითხარი!!!
-ჯეისონ გამიშვი, მტკივა -საცოდავად ამოიკნავლა მის ხელებში მოქცეულმა გოგონამ. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ყოველივე ეს ასე იმოქმედებდა. ეგონა, საკმარისად ძლიერი იყო, რომ ყველაფრისთვის გულგრილად შეეხედა, თუმცა ფაქტი სახეზე გახლდათ - არ გამოსდიოდა
-სახლში სისხლიანი ტანსაცმლით დაბრუნდი, კირა! შემდეგ კი, ვიგებ, რომ ნორტონი თავის ბინაში ჩაცხრილეს. უკანასკნელად გეკითხები, ეს შენ გააკეთე?! -იმხელა ხმაზე დაუღრიალა მამაკაცმა, რომ კირას გულმა, რამდენიმე დარტყმა გამოტოვა
-თავი დაანებე, ჯეისონ -ამ დრამატული სცენის მაყურებელივით თვალის დევნებას უკვე ვეღარ გაუძლო იქვე, რამდენიმე ნაბიჯში მდგომმა ლერამ და მოკამათეებს მიუახლოვდა
-შენ გაჩუმდი და ნუ ერევი!
-არა, არ გავჩუმდები! -მტკიცე ტონი შესძინა თავის სიტყვებს გოგონამ და ჯეისონს მკლავში ორივე ხელი ჩაავლო -გაუშვი, ვერ ხედავ რა დღეშია? ჰო, მან მოკლა, მაგრამ ეს ყველას დასაცავად გააკეთა. ჯოში, თავისი შვილების გაწირვას არ გაპატიებდათ და აუცილებლად ეცდებოდა თქვენი ხალხის ამოხოცვას. კირამ მხოლოდ მოსალოდნელი ქარიშხალი შეაჩერა. შეეშვი, ისედაც განადგურებულია, ფეხზე ძლივს დგას!!! -თუ აქამდე ვინკლერს გოგონას ლაპარაკზე რეაგირებაც კი არ ჰქონია, ბოლო სიტყვებზე, ლერამ, უკვე ცხადად იგრძნო, თუ როგორ შეუშვა მამაკაცმა მკლავზე მოჭერილი თითები თავის მსხვერპლს, რომელიც ძალაგამოცლილი მაშინვე საწოლზე დაენარცხა
-შენ რა კავშირში ხარ ამ ამბავთან?
-მე? არანაირში. ახლახანს გავიგე და მერე შენც მოხვედი. ნერვული შეტევა ჰქონდა, რაიმე ძლიერი დამამშვიდებელი და გამოძინება სჭირდება, რათა ეს ყველაფერი დაივიწყოს
ამ სიტყვებზე, ჯეისონს, ქვესკნელივით შავი სფეროები საბოლოოდ აემღვრა. მის თვალებში, იმხელა ტკივილი იდგა, რომ მთელი გალაქტიკაც კი ვერ დაიტევდა. ერთადერთი სუფთა არსება იყო კირა მის სამყაროში და ახლა უკვე მასაც ადამიანის სისხლში გაესვარა ხელები. არ ჰქონდა მნიშვნელობა ნორტონი იყო ეს თუ ვინმე სხვა. მთელი ეს დრო, ცდილობდა გოგონა ამ სიბინძურისგან შორს ჰყოლოდა და მინიმალურად გაერია თავის საქმეებში, თუმცა არც ეს გამოუვიდა. ყველაზე მეტად სწორედ ეს აცოფებდა. უნდოდა ეყვირა, ეღრიალა, ეჩხუბა, მაგრამ არც ეს გამოსდიოდა. უბრალოდ ერთ ადგილას გაქვავებულიყო და გონებაში მხოლოდ ის აზრი უტრიალებდა, რომ კირას ვეღარასოდეს აღიქვამდა ისეთად, როგორადაც ადრე. ახლა ის, უკვე მისნაირი იყო და ჯეისონმა მაშინ პირველად გააცნობიერა, თუ რა მოსწონდა გოგონაში ყველაზე ძალიან- რომ იგი მას არ ჰგავდა და სიბინძურის ჭაობში არ იყო ჩაფლული. ახლა კი? ახლა კირაც და ჯეისონიც ერთ გემს მართავდნენ და შტორმის შემთხვევაშიც ერთადაც ჩაიძირებოდნენ.
-რაიმე კვალი დატოვე? -ბოლოს, მხოლოდ ეს აღმოხდა შექმნილი ვითარებით გამწარებულს. ხვდებოდა, რომ ახლა კირასთან ჩხუბს აზრი არ ჰქონდა, რადგან ნერვული შოკის ზემოქმედების ქვეშ მყოფს, უფრო მეტად გაღიზიანება არაფერში სჭირდებოდა
-არა, მგონი არანაირი . . .
-მგონი? შენ ეს ბავშვური თამაში გგონია? არანაირი გამოცდილება, არანაირი გაფრთხილება და უცებ ვიგებ, რომ შენი ხელიდან ადამიანი მოკვდა. კირა, გესმის ეს რას ნიშნავს? ნორტონი ქუჩის მაწანწალა არ იყო, სერიოზული გამოძიება დაიწყება და რამეს თუ აღმოაჩენენ, მე ვეღარაფერში დაგეხმარები
-გეყოფა, გეყოფა გთხოვ -განწირული ადამიანისთვის დამახასიათებელი მუდარით ახედა მას გოგონამ და გრძელ, ჩამოშლილ თმებში თითები შეიცურა. მათი თვალები, ამ დროს ერთმანეთს შეხვდა. კირამ აშკარად დაინახა ჯეისონის მზერაში ტკივილი და მაშინვე მიხვდა რისგანაც იყო გამოწვეული ეს ყოველივე.
თავი უხმოდ ჩახარა გოგონამ. ამის ყურება უკვე აღარ შეეძლო.
-ჯეისონ -ამჯერად, ლერამ დაიწყო მისთვის უჩვეულო, ჩამწყდარი ხმით და მამაკაცს ხელზე ხელი მოჰკიდა. არაფერი უეცნაურა ისე, როგორც ამ შეხების მუხტი და მისკენ მომართული ვინკლერის მუქი თვალები, რომლებმაც, წამით პატარა სკოლის მოსწავლესავით დააბნიეს. გამჭოლი მზერით უყურებდა მამაკაცი, თითქოს ცდილობდა მის სულში ჩაეხედა და ყოველი ფიქრი სააშკარაოზე გამოეტანა. გოგონამ, თვითონაც არ იცოდა, თუ რატომ წარმოთქვა მისი სახელი და რატომ შეეხო ხელით ხელზე, თუმცა როდესაც გააცნობიერა, რომ მამაკაცის კითხვის ნიშნებიანი მზერის საპასუხოდ რაიმე უნდა ეთქვა, ღრმად ჩაისუნთა და მას კიდევ უფრო მიუახლოვდა -წავალ, რაიმე დამამშვიდებელს მოვუტან, რომ დაიძინოს. მანამდე მასთან დარჩი და არ მოშორდე
-აფთიაქის ყუთი სამზარეულოშია. ადვილად იცნობ, ერთხელ შენზეც გამოვიყენე, როდესაც ხელი გაიჭერი
ლერამ უბრალოდ თავი დაუქნია და ოთახი, ფაქტობრივად, ფეხაკრებით დატოვა. მასში მხოლოდ კირა და ჯეისონი დარჩნენ. გოგონამ, თითქოს სცენაზე ფარდა დაეშვა და მაყურებლის თვალს მოშორდაო, მაშინვე გამოავლინა თავის შინაგანი განწყობა-დიდი ხნის ნაგროვებ ცრემლებს უფლება მისცა ჯებირებს გადმოსკდომოდნენ.
იცლებოდა კირა, ყველაფრისგან იცლებოდა, რაც შიგნიდან ჭამდა და ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ბუნდოვნად იგრძნო, თუ როგორ აიყვანა ხელში ჯეისონის ძლიერმა მკლავებმა, როგორ დაისვა მუხლებზე და როგორ ჩაიხუტა გულში მისი ტირილისგან აცახცახებული სხეული.
მთელი ტანით მიეკრო გოგონა ვინკლერს, კისერზე ხელები შემოხვია და ისე ასლუკუნდა, როგორც ოთხი წლის გოგონა მამის კალთაში. რატომ ეგონა, რომ ამისთვის საკმარისად ძლიერი იქნებოდა? რატომ ჩათვალა, რომ ყველაფერს უემოციოდ შეხვდებოდა? მუდამ ფიქრობდა, რომ არაფერს შეეძლო მისი სულიერად გატეხვა, ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ სხვისი ნუგეში დასჭირვებოდა, თუმცა ის, რომ ახლა ჯეისონზე მიკრული ცრემლებს ღვრიდა, სრულიად საპირისპიროზე მეტყველებდა.
-ამას . . . ამას ხომ გადავიტან, არა? მითხარი ჯესი, რას გრძნობდი, როდესაც პირველად მოკალი ადამიანი?
-.....
-ჯესი, გთხოვ ამოიღე ხმა, თორემ ჭკუიდან შევიშლები -გოგონამ მის მაისურს ხელები მოუჭირა და თვალები მაგრად დახუჭა. არ უნდოდა ის კადრები კიდევ ერთხელ ამოტივტივებულიყო ქაოსით მოცულ გონებაში
-ეს დიდი ხნის წინ იყო. არ ვაპირებ შენთან ამაზე ლაპარაკს
-გთხოვ, მითხარი
-მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი, სისულელე გააკეთე. ასეთ წინდაუხედავ ნაბიჯს შენგან არ ველოდი, კირა. ცხოვრებაში პირველად ვინატრე, რომ საპირისპირო სქესის იყო. სხვა თუ არაფერი, შენი ცემით მაინც მოვიოხებდი გულს -თქვა და ატირებულ გოგონას თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.
მერე, არც ერთს და არც მეორეს, ხმა აღარ ამოუღიათ. ჯეისონი ერთ წერტილს მიშტერებოდა და კვლავ უწინდელივით მონოტონურად უსვამდა ხელს გოგონას თმას. ბავშვობაში, როდესაც კირა ვერ იძინებდა და ჯეისონის ოთახში შემოდიოდა, მუდამ ამ გზით ახერხებდა მის ძილის სამყაროში გაგზავნას. ეს საშუალება, წლების შემდეგაც კი, იმდენად უცვლელი იყო, რომ გოგონა სულ რამდენიმე წამში მოდუნდა, მთელი სხეული ქარიშხალდასრულებული ზღვასავით ჩაუწყნარდა და სულ რაღაც სამ წუთში უკვე იმდენად მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა, რომ ჯეისონმა სახეზე შეუხედავადაც იგრძნო, რომ ჩაეძინა.
-დამამშვიდებელი აღარ არის საჭირო -თავისთვის, ჩუმად, ისე რომ გოგონას არ გაღვიძებოდა, ჩაილაპარაკა თვალებში ტკივილ-ჩამდგარმა მამაკაცმა, შემდეგ კი, თითქოს ერთ ადგილას დაპაუზებული გონება ისევ აუმუშავდაო, მხოლოდ ახლა მოაგონდა, დამამშვიდებლის მოსატანად წასული ლერა, ვინც საეჭვოდ იგვიანებდა.
ათასმა ფიქრმა გაურბინა ვინკლერს წამის მეასედში-რომ ეს საბაბად გამოიყენა და მისი სახლიდან გაიქცა, რომ სამზარელოში ყუთს ვერ მიაგნო, ამიტომ სხვა ოთახებში ეძებდა და კიდევ სხვა მრავალი, თუმცა ვერანაირად ვერ დაუშვებდა იმას, რაც მძინარე კირას ლოგინში ჩაწვენისა და მისაღებში გამოსვლის შემდეგ იხილა. პატარა, ჟურნალების მაგიდაზე, რომელიც დივნის პირდაპირ იდგა, ქათქათა თეთრი ფურცელი იდო მის გვერდით ურჩხულის გამოსახულებიანი კულონით. დიდ ქაღალდზე დაწერილი წერილი, რომელიც ნახევარ გვერდსაც ვერ იკავებდა, შემდეგ ტექსტს შეიცვდა:
"ვინკლერ, ამას თუ კითხულობ, ესე იგი მე უკვე აქ აღარ ვარ. პრინციბში, ამას ისედაც ხედავ, უბრალოდ მინდოდა დრამატულად დამეწყო, აი, ფილმებში ნაჩვენები კადრების მასგავსად, სადაც პეროსნაჟები ვიდეოს ჩაწერას ასე იწყებენ-"თუ ამ ჩანაწერს უყურებ, ესე იგი მე ცოცხალი აღარ ვარ".
კარგი, მორჩები ლაყბობას და მთავარ თემაზე გადავალ. დანაშაულს ჩემ თავზე ვიღებ. ალბათ იფიქრებ, რომელ დანაშაულსო. თუ გინდა ეს გაიგო, გააგრძელე კითხვა იმ თვალებით, რომელიც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, ორი ზომით დიდი გაგიხდა ჩემი წერილის დაწყებისას.
მოკლედ, ის დანაშაული მაქვს მხედველობაში, რომელიც კირამ ჩაიდინა. თვითონაც იცი, ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ციხე საბოლოოდ გააგიჟებს. ამაზე არც მის გამო მივდივარ და არც შენ გამო, უბრალოდ ასე მინდა და ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მომინდება. ცხოვრებაში, ერთხელ ყველაფერი უნდა გქონდეს გამოცდილი, შენ წარმოიდგინე ციხეც კი. მომენატრება შენი ბრაზიანი ხმა ვინკლერ. იცოდე წერილები მომწერე ხოლმე. რაღაც მაინც ხომ უნდა ამოვიდო ძილის წინ ბალიშის ქვეშ?"

პ.ს ახლა, უკვე შეგიძლია გაოცებისგან დაღებული პირი დამუწო და ჩემი ნაჩუქარი კულონი აიღო. ბევრი ვიფიქრე, რომელი უხდებოდა ყველაზე მეტად შენს ხასიათს და საბოლოოდ, ურჩხულის გამოსახულება შევარჩიე. Adios . . .

ლერა





11 თავი
-დარწმუნებული ხარ, რომ იქ მარტოს არ გაგიჭირდება? -აეროპორტის მოსაცდელ სკამზე, კირას გვერდით ჩამოჯდა ჯეისონი და იქ, ჩემოდნებით დაუსრულებლად მოსიარულე ადამიანებს, თვალი კიდევ ერთხელ მოავლო
დიდ დარბაზში გამეფებული ხმაური, უკვე პიკს აღწევდა. გამომცხადებლის ხმა ერთმანეთის მოყოლებით აცნობდა იქ მყოფთ სხვადასხვა რეისის დროსა და თვითმფრინავის ნომრებს, ხოლო ზემოთა ნაწილში დამაგრებულ, დიდ, ტელევიზორის მაგვარ ეკრანზე ავიარეისების შესრულების განრიგი, წითელი ციფრებით ეწერებოდა.
-ხომ გითხარი, ცოტა ხნით, აქაურობას უნდა მოვშორდე. არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ სხვანაირად ახლა არ შემიძლია -თქვა და მამაკაცის მობილურს დააცქერდა, რომელსაც იგი ხელში ათამაშებდა -ახალი სმარტფონი იყიდე?
-ჰო, ძველს რაღაც უცნაური დაემართა, ვერაფერი გავუგე
"ყოჩაღ კიტ, მქონდა შენი იმედი" -გაიფიქრა გონების ხმით კირამ და ჩემოდნის ტარს ხელი მაგრად მოუჭირა. ჯეისონის ტელეფონში ჩამონტაჟებული სათვალთვალო პროგრამის მხრიდან, საფრთხე უკვე აღარ ემუქრებოდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ პრობლემების გრძელი სიიდან, ერთ-ერთი მათგანი ამოიშალა.
-ნორტონის ექსპერტიზის პასუხები უკვე იყო, არა?
-დღეს დილით დამირეკეს. კამერების ამონაწერებიც თან მაქვს. აქედან, პირდაპირ განყოფილებაში წავალ და ამ ჩანაწერებს გადავცემ
-შენი აზრით, ასე ლერას გამოუშვებენ? -გვერდულად გახედა კირამ
-ორი დღე ველოდი ექსპერტიზის დასკვნას. დადგინდა, რომ მკვლელობა სამიდან ოთხ საათამდე შუალედით მოხდა, იმ დროს კი, ლერა ჩემს სახლში იყო და სწორედ სათვალთვალო კამერების ამონაწერით ვგეგმავ ამის დამტკიცებას. მეტი არაფერია საჭირო, დღესვე გაათავისუფლებენ
ქალის წკრიალა ხმამ, რომელიც მთელ დარბაზში ისმოდა, კიდევ ერთი რეისი გამოაცხადა. ამჯერად, ეს ნიუ-იორკი-ლონდონი იყო. მგზავრების ჩასხდომა, სულ რაღაც ხუთ წუთში დაიწყებოდა, მანამდე კი, ამ რეისით მგზავრობის თითოეულ მსურველს, ზედმეტი ბარგის ჩაბარება და რეგისტრაციის გავლა უნდა მოესწრო.
-ჯეისონ, მითხარი -კვლავ კირამ განაახლა საუბარი -ამ გოგოს გამო, ასე რატომ იწუხებ თავს? რამე ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს? -გაიოცა -არაფერიც არ ხდება. ხომ იცი, თუ შენიანს რთულ მდგომარეობაში მიატოვებ, ღირსებას კარგავ. მე მხოლოდ ამის მწამს და შენ, ეს კარგად იცი
-საკუთარ სახლში სათვალთვალო კამერების დაყენება მხოლოდ შენ თუ მოგაფიქრდებოდა, ჯესი. გამოგიტყდები, ნამდვილად უცნაური ადამიანი ხარ
-ამ უცნაურობის წყალობით, ახლა დამამტკიცებელი საბუთი გვაქვს. იმედს ვიტოვებ, რომ კვალი არ დაგიტოვებია და გამოძიება შენამდე ვერ მოვა. სხვა შემთხვევაში, მოგიწევს ავსტრალიაში დარჩე და პოლიციას დაემალო, თუ რა თქმა უნდა, ინტერპოლმა არ მოგაგნო
ამის გამგონე კირას, მთელ სხეულში გააკანკალა. მსგავსი რამის ხსენებაც კი, ცუდად ხდიდა. ეს ორი დღე, ისედაც სრულ აგონიაში გაატარა. სწორედ ამან განაპირობა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიხედვითაც, გარკვეული დროის მანძილზე ქვეყნიდან უნდა გამგზავრებულიყო.
თავშესაფრად ავსტრალია აირჩია. ნიუ-იორკიდან, ჯერ ლონდონში გადაფრინდებოდა, ხოლო იქ რამდენიმე დღე დარჩენის შემდეგ, მისი თვითმფრინავი, უკვე სიდნეის აეროპორტში დაეშვებოდა.
-ლონდონში სამი დღე ვაპირებ დარჩენას -ამოთქვა დაძაბულად -ქალაქს დავათვალიერებ, შემდეგ კი, მეორე ხანგრძლივი ოცსაათიანი ფრენა მელის -თვალები, მობეზრებულად აატრიალა გოგონამ. რაც თავი ახსოვდა, თვითმფრინავით მგზავრობას ვერასდროს იტანდა, თუმცა, ახლა, სხვა გზა ნამდვილად არ ჰქონდა. ცოტა ხნით, აქედან რომ არ წასულიყო, ალბათ ჭკუიდანაც კი შეიშლებოდა
-ჯობს, უკვე თვითმფრინავში ახვიდე, ჩასხდომა დაიწყო -ტრაპზე ასასვლელად გამზადებული მგზავრებისკენ ანიშნა და ოთხკუთხედი, მოგრძო ფორმის ბილეთი გაუწოდა მას, ჯეისონმა -პირველი კლასით იმგზავრებ, არავინ შეგაწუხებს
-ხომ მოგენატრები, ჯესი? -გოგონა ფეხზე ოდნავ სევდიანი ღიმილის თანხლებით წამოდგა -მოდი, დამშვიდობების წინ ჩამეხუტე, ვინ იცის, რამდენი ხანი ვეღარ იხილავ ჩემს სახეს
აეროპორტში, ხალხი კვლავაც ბუზებივით ირეოდა. ზოგი, ბარგით ხელში დააბიჯებდა, ზოგი საყვარელ ადამიანს ემშვიდობებოდა და მასზე ჩახუტებული, მოგუდული ხმით სთხოვდა, უკან მალე დაბრუნებულიყო.
უზარმაზარი, მზესავით განათებული დარბაზი, სწორედ იმ ზონას წარმოადგენდა, სადაც ყველა თავ-თავიანთი საქმით იყო დაკავებული და ერთმანეთისთვის არ ეცალა.
ამ საყოველთაო აურზაურისა და აქეთ-იქით მოსიარულე სილუეტების ფონზე, ჯეისონ ვინკლერი, უბრალოდ იდგა, თვითმფრინავისკენ ჩემოდნით ხელში მიმავალ კირას, ერთ ადგილას გაშეშებული უყურებდა და რატომღაც, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სამუდამოდ ემშვდობებოდა. რას არ მისცემდა ახლა, ოღონდ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ადრე. რომ მის ერთადერთ მეგობარს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება ჰქონდა გატარებული, ეს დღეები არ გამოევლო, თუმცა ვერაფერს აკეთებდა. პირველად გრძნობდა თავს ასე უსუსურად და ეს გარემოება ჭკუიდან შლიდა.
თითქოს, მისი ფიქრები, ასეთ შორ მანძილზეც კი, იგრძნოო გოგონამ, ტრაპზე ასვლისას, რომლის თავშიც სტიუარდესა იდგა და მგზავრებს ღიმილიანი სახით აცილებდა თვითმფრინავში, კირა წამით შედგა და თავი, სევდიანი მზერით მოატრიალა. გაეღიმა იმის დანახვაზე, რომ ჯეისონი კვლავაც იქ იდგა, იმაზეც, რომ ვინკლერმა დამშვიდობების ნიშნად, ხელი მისთვის დამახასიათებელი მკაცრი გამოხედვით დაუქნია და დარჩენილი საფეხურები, უკვე სწრაფად აირბინა, რათა სხვა მგზავრებისთვის გზა არ დაგაეღობა.






* * *
განყოფილებაში, სადაც უამრავი პოლიციელი მოძრაობდა და თითოეული მათგანი, სხვადასხვა საქმით იყო დაკავებული, გიგანტური აურზაური შექმნილიყო. ყოველივე ეს, ქალაქში ახალი სერიული მკვლელის გამოჩენასთან იყო დაკავშირებული, რომელიც თავის მამრობითი სქესის მსხვერპლთ, სამართლებლით ხელზე X-ის ნიშანს უკაწრავდა, ხოლო მდედრობით სქესს კი, Y-ს. მკვლელი, იმდენად სუფთად და პროფესიონალურად მუშაობდა, რომ შემთხვევის ადგილას, არასდროს არანაირ კვალს არ ტოვებდა, ამას კი გამოძიება მუდმივად ჩიხში შეყავდა.
უზარმაზარი განყოფილების თითოეულ კუთხე-კუნჭულში, განსხვავებული ფუსფუსი შეინიშნებოდა. სხვადასხვა საქაღალდით ხელში მოსიარულე ფორმიანები ოთახიდან ოთახში, დაგეშილი მტაცებლებივით დადიოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როდის მიუახლოვდებოდა სამუშაო დღე ტკბილ, ნანატრ დასასრულს.
პოლიციის განყოფილების სწორედ ერთ-ერთ ასეთ ოთახში, ფანჯრებზე, რომ ყავისფერი ჟალუზები იყო ჩამოფარებული, სპეციალურ, მისი სამსახურეობრივი მოვალეობისთვის განკუთვნილ სამოსში გამოწყობილი მორიგე პოლიციელი, გაშლილი ლეპტოპის წინ, ინტერესიანი მზერით ჩამომჯდარიყო და რაღაც ჩანაწერს, გაფაციცებით შეჰყურებდა.
ლეპტოპი, არანაირ ხმას არ გამოსცემდა. მხოლოდ ვიდეო-რგოლის ქვემოთ გავლებულ დროის განმსაზღვრელ ხაზზე მიმაგრებული პატარა წერტილი მიიწევდა წინ და მის მაყურებელს ამცნობდა, რომ ჩანაწერი მალე დასასრულს უახლოვდებოდა.
-მისტერ ვინკლერ, ესე იგი ადასტურებთ, რომ მის ნიკოლსონი, ვინც ორი დღის წინ ცნობილი ბიზნესმენის ჯოშ ნორტონის მკვლელობა აღიარა, ამ ადამიანის სიკვდილის დროს, თქვენს სახლში იმყოფებოდა? -ოთხმოცდდაათ გრადუსზე გადაშლილი ლეპტოპის ეკრანს, წამით თვალი მოაშორა პოლიციელმა, თან გორგოლაჭებიანი სკამი მაგიდასთან უფრო ახლოს მისწია
-მე არა, ეს ვიდეო კადრები ადასტურებს. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, მკვლელობა შუაღამეს მოხდა, ამ დროს კი, ლერა . . . უკაცრავად, მის ნიკოლსონი ჩემთან იყო სახლში და როგორც თავად ხედავთ, დახლზე თავ-ჩამოდებულს სძინავს
-შეგიძლიათ მითხრათ, თქვენთან რას აკეთებდა?
-რა თქვენი საქმეა? დავუშვათ და საყვარლები ვართ. ეს გამოძიებას რაიმეში წაადგება? მტკიცებულება მოვიტანე, რომ მკვლელობის ჩადენის დროს, ბრალდებული ჩემს სახლში იმყოფებოდა. მგონი, ყველაფერი გარკვეულია და ვალდებული ხართ, იგი გაათავისუფლოთ
-დიახ, დიახ რა თქმა უნდა -აშკარა, უკმაყოფილება გამოსჭვიოდა პოლიციელის ხმაში. მხოლოდ პროფესიული თავშეკავების გამო არ უწევდა ხმის ტონს, თორემ ეს უკანასკნელი, ახლა, ყველაფერზე მეტად უნდოდა -მანამდე, ბრალდებულის კიდევ ერთხელ დაკითხვა და რაღაც საბუთების გაფორმებაა საჭირო, ხომ გესმით?
-ეს ყველაფერი, დაახლოებით რამდენ ხანს გაგრძელდება? -თვალები მობეზრებულად აატრიალა მამაკაცმა. ლოდინი სწორედ ის იყო, რაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ეზიზღებოდა
-ჩემი ვარაუდით, სამი საათი. თუ გნებავთ, აქ დაელოდეთ, თუ არადა . . .
-მირჩევნია გარეთ დაველოდო, მანქანაში -სწრაფად გააწყვეტინა ვინკლერმა -თქვენის ნებართვით, მე წავალ
პოლიციელმა, მხოლოდ თავი დაუქნია და ყალბი ღიმილით შემოიფარგლა, თუმცა, ვინკლერს, ეს უკანასკნელი აღარ დაუნახავს, რადგან უკვე თავისთვის დამახასიათებელი ამაყი ნაბიჯებით მიემართებოდა იმ შენობიდან გასასვლელისკენ, რომელში გამეფებული უჰაერობის გამო, ფაქტობრივად, სულიც კი ეხუთებოდა.
გარეთ, განყოფილების პარკინგზე, თავისი მანქანა ერთგული შინაური ცხოველივით ელოდა. ჯეისონმა, გასღების პაწაწინა ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, ავტომობილის ოთხივე კარი ერთდროულად გახსნა, მას გარშემო მოუარა, მესაჭის კარი გამოაღო და ტყავის სალონში მოხერხებულად მოკალათდა.
აუტანელი მოლოდინის რეჟიმში, თითებს საჭეზე რიტმულად ათამაშებდა და ერთ ამოჩემებულ წერტილს, მზერას არ აშორებდა. ჯერ კიდევ თავში უტრიალებდა ლერას წერილის სიტყვები. ვერ ხვდებოდა, რის მიღწევას ცდილობდა ეს გოგო, თუმცა მასზე და მის საქციელზე ფიქრები, რომ არ ასვენებდა, ეს აშკარა იყო.
სცადა, თანმიმდევრულად დაელაგებინა მოვლენები ლერას გამოჩენიდან დღემდე. კარგად ახსოვდა პირველი შეხვედრა კლუბში, სადაც იგი, მასთან დახმარების სათხოვნელად მოვიდა. მას შემდეგ, თითქოს მისი ცხოვრების ყოველდღიური დამანატი გახდა გოგონა. ვერ იტყოდა, რომ არ სიამოვნებდა ამ ლამაზმანის თავის სამყაროში არსებობა, მაგრამ ის აოცებდა, რომ მას ვერაფრით იმორჩილებდა. საშინლად აცოფებდა ეს ყველაფერი ჯეისონს, თანაც ამავდროულად აღაგზნებდა და მისდამი ლტოლვას უათმაგებდა. თავისი არსებობის მანძილზე, არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ქალი სდომებია და საწადელისთვის ვერ მიუღწევია. არც ლერა იქნებოდა გამონაკლისი, მასაც აუცილებლად მიიღებდა, თანაც ისე, რომ ეს არა მარტო მისი, არამედ გოგონას სურვილიც იქნებოდა. ამისთვის, პირველ რიგში, ერთი რამ უნდა გაეკეთებინა, ის სულელური ხელშეუხებლობის პირობა უნდა დაერღვია, რომელიც ახლა, უკვე იმაზე მეტად ეკიდა ფეხებზე, ვიდრე მაცივარში მწოლიარე ნორტონის გაციებული სხეული.
ამ და სხვა ფიქრებში, სამი საათი ისე გაილია, თავადაც კი ვერ შენიშნა. ლერა, კვლავაც არ ჩანდა. იქნებ ამ ფორმალობებს და საბუთების გაფორმებას, უფრო დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე პოლიციელმა უთხრა? ან, იქნებ, რაღაც პრობლემა შეიქმნა და აღარ ათავისუფლებდნენ?
ვინკლერმა კიდევ ერთხელ დახედა მაჯის საათს უკმაყოფილო მზერით და თითები, უწინდებურად, საჭეზე აათამაშა. მანქანის სალონში აჟღერებული რადიოს ხმა, რომელშიც, იმ წუთას, მომდევნო დღის ამინდის პროგნოზს აცხადებდნენ, უკვე ნერვულ სისტემას ურტყამდა. იცოდა, რომ ამის დასრულების შემდეგ, კვლავ მომაბეზრებელი მუსიკალური გადაცემები დაიწყებოდა, ამიტომ მაგნიტოფონის გამოსართავ ღილაკს, თითი იქამდე მიაჭირა, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა.
კიდევ ერთხელ შეავლო ვინკლერმა თავისი მუქი თვალებიდან წამოსული მზერა, განყოფილებიდან გამოსასვლელ კარს, აქეთ-იქით იარაღიანი პოლიციელები რომ ამოსდგომოდნენ და მოთმინება დაკარგული ის-ის იყო, კვლავ შიგნით უნდა შებრუნებულიყო, რათა დაგვიანების მიზეზი გაერკვია, რომ, უეცრად, გრძელ კიბეებზე ვიღაცის მაღალი სილუეტი დალანდა.
რამდენიმე წამი დასჭირდა მამაკაცს, რათა მასში ის პიროვნება ამოეცნო, რომელსაც მთელი ეს დრო, ერთგული ტაქსის მძღოლივით ელოდა მანქანებით გადავსებულ პარკინგზე. გოგონას, ზურგ-ჩანთა მოეგდო ცალ ბეჭზე, საფეხურებს პირველკლასელი მოსწავლესავით ახტებოდა და გაშლილილ თმას, მსუბუქი ნიავი უფრიალებდა.
წარმოდგენაც კი, არ ჰქონდა, რომ თავად ჯეისონ ვინკლერი, მას სამი საათის განმავლობაში მოთმინებით ელოდა, ამიტომ კიბეებზე ჩასვლისას, პირდაპირ ტაქსების გაჩერებისკენ აიღო გეზი და უკვე ერთ-ერთ მათგანში უნდა ჩამჯდარიყო, რომ უკნიდან წამოსულმა ვიღაცის ბარიტონმა, ერთ ადგილას მიაყინა :
-შეეშვი მაგ ტაქსს და აქ მოდი!
მკაცრი ტონისგან შემკრთალმა ლერამ, ვინც დარწმუნებული არ იყო, რომ ნამდვილად მას მიმართავდნენ, ნელა მიატრიალა ჯერ თავი, შემდეგ ტანითაც შებრუნდა და როგორც კი მისგან მოშორებით, რამდენიმე ნაბიჯში ასვეტილი ჯეისონი დაინახა თავის მანქანას მიყუდებული, ტაქსის გამოღებული კარი, მომენტალურად მიხურა.
-რა ხდება სამყაროს დასასრულია, თუ სიზმარში ვარ? აქ რა გინდა, ვინკლერ?
-შენს წასაყვანად მოვედი, ბევრს ნუ ლაპარაკობ და ჩაჯექი -ტონი ისეთივე მკაცრი ჰქონდა, როგორც ყოველთვის
-შეიძლება ვიკითხო სად მიგყავარ?
-არა, არ შეიძლება
-კარგი მაინც ვიკითხავ, სად მიგყავარ? -გამომცდელად გახედა ლერამ და სალონში, მის გვერდით მოთავსდა. ჯეისონს, უკვე მოესწრო საჭესთან დაჯდომა და მანქანის გასაღებს ატრიალებდა
-ღვედი შეიკარი!
-კითხვა დავსვი და თუ შეიძლება მისმა უდიდებულესობამ პასუხი დამიბრუნოს -სიტყვების მკაცრ ტონს, აწეული ცალი წარბიც დაამატა გოგონამ, მეტი დამაჯერებლობისთვის.
მანქანა შესაშური სისწრაფით დაიძრა და ცენტრალურ გზაზე, კოსმოსში გასაშვები რაკეტასავით გავარდა.
-ჯერ ერთ ადგილას ვარ შესავლელი, ქალაქგარეთ, შემდეგ კი, ჩემთან მივდივართ, სალაპარაკო გვაქვს -წამით დადუმდა შემდეგ კი, განაგრძო:-შენი დის ანგარიშზე ფული ჩავრიცხე. ჩემი ხალხი იზრუნებს, რომ ოპერაციის შემდეგ, ეს ქვეყანა დატოვოს. იმ აზრს შეეგუე, რომ მას ვეღარ ნახავ
-ანუ, იმას ამბობ, რომ დღეიდან, მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ შენ სახეს უნდა ვუყურო? თუ ასეა, კოშკშიც გამომკეტე და თმა რომ გამეზრდება, შენც ამოგიყვან ხოლმე, რა აზრის ხარ? -მთელი ირონია ჩააქსოვა ლერამ ამ სიტყვებში. ეს უკანასკნელი, არც თავის მზერისთვის დაუკლია
-კარგი, თმას, რომ გადმომიგდებ და ამოვალ, მერე რას გავაკეთებთ? გაითვალისწინე მარტონი ვიქნებით -არც მოპასუხე მხარემ დააკლო მწარე ირონია. ლერამ, წამით იგრძნო, რომ პოლემიკაში აგებდა და გონება გამალებით აამუშავა.
გარკვეული დრო, მხოლოდ სიჩუმე და ბორბლების ასფალტზე მელოდიური სრიალის ხმა ისმოდა, შემდეგ კი, ამ ყველაფერს, გოგონას ხმაც შეემატა:
-შენს მამაკაცურ უუნარობას, რაღაც სულელური ხელშეუხებლობის პირობით ამართლებ ჩემს წინაშე, ჯეისონ. სინამდვილეში, არაფრის თავი არ გაქვს და ამის აღიარება არ გინდა
აი ეს კი, ნამდვილად ბოლო წვეთი იყო. ვინკლერს, თვალებში იმოდენა ბრაზი ჩაუდგა, რომ იმპულსური მოქმედება, უკვე გარდაუვალი იყო. ელვის უსწრაფესად გადაიყვანა ვინკლერმა თავისი ოთხბორბლიანი მეგობარი გზიდან და სხვადასხვა მარკის ავტომობილებით გადაჭედილ პარკინგზე, ორ მანქანას შორის დატოვებულ თავისუფალ ადგილას გიჟივით შევარდა, გასაღები მარცხნივ გადმოატრიალა და მისი ქმედებებისგან თვალებგაფართოებული გოგონა, წელზე ერთი ხელის მოხვევით გადმოისვა თავის მუხლებზე.
-რაო რას ვამბობდით, არაფერი შეგიძლია და უუნარო ხარო? -ვინკლერს მზაკვრულად ჩაეღიმა -ამ სიტყვებს, ახლავე წაიღებ უკან, გპირდები
-ჯეისონ გამიშვი! -სცადა თავის წელზე მოხვეული მისი ხელები მოეშორებინა, თუმცა მამაკაცმა იგი უფრო ძლიერად აიკრა სხეულზე ყელის არეში და ვნებიანი კოცნის კვალი დაუტოვა. გააკანკალა ლერას, თუმცა ეს, მხოლოდ დასაწყისი იყო, საბოლოოდ მაშინ გაითიშა, როდესაც ჯეისონმა სავარძელი დაადაბლა, ლერა მასზე გადააწვინა, თავად მის ზემოდან მოექცა და ჯინსის შარვალში ჩატნეული მაისური ამოუქაჩა.
-ჯეისონ -ხმა ძლივს დაიმორჩილა ლერამ მისი ანთებული, შავი სფეროების შემხევმდვარემ, რომელიც თითქოს აჰიპნოზებდნენ და თავის ჭკუაზე ატრიალებდნენ -ასე რომ პოლიციამ დაგვინახოს, დაგვაჯარიმებს -ყველაზე სულელური რამ თქვა თავის გადასარჩენად, თან მამაკაცის ანთებულ სფეროებს შეავლო მზერა.
ერთხანს, უხმოდ დასცქეროდა ზემოდან ჯეისონი, თვალებში უწინდელი ბრაზი სადღაც გაქრობოდა, შემდეგ კი, ისე, რომ ლერა არც ელოდებოდა თავი გვერდზე გააბრუნა და ხმამაღალი სიცილი აუტყდა. პირველად ხედავდა ჯეისონს ასე გულიანად გაცინებულს, მართლა პირველად და შეეძლო დაეფიცა, რომ ეს უკანასკნელი, ამ პლანეტაზე მასზე მეტად არავის არ უხდებოდა.
-ნეტავ იცოდე, ახლა რა დამფრთხალი სახით მიყურებ -დამცინავ სიცილს არ წყვეტდა ის -შეიძლება, ყველასთან ყინულის ლოდი ხარ, მაგრამ ჩემი ერთი შეხებაც კი საკმარისია, რომ ხელში ჩამადნე და ვეფხვიდან შეშინებულ კატად იქცე, გასაგებია?
ლერამ, საპასუხოდ თვალები გადაატრიალა. მამაკაცის დამცინავი გამოხედვა, თავს ომში დამარცხებულად აგრძნობინებდა.
-მეგონა, შენნაირებს ქალების სურვილები ფეხებზე ეკიდათ და ვერ გადაგირჩებოდი -კიდევ ერთხელ გადაწყვიტა გულწრფელი ყოფილიყო. ჯეისონს, მზერა შეეცვალა, ღიმილიც თითქოს, სადღაც უკვალოდ გაუქრა და მთელი სხეული დაეჭიმა.
-მართლა ფიქრობ, რომ ქალზე მისი სურვილისდა საწინააღმდეგოდ ძალის ხმარება შემიძლია? -უკვე ფეხზე წამოიწეული, ლერას, ზემოდან გამომცდლად დააცქერდა -შეიძლება, ნარკო-მოვაჭრეებთან მაქვს კავშირი, ბევრი ისეთი მომიკლავს, ვინც ამას იმსახურებდა, შეიძლება სხვადასხვა სახის არალეგალურ საქმიანობას ვეწევი, მაგრამ ნაძირალა არ ვარ. ჩემთვისაც არსებობს ზღვარი, რომელსაც არ გადავაბიჯებ
პირველად იყო, რომ ლერა დუმილის ზღვაში ჩაიძირა, თანაც ფსკერამდე. საპასუხოდ მართლა ვერაფერი მოიფიქრა, ამიტომ ჯეისონის მსგავსად უბრალოდ ფეხზე წამოიწია და როგორც კი მის ყელთან ახლოს აღმოჩნდა, რაღაც უცნაური შენიშნა. ფრთხილად, მისი თვალებისთვის მზერა-მოუშორებლად ჩაუცურა ლერამ მამაკაც ხელი მაისურში, იქიდან ვერცლისფერ ჯაჭვზე დამაგრებული ურჩხულის კულონი ამოაძვრინა და გაეღიმა.
-ამ საჩუქარს, შენს კისერზე მიუჩინე ადგილი?
-ჰო, სიმბოლურია და როგორც შენ თქვი, ჩემს ხასიათსაც უხდება -კულონი, სწრაფად ჩამორთვა ჯეისონმა და კვლავ, მაისურში ჩააბრუნა -შენს ადგილას გადადი. დროა მანქანა დავძრა, გვაგვიანდება
ლერამ, მისი თხოვნა წამებში აასრულა. თავის სავარძელში ჩაჯდომისას, ფეხები ავტომობილის საქარე მინის წინ შემოაწყო, რათა უფრო მოხერხებულად ყოფილიყო. სწორედ იმ წუთას, შავი მანქანა კვლავ პირვანდელი სიჩქარით დაიძრა და ორ წამში, უკვე სხვა ავტომობილებს შორის მიქროდა, თეთრი ხაზით ორად გაყოფილ გზატკეცილზე.
ქალაქს, დაახლოებით, ნახევარ საათიანი მდუმარე სიარულის შემდეგ გასცდნენ. აღარ ჩანდა არც მაღალსართულიანი კორპუსები, არც ფერადი აბრებით აჭრელებული მაღაზიები და არც შოპინგ-ცენტრების წინ დაყენებული, ლამაზად გამოწყობილი მანეკენები.
მთელი ეს გზა, სრულ მდუმარებაში გალიეს. ლაპარაკს, არც ერთი არ აპირებდა, თითქოს სიჩუმის ფიცი დაედოთო. მხოლოდ საქარე მინიდან, მორბენალი კადრები ცვლიდნენ ელვის უსწრაფესად ერთმანეთს. ორად გაყფილი გზატკეცილი კი, ალაგ-ალაგ ატალახებული, გაშავებული თოვლი, რომ შეხმობოდა, მომაბეზრებლად მიიკლანებოდა და ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ დასასრული არც ჰქონდა.
როდესაც ქალაქიდან გასვლის შემდეგ, კიდევ ორი კილომეტრი გაიარეს და მარად-მწვანე წიწვებით გარშემორტყმულ, ტყის ბილიკს მიუახლოვდნენ, ლერამ, უეცრად, საჭის გვერდით, პატარა ამოჭრილ ოთხკუთხედში ჩადებულ ჯეისონის მობილურს მოჰკრა თვალი. აშკარად ახალი იყო, ესე იგი სათვალთვალო პროგრამის მხრიდან საფრთხე აღარ ემუქრებოდათ.
"ყოჩაღ, კირა, სწრაფი რეაგირებაც ამას ჰქვია" -აღნიშნა მან თავისი გონების ხმით და მხოლოდ მაშინ გაახსენდა გოგონა, რომელიც ჯეისონის სახლიდან მოულოდნელად აორთქლების დღეს, ფაქტობრივად, ცოცხალ-მკვდარი დატოვა. ნეტავ, ახლა როგორ იყო? ლერა, მართლა გულწრფელად დააინტერესა მისმა მდგომარეობამ და ამდენი ხნის შემდეგ, საჭეს ჩაფრენილ ჯეიონს, პირველად მიუტრიალდა.
-ვინკლერ, კირა როგორ არის? იმ დღის შემდეგ, მასზე არაფერი გამიგია. თუმცა, პრინციპში საიდან უნდა გამეგო? -ბოლოს, ესეც დააყოლა პასუხის მოლოდინში
-კირა გაემგზავრა -მოუჭრა მან მოკლედ, ისე, რომ სახეში არც შეუხედავს
-გაემგზავრა? მაგრამ, რატომ?
-ცოტა ხნით, აქიდან შორს ყოფნა სჭირდება. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს -აშკარად შეეტყო, რომ წამოჭრილი თემის გაგრძელება აღარ სურდა
-ჰო, მისი კარგად მესმის -ძლივს გაისმა სალონში ლერას ხმადაბლა წარმოთქმული სიტყვები
ავტომობილი, უკვე მწვანე წიწვებს შორის გაფენილ ტრასაზე მისრიალებდა. ირგვლივ ისეთი ფერთა გამა იყო, რომ ვერავინ იფიქრებდა მკაცრი ზამთრის ბატონობას. დასახლებული პუნქტები, უკვე საკმაოდ შორს ჰყავდათ ჩამოტოვებული. ახლო-მახლო, ერთი სახლიც კი არ ჩანდა, მხოლოდ ტყე მიიკლაკნებოდა მთელ სიგრძეზე, მის წიღში მდგომ მრავალრიცხოვან ხეს კი, ციდან წამოსული, წვრილი წვიმის წვეთები ასველებდა, ძლივს რომ ჩანდა სისველით გაჯერებულ ჰაერში.
პაწაწინა წყლის შხეფები მანქანის საქარე მინას ეკიდებოდნენ და კლდიდან გადაჩეხილი ალპინისტებივით ნელ-ნელა ქვემოთ მიიწევდნენ.
რამდენიმე წუთში, როდესაც შხეფების ზომამ საგრძნობლად მოიმატა და მისი გზატკეცილზე წკაპუნის ხმაც აშკარად ხმამაღლა გაისმა, ჯეისონმა მანქანის საწმენდი ფარები ჩართო. არ უნდოდა, საქარე მინის დასველების გამო, გზის გარჩევა გასჭირვებოდა.
-კიდევ ბევრი დარჩა? სახლში წასვლა და დასვენება მინდა -ბოლოს, ვეღარ მოითმინა ლერამ და სალონში გამეფებულ დუმილს, დიდი, შავი წერტილი დაუსვა
-თუ გაჩუმდები, დრო უფრო სწრაფად გაივლის
-მშია
-ქალაქში რომ შევალთ, ჰამბურგერს გიყიდი
-ჰამბურგერი არ მინდა
-აბა რა გინდა?
-ის, რომ მეტეორი დაგეცეს და სული გაგაფრთხობინოს -კბილებს შორის გამოსცრა გოგონამ
-შენი აუხდენელი ოცნებების სიას მიაწერე
თითქოს ურო ჩაარტყესო ლერას. ამ სიტყვებზე, მაშინვე თავისი ჩანაწერების წიგნაკი გაახსენდა. ბოლო გვერდი, სადაც ისეთი რამები ეწერა, რაც არასდროს აუცდებოდა, თუმცა ყველაზე მეტად სრუდა. თავში, მაშინვე საგანგაშო სიგნალები ჩაერთო და ვინკლერს ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მზერა სტყორცნა.
-შე წურბელავ, ჩემი დღიური წაიკითხე?
-ჰო, ეს ორი დღე ძალიან დამაკლდი და გადავწყვიტე სიცარიელე ამით შემევსო. სახლის კარზე უფრო საიმედო საკეტი უნდა დააყენო, ყოფილო პატიმარო -როგორც ყოველთვის, ჯეისონის სარკაზმი ახლაც ჩვეულ ფორმაში იყო -ყველაზე მეტად, მეშვიდე სურვილი მომეწონა. მოიცა, როგორ იყო- "მინდა გარკვეული დრო, მარტომ, სადმე ლამაზ ადგილას, ხეზე აშენებულ სახლში ვიცხოვრო და არავინ შემაწუხოს" -გოგონას სურვილის ციტირება, მისივე ხმის წაბაძვით მოახდინა მამაკაცმა. ნარკოტიკივით სასიამოვნოდ იმოქმედა იმის დანახვამ, თუ როგორ გააცეცხლა ლერას გამომეტყველება მისმა სიტყვებმა. გოგონას თვალებში ახლა იმოდენა ბრაზი იკითხებოდა, რომ დაუფიქრებლად შეეძლო ვინკლერის იმ ქვეყნად გასტუმრება.
ეს მისი პირადი სივრვე იყო, დახურული კარი, რომელიც არავის არ უნდა შეეღო. ბრაზისგან, ფაქტობრივად ნაპერწკლებს ყრიდა ლერა. ამას ასე არ დატოვებდა. აუცილებლად გადაუხდიდა სამაგიეროს, თანაც საკმაოდ სასტიკად.
გარეთ, უკვე კოკისპირულად წვიმდა. მანქანის საწმენდი ფარები კი, მთელი ძალით იბრძოდნენ, რათა მსხვილ წვეთებს, საქარე მინის შთანთქვა ბოლომდე ვერ მოეხერხებინათ.
გოგონამ, შურისმაძიებელი მზერით შეავლო თვალი წვიმის მსხვილ წვეთებს, ცის ცხარე ცრემლებად რომ იღვრებოდბენ დედამიწაზე, წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი, კმაყოფილებისგან გული გაუნათდა და თავი დამაჯერებლად ჩაქინდრა.
მანქანის სალონში, მაშივე გაისმა ჩუმი სლუკუნის ხმა, რასაც ლერას სახეზე აფარებული ხელებიც დაემატა. გოგონას, თავი პატარა ბავშვივით ჰქონდა ჩახრილი და ჯიუტად არ იღებდა. როგორც თავდაპირველად ვარაუდობდა, ამ ყველაფრით მართლაც მიიქცია მამაკაცის ყურადღება, ჯეისონმა ჯერ გაოცებული მზერა მიიღო, შემდეგ ლერას კარგად დააკვირდა და ბოლოს, ცალი ხელით შეანჯღრია კიდეც.
-რა გჭირს? შენ რა, ტირი?
-თავი დამანებე -მაშინვე აუქნია ხელი გოგონამ
-თუ გინდა, საბავშვო ბაღში წაგიყვან -აშკარად გაამხიარულა ვინკლერი ასეთმა რეაქციამ, თუმცა როცა ტირილი კვლავაც არ შეწყდა, თავის საქციელზე ოდნავ ჩაფიქრდა. ახსოვდა, თუ როგორ წერდა ერთი პერიოდი, ბავშვობაში დღიურებს, მიხვდა რა საშინელი გრძნობა იყო, როდესაც შენს პირად სამყაროში იჭრებოდნენ და თავისი თავი, თვითონვე გაამტყუვნა -ბევრი არაფერი წამიკითხავს, შეწყვიტე ტირილი. ახლა ამის დრო არაა
-შეგიძლია ორი წუთით მანქანიდან გადახვიდე? მარტო მინდა დარჩენა -ისეთი საცოდავი ხმით თქვა ლერამ, რომ უგრძნობი ლოდიც კი ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას
-ნუ სულელობ! ნახე გარეთ რა ხდება, ლამისაა ცა ჩამოიქცეს
-გთხოვ, ჯეისონ -ამჯერად, ცრემლიანი თვალებით ახედა გოგონამ. იმდენად დიდი ემოცია ჩადო ამ გამოხვედვაში, რომ ჯეისონს ლამის სულში ჩაუძვრა, ყველა ორგანო გაიარა და ბოლო რამდენიმე წუთის მანძილზე, უკვე მეორედ მიახვედრა, რომ ამის გაკეთება არ ღირდა
-კარგი, ოღონდ ეცადე, მარტო ყოფნით ტკბობა, დიდხანს არ გაგიგრძელდეს -თან სვლას ანელებდა, თან ელაპარაკებოდა -რატომღაც გული მიგრძნობს, რომ დღეს ფილტვების ანთება არ ამცდება
-გმადლობ, ჯეისონ. ეს ახლა მართლა მჭირდება
ვინკლერმა უბრალოდ თავი დაუქნია. გადაწყვიტა მანქანის გზიდან გადაყვანის შემდეგ, ძრავა ჩართული დაეტოვებინა. დარწმუნებული იყო, რომ ლერა მალევე მორჩებოდა თავის დრამებს.
"ქალები და მათი სენტიმენტები" -ბოლოჯერ გაუელვა თავში, უკმაყოფილების ფრაზამ და თბილი სალონიდან სიცივითა და წვიმით გაჟღენთილ სამყაროში გადაინაცვლა.
კარის დახურვა და ლერას თავის წამოწევა ერთი იყო. გოგონამ, მაშინვე მოიწმინდა სახიდან ყალბი ცრემლები, მესაჭის ადგილას გადაძვრა და მანქანიდან ათიოდე ნაბიჯში მყოფ ჯეისონს, ირონიული მზერა მოატარა.
მამაკაცი უკვე საშინლად დასველებულიყო და მისგან ზურგით, ერთ-ერთი ნაძვის წინ ჩამომდგარიყო. კამყოფილების ტალღები, კვლავ უწინდებურად აზვირთდა ლერას გონებაში. იმდენად იყო აჟიტირებული, რომ შესძლებოდა, საკუთარ ტვინსაც კი, აკოცებდა.
-გაები არა, ვინკლერ? ნამდვილი იდიოტი ხარ -ჩაილაპარაკა გოგონამ მისი მისამართით, გაზის პედალს დააწვა, ცალი ხელი საჭეს მოხვია, მეორე კი, იმ წამს ჩამოწეული ფანჯრიდან ჯეისონს დაუქნია
-ეი, ვინკლერ -წამებში მობრუნებულმა მზერამ, რომელიც მამაკაცისგან წამოვიდა, უფრო მეტად გაამხიარულა -ახლა ძალიან მაგონებ ერთ იდიოტს, რომელიც ქალმა გააცურა. სანამ ნამდვილი და ყალბი ცრემლების გარჩევას ვერ ისწავლი, მანამდე ასეთ უიღბლოდ დარჩები . . . აბა, შეხვედრამდე წვიმის კაცო. Adios !
სანამ მამაკაცი ლერას სიტყვების და მოქმედების გადახარშვას მოასწრებდა, გოგონამ მას აკრძალული თითი დაანახა, თვალი გამარჯვებულის მზერით ჩაუკრა და ისე სწრაფად გააქროლა ვინკლერის ოთხფეხა მეგობარი, რომ მისმა პატრონმა, უკან დადევნებაც კი ვერ მოასწრო.
აი, ამას კი არ ელოდა ჯეისონი. ჯერ გაეღიმა ლერას საქციელზე, თუმცა საკუთარი მდგომარეობის ბოლომდე გააზრების შემდეგ, იმოდენა ბრაზის ცეცხლმა შეიპყრო, რომ სურვილის შემთხვევაში, მთელ დედამიწასაც კი გადაწვავდა. რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ამ გზით წამოსვლა? უკვე რამდენი ხანი იყო მოდიოდნენ და ერთი მანქანაც არ შეხვედრიათ. იქნებ, საერთოდ არავის გამოევლო, რათა წაყვანა ეთხოვა და აქვე დარჩენილიყო? არც მობილური ჰქონდა, რომ ვინმესთვის დაერეკა. იგი, სხვა ყველაფერთან ერთად მანქანაში დარჩა.
ყოველმხრივ გამოუვალ სიტუაციას, ისიც ემატებოდა, რომ გარეთ საშინლად ციოდა და ვინკლერს, ბოლომდე დასველებული ტანსაცმელი, უკვე შემაწუხებლად ეკვროდა სხეულზე. ყველაზე მეტად, სწორედ ეს შეგრძნება აღიზიანებდა, თუმცა არც გახდა შეეძლო. ასეთ შემთხვევაში საბოლოოდ გაიყინებოდა.
-მოგკლავ, ლერა ნიკოლსონ! ამჯერად, ვერ გადამირჩები. ნამდვილად მოგკლავ! -წვიმისგან დასველებულ ტრასაზე, სადაც ცოტა ხნის წინ თავისმა მანქანამ ჩაუქროლა, სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა ჯეისონი. სიცივის შეგრძნება მხოლოდ იმ შინაგანი მხურვალებით გადაჰქონდა, რასაც მასში ჩაბუდებული მრისხანება აგრძნობინებდა.
გარკვეული დროის შემდეგ, რაც ტრასაზე მიაბიჯებდა და მისი სიარულის სიჩქარეს, წინიდან მონაქროლი ძლიერი ქარი ებრძოდა, ახალმა პრობლემამ იჩინა თავი- წვიმისგან და ყინვისგან, უკვე მოჩვენებები დაეწყო. აშკარად მკაფიოდ ჩაესმოდა, თუ როგორ იძახდა ვიღაც მის სახელს, თუმცა ყურადღებას არ აქცევდა. გაგონილი ჰქონდა, რომ წვიმის და ქარის ერთდროული ტანდემის დროს შესაძლებელი იყო გონებას გარკვეული ხმები სხვანაირად აღექვა და განსხვავებული ფორმით გაეგონა.
თითქოს სრული „ბედნიერებისთვის“ ეს საკმარისი არ იყოო, რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ, ახლა რაღაც სილუეტიც დალანდა მისგან რამოდენიმე მეტრში, რომელიც აშკარად მორბოდა და თან მთელ ხმაზე მის სახელს ყვიროდა.
ჯეისონმა წვიმისგან დასველებულ თვალებში, რომელზეც უკვე ბინდი გადაკვროდა, ხელის გულები ამოისვა და მორბენალი სილუეტი ამჯერად, უფრო უკეთ დაინახა.
-ჯეისონ!!! -გაისმა კიდევ ერთხელ. ხმა უკვე, ნაცნობად ჟღერდა. რამდენიმე წამში, გამოსახულებაც იმდენად შესამჩნევად გამოიკვეთა, რომ ჯეისონს, თავის პირვანდელ მოსაზრებაში, რის მიხედვითაც ყველაფერი ეჩვენებოდა, მაშინვე ეჭვი შეეპარა.
-ყვირილისგან ხმა ჩამიწყდა, რატომ არ მაგონებ?
-ლერა? -უფრო მეტად მიახლოვებამ დაარწმუნა, რომ ნამდვილად ის იყო. რა თქმა უნდა, ახლაც ბუნებრივი რეაქცია გამოამჟღავნა, არ დაუწყია გამოკითხვა იქ რას აკეთებდა ან რატომ დაბრუნდა, გაცეცხლებული, პირდაპირ მკლავში ეცა და ახლოს მიიზიდა.
წვიმა კვლავ კოკისპირულად ექცეოდათ თავზე. ამჯერად, ორივე თავიდან ბოლომდე იყო სველი, ხოლო ქარი და ცის ცრემლები, უწინდებურად არ აპირებდნენ თავისი ერთობლივი ძალაუფლების დათმობას
-იცი, ახლა რას გიზამ ამ სულელური საქციელისთვის?
-სანამ რამეს მიზამ, გეტყვი, რომ მანქანა გაფუჭდა. აქვე, ორიოდე მეტრში აყენია -ცდილობდა, წვიმის გამო ხმამაღლა ელაპარაკა -უეცრად, რაღაც კატის ჩხავილის მაგვარი ხმები გამოსცა და ერთ ადგილას გაჩერდა. არ ვიცი, რა სჭირს, ასეთ რამებში ვერ ვერკვევი, წამოდი იქნებ შენ გაუგო რამე
-კარგად მომისმინე! -საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად აუწია მამაკაცმა -ახლა მანქანას მივხედავ, მაგრამ არ იფიქრო, რომ რაც გააკეთე დამავიწყდა! შენ მერე მოგივლი, როგორც საჭიროა!
-იქნებ მაპატიო? -უკან აედევნა იგი წინ წასულ ვინკლერს, თან თვალები საყვარლად ააფახულა
-მაგაზე არც იფიქრო!
-შეიძლება სასჯელი მე ავირჩიო?
-მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მეც მომეწონება -მოკლედ მოუჭრა, თან ნაბიჯს აუჩქარა. წვიმა გადაღებას კვლავაც არ აპირებდა. გზაზე წყლის ნაკადი ნიაღვარად მოედინებოდა და ჰაერში სველი წიწვების სურნელი იყო გაბნეული
-დასაწყისისთვის, ერთი რამ მითხარი. დღიურის ის ნაწილიც წაიკითხე, სადაც შენს შესახებ მეწერა?
-აჰა, ესე იგი მეც დამეთმო შენი ჩანაწერების რამოდენიმე გვერდი? -გვერდულად გახედა ჯეისონმა და სველი თმის კულულზე, თითი ირონიულად გაჰკრა -ცუდია, რომ ეგ ნაწილი გამოვტოვე
-ეგ, რომ არ გამოგეტოვებინა, შენი ცხოვრების დარჩენილ წლებს გამოტოვებდი -მუქარასავით გამოუვიდა, შემდეგ კი, სახეზე კვლავ ისეთივე გამომეტყველება დაიბრუნა, რაც ცოტა ხნის წინ ჰქონდა -თუ მანქანის გაკეთება ვერ შევძელით, რა უნდა ვქვნათ? მე მობილური თან არ მაქვს, რათა სადმე დავრეკოთ. განყოფილებაში, რომ წავედი, შენს სახლში დავტოვე
-არა უშავს, ჩემი ტელეფონი ადგილზეა -მიუგო და სწორედ იმ დროს, თავის უძრავად გაჩერებული მანქანაც დაინახა, ვინკლერმა
-შენი აზრით, შეძლებ შეკეთებას?
-კაპოტს ვერ ავხდი, შიგნით ყველაფერი დასველდება. ვცდი როგორმე დავქოქო
ორივენი სალონში ჩასხდნენ. ვინკლერმა, მაშინვე ძრავა აამუშავა და გაზის პედალს ფეხი დააჭირა, თუმცა ავტომობილი ადგილიდან დაძვრას ჯიუტად არ აპირებდა.
კიდევ რამდენჯერმე სცადა იგივე. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დიდი ძალისხმევით აწვებოდა გაზს იმის იმედით, რომ მანქანა ადგილს მოწყდებოდა, მაგრამ შედეგი კვლავაც იგივე იყო- ისევ ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიდნენ.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! -საჭეს, ხელი გაბრაზებულმა დასცხო მამაკაცმა -ასე არასდროს დამართნია -მერე ტელეფონს დასწვდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, ლეონთან დაერეკა, რათა მძღოლის გამოგზავნა ეთხოვა სათადარიგო მანქანით, თუმცა აქაც იღბალმა უმტყუვნა. ბატარეა ბოლომდე იყო დაცლილი და ელემენტის ცარიელი ნიშნულის შუაში, წითელი ფერის ძახილის ნიშანი, გამაფრთხილებლად ჩამჯდარიყო.
-დამჯდარია, არა?
-ლერა გაჩუმდი, თორემ მთელ ჯავრს შენზე ვიყრი!
-რატომ მიყვირი? -არ დაუთმო და თავადაც შეუტია -ჩემი ბრალია შენი მანქანა, რომ ნამდვილი ჯაბახანაა და ყველაზე საჭირო მომენტებში, უვარგისი ანტიპერსპირანტივით გღალატობს?
-შენი ბრალი იცი რა არის? ის, რომ ნამდვილი შეშლილივით იქცევი! ჩემი წვიმაში დატოვება, შენი საცოდავი ტვინის რომელ ნახევარსფეროს მოაფიქრდა?
-დღიურისთვის თავი დაგენებებინა და ახლა ნაგავსაყრელის კატასავით გაწუწული არ ივლიდი!
-ჰო, არა? -ბრაზით დაკვესებულმა შავმა სფეროებმა, ლერას თითქოს უხილავი ხანჯლები გაუყარეს -მოიცა, გავიხსენო ის ამაღელვებელი მონაკვეთი, სადაც შენგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ვიწექი ჯაკუზში, სასმელისგან ჩაძინებული და ჩემს კისერზე მფეთქავი ლურჯი ძარღვი აღგაგზნებდა. ის, რომ ჩემი ტუჩების შეხება და მათი დაგემოვნება გინდოდა. კიდევ გავიხსენო რამე?
-ესე იგი, წაიკითხე, არა? -ცხოვრებაში პირველად, ლერას აკანკალებული ხმა გულწრფელი იყო. გოგონა ერთხანს ჩუმად იჯდა, უმოქმედო ვულკანივით. ვინკლერს ზედაც არ უყურებდა და კანში ფრჩხილებს მთელი ძალით იჭერდა. უკანასკნელ წუთამდე ეგონა, რომ ემოციებს არ აყვებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც ისე მოხდა, რომ ვეღარ მოითმინა, ნერვებმა უმტყუვნა, ფეხზე მსხვერპლს დადევნებული პანტერასავით წამოიჭრა და მამაკაცს, კისერში ორივე ხელი ჩაავლო
-მოგკლავ შე ! ვერ გადამირჩები! რა უფლებით იქექებოდი ჩემს ნივთებში?! ვინ მოგცა ამის ნება? -ხმას ვერ აკონტროლებდა ლერა და იმ მაჯების განთავისუფლებას ცდილობდა, რომელიც ვინკლერს უკვე თავისი თითებით ჰქონდა დაჭერილი -ახლავე მომაშორე ეგ ბინძური ხელები!
-კარგი, მაგრამ სანამ ამას ვიზამ, შენი სურვილები უნდა ავასრულო
-რას ბოდავ? რომელი სურვილები? -ზიზღით გამოსცრა კბილებს შორის გოგონამ, თან მის მკლავებში კიდევ ერთხელ აფართხალდა
-საშუალება უნდა მოგცე, ჩემი ტუჩები დააგემოვნო. სხვათა შორის, დღეს აქცია მაქვს, შეეხეთ ერთხელ და მიიღეთ მეორე შეხება უფასოდ. რაღას უცდი, მე მზად ვარ -ქვედა ტუჩზე ვნებიანად იკბინა ჯეისონმა, თანაც ისე, რომ ლერას მრისახანებაჩამდგარი თვალებისთვის მზერა წამითაც არ მოუშორებია
-მაგ ტუჩებზე თუ შეგეხე, ისე მწარედ გიკბენ, რომ მთელი ცხოვრება ქალის კოცნა ვეღარ შეძლო! -გესლიანად გაიჟღერა მისმა ტონმა. თავის განთავისუფლებას უკვე აღარ ცდილობდა, თუმცა ვერ გაერკვია ეს უიმედობის გამო ხდებოდა, თუ ვინკლერის გამოხედვის, რომელიც როგორც ადრე, ახლაც სულის ყველაზე ღრმა ადგილებში აღწევდა
-ქალის კოცნა? -მოგუდული ხმით ჩაეკითხა მამაკაცი -ბოლოს, ქალს ცამეტი წლის წინ ვაკოცე
-ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა?
ჯეისონმა თავი გადააქნია.
-ეს ხუმრობა არ არის. ქალთან ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ მათ არასდროს ვკოცნი. აი, შენნაირ ველურს კი, გამოგიტყდები, სიამოვნებით მოვსვამდი თავის ადგილას ამ ტუჩებით -ჯეისონს, ხმასთან ერთად, გამოხედვაც შეეცვალა. აღარ იყო მასში არც სარკაზმი, არც ბრაზი. მხოლოდ ვნება რჩებოდა. ვნება, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ თავის სხეულში უკვე ვეღარ ატევდა -ლამაზი ტუჩები გაქვს, ლერა
-მაგრამ ცამეტი წელია ქალისთვის არ გიკოცნია -აკანკალებული ხმის დაფარვას, ყველანაირად ცდილობდა. ვერ იტანდა თავის თავს. ახლა ყველაზე მეტად ვერ იტანდა, რადგან ვინკლერთან სუსტი ხდებოდა. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელთანაც ასე უსუსურად გრძნობდა თავს და სწორედ ამიტომ ეზიზღებოდა ასე ძალიან. ეზიზღებოდა, იმიტომ, რომ მასთან ახლოს ყოფნისას, თავს ვერაფერს უხერხებდა, უნდოდა შეხებოდა, ჯეისონის სურნელი და სითბო ეგრძნო. იცოდა, რომ ნამდვილი სიგიჟე იყო ეს ყველაფერი, თუმცა ვერ ებრძოდა. არ შეეძლო. . . მასთან არ შეეძლო . . .
-ცამეტი წელი დიდი დროა, არა? -ჯერ თითებით მოსინჯა მისი ბაგეები. სიამოვნებას იხანგრძლივებდა და ლერას ცხელი სუნთქვით ტკბებოდა, რომელიც მთელ სახეზე ეფრქვეოდა. იმ დღეს, უკვე მეორედ გადაისვა გოგონა თავის კალთაში. ამჯერად, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ლერა, სფინქსივით მშვიდად იჯდა მამაკაცის კალთაში, გამჭოლ მზერას არ აშორებდა და თავის ტუჩებზე მოძრავ ჯეისონის ცივ თითებს, რომლებიც იმაზე მეტად უწვავდა კანს ვიდრე ცხელი ნაკვერჩხალი, ალაგ-ალაგ დახედავდა ხოლმე
-შენს მიმართ ლტოლვა, რომ მაქვს ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამით განსაკუთრებული ხარ, ჯეისონ -ბოლომდე მაინც არ დაკარგა თავის სიამაყე -მგონი ეს ნორმალურია, უკვე სამი თვეა არავინ მყოლია
-მართლა? არადა, რამდენიმე დღის წინ შენი ბოიფრენდის პერანგში გამოწყობილი გამომეცხადე უზომოდ ნასიამოვნები სახით. რაღაც მეეჭვება, რომ იჯექით და მხოლოდ ვიდეო-თამაშებით ერთობოდით
-აი, ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის! გამიშვი და ჩემთან მოკარება არასდროს გაბედო, გაიგე? შენს კახპებში არ აგერიო, ვინკლერ!
-ახლა მივხვდი, როგორიც ხარ -ნიკაპი, ცერა და საჩვენებელი თითით დაუჭირა -რაც ყველაზე ძალიან გსურს და გეშინია, სხვა რამეში არ გადაიზარდოს, იმაზე მუდამ უარს ამბობ -დამაჯერებელი ხმით დაასკვნა მამაკაცმა -შენთვის, რომ უბრალოდ ლტოლვის საგანს წარმოვადგენდე, ჟინს ახლავე დაიკმაყოფილებდი, მაგრამ გეშინია. იცი, რატომ? იმიტომ, რომ იმაზე მეტად გინდივარ, ვიდრე ნებისმიერი მამაკაცი მოგინდებოდა, იმიტომ, რომ სხვა დანარჩენზე შენ დღიურში არაფერი ეწერა, მე კი, მთელი ორი გვერდი დამითმე საკუთარი განცდების ჩასაცხრობად, რომლის მხოლოდ ფურცელზე გადატანა შეგეძლო . . .
-და შენ? -გააწყვეტინა ლერამ -რატომ მოგინდა მაინცდამაინც ჩემი კოცნა, თუ ამას სხვა ქალებთან არ აკეთებ?
-მაგით რისი თქმა გინდა? -თავი აარიდა პასუხს ვინკლერმა. არა იმიტომ, რომ სიმართლის თქმა არ უნდოდა, არამედ, თავადაც არ იცოდა რაში მდგომარეობდა ეს უკანაკსნელი
-იმის, რომ კარგად იცი, ჩემგან კოცნის მეტს, ვერაფერს ეღირსები და ბოლო იმედს ეჭიდები. ჩემზე ოცნებაში სული ამოგხდება ჯეისონ ვინკლერ -კბილებს შორის გამოსცრა გოგონამ, მისი ხელებიდან თავი საბოლოოდ გაითავისუფლა, თავის სავარძელში გადაძვრა და მუხლებაში მოხრილ ფეხებს, ხელები მაგრად შემოაჭდო.
ჯეისონის მკლავებიდან დახსნილმა, აშკარა სიცივე იგრძნო. სველი ტანსაცმელი, იმდენად გამაღიზიანებლად ეკრობოდა ტანზე, რომ ახლა მის გახდაზე მეტად არაფერი უნდოდა, თუმცა კარგად ახსოვდა სად იჯდა და ვის მანქანაში, ამიტომ ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
-ამ ადგილებში ადრეც ვარ ნამყოფი -მოუდლონელად განაახლა საუბარი ვინკლერმა -რამდენიმე მეტრში, ერთი პატარა ქოხი დგას, დამსვენებლები მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობენ. თუ იქამდე მივალთ, რაიმე ტანსაცმელიც იქნება და გამოცვლასაც შევძლებთ
-გზა მთლიანად ატალახებულია, ტალახში სიარულს კი ვერ ვიტან -ცხვირი აიბზუა ლერამ. გულზე მოეშვა, რომ წინანდელი საუბარი დამთავრდა და ემოციებიც ოდნავ ჩაცხრა, თორემ უკვე ისე ხურდა, როგორც გაზქურაზე დადგმული ჩაიდანი
-მე ასე ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებ, მშრალი ტანსაცმელი მჭირდება. თუ აქ დარჩენა გინდა, შენი ნებაა, დარჩი
-მოიცა, მოიცა -მკლავში ხელი ჩაავლო ჯეისონს, გოგონამ -ჩემს აქ დატოვებას აპირებ?
-თავად თქვი, რომ ტალახში სიარული არ შეგიძლია
-მაგრამ შემიძლია მოვიფიქრო, როგორ გადავჭრა ეს პრობლემა -კმაყოფილების ღიმილი აუთამაშდა სახეზე ლერას და ერთმანეთში გადაჭდობილი, თითები სიამოვნებისგან გაატკაცუნა.
ამ მომენტიდან ათ წუთში, ტყის საგრძნობლად ატალახებულ სიღმეში, ჯეისონი უკვე ნელი სვლით მიაბიჯებდა, ხოლო მის ზურგზე, ლერა კალიასავით მომხტარიყო და ფეხები, მამაკაცის წელზე მაგრად ჰქონდა შემოხვეული. წვიმის შხეფები, ამჯერად, შედარებით ნაკლებად ასხამდა ნაცრისფერი, გაცრეცილი ციდან, ჰაერში კი, სველი წიწვების და სიგრილის სურნელი ერთდროულად ტრიალებდა.
-ნუ ცმუკავ და მშვიდად იყავი, თორემ ტალახში ჩაგაგდებ! -ბოლოს, ვეღარ აიტანა ლერას მოუსვენრობა და გაბრაზებით გააბრუნა თავი უკან, ვინკლერმა
-რას ნიშნავს ჩამაგდებ? ძვირფას ტვირთს, პატივის ცემით მოექეცი
-და ძვირფასი ტვირთში ვის გულისხმობ? არ მითხრა, რომ შენს თავს
-რა თქმა უნდა, აბა სხვა ვინ უნდა ვიგულისხმო? -ხელოვნურად გაიოცა მან -მალე მივალთ იმ ქოხამდე?
-კი!
-კიდევ ერთი კითხვა მაქვს
-ლერა, მოკეტავ ბოლოს და ბოლოს თუ, არა?! -ჯეისონის ხმამაღალი ტონი, თითქოს მთელ ტყეში გაისმა -ისედაც ამდენი ხანია ზურგით მოგათრევ და შენი ლაყბობის მოსმენა, ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა
-მხოლოდ ის მაინტერესებს, ამ გზაზე რისთვის წამოხვედი? რადგან მეც თან წამომიყვანე, ესე იგი, ეს ყველაფერი ჩემთანაა დაკავშირებული. სრული უფლება მაქვს, ვიცოდე
ჯეისონმა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ცოტა მოშორებით, უზარმაზარი ტალახის გუბე იყო, რომელში გავლის შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, მთლიანი ფეხსაცმლით ჩაეფლობოდა.
-ახალი იარაღები უნდა მეყიდა. ორ დღეში, სერიოზულ ძარცვას ვგეგმავთ -წვიმის წვეთების გამო, მოგუდულად გაისმა ვინკლერის ხმა
-და ეს, ჩემთან რა კავშირშია? მეც უნდა მივიღო მონაწილეობა?
-უშუალოდ ძარცვაში არა. მხოლოდ ერთი რამ გევალება, რაიმე ლამაზი კაბა იყიდო, თვალისმომჭრელად გამოეწყო და იმ აუქციონზე წახვიდე, რომელზეც მე გაგიშვებ. დეტალებზე მომოგვიანებით . . .
-ვერ ვიტან აუქციონებს, მაგრამ ამაზე მეტად, შოპინგი მძულს. მე, საყიდლებზე არ წავალ -თავდაჯერებულად და ამავდროულად მკაცრად განაცხადა გოგონამ. ჯეისონი, ხმას არ იღებდა, ნელ სიარულს აგრძელებდა და დრო და დრო, დაღლილობისგან ღრმად სუნთქავდა.
-არაფერს იტყვი? სიჩუმეს ვერ ვიტან, მელაპარაკე
-კაბას ლეონი შეგირჩევს, შენს გემოვნებას ისედაც არ ვენდობი. იქ, ისე უნდა გამოიყურებოდე, რომ მამრობით სქესს, პირველივე დანახვაზე დაუოკებელი სურვილი აღუძრა
გზა ისევ უსაშველოდ მიიწელებოდა, წვიმა კი, როგორც ჩანს, გადაღებას არ აპირებდა.
ლერამ უფრო მოხერხებულად მოიკალათა ჯეისონის ზურგზე და მხრების მაგივრად ამჯერად კისერზე მოხვია ხელები.
-ვინმე უნდა შევაბა, არა? -იკითხა ბოლოს. მისდა გასაოცრად, ამჯერად, მოპასუხე მხარეს არ დაუგვიანია
-თეორიულად ეგრეა, მაგრამ მასთან არაფერი გექნება. მხოლოდ ის გევალება, რომ შენი მაცდური ქცევებით, წვეულებიდან ადრე წაიყვანო, ჩემს მიერ მოცემულ მისამართზე მიიყვანო და სასმელი შესთავაზო. დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ
-ვინ თქვენ? -დაინტერესდა გოგონა
-ძალიან ბევრ კითხვას სვამ, ლერა. თავის დროზე ყველაფერს გაიგებ . . . აი, მგონი მოვაღწიეთ -თავით, მწვანე ხეებს შორის ჩაფლულ, პატარა, ხის ფიცრულზე ანიშნა.
სახლის წინ იმაზე ორჯერ უფრო დიდი ტალახის გუბე იყო, ვიდრე წინა ჯერზე, თუმცა ვინკლერს, ამჯერად, ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ისედაც საკმაოზე მეტად იყო ამოსვრილი. სწორედ ამიტომ, ლერას ფეხები, წელზე უფრო მაგრად შემოიხვია და გზა, უწინდებურად განაგრძო.
ტალახში ნაბიჯების გადადგმა ძალიან ჭირდა. ფეხსაცმლის ძირებზე აკრული სველი, წებოვანი მიწა, სიარულს საგრძნობლად უშლიდა. მიუხედავად ამისა, მაინც არ ჩერდებოდა და წინ, ჯიუტად მიიწევდა.
მართლაც, რომ დიდი გაჭირვებით მიაღწია გუბის შუამდე. ცოტაც და უკვე სახლში იქნებოდნენ, მშრალ ტანსაცმელს ჩაიცვამდნენ და ცოტას დაისვენებდნენ. იქნებ სადმე Power Bank-იც ეპოვათ, რათა ტელეფონის დატენვა და დარეკვა შესძლებოდათ? მხოლოდ ამ გზით თუ მოახერხებდნენ რამეს, რადგან ასეთ პატარა, მიყრუებულ ქოხში, სავარაუდოდ ელექტროობა გაყვანილი არ უნდა ყოფილიყო.
კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ვინკლერმა. ლერას თავს, უკვე საკუთარ მხარზე გრძნობდა. გოგონას იმდენად ეზიზღებოდა ტალახიანი მიწა, რომ მისი დანახვაც კი არ შეეძლო, ამიტომ, ჯეისონის ბეჭზე თავჩამოდებული ცდილობდა ქვემოთ გამეფებული სიბინძურისთვის არ ეყურებინა
-მალე შევალთ?
-ცოტა დამრჩა, გაჩუმდი! -ტალახის გუბეში გაჭედილ ფეხს, მარჯვენა ხელიც დაახმარა ვინკლერმა და ძლივსძლივობით ამოსწია. ახლა მეორე ფეხის ჯერიც დადგა. აქ, შედარებით უფრო რთულად იყო საქმე. სიტუაციას მის ზურგზე შემომჯდარი ტვირთიც ართულებდა, ამიტომ მამაკაცმა ორმაგი ძალა მოიკრიბა, მარცხენა ფეხს ორივე ხელი ჩაავლო და დიდი გაჭირვებით, როგორღაც ამოსწია კიდეც, თუმცა ამ წარმატებამ, სიტუაცია გაუმჯობესების მაგივრად, უფრო გაამწვავა. ძლიერი ინერციის გამო, რაც ტალახში ღრმად ჩაფლული ფეხის ზემოთ ამოწევამ გამოიწვია, ჯეისონმა თავი ვეღარ შეიმაგრა, მოულოდნელად გვერდზე გადაქანდა და სულ მალე, ისიც და მისი ტვირთიც, ტალახის გუბეში საცოდავად ცურაობდნენ.
ეს ყველაფერი, იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ ვერც ერთმა, ვერ მოასწრო სიტუაციის ბოლომდე გააზრება, თუმცა როდესაც ერთმანეთის ტალახში ამოსვრილ სხეულებს მოჰკრეს თვალი, ყველაფერი მაშინვე ნათელი გახდა.
-ჯანდაბა, რა გამოუსადეგარი ხარ, ვინკლერ! -გული აერია თავისი ამოსვრილი ტანსაცმლისა და ხელების დანახვაზე გოგონას. თავის მხრივ, არც მამაკაცი იყო უკეთეს დღეში. შალის, თეთრი სვიტერის ცალი მკლავი მთლიანად გაშავებულიყო, ხოლო შარვალი, ბევრად უარესად გამოიყურებოდა, ვიდრე ზედატანი -სახლამდე მოხვედი და მაინცდამაინც მის წინ მოგინდა ტალახის აბაზანის მიღება. ბრავო, გენიალურია!
ჯეისონი, ხელის გულებით დაეყრდნო ატალახებულ მიწას და ფეხზე გაჭირვებით წამოდგა.
-ჩემს მსგავსად, რომ მთელი გზა ზურგით უფუნქციო ხორცის ნაჭერი გეთრია, მაგ აბაზანებს, ბევრად უფრო ადრე მიიღებდი
-ვერ ვიტან, როდესაც ჩემზე ასე ლაპარაკობ! -ლერამ კბილები ბრაზით დააჭირა ერთმანეთს, ვინკლერის ხელს მისწვდა, მაგრად მოქაჩა და მისი კვლავ ტალახის გუბეში ჩაგდების შემდეგ, მამაკაცს ზემოდან გადააჯდა
-ახლა, მე ქოხში შევალ და მოვწესრიგდები, შენ კი, სანამ გამოცვლას არ დავასრულებ, იცოდე ფეხის შემოდგმა არ გაბედო! -ფაქტობრივად, დამარცვლით უთხრა, გაყინულ ტუჩებზე თითები ნაზად გადაუსვა და სახლისკენ ისე მოკურცხლა, რომ უკან, ერთხელაც არ მოუხედავს.








12 თავი
თეთრი ვერტმფრენი, თოვლის თხელი ფენით დაფარული ცათამრჯენის ფართედ გაშლილ სახურავზე შემაწუხებელი ხმაურით დაეშვა, ხოლო მისი პროპელერიდან მონაქროლმა ქარის ძლიერმა ნაკადმა, შოირიახლოს, სავაჭრო ცენტრის ვიტრინასთან გამომზეურებული მანეკენივით გაუნძრევლად მდგომ პიროვნებას, საგულდაგულოდ გადავარცხნილი, ჩალისფერი თმა აუფრიალა.
მოსაღამობულიყო. მზე ნელ-ნელა აფერმკრთალებდა თავის ოქროსფერ სინათლეს, რათა კაბადონზე, იდუმალი სიბნელისთვის დაეთმო საპატიო ადგილი. ახალ ნაწვიმარ, ჯერ კიდევ მოღრუბლულ ცას, უღიმღამო კვამლისფერი დაკრავდა, სუსხიანი ქარი კი, უწინდებურად აგრძელებდა ქალაქზე ბატონობას.
ჩალისფერთმიანი კაცი, კვლავ გაუნძრევლად იდგა. ამჯერად, მოაჯირის კიდეს ზურგით იყო მიყრდნობილი, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ვეტმფრენის მარჯვენა კარს, რომლის ფანჯრიდანაც შავებში ჩაცმული პილოტი და სათვალეებიანი მამაკაცი იკვეთებოდნენ, გამჭოლ მზერას არ აშორებდა.
პილოტს, თავზე, ტრადიციულად, მიკროფონმიმაგრებული ყურსასმენები ჰქონდა ჩამოფხატული, ტუჩების მოძრაობის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით რაღაცას ლაპარაკობდა, მის საუბართან ერთად კი, ვერტმფრენის თავზე დამაგრებული პროპელერის ტრიალის სიჩქარე, თანდათანობით ნელდებოდა.
ფაქტობრივად ჭიანჭველებივით აჩნდნენ მიწას უზარმაზარი შენობის სახურავიდან, ქვემოთ მოსიარულე ადამიანები და მანქანები. ზემოთ, მხოლოდ გაბმული სიგნალების ხმა აღწევდა, თუმცა ისიც იმდენად სუსტად, რომ მხოლოდ სმენის საგულდაგულოდ დაძაბვით იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის გაგება. ქალაქი, უწინდებურად აყოლოდა თავის რიტმს, ცამდე ატყორცნილი შენობები, თითქოს, ერთმანეთს სიმაღლეში გაზრდაში ეჯიბრებოდნენ, ქალაქის ქუჩებში კი, ნელ-ნელა ინთებოდა ღამის სიბნელესთან მებრძოლი ლამპიონები, გზებსა და მაგისტრალებს დაუსრულებელი ხეივანივით რომ გასდევდნენ.
და, აი, სანატრელი მომენტიც დადგა, საჰაერო ტრასნპორტის თავზე დატრიალებულმა პროპელერმა, ბოლოს და ბოლოს, შემაწუხებელი ბრუნვა შეწყვიტა. ხმაური, უკვალოდ გაქრა, თითქოს არც არასდროს ყოფილაო.
რკინის მოაჯირს იდაყვებით დაყრდნობილმა კაცმა, ამჯერად უკვე ნათლად დაინახა, თუ როგორ სწრაფად გაიღო ერთ-ერთი კარი, რომელიც პილოტის გვერდით მჯდომ მგზავრს ეკუთვნოდა და იქიდან, ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა, კისერზე გაურკვეველი მნიშვნელობის ნახატით. საშუალო სიმაღლის იყო, მუქი ფერის თმა, შუაში ოდნავ გაყოფილი ნიკაპი, კეხიანი ცხვირი და სახეზე, თვალის ქვეშ დარჩენილი გაუფერულებული ნაიარევი ჰქონდა.
პირველივე შეხედვიდან, აშკარად შეიმჩნეოდა, რომ საკმაოდ გემოვნებიანი, დახვეწილი ჩაცმის სტილის მქონე ადამიანი გახლდათ. ამჯერად, კლასიკურ სტილში შემოსილიყო. თეთრი პერანგი, შავი შარვალი და მასზე მოცმული სახელოებგადაკეცილი კოსტიუმი, ტანზე ლამაზად მოდგომოდა, ხოლო შეკრული წარბებითა და მკაცრი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით, მის გულში, დიდ ბრაზს ჩაებუდებინა.
-დანილა ნორტონ! როგორც იქნა -ხელგაშლილი გაემართა მისკენ მოაჯირთან მდგომი კაცი და მიახლოებისას, მხარზე ხელი მეგობრულად დაკრა -მეგონა, პირდაპირ ნიუ-იორკის აეროპორტში დაფრინდებოდი და ვაპირებდი, სწორედ იქ დაგხვედროდი
მამაკაცმა მზის სათვალე მოიხსნა, ჯერ ხელში შეათამაშა, შემდეგ კი, დაკეცა და გულის ჯიბეზე მოხერხებულად დაიბნია. მხოლოდ ამის მერე გაახსენდა თავის წინ მდგომი ადამიანი და თვალი, თვალში ამაყად გაუყარა.
-სიეტლში რაღაც საქმეები მქონდა, ბილ -ლაკონური პასუხით შემოიფარგლა იგი- აბა, როგორაა საქმეები? ვინკლერი უკვე მელოდება?
ქარმა უწინდებურად სუსხიანად დაუბერა. ჰაერი, სიცივის სურნელით გაიჟღინთა, რაც უკვე თითოეულ კუთხე-კუნჭულში იგრძნობოდა.
-მან, შენი არსებობის შესახებ არაფერი იცის, დანილა, რაც შენსავე წისქვილზე ასხამს წყალს -ზედმეტად კმაყოფილი გამომეტყველებით გაეპასუხა ჩალისფერთმიანი, თან, პარალელურად, ვეტმფრენში მჯდომ პილოტს გადახედა. იგი, იჯდა, ერთ წერტილს თვალმოუშორებლად უყურებდა და მოთმინებით ელოდა, როდის შეივსებოდა მისი გვერდითა სავარძელი, რათა კვლავ ჰაერში აფრენილიყო -შეგიძლია თავისუფლად იყო და მამაშენის და შენი დების მკვლელს, საკადრისი პასუხი მოსთხოვო
-აქ სწორედ ამიტომაც ვარ, ბილ -ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია მან, თან ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მოაჯირს, საიდანაც ქალაქის ხედი, ხელის გულივით იშლებოდა -თუმცა, ვინკლერის დაჭერა ასე მარტივი არაა. ვინმე ისეთი მჭირდება, ვინც იმ ნაძირალასთვის ძვირფასია, რათა მისავე წინააღმდეგ გამოვიყენო. საერთოდ, ჰყავს ასეთი ადამიანი?
-ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ არც მაგის გაგება გამიჭირდება. თითოეულ ადამიანს აქვს სუსტი წერტილი, რომელში დარტყმაც ყველაზე მეტად ეტკინება. არც ვინკლერი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი -იმედიანი ხმით მიუგო კაცმა და დაინახა თუ როგორ მაგრად დააჭირა მოაჯირზე გადაყუდებულმა დანილამ კბილები ერთმანეთს. მისი თვალების მიღმა იმოდენა ტკივილი და ბრაზი იკითხებოდა, რომ ამის შემჩნევა ერთი შეხედვითაც შეიძლებოდა.
ნელა, თითქმის დედამიწის ბრუნვის სიჩქარით შემოტრიალდა იგი, ერთხანს თანამოსაუბრეს უმეტყველო მზერით უყურა, შემდეგ კი, სახეზე იდუმალი გამომეტყველება გამოესახა და სიცივით გაჟღენთილ ჰაერში, შემდეგი სიტყვები გაისმა :- მაგ ნაბიჭვარს გაჩენის დღეს ვაწყევლინებ, ბილ! ინანებს, რომ მე გადამიკიდა მტრად, გეფიცები ინანებს.






* * *
მომცრო ზომის, ხის ფიცრულის მტვრიან ბუხარში დანთებული ცეცხლის წინ, რომელსაც საამო ტკაცუნი გაუდიოდა და სხვადასხვა ფორმის ალებს აქეთ-იქით ისროდა, ლერა გრძელ, მუხლამდე ჩამოსულ მამაკაცის სვიტერში გამოწყობილი, რბილ, ბალიშებიან სავარძელში მოკალათებულიყო, თან წყლის მრგვალი წვეთებით დანამულ, წელამდე ჩამოშლილ თმას თითებით ეთამაშებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქოხი ძალიან პატარა გახლდათ და სივრცის ნაკლებობა, მის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა, საკმაოდ გემოვნებით იყო მოწყობილი. რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, იგი, არც ელექტროგაყვანილობისა და სველი წერტილების დანაკლისს განიცდიდა, თუმცა, ამ უკანსკნელის გამო, მისაღები ოთახისთვის იმდენად პატარა სივრცე დარჩენილიყო, რომ სამი ადამიანი, იქ არსებული ჟანგბადის მარაგს, ორ საათში ამოათავებდა.
ლერამ, მოტკაცუნე ბუხრიდან, მზერა დამტვერილ ფანჯარაზე გადაიტანა, რომელსაც გარედან წვიმის პაწაწინა წვეთები ჩამოჰკიდებოდა. რომ არა, მასზე არეკლილი მკრთალი სილუეტის მზერის ფოკუსში მოხვედრა, ჯერაც არ ეცოდინებოდა, რომ ჯეისონი უკვე აბაზანიდან გამოსულიყო. ოთახის მარჯვენა კუთხეში დატნეული, ხის, პატარა კარის გაღება არც კი, გაუგია. იმდენად იყო თავის ფიქრებში ჩაფლული, რომ მხოლოდ ბუხარში შეგდებული შეშის ტკაცუნის ხმა ესმოდა და მეტი არაფერი.
ცას კვლავ, უღიმღამო კვამლისფერი გადაკრავდა . . .
ჰაერი სველი წიწვების სურნელით იყო გაჟღენთილი . . .
-მგონი, ტალახიანი, ბევრად უფრო სიმპათიური იყავი -წვიმის წვეთების წკაპუნს, ამჯერად, კიდევ ერთი ხმა შეერია -ეგ დემონური სახე, ასე აშკარადაც არ გიჩანდა
-მოკეტე, ლერა!
-კარგი, მოვკეტავ -პირზე ელვის შეკვრის იმიტაცია გააკეთა გოგონამ. გამჭვირვალე მინიდან, თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ჯეისონის რეაქციებს. მიმიკაც კი არ შესცვლია მამაკაცს, უბრალოდ სველ თმაზე ხელი გადაისვა, ბუხრისკენ უხმოდ წამოვიდა და იატაკზე დაფენილ ხალიჩაზე ჩამოჯდომის შემდეგ, ხელები ცეცხლს მიუშვირა.
ერთხანს, კიდევ იჯდნენ ასე მდუმარედ. ლერა, თვალმოუშორებლად შეჰყურებდა ალებით განათებულ ვინკლერის შავ სფეროებს, სადღაც უსასრულობაში, რომ იყურებოდნენ.
როგორი ნაცნობი იყო მისთვის ეს თვალები, თითქოს ნახევარი ცხოვრება, მათ ყურებაში გაეტარებინა. ქვეცნობიერში, ახლაც ჩარჩენილიყო ის ბუნდოვანი კადრი, თუ როგორ დაჟინებით შესცქეროდა ვიღაც, ზუსტად ასეთი ბნელი თვალებით. ხშირად, ამ ეპიზოდს სიზმრებშიც ხედავდა. თითქოს სადღაც, დათოვლილ ტყეში, ნაძვის ქვეშ იდგა და თავისთვის უცნობი ადამიანის ქვესკნელისფერ თვალებში იძირებოდა.
-რატომ სალამანდრას სვირინგი? -ფიქრის ძაფი, მოულოდნელად გაუწყვიტა უეცრად გაჟღერებულმა კითხვამ და მაშინვე, ხალიჩაზე ფეხმორთხმით ჩამომჯდარ ჯეისონს გახედა, ახლა ცეცხლის მაგივრად, უკვე მას, რომ უყურებდა. ეუცნაურა კვლავ ამ თემის წამოჭრა, თუმცა, რატომღაც გადაწყვიტა ამაზე მწარე კომენტარი არ გაეკეთებინა და ნორმალური ადამიანივით ეპასუხა :
-ისე, უბრალოდ. პირადული არაფერია -და აქ, უკვე ინტერესმა შემოუტია -რატომ მეკითხები ამაზე ამდენს? ეს ხომ, უბრალოდ სვირინგია და მეტი არაფერი?
-ისე, უბრალოდ. პირადული არაფერია -ზუსტად გაიმეორა გოგონას პასუხი, შემდეგ კი, მზერის ობიექტად, კვლავ ბუხარში მხტუნავი ალები აქცია
-აქედან, როგორ წავალთ? დარეკვაც კი, არსად შეგვიძლია. შენი ტელეფონის ელემენტს, მაინცდამაინც ახლა მოუნდა დაცლილიყო
-დამტენი მანქანაში მაქვს. ცოტა ხანში, წავალ და მოვიტან -მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა
-მე, უკეთესი აზრი მაქვს. ბატარეას, ცოტათი სითბოც მუხტავს. მიდი, შენი ტელეფონი მომეცი რაღაც უნდა ვცადო. მიდი, მიდი!
ჯეისონმა, პასუხის გაუცემლად ამოაცურა ჯიბიდან თავისი მობილური და ლერას გაუწოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რას აპირებდა, თუმცა კითხვების დასმას, მოვლენების განვითარებისთვის თვალის დევნება ამჯობინა.
-აი შეხედე. თუ ბუხართან დავდებთ, იგი მცირედი ენერგიით შეივსება -იმედიანად თქვა ლერამ და წამებში ამოღებული, ოთხკუთხედი ფორმის ელემენტი ზუსტად იმ ქვაზე დადო, რომლითაც პატარა ბუხარი იყო მოპირკეთებული -ეს მართალია, ბევრი არაფერია, მაგრამ იქამდე მაინც გაძლებს, რომ ვინმესთან დარეკო და მანქანის გამოგზავნა სთხოვო
-რაღაც, არა მგონია გაამართლოს -უნდობლად შეხედა ჯერ მას, ხოლო შემდეგ ცეცხლის პირას დაგდებულ ელემენტს
-გინდა დავნაზლევდეთ? -როდესაც კვლავ თავის სავარძელს დაუბრუნდა, გამომწვევი მზერით წააქეზა -თუ მე მოვიგებ, მაშინ ერთი ისეთი რამ უნდა გააკეთო, რასაც გეტყვი. ნებისმიერი რამ
-და თუ მე მოვიგებ?
-მაშინ პირიქით, მე უნდა შევასრულო შენი სურვილი. აბა, რას იტყვი? თანახმა ხარ? -ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა გოგონამ და როგორც კი, მამაკაცმა მას თანხმობის ნიშნად თავის მარჯვენაც შეაგება, სანაზლეოც მაშინვე ჩაიჭრა -თხუთმეტი წუთი დაველოდოთ, ვინკლერ. მანამდე, თხოვნას მოვიფიქრებ
-ბევრი არ იფიქრო, გადახურდები -ირონიულად ჩაეცინა, ბუხარში, კიდევ ერთი შეშის ნაპობი შეაგდო და ზემოდან ბენზინი გადაასხა. ცეცხლი წამებში ავარდა ზემოთ, ადუღებული ჩაიდანივით დაიშიშხინა და საამოდ აგიზგიზდა. ახალმა შეშამ, მელოდიური ტკაცუნი დაიწყო, თანაც, იმდენად მყუდრო ატმოსფერო შექმნა, რომ ლერას, სიამოვნებისგან გაეღიმა კიდეც.
აღარ ახსოვდა არც დღიურის ამბავი, არც ტალახის ორმოში კოტრიალი და არც მანქანაში, ჯეისონთან განცდილი ეპიკური მომენტები. კანში ნელ-ნელა უძვრებოდა ბუხრიდან წამოსული სითბო, რომელიც სასიამოვნოდ თენთავდა და სველ თმაზე შერჩენილ წყლის წვეთებს ნელ-ნელა უორთქლებდა.
თვალები, რომ მილულა და თავი სავარძლის საზურგეს ჩამოაყრდნო, მამაკაცი უკვე ფეხზე იდგა. ლერა, თავდაპირველად ვერ მიხვდა, თუ რას აპირებდა იგი, მაგრამ როდესაც ჯეისონი დაიხარა, ხელში ფრთხილად აიყვანა და მასთან ერთად ჩაესვენა სავარძელში, გონება შესაშური სისწრაფით აუმუშავდა. გააცნობიერა, რომ იმ წუთას, ჯეისონის კალთაში, მისავე მკლავებში მომწყვეული იჯდა, ისე, თითქოს ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენა ყოფილიყო.
-ვინკლერ, შენ, რა, ბავშვობაში დედას ხელიდან ხშირად უვარდებოდი? ახლავე გამიშვი! -გულ-მკერდზე ხელები მაგრად მიაბჯინა, რათა თავი როგორმე დაეხსნა
-ნუ ცანცარებ, ლერა სავარძელი ერთია, ჩვენ კი ორი. თუ გინდა, იატაკზე დაჯექი შენი ნებაა
-შენამდე, აქ მე ვიჯექი -პოზიციას ამჯერადაც არ თმობდა ის. ჯეისონმა, თვალები აატრიალა
-მოდი, უბრალოდ მოკეტე, კარგი?
-მეძინება, ჯეისონ, ადექი! -გრძნობდა, რომ სიტუაცია კიდევ ერთხელ ხდებოდა სახიფათო. კარგად იცოდა, რომ ლერას დამატებული ჯეისონის სიახლოვე, პოტენციურ აფეთქებას უდრიდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა სიტუაციის დაბალანსებას
-ჰოდა, დაიძინე . . .
-მეჩვენება, თუ პირდაპირ შენს მხარს მთავაზობ დასაძინებლად?
-ერთხელ ყველაფერი შეიძლება -ზედმეტად ცივი, უემოციო ხმით გაეპასუხა მამაკაცი
-კარგი, მე პრობლემა არ მაქვს -თქვა რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ. ყველანაირად ცდილობდა, რომ მისი სიახლოვის შიში, გარეგნულად არ დატყობოდა. მართლაც, მთელი არსებული და არარსებული ძალების მოკრება დასჭირდა გოგონას, რათა ეს მოეხერხებინა, ვნებები მოეთოკა და მის ბეჭზე თავი უდარდელად ჩამოედო. ასეც მოიქცა, თუმცა მხოლოდ ეს არ კმაროდა, რაღაც უნდა ეთქვა კიდეც. საუბარი, დიდი ალბათობით, ყურადღებას უფრო გადაატანინებდა. ყოველ შემთხვევაში, მცდელობად მაინც ღირდა, ამიტომ, ღრმად ჩაისუნთქა და ჰკითხა: -არ მოგიტყუებია, როდესაც თქვი, რომ ქალისთვის ცამეტი წელია არ გიკოცნია? -ლერა, საკუთარ თავს, თამამად გამოუტყდა, რომ ამაზე პასუხი გულწრფელად აინტერესებდა
-როგორც ჩანს, კარგად დაგიმახსოვრებია. რატომ თვლი, რომ მოვიტყუე?
-უცნაური ხარ, იცი? -კითხვაზე კითხვითვე პასუხით, თავი ოსტატურად დაიძვრინა. ალბათ იმიტომ, რომ სათქმელი არც არაფერი ჰქონდა
ჯეისონი, ამჯერადაც მდუმარების ზღვაში ჩაიძირა. გარკვეული დროის განმავლობაში, ასე იჯდა უსულო, ცივი ქანდაკებასავით, გაყინული მზერა, ცეცხლის ალებისთვის ჰქონდა გაშტერებული, ხოლო გოგონას წელზე შემოხვეული თითები უწინდებურად გაყინვოდა, მათზე ოთახის თბილი ტემპერატურაც კი ვერ ახდენდა ზემოქმედებას.
როდესაც ცეცხლის მაღლა აჭრილი ალები, ოდნავ ქვემოთ ჩამოიწია და ჟანგისფერი კვამლის მცირე ნაკადი ბუხრიდან გამოვარდა, ჯეისონმა რატომღაც გადაწყვიტა ფეხზე წამომდგარიყო. არაფერი გაუპროტესტებია გოგონას. პირიქით, სავარძელში, მის გარეშე უფრო მოხერხებულად მოკალათდა, ბოლოჯერ შეავლო თვალი კედელში ამოჭრილ ბუხარში მოელვარე ალისფერ ენებს და რეალურიდან, ძილ-ბურანის სამყაროში, შესაშური სისწრაფით გადაინაცვლა.
მართალი აღმოჩნდა ლერა. ტელეფონის ელემენტს, სითბო ნამდვილაფ დაეხმარა ენერგიით დამუხტვაში და ჯეისონმაც, იმ მცირედი დროის განმავლობაში, რაც აპარატი ჩართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ლეონთან დარეკვა და გეოლოკაციის გადაგზავნაც მოასწრო, რათა მათთვის მანქანა და მძღოლი გამოეგზავნათ, უკან, ქალაქში დასაბრუნებლად. ხანმოკლე საუბრის დასრულების შემდეგ, რომელიც ორ წუთსაც არ გაგრძელებულა, თითქოს ტელეფონიც სწორედ ამას ელოდაო, თეთრად ანთებული ეკრანი, მაშინვე სიშავემ გადაფარა და ელემენტის დაცლის ნიშნად, მობილურმა, ვინკლერს ძლიერი ვიბრაციით აცნობა თავისი საბოლოო გათიშვა.
ერთხანს ასე იდგა ჯეისონი, ჩამქრალ ტელეფონს, ზემოდან დაყურებდა და რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა. სიბნელისგან დაბინდული მზერა, რომ სხვა მხარეს მიაბრუნა, პირდაპირ სავარძელზე მიძინებულ გოგონა მოხვდა თვალში. ზუსტად იმავე პოზაში იწვა ლერა. არც კი განძრეულა, თითქოს დრო გაჩერებულიყო და მის ასამოძრავებლად, მაგიური პულტი იყო საჭირო.
ნელა, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მას ჯეისონი. თითქმის უხმოდ ჩაიხარა ლერას წინ, სახეზე ჩამოყრილი თმა ორი თითით გადაუწია და ხელით ფრთხილად ჩამოუწია სვიტერის მარჯვენა მხარე. ლავიწის ოდნავ ქვემოთ, მაშინვე გამოჩნდა სალამანდრას გამოსახულება. ნაზად გადაუსვა მას ცერა თითი ჯეისონმა, შემდეგ კი, ინსტიქტურად დაიხარა და ტუჩებით ფრთხილად შეეხო. სურნელიც კი ნაცნობი იყო. კანის სინაზეც, თვალებიც, გამოხედვაც. ჭკუიდან შლიდა ეს ყველაფერი. ცდილობდა უბრალო დამთხვევებისთვის მიეწერა, მაგრამ იყო მომენტები, როცა ამასაც ვერ ახერხებდა. ალბათ, სწორედ იმ დროს, კიდევ რომ აღმოაჩენდა ამ ადამიანში რაიმე ისეთს, რაც მოგონებებს უღვიძებდა. წარსულის უკვე ღრმად დამარხულ მოგონებებს . . .
კიდევ ერთხელ დააკვირდა მის მძინარე სახეს ჯეისონი. ამჯერად, უკვე მშვიდად აღარ სუნთქავდა და რაღაც შფოთი შეპარვოდა. სულ მალე, თითქოს უეცარ შტორმში მოყვაო, სუნთქვაც საგრძნობლად გაუხშირდა და სავარძელში ბორგვა დაიწყო. მამაკაცი, თავიდან ვერ მიხვდა, თუ დაემართა ლერას ასე მოულოდნელად, თუმცა, როდესაც რაღაც გაურკვეველი სიტყვების წარმოთქმას და თვალების ერთმანეთზე მაგრად დაჭერას მოყვა, წამსვე მიხვდა, რომ კოშმარი ესიზმრებოდა.
იგრძნო, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა. ასე, უმოქმედოდ ყოფნა არ შეიძლებოდა...
-ლერა გაიღვიძე! -მხრებში ხელი ჩაავლო და მაგრად შეანჯღრია იგი ვინკლერმა. შეხებისას, იგრძნო, რომ გოგონა მთელი სხეულით კანკალებდა -ლერა!!! -ამჯერად უფრო ხმამაღლა ჩასძახა, თუმცა იგი, თითქოს ჯიუტად არ ახელდა თვალებს. ჯეისონს, ყბები ერთიანად დაეჭიმა.
-მოვა! ჩემთანაც მოვა! მოდის, მოდის! -ჯერ კიდევ ძილის სამყაროდან საუბრობდა გოგონა. თვალებს უწინდებურად ატკიებამდე აჭერდა ერთმანეთს და სავარძელში ვეღარ ისვენებდა
-ლერა! -ამჯერად ორმაგად უფრო ხმამაღლა დაიღრიალა ვინკლერმა მისი სახელი, პარალელურად, ბეჭებზე ხელები ძვლების ატკიებამდე მოუჭირა და საზურგეზე მიყრდნობილი, ოდნავ წამოაჯინა -ლერა გაიღვიძე!!!
აი ამ ხმაზე კი, უკვე შეუძლებელი იყო ვინმეს რეაგირება არ მოეხდინა. ოთახში, ჯეისონის ტონი იმდენად ხმამაღლა გაისმა, რომ გოგონამ თვალები მაშინვე ჭყიტა და როგორც კი, მის ბეჭებში ჩავლებული მამაკაცის ხელები და იგივე ოთახი დალანდა, თითქოს მთელი სხეული მოუდუნდა. გაფითრებულ სახეზე, აშკარად ეტყობოდა, რომ მისთვის ასეთი კოშმარები უცნობი არ იყო და რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
ნელ-ნელა ჩაცხრა შფოთი. არეული სუნთქვაც ჩაწყნარდა და აკანკალებული სხეულიც ჩადგა თავის კალაპოტში. მხოლოდ ლერა არ იღებდა ხმას, ლიბრგადაკრული თვალებით, ისევ იატაკს დაშტერებოდა და ჯეისონს, მზერას განზრახ არ უსწორებდა. ყველაზე მეტად ორი რამ არ უნდოდა ქვეყანაზე-ის, რომ ვინმეს ამ მდგომარეობაში ეხილა და მეორე, რომ მისი ჩანაწერების წიგნაკისთვის თვალი სხვასაც გადაევლო. შეეძლო დაეფიცა, რომ ის დღე, ცხოვრებაში ყველაზე უიღბლო იყო, რადგან ეს ორი კოშმარი, ერთობლივად აუხდა, თანაც ვისთან? თავად ჯეისონ ვინკლერთან. ადამიანთან, ვინც ყველაზე მეტად იზიდავდა და ამ ფაქტის გამო, ყველაზე მეტადაც სძულდა.
-შენ, რა ღამ-ღამობით ზომბები გესიზმრება? წყალიც არ არის, რომ დალიო და ცოტა დამშვიდდე
-არ მინდა წყალი -მოგუდული ხმით მიუგო გოგონამ -კარგად ვარ
-მთლიანად კანკალებდი, კარგად არ ხარ -ფანჯარას მიუახლოვდა მამაკაცი და მარადმწვანე ხეებში ჩაკარგულ ჰორიზონტს გახედა. ხვდებოდა, რომ ლერას ახლა მისთვის შეხედვას ყველაფერი ერჩივნა და თავისუფალ სივრცეს აძლევდა
-ჰო, ვკანკალებდი, რადგან შენ მომევლინე კოშმარულ სიზმრად -ჩვეული ირონიით სცადა უხერხული სიტუაციის განმუხტვა. მიუხედავად ცოტა ხნის წინ განცდილისა, ძალა მოიკრიბა, თავადაც წამოდგა და ჯეისონს არეული ნაბიჯებით მიუახლოვდა. ცდილობდა, ძილში ნანახის ზემოქმედებისგან, ხედების ყურებით გამოსულიყო. სადღაც განაგონი ჰქონდა, რომ ბუნება ყველაზე მეტად ამშვიდებდა და ახლა, სწორედ ეს უკანასკნელი სჭირდებოდა
-მანქანა უკვე გზაშია. ლეონს დავურეკე -თქვა უეცრად ვინკლერმა. საუბრის სულ სხვა კუთხით წარმართვა, აშკარად ესიამოვნა ლერას. რამდენიმე წუთის წინ დადებული სანაზლეო სულ არ გახსენებია, თუმცა, ჯეისონის სიტყვებმა ყველაფერი მოაგონა და წამის წინ გადაფითრებულ სახეზე, ამჯერად კმაყოფილების ღიმილი აუთამაშდა.
-ჰო? ესე იგი მოგიწევს ჩემი ნებისმიერი ერთი თხოვნა შეასრულო -მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა მხიარული ტონი ჰქონოდა, ბოლომდე არ გამოსდიოდა. ჯერ კიდევ იმ კოშმრის ზემოქმედების ქვეშ იყო, რომელიც თითქმის არასდროს ტოვებდა და ყოველი ჩაძინებისას, ცაზე წამოსული შავი ღრუბლებივით ნელა მიეპარებოდა ხოლმე გოგონას ქვეცნობიერს.
"ნეტავ ამის შესახებაც თუ წაიკითხა ჩემს დღიურში?"-გაულელვა თავში უეცრად. იმ წუთას, გადაწყვიტა ჩანაწერების წიგნაკი აღარასდროს ეწარმოებინა. ეს უკანასკნელი იქნებოდა, უკანასკნელი, როცა მის პირადში შეიჭრნენ და თითოეული ემოცია, აუქციონზე გამოტანილი ანტიკვარიატის ნივთებივით გამოუმზეურეს.
-ჯეისონ -ლერამ მამაკაცს გახედა. მიუხედავად იმისა, რომ თავი არ მიუბრუნებია და კვლავ უმისამართოდ გაყურებდა სივრცეს, იცოდა, რომ უსმენდა, ამიტომ, გაწყვეტილი საუბარი კვლავ განაგრძო :-შენი აზრით, როდესაც გამუდმებით რაღაც ერთსა და იმავეს ხედავ სიზმარში, ეს შენი წარსულის ეპიზოდია? სწორედ ის, რაც დიდი ხნის წინ დაივიწყე?
დუმილი . . .
მხოლოდ მზერებს ცვლიდნენ მთელი ოთხი წამის მანძილზე, სანამ უეცრად ჯეისონი არ მოტრიალდა და იდუმალი, ჩუმი ხმით არ ალაპარაკდა:
-ფსიქოლოგი არ ვარ, თუმცა მუდმივად ერთი და იგივე კადრის სიზმარში ნახვა, დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ ეს შენს ცხოვრებაში ოდესღაც მართლა მოხდა
-შესაძლოა -ხელები გადაიჯვარედინა და თავი დაუქნია გოგონამ -ჩათვალე, რომ ეს არ გინახავს -დასძინა ცოტა ხნის შემდეგ
-მე და შენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ, ლერა -კვლავ ისეთივე, იდუმალი ტონით გაისმა პასუხი. პირველად ჰქონდათ, ასეთი მშვიდი დიალოგი, სადაც არც სარკაზმი იყო, არც ხმამაღალი სიტყვები და არც მრისხანება -ორივენი ვცდილობთ, გარშემო მყოფებს თავი ძლიერ, უემოციო ადამიანებად მოვაჩვენოთ, რომელთაც საკუთარი მე-ს ჩათვლით, ყველა ფეხებზე კიდია
-მერე? ასე არ არის? -იმდენად ჩუმად ლაპარაკობდა ლერა, რომ ოთახში მისი ხმა ძლივს ისმოდა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რა საჭირო იყო ეს ჩურჩული, თუმცა გოგონას ტვინის რაღაც ნაწილს მართლა სჯეროდა, რომ თუ ამ ყველაფერზე ხმამაღლა ილაპარაკებდა, მთელი მსოფლიო გაიგებდა
-ყველა ადამიანს აქვს ემოციები -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვინკლერმა, ვიდრე სხვის გასაგონად, თან გოგონას გულს, მარცხენა ხელი მიადო -შეიძლება ისინი, აქ ძალიან ღრმად დამარხო, შეიძლება ეცადო, რომ მათ გარეშე არსებობა ისწავლო, თუმცა ერთ დღეს, აუცილებლად იჩენენ თავს, ამოხეთქავენ და სააშკარაოზე გამოვლენ
-არ მესმის, რას გულისხმობ -დაბნეული უყურებდა მის შავ სფეროებს. იმდენად ეუცნაურებოდა ეს დიალოგი, რომ ჯეისონისგან მალულად, კანში ფრჩხილებიც კი ჩაიჭირა. გადაამოწმა ნამდვილად ეღვიძა, თუ არა
-ყველას ჰყავს ისეთი ადამიანი, ვისი დაკარგვაც ბოლოს მოუღებს. შემდეგ უკვე ვეღარ შეძლებ ისევ რკინის ხასიათი შეინარჩუნო, ვერც ცრემლებს შეიკავებ და ვერც, ნერვულ კანკალს. ამის გამოცდას არ გისურვებ
-და შენ გამოცდილი გაქვს?
-ვწუხვარ, მაგრამ, ეგ უკვე შენი საქმე აღარაა -მშვიდი, თუმცა ზომაზე მეტად ცივი ტონით მიუგო, რის შემდეგაც, პატარა, დამტვერილ ფანჯარას უკუსვლით მოშორდა.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ვინკლერმა, ქოხიდან გასასვლელი კარის მიმართულებით, თუმცა, შემდეგ, თითქოს სახლიდან გასვლის წინ, დავიწყებული ნივთის ასაღებად შეჩერდაო, თავი უკან მოატრიალა და კვლავ იმავე პოზაში მდგომ ლერას, რომელიც მას მიშტერებოდა, არაფრისმთქმელი მზერით გამოხედა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ეძებდა ან რატომ გაქვავდა უძრავი ქანდაკებასავით, თუმცა ამას, მაინცდამაინც არ დაუინტერესებია. ნელა მიატრიალა თავი, ღრმად ამოისუნთქა, პირი კვლავ ტყისკენ იბრუნა და ქოხიდან გასასვლელი კარის მიღმა აღმოჩენის შემდეგ, ღამის სიბნელეს, შავი აჩრდილივით შეერწყა.
ახალ ნაწვიმარ ცაზე, უღიმღამო ნაცრისფერს, ამჯერად, უკვე შავი ღრუბლები ცვლიდნენ. სუსხიანი ქარი, შედარებით ჩამდგარიყო, თუმცა წიწვის სველი ხეები, მაინც მელოდიურად ირხეოდნენ და ტოტებზე შერჩენილ წყლის პაწაწინა წვეთებს, სინესტით გაჟთენთილ ჰაერში ფანტავდნენ.
მხოლოს ცეცხლის საამო ტკაცუნი ისმოდა ჩაბნელებულ ოთახში. ალები მოპირდაპირე კედელს, ჩრდილებად ეცემოდნენ და სხვადასხვა ფიგურად იხატებოდნენ. სამარისებური სიჩუმე იდგა ქოხის თითოეულ კუთხე-კუნჭულში. მარადმწვანე ხეებში ჩაფლული და დასახლებულ პუნქტებს მოწყვეტილი ეს პატარა ფიცრული, იდუმალი ღამის ფონზე იმდენად საზარლად გამოიყურებოდა, რომ საშინელებათა ფილმების გადმონაშთს უფრო ჰგავდა, ვიდრე საზაფხულო აგარაკს.
გოგონა კვლავ ბუხრის წინ ითბობდა უკვე ისედაც საკმარისად გამთბარ თითებს. იატაკზე გაფენილ, ფუმფულა ხალიჩაზე ჩამომჯდარს, მუხლებში მოხრილ ფეხებზე თავი ჩამოედო და თვალებს, ნახევრად დახუჭულ მდგომარეობაში ინარჩუნებდა. გაურკვეველ მიზეზთა გამო, ქოხიდან გასული ჯეისონი, კვლავ არსად ჩანდა. გოგონას, წარმოდგენაც კი, არ ჰქონდა, თუ სად იყო იგი ამ წუთას, მაგრამ რატომღაც მის სიახლოვეს გრძნობდა და არ ეშინოდა. იცოდა, რომ სადღაც აქვე დახეტიალებდა. შეიძლება, კარს უკანაც კი იჯდა და თავისი შავი სფეროებით, გარეთ გამეფებულ სიბნელეს უყურებდა.
კიდევ რამდენიმე დამღლელი წუთი გავიდა . . .
მარტოობაში, თანაც დამზაფვრელ სიჩუმეში ყოფნა, საშინლად მობეზრდა გოგონას. სურვილი შემოაწვა, თავადაც ღამის წყვდიადში გასულიყო და ის მაინც შეემოწმებინა იყო თუ არა იქ ჯეისონი. რატომღაც, ახლა, კიბეებზე ჩამომჯდარი წარმოედგინა, მოაჯირს ზურგით მიყრდნობილი და სივრცის მომზირალი. ისიც კი ვერ გაეგო, თუ რატომ გავარდა ვინკლერი გარეთ ასე მოულოდნელად, მაგრამ ახლა, ამ ყველაფერზე ფიქრი არ უნდოდა. მხოლოდ ის შეძლო, რომ მუხლებზე ჩამოდებული თავი ზემოთ ასწია, ფეხზე წამოდგა და პატარა ხის კარის დახმარებით, ბუხრის ცეცხლით განათებული, თბილი ოთახიდან, სრულ წყვდიადსა და სიცივეში გადაინაცვლა.
ლერამ, უკვე სიცივე შეპარულ მკლავებზე, რითაც აღმოსავლეთიდან მონაქროლმა სუსხიანმა ქარმა დააჯილდოვა, ხელები, ძვლების ატკივებამდე შემოიჭდო და სმენა, მაქსიმალურად დაძაბა. ხშირი, თანაბარი სუნთქვის ხმამ, რომელიც მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შემოესმა დაარწმუნა, რომ ჯეისონი, ნამდვილად არსად წასულიყო. ამის გაცნობიერებისას, გოგონამ შვებით ამოისუნთქა და სანამ, ვინკლერის ზემოთ, სველ საფეხურზე ჩამოჯდებოდა სადღაც შორიდან, კიდევ ერთი ხმა მისწვდა მის ყურთასმენას. კარგად დაკვირვების შემდეგ, ლერა მიხვდა, რომ მათი შეკვეთილი მანქანა, უკვე ტყის უსწორმასწორო ბილიკზე მოდიოდა და ამ აღმოჩენამ, უკვე მეორედ ამოასუნთქა შვებით.
-შენ ჩემთან მოდიხარ, ლერა -კატეგორიულად გაისმა ვინკლერის სიტყვები. ზუსტად ისე, ყველას, რომ დაუკარგავდა შეწინააღმდეგების სურვილს, მაგრამ არა, მას
-რას ნიშნავს შენთან მოვდივარ? მე ჩემი სახლი მაქვს და იქ წავალ. ეს აღარ განიხილება! -არანაკლებ კატეგორიული იყო ლერა. ვერ გაეგო, თუ რისთვის უნდა მიეწერა მამაკაცის უეცარი გამოხდომა, თუმცა მორჩილი მსახურივით თავის დაქნევას და "დიახ ბატონოს" თქმას ნამდვილად არ აპირებდა
-შენი აზრი არ მიკითხავს. როგორც მე გადავწყვეტ, ისე იქნება -ისეთი მშვიდი და თავდაჯერებული ტონი ჰქონდა, რომ გოგონას კიდევ ერთხელ გაუჩნდა მისი დახრჩობის სურვილი. იმდენად გაუჯდა ეს, მთელს ორგანიზმში, რომ თავი ძლივს შეიკავა ჩანაფიქრი სისრულეში არ მოეყვანა
-შენი აზრით, ვინ ვარ, ჯეისონ? -გვერდულად გახედა ამის თქმისას, გოგონამ -თოჯინა ვარ? თუ მონათა ბაზარზე ნაყიდი პირადი მსახური? -ნელ-ნელა უწევდა ხმის ტონს -ფიქრობ, რომ როგორც გინდა ისე მომექცევი და შენს ნება-სურვილზე მატარებ? კარგად დაიმახსოვრე, ვერავინ ვერასდროს გამაკეთებინებს იმას, რაც თავად არ მსურს! შენს სათამაშოდ ქცევას, მირჩევნია აქვე მომკლა! მართალია, იმ ღამით, როდესაც კინაღამ მთელი სახლი დაგილეწე გითხარი, რომ თუ მოგესურვებოდა, შენი მონაც კი გავხდებოდი, მაგრამ მაშინ აფექტის მდგომაერეობაში ვიყავი და სისულელეები წამოვროშე, გაიგე?!
ვინკლერმა ამოიოხრა. ხელის გულები უკან წაიღო, სველი კიბის საფეხურს დააყრდნო და ტანი ოდნავ უკან გადაწია.
-გავიგე და მინდა გითხრა, რომ არც სათამაშო იქნები და მითუმეტეს, არც მონა - კვლავ ეს ოლიმპიური სიმშვიდე. ისე აუღელვებლად საუბრობდა, თითქოს ყოველდღიურ ჰოროსკოპს განიხილავსო, რითაც უფრო მეტად გადაყავდა გოგონა ჭკუიდან -ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩვენს დაჯგუფებას ბევრი მტერი ჰყავს და გაცილებით უსაფრთხო ტერიტორია გჭირდება, ვიდრე შენი სახლია. ეს დროებითი იქნება, სანამ უფრო დაცულ საცხოვრებელს მოგიძებნი
-ამას რატომ აკეთებ? საერთოდ არ ხარ ვალდებული ჩემზე იზრუნო
-ჩემიანების უსაფრთხოებაზე მუდამ ვზრუნავ. ეს, აქ ურყევი კანონია -სწრაფად მიუგო მამაკაცმა, თან სწორედ იმ დროს გამოჩენილ მანქანის ანთებულ ფარებს ჰკიდა თვალი, პირდაპირ მათკენ, რომ მოემართებოდა
სიბნელეს შეჩვეულ მზერას, მართლაც, რომ შემაწუხებლად მოხვდა ეს სინათლე. მანქანის დაბურული მინების გამო, ისიც კი არ ჩანდა, თუ ვინ იჯდა საჭესთან, მაგრამ, როდესაც უკვე გაჩერებული მანქანის მარცხენა კარიდან, კაპიუშონიანი სილუეტი გადმოვიდა, ლერასი არ იყოს, ჯეისონსაც კი, გამოესახა სახეზე ოდნავი გაკვირვება. რატომღაც ფიქრობდა, რომ ლეონი ან თავად მოაკითხავდა, ან მძღოლს გამოუგზავნიდა, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარი იყო. ავტომობილის ღია კარს, ცალი იდაყვით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავად სებასტიანი ჩამოყრდნობოდა, თითებზე ნაქსოვი, გადაჭრილი ხელთათმანები ეკეთა და ხან ერთს შეხედავდა გამომცდელი მზერით, ხანაც მეორეს.
დაახლოებით, მეოთხედ წუთს გასტანა უხერხულმა დუმილმა. ნახევრად გადაღებულ წვიმაში, საიდანღაც ბუების შემაძრწუნებელი ხმაც გაისმა. მანქანის სველი ფარების სიგრძეზე გაწელილი შუქის ფონზე კი, სამივემ ნათლად დაინახა, თუ, როგორ აძვრა ფუმფულა კუდიანი ციყვი ხეზე, სწრაფი ცოცვით გაიკვლია გზა და ბოლოს, საგანგებოდ მისთვის ამოჭრილ, მრგვალ ფუღუროში შეიმალა.
-კიდევ დიდხანს იდგებით, ასე? -პირველად, ლერა გამოერკვა მათ შორის. გოგონამ ორივეს სათითაოდ გადახედა, ძლივს შეკავებული ღიმილით, საფეხურები ბოლომდე ჩაიარა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მანქანის ფარების განათების ფონზე მდგომ სებასტიანს ხელი, მხიარულად აუწია-როგორ ხარ, ესპანელო? აუზების ოთახში ისეთ მდგომარეობაში დაგტოვე, მეგონა ამ პლანეტამ შენგან, ბოლოს და ბოლოს, ამოისუნთქა
სებასტიანს გვერდულად ჩაეცინა. აშკარად შეეტყო, რომ პასუხის გაცემა უნდოდა, რაღაცის სათქმელადაც გააღო პირი, თუმცა, როდესაც ჯეისონის მრისხანე მზერას გადააწყდა, ენაზე ბოქლომი დაიდო და მანქანისკენ წამოსულ გოგონას უკანა კარი, თავის საქმეში კარგად გაწაფული მძღოლივით გამოუღო.
თავად ვინკლერი და სებასტიანი, წინა სიდენიებზე მოთავსდნენ. აუზებზე "დასვენების" შემდეგ, იმ ღამით ერთმანეთს პირველად ხედავდნენ, რაც ცოტა არ იყოს, დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა.
-ლეონმა შენი გამოშვება გადაწყვიტა? -იკითხა ჯეისონმა, როდესაც ავტომობილი დაიძრა და მთავარ ტრასაზე გავიდნენ მოკლე გზით. მანანდე, სიტყვასაც არავინ ძრავდა, თითქოს ამის პრივილეგიას, ორივენი ვინკლერს უთმობდნენ, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე
-ჰო, იარაღების ამბავიც მითხრა. დილერებს დავურეკეთ, მართალია ცოტათი გაბრაზდნენ თავად, რომ არ შეხვდი, მაგრამ სიტუაცია ავუხსენით და ხვალ სანდო კურიერით გამოგზავნიან. ზეგისთვის, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გვქონდეს მზად
-შეიძლება გავიგო, რა სახის იარაღზეა საუბარი? -მათ საქმიან დუეტში, ამჯერად, ლერაც ჩაერთო, რომელმაც ერთი ხელი ჯეისონის სიდენიას ჩამოაყრდნო, ხოლო მეორე, სებასტიანისას
-ის იარაღი, რომელიც საძილე ამპულებს ისვრის. მცველების დასაძინებლად გვჭირდება, რათა საწყობში უპრობლემოდ შევიდეთ -მაშინვე დაუბრუნა პასუხი ესპანელმა, შემდეგ კი, ჯეისონს გადახედა ინტერესიანი მზერით -დეტალებზე უკვე უამბე? მთავარი მოქმედი ფიგურა ხომ ის არის?
-არაფერიც არ უთქვამს -გაღიზიანებით ჩაილაპარაკა ლერამ -თუ ძარცვა ზეგაა დაგეგმილი, მგონი უკვე დროა სიტუაციაში ბოლომდე გავერკვე, თუ ვცდები?
-სვირინგი ჯერ არ გაუკეთებია? -საჭე ცოტა ხნით მიივიწყა საეჭვოდ მომღიმარმა ესპანელმა და გოგონასკენ მიტრიალდა
-არ სჭირდება ეს სისულელე! სიტუაციის არსში კი, თავად გაარკვიე. ჰო, მართლა, ქალაქში, რომ ჩავალთ გამაღვიძეთ -დაამატა ბოლოს, სავარძელი ოდნავ დაადაბლა, თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა
ღამის სიბნელით შთანთქმული გზა, რომელსაც მანქანის წინა ფარები ანათებდა, უსასრულოდ მიიკლაკნებოდა. ავტომობილში, მხოლოდ ორი ადამიანის საუბრის ხმა ისმოდა. დაბალ ტონზე ლაპარაკობდნენ, თან ალაგ-ალაგ სალონში მათთან ერთად მჯდომ, სავარძელზე მიძინებულ მამაკაცს დასცქეროდნენ და იმაში დარწმუნების შემდეგ, რომ კვლავ ძილის სამყაროში მოგზაურობდა, დაწყებულს აგრძელებდნენ
-კარგი, ესე იგი აუქციონი სასტუმროში ტარდება, ის ტიპი კი, საცავში დიდი რაოდენობით კოკაინს მალავს, რომელსაც დაცვის უმაღლესი სისტემა აქვს, არა?
-ჰო, სასიკვდილო ხაფანგები და ათასი სხვა -სებასტიანმა საჭე მოაბრუნა. სპიდომეტრზე სიჩქარე 80კმ/სთ-ს აჩვენებდა, თუმცა სწორ გზებზე სიარულისას 120-საც კი აღწევდა
-და როგორც მივხვდი, ამ ხაფანგების გასათიში მექანიზმი, სწორედ მას აქვს, ვისი შებმაც მევალება. ასეა?
-მას არნოლდ მენდესი ჰქვია. ის საწყობი სწორედ, ამ ადამიანის საკუთრებაა. ჯეისონს სახლი აქვს დაქირავებული. აუქციონიდან მას სწორედ იმ სახლში წაიყვან და შენად გაასაღებ. სახელსაც შეიცვლი იმ ღამისთვის, რაც გინდა ის დაირქვი, მაგრამ ნამდვილი სახელი არაფრით არ უთხრა -მასწავლებელივით აფრთხილებდა ესპანელი -ყურში, პატარა მიკროფონი გექნება. სასტუმროს სათვალთვალო კამერების ოთახიდან, საიდანაც ყველა შენს მოქმედებას დავაკვირდები, სწორედ ამ მოწყობილობის მეშვეობით მოგცემ მითითებებს. სანამ შენ, არნოლდთან გაერთობი, დანარჩენები სახლში შევლიან და საწყობიდან ყველაფერს გაიტანენ
-მაგრამ, თქვი, რომ იქ სასიკვდილო ხაფანგებია -შეახსენა ლერამ
-სწორედ ამიტომ ხარ საჭირო. წვეულებაზე ბეჭედი გეკეთება -კვლავ ბეჯითად უხსნიდა სებასტიანი. რატომღაც, სიამოვნებდა კიდეც ეს პროცესი -ბეჭდის თვლის ქვემოთ პატარა სივრცე იქნება დატოვებული. მასში ძლიერ მოქმედ ფხვნილს ჩავყრით, რომელიც ტანის საშინელ, ალერგიულ ქავილს იწვევს. როდესაც განმარტოვდებით, ბეჭედს თვალს მოხსნი, ამ ფხვნილს არნოლდის სასმელს გაურევ და შესთავაზებ
-კარგი, მერე? -თანდათანობით აზარტში შედიოდა გოგონა, თან ნიკაპით ჯეისონის სიდენიას იყო ჩამოყრდნობილი და ფილტვებს მისი სხეულიდან მომდინარე სასიამოვნო არომატით ივსებდა
-მერე, შენს მსხვერპლს, სავარაუდოდ შხაპის მიღება მოუნდება, რათა ალერგიული ქავილი შეაჩეროს და აბაზანში შესვლამდე, ბუნებრივია საათს მოიხსნის. ყურადღება ამ საათზე გაამახვილე, ლერა. იმ ხაფანგების მექანიზმის გასათიში ღილაკი სწორედ ამ საათს აქვს, თუმცა წარმოდგენაც არ გვაქვს სად. მისი მოძებნა შენ გევალება. სანამ არნოლდი სააბაზანოში იქნება, ეს ღილაკი უნდა იპოვო, მექანიზმი გამორთო და შემდეგ, დაუყოვნებლივ გამოხვიდე სახლიდან. გზის მეორე მხარეს, მანქანა დაგელოდება-შავი ლიმუზინი. პირდაპირ მასში ჩაჯდები და იქიდან კვამლივით აორთქლდები -გამჭოლი მზერა ესროლა მან -როგორც ხედავ, არც ისეთი რთული დავალება გაკისრია. როდესაც ამ ხაფანგებს გათიშავ, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შენ, ეს ყველაფერი აღარ გეხება -როგორც იქნა დაასრულა სებასტიანმა თავისი გრძელი მონოლოგი. ამდენი ლაპარაკისგან, პირი უდაბნოს ქვიშასავით ჰქონდა გამომშრალი, თუმცა ცივი წყლით სავსე ბოთლი, არსად ჩანდა, რათა ეს უსიამოვნო შეგრძნება თავიდან მოეშორებინა
კვლავ მდუმარება ჩამოვარდა სალონში. სებასტიანი, უწინდებურად, საჭეს მართავდა, ჯეისონს მშვიდად ეძინა, ხოლო ლერა, უკანა სავარძელზე მიყრდნობილი, თითებს ნიკაპზე რიტმულად ათამაშებდა და ფარებით განათებული გზის ყურების პარალელურად, თავის პირველ მისიაზე ფიქრობდა. ნეტავ, გამოუვიდოდა? რა თქმა უნდა გამოუვიდოდა, ამაში ასი პროცენტით იყო დარწმუნებული.
უკვე გვარიანად ჩამოღამებულიყო, ქალაქში, რომ შეაღწიეს. სებასტიანმა, რა თქმა უნდა, თავდაპირველად ჯეისონის სახლში მიყვანა განიზრახა. გადაწყვეტილება მიიღო, რომ ლერაზე, მხოლოდ ამის შემდეგ ეზრუნა, როგორც რიგით მეორე „კლიენტზე“.
-შენ სად ცხოვრობ? მისამართი მითხარი და მე წაგიყვან -ოდნავ მოუტრიალდა მას ესპანელი. ამჯერად, უკვე მანქანებით გადავსებულ გზატკეცილზე მიქროდნენ. მაღაზიების ვიტრინებზე დამაგრებული მანათობელი აბრები, გოგონას, თვალებს საშინლად ატკიებდა
-ჯეისონმა მითხრა, რომ მასთან უნდა დავრჩე,სანამ ჩემთვის ახალ სახლს იპოვის. ისიც დაამატა, ეს ყველაფერი უსაფრთხოების ზომების გამო ხდებაო და ბლა ბლა ბლა . . .
-ხუმრობისთვის არ მცალია, ლერა, სიმართლე მითხარი! -ტონი, აშკარად მკაცრი იყო. გამოხედვა კიდევ უფრო მკაცრი
-და საიდან მოიტანე, რომ გატყუებ? თუ გინდა, გააღვიძე და თავად ჰკითხე
ერთხანს, შეთქმულივით დუმდა სებასტიანი. მხოლოდ საჭეს ატრიალებდა მონოტონურად, შემდეგ კი, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ავტომობილის ზემოთა სარკე გაასწორა, გოგონას იქიდან გადახედა და გაოცებული ხმით ჰკითხა:
-სერიოზულად ამბობ?
-არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ არასერიოზული ვიყო
-ამ ადამიანმა -ცერა თითი, მძინარე ვინკლერისკენ გაიშვირა -შემოგთავაზა მის სახლში დარჩე? ყველაზე დიდი, უსაფრთხოებისთვის პირადი მცველი მოეჩინა, რომელიც შენ კართან იდარაჯებდა, მაგრამ საკუთარ სახლში დარჩენის შემოთავაზება? ვინკლერს ასეთი რა გაუკეთე?
სებასტიანს, ტონზე იმოდენა გაოცება ეტყობოდა, რომ გოგონას, მისი ბოლომდე არც კი ესმოდა. მერე რა მოხდა, თუ ჯეისონმა საკუთარ სახლში დარჩენა მოსთხოვა? რა იყო აქ ასეთი გასაკვირი ან პარადოქსული? ოდნავ გაღიზიანდა კიდეც მსგავსი სიტყვების გამო და ეს, პასუხზეც ნათლად დაეტყო:
-ეს, შენი საქმე არ არის, სებასტიან. ვინკლერისთვის არაფერი გამიკეთებია და შენ წარმოიდგინე, არც მაგიური ძალები გამომიყენებია. ახლა კი, საჭეს უყურე და ეგ მძინარე მზეთუნახავი გააღვიძე. მალე, სახლში ვიქნებით . . .
ერთიანად ტალახში ამოსვრილი მანქანა, კვლავ აგრძელებდა სვლას, უთვალავ, მოძრავ ოთხბორბლიანთა შორის, მაღაზიების თავზე ისევ ლამაზად კაშკაშებდნენ მანათობელი აბრები, ხოლო ღამის ქალაქი, უწინდებურად განაგრძობდა თავისი ჩვეული რიტმით ცხოვრებას. სწორედ ის ქალაქი, უამრავ სიხარულს, სიბინძურესა და დანაშაულს ერთობლივად, რომ იტევდა . . .






13 თავი

2 დღის შემდეგ . . .


8 8 8
-ტაილერ, მზად ხართ? საწყობში დროულად უნდა მიხვიდეთ, რათა ვინკლერის და მისი ხალხის, ტვირთის გადმოზიდვისას აყვანა შეძლოთ
-მზად ვართ, ლერა. პირდაპირ ფაქტზე დავიჭერთ. მორჩა, ვეღარ დაგვიძვრება!
-წარმატებები! მადლობას მერე გადამიხდი . . .

8 8 8
-რიჩარდ, ოპერაციას ვიწყებთ! იმედია უკვე მოიფიქრე, თუ როგორ უნდა იზრუნო ტაილერზე და მის ყეყეჩების გუნდზე
-ყველაფერი კარგად იქნება. საწყობამდე ვერ მოაღწევენ -თავდაჯერებულად გაისმა ყურმილში
-არ ვიცი რას გეგმავ, მაგრამ შენი მჯერა
-ასეც უნდა იყოს. კარგად გაერთე, ლერა!





* * *
ჯეისონის მისაღებ ოთახში, სადაც მხოლოდ სიჩუმის საზარელი, გამაყრუებელი წუილი ისმოდა, ხუთიოდე ადამიანი შეკრებილიყო.
საღამო ხანი იდგა. საათის ისრები, ამ უზარმაზარ სივრცეში ერთადერთ მოძრავ ობიექტებად რომ გვევლინებოდნენ, შეთანხმებულად მიემართებოდნენ ციფრ -შვიდისკენ. ქუჩებში, უკვე დახელოვნებული ქურდივით მოიპარებოდა იდუმალებით მოცული სიშავე, ხოლო ღამეულ ბინდთან მებრძოლი, ოქროსფრად ანთებული ლამპიონები, კვლავ პატიოსნად იდგნენ თავიანთ სადარაჯოზე.
თითოეული წამის გასვლასთან ერთად, მისაღებში შეკრებილთა მოთმინების ფიალა, თანდათანობით იწურებოდა. თმააჩეჩილი სებასტიანი, ტყავის დივანზე, ჯეისონის გვერდით ჩამომჯდარიყო და ორ წამში ერთხელ, თავის ზურგს უკან, კედელში ჩატნეული კარისკენ აპარებდა მზერას. მათი დუეტისგან ცოტა მოშორებით, სასმელების თაროსთან მდგომი ლეონი, ბარის დახლთან ჩამომჯდარ, ზუსტად ერთნაირი გარეგნობის მქონე ბიჭებს, რომლებსაც ერთი შეხედვითაც ეტყობოდათ, რომ ასი პროცენტით იდენტური ტყუპები იყვნენ, ჭიქებს გაუზავებელი ვისკით უვსებდა, თან გამუდმებით მაჯაზე შემოხვეულ საათს დაყურებდა.
უკვე ორმოც წუთზე მეტი გასულიყო, რაც კარს მიღმა გაუჩინარებულ ლერას ელოდნენ. მართალია, გოგონამ მკაცრი გაფრთხილება მიიღო, რომ ამ საღამოზე ჰოლივუდის მსახიობივით უნდა ებრწყინა და ამის მისაღწევად, თავის გარეგნობაზე განსაკუთრებულად ეზრუნა, თუმცა ეს მართლაც მეტისმეტი იყო. ლოდინის ხანგრძლივობა, უკვე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებდა.
საათის ისრები, კვლავ შეუჩერებლად მოძრაობდნენ . . . უზარმაზარ მისაღებში, დაძაბულობა თანდათანობით მატულობდა, თანაც იმდენად, რომ ამას უკვე თითოეული იქ მყოფი ამჩნევდა
-მორჩა, მეტი აღარ შემიძლია! ახლავე შევუვარდები ოთახში და იმ კაბას, ჩემი ხელით ჩავაცმევ! -მისაღებში შერებილთა შორის, პირველად სებასტიანს უმტყუვნა მოთმინებამ და დივნიდან ფეხზე წამოიჭრა
ოთახში, ყველას ყურადღება მასზე გადავიდა. ტყუპებმა თავიანთი ჭიქებიდან თავი აიღეს, ერთმანეთს გადახედეს და ჩუმად ჩაიცინეს. სახეზე ორივეს შეეტყო, რომ სებასტიანმა მათი ის ფიქრები გაახმოვანა, რომელთა ხმამაღლა თქმასაც ვერც ერთი ბედავდა და ვერც, მეორე
-ნახევარ საათზე მეტია ველოდებით! -ხმას, უფრო მეტად აუწია ესპანელმა, თუმცა, როდესაც ვინკლერის მშვიდ, აუღელვებელ გამომეტყველას მოკრა თვალი, სიბრაზე გაოცებამ შეუცვალა. ვერ გაეგო, თუ რატომ არ ჰქონდა ამაზე რეაგირება თავად ჯეისონს, რომელიც ლოდინს, მუდამ წყობილებიდან გამოყავდა ხოლმე.
ლეონს გახედა. იგი, კვლავ ტყუპებთან ერთად სვამდა. მართალია, იქ ყურყუტი მასაც სებასტიანივით მობეზრებოდა, თუმცა ყურადღების გადასატანად მშვენიერი საშუალება ჰქონდა არჩეული, თან არც ზედმეტი ლაპარაკითა და უაზრო საყვედურების ფრქვევით ცდილობდა საკუთარი თავის გადაღლას.
-კარგი, ესე იგი მარტო მე ვარ ის, ვისაც ეს სიტუაცია ყელში აქვს ამოსული? -გაღიზიანებით ამოთქვა ბოლოს ესპანელმა -კი ბატონო. ჩეის, ჩარლი! ადგილი დამიტოვეთ -ბარის პრიალა დახლთან ჩამომჯდარ ტყუპებს მიუახლოვდა იგი და მათ გვერდით, მოღუშული ჩამოჯდა -ლეონ, ტეკილა დამისხი!
-კირა ენატრება ძმაო. ამიტომაცაა ასე გაღიზიანებული -სიცილით გაკრა ხელი ტყუპისცალთაგან ერთ-ერთმა ბარმენივით ჩამომდგარ ლეონს, როგორც კი მან სებასტიანს თავისი შეკვეთა წინ დაუდო -შენ რას იტყვი, Hermano? გენატრება, არა?
-მოკეტე ჩეის! -სასმელის პირველი ყლუპის მოსმის თანავე შეუღრინა ისედაც გაღიზიანებულმა ესპანელმა. მართალია, ტყუპების ერთმანეთისგან გარჩევა ვიზუალური კუთხით შეუძლებელი ჩანდა, თუმცა საკმარისი იყო, რომელიმეს ხმა ამოეღო, მაშინვე აშკარა ხდებოდა მათი იდენტობა.
ჩარლი და ჩეისი, ხასიათით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ინდივიდებს ქმნიდნენ. პირველი, საკმაოდ დინჯი, თითქმის ჯეისონივით სერიოზული, გაუცინართა ხელმწიფე იყო, აი ჩეისი კი, გართობისა და გოგონების მოყვარული ლოველასი, ვინც თავისი ბუნებით, ხშირად ემსგავსებოდა ხოლმე კლუბური გართობის მოყვარულ თინეიჯერს. მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე მოვალეობებს შეეხებოდა, სამუშაოს ზუსტად ისევე პროფესიონალურად ასრულებდა, როგორც მისი ტყუპისცალი ძმა, ჩარლი.
-ისე იმ წყალქვეშა ტურების მერე როგორ ხარ? -ამჯერად, ლეონიც შეუერთდა სებასტიანისთვის ნერვული სისტემის მომშლელთა კლუბს და ჩეისს თვალი ჩაუკრა -უახლოეს დღეებში ხომ არ გავიმეოროთ? სველი თმა და ზღვიდან ამოგდებული თევზივით დაღებული პირი ძალიან მოგიხდა
ესპანელს ჩაეცინა და ჭიქიდან კიდევ ერთხელ მოსვა.
-სულ ვნატრობ, რომ ჯეისონმა თქვენი მოკვლაც დამიკვეთოს -თქვა ბოლოს -ნეტავ იცოდეთ, რა დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას
-რა საყვარელი ხარ, ესპანელო -ლოყაზე სიცილით მოქაჩა ჩეისმა -კაცი, რომ არ იყო, ცოლადაც მოგიყვანდი
ბარის დახლს, ხმამაღალმა სიცილმა გადაუარა. მხოლოდ სებასტიანი და ჩარლი არ იცინოდნენ. ეს უკანასნელი, ერთხანს დივანში, განცალკევებით მჯდომ ჯეისონს უყურებდა, გაყინული მზერით რომ შეშტერებოდა ერთ კონკრეტულ წერტილს, მერე კი, სასმელის ნახევრად ჩაცლილი ჭიქა ბოლომდე გამოცალა და სკამიდან წამოდგა. იქ მყოფთაგან, არავის შეუმჩნევია, თუ როგორ დაიძრა იგი განცალკევებით მჯდომი ვინკლერისკენ. მხოლოდ ჯეისონმა იგრძნო, გარკვეული დროის შემდეგ, თუ როგორ ჩაიზნიქა დივნის ზედაპირი მისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით და გვერდზე გაუხედავად ამოიცნო თავისი მყუდროების დამრღვევის ვინაობა.
-ბიჭები უკვე არნოლდის სახლთან არიან, ჩასაფრებული, არა? -ყველანაირი შესავლის გარეშე ჰკითხა ჩარლიმ. ისიც, ჯეისონივით ერთ ამოჩემებულ წერტილს უმზერდა. უკნიდან, კვლავ სიცილისა და დაუსრულებელი საუბრის ხმა მოისმოდა. როგორც უწინ, ახლაც სებასტიანი იყო დაცინვისა და ხუმრობის მსხვერპლი.
-ჰო, ყველა იქაა -მიუგო ჯეისონმა მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ -ჩვენს გამოჩენას ელოდებიან, რათა ოპერაცია დაიწყონ და სახლის დაცვას შეუტიონ
-ხომ იცი, რომ თუ რამე მოხდა, მხოლოდ ჩეისის გადასარჩენად ჩავიგდებ თავს საფრთხეში?
-ვიცი, ჩარლი -ჯეისონმა ამოჩემებულ წერტილს მზერა მოაშორა, ბიჭის თაფლისფერ თვალებს შეაშტერდა და მხარზე ხელი ჩამოადო -მის გარდა არავინ გყავს, მას კი, შენს გარდა. ფრთხილად უნდა იყოთ, რათა ერთმანეთი მაინც შეინარჩუნოთ ცხოვრების ბოლომდე
-შენ კი, ეცადე, ამ ღამეს გადაურჩე, ჯეისონ! თავს საფრთხეში იგდებ და ჩვენც საფრთხეში გვაგდებ, მაგრამ შენთან ვართ!
-უარეს საფრთხეშიც ვყოფილვართ, დაგავიწყდა? - თქვა და პასუხის დაულოდებლად წამოდგა. კლასიკური სამოსი უკვე საშინელ დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. დღის ბოლომდე უნდა აეტანა. თავისი გეგმის სრულყოფილებისთვის, საჭირო იყო აუქციონისთვის მიძღვნილი წვეულების დასაწყისს დასწრებოდა ლერასთან ერთად და მისთვის დროებითი კავალერობა გაეწია, სანამ მთავარ ამოცანაზე გადავიდოდნენ
-იცი რა მაინტერესებს? -ჩარლი იდაყვებში მოხრილი ხელებით, საკუთარ მუხლებს დაეყრდნო -იმ გოგომ თუ იცის, რომ იქ შენთან ერთად მიდის?
ბარის დახლიდან, კვლავ ჩეისის და ლეონის ხმამაღალი სიცილი მოისმა. სებასტიანი უკვე მესამე ჭიქას ცლიდა ისეთივე მოღუშული, ბრაზიანი მზერით.
-ჩეის, მოკეტე, თორემ დავივიწყებ, რომ ერთი საშოდან გამოვძვერით! -შეუღრინა ძმას ჩარლიმ. სიცილი მაშინვე მიწყნარდა და ისიც, კვლავ ვინკლერს მიუტრიალდა, რომელიც პასუხს რატომღაც აგვიანებდა
-არა, არ იცის -თქვა მან ბოლოს -თუმცა მალე გაიგებს
ჯეისონისა და ჩარლის სიტყვაძუნწ დუეტს, ისე, რომ ამას არც ერთი ელოდა და არც მეორე, თავს მოღუშული სებასტიანი წამოადგა ვისკით ნახევრამდე სავსე ჭიქებით ხელში. მან ერთი, ვინკლერს გაუწოდა, მეორე თავისთვის დაიტოვა და ჩარლის და მის შუაში დატოვებულ თავისუფალ ადგილას მოხერხებულად მოკალათდა. როგორც ჩანს, მობეზრებოდა თავისი მისამართით ნასროლი, დაუსრულებელი, უხამსი ხუმრობების მოსმენა და ადგილის მონაცვლება გადაეწყვიტა.
-არ გეჩვენება, რომ ეგ გოგო ძალიან თავნება და თავხედია, ჯეისონ? -წარბებ შეკრული იყურებოდა ის -იქნებ, უკვე დროა თავის ადგილას მოსვა? შენს წრეში დაუმორჩილებელი აქამდე არავინ მინახავს
ვინკლერის მხრიდან პასუხი არ ყოფილა. მხოლოდ ცალი წარბი ასწია იმის ნიშნად, რომ ნათქვამი გაიგონა, შემდეგ კი ცინიკური ღიმილით მოსვა მოწოდებული სასმელი და იგი, დივნის სახელურზე შემოდო.
ერთხანს, ადგილიდან არავინ იძროდა და არც ხმას იღებდა, მერე კი, თითქოს ერთ მომენტზე დაპაუზებული შოუ, Play ღილაკზე თითის დაჭერით გააგრძელესო, ისე, რომ ვერავინ გააზრება ვერ მოასწრო, ჯეისონმა, სებასტიანს კეფაში ხელი უხეშად ჩაავლო და ფეხზე, ელვის უსწრაფესად წამოაგდო. სულ მალე, ამ უკანასკნელის მარჯვენა ლოყა, დივნის წინ მდგომ, მინის მაგიდის ზედაპირზე იყო დაბჯენილი, კეფაში კი, უწინდებურად ვინკლერის ხელი უჭერდა
-ვინ ჯანდაბა ხარ, რომ ჭკუას მასწავლი? თავი ვინ გგონია?! -ბრაზისგან ყბები დაჭიმვოდა მამაკაცს -იქნებ, დასაწყისისთვის შენ მიგიჩინო სათანადო ადგილი, რა აზრის ხარ?!
ჩეისი, ჩარლი და ლეონი, უმეტყველო მზერით უყურებდნენ ამ სანახაობას, თითქოს კინოთეატრის სკამიდან, მძაფრ-სიუჟეტიან ფილმს ადევნებენ თვალ-ყურსო
-შენი ადგილი იცოდე, სებასტიან, თორემ რაც აუზების ოთახში გაგიკეთე, თავზე ხელის გადასმად მოგეჩვენება. გასაგებია, შენთვის?!
-გასაგებია, ჯეისონ-ძლივს გაისმა მისი ხმა, ვინკლერის ღრიალის შემდეგ -აღარ განმეორდება -დაამატა ბოლოს, რადგან მისი კისერი ჯერაც არ იყო გათავისუფლებული
მეთოდმა გაამართლა. ამჯერად, ჯეისონმა მაგრად შემოჭერილი ხელი აუშვა და დივნის კიდეზე შემოდებული სასმელი ისეთი სახით მოსვა, თითქოს ცოტა ხნის წინ არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარიყო.
თვალებში მრისხანება ჩამდგარმა სებასტიანმა, მაგიდიდან თავი დასჯილი ბავშვივით აიღო. შენიშნა, რომ ჩეისი და ჩარლი ერთნაირი დამცინავი მზერით უცქერდნენ. მხოლოდ ლეონის თვალებში ვერ კითხულობდა ვერაფერს, ჯეისონს კი, საერთოდ არ უყურებდა. არ უნდოდა მის მხარეს გახედვა და კვლავ იმ ქვესკნელისფერი თვალების დანახვა, რამდენიმე წამის წინ, რომ მრისხანებით დაყურებდნენ ზემოდან.
ცოტა ხნის წინ მომხდარი პატარა ინციდენტის შემდეგ, ყველა და ყველაფერი, თითქოს ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. ლეონმა და ტყუპებმა სმა განაგრძეს, ჯეისონი, კვლავ სავარძელში ჩაესვენა, ჩამოვარდნილ სიწყნარეში კი, საათის წიკწიკი უწინდებურად მკაფიოდ გაისმა.
მხოლოდ სებასტიანი იყო ერთადერთი, ვინც უზარმაზარ მისაღებში ბოლთას ცემდა, რითაც თითოეული იქ მყოფის, ნერვებზე უარყოფითად მოქმედებდა.
ვინკლერი, უკვე თვითონაც ამჩნევდა, რომ დროში იწვებოდნენ. მართალია, იქ აუქციონის დასასრულს, უშუალოდ საქველმოქმედო წვეულებაზე უნდა მისულიყვნენ, თუმცა გზაზე გაჩენილი საცობების გამო, მაინც დიდი შანსი იყო იმისა, რომ დაეგვიანათ. უკვე მოთმინების ძაფი უწყდებოდა. ამას, თითოეული იქ მყოფის სახეხეც ხედავდა, ამიტომ გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო. ოთახში უნდა შესულიყო და გოგონა ცოტა დაეჩქარებინა.
-წავალ, შევაკითხავ, რაღაც მეტისმეტად დიდხანს გაუგრძელდა მომზადება -სათითაოდ გადახედა ყველას, სებასტიანის გარდა, რომელიც აქეთ-იქით დაუსრულებლად სიარულის გამო ვერ მოხვდა ჯეისონის მზერის ფოკუსში
-ჰო, ძმაო. შეიძლება კაბის ელვა-შესაკრავთან შეექმნა პრობლემები. მიდი, დაეხმარე -ღიმილით გადააქნია თავი ლეონმა და ის-ის იყო, ჩარლისთვის ვისკის ჭიქა უნდა მიეჭახუნებინა, რომ ოთახში უეცრად, ახალი ხმა გაისმა:
-არავის დახმარებას არ ვსაჭიროებ,უკვე მზად ვარ!
ეს სიტყვები, არც ლეონს ეკუთვნოდა, არც ტყუპებს, არც ჯეისონს და არც, სებასტიანს, ამიტომ ყველამ ერთბაშად მიიხედა უკან და ზუსტად იმ წამს, შოკოლადისფერი კარიდან გამოსულ ადამიანს შეაცქერდა.
გრძელი, მარჯვენა ფეხზე ბოლომე ჩახნილი, სისხლივით წითელი კაბა ეცვა გოგონას. ზურგი მთლიანად ჰქონდა ამოღებული, გულ-მკერდი ზომიერად ჩახსნილი, ფეხზე კი, ზუსტად კაბის ფერი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი ამოეცვა.
გაშლილი, ბოლოებში ოდნავ დატალღული თმით, მსუბუქი მაკიაჟითა და ცრემლის ფორმის, მბრწყინავი კულონით, იმდენად მომხიბვლელად გამოიყურებოდა, რომ ოთახში, რამდენიმე წამით, ყველა მას უმზერდა გაშტერებული თვალებით. იმდენად საოცარი იყო იმ საღამოს ლერა, რომ შეუძლებელი იყო ამ ყველაფრისთვის გულგრილად შეგეხედა.
ორ წუთაინი უხმო დაკვირვების შემდეგ, პირველად, ჯეისონი გამოერკვა. იგი, ნელა მიუახლოვდა მის წინ მდგომ წითელკაბიან საოცრებას, თან უკნიდან ბუნდოვნად გაიგონა, თუ როგორ გადაუჩურჩულა ჩარლიმ ჩეისს, "პირი დამუწე ძმაოო".
-დააგვიანე -მხოლოდ ეს აღმოხდა ვინკლერს. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოკიდა ხელი გოგონას მკლავს და დანარჩენებს ანიშნა წამოშლილიყვნენ.
ჯეისონის თვალებით ნათქვამი ბრძანება, წამებში ასრულდა. ტყუპები და ლეონი გასასვლელი კარისკენ სამი მუშკეტრივით ერთობლივად წამოვიდნენ, ლერას კიდევ ერთხელ შეავლეს მზერა და უხმოდ გაეცალნენ იქაურობას. მათ, უკან სებასტიანი მიყვა. ეს სამეული, ავტომობილში ერთად უნდა ჩამსხდარიყო, ხოლო ლერა და ჯეისონი ცალკე მანქანით გაყვებოდნენ უკან. გეგმის მიხედვით, ისინი აუქციონის წვეულებაზე, ერთად უნდა გამოცხადებულიყვნენ, რათა იქ, კიდევ ერთი სპექტაკლი დაედგათ, მთავარ წარმოდგენაზე გადასვლამდე.
გარკვეული დრო, ლიფტის ორფრთიანი კარის წინ იცდიდნენ ჯეისონი და ლერა. მამაკაცმა მოძრავ, ლითონის ყუთში მხოლოდ მაშინ შეაბიჯა, როდესაც სებასტიანი და დანარჩენები მისი გამოყენებით, ქვემოთ ჩავიდნენ და თავიანთ მანქანებში ჩასხდნენ. ვინკლერს ლერაც უკან მიყვა. არანაირი შეკითხვის დასმას არ აპირებდა მანამ, სანამ მანქანაში არ ჩასხდებოდნენ და სასტუმროს გზას არ დაადგებოდნენ, თუმცა როგორც კი, ლიფტის ორ-ფრთიანი კარი სრიალით დაიხურა და მოძრავი ყუთი ქვემოთ დაიძრა, ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:
-შენ ჩემთან ერთად რატომ მოდიხარ?
ვინკლერმა, ცალი წარბი აზიდა. პასუხი მხოლოდ მაშინ დაუბრუნა, როდესაც პაწაწინა ციფერპლატზე, წითლად გამოისაცა რიცხვი ოცდაოთხი.
-აუქციონის ნაწილს დავესწრები. პატარა სპექტაკლის გათამაშება გვჭირდება -როგორც ყოველთვის, იდუმალება გამოსჭვიოდა მისი სახიდან. ლერამ, ამჯერადაც ვერაფერი გაიგო, თუმცა გადაწყვიტა მეტად აღარ ჩაძიებოდა. ისედაც საშინლად ტკიოდა ფეხები მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო. მართალია, მთელი ღამე ვარჯიშობდა მასზე სიარულში, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შეეჩვია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სადაც იყო წაიქცეოდა და მთელი მისი ღამეული ვარჯიშები, რომ ფეხსაცმელზე ახლად ფეხადგმული ბავშვივით არ მდგარიყო, ერთბაშად წყალში ჩაიყრებოდა.
გასასვლელთან, დიდი, შავი ჯიპი ელოდათ. ლერამ, მაშინვე შეძლო მისი ცნობა-სწორედ ის მანქანა იყო, რომელიც ჯეისონის წვიმაში მიტოვების დღეს, გზაზე გაუფუჭდა და ამის გამო, იძულებული გახდა უკან მიბრუნებულიყო. სწორედ იქ, სადაც სველი, დაგამძვინვარებული ვინკლერის ნახვა ელოდა.
მათთვის განკუთვნილ ავტომობილთან, კვლავ ის სათვალიანი მძღოლი იდგა, წინ ჩამოშვებული, ერთმანეთში გადაჭდობილი ხელებით. მის სქელ, მოკლე თითებზე გამოსახული კობრის სვირინგები, უწინდებურად შემზარავად გამოიყურებოდნენ და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, თითქოს მსხვერპლის დასაგესლად მიიწევენო.
მათთვის ყურადღება არ მიუქცევია ლერას, მანქანისკენ მიმავალ გზაზე, მხოლოდ იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ ფეხსაცმელებზე როგორმე წონასწორობა შეენარჩუნებინა და არ წაბორძიკებულიყო. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით, როდესაც მძღოლმა სპეციალურად დაყენებული გალანტური ჟესტით, ავტომობილის უკანა კარი გამოუღო და რბილ, ტყავგადაკრულ, სავარძელზე მოთავსდა.
ჯეისონი, მის გვერდით, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით მოკალათებულიყო. დაძაბულ გამოხედვაზე და მკაფიოდ გამოკვეთილ ყბის ძვალზე ეტყობოდა, რომ კბილებს ერთმანეთს მაგრად აჭერდა. არ უნდოდა, ლერას მოშიშვლებული ფეხისკენ გაქცეოდა მზერა, არც მისი სახისკენ, არც გამოხედვისკენ, თუმცა ფაქტი იყო, ეს ბოლომდე კარგად არ გამოსდიოდა.
მანქანა ნელი სვლით დაიძრა ადგილიდან. სალონში სუსტად აღწევდა ბორბლების გზაზე სრიალის ხმა, რომელიც აქეთ-იქით მოსიარულე სხვა ავტომობილების მოძრაობას მელოდიურად ერწყმოდა.
უჩვეულოდ ჩუმად იყო ლერა. ხმასაც კი არ იღებდა. მხოლოდ საქარე მინიდან გაყურებდა მორბენალ კადრებს და საკმაოდ წამოზრდილ ფრჩხილებს, შენელებული კადრის ეფექტით, კალთაზე დადებული კლაჩის ზედაპირზე აკაკუნებდა.
ყოველი ქცევით თუ ჟესტით, ისეთ დაძაბულობას ასხივებდა, თითქოს გილიოტინაზე ასასვლელად უკანასკნელი საფეხური ჰქონდა დარჩენილი. ეს, იმდენად აშკარა იყო, რომ პირველივე შეხედვიდანვე ხდებოდა ნათელი.
-იქნებ, მითხრა რა არ გასვენებს? -ბოლოს, ვეღარ მოითმინა ჯეისონმა და გოგონას მიუტრიალდა. ლერას, თავიც კი არ შემოუტრიალებია. კვლავ საქარე მინიდან გადაშლილი ხედების ცქერას ამჯობინებდა.
-ნერვებს მიშლის ყველაფერი, რაც მაცვია -მიუგო მან. აშკარად გაღიზიანებული ჩანდა -ქუსლიანები საშინლად მიჭერს, კაბა მთლიანად მაშიშვლებს. ჩემი თავისუფალი სტილი მომენატრა, ამაში, თითქოს ვერ ვსუნთქავ!
ტუჩის კუთხეში, ირიბი ღიმილი გაუკრთა ჯეისონს მის სიტყვებზე. ჯერ, გოგონას უკმაყოფილო მზერას მოავლო თვალი, მერე თვალები, მათ წინ მიმავალ ლურჯ ავტომობილს გაუშტერა და ნელა წაიღო ხელი ლერას მიმართულებით.
გოგონა, თითქოს ადგილზე შეხტა, როდესაც ვინკლერის თითები თავის ფეხზე იგრძნო. ჯეისონმა, ჯერ მუხლზე დაადო ხელი, შემდეგ ნელ-ნელა ზემოთ აასრიალა და ბარძაყზე ოდნავ მოუჭირა. იმდენად ჩვეულებრივი, არაფრისმთქმელი მზერით აკეთებდა ამას, რომ ვერავინ მიხვდებოდა, თუ რა ხდებოდა მანქანის უკანა სავარძელზე.
ლერას ტვინში სისხლმა აასხა, ეწვოდა თითოეული ის ადგილი, სადაც ვინკლერის თითებმა გაიარა, შეუმჩნევლად ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის. არ უნდოდა, რაიმე ხმა ამოეშვა, თუმცა როდესაც ჯეისონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე მანევრი, ემოციები ვეღარ გააკონტროლა და სიამოვნებისგან ამოიოხრა. ფაქტი იყო, ახლა ყველაფერი ერჩივნა იმას, რომ ჯეისონის ხელი მოეშორებინა, თუმცა სიამაყეს არ უღალატებდა, არ მისცემდა ამ ადამიანს საშუალებას, რომ ლერას ფიქრები წაეკითხა. ეს, მისთვის სასტიკი დამცირების ტოლფასი იყო. რაიმე სასტიკი უნდა მოეფიქრებინა, რათა ეს ცივი, მაგრამ მაინც მწველი თითები, რაც შეიძლება სწრაფად მოშორებოდნენ.
გოგონამ კიდევ ერთხელ დახედა ვინკლერის მარცხენა ხელს. რომელიც იმ ადგილას იდო, სადაც არაფერი ესაქმებოდა, თავისი გრძელი ფრჩხილები, კმაყოფილი გამომეტყველებით მოიმარჯვა და ვინკლერს, ხელზე დანასავით ბასრად გაუსვა.
მოქმედებამ გაამართლა. ჯეისონმა ცინიკური ღიმილით აიღო ხელი მისი კალთიდან და ხელზე დახედვის შემდეგ, შეამჩნია, თუ როგორ წვრილად გამოჟონა მისი კანის გავარდისფრებული ზოლიდან წითელმა, ბლანტმა სითხემ.
-დღეიდან გეცოდინება სად გადის ზღვარი ჩემსა და შენს შორის -ნიშნის მოგებით უყურებდა გოგონა, თუმცა მისი ზეიმი ცოტა ხანს გაგრძელდა. მიზეზი, ამჯერადაც ვინკლერის სიტყვები იყო:
-ისე ნუ იქცევი, თითქოს რაც გავაკეთე, შენთვის სიამოვნების პიკი არ ყოფილიყო -გამომეტყველება ისევ ისეთი სერიოზული ჰქონდა, როგორც მანქანაში ჩაჯდომისას. სარკაზმის ფრქვევის დროს, გამყინავი, ლოდივით უემოციო სახის შენარჩუნება, სწორედ მისთვის დამახასიათებელი ის თვისება იყო, ჯეისონის ცივსისხლიანობაზე რომ აკეთებდა უმთავრეს აქცენტს
-ისე ნუ იქცევი, თითქოს ქალის კოცნა, ბოლოს ცამეტი წლის წინ არ გამოგეცადოს -გამოაჯავრა ლერამ -აჰ, ჰო, ახლა გამახსენდა, რომ მართლაც ასეა
-ნუ მიწვევ, ლერა!
-შენ კი, ხელებს ნუ მიფათურებ! თუ თავის გაკონტროლება არ შეგიძლია, ბიჭების მანქანაში გადადი
-მაინც მოგამტვრევ მაგ რქებს -ბოლოს, ეს უთხრა ჯეისონმა. შემდეგ, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და მთელი დარჩენილი გზა ისე გალია, რომ გოგონასკენ ერთხელაც კი არ მიუხედავს. აღარც ლერას გასჩენია სურვილი მისი მიმართულებით გაეხედა. ისედაც მთელ ძალისხმევად დაუჯდა, იმ მომენტში ჯეისონის ხელის მოცილება. ჯერ კიდევ ეწვოდა ის ადგილები, სადაც მამაკაცის თითებმა გაიარეს, თითქოს ზედ ცხელი ნაკვერჩხლები ედო და მათ თავიდან მოცილებას ვერ ახერხებდა. ვერ იტანდა ლერა ამ სისუსტის გრძნობას. ზოგადად, ბუნებით იყო ასეთი-უნდოდა ყველა ემოციაზე ჰქონოდა კონტროლი, სურდა ისეთი შინაგანი ძალა ეპოვა, რომ ვერც ერთ გრძნობას ვერ დაემონებინა. ზედმეტად მიაჩნდა ეს თავის სამყაროში, თუმცა ჯეისონს ვერ ეწინააღმდეგებოდა. არ შეეძლო მისთვის სათანადო პასუხის გაცემა და ეს აცოფებდა. სძულდა ამის გამო, სძულდა თუმცა ყველაზე მეტად უნდოდა. იცოდა, რომ თუ თავის თავს და ქმედებებს კონტროლს არ გაუწევდა, საბოლოოდ, ჯეისონი დარჩებოდა გამარჯვებული. ეს კი, ყველაზე მეტად არ აწყობდა. არ მიანიჭებდა მას ამ მოგებით განცდილ კმაყოფილებას.
რვა საათის შესრულებას, სულ რაღაც წუთები უკლდა, როდესაც მათი ოთხბირბლიანი ტრანპორტის საქარე მინიდან, საზეიმოდ განათებული, უზარმაზარი სასტუმრო მთის წვერიდან ამოსული მზის სხივებივით გამოიკვეთა. ყველაფერი, ზუსტად ისე იყო, როგორც ელოდნენ. აქეთ-იქით მოსიარულე, ძვირფას კაბებში გამოპრანჭული ელიტა, ლამაზი ქურქები, დიდებული, ორასკარატიანი ყელსაბამები და ჯგუფური საუბრები სასტუმროს შესასვლელ კართან, სადაც მხოლოდ იმიტომ აყუდებულიყვნენ, რომ შიგნით აჟღერებულ კლასიკურ მუსიკას, მათთვის უკვე თავი მოებეზრებინა.
დარბაზი, რომელსაც ხალხი ნელ-ნელა ტოვებდა, მაინც ზედმეტად იყო გადაჭედილი. იგი, გიგანტური ჭაღით გაენათებინათ, რაც, ყველაზე მცირე, ორას ნათურას მაინც ითვლიდა. დარბაზში ხმადაბალი, ცოცხალი მუსიკა უკრავდა. მელოდიურად ირეოდა ერთმანეთში ვიოლანჩელოს, კლარნეტისა და როიალის ხმები. იქვე, გაშლილ საცეკვაო მოედანზე სმოკინგებსა და გრძელ, ლამაზ საღამოს კაბებში გამოწყობილი წყვილები, წყნარი მელოდიის ფონზე ირწეოდნენ, ხოლო მოპირდაპირე ოთახში, ახლახანს დამთავრებული აუქციონის ხელმძღვანელი, სპეციალურად მოწვეულ კურიერებს აფრთხილებდა, თუ რა მისამართზე უნდა მიეტანათ საგულდაგულოდ შეფუთული ანტიკვარიატის ნივთები.
-ახლა რა იქნება, ჯეისონ? -ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა ლერამ დარბაზში შესვლის თანავე, რათა მუსიკის ფონზე მისი ხმა უფრო კარგად გაეგონა
-თამაშში ამყვები -გაეპასუხა მამაკაცი -ყურში მიკროფონი რომ გაქვს უკვე იცი. მალე სებასტიანი კამერების ოთახში შეაღწევს და მაგ მოწყობილობის საშუალებით მითითებებს მოგცემს. ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გეტყვის. არანაირი ყოყმანი!
-იქ შეღწევას როგორ აპირებს? -კიდევ ერთი კითხვა დასვა გოგონამ და საცეკვაო მოედანზე შეკრებილ წყვილებს თვალი გადაავლო. ძირითადად ახალგაზრდები თავმოყრილიყვნენ, შედარებით მაღალი ასაკის საზოგადოება კი, შამპანიურის ჭიქებით ხელში იყო ჩამომდგარი, ჩვეული მედიდური გამომეტყველებით, თან სხვების თანდასწრებით, აუქციონზე შეძენილი ნივთების მაღალ ფასზე ტრაბახით იყო დაკავებული
-მოახერხებს! -მოკლედ მოუჭრა ჯეისონმა -სავარაუდოდ, უკვე იქაა. როდესაც მიკროფონში მის ხმას გაიგებ, მაშინვე მითხარი. ახლა კი -ვინკლერმა გოგონას წელზე ხელი მოხვია და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, სხეულზე აიკრა. ლერამ, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ სხვა მოცეკვავე წყვილებით იყვნენ გარშემორტყმულები, თანაც, არც მეტი არც ნაკლები, მოედნის შუაგულში
-ცეკვა არ ვიცი, ჯეისონ -გულწრფელად აღიარა მან
-არც მე. უბრალოდ მუსიკას აყევი -წყნარად გაეპასუხა იგი და ლერას ხელები კისერზე შემოიხვია. ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად დაიხარა მის ყურთან, ჯერ ნაზად გაუსვა ქვედა ტუჩი გოგონას ყურის ბიბილოს, შემდეგ კი, ვნებამორეული ხმით ჩასჩურჩულა:
-ნეტავ იცოდე, ახლა რა დიდი სიამოვნებით შემოგახევდი ტანზე მაგ კაბას
ტანსაცმლის ფხრეწის ხმის წარმოდგენაზე, გოგონას სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. ნელა ასწია თავი, რათა მამაკაცის შავ-ბნელი თვალებისთვის შეეხედა. მართალია, ჯეისონს სახეზე თითქმის არასდროს არაფერი იკითხებოდა, თუმცა თვალები მუდამ გასცემდა ხოლმე. თითქოს ის მართლაც მისი სულის სარკედ ქცეულიყო, რაშიც ამ წუთას, უდიდესი სურვილი და ვნება იკითხებოდა
-ჩემთან დაწოლა მართლა ასე ძალიან გინდა? -ყველანაირად სცადა, მისი ტონი რაც შეიძლებოდა ცინიკური ყოფილიყო. ჯეისონს, სახეზე ღიმილმა გადაურბინა. წყნარი მუსიკის თანხლებით, გოგონა მკლავზე ლამაზად გადაიწვინა და ოდნავ ჰაერში აწეული დაატრიალა.
-ჰო, ჩემი ცხოვრების უპირველესი მიზანია -არა ნაკლებ ირონიული იყო პასუხი. ხასიათი გაუფუჭდა ლერას. ამდენი ხალხი, რომ არა, შეიძლებოდა ჯეისონისთვის სილაც კი გაეწნა. მათი მუსიკა, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდებოდა. ამ წუთას, მხოლოდ ეს ამშვიდებდა. თავიდანვე არ უნდა დათანხმებოდა ცეკვაზე, თუმცა ახლა დროის უკან დაბრუნება უკვე გვიანი იყო.
საცეკვაო მოედანზე, წყვილები კვლავ ლამაზად ტრიალებდნენ. მარმარილოს პრიალა იატაკს, ალაგ-ალაგ ღია ცისფერი და იასამნისფერი შუქები გადაურბენდნენ, თითქოს და რომანტიული ატმოსფეროს შესაქმნელად.
უკვე აღარ ლაპარაკობდნენ ლერა და ჯეისონი, მხოლოდ ინსტიქტურად განაგრძობდნენ წყნარ მელოდიაზე ცეკვას, რომელიც უკვე თავის ბოლო აკორდებს ითვლიდა.
-ლერა! -მოესმა უეცრად, გოგონას. წამოთ შეკრთა, ჯეისონს ახედა, თუმცა მამაკაცს ისევ უწინდებურად, არაფრისმთქმელი მზერა ჰქონდა -ლერა! -განმეორდა ისევ. მარჯვენა ყურში, რაღაც ზუზუნი იგრძნო -ლერა, გესმის ჩემი?!
მაშინღა მიხვდა, რაც ხდებოდა. ეს არც ჯეისონი იყო და არც ვინმე სხვა დარბაზში მყოფთაგანი. ხმა, რომელიც მის სახელს იმეორებდა, სებასტიანს ეკუთვნოდა და ყურში დამაგრებული, პატარა მიკროფონიდან მოდიოდა.
-მესმის, სებასტიან, ნუ ყვირი -ჯეისონს უყურებდა, რათა ყველას გონებოდა, რომ მას ელაპარაკებოდა. მამაკაცმა, ამ სიტყვების გაგონებაზე, მზერა მსწრაფლ ლერასკენ მოაბრუნა
-უკვე ხაზზეა, არა? -იკითხა ვინკლერმა
ლერამ თავი დაუქნია. ამ დროს, ყურში, მორიგი ხმაც ჩაესმა :
-ჯეისონს გადაეცი, რომ მენდესი უკვე დარბაზშია. რამდენჯერმე შემოგხედათ კიდეც
-ამბობს, რომ მენდესი დარბაზშია და გვათვალიერებს -ლერამ, ამ სიტყვების პარალელურად ირიბი მზერა მოატარა მთელ სივრცეს. უნდოდა, სადმე თავისი სამიზნისთვის მოეკრა თვალი, თუმცა ჯეისონმა, ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი მისკენ შეაბრუნებინა
-ნუ იყურები! ისე მოიქეცი, რომ ეჭვი არ აღძრა. არნოლდი ნამდვილი ვირთხაა, საფრთხეს კილომეტრებიდანაც კი გრძნობს
ამ სიტყვებით, ჯეისონმა, ბოლოჯერ დაატრიალა გოგონა წყვილებით გარშემორტყმულ საცეკვაო მოედანზე და მუსიკაც, იატაკზე მოლიცლიცე ცისფერ-იასამნისფერ ჩრდილებთან ერთად, მისტიკურად აორთქლდა უზარმაზარი ჭაღით გაფორმებული დარბაზიდან.
ახალი მელოდიის დაკვრამდე, ორკესტრის წევრებმა მცირედი შესვენების წუთების აღება გადაწყვიტეს და ხელების დაუსრულებელი მოძრაობით დაღლილ-დაქანცულებმა, ერთმანეთში გააბეს საუბარი.
-ვინკლერ, მგონი ვიღაც გოგო გიყურებს -იმ წამს ჩავლილ ოფიციანტს, სინზე დადებული შამპანიურის ჭიქებიდან ერთი ააცლა ლერამ -აი, ის ცისფერი კაბა, რომ აცვია
ჯეისონს, არაფერი უთქვამს, მის მაგირვად, ყურში კვლავ სებასტიანის ხმა ჩაესმა.
-ლერა, ახლა მითითებებს მოგცემ და ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, როგორც გეტყვი. ჩათვალე, სპექტაკლში თამაშობ და ბუნებრივი იყავი
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია გოგობამ. იცოდა, რომ იგი კამერების ოთახიდან აკვირდებოდა და მის მოქმედებებსაც მშვენივრად დაინახავდა.
-კარგი, დასაწყისისთვის იმ დახლთან მიდი, სადაც სასმელებს არიგებენ, ვითომ შენთვის და ჯეისონისთვის დასალევის მოსატანად მიდიხარ. წასვლამდე, მისკენ გადაიხარე და ყურში ნებისმიერი რამ ჩასჩურჩულე!
გოგონას ჩაეცინა, შამპანიურის ჭიქიდან კიდევ ერთხელ მოსვა და ვინკლერს ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა.
-არ ვიცი, რა სპექტაკლში მათამაშებთ, მაგრამ ახლა იმ ნაწილზე ვარ, სადაც უნდა წავიდე და ჩვენთვის სასმელი მოვიტანო. ჰო, მართლა, რომელი წამოგიღო? Moonshine? -ვინკლერის საყვარელი სასმელი მოაგონდა ლერას. როდესაც მამაკაცის კითხვით სასვსე თვალებს გადააწყდა, დაამატა -იმ დღეს, ბარში, როდესაც პირველად შეგხვდი, სწორედ ეგ სასმელი გედგა წინ. უბრალოდ დამამახსოვრდა
-არ აქვს, მნიშვნელობა, რაც გინდა ის წამომიღე. მისი დალევა მაინც არ მომიწევს -მიუგო ბოლოს. ლერა, ვერ მიხვდა, თუ რატომ უთხრა ეს ყველაფერი, ან რა იგულისხმა, თუმცა ზედმეტი კითხვები, არც ამჯერად დაუსვამს. თავისი შამპანიურის ჭიქა ჯეისონს შეაჩეჩა და კაბის შრიალით გაემართა სასმელების დახლისკენ, სადაც იმ წუთას, ორი ახალგაზრდა ჩამომდგარიყო.
მიახლოებისას, ერთ-ერთმა მათგანმა გამჭოლი მზერაც ესროლა. აშკარად დახლიდან წამოსადგომად ემზადებოდა, თუმცა ლერას მისვლამ ცოტა ხნით შეაყოვნა. იქაურობის დატოვებას, უკვე აღარ ჩქარობდა.
-ერთი მარტინი ჯინტონიკით და ერთიც ამერიკული ვისკი -სწრაფად მიმართა გოგონამ სასმელების დახლთან ჩამომდგარ ბიჭს, თან მზერა ჯეისონისკენ გააპარა. მართლაც, რომ მოულოდნელი სურათი გადაიშალა მის თვალ-წინ-ის ცისფერკაბიანი გოგო, ვინც ცოტა ხნის წინ, ვინკლერს მიშტერებოდა, ახლა მის გევრდით ურცხვად ჩამომდგარიყო და, ფაქტობრივად, კისერზე ეკიდებოდა
-თამაშის ერთ-ერთი პუნქტი -ჩაესმა ისევ, სებასტიანის ხმა -ისეთი სახე მიიღე, თითქოს საოცრად ეჭვიანობ
ლერას უნდოდა ეკითხა, ეს გოგოც თქვენი დაქირავებულია თუ არაო, მაგრამ მიხვდა, რომ ასეთ შემთხვევაში, ყველა თავის თავთან მოსაუბრე გიჟად შერაცხავდა და გაჩუმება ამჯობინა.
დახლის ზედაპირზე, სასურველი სასმელები დაიდო. გოგონა, ჭიქებს წამსვე დაწვდა, თავისზე მოშტერებული ბიჭის მოსასალმებელი სიტყვები დააიგნორა და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას.
გოგონა, კვლავ გამომწვევად ეკიდებოდა კისერზე ჯეიონს. მისი მარჯვენა ხელი, მამაკაცის ყელზე იყო შემოხვეული, ხოლო მეორე, თეთრი პერანგს ღილებს ეთამაშებოდა.
-როცა გეტყვი, მათკენ დაიძარი და ჯეისონს სასმელი თავზე გადაასხი, გესმის? -ჩაესმა კიდევ ერთი გაფრთხილება.
ამ ყველაფერმა, აშკარად დააბნია. ნერვები მოეშალა. თავის ხელში მარიონეტივით ისე ათამაშებდნენ, რომ არაფერს უხსნიდნენ რა და რატომ ხდებოდა. ამისთვის წერტილი უნდა დაესვა, ამიტომ ამჯერად აღარ დარიდებია ხმის ამოღებას და სებასტიანს პირდაპირ მიახალა:
-ან მეტყვი ამ ყველაფერს რატომ ვაკეთებ, ან ამ სასმელის ჭიქებს ძირს დავანარცხებ, აქედან წავალ და თქვენს საქმეებს უჩემოდ მიხედეთ!
პასუხად, მხოლოდ სებასტიანის ოხვარა გაიგონა. გაბრაზებულიც მოეჩვენა, მაგრამ ახლა ეს საერთოდაც არ აინტერესებდა. როგორმე საკვები უნდა გადაეგდო თავისი საშინლად დამშეული ცნობისმოყვარეობის გრძნობისთვის.
-მენდესს სახლში წაყვანა უნდა შესთავაზო, ეს უკვე იცი -დაიწყო უეცრად სებასტიანმა -ეგ კაცი ძალიან ჭკვიანია, მისი მარტივად მოტყუება არ გამოგივა. ეჭვს აიღებს, თუ რატომ დათანხმდი *ექსზე ასე მარტივად. იფიქრებს, რომ რაღაც სხვა მიზნები გამოძრავებს. სწორედ ამიტომ არის აქ ის გოგო. შენი და ჯეისონის მის გამო წაკამათების სცენას თუ გავითამაშებთ, მაშინ არნოლდი, შენს სახლში მიპატიჟების თხოვნას, შეყვარებულზე გამწარებული ქალის შურისძიებად ჩათვლის, ვინც ცდილობს ღალატისთვის ღალატით გადაუხადოს, გაიგე? -თქვა და სანამ პასუხს მოისმენდა, მანამ განაგრძო -ახლა კი, მიდი და როდესაც სიტუაცია ჩაგივარდება ეგ სასმელი თავზე ისე გადაასხი, რომ ყველას ყურადღება მიიპყრო. არნოლდი დარბაზის კუთხეში დგას. თუ გაინტერესებს, ახლა სწორედ შენ გიყურებს
გოგონამ კვლავ ირიბად მოათვალიერა სივრცე, თუმცა მამაკაცს თვალი ვერსად მოკრა. შეიძლება, უბრალოდ ვერ ცნობდა. მას ხომ იგი, მხოლოდ ფოტო-სურათით ჰყავდა ნანახი?
"კარგი რაც არის, არის" -გაიფიქრა ლერამ, მზერა სწრაფად მოატრიალა და კვლავ იმ მხარეს გაიხედა, სადაც ჯეისონი იდგა. ამჯერად, სურათი შეცვლილიყო. უბრალო ფლირტი, რომელიც წესით, ასეთადვე უნდა დარჩენილიყო, გაცილებით სერიოზულ ფაზაში იმყოფებოდა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა გოგონამ. ხედი მაინც არ შეცვლილიყო-უცნობ ცისფერ-კაბიანს ჯეისონს სხეულზე მიტმასნოდა და ამჯერად, მის ბაგეებზე დაატარებდა თითებს, ვინკლერს კი, მის წელზე ხელები საკმაოდ თამამად შემოეხვია.
-რაღას უცდი? -ჩაესმა ისევ ეს ხმა. სებასტიანი ოდნავ გაღიზიანებული ჩანდა -მიიყვანე ბოლომდე ეს სპექტაკლი, ლერა! გაბრაზებული, ეჭვიანი ქალის ტიპური რეაქცია გვჭირდება!
თითქოს, პარალელური სამყაროდან ჩაესმოდა გოგონას ეს ხმები. ყალბი ეჭვიანობა არაფერ შუაში იყო. იმ წამს, დაეფიცებოდა მართლა საშინლად სურდა ჯეისონისა და იმ გოგოს სამოსის სასმელით გაფორმება.
ირგვლივ მიმოიხედა ირონიული ღიმილით ლერამ, სახეზე ეჭვიანობის მრისხანე ნიღაბი აიკრა და გეზი პირდაპირ ვინკლერისა და უცნობი ცისფერკაბიანისკენ აიღო.
-კარგად ერთობი, პატარავ? -დადუმებული მუსიკით ისარგებლა გოგონამ და მიახლოების თანავე შეეცადა თავისი სიტყვები, რაც შეიძლებოდა ხმამაღლა ეთქვა, რათა დარბაზში მდგომი, მიზანში ამოღებული ადამიანის ყურადღება მიეპყრო. ლერამ, თავისი კარგად მორგებული სამსახიობო ნიღბის დახმარებით, უხეშად გამოსწია გვერდზე ვინკლერს მიტმასნილი ცისფერკაბიანი და თვალები რისხვით დაუბრიალა -წადი, სანამ მთელი ხარ! -კბილებში გამოსცრა მან.
გოგონამ, ოდნავ უკან დაიხია, თითქოს შეეშინდა. როგორც ჩანს, მასაც კარგად ჰქონდა დაზეპირებული ამ სპექტაკლში თავისი როლი.
-ესე იგი, როგორც კი თვალს მოგაცილებ, მაშინვე ქალების შებმას იწყებ, არა? -ამჯერად ვინკლერს შეანათა თავისი საგანგებოდ დაყენებული მრისხანე მზერა. უკვე კარგად ხვდებოდა, რისთვისაც დგამდნენ ამ ყველაფერს და თავისი როლის შესასრულებლად იმპროვიზაციას მიმართავდა -მე ხომ, უბრალოდ სასმელის მოსატანად გავედი? ნუთუ ორი წუთიც არ შეიძლება შენი მარტო დატოვება?! -ნელ-ნელა ხმას უწევდა ლერა. დარბაზში, უკვე ყველას ყურადღება მათკენ იყო მომართული. როგორც ჩანს, სებასტიანმა სპეციალურად შეარჩია ისეთი დრო, როდესაც მუსიკა არ უკრავდა. უნდოდა, მათ პატარა სკანდალს მთავარი მსვერპლის-არნოლდის ყურამდე მიეღწია
-ლერა, მშვიდად ყველა ჩვენ გვიყურებს -ამჯერად, ჯეისონიც შემოიჭრა გრანდიოზულ „პრემიერაში“, თან ცისფერ-კაბიანს ანიშნა იქაურობას გასცლოდა
-არსადაც არ წავა! -მკლავში ხელი ჩაავლო გოგონას ლერამ -მოდი აქ და მითხარი, რა ურთიერთობა გაქვს ამ ადამიანთან?!
-გამიშვი, მტკივა -სახე დაემანჭა ცისფერკაბიანს. ამჯერადაც ჯეისონმა შეითავსა მაშველი რგოლის ფუნქცია, ლერას, მსხვერპლი ხელიდან გამოაცალა და უკან გასწია -წადი, აქედან! დროზე!
-მივდივარ, მაგრამ ჩემთვის დარეკვა არ დაგავიწყდეს კარგი, ჯეი? -ამ სიტყვებს, საკმაოდ გამომწვევი მზერაც დაურთო მან და სანამ ლერა, კიდევ ერთხელ მოასწრებდა მისი მკლავის დალურჯებას, იქაურობასაც გაეცალა.
უცნობი გოგონას როლი, აქ დამთავრდა. ახლა, სახელდახელოდ დადგმული დრამატული წარმოდგენა, შემდეგ ეტაპზე უნდა გადასულიყო.
-არაფერს, ამიხსნი, ჯეისონ? ეს *ოზი ვინ იყო და კისერზე რატომ გეკიდებოდა?! -თავის წელზე შემოხვეული მკლავები უხეშად მოიშორა ლერამ და მამაკაცს მიუტრიალდა
-გეყოფა, ამდენ ხალხში თავს ირცხვენ და მეც მარცხვენ!
-ნუ მიყვირი! ყველამ იცოდეს, რა ნაგავიც ხარ -ლერა დამსწრე საზოგადოებას მიუტრიალდა და ხელით ჯეისონისკენ ანიშნა -ხალხო, აი შეხედეთ და კარგად დაიმახსოვრეთ ამ ადამიანის სახე! მისნაირებს არასდროს ენდოთ, რადგან ნამდვილი ნაძირალაა! თვალებს დახუჭავთ თუ არა, მაშინვე სხვასთან გარბიან -გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და გატრიალდა, თუმცა ჯეისონის ხელმა, რომელიც მოულოდნელად მკლავში ჩაავლო, წასვლის საშუალება არ მისცა
"ოხ, ეს ახალგაზრდები" -მოისმა საიდანღაც
"მეგონა დღევანდელი საღამო მოსაწყენი იქნებოდა, თუმცა შევცდი" -დაამატა მამაკაც