შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარაფებზე მოსიარულე (7)


13-09-2020, 06:52
ნანახია 1 216

***
ვივიენის საძინებელში ორი მაღვიძარა ბოლო ხმაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში რეკავდა. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა ქალმა თავი ძლივს აწია და საწოლიდან ზლაზვნით წამოდგა. კარადის კარზე დამაგრებულ გრძელ სარკეში ჩაიხედა და აბურდული თმა შეისწორა. შემდეგ ერთმანეთში ახლართულ თეთრეულს გახედა და წაიბურტყუნა:
-ნეტა, ვიღაცამ ლამაზად ძილი მასწავლოს. როგორ დავიჯერო, რომ ყოველ დილას სხვებსაც ჩემსავით ბალიშის პირი ნახევრად გამძვრალი ხვდებათ და შემოხვეულ ზეწარს საწოლზე კარატეკასავით* ტრიალით იცლიან?
ფანჯრიდან გაიხედა. ჭრელი ნიუ-იორკი გვარიანად ახმაურებულიყო. სხვადასხვა ფერის მანქანებსა და ავტობუსებში არეული მგზავრებით სავსე ყვითელი ტაქსები აქეთ-იქით დაჰქროდნენ. ტურისტები დილიდანვე გამოშლილიყვნენ, ყველა კუთხე-კუნჭულთან ჩერდებოდნენ და აკვირდებოდნენ. პოლიციის და სასწრაფოს სირენების გამაყრუებელი ხმა ორმოცდამეთერთმეტე სართულზე მდებარე ვივიენის ბინამდე აღწევდა. ქუჩაში მოძრავი ხალხი ჭიანჭველებივით პატარები ჩანდნენ.
ქალს უმალ გადაედო ქალაქის განწყობა, კუნთების ტონუსში მოსაყვანად რამდენიმე მარტივი, გაწელვითი ვარჯიში გააკეთა და შხაპის მისაღებად სააბაზანოში შევიდა. ამასობაში, მისი მობილური ტელეფონი პროდიუსერისგან შესულმა ზარებმა ლამის ააფეთქეს, მაგრამ წყლის ხმაურში არაფერი გაუგია.
აბაზანიდან გამოსვლისთანავე ახმაურებულ ტელეფონს უპასუხა და მისტერ დევინისგან გამზადებული რისხვის ტექსტის მოსმენა კიდევ ერთხელ მოუწია.
-ეშმაკმაც დალახვროს შენნაირი ამაზრზენი პროდიუსერები!- პირში მიახალა, ბოლომდე არც მოუსმინა, ტელეფონი გაუთიშა და ტელევიზიაში წასასვლელად მომზადებას შეუდგა.
ბინიდან გადიოდა, როდესაც კოლეგამ დაურეკა და შეატყობინა, ბავშვთა პორნოინდუსტრიის სქემა, რომლის მხილებასა და გამოძიებაზე მუშაობასაც ბოლო გადაცემებს უთმობდა, სამართალდამცავების მიერ გახსნილი იყო. ქალი დაიბნა, არ ელოდებოდა. სიხარულის კრისტალები ერთიანად გასკდნენ და მთელ სხეულს მოედნენ. გულზე ლოდად დაწოლილი დარდი გადაუგორდა, ცივი და მოქუფრული სახე ღიმილმა გაუპო და თვალების გამომეტყველება შეეცვალა.
-ვივიენ, გესმის ჩემი ხმა?- რამდენჯერმე გაუმეორა მოსაუბრემ.
-მესმის,-სწრაფად მოეგო გონს და მეტყველების უნარი დაიბრუნა.
-ჩართე ტელევიზორი, თითქმის ყველა არხი ერთდროულად აშუქებს.
-დიახ, რა თქმა უნდა. მადლობა, რომ შემატყობინე,-მიუგო და პულტის ძებნა დაიწყო.
„ოპერაცია სახელწოდებით “Safety Net” წარმატებით განხორციელდა. კონექტიკუტის შტატის მიწისქვეშა შენობებში განთავსებულ ბორდელებიდან სამართალდამცავი სტრუქტურების და ადგილობრივი სამმართველო ორგანოების ერთობლივი სამუშაოებით გადარჩენილია ოცდახუთი დაკარგული და საფრთხეში მყოფი ბავშვი, რომელთა უმეტესობა ოჯახის წევრების ძალისმიერი გზებით პორნოინდუსტრიის სქემაში იყვნენ ჩართულები. ცხრა დაკავებულიდან ხუთი აშშ-ს, ორი მექსიკის, ერთი ვენესუელის და ერთი ჩეხეთის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ მაყურებელმა პირველად ვივიენ კარტერის გადაცემა „Face-დან“ შეიტყო.“ -აცხადებდა “NBC”-ის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი.
„დანაშაულებრივი სქემა გახსნილია. პოლიციამ ადგილზევე დააპატიმრა ცხრა დამნაშავე, რომელთაგან ხუთი აშშ-ს, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ადგილიდან ამოღებულ იქნა ბავშვთა მონაწილეობით არსებული ეროტიკული და პორნო ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა. შენობიდან გამოყვანილ იქნა ოცდახუთი არასრულწლოვანი, რომელთა ასაკი საშუალოდ ცხრიდან თხუთმეტ წლამდე მერყეობს. უკლებლივ ყველა გადის ფსიქოლოგიურ დახმარებას.“ - საუბრობდა ერთ-ერთი თანამდებობის პირი საგამოძიებო ორგანოდან.
ვივიენმა ტელევიზორი გამორთო, ჩანთიდან დამამშვიდებელი აბები ამოიღო, ბოთლიდან ხელის გულზე გადმოყარა, ორი მათგანი წყალთან ერთად დალია და სამსახურისკენ გასწია.
ტელევიზიის შენობაში შესულს, თანამშრომლები შემოეხვივნენ და მისგან წამოწყებული ამბის წარმატებით დასრულება მიულოცეს. ვივიენიც იფერებდა. თავი მედიდურად ეჭირა და ყველას ღიმილით უხდიდა მადლობას. აღაფრთოვანებდა, როდესაც მის პროფესიონალიზმს ხაზს უსვამდნენ, ამით თვითშეფასება ერთიორად ეზრდებოდა და ეგოც უკმაყოფილდებოდა. არც თავად ავიწყდებოდა სხვისი შრომის დაფასება. მასთან მომუშავენი ყოველთვის გრძნობდნენ მისგან ყურადღებას და მოტივაციით ანთებულები მუდამ კომფორტის ზონაში იმყოფებოდნენ.
მისტერ დევინი მინებიანი კაბინეტიდან ადევნებდა თვალს გარეთ ატეხილ ხორხოცს და იბოღმებოდა. ვივიენს არ გამორჩენია მისი უგუნებობა და კაბინეტის კარი დაუკითხავად შეუღო.
-შეიძლება, მისტერ დევინ?- მამაკაცმა ხმამაღლა წარმოთქვა ვივიენის სათქმელი, ისე, რომ კომპიუტერის ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია.
ქალს ჩაეცინა:
-როდიდან გავხდით ასეთი ოფიციალურები?
-იქიდან, როდესაც აღმოვაჩინე, რომ შენი საცხოვრებელი კორპუსის მუდმივ სტუმართა სიაში აღარ ვწერივარ.
-აი, თურმე რაში ყოფილა საქმე.
- გუშინ კონსიერჟემ ლიფტთან ამტუზა და გამომიცხადა, ქალბატონი ვივიენის ნებართვის გარეშე ბინაში ასვლის უფლება არ გაქვსო. თურმე ასე მოგეხუშტურა. ამიხსენი, რა ხდება შენს თავს? იქნებ შენი გული სხვა მამაკაცმა მოიგო და მე ჯერ კიდევ არარსებულ რეალობაში ვტივტივებ?
-არავინ არ მიყვარს. რაც შეეხება შენსა და ჩემს ურთიერთობას, უმჯობესია, დავასრულოთ.
-რატომ?
ვივიენს ეტყობოდა, თემის განვრცობა არ სურდა, არც ის უნდოდა, მისი გაღიზიანება გამოეწვია, მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებდა, ამ ურთიერთობისთვის საბოლოო წერტილის დასმა სჯობდა:
-უბრალოდ გავცივდი. არის რაღაც, რასაც ვერ ახსნი. შენს მიმართ ლტოლვა გამიქრა. მაპატიე.
-სულ ეს არის?
-დიახ,- ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა.
-მეტი არაფრის თქმა გინდა?
-შვებულებაში გასვლას ვგეგმავ და მომდევნო გადაცემების წინასწარ ჩაწერა მინდა.
ჯონათანს ჩაეცინა, კალმის ბოლო მაგიდაზე რამდენჯერმე ნერვიულად დააკაკუნა და სკამიდან წამოდგა:
-დრო იყო, ვივიენ კარტერი რეპორტაჟებზე გასვლას გვემათხოვრებოდა.
-დრო იყო, მისტერ დივანიც ულოკავდა ტელევიზიის დირექტორს ერთ ადგილს, რომ პროდიუსერობამდე გაქაჩულიყო,- ქალმა ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
-მოიცადე!- რისხვით შეაჩერა მამაკაცმა, -დღეიდან ჩემი დახმარების იმედი არაფერში გქონდეს. თავად მოგიწევს შენივე ჩასვრილის მოწმენდა ყველასთან. არც გადაცემის მუშაობაზე რაიმეში ხელის შეწყობას აღარ ელოდო. იმუშავებ ისე და მოგთხოვ ისე, როგორც ამას სხვა თანამშრომლებთან ვაკეთებ! Finita la commedia!*
-ნუ იქადნები და მორიელის ნესტარს ნუ აჩენ!
-კოკოი!*
-შენი დედაც! თუ გგონია, რომ სამყაროს ცენტრი ხარ და ყველამ შენს გარეშე უნდა იტრიალოს, ძალიან ცდები! ახლა მე მიყურე ვინ ვის აჯობებს! - მიაძახა წყობიდან გამოსულმა ვივიენმა და დირექტორის ოთახისკენ აიღო გეზი.
სულ ცოტა ხანი დასჭირდა, მისი მუშაობით მოხიბლული დირექტორი დაერწმუნებინა, რომ მისთვის პროდიუსერი შეეცვალა. მიზეზად პიროვნული შეუთავსებლობა დაასახელა და ისიც დაურთო, მმართველობის ავტორიტარული სტილი ახასიათებს და სად მაქვს ნერვები, თავისუფალი აზროვნების ქალმა მაგის კაპრიზების მორგებაზე ვიფიქრო, ჩემი საქმეებიც მახრჩობსო.
ვივიენის გადაცემას იმდენი შემოსავალი მოჰქონდა ტელევიზიისთვის, ჭკუასუსტი უნდა ყოფილიყავი, მოთხოვნა არ დაგეკმაყოფილებინა. ასეც მოხდა, გონებამახვილმა და წინდახედულმა დირექტორმა იმდღესვე მიიღო ზომები და მისტერ დევინი გადაცემა „Face”-ს ჩამოაცილა.


***
სარას დაბადების დღე ახლოვდებოდა. ანას საჩუქარზე ფიქრით დიდხანს თავი არ დაუღლია და პირდაპირ ბროდვეის შოუს ბილეთების საყიდლად გაემართა.
მეგობრის გულუხვობით აღფრთოვანებული სარა თვალებს არ უჯერებდა, როდესაც „ამბასადორის“ თეატრის ბილეთები ხელში დაიჭირა. ანამ თავის ტანსაცმელში შესაფერისად გამოაწყო და ბროდვეის შოუებისგან მიღებული სიამოვნება პირდაპირ „ჩიკაგოს“ წარმოდგენით დააწყებინა.
ბილეთები ვის უნდა მივცეთ? შესასვლელში რამეს ხომ არ მკითხავენ? სასაცილოდ ხომ არ გამოვიყურები? ტაში როდის უნდა დავუკრა? მსახიობებს ასე გამომწვევად რატომ აცვიათ? ის კაცი რატომ გვიყურებს? -არ წყდებოდა დაძაბული სარასგან მსგავსი ტიპის კითხვები.
ანა გაგებით ეკიდებოდა თეატრში პირველად მყოფი მეგობრის მდგომარეობას, მშვიდი ტონით პასუხობდა და ეტიკეტის ელემენტარულ წესებსაც ხშირად ახსენებდა.
ბოლოს მოდუნდა, წარმოდგენამ მისი ფორიაქი სადღაც განდევნა, სხვების აყოლით ტაშის დაკვრაც ისწავლა და სპექტაკლის სიუჟეტმა იმდენად გაიტაცა, მსახიობებისთვის თვალი არ მოუშორებია. ყველაზე მეტად „ციხის ტანგო“ მოეწონა. ველმა კელის და როქსი ჰარტის როლის შემსრულებლებმა ხმის ვოკალით და პლასტიკით იმდენად მოხიბლეს, ყოველ მათ გამოჩენაზე თვალები უბრწყინავდა. ქორეოგრაფიის და რეჟისურის სინთეზი არაჩვეულებრივად იყო გამოკვეთილი სასცენო არენაზე. ორკესტრზე საუბარიც ზედმეტი იყო. საოცრად ორგანიზებული მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული. დეკორაციებმა და მბზინვარე კოსტუმებმა იქაურობას მრავალფეროვნება შეჰმატეს. თვალისმომჭრელად ლამაზი იყო ყველაფერი.
-მადლობა დაუვიწყარი საღამოსთვის. მიღებული შთაბეჭდილება ყოველთვის ჩემში დარჩება და არასოდეს წაიშლება მეხსიერებიდან,-აღფრთოვანებული იყო სპექტაკლის დასრულებისას სარა.
-ჯერ სად ხარ, მეგობარო? ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ უამრავი საინტერესო დღე გელოდება.- ანასაც უხაროდა უცხო ამპლუაში მყოფი სარას აჟიოტაჟი და კმაყოფილი იყო იმით, რომ ერთგვარი დამაკავშირებელი ნაწილი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც სარა მისთვის უჩვეულო სიტუაციაში მოხვდა და ისეთ რამეს ეზიარა, რაც ახალ საზოგადოებასთან თანაცხოვრების პირობებში ძალიან მიღებული და ერთერთი სასურველი გასართობი საშუალება იყო.

***
რაც უფრო იჭრებოდა სარა დამოუკიდებლობის სივრცეში, მით უფრო გრძნობდა თავისუფლებისგან მიღებულ ადრენალინს. ახალ გარემოში შესუნთქული ჰაერიც მსუბუქად ეჩვენებოდა. ბევრად უფრო პროდუქტიული იყო, როდესაც ხედავდა, აღარ უხსნიდნენ თავის ქალას, უდგამდნენ ძაბრს, ასხამდნენ მისაღები ცხოვრების დებულებებს და მოუწოდებდნენ, ისე მოქცეულიყო, როგორც მის გარემოცვაში მყოფი დანარჩენი ადამიანები. ზოგჯერ ეგონა, ფეხებში შესისხლხორცებული სიმძიმე დამდნარი თოვლივით გამქრალიყო და მიწაზე ისე დააბიჯებდა, თითქოს ფეხის ტერფებს მასზე არც დგამდა. ბავშვივით თამამდებოდა, დღითიდღე ცვლიდა შეხედულებებს გარკვეული საკითხების მიმართ და სხვაფერდებოდა.


***
კვლავ მოიცალა ვივიენმა სარას დღიურისთვის. მიუხედავად იმისა, რამდენიმე დღის წინ კითხვის შუა გზაში მიტოვება და პატრონისთვის დაბრუნება სურდა, მაცდუნებელი აღმოჩნდა ფურცლებზე დატანილი სიტყვები. გამბედაობა მოიკრიბა და ბოლომდე წაკითხვა განიზრახა.


შაბათი
პარასკევია. მზის ჩასვლიდან შაბათი იწყება. ამ დღისთვის მოსამზადებელი ვახშმის, საუზმისა და სადილის მომზადებისთვის სულ ცოტა დრო მრჩება. ესთერმა ღამე სამჯერ გაიღვიძა. კბილები ამოსდის და ბოლო დროს ძალიან ჭირვეულობს. ერთხელ ნეითანს, ორჯერ კი მე მომიწია მისთვის ძილი შეგვექცია. არ ვწუწუნებ, უბრალოდ უძილო ღამეებმა ძალა გამომაცალეს და სახლის საქმეებს უწინდებურად თავს ვეღარ ვართმევ. ამის გამო, ნეითანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, მაგრამ რა ვქნა? მთელ ენერგიას ბავშვის მოვლას ვუთმობ.
წუხანდელმა ღამემ ძილი დამიკარგა და საწოლში წრიალს ვამჯობინე ამ რვეულს მოვბრუნებოდი. ხანდახან იმდენი აზრი იყრის ჩემს გონებაში თავს, ჯვარედინები კეთდება და ვეღარ გამიგია, საით წავიდე. რატომ არ მანიჭებს ნეითანთან ქორწინება სიხარულს და ბედნიერებას? ან იქნებ ამაზე მეტს არც უნდა ველოდო და უბრალოდ მე ვერ ვხვდები, რომ ბედნიერი ვარ?
ვუყურებ თავის საწოლში მძინარე ქმარს და ვფიქრობ, ნეტა, თავად თუ არის ბედნიერი? იქნებ თავს აჯერებს, რომ ვუყვარვარ და ის ვარ, ვინც სიცოცხლის ბოლომდე გვერდით უნდა ჰყავდეს? ვინ უწყის, ჩვენი ქორწინება მისთვისაც ტვირთია და მალავს. ზუსტად ვიცი, ასე რომ იყოს, არავის ეტყვის, გულში დაიმარხავს.
სადაც არის, ესთერი გაიღვიძებს, მამამისი მის ტირილზე გამოფხიზლდება, საწოლის ქვეშ მდგარ ტაშტში ხელებს სამჯერ დაიბანს, სამსახურში წასასვლელად გაემზადება, მე შვილს მივხედავ, ხალასთვის* ცომს მოვზელ, შაბათისთვის განკუთვნილი საჭმელების სამზადისში დროს ჩავკლავ, სახლს მივალაგებ, ყვავილებით მოვრთავ და ნეითანის მოსვლას დაველოდები.
ახალი ბეკიშე* იყიდა, ალბათ, სინაგოგაში იმით წავა. მეც ლამაზად გამოვეწყობი, მზის ჩასვლამდე თვრამეტი წუთით ადრე სანთლებს ავანთებ, ხალას და ღვინოს შემოვუწყობ. მოგვიანებით სუფრას კერძებით გავაწყობ. იმედი მაქვს, სასიამოვნო საუბრის და მხიარულების ფონზე ლამაზი ვახშამი გვექნება.
ესთერს რომ დავაძინებ, დაღლილ მკლავებს ვიზელ და დასასვენებლად საწოლზე ვჯდები. ნეითანი რომ საძინებელში შემოდის, მისი ნაბიჯების ხმაც კი მაღიზიანებს. მისი კანის სურნელი მძაფრად იწყებს ოთახში ტრიალს და თავს მატკიებს.
უსიყვარულობით მიღებულმა ტკივილმა ობობის მიერ გაბმულ ქსელში დაჭერილი მწერივით უმწეო გამხადა და მთლიანად მშთანთქა.
რამდენ რამეს დავთმობდი, ოღონდ ამ დღიურს შეყვარებული ქალის ენით ვქარგავდე, ნეითანზე განსაკუთრებულ სიტყვებს არ ვიშურებდე და ასეთ უაზრო წინადადებებს არ ვწერდე, მაგრამ არ გამომდის. რა იქნება, მისი შეყვარების მეთოდს ვინმე მასწავლიდეს?


შიში
საბრალოდ ვიქეცი, ემოციების გამოხატვის სურვილიც დავკარგე. ყველაფერი რუტინული და მოსაბეზრებელი გახდა. ნეითანს ვეღარ ვუძლებ, მისმა პრეტენზიულობამ და პედანტურობამ ნერვები დამინგრიეს. რაც დრო გადის, ერთმანეთს ვშორდებით, თუმცა არც ის მახსოვს ახლოს როდის ვიყავით.
მეშინია, ეს მდგომარეობა დიდხანს არ გამიგრძელდეს. რაღაც უნდა ვიღონო, ძალიან მარტო ვარ.
-დამეხმარეთ!- არსებული ზონიდან გასვლა მინდა, ბრაგუნისგან კარი ლამის ჩამოვიღო. მგონია, ვინმე გაიგონებს და ჩემკენ წამოვა, მაგრამ სულ ტყუილად. ხმას ვერავის ვაწვდენ.
გარშემო ყველა და ყველაფერი მუქდება, ყინვა ლოლოებს აქანდაკებს, სხეულში ჰიპოთერმია იკეთებს ბუდეს, სიყვარული და საყვარელი ადამიანები მწყურია, გულწრფელ ურთიერთობებს და თბილ ალაგს ვეძებ. მზესთანაც ვეღარ ვთამაშობ, ჩაქრა.
-არის მანდ ვინმე? დახმარება მჭირდება!- ყვირილს ვაგრძელებ და ზონის კარებს ხელებს გამეტებით ვურტყამ.
სამწუხაროდ, არავინ ესმის...


შვება
ესთერმა ფეხი აიდგა. სახლში აურზაურს გვიწყობს და გამუდმებული ყურადღება უნდა. ნეითანს შევთავაზე, შინამოსამსახურე მოვიყვანოთ, სახლის საქმეებში დამეხმარება და ჯანს ამოვასუნთქებ-მეთქი. ჭკუაში დაუჯდა, მეორე დღესვე დაუკავშირდა სააგენტოებს და რამდენიმე მათგანი შემოგვთავაზეს.
სამი კანდიდატიდან ყველაზე ახალგაზრდა -ახალი ემიგრანტი, რუმინელი წარმოშობის ქალი ავარჩიე. ლამაზი სახელი ჰქვია -ანა. ოცთაათ წლამდეა და სლავური, სასიამოვნო გარეგნობა აქვს. გასაუბრებაზე ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. პირველ რიგში, მისგან წამოსულმა დადებითმა აურამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ნეითანს დიდად არ მოეწონა, უფროსი ასაკის წარმომადგენლებს მიანიჭა უპირატესობა -ისინი უფრო პასუხისმგებლიანი პიროვნებები ჩანანო. ავუხსენი, სხვებთან შედარებით, იგი უფრო დაუზარელი და კარგი ხასიათის ადამიანი ჩანს-თქო. იჭოჭმანა და საბოლოოდ დამყაბულდა.
ანა მართლაც ისეთია, როგორი წარმოდგენაც თავიდან შემიქმნა. გამრჯე ხელები აქვს, ხალისიანია, მისი ხასიათის წყალობით, მეც გამოვცოცხლდი. საქმე მომაკლდა, სახლში უწესრიგობაც გაქრა და ნეითანიც დამშვიდდა, აღარ ვკამათობთ.
ახლა ესთერისთვის უფრო მეტი დრო მაქვს და მასთან ურთიერთობის ყოველი წუთით ვტკბები. შვილი ისეთი ვინმე ყოფილა, ძნელად რომ ვინმეს ვანდო. რატომღაც მგონია, ჩემსავით ვერავინ მიხედავს.


სახიფათო თამაშები
ანას კარგად შევეთავსე. ერთ წელზე მეტია ჩვენს ოჯახში მუშაობს და წამლად რომ მინდოდეს, მისგან დაშვებული ერთი შეცდომაც არ მახსოვს. ყველაფერი მუდამ მწყობრში აქვს და იდეალურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ერთი წელი ცოტა არ არის, რომ არ დავახლოვებოდი. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენს ოჯახებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე. დღიურზეც მოვუყევი. მკითხა, რატომ არ ვწერდი მშობლიურ ენაზე და არ მოვატყუე, ვუთხარი, ინგლისურად ნაკლები შიშით ვწერ, რადგან ჩემს გარშემო ვერავინ ფლობს კარგად ამ ენას და ასე უფრო უსაფრთხოდ ვარ-თქო.
ნეტა თუ ოდესმე ვინმე წაიკითხავს ამ რვეულს და გაიცნობს ნამდვილ სარას? ვინ იქნება ის? რას იფიქრებს? რას იტყვის ჩემზე?
ისევ ანას მივუბრუნდები. საინტერესო ქვეყნიდან არის, მიყვება ხოლმე მის შესახებ და სულგანაბული ვუსმენ. ამას წინათ მითხრა, ჩემს მეზობლად ებრაელები ცხოვრობდნენ და მთელი ბავშვობა მათ გარემოცვაში გავატარეო. პასექის* ჟამს სახლში გამომცხვარი მაცა* ბავშვებს ხშირად გამოჰქონდათ ეზოში და მეც მიმასპინძლდებოდნენ ხოლმეო. თურმე დღემდე მოჰყვება მისი სიყვარული. დავიმახსოვრებ და ეს დღესასწაული რომ დადგება, ერთ დიდ მაცას გამოვუცხობ და სახლში გავატან. აკნატუნოს და გაიხსენოს ბავშვობა.
როგორც ანა ამბობს, რუმინეთში დღესაც არსებობს ანტისემიტიზმი. ისტორიამ მწარე კვალი დაამჩნია ევროპას და დღესაც გვერჩიან. ამის მაგალითად, ებრაელების საფლავებზე ჩადენილი ვანდალური ფაქტებიც კმარა. დასანანია, რომ ჩვენს წინაპრებს საფლავებშიც არ ასვენებენ...
სხვათაშორის, საიდუმლოც გვაქვს. როდესაც ესთერს სძინავს, ანა თავის სმარტფონს მითმობს და ძველ დროს ვიხსენებ. ბევრჯერ ერთადაც გვიყურებია გადაცემებისთვის, კონცერტებისთვის და ფილმებისთვის. ბოლო დროს სერიალ “Homeland”-ის ყურებამ გამიტაცა. მორევივით ჩამითრია და ვეღარ ვწყდები.
წიგნებითაც მამარაგებს. ერთი კვირის წინ ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი დიდი ძალა აქვს სიყვარულს. ის რომ არ არსებობდეს, დედამიწა დიდი ხნის წინ იქნებოდა ღერძიდან გადატეხილი და რომელიღაც სივრცეში ჩაჩეხილი.


ახალი სიცოცხლე
მეორე ორსულობის მეთვრამეტე კვირაში ვარ. ადათების თანახმად, მე და ნეითანმა გარშემომყოფებს რამდენიმე დღის წინ გავუმხილეთ.
გახარებულები არიან.
ნეითანი ამ ამბის გაგების პირველივე დღიდან სახეანთებული დადის. შვილის ნაყოფად ყოფნის პერიოდში წასაკითხ ფსალმუნებს კითხულობს და მოუთმენლად ელოდება მის ამქვეყნად მოვლინებას.
კვების და ქცევის ყველა წესს ვიცავ. არაფერს ვეტანები, რაც არაქოშერულია და ჩემთვის სასურველი არ არის. შაბათობით გაორმაგებული ოდენობის - თვრამეტ სანთელს ვანთებ, ლოცვებს ვკითხულობ და ექიმისგან მოცემულ მითითებებსაც პირნათლად ვასრულებ.
მე და ანამ ორსულთა საიტზე ვნახეთ, დაახლოებით როგორ გამოიყურება ამ დროისთვის ჩემი პატარა. წონით საშუალოდ ასორმოცდაათ-ასსამოცდაათ გრამამდეა, სიგრძით თოთხმეტ სანტიმეტრს შეადგენს და ისეთივე ზომის არის, როგორც ქრიზანთემა.
გარშემომყოფებისგან ყურადღების ცენტრში ვარ და არ დავმალავ, მსიამოვნებს. რა უცნაურია, ჩემდა უნებურად მეუღლეც მათ მივათვალე. არავისგან არაფრით გამოვარჩევ.
არ არის ეს ნორმალური მიდგომა! თუმცა იმასაც გააჩნია, ჩემს მიერ დაწერილ სიტყვებს რომელი ხედით შევხედავთ. ტოქსიკურ ურთიერთობაში წარმოქმნილი მრუდები, წრფეები, წირები, წრეები და ერთმანეთში გადახლართულ-დაშორებული ფიგურები ზედხედიდან იმდენად კარგად ჩანს, ეჭვსაც ვერავინ შეიტანს, რომ სხვების მსგავსად, ნეითანიც ერთ-ერთი გარშემომყოფთაგანი და უბრალოდ კარგი ნაცნობია.
ნეტა ახლა რას აკეთებს ჩემი პატარა? სძინავს, ჭამს, თუ გორაობს? ჯერ ადგილი ჰყოფნის, ხელებსა და ფეხებს თავისუფლად ამოძრავებს და შეიძლება თამაშისთვისაც იცლიდეს ხოლმე.

ლურჯი ჩიტი
ახლახან გავიგე, რომ ანას ბუქარესტის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და პროფესიით მხატვარია. მის ნამუშევრებს გადავხედე და გავოცდი, შესაძლოა დაუჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრამ ერთადერთი ფერი, რომელსაც იყენებს, ლურჯია. ქმნის ამ ფერისგან განსხვავებულ ტონებს და შემდეგ ჰარმონიულად ურწყამს გარდამავალ ფერებს ერთმანეთს.
დედამიწის შვილები, იმედი, სიხარული, მწუხარება, სევდა, დაბადება, სიკვდილი... - აი, რას ვხედავ მის ნამუშევრებში.
„ლურჯი ჩიტი“ - ასე უწოდა თავის მეორე გამოფენას და მას შემდეგ ეს ფსევდონიმი არც მოსცილებია. ძალიან განსხვავებული ხატვის სტილი და ტექნიკა აქვს. მსგავსი ტიპის მხატვრულ მიმდინარეობას არსად შევხვედრილვარ.
როგორც თავად ამბობს, ლურჯი გრძნობებს უოკებს. ფერთა სიმბოლიზმს და ფსიქოლოგიას თუ დავესესხებით, იგი იდეალიზმისკენ და კონსერვატიზმისკენ მიდრეკილი ხალხის ფერია და მშვიდობასთან, ერთიანობასთან, ჰარმონიასთან, სიწყნარესთან, ნდობასთან, ენერგიულობასთან და ხშირად დეპრესიასთან და კაეშანთანაც არის ასოცირებული.
ანაზე აღფრთოვანებული იმდენს ვლაპარაკობ, მთავარი დამავიწყდა. გადავწყვიტე, მოსწავლედ მივებარო. როდესაც ესთერს დღის საათებში ეძინება, მასთან ერთად სარდაფში ჩავალ და მისი ზედამხედველობის ქვეშ დავხატავ. ამბობს, მონაცემები გაქვსო და იმედი მაქვს, ზედმეტი ფულის დასაცინცლად არ მეუბნება.
ხვალ ყველა საჭირო ნივთს მოიტანს და პირველ გაკვეთილსაც ჩამიტარებს. ამას რას მოვესწარი, ოცნებას ვისრულებ.
ჩემი მეგობარი რაკელი გამახსენდა. რაც გავთხოვდით, ერთმანეთის სანახავად ხშირად ვეღარ ვიცლით. ვერც ტელეფონით ვსაუბრობთ აკრძალულ თემებზე. მისი დედამთილი სულ სახლშია და სტუმრების ოთახში მდგარი ტელეფონის აპარატით პოპ მუსიკის მოყვარული რძლის მხრიდან შოუბიზნესსა და ვარსკვლავებზე ახალი ამბების განხილვა მისთვის გულის ინფარქტით ან კიდევ უფრო უარესით დამთავრდება.
მე „ლურჯი ჩიტი“ მყავს და ხვალიდან ცხოვრება ძალიან საინტერესო ხდება.
რაკელს რა ეშველება? ნუთუ ისე წავა ამ ქვეყნიდან, რომ ზებუნებრივ ნიჭს ვერავის აჩვენებს? ახლაც ყურებში ჩამესმის მისი ფენომენალური ხმა, რომელიც საოცარი ჟღერადობით აღწევდა ჩემამდე და სკოლიდან მომავალს სიცოცხლის ხალისს მმატებდა. დარწმუნებული ვარ, მისი ხმა ალადინის ლამპარში გამომწყვდეული ჯინივით გარეთ გამოსვლას ლამობს და საჭირო მომენტს ელოდება, რომ ისევე როგორც თავის დროზე მე, სხვებსაც გაეცნოს.



კარატეკა- ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს კარატეს
კოკოი- ყველაზე შხამიანი ბაყაყი
Finita la commedia!- (იდიომა) დასრულდა პარპაში, წარმოდგენა
ხალა- დაწნული ფორმის პური, რომელსაც ებრაელები სპეციალურად შაბათისთვის აცხობენ
ბეკიშე- აბრეშუმის გრძელი პალტო, რომელსაც ჰასიდი ებრაელები შაბათს, ქორწილებზე, დღესასწაულებზე და ბარ მიცვის დროს იცვამენ.
პასექი- ერთ-ერთი დღესასწაული იმ სამიდან, რომელიც ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან
მაცა- უფუარი პურის ხმიადი


-----
შემდეგ თავში სარას დღიურზე მუშაობას ვასრულებ და ნაწარმოების მეორე და აქტიურ ნაწილზე გადავდივარ. ვფიქრობ, ჰასიდთა გარემოცვაში აღზრდილი სარა კარგად გაიცანით. ვნახოთ, როგორი ამბები გვიახლოვდება:)))



№1 სტუმარი სტუმარი nancho

გენიალურია.მრავამხრივ ინტერესს მიქმნი და მავითარებ,მიქმნი შინაგან მოტივაციას და უზომო ინტერესს გავიგო ის რაც არ ვიცი,..წარმატებები.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
გენიალურია.მრავამხრივ ინტერესს მიქმნი და მავითარებ,მიქმნი შინაგან მოტივაციას და უზომო ინტერესს გავიგო ის რაც არ ვიცი,..წარმატებები.


ნანჩო ❤️
ჯერ არ უთქვამს ნაწარმოებს თავის სიტყვა და ასე მანებივრებ. დიდი მადლობა❤️ მახარებ ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3 სტუმარი თმთ

მადლობა შენ . ისე მითრევს და ველოდები. მაგრამ პატარა თავებია და აღარ მყოფნის. მგონი ყველაზე საინტერესო წინ გველოდება

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

ყოველ თავს თავისი დატვირთვა აქვს, ყოველი თავი განსხვავდება ერთმანეთისგან..როგორ მომწონს და ასევე სევდა დასდევს ამ ისტორიას,სარას და ვივიენს..სარა ყოველ თავში უფრო და უფრო ადაპტირდება და მიხარია..წინ გველის კიდევ უფრო მეტი სიახლეები ასე მგონია,წარმატებები ქეთო ❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

თმთ
მადლობა შენ . ისე მითრევს და ველოდები. მაგრამ პატარა თავებია და აღარ მყოფნის. მგონი ყველაზე საინტერესო წინ გველოდება

კი, ყველაზე საინტერესო წინ არის :)))
მესმის, რომ არ გყოფნით, მაგრამ კვირაში ერთხელ რომ არ ავტვირთო, დიდი შუალედი გამომივა.

სტუმარი ნინო
ყოველ თავს თავისი დატვირთვა აქვს, ყოველი თავი განსხვავდება ერთმანეთისგან..როგორ მომწონს და ასევე სევდა დასდევს ამ ისტორიას,სარას და ვივიენს..სარა ყოველ თავში უფრო და უფრო ადაპტირდება და მიხარია..წინ გველის კიდევ უფრო მეტი სიახლეები ასე მგონია,წარმატებები ქეთო ❤

მთავარია, დღიურზე მუშაობას მოვრჩე, გაიცნოს მკითხველმა სარა რატომ და რის გამო დაისაჯა და როგორ მოვიდა აქამდე და მერე მთელი ამბები დატრიალდება.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6  offline წევრი ნეაკო

ძალაინ მომეწონა ველოდები ახალ თავს მოუთმენლად

 


№7  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ნეაკო
ძალაინ მომეწონა ველოდები ახალ თავს მოუთმენლად

მადლობა, ნეაკო. ყოველ კვირა ვამატებ ახალ თავს. დაელოდე, აუცილებლად იქნება ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent