შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი


7-08-2020, 11:26
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 772

***
ახალი ჩაძინებული იყო, მისაღები ოთახიდან ტელეფონის გაბმულმა ზარმა გააღვიძა.
- ლილი უპასუხე რა გასკდა ტელეფონი. -ლილიიი! დედააა!
გაახსენდა, სანამ დაწვებოდა ლილი მარკეტში აპირებდა გასვლას, ზლაზვნით წამოდგა და ტელეფონისკენ გაემართა. – „კიდევ რეკავენ ამ ტელეფონებზე?!“
- გისმენთ!
- ახლა ადგები და ეგრევე ჩემთან გამოხვალ!
- ძნელო. - მოლბა ლაშა, ბავშვობის მეგობრის, ხმის გაგონებაზე.
- ბოდიში მოიხადე რა. აღარ ვარ ძნელი. დავბრძენდი, დავსერიოზულდი, ერთი წელიც და მაგისტრის ხარისხს მივიღებ. ნუ თქვენსავით ევროპული განათლებით ვერ დავიტრაბახებ ბატონო ლაშა, მაგრამ... ჰო, დილას მამაშენი შემხვდა, სამსახურამდე მიმიყვანა და მითხრა რომ ჩამოხვედი, და შენ დეგენერატი ხარ რომ იცოდე რა, არ უნდა გეთქვა? ყველაფერს წინასწარ დავგეგმავდი. რა აღარ მოვატყუე დეიდაჩემს რომ გამოვეშვი, მანჩოს ხომ იცნობ შენ? ჩემი უფროსია აზრზე ხარ? მეგონა იქით კვირაში მოფრინავდი და...
- კარგი, კარგი, ამოისუნთქე, რომ ჰკითხო ძნელი აღარ ვარო. - ღიმილიანი უსმენდა ლაშა.
- აუ გამოდი რა, თორე მე ამოვალ. ლილიკო სახლშია?
- არა, მგონი მარკეტში უნდა გასულიყო, ააფეთქე ტელეფონი, ავდექი და არ იყო სახლში.
- უი, გეძინა? - მოისაწყლა თავი თაკომ.
- ვერ მიხვდა ქალბატონი!
- უჰ,უჰ წარმომიდგენია რა ფორმაში ხარ ეხლა. ყოფილი კალათბურთელის მაღალი დაკუნთული სხეული მოაბიჯებს “იამამაის” ტრუსით, კვეთს საძინებელს, შედის მისაღებში...
- ჯერ არ მინახიხარ და უკვე ნერვებს მიშლი. შენ გირჩევნია ლილის დაურეკო, უთხარი მობილურის რაიმე ნომერი მიყიდოს.
- დავურეკავ. ოღონთ აღარ დაიძინო და მალე გამოდი, ჩვენს ბიჭებს გავაგებინე უკვე და დღეს საღამოს შენს დაბრუნებას ავღნიშნავთ.
- კარგი დროებით.
თაკო ნიშნიანიძესთან საუბარი ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებდა. ალბათ უამრავია პოზიტიური ენერგეტიკის, უდარდელი და ლაღი ადამიანია მსოფლიოში, თუმცა მას ჰქონდა რაღაც ამოუცნობი რაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს დადებითი ენერგიით მუხტავდა. ერთი შეხედვით გატუტუცებული გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა. მართალია, მისი მშობლები ( ალბათ როგორც ყველა დედისერთა ბავშვის) გადაჭარბებულ ყურადღებას იჩენდნენ მის მიმართ, რაც მისი ყველა ბავშვური კაპრიზის შესრულებაში გამოიხატებოდა, თუმცა თაკო არ შედგა მშობლებზე მიჯაჭვულ ადამიანად, რომელთაც დამოუკიდებელად ცხოვრების აწყობა უჭირთ. არ შედგა ადამიანად, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ნაკლები მოთხოვნები და მაღალი თვითშეფასება აქვს. ლაშას სკოლის, თუ სტუდენტობის დროინდელი თითქმის ყველა სახალისო ისტორია თაკოსთან იყო დაკავშირებული. კლასელებმა სკოლის დამთვარებისთანავე ჩააბარეს უნივერსიტეტში. თაკოს ყოველთვის ჯურნალისტობა იზიდავდა და აკი დაიწყო კიდეც თავისი პროფესიით მუშაობა. ყვითელ პრესასთან მუშაობს, რაც მისი მეგობრების აზრით მასზე ზედგამოჭრილია.
- თაკომ გაგაღვიძა ხომ? - შემოსვლითანავე ჰკითხა ლილიმ.
- ადგომას ვაპირებდი მაინც. - მიყიდე ნომერი?
- ანტიკვარი გყავთ ეგ გოგო რა, აი გამომართვი.
- დედა, პაპას ისევ ის ნომერი აქვს?
- რომელი თაყვანისმცემლებით შეწუხებული თინეიჯერი პაპაშენი ნახე - ნომრებს იცვლიდეს? - გულიანად გაიცინა ლილიმ.- არ მითხრა ახლა კახეთში მივდივარო! დღეს ჩამოხვედი ლაშა დაგვენახე ცოტა ხანს!
- შეურიგდი? გავიგე დაბადების დღეზე ჩასულხართ შენ და მამა. - უემოციოდ იკითხა ლაშამ.
- ჰო, შევრიგდით და არ გინდა ეს თავის მოკატუნება, თითქოს არ იცოდე რა ნომერი აქვს. - მამაა მაინც რა ვქნა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად არ ვიცი მამობრივი სიყვარული რა არის... ისე კარგი დრო ვატარეთ. მხოლოდ ნათესავები იყვნენ. ბოლოს კი ტოიოტას ცენტრიდან მოდის შავი პიკაპი, მძღოლი ტოვებს მანქანას და ბაბუაშენს აწვდის მისალოც ბარათს , წარწერით: „ვსეგდა ტვოი ბრატ ვალერ გატჩნსკი“. - იცი როგორი შეცვლილია? თუმცა შენ რას გასწავლი, მამაჩემს ჩემზე უკეთ იცნობ.
- ვისგან არისო რა თქვა?
- რავიცი მე, ვინმე ციხის ძმაკაცი იქნებოდა ალბათ. ან, ეს „გატჩინსკი“ რაღა უბედურებაა?
- გატჩინა პატარა ქალაქია რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. - საძინებლისკენ მიმავალი ნომრის აკრეფას შეუდგა.
- როგორ ხარ?
- ჩამოხვედი ჩემო ბიჭო. - მოხუცის რამდენიმე სიტყვაში ისეთი სიყვარული იგრძნობოდა ბიჭს გული შეეკუმშა. – კარგადა ვართ, კარგად, რა გვიჭირს. აი ცოტა ბებიაშენი მიტრაკებს. - მოხუცმა საყვარელი შვილიშვილის მონატრებით გამოწვეული გულიჩვილობის დამალვა ბილწსიტყვაობაში სცადა.
- აღარ გიხდება სამოცდახუთი წლის კაცს ეგ სიტყვები. - გაეცინა შვილიშვილს.
- ბიჭო, როდის უნდა მორჩე შენ ჩემი ჭკუის დარიგებას? - გახალისდა მოხუცი. - მთელი ცხოვრება ჭკუის დარიგებას ჩემგან ითხოვდნენ.
- ვერ ვიპოვე ბაკურ...
- დარდი გაუშვი შვილო. როდის მნახავ? - იკითხა რამდენიმე წამის შეყოვნების შემდეგ.
- არჩილს მანქანას ვთხოვ და დილითვე წამოვალ.
- არა. არ გინდა, ტაქსით წამოდი.
***
ივნისის მზიანი დილა გათენდა. ჩვევად ჰქონდა, თუკი მეორე დღე საინტერესო მოვლენებით უნდა ყოფილიყო დატვირთული საძინებლის ფარდებს ყოველთვის ღიას ტოვებდა. მზიანი დღის შემთხვევაში გათენებისთანავე გაღვიძებოდა. გაღვიძებისას ყოველთვის გახედავდა საათს. მიშტერდებოდა რამდენიმე წუთით. მართკუთხედის ფორმის საათი სურათის იმიტაციას უფრო ახდენდა. ერთი შეხედვით შეიძლება მხოლოდ გერგეთის სამება დაგენახათ და არა მასე წრიულად მოძრავი საათის ისრები. შემაღლებულ ბორცვზე აღმართული ეკლესია, რომელსაც ღრუბლები შარავადედივით ადგა თავზე. საათის მარჯვენა,ზედა კუთხეში, მუდამ თოვლიან მყინვარწვერიზე კი იფიქრებდით მონასტერს ღრუბლები გადააფარა სიცივისგან დასაცავადო.
შორტის ამარა გასულს სამზარეულოში, ყავის მადუღარით ხელში, არჩილ არაბული დაუხვდა.
- როგორ გიხდებათ ყავის მომზადება ბატონო არჩილ. - დაამთქნარა ლაშამ. - სარბენად მიდიხარ?
- უკვე დავბრუნდი... ადრე ამდგარხარ. კარგია დილიდან მასხრობის გუნებაზე რომ ხარ. ესეიგი კარგი დღე გექნება. ლექციები შუა დღეს გაქვს არა?
- რაღა ლექციები, ორი გამოცდაღა დამრჩა. - ჰო მართლა, დღეს ტურიზმის დეპარტამენტში მივდივარ. ზაფხულის განმავლობაში უცხოელებთან ერთად იგეგმება რამდენიმე ტური საქართველოს მაშტაბით.
- და შენ რა შუაში ხარ?
- კარგი რა არჩილ, მაგას გამოვტოვებდი? მეგობარი მუშაობს დეპარტამენტში და ჩამრთო მეც, მთელი ზაფხული შემოვივლი ჩვენს ქვეყანას.
- ჰოო, მაგრამ არ გეზარება მთელი ზაფხული კარავ-აკიდებულს ტყე-ღრეში ხეტიალი? ან მაგისტრატურის გამოცდებზე რას შვრები?
- იცი სად მივდივართ? საინგილო, ტაო-კლარჯეთი, თუშეთი, სვანეთი და მისი უდიდებულესობა მყინვარწვერი, ალპინისტებთან ერთად. ორი კვირის ინტერვალით ვივლით. მითხარი აბა ვინმე შენი ნაცნობი, ვისაც ყველა ეს ერთად ნანახი აქვს? აი, მე მარტო ტაოში არ ვყოფილვარ და მანდაც წავალ.
- აბა რა, აბა რა. მარტო ისტორია, ბუნება, ღირსესანიშნავი ძეგლები გაიტერესებთ თქვენ. - ნაძალადევი სერიოზულობით განაგრძობს არჩილი. - და არამც და არამც ეს დარჩეული გოგოები. - წინა კვირას რომ მიგიყვანე, მგონი სვანეთში მიდიოდით, დავძარი მანქანა, უნდა წამოვიდე და რას ვხედავ, დგანან ანგელოზივით გოგოები, ამ ორმოც წელს მიტანებული კაცს თვალიც კი გამექცა. ისე მხოლოდ ასეთ დარჩეულ გოგოებს უყვართ მოგზაურობა ალბათ ჰო? - ორივემ ერთან გაიცინეს.
არჩილმა სინამდვილეში იცოდა, რომ მოგზაურობა შვილს მართლა ჰობად ჰქონდა ქცეული. უკვირდა კიდეც ერთად როგორ ასწრებდა, მეგობრებთან ურთიერთობას, სწავლას, მოგზაურობას. სკოლის დამთავრებისთანავე სამხედრო სავალდებულო სამსახურში პირველივე გაწვევეზე სიხარულით წავიდა. როგორც კი დაბრუნდა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.
იმის მტკიცება, რომ შვილები ქალს მეტად უყვარს, ვიდრე მამაკაცს, შეუძლებელია. უბრალოდ, ეს სიყვარული სხვადასხვანაირად ვლინდება. დედობრივი სიყვარული ბრმაა, მამობრივი - უფრო მომთხოვნი და ობიექტური. დედობრივი სიყვარული უპირობოა: „არ აქვს მნიშვნელობა, ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი ხარ თუ არა, - მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი შვილი“. მამობრივი სიყვარული პირობითია: „თუ იქნები ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, მაშინ მე შენ გაგიკეთებ ამას და ამას; მე მამა ვარ და ყველაფერი შემიძლია“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დედა ასაჩუქრებს, მამა აჯილდოებს. მამაკაცები იშვიათად უყვავებენ შვილებს, სამაგიეროდ, ყოველთვის სჯიან მათ უსაქციელობის გამო. დედებს უყვართ ხანგრძლივი აღმზრდელობითი საუბრები, მამები კი აქტიურ ქმედებას ამჯობინებენ - დილის ვარჯიშს, ფეხბურთს...
ლაშაზე ფიქრის შემდეგ არჩილს ყოველთვის მწუხარება იპყრობდა. მისი ფიქრები ჯაბაზე გადადიოდა. ვერა და ვერ აარიდა ქუჩას, მისთვის გაუგებარი იყო, რატომ ან როგორ გაიზარდნენ რადიკალურად განსხვავებულები მისი შვილები. მართალია, არჩილი ჯაბას დედასთან არ ცხოვრობდა და ერჯერად გატაცებას ოჯახი არჩია, რის აღდგენასაც ორი წელი მოანდომა (ლილის შემორიგება ადვილი საქმე არ იყო), მაგრამ არასდროს არაფერში განუსხვავებია შვილები. არც ფინანსურში და არც მამობრივ სიყვარულში. ცდილობდა თანაბარი დრო დაეთმო შვილების აღზრდისთვის, თუმცა ნახევარძმები რადიკალურად განსხვავებულნი გაიზარდნენ. სხვადასხვა შეხედულებებით, სხვადასხვა აზროვნებით. მიუხედავად ამ ყველაფრისა ძმებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. ამით კი ნადმვილად იმშვიდებდა თავს არჩილი.

***

ბოლო მოგზაურობიდან დაბრუნებული, გამოძინებული ლაშა ძმის უბანში მიაბიჯებდა.
- ჩამოხვალ? შენს ეზოში ვარ.
- მოვდივარ „ბრატან“, მოვდივარ . - უპასუხა ტელეფონში ჯაბამ.
რამდენიმე წუთში, პატარა მყუდრო ბარში, რომელიც ჯაბას შერჩეული იყო, ძმებმა ლუდი შეუკვეთეს.
- ისეთი სახით მიყურებ, უეჭველი უფროსი ძმის როლი უნდა მოირგო ხო? - გამომცდელად გახედა სავარძელში მოკალათებულ ლაშას.
- მომენატრე ბიჭო... და შენთან როლების თამაში არასდროს დამჭირვებია! - იწყინა ძმამ.
- კაი ვხუმრობ, რა გჭირს.
- როგორ მიდის შენი საქმეები? სკოლას ამთავრებ, რა გეგმები გაქვს? არ აპირებ სწავლის გაგრძელებას? - ერთბაშად დააყარა კითხვები.
- გაგრძელებას მომეწონა, სკოლაში ხო დავბრდღვენი რა. - გულიანად გაეცინა ჯაბას და სიგარეტს მოუკიდა.
- მისმინე, ერთი კარგი თეტრალური კოლეჯი გახსნა ძმაკაცის მამამ. იცნობ შენ ჩემ კორპუსში ცხოვრობს, ვაჟა ბათურელი.
- ხო ვიცი, ვიცი...
- ჰოდა რაღაცნაირად გახდენ რა ამ თეატრალურს. რას იტყვი?
- რას გეუბნებოდი წეღან? - რომ შემოგხედავ „იმენა“ გშიფრავ.
ჯაბა მართალი იყო. არასდროს გამოსდიოდა ლაშას რაიმის დამალვა ძმასთან, ან მთავარი სათქმელის შორიდან მოვლა.
- ჯაბა...
- მომისმინე! ჩემი ძმა ხარ! და ეს სიტყვა „ძმა“ უბრალოდ სიტყვა არ არის, რომელთაც შეიძლება უბანში ვინმეს მივმართო... არც მარტო სისხილით ნათესაობას ვგულისხმობ! მე არ ვგრძნობ თავს ოჯახის გარეშე. არ ვგრძნობ თავს სხვანაირად გესმის?! ამით უფრო მაკოპლექსებთ! ჰო, შეიძლება ტეხავს მამა რომ ჩემთან არ ცხოვრობდა და ბავშვობაში გაკვეთილების მერე ეზოში მელოდებოდა, ან ცურვაზე წამიყვანდა და სახლში აღარ ამომყვებოდა, მაგრამ ამით არავისზე არ ვარ დაბოღმილი ლაშა!
- რა შუაშია ეხლა ეგ...
- იმიტომ, რომ არჩილამ გამოგგზავნა!
- გამომგზავნა...?
- კაი, „იზვინი“ ალბათ ერთად მოიფიქრეთ, მაგრამ მინდა მე თვითონ ვიპოვო ჩემი გზა, გესმის?... ვაჰ, უკვე დაცალე? - პასუხს აღარ დაელოდა ჯაბა და თემის შეცვლა სცადა. - ბავარიაში უნდა წახვიდე შენ ჯიგარო,- ისე დიდო მოგზაურო ნამყოფი ხარ გერმანიაში? - თითქოს შეცვლილი თემით კმაყოფილმა უმცროსმა ძმამ ლუდი განმეორება ანიშნა მიმტანს.
- ნამყოფი ვარ, ნამყოფი. - უნდა გასწავლო, როგორ შეცვალო ხოლმე თემა შეუმჩნევლად. - მხარზე ხელი მსუფუქად გაჰკრა ლაშამ გაღიმებულ ძმას.
-ჰო რა ძმაო მოვრჩეთ ამ თემაზე ბაზარს. - ხო იცი რამე თუ დამჭრდა არ მომერიდება. - სკოლა როგორც დავამთავრე არჩილამ მანქანა მომიყენა ეზოში და ეგეც მაგრად მიტყდება. - განა მანქანა არ გამისწორდა, პროსტა შენ ამდენს მოძრაობ, სწავლობ და რამე, შენ უფრო გჭირდება და მე მიყიდა.
- კარგი, კარგი მოვრჩეთ.
- ბაბუაშენი როგორ არის?
- კარგად, რა უშავს.
- იცი რა გამახსენდა ეხლა? ორი წლის წინ კახეთში რომ წამიყვანე შენებთან. შავი კვიცი გიყიდა იმ დღეს, რა კაი ტიპი იყო. გაიზარდა?
-გაიზარდა, გაიზარდა. მე კიდევ ის გამახსენდა პირველად, რომ ბაკური ბაბუა დაუძახე რა რეაქცია ჰქონდა. - ჩაიცინა ლაშამ.
- რა ვიცოდი თუ ბაბუა „უტყდებოდა“. შენთან ვახსენებ ბაბუას, თორემ როცა კიდევ ვნახავ სულ პაპა უნდა ვეძახო. - აჰყვა სიცილში ძმა.
- წავიდეთ იქით კვირაში და იჯირითე, ბაკურსაც ნახავ თან.
- მეტი საქმე არ მაქვს ბაკურის გაწვრთნილ ცხენს მოვაკვლევინო თავი.
- ისე მოთვინიერება მართლა გაუჭირდა. ჩემთან ყოველთვის მშვიდია, ბაკური მეუბნება; შენ, რომ მიდიხარ პატარა ბავშვივით ჯიუტი ხდება ხოლმეო.
- ვა ლაშაა , ხმაურით შემოვიდნენ ბარში ჯაბას უბნელი ბიჭები. - რას შვები ძმაო, რა მოგვანატრე თავი, გამოგვიარე ხოლმე, ხო იცი ჯაბას ძმა ჩვენი ძმაა.
- ლუდზე დაგვეწვიეთ. - დიდად არ გახარებია ლაშას მათი ამ დროს გამოჩენა. ჯაბამაც იცოდა, ძმას გულზე ნამდვილად არ ეხატებოდა მისი მეგობრები.
- პირიქით თქვენ თუ დაგვეწვევით უკეთესი იქნება, გოგოებს ველოდებით თან.
- დედმამიშვილურ საუბარში გვიშლით ხელს. - ხუმრობანარევად თქვა ჯაბამ.
- არა, არა უნდა გავიდე მე უკვე, დილით ადრე ვარ ასადგომი. - ლაშამ ბიჭებს ხელი ჩამოართვა და ბარმენისკენ წავიდა გადასახდელად.
- რას აკეთებ, - გაჰყვა უკან ჯაბა.
- კარგი, კარგი - გაცინა ძმას. - მოკლედ წავედი და გთხოვ დაფიქრდი.
- კარგი, მოვიფიქრებ.

***
ივნისი ილეოდა. ლაშა მარტყოფის ღვთაების მონასტრის ეზოში იჯდა და მეგობრების ლოდინში ბუნებაზე დაკვირვებას აწარმოებდა. ფიქრობდა, შეძლებდა თუ არა მთაში ცხოვრებას, რაც გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა. მსგავსი ფიქრები მხოლოდ ყაზბეგში და მარტყოფის მთებში მოსდიოდა. ეს თვითონაც შეემჩნია, მაგრამ ვერა და ვერ ხვდებოდა რატომ. ბოლოს კი უბრალო აკვიატებად მიიჩნია. ხშირად ადიოდა მონასტერში, რამდენიმე დღე რჩებოდა. საღამოსაც ასულა მონასტერში, კარგად ნაცნობ ბერებთან უსაუბრია, ცისკრის ლოცვას დასწრებია და დილის ცხრა საათზე უკვე სახლში ყოფილა. ახლა კი მამა ელისეს თხოვნი, მეორე დღეა სვეტის მშენებლობაზე ეხმარებოდა მორჩილებს.
ფიქრებში გართული ლაშა სამრეკლოზე დარეკილი ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ოთხის ნახევარზე დარეკილი ზარი ტრაპეზის მანიშნებელი იყო.
- მიდიხარ? - სატრაპეზოსკენ მიმავალი ბერი ლაშასკენ მიტრიალდა. - ტანსაცმელი მაინც გამოგეცვალა ბიჭო, სულ ცემენტიანი ხარ.
- გამოსაცვლელი არაფერი წამომიღია მამაო. - წამოდგა ლაშა და ბერს მიუახლოვდა. - მამა ელისემ როგორც კი დამირეკა მაშინვე წამოვედი.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო! წამოდი მოგიძებნი რაიმეს.
- არა, არა, წუთი წუთზე მოვლენ მეგობრები უკვე და წამიყვანენ.
ხუთ კილომეტრიანი აღმართით დატანჯული შავი აუდი ვაკეზე ამოვიდა, სვლა შეანელა და მონასტრის კარიბჭესთან უნდა გაჩერებულიყო, რომ ლაშამ ხელით დაქნევით ანიშნა ეზოში შემოდითო.
- მამაო, რაღაცეები ამოიტანეს ბიჭებმა და სად შეიძლება დავაწყოთ? - მიმართა ბერს.
- ლაშა, ლაშა... დასახმარებლად დაგიძახეთ და კიდევ რაღაცებიო?!
- მე რა შუაში ვარ მამაო თევდორე, ბიჭებმა ამოიტანეს. - მორიდებულად გაიღიმა და მანქანას მიაშურა.
- აქეთ შემოიტანეთ შვილო. - თქვა ბერმა და სატრაპეზოსკენ წავიდა.
- სად ხართ აქამდე? - მისალმებასავით გამოუვიდა ლაშას. გამოწვდილ ხელებს სწრაფად დაუკრა ხელი და საბარგულის გაღება დაიწყო.
- ბიჭო, რომ დაგვატვირთინე ეს მანქანა ამ აღმართზე ამოსვლა არ უნდოდა? - არც გზა ვიცოდით ნორმალურად, კიდევ კარგი თაკო ჩაგვიხტა მანქანაში.
- მაგანაც დაგვაგვიანა. ასჯერ გამაჩერებინა. ყველა ხის ტოტთან, თუ გვირილასთან სურათი გადაიღო. - განაგრძო მეგობრის სიტყვა ლუკამ.
ახლაღა შენიშნა ლაშამ უკანა სავარძელზე მჯდარი თვალებაციმციმებული გოგო, რომელმაც ლაშას გამოხედვაში თითქოს მსუფუქი გაბრაზება დაინახა, მაგრამ როგორც კი ბიჭმა გაუღიმა და ხელით ანიშნა შევზიდავთ და მოვალთო, მაშინვე ჩვეულებისამებრ ენა გამოუყო.
საბარგულიდან ფრთხილად გადმოიტანეს ერთი ტომარა ფქვილი, ერთი ტომარა კარტოფილი, სხვადასხვა სურსათი. მორჩილებიც მოეხმარნენ და სატრაპეზოს სამზარეულოში დააბინავეს.
- ლაშა, ტრაპზზე დაპატიჟე ბიჭები. - მამა ელისე ანაფორის ფერთხვით გამოვიდა სამზარეულოდან და წასასვლელად გამზადებულებს მიმართა. საკმაოდ მაღალ, ორმოციოდე წლის მამაკაცს მუდამ სევდიანი ღიმილი აღბეჭვდოდა სახეზე.
ლაშამ ბიჭებს ანიშნა შევიდეთო და სატრაპეზოში შეუძღვა. გრძელ, მართკუთხედის ფორმის მაგიდასთან უკვე თითქმის ყველა შეკრებილიყო. ლაშამ მორჩლების გვერდით, სტუმრების კუთვნილი ადგილი დააკავებინა მეგობრებს და გვერდით ამოუდგა. მონასტრის წეს-ჩვეულებების უცოდინარი ლუკა და გიორგი ლაშას მისჩერებოდნენ და მის ყველა ქმედებას იმეორებდნენ. ლოცვის შემდეგ დაიწყო ტრაპეზი. სატრაპეზო მაგიდის თავში შემაღლებულ ადგილას მდგარმა მოძღვარმა წმინდა წერილების კითხვა დაიწყო. ლუკა და გიორგი მსწრაფლ წამოხტნენ ფეხზე და პირჯვარი გამოისახეს. გაღიმების ტალღამ გადაურბინა მორჩილების სახეებს. ბიჭები მიხვდნენ რაღაც რიგზე არ იყო და ლაშას შეხედეს, რომელიც წიწიბურას მადიანად შეექცეოდა. გაღიმებულმა მეგობარმა თავის გაქნევით ანიშნა სკამისკენ. ერთ-ერთმა მორჩილმა დაბნეული და დამორცხვებულ ბიჭებს ლობიოს დიდი ქვაბისკენ მიუთითა, მიირთვითო და ჩაის დასხმა დაიწყო მათთვის.
- რა წესია? დამსვით ამ მანქანაში და მალოდინებთ ამდენი ხანი?! - ბიჭების მანაქანაში ჩასხდომისთანავე დაიწყო თაკომ.
- მომსალმებოდი მაინც ძნელო. - გაღიმებული ლაშა უკანა სავარძელზე თაკოს გვერდით მოკალათდა.
- მოდი გაკოცო. - მოლბა გოგო და მისკენ გადაიხარა.
- აქ ჯდომას, შესულიყავი ეკლესიაში და ერთი სანთელი მაინც დაგენთო, - გადმოხედა გიომ.
- ვაპირებდი გენაცვალე, ვაპირებდი. მაგრამ მერე ვიფიქრე რომ გამოვიდნენ არ გამასწრონთქო ვა, - დატუქსული ბავშვივით ქვედა ტუჩი გამოწია გოგომ. - ერთხელ და ორჯერ მოგიტეხივართ აქამდე თუ რა.
- აი, ვამბობ ძნელი ხართქო და არაო! - ხელი მოხვია ლაშამ და ჩაიხუტა. - ყველამ ერთად გაიცინეს.
- რას აკეთებდით ამდენი ხანი?
- ტრაპეზი იყო და დაგვპატიჟეს. - ჩაილაპარაკა გიომ.
- აუ, მართლა? რა ჭამეთ?
- „ლაზანია“. - მიამიტი სახე მიიღო გიომ.
- უიმეე, დაგეძახათ მერე გამიხმა კუჭი. - გააგრძელა გოგომ.
ლუკა, რომელიც ქვიან დაღმართს აკვირდებოდა და განსაკუთრებული გაფაციცებით მართავდა უცებ დაამუხრუჭა და სარკეში გახედა გოგოს.
- ელაპარაკე ეხლა ამას. - გოგოო! - მამათა მონასტ...
- ვიცი დეგენერატო, ვიხუმრეე! - სიტყვის დასრულება არ აცადა თაკომ.
- კარგი, კარგი მორჩით. - მეგობრების კინკლაობით გახალისებულმა ლაშას გოგოსკენ გადაიხარა და რაღაც ჩასჩურჩულა.
- კახეთის გზატკეცილზე რომ არის? - თვალები გაუბრწყინდა გოგოს. ოღონთ არ ჩასკდეთ ეხლა, ხვალ ხევსურეთში მომყვები, ხომ არ დაგავიწყდა?
- შენი „სვეტსკი“ დაქალების ნერვები რომ არ მაქვს? - მისივე ხმის ტემბრით უპასუხა გოგოს.
- უშენოდ მაინც ვერ წავალთ ხომ იცი? თან ყველამ მთხოვა. - ძლივს მოვაბით თავი პირველად სადმე წასვლას ჯგუფელებმა, რამდენიმე გოგო და 2 ბიჭი იქნება, უმრავლესობას იცნობ. ხომ შემპირდიი? - გაბუტული სახის მიმიკების აწყობა დაიწო თაკომ.
- მოვდივარ, მოვდივარ, ნუ იბუსხები. - გაეცინა ლაშას. შემდეგ კი ლუკას თხოვა მათ საყვარელ რესტორანში დაერეკა და შეკვეთა მიეცა.



№1  offline მოდერი Mary Drey

"დედობრივი სიყვარული ბრმაა, მამობრივი - უფრო მომთხოვნი და ობიექტური."-. გუდ ჯობ!!

1. მინახიხარ არა-- მინახავხარ
2. მაშტაბით არა-- მასშტაბით.
3. ეხლა არა-- ახლა

მოკლედ... საინტერესო ვითარებაა მე თუ მკითხავ. იმედი მაქვს მომავალში უფრო განავრცობ სიუჟეტს და უფრო ემოციურად გახდი. ჩემს თვალში სიუჟეტს ოდნავი მარილის მოკლა სჭირდებოდა, თუმცა ცუდი არ არის. წარმატებები!!

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა განსხვავებული ნაწარმოებია მადლობა წარმატებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent