შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწვდომელი (თავი-12)


21-05-2020, 09:15
ავტორი აირ ისი
ნანახია 856

8 8 8 8

თავდაჯერება . . .
სიამაყე . . .
გაბედულობა . . .
სითამამე . . .
სწორედ ეს ოთხი სიტყვა გახლდათ ის, რასაც ანასტასია მარგიანი, ყოველი პოდიუმზე გასვლის წინ იმეორებდა ხოლმე გონებაში.

საკუთარ თავთან მუშაობა, ფსიქოლოგიური მომზადება და "თვითდაჯერების ფიალის" შევსება, ახლაც ისევე საჭიროდ მიაჩნდა, როგორც მაშინ, როდესაც დებიუტანტად ითვლებოდა სამოდელო კარიერის სფეროში. მუდამ ფიქრობდა, რომ ადამიანს, თვითდაჯერების გრძნობა ბევრ რამეში წაწევდა წინ, თუმცა ამ უკანასკნელის გადაჭარბებული დოზა, შეიძლებოდა დიდი წარუმატებლობის საწინდარიც გამხდარიყო.

ანასტასიამ ღრმად ჩაისუნთქა და სარკეში არეკლილი გამოსახულება კიდევ ერთხელ შეათვალიერა. სულ რაღაც შვიდ წუთში, უკვე პოდიუმზე უნდა გასულიყო და თავისი გამოსვლით დეფილე ოფიციალურად დაეხურა.

უზარმაზარ გასახდელში, სადაც მოდელები ემზადებოდნენ, დიდი ფუსფუსი და აურზაური შექმნილიყო. ვიზაჟისტები განსაკუთრებული მონდომებით უსწორებდნენ სცენაზე გასასვლელად მომზადებულ გოგონებს მაკიაჟს, სტილისტები მათ ვარცხნილობაზე ზრუნავდნენ, ხოლო დიზაინერები, საპოდიუმე სამოსის გარკვეულ შტრიხებს ასწორებდნენ, რათა დეფილეს ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, უნაკლოდ ჩაევლო.

ანასტასიაც უკვე სრულ მზადყოფნაში გახლდათ. მართლაც რომ იდეალურად გამოიყურებოდა მისი სამოსი. გრძელი, ვერცხლისფერი კაბა, რომელსაც ზურგი მთლიანად ჰქონდა ამოღებული და მარჯვენა ფეხზე ბოლომდე იყო ჩახსნილი, იმდენად იდეალურად ჩანდა ანასტასიას სხეულზე, ნებისმიერ ადამიანს სპეციალურად მისთვის ეგონებოდა შექმნილი. ვიზაჟისტებისა და სტილისტების გუნდიც კმაყოფილი სახით უცქერდა თავის ნამუშევარს, ხოლო ანასტასია, ისევ საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა, თვალმოუშორებლად და გონებაში მხოლოდ ის კითხვა უტრიალებდა, იჯდა თუ არა ამ წუთას აარონი მაყურებელთა რიგში.

გოგონას მასთან წინა საღამოს შემდეგ არ ესაუბრა და არც ის იცოდა დაზუსტებით, მოახერხებდა თუ არა მოსვლას ეს უკანასკნელი.

საკმაოდ ბევრი რამის გაგება მოასწრო ანასტასიამ, ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, მამაკაცის შესახებ. პირად ცხოვრებას თუ ჩავუღრმავდებოდით, გარს მუდამ საუკეთესო ლამაზმანები ეხვია, თუმცა ისიც აღსანიშნავი გახლდათ, რომ აარონ ქალდანის მოხიბვლა მხოლოდ მშვენიერი სახითა და უნაკლო სხეულის ფორმებით შეუძლებელი იყო. მის მამაკაცურ ეგოს არ აკმაყოფილებდა საპირისპირო სქესის მიმზიდველი ფეხები და მკვრივი სა’ჯდომი, თუ ამ ყველაფერს ჭკუა-გონების მაღალი დონე არ ახლდა თან. ბევრი ადამიანი, მსგავსი შეხედულებების გამო, მას ზედმეტად ამაყ და ამპარტავან პიროვნებადაც კი მიიჩნევდა, ვისაც სიმდიდრე თავში ჰქონდა ავარდნილი და ყველას ზემოდან დაჰყურებდა, თუმცა ანასტასია, სულაც არ თვლიდა ასე. პირიქით, მოსწონდა კიდეც მამაკაცის უკარება ხასიათი და ის, რომ ყოველ მეორე შემხვედრს არ უყადრებდა თავს მხოლოდ ლამაზი ფიგურის გამო.

-ანასტასია, საყვარელო, მზად ხარ? -ზურგს უკნიდან მომავალმა ხმამ გაუწყვიტა ფიქრების ძაფი გოგონას. კითხვის ავტორი, თავად ელენა ბალანჩინი გახლდათ, ვინც გასახდელში იმ წამს შემოსულიყო, თავისი მედიდური გამომეტყველებით, ლამაზად დახვეული თმითა და მოხდენილი სამოსით, ასე ღიად რომ გამოკვეთდა ქალის სხეულის თითოეულ პარამეტრს

-სრულ მზადყოფნაში ვარ, ქალბატონო ელენა . . . და, თქვენ რატომ არ ზიხართ მაყურებელთა რიგებში?

-ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ, ჩემო ლამაზო. სულ მალე, შენი გასვლის ჯერი მოვა და ჯობს ამაზე ფიქრს დაუთმო მთელი ყურადღება

მოსამზადებელი ოთახიდან კიდევ ერთი მოდელი გაემართა პოდიუმზე გასასვლელად, ერთიც კი შიგნით შემოვიდა.

იქედან, ვისაც უკვე დაემთავრებინა თავისი გამოსვლა, ზოგი მაკიაჟის მოშორებით იყო გართული, ზოგიც კი, სმარტფონში ჩამძვრალიყო და "სქროლვით" ირთობდა თავს.
ანასტასიას უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამთავრდებოდა ეს დღე და ნანატრ ლოგინს მიაშურებდა. მართალია, დეფილეს შემდეგ კლუბში კორპორატიული წვეულებაც იყო დაგეგმილი, თუმცა ამ უკანასკნელზე წასვლას, დაღლილობის გამო, ნამდვილად აღარ აპირებდა გოგონა. ახლა არც ხმამაღალი მუსიკის თავი ჰქონდა და არც, ალკოჰოლით გაბრუებული კოლეგების ცქერის ნერვები, რომელთა უმეტესობაც, ამ დროს, საკმაოდ აუტანელნი ხდებოდა ხოლმე.

-დარწმუნებული იყავით, რომ სწორედ ამაზე ფიქრითაა დაკავებული ჩემი გულიც და გონებაც -მიუგო ანასტასიამ მედიდურად, ჯერ კიდევ თავის ცხვირწინ მდგომ ელენას -რამე სხვა შეკითხვაც ხომ არ გაქვთ?

-არა, რას ამბობ? უბრალოდ მინდა წარმატებები გისურვო, ტკბილო

ანასტასიამ, თვალები გადაატრიალა ქალის მოჩვენებითად თბილ დამოკიდებულებაზე და ის-ის იყო კედელზე მიმაგრებულ საათს ახედა, რომ მისი ყურადღება, იმ დიალოგმა მიიპყრო, რომელშიც მოსამზადებელ ოთახში მჯდომი ოთხი მოდელი იყო ჩაბმული. ამ უკანასკნელთ, უკვე დაემთავრებინათ მაკიაჟის მოშორება, სამოსიც გამოეცვალათ და ერთად შეჯგუფულები, საკუთარ ტელეფონებში რაღაცას დაკვირვებით ჩაშტერებოდნენ.

-ჯანდაბა, რაღა მაინცდამაინც, ასეთ ზესიმპათიურ ტიპებს ესვრიან?

-მისი ამ ქვეყნიდან წასვლა ნამდვილი საცოდაობა იქნება. მართლა მთელი გულით და სულით ვგულშემატკივრობ

-მეც ასევე, თუმცა ოთხი ტყვიის მოხვედრის შემდეგ, პროგნოზი არც ისეთი საიმედო უნდა იყოს

-რა ხდება? რას განიხილავთ? -მოდელების შეკრებას ანასტასიაც შეუერთდა -რამე ცუდი ამბავია?

გოგონებმა, მობილურებიდან ცხვირი ერთდროულად ამოყვეს. მათგან ერთ-ერთმა, ვინც ასაკით ყველაზე უმცროსი გახლდათ და საკმაოდ უცნაური სახელი -კალანია ერქვა, ანასტასიას შეკითხვაზე ღრმად ამოიხვნეშა.
-ინტერნეტში ვნახეთ რაღაც განცხადება -მიუგო მან -თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მილიარდელს, აარონ ქალდანს ესროლეს. ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი და ამ ეტაპზე ოპერაციას უკეთებენ

-ჯანდაბა, ასეთი ტიპების მართლა გამკვირვებია -სმარტფონი გვერდზე გადადო ჟღალთმიანმა, საკმაოდ დახვეწილი გარეგნობის მქონე გოგონამ -ადამიანი ამხელა ქონების პატრონია და შესაბამისად, უამრავი მტერი ეყოლება. მისნაირებს, უკან მინიმუმ სამი დაცვის მანქანა მაინც უნდა მიჰყვებოდეს, ის კი, ყველგან თავისუფლად და უშიშრად დადის

-სწორედ ამიტომ დაემართა ეს ყველაფერიც. თურმე, ნამდვილად ჰქონია შიშის საფუძველი

გოგონები კვლავ საუბრობდნენ, მსჯელობდნენ და ინტერნეტში ამოკითხულ სტატიას დიდი ინტერესით განიხილავდნენ, თუმცა ანასტასიას, მათი ნათქვამიდან სიტყვაც აღარ გაუგონია. მისმა გონებამ იმ ნაწილში შეწყვიტა მუშაობა, როდესაც სახელი აარონ ქალდანი მოისმინა თავისი ერთ-ერთი კოლეგისაგან.

იმ წუთას, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დანარჩენი სამყარო ცალკე სივრცეში მოათავსა, თავად კი უხილავი გარსი შემოიხვია ირგვლივ და მოსამზადებელ ოთახში შეკრებილთა ხმებიც, უკვე ძალიან შორიდან ჩაესმოდა.

აღარ აინტერესებდა არც დეფილე, არც თავისი მნიშვნელოვანი როლი ამ ჩვენებაში და არც, ელენა ბალანჩინი, ვინც გამოსაფხიზლებლად ძლიერად ანჯღრევდა, თან რაც შეეძლო ხმამაღლა უყვიროდა, რომ უკვე მისი გასვლის დრო მოსულიყო.

ანასტასიას ფიქრები, ახლა თავიდან ბოლომდე აარონს დასტრიალებდნენ და მთელი სხეულით გრძნობდა, რომ ყველაფრის ფეხებზე დაკიდების და მასთან გაქცევისთვის აბსოლუტურად მზად იყო.

ფეხზე მყარად დგომა რომ შესძლებოდა, გოგონამ დროებით ყველანაირი გრძნობა გათიშა თავის გულსა და გონებაში.მკლავებში ჩავლებული ელენას ხელების მოშორებისა და გარს შემოკრებილი ცმობისმოყვარე მოდელთა რიგის გარღვევის შემდეგ, სწრაფად გადაიძრო თავისი კაბა, იგი იატაკზე დაუდევრად მიაგდო, გასასვლელთან მდგომი სარკიანი მაგიდის წინ დატოვებულ, ფოტოგრაფის კოსტიუმს ხელი დაავლო და შიშველ სხეულზე შემოიცვა. მხოლოდ რამდენიმე წამით მოიხედა უკან გასვლის წინ, ელენასა და კოლეგებს თვალი შეავლო და მათ გაოცებულ სახეებს რომ შეხედა თქვა:

-მთელი კარიერაც რომ თავზე ჩამომენგრეს, ახლა, ამ ჩვენებაზე გამოსვლას მაინც ვერ შევძლებ. დანარჩენი თქვენ იცით . . . -მერე გატრიალდა და კარიდან ისე სწრაფად გავარდა, როგორც მშვილდიდან ნატყორცნი ისარი







4 საათის წინ . . .

აარონმა მანქანის კარები გააღო, სავარძელში მოთავსდა და ის-ის იყო გასაღები უნდა გადაეტრიალებინა, რომ განზრახვაზე ხელი უკანა მხრიდან, საფეთქელზე მობჯენილმა იარაღმა ააღებინა.
თავი არ მიუტრიალებია. არც ხმა ამოუღია. უბრალოდ, მანქანის ჭერზე მიმაგრებული სარკე გაასწორა, რათა უკანა სიდენიაზე მჯდომი ადამიანის ვინაობა დაედგინა და მასში ალექსანდრე თაბაგარის ამოცნობის შემდეგ, თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა.
-იცი, რომ დღეს შენი სახის დანახვას ყველაფერი მერჩივნა?
-ნუთუ მართლა?
-აქ რას აკეთებ, თაბაგარო? რაღაც არა მგონია, სანტა-კლაუსის მიერ დატოვებული საახალწლო საჩუქარი იყო. წელს ისე ცუდადაც არ მოვქცეულვარ, რომ შენი თავი გამოეგზავნა სასჯელის სახით
ლექსოს ირონიულად ჩაეცინა.
-იარაღმიბჯენილიც კი ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა? შენს ადგილას ასე მშვიდადაც არ ვიქნებოდი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ რევოლვერიდან გასროლილი ტყვია, მალე მაგ დამპალ სხეულში გაგეჭედება
-ვერ ვიტყვი, რომ მაგ მომენტს ნეტარებით ველი, მაგრამ არც შიშისგან კანკალს ვაპირებ
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და მანქანა დაძარი, ერთ ადგილას მივდივართ!
აარონს თვალებში ბრაზის ნაპერწკლები აუთამაშდა. ალექსანდრე თაბაგარს, გაცნობის თანავე შეატყო რა საშიში ადამიანიც იყო, თუმცა მაინც ვერ წარმოედგინა, რომ ამდენად ღრმად შეეძლო შეტოპვა.
-არსად წასვლას არ ვაპირებ -მიუგო მან მკაცრად -ახლა კი, გადადი ჩემი მანქანიდან და ეგ იარაღიც მოაშორე!
-კიდევ რა გინდა? -აარონის სიტყვებს, ლექსოს ცინიკური ჩაცინება მოჰყვა -თუ გინდა, მარკეტშიც შევირბენ და შოკოლადის კრუასანებს გიყიდი, ანასტასიას დეფილეზე რომ მშიერი არ მიხვიდე. ზუსტად ვიცი, გეზი იქითკენ გაქვს აღებული
-ირონიას შეეშვი!
-თავად კი ლაყბობას შეეშვი და მანქანა დაქოქე!
-ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიზამ, როდესაც უკანა სავარძელზე მჯდომ ნაგავს გადავყრი, შენი სახით
სალონში ლექსოს ხმამაღალი და ამაზრზენი სიცილი გაისმა. რამდენიმე წამის განმავლობაში, მართლაც რომ შეშლილივით იცინოდა, მერე კი, უეცრად დასერიოზულდა და აარონის საფეთქელს იარაღი უფრო ძლიერად მიაბჯინა.
-იცი, ქალდანო? შენი სიმშვიდე მომწონს. სწორედ ისეთი ადამიანები მიზიდავენ, ვინებიც თავდაჯერებულობას არანაირ სიტუაციაში არ კარგავენ, თუმცა განწირული რომ ხარ, ამაში ასი პროცენტით იყავი დარწმუნებული.
-და რას გააკეთებ? -აარონის ხმა აშკარად დამცინავად ჟღერდა -შუა ქალაქში გაისვრი, ამდენი ხალხის თვალწინ? რაღაც არა მგონია, ჭკვიანური საქციელი იყოს
-მერე და ვინ გითხრა, რომ ეგ მაქვს გეგმაში? -ამ კითხვის პარალელურად, ლექსომ ჯიბიდან პატარა პულტი ამოაძვრინა, რომელსაც, შუა ნაწილში მხოლოდ ერთი შინდისფერი ღილაკი ჰქონდა და სხვა არაფერი -ამ მოწყობილობას ხედავ?
-ვხედავ, მერე?
-თუ ხედავ, ახლა იმ ლამაზ პარკსაც გახედე გზის მეორე მხარეს რომაა და იქ უამრავი ბავშვი თამაშობს
-გამოცანებით ლაპარაკის ხასიათზე რომ ვიქნები, თავად შეგატყობინებ. ახლა, პირდაპირ მითხარი, რა კავშირი აქვს მაგ პულტსა და პარკში მოთამაშე ბავშვებს ერთმანეთთან?
-გეტყვი, რა თქმა უნდა გეტყვი -კვლავ ბოროტული ღიმილი აღიბეჭდა ლექსოს ბაგეებზე -აი, იმ პარკში, შადრევნის პირდაპირ მდგომ სკამს ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს მიმაგრებული. თუ ორ წუთში გასაღებს არ გადაატრიალებ და მანქანას არ დაძრავ, ღილაკს თითს უპრობლემოდ დავაჭერ -მეტი დამაჯერებლობისთვის, პულტთან თითი მიიტანა მან -მერე რა მოხდება, ალბათ თავადაც ხვდები და ამის პრევენციისთვის, ჯობს ის გააკეთო რასაც გეუბნები!
-იცი? მას მერე, რაც ანასტასიამ შენზე მიამბო, ეჭვი გამიჩნდა, რომ მთლად ნორმალური ვერ იყავი, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ შეშლილი ხარ
-ანასტასია . . . . ანასტასია . . . . -შთაგონებით გაიმეორა მისი სახელი ბიჭმა, თან თვალები დახუჭა -საბედისწერო ქალია, არა? საშინლად გიზიდავს, თავისი მომხიბვლელობის ბურუსში გახვევს და საღად აზროვნების უნარს გაკარგვინებს. მეც ეს გამიკეთა. რაც გავიცანი, მას შემდეგ მოსვენება მაქვს დაკარგული. რა კუთხით აღარ მივუდექი, მაგრამ მას ჩემთან არ უნდა, გესმის?!
-ჩემს მანქანაში ამაზე სალაპარაკოდ შემოძვერი? -მიუხედავად კრიტიკული სიტუაციისა, ლამის სიცილი აუტყდა აარონს -მგონი უკვე დროა შეურიგდე იმ აზრს, რომ ანასტასია და შენ, ერთი ნავით ვერასდროს იცურებთ
-ჰოო? და ვინ იცურებს მასთან ერთად, ერთი ნავით, შენ? -ადვილი შესამჩნევი გახლდათ ის ზიზღი, რაც ლექსოს სიტყვებში იკვეთებოდა -მასთან დაკავშირებით თავიდანვე ბინძური ზრახვები გქონდა, არა?
-არ ვიცი შენს თავში რა აზრები ტრიალებს, მაგრამ ჩემთვის ანასტასია მარგიანი ის ადამიანია, ვისაც უდიდეს პატივს ვცემ
-გგონია, ამ სისულელეს დავიჯერებ?
-ნამდვილად არ ვაპირებ რამეში დაგარწმუნო, გინდ დაიჯერე, გინდ არა
ლექსოს ჩაეცინა.
-მგონი საკმაოდ დიდხანს გაგვიგრძელდა უაზრო ლაპარაკი -თქვა მან, თან ცალი თვალით ხალხმრავალ პარკს გახედა -ძრავა აამუშავე, გვეჩქარება
-ძრავას მხოლოდ იმის შემდეგ ავამუშავებ, რაც აქ შენს სახეს ევღარ დავინახავ
-ვფიქრობ კარგად ვერ გაითავისე რა გითხარი -შინდისფერღილაკიანი პულტი ცხვირწინ აუფრიალა და იარაღი ამჯერად კისერში მიაბჯინა ლექსომ -თუ ამ რაღაცას ხელს დავაჭერ, უამრავი ადამიანი დაზარალდება. აიტანს ამას თქვენი სინდისი ბატონო ქალდანო?
-შენს სინდისზე რას მეტყვი? ამდენ ადამიანს ასე უბრალოდ გამოასალმებ სიცოცხლეს საკუთარი ახირების გამო?
-ჯერ კიდევ ვერ მიხვდი რაზე ვარ წამსვლელი, არა? -ამის თქმისას, ლექსოს სახეზე ცინიკური გამომეტყველება აღიბეჭდა -საკუთარი გადმოსახედიდან მსჯელობ, ძმაო. იმის გამო, რომ თავად არ შეგიძლია ვინმეს მოკვლა, გგონია ამის გაკეთება სხვასაც გაუჭირდება. ადამიანი ყველაზე ისე ფიქრობს, როგორიც თავად არის
აარონმა წამით თვალები დახუჭა და ლექსოს სიტყვების გააზრებას მოჰყვა. ბიჭის თვალებში დანახული სიძულვილი, ის მრისხანება, რასაც ეს პიროვნება თავიდან ბოლომდე ჰყავდა მოცული, მართლაც ქმნიდა შესაძლებლობას, რომ მას საკუთარი მუქარა სისრულეში მოეყვანა, ამიტომ, რისკზე წასვლა არც ისე შესაფერისი გამოსავალი იყო მსგავს სიტუაციაში.
-ათამდე ვითვლი -ერთიანად გაფანტა აარონის ფიქრები ლექსოს ხმამაღალმა ტონმა -თუ ბოლო ციფრზე მანქანა დაძრული არ იქნება, ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე
-რატომ მაინცდამაინც ათამდე?
-იმიტომ, რომ ეს ჩემი ფავორიტი ციფრია -მიუგო და ტუჩის კუთხეში ღიმილიც გაუკრთა -თუ მეტი კითხვა აღარ გაქვს, ათვლას ვიწყებ
აარონი ხედავდა, როგორ შედიოდა სიტუაცია თანდათანობით უფრო დაძაბულ სტადიაში. მართალია, ლექსოს თხოვნის შესრულებით საკუთარ უსაფრთხოებას აყენებდა რისკის ქვეშ, თუმცა როდესაც პარკის კარუსელებთან მორბენალ ათობით ბავშვს უყურებდა, სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა გარდა იმისა, რომ თაბაგარის ნებას დაჰყოლოდა.
-კარგი, შეწყვიტე, მივდივართ -ციფრ რვაზე, თვლა შეაწყეტინა მას აარონმა, თან მანქანის გასაღებიც გადაატრიალა -ახლა კი, ნუღარ აჭიანურებ, შეინახე ეგ პულტი თუ რაღაც და მიკარნახე გეზი საით ავიღო
-ჰოო, აი ეს უკვე მომწონს -აშკარად ხასიათზე მოიყვანა თაბაგარი, აარონის მიერ თეთრი დროშის აფრიალებამ
-არ მიკითხავს რა მოგწონს და რა, არა, გკითხე საით წავიდე მეთქი
-შუბზლე იარაღმიბჯენილიც კი რამდენს ლაპარაკობ ქალდანო! შენს ადგილას, ტონს დიდი სიფრთხილით შევარჩევდი. მიდი, ღვედი გადაიჭირე!
-ჩემს მოკვლას აპირებ, ღვედი რა ჯანდაბად მინდა?!
-თუ იქამდე უსაფრთხოდ არ მიგიყვანე, როგორღა უნდა მოგკლა?
-აღარ იტყვი საით უნდა წავიდეთ? -მამაკაცს აშკარად ეტყობოდა, რომ უკვე მოთმინებას კარგავდა
-ჯერჯერობით პირდაპირ იარე, პატარავ, დანარჩენს მერე გაიგებ . . . .
ნახევარი საათის განმავლობაში უხმოდ იმგზავრეს, ბიჭებმა, თუ არ ჩავთვლით იმ მითითებებს, რომელთაც ლექსო აძლევდა აარონს, გზის სასწავლებლად. ეს უკანასკნელიც მონოტონურად ატრიალებდა საჭეს, ისე თითქოს კიდევ ერთ დამღლელ რეისს ასრულებსო.
ქალაქიდან რომ გავიდნენ, უკვე საღამო ხანი იდგა. ცის კაბადონი ჟანგისფრად შეფერილიყო, ხოლო გაყინული წყლის სურნელით თუ ვიმსჯელებდით ჰაერში, მალე წვიმაც უნდა წამოსულიყო.
-სულ ცოტაც და დანიშნულების ადგილას ვიქნებით -სალონში რომ ლექსოს ხმა გაისმა, უკვე გაშლილი მდელოს გასწვრივ მიიკვლევდნენ გზას. ეს სწორედ ის სიტუაცია იყო, როცა ვითარებიდან თავის დასახსნელი გამოსავლის ძიება უნდა დაეწყო აარონს, თუმცა მისი გონება მსგავსი ფიქრებით ნამდვილად არ გახლდათ დატვირთული. უბრალოდ დინებას მიუყვებოდა და მოსალოდნელ შედეგებს ნაკლებად განიხილავდა.
-მაინც რამდენ ხანში ვიქნებით? -იკითხა მან. GPC მოწყობილობის მიხედვით თუ იმსჯელებდნენ, კოჯორთან ახლოს იყვნენ. იმდენად ახლოს, რომ იქამდე სულ რაღაც ორი წუთის სავალიღა იყო დარჩენილი.
-გზიდან დაგაუხვიე და მდელოზე გადადი -მიუგო გულგრილად ლექსომ -ბოლოში რომ წიწვების ტყვე მოჩანს, სწორედ იქ მივდივართ
-იქ რა გვინდა?
-პიკნიკი უნდა მოვაწყოთ. იმედია, პლედები და სასუსნავები წამოღებული გაქვს
აარონმა კვლავ სიმშვიდის შენარჩუნება ამჯობინა და ჰკითხა:
-პიკნიკებზე ყოველთვის რევოლვერით დადიხარ ხოლმე?
-განსაკუთრებულ შემთხვევებში ასეც ვიქცევი -მხოლოდ მაშინ უპასუხა, როდესაც მანქანა გზიდან გადავიდა და ქათქათა თოვლით გადაპენტილ მდელოზე დაიწყო სვლა -გაინტერესებს ახლა რატომაა განსაკუთრებული შემთხვევა?
-ინტერესით ვკვდები
-ცოტაც მოიცადე და ყველა შენს კითხვას გაეცემა პასუხი
აარონმა უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და შეეცადა მთელი ყურადღება მანქანის მართვაზე გადაეტანა. დაუოკებელი სურვილი იპყრობდა ავტომობილი გაეჩერებინა, ლექსოს კისერში წვდენოდა და სალონიდან გადაეთრია, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ეს ადამიანი საღ გონებაზე არ იყო და სულ პატარა მცდარი ნაბიჯის შემთხვევაშიც კი მოიყვანდა თავის მუქარას სისრულეში.
საგრძნობლად მომატებული სიჩქარის წყალობით, რომელიც აარონმა 120კმ/სთ -ზე აიყვანა, ორმოც წამში უკვე ტყის სიღრმეში იყვნენ შესულები და თვალუწვდენელ წიწვებს შორის მიიკვლევდნენ გზას.
ტყეში სულიერის ჭაჭანებაც კი არ იყო. ჟანგისფრად შეფერილი ცა, იქაურობას კიდევ უფრო საშიშ იერს სძენდა, ხოლო ქარის ზუზუნი იმდენად შემზარავად ხვდებოდა ყურთასმენას, რომ იმ ადგილისადმი ზიზღის გრძნობასაც კი აღუძრავდა ნებისმიერ გამვლელს.
-საკმარისია, აქ გააჩერე! -ლექსოს უკვე საქარე მინა ჩამოეწია და იქედან შემოვარდნილი ცივი ჰაერით ივსებდა ფილტვებს. იარაღი ჯერ კიდევ აარონისკენ ჰქონდა მიშვერილი და მის ჩამოღებაზე არც ფიქრობდა -ყოჩაღ, აი ახლა ძრავა გამორთე და მანქანიდან ისე გადადი, რომ ზედმეტი მოძრაობები არ გააკეთო!
კიდევ ერთხელ შეასრულა აარონმა თაბაგარის მითითება. უკაცრიელ ადგილას განმარტოება, პლუს იარაღმომარჯვებული ლექსო, საერთო ჯამში საკმაოდ სახიფათო გარემოს ქმნიდა მისთვის.
-კარგი, გადმოვედი . . . . ახლა იტყვი აქ რა გვინდა?
-შენ როგორ ფიქრობ, ქალდანო? ნუთუ გგონია, რომ აქ მართლა პიკნიკის მოსაწყობად წამოგიყვანე?
-ჩემი მოკვლა გაქვს გადაწყვეტილი? -მანქანის საზურგეს მიეყრდნო აარონი ამის თქმისას, მერე კი, გარემო მოათვალიერა -ვერაფერს იტყვი, იდეალური ადგილია ბოლო ამოსუნთქვისთვის
ლექსოს გაეცინა, თუმცა მის სიცილში იყო რაღაც ავისმომასწავებელი.
-იცი, ქალდანო? დიდი ხანი არაა, რაც გიცნობ, მაგრამ უკვე მოახერხე, რომ ჩემი მოსისხლე მტრების სიაში პირველ ადგილას გამოჭიმულიყავი -ლექსოს სახიდან ღიმილი გაქრა. ის ბრაზმა შეცვალა -ვფიქრობ, გმირია ის, ვისაც შეუძლია თავისი მტერი მეგობრად აქციოს. მე, ეს არ შემიძლია. მართალია შენი პიროვნულობით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ამის გამო ასჯერ უფრო მეტად მძულდები!
-ანუ, გადარჩენის შანსები არ მაქვს -გულისწყვეტა იგრძნობოდა აარონის ხმაში ამის თქმისას
-დამიჯერე, ერთი პროცენტიც კი არა
-ცუდია . . . . ბევრი რამის გაკეთება მინდოდა მომესწრო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გზის დასასრულია
-ნაბი*ვარი ხარ, იცი?! -ხმამაღლა შეჰყვირა ლექსომ -აქეთ რომ მოგათრევდი, მინდოდა შენს თვალებში შიში დამენახა, მინდოდა მუხლებში ჩამვარდნოდი და შებრალება გეთხოვა, მაგრამ შენ კვლავაც ისეთივე თავდაჯერებული გამომეტყველებით დგახარ და წარბიც კი არ გიტოკდება, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცი რაც მოგელის!
აარონმა, თითქოს მისი ლაპარაკი არც გაუგონიაო, თემა რადიკალურად სხვა კუთხით წაიყვანა :
-უბრალოდ მაინტერესებს, მე თუ მესვრი, ამით შენი ცხოვრება უკეთესობისკენ როგორ შეიცვლება?
-ხომ არ დაგავიწყდა, რომ სააგენტოში ჩემი და ელენას საიდუმლო საქმიანობის შესახებ იცი? -კითხვაზე, კითხვით უპასუხა ლექსომ -უკანონო საქმეებში თვითმხილველი ნამდვილად არ მჭირდება, ისევე, როგორც ანასტასიას სიყვარულში არ მჭირდება მეტოქე
-და ფიქრობ, რომ თუ მე მომკლავ, ანასტასია შენკენ ხელებგაშლილი გამოიქცევა? -ირონია ჭარბობდა აარონის ტონში, თუმცა ლექსოს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე მიუგო:
-ადრე თუ გვიან, ის მაინც ჩემი გახდება, აი ნახავ
-მაგის შანსები ნულს ქვემოთაა, თაბაგარო
-ვნახოთ, ვნახოთ -ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია, თან იარაღი მისი შუბლის სიმაღლეზე ასწია ლექსომ -პრინციპში სიამოვნებას მანიჭებს იმაზე ფიქრი, რომ სიცოცხლეს გამოგასალმებ, შენი ქალით კი მე ვისიამოვნებ
აარონს თვალებში სისხლი მოაწვა. იმაზე ფიქრსაც წყობილებიდან გამოჰყავდა, რომ ანასტასია სრულიად დაუცველი დარჩებოდა ამ მანიაკისგან. თუმცა მხოლოდ ეს არ გახლდათ მისი მღელვარების მიზეზი. იმაზე ფიქრითაც თავი უსკდებოდა, თუ რა ბედი ეწეოდათ ნიცას და ნიკოლოზს .
როგორ არ სურდა აარონს ტყუპები კვლავაც ისეთივე პიროვნებებად დარჩენილიყვნენ, როგორებიც ახლა იყვნენ. ნანობდა ყოველ იმ დაკარგულ წამს, მათი აღზრდისთვის რომ შეეძლო მიეძღვნა, თუმცა საკუთარ საქმეებში ბოლომდე ჩაფლულმა ეს ვერ გააკეთა.
-შეიძლება ერთი რაღაც გთხოვო? -ჰკითხა მან ცივსისხლიანი სახით მდგომ ლექსოს. ამ უკანასკნელს, სახეზე დაუფარავი სარკაზმი ეხატა
-ბოლო თხოვნა ხომ არ გაგიჩნდა, ქალდანო? -მიუგო მან კითხვითვე -თუ ასეა, სიამოვნებით მოვისმენ რა ინატრა შენმა მამაცმა გულმა, თუმცა არც იფიქრო, რომ ანასტასიას ხმას გაგაგონებ შენი ცხოვრების ბოლო მომენტში
-ეგ მეც ვიცი . . . უბრალოდ, ჩემს და-ძმასთან მინდა დავრეკო, ლოს-ანჯელესში -ამას რომ ამბობდა, ლექსოს ეჭვიან მზერას შეეჩეხა და დაამატა -ნუ ღელავ, შენს თვალწინ დავრეკავ, თან ხმამაღალ კავშირზე ჩავრთავ, რათა დარწმუნდე, რომ ნამდვილად მათ ვესაუბრები
-ანუ, ქალდანების ემოციურ საუბარს მოვისმენ პირდაპირ ეთერში -ნიკაპზე თითები აათამაშა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ლექსო, აარონს -ხომ იცი, ერთი ზედმეტი სიტყვაც და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგახლი ტყვიას?
-ვფიქრობ, საბოლოოდ ისედაც ეგ მომელის
-მართალია, მაგრამ თუ ჭკვიანად იქნები, ვაპირებ ფსიქოლოგიურადაც შეგამზადო, რათა ყველაფერთან გამოთხოვება არ გაგიჭირდეს
აარონს ჩაეცინა.
-ძალიან მზრუნველი ხარ, მაგრამ წინამოსამზადებელ პერიოდს არ ვსაჭიეროებ, ახლა კი მითხარი, მომცემ დარეკვის უფლებას, თუ, არა?
-მოიცა დავფიქრდე -მედიდური გამომეტყველებით გაიარ-გამოიარა ლექსომ, იარაღის ლულით კეფა მოიქექა და ეს უკანასკნელი კვლავ აარონს მიუშვირა -კარგი, ნებას გაძლევ ცოტა ხნით შენს ლაწირაკ და-ძმას ელაყბო -თქვა მან -თუ რამე არასაჭირო წამოგცდება, გახსოვდეს, რომ ეს პულტი ჯერ კიდევ ჯიბეში მაქვს და ნებისმიერ წამს შემიძლია თითი დავაჭირო
არაფერი უპასუხია აარონს. მობილური შარვლის მარცხენა ჯიბეში ეგულებოდა, ამიტომ ხელი პირდაპირ იქითკენ წაიღო და მისი ამოღების შემდეგ, ეკრანზე ნიცას ნომერი აკრიბა. რა თქმა უნდა, არც ხმამაღალ კავშირზე გადართვა დავიწყებია და არც ლექსოსთვის იმის ჩვენება, რომ ზარის ადრესატი ნამდვილად მისი უმცროსი და იყო.
მობილურში, წყვეტილი ზუმერის ხმა რამდენიმე წამის განმავლობაში ისმოდა. აარონისთვის, თითქოს პარალელური სამყაროდან მოდიოდა ეს ხმები. დილით გაღვიძებულს, თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ დღის მეორე ნახევარი სწორედ ასეთი ექნებოდა და აღნიშნული სიტუაცია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოდნავ კომიკურიც კი გახლდათ მისთვის.
მამაკაცმა თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. შემდეგ, კვლავ თავისკენ მიბჯენილ იარაღს შეხედა და ამ დროს, სასურველი ხმაც მოესმა ყურმილში:
-არც კი მჯერა, ნუთუ ჩემს ცხვირაწეულ ძამიკოს გავახსენდი? -ტონზეც ეტყობოდა, თუ როგორი გაკვირვებული ჩანდა ამ ზარით, ნიცა -აბა, რა მოხდა? შენი საყვარელი დაიკო მოგენატრა, თუ უბრალოდ შენს ერთ-ერთ ქალს ურეკავდი საღამოს გასალამაზებლად და შეცდომით, ჩემთან მოხვდი?
-ნიკოლოზი შენს გვერდით არის? მინდა ორივეს ერთად გესაუბროთ -მისი სიტყვები არ შეიმჩნია ისე მიუგო აარონმა
-ჰო, ცოტა ხნის წინ სადღაც აქვე დაბოდიალებდა. სურდო აქვს და უკვე მეოთხე შეკვრა ხელსახოცს აცარიელებს . . . . ერთუჯრედიანოო! -ყურმილში გოგონას ხმამაღალი ყვირილი გაისმა -მისაღებში გამოდი, ჩვენი ძამიკო რეკავს!
ლექსო ყველაფერ ამას, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ისმენდა და აარონის გაქვავებულ მზერას თვალს არ აშორებდა.
-ნიცა, ბევრი დრო არ მაქვს, ცოტა იჩქარეთ, კარგი?
-დაწყნარდი, უკვე მოდის . . . ისე, ცუდია, რომ რეისზე ბილეთები აღარ დარჩა, რათა თბილისში შენთან ერთად წამოვსულიყავით, თუმცა იქნებ მაინც ჩვენს ჩამოსვლას დალოდებოდი და ყველაფერი მაშინ გეთქვა?
მწარე ღიმილი მოადგა სახეზე აარონს ამის მოსმენისას, თუმცა სცადა ხმაზე არაფერი შეტყობოდა და თაბაგარის მისდამი მომართული ირონიული მზერაც დააიგნორა.
-ვერა, ვერ დაველოდები -მიუგო მან ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით -ძალიანაც რომ მინდოდეს, ამას მაინც ვერ მოვახერხებ -დაამატა ბოლოს და ამ დროის მანძილზე პირველად იგრძნო გულის ტკივილი, გზის დასასრულთან მიახლოვების გამო
ფიქრები ნიცას სიტყვებმა გააწყვეტინა.
-აი, ის დაუნიც გამოჩნდა ჰორიზონტზე. მოდი ნიკაკო, შენს ძმას მიესალმე
-გისმენ, აარონ -ბიჭს, ხმაზეც კი ეტყობოდა, რომ ვირუსისგან იტანჯებოდა -რამე მოხდა?
-მშვენიერია, ანუ ორივენი მანდ ხართ
-ასეა -ერთდროულად უპასუხეს ტყუპებმა და გაჩუმდნენ. რამდენიმე წამით, აარონიც დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა მერე მიხვდა, რომ ასე ძვირფას დროს კარგავდა და გადაწყვიტა საუბარი დაეწყო :
-თქვენთვის ოდესმე მითქვამს, რომ თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული, ორთავე ნამდვილი ბუნების სასჯელი იყავით ჩემთვის? -სიცილით გააქნია ამის თქმისას თავი მამაკაცმა
-რა სასიამოვნოა ამის მოსმენა
-თუმცა როცა გიყურებთ -დის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე განაგრძო -მაინც ყოველთვის ერთი კადრი მიტრიალებს გონებაში -მომენტი, როდესაც პირველად დავინახე ერთმანეთის გვერდიგვერდ მწოლიარე, სხვადასხვა ფერის ბანტებით მორთული ორი პაწაწინა არსება. იცით რა სათუთები, საყვარლები, ნაზები და დაუცველები იყვნენ? მაშინ ორივეს ხელი მოვკიდე, ზემოდან დავაქცერდი და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ეს ბავშვები მთელი ცხოვრების მანძილზე უპირობოდ მეყვარებოდნენ, თითოეულ სურვილს ავუსრულებდი და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რათა ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერები ყოფილიყვნენ
-აარონ . . . .
-გაჩუმდი, ნიცა, უბრალოდ ნება მომეცით სათქმელი ბოლომე ვთქვა, კარგი?
-ძმაო, ხომ ყველაფერი რიგზეა? -აღელვებული ხმა ჰქონდა ნიკასაც -თუ რამე ცუდი მოხდა, ხვალინდელ რეისზე ავიღებთ ბილეთებს და ახლავე დავიწყებთ ბარგის ჩალაგებას
ამ სიტყვების მოსმენისას, ლექსომ მკაცრი მზერა მიიღო და კიდევ ერთხელ ანიშნა თვალებით აარონს, ზედმეტი არაფერი წამოგცდესო. ამ უკანასკნელმაც თავი მობეზრებულად დაუქნია და კვლავ ტელეფონს მიუბრუნდა.
-ცუდი არაფერი ხდება, დამშვიდდით -ეცადა რაც შეეძლო დამაჯერებელი ყოფილიყო ამის თქმისას -უბრალოდ, როდესაც თბილისში ჩამოხვალთ, ოდნავ სახეშეცვლილი დაგხვდებით და მინდა ახლა მოვასწრო ყველაფრის თქმა, რაც კი ენის წვერზე მადგას
-გულისხმობს, რომ ისევ ისეთი ტირანი გახდება, როგორიც აქამდე ბრძანდებოდა -სიცილით უთხრა ნიცამ, ტყუპისცალს, თუმცა გოგონას ტონში მაინც იგრძნობოდა ის ფარული შფოთი, რაც ჯერ კიდევ უღრღნიდა გულს და ეჭვს აღუძრავდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო
-მისმინეთ -დაიწყო კვლავ მამაკაცმა -ვიცი, რომ რაც ამერიკაში გაგიშვით სასწავლებლად, თქვენთვის ისეთი ძმა ვერ ვიყავი, როგორიც გესაჭიროებოდათ. ჰო, ფინანსურად უზრუნველგყოფდით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მე მთავარი ვერ გასწავლეთ -ის, თუ როგორ ყოფილიყავით სამაგალითო და ღირსეული ადამიანები -ამის თქმისას, აარონმა თვალები მაგრად დახუჭა და მარცხენა ხელი ბრაზისგან მომუშტა. აქედან სულ მალე, ნიკაც ხმაც მოესმა:
-აარონ, სრულიად არავითარი ვალდებულება არ გქონდა ჩვენი აღზრდით დაკავებულიყავი -მტკიცედ განაცხადა მან -რაც მამაჩვენი გარდაიცვალა, ეს, ჩემი და ნიცას დედის ვალი იყო, თუმცა მან საკუთარი გერიც ბედის ანაბარა მიაგდო, შენი სახით და ღვიძლი შვილებიც. შენ რომ არა, ჩვენ ახლა არარაობანი ვიქნებოდით და გამრავლების ტაბულაც არ გვეცოდინებოდა
თვალებში სისველე მოაწვა ამ სიტყვების მოსმენისას, აარონს, თუმცა ცრემლებს არაფრით მისცა უფლება ჯებირები გადმოელახათ და ისინი კვლავ უკან გააბრუნა.
-სადაც არ უნდა იყოთ, მუდამ იცოდეთ, რომ ორივენი მიყვარხართ, გესმით? თითოეული აწეული ხმა, თითოეული კამათი თუ ჩხუბი, მხოლოდ იმიტომ იყო, რომ თქვენში რაღაც უკეთესობისკენ შემეცვალა და არა იმიტომ, რომ ამით საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ვცდილობდი
-გვაშინებს ეს დიალოგი, აარონ -საგრძნობლად დაძაბული ჩანდა ნიკა -გადაწყვეტილია, კიდევ რამდენიმე დღის გასვლას არ დაველოდებით და ხვალინდელ თვითმფრინავზე ავიღებთ ბილეთებს
აუტანელი ტკივილი იგრძნო აარონმა გულის არეში. უკვე ხვდებოდა, რომ ამ დიალოგის გაგრძელების აღარც ძალა ჰქონდა და აღარც, ნერვები, ამიტომ ყურმილი სიტყვის უთქმელად დაკიდა, მობილური უმისამართოდ მოისროლა და ლექსოს მზერას თავისი გაუშტერა.
-შენგან ზურგით დავდგები და ისე მესროლე -თქვა მან და თავისკენ მოშვერილ იარაღს ზიზღით შეხედა
-მაინც რატომ?
-იმიტომ, რომ არ მინდა სიკვდილს თვალებში ვუყურებდე . . . .









8 8 8 8

ნიცა და ნიკა აეროპორტიდან გამოვიდნენ და პარკინგზე მდგომი პირველივე ტაქსი გააჩერეს, სახლამდე მისასვლელად.
რა თქმა უნდა, გეზი აარონის ბინისკენ ჰქონდათ აღებული, რადგან წინა დღის სატელეფონო საუბრის შემდეგ, უფროსი ძმისგან მცირედი დეტალიც აღარ სმენოდათ. არც ზარებზე პასუხობდა მამაკაცი და არც, შეტყობინებებზე. გამოუვალ სიტუაციაში, ტყუპებმა ისიც კი გადაწყვიტეს, აარონის თანაშემწისთვის ეკითხათ მისი ადგილსამყოფელი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი შვებულების გასატარებლად იმყოფებოდა ეგვიპტეში და აღნიშნულ საკითხზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა.
-კვლავ გამორთული აქვს, არა? -ჰკითხა ნიცამ, ტყუპისცალს, როგორც კი ტაქსის უკანა სავარძელზე მოთავსდნენ, ერთმანეთის გვერდიგვერდ
-იმედი ვიქონიოთ, რომ სახლში იქნება. გუშინდელი ზარი თავიდან არ ამომდის, ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი
-კარგი, ყოველ ორ წამში ნუ ურეკავ, თორემ ტელეფონი მალე ბილწსიტყვაობას დაგიწყებს
-ახლა შენი ნერვები არ მაქვს, სავარძელს მიეყრდენი და ჩუმად იჯექი!
-ხმას ნუ უწევ! -იერიშზე გადავიდა ნიცაც -შემთხვევით თავი ჩემზე უფროსი ხომ არ გგონია?
-შენზე ოცი წუთით ადრე დავიბადე და დიახაც რომ უფროსი ვარ!
ამ სიტყვებზე, ნიკას ტაქსის მძღოლი მოუტრიალდა, ოდნავ გაბრაზებული სახით.
-უფროსი თუ ხარ, შეგიძლია ისიც მითხრა, რა მისამართზე უნდა წაგიყვანოთ, დასაკარგი დრო ნამდვილად არ მაქვს
-იმდენად უტვინოა, ეგეც არ გახსენებია. აი, გამომართვით -პატარა, ოთხკუთხედი ქაღალდი გაუწოდა მძღოლს, ნიცამ, ფულთან ერთად -მანდ დაწერილ მისამართზე მიგვიყვანეთ და ხურდა თქვენთვის დაიტოვეთ, იქნებ ნორმალური მაისურის შეძენა მაინც მოახერხოთ
-უკაცრავად?
-უნდოდა ეთქვა, რომ შეგიძლიათ ახალი მაისური იყიდოთ მის სახელზე -სიტუაციის დასაბალანსებლად, საუბარში ნიკაც ჩაერია და ტყუპისცალს მხარზე უჩქმიტა, რათა მეტი აღარაფერი ეთქვა
-მე კი მომეჩვენა, რომ სულ სხვა რამ თქვა
-არა, არა, უბრალოდ ამერიკიდან ახლახანს ჩამოვიდა და ქართულად კარგად ვერ მეტყველებს, სულ ესაა
მანქანა დაიძრა.
ნიცა, ამჯერად ჩუმად იჯდა და ხმას აღარ იღებდა. დიდი ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც მშობლიური ქალაქი არ ენახა, თუმცა ახლა მისი თვალიერების თავიც არ ჰქონდა. მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, მაინც ყოველ წამს აარონზე ფიქრით იყო დაკავებული მისი გონება. სახლში მისვლასაც კი უფრთხოდა. ეშინოდა, რომ იქ რაღაც ისეთი დახვდებოდა, რაც არ მოეწონებოდა.
მანქანაში მჯდომს, წარსულის ერთი მოგონებაც ამოუტივტივდა მეხსიერების მორევიდან. მაშინ, თვითონ თერთმეტი წლისა იყო, ხოლო აარონი კი ჩვიდმეტის. სკოლაში სპექტაკლი ჰქონდა, სადაც პრინცესა ავრორას როლს თამაშობდა და თანაკლასელებთან ერთად ემზადებოდა კულისებში.
მცირედი იმედიც არ ჰქონდა გოგონას, რომ წარმოდგენას ოჯახიდანაც დაესწრებოდა ვინმე. ნიკა, იმ პერიოდში ზამთრის ბანაკში გახლდათ წასული, აარონს სამუშაო საათები ეწყებოდა ჰიპერმარკეტში, ხოლო მის მშობლებს, როგორც ყოველთვის, არც ახლა ჰქონდათ შვილისთვის დასათმობი დრო.
მეტად სევდიანი ჩანდა ამის გამო ნიცა. საკუთარი როლის შესრულებაც კი აღარ ეხალისებოდა. გამუდმებით თავში უტრიალებდა დედის ნათქვამი- „შენი სპექტაკლისთვის არ მცხელა“ და მამის გულგრილი, არაფრისმთქმელი მზერა. ტირილი სურდა, მაგრამ ვერ ტიროდა. უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა, თუმცა ვერც ამას აკეთებდა. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ კლასელების ირონიული მზერისა და ჩურჩულის ატანაც უწევდა, ვინებიც ჩუმად დასცინოდნენ, მისი მდგომარეობის გამო.
წარმოდგენის დაწყებამდე რამდენიმე წუთიღა რჩებოდა. ნიცა ცდილობდა გარშემო მყოფთა ხმები ჩაეხშო და პოზიტიურ თემებზე ეფიქრა, რათა ცუდი ხასიათის გამო, სცენაზე თამაშში არ შეშლოდა ხელი. საკუთარ თავს აჯერებდა, თითქოს არავინ სჭირდებოდა, თითქოს მისთვის სულ ერთი იყო, იჯდებოდნენ თუ არა მაყურებელთა შორის მშობლები და ძმები.
-უბრალოდ გრძნობები გამორთე, ნიცა, უბრალოდ ფეხებზე დაიკიდე ყველაფერი -სარკეში იყურებოდა და ისე ლაპარაკობდა. ყურადღებასაც არ აქცევდა კულისებში მყოფთ, თითქოს მათ არსებობასაც ვერ ამჩნევდა
მერე უეცრად რაღაც მოხდა. ზურგს უკნიდან ნაცნობი ხმა გაიგო, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიუქცევია. ეგონა, მისი გონება რაღაცას ურევდა და ეს ყველაფერიც ეჩვენებოდა. ალბათ, კიდევ დიდხანს იფიქრებდა ასე, ნაცნობ ხმას, შეხებაც რომ არ მოჰყოლოდა მხარზე, რამაც გოგონა აიძულა საბოლოოდ გამოფხიზლებულიყო და ნათლად დაენახა სარკეში მის გვერდით არეკლილი მაღალი სილუეტი, სრულიად მოულოდნელად რომ შემოჭრილიყო კულისებში.
-აარონ! -იმდენად ხმამაღლა იყვირა ნიცამ, სავარაუდოდ დარბაზში მსხდომთაც კი გაიგეს -აქ საიდან გაჩნდი? ხომ თქვი ვმუშაობ და უფროსი ცოცხალი თავით არ გამომიშვებსო?
-ჩემი დაიკო პრინცესას როლს თამაშობს, მე კი ამ დროს სამსახურში უნდა ვიჯდე?
-მაგრამ უფროსი გაგიბრაზდება
აარონს გაეღიმა.
-ჯანდაბამდე გზა ჰქონია მასაც და მის ჰიპერმარკეტსაც
-შენ რა, სამსახურიდან წამოხვედი? -გაოცება გამოესახა სახეზე და წამებში მოიწყინა -ჩემს გამო მოგიწია წამოსვლა?
-არა, უბრალოდ შენი სპექტაკლი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ჩემი ა.წ უკვე ყოფილი სამსახური -გამამხნევებლად აკოცა შუბლზე დას, აარონმა, მერე კი მისი სახე ხელებში მოიქცია -ახლა წავალ, მაყურებელთა შორის დავჯდები, შენ კი ყველაზე მაგრად უნდა ითამაშო შენს თანაკლასელებს შორის, გესმის?
-ჰო, მესმის -ბედნიერებისგან უბრწყინავდა თვალები ნიცას. სიამოვნებისგან ბურძგლავდა იმის წარმოდგენისას, რომ ასეთ დროს, მის გვერდით ვიღაც მაინც იქნებოდა და თავისი იქ ყოფნით გაამხნევებდა
-თუ ასეა, ეს გამომართვი -ზურგ-ჩანთა სწრაფად გახსნა ბიჭმა, იქედან ბრჭყვიალა, ლამაზი თვლებით მოჭედილი გვირგვინი ამოაძვრინა და ნიცას თავზე ფრთხილად დაადგა -ესეც ასე, თქვენო უდიდებულესობავ, ახლა უკვე მზად ხართ ტახტზე ასასვლელად
-კულისებში ამის მოსაცემად შემოძვერი? -კიდევ ერთი ბედნიერების ტალღა მიასკდა გოგონას გულს და მადლიერების გამოსახატად ძმას ლოყაზე მაგრად აკოცა -გმადლობ, რომ ეს დღე გამილამაზე
-შენც გმადლობ, რომ ყოველ დღეს მილამაზებ -გრძელ თმაზე მიეფერა დას, აარონი, ზურგჩანთა შეკრა და კულისებიდან გასვლამდე მოაძახა :- როგორც არ უნდა ითამაშო ეს როლი, ჩემთვის შენ მუდამ პრინცესა იქნები. ყველაზე ლამაზი პრინცესა მთელს მსოფლიოში...
ნიცას წარსულის მოგონებების ძაფი, ტაქსის მძღოლის ხმამ გაწყვიტა. ეს უკანასკნელი ატყობინებდა, რომ უკვე დანიშნულების ადგილას იმყოფებოდნენ.
კარი ნიკოლოზმა გაუღო და ჩემოდნების საბარგულიდან გადმოტანაც ამ უკანასკნელმა აიღო საკუთარ თავზე. ვინაიდან, ტაქსის მომსახურების თანხა წინასწარ ჰქონდათ გადახდილი, გეზი პირდაპირ მაღალსართულიანი კორპუსისკენ აიღეს, თანაც ისე, რომ ერთმანეთისთვის ზედმეტი სიტყვაც არ უთქვამთ. დუმილი მხოლოდ მაშინ დაარღვიეს, როდესაც, ორივე მხრიდან სარკეებით გარემოცულ ლიფტში შეაბიჯეს და მეთვრამეტე სართულის აღმნიშვნელ ღილაკს მიაჭირეს.
-გული ცუდს მიგრძნობს -საუბრის წამოწყების ინიციატორი ნიკა გახდა -აარონს ტელეფონი ამდენი ხნით არასდროს გამოურთავს
-უკვე ძალიან გამაღიზიანებელი ხარ ამ შენი პესიმიზმით
-ჰოო? და შენ იცი რითი ხარ გამაღიზიანებელი? -ხმის ტემბრს აუწია ნიკოლოზმა ამის თქმისას, რადგან უკვე ნერვები აღარ ჰყოფნიდა
-მაინც რითი?
-იმით, რომ ყველაფრისადმი ასეთ გულგრილობას იჩენ და ვერასდროს ხვდები, სად რა უნდა ილაპარაკო
-რა ხასიათზე ხარ? მთელი გზაა მეჩხუბები, შენ რა მარცხენა ფეხზე ადექი?
-რომ მძინებოდა, შეიძლებოდა მარცხენა ფეხზეც ავმდგარიყავი, მაგრამ აარონის წყალობით გუშინ საერთოდ არ მიძინია
ამჯერად ნიცამ უცებ არ უპასუხა. რამდენიმე წამი გავიდა, სანამ რამეს იტყოდა:
-როცა ვნახავ თავს წავაცლი -გამოცრა კბილებში -უპასუხისმგებლოებს ჩვენ გვეძახის და თავად რა დღეშია?
ნიკას სიტყვის თქმა აღარ დასცალდა. ზუსტად იმ დროს, როცა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, ლიფტის კარი სრიალით გაიხსნა და პირდაპირ აარონის ბინის კარი გამოჩნდა, ნუმერაციის აღმნიშვნელი ციფრით, ოცდარვა.
-იმედია სახლში დაგვხვდება -პირველად ნიკა გავიდა, თან ჩემოდნებიც გაიტანა -ჯანდაბა, ნიცა, ამდენი რამ რისთვის წამოიღე? ტანსაცმელს აქ ვერ იყიდი?
-ხომ არ დაგავიწყდა, რომ აქ აარონის საკრედიტო ბარათებს ვეღარ გავაბანკროტებთ? ფული თავად უნდა ვიშოვოთ და არა მგონია ეს ჩვენს მოთხოვნილებებს ეყოს
-მრავლობით რიცხვში ნუ ლაპარაკობ, ჩემთან შედარებით ათჯერ მეტს ხარჯავ -თვალების ტრიალით შეხვდა ნიკა ტყუპისცალის სიტყვებს და კარზე ზარიც დარეკა
-შენ ნამდვილად არ შეგეკითხები რამდენს დავხარჯავ
ნიკამ გადაწყვიტა პასუხი აღარ გაეცა და კამათიც ამით დაემთავრებინა. ახლა მის გონებას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი ჰქონდა -სურდა თავის წინ აღმართული კარი რაც შეიძლებოდა მალე გაღებულიყო და ის ადამიანი დაენახა, ვის გამოც დაჩქარებული რეისით მოუწია მშობლიურ ქალაქში დაბრუნება
ზღურბლის მეორე მხრიდან ჩამიჩუმიც არ მოდიოდა. ნიცა თავის ჩემოდანზე იყო ჩამომჯდარი და სივრცეში უმეტყველო მზერით იყურებოდა. ცდილობდა ყველაფრისთვის ცივი გონებით შეეხედა, არ ეფიქრა იმაზე, რომ აარონის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა.
-ალბათ სადმე ერთობა -თქვა ბოლოს -დიდი ალბათობით, მობეზრდა მუდამ სამსახურის საქმეებზე ზრუნვა და გადაწყვიტა ცოტა ხნით ცხოვრების სტილი შეიცვალოს
-იცი, რომ შენი დასკვნები უკვე სასაცილო ხდება, ნიცა?
-რას ერჩი ჩემს დასკვნებს? მაინცდამაინც ის უნდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ძმა კლდიდან გადაიჩეხა და ზარებსაც ამიტომ არ პასუხობს?
ნიკოლოზმა შუბლზე ხელი ნერვიულად გაისვა. ის გარემოება, რომ კარს არავინ აღებდა, აარონის სახლში არყოფნაზე მიანიშნებდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად უნდა წასულიყო ეს უკანასკნელი და არც ის იცოდა, რა უნდა მოემოქმედა ახლა.
-საკეტის კოდი მაინც ვიცოდეთ -თქვა ბოლოს ბიჭმა -შიგნით შევიდოდით და ბარგს დავტოვებდით, აარონის მოძებნაზე კი ამის შემდეგ ვიფიქრებდით
-მე არ მინდა მის საძებნელად ქუჩებში ვიხეტიალო -მაშინვე გააპროტესტა ნიცამ, რის გამოც, ტყუპისცალის მკაცრი მზერა დაიმსახურა
-შენი „არ მინდას“ წინააღმდეგ, ჩემი „მინდა“ დგას და სწორედ ჩემი „მინდა“ იმარჯვებს, გაიგე?!
-რაც მოგესურვება ის გააკეთე, მე კი აარონს აქ დავუცდი. ნუ გგონია, რომ მაგ აწეული წარბებით შემაშინებ
-ჩემოდანზე ჩამომჯდარი აპირებ ლოდინს სახლიდან გამოგდებული მაწანწალასავით?
-ეგ შენი საქმე არ არის, წადი სადაც მიდიოდი! -მიუგო მკვახედ, თან დასძინა :- აარონის ფოტოც გაიყოლე, გამვლელებს რომ აჩვენო და ჰკითხო, ვინმემ სადმე ნახა თუ, არა
-ძალიან სასაცილოა -ნიკა ტყუპისცალის კომენტარმა გააღიზიანა, თუმცა იმასაც მიხვდა, რომ აარონის ქუჩაში ძებნა ყველაზე უაზრო ვარიანტი იყო, უაზრო ვარიანტთა შორის და გადაწყვიტა სხვა გამოსავალი ეძებნა
-კარგი, თუ გვიანობამდე არ გამოჩნდა რას მთავაზობ -წარბების ქვემოდან გახედა ნიცას -ასე ხომ ვერ ვიქნებით ჩემოდნებზე ჩამომსხდარნი მის ლოდინში?
გოგონამ ღრმად ამოიოხრა.
-იქნებ სასტუმროში წავიდეთ და ბარგი იქ დავაბინავოთ?
-მოიცა, მოიცა -ნიკას თავში ერთმა იდეამ გაუელვა და იმედგადაწურული, ბოლომდე მას მოებღაუჭა -ის გოგო ხომ გახსოვს, ჩვენს ძმასთან ერთად რომ დავინახეთ ლოს-ანჯელესის აეროპორტში?
-ჰო, მერე? -სმენად იქცა ნიცა
-მერე ის, რომ მაგ გოგოს ნომერი ჩუმად გადმოვწერე აარონის ტელეფონიდან -გამოტყდა ბიჭი -შეგვიძლია დავურეკოთ და ვკითხოთ რამე თუ იცის
-მოიცა, მოიცა, სტოპ -ფეხზე წამოდგა ჩემოდნიდან ნიცა -მისი ნომერი რად გინდოდა?
-არ ვიცი, უბრალოდ ძალიან მიმზიდველი ვინმეა და თუ დავადგენდი, რომ აარონს მასთან არაფერი აქვს, თავად ვცდიდი ბედს
-სულ ქალებზე როგორ ფიქრობ?
-მე რომ სულ ქალებზე არ ვფიქრობდე, ახლა ანასტასიას ნომერიც არ გვექნებოდა და ვერც მასთან დარეკვას შევძლებდით
-ლაყბობას გირჩევნია ტელეფონი აიღო და რაც საჭიროა ის გააკეთო
სადარბაზოში დუმილი ჩამოწვა. ნიკამ ჯიბეებში მობილურის ძებნა დაიწყო და როგორც იქნა მას ქურთუკის მარცხენა ჯიბეში მიაკვლია. ანასტასია მისი ბოლო იმედი იყო და ეს იმედიც რომ ხელიდან გაფრენოდა, ნამდვილად აღარ იცოდა რა უნდა ექნა.
-ზარი გადის? -ჰკითხა ნიცამ ინტერესიანი მზერით
-ჩუმად, გადის
რამდენიმე წამით ტელეფონში მხოლოდ გაბმული ზუმერის ხმა ისმოდა. ნიკას ხმამაღალ კავშირზე ჰქონდა გადართული და ორივენი გაფაციცებით ელოდნენ, თუ როდის შეცვლიდა სტანდარტულ ზარს, ადამიანის სიტყვები.
მათდა საბედნიეროდ, ამ მომენტს დიდხანს არ დაუგვიანია. დარეკვიდან დაახლოვებით ათი წამის შემდეგ, ყურმილში სასურველი ხმა გაიგეს:
-გისმენთ
-ანასტასია მარგიანს ვესაუბრები?
-დიახ, ვინ რეკავს? -ხმაზეც კი ეტყობოდა, რომ იმ წამს ტელეფონზე საუბრის ხასიათზე სრულებით არ გახლდათ
-მე, ნიკა ქალდანი ვარ, აარონის ძმა -მიუგო წამსვე, რათა ყველაფერს მალევე ახდოდა ფარდა -ბოდიშით შეწუხებისთვის, მაგრამ ჩემს ძმას ვერ ვუკავშირდები და თქვენ ხომ არ იცით მასზე რამე? ამერიკიდან დღეს დავბრუნდი და სახლშიც არ დამხვდა
ყურმილში ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. ტყუპებს მხოლოდ ანასტასიას სუნთქვის ხმა ესმოდათ და ერთმანეთს ცოტა არ იყოს, გაკვირვებულები შეჰყურებდნენ. ბოლოს, მაინც ნიკას გაუწყდა მოთმინების ძაფი და კვლავ ალაპარაკდა:
-ანასტასია, აქ ხართ?
-ჰო, ჰო, აქ ვარ -გოგონას ტონიდან გამომდინარე, უკვე აღარც ნიკას გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ იგი ნერვიულობდა და თავადაც შემოუსახლდა დაძაბულობის ნაწილაკები
-აარონს რამე სჭირს? -იკითხა მან მშრალად, თან ტელეფონს მოუჭირა ხელი, მთელი ძალით -რაღაც დაემართა, არა? უბრალოდ მითხარით, ანასტასია! -ბოლო სიტყვებზე ხმა ვერ გააკონტროლა ბიჭმა და მას საგრძნობლად აუწია. პასუხის მოლოდინში ნიცას გახედა. გოგონა კედელს მიყრდნობოდა, ხელები ზურგს უკან წაეღო და არაფრისმთქმელი მზერით იყურებოდა. მხოლოდ ნიკამ თუ იცოდა, რამხელა ფორიაქის ქარიშხალში იყო გახვეული ტყუპისცალის გონება, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ამას არ გამოხატავდა
-აარონი საავადმყოფოშია, დაჭრეს -ანასტასიას სიტყვები რომ გაჟღერდა, თითქოს ორივენი ფილმის კადრივით დაპაუზდნენ. მხოლოდ გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა გამეფებულ სიჩუმეს, რასაც, გარკვეული დროის გასვლისა და პირველადი ფორიაქის ჩაცხრობის შემდეგ, ნიკას ხმაც შეუერთდა:
-რომელ საავადმყოფოშია? -ბიჭს მთელ ძალისხმევად დაუჯდა, რათა კითხვის დასმისას ხმა არ აკანკალებოდა
-მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნი
-გთხოვ, სწრაფად -მავედრებლად გაისმა ბიჭის ბოლო სიტყვები და კავშირიც გაწყდა
ნიცა ჯერაც ვერ მოსულიყო გონს. სანამ შეტყობინების მოსვლას ელოდნენ, ორწამიანი ინტერვალებით უმეორდებოდა გონებაში ანასტასიას მიერ ნათქვამი სიტყვები : -
„აარონი საავადმყოფოშია, დაჭრეს“
„აარონი საავადმყოფოშია, დაჭრეს“
„აარონი საავადმყოფოშია, დაჭრეს“
ჯერაც ვერ დაეჯერებინა, რომ ეს სიმართლე იყო. მის გონებას არ სურდა იმის ბოლომდე აღქმა, თუ რა საფრთხის წინაშე იდგა უფროსი ძმის სიცოცხლე და ამას არც აკეთებდა. ცდილობდა ნაკლები ეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე. ასე საკუთარ თავს იცავდა იმ ემოციებისგან, რისი გამოხატვაც საბოლოოდ გატეხდა მის სულიერ მდგომარეობასა და სიმტკიცეს.
-მისამართი მომივიდა, ნიცა, წავედით! -ტყუპისცალის სიტყვები რომ აღიქვა, ბიჭს უკვე მის მაჯაზე ჰქონდა ხელი ჩავლებული და ლიფტისკენ მიათრევდა
არც ერთს არ გახსენებიათ სადარბაზოში უპატრონოდ მიტოვებული ჩემოდნები. ვერც ის გააცნობიერეს, თუ როგორ აღმოჩნდნენ კორპუსის გარეთ და როგორ გააჩერეს პირველივე ტაქსი, რომელიც გზად შემოხვდათ. საავადმყოფომდე მისასვლელი მანძილიც ისე დაფარეს, ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ. ორივენი თავიანთ ფიქრებში ჩაძირულიყვნენ და თითქოს ლაპარაკის უნარიც წართმეოდათ.
ტაქსი რომ საავადმყოფოს შემოგარენს მიუახლოვდა, ნიცამ თავი საქარე მინას მიადო და თვალები დახუჭა.
-გადმოსვლა არ მინდა, ნიკა -ამოიჩურჩულა მან -მე აქ დავრჩები და შენ მითხარი აარონის მდგომარეობის შესახებ
-ნიცა, მანქანიდან აუცილებლად გადმოხვალ, აქ არ დარჩები
-არ შემიძლია, გაიგე?! არ მინდა და არ გადმოვალ! -ხმას ისე აუწია, ტაქსის მძღოლის წინა სავარძელზე ჯდომა არაფრად ჩაუგდია
-ნიცა . . . .
-რა?!
-ამას მარტო ვერ გავუმკლავდები, გთხოვ არ დამტოვო -ამის თქმისას, აკანკალებულ ხელზე, ხელი მოჰკიდა ტყუპისცალს, ნიკოლოზმა, თან მავედრებელი მზერით გახედა -წამოდი ჩემთან ერთად, კარგი?
-ასე რომ მიყურებ, უარის თქმის ყოველგვარ სურვილს მიკარგავ
-თუ ასეა, ნუ მეტყვი
ნიცამ ღრმად ამოსუნთქვას გაატანა მთელი თავისი შინაგანი ფორიაქი. ამით თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოიხსნა და ძმას პირდაპირ თვალებში შეხედა.
-გადაიხადე და წავედით . . .

საავადმყოფოს ფოიეში ერთად შევიდნენ ტყუპები.
პირველი, რაც ამის შემდეგ გააკეთეს, ის იყო, რომ მიმღებში მჯდომ მორიგე ექთანს მიუახლოვდნენ და ჰკითხეს, თუ რომელ პალატაში შეეძლოთ აარონ ქალდანის ნახვა.
-პაციენტის ვინ ბრძანდებით? -ტრადიციული შეკითხვა დასვა მედიკოსმა
-მისი და-ძმა ვართ და ამ უაზრო ფორმალობებისთვის ახლა ყველაზე ნაკლებად გვცხელა -საკმაოდ უხეში ტონით მოუვიდა პასუხის გაცემა ნიცას -გვითხარით, სად შეიძლება მისი ნახვა?
ექთანს აღარაფერი უთქვამს, მაშინვე კომპიუტერის მონიტორს შეაშტერდა და ბაზაში პაციენტის მონაცემების შემოწმება დაიწყო. დაახლოებით ნახევარი წუთი წაიღო ამ ყველაფერმა. საბოლოოდ, ექთანმა მონიტორიდან მზერა კვლავ პასუხის მომლოდინე ტყუპებზე გადაიტანა და უთხრა:
-მისი ოპერაცია ოთხი საათის წინ დასრულდა. ამ წუთას, რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზე. მეორე სართულზე აბრძანდით, თუ შეიძლება
-კარგად არის? -მოუთმენლობა ეტყობოდა ნიკოლოზის ტონს
-მე ვერაფერს გეტყვით, უმჯობესი იქნება მის ექიმს გაესაუბროთ
ნიცამ იგრძნო ძმის ნერვიულობა და ხელზე ჩაჭიდებული ხელი, უფრო მაგრად მოუჭირა. ბიჭს თვალები ამღვრეოდა, სახეზე უდიდესი ტკივილი ეხატა, ხოლო მის მზერაში შიში იკითხებოდა.
-წამოდი, მეორე სართულზე ავიდეთ -თქვა გოგონამ -მთლად კარგი ადგილი ვერაა ჩვენი ძმის სანახავად, მაგრამ მთავარია ცოცხალია და სუნთქავს . . .






* * *

ერეკლე, რეანიმაციული განყოფილების კართან მჯდომ ანასტასიას გვერდით მიუჯდა და წყლით სავსე პლასტმასის ჭიქა მიაწოდა.
გოგონას თავი კედელზე ჰქონდა მიყრდნობილი, სივრცეში უმისამართოდ იყურებოდა, ხოლო თვალის უპეები, გამოუძინებლობისგან ოდნავშესამჩნევად ჩაშავებოდა.
-სანდროსთვის ჯერაც არაფერი გითქვამს? -ჰკითხა შეპარვით ბიჭმა
-მირეკავდა, თუმცა პასუხის გაცემა არ შემიძლია, უბრალოდ მივწერე, რომ თავს კარგად ვგრძნობ
-მოიცა, ტელეფონი ჩართე? -გაუკვირდა ერეკლეს
-ჰო, ჩავრთე . . . . ცოტა ხნის წინ აარონის ძმამ დამირეკა. თურმე ახლახანს დაბრუნებულა ამერიკიდან და არაფერი იცოდა. მე მომიწია ყველაფრის ახსნა
ბიჭმა ნათლად იგრძნო, როგორ გაფითრდა ანასტასია ამის თქმისას და მხარზე ხელი გადახვია.
-მიდი, მოსვი -წყლის ჭიქა, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, ტუჩებთან მიუტანა გოგონას და ფაქტობრივად, ძალით დაალევინა -ანასტასია, ასე არ შეიძლება, სანდროს უნდა დავურეკო და ყველაფერი ავუხსნა. თავი მის ადგილას წარმოიდგინე და მიხვდები, რომ მართალი ვარ
-თუ აქ მოვა, სახლში წასვლას და გამოძინებას მაიძულებს, მისი ხასიათი კარგად ვიცი
-ჰო მაგრამ, მასაც გაუგე. ძალიან ნერვიულობს, თან ისიც არ იცის, სად ხარ. აარონთან ცოტა ხნით მისი ძმა დარჩება, დარწმუნებული ვარ უკვე გზაშია და წუთი-წუთზე აქ იქნება
ერეკლე თითქოს წინასწარ გრძნობდა რა მოხდებოდა, რადგან მისი სიტყვებიდან ორი წუთი ძლივს იყო გასული, რომ დერეფანში, სწრაფი ნაბიჯებით მომავალი ბიჭი და გოგო შენიშნეს. ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდათ, რომ რეანიმაციული განყოფილებისკენ მოემართებოდნენ. ანასტასიას წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა ნიკოლოზი, თუმცა ნიცას ამოცნობა იმ ვიდეოს საშუალებით მოახერხა, რაც აარონის ოთახში ნახა, მაშინ, როდესაც მამაკაცი შხაპს იღებდა. მართალია მას შემდეგ გოგონა ძალიან შეცვლილიყო, თუმცა მთავარი გარეგნული ნიშნები მაინც შემორჩენილი ჰქონდა და სწორედ ამან გაუადვილა ანასტასიას მისი ამოცნობა.
-ესენი არიან აარონის და-ძმა -გადაუჩურჩულა მან ერეკლეს, როგორც კი ტყუპები ოდნავ მიახლოვდნენ
-შენ მათ დაელაპარაკე, მე კი გავალ და სანდროს ავუხსნი სიტუაციას, უკვე მეორასედ მაინც მირეკავს
-კარგი -თავი მორჩილად დაუქნია გოგონამ. უკვე ხვდებოდა, რომ ამის გადადება მეტად აღარ შეიძლებოდა
ერეკლეს გასვლის შემდეგ, ტყუპებიც მალევე გაჩნდნენ რეანიმაციული განყოფილების კართან. ანასტასია ფეხზე წამოდგა, მათ შესაგებებლად, მიუხედავად იმისა, რომ იმ წამს დგომაც კი უჭირდა
პირველად გოგონასთან ნიკა მივიდა. ბიჭმა ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ, მხოლოდ ახლა გაუშვა ხელი ტყუპისცალის მარჯვენას და ანასტასიას, თვალი, თვალში გაუყარა.
-ექიმი რას ამბობს, რა მდგომარეობაა? -ყველანაირი მისალმების გარეშე ჰკითხა მან. ნიცა რეანიმაციის კართან გაჩერდა და მას გაშლილი ხელის გული ისე მიადო, თითქოს აარონიც იგივეს აკეთებდა მეორე მხრიდან
-უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, ოთხი ტყვია ამოუღეს და იმის შანსიც მცირე იყო, რომ საერთოდ გადარჩებოდა -ხმის კანკალით მიუგო ანასტასიამ -თქვეს, შემდეგი ორმოცდარვა საათი იქნება გადამწყვეტიო
-ეს ვინ გააკეთა? ამის შესახებ არის რაიმე ცნობები?
-არავინ არაფერი იცის. როგორც კი გონს მოვა, გამოძიებელი მაშინვე დაკითხავს
-როგორ თუ არავინ არაფერი იცის? -აქ მოსვლის შემდეგ, პირველად გაისმა დერეფანში ნიცას ხმა -ჩემს ძმას ვიღაც შეშლილი მანიაკი ოთხ ტყვიას ესვრის და პოლიცია მის გაღვიძებას ელოდება, რათა ერთი ადგილი გაანძრიოს და დამნაშავის ძებნა დაიწყოს?
-ნიცა, ცოტა კორექტურად -ისეთი მზერით შეხედა ამის თქმისას, ანასტასიას ბიჭმა, თითქოს დის მაგივრად უხდიდა ბოდიშს
-ზრდილობის ნორმების დაცვის ხასიათზე არ ვარ, ძამიკო -ტონში გულგრილობა ემჩნეოდა გოგონას -აარონის ექიმმა რა თქვა? გადარჩენის შანსები რამდენად დიდია?
-ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ. ნებისმიერ წამს შეიძლება შინაგანი სისხლდენა დაეწყოს -ანასტასია კვლავ სკამზე დაეშვა და თუ აქამდე ცდილობდა, რომ ტყუპებთან სიმტკიცე შეენარჩუნებინა, ახლა უკვე აღარც ამ თამაშის გაგრძელება შეეძლო. საშინლად უმძიმდა აარონის მდგომარეობის შესახებ საუბარი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სიტუაცია ზედმეტად კრიტიკული იყო და პოზიტიურ პროგნოზთა პროცენტული მაჩვენებელი კი, საკმაოდ დაბალი
დაძაბულობა იგრძნობოდა რეანიმაციული განყოფილების კართან. თითქოს არაფერი იყო ისეთი, რასაც იმედის ხავსივით ჩაეჭიდებოდნენ და პოზიტიურ განწყობას შეიქმნიდნენ.
-მე საპირფარეშოში გავალ -ჩამოვარდნილ სიჩუმეში უეცრად გაისმა ნიცას ხმა
-მარტო წახვალ? -მაშინვე გამოეპასუხა ტყუპისცალი
-არა, რამდენიმე ქირურგს და მედდას გავიყოლებ, რათა შარვლის ჩაწევაში გამიწიონ დახმარება
-ახლა მაინც შეიკავე თავი და ყველას ნუ აჩვენებ რა გაფუჭებული ენაც გაქვს -ანასტასიაზე მიანიშნა თვალებით, ბიჭმა ამის თქმისას, თუმცა დისგან პასუხი აღარ მიუღია. ამ უკანასკნელმა, მას ზურგი აქცია და დერეფნის მეორე ბოლოსკენ გაეშურა, ჩქარი ნაბიჯებით.
იქ ყოფნა უკვე აღარ შეეძლო. გრძნობდა, რომ ყელში რაღაც უჭერდა და ჰაერი არ ჰყოფნიდა. ახლა, განმარტოება ისე სჭირდებოდა, როგორც თევზს, წყალი, ამიტომ სწრაფად შეაღო ქალების საპირფარეშოს კარი, იგი შიგნიდან საგულდაგულოდ გადაკეტა და სუნთქვააჩქარებული, ხელის გულებით დაეყრდო მთელ კედელზე გაყოლებული სარკის წინ დამონტაჟებულ ერთ-ერთ ნიჟარას.
-ისუნთქე, ნიცა -თვალები დახუჭა და საკუთარ თავს მწარე სილა გააწნა გოგონამ. შემდეგ, სენსორული ონკანი მოუშვა და პირზე რამდენჯერმე შეისხა შეტყუპებულ ხელებში დაგუბებული წყალი
საკუთარ გამოსახულებას რომ შეხედა, იქედან შეშინებული, სასოწარკვეთილი გოგო უმზერდა. ვერ აიტანა ეს ნიცამ. თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ ჰკრა ხელი ამ დროს გოგონას და აიძულა საკუთარი სისუსტე გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში გადაეტანა. იქ, სადაც მის პოვნას თავადაც ვერ შეძლებდა.
კიდევ ერთხელ გაუსწორა ნიცამ თვალი საკუთარ ანარეკლს. როგორც კი დარწმუნდა, იმდენად სასოწარკვეთილი სახე აღარ ჰქონდა, მხრებში ამაყად გასწორდა, თან თვალებზე მოწოლილი ცრემლები უკან გააბრუნა.
-შენი და არ იტირებს, აარონ -თქვა მან ხმამაღლა -შენი და შენს გვერდითაა და ყველას აზღვევინებს, ვინც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანა
კარზე ძლიერი კაკუნის ხმა გაისმა, თუმცა ნიცას გაღებაზე არც უფიქრია. ამის მაგივრად, წყლისგან დასველებული სახე შეიმშრალა, ხელსახოცით, როგორც იქნა სუნთქვაც დაირეგულირა და შეეცადა კვლავ ისეთი გამომეტყველება მიეღო, რაც აქ შემოსვლამდე ჰქონდა.
კაკუნი კვლავ განმეორდა. ამჯერად, ეს უკანასკნელი, ბევრად უფრო ხმამაღალი იყო და გოგონაც მიხვდა, რომ კარის მეორე მხარეს მყოფს, ძალიან უნდოდა შიგნით მოხვედრა. მალე, ნაცნობი ხმაც მოესმა :
-ნიცა, ამდენ ხანს მანდ რას აკეთებ? -ზღურბლის საპირისპირო მხრიდან ნიკა ესაუბრებოდა, ხმა კი, აშკარად აღელვებული ჰქონდა
გოგონა დიდი დროის განმავლობაში დუმდა, სანამ რამეს იტყოდა.
-აქ მაინც შემეშვი! თუ დაგავიწყდა, გეტყვი, რომ კაცების საპირფარეშო სხვა მხარესაა -თქვა ბოლოს. ახლა, ყველაზე ნაკლებად ის უნდოდა, ვინმეს მისი სისუსტე ეხილა, თუმცა კარს მიღმა მყოფი, დანებებას არ აპირებდა
-იცოდე გააღე, თორემ შემოვამტვრევ!
ნიცა კარს მიუახლოვდა და მას, შუბლი თვალდახუჭულმა მიადო.
-რა ჯანდაბა გინდა, ნიკა? -ამოთქვა დახშული ხმით
-ვგრძნობ, რომ ცუდად ხარ
-არ მჭირდება შენი ნუგეში
-ფეხებზე მ’კიდია შენ რა გინდა . . . . ახლა მაგ ამაყ ცხვირს დაბლა დაწევ, კარს გამიღებ და დასამშვიდებლად მომეხვევი, გაიგე?
-წადი, გთხოვ . . .
-თუ სამ თვლაზე არ გააღებ, იცოდე მართლა შემოვამტვრევ -ისეთი ტონით თქვა ნიკოლოზმა, რომ გოგონას წამითაც არ შეუტანია ეჭვი ამ მუქარის სინამდვილეში -მორჩა, ათვლას ვიწყებ
-გაჩუმდი!
-ანუ აღებ?
-ჩემი პირადი სასჯელი ხარ -შუბლი კარს მოაშორა ნიცამ და საკეტს ხელი მოჰკიდა. რამდენიმე წამიც და უკვე პირისპირ ხედავდა ტყუპისცალის სახეს, რომელმაც არც აცია, არც აცხელა, მაშინვე დასთან მივარდა და გულში მაგრად ჩაიკრა
მიუხედავად ნიცას სიჯიუტისა, ბიჭი კარგად ხვდებოდა, რომ მას ვიღაც თავისზე ძლიერი სჭირდებოდა. ის, ვინც მხარდაჭერას აგრძნობინებდა, ცრემლებს შეუმშრალებდა, ხელს მაგრად ჩასჭიდებდა და საკუთარ ძალას უწილადებდა.
-ერთ საშვილოსნოში ვართ ნამყოფები, ნიცა, შენ როგორ უნდა მომატყუო? ვიცი, რომ კარგად არ ხარ და ჩემს თვალწინ ემოციის გამოხატვის ნუ გრცხვენია -შუბლზე აკოცა ამის თქმისას, თან ფეხით მიხურა საპირფარეშოს კარი
იატაკის ფილებზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ დასხდნენ ტყუპები. ნიკოლოზმა, გოგონას მხარს ხელი გადახვია, მეორე კი სახეზე ჩამოუსვა.
-კარგად იქნება, ის ჩვენ არ დაგვტოვებს -თქვა მან ჩურჩულით -უბრალოდ გჯეროდეს ამის, გთხოვ
-მე იცი რისი მჯერა?
-რისი?
-იმის, რომ თუ აარონს რამე მოუვა, ამის გამკეთებელს ვიპოვი და თითებს ერთმანეთის მიყოლებით დავამტვრევ. გეფიცები, გაჩენის დღეს ვაწყევლინებ!
-ნიცა, ამ საქმეს პოლიცია მიხედავს, შენ ნუ ჩაერევი -თვალებში ჩახედა და ისე უთხრა -შეეცადე ბრაზმა არ გმართოს და საკუთარი თავის კონტროლი შეძლო
-საკუთარი თავის კონტროლი უდიდესი ნიჭია, შენ კი, კარგად იცი, რომ ეს ნიჭი შარვლის მარცხენა ჯიბეში არ მიდევს, რათა საჭირო დროს ამოვიღო და გამოვიყენო
-შეიძლება ასეა, მაგრამ თუ მოგინდება ამ უნარის გამომუშავებასაც მოახერხებ
ნიცამ თავი უარყოფის ნიშნად გადააქნია, მერე კი, ღრმად ამოსუნთქვას გააყოლა თავის შიგნით დაბუდებული უარყოფითი ემოციები.
-მხოლოდ ამ ერთი რამით არ ვგავართ, ნიკა -ხმადაბლა ამოთქვა მან -ჩემგან განსხვავებით, შენ შეგიძლია სიტუაციას გონივრულად შეხედო, მაშინ, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის. ამას ვერ ისწავლი, ასეთად უნდა დაიბადო
-და რას აპირებ? ქამარში იარაღს გაირჭობ, სამკერდე ნიშანს გაიკეთებ და თავად ჩაუდგები სათავეში ამ საქმის გამოძიებას?
ნიცას სევდიანად გაეღიმა.
-ჯერ არ ვიცი რას მოვიმოქმედებ, თუმცა ამის გამკეთებელი რომ ცუდ დღეში აღმოჩნდება, მაგაში ეჭვი არ შეგეპაროს
-სადარდებლად აარონიც მყოფნის, შენც ნუ დამემატები, კარგი?
-ნუ ღელავ, ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ დამატებითი პრობლემები შეგიქმნა
-ნამდვილად?
-ნამდვილად -თავის დაქნევით დაუმოწმა ნიცამ, მერე კი, რაღაც გაახსენდა და ჰკითხა -ჰო მართლა, ანასტასია ისევ იქ არის?
-არა, ძმამ მოაკითხა და ძლივს დაითანხმა ცოტა ხნით სახლში შევლაზე. წასვლის წინ დამიბარა, ორ საათში კვლავ დავბრუნდებიო
-როგორ ფიქრობ, რა ხდება მასსა და აარონს შორის? -თვალები ეჭვით დააწვრილა ამის თქმისას ნიცამ
-არ ვიცი, თუმცა აშკარაა, მომხდარს ჩვენზე ნაკლებად არ განცდის
-ვაღიარებ, ის საუკეთესოა, ვინც კი აარონის გარემოცვაში მინახავს -ოდნავშესამჩნევად გაეღიმა ნიცას და ფეხზეც წამოდგა -ადექი, აქედან გავიდეთ, თორემ ქლორის სურნელი უკვე ნერვებს მიშლის
-აარონის ექიმსაც დაველაპარაკოთ, მისგან უფრო დეტალურად გავიგებთ რა მდგომარეობაა
ტყუპებმა საპირფარეშო ისე დატოვეს, რომ კართან, იმ წამს მოსული მოხუცი ქალისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. არც ის სალანძღავი სიტყვები გაუგონიათ, რაც ამ უკანასკნელმა წარმოთქვა, მათი მისამართით, რადგან იქედან გამოსული და-ძმის დანახვაზე, მაშინვე ის წარმოიდგინა, რასაც ნებისმიერი ადამიანი წარმოიდგენდა მის ადგილას.
ნიცა და ნიკა, უხმოდ მიუყვებოდნენ დერეფანს, ცდილობდნენ, მომავლისთვის იმედის თვალით შეეხედათ და იმ პესიმისტური აზრებისთვის არ მიეცათ გონებაში გაჭაჭანების უფლება, რომლებიც გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში ჰყავდათ გამოკეტილი.



№1 სტუმარი Sopo

Chemi aaroni rogor mimiwvines savadmyoposhi nametani gadatvirtuli iyo dasveneba undoda namdvilad :)) velodebi shemdeg tavs ise ar moxdes aronis mteli leqso da nica ertad ar agmochdnen an shurisdziebis dros :))))

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

რა მდაბალი სულის ყოფილა თაბაგარი,,ველოდები მოუთმენლად ახალ თავს,

 


№3  offline წევრი aneta

ძალიან მოულოდნელი იყო მოვლენების ასე განვითარება, ნამდვილად საინტერესო ამბები დატრიალდა. მოუთმენლად ველოდები ახალ დიდ თავს ????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

შემდეგ თავს როდის დადებთ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

ახალი როდის დაიდება? ველოდებით მოუთმენლად.

 


№6  offline წევრი აირ ისი

გამოცდების და სამსახურის ერთობლივი შემოტევის გამო ძალიან ცოტა დრო მაქვს, მაგრამ ვეცდები მალე დავამატო :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent