შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცურავენ სირინოზები შავ ზღვაში? (+18) (სრულად)


14-08-2020, 16:32
ავტორი lukakhati
ნანახია 2 950

ცურავენ ნოზები შავ ზღვაში?
ნაწილი პირველი
დაუპატიჟებელი სტუმარი
ორმოცდახუთმა წელმა ისე ჩაიარა მარტოს მატარებლით არასდროს მიმგზავრია. ნეტავ, ამის გარდა არაფერი მქონდეს სანანებელი.
თბილისიდან ბათუმისაკენ მიმავალი ლიანდაგს ათი წუთის დაგვიანებით დაადგა. მზე თვალს მიეფარა. სულ ცოტა ხანში უკუნიც ჩამოწვება. ძილი ამ ღამით მაინც არ მიწერია - იქნებ, მთვარემ გამოანათოს. სინათლე მიუძღვნას სიჩუმედ ჩამოწოლილ დაისს. ეგებ, ეს ღამეც ყველა სხვა დანარჩენს არ ჰგავდეს. ძალიან მინდა ყველაფრის გახსენება შემეძლოს.
სანამ აურზაური არ ჩაწყნარდება მცდელობას აზრი არ აქვს. კიდევ კარგი, ჭკუას მოვუხმე - „კუპე“ მოვითხოვე. მე ცნობილი კაცი ვარ, ტელევიზორშიც ხშირად ვჩანვარ- ეს კი ,როგორც მოგეხსენებათ, პატივისცემის უეჭველი მიზეზია. შესაბამისად, მსგავს თხოვნებზე უარს არავინ მეუბნება. ალბათ, ფიქრობდნენ საქმიანი ვიზიტი აქვს და სიწყნარე სჭირდებაო.
მავანს უთქვამს ადამიანი სიმართლეს ტყუილზე მეტად უფრთხისო. მაგრამ რა შეიცვლებოდა სიმართლე რომ გამემხილა? ნაბიჯი წინაა გადადგმული, უკან დახევა - დაგვიანებული.
მგზავრობის პირველი ოცი წუთი არც ისე სახარბიელოდ გავატარე. ერთი ბავშვის ტირილს მეორე ანაცვლებდა. როგორი აუტანელია! არადა იყო დრო, როდესაც ბავშვის ტირილი ეჟვანის ხმად ჩამესმოდა. ტელეფონს ვწვდი. ლენას ნომერი ავკრიფე. ვცადე გამეხსენებინა ხშირად ტიროდა თუ არა ლენა პატარაობისას. მე ვერ გავიხსენე, ლენამაც არ მიპასუხა. მეორედ ვცადე - მან კი გამითიშა.
რაღას გავაწყობდი, ტელეფონი გადავდე. ლენა ჭკვიანია - იცის როგორ დამსაჯოს. საკითხავია ვიმსახურებ თუ არა ამ სასჯელს. ალბათ, ვიმსახურებ. საკუთარი შვილი თუ გიმეტებს, ესე იგი, რაღაცას აუცილებლად არასწორად აკეთებ.
სიჩუმის ჩამოწოლასთან ერთად, ჩემი სხეულის ყოველი კუთხე-კუნჭულიც მგზნებარე მღელვარებამ შეავსო. ნეტავ, რას ვუპასუხებდი, ვინმეს ჩემი მოგზაურობის საბაბის გაგება რომ განეზრახა? ალბათ, მშობლიურ ქალაქში დარჩენილი ახლობლების მონახულებას მოვიმიზეზებდი. რამდენიმე ამბავსაც მოვუყვებოდი ჩემი ბავშვობის შესახებ. - ასე ეჭვსაც ვერავინ შეიტანდა ჩემს სიმართლეში.
მე რომ ტყუილი არ მიყვარს? ხანდახან მაინც საჭიროა. აბა, როგორ გინდა ახსნა, რომ თბილისიდან ბათუმში გვიან ღამით წასვლა მკვლელობის ჩასადენად გადავწყვიტე?
ესეც ასე - თურმე ყველაფრის მიზეზიც მცოდნია. ძალიან ბევრი წელი დამჭირდა, რომ ამ სურვილში საკუთარ თავს გამოვტყდომოდი. წამით მომეშვა, შემდეგ კი გულიანი სიცილი, უფრო სწორედ, ხარხარი ამიტყდა. მე უნდა მოვკლა ადამიანი. რამდენჯერაც ეს წინადადება გავიმეორე, იმდენჯერ გამიჭირდა სიცილის შეკავება.
ღმერთო ჩემო, რამდენიმე წლის წინ მავანს, რომ ჩემი ცხოვრება, ეწინასწარმეტყველა უეჭველად ჭკუიდან შევიშლებოდი.
მაგრამ კარგი არაა, როდესაც ბედი მოწყენის საშუალებას არ გაძლევს?
კეთილი, რადგანაც მიზანი დასახულია ჯობს ყველაფერი ავწონ-დავწონო.
მაშ ასე :
პირველ რიგში ბათუმში ჩასვლის შემდეგ საჭიროა მსხვეპრლის ადგილსამყოფელის დადგენა. არა რა , მეტი უნდა მეფიქრა! იქნებ საერთოდაც აღარ ცხოვრობს ბათუმში? ან როგორ უნდა ვიცნო? მისი სახე ამდენი წლის შემდეგ შეიცვლებოდა. მის სახელსა და გვარს რა დამავიწყებს, მაგრამ მაინც ხომ არსებობს ალბათობა იმისა რომ შევცდე?
წყეულიმც იყოს!
ასეთი დაუგეგმავი ნაბიჯი ცხოვრებაში არასდროს გადამიდგამს.
იქნებ, უბრალოდ მინდა ბათუმს დავუბრუნდე და იქ არ დამხვდეს? მაშინ თავს ვალდებულებას აღარ ვიგრძნობდი. საერთოდ ვინ დამაკისრა ეს წყეული ვალდებულება? პასუხი ისეთი აშკარაა - ვინ დამაკისრებდა ისევ საკუთარი თავის გარდა?
კეთილი, ვთქვათ ვიპოვე - რით ან როგორ ვაპირებ მის მოკვლას? დანით გავუსწორდე და დაველოდო სისხლით როდის დაიცლება? კარგი ბატონო, მაგრამ ეს ხომ მე არ მგავს? რაიმე სწრაფი და შედარებით უმტკივნეულო უნდა მოვიფიქრო. არადა, ძალიანაც მინდა მისი განწირული კივილის მოსმენა. მინდა უყუროს, როგორ ცურავს სისხლში. სიკვდილი ინატროს, რათა ტკივილი მოინელოს - მან ეს ყველაფერი დაიმსახურა, მაგრამ ეს მე სიამოვნებას სულაც არ მომანიჭებს და ალბათ, მეც მასთან ერთად მოვკვდები. ზედმეტი ორჭოფობა უადგილოა - საბოლოოდ, ვიცი მაინც სწრაფ ხერხეს ვამჯობინებ.
არა, რაიმეს დაგეგმვა აზრსმოკლებულია. მე ხომ არ ვიცი რა ვითარებაში მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა, თუმცა მეეჭვება რაიმეს მოფიქრება გამიჭირდეს. თურმე მკვლელების დაცვასაც რაღაც სარგებელი ჰქონია! რა თქმა უნდა, ფინანსური მოგების გარდა.
გვრჩება მთავარი კითხვა, რომლის საკუთარი თავისთვის დასმასაც ვერიდები - რას ვიზამ შემდეგ? წარმოდგენა არ მაქვს. მგონი, გარემოება თვითონ გასცემს პასუხს ამ უკანასკნელს.
მშვენიერია. ბრავო, ელია! ყველაფერი დაგეგმილია. უფრო სწორად, არაფერია დაგეგმილი.
კეთილი, ვინაიდან და რადგანაც, ვერაფერი დამიგეგმავს თვალებს დავხუჭავ, გონებას დავძაბავ და ყველაფერს გავიხსენებ.
რამდენი წელი გასულა! რა სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის გნმავლობაში არავინ შემხვედრია, ვისაც ჩემს ამბავს ვუამბობდი. ისღა დამრჩენია დარდი საკუთარ თავს გავანდო. დრო მოვიდა გულწრფელი ვიყო.
„პირველად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“
ამატებს ჩემს თავში მივიწყებული უცხო ხმა, რომელიც ,შემიძლია დავიფიცო, დამცინის.
***
ხშირად, მიცდია გამეხსენებინა, თუ რომელი იყო ჩემი პირველი მოგონება.
დეკემბრის შუა რიცხვებში დავიბადე. ორსულობის მეშვიდე თვეს. არავინ ელოდა ჩემს გადარჩენას, თუმცა ხომ ამბობენ რაც გიწერია არ აგცდებაო. დედა მშობიარობის შემდეგ შეუძლოდ იყო, ჩემთვის სახელის დარქმევა მამას დაევალა. მისი თქმით, როგორც კი დამინახა, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო - ელია დამარქვეს. ელია ბოლქვაძე. კი, გვარს დიდად არ უხდება და სიმართლე გითხრათ, თავიდან საერთოდაც არ მომწონდა ჩემი სახელი; შემდეგ- შევეჩვიე.
„როგორც სხვა დანარჩენს“
ნეტავ, გამარკვია საიდან მოდის ეს ხმა.
მამაჩემი რამდენჯერმე ყმაწვილობისას გამომიტყდა, რომ ჩემი დაბადების შემდეგ უძილობა ჭამდა. რატომღაც ფიქრობდა, რომ ამ დიდ გამართლებას აუცილებლად უბედურება უნდა მოჰყოლოდა, ამიტომაც ჩემს მიმართ ყოველთვის ზედმეტ მზრუნველობას იჩენდა. მართალიც იყო, თუმცა ამავდროულად ცდებოდა - მე არ ვიყავი ის, ვისთვისაც ავბედითობას თვალი დაედგა.
ორი წლის ვიქნებოდი, როდესაც დედის დაავადების შესახებ შეიტყვეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ გადმოცემით ვიცი. სიმსივნეს მის სხეულში უკვე იმდენად ღრმად გაედგა ფესვები, რომ მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მკურნალობის დაწყებას დედა არც მოისურვებდა. მე ხომ მისი ნაწილი ვარ. შეგიძლიათ თქვათ, რომ თავს ვიმშვიდებ ანდა უბრალოდ სენტიმენტალური ვარ - როგორც გენებოთ! ეს არაფერს შეცვლის.
...იქნებ, დედას ეკუთვნის ხმა, რომელიც გონების მიყრუებული კუთხიდან მესმის? ღმერთო! რას იფიქრებდა ახლა რომ დავენახე? დედი, თუ მიყურებ მაპატიე, არ გამკიცხო, გამიგე.
სწორედ ამ დროით თარიღდება ჩემი პირველი მოგონება და იმის მიუხედავად, რომ არავის სჯერა შემდეგს დღემდე ნათლად ვხედავ :
უშველებელი ოთახი. ჩახუთულობა. ბრდღვიალა ჭაღი. ხმაურიანი ფუსფუსი. მარჯვენა კედელთან ერთადგილიანი საწოლი; ზედ კი ძალამიცლილი, თეთრშიმოსილი დედა. სად იყო მამაჩემი ვერ ვიხსენებ, თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომ საწოლისაკენ წასვლა აზრადაც არ მომსვლია. ხალხი გადი-გამოდიოდა. სახე არავის ჰქონდა, ყველას თეთრი ემოსა. სახეწაშლილი ანგელოზები გინახავთ? აი, რაღაც მსგავს გარემოცვაში ვიყავი. ბოლო, რაც დავინახე იყო სისხლი, რომელიც დედაჩემს ცხვირიდან სდიოდა. ალბათ, საჭირო აღარც არის, მაგრამ მაინც ვიტყვი - დედა იმ დღეს გარდაიცვალა.
ამის შემდეგ თითქოს სივრცე შავ ლაქას შეეჭამა - ვერაფერს ვიგონებ რამდენიმე გაცრეცილი სურათის გარდა, რომლებიც წამიერად ჩნდებიან, მაგრამ გარჩევას ვერ ვახერხებ. არც დედის ხმა მახსოვს, არც მისი სურნელი, საერთოდ არაფერი ვიცი მის შესახებ იმ გრძელი ამბების გარდა, რომლებსაც მამა ძილის წინ მიამბობდა.
ვიგონებ როგორ გადავედით ახალ სახლში. შედარებით პატარაში, თუმცა ზღვასთან ახლოს. ვასილის აზრით, დანაშაული იყო გეცხოვრა ბათუმში ისე, რომ ფანჯრიდან ზღვა ვერ დაგენახა. ბრძენი იყო მამაჩემი.
შემიძლია ახლაც დაზუსტებით აღვწერო სამზარეულოს მაგიდაზე მდგარი ლურჯი, მაღალყელიანი ლარნაკი. ყოველ დღე მომქონდა სახლში მინდვრის ყვავილები. დედას ხომ ისინი ძალიან უყვარდა. ვაღებდი ფანჯარას და ვაკვირდებოდი, როგორ ეთამაშებოდა ზღვის ტალღებისაგან მომავალი ბრიზი მათ ფოთლებს.
ერთი საიდუმლო მქონდა, რომელიც არავისთვის გამიმხელია.
„თითქმის არავისთვის“.
-ხო, რა მნიშვნელობა აქვს! - ჩემდაუნებურად ხმამაღლა ვუპასუხე. გარშემო მიმოვიხედე - არავინ იყო ან ვინ უნდა ყოფილიყო? მგონი ზედმეტად დაძაბული ხარ, ელია.
ჰო, ჩემს საიდუმლოს დავუბრუნდეთ - ნოზების არსებობის მჯეროდა. ე, რა სულელი ვიყავი! ხანდახან, იმასაც ვფიქრობდი, რომ დედაც ნოზად იქცა და წყალს გაჰყვა. შორს, ამოუცნობისკენ. ღრმად, შავ ზღვაში. იქ, სადაც მთვარე ჩადის და საიდანაც მზე ცაში ადის. ფარჯარაში ვიყურები - ამაღამ, ყველაფერი სქელ ღრუბლებშია დამალული. ნეტავ სად არიან მზე და მთვარე?
სწორედ ჩემმა საიდუმლომ მიბიძგა მნიშვნელოვანი მიზანი დამესახა - ნოზები უნდა მეპოვნა! ცურვის სწავლა დავიწყე. ყველასგან მალულად, ჩემით. ბაღში არ მივლია. ვასილი საღამომდე სამსახურში იყო. შესაბამისად დრო თავზე საყრელად მქონდა.
მამას ჩემი მარტო დატოვება არ აშინებდა. მაშინაც კი, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. ალბათ, მენდობოდა ან სჯეროდა, რომ ასაკთან შედარებით საზრიანი ვიყავი.
კვლავ ტელეფონს შევხედე. ამჯერად შეტყობინება გავაგზავნე - „სად ხარ ლენა? ვნერვიულობ. მიპასუხე!“
ყოველ დილით ვვარჯიშობდი. მინდოდა ,რაც შეიძლებოდა, შორს გამეცურა. მოუთმენლობას არ ვაძლევდი უფლებას შევეცდინე. ვასილის ხომ ბევრი მეზღვაური მეგობარი ჰყავდა - მათაც არ ელეოდათ საშინელი ამბები ღრმა წ....ბის შესახებ.
მაინც მაგარი ოინბაზია ვნება! რამდენიმე კვირაში მოცდით დავიღალე. გადავწყვიტე, რომ მზად ვიყავი და აი, დადგა ნანატრი წამიც - ჩვეულზე ღრმად შევცურე. არ ვიცი შიშის დამსახურება იყო თუ მღელვარების, მაგრამ გული ისეთი სისწრაფით მიცემდა, მეგონა, რომ სადაც იყო დავიხჩობოდი. ტივტივამდე შეუსვენებლად გავცურე, შემდეგ მაგრად მოვეჭიდე. სუნთქვის მოთქმა ვცადე. რა სასაცილო ვიქნებოდი ტივტივას ჩახუტებული. როდესაც ამოსუნთქვებს შორის ინტერვალი შემცირდა, ხელი გავუშვი, შეძლებისდაგვარად ღრმად ჩავისუნთქე და სილურჯეში თავით გადავეშვი. იმ დროს ერთადერთი სურვილი მქონდა - წყალში უკეთ დამენახა. რა მოხდებოდა ჩემს გვერდით ნოზს რომ გაეცურა მე კი ვერ შემენიშნა? ასეთი სისულელეებით მქონდა თავი დამძიმებული და რაღა გასაკავირია, რომ ზედმეტად ღრმად ჩავყვინთე. კიდევ კარგი, რამდენიმე კვირიან ვარჯიშს შედეგი გამოეღო, თორემ თევზის საკვებად გადავიქცეოდი, რაც არც ისე ურიგო იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ თავიდან არა ერთ სადარდებელს ავიცილებდი.
არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამოყვინთვა შევძელი. ტივტივას მაგრად მოვეჭიდე, მაგრამ ნაპირამდე გასასვლელად ძალა აღარ შემრჩენოდა. ყვირილი დავიწყე. უკვე გონებას ვკარგავდი, როდესაც დავინახე რამდენიმე სილუეტი ჩემკენ როგორ მოცურავდა.
თვალები რომ გავახილე ნაპირზე ვიყავი. ყველა გარს მეხვეოდა. მამა ვერ დავინახე. მაშველებს ვთხოვე მისთვის არაფერი ეთქვათ. ნამდვილად დასაფასებელია - ეს პირობა შეასრულეს.
ასე ჩაიარა ნოზების პოვნის პირველმა მცდელობამ. ამ დღიდან ორი რამ დამრჩა სამუდამოდ სამახსოვროდ - ნაიარევი ხელზე, რომელიც ღმერთმა უწყის საიდან გაჩნდა და... არ ვიცი ხედვა დავუძახო? არა, ალბათ, უფრო სიზმარი.
სად ხარ წყეულო ხმავ, როდესაც შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ?!
კეთილი, აღარ დაგეკითხები! სიზმარი ვუწოდოთ.
მაშ ასე სიზმარი ასეთი იყო :
ფსკერისაკენ თავით ვეშვებოდი. სისველეს ვეღარ ვგრძნობდი, აღარც უჰაერობა მაწუხებდა, პირიქით, ჩვეულზე ღრმად ვსუნთქავდი. მარილი თვალებს მიწვავდა, თუმცა არ ვნებდებოდი. ვცდილობდი რაიმე დამენახა და მეც დავინახე ლურჯ-მწვანე ნათება, რომელიც ქვევით მიხმობდა. არ მეშინოდა. რთულია იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობდი, თუმცა ის იმდენად სასიამოვნო იყო, რომ მის გასახანგრძლივებლად უარს ყველაფერზე დაუფიქრებლად ვიტყოდი.
თავიდან თავს უეჭველად მახეში გაბმულს შევადარებდი, არამცდაარამც, ტალღა მეხუტებოდა, მთელ სხეულზე მელამუნებოდა. ალბათ, დედის ალერსის გემო რომ მცოდნოდა, სწორედ მას მივამსგავსებდი. მე მისი ნაწილი ვიყავი - ზღვა ჩემში იღვრებოდა და ,პირიქით, მე ვიღვრებოდი მასში.
„თვალები დახუჭე“ - ვიღაც ჩურჩულებდა, მეც დავემორჩილე. ვცადე საკუთარი თავი წარმომედგინა. სილურჯეში გახვეული, ხუთი წლის ბიჭი
ახლა ძალიან თამამი მეჩვენება ეს სიტყვები, მაგრამ ჯანდაბას ჩემი ხომ არავის ესმის - ძალიან ბედნიერი ვიყავი!
ხელი წინ წავწიე. მინდოდა ნათება თითებს შორის მომემწყვდია, როდესაც ტკივილი ვიგრძები. თვალები უმალ დავჭყიტე, თუმცა მუქი ფარფლისა და ზღვისფერს შთანთქმული საკუთარი სისხლის მეტი ვერაფერი გავარჩიე.
არ შემშინებია.
რა თქმა უნდა, ეს სიზმარიც არავისთვის მომიყოლია.
რამდენიმე წამი ვჩერდები.
ხმა ჩუმადაა. ესე იგი, მართლა არავისათვის.
***
საათს დავხედე. ჯერ თხუთმეტი წუთი გასულიყო, მე კი თითქოს ცხოვრების რამდენიმე წელი თავიდან გავიარე. ნეტავ ახლა სად ვართ? რა მნიშვნელობა აქვს. ბათუმი ჯერ კიდევ შორსაა. იმაზე უფრო გრძელი გზა მელის, ვიდრე წარმომედგინა.
ალბათ, ღამის წყვდიადი, რომ არა ფანჯრის ცქერისას ჩამეძინებოდა. მიყვარს ხეები რომ იტალღებიან და უკან რჩებიან. მწვანის მრავალი ნაირსხვაობა ერთმანეთს ერევა და ყველა ხმა სადღაც იკარგება. მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებით. ერთმანეთის პირსპირ - მე და მწვანე.
ის ის იყო თვალი დამეხუჭა, რომ ტელეფონის ხმამ შემაფხიზლა. ისე ავნერვიულდი, რომ ხელიდან გამივარდა. კი, ლენა იყო. ის ხომ დიდ ხანს ვერ მიბრაზდება. შეტყობინება გამოუგზავნია - „არ ინერვიულო, დედასთან ვარ.“ წარმომიდგენია, რამდენი ხანი იფიქრებდა რა მოეწერა ან საერთოდ მოეწერა თუ არა. ო, ამაში ნამდვილად მე მგავს. ყოველ სიტყვასა და მოქმედებას წონის. დავმშვიდდი, თუმცა პასუხის გაცემა საჭიროდ აღარ ჩამითვლია.
ცხოვრებაში ყველაფერს ვერ დაგეგმავ. კარგი იქნებოდა ეს ლენასთვის ერთხელ მაინც მეთქვა.
არა რა, მაინც ყველას უყვარს საკუთარი მშობელი!
ნეტავ, როგორია ახლა ჩემი სახლი? მისი გაყიდვა აზრად არასდროს მომსვლია, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ იქ არც ერთხელ ვყოფილვარ. ის სავსე იქნება მრავალი სიჩუმედ გარდაქმნილი ბგერით და ხავსად ქცეული სინანულით. ჩასვლისას ჯერ მის მოსანახულებლად გავივლი, თუმცა ამჯერად ვერც სიცილ-კისკისის ხმებს გავიგონებ და არც მამაჩემის ნაქები ლობიანის სურნელი შემომეგებება. ეჰ, სტუმრები ვასილის ძალიან უყვარდა. საკუთარი მეგობრებიც. ალბათ, მათ მისცეს ძალა დედის დანაკარგი გადაეტანა.
ერთხელ ყმაწვილობისას მიხმო. თვალი ამარიდა. ასე ჩვეოდა მაშინ, როდესაც საყვედური უნდა ეთქვა ან რაიმე ესწავლებინა. ახლაც, როდესაც მამას ვიგონებ, პირველი სწორედ ეს დღე მახსენდება - ხშირი, შავი, ჭაღარანარევი თმა, უსწორმასწოროდ გაზრდილი წვერი. როგორი დაბერებულიც არ უნდა ყოფილიყო მამაჩემი, მისი თვალები არასდროს იცვლებოდნენ. ეს სხივი ბოლომდე მიჰყვა.
მენატრები მამი.
გრძელი მონოლოგი დაიწყო იმის შესახებ თუ, რამდენად მნიშვნელოვან იყო მეგობრობა. ის ნერვიულობდა, რომ რადგან ბაღში არ დავდიოდი, მეგობრების შეძენაც გამიჭირდებოდა. არც მის ახლობლებს ჰყავდათ ჩემი ასაკის შვილები. ყურადღებით ვუსმენდი, თუმცა ეს ყველაფერი მე არ მანაღვლებდა. ჩემთვის ხომ მხოლოდ ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი - ნოზების პოვნა.
...როგორ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ მათი ძებნისას შევიძინე ჩემი პირველი მეგობარი :
დღედღეზე, სკოლაში უნდა წავსულიყავი. ბოლო მცდელობის შემდეგ ღრმად აღარ გამიცურავს - ვარჯიშს დავუბრუნდი. მეტ ყურადღებას სუნთქვას ვუთმობდი. დაღლილი ნაპირს გამოვედი, როდესაც ჩემზე დაბალმა, ქერა ბიჭმა დამიძახა :
შემაქო - კარგად ცურავო. მეც შევიფერე და ჩემი ვარჯიშის განრიგი გავანდე. იმითაც დავიკვეხნე, რომ ცურვა ჩემით ვისწავლე, თუმცა ბათუმში ეს არავის უკვირდა. აი, მას კი წყლის ეშინოდა. ეს უფრო იშვიათია.
რა თქმა უნდა, მისთვის არც მაშინ მომიყოლია ჩემი მიზნების შესახებ და ეს არც მრავალი წლის შემდეგ გამიკეთებია. შეიძლება არც დაიჯერა, როდესაც ვუპასუხე, რომ განძს ვეძებდი, თუმცა, ძალიან ბევრი წლის წინ ლევანთან შემთხვევით შეხვედრისას, ის გამომიტყდა, რომ ჩემი წყლისადმი სიყვარული ვერაფრით აეხსნა. მეც გამოვუმხილე, თუ რა ვერ ვაპატიე, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია.
პირობა ჩამომართვა, რომ თუ ოქროს მივაგნებდი მას გავუნაწილებდი, ის კი ყურადღებას მომაქცევდა, რომ მევარჯიშა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. რასაკვირველია, რომ დავთანხმდი - ეს ხომ მხოლოდ ტყუილი იყო და სიმართლე ითქვას მარტოს სანაპიროზე ბოდიალი და ყვინთვა არც ისეთი სახალისო საქმიანობაა.
საბოლოო ჯამში, ვერც განძს მივაგენი და ვერც ნოზებს, სამაგიეროდ ვიპოვე მეგობარი, რომელიც ბათუმიდან წამოსვლისას სხვა გამოუსადეგარ ნივთებთან ერთად დავტოვე.
ვისი ბრალია?
არც ვიცი.
არც ხმამ იცის.
***
ჩემი და ლევანის დამეგობრების ამბავმა მამა ძალიან გაახალისა. რა თქმა უნდა, არც მისი მშობლების მოძებნა გაუჭირდა და ალბათ, ისიც თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ერთ სკოლაში, ერთ კლასში უნდა ვყოფილიყავით. არა იმიტომ, რომ ჩემს სკოლაში გაშვებაზე ღელავდა. მე ფიცხი არ ვიყავი და შეიძლება ითქვას, რომ უცხოებთან საერთო ენასაც მარტივად ვპოულობდი.
ხანდახან ვფიქრობდი, რომ მამას მარტოობამ ღრმა დაღი დაასვა და მეც იგივეს არ მისურვებდა. მაგრამ განა მარტოობას შეეძლო მამაჩემის მსგავსად ძლიერ ადამიანის გატეხვა?! არც ახლა მესმის და არც მაშინ მესმოდა მისი მღელვარების მიზეზი. ეს კი ნამდვილად ჩემი ბრალია - ბევრჯერ ვცადე ამ კითხვის დასმა, მაგრამ არ მინდოდა ჩემთვის თვალი აერიდებინა და კლვავ გრძელზე გრძელ მონოლოგს მოჰყოლოდა.
სკოლაში წასვლა არ მიხაროდა. ეს კი იმის გამო იყო, რომ ჩემმა ფილოლოგმა ბებიამ წინა დღეს ღრმად ჩამინერგა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო განათლება და რამხელა მოვალეობა მეკისრა. მისი თქმით, შემდეგი თორმეტი წელი არაფერზე აღარ უნდა მეფიქრა სწავლის გარდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ აჭარბებდა და მისი ნათქვამი არაფრად ჩამიგდია, თუმცა სადღაც მაინც შიში დამებადა.
სკოლა სახლიდან არც ისე შორს იყო. შენობა კოპწია, დერეფნები მოწესრიგებულნი, საკლასო ოთახი პატარა, მაგრამ ნათელი - აი, ამ ყველაფრის გახსენებისას მთავარს მივუახლოვდი და ვიგრძენი, როგორ ამეწვა კანი.
სიტყვებისათვის თავის მოყრა მიჭირს. ნუთუ, კვლავ არ ვარ მზად, რომ ამ ამბებს თვალი გავუსწორო?
მოკლე შესავალს გავაკეთებ. მე ხომ ძალიან მიყვარს შესავლები.
„გრძელი შესავლები“
ისევ მისწორებს და მე უკვე აღარ მაინტერესებს ვის ეკუთვნის ან საიდან მოდის ეს ხმა, რადგან შევეგუე, რომ ის ერთადერთია, ვისაც ჩემი მოსმენა და გაგება ძალუმს, ასე რომ ამ ამბავსაც სწორედ მას ვუამბობ.
ვერ ვიტყვი რომ გაჭირვებაში გავიზარდე. არც გათამამებული ვიყავი, მაგრამ არც არაფერი მაკლდა. ასეთი დროება იყო - ოჯახის რჩენა თუ შეგეძლო მადლობელი უნდა ყოფილიყავი. მახსოვს ერთხელ მეშვიდე კლასში ბავშვთა სახლში წაგვიყვანეს. ჩვენს დამრიგებელს, ქალბატონ თამარს, ჩვენში ფილანთროპიის სურვილის ჩანერგვა სურდა. ძველი ტანსაცმელი შევაგროვეთ, მე ბევრი ვერაფერი ვიპოვე - მხოლოდ რამდენიმე პერანგი და ორი წყვილი ფეხსაცმელი. სამაგიეროდ, ფული ავაგროვეთ და ბევრი სათამაშო ვიყიდეთ. ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ ობლებთან. რა საშინელი სიტყვაა! თუმცა იმ დღის შემდეგ, დღემდე რამდენჯერაც ჩემს თავს ვეკითხები არსებობს თუ არა რაიმე წმინდა, მახსენდება მათი ღიმილიანი სახე, რომელმაც მაშინ ძალიან დამასევდიანა.
იმ დღეს ჩემს თავს ორი რამ შევფიცე : პირველი - თუკი, შესაძლებლობა მექნებოდა აუცილებლად ბევრ გაჭირვებულს დავეხმარებოდი და მეორე - ჩემს შვილს ექნებოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. მხოლოდ მეორე შევასრულე, მაგრამ ლენას სახეზე მათი მსგავსი ღიმილი არასდროს მინახავს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის გაღიმებულს არასდროს შემოუხედავს.
სკოლის შესახებ ბევრი არაფერი დამამახსოვრდა. მხოლოდ უმნიშვნელო მოვლენები, რომლებსაც დღევანდელობასთან საერთო არაფერი აქვთ. კარგი მოსწავლე ვიყავი. ზომიერად ცელქი. არა, ახლა ამის დრო არ არის - მოუთმენლობა მჭამს ან ვინ მისმენს საკუთარი თავის გარდა? მგონი გაუცნობიერებლად მინდა, რომ ეს ამბავი უფრო პოეტურად ჟღერდეს.
ამ ამბავს ისევე არ ეღირსება მსმენელი, როგორ მე გამგები.
ის, რაც გადამხდა, არც არასდროს დამვიწყებია. ალბათ, იკითხავთ, თუ რატომ ვიტანჯავ თავს ამ ტკივილის გახსენებით. შეიძლება მჯერა, რომ ყველა დეტალის გახსენებით რაიმე დასკვნის გაკეთებას შევძლებ. მე ძალიან ადრე მწამდა, რომ ჭეშმარიტება წვრილმანებში იმალებოდა. თუმცა სხვა მიზეზიც უნდა არსებობდეს - რამდენიმე საათის წინ, როდესაც ბათუმში წასვლა გადავწყვიტე, ვერაფერი ვიგრძენი და შემეშინდა. პირველად, საკუთარმა სიცივემ შემაშინა. სარკეში ჩავიხედე. ის ნაკვთები დავინახე, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში ვქმნიდი. მე არ მინდოდა ჩემი გამოხედვა ბასრი ყოფილიყო? ახლა ასეც არის, მაგრამ მაშინ უნდა დაისვას ერთი კითხვაც - თუ საბოლოოდ გავხდი ის, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი, რატომ ვიხსენებ ამ ამბავს, იმ იმედით, რომ ყველა გრძნობის სახელი გამახსენდება და ვიგრძნობ , რომ კვლავ ცოცხალი ვარ?
მე ამბავს მოვყვები, დასკვნების კეთება კი ხმავ შენთვის მომინდია.
***
კლასში ოცდაათამდე ბავშვი ვიყავით. მე და ლევანი პირველი კლასიდან ერთ მერხთან ვისხედით და ასე მივედით მეთერთმეტე წლამდე. იმ წელს სიმაღლეში გამასწრო და ყოველი ხუმრობა თუ წამოძახილი უკან ორმაგი მონდომებით დამიბრუნა. სასჯელს ღირსეულად ვიტანდი. აი, მე კი ცოტა წონაში მოვიმატე. შედარებით იშვიათად ვცურავდი. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვივიწყებდი ნოზებს და აღარც ლევანს ახსოვდა განძის შესახებ ჩვენი ძმური ფიცი, რომელმაც ერთმანეთი გვაპოვნინა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი.
გარდატეხის ასაკი ჩემთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი არ აღმოჩენილა. არც ჩემი ყოფაქცევა შეცვლილა და არც გარეგნობა. ნაკვთები გამიუხეშდა და ღინღლიც გამიხშირდა. ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ბევრი უსვამდა ხაზს ჩემს გაუჟმურებას, რაშიც, რასაკვირველია, არავის ვეთანხმებოდი.
ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ადათისამებრ სკოლის დირექტორმა და ქალბატონმა თამარმა მოგვილოცეს. ეს არავის გაუკვირდა, მაგრამ ყველას ყურადღება ახალი მოსწავლის წარდგენამ მიიპყრო. ის შემდეგნაირად დაახასიათეს - მორიდებული, მოწესრიგებული, ბეჯითი, თუმცა გულჩათხრობილი. სკოლის შეცვლის მიზეზი არ უთქვამთ და არც ის, რაზეც ბევრი ჭორი დადიოდა. საქმე ისაა, რომ ელენე საკმაოდ ცნობილი მამის შვილი გახლდათ. მაშინ ზუსტად არ მესმოდა თუ რა გავლენა ჰქონდათ პარლამენტარებს, მაგრამ აშკარად პარლამენტარის შვილის ჩვენს კლასში გადმოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თანაც, ის ხომ გვარად აბაშიძე იყო! როგორ შეიძლებოდა ეს გამოგრჩენოდა.
მალე კლასში ელენემაც შემოაბიჯა. პირველი თვალში წითელი ფეხსაცმელი მომხვდა. საკმაოდ მაღალი იყო და , ჩვენი კლასის გოგონებთან შედარებით, უფროსის შეხედულება ჰქონდა. წვრილი წელი, სავსე მკერდი. - ეს ყველა ბიჭმა შევნიშნეთ. რამდენიმემ ხმამაღლა ისიც გაიხუმრა, რომ ძლივს ლამაზი კლასელი გვეღირსა. შავი ქვედაბოლო, თეთრი ზედა. სერიოზული იერი დაჰკრავდა. მის მოკლედ შეჭრილ წაბლისფერ თმაზე სულ ის ფოთლები მახსენდებოდნენ პირველნი რომ გვაუწყებდნენ შემოდგომის დადგომას. შემოდგომისფერი - საბოლოოდ ეს სიტყვა შევარჩიე მის აღსაწერად, თუმცა ეს ელენესთვის არასდროს მითქვამს.
ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, შემიძლია საათები დავლიო მისი გამოხედვისა და თვალების აღწერაში. ისინი ისეთი ღრმანი იყვნენ! მათი ცქერის ენა მხოლოდ რამდენიმე თვეში ავითვისე. ფერს კი, რაც შეეხება მისი მსგავსი სადღაც მინახავს, უბრალოდ ვერ ვიხსენებ. კიდებიდან წამოსული მუქი ცისფერი შემთხვევით დაღვრილ ლაქას უფრო წააგავდა. საბოლოოდ ყველანი შევთანხმდით, რომ ელენეს ლურჯი თვალები ჰქონდა. მართალია, მე ნათლად ვხედავდი გუგას მოხვეულ მწვანე ნათებას, მაგრამ წინააღმდეგონა თანაკლასელებისთვის არ გამიწევია.
ელენა მართლაც გულჩათხრობილი აღმოჩნდა. საკმაოდ საზრიანი. არ ხუმრობდა, არავის უღიმოდა, სახლში მუდამ მარტო ბრუნდებოდა. იქნებ მარტოობა უყვარდა ან ძველი სკოლისა და მეგობრების დატოვება უჭირდა? - ყველას საკუთარი მოსაზრება გვქონდა, თუმცა საბოლოოდ მისმა დამოკიდებულებამ შედეგიც გამოიღო - ელენეს თავდაჭერილობამ და გაქვავებულმა გამომეტყველებამ სულ რაღაც ერთ კვირაში მისი პირვანდელი დახასიათება სრულიად შეცვალეს.
სკოლაში ახალი მოსწავლის განხილვა არავისათვისაა უცხო, თუმცა ელენეს შემთხვევა იმით იყო განსაკუთრებული, რომ ბავშვებს არა მარტო მშობლები არამედ მასწავლებლებიც კი აქეზებდნენ. ჰოდა, ასე მიეკერა ელენეს ნელ-ნელა გატუტუცებული, გაუზრდელი ბავშვის იარლიყი და ეს ყველაფერი გახდა საწყისი მრავალი ოინისა.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა - ქალბატონი თამარი ერთადერთი იყო, რომელსაც ზედმეტი სიტყვა არასდროს დასცდენია. მისი თავშეკავებული ქცევა სამაგალითო უნდა ყოფილიყო, თუმცა ბევრმა დამრიგებლის დამოკიდებულება ელენეს მამის სტატუსს მიაწერა. ერთი სიტყვით, ყველას საკუთარი სიმართლე ჰქონდა - ჩვენ კი, მოზარდებმა, არ ვიცოდით ვისთვის დაგვეჯერებინა.
ქიშპობა აშკარა მაშინ გახდა, როდესაც სექტემბრის მიწურულს ჩვენმა კლასელმა, ლალი ჩხაიძემ, ყველას გასაგონად გამოაცხადა თავისი დაბადების დღის შესახებ და საგანაგებოდ გამზადებული მოსაწვევები ყველას დაურიგა ელენეს გარდა. შემიძლია დავიფიცო, რომ წინა დღით მთელი საღამო სიტყვას ამზადებდა. ისიც არ გამიკვირდება, რომ დაბადების დღის გადახდა მხოლოდ იმიტომ გადაეწყვიტა, რომ ელენეს თავი არასასურველად ეგრძნო. მაგრამ მის წარმოსახვას მთავარი აკლდა - დასასრული. მან არ იცოდა თუ როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს ელენე. რა მოხდა? ვერაფერს გახდა! ელენეს ერთი გამყინავი მზერა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ლალის გუნება შეცვლილიყო. სახე ისე აელეწა, ზარი რომ არ დარეკილიყო, აყალ-მაყალი არ აგვცდებოდა.
მე ამ ყველაფრის თაობაზე მყარი მოსაზრება გამაჩნდა. ახალი კლასელის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. პირიქით, იყო მის ქცევაში რაღაც, რაც ძალიან მიზიდავდა.
ეს ყველაფერი ასე კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდა, თუმცა მალე აღარავის ახსოვდა ვინ იყო ელენე ან როგორი იყო. ეს მას მოსწონდა. ის ერთდროულად იყო ყველასათვის შესამჩნევიც და უხილავიც.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ლევანი ავად გახდა. ხანდახან, ბედის მჯერა ან შეიძლება მინდა დავიჯერო. ცოტა ხანს, რომ დავივიწყოთ რაციონალიზმი და ყველაფერს სხვა კუთხით შევხედოთ, ლევანი გაციებას რომ არ შეებოჭა, უწყვილოდ არ დავრჩებოდი და არც ელენესთენ ერთად დამავალებდნენ ჯგუფური დავალების შესრულებს. რის შესახებ იყო? რაღაც უჯრედებთან დაკავშირებული. რა მნიშვნელობა აქვს? აზრი ისაა, რომ ბედმა თავისი წვლილი შეიტანა და , რა თქმა უნდა, ლევანის უმცროსმა ძმამ ,ზუკამ, რომელმაც მას გაციება გადასდო.
ან ნეტავ რა როგორ იქნებოდა მასწავლებელს სხვასთან რომ დავეწყვილებინე? ალბათ, ელენეს ვერასდროს დავუმეგობრდებოდი.
„და ვერასდოს შეიყვარებდი.“
შესაძლებლობას არ უშვებს ხმა.
დავალების ჩასაბარებლად ერთი კვირა გვქონდა, თუმცა მერჩივნა მალე მომეშორებინა, ამიტომ გამბედაობა მოვიკრიფე და გაკვეთილის დასრულებისას მეწყვილეს მივუახლოვდი :
-როგორც ჩანს სხვა გზა აღარ დაგვრჩენია ერთად უნდა ვიმუშაოთ - განწყობის შესაქმნელად ხუმრობა ვცადე.
-ელია, ჩემთან ერთად ჯგუფში ყოფნა თუ არ გინდა, მასწავლებელს დაველაპარაკოთ და დავალება ცალ-ცალკე შევასრულოთ.
-ე! ეგ არ მიგულისმია. უბრალოდ მინდოდა მეკითხა...
ახლაც მახსოვს როგორც უხერხულად ვიგრძენი თავი, როდესაც ენა დამება. თვალი ავარიდე. მზერა ქვევით მივმართე. მის მარჯვენა ფეხზე სისხლჩაქცევები შევნიჩნე. უხერხულობა დაბნეულობაში გადამეზარდა. თითქოს გულმა მიგრძნო, რომ ეს ჩვეულებრივი დაზიანება არ იყო. პირი რამდენჯერმე ავამოძრავე. კითხვის დასმა მეწადა, მაგრამ თავი შევიკავე - არ მინდოდა გიჟად ჩავეთვალე.
სიჩუმე გაიწელა :
-გისმენ! - გაკრივებული მიყურებდა.
-მინდოდა მეკითხა მომზადება ხვალვე ხომ არ დაგვეწყო? იცი, მირჩევნია რაც შეიძლება მალე დავასრულოთ - სხაპასხუპით, დაზეპირებული გაკვეთილივით, მივაყარე. ღმერთო ჩემო! ისე ვნერვიულობდი, თითქოს თანაკლასელთან კი არ ვსაუბრობდი, არამედ დამკვირვებელს ახსნა-განმარტებას ვაბარებდი.
-კი ბატონო, დაგეგმილი მაინც არაფერი მაქვს.
ჩემმა ქცევამ დადებითი შედეგი გამოიღო და მეც პირველად მომეცა მისი ღიმილის ნახვის ბედნიერება. ო, რა მშვენიერი იყო!
შედარებით ხალისიანად განვაგრძე :
-მამაჩემი სახლში გვიან ბრუნდება. შეგვიძლია ჩემთან შევხვდეთ.
-საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
-გაკვეთილების შემდეგ ერთად წავიდეთ.
-ხვალამდე, ელია.
სახლში დაბრუნებულს სავარძელზე ჩამეძინა. ძილის წინ ნანახზე ვფიქრობდი. რაღაც რიგზე ვერ უნდა ყოფილიყო.
უკვე შვიდი იყო დაწყებული, როდესაც კარის ხმამ გამაღვიძა. ვასილი არასდროს იღლებოდა ჩემთვის ძილისგუდას ძახილით და იმის გამეორებით, რომ ეს თვისება დედასგან მერგო მემკვიდრეობით.
საღამოს პირველად ვახსენე ელენე. მის შესახებ ვუამბე და ისიც მივაყოლე, რომ ხვალ ჩვენი სტუმარი იქნებოდა. არც ის დამიმალავს, თუ რას ლაპარაკობდნენ მასზე. ძირითადად მე ვსაუბრობდი. მამამ მხოლოდ ის მითხრა, რომ ხვალ წასვლამდე სტუმრისათვის ლობიანს მოამზადებდა. არ შევეწინააღმდეგე. ყველა ასე მოიქცეოდა ვისაც, ვასილის ლობიანი ერთხელ მაინც გაესინჯა.
ხუთშაბათს სულ რაღაც სამი გაკვეთილი გვქონდა. ჩემს მეწყვილეს დერეფანში შევხვდი და ჩემი სახლისაკენ წინ გავუძეხი. ავუხსენი, რომ ახლოს ვცხოვრობდი ამიტომ, ფეხით მისვლა მერჩივნა, მაგრამ შეგვეძლო ტრანსპორტს დავლოდებოდით. მან კი მიპასუხა, რომ სეირნობა უყვარდა.
გზაში ერთმანეთისთვის ბევრი არაფერი გვითქვამს. მთელი გზა მისი ზურგის ცქერაში გავატარე. სწრაფი ნაბიჯით სიარული ჩვეოდა. მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა და მელოდა, როდესაც აღარ იცოდა რომელი მიმართულება აერჩია. აშკარად, უკმაყოფილო იყო ჩემით, ამიტომ მეც ვცდილობდი მის რიტმს დავწეოდი. ბოლოს მაინც მომაძახა, რომ ზოზინა ვიყავი.
მისი დამღლელი სიარულის მანერის წყალობით სახლამდე სულ რაღაც ათ წუთში მივედით. კარი უხმაუროდ გავაღე. სახლი ცარიელი იყო.
-ლამაზი ადგილია.
-მიხარია, რომ მოგწონს.
-აქ მხოლოდ შენ და მამა ცხოვრობთ?
-კი, დედამ დიდი ხნის წინ დაგვტოვა. მარჯვენა ხელის მოძრაობით ჩვენი სურათისაკენ მივუთითე - ორი წლის ვიყავი. - ჩუმად დავამატე.
-ვწუხვარ. - მისი სიტყვები გულწრფელნი იყვნენ. ეს ჩვენი მეგობრობის დასაწყისი იყო. მე ასე ჩავთვალე.
-მადლობა. შეგვიძლია სამზარეულოში ვიმეცადინოთ. ო, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ გაგიმართლა -მამაჩემის ნაქები ლობიანი უნდა გაგასინჯო.
-აი, თურმე რატომ დგას ასეთი გემრიელი სუნი.
-მოგშივდა?
-კი.
-მაშინ ჯერ მივირთვათ. ხომ იცი მშიერ კუჭზე ტვინი არ მუშაობს.
ხმამაღლა გაეცინა :
-ელია, რაღაც უნდა გთხოვო.
-მითხარი.
-ამ გაცვეთილი აფორიზმების გამოყენებას შეეშვი. გოგოებზე ასე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენ.
უნდა ვაღიარო - ცოტა მეწყინა! მე ყოველ სიტყვას ვწონოდი, რომ რაც შეიძლება თავაზიანი და სასიამოვნო მოსაუბრე გამოვჩენილიყავი მან კი დამცინა. მისი გულის მოგება არც ისე მარტივი აღმოჩნდა! აქაც ვასილი მომეშველა. მამას ჩვეულზე მეტად უწვალია. სტუმართან ნამდვილად არ შევრცხვი. დავნაყრდი. ელენეც კმაყოფილი ჩანდა. :
-ძალიან გემირიელია! მამას მადლობა გადაეცი.
-აუცილებლად. იცი ერთხელ ვასილიმ რა მითხრა? - შევყოვნდი - გეტყვი, მაგრამ იცოდე, ეს სულაც არ არის დრომოჭმული აფორიზმი!
-კარგი, ამჯერად ჩუმად მოგისმენ. მხოლოდ ლობიანის ხათრით.
-რაც უფრო მეტად გიყვარს ის ადამიანი, რომლისთვისაც საჭმელს ამზადებ, მით უფრო გემრიელი გამოგდის.
ორივეს გაგვეღიმა. ერთმანეთს გავუღიმეთ.
-ესე იგი, ძალიან ჰყვარებიხარ მამას.
-კი, მე და ვასილის განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს.
ამ რეპლიკის შემდეგ დავიწყე მამას გადახდენილი ამბების მოყოლა. როგორი აღტაცებული ვიყავი! ხან სად იყინებოდა ჩემი მზერა, ხან სად. ჯერ ჯარის ამბები ამოვწურე. მოსაყოლი ბევრი იყო - მამამ ჯარში ერთ წელზე მეტი დაჰყო, შემდეგ მის თევზაობაში მიღწეულ წარმატებებზე ვიხალისეთ და ბოლოს , რა თქმა უნდა, ვასილის , ერთი შეხედვით, ერთფეროვანი, პირადი ცხოვრების ჯერი დადგა.
ბოლოს როდესაც თხრობას მოვრჩი და ელენეს შევხედე გაკვირვებისაგან სახტად დავრჩი. პასუხად ღიმილს ველოდი, მისი ლოყა კი ცრემს დაესველა. ვერაფერს მივხვდი - მას გამომეტყველება არ შეცვლია. ისევ ისე მიყურებდა, როგორც რამდენიმე წუთის წინ. არც ერთი კუნთი არ შერხეოდა.
რამ აატირა? - ამ კითხვაზე პასუხი მალევე შევიტყვე და დანაშაულის შეგრძნებამ შემაწუხა. ეს არ იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ატირებული ელენე ვნახე, თუმცა ის ერთადერთი იყო, როდესაც მისი ცრემლების მიზეზი სიხარული იყო.
***
ელენეს აცრემლიანებული სახის გახსენებამ ჩემს გონებას დასმული ბეჭედი გაარღვია. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს სურათები სადღაც იმალებოდნენ. ყველა სხვადასხვა მიმართულებით გავარდა. მოგონებები წამით გაკრთდნენ. ეს დღეები შორს მატარებლის ლიანდაგს უკან, დარჩნენ. მიუვალ, მაგრამ დაცულ ადგილას.
...ამდენი წელი შევალიე, მათგან თავის დაღწევას - ახლა, კი უკან ვბრუნდები. მაინც რა უცნაური არსებაა ადამიანი.
ალბათ, მართალია და არსებობენ შეხვედრები, რომლებიც წინასწარ არიან განსაზღვრულნი. ამ გაცვეთილ აზრს ძალიან გვიან დავუფიქრდი. საინტერესო კითხვაც დამებადა - ნეტავ, შეიძლება ვიღაცისთვის ის იყო, ვისაც აუცილებლად უნდა შეხვედროდა, მაგრამ შენთვის იყოს ის არასწორი არჩევანი? აი, მაგალითად განვიხილოთ ჩემი და ელენეს შეხვედრა. კი, ამპარტავანი გამოვრჩნდები, მაგრამ სიმართლეს ვერსად გაექცევი - მე დღემდე ვთვლი, რომ სწორედ მე ვიყავი ის, ვინც ელენეს ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო. აი, მისი წვლილი კი ჩემსაში უკვე სადავოა. ალბათ, მის გარეშე უკეთესად ვიქნებოდი, უფრო სწორედ, უკეთესი ვიქნებოდი.
ამბავს დავუბრუნდეთ - რამდენჯერაც სამზარეულოში მომხდარის შეხსენება ვცადე, სიტყვა იმდენჯერ ბანზე ამიგდო. არ მიკვირდა. ვის უყვარს საკუთარ ცრემლებზე საუბარი? ზედმეტი ჩაძიება გაანაწყენებდა, ამიტომ გავჩუმდი. მრავალჯერ გავჩუმდი, ვჩუმდებოდი მაშინ, როდესაც არანაირ შემთხვევაში არ უნდა გავჩუმებულიყავი. ალბათ, ამიტომაც მოხდა ყველაფერი ასე.
მე იმ დღეს სამზარეულოში მიზანი დავისახე, როგორც მაშინ ბავშვობაში, როდესაც გადავწყვიტე, ნოზები მეპოვნა სადღაც შავ ზღვაში. სინამდვილეში, ამ ორს ერთმანეთთან ძალიან ბევრი აქვთ საერთო - თუმცა ამას უთქმელად თავადაც მიხვდებოდით.
ალბათ, აღარ არის საჭირო იმის ხაზგასმა, რომ ელენემ გადმოსვლის დღიდან მიმიზიდა. არა მარტო მე ყველა ბიჭი მიიზიდა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ამ მიზიდულობის მიზეზი მხოლოდ ჩამოყალიბებული, ქალური ფორმები არ ყოფილა და იმ წამის შემდეგ, როდესაც მისი ცრემლები ვინახე დაუცხრომელი სურვილი გამიჩნდა დამეცვა. რის ფასადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს.
ამის დამტკიცებისა თუ განხორციელების შესაძლებლობა მალევე მომეცა. ელენე უკვე შეჩვეული იყო, რომ მასწავლებელს შეიძლებოდა შუა გაკვეთილისას მისთვის ცინიკურად მიემართა. არ მახსოვს ზუსტად იმ დღეს რა უთხრა. „მამაშენი შვილს სამეცადინოდ არ სცალია!“- მგონი რაღაც ამდაგვარი. იმასაც ყველა შეჩვეული იყო, რომ მსგავს წამოძახილებს ექოდ უხერხული სიჩუმე ან ჩურჩული მოსდევდა, მაგრამ ეს ადათი მე დავარღვიე, როდესაც წამოვხტი და ლამის მთელ ძალით ვიღრიალე, რომ ამგვარი მიმართვა უსამართლობა იყო. ყველამ გაკვირვებულმა შემომხედა, თუმცა მე არავის მზერა მანაღვლებდა. განრისებული განვაგრძობდი ღრიალს. ნეტა გამახსენა რა ვიბორდიალე! იმ წამს მზად ვიყავი ყველასათვის კისერი გადამეგრიხა, ამ გოგოს გულისათვის, რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი.
ეს თუ არა, აბა სხვა რა არის სიყვარული?
ჩემს რომანტიკულ გამოხტომას სასჯელი არ ასცდენია. გაკვეთილების შემდეგ ერთი საათით დამტოვეს და ახსნა-განმარტებითი წერილი დამაწერინეს. ბრაზი მერეოდა, მაგრამ ვცდილობდი გრძნობებს აღარ ავყოლოდი. როდესაც სასჯელის დათქმული დრო ამოიწურა, გარეთ გასულს ელენე დამხვდა. სწორედ იმ წამს გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. მართალია, ჩემთვის მადლობა არ გადაუხდია და ,პირიქით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დამცინოდა, თუმცა მისი მზერა და ღიმილი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებდა. ელენემ იმ წამს გააცნობიერა, რომ მარტო არ იყო, მე კი გავაცნობიერე, რომ პირველად შემიყვარდა.
არა! ეს გრძნობები ერთი სხეულისათვის რთული სატარებელია. ბევრია. ზედმეტია!
თავს სუსტად ვგრძნობ. ცოტა ძალა რომ დავატანო ალბათ, ცრემლებად დავიღვრები. არ ჯობდა ჩემი ნიღაბი ბოლომდე მეტარებინა? საკუთარი თავისათვის კვლავ შემომეძახა, რომ ძალიან ძლიერი არის? ყოველთვის ასე ვიქცეოდი. როდესაც რაიმე მიჭირდა, საკუთარ ანარეკლს ვაშტერდებოდი. უმწეო ბიჭის ნაკვთებიც იკარგებოდნენ სასტიკ მზერაში, რომელიც ჩემს გარშემო ყველაფერს ყინავდა.
ახლა, დამსხვრეული ვარ.
როგორ ძლიერ ვიკავებდი თავს, რომ ეს ყველაფერი არ მეთქვა! რატომ? კითხვაც არ უნდა, მიზეზი ხომ ასეთი ნათელია - იმიტომ, რომ არ მინდოდა თავი არარობად მეგრძნო და ამის სანაცვლოდ ვარჩიე საერთოდ აღარაფერი შემეგრძნო.
ტელეფონს ვწვდი. შეტყობინების წერა დავიწყე :
„ლენა,ძალიან მიყვარხარ.“
როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ ეს სიტყვები საკუთარი შვილისთვის ხმამაღლა არასდროს მითქვამს? რატომ ავიკვიატე რომ, რაც უფრო მეტი ადამიანი გიყვარს, მით უფრო სუსტი ხარ ან როდის შემიჩნდა აზრი, რომ ძალაუფლება არის ერთადერთი, რაც ამ წყეულ ცხოვრებაში მჭირდება?
„თავს გაუფრთხილდი მამი“
სამაგიეროდ, იცოცხლე - ჭკუა-დარიგება არასდროს დამიშურია, ლენას კი ეზიზღება, როდესაც ვინმე ჭკუას არიგებს. რა გასაკვირია? ის ხომ ჩემი შვილია. ე, ლენა იმაზე მეტად მგავხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. არ ვიცი რამდენად გაგიმართლა, თუმცა ნუ შეშინდები - ჩემზე ბევრად უკეთესი იქნები. ეს არც ისეთი რთულია.
„შეეცადე მაპატიო“
რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი მაქვს, უბრალოდ ვერ ვაღიარებ - როდესაც ყველაფერი ჩაივლის უკან აღარასოდეს დავბრუნდები. ვეღარც ჩემს შვილს ვნახავ.
მის ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად, ჩემი სხეული ზიზღისგან დაიცლება, თუმცა ეს სიმსუბუქე მხოლოდ რამოდენიმე წამი გაგრძელდება, რადგან მას უმალ უფრო ძლიერი ,სინდისის ქეჯნა, ჩაანაცვლებს.
მაშ რა გამოდის? რომ მხოლოდ რამდენიმე წამის გამო ვწირავ ყველაფერს?
„არასდროს დამივიწყო, ვიცი ვერ გამიგებ, მაგრამ“.
აღარ დამიმთავრებია. შეტყობინება წავშალე.
-ნუ სულელობ! - ჩემს თავს ხმამაღლა მივმართე. მოძრავი მატარებლის ფანჯარაში საკუთარი ანარეკლის გარჩევა ვცადე. გამიჭირდა, თუმცა მაინც მოვახერხე :
-მე ძლიერი ვარ!
სუსტი ვიყავი მაშინ, როდესაც მეშინოდა, როდესაც სხვების ბედი მანაღვლებდა, როდესაც სხვისთვის ვიბრძოდი და მუდამ თან მსდევდა შეგრძნება, რომ სანაცვლოდ ჩემს შესანარჩუნებლად არავინ იბრძოლებდა.
მე უკვე გადავწყვიტე, როგორი მინდოდა ვყოფილიყავი. რა მნიშვნელობა აქვს რამ მაიძულა ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო?
„მართლაც შეცვლილხარ“- სიტყვას მაწყვეტინებს ხმა და ამჯერად ვგრძნობ როგორი დასევდიანებულია.
იმედი გავუცრუე.
***
სად გავრჩერდი? ხო, იმ დღეს, როდესაც სკოლიდან გამოსულმა ელენე დავინახე მივხვდი, რომ შემიყვარდა. - ეს აზრი წლების შემდეგ რამდენჯერმე გადავამოწმე.
ზოგადად, ასე ხდება - რაც უფრო ასაკში შედიხარ, მით უფრო ცდილობ ყველაფრის რაციონალურ ჭრილში გადასინჯვას.
დღევანდელი გადმოსახედიდან, მე ვთვლი, რომ მაშინ საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა, თუ რა იყო სიყვარული, მაგრამ ჩემი აზრის უარსაყოფად არსებობს ერთი დაუწერელი კანონი - სიყვარულს ვერ ახსნი.
რატომ არ შემიძლია უბრალოდ ვთქვა, რომ ელენე იმ დღეს შემიყვარდა? იქნებ ყველაფერს იმიტომ ვართულებ, რომ მინდა საკუთარი თავი ჩემი გრძნობების სიცრუეში დავარწმუნო?
მეეჭვება, მაგრამ თუ კი ასეა ჩემს არსებობას მართლაც არანაირი სარგებელი აღარა ჰქონია, რადგან ის ყველაზე წმინდა და ნამდვილი იყო, რაც კი ოდესმე განმეცადა.
ალბათ, ვეღარავის გავაკვირვებ, მაგრამ არც ელენესთვის მითქვამს, რომ მიყვარდა. ჩვენს შორის ჩამოწოლილი ეს შეგრძნება იმდენად ბუნებრივი იყო, რომ მისი სიტყვებით გადმოცემის არანაირი საჭიროება არ არსებობდა.თან, როგორ ამბობენ? სიყვარულსა მალვა უნდაო, არა?
ორ რაღაცაში დარწმუნებული დღემდე ვარ - ელენეს ძალიან ვუყვარდი იმის მიუხედავად, რომ ამის შესახებ სიტყვა არასდროს დასცდენია და მანაც იმ დღეს იგრძნო ჩვენს შორის კავშირი იმის მიუხედავად, რომ ამას მუდამ უარჰყოფდა.
ნეტავ, სიყვარულს მართლაც მხოლოდ ერთხელ განიცდი? ჩემს შემთხვევაში ეს ასე მოხდა, რადგან ჩემი და ჩემი ყოფილი მეუღლის, ნიტას, შეუღლება სიყვარულის შედეგი სულაც არ ყოფილა. უფრო სექსის და იმის, რომ ჩვენი შეხვედრა ნიტას ოვულაციის პერიოდს დაემთხვა. რა გაეწყობოდა? მე პასუხისმგებლობა ავიღე. რამდენიმე თვეში, მაისს, ერთ უბრალო, არაფრისმქმელ დღეს ვიქორწინეთ. ყველაფერმა ისე ჩაიარა, რომ ეჭვიც არავის შეუტანია არც ნიტას ორსულობასა და არც ჩვენს უსიყვარულობაში. ჯვარიც დავიწერეთ და საკურთხეველთან ღვთის წინაშე ფიციც ურცხვად დავდე. ეს არც პირველი ფუჭად დადებული ფიცი იყო და არც უკანასკნელი.
ალბათ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ბათუმის დატოვების შემდეგ ჩემი და ღმერთის ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. ის არასდროს დამივიწყებია, ალბათ, უფრო განაწყენებული ვიყავი, ამიტომ სულაც არ მიგრძვნია სინდისის ქეჯნა, როდესაც მოძღვრის წინ ნიტას მარადიული სიყვარული შევფიცე. თითქოს ვიღაცას სამაგიერო გადავუხადე ან რაღაც დავამტკიცე. ისე იყო თუ ასე, საკუთარი საქციელით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვყოფილვარ.
„კი, რაღაც დაამტკიცე! საკუთარი ხელმოცარულობა!“
ხმის წამოძახილს კომპლიმენტად მივიღებ. არ ვუპასუხებ, თუმცა უნდა ვაღიარო - სარკაზში მოიკოჭლებს.
მოკლედ, ალბათ, საინტერესოა რამდენს ხანს გაგრძელდა ჩვენი მარადიული სიყვარული. ან რა გასაკვირია, რომ ჩვენი ქორწინება თავიდანვე განწირული იყო? ჩვენ ხომ მაისს დავიწერეთ ჯვარი, რაც უძველესი ადათის თანახმად ყოვლად დაუშვებელია! მიდი და მერე არ გჯეროდეს ცრუწმენების!
სადღაც სამი წელი - შემდეგ უკვე აღარც ნიტას შეეძლო ჩემთან ცხოვრება და აღარც მე შემეძლო მეყურებინა ქალისთვის, რომელიც ყოველდღე მახსენებდა, თუ რამდენად უბედური ვიყავი.
„რაც ,რა თქმა უნდა, ნიტას ბრალი იყო ! აბა, როგორ შეიძლება, რაიმეში შენც ყოფილიყავი დამნაშავე!“
გაჩუმდი და მისმინე! წყეულო, აზრებს მიფანტავ!
ჰოდა, იმ წელს პირველად მომიწია მოსამართლის წინაშე მხარის სტატუსით წარდგენა. თავიდან ვუპასუხეთ საინფორმაციო კითხვებს, თუმცა, როდესაც გვკითხა - რამ გადაგვაწყვეტინა განქორწინება, ორივე დავდუმდით.
იმას ხომ არ ვეტყოდით, რომ ხანდახან ერთდროულად რამდენიმე ნიღბის ტარება არც ისე ადვილია ან რომ ორივე ამ უფერულ თანაცხოვრებას პატარა ლენას გამო ვიტანდით?
ხო, ჩვენი შეუღლების ავბედითი დღიდან რამდენიმე თვეში, დეკემბრის მიწურულს ქვეყანას პატარა გოგონა მოევლინა. ნიტას ვთხოვე სახელის დარქმევა ჩემთვის მოენდო. მას იმდენად გაუკვირდა ჩემი მხრიდან გამოჩენილი ინიციატივა, რომ დაუფიქრებლად დამთანხმდა. ჩემი პატარა გოგონასთვის „ლენას“ დარქმევა გადავწყვიტე. სახელი, რომელიც არც არაფერს მახსენებდა და არც არავის უკავშირდებოდა. ის მხოლოდ მისი იქნებოდა და მისი გაგონებისას არაფერი მომაგონდებოდა ჩემი შვილის გარდა.
ე, ის ისეთი საყვარელი იყო! მამიკოს სიხარული!
ჩვენი პირველი შეხვედრისას გამიელვა აზრმა, რომ იქნებ ყველაფერი ჯერ არ იყო დაკარგული და ჩემს ქალიშვილს შეეძლო ეხსნა ჩემი სული ან უკეთესობისაკენ წარემართა ჩემი ცხოვრება?
მაპატიე, საყვარელო დაბადებიდან ზედმეტად მძიმე ტვირთი დაგაკისრე.
მსგასება ჩემსა და მის ნაკვთებს შორის ერთი შეხედვითაც აშკარა იყო. როდესაც ლენა გულში ჩავიხუტე და ნიტას გავხედე კინაღამ წონასწორობა დავკარგე. ცრემლები წამომივიდა. საწოლის კიდეს მოვეჭიდე. პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ავტირდი. ღაწვებზე სისველის შეგრძნება მეუცხოვა და შემიძლია დავიფიცო, რომ წამით, საკუთარი შეშინებული სახე დავინახე. ჩემს თვალებს ფერი დაეკარგათ. არაფერი იყო დარჩენილი ცარიელი, უფერული გუგისა და მცირე შავი წერტილის გარდა.
ექიმებს არაფერი უკითხავთ. მათ ჩემი საქციელი ახალგაზრდა მამის ემოციებს მიაწერეს. როგორ ცდებოდნენ! მე არ ვტიროდი სიხარულისგან. არც ნერვიულობისგან. ვტიროდი, რადგან გავაცნობიერე, რომ სრულყოფილად ბედნიერი ვიქნებოდი ლენა, რომ ჩემი და ელენეს შვილი ყოფილიყო.
ნეტავ, ყველაფერი სხვანაირად რომ წარმართულიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით? არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, ამ კითხვაზე პასუხი წარმოედგინა. მოდი, დავუშვებ გამონაკლისს - ალბათ, ერთი ბედნიერი ოჯახი. აი, მათი მსგავსი ყოველ კედელზე ლამაზ, ფერად-ფერად ჩარჩოში ჩასმულ სურათებს რომ კიდებენ. ვიცხოვრებდით ბათუმში, ჩემს ძველს სახლში. ლენაც გაიხედავდა სამზარეულოს ფანჯარაში და მისი მზერა ჩაიძირებოდა ტალღებში. ელენე მაგიდასთან ვასილის შთაგონებით მომზადებულ ლობიანს მოგვიტანდა, შემოგვხედავდა, გაგვიღიმებდა და „რაც მამა, ის შვილი“ ან „ვაშლი, ვაშლის ხისგან არც ისე შორს ეცემა“ ან რაღაც ამდაგვარს დამცინავი ტონით წამოგვაძახებდა. მას ხომ მხოლოდ ასე შეეძლო სიყვარულის გამოხატვა.
„წარმოსახვას ნუ ეთამაშები!“
ჰო, რა თქმა უნდა, მადლობა რომ შემახენე! ეს მხოლოდ წარმოსახვაა და მოდი სანამ ვინმე გამამტყუნებს სიცრუის სიყვარულისათვის, უცებ შევაჯამოთ, თუ როგორია ჩემი რეალობა :
დღეს მე ორმოცდახუთი წლის ვარ. ვზივარ მატარებელში და მივდივარ ბათუმში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. არა ბატონო, იმიტომ კი არა, რომ მშობლების ხსოვნას პატივი მივაგო, ძველი მეგობრები მოვინახულო ანდა მტვერში ჩაძირულ სახლს ხელი შევავლო; კაცი უნდა მოვკლა, რომ ვალი მოვიხადო.
ახლა ოჯახს, რაც შეეხება. დღეს, არა თუ ბედნიერი, არამედ საერთოდ არ მყავს ოჯახი. ჩემს „საყვარელ“ მეუღლესთან წესიერად იმის შემდეგ არ მისაუბრია, რაც სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა დამიძახა და ლამის იყო სახეში შემაფურთხა.
ვინ გაამტყუნებს? როგორ დღეში უნდა ყოფილიყო დედა, რომელმაც ერთადერთ ქალიშვილზე მეურვეობა დაკარგა?
ო, არა! არავინ იფიქროს, რომ პროცესი ჩემს სასიკეთოთ წარმართვა ჩემი ადვოკატური ქარიზმისა ან ნაცნობების წყალობა იყო. თუმცა სწორედ ესაა სიმართლე - ყველა საჭირო ხერხს მივმართე, რომ ლენა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო.
ახლა ლენა დედასთანაა. ალბათ, უყვება ჩვენი უკანასკნელი კამათის შესახებ. ისე რაღაც მხრივ კარგიცაა, რომ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. როდესაც ჩემზე ბრაზდება წასასვლელი ყოველთვის აქვს. მე უფრო მშობლის მოვალეობები მაქვს შეთავსებული, დიქტატორი მშობლის, ნიტას კი მეგობრის.
მათთვის ურთიერთობა არასდროს დამიშლია. რა უფლება მქონდა? მე არასდროს მცოდნია რა იყო დედის ალერსი და ნამდვილად არ მინდა ამ ბედნიერებას ჩემი შვილიც მოკლებული იყოს. მაშ რატომ წავართვი ნიტას მეურვეობა? არ ვიცი. ეგებ, მინდოდა რაიმე ხერხით დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ლენა მხოლოდ ჩემი იყო?
ჰა, ხმა აბა რას იტყვი?!
დაბოლოს, სად არის ახლა ელენე? ელენე აბაშიძე ჩვენი გაცნობიდან სადღაც ათ თვეში გარდაიცვალა. ოფიციალურად, უბედური შემთხვევის მსხვერპლი, სინამდვილეში საზარელი მკვლელობის.
ის ჩემს წარმოსახვაში არასდროს ქცეულა ნოზად. უფრო მის საფლავს დაყრილ მძიმედ მიწად, რომელმაც სამუდამოდ დამარხა ყოველი ტკივილი, რომელიც მის სხეულს სისხლჩაქცევების სახით ეკიდებოდა და ყოველი შველის თხოვნა, რომელიც მას მრავალ სხვა უთქმელთან ერთად ახრჩობდა.
სახარბიელო ნამდვილად არ არის ჩემი რეალობა, მაგრამ მე წარმოსახვით არ ვცოხვრობ. ამის უნარიც დიდი ხნის დავკარგე.
მაშ, სად არის გამოსავალი? გამოსავალი დასასრულშია. ბათუმშიც სწორედ,ამიტომ ვბრუნდები, რომ დავასრულო ელიასა და ელენეს ამბავი.
სანამ ხმა მკითხავს, დავასწრებ და კითხვას მე დავუსვამ - თუკი, ეს ამბავი არის ადამიანებზე, რომლებიც აღარ არსებობენ, მაშ რეალური იქნება დაასასრული?
პასუხი არ იცი? ჰოდა, სამუდამოდ დადუმდი!
***
იმედენად ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს, იმდენად აუტანელია ჩემს გარშემო ეს ნისლად ჩამოწოწლილი გაურკვევლობა, რომ სუნთქვა მიძნელდება. თითქოს, ფილტვები წყლით მქონდეს სავსე. როგორ შევძელი ამდენი წლის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრება? მან ხომ ყველა და ყველაფერი ჩაყლაპა, ყოველი გზა თუ ბილიკი წაშალა. გულ-მკერდი ჩახშობილია. მუჭს ვირტყამ; არაფერი იცვლება. საიდან მოვიდა ეს ჯანღი? იქნებ ციდან უზარმაზარი ღრუბელი ჩამოწვა ან ,პირიქით, ცაში კოცონის კვამლი ავარდა? ყოველ შემთხვევაში, ვერაფერს ვხედავ და ერთს ვიმეორებ მუდამ, დაუსრულებლად :
-ნეტავ ნისლში უკეთესაც ვხედავდე.
„არადა, ყველაფერი ადგილზეა, არაფერი შეცვლილა. ეჰ, ელია - რატომ არასდროს დაგიშვია, რომ ნისლს არავინ დაუმალავს ან ჩაუყლაპავს შენს გარდა?“
არ დაუყოვნებია ხმას. უნდა ვაღიარო - ამის მოსმენამ მატკინა, მაგრამ გინდ ასე იყოს რა განსხვავებაა? თუ მე აღარ ვჩანვარ გარე სამაყორისთვის განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარც ის ჩანს ჩემთვის? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება! გენიალური არგუმენტია ჩემი მსჯელობის განსამტკიცებლად.
ეს ყველაფერი იქით იყოს და ხმავ, ნუთუ, თანამიგრძნობ? აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რომ ჩემგან დაჩაგრულ ადამიანს ხატავ, რომ არა დამნაშავე, არამედ მსხვერპლი გამომიყვანო? ალბათ, შენც არ მოგწონს ჩემს მსგავსად გასაცოდავებული ადამიანები და ამიტომაც გიჭირს ცინიზმისა თუ ირონიის შეკავება. ესეც შენი თავდაცვის ინსტინქტია.
ზედმეტად კეთილშობილური მიზნებით დასახლებულხარ ჩემს გონებაში, მაგრამ მოდი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ - როდესაც ადამიანი სისხლს გემოს უსინჯავს, ყველაფერი მთავრდება - ის მკვლელია. უნდა დაისაჯოს! სხვა დანარჩენს არავისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა.
ამიტომ ზედმეტად ნუღარ დაიხარჯები და გაგრძელებას უსმინე.
შეგიძლია მოდუნდე - ამბის ,ალბათ, ერთადერთ სახალისო ნაწილს მივუახლოვდი. ქალბატონებო და ბატონებო წარმოგიდგენთ შეყვარებულ „მუტრუკ“ ელიას.
არც აპლოდისმენტები მესმის, არც ოვაციები. ე, რა გაეწყობა გაწყვეტილიდან განვაგრძობ:
იმ დღეს ელენემ გადაწყვიტა სახლამდე მივეცილებინე, ამით, ალბათ, უბრალოდ მადლიერების გამოხატვა სცადა. მე კი ეს ჟესტი სხვანაირად აღვიქვი. ბიჭი რომ გოგოს სახლამდე აცილებს, ხომ რაღაცას ნიშნავს, არა?
კლასში მომხდარზე არაფერი გვითქვამს, არც რაიმე განსაკუთრებულზე გვისაუბრია. გზის უმეტესი ნაწილი ჩუმად გავიარეთ. დაბნეული ვიყავი. რაღაც განსხვავებულს ვგრძნობდი. უნდა ვაღიარო, ველოდი მადლობას როდის გადამიხდიდა, თუმცა იმ დროს უკვე ასე თუ ისე ვიცნობდი, ამიტომ მისი სიჩუმე არ მწყენია. იმ დღეს პირველად აღმოვაჩინე, რომ თურმე სიჩუმესაც მოსმენა სჭირდება.
სახლის კარს რომ მივუახლოვდით, მადლობა გადავუხადე და სანამ რაიმეს მიპასუხებდა დაუფიქრებლად გადავეხვიე. ზუსტად ერთი წამი აღმოჩნდა საკმარისი, რომ აღტაცება შიშს ჩაენაცვლებინა. წარმოდგენაც არ მქონდა ჩემს საქციელს როგორ აღიქვამდა. წამის მეასედში უამრავმა ურთიერთსაპირისპირო სურათმა გამიელვა, მაგრამ ყველაფერი საკუთარ ადგილს დაუბრუნდა, როდესაც, ჩემდაგასკვირად, ზურგზე მისი საპასუხო შეხება ვიგრძენი. ის არ იყო უხერხული, არც ცივი. შიში გაქრა - საოცარ ნათებაში ჩავიძირეთ.
დიდი ხნის განამვლობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რა ერქვა ზუსტად შეგრძნებას, რომელიც იმ დღეს კარის ზღურბლთან ვიგრძენი. ვერც გავაცნობიერე მანამ, სანამ არ დავკარგე - ეს იყო სიმშვიდე. საოცარი სიმშვიდე.
თუმცა მშვიდი ნამდვილად არ მეთქმოდა სახლში შესვლის შემდეგ. დაველოდე, რომ ელენე წასულიყო, შემდეგ კი ზღვას გავხედე და რაც ძალი და ღონე მქონდა, ვიღრიალე. პასუხად მანანა დეიდას „შვილო, რაიმე ხომ არ გიჭირს“ და გურამი ძიას „შე მამაძაღლო ყურებს დაგაჭრი“ მივიღე.
შემრცხვა. გადავწყვიტე სიხარულის გამოხატვა ჩუმად გამეგრძელებინა. დავიწყე ბოლთის ცემა. გაუჩერებლად ვცქმუტავდი. ვერ ვიაზრებდი, თუ რა დამატყდა თავს. უფრო სწორად იმას, თუ როგორ უნდა შევგებებოდი - მტერი იყო თუ მოყვარე? ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი აღელვება ნამდვილად შეძლო.
ახალი თავსატეხი გავიჩინე - ელენე უნდა გამეოცებინა! თავიდან წერილის დაწერა ვიფიქრე, თუმცა ხელწერით მიცნობდა, შემდეგ საჩუქრები, მაგრამ რით შემეძლო მე, ელია ბოლქვაძეს, ელენე აბაშიძის მსგავსი გოგოს გაოცება. ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, ის ის იყო გადაწყვეტილების მიღების წამს მივუახლოვდი, რომ კარი გაიღო და ვასილი დავინახე.
ერთი ძალიან დიდი ცვლილება განვიცადე ამ წლების განმავლობაში. ნაწილობრივ ეს ჩემი პროფესიული არჩევნის წყალობაცაა - ძალიან კარგი მატყუარა გავხდი, მაგრამ, ვაი რომ, მაშინ ამით ვერ დავიკვნეხდი.
ნეტავ გენახათ, რა დღეში ჩავვარდი, ვასილიმ რომ მკითხა აწითლებული ხარ, რამე ხომ არ გიჭირსო. ჯერ ხომ უამრავი სისულელე მოვბოდე, საბოლოოდ კი ენა დამება და შეშინებულმა მამაჩემმა ოღონდ შენ არაფერი მოგივიდეს საერთოდ აღარაფერს გკითხავო.
არ ვიცი იმ ღამით საათი გაჩერდა თუ თვითონ დრო. გაშეშებული ვიწექი. საკუთარმა თავმა გამაკვირვა - უძილობა რომ არ მჩვეოდა ამას ისედაც მიხვდებოდით. ხან ერთ მხარეს გადავწვებოდი, ხან მეორეს. ბოლოს დავიღალე. ბედსშეგუებული ზურგზე დავწექი და ჭერს შევხედე. ასე, ჭერის ყურებაში გაილია ღამე. არ მახსოვს ზუსტად რაზე ვფიქრობდი. მხოლოდ მაშინ წამოვდექი, როდესაც ფანჯრიდან, პირველმა სხივმა შემოანათა. საათს დავხედე. შვიდი სრულდებოდა. ზღვას მზერა გავუსწორე, რა ლამაზი ყოფილა! მზის ჩასვლა ბევრჯერ მინახავს, მაგრამ ამოსვლა არასდროს. სინათლე ზღვის ტალღებში იფანტებოდა. თითქოს ზღვა გაშლილი მინდორი ყოფილიყო, რომელსაც ათასი გაფანტული ციცინათელა ანათებდა. მზე ამ ციცინათელების ბუდედ წარმოვიდგინე. ის სინათლეს უხვად გასცემდა. ნეტავ, სანაცვლოდ რას იღებდა? აი, ეს უკვე აღარ ვიცი.
მარილიანი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მკლავებზე სხივის შეხება ვიგრძენი. ჩავიძირე.
ასე საკუთარ რომანტიკაში ჩაძირულს, დრო საერთოდაც გადამავიწყდა. ვასილიმ რომ ოთახის კარზე დამიკაკუნა, უკვე რვის ნახევარი იყო. არადა, შემეძლო დამეფიცა, რომ ერთი წუთიც არ იყო გასული.
სადღაც ათ წუთში უკვე მზად ვიყავი. მგონი ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საათის მოძრაობას ამხელა ყურადღებით ვუმზერდი, ამიტომ შემიძლია ამაყმა ვთქვა, რომ ყოველ ფაქტს ზუსტად გადმოვცემ.
საუზმეზე უარი ვთქვი. ხო, ღამით იმისთვისაც გამოვნახე დრო, რომ წონაში დაკლება გადამეწყვიტა. ვასილიმ ჩემი გადაწყვეტილება შეიცხადა. შემდეგ გაეცინა და მუცელზე ხელი წამომარტყა. ეს ზედა მაინც გამოიცვალეო მომაძახა, თუმცა კარიდან ისეთი აღელვებული გავედი, უკან ვერანაირი ძალა ვეღარ დამაბრუნებდა.
სკოლის გზას დავადექი. შენობას ბატონი ზაზა დაახლოებით რვა საათზე აღებდა. აუცილებლად პირველი უნდა ვყოფილიყავი! ქუჩის შესახვევში პატარა მაღაზია მეგულებოდა. გამყიდველს ვთხოვე ლამაზი თაიგულის შერჩევაში დამხმარებოდა. ცნობისმოყვარე მოხუცის კითხვებს თავი ოსტატურად ავარიდე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, თუმცა მოხუცი მიმიხვდა ჩანაფიქრს და პირველი წითელი ვარდები შემომთავაზა. თავი გავაქნიე - ვარდი მას მერე მეზიზღებოდა, რაც მორთული დედის საფლავი პირველად ვნახე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი არც დედას უყვარდა. მინდვრის ყვავილებიც ვიუარე. ისინი მხოლოდ ერთი ქალისათვის მემეტებოდა. საბოლოოდ საკმაოდ ლამაზი და სადა თაიგული შევარჩიეთ.
-დარმუნებული ვარ მოეწონება - დამამშვიდა, მაგრამ გაჩუმდა, როგორც კი შეამჩნია, რომ ლოყებზე ჟღალი შემერია.
სალაროს მივუახლოვდით და უცებ თავში დამარტყა, რომ ამ სისწრაფეში საფულე სახლში დამრჩენია.
ღმერთო, ჩემო რა სულელი ბავშვი ვიყავი. ახლაც კი მრცხვენია, მაგრამ თან გაუჩერებლად ვიღიმი. დღეს ყველა დახვეწილ კაცად მიცნობს. ბევრი არც კი დაიჯერებს, რომ ოდესღაც შეიძლება მეც ბავშვი ვიყავი, ნერვიულობისგან ენა მებმოდა, საფულე მრჩებოდა ან გაწითლებული ათას ბოდიშს ვიხდიდი.
სახლში გაბრუნების დრო აღარ იყო - მთელი გეგმა წყალში მეყრებოდა. სხვა გზა აღარ მქონდა დარჩენილი. საკუთარ სიამაყეს გადავაბიჯე. კარგი, ვაღიარებ, უფრო სიმორცხვეს. გამყიდველს ავუხსენი, რომ საფულე სახლში დარმჩა და საფასურს საღამოს მივუტანდი. მოხუცმა გამიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-მიდი გაიქეცი. შენ ისეთი ციმციმა თვალები გაქვს. ტყუილს არ მეტყვი - ესღა მითხრა.
განა ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა? მეეჭვება. მათ სხვანაირი გამიცნეს. არავის არასდროს უკითხავს რამდენი გავიღე ან დავკარგე, რომ აქამდე მოვსულიყავი. არა, განა რამე - პასუხს მაინც არ გავცემდი. უბრალოდ გამახარებდა იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას კვლავ აინტერესებდა სინამდვილეში ვინ ვიყავი.
მგონი, მართლა ვბერდები.
„ე, ასე თუ განაგრძობ უმუშევარს დამტოვებ. ჩემს სათქმელს ამბობ!“
-ხომ ხედავ, მალევე ვითვისებ.
კლავ ხმამაღლა ვუპასუხე განაწყენებულს და „კუპეში“ შალის პლედივით, ჩამოწოლილ სიცარიელეს მივაშტერდი.
დაე, ვისაც უნდა გიჟად ჩამთვალოს!
თვალებზე ხელები ავიფარე. ათამდე დავთვალე. ვცადე ხმის პატრონი წარმომედგინა. იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ყველა მისი ნათქვამი გავიხსენე, ყოველი შეგრძნება და გონებაში მის ნაკვთები ერთმანეთს დავუკავშირე.
მხოლოდ მას შემდეგ გავახილე თვალები, რაც დავრწმუნდი, რომ მარტო აღარ ვიყავი და ჩემი იდუმალი მეგზურის დანახვას შევძლებდი.
ვერ ვიტყვი, რომ გაკვირვებული დავრჩი. ალბათ, არც არავის გაუკვირდებოდა :
საკუთარ თავი დავინახე. თითქოს სარკეში ჩამეხედა. მაგრამ, არა. ჩვენ ერთმანეთისგან რაღაც ძალიან განგვასხვავედა. როდესაც მისი ნათქვამი პირველად გავიგონე, ვიგრძენი, რომ ის ჩემი ახლობელი იყო, მაგრამ ამავდროულად უცხო.
ვუყურებდი და ორ ურთიერთსაპირისპირო აზრს შორის ვიხლართებოდი - „ეს მე ვარ“, „არა, ეს ბიჭი მე არ მგავს“
თვალი ავარიდე :
-ტყუილად არ მოკალათდე. აქ ვერ დარჩები. უნდა წახვიდე.
-რატომ?
-არ შემიძლია გიყურო.
-და რატომ?
-გულს მირევ!
-კითხვა გაგიმეორო?
-ნუ გამითამამდები. შენ უბრალო წარმოსახვა ხარ.
-აკი, გაგაფრთხილე წარმოსახვასთან თამაში საშიშია-მეთქი.
..და ის, იყო ვიფიქრე, რომ საბოლოოდ ჭკუიდან შევიშლებოდი, წამოვხტებოდი, ღრიალს დავიწყებდი და ვერაფერი გამაჩერებდა მანამ, სანამ დასახმარებლად მატარებლის თანამშრომლები არ შემოვარდებოდნენ, ღრმად ჩავისუნთქე და შეძლებისდაგვარად გაწონასწორებულად ვუპასუხე :
-გთხოვ, ახლა არა.
მან საპასუხოდ მხრები აიჩეჩა. გულითადად გამიღიმა - ისე, როგორც ოდესღაც მე ვიმიღოდი. სევდა მოერია. მის თვალებში საკუთარ ანარეკლიც დავინახე. ის არ იბრძოდა არსებობისთვის- თავი დამიხარა და ჩემს განაჩენს უსიტყვოდ დაემორჩილა. მაცოფებდა და ეს ძალიან კარგად იცოდა, თუმცა ეს მგონი სულაც არ ახარებდა.
დანაღვლიანებული ჯერ გამჭვირვალე გახდა, შემდეგ კი გაქრა.
განვდევნე, მაგრამ თავი გამარჯვებულად არ მიგრძვნია.
კვლავ სიცარიელის პირისპირ აღმოვჩნდი.
თვალებს ვისრეს. წელი მტკივა.
ჩამძინებია.
***
ჭიშკართან შეყოვნება მომიწია. რამდენიმე წუთი შესვენება აშკარად მჭირდებოდა. კუთხეში მიფარულ სკამზე წამოვჯექი. თაიგული ჩანთის უკან დავმალე. მართლაც ლამაზი იყო. იასამნისფერ ფოთლებს კმაყოფილი ვათვალიერებდი.
რთული ყოფილა საყვარელი ადამიანისათვის შესაფერისი ყვავილის არჩევა.
ბატონი ზაზა ჯერ არსად ჩანდა. ვნერვიულობდი, თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ ამ შეგრძნების უკმაყოფილო ვიყავი. საბოლოოდ შევეგუე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი დაწყებულიყო. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რას მომიტანდა ეს ყველაფერი. დილა გამახსენდა. კვლავ ციცინათელებით განათებული მდელო წარმოვიდგინე. ნეტავ, იქამდე აისი როგორ არასდროს მენახა? - ჩემს თავს რამდენჯერმე ხმამაღლა გაკვირვებულმა ვკითხე. უძილობამ სკამს მიმყინა. ალბათ ბოქლომის ხმა რომ არა, ტკბილად დამეძინებოდა. ბატონი ზაზასკენ მივირბინე. ჩემმა დანახვამ გააკვირვა, თუმცა არაფერი უკითხავს. ეს მისი საუკეთესო თვისება იყო. მეგობრულად მომესალმა და გზა დამითმო. არ ვიცი თაიგული შეამჩნია თუ არა. იმ დროს ამაზე საფიქრალად არ მეცალა.
ჩემი გამოთვლებით, ბავშვები ასე ათიოდე წუთში მოვიდოდნენ. გაკვეთილის დაწყებამდე დრო დიდი იყო. ყველაფერს ბუნებრივად უნდა ჩაევლო - თაიგულს მაგიდაზე დავტოვებდი და უკან გავბრუნდებოდი. თუკი, ბატონი ზაზა რაიმეს მკითხავდა საფულის დარჩენას მოვიმიზეზებდი. ტყუილიც არ გამომივიდოდა. შემდეგ მოსახვევთან მივირბენდი და ლევანს ჩვეულ ადგილას დაველოდებოდი. თითქოს არაფერი, საკლასო ოთახში გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შემოვიდოდით და ელენეს გახარებულ სახესაც ვნახავდი.
„ყველაფერი კარგად ჩაივლის“- თითქოს ამ სიტყვების სინამდვილეში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ერთი რამ მაინც მაწუხებდა. საქმე ისაა, რომ მაინც ვერ გადამეწყვიტა - გამემხილა თუ არა ლევანისათვის ჩემი ამბავი?
მოვიფიქრე ამაზე გზაში მეფიქრა.
„ყველაფერი გენიალურადაა!“ - გასვლამდე ყვავილები კიდევ ერთხელ შევათვალიერე. თავი შევიქე და მოსახვევისკენ გავეშურე.
ბატონი ზაზა აღარ შემხვედრია. ლევანსაც მისვლა მივასწარი. ერთმანეთს ჩვეულად მივესალმეთ. ცოტა მეწყინა კიდევ, რომ ვერაფერი შენიშნა. ასე გადავწყვიტე, რომ ლევანისთვის ჯერ არაფერი გამემხილა. სამაგიეროდ, მისი წუწუნის მოსმენა კი არ ამცდა. არ მახსოვს რით იყო უკმაყოფილო.
იქნებ, მართლა მე ვიყავი ცუდი მეგობარი და ყველაფერმა მომხდარმა იმდენად ჩამითრია, რომ სულ გადამავიწყა ლევანისთვისაც მეკითხა რას განიცდიდა? ეს აზრი წლების განმავლობაში ჩემი თავის ტკივილის საბაბი მრავალჯერ გამხდარა, რაც მოსალოდნელიც იყო რიგი მიზეზების გამო. ლევანი ერთადერთი ცოცხალი იყო, რომელიც საკუთარი არსებობით ძველ ცხოვრებასთან მაკავშირებდა. კი, ბევრ ადამიანს გავსწორებივარ სასტიკად ისე, რომ საკუთარი მოქმედების სიმართლე ეჭვ ქვეშ წამითაც არ დამიყენებია, თუმცა როგორი გაბოროტებულიც არ უნდა ვიყო ახლა, როდესაც მასზე ვფიქრობ, თითქოს, კვლავ ბავშვი ვხვდები.
სწორს ამბობენ - ბავშვობის მეგობრის ყოლას სხვა ხიბლი აქვს.
„ჰო, და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ეს მეგობრობა უბრალო მოგონება ხდება“ - მაინც პოულობს ბატონი ხმა მიზეზს, რომ თავი შემახსენოს. მეცინება კიდეც. სათქმელი ჩვეულზე სწრაფად წარმოთქვა. აი, ისე, მასწავლებელი რომ კითხვას დასვამს და ბავშვი ხელის აწევის გარეშე პირდაპირ პასუხს სცემს. მგონი, მართლა ეშინია საქმის გარეშე არ დარჩეს.
მოკლედ, ეს ავბედითი აზრი, რამდენჯერმე გადავსინჯე და საბოლოო დასკვნაც გავაკეთე, თუმცა ამის გახსენების ,ალბათ, აღარც დრო მომეცემა და აღარც შესაძლებლობა, ამიტომ მოკლედ მოგახსენებთ - მე ჩემი დანაშაული მიმიძღვის, რომელსაც ვნანობ, თუმცა ლევანმა უპატიებელი ჩაიდინა - მეგობარი გასაჭირში მიატოვა. ამგვარი რაღაცები ,ჩემნაირი უგულოსთვისაც კი, მიუღებელია.
ასე, რომ განაჩენი გამოტანილია - ელია ბოლქვაძე გამართლებულია! საქმის აპელაცია დაუშვებელი. მოსამართლე კმაყოფილი.
ამბავი განვაგრძოთ :
ჩემი ძალიან მარტივი გეგმა უკვე კარგად წარმოდგენილ ფინალს ნელ-ნელა უახლოვდებოდა და ის-ის იყო უნდა დამეჯერებინა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია, საკლასო ოთახის კარი შევაღე და სახე ალეწილი მივაშტერდი ლალი ჩხაიძეს, რომელიც ჩემი ნაჩუქარი თაიგულით თავს იწონებდა. ელენე თავის მერხთან იჯდა და გაკვეთილისათვის ემზადებოდა.
იმდენად ღრმად ჩავისუნთქე, შეშინებულმა ლევანმა ზურგი გამიმაგრა. მისთვის არაფერი მითქვამს, არც ლალისთვის, არც ელენესთვის. დღის ბოლომდე ხმა არავისთვის გამიცია. ყველას, ვინც მეკითხებოდა უხასიათობის მიზეზს, ღამე ცუდად მეძინა-თქო სხაპასხუპით ვპასუხობდი. ყველა მოტყუვდა, მათ შორის ლევანიც. სხვათაშორის, ეს ფაქტი, ჩემს წარმოსახვაში გათამაშებულ .ზემოთ ხსენებულ, პროცესზე ლევანის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვან მტკიცებულად გამომადგა.
„ნეტავ, ოდესმე საკუთარი თავიც გაგესამართლა“
მეხუმრები? მაშ, ყველაფერი არ გცოდნია, ჩემო კარგო. მე ჩემს გონებაში მრავალჯერ წარვდგენივარ მოსარჩლის სახით. მაგრამ, სამწუხაროდ ყოველთვის ვპოულობდი მტკიცებულებებს ბრალის შესამსუბუქებლად.
„სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ?“
ბოლოს და ბოლოს, ჩამოყალიბდი რაში მადანაშაულებ ცუდ ადამიანობასა თუ კარგ პროფესიონალიზმში?
„ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ნუ ცდილობ თავი ამარიდო!“
აი, კიდევ ერთხელ შეცდი. მე არ ვცდილობ თავი აგარიდო. წარმოიდგინე და მადლიერიც კი ვარ შენი. აბა წამით დაფიქრდი - შეგიძლია გაიაზრო, თუ რა საშინელ მარტოობას განვიცდი? იმ დღეს, როდესაც საკლასო ოთახში ვიჯექი, ვუყურებდი როგორ ტრაბახობდა ლალი ჩემი ელენესთვის ნაყიდი თაიგულით, მეგონა ზიზღს ვგრძნობდი და მართალიც ვიყავი, თუმცაღა ის კი გამომრჩა, რომ ჩემს სხეულში შეიკრა რაღაც უფრო ძლიერი, რომლის სახელსაც ვერ ვპოულობდი. ზიზღი აშკარაა, აი, ის კი ვერაგი! ეს მარტოობა იყო. მე ჩემი სევდის მიზეზს ვერავის ვუზიარებდი, უახლოეს მეგობარსაც კი.
უკეთ რომ გამიგო, მოდი ერთსაც გეტყვი. არ გაინტერესებს რატომ არასდროს არ მომიყოლია ჩემი ამბავი საკუთარი შვილისთვის? განა ის მე არ მიყვარს ან არ მინდოდა ბოლომდე შევეცანი? წყეულიმც იყავ, არა! ღმერთმა უწყის, რამდენჯერ წარმომიდგენია, თუ რას მეტყოდა ლენა ჩემი ამბავის მოსმენის შემდეგ. სათანადოდ ვერ მაფასებ! მე ისიც ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ოდესღაც ამ შედეგამდე მივიდოდი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა - ან უნდა მომეთხრო ყველაფერი და საკუთარი შვილის სიბრალული ამეტანა ან უნდა გამეგრძელებინა სიჩუმეში ცხოვრება და მის ზიზღს შევგუებოდი. მე მეორე ავირჩიე, ამიტომაც არ მაოცებს შედეგი.
შენ კი რაც შეგეხება - ჩემი პირველი მსმენელი ხარ და როგორი აუტანელიც არ უნდა იყო, შენი მოსვლა მახარებს. შენ რაღაც სიცარიელეს მივსებ და იმასაც კი შევეგუე, რომ არ ვიცი საიდან ან რა მიზნით ხარ მოსული.
„ჩემი გულის მოგებას ცდილობ?“
სხვათაშორის, საერთოდ არ მჭირდება შენი კეთილგანწყობა. მეც და შენც ვიცით, რომ არსად არ ხარ წამსვლელი.
„კეთილი, ეს გასაგებია, მაგრამ თუ ნებას დამრთავთ ერთი კითხვა მაწუხებს - რატომ ვერ გაბედე სიმართლის თქმა? ლალისთვის ყვავილების წართმევა და ყველას დასანახად მისი ელენესთვის გადაცემა?“
იმიტომ რომ მშიშარა ვარ! ბედნიერი ხარ?! შემეშინდა! საჭირო დროს უმოქმედობა ვარჩიე, ხოლო შემდეგ ვეღარაფერი ვთქვი, რადგან არ მინდოდა ელენეს მხდალად ჩავეთვალე. შენც არ მომიკვდე, შენი აზრით, პირდაპირ ამის თქმას მოერიდებოდა? რა თქმა უნდა, არა!
მას ყვავილები შემდეგაც ვაჩუქე. იცი როდის? მისი დასაფლავების დღეს. თაიგული მამაჩემს გავატანე. რადგან მე არ მეყო ძალა მის დასაფლავებას დავსწრებოდი.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში თაიგული სულ ორი ქალისათვის მიყიდია. რა თქმა უნდა, იმათ არჩათვლით სკოლის პირველ დღეს ლენას მასწავლებლებისათვის რომ ვატანდი. ერთს დედაჩემის ხსოვნას ვუძღვნიდი, მეორეს ელენესას. გულია არა? ისინი არავის უნახავს. მათ არაფერი შეუგრძვნიათ საფლავის ქვის სიცივის გარდა.
ხოდა, ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო ელენემ ვერასდროს გაიგო, რომ ის თაიგული მისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მჯეროდა, რომ გულის სიღრმეში ყველაფერი იცოდა. ის ყვავილები ხომ საგანგებოდ მისთვის იყვნენ შერჩეულნი? არა მგონია მას ეს ვერ შეემჩნია.
იმის მიუხედავად, რომ ჩემი რომანტიკული დებიუტი ისე არ წარიმართა, როგორც მინდოდა განვითარებულმა მოვლენებმა სასიამოვნოდ გამაოცეს. დღის ბოლოს ძალა მოვიკრიბე და ელენე სახლამდე მივაცილე.
გზაში ბევრი ვიხალისეთ. მიკვირდა - აქამდე ვერ შემემჩნია, რომ საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ასე გაგრძელდა სადღაც ორი კვირა. ჩვენ სკოლიდან სახლში ერთად ვბრუნდებოდით. შაბათ-კვირას, სანაპიროზე ვსეირნობდით. ვასილის ცნობილ ლობიანს ვიზიარებდით. რამდენჯერმე ერთადაც გავცურეთ. უფრო სწორად, მე გავცურე, ელენე კი ნაპირას დარჩა - სიღრმის ეშინოდა. ერთი სიტყვით, შემდეგი ორი კვირა ისე ვიქცეოდით, როგორც შეყვარებულ წყვილებს სჩვევიათ და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი.
„სანამ?“
სანამ ჩამოკრა მწუხრის ზარმა! ეჰ, როგორ ამაღლებულად ჟღერს არა?
„გირჩევნია მოეშვა პათეტიკას.“
შენ კი გირჩევნია მოკალათდე - ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.
***
დროა მეორე შემთხვევა გავიხსენო, როდესაც ელენე ატირებული ვნახე. მისი ცრემლების მიზეზი ამჯერად არც სიხარული ყოფილა და არც უწყინარი შური.
რა ვქნა, ისევ ბედზე მომიწევს საუბარი. აბა, ბედი რომ არა იმ დღეს ხომ ჩვეულად ან მაღვიძარა დარეკავდა ან ვასილი გამაღვიძებდა და არც სკოლაში დავაგვიანებდი?
რომ გავიღვიძე, პირველი გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო. სწრაფად ჩავიცვი და სკოლისაკენ სირბილით გავეშურე. მოძრაობა მიჭირდა. მუცლის არეში რაღაც უცნაურს ვგრძნობდი. არა ტკივილს, უფრო დისკომფორტს. შიმშილს გადავაბრალე. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ეს წინათგრძნობა იყო?
ჭიშკარი ჩაკეტილი დამხვდა. სკოლაში ასეთი წესი გვქონდა - ბატონი ზაზა ჭიშკარს ბოქლომს მხოლოდ დასვენებებსა და საკლასო დღის დასასრულს ხსნიდა. ეს ჩემნაირი მძინარა ბავშვებისათვის ერთგვარი სასჯელი იყო.
რაღა გაეწყობოდა, საათს დავხედე, ზარის დარეკვამდე ოც წუთზე მეტი იყო დარჩენილი. მეც გასეირნება გადავწყვიტე. შენობას წრეს ვარტყამდი, თავს დასჯილად სულაც არ ვგრძნობდი, პირიქით, კარგად გამოძინებული ენერგიით სავსე ვიყავი.
მართალი იყო ვასილი, როდესაც მეუბნებოდა, რომ ძილის გამო კაცს გავყიდდი.
ჩემი კმაყოფილება ქუჩის ბოლოს, ერთ-ერთი დანგრეული კორპუსის სადარბაზოდან გამომავლმა გმინვამ დაარღვია. ეს ხმა მეცნო, მაგრამ თან მეუცხოვა. საშინელი აზრი დამებადა. თავი გავაქნიე - არა, ეს ელენე ვერ იქნებოდა. ის გაკვეთილზე იყო და მასწავლებელს უსმენდა. მზერას ჩემი მერხისაკენ აპარებდა და ნერვიულობდა - ჩემი არყოფნის მიზეზზე ფიქრობდა.
თავის გამხნევება ხმამაღლა დავიწყე :
-ყოველთვის ცუდზე ნუ ფიქრობდ ელია! - იქნებ ეს გმინვა სულაც არ არის და სიამოვნების კვნესაა. შენ ხომ იცი, რომ გოგო-ბიჭები გაკვეთილებიდან სწორედ ამ „პადიეზდებში“ იპარებიან?
დავიბენი, არ მინდოდა თავი უხერხულ მდგომარეობაში ამომეყო, მაგრამ თან გუმანი მაიძულებდა ნაბიჯი წინ გადამედგა. მგონი აქამდე არ მიხსენებია - მსგავს გარემოებებში გადაწყვეტილების მისაღებად ჩემეული ხრიკი მქონდა- წარმოვიდგენდი, თუ რას იზამდა ვასილი. ამ შემთხვევაში საფიქრალი არაფერი იყო, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ თუკი ოდესმე იარსებებდა სულ მცირე ალბათობა მაინც იმისა, რომ ვინმეს შეიძლებოდა დახმარება დასჭირვებოდა - ვასილი უკან არაფრის გულისათვის დაიხევდა. ამ აზრით დამშვიდებული სმენად ვიქეცი და სუსტ ხმას გავყევი.
კარი ძალიან ფრთხილად გავაღე. არ მინდოდა ზედმეტი ყურადღების მიპყრობა. შიგნით, რაც არ უნდა დამხვედროდა, ვინმეს შეშინება ან დაფრთხობა საქმეს არ წაადგებოდა.
სილუეტი დავლანდე და ყველა ეჭვი, საღად აზროვნების უნართან ერთად სადღაც გაიფანტა. ვერ ვიხსენებ რა ვიფიქრე ან რა ვიგრძენი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ნაბიჯი წინ ძალიან მძიმედ გადავდგი, წონასწორობა დავკარგე და ძლივს მოვახერხე დამეყვირა :
-ელენე!
გუმანს არ უღალატია. ხელთ ელენე აბაშიძე შემრჩა. ჩემმა დანახვამ შეაშფოთა. იმ წამს ვინმეს რომ ეკითხა, თუ რა ფერის თვალები ჰქონდა, პასუხის გაცემა გამიჭირდებოდა. მათში ვერაფერს ვხედავდი საკუთარი დაბნეული ანარეკლის გარდა.
რომ დამინახა თავის ხელში აყვანა სცადა. არ გამოუვიდა. ვერ შეძლო მოზღვავებული გრძნობების დამორჩილება და ცრემლებთან ერთად დაიღვარა. მიყრუებულ „პადიეზდში“ ის, ,სულაც აღარ ჰგავდა, წყნარ, უძრავ ტბას არამედ აღელვებულ ზღვას, რომელიც მზად იყო საკუთარ ტალღებში ჩავეხჩე.
ელენე შეაშინა იმან, რომ მის სულს ზედმეტად მივუახლოვდი. მე კი... არ ვიცი შესაფერის სიტყვას დღემდე ვერ ვპოულობ. ვერ დავიჩემებ, რომ მხოლოდ მღელვარებას განვიცდიდი, რადგან, რაღაც მასზე ძლიერი, რაღაც მასზე მძიმე ჩამომეკიდა. მე ის შიშს მივამგვანე, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული ამაშიც არ ვარ.
სუსტი სინათლის მიუხედავად, მაინც შევძელი გამერჩია მის მკლავებზე დაღად დასმული სილურჯე. თვალები ტირილისგან ამოშავებოდა. სხეულს ვერ იმორჩილებდა. თრთოდა. არა ტკივილისგან, არამედ შეურაცხყოფისგან. ბრაზი ახრჩობდა. მე ის ასეთი არასდროს უნდა მენახა. მისი საიდუმლო არ უნდა გამეგო. ის არასდროს მომცემდა უფლებას შემეტყო რამდენად დაუცველი იყო სინამდვილეში.
-ელია... არა, არ მოხვიდე!
-რა მოხდა?
-აქ რას აკეთებ?
-რა მნიშვნელობა აქვს. რა ხდება? წამოდი, დახმარება გჭირდება.
-არ მომეკარო! ახლავე წადი. მარტო დამტოვე.
-ნაცემი ხარ.
-შენს საქმეს მიხედე.
-ელენე, ან შენი ნებით გამომყვები ან გეფიცები ახლავე დახმარებას...
-არც იფიქრო! ვინ ხარ? როგორ ბედავ, რომ ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას იღებ?
-მინდა დაგეხმარო. დაგიცვა.
-გინდა დამიცვა? მოგწონს ეს ყველაფერი, არა? რა თქმა უნდა, მოგწონს. შენ ხო პატარა ბიჭი ხარ, რომელსაც ზღაპრები უყვარს. მე გმირულად უნდა დამიცვა და შემდეგ ერთად ვიცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად, არა?
-რეებს როშავ?
-სიმართლეს, ელია. ოდესმე ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას, რომ ცხოვრება ზღაპარი არ არის. იცი მაინც ვისგან აპირებ ჩემს დაცვას? საკუთარი მამისაგან! ახლა წარმოიდგინე - რა ჯანდაბა გინდა, რომ დასახმარებლად მოსულებს ან გამომძიებლებს ვუთხრა? რომ სახლში მისვლის მეშინია იმიტომ, რომ იქ მელოდება კაცი, რომელიც მთელი დღე ძალადობას გმობს, მაგრამ როგორც კი სვამს საკუთარ შვილს დაუნდობლად უსწორდება იმიტომ, რომ წარუმატებელ ქორწინებას ახსენებს? თუ ის, რომ, როდესაც გონების დაკარგვის პირას მივდივარ და ყვირილიც აღარ შემიძლია - მუხლებზე ეცემა, თავზე ხელს მისვამს, ტირილით პატიებას მთხოვს და ჭრილობებს ცივი წყლით მბანს? არა, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ღელავს ან მართლა ნანობს. უბრალოდ ეშინია, მეორე დღეს ვინმემ არ შეამჩნიოს. იცის, რომ მე ვერავის ვერაფერს ვეტყვი და ამით სარგებლობს.
„მამა, მაპატიე ძალიან გთხოვ. მძიმე დროა. ყველაფერს გამოვასწორებთ“ უკვე ვეღარც ვითვლი, რამდენჯერ მაქვს ეს წინადადება მოსმენილი. ერთი და იგივე. მუდამ, დაუსრულებლად. მაგრამ ყველაზე ცუდი იცი რა არის? თავიდან ამის მართლა მჯეროდა. მეგონა, რომ ეს დროებითი იყო და სულ მალე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ისე, როგორ ყოველთვის წარმომედგინა. ახლა, ამის პასუხად აღარაფერს აღარ ვამბობ. უბრალოდ ბოლო, დარჩენილ ძალებს ვიკრებ და ვიღიმი.
ვნადგურები.
აბა, ახლა კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე - თვლი, რომ ვინმეს დასახმარებლად უნდა დაუძახო?
-მე არ ვიცოდი.
-არ გაბედო! აღარ გინდა არაფრის თქმა ან ზედმეტი კითხვის დასმა. შენ საიდან უნდა იცოდე? როგორ უნდა გაიგო როგორია, როდესაც არასასურველი ხარ?! მე ოჯახი არასდროს მყოლია, ელია, და იმის მიუხედავად, რომ დედაშენი მკვდარია მისი ხსოვნა უფრო ნამდვილია, ვიდრე ყველაფერი, რაც აბაშიძეების ოჯახს ოდესმე გვქონია. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ როგორ უყვარხარ მამაშენს. ღმერთო, რას არ მივცემდი, რომ მეც განმეცადა, თუ რა იყო მშობლის სიყვარული.
ელენე გაჩუდა. მის თვალებს ძველი ფერი დაუბრუნდათ. ზიზღი სინანულმა გადაფარა. ხმას ვერ ვიღებდი. ყოველი სიტყვა ყელში მეჩხირებოდა. ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ლოყებზე სისველეს ვგრძნობდი. ისინი მწვავდნენ.
გავაცნობიერე, რატომ ატირდა ელენე, როდესაც მამაჩემის თავგადასავლებს ვუყვებოდი და თავი უკანასკნელ ნაბიჭვრად ვიგრძენი. მე მართლა მინდოდა მისი დაცვა, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე. პირიქით, ყველაფერი გავაუარესე.
ახლაც მახსოვს, თუ როგორ მტკიოდა. ჩემს გარშემო ყველაფერი დაიმსხვა და ყველა ნამსხვრევი ღრმად ჩამერჭო სხეულში.
ხმა, ვიცი, რომ შენ საზიზღარ ადამიანად მთვლი და ამ მოსაზრებას ისიც გაგიმყარებს, რომ ამ ამბის, სადაც ელენე ერთადერთი მსხვერპლია, მოყოლის დროსაც კი, ხაზს პირველ რიგში ჩემს გრძნობებს ვუსვამ, მაგრამ გეფიცები ამჯერად არ ვპირფერობ.
აბა, ჰკითხე რომელიმე ჩემს კლიენტს - არც ერთი გეტყვის, რომ მე უგრძნობი ვარ. ორივემ ვიცით, რომ ეს ტყუილია. იცი რატომ ფიქრობენ ასე? იმიტომ, რომ მე ყოველთვის გამოვხატავ იმას, რასაც ჩემგან ელიან. როდესაც ჩემს კალთაზე ტირიან, მე იმას ვამბობ, რისი მოსმენაც მათ უნდათ. თანავუგრძნობ, ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ. ვთამაშობ. იმიტომ, რომ საქმეს ასე სჭირდება.
ახლა გულწრფელი ვარ.
მაშინ გულწრფელი ვიყავი.
მეც არანაკლებ მტკიოდა.
მეც არანაკლებ ვიტანჯებოდა.
სისხლისგან ელენესთან ერთად ვიცლებოდი.
აზრების დალაგებას ვცდილობდი, ის კი მიყურებდა და ვებრალებოდი, მაგრამ თან ვეზიზღებოდი. ვეზიზღებოდი, რადგან მეც კაცი ვიყავი, ვეზიზღებოდი, რადგან ის ასეთი ვნახე. მას იმ წამს თავისი თავიც ეზიზღებოდა, უფრო სწორად, ეზიზღებოდა ის ფაქტი, რომ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან ისიც იცოდა, რომ მე მის წინაშე ბრალი არ მიმიძღვოდა, მაგრამ მაინც არ მინდობდა. განზრახ მეუბნებოდა იმას, რაც დამამსხვრევდა.
ნაბიჯი მისკენ გადავდი.
დავმშვიდდი, მაგრამ ცრემლები ჯერ კიდევ მომდიოდა.
თვალებში ჩავხედე :
-ელენე, ძალიან ვწუხვარ. ბოდიშს გიხდი.
პასუხად არაფერი უთქვამს. მეტი მეც არაფერი მითქვამს. ვერაფერს ვეღარ ვიტყოდი. მხოლოდ შემეძლო დაუსრულებლად გამეგრძელებინა პატიების თხოვნა. ამის ნაცვლად, ორივემ სიჩუმე ვარჩიეთ მანამ, სანამ საჭირო სიტყვებს ვიპოვნიდით.
აბა, ხმა რას იტყვი? იმედია, უპასუხოდ ახლა მაინც არ დამტოვებ.
„მეც ვერაფერს გეტყვი. გითანაგრძნობ. ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის გამოვლა მოგიწიათ.“
***
სახლისაკენ გავიქეცი.
დარწმუნებული ვარ ელენე სკოლაში მიბრუნდა. ის ძლიერი იყო, წარმოუდგენლად ძლიერი, მე კი სუსტი, ლაჩარი. ალბათ, ჯერ ღრმად ამოისუნთქავდა, შემდეგ კი ნერწყვთან ერთად ყველა ტკივილს გადაყლაპავდა. რაღა ალბათ .დარწმუნებული ვარ ასე მოიქცეოდა - წამში მეც დამივიწყებდა, ჩვენს საუბარსაც, მამამისაც და სისხლჩაქცევებსაც. ყველასაგან შეუმჩნევლად თვალებს დახუჭავდა, ქუთუთოებს მაგრად დააწვებოდა, გაახელდა და გაკვეთილში ჩვეული მონდომებით ჩაერთვებოდა.
მე? მე რა შემეძლო? მივრბოდი და ყველგან ელენეს სახეს ვხედავდი. ჯერ მისი ხმა ჩამესმოდა. არა ქვითინი, არამედ მისი ჩვეული ქედმაღალი ტემბრი, რომელიც მსაყვედურობდა. თავი რამდენჯერმე გავაქნიე - მისი ხმა სადღაც დაიკარგა, მაგრამ ახალი სურათი დაიხატა - ჩემს გარშემო ყოველი მხრიდან საჩვენებელი თითი იყო მომართული. მხოლოდ ხელებს ვხედავდი, მაგრამ მათი ხარხარი მესმოდა. ისინი დამცინოდნენ და ვეზიზღებოდი, მაგრამ მათ ვერ გავამტყუნებდი, რადგანაც მეც მეზიზღებოდა საკუთარი თავი.
რატომ?
იმიტომ, რომ მეც კაცი ვიყავი.
კარს შმაგივით ვეცი. შინ შევედი. არა! შევვარდი.არავინ დამხვდა. ხარხარიც კარს უკან, სადღაც შორს დარჩა. შინ თავს დაცულად ვგრძნობდი.
შეუჩერებელი ხველა ამიტყდა. თითქოს ჩემი სხეული შხამით იყო გაჟღენთილი და მის ამოღებას ვერაფრის დიდებით ვახერხებდი. სპაზმებს ვებრძოდი. გულის არევა მინდოდა - უშედეგოდ. ბლანტი ნერწყვისა და სითხის მეტი ხელთ არაფერი შემრჩა. ბოლოს დავნებდი, სახეზე წყალი შევისხი. საკუთარ ანარეკლს მივაშტერდი.
თვალები დავხუჭე და მეც ამოვისუნთქე, მაგრამ არა ისე, როგორც ჩემს წარმოსახვაში ელენემ. მის გახსენებაზე, ყბა ამიკანკალდა, მაგრამ თავის ხელში აყვანა მოვახერხე.
ჩაწყვეტილი ხმით, შეძლებისდაგვარად, გარკვევით , ძალიან ნელა, წარმოვთქვი :
-ღმერთო, ასეთი უსამართლობა როგორ დაუშვი?
არა, ეს ეპიზოდი ზედმეტად დრამატული მეჩვენება. კარგი, ჰო, რა თქმა უნდა, შეიძლება ამდენი წლის შემდეგ ყველაფერი ზუსტად აღარ მახსოვს. ალბათ, რაღაცებს ვაზვიადებ კიდეც, მაგრამ ასე უფრო შეიგრძნობ, ჩემო ძვირფასო, ხმავ მთელი ამ ამბის სიმძაფრეს.
„ხმავ“ - ეს მიმართვა აღარ მომწონს. სახელი უნდა შეგირჩიო. რაიმე საინტერესო აზრს თუ შემომთავაზებ მადლობელი დაგრჩები. მაგალითად, რას იტყვი რასკოლნიკოვი რომ დაგიძახო?
ჰოდა, ჩემო რასკოლვნიკოვ... არა, ეს სახელი საერთოდაც არ გიხდება, თან რასკოლნიკოვის როლი მე უფრო შემეფერება. სანამ რაიმეს მოგიფიქრებ მეგობარს დაგიძახებ.
ჰოდა, მეგობარო აქედანვე უნდა შეგამზადო - ეს ჯერ კიდევ არაფერია. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ გარდამტეხი მოვლენების ჩამონათვალიდან, რომლებმაც მე დღემდე მომიყვანეს.
აი, უსამართლობას კი რაც შეეხება - წასახალისებლად, ჩემს პროფესიულ დაკვირვებაზე გიამბობ. ეს ძალიან ბევრი კოლეგისაგან მსმენია და მეც დარწმუნებულიც ვარ, რომ, უნივერსიტეტის დამთავრებას შემდეგ ყველა იურისტს დიადი მიზნები ამოძრავებენ - ვისაც გინდა ჰკითხე, ერთ პასუხს მიიღებ - გეტყვიან, რომ ეს საქმე იმიტომ აირჩიეს, რომ სუსტი დაიცვან და სამართლის სამსახურში იყონ. რა თქმა უნდა, ერთი-ორი ისეთებიც გამოიძებნებიან, რომლებიც მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ფიქრობენ, თუმცა გულის სიღმეში სამართლიანობის იმედი მათაცც აქვთ. აი, შემდეგ თუ გაუმართლებთ და უმუშევარ დიპლომიანთა რიგებში არ შეაბიჯებენ, პრაქტიკას დაიწყებენ და პირველი თუ არა მეორე საქმე, რომელიც მათ ხელთ აღმოჩნდება, აუცილებლად მოახერხებს, რომ ეს რწმენა ნამსხვრევებად აქციოს.
რატომ გეუბნები ამას? არ ვიცი. მგონი ავირიე. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ იმ დროს მე ჯერ კიდევ მჯეროდა სამართლიანობის და შეიძლება ახლაც მჯერა.
ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ შეიძლება ვთქვათ, რომ ბათუმში ახლა სწორედ სამართლის აღსასრულებლად მივეშურები?
სამართლიანობა და უსამართლობა.
ამ ორზე ჩემს აზრს მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მოგახსენებ.
მოკლედ, ჩემს სასოწარკვეთას დავუბრუნდეთ :
გინდ დაიჯერე, გინდ არა - ჩემი ანარეკლი აიმღვრა და მე ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი, როგორ მყლაპავდა სივრცე. ამ მდგომარეობას წამით შევეჩვიე. მასში ჩავიძირე. იქნებ, მინდოდა კიდეც უკვალოდ გავმქრალიყავი? ვის არ მოუნდებოდა ჩემს ადგილას? განა, ასე უფრო მარტივი არ იქნებოდა? არა, გაუჩინარება არ არის გამოსავალი. კი, მას შეუძლია შვება მოგგვაროს. ყველაზე ფაფუკ ქსოვილად შემოგეხვევა გარშემო და მანამ ისრიალებს შენს კანზე, სანამ დრო არ მოვა და როდესაც დრო მოვა, სწორედ ეს ფაფუკი ქსოვილი დახარჩობს.
თვალებიც ამიცრემლიანდა. ნეტავ, ელენე უნდა დამეტირა თუ საკუთარი თავი? ჯანდაბა! ამგვარი კითხვების დასმა საკუთარ თავს მაზიზღებს. რა და როგორც არ უნდა ყოფილიყო, მთავარი სულ სხვაა - ის ის იყო უნდა მეტირა, რომ კვლავ ჩემს ანარეკლს შევხედე. ახლაც თვალწინ მიდგას, წარმოიდგინე, მეგობარო - თვალებაწითლებული, გაფითრებული ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ელია. არ ვიცი შენ რას იფიქრებდი მისი დანახვისას, მაგრამ მე ის შემზიზღდა, მისმა საცოდაობამ თანაგრძნობის ნაცვლად სიძულვილი გამიჩინა. თითქოს ჩემი თავი ელენეს თვალებით დამენახა.
იმ წამს გავიგე მისი და სულაც აღარ ვბრაზობდი მის წამოსროლილ სიტყვებზე, მაგრამ საშინლად ვბრაზობდი ჩემს თავზე,
საკუთარ თავს თვალებში ჩავხედე.
ტირილი ავუკრძალე!
რა უფლება მქონდა მეტირა? ან როგორ უნდა დამემტკიცებინა ელენესათვის, რომ მისი დახმარება შემეძლო თუ აბაზანაში ტირილის მეტს არაფერს გავაკეთებდი? - ამას ყველაფერს ხმამაღლა ვამბობდი. ვიმეორებდი.საკუთარ თავს მათ სიმართლეში ვარწმუნებდი.
მინდოდა მთელი ძალით მეღრიალა, მაგრამ მეზობლების წამოძახილების მოსმენის გუნებაზე არ ვიყავი.
-ელია, სახლში ხარ?
პასუხი არ გამიცია. სახეზე წყალი შევისხი. უცებ შევიმშრალე და საკუთარი ანარეკლთან საქმის გარჩევას შევეშვი.
გაკვირვებულ მამაჩემს აბაზანის კართან გადავეყარე.
ჩემმა დანახვამ დააბნია :
-რა დაგმართნია, ბიჭო?
თითქოს ხუმრობით მკითხა, მაგრამ მე მის შიშს ვგრძნობდი. დავიბენი. არ ვიცოდი რა მეპასუხა. ძალიან მინდოდა გადავხვეოდი.მისი მხარდაჭერა მეგრძნო, ყველაფერი მეამბო და რჩევა-დარიგება მიმეღო.
ახლა ზუსტად ვიცი რას და როგორ ვეტყოდი, მაგრამ ნეტავ მოზარდი ელია როგორ გადმოსცემდა ამ ამბავს? დამენძრა, მამა! - ალბათ რაიმე ამის მსგავსს იტყოდა. ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ ,ისე, რომ დაუფიქრდე მართლა მაგარი დანძრეული მქონდა, უბრალოდ მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რამდენად.
სიჩუმე გაიწელა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა ენისათვის კბილის დამეჭირა, მაგრამ ბოლომდე სურვილსაც ვერ ვძლიე. ვასილის გადავეხვიე. რა თქმა უნდა, ეს ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ იმ წამს მამაჩემს მადლობა გადავუხადე.
მადლობელი ვიყავი, იმიტომ რომ ის ასეთი იყო და იმიტომ, რომ მთავარი შეძლო - ჩემთვის სრულყოფილი ოჯახი ეჩუქებინა.
ამისთვის ახლაც მადლობელი ვარ, მამი.
ვაი, რომ ერთი ძალიან ცუდი ჩვევა მახასიათებს - ბავშვობაში მსაყვედურობდნენ, რომ ზედმეტად პირდაპირი ვიყავი, ამიტომ რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო იშვიათად ვამბობდი ხმამაღლა, თუ რას ვგრძნობ. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მადლობასაც იშვიათად ვიხდიდი; თუმცა უმადური არასდროს ვყოფილვარ და მადლიერების გამოხატვასაც ჩემებურად ყოველთვის ვცდილობდი.
ნეტავ, ლენამ თუ იცის როგორ მიყვარს?
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ იცის. ის ხომ ძალიან მგავს - იქნებ, გავიდეს დრო და მანაც ინანოს, რომ ჩემთვის არასდროს უთქვამს, თუ როგორ ძალიან ვუყვარდი.
ვასილისთან მოწამვლა მოვიმიზეზე. მამამ პასუხად გამიღიმა და ოთახამდე მიმაცალა. ერთმანეთს ასე დავშორდით.
მე ის მოვატყუე ,უფრო სწორად, სიმართლე დავუმალე. რატომ? იმიტომ არა, რომ ვერ გამიგებდა. პირიქით, ვასილისთვის რომ დახმარება მეთხოვა, შეიძლებოდა ყველაფერი სულ სხვანაირად დასრულებულიყო.
დღემდე ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდებოდა თავის დროზე ვინმესათვის დახმარების თხოვნა რომ გამებედა. სულაც არ იყო აუცილებელი ეს ვასილი ყოფილიყო, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ამ საიდუმლოს შენახვით, ელენეს პატივს ვცემდი, მისი გათქმით კი მას გავანადგურებდი.
გამოსავალი ცხვირ წინ იყო, ძალიან ახლოს. მე კი მას ვერ ვხედავდი. ამიტომაც ვგრძონ თავს დამნაშავედ მის სიკვდილში.
ამის უთქმელობა არ გამოვა და დარწმუნებული ვარ, მეგობარო, ამაში შენც დამეთანხმები :
მაგარი .... ვიყავი.
***
ლევანს ჩვეულ ადგილას შევხვდი. გაცდენის მიზეზი მკითხა. „მოვიწამლე“- დაუფიქრებლად ვუპახუხე. „დღეს უკეთ ვარ“- მოვალეობის მოხდის მიზნით ესეც დავაყოლე.
ძალიან უსინდისო ადამიანი ვიქნებოდი ლევანისათვის ცუდი ადამიანობა რომ დამებრალებინა. ის ყოველთვის ღელავდა ჩემზე, ჩემი სიხარულიც ახარებდა და ჩემი ცუდიც სწყინდა. წუხილს თავისებურად გამოხატავდა - დალევას, მოწევას ან ერთ-ერთ მიყრუებულ ბორდელში ვინმე ვიკას მონახულებას მთავაზობდა. პირველ ორზე სისტემატიურ უარს იღებდა. აი, მესამეს კი ხშირად ვთანმხდებოდი. თან მაინც ლევანი იხდიდა - აბა, ჩემი რაღა მიდიოდა?
ახლა არც ვიკა მინდა და არც სიგარეტი. მაგრამ რას არ ვიზავდი ერთი ბოთლი ღვინისთვის!
მერე რა, რომ ლევანი იმაზე გულგრილი იყო, ვიდრე მე ვიყავი ან მე მინდოდა რომ ყოფილიყო. ის ხომ ცდილობდა ჩემს გვერდით მდგარიყო? ჰო, თავისებურად ცდილობდა და ეს ჩემთვის არასაკმარისი იყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მას რაიმე ცუდი განზრახვა ჰქონდა ან არ უნდოდა ჩემი დახმარება.
ეგებ, ზედმეტად სასტიკად მოვიქეცი?
ყველაფერს მეორე მხრიდან რომ შეხედო, ჩვენს შორის შეცდომა მე დავუშვი. მე ვატყუებდი ჩემს მეგობარს, ერთადერთ მეგობარს. მისთვის არც ელენეს ამბავი მითქვამს და არც ნოზების. მგონი უკვე კარგ მატყუარადაც ვიყავი ჩამოყალიბებული და სულ ტყუილად ვიბრალებ დღემდე, რომ ტყული არ მიყვარს.
ხანდახან, ართქმაც ტყუილია, მით უმეტეს, თუ მაშინ არ ამბობ, როდესაც თქმა აუცილებელია.
მოკლედ, ყველაფერი ძალიან ჩახლართულია!
„რაღაც, ვეღარ გცნობ. ნუთუ, საკუთარ ბრალს აღიარებ?“
ბრალს ვაღიარებ? მე კი მგონია, რომ ვცდილობ საკუთარი თავი რაღაცაში დავარწმუნო. არა იმაში, რომ ლევანი იყო დამნაშავე ან მე ვიყავი დამნაშავე. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ვინ იყო დამნაშავე. აღარ აქვს. შედეგებს ვერაფერი ვეღარ შეცვლის. უბრალოდ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი მეგობრობა ნამდვილი იყო, წყენა დავივიწყო და მომხდარი მისი თვალით გავიაზრო. კი, ბევრ გასამართლებელ მიზეზს ვუპოვი - ამაში უკვე გავიწაფე, მაგრამ ტკივილი არ ქრება და ის დღითი დღე უფროდაუფრო მღლის.
„ამბავს უხვევ!“
ხოდა, ზედმეტს ნუღარ მეძიები!
ელენეს თვალი ეზოში შესვლისთანავე მოვკარი. მანაც დამინახა. თავი ამარიდა. რა გაეწყობოდა? ზედმეტად მისი შეწუხება არ მინდოდა. ლევანმაც შეამჩნია, რომ გაკვეთილებზე ელენეს ზურგს გამოშტერებული ვუყურებდი. ალბათ, ისიც დაასკვნა, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს. ეტყობა გადაწყვიტა პატივი ეცა ჩემი სიჩუმესთვის, ისევე, როგორც მე ვცემდი პატივს ელენეს სიჩუმეს.
რა გამოვიდა? - ყველაფერში დამნაშავე ურთიერთპატივისცემა ყოფილა?
ელენესთან საუბარი გაკვეთილების დასრულების შემდეგ ვცადე. სახლამდე გაცილება შევთავაზე. ცივი უარი მივიღე - არაფერი უთქვამს. პასუხი თავის მოძრაობით მანიშნა. მისმა მზერამ ადგილზე გამყინა. ეტყობა, იმის ღირსიც არ ვიყავი, რომ ჩემთვის ძვირფასი სიტყვები დაეხარჯა.
ელენე სიტყვების ადამიანი არ იყო, უფრო მოქმედების. მე კი - პირიქით.
სახლისკენ გაეშურა, მე კვლავ მის ზურგს ვუყურებდი. ამასაც უკვე შეჩვეული ვიყავი.
იგივე განმეორდა შემდეგ დღესაც.
იმის შემდეგ დღეს კი აშკარა უკეთესობა შევნიშნე - უარი სიტყვიერად მითხრა, სხვა მხრივ არაფერი - ის თავის გზას დაადგა, მე ჩემსას. ჭიშკართან ლევანი შემხვდა. თურმე მელოდებოდა. ყველანაირი წინაპირობისა და მორიდების გარეშე - „ელენე გიყვარს?“ - პირში მომახალა. არ ვიცოდი რა მეპასუხა. ჩემი სიჩუმე თანხმობად ჩათვალა. შემდეგ გრძელზე გრძელ ჭკუა-დარიგებას მოჰყვა. მამშვიდებდა. „ცხვირი ნუ ჩამოგტირის“ „რა გჭირს“ „გოგოა თავს იფასებს“ „ცოტაც მოიცა და გატყდება“ და კიდევ ათასი ამდაგვარი რჩევა მივიღე. ეს ყველაფერი შეიძლება გამოსადექი ყოფილიყო ელენე რომ ვინმე სხვა ყოფილიყო, მაგრამ ის ელენე იყო.
მოკლედ, ჩემი მეგობრის რჩევების მოსმენას აზრი არ ჰქონდა, თუმცა ვერ დავუკარგავ - გუნება გამომიკეთა.
შემდეგი დღეებშიც არაფერი შეცვლილა:
გაკვეთილი გაკვეთილს მიჰყვებოდა, საათი საათს. ლევანის ერთი რჩევა, მეორეს. დღის ბოლოს ელენეს სახლამდე გაყოლას ვთავაზობდი. კვლავ უარს ვიღებდი. სახლში უხალისოდ ვბრუნდებოდი. გული მტკიოდა. დავალებებს ვასრულებდი. ვასილისთან ერთად ვსაუზმობდი. ბევრს არ ვლაპარაკობდით. თავიდან ვბრაზდებოდი რომ არაფერს მეკითხებოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არ უნდოდა ჩემს საქმეში უხეშად ჩარეულიყო ან რა აზრი ჰქონდა რაიმეს კითხვას. მაინც არაფერს ვეტყოდი.
დაძინება მიჭირდა. ვწვებოდი და ვფიქრობდი, ხანაც ვლოცულობდი, ხანაც წარმოსახვაში ვიძირებოდი. დილით კი იმ იმედით ვიღვიძებდი, რომ საღამოს ელენეს სახლამდე გავაცილებდი. ერთი სიტყვით, რუტინას მივყვებოდი.
ასე მიიწურა კვირა.
შემდეგ ან ღმერთმა გადმომხედა ან ბოლოს და ბოლოს ჭკუა გამეხსნა :
ორშაბათს გადავწყვიტე, რომ საწყალ, უიმედო ელიად ყოფნა მომბეზრდა! დღის ბოლოს ელენესთან უნდა მელაპარაკა. ძალიან სწორი სიტყვები უნდა შემერჩია. ყველა წინადადებას წინასწარ ვწონიდი. მისი პასუხების გათვლას ვცდილობდი და ამ ყველაფერში ისე გავერთე, რომ ვერ შევნიჩნე როგორ დაიწყო პირველი გაკვეთილი. მასწავლებელმა სიის კითხვა დაიწყო. ყველა ადგილზე იყო ელენს გარდა.
რა უნდა მეფიქრა? წამოვხტი. გული მერევა-მეთქი დავიყვირე და საკლასო ოთახიდან გავვარდი. მასწავლებელი ლევანის იმედად დავტოვე. იმედი მქონდა რაიმე დამაჯერებელ ტყუილს მოიფიქრებდა, მაგრამ გინდ ასე არ ყოფილიყო, საერთოდ არ მანაღვლებდა მასწავლებელი რას იფიქრებდა.
ეზოში ძებნას აზრსმოკლებულად მომეჩვენა. გამიმართლა, რომ ჯერ ბატონ ზაზას ჭიშკარი არ ჩაერაზა და გასვლა მოვახერხე. საით უნდა წავსულიყავი? გზააბნეული აქეთ-იქით დავრბოდი. ხან ერთ სადარბაზოს ვაწყდებოდი, ხან- მეორეს. ელენე არსად ჩანდა. ყველგან მისი გმინვა მელანდებოდა. საშინელებებს წარმოვიდგენდი. გული ისე მიფეთქავდა, მეგონა სადაც იყო წავიქცეოდი. ძალიან დავიღალე. ისევ სპაზმებმა შემომიტიეს. არა, ამის დრო არ იყო! არ უნდა მიმეცა საშუალება მღელვარებას ჩემთვის თავ-გზა აერია. სადღაც იყო ელენე და მას ჩემი დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ რა ჯანდაბის გაკეთება შემეძლო? ღმერთია მოწმე, მზად ვიყავი ბათუმის ყველა სადარბაზოში მომეძებნა, მაგრამ რომ დამეგვიანა?
ბოლოს სკოლაში დაბრუნება გადავწყვიტე. მის მისამართს გავიგებდი და პირდაპირ სახლთან მივაკითხავდი. მაგრად კი გამომლანძღავდა, მაგრამ იმათ მაინც ღირდა, რომ ჩემი ეჭვებისგან განვთავისუფლებულიყავო.
ჰოი საოცრებავ, თურმე სულ ტყუილად ვშფოთავდი. უკან მიბრუნებულს ჩაკეტილ ჭიშკართან საღ-სალამათი ელენე აბაშიძე დამხვდა.
შვებით ამოვისუნთქე.
-რატომ დაიგვიანე? - მისალმებისა და ყოველი ფორმალობის გარეშე უხეშად ვკითხე.
-შენ გაკვეთილზე რატომ არ ხარ?
-იმიტომ, რომ გეძებდი.
-ერთი შემახსენე - როდის გთხოვე ჩემი ძიძა ყოფილიყავი?
ეს ნეიტრალური ტემბრი ჭკუიდან მშლიდა. კვლავ თავს მესხმოდა. იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იცოდა, თუ რატომ ვეძებდი. მას ჩემი პასუხების მოსმენა უნდოდა. იმ მცირე დროში მის ჩვევებს საკმაოდ კარგად გავეცანი. ამიტომაც სიტყვა მშვიდად განვაგრძე. შეძლებისდაგვარად მშვიდად :
-ჩემთვის ძიძობა არ გითხოვია, მაგრამ იმ წამიდან, როდესაც შენი ამბავი მომიყევი, გარკვეული პასუხისმგებლობა დამაკისრე.
არ შემაწყვეტინო! ახლა შენ მომისმინე!
ვიცი. დარწმუნებული ხარ, რომ ვერ გავიგებ, თუ რას განიცდი და მართალიც ხარ - რა თქმა უნდა, ვერ გაგიგებ. მე იგივე არ გამომივლია. ღმერთო, მე შენს ადგილას თავის წარმოდგენაც კი მაშინებს! შენი გამძლეობით აღტაცებული ვარ. არა იმიტომ, რომ ქალი ხარ - იმიტომ, რომ წარმოუდგენლად ძლიერი ადამიანი ხარ!
გაიგე, რომ შენი ტანჯვის მისაკუთრებას არ ვცდილობ და საერთოდაც არ მგონია, რომ ის, რაც ხდება ამაღელვებელი ზღაპარია! არც მე ვარ გმირი. საამისო თვისებები საერთოდაც არ გამაჩნია. შენი ნებაა მომცემ თუ არა უფლებას, რომ მეც ვიყო არა ამ ამბის, არამედ შენი ცხოვრების ნაწილი. მაგრამ გინდ ეს არ გინდოდეს, უბრალოდ მომეცი საშუალება დაგეხმარო. ხომ ხედავ როგორ ძალიან მინდა გვერდში დაგიდგე.
ხმა გამიწყდა. ყველა წინადადება, რომელიც დილით დავალაგე სადღაც გაიფანტა. არადა, კიდევ ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა.
პატარა შეჯამების გაკეთება მაინც მოვახერხე :
-უბრალოდ დაინახე, რომ შენსკენ ვარ.
ბოლოს უნდა მეთქვა, რომ მიყვარდა, მაგრამ საჭიროდ აღარ ჩავთვალე.
ძალა გამომეცალა, მაგრამ გინდ ასე არ ყოფილიყო ზარი უკვე დარეკილიყო; ბატონი ზაზაც ჭიშკრის გასაღებად მოემართებოდა.
ჩვეულ მდგომარეობას დავუბრუნდით. ისევ რუტინა - გაკვეთილები, უხერხული შეგრძნებები. არ ვიცოდი მეტი რა მომემოქმედა რომ ელენეს ჩემი ხმა გაეგონა. აღარაფრის იმედი აღარ მქონდა.
დამარცხება ვაღიარე.
ყველაფერი უნდა დამევიწყებინა და ძველ ერთფეროვნებას დავბრუნებოდი.
სწორედ ამ განწყობით დავტოვე სკოლის ეზო დღის დასასრულს, მაგრამ ელენე დამეწია :
-ელია, სახლამდე არ გამაცილებ?
-უარი რომ გითხრა?
-არ მეტყვი.
-და უკეთესი რომ შემოგთავაზო?
-გისმენ.
-სანაპიროზე ხომ არ გაგვესეირნა?
-ცივა.
-მით უკეთესი - ხალხი არ იქნება.
-კარგი. წინ გამიძეხი.
-არ ჩამომრჩე.
სანაპირომდე ორასამდე ნაბიჯიც არ იყო გასავლელი. ერთ-ერთი მიზეზი , რის გამოც, ჩემი სკოლა მიყვარდა.
გზას ჩუმად გავუყებით. ხან მე ვაპარებდი თვალს ელენესკენ, ხან ის ჩემკენ. თუკი რომელიმე ამას შევამჩნევდით, ერთამენთს ღიმილით ვახვედრებდით, რომ ყველაფერი კარგად იყო.
მართლაც ციოდა. წინა დღით ეწვიმა. ქვიანი სანაპირო მორუხო-მოლურჯოდ ელავდა. ფეხზე გავიხადეთ და შედარებით მზიანი ადგილი მოვნახეთ. არ შევმცდარვარ - არავინ იყო. ტალღები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ. ჩვენ გვერდიგვერდ მოვკალათდით. მათ ხმას ვუყურადებდით. განვლილი დღეების შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი მშვიდად.
დიდი სიამოვნებით, დავიჯერებდი, რომ მუდამ ასე გაგრძელდებოდა.
ხმის ამოღება პირველმა მაინც მე გადავყწვიტე:
-ელენე, უნდა დავილაპარაკოთ.
-ვიცი. მაგრამ ძნელია, ელია. ამდენი წელი ამ ამბავს ჩემთვის ვინახავდი. ახლა ალაპარაკება იმაზე რთულია, ვიდრე მეგონა.
-წარმომიდგენია.
-მაგრამ იცი რა არის ლაპარაკზე რთული? სწორი მსმენლის შერჩევა. მე არ შევხვედრივარ მას, ვინც ჩემს ამბავს მოუსმენდა, სწორად აღიქვამდა და ათასი უაზრო კითხვის მაგივრად, უბრალოდ საკუთარ თანადგომას გამოხატავდა.
შენმა სიტყვებმა დამაფიქრეს. ხო, შეიძლება მართლა ვცდები და არ გაძლევ საშუალებას დამეხმარო. ძალიან გთხოვ ნუ გამამტყუნებ. ნურც იმას მეტყვი, რომ ადამიანებში კარგის უნდა მჯეროდეს. ეგ დრო უკან დარჩა.
შენ ფიქრობ მე მეზიზღები იმის გამო, რომ ზღაპრების არსებობის გჯერა? პირიქით, ძალიან მშურს შენი. სწორედ, ამიტომ, როდესაც შენი ამბების მოსმენისას შენს მიამიტ მზერას ვუყურებ, მახსენდება, რომ მე ეს ყველაფერი დავკარგე - ბავშვობა, გულუბრყვილო, უაზრო სიხარული.
ღრმარდ ამოისუნთქა. ლაპარაკი უჭირდა :
-ჩვენ ყველაფერს სხვადასხვანაირად ვხედავთ - ჩემთვის რეალობა მძიმეა. შენ კი თითქოს ფრთები გაქვს, რომლითაც ცაში დაფრინავ.
მეშინია, რომ ერთხელაც გაფრინდები, მაგრამ მე ვერ გამოგყვები. იმიტომ, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და ფრთები მომაჭრეს.
ერთამენთს არ ვუყურებდით. თითქოს ელენე ტალღებს ესაუბრებოდა, მე კი მათ ვუსმენდი. აღელვებულს ჩვენი გულის გამოძახილს ვატანდით და მათაც მიჰქონდათ ის სადღაც ღრმად. იქ, სადაც ცურავდნენ ნოზები.
სიჩუმე ამჯერად ელენემ დაარღვია :
-ვიცი, რომ შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. ეს პირველივე დღეს შევამჩნიე. კეთილი გული გაქვს, ალალი გამოხედვა. ყველასთვის კარგი გინდა.
გაეცინა.
-დამიჯერე ძალიან მინდა ჩემს შესახებ ყველაფერი გიამბო. შენზე შესაფერის ადამიანზე ვერ ვიოცნებებდი.
-მაშინ რაღატომ...
-იმიტომ, რომ მეშინია - არ ვიცი ამ ყველაფერს თუ გაუძლებ. არ მინდა ზედმეტი ტვირთად დაგაწვე.
-თუ ასე ფიქრობ - ყველაფერი მიამბე. იმ დღეს ხომ მითხარი, რომ შენს მაგივრად გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო? ნურც შენ მიიღებ ჩემს ნაცვლად
-კარგად დაგიმახსოვრებია.
-საუკეთესოსაგან ვსწავლობ.
-იცოდე, მე გაგაფრთხილე.
-მეც გავფრთილდი.
-კარგი. რისი გაგება გინდა?
-ყველაფრის ცოდნა მინდა შენს შესახებ, ელენე. მაგრამ გეხვეწები ,პირველ რიგში, გამაგებინე - რატომ არ ეუბნები არავის იმის შესახებ, რომ მოძალადე მამა გყავს? დახმარებას რატომ არავის თხოვ?
-მამაჩემი და დედაჩემი მაშინ განქორწინდნენ, როდესაც თოთხმეტი წლის ვიყავი. მათი განშორება რთულად არ გადამიტანია. ჩემთვის აბაშიძეების ოჯახს უკვე დიდი ხანი ერქვა დანგრეული. რაღა მნიშვნელობა ჰქონდა ერთად ვიცხოვრებდით თუ არა? მუდმივი ყვირილის, მსხვრევისა და გინების მოსმენა მაინც აღარ მომიწევდა. თავიდან სცადეს, ყველაფერი მშვიდობით მოეგვარებინათ, მაგრამ ქონების გაყოფაზე ვერ შეთანხმდნენ. დაიწყო პროცესები. სასამართლო დარბაზებში გაწელილი საათები. ბოლოს, როდესაც მნიშვნელოვანი, ანუ მანქანის, სახლის და აგარაკის, საკითხები ამოწურეს, იმისთვისაც მოიცალეს, რომ ჩემი მეურვეობა განეხილათ.
მზერა გამისწორა. მის ჩასისხლიანებულ თვალებში ჩავიძირე.
-იცი რა გავაკეთე? სასამართლო დარბაზში წამოვდექი და ყველას თანდასწრებით განვაცხადე, რომ მე დედასთან არ ვიცხოვრებდი და თუ მამასთან ცხოვრების ნებას არ დამრთავდნენ, სადმე გავიქცეოდი!
დავიბენი, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა მეთქვა. მოვლენები უცებ ავწონ-დავწონე :
-როგორც ვხვდები, განქორწინების შემდეგ დაიწყო მამაშენმა სმა?
-არა, მანამდეც არ აკლებდა. უბრალოდ მანამდე ჯავრს დედაჩემზე იყრიდა, შემდეგ, როდესაც დედამ თავი დააღწია ჩემი ჯერი დადგა. ისე მართლა, დედაჩემს - ირინე ქვია, მამაჩემს ერეკლე. არ მიყვარს, როდესაც დედასა და მამას ვეძახი. თან ხომ გინდა, რომ ბოლომდე გულწრფელი ვიყო, არა?
-ვერ ვხვდები თუ იცოდი როგორი იყო მამაშენი, მასთან ცხოვრება რატომღა მოინდომე?
-იმიტომ, რომ ირინეზე ნაწყენი ვიყავი. ძალიან ნაწყენი და თუ დამიჯერებ ყველა ის სისხლჩაქცევა, ტკივილი და შეურაცხყოფა ბევრად იოლი გადასატანია, ვიდრე ის, რაც მან გამიკეთა.
ბრაზი მოერია.
ერთ მუჭა კენჭებს ზღვაში გადაუძახა.
-პირველად, ირინემ მაგრძნობინა, რომ ჩემი თავის გარდა სხვა არავის იმედი არ უნდა მქონოდა. პირველად მან დამანახა, რომ მე ხმა არ მქონდა ან მქონდა და მის გასაგებად ყურს არავინ დაიფერთხავდა.
ერეკლე შეიძლება მცემს, მაგრამ ვერ ახერხებს, რომ მატკინოს. ვეღარ ახერხებს. ირინესთან ჩემი საუბრების გახსენება კი ნაწილებად მშლის.
ის იგავ-არაკი როგორ არის? აი, დათვი და ვიღაც კაცი რომ დაძმაკაცდებიან. გამახსენდა- ენით დაკოდილი! დაახლოებით იგივეს თქმას ვცდილობ.
-თუ არ გინდა. შეგიძლია არ მომიყვე.
-არა, ეს ყველაფერი თუ არ გეცოდინება ვერასდროს გამიცნობ. შენ არ მითხარი დახმარება მინდაო?
-კი. გითხარი.
-ჰოდა ამ ამბების ცოდნის გარეშე სრულ სურათს ვერ წარმოიდგენ და ვერც ვერაფერს გაიგებ. ასე, რომ გილოცავ - ეს ბედნიერება შენთავს მიუსაჯე.
-ყურადღებით გისმენ.
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
ასეთი უსუსური გამომტეყველება მაშინაც კი არ ჰქონია, როდესაც სადარბაზოში ვნახე.
რისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად? ვცდილობდი არ შემემჩნია, მაგრამ დავიძაბე.
-ირინეს ჩემთვის არაფერი დაუშავებია. აი, ირინეს ძმას კი, ბიძაჩემ გრიგოლს, ჩემთან თამაში უყვარდა. ხშირად მტოვებდნენ მასთან. მისი ინიციატივით, რა თქმა უნდა. ჩემს მშობლებსაც ახარებდათ ბიძის ყურადღება. ერჩივნათ ოჯახის წევრების გარემოცვაში გავზრდილიყავი და არა ძიძასთან.
აბა, რა იცოდნენ, რომ გრიგოლის პატარა გოგოები უყვარდა. არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი. ვინ იცის მერამდენე ვიყავი? ახლა რომ ვუფიქრდები ფაქტია, რომ უკვე ამ საქმეში გაწაფული იყო. ძალიან სწორ სიტყვებს არჩევდა. მეც დებილივით მის ჭკუაზე დავდიოდი. ხან ვიხდიდი, ხან მას ვხდიდი.
გაგიჟებული წამოვხტი. ვფიცავ, სულ ცოტა მაკლდა, რომ სიბრაზისგან ტალღებში არ შევვარდნილიყავი.
-!
ელენე ყურადღებას არ მაქცევდა. ამბავს ისე განაგრძობდა თითქოს მე სულაც არ მიყვებოდა :
-ნეტა, რამდენი წლის ვიყავი პირველად - ათის თუ თერთმეტის? მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკთებედი. ვერ ვაცნობიერებდი რა მიზანი ჰქონდა ამ თამაშს ან რატომ მთხოვდა მის შესახებ არავისთვის მომეყოლა.
-სექსი გქონდათ? - ჩემდაუნებურად დავიყვირე.
შესწორება : თუ ოდესმე მსგავს ამბავს გაიგებთ, ეს კითხვა არასდროს დასვათ!
-ხმას დაუწიე!
-როგორ შეგიძლია ახლა სიწყნარე მომთხოვო?
ელენეც წამოდგა. თვალებში ჩამხედა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის გარტყმა უნდოდა. მე თავს არ შევიკავებდი და მის ადგილას ჩემს თავს მაგრად ვუთავაზებდი!
-არა! დამშვიდდი?! შეგიძლია ამიხსნა სექსი რა არის? პენეტრაცია?! არა, არ გვქონია. ამას როგორ მეკითხები? თუ საქმე ბოლომდე არ მიუყვანია და ყველაფერი შეხებასა და ს არ გასცდენია, ესე იგი, ნაკლებად დამნაშავეა? თუ ნაკლებად შეურაცხყოფილად უნდა ვგრძნობდე თავს? მიპასუხე!
ძალიან შემრცხვა. თავჩაღუნულმა ვკითხე:
-დედაშენს მოუყევი?
-კი, ელია. იცი საპასუხოდ რა მივიღე? არაფერი! - „ეგ მეორედ აღარ გაიმეორო“- მიღრიალა და სახეში გამარტყდა. შენი აზრით, რას იზამდა? საკუთარ ძმას დაუჯერებდა თუ ცამეტი წლის ლაწირაკს? ირინეს შესახებ საკმარისი არ მოგიყევი? მისთვის მთავარი ოჯახის სურათი იყო. მას იმდენად ანაღვლებდა ვინ რას იფიქრებდა და რას იტყოდა, რომ მზად იყო თავისი ერთადერთი ქალიშვილი ამ ტკივილისთვის გაემეტებინა.
-ელენე...
-მაგრამ სხვა რისი იმედი უნდა მქონოდა? ისიც ხომ უსიტყვოდ იტანდა მამაჩემის დარტყმებს. ეტყობა სისხლში მაქვს ეს ყველაფერი. აბა, ახლა გამამტყუნე, რომ არავის არაფერს ვეუბნები ერეკლეზე! რომ აღარ მაქვს იმედი ვინმეს დახმარების. ნეტა, წარმოდგენა მაინც თუ გაქვს სად ვცხოვრობთ.
შემომხედე!
იცი ჩემს ალაპარაკებას შედეგად რა მოჰყვება? წარმოიდგინე სტატიები სათაურით - „თავად პარლამენტარ, ერეკლე აბაშიძეს, შვილის ძალადობაში ბრალს დებენ“. წლის პოლიტიკური სკანდალი! ათასი გულშემატკივარი გამომიჩნდება. ყველა იტყვის - საწყალი გოგო. ეს რამდენი გადაუტანიაო“. მაგრამ ეს კიდე არაფერი - ბევრი ყველაფერს მე დამაბრელებს. იფიქრებენ, რომ ეს ყველაფერი გამოვიგონე და დამიჯერე არც იმის თქმა მოერიდებათ, რომ ამის ღირსი ვიყავი!
ის ის იყო, პირი გავაღე რაიმეს სათქმელად, რომ მანიშნა გავჩუმებულიყავი.
-არაფერი არ მითხრა.
ხმას დაუწია :
-უბრალოდ გთხოვ. იმედი არ გამიცრუო.
-რას გულისხმობ?
-პირველი ადამიანი ხარ, ვისაც ეს ყველაფერი მოვუყევი. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
-დამიჯერე, ჩემთვისაც.
-ჰოდა, გთხოვ, იმედი არ გამიცრუო.
ნეტავ, რამდენჯერ მითქვამს ერთი და იგივე - რამდენჯერ მომიხდია ბოდიში შენს საფლავთან, ელენე. არც შვებას ვგრძნობ და არც გამეორებით ვიღლები :
მაპატიე, შენც კი იმედი გაგიცრუე.
არა, რა - ჩემი თავისთვის ტირილი არ უნდა ამეკრძალა.
”ერთი კითხვა მეც მაქვს,ელია“
დროულია, მეგობარო. გისმენ.
„როგორც მივხვდი, ელენე სულ ფიქრობდა, რომ თქვენ ორნი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები იყავი, არა?“
-კი ეგრე იყო.
„ელია, თუ მართლაც ასეთი განსხვავებულები იყავით, ელენესი და შენი საუბარი ასე ძალიან ჩემსას და შენსას რატომ მაგონებს?“
***
თავი ძალიან ამტკივდა.
მეგობარო, სად ხარ?
არა რა, ოღონდ ახლა მარტო ნუ დამტოვებ!
გეგონება, ვინმეს ჩემს თავში გაფუჭებული რადიო ჩაეგდო. რაც უფრო ვცდილობ თავს ძალა დავატანო და არეული სიხშირე დავალაგო, მით უფრო საშინელ შედეგამდე მივდივარ. აუტანელი ხრიწინის მეტი არაფერი მესმის.
როგორ დამღალა ამ ყველაფერმა!
დაბეჩავებულხარ, ელია - რამდენიც არ უნდა უარყო, ამ წლებს უკვალოდ შენთვის არ ჩაუვლიათ.
სუნთქვა მიჭირს.
თითქოს ყელი ჩირქით მქონდეს სავსე.
ვიხრჩობი.
კიდევ კარგი, სადგურში ბოთლი წყლის ყიდვა მაინც მომაფიქრდა. თავას ძალას ვატან და წყალთან ერთად ყელში გაჩხერილ ბურთსაც ვყლაპავ
ეს შეგძნება წლების წინ მაბრუნებს. ჩემსა და ჩემს წარსულს შორის ჩამოწოლილ ფარდას ნაწილებად ფხრეწს. მის მეორე მხარეს სიბნელეა. თვალი ნელ-ნელა ეჩვევა და არჩევს მძინარე ბიჭს. ის ღრიალით იღვიძებს. ნახევრად შიშველი სამზარეულოში გარბის. ცივ წყალს პოულობს. ღია მაცივრის წინ მუხლებზე ვარდება და სუნთქვის მოთქმას ცდილობს.
რა თქმა უნდა, ეს ბიჭი მე ვარ. უფრო სწორად ვიყავი. ძალიან ადრე - მაშინ, როდესაც საშინელი სიზმრებს ვხედავდი და მათ რეალობისაგან ვეღარ ვარჩევდი.
ახლა ჩემი სიზმრების დაწვრილებით გახსენება არ ღირს. არაფერი საინტერესო. ყველა ერთამენთს ჰგავდა. უბრალოდ მოქმედების ადგილი იცვლებოდა. მათში საკუთარ თავს ვერ ვხდევადი, ვერც ვერავინ მხედავდა, შეიძლება სულაც არ ვარსებობდი.
საკუთარ სიზმრის სტუმარი ვიყავი.
ე, არადა, რა კარგად ჟღერს!
მოკლედ, ისე იყო თუ ასე, ყოველ სიზმარში ელენეს უკან მივყვებოდი. მოგეხსენებათ, უკვე ჩვევად მქონდა მისი ზურგის ცქერა. ხან ხმისამოუღებლად მივყვებოდი, ხანაც ვეძახდი, ვემუდარებოდი გაჩერებულიყო.
მას ჩემთვის არასდროს უპასუხია. მიაბიჯებდა წინ - მანამ, სანამ ყველა ქუჩას უკან არ ჩამოიტოვებდა და სიცარიელეში არ შეაბიჯებდა. იქ კი ის ელოდა. მას სახე არ ჰქონდა, მაგრამ მისი შიშველი, ტლანქი სხეულის წარმოდგენა ახლაც გულს მირევს.
მე რამდენიმე ნაბიჯით უკან ვრჩებოდი.
გამოღვიძებას ვნატრობდი.
ვერ ვმოძრაობდი.
თვალებსაც კი ვერ ვახამხამებდი.
უბრალოდ ვუყურებდი :
როგორ ხდიდა.
როგორ ეხებოდა.
როგორ იპყრობდა.
საბედნიეროდ, ნელ-ნელა ორივეს სიბნელე ედებოდა და მე მარტო ვრჩებოდი - სიცარიელეში მოლივლივე და მხოლოდ მაშინ ვიღვიძებდი, როდესაც ტალღადქცეულ კაცის ნასიამოვნებ ოხვრას ვეჯახებოდი.
მაშინ სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის ვიყავი და რაღა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი ჩემზე საუკეთესოდ არ ასახულა. საკუთარი სხეული შემზიზღდა. გულის გადაყოლება სხვადასხვა „ვიკასთან“ რამდენჯემე ვცადე, თუმცა ყოველ ჯერზე მეც გულდაწყვეტილი ვრჩებოდი და ისინიც.
ეჰ, სატრაბახოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე! საკმარისი იყო ქალის შიშველი სხეული დამენახა ან უბრალოდ წარმომედგინა, რომ იქვე გამოჩენას არ დააყოვნებდა ჩემი ტლანქი „ძმაკაცი“, რომელიც ერთი ფალოსის მოსმით ჩემს პოტენციასთან ერთად გაუჩინარდებოდა და დამტოვებდა მარტოს ელენე აბაშიძის ზმანებასთან ერთად.
ვაი, რომ გულის სიღრმეში ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ხრიწინი. უბრალოდ მისი მოსმენა არ მინდა.
ეს აზრიც ძველი დროიდან იღებს საწყისს და დღემდე ერთგულად მომყვება. ჰო, ჩემი ტანჯვის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ სიზმრები არ ყოფილან. არც დღისით ვგრძნობდი თავს უკეთესად, რადგან ჩემი გონება ყოველ წამს, დაუსრულებლად ერთსა და იმავეს იმეორებდა :
„რაიმე უნდა მოიქმოდო“
მოგონებებს ვერსად გაექცევი, თუმცა უნდა ვაღიარო მათთან ბრძოლის საკმაოდ მოსახერხებელ ხერხს მივაგენი. დაილოცონ, ჩემი კლიენტები, რომლებიც მადლიებერას ძვირიანი არყით, ღვინითა თუ სხვადასხვა სასმლით გამოხატავდნენ!
მაგრამ მანამ, სანამ ალკოჰოლს გემოს გავუგებდი, უძილობამ და მუდმივმა შფოთვამ კვალი სახეზეც დამამჩნია, თუმცა ჩაშავებული, ჩასისხლიანებული თვალებსა და ჩაცვენილი ლოყებს თუ არ ჩავთვლით, ამ ყველაფერს დადებითი მხარეც ჰქონდა - წონაში საგრძნობლად დავიკელი!
ბევრს რომ აღარ მივედ-მოვედო, მოკლედ ვიტყვი - მე ვიცვლებოდი და თანაც არა უკეთესობისაკენ.
რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ვასილისაც არ დარჩენია შეუმჩნეველი. მამა ზედმეტ კითხვებს არ მისვამდა, თუმცა მის მზერაში აშკარა გაურკვევლობას ვხედავდი, რაც უნდა ვაღიარო მაბრაზებდა.
არა, „მაბრაზებდა“ შეუფერებელი სიტყვაა - ალბათ, უფრო გული მწყდებოდა. ხო, გული მწყდებოდა, რადგან, მჯეროდა, რომ რაღაც მაგიურ ხერხს მონახავდა ყველაფრის გასარკვევად.
როგორ ბავშვურადაც არ უნდა ჟღერდეს - ვასილი ჩემი გმირი იყო.
ე, ხმა სადღაც რომ არ გადაკარგულიყო, ალბათ - „რატომ იყო?“ - რაღაც ამდაგვარს აუცილებლად მკითხავდი და მართალიც იქნებოდა - არ იყო. შევასწორებ - ვასილი ჩემი გმირი არის.
ღმერთო ჩემო, ელია! - როგორი უსამართლო იყავი! დროში უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს ჩემს თავს სახეში მუშტს ვუთავაზებდი.
სადღაც წამიკითხავს - ხშირად გვავიწყდება, რომ მშობლებიც ადამიანები არიანო. არ ვიცი, სამწუხაროა თუ საბედნიერო, მაგრამ ამ სიტყვების სიმართლეც მაქვს საკუთარ ტყავზე შეგრძნებული.
ცხოვრებამ მწარედ დამცინა, როდესაც ეს გაუგებრობა საკუთარ თავზე გამომაცდევინა. ადრე, წლების წინ, მაშინ, როდესაც ლენას ჯერ კიდევ ჩემი იმედი ჰქონდა, როდესაც ჩემგან რჩევას ელოდა და ჩემს სიტყვას მისთვის ფასი ჰქონდათ. მე ვხედავდი, რომ მას აშკარად სჭირდებოდა მამა, რომელიც უბრალოდ გვერდში დგომას აგრძნობინებდა, ამბავს გამოჰკითხავდა, მოუსმენდა და ჭკუას დაარიგებდა.
მე რა გავაკეთე? არ ვიცოდი რა მექნა, ამიტომ გვერდზე გავდექი. ჩემი ქალიშვილი ყველაფერს მარტო გაუმკლავდებოდა! აი, სამაგალითო, ღირსეული მამის საქციელი!
მგონი, ჯობდა თავის დროზე, ნიტას მაგივრად, მე დამეკარგა მეურვეობა.
ნეტავ, ლენას თუ უღიარებია ოდესმე ვინმესთან ან საკუთარ თავთან, რომ მამამ იმედები არა ერთხელ გაუცრუა? - თუ, შესაძლებლობა მომეცემა, ამას აუცილებლად ვკითხავ.
დაიცა ეს ყველაფერი რას მოვაყოლე?
სიტყვა გამიგრძელდა.
ჩემმა შედარებამ არ შეგაცდინოთ, ვასილის მსგავსი შეცდომა არასდროს დაუშვია - მარტო არასდროს მივუტოვებივარ. მერე რა, რომ არ იცოდა რა მაწუხებდა? რამდენჯერაც დაინახავდა, რომ უხასიათოდ ვიყავი, სამზარეულოში მიხმობდა - ხუმრობდა, ჩემს საყვარელ კერძებს მიმზადებდა, ახალგაზრდობაში გადახდენილ სხვადასხვა ამბავს მიამბობდა - ერთი სიტყვით, ძალას არ იშურებდა, რომ ჩემთვის განწყობა გამოეკეთებინა.
მეც რაღა დამრჩენოდა? თავს ძალას ვატანდი - მის ხუმრობებზე ვიცინოდი, მის ამბებს შეძლებისდაგვარად ინტერესით ვუსმენდი, ხოლო მის მომზადებულ კერძებს ძალით ბოლომდე ვჭამდი.
არ მინდოდა მეგრძნობინებინა, რომ მის მცდელობას ვერ ვხედავდი ან რომ ეს ყველაფერი აზრსმოკლებული იყო - თანაც მე ხომ უკვე გამოცდილი მქონდა, თუ რას ნიშნავდა მთელი არსებით შეგეგრძნო საკუთარი უუნარობა. არა, მე ამ ტკივილის ვასილისთვის ვერ გავიმეტებდი.
ვასილი სამი წლის წინ გარდაიცვალა. მარტო. ჩვენს სახლში. მეეჭვება ასეთი სიკვდილი ესურვა ან შეიძლება სულაც ასეთ სიკვდილზე ოცნებობდა. დანამდვილებით ვერ ვიტყვი.
ბოლო წლების განმავლობაში იშვიათად ვსაუბრობდით. ჩამოსვლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. თუ ჩამოდიოდა ისიც მხოლოდ ლენას სანახავად.
ლენას ძალიან უყვარდა ვასილი და ,რა თქმა უნდა, მისი მომზადებული ლობიანიც. - მათი შეხმატკბილებული ურთიერთობა მახარებდა, მაგრამ ამავდროულად მასევდიანებდა. ვასილი ლენას ისე უყურებდა, როგორც მე მიყურებდა ოდესღაც, ხოლო ლენა ვასილის ისე, როგორც ჩემთვის არასდროს შემოუხედავს.
„ძალიან გგავს!“ - ამას ისე მეუბნებოდა, კაცი იფიქრებდა ვინმე ახლობლის გარდაცვალება შეატყობინაო. ისე აგიხდათ ყველაფერი! სწორედ ასეთი ხმით შემატყობინა ჩვენმა მეზობელმა ვასილის გარდაცვალება სამი წლის წინ.
ვერ ვიტირე.
ძალიან ვცადე, მაგრამ ამაოდ.
მამისთვის ერთი ცრემლიც ვერ გავიმეტე.
სამაგიეროდ, ლენამ იტირა ძალიან ბევრი.
ვასილი, დედის გვერდით დავასაფლავეთ - მარტის მიწურულს. გაზაფხულს, როდესაც ბუნება იღვიძებს. სასაფლაოდან გამომავალი ნუშის ხეებზე ახლადამოსულ ყლორტებს ვუყურებდი.
იმ დღის შემდეგ ბათუმში აღარ ვყოფილვარ.
უკვე მოხუცებულს ხშირად ვთხოვდი თბილისში გადმოსვლას, მაგრამ უშედეგოდ. ბათუმს არაფირს დიდებით ელეოდა. თბილისი ადამიანებს ცვლისო - იცოდა ხოლმე თქმა. შემდეგ გამომცდელი მზერით თვალს-თვალში გამიყრიდა და მანამ არ მეშვებოდა, სანამ სიჩუმე უაზროდ არ გაიწელებოდა.
ნეტავ, რის თქმას ელოდა ჩემგან?
კი, მამა ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება არ მოგწონს, არც ჩემი საქმე და ,ალბათ, აღარც ის მოგწონს, რომ შენი შვილი ვარ. შენი პატარა, საამაყო ელია. ისიც, ვიცი, რომ გცხვენია, როდესაც ჩემს ამბავს გეკითხებიან. შენს თვალებში დაგუბებულ იმედგაცრუებას ვხედავ - ერთი შვილი გყავს და ისიც ჩემნაირი. განა, მე ეს ყველაფერი არ ვიცი? ეგებ, ერთხელ ისიც გეკითხა ვარ თუ არა მე კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით? მაგრამ მე შევეგუე და შენც უნდა შეეგუო!
კაკუნი ლაპარაკს მაწყვეტინებს. ალბათ, გაუცნობიერებლად ყვირილი დავიწყე.
„ყველაფერი კარგადაა“- ვიძახი და კვლავ სიჩუმე წვება.
ჭკუიდან ვიშლები - ვის უყვირიხარ ან საერთოდ ვის ელაპარაკები, ელია? ალბათ, ისევ ელიას. ოღონდ იმ ელიას, არა, რომლის სახითაც ხმა მოგევლინა. ის ელია გაქრა, ბათუმში ზღვის ტალღებში ჩარჩა. სამაგიეროდ, არსებობ შენ - ელია, რომლის არსებობაც არავის უნდა - ამას ეუბნება ელია ელიას. კარგი გასართობია, არა?
ნეტავ, ხმა მაინც არ დაკარგულიყო. ე, თურმე, რამდენად სჭირდება ადამიანს მსმენელი! რა გაეწყობა - მაინც ბოლომდე უნდა მივიყვანო დაწყებული თხრობა.
ხმა, თუ ჩემი გესმის გთხოვ პასუხი გამეცი.
***
ერთხელ, დილით, როდესაც მამამ გამაღვიძა, ვთხოვე - „თავი მტკივა, დღეს სახლში დავრჩები - მეთქი. უსიტყვოდ დამთანხმდა და სამსახურისაკენ გაეშურა. დავრჩი მარტო საძინებელში, სადაც ყოველი კუთხე ჩემს... შიშებს? არა, შიშებსაც ვერ დავარქმევდი. დღემდე არ ვიცი რა დავარქვა ამ თხევად მატერიას, რომელშიც ვიხრჩობოდი : „შფოთვა“, „ზმანება“, „მღელვარება“ - . კაი ერთი, რა მნიშვნელობა აქვს?
მოკლედ, საძინებელში მარტო დავრჩი.
სახეზე საბანი გადავიფარე.
სადღაც ერთი საათი იქნებოდა გასული, როდესაც კარის ხმამ შემაწუხა. თავიდან მეგონა, რომ მეჩვენებოდა. შემდეგ, გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ კაკუნი ნელ-ნელა ბრაგუნში გადაიზარდა და მეც იძულებული გავხდი წამოვმდგარიყავი.
შემოსასვლელისკენ მთქნარებით გავეშურე. გულში უეჭველად უმისამართოდ ვიგინებოდი. გასაღებს დავწვდი. კარი ისე გავაღე, არც მიკითხავს ვინ იყო. შემოსულმა სინათლემ თვალი მომჭრა. ზღურბლის იქით ელენე დამხვდა.
-სკოლაში რატომ არ მოხვედი?
-შენ რატომ არ ხარ გაკვეთილზე?
-კითხვას ნუ მიბრუნებ!
-ვერ ვარ რაღაც კარგად.
-ჩაიცვი და გამომყევი.
-ე, შემეშვი რა! არ მაქვს გაკვეთილებზე ჯდომის თავი.
-გაკვეთილზე არც გეპატიჟები.
-აბა?
-დროზე ჩაიცვი!
-ვაჰ, ბიჭო!
ოთახისაკენ ბუზღუნით გავეშურე. სარკეში ჩავიხედე - ღიმილს ვერ ვიკავებდი, ამის გამო საკუთარ თავს ვსაყვედურობდი. რა აზრი ჰქონდა უარყოფას? ელენეს დანახვამ ძალიან გამახარა. ჩვენი უკანასკნელი საუბრის შემდეგ ერთმანეთს თითქოს გავურბოდით. არა ის არა, მე გავურბოდი. მისთვის თვალებში ყურება მრცხვენოდა - მრცხვენოდა ჩემი სიზმრების გამო, იმის გამო, რომ რამდენჯერაც კლასში შემოდიოდა, მის სხეულზე ახალ სისხლჩაქცევებსა თუ ჩასიებებს ვეძებდი და რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ რამდენჯერაც ვხედავდი, ვაცნობიერებდი, თუ რამდენად საბრალო ვიყავი. საკუთარი სისუსტის გაცნობიერება არავის უყვარს, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე გულისამრევი იყო, ის რომ ამ სისუსტეს ძალიან კარგად ვიფერებდი.ეს ჩემი თავისათვის დღემდე არ მიპატიებია.
ერთ დროს, სტუდენტობისას, თეატრით ვიყავი გატაცებული და სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ თურმე ტრაგედიისათვის ფატალურობის გარდა დამახასიათებელი ყოფილა ორი გრძნობა - სიბრალული და შიში. მაშინ დავფიქრდი - საკუთარი თავის მიმართ სიბრალული განა არ გამორიცხავს ბედის ფატალურობას? განვმარტავ - თუ ადამიანი საკუთარი ცხოვრებისაგან მაშინ ქმნის ტრაგედიას, როდესაც საკუთარ საოცადაობას აღიარებს, მას ეგუება და იმის მაგივრად, რომ რაიმე შეცვალოს, საკუთარ თავს იცოდებს, ესე იგი, ტრაგედია არჩევანი ყოფილა, არა? ანუ დამნაშავე არის ის, ვინც მას ირჩევს და არა ბედი? ამ აზრს თუ გავყვებით, ყველაფერში დამნაშავე მე გამოვდივარ.
კარგი, მოვეშვათ ზედმეტ ფილოსოფიას. ხმა მაინც არსად არის, რომ მცდელობა შემიფასოს.
ჩემი საყვარელი მწვანე პულოვერი გადავიცვი და კარის ზღურბლთან დავბრუნდი.
-მზად ხარ?
-სად მივდივართ?
-სანაპიროზე.
-გაკვეთილებს აცდენ?
-არა, ვესწრები! სისულელეებს რატომ მეკითხები ელია?
-თუ ჩხუბის ხასიათზე ხარ უკან გავრბუნდები.
-კარგი. გპირდები დღეს ჩვეულზე კეთილი გოგო ვიქნები.
-გატაცებას ხომ არ მიპირებ?
-ვერ მოესწრები.
-აბა, რა გაქვს ჩაფიქრებული?
-ამ ბოლო დროს რაღაც აღარ მომწონხარ, იცი? აშკარად გახალისება გჭირდება.
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ.
-კარგი რა, დებილი ხომ არ გგონივარ? ყველაფერი სახეზე გაწერია.
-ანუ რა გამოდის? მხსნელად მომევლინე?
-ეგრე გამოდის, ჩვენ ორს შორის ვიღაცას ხომ მაინც უნდა შეეთავსა მხსნლის როლი...
-აი, მსაყვედურობ.
-არა, ელია. მაპატიე. ჩათვალე, რომ არაფერი მითქვამს. დაივიწყე კარგი?
-როგორი უცნაური ხარ. რას ამბობდი რა ქვია ამასო?
-ფარსი, ჩემო საყვარელო, ფარსი.
ისე, მგონი მართებული იქნება, თუ ერთ-ორ სიტყვას ელენეს საუბრის მანერაზეც ვიტყვი, რადგან ის ძალიან გასხვავდებოდა ჩემისაგან და ზოგადად ყველა ნორმალური მოზარდისასაგან.
მგონი უკვე აღვნიშნე, რომ თავად აბაშიძეს ასაკზე უფროსის შეხედულება ჰქონდა. ამ აზრის განმტკიცებას მისი მდიდარი და დახვეწილი ლექსიკონიც უწყობდა ხელს. იმის მიუხედავად, რომ საშინლად ფეთქებადი იყო - სიტყვის გაზომვა არასდროს ავიწყდებოდა. მისგან ვერასდროს გაიგებდით - „დაიკიდე“, „იტოკში“ ან რაიმე მსგავსს. სამაგიეროდ, მასთან ურთიერთობა მრავალ უცხო სიტყვას გასწავლიდათ როგორებიცაა - „პათოსი“;“ეროსი“, „გროტესკი“- აი, ასეთი შემეცნებითი ურთიერთობა გვქონდა!
ზუსტად ვერ ვიგონებ რომელ თვეს ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მახსოვს რომ ჯერ კიდევ ციოდა. სანაპიროზე ჩვენს გარდა სულ ხუთი-ექვი ადამიანი იქნებოდა. ძირითადად მაწანწალა ლოთები ან აღგზნებული ახალგაზრდები - მაგარ გარემოცვაში ამოვყავით თავი.
დასასხდომად შედარებით მოფარებული ადგილი ვიპოვეთ.
დღე ჩვეულზე ნაცრისფერი იყო. გვერდი-გვერ ვისხედით. უცხოებივით. თითქოს ერთმანეთს ვერ ვხედავდით ან მზის მსგავსად სქელ ღრუბლებში ვყოფილიყავით გახვეულნი.
ელენემ რამდენჯერმე გამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მეც ვითომ არაფერი შემიმჩნევია ცას მივაშტერდი. „რამე თქვი“ - გაუჩერებლივ ვუმეორებდი საკუთარ თავს. ბოლოს, როდესაც სიჩუმე უსაშველო გრძელი მეჩვენა, როგორც იქნა, ხმის ამოღებას თავი მოვაბი :
-მალე გაწვიმდება.
-ძალიანაც კარგი.
-არ ვიცოდი წვიმა თუ გიყვარდა.
-ხანდახან, განწყობას უხდება.
-წვიმა მეც მიყვარს, ბნელი დღეები მძულს.
-ელია, მინდა ერთი რაღაც გითხრა და გპირდები მეტჯერ ჩემს ამბებს აღარ შეგახსენებ.
-ეგ არ მიგულისხმია.
-ვიცი. მომისმინე - გახსოვს გითხარი სულ მგონია, რომ ფრთები გაქვს-მეთქი? ჰოდა, ამ ბოლო დროს რაღაც ზედმეტად დამძიმდი და რატომღაც მგონია, რომ სულ რომ მოინდომო ვერსადაც ვეღარ გაფრინდები. იმედი მაქვს, მეტაფორის აზრს ხვდები, არა?
-დაახლოებით.
-ელია, მაპატიე.
-რა უნდა გაპატიო?
-უსამართლოდ მოგექეცი. არ ვიცი მგონია, რომ... ძალიან გამიჭირდება აგიხსნა რატომ, მაგრამ თავს შენს წინაშე დამნაშავედ ვთვლი.
-დანაშაულის შეგრძნებაც როგორი უცნაური გქონია.
-არ მიყვარს, როდესაც თავს დამნაშავედ ვგრძნობ. პრინციპში, დიდად არც ბოდიშების მოხდა მეხალისება. მოდი, მეტი აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. შევთანხმდით?
-შევთანხმდით.
-აბა, შენი ჯერია.
-მეც ბოდიში მოგიხადო?
-არა, მე ჩემი საიდუმლო გაგანდე, ახლა შენსას ველოდები.
-მე რომ საიდუმლო არ მაქვს?
-არ მჯერა. რაღაც აუცილებლად იქნება ისეთი, რაც არავისთვის გითქვამს.
-მოიცა დავფიქრდები. მართალი ხარ არის რაღაც, მაგრამ სანამ მოგიყვები ერთი რამ უნდა გკითხო. ოღონდ არ დამცინო.
-მკითხე.
-ნოზების არსებობის გჯერა?
-სერიოზულად მეკითხები? - გაეცინა.
-ჰო, რავიცი.
-მოგატყუებ რომ გითხრა, მაგაზე ბევრი მიფიქრია-მეთქი.
-ერთხელ პატარა რომ ვიყავი ზღვაში ნოზების მოძებნა გადავწყვიტე. ტივტივამდე გავცურე, მაგრამ სუნთქვა აღარ მეყო და გონება დავკარგე. მაშველები დროზე რომ არ გამოჩენილიყვნენ...
-როგორ გამიმართლა, რომ გადაგარჩინეს.
-პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ცურვაში ვარჯიში დავიწყე.
-რაღაც არ გეტყობა.
-არა, მართლა! ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ლევანიც ასე გავიცანი.
-ანუ, ლევანმაც იცის შენი გატაცების შესახებ?
-არა, ხომ გითხარი ამის შესახებ არავისთვის მითქვამს - თქო. უფრო სწორად, არავისთვის მითქვამს რომ ზღვაში ნოზებს ვეძებდი.
-ახლაც გჯერა?
-მგონი კი.
-და ეს არის შენი საიდუმლო?
-რაიმე უფრო განსაკუთრებულს ელოდი, არა?
-მეხუმრები? ამაზე განსაკუთრებული ჯერ არავისგან არაფერი მომისმენია.
-ისევ დამცინი.
-როგორ გეკადრება. რატომ იღიმი?
-ბავშვობა გამახსენდა.
-შეგრჩა! - წამოხტა.
-რა?
-ხო მოგენეტრა ბავშვობა? ხოდა დამიჭირე.
ელენე გაიქცა, მე გავეკიდე. შემდეგ გაწვიმდა. ძალიან გაწვიმდა. ჩვენ კი დავრბოდით - წინ და უკან. აი, ბანძ მელოდრამებში რომ სცენებია - წვიმაში შეყვარებული წყვილი ცეკვავს - რაღაც მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
გარშემო - სილურჯე, რუხი ღრუბლები, ღარიბი სანაპირო, აღელვებული ზღვა.
საკმაოდ დავსველდი, მაგრამ არ ვჩერდებოდი. არც ელენე აპირებდა დანებებას. ხან ზღვისკენ მივიწევდით, ხან მის საპირისპიროდ. წავიდა წინ, ამოვიდა უკან. ხან მარჯვნივ- ხან მარცხნივ. ერთმანეთს დავსდევდით - მეორე კლასელებივით და ისევ და ისევ -ასე ვმხიარულობდით წვიმაში.
შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა. გაკვეთილებზე ერთმანეთს ჩვეულებრივად ვნახულობდით. თავისუფალ დროს ვსეირნობდით - ვიცინოდით, დაუსრულებლად ვსაუბრობდით. უცნობ ქუჩებში ვიკარგებოდით. რაც უფრო მეტს ვიგებდი მის შესახებ, მით უფრო აღტაცებული ვიყავი მისით. იმაზეც კი დავითანხმე, რომ რამდენჯერმე ჩემთან ერთად გაეცურა. მართალია სულ რამდენიმე მეტრზე, მაგრამ ესეც ხომ დიდი მიღწევაა არა?
სკოლაშიც უკლებრივ ყველა მასწავლებელმა თუ მოსწავლემ გაიგო ჩვენი ამბავი. მითქმა-მოთქმა, საბოლოოდ ლევანის საყვედურებმა დააგვირგვინეს - „ბიჭო, შენ მაგ გოგოს სულ გადაყევი“ „ბავშვობის ძმაკაცი აღარ გინდა, არა?“ - მისი ეჭვიანობდა ძალიან მახალისებდა.
არა, ტყუილს ნამდვილად ვერ ვიტყვი - მის გვერდით ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუ დამიჯერებთ, ელენეც ბედნიერი იყო. ასეთ რაღაცებს ხომ გრძნობ, არა? მისი ღიმილი ყალბი არასდროს ყოფილა და საკმარისი იყო წამით მაინც გაეღიმა, რომ ყოველი ზმანება თუ საშინელი აზრი სადღაც იკარგებოდა. რაღა მოსატანი იყო ნებისმიერი შიში ანდაც სიზმრების გამო გათენებული ღამეები, იმ შეგრძნებასთან, რომელსაც მასთან ყოფნისას განვიცდიდი?
აბა ასე როგორ შეიძლება? ადამიანი თავს დამნაშავედ იმის გამო გრძნობდეს, რომ ბედნიერი იყო, სად გაგონილა?
***
მნიშვნელოვანი ამოცანის პირისპირ აღმოვჩნდი, როდესაც ერთ აპრილის დღეს კალენდრის ყურებისას გავაცნობიერე, რომ რამდენიმე დღეში ელენეს მეჩვიდმეტე დაბადების დღე ახლოვდებოდა. ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ საკუთარი დღეობის აღნიშვნა დიდად არ უყვარდა, მაგრამ ,ვინაიდან და რადგანაც, წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო, თავს უფლება მივეცი და მისთვის პატარა დღესასწაულის მოწყობა განვიზრახე.
ძალიან მინდოდა ეს დღე დასამახსოვრებელი გამოსულიყო და სწორედ ეს მაშინებდა. შეიძლება მართლაც ბევრი რაღაცის კეთება გამომდიოდა კარგად, მაგრამ, ვაი რომ, მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვა ჩემი ძლიერი მხარე არ ყოფილა - ბოლოს და ბოლოს, საკუთარ შვილსაც კი ვერც ერთხელ ვერ გადავუხადე დაბადების დღე ისე, რომ რაიმე არ გამეფუჭებინა.
რა საკვირველია, ეს ჩემი გადამეტებული ნერვიულობის გამო ხდებოდა და ძირითადად, ჩემს ჩავარდნებს შემდეგ კურიოზებად ვიგონებდით, მაგრამ, ამ შემთხვევაში საქმე ელენეს დაბადების დღეს ეხებოდა - შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა.
უეჭველი იყო - ვინმესთვის დასახმარებლად უნდა მიმემართა.
პირველ რიგში, რჩევისთვის ვასილის მივაკითხე. შემომთავაზა ელენე და რამდენიმე ბავშვი ჩვენთან დამეპატიჟა. მამაჩემს უყვარდა, როდესაც ბოლქვაძეების სახლიდან ჟრიამული გადიოდა. ეს აზრი მეც მომეწონა - ჩვენი კლასის რამდენიმე გოგოს ვთხოვდი სამზარეულოს ლამაზად მორთვას, გემრიელ ნამცხვარსს ვიყიდდი, ვასილიც ღვინოს შემომაშველებდა და ყველაფერი მშვენივრად ჩაივლადა.
რა თქმა უნდა, ლალი ჩხაიძის დაპატიჟება არც მიფიქრია. ლევანსა და რამდენიმე ჩვენს თანაკლასელს მოვიწვევდი. მხოლოდ მათ, ვინც ელენეს თავის „შავ სიაში“ ჯერ არ ჩაეწერა - ექვსი სტუმარი დავთვალე.
მეორე დღეს გაკვეთილის დაწყებამდე ბავშვები შევყარე. ჩურჩულით ჩემი განზრახვა გავანდე. ლევანი წუწუნებდა - ამხელა ალიაქოთი რა საჭიროაო. არადა, სინამდვილეში უბრალოდ ეჭვიანობდა - ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე შეგუებული იმ აზრთან, რომ ჩემს ცხოვრებაში გოგო გამოჩენილიყო. საბოლოოდ, თავის დაფასებას მოეშვა და დახმარებაც თვითონ შემომთავაზა.
ნეტავ, ხანდახან მაინც თუ მიხსენებს ლევანი?
სხვა ყველა ჩემს წამოწყებას სიხარულით შეხვდა. გოგოები კისკისს მოჰყვნენ - „რა საყვარელი ხარ, ელია“ „ჩვენს ელიას, შეყვარებული ჰყავს“.
„შეყვარებული“ - მეუცხოვა ამ სიტყვის გაგონება, თუმცა არაფერი მითქვამს. გულის სიღრმეში მესიამოვნა.
თათბირს ელენეს კლასში შემოსვლისთანავე შევეშვით. ჩვენ-ჩვენ ადგილებს დავუბრუნდით. გეგმა ასეთი იყო - პარასკევს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მე იუბილარს სასეირნოდ გავიტყუებდი. მანამდე, ყველა ჩემთან მივიდოდა - სამზარეულოსა და მისაღებს ფერადი ხარახურებით მორთავდნენ და ზუსტად ერთ საათში ანთებული სანთლებითა და სიმღერით დაგვხვდებოდნენ
ერთი შეხედვით ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ამ მზადებ-მზადებაში მთავარი დამავიწყდა - საჩუქარი!
ვის არ ვკითხე, თუმცა სახეირო ვერავინ ვერაფერი მოიფიქრა. გაიჟღერეს ბანალურმა შემოთავაზებებმა - „ვარდები“, „სუნამო“- რა მარტივად უყურებდნენ ჩემს გასაჭირს! არა, წარმოიდგინეთ, ელენე აბაშიძისათვის შესაფერისი საჩუქრის შერჩევა მარტივი საქმე ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო, არა?
მოკლედ, ისევ ჩემი თავის იმედადღა დავრჩი.
შემდეგმა დღეებმა ჩვეულად ჩაიარეს - თითქოს ყველაფერი უკვე მოგვარებული იყო, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა პარასკევი, მით უფრო ვღელავდი - თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი - როგორ შეიძლებოდა საყვარელი ადამიანისათვის საჩუქრად ვერაფერი მომეფიქრებინა?
თქვენც არ მომიკვდეთ, ჩემი ბუზღუნით შეწუხებული კლასელები ჩემზე მეტს წვალობდნენ, მაგრამ მე ბავშვივით მქონდა აკვიატებული, რომ რაღაც განსაკუთრებულისათვის უნდა მიმეგნო და ყველა შემოთავაზებას ხაზს დაუფიქრებლად ვუსვამდი. მეტიც, ბოლოს ელენეს საჩუქარზე საუბარი ყველას ავუკრძალე.
რას გაიგებ, ეგება, ვგრძნობდი, რომ ეს პირველი და უკანასკნელი საჩუქარი იქნებოდა, რომელსაც ელენესათვის ჩუქებას მოვასწრებდი.
ხუთშაბათს საღამოს სანაპიროს მარტო გავუყევი. ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა. ვიცოდი, რომ არც არაფერი დაშავდებოდა უბრალოდ ყვავილები რომ მეყიდა. არასწორად არ გაიგოთ, მე საჩუქარს მოვალეობის მოხდის მიზნით არ ვეძებდი და ისიც ზუსტად ვიცოდი, რომ არც ელენე იყო ისეთი წუნია, როგორადაც მას ყველა თვლიდა. აუხსნელი მიზეზის გამო მინდოდა რაღაც ისეთი მეჩუქნა, რაც არასდროს დაავიწყდებოდა და ალბათ, სწორედ, ამიტომ გამიღიმა ბედმა.
ჰო, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ბედის წყალობა. ალბათ, იმიტომ, რომ მაშინ მჯეროდა, - თუკი გულით რაიმეს მოინდომებ, რაღაც ხელს აუცილებლად მოგიმართავს. აბა სხვა რით შემიძლია ავხსნა ის, რომ ჩაფიქრებული ჩვეულზე შორს წავედი და სადღაც ჩიხში მოხუც გამყიდველს გადავეყარე?
სწორს ამბობენ - რწმენა ქვას გააპობსო. მთავარია გჯერორდეს. აი, როდესაც უკვე ბედ-იღბლის აღარ გჯერა, მისგან პასუხსაც აღარც უნდა ელოდო. მგონი ამიტომაც აღარ მიღიმის ბედი.
...მაგრამ ჩემს უბედობას შევეშვათ.
როგორც უკვე მოგახსენეთ ჩაფიქრებული უმისამართოდ დავიარებოდი, როდესაც გაშლილ ჭრელ პლედზე გაბნეული, სხვადასხვა ზომისა და ფორმის, გასაყიდად გამოტანილი სამკაულები შევნიშნე. ფერად-ფერადი ქვები მზეზე ელავდნენ. სწორედ ამ ნათებამ მომჭრა თვალი. შემდეგღა გავარჩიე შავ თავშალში დამალული ჭაღარა, მოხუცი ქალის დანაოჭებული, სახე. მანაც შემამჩნია და მარჯვენა ხელით მანიშნა მივახლოვებოდი :
-დღე მშვიდობის! ახლაგაზრდა, რაიმეს ხომ არ ეძებ?
-კი, სიმართლე გითხრათ საჩუქარს.
-განსაკუთრებული ადამიანისათვის?
-სწორედ მიმხვდარხართ.
-ზღვა ჩემი ერთგული მეგობარია. შენნაირი დახატული ბიჭები ჩემამდე ხშირად მოჰყავს.
-ძალიან ლამაზი ნამუშევრებია.
-მადლობა, შვილო. ძალიან მიხარია, როდესაც გამვლელების ყურადღებას იმსახურებენ. დაათვალიერე, თუ რომელიმე მოგეწონება და შენს გულს გაუხარდება, შეიძენე. მადლიერი დაგრჩები.
-ეს ქვები რაიმეს აღნიშნავენ?
-ეს უბრალო სამკაულები არ გეგონოს - შეხედე ყველა განსაკუთრებულია. ამას გემა ჰქვია - ქვებზე სხვადასხვა წარწერა ან ორნამენტია ამოკაწრული. შვილებს გეფიცები, ყველა ჩემი ბებერი ხელებითაა გაკეთებული.
-ბევრი გიშრომიათ.
-რას ვიზამ - მძიმე დროა, შვილო, ძალიან მძიმე. მაგრამ დროს რას ვუჩივი, მე დავბერდი. ახლა, ერთადერთი ამათი კეთებაღა მახალისებს.
-ჰოდა, გადაწყვეტილია. მეტს საჩუქარზე აღარ ვიფიქრებ.
-გაგახარებს ღმერთი! შერჩევაში ხომ არ დაგეხმარო?
ერთ-ერთი თავიდანვე შევათვალიერე, მაგრამ დახმარება არ მიუარია. მოხუციც გახალისდა - საკუთარ ნამუშევრებზე ისეთი ენთუზიაზმით ალაპარაკდა, რომ თავის მოჩვენებაც აღარ დამჭირდა თითქოს მაინტერესებდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ის ყელსაბამებსა და სამაჯურებს მიწოდებდა. ამოკაწრული ორნამენტებისაკენ მიმითითებდა და სხვადასხვა აღმნიშვნელს განმიმარტავდა. გიჟი დამიძახეთ, მაგრამ წამით მომეჩვენა, რომ ჩემს თვალწინ მოხუცი გაახალგაზრდავებულიყო.
ე, ყველა რაღაცის შექმნისაკენ მიისწრაფვის - გინდ ეს რაღაც იყოს ძალიან მცირე, ძალიან უბრალო - მას მაინც შეუძლია გრძნობა შეინახოს, ამბავი გადმოსცეს. სხვის ყურამდე თუ ვერ მიიტანს, ავტორის გულს მაინც გაახარებს.
ახლა დავფიქრდი და მგონი ვერაფერიც ვერ შემიქმნია ამ ჩემი ვითომ განსაკუთრებული ცხოვრების განმავლობაში ისეთი, რომ გული გამიხაროს. ასე, რომ მე კი არ უნდა შემებრალა ის მოხუცი ქალი - პირიქით, მას უნდა შევებრალე მე. მაგრამ აბა მაშინ ან მე ან მან რა ვიცოდით, როგორ პირუტყვად გავიზრდებოდი?
არა! მაინც ფიქრებს გავყევი.
მოგონებებს დავუბრუნდეთ :
მხოლოდ მას შემდეგ ვუპასუხე, რაც დავრწმუნდი, რომ საუბარი დაასრულა.
-რთული ასარჩევია, თუმცა გული ყველაზე მეტად ამისაკენ მიმიწევს.
საჩვენებელი თითით წვრილ, ოქროსფერ ჯაჭვზე ჩამოკიდებულ მწვანე ოვალური ფორმის თვალისაკენ ვანიშნე. ამ ქვას მალაქიტი ჰქვიაო - სიტყვა შემომაშველა. მის შუაში ოსტატურად ტალღის კონტური იყო გამოსახული. თავს დავდებ, რომ ეს სწორედ ის ფერი იყო, რომელსაც მე ელენეს თვალებში ვხედავდი. თანაც ტალღა. ზღვა - ამაზე სრულყოფილ საჩუქარი როგორღა შეიძლებოდა მენატრა?
-კარგი არჩევანია, შვილო.
-დარწმუნებული ვარ მოეწონება.
-როგორც შენ გადაწყვეტ. ვაი, მომიკვდა თავი - სასაჩუქრე შეფუთვა რომ აღარა მაქვს?
-რას ბრძანებთ - ეგ არაფერი.
მოხუცმა ყელსაბამი გამომიწოდა, მე თანხა გადავუხადე. სამკაული მიზერული ფასი ღირდა. ვთხოვე ხურდა დაეტოვებინა, მაგრამ არაფრის დიდებით არ დამთანხმდა. მეც აღარ გავუძალიანდი - არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნო ან ეფიქრა, რომ მისი ნახელავი მხოლოდ სიბრალულის გამო შევიძინე.
-დამიჯერე, ეს ყელსაბამი პატრონს ბედნიერებას აუცილებლად მოუტანს.
-ეჭვიც არ მეპარება. დროებით, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
-ღმერთმა ასი წელი გახარებული გატაროს!
ერთმანეთს ღიმილით დავშორდით. სახლისაკენ კმაყოფილი გავეშურე - უკან აღარ მიმიხედავს, თუმცაღა მოცუხის მადლიერ მზერას ვგრძნობდი. მწვანე ქვას ხან ერთ, ხანაც მეორე ხელში ვათამაშებდი.
„ეს ყელსაბამი პატრონს ბედნიერებას აუცილებლად მოუტანს“- გულში მოხუცი გამყიდველის ნათქვამს ვიმეორებდი. მისგან მომავალნი ეს სიტყვები ისეთი გულწრფელნი იყვნენ! ავგაროზებისა და თილისმების დიდად არასდროს მწამდა, მაგრამ ეს სულ დამვიწყებოდა - მეც დავიჯერე, რომ ჩემი საჩუქარი ელენეს ბედნიერებას მოუტანდა. სულელი ბავშვი! თავის დასაცავად ვიტყვი, რომ შეუძლებელი იყო მოხუცის ტკბილი ხმისათვის მოგესმინა და იმედით არ ავსილიყავი.
ამ გახსენებაზე, კიდევ გაბრაზებული ბრძანდებით ჩემზე, ძვირფასო ხმა?
დადგა ნანატრი პარასკევიც. რადგანაც მოვახერხე და ელენესათვის საჩუქარს მივაკვლიე, დამშვიდებული ვიყავი. მართალია, ჩემმა თანაკლასელებმა არჩევანი დამიწუნეს, მაგრამ ამას არც გავუკვირვებივარ - ისინი ხომ ვერ ჩაწვდებოდნენ იმ განსაკუთრებულ სიმბოლიზმს, რომელსაც ეს ყელსაბამი ატარებდა.
გაკვეთილების შემდეგ უკვე კარგად ნაცნობ ქუჩებში სეირნობას შევყევით. დრო გამეპარა და ლამის საერთოდაც გადამავიწყდა, რომ სტუმრები გველოდნენ. ჩვენი ძვირფასი იუბილარი ძლივს დავიყოლიე ჩემთან წამოსვლაზე, თუმცა მაინც მოვახერხე და დათქმულ დროს უკვე სახლის კართან ვიყავით.
სამჯერ დავაკაკუნე - ეს ნიშანი იყო, რომ სანთლები აენთოთ. კარი გავაღე და ელენეს წინ შევასწარი. არ მინდოდა მისი გამომეტყველება ვერ დამენახა. გაუკვირდა, მაგრამ, როდესაც სიმღერა დაიწყო და სიბნელე ანთებულმა სანთლებმა დაარღვიეს, ყველაფერს მიხვდა.
არასდროს დამავიწყდება მისი სახე - გაოცებისაგან ლოყები შეეკუმშა, წარბები ჯერ მაღლა ასწია, შემდეგ დაბლა ჩამოსწია. როგორ ცდილობდა სიხარული დაემალა! დაბნეული თვალებს აქეთ-იქით ამოძრავებდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ თქვა. ნაცხვარს მიუახლოვდა. მისმა მზერამ ცეცხლი აირეკლა. დარწმუნებული ვარ გულში ბრაზობდა - მე ხომ მის ნაცვლად მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოოდ გაიღიმა, თვალები დახუჭა, სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო.
როგორ ამბობენ? დანარჩენი უკვე ისტორიაა.
„თითქმის გული ამიჩუყდა“
ე, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩემო ძვირფასო. იმედი უკვე გადაწურული მქონდა.
„ძალიან ხომ არ გაგიტკბა უჩემობა?“
პირიქით, რაღა დაგიმალო და საკმაოდ მარტოდაც ვიგრძენი თავი. მაინც რამ გაგანაწყენა ან რამ გამხადა კვლავ ღირსი შენთან საუბრის?
„არაფერს არ გავუნაწყენებივარ, ელია და შეეშვი ამ პათეტიკას - უბრალოდ შენმა მოყოლილმა ჩამაფიქრა“
მერე რამე ხომ არ მოგიფიქირებია?
„სიმართლე გითხრა - არაფერი. მაგრამ გაფრთხილებ - ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია მომწონხარ თუ არა“
ზედმეტად რთულ საკითხს შეჭიდებიხარ, მეგობარო - ეგ ამდენი წლის განმავლობაში მეც კი ვერ გამირკვევია. თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბროთ - რაც მთავარია დაბრუნდი.
მოდი, გაგრძელებისათვის შეგამზადებ :
ელენეს დაბადების დღე არა მხოლოდ ჩემი ყველაზე სახალისო მოგონებაა, არამედ ბოლო მოგონებაცაა, რომელიც შემიძლია სიხარულით გავიხსენო.
რატომ? ორი კვირაც არ იყო გასული, რომ ელენე აბაშიძე გარდაიცვალა.
ყურადღებით მისმინე და გპირდები - შენს კითხვას პასუხს ძალიან მალე გასცემ.
***
ოთხშაბათი. თერთმეტი მაისი. გაზაფხული.
რამდენი წელია გასული? ოცდახუთი? ზუსტად აღარ მახსოვს.
საკლასო ოთახი. ჩემი მერხი. დაჯღაპნილი რვეული.
არ მინდა თვალები გავახილო.
ლიანდაგების ხმაური რომ არა, ალბათ, სადღაც შორიდან მომავალი ქალბატონი თამარის ხმასაც გავიგონებდი :
-აბაკელია.
-გახლავართ მასწავლებელო.
-აბაშიძე.
-არ არის მასწავლებელო.
ელენეს არყოფნა ცუდად არ მნიშნებია. ერთი ის იყო, რომ მთელ დღეს მისი დარიგებებისა და წამოძახილების გარეშე გავატარებდი - ამ ყველაფერს შეჩვეული ვიყავი. მეტსაც გეტყვით - ვერც კი წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა დღეს ისე ჩაევლო, რომ ჩემი ძვირფასი კლასელისგან შენიშვნა არ მიმეღო.
არა, თქვენც არ მომიკდეთ - როგორც არ უნდა მოვქცეულიყავი, ბოლომდე ჩემით კმაყოფილი არასდროს იყო. აი, კომუნისტი დედები რომ იყვნენ ხომ იცით? პატარებს სახაზავებითა და წკეპლით რომ დასდევდნენ? დაზუსტებით შემიძლია წარმოვიდგინო მათი შვილები რასაც გრძნობდნენ - ამას ხუმრობით ხშირად ვამბობდი.
ე, ალბათ, როგორი სასაცილო სანახავი ვიქნებოდი ელენეს წინ თავდახრილი ახსნა-განმარტებებს ჩაბარებას დატუქსული ბავშვივით რომ მივყვებოდი. თან ერთი თავით მაინც ვიყავი მასზე მაღალი. როგორი სურათია?
სხვა გზა არ იყო და მართალია, ეს ძირითადად ჭრიდა ხოლმე, მაგრამ, თუკი, ელენე ცუდ გუნებაზე გაიღვიძებდა, მის საყვედურებს ბოლო არ უჩანდათ. წუწუნით გულს რომ იჯერებდა, გამიღიმებდა. ამით მადლობას გადამიხდიდა მოთმინებისათვის და მეც გუნებას გამომიკეთებდა - ასეთი საოცარი გოგო გალხდათ ელენე აბაშიძე.
მახსოვს, როგორ მოვიწყინე - ელენეს არყოფნა ხომ იმასაც ნიშნავდა, რომ სანაპიროს გაკვეთილების შემდეგ ვერ გავუყვებოდით.
რას აღარ ვიგონებდით! არც ერთი საღამო, მეორეს არ ჰგავდა, არადა, ერთი შეხედვით, თითქოს, სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებდით.
სახლისაკენ წასვლა მანამ არ მოგვდიოდა აზრად, სანამ მზის სხივები ტალღებში არ დაიკარგებოდნენ. ვინ დათვლის რამდენჯერ მინახავს მზის ჩასვლა და მითქვამს - „არაფერი განსაკუთრებული“. თურმე მრავალჯერ ნანახსაც შეიძლება სულ სხვა თვალით შეხედო. მთავარია სწორი მეგზური შეარჩიო და მისცე მას უფლება სიახლის აღმოჩენისაკენ გიბიძგოს.
არა რა, მაინც ცოდოა მარტოობისათვის ადამიანი.
ხშირად, მეუბნებოდა ელენე ჩამავალი მზე უფრო ლამაზიაო. მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი, მაგრამ საერთოდაც ვერ ვხედავდი განსხვავებას ჩამავალ და ამომავალ მზეებს შორის. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაზე იღბლიანი ბიჭი ვიყავი, რადგან ჩამავალ მზეს ელენეს გვერდით ვუცქერდი.
ჩაფიქრებული გაკვეთილს ვეღარ ვუსმენდი და ,ალბათ, კიდევ დიდხანს გავერთობოდი მოგონებებით ღია ფანჯრიდან შემოფრენილ ბუზს გონს რომ არ დავებრუნებინე. შეწუხებულმა ხელი რამდენჯერე დავუქნიე - ბუზს ვერა, მაგრამ ლევანს კინაღამ ცხვირში გავარტყვი.
უკმაყოფილო უეჭველად ჩხუბს დამიწყებდა, კარის გაღების ხმას რომ დაეცალა. თქვენი ჭირიმე, ვისღა ახსოვდა, ბუზის ბზუილი - საკლასო ოთახში დირექტორმა, ბატონმა ვანომ, ჩვეული სერიოზული გამომეტყველებით შემოაბიჯა. ფეხზე წამოვდექით. მან ჯერ ჩვენ გვანიშნა დავმსხდარიყავით, შემდეკ კი ქალბატონ თამარს დერეფანში გაჰყოლოდა.
მასწავლებლის გასვლას მითქმა-მოთქმა მოჰყვა - კლასის ერთი ნაწილი ხუმრობდა რა კარგ დროს შემოვიდა გაკვეთილის ჩაბარება აღარ მოგვიწევსო, მეორე ნაწილი კი დაძაბული ელოდებოდა ქალბატონი თამარის დაბნრუნებას იმ იმედით, რომ თან რაღაც სიახლეს შემოიტანდა.
...თუმცა სინამდვილემ მოლოდინს გადააჭარბა - სახეწაშლილი ქალბატონი თამარი გამომძიებლების თანხლებით დაბრუნდა. ყურადღება დავძაბე - კარგი ამბავი ვერ უნდა ყოფილიყო.
გამომძიებლები ქალბატონ თამარს მისჩერებოდნენ. აშკარად ელოდნენ, როდის განგვიმარტავდა მათ გამოჩენას - ის კი ვერაფრით აბამდა თავს საუბრის წამოწყებას. ჩვენს გაკვირვებულ სახეებს უყურებდა, მზერას აქეთ-იქით აცეცებდა და შიგადაშიგ დანანებით თავს აქნევდა.
ბოლოს, როგორც იქნა, ღრმად ამოისუნთქა.
ყველანი სმენად ვიყავით ქცეულნი.
ხმა უკანკალებდა :
-სამწუხარო ამბავი მაქვს, ბავშვებო. დღეს დილით, თქვენი კლასელი, ელენე გარდაცვლილი იპოვეს. სანაპიროზე მისი გვა... სხეული ზღვამ გამორეკა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ზღვავე არის საწყალის გარდაცვალების მიზეზი.
წინადადების დასრულება იყო საჭირო, რომ ვიგრძენი - ყველა მე მომჩერებოდა. მეც გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ მათ მზერებში საკუთარი თავი ვერ დავინახე.
გამჭვირვალე გავხდი.
დავპატარავდი.
ლევანმა მაჯაზე ხელი ჩამავლო.
„არა, შეუძლებელია“ - გაგონილისთვის ვერ დამეჯერებინა - როგორ წარმომედგინა, რომ ელენე აღარ იყო?
ვუყურებდი ქალბატონ თამარს, რომელიც საუბარს აგრძელებდა, თუმცა ამას მხოლოდ მისი პირის მოძრაობით ვხვდებოდი. ლევანიც რაღაცის თქმას ცდილობდა. ვერც ერთ სიტყვას ვარჩევდი.
ბუზი გარშემო წრეებს მირტყამდა, მინდოდა თვალი გამეყოლებინა, მაგრამ ვერ ვეწეოდი - არაფერი მესმოდა მისი ბზუილის გარდა. გარშემო სიბნელე ჩამოწვა - თითქოს ღრუბლებიდან შავ მზეს გამოენათა ანდა სიბნელეს ხორცი შეესხა.
ჩრდილში იძირებოდა ყველაფერი ჩემსა და ამ წყეული ბუზის გარდა.
პირველად ვიყავი ისე ცუდად, რომ ადგილიდან ვერ ვიძროდი. სივრცე დამძიმებულიყო. ვთროდი. თვალებში მიბნელდებოდა. მინდოდა გავუჩინარებულიყავი. სუნთქვა მიჭირდა. არ ვიცი საიდან შემოიჭრა ჩემში ეს ტკივილი, მაგრამ ბოლომდე რომ ჩამყლაპა ორი აზრი არ არსებობდა.
მუცლის სიღრმეში დაბუდებულიყო. ხან მაღლა ამოდიოდა და ყელში მეჩხირებოდა, ხანაც დაბლა ეშვებოდა და ფეხის თითებამდე ჩაღწეული ისევ უკან ბრუნდებოდა - ასე მეთამაშებოდა. ბოლოს არ მიღებდა, მაგრამ არც მეშვებოდა.
ვიღაცამ წყალი მომაწოდა. შეგრძნებები დამიბრუნდნენ. განურჩევლად ყველას თავი ჩემი მერხის გარშემო მოეყარა. რაღაც გაურკვევლად ვანიშნე ქალბატონ თამარს და წამოვდექი. წონასწორობის შენარჩუნება გამიჭირდა. უსიამოვნო სიზმრიდან ახალგამოფხიზლებულს ვგავდი. ბარბაცით გასასვლელისაკენ გავეშურე. თავიდან ჩემი შეკავება სცადეს. მანუგეშებდნენ.
მე სული მეხუთებოდა.
რაც არ უნდა ყოფილიყო, იმ ოთახში ვეღარ გავჩერდებოდი.
ლევანმაც რაღაც უთხრა მასწავლებელს და კუდში ამედევნა. დასაფასებელია - უადგილო გამხნევება-დამშვიდებით თავს არ მაბეზრებდა, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით ჩუმად მომყვებოდა. მაცლიდა ჩემს გასაჭირს თვითონ გავმკლავებოდი. ვერაფრით მეხმარებოდა, მაგრამ არაფერი შეეძლო და მეტი რა ექნა?
სკოლის ჭიშკართან შევდექი - შინისაკენ მიმავალ გზას მივაჩერდი. ნაბიჯი წინ ვერ გადავდგი. ლევანი, როგორც იქნა, დამეწია - ალბათ, იფიქრა რომ მას ველოდი და გულის გადაშლა მინდოდა - არადა, უბრალოდ ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი.
სახლში წასვლას აზრი არ ჰქონდა. არავისთან ლაპარაკის გუნებაზე არ ვიყავი, მაგრამ რაღაც უნდა მექნა, თორემ საბოლოოდ ნაწილებად დავიშლებოდი. მე კი უფლება არ მქონდა გავნადგურებულიყავი.
ვისთვის მიმეკითხა? - ვერც ვასილი, ვერც ლევანი, ვერავინ გაიგებდა ჩემს გულის ძახილს - ამის გააზრებამ უფრო დამანაღვლიანა, მაგრამ, როგორც კი ცრემლშემშრალ ღაწვებზე მარილიან ბრიზი მომხვდა, მაშინვე გამახსენდა ჩემი ერთი ძველი მეგობარი, რომელსაც წლების წინ დახმარებისათვის ხშირად ვაკითხავდი.
ნაბიჯს ავუჩქარე.
სანაპიროსაკენ გავიქეცი.
ღმერთო, ზღვა! - უფრო ადრე როგორ ვერ მოვიფიქრე.
ზურგჩანთა ქვებში მივაგდე, ფეხსაცმელები გავიძრე და წყალში ტანსაცმლის გაუხდელად შევვარდი. ლევანი სირბილით დამედევნა, მაგრამ რადგანაც ცურვა არ იცოდა, იძულებული გახდა ნაპირას დარჩენილიყო. მიყვიროდა - მაგრამ მაშინ განა რომელიმე ძალას შეეძლო უკან დავებრუნებინე?
წელიწადზე მეტი იქნებოდა გასული, რაც ღრმად ზღვაში აღარ შემეცურა. სიმძიმე უკან მხევდა, მაგრამ საოცარ თავისუფლებას ვგრძნობდი. არც სიცივე მაფრთხობდა და ვერც ტალღები მხევდნენ უკან - საერთოდ არაფერი მაინტერესებდა.
ჯანდაბას! გინდ მეც ზღვას წავეღე!
ელენე მიწა იყო და მიწადვე იქცა.
აი, მე კი წყალი ვიყავი და წყლად ქცევაზე სულაც არ ვიტყოდი უარს.
ვცურავდი და ტივტივას ვუყურებდი.
ნეტავ, რა დაშავდებოდა, რომ ვერ მიმეცურა?
ახლაც ვერაფრით ამიხსნია ეს შეუკავებელ სწრაფვა, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ, მაშინ ერთადერთ ხსნას მასში ვხედავდი. გეგონება, ტივტივას შეეძლო, რომ ჩემს გონებაში აბურდული სიტყვები წინადადებებათ დაელაგებინა.
არა, არაფერიც არ შეეძლო - უბრალოდ მე მჭირდებოდა რაღაც, რაც დაამტკიცებდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი.
ტივტივამდეც გავცურე და უკანაც გამოვცურე - მაგრამ გაგიკვირდებათ და თავი უკეთესად საერთოდაც არ მიგრძვნია.
ნაპირს დაბრუნებული მუხლებზე დავვარდი.
შეძლებისდაგვარად ღრმად ჩავისუნთქე და მთელი დარჩენილი ძალით დავიღრიალე.
სანაპირო ცარიელი იყო ან არ ვიცი, შეიძლება მე ვერ ვამჩნევდი ვერავის.
როდესაც ღრიალით გული ვიჯერე, ცაში ავიხედე.
უმისამართოდ ჩავიბუტბუტე, ის, რაც ერთხელ ელენესაგან გავიგონე :
-მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.
მაშინ ჩემს თავს შევფიცე, რომ მხოლოდ ელენე მეყვარებოდა. მხოლოდ მას ვიტირებდი და არასოდეს დავივიწყებდი.
ხედავ, ხმა? - სხვა თუ ვერა, ეს ერთი პირობა ხომ მაინც შევასრულე?
***
არ გაინტერესებს რას მოაქვს ყველაზე დიდი უბედურება?
ფიქრს, მეგობარო.
მე კიდევ ელენეს გარდაცვლების შემდეგ ძალიან ბევრს ვფიქრობდი - რაც თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან უბედური ვიყავი?
სახლს არ ვტოვებდი, მაგრამ მთელი უბედურებაც ეგ იყო - სახლი სახლს აღარ ჰგავდა. პირველად ბოლქვაძეების ოჯახში სამზარეულოს ფანჯარას სქელი ფარდა ჩამოეფარა. ვერც ზღვის ხმას ვიტანდი. სანაპიროს წარმოდგენა კი ნაწილებად მშლიდა. ვასილი გაგებით მოეკიდა ჩემსა და ზღვის შორის არსებულ უთანხმოებას. ალბათ, ფიქრობდა, რომ ელენეს სიკვდილში ბათუმის წ....ბს ვადანაშაულებდი.
არადა, სწორედ ზღვა და სანაპირო მახსენებდნენ იმ საოცარ წამებს, რომლებიც ელენესთან ერთად გავატარე. მტკივნეული იყო გაცნობიერება იმისა, რომ ეს დღეები მოგონებებად იქცნენ. ბედნიერ მოგონებებად, რომლებიც ისევ და ისევ ჩემს დანაკარგს მაგონებდნენ.
ლევანი მაკითხავდა - ყოველ დღე. სკოლის ამბებს მიყვებოდა. მიმეორებდა, რომ მასწავლებლები ელოდნენ ჩემს დაბრუნებას, კლასელები კი ღელავდნენ და მოკითხვას მითვლიდნენ - თავისი ჭკუით ამით მეხმარებოდა, მაგრამ მე ვასილის დანახვაც კი მაღიზიანებდა და ხომ წარმოგიდგენიათ ლევანის შემყურე რა დღეში ჩავვარდებოდი? თავიდან ვცდილობდი მისთვის მხარი ამება, მაგრამ ერთი-ორჯერ თავი ვეღარ შევიკავე და მწარედ შევეპასუხე.
ტყუილს ვერ ვიტყვი - ჩემი გლოვა ღირსეულად აიტანა.
ე, არასდროს ჩამვარდნია ხელში შემთხვევა, რომ ლევანისათვის ეს ყველაფერი მეთქვა - მადლობა გადამეხადა ან ბოდიში მომეხადა.
რთულია აღვწერო ჩემი ცხოვრება ელენე აბაშიძის სიკვდილის შემდეგ. არა, ცხოვრება არა, „ყოფა“ - უფრო შესაფერისი სიტყვაა.
ჰოდა, მოდი აღვწეროთ ჩემი ყოფა :
სხეული დამმძიმებოდა.
ადგილიდან ვერ ვიძროდი.
გეგონება ქვეყნად არსებულ ყველა სევდას ერთ პატარა ადამიანში მოეყარა თავი.
საოცრად ამაღელვებლად ჟღერს, არა?
არადა, არც ისე შორს არის სიმართლისაგან.
წუხილი იზრდებოდა.
სივდებოდა.
საკუთარი სხეულიდან მდევნიდა.
მანადგურებდა.
დროის შეგრძნებაზე აღარაფერს ვამბობ - საერთოდაც ვერ ვგრძნობდი ან თუ გადიოდა ან არ გადიოდა დრო. ერთადერთი, მზის ამოსვლა და ჩასვლა მანიშნებდნენ მორიგი დღის დასასრულსა თუ დასაწყისს.
მე ბათუმის მიწას აღარ ვეკუთვნოდი ან საერთოდ ამ მიწას. სადღაც არარსებულ სივრცეში ვიყავი მოხვედრილი და გასასვლელს ვერ ვპოულობდი. არადა, გეფიცები - ზუსტად ვიცოდი სად იყო გასასვლელი, მაგრამ მის საპირისპირო მიმართულებას დავდგომოდი.
რატომ? რას გაიგებ - ეგებ, სულაც არ მინდოდა რეალობას დავბრუნებოდი?
...მაგრამ ეს კიდევ არაფერია - ყველაზე მეტად რა მაწუხებდა, იცი? წამდაუწუმ უკმაყოფილო ელენეს ხმა ჩამესმოდა. ჩვეულად ცივი. გაწონასწორებელი. მეც თვალებს ვხუჭავდი. სმენას ვძაბავდი და წარმოვიდგენდი ჩემს გარდაცვლილ კლასელს, რომელიც ერთსა და იმავეს მიმეორებდა - რომ ასეთი არ მოვწონდი.
ნეტავ, ახლა თუ მხედავ ან მოგწონვარ, ელენე?
ისე სიმართლე რომ ითქვას, ჩემო ხმავ - მაშინ არც მე მომწონდა საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ, ყოველ ღამე, დაძინებამდე პირობას ვდებდი, რომ მეორე დღეს რაღაც საოცარ გამბედაობას მოვუხმობდი, საძინებლის კარს გამოვაღებდი და სიმართლეს თვალს გავუსწორებდი.
საცოდაობა.
„ზედმეტად მკაცრი ხარ შენი თავის მიმართ, ელია“
-არა, მხოლოდ ჩემი თავის, მაგრამ ეს სხვა ამბავია.
ძალიან გთხოვ, ნუ მომიწოდებ ლმობიერებისკენ. თამამად გეტყვი - ამის ღირსი არა ვარ.
შენ არ იცი როგორია კაცის გული. თანაგრძნობა ოხერია. შეჩვევა იცის. აი, მას რომ მიეჩვევი შემდეგ უსასრულოდ ვარდები. ეშვები სადღაც ქვევით, შავბნელ უფსკურლში. ოცნებობ ფრთებზე, მაგრამ სამძიმრის სიტყვები სიმძიმედ გეკიდებიან და გაცნობიერებასაც ვერ მოასწრებ ისე აღმოჩნდები იქ, სადაც მზის სხივები აღარ აღწევენ მრავალ უთქმელ სიტყვასთან და დამუნჯებულ ბგერასთან ერთად - ასე გადის დრო, რომელსაც უკან ვეღარაფრით დაიბრუნებ.
გამიგონე, ხმა - ვიცი რასაც ვამბობ:
მე ყველა მითანაგრძნობდა, მისამძიმრებდა. ჩემს გლოვაში ამოლპობას მაცლიდა. სწორედ ამიტომ როგორც კი ღამე ჩაივლიდა და მზე გამოანათებდა ყველანაირი სურვილი წინ ნაბიჯის გადადგმისა მიქრებოდა. და ისევ ასე - მთელი დღე საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ შემდეგი დღე სხვანაირი იქნებოდა, ამ ჭაობს თავს დავაღწევდი და რამის გამოსწორებას მოვახერხებდი - ასე გრძლედებოდა პირველი დღეები.
ამასობაში თურმე ელენეც დაუსაფლავებიათ. წვიმიან დღეს. ბევრი ხალხი არ შეკრებილა - მშობლები, ახლობლები და რამოდენიმე ახალგაზრდა. არადა, აბაშიძეების დიდგვაროვანი ოჯახი ყველას უყვარდა. ყოველ შემთხვევაში, ყველა ასე ამბობდა.
რა გასაკვირია, რომ მრავალმა თავი შეიკავა? რამდენი ჭორი დადიოდა! მიუხედევად გამომძიებლების თხოვნისა, მათ არავინ დაელოდა და არაერთი საინტერესო ნაადრევი დასკვნაც გაკეთდა. ყველას საკუთარი ახსნა ჰქონდა ელენეს სიკვდილისა, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე არ მოიხსეინებდა მას, როგორც „გათავხედებულ ლაწირაკს“ ან „დაუნახავ შვილს“.
ბრბოს საკუთარ სიმართლეში ვინ გადაარწმუნებს?
გული მიკვდებოდა და შეუკავებელი სურვილი მეუფლებოდა სასტიკად გავსწორებოდი ყველას, ვინც იმეორებდა - „ასეთი ოჯახის შვილს სადარდებელი რა ჰქონდა?“
მოკლედ - დასაფლავების რიტუალმა ჩემს გარეშე ჩაიარა. ასე, რომ ეს ყველაფერი გადმოცემით ვასილისა და ლევანისგან ვიცი. თურმე, ჩემს არმისვლას მთელი კლასის აღშფოთება გამოუწვევია. არადა, შემიძლია თავი დავდო, რომ მათი დასწრება ქალბატონი თამარისა და ბატონი ვანოს წყალობა იყო. ალბათ, წინა ღამით თითოეულ მშობელს დაურეკეს და სთხოვეს ბავშვების წაყვანა, რათა პატივი მიეგოთ საცოდავი გოგოს ხსოვნისათვის. ერთ-ორ სიტყვასაც დაუმატებდნენ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებში ამ ასკშივე თანაგრძნობის ჩანერგვა და ყველა უსიტყვოდ დათანმდებოდა.
იცი, რაზე ვფიქრობ ხშირად? დღემდე არ ვიცი საფლავის ქვაზე სურათი თუ გამოსახეს...
„არ ნანობ?“
ვნანობ, მაგრამ რა ვიღონო? არ შემეძლო ელენეს საფლავისათვის თვალი გამესწორებინა.
„ელია, მეეჭვება ვინმეს იმაზე დაბალი წარმოდგენა ჰქონდეს შენზე, ვიდრე მე მაქვს. მაგრამ ვერ დამარწმუნებ, რომ შენი არწასვლის მიზეზი მხოლოდ ეგ იყო“
-როდის მოასწარი ჩემი ასე კარგად გაცნობა? კი, ხმა ვიტყუები. მაპატიე - მე გულწფელობას დაგპირდი.
სინამდვილეში დასაფლავებაზე იმიტომ არ მივსულვარ, რომ ლაჩარი ვიყავი. ამის მოსმენა გინდოდა? ოღონდ არაფერი შეგეშალოს - მე სასაფლაო სულაც არ მაფრთხობდა. მას პატარაობიდანვე შევეჩვიე. აი, ელენეს მშობლების დანახვა კი ჭკუიდან შემშლიდა.
ვერ ვუყურებდი მშვიდად, როგორ „იგლოვებდნენ“ ერთადერთი, საყვარელი ქალიშვილის გარდაცვალებას და ვერც იმ ხალხის ხმას ავიტანდი, რომლებიც მიუსამძიმრებდნენ და კიდევ ერთხელ შეახსენებდნენ, რომ შვილის დაკარგვა ყველაზე დიდი ტკივილია.
ამაყად შეხვდებოდა ჭირისუფალს ქალბატონი ირინე. რამდენიმე ცრემლს გადმოაგდებდა და მრავალს გაიხსენებდა ელენეს ბავშვობის შესახებ. ენაცვალოს დედა. ასე ყველა დარწმუნებოდა მათი დედა-შვილობის სიწმინდეში. იმას კი ვერავინ გაიგებდა, რომ ელენე პირველად სწორედ დედამისმა მოკლა - მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო და საკუთარი სისუსტე შთააგონა.
ე, ბატონი ერეკლეც როგორი სევდიანი იქნებოდა! ალბათ, მდუმარედ სტუმრებს თავს დაუკრავდა, ხელს ჩამოსართმევად გაუწოდებდა და სევდანარევი ხმით მოსვლისათვის მადლობას გადაუხდიდა. მიმსვლელებიც გაოცებულები დარჩებოდნენ ამ კაცის კულტურითა და თავდაჭერილობით და არც ერთს არ მოუვიდოდა აზრად, რომ სწორედ ეს ხელი იყო დასვრილი ელენეს სისხლით.
რა თქმა უნდა, ვერავის წარმოედგინა სინამდვილეში რა მოხდა - მე კი ვიცოდი სიმართლე და ეს სულაც არ მაბედნიერებდა.
ელენეს სიკვდილში ხელი არც ტალღებს ერიათ და არც აღელვებულ ზღვას.
ელენე მამამისმა მოკლა ან შეიძლება შემოაკვდა.
როგორი სათქმელია?
ღმერთო ჩემო! რა სულელი ვიყავი! ამდენ დროსა და ძალისხმევას ჩემს ღამის შფოთვებთან ბრძოლაში ვხარჯავდი. ისინი არ უნდა მედევნა. მათთვის უნდა მომესმინა. ეს გაფრთხილება იყო. მინიშნება, რომ ელენეს სახლამდე უნდა გავყოლოდი, რომ ყველაფერი უნდა მეღონა ოღონდ ელენე მამამისის პირსპირ მარტო არ დარჩენილიყო. მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში მე ვარ, ჩემი დანაშაული კი იყოს ის, რომ ძალიან გვიან მივხვდი.
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, არა, ხმა?
ჩემს დღეში ამაზე დიდი სისულელე არაფერი გამიგია.
***
აჭარაში ერთი სოფელია.
ერთი რა, ჩემი სოფელი.
მერისი.
მიყრუებული და მთებში დაკარგული.
ალბათ, სულ ოციოდე ადამიანიღა ცხოვრობს. მათ შორის სურია - დედის დედა, ჩემი ფილოლოგი ბებო.
მიყვარდა, როდესაც ზაფხული იწყებოდა და მერისში მივდიოდი და არ მიყვარდა, როდესაც ზაფხული მთავრდებოდა და მერისიდან მოვდიოდი.
ჩემი ეზოს დატოვება ხომ არდადეგების დასასრულსა და შემოდგომის ჩამოწოლას ნიშნავდა. როგორც კი ჭიშკარს გავცდებოდი, გუნება მიფუჭდებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა - გინდ, მცოდნოდა, რომ ორ დღეში უკან დავრბუნდებოდი, ვერაფერს ვუხერხებდი ამ შეგრძნებას. იქ დრო არ გადიოდა ან შეიძლება გადიოდა და მე ვერ ვგრძნობდი. აი, ყველა ზღაპარში რომ არის შორეული სამეფო, სადღაც ცხრა მთას იქით - საოცარი ბუნებითა და არაამქვეყნიური სიმშვიდით.
ჰო, შეიძლება ვაზვიადებ, მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, შემიძლია დავიფიცო, რომ ჭიშკრის მეორე მხარეს სულ სხვა სიმძიმით აღვიქვამდი სივრცესა და დროს.
ყველაფერი ერთმანეთში ავურიე.
მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ძალიან ბედნიერია ყველა, ვინც პოულობს იმ ერთ ადგილს, რომელსაც ქვეყნიერებისაგან გამოყოფს.
ქუთუთოებს ვძაბავ. ვცდილობ წარმოვიდგინო :
ფართო მწვანე ეზო. აგურისფერი სახლი. ხის საქანელა.
თითქოს სადღაც შორიდან ჩემსკენ ბახულაც ყეფით მორბის.
დედის დაბადებიდან ორიოდე თვეც არ იქნებოდა გასული, როდესაც ბაბუა დაიკარგა. აი, ასე - ერთ დილას წავიდა სანადიროდ და აღარ დაბრუნებულა. სად აღარ ეძებეს, მაგრამ მის ასავალ-დასავალას ვერსად მიაგნეს. რამოდენიმე დღეში ხეობის წყევლას შეაწერეს ბაბუაჩემის სხეული და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ალბათ, მაშინ გასაკვირი იქნებოდა ოჯახში მხოლოდ ერთი შვილის ყოლა, მაგრამ მარტო ბებიაჩემი რაღას გახდებოდა? სურია ბაბუის გაუჩინარების შემდეგ აღარ დაოჯახებულა და დარჩა მარტო სოფელში ბეწვგაჭაღარავებულ, კოჭლ ბახულასთან ერთად. არადა, თვითონ კი ამბობს, რომ მრავალი მთხოვნელი ჰყავდა ოჯახისქალობით სახელგანთქმულს. მაგრამ აბა სადღა ეცალა თაყვანისმცემლებისათვის პედაგოგს, რომელსაც ევალა ხუთიოდე ბავშვისათვის ქართული ესწავლებინა?
ჰოდა, რამ გამახსენა ახლა ჩემი სოფელი :
ერთ დღეს ოთახის კარზე სურია ბებომ დამიკაკუნა. თურმე, ვასილი ელოდა ჩემს გამოკეთებას, ელოდა და, როდესაც მიხვდა, რომ დრო გადიოდა მე კი ,მეტი რომ არ შეიძლება ისე, კარგად ვირგებდი ოთახში ამძორებას, დახმარება ითხოვა . შორეულმა მთებმა პასუხი კი გააგონეს, მაგრამ , ვაი, რომ მათგან წამოსულმა ნიაღვარმა ჩემი უძრაობის დასასრული მამცნო.
ჯერ ძილბურანიდან გამომაფხიზლა. არანაირი - „შენ მოგიკვდა შენი ბებო“ ან „ შენ შემოგევლე ჩემო მონატრებულო შვილიშვილო“. შემოვარდა და ფარდები გადასწია. მახსოვს რამოდენიმე დღე იყო, რაც არ მეგრძნო კანზე მზის შეხება. დიდად არც მესიამოვნა, მაგრამ აბა, გამებედა მქუხარე სურიასთან რამეზე დაწუწუნება! ჯერ ბოლომდე არ ვიყავი საწოლიდან წამომდგარი, რომ უკვე თეთრეულს ცვლიდა.
-დროზე ჩაიცვი. ჭამე და სკოლისაკენ. აბა, მიდი!
საძინებელი მორჩილად დავტოვე. სურიამ ორ წუთში მოახერხა ის, რაც ვასილიმ კვირის განმავლობაში ვერ შეძლო. მამას სამზარეულოსთან გადავეყარე. კმაყოფილმა გამომხედა და ჩურჩულით ბოდიში მომიხადა.
ერთად ვისაუზმეთ. მე და ვასილი ვჭამდით. ბებო სოფლის ისტორიებს ყვებოდა. თურმე, ჩვენი მეზობლის ძროხამ ხბო მოიგო, ხოლო თითისტოლა გულო გაბოზებულა და ვიღაც კახელთან ერთად გადახვეწილა. რას არ გაიგებს კაცი!
რა თქმა უნდა, ბებიაჩემმა ყველაფერი იცოდა აბაშიძეების ოჯახს დამტყდარი უბედურების შესახებ. სწორედ, ამიტომ ჩამოვიდა. ამ ამბებით კი, რომელიც ,თავს დავდებ, თვითონაც არ აინტერესებდა, ცდილობდა შინაურული გარემოს შექმნასა და ყურადღების გადატანას. ეს მისეული გზა იყო მხარდაჭერის გამოხატვისა და ,თუ დამიჯერებთ, სწორედ ეს გვჭირდებოდა ბოლქვაძეებს.
საუზმის შემდეგ დამიბარა, რომ სკოლაში დარეკავდა და მანამ დარჩებოდა ჩვენთან, სანამ გამოტოვებული მასალის ათვისებაში არ დამეხმარებოდა. ესე იგი, ჩემზე იყო დამოკიდებული სურიას ყოფნა-არ ყოფნა. ძალიან უნდა მომენდომებინა. გამზადებული ზურგჩანთა გამომიწოდა და სახლიდან თითქმის ძალით გამაგდო. სამაგიეროდ, დამპირდა, რომ საღამოს ვახშმად სინორს დამახვედრებდა.
აი, ასე აღმოჩნდა სურია ერთადერთი, ვინც ჩემი სახლიდან გაშვება და ცხოვრებას დაბრუნება მოახერხა. როგორ გაცვეთილადაც არ უნდა ჟღერდეს „რკინის ქალი“ - რამდენჯერაც ეს სიტყვები მესმის, იმდენჯერ მიდგება თვალწინ სურია ბებო - საოცრად თბილი თვალებითა და საოცრად მწარე ხელით.
ცა ნაცრისფერი იყო, ჰაერი- ჩახუთული.
გზა ისე გავიარე, სანაპიროსაკენ არც გამიხედავს.
სკოლის ეზოში შესვლისთანავე რაღაც უცნაური სუნი ვიგრძენი. თავბრუ დამეხვა. ლევანმა დამინახა. გაოცება ვერ დამალა. გულწრფელად გაუხარდა. ბიჭებს მოშორდა და ჩემსკენ გამოექანა. ისეთი სიფრთხილით მომესალმა გეგონება საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვყოფილიყავი. ცოდვა გამხელილი სჯობს - მივხვდი რომ საერთოდ არ მომნატრებია. ამის აღიარებამ გამაბრაზა.
მთელი დღე გვერდიდან არ მშორდებოდა. ხან რას მიედმოედებოდა, ხან რას. იცოდა, რომ არ მიყავრდა ჩემს განცდებზე საუბარი, ამიტომ კლასის ამბებითა და ჭორებით მტვირთავდა, მე კი ვუსმენდი, უფრო სწორად თავს ვაჩვენებდი, რომ ვუსვენდი. სინამდვილეში კი საკუთარ თავს ერთ კითხვას ვუსვამდი - გული რამ აგიცრუა?
მაშინ ამ კითხვას პასუხი ვერ გავეცი, რადგან მაშინ ლევანს არაფერი დაეშავებინა, მაგრამ ჩემს გუმანს რას გამოაპარებ? მაგის დროც დადგა - როდესაც მე და ჩემი ძმადნაფიცი ერთამენთს, უკანასკნელად შევხვდით სიმართლე ვუამბე. მან არ დამიჯერა, უფრო სწორედ, ელენეს არ დაუჯერა და გამომიტყდა, რომ ყოველთვის ხვდებოდა, რომ „ეგ გოგო ბოლომდე დალაგებული ვერ იყო“. კი, გული მეტკინა, მაგრამ ის ხომ მაინც დავადგინე, რომ ჩემმა წინათგრძნობამ გაამართლა? ბოლოსდაბოლოს, მიზეზიც მომეცა, რომ საკუთარი დამოკიდებულება განმემარტა. მეტი რაღა მინდოდა?
სიმართლე ითქვას იმ დღის ბევრი არც არაფერი მახსოვს. ყველამ ამბავი მკითხა. ვერ დაუკარგავ, მართლა წუხდნენ ჩემი კლასელები, მაგრამ მე მათ ვერ ვუსმენდი. ისე გავიდა დღე, რომ ელენეს ცარიელ მერხს თვალი ვერ მოვაშორე. რაღაც უსიამოვნო შეგრძნება უკან დამყვებოდა. გული მერეოდა. რამდენჯერმე საპირფარეშოშიც გავედი იმ იმედით, რომ მოვიშორებდი. ვახველებდი, ვიხრჩობოდი, მაგრამ ვერაფერი.
ვცდილობდი აღარ შემემჩნია, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი. ბოლოს და ბოლოს, მეც ყელში ამომივიდა ყველას სიბრალული და ძალდატანილი მოკითხვა.
არა, მახსოვს! თანაც ძალიან კარგად.
სწორედ იმ დღეს მოხდა ის, რის დავიწყებასაც მთელი გულით ვისურვებდი. გაკვეთილების დასრულების შემდეგ კლასში შევყოვნდი. ბავშვების წასვლას დაველოდე. ქალბატონმა თამარმა მთხოვა ერთი-ერთზე დავლაპარაკებოდი.
-ელია, რომ იცოდე როგორ გამახარა შენმა დაბრუნებამ!
-თამარ მას, ბევრი გამომიტოვებია...
-არ იდარდო. ყველაფერს უცებ აითვისებ, თუმცა ეგ ახლა მეორე ხარისხოვანია. მასალაზე სასაუბროდ არ მინდოდა შენი დამარტოხელება. თავს როგორ გრძნობ?
-უკეთესადაც შეიძლებოდა.
-დაიტანჯებოდი, შვილო - თუ ვინმესთან საუბარი დაგჭირდა იცოდე, რომ შენს გვერდით ვარ.
-ვიცი, მას დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ თქვენც ძალიან განიცდიდით ელენეს ამბავს.
-აბა რა, ელია! საწყალი გოგო. ვერ დამიჯერებია. ასე, როგორ ან ვინ გაიმეტა.
სიტყვები ყელში გამეჩხირნენ. პირს ვაღებდი, მაგრამ ბგერებს ვერ გამოვცემდი. თურმე, რამდენად რთული ყოფილა, ამის თქმა! მე კიდევ ელენეს ვუჩიჩინებდი, რომ სიმართლის დამალვა აღარ შეიძლებოდა.
მაინც მოვახერხე წამომეყვირა :
-მამამისმა! -
ქალბატონა თამარი შეცბა. გამომცდელად შემათვალიერა. მარჯვენა ხელით მერხს დაეყრდნო. გაკვრივებული ჩანდა. მეც თანაგრძნობით ვუცქერდი. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ის ერეკლეს ლოთობის ამბავმა კი არა, იმან გააკვირვა მე რომ ვიცოდი?
-ესე იგი, შენც იცოდი, ელია?
-რას ამბობთ, თამარ მას?
-რამდენჯერმე შევნიშნე იარები ელენეს მკლავებზე. ჭორები ისედაც დადიოდა, მაგრამ ვფიქრობდი, იმედი მქონდა, რომ ხალხის ბოროტებასა და შურს საზღვარი არ ჰქონდათ და იმ უბედურ კაცსაც უგონებდნენ ლოთობას. რას ვიფიქრებდი, რომ ასეთ უსაშველო მდგომარეობაში იყო ის უბედური გოგო? ..
-ძალიან ცუდი გაგიკეთებით!
-მე არაფერი შემეძლო, ელია.
-მომისმინეთ - წამი არ გასულა იმ წყეული დღის შემდეგ, რომ ჩემი თავის არ მრცხვენოდეს ან არ მეზიზებოდეს ან არ მებრალებოდეს. მეზიზღება იმიტომ, რომ მეც დამნაშავე ვარ, ლენეს წინაშე ყოველი ჩვენგანი დამნაშავეა. მრცხვენია იმიტომ, რომ ვერაფერო მოვიფიქრე, რომ ელენე ამ უბედურებისაგან დამეხსნა და მებრალება, იმიტომ, რომ გავაცნობიერე რამდენად სუსტი და არაფრისმაქნისი ვყოფილვარ. მაგრამ მე მოზარდი ვარ. რაღაც გამართლება მაინც მომეძებნება.
ამ დროს კი მე კი არა, თქვენ უნდა გეზიზღებოდეთ საკუთარი თავი. ღამეები არ უნდა გეძინოთ. ელენეს სახე მოსვენებას უნდა გიკარგავდეთ, მისი სახელის გაგონება გულს გიკაწრავდეთ.
ეს როგორ დაუშვით?
-ელია, ძალიან გთხოვ დამშვიდდი.
-რა უბედურებაა! ყველანი დამძახით - დამშვიდდი ელია, დამშვიდდი. როგორ დავმშვიდდე, როდესაც ყოველ დღე ერთი მეორეზე უარესს ვიგებ.
-ეგრეა, შვილო. ვერაფერს გააწყობ. ოჯახის საქმეა - მე ვერ ჩავერეოდი.
მართალიც იყო ქალბატონი თამარი. რას გააწყობდა? ძალადობა ოჯახის საქმეა! მერე, რა რომ ბავშვებს ბავშვობა ემსხვრევათ ან ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იხოცებიან.
ოჯახი წმინდაა.
ხელშეუხებელი.
ე, ხმა! საოცარ სამყაროში გვიცხოვრია.
***
ალბათ, ქალბატონ თამართან საუბარს უნდა ვუმადლოდე კიდეც - იმ დღის შემდეგ ჩემი სხეული ხომ მწუხარებისაგან ერთიანად დაიცალა. თითქოს შავი სამოსი გამეხადა ანდა დიდი ხნის შემდეგ მრუდე სარკეში საკუთარი ანარეკლი მეპოვნა. ვგავდი კი ისევ საკუთარ თავს? ერთი შეხედვით - კი. სინამდვილეში კი საერთოდაც არა. სამწუხაროდ, ამას ვერ ვაცნობიერებდი.
...მაგრამ, აბა რას მოვითხოვ? მაშინ ჯერ ხომ იმასაც კი ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ წუხილს კვალად სიცარიელე არ დაეტოვებინა. როგორ შემეძლო მეფიქრა მაინც, რომ ამხელა განცდა ,თითქოს არაფერი, დროის განმავლობაში ჩაცხრებოდა? არამცდაარამც - მან რაღაც უარესს, უფრო ძლიერს, ლეტალურს დაუთმო ადგილი.
ე, თურმე წუხილი არაფერი ყოფილა. აი, მრისხანება კი განაჩენი. ფატალური, უვადო განაჩენი.
გული მერეოდა, როდესაც ჩემი თანაკლასელები, უფროსები ან გინდ მამაჩემი მოდიოდნენ და მეკითხებოდა როგორ ვიყავი. ვინ გამკიცხავს იმისათვის, რომ მათ შეკითხვებს მოკლე პასუხებითა ან სულაც გაუგებარი ჟესტებით ვიგერიებდი?
ხმა, მიდი რა, შეგიძლია შემეკამათე! მითხარი, რომ მავანთან საუბრის სურვილი კვლავ უნდა მქონოდა ანდა ჯერ კიდევ შემეძლო მეპოვნა ის, ვინც ჩემთან ერთად სამართლიანობისათვის იბრძოლებდა.
„სამართლიანობისათვის ბრძოლა“ - როგორ დიდებულად ჟღერს არა? მიმიფურთხებია ასეთი სამართლისათვის.
მგონი არ მითქვამს, ჩემო მეგობარო და მეეჭვება ამის შესაძლებლობა კვლავ მომეცეს, ამიტომ კიდევ ერთ რაღაცას გაგიმხელ ჩემი სტუდენტური ახირებების შესახებ :
როდესაც უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე ერთმა გამონათქვამმა დამაფიქრა - jus est ars boni aequi - სამართალი სიქველისა და სამართლიანობის ხელოვნებაა. როგორ შეიძლება ამ აზრით არ მოიხიბლო? ნეტავ, მართლაც ასე იყოს და სიქველე და სამართლიანობა განსაზღვრავდეს ადამიანთა ყოფას. ყველაფერი ბევრად უკეთესად არ იქნებოდა?
გაგიმხელ და წამით ამის კინაღამ დავიჯერე და ერთი ხელის მოსმით დავივიწყე შორს, უკან ჩამოტოვებული მოგონებები.
ლამის ისიც კი გადამავიწყდა, როგორ ვუყურებდი, რომ გადიოდნენ დღეები. გამომძიებლები კი სწორ კვალს დადგომას არ ჩქარობდნენ ანდა ის დღე, როდესაც გავიღვიძე და პირველი ამბავი, რომელიც გავიგე იყო იმის შესახებ, რომ ელენე აბაშიძე, ერეკლე აბაშიძის ასული, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა და გარე პირის ჩარევის არანაირი კვალი არ ჩანდა.
არა, რა თქმა უნდა, მათი გაგებაც შეიძლება! ვინ გაბედავდა ბატონ ერეკლე აბაშიძესთან დაპირისპირებას?
არ მეთანხმები, ხმა? ძალაუფლება ჯოჯოხეთს ანათებს.
მოდი, წამით წარმოიდგინე ჩვიდმეტი წლის მოზარდი, ელია, რომელიც ადანაშაულებს დიად პიროვნებასა და დამსახურებულ მოღვაწეს საკუთარი ქალიშვილის მკვლელობაში.
სასაცილოდ ვის ეყოფოდა?
ასე გავაცნობიერე, რომ ჩემს გარშემო არავის შეეძლო ჩემი გაგება ან რაიმე სახარბიელოს შემოთავაზება. ამიტომ, დახმარების ძებნა სხვაგან დავიწყე.
აბა თუ გამოიცნობ სად მიდიან ადამიანები, როდესაც იმედები უცრუვდებათ და ვეღარავის პოულობენ გასამხნევებლად?
ჩემი სახლიდან ორიოდე უბინს მოშორებით პატარა, კეთილმოწყობილი ეკლესია მეგულებოდა. როდესაც ხეებით გარშემორტყმულ ტაძარს ვუცქერდი, თავს განსაკუთრებული რაღაცის ნაწილად ვგრძნობდი. თითქოს სინათლე მეფინებოდა, ხოლო არემარე თავშესაფარი ხდებოდა.
პატარაობისას მწუხრსაც ხშირად ვესწრებოდი და არც ზიარების საიდუმლოს ვაკლდებოდი ჩემს მოძღვართან, მამა გიორგისთანაც, მიყვარდა საუბარი. მეტი რომ არ შეიძლება ისე - ასე რომ, მასთან რჩევა-დარიგებისათვის მისვლა სულაც არ მეთაკილებოდა.
აი, ასეთია ცხოვრება - როდესაც ბედნიერი ხარ, გავიწყდება მადლიერების გამოხატვა. სამაგიეროდ, როდესაც ყველაფერი გამოუსწორებლად განადგურებულია, მაშინ არ გერიდება ეკლესიაში მისვლა და შველის თხოვნა.
ალბათ, ღმერთი მართლაც ძალიან კეთილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანების უმადურობას როგორ აიტანდა?
მოდი, ერთ განმარტებასაც გავაკეთებ - ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ მე ღმერთის რწმენა დავკარგე. უფრო ადამიანების. ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და შემდეგი დასკვნა გავაკეთე - ხომ ნათქვამია ღმერთმა ადამიანი საკუთარი თავის ხატად შექმნაო? შესაბამისად, განა, ადამიანების რწმენის დაკარგა, რაღაც მხრივ ღმერთის რწმენის დაკარგვასაც არ ნიშნავს?
არა, ამაზე საუბარი რომ დავიწყო, ალბათ, კიდევ რამდენიმე ღამის მატარებელში გატარება მომიწევს. უმჯობესია კვლავ ამბავს დავუბრუნდეთ :
კვირა დღეს ეკლესიაში მისვლა წირვის დაწყებამდე გადავწყვიტე. პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. ტაძარს რამდენიმე წრე დავარტყი და შესასვლელის ოდნავ მოშორებით წამოვჯექი.
ჩემთვის რაღაცებს ვბუტბუტებდი. ზეციერს ელენეს სულის შენდობას ვთხოვდი, თან ძალიან მრცხვენოდა. პირჯვარსაც კი მორიდებით ვიწერდი თავს იმდენად უმადურ პორუტყვთან ვგრძნობდი.
მეც ხომ მხოლოდ მაშინ გამახსენდა ჩემი მოძღვარი, როდესაც თავს უბედურება დამატყდა?
გარშემო ჯერ არავინ ჩანდა. მოგონებებში ჩავიძირე. ვცადე აღმედგინა ყველა აღსარება, რომელიც ამ ტაძარში ჩამიბარებია. მახსოვს როგორ მიჭირდა ხმამაღლა ჩემი ცოდვების ჩამოთვლა - ამიტომ წირვის დასრულებამდე პატარა ფურცელზე ვწერდი. მამა გიორგი ყურადღებით კითხულობდა შემდეგ კი ხევდა, ნაკუწებს უკან მიწვდიდა და მაბარებდა, რომ სახლში მისულს დამეწვა.
ზუსტად მახსოვს, რამხელა სიამოვნებას ვგრძნობდი, როდესაც ვუყურებდი, თუ როგორ იფერფლებოდნენ ჩემი ცოდვები ცეცხლში - მართლაც ასეთი მარტივი რომ იყოს ცხოვრებაში ყველა მომხდარის დაფერფვლა, რა დაშავდებოდა?
მოგონებებიდან ჩემსკენ მომავალმა მამა გიორგიმ გამომარკვია. ხალისიანი ჩანდა. ჩვეულად ალერსიანი გამოხედვითა და ღიმილით მომიახლოვდა.
-დამლოცეთ, მამაო.
-ელია, ჩემო კარგო, რამხელა გაზრდილხარ!
-თქვენ საერთოდ არ შეცვლილხართ.
-ამხელა კაცს, რას მაშაყირებ! რამდენი წელია არ შევხვედრილვართ?
-ერთ წელზე მეტი იქნება, მამაო.
-უნდა გისაყვედურო! ტაძარი დაგივიწყებია.
-მართალი ბრძანდებით. თავს ვერ გავიმართლებ.
-მთავარია დღეს მოხვედი. მამა ხომ კარგად, არის?
-არაფერს უჩივის.
-ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცი.
-აუცილებლად მამაო.
-შვილო, რაიმე ხომ არ გაწუხებს.
-კი, მამაო. სამწუხაროდ, არ ვარ კარგი ამბით მოსული.
-ასეც ვიფიქრე.
-ძალიან მჭირდება თქვენთან საუბარი.
-რა თქმა უნდა, ელია. თუ რამით შემიძლია დაგეხმარო, შენ გვერდით მიგულე.
-დაკავებული ხომ არ ხართ? შემიძლია მოგვიანებით დავბრუნდე.
-რას ამბობ! ძველი მეგობრებისათვის დროს ყოველთვის გამოვნახავ.
მამა გიორგიმ მანიშნა გავყოლოდი. სატრაპეზოში შემიძღვა. მარჯვენა ხელით სკამისაკენ მიმითითა. მეც ჩამოვჯექი. საუბრის წამოწყებას ვერ ვახერხებდი, თუმცა უნდა ვაღიარო - ამბის მოყოლაზე იმდენად არ ვღელავდი, რამდენადაც სწორი სიტყვების შერჩევაზე. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ არ იყო ქალბატონი თამარი, არამედ ჩემი მოძღვარი ან ,როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე - ჩემი ძველი მეგობარი.
თავს უფლება მივეცი მოვდუნებულიყავი. ღრმად ამოვისუნთქე და თხრობა დავიწყე. მამა გიორგი ყურადღებით მისმენდა. არაფერს მპასუხობდა. გაგონილ წინადადებებს წონიდა და ფიქრობდა.
ჯერ ელენეს გაცნობის შესახებ ვუამდე, შემდეგ ჩვენი პატარა სასიყვარულო თავგადასავლის. შიგადაშიგ ვსლუკუნებდი. გრძნობებს ვერ ვერეოდი, ამიტომ სენტიმენტალური ნაწილი გამოვტოვე და პირდაპირ მთავარს მივადექი - გავუმხილე სიმართლე მისი გარდაცვალების შესახებ და მაშინ, როდესაც ველოდებოდი, რომ ჩემი მოძღვარი მკითხავდა დარწმუნებული ვიყავი თუ არა ჩემს ეჭვებში, მან ამოიოხრა და მის მზერაში ამოვიკითხე - ელენეს ამბავს მთელი გულით წუხდა.
მამა გიორგი პირველი იყო ვისაც ეჭვი არ შეუტანია ჩემში - ეს ძალიან დავაფასე.
სკოლაში მომხდარსაც მივადექი. ჩემსა და ქალბატონი თამარის საუბრის ყველა დეტალის აღდგენას ვცდილობდი. ბრაზი მერეოდა, მაგრამ მისი სახელი არ გამიმხელია. ისიც ხომ ამ ტაძრის მრევლის ნაწილი იყიო. თავი ვალდებულად ჩავთვალე არ „ჩამეშვა“.
შეწუხებული მოძღვარი ბოლთის ცემას მიყვა :
-დიდ განსაცდელში ყოფილხარ, ელია. ვისურვებდი, რომ ჩემთან უფრო ადრე მოსულიყავი და ყველაფერი მოგეყოლა. იქნებ ამ ამბის თავიდან არიდება მოგვეხერხებინა.
-ვიცი, რომ შევცდი, მამაო. ამას გულწრფელად ვამბობ. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. დღე არ გავა, რომ სინდისის ქეჯნა არ ვიგრძნო. ყოველი ქუჩა, ყოველი მოსახვევი, მთელი ქალაქი ერთხმად რაღაც გაურკვეველს მიყვირის. ელენემ თავისი საიდუმლო მხოლოდ მე გამანდო მე რა გავაკეთე? ვერაფრით დავეხმარე. მას ჰქონდა გადაწყვეტილი სიჩუმეში ეცხოვდა და მეც, დებილი, ვფიქრობდი, რომ პატივი უნდა მეცა მისი არჩევანისათვის.
-შეცდომა ყველას მოსდის, ელია. თავს ნუ იდანაშაულებ. შენ პატარა და გამოუცდელი ხარ. ზედმეტად დიდ ამოცანას იყავი შეჭიდებული. მიტევება უნდა შეძლო. უნდა მიუტევო ყველას. პირველ რიგში საკუთარ თავს.
-არ შემიძლია. მივუტევო ადამიანებს, რომლებმაც ჩვიდმეტი წლის გოგოს ჯერ ბავშვობა წაართვეს, შემდეგ კი მოსაკლავად გაიმეტეს.
-ალბათ, ასეთი იყო უზენაესის ნება.
ამ სიტყვებმა გამაბრაზეს. შევეცადე არაფერი შემემჩნია, თუმცა მამაოს მახვის თვალს ჩემი უკმაყოფილება არ გამოპარვია :
-იმას ვგულისხმობ, ელია, რომ ღვთის განგებას ვერავინ გაექცევა. დამნაშავეებს პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ.
-კი, მაგრამ, რადგანაც ყველაფერი ისე აეწყო, რომ მხოლოდ მე შევიტყვე სიმართლე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც წვლილი დამნაშავეთა დასჯაში მეც უნდა შევიტანო?
-შენ შენი სულის ხსნაზე უნდა იფიქრო.
-მგონია, რომ მალე ზიზღი მაჯობებს. მახრჩობს იმდენჯერ, რამდენჯერაც ვიაზრებ, რომ ელენე მიწაშია, მკვლელი თავისუფალი, კანონი კი უმაქნისი.
-შეიძლება დამნაშავე კანონს გაექცეს, მაგრამ ,როგორც უკვე გითხარი, ღვთიურ სამართალს ვერსად წაუვლენ. „მიეცით კეისარსა, რაც კეისრისაა და ღმერთსა, რაც ღვთისაა“ - ასეა გამიჯნული ერთმანეთისაგან საერო და სასულიერო ცხოვრება. ძალიან გთხოვ - იმედი არ დაკარგო. არ მისცე ამ განსაცდელს უფლება საღი განსჯის უნარი წაგართვას.
-უკვე მიჭირს მაგის დაჯერება.
-ძალიან დიდი მოთმინება გმართებს, შვილო და გამოგიტყდები, მე უფრო სხვა რამ მაფიქრებს. ამ მოვლენებმა ცოდვის ჩადენისკენ არ გიბიძგოს. ელია, ძალიან გაგიჭირდება ასე ცხოვრება - რამდენი წლით ვარ შენზე უფროსი... მეც კი ვერ გეტყვი დანამდვილებით შენს ადგილას როგორ მოვიქცეოდი.
-ესე იგი მთავაზობთ, რომ გულხელდაკრეფილი ვიჯდე?
- მე გთავაზობ, რომ გადარჩე. დღეიდან შენი ერთადერთი მიზანი უნდა იყოს ბათუმიდან წსვლა - გესმის? შენს ცხოვრებას უნდა მიხედო და შეეცადო მომხდარი დაივიწყო. მიანდე ღმერთს ის, რასაც მის გარდა ვერავინ გამოასწორებს.
-გაქცევას მთავაზობთ?
-სამწუხაროდ, სხვა გზას ვერ ვხედავ. შეიძლება არ მოგწონდეს ის, რასაც გეუბნები, მაგრამ იქნებ, მაინც გაითვალისწინო ჩემი ნათქვამი.
-ამის მოსმენას არ ველოდი.
-ვიცი, შვილო, მაგრამ სხვას ვერაფერს გირჩევ - ეკლესია უძლურია მსგავს საკითხებში.
თავი ვეღარ შევიკავე წამოვხტი. ხმას ავუმაღლე.
-მგონი კარგად ვერ გამიგეთ. ვგრძნობ ცოცხლად ვიხრწნები. თქვენ კი მეუბნებით, რომ ბათუმიდან წავიდე? ახალი ცხოვრება როგორ დავიწყო, როდესაც მეცოდინება, რომ ვცხოვრობ იქ სადაც მკვლელები დაუსჯელები რჩებიან, მოძალადეებს პასუხი არ მოეთხოვებათ, ხალხი კი თავს იბრმავებს, მსხვერპლს ზურგს აქცევს და ისე ცხოვრობს თითქოს არავის სიცოცხლეს გარშემო ფასი არ ჰქონდეს. და დღეს, თქვენ ამ ყველაფრის გამგონი მირჩევთ, რომ დღედაღამ ვილოცო და მოთმინება მოვიკრიფო, მე კი იმის მეშინია, რომ საერთოდ ყველაფრის რწმენა არ დავკარგო.
იმ დღეს სატრაპეზოში მეც დამიდგა ის წამი, როდესაც ჩემი თავი უცხოს თვალით დავინახე - ხმა ჩამიწყდა. მამა გიორგი ჩემმა სიტყვებმა შეაშინეს. თვალებში აღარ მიყურებდა. ჰაერი არ მყოფნიდა.
-დაგტოვებთ, მამაო.
-აუცილებლად ვილოცებ შენთვის. თუ დროს გამონახავ ჩემი კარი მუდამ ღიაა.
აღარ მიპასუხია. მდუმარედ კარისაკენ გავეშურე და ის ის, იყო სატრაპეზო უნდა დამეტოვებინა, რომ მოძღვრის სიტყვები დამეწივნენ.
-ელია, არასდროს დაივიწყო რას ამბობს უფალი - „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“
შეჩვენებული, ბრძენი მოხუცი. ალბათ, წინდაწინვე განჭვრიტა ჩემი მომავალი. იმ დღის შემდეგ ერთმანეთს აღარც შევხვედრივართ.
„ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ - მე ხომ ახლა ბათუმში შურის საძიებლად ვბრუნდები? ერეკლე უნდა მოვკლა. ქალიშვილის მკვლელობისათვის პასუხი ვაგებინო. ჰოდა, იცი რაზე დავფიქრდი? ნეტავ, როდესაც ღვთის წინაშე წარვსდგები რის გამო უფრო სასტიკად დავისჯები - ადამიანის სიცოცხლე რომ შევიწირე, თუ თავი ღმერთს რომ გავუტოლე და შურისძიების გზას დავადექი?
აბა, რას იტყვი, ხმა ,ჯოჯოხეთში მოვხვდები?
ანდა, დაივიწყე - პასუხი საჭირო არ არის.
***
მატარებელი ჩერდება.
ურეკი.
სადგურის ხმაური მოგონებებიდან მარკვევს.
პრინიპში ბევრი არც აღარაფერი დამრჩა მოსაყოლი.
ერთი წელიც არ იყო გასული ჩემი და მამა გიორგის საუბრის შემდეგ რომ ბათუმიდან წამოვედი. როგორც კი, გავიგე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ჯანდაბა! ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, რომ მისი სიმართლე ვაღიარე.
ვასილი მთხოვდა დავრჩენილიყავი. ეს ზაფხულიც მასთან ერთად გამეტარებინა. უამრავი რამ ჰქონდა დაგეგმილი, რაც ჩვენს მამა-შვილობას ძველ სიმტკიცეს დაუბრუნებდა. ჯერ სურიასთან დასვენება, შემდეგ კი თურქეთში გადასვლა - თევზაობა, ლაშქრობა და უამრავი სხვა რამ. ისიც არ დავიწყებია, რომ კაბადოკიის დათვალიერება მქონდა ამოჩემებული. ამით უნდოდა დავესაჩუქრებინე გამოცდებში მიღწეული წარმატებისათვის.
მისმა შემართებამ დამაფიქრა, მაგრამ მაინც გავჯიუტდი - ხან საცხოვრებლის მოძებნა მოვიმიზეზე, ხან ახალ გარემოსთან შეგუება. ღმერთო, ყველაფერს ვიტყოდი, რაც საჭირო იყო, ოღონდ მალე წავსულიყავი. მამაც გატყდა. ხვდებოდა ჩემს განზრახვას. რა თქმა უნდა, სწყინდა, რომ საკუთარი სახლიდან ისე მინდოდა გაქცევა, თითქოს დაუპატიჟებელი სტუმარი ვყოფილიყავი, მაგრამ სიმართლე ითქვას, ასეც იყო და აბა, წინ ვინღა აღმიდგებოდა?
ზუსტად ერთ კვირაში გამთენიისას მწვანე მარშუტკაში ჩავჯექი. მამასა და ბებიას ცივად გამოვემშვიდობე და შავი ზღვის მხარისაკენ აღარასოდეს გამიხედავს. „თითქმის აღარასოდეს“ მეტყვის, ალბათ, ახლა ხმა და მართალიც იქნება, რადგან ,როდესაც მძღოლმა ურეკში დაამუხრუჭა, ძალიან მიმომინდა უკან დავბრუნებულიყავი. თვალწინ დამიდგა ჩემს ცარიელ ოთახს მიჩერებული, დამწუხდებული ვასილი და იმ წამს ჩემი გადაწყვეტელების მთელი სიმძიმე ცეცხლის ენებად მომედო. „ნუთუ, შეცდომა დავუშვი?“. ასე იყო თუ ისე, თავს უფლება არ მივეცი გულისწადილს ავყოლოდი. ვიმეორებდი, რომ ეს მე მჭირდებოდა და ყველაფერი ცუდი, რაც კი გადამხდენია, ბათუმთან ერთად წარსულს ჩაბარდებოდა. მეშინოდა. მე არ ვარ იმ ადამიანთაგანი, ვინც ცვლილებებს მარტივად ეგუება. ვასილისა არ იყოს, მეც გამაკვირვა იმ სიმტკიცემ, რომელიც გამოვიჩინე.
ახლაც ურეკში ვარ და კვლავ მეშინია.
ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდი.
ჩემს სტუდენდობაზე ბევრ საინტერესოს ვერაფერს მოვყვები. დღეებს ძირითადად მუშაობასა და მეცადინეობაში ვატარებდი. ლექტორები აღფრთოვანებულნი იყვნენ ჩემი მონდომებით. განა, ვინმე წარმოიდგენდა, რომ უნივერსიტეტსა და სამსახურს თავს იმიტომ ვაფარებდი, რომ სახლში საკუთარ თავთან მარტო დარჩენასა და მოგონებების ნისლში გახვევას ვერიდებოდი? რამდენიმე მეგობარიც მყავდა, რომლებთანაც თავისუფალ დროს შეძლებისდაგვარად ვერთობოდი. ხშირად მსაყვედურობდნენ ჩემი ჩაკეტილობის გამო - მეკითხებოდნენ დაუსრულებდლად სკოლის, მშობლებისა თუ სასიყვარულო თავგადასვლების შესახებ. ალბათ, არც არის საჭირო იმის თქმა, რომ პასუხად ვერაფერ ხელჩასაჭიდს ვერ იღებდნენ. მალე შემეშვნენ. საკუთარი დაკვირვებით ერთ-ერთმა დაასკვნა, რომ გოგოებს სწორედ ეს იდუმალება იზიდავდათ ჩემში და ერთხელაც გამომიცხადა - ნაშების დასაკერად კარგი „პადხოდი“ გქონიაო.
არიფი!
შემდეგ იყო პრაქტიკა. პირველი ნაბიჯები სასამართლო დარბაზში. აი, ამ საკითხში გამიმართლა. ალბათ, ბედმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, რომ ერთიანად თავს ზედმეტად ბევრი უიღბლობა დამატეხა და დანაშაულის გამოსყიდვა სცადა - სამსახურის დაწყება არ გამჭირვებია, რაც ჩვენს გაფარჩაკებულ ქვეყანაში სასწაულის ტოლფასია. ჩემი ლექტორის, ქალბატონი ქეთის წყალობით, რომლის თქმითაც, მხოლოდ მე ვიყავი იმდენად ცივსისხლიანი, რომ ციხის წნეხს გავმკლავებოდი.
რა სიტყვით არ ვყოფილვარ დახასიათებული, მაგრამ მახსოვს „ცივსისხლიანი“ ძალიან მეუცხოვა. ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდა ან მეწყინა - უბრალოდ მეუცხოვა.
თუმცა არც იმის უარყოფა გამოვა, რომ ქალბატონი ქეთი მართალი აღმოჩნდა. აბა, სხვა რით შემიძლია ავხსნა ის წარმატება, რომელსაც გემო ძალიან მცირე დროში გავუგე? თავიდან ჩემს საქმეს დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებოდი. მჯეროდა, რომ რაღაც წვლილს მაინც შევიტანდი სასამართლო სისტემის გაძლიერებასა და მის სახეცვლილებაში. გამომივიდა? რა თქმა უნდა, არა. სულ რაღაც სამი თუ ოთხი პროცესი აღმოჩნდა საკმარისი, რომ გამეცნობიერებინა, თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობდა სასამართლო. შემდეგ, მეც სხვა მიდგომა ვარჩიე და ასე გავხდი - ცივსისხლიანი, მდიდარი, ძლიერი, მაგრამ ამორალური, ღირსეული ადვოკატი.
ასე მოვედი, ჩემო ხმავ, დღემდე.
თურმე, რა მარტივად შემძლებია ჩემი პროფესიული მოღვაწეობის შეჯამება. არადა, თითქოს ერთადერთი საამაყოღა მქონდა, თუმცა რომ ვუფიქრდები, არც ისეთი საინტერესო დავა მქონია, როგორზედაც ვოცნებობდი და არც ის ნანატრი წვლილი შემიტანია რაიმეს უკეთესობისაკენ შეცვლაში.
ახლა, ჩემს პირად ცხოვრებას რაც შეეხება :
ჩემი ქორწინებაც, როგორც უკვე მოგეხსენებათ, ხანმოკლე და წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მავანი ოდესმე თუ მკითხავს ვნანობ თუ არა ნიტასთან შეუღლებას, დაუფიქრებლად ვუპასუხებ არას. როგორ შეიძლება ვინანო! ნიტას რომ არ შევხვედროდი, ლენა ხომ არ მეყოლებოდა?
ღმერთია მოწმე, ეს არასდროს მითქვამს - ძალიან არ მინდოდა გოგო მყოლოდა. ერთ ღამეს, როდესაც ლენასთან მარტო დავრჩი. ნაცრისფერ თვალებში ჩავხედე და საშინელმა შიშმა ამიტანა. თითქოს, ვიღაცას ჩემთვის ყელში ხელი ჩაევლო და დახრჩობას მიპირებდა. ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ დავიჩუტე - მხრებზე სიმძიმე დამაწვა. მე უნდა დამეცვა ეს პატარა გოგო ყველა იმ საშინელებისაგან, რომელსაც მას ცხოვრება უმზადებდა. მაგრამ მე ხომ ელენეს გადარჩენა ვერ შევძელი? იქნებ, ვერც ლენას დაცვა მომეხერხებინა? ელენესაც საკუთარმა მშობლებმა არ უმტყუნეს? ცივმა ოფლმა დამასხა. ნაბიჯი ლენასკენ წინ გადავდგი, მაგრამ უკან დავიხიე - ვერ გავბედე ხელში ამეყვანა. ვეღარ ვხვდებოდი რა ხდებოდა ან სად ვიყავი. აღარაფერი მესმოდა საკუთარი გულის ცემის გარდა.
შემდეგ ყველა ხმა სადღაც გაქრა და კვალად მხოლოდ სიჩუმე დარჩა.
სიჩუმე - ყველაზე საზარელი ხმა.
იმ წუთს გავაცნობიერე, რომ მეც მშობელი ვიყავი და იმ დღიდან ჩემი ერთადერთი მიზანი იყო მეცხოვრა ისე, რომ ჩემი შვილისათვის ტკივილი არ მიმეყენებინა. საოცრად კეთილშობილურია, არა? არ შეცდეთ.
„ლენა ეს არ ჩაიცვა“, „სახლში დროზე მოდი“, „უცხოს არ დაელაპარაკო“, „არ გაიღიმო“, „არ იცხოვრო“ - მე ეს მეგონა კარგი მშობლობა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე დავიცავდი ჩემს ქალიშვილს საფრთხისაგან. სინამდვილეში კი ისე გამოვიდა, რომ ლენას ცხოვრება ავუკრძალე და მასაც შევზიზღდი. რაღა გასაკვირია? მოკლედ, ვერც კარგი მშობელი დავდექი. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ეს ,ერთი შეხედვით, აშკარა სიმართლე, სულ ცოტა ხანია, რაც აღმოვაჩინე.
რამდენიმე კვირის წინ ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ თავის ნაცნობთან შეხვედრა მთხოვა. უბრალო კონსულტაციისთვის. მეც დავიბარე ვინმე ანა - შუახნის ქალი, რომლის საჯდომთანაც თამაში განსაკუთრებით უყვარდა მის უფროსს. ანასაც ერთ დღეს ყელში ამოსვლია და ჩივილი გადაუწყვეტია. აწ უკვე ტრადიციული სექსუალური შევიწროების ფაქტი.
ნახევარი საათი მის დამშვიდებას მოვუნდი. აი, ამიტომ არ მიყვარს ქალებთან მუშაობა. შემდეგ დაახლოებით დავუსახე სამოქმედო გეგმა. ზედმეტად აღელვებული და შეურაცხყოფილი იყო. ყავა შევთავაზე. როდესაც, დამშვიდდა ვკითხე რატომ ითმენდა ამდენი ხანი, მან კი მიპასუხა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, თუ რამდენად რთული მოსაყოლი იყო მისი ამბავი.
ეჰ, ჩემო ანა!
არ შევეწინააღმდეგე. თავი დავუქნიე. დავპირდი, რომ შეძლებისდაგვარად დავეხმარებოდი. პირდაპირ, მის ადვოკატს გავესაუბრე. ჭკუა დავარიგე. რამდენიმე დღეში კი პროცესსაც დავესწარი. აი, შემდეგ კი მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამაოცა - „ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასკმარისია და ბრალდება უსაფუძვლოდაა ცნობილი“. არ დაუყოვნებია საბედიწერო ჩაქუჩის ხმა.
სახლშიმისულს გულ-მკერდი მეწვოდა. რამდენიმე ჭიქა დავლიე. არა, ანას ამბავს არ განვიცდიდი. ყოველ შემთხვევაში, ისე, რომ თავი იმდენად საშინლად მეგრძნო. საქმე ის გახლდათ, რომ, როდესაც ანას დამსაქმებლის წარმომადგენელს, მის თვალთმაქცობასა და არაეთიკურობას ვუყურებდი, ჩემი თავი გამახსენდა და შემიჩნდა ერთი სავალალო აზრი - ნუთუ, მეც ასეთი ვიყავი?
ამ დროს დაბრუნდა ლენაც. ანას პროცესის გადამკიდე სულ დამვიწყებია, რომ სახლში არ იყო. დაუგვიანია. ვუსაყვედურე. მანაც პასუხი არ დაიშურა და კამათი დავიწყეთ. ენამოსწრებული ლაწირაკი - ლოთი დამიძახა. მეც მეტი აღარ დავაცალე - სახეში გავარტყი და კიდევ ერთხელ დავინახე ჩემი თავი უცხოს თვალით. უფრო სწორად, ჩემი სილუეტი, რომელიც ჩემი არ ყოფილა. არც მე ვიყავი მე და გამახსენდა ის ტლანქი, გულისამრევი სხეული, რომელიც ერთ დროს სიზმარში დამსდევდა. თურმე, ერთმანეთს ძალიან დავმსგავსებოდით.
როგორი გასაცნობიერელია?
წონასწორობა დავკარგე. ბოდიშის მოხდა მინდოდა, მაგრამ სიტყვები ყელში გამეჩხირნენ. ლენას ცრემლი არ წამოსვლია. არც არაფერი უთქვამს. ხმისამოუღებლად გამოაღო შემოსასვლელი კარი და სადღაც წავიდა. მისი მზერა იმდენად ცივი იყო რომ ერთ ადგილს გავიყინე და არ ვიცი კიდევ რამდენი საათი დავყავი ასე გაყინულმა. ბოლოს და ბოლოს, წამოვდექი, აზრებში გამოვერკვიე, რკინიგზის განრიგი ვნახე და ბათუმში წასვლა გადავწყვიტე.
სულ ეს იყო და ეს.
რას იტყვი ხმა - დასასრულს რაიმეს ხომ არ დაამატებდი?
„ჭირი იქა.
ლხინი აქა.
ქატო იქა.
ფქვილი აქა.“
***
ქობულეთი.
შემდეგი სადგური - ბათუმი.
ჩემი საათი გაჩერებულა.
ძალიან მეშინოდა, რომ ვერ მოვასწრებდი თხრობის ბოლომდე მიყვანას. არ ვიცი, რამდენად კარგად მოვახერხე ერთამენთში აზელილი მოგონებების გადმოცემა და ვერც იმას დავიბრალებ, რომ რაღაც განსაკუთრებულად საინტერესო ამბავი მოვყევი - მაგრამ რაღაც ამბავი კია - ესე იგი, მოსაყოლადაც ღირდა.
მეღიმება - დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ წლების მანძილზე შევჩვეოდი ჩაჟანგული კლიტის ჟრიალს. არადა, სწორედ ამ ჩარაზული მოგონებებით ვიყავი დატბორილი.
რა ვიღონო? ვერ ვხვდებოდი.
თურმე, ჩემს სხეულსაც ჟანგის სქელ ფენად დასწოლოდნენ.
მოძრაობის უნარი დამაკარგვინეს.
წინ არ გამიშვეს.
გეგონება, ჩემი ცხოვრება ბათუმიდან წამოსვლის შემდეგ, გაშლილი ველი ყოფილიყოს, სადაც უმისამართოდ დავრბოდი. ისინი კი იყვნენ გაშმაგებული მტაცებლები, რომლებიც უკან დამსდევდნენ. ხან აღმა, ხანაც-დაღმა. მზის ამოსვლიდან, ჩასვლამდე. დაუსრულებელი, გაშმაგებული დევნა იყო ჩემი არსებობა.
„ბოლოს და ბოლოს, მირბოდი თუ გარბოდი?“
კაი, გაფიცებ, ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს?
სადგურს ვათვარიელებ - ხალხი გადი-გამოდის. ნეტავ, ვის რა მიზეზი აქვს, რომ წავიდეს ან დაბრუნდეს? აი, შეხედავ ახალგაზრდა ბიჭს - დაცვის ძაღლს ეფერება ან ამ მოხუც ქალს, რომელიც ტელეფონზე საუბრობს და მთელი ძალისხმევით ვიღაცას წყევლის. შეიძლება ვერც წარმოიდგინო, ისეთ ამბებს მალავდნენ, ისეთს ფიქრობდნენ ან განიცდიდნენ.
ჩემზე უკეთ ვინ შეიძლება იცოდეს, თუ რამდენს იტევს ადამიანის გული? მინდა ვაგონიდან ჩავიდე - სადგურში ღამე გავათენო და ყოველ გამვლელს ამბავი გამოვკითხო. ძალიან დიდი ბარგის თრევა შესძლებია ადამიანს. ზედმეტად დიდის. არადა, უფრო მარტივი არ არის ამ ბარგის ზიდვა, როდესაც მავანი დახმარების ხელს გიწვდის?
ე, აბა მე რა უფლება მაქვს სხვა განვსაჯო? ჩემთვისაც ხომ მრავალს უცდია დახმარების ხელის გამოწოდება? მე ისინი უარვყავი. თავიდან მოვიშორე. ძალიან დიდი გამბედაობაა აღიარება, იმისა, რომ რაღაც გიჭირს - ან თუნდაც შველის მიღება ისე, რომ ღირსება არ შეგელახოს.
სიამაყე თუ ღირსება?
ერთი „ჩორტია“.
მე სხვანაირად არ შემეძლო, იმიტომ, რომ ერთ დღეს საკუთარ თავს შევპირდი - მუდამ ძლიერი ვყოფილიყავი. ამის გამო კი არა მარტო მაღიზიანებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩემთვის კარგის გაკეთებას ლამობდნენ, არამედ მეზიზღებოდნენ კიდეც. პარადოქსიაო იტყოდა ვინმე.
„პარადოქსი“ - ეს სიტყვაც ელენემ განმიმარტა პირველად.
მინდა გითხრა, ხმავ, რომ არც ისეთი პარადოქსულია ეს ყველაფერი, როგორადაც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მოდი, ერთად დავფიქრდეთ - ყველა, ვინც დახმარებას მთავაზობდა განა საკუთარ უპირატესობასა და ჩემს სისუსტეს არ უსვამდა ხაზს? მე კი მოგეხსენება როგორ ვერ ვიტან, როდესაც თავს დაბეჩავებულად ვგრძნობ.
დაე, ჩამქოლე - მე ასეთი ვარ და უკვე ვეღარაფერი შემცვლის.
შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ამას ახლა სინანულით ვამბობ. არამცდაარამც! მე ჩემი არჩევნით ძალიან კმაყოფილი ვარ - მეტი რომ არ შეიძლება, იმდენად კმაყოფილი. კი, როგორ არ მინატრია, ღამე მარტოდარჩენილს გვერდით ვინმეს ყოლა ან ღმერთო, რადენი საათი დამილევია სიბერეზე ფიქრში! - მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ გავა ღამე, გავიღვიძებ, სარკეში ჩავიხედები, სახეზე წყალს შევისხავ, ბრტყელ ზედაპირზე გამომწყვდეულ უცხო ელიას თვალებში ჩავხედავ და გავუმეორებ, რომ ძლიერია და არ არსებობს ფასი, რომლის გადახდაც ამ სიძლიერესათვის არ ღირდა.
როლებში შევიჭერი.
ისე, გაგიმხელ და მაინტერესებს როგორი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაზე ვინმე დრამატურგს პიესის დადგმა რომ გადაეწყვიტა - ალბათ, ვიჯდებოდი ამაღლებულ მოედნის შუაგულში. ხის, ძველებურ სკამზე. სცენაზე გამოირბენდა ახალგაზრდა გოგო. მას დაედევნებოდა ორი მსუქანი, ტლანქი მამაკაცი. წრეებს დამარტყავდნენ. მე არ გავინძრეოდი. ერთი ჩამორჩებოდა, მაგრამ მეორე დაიჭერდა. გოგონა თვალს მიეფარებოდა ეს ორი კი აჩრდილად გარდიქცეოდა და თავს დამადგებოდა. შემდეგ გამოცვივდებოდნენ მსახიობები. ფუსფუსი ატყდებოდა. მე დავიკარგებოდი ბრბოში.
აი, მესმის ეპილოგი.
ეჰ, წარმოვიდგინე და არც ისეთი ამაღელვებელი სანახაობა გამოვიდოდა - მოქმედება იქნებოდა დაცლილი ყოველი მიზეზისაგან, არსისაგან და მაყურებელი ყურადღებას მომაქცევდა მხოლოდ მე - მუდამ ერთ ადგილას მჯდომს, რომელიც შეიცვლებოდა, მაგრამ ამ ცვლილების მიზეზს ვერც ვერავინ გაიგებდა და ყველაფერი ისევ ამ საწყალი დროის სვლას დაბრალდებოდა.
ჰო, ჩემი საათი გაჩერებულია, მაგრამ დრომ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. უფრო სწორად, წლების შემდეგ დრომ მნიშვნელობა პირველად შეიძინა.
მატარებელი იძვრის.
სილუეტები იტალღებიან და ქობულეთის სადგურს რჩებიან.
ისევ გვირაბი - სიბნელე.
სადღაც ნახევარ საათში დანიშნულების ადგილს მივალთ.
ბათუმში ვბრუნდები.
რატომ ჟღერს ახლა უფრო დაუჯერებელად?
ისე, წაძინებასაც კი მოვასწრებდი, მაგრამ არა - ჯერ კიდევ დამრჩა ერთი საქმე მოუგვარებელი.
-ხმა, მიდი რა - თვალებს დავხუჭავ სამამდე დავითვლი და ერთხელაც გამოჩნდი.
ერთი.
ორი.
სამი.
-საოცრად გამოიყურები, მეგობარო.
„ჰო, დიდი დრო გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ.“
-მოწოდების სიმაღლეს არ კარგავ.
„მე არა, მაგრამ შენ რაღაც ვეღარ გცნობ. სულ სხვანაირად მიყურებ. ამრეზისაგან დაიცალე. ჰა, ბიჭო - ნუთუ ამ ხუთ საათში ასე შეგიყვარდი?“
-თავს ვერ დავდებ, რომ მზე და მთვარე ამომდის შენს გაგონებაზე, მაგრამ შეჩვევით კი შემოგეჩვიე. შენდა სამწუხაროდ, ახლა არც შენთვის ხოტბის შესასხმელად მცხელა და არც ძმობის ფიცის დასადებად. სხვა მიზეზით გაწუხებ - ჩვენი გზები უნდა გაიყაროს. მატარებელი გაჩერდება. მე გადავალ. შენ აქ უნდა დარჩე.
„დარწმუნებული ხარ? ვერ შეგპირდები, რომ უფრო კეთილი გავხდები, მაგრამ შემიძლია ვცადო ნერვები ნაკლებად მოგიშალო.“
-არა, მეგობარო შენ ისედაც კეთილი გამოდექი. შეიძლება ზედმეტადაც კეთილი. სწორედ ამიტომაც მინდა, რომ აქ დარჩე. სამუდამოდ, ამ მატარებელში დასახლდე. ჩემგან შორს იქნები და გულიც დამწყდება. მერე რა?
„თავგანწირვისათვის მადლობაც ხომ არ გადაგიხადო?“
-შეეშვი ამ ირონიას და გამიგონე - ერთადერთი, ხარ, ვინც ჩემი ამბავი იცის და იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია წარმოდგენა ხარ თუ სიგიჟის პირველი კვალი, შენ მაინც იმაზე უფრო ცოცხალი ხარ, ვიდრე სხვა ყველაფერი ჩემს ცხვორებაში. ამიტომ მინდა აქ დარჩე და გზა განაგრძო - მინდა იარსებო.
„ესე იგი, ესაა ჩვენი ურთიერთობის დასასრული? ალბათ, მიხვდებოდი გრძელი გამომშვიდობება არ მიყვარს“
-მივხვდი და დიდხანს აღარც მოგაცდენ. უბრალოდ ერთს გეტყვი - სახელი შეგირჩიე.
„ყურადღებით გისმენ.“
-რა აღარ ვიფიქრე, ვინ აღარ გავიხსენე და საბოლოოდ მივხვდი - შენ არც ჩემს გონების კუნჭულში მიმწყვდეულ დედაჩემს ეკუთვნი და არც რასკოლნიკოვი ხარ. შენც ელია ხარ. ელია ბოლქვაძე. სხვა სახელი არ შეგშვენის. ოღონდ შენ არ ხარ მე და არც მე ვარ შენ. შეიძლება ერთ დროს ვიყავით ერთნი და არ ვიცი შენ დამკარგე მე თუ მე დაგკარგე შენ, მაგრამ ერთმანეთი კი დაგვიკარგავს.
„ზედმეტად დიდი დრო დაგჭირდა ამის გასაცნობიერებლად“
-სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
„აკი, მაგაზე დიდი სისულელე ცხოვრებაში არაფერი გამიგიაო?“
-წყეულო, მაინც გამაცინე.
„მშვოდობით, ელია“
სამი.
ორი.
ერთი.
ხმის ხმა აღარ მესმის.
მატარებლის თანამშრომელი მაღვიძებს.
ბათუმში ჩამოვედით.






ნაწილი მეორე
შურისგებაი
ბათუმი მომნატრებია;
ქუჩები ძველებურად ცოცხალია. ამაზე შესაფერისი სიტყვა არ მოიძებნება. ხალხი გადი-გამოდის. შემხვედრნი გიღიმიან. ყველაზე მეტად ეს მაკლდა თბილისში - კეთილგანწყობა. შეიძლება მოჩვენებითია, მაგრამ მაინც სასიამოვნო.
მივუყვები გზასა და ვცდილობ სანაპიროსა და ზღვას თვალი ავარიდო. ყური არ დავუგდო მარილიან ჰაერთან ერთად მომავალ ჟრიამულს. რას არ მივცემდი ახლა რუხ სანაპიროზე წამოწოლასა და ზღვის მოსმენის სანაცვლოდ? ნეტავ, დროის უკან დაბრუნება შემეძლოს. დამწვარ ზურგსაც ავიტანდი და აქერცლილ კანსაც. მთელ დღეს სილურჯის ცქერაში დავლევდი და ვიფიქრებდი თუ რა საიდუმლოებებს მალავენ ბათუმის ღრმა წ....ბი.
ალბათ, იკითხავთ რა გაკავებსო? ჰოდა, მეც გიპასუხებთ - მოგონებების სიმწარე არ გცოდნიათ ან წარსულ ჩრდილების ძალა არ განგიცდიათ.
ჩემი სახლი არც ისე შორსაა. ფეხით გავივლი. თავიდან სასტუმროში ვაპირებდი ღამის გათევას, მაგრამ გადავიფიქრე. როდემდე შეიძლება მრცხვენოდეს შინ დაბრუნების? თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონია საშინელ დანაშაულს ჩავიდენ თუ სხვაგან წავალ. მეც წადილს ავყვები. აბა, ბედის გამოცდას ჩემთვის კარგი როდი მოუტანია?
უძღები შვილი დაბრუნდა.
იმედია სახლში შეპარვას ისე მოვახერხებ, რომ ვერავინ გამომიჭიროს. არა, ჩემი მეზობლები ძალიან სასიამოვნო მოსაუბრეები არიან. უბრალოდ, არ არის ჭკვიანური სვლა ამბავთა გაცვლა-გამოცვლაში ჩაბმა, როდესაც მოსაფიქრებელი გაქვს როგორ მოსპო ერთი ურიგო ადამიანის სიცოცხლე. აუ, მანანამ თუ დამინახა შარში ვარ. გინდ დასაკითხად ვყოფილვარ და გინდ მის პირსპირ - ელია, როგორ გაზრდილხარ! ლენა, როგორ არის? შვილო, ტელევიზორში გიყურებ და სულ გლოცავ. არ დააყოვნებს გამოსვლას დათოც და დაიწყება - ის მოსამართლე უსინდისოა, ჩვენი დეპუტატი ნაძირალაა. მეც კარგი უსინდისო და ნაძირალა ვარ, დათო ძია, თქვენ არაფერი გეტკინოთ. გაიცინებს-გავუცინებ. მე ჩემს ზღურბლს გადავაბიჯებ, ის თავისას.
ერთ ბოთლ ღვინოს ვყიდულობ. შემდეგ ვჩერდები და ვცდილობ დავადგინო მონატრების ბრალია თუ არა, რომ ამდენად სრულყოფილი მეჩვენება ბათუმი. კარგად თუ დაუკვირდები აქაც იგრძნობ შარდის უსიამოვნო სუნს. არა, შენობების კედლებში გამჯდარს, არამედ გამვლელთა სხეულში, გონებაში ან გინდ სულში.
განა, აქაურები მართლა სხვებზე უკეთესები არიან? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ის ხალხია, რომლებმაც ჩვიდმეტი წლის გოგო ისე გაწირეს, რომ ერთხელაც არ უკითხავთ ვინ იყო დამნაშავე ან ვინ იყო მსხვეპრლი. ო, როგორ მეზიზღებიან და უკვე სათვალავიც ამერია, თუ რამდენი წელი ვატარე ეს ბრაზი და ზიზღი.
როგორ მაინტერესებს მეც მათ მსგავსად თუ ვყარვარ?
ქუჩის ბოლოს კაცი ზის - წელში მოხრილი, ხელებდანაოჭებული. დასცქერის ქილას; ბოლო იმედივით, უკანასკნელი საწყალობელივით. საფულეს ვამოწმებ. ხურდის ჩხრიალის გაგონებაზე იხედება. კანკალით ხელს წევს და ცარიელ ქილას მიშვერს.
სად არ ვყოფილვარ; მახსოვს ერთხელ გერმანიაში ჩემმა კოლეგებმა გაკვირვებულებმა აღნიშნეს, რომ მოხუცები მოვლილები და მომღიმარნი იყვნენ. მეც დავაკვირდი და ამაზრზენი დასკვნა გავაკეთე, თუმცა სიმართლეს ვერ დაუკარგავ.
ალბათ, ამიტომ ეშინია აქ ხალხს სიბერის.
თვალწინ მიდგება სურია ბებო. ამაყი ქალი, რომელიც არასდროს გატყდებოდა, სულ რომ ლუკმა პურის ფული არ ჰქონოდა. იქნებ, მისგან გამომყვა ეს წყეული სიამაყე?
ფიქრებში გართული ვერც მივხვდი კარს ისე მივუახლოვდი. თითქოს არაფერი შეცვლილიყოს. გეგონება, მოსწავლე გაკვეთილების შემდეგ დავბრუნებულიყავი.
საკეტი ჩაჟანგულა.
გასაღების გადატრიალება მიჭირს.
პირველ რიგში აბაზანაში შევდივარ. შუქს ვანთებ. ნიჟარა ჭიანჭველებითაა სავსე. წყალს ვუშვებ. მშვიდად აუღელვებლად ვუყურებ როგორ ივსება და როგორ იხრჩობიან დაგუბებულ წყალში. რა მარტივი ყოფილა სიცოცხლითა და სიკვდილით თამაში; შავ წერტილებს კანალიზაციისაკენ ვუშვებ. კოხტა, თეთრ ნიჟარას ვაკვირდები - კვალი არ დაუტოვებიათ. მგონი, ზუსტად ვიცი ხვალ როგორც მოვიქცევი.
სამზარეულო - ჭიქას ვეძებ. ყელამდე ვავსებ. ერთიანად ვსვამ. ღვინის გემოს ვერ ვგრძნობ - მხოლოდ სიმშრალეს. გულ-მკერდი მეწვის. ფანჯარას ვაღებ - მარილიან ჰაერს ვაყოლებ.
ჩემს დაბრუნებას გაუმარჯოს!
ამჯერად შედარებით ნელა ვიწყებ, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ცარიელის ამარა ვრჩები. აბა, როგორ შეიძლება მსგავსი სადღეგრძელოს შემდეგ სასმისი ბოლომდე არ გამოცალო? გარემო სახეს იცვლის. ფერები მკვეთრდებიან. ვგრძნობ, როგორ მიძლიერდება გულისცემა. გეგონება, ხანგრძლივი ძილის შემდეგ ვიღვიძებ. ვიღიმი. ნასვამი სულ სხვა ადამიანი ვარ. ციდან მომავალი სიმძიმე აღარ მაწვება. უსიამოვნო შეგრძნებებიც მეშვებიან. დროებით, მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია?
მესამის შემდეგ უკვე აღარ ვითვლი. საპნის ბუშტში ვეხვევი და აღარ აქვს მნიშვნელობა რამდენს დავლევ.
ახლაღა ვამჩნევ გარშემო მოდებულ მტვერს. მაგრამ ეს კიდე არაფერი. აქაურობა ისეთი ცარიელია! თავს საშინლად მარტო ვგრძნობ. ერთ ცოდვასაც გავამხელ - სინამდვილეში სწორედ ამიტომ ვსვამ. სიფხიზლის ჟამს თავს არ ვაძლევ უფლებას ისეთ სისულელეებზე იფიქროს, როგორიც მარტოობა. აი, ნასვამი კი საშინელ დანაკლისს ვგრძნობ. ადამიანს კი, რომელიც დანაკლისს გრძნობს ან აკლია ის, რაც ოდესღაც ჰქონდა და დაკარგა ან ის, რაც არასდროს ჰქონია და მთელი გულით სწადია. ორივე შემთხვევაში ის გრძნობს, რომ არსებობს, მე კი ხანდახან ეს გრძნობა ძალიან მაკლია.
ბარბაცით ვდგები. მაგიდასთან ვჯდები. სკამი ჭრაჭურნობს. გადაჩვეულა სიმძიმეს. გადასაფარებელს მტვერს ვაშორებ. მაგიდის შუაგულში კი ლურჯ, მაღალყელიან, ლარნაკს ვდგამ. გულს მიკლავს ცარიელის ყურება.
ფანჯარას ვაღებ. ზღვას ვუყურადებ. ამბობენ ზღვის მოსმენას თუ ისწავლი, ტალღები მრავალ ამბავს მოგიყვებიანო. მწყინს. იყო დრო, როდესაც შემეძლო ეს ნოზული ბგერები ერთმანეთისაგან გამერჩია. წინადადებებად დამეწყო. ახლა მხოლოდ შხარუნი მესმის. თავის გასამხნევებლად ნაზი ბრიზიღა მრჩება. სახეზე მელამუნება. სიგრილე მსიამოვნებს. ნეტავ, რა ფერია?
თავს ნებას ვრთავ სინამდვილეს გაექცეს - ამ ერთადერთხელ. თვალებს ვხუჭავ და ვრძნობ - საგნები სახეს იცვლიან. ღამეს დღე ანაცვლებს. არსაიდან ცარიელ ქოთანში მინდვრის ყვავილები ჩნდებიან. აი, მე. აბაზანიდან გამოვდივარ. მაღვიძარის ხმაურით შეწუხებული საძინებლისაკენ მივემართები. დილის შვიდი საათია. თვალებს ვისრეს. კარზე ვაკაკუნებ.
-ლენა, გაიღვიძე. სკოლაში დაგაგვიანდება.
წარმოვიდგენ უკმაყოფილო საბანში როგორ ეხვევა. საერთოდ არ ანაღვლებს რა დროა. ძილისგუდა. მე დამემსგავსა. თავს არ ვანებებ. ჯერ ვაკაკუნებს, შემდეგ ვაბრახუნებ. როგორც იქნა, შეწუხებული პასუხს მაგონებს :
-ათი წუთიც მაცადე და ავდგები.
მე ზუსტად ვიცი, რომ ათ წუთში არ ადგება. სკოლაშიც დაიგვიანებს და ისევ მომიწევს მისი დამრიგებლის საყვედურების მოსმენა.
საუზმეს ელენე ამზადებს. კარაქს პურზე უსვამს. არც ჩემი საყვარელი მაყვლის მურაბა ავიწყდება. ყავას ვუსხამ. ერთმანეთის პირისპირ ვსხდებით. დილით საყვედურები გამოწერილი მაქვს. ამჯერად დამყოლი მშობლობისათვის ვისჯები. ლამის არის მიბრძანებს ლენა საწოლიდან ავაგდო. მე კი პასუხად ვთხოვ ბავშვს ძილი დააცალოს. ეცინება.
ამასობაში ლენაც დგება. სამივე ერთად ვსაუზმობთ. ზარმაცი წუწუნებს. მე თვალებით ვანიშნებ გაჩუმდეს სანამ დედამისი განრისხებულა და ვცდილობ რაიმე საინტერესო ამბავი გავიხსენო. ელენემ ყველა ჩემი ამბავი იცის, მაგრამ ისე მისმენს, თითქოს ეს ერთი არასდროს მოესმინოს.
სახლიდან პირველი მე გავდივარ. ეზოში მოთამაშე ბავშვები თვალს მწყვეტენ. ყვავილებს საყიდლად მივეშურები. სასაფლაოზე უნდა გავიარო. დედასა და მამა მოვინახულო.
ყველაფერი როგორი მარტივია...
არადა, თურმე ამაზე მეტი არ მდომებია.
***
დრო რა ყოფილა.
ხან მთელი დღე ერთ წამში ილევა;
ხანაც ერთი წამი დაუღამებელი დღესავით იწელება.
გაბრუებულს გამეღვიძა - ნაბახუსევს. ვერც გავაცნობიერე როგორ ვიშოვე ერეკლე აბაშიძის ნომერი, როგორ დავურეკე ან როგორ შევიკავე გულისრევა, როდესაც მისი ხმა გავიგონე. ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია. წარვუდექი ძალიან თამამად. სადღაც მაინც ექნებოდა გაგონილი ჩემი სახელი და გვარი. აბა, რას წარმოიდგენდა, რომ ერთ დროს, ძალიან ადრე მისი საყვარელი ქალიშვილის კლასელი ვიყავი? შეხვედრა ვთხოვე - საკუთარ ფირმას ვხსნი და ახალ კლიენტებს ვეძებ - მეთქი. პასუხად - იმედია შედგება ჩვენი თანამშრომლობაო. მეტი არ იყოს ჩემი მტერი - ჩუმად ჩავილაპარაკე და ყურმილი დავუკიდე.
შეხვედრა საღამოს ცხრა საათზე დავთქვით. ერთ-ერთ სახელგანთქმულ რესტორანში. არ გამოვა ისე, რომ ხალხმრავლობას თავი ავირიდო. ყოველი ნაბიჯი უნდა გავთვალო, სიტყვა ავწონო.
ბაჩოს დავუკავშირდი. ჩემი შავი საქმეების გამგეს. აუ, ვერავინ წარმოიდგენს რა მაგარი კაცია ბაჩუკი! კვალის არევა, ცრუ მტკიცებულებები - რაც გინდა სულო და გულო! დამაკვალიანა ვის უნდა შევხვედროდი, როდის და რანაირად. ერთ ნაცნობს ყველგან გამოძებნის. ზედმეტი არაფერი უკითხავს. ამიტომ მიყვარს ბაჩო.
ბოთლი ბოლომდე გამომიცლია. ახლა თავს უფლება არ უნდა მივცე დალიოს. საღი აზროვნება მჭირდება. ხელებს ვერ ვიმორჩილებ. იმედია ნაბახუსევის ბრალია და არა შიშის. რამდენი წელია ველი ამ დღეს და რა სამწუხაროა, რომ გადამწყვეტ წუთს ვერ გავიგებ ხმის ხმას, რომელიც მეტყვის - ხელი არ აგიკანკალდეს, ელია!
ასე ერთ წამში მოვიდა ცხრა საათი.
მეტი დამაჯერებლობისათვის სოლიდურად გამოვეწყვე.
უკვე დათქმულ ადგილსაც ვუახლოვდები. მალევე ვლანდავ სიზმარში მრავალჯერ ნანახ ტლანქ სხეულს. მცნობს. მიახლოვდება. წამით ვშეშდები. ჩემში გამომწყვდეული მოზარდი ღრიალებს. თავს ძალას ვატან და ხელს ვართმევ. სულ ცოტაც მოითმინე;
-როგორ გიკითხოთ, ბატონო ერეკლე?
-მშვენივრად. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა, ელია. ოღონდ, შევთანხმდეთ - თქვენობით საუბარს მოვეშვათ.
-კეთილი.
-ჭიქა ღვინოზე რას იტყვი.
-ღვინო ჩემი სისუსტეა.
-გავუგებთ ერთმანეთს.
-აუცილებლად.
-სიმართლე გითხრა შენმა ზარმა გამაკვირვა, უფრო სწორად, იმან, რომ საკუთარი ფირმის გახსნა მხოლოდ ახლა გადაგიწყვეტია.
-ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ჩემს პარტნიორებთან საკმაოდ სტაბილური და სასიამოვნო ურთიერთობა მქონდა. მხოლოდ ფორმალური და ეს ყველას გვაწყობდა, მაგრამ ვბერდები. ალბათ, დრო მოვიდა დამოუკიდებლად დავიწყო მოღვაწერობა. სულ ეს არის და ეს.
-მშვიდი ხმა გაქვს. მომწონს. ნდობას იწვევ. ბევრი მსმენია შენი საქმიანობის შესახებ. იმედია არ მიწყენ - სანამ შევხვდებოდით ცნობები მოვაგროვე. რაღაცით ვგავართ ერთმანეთს.
-საწყენი არაფერია. მეც ბევრი რამ ამოვქექე შენი პროფესიული თუ პირადი ცხოვრების შესახებ. კლიენტებს ფრთხილად ვარჩევ.
-ოჰ, ეს თანამედროვეობა. რომც გინდოდეს ვერაფერს დამალავ.
-ვერ დაგეთანხმები და მეტსაც გეტყვი - რაღაც მხრივ სწორედ ინფორმაციის კომუნიკაციის სიმარტივემ გამოიწვია ის, რომ ხანდახან სიმართლე ფარული რჩება. ბრძენს უთქვამს - ეშმაკი იმით არის ძლიერი, რომ ხალხს თავის არარსებობაში არწმუნებსო. რაც უფრო მყარად იქნება საზოგადოება დარწმუნებული იმაში, რომ ფარული არაფერია, მით უფრო ბევრი გამოეპარებათ. დამიჯერე, ამ საქმეში კარგად ვარ დახელოვნებული.
-ასაკით არც ისე დიდი ხარ, თუმცა შეხედულებითაც და საუბრის მანერითაც ბევრად უფროსს ჰგავხარ.
-ცხოვრებამ მოიტანა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.
-მაშ, საქმეზე ვისაუბროთ.
-მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. შეიძლება ჩემზე უკეთესი პროფესიონალი მონახო, მაგრამ შენი საქმეებისათვის ჩემზე შესაფერისის პოვნა გაგიჭირდება. ასე რომ კითხვებს მე დაგისვამ.
-თავდაჯერებული ხარ. უფრო და უფრო, მომწონხარ.
-რამდენიმე საკითხის განხილვა მინდა - შენს სახელს არა ერთ გახმარებულ საქმეში გადავაწყდი, თუმცა გულწრფელი ვიქნები - ერთ-ერთმა განსაკუთრებულად დამაინტერესა.
-კი, დიადი წარსული მაქვს. რომელს გულისხმობ?
- შენი ქალიშვილის გარდაცვალების ამბავს.
-ვერ მიგიხვდი. ელენე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
-რა თქმა უნდა, ეს ყველამ იცის. მე სხვამ გამაკვირვა. გამოძიება ბოლომდე რატომ არავინ მიიყვანა? ახლა მიპასუხებ - მტკიცებულებები არ არსებობდა, რომ მკვლელობაზე აგვეღო ეჭვიო, მაგრამ ჩვენ ხომ ორივემ ვიცით რა როგორც ხდება. მეეჭვება, შენი გავლენის მქონე კაცს გაგჭირვებოდა გამოძიებისათვის ბიძგის მიცემა.
-ელია, შვილი გყავს?
-კი, ქალიშვილი. ჩვიდმეტი წლის.
-ელენეც ჩვიდმეტი წლის იყო, როდესაც მიმატოვა. ახლა, აბა, წარმოიდგინე, თუ რამხელა ტკივილი განვიცადე, როდესაც ერთადერთი შვილი დავკარგე. შენი ჭირიმე, სადღა მეცალა ზედმეტი თავის ტკივილისათვის.
-წარმომიდგენია და სწორედ ეგ მაკვირვებს. სულ მცირე ალბათობა მაინც რომ არსებულიყო იმისა, რომ ჩემი შვილისათვის ვინმეს რაიმე დაეშვაბინა მთებს გადავდგამდი მანამ, სანამ სიმართლეს არ გავიგებდი. ბოლოს და ბოლოს, აქ სიკვდილ-სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ. როგორ იყავი ასეთი დარწმუნებული, რომ...
-მაპატიე, მაგრამ მგონი ამას არაფერი აქვს საერთო ჩვენს მომავალ თანამშრომლობასთან. საუბარი ისედაც მიჭირს. ოჯახში ნამდვილად არ გამიმართლა, მაგრამ ეს შენ ნაკლებად შეგეხება - ცუდი მშობლობისათვის ბრალს სასამართლოში არავინ წამიყენებს.
-გაგეცინება, მაგრამ არც ისე ურიგო იქნებოდა მსგავსი პრაქტიკის დაშვება.
არ ვიცი როგორ ვახერხებ საუბრის გაწონასწორებულად გაგრძელებას. არადა, რამდენს განვიცდი - მრისხანებას, სიძულვილს, ტკივილს. წინ მიზის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქალიშვილი მოკლა. როგორ ბედავს დაჩაგრული მამის სახის მორგებას ჩემი თანდასწრებით?! ძალიან მინდა ყველაფერი ვუთხრა - გავუმხილო ვინ ვარ და რისთვის ვარ ჩამოსული. მაგრამ ,არა იმის ღირსიც კი არაა გაიგოს, თუ რისთვის დაისჯება. ორივე ვთვალთმაქცობთ. ერთმანეთს თვალებში ნაცარს ვაყრით - ეს არის ბრძოლა და მე მასში არ დავმარცხდები.
მარჯვენა ჯიბეში იარაღს ვწვდები. მისგან მომავალი სიცივე ჯერ თითებს, შემდეგ კი მთელ სხეულს მიყინავს. ვინ თქვა ჯოჯოხეთი ცეცხლის ენად გიახლოვდებაო?
იმდენად ვიძაბები, რომ დრო კვლავ ხელიდან მისხლტება. ამასობაში კი მე და ბატონი ერეკლე, ჩემი მომავალი კლიენტი, ტექნიკურ დეტალებს ვარჩევთ. რამდენიმე დღეში ხელშეკრულების დადებასაც ვპირდები.
ანგარიშს ვისტუმრებთ.
სახლამდე მიყვანას ვთავაზობ.
ჰაერი მჭირდება ვიხრჩობი.
მანქანაში ჩუმად ვსხდებით. ხუთიოდე წუთის გზა გვაქვს გასავლელი. მე უკვე ყველაფერი დაგეგმილ-წარმოდგენილი მაქვს. მთვარე სავსეა, მაგრამ იმალება. არა, არსებობს სინათლე, რომელსაც ვერც ერთი ღრუბელი დაფარავს. სარკეში ერეკლეს სახეს ვუყურებ. შე საცოდავო, ნეტავ იცოდე რა გელის - ამ ღამის სილამაზეს ხომ უფრო დააფასებდი.
ჩუმად ვიმგზავრებთ. აი, ერთმანეთსაც ვემშვიდობებით. ზურგს მაქცევს, მე ხელი ჯიბისკენ მიმაქვს. სუნთქვა მიხშირდება, ვგრძნობ როგორ ვხურდები.
-ელია, უცნაურად მენიშნა ის, რომ ელენეზე დამიწყე საუბარი. ალბათ, მართალი ხარ. ზუსტად ვიცი - აცნობიერებ რამდენად მძიმეა მშობლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყურადღებას სხვა საკითხებზე გაამახვილებდი. ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩემზე უკეთესი ხარ, მაგრამ თუ ნებას დამრთავ ერთ რჩევას მოგცემ - ჩემი შეცდომა არ გაიმეორო და შენს ქალიშვილს გაუფრთხილდი.
ყველაფერს მივცემ ოღონდ ახლა ჩემი სახე დამანახა. პასუხს ვერ ვცემ. ენა მებმის. როგორ მინდა ვუთხრა, რომ ყველაზე არასწორი დრო გამონახა ამ რჩევის მოსაცემად.
არა რა, დრო რა ყოფილა;
ხან მთელი დღე ერთ წამში ილევა;
ხანაც ერთი წამი დაუღამებელი დღესავით იწელება;
სროლის ხმაც უსასრულოდ გაიწელა.
***
ნეტავ, რამდენჯერ გამიგია - ადამიანს რომ კლავ სისხლის სუნად ყროლდებიო. ტყუილი ყოფილა - ვერც რაიმე განსაკუთრებულ სუნს ვგრძნობ და არც , მაინც და მაინც, ხელები მაქვს სისხლში ამოსვრილი. ერთი კია, რომ მივიწყებული ნაიარევი თავს მახსენებს. მექავება.
სირენების ხმა; დანაშაულის ადგილისაკენ მიიჩქარიან. სულ მალე მიაგნებენ იმას, რაც ერეკლე აბაშიძესგან დარჩა. დიდი ხანი არ დასჭირდებათ საქმის ვითარებაში გასარკვევად და მით უმეტეს, ჩემს საპოვნელად.
სად წავიდე?
დავიმალო?
ჰო არ ჩავბარდე? ისე, საკანში საკმარისზე მეტი დრო მექნება საფიქრად. თან დავიჯერო ამ ყველაფრის მერე ერთი სასჯელი აღარ დავიმსახურე? აუ, წერას დავიწყებ! წარმოიდგინეთ რა მაგარი ამბავი იქნება - წარმატებულმა იურისტმა, რომელიც მკვლელობის გამო „სროკს“ იხდის, წერას მიჰყო ხელი!
გადაწყვეტილია - საბავშვო წიგნებს დავწერ!
-იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბათუმელი ბიჭი სახელად ელია, გვარად ბოლქვაძე. გულუბრყვილო, რომელსაც არც კი შეეძლო წარმოედგინა, თუ რას უმზადებდა ცხოვრება მრავალი წლის შემდეგ.
არა, არ გამომდის. უფრო სწორად, აღარ. არადა, მე არ ვიყავი ის ბიჭი, რომელიც ლამის იყო ზღვას თავი იმიტომ გაატანა, რომ ნოზები ეპოვნა?
რა დღე იყო;
მაინც ზღვას დავუბრუნდით და ბარემ სანაპიროს გავუყვები.პირველად ძალიან დიდი ხნის შემდეგ.
ჰო, ნოზები - რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით უფრო სასაცილოდ მეჩვენებოდა და ბევრჯერ მიცდია ამეხსნა საიდან მოდიოდა ეს შეუჩერებელი სურვილი, რომელიც მავსებდა, მაგრამ იმავდროულად მაცარიელებდა. საბოლოოდ, გადავყწვიტე, რომ საფიქრალი ბევრი მქონდა და ბავშვური მირაჟებისათვის აღარ მეცალა - რა სისულელეა!
ახლა ძალიან ვნანობ, რომ ელენეს გარდა, არავისათვის მომიყოლია ჩემი ჩაძირვის ამბავი და არა, მხოლოდ იმიტომ, რომ იმენად ძვირფასი იყო ეს საიდუმლო, რომ მისი გაზიარება მენანებოდა. მეგონა პასუხად მრავალ უაზრობას მოვისმენდი - „მოგცლია რა ნოზები, ამხელა კაცი ხარ“, „დამიხედეთ ერთი სულ გაგიჟებულა“, „რა ზმანებები აგიტყდა“
არადა, რომ დაუფიქრდე ვისი რა საქმეა - ბიჭო, ისედაც ამდენი გასაჭირია და ამ გაუფერებულ ცხოვრებაში იყოს ერთი მაგარი ზმანება ვის რა დაუშავდება?
არადა, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც გულის სიღრმეში მაინც არ უყვარდეს ზღაპრები. ზღაპარი მაგარი რამეა : თუ მავანი კეთილია - ძალიან კეთილია, მაგრამ თუ ბოროტია, მასზე ბოროტი არ არსებულა და ,როდესაც ცხოვრებაში ეს საზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ისედაც ამდენად წაშლილია, სხვა რაღა გზა დარჩენილა იმის გარდა, რომ თავი ზღაპარს შეაფარო?
ჩემი ზღაპარი დასრულდა და კეთილი ნამდვილად არ ეთქმის.
ფეხსაცმელს ვიხდი. წყლის შეხება მსიამოვნებს. მარილიანი ჰაერით ფილტვებს ვივსებ. არაფერი შეცვლილა, მაგრამ ზღვა მაინც დღისით უფრო მიყვარს. სიბნელეში გათხაპნილ შავ ლაქას წააგავს.
შორიდან რაღაც ანათებს. ალბათ, ტივტივა. რამდენიმე ნაბიჯს მისკენ ვდგამ. არა, ტივტივასათვის ზედმეტად სწრაფად მოძრაობს.
ტანსაცმელს ვიხდი და წყალში შევდივარ. გარშემო არაფერი ჩანს - მხოლოდ უკუნი. გაწონასწორებულად ვსუნთქავ, ყოველ მოძრაობას ვზომავ. ღმერთო ჩემო! რამდენი წელია აღარ გამიცურავს.
მალე ვიღლები.
ალბათ, უკვე ერეკლეს გვამსაც მიაგნეს. გამოკითხვა დაიწყება. აუცილებლად შემამჩნევდნენ. არცაა გამორიცხული უკვე ჩემს კვალს ადგნენ.
რაც უფრო ვცდილობ მივუახლოვდე, მით უფრო მშორდება. მეც ვუჩქარებ. ნათება ლურჯ-მწვანეა. ვერ ვიჯერებ. გონების კუთხე- კუნჭულში მივიწყებული სურათები ტივტივდებიან.
ნიტას დაუკავშირდებიან. ლენაც გაიგებს, რომ მამა მვკლელი ჰყოლია. იმედი არა მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა რაღ უხილავმა უკარნახოს, რომ მე დამნაშავე არა ვარ. იქნებ, ხმამაც მიიტანოს ლენამდე ჩემი ამბავი?
მთელი ძალითა და ღონით ვცურავ.
ქვევით ეშვება; მეც ვყვინთავ.
ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა!
მშვიდად მივყვები. ამოსუნთქვა მინდა. თანდაყოლილი ინსტინქტი ცდილობს ზედაპირს დამაბრუნოს. არა, მას არაფრის დიდებით დავნებდები. აი, ამად ღირდა ჩემი ცხოვრება - ამ ერთადერთ აღმოჩენად, რომელიც სიცარიელეს შემივსებს და იმდენად დამამძიმებს, რომ ფსკერამდე ჩამიტანს.
თურმე, ცურავენ ნოზები სადღაც, ღრმად შავ ზღვაში.
დასასრული



№1  offline ადმინი ელპინი

ისე მიტყდება აქ კომენტარებს რომ ვერ ვხედავ, საზიზღარი შეგრძნებები მჭამს. ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ ვერ მოვისვენებდი რომ არ მეთქვა.
აი, სუნთქვაც მოგბეზრდება იმ ყველაფრის ყურებით, რაც აქ ხდება.
რას კითხულობენ აღტაცებით, შენ ხომ იცი? ჰოდა, შენი თავით იამაყე! აქ ჯობია ცარიელი იყო და სხვაგან აივსო!
არ მემეტები არც შენ და არც ეს ნაწარმოები. . .

 


№2  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სირცხვილია , რომ ამ ნაწარმოებს მკითხველმა გვერდი აუქციოს. ეს ის არის, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც გემოვნებიან მკითხველობაზე პრეტენზია აქვს და დახვეწილი, თანამედროვე, ნამდვილი პროზის გაცნობა უნდა.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

ეს რომანი ჩემს ხელში ჩეოქმნა, მაგრამ მარტო იმიტო არ ვწერ, რომ ჩემი უახლოესი ადამიანი ხარ. ვისიც არ უნდა იყოს, მაიმც გავოგნდებოდი. არ ვიცი, სასწაულია. აქ თუ ყველას ნაწარმოებს “ისტორია” ჰქვია, შენი არის “რომანი” და უნდა იამაყო. მე ვამაყობ!

 


№4  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ელპინი
ისე მიტყდება აქ კომენტარებს რომ ვერ ვხედავ, საზიზღარი შეგრძნებები მჭამს. ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ ვერ მოვისვენებდი რომ არ მეთქვა.
აი, სუნთქვაც მოგბეზრდება იმ ყველაფრის ყურებით, რაც აქ ხდება.
რას კითხულობენ აღტაცებით, შენ ხომ იცი? ჰოდა, შენი თავით იამაყე! აქ ჯობია ცარიელი იყო და სხვაგან აივსო!
არ მემეტები არც შენ და არც ეს ნაწარმოები. . .

შენ წაიკითხე ჩემო, ელპინ და მითხარ მოგეწონება თუ არა და ისე ძალიან გამიხარდება გინდ 10 კომენტარი ყოფილიყოს და გინ ერთი შენი ????❤️

ქეთი იმერლიშვილი
სირცხვილია , რომ ამ ნაწარმოებს მკითხველმა გვერდი აუქციოს. ეს ის არის, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც გემოვნებიან მკითხველობაზე პრეტენზია აქვს და დახვეწილი, თანამედროვე, ნამდვილი პროზის გაცნობა უნდა.

ქეით, გავწითლდი ჰომ იცი ყოველთვის ველოდევი შენს შეფასებას და შენგან ამ სიტყვების გაგონებამ ვერ გეტყვი როგორ გამახარა. ბევრი მწვანე გული შენ და უდიდესი მადლობა!

სტუმარი ენ ჯეინი
ეს რომანი ჩემს ხელში ჩეოქმნა, მაგრამ მარტო იმიტო არ ვწერ, რომ ჩემი უახლოესი ადამიანი ხარ. ვისიც არ უნდა იყოს, მაიმც გავოგნდებოდი. არ ვიცი, სასწაულია. აქ თუ ყველას ნაწარმოებს “ისტორია” ჰქვია, შენი არის “რომანი” და უნდა იამაყო. მე ვამაყობ!

შენა ხარ ნათლია ამ ამბისა ჩემო საყვარელო ❤️ შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა!

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია_

ვფიქრობ, ასეთი ნაწარმოები აქ არ უნდა იდებოდეს.
ცოდოა.
ცოდოა იმ მხრივ რომ უფრო მეტი ადამიანი ვერ წაიკითხავს და შეიცნობს.
აქ, ამ საიტზე ძირითადად პატარა, თვრამეტი წლის ქვემოთ მყოფი ახალგაზრდები არიან. ეს ისტორია, თუ რომანი, უფრო +18-ია და ბევრი ვერც ჩასწვდება სიღრმეს.
საერთოდ მამრობითი სქესის ნაწერი და ნაწარმოები უფრო მიზიდავს, მომწონს და ეს იყო მიზეზი თუ რატომ დავიწყე ამ ისტორიის კითხვა.
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.
მე არასდროს წამიკითხავს ასეთი რამ ამ საიტზე, საერთოდ არც არაფერს ვკითხულობ. ჩემს ნაწერებს ვდებ.
არც ავტორებს ვცნობ, მაგრამ მიხარია რომ შენ აღმოგაჩინე.
ვერ მოვახერხე ერთ წინადადებას მაინც გადავხტომოდი, რასაც ძალიან ხშირად ვაკეთებ. ისე კარგად, დალაგებულად და მიყოლებით გაქვს დაწერილი, სულმოუთქმელად წაიკითხავს კაცი. გადმოცემაზე არაფერს ვამბობ.
ძალიან მომეწონა, იმდენად რომ ვაპირებ შენს სხვა შემოქმედებასაც გავეცნო.
წარმატებები ❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი lukakhati

სტუმარი ნათია_
ვფიქრობ, ასეთი ნაწარმოები აქ არ უნდა იდებოდეს.
ცოდოა.
ცოდოა იმ მხრივ რომ უფრო მეტი ადამიანი ვერ წაიკითხავს და შეიცნობს.
აქ, ამ საიტზე ძირითადად პატარა, თვრამეტი წლის ქვემოთ მყოფი ახალგაზრდები არიან. ეს ისტორია, თუ რომანი, უფრო +18-ია და ბევრი ვერც ჩასწვდება სიღრმეს.
საერთოდ მამრობითი სქესის ნაწერი და ნაწარმოები უფრო მიზიდავს, მომწონს და ეს იყო მიზეზი თუ რატომ დავიწყე ამ ისტორიის კითხვა.
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.
მე არასდროს წამიკითხავს ასეთი რამ ამ საიტზე, საერთოდ არც არაფერს ვკითხულობ. ჩემს ნაწერებს ვდებ.
არც ავტორებს ვცნობ, მაგრამ მიხარია რომ შენ აღმოგაჩინე.
ვერ მოვახერხე ერთ წინადადებას მაინც გადავხტომოდი, რასაც ძალიან ხშირად ვაკეთებ. ისე კარგად, დალაგებულად და მიყოლებით გაქვს დაწერილი, სულმოუთქმელად წაიკითხავს კაცი. გადმოცემაზე არაფერს ვამბობ.
ძალიან მომეწონა, იმდენად რომ ვაპირებ შენს სხვა შემოქმედებასაც გავეცნო.
წარმატებები ❤️

ძალიან დიდი მადლობა! უზომოდ გამახარეს ამ სიტყვებმა ❤️ ასევე წარმატებები!

 


№7 სტუმარი Dea

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე blush
სიტყვები არ მყოფნის ემოციების გადმოსაცემად flushed
მინდა რომ რაც შეიძლება ბევრმა წაიკითხოს.
ზუსტად ვიცი არასდროს დამავიწყდება და ბევრჯერ გადავიკითხავ

 


№8  offline ახალბედა მწერალი lukakhati

Dea
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე blush
სიტყვები არ მყოფნის ემოციების გადმოსაცემად flushed
მინდა რომ რაც შეიძლება ბევრმა წაიკითხოს.
ზუსტად ვიცი არასდროს დამავიწყდება და ბევრჯერ გადავიკითხავ

უღრმესი მადლობა ❤️

 


№9  offline წევრი ნანა73

უპირველეს ყოვლისა, (ბანალური დასაწყისია, თუმცა მაინც ასე დავიწყებ) პატივისცემით მოგმართავ. ზედაპერულად გიცნობდი და ვიცოდი განათლებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი იყავი სხვა დანარჩენთან ერთად.
ამ ნაწარმოებით გაგიცანი.
რა შემიძლია ვთქვა?
აღვფრთოვანდი შენი ხადვებით, ღრმად გააზრებული, ერთი მოკვდავის ისტორიით, რომელიც ასე ნათლად აღწერს ცხოვრების დარტყმებით გამოწვეულ გარდასახვებს ადამიანის ცხოვრებაში.
კითხვის დასაწყისში, ერთ ძალიან ცნობილ, ქართველ მწერალს შეგადარე. ( არ დავასახელებ )
ზუსტად გადმოსცემ სათქმელს.სვავ კითხვებს და გარკვევით პასუხობ ყველა მათგანს.
მოვიშხამე იმ რეალობით რაც აღწერე...
ყოველდღიურობა იმდენად გულისამრევია, სიახლეები ჩვენს ირგვლივ ისეთი მყრალია ხან მინდა საერთოდ არ მესმოდეს არაფერი... ( ერთი ახლობლის სიტყვები მახსენდება... არ მინდა არაფრის გაგება მითუმეტეს ჩაღრმავებაო, კმარა და არაფერზე მესაუბროო) მესმის მისი, მართლა ბოლო არ უჩანს გაურკვევლობას ირგვლივ.
ეს მოთხრობა კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ადამიანი -დაბადებიდან უცოდველი, ცხოვრების მანძილზე ისეთ კატაკლიზმებს განიცდის, იმდენ ნიღაბს ირგებს გარემოებებზე დამოკიდებული, სრული ფარსია მისი არსებობა.
ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ალბათ არ ღირს...
ბრავო! არაჩვეულებრივი მოაზროვნე ხარ. წარმატებები შენ!!
❤️❤️❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ნანა73
უპირველეს ყოვლისა, (ბანალური დასაწყისია, თუმცა მაინც ასე დავიწყებ) პატივისცემით მოგმართავ. ზედაპერულად გიცნობდი და ვიცოდი განათლებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი იყავი სხვა დანარჩენთან ერთად.
ამ ნაწარმოებით გაგიცანი.
რა შემიძლია ვთქვა?
აღვფრთოვანდი შენი ხადვებით, ღრმად გააზრებული, ერთი მოკვდავის ისტორიით, რომელიც ასე ნათლად აღწერს ცხოვრების დარტყმებით გამოწვეულ გარდასახვებს ადამიანის ცხოვრებაში.
კითხვის დასაწყისში, ერთ ძალიან ცნობილ, ქართველ მწერალს შეგადარე. ( არ დავასახელებ )
ზუსტად გადმოსცემ სათქმელს.სვავ კითხვებს და გარკვევით პასუხობ ყველა მათგანს.
მოვიშხამე იმ რეალობით რაც აღწერე...
ყოველდღიურობა იმდენად გულისამრევია, სიახლეები ჩვენს ირგვლივ ისეთი მყრალია ხან მინდა საერთოდ არ მესმოდეს არაფერი... ( ერთი ახლობლის სიტყვები მახსენდება... არ მინდა არაფრის გაგება მითუმეტეს ჩაღრმავებაო, კმარა და არაფერზე მესაუბროო) მესმის მისი, მართლა ბოლო არ უჩანს გაურკვევლობას ირგვლივ.
ეს მოთხრობა კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ადამიანი -დაბადებიდან უცოდველი, ცხოვრების მანძილზე ისეთ კატაკლიზმებს განიცდის, იმდენ ნიღაბს ირგებს გარემოებებზე დამოკიდებული, სრული ფარსია მისი არსებობა.
ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ალბათ არ ღირს...
ბრავო! არაჩვეულებრივი მოაზროვნე ხარ. წარმატებები შენ!!
❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა ❤️ ძალიან მიხარია, რომ ისიამოვნე!

 


№11 წევრი nukito20w

რა კარგია,ამას რომ მივაგენი. აქამდე ნეტავ რატომ არ შემხვდა?!
ძალიან ხარისხიანია და ისეთი, მილიონობით შეგრძნებას რომ გაგიღვიძებს.
აი, სხვანაირი სიყვარული იგრძნობოდა, პატივისცემა და გაგება...
ადამიანობაზე ბევრი ითქვა და მომეწონა ის,რომ პერსონაჟი თავის ყველა ქმედებას აფასებს.

წარმატებას გისურვებთ.

 


№12  offline ახალბედა მწერალი lukakhati

nukito20w
რა კარგია,ამას რომ მივაგენი. აქამდე ნეტავ რატომ არ შემხვდა?!
ძალიან ხარისხიანია და ისეთი, მილიონობით შეგრძნებას რომ გაგიღვიძებს.
აი, სხვანაირი სიყვარული იგრძნობოდა, პატივისცემა და გაგება...
ადამიანობაზე ბევრი ითქვა და მომეწონა ის,რომ პერსონაჟი თავის ყველა ქმედებას აფასებს.

წარმატებას გისურვებთ.


დიდი, დიდი მადლობა ❤️ ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ!

 


№13  offline წევრი მწერალი ქალი

ჰოო...დიდი ხანია კითხვის დროს სიმშვიდე არ შემოპარულა.საოცრად დავშვიდდი...მქოდნა შეგრძნება,რომ წიგნს ვკითხულობდი.მოვლენები საოცრად ბუნებრივად და ემოციურად იყო აღწერილი.გეთანხმები...დანაშაულია დუმილი,როცა აუცილებელია საუბარი.ვწუხვარ,რომ აქამდე არ(ვერ)გავეცანი შენ შემოქმედებას.მუზა აუცილებლად მოვა.შენ უნდა წერო.ნიჭი ცვივა ფანტელებივით შენ თავზე...წარმატებები.

 


№14  offline ახალბედა მწერალი lukakhati

მწერალი ქალი
ჰოო...დიდი ხანია კითხვის დროს სიმშვიდე არ შემოპარულა.საოცრად დავშვიდდი...მქოდნა შეგრძნება,რომ წიგნს ვკითხულობდი.მოვლენები საოცრად ბუნებრივად და ემოციურად იყო აღწერილი.გეთანხმები...დანაშაულია დუმილი,როცა აუცილებელია საუბარი.ვწუხვარ,რომ აქამდე არ(ვერ)გავეცანი შენ შემოქმედებას.მუზა აუცილებლად მოვა.შენ უნდა წერო.ნიჭი ცვივა ფანტელებივით შენ თავზე...წარმატებები.


დიდი, დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent