შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარულის სარჩული"(სრულად)


17-06-2020, 14:50
ავტორი ტერიკო74
ნანახია 6 049

ივლისის ბოლოს, გაუსაძლისი სიცხისგან ასფალტიც კი დუღდა და არასასიამოვნო სუნს ტოვებდა.გახვითქული გავრბოდი სახლში,რამდენჯერმე ცას შევხედე და წვიმა ვინატრე,ნეტავ,დაუშვას და ალმოდებული გარემო ცოტა გააგრილოს -მეთქი.ეზოში ისეთი სისწრაფით შევვარდი,ერთი სული მქონდა,ჩრდილისთვის შემეფარებინა თავი.ბავშვების დანახვაზე შევდექი და ღრმად ამოვისუნთქე.გვარიანად დავღლილვარ.
-ამას შიო ჰქვია,-პატარა ნიამ,იქვე მდგომ ბიჭუნაზე თითის გაშვერით მითხრა და გაწითლდა.გამეღიმა,შიო ავათვალიერ-ჩავათვალიერე.კოჭებს საკმაოდ აცდენილი დაკემსილი შარვალი ეცვა,ჩამოძენძილი პერანგი მუცელს ძლივს უფარავდა.გული მომეწურა.პირველად ვხედავ ჩვენს ეზოში ამ ბიჭუნას.ყველა ბავშვს ვიცნობ.
-სად ცხოვრობ შიო?-მისკენ მივიწიე.
-აქ ცხოვრობს,-პასუხი ნიამ გამცა.
-სად აქ,ქუჩაში?-შევცბი.
-არა,აი,იმ ბაღში,-ხელით მანიშნა ნიამ გორაკს იქით ბაღებზე.იქ ,თუ ვინმე ცხოვრობდა,ვერც წარმომედგინა.
-ვისთან ერთად ცხოვრობ?-შიოს მივუბრუნდი.
-ბებოსთან ერთად,-მორცხვად მიპასუხა.
-მე და შიო მეგობრები ვართ,-სიხარულით მამცნო ნიამ.
-რამდენი წლის ხარ?-ისევ ბიჭუნას მივუბრუნდი.
-ცხრა,-უფრო გაბედულად მიპასუხა.
-ო,დიდი ბიჭი ყოფილხარ უკვე,-გავუღიმე.
-იცი,ანეტ? იქ ბაღში ლეკვები გვყავს და მე და შიო ვუვლით,-თვალები გაუბრწყინდა ნიას.
-მართლა? მაჩვენებთ?-ცხოველები ძალიან მიყვარს,თუმცა ამ შემთხვევაში,შიოს საცხოვრებელმა უფრო დამაინტერესა.
-კი გაჩვენებთ!-სიხარულით წამოიძახა ნიამ და ბიჭუნას ხელი ჩაავლო.შიომ უკმაყოფილოდ შეაჩერა და რაღაც უჩურჩულა.
-ნუ,გეშინია,ამასაც ჰყავს ძაღლი,კარგი გოგოა,-დაამშვიდა მეგობარი.-ამას წინათ, მადონა დეიდამ ქვები დაუშინა ლეკვებს,ძლივს მივუსწარით,მოკლავდა ყველას,-შიოს შიში ამიხსნა ნიამ.ენაწყლიანი ბავშვია,ძალიან კეთილი და თბილი.არ არსებობს,ეზოში ფეხი შევდგა და არ გამოიქცეს ჩემსკენ,მომესალმება და მაკოცებს.ძალიან მიყვარს ნიაკო.
-და რას ერჩოდა?-გავბრაზდი.
-აქ ნუ დაათრევთ,რწყილებით გაივსო ეზოო,-უკმაყოფილოდ მითხრა.
-კარგი,აბა,წავიდეთ,-ორივე წინ გამიძღვა.ნია ასკინკილით მიხტოდა,შიო სერიოზული სახით მიდიოდა.გორაკზე ასვლა ცოტა გამიჭირდა,ორივემ ხელი ჩამკიდეს, სხარტად ამიყვანეს და მავთულგაბმულ ღობეშიც გამაძვრინეს.
შორიდანვე დავლანდე პატარა ფიცრული ქოხი,მოძველებული და სახურავ ჩატეხილი.რატომღაც მივხვდი,ეს იყო შიოს სახლი,არც შევმცადრვარ,ზუსტად იქით ამაღებინეს გეზი.ქოხთან წელში მოხრილი დედაკაცი ორ ქათამს საკენკს უყრიდა.ჩვენს დანახვაზე,თვალები დააწვრილა,ეტყობოდა ,მხედველობა უჭირდა.
- ბებიაჩემია,-ჩუმად მითხრა შიომ და მისკენ წავიდა.მეც მივყევი.ქალი კარგად დამაკვირდა და კოპები შეკრა.
-ისევ ბავშვის წასაყვანად,თუ მოხვედით,იცოდეთ,ვერ გადამირჩებით!-სიმინდით სავსე ჯამი გვერდით მოისროლა და ეცადა წელში გასწორებულიყო,არ გამოუვიდა.
-არა,ქალბატონო,შიოს მეგობარი ვარ,-ღიმილით ვუთხარი.შევატყვე,ცოტა მოლბა.
-მეგობარი საიდან?-გაუკვირდა და შიოს გადახედა.
-მართა ბებო,ანეტა ჩემი მეზობელია,კარგი გოგოა,-ნიაკომ მხარი ამიბა.
-ეჰ,რა ვიცი,შვილო,შემაწუხეს,ჩემი დარდი არ მეყოფა?ეხლა ამ ბავშვსაც ხელიდან მაცლიან,-წამოსული ცრემლი თავსაფრის ყუით შეიმშრალა.
-ვინ მოდიან?-ვკითხე და თან თვალი სახლს მოვატარე.აქ,როგორ ცხოვრობენ?გავიფიქრე ჩამონგრეული ქოხის დანახვაზე.
-რაღაც სამსახურია ,შვილო,შიო უნდა წავიყვანოთ ბავშვთა სახლშიო,სულ ვიმალებით,რომ არ მოგვაგნონ,-ხელი ჩაიქნია.
-მშობლები სად ჰყავს?-უფრო მეტის გაგება მომინდა.
-ეჰ,მამამისი არ ვიცი,არც არასდროს გვცოდნია,ჩემი გოგო მშობიარობას გადაჰყვა და თან წაიღო საიდუმლო,იმის მერე მე ვზრდი ამ საცოდავსა,ეს,რომ წამართვან,იმ წუთშიაც მოვკვდები,-ისე ამოიოხრა,თან ამოატანა მთელი დარდი და ვარამი.საშინლად გავხდი,სხეულში,თუ კი რამ მიფეთქავდა,წამიერად შემიჩერდა,პირგამშრალმა ძლივს გადავყლაპე ნერწყვი.შიოს გავხედე,კოპებშეკრული იდგა,თვალებში უძირო ნაღველი უჩანდა.ახლა ნიაკოს გავხედე,ისიც ბავშვური თანაგრძნობით,მოწყენილი იდგა.აღარ ვიცოდი რა მეთქვა,სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე,ენა ჩამივარდა.
-შემოდი,წყალს მაინც დაგალევინებ,სხვა არაფერი მაქვს,-უხერხულად შეიშმუშნა მართა ბებო.წყალი მართლა მისწრება იყო,დავეთანხმე და ქოხში შევყევი.ერთი რკინის საწოლი იდგა,ზედ ძველი,ჭუჭყიანი ქვეშაგებით.ერთი სკამი და მორყეული კარადა,რომელიც აგურის ფეხებზე იდგა.ჩაიდნიდან ჩამომისხა პირმომტვრეულ ჭიქაში წყალი და თან გამაფრთხილა,აქეთ მხრიდან დალიე,პირი არ გაგეჭრასო.პირს ჭიქა კი არა,დანაც ვერ გამიხსნიდა,ისე შემზარა იქ ნანახმა.ძლივს მოვსვი ერთი ყლუპი.ცრემლები ყელში მახრჩობდა,ერთი სული მქონდა,გემრიელად მეტირა.
-შენ რა გქვია,შვილო,დამავიწყდა?-ქვეშიდან ამომხედა.
-ანეტა,მართა ბებო,-ხმამ გამყიდა,მის თვალებში მივხვდი.
-ეჰ,სანამ ჩემი ქმარი ცოცხალი იყო,არაფერი გვაკლდა,მშრომელი კაცი იყო,ის უბედური,განათების ბოძი დაეცა,სამუშაოდან მომავალს,იქვე მომიკლა,იმასაც შიო ერქვა,-სევდიანად გაიღიმა.ძალიან მომინდა დავხმარებოდი,მცირედით მაინც,მაინც და მაინც ახლა არ მაქვს,ხელფასი ჯერ არ ამიღია.ჩანთაში ჩავძვერი და გულმოდგინედ დავიწყე ქექვა,თორმეტი მანეთი მქონია,ორს დავიტოვებ,ათს მივცემ,გავიფიქრე და მორიდებით გავუწოდე.
-არა,არა,რას ამბობ,ხვალ მწვანილს და ნიორს გავყიდი,პურის ფული მექნება,მადლობა შვილო,-იუარა.
-სანამ გაყიდით,ეს გქონდეთ,-კარადაზე დავდე და გარეთ გამოვედი.შიო და ნიაკო ლეკვებს ეთამაშებოდნენ.
-აი,ანეტ,ესენი არიან,ამას ბურთა ჰქვია,ამას კი მსუნაგა,-ნიამ კისკისით აიყვანა ორივე ხელში და ახლოს მომიყვანა.კარგი ნაკვები ჩანდნენ ძაღლები,გამიკვირდა კიდეც.ორივეს ტიკივით ჰქონდა მუცელი.
-დედას ჰგონია,რომ რძეს მე ვსვამ,აქ მომაქვს ჩუმად,პურიც,-ჩაიფხუკუნა ნიაკომ.
-მეც ვაჭმევ ხოლმე,როცა ბებოს მოაქვს პური,-შიო გაშინაურდა,შეკრული შუბლიც გაეხსნა.
-ყოჩაღი ბავშვები ხართ,ამის შემდეგ მეც გამოგატანთ საჭმელს,-შევპირდი ორივეს.ისე გაუხარდათ,სახეები გაუბრწყინდათ.
-რა მაგარია!-ტაში შემოსცხო ნიამ.შიო აღარ მიბღვერდა.სახლში მეჩქარებოდა,წამოსვლა დავაპირე,ჩემი ჯილდაც მშიერი მყავს,დროულად ,რომ არ ვაჭამო,აიკლებს სამეზობლოს.მართა ბებომ მადლობა გადამიხადა,შიოს ხელი ჩამოვართვი,ნიაკო მე გამომყვა კუნტრუშით,დედა დამიწყებს ძებნას და თუ ვერ მიპოვნა,ეზოში აღარ გამიშვებსო,გამეცინა.ხელი ჩავკიდე და წამოვედით.გზადაგზა ბევრი მეტლიკინა.
-თორნიკე და მაიკო შიოს არ ეთამაშებიან,-ნაწყენმა მითხრა.
-რატომ?
-შიო ჩვენთან სათამაშოდ ,რომ მოვიდა,თორნიკეს დედამ,მაგ ბინძურთან ახლოს არ მიხვიდეთო,გვეჩხუბა,-თქვა და ტუჩები გაბუშტა.
-რაო?-კიდევ ერთხელ ჩამწყდა რაღაც.
-ჰო,არ მიეკაროთ,ტილები ყავსო,-მაიკოს დედამაც.იმის შემდეგ არ ეკარებიან,-უკმაყოფილო იყო ნია.
-შენ?-გამომცდელად შევხედე.
-ტილები მეც კი მყავდა,მერე რა,-გაიცინა.-იცი,რა კარგია ბავშვია შიო?
-ბავშვი ყველა კარგია,ზოგიერთი მშობელია იდიოტი!-სიბრაზისგან წამომცდა.
-მართალი ხარ,-დიდი ადამიანივით დამეთანხმა.
-მე დედა არ მიშლის შიოსთან მეგობრობას,-ამაყად მითხრა.
-დედაშენი კარგი ქალია,-შევაქე.-სკოლაში დადის?
-არა,რცხვენია,ტანსაცმელი არ აქვს,არც ჩანთა და წიგნები.
ცრემლებმა კიდევ ერთხელ დამახრჩო.ნიაკოს დავემშვიდობე და სახლის კარი სასწრაფოდ შევხსენი,გული ისე ამომიჯდა,სულ სლუკუნით მივეფერე ჯილდას.ძაღლმაც თითქოს იგრძნო,ადამიანის თვალებით დამაკვირდა და ჩუმად აწკმუტუნდა.
მეორე დღეს,სამსახურში მარტო შიოზე მეფიქრებოდა,გამოსავალს ვეძებდი,როგორ დავხმარებოდი,მასაც და მის ბებიასაც.სულ ორი მანეთი მქონდა,ხელფასამდე ოთხი დღეა დარჩენილი,არავის აქვს ფული,ყველა თვის ბოლოს ელოდება.ნუკრის ვთხოვ,ან ჯუთას,გავიფიქრე იმედიანად და დროში გაწელილი სამუშაო დღეც ჩავამთავრე.
***
-ორ კაპიკიანები ხომ არ გექნებათ?-მორიდებით ვკითხე ტელეფონის ჯიხურთან მდგომ ქალბატონს და აბაზიანი ხელში შევათამაშე.
-წესით,უნდა მქონდეს,-მიპასუხა და საფულე გახსნა.ჯუთასთან დავრეკავ სჯობია,იმ დღეს კი გავაბრაზე.სანამ ქალბატონმა ხურდები მოძებნა,მე აზრები დავალაგე,როგორ დამეწყო მისი შემორგება.ნუკრი არ მოსწონს და ისევ ამაზე წავკინკლავდით,რა დაუშავა,არ ვიცი,არ მოსდის თვალში და მორჩა.ნუკრი კი როგორც ამბობს,ჩემზე ამოსდის მზე და მთვარე,ვუყვარვარ.ცუდი ბიჭი არ არის,ვნახოთ.ჯუთას კი ვერ მოვაწონე ვერაფრით.ჯუთა ჩემი საუკეთესო მეგობარია? არა..ძმა? ძმას ყველაფერს ვერ მოუყვები,არა..ის უფრო მეტია,ჩემი სულის ნაწილია,უხმოდ ხვდება,რა მწყინს,რა მიხარია,რა მინდა,რა არ მინდა,რომელი კაბა მომიხდება და რომელი ბიჭი არ არის ჩემი ყურადღების ღირსი.მე კი მუდამ ვიღაცაზე შეყვარებულს ხშირად მიტირია მის მხარზე.
-ანეტ,ეგ ტიპი არ მომწონს,წუწკი თვალები აქვს!-მითხრა,მორიგი სიყვარულები,რომ გავანდე.
-შენ არც რეზო მოგწონს,არც დათო,არც ნუკრი,-წყენით ვუთხარი.
-რომელი,პიჟონი რეზო? შაპოკლიაკივით ,რომ დადის?თუ მაზალო დათო?
-ნუკრის რაღას უწუნებ?-გავუბრაზდი.
-მაგარი დიმპიტაურა მასტია,ასვი,აჭამე,არ გამოგადგება,ტოჩკა!-ასე გადაუსვა წითელი ხაზი ჩემს პოტენციურ ქმრებს.ყველას მიწუნებდა და ცდილობდა არავინ გამკარებოდა ზედმეტად.ერთხელაც ყელში ამომივიდა და ვეჩხუბე.ხმა არ ამოუღია,ისე წავიდა და დაიკარგა ორი კვირა.ისევ თვითონ მოვიდა,ამღვრეული თვალებით,პირველად ვნახე ასეთი ნასვამი.
-მამაჩემს კიბო აქვს,-მითხრა და წასვლა დააპირა.მეგონა ,თავზე რაღაც დამეცა,სიმძიმე ვიგრძენი.
-ჯუთა..-ჩავეხუტე.სიტყვა ვეღარ დავძარი,ჩუმად ავტირდი.ხუთი წლის იყო ჯუთა,დედამ,რომ მიატოვა.ქმარს გამოუცხადა სხვა მიყვარს,იმას მივყვები ცოლადო.წლები იხარშებოდა მამამისის გულში დარდი,სირცხვილი,თავმოყვარეობა,შედეგიც გამოიღო.ორი წელი უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ მამას.მესამე წელს ,ზუსტად ჯუთას დაბადების დღეზე გარდაიცვალა.მის შემდეგ უფრო დავახლოვდით.თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით,ვცდილობდი,როგორმე შემემსუბუქებინა მისთვის მარტოობა.
-აი,ორი ცალი მქონია,-მომაწოდა ღიმილით ქალბატონმა.ჩემი ოც კაპიკიანი არ გამომართვა,როგორ გეკადრებათო.ჯიხურთან რიგში ჩავდექი.ახალგაზრდა გოგო ყურმილიანად დნებოდა,რიგში მდგომები კი სიცხისგან.ივლისის ბოლოა,მზე დედამიწაზეა გაშოტილი.ჩემს წინ ოთხი ადამიანი იდგა,ყველა მობეზრებულად ატრიალებდა თვალებს,ყურმილს მიმდნარი კი ნეტარებისგან.
-გოგონა,ცოტა დაუჩქარეთ,-შუა ხნის მამაკაცს მოთმინება ამოეწურა.გოგონას ყურადღება არ მიუქცევია,ისევ განაგრძო დნობა..
-არაფერი ეყურება,ვერ ხედავთ,ლამის ყურმილში გაძვრეს?!-ხანში შესულმა ქალბატონმა უკმაყოფილოდ დაინიავა გაზეთი.
-დავიწვით!-მესამემ ლამის ყურში ჩასძახა.გოგონამ კი,აინუშშიც არ ჩააგდო ხალხის მღელვარება,მშვიდად განაგრძო ნაზად კისკისი.
-ანეტ?-ნაცნობ ხმაზე უკან მივტრიალდი.ნუკრი იდგა ყურებამდე გაკრეჭილი.
-აქ რას აკეთებ?-ისე ვკითხე,თითქოს ეს ქალაქი მარტო ჩემი საკუთრება ყოფილიყო.
-ძმაკაცები რესტორანში მივდივართ,წამოხვალ?მწვადი,ხინკალი,რამე-რუმე?!-მკლავში წამავლო ხელი.ჯუთა ტყუილად კი არ ეძახის დიმპიტაურას,სულ ქეიფის ხასიათზეა.
-არა,სახლში მეჩქარება,ჯილდა მყავს ავად,-მიზეზი მოვიტყუე.კი მომწონდა ნუკრი,მაგრამ იმდენს მეჩიჩინებოდა ჯუთა,ცოტა არ იყოს,ფეხს ვითრევდი მასთან ურთიერთობაში.მისთვის ფულის თხოვნაც გადავიფიქრე.
-შენ და შენმა ჯილდამ,-ისე უშნოდ გაიცინა,ნერვები მომეშალა.ჩემი ძაღლი ქვეყანას მირჩევნია,უყურე ამას!
-წადი,გელოდებიან,-მეგობრებზე ვანიშნე.
-როდის შემხვდები?-მიხვდა,რომ მაწყენინა.
-არ ვიცი,ვნახოთ.
-ხვალ?-ჩემს თმის ღერს მოეფერა.
-კვირას,-გაუაზრებლად ვუთხარი,არ ვიცი,რატომ,მაგრამ მინდოდა დროზე გამცლოდა.
-კარგი,იყოს კვირა,შვიდ საათზე ოპერასთან დაგელოდები,-ლოყაზე მაკოცა და გატრიალდა.ამასობაში,ჩემს რიგსაც მოუღწევია,გამიკვირდა,როგორ მოწყვიტეს ყურმილს ის გოგონა.ჯუთას ნომერი ავკრიბე და ნაჩუქარი ორ კაპიკიანიც ჩავუშვი.
-მე ვარ,-ვუთხარი,როგორც კი გამაგონა და მოვემზადე მისი რისხვისთვის.
-ვა,კაკიე ლიუძი,-შევატყვე გაუხარდა.
-როგორ ხარ?-მისმა სიხარულმა გამათამამა.
-პრეკრასნა! შენ?
-კარგად,შენი დამხმარება მჭირდება,-ეგრევე საქმეზე გადავედი.
-ჰა,იმ დიმპიტაურამ ხომ არ გაწყენინა,ჩამოვაცვა დოლი თავზე?-მაშინვე საომრად მოემზადა.გამეცინა.-ჯუთა,ფული მჭირდება სასწრაფოდ,ხელფასამდე,-ვუთხარი და პასუხს იმედიანად დაველოდე.
-რამდენი?
-რამდენი შეგიძლია?
-ანეტ,შენთვის ბევრი,-მივხვდი გაეღიმა.
-ოცი მანეთი მინდა,გაქვს?-ვიცი,რომ თვითონაც უჭირს,ბევრჯერ გაუღია ბოლო კაპიკი ჩემთვის.
-მაქვს,გამოვალ,ჯილდას რა წამოვუღო?-ჩემზე ძალიან,მგონი ჩემი ძაღლი უყვარს,ვეჭვიანობ ხოლმე.
-მე წამომიღე დათუნია შოკოლადები,-ენა გამოვყავი,კი ვერ დაინახა,მაგრამ მაინც.
-შენთან ჩხუბი არ დამვიწყებია,-ბოლოს მაინც მესროლა და გამითიშა.გაბმულ ზუმერს დავეჯღანე და ყურმილი დავკიდე.სახლამდე ლამის სირბილით მივედი,ისე ცხელოდა,ერთი სული მქონდა,მიმეღწია და ვენტილიატორისთვის მიმეშვირა სახე.ეზოში გაბუტული ნია დამხვდა.დამინახა,თუ არა,ჩემსკენ გამოიქცა.
-ანეტ,თორნიკეს დედამ შიო გააგდო,-ტირილი გაურია ხმაში.
-რას ჰქვია,გააგდო?-თვალები ვჭყიტე.
-ხო,აქ აღარ დაგინახო მოსულიო,უყვირა,-კოპები შეკრა.
-მაგას ვინ ეკითხება,აბა,წამოდი,-ისე გავბრაზდი,არ ვიცი,რას მოვიმოქმედებდი.მეზობლის კართან მივიჭერი და ძლიერად დავაკაკუნე.თავი გამოყო მადონამ,ჩემი დანახვა გაუკვირდა.
-რა უფლებით გააგდე ის ბავშვი?-გაგულისებულმა ვაჯახე.
-ვინ ბავშვი?-ვითომ ვერ მიხვდა,წამწამები აათამაშა.
-ვინ და შიო!
-ანეტა გენაცვალე,იცი,რა ბინძურად დადის,ღმერთმა იცის,რა დაავადება შეიძლება ჰქონდეს,არ მინდა ჩვენმა ბავშვებმა მაგასთან ითამაშონ,-თქვა და ტუჩები მოპრუწა.
-შენი დაავადებული ტვინის არ გეშინია,ნელ-ნელა,რომ წამლავ შვილს?-გავმწარდი.
-გოგო,რას კადრულობ,უყურე ამას! უზრდელო!-აწიკვინდა ხელების შლით.
-უსირცხვილო ხარ,მადონა! აი,ის ობოლი შიო გჯობიათ ყველას,მეორედ არ დავინახო ვინმემ რამე უთხრას!ეს ეზო, მარტო შენი და შენი შვილის არ არის! -ისე დავაკვესე თვალები,მადონამ ცოტა უკან დაიხია კიდეც.გამოვტრიალდი და ნიაკოს შევხედე,სახეზე გამარჯვება ეწერა.
სანამ ჯუთა მოვიდა,ოთახებში ვიწრიალე.შიოზე ვდარდობდი,როგორ ატკინეს ისედაც ნატკენი გული.არ ვიცი,ასე ღრმად რატომ ჩამებეჭდა გონებაში ეს ბავშვი.აუცილებლად დავემხმარები,ჩემს თავს შევპირდი და შუშაბანდში ჯუთაც გამოჩნდა,ლიმონათებით და შოკოლადებით ხელში.
-როგორ ხარ,კაპასო?-ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე,ბოთლები მომაჩეჩა და ჯილდა ხელში აიტაცა.-ჩემი გოგო ვინ არისო,ვინაო?-ერთმანეთი გადალოკეს უცებ.
-ხო,მე კი არ მომეფერები მასე,-ვითომ მეწყინა.
-შენც აგიყვანო ხელში?-წარბები ასწია.
-ხო,რა მოხდა?!
-მოიცა ჯილდა,- დასვა ძაღლი და უცებ მტაცა ხელი,ბუმბულივით ამაფრიალა და ზუსტად ისე მომეფერა,როგორც ჯილდას.ისტერიკული სიცილი ამიტყდა.
-დამშვიდდი?-ძირს დამსვა და ამოისუნთქა.
-როგორ აფრენ,-ხელი ვკარი.
-შენც არანაკლებ,-თვალი ჩამიკრა და ოთახში შევიდა,უკან მიჰყვა აცანცარებული ჯილდაც.ცივი ლიმონათი ჭიქებში ჩამოვასხი და საქმიანი იერით მივუჯექი ჯუთას.
-რა ხდება?-მკითხა და ორი ათ მანეთიანი მაგიდაზე დადო.
-ხელფასზე მოგცემ,-ცხვირი ავპრიხე.
-არ მინდა,მაქვს,-მითხრა და მის კალთაში მოკალათებულ ჯილდას კუდი თითზე დაიხვია.
-ნეტა,საიდან გაქვს?-თვალი მოვჭუტე.
-რა შენი საქმეა?-გაეცინა.-რა ხდება აბა, შენსკენ?
-კვირას ნუკრის უნდა შევხვდე,-ვთქვი და მოვემზადე ქარიშხლისთვის.
-ჰო? კარგია,-ძალით შენარჩუნებული სიმშვიდის მიუხედავად,მაინც დავინახე,როგორ აუტოკდა ყბის ძვალი.
-არ მიბრაზდები?-გამიკვირდა.
-აზრი? გინდა და შეხვდი,-დანებებულმა გაშალა ხელები.
-მაგის გამო არ მელაპარაკებოდი და ახლა რა გჭირს?-რატომ შევუჩნდი,მეც არ ვიცი.
-ისევ ჩხუბი გინდა?-ფეხზე წამოდგა.
-ჩხუბი არა,მაგრამ ასე უინტერესოდ?
-რომ მეთქვა,არ შეხვდე-თქო,რას იზამდი?-შევატყვე დაიძაბა.
-მაინც შევხვდებოდი,-გავჯიუტდი.
-ანეტ,რა გინდა?-ახლოს მოიწია და თვალებში ჩამხედა.ეს ის ჩახედვა არ იყო,როგორიც ადრე,სულ სხვანაირი დავინახე,სულ სხვანაირი,ზუსტად ვერ გავაანალიზე როგორი,მაგრამ შევცბი.
-არაფერი,უბრალოდ ასე იოლად,რომ დამთანხმდი,გამიკვირდა,-დაბნეულმა ვუპასუხე.
-მოგწონს ნუკრი?-ისე ახლოს მომიტანა სახე,მისი სუნთქვა ვიგრძენი.
-მგონი კი.
-მგონი?-ცალყბად გაეცინა.
-შენ რა განერვიულებს?-იერიშზე გადავედი.რატომ მინდოდა ნერვები მოშლოდა,არ ვიცი.
-მე? მე არაფერი,ანეტ,ჭკვიანად იყავი,-ლოყაზე ოდნავ შემეხო და წასვლა დააპირა.
-მიდიხარ?-გავიკვირვე.
-დარჩენის აზრს ვერ ვხედავ,-მხრები აიჩეჩა და კარი ისე გაიხურა,ჯილდასაც არ დამშვიდობებია.ეს რა ეჭვიანობს? გულში გამკრა და ჩავფიქრდი.არასდროს დავკვირვებულვარ ასე ღრმად მის ქცევებს ჩემდამი.დღეს რაღაც სხვანაირი იყო,თუ მეჩვენება,არ ვიცი.გეჩვენება ანეტ! თავი გავიქნიე და მაგიდიდან ფული ავიღე,შოკოლადებიც ჯიბეში ჩავიწყე.შიოსთან უნდა წავიდე.
სასურსათო მაღაზიაში ბევრი რამ ვიყიდე და ასე დაზურგული ძლივს ავბობღდი გორაკზე.შორიდანვე მიცნო შიომ და ჩემსკენ წამოვიდა.
-ეს გამომართვი,-როგორც კი მომიახლოვდა,ერთი ჩანთა მივაწოდე.მორცხვად გამომართვა და თან,ცალი თვალით შიგნით ჩაიჭყიტა.
-დღეს გაგაბრაზეს?-ცოტა სული მოვითქვი და ვკითხე.
-ვინ გითხრა?-მოიღუშა.
-გავიგე,-ნია აღარ ვახსენე.
-აღარ მოვალ თქვენს ეზოში,ნია შემპირდა მე მოვალ ხოლმეო,-გულდამწყდარმა თქვა.
-შიო,მომისმინე,ეგ ეზო ჩემიც არის,ხოდა ჩემთან მოხვალ,ჯილდა ხომ უნდა გაიცნო?-ვეცადე გამემხიარულებინა.
-ჯილდა ვინ არის?-გვერდულად ამომხედა.
-ჩემი ცუგა,იცი,როგორ უყვარს ბავშვები?
-მართლა? მაშინ ბურთას და მსუნაგასაც წამოვიყვან,შეიძლება?-სახე გაებადრა.
-წამოიყვანე,-დავეთანხმე და ქოხში შევედი.მართა ბებო არ დამხვდა.ბაზრიდან არ მოსულა,ეტყობა ჯერ ვერ გაყიდა მწვანილებიო,დაღონებულმა მითხრა.კიდევ ერთხელ ვიგრძენი გულში ჩხვლეტა.უხმოდ ამოვალაგე პროდუქტი და მორყეულ კარადაზე დავაწყვე.შიო გაბრწყინებული მადევნებდა თვალს.
-აქ შოკოლადებია,დათუნია,მე ძალიან მიყვარს,შენ?-კანფეტები ამოვაძვრინე და მივაწოდე.
-არ ვიცი,არასდროს მიჭამია,-გამომართვა და შეათვალიერა.ლამის მოვკვდი,ბავშვს გასინჯულიც არ აქვს შოკოლადი.იმ წუთში მადონას გაგლეჯვა მომინდა,მისი ბრალეულობა რატომ ვიგრძენი,ვერ გეტყვით.
-გახსენი,იცი,რა გემრიელია?-თავს ძალა დავატანე,გამღიმებოდა.მორიდებით ჩაკბიჩა,ფრთხილად მოუსინჯა გემო,მივხდი მოეწონა.
-კიდევ მოგიტან,-შევპირდი.
-არა ანეტ,ეს ძვირი იქნება,-ზრდასრულ ადამიანივით მითხრა.ცრემლები მომაწვა.უხმოდ შევტრიალდი და ვეცადე ადგილი მიმეჩინა სურსათისთვის.
-ხვალ საღამოს,მოხვალ ჩემთან?-ცოტა,რომ დავწყნარდი,ვკითხე.
-მოვალ,-თავი დამიქნია.ცოტა ხანს კიდევ დავრჩი,ლეკვებს ვეთამაშეთ,ვაჭამეთ,ისე გამხიარულდა შიო,მეც გავბედნიერდი.წამოსვლისას ჩამეხუტა,მადლობაო,ჩუმად მითხრა.აფორიაქებული დავადექი გზას,გულზე სიმძიმეს ვგრძნობდი,სახლში მისულს ჯილდამ ერთი დამსუნა და კუთხეში მიიკუნტა.სხვა ძაღლების სუნი ეცა,გამებუტა ჩემი გოგო.რა არ ვიღონე,რა სასუსნავი არ მივაწოდე,ვერაფრით შემოვირიგე. ცოტა ხანს შევეშვი,ბევრი საწერი მქონდა,მეორე დღისთვის უნდა მომესწრო ტექსტების დამუშავება.რედაქტორი ვარ,ერთ-ერთ გამომცემლობაში ვმუშაობ.საქმე თავზე საყრელად მაქვს,გული ძლივს დავუდე.შიოზე ფიქრი არ მშორდებოდა,აქა-იქ ჯუთაც გამახსენდა და მისი უცნაური ქცევაც.სახე,რომ მომიტანა ახლოს,ჩემშიც ვიგრძენი ცვლილება.არა და ლამის ერთადაც გვძინებია,მთელი ღამე ლაპარაკში გაგვითენებია.ანეტ,იმუშავე! შევუძახე ჩემს თავს და ფურცლებში ჩავრგე თავი.გვიან ღამემდე თავი არ ამიწევია.დერეფანში რაღაც ხმაური,რომ შემომესმა,მაშინღა შევხედე საათს,პირველი სრულდებოდა.კარზე კაკუნმა ადგილიდან წამომაგდო,ვინ არის ამ შუაღამეს? გავიფიქრე და ფეხაკრეფით მივედი კართან.გამოვაღე და დავინახე,ნეტავ არ დამენახა,ნუკრი ქანაობდა,ფეხზე ვერ იდგა,ისეთი მთვრალი იყო.
-აქ რას აკეთებ?-თვალები გამიფართოვდა.
-მომენატრე ანეეტ!-ხმამაღლა წაუმღერა.გული გამისკდა,დერეფანში გავიხედ-გამოვიხედე,ჭორიკანა მეზობლების თავი არ მქონდა,სასწრაფოდ დავავლე ნუკრის ხელი და ერთი მოსმით შემოვითრიე შიგნით.
-ოო,ეს უკვე მომწონს,-ამოასლოკინა და გაიღრიჯა.ღმერთო,ეს კაცი რა ჯანდაბამ მომაწონა,ჩემს გემოვნებაზე გავბრაზდი და ნუკრი დავაჯანჯღარე.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ,მეთქი?!
-მოიცა,ნუ მარყევ,-აშკარად ძლიერად მომივიდა,მივხვდი კუჭი ყელში ამოუვიდა.ზიზღისგან დავიჯღანე.ჯილდამ ყეფა ატეხა,გარშემო ურბენდა და ჩემს დაცვას ცდილობდა.ნუკრიმ ფეხი მოუქნია,თავი ვერ შეიკავა,წაბორძიკდა და ძირს გაიშხლართა. ჯილდა უფრო გაავდა.ინსტიქტურად დავიკივლე და ხელები პირზე ავიფარე.ახლა,რომ მეზობლებმა გაიგონ,თავიც მომეჭრება,გავიფიქრე და ნუკრის წამოყენება ვცადე.რას ავწევდი,მოშვებული სხეული უარესად მძიმეა.
-ანეტ,-ერთი ამოიბლუყუნა და იქვე ამოარწყია.ისე ცუდად გავხდი,ლამის მეც ზედ დავარწყიე.სასწრაფოდ ვტაცე ხელი ჯილდას და ოთახში შევკეტე.ცხოვრებაში რაც არ მითქვამს,ყველა ცუდი სიტყვა ამოვუშვი პირიდან,როდესაც ნუკრის ირგვლივ შემოვაწმინდე მთელი დღის ნახეთქი.ძვრა ვერ ვუყავი,ფეხში ჩავავლე ხელი და ვეცადე ოთახში მაინც შემეთრია,ვერ მოვახერხე.იქვე მივანებე თავი და ატირებული ჩავჯექი სავარძელში.როდის ჩამეძინა არ ვიცი,თვალი,რომ გავახილე,ნუკრი აღარ დამხვდა.შვებით ამოვისუნთქე,კიდევ კარგი გამასწრო,ალბათ ადგილზე მოვკლავდი.
სამსახურში თავქუდმოგლეჯილი გავვარდი.დაუმთავრებელი საქმე ხელს მიწვავდა,საქაღალდე ბრაზიანად მოვისროლე მაგიდაზე,დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.ჯუთა მართალი ყოფილა,არ არის ეს კაცი საჩემო,სად მაქვს მაგის ნერვები,ასეთ გალეშილს ვუარო,ზიზღისგან გამაძაგძაგა და თავს ძალა დავატანე ყურადღება სამუშაოზე გადამეტანა.არ გამომივიდა,ფიქრებმა ისე ღრმად გამიტაცეს,რას აღარ მივედ-მოვედე.გამახსენდა ჩემი და ჯუთას გაცნობა,ზუსტად სამი წლის წინ ,ტელეფონის ჯიხურთან სრულიად შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს.ზამთარი იყო,ცივი ქარი ტანსაცმელში მიძვრებოდა და სხეულს მიყინავდა,ამაოდ ვცდილობდი ქურთუკის მჭიდროდ შემოჭერას,ჯიუტად არ მანებებდა სიცივე თავს.ჯუთა იდგა ყურმილს ჩამოკიდებული და ვიღაცას გაცხარებით ესაუბრებოდა.რამოდენიმეჯერ გაეთიშა და ახლიდან გადარეკა,ვიდექი და მოთმინებით ველოდი როდის დაასრულებდა საუბარს,მას კი ბოლო არ უჩანდა.ისე გავღიზიანდი,შუა საუბარში ყურმილი გამოვგლიჯე ხელიდან და დავუკიდე.ჩემს სითავხედეზე გაოცება,გაკვირვება და სიბრაზე ერთიანად გამოეხატა სახეზე.
-აქ მარტო თქვენ არ ხართ და უნდა მიმოიხედოთ ირგვლივ!-მკაცრად ვუთხარი და გალურჯებული ტუჩები მოვკუმე.
-გოგონა?!-მითხრა და საფეთქელთან თითი დაიტრიალა.უხმოდ მაგრძნობინა ჩემი შეურაცხადობა.
-უკვე ნახევარი საათია გაუთავებლად ლაქლაქებთ და ვერ ხვდებით,რომ სხვასაც აქვს დასარეკი,ამ ყინვაში,ვდგავარ და მე, რა ვალდებული ვარ გისმინოთ უსასრულოდ?!-ტუჩებს წარბებიც ავაყოლე.
-რა ბრაზიანი ხართ?!-გაეცინა და გაცრეცილ სახეზე დამაკვირდა.
-არც თუ უმიზეზოდ!-ნერვებმოშლილმა უარესად წავიჭირე ქურთუკი.
-ფრიად მნიშვნელოვან საქმეზე ვსაუბრობდი და შემაწყვეტინეთ,-აქეთ დამნაშავე გამომიყვანა.
- მეც ფრიად მნიშვნელოვან საქმეზე მაქვს სასაუბრო!-მკვახედ ვუთხარი.
-რიგი დაიკავეთ,მარტივია,-უდარდელად აიჩეჩა მხრები და ისევ ყურმილს დასწვდა.მის საქციელზე ისე გავმწარდი,აფთარივით ვეცი და ხელიდან გამოვგლიჯე.ამაზე სულ გადაირია,შევატყვე როგორ აენთო თვალები.
-გაუშვი ხელი!-კბილებში გამოსცრა.
-თქვენ გაუშვით!-არ მოვეშვი და სულ ძალით ჩავეკვეხე ჯიხურში.ცოცხალი თავით არ გაიწია.მის სხეულს ურცხვად მივეყუდე,ზემოდან,როგორც ქორმა წიწილას ისე დამხედა.ნომერიც ავკრიბე და ნიშნისმოგებითაც შევხედე,მაინც ჩემი გავიტანე.დედაჩემის ხმის გაგონებაზე ღიმილმა გადამკრა,ჯიხურში გაკვეხებული ჯუთა იდაყვით გავწიე და საუბარი დავიწყე.
-დედა,ვინაიდან ჩვენს საუბარს ერთი თავხედი ესწრება,ბევრს ვერაფერს გეტყვი,-ჩავძახე ყურმლიში და ჯუთას ავი მზერა ვესროლე.
-ვინ არის თავხედი?-ყურმილი გამომგლიჯა.
-ხელები გააჩერეთ!-უკან გამოვგლიჯე.იმდენი ვიძიძგილავეთ,იქიდან დედაჩემს გული გაუსკდა,ვერ მიხვდა რა ხდებოდა ჩემს თავს.
-ანეტ,ვინ არის დედი,რა დაგემართა?-შეშინებული ხმა მომესმა.
-არაფერი დედა,ნუ გეშინია,მერე დაგირეკავ,- ჯუთას ხელში აღმართულ ყურმილში კისერწაგრძელებულმა ჩავძახე.
-უზრდელი ხარ!-გაბრაზებული შენობითზე გადავედი.
-ჰმ,ჩემი შენ გითხარიო?!-შევატყვე თამაშმა გაახალისა.
-არ იცი ქალის პატივიცემა!
-ო,მაპატიეთ ქალბატონო ჩემი თავხედობა,დამნაშავე ვარ და მზად ვარ სასჯელი მივიღო!-არტისტულად დამიკრა თავი.ლამის ჩავცხე,გულში კი გამეცინა.
-დამაცდი დაველაპარაკო წესიერად? შევაშინე ქალი?!-ცოტა მოვლბისავით.
-ინებეთ,ბანოვანო,-თეატრალურად გადმომცა ყურმილი.ჰმ,მაშაყირებს კიდეც.
-იქნებ გახვიდე?-ზედმეტობა ვაგრძნობინე.
-ცივა,აქვე დაგელოდები,-თვალით ტელეფონზე მანიშნა,დროს ნუ კარგავო.
-იქნებ,რა მაქვს სასაუბრო?
-მეც იქნებ რა მქონდა სასაუბრო,ლამის,რომ მომკალი?-არ დამრჩა ვალში.
-ასეთი არაფერი მინახავს!-ვთქვი და გაბრაზებულმა ხელმეორედ ავკრიბე ნომერი.დედას ხმაზე აღელვება ეტყობოდა.დავამშვიდე და კიდევ ერთხელ შევამკე ჩემი მოქიშპე.რაზეც მისი თვალების ბრიალი დავიმსახურე.საუბარს მოვრჩი და გამარჯვებული იერით გამოვედი ჯიხურიდან.უკან მომყვა ჯუთაც.ყურადღება იქამდე არ მივაქციე,სანამ ჩემს ნაბიჯებს არ აუყოლა ფეხი.მივტრიალდი და უცებ შედგა.
-რატომ მომყვები?!-კოპები შევკარი.
-მანიაკი ვარ,-გამიცინა.
-მანიაკი კი არა,მე ვიცი ვინც ხარ!-დროზე დავაჭირე ენას კბილი,ლამის კიდევ წამომცდა ცუდი სიტყვა.
-ვინ ვარ?-ახლოს მოვიდა.
-რას გადამეკიდე?-ცოტა არ იყოს შევშინდი.
-კიდევ მე გადაგეკიდე? შემომივარდი,მცემე,გამლანძღე!
-კომპენსაციას მთხოვ?
-დიახ!
-ჩაწერე დავთარში,მოგეცემა ზამთარში,-რამ გამახსენა ეს გამოთქმა.
-ზამთარია,-შემახსენა.
-საერთოდ არ მაქვს დრო,ასე ფუჭად,რომ ვყარო,ნახვამდის!-მივახალე და გზა განვაგრძე.ვიგრძენი,ისევ უკან გამომყვა.ფეხს ავუჩქარე,იმანაც აუჩქარა,შევჩერდი,შეჩერდა,წავედი,წამოვიდა.თან მეცინებოდა,თან ცოტა შიში მივლიდა.ძალით ავიკიდე,გავიფიქრე და გავჩერდი.რა თქმა უნდა ისიც გაჩერდა.
-სადამდე უნდა მდიო?-გამეცინა.
-სანამ არ გაგიცნობ,-თვითონაც გაეცინა და გვერდში ამომიდგა.
-ანეტა მქვია.
-მე ჯუთა,-ხელი გამომიწოდა.
-ჯუთა? ჯუთა სოფელს ჰქვია მგონი,-გაკვირვებულმა შევხედე.
-ჯუთაშვილი ვარ გვარად,სკოლიდან შემომრჩა ეს სახელი,შემოკლებით,ყველა ასე მიცნობს,გაბრიელს არავინ მეძახის,-გაეცინა.
-მშვენიერი სახელია გაბრიელი,თუმცა ჯუთა რაღაც თბილად ჟღერს,-შევუქე.
-ძალიან გეჩქარება?ლაღიძეში დაგპატიჟებ,ცხელ-ცხელი აჭარულები, ან აჩმა,ნაღებიანი წყლით,უჰ,უჰ,-გააფორმა.ისე მადისაღმძვრელად ჩამოთვალა,მაშინღა გამახსენდა ,რომ კუჭი მიჭყიოდა,მთელი დღე ლუკმა არ ჩამიდია პირში.ყოყმანი შემატყო,ბოლოს მაინც დამითანხმა.დიდი ხნის მეგობარივით გამომდო მკლავი და რუსთაველის პროსპექტი ლამის სირბილით ამატარა.მის შემდეგ დავმეგობრდით და დღემდე სიცილით ვიხსენებთ ჩვენი გაცნობის დღეს.
ფიქრებიდან მთავარი რედაქტორის ხმამ გამომიყვანა.მკითხა,მასალა დასაბეჭდად მზად მქონდა ,თუ არა.უხერხულად ავიწურე,რა მეთქვა,მთელი ღამე მთვრალ ნუკრის ვედექი თავზე და ვერ მოვახერხე საქმის ბოლომდე მიყვანა მეთქი?! შენიშვნაც მივიღე და ხელფასზე თანხის დაქვეთაც.ხასიათი მომეშხამა,ნუკრის გაგლეჯვა მომინდა.უხალისოდ ჩავამთავრე სამუშაო დღე და სახლის გზას გავუყევი.ეზოში შესულს ნიაკო დამხვდა ატირებული,შემეშინდა.
-რა დაგემართა ,ნია?
-ლეკვები მოგვიკლეს,-ამოისლუკუნა.
-ვინ მოკლა?-თავზარი დამეცა.მგონი,მადონას ხელი ურევია.
-არ ვიცი,დილით ვნახეთ მე და შიომ,აღარ სუნთქავდნენ,-გული ამოუჯდა და ცრემლები ღაპა-ღუპით წამოსცვივდა.
-წამოდი,-ხელი ჩავავლე და გორაკისკენ წავიყვანე.
შიო თვალცრემლიანი თხრიდა პატარა ორმოს.ჩვენს დანახვაზე მაჯით მოიწმინდა სახე და ფეხზე წამოდგა.მის ფეხებთან ბურთა და მსუნაგა უძრავად იწვნენ.პირთან ჯერ კიდევ ეტყობოდათ დუჟი.მთელ სხეულში დავლილმა ტკივილმა ადგილზე გამაშეშა.
-ვინ ჩაიდინა ეს?-ჩემი ხმა ვერ ვიცანი,ამოვიხრიალე.შიომ მხრები აიჩეჩა და ღმერთო,ეს მზერა არასდროს დამავიწყდება,რაც მის თვალებში ამოვიკითხე.წყენა,სიბრაზე,ტკივილი,მწუხარება,გლოვა..ადგილზე გავთავდი.სასტიკი და უმოწყალოა ადამიანი,საკუთარ კომფორტისთვის შეუძლია ირგვლივ ყველაფერი გაანადგუროს,ცხოველიც,ფრინველიც.ბუნებას უდიერად მოექცეს.გამჩენმა საათივით აწყობილი სამყარო გვაჩუქა და ჩვენ? რას ვაკეთებთ ჩვენს?ერთი ხელის მოსმით ვსპობთ ყველაფერს.უმადურები ვართ!ცრემლები მომაწვა და შიოს ხელები მოვხვიე,ისე ძლიერად მივიხუტე,თითქოს მინდოდა ჩემი სხეულის სითბოთი გამელღვო გულცივ ადამიანების მიერ ჩადენილი ბოროტება.თვითონაც მომხვია თავისი პატარა ხელები და ჩუმად მითხრა.
-ანეტ,შენ კარგი ადამიანი ხარ!
თვალები მაგრად დავხუჭე.კარგად ხანს ვიდექით ასე,არც შიო მომშვებია,ძლიერად მიჭერდა ხელებს.თითქოს,ეშინოდა,ამდენ სიბოროტეში ეს ერთი ნათელი წერტილი არ გაქცეოდა.ამ ჩახუტებით მაგრძნობინა,ჩემდამი ნდობა და სიყვარული.
ლეკვები მიწას მივაბარეთ და ირგვლივ ქვებიც შემოვუწყვეთ,ნიაკომ ყვავილები დაკრიფა და საფლავზე დააფინა.მოვრჩით,თუ არა დამწუხრებულები იქვე ჩამოვსხედით.ლაპარაკის ხალისი არცერთს გვქონდა.
-მე უნდა წავიდე,დედა დამიწყებს ძებნას,-ისევ ნიაკომ დაარღვია სიჩუმე.მეც კი მეჩქარებოდა სახლში,მაგრამ შიოს მარტო დატოვება არ მინდოდა.
-შიო,წამოხვალ ჩემთან?-შევთავაზე.
-ბებოს უნდა დაველოდო,-თავი გაიქნია.
-ერთად დაველოდოთ,-წასვლა გადავიფიქრე.ნიაკო დაგვემშვიდობა და წავიდა.
-შენ,რომ შოკოლადები მომიტანე,მსუნაგამ ხელიდან გამომაჭამა,-მითხრა და ოდნავ გაიღიმა.სუნთქვა აღარ მეყო,სახით დავიწყე ჰაერის ძებნა.ყელი ისე გამიშრა,წვა დამეწყო.
-წყალს დამალევინებ?-ძლივს ამოვთქვი.სხარტად წამოხტა და ქოხისკენ გაიქცა.სანამ დაბრუნდებოდა,დრო ვიხელთე და ცრემლები გადმოვუშვი.შიოს გულისტკივილი გამოვიტირე.გორაკზე წელში მოხრილი მართა ბებოც გამოჩნდა,რომ დამინახა გაუხარდა,ეგრევე ჩემსკენ გამოემართა.
-ანეტ,როგორ მინდოდა შენი ნახვა,-წინ დამიდგა.
-როგორ ხართ?-წამოვდექი.
-ყველაფერი გავყიდე,უფლის წყალობით,-სახე გაუნათდა.-მადლობა მინდოდა გადამეხადა,რამდენი რამე მოგიტანია,შვილო,რატომ შეწუხდი?-მკლავზე ჩამომისვა დაკოჟრილი ხელი.
-არ შევწუხებულვარ,-მორიდებულად მოვკიდე მეც ხელი.
-ეჰ,ამ ბავშვის დარდი მკლავს,მე,რომ რამე დამემართოს,მთლად უპატრონოდ რჩება,-ჩვენსკენ მომავალ შიოს გახედა,რომელსაც პირამდე გაევსო ჭიქა წყლით და მისი დიდი მონდომებისა ,რომ სავსე მოეტანა ჩემამდე,გზადაგზა მაინც ეღვრებოდა.-მამამისი მაინც ვიცოდე,ვინ არის,იქნებ არც იცის,რომ შვილი ჰყავს,-დარდს შეეპყრო მართა ბებო.
-სულ არაფერი იცით,იქნებ ვიპოვნოთ?-ხავსის ძებნა დავიწყე.
-არაფერი ვიცი,არაფერი..-ამოიოხრა.
შიომ წყალი მომაწოდა და ბებოს შუბლშეკრულმა მოუყვა ლეკვების ამბავი.მართა ბებოს სახე შეეცვალა,შვილიშვილს ნაღვლიანად გადაუსვა თავზე ხელი.
-ცუდსა და კარგს რა დალევს ამ ქვეყანაზე,ბებო.ალბათ,ბოროტებაც საჭიროა,სიკეთის ფასი,რომ გავიგოთ,მთავარია შენ საით აიღებ გეზსა.ცუდის ჩამდენს ორმაგად უბრუნდება საკადრისი,სიკეთისას ათმაგად,დაიმახსოვრე.
-ლეკვებს რა სიბოროტე ჰქონდათ ჩადენილი?-შიოს შეკითხვამ,მეც დამაფიქრა.
-საქმეც ეგ არის,რომ ბოროტი ცდილობს ისეთ ადგილას გატკინოს,რომ შენც თავისნაირი გაგხადოს,აი,შენ კი სიკეთით უნდა დაძლიო და მასზე გაიმარჯვო,ეს ძალას აკარგვინებს მას.
-როგორ? ვინც მომიკლა ლეკვები,იმას სიკეთით გადავუხადო?-გაუკვირდა შიოს.
-ბოროტებით,რომ გადაუხადო,მაშ რით განსხვავდები იმისგან?-ხმა გაუმკაცრდა.შიო ჩაფიქრდაა, მასთან ერთად მეც.
სახლში გულდამძიმებული წამოვედი.ჯილდამაც კი იგრძნო მძიმე დღე,დამნაშავესავით გაწვა და თავი წინა თათებზე ჩამოდო.ტანსაცმლის გამოცვლა ვერ მოვასწარი,ნიაკო მომადგა კარზე.პარტიზანივით შემოვიდა.გამიკვირდა,ისე ფრთხილობდა.
-რა მოხდა ნია?
-ანეტ,მგონი თორნიკეს დედამ მოწამლა ლეკვები,-ჩურჩულით მითხრა.
-რა იცი?-ეჭვმა კი გამკრა მაშინვე,მაგრამ მთლად ასეთი უსულგულოც არ მეგონა მადონა.
-გავიგონე,თორნიკეს ეუბნებოდა,ზოგი ახლა აწანწალონ ის წუნკალი ძაღლები,მივართვი მისართმევიო,-დაიძაბა.
-რას მეუბნები?-ელდა მეცა.თვითონ ჯანდაბას,შვილს რაღას ერჩის,რომ უწამლავს გონებას.
-ხო,ანეტ,ცუდი ქალია,ბოროტი,-მკლავები გადაიჯვარედინა და ტუჩები მოსხიპა.
-მაგას მე მივხედავ,შენ კი ხმა-კრინტი არავისთან!არც შიოსთან!-გავაფრთხილე.
-არა,არა,არ ვეტყვი,-შემპირდა და გაიქცა.უარესად მომეშხამა გუნება,არც საჭმელი მიჭამია,ისე შევწექი ლოგინში,მაშინღა ვიგრძენი ფეხების ტკივილი და დაღლილობა.
დილით,ისეთი წივილ-კივილი ატყდა ეზოში,დაფეთებული წამოვვარდი და ჩუსტშიც ვერ გავუყარე ფეხი,ისე გავიქეცი გარეთ.ეზოს შუაგულში თორნიკე ეწვინათ,ბავშვს ფერი არ ედო სახეზე,ხელ-ფეხი არაბუნებრივად ჰქონდა მოქცეული.მეზობლები მადონას ძლივს აკავებდნენ.
-არ გაანძრიოთ,სანამ სასწრაფო არ მოვა,-ყვიროდა ნიაკოს დედა ზიზი.ვინ მადონას ასხამდა წ....ბს და ვინ თორნიკეს.ეზოში ჩავედი,ისე ვიყავი დაბნეული,უაზროდ ვიყურებოდი აქეთ-იქით.
-რა დაემართა?-ვკითხე მეზობელ სულიკოს.
-ხეზე ასულა,კნუტი აუყვანია,იქიდან უნდა გადმოეგდო თურმე და თან გადმოჰყვა თვითონაც,-სულიკოც დაზაფრული ჩანდა.ლამის შევირყიე,თავის დედის ხელში,კარგს,რომ არაფერს ისწავლიდა,კი ვიცოდი,მაგრამ ასე უცებ თუ უწევდათ ცოდვა,არ მეგონა.თორნიკე გულწრფელად შემეცოდა,აი,მადონა უნდა შემცოდებოდა ,თუ არა,ამაზე ფიქრმაც კი მომიწია.
-ანეტ,-პერანგზე დამქაჩა ნიამ.-გადარჩება თორნიკე?-ნიკაპი აუკანკალდა.
-აუცილებლად,ჩემო პატარავ,აუცილებლად,-გული მომეწურა.
-მადონა დეიდა კი ღირსია,-სიბრაზემ გადაურა სახეზე და მის თვალებში შურისძიებისგან მოგგვრილი სიამოვნება ამოვიკითხე.შევცბი,ხელი ვტაცე და გვერდზე გავიყვანე.
-ეგ მეორედ არ თქვა,ნია!-ხმადაბლა გავუბრაზდი.გაბუტულმა შემომხედა.-აბა,ჩვენმა ლეკვებმა რა დაუშავეს,რატომ მოგვიკლა?
-მაინც,არ უნდა თქვა,არ შეიძლება სხვისი ცუდი გიხაროდეს.
-იმას,რომ უხაროდა ჩვენი ცუდი?-თავი დახარა.
-მერე,მოგეწონა?-თავი ავაწევინე.
-არა,-დაიჩურჩულა.
-ხოდა,არასდროს გაგიხარდეს სხვისი ცუდი,აი,მასეთ სიხარულს რა მოაქვს,-თორნიკეზე ვანიშნე,რომელსაც თეთრხალათიანები წახვეოდნენ თავზე.უხმოდ გამეცალა.თორნიკე წაიყვანეს,უკან მიჰყვა მადონა და რამოდენიმე მეზობელიც.
სახლში ავედი,ჯილდა ყეფით შემეგება,ხელში ავიყვანე და ბევრი ვეფერე.ჩაიც გავიმზადე და სამსახურში წასასვლელადაც მოვემზადე.გასვლისას,ეზოს კართან ნუკრი დამხვდა კედელთან ატუზული.ისე საცოდავად შემომხედა,მის დანახვისას მომარჯვებული ყველა ბასრი სიტყვა,ისევ ჯიბეში ჩავიდე.
-ანეტ..-შერცხვენილმა დაიწყო.
-გისმენ?!
-აუ,მაგარი მთვრალი ვიყავი რა..აზრზე არ ვარ,რას ვაკეთებდი,ბოდიში რა..-უხერხულად შეიშმუშნა.
-ბოდიშს მივიღებ,თუ ჩემს სახლის გზას დაივიწყებ და ჩემს არსებობასაც!-კატეგორიული ვიყავი,სხვანაირად არ შემეძლო,აღარ მინდოდა ნუკრის სიახლოვე,ამაში სრულიად დარწმუნებული ვიყავი.
-კარგი რა ანეტ,ერთი სიმთვრალის გამო?-ჩემსკენ წამოიწია.
-ღვინო არაფერ შუაშია,შენ არ მომწონხარ!-ვუთხარი და სწრაფი ნაბიჯით გადავკვეთე ქუჩა.პირდაპირი ვარ,რა ვქნა,სხვაგვარად არ გამომდის.არ გამომყოლია,არც მე მიმიხედავს უკან.გზად ვიფიქრე,ჯუთას დავურეკავ,საღამოს გამოვიდეს,ნუკრის ამბებს მოვახსენებ მეთქი,მაგრამ გადავიფიქრე,ვიცოდი,ორსაათიანი ლექციები არ ამცდებოდა.მარიტასთან წავალ დღეს,მეგობარია,შიოს ტოლი ბიჭები ჰყავს,იქნებ ჰქონდეს რაიმე ტანსაცმელი ზედმეტად,რომ მომცეს,სანამ ხელფასს ავიღებ.მერე მეც ვუყიდი.შიოზე ფიქრი არ მშორდებოდა.

იმდენი საქმე დამხვდა სამსახურში,თავის მოსაფხანად ვერ მოვიცალე.დღის ბოლომდე გაქაფული ვმუშაობდი.ეს აუტანელი სიცხეც მოქმედებს,აწითლებული გამოვედი გარეთ და მარიტას სახლის გზას დავადექი.ჩემს დანახვაზე პირჯვარი გადაიწერა და სასწაულს მიაწერა ჩემი გამოჩენა.მასთან საუბარმა ხასიათზე მომიყვანა,რამდენი ხანია ენა არ მოგვიფხანია.იმდენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გადმომიწყო,ათ ბავშვს ეყოფოდა,ისე გამიხარდა,სიმძიმეს აღარ დავეძებდი,სირბილით მივიტანე სახლამდე.რაც ზაფხულში ჩაიცმებოდა ერთ დიდ პარკში გამოვკარი და ნიას დავუძახე,გადაირბინე,შიო მოიყვანე მეთქი,სიხარულით დამთანხმდა.ბავშვების მოსვლამდე კარტოფილი შევწვი და ჯუთას მოტანილი ლიმონათებიც დავდგი მაგიდაზე.
-შემოდი,-ნიაკოს ხმა გავიგე,შიოსთვის ჩაევლო ხელი ,რომელიც მორცხვად იდგა კართან.ჯილდას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,უყვარს სტუმრები.ოღონდ,ნუკრისნაირი არა. ლოკვა-ლოკვით და კუდის ქიცინით გაიცნო შიო.გვერდიდან არ მოშორებია.შიოც ისე თბილად ეფერებოდა,ჯილდა ხელებში ჩაადნა.ბავშვები მაგიდასთან მივიწვიე და მეც მივუჯექი.თავიდან მორიდებულად დაიწყო შიომ ჭამა,ფრთხილობდა,ძირს არ დავარდნოდა რამე,მერე ცოტა გათამამდა და მადიანად გააგრძელა.
-თორნიკეს ოპერაცია გაუკეთეს,- ყბაგამოტენილმა თქვა ნიამ და ლიმონათი მიიყუდა.
-საწყალი ბავშვი,-შემეცოდა.
-შეიძლება ფეხზე ვერ გაიაროსო,ექიმს უთქვამს,-ნია წესით მოამბეში უნდა მუშაობდეს.
-რას ამბობ?-შევიცხადე,მართლა მეწყინა.
-ხო,ხერხემალში გადატყდაო,-თავი დამიქნია.
-მადონა დეიდამ კიდევ,თვალი გვეცა,შურიანი ხალხის და იმიტომ დაგვემართაო,მეზობლებთან უთქვამს,-თავის კანტური განაგრძო.
-თვალი,არა წარბი!-გავბრაზდი მადონაზე,რომ ვერ აანალიზებდა თავის დანაშაულს და არ არსებულზე ცდილობდა გადაებრალებინა.
-ბოროტება ორმაგად ბრუნდება,სიკეთე ათმაგად,-დაბღვერილმა თქვა შიომ.როგორ ჩაბეჭდილა მის გონებაში მართა ბებოს სიტყვები,გავიფიქრე და ნიას თვალებით ვანიშნე,რამე ხომ არ უთხარი-მეთქი?! ნიამაც თვალების მოძრაობით უარყო.შიომ შეგვამჩნია.
-ვიცი,მაგ ქალმა მომიკლა ლეკვები,-სახე დაუღამდა.
-ვინ გითხრა?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-არავინ,მე თვითონ მივხვდი,იმდენჯერ მეჩხუბა,აქ ნუ მოგყავს,თორემ თავებს წავაცლიო.
-შიო,გულში არ ჩაიდო,ის ქალი როდესღაც დაფიქრდება და მიხვდება თავის შეცდომას,ჩვენ ვაპატიოთ,კარგი?
უხმოს დამიქნია თავი.მაგიდა ავალაგე და ბავშვებს ცივი ხილითაც გავუმასპინძლდი.ნიაკოს ზიზიმ დაუძახა,მე და შიო მარტო დავრჩით.ვფიქრობდი,როგორ მიმეცა ტანისამოსი,ისე,რომ თავი უხერხულად არ ეგრძნო.
-შიო,ერთი ჩემი მეგობრის შვილია,ვაჟიკო,უცნაური ჩვევა აქვს,-მხიარულად დავიწყე.
-რა ჩვევა?ცნობისმოყვარედ შემომხედა.
-თანატოლებს ჩუქნის თავის ტანისამოსს,თან იმას,რომელიც ყველაზე ძალიან მოსწონს და ამით ის ბედნიერია,დღეს მასთან ვიყავი და შენთან გამომატანა რაღაცეები,-შიოს რეაქციის მოლოდინში დავიძაბე.
-ჩემთან?-გაუკვირდა,-და რომ არ მიცნობს?
-მე მოვუყევი შენზე და მითხრა,აუცილებლად გამაცანიო.
-რა მოუყევი?-ეჭვიანად დამაკვირდა.
-ის,რომ ჩემი მეგობარი ხარ,-ვუთხარი და სახეზე შევატყვე როგორ გადაურბინა სიხარულმა.
-აი,ნახე,იმდენი რამე გამომატანა,ნეტავ,ჩემი ზომა იყოს,მეც ჩავიცვამდი,-გავიცინე და ფუთა გავხსენი.თვალები გაუცისკროვნდა.სათითაოდ მიიზომა ტავზე მაისურები და შარვლები,კმაყოფილმა ისე გულიანად გაიცინა,მეც ამიყოლია.ღმერთო,ყველა პატარას მიეცი ბედნიერი და უდარდელი ბავშვობა,ცრემლები მომაწვა.ფეხსაცმელები ოდნავ დიდი ჰქონდა,ეგ არაფერი ,ფეხი უცებ გაგეზრდება-მეტქი,დავამშვიდე.წასვლისას მითხრა,ვაჟიკოს ხომ გამაცნობო?შევპირდი,რომ ახლო მომავალში გავაცნობდი.კმაყოფილმა ამოიდო იღლიაში მზითვი და წავიდა.შინაგანად,ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი,მეგონა ფრთები გამომესხა და სადაცაა გავფრინდებოდი.სულ ღიღინ-ღიღინით მივალაგე სახლი და ის იყო,ჯილდა მოვამზადე გარეთ გასაყვანად,ჯუთამ შემოდგა ფეხი.
-მოკლედ,შენი კარი არასდროს იკეტება!-მითხრა და მის ფეხებთან გაგორებული ძაღლი ხელში აიტაცა.ღიმილით შევხედე.
-ტყუილად ნუ მიყურებ,შენ არ აგიყვან,-დამეჯღანა.
-როგორ ხარ?-შორიდან მოვიკითხე.
-არ მაკოცებ?-თვალები დააწვრილა.
-არა,-მეც მივბაძე.
-დედაშენი ანჩხლია,-ჯილდას უჩურჩულა.
-რას დალევ?-გამეცინა.
-ბურახს!
-დაგიხატავ ფერადი ფანქრებით.
-დედაშენს მწარე ენა აქვს,-ისევ ჯილდას უთხრა.
-ლიმონათი,ჩაი,ყავა,წყალი?-ჩამოვთვალე.
-ო,რა მდიდარი მენიუა,-ოთახში შევიდა.-ყავა!-გამომძახა.
თავი გადავაქნიე და სამზარეულოში გავედი.ჯუთას მოსვალ ყოველთვის მიხარაია,დღეს კი განსაკუთრებით გამიხარდა.დავინახე,თუ არა,უჩვეულოდ დამიარა სხეულში ტალღამ.აქამდე არასდროს მომსვლია ასე.კოცნაც ვერ გავბედე,ჩემი მღელვარება ,რომ არ შეემჩნია.რა მემართება? ჩემს თავს ჩავუღრმავდი და ის აღმოვაჩინე,რასაც აქამდე გავურბოდი,შევკრთი.მისგან წამოსული სიგნალების ბრალია,თორემ მე ვერც ვიფიქრებდი ამაზე.ჯუთას გადავაბრალე,ასე მაწყობდა.ყავა მოვხარშე და ოთახში შევედი.სავარძელში იჯდა ჯილდასთან ერთად.
-ანეტ, კარგი ამბავი მაქვს,ვიცი გაგიხარდება,-ხელით მის წინ სკამზე მანიშნა,დაჯექიო.ეტყობა ,რაღაც ისეთია,სიხარულისგან ,რომ არ წავიქცე.ჩამოვჯექი და მზერა მივაპყარი.
-ორი თვეა ერთ გოგოს ვხვდები,მინდა,რომ შენ გაიცნო,-ახალი ამბავი მამცნო.იმ წუთში მივხვდი,თუ რას გრძნობენ თავში უროს ჩარტყმის დროს.კიდევ კარგი ვზივარ,მართლა წავიქცეოდი.სახეზე მონაცვლეობით გადამირბინა ყველანაირმა ფერმა,ხმა სადღაც დამეკარგა,მხოლოდ თვალები ამომეკარკლა.
-რა იყო,გოგო,არ გაგიხარდა?-შემათვალიერა.
-აქამდე რატომ არ მითხარი?-ძალა მოვიკრიბე და შევუტიე.
-აქამდე სერიოზულად არ ყოფილა საქმე,ახლა კი დარწმუნებული ვარ,რომ მიყვარს,აი,ნახავ,შენც მოგეწონება მზიკო,-დასტურის ნიშნად ცერა თითი აღმართა.დამცხა,თუ შემცივდა ვერ მივხდი,ერთდროულად დამეწყო გახურება და კანკალი.ჩემი ცვლილება შეამჩნია და ჩაიცინა.
-ანეტ,რა დაგემართა?
-გამიხარდა,მაგრამ აქამდე,რომ დამიმალე,მეწყინა,-თავი შევიკავე,თორემ ერთი გულიანი ბღავილი მისწრება იყო ჩემთვის.
-ხვალ გაგაცნობ,გცალია?
-ხვალ ნუკრის უნდა შევხვდე,-რაც მომადგა ენაზე,წამოვროშე.
-მთლად უკეთესი,ერთად შევიკრიბოთ,-აღტაცებით წამოიძახა.
-მშობლები უნდა გამაცნოს,ვერ მოვახერხებ,-კიდევ ერთი ტყუილი მივამატე.
-ოჰ,უკვე მასეა საქმე,მოგილოცო?-საზურგეზე გადაწვა და ირონიული მზერა მესროლა.თავი დავუქნიე.სიმართლეს როგორ ვეტყოდი,ისე ვიყავი ახალი ამბით გაწბილებული,მეც მომინდა სამაგიეროს გადახდა.ყავა მოსვა,ეგემრიელა და შემაქო.გამოფიტული ვიჯექი,თითქოს სისხლისგან დავიწრიტე.ჯუთა თვალს არ მაშორებდა,ვიგრძენი ჩემს სულში იყურებოდა.ფეხზე წამოვდექი,ჰაერზე ,დროზე უნდა გავსულიყავი.თვითონაც ადგა და მომიახლოვდა.
-ანეტ,ვიცი ჩემი ბედნიერება გიხარია,იმდენად,რომ ენაც კი გადაყლაპე,-ცხვირზე წამეთამაშა.რა ცინიკოსია,ზუსტად მიხვდა ჩემში დატრიალებულ ქარბუქს.
-მოულოდნელი იყო,-ნაძალადევად გავუცინე.
-რაღაც უნდა გთხოვო..
-გისმენ?!
-სახლში რემონტს ვიწყებ და ერთი კვირით შენთან,რომ გადმოვიდე,მოჟნა?-წამწამები აათამაშა.
-ქორწილისთვის ემზადები მგონი,სერიოზულად დაგიპყრო მზიკომ!-სახელი გამოკვეთილად წარმოვთქვი.
-მართალი ხარ,-გაიღიმა.-ჩვენს მეგობრობას არაფერი ემუქრება,არ იდარდო,ეჭვიანი არ არის. ოჰ,როგორ დამამშვიდა..
-მოჟნა,-მშრალად გავეცი პასუხი.
-რა გჭირს,გოგო?-ხელი წამავლო მკლავში.
-არაფერი ჯუთა,რა უნდა მჭირდეს,გადმოდი,-ვეცადე მხიარულად გამომსვლოდა ნათქვამი.
-მიყვარხარ,-ლოყაზე მაკოცა გახარებულმა.-ზეგ გადმოვალ,-მითხრა და წავიდა.
ყურები ჩამოვყარე,უხალისოდ გავიყვანე ჯილდა სასეირნოდ.ჯუთას ამბავმა ბოლო მომიღო,რატომ განვიცდი ასე ძალიან? შევეკითხე ჩემს თავს..იმიტომ,რომ გიყვარს,ანეტ! უცებ მიპასუხა.შეყვარებულიც ჰყოლია..აბა,რა მეგონა? გადავეკიდე ლოთ ნუკრის და მივიღე საკადრისიც.
მეორე დილით მადონა შემხვდა ეზოში,საავადმყოფოში გარბოდა,მოტეხილი მეჩვენა.თორნიკეს ამბები გამოვკითხე და უიმედოდ ჩაიქნია ხელი,არ ვიცი ,რა იქნება,როდის გაივლის ფეხზეო.შემეცოდა.თუ რამეში დაგჭირდე,არ მოგერიდოს,მითხარი მეთქი.თვალცრემლიანმა გადამიხადა მადლობა. რძე და მაწონი მინდოდა მეყიდა,იმდენი ხალხი დამხვდა,უკმაყოფილოდ დავიკავე რიგი.ზურგსუკან მართა ბებო ამომიდგა,რომ დამინახა,გაუხარდა.იმდენი მლოცა შიოს გამო,გავწითლდი კიდეც.
-რით გადავიხადო შენი პატივისცემა,არ ვიცი,-უხერხულად მოისრისა თითები.
-რას ამბობთ,მართა ბებო,-აქეთ შევწუხდი.
-ეჰ,შვილო,კაციშვილს არ ადარდებს ჩემი შიო,სულ შენზე მელაპარაკება,ისე მიხვედი მის გულთან,-მადლიერი თვალები მომაპყრო.
-იცით,რას ვფიქრობ? ერთ თვეში სკოლა იწყება და შიომ აუცილებლად უნდა ისწავლოს,მე დავეხმარები,-სახე გამინათდა.
-მაგაზე არ მტკივა გული? მისი თანატოლები,ყველანი სკოლაში დადიან,ეს ბავშვი კიდევ ეგრე ზის,მარტოდ,არაფერი მაბადია,ვერ ვეხმარები,ეჰ..-ხელი ჩაიქნია.
-მე,მე დავეხმარები,თქვენი თანხმობა მინდოდა,ამ თემაზე სასაუბროდ უნდა მოვსულიყავი დღეს საღამოს,იქნებ შეამზადოთ შიო,მეც ვეტყვი.
-ღმერთმა გამოუგზავნა შენი თავი,დაილოცოს მისი განგება,-მაღლა აღაპყრო ხელები.მოვილაპარაკეთ,რომ საღამოს მივიდოდი.შიო ისე ღრმად შემოიჭრა ჩემში,მინდოდა მზრუნველობა გამომეჩინა,რომელიც ასე ძალიან აკლდა მას.რძე და მაწონი ვიყიდე.დღეს ბრინჯის ფლავს გავაკეთებ,მაწონი ჯუთას უყვარს,კიტრს ჩაიჭრის და ისე მადიანად ახრამუნებს ხოლმე,ჯილდას ნერწყვებს აყლაპვინებს.მე მაინც და მაინც არ ვგიჟდები,მაწვნის ნაღები კი მიყვარს.სახლში მისულს ჯუთა პატარა ჩემოდნით ხელში დამხვდა.გამიკვირდა,არ ველოდი.
-დღეიდან იწყებს ხელოსანი და ისე ანგრევს იქაურობას,სასწრაფოდ გამოვიქეცი,-თავი იმართლა და მაკოცა.
-რომ მცოდნოდა,გასაღებს მაინც დავტოვებდი.
-მეგონა ღია იქნებოდა,როგორც ყოველთვის,-გაიცინა და შესვლისთანავე ჯილდას ეცა.როგორ უყვართ ერთმანეთი,ისიც გიჟივით ახტება ზედ.
-მაწონი გიყიდე,-ქილა დავანახე.
-კიტრი?-თვალები გაუბრწყინდა.
-კიტრიც მაქვს.
-ჩემი მზრუნველი,-თმა ამიჩეჩა.
-მზიკო არ ზრუნავს შენზე?-ვთქვი და ენაზე ვიკბინე.გვერდულად გამომხედა,ცოტა ხანს მიყურა.
-კი,ზრუნავს,გაიცნობ და ნახავ,ძალიან საყვარელია,-ჩაიღიმა.არ მესიამოვნა,რა ჯანდაბა მჭირს?! აქამდე ჯუთასთან სხვა დამოკიდებულება მქონდა,ვატყობ ჩემს თავს,რომ ვეჭვიანობ.
-ხვალ მოიყვანე,საღამოს,-ისე ვუთხარი,ზედ არ შემიხედავს.
-დღეს?
-დღეს ნუკრის უნდა შევხვდე,-გამახსენდა ტყუილი.
-ა,ჰო,ნუკრი,ნუკრი..
-რა იყო?-მეც გვერდულად გავხედე.
-არაფერი,უბრალოდ ეგ კაცი შენი შესაფერისი არ არის,-მხრები აიჩეჩა.
-აბა,ვინ არის ჩემი შესაფერისი?-დოინჯით დავუდექი წინ.
-ყოველ შემთხვევაში ეგ კაცი არა!-გადაჭრით მითხრა.
-აბა,დავრჩენილვარ შინაბერად..
-ვინ დაგტოვებს გოგო შინაბერად,ამისთანა ლამაზს,ჭკვიანს და ანჩხლს,-ენა გამომიყო.გამეცინა,ბოლო შეფასებაზე.
-რომელ საათზე უნდა შეხვდე მზიკუნას?-ვერ მოვისვენე.
-მზიკუნას,-ჩაეცინა,ექვსზე..შენ რომელზე უნდა შეხვდე ნუკრიკოს?
-მე შვიდზე.
-იქამდე დრო გვქონია,მომენატრე და მადლობა ანეტ,რომ შემიფარე,-შუბლზე მაკოცა,დავრეტიანდი,ეს ის კოცნა არ იყო,როგორც ადრე,რაღაც დიდხანს შეაყოვნა ტუჩები.უხერხულად გავიწიე უკან,დაბნეულმა გამოვხსენი მაცივარი და კიტრები გამოვიღე.
-ამდენს არ ვჭამ,-გამომართვა და უკან შეაწყო.
-დედაჩემთან უნდა წავიდე,სულ აიღე ჩვენზე ხელიო,მიბრაზდება..მანამდე შენ დალაგდი,კარადაში ადგილს მონახავ,-მოუსვენრობამ შემიპყრო.
-კარგი,მე და ჯილდა გავერთობით,-ძაღლს ხელი სტაცა და ტრადიციისამებრ ჰაერში ააფრიალა.
გამზადება არ დამჭირვებია,მზად ვიყავი,ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი.ისე სწრაფად მივდიოდი,თითქოს ვიღაც მომდევდა.გზაში სულ იმაზე მეფიქრებოდა,როგორ ვიქნებოდი ეს დღეები ჯუთასთან ერთად.არა და რამდენი ღამე გაგვითენებია ერთად,სიცილ-კისკისში.
-ბებიაშენს არ უნდა დაეტოვებინა ის სახლი შენთვის!-ფეხი შევდგი,თუ არა ,დედამ საყვედურებით ამავსო.
-ქალბატონო იზაბელა,-მოვეხვიე და ლოყები დავუკოცნე.
-უსინდისო ხარ,ისე გავა კვირა,არც კი გახსენდებით.
-კარგი რა დედა,ხომ გირეკავთ,მეც არ მცალია,იქით სამსახური,აქეთ ჯილდა,-დაღლილმა ამოვთქვი და ოთახში შევედი.ჩემი ძმა როგორც ყოველთვის დაშლილ მაგნეტოფონს უჩხიკინებდა.დღეში ცხრაჯერ შლიდა და აწყობდა,შემდეგ მორჩენილ ნაწილებს თავის ქექვით დაჰყურებდა.
-კუ-კუ,-დავიძახე.დამინახა ,თუ არა წამოხტა.
-მობრძანდა ქალბატონი,-ჩამეხუტა.
-რასა იქმ ბესო?-მეც მოვეხვიე და ჩავკოცნე.ძალიან მიყვარს,თითქმის ტოლები ვართ,ერთი წელია სხვაობა ჩვენს შორის,მე უფროსი ვარ.ერთ კლასშიც ვსწავლობდით.
-როგორ მოაგენი სახლის გზას,მიკვირს,-გაეცინა.
-კარგი ახლა შენც ნუ დამიწყე,იზაბელამ უკვე მოასწრო,-ჩავიფხუკუნე.
-იზაბელას მოკლავთ თქვენ!-დედა შემოვიდა და შევატყვე რაღაც ახალი ამბავი ჰქონდა.
-რა ხდება?-ბესოს შევხედე.
-ცოლი მოჰყავს!-დედამ ტუჩები ისე მოკუმა,მივხვდი ჩემი ძმის გადაწყვეტილებით დიდად ვერ იყო მოხიბლული.
-რა?!ვინ არის?!-გაოცებისგან პირი დავაღე.
-ნუნუკა ჰქვია,ერთად ვმუშაობთ,-ბესოს თვალები ისე აუციმციმდა.აშკარად ,ყურებამდეა შეყვარებული.
-შენ იცნობ?-დედას მივუბრუნდი.
-ჯერ არა,მაგრამ რა დროს ამის ცოლია,ვერ ხედავ,პატარა ბავშვივითაა,ჯერ არ დაღვინებულა,-გაბრაზებით გადააქნია თავი.
-რაღა ბავშვი,ოცდახუთი წლის კაცია,-ბესოს კუდი ავუწიე.
-საჭმელი ვერ გაუმზადებია თავისით,მე რომ არ ვიყო,მოკვდებოდა მშიერი!-იზა აბობოქრდა.
-ხოდა,ჩემი ცოლი გამიმზადებს,-ნიშნისმოგებით თქვა ბესომ.
-ბიჭო,გაგვაცანი მაინც,ეგრევე ნუ მოიყვან,დავსმოტროთ,-ეშმაკურად გამეცინა.
-ვიცი,მე თქვენი დასმოტრილი,ათას ნაკლს აღმოუჩენთ,მტერი ჩავარდა თქვენს ყბაში,-თვითონაც გაეცინა.
-მართლა მოგყავს,თუ ამ ქალს აგიჟებ?-ჩუმად ვკითხე ბესოს.
-მართლა,ანეტ,რადგან აქ ხარ,დღეს მოვიყვან,გაგაცნობთ,-დემონსტრაციულად განაცხადა.
-დედამთილო დატრიალდი,-იზას გადავხედე.
-მამაშენი მაინც მოსწრებოდა,-ცრემლი მოადგა დედას.
სარძლოს მოსვლამდე მე და დედამ სადილი მოვამზადეთ,თან დავარიგე,რომც არ მოგეწონოს,არაფერი შეიმჩნიო-მეთქი.არაო,შემპირდა.ბესომ წვერი გაიპარსა,აი ულვაში კი დაიტოვა ისევ,სულ ვეჩხუბები,ასაკს მატებს,მაინც თავისაც არ იშლის.შენ რა გინდა,ნუნუკას მოსწონსო,ხოდა თუ მოსწონს,ჰყავდეს ულვაშიანი ქმარი,მე რა?! მღელვარების დასაფარად სტვენა დაიწყო,ასე იცის,მე რას გამომაპარებს,მოხარშულს ვიცნობ.კარზე ზარი გაისმა და ბესო გაემართა გასაღებად,უკან მივყევით ჩვენც.პირველივე შეხედვით მომეწონა ნუნუკა,პატარა,გამხდარი შავგვრემანი,ლამაზი პირ-სახით,მოგვესალმა და მორცხვად მომაწოდა ტკბილეული.დედას სახეზე კმაყოფილებამ გადაურბინა,ამოვისუნთქე,ესე იგი მოეწონა.საღამომდე დავყავი ჩემებთან.შიოს შესახებ დედას ვუთხარი,ისე განიცადა,მეც აუცილებლად დავეხმარებიო,მაკოცა და შემაქო,კარგი გოგო ხარო. ნუნუკა ჩემთანაც დავპატიჟე,გაუხარდა,მოვალო.

სახლში მისვლისას ჯუთა სარკესთან დამხვდა,თმის სათითაო ღერს გულმოდგინედ ისწორებდა.ისე სიმპათიურად გამოიყურებოდა,გულში ჩხვლეტები დამეწყო.ჯილდა კუდის ქიცინით მეცა ფეხებში.
-როგორი ბიჭი ვარ?!-დამინახა ,თუ არა ღიმილით მკითხა.
-ნუ,მთლად ვარსკვლავებს ვერ ეთამაშები,-ენა გამოვუყავი.
-ოჰ,მწარე,-სავარცხელი დადო და კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი სარკეში.
-მიდიხარ უკვე?-გადავამოწმე.
-მივდივარ,-თავი დამიქნია.-შენ არ მიდიხარ იმ დიმპიტაურასთან?
-დიმპიტაურა შენი მზიკოა,-პირი მოვჯღანე.
-ოჰ,ეწყინა ქალბატონს,-გაეცინა.
-ბესოს ცოლი მოჰყავს,-თემა შევცვალე,არ მინდოდა შეემჩნია ჩემი ეჭვიანობა.
-ვა,მაგარია,აბა,გვიქეიფია,-გაუხარდა.-იცნობ სარძლოს?
-დღეს გავიცანი,მომეწონა.
-მზიკოც მოგეწონება,-მაინც ჩააკვეხა და მარტივ-მამრავლებათაც დამშალა.
-არ მგონია,-წამომცდა.გაკვირვებულმა შემომხედა.
-აბაროტს მიღებ?
-დიახ!-თავი დავუქნიე.
-ხარაშოო,-სიტყვა დააგრძელა,ჯილდას წაეთამაშა და სახლიდან გავიდა. თვალი ამრეზით გავაყოლე.მზიკო-ტრიკო! ხმამაღლა დავიძახე გაბრაზებულმა,ვითომ ჯავრი ვიყარე.ჯილდას გამოვაბი საყელური და გორაკისკენ გავწიე.შიოს ისე გაუხარდა ჩვენი დანახვა,სიცილით შეგვეგება.მართა ბებოც სახლში იყო.გარეთ დავსხედით,ხეების ჩრდილში სასიამოვნოდ უბერავდა სიო.
-დღეს ბაზარში ვერ გავედი,გული ვერა მქონდა კარგად,-მითხრა მართა ბებომ და მკერდზე ხელი მიიჭირა.
-გაწუხებთ?-შემეცოდა.სახეზე დავაკვირდი,რამხელა ტანჯვა ეწერა.
-მაწუხებს რომელია,ხან მგონია ვეღარც გავიღვიძებ,იმის დარდი მაქვს,ეს ბავშვი არ შევაშინო და მთლად ობლად არ დარჩეს,-ამოიოხრა.
-ნუ ფიქრობთ ცუდზე,-ვეცადე გამემხნევებინა.
-ეჰ,შვილო,კარგზე აღარაფერზე მეფიქრება,-ხელი ჩაიქნია.
-ექიმთან,რომ მიხვიდეთ?
-ამას წინათ ვიყავი,არაფერი გაქვსო,მე ხომ ვგრძნობ,რომ მაქვს,-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-სხვა ექიმთან წავიდეთ,მყავს ნაცნობები,-დავაიმედე.
-ძალიან გაწუხებთ, შვილო,- ცრემლები მოადგა.ხელზე ხელი გადავუსვი და დავამშვიდე.
-არ გინდა სკოლაში იარო?-შიოს მივუბრუნდი.ჯილდას ეთამაშებოდა და უცებ გაჩერდა.მიყურა და უარის ნიშნად თავი გაიქნია.
-რატომ,შიო? შენი თანატოლები დადიან,არ გინდა,ისწავლო? შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ და ბევრს მიაღწევ.
-იქაც დამცინებენ,-შუბლი შეკრა.
-ვინ დაგცინებს? არავის მივეცმ უფლებას,მე მოვაგვარებ ყველაფერს,შენ მარტო მოინდომე,-გული მომეწურა.
-ადრე დავდიოდი და მაწანწალას მეძახდნენ,-შევატყვე გული ყელში ამოაჯდა.
-ვეღარ გაგიბედავენ,მე ვიქნები შენთან ერთად,მე ხომ მენდობი?-წამოვდექი და ჩავეხუტე.ისე ძლიერად მომეკრა,ცრემლები წამოვყარე.შევპირდი,რომ სასკოლოდ მე გავამზადებდი და პირველ სექტემბერს მე მივიყვანდი კიდეც.დამთანხმდა.
-ხვალ ხელფასის დღეა,შიოს წავიყვან და ყველაფერს ვუყიდი,სკოლაშიც მოვაგვარებ მის დაბრუნების საკითხს,ყველაფერს შევძლებ,ყველაფერს შევძლებ! -მთელი გზა სახლამდე ვბუტბუტებდი ჩემთვის.ჯილდაც თითქოს მიხვდა,გახარებული მომდევდა კუნტრუშით.
გვიანობამდე არ დამეძინა,ფიქრებში შიოს სკოლა,უნივერსიტეტი დავამთავრებინე და კარგ სამუშაოზეც მოეწყო,შემდეგ ცოლიც მოიყვანა და ბევრი ბავშვებიც ეყოლა.რა არის ადამიანის გონება?! გამეცინა.ვაჟბატონმაც დაიგვიანა,როგორც ჩანს თავის სატრფოსთან გაუტკბა,გამახსენდა ჯუთა და მოვიღუშე.საკეტის ხმაზე თავი წამოვყავი.ჯილდაც ყეფით გაიქცა კარისკენ.მობრძანდა! ვთქვი და ავდექი.ძალიანაც ეცადა ჩუმად შემოსულიყო,ეგონა მეძინა,მაგრამ ჯილდამ ისეთი ამბავი ატეხა მის დანახვაზე,მეზობლებმაც გაიღვიძეს.ჯუთა ამაოდ აჩუმებდა.
-აუ,მაინც გაგაღვიძე რა,-მომიბოდიშასავით.
-არ მძინებია,-დავამშვიდე.
-ვა,მელოდებოდი?-ახლოს მოვიდა,სასმლის სუნი ვიგრძენი.
-შენ რა მთვრალი ხარ?!-ისე დავიძახე,გეგონება კაცი მოკლა.
-ნასვამი,ოდნავ,-გამიღიმა.
-რა ოდნავ,ყარხარ!-ცხვირი ავბზიკე.
-სასმლის სუნს ვერ იტან და იმ დიპიტაურას როგორ აიტან ყოველ დღე?-ჩამჭრა.
-ყოველ დღე არა,ბოდიში მოიხადე,-გავწიწმატდი.
-ოჰ.,პარდონ,პარდონ,-დანებების ნიშნად ხელები ასწია.
-წამოდი,დაწექი,-მხარზე წავკარი თითი.
-რა გჭირს გოგო,მთვრალი კი არ ვარ,რა აბეზარი ცოლივით მექცევი,-გაეცინა.
-მადლობა თქვი,შენი ცოლი არ ვარ,აივანზე გაათენებდი,-მეც გამეცინა.ისე შემომხედა,მის თვალებში ჩამძირა.
-ერთად დავიძინოთ,როგორც ადრე? თან გეტყვი,მზიკოს ხელი როგორ ვთხოვე,-ამის გაგონება იყო და მაგიდას დავეყრდენი.რაო? ხელი ვთხოვეო? ტვინი თავს ზემოდან მომექცა.
-დილით ვმუშაობ,მეძინება,-ძლივს ამოვღერღე.
-ეე,მაიცა რა,ცოტა ხანი,მერე მეც დამეძინება,-ხელი წამავლო და საწოლისკენ მიბიძგა.ჯილდა ჩვენზე პირველი ახტა ლოგინზე და მოკალათდა.
მეგონა ეკლებზე ვიწექი,ისე ახლოს მომიწვა,ჯუთას სუნთქვას ვგრძნობდი.სიცხის მიუხედავად ზეწარი კისრამდე წავიფარე.
-გაიგუდები გოგო,-გადამაძრო.მგონი ხვდება რაღაცას,ისე მიყურებს,მამოწმებს..დიახ,დიახ,ჩემს რეაქციას ამოწმებს,უფრო ახლოს მოიწია.თმაზე მომეფერა.
-ანეტ,მართლა ძალიან მიყვარხარ,ალბათ დაც ,რომ მყოლოდა,ასე არ მეყვარებოდა,ჩემი სული და გული ხარ,-თავზე ხელი გადამისვა რამოდენიმეჯერ.
-მეც მიყვარხარ,-ამოვიკრუსუნე.
-მალე დავოჯახდები,ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს ურთიერთობას,მზიკოს მოვუყევი შენზე,დაუსწრებლად გიცნობს.
-მერე არ იეჭვიანა?-დამაინტერესა.
-ჩვენზე,რომ იეჭვიანოს და ეცადოს ჩვენი ურთიერთობის გაფუჭებას,დავშორდები!-გადაჭრით მითხრა. გული სიხარულით შემიხტა.მზაკვრულმა აზრებმა დამრიეს ხელი.რა ვქნა,არავისთვის მემეტება ჯუთა,ჩემია! თავი ვიმართლე და კმაყოფილი უკეთესად მოვერგე ბალიშს.
-მართლა სთხოვე ხელი?-შევაპარე.
-ჯერ არა,გაგეხუმრე,მაგრამ ვაპირებ,მინდა,რომ გაიცნო,მერე გადავწყვეტ,-თვალები ჩამიპაჭუნა. გულიდან ლოდი ჩამომივარდა.
-მაიმუნო,-სიყვარულით წავარტყი წკიპურტი ცხვირზე.
-მეტკინა გოგო,-ხელი დამიჭირა და თითზე მიკბინა.ჯილდაც წამოხტა და ორივეს გვიკბინა.გაგვაშველა თავის ჭკუით.ამაზე ისეთი სიცილი ავტეხეთ,მეზობელმა სულიკომ კედელზე მოგვიბრახუნა.ესღა გვინდოდა? ფხუკუნ-ფხუკუნით გავაგრძელეთ კინკლაობა.
-შენთან რა ხდება,გაიცანი ნუკრის მშობლები?-ცოტა,რომ მივწყნარდით,მკითხა.
-არა და არც ვაპირებ!-სიმართლის თქმა გადავწყვიტე,მომბეზრდა ტყუილები.
-ვა,რა მოხდა?-იდაყვზე დაეყრდნო.არაფერი დამიმალავს,ვუთხარი,როგორ მოვიდა გალეშილი და რა ამბებიც დამიტრიალა.ისე გაბრაზდა ჯუთა,ლამის შუა ღამეს წავიდა მის სანახავად.ძლივს დავაწყნარე.იმდენჯერ შეუკურთხა და ისე მრავალფეროვნად,სიცილი ამიტყდა.
-რა გაცინებს?!-წარბაწევით გადმომხედა.
-კარგი,ნუ ბრაზობ,ბოდიში მომიხადა,დამთავრდა ყველაფერი.
-მე მოვუვლი მაგას,-დაიმუქრა.
-ჩემი პირადი დაცვა ხარ,-მკლავზე ვაკოცე,მართლა მეგობრულად.თუმცა,შევატყვე,როგორ შეუტოკდა სხეული.უკან დავიხიე და გავინაბე.თვითონაც გაჩუმდა,რამდენჯერმე ისე გააქნია თავი,თითქოს აზრების გაფანტვას ცდილობსო.
-ერთი პატარა ბიჭი შემიყვარდა,-ორაზროვნად დავიწყე.უცებ გადმობრუნდა და კოპები შეკრა.
-ანეტ,თავგადასავლებს ეძებ?
-მოიცადე,გითხრა,-გამეცინა და შიოზე მოვუყევი ყველაფერი.ბოლომდე მომისმინა,შევატყვე როგორ განიცადა პატარა ბიჭის ამბავი,ნასვამი უფრო გულჩვილი ყოფილა,ცრემლებიც კი მოადგა.
-შენთან მიგულე,ყველაფერს შევძლებთ ერთად,-მკლავი მომხვია და ჩამეხუტა.ასე ჩახუტულებს ჩაგვეძინა.დილით ჯილდას ლოკვამ გამაღვიძა.ჯუთას შევხედე,თმა ისე აელოკა ძაღლს მისთვის,ყალყზე ედგა.შევანჯღრიე,ორივე სამსახურში ვიყავით წასასვლელები.მე რედაქციისკენ გავეშურე,ჯუთა პოლიკლინიკაში.ექიმ-რენტგენოლოგია.
როგორც ყოველთვის,ახლაც ბევრი საქმე დამხვდა.ამის და მიუხედავად,ჯერ შიოს სკოლაში დაბრუნების ამბავი გავარკვიე.საბუთების შეტანა ორ დღეში უნდა მომესწრო.მეოთხე კლასის მაგივრად,მესამეში დასვამდნენ,ერთი წელი გაუცდა,არაუშავს,მთავარია სკოლაში ივლის.დავიმშვიდე თავი.ბუღალტერიაშიც მთლიანი ხელფასი მომცეს,გამიკვირდა,არადა მთავარმა რედაქტორმა დაგიქვითავო,ან დაავიწყდა,ან გადაიფიქრა,სიხარულით ჩავიკუჭე ჩანთაში თანხა და ქილა ერბოს მპოვნელი კაცის არ იყოს,მივყევი ოცნებებს.დროზე ადრე გამოვედი რედაქციიდან,შიოსთან მეჩქარებოდა.კიდევ კარგი სახლში დამხვდა მართა ბებო,დაბადების მოწმობა მოვაძებნინე.შიოს ვტაცე ხელი და მაღაზიებში გავაქანე.ისეთი გახარებული იზომავდა ფეხსაცმელს,გამყიდველიც გაღიმებული გვემსახურებოდა.სკოლის ორი ფორმა ვუყიდე,ჩანთასთან და საჭირო ნივთებთან ერთად.ბოლოს,პუშკინის ქუჩაზე კრემიანი ღვეზელები მივირთვით და ცივი ნაყინიც დავაყოლეთ.შიო ბედნიერებისგან ბრწყინავდა,მის თვალებში ვხედავდი მადლიერებას,სიყვარულს,ნდობას.მასზე ძალიან მე ვიყავი გახარებული,პატარა ბავშვივით ვცქმუტავდი.
-ანეტ,- ხელი ჩამკიდა.-ამდენი საჩუქარი არასდროს მქონია,-სიხარულში სევდა გაურია.გული მეტკინა,ვერაფერი ვთქვი,უხმოდ გადავყლაპე მოწოლილი ცრემლი.
-ბებომ მითხრა,დედა ზეციდან გიყურებსო,ალბათ,იმასაც უხარია,რომ სკოლაში წავალ,-მითხრა და ცალი თვალით,მორიდებულად აიხედა ცაში.
-რა თქმა უნდა,შიო,გიყურებს,-გულაჩუყებულმა ვუთხარი.სახლამდე ბევრი ვისაუბრეთ,შიომ თავის ოცნებაც გამიმხილა,ჯარისკაცი მინდა გამოვიდეო.სიამაყე შევატყვე ხმაში და გამიხარდა.მართა ბებოს მოსვლამდე,ჩემთან წავიყვანე.ჯილდამ როგორც ყოველთვის,ჩვენს დანახვისთანავე ჰაერში ხტომა და ყეფა დაიწყო.მე სადილს მომზადებას შევუდექი,ჯუთას მოსვლის დროც ახლოვდებოდა და მინდოდა მომესწრო,შიომ ჯილდას საყელური გამოაბა და სასეირნოდ წაიყვანა.ისე ცხელა,ვენტილიატორიც არ შველის.გაზქურასთან ვტრიალებდი,ნიაკომ,რომ შემომიღო სახლის კარი.
-ანეტ,სახლში ხარ?-კარგი დაქალივით დამიძახა,გამეცინა.
-მოვიდა ჩემი მოამბე,აბა,როგორ ხარ?-ვაკოცე.
-კარგად,-სკამზე ჩამოჯდა და ფეხები გააქანავა.-იცი,თორნიკეს ერთ კვირაში გამოწერენ,მაგრამ სულ უნდა იწვეს,ადგომა არ შეიძლებაო,-თქვა და მაგიდაზე მდგარ ორცხობილას ხელი წაატანა.
-რა ცუდია,-მეწყინა.
-ხო,დედა იყო მისული სანახავად და მადონა სულ ტირისო,-დამწუხრებულმა მითხრა.
-თორნიკე ძლიერი ბიჭია,დაძლევს და ფეხზეც გაივლის,-დავამშვიდე.იმედიანად შემომხედა და ორცხობილა ჩაკბიჩა.
-იცი,შიო სკოლაში ივლის,-ვახარე ახალი ამბავი.
-მართლა?-გაოცება-სიხარულისგან თვალები დაჭყიტა.-ჩვენს სკოლაში?
-კი,ჩვენს სკოლაში.
-აუ,ანეტ,რა მაგარია,-ტაში შემოჰკრა.
-შენი დამრიგებელი ვინ არის?-ფიქრად მქონდა,ნიაკოს კლასში მოხვედრილიყო შიოც.
-მერი იამანიძე,კარგი მასწავლებელია,-შეაქო.-ჩემს კლასში იქნება?
-არ ვიცი,ვნახოთ,სკოლაში მივალ ხვალ და გავარკვევ.ამასობაში ჯუთაც მოვიდა.შემოსული არ იყო,ცხვირი მაღლა ასწია და სამზარეულოში დატრიალებული ოხშივარი ღრმად შეისუნთქა.
-რა გემრიელი სუნებია,იფ,იფ,რას ამზადებ, ანეტ?-თავი შემორგო და ნიაკოს დანახვაზე გაიღიმა.-ვა,ნიაკოც აქ ყოფილა,-თავზე აკოცა.ნიაკომაც შეიფერა.შემდეგ მე მომიბრუნდა,ლოყაზე მაკოცა და თან ქვაბში ჩაიჭყიტა.
-მმ,ჩემი საყვარელი აჯაფსანდალი.
-მეც მიყვარს,-ატლიკინდა ნია.
-ჰო და..მე და ნიაკო მოვულხენთ,არა ნია?-თვალი ჩაუკრა.
-ცოტა ხანში მზად იქნება,მანამდე შიოც მოვა,-ვახსენე ,თუ არა,შიოც შემოვიდა ჯილდასთან ერთად.ჯუთა,რომ დაინახა,კოპები შეკრა.
-ეს ჯუთაა,ჩემი მეგობარი,-შიოს ღიმილით შევხედე.
-გამარჯობა,-ჯუთამ ხელი გაუწოდა.შიომ ჯერ შეათვალიერა მისთვის უცხო მამაკაცი,ცოტა შეყოვნდა და გაუბედავად ჩამოართვა ხელი.
-რა კარგი მეგობრები გყოლია, ანეტ!-ჯუთამ შიოს გასაგონად მითხრა.
-საუკეთესოები,-გავიღიმე და სუფრის გაწყობა დავიწყე.ნია და შიო რაღაცას ჩურჩულებდნენ,მგონი სკოლის ამებებზე.
-მოგვიანებით მზიკოს მოვიყვან,-ხმადაბლა მითხრა ჯუთამ და უცებ ჩამაშხამა მთელი დღის სიხარული.სახეზე შემატყო,როგორ ავილეწე,ირონიულად გაიღიმა.მადა დაკარგული მივუჯექი მაგიდას.არც შიოს ეტყობოდა დიდი მადიანობა,ნაყინის და ღვეზელების ბრალი იყო ალბათ.ჯუთა და ნიაკო კი კოხტად აწობდნენ პურს საჭმელში.
-ბებო მოვიდოდა,წავალ მე,-სკამიდან წამოიწია შიო.ნიაკოც წამოხტა,მეც გავყვებიო.აღარ შემიყოვნებია ბავშვები,ხასიათი შემეცვალა,ვფიქრობდი,როგორ შევხვდებოდი ქალბატონ მზიკოს!
-ანეტ,თუ რაღაც გაბრკოლებს,შემიძლია სხვა დღისთვის გადავდო,-მითხრა ჯუთამ და თვალებმოწკურული დამაკვირდა.
-რა უნდა მაბრკოლებდეს,სამოვნებით გავიცნობ,-ვაი,იმ გაღიმებას,მე,რომ გავიღიმე.
-ძალიან კარგი..-თითები მაგიდაზე აათამაშა.ჩემს ნერვებზე უარესად დაუკრა,სურვილი გამიჩნდა რამე დამემტვრია.
-გავალ,ნამცხვარს ვიყიდი,-ვთქვი ხმადაბლა.
-არ არის საჭირო,მე თვითონ ვიყიდი,-ირონია არ მოშორებია სახიდან.წამოდგა და მომიახლოვდა.ინსტიქრურად დავიხიე უკან.
-რა გჭირს ანეტ?რაღაც აფორიაქებული მეჩვენები,-ხელი ჩემს სახისკენ წამოიღო.
-გეჩვენება,-დაბნეულმა ვუპასუხე.
-მე მომყავს ცოლი,შენ კი არა,დაწყნარდი,-გაიცინა.დამცინის კიდეც,არა,ჩემი ხელით დავახრჩობ!
-და ვინ გითხრა,რომ ვღელავ?-მკვახედ გამომივიდა.შემომხედა,თავი გადააქნია და გულზე მიმიხუტა.-ჩემი კაპასი,-მითხრა და ისე ნაზად მაკოცა ყურთან ახლოს,ლამის ჩავიკეცე.შევტოტმანდი,ვეცადე არ შეემჩნია.მაინც მიმიხვდა,შევატყვე,ფრთხილად გამიცაცუნა ზურგზე ხელი,ღრმად ჩაისუნთქა და გამეცალა.
-წყალს გადავივლებ,მოვწესრიგდები და წავალ მზიკოსთან შესახვედრად,-შეფიქრიანებულმა მითხრა.გავიდა ,თუ არა,პირზე ხელი მივიჭირე,ჩემში მოვარდნილი ხმა ,რომ ჩამეხშო.მივხდი,ჯუთა გაცნობის დღიდან მიყვარდა,თავს არ ვუტყდებოდი,არ მინდოდა ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულებას სხვაგან გადაეხვია.შეიძლება,ისიც ასე ფიქრობდა და ამდენი წელი ორივემ თავი დავიტანჯეთ.მის ქცევებზე და შეხებაზე ვხვდები,რომ თავს თოკავს,ჩემსავით ბლოკავს სიყვარულს.საშინლად მოვიწყინე.იქნებ,სჯობს ვუთხრა და გამოვუტყდე,მაგრამ ვაი,და ვცდები,სულ არ დავკარგო.უარესად წამიხდა ნირი.სააბაზანოდან ჯუთას ღიღინის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.ყური დავუგდე,"კარგი იყო,არ გამეცან თავიდან,შუა ზღვაში გადამაგდე ნავიდან.."გავიგონე მისი ხმა.ნეტავ, ჩემს გაცნობაზე ამბობს,თუ მზიკოს?! რა სულელი ხარ,ანეტ! შენ,რომ უყვარდე,სხვა ქალს,ხომ არ შეხვდებოდა? თუმცა,მეც იგივეს არ ვაკეთებდი? მგონი სამაგიეროს მიხდის! დამაცადე,შენ გიჩვენებ სეირს!
გავისტუმრე,თუ არა თავის სატრფოსთან,სარკეს მივუჯექი და გადავწყვიტე,რომ დღეს ძალიან ლამაზი უნდა ვყოფილიყავი.რა არის მაინც ქალი?! ჩავიფხუკუნე და ფერ-უმარილი მოვიმარჯვე.
***
მოაბრძანა! გავიფიქრე,როდესაც კარის ხმა გავიგე.შემოსასვლელში გავედი და ადგილზე შევდექი,მზიკომ გამიცინა და მომიახლოვდა.
-გამარჯობა,ანეტ,-გადამკოცნა.ძლივს ავმოძრავდი და მივესალმე.ჯუთამ საეჭვოდ შემათვალიერა,მზერა ჩემს ღრმად ამოჭრილ გულ-მკერდზე შეეყინა.არ ელოდა აშკარად,ასეთი გამოპრანჭული,თუ დავხვდებოდი.სტუმარი ოთახში შევიპატიჟე.
-ჯუთამ შენს შესახებ იმდენი რამ მიამბო,-მოკრძალებულად ჩამოჯდა სავარძელზე.
-რა გიამბო?-ჯუთას გავხედე.
-ის,რომ საუკეთესო მეგობრობა გაკავშირებთ,რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ,-გამიღიმა.
-ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია,-თავის ქნევით დავეთანხმე.-ყავას მოვამზადებ და შემდეგ ვისაუბროთ,-ვთქვი და სასწრაფოდ გავეშურე სამზარეულოსკენ.სულაც არ არის ლამაზი,აწოწილი,მოკლე თმით,წვრილი თვალებით,ნეტავ,რა მოაწონა? გონებაში უცებ ჩამოვაფასე სტუმარი.
-ქორწილში მიდიხარ?-როდის მომეპარა ჯუთა არ ვიცი,ლამის ზურგზე ამეკრა,ყურთან მიჩურჩულა.
-საიდან მოიტანე?-წინ წავიწიე.
-რა ვიცი,საზეიმოდ ხარ გამოწყობილი,-კისერზე თითით მომეფერა.
-უბრალოდ,მიდოდა ლამაზი ვყოფილიყავი,-მხრები ავიჩეჩე.
-ვისთვის?-ლამის ყურის ნიჟარაში შემომიძვრა.
-საერთოდ..არ შეიძლება?-შემოვტრიალდი.
-როგორ არა,უბრალოდ გამიკვირდა..-შუბლი მოისრისა.-მშვენიერი ხარ,ანეტ!-მითხრა და გავიდა.ხელის კანკალით გავამზადე ყავა და პირს აფარებული ყალბი ღიმილით გავედი სტუმართან.
-თქვენი გაცნობის ამბავი მომიყვა ჯუთამ,-გაიცინა მზიკომ.მეც გამახსენდა და გამეცინა.
-თქვენ სად გაიცანით ერთმანეთი?-ვკითხე და პასუხის მოლოდინში ყავა მოვსვი.
-როგორ,არ უთქვამს?-გაუკვირდა და მწყრალად შეხედა ჯუთას.რომელიც თვალებით მჭამდა.იმდენს იზამს,მიხვდება ეს გოგო,გავიფიქრე და უხერხულად შევიშმუშნე.
-მზიკო გეტყვისო,-ეშმაკურად შევხედე ჯუთას.
-ჩემი და მუშაობს პოლიკლინიკაში,მივაკითხე და მის კაბინეტში დამხვდა ჯუთა,პაციენტი ვეგონე,გასინჯვას მიპირებდა,-გადაიკისკისა. ახლა აქ,რა არის სასაცილო? გავიფიქრე და ზრდილობის გამო გავიღიმე.
-ვინ დამაცადა გასინჯვა?!-დანანებით თქვა ჯუთამ და თვალი ჩამიკრა.
-არა უშავს,დრო გაქვს,-წავკბინე.
-აჰ,ანეტ,შენც გყვარებია ხუმრობა,-მზიკო წამოწითლდა.
-ანეტ,ნამცხვარს ვის უნახავ?-შემახსენა ჯუთამ.
-სულ გადამავიწყდა,შენ მაინც გამოგეტანა,უცხო ხომ არ ხარ?-გავუცინე ჯუთას.
-ნუ ახლა,დიასახლისი შენ ხარ,-წარბები ასწია.ისევ გავედი სამზარეულოში,ისევ უკან გამომყვა,მოუსვენრობა ეტყობოდა.
-მოგწონს?-მოუთმენლად მკითხა.
-მე რა შუაში ვარ,მთავარია შენ მოგწონს,-უდარდელად ვუთხარი.
-ანეტ,რაღაც ისე ვერ ხარ,როგორც უნდა იყო.
-და როგორ უნდა ვიყო?
-თითქოს არ გიხარია,პირდაპირ მითხარი,არ მეწყინება,არ მოგეწონა?
-მომეწონა,-ვიცრუე.თვალი თვალში გამიყარა,ისე ახლოს მოიწია,მისი სუნთქვა ვიგრძენი.
-შენი ქცევა სხვა რამეს მეუბნება.
-რას?-ხმა გამეპარა.არაფერი უთქვამს,ოთახში შებრუნდა.მეც დავჭერი ნამცხვარი და ლანგარზე დადებული მივართვი ჩემს მეტოქეს.
-ცოტა კონიაკი ხომ არ დავაგემოვნოთ?-ჯუთას ხელში ბოთლი შევნიშნე.
-არა,მერე ისევ მე უნდა შემომიწვე ლოგინში და არ დამაძინო,-უცებ წამომცდა,გაუაზრებლად.მზიკო სახეზე ჯერ გამწვანდა,შემდეგ გაყვითლდა, ყურებს არ დაუჯერა.
-ერთადაც გძინავთ?-თვალები გადმოკარკლა.
-კი,ხშირად,-აღარ დავიხიე უკან,დაე, ის სხვა რაღაც ეგონოს.ჯუთას წამიერად შევხედე,ავად მიყურებდა.სულაც არ შემშინებია,პირიქით,თავისით მოიტანა სიტყვამ,რა ჩემი ბრალია?!
-ეგ როგორ?-გაოგნებულმა იკითხა.
-ჩვეულებრივ,ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს,ერთადაც გვძინავს,-ისე ვთქვი,თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყოს,უარესად მივასხი ცეცხლზე ნავთი და შევხედე ნელ-ნელა როგორ აალდა მზიკო.
-აბა,მეგობრები ვართო?-ახლა ჯუთასკენ მიმართა წვრილი თვალები.
-მეგობრებზე მეტი ვართ,-ოჰ,ვაჟბატონიც ჩემს მხარესაა.
-პირველად მესმის,-მზიამ უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები.
-დავლიოთ!-მხიარულად წამოვიძახე.
-არა,მე..მე მეჩქარება,-ენა დაება.ჩემმა გულმა სიხარულისგან ყირაზე გადაირა.მიზანში მოვარტყი,ყოჩაღ ანეტ! გაგაცოლებ შენ ვაჟბატონო! ჯუთას შევხედე და მივხდი,რომ გონებაში ჩამომახრჩო.მზიკო გველნაკბენივით წამოხტა.გაგაცილებო,მშრავალდ უთხრა სატრფომ.იუარა ქალბატონმა,მტრული მზერა მესროლა და უკან მოუხედავად გავარდა კარში.
-რა დაემართა?-მიამიტურად ვიკითხე.
-სანამ შენ არ გაგათხოვებ,ჩემი ცოლის მოყვანა გამორიცხულია,-გაეცინა ჯუთას.
-მე რა შუაში ვარ?!
-შეგეძლო თავი შეგეკავებინა და ჩემთვის გეთქვა ცალკე,რომ არ მოგივიდა თვალში,გავიგებდი,-თავი გადააქნია.
-ის ფხუკიანი იყოს,რა ჩემი ბრალია?-კატასავით ზურგზე არ დავეცი.
-ანეტ!-დამიბღვირა.
-რა ანეტ? თუ ჩვენს მეგობრობას მზიკო გირჩევნია?-ხმას ავუწიე და მივხდი,ისტერიკა მიტევდა.
-ეჭვიანობ?-ცალი წარბი ასწია.
-შენ ეჭვიანობდი დათოზე,რეზოზე,ნუკრიზე?-არც მე დავაკელი.
-არა,საშენო არ იყო ,არცერთი,-მომიახლოვდა.
-ჰოდა..არც მზიკოა საშენო!-თვალები დავაკვესე.
-ა,სამაგიეროს მიხდი?-თვალი თვალში გამიყარა.
-შემეშვი!
-ჩხუბის ხასიათზე ხარ?-მკლავში მომკიდა ხელი.
-მშვენიერ ხასიათზე ვარ!
-რაღაც არ გეტყობა,ზედმეტად აგაფორიაქა მზიკოს გამოჩენამ.
-მზიკო!-ვთქვი და ტუჩები დავპრუწე,ჯუთას სიცილი აუტყდა.
-მულ-დედამთილის ასორტი ხარ,მტრისას,-მომეხვია და მკერდზე მიმიკრა.სუნთქვა,იმის იმედით შევაჩერე,რომ გული ხმაურს შეწყვეტდა.ამაოდ გავისარჯე,მიხვდა,იგრძნო და გაეღიმა.
-მოდი,ასე მოვილაპარაკოთ,-უკან დაიხია.-შენ საცოლე ამირჩიე,მე საქმროს აგირჩევ,მოსულა?
-არ ხარ კარგად,-გამეცინა.
-აბა,როგორ მოვიქცეთ?-შუბლზე ჩამოყრილი თმა,ფრთხილად გადამიწია და ისე ჩამხედა თვალებში,მივხდი,ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადადიოდა.
-მაპატიე,-ჩუმად ვუთხარი.
-რისთვის?
-გაგიფუჭე ყველაფერი..
-რა სულელი ხარ,-ისევ გულზე მიმიკრა.მეც გავისუსე,ისე მესიამოვნა მისი სიახლოვე,წელზე მოვხვიე მკლავები და თავით მივეყრდენი.
-მგონი რაღაც ხდება ჩვენში..-ხმადახშულმა დაიწყო და ცხვირი კისერთან გამისვა.შევხტი,არ მინდოდა ეთქვა მიზეზი,ამისთვის მზად არ ვიყავი,ჯერ კიდევ ჭიდილი მქონდა ჩემს თავთან.
-ბუნებრივია,ალბათ,ერთმანეთისთვის უკეთესი გვემეტება და ამიტომ,-გვერდი ავუქციე,ასე სჯობდა.ერთი ამოიოხრა და ჯილდას მიუტრიალდა და რაც ჩემთან ვერ გამოხატა,მთელი გრძნობა მას დააფრქვია.უხმოდ ავალაგე მაგიდა და დასაწოლად მოვემზადე.
-დავიძინოთ ერთად?-თავი შემოყო.უარის ნიშნად ხელით ვანიშნე.არც დაუძალება,ისე გავიდა თავის ოთახში.აფორიაქებულს რა მომასვენებდა? შამფურივით ვიტრიალე მთელი ღამე,არც ჯუთას სძინებია,მესმოდა საწოლის ჭრიალი,ისიც ცეცხლშენთებულივით ბრუნავდა.
დილით,ორივე თვალებდასიებული გამოვედით საძინებლებიდან,მორიდებულად მივესალმეთ ერთმანეთს,თითქოს დანაშაული ჩაგვედინოს.უხმოდ ვისაუზმეთ და მე ჯერ სკოლაში წავედი,შიოს საბუთები უნდა მომეგვარებინა.ჯუთა კი სამსახურში.
საღამოს,ჩვენდა გასაოცრად,მოიღრუბლა და წვიმამ დასცხო.გახურებულ ასფალტს ორთქლი აუვიდა.აგრილდა.სამსახურთან დამხვდა ჯუთა,არ ველოდი.ჩაფიქრებული იდგა.
-ხომ მშვიდობაა?-გამიკვირდა.
-დღეს დედაჩემმა მომაკითხა,-თქვა და დადუმდა.მეც ენა ჩამივარდა.ამდენი წლის შემდეგ,როგორ გაახსენდა შვილი?!
-მერე?-ავღელდი.
-არაფერი,-მხრები აიჩეჩა.
-როგორ არაფერი?რა გითხრა?
-ორი და მყოლია,მინდა გაიცნო,იქნებ სად ხვდებით ერთამენთს,ვიცი,მე არ მაპატიებ,მაგრამ იმათ დანაშაული არაფერში მიუძღვითო,-ოდნავ გაეღიმა.
-აქამდე სად იყო?-გავბრაზდი.
-რუსეთში ვცხოვრობდით და ახლა ჩამოვედითო,-გულდამძიმებულმა თქვა.
-შენ რას ფიქრობ?-ხელი ხელზე მოვკიდე.ძლიერად მომიჭირა თითები.
-ვერაფერს ვფიქრობ,მოულოდნელი იყო,გადახარშვა მიჭირს,დები მყოლია..
-თავის თავზე არაფერი გითხრა?-დამაინტერესა.
-არ მოვუსმინე,ტირილით წავიდა,-ნერვიულობისგან ყბა აუთამაშდა,ასე იცის. რა მეთქვა და როგორ გამემხნევებინა? წამიერად მის ტყავშიც შევძვერი და მეც დავიბენი,იგივე,რომ გადამხდენოდა,როგორ მოვიქეოდი,არ ვიცი.
-გინდა დავლიოთ?-დროებითი გამოსავალი მოვძებნე,ცოტა გულზე,რომ მოშვებოდა.ცხოვრებაში სასმელს არ გავკარებივარ და მიხვდა,რამხელა მსხვერპლზე მივდიოდი.გამიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
კაფე "მეტრო"-ში შევედით.აივანზე დავსხედით.ჯერ კიდევ წვიმდა,სასიამოვნოდ გრილოდა.ძლიერ ალკოჰოლს,შამპანური ვამჯობინე.
-ცოტას დავლევ,-წინასწარ დავიზღვიე თავი.
-რამდენიც გენებოს,-სასმლით სავსე მაღალყელიანი ჭიქა მოიმარჯვა.-ანეტ,ჩვენ გაგვიმარჯოს,-ოდნავ მომიჭახუნა და მოწყურებულმა დალია.მეც მოვსვი,მომეწონა.
-შენ ხარ ადამიანი,რომელიც ჩემთვის ყველაფერია..-მძიმედ დაიწყო.-ამ სამ წელიწადში,იმდენი სითბო და სიყვარული მაჩვენე,ადამიანების მიმართ ნდობა დამაბრუნებინე,არ ვიცი,როგორ ახერხებ ამას,ან აქამდე უშენოდ როგორ ვცხოვრობდი,თურმე რამდენი ბედნიერი დღე გამომიტოვებია,-სევდიანად გამიღიმა.
-შენც იგივე ხარ ჩემთვის,ჯუთა,ვერ წარმომიდგენია,უშენოდ ჩემი ცხოვრება,-თვალები ამიჟუჟუნდა,ერთი კოვზი სასმელი მეყო.
-შენს ადგილს,ვერავინ შემიცვლის,აქ ხარ,შეხორცებული,-გულზე დაიდო ხელი.შინაგანად გავთბი,ბევრჯერ მომფერებია ქცევით,მაგრამ ასე სიტყვებით,გაბედულად,არასდროს.
-ვიცი,მჯერა,-მეორე ყლუპიც მივაყოლე.
-როგორც ჩანს,მოგეწონა,-თვალით შამპანურზე მანიშნა და თვითონაც გადაჰკრა მეორე ჭიქა.თავი დავუქნიე,უფო მემჩატა თავი.
-შენი დები აუცილებლად უნდა გაიცნო,-ვუთხარი და დავაკვირდი.ხელმეორედ აუთამაშდა ყბის ძვალი.
-დედაჩემი,რომ დავინახე,ამდენი წლის ნაგროვები სიბრაზე და წყენა,თითქოს დამავიწყდა,მითუმეტეს,რომ არ იმსახურებს,მზად ვიყავი ჩავხუტებოდი კიდეც,ძლივს შევიკავე თავი,-დანანებით ჩაილაპარაკა.
-გენატრება და იმიტომ,სულ გენატრებოდა,-მივხდი რასაც განიცდიდა.
-მამაჩემისგან მალულად ,დედას სურათები შენახული მქონდა,როცა მარტო ვიყავი,ვეფერებოდი,ვუბრაზდებოდი,ხან ვპატიობდი,ხან არა..-თქვა და მესამედ შეავსო ჭიქა.
-არ ვიცი,რამ გადაადგმევინა ის ნაბიჯი,მაგრამ შენი დატოვებით,უპატიებელი ჩაიდინა,-რა ვქნა,სიმართლეს ვამბობ.ყველაფერი,ყველაფერი,მაგრამ შვილის მიტოვებას ვერ ვამართლებ და მომკალით. სიბრაზისგან ბოლომდე გამოვცალე ჭიქა.სასიამოვნო თავბრუსხვევა ვიგრძენი,სულაც არ ყოფილა ცუდი ალკოჰოლი,ხანდახან საჭიროა,თურმე.
-ზუსტად,მაგის პატიება მიჭირს,მე რატომ მიმატოვა? იმდენად არ უყვარდა მამაჩემი,რომ ჩემზეც უარი თქვა,-სახე შეეცვალა.
-სჯობია,მოუსმინო,თუნდაც უკანასკნელად,მაგრამ აუცილებლად უნდა მოუსმინო,ბოლოს და ბოლოს,სიცოცხლე გაჩუქა,ამის გამო მაინც.
-დრო მჭირდება.
-რა თქმა უნდა,დამშვიდდი და ისე გადაწყვიტე.
-მადლობა,ანეტ.
-რისთვის?
-ყველაფრისთვის.
ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ და დავლიეთ კიდეც,შიოს სკოლაში მისვლის ამბებიც ვუთხარი,გაუხარდა.ცოტა ფეხარეული გამოვედი კაფედან,დამცინა ,მკლავი გამომდო და ტაქსი გააჩერა. ტროლეიბუსში შენი ასვლა არ შეიძლებაო.კარგი ყოფილა სიმთვრალე,რაღაც მსუბუქად უყურებ ყველაფერს,დიდად არ ნაღვლობ,რა მოხდება.გვერდით მომიჯდა და მიმიხუტა,სახლამდე არ გაწეულა,ძლიერად ვყავდი მიკრული.
ჯილდას ჩემი სასმლის სუნი არ მოეწონა,დამიღრინა და ყეფა ატეხა.
-მიბრაზდები?-დავიხარე და ლამის წავიქეცი,ხელი ჯუთამ შემაშველა.
-მალალიტრაშკა ხარ,-კიდევ დამცინა.
-შენ ხომ რას ამბობ?-უკმაყოფილოდ შევხედე.
-მეზობლებს,ხომ არ დაითვლიდი?-კარი გამოაღო.
-მთლად მასეც არ ვარ,-გამეცინა და საძინებლისკენ წავედი,ვიგრძენი,საწოლი მისწრება იქნებოდა.უკან მომყვა ჯუთაც.
-ისედაც დამეძინება,არ მინდა იავნანა,-გამეცინა.
-აბა,ტყუილად ვიმეცადინე?-შეიცხადა.
-რა გადარეული ხარ,-ხელი მივარტყი.
-აჰა,უკვე მცემს,სულიკოს დავუძახებ,მიშველოს,-კედელზე მიაკაკუნა.იქიდანაც საპასუხო კაკუნი გაისმა,ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-ეს კაცი,მგონი კედელთან ზის მუდმივად,-ჩავიფხუკუნე.
-გვდარაჯობს,-ამყვა ჯუთაც.
-კარგი,წადი ,დაწექი შენც,უნდა გამოვიცვალო,-იმდენად მთვრალიც არ ვიყავი,რომ ტანსაცმლიანად დავწოლილიყავი.
-მოგეხმარები,-ზურგზე,კაბის ელვას დასწვდა.
-ჯუთა?!-თვალები დავუბრიალე.
-რა იყო,გოგო,მადლობა თქვი,გეხმარები.
-ჩემითაც მოვახერხებ.
-კარგი ბატონო,-ხელები ასწია.
-გადი,-შევახსენე.
-არ მეძინება,ცოტა ხანს წამოვწვები რა შენთან?
-არა,-კატეგორუილი ვიყავი.ვიცოდი,თვითონ თუ არა,მე ვერ შევიკავებდი თავს და სისულელეს ჩავიდენდი.
-ამ ბოლო დროს,მგონი გაშინებს ჩემი სიახლოვე?-ეშმაკურად აიციმციმდა თვალები.
-მე არაფერი მაშინებს,-სიწითლე შემერია სახეზე.
-ჩემი გულადი გოგო,აბა,ვნახოთ,-ისკუპა და საწოლზე წამოწვა.გაბრაზებულმა შევხედე,საღამურს ხელი დავავლე და სააბაზანოში გავედი.მომესმა,როგორ ჩაიცინა.გამოვიცვალე და ჯუთას საწოლში დავწექი.მელოდოს! ვთქვი ჩემთვის და ბალიშს მოვერგე.
-ანეტ,გამირბიხარ?-თავზე დამადგა,შევხტი.
-მეძინება..
-მე არა,-ახლა აქ ისკუპა და მომიწვა,უცებ ამიხურდა ზურგი და მთელ სხეულს მოედო.
-დაწყნარდი,-ყურთან მიჩურჩულა.დაწყნარდი ადვილი სათქმელია,გახურებულ ნაკვერჩხალივით ვწევარ.გარეთ ძლიერად დაიგრუხუნა,შიშისგან ყურებზე ავიფარე ხელები.
-ნუ გეშინია,-მუცელზე მომხვია მკლავი,ასე ახლოს არასდროს წოლილა ჩემთან.ორივე კარგად ვგრძნობდით,საითაც მივდიოდით,უსიტყვოდ,ჩვენი სხეულები ამბობდნენ სათქმელს.
-ჯუთა,-ვეცადე გავწეულიყავი.
-ჰო,ანეტ,-უფრო მიმიხუტა და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო.მონატრებულივით,ხარბად შემისუნთქა.
-რა ხდება?-ხმა შემეცვალა.
-შენ როგორ ფიქრობ?-კითხვა შემიბრუნა.
-ისე აღარ არის,როგორც ადრე,-მივახვედრე.
-აღარც იქნება,დროა თავს გამოვუტყდეთ,მოვრჩეთ დახუჭობანას,-კისერზე ნაზად მაკოცა.შიგნეულთან ერთად ბუსუსებიც ამეშალა.
-შენც?-მუცელზე მოხვეულ მის ხელს თითები მოვუჭირე.
-მეც ანეტ,მეც,პირველივე დღიდან,-კიდევ მაკოცა.
-მერე,აქამდე რატომ არ მითხარი?
-შემეშინდა,არ ვიცოდი შენ რას ფიქრობდი,არ მინდოდა გამეფუჭებინა ურთიერთობა და დამეკარგე,ამას ვერ გადავიტანდი,-ახლა მხარზე ჩამოაცოცა ტუჩები.ადამიანი ვარ,რკინა ხომ არა,ამეშალა ვნებები,თუმცა, ვეცადე და თავი მოვთოკე.
-ახლა რა იცი,რას ვფიქრობ?
-ვიცი,დარწმუნებული,რომ არ ვიყო,აქ არ ვიწვებოდი.
-აბა,მზიკო?-დავეჭვდი.
-ეჭვიანო,-ცხვირზე წამკრა თითი.-მზია კარგი იარაღი იყო,შენი თავი,რომ გაგეყიდა.
-აჰა,ესე იგი,ამისთვის გამოიყენე?-გავბრაზდი და ვეცადე გავწეულიყავი.
-ნუ,ცუდი საქციელია,მაგრამ უნდა გამეგო,უნდა მცოდნოდა,რას გრძნობდი ჩემს მიმართ,-ტკიპასავით მომეკრა.მეც ბაჭიასავით გავინაბე.
-გადმობრუნდი.-ჟინმორეულმა ხმამ შემაკრთო.
-ასე ვიყოთ,-დავიძაბე.
-როგორც გინდა,-მიმიხვდა,რომ არც ისე იოლი იყო ჩემთვის.
-მადლობა,-მოხვეულ მკლავზე მოვეფერე.
-იმ ტელეფონის ჯიხურს ძეგლი უნდა დავუდგა,-გაეცინა.
-ეკუთვნის,-მეც ბედნიერებამ გადამირბინა სახეზე.
გარეთ ქუხდა,ცა ფეხად ჩამოდიოდა,წვიმას საშინელი სეტყვა მოჰყვა.უკვე საკმაოდ დაღამებულიყო,კარზე კაკუნი,რომ გაისმა.ერთდროულად წამოვყავით თავი.ვიფიქრე,ახლა ისევ ნუკრი,თუ მომადგა მთვრალი,უეჭველი ვერ გადაურჩებოდა ჯუთას.სასწრაფოდ წამოვხტი და კარს ვეცი.შიო იდგა შეშინებული სახით,თავიდან ფეხამდის გალუმპულს ტუჩები გალურჯებოდა.
-რა მოხდა,შიო?-ხელი ვტაცე და ცუდი ამბის მოლოდინში,სხეული დამეჭიმა.ჯუთაც მოვიდა და ბავშვის დანახვაზე,მის წინ ჩაიმუხლა.
-რა დაგემართა?-ამან ცალკე ჰკითხა.შიო ენა ჩავარდნილი იდგა.
-შიო,რა გჭირს?-შემეშინდა და მსუბუქად დავაჯანჯღარე.
-მართა ბებო..-ძლივს გახსნა პირი.
-რა ბებო,რა დაემართა?!
-აღარ სუნთქავს,-თქვა და ცრემლები წასკდა.როგორ ჩავიცვი არ მახსოვს,გიჟივით გავრბოდი გორაკზე,უკან ჯუთა მომდევდა.ქოხში შევიჭერი და საწოლში უძრავად მყოფ მართა ბებოსთან მივედი.
-გამოდი აქეთ,-მკაცრად მითხრა ჯუთამ და გვერდზე გამწია.პულსი გაუსინჯა და უიმედოდ გააქნია თავი.ცრემლები წამსკდა.კარში მდგარ შიოს დანახვაზე,უარესად ავტირდი.
-სასწრაფოში უნდა დავრეკოთ,-ჯუთამ გამომხედა.
-ზიზის აქვს ტელეფონი,წავალ,-ფეხათრევით მივედი შიოსთან,ისეთი თვალებით შემომხედა,ადგილზე მოვკვდი.
-წამოდი ჩემთან,-ხელი მოვკიდე.არ გამძალიანებია,გამომყვა.
შიო სახლში დავტოვე.საკმარისი იყო რაც ნახა და განიცადა.შემპირდა,აქ ვიქნებიო.მე სასწრაფოში დავრეკე და ისევ წავედი.სასწრაფომ მილიციაც გამოიძახა.მოვიტყუე ნათესავი ვარ,მოსაკითხად გადმოვედი და ასე დამხვდა-მეთქი.საეჭვოდ კი შემათვალიერეს,მითხრეს დაგიბარებთ განყოფილებაშიო და წავიდნენ.
-არავინ ჰყავთ,რა უნდა ვქნა,ჯუთა?-შეწუხებულმა ვკითხე.
-მოვაგვარებთ ყველაფერს,მთავარი ახლა შიოა,-დამაიმედა.

სახლში მისულებს,კარიდანვე შემოგვესმა შიოს სლუკუნი,ცდილობდა ხმადაბლა ეტირა,გული მომეწურა.ზიზიც მოგვყვა უკან,ნიაკოსთან ერთად.გავაღვიძე ყველა,მომერიდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.ნია შიოსგან შორიახლოს დადგა,მისვლა ვერ გაბედა.სახე ჩამოსტიროდა,თავისებურად,ბავშვურად უთანაგრძნობდა.ჩვენ სამზარეულოში დავსხედით.ზიზი ძალიან შეწუხებული იყო,მეზობლებმა მოვაგროვოთ ფული და დავკრძალოთ,მე ვითავებ ამ საქმესო.ცოტა ხანს ვისაუბრეთ და შევთანხმდით.მთავარი ახლა შიო იყო,როგორ და რანაირად იქნებოდა,მარტო ხომ ვერ იცხოვრებდა?!
-ჩემთან დავტოვებ,-ზიზი,რომ წავიდა,ჯუთას ვუთხარი.
-დიდი პასუხისმგებლობაა,თუმცა, სხვა გზას ამ ეტაპზე მეც ვერ ვხედავ,-ჩაფიქრდა.
-სულ მარტოდ დარჩა,-ვთქვი და შიოს გავხედე,მოკუნტული იწვა ჩემს საწოლზე და ტიროდა.
-დედაჩემმა ,რომ მიმატოვა,ასე ვტიროდი ზუსტად,-შუბლი შეჭმუხნა ჯუთამ და შიოსკენ წავიდა.
იმ ღამეს ჯუთას შიოსთან ერთად ჩაეძინა,მე თეთრად გავათენე. იმდენი ვინერვიულე,დილით ჩემი ხმა ვერ ვიცანი.გამშრალი და ჩამწვარი ყელი მტკიოდა.ჩაი გავამზადე და ბიჭებიც გავაღვიძე.შიო შედარებით დამშვიდებული მეჩვენა.
-როგორ უნდა დავასაფლავო ბებო?-დიდი კაცივით იკითხა.
-შენ არაფერზე ინერვიულო,შიო..მე და ანეტა მივხედავთ,-ჯუთამ მხარზე ხელი მოუთათუნა.
-ბავშვთა სახლში წამიყვანენ?- შიშჩამდგარი თვალებით შემომხედა.
-არსად გაგიშვებ,ჩემთან იქნები,-იმედიანად გავუღიმე.
-სულ?-დაუჯერებლად მოეჩვენა.
-შენ ,თუ გინდა,სულ,-თავი დავუკარი.შევატყვე გაუხარდა,შუბლი გახსნა.
შიო სახლში დავტოვეთ და საავადმყოფოში წავედით,იქიდან კი მილიციის განყოფილებაში.შიოზე პრობლემა შეიქმნა,მეურვე,აუცილებლად ნათესავი უნდა იყოს,ისე ვერ დაგიტოვებთო.დადარდიანებული წამოვედი.ჯუთა გზადაგზა მამხნევებდა,ნუ გეშინია,ჩავრევ ხალხს და როგორმე მოვაგვარებო,სახლამდე მიმაცილა და წავიდა.ბავშვს პირობა მივეცი და ვერ გავტეხავდი,ჩემს იმედად იყო დარჩენილი.მე პირდაპირ ზიზისთან მივედი,დედაჩემთან დავრეკე.მოვუყევი ყველაფერი.საღამოს გამოვალო,მითხრა.
სახლში,რომ შევედი,ელდა მეცა,შიო არ დამხვდა.მაშინვე გორაკისკენ გავემართე.ქოხში იყო და ალაგებდა.ზრდასრული ადამიანივით ტრიალებდა.მოწოლილი ცრემლები გადავყლაპე და საწოლზე დახვავებულ ტანსაცმელებს მივადექი.ვეცადე ამერჩია მართა ბებოსთვის უკანასკნელი ჩასაცმელი.
-ეგ კაბა უყვარდა,-გამომხედა შიომ.-მეტი არც ჰქონია,-გულდაწყვეტით თქვა.
-შენ ძლიერი ბიჭი ხარ,ყველაფერს გაუმკლავდები,აი,ნახავ,-ჩავეხუტე.
უხმოდ მივალაგეთ ყველაფერი,მოვგავე,მოვწმინდე,ცოტა მოსუფთავდა.სულიკომ ტახტი მოიტანა,არ ვიცი საიდან,არ მიკითხავს,ოთახის შუაგულში დადგა და ჩუმად მკითხა.
-როდის იქნება დაკრძალვა?
-ვფიქრობ ზეგ,ხუთშაბათს.
-ამ ბავშვს რა ეშველება?-შიოზე მანიშნა.
-ჩემთან წავიყვან.
-მეც მოგეხმარები,თუ კი რამ შემიძლია,-ხელი მომკიდა.უცოლოა კაცია სულიკო,ბერბიჭა.მშვიდი ადამიანი და კარგი მეზობელი.მისი სიტყვები გულს მომეფინა,გავუღიმე.
***
მართა ბებოს დაკრძალვის დღესაც წვიმდა. ჩვენი სამეზობლო ვიყავით ჭირისუფლად.დედაჩემი და ბესო მოვიდნენ,ჩემდა გასაკვირად მადონაც მოვიდა,შიოს მოეხვია და არ ვიცი რას ეჩურჩულებოდა ყურთან,შიოს სახის გამომეტყველებაზე მივხდი,რომ შესარიგებლად მოსულიყო.მესიამოვნა.
მდუმარედ გავუყევით სასაფლაოს გზას.შიოს შემხვედვარე,გული მიკვდებოდა,მის ერთადერთ იმედს ბოლო გზაზე აცილებდა.ნიაღვრად წამოსულ ცრემლებს,მაჯით იწმენდდა.ნიაკოც თვალცრემლიანი უთანაგრძნობდა.
მივაბარეთ მიწას მართა ბებო,თავის შვილს მივუწვინეთ გვერდში.დამწუხრებულები გამოვტრიალდით.ეზოში პატარა სუფრა გაშალეს კაცებმა,შესანდობარი შესვეს.მე არ გავჩერებულვარ,შიოს მოვკიდე ხელი და სახლში ავიყვანე.დედაც გამომყვა,ბესო და ჯუთა ეზოში დარჩნენ.ემოციებისგან დაცლილს დასვენება მჭირდებოდა.
-მეურვეობას როდის გააკეთებ?-მკითხა დედაჩემმა.
-ხვალ,ჯუთას მეგობარი დაგვეხმარება,-დაღლილმა ჩავილაპარაკე და საწოლზე მივწექი.
-ძალიან მეცოდება,-შიოს გახედა,რომელიც ჯილდასთან ჩამუხლულიყო.
-სულ მარტოა,გესმის დე? ვერ მივატოვებ,-ცრემლები მომადგა.
-მესმის..გინდა,ჩემთან წავიყვან?
-არა,აქ იქნება,მე მივხედავ,ჯუთაც მომეხმარება,თქვენც და რა ვიცი,ყველა გვერდში დავუდგებით.
-ჰო,დედა,ჰო,-თავისთვის ჩაილაპარაკა და სამზარეულოში გავიდა.
მკვდარივით ჩამეძინა.სიზმარში მართა ბებო ვნახე,თავის შვილთან ერთად,ორივე მიღიმოდა.
***
მზიანი პირველი სექტემბერი გათენდა.ადრიანად ავდექი და შიოც გავაღვიძე.ნიაკოს სიურპრიზს ვუკეთებთ,მის კლასში მოვახვედრე შიო და არ ვუთხარით.პურზე კარაქი გადავუსვი და მივაწოდე.
-ანეტ,მე თვითონ წავისვამ ხოლმე,-გამომართვა და მადიანად ჩაკბიჩა.მიეჩვია ჩემთან ცხოვრებას,მეც მივეჩვიე,ასე მგონია ჩემი შვილია,შიოს გარეშე ვერ წარმომიდგენია ყოფნა,იმდენად შემაყვარა თავი.ჯუთა გადავიდა თავის სახლში,მორჩა რემონტს.თითქმის ყოველ დღე გვაკითხავს,ჩვენს შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს,ვხვდები,რომ დროს მაძლევს.მოდის და საათობით ეთამაშება შიოს,ნიაკოც სულ ჩვენთანაა,ისე უხარია,დაფრინავს.
ამაყად მომყვებოდა გზაზე,ხელი არ გაუშვია ჩემთვის,რამდენჯერ მომანათა ბედნიერი თვალები,ვინ იცის.მე უფრო ვღელავდი,არ ვიცი,რატომ.სკოლის ეზოში ბავშვების ჟრიამული ისმოდა.ლამაზად დავარცხნილი გოგო-ბიჭები ერთმანეთში ირეოდნენ. შიოს კლასის დამრიგებელი მოვძებნე,სიას კითხულობდა.ნიაკოც იქვე იდგა,დაგვიანახა ,თუ არა,ჩვენსკენ გამოიქცა.დიდი თეთრი ბაფთა,ლამაზად ჰქონდა დაკოსებული თავზე.მოვიდა და თითქოს პირველად დაინახა შიო,პირღიამ აათვალიერ-ჩაათვალიერა.
-ნიაკო,გილოცავ სწავლის დაწყებას,-ვაკოცე.
-მადლობა,-გაიპრანჭა და ისევ შიოს დააკვირდა.შიოსაც შევატყვე შერცხვა,მორიდებულად გაუღიმა.
-ვის კლასში ხარ?-ენატლიკინა ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.შიომ ამომხედა,ვუთხრა,თუ არაო?თავი დავუქნიე.
-შენ კლასში ვარ,-ახარა,თვითონაც გახარებულმა.ნიაკომ ჯერ თვალები ჭყიტა,შემდეგ ტაში შემოჰკრა და სიცილი დაიწყო.ბავშვების სიხარული მეც გადმომედო,ვცქმუტავდი,ადგილს ვერ ვპოულობდი.ხელჩაკიდებულები შევიდნენ სკოლის კარში,თვალი გავაყოლე,ბედნიერებისგან სახე მიცინოდა.ზიზიმ მითხრა,შუადღეს მე გამოვიყვან ბავშვებს,არ იდარდოო,დამშვიდებული წავედი სამსახურში.
***
შიომ კარგად დაიწყო სწავლა,მართალია ყოველ საღამოს ვამეცადინებდი,თუმცა,დამოუკიდებლადაც კარგად ართმევდა თავს.ჯუთაც აქტიურად იყო ჩართული მის სწავლა-განათლების საკითხში.ჩვენს ურთიერთობაზე კი სიტყვასაც არ სძრავდა.მოთმინების ფიალა მევსებოდა,ხასიათიც შემეცვალა,უფრო ჯუჯღუნა გავხდი,რაზეც ჩუმად ეცინებოდა.მაწვალებს და მეთამაშება! დავასკვენი და უფრო გავბრაზდი.
-ანეტ,ნიაკოსთან გამიშვებ?-მკითხა შიომ და წიგნი დაკეცა.
-თუ მეცადინეობა დაამთავრე,კი,-გავუღიმე.
-კი,ვისწავლე,-წამოხტა.-თორნიკესთან უნდა ავიდეთ,შევპირდით.
-კარგი ბავშვები ხართ,-ვუთხარი და ვაკოცე.თორნიკე უკვე სამი თვეა საწოლს არის მიჯაჭვული,კიდევ სამი თვე მოუწევს ასე,რთული ოპერაცია ჩაუტარდა.ბავშვები ხშირად აკითხავენ,მადონაც საგრძნობლად შეცვლილია შიოს მიმართ,სულ ეფერება.ბევრ საჩუქრებსაც ჩუქნის.სულიკო და ზიზი ძალიან მეხმარებიან,როდესაც მე ვმუშაობ,ბავშვს ყურადღებას აქცევენ.
შიომ კანფეტებით გამოიტენა ჯიბე და გაიქცა.გამეცინა.არ გასულა ცოტა ხანი და ჯუთამ შემოხსნა კარი,ზედმეტად მხიარული მეჩვენა.წარბები აათამაშა, მოულოდნელად ამიტაცა ხელში და დამატრიალა.
-რა ხდება?-გავიკვირვე.
-მომენატრე,-დამსვა და ჩამეხუტა.
-გუშინ არ მნახე?
-მერე რა,ყოველ წამს მენატრები,-შუბლი მომადო.-შენ?
-მე არა,-ვიცრუე.
-მართლა?-უკან დაიხია.
-მართლა,-სიტყვას არ გადავედი.
-დავიჯერო?-წელზე მომხვია მკლავი და მიმიზიდა.არ გამიშვას,თორემ წავიქცევი,გავიფიქრე.ფეხებში ძალა წამერთვა.
-როგორც გინდა,-გავჯიუტდი და თავის განთავისუფლება ვცადე.
-ტყუილად ფართხალებ,-უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი.
-გამიშვი,-გავუძალიანდი.
-ოჰ,ოჰ..-გაეცინა და ყელზე მაკოცა.უარესად მოვითენთე.
-გაგიშვა?-მითხრა და მეორედ მაკოცა,უფრო ხანგრძლივად.ინსტიქტურად თავი უკან გადავწიე.ჩემს ქმედებაზე გაეღიმა.თმაში მომკიდა ხელი და ნაზად დამაკვდა ბაგეზე.აყოლა დავაპირე,ტუჩები ავაცმაცუნე,თუ არა,შიო შემოვარდა ოთახში.დაგვინახა და შედგა.ორივემ შევხედეთ სახტად დარჩენილ ბავშვს.ისე შემრცხვა,აღარ ვიცოდი სად შევმძრალიყავი.
-ჩემი მანქანა უნდა ვაჩუქო თორნიკეს,-დამნაშავესავით ჩაილაპარაკა და თვალი აგვარიდა.ჯუთაც დაიბნა,იმანაც ვერ იპოვნა ადგილი.
-იცის,რომ მეგობრები ვართ,-შიო გავიდა და ჯუთას მივუბრუნდი.
-არა უშავს,მე დაველაპარაკები,-გაეცინა და თავი გააქნია.
-კვირას ბავშვები ზოოპარკში მინდა წავიყვანო,მარიტაც თავისებს წამოიყვანს.
-კარგია,მეც წამოვალ,-მოვიდა და ისევ მომეხუტა.
-გაჩერდი,-ხელი მსუბუქად მივკარი.დამემორჩილა და ხელი გამიშვა.
-დღეს თქვენთან დავრჩები,-გამომიცხადა.
საღამოს ჯუთამ საყელური გამოაბა ჯილდას და შიოსთან ერთად სასეირნოდ წაიყვანა.მივხდი,ჩემს გარეშე უნდა დალაპარაკებოდა და აეხსნა მისთვის.თორემ ისეთი დაბღვერილი გვიყურებდა,აშკარად გაბრაზებული ჩანდა.სანამ დაბრუნდებოდნენ ცოტა წავიმუშავე,ამ ბოლო დროს ბევრი საქმე დამიგროვდა და საყვედურებიიც გახშირდა მთავარ რედაქტორის მხრიდან.
-ანეტ..-შიო მოუახლოვდა ჩემს სამუშაო მაგიდას.თავი ავწიე.
-ჯუთამ მითხრა ყველაფერი..
-რა ყველაფერი?-თვალები დავჭყიტე.
-ერთმანეთი,რომ გიყვართ და მალე ცოლ-ქმარი გახდებით,-ეშმაკურად გაიცინა.გავწითლდი,არაფერი მითქვამს.ჯუთას ერთი ყური ჩვენსკენ ჰქონდა,გავხედე და თავი გადავაქნიე.საიდან მოიტანა დაოჯახება ასე უცებ?! მე აღარ მეკითხება,მზად ვარ,თუ არა? ან იქნებ,სულაც არ მინდა და გადავიფიქრე მასთან,ჩემს გარეშე რა უფლებით წყვეტს,ასეთ მნიშვნელოვან საკითხს,ავპილპილდი,მაგრამ შიოსთან არ შევიმჩნიე,მის დაძინებას დაველოდე და გაკაპასებული დავაცხერი ლოგინში ჯუთას.
-რატომ მოატყუე ბავშვი?!
-რა მოვატყუე?-ვერ მიხვდა და წამოიწია.
-ცოლ-ქმარიო?!
-უჰ,მეთქი რა მოხდა,-არხეინად გადაწვა ბალიშზე.
-მიპასუხე!-ფეხები დავაბაკუნე.
-მოდი აქ,-ხელი საწოლზე დაატყაპუნა.
-გამეცი პასუხი!-უარესად გავბრაზდი.
-დაწექი და გეტყვი.
-სულ გაგიჟდი შენ!
-შენ გამაგიჟე,- მოულოდნელად მწვდა და სანამ გავიაზრებდი,მის გვერდით აღმოვჩნდი.
-რას აკეთებ?-ავფართხალდი,თან შიოს ოთახისკენ გავიხედე.
-ჩუმად,გააღვიძებ,-აქეთ დამტუქსა და ტუჩებზე დამაცხრა.რამდენჯერმე ამაოდ გავიბრძოლე,ისე ვყავდი ჩაბღაუჭებული,რას მოვერეოდი.
- უარზე ხარ ჩემი ცოლი,რომ გახდე?-კოცნებს შორის მითხრა.ძალა წამერთვა,თავში და ტანში ერთიანად დამიარა სასიამოვნო ტალღებმა.ისე გრძნობით მკოცნიდა,შეკავებული კვნესა თავისით აღმომხდა.
-მიყვარხარ,-ჩემს მოშიშვლებულ მხრებს კოცნით გაუყვა.
-ჯუთა,გაჩერდი,-ჩემი ხმა შორიდან ჩამესმა.
-არ შემიძლია,უშენოდ ვერ ვძლებ,მინდა,სამუდამოდ ჩემი გახდე.
ლაპარაკის უნარი წამერთვა,ისე მეფერებოდა,გრძნობის მორევში ჩათრეულს,სულ გადამავიწყდა შიოც და ჩემი თავიც.
-გაჩერდი,-ის ხელი დავუჭირე,რომელიც ჩემს ტერიტორიას ზედმეტად იპყრობდა.
-კარგი,დღეს გადამირჩები,ბავშვს უმადლოდე,-გაიცინა.ასადგომად წამოვიწიე,დამიჭირა.
-ჯუთა,გეყოფა!-გავუბრაზდი.
-მორჩა,მორჩა,-ხელი გამიშვა და ამოიხვნეშა.
***
კვირა დღეს ზოოპარკის შესასვლელთან, მარიტა ვაჟიკოსთან და ბექასთან ერთად გველოდა.შიო და ნიაკო ძლივს გავაჩერე,ისე გადარბოდნენ გზაზე,ერთი სული ჰქონდათ,სწარაფად მისულიყვნენ ბავშვებთან.ჯუთა ვერსად დავლანდე.
-შენს საათზე ისრები უკუღმა ტრიალებს?-სიცილით მისაყვედურა მარიტამ.
-ოცი წუთით დავაგვიანეთ,-მაჯის საათს დავხედე და მეგობარს ჩავეხუტე.
-გადამდგეს!-ბავშვების მისამართით დაიწუწუნა და ხელმკლავი გამომდო.-ყველაფერს მომიყვები დეტალებში,ტელეფონში არეული საუბრობდი,-გაიცინა.
-ამომასუნთქე,-ქანცგამძვრალმა თვალები გადავატრიალე და სალაროსკენ გავითრიე.
არ მიყვარს გალიაში გამოკეტილი ველური ბინადრების ყურება.მეცოდებიან.სულ ვფიქრობ,როგორ ვატყვევებთ და თავისუფლებას ვართმევთ სამუდამოდ,ჩვენი სიამოვნებისთვის.შიოს გამო წამოვედი,არ იყო ნამყოფი.ბავშვებმა გაიხარეს და აღტკინებულნი დარბოდნენ ვოლიერების წინ.შიო თითოეულ ცხოველთან დიდხანს ჩერდებოდა და აკვირდებოდა.დაკვირვებები მეც მიყვარს,ბევრ საერთოს ვპოულობ ადამიანსა და ცხოველს შორის,თუმცა ,ხშირ შემთხვევებში ცხოველები გვჯობნიან.სანამ ბავშვები ერთობოდნენ,მე და მარიტა სკამზე ჩამოვსხედით,არ მომასვენა,სანამ ყველაფერი არ დამაყაჭინა ჯუთასთან დაკავშირებით.გაოცებისგან ბევრჯერ დააღო პირი და თვალებიც დაჭყიტა.
-მე თუ მკითხავ,თქვენს მეგობრობას თავიდანვე დიდი სიყვარულის სარჩული ედო,უბრალოდ თავს იბრმავებდით,შეგნებულად,-მეტი დამაჯერებლობისთვის თავი დააქნია.
-მეც მასე ვფიქრობ,ვერავის დავუდე გული,უკან მქაჩავდა რაღაც,ეს რაღაც ჯუთას სიყვარული იყო,- დავეთანხმე.
- ერთმანეთს კარგად იცნობთ,იცით,რა გიხარიათ,რა გწყინთ,კარგი ბიჭია ჯუთა,მასთან ბედნიერი იქნები,-მითხრა და მომეხუტა.ათას ჭორ-მართალს მივედ-მოვედეთ,სანამ ბავშვები ერთობოდნენ,ენები გადავიტყავეთ.
სახლში კმაყოფილები დავბრუნდით,შიო და ნიაკო ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.შევპირდი,მეორე კვირას მუშთაიდის ბაღში წაგიყვანთ,თუ კარგად ისწავლით -მეთქი,ერთხმად შემპირდნენ,რომ წიგნებს "დაღეჭავდნენ".
ჯუთა არა და არ ჩანდა,შევფიქრიანდი.ზიზისთან დავაპირე გასვლა,დასარეკად,თან ვბრაზობდი.კარი გამოვაღე და ვაჟბატონიც შემოვიდა ეზოში.სახე უცინოდა.
-რატომ არ მოხვედი?-წარბი ავუწიე.
-გამარჯობა,ანეტ,-ოფიციალურად დამიკრა თავი.
-გაგიმარჯოს,-ნაწყენმა შევხედე.-სად იყავი?-მაინც ვერ მოვითმინე.
-დამაცადე,შემოვიდე,-გაეცინა.
-მობრძანდი,-გზა დავუთმე.
-ოჰო,ტაფაც ხომ არ გიჭირავს?-წელზე მომხვია ხელი.უკან გადავხტი,შიოსკენ გავიხედე,თვალს გვარიდებდა.
-თუ საჭირო გახდება,დავიჭერ,-დავუღრინე.
-ანჩხლი,კაპასი..
-თუ არ მოგწონს,არავინ გეხვეწება,-არ დავაცადე სიის გაგრძელება.
-დღეს ჩემი დები გავიცანი,-დასერიოზულდა.
-ბატონო?
-წამოსასვლელად რომ ვემზადებოდი,მოულოდნელად მოვიდნენ.
-მერე?-არ მოსვლის მიზეზი ისე მესიამოვნა,სახე უცებ გამებადრა.
- არ იცოდნენ ჩემი არსებობის შესახებ,დაუმალავს დედაჩემს,სანამ საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდოდით,მაშინ გვითხრა,ერთი თვე არ ველაპარაკებოდით ამის გამო,ჩვენ გიხდით ბოდიშს და იქნებ დედასაც დაელაპარაკო,უპატიებელი შეცდომა კი ჩაიდინა,მაგრამ გააზრებული აქვს და ნანობსო,-ამოიოხრა.
-უნდა დაელაპარაკო,მაშინ პატარა გოგო იყო,უქროდა..არავინ იცის,წყვილს შორის რა ხდებოდა,რატომ აიცრუა ოჯახზე გული.
-ნუ ამართლებ! აქ მამაჩემზე არ არის საუბარი,მე მიმატოვა,მე! საკუთარი შვილი!-ხმას აუწია.
-არ ვამართლებ,უბრალოდ ვცდილობ მიზეზი მოვძებნო,რისთვისაც გადადგა ეგ ნაბიჯი.
-ტყუილად ეძებ,გამართლება არ აქვს მის საქციელს!
-კარგი,დამშვიდდი და კიდევ დაფიქრდი,-შევატყვე ძალიან გაღიზიანდა.აღარაფერი უთქვამს,შიოსთან მივიდა,ჯიბიდან მუჭით ამოიღო კევები და გაუწოდა.
-თქვენთან ვრჩები ,-გამომხედა.გამიხარდა,მაგრამ არ შევიმჩნიე.
არ მიყვარს ორშაბათი.ჩემთვის მძიმედ იწყება და მთელი კვირა ზოზინით გადის.შაბათამდე დღეები მოსაწყენად იწელება.შიოსაც ეზარებოდა სკოლაში წასვლა,მგონი სიცხე მაქვსო,წარა-მარა შუბლზე იდებდა ხელს.გამეცინა,ეს მოკლეფეხება ტყუილები ჩემთან ვერ გაჭრიდა.წიგნებით სავსე ჩანთა ზურგზე ავკიდე და სკოლაში წავიყვანე.გზაში კი იბუზღუნა ცოტა,ფეხები უკან რჩებოდა.შევპირდი,მე მოვალ შენს გამოსაყვანად და საღამოს კინოში წაგიყვან მეთქი,გაუხარდა,ცოტა აუჩქარა ნაბიჯს და ხალისიც მოემატა.ძალიან მივეჩვიე შიოს,ასე მგონია ჩემი გაჩენილია,უკვე სამი თვეა ჩემთან ცხოვრობს.
სამსახურიდან შუადღეს გამოვედი,სკოლაში უნდა მიმესწრო მისვლა.საკლასო ოთახში მერი მასწავლებელი აწითლებული დამხვდა,დამინახა ,თუ არა აფორიაქდა.იმ წამში გადავავლე თვალი ბავშვებს და შიო,რომ ვერ დავინახე,ცუდად მენიშნა.ნიაკოს შეშინებულმა თვალებმა,ბოლო მომიღო.
-ცუდი ამბავი უნდა გითხრა,ანეტ,-მძიმედ დაიწყო მერიმ.
-შიოს რამე დაემართა?!-ათასი რამ გავიფიქრე.
-წაიყვანეს,-ძლივს ამოთქვა.
-ვინ წაიყვანა?!-ტვინმა განგაში ატეხა.
-თქვენი უბნის ინსპექტორი იყო,სოციალურ მომსახურების სააგენტოს მუშაკებთან ერთად,ბავშვთა სახლში წაიყვანეს.მეგონა ფეხქვეშ დედამიწა გამომეცალა,მაგიდას დავეყრდენი და ძლივს ამოვისუნთქე.
-ტელეფონი მჭირდება,-ერთდათერთი რაც მომაფიქრდა,ჯუთასთან დარეკვა იყო.
-დირექტორის კაბინეტშია,მეორე სართულზე,-არანაკლებ განიცდიდა მერიც,შევატყვე.სირბილით მივედი კაბინეტამდე,დაკაკუნება არც მიფიქრია,კარი უკითხავად გამოვაღე.სათვალის ზემოდან გადმომხედა დირექტორმა.
-შიო მღებრიშვილის მშობელი ვარ! სასწრაფოდ მჭირდება ტელეფონი,-პასუხს არ დაველოდე,ისე ვეცი ყურმილს.
-გასაგებია,თქვენი ნახვა მინდოდა,-უხერხულად წამოდგა ფეხზე.
-რატომ არ შემატყობინეთ,რატომ გაატანეთ უჩემოდ ბავშვი?!მეურვე მე ვარ!-გაცეცხლებულმა შევხედე.
-ინსპექტორმა მითხრა,რომ შეტყობინება დაგიტოვათ მისამართზე,-თავი იმართლა. კამათის დრო არ მქონდა,ავად შევხედე და ჯუთას სამსახურის ნომერი ავკრიბე.
***
-დაწყნარდი ანეტ,ყველაფერს მოვაგვარებ,-თავზე მეფერებოდა ჯუთა.ცრემლებს ვერ ვაჩერებდი,ასე მეგონა ღვიძლი შვილი მომგლიჯეს გულიდან.
-მგონი შიო როგორ ნერვიულობს,-სლუკუნით ვთქვი და უარესად ავღრალდი.ჩემთან ერთად ტიროდა ნიაკოც.
-კი მაგრამ,მეურვეობა,ხომ მოგანიჭეს,რანაირად მოხდა?-ზიზიმ ჩუმად მოიწმინდა ცრემლი.
-არ ვიცი,რამ განაპირობა,არაფერი ვიცი,-უიმედოდ შევხედე.
სულიკო შემოვიდა და მგლოვიარესავით დადგა კედელთან,მადონაც ფეხდაფეხ მოჰყვა.
-ჩემს ნოდარს ჰყავს ნაცნობები,ზევით,-მთავრობა იგულისხმა.-შევაწუხებთ ყველას,არ იდარდო,შენს გვერდით ვართ,-იმედიანად მითხრა მადონამ და ჩამეხუტა.იმდენად მოულოდნელი იყო მისგან გამოწვდილი დახმარების ხელი,წამიერად გავშეშდი.
-დღესვე უნდა ვნახო შიო!-გადაწყვეტილად ვთქვი და წამოვდექი.ჯუთა მიხვდა შეწინააღმდეგებას აზრი,რომ არ ჰქონდა და თავი დამიქნია.სულიკომ მე წაგიყვანთო,ზიზიმ მეც წამოვალო.სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანაში და გავემართეთ დანიშნულების ადგილისკენ.თავში მხოლოდ შიო მიტრიალებდა,ერთი სული მქონდა მენახა და გულში ჩამეკრა.ინსპექტორმა არანაირი უფლება არ გაქვთ ბავშვის ნახვისო,არც მისამართი მოგვცა.უარესად დავმძიმდი,შეშლილს დავემსგავსე.ისე მაძაგძაგებდა, კბილს კბილზე მაცემინებდა, ჩემი დამშვიდება გაუჭირდათ. უიმედოდ ვატრიალებდი თვალებს.სახლში მისულმა შევატყვე გონებას ვკარგავდი.მაღალი სიცხე მომცა.სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.საწოლში მბორგავი მხოლოდ შიოს სახელს ვბუტბუტებდი.მის შეშინებულ თვალებს ვხედავდი და მესმოდა როგორ მეძახდა საშველად.როდის ჩამეძინა ვერ მიხვდი.თვალი,რომ გავახილე ჯუთა მეჯდა საწოლზე ,თავი ხელებში ჩაერგო.
-როგორ ხარ?-დაღლილი ხმით მკითხა და შუბლზე ხელი დამადო.
-ცუდად,-გულზე მარწუხებს ისევ ვგრძნობდი.
-შემაშინე,ანეტ,-მომეფერა.
-ჯუთა..-ისევ ტირილი დავაპირე.
-ანეტ,გთხოვ..-დაიხარა და ჩამეხუტა.-გპირდები,დავაბრუნებ!-მტკიცედ მითხრა.ბედნიერებაა,როდესაც გვერდით გყავს იმედის მომცემი ადამიანები,სიტყვას დიდი ძალა აქვს.
-ძალიან მეცოდება,წარმომიდგენია,რას განიცდის ახლა,შიოს გარეშე მოვკვდები,-ჩუმად ვუთხარი და მეც მოვხვიე ხელები.
-ვიცი,მესმის შენი..-მაკოცა და წამოდგა.-სიცხე უნდა გაიზომო,-თერმომეტრი ძლიერად დაბერტყა და მომაწოდა.მორჩილად ამოვიდე იღლიის ქვეშ.
კარს მადონა ხმაურით მოადგა.ოთახში ახალი ამბით შემოიჭრა.
-წყნეთის ბავშვთა სახლში ჰყავთ,ნოდარიმ გაარკვია,-მახარა გაბრწყინებული სახით.ისე წამოვხტი,სულ დამავიწყდა თერმომეტრი.
-უნდა წავიდე!-ვთქვი და დავფაცურდი.
-გვიანია,არავინ შეგიშვებს,ხვალ დილამდე მოითმინე,-მადონამ შემაჩერა.
-ბავშვი ცუდად იქნება,გესმით თქვენ?!-ჯუთას და მადონას ცრემლიანი თვალებით შევხედე.
-ანეტ,საქმეს გავაფუჭებთ,მოითმინე,-მადონამ დამიყვავა და საწოლზე ძალით დამსვა.უღონოდ ჩამოვყარე მკლავები.ჯუთამ ზედმიწევნით გამოკითხა,თუ როგორ უნდა გვემოქმედა.რთულად იყო საქმე,ნათესაური კავშირი არ არსებობდა ჩემსა და შიოს შორის,ისე კი ბავშვს არავინ მომცემდა.მხოლოდ მის შვილად აყვანაზე უნდა შემეტანა საბუთები,რომელიც ან გაამართლებდა,ან არა.თავბრუ დამეხვა,ისევ ამეწია სიცხე.ჯუთამ სასწრაფოდ გამიკეთა ნემსი.მადონას წასვლა არ გამიგია,ისე ჩამეძინა,დამამშვიდებელმა იმოქმედა.
დილით ძლივს წამოვწიე დამძიმებული თავი.დედაჩემის ხმა მომესმა,ჯუთას გაცხარებით ესაუბრებოდა.ბესოს ხმაც აჰყვა.ყველა აქ არიან,გავიფიქრე და წამოვჯექი.შეშინებული დამადგა თავზე იზაბელა.
-ანეტ,რა დაგემართა?!-გულზე მიმიკრა.დედაჩემის სიახლოვეზე,პატარა ბავშვივით ავტირდი.
-დედა..-უარესად ავღრიალდი.
-მოგიკვდეს დედა,რანაირი ხარ,ანეტ,-იზაბელასაც ცრემლები მოადგა.მუდამ მხიარული ბესოც ნაღვლიანად გვიყურებდა.
***
წყნეთის გზას დავადექით,თუ არა, გულმა აჩქარებით დამიწყო ცემა. წარმოვიდგინე,როგორ გაუხარდებოდა შიოს ჩემი დანახვა.ყველაფერს ვიღონებ და იქ არ დავტოვებ! მტკიცედ გადავწყვიტე და მთელი შემართებით გავეშურე რკინის ჭიშკრისკენ.დარაჯი წინ გადაგვიდგა,შემოსვლა აკრძალულია,თუ დაბარებულები არ ხართო.სასწრაფოდ დირექტორთან შეხვედრა მოვითხოვე.წინააღმდეგობის მიუხედავად,მაინც შევედი შენობაში და ოთახებს დავუყევი.სად მეძებნა შიო,არ ვიცოდი.
-ქალბატონო,აქ ვინ შემოგიშვათ!-მკაცრმა და საზარელმა ხმამ ადგილზე გამყინა.
-შიო მღებრიშვილთან ვარ!-უკან არ დავიხიე და მეც მკაცრად ვუპასუხე.
-გასაგებად გითხრეს,რომ გარეშე პირთა შემოსვლა აკრძალულია!-მომიახლოვდა და მოკაუჭებული ცხვირი უარესად ჩამოუშვა.
-შეიძლება გაგესაუბროთ?-მივხდი,ჩხუბით ვერას გავხდებოდი,ისევ ტკბილი სიტყვით სჯობდა მოგვარება.
-რა გნებავთ?!-რა საშინელი ხმა აქვს,გავიფიქრე.
-აუცილებლად უნდა ვნახო ბავშვი,მე ვიყავი მეურვე,აი საბუთიც მაქვს,-ჩანთიდან ამოვაძვრინე ბეჭედ დასმული ქაღალდი.
-იყავით,ახლა აღარ ხართ,ასეთია გადაწყვეტილება,ბავშვი ჩვენთან გაიზრდება,-შეუვალი ხმა ჰქონდა.
-ძალიან გთხოვთ,სულ ერთი წუთით,ვნახავ და წავალ,-მუდარაზე გადავედი.
-ეს კანონს ეწინააღმდეგება,დატოვეთ შენობა!-მიბრძანა.
-ძალიან გთხოვთ,-კიდევ ვცადე.
-იძულებულს ნუ გამხდით სამართალდამცავები გამოვიძახო!-ჩემი მოშორება მშვიდობიანად სცადა.
-გამოიძახეთ! აქედან არ წავალ,სანამ ბავშვს არ ვნახავ!-ხმას ავუწიე და თვალები დავაკვესე.ხმაურზე ნელ-ნელა გამოჩდნენ აღმზრდელები,ცნობისმოყვარედ დაიწყეს ჩემი თვალიერება.აქა-იქ ბავშვების თავებიც გამოჩნდა.იმის იმედით,რომ შიოს ჩემს ხმას გავაგონებდი, ყვირილი დავიწყე.
-შიო! აქ ვარ! ანეტა ვარ!
-ქალბატონო!-მკლავში მეცა დირექტორი და ძალის გამოყენებით სცადა ჩემი შენობიდან გაძევება.
-გთხოვთ,ბავშვი მაჩვენეთ!-ისევ თხოვნაზე გადავედი.
-ცირა,დარეკე მილიაციაში!-მიუბრუნდა ერთ-ერთ აღმზრდელს.
-ანეტ!-შიოს ხმის გაგონებაზე,თითქოს დენმა დამკრა, გავუსხლტი ხელიდან კაუჭას და ბავშვის მიმართულებით გავიქეცი.სანამ მივუახლოვდი,მეგონა დრო უსასრულოდ გაიწელა.შიოს წინ მოწყვეტით დავეცი მუხლებზე და ძლიერად ჩავიკარი გულში. ტირილით მომეკრა ზედ.
-ნუ გეშინია,მე ყველაფერს გავაკეთებ და აქედან წაგიყვან!-მეც ღაპა-ღუპით წამომცვივდა ცრემლი.
-მპირდები ანეტ?-უკან დაიხია და მზერა გამისწორა.
-გპირდები!-შეშინებული სახე დავუკოცნე და ისევ ჩავიკარი გულში.დირექტორს გავხედე,თავს აქნევდა აქეთ-იქით,თვალებით მეუბნებოდა,მაინც შენი გაიტანეო.ორი მილიციის თანამშრომელი შემოვიდა ჯუთასთან ერთად.შიომ,რომ დაინახა,უფრო ძლიერად ჩამეჭიდა.
-არ დამტოვო!-ხმის კანკალით მიჩურჩულა.ვინატრე,მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე.შიოს,როგორც არასდროს,ისე ვჭირდებოდი,ვიგრძენი მთელი სხეული როგორ ამიცახცახდა.
-არასდროს!-მეც ვუჩურჩულე და მოახლოვებულ ფორმიანების წინ წამოვიმართე.გარეთ გასვლა მიბრძანეს,დავემორჩილე,სხვა რა გზა მქონდა.ერთი კი შევავლე თვალი ფერდაკარგულ შიოს და კარში,როგორც მგლოვიარე,ისე გავედი.გაფრთხილება მომცეს,მეორედ უკვე სხვა ზომებს მივიღებთო,გამომიცხადეს. განადგურებული წამოვედი.გზაში ჯუთა და დედაჩემი რას მელაპარაკებოდნენ,არაფერი მესმოდა. გაყინული მზერით ვიჯექი,შიოს თვალები არ ამომდიოდა გონებიდან.
***
შემოდგომამ ზაფხული უკან მოიტოვა და დაწინაურდა.თუმცა,მისგან თბილი დღეები ესესხებინა.სექტემბრის ერთ-ერთი დილა გმირთა მოედანი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ვაჟკაცებს შეევსოთ.გვირგვინებით შემკულ გმირთა სახელებს,მუხლმოყრილნი მდუმარედ მიაგებდნენ პატივს.საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა მათ თავზე და ასევე სიამაყით აღვსილი მოქალაქეები, გულზე მარჯვენა ხელმიბჯენილნი, პირის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით აჰყოლოდნენ გაჟღერებულ ქვეყნის ჰიმნს.შორიახლოს მდგომი ,გრძელთმიანი გოგონა სიყვარულით ანთებული თვალებით უყურებდა ერთ-ერთ ჯარისკაცს და დრო და დრო სახეზე სიწითლე გადაჰკრავდა.ჯარისკაციც ღიმილით აპარებდა თვალს მისკენ. ორივეს ემჩნეოდა ღელვა.
-მზად ხარ?-ჯარისკაცი გოგონას მიუახლოვდა და თვალი თვალში გაუყარა.თანხმობის ნიშნად გრძელთმიანმა თავი დაუქნია.
-დედაჩემი გაგიჟდება,-გოგონამ ჩაიცინა.
-დედაჩემიც,-ბიჭსაც გაეცინა.
***
-ანეტ!-დამიძახა ზიზიმ და აფორიაქებული შემოვარდა ოთახში. ასეთი გაფითრებული არასდროს მინახავს,შემეშინდა და მისკენ წავედი.ჯუთამ გაზეთში ჩარგული თავი ასწია,სახეზე გაკვირვება ვერ შევატყვე,უცნაურად უცინოდა პირი.
-რა მოხდა,ზიზი?
-წყალი დამისხი,ჩქარა!-სკამზე ჩამოჯდა და ნერვულად დაისვა ყელზე ხელი.შევცბი,სასწრაფოდ გავავსე ჭიქა და მივაწოდე.ერთი ყლუპი მოსვა და ღრმად ამოისუნთქა.
-აღარ იტყვი,რა მოხდა?-მოთმინება დამელია.
-შიო და ნიაკო გაიპარნენ!-თქვა და მეორე ყლუპიც მიაყოლა.
-რა თქვა?-გაოგნებულმა ჯუთას შევხედე,მეგონა მომესმა.
-შიო და ნიაკო გაიპარნენო,-თავის ქნევით დამიდასტურა ჯუთამ,გაზეთი დაკეცა და ფეხზე წამოდგა.ახლა მე ჩამოვჯექი და ზიზის ჭიქა მოვიყუდე,სულმოუთქმელად დავცალე.ოთახიდან მარიკა მშვიდად გამოვიდა,სათვალე შეისწორა და ჯუთას შეხედა.
-მამამ და მე ვიცოდით,ერთმანეთი უყვარდათ,-გამოაცხადა და ისევ ოთახში შებრუნდა.მე და ზიზიმ ჯუთას წარბაწევით გავუსწორეთ მზერა.
-გამარჯობა,მძახლებო!-გვითხრა და ეშმაკურად ჩაიცინა.

დასასრული



№1 სტუმარი Dea

ვაიმე როგორ ვიტირე, მართლა heart_eyes
ისე წერთ, აი გულს და სულს რომ ჩაწვდება heart_eyes
ეს ისტორია ჩემი ფავორიტი იქნება blush

წარმატებები და სიამოვნებით დაველოდები კიდევ ერთ შედევრს

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Dea
ვაიმე როგორ ვიტირე, მართლა heart_eyes
ისე წერთ, აი გულს და სულს რომ ჩაწვდება heart_eyes
ეს ისტორია ჩემი ფავორიტი იქნება blush

წარმატებები და სიამოვნებით დაველოდები კიდევ ერთ შედევრს


დიდი მადლობა,დეა kissing_heart აუცილებლად შემოვამატებ კიდევ <3

 


№3  offline მოდერი Mary Drey

შენ, რომ ჩემი აღმოჩენა ხარ იცი?
თითოეული სიტყვა გულზე მომხვდა, ნინა! <333

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Mary Drey
შენ, რომ ჩემი აღმოჩენა ხარ იცი?
თითოეული სიტყვა გულზე მომხვდა, ნინა! <333


Mary Drey ძალიან გამახარე <3 დიდი მადლობა <3

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Imdeni vitireeee. Cremli ar shemshrobia. Isetibmtkivneuli tema gqonda gashlili. Grmad chamrcheba es ambavi gulshi. Madloba am siamovnebistvis.

 


№6 სტუმარი ტაისა

ძალიან კარგიიი იყო ???? ერთ-ერთი ფავორიტი გახდა!

 


№7 სტუმარი სტუმარი მაიკო

საოცარი იყო,რამდენი ვიტირე!????მადლობა თქვენ❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Qeti qimucadze
Imdeni vitireeee. Cremli ar shemshrobia. Isetibmtkivneuli tema gqonda gashlili. Grmad chamrcheba es ambavi gulshi. Madloba am siamovnebistvis.


ქეთი,ჩემო საყვარელო,დიდი მადლობა <3 მეც ვიტირე <3

ტაისა
ძალიან კარგიიი იყო ???? ერთ-ერთი ფავორიტი გახდა!


ტასია,უღრმესი მადლობა <3

სტუმარი მაიკო
საოცარი იყო,რამდენი ვიტირე!????მადლობა თქვენ❤️


მაიკო,დიდი მადლობა <3

 


№9 სტუმარი ეკა

ტერი, მაგარი ხარ. ძალიან შინაარსიანი მოთხრობა იყო, გულს რომ გიხარებს ისეთი. კიდევ გაგვანებივრე ასეთი ნაწერებით ♥♥♥

 


№10 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან მომეწონა. ამატირა, გამაცინა, გული მატკინა, გამახარა, აი ეს ვიგრძენი. ველი ახალ ისტორიებს.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ეკა
ტერი, მაგარი ხარ. ძალიან შინაარსიანი მოთხრობა იყო, გულს რომ გიხარებს ისეთი. კიდევ გაგვანებივრე ასეთი ნაწერებით ♥♥♥

ეკა <3 დიდი მადლობა ჩემო კარგო <3

სტუმარი Khatuna
ძალიან მომეწონა. ამატირა, გამაცინა, გული მატკინა, გამახარა, აი ეს ვიგრძენი. ველი ახალ ისტორიებს.

ხათუნა, მადლობა <3 მიხარია, რომ მოგეწონათ <3

 


№12  offline წევრი ვიპნი

ვაიმე რა გოგო ხარ,როგორ გამათბე❣️❣️ ლამისაა ვიტირო,ისეთი ემოციებით ვარ დატვირთული .განსაკუთრებით ბავშვთა სახლის მომენტი იყო ემოციური.
ამ დღეებში ხშირად ვფიქრობდი ამ თემაზე,და უცებ აქაც ვნახე აღწერილი.სახელმწიფოს პოლიტიკის არ მესმის ,ამდენი უშვილო წყვილებია,8-9წელი არიან მშვილებელთა რიგებში,მაშინ როცა ბავშვთა სახელებში უამრავი ბავშვი ოცნებობს თბილ ოჯახზე :(

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ვიპნი
ვაიმე რა გოგო ხარ,როგორ გამათბე❣️❣️ ლამისაა ვიტირო,ისეთი ემოციებით ვარ დატვირთული .განსაკუთრებით ბავშვთა სახლის მომენტი იყო ემოციური.
ამ დღეებში ხშირად ვფიქრობდი ამ თემაზე,და უცებ აქაც ვნახე აღწერილი.სახელმწიფოს პოლიტიკის არ მესმის ,ამდენი უშვილო წყვილებია,8-9წელი არიან მშვილებელთა რიგებში,მაშინ როცა ბავშვთა სახელებში უამრავი ბავშვი ოცნებობს თბილ ოჯახზე :(

ვიპნი, ჩემო კარგო, მადლობა <3 დიდი სურვილის მიუხედავად, რთულია შვილობაზე თანხმობის მოპოვება. არავინ იცის, რა ფსიქიკის ადამიანების ხელში ჩავარდება ბავშვი. ნუ ადრე და არც ახლა აკლებენ მგონი, ბავშვების გაყიდვას, მაგრამ კანონიერად, რომ მივუდგეთ, ბევრი ეტაპია გასავლელი.

ვიპნი
ვაიმე რა გოგო ხარ,როგორ გამათბე❣️❣️ ლამისაა ვიტირო,ისეთი ემოციებით ვარ დატვირთული .განსაკუთრებით ბავშვთა სახლის მომენტი იყო ემოციური.
ამ დღეებში ხშირად ვფიქრობდი ამ თემაზე,და უცებ აქაც ვნახე აღწერილი.სახელმწიფოს პოლიტიკის არ მესმის ,ამდენი უშვილო წყვილებია,8-9წელი არიან მშვილებელთა რიგებში,მაშინ როცა ბავშვთა სახელებში უამრავი ბავშვი ოცნებობს თბილ ოჯახზე :(

ვიპნი, ჩემო კარგო, მადლობა <3 დიდი სურვილის მიუხედავად, რთულია შვილობაზე თანხმობის მოპოვება. არავინ იცის, რა ფსიქიკის ადამიანების ხელში ჩავარდება ბავშვი. ნუ ადრე და არც ახლა აკლებენ მგონი, ბავშვების გაყიდვას, მაგრამ კანონიერად, რომ მივუდგეთ, ბევრი ეტაპია გასავლელი.

 


№14  offline წევრი LI_BE

ახლა რომ ვთქვა, ბევრი ვიცინე მეთქი, ძალიან უგულო და სულელი გამოვჩნდები? ისეთი რაღაცაები გეწერა,რომ სხვა გზას არ მიტოვებდი, სულ გაღიმებული ვკითხულობდი და მგონი ასე დავრჩი smile

ნუ, პატარა შიოს ამბავი ძალიან მძიმე იყო. პატარა თორნიკესიც. შიოსთან შეხვედრის პირველივე წამიდან მქონდა ჩვენი გოგოს იმედი. არ გეწერა, მაგრამ მგონია, რომ თორნიკემაც გაიარა.

რა გითხრა, ისეთი რაც არ მითქვამს აქამდე. მგონი ადრე რეზო ინანიშვილს შეგადარე, ახლა რომ გითხრა ჩვენი საიტის რეზო ჭეიშვილი ხართქო, ხომ არ გამიბრაზდები. ძალიან გული მწყდება, რომ არ გცალია წერისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს კარგავს ქართველი მკითხველი.

გუშინ შენს ინტერვიუს მხოლოდ ბოლო ნაწილს მოვუსწარი და გული დამწყდა, რომ სრულად ვერსად ვნახე და ვერ მოგისმინე. კარგია, თუ სრულად დაიდება სადმე.

პ.ს. ხო რაზე ვიცინე, ორკაპიკიანებზე და ქუჩის ტელეფონზე, აბაზიანზე, ჯუთას ლექსიკაზე, პრეკრასნააა და ხოროშოზე, ჯილდაზე, ხო შიოს და ნიაკოს „გაპარვაზეც“ ვიცინე. წარმოვიდგინე, გაზეთში თავჩაყოფილმა ჯუთამ თავი როგორ ამოყო. მოკლედ, მართლა გიჟი კი არ ვარ, რომ მეცინებოდა, მართლა კარგი იყო და ამ ყველაფერზე, უბრალოდ, ძაააალიან ვისიამოვნე heart_eyes heart_eyes

 


№15  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

LI_BE
ახლა რომ ვთქვა, ბევრი ვიცინე მეთქი, ძალიან უგულო და სულელი გამოვჩნდები? ისეთი რაღაცაები გეწერა,რომ სხვა გზას არ მიტოვებდი, სულ გაღიმებული ვკითხულობდი და მგონი ასე დავრჩი smile

ნუ, პატარა შიოს ამბავი ძალიან მძიმე იყო. პატარა თორნიკესიც. შიოსთან შეხვედრის პირველივე წამიდან მქონდა ჩვენი გოგოს იმედი. არ გეწერა, მაგრამ მგონია, რომ თორნიკემაც გაიარა.

რა გითხრა, ისეთი რაც არ მითქვამს აქამდე. მგონი ადრე რეზო ინანიშვილს შეგადარე, ახლა რომ გითხრა ჩვენი საიტის რეზო ჭეიშვილი ხართქო, ხომ არ გამიბრაზდები. ძალიან გული მწყდება, რომ არ გცალია წერისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს კარგავს ქართველი მკითხველი.

გუშინ შენს ინტერვიუს მხოლოდ ბოლო ნაწილს მოვუსწარი და გული დამწყდა, რომ სრულად ვერსად ვნახე და ვერ მოგისმინე. კარგია, თუ სრულად დაიდება სადმე.

პ.ს. ხო რაზე ვიცინე, ორკაპიკიანებზე და ქუჩის ტელეფონზე, აბაზიანზე, ჯუთას ლექსიკაზე, პრეკრასნააა და ხოროშოზე, ჯილდაზე, ხო შიოს და ნიაკოს „გაპარვაზეც“ ვიცინე. წარმოვიდგინე, გაზეთში თავჩაყოფილმა ჯუთამ თავი როგორ ამოყო. მოკლედ, მართლა გიჟი კი არ ვარ, რომ მეცინებოდა, მართლა კარგი იყო და ამ ყველაფერზე, უბრალოდ, ძაააალიან ვისიამოვნე heart_eyes heart_eyes

ისეთი შეფასება მომეცი, ცოტა არ იყოს და ღაწვები შემეფარკლა)) მიხარიხარ კარგო ადამიანო <3 დიდი მადლობა. კარგია, რომ იცინე, ველოდი, რომ მიუხედავად ცოტა მძიმე თემისა, სახალისოს მაინც მიმიხვდებოდა მკითხველი <3
ინტერვიუ დევს ჯგუფში სრულად. ჯერ არ წაშლილა.
გაკოცე და მიყვარხარ <3,ვცდილობ,ვწერო,დაწყებული მაქვს, აი, ბოლოში როდის გავალ, არ ვიცი))

 


№16 სტუმარი სტუმარი კრავაი

სულს, რომ გაუთბობს მკითხველს ისეთი მოთხრობა იყო. მადლობა ამ პოზიტიური ემოციებისთვი.

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი კრავაი
სულს, რომ გაუთბობს მკითხველს ისეთი მოთხრობა იყო. მადლობა ამ პოზიტიური ემოციებისთვი.

კრავაი, მადლობა შენ <3

 


№18 სტუმარი კრუასანი

როგორც ყოველთვის, ახლაც სასიამოვნო, სახალისო და ცრემლების მომგვრელი ისტორიაა. მომეწონა

 


№19  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

კრუასანი
როგორც ყოველთვის, ახლაც სასიამოვნო, სახალისო და ცრემლების მომგვრელი ისტორიაა. მომეწონა

პუსკუ, მიყვარხარ <3

 


№20 სტუმარი სტუმარი ანი

ძაააან საყვარელი და თბილი იყო, სასიამოვნო წასაკითხი და ემოციებით დატვირთული,

 


№21  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ანი
ძაააან საყვარელი და თბილი იყო, სასიამოვნო წასაკითხი და ემოციებით დატვირთული,

ანი, მადლობა <3

 


№22  offline წევრი თ.მ

ძალიან საყვარლობა იყო, მომეწონა heart_eyes

 


№23  offline წევრი შამხათი

შენთვის დამახასიათებელი საოცარი სტილი გაქვს წერის, რაც ძალიან, ძალიან მომწონს. როგორც ყოველთვის, საყვარელი და ემოციური ისტორია იყო.

 


№24  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

თ.მ
ძალიან საყვარლობა იყო, მომეწონა heart_eyes

მადლობა <3 <3

შამხათი
შენთვის დამახასიათებელი საოცარი სტილი გაქვს წერის, რაც ძალიან, ძალიან მომწონს. როგორც ყოველთვის, საყვარელი და ემოციური ისტორია იყო.

ო, მადლობა საყვარელო <3 მახარებთ <3

 


№25 სტუმარი სტუმარი მარია

შენს ბოლო შედევრებზე იმდენს ვტირი რო გუშინ ვერცერთი სიტყვა ვერ დაგიწერე.შოკი მქონდა და თავლები დავისიე კიდე იმდენი ვიტირე ეს იყოო უზომოდ სასიამოვნო უზომოდ აი არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო ისეთი ცხადი იყო ნაწარმოები რო მეგონა მათ გვერდით ვიყავი ვისმენდი ვხედავდი და ყველაფერი ჩემი თვალით დავინახე და ჩემი ყურით მოვისმინე. გულში სულსი და გონებაში ერთიანად შემოიჭრა და აქ დარჩება ასე მგონია დიდი ხანი. ჩემ ქმარს ვაძალებ ეხლა ერთი პატარა მოთხრობა უბდა წაგაკითხო თქო აი მოვკვდები თქო რო არ წაიკითხო თქო, უმეტესად მე ვკითხულობ და მერე ვუყვები დეტალებში და ეს ძან მოწონს ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა რომ ყველამ წაიკითხოს ეს პატარა სიყვარულიკი. ნუ შენზე აღარ ვამბობ რო საოცრება ხარ რა მადლობა ამ ყველაფრისთვის მართლა.და კიდევ მე ორი ბიჭი მყავს და აუცილებლად ავიყვან მესამე ბავშვს ბავშვთა სახლიდან შიოს თბილი თვალები და გული ❤️❤️

 


№26  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მარია
შენს ბოლო შედევრებზე იმდენს ვტირი რო გუშინ ვერცერთი სიტყვა ვერ დაგიწერე.შოკი მქონდა და თავლები დავისიე კიდე იმდენი ვიტირე ეს იყოო უზომოდ სასიამოვნო უზომოდ აი არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო ისეთი ცხადი იყო ნაწარმოები რო მეგონა მათ გვერდით ვიყავი ვისმენდი ვხედავდი და ყველაფერი ჩემი თვალით დავინახე და ჩემი ყურით მოვისმინე. გულში სულსი და გონებაში ერთიანად შემოიჭრა და აქ დარჩება ასე მგონია დიდი ხანი. ჩემ ქმარს ვაძალებ ეხლა ერთი პატარა მოთხრობა უბდა წაგაკითხო თქო აი მოვკვდები თქო რო არ წაიკითხო თქო, უმეტესად მე ვკითხულობ და მერე ვუყვები დეტალებში და ეს ძან მოწონს ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა რომ ყველამ წაიკითხოს ეს პატარა სიყვარულიკი. ნუ შენზე აღარ ვამბობ რო საოცრება ხარ რა მადლობა ამ ყველაფრისთვის მართლა.და კიდევ მე ორი ბიჭი მყავს და აუცილებლად ავიყვან მესამე ბავშვს ბავშვთა სახლიდან შიოს თბილი თვალები და გული ❤️❤️


მარია, რომ იცოდე, ამატირე <3 მთელი ჩემი გრძნობა, რაც ნაწარმოებში ჩავდე, ასე მძაფრად შეიგრძენი, მიხარია ძალიან <3 დიდი მადლობა საყვარელო ადამიანო, უფალმა ბედნიერი გიმყოფოს შენი შვილები, იმრავლეთ და იხარეთ <3

 


№27  offline წევრი ნანა73

ნინააა
საოცრება იყო!
ძალიან! ძალიან კარი ამბავი!!!
მე უსირცხვილომ ახლა წავიკითხეე heart_eyes
შენსავით არავინ არ იცის წერა, მართლა!
აკადემიური მწერალი ხარ ნინ. იქნებ მოიცალო და შენი მოთხრობების კრებული გამოსცე?
არ ღირს ამ ნიჭის განიავება. ჩემი აზრით იმსახურებ უფრო მართო მაშტაბებს bowtie
მიყვარხარ ჩემო გადარეულო გოგო kissing_heart

❤️❤️❤️❤️❤️

 


№28  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ნანა73
ნინააა
საოცრება იყო!
ძალიან! ძალიან კარი ამბავი!!!
მე უსირცხვილომ ახლა წავიკითხეე heart_eyes
შენსავით არავინ არ იცის წერა, მართლა!
აკადემიური მწერალი ხარ ნინ. იქნებ მოიცალო და შენი მოთხრობების კრებული გამოსცე?
არ ღირს ამ ნიჭის განიავება. ჩემი აზრით იმსახურებ უფრო მართო მაშტაბებს bowtie
მიყვარხარ ჩემო გადარეულო გოგო kissing_heart

❤️❤️❤️❤️❤️

ნანიკოო <3 როგორ მახარებ, ნეტავ იცოდე <3 მგონი, გადამაწყვეტინებთ წიგნს))) ვნახოთ, აბა)) შევემზადები <3 მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემი თბილი გოგო ხარ შენა)) <3

 


№29  offline წევრი მე-ოცნებე

ჩემთვის მტკივნეული თემაა ბავშვები,მიტოვებული,სულ წართმეული და ძალიან მეტკინა შიო.თუმცა დასასრულმა გამაბედნიერა.მადლობა თქვენ და მინდა ცხოვრებაშიც შიოსავით გაუმართლოს ყველა მიტოვებულ პატარას.

 


№30  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

მე ასე ვიტყოდი, რომ ეს მოთხრობა იყო ნინას მიერ ჩატარებული სიკეთის და სიყვარულის მორიგი გაკვეთილი. შემიყვარდა ანეტაც, ჯუთაც, შიოზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ძალიან გაუმართლა, რომ ანეტასნაირ დედამიწაზე მოსიარულე "უფრთო ანგელოზს" შეხვდა ❤️ და ვხედავთ, როგორ დადგა სწორ გზაზე და ბავშვობისდროინდელი ოცნებაც აისრულა ❤️ მადონაც კი გააკეთილშობილე, ვერ გაწირე ბოლომდე ჯოჯოხეთის სტუმრობისთვის :)) ბოლოს შიოს და ანეტას ბავშვთა სახლში შეხვედრა ემოციური იყო ჩემთვის. გამოგიტყდები და ცრემლიც კი მომადგა. ნიაკო და შიო? არ მეგონა მაგ ეშმაკუნამ რომ შიოს თვალი დაადგა, თუმცა იქნებ პირიქით იყო? :)) რა ვიცი? ერთი სიტყვით, გული გამითბა❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent