შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-1)


19-09-2020, 00:02
ავტორი აირ ისი
ნანახია 9 685

ზღვის ტალღებში მკლავებს უკმაყოფილოდ ვუსვამ და ვცდილობ წყალს გავატანო ის ნეგატიური შეგრძნებები, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევენ. თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს -რისთვის მიმზადებს ცხოვრება მუდამ ასეთ არასასურველ სიურპრიზებს?

რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ, რომ ხვალიდან კიდევ ერთი ახალი ფურცელი იშლება ჩემი ცხოვრების წიგნში -საპასუხისმგებლო, დამღლელი და აუტანელი. მუშაობა უნდა დავიწყო, მე კი, ეს სიტყვაც კი ჭირივით მეზიზღება.

ჩემი ოცდაორწლიანი არსებობის მანძილზე, მუდამ მარტივ ფულს ვიყავი ჩვეული. არც საუკეთესო ტანისამოსი მაკლდა და არც, ბოლო მოდელის ტექნიკა, თუმცა ეს ყველაფერი დროებითი ყოფილა. ახლა, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩენილს, მომიწევდა ბევრ რამეზე მეთქვა უარი. თუნდაც ძვირადღირებულ მანქანებსა და ფულით სავსე საკრედიტო ბარათებზე, რის გარეშეც, ადრე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა.

ყველაზე უარესი მაინც ის იყო, რომ ბარმენად მომიწევდა მუშაობა, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში. ეს უკანასკნელი, ჩემი უფროსი ძმის, აარონ ქალდანის საკუთრება გახლდათ და იმის მაგივრად, რომ რამე ნორმალური გამოენახა ჩემთვის, პირდაპირ მომსახურე პერსონალის რიგით წარმომადგენლად მაქცია.

მანამ, სანამ ეს „ბედნიერება“ დამატყდებოდა თავს, ჩემს ტყუპისცალ დასთან, ნიცასთან ერთად ვცხოვრობდი ლოს-ანჯელესში. უნდა მეღიარებინა, შესანიშნავი პერიოდი იყო. უფროსი ძმის წყალობით, არც საარსებო თანხა გვაკლდა და არც, ნებისმიერი სურვილის ასასრულებელი მწვანე ქაღალდი. ვითარება უკუღმა მაშინ შემოტრიალდა, როდესაც ერთ დღეს, აარონი ამერიკაში ჩამოვიდა და გამოგვიცხადა ჩემთან ერთად თბილისში მოდიხართ, რათა რაიმე საქმით დაკავდეთ და უსაქმურობასაც შეეშვათო.

ამაზე, მართლაც სერიოზული კამათი მოგვივიდა ჩვენ სამს. ნიცა სახლიდანაც კი წავიდა და მანამ არ დაბრუნებულა, სანამ მე და აარონმა არ მივაგენით, ერთ-ერთ ღამის კლუბში, სრულიად გალეშილს.

ჩემთვის და ნიცასთვის, სასწორის პინებზე ორი არჩევანი იდო -ერთი თბილისში დაბრუნებასა და ჩემი ძმის რომელიმე ფირმაში დასაქმებას გულისხმობდა, დამაკმაყოფილებელი ანაზღაურებით, ხოლო მეორე, ლოს-ანჯელესში დარჩენასა და მათხოვრულ ცხოვრებას, რადგან აარონი, ჩვენთვის ერთი თეთრის გამოგზავნასაც აღარ აპირებდა.

რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი ვამჯობინეთ და რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ კიდეც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. გვეგონა ყველა საქმეს თანაშემწეებს დავავალებდით და თავად მშრალად გამოვიდოდით წყლიდან, თუმცა ჩვენზე ორჯერ უფრო ჭკვიანი უფროსი ძმის გაცურება ვერ მოვახერხეთ. სწორედ ამიტომ, ამ უკანასკნელმა პროფესიულად ჩამოგვაქვეითა -მე სასტუმროს რიგით თანამშრომლად გამომგზავნა, ვისაც ამჯერად ფეხის, ფეხზე შემოდება აღარ გამოუვიდოდა, ხოლო ნიცა, უბრალო მოლარედ დააყენა, სწრაფი კვების ერთ-ერთ მსხვილ ობიექტზე. უნდა ითქვას, ორივეს მაგრად „მოგვიხაზა“ თავისი საქციელით, თუმცა რომ გითხრათ ამან ჩემი ძმა შემაძულა-მეთქი, მოგატყუებთ. გულის სიღრმეში ვხვდები კიდეც რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ ისეთი ვიყო, როგორიც მას უნდა. ჩემთვის, მუშაობა და პასუხისმგებლობების აღება იგივეა, რაც ცხოვრებისეულ გართობებზე უარის თქმა, რასაც ჩემი ხასიათი აშკარა პროტესტს უცხადებს.

ზღვის ნაპირისკენ ნერვებმოშლილი ვიწყებ ცურვას. ვამჩნევ, რომ უკვე სუნთქვა აღარ მყოფნის, თან, ტალღების სიდიდეც ნელ-ნელა მატულობს.

ღამით ზღვაში ბანაობას მაინც სულ სხვა ხიბლი აქვს. თავზე, მზის მცხუნვარე სხივების მაგივრად ვერცხლისფერი მთვარე დაგნათის და ზღვის ნელთბილ წყალში სხეული სასიამოვნოდ გიდუნდება.

სანაპიროს ამ ნაწილში, ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანია. ალბათ მზის ჩასვლის ყურების შემდეგ შემორჩნენ ზლაჟზე-თქო, ვფიქრობ და წყლიდანაც ამოვდივარ. ჩემი ტანსაცმელი, სპეციალურად ნაქირავებ შეზლონგზე მაქვს დატოვებული. არ მადარდებს, რომ სხეული მთლიანად სველი მაქვს, მაისურსა და შორტს სწრაფად ვირგებ, ხალხისგან მოშორებით, ქვებზე ზურგით ვწვები და ზღვის ტალღების შრიალის ფონზე, ვარსკვლავების ყურებას ვიწყებ. ეს ჩვევა, ჩემი უმცროსი დის, ელისაბეტის დაკარგვის შემდეგ დამჩემდა. როდესაც სრულიად მარტო ვრჩები და ჩემს გარშემო ერთი ნაცნობი ადამიანიც არაა, მაშინვე მანათობელ წერტილებს ვუწყებ უაზროდ ყურებას. მახსოვს ერთხელ სადღაც წავიკითხე, ჩვენგან წასული ადამიანები ცაში ვარსკვლავების სახით ციმციმებენო და მეც იმედი მაქვს, რომ გალაქტიკაში შემავალი მილიარდობით ვარსკვლავიდან, ერთ-ერთი მაინცაა ჩემი პატარა ელი.

თალებს მაგრად ვხუჭავ და ვცდილობ გულზე მოწოლილი ტკივილი ჯანდაბაში გავგზავნო. როგორ მინდა ახლა ნიცაც აქ იყოს და ერთი-ერთში ველაპარაკო იმაზე, რასაც ამ წამს განვიცდი, თუმცა ჩემგან განსხვავებით, იგი თბილისში დარჩა. აარონის თქმით, ჩვენ ორნი ერთად მასშტაბურ აფეთქებას ვუდრით და კარგი იქნება სამსახურში მაინც თუ ჩამოვცილდებით ერთმანეთს.

ტალღები კვლავ განაგრძობენ მელოდიურ შრიალს, მე კი სიგარეტს ვუკიდებ და ცაში ყურების პარალელურად, ნიკოტინით გაბრუებას ვიწყებ. ოდნავ ტკბილი კვამლის ნახევარი ფილტვებში გადამაქვს, მეორე ნახევარს ჰაერში ვუშვებ და ჩემს სტიქიაში მყოფს, ბუნდოვნად ჩამესმის გიტარის სიმების ხმა, რომელიც რაღაც ნაცნობ მელოდიას აჟღერებს. როგორც ჩანს ვიღაც უკრავს, თუმცა ამ ყველაფრით მანამ არ ვინტერესდები, სანამ უეცრად, ჩემი საყვარელი სიმღერის -Wind Of Change-ს სიტყვები არ იფანტება ზღვის სურნელით გაჟღენთილ ჰაერში. აი, ამაზე უკვე გონს მოვდივარ, ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს ზღვაში წკიპურტით ვისვრი და იდაყვზე დაყრდნობით, იმ მხარეს ვიყურები, საიდანაც სიმღერის ხმა მოდის.

ანთებული კოცონის წინ, ოთხკაციან ჯგუფს მოუყრია თავი. აქედან სამი მათგანი, საკუთარ ზურგჩანთაზეა ჩამომჯდარი, ხოლო მეოთხე-გიტარით ხელში მჯდომი გოგონა, ქვებზე დაფენილ ჭრელ მოსაცმელზე დამჯდარა, იოგას პოზაში და Scorpions-ის ამ ჰიტად ქცეულ სიმღერას, საკუთარი ინტერპრეტაციით ასრულებს.

იმდენად ლამაზი კადრის მომსწრე ვხდები, რომ წამით მზერა მეყინება და ტუჩებზე იდუმალი ღიმილი მადგება. და, აი ისიც -ჩემში მონადირის ინსტიქტი იღვიძებს. სიმღერის სიტყვების მოსმენის პარალელურად, გოგონას თვალიერებას ვიწყებ. გრძელ, რძისფერ, უმკლავო კაბაშია გამოწყობილი, რაც ფეხების უმეტეს ნაწილს საიმედოდ უფარავს და ამის გამო გულიც კი მწყდება. შაქარივით თეთს, ნაზ და სუსტ მხრებზე, ღია თაფლისფერი კულულები ტალღებად აყრია, ხოლო ტუჩებზე ალუბლისფერი შეფერილობა დაჰკრავს დაეჭვი მიჩნდება, რომ ეს სულაც არ არის ტუჩსაცხის დამსახურება. ერთი შეხედვით, ლამაზ ბამბის თოჯინას ჰგავს, ფრთხილად მოქცევასა და გამუდმებით ზრუნვას რომ საჭიროებს. იმდენად მიპყრობს მისი ჩემად ქცევის სურვილი, სუნთქვაც კი მიხშირდება. ვიღას ახსოვს მელოდიის ჟღერადობა, მხოლოდ უცნობი გოგონას ვიზუალის თვალიერება ხდება ჩემი საქმე და ნანახით საკმაოდ კმაყოფილი ვრჩები. უკვე ნათლად მიდგება თვალწინ სცენა, თუ როგორ სიამოვნებით ვეფერები მის ნაზ კანს, როგორ ეკვრება სუნთქვა ჩემი შეხებისას, როგორ მორცხვად მხვევს თავის წვრილ მკლავებს . . .

ოცნების ვარდისფერ ბილიკზე შემდგარს, თითქოს ძლიერი მუჯლუგუნით მაბრუნებს უკან შეზლონგის კუთხეში მოთავსებული ტელეფონის ზარის ხმა. ეკრანზე დახედვისას, სახეზე ღიმილი მეფინება -ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი უსიამოვნება და ამავდროულად, უძვირფასესი ადამიანი მირეკავს.

-გისმენ, ნიცა -ვპასუხობ ხმადაბლა, თან, შუბლზე ჩამოყრილ სველ თმას ხელით ვისწორებ

-ისევ ცოცხალი ხარ ნიკუშ? მე კი მეგონა უკვე ბაწარში გქონდა თავი გაყრილი, რათა ხვალინდელი დღე არ დამდგარიყო

-დაცინვის მიზნით მირეკავ, არა? -წარბები თავისდაუნებურად შემეჭმუხნა ამის თქმისას -თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ, რომ არც შენს უსაქმოდ დაჯენას აპირებს აარონი. სულ მალე მოგიწევს სალაროსთან დადგომა და კლიენტებისთვის ხურდის დაბრუნება. ეს მხოლოდ დროის საკითხია, დაიკო

-შენგან განსხვავებით, ბარში მაინც არ მიშვებენ მიმტანად. დავემუქრე, რომ თუ ამას იზამს, ყველა ბარმენს სათითაოდ დავუწყებ შებმას და ძალიან ცუდი გოგო ვიქნები -აშკარა კმაყოფილება ჟღერდა მის ტონში

ტუჩებზე ღიმილი მომადგა.

-ჰო, ნამდვილად გონივრული ხერხი გიპოვნია, ვერაფერს ვიტყვი

-მოკლედ, იმიტომ დაგირეკე, რომ წარმატებები გისურვო შენს ახალ სამსახურში . . . თავგადასავლები გელის, ძამიკო

-თავგადასავლები და ქვიშის ქარიშხალი

-ქვიშის ქარიშხალი? -გაიკვირვა ნიცამ. სწორედ იმ წამს გამახსენდა, რომ მან იმ დაწესებულების სახელიც კი არ იცოდა, სადაც ხვალიდან მომიწევდა მაგიდების წმენდა და ვცადე ამეხსნა :

-ასე ჰქვია სასტუმროს, სადაც აარონმა ბარმენად გამამწესა

-აჰაა, ახლა უკვე გასაგებია . . . მაშინ, წარმატებები ქვიშის ქარიშხალში. ერთ დღეს აუცილებლად შემოგივლი და შენს მომზადებულ მარგარიტას დავლევ

-ჰო, თუ რა თქმა უნდა ძალიან არ გადაიქანცე ჰამბურგერებისა და ჩიზბურგერების გაყიდვით -გადავწყვიტე თავადაც წამეკბინა სიტყვებით და ყურმილი მანამ დავუკიდე, სანამ ჩემთვის მორიგი მწარე პასუხის დაბრუნებას მოასწრებდა.

„ესეც ასე, დაიკო“ -გავიფიქრე კმაყოფილმა, ტელეფონი კვლავ უწინდელ ადგილას დავაბრუნე და მხოლოდ იმ წამს გავაცნობიერე, რომ გიტარის ნაზი ხმა უკვე აღარსაიდან მოისმოდა. თავი მაშინვე იქით მივატრიალე, სადაც გოგონა იჯდა.

ჯანდაბა!

აი, ეს გახლდათ ნამდვილი უიღბლობა -აღარც ჩემი ინტერესის ობიექტი ჩანდა სადმე და აღარც მისი „თანაგუნდელები“. არადა რა მონდომებით დავსახე გულში ამ გოგოს ხელში ჩაგდების გეგმა. უკვე ყველაფერი ზედმიწევნით მქონდა მოფიქრებული, თუმცა იგი ისე აორთქლდა, როგორც იმ სიმღერის სიტყვები, რამდენიმე წამის წინ რომ მღეროდა, მთელი გრძნობით.

გულში რაღაც მტკივნეულად ჩამწყდა. გამახსენდა მისი ნაზი სახე, მიამიტი ბავშვის გამოხედვა, ალუბლისფერი ბაგეები და საკუთარ უიღბლობაზე გაბრაზებულმა, კენჭების წყალზე გასრიალება დავიწყე.

-შენი ბრალია, ნიცა, შენი ბრალი! -გაგულისებულმა, საკუთარი ფიქრები ზედმეტად ხმამაღლა გავახმოვანე და როცა მივხვდი, რომ გარშემო მყოფთაგან ყველა მე მიყურებდა, მათ გასაგონად დავამატე :

-ყურადღებას ნუ მომაქცევთ, კიდევ საღად ვაზროვნებ იმ ადამიანის ხელში, ვისი სახელიც ცოტა ხნის წინ ვახსენე . . .










8 8 8

ადრიან დილით რომ მაღვიძარას ხმა ჩამესმა, მომინდა გარშემო ყველაფერი დამელეწა და ჩემს შიგნით დაბუდებული ბრაზი ამ საშუალებით ამომენთხია. მართალია, აარონმა ბარმენად გამამწესა და ჩემი ცვლაც საღამოს რვა საათზე იწყებოდა, თუმცა, ვინაიდან ახალ თანამშრომლად ვითვლებოდი და მსგავს სფეროში მუშაობისა არაფერი გამეგებოდა, მთელი დროის განმავლობაში, ვინმე თორნიკე ჯაყელს ვყავდი მიბარებული, რათა ჩემთვის ყველაფერი ესწავლებინა და ბარის საქმეების ზედმიწევნით ათვისებაში დამხმარებოდა.

დაგვიანება ყოვლად დაუშვებელი იყო. არც მე გახლდით არაპუნქტუალური ადამიანი, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საწოლიდან წამოდგომას ყველაფერი მერჩივნა, ეს მაინც გავაკეთე და პირდაპირ სააბაზანოს მივაშურე, გრილი შხაპის მისაღებად.

ჩემი აპარტამენტებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვიყავი. ზღვიდან დაალოებით ოთხასი მეტრის მოშორებით, პატარა, თუმცა საკმაოდ მყუდრო სახლი მქონდა დაქირავებული, რომლის საფასურიც, ჩემივე გამომუშავებული ფულით უნდა გადამეხადა. თავად ამ სახლის პატრონი, ერთი მოხუცი, ცოტა უცნაური, თუმცა საკმაოდ საყვარელი ქალი იყო, სახელად ვერა. უნდა ვაღიარო, პირველივე დღესვე დადებითად განვეწყვე მის მიმართ. იმდენად თბილად და პოზიტიურად შემხვდა, სხვანაირად არც გამოვიდოდა.
ბებია არასდროს მყოლია და მუდამ მაინტერესებდა როგორი გრძნობა იყო ასაკოვანი, მოსიყვარულე ქალის ყოლა, ვინც გამუდმებით საჭმლით ხელში დაგდევდა უკან და მისთვის ყოველთვის გამხდარი და მშიერი იყავი. ვერამ, თავიდანვე რაღაც ამის მსგავსი მაგრძნობინა და ამის გამო, მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი.

შხაპის მიღებას ათ წუთში მოვრჩი და აბაზანიდან გამოსულმა, წინა ღამით გამზადებული ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. მართალია, მთლად კარგი იდეა ვერ იყო სამსახურში უმკლავო მაისურითა და სპორტული შარვლით წასვლა, თუმცა ჩაცმის სტილი ჩემთვის ის ზონა იყო, რაც არანაირ სტერეოტიპს არ ცნობდა და რაში ჩარევის უფლებასაც არასდროს არავის მივცემდი.

თავის მოწესრიგებას რეკორდულ დროში მოვრჩი და მობილურის ეკრანზე საათს დავხედე. სამსახურში მისასვლელად ჯერ კიდევ ათი წუთი მქონდა. სასტუმრო, ჩემს სახლთან ახლოს მდებარეობდა, ამიტომ, შემეძლო ფეხითაც წავსულიყავი, თუმცა ვინაიდან, ოდნავ წვიმიანი ამინდი იყო, საბოლოოდ მაინც ჩემს ველოსიპედს მოვაჯექი და მთელი სისწრაფით დავიძარი „ქვიშის ქარიშხლისკენ“.

მეცინებოდა ჩემს თავზე. აარონმა არც მანქანა შემატოვა და არც, მოტოციკლი. ტაქსის გამოსაძახებელ ფულსაც კი ვზოგავდი, რადგან ხელფასი თვის ბოლომდე არ იქნებოდა და არ მინდოდა პროდუქტების შესაძენი ფული მომკლებოდა. ხანდახან, სიზმარშიც კი მეგონა თავი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ძმა, ოდესმე ასეთ დღეში ჩამაგდებდა. ეს უკანასკნელი, მთელი ძალით ცდილობდა გაჭირვებაში ცხოვრება მესწავლა და ჩემთვის ეჩვენებინა, თუ როგორი იყო უბრალო ადამიანად ყოფნა, ვინც თავის საარსებო თანხას, საკუთარი შრომით გამოიმუშავებდა.

ჩემმა ველოსიპედით ვოიაჟმა, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე დასველების გარდა არაფერი მომიტანა. თავდაპირველად, მხოლოდ ჟინჟღლავდა, თუმცა დროთა განმავლობაში, წვიმის წვეთების ზომამ იმდენად მოიმატა, რომ პედლების მთელი სისწრაფით დატრიალება დავიწყე. გზის გადაჭრისას, ერთხელ კინაღამ სატვირთომაც გამიტანა, თუმცა საბედნიეროდ გადავრჩი და გზა მისი მძღოლის გინების თანხლებით განვაგრძე.

სამსახურში მისვლამდე მხოლოდ ორი წუთი მქონდა დარჩენილი, როდესაც ველოსიპედი სასტუმროს წინ გავაჩერე და შიგნით სირბილით შევედი. ჩემი „მასწავლებელი“ ალბათ უკვე ადგილზე იყო და მოუთმენლად ელოდა როდის დაინახავდა თავისი მოსწავლის სახეს. არც შევმცდარვარ, როცა ასე ვიფიქრე. როგორც კი მარმარილოთი მოპირკეთებული უზარმაზარი რესეფშენი გავიარე, სადაც უცხოელი ტურისტები თავისი ქვეყნის დროშებით გაფორმებულ ჩემოდნებს მიაგორებდნენ და თანამშრომლებისათვის განკუთვნილი შესასვლელით ბარში შევედი, დახლთან დაახლოებით ჩემი ასაკის, ესპრესოს ჭიქით ხელში მდგომი ბიჭი დავინახე. ეს უკანასკნელი, თან მობილურში მესიჯობდა, თან ყავას შეექცეოდა, პერიოდულად კი, ვერანდასაც გახედავდა, თითქოს იქ ვიღაცის ან რაღაცის გამოჭერას ცდილობსო.

საკმაოდ თვალშისაცემი ვიზუალი ჰქონდა ბატონ თორნიკეს. გრძელი, ქერა თმა კოსად ჰქონდა აკრული, ტანზე სპეციალურად მისი პროფესიისთვის განკუთვნილი სასტუმროს უნიფორმა მოერგო და ისეთ სერიოზულ, თავდაჯერებულ გამომეტყველებას აფრქვევდა, თავიდანვე ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ ადამიანთან ჩემი ოინები და უსაქმოდ ყოფნა ნამდვილად არ გამომივიდოდა. სიმართლე რომ ვთქვა, არც თავად მსურდა სიზარმაცის გამოვლენა. ისედაც დაღლილი ვიყავი აარონისთვის იმედების გაცრუებით და ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ამჯერად მაინც არ ყოფილიყო ასე.

ჩემი „მასწავლებელი“ კვლავაც იმავე პოზაში იდგა და ყავის სმას აგრძელებდა. როგორც ჩანდა, ჯერ კიდევ ვერ შეემჩნია ჩემი მოსვლა, ამიტომ, გადავწყვიტე დუმილის დარღვევის ინიციატორი თავად გავმხდარიყავი.

-დილა მშვიდობის -ვთქვი ხმადაბლა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რათა ჯაყელს, თავისი ყავა დახლის პრიალა ზედაპირზე დაედგა და მზერა ჩემზე გადმოეტანა

-დილა მშვიდობის . . . თუმცა ასე ადრიანად არ გელოდი -მაშინვე შენობითზე გადმოვიდა, რითაც, სავარაუდოდ მაგრძნობინა, რომ მე, ამ სასტუმროში მომუშავე თანამშრომლებისგან არაფრით განვსხვავდებოდი და „სტაფის“ რიგითი წევრი ვიყავი, მიუხედავად ჩემი ძმის ვინაობისა. ამ სასტუმროს მთავარი მენეჯერი და თორნიკე ჯაყელი, ერთადერთნი იყვნენ, ვინებმაც ჩემი და აარონის ძმობის შესახებ იცოდნენ, თუმცა ამ ამბის სხვებისთვის თქმა სასტიკად ჰქონდათ აკრძალული. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ისე მომქცეოდა, როგორც რიგით ბარმენს და არა სასტუმროს მფლობელის უახლოეს ნათესავს.

თორნიკეს ხელი ჩამოვართვი და თავაზიანობის ნიშნად ოდნავ გავუღიმე.

-რატომ არ მელოდით, უკვე ცხრა საათია

-მართალია, მაგრამ შენი პასუხისმგებლობის გრძნობის შესახებ, ისეთი ცნობები მომივიდა, მინიმუმ ორი საათის დაგვიანებით მაინც გელოდი

ესეც ასე, პირველი დარტყმა უკვე მოყენებული იყო. როგორც ჩანდა ამ ტიპს მაინცდამაინც არ მოვწონდი და ამის შემჩნევა, ჩემთვის რთული ნამდვილად არ ყოფილა.

-გადავწყვიტე მომესინჯა როგორია პასუხისმგებლობით სავსე ადამიანად ყოფნა. რამე საწინააღმდეგო გაქვთ, ბატონო თორნიკე? -ირონიული გამომეტყველება მოვიშველიე ამ კითხვის დასმისას

-რა თქმა უნდა არა, პირიქით, გამიხარდება თქვენს ძველ ჩვევებს თუ დაივიწყებთ და დიდხანს არ მალოდინებთ ხოლმე -ისიც თქვენობითზე გადმოვიდა

-ჩემს ძველ ჩვევებზე ლაპარაკს, ჯობია საქმეს მივხედოთ -აქ, უკვე კატეგორიული ტონი დავიჭირე, რადგან ამ ტიპის თავხედობა, უკვე მისთვის სახეში გარტყმის სურვილს მიღვიძებდა და არ მინდოდა ჩემი პირველი დღე ამ სასტუმროში, მსგავსი სახის სკანდალებით დაწყებულიყო. ყველა ვარიანტში თავშეკავება მმართებდა და ამ გზისთვის გადახვევას არც ვაპირებდი.

თორნიკე, დროებით მივიწყებულ თავის ესპრესოს დაწვდა და იქედან ხმაურით მოსვა. მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა კომენტარი ჩემს ბოლო სიტყვებზე :

-ჯერ ვერაფერს დავიწყებთ, კიდევ ერთი ახალბედაა მოსასვლელი. თქვენ ორნი, ერთ ცვლაში იმუშავებთ

-რა მშვენიერია, ანუ გამრთობი მეყოლება და მარტოც არ ვიქნები

-სამსახურში არავინ ერთობა. აქ ყველა მუშაობს და საარსებო თანხას გამოიმუშავებს

-გმადლობთ რომ განმანათლეთ, ეს ნამდვილად არ ვიცოდი -კვლავ ირონიით გავეპასუხე, მერე კი, მორიგი კითხვა დავსვი -ჰო მართლა, კიდევ დიდხანს დააგვიანებს ის თქვენი ახალბედა? როგორც ჩანს, პასუხისმგებლობის გრძნობაზე მასთან უნდა ილაპარაკოთ და არა ჩემთან

დავინახე როგორ შეკრა წარბები ჩემს სიტყვებზე. აშკარად არ იცოდა რა ეპასუხა, ამიტომ, რამის თქმას დუმილი ამჯობინა და კვლავ სხვადასხვა ჯიშის უცხო მცენარეებით გაფორმებულ ვერანდას დაუბრუნდა მზერით.

აღარც მე დამისვამს ზედმეტი კითხვები. იმით კმაყოფილმა, რომ ჩემი „მასწავლებელი“ გავაღიზიანე, ხელში მობილური მოვიმარჯვე და ის-ის იყო სოციალურ ქსელში დავაპირე შესვლა, რომ კვლავ ჯაყელის ხმა მომესმა :

-სამუშაო საათებში ტელეფონის გამოყენება იკრძალება -წარბებშეკრული მზერით მიყურებდა ამის თქმისას, თან ხელი ჰქონდა გამოწვდილი და ელოდა როდის ჩავაბარებდი აკრძალულ ნივთს

-სამუშაო საათები ჯერ კიდევ არ დაწყებულა, თანაც ახლა კიდევ ერთ ახალბედას ველოდებით და მანამდე სრული უფლება მაქვს, რაც მინდა ის ვაკეთო

-აი, მე კი დარწმუნებით გეუბნები, რომ იმას ვერ გააკეთებ, რაც მოგესურვება -ამ სიტყვებით, თორნიკემ ჩემს ტელეფონს ხელი ჩაავლო და ისე მოულოდნელად ამაცალა ეს უკანასკნელი, თვალის დახამხამებაც ძლივს მოვასწარი.

მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გამაბრაზა მისმა საქციელმა, გადავწყვიტე კვლავ სიმშვიდე შემენარჩუნებინა. კარგად ვხვდებოდი, რის მიღწევასაც ცდილობდა თორნიკე -მას მხოლოდ ჩემი გამოწვევა სურდა თავისი საქციელით და არ ვაპირებდი ამ პროვოკაციას წამოვგებოდი.

-კარგი, როგორც ჩანს აქ დიქტატურა გაქვთ დამყარებული -თაროდან ვისკის ბოთლი ჩამოვიღე ამის თქმისას და ხელში შევათამაშე -იმედია, თანამშრომლებს მცირედი ალკოჰოლის მიღების უფლებას მაინც აძლევთ, რათა ამ რეჟიმს გაუძლონ

-სამუშაო საათებში, დალევა სასტიკად აკრძალულია -კვლავ შეჭმუხნილი წარბებით მიპასუხა ჩემმა „მასწავლებელმა“

„მხარზე სვასტიკა აკლია და ნამდვილი ადოლფ ჰიტლერია“ -მიელვებს გონებაში, საკუთარ ფიქრებზე ოდნავ მეღიმება და ვისკის ბოთლს კვლავ თაროზე ვაბრუნებ. უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჯაყელი, ტომი-ჯერის როლს მოვირგებთ ერთმანეთთან ურთიერთობისას, თუმცა ვინ იქნება კატა და ვინ თაგვი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს

-სამუშაო ფორმას როდის მომცემენ? -სხვა თემაზე გადავუტანე

-ბარი რვა საათზე იხსნება. სანამ სწავლების პროცესში ხარ, ფორმა არ გჭირდება, თუმცა როცა სამუშაო საათები მოახლოვდება, საწყობის გვერდითა ოთახში კარადა დაგხვდება, შენი სახელითა და გვარით. სამუშაო უნიფორმას იქ იპოვი

-კარგი, მაშინ დაგვიანებული მეწყვილის მოსვლამდე ტუალეტში შევალ, ეს ხომ მაინცაა ნებადართული?

ჯაყელმა კვლავ ჩვეული სიმკაცრე მოიშველია.

-შედი, ოღონდ დიდხანს ნუ შეყოვნდები, ის გოგო საცაა მოვა

-აჰა, ანუ გოგოა

-სქესს რამე მნიშვნელობა აქვს?

-არანაირი -ხელები ისე ავწიე, როგორც დანებების ნიშნად სწევენ ხოლმე -უბრალოდ ინტერესის გამო ვიკითხე

მეტად აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. უნდა მეღიარებინა, იმ ტიპის სიახლოვეს ყოფნა დიდად არ მსიამოვნებდა, ამიტომ, სწრაფად წავედი ბარის დახლიდან ოთხიოდე ნაბიჯით მოშორებული საპირფარეშოსკენ, კარი გამოვაღე და გადავწყვიტე, შიგნით რაც შეიძლებოდა დიდი ხნით შევკეტილიყავი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამით ჯაყელი გაღიზიანდებოდა, ხოლო მეორე მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ არ მსურდა იმ ტიპის სიფათის ხილვა და მასთან მარტო დარჩენა, სანამ ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი ბარისტაც არ შემოუერთდებოდა ჩვენს გუნდს.

დროის გასაყვანად დიდ, შავად მოლაპლაპე ნიჟარას დავეყრდენი და იქაურობა მოვათვალიერე. ამ სასტუმროში, საპირფარეშოს ჩათვლით, ყველაფერი იმდენად მდიდრულად გამოიყურებოდა, რომ მის ნებისმიერ ნომერში ერთი ღამის გათევა, მხოლოდ მაღალი ეშელონების წარმომადგენელთა ხვედრი თუ იყო. ყოველთვის მიკვირდა როგორ ახერხებდა აარონი ერთდროულად ამდენ ბიზნესში ჩაბმას, ამდენი ობიექტის ფლობას და მაინც თითოეულ მათგანში იდეალური წესრიგისა და კონტროლის დაწესებას. ამის გამო, აღფრთოვანებულიც კი ვიყავი მისით და მიხაროდა, რომ ჩემთვის ერთ-ერთმა ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა, ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია, სრულიად მარტომ და ყოველგვარი დამხმარე პირის ჩარევის გარეშე.

ნეტავი, მეც თუ მოვახერხებდი ოდესმე რამე სერიოზულის მიღწევას? ნეტავ აარონიც თუშეძლებდა ერთ დღეს ჩემით ისე ეამაყა, როგორც მე ვამაყობდი მისით? რა ბედი ელოდა ნიკოლოზ ქალდანს? როგორი იქნებოდა მისი მომავალი? ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი, თუმცა იმედს ვიტოვებდი, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

ნიჟარას ოდნავ მოვშორდი და კედელზე დაკიდებულ, ოქროსფერ სარკეში ჩავიხედე. რაღაც მხრივ, ამაზრზენად მიმაჩნდა ის ადამიანი, რომელიც იქედან მიმზერდა, თუმცა არც შეცვლა და საკუთარი პიროვნების ოთხმოცდაათი გრადუსით შემობრუნების ძალა შემწევდა. რაღაც სერიოზული ბიძგი უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, რათა საკუთარი პიროვნულობა რადიკალურად შემეცვალა და უწინდელი ნიკაც შორეულ წარსულში მომეტოვებინა.

საპირფარეშოში ყურყუტი იმაზე დიდხანს გამიგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი მქონდა. ამდენი ხნით აქ ყოფნა ნამდვილი სისულელე იყო, ამიტომ, გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და კვლავ სამუშაო ადგილს დავბრუნებოდი. ასეც მოვიქეცი და არც მინანია, რადგან ერთ სიამოვნებად ღირდა ჯაყელის მჟავე სიფათის ხილვა ჩემს დანახვაზე. როგორც იქნა, ჩვენი დაგვიანებული ბარისტაც შემოერთებოდა საერთო „წვეულებას“. გასაკვირი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ეს უკანასკნელი, ბარის მაღალ სკამზე იყო ჩამომჯდარი, ჯინსის შარვალი მუხლზე გადახეოდა და სისხლიან ნაკაწრს სველი ხელსახოცით იწმენდდა. აშკარა იყო სადღაც დაშავდა და სავარაუდოდ, მისი დაგვიანების მიზეზიც ეს უნდა გამხდარიყო.

გოგონას შეწუხებულ სახეზე ღიმილი მომადგა. ალბათ, გაჭრილი ადგილი ძალიან სტკიოდა და წარბშეკრული დაჰყურებდა სისხლმდინარე ნაკაწრს.

-რა მოხდა, ვინმე დაშავდა? -დახლს, თორნიკეს გვერდით ჩამოვეყრდენი და ახლადმოსული უკეთესად შევათვალიერე. უნდა მეღიარებინა, საიდანღაც ძალიან მეცნობოდა. ნუთუ ისიც ჩემი ერთღამიანი თავგადასავლების შემადგენელი კოლექციის ნაწილი იყო? თუმცა არა... აქ ხომ, მხოლოდ მეორე დღის ჩამოსული ვიყავი და ჯერ ვერავის გაცნობა ვერ მომესწრო, ამიტომ, პირველი მოსაზრება მაშინვე გადავხაზე წარმოსახვითი წითელი ხაზით და ალტერნატიულ ვარიანტზე დავიწყე ფიქრი.

-როგორც იქნა ბატონმა ნიკოლოზმა პატივი დაგვდო. ამდენი ხნით საპირფარეშოში რას აკეთებდით, თუ საიდუმლო არ არის?

-კაფელის ფერს ვაკვირდებოდი. ვიფიქრე, ჩემს სახლშიც მსგავსი ხომ არ დავაგებინო-მეთქი

-რემონტის წამოწყებაზე საფიქრელად, ეს არც თუ ისე შესაფერისი ადგილია -აშკარად ეტყობოდა, რომ ნერვული აფეთქებისგან თავს ძლივს იკავებდა თორნიკე, მე კი, კვლავ ახლადმოსულ ბარისტას ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამეხსენებინა საიდან მეცნობოდა ასე ძალიან. მისი თაფლისფერი თმები, ბავშვივით ნაზი კანი, ალუბლისფერი ბაგეები, აქამდე სადღაც ნამდვილად მქონდა ნანახი. ეს ისევე ზუსტად ვიცოდი, როგორც საკუთარი სახელი და გვარი.

უეცრად, გონებაში რაღაც კადრი ამომიტივტივდა. მომაგონდა წუხანდელი საღამო პლაჟზე, ლამაზი ხმით შესრულებული “Wind Of Change“, შაქრისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონას გამოხედვა, ცეცხლის შუქზე განათებული მისი მელნისფერი თვალები და თავში მხოლოდ ორად ორმა სიტყვამ გამიელვა :

„ისევ გამოჩნდა!“

ძალიან გამიკვირდა, რომ თავიდანვე ვერ შევძელი მისი ცნობა, თუმცა ზემოთ აკრულ თმაში ცოტათი სხვანაირად გამოიყურებოდა და არც იგივე ტანსაცმელი ეცვა, რათა უფრო გამმარტივებოდა მისი ამოცნობა.

-მელინამ ცოტათი დაიგვიანა, რადგან გზაზე გადასვლისას ველოსიპედისტი დაეჯახა და მსუბუქად დაშავდა -თორნიკეს ხმა დამეხმარა, რათა გოგონასთვის მზერა მომეშორებინა და მოგონებების სამყაროდან რეალურში დავბრუნებულიყავი

-მელინამ?

-დროა ერთმანეთი გაგაცნოთ -ამდროს, ჩემმა უცნობმაც აიღო თავი და ჯერ თორნიკეს შეხედა, შემდეგკი, მე -ნიკოლოზ გაიცანი, ეს მელინა ნებიერიძეა, მელინა, ეს ნიკოლოზ ქალდანია. თქვენ ორნი ერთ ცვლაში იმუშავებთ ხოლმე. ცვლები მკაცრადაა გადანაწილებული, ამიტომ, თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და სამუშაო დღის შეცვლა მოგინდათ, ამის შესახებ წინასწარ უნდა მაცნობოთ ხოლმე, რამდენიმე დღით ადრე, რათა სხვა ბარმენებთან შევათანხმო და განრიგში შესწორებები შევიტანო

-სასიამოვნოა შენი გაცნობა, ნიკოლოზ -მელინამ ხელი გამომიწოდა თავაზიანობის ნიშნად, რომელსაც ოდნავი ღიმილით შევაგებე ჩემი მარჯვენა

-შეგიძლია უბრალოდ ნიკა დამიძახო

-კარგი, რახან ერთმანეთის გაცნობას ასე თუ ისე მორჩით, საქმეზე გადავიდეთ -თითქოს მურმანის ეკალივით ამოვიდა ჩვენს შორის თორნიკე. სანამ იგი აქ იქნებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არც მელინას უკეთ გაცნობის შანსი მომეცემოდა და არც, მასთან დალაპარაკების. უნდა მომეცადა, სანამ ჩვენი „მასწავლებელი“ თავის საგაკვეთილო მასალას ამოწურავდა და ბარშიც მარტო დაგვტოვებდა, საკუთარი თავების იმედად

ვაღიარებ, მელინას აქ ნახვამ ძალიან გამაკვირვა და ამავდროულად, გამახარა კიდეც. ჩემმა გონებამ მაშინვე ჩათვალა, რომ მეორე შეხვედრა უკვე ბედისწერა იყო და ეს გოგო აუცილებლად უნდა გამეხადა ჩემი. სხვანაირად, უბრალოდ არ შემეძლო, რადგან მისი ბავშვური სინაზე მაგნიტივით მიზიდავდა თავისკენ და ასმაგად უფრო დიდ აზარტში მაგდებდა დასახული მიზნისთვის მიმეღწია.

-მოკლედ, ახალბედებო, პირველ რიგში იმით დავიწყოთ, რომ სტუმრის მომსახურებისას ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი განწყობაა -მართლაც მასწავლებელივით დაიწყო ახსნა თორნიკემ, თან ორივეს სათითაოდ გადმოგვხედა-აუცილებელია თითოეულ მათგანს ხალისიანად, დაუზარელად და ღიმილით მოვემსახუროთ და არა ისეთი სახით, როგორიც სიკვდილმისჯილებს ჰქონდათ შუა საუკუნეებში, ეშაფოტზე ასვლის წინ

-ჩარევის გამო ბოდიში, მაგრამ ნებისმიერისთვის ცნობილი თემაა, რომ სტუმრების მომსახურებისას ღიმილიანი გამომეტყველებაა საჭირო -მშვიდად განაცხადა მელინამ -ჯობს, რამე უფრო მნიშვნელოვანზე გადავიდეთ

-იცით, თუ არ იცით, მე მაინც ვალდებული ვარ ყველაფერი გითხრათ, რასაც თითოეულ ახლადმოსულს ვეუბნები

ჯაყელს, მასთან საკმაოდ თავაზიანი ტონი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა გააწყვეტინა. როგორც ჩანდა, ჯენტლმენობაც ახასიათებდა ბატონ თორნიკეს, ისევე, როგორც ჩემს მიმართ გაცნობის წუთიდან გაჩენილი ანტისიმპათია.

პირველი დღე სწორედ ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. თორნიკემ დაწვრილებით აგვიხსნა ბარში განთავსებული აპარატების გამოყენების წესები, სხვადასხვა კოქტეილების მომზადება, ტერმინალებზე მუშაობა და მრავალი წვრილმანი, რაც ჩვენი პროფესიის ადამიანს აუცილებლად უნდა სცოდნოდა.

-ამ ტელეფონს ხედავთ? -მაგიდაზე დადებულ მოწყობილობაზე გვანიშნა. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, უბრალოდ თავები დავუქნიეთ დასტურის ნიშნად და თორნიკემაც განაგრძო დაწყებული :- როცა ციფრ ერთს დავაჭერთ, ზარი სამზარეულოში გადამისამართდება, ღილაკი ორით House Keeping-ში რეკავთ, თუ ბარში შემთხვევით იატაკზე რამე დაისხმება და აწმენდა იქნება საჭირო. როცა რესეფშენთან მოგინდებათ დაკავშირება, ღილაკ სამს დააჭერთ. თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა და დაცვის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო, ციფრ ოთხს აირჩევთ, ხოლო თუ ტელეფონის მარცხენა კუთხეში მდებარე ღილაკი აინთო წითლად, ესე იგი Room Servis-ისშეკვეთაა და რომელიც უფრო ნაკლებად იქნებით დაკავებული, შეკვეთასაც ის აიტანს . . . ჰო მართლა, მელინა, ფეხი როგორ გაქვს? -მომეჩვენა, რომ ზედმეტად თბილად გადახედა მას ჯაყელმა და ამაზე გულში გამეცინა კიდეც

-აღარ მტკივა, მგონი სიარული უნდა შევძლო

-თუ რამე პრობლემა შეგექმნება, შეგიძლია მითხრა. დავრეკავ და ამ ჯერზე ვინმე შეგცვლის

-მადლობა, მაგრამ ამის აუცილებლობა არაა, უბრალო ნაკაწრია

თორნიკეს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ამ დროს, მაგიდაზე დადებულმა სამსახურის ტელეფონმა დარეკა და არც კი დაფიქრებულა ისე აიღო ყურმილი. როგორც მისი საუბრიდან გავიგე, ძალიან სერიოზულ საქმეზე ურეკავდნენ, სასტუმროს დაცვის განყოფილებიდან. არ დავინტერესებულვარ რა იყო ეს მნიშვნელოვანი საქმე, არც თვითონ მოუცია ახსნა-განმარტება. წასვლის წინ მხოლოდ ის გვითხრა, თუ საშუალება მომეცა, თქვენთან კიდევ დავბრუნდებიო, თან ორივეს მენიუ შემოგვაჩეჩა ხელში და დაგვიბარა სამუშაო საათების მოსვლამდე გადაგვეხედა, რათა სასმელების, კერძებისა და დესერტების დასახელებების მცირედი ნაწილი მაინც გვცოდნოდა მენიუში ჩამოთვლილ გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

ჯაყელის წასვლა ნამდვილად არ მწყენია. პირიქით, სასიამოვნოც კი იყო იმის გაცნობიერება, რომ მელინასთან მარტო დავრჩი. ახლა უკვე შემეძლო კონტაქტში თავისუფლად შევსულიყავი და მასთან გამოლაპარაკება მეცადა. ნეტავ როგორი მოსაუბრე იყო ან, დაახლოებით როგორი ხასიათი ჰქონდა? ამის გაგების ერთადერთი საშუალება ხმის ამოღება გახლდათ და მეც ასე მოვიქეცი :

-ესე იგი, მელინა არა? -საუბრის დაწყებისას მენიუ ცოტა ხნით დავხურე და პირდაპირ მის გვერდით დავდექი

-შენ კი ნიკოლოზი, არა?

-მართალი ხარ . . . უცხო სახელი გქვია, თუ არ ვცდები იტალიური უნდა იყოს

-ასეა. ბებიაჩემი გიჟდებოდა იტალიაზე, განსაკუთრებით კი ამ სახელზე -საუბრის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ გამისწორა მზერა მელინამ. სხვა დროს, ისევ მენიუში იცქირებოდა და ასოებს თითს ისე აყოლებდა, როგორც პირველკლასელი მოსწავლე

გამეღიმა. იმდენად ნაზი და ბავშვური იყო, ნამდვილად ჰგავდა ბამბის თოჯინას, რომელიც მუდმივ მოფრთხილებასა და ზრუნვას საჭიროებს.

გაცნობის ფაზა ასე თუ ისე გავიარეთ. ახლა უკვე დრო იყო საუბარი სხვა კუთხით წარმემართა და კვლავ იმ ეპიზოდს დავბრუნებოდი, როცა იგი პირველად დავინახე.

-თუ არ ვცდები, გუშინ პლაჟზე შენ უკრავდი -ამის თქმისას, საჩვენებელი თითით ნიკაპი ავუწიე და ვაიძულე ჩემთვის მზერა გაესწორებინა. ახლა უკვე პირდაპირ მიყურებდნენ მისი მელნისფერ ითვალები -ჰო, ნამდვილად შენ იყავი, არ მეშლება

-როგორც ჩანს, ბევრი მსმენელი მყოლია -მაშინვე აღიარა, რითაც კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი ვარაუდი, რომ ნამდვილად ის გოგო იყო

-არ შემეძლო არ მომესმინა, ცვლილების ქარი ჩემი საყვარელი სიმღერაა Scorpions-ის ალბომებიდან. არ გინდა ერთ დღეს პირადად ჩემთვის იმღერო, ჩემივე სახლში? -გამომცელად გავხედე ამის თქმისას. ვამოწმებდი, როგორი რეაქცია ექნებოდა ამ სიტყვებზე. აფეთქდებოდა, თუ თავშეკავებულ უარს აირჩევდა? იქნებ, ზედმეტად თამამიც კი იყო ურთიერთობებში და ყველანაირი მოჩვენებითი მორცხვობის გარეშე ეთქვა „კი“?

სანამ მე იმის ფიქრში ვიყავი, თუ რა პასუხი გაეცემოდა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას, მანამდე მელინა დასაშვებზე მეტად მომიახლოვდა. თავდაპირველად, ვერ მივხვდი რას აკეთებდა. წამით ისიც კი ვიფიქრე კოცნას ცდილობს-მეთქი, თუმცა ყველაფერი აშკარა გახდა, როდესაც, ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა და შემდეგი სიტყვები ჩამჩურჩულა :

-დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი შენთან, მაგრამ დედიკომ და მამიკომ გამაფრთხილეს უცხო ბიჭებს სახლში არ გაყვეო

გამეცინა მის პასუხზე. როგორც ჩანდა, ჩვენს ბამბის თოჯინას შეფარული სარკაზმიც ახასიათებდა.

-იქნებ, ერთხელ გადაგებიჯებინა მათი სიტყვისთვის?

-არა, დამჯერე შვილის როლში ყოფნა უფრო მომწონს, ახლა კი ჯობს საქმეს მივხედოთ -კვლავ მენიუ აიღო ხელში მელინამ, მაგიდას თეძოთი ჩამოეყრდნო და მშვიდად განაგრძო ასოებისთვის თითის გაყოლება

ამის შემდეგ, აღარც მე მიცდია მასთან გამოლაპარაკება. ჩავთვალე, რომ ჯერჯერობით საკმაირისი იყო და კიდევ რამე ინტიმურის თქმა, აბეზარს გამომაჩენდა მის თვალში. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მელინას ხელში ჩაგდება მინდოდა და სამოქმედო გეგმაც ჭკვიანური უნდა შემედგინა, რადგან ქართველი გოგონები, ამერიკელების სრული ანტიპოდები იყვნენ და მათთან სრულიად განსხვავებული მოპყრობა იყო საჭირო

ჩვენი სმენის დაწყებამდე, თორნიკემ კიდევ რამდენჯერმე შემოგვიარა და სამუშაოსთან დაკავშირებული მრავალი წვრილმანი განიხილა. მართალია, საკმაოდ კარგი გონება მქონდა, თუმცა ამდენი ინფრომაციის ერთ დღეში მიღება ჩემთვისაც კი მეტისმეტი იყო, ამიტომ გადავწყვიტე თავი არ გადამეტვირთა და ყველაფერი პრაქტიკის საშუალებით ამეთვისებინა. ვამჩნევდი, მელინაც გადაღლილი იყო. ალბათ, მეც სწორედ ამან გადამარჩინა, რადგან დაახლოებით ოთხი საათისთვის, თორნიკემ ნება დაგვრთო ჩვენი ტელეფონები აგვეღო და სამუშაო საათების დაწყებამდე რესეფშენში ან სასტუმროს ნებისმიერ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგვესვენა.

პირადად მე, უკანა ეზო ვამჯობინე რელაქსაციისთვის. ჯაყელის დამღლელი საუბრის შემდეგ, ახლა ყველაფრისგან დასვენება მჭირდებოდა, ამიტომ, ლამაზად გაკრეჭილ გაზონთან მდგომ საქანელა-სავარძელზე ჩამოვჯექი, მობილური მოვიმარჯვე და სოციალურ სქელში მელინას მოძებნა ვცადე, რათა დაახლოებით მაინც გამეგო როგორი ტიპის ადამიანი იყო და რა მოსწონდა. თავდაპირველად, თვითერზე ვნახე, შემდეგ ინსტაგრამზე, ფეისბუქზეც კი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ინტერნეტ-სივრცეში საერთოდ არ იძებნებოდა. საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა ეს ფაქტი. ნუთუ მხოლოდ ტელეფონის ნომრის საშუალებით ეკონტაქტებოდა მეგობრებს?

რაც არ უნდაყოფილიყო, ამ ფაქტმა იმედები გამიცრუა. სოციალური ქსელით, ადამიანის 50%-ით გაცნობა შეიძლებოდა, მე კი, სამწუხაროდ ამ შანსს მოკლებული ვიყავი და მხოლოდ ის დამრჩენოდა თავად მეზრუნა მელინას პიროვნულად უკეთ შეცნობაზე.

სასტუმროს უკანა ეზოში, ჩემს მოპირდაპირე მხარეს, რამდენიმე იაპონელი ტურისტი იჯდა. ერთ-ერთი მათგანი, საკმაოდ დახვეწილი გარეგნობის შავთმიანი გოგონა დაკვირვებით მათვალიერებდა და წითლად შეღებილ ტუჩებზე ოდნავი ღიმილი ჰქონდა გადაკრული. სხვა შემთხვევაში და სხვა სიტუაციაში, ალბათ შანსს აუცილებლად გამოვიყენებდი, თუმცა გრძელი სამუშაო ღამის წინ, ამის განწყობა ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ, უცნობი ლამაზმანის ჩემკენ მომართული მზერა არ შევიმჩნიე და კვლავ ტელეფონში განვაგრძე ყურება.

ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში, მუდამ ჩემი ძმისა და ანასტასიას შესახებ მხვდებოდა სხვადასხვა სტატიები. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები სულ რაღაც ოთხი თვის დაწყებული ჰქონდათ, მათი წყვილი მუდმივი განხილვის საგნად იყო ქცეული. საკმაოდ დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ეს ორნი ერთმანეთს ძალიან უხდებოდნენ და მეტიც, ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი. უნდა მეღიარებინა, მეც მომწონდა ანასტასია. მართალია დიდი ხანი არ იყო, რაც იგი გავიცანი, თუმცა პირველივე დღესვე მოვახერხე მასში იმ პიროვნული თვისებების დანახვა, რის გამოც ჩემი ძმა ამ გოგოზე გიჟდებოდა. ნიცამაც კი, ვინც უზომოდ პრეტენზიული გახლდათ და ყველა ადამიანს უძებნიდა ნაკლს, ანასტასტასიასთან იდეალური ურთიერთობა ჩამოაყალიბა. იმდენად იდეალური, რომ უკვე იმ პირადულსაც კი უზიარებდა, რასაც აქამდე მხოლოდ მე მიყვებოდა ხოლმე. ამის გამო, ცოტათი ვეჭვიანობდი კიდეც, მაგრამ მხოლოდ ცოტათი, რადგან ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემიტყუპისცალისთვის მუდამ შეუცვლელი ვიქნებოდი, რამდენი კილომეტრიც არ უნდა ყოფილიყო დაშორება ჩვენს შორის.

სამუშაო საათების დაწყებამდე, საკმაოდ დიდი დრო რჩებოდა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ მესმოდა რატომ დამიბარეს დღეს დილით ასე ადრიანად, თუმცა ამაზე ფიქრს, ახლა არანაირი აზრი არ ჰქონდა. ჩავთვალე, რომ ესეც აარონის მორიგი ჭკუის სასწავლებელი სერია იყო და გადავწყვიტე რვა საათის მოსვლამდე, სასტუმროს ძირფესვიანად დათვალიერებაში გამეყვანა დრო . . .










* * *

-აარონ გაფრთხილებ, ამ უნიფორმას არ ჩავიცვამ, რადგან მასში ნამდვილ საიმპერატორო პინგვინს ვგავარ -როგორც კი ზარს უპასუხა, მაშინვე ჩავძახე ყურმილში ჩემს ძმას და კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი სარკეში

თეთრი პერანგი, ყელზე მოჭერილი ბაფთა და უმკლავო, შავი კოსტიუმი, ერთად იმ კომბინაციას ქმნიდნენ, რომ საკუთარი თავის დანახვაც კი მაღიზიანებდა და ამის გამოსასწორებლად აუცილებლად უნდა მეღონა რამე.

-ნიკოლოზ, თათბირზე ვარ, ახლა არ მცალია

-შენ თათბირზე ხარ, მე კიდევ შავ დღეში!

პასუხმა ცოტა ხნით დააგვიანა. ყურმილში მხოლოდ ნაბიჯების ხმა მესმოდა, რითაც მივხვდი, რომ სათათბირო ოთახს ტოვებდა, რათა ჩემთან თავისუფლად ელაპარაკა. აქედან რამდენიმე წამში, მისი ოდნავ გაბრაზებული ხმაც გავიგონე :

-მე ხომ გითხარი, სხვა თანამშრომლებისგან არაფრით იქნები გამორჩეული-მეთქი? -ბრაზის მიუხედავად, ცდილობდა მაქსიმალურად მშვიდი ტონი ჰქონოდა -უნიფორმას აუცილებლად ატარებ და ეს აღარ განიხილება

-კი მაგრამ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ ტანსაცმელში ვიხრჩობი

-უფლებას გაძლევ ბაფთა ცოტათი მოუშვა და დახრჩობის რისკი შეამცირო, სხვა მხრივ არანაირ შეღავათს არ გიწესებ. წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებ, ნიკოლოზ

რა თქმა უნდა, პასუხის დალოდების გარეშე დამიკიდა ყურმილი. აღარც მე მიმიმართავს მორიგი მცდელობისთვის. ვიცოდი ეს ყველაფერი ტყუილი გარჯა იქნებოდა, ამიტომ, გამოსაცვლელი ოთახის კედელზე დაკიდებულ საათს შევხედე, ღრმად ამოვისუნთქე და ოთახიდან უკმაყოფილო სახით გამოვედი.

როგორც ჩანს, მელინას ჩემზე ადრე მოესწრო მომზადება, რადგან როცა ბარში შევედი, იგი უკვე ადგილზე იყო და იქვე, ზედამხედველივით ჩამომდგარ თორნიკეს რაღაცაზე ესაუბრებოდა.

-და, აი, ბატონმა ნიკოლოზმაც შემოანათა -ჩემი დანახვის თანავე ცინიკური გაუხდა მზერა ჯაყელს. მისი რეპლიკის საპასუხოდ, გადავწყვიტე ის საშუალება გამომეყენებინა, რაც მოწინააღმდეგეს ყველაზე მეტად აცეცხლებდა -იგნორის მეთოდი, ამიტომ თორნიკეს სიტყვები უპასუხოდ დავტოვე და დახლის შიგნითა მხარეს შევედი. სულ ცოტა ხანიც და თავად ვიქნებოდი მომსახურების სფეროს ის წარმომადგენელი, რომელთაც ადრე საკმაოდ დიდი რაოდენობის „ჩაის ფულს“ ვუტოვებდი ხოლმე, თუკი რა თქმა უნდა, გაწეული მომსახურებით კმაყოფილი დავრჩებოდი. რაც არ უნდა ყოფილიყო, ახლა ჩემი ადრინდელი ცხოვრება საკმაოდ შორეულ წარსულში მქონდა მოტოვებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთლიანად დღევანდელ დღეზე უნდა ვკონცენტრირებულიყავი

-ნერვიულობ? -ვკითხე ზუსტად ჩემნაირ უნიფორმაში გამოწყობილ მელინას და ოდნავ გვერდზე გადახრილი ბაფთა ორივე ხელით შევუსწორე

-ძალიან . . . ცოტა ხნის წინ, დამამშვიდებელიც კი დავლიე

-სერიოზულად?

-რა თქმა უნდა, არა -გაეცინა

-ცუდია, მე კი ვაპირებდი ერთი-ორ აბს ჩემთვისაც ვთხოვ-მეთქი

-სერიოზულად?

-რა თქმა უნდა, არა

ორივეს გაგვეცინა. ჩვენ სამში, მხოლოდ თორნიკე იდგა მოღუშული და ხან ერთს გამოგვხედავდა, ხან მეორეს. ბოლოს დუმილი დაარღვია და დამცავი ბარიერივით ჩადგა ჩემსა და მელინას შორის.
-მოკლედ, დღეს დილით ყველაფერი გითხარით, რაც კი აუცილებლად უნდა გცოდნოდათ. იმედია თავს გაართმევთ -ამ სიტყვებით, მე შემომხედა გამჭოლი მზერით -მელინა, ამ ტიპს შენ გაბარებ -თქვა ისე, რომ ჩემთვის მზერა არ მოუშორებია -იზრუნე იმაზე, რათა არაფერი გააფუჭოს

-ძიძას ოთხი წლის მერე აღარ ვსაჭიროებ, ბატონო თორნიკე -რაც შემეძლო მშვიდად მივუგე, მიუხედავად იმისა, რომ წარმოსახვებში ათჯერ მაინც მოვდე ყბაში

-მიხარია თუ ასეა, ბატონო ნიკოლოზ. ახლა კი, ორივეს წარმატებას გისურვებთ, მე ჩემი საქმეები მელის და უნდა დაგტოვოთ

მთელი დღის განმავლობაში, ეს ერთადერთი ინფორმაცია იყო, რამაც უზომო კმაყოფილება განმაცდევინა. ის, რომ ჯაყელის სახეს მთელი ღამის განმავლობაში ვეღარ დავინახავდი, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და თითქოს ენერგიასაც კი მმატებდა. კიდევ რამდენიმე წამიც და მე და მელინა სრულიად მარტონი ვიყავით ბარში, სტუმრების მოლოდინში. ჯერ მხოლოდ ცხრის თხუთმეტი წუთი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ხალხმრავლობა მაინცდამაინც არ შეგვაწუხებდა და ამოსუნთქვის დროც გვექნებოდა.

პირველი სტუმრის გამოჩენის მოლოდინში, დახლს ხელებით ჩამოვეყრდენი და მზერა შემოსასვლელ კარს მივაპყარი. მელინაც ზუსტად ჩემნაირად მოიქცა, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. როგორც ჩანდა, ისევ მე უნდა დამერღვია ჩვენს შორის სქელი ნისლივით გაწოლილი დუმილი.

-შენს დაძაბულობას ძალიან ცხადად ვგრძნობ -ვუთხარი, რადგან ვამჩნევდი მართლა ძალიან ნერვიულობდა

-ანუ გრძნობ

-ასეა

-საინტერესოა როგორ

-სხეულის ენის ექსპერტი ვარ. გაკვირდები და თითებს იმტვრევ, ხან თმას აწვალებ, ხან კი მარცხენა ფეხს ათამაშებ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც გძაბავს და ნერვიულობ

რამდენიმე წამით გაოცებული მიყურებდა ჩემი სიტყვების შემდეგ. მერე ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა და თავი გადააქნია.

-კარგი, ვაღიარებ გამომიჭირე -ხელები ასწია ამის თქმისას -არცაა გასაკვირი, ეს ნამდვილად არ ჰგავს იმ შეგრძნებას, როცა პირადი იახტით ვსეირნობ ხოლმე შავ ზღვაში

-ხუმრობ, არა? -მისმა სიტყვებმა ღიმილი მომგვარა -თუ პირადი იახტა გყავს, სასტუმროში ბარისტად რატომ უნდა მუშაობდე?

ჩემმა სიტყვებმა აშკარად ძალზედ დააბნია. ისიც შევამჩნიე, რომ ინანა რაც ცოტა ხნის წინ თქვა და მზერაც ამარიდა. ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, თუმცა რაღაცას რომ მალავდა ეს აშკარად შეეტყო და ამაში მისი გამოხედვაც მარწმუნებდა.

შექმნილი უხერხული სიტუაცია, კარში პირველი სტუმრის გამოჩენამ იხსნა. როგორი იღბლიანი აღმოჩნდა ეს გოგო. ახლა შეეძლო არასასურველი პასუხისთვის თავი ისე აერიდებინა, რომ არც სიმართლის დამალვაში ჩათვლოდა და არც, უტაქტობაში.

-წავალ, მე მოვემსახურები -გახარებული სახით დასტაცა ხელი მენიუს. სიტყვის თქმაც ვეღარ მოვასწარი ისე უეცრად მოწყდა ადგილს და იმ მაგიდისკენ გაემართა, რომელთანაც სულ რამდენიმე წამის წინ, სტუმარმა დაიკავა ადგილი

პირველი შემომსველი, დაახლოებით 40-45 წლის, სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი იყო, ოდნავ შევერცხლილი თმითა და დაბალი წვერით სახეზე. ერთი შეხედვითაც კი ადვილი შესამჩნევი იყო, რომ მენიუში ჩახედვის შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებულ სასმელზე შეაჩერებდა არჩევანს და არც შევმცდარვარ, როცა ასე ვიფიქრე -კვლავ ბართან დაბრუნებულმა მელინამ მთხოვა, რომ მისთვის Dalmore’s us-ის მარკის ვისკი ჩამომეღო და სინზე, ჭიქასთან ერთად დაჭრილი ლიმონიც დამედო

-შეკვეთა ფრთხილად წაიღე, ხომ იცი, ეს ბოთლი რომ გაგიტყდეს, ორი წელი მაინც მოგიწევს მუშაობა, რათა ხარჯები მთლიანად დაფარო -ვუთხარი, თან ლიმონის დაჭრა დავიწყე. დანის ხმარება იდეალურად გამომდიოდა, რადგან როგორც ვთქვი, ლოს-ანჯელესში ხშირად ვამზადებდი ხოლმე როცა რესტორნებში ჭამა ყელში ამომივიდოდა და უბრალოდ სახლში მომზადებული საჭმელი მომენატრებოდა

-თუ მოხდა და ფეხი დამიცდა, ბანკიდან სესხის გამოტანა მომიწევს, არა?

-სრულიად შესაძლებელია ასე მოხდეს -გამეღიმა მის სიტყვებზე, თან სინზე ყველაფერი საკმაოდ სწრაფად დავუწყვე, ვისკის ირმისგამოსახულებიან ბოთლთან ერთად და ფრთხილად მივაწოდე -მე წავიღებდი, მაგრამ თავად აიჩემე მას თავად მოვემსახურებიო, ასე რომ წარმატებები

-გმადლობ -ნაძალადევი ღიმილი გადაეფინა ალუბლისფერ ბაგეებზე და სტუმრის მაგიდისკენ ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა

ბარში ხალხის ნაკადი თანდათანობით მატულობდა. დაახლოებით თერთმეტი საათისთვის ისეთი ამბავი შეიქმნა, რომ თვალთან თითის მიტანის დროც კი აღარ გვრჩებოდა. ჩემს თავზე გულში მეცინებოდა კიდეც ისეთი სისწრაფით დავრბოდი მაგიდებს შორის, რათა არც ერთი სტუმრისთვის არ დამეგვიანა შეკვეთის მიტანა. მართალი აღმოჩნდა ჩემი უწინდელი ფიქრები. პრაქტიკის დროს ბევრად უფრო იოლად ავითვისე ყველაფერი, ვიდრე თეორიული მოსმენისას. თურმე ტყუილად არ ამბობდნენ პრაქტიკა საუკეთესო მასწავლებელიაო.

მელინას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეტყობოდა, რომ ამ საქმეში ახალბედა იყო. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტად მინდებოდა ეს გოგო. მაგიჟებდა მისი უბრალოება, სინაზე, თავდაჭერა და სიარულის მანერაც კი. ადრე მხოლოდ ისეთი გოგონები ხვდებოდნენ ხოლმე ჩემი მზერის ფოკუსში, ვინებიც გამომწვევი სამოსით ცდილობდნენ ხოლმე თავისი სხეულის საუკეთესო ნაწილების წარმოჩენას. მელინა მათგან სრულიად განსხვავებული იყო. უბრალო, დახურულ სამოსშიც კი ისე ლამაზი და ბუნებრივი ჩანდა, ერთიორად მეზრდებოდა მისი ხელში ჩაგდების სურვილი.

თორნიკეს, ბოლო ვიზიტის შემდეგ ერთხელაც კი აღარ შემოუხედავს. ეს, პირველ რიგში ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან ნამდვილად არ მსურდა, მუშაობის დროს ვინმე თავზე წამომდგომოდა და აწეული წარბებით მოეცა განკარგულებები.

-ერთი მოკაჩინო ყინულით -დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოსულ სტუმარს, კიდევ ერთ კათხა ლუდს ვუვსებდი, როცა დახლთან ლურჯ, საკმაოდ მოღებულ კაბაში გამოწყობილი გოგონა ჩამოჯდა და მორიგი შეკვეთა მომცა. მელინა ამ დროს მეოთხე მაგიდასთან მჯდომ ქალბატონს უწყობდა მაგიდაზე მის მიერ შეკვეთილ სხვადასხვა დესერტებს

-ახლავე, ერთი წუთით დამელოდეთ -მშვიდად ვუთხარი გოგონას

-მოვიცდი, არსად მეჩქარება -მითხრა გამომწვევი სახით, რითაც მაშინვე მიმახვედრა თავის მიზნებს -ისე, აქამდე არ შემიმჩნევიხარ, აქ დიდი ხანია მუშაობ?

უნდა მეღიარებინა, გოგო ნამდვილად ლამაზი იყო, თუმცა მაშინ, როდესაც ამ სასტუმროში სასჯელის მოსახდელად ვიყავი მოსული, მუშაობის დროს ფლირტი ყველაზე ცუდი აზრი იყო, რაც კი შეიძლებოდა თავში მომსვლოდა, ამიტომ, ამჯერადაც თამაშგარე რეჟიმი გავააქტიურე და თავაზიანად მივუგე :

-არა, დღეს პირველი სამუშაო დღე მაქვს

-მართლა? -მოცვისფრად შეფერილი ბაგეები ღიმილმა გაუპო -თუ ასეა, წარმატებებს გისურვებ

-გმადლობთ -ამასობაში, ლუდის კათხაც შეივსო და მელინაც მოადგა დახლს, მე კი, ლურჯკაბიანის შეკვეთის მომზადება დავიწყე. მართალია ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ვერანდაზეც კი აღარ ჩანდა თავისუფალი ადგილები და დახლსაც კი მოსდგომოდნენ სტუმრები, თუმცა ძალიან მაინც არ გვიჭირდა და ასე თუ ისე ვუმკლავდებოდით

-გიხდება ეგ ფორმა -როგორც კი მელინა ვერანდისკენ გაემართა შეკვეთის მისატანად, ლურჯკაბიანი კვლავ ალაპარაკდა. სულ რამდენიმე წუთიც და შეთანხმებისამებრ, მე და მელინას ადგილები კიდევ ერთხელ უნდა გაგვეცვალა. ის დახლთან უნდა მომსახურებოდა სტუმრებს, მე კი დარბაზსა და ვერანდაზე

-მეგონა, გოგოების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდით, ვინც უცნობებს თქვენობით მიმართავს -მივუგე სერიოზული სახით, თან წინ თავისი მოკაჩინო დავუდე, დეკორატიული გაფორმებით

-მაშინ, სახელები გავცვალოთ და ერთმანეთისთვის უცხონი აღარ ვიქნებით -მაშინვე გააქტიურდა. იმ წამს, ნათლად შევატყვე, რომ ოდნავ ნასვამი იყო და საშინლად მომინდა მეც ბარის მორიგი სტუმარი ვყოფილიყავი. ასეთ შემთხვევაში, ამ გოგოს ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებდი

-სიამოვნებით გეტყოდი ჩემს სახელს, თუმცა არა მგონია ამან ჩვენს დაახლოებას შეუწყოს ხელი

-ვითომ რატომ?

-იმიტომ, რომ დანიშნული ვარ -ყველაზე დიდი ტყუილი ვთქვი ცხოვრებაში და გულში გამეცინა კიდეც ამაზე

ჩემმა სიტყვებმა აშკარა იმედგაცრუება მოჰგვარა. ეს სიტყვებზეც ნათლად დაეტყო :

-ანუ დანიშნული -თავისი მოკაჩინო ხვნეშით მოსვა და თვალებში უტეხად ჩამაშტერდა -საინტერესოა, ვინ მოახერხა შენნაირი საოცრების ანკესზე წამოგება, ან რატომ არ გიკეთია ნიშნობის ბეჭედი -ეჭვით დახედა ჩემი მარცხენა ხელის არათითს, ლურჯკაბიანმა. არც ამ შეკითხვაზე გამჭირვებია ჭკვიანური თავის დასაძვრენი საშუალების მოფიქრება და მაშინვე მივუგე :

-უფროსები ნებას არ გვაძლევენ პირადი ნივთები სამუშაო საათებში ვატაროთ, ამიტომ, გასახდელში ვიხსნი ხოლმე

-გასაგებია -თქვა და კიდევ ერთხელ მოსვა თავისი სასმელი -კარგი, მე წავალ, ვერანდაზე ჩემი მეგობრები ზიან და მათთან დავბრუნდები

-კარგი დროის გატარებას გისურვებთ -თავაზიანი ღიმილით დავემშვიდობე გოგონას
-ნახვამდის, ლამაზო . . . საცოლესთან დაშორებას თუ გადაწყვეტ, ეს ჩემი ინსტაგრამის მისამართია და შეგიძლია გამომიწერო -პატარა, ოთხკუთხედი ფურცელი დამიდო ბარის მაგიდაზე და გამომწვევი მიხვრა-მოხვრით დაიძრა თავისი მეგობრებისკენ
თავი ღიმილით გადავაქნიე. როგორც კი უცნობი თვალს მიეფარა, მაშინვე დრო ვიხელთე და ფურცელს ზემოდან დავაშტერდი. მასზე ლამაზი ხელით ეწერა -LindaLabadze-008. ყველაფრისდა მიუხედავად, გადავწყვიტე ბარათი მაინც შემენახა. იქნებ, ოდესმე დავკონტაქრებოდი კიდეც, ვინ იცის?
-მორჩა, დროა დაისვენო, იქეთა მხარეს მე მივხედავ -ვუთხარი მელინას, როგორც კი მორიგი ცარიელი სინით ხელში დაბრუნდა უკან. სახეზე საშინელი დაღლილობა ეტყობოდა, ამიტომ, ადგილების გაცვლის დროის მოსვლას ვერ დავუცდიდი, ახლავე უნდა მიმეცა მისთვის ცოტათი ამოსუნთქვის საშუალება
-მერე დასვენება მოასწარი? მხოლოდ ათი წუთი იდექი ბართან
-მოვასწარი, არ ინერვიულო -მხარზე ხელი დავადე და ლოყაზე ჩამოგდებული თაფლისფერი კულული ყურს უკან გადავუწიე -შენ აქაურობას მიხედე, დანარჩენზე მე ვიზრუნებ
მელინამ რაღაცის თქმა დააპირა. არ ვიცოდი შეწინააღმდეგებას აპირებდა თუ დათანხმებას, მაგრამ ამის გაგება აღარ დამცალდა, რადგან სასტუმროს პერსონალისთვის განკუთვნილი შემოსასვლელიდან, უეცრად, ბარში, ზუსტად ჩვენნაირ უნიფორმაში გამოწყობილმა ბიჭმა შემოაბიჯა და მეც და მელინასაც, ხელები ისე მეგობრულად გადაგვხვია, თითქოს ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.
-აბა, ახლებო, თავს როგორ ართმევთ? -მხიარული ხმით შეგვეკითხა მან -ხომ არ გაგიჟებულხართ და უკვე კუდამოძუებული გაქცევასაც ხომ არ გეგმავთ, ჯაყელისგან მალულად?
პასუხი არც ერთს არ გაგვიცია, მხოლოდ გაკვირვებული სახეებით ვუყურებდით, რამაც აიძულა კვლავ თვითონ ამოეღო ხმა :
-რა იყო, რა ახლადდაჭერილი თევზებივით მიყურებთ? -გვკითხა სიცილით -მე, ენკე ტაბიძე ვარ და ამ ღამით თქვენს დასახმარებლად გამომგზავნა კეთილმა ფერია, თორნიკე ჯაყელმა. მაინც ორივე ახალბედები ხართ და შეიძლება რამეში დაგჭირდეთ -ამის თქმისას, იქაურობას მოატარა მზერა და მხიარულად დაუსტვინა -ჯანდაბა, როგორც ყოველთვის ტევა არ არის. ნეტავ, ამ ხალხს ბარში წამოჯდომისა და ჭამა-სმის გარდა სხვა საქმე არ აქვს? წავიდნენ პლაჟზე გაიარონ, გოგოებს ეფლირტავონ, ბიჭებს გაეპრანჭონ, არ ვიცი ათასი რამის მოფიქრება შეიძლება
-აქ თუ მართლა ჩვენს დასახმარებლად ხარ, არ გინდა საქმე ლაპარაკის ნაცვლად პრინციპს მიმართო? -გვერდულად გახედა ახლადმოსულს, მელინამ და პარალალურად, მისი ხელიც ჩამოიღო მხრიდან
-ერთი უყურე ამ ლამაზმანს რა მწარე ენა ჰქონია -ოდნავი წყენაც არ გამკრთალა ენკეს ხმაში -დაგეხმარებით, პატარავ, დაგეხმარებით, აქ სწორედ ამისთვის მოვედი . . . უფრო სწორად ჯაყელმა დამირეკა და ლოგინიდან წამომაგდო, თუმცა ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ მაშველი რგოლი გამოგიჩნდათ
ბარში, ხალხის ნაკადი მოკლების მაგივრად, თანდათანობით მატულობდა, ამიტომ, მესამე პირის ჩარევა ნამდვილად არც ერთს არ გვაწყენდა. მთელი დღის მანძილზე, პირველად დავრჩი მადლობელი თორნიკე ჯაყელის. ენკეს მოსვლა, მეც და მელინასაც შეგვიმსუბუქებდა საქმეს და ამის გამო, ოდნავ ამოვისუნთქავდით კიდეც.
-კარგი, თუ ასეა, შენ ვერანდა ჩაიბარე, მე კი დარბაზს მივხედავ -ვუთხარი და მარცხენა ხელზე თეთრი ტილო გადავიფინე. ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო, სანამ კლიენტთან მივიდოდით შეკვეთის ასაღებად
-ანუ, ეს გოგონა ბარს ჩაიბარებს
-მელინა -სახელი უთხრა და ჩამოსართმევად გაუწოდა მან ხელი ენკეს. ამ უკანასკნელმაც შეაგება თავისი მარჯვენა და ამჯერად, მე მომიბრუნდა კითხვის ნიშნებით სავსე მზერით. მისმა გამოხედვამ მიმახვეხრა რაც უნდოდა და თავადაც მელინას მსგავსად მოვიქეცი:
-მე ნიკოლოზი ვარ, შეგიძლია ნიკა დამიძახო
-ძალიან კარგი . . . უკვე ორივენი გაგიცანით და ვაღიარებ, არ ხართ ცუდი ტიპები. იმედია, გაუსაძლისი არ გამიხდება თქვენს გვერდით ყოფნა
-შენ ხომ მხოლოდ ერთი ღამით გევალება ჩვენი დახმარება? -ჩაეკითხა მელინა. ენკემ უკმაყოფილოდ ამოიოხრა
-სამწუხაროდ, ორი კვირის მანძილზე მომიწევს თქვენს ცვლაში მუშაობა . . . მერე უკვე დამოუკიდებლად შეუდგებით საქმეს
-ამდენი ხნით რატომ? -ამჯერად მე დავსვი კითხვა
-ვერ გეტყვი, ბატონმა ჯაყელმა ინება ასე, ის კი თავისი გადაწყვეტილებების მიზეზს არასდროს არავის უხსნის. ზოგადად, არც ორი ახალბედას ერთ ცვლაში მუშაობაა მიზანშეწონილი და ამას არც აპირებდნენ, თუმცა სანამ თქვენ შემოგვიერთდებოდით, ცვლები უკვე კარგა ხნის დანაწილებული იყო და გადაცვლა არავის უნდა. პროტესტიც კი გამოთქვეს ამის გამო
-ბიჭებო, სანამ თქვენ საუბრობთ, ის ვერანდაზე მჯდომი კაცი მალე ქვების სროლას დაგვიწყებს უყურადღებობის გამო
-ჯანდაბა, ეგ სულ გადამავიწყდა თქვენთან ლაპარაკში -თავში ხელი შემოირტყა ენკემ და მარცხენა მკლავზე თეთრტილოგადაფენილი გავარდა მცენარეებით მორთული ვერანდისკენ. მეც აღარ მომიცდია დიდხანს. ვინაიდან, დარბაზს ახალი სტუმრები ემატებოდნენ, მალე მეც ენკეს გზას დავადექი და ჩემი პროფესიის ადამიანისთვის დამახასიათებელი ღიმილიანი გამომეტყველებით დავიძარი ახლადშემოსულებისკენ.
საათი ღამის სამს უჩვენებდა. კიდევ ორი საათიც და დაწესებულება, მომდევნო საღამოს რვა საათამდე ოფიციალურად დაიხურებოდა. როგორ მინდოდა ეს დროც მალე გასულიყო და ბოლოს და ბოლოს, ჩემი საწოლისა და ბალიშისთვის მომეკრა თვალი.
საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, დარბაზში სტუმრების მომსახურებისას, სხვა ყველაფერთან ერთად, იმასაც ვამჩნევდი, რომ ბარის მაგიდასთან, რიგით მეოთხე სკამზე მჯდომი ბიჭი, მელინას რაღაცაზე ელაპარაკებოდა. ნამდვილად არ ვიცოდი რაზე საუბრობდნენ, თუმცა აშკარა იყო ჩარევა მომიწევდა, თუკი მელინას სახეზე ბრაზს ან უკმაყოფილებას დავინახავდი. ნამდვილად არ მსურდა რომელიმე ნასვამ კლიენტს მისი კომფორტი დაერღვია, ან ზედმეტად შეეწუხებინა, ამიტომ, ცალი თვალით სიტუაციას ვაკონტროლებდი და რამე არასასურველის დანახვის შემთხვევაში, ვითარების მოსაგვარებლად ვემზადებოდი.
ამასობაში, რაღაც მეტად უცნაური მოხდა. სტუმარი, რომელიც წამების წინ მელინას ესაუბრებოდა, უეცრად მოწყდა, იდაყვი მარცხენა მხარეს გაუცურდა, თავი მაგიდაზე დაუვარდა და მოძრაობაც შეწყვიტა. გაკვირვებული დავრჩი. მელინას გამო, ამ ბიჭს ყურადღებით ვაკვირდებოდი და იმდენი ნამდვილად არ დაელია, რომ გათიშვამდე მისულიყო. აქ რაღაც სხვა ამბავი ტრიალებდა და ამის გასარკვევად, პირდაპირ "ინციდენტის" ადგილისკენ გავეშურე. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ იმ მომენტში, ეს ბიჭი დახლთან მჯდომი ერთადერთი სტუმარი გახლდათ, თუმცა მელინა, გულწასულს ყურადღებასაც კი არ აქცევდა. ამის მაგივრად, ხელში სამსახურის ტელეფონი მოემარჯვებინა და ვიღაცას ესაუბრებოდა.
-დიახ, სასტუმრო ქვიშის ქარიშხალი -დახლთან მიახლოებულს, პირველი ეს სიტყვები შემომესმა მისგან -არ ვიცი სად ცხოვრობს, დაახლოებით თხუთმეტ წუთში გაიღვიძებს და მისამართს თავად გეტყვით . . . კარგი, დიდი მადლობა
"აქ რა ხდება?" -თვალებით ვკითხე მელინას, სანამ ყურმილს დაკიდებდა, თუმცა როგორც კი გათიშვის ღილაკს თითი დააჭირა, მაშინვე ავლაპარაკდი :- რა სჭირს ამ ტიპს, ცუდადაა?
-არაფერიც არ სჭირს, უბრალოდ ჩემი მომზადებული კოქტეილი დალია
-და ამის გამო ჩავარდა ასეთ დღეში?
-პირადი რეცეპტი მაქვს, შეგიძლია არ ინერვიულო, გონს მალე მოვა
-მელინა, რა უქენი ამ ბიჭს? -ამჯერად უკვე კატეგორიულად ვკითხე, რადგან პასუხი ძალიან მაინტერესებდა
- . . .
-მელინა!
-ნიკოლოზ, შემეშვი
-მითხარი-მეთქი!
მელინამ ღრმად ამოიხვნეშა. ჩემი ვარაუდით, ეს დანებებას ნიშნავდა და როგორც კი ხმა ამოიღო, მივხვდი, რომ მართალი ვიყავი.
-კარგი, გეტყვი -თვალები აატრიალა ამის თქმისას -უბრალოდ ძალიან მონდომებული იყო, რათა ჩემთან ეცეკვა და ალუბლის ყვავილი მოვუმზადე
-ალუბლის ყვავილი?
-ჩემი მოფიქრებული კოქტეილია
-და მერე?
-მერე სასმელში ცოტაოდენი დიაზეპამი ჩავუყარე
-რა გააკეთე?
-ჰო, რა გიკვირს? ურჩი კლიენტების მოსაშორებლად ყოველთვის არაა აუცილებელი თავზე ბოთლი გადაამსხვრიო. ხანდახან ასე მშვიდობიანადაც შეგიძლია მოაგვარო საქმე. შეხედე, რა დათუნიასავით საყვარლად სძნავს -თავზე გადაუსვა ხელი ამის თქმისას, შემდეგ კი კვლავ მე გამომხედა
უნდა მეღიარებინა, გაოცებული ვიყავი მისით და გაცნობის მომენტიდან მოყოლებული, მელინას ყოველი სიტყვითა თუ ნამოქმედარით. ცხოვრებაში პირველად მქონდა მომენტი, როცა პიროვნულად ასეთ არანორმალურ და ამავდროულად, საინტერესო გოგოს გადავაწყდი, ამიტომ, უკვე მეორედ გამიხარდა სწორედ მასთან ერთად რომ მიწევდა სმენის განაწილება. ახლა, უკვე მელინასთან და ენკესთან ერთად, ვინც იმ მომენტში ვერანდაზე ასრულებდა თავის მოვალეობას.



№1  offline წევრი Notyourbabe

რა ძალიან საინტერესო დასაწყისია ????❤️
ამის პირველი ნაწილი ხომ ძალიან მიყვარდა და დარწმუნებული ვარ ესეც ძალიან შემიყვარდრბა ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომეწონა,პირველი ნაწილიც თანდათან გამახსენდა,,იქნებ სათაური შემახსენო,კიდევ წავიკითხავ,

 


№3 წევრი ვიპნი

რა მაგარი გოგო ხარ,ძალიან ,ძალიან საინტერსეოა როგორც ყოველთვის, თან იმხელა თავი იყო კაცი რომ ვერ შეგედავება :D და ვერც შემოგბედავს ველოდებით შემდეგ თავსო :D

 


№4  offline მოდერი აირ ისი

Notyourbabe
რა ძალიან საინტერესო დასაწყისია ????❤️
ამის პირველი ნაწილი ხომ ძალიან მიყვარდა და დარწმუნებული ვარ ესეც ძალიან შემიყვარდრბა ❤️



ყველანაირად ვეცდები პირველს არ ჩამოუვარდებოდეს <3

სტუმარი nancho
ძალიან მომეწონა,პირველი ნაწილიც თანდათან გამახსენდა,,იქნებ სათაური შემახსენო,კიდევ წავიკითხავ,


მიუწვდომელი ❤️

ვიპნი
რა მაგარი გოგო ხარ,ძალიან ,ძალიან საინტერსეოა როგორც ყოველთვის, თან იმხელა თავი იყო კაცი რომ ვერ შეგედავება :D და ვერც შემოგბედავს ველოდებით შემდეგ თავსო :D


მადლობა დიდი ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი და საინტერესოა, შემდეგ თავს როდისთვის ველოდოთ?

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან საინტერესოა,როდის დადებითი ახალი თავს.

 


№7  offline მოდერი აირ ისი

სამშაბათობით დაიდება ყოველი მომდევნო თავი :*

 


№8 სტუმარი სტუმარი მანანა

შემოვედი, მინდოდა მეკითხა სად დაგვეკარგეთ-ქო? და აგერ არ დამხვდა სამშაბათი. მეტი რა გზა მაქვს, გელოდები სულმოუთქმელად. ძალიან კარგად წერთ, პირველი ნაწილი იყო ძალიან შთამბეჭდავი, წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent