შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარაფებზე მოსიარულე (1)


31-07-2020, 02:34
ნანახია 983

ქარაფებზე მოსიარულე

ატლანტის ოკეანეში ატეხილი ტროპიკული ციკლონი ღამის ნიუ-იორკის გაჩირაღდნებულ ქუჩებს გამძვინვარებული უვლიდა, რაც გზაზე ეღობებოდა, გულსაკლავი ღრიალით იტაცებდა და გასანადგურებლად განწირულებს ჰაერში ბორბალივით ატრიალებდა. მასში შერეული წვიმა ერთბაშად რეცხავდა შენობებს და გაბოროტებული დამნაშავესავით მიიწევდა ფანჯრებიდან მათში შესახეთქად.
ანას დუტის ქურთუკის კაპიუშონი ცალი ხელით ეჭირა და მეორეთი შემოდგომისფერ ფოთლებს და ხეებისგან ჩამოტეხილ პატარა ტოტებს იგერიებდა, რომლებიც წარამარა სახეში ხვდებოდნენ და გულს უწვრილებდნენ:
-წარღვნაა, თუ რა უბედურებაა?- თავისთვის ბუტბუტებდა სიცივისგან აკანკალებული და სირბილისგან წვივების დაჭიმულობის მიუხედავად, მაინც არ ეპუებოდა, კიდევ უფრო უჩქარებდა ფეხს, რომ დანიშნულების ადგილამდე დროულად მიეღწია.
შავად შეღებილ რკინის ჭიშკარს მიუახლოვდა, ჩანთის წინა ჯიბიდან სასწრაფოდ გასაღები ამოაძვრინა, საკეტი გახსნა და ეზოში შესვლა დააპირა, როდესაც მანქანიდან გადმოსული შავ პლაშებსა და ქუდებში გამოწყობილი ორი მაღალი, პირხმელი და გრძელწვერიანი მამაკაცი დაადგა თავს.
-მისტერ უნგერ?- ერთ-ერთი მაშინვე ამოიცნო და გაოგნებული სახით მიაჩერდა.
ნაცნობმა მამაკაცმა შუბლი შეჭმუხნა, წარბები შეკრა, ფირუზისფერი თვალები დაუჭყიტა და გაბრაზებით შეჰყვირა:
-ყველაფერი შენი ბრალია! სახლში არ უნდა შემომეშვი!
-რას გულისხმობთ? ვერაფერს მიგიხვდით.
-მეგონა, ჩემს მეუღლეს სახლის დალაგებაში და ბავშვების მოვლაში ეხმარებოდი, თურმე გონებას ათასი სიბინძურით უწამლავდი.
-ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება, ასე ხელაღებით რამეში დამადანაშაულოთ?
-ცხოველური წესებით და კანონებით ცხოვრობთ. აღარაფერში გაქვთ ზღვარი და ჩარჩოები. უზნეობას თავისუფლებას უწოდებთ და ამის შემდეგ კიდევ ღმერთს ახსენებთ. სირცხვილია! -საუბარში ჩაერთო თანმხლები პირი.
-თქვენ ვინღა ხართ? რამდენს ბედავთ?- ხმა გაიმკაცრა ანამ.
-მე დეივიდი ვარ, ნეითანის ბიძაშვილი, - მამიდაშვილივით არანაკლები წყრომით უყურებდა ბუდეებში ჩამჯდარი პატარა თვალებით და წარამარა დასველებულ სათვალეს იხსნიდა და წმენდდა, - შენი დამსახურებით მთელ სანათესაოში თავი მოიჭრა და ოჯახი შეარცხვინა.
- რატომ გამოუჭედე თავი სამყაროს მაცდუნებელი სიბილწეებით?- აგრესიას ვერ იცხრობდა ნეითანი.
-სწორედ რომ ასეა!- ეთანხმებოდა ბიძაშვილი.
-რას ეძახით სიბილწეს? ხელოვნებას? დავუშვათ, რომ ასეა. მისი შეცნობა სარას არჩევანი იყო, ჩემი- არა! მე არაფერი დამიძალებია და ვიდრე შეურაცხყოფას მომაყენებდეთ, კარგად დაფიქრდით, თითოეულ სიტყვაზე პასუხს გაგებინებთ! - გაწიწმატებულ ქალს სახეზე ალმურმა გადაუარა.
-მემუქრები კიდეც? - ხმას აუწია ნეითანმა.
-როგორც გინდათ, ისე მიიღეთ. არავის არაფერს ვპატიობ. ფრთხილად!
დეივიდმა თავი გააქნია და სიმწრისგან ჩაეცინა:
-სარდაფში ფუნჯები, საღებავები და სახატავი დაფები აღმოვაჩინეთ. ხატვის გაკვეთილებს უტარებდი? გამოტყდი!
-ვუტარებდი, მერე?!-თვალები მოწკურა ქალმა და მკლავები ერთმანეთზე გადააჭდო.
-ორივე უსირცხვილოები ხართ!
-მე არაფერს ვაკეთებდი სასირცხვილოს. მას მხატვრული ნიჭი აღმოაჩნდა და ვეხმარებოდი. რა არის ამაში მიუღებელი?
-შენ არაფერი იცი! ჩვენი რელიგიის მიხედვით, იგი საჯაროდ ვერასოდეს შეძლებს გამოსვლას და თავის ნიჭის აქეთ-იქით ფრქვევას.
-ის თქვენ აღარ გეკუთვნით! ჰასიდობაზე უარი თქვა!
-აგყვა და ამისთვის ძალიან ინანებს. სულ მალე დარწმუნდება იმაში, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა. შენც დაგანახებთ რა შეგვიძლია!
-კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არაფერ შუაში ვარ. თქვენმა მეუღლემ ყველა გადაწყვეტილება თავად მიიღო და არავის დაუძალებია.
-მან ყველაზე ძვირფასი - ოჯახი დაკარგა! ვიცი, მე არ განაღვლებ. ნუთუ ორი მცირეწლოვანი ბავშვი მაინც არ შეგეცოდა? ისინი ხომ შენს გამო ხვალ-ზეგ დედის გარეშე დარჩებიან?
-ძალიან ბევრის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, როდესაც საბაბის გარეშე მადანაშაულებთ.
-მას ბავშვებს ჩამოვაშორებთ! სატმარები არ დაუშვებენ, მსოფლიოში გამეფებული გარყვნილების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
-სარა იბრძოლებს. შვილებს ასე უბრალოდ არ დათმობს.
-შენ შეუწყე ხელი ჩვენი ოჯახის დაშლას. არაკეთილმოსურნე და ბოროტი ადამიანი ხარ!
-ვიდრე პოლიციისთვის დამირეკავს, დაუყოვნებლივ ორივე გამეცალეთ და მეორედ არც იფიქროთ ჩემთან მოახლოება!
ნეითანს და დეივიდს კიდევ ბევრის თქმა სურდათ ანასთვის, მაგრამ მისმა შეუვალობამ და ხასიათის ნამეტანმა წახდენამ მამაკაცები გააჩუმა. აღარაფერი უთქვამთ, ისედაც ნათელი იყო, რომ მასთან ასეთი საუბარი არ გაჭრიდა. ქალმა ზურგი შეაქცია და ორივე დაუმშვიდობებლად ჩამოიტოვა უკან.

***
სასამართლოს დადგენილება ხელში ეჭირა, ჩამქრალი თვალებით მისჩერებოდა ფურცელზე აღბეჭდილ სიტყვებს და ძარღვებში სისხლგაყინული გრძნობდა, როგორი უსწრაფესი რეაქციით იშლებოდა სილით შექმნილი ფიგურასავით. გამოტანილი განაჩენით თავი სვავების გასაძიძგნად გამზადებულ ლეშს მოაგონებდა, რომელსაც ბოროტი სახით თავს წამომდგრები მოშიებული სახეებით უმოწყალოდ ფატრავდნენ, ხორცებს ძვლებიდან აგლეჯდნენ და ჩონჩხს ამსგავსებდნენ. დარბაზიდან კმაყოფილი სახით გამოსულ მეუღლეს თვალი გაუსწორა, უხმოდ შეანთხია წარმოუდგენელი ბრაზი, რომელიც უსამართლობის შეგრძნებისგან გასჩენოდა და უმალ თვალი მოარიდა, აღარ უნდოდა, გამარჯვებისგან კმაყოფილი სახის მეხსიერებაში ჩამახსოვრება, თავის უბედურებაც საკმარისად მიაჩნდა. მასზე გულმოსულმა დედამთილ-მამამთილმა და რამდენიმე ნათესავმა ალმაცერად შეხედეს და კეთროვანივით ჩაუარეს.
მარტოდ დარჩენილ ქალს მუხლებიდან ძალა სრულიად გამოეცალა. ატყობდა, შენობიდან გასვლა ვინმეს დაუხმარებლად გაუჭირდებოდა და კედელს მიეყრდნო. სასამართლოს დადგენილება სახეზე სიმწრით აიფარა, ხმამაღლა ამოიგმინა და უნებურად წამოუვიდა ცრემლები. ცოტა ხანს გაჩერდა და ოდნავ რომ დამშვიდდა, ლასლასით გაუყვა გასასვლელისკენ მიმავალ დერეფანს.

***
-დედიკო მოვიდა!- პატარა ესთერი სიხარულით გაიქცა ბინაში ახლადშესული ქალისკენ და მუხლებზე შემოეხვია.
-საყვარელო, იცი როგორ მომენატრე? დილის შემდეგ, არ მინახავხარ და შენი სურნელი რომ ვერ ჩავისუნთქე, ლამის ქუჩაში წავიქეცი. მოდი, მაგრად ჩამეხუტე და ისევ გამამრთელე,-თვალებს ხუჭავდა და გულში იკრავდა გოგონას სასამართლოდან დაბრუნებული სარა.
ბავშვი მთელი ძალით უჭერდა პატარა მკლავებს დედამისს და მის გულზე განაბული სიამოვნებისგან კატასავით კრუტუნებდა.
-იაკობი სად არის?- ქალმა თვალით ძებნა დაუწყო მეორე შვილს და მის მოსაკითხად ბავშვით გულზემიკრული შევიდა პატარა ოთახში.
ერთი წლის ბიჭუნას მარწყვივით წითელი ტუჩები გადმოებრუნებინა და ტკბილად ეძინა. დედა მისკენ გადაიხარა და თოვლივით თეთრ, მშვიდ სახეზე თითებით ფრთხილად მიუალერსა.
-არ გააღვიძოთ. ისედაც ძლივს დავაწყნარე. სულ შენ გკითხულობდა და ტიროდა,-ჩურჩულით უთხრა ანამ და ხელით ანიშნა, რომ სამზარეულოსკენ გასულიყვნენ.
სარამ ესთერი ოთახიდან გაიყვანა, სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა და კალთაში ჩაისვა:
-დედას ტკბილო,-ლოყები დაუკოცნა და სევდიანი თვალები შეავლო.
-სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად ის მოხდა, რასაც ორივე ჩვენგანი ველოდით,- ნაღვლიანი სახით დაადგა ანა და მეგობარს დააცქერდა.
სარამ სასამართლო დადგენილების ფურცელი გაუწოდა, პატარა გოგონა მთელი მონდომებით ჩაიკრა და სიმწრისგან მოწოლილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
ანა ქაღალდზე დაბეჭდილ ტექსტს გაეცნო, ოთხად დაკეცა, იქვე მიაგდო და თვალებიდან წამოსული ცრემლები რომ მოეწმინდა, სასწრაფოდ ერთჯერადი ცხვირსახოცის ასაღებად წამოდგა. სარამ არ შეიმჩნია, გულზე მიკრულ ბავშვს თავზე აკოცა და იავნანის ჰანგით იდიშურ ენაზე ამღერდა.
ანა შესასვლელში კედელს ზურგით აეკრო და ჩუმად აქვითინდა. არცერთი სიტყვა არ ესმოდა, მაგრამ ესმოდა როგორი ალერსით და სიყვარულით ჩაწნული ბგერებით უმღეროდა მეგობარი შვილს. გაუსაძლისი ტკივილი იყო განადგურებული სარას ყურება, რომელიც დედობას კვლავინდებური დატვირთვით ინარჩუნებდა. წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ ეს მის მიერ შესრულებული ბოლო იავნანა იყო და ხვალ ვეღარ ჩაეხუტებოდა და დააძინებდა.
პატარა გოგონამ დედის მკერდზე მილულა თვალები. სარამ მკლავზე გადაიწვინა, ვარდისფრად შეფაკლულ ლოყებზე ნაზად მიაკრო გაცხელებული ტუჩები და გაირინდა.
-დაიძინა?- თვალებდასიებულმა ანამ სამზარეულოში შესვლა გაბედა და კარებთან აიტუზა.
სარამ თანხმობის ნიშნად თავი სუსტად დაუქნია, ფეხზე წამოდგა და ჩაძინებული ესთერი საძინებელში გაიყვანა. ბავშვი საწოლზე დააწვინა, ორივე შვილს დიდხანს უყურა და გული რომ იჯერა, მეგობარს დაუბრუნდა.
-რას აპირებ?-დაბალი ხმით შეაპარა ანამ.
სარა იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და ხელები დახუჭულ თვალებზე აიფარა. თავსდამტყდარი მწუხარება ისევ დაუნდობლად აგრძელებდა მის ღრღნას, გაუსაძლის ტკივილს კივილამდე მიჰყავდა.
-მე წავაგე სასამართლოს წინაშე, მაგრამ განა იმიტომ, რომ მართალი არ ვარ, არამედ იმიტომ, რომ ნეითანს კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს და სწორედ ამ მიზეზით მისი ადვოკატი ისე ჭრიდა და კერავდა, როგორც მათ საქმეს აწყობდა.
-და შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
ქალმა თვალებს ხელები მოაშორა, სასამართლო განჩინებას საჩვენებელი თითი რამდენჯერმე დაარტყა და კბილებში გამოსცრა:
-არ დავნებდები.
-კი, მაგრამ ახლა არაფრის საშუალება გაქვს, დასუსტებული ხარ.
-დედა, რომელსაც შვილებს ართმევენ, ვერასოდეს იქნება დასუსტებული. მას არა აქვს უფლება, ხელებჩამოყრილმა იაროს. ის იბრძოლებს იქამდე, სანამ სამართალს არ იპოვის!
-რას აპირებ? აღარ იტყვი?
-ჯერ-ჯერობით არ ვიცი. ახლა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. მითხარი, იმ საშინელ წუთებს როგორ უნდა გავუძლო, როდესაც ჩემს პატარებს ხელიდან გამაგლიჯავენ?
ანამ თვალები დახარა და ამოიხვნეშა. გულს უჩიჩქნიდა მეგობრის ცხოვრებაში შხამად გაჟონილი ამბავი, თუმცა სჯეროდა, რომ მეამბოხე ხასიათის წყალობით, მძიმე რეალობას ახალი ძალებით შეერკინებოდა და სიცოცხლის გასაგრძელებლად ახალ რელსებზეც გადავიდოდა. აცნობიერებდა იმას, რომ სარა უკან არაფერზე დაიხევდა, მაგრამ ეშინოდა, რომ მისი ბრძოლები უშედეგო აღმოჩენილიყვნენ და საბოლოოდ არ გატეხილიყო. არც თუ ისე მარტივ საქმეს წარმოადგენდა ულტრა ორთოდოქსი ებრაელების წრის წინააღმდეგ წასვლა. მათი ადათ-წესები და ყოველდღიურობა საკმაოდ მკაცრ და განსაზღვრულ ჩარჩოებს მოიცავდნენ.
-რაც არ უნდა მოხდეს, შენს გვერდით ვარ,- ყელს მობჯენილი ნერწყვი გადააგორა ანამ.
-ვიცი,- ურვანარევი სახით გაუღიმა მეგობარს.
-ხვალ პირველ საათზე მოვლენ, არა?
-ჰო.
-მეც აქ ვიქნები.
-არა, არ არის საჭირო,-თავი გააქნია სარამ.
-როგორ თუ არა?-შეიცხადა ანამ.
-ნამდვილად არ არის საჭირო. მარტო ყოფნა და ფიქრი უფრო დამამშვიდებს და მომამზადებს რაღაცებისთვის.
-მაგას მერეც მოასწრებ.
-არა-მეთქი!
-გამოუსწორებელი ჯიუტი ხარ.
-მენდე, არაფერი დამიშავდება. რადგან ასეთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგი, მოსალოდნელი შედეგებისთვისაც მზად ვარ. ჩემს თავს მივხედავ.
-რაკი არ იშლი, ისე იყოს, როგორც თქვი,- მხრები აიჩეჩა მეგობარმა და წასასვლელად მოემზადა.
სარა გასაცილებლად გაჰყვა. როგორც კი წასული დაიგულა, საძინებელ ოთახში უღონოდ შევიდა, შვილებს გვერდით მიუწვა და მათ სუნთქვას დაუგდო ყური. თითოეულის ნაკვთებს რიგრიგობით აშტერდებოდა და მათგან მომდინარე სურნელს ხარბად ისუნთქავდა. როგორ უნდოდა, ახალი დღე არ დამდგარიყო. ყველაფერს გაიღებდა იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ძუძუს არ გადაჩვეული იაკობი მკერდიდან არ აეგლიჯათ, ან კიდევ მის კალთას გამოკერილი სამი წლის ესთერი არ დაეშორებინათ.

***
დღემ სევდიანად გაახილა თვალი და დილის ცას უღიმღამოდ შეხედა. სარა კრუხივით დაჰფოფინებდა თავის პატარებს და მათთან ყოფნის წუთებს იტკბობდა. საჭმელი მოუმზადა, აბანავა, ტანსაცმელი გამოუცვალა და დრო ისე გავიდა, ვერც კი მიხვდა როგორ მოადგა შუადღე. სულ რაღაც ნახევარი საათი რჩებოდა წყეულ ზარის დარეკვამდე, რომელსაც იმ ხალხის გამოჩენა მოჰყვებოდა, ვისაც სასამართლოსგან მინიჭებული უფლებით თანახმად, დედისთვის ბავშვები უნდა დაეცილებინათ. სარა შვილებს ეთამაშებოდა. დედას მიკრული იაკობი და ესთერი ხალისიან განწყობაზე იყვნენ და კისკისებდნენ.
როგორც კი პირველი საათი შესრულდა, კარზე ზარის ხმა გაისმა.
-ვინ არის?- ცნობისმოყვარეობამ სძლია ესთერს და კარებისკენ გაიქცა.
სარამ პატარა იაკობი ხელში აიყვანა და გოგონას გაეკიდა:
-ესთერ, დაბრუნდი!
-სტუმარი მოვიდა,- აღტაცებით წარმოთქვა ბავშვმა და კარებთან ჩამოდგა.
ნერვებს ატანილმა სარამ ესთერი ოთახში შეაბრუნა, დაბნეულობისგან სავარცხელს დაავლო ხელი და ჯერ იაკობს გადავარცხნა ქერა ქოჩორი, შემდეგ გოგონა გაალამაზა. კარზე ზარის ხმა არ წყდებოდა.
-დედიკო, იქ ვიღაცები არიან,- კარისკენ ანიშნებდა ესთერი.
ჭოჭმანის შემდეგ სარამ ძალა მოიკრიბა და სტუმრები ბინაში შეუშვა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ნეითანს ოფიციალური პირები ახლდნენ. ქალს მიესალმნენ და მათი იქ ყოფნის მიზეზი შეახსენეს. სარას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ის ითხოვა, რომ რამდენიმე წუთი მიეცათ, შვილებს გამოთხოვებოდა. თანხმობა მიიღო და ბავშვები გულში ძლიერად ჩაიკრა.
-დედიკო, მამა მოვიდა. სად მივდივართ? -პატარა ესთერი ვერაფერს ხვდებოდა და სტუმრებისკენ იწევდა.
-მე თქვენთან ვერ წამოვალ, ჩემო ტკბილო.
-რატომ?
სარამ თავზე ხელი გადაუსვა და სევდით ჩაქსოვილი სიყვარულით გაუღიმა:
- სხვა დროს გნახავ. უნდა დამპირდე, რომ კარგად მოიქცევი და უფროსებს არ გააბრაზებ.
-სად მივდივართ? შენ დებორა დეიდასთან, იაკობი კი რებეკასთან წავა.
გოგონა მიხვდა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა მის თავს, არ მოეწონა და ფეხების ბაკუნით წამოიტირა:
-არ მინდა მე დებორა დეიდასთან.
სარამ პატარა იაკობს შეხედა, რომელიც თავის დას ტირილში აჰყოლოდა და ორივეს დაწყნარებას შეეცადა, თუმცა თავადაც დასამშვიდებელს ამის ძალა აღარც შესწევდა. ნეითანმა ესთერს ხელი ჩასჭიდა:
-წამოდი, ესთერ!
-დედიკოც წამოვიდეს. არ მინდა დებორა დეიდასთან,-ტირილს უმატა ბავშვმა.
სარამ იაკობი გულზე მიიკრო და ატირებულ გოგონას უკან გაჰყვა, თუმცა განაჩენის აღსრულების მომლოდინე ოფიციალური პირები რომ დაინახა, ვეღარაფერი თქვა.
-ვწუხვართ, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით,- თანაგრძნობით შეხედეს დედას.
-მომეცი იაკობი!- ნეითანმა ატირებული ბავშვისკენ ხელები გაიშვირა. სარას ერთი მოძრაობაც არ გაუკეთებია, გახევებული იდგა და იაკობს დასცქეროდა.
მამამ ბავშვი ხელიდან გამოსტაცა. გულადუღებულმა ქალმა ვერც კი გააცნობიერა, როგორ შერჩა ბავშვის ცალი ფეხსაცმელი ხელში.
-არა!- ერთი აღმოხდა და მამა-შვილს სასოწარკვეთილმა გააყოლა თვალი. ახლა სადარბაზოში ტირილისგან გადარეულ ესთერს შეხედა, რომელიც ძალით ჩაჰყავდათ კიბეებზე. ვეღარ გაუძლო, უნებურად მათკენ გაიშვირა ხელები, მუხლებზე დაეცა და ცხელი ცრემლები ნიაღვარივით წამოუვიდა.
სარას აღარავინ აქცევდა ყურადღებას. ყველა ბავშვების იქაურობისგან გარიდებით იყო დაკავებული.

***
ასეთ მდგომარეობაში რომ გიყურებ, გული მიკვდება. წამოდექი, ჭამა და ფერზე მოსვლა გჭირდება,- მეგობრის მდგომარეობით შეძრული ანა მთელი ძალისხმევით ცდილობდა, სათამაშოებით გარშემორტყმული, იატაკზე მჯდომი და საწოლზე მკლავებჩამოდებული სარა წამოეყენებინა და როგორმე სამზარეულოსკენ გაეყვანა.
-მგონია, რომ თვალცრემლიანი შვილები განუწყვეტლივ მეძახიან. მე კი ვიღაც თოკებით მბოჭავს, რომ მათკენ ვერ წავიდე. უძრავად მყოფს არაფერი ძალმიძს და ეს მაგიჟებს.
-თავს ნუღარ იტანჯავ. უკვე რამდენიმე დღეა არ გძინავს და არც ჭამ. დასუსტებული ვერაფერს გახდები, წამოდგომა და ნაბიჯების გადადგმა გჭირდება. ვიცი, მარტივ რამეს არ გთხოვ, მაგრამ ასეა საჭირო, თავადაც იცი.
სარამ მწუხარებით ამოიქშინა, მკლავებზე ჩამოდებული თავი წამოსწია, მეგობარს ახედა და წამოდგომა დააპირა, თუმცა დაბუჟებული ფეხები ვეღარ იგრძნო, თვალთაც დაუბნელდა და გვარიანად შეტორტმანდა. ანამ ხელი შეაშველა და სკამზე ჩამოსვა. ცოტა ხანი აცალა, რომ უკეთ გამხდარიყო და შემდეგ ფრთხილად გაიყვანა სამზარეულოში.
-ვიდრე აქ მოვიდოდი, ქაშერული პროდუქტების მაღაზიაში შევედი და სალათა, ხბოს ხორცი, ბოსტნეული და ხილი წამოვიღე.
-მადლობა,- სარამ პროდუქტებს ცალი თვალით გახედა და ატკიებულ შუბლზე მიიჭირა ხელი.
ანამ პლასტმასის კონტეინერში მოთავსებული სალათა წინ დაუდგა, რამდენიმე სახეობის ხილი დაუჭრა და წინ ჩამოუჯდა.
-მელოდები, რომ რამდენიმე ლუკმა ჩავყლაპო?- ჩანგალი მოიმარჯვა და უხალისოდ დაუწყო კონტეინერში წვრილად დაჭრილ, ერთმანეთში არეულ ბოსტნეულს ქექვა.
-ამას ჰქვია უგემური ჭამა,- წყენა გამოხატა ანამ.
-ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. ვერ ვჭამ, გამიგე.
-რა გინდა? ისე დაძაბუნდე, ყველას ეცოდებოდე? ასე თუ გააგრძელე, მალე ისეთ მდგომარეობამდე მიხვალ, რომ თანაგრძნობის ნაცვლად, ხალხში ზიზღს გამოიწვევ.
-არავისი შესაცოდი და არც შესაძულებელი არაფერი მჭირს! არ გეგონოს, რომ ჩემს დღეში ყოფნა იოლია. საყრდენი გამომაცალეს და ჩამომშალეს. დრო მჭირდება, სულ ეს არის. -ფეხზე წამოდგა და პატარა სამზარეულოში ვოლიერში გამომწყვდეული ნადირივით აქეთ-იქით მოჰყვა სიარულს,- ბოლო დღეებია, ძალიან ბევრს ვფიქრობ. ჩემი გონება ერთ დიდ ბიბლიოთეკას დაემსგავსა, სადაც თაროზე შემოწყობილი წიგნების ფურცლები უამრავი მწერლის მოსაზრებებით არის გამოტენილი. ზოგის მიხედვით, საკრალური შეცდომა დავუშვი, ზოგსაც მზის ბილიკების სადარ აწმყომდე და მომავლამდე გავყავარ. სულ მთლად ავირიე.
-ძალიან რთულია შენს მდგომარეობაში ყოფნაც და რჩევის მოცემაც, მაგრამ იცი რაა? ორივემ ძალიან კარგად ვიცით, შენში ნამდვილად არის იმის პოტენციალი, რომ სწორ გზას დაადგე. ახლად დაბადებულ ჩიტს გამსგავსებ, რომელიც მალე ღრუბლებში ნავარდს, დედამიწისთვის ზემოდან დახედვას და საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად შესწავლას დაიწყებს.
-ჰო, ახალი ცხოვრება თავის გზამკვლევებს მთავაზობს და უფლება არ მაქვს, დაქსაქსული სამყარო იმ მინიმალურ ზომამდე მაინც არ გავიცნო, როგორც ვგეგმავდი.
-ყავაც მზად არის,- იმედიან განწყობაზე მოსულმა ანამ ყურებამდე გაიღიმა და მაგიდაზე საშუალო ზომის ფინჯანი დაუდგა.
სარამ ფინჯანი ხელში აიღო, ორივე ხელის გულში მოიქცია, შავი სითხისგან წამოსული სურნელი ღრმად შეისუნთქა და თვალები დახუჭა. გრძნობდა, რამდენიმე დღის ნაშიმშილარი ფიზიკურად როგორ იკრებდა ძალებს. ახლა საჭირო იყო, ათასგვარი აზრებისგან გადაჭედილი გონებაც გაეფილტრა, ერთი მიმართულება აერჩია და ცეცხლითა და მახვილით შეებიჯებინა იმ საბრძოლო ველზე, საიდანაც მხოლოდ გამარჯვებული უნდა გამოსულიყო.

***
საღამო ხანი ახლოვდებოდა. ანა კერძო მოსწავლესთან წავიდა, მოწყენილობისგან მობეზრებულმა სარამ ბევრი ფორიაქის მერე გულის გადასაყოლებლად გარეთ გასვლა გადაწყვიტა. მეტროსადგურამდე ფეხით ჩავიდა. N მატარებლის მგზავრებით სავსე ვაგონს სწრაფად მიმოავლო თვალი და თავისუფალი ადგილი რომ ვერ ნახა, კარებთან დადგა. არ იცოდა რა ერქვა გაჩერებას, სადაც ყველაზე მეტად უნდოდა მოხვედრა. ფიქრებს შეყოლილი ქონი აილენდის სადგურში აღმოჩნდა. რკინის კიბეებს ჩაუყვა და გულმა სადაც გაუწია, იმ მიმართულებით გაეშურა. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე გავიდა. თითქმის არავინ იყო. ხალხი კანტიკუნტად დადიოდა. კესანისფერი ოკეანე მშვიდი იყო. ქაფით გათეთრებული დაბალი ტალღები ნაზი შეხებით ოქროსფერ ქვიშას წარამარა ალბობდნენ. სარა დიდხანს მიაშტერდა წყლის სილურჯეს, რომელიც სარკისებურად ირეკლავდა საღამოს ზეცას. თეთრ-რუხისფერმა თოლიებმა ფრთები გაშალეს, სანაპიროდან ჰაერში ჭყივილით აიჭრნენ, რამდენიმე წრე შემოხაზეს და უეცრად დააცხრნენ წყლის ზედაპირს. წყალში თევზი გასხლტა, მაგრამ ერთ-ერთმა მაინც მოასწრო და კვერცხისგულისფერი ნისკარტი მარდად ჩაავლო. ნადავლით დამშვენებულმა აგურისფრად დაფერილი მოფართხალე თევზი უმალ გადაყლაპა და მონადირის თვალებით განაგრძო წყლის სარბიელზე ნავარდი. უყურებდა ბუნებას და ტკივილისგან გაბერილს კივილი უნდოდა, რათა სხეულიდან წვეთ-წვეთობით მაინც გამოედევნა და ფსკერზე ჩაეძირა. წაბლისფერი თმის პარიკი მოიხსნა, იქვე დატოვა და ტანსაცმლითურთ წავიდა წყ*ლისკენ. ოკეანე გამყინავი სისველით შემოევლო ტანზე. უჰ, როგორ ესიამოვნა. თვალები დახუჭა და ხელის ცეცებით მიიწევდა სიღრმისკენ. წყლის ზედაპირი ყელამდე მიებჯინა. წარსულმა წამებში კადრებად გაირბინა. დროდადრო მშფოთვარე სახეს იღებდა. მხოლოდ მაშინ მოიწადინა თვალების გახელა, როდესაც გონება უსარგებლო ეპიზოდებისგან გაწმინდა. გამჭვირვალე წყლის დანახვაზე ოდნავ შეშინდა, თუმცა ოკეანის სივრცეში სეირნობა მისთვის სასიამოვნოც იყო. ორი გრძნობა ერთმანეთს ენაცვლებოდა და გაურკვეველ სიახლეში აგდებდა.
-„ყველაფერი ის, რაც უცხოა, საოცარი ჩანს“- რამდენიმე თვის წინ ჩუმად წაკითხული წიგნიდან პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის სიტყვები წარმოთქვა და ნერვიული სიცილი აუტყდა. მოულოდნელად სიცივე იგრძნო და წყლისგან დამძიმებულმა სასწრაფოდ უკან დაიხია. დიდი წინააღმდეგობა გაუწია კესანისფერ ოკეანეს. საბოლოოდ, რამდენიმეწუთიანი ბრძოლის შემდეგ მშვიდობიანად დაადგა ფეხი სანაპიროს.
-კარგი შეგრძნება ყოფილა მწუხარებისგან დაცლა და შენთვის ჩაბარება,- აკანკალებულმა თეთრქაფიან წყალს სიცივისგან გაქვავებული ტერფი აჰკრა და კბილების კაწკაწით მკლავებზე რამდენჯერმე წაივლო ხელი. ცოტა ხანს კიდევ გაჩერდა, შემდეგ რაღაც აზრმა გაუელვა გონებაში და ელდანაკრავივით გაეცალა იქაურობას.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

როგორ გამეხარდი!❤❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი თაკო
როგორ გამეხარდი!❤❤❤❤

მე კი შენმა კომენტარმა გამაბედნიერა ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

გამიხარდა შენი გამოჩენა,სულ მიკვირდა ამდენი ხანი ,რომ არ ჩანდი,.ისტორია ჯერ არ წამიკითხავს,..

 


№4 სტუმარი სტუმარი ლანა

როგორ გამახარე შენი ისტორია რომ დამხვდა საყვარელო????????

 


№5 სტუმარი ტაისა

ღმერთო, როგორი კარგია ♡

 


№6  offline მოდერი guroo

პირველივე წინადადება სასწაულია! წაიკითხავ თუ არა, ხვდები, რომ უზადო გემოვნებით დაწერილ ნაწარმოებს კითხულობ. გემოვნება ტყუილად არ მიხსენებია... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს, ყველა სიტყვას, როგორც სამოსს, ისე არჩევ და უხამებ ერთმანეთს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი თანხვედრაშია განწყობასთანაც. აი, განწყობა კი, ემპათიური, მონუგეშო და მგლოვიარეა, რაღაც მომენტში - ტკივილიანი - და მე სულ მიჩნდება განცდა, რომ პერსონაჟს ბოლომდე ჭ....ტენ, ანადგურებენ და მომაკვდავს ტოვებენ.
ჩემი ფავორიტი მონაკვეთები ამ თავში:
1. დასაწყისი
2. შუადღის თორმეტი საათი და ოცდაათი წუთი, როდესაც სარასგან შვილები მიჰყავთ.
3. ქონი აილენდის სადგურიდან ატლანტის ოკეანის სანაპირომდე. ულამაზესი აღწერები და ულამაზესი განწმენდა ცივი წყლით.
რაც შეეხება ნაწარმოების თემას, უჰჰჰჰჰჰჰ!!!!!!!!!! დაახლოებით ერთი თვის წინ ვნახე "არაორთოდოქსი" და სერიოზული დარტყმა იყო ჩემთვის. ჟანგბადი არ მყოფნიდა, ყურებას რომ მოვრჩი.
"ქარაფებზე მოსიარულე" - სიახლეების ტოპში იყო და შენი ნიკი ეწერა ავტორის ადგილას. წავიკითხე აღწერა. ჟრუანტელმა დამიარა. არც მიფიქრია, რომ სხვა დროისთვის მომეცალა წასაკითხად. დიდი ინტერესით და გონების შიმშილით მოგყვები.

"-კარგი შეგრძნება ყოფილა მწუხარებისგან დაცლა და შენთვის ჩაბარება". ჭეშმარიტად მეორედ შობილის სიტყვებია! შურისმაძიებლის გულგრილობა იგრძნობა. უფროსწორად ის შემაძრწუნებელი ფსიქოლოგიური გარდაქმნა შეიგრძნობა, რაც ასე მარტივად და უბრალოდ გამოითქმის ამ ორი სიტყვით: მწუხარებისგან დაცლა.
ძალიან კარგია, ქეთი. სათაური აქვს ისეთი, რომ არ ვიცოდე წიგნად არ არის დაბეჭდილი, წიგნი მეგონებოდა.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

წინ დიდიი ამბები გველის ვატყოობ :) წარმატებები ქეთო.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
გამიხარდა შენი გამოჩენა,სულ მიკვირდა ამდენი ხანი ,რომ არ ჩანდი,.ისტორია ჯერ არ წამიკითხავს,..

ნანჩო, კი გამიგრძელდა მკითხველის გარეშე ყოფნა, მაგრამ იმედი მაქვს, ღირდა ლოდინად ❤️

სტუმარი ლანა
როგორ გამახარე შენი ისტორია რომ დამხვდა საყვარელო????????

მადლობა, ვერ წარმოიდგენ, მე როგორ მიხარია ❤️
არც ჩემთვის იყო ადვილი უმოქმედობა...

ტაისა
ღმერთო, როგორი კარგია ♡

მადლობა, ტაისა :))))

guroo
პირველივე წინადადება სასწაულია! წაიკითხავ თუ არა, ხვდები, რომ უზადო გემოვნებით დაწერილ ნაწარმოებს კითხულობ. გემოვნება ტყუილად არ მიხსენებია... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს, ყველა სიტყვას, როგორც სამოსს, ისე არჩევ და უხამებ ერთმანეთს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი თანხვედრაშია განწყობასთანაც. აი, განწყობა კი, ემპათიური, მონუგეშო და მგლოვიარეა, რაღაც მომენტში - ტკივილიანი - და მე სულ მიჩნდება განცდა, რომ პერსონაჟს ბოლომდე ჭ....ტენ, ანადგურებენ და მომაკვდავს ტოვებენ.
ჩემი ფავორიტი მონაკვეთები ამ თავში:
1. დასაწყისი
2. შუადღის თორმეტი საათი და ოცდაათი წუთი, როდესაც სარასგან შვილები მიჰყავთ.
3. ქონი აილენდის სადგურიდან ატლანტის ოკეანის სანაპირომდე. ულამაზესი აღწერები და ულამაზესი განწმენდა ცივი წყლით.
რაც შეეხება ნაწარმოების თემას, უჰჰჰჰჰჰჰ!!!!!!!!!! დაახლოებით ერთი თვის წინ ვნახე "არაორთოდოქსი" და სერიოზული დარტყმა იყო ჩემთვის. ჟანგბადი არ მყოფნიდა, ყურებას რომ მოვრჩი.
"ქარაფებზე მოსიარულე" - სიახლეების ტოპში იყო და შენი ნიკი ეწერა ავტორის ადგილას. წავიკითხე აღწერა. ჟრუანტელმა დამიარა. არც მიფიქრია, რომ სხვა დროისთვის მომეცალა წასაკითხად. დიდი ინტერესით და გონების შიმშილით მოგყვები.

"-კარგი შეგრძნება ყოფილა მწუხარებისგან დაცლა და შენთვის ჩაბარება". ჭეშმარიტად მეორედ შობილის სიტყვებია! შურისმაძიებლის გულგრილობა იგრძნობა. უფროსწორად ის შემაძრწუნებელი ფსიქოლოგიური გარდაქმნა შეიგრძნობა, რაც ასე მარტივად და უბრალოდ გამოითქმის ამ ორი სიტყვით: მწუხარებისგან დაცლა.
ძალიან კარგია, ქეთი. სათაური აქვს ისეთი, რომ არ ვიცოდე წიგნად არ არის დაბეჭდილი, წიგნი მეგონებოდა.

როგორი ბევრის მთქმელი კომენტარი იყო, სწორედ ისეთი, როგორიც მწერალს სჭირდება!
გამიხარდა, რომ "არაორთოდოქსი" ნანახი გაქვს. მაშინ შენთვის ბევრი რამე ნაცნობი და ხელმეორედ შოკისმომგვრელი იქნება.
მადლობა ასეთი კომენტარისთვის. გამიხარდა, რომ საინტერესოდ დაინახე. კიდევ მეტად მესიამოვნა, რომ აღწერები მოიწონე. როდესაც ამ საქმის უბადლოდ შემსრულებელი გწერს ამას, ორმაგად სასიხარულოა.

სტუმარი ნინო
წინ დიდიი ამბები გველის ვატყოობ :) წარმატებები ქეთო.

კი ბატონო, ასეა :)))
❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9 სტუმარი თმთ

არასდროს მიფიქრია ზღვა თუ კესანისფერია ...
ნამდვილად გავს...
ფილმი ვნახე ცოტახნის წინ არაორთოდოქსი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს ნაწარმოებს...
❤️❤️
თქვენი დიდი ხნის მკითხველი ვარ , პირველად გამოჩნდა და კომენტარების სურვილი
წარმატებები

 


№10  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

თმთ
არასდროს მიფიქრია ზღვა თუ კესანისფერია ...
ნამდვილად გავს...
ფილმი ვნახე ცოტახნის წინ არაორთოდოქსი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.
სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს ნაწარმოებს...
❤️❤️
თქვენი დიდი ხნის მკითხველი ვარ , პირველად გამოჩნდა და კომენტარების სურვილი
წარმატებები

ჰო, დაწყნარებული ატლანტის ოკეანე ყოველთვის კესანისფერია. მიხარია, რომ ბევრმა მკითხველმა იცის რას კითხულობს და ვინ არიან ჰასიდები. ეს ძალიან კარგია, რომ ჩემი ნაწარმოები უფრო მეტი სიმძაფრით აღიქვან. მადლობა ინტერესისთვის ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№11 სტუმარი სტუმარი nancho

ემოციების და გრძნობების ჯადოქარი რომ ხარ ეს უკვე მითქვამს,ეპითეტებით და მხატვრული ხერხებით სავსეა შენი ისტორია,ღმეთო სარა ვიყავი მაგ დროს,სულ მიკანკალებდა სხეული კითხვის დროს.ქეთი ძალიან კარგი ხარ,.აი ჰასიდები კი არ ვიცი ,იმედია გუგლში მოვძებნი,.

წავიკითხე ჰასიდებზე,ძალიან საინტერესო იყო,მადლობა შენ ამ ინფორმაციისთვის.

 


№12  offline წევრი ვიპნი

გულმა ვერ მოითმინა დამთავრებამდე და წავიკითხე,ჩემთვის უცხო და უცნობი თემატიკაა და სწორედ ამან მომხიბლა .წარმატებებს ვუსურვებ ყველა მებრძოლ დედას და მადლობა ერთი რიგითი მკითხველის გაბედნიერებისთვის ❣️

 


№13  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
ემოციების და გრძნობების ჯადოქარი რომ ხარ ეს უკვე მითქვამს,ეპითეტებით და მხატვრული ხერხებით სავსეა შენი ისტორია,ღმეთო სარა ვიყავი მაგ დროს,სულ მიკანკალებდა სხეული კითხვის დროს.ქეთი ძალიან კარგი ხარ,.აი ჰასიდები კი არ ვიცი ,იმედია გუგლში მოვძებნი,.

წავიკითხე ჰასიდებზე,ძალიან საინტერესო იყო,მადლობა შენ ამ ინფორმაციისთვის.


ნანჩო, მადლობა შენ ასეთი სიტყვებისთვის. სხვა რა უნდა ინატრო მკითხველისგან? ❤️

ვიპნი
გულმა ვერ მოითმინა დამთავრებამდე და წავიკითხე,ჩემთვის უცხო და უცნობი თემატიკაა და სწორედ ამან მომხიბლა .წარმატებებს ვუსურვებ ყველა მებრძოლ დედას და მადლობა ერთი რიგითი მკითხველის გაბედნიერებისთვის ❣️


ვიპნი, შენნაირი ადამიანები ბევრი უნდა არსებობდნენ ❤️
მადლობა ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent