შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარაფებზე მოსიარულე (6)


5-09-2020, 06:31
ნანახია 1 427

ქაოსი
ყველაფერი დაჩქარებული წესით წარიმართა. დღიურამდე მოსვლას და შთაბეჭდილებების გადმოღვრას წესიერად ვერც ვასწრებ. მე და ნეითანმა მეორე შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს შევეფერებით.
ვიცი, „შევეფერებით“ ხმამაღალი ნათქვამია. ორჯერ ორსაათიანი შეხვედრის შედეგად ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ჩვენს თემს ახასიათებს. რა უნდა მოასწრო ფორმალურად მოგდებულ ოთხ საათში? ნურავინ შემედავება, ეს დრო ადამიანებს ერთმანეთს ვერ გააცნობს!
უცხო კაცს მივყვები ცოლად და ამიერიდან მას მხოლოდ ქორწილის დღეს, შვიდი თვის შემდეგ ვიხილავ. რამდენი რაღაცის დაწერა და ყვირილი მინდა, მაგრამ ასეთია მესერებით შემოღობილი თემის წეს-ჩვეულებები და სამწუხაროდ, ვერავინ შეცვლის.
მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გადაწყდა, თვალწინ ნეითანის სახე მიდგას და ვცდილობ, წარმოვიდგინო როგორი მეუღლე და მამა იქნება, ან მე როგორ გავართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობებს? გამჩენს ვთხოვ, ჩემი მშობლებივით კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ნეტავ, ხასიათებით მამაჩემს ჰგავდეს. მასსავით თბილი, მეოჯახე და ოჯახის წევრების მიმართ პატივისცემით და სიყვარულით განმსჭვალული იყოს.
ჩემს გარშემო შექმნილი ქაოსის შრეებში ვიძირები და იმასაც ვერ ვხვდები, სად გავიქცე. მხოლოდ ფლატე და ქოხი მაბადია. ამ დღეებში იქაც გადაუღებლად წვიმს, ყველაფერი იტბორება და თავის შეფარება შეუძლებელია. გაჩერდი, ცაო! განა ვერ ხედავ, რომ წლობით ნაშენები მოსასვენებელი თავზე მემხობა? სიამოვნებით ავიღებდი ნემსს და წვიმის სადინარებს ამოგიკემსამდი.


ფურიმი
ხვალ ფურიმია და განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობაა ჩვენს ოჯახში. დედ-მამამ ჩემი ძმებისთვის კოსტუმები უკვე შეიძინეს. მსვლელობა რომ დაიწყება, ყველა გამოვეწყობით და სხვებს შევუერთდებით. არავის ეცმევა ყოველდღიური ტანსაცმელი. ეს დღე ერთადერთია, როცა დიდსაც და პატარასაც ამაღლებული განწყობა და მხიარულების პიკი აქვს.
ესთერის წიგნში მოთხრობილია თუ როგორ გადაურჩნენ სპარსეთში მცხოვრები ებრაელები განადგურებას. ფურიმის დღესასწაული ამ მოვლენის აღსანიშნავად დაწესდა.
იყო ერთი კარისკაცი ამანი, რომელიც სპარსეთის მეფე ახაშვეროშთან მსახურობდა. როდესაც მორდეხაიმ მის წინაშე ქედის მოხრაზე უარი განაცხადა, ძალიან გაღიზიანებულა და მეფე დაარწმუნა, განკარგულება გაეცა, რის თანახმადაც ნებისმიერ მსურველს ებრაელების განუსაზღვრელი რაოდენობით გაწყვეტის უფლება ენიჭებოდა.
ამანის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან ბრძენმა ებრაელმა მორდეხაიმ და მისმა ნათესავმა, სპარსეთის დედოფლად წოდებულმა ესთერმა ხელი შეუშალეს ამ საზარელი საქმის სისრულეში მოყვანას. ესთერმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, სამეფო ეტიკეტის დაარღვია, ახაშვეროშთან მიწვევის გარეშე გამოცხადდა და ნადიმზე დაპატიჟა, რათა იქ ებრაელი ხალხის შეწყალება ეთხოვა და გადაწყვეტილების შეცვლაში დაერწმუნებინა. ასეც მოხდა, მეფემ ამანის ინტრიგების შესახებ შეიტყო და ყველაფერი ისე შემობრუნდა, მორდეხაისთვის გამზადებულ სახრჩობელაზე თავად ამანი ჩამოკიდეს. ებრაელებს კი თავდაცვის უფლება მიენიჭათ, რის შემდეგაც სასტიკი შეტაკებები წავიდა და საბოლოოდ, სპარსეთის იმპერიაში მყოფმა ებრაელებმა სპარსელებზე გამარჯვება მოიპოვეს.
სიმართლე ვთქვა, როგორც ყველა, ასევე მეც დიდი მოლოდინებით ვუცდი ფურიმს. ამ დღეს მთელი თემი კალაპოტდაკარგულ მდინარეს ემსგავსება, რომელმაც სიმშვიდეს უღალატა და თავგზაარეული გზას ზვირთებად მიაპობს.
კარგად შეზარხოშებული და ფერად კოსტუმებში შემოსილი ჰასიდები ქუჩებში ცეკვა-თამაშისთვის გამოიშლებიან და იქმნება მთელი გნიასი და წარმოდგენები.
ზოგი მანქანებს სხვადასხვა წარწერებით გააფორმებს და მხიარული სიმღერებით ჩამოივლის. ბავშვები ყველაზე მეტად გაერთობიან. საჩუქრებს მიიღებენ და ბევრ ტკბილეულსაც გეახლებიან. ჰო, მართლა, წელს პირველად „ამანის ყურები“ უნდა გამოვაცხო. ეს დღე ამ ნამცხვრის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს.


ქორწილის მოლოდინი
ვცდილობ, გონება სხვადასხვა თემებისკენ მივმართო და შიშმა არ გადამფაროს, მაგრამ არ გამომდის. როგორ არ ვიფიქრო და ვინერვიულო? პატარა ამბავი არ არის ერთ ჭერს შეჩვეული სხვაგან გადახვიდე და შენთვის უცნობ ადამიანთან დაიწყო არა მარტო ცხოვრება, არამედ სექსუალური ურთიერთობა. წესით სექსუალური აქტის შესახებ არაფერი უნდა ვიცოდე, ამისთვის სპეციალური განმანათლებლები არიან, მოდიან და ქორწილის წინ ყველაფერს დაწვრილებით გიხსნიან, თუმცა ჩემთვის ეს საჭიროებას დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. მომიწევს, მსახიობივით უმეცარი გოგოს როლი მოვირგო და ვინც არ უნდა იყოს, დიდი გულისყურით მოვუსმინო.
ისე, ძველი ებრაული სიბრძნე მახსენდება, რომელსაც „ციდან ნაკურთხი ხუმრობა“ ჰქვია.
ახალგაზრდა ჰასიდი, სახელად მეირი, თავის რებეს-რავ დოვ ბერს მეჟერიჩიდან ესტუმრა. მეირს დიდი გასაჭირი ჰქონდა - უსახსრობის გამო, ცოლად არავინ მიჰყვებოდა.
-წადი შენს გზაზე მშვიდობით და დათანხმდი, ცოლად ის გოგონა მოიყვანო, რომელსაც პირველს შემოგთავაზებენ!- უთხრა რებემ.
წავიდა მეირი, გზაზე შემოაღამდა და ღამის გასათენებლად ერთ პატარა სასტუმროში შეჩერდა. მაგიდასთან ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ, ღვინოს სვამდნენ და ხმამაღლა საუბრობდნენ. მხიარულმა კამპანიამ მოწყენილი მეირი მალე შეამჩნია. მას უგუნებობის მიზეზი გამოკითხეს და გაიგეს, რომ ის თავისი რებესგან ბრუნდებოდა.
-რებეს კურთხევა ვთხოვე, რათა უზენაესმა საცოლე მაპოვნინოს. მან მირჩია, პირველივე შემოთავაზებას დავთანხმებოდი.
ამ სიტყვების გაგონებაზე ერთმა მოქეიფემ წამოიძახა:
-რა კარგია! მე ვიცი საშენო პარტია. ჩემი უმცროსი და შეირთე, მზითევში ასი მანეთი აქვს. თუ თანახმა ხარ, მოდი, ახლავე მოვილაპარაკოთ.
სინამდვილეში, მაჭანკალს არავითარი და არ ჰყავდა. საუბარი იმ სასტუმროს მეპატრონეს ქალიშვილზე იყო, სადაც ეს მოვლენები ვითარდებოდა.
მეირი თანახმა იყო. მაჭანკალი ქალთან გაიქცა და უწყინარ ხუმრობაზე ისიც დაითანხმა.
მხიარულმა თავყრილობამ არაყი შეუკვეთა და ლეხაიმის* ფონზე მეირს ყველა დანიშვნას ულოცავდა.
ნასვამი ახალგაზრდები სიცილით იგუდებოდნენ. უცებ ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლს შეშა დაამატა და მთელი სერიოზულობით თქვა:
-მოდი, ქორწილიც ახლავე გადავიხადოთ. აი, ეს კი ძალიან მაგარი იქნება!
ყველა დაფაცურდა, სუფთა სუფრა იშოვეს, ბოლოები ჯოხებზე დაამაგრეს და საქორწინი ბალდახინიც* მზად იყო. ჰასიდმა ქეთუბა თავისი ხელით დაწერა და მხიარულად მოხითხითე გოგონა მოშესა და ისრაელის კანონების მიხედვით, ცოლად გამოაცხადა.
უწყინარი თავყრილობა ღრეობაში გადაიზარდა. ახალგაზრდა ჰასიდმა ხმაურს ვეღარ გაუძლო და ღამე არაებრაელი გლეხის ოჯახში გაათია.
დილით მეირი სასტუმროში ისევ დაბრუნდა, მის მეპატრონესთან მივიდა და ჰკითხა: -როგორ ბრძანდებით, პატივცემულო სიმამრო?
-ეს ვინ არის? რაზე მესაუბრება?- გაიკვირვა კაცმა.
-მამა, გუშინ ამ ყმაწვილმა ძალიან გაგვამხიარულა. ხუმრობა გვინდოდა და ტყუილი ნიშნობა და ქორწილი მოვაწყეთ! არც დაიჯერებ, გუშინ რამდენი სასმელი გაიყიდა.
-უგუნურებო!-მუშტი დაჰკრა მაგიდას,- კარგი, დავუშვათ, ამ სულელებმა არ იციან ქეთუბისა* და საქორწინო ცერემონიის მნიშვნელობა, მაგრამ შენ რა დაგემართა? იეშივაში* სწავლობ, ხომ უნდა გცოდნოდა, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი?!
ცოტა რომ დამშვიდდა, ახლადგამომცხვარმა სიმამრმა მეირს გაყრის წერილი მოსთხოვა და შეწუხებისთვის ოც მანეთს დაპირდა. მისდა გასაოცრად, ახალგაზრდა უარზე იყო. მეირმა აზრი არც თანხის გაორმაგების შემდეგ შეიცვალა.
-ეს ნაბიჯი რებეს მითითებით გადავდგი, მისი რჩევის გარეშე, გარიგებასაც არ ჩავშლი! მოდი, წავიდეთ რებესთან!- ამბობდა მეირი.
მივიდნენ რებესთან და ყველაფერი მოუყვნენ.
-ორმოც მანეთს ვთავაზობდი და უარი მითხრა!-დასძინა სიმამრმა.
-ნება მომეცი, საქმე ახალგაზრდასთან განვიხილო,- უთხრა რებემ.
რამდენიმე საათის შემდეგ რებე გამოვიდა და სასტუმროს მეპატრონეს მოახსენა:
-მეირი თანახმაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ათას მანეთს გადაუხდი. ჰო, მართლა, შენი გოგონასთვის ძალიან კარგი კანდიდატურა მყავს. თავს ვდებ, რომ ის ახალგაზრდა, ვისზეც გელაპარაკები, ნასწავლი, ღვთის მოშიში ებრაელია და ბევრი კარგი თვისება აქვს.
-რებე, თქვენს ნებისმიერ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით მივიღებ -გაუხარდა სასტუმროს მეპატრონეს.
-ჩემს კანდიდატს ერთი ნაკლი ჰქონდა -უფულობა, მაგრამ ახლა მას ფული აქვს. სულ ახლახან ათასი მანეთი მიიღო. ასე, რომ მგონი საკითხი გადაჭრილია! შენს ქალიშვილს არ სჭირდება გაყრა და ახლიდან გათხოვება. დამიჯერე, ეს ქორწინება ზეციდანაა კურთხეული!
სასტუმროს მეპატრონემ რებეს რჩევა მთელი გულით მიიღო და სიძე სახლში წაიყვანა. ბედნიერი წყვილი სიყვარულსა და თანხმობაში დიდხანს ცხოვრობდა.


იყოს ჩემს ჩანაწერებში, ქორწილამდე ხშირად გადავხედავ ხოლმე, იქნებ მეც ვირწმუნო, რომ მეირის და მისი საცოლის მსგავსად, ჩემი და ნეითანის ქორწინებაც ასეთივე ნაკურთხია.


***
სათაურსაც ვერ ვარქმევ დღევანდელ ჩანაწერს. რა მინდა? რისთვის მოვედი დღიურამდე? რატომ ვწერ? რას ვწერ? საერთოდ არაფერი ვიცი რა ხდება ჩემს თავს.
ორ დღეში ქორწილი მაქვს. სხვა სახლში გადავალ საცხოვრებლად, სხვა გარემოში და მეყოლება ქმარი. მე უბრალოდ სარა აღარ ვიქნები. გათხოვილი ქალის სტატუსი მექნება და ისეთი ცხოვრება და მოქმედება მომიწევს, როგორც ჩემს თემშია მიღებული.
არც იმის იმედი მაქვს, რომ ამ რვეულთან შეხება კიდევ მექნება. ეს რომ ნეითანმა მიპოვოს, ზუსტად ვიცი, რასაც აქ ვწერ, ძალიან არ მოეწონება. ხომ არ დავწვა და გავაქრო? იქნებ სჯობს, ახალი ცხოვრება ძველი ნარჩენების გარეშე დავიწყო?


ახალი კერა
მეგონა აღარასოდეს მომინდებოდა დღიურის ფურცლების გადაშლა, მაგრამ...
ერთ ხანს ამ რვეულს ცეცხლის ალისთვისაც ვიმეტებდი და წინა ჩანაწერში კიდეც აღვნიშნე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავბედე ამის გაკეთება. ალბათ, იმიტომ, რომ მიყვარს საიდუმლოებები, გამოცანები და სიმძაფრეებთან ერთად ცხოვრება. თავისებური ხიბლი აქვს, როდესაც გეშინია, არ შემოგისწრონ, არ დაგინახონ, არ გაგიგონ...
ეს დღიური აუცილებლად უნდა არსებობდეს, არ მინდა გავანადგურო, რადგან ჩემს შესახებ სიმართლეს ღაღადებს. მინდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ ვიღაცამ მიაგნოს და ერთმა ადამიანმა მაინც იცოდეს როგორი იყო ნამდვილი სარა. ვერ მოვკლავ აქ მცხოვრებ ჩემს თავს, მას შენიღბული ცხოვრებაც ჰყოფნის.
ქორწილის შემდეგ რამდენი ხანი გავიდა და მხოლოდ დღეს მოვიხელთე დრო, რომ ჩემი მეგობრისთვის მომეკითხა. ამ რვეულს მეგობარს ვუწოდებ, რადგან ბევრი რამე შეუძლია მოისმინოს, გაიზიაროს, თანამიგრძნოს და არავისთან მამხილოს. თან ვწერ, თან გულში ვიხუტებ და მიხარია, რომ დავუბრუნდი. როგორ მომნატრებია წერა. იმდენი რამ დამიგროვდა სათქმელი, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.
ქორწილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, დასაწუნი არაფერი სჭირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ტრადიციულად წარიმართა. მამაკაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა დიდებულად მოილხინეს.
დედაჩემმა ქორწილის მეორე დღეს თმა გადამპარსა. ახლაც მახსოვს ჩემი რეაქცია, როდესაც სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავი თმის გარეშე დავინახე. სიმახინჯისგან შეძრულს სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა. დავყურებდი ჩემს წაბლისფერ, ხვეულ თმას ნაგვის ურნაში ჩასაძახებლად ცოცხით როგორ აგროვებდა და გული მეკუმშებოდა.
-არ მოიწყინო. თალმუდის* მიხედვით, გათხოვილ ქალს ერთი ღერი თმის გამოჩენაც არ შეუძლია. ის როგორც სხეულის სიშიშვლედ, ისე ითვლება და უღირსი საქციელია,- სერიოზული სახით თქვა და საქმეს რომ მორჩა, თავზე შაიტელი* მომარგო.
საოცარმა პროტესტის გრძნობამ შემიპყრო. ეს უსამართლობა იყო და ჩემი ნების წინააღმდეგ წასვლა, რომელსაც სატმარული წესები მაიძულებდა. მას შემდეგ ვიპარსავ და რამდენჯერაც ხელში სამართებელს ავიღებ, იმდენჯერ ჩემი გრძელი თმა მახსენდება. როგორ მიხდებოდა...
სამწუხაროდ, მხოლოდ თმის შეჭრა არ არის, რაც გათხოვების შემდეგ ჩემი სურვილის წინააღმდეგ ხდება. ყოველთვე, როდესაც ქმართან სექსუალური ურთიერთობის დამყარების წინ მიკვაში* განსაწმენდელად ჩავდივარ, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, ვერ ვხვდები რა მაქვს განსაწმენდელი. ამას რომ თავი დავანებოთ, არც სხვა დროს მიმიწევს მისკენ გული. მისი შეყვარება ჯერ კიდევ ვერ მოვასწარი და ეს ყველაფერი ძალადობად და სხეულის გათელვად მიმაჩნია. სწორედ ასეთი ძალადობით ჩაისახა ჩემი პირველი შვილი, რომელსაც ოთხ თვეში ველოდები.
მახსოვს ის ღამე, როდესაც ნეითანის წინაშე სულ მარტო აღმოვჩნდი. თვალებს ვერ მისწორებდა. კედელზე ჩამოკიდებულ სურათს შეხედეო - მითხრა. მეც ავხედე. მასზე ჩვენი რაბი იყო გამოსახული.
-რაბს სურს, რაც შეიძლება, მეტი ბავშვი გავაჩინოთ. არ შეგვიძლია თორას* და მისი სურვილის წინააღმდეგ წავიდეთ. თითოეული ახლადშექმნილი ოჯახის მისიაა, სამყაროს შეჰმატოს ბევრი ებრაელთა სული.
ღრმად ამოვისუნთქე, არაფერი მითქვამს...
ასე დაიწყო ჩვენი ერთმანეთთან ხორციელი დაკავშირება, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა იმ ლამაზ ისტორიებთან, რომლებსაც მეტწილად წიგნების და ფილმების მეშვეობით ვეცნობოდი.
ნეითანი იმდენად რელიგიურია, ზერელიგიურადაც კი შეიძლება, ჩაითვალოს. რაბის სიტყვა მისთვის კანონია და მისგან წარმოთქმულ არცერთ სიტყვას არ გადაუხვევს. არასოდეს არაფერი ავიწყდება, არც ლოცვა, არც სინაგოგაში სიარული.
რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს, მოწესრიგებული ადამიანია, ყურადღებიანი და ორგანიზების ნიჭით დაჯილდოებული. ბიზნესსაც კარგად უძღვება. მისი თვისებების პატრონისთვის ეს არც არის გასაკვირი, თუმცა ეს დეტალები იმ მუხტს არ კრავს, რაც მის სიღრმეებში ჩამახედებს და უკეთესად გამაცნობს. ჩემგან ამ ეტაპზე მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს და როგორც მამაკაცი ოდნავადაც არ მიზიდავს.


სიახლის ძიებაში
ძალიან მინდა, ჩემს სმარტფონს უწინდელივით ვიყენებდე, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. ძალიან ჩავიკეტე, გულჩათხრობილი გავხდი და სულაც არ მართობს მხოლოდ ნათესავებთან სტუმრობები. მგონი, ადრეც აღმინიშნავს, ჩვენი სასაუბრო თემები რელიგიაზე, საოჯახო ამბებზე და საქმეებზე შორს ვერ მიდის. ეს ის არ არის, რაც მაკმაყოფილებს.
ზოგჯერ გავიფიქრებ, როდესაც ნეითანს სძინავს, სარდაფში ჩავიდე და ძველი დრო გავიხსენო - გარე სამყაროს ცოტა ხნით მაინც შევხედო და გავიგო, იმ მხარეს რა ხდება, მაგრამ ფხიზელი ძილი აქვს და საწოლიდან რომ ავდგე, განვცალკევდე და მისგან მალულად ინტერნეტში ქექვა დავიწყო, ძალიან სარისკოა.
ინტერნეტს მხოლოდ მეუღლე მოიხმარს, ისიც სამსახურში და ფილტრაციით. იმ საიტებზე აქვს წვდომა, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება.
სულ რაღაც მაწუხებს, მეზედმეტება და საკუთარი ნაჭუჭიდან გადმოვარდნილს მამსგავსებს. თავს ძალიან მარტოსულად მივიჩნევ და ნუგეშსაც ვერსად ვპოულობ. ჩემი გულის ქვეშ მყოფ პატარას ხშირად ვესაუბრები და მის მოძრაობას რომ ვგრძნობ, სასიამოვნოა და შვებას მაძლევს. ეს ერთადერთი საშუალებაა, რაც ჩემს ცხოვრებას და მომავალს სიახლის და იმედის ნაპერწკალს სძენს.
დღიურშიც იშვიათად და დიდი გამბედაობის ხარჯზე ვწერ. ნეითანმა დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება კარი შემოაღოს.
ეჰ, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ოჯახი გვქვია და საშუალებაც გვაქვს, ახალი ტექნოლოგიური მიღწევებიდან არც კომპიუტერი, არც ტელევიზორი, არც რადიო - საერთოდ არაფერი მოგვეპოვება.


ესთერის მოვლინება
ხელში აყვანისთანავე უჩვეულო სურნელი ვიგრძენი. თვალები ეხუჭა, იშმუშნებოდა და ცხვირით რაღაცას ეძებდა.
-თქვენს შვილს შია, შეძლებთ, რომ ძუძუთი გამოკვებოთ, თუ ისევ ხელოვნური საკვები მოვუმზადო?- მკითხა ექთანმა.
-შევეცდები, ბუნებრივად გამოვკვებო. იმედი მაქვს, თავს გავართმევ,- ვუპასუხე და ჩვილი გვერდზე მოვიწვინე.
ისეთი სათუთი იყო, მეშინოდა, რამე არ სტკენოდა და ძალიან ვუფრთხილდებოდი. ძუძუს პატარა ტუჩებით ეჭიდებოდა და თან თითებით ჩემი სხეულის ნაწილებს ეხებოდა. იმ წუთებიდანვე ვიგრძენი, რა საოცარ კავშირს ვამყარებდით ერთმანეთთან. თვალს ვერ ვაშორებდი. ვუთვალიერებდი სახის ნაკვთებს, ხელ-ფეხს და მეღიმებოდა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი ლამაზი ადამიანის დედა გავხდი.
ნეითანი შვილის დაბადებით ძალიან ბედნიერია. ასე მითხრა, როდესაც ხელში ამყავს და გულზე ვიხუტებ, უფრო მეტად ვაცნობიერებ, რომ ოჯახზე ძვირფასი არაფერიაო.
მე კი ბედნიერებას მხოლოდ ესთერში ვხედავ. ასე მგონია, ჩემს სხეულში მიძინებული წერტილები გამოცოცხლდნენ და სიცოცხლის ელექს/ირის გამომუშავება დაიწყეს.
ახლა თავის საწოლშია და სძინავს. ღამენათევი თავზე დავყურებ და სულაც არ მანაღვლებს, რომ ამ ღამესაც გამაღვიძებს, საჭმელს მომთხოვს, ან სულაც საფენი ექნება გამოსაცვლელი.
იძინე, პატარავ, ტკბილად იძინე.


ვივიენმა დღიური გვერდზე გადადო და სახეზე ხელის გულები აიფარა. მძიმედ სუნთქავდა, თუმცა სარას გამო არა, ასეთი ამბები დიდი ხანი იყო, ნერვსაც არ ურხევდა. იყო რაღაც, რამაც შინაგანი სამყარო თავდაყირა დაუყენა.
-არ უნდა წამეკითხა, მოვტყუვდი,- ჩაილაპარაკა და კითხვისგან დაძაბული, ატკიებული თვალები მოისრისა.
კარადა გამოაღო, რაც ხელში მოხვდა, ტანზე გადაიცვა, ფეხები შავი ტყავის ჩექმებში ჩაჰყო, მოკლე პალტოს წამოავლო ხელი და კარი გაიხურა.
-სად მიდიხარ, ვივიენ? -ეკითხებოდა საკუთარ თავს და პასუხი არ ჰქონდა. ახლა მთავარი იყო, იმ დღიურს გასცლოდა და მიუხედავად ინტერესისა, მეტი გვერდი აღარ გადაეფურცლა.
მანჰეტენის ქუჩებში თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო, მხოლოდ რამდენიმე ბარიდან გამოდიოდა მუსიკის ხმა, რომელსაც დროდადრო ნასვამი ადამიანების ხმა და სიცილი ერწყმოდა. ვივიენი განგებ არიდებდა თავს გამვლელებს, თავი დახარა და ნაცნობი ბარისკენ აიღო გეზი. არ უნდოდა, ვინმეს ეცნო, ზედმეტ ხალხს და საუბრებს ყოველთვის ერიდებოდა.
-არაყი „ბელუგა“ ლიმონით და რაც შეიძლება, სწრაფად!- ბარმენს გასძახა და დახლთან ჩამოჯდა.
-ამას ვის ვხედავ? ვივიენ კარტერი!- თავზე წამოადგა ახალგაზრდა გოგონა.
ვივიენმა შეწუხებული სახით ახედა, აგრძნობინა, რომ მის ხასიათზე არ იყო.
-შეიძლება, თქვენთან ერთად სელფი გადავიღო?
-ასე ძალიან გინდა?- ბარმენისგან მიწოდებული ჭიქა აიღო და დასალევად მოემზადა.
-ყოველდღე კი არ მაქვს შესაძლებლობა, თქვენ შეგხვდეთ.
-უარი, რომ გითხრა? სურათის გადაღების ხასიათზე არ ვარ.
-ძალიან გთხოვთ. სულ რამდენიმე წამს წაგართმევთ და გაგეცლებით,- ისე სთხოვდა, ვივიენს საკუთარი თავის დაყვედრების შერცხვა და დათანხმდა.
გოგონა გვერდში ამოუდგა, წვრილი მკლავი წინ გაჭიმა და ტელეფონის კამერას თითი დააჭირა. შემდეგ დაპირებული სიტყვა შეასრულა და აღარც გამოჩენილა.
ვივიენმა ჭიქა ჭიქაზე გამოცალა და სულ მალე, სარას დღიურისგან მიღებული განცდებით მოქსოვილი და სუდარასავით შემოხვეული ფარდაგები ტანიდან შემოიგლიჯა. არაყმა გონება გათიშა, გულისგან დააცალკევა და სისხლძარღვებში რკინის მადნები აარახუნა.
-ახლა კი მომწონხარ, ვივიენ! ემოციებს აყოლა არ გიხდება! მუდამ გახსოვდეს, რომ ყველა და ყველაფერი ფეხებზე უნდა დაიკიდო, - საკუთარ თავს ებურტყუნებოდა და ბარმენისთვის საფულეში ჩამალულ საკრედიტო ბარათს ეძებდა.
იქიდან ფეხარეული გამოვიდა. ცას ახედა. მთვარე და ვარსკვლავები ღამის ოთახიდან ფეხაკრეფით მიიპარებოდნენ, დღის შუქს ემალებოდნენ.


***
-დედიკო,- პატარა ესთერი გაგიჟებული მირბოდა პატარა სარასკენ.
-ჩემო ესთერ,- სიხარულისგან რეტდასხმულმა ქალმა ბავშვი ხელში აიყვანა და გულში ჩაიკონა.
-დედა,- ენის ჩლიფინით მიბაჯბაჯებდა რებეკას ხელს ჩაჭიდებული იაკობი.
სარამ ესთერი ძირს დასვა და იაკობისკენ დაიხარა:
-როგორ ხარ, საყვარელო?
პასუხის გაცემაც არ აცალა, ისიც ხელში აიყვანა და რამდენჯერმე დატრიალდა. ძალიან უყვარდა იაკობს, როდესაც პირმომცინარი დედა ასე ეთამაშებოდა.
-მეც მინდა, მეც,- პატარა ლეკვივით აწკავწკავდა ესთერი და სარას ებღაუჭებოდა.
სარამ მასაც აუსრულა სურვილი და აკისკისებული ბავშვებით განცხრომაში მყოფმა გვიან მოიცალა დებორასთვის და რებეკასთვის მისასალმებლად.
-როგორ ხართ?- ბავშვებთან შეხვედრით აღტაცებული მიუბრუნდა ორივეს.
დებორამ და რებეკამ გული არ უჩვენეს, კარგად ვართო - სიტყვები მიუგდეს და შორიახლოს გავიდნენ, სარასთან ახლო ურთიერთობას და ბაასის გაბმას თავი აარიდეს.
ქალს მათი საქციელი არ სწყენია, ან სად ჰქონდა მოწყენის დრო, როცა ესთერი და იაკობი გვერდით ეგულებოდნენ?
ბავშვები დედას ვეღარ სცილდებოდნენ, რას აღარ იგონებდნენ წარსული დროის თამაშებიდან და მასაც უპირობოდ ყველა წამოწყებაში იყოლიებდნენ. ცოტა ხნით საბავშვო მოედანზე გაიჭრნენ, ახლად დამონტაჟებულ კონსტრუქციებზე ერთობოდნენ, მათი შეძახილები ყველას ხმას ფარავდნენ. დაგროვილ მონატრებას აჟიოტაჟით გამოხატავდნენ და დროებით, მხოლოდ დროებით ბედნიერობდნენ...
დედასთან განშორების დრომ რომ მოუწიათ, ისევ მოიწყინეს. დებორას და რებეკას სიტყვას დაემორჩილნენ და სახლისკენ გაჰყვნენ, მაგრამ რა მოასვენებდათ? უკან-უკან სარასკენ იყურებოდნენ.
სარას გული ეთუთქებოდა, შვილებს რომ ასეთ დღეში ჩაგდებულებს უყურებდა, მაგრამ ვერაფერს მოიმოქმედებდა. ფრთაშეკვეცილი იდგა და დარდობდა. ჩაქრა. სულ რაღაც წამებში გაილია და წუთების წინ მიღებული სიამოვნება ფერფლად ექცა.


გაგრძელება იქნება


ლეხაიმი - სადღეგრძელო
ბალდახინი -ბოძებზე დამაგრებული მდიდრულად მორთული ქსოვილის ჩარდახი
ქეთუბა- საქორწინო ხელშეკრულება
იეშივა -ორთოდოქსი ებრაელების სასწავლებელი დაწესებულება
შაიტელი- პარიკი
თალმუდი- რაბინების მიერ შედგენილი მოძღვრების კრებული
მიკვა- წყლით სავსე პატარა აუზი, რომელშიც გათხოვილი ებრაელი ქალები განწმენდის მიზნით, მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან მეშვიდე დღეს თვეში ერთხელ ჩადიან.
თორა- ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის სახელი


-----
ვიცი, რომ ბევრი სიტყვა თქვენთვის უცხოა, მაგრამ როგორც ხედავთ, განმარტებებს ვაკეთებ, რომ კითხვა მეტად კომფორტული გავხადო. თითოეულ თქვენგანს, ვინც კითხულობს და მომყვება ბოდიშს ვუხდი დაგვიანებული თავებისთვის, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, რადგან თავადაც ხედავთ, რომ მასზე მუშაობა გარკვეულ დროს მოითხოვს. რაც შეეხება ნაწარმოებს, სიამოვნებით მოგისმენთ ყველას შთაბეჭდილებების შესახებ და გაჩენილ კითხვებზეც გიპასუხებთ.
პატივისცემით,
ავტორი



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ მეცოდება სარა,მაგრამ ვივიენი უფრო მეცოდება.სარა ძლიერი ქალია ეს უკვე კარგად ჩანს...შიგნიდანაც და გარედანაც
.რაზეც ვივიენზე ვერ ვიტყვი..ვივიენი გარედნ ჩანს ძლიერი და თავს აჩვენებს ხალხს ასეთს,მაგრამ შინაგანად სულ სხვაა.სარას დღიური უნდა თუ არ უნდა მაინც მოქმედებს რაღაცნაირად მასზე.მართლაცდა სარას ბავზე უარესებიც ექნება მოსმენილი,მაგრამაინც იმოქმედა მასზე..ვივიენი თუ რატომაა ასეთი ექნება მიზეზი..იმედია მალე გავიგებთ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ნინო
როგორ მეცოდება სარა,მაგრამ ვივიენი უფრო მეცოდება.სარა ძლიერი ქალია ეს უკვე კარგად ჩანს...შიგნიდანაც და გარედანაც
.რაზეც ვივიენზე ვერ ვიტყვი..ვივიენი გარედნ ჩანს ძლიერი და თავს აჩვენებს ხალხს ასეთს,მაგრამ შინაგანად სულ სხვაა.სარას დღიური უნდა თუ არ უნდა მაინც მოქმედებს რაღაცნაირად მასზე.მართლაცდა სარას ბავზე უარესებიც ექნება მოსმენილი,მაგრამაინც იმოქმედა მასზე..ვივიენი თუ რატომაა ასეთი ექნება მიზეზი..იმედია მალე გავიგებთ.

მიხარია, რომ ვივიენის ბედი ვიღაცას მაინც აღელვებს... ❤️
ვნახოთ, რას მალავს და სადამდე დამალავს.
სარაზე კი გეთანხმები, ის ძალიან ძლიერია, ვივიენზეც კი, თუმცა ახლა საჯარო ფონზე მხოლოდ ვივიენი ჩანს მასზე ძლიერი.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3 სტუმარი თმთ

მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. მიყვარს ასეთი ძლიერი ქალები, შეუპოვრად რომ იბრძვიან მიზნისკენ. ეს რელიგია და წესჩვეულებები საოცრად მაღიზიანებს. ვივიენი საინტერესო პერსონაჟია ჩემთვის... ჯერ კიდევ გაუშიფრავი

 


№4  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

თმთ
მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. მიყვარს ასეთი ძლიერი ქალები, შეუპოვრად რომ იბრძვიან მიზნისკენ. ეს რელიგია და წესჩვეულებები საოცრად მაღიზიანებს. ვივიენი საინტერესო პერსონაჟია ჩემთვის... ჯერ კიდევ გაუშიფრავი


სარასაც რომ აღიზიანებდა და ვერ ეგუებოდა, იმიტომ მიატოვა და სწორედ ამიტომ გადის იმ ჯოჯოხეთს ახლა.
მისი ცხოვრება ქარაფებზე სიარულს ჰგავს და წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება ელის.
ვივიენი აქ მეორე მთავარი პერსონაჟის როლს ითავსებს, რომელიც საინტერესოა თავისი იდუმალებით. რამდენადაც სარას ნაწილებად ვხსნი და ლანგარზე ვდებ მკითხველისთვის მის ცხოვრებას, იმდენად ვხურავ ვივიენს და ვნახოთ ეს სადამდე გაგრძელდება.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5 სტუმარი თმთ

ქეთი იმერლიშვილი
თმთ
მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. მიყვარს ასეთი ძლიერი ქალები, შეუპოვრად რომ იბრძვიან მიზნისკენ. ეს რელიგია და წესჩვეულებები საოცრად მაღიზიანებს. ვივიენი საინტერესო პერსონაჟია ჩემთვის... ჯერ კიდევ გაუშიფრავი


სარასაც რომ აღიზიანებდა და ვერ ეგუებოდა, იმიტომ მიატოვა და სწორედ ამიტომ გადის იმ ჯოჯოხეთს ახლა.
მისი ცხოვრება ქარაფებზე სიარულს ჰგავს და წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება ელის.
ვივიენი აქ მეორე მთავარი პერსონაჟის როლს ითავსებს, რომელიც საინტერესოა თავისი იდუმალებით. რამდენადაც სარას ნაწილებად ვხსნი და ლანგარზე ვდებ მკითხველისთვის მის ცხოვრებას, იმდენად ვხურავ ვივიენს და ვნახოთ ეს სადამდე გაგრძელდება.



კი ზუსტად მასეა იმედია გაიმარჯვებს, მიაღწევს მიზანს და შვილებს მაინც დაიხსნის იმ ჯოჯოხეთიდან, რაც თვითონ გაიარა ბავშობაში...
ვივიენის პირად ტრაგედიასაც გაგვაცნობ იმედია ...

 


№6  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

თმთ
ქეთი იმერლიშვილი
თმთ
მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. მიყვარს ასეთი ძლიერი ქალები, შეუპოვრად რომ იბრძვიან მიზნისკენ. ეს რელიგია და წესჩვეულებები საოცრად მაღიზიანებს. ვივიენი საინტერესო პერსონაჟია ჩემთვის... ჯერ კიდევ გაუშიფრავი


სარასაც რომ აღიზიანებდა და ვერ ეგუებოდა, იმიტომ მიატოვა და სწორედ ამიტომ გადის იმ ჯოჯოხეთს ახლა.
მისი ცხოვრება ქარაფებზე სიარულს ჰგავს და წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება ელის.
ვივიენი აქ მეორე მთავარი პერსონაჟის როლს ითავსებს, რომელიც საინტერესოა თავისი იდუმალებით. რამდენადაც სარას ნაწილებად ვხსნი და ლანგარზე ვდებ მკითხველისთვის მის ცხოვრებას, იმდენად ვხურავ ვივიენს და ვნახოთ ეს სადამდე გაგრძელდება.



კი ზუსტად მასეა იმედია გაიმარჯვებს, მიაღწევს მიზანს და შვილებს მაინც დაიხსნის იმ ჯოჯოხეთიდან, რაც თვითონ გაიარა ბავშობაში...
ვივიენის პირად ტრაგედიასაც გაგვაცნობ იმედია ...

რა თქმა უნდა, ყველაფერს გაიგებთ. გპირდებით, რომ არ არ დაგტოვებთ კითხვის ნიშნებით ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№7 სტუმარი ციცინო დეიდა

ძალიან საინტერესოა. ისევე, როგორც ყველა თქვენი ნაწარმოები. ვხედავ რამდენ ძალას და ენერგიას დებთ თითოეულ წინადადებაში, რომ სრულყოფილად შეძლოთ მკითხველამდე თქვენი სათქმელის მიტანა. და ამის გამო უდიდეს პატივისცემას იმსახურებთ. დიდი მადლობა ამისათვის. ველოდებით გაგრძელებას, რომელიც ყველაფერს ნათელს მოფენს.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ციცინო დეიდა
ძალიან საინტერესოა. ისევე, როგორც ყველა თქვენი ნაწარმოები. ვხედავ რამდენ ძალას და ენერგიას დებთ თითოეულ წინადადებაში, რომ სრულყოფილად შეძლოთ მკითხველამდე თქვენი სათქმელის მიტანა. და ამის გამო უდიდეს პატივისცემას იმსახურებთ. დიდი მადლობა ამისათვის. ველოდებით გაგრძელებას, რომელიც ყველაფერს ნათელს მოფენს.


დიდი მადლობა. ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ. ვეცდები, კიდევ უფრო საინტერესო იყოს შემდეგი თავებიც.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

ამ თავიდამ მივხვდი,რომ ვივიენსაც რაღაც გადახდა ცხოვრებაში.დაველოდები მის ამბავს,რა რთული ყოფილა ჰასიდობა.ზეციდან კურთხეული ბედნიერებაზე ვიხალისე ძალიან,მადლობა ,რომ ასე კარგად ხსნი ჰასიდების ისტორიას ,ძალიან საინტერესოა.,

 


№10  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
ამ თავიდამ მივხვდი,რომ ვივიენსაც რაღაც გადახდა ცხოვრებაში.დაველოდები მის ამბავს,რა რთული ყოფილა ჰასიდობა.ზეციდან კურთხეული ბედნიერებაზე ვიხალისე ძალიან,მადლობა ,რომ ასე კარგად ხსნი ჰასიდების ისტორიას ,ძალიან საინტერესოა.,

ნანჩო, ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია, რომ მოგწონთ❤️
ჰო, ჰასიდებს ბევრი სიბრძნე აქვთ და როდესაც იკრიბებიან, ხშირად იხსენებენ ხოლმე.
ვივიენს რაც შეეხება, ყველაფერს გავიგებთ :)))
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№11 სტუმარი სტუმარი nancho

იცი როგორ მიყვარს შენი თითოეული ისტორია,ხშირად ვკითხულობ მეორედ ,მესამედ,მაგ .ბროლის თოჯინები..,გეტა,მოკლედ არ ჩამოვთვლი ჯობია.,გისურვებ წარმატებებს,უკიდეგანო ფანტაზიას,უამრავ სინმადვილეს,ამოუწურავ ლეგენდას ,დაუსრულებელ სიყვარულს,მკითხველს რა თქმა უნდა,.ფიზიკურ გამძლეობას და ფინანსებს,ისე გლოცავ უცებ მეგონა დაბადების დღე გაქვს,,ამას ჩემს თავზე ვხუმრობ,..დროებით.დიდი მოთმინებით გელოდები.

 


№12  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
იცი როგორ მიყვარს შენი თითოეული ისტორია,ხშირად ვკითხულობ მეორედ ,მესამედ,მაგ .ბროლის თოჯინები..,გეტა,მოკლედ არ ჩამოვთვლი ჯობია.,გისურვებ წარმატებებს,უკიდეგანო ფანტაზიას,უამრავ სინმადვილეს,ამოუწურავ ლეგენდას ,დაუსრულებელ სიყვარულს,მკითხველს რა თქმა უნდა,.ფიზიკურ გამძლეობას და ფინანსებს,ისე გლოცავ უცებ მეგონა დაბადების დღე გაქვს,,ამას ჩემს თავზე ვხუმრობ,..დროებით.დიდი მოთმინებით გელოდები.

ნანჩო, ცრემლები მომადგა. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც მკითხველი ასე გამოხატავს ავტორისადმი სიყვარულს და პატივისცემას. გამახარე, "გეტა" და "ბროლის თოჯინები" მეც უზომოდ მიყვარს. გპირდები, ქარაფებზე მოსიარულესაც ასევე შეიყვარებ.
გკოცნი და დიდი სიყვარულით გეფერები ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№13 სტუმარი სტუმარი nancho

მადლობელი ვარ.მეც იგივე ემოცია და გრძნობა მაქვს

 


№14  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
მადლობელი ვარ.მეც იგივე ემოცია და გრძნობა მაქვს

❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent