შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარაფებზე მოსიარულე (5)


30-08-2020, 07:39
ნანახია 1 128

ელიაზარი
რამდენი ხანია ამ რვეულს არ გავკარებივარ. შეიძლება ხუთი თვე, ან ექვსიც. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩანაწერებს არ ვათარიღებ. ისევე, როგორც წარმოსახვით ქოხში, ასევე ამ რვეულშიც საათი, კალენდარი და დროსთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა რამ არ არსებობს.
დღევანდელმა განწყობამ ისევ მომიყვანა ფურცლებამდე და მეწყერივით მოვარდნილმა შეგრძნებებმაც დაუყოვნებლივ გადმოსჩქეფეს. მიზეზი ჩვენი ნათესავი ელიაზარი და მისი პატარა შვილი არონია.
ელიაზარი არც ისე დიდი ხანია დაქვრივდა და მას შემდეგ მარტო ზრდის ობლად დარჩენილ თერთმეტი წლის ბიჭუნას. მეუღლის დაკარგვის შემდეგ ცხოვრება დიდ ტვირთად დააწვა. ყოველ დილით არონი სკოლაში მიჰყავს, შემდეგ სამსახურისკენ მიიჩქარის და ქაშერული მაღაზიის საწყობში შრომობს. მამა ამბობს, ძალიან მკაცრ პირობებში უწევს მუშაობა და თანაც ანაზღაურება მიზერული აქვსო. ამიტომ ხშირად უხდება ნათესავებსა და ახლო სანაცნობოში ვალის აღება. მისი ძმა ხელმოცარულად მოიხსენიებს. თვლის, რომ არაფერი გამოსდის, მათ შორის რელიგიური წესების მკაცრად დაცვა და კარგი იქნება, თუ არონს გასაზრდელად მის ოჯახს გადასცემს, მაგრამ ელიაზარი ამის წინააღმდეგია -თავად უნდა შვილი აღზარდოს და გვერდიდან არ მოიცილოს. ძმა საყვედურობს, ბავშვს არასათანადო ყურადღება ეთმობა, სრულფასოვნად ვერ გაიზრდება და ვერ ეზიარება ნამდვილ ჰასიდურ ოჯახურ სითბოს, სიყვარულს, რელიგიურობას და გარემოსო. ბევრჯერ უხსენა, ცოლი შეერთო, მაგრამ ყურსაც არ ათხოვებს - ალბათ, არ უნდა, პირველი და ერთადერთი სიყვარული ნაძალადევად შემდგარ ურთიერთობაზე გაცვალოს.
ჩვენთან სიყვარული ქორწინებამდე არ მოდის. ის ქორწინების შემდეგ ჩნდება. ნეტა რამდენი ქორწინებაში მყოფი წყვილი ელოდება სიყვარულის მოსვლას დღემდე? ამაზე ღიად არავინ საუბრობს...
ელიაზარს გაუმართლა და ნამდვილი სიყვარული ეწვია. მერე რა, რომ მეუღლე დღეს ცოცხალი აღარ ჰყავს? მისი არსებობა მხოლოდ ფიზიკურად არ დასტურდება, მაგრამ სადღაც ხომ არის? სიყვარული მაინც გრძელდება...
ჰო, რატომ დავწერე ამდენი? იმ დღეს ელიაზარმა ცოლის სულის მოსახსენიებელი ვახშმის გასამართად წინასწარ დაიჭირა თადარიგი და რომ არაფერი შეშლოდა და ყველაფერი კარგად მოემზადებინა, რამდენიმე დღით ადრე დედაჩემს კარტოფილის კუგელის და ხორცის ბურთულების რეცეპტი სთხოვა. დედაჩემმა დახმარება შესთავაზა, მე გაგიკეთებო, მაგრამ ხელები გაასავსავა - თავად მინდა, მოვამზადოო.
დღეს შვილთან და რამდენიმე მამაკაც ნათესავთან ერთად სასაფლაოზე გავიდა, ყველა წესი დაიცვა და შემდეგ სტუმრებს სუფრით გაუმასპინძლდა. შუა ვახშმობისას ელიაზარმა ბავშვს სთხოვა, დედამისის საყვარელი სიმღერა შეესრულებინა და ისიც დათანხმდა. თურმე ძალიან ემოციური მომენტი ყოფილა. არონს კარგად შეუსრულებია და სუფრის წევრების შექებაც დაუმსახურებია.
მამამ აღნიშნა, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა და მოუხერხებელმა ელიაზარმა ყველას გასაკვირვად არაჩვეულებრივად გაართვა თავი ყველაფერსო.
რამხელა ძალა ჰქონია სიყვარულს. ნეტა როგორია? რა ფერია? რა ძალას ატარებს?
მეც მინდა ელიაზარივით გამიმართლოს და გულწრფელი სიყვარული მეწვიოს.


შოა (ჰოლოკოსტი)
დღეს დედაჩემის ბებია მოვინახულეთ. საავადმყოფოდან ახლახან გამოწერეს, მაგრამ მაინც მძიმედ არის, მკურნალობის გაგრძელება სჭირდება. მისი წარსულიდან გამომდინარე, ოჯახის წევრები განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებენ და ეპყრობიან. ცდილობენ ბავშვობაში მძიმედ დალექილი მოგონებები სიყვარულით გაუქარწყლონ. იგი 1927 წელს უნგრეთში დაბადებული ებრაელია, რომელიც ჰოლოკოსტს სასწაულად გადაურჩა და მოგვიანებით, 1958 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვა თავშესაფარი. მსგავსი ისტორიებით არც თუ ისე ცოტა ძველი თაობის წარმომადგენელი ჰყავდა ჩვენს თემს, თუმცა დრო მიდის, არ ჩერდება და ისინი გვაკლდებიან...
როგორც დედაჩემი ამბობს, ბებიას არასოდეს უყვარდა ნაცისტების მიერ ორგანიზებულ, ებრაელი ხალხის მასიური განადგურების შესახებ დეტალურად საუბარი. იშვიათად ახსოვს ვინმეს, რომ შოას შესახებ სასაუბროდ ინიციატივა გამოეთქვა, მაგრამ თუ ოდესმე ვინმე რამეს შეეკითხებოდა, ცდილობდა, განსაკუთრებით მძიმე კადრები გონებიდან ამოეჭრა, შედარებით მსუბუქი ფრაგმენტები გაეხსენებინა და ნაკლებად რთული მოსასმენი გაეხადა ის საშინელი ისტორია, რაც ჩვენმა მოდგმამ გამოიარა.
საუბარს ეგრეთწოდებული „ბროლის ღამით“ იწყებდა, რომელიც გერმანიის ანტისემიტური ისტერიის გამო 1938 წლის 9-10 ნოემბერს ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივი გაჩანაგებებით დაიწყო. შემდეგ 1939 წლის დასაწყისში ჰიტლერის დავალებით შექმნილ ოთხწლიან გეგმაზე საუბრობდა, რომელიც ებრაელების ქვეყნიდან განდევნას ითვალისწინებდა და ნელ-ნელა გადადიოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდზე, როდესაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გერმანელების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უამრავი გეტო იქნა ლიკვიდირებული. თვალები ცრემლებით ევსებოდა, როდესაც გარდაცვლილ ახლობლებს იხსენებდა და მათი მკვლელობების უსასტიკეს მეთოდებზე უხდებოდა საუბარი. იმ არეულ პერიოდში არავინ იცოდა ვინ სად ხვდებოდა, ან როგორ კვდებოდა, მაგრამ მეთოდები უსასტიკესი იყო - დახვრეტები, გაზის კამერები, კრემატორიუმები...
ბებია აუშვიცში დედასთან, და-ძმებთან და უამრავ სხვა ებრაელთან ერთად მატარებლით გადაჰყავდათ. ახლაც ახსოვს ხალხით გატენილი ვაგონები, უჰაერობა და გონდაკარგული და, რომელიც შიმშილისგან უღონოდ შეიქნა და წაიქცა. მოულოდნელად მატარებელი გაჩერდა და დაბომბილი ლიანდაგების გამო ორი დღე მოუხდათ ერთ ადგილას ყოფნა. ებრაელებს დრო უხელთებიათ და მაშინ როცა ზედამხედველები ერთმანეთში საუბრობდნენ, ვისაც გამბედაობა ეყო, ვაგონებიდან გადმოსულან და ახლო-მახლო ტერიტორიებზე მიმოფანტულან. ბებიამ და მისმა ძმამ ერთ-ერთ სოფელში ვიღაცის თავლას შეაფარეს თავი.
გაქცეულ ებრაელებს დადევნებული გერმანელები ყველგან ეძებდნენ, რომ უკან დაებრუნებინათ. ეს იყო ცოცხლად გამოცდილი სიკვდილი და შიში იმისა, რომ მისი სიცოცხლე უგზო-უკვლოდ და არაფრის გამო იკარგებოდა. მოშიებულ ძმას უკითხავს დისთვის, წყალი მაინც არ შეიძლება რომ სადმე ვიშოვოთო? ბებია წყლის საძებნელად თავლიდან გასულა და ნაცისტს გადაჰყრია. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რომ ჩემი სიცოცხლე იქვე დასრულდაო, მაგრამ გერმანელს ტირილი დაუწყია და უთქვამს, ჩემს გარდაცვლილ შვილს ძალიან ჰგავხარ და ხელი როგორ დაგაკაროვო? სთხოვა, ძეწკვზე ჩამოკიდული ებრაული ვარსკვლავი ყელიდან მოეხსნა და შემდეგ ძმასთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაუყვანია. ასე გადარჩნენ ბებია და მისი ძმა სიკვდილს, ხოლო დედ-მამის და დანარჩენი და-ძმის ბედი იმ ებრაელთა ბედის მსგავსია, რომლებიც ექვსმილიონიან გენოციდურ წმენდას შეეწირნენ.
მას შემდეგ, რაც ბებიის მძიმე წარსულის შესახებ შევიტყვე, ხშირად ვეცნობი ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებულ ფილმებს. ყველა ერთი მეორეზე მძიმე და სევდიანია, მაგრამ მე მაინც სტივენ სპილბერგის „შინდლერის სიას“, ალან ჯეი პაკულას „სოფის არჩევანს“, რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერიას“ და მარკ ჰერმანის და როზი ელისონის „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ გამოვყოფდი.


ეითანის ნიშნობა
ახლახან ჩემი მამიდაშვილის, ეითანის ნიშნობიდან დავბრუნდით. ყველანი დაღლილები არიან და დასაძინებლად წავიდნენ. ჩემი პატარა ძმა ყურს იტკიებდა და ძალიან ურჩობდა. თუმცა დედამ და მამამ საძინებელში შეიყვანეს, ექიმისგან გამოწერილი ყურის წვეთები ჩააწვეთეს და მისთვის განკუთვნილ დასარწევ საწოლში ჩააწვინეს. ნახევარი საათი იტირა და როგორც ჩანს, ჩაეძინა - სახლში ისეთი სიწყნარეა, როგორც სამარეში. მხოლოდ ქუჩაში მოძრავი მანქანების ხმა შემოდის და ფიქრებში გატაცებულს უკან მაბრუნებს. ძილი მერევა, მაგრამ სადარდებელი სწონის. მინდა, ჩემი დღევანდელი შთაბეჭდილებების შესახებ დავწერო. მერე, რვეულს ისევ საგულდაგულოდ გადავმალავ, ოთახში შუქს ჩავაქრობ და მეც დავიძინებ.
ახლა უშუალოდ ნიშნობაზე გადავალ. ნათესავებს შესაკრებად საკმაოდ კარგი მიზეზი გვქონდა და ყველამ მოვილხინეთ. წყვილიც ბედნიერი ჩანდა და იმედით სავსე თვალებით იყურებოდა. ჩვენი წესების მიხედვით, უფლება არ აქვთ ერთმანეთს ქორწილამდე შეეხონ, ამიტომ შორს ისხდნენ და მორცხვად შესციცინებდნენ თვალებში. მჯერა, ლამაზი ცხოვრების მოლოდინი აქვთ და ნეტა მართლა ასე იყოს, სწორედ ისე ეცხოვროთ, როგორც სურთ.
რაც მსოფლიო ლიტერატურის გაცნობა დავიწყე, ლამაზ ცხოვრებას ყველგან სხვადასხვა კრიტერიუმებით ზომავენ. ებრაელებში ის ბევრი ბავშვით ახმაურებული სახლით, მშვიდი, რელიგიური და ნაკლები პრობლემებით სავსე ცხოვრებით ისაზღვრება. პრობლემებში ძირითადად ჯანმრთელობის გაუარესება, ოჯახში შექმნილი უბარაქობა და უსიყვარულობა იგულისხმება. ეითანიც და მისი საცოლეც ჯანმრთელები არიან, ფინანსური პრობლემებიც მეტ-ნაკლებად მოგვარებული აქვთ- არცერთის ოჯახი არ ცხოვრობს სიდუხჭირეში და რაღა დარჩა? იმედი მაქვს, ერთმანეთს შეეჩვევიან და მათ შორის სიყვარულიც დაიბადება.
უცნაურია, რომ ბოლო დროს სიყვარულზე ფიქრებმა გამიტაცეს. უკვე ჩვიდმეტი წლის ვარ და რამდენიმე თვეში თვრამეტი წელი შემისრულდება. ახლავე ვიცი, რომ ჩემი სიყვარული არც შექსპირის რომეო და ჯულიეტას, ან კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსის, არც შაჰ-ჯაჰანი და მუმტაზ-მაჰანის და მითუმეტეს, არც დანტეს პაოლო და ფრანჩესკას თავგადასავლებს არ დაემსგავსება. უნდა ვაღიარო, ტრაგედიებისადმი ლტოლვა არც არასოდეს მქონია, მაგრამ ჩამოთვლილი წყვილების მსგავსად ძლიერ სიყვარულზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს.
ჰასიდიზმში ყველა წყვილს მსგავსი ქორწინების ისტორია აქვს, რომელიც არაფრით არ არის გამორჩეული. მე კი ვისურვებდი, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა, თავგადასავლებით სავსე ისტორია გვქონდეს.
არ მინდა უსიყვარულო კავშირის ტყვეობაში აღმოვჩნდე.




ჰანუქა და საშობაო სამზადისი
მამაჩემმა ჰანუქის აღსანიშნავად წელს ახალი, ძვირფასი მენორა იყიდა. დედამ ფანჯარასთან დადგა, ისევე როგორც ეს სინაგოგაში ხდება და ახლა მთელი ოჯახი სულმოუთქმელად ველოდებით დღესასწაულის დადგომას. ჰანუქა ოცდახუთ ქისლევს იწყება და რვა დღე გრძელდება, ტევეთის თვის ორ ან სამ რიცხვამდე. იგი ძველი წელთ აღრიცხვით მეორე საუკუნეში დაწესდა მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად. მანამდე ტაძრის ტერიტორია ბერძნულ-სი*რიული არმიისგან და მათი მოკავშირე ებრაელებისგან იყო დაკავებული. ჰანუქის დღეებში მზის ჩასვლის შემდეგ სასანთლეს თითო სანთელი ემატება და ასე ივსება საბოლოოდ რვა სანთლით.
ამ დღესასწაულს მეორენაირად სინათლის დღესასწაულს უწოდებენ. რვა დღის განმავლობაში ხშირია შეკრებები, წვეულებები, სიმღერები და თამაშები. ტრადიციის მიხედვით, სუფრაზე უნდა იყოს ტაფაზე გამომცხვარი კარტოფილის ხრაშუნა ბლინები, ძროხის ან ხბოს ხორცით მომზადებული ბრისკეტი, კუგელი, ჟელეთი სავსე დონატები და შოკოლადის მონეტები. როგორც წესი, ჩემი ძმები მუსრს ავლებენ ტკბილეულობას და ხშირად ხდებიან დედაჩემისგან დატუქსვის ობიექტები, მაგრამ ვინ უსმენს? მაქსიმუმ ერთი საათი შეიკავონ თავი და შემდეგ ისევ ეპარებიან ხოლმე.
ჰანუქას დღესასწაული და საშობაო სამზადისი ხშირად ემთხვევა ერთმანეთს.
ნიუ-იორკის ქუჩები ყველგან ფიფქებით, ბრჭყვიალებით, სათამაშოებით, ნაძვის ხეებით და სანტა კლაუსებით ირთვება. ამას წინათ ინტერნეტში ერთ-ერთ სტატიას გადავაწყდი, რომელიც ბრუკლინის იტალიური უბნის “Dyker Heights” -ის შესახებ გვამცნობდა. თურმე უბანი საშობაოდ ზღაპარს ემსგავსება. სახლები საუცხოო დეკორაციებით გამოირჩევა და ყოველწლიურად ასიათასამდე მნახველს იზიდავს. სახლების მეპატრონეები ორიგინალურ მორთულობასა და ულამაზესი სანახაობების მომზადებაში ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. იქ მაცხოვრებლების უმეტესობა პროფესიონალ დეკორატორებს მიმართავენ და საშუალოდ ათასიდან ოციათას დოლარამდე ხარჯავენ. სახლები და ეზოები უზარმაზარი მარხილებით, სანტებით, ირმებით, ანგელოზებით, მაკნატუნებით, მოცეკვავე თოჯინებით, დისნეის მულტფილმების პერსონაჟებით და ათიათასობით ნათურით ირთვება.
განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევიან 81-დან 86-მდე პერიმეტრში არსებული ქუჩები. ტრადიციული საშობაო სანახაობა უკვე დიდი ხანია გრძელდება და იდეის ავტორები და სულის ჩამდგმელები იტალიური წარმომავლობის ქალბატონი ლუსი და მისი მეუღლე ანგელა სპატები არიან. ისინი მეთერთმეტე და მეთორმეტე ავენიუებს შორის, ოთხმოცდამეოთხე ქუჩაზე 1152 ნომერში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, მათი სახლი ყოველ შობას ძალიან გამორჩეულია.
უბნის მაცხოვრებლები ყოველ სეზონზე სულ მცირე, ერთი საინტერესო დეკორაციით ავსებენ საშობაო კოლექციას და წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობენ დამთვალიერებლებს. ეს თავბრუდამხვევი და დაუვიწყარი სილამაზე მადლიერების დღის შემდეგ იწყება და დაახლოებით ექვს კვირამდე გრძელდება.
როგორ მინდა მეც მქონდეს უფლება ამ სანახაობას დავესწრო, მაგრამ...


დამარხული ნიჭი
უცნაურ შინაგან ძალას ვგრძნობ, რომელიც მაწვალებს და სხეულიდან გამოსვლას მთხოვს. მიწაში დათესილ მარცვალს ვგავარ, რომელიც გამოსახეთქად და ფესვების გასადგმელად ემზადება. თავადაც ვერ ამომიხსნია რატომ, მაგრამ როდესაც ფერებს ვხედავ, მთელი სხეული მათკენ მიისწრაფის და მინდა, სხვადასხვა სახის, ზომის, თემატიკის ნამუშევრები შევქმნა.
ჩემს ძმებთან ერთად დროის გაყვანის მიზნით, ფურცლებზე ხშირად დამიხატავს პეიზაჟები, გამიკეთებია აპლიკაციები და ყოველთვის ვატყობდი, რომ ასეთი სახის სამუშაოები უზომო სიამოვნებას მანიჭებდნენ, მაგრამ იმასაც ვხვდები, ეს არ მაკმაყოფილებს. რაღაც უფრო მეტი მინდა, რომელიც სამოყვარულო სახის გასართობს გასცდება და ტილოზე გადაინაცვლებს. როგორ ან ვისთან გავამხილო, რომ ხატვა ისე მჭირდება, როგორც ნაპირზე გამორიყულ თევზს წყალში დაბრუნება? ვერავის ვეტყვი. რა აზრი აქვს? ვერ გამიგებენ და მეტყვიან, ნამდვილი ებრაელივით უნდა მოვიქცე და ჩემი ემოციები და შესაძლებლობები ბევრად უფრო საინტერესო და საჭირო საკითხებს მოვახმარო. არადა, შიგნიდან რაღაც არ მასვენებს და ტკივილამდე მაწვალებს. თითქოს ჩემში დიდი წრე ტრიალებს და ამ სურვილს ზედ იხვევს. სურვილი იზრდება, მასზე დასახვევი მასალაც სულ უფრო იბურდება და ყველაფერს მიგლიჯავს. სხეული მეხევა და თავს სანაგვე ურნაში გადასაგდებად მომზადებულ უსარგებლო ქაღალდად ვგრძნობ.
ამას წინათ მხატვრულ მიმდინარეობებს ვეცნობოდი. მომეწონა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებული ავანგარდიზმი, ციურიხში წარმოქმნილმა დადაისტურმა მიმდინარეობამ განსაკუთრებულად მომხიბლა, არც ექსპრესიონიზმმა და იმპრესიონიზზმა დამტოვა გულგრილი, მაგრამ სულ სხვაა სიურრეალიზმი, რომელშიც მხატვრისა და სამყაროს შორის დამყარებულ იდუმალ კავშირს ვამჩნევ, სადაც ერთგვარი კვლევა-ძიების შედეგად გამოჟონილ პროდუქტს გარკვეული ხნის შემდეგ ტილოებზე ვხედავთ.
მხოლოდ მე არ ვარ ასე. სხვებიც არიან თემში, რომლებიც ჩემსავით მალავენ საკუთარ თავს და მისწრაფებებს.
ჩემი მეგობარი რაკელი ბიონსეს ფანია. ამას მხოლოდ მე მიმხელს, რათა უფროსებმა ცუდი საქციელისთვის არ გაკიცხონ. ღამ-ღამობით, როდესაც ოჯახის ყველა წევრი იძინებს, ტუალეტში იკეტება, სმარტფონზე ყურსასმენებს ამაგრებს და ისე უსმენს. მის ოთახში დებს სძინავთ და მათ ემალება. არ უნდა, რომელიმე მათგანმა დაინახოს და მშობლებთან დაასმინოს. სკოლიდან რომ ვბრუნდებით, გზაში ბიონსეს რეპერტუარიდან დაბალ ხმაზე მღერის. შეუდარებელი ხმის ტემბრი და შესრულების მანერა აქვს. ამბობს, რომ ცეკვავს კიდეც, მაგრამ მისი ცეკვა არასოდეს მინახავს.
კიდევ კარგი, მასსავით ტუალეტში ჩაკეტვა არ მიწევს. ზოგჯერ გათენებამდე ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ ფილმებს, ბევრს ვფიქრობ და თუ ხასიათზე ვარ, ჩანაწერებს ვაკეთებ. ამდენი ხანი ერთ პატარა, უფანჯრო ოთახში ვერ გავძლებდი.
მიყვარს ღამე. რამდენ საიდუმლოს მინახავს...
ალბათ, რაკელსაც უყვარს იგი...


ზღვა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი
რაც უფრო ვეცნობი ლიტერატურას, მით უფრო მომწონს ზღვა და მისი დატვირთვა ავტორების შეხედულებების მიხედვით. ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, ის ბუნებაზე მეტია და პერსონაჟივით მნიშვნელოვანი. მიყვარს მწერლები, რომლებიც ხეებს, ზღვას, ყვავილებს, ქარს, თოვლს, წვიმას, ბალახს და ბუნების დანარჩენ ქმნილებებს სულიერებივით მოიხსენიებენ, მაგრამ ყველაზე მეტად წყალი მიზიდავს.
ზღვა- ხანდახან მზესთან მოსაუბრე, მშვიდი, თავმომწონე და ლიცლიცა, ხან კი ქარიშხალთან მოთამაშე, ძლიერი, მშფოთვარე და დამღუპველი.
სამყაროში ჩასახული მეორე სამყარო, სადაც მიწის მსგავსად, სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ენაცვლება.
ზოგჯერ მგონია, ზღვა არასოდეს იქნებოდა ბოროტი, ადამიანები რომ არ აბინძურებდნენ. მის სახლში განსაწმენდელად შედიან, უტოვებენ ჩადენილ ცოდვებს, ჩუქნიან ტკივილს, წყენას, ბოღმას, ბრაზს და ნაკლებად ფიქრობენ, რომ ის ამას არ გრძნობს. მერე მიდიან, სადღაც მიდიან და ძარცვავენ მისთვის საყვარელი ლურჯი სამოსისგან. ითმენს ზღვა, ბევრს ითმენს, მაგრამ ადამიანები არ ჩერდებიან, ყოველდღე ბილწავენ და აშავებენ. მისთვის სიბინძურეს უფრო იმეტებენ, ვიდრე სიწმინდეს. გული უსივდება და ჩქარი რიტმით უფეთქავს. გაცხარებეულია. ცდილობს დაგროვილი ჭუჭყი მოაგროვოს, დიდ და მძიმე ტალღებად შლეგიანივით ათრიოს და ნაპირზე მოსულმა ერთიანად მოგვაფურთხოს. ეს ჩვენი დატოვებულის უკან დაბრუნებაა. არავის სჭირდება სხვისი სათრევი ჭირ-ვარამი. ზღვასაც კი!..
ასე ბრაზობს რამდენიმე დღე, სანამ ტკივილი არ დაუცხრება და გაბრაზება არ გადაუვლის. შემდეგ ისევ სიწყნარეს უმეგობრდება, ცასავით კრიალა სამოსს იბრუნებს და მშვიდ სუნთქვას და სტაბილურ გულისცემას აგრძელებს.
კაცობრიობა ვერც იაზრებს რამხელა ისტორიული საგანძურები აქვს ზღვას ფსკერზე გაშენებული. რამდენი რამ იცის დაკარგული ხალხის, გემების, თვითმფრინავების, სხვადასხვა ნივთების და ამბების შესახებ. თევზების და წყლის დანარჩენი ბინადრების როგორ შემშურდეს? ცოტა სასაცილოც კი არის, მაგრამ აშკარაა, რომ მათ ნებისმიერ ჩვენგანზე მეტი აქვთ ნანახი და ისეთ რაღაცებზე ფლობენ ინფორმაციას, რაზედაც წარმოდგენა არ გვაქვს.
ეჰ, ზღვას რომ მემატიანე ჰყავდეს, მსოფლიო ისტორიის წიგნებს უამრავი ფურცლები შეემატებოდნენ.
არა მგონია, პოსეიდონის უსიტყვო სამფლობელო ვინმემ ოდესმე ამოხსნას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მისი ღვთაების მსგავსად, ძლევამოსილი, გამოუცნობი, დაუმორჩილებელი და მეამბოხეა.
რომ მკითხონ, რომელი სტიქია ვიქნებოდი, წყალს დავასახელებდი...

აღელვებულმა ვივიენმა კითხვა შეწყვიტა. აყრილ-დაყრილი აზრები რომ დაელაგებინა, თავი უკან გადახარა და ჭერს მიაშტერდა. რამდენიმე წუთი ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღიურის მთავარი პერსონაჟის ტყავში შეძვრა და ჰასიდების ყოველდღიურობაში ჩაეფლო. საინტერესო იყო მათი ცხოვრება. მტვერსასრუტივით შესრუტული ამბებიდან გონებაში სხვადასხვა ოთახები ააგო, საიდანაც ერთმანეთში გადადიოდა და რუკაზე მიჯაჭვული ტურისტივით თითოეულ კუთხე-კუნჭულს და იქ მცხოვრებთა წეს-ჩვეულებებს ეცნობოდა.
დასაფასებელი და პატივსაცემი იყო ჰასიდთა ცხოვრება. მათი არჩევანი, რომ გაეძლოთ თანამედროვე სამყაროს ყველა ცდუნებისთვის და ისე ეცხოვრათ, როგორც მათ წინაპრებს, არც თუ ისე ადვილი იყო, მაგრამ იფიქრა, როცა იმ გარემოში ხარ და შეზრდილი გაქვს მათი ყოფა, ხშირ შემთხვევაში მისაღებია.
დღიურიდან მიღებული ემოციები რომ გაიქარვა, ტელევიზორი ჩართო. გვიანი იყო, თავის შესაქცევი ვერაფერი ნახა და “Voice”-ის ბოლო ჩანაწერებს მიუბრუნდა. ნანახმა პროგრამამ დიდად ვერ დააინტერესა და მალევე გამორთო. დღიურს უყურებდა, უნდოდა წაეკითხა, მაგრამ სარას დღევანდელი მდგომარეობით ხვდებოდა, რომ კარგი ამბებით არ გაგრძელდებოდა და დროს წელავდა. საბოლოოდ ცნობისმოყვარეობამ დაჯაბნა და რვეულს მიუბრუნდა:

ნეითანი
დღეს თუ ამ დღიურთან რამე მომიყვანდა, მხოლოდ ჩემს გათხოვებაზე ბჭობა. დედ-მამამ სრულ გაურკვევლობაში ჩამაგდო. მაჭანკალს ვიღაც შეძლებული ოჯახის შვილი შეუთავაზებია მათთვის და გადაწყვიტეს, ჩემი აზრი მოისმინონ. წესით, უნდა მიხაროდეს. ყველა გოგონა ოცნებობს ოჯახის შექმნაზე, შვილების ყოლასა და ქმარ-შვილთან ერთად ლამაზი მომავლის მოწყობაზე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე ეს სწორედ ის არის, რაც მინდა.
ოჯახი, რომელიც ჩემი კანდიდატურით დაინტერესდა, გვარად უნგერია. მას ბორო პარკსა და უილიამსბურგში საცხობების ბიზნესი აქვს. სავარაუდო საქმროს ნეითანი ჰქვია. დედა მირჩევს, გავიცნო. დასხდებით, ილაპარაკებთ, იქნებ, ერთმანეთს გაუგოთ და ყველაფერი ისე წავიდეს, თქვენ რომ ვერც წარმოიდგენდითო. მამას მოსწონს, სინაგოგიდან იცნობს. ერთად ესწრებიან ყოველდღიურ ლოცვებს. ამბობს, კარგი ბიჭია, არაფერი დაეწუნებაო.
ძალიან განვიცდი. ხელის გულები გამეყინა, თითებს ძლივს ვამოძრავებ და ამ ტექსტსაც გაჭირვებით ვწერ. გული გაორმაგებით მიცემს და ლამის არის, სხეულიდან ამოფრინდეს.
ნეტა, სადმე რამე მინიშნებას მივაგნო, როგორ მოვიქცე? მგონი, სჯობს, გავიცნო. ახლა ისეთ ასაკში ვარ, დღეს ნეითანს შემომთავაზებენ, ხვალ კიდევ ვიღაცას და ეს არასოდეს დამთავრდება. გაბედე სარა და თქვი კი. ბოლოსდაბოლოს, თუ არ მოგეწონება, იტყვი არას და ის ბიჭი თავისი გზით წავა, შენ-შენით. შეიძლება, ნეითანსაც არ მოვეწონო და მანაც არა თქვას. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.


შეხვედრა ნეითანის დედასთან
სამი დღის წინ ნეითანის დედას შევხვდი. ისე ვნერვიულობდი, მთელი მუცელი მგვრემდა. როგორც კი დავინახე, ვიგრძენი, როგორ გავწითლდი. ჩემი თავის შემრცხვა, თორემ მინდოდა გავქცეულიყავი. ხელებმა და ფეხებმა კანკალი დამიწყეს, აზრები გონებიდან წამერთვა და ცივი ოფლი მასხამდა. ვიფიქრე, ვიღაც არანორმალური არ ვეგონო-მეთქი და თავი ხელში ავიყვანე, მივესალმე და გავუღიმე.
-მეც შენსავით ვნერვიულობ, არ გეგონოს, რომ მხოლოდ შენ ღელავო,-დამამშვიდა და ჩემს წინ ჩამოჯდა.
ჩვენი საუბარი ზოგად თემებს მოიცავდა. ნახევარზე მეტი აღარც მახსოვს რა ვილაპარაკეთ. თავდაპირველად მშობლებზე დაიწყო საუბარი და მეც ასე თუ ისე ავყევი. მერე ძმებზე დამისვა რამდენიმე კითხვა და ისე ავლაპარაკდი, ვეღარ მაჩერებდა. მოვუყევი მათი სიცელქის, საყვარელი თამაშებისა და სკოლის ამბების შესახებ. შემდეგ ჩემი ინტერესები გამომკითხა. მგონი, სულ ეს იყო. დეტალები მართლა აღარ მახსოვს.
გუშინ მაჭანკალი მშობლებს დაუკავშირდა და უთხრა, ნეითანის მშობლები თანახმა არიან, მათმა ბიჭმა სარა გაიცნოსო. დედაჩემმა საქმის კურსში ჩამაყენა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, როგორი ადამიანია. იქნებ სულაც არ არის კეთილი, მზრუნველი, გულწრფელი და ისეთი, როგორ საქმროსაც ჩემს წარმოდგენებში ვხატავდი.
ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ჩემს გარშემო დამაბნეველად ტრიალებს...


პირველი პაემანი
ჩვენი პაემანი მეგობრის სახლში შედგა. ერთმანეთის მოპირდაპირედ, მაგიდასთან დავსხედით. გარეგნულად მაღალი, გამხდარი, ქერა, თხელი სახის ცისფერთვალება პიროვნებაა. თავდაპირველად, თავს უხერხულად ვგრძნობდი, თუმცა ნეითანმა მალევე შემიქმნა მასთან ყოფნის კომფორტი და საუბარი სასიამოვნო გახადა. ჩვენს ბავშვობაზე ვისაუბრეთ, ოჯახებზე, სკოლაზე. უფრო მეტად და სიღრმისეულად ვერ გავეცნობოდით ერთმანეთს, ამის საშუალებას ადათ-წესები არ გვაძლევს.
საუბრისას ნეითანს შევატყვე, რომ იუმორთან კარგი დამოკიდებულება აქვს. ეს პლიუსად ჩავუთვალე. მასთან ორსაათიანი შეხვედრა სახალისო აღმოჩნდა. მოსაწყენ ადამიანს ნამდვილად არ ჰგავს.
მშობლებმა შემდეგ კვირაშიც დამრთეს მისი ნახვის ნება. ვეცდები, უკეთესად გავიცნო, რადგან მეორე შეხვედრა გადამწყვეტია და ორივეს პასუხი ჩვენი ერთად ყოფნის ბედს გადაწყვეტს.


მენორა*- სასანთლე



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საუკეთესო მწერალი ხარ ქეთი.სასწაულებს ახდენს ფურცელზე გადმოსული თითოეული ასობგერა.ისე სათუთად კინძავ სიტყვებს ქმნისგანსაკუთრებულ გრძნობებს და ემოციებს.ფრაგმენტები ისტორიიდან გიჩენს კიდევ უფრო მეტი გაიგო ამბის შესახებ,(მე მაგალითად მოვინიშნე ფილმებს უნდა ვუყურო)..მოკლედ დროებით.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
საუკეთესო მწერალი ხარ ქეთი.სასწაულებს ახდენს ფურცელზე გადმოსული თითოეული ასობგერა.ისე სათუთად კინძავ სიტყვებს ქმნისგანსაკუთრებულ გრძნობებს და ემოციებს.ფრაგმენტები ისტორიიდან გიჩენს კიდევ უფრო მეტი გაიგო ამბის შესახებ,(მე მაგალითად მოვინიშნე ფილმებს უნდა ვუყურო)..მოკლედ დროებით.


ნანჩო, სიტყვებს ვერ ვზომავ და ვერც ვარჩევ, რომელი ერთი შეგირჩიო და ისე გადაგიხადო მადლობა. გულწრფელად მიხარია, რომ შენი სახით ასეთი მკითხველი მყავს ❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორი საინტერესო თავი იყო.. მოკლედ ყოველ თავში ახალ-ახალ რაღაცეებს ვიგებ და ვეცნობი..ეს განა მარტო ისტორიაა,დატვირთულია საინტერესო და მნიშვნელოვანი თემატიკით.. აჰა ვივიენზე მოქმედებს უკვე და მიხარია :) ვგრძნობ რაღაც საინტერესო გვეკის წინ. სუპერ ქეთო ხარ სუპერ :*

 


№4  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ნინო
როგორი საინტერესო თავი იყო.. მოკლედ ყოველ თავში ახალ-ახალ რაღაცეებს ვიგებ და ვეცნობი..ეს განა მარტო ისტორიაა,დატვირთულია საინტერესო და მნიშვნელოვანი თემატიკით.. აჰა ვივიენზე მოქმედებს უკვე და მიხარია :) ვგრძნობ რაღაც საინტერესო გვეკის წინ. სუპერ ქეთო ხარ სუპერ :*

ნინო ❤️
სწორად მიხვდი, წინ მართლაც საინტერესო ამბები გელით.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5  offline მოდერი guroo

რანაირად შეძვერი სარას ტყავში? ასე მკვეთრი, შევსებული, გააზრებული და ნამდვილი პერსონაჟი, ჩემი აზრით, ჯერ არ გყოლია. აქვე ვაღიარებ: ბევრი არც წამიკითხავს შენი შემოქმედებიდან. იმასც ვეჭვობ, შეიძლება ასეთი შთაბეჭდილება იმან განაპირობა, რომ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს... რას გავიგებ? მარტო ის ვიცი, რომ ისეთივე შეგრძნებები მაქვს, როგორც საკუთარი ჩანაწერების თვალის გადავლებისას.
დრო უპირობო ღმერთია შენთვის. შინაგანად საოცარი მხიარულება ვიგრძენი, როდესაც წავიკითხე: "თუმცა დრო მიდის, არ ჩერდება და ისინი გვაკლდებიან...". არადა, სევდიანია ეს ფრაზა. მე კი სილამაზედ მომეჩვენა, წარმოუდგენელ სილამაზედ, და გავიხარე. ახლა წარმოდგენა არ მაქვს, რა ახსნა უნდა მოვუძებნო ამას. რატომ შეიძლება იყოს ნაღვლიანი, სასტიკი და აულაგმავი რეალობა ლამაზი? ვიფიქრებ ამაზე...
მე არ მეგულება ღამეზე უკეთესი მეგობარი არც ერთი ადამიანისთვის, რომელსაც შიგნით, კანს ქვეშე, ყურება შეუძლია. სარას მეგობარს ბიონსე მოსწონს და მისი მოსმენის სურვილი აქვს. ხოდა უსმენს კიდეც, ოღონდ სხვებისგან მალულად. ვთვლი, რომ არსებული ყოფისათვის არაკომფორტული სურვილების დახშობაზე უარის თქმა და მათი დაკმაყოფილება თითქმის ეგზისტენციალური მოვლენაა და ძალიან ზედაპირული შეფასებით, მე ამას ვეძახი საკუთარი თავის დანახვას. ღამის ხსენებამ გალაკტიონის ლექსი გამახსენა. ძალიან მოგინდომებია, იცი? წერტილიდან წერტილამდე ჩამოღვენთილხარ - შევამჩნიე. ეს მყუდრო გარემო, უწყვეტი ემოციური ხაზი... ყველა იგრძნობს ამ აურას, ამ შერწყმას შენსა და ტექსტს შორის, ამ სიურრეალიზმსს.
ზღვასთან და წყალთან დაკავშირებით, ყველაფერი გავიგე, შე გაიძვერა თევზებო :დდდდ
გარკვეული დროის შემდეგ, მჯერა "ქარაფებზე მოსიარულე" მატიანეს როლს შეასრულებს და მომავლის შვილებს გაუმხელს, რომ ჩვენი, წარსულის პირმშოთა, კულტურული ცნობიერი ისეთი ფილმებით საზრდოობდა, როგორიცაა: "შინდლერის სია", "ცხოვრება მშვენიერია" ...
ძალიან გთხოვ, რაც შეიძლება მეტი, ამის მსგავსად ეპოქის ამსახველი დეტალები ჩაურთე ნაწარმოებს. ვიცი, რომ სათანადო შრომისმოყვარეობა და ოსტატობა არ გაკლია.
გილოცავ, საოცარი თავი იყო.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

guroo
რანაირად შეძვერი სარას ტყავში? ასე მკვეთრი, შევსებული, გააზრებული და ნამდვილი პერსონაჟი, ჩემი აზრით, ჯერ არ გყოლია. აქვე ვაღიარებ: ბევრი არც წამიკითხავს შენი შემოქმედებიდან. იმასც ვეჭვობ, შეიძლება ასეთი შთაბეჭდილება იმან განაპირობა, რომ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს... რას გავიგებ? მარტო ის ვიცი, რომ ისეთივე შეგრძნებები მაქვს, როგორც საკუთარი ჩანაწერების თვალის გადავლებისას.
დრო უპირობო ღმერთია შენთვის. შინაგანად საოცარი მხიარულება ვიგრძენი, როდესაც წავიკითხე: "თუმცა დრო მიდის, არ ჩერდება და ისინი გვაკლდებიან...". არადა, სევდიანია ეს ფრაზა. მე კი სილამაზედ მომეჩვენა, წარმოუდგენელ სილამაზედ, და გავიხარე. ახლა წარმოდგენა არ მაქვს, რა ახსნა უნდა მოვუძებნო ამას. რატომ შეიძლება იყოს ნაღვლიანი, სასტიკი და აულაგმავი რეალობა ლამაზი? ვიფიქრებ ამაზე...
მე არ მეგულება ღამეზე უკეთესი მეგობარი არც ერთი ადამიანისთვის, რომელსაც შიგნით, კანს ქვეშე, ყურება შეუძლია. სარას მეგობარს ბიონსე მოსწონს და მისი მოსმენის სურვილი აქვს. ხოდა უსმენს კიდეც, ოღონდ სხვებისგან მალულად. ვთვლი, რომ არსებული ყოფისათვის არაკომფორტული სურვილების დახშობაზე უარის თქმა და მათი დაკმაყოფილება თითქმის ეგზისტენციალური მოვლენაა და ძალიან ზედაპირული შეფასებით, მე ამას ვეძახი საკუთარი თავის დანახვას. ღამის ხსენებამ გალაკტიონის ლექსი გამახსენა. ძალიან მოგინდომებია, იცი? წერტილიდან წერტილამდე ჩამოღვენთილხარ - შევამჩნიე. ეს მყუდრო გარემო, უწყვეტი ემოციური ხაზი... ყველა იგრძნობს ამ აურას, ამ შერწყმას შენსა და ტექსტს შორის, ამ სიურრეალიზმსს.
ზღვასთან და წყალთან დაკავშირებით, ყველაფერი გავიგე, შე გაიძვერა თევზებო :დდდდ
გარკვეული დროის შემდეგ, მჯერა "ქარაფებზე მოსიარულე" მატიანეს როლს შეასრულებს და მომავლის შვილებს გაუმხელს, რომ ჩვენი, წარსულის პირმშოთა, კულტურული ცნობიერი ისეთი ფილმებით საზრდოობდა, როგორიცაა: "შინდლერის სია", "ცხოვრება მშვენიერია" ...
ძალიან გთხოვ, რაც შეიძლება მეტი, ამის მსგავსად ეპოქის ამსახველი დეტალები ჩაურთე ნაწარმოებს. ვიცი, რომ სათანადო შრომისმოყვარეობა და ოსტატობა არ გაკლია.
გილოცავ, საოცარი თავი იყო.

დიდი მადლობა!
არც კი ვიცი, რა დავწერო. კომენტარს ეტყობა, რომ წაგიკითხავს. მე წაკითხვას ამას ვეძახი :))
ვეცდები, ბოლომდე ღირსეულად მივიყვანო ეს ნაწარმოები და იმედი მაქვს, საბოლოო დასკვნას არ დამზარდები:))
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent