შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი (თავი 3)


9-08-2020, 10:32
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 524

* * *
იქნებ ოდესღაც ქალი და მამაკაცი ერთი მთლიანი არსება იყო. ალბათ ამიტომ არის ადამიანი არასრულყოფილი, ამიტომ დაეძებს გამუდმებით მეორე ნახევარს, ურომლისოდან სიცოცხლე თითქოს სავსე არ არის. ამიტომ ილტვიან ქალი და მამაკაცი მუდამ ერთმანეთსკენ, რათა შეავსონ ერთმანეთი და თავი სრულყოფილ ერთარსებად იგრძნონ... ცალ-ცალკე ქალი და მამაკაცი სამყაროს სრულყოფილად, სრულფასოვნად ვერასდროს ვერ აღიქვამენ... ეს ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იმ მომენტებში ხდება, როცა თვითოეული ადამიანი ერთდროულად ქალის თვალებითაც ხედავს და კაცის თვალებითაც, სწორედ მაშინ შეიძლება ჩაწვდეს იგი სამყაროს ნამდვილ არსს, მის თითქმის მიუწვდომელ ჰარმონიას... ალბათ მაშინ, როცა სიყვარულია... სწორედ სიყვარული გვჩუქნის ბედნიერებას, აღვიქვათ სამყარო ისეთად, როგორიც არის - სრულყოფილად... და კიდევ ერთი რამ გვანიჭებს ამ ბედნიერებას - ნამდვილი ხელოვნება. როდის? როცა მხატვარი ჯერ სულს შთაბერავს თავის მიერ ტილოზე გამოსახულ პორტრეტს და შემდეგ მისი თვალებით დაინახავს. როგორც ტიციანი ხედავდა თავის მიერ შექმნილი ვენერას თვალებიდან. რემბრანდტი კი - სასკიას თვალებიდან. როცა კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი, ჟულიეტა მაზინას მიერ განსახიერებული პერსონაჟების თვალებით უმზერდა ამ ცხოვრებას. ორი რამ გვანიჭებს ამქვეყნად სრულყოფილების განცდას - სიყვარული და ხელოვნება.
ამ ფიქრებში გართული ლაშა უკვე საკუთარი კარის ზღურბლთან იდგა და გასაღებს არგებდა რკინის კარს.
- მოხვედი? - შეეგება არჩილი.
- სახლში ხარ მამა? - მეგონა არავინ იქნებოდა.
- ჰო, ლილი დეიდაშენთან არის, ახლახანს შემოვედი მეც. გილოცავ დამთავრებას შვილო. - მამობრივი სიყვარულით გახედა არჩილმა
- რას?
- ბოლო გამოცდა არ გქონდა დღეს?
- ა, ჰო... მადლობა, მადლობა. - გამოერკვა ფიქრებიდან ლაშა.
- რა გჭირს, მოხდა რამე?
- არა, რა უნდა მომხდარიყო? რაღაც მოვითენთე, ცხელა გარეთ. წავალ რა წამოვწვები.
- მიდი შენ მოწესრიგდი და გამოდი აქეთ, ის კონიაკი უნდა გავსინჯოთ.
- კარგი რა, ამ სიცხეში?
- დიახ, სწორედ ამ სიცხეში.
- რა კონიაკია ასეთი?
- გამოიცანი. - გამომცდელად შეხედა შვილს.
- უი ის... შენ რომ... - გაუბრწყინდა სახე ლაშას. - ორ წუთში გეახლებით ბატონო არჩილ.
- ეგრე რა კაცო. - აიქნია ხელი მამამ და სამზარეულოსკენ წავიდა.
არჩილს, მისაღებ ოთახში სახელდახელოდ მოეწყო მაგიდა. დაჭრილი ხილი, ნატურალური წვენი და ორი კონიაკის ჭიქა. ოთახიდან გამოსულ ლაშას სამზარელოდან გასძახა ჯერ აქეთ შემოდიო. ცარიელი ბოთლი მიაწოდა, დამიჭირეო. ბროლის მოჩუქურთმებული ხუთ ლიტრიანი ბოციდან ნელ-ნელა ბოთლში გადასხმა დაიწყო.
- გახსოვს ეს ბოცა?
- მახსოვს, მახსოვს. - დაწვრილებით გაახსენდა, ოთხი წლის წინ, როგორ ჩამოაკითხა არჩილმა კახეთში. როცა ბაკურს არყის გამოხდაში ეხმარებოდა. როგორ გამოართვა ლამაზი ბროლის ბოცა სიმამარს. სიდედრს მოატანინა ერთ კილოგრამამდე კაკლის უღელი, რამდენიმე მიხაკი და ვანილი. ჩაყარა ბოცაში და დაასხა 5 ლიტრი ჭაჭის არაყი. „ამას უნივერსისტეტს რომ დაამთავრებ ერთად გავსინჯავთ“, გაახსენდა მამის სიტყვები ბიჭს.
- აბა, გაგიმარჯოს შვილო. კიდევ ერთხელ გილოცავ დამთავრებას და გისურვებ ყველა გეგმა თუ ჩანაფიქრი ისე მარტივად შეგსრულებოდეს როგორც ამ კონიაკის გასინჯვა დავგეგმეთ.
- გაგვიმარჯოს. - თქვა ლაშამაც და კონიაკი მოსვა.
- ჰა, როგორია?
- ეე, არჩილ მაგარია. - ტუჩებს ერთმანეთზე უსმევდა ლაშა. - მაგრამ ბაკური არ არის აქ. ერთად არ უნდა გაგვესინჯა?
- არა გენაცვალე, მაშინ ვთქვი მე და შენ გავსინჯავთთქო. აი დალევით კი მე და ბაკური დავლევთ. - გაეცინა არჩილს.
- კარგი. - გაიღიმა და ჭიქების შევსებას შეუდგა ლაშა. - მოდი ახლა მე ვიტყვი ერთს. ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს. მარტო იმიტომ კი არა, რომ ამ კონიაკის ამბავი არ დაგავიწყდა. იმიტომ გაგიმარჯოს, რომ ძალიან მაგარი მამა ხარ, და თუკი არჩილს გეძახი და არა - მამას, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ძალიან მაგარი მამა ხარ.
- ვერ ჩავწვდი ახალგაზრდავ. - დაინტერესებული სახე მიიღო არჩილმა.
- იმას ვამბობ, რომ მხოლოდ მამა არ ხარ. ხარ მეგობარიც. აი მაგალითად, რასაც ძმაკაცთან ვლაპარაკობ, არც შენთან მომერიდება ამაზე საუბარი. კარგად ვიცი, რომ ყველა მამა-შვილს არ აქვს ასეთი ურთიერთობა. დაახლოებით, ალბათ მეცხე კლასის შემდეგ, როცა რაიმეში მეხმარებოდი, ან ფულს მაძლევდი, ან მანქანით სადმე გამიყვანდი, რა მნიშვნელობა აქვს, ამ ყველაფერს თითქოს მამის კი არა, მეგობრის პოზიციიდან აკეთებდი. აი ამიტომ ხარ მაგარი მამა და აი ამიტომ გეძახი არჩილს. - ლაშა, რომელიც აქამდე ამ სიტყვებს თავდახრილი და ერთ წერტილზე მიშტერებული წარმოთქვამდა მამას შეხედა და ჭიქა მისი ჭიქისკენ წაიღო. - ახლა ჩაწვდი?
- რომ მცოდნოდა ასეთ სიტყვებს მოვისმენდი შენგან, დავარღვევდი ჩემს სიტყვას და აქამდე გავხსნიდი ამ კონიაკს შე კაი კაცო. - ხუმრობით სცადა შვილისთვის უხერხულობა მოეხსნა. სინამდვილეში კი ამ ყველაფრის გამგონე, უხერხულად თვითონ გრძნობდა თავს. ძალიან ბედნიერი იყო. უნდოდა ამდგარიყო და გადახვეოდა, თუმცა ოცდაერთი წლის შვილთან ასეთი სენტიმენტების ერიდებოდა.
- არა, ასე ჯობდა. მართლა მოულოდნელი იყო, აღარ მახსოვდა.
- კარგი. ისე კიდევ ვაპირებ ასეთის გაკეთებას, ოღონთ ერთი-ორი წლის ვადით, შენს ქორწილში გასასინჯად. - ნახევრად ხუმრობით განაგრძო არჩილმა.
ლაშამ სიცილით უპასუხა.
- მართლა უნდა იფიქრო უკვე. მე ოცდაორი წლისას უკვე შენ მყავდი. მესამე კურსზე ვსწავლობდი და სულ 170 მანეთი მქონდა ხელფასი. მერე ყველაფერი აეწყო, როცა ვალდებულება გაიზარდა.
- მერამდენედ მიყვები მაგას?
- მე და ლილიმაც ვილაპარაკეთ. თუ გინდა მარტო ცხოვრება მაგისტრატურას, რომ დაიწყებ გადადი იმ ბინაში, უკვე მთავრდება რემონტი. დედაშენი კი უარზე იყო, ჰარამხანას გახსნის იქო. მაგრამ დავითანხმე. სამსახურის შოვნა თუ გაგიჭირდება, მაგაშიც დაგეხმარები. ოღონთ მაგისტრატურა აუცილებლად უნდა გაიარო.
- აჰა, ხო გეუბნები ყველაზე მაგარი მამა ხართქო. მართლა მინდა გადასვლა რა. ცოლს რაც შეეხება, როცა ვინმე შემიყვარდება მოვიყვან.
- ბიჭო! გოგოების ნაკლებობას არ უჩივი, მომდის მე ხმები. დაანებე თავი მაგათ და ნახე ვინმე წესიერი, ნორმალური გოგო.
არჩილს საუბარი ლაშას მობილურის ზარმა გააწყვეტინა. ჯაბააო თქვა და ტელეფონს უპასუხა.
- სახლში ხარ? - გაისმა პატარა ძმის ხმა.
- ჰო, ამოდი მამაშენის ნახელავი გაგასინჯო.
- რა ნახელავი?
- ეეე, ამოდი რა.
- კაი ამოვდივარ.
ნახევარ საათში შეზარხოშებული ძმები მამას დაემშვიდობნენ. ის ის იყო ჯაბას საბილიარდოსთან უნდა გაეჩერებინა მანქანა, რომ ლაშას ტელეფონი ისევ აწყრიალდა...
- ლაშა ხარ?! - იკითხა ირონიულად უცნობმა.
- გისმენ.
- ლაშა ხართქო?!
- თუ გისმენ ესეიგი ვარ! - ჯაბას ანიშნა მუსიკას ჩაუწიეო.
- მოკლედ, ბევრ ახსნას არ დავიწყებ. ქეთის გვერდზე არ გნახო, არც არაფერი გავიგო. თუ რაიმე დამატებითი ახსნა გჭირდება შევხვდებით, ოღონდ მარტო საუბარი აღარ იქნება! ჭკვიანი ბიჭი ხარ, კარგად გამიგებ.
- მოდი მეც მოკლედ გეტყვი. - საოცარი სიმშვიდით დაიწყო ლაშამ. - არ მაინტერესებს შენი ახსნა-განმარტებები. როგორც ეკადრება და როგორც მოგვინდება, ისე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. სხვა თუ რამე გაინტერესებს სადაც გინდა და რა დროსაც გინდა...
- ეგრე ჰო?! მაშინ შევხვდებით!
ორიოდე წუთი კიდევ ისმენდა ლაშა უცნობის სიტყვებს. შევხვდებითო, უპასუხა მანაც ბოლოს და ტელეფონი გათიშა.
ჯაბა, რომელიც ყურადღებით ისმენდა ძმის სიტყვებს, საუბრის დასრულებისთანავე იკითხა:
- ვინ იყო?
- არ ვიცი. ვიღაც კეთილი მეზღაპრე. - უპასუხა ლაშამ და მობილურში ნომრის დამახსოვრებას შეუდგა.
- რა კეთილი მეზღაპრე ბიჭო?! ვინ იყო, რა უნდოდა?
- ძვლებში გადამტვრევას დამპირდა და ვნახოთ აბა. - გაეცინა ბიჭს.
- მოიცა, მოიცა გამაგებინე ვინ იყო, რა უნდა. „ვაბშე“ წამოდი ახლავე ვნახოთ. - არ ცხრებოდა ჯაბა.
- ნუ ავარდი ეხლა და უფროსების საუბარში ნუ ერევი. - გაიღმა ისევ.
- კაი, ნომერი მომეცი!
- მორჩი ეხლა! - გაუმკაცრდა ხმა უფროს ძმას. - წამოდი შევიდეთ, ლუკა და გიო გველოდებიან.
***
ივლისის პირველი შაბათი გათენდა. გაღვიძებისთანავე თაკომ ტელეფონი მოიმარჯვა და რამდენიმე მეგობარს დაურეკა. ლუკა და გიო მაშინვე დაითანხმა ქალაქგარეთ პიკნიკის მოწყობაზე. ლაშა კი ზარს არ პასუხობდა. სახლში დარეკა, ლილისგან შეიტყო, რომ ლაშა კახეთში წასულიყო რამდენიმე დღით. „ესეც პიკნიკის ადგილი“ - გათიშა თუ არა ეშმაკური ღიმილით ჩაიალაპარაკა გოგომ. მაშინვე ქეთის დაუკავშირდა და პიკნიკზე წამოსვლა სთხოვა. თავიდან, ყოყმანით უარი მიიღო, თუმცა თავისი ენაწყლიანობით წყალობით მალევე დაიყოლია, იმ პირობით, რომ საღამოს დაბრუნდებოდნენ. ნახევარ საათში მეგობრები ქეთის დათქმულ ადგილას დახვდნენ და კახეთისკენ აიღეს გეზი.
- ლაშამ იცის, რომ მივდივართ? - მანქანაში ჩაჯდომისთანავე იკითხა ქეთიმ. - ვურეკავ და არ მპასუხობს.
- ლაშა რაღათ მინდა? - ნაძალადევად გაკვირვებული სახე მიიღო ლუკამ. - თქვენი არ ვიცი და მე პირადად ბაკურთან ჩავჯდები და კარგად მოვულხენ.
- კაი რაა, დღესვე ვბრუნდებით ხომ იცი. სადმე ბუნებაში გავიდეთ გთხოვ . - წამოიწია თაკო.
- დავბრუნდეთ კაცო, იქიდან ქეთი დაჯდება საჭესთან. - არ დაიბნა ლუკა. - ჰო ქეთი?
- მძღოლად წამომიყვანეთ ჰო? - გაეცინა გოგოს. - უხერხული არ არის ასე უკითხავად ჩასვლა?
- რა უხერხული, ნახავ როგორ გაუხარდებათ. იცი რა საყვარელი ბებია და ბაბუა ყავს? - ჩაერთო ისევ თაკო.
ორიოდე საათში, სოფლის განაპირად მაღალი გალავნით შემოსაზღვრულ ადგილს მიადგნენ. ანანურის მომწვანო ქვით მოპირკეთებული გალავნის სიმაღლე მთლიანად ფარავდა მის შიგნით არსებულ სივრცეს. ჩვეულებისამებრ პირველი გიო გადმოვიდა მანქანიდან, ვიწრო შესასვლელი კარიდან შინაურულად შეაბიჯა ეზოში, რკინის მასიური ჭიშკარი შიგიდან გააღო და მანქანას შესასვლელად გზა გაუთავისუფლა. ეზოში საოცარი სიმშვიდე და მყუდროება სუფევდა. პირველი, რაც ქეთის თვალში მოხვდა კახეთისთვის უჩვეულო ეზოს გამწვანება იყო. ფართო ეზოს ვიწრო ბეტონის სამანქანო გზა მიუვებოდა, დანარჩენ მიდამოს კი თხელი, მწვანე გაზონი ამშვენებდა. გალავნის ნაპირებში სხვადასხვა ბოტანიკური მცენარეები ხარობდა. ეზოს ბოლოში მდგარ, წითელი აგურით ნაშენებ სახლს კი როგორც ტრადიციული ისე თანამედროვე ექსტერიერის ელემენტები ეტყობოდა. შუაგულში მედიდურად წამოჭიმულიყო უზარმაზარი კაკლის ხე, რომელიც თითქმის ნახევარ ეზოს ჩრდილავდა.
- თქვენ კი გენაცვალეთ! ეს რა ხალხი მეწვია. - ახალგაზრდებს პირველი ბაკური შეეგებათ. - სად ხართ თქვე კაი ხალხო, ეგრე უნდა დამივიწყოთ?
- აი, რომ არ გვავიწყდები ამიტომაც გეახელით ბაკური ბაბუა. – „ბაბუა“ სპეციალურად, განსაკუთრებული ინტონაციის წარმოთქვა თაკომ.
- ჩემი მეტიჩარა გოგო. - ჩაიკრა გულში გახარებულმა მოხუცმა. - ეს ერთადერთია ვისგანაც ბაბუა არ მწყინს. - მიმართა დანარჩენებს. ბიჭებსაც რიგრიგობით გადაეხვია, შემდეგ კი მორიდებულად მდგარ ქეთის მიუახლოვდა.
- შენ ალბათ ის ლამაზი გოგო უნდა იყო ჩემი ბიჭის გული, რომ დაატყვევა.
ისედაც მორიდებული გოგო მთლად გააწითლა ბაკურის პირდაპირობამ. „რა ვქნათ კახელები პირაპირი ხალხი ვართო“, იმართლა თავი მოხუცმა და მასაც შინაურულად გადაეხვია.
- ნანავ! აბა გამოგვხედე. - გასძახა ცოლს.
სახლის გვერდით მდგარი სათონედან, ნანა ფქვილიანი წინსაფრის ფერთხვით გამოვიდა. ახლა გახარებული ბებია გადაეხვია ახალგაზრდებს და ყველა გულითადად მოიკითხა.
- მიდი შენ გოგოებს შოთიც ცხობა ასწავლე. - მიმართა ცოლს ბაკურმა. - მანამდე კი ბიჭები ღვინოს ჩამოასხამენ. - მიუთითა ბიჭებს მარნისკენ.
- ლაშა არ არის სახლში? - დაინტერესდნენ მეგობრები.
- ამ დროს შინ რა გააჩერებს შვილო. - ჩაერთო ნანა. - დილაადრიან, აქაურ ბიჭებთან ერთად ალაზანზე წასულა სათევზაოდ.
- თქვენ საქმეს მიხედეთ. ნახევარ საათში აქ გამოვაცხადებ. - თქვა ბაკურმა.
- ჩვენც წამოვალთ რა, გთხოვთ. - გამოეყო სათონისკენ მიმავალთ თაკო.
- ბაკურ, მოდი აქეთ-იქით აღარ ვიაროთ, ალაზანზე შენი ღვინო და შოთებიც წავიღოთ და იქ მოვულხინოთ, არ ჯობია? - იკითხა ლუკამ.
- ჰოო, ისედაც პიკნიკს ვაპირებდით. - ტაში შემოჰკრა აღტაცებულმა თაკომ.
- როგორც გინდათ შვილო. მიდი მაშინ, ეგე „ნივა“ გამაიყვა. - მიუთითა მანქანისკენ ლუკას. - ცოდოა თქვენი მანქანა იმ გზებზე .ნანავ, პურ-მარილი გაგვიმზადე წასაღებად. - მიუბრუნდა ცოლს.
ალაზნის ჭალებს უახლოვდებოდნენ, როცა ფართოდ გაშლილ, მდორედ მიმავალ მდინარესთან ანკეს-მომარჩვებული რამდენიმე ბიჭი გამოჩნდა. სანამ მგზავრები მათ შორის ლაშას ამოცნობას ცდილობდნენ, მიმავალ “ნივას“ გვერდით ცხენი ამოუდგა. შავ ბედაურს კუდი აებზიკა და ავტომობილს თანაბრად მისდევდა.
- ეს ხომ ლაშას ცხენია? - იკითხა აღფრთოვანებულმა თაკომ.
- ეგ არის. პატრონივით მოუსვენარია. - უპასუხმა ბაკურმა და სვლა შეანელა.
მანქანა გაჩერდა. ათეული მეტრით წინ გავარდნილი ცხენი მოტრიალდა და ნელი სვლით ბაკურისკენ წამოვიდა. უნაკლო ცხოველი თითქოს უკუნეთ ღამეს ჩამოსტეხოდა თავისი ანკარა სიშავით. გლუვად მოციალე სხეული მზის შუქს ირეკლავდა. თეთრი, წვრილი კოჭები აბეზარ ხრეშში ეფლობოდა და ფეხებს ველური გრანდიოზულობით უნაცვლებდა ქალის თმასავით ლამაზი ფაფარი მუხლამდე სცემდა. შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა, თითქოს ღამეული ციდან ვარკვლავი იმიტომ ჩამობრძანებულიყო, რომ მისი მშვენიერი თავი დაემშვენებინა.
ქეთი თვალს ვერ წყვეტდა ცხოველს. “ღმერთო რა ლამაზია“. - ფიქრობდა გოგო.
- მოგწონს? - თითქოს მიუხვდაო ბაკური.
- ძალიან... ასეთი ლამაზი ცხენი არასდროს მინახავს. - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქეთი.
- მჯდარხარ ცხენზე?
- ბოლო დროს იპოდრომზე ხშირად დავდივარ. შეიძლება იქამდე გავაჭენო? - ხელი ლაშასკენ გაიშვირა.
- მოდი. - მაშინვე დათანხმდა ბაკური. - ოღონდ გაითვალისწინე, რომ ეს იპოდრომის ცხენი არ არის. მთავარია არ შეგეშინდეს, გადმოგდებით არ გადმოგაგდებს.
ქეთიმ ახლაღა შენიშნა, ცხენს არც აღვირი და არც უნაგირი არ ედგა.
- ფაფარში წაავლე ხელი და გამაგრდი, დანარჩენი თვითონ იცის. შენ თუ ამ „არიფებს“ აჯობებ, მთელი ცხოვრება მეყოფა სალაპარაკოდ. ერთხელ ვერ დავსვი ცხენზე. - თვალის ჩაკვრით მიანიშნა ბიჭებზე.
ქეთი ამხედრდა თუ არა ცხენი დაიძრა. წამიერად ადრენალინმა გული შუფრიალა. ჯერ ნელი სვლით მიდიოდა შავი ბედაური. თითქოს აჩვევდა თავის მოძრაობას. შემდეგ იორღაზე გადავიდა. როგორც კი მიხვდა, რომ მხედარი კარგად იჯდა და არ ეშინოდა, გამაფრთხილებლდ დაიჭიხვინა, ადგილიდან მოწყდა და ლაშასკენ თავგამეტებით გაქანდა. მეგობრები შიშით, ბაკურს კი ხელით შუბლზე მოეჩრდილა და ინტერესით გასცქეროდა. მხედარი ისე მშვიდად იჯდა თითქოს მთელი ცხოვრება ცხენზე ჰქონდა გატარებული. ცხენი ტყვიასავით მიფრინავდა, არც კი ირწეოდა, თითქოს ფეხს არ აკარებდა მიწას. მხედარს ფაფარი კარგად ჩაებღუჯა, დარჩენილი ნაწილი კი, შემხვედრი ქარის გამო, საბურველივით მოჰხვეოდა თავზე. გოგო კისერზე მინდობილად მიეხუტა და თვალები დახუჭა.
- სად იპოვა ამ ბიჭმა ასე მისნაირი. - გაიცინა ლუკამ.
- ნახე, როგორ დაიმორჩილა. - დაამატა გიომ.
მოთევზავეებს ანკესებისთვის თავი დაენებებინათ და ინტერესით გაჰყურებდნენ მათი მიმართულებით გამოჭენებულ ცხენს.
- ლაშავ, ქალი უნდა იჯდეს მგონი, აბა გახედე.
- გადარეული... ლაშას სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
მალე შავმა ბედაურმა ჭენება შეწყვიტა, ნაბიჯებზე გადავიდა და პატრონს მიეახლა. ბიჭი მხედარს ჩამოქვეითებაში მიეხმარა და ნელა ჩამოსვა მიწაზე, გოგოს სახეზე თოვლივით თეთრი ფერი დასდებოდა.
- ლაშა, ის... ის დაფრინავს.
- როგორც ჩანს, მხოლოდ მაშინ, როცა დედოფალია მასზე ამხედრებული. - გაუღიმა ბიჭმა.

მეთევზეებს მალე დანარჩენებიც მიუახლოვდნენ.
- მებადურებს სიცოცხლე! - ჰა, დაიჭირეთ რამე? - გიომ ვედროში მოავსებულ რამდენმე თევზს ჩახედა.
- ჩვენ კი გვეყოფა ჯიგარო. - მიმართა კახელმა ბიჭმა. - მივდივართ? - გახედა ლაშას.
- ჰო, ეგრე აჯობებს, მოდი ჩავალაგოთ ყველაფერი და ჩემთან წავიდეთ.
- ეე, მოიცადეთ კაცო, სად უნდა წავიდეთ. რამდენი ხანია ალაზნის პირას არ მიქეიფია. - შეაჩერა ლუკამ. - თან ყველაფერი წამოვიღეთ შენებიდან.
- აღარ უნდა ლაპარაკი, აქ ვშლით... მოიცადეთ, აქ კოღოები ხომ არ არიან? - ლაშას გამომცდელად გახედა გიომ.
- ეხლა კოღოზე არ დაიწყო თორემ არ ვიცი რას გიზამ. - წარბი აუწია თაკომ. - უი, აქ ბევრმა არ იცის გიოს და კოღოს, ნუ ზოგადად მისი და მწერების ურთიერთობა.
- და მისი მხატვრული გაფორმებები. - დაამატა ლაშამ.
- სიამოვნებით მოვისმენდი. - დაინტერესდა ქეთი.
- სიამოვნებით გიამბობთ. – „პუბლიკის“ ინტერესმა გაახარა ბიჭი.
პირველი სადღეგრძელოს შემდეგ გიომ დაიწყო.
- ერთ საღამოს, ჯგუფელთან ერთად, უკიდეგანოდ დავთვერი და მასთანვე დავჩი, მარტო ცხოვრობდა. გათენებისას ცხვირის წვერზე მსუბუქი ბწკენა ვიგრძენი.
ეს ბწკენა მალე აუტანელ ქავილში გადაიზარდა და ძალიან მომინდა ვერცხლისფერი ბერეტადან 5 გასროლით ჩამეძაღლებინა პრეტენზიული კოღო, რომელმაც ორიოდე მეტრის მოშორებით ლუკას უზარმაზარ, მოშიშვლებულ ბეჭებს გვერდი აუარა და მაინცდამაინც ჩემს ცხვირის წვერს ჩაასო თავისი ბინძური, გაუსტერილებელი საწრუპი.
პირველი გასროლით წავაცლიდი მარცხენა ფრთას, მეორეთი - მარჯვენას. მესამე სროლით მოვაგლეჯდი გულისამრევ ხორთუმს, მეოთხეთი დავჭრიდი უკანა ბარძაყში და ტკივილისგან აკივლებულს, მეხუთე ტყვიას ჩავაჭედებდი უქუთუთო, დაჭყეტილ თვალებს შორის, მელოტ შუბლში.
როცა პახმელიისგან გასიებულ თავში რეალობა და წარმოსახვა ერთმანეთისგან როგორც იქნა გაიმიჯნა, იარაღის საძებნად საწოლის გარშემო ხელების ფათურს მოვეშვი. ახლა ხელისგულებით გასრესვაზეც თანახმა ვიყავი, მაგრამ კოორდინაცია ისე მქონდა დარღვეული, ცხვირი რომ მომეფხანა, სახის მოსაძებნად საკმაო დრო დამჭირდა. ჩემმა უსუსურობამ დროებით ჰუმანისტად მაქცია: "კაი ჰო, იფრინოს..."
წინა საღამოს გახსენება დავიწყე. ვიხსენებ ბოლოდან: როგორ მოვედით მახსოვს. ფეხსაცმელები გავიხადე და საწოლზე გაუხდელად მივეგდე. რეაქცია ისეთი შენელებული მქონდა, რომ მივწექი, ვხედავდი, როგორ იხდიდა "მე" კედებს, ხოლო იმის იმედით რომ გახდის მერე რამეს წამაფარებდა ბეჭებზე, მშვიდად მივლულე თვალი და ასტრალს გავცდი. მახსოვს ქალის ლამაზი თითები, თანაც ისე დეტალურად, ალბათ ტრანსპორტში ან სადმე სხვაგან დიდხანს ვუყურე. კიდევ ობშიაგას უკანა ეზოში გადაყირავებული ურნის ხმაური და კედელზე მბობღავი 2 ლანდი. მეგონა სიზმარში ვნახე, მარა დილით გაფანტულმა ნაგავმა დამიმტკიცა რომ არ მომჩვენებია და ძალიან საინტერესო მოვლენები გამოვტოვე.
კოღოს ისევ ჩემი სხეული აქვს მიზანში ამოღებული. მოთმინება ნელ–ნელა მღალატობს. ახლა სურვილი მაქვს დავიჭირო და მაგრად ვცემო. პარკეტზე გავიგდებდი და სისხლის ამოღებინებამდე ვურტყამდი მუცელში წიხლს.
ძალიან მინდა ბორჯომი. მაღაზიამდე 200 მეტრია. 200 მეტრი კი 250 ჩემი ნაბიჯი. შევძლებ 250 ნაბიჯის გადადგმას? რომც შევძლო,იმდენივე უკან დასაბრუნებლად მინდა. 500 ნაბიჯის გადადგმის თავი ნაღდად არ მაქვს.
კოღო ისევ ატრაკებს...
ნეტავ რამდენ ხანს გასტანს ეს პარალიზაცია. გადავწყვიტე დავიჭირო და ხორთუმი მაკრატლით ძირში მოვაჭრა. ნელი,მტანჯველი შიმშილით სიკვდილის ბედნიერება მივანიჭო. სწორედ ამ დროს ისევ ვიგრძენი ბწკენა მარხცენა ხელის უსახელო და ნეკა თითებს შორის. თავს ძალა დავატანე და ავდექი. ცოტა ხანს ადგილზე ვიდექი, დავლოდე, სანამ ავტოპილოტი ვერტიკალური მდგომარეობის პარამეტრებს დააბალანსებდა. აბაზანაში შევლასლასდი. მეოთხედ რომ შევისხი სახეზე წყალი, მაშინღა აღვიქვი სისველე.
გონებაში კადრებად გარბიან წუხანდელი საღამოს ნაგლეჯები... ოფიციანტი ქალის მწვანე თვალები, სომხური ქაბაბი, მეგობრების დიალოგთა ნაწყვეტები...
ხელი ძალიან მექავება. ახვარი მწერი! იცი რას ვიზამ? ფეხსაცმლის საწმენდ ნაჭერს დავუცობ პირსაბანის ნიჟარას, დავიჭერ და ცივ წყალში ჩავახრჩობ.
ნეკნები საშინლად მტივა. მგონი არ გვიჩხუბია... საწოლს გავხედე – მთელი ღამე ნოუთბუქის დამტენზე მდებია ფერდი.
3 ყლუპ ბორჯომზე ალბათ სულს გავცვლი. 3 ყლუპ ბორჯომზე და კიდევ კიტრის ხრაშუნა,მჟავე მწნილზე. "სილიოტკა" და მოხარშული კარტოფილიც გაასწორებდა ეხლა. არა, მაღაზიაში უნდა წავიდე... ბორჯომის ირემი წარმომიდგა თვალწინ. ბორჯომი ახლა ჩემთვის უფრო მეტია,ვიდრე ბარსას ფანებით სავსე ლურჯ–წითელი ნოუკამპი.
ახლად ფეხადგმული ბავშვივით მივუყვები ბნელ დერეფანს. ლიფტთან, კუთხეში, ჭუჭყიან ქსელში გარინდული შავი ობობა შევნიშნე. კოღო გამახსენდა და სახეზე ბოროტმა ღიმილმა გადამირბინა.
მაღაზიას მივაღწიე. ბორჯომს დავუწყე ძებნა. მაცივრებში მხოლოდ ლუდი და არაყია. ბორჯომი თბილად დევს ზედა თაროზე, სხვა მინერალურებთან ერთად. მართლა რა შტერი პერსონალია...
თბილი ბორჯომი მოვიყუდე და უცებ ნაცრისფერი გარიჟრაჟი მილიონობით ფერით შეიღება. გავიგონე ჩიტების ჭიკჭიკი, რომელიც მანამდე არ მესმოდა; თვალი მომჭრა მოლარე გოგონას დეკოლტეში ორი უზარმაზარი,თეთრი ბორცვიდან არეკლილმა მზის სინათლემ, რომელიც მანამდე კაცად მომეჩვენა... საყლაპავის გასწვრივ ისეთი შვება ვიგრძენი, ბედნიერებისგან კუჭი ამიჩუყდა.
მოვდივარ შინისკენ და სიცოცხლე მათრობს. ყველაზე მეტად კი ბორჯომის ოთხი სათადარიგო ბოთლი და კიტრის მწნილი მახარებს. ოთახში ფრთხილად შევდივარ, არ მინდა ლაშა გავაღვიძო. ეს არა. - მიუთითა ლაშაზე დანარჩენებს. მასაც ლაშა ჰქვია. მოკლედ, ნაზად ამოვალაგე ბოთლები პაკეტიდან და საწოლის თავთან დავიწყვე. ის იყო ჩასაწოლად გავემზადე, რომ კარზე გაკრული საქართველოს სახელმწიფო დროშის თეთრ ფონზე კოღო დავლანდე.
ოჰ შე ახვარო!!!
რატომ არ ვიცი, მაგრამ გახდილი მაისური ისევ გადავიცვი. მივეპარე, ცოცხლად შეპყრობა მქონდა გადაწყვეტილი...
უცებ შემეშინდა : "რო გამექცეს, მერე სად ვდიო ამ ჩემისას?!"... კოორდინატების ზუსტი გაანგარიშების შემდეგ მთელი ძალით ვთხლიშე ხელი კოღოს საპროექციო არეს. თხელმა ხის კარმა ძლიერად დაიბრახუნა. დრაკულას მომწვანო – მონაცრისფრო მოციქული წითელ ლაქად დააჩნდა დროშას.
დამფრთხალი ლაშა აზრზე მოდის და შეუდარებელი ქართულით გამოთქვამს პროტესტს: " კაი რა ბლიად! ეტა ნაგლასც უჟე, უყურებ ბლიად, რო ჩელოვეკ სპიტ. პროსტა რა უდნა გელაპარაკო!
ნეტარი ღიმილით ვთხოვ პატიებას. საყვედურით სავსე თვალებით მიყურებს.
დროშისკენ შევბრუნდი, ხელი ფრთხილად გადავუსვი – "ეს შენთვის დაღვრილი სისხლის უკანასკნელი წვეთი ყოფილიყოს" – ხმამაღლა შევძახე და მოწიწებით ვეამბორე ჰერალდიკურ ჯვარს.
ჯგუფელის თვალებში საყვედური გაკვირვებამ და შეშფოთებამ ჩაანაცვლა. "აუ რა დღეში ხარ ჩემი..." უკმაყოფილო ბურტყუნით გადაიფარა საბანი თავზე.
წამოვწექი. ცოტა შემაქანა, სანამ ჰორიზონტალურ მდგომარეობას შევეჩვეოდი. დავიგულე რა სასწაულმოქმედი სითხის ბოთლები ხელისგაწვდაზე, მშვიდად ჩავიძინე.
- ბრავო! - აღტაცება ვერ დამალა ქეთიმ. - მართლა კარგი იუმორისტული ნოველები გამოგივიდოდა. არ გინდა დაწერო?
- ტარაკანზეც მოვყვები ბარემ. არ გინდათ? - გადახედა მეგობრებს.
- მუღამში შევიდა. - გადაიხარხარა ლუკამ. - მიდი, მიდი მოყევი, ეგ არც მე ვიცი მგონი.
- კოღოს ამბებიდან რამდენიმე დღე იყო გასული მე და იმ ლაშამ ბათუმში გადავწყვიტეთ გამგზავრება. მისი დის სახლში დავბინავდით. შუა ღამე იქნებოდა სერიალ „დაკარგულების“ ის ერთ ერთ სერიას ვამთავრებდი. „ესენი, მგონი ყველა მკვდრები არიან.“ - გავიფიქრე. წაგიღოთ ეშმაკმა ყველა, რეჟისორიან – სცენარისტებიანად! ერთი ღრმად ამოვიოხრე, ბალიშს მოვეხვიე და ის იყო, თვალი უნდა მიმელულა ერიკ კლეპტონის კომპოზიციის ფონზე, რომ სიბნელეში ნოუთბუქის სენსორულ დაფაზე გაშოტილ წითურ ტარაკანს მოვკარი თვალი. ეხლა ეს!!! საწოლიდან ფრთხილად ჩავაცურე ხელი იატაკამდე და ფეხსაცმლის მოსაძებნად პარკეტზე მოვაფათურე. აღვმართე მახვილი. არ შედრკა წითური!
ბტრყელი სენსორული დაფის კიდეზე ედო, წინა ფეხებით პრობელს ეყრდნობოდა. მონიტორს მისჩერებოდა წვრილი თვალებით...
ნოუთბუქი წმინდაა ჩემთვის,ზედ ვერ დავაკლავდი... კორპუსზე თითით დავაკაკუნე, იმედი მქონდა გადაცოცდებოდა სკამზე და მერე გავაბრტყელებდი. ჰმ, ჩემი ფეხები! ერთი შეარხია საზიზღარი სხეული, გაშეშებული კისერი ჩემსკენ მოღრიჯა და სახეში მომაჩერდა. თვალებში მიყურებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ტარაკანს თავის მობრუნება ასე თუ შეეძლო. იმ გრძნობას, რომელიც ბევრი ზიზღის და ცოტა შიშისგან შედგება, ცნობისმოყვარეობამ სძლია ჩემში. შარვლის ჯიბიდან ასანთის კოლოფი ამოვაცოცე, ღერები გადმოვყარე. ცარიელ კოლოფში გამოვამწყვდიე სერიალების მოყვარული ფეხსახსრიანთა წარმომადგენელი. დილით ამ კოლოფის ნაგავში გადაგდება დავაპირე. მერე ვიფიქრე, სადმე დავდებ და დავაკვირდები, მშიერი რამდენ ხანს გაძლებს მეთქი, მაგრამ ესეც გადავიფიქრე. ვიკიპედიაში შეცდომით წერია, 3 კვირამდე ძლებენ მშივრებიო. ასანთის კოლოფის 16,5 კუბური სანტიმეტრი ჰაერი ორი-სამი დღეა საკმარისი, თუ კოლოფს საჰაერო ნაჩვრეტები არ გაუკეთდა. თავში უცნაური კითხვა დამებადა: ტარაკანი შარშანაც დავინახე ამ სახლში და თან ნოუთბუქზე. საინტერესოა, ეს ერთი და იგივე ტარაკანია თუ სხვადასხვა... იქნებ ისევე როგორც ადამიანებში, ტარაკნებს შორისაც არიან სხვადასხვა ინტერესის სფეროს მქონე ინდივიდები? გადავწყვიტე, წითური ტუსაღისთვის ერთი ფეხი მომეგლიჯა და გამეშვა ნებაზე. ასე იოლად ამოვიცნობდი შემდეგში. სასწრაფო წესით ლაშას მოგზაური დის ოთახში შევირბინე და სამი ფერის მანიკური ავიღე, წითელი ყვითელი და მწვანე. იაკო დღეში ნეპალიდან უნდა დაბრუნებულიყო და არ მგონია ჰიმალაით აღფრთოვანებულს მანიკურების ქილებში რაოდენობა ხსომებოდა. კორონაროგრაფიულ მანიპულაციაზე ბევრად რთული აღმოჩნდა თავზარდაცემული ტარაკნის პინცეტით გაკავება და ბობ მარლის ფერებით მისი შეღებვის პროცესი. ზოლების სიგრძეზე გავლება მინდოდა, მარა ისე გაჭირდა საქმე, სიგანეზე წავუსვი. შევეცადე კისერი და ფეხები არ მომესვარა მისთვის, მოძრაობაში რომ არ შემეზღუდა. რამდენიმე წუთიანი ნატიფი და ბეჯითი მუშაობის შემდეგ ერიკ კლეპტონის კომპოზიციების ფონზე კმაყოფილი ღიმილით გავაცილე ეგზოტიკურ კომუფლაჟიანი ტარაკანი. დამეფიცება, იმ წუთას აზრადაც არ მომსვლია თავში, რომ ჩემი ასეთი ქმედებით მომავალში ლაშას ფსიქიკას სერიოზულ ზიანს მივაყენებდი...
მეორე დღეს არ გამოჩნდა, თვალებს ვაცეცებდი ჩემი ტარაკნის ძებნაში. ხან ვფიქრობდი, რომ სამუდამოდ დაიკარგა, თან მეშინოდა, მოულოდნელად არ გამოჩენილიყო ლაშას თვალთახედვის არეში. მისთვის რა თქმა უნდა არ გამიმხელია, რაში დამჭირდა იაკოს მანიკურები. ჩემზე ისედაც მთლად ჯანსაღი წარმოდგენა ვერ აქვს და ექსპერიმენტის ამბავი საიდუმლოდ შემენახა, ვარჩიე. დიდხანს ვიფიქრე, რა დამერქმია ტარაკნისთვის. გადავწყვიტე, კლეპტონის საპატივსაცემოდ და კიდევ იმიტომ, რომ ოდესღაც წითურიც იყო, ერიკად მომენათლა. და აი ისიც! წვერს ვიპარსავდი აბაზანაში. ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად დარბოდა. ეტყობოდა, მაგრად იყო შეშინებული. საპარსი დავაგდე და „უძინართა მზეში“ დათო რომ პელეს მისდევს, დაახლოებით ისე გავეკიდე. ალბათ მიცნო თავისი ვიზაჟისტი! ისე გაქრა, თვალის მიდევნება ძლივს მოვასწარი. აბაზანის ღია კარიდან შემოსასვლელში მდგარი მაცივრის ქვეშ შეძვრა. სახეზე ქაფწასმული ოთხზე დავდექი, მობილურით ვანათებ და მაცივრის ქვეშ ვიყურები:
– კაი რა ერიკ, რა გეწყინა შე კაი კაცო... მადლობელი უნდა იყო რომ ლაშას არ გადააწყდი, დაგასრესდა ადგილზე. ზატო ეხლა ბობ მარლის ზმანზე ხარ... „გმირების“ ახალი სერია რო გამოვა ერთად ვუყუროთ თუ გინდა. შეგიძლია ამაღამაც ამომიარო, ჩემპიონთა ლიგას ვუყუროთ...კაი ხო, რას იბუტ...
სიტყვა კარის ჭრიალმა გამაწყვეტინა. ისე ვიყავი აგზნებული, სულ დამავიწყდა ლაშას არსებობა.
– რაებს ბოდიალობ ბლიად, ტი შტო, სავსემ რიხნულსა?! – დამადგა თავზე.
– არა ლაშ... ერიკი შეძვრა და...
–კტო ტაკოი ერიკ, ი კუდა შეძვრა?!
– ერიკი შეძვრა. აი აქ, მაცივრის ქვეშ. ჩემი ერიკი. წითური რა! ერიკ წითური. უფრო სწორად ოდესღაც წითური.
–წიპა ბლიად, მუსიკოსი?
–ხო!
–რა დალიე ამ დილა ადრიან?
–არა, ფხიზელი ვარ. წადი რა, განაგრძე ძილი კაცო, რა გამიტრაკე საქმე ვა!
– ახუიეეეეეც ! ჯერ იყო ის კოღო?! ეხლა ვიღაც ერიკ რიჟის ეძებ! ვსიო ბლიად, ს მენია ხვაწიტ. შენ ვინა ხარ ე! გიპერაკწივნი სოცაპატ ნასტაიაშჩი!
კარი ბრახუნით მომიხურა. ცოტა ხნის მერე შიგნიდან მესმის,როგორ ელაპარაკება ვიღაცას მობილურზე:
– სლუშ ირაკლი, ტუტ ტაკოე ძელა... მოჯნა ია უ ტებია ნაჩევაც ბუდუ. ნა პარუ დნეი...
ჩე–პე უ მენია, პატომ რასკაჟუ... და ნე ზნაიუ ია. ბელკა ბლიად უ დრუგა!
კიდევ ორი დღე გავიდა და ჰოი, საორებავ! ისევ ნოუთბუქის პრობელზე გამოიჭიმა ერიკ ოდესღაც წითური, ოღონდ ამჯერად „სოპრანოს კლანს“ უყურა. გაუნძევლად იდო პრობელზე საათზე მეტხანს, ულვაშების ნერვიული ქნევით. მერე ცოტახანს იბოდიალა კლავიატურაზე და სადღაც გაქრა. იმ ღამეს აღარ გამოჩენილა. მომდევნო ღამეს „ბინდის“ პრემიერაზე გამოცხადდა. ეტყობა მაინცდამაინც ვერ დაინტერესდა ვამპირებით. 2–3 წუთის მერე მთელი ერთი დღით დაიკარგა. საგულდაგულოდ დავათვალიერე კლავიატურა, თითოეული მილიმეტრი. ვერაფერი ვნახე ისეთი, ტარაკანი რომ მიეზიდა. არ მინდოდა იმის დაჯერება რომ მწერს ფილმების სიუჯეტი აინტერესებდა, მაგრამ ფაქტი რომ ჯიუტია, სად გინდა გაექცე? „24 საათის“ მთელ 4 სერიას გაუნძრევლად უყურა. გული ამიჩუყდა. ისევ ასანთის კოლოფით დავიჭირე. მერე არაჟნის თითქმის ცარიელი ყუთი გამოვიღე კარადიდან. შიგნით ფრთხილად ჩავსვი – გაამოს ძმაო... დილამდე იქეიფე, მერე კი გაგიშვებ...
დახურული ქილა კარადაში შევდგი. ეს პარასკევი ღამე იყო. სანამ მე ტკბილად მეძინა, ლაშა უთენია ამდგარიყო. საუზმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩემს არაჟნის ქილას წაავლო ხელი...
– ააააააა!!! ფუუუ ბლიააად!!! ეტა შტო იშო ზა ხუინიაააა !!!!
სანამ მე აზრზე მოსვლა მოვასწარი,სანამ გავიაზრე რა აბღავლებდა, ფანჯარა ზრიალით გამოაღო და „president” - ის ქილა ერიკიანად მოისროლა ფანჯრიდან...
– კაი რა ბიჭო რა, აცალე სიცოცხლე, რას ერჩი ჩემს ტარაკანას, დადე ადგილზე რააააა!!! – ღრიალით ვეცი შარვალს, გაოგნებული ლაშა ოთახში დავტოვე და კორპუსის უკანა ეზოში მივირბინე. ერიკ,ერიკ,არ წახვიდე რა! არაჟნის ქილა ვიპოვე,მაგრამ წითური არსად ჩანდა. კაი ხანს ვათვალიერე 20 ნაბიჯის რადიუსში ყველაფერი,მაგრამ ვერ ვნახე წითური.
ლაშას შოკი ჰქონდა, მუტანტი ტარაკანი ვნახე შენს არაჟნის ყუთშიო. სასტერილიზაციო სითხეები მოიტანა. კიდევ რაღაც ფხვნილები.კბილის ჯაგრისით ხეხა ყველაფერი. მერე ეს აყროლებული ფხვნილი ყველა კუთხეში მოაბნია. ტარაკნებს ვინ ჩივის, კინაღამ ჩვენც გავწყდით იმ ღამეს. თავისი საწოლის ქვეშ ჩართული "ნაჩნიკი" დადგა ძილის წინ, ტარაკნებს სინათლის ეშინიათო, საწოლის გარშემო ის მყრალი ფხვნილი დაყარა და თეთრეულის ნაცვლად ჰერმეტულად დახურულ საძილე ტომარაში დაიძინა. ბოლო ერთი კვირაა ხან ტარაკნების მარტინ ლუთერს, ხან დედა ტარაკან ტერეზას მეძახის.
თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ტარაკანს ინტელექტი ჰქონდა. ამის დასამტკიცებლად ბევრი დრო აღარ მჭირდებოდა. სულ ცოტაღა იყო საკმარისი და ...
ეხ ლაშა,ლაშა!
ვინ იცის სადაა ეხლა ჩემი ერიკ ოდესღაც წითური... - სევდიანია ტონით დაასრულა გიომ.
- მასხარა ხარ შენ, მასხარა. - გაიცინა ლაშამ და მინდორზე გაწყობილ პატარა სუფრასთან ჭიქების შევსება დაიწყო.



№1  offline წევრი ვიპნი

ჰოლანდიელო პირველ რიგში შენმა ნიკმა მიიქცია ჩემი ყურადღება,საინტერესოდ წერ,თუმცა სიუჟეტიდან სიუჟეტზე გადადიხარ მოულოდნელად,ხევსურეთის ლაშქრობის პირველი დღე და უეცრად კახეთში აღმოვჩნდით,თან თურმე ლაშასაც შეჰყვარებია ქეთი უკვე და ყველამ იცის ეს.აი ეს გამოტოვებები არ მომეწონა მხოლოდ,წარმატებები

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

ვიპნი
ჰოლანდიელო პირველ რიგში შენმა ნიკმა მიიქცია ჩემი ყურადღება,საინტერესოდ წერ,თუმცა სიუჟეტიდან სიუჟეტზე გადადიხარ მოულოდნელად,ხევსურეთის ლაშქრობის პირველი დღე და უეცრად კახეთში აღმოვჩნდით,თან თურმე ლაშასაც შეჰყვარებია ქეთი უკვე და ყველამ იცის ეს.აი ეს გამოტოვებები არ მომეწონა მხოლოდ,წარმატებები

მადლობა აზრის გამოთქმისთვის.გაშალაშინება აუცილებლად დაჭირდება ))

 


№3 სტუმარი anany

მომწონხარ ჰოლანდიელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent