შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწვდომელი (თავი-14)


3-06-2020, 05:04
ავტორი აირ ისი
ნანახია 8 867

* * *

„მინის სასახლიდან“ წამოსვლის შემდეგ, ანასტასია, ლიფტის გამოყენებით ბოლო სართულზე ჩავიდა, კორპუსის ავტოსადგომზე გაჩერებულ პირველივე ტაქსიში ჩაჯდა და ჭერზე მიმაგრებულ სარკეში არეკლილ, შუა ხნის მძღოლს, დაბინდული მზერით შეხედა
-მანქანა დაძარით და უბრალოდ იარეთ . . .
-კონკრეტულად სად მიბრძანდებით ქალბატონო? -თავი მოაბრუნა კაცმა, რათა უცნაური კლიენტი უკეთ შეეთვალიერებინა
-იქ წამიყვანეთ, სადაც ჩემნაირი იდიოტები მიჰყავთ ხოლმე
-მგონი, ფსიქიატრიული საავამყოფო ამ დროს ღია არ იქნება
ღიმილის თავი რომ ჰქონოდა, ამ სიტყვებზე აუცილებლად გაეღიმებოდა ანასტასიას, თუმცა ახლა, იმდენად იყო განადგურებული, ეს არანაირად არ გამოუვიდოდა.
-უბრალოდ იარეთ, არსად წასვლა არ მინდა -თვალებდახუჭულმა და ემოციურად გადაღლილმა ამოთქვა. აღარც ტაქსის მძღოლი ჩასძიებია მეტად. მიხვდა, რომ ახლა მის კლიენტს, ლაპარაკის თავი ყველაზე ნაკლებად ჰქონდა, ამიტომ, გასაღები გადაატრიალა, ძრავა აამუშავა და მანქანა გზაზე გაიყვანა
ღამის ქალაქში მხოლოდ აქა-იქ თუ მოძრაობდა ხალხი. დაძრული ავტომობილიდან, შენობები ერთმანეთს შესაშური სისწრაფით ენაცვლებოდნენ. საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა საახალწლო დეკორაციებით მორთული თბილისი, თუმცა თავის ფიქრებში ერთიანად ჩაძირული ანასტასია, ვერც ამ სილამაზეს ამჩნევდა და ვერც, სხვა რამეს.
ჯერ კიდევ საშინლად ბრაზობდა საკუთარ თავზე, ასეთი იმპულსური და დაუფიქრებელი ქმედების გამო. ყველაზე მტკივნეული კი მაინც საყვარელი მამაკაცის მხრიდან უარყოფა გახლდათ გოგონასთვის. მართლა ვერ გაეგო, თუ რატომ იყო აარონისთვის ასეთი უინტერესო. სად დაუშვა შეცდომა? რა გააკეთა არასწორად?
აღნიშნული კითხვებიდან, არც ერთ მათგანზე არ ჰქონდა პასუხი. მხოლოდ ის იცოდა, რომ ასეთი ნაბიჯით საკუთარი თავი შეირცხვინა და საბოლოოდ, დამცირებულის სტატუსით გამოვიდა მამაკაცის ბინიდან.
ტაქსით, დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში იარა ანასტასიამ. ეგონა, ასე ცოტათი მაინც დამშვიდდებოდა, თუმცა ოდნავადაც ვერ დაიწყნარა ნერვები. როცა მანქანაში ჯდებოდა, დარწმუნებული გახლდათ, რომ მთელს ღამეს სიარულში გაატარებდა, მაგრამ ახლა ჰაერზე გასვლა ისე უნდოდა, როგორც არაფერი, ამიტომ, მძღოლს მშვიდობის ხიდთან გააჩერებინა მანქანა, თანხა გადაუხადა, სწრაფად დაემშვიდობა და ქუჩაში გამეფებულ სიცივესთან საბრძოლველად, მოსაცმელი ბოლომდე შეიკრა.
ხიდზე, იმ წამს, მის გარდა არავინ იყო. ეს გოგონას წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან ნამდვილად არ სურდა ვინმეს ის ცრემლები ეხილა, რომელთაც უკვე ვეღარ აკავებდა თვალებს მიღმა. ახლა, ემოციებისგან დაცლა მართლაც საუკეთესო წამალი უნდა ყოფილიყო მისთვის, ამიტომ, თავი აღარ შეუკავებია, მინის მოაჯირს მკლავებით ჩამოეყრდნო, თავი დახარა და გულამოსკვნილი ატირდა.
ყველაფერს ერთად გლოვობდა -იმ სიტყვებს, რაც აარონისგან მოისმინა, დამცირებას, რომელიც იმ წამებში იგემა და ყველაზე მთავარი იმას, რომ მიუხედავად მომხდარისა, ამ ადამიანისადმი გრძნობები კვლავაც უცვლელი დარჩა.
ნაწილობრივ, კომიკურიც გახლდათ მისთვის შექმნილი სიტუაცია. თუ აქამდე მუდამ თავად ეუბნებოდა უარს მამაკაცებს, ახლა თავად გახლდათ უარყოფილის როლში. ვერასდროს წარმოიდგენდა ასეთი რამ თუ შეემთხვეოდა, მაგრამ ფაქტი იყო შეემთხვა და აუტანელი ტკივილიც აგრძნობინა. წამით, ისიც კი მოუნდა თავის ყველა თაყვანისმცემლისთვის დაერეკა და პატიება ეთხოვა, რადგან ახლა ყველაზე კარგად ესმოდა მათი განცდების. გააკეთებდა კიდეც ამას, რომელიმე მათგანის ტელეფონის ნომერი რომ სცოდნოდა, თუმცა არც ეს ინფორმაცია ჰქონდა ხელთ.
ქუჩაში სუსხიანი ქარი დაქროდა. მანქანებიც აქა-იქ თუ მოძრაობდნენ გზაზე. მიუხედავად ამისა, ანასტასია კვლავაც ვერ ფიქრობდა შინ წასვლაზე. ემბერის ჩამოსვლაც, თითქოს ჭრილობაზე მოყრილი მარილივით სტკიოდა იმ წამს. თავად არაფერი გამოუვიდა, თუმცა ხომ შეიძლებოდა მას მოეხერხებინა აარონის მახეში გაბმა? ამის მისაღწევად, მართლა ყველანაირი ღირსება ჰქონდა გოგონას -გარეგნობა, სითამამე, მიზანდასახულობა და შემტევი ხასიათი. თავისუფლად შეეძლო იმ მიზნის მიღწევა, რისთვისაც აქ ჩამოვიდა, ანასტასიას კი მოუწევდა ყველაფერ ამისთვის შორიდან ეყურებინა.
გოგონა, ტირილს კვლავაც ვერ წყვეტდა. მთელი სახე ცრემლებით ჰქონდა დასველებული და მათ, პერიოდულად იმშრალებდა, მოსაცმლის სახელოთი. იმ წამს, სიგიჟემდე უნდოდა ერეკლესთვის დაერეკა, თუმცა ახსოვდა, რომ დილით შვეიცარიაში აპირებდა გაფრენას, რონისთან ერთად და ასეთ დროს ნამდვილად ვერ შეაწუხებდა.
წამით გვერდზე გაიხედა. მხოლოდ ესღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის. ეგონა, იქ მარტო იყო, თუმცა ნანახმა ხასიათი უფრო მეტად გაუფუჭა. ცრემლებისგან დაბინდული მზერით, ხიდის მეორე ბოლოში გოგონას სილუეტი შენიშნა, ვისაც ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაეწყო და თუ ნელი ნაბიჯებით ვიმსჯელებდით, აშკარად სასეირნოდ იყო გამოსული.
ანასტასიას, აშკარად არ ესიამოვნა თავის პირად სივრცეში უცხო პირის შემოჭრა, თუმცა რა უნდა ექნა? საკუთარი დეპრესიული ფონის გამო „მშვიდობის ხიდზე“ ადამიანთა მოძრაობას ნამდვილად ვერ აკრძალავდა, ამიტომ, ლოყებზე ჩამოგორებული ბრილიანტისფერი წვეთები კიდევ ერთხელ შეიმშრალა, ნიკაპით ხელის გულს ჩამოეყრდნო და ქვემოთ გადაშლილ სივრცეს მიაცქერდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაუვლიდა გვერდს უცნობი და კვლავ თავის გზას გააგრძელებდა. გონებაში წამებსაც კი ითვლიდა იმდენად აწვებოდა ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ცრემლების ზღვა, თუმცა მოლოდინი არ გაუმართლდა. იმის მაგივრად, რომ უბრალოდ გვერდით ჩაეარა, გოგონა, ანასტასიასთან ახლოს გაჩერდა, თავზე წამოფარებული კაპიუშონი მოიხადა და მოაჯირს მის გვერდით ჩამოეყრდნო.
-მართლა რა პატარაა ეს ქალაქი. გულწრფელად ვაღიარებ, ყველაზე ნაკლებად ველოდი შენს აქ დანახვას -თქვა მან, რითაც, ანასტასიას მთელი ყურადღება თავისკენ მიმართა. მილიონ ადამიანშიც კი გამოარჩევდა გოგონა ამ ხმას და არც შემცდარა -გვერდზე გახედვისას დარწმუნდა, რომ მის სიახლოვეს ნამდვილად ლიზა იდგა, ვისაც ხელებში კისერზე შემოხვეული კაშნეს ბოლოები ჰქონდა მოქცეული და მათ, პატარა ბავშვივით ათამაშებდა
-ჯანდაბა, შენ? -ახლა უკვე მართლა მთელი ძალით ეცადა ანასტასია შინაგანი ემოციების დაფარვას, რათა ისინი თავის გვერდით მდგომს ვერ შეემჩნია, თუმცა დიდად ვერაფერს გახდა
-ჰო, მე ვარ და იმასაც ვხედავ, რომ რაღაც დეპრესიული ფონის მაგვარი გაქვს -ირონიული გახდა ლიზას მზერა ამის თქმისას -რა მოხდა, ჩვენმა პრინცესამ კიდევ ვინმეს შეყვარებულზე დაიწყო ნადირობა და მარცხი განიცადა?
ანასტასიამ ბრაზით მოუჭირა მარჯვენა ხელი მოაჯირის სახელურს. ეს სიტყვები, ცეცხლზე ნავთის დასხმასავით იყო მისთვის.
-ლიზა, სანამ მთელი ხარ, აქედან წადი, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! -დაუფარავი ბრაზით ამოთქვა, თან გამყინავი მზერა დაასო ამ უკანასკნელს, თუმცა ამანაც ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოახდინა გოგონაზე
-საინტერესოა, რას გააკეთებ თუ არ წავალ? -დაწვრილებული თვალებით ჩაეკითხა ის -სიმართლე გითხრა, ძალიან დავინტრიგდი
-ლიზა, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, ახლა ყველაზე ნაკლებად ვარ შენი სარკაზმის ხასიათზე -მერე, თითქოს ერთიანად მოაწვა მთელი ამ წლების განმავლობაში ნაგროვები ბრაზი, ეს ყველაფერი ვულკანური ლავასავით ამოიფრქვა მის გონებაში და ყოფილი მეგობრისკენ მთელი ტანით მიტრიალდა :
-რა გინდა ჩემგან?! -თითქმის ყვირილით ჰკითხა -არ გეყო, რაც გამიკეთე? ნუთუ საკმარისი არ არის შენთვის, რომ შვიდი წელია სიცოცხლეს მიმწარებ და ყველანაირად ცდილობ მიწასთან გამასწორო? მე არაფერში ვარ დამნაშავე, ლიზა, სრულიად არაფერში! იმ ნაგავმა გამომიყენა და თავისი გაისწორა, რის გამოც, ფსიქოლოგის კაბინეტი ჩემს მეორე სახლად ვაქციე ერთ დროს! ყოველ ღამით მესიზმრებოდა ის ამაზრზენი მომენტები და ყოველ ღამით თავიდან მძულდებოდა საკუთარი სხეული, გესმის?! ნამდვილად არ ვიქნები მატყუარა თუ გეტყვი, რომ ამ ყველაფერმა, შენზე მეტად მე დამტანჯა, მაგრამ მაშინ თითქმის ბავშვი ვიყავი და გავჩუმდი! ვერავის ვერაფერი ვუთხარი, საკადრისი პასუხი ვერ ვაგებინე მაგ ნაძირალას, რადგან საშინლად მრცხვენოდა იმის, რაც გადამხდა და ვფიქრობდი, რომ თუ რამეს ვიტყოდი, თითს ყველა ჩემკენ გამოიშვერდა. შენთანაც მხოლოდ იმიტომ გავჩუმდი, რომ არ მინდოდა ერთადერთი მეგობარი დამეკარგა! მჭირდებოდი . . . ძალიან მჭირდებოდი და ჩემი ცხოვრების იმ ყველაზე რთულ მომენტში, შენს დაკარგვასაც ვერ გადავიტანდი! აღარ შეეძლო ამდენი ჩემს ფსიქიკას! -ვერც კი გაიგო, ისე გადმოსცვივდა ამის თქმისას ცრემლები ანასტასიას, თუმცა უკვე აღარ ფიქრობდა ემოციების დაფარვაზე. იმდენად თავისუფლდებოდა განცდების სააშკარაოზე გამოტანით, უკვე ფეხებზე ეკიდა რას იფიქრებდა ლიზა -ახლა ზუსტად ისეთ სიტუაციაში ვარ, რაც შენს სიხარულს გამოიწვევს -მამაკაცმა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც ჩემი ოცდაოთხწლიანი არსებობის განმავლობაში შემიყვარდა, მითხრა, ჩემთვის სრულიად ცარიელი ხარ და შენში არაფერია საინტერესოო. მითხრა, როგორც ქალი არ მაინტერესებ, მხოლოდ მეგობრად აღგიქვამო . . . რაღას უცდი? შეგიძლია წახვიდე და ამაზე სკანდალური სტატია ააგო შენი ჟურნალისთვის. მიდი, დაწერე რამე! კიდევ შემარცხვინე, გააკეთე ის, რაც გსურს, ოღონდ ახლა აქედან წაეთრიე და საკუთარ თავთან მარტო დამტოვე! -ბოლო სიტყვებზე, მოაჯირთან ჩაცურდა გოგონა, მუხლებში მოხრილ ფეხებს, ხელები მაგრად შემოაჭდო, მასზე თავი ჩამოდო და ყოფილი მეგობრის წინ, პატარა ბავშვივით ატირდა.
არ დაუნახავს ლიზას გამომეტყველება. არც მისი ხმა გაუგონია. სამარისებურ სიჩუმეში დარჩენილს, უკვე ეგონა, რომ გოგონა იქაურობას გაეცალა, თუმცა გაოცებამ ლამის პიკს მიაღწია, როცა მისი თითების შეხება იგრძნო საკუთარ ხელზე.
ლიზას ამ საქციელმა, მხრებში გასწორებისა და ამ უკანასკნელისთვის, თვალებში შეხედვის სურვილი გაუჩინა ანასტასიას. ასეც მოიქცა -თავი მაღლა ასწია, გოგონას მზერა გაუსწორა და კიდევ ერთხელ იგრძნო გაკვირვება, რადგან მის გამომეტყველებაზე არც დაცინვის კვალი ჩანდა და არც, ირონიის.
-წამოდი, ჩემს მანქანაში ჩავჯდეთ, სულ გაყინულხარ -უთხრა მან. თანაგრძნობა ამოიკითხა ანასტასიამ ყოფილი მეგობრის ტონში, თუმცა ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, იფიქრა მეჩვენებაო
-შენს მანქანაში რა მინდა? შიგნით ბომბი ჩაამონტაჟე და გინდა ამაფეთქო? -მერე დაფიქრდა და დაამატა -პრინციპში, ახლა ისეთი შერცხვენილი ვარ, ამაზეც კი სიამოვნებით დაგთანხმდებოდი
-შენს აფეთქებას არ ვაპირებ, ამიტომ ლაყბობას შეეშვი
-შენ კი ეგ თანაგრძნობის ნიღაბი ჩამოიხსენი, მგონი ცოტათი გიჭერს
-მაგით რის თქმას ცდილობ?
-იმის, რომ ახლა ძალიან გახარებული ხარ იმით, რა მდგომარეობაშიც მხედავ და გინდა სიამოვნება გაიხანგრძლივო
ლიზამ თვალები გადაატრიალა და ღრმად ამოიოხრა. ანასტასიას სიჯიუტე უკვე ნერვებს უშლიდა და მოთმინებაც, ქვიშის საათიდან ჩამოყრილი სილასავით ეწურებოდა.
-მორჩა, ადექი -ისე მოუდლონელად ჩაავლო ხელი მაჯაში, გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო ანასტასიამ. სიტუაცია რომ გააანალიზა, უკვე ფეხზე იდგა და ინერციით მიჰყვებოდა წინ, სწრაფი ნაბიჯებით წასულ ლიზას
-რას აკეთებ, სად მიმათრევ? -წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა იმდენად მაგრად უჭერდა „მოწინააღმდეგის“ ხელი, მის მაჯას, რომ ძვრაც კი ვერ უყო -გამიშვი, შენთან ერთად წამოსვლა არ მინდა!
-პატარა ბავშვივით ნუ იქცევი!
-ჩემს პირში სადმე სოსკას ხედავ?
-სოსკა არც გჭიდება, ჭკუა ისევ ორი წლის ადამიანის გაქვს! -თან ტროტუარისკენ მიათრევდა, თან ეკამათებოდა მას, ლიზა
მანქანამდე სწორედ ასეთ კინკლაობაში მიაღწიეს. კაპოტს, ზემოდან წითური კატა შემოჯდომოდა და ფუმფულა კუდს, ზემოთ-ქვემოთ ათამაშებდა. გოგონების მოახლოებამაც ვერ იმოქმედა მასზე -თავის ადგილას კვლავ უძრავად იჯდა და ფეხის მოცვლაზე არც ფიქრობდა.
-ეს შენი კატაა? -მხოლოდ იმ წამს შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა ანასტასიამ, მერე კი, ინტერესიანი მზერით გახედა ყოფილ საუკეთესო მეგობარს
სანამ რამეს უპასუხებდა, გასაღების ღილაკზე თითის დაჭერით გააღო ავტომობილი ლიზამ, რის შემდეგაც მიუგო :
-არა, ალბათ უპატრონოა -ამის თმისას, ხელი შეუშვა, დაკვირვებით აათვალიერა და დასძინა -ასე გიჟივით, ამ სიცივეში რამ გამოგიყვანა? შენ რა, თბილი ტანსაცმელი არ გაქვს?
-ეგ შენ არ გეხება -კატა უკვე ხელში ჰყავდა აყვანილი და ყურებზე ეფერებოდა მას, გოგონა
-საერთოდ არ იცვლები, მარგიანო, ისევ უპატრონო კატებისკენ გაქვს მიდრეკილება -აღნიშნა ლიზამ უკმაყოფილოდ -არ მითხრა, რომ ეგეც სახლში უნდა წაიყვანო
-ქუჩაში დასატოვებლად მეტისმეტად ლამაზია
-მიდი, მიდი, ჩაჯექი, შენთან ლაპარაკით მაინც ვერაფერს გავაწყობ -ამ სიტყვებით, გოგონამ კარი გამოაღო და ხელით მანქანის სალონისკენ ანიშნა ჯერ კიდევ კატის მოფერებით გართულ ანასტასიას. როცა მის სახეზე ყოყმანი შენიშნა, დაამატა :- საკუთარი თავი თუ არ გებრალება, ეგ არსება მაინც შეიცოდე, ხელში რომ გიჭირავს. დარწმუნებული ვარ, ძალიან სცივა
შეიძლება ითქვას, ლიზას ამ ხრიკმა შედეგი გამოიღო. რამდენიმე წამის განმავლობაში, გოგონა კვლავ კატით ხელში იდგა ავტომობილის გაღებულ კართან, თუმცა, როდესაც კიდევ ერთხელ იგრძნო სუსხიანი ქარის ამოვარდნა, ფარ-ხმალი დაყარა და სავარძელში მობუზული მოთავსდა, თავის ახალ მეგობართან ერთად. როგორც კი ანასტასია მანქანაში დაიგულა, აღარც ლიზა მდგარა უმოქმედოდ -მძღოლის გვერდითა სავარძელზე მჯდომს, კარები სწრაფად მოუხურა, თავად მესაჭის ადგილას მოთავსდა და ძრავა მხოლოდ იმიტომ აამუშავა, რათა სალონში გათბობა ჩაერთო.
-ესეც ასე, ცოტა ხანში ნორმალური ადამიანის ტემპერატურა დაგიბრუნდება, თორემ ახლა ქვეწარმავალივით ცივი ხარ
-ქვეწარმავალივით ცივი, მუდამ შენ იყავი ხოლმე, ჩემს მიმართ, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ახლა რა ბზიკმა გიკბინა?
-ბზიკები არ მკბენენ, მწერებისგან დამცავ ლოსიონს ვიყენებ -სცადა ხუმრობის საშუალებით აერიდებინა თავი ნამდვილი პასუხისთვის
მანქანაში ნელ-ნელა სასიამოვნოდ დათბა და ანასტასიამაც მოახერხა გაყინული ხელების გათბობა. პარალელურად, ძილიც მოერია გოგონას, თუმცა ლიზას მანქანაში დაძინება, მაინცდამაინც შესაფერის ვარიანტად არ ესახებოდა
-შეგიძლია სახლამდე მიმიყვანო? -ჰკითხა, თან კატა უფრო მოხერხებულად დაისვა მუხლებზე. როგორც ჩანდა, სითბომ ამ უკანასკნელზეც იმოქმედა, რადგან ანასტასიას ფეხებზე გაწოლილმა, კრუტუნა ხმები ამოუშვა და თვალები დახუჭა
-ჯერ რაღაც უნდა გკითხო -დიდი ხნის დუმილის შემდეგ გაისმა ლიზას პასუხი. სახეზეც კი ეტყობოდა, რომ რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა იმ მომენტში
-მაინც, რა გაინტერესებს?
-მცირედი სამაგიეროც კი არ გადაუხადე?
-ვის? -აშკარად დააბნია ამ კითხვამ ანასტასია
-დემეტრეს . . . .
-დემეტრეს?
-ჰო, მას -ლიზას ყოველი პასუხი, წინანდელთან შედარებით უფრო ხმადაბლა ჟღერდა
-მოიცა, მოიცა, შენ რა, გჯერა იმის რაც ცოტა ხნის წინ და აგრეთვე, შვიდი წლის უკანაც გითხარი? -ლამის შუბლზე აუვიდა თვალები. ყველაზე ნაკლებად მოელოდა ყოფილი მეგობრისგან ასეთ რადიკალურ სახეცვლილებას
-კითხვა ჯერ მე დაგისვი, ასე რომ პირველმა შენ უნდა მიპასუხო
ანასტასიას არაფერი უშლიდა ხელს, რათა ამ დათმობაზე წასულიყო, ამიტომ ასეც მოიქცა :
-ბეისბოლის ბიტა ვიყიდე და გვიან ღამით, ის მანქანა დავულეწე, რომელშიც ცხოვრება დამინგრია
ლიზას სიცილი აუტყდა. დიდი ხნის განმავლობაში იცინოდა. მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როდესაც ოდნავ სული მოითქვა :
-მერე პასუხი არავინ გაგებინა?
-რა თქმა უნდა, მაგებინეს -წარსულის გახსენებაზე, უსიამოვნო ტალღებმა დაუარა სხეულში გოგონას -ის ღამე, პოლიციის განყოფილებაში გავატარე
-მეორე დღეს როგორ გამოგიშვეს? ვინმემ გირაო შეიტანა? -ნელ-ნელა ცნობისმოყვარეობა ემატებოდა ლიზას. ანასტასიაც ისე პასუხობდა, თითქოს ამ დროის მანძილზე, მათ შორის არანაირი კონფლისტი არ მომხდარიყო
-გირაო არა, უბრალოდ იმ პოლიციელს ვუამბე ჩემი ქმედების მიზეზი, ვინც დამკითხა . . . ჩემდა გასაკვირდა, მითხრა ამ ყველაფრის ღირსი ყოფილაო და ჩემი გათავისუფლება საკუთარ თავზე აიღო. ისიც დაამატა, შეგიძლია ამის გამო მასზე საჩივარი დაწეროო, თუმცა უარი ვთქვი. ერთის მხრივ, მრცხვენოდა, მეორეს მხრივ კი, არ მინდოდა ჩემი ძმა მკვლელი გამხდარიყო და იმ ნაბი*ვრის სისხლში გაესვარა ხელები. შენც კარგად იცი, როგორი ფიცხი და იმპულსური იყო ადრე სანდრო. ამ თვისების რაღაც ნაწილი, დღემდე აქვს შემორჩენილი
ლიზა, გონების ერთი ნაწილით ანასტასიას ლაპარაკს უსმენდა, ხოლო მეორეთი, კვლავ რაღაცაზე ფიქრობდა შეუსვენებლად. აზრების თავმოყრის პარალელურად, საჭეზე თითებს მონოტონურად აკაკუნებდა. ანასტასიას თხოვნაც კარგად ახსოვდა, როცა უთხრა სახლში წამიყვანეო, თუმცა მის შინ მიყვანას ნამდვილად არ აპირებდა. იმ დროსა და იმ მომენტში, სრულიად სხვა გეგმები ტრიალებდნენ ლიზას თავში.
-მაპატიე, მაგრამ შენს სახლში მისვლას ცოტათი დააგვიანდება -თქვა მან ბოლოს. გვერდით მჯდომისკენ არც გაუხედავს, თუმცა მის უკმაყოფილო მზერას მაინც კარგად ამჩნევდა
-თუ ჩემს სახლამდე მიყვანას არ აპირებ, შემიძლია კვლავ ტაქსი გავაჩერო -ამ სიტყვების პარალელურად, წაიღო კიდეც ხელი კარის საკეტისკენ, თუმცა ლიზას ნათქვამმა, გეგმები ერთიანად შეუცვალა
-შენთან რაღაც შემოთავაზება მაქვს, ანასტასია -განუცხადა მან. როგორ ჩანდა, სურდა იმ საიდუმლო ფიქრების ზარდახშისთვის მოეხადა თავი, რომელშიც, ცოტა ხნის წინ, დიდი მონდომებით აწყობდა ახალ-ახალ აზრებს
-შემოთავაზება? -აშკარად დაბნეული ჩანდა გოგონა. უნდა ეღიარებინა, ლიზამ მართლაც ბევრჯერ მოახერხა იმ ღამით მისი გაოცება
-ჰო, შემოთავაზება . . . მზად ხარ მოსასმენად?
ანასტასიას არაფერი უთქვამს. დასტური, მხოლოდ თავის მსუბუქი დაქნევით გამოხატა და სმენად იქცა. მისმა კითხვის ნიშნებით სავსე მზერამ, ლიზასაც აიძულა საუბრის დროულად წამოწყება.
-მოკლედ -დაიწყო მან, თან მთელი ტანით მიტრიალდა გვერდით მჯდომისკენ -სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ დემეტრემ ახალთახალი, თან საკმაოდ ძვირადღირებული მანქანა იყიდა, რამდენიმე დღის წინ
-ჰო, მერე? -აშკარად ვერ გაიგო ანასტასიამ, თუ რატომ ეუბნებოდა ამ ყველაფერს
-მერე ის, რომ ბეისბოლს ისევ ვთამაშობ, ბიტები მანქანაში მაქვს და ვფიქრობ, არც მის ახალ „პიპიას“ აწყენდა შელამაზება -ცბიერი ღიმილი დაურთო თავის სიტყვებს მან -აბა, რას იტყვი, საქმეში ხარ?
-ლიზა . . .
-გაჩუმდი! -მაშინვე გააწყვეტინა -გაჩუმდი და ასეთი სახით ნუ მიყურებ, შენთვის ჯერ კიდევ არ მიპატიებია -მერე მარცხენა მკლავით ჩამოეყრდნო საჭეს და თანამოსაუბრეს გვერდულად გახედა -მოკლედ, დამეხმარები თუ არა? პოლიციაზე არ ინერვიულო, ამჯერად ბორკილებს ვერავინ დაგვადებს, ამაზე თავად ვიზრუნებ
ჩაფიქრებული სახე მიიღო ამ შეკითხვის გამგონე ანასტასიამ. გარკვეული დროის მანძილზე, ერთ ამოჩემებულ წერტილს მიშტერებოდა და მუხლებზე მწოლიარე, ჩაძინებულ კატას, თავზე ნაზად ეფერებოდა. მერე, თითქოს ღრმა ძილიდან ხმამაღალი მუსიკის ტონალობამ გამოარკვიაო, თვალებიდან უმეტყველო მზერა მოიშორა, ლიზას გახედა და ბაგეებზე მზაკვრული ღიმილი მოეფინა :
-რაო, რა მითხარი ბეისბოლის ბიტები სად მიდევსო?





8 8 8 8

საღამო ხანი იდგა, როდესაც აარონი, პარკში სეირნობისას, ხელჯოხიან, მოხუც კაცს ჩამოუჯდა გვერდით და თვალდახუჭულმა, თავი სკამის საზურგეს ჩამოაყრდნო.
უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში, ანასტასიასთან ბოლო საუბარზე ფიქრობდა მამაკაცი. ჯერ კიდევ თვალწინ ედგა გოგონას გამოხედვა, როდესაც ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, რისი თქმაც, იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად სურდა და თითქოს თავიდან განიცდიდა სულის შემხუთველ ტკივილს.
ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ საყვარელ ადამიანს ამდენად აწყენინა. თავადაც ზუსტად ისე განადგურდა იმ წამებში, როგორც ანასტასია, მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. უბრალოდ არ შეეძლო მასთან ყოფნა, როცა ამაში, მწარე ცხოვრებისეული გაკვეთილი უშლიდა ხელს.
მამაკაცმა თავი აიღო, თვალები გაახილა და სახე წინიდან მონაქროლ, სუსტ ქარს მიუშვირა. რამდენიმე წამით ასე იჯდა და სივრცეს სრულიად უმისამართოდ გაჰყურებდა. მისი მზერა, იმ მხატვრის გამოხედვას მოგაგონებდათ, ვინც, პეიზაჟის შექმნის წინ, მას გულდასმით ათვალიერებდა, რათა მცირე დეტალიც არ გამორჩენოდა.
პარკი, ხალხის სიმრავლით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, დროის იმ მონაკვეთში. აარონის გვერდით მჯდომი მოხუცი კაცის გარდა, იქ მხოლოდ ორი ადამიანი დაიარებოდა. ერთ-ერთი მათგანი, დაახლოებით ათი-თერთმეტი წლის გოგონა, შადრევნის კიდეზე ჩამომჯდარიყო, ხოლო მისგან ცოტა მოშორებით, ახალგაზრდა ბიჭი, თავის ლაიკას დაასეირნებდა, თან, ტელეფონში ჰქონდა ჩარგული თავი და კლავიატურაზე თითებს გამეტებით აკაკუნებდა.
აარონმა ოდნავ ჩაახველა, სივრცეს თვალი მოაშორა და ამჯერად ბერიკაცს გახედა. ეს უკანასკნელი, ცალი ხელით თავის ჯოხს დაყრდნობოდა, მეორეთი, სპეციალური შეფუთვიდან, გარჩეულ მზესუმზირას იღებდა და ფეხებთან მოფრენილ მტრედებს გამოზოგვით უყრიდა.
ღიმილი მოადგა მამაკაცს ამ სცენის ხილვისას. რატომღაც, მოხუცთან გამოლაპარაკება მოუნდა და ზედმეტად არც დაფიქრებულა, ისე გახდა საუბრის წამოწყების ინიციატორი :
-თქვენი აზრით, ფრინველებს ადამიანის მზრუნველობის აღქმა შეუძლიათ? -ის ჰკითხა, რაც ენაზე პირველად მოადგა. აქამდე არასდროს ელაპარაკა ქუჩაში, თავისთვის სრულიად უცნობ ადამიანთან, თუმცა მოხუცისგან იმდენად დადებითი აურა მოდიოდა, ამის გამო მცირედი დისკომფორტიც არ შექმნია აარონს.
-ფრინველებს ყველაფერი შეუძლიათ, მათ შორის სიყვარულიც, თუმცა ბევრი ადამიანი ამას ვერ ამჩნევს -მიუგო მან ისე, რომ თანამოსაუბრისკენ არც გამოუხედავს. მერე წამით შეიცადა და დაამატა : -ჩემი ასაკის რომ იყო, შენს აქ მარტო ჯდომას უცნაურად არ ჩავთვლიდი, მაგრამ ახლა . . .
-ახლა რა? -კითხვა შეუბრუნა აარონმა, რადგან პაუზა საკმაოზე მეტ ხანს გაიწელა
მოხუცს ჩაეღიმა. იმ მომენტში უფრო ნათლად გამოეკვეთა თვალების ირგვლივ გაჩენილი ნაოჭები, მის ასაკოვნებას რომ ზედმიწევნით უსვამდა ხაზს.
-ახლა დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს -ბოლოს, მაინც დაასრულა საკუთარი აზრი კაცმა, თან პირველად შეხედა მთელი დიალოგის განმავლობაში, თანამოსაუბრეს სახეში
-ასე ძალიან მეტყობა უხასიათობა, თუ უბრალოდ კარგი ინტუიცია გაქვთ?
-ერთიც და მეორეც -თან ესაუბრებოდა, თან მტრედების გამოკვებას განაგრძობდა მოხუცი. მის ფეხებთან, ნენ-ნელა უფრო და უფრო მეტი ფრინველი გროვდებოდა
აარონს თავში ერთი იდეა მოუვიდა. მისთვისაც რთული დასაჯერებელი იყო, რომ ამის გაკეთებაზე სერიოზულად იფიქრა, თუმცა ფაქტი იყო ეს, იმ წუთას ჰაერივით სჭირდებოდა.
-შეიძლება რაღაც გთხოვოთ? -შეეკითხა იგი ბერიკაცს, სანამ მთავარ გეგმას განახორციელებდა
-მთხოვე, შვილო
მოხუცის თბილმა ღიმილმა, თითქოს აარონსაც ამოუშალა გონებიდან ყოველგვარი საწინააღმდეგო აზრი, რომ ეს გადაწყვეტილება სიგიჟე იყო და საუბრის დასაწყებად გამბედაობა შემატა.
-გინდათ ჩემი მსმენელი იყოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში? -ამის თქმისას, გარემო კიდევ ერთხელ მოათვალიერა მამაკაცმა. პატარა პარკში, მათ გარდა უკვე აღარავინ დარჩენილიყო -მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ, შემდეგ კი თქვენ განსაჯეთ, სწორად მოვექეცი თუ არა ადამიანს, ვინც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია
-ასეც ვიცოდი, რომ საქმე სიყვარულს ეხებოდა -შაქრისფერ წვერზე ჩამოისვა დამჭკნარი ხელი მოხუცმა -მოყევი, შვილო . . . შენს ასაკზე ორჯერ დიდი, ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და იქნებ, რამე გონივრული გირჩიო კიდეც
გარკვეული დროის განმავლობაში დუმილი ჩამოვარდა. აარონი, აზრებს ალაგებდა გონებაში, თუ როგორ უნდა წამოეწყო საუბარი. მერე რა, რომ სრულიად უცხო ადამიანისთვის აპირებდა თავისთვის ყველაზე დაფარულ და ამავდროულად, სიღრმისეულ საკითხზე საუბარს? მთავარი იყო, ასეთი ნაბიჯი სიმსუბუქეს აგრძნობინებდა, ამიტომ, როგორც კი სიტყვები დააწყო, მაშინვე ალაპარაკდა :
-ელისაბეტი, ქალი, რომელმაც გამაჩინა, პროფესიით მოდელი იყო -ამის თქმისას, კვლავ სივრცეს გახედა აარონმა და განაგრძო :-მას, დედად იმიტომ არ მოვიხსენიებ, რომ დედობა ერთი საათითაც კი არ გაუწევია თავისი შვილისთვის. ჩემი დაბადებაც კი არ უნდოდა. სურდა მოვეშორებინე, რადგან თვლიდა, რომ ორსულობა ფიგურას გაუფუჭებდა და თავის კოლეგა მოდელებს შორის, ყველაზე ლამაზი ვეღარ იქნებოდა -სევდის ოკეანე ჩაიღვარა მამაკაცის თვალებში ამის თქმისას -დღესდღეობით, ოცდარვა წლის მხოლოდ იმიტომ ვარ და ამ ქვეყანაზეც მარტო იმიტომ დავაბიჯებ, რომ მამაჩემმა, იმ ქალს არაფრით მისცა უფლება მოვეკალი. მთელი ორსულობის განმავლობაში, იძულებით აცხოვრებდა თავის სახლში და მისთვის ორი პირი ჰყავდა მიჩენილი, ვინებიც, დღეგამოშვებით მუშაობდნენ და ოცდაოთხი საათის განმავლობაში არ სცილდებოდნენ გვერდიდან, რათა ჩემთვის არ დაეშავებინა რამე. ასე გავიდა ცხრა თვე. მამაჩემის მცდელობამ შედეგი გამოიღო და როგორც იქნა, არასასურველი ბავშვიც მოევლინა ქვეყანას. შემდეგ კი ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო -ჩემმა ეგრედწოდებულმა დედამ, რა თქმა უნდა, მამას მიუგდო ჩემი თავი, თვითონ კი გაიქცა და უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. სანამ პატარა ვიყავი, გულის სიღრმეში ყოველთვის ველოდი ელისაბეტის გამოჩენას. წარმოვიდგენდი, როგორ მეფერებოდა დედა, სხვა ბავშვების მსგავსად, მერე ოცნებებში მივდიოდი, სადაც იგი ჩემთან ბრუნდებოდა და პატიებას მთხოვდა. დამსიზმრებია კიდეც ეს სცენა და იცით? მაშინ რომ ასე მომხდარიყო, სიხარულით მივიღებდი. უბრალოდ ხელებს გავშლიდი და მაგრად ჩავეხუტებოდი, რადგან მუდამ ვნატრობდი მეც მყოლოდა ვიღაც, ვისაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სიტყვას „დედას“ დავუძახებდი . . . მერე, ერთ დღეს ისე მოხდა, რომ მეგონა ჩემი ოცნება რეალობად იქცა. მახსოვს, ათი წლის ვიყავი, როდესაც, ვიღაც ძალიან ლამაზმა ქალმა მომაკითხა სკოლაში და მითხრა დედაშენი ვარო . . . იცით, როგორ გამიხარდა? ვფიქრობდი, აარონ ყველაფერი დასრულდა, ამიერიდან, დედა შენც გეყოლება-მეთქი, თუმცა არა . . . სულ სხვანაირად წარიმართა ჩვენი შეხვედრა. იმის მაგივრად, პატიება ეთხოვა, მითხრა, რომ ვეზიზღებოდი, რომ ჩემი გაჩენა ყველაზე ნაკლებად სურდა და მხოლოდ მამაჩემის გამო ვიყავი ცოცხალი . . . იაზრებთ? ქალმა, ვისაც მთელი ათი წელი ველოდი, მხოლოდ სიტყვა „მეზიზღები“ გამოიმეტა ჩემთვის -აარონმა თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა. იგრძნო, რომ ისევ ისე სტკიოდა ამ ყველაფრის გახსენება, როგორც ადრე
-ამ დიალოგის შემდეგ, საბოლოოდ შევწყვიტე დედაჩემის ლოდინი. შევეგუე, რომ ამ მხრივ არ გამიმართლა და გადავწყვიტე ბედს შევგუებოდი. მერე წამოვიზარდე, ბევრი რამ გავაანალიზე და საკუთარ თავთან მტკიცე პირობა დავდე, რომ არასდროს დავიწყებდი სერიოზულ ურთიერთობას ისეთ ქალთან, ვინც ელისაბეტის მსგავსი პროფესიისა იქნებოდა. არ მინდოდა მამაჩემის შეცდომა გამემეორებინა და ჩემს მიერ ჩასახული არსებაც ისე შეზიზღებოდა ვინმეს, როგორც მე ვეზიზღებოდი იმ ქალს. მიუხედავად ყველაფრისა, მამაჩემს, იგი გაგიჟებით უყვარდა. მეორე ცოლიც კი მოიყვანა, მაგრამ მისი დავიწყება ვერაფრით შეძლო . . . ახლა კი . . . მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს პირობა მივეცი, მეც ზუსტად მამაჩემის კვალს ვადგავარ
-ანუ, შენც ამ პროფესიის ქალზე ხარ შეყვარებული? -აარონის გრძელი მონოლოგის შემდეგ, პირველი კითხვა დასვა ბერიკაცმა. მოსმენილი ისტორიით, მართლა ძალიან იყო შეწუხებული, თუმცა არ სურდა ამის გარეგნულად გამოხატვა, რათა უფრო მეტად არ დაემძიმებინა თანამოსაუბრე
-ჰო, ასეა -მიუგო ბოლოს მამაკაცმა. ამას მთელი ძალით ვებრძოდი, მაგრამ უსუსური მწერივით გამაბა თავის ქსელში
-და მერე რა მოხდა?
-მერე ის მოხდა, რომ ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი მან გადმოდგა, მე კი ხელი ვკარი და საშინელი რამები ვუთხარი, რათა თავად წასულიყო ჩემგან -მერე ბერიკაცს გადახედა. ელოდა, რომ ამჯერად ის ეტყოდა რამეს და ასეც მოხდა :
-დარწმუნებული ხარ, მისდამი შენს გრძნობებში? -ჰკითხა მან
-ნეტავი არ ვიყო, თუმცა იმაზე ფიქრიც კი ცუდად მხდის, რომ ოდესმე სხვა მამაკაცი შეეხება. გონებისა და გულის თითოეულ ნაწილში ნარკოტიკივით მყავს გამჯდარი. ისეთია, მხოლოდ საკუთარი თავისთვის რომ მემეტება და სხვისთვის არავისთვის, რადგან მგონია ჩემსავით ვერავინ შეიყვარებს. ის კი . . . ის, იმდენად საოცარია, ნამდვილად იმსახურებს ვინმეს მთელი არსებით უყვარდეს
ბერიკაცს კვლავ ჩაეღიმა აარონის სიტყვებზე. ამ უკანასკნელის თვალებში ჩაბუდებული სევდა არწმუნებდა, რომ ის, ვისზეც საუბრობდა, ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო მამაკაცის ცხოვრებაში, ამიტომ, არც რჩევის მიცემაზე უფიქრია დიდხანს ;
-შენ შეიძლება ეს ყველაფერი გამოშტერებული მოხუცის ბოდვად ჩათვალო, მაგრამ თუ დამიჯერებ, გეტყვი, რომ როცა საქმე სიყვარულს ეხება, რისკზე წასვლა ზუსტად ის ნაბიჯია, რაც აუცილებლად უნდა გადადგა
-სასაცილოა, მაგრამ, თავის დროზე ჩემკენ მომართულ იარაღსაც არ შევუშინებივარ, ანასტასიასადმი გრძნობები კი უზომოდ მაშინებს -სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი ამის თქმისას -ნუთუ შესაძლებელია ვინმეს სიყვარული ამდენად აშინებდეს?
-მე თუ მკითხავ, სწორედ მაგ გრძნობის უნდა გვეშინოდეს ყველაზე მეტად -დარწმუნებით მიუგო მოხუცმა და მტრედების გამოკვებაც შეწყვიტა, რადგან შეფუთვაში მზესუმზირა აღარ დარჩენოდა -თუმცა რამდენადაც საშიშია ეს გრძნობა, იმაზე ორჯერ უფრო მეტად სასიამოვნოა იმის გაანალიზება, რომ სადღაც დადის ადამიანი, ვისი გულიც მხოლოდ შენთვის ცემს და ვინც ბოლომდე შენ გეკუთვნის
-ლამაზად ლაპარაკობთ -გულწრფელად გაეღიმა აარონს
-ჩემს ლამაზ ლაპარაკს ყურადღებას ნუ აქცევ, უბრალოდ მთავარი სათქმელი გაიაზრე
-და რაში მდგომარეობს მთავარი სათქმელი?
მოხუცმა რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა სანამ რამეს იტყოდა, შემდეგ კი, თავისი წყლიანი, ნაცრისფერი თვალები შეანათა აარონს და მიუგო :
-იმაში, რომ თუ ცხოვრებაში რაღაც გინდა, ნაკლებად უნდა იფიქრო იმაზე, თუ რა შედეგი მოჰყვება მის მიღებას. ხანდახან საჭიროც კია, დინებას მკვდარი თევზივით გაჰყვე და მოვლენების განვითარებას გულგრილად ადევნო თვალი. თუ შემთხვევით ქვას შეეჯახები, ანუ შეცდომას დაუშვებ, ის მაინც გეცოდინება, რომ სცადე და წლების შემდეგ, იმაზე ფიქრი მაინც აღარ დაგტანჯავს, რა მოხდებოდა გულის კარნახით რომ გემოქმედა და არა, გონების
აარონი ბოლომდე ჩაწვდა ბერიკაცის სიტყვების მთელ სიღრმეს, მაგრამ გონებისა და გულის სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილის დროს, ვერც ერთ მხარეს ემხრობოდა და ვერც, მეორეს. უბრალოდ ჯერ ძალიან ადრე იყო იმისთვის, რათა ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიეღო, ამიტომ, გონებაში ქაოსურად მოძრავი ფიქრები გამობერტყა და მობილურში, იმ წამს მოსულ შეტყობინებას დააცქერდა.
ამ SMS-ის შინაარსი, ერთადერთი კარგი ამბავი იყო, რაც კი იმ დღეს გაიგო მამაკაცმა. დროის დაკარგვა არაფრით არ შეიძლებოდა. ეს საქმე აუცილებლად უნდა მოეგვარებინა, ამიტომ, მოხუცს, მეგობრულად დაადო მხარზე ხელი, თან ოდნავ გაუღიმა :
-ერთი რაღაც მაქვს მოსაგვარებელი და სასწრაფოდ უნდა წავიდე -უთხრა მან -რჩევებისთვის ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად დავფიქრდები ამ საკითხზე კიდევ ერთხელ . . .







* * *

არონი ქალაქის გარე უბანში მდგომი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, კიბის გამოყენებით ავიდა, თეთრ, დაჟანგულ კარზე ზარი დარეკა და მასპინლის გამოჩენას მოთმინებით დაელოდა.
როგორც კერძო დეტექტივმა შეატყობინა, ლექსო თაბაგარი სწორედ ამ სახლში იმყოფებოდა და იქედან, მხოლოდ პროდუქტის საყიდლად თუ გამოდიოდა, მზის სათვალეებითა და კაპიუშონით, ისე, როგორც პოლიციის მიერ დევნილი დამნაშავე.
მართლაც რომ მოუთმენლად ელოდა ამ მომენტს აარონი. ერთი სული ჰქონდა, როდის იხილავდა თაბაგარის სახეს ერთი-ერთში, რათა მასთან გასწორება დამოუკიდებლად შესძლებოდა. ახლა, როცა სადარბაზოში იცდიდა და ზღურბლის საპირისპირო მხრიდან, კარისკენ მომავალი ნაბიჯების ხმა ესმოდა, უზარმაზარი ბრაზი იპყრობდა. იცოდა, რომ შეიძლებოდა თავზე კონტროლიც დაკარგა, თუმცა ახლა უკან გაბრუნება და აქედან წასვლა ისევე არ შეეძლო, როგორც ლექსოსთვის გულწრფელი მეგობრობის შეთავაზება.
-ვინ არის? -როცა ბინიდან ხმა მოესმა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ კარებს სათვალთვალო არ ჰქონდა დაყენებული. ეს აარონის წისქვილზე ასხამდა წყალს. მართალია შეეძლო საკუთარი ვინაობა ეთქვა და თუ თაბაგარი კარს არ გააღებდა, იგი შეელეწა კიდეც, თუმცა ასე ზედმეტ ხმაურს გამოიწვევდა. თანაც, შეიძლებოდა რომელიმე მეზობელს პოლიცია გამოეძახა, ეს კი, აშკარად შეუშლიდა ხელს იმის განხორციელებაში, რაც დაგეგმილი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ხმა შეიცვალა და ლექსოს მიერ დასმულ შეკითხვას, შემდეგი პასუხი გასცა:
-კურიერული მომსახურებაა, თუ შეიძლება გააღეთ
-მე არაფერი გამომიძახებია -მოაძახა უხეშად კარის მეორე მხარეს მდგომმა. აარონს უკვე მოთმინება ეწურებოდა, თუმცა მშვიდი ტონის შენარჩუნებას მაინც ახერხებდა
-დიახ, ვიცი, მაგრამ თქვენს წინ მცხოვრებ მეზობელს, პიცა ჰქონდა შეკვეთილი და სახლში არ დაგვხვდა. დარეკა, რომ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და გთხოვათ, მის მაგივრად თქვენ გადაიხადოთ. როცა დაბრუნდება, ვალს თავად დაგიბრუნებთ -ისეთი პროფესიონალური ტყუილი გამოაცხო მამაკაცმა, თანაც ასე მოკლე დროში, რომ საკუთარი თავით თავადაც გაოცებული დარჩა
რამდენიმე წამით სიჩუმე სუფევდა ბინაშიც და სადარბაზოშიც. მამაკაცმა უკვე ისიც კი იფიქრა, ლესომ ჩემი სიტყვები არ დაიჯერა და არც, თავის სოროდან გამოძრომას აპირებსო, თუმცა როდესაც საკეტის ჩხაკუნი მისწვდა მის ყურთასმენას, მაშინვე მტერთან შეტაკების მომლოდინე მებრძოლივით მოემზადა და როგორც კი ღია კარში მდგომ თაბაგარის გამომეტყველებას მოჰკრა თვალი, ტუჩებზე მაშინვე სარკასტული ღიმილი გამოესახა.
-დაუპატიჟებელ სტუმარს ხომ არ მიიღებთ, ბატონო ალექსანდრე?
მეტად ადვილი იყო იმის შემჩნევა, თუ რა სწრაფად ეცვალა ფერი ბიჭს, სადარბაზოში მდგომი ადამიანის დანახვისას. იმ წამს, სახეზე ისეთი თეთრი იყო, პუდრით შეღებილსაც კი ჰგავდა და ამან, უფრო მეტად გაახალისა აარონი.
-რა მოხდა, ენა გადაყლაპე? -ისევ მორიგი კითხვა დასვა მან -თუ იარაღისა და ბომბების გარეშე ისეთი მაგარი ბიჭი აღარ ხარ, როგორადაც ადრე ასაღებდი თავს?
-აქ . . . აქ როგორ მომაგენი? რრ… რანაირად?
-მოდი, ჯერ გამართულად ლაპარაკი ისწავლე და კითხვები მერე დამისვი -ამ სიტყვებით, მამაკაცმა, ლექსო ხელის კვრით შეგადო ბინაში, ზღურბლს თავადაც გადააბიჯა, კარი ზურგს უკან მიხურა და გასაღებიც საგულდაგულოდ გადაატრიალა -ასე რატომ მიყურებ? ამ დროს, ზოგადად დასალევს სთავაზობენ ხოლმე, ან რამე სხვას
-ჩემს მოსაკლავად მოხვედი? -უდიდესი შიში იკვეთებოდა თაბაგარის ტონში ამ კითხვის დასმისას
აარონს გაეცინა.
-ზოგიერთი იმის ღირსიც არაა, რომ მის სისხლში გაისვარონ ხელები. საზეიმოდ გაცნობებ, რომ შენც ასეთების რიცხვს განეკუთვნები, ლექსო -მერე, ცოტა ხნით უყურა, რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა, მუშტი შეკრა და ისე ძლიერად უთავაზა ცხვირში, რომ ბიჭს ხმამაღალი ყვირილი აღმოხდა :
-ჯანდაბა, ჯანდაბა, მგონი ცხვირი გამიტეხე!-სახეზე ორივე ხელს იფარებდა და განუწყვეტლივ ღრიალებდა
-ცხვირი დასაწყისია, ჯერ მხოლოდ ვხურდები -აიზბერგისხელა მრისხანება იკითხებოდა აარონის თვალებში. სწორედ ამ ბრაზმა ითამაშა უდიდესი როლი იმაში, რომ მამაკაცმა ლექსოს ერთი დარტყმა არ აკმარა. ამის მაგივრად, საყელოებში ხელი ჩაავლო, კედელთან მიიმწყვდია და ამჯერად, მუცელში უთავაზა ძლიერი მუშტი
-ახლა კარგად მომისმინე ნაბი*ვარო -სახიდან მარცხენა ხელი ჩამოაღებინა აარონმა და დაინახა, როგორ ჩამოსდიოდა ლექსოს ცხვირიდან სისხლის უწყვეტი ნაკადი -არ გეგონოს, რომ პოლიციაში შენდამი სიბრალულის გრძნობის გაჩენის გამო არ ავლაპარაკდი. უბრალოდ არ მინდა, ყველაფერი გახმაურდეს და შენი ავადმყოფური ფსიქიკის გამო, ანასტასიამ დაიწყოს საკუთარი თავის დადანაშაულება, ჩემს ამბავში. გამოძიებას მხოლოდ ამის გამო არ მივეცი ჩვენება
თაბაგარს ჩაეცინა, თუმცა მის მზერაში ჯერ კიდევ იყო დარჩენილი შიშის ნაპერწკალი, რაც ბოლომდე მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა.
-ჰო, რა თქმა უნდა, მეც ასე ვიფიქრე -ამოთქვა მან ღვარძლიანად -ანასტასია მარგიანის გამო, მსხვერპლზე წასვლისთვის არც ერთი კაცი არ იტყოდა უარს. მე, ამ მსხვერპლზე უკვე წავედი და გესროლე, ახლა კი, შენი ჯერი დადგა, რათა გმირის როლი მოირგო
-გმირობა არაფერში მჭირდება, შენ კი ლაყბობას შეეშვი, ყურები დაცქვიტე და კარგად მომისმინე, რათა ჩემი არც ერთი სიტყვა არ გამოგრჩეს -მის საყელოს ცალი ხელი შეუშვა აარონმა, ნიკაპის ქვემოთ მოუჭირა, თავი უკან გადააწევინა და კედელზე ძლიერად მიაბჯენინა -შენს ბარგს რაც შეიძლება მალე ჩაალაგებ და ამ ქვეყანას დატოვებ… ფინანსებს ყველანაირად საკუთარ თავზე ვიღებ, რადგან ვიცი, რომ მამაშენის ჯიბის გარეშე, ერთი თეთრიც არ გაბადია. და კატეგორიულად გაფრთხილებ, მეორედ არ გამამეორებინო, თორემ ძალიან ცუდად დაასრულებ
-როდის მიხვდები, რომ ჩემთან ბრძანებების გაცემის არანაირი უფლება არ გაქვს? ისე ნუ მექცევი, თითქოს მონათა ბაზარზე გყავდე ნაყიდი
-შეგიძლია გული დაიმშიდო, მონათა ბაზარზე შენნაირი ნაგავში ფულს არავინ გადაიხდიდა, მათ შორის, არც მე
კედელთან მიმწყვდეული ლექსო, გარკვეული დრო სიძულვილით სავსე მზერით უცქერდა აარონის სახეს. იმდენად სავალალო ეჩვენებოდა თავისი მდგომარეობა აღნიშნულ წამს, რომ საკუთარი თავის მიმართ სიბრაზესაც კი განიცდიდა. ყველაზე მეტად, მაინც ანასტასიას გამო არ სურდა ქვეყნის დატოვება და აქედან გადაკარგვა. ჯერ კიდევ ავადმყოფურად სურდა გოგონას ხელში ჩაგდება. უდიდესი სურვილი იყო მისთვის ეს ქალი. ყველაზე აუხდენელი ოცნებაც კი, რაც თავისი ოცდაექვსწლიანი ცხოვრების განმავლობაში ჰქონია.
-ანასტასიას რა ბედი ეწევა? -ვერც კი გააცნობიერა, ისე გაახმაურა საკუთარი ფიქრები -მე რომ აქედან წასულს დამიგულებ, მას შენ ჩაიგდებ ხელში, არა?
-ანასტასია, შენი აქ ყოფნის დროსაც მე მეკუთვნოდა -ინსტიქტურად წამოსცდა მამაკაცს. როგორც კი თავისი სიტყვები გაიაზრა, მაშინვე ნაცნობი ჟრუანტელი იგრძნო მთელს სხეულში. ის ჟრუანტელი, რასაც ანასტასიას გვერდით ყოფნა აგრძნობინებდა ხოლმე, ბოლო პერიოდში
-ამას ნუ ამბობ -ლექსოს ხმამ დააბრუნა ფიქრების სამყაროდან მამაკაცი -ნუ მეუბნები, რომ ის შენია, გაიგე?! ყველაფერს ვაკეთებდი, რათა ჩემთვის ერთხელ მაინც შემოეხედა ადამიანურად, თუმცა გვერდს ისე მივლიდა, თითქოს არც ვარსებობდი. თავიდან მხოლოდ მიზიდავდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა -ამის თქმისას, გულწრფელმა სევდამ დაისადგურა ბიჭის თვალებში -შემიყვარდა . . . ისე გიჟურად შემიყვარდა, რომ მისი იგნორი მაცოფებდა და ხშირად, ძალადობის გზასაც მივმართავდი, რადგან ნერვები არ მყოფნიდა იმ დაუფარავ ირონიასა და უარყოფას შევგუებოდი მისი მხრიდან. ვაღიარებ, მოთმინების უნარით არასდროს გამოვირჩეოდი, ამიტომ იმის მაგივრად, რომ ანასტასიასთან ურთიერთობას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყოლოდი, გაცნობის დღესვე პირდაპირ ვუთხარი, რომ სულ რაღაც ორ დღეში გაიღვიძებდა ჩემს მკლავებში. მახსოვს იმ წამს მისი მზერა, ისე მიყურებდა, როგორც ტარაკანს, ვისი გასრესაც სურდა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. მხოლოდ სარკასტულად ჩაეცინა, მითხრა ზოგიერთ ოცნებას ახდენა არ უწერიაო და წავიდა… მართალი მითხრა მაშინ, იცი? ოცნება, რომელსაც ანასტასია მარგიანი ჰქვია, დღემდე ვერ ავისრულე, ახლა კი, მის ახდენაში ერთი ნაბი*ვარიც მიშლის ხელს, შენი სახით
-მართლა ავადმყოფი ხარ, უთქვამთ ეს შენთვის? -გულწრფელი სიბრალული იკითხებოდა აარონის მზერაში იმ წამს. პირველად განიცდიდა ლექსოსადმი ასეთ რამეს და წესით, იმის შემდეგ რაც გაუკეთა, ოდნავადაც არ უნდა შესცოდებოდა, მაგრამ ფაქტი იყო ეცოდებოდა და ეს, მზერაზეც დაეტყო
-კი, უთქვამთ -ხმადაბლა მიუგო ბიჭმა -ანასტასია გამუდმებით ამას მიმეორებდა ხოლმე და სადაცაა, უკვე მეც დავიჯერებ
ამ საუბრის გაგრძელება უკვე აღარ სურდა აარონს. მაშინაც კი ღიზიანდებოდა, როცა ამ ადამიანის პირიდან საყვარელი ქალის სახელი ესმოდა, ამიტომ, მაშინვე საქმიანი ტონი დაიჭირა.
-მოკლედ, აირჩიე, ან აქედან წახვალ, ან შენს ყოველ დღეს ღამის კოშმარად ვაქცევ -ბრაზისგან ელავდნენ მამაკაცის თვალები. წამების წინ განცდილი სიბრალულიც, თითქოს უკვალოდ აეორთქლებინა ორგანიზმიდან, რადგან გულის სიღრმეში იცოდა, რომ ლექსოს ეს არ დაემსახურებინა -ხომ იცი, სადაც არ უნდა დაიმალო, მაინც გიპოვი და სოროდან გამოგათრევ? შენ, ჯერ კიდევ არ მიცნობ თაბაგარო და ბოლომდე ვერ აცნობიერებ რა შემიძლია. შესაძლოა ციხეში არ ჩაგსვა, თუმცა თავად ვეცდები მოგიწყო ისეთი საკანი და გასართობი ღონისძიებები, რომ გისოსებში ჯდომა სანატრელიც კი გაგიხადო
-ნეტავ კიდევ ოთხი ტყვია დამემატებინა შენთვის იმ დღეს -ყელზე მოჭერილი აარონის ხელის გამო, ძლივს ამოიხრიალა ბიჭმა -ნამდვილად არ მეგონა თუ გადარჩებოდი, აშკარად კატასავით ცხრა სიცოცხლე გაქვს
-ერთი წამართვი, უკვე რვა დამრჩა . . . ახლა კი, მთავარ თემაზე გადავიდეთ და შენი აქედან სამუდამოდ გადაკარგვა განვიხილოთ
-არსად გამგზავრება არ მინდა -უკანასკნელ გაბრძოლებას ჰგავდა ლექსოს სიტყვები. რა თქმა უნდა, თავადაც მშვენივრად აღიქვამდა სიტუაციის მთელს სიმძიმესა და იმას, რომ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა, თუმცა რაღაც არარსებულს მაინც ეჭიდებოდა
-მე არ მიკითხავს რა გინდა. ახლა ისეთ სიტუაციაში ნამდვილად არ იმყოფები, რომ თავად გადაწყვიტო შენს ბინძურ გულს რა უფრო გაუხარდება
აღარაფერი უპასუხია ლექსოს. უბრალოდ თვალები დახუჭა და წარმოსახვა ჩართო. იმ წამს, მხოლოდ ანასტასიას სახე ედგა თვალწინ და მთელი შიგნეულობა უხურდა, როცა კამერების წინ მდგომი გოგონას მიმზიდველი მოძრაობები ახსენდებოდა. რას არ მისცემდა, რათა უბრალოდ მისი ერთხელ შეხება მაინც შესძლებოდა. რას არ დათმობდა, ოღონდ კი გოგონას მზერაში სიძულვილი აღარ დაენახა, თუმცა უკვე გვიანი იყო. დროის უკან დაბრუნების შემთხვევაში, ალბათ, სრულიად ახალ ტაქტიკასაც დასახავდა, სასურველი ქალის მისაღებად, მაგრამ ახლა . . . ახლა უბრალოდ უნდა დანებებულიყო, რადგან მის ყელს ჩაფრენილი აარონი, ნამდვილად არ ხუმრობდა და საკმაოდ დიდ ძალასაც ფლობდა. იმ ძალას, ლექსოს უფსკრულში გადაეჩეხვა ხელის ერთი კვრით რომ შეეძლო, თუკი მის ნებას არ დაჰყვებოდა.
-შენ გაიმარჯვე, ქალდანო -დაუფარავი ზიზღით "ახარა" მას, ბიჭმა -შეგიძლია იზეიმო და მიღწეული წარმატების აღსანიშნავად, წვეულებაც გამართო
-ზეიმს არ ვაპირებ, თუმცა იმას ნამდვილად სიამოვნებით ვნახავ, თუ როგორ ალაგებ ჩემოდნებს -ამ სიტყვებით, მამაკაცმა ლექსოს კისერს ხელი შეუშვა, კედელს მოაშორა და საძინებელი ოთახისკენ უბიძგა -მიდი, მიდი, დროის დაკარგვა არ შეიძლება, აქედან პირდაპირ აეროპორტში მივდივართ . . .





8 8 8 8

-როგორ მიხარია თქვენი კვლავ ერთად ხილვა, ბავშვებო -ღიმილით უყურებდა ანასტასია, ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ ერეკლესა და ვერონიკას სახეებს, ვინებიც აივანზე ისხდნენ და სწორედ იქედან ჰქონდათ მოწყობილი პირდაპირი ჩართვა
გოგონა თავის ოთახში, საწოლზე გულდაღმა გაწოლილიყო, თან ზურგზე ემბერის თავი ედო. ეს უკანასკნელი, Snapchat-ში იყო შემძვრალი და თავს სელფების გადაღებით ირთობდა.
მართალია, გოგონა ხმას არ იღებდა და არც საუბარში უშლიდა ხელს, თუმცა ანასტასიას მაინც ნერვები ეშლებოდა იმის გამო, რომ ემბერს წამითაც ვერ იშორებდა თავიდან. უნდა ითქვას, ამ რამდენიმე დღეში შეეჩვია კიდეც მის აქ ყოფნას. თანაც მომენტებში, ართობდა კიდეც მეტად პოზიტიურ და ექსტრაორდინალურ კოლეგასთან დროის გატარება, მასთან ერთად ფილმების ყურება ან, თუნდაც საუზმის ერთობლივად მომზადება, სამზარეულოში, მაგრამ ის ფაქტი, რომ გოგონას აარონისთვის ჰქონდა თვალი დადგმული, ანასტასიას ბოლომდე არ აძლევდა საშუალებას მას დამეგობრებოდა. მიუხედავად მამაკაცის მხრიდან უარყოფისა, მას ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ის გრძნობა, რამაც აიძულა პირველი ნაბიჯი გადაედგა ურთიერთობაში. ყოველდღე ელოდა, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა განელდებოდა და დავიწყებასაც მიეცემოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. ანასტასიასდა საუბედუროდ, აარონისადმი დამოკიდებულება კვლავაც უცვლელი რჩებოდა.
-იცი, ძალიან ხარ შეცვლილი -ვერონიკას ხმამ დააბრუნა რეალობაში გოგონა -მართლა მწყინს, წასვლის წინ რომ ვერ მოვახერხე შენი მონახულება
-მთავარია, მაქედან ჩამოხვიდე საკუთარი ფეხით და ერთმანეთის ნახვას აუცილებლად მოვასწრებთ -მერე ერეკლეს სახეს შეხედა და გულში სითბო ჩაეღვარა. მეგობრის თვალებში, კვლავ შენიშნა ის ანთებული ნაპერწკალი, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩამქრალი ჰქონდა, ბიჭს -ერკე, შვეიცარია როგორ მოგწონთ? ლამაზია?
-გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ფოტოებზე… შეიძლება რონის საცხოვრებლადაც კი მოუნდეს აქ დარჩენა, გარკვეული დროის განმავლობაში -სიცილით დააყოლა ბოლოს
გოგონამ დაბღვერილი მზერა ესროლა, ორთავეს.
-არც კი გაბედოთ -თქვა მან მკაცრად -თქვენ მე აქ მჭირდებით და თუ დროულად არ ჩამოხვალთ, ჩემი სახელი სამუდამოდ დაივიწყეთ
-კარგი, რატომ აწვალებ? -ტუჩებზე მომდგარ ღიმილს ძლივს იკავებდა რონი -ნუ ღელავ, ანასტასია, აქაურობა მართლა ძალიან მომწონს, მაგრამ ხომ იცი როგორი პატრიოტიც ვარ? ჩემი თბილისის ქუჩები მაინც ყველაფერს მირჩევნია
-ჰოდა თუ ეგრეა, ეგ ვაჟბატონი ყურით წამოათრიე -სპეციალურად არ გაიხედა ერეკლესკენ ამის თქმისას. იმის წარმოდგენაც კი აშინებდა, რომ თავისი საუკეთესო მეგობარი, სხვა ქვეყანაში გადავიდოდა საცხოვრებლად. აღნიშნულ თემაზე, ხუმრობაც კი არ სურდა
-ყურით წამოთრევა არ დასჭირდება, ისედაც ჩემი კუდში დევნა აქვს მოსჯილი მთელი ცხოვრება
-ქალები საერთო ძალით მიტევთ, არა? -ღიმილით უსმენდა ბიჭი მათ საუბარს, თან, ანასტასიას რეაქციებზე დაკვირვებით ერთობოდა
-ჭკვიანად იყავი, ერკე, მანდ არ ჩამომიყვანო -ამის თქმა დამთავრებული ძლივს ჰქონდა, რომ ემბერმა ფოტოების გადაღება დაასრულა და ფეხზეც წამოდგა. ტელეფონი, იქვე, საწოლზე მიაგდო, შემდეგ კი, სარკის წინ ლამაზად დალაგებულ ანასტასიას კოსმეტიკას მიადგა და სახის დამატენიანებელ კრემს თავი მოხსნა
-ემბერ, რას აკეთებ? -თანამოსაუბრეებს ცოტა ხნით მოწყდა და გოგონას დააკვირდა, ეს უკანასკნელი, უკვე კრემის სახეზე გადანაწილებით იყო გართული
-ვერ ხედავ? სილამაზის პროცედურებს ვიტარებ
-მგონი, სანამ სხვის ნივთებს აიღებ, ნებართვა უნდა ითხოვო
-ტელეფონზე საუბრობდი, ძვირფასო, არ მინდოდა ხელი შემეშალა -უდარდელად მიუგო და მაშინვე თავის საქმეს მიუბრუნდა. აღარც ანასტასიამ ჩათვალა საჭიროდ დაწყებული კამათის გაგრძელება და ის-ის იყო, კვლავ მივიწყებულ თანამოსაუბრეებთან უნდა დაბრუნებულიყო, რომ მთელს სახლში ექოდ გაისმა, კარზე გაბმული ზარის ხმა.
ემბერმა მაშინვე ყურები ცქვიტა, თუმცა ჰოლისკენ არ წასულა. ამის მაგივრად, კანში კრემის შეზელა დაამთავრა და ანასტასიას გახედა.
-არ გააღებ?
-ჰო, ჰო, ვდგები
-მაშინ, მეც წამოვალ
-ბარემ შენ გაგეღო -გაეცინა გოგონას და უკან ადევნებულ კოლეგას გახედა
-შენი სახლია და კარის გაღება მეუხერხულება, თორემ ასეც ვიზამდი . . .
შემოსასვლელში ერთად გავიდნენ გოგონები. ანასტასიას ერთი სული ჰქონდა, როდის დაუბრუნდებოდა ერეკლესთან და რონისთან გაწყვეტილ საუბარს, ამიტომ, კარი იმის მოლოდნით გამოაღო რომ დაუპატიჟებელ სტუმარს მალევე გაისტუმრებდა, თუმცა სადარბაზოში მდგომის დანახვაზე, ლამის ერთ ადგილს მიეყინა.
ზღურბლის მეორე მხრიდან, თავად აარონ ქალდანი უყურებდა, თანაც იმდენად გამჭოლი მზერით, რომ გოგონამ უხერხულობისგან თვალიც კი აარიდა.
-არ შემომიშვებ? -პირველივე სიტყვიდან შეეტყო, რომ ნასვამი იყო მამაკაცი -ანნასტასია, გთხოვ, ასე ნუ მიყურებ, მკლავს ეს მზერა
-რამე გინდოდა? -კარის ჩარჩოს, ცალი მხრით მიყრდნობოდა გოგონა. მთელ ძალას იკრებდა, რათა მამაკაცის წინაშე უზომოდ თავდაჯერებული გამოჩენილიყო. საკუთარ პიროვნებასთან ჭიდილმა და დაძაბულმა ატმოსფერომ, სრულიად გადაავიწყა თავის უკან მდგომი ემბერი, ვინც სწორედ იმ წამს გადმოაბიჯა ზღურბლს, მამაკაცს წინ აესვეტა და შემდეგ, ანასტასიას ჩაუკრა მალულად თვალი.
-ანასტასია, ჩვენს სტუმარს არ გამაცნობ? -აარონს უყურებდა გამომწვევი მზერით, ამის თქმისას. როგორც იქნა შანსი ეძლეოდა სასურველი ადამიანი პირადად გაეცნო და ამ შესაძლებლობას, ხელიდან ნამდვილად ვერ გაუშვებდა
-ემბერ, ახლა ამის დრო არაა, შენს ოთახში შედი
გოგონას ყურიც არ უთხოვებია მისი სიტყვებისთვის. ისე მოიქცა, თითქოს ანასტასიას წამის წინ არაფერი ეთქვა და მამაკაცს, გასაცნობად ხელი გაუწოდა.
-მე, ემბერი, ვარ, ანატასიას მეგობარი ლოს-ანჯელესიდან
-აარონი -მის გამოვწდილ ხელს, თავისი მხოლოდ იმიტომ შეაგება, რომ ზრდილობის ნორმები მოითხოვდა ასე. სხვა მხრივ, ახლა არც ემბერის იქ ყოფნა სურდა და არც, სხვა ვინმესი. ერთადერთი, რაც იმ წამს უნდოდა, ეს ანასტასიასთან მშვიდად საუბარი იყო, თუმცა ზედმეტი ადამიანები, ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
-იქნებ, ჩემთან გავსულიყავით? -ჰკითხა მამაკაცმა -ტყუპები სახლში არ არიან და თავისუფლად საუბარსაც შევძლებდით
როგორ ძალიან უნდოდა იმ წამს გოგონას უკან გაჰყოლოდა და მისი სიტყვებისთვის მოესმინა, თუმცა კარგად ახსოვდა აარონთან ბოლო დიალოგი, ამიტომ თავის შეკავება უფრო გონივრულ იდეად ჩათვალა.
-დარწმუნებული ვარ, ისეთი არაფერი იქნება, რასაც აქ ვერ მეტყვი . . . სიმართლე გითხრა, ბევრი დრო არ მაქვს, ამიტომ იჩქარე
-ანნასტასია, გთხოვ . . . უბრალოდ მართლა ჰაერივით მჭირდება ახლა შენთან საუბარი . . . გევედრები ასე ნუ იქცევი
ამ დროს, ემბერი კვლავ უხეშად შეიჭრა მათ საუბარში. აღიზიანებდა ის, რომ ქართულ საუბარს ვერ იგებდა და ისინიც, თითქოს სპეციალურად მეტყველებდნენ მისთვის უცხო ენაზე.
-იქნებ, ინგლისურზე გადასულიყავით -თქვა მან -ცოტათი უტაქტობაა ასეთი მოქცევა
მიუხედავად ამ სიტყვებისა, აარონმა მაინც არ გაითვალისწინა გოგონას თხოვნა. ამის მაგივრად, ანასტასიას ხელს, ხელი ჩაჰკიდა და მასთან ახლოს მიიწია.
-მე, შენ ვერ დაგკარგავ, გესმის? -ალკოჰოლისა და სუნამოს სურნელის ნაზავი მოდიოდა მამაკაცის სხეულიდან -გპირდები, ისევ გავათბობ იმ ცივ მზერას, რომლითაც ახლა მიყურებ... სხვანაირად, არსებობაც კი გამიჭირდება, ანნასტასია
მეტი აღარაფერი უთქვამს აარონს. იმ წამს, უკვე დარწმუნებული გახლდათ, რომ ეს ქალი მისთვის ჰაერი გამხდარიყო, რის გარეშე არსებობაც, არასრულყოფილებით იქნებოდა გაჯერებული.
იქნებ, გადაებიჯებინა საკუთარი თავისთვის? იქნებ, მართლა ღირდა გონებაში ღრმად ჩაბეჭდილ მოსაზრებაზე უარის თქმა და რისკზე წასვლა? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ყველაზე სასიამოვნო რისკი იქნებოდა მის ცხოვრებაში?
ანასტასია, გაურკვევლობის ზღვაში ჩაძირა მამაკაცის სიტყვებმა. ვერ ხვდებოდა, რას გრძნობდა აარონი, იმ წამს, თავში მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა -"რატომ ჰკრა ხელი იმ ღამით, თუკი მისდამი ამხელა მიჯაჭვულობას განიცდიდა?" იქნებ, ჰქონდა ამის მიზეზი? იქნებ, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც იმ მომენტში ჩანდა?
ამაზე ფიქრი დიდხანს არ დასცალდა გოგონას. მისი ყურადღება, ემბერის საქციელმა გაფანტა. ეს უკანასკნელი, სწრაფად ამოძრავდა, თავისი კარისკენ წასულ აარონს უკან აეკიდა და მხარზე ხელი დაადო.
-შევამჩნიე, რომ ცოტათი ნასვამი ხარ -უთხრა მას გოგონამ -თუ გინდა, შენთან შემოვალ და ისეთი ძლიერი ყავის რეცეპტს გაგანდობ, ორ წამში მოგიყვანს აზრზე
ნერვებმა ლამის ყელში წაუჭირეს ანასტასიას ამის გაგონებაზე. მისთვის ისიც რთული მოსასმენი იქნებოდა, თუ როგორ უპასუხებდა აარონი ამ შეთავაზებას, ამიტომ ბინაში სწრაფად შეიკეტა, კარები დახურა და ბრაზისგან ანთებული თვალებით გაემართა საძინებელი ოთახისკენ.
შეეძლო დაეფიცა, რომ ეჭვიანობის გრძნობა, ყველაზე საშინელი იყო, მათ შორის, რაც კი ქვეყნად ცუდი რამ არსებობდა. მიუხედავად მომხდარისა, ემბერის მიმართ სიძულვილს არც ამჯერად განიცდიდა. ზოგადად, ნაკლებად გამოსდიოდა ადამიანების შეძულება, თუ დემეტრესა და ლექსოს არ მიიღებდა მხედველობაში, მაგრამ ერთი დაუოკებელი სურვილი რომ ჰქონდა და ეს სურვილი, ემბერის თმით თრევაში გამოიხატებოდა, ამას ვერსად წაუვიდოდა.
ნაწილობრივ, რცხვენოდა კიდეც საკუთარი თავის. ნამდვილად არ შეეფერებოდა ის აზრები და ფიქრები, რომლითაც ახლა იყო გარემოცული, თუმცა ვერც მათთან ბრძოლაში გამოდიოდა გამარჯვებულის სტატუსით.
ანასტასია საძინებელში შევიდა და გადაწყვიტა, კვლავ ერეკლესთან და ვერონიკასთან საუბრით გადაეტანა ყურადღება. გარკვეული დრო ელაპარაკა კიდეც, ათას თემას გადაწვდა, თუმცა ერთი საათის შემდეგ, ესეც დაასრულა, რადგან წყვილი სასეირნოდ აპირებდა გასვლას, გარკვეული ხნით.
ემბერი კვლავაც არ ჩანდა, ანასტასია კი, ისევ მარტო დარჩენილიყო თავის აშლილ ფიქრებთან ერთად. საწოლზე გულაღმა გაწოლილი და ჭერს მიშტერებული, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რას აკეთებდა გოგონა, ამდენ ხანს აარონის ბინაში. გონებაში ათასი კადრი მაინც უტრიალებდა იმ წამს. იქნებ ახლა ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ? იქნებ, ამაზე უარესიც ხდებოდა? რატომაც არა? ემბერი ხომ ნებისმიერი მამაკაცისთვის სასურველი ქალი იყო და აარონს რა შეუშლიდა ხელს სიტუაციით ესარგებლა?
ლამის ცრემლებამდე მიიყვანეს ანასტასია მსგავსმა ვარაუდებმა, თუმცა საკუთარ თავს არაფრით აძლევდა უფლებას ეტირა. რაც არ უნდა მომხდარიყო, სიძლიერე და თავშეკავება მართებდა საკუთარი გრძნობების გამოხატვის მხრივ, ამიტომ, ზემოთ ხსენებულ საკითხებზე ფიქრს, ისევ რეალობას გამოთიშვა ამჯობინა.
გოგონამ ტელეფონი ფრენის რეჟიმზე გადაიყვანა, რათა არავის შეეწუხებინა, ოთახი შოკოლადისფერი ფარდებით ჩააბნელა, კომოდის უჯრიდან საძილე წამლების შუშა გამოიღო, ხელის გულზე ორი აბი მოათავსა და მათი გადაყლაპვის შემდეგ, ბალიშზე მაგრად ჩახუტებული დაელოდა ძილის მოახლოებას.
ბურუსის სამყაროში გადასვლის წინ, გოგონას ბაგეებს, ჩურჩულით დასცდათ სიტყვბი, რომლებიც ასე ჟღერდნენ :
-სიყვარული საშენო არ ყოფილა ანასტასია . . .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent