შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-2)


29-09-2020, 00:21
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 492

ველიი შთაბეჭდილებებს <3



8 8 8


შუა დღის პირველ საათზე, აარონის უეცარმა ზარმა გამომაფხიზლა. გუშინდელი ღამიდან მოყოლებული, თმის ღერებიც კი მტკიოდა და ჯერჯერობით ნამდვილად არ ვაპირებდი გაღვიძებას, თუმცა როდესაც პირველი ზარის დაიგნორების შემდეგ, მობილურმა მეორედაც დარეკა, სხვა გზა აღარ მრჩებოდა გარდა იმისა, რომ თვალებისთვის გახელილ მდგომარეობაში ყოფნა მეიძულებინა და ყურმილი ამეღო. იმედს ვიტოვებდი, სატელეფონო საუბარი მალე დასრულდებოდა და კვლავ დავუბრუნდებოდი იმ ძილს, რომელსაც ასე უსამართლოდ მომწყვიტეს.
-რა მოხდა, სიზმარში მნახე? -ახლადგამოღვიძებულზე, საკუთარი ხმაც კი მეუცნაურა და რამდენჯერმე ჩავახველე კიდეც მის ჩასაწმენდად
-ჯერ კიდევ საწოლში ხარ, არა?
-როგორ გეკადრება, უკვე დილის სირბილიც მოვასწარი და მშიერ თოლიებსაც ვაჭამე ზღვის ნაპირზე
-დასაწყისისთვის, ბალიშიდან აიღე თავი და შხაპი მიიღე, ნიკოლოზ
-რისთვის რეკავ? -საწოლში გვერდი ვიცვალე და უფრო მაგრად ჩავეხუტე ჩემს ბალიშს
-მაინტერესებს, როგორ ჩაიარა შენმა პირველმა სამუშაო დღემ
-თუ ახლა ხმამაღალ კავშირზე ვარ და ამ ყველაფერს ნიცაც ისმენს, შენს ძმობაზე სამუდამოდ ვამბობ უარს
-დაწყნარდი, არავინ მისმენს -ტონზე შევატყვე გაეღიმა -ძალიან ხომ არ გაგიჭირდა?
-თმის ღერებიც კი მტკივა, მაგრამ წუწუნს არ ვაპირებ, რაც არის, არის
-ძალიან კარგ გადაწყვეტილებამდე მისულხარ, გილოცავ
-თუ ასეა, მაშინ, სანაცვლოდ ერთი რაღაც უნდა გამირკვიო -საწოლზე თვალების სრესით წამოვდექი და მხოლოდ იმ წამს შევამჩნიე, რომ ჩაცმულს ჩამძინებოდა. არც გამკვირვებია. სამსახურიდან ისეთი დაღლილი ვიყავი მოსული, იმანაც კი გამაოცა, რომ გასაღების კლიტეში გადატრიალების ძალა მეყო.
-მაინც რა უნდა გაგირკვიო?
-იმ გოგოს მისამართი მჭირდება, ვინც ჩემს ცვლაში მუშაობს -გადავწყვიტე, მიკიბმოკიბვის გარეშე, პირდაპირ მეთქვა. გარკვეული დროის განმავლობაში, ყურმილის მეორე მხრიდან დუმილი ისმოდა. მხოლოდ ოთხი წამის შემდეგ ჩაანაცვლა სიჩუმე აარონის ხმამ :
-იმ გოგოს მისამართი რაში გჭირდება? -მკითხა დაეჭვებით -არ მითხრა, რომ მაგასაც შებმას უპირებ
რა თქმა უნდა, მიზეზს მაშინვე მიხვდა, რადგან იდეალურად ვყავდი შესწავლილი, თუმცა გამოტყდომას მაინც არ ვაპირებდი, ამიტომ, თავის დასაძვრენად პატარა ტყუილი მოვიგონე :
-არა, ნუ ღელავ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, უბრალოდ, გუშინ გადახდელთან საფულე დაუვარდა და მინდოდა დამებრუნებინა. მისამართს თავადაც ვკითხავდი, მაგრამ მისი ტელეფონის ნომერი არ ვიცი, თან დარწმუნებული ვარ საფულეს ყველგან ეძებს, რადგან თითქმის ყველაფერი შიგნით აქვს, საკმაოდ დიდი თანხის ჩათვლით
-იმაში თუ ხარ დარწმუნებული, რომ მაგ გოგოს ნახვა მხოლოდ დაკარგული ნივთის დასაბრუნებლად გინდა?
-გეყოფა რა, ხომ გითხარი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება-მეთქი? ამდენ კითხვას რატომ მისვამ?
-კარგი, კარგი -როგორც იქნა, ბოლოს მაინც დათმო პოზიციები -ჩემს თანაშემწეს გავარკვევინებ და რამდენიმე წუთში SMS-ით გადმოგიგზავნის
-იდეალურია . . . გმადლობ, აარონ, ანასტასიას ჩემგან მოკითხვა გადაეცი
-გადავცემ -მითხრა და ზუსტად ამ დროს, წყვეტილი ზუმერის ხმაც გაისმა ყურმილში, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ კავშირი გაწყდა
აარონის ზარის შემდეგ, ერთი საათით კიდევ წავუძინე. მხოლოდ ამის შემდეგ წამოვდექი საწოლიდან და პირველი, რაც გავაკეთე ის იყო, რომ ჩემს მობილურს დავხედე. ეკრანზე მართლაც დამხვდა ერთი გაუხსნელი შეტყობინება, უცნობი ნომრისგან და მაშინვე მივხვდი, რაც იქნებოდა. არც შევმცდარვარ - ნამდვილად აარონის მიერ დაპირებულ მისამართს მიგზავნიდა მისი პირადი თანაშემწე.
"ესეც ასე, საქმის ნახევარი გაკეთებულია" -კმაყოფილებით აღნიშნა ჩემმა გონებამ.
დღევანდელი გეგმა ასეთი იყო -ჯერ შხაპი უნდა მიმეღო, შემდეგ თავი მომეწესრიგებინა და მაშინვე მელინასთან წავსულიყავი, სახლში. მართალია, იქ მისასვლელად რამე კონკრეტული მიზეზი მჭირდებოდა, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. დარწმუნებული ვიყავი, მისვლისას აუცილებლად მოვიფიქრებდი რამეს და ამით დაიმედებულმა, მხიარულად გავწიე სააბაზანო ოთახისკენ.
მამრობითი სქესის ერთ-ერთი პლუსი ისაა, რომ მათი უმეტესობა, დილის თავის მოწესრიგების პროცედურებს ნახევარ საათზე მეტ ხანს არ ვანდომებთ. მეც სწორედ ასეთ კატეგორიას მივეკუთვნებოდი. არასდროს ვსაჭიროებდი მოსამზადებლად ზედმეტად დიდ დროს და ახლაც ზუსტად ოცდაათ წუთში ვიდექი სარკის წინ, სრულ მზადყოფნაში.
ჩემი სახლიდან მელინას სახლამდე, არც თუ ისე დიდი გზა იყო გასავლელი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისევე როგორც სასტუმრომდე, იქამდეც შემეძლო ველოსიპედით მისვლა. ტანისამოსიც შესაბამისი მეცვა -სპორტული და კომფორტული, ამიტომ, შინ მეტად აღარ შევყოვნებულვარ, ჩემი სოროსავით პატარა სახლის კარი გასაღებით ჩავკეტე და კიბესთან დაყენებულ ველოსიპედს მოვაჯექი.
მართლაც დამცინოდა ეს ბედისწერა. აზრადაც კი არ მომივიდოდა, რომ ბოლო მოდელის კაბრიოლეტიდან, ველოსიპედზე მომიწევდა გადაჯდომა, თანაც მუხრუჭებდაზიანებულსა და საღებავგადაცლილზე. როცა ვუფიქრდებოდი, ვრწმუნდებოდი, რომ ეს ყველაფერი რაღაც მხრივ დავიმსახურე კიდეც, თუმცა შეგუება აშკარად მიძნელდებოდა და ამას ვერსად გავექცეოდი.
მელინას სახლამდე მისასვლელად, სულ რაღაც ათი წუთი დამჭირდა, ისიც იმიტომ, რომ გზად მარკეტში შევიარე და შოკოლადის ასორტი ვიყიდე, რათა პირველივე დღეს ხელცარიელი არ მივსულიყავი.
ლამაზი სახლი ჰქონდა მელინას. სამკუთხედი გადახურვის ერთსართულიანი შენობა, მთლიანად მინდვრის ხავსით გახლდათ დაფარული და მხოლოდ დიდი, მრგვალი ფორმის ფანჯრები მოუჩანდა. ეზოში, მთელ სიგრძეზე, ორივე მხრიდან თეთრი ვარდის ბუჩქები დაერგოთ. იქაურობა მთლიანად ყვავილების სურნელში იყო ჩაფლული, რამაც უცრო ცხადად მაგრძნობინა, რომ ხსენებულ სახლში ნამდვილად მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ცხოვრობდა და ამის გაფიქრებამ, სახეზე ღიმილი მომგვარა.
სახლთან მიახლოებულმა, კარის გევრდით, ზარის ღილაკის ძებნა დავიწყე, თუმცა ვერ ვიპოვე და იძულებული გავხდი მასზე დამეკაკუნებინა. არ ვიცოდი რატომ, თუმცა გული მიგრძნობდა სახლში იქნებოდა და დავრწმუნდი კიდეც ამაში, როდესაც სულ ცოტა ხანში, ზღურბლის მეორე მხრიდან, მსუბუქი ნაბიჯების ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას.
ნეტავ როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემი დანახვისას? ამის გაგების ერთადერთი გზა დაცდა იყო და გადავწყვიტე, მოლოდინის პროცესში გონება ყოველგვარი ზედმეტი ფიქრისგან გამეთავისუფლებინა.
კართან ცდამ დიდხანს ნამდვილად არ მომიწია. ჰოლიდან მომავალი ნაბიჯების ხმის გაგონებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, საკეტი რამდენჯერმე გაჩხაკუნდა და სულ მალე, სასურველი ადამიანის სახესაც მოვკარი თვალი. უნდა მეღიარებინა, საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა საშინაო ტანსაცმელში -მოკლე შორტებზე, თავისზე ორჯერ დიდი, კრემისფერი მაისური მოერგო, ხოლო გაშლილ თმაზე ამავე ფერის, ნაჭრის აბადოკი ეკეთა, რაც უფრო მეტად ბავშვურს ხდიდა მის გამოხედვას.
პირველი რეაქცია ჩემი ხილვისას გაკვირვება იყო. გულის სიღრმეში ამას ველოდი კიდეც. რა თქმა უნდა, მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ იქნებოდა ერთი დღის გაცნობილი თანამშრომლის უეცარი ვიზიტი სახლში, ამიტომ, სიტუაციის განსამუხტად, გადავწყვიტე რაღაც მაინც მეთქვა :
-შემოპატიჟებას არ აპირებ? ოდნავ ცხელა და ზღურბლთან საუბარი არც ისე კომფორტულია
-ჯერ ის მითხარი, აქ საიდან გაჩნდი? -კითხვითვე უპასუხა ჩემს შეკითხვას, რითაც მანიშნა პასუხის გარეშე ზღურბლს ვერ გადმოაბიჯებო. აი, ახლა უკვე დრო იყო მოსვლის მიზეზი ამეხსნა და ამის მოსაფიქფრებლად, არც მეტი არც ნაკლები, ორი წამი მეყო :
-უბრალოდ, რახან ერთ ცვლაში გვიწევს მუშაობა, თანაც კვირაში ოთხი დღე, გადავწყვიტე თანამშრომელი უკეთ გამეცნო -ამის თქმისას, სპეციალურად მისთვის ნაყიდი შოკოლადის ასორტი შევაჩეჩე ხელში და იმ ღიმილით დავაჯილდოვე, რომელსაც "ნომერ მეოთხეს" ვუწოდებდი -მომაკვდინებელი ღიმილით.
-ვამჩნევ, ძალიან კონტაქტური ადამიანი ხარ
-ყველასთან არა, ასე მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ვიქცევი ხოლმე
-კარგი, მაშინ ამ ერთხელ მეც დავუშვებ იშვიათ გამონაკლისს და სრულიად უცხო ადამიანს შევიპატიჟებ სახლში -ბაგეები ოდნავმა ღიმილმა გაუპო და თუ აქამდე კარის შუაში იყო ჩამდგარი, ამჯერად გვერდზე მიიწია, რათა ჩემთვის გზა დაეთმო
"ესეც ასე, ნიკოლოზ, შესარჩევი ტური უკგე გაიარე, ახლა ვნახოთ გადახვალ თუ არა ნახევარფინალში" -კმაყოფილებით აღნიშნა ჩემმა შინაგანმა ხმამ და თავდაჯერებული სახით შემაბიჯებინა სახლში
შიგნით ყველაფერი უბრალოდ, თუმცა გემოვნებით იყო მოწყობილი. აქაურობა სტუდიის სტილის გახლდათ -მინი-ბარით, ერთი საძინებელი ოთახითა და პატარა მისაღებით
მელინამ შოკოლადი მაგიდაზე შემოდო, სახეში შემომხედა და დივნისკენ ხელით მანიშნა.
-დაჯექი, მე მანამდე ცივ ყავას გავაკეთებ
-არ ღირს შეწუხებად
-არ ვწუხდები, სანამ შენ მოხვიდოდი, თავადაც უნდა დამელია
-თუ ასეა, მაშინ სიამოვნებით შემოგიერთდები -ვთქვი და მოხერხებულად ჩავეშვი პატარა ბალიშებით გადავსებულ დივანში
-ჩემთვის ბეილისსაც ვამატებ ხოლმე, შენ როგორი გაგიკეთო?
-იყოს ბეილისით. შაქარი შეგიძლია არ ჩაყარო, ტკბილი დიდად არ მიყვარს
-არც მე -მომიგო ხმადაბლა და პირდაპირ მინი-ბარისკენ გაეშურა ყავის მოსამზადებლად
მის არყოფნაში, სახლს თვალი კიდევ ერთხელ შევავლე. როგორც ეტყობოდა, მინიმალისტური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა, რადგან ნივთების მინიმალური რაოდენობა ჰქონდა და ისიც ისეთი, რაც აუცილებლად იყო საჭირო. ამ თვისებით ერთმანეთს ვგავდით. არც მე მომწონდა ზედმეტად გადატვირთული პირადი სივრცე და საძინებელშიც მხოლოდ იმ ნივთებს ვაჩერებდი ხოლმე, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვსაჭიროებდი.
სანამ მელინა ყავას ამზადებდა, ჩემს მობილურს დავხედე და დრო შევამოწმე. სამუშაო სმენის დაწყებამდე, ექვსი საათი მქონდა დარჩენილი. გრაფიკი შემდეგნაირი იყო -კვირაში ოთხი დღე უნდა მემუშავა, ხოლო სამი კი დასვენებისთვის მქონდა გამოყოფილი. ეს საშუალებას მაძლევდა გარკვეული ღამეების განმავლობაში მაინც გამომეძინა ნორმალურად და შუა ღამის ორ საათზე, შეკვეთებით ხელში არ მერბინა მაგიდებს შორის.
ტელეფონი რომ კვლავ ჯიბეში ჩავაბრუნე, თავი იმ ბარისკენ მივატრიალე, რომლისკენაც ცოტა ხნის წინ მელინა წავიდა. მას უკვე მოესწრო დაპირებული ყავების მომზადება და ორი მოზრდილი ჭიქით ხელში მოდიოდა ჩემი მიმართულებით. იმდენად ბუნებრივად გამოიყურებოდა სახლის ფორმაში, რომ სურვილი მკლავდა ახლავე მომექცია ჩემს მკლავებში, თუმცა სულ რამდენიმე წუთით, მისთვის გონების არევაზე უნდა მემუშავა, ხოლო შემდეგ აუცილებლად მივაღწევდი იმას, რისთვისაც ამ გოგოსთან სტუმრობა გადავწყვიტე.
-ესეც შენი უშაქრო ყავა, ბეილისით -წინ დამიდგა სიცივისგან დაორთქლილი მინის ჭიქა და თავადაც გვერდით ჩამომიჯდა. მელინას სხეულიდან წამოსული ქოქოსის სურნელი სასიამოვნოდ მაბრუებდა და ერთიორად მიზრდიდა მასთან სიახლოვის სურვილს
-გმადლობ . . . ასორტს არ გასინჯავ? -მრგვალი ფორმის ყუთს მოვხსენი თავი ამის თქმისას და თეთრი ფერის შოკოლადი საკუთარი ხელით მივუტანე ტუჩებთან -იმედია, დიეტაზე არ ხარ
-არა, არ ვარ -მომიგო მაშინვე, თუმცა ტკბილეული ჩემი ხელიდან არ შეუჭამია. ამის მაგივრად, ყუთიდან თავად ამოიღო ერთ-ერთი მათგანი და გამოცდილი გურმანის გამომეტყველებით დააგემოვნა
-გემრიელია . . . უფრო მეტიც, ძალიან გემრიელი
-მიხარია, თუ მოგეწონა -გამეღიმა და ყუთიდან ამოღებული შოკოლადი კვლავ უკან ჩავაბრუნე, მერე კი ჩემს ყავას დავწვდი -ისე, აქ მარტო ცხოვრობ?
-ჰო, ასეა. სახლი ცოტათი პატარაა, მაგრამ მე მყოფნის
-ანუ, საცხოვრებლად დიდ სივრცეს არ საჭიროებ
-სასახლის ზომის სახლის შემდეგ, აქაურობა ცოტათი მეუცნაურება, თუმცა თავს მაინც კარგად ვგრძნობ -და, აი უკვე მეორედ დავიჭირე მის სახეზე დაბნეულობა. მივხვდი, რომ კვლავ ისეთი რაღაც წამოცდა, რისი თქმაც არ სურდა, მაგრამ მიახლოებითი ვერსიაც არ მქონდა, თუ რა საიდუმლო ჰქონდა მელინას
-სასახლის ზომის სახლი ახსენე -ყავის ჭიქიდან ოდნავ მოვსვი და გამომცდელი მზერით გავხედე. რა იგულისხმე? ანუ შენ . . .
-მოსამსახურედ ვმუშაობდი იმ სახლში -წარმოთქვა უეცრად -თან ვცხოვრობდი კიდეც იქ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო წამოსვლა მომიწია
მელინას სიტყვებიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე -იგი მატყუებდა. ზოგადად, ფსიქოლოგიური გადაცემები მომწონდა, ხსენებულ თემაზე უამრავი არხი მქონდა გამოწერილი და ამ სფეროშიც ასე თუ ისე ვერკვეოდი, ამიტომ, კარგად შემეძლო იმ ჟესტების ამოცნობა, რომელთაც ადამიანები ტყუილის თქმისას იყენებდნენ ხოლმე. თითების მტვრევა, თვალის არიდება და მოუსვენრობა აშკარად იმას უსვამდა ხაზს, რომ მელინა ჩემთან გულწრფელი არ იყო, თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად, გადავწყვიტე მის საიდუმლოს არ ჩავძიებოდი. ამის მაგივრად, ვცადე სასაუბრო თემა სხვა რამით ჩამენაცვლებინა. ამ გზით, დაძაბულობაც გაიფანტებოდა და ის უხერხულობაც გაქრებოდა, რომელიც ჩემმა შეკითხვამ გამოიწვია.
-იდეალურ ცივ ყავას ამზადებ -გადავწყვიტე აღმენიშნა, რადგან მისი ნახელავი მართლა ძალიან მომეწონა
-ეგ, შენს გარდა კიდევ ბევრს უთქვამს
-ჰოო? მასთან ახლოს მივიწიე, ყავის ქაფში ნეკა თითი ჩავაწე და მის ტუჩს ნაზად გადავუსვი -ის თუ უთქვამთ, რომ გიჟურად ლამაზი ხარ?
-გამოკითხვას მიტარებ? -ჩემი დამაბნეველი ჟესტის მიუხედავად, წარბიც არ შეუხრია და არც მის სახეზე დამინახავს რაიმე ემოცია. ცოტატი გამიკვირდა კიდეც. გოგონები ასეთ დროს მინიმუმ წითლდებოდნენ მაინც, თუმცა ის ყინულის ლედივით მიყურებდა და რეაგირება არაფერზე ჰქონდა
-შენ თუ გინდა გამოკითხვა უწოდე -კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდი ამის თქმისას, თან მის რბილ თმაში ავხლართე თითები, ჩემკენ დავქაჩე და ქვედა ტუჩზე წაცხებული ქაფი ხანმოკლე, თუმცა საკმაოდ თამამი კოცნით მოვაშორე -ცივმა ყავამ და შენმა ტუჩების გემომ, ერთად იდეალური ნაზავი შექმნა
-მე, შენთვის კოცნის უფლება არ მომიცია -აღნიშნა მაქსიმალურად მშვიდად და გარკვევით, რითაც ჩემს სახეს ღიმილი მოჰგვარა. წესით, ახლა სხვების მსგავსად შეურაცხყოფილი გოგოს როლი უნდა ეთამაშა, ვისაც თავისი სურვილისდა საწინააღმდეგოდ შეეხნენ, შემდეგ კი ისევ მე უნდა დამეწყნარებინა ჩემი ალერსით, თუმცა მის სიტყვებში, ერთი გრამი აგრესია და სიყალბე ვერ დავიჭირე. იმდენად მშვიდად, იმდენად გაწონასწორებულად გამოიყურებოდა, ცოტათი გამიკვირდა კიდეც. თუმცა, მიუხედვად ამისა გაჩერებაზე ნამდვილად არ მიფიქრია
-ზოგჯერ უფლება არ არის საჭირო, რადგან მოულოდნელობის ეფექტი ქმნის ყველაზე დიდ სიამოვნებას
-ჰოო? და რატომ გგონია, რომ შენი ტუჩების შეხებამ სიამოვნება მომანიჭა?
-იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია -თავდაჯერებული ტონით მივუგე, დივანზე მივაწვინე და ნახევარი ტანით ზემოდან გადავაწექი -მიდი, უბრალოდ ერთი დღით იყავი ფემინისტი და შენს სურვილებს ისე მიჰყევი, რომ არაფრის მოგერიდოს. ვიცი, შენც გინდა ჩემთან სიახლოვე და ამ წუთსაც სურვილით იწვი. უბრალოდ აღიარე ეს მელინა -ყბის ძვალზე ვაკოცე ამის თქმისას და ნელ-ნელა კისრისკენ ჩავუყევი. იმდენად ნაზი კანი ჰქონდა და ისეთ თავბრუდამხვევ სურნელს აფრქვევდა მისი სხეული, ლამის გონება გამეთიშა. ჭკუიდან მშლიდა მისი სიმშვიდე, სინაზე, ისიც კი, რომ ამ გოგოს სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი და ჩემთვის თავიდან ბოლომდე გამოცანად რჩებოდა.
-ნიკოლოზ -ჩურჩულით ნათქვამი საკუთარი სახელი რომ გავიგე მისი ბაგეებიდან, უკვე მელინას მაისურის ბოლოებზე მეკიდა ხელი, რათა ამ უკანასკნელის გარეშე მეხილა მისი სხეული, თუმცა ცოტა ხნით შეჩერება მომიწია
-რა იყო? ნერვიულობ? -ღიმილით დავხედე ზემოდან
-მგონი, ჰო . . . იქნებ მანამდე ცოტა დაგველია? სასმელი სითამამეს შემმატებდა
იმდენად საწყალი, ბავშვური თვალებით მიყურებდა იმ მომენტში, რომ მიუხედავად ჩემი ძლიერი სურვილისა, მალე შემეგრძნო მისი სხეულის ყოველი წერტილი, უარი ვერ ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. მთავარი იყო, ბოლოს მაინც ჩემს მკლავებში აღმოჩნდებოდა და ამაზე ფიქრი, საკმაოდ იდეალურ განწყობაზე მაყენებდა.
-კარგი, თუ შენთვის ასე უკეთესი იქნება, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს -თბილად გავუღიმე და უკვე ფეხზე წამომდგარს, სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადავუწიე
-ძალიან მალე დავბრუნდები, არ მოიწყინო
-ვეცდები
მელინა სამზარეულოში გავარდა და ორი წუთიც არ იყო გასული, რომ იქედან არაყის ორი ჭიქით ხელში დაბრუნდა უკან. სახეზე კვლავ არანაირი ემოცია არ ეხატა, თუმცა ზუსტად ვიცოდი ნერვიულობდა.
-როგორც ჩანს, უკვე ჭიქებიც გაგივსია -ვუთხარი როგორც კი ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ოთხასგრამიანი სასმისი გამომიწოდა -მეტის დალევას არ ვაპირებთ?
უარყოფის ნიშნად, მელინამ ჯერ თავი გადააქნია, შემდეგ კი მომიგო :
-არა, ერთი ჭიქაც გვეყოფა, სასმელი ძალიან მარტივად მეკიდება ხოლმე
-მშვენიერია -აღვნიშნე კმაყოფილმა და ბევრი დრო რომ აღარ დამეკარგა, სულმოუთქმელად გამოვცალე საკუთარი ჭიქა. ჩემგან განსხვავებით, მელინა ნელ-ნელა და აუჩქარებლად სვამდა. არ მინდოდა მისი დაჩქარება, რადგან ასე შეიძლებოდა უფრო მეტად შეშინებოდა, ამიტომ, წყნარად ვიჯექი იმის მიუხედავად, რომ შიგნიდან ამოსაფრქვევად გამზადებული გეიზერივით ვხურდი.
-აბა, მოქმედებს სასმელი? -ვკითხე, რადგან სხვა თუ არაფერი, აუტანელი სიჩუმისთვის მაინც მომეღო ბოლო. პარალელურად, რაღაც უჩვეულო მოთენთილობაც ვიგრძენი და ოდნავ თვალებშიც დამებინდა მზერა. ვეღარც მელინას სახეს ვხედავდი ისე სუფთად, როგორც ადრე და ვეღარც, ოთახში განთავსებულ საგნებს.
-მგონი, ნელ-ნელა მეხსნება დაძაბულობა. შენ რატომ იყურები ასე უცნაურად? -მომეჩვენა, რომ ამ დროს ხმაში ირონია გამოერია, თუმცა იმდენად მიტევდა მოთენთილობის შეგრძნება, ბოლომდე ამის მიზეზსაც ვერ ჩავუღრმავდი. არ ვიცოდი რა მომდიოდა. არც იმის შესახებ მქონდა წარმოდგენა, თუ რატომ შავდებოდა ირგვლივ ყველაფერი და რატომ მიდუნდებოდა მთელი სხეული, თუმცა ამაზე ფიქრი დიდხანს ნამდვილად არ დამცალდა. უეცრად, ყველაფერი საიდანღაც მოვარდნილმა შავმა ნისლმა გადაფარა, ჩემი გონება იმ კონკრეტულ მომენტზე დაპაუზდა და სიტყვის თქმაც ვეღარ მოვასწარი ისე გამოვეთიშე რეალობას . . .
ბურისის სამყაროში აღმოჩენილი, უამრავ გაურკვეველ კადრს ვხედავდი. თვალწინ მიდგებოდა სახეები, რომლებიც აქამდე არასდროს მენახა, ადგილები, სადაც არასდროს ვყოფილვარ და მესმოდა ხმები, რაც მანამდე არასდროს გამიგია.
დანამდვილებით არც მე ვიცი, ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი უგონობა. არც იმის შესახებ მქონია წარმოდგენა, თუ რა დამემართა ასე მოულოდნელად, მაგრამ თვალების გახელისა და კვლავ რეალურ სამყაროში დაბრუნების შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ტუალეტის შუა გულში მდგომ სკამზე მაგრად ვიყავი მიბმული და მუხლებზე, თაბახის ფურცელზე ნაწერი წერილი მედო შემდეგი ტექსტით :


"ამიერიდან, გეცოდინება, რომ შენი ხელები და ჰორმონები უნდა აკონტროლო . . .
მართალია ამის ღირსი არ იყავი, მაგრამ უნიტაზის გვერდით დანა დავაგდე. თუ სკამიანად ამოყირავდები და ძირს დაეცემი, საშუალება გექნება მასაც მისწვდე და თოკები გადაჭრა. წარმატებები ნიკოლოზ. იმედია შემდეგში მაინც დააკვირდები კარგად შენთვის გამოწვდილ ჭიქას, რათა საძილე აბების უეცარი მოხვედრა აიცილო ორგანიზმში.”


პ.ს შოკოლადი მართლა კარგი იყო. თუ მისი მოტანა კიდევ მოგინდება, შეგიძლია კართან დატოვო ხოლმე, რადგან შენს სახლში შემოშვებას აღარ ვაპირებ.


მელინა











8 8 8 8


სამუშაო საათების დაწყებამდე სულ რაღაც ოცი წუთი იყო დარჩენილი, როცა ბარში გაცეცხლებული შევვარდი და ლიმონიანი წყლის ჭიქით ხელში ჩამომდგარი მელინა პირდაპირ კედელზე ავაკარი. ჭიქის მსხვრევის ხმისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია. დილანდელი შემთხვევის შემდეგ იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, აბსოლუტურად ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, გატეხილი ჭურჭლის გამო ჩამოწერილი ხელფასის ჩათვლით.
-რაო, პატარავ, გაები მახეში? -ვკითხე, თან უფრო მაგრად მოვუჭირე მკლავებზე ხელები
-იქნებ გამიშვა, მტკივა
-ვერ ეღირსები! შენს გამო მთელი ოთხი საათი ვწვალობდი, რათა ის წყეული თოკები გამეხსნა. როგორ გაბედე და შენი სახლის ტუალეტში დაბმული როგორ დამტოვე?!
-ნიკოლოზ გამიშვი -კვლავ ისეთივე მშვიდი ტონით მესაუბრებოდა, როგორც დილით, რითაც კიდევ უფრო მეტად მიწვევდა
-შენ, მე დამამცირე, ასე არავინ მომქცევია
-იქნებ იმაზეც იფიქრო, რომ მტკენ
-არ მაინტერესებს! -ხმას საგრძნობლად ავუწიე -მგონი უპირატესობა დაკარგე, ბამბის თოჯინავ. ახლა ჩემს ხელში ხარ
-რა გინდა ჩემგან?
-რა მინდა? მეკითხები კიდეც არა?
-მკლავებზე ჩალურჯებები დამაჩნდება
-ფეხებზე მ’კიდია! ისევე, როგორც შენ დაიკიდე ჩემი გრძნობები. კნუტის თვალებით ნუ მიყურებ, მშვენივრად მივხვდი რა ინტრიგანიც ბრძანდები სინამდვილეში და რამდენის მოფიქრება შეგიძლია. შენი ზღვარსგადასული სიმშვიდეც კი ჭკუიდან მშლის. ერთხელ მაინც აუწიე ხმას, ბრაზი გამოხატე, იყვირე, იჩხუბე, თორემ მართლა მგონია, რომ უცხო პლანეტიდან ჩამოხვედი! ჩუმად რატომ ხარ? თქვი რამე!
-უბრალოდ გაცლი, როდის ამოაფრქვევ მთელ ბრაზს
-ჯანდაბა, ისევ ისეთი მშვიდია -ამჯერად, მის მაჯებს მოვუჭირე და წამით თვალები დავხუჭე. მელინასგან წამოსული ქოქოსის არომატი, კვლავ მაგიურად მოქმედებდა ჩემზე და სასიამოვნოდ მახვევდა თავბრუს
-იცი რას გიზამ, პრინცესავ? -უფრო მეტად მივუახლოვდი ამ კითხვის დასმისას
-ერთი სული მაქვს გავიგო
-ჩემად გაქცევ -საკმაოდ მტკიცედ გავაჟღერე ეს სიტყვები -ყველაზე ძლიერ სურვილად იქეცი ჩემთვის. ისეთ სურვილად, რაც აქამდე სრულიად უცხო იყო ჩემთვის. მიზიდავ მაგ ბავშვური კანით, ლამაზი ტუჩებით, მელნისფერი თვალებით, უმანკო გამოხედვითა და შენი სიგიჟეში გადასული სიმშვიდით. შენნაირი საყვარელი და თან გაიძვერა, მანამდე არასდროს შემხვედრია -ამის თქმისას, მის ლოყას შევეხე ტუჩებით, რათა უფრო ღრმად შემესუნთქა მელინას არომატი -მაინც ჩემი იქნები თოჯინავ, აი ნახავ. აუცილებლად ავიხდენ ოცნებას, რომელსაც შენი შეცდენა ჰქვია
მელინამ ერთი ამათვალიერ-ჩამათვალიერა და სახეზე დამცინავი ღიმილი მოადგა.
-ჩემთვის ზედმეტად ცარიელი ხარ, ნიკოლოზ -მითხრა -შენში არაფერია მიმზიდველი
თითქოს გულზე მომიჭირეს ამ სიტყვებმა. თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი, რომ აღნიშნულ წუთს ნამდვილად გულწრფელი იყო. ამ გოგოს ოდნავადაც არ ვაინტერესებდი, თუმცა ამას არ შევუშინებივარ, პირიქით, ორმაგად დიდ აზარტში ჩამაგდო.
-მაგ სიტყვებს აუცილებლად შეგახსენებ, როდესაც ჩემს ერთ შეხებაზეც კი დადნები -ამის თქმისას, თვალებში გამაფრთხილებლად ჩავხედე, ცხვირის წვერზე ვაკოცე და ისე გავემართე გამოსაცვლელი ოთახისკენ, რომ მეტად სიტყვაც აღარ დამცდენია. ჩემში ერთმანეთს ათასი გრძნობა ებრძოდა. მათგან ყველაზე დიდი კი მაინც ბრაზი იყო. ბრაზი საკუთარი თავისადმი, რადგან ასეთ სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი იმ გოგოს წინაშე, ვის მისაღებადაც უკვე ყველაფრისთვის ვიყავი მზად დედამიწის ზურგზე.


რვა საათს, მხოლოდ ორი წუთი იყო გადაცდენილი, როდესაც ყველანაირად მოწესრიგებულმა დავიკავე სამუშაო ადგილი. ჩვენს დუეტს, ამჯერად ენკეც შემოერთებოდა, ვინც იმ წამს საგულდაგულოდ გაპრიალებულ მინის ჭიქებს, კიდევ ერთხელ უსვამდა ტილოს მეტი ბრწყინვალებისთვის. მელინა ვერანდაზე გასულიყო და მაგიდებთან ოდნავ უსწორმასწოროდ მდგომ სკამებზე ზრუნავდა. მასზე მზერა დიდხანს არ გამიჩერებია. ამის მაგივრად, ბარის დახლს მშვიდად შემოვუარე და ჭურჭლის გაპრიალებით გართულ ენკეს გვერდით მივუდექი.
-საღამო მშვიდობის
-Hi Dude -საკმაოდ უაქცენტო ინგლისურით, მხიარულად მომიგო, მხარზე ხელი მეგობრულად დამარტყა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა
-მისმინე, ენკე, ამ სასტუმროს მფლობელზე თუ იცი რამე? -გართობისა და რამდენიმე საათის წინანდელი ინციდენტიდან ყურადღების გადატანის მიზნით, გადავწყვიტე გამეგო რას ფიქრობდნენ ჩემს ძმაზე ამ სასტუმროს უბრალო თანამშრომლები -დაახლოებით მაინც თუ გაქვს წარმოდგენა როგორი ადამიანია?
-ამ სასტუმროს მფლობელი? -ჩაფიქრდა, შემდეგ კი გაეცინა და თავი გადააქნია -ახლოს ნამდვილად არ ვიცნობ, თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ უამრავი ფული აქვს, პენტჰაუსის სტილის სახლში ცხოვრობს და საწოლშიც ისეთი ქალი უწევს, მთელი ქვეყნის მამრობითი სქესი რომ მასზე ყლაპავს ნერწყვებს
-მართლა? ასეთს ვის ხვდება? -ანასტასიას ამგვარ შეფასებაზე გულში გამეცინა, თუმცა ვცადე არაფერი შემტყობოდა
-ანასტასია მარგიანს ხვდება, უკვე რამდენიმე თვეა
-და ეგ ვინ არის? -თავი მოვისულელე, რადგან მის სიტყვებზე ძალიან ვერთობოდი და მინდოდა კიდევ დიდხანს ელაპარაკა
-შენ რა, ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ Dude? ეგ გოგო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი მოდელია ჩვენს ქვეყანაში
-ჰოო? როგორ გამოიყურება?
-ამას სიტყვებით ვერ აღწერ, თუმცა ბევრი კაცი ნახევარ სიცოცხლესაც კი მისცემდა, ოღონდ კი ერთხელ მაინც დარჩენილიყო მასთან მარტო -მერე ჭიქა კვლავ საწყის ადგილას დააბრუნა და განაგრძო -სხვათა შორის, სანამ ქალდანს შეხვდებოდა, ამბობდნენ ძალიან უკარება ტიპაჟიაო. არც ერთ მამაკაცთან არ დაუფიქსირებიათ პაპარაცებს. მხოლოდ რაღაც პერიოდის განმავლობაში ჭორაობდნენ, თითქოს თავის მენეჯერთან ჰქონდა რომანი, თუმცა ტყუილი აღმოჩნდა
-როგორც ჩანს, ჩვენმა მთავარმა ბოსმა ძალიან აურია გონება
-ძმაო, არასწორად ნუ გამიგებ, მაგრამ ქალი რომ ვიყო, ეგ ტიპი მეც ამირევდა გონებას -სიცილით თქვა ენკემ და ჭაობისფერ ტილოს გასაპრიალებელი ხსნარი დაასხა -ეჰ, დროა რეალურ სამყაროს დავუბრუნდეთ. მილიარდელების ცხოვრებაზე ლაპარაკი ჩვენს საქმეს ვერ უშველის და ვერც მაგიდებს გადაგვიწმენდს
-მართალი ხარ -მივუგე, თან კვლავ ვერანდისკენ გავაპარე მზერა, რათა მელინა დამენახა. ამჯერად, სკამების გასწორება დაემთავრებინა და მოაჯირს დაყრდნობილი, იქედან გადაშლილ ხედს უყურებდა. ჩვენს ბედად, ჯერ არც სტუმრები ჩანდნენ, ამიტომ, მათ მოსვლამდე შეგვეძლო დრო თავისუფლად გაგვეყვანა.
-ჰო მართლა, შენ აქაური ხარ თუ საზაფხულო სამუშაოებზე ჩამოხვედი რომელიმე რაიონიდან? -მკითხა ენკემ უეცრად, რამაც მაიძულა მელინასთვის თვალი მომეწყვიტა და მისკენ გამეხედა
-თბილისიდან ჩამოვედი გარკვეული დროით . . . მიზეზი პირადულია
-აი, ჩემთვის კიდევ ეს მეათე სამსახურია. წინა ცხრადან, კლიენტებთან ფლირტის გაბმის მიზეზით გამომაგდეს
ენკეს სიტყვებმა, აშკარად გამაკვირვა. ზოგადად, აარონის დავალებით, ამ სასტუმროს მთავარი მენეჯერი, სამსახურში მისაღებ კადრებს დიდ ყურადღებას აქცევდა და როგორ შეიძლებოდა, მსგავსი რეკომენდაციის მქონე ბარმენი ამ სასტუმროში დაესაქმებინა?
-ასეთი მაღალი კლასის სასტუმროში, ცხრა სამსახურიდან გამოგდებული როგორ მიგიღეს? -ნამდვილად არ დამიმალავს ის, რაც მაინტერესებდა.
ენკეს, ცბიერი ღიმილი მოადგა ჩემს შეკითხვაზე და ბარის დახლს მარცხენა იდაყვით ჩამოეყრდნო
-კარგი სანაცნობო წრე მყავს, ვინებიც, ყალბი რეკომენდაციის შედგენაში მიწევენ დახმარებას, ამის საშუალებით კი, სადაც მომინდება იქ მიღებენ ხოლმე სამუშაოდ
-მაგარია -გამეცინა -თუმცა რატომ არ გეშინია, რომ ასეთი გულწრფელობა დაგღუპავს?
-ანუ?
-ეს ყველაფერი შენთვის სრულიად უცნობ ადამიანს მოუყევი. რატომ არ ფიქრობ, რომ ამას სადმე ვიტყვი სა შენც ჩაგძირავ?
მიუხედავად ჩემი სიტყვებისა, ენკეს სახეზე შიშის მაგვარი არაფერი დამინახავს. პირიქით, მხარზე ხელი ღიმილით დამადო და მითხრა :
-თუ იტყვი, ისეთ არაჩვეულებრივ ადამიანთან მეგობრობის შანსს დაკარგავ, როგორიც მე ვარ, ეს კი ძალიან დიდი ტრაგედია იქნება შენს ცხოვრებაში Dude
-დარწმუნებული ვარ, უზარმაზარ დარტყმას მივიღებ
-რა თქმა უნდა. ჩემი არ იყოს, შენც ძალიან სიმპათიური ხარ და წარმოიდგინე, ერთად რამდენი გოგოს დათრევას შევძლებთ
-შენ, აი იმის დათრევაში დამეხმარე და გპირდები, როცა გავმდიდრდები, ერთ დიდ აუზიან სახლს მე გიყიდი, რათა შენს გოგოებთან ერთად იქ გაერთო ხოლმე -თავით, ვედანდაზე მდგომი მელინასკენ ვანიშნე ამის თქმისას
ენკემ ეჭვნარევი მზერით შემომხედა.
-ახლა არ მითხრა, რომ ბარმენის ხელფასით აპირებ გამდიდრებას
-რა თქმა უნდა, არა
-აბა ბანკის გაძარცვა გაქვს გეგმაში?
-შეიძლება ითქვას, ჯეკპოტის იმედად ვარ, როცა სამი თვე გავა და ამ სასტუმროდან წავალ -მერე მივხვდი, რომ ჩემს ნათქვამს ვერ გაიგებდა და დავამატე -მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა. მე ის მაინტერესებს, მქონდეს თუ არა შენი იმედი?
-სიჩუმე დახმარების სანაცვლოდ?
-მაწყობს -გამეცინა და შეთანხმების ნიშნად ხელი გავუწოდე -ანუ, მოვილაპარაკეთ
-მოვილაპარაკეთ -ჩემს გამოწვდილ ხელს, თავისი მარჯვენა შეაგება, მერე კი, მელინას გახედა მალულად -ისე, ძალიან სადა გოგოა, თუმცა ეგზოტიკური ყვავილივით ლამაზია. ზოგადად, ასეთები მეტად რთულად ასაღები ციხესიმაგრეები არიან ხოლმე, ამიტომ შეიძლება ზარბაზანი დაგჭირდეს
-და რა იგულისხმება ამ ზარბაზანში? -მის მეტაფორას ვერ ჩავწვდი, ამიტომ გადავწყვიტე კითხვა დამესვა
-შენი სურვილები გულწრფელად არ გამოხატო. იმ ადამიანის როლი ითამაშე, ვინც არ ხარ, დაარწმუნე, რომ მხოლოდ ერთჯერადად არ გაინტერესებს და მასთან გრძელვადიანი კავშირის მომხრე ხარ
-ეგ ვერსია გამორიცხე, თვალთმაქცობა ნამდვილად არ ზის ჩემს ხასიათში, მით უმეტეს, გოგონების მოტყუება. მათთან ყოველთვის გულწრფელი ვარ ხოლმე და ოცნების კოშკებს არავის ვუგებ
ენკემ მხრები აიჩეჩა.
-როგორც გინდა, მე უბრალოდ გაფრთხილებ, რომ სხვანაირად მაგ გოგოს ხელში ჩაგდება შეუძლებელია
-შეუძლებელი მხოლოდ ისაა, რასაც ჩვენ მივიჩნევთ შეუძლებლად -ვუთხარი საკუთარ თავში დარწმუნებული ტონით და თვალები მობეზრებულად ავატრიალე, რადგან სწორედ იმ წამს, ბარში ოთხი სტუმარი ერთდროულად შემოვიდა.
კოშმარი იწყებოდა . . .

მთელი ღამის განმავლობაში ერთხელაც კი არ შემისვენია. პირველ დღესთან შედარებით, ბარში გაცილებით მეტი ადამიანი შეკრებილიყო და საქმეც ერთიორად იმატებდა. სინებით ხელში სირბილისგან, უკვე იმ მდგომარეობამდე ვიყავი მისული, რომ ყოველი იქ მჯდომის მიმართ ზიზღს განვიცდიდი. ენკე დახლთან ემსახურებოდა სტუმრებს, მელინა დარბაზში, ხოლო მე, ვერანდაზე ვიყავი გამწესებული და ვცდილობდი, წიგნაკში ჩაწერილი შეკვეთებიდან ყველაფერი მინიმალურ დროში მიმეტანა შესაბამის მაგიდასთან. ენკე, შიგადაშიგ ბოთლების შოუს კეთებით ირთობდა თავს. რამდენჯერმე დამიძახა კიდეც, შემომხედე რა პროფესიონალურად ვჟონგლიორობო, თუმცა იმდენად ვიყავი დაკავებული, მისი თვალიერებისთვის ყველაზე ნაკლებად მეცალა, ამიტომ, მხოლოდ Perfecto-ს ნიშანს ვაჩვენებდი ხელით და კვლავ ჩემს საქმეს ვუბრუნდებოდი
სამუშაო საათები საკმაოდ დიდხანს გაიწელა. ერთმანეთთან კონტაქტის დრო ფაქტობრივად არც გვქონია და ეს კიდევ უფრო ახანგრძლივებდა ხუთი საათის მოახლოებას. ჯაყელმაც შემოგვაკითხა რამდენჯერმე და რა თქმა უნდა, არც ნეგატიური მზერა დაუშურებია ჩემთვის. ეტყობოდა, არც ენკე მოსდიოდა თვალში მაინცდამაინც, თუმცა მელინას იმდენად თბილად ექცეოდა, უკვე იმაზეც დავიწყე ფიქრი, რომ ეს დამოკიდებულება, უბრალო თანამშრომლისადმი დამოკიდებულებაზე, გაცილებით მეტი იყო. რატომღაც, ამის წარმოდგენაც კი მაღიზიანებდა. თუ მელინას სხვა მოეწონებოდა, მის გარდა ხომ ათასობით გოგო იყო, ვისაც საკმაოდ მარტივად მივიღებდი მონდომების შემთხვევაში? რატომ ჩავიციკლე მაინცდამაინც მასზე? რატომ მიყინავდა ძარღვებში სისხლს მისი ჯაყელის გვერდით წარმოდგენა? იქნებ იმიტომ, რომ იმ ტიპს ვერ ვიტანდი და არ მსურდა გამარჯვებული დარჩენილიყო? შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი, თუმცა აღნიშნულ წამს ამაზე ფიქრი არ მინდოდა, ამიტომ, გონება არასასურველი ფიქრებისგან ბოლომდე გავათავისუფლე და გადავწყვიტე მთლიანად საქმეზე ვორიენტირებულიყავი. მომეჩვენა, რომ ასე დროც გაცილებით უფრო სწრაფად გადიოდა და აღარც მე ვიტვირთებოდი იმ ნეგატიური განცდებით, რომლებიც შინაგანად მაცოფებდნენ.
ბარში რომ ხალხის ნაკადი ნელ-ნელა შეთხელდა და საათმაც ნანატრი დრო უჩვენა, სახეზე ზუსტად ისეთივე კმაყოფილების ღიმილი მომადგა, როგორიც წინა ღამით, დაწესებულების ოფიციალურად დახურვისას.
ღამის ცვლის თანამშრომლებისთვის, ორი მინივენი იყო დაქირავებული, რათა თითოეული მათგანი სახლში წაეყვანა, თუმცა ჩემთვის ნახევრად უცხო ხალხთან ერთად ჯდომა ნამდვილად არ მსურდა. არც პარკინგზე დაყენებული ჩემი ველოსიპედის პედლების ტრიალის თავი მქონდა, წინა ღამისგან განსხვავებით, ამიტომ, გადავწყვიტე მელინასთვის მეთხოვა სახლში წაყვანა. ამ უკანასკნელს, საკმაოდ ჩვეულებრივი, ვერცხლისფერი მერსედესი ჰყავდა და სახლშიც მისი საშუალებით ბრუნდებოდა ხოლმე. მართალია, ენკემ საკუთარი ინიციატივით შემომთავაზა შინ ავტომობილით მიყვანა, თუმცა მასთან ერთად ყოფნას, აშკარად მელინასთან დროის გატარება მერჩივნა. თანაც, მთელი საღამო არ გვესაუბრა და ერთ მანქანაში მარტო დარჩენა, სხვა ყველაფერთან ერთად, ამის საშუალებასაც მომცემდა.
სანამ მელინა ჯერ კიდევ სასტუმროს გასახდელში იმყოფებოდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად, ამასობაში მე პარკინგზე გავედი და ჩემი ველოსიპედი მის მანქანასთან მივაგორიალე, რათა იგი საბარგულში ჩამედო, როგორც კი ავტომობილის პატრონი მას გააღებდა.
პერსონალისთვის განკუთვნილ ტრანსპორტში ჩასხდომა უკვე იწყებოდა. პირველ მინივენში House Keeping-ის თანამშრომლებმა დაიკავეს ადგილი და ყველაზე პირველიც, სწორედ ეს უკანასკნელი დაიძრა. დანარჩენ ორში, მიმტანები და მზარეულები გადანაწილდნენ. მელინაც სწორედ იმ დროს გამოჩნდა ჰორიზონტზე, როცა ბოლო მინივენი მოწყდა ადგილს. ტანზე მოკლე, ალუბლისფერი სარაფანი მოერგო, რომელიც მკერდთან ზომიერად იყო ამოჭრილი, თუმცა მაინც საკმაოდ მადისაღმძვრელს აჩენდა მისი სხეულის ამ ნაწილს და ვერც მე გამოვიჩინე საკმარისი ნებისყოფა, რათა თვალები სხვა მიმართულებით წამეღო.
მელინას თაფლისფერი, ტალღოვანი თმა ლამაზად ეფინებოდა მის თოვლივით თეთრ მხრებს და მსუბუქი ნიავის ფონზე ნაზად ირხეოდა. მაბრუებდა ეს გოგო. არ ვიცოდი რას მიკეთებდა ასეთს, თუმცა ფაქტი იყო უკვე ჭკუას მაკარგვინებდა მისი სურვილი და ისიც არ ვიცოდი, რა უნდა მომემოქმედა ჩემი ფიქრების ჯანდაბაში გასაგზავნად.
თავის მანქანასთან ჩემმა დანახვამ, ცოტა არ იყოს გააკვირვა. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ გამოუთქვამს. მხოლოდ ველოსიპედს მოავლო მზერა ახლოს მოსვლისას და მანქანა გასაღებზე თითის დაჭერით გააღო.
-რა მოხდა, ტრანსპორტში ადგილები გათავდა? -როგორც ყოველთვის, ახლაც შესაშურად მშვიდი იყო. მისი ეს თვისება, ყველაზე მეტად მიზიდავდა, თუმცა ამავდროულად, მაშინებდა კიდეც, რადგან ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანისადმი მხოლოდ მისი გარეგნული მხარე კი არა, პიროვნულობაც მხდიდა მიჯაჭვულს
-არა, არ გათავებულა -მივუგე ოდნავი ღიმილით -უბრალოდ, უცხო ხალხთან ჯდომა არ მიყვარს და რახან თითქმის ერთი გზა გვაქვს, ვიფიქრე წამიყვანდი
-მაგრამ ველოსიპედით ხარ
-ახლა ისე ვარ დაღლილი, ველოსიპედის პედლების ტრიალს მირჩევნია კაპოტზე გამობმული მიმათრიო სახლამდე
-შეიძლება იმსახურებ კიდეც ამას, თუმცა სადისტი არ ვარ -მერე ღრმად ამოიოხრა, საბარგული ღილაკზე თითის მიჭერით ასწია ზემით და კვლავ მე გამომხედა -მიდი, ჩადე შენი ველოსიპედი და დროულად ჩაჯექი, ძალიან მეძინება
-თუ ასე დაღლილი ხარ, შემიძლია საჭესთან მე დავჯდე
-ხუთი წუთის გზაზე არა მგონია ჩამომეძინოს -თქვა და როგორც კი დაინახა, რომ საბარგული დავხურე, მაშინვე დაიკავა ადგილი მესაჭის სავარძელში. აღარც მე დამიყოვნებია დიდხანს. იმდენად ვიყავი დაღლილი, სახლში წასვლა და გამოძინება უკვე ყველაფერს მერჩივნა დედამიწის ზურგზე, ამიტომ თავისუფალი სავარძელი თვალის დახამხამებაში შევავსე და უსაფრთხოების ღვედიც გადავიჭირე
-შეგვიძლია წავიდეთ
-სიჩქარის ხომ არ გეშინია, ძალიან ჩქარა დამყავს -გამომცდელად გამომხედა ამის თქმისას. დახურულ სივრცეში მისი კანისთვის დამახასიათებელ ქოქოსის სურნელს უფრო ცხადად ვგრძნობდი და დილანდელი ბრაზიც თითქოს ნელ-ნელა უჩინარდებოდა ჩემი გონებიდან
-არა, შენდა საბედნიეროდ არ მეშინია, შეგიძლია როგორც გინდა ისე ატარო
-კარგი, თუ ასეა, შემდეგში პრეტენზიები არ მიიღება
-პრეტენზიებს შევეშვათ და შენ ის მითხარი, დილით სასმელში რა ჩამიყარე? -ვკითხე, როგორც კი მანქანა პარკინგიდან გაიყვანა და სასტუმროს ტერიტორიას ოდნავ მოშორდა
მელინას გამომეტყველება არ შეცვლია, კვლავ ისეთივე სერიოზული სახით მომიგო :
-ჯობს, ეს საიდუმლოდ დავტოვო
-და ტუალეტში რატომღა დამაბი? მხოლოდ დაძინება არ კმაროდა?
-რა იყო, კაფელის ფერის არ მოგეწონა, თუ ჰაერის არომატიზატორის სუნმა მოგცა ალერგია?
-გაიძვერა ხარ -გამეცინა -თუმცა ადამიანი რომ შემოგხედავს, შენზე ამას ნამდვილად ვერ იფიქრებს
-როგორც შენ თქვი, საყვარელი გაიძვერა ვარ, არა? -მეტად სერიოზული მზერით შემომანათა თავის მელნისფერი თვალები
-მე ისიც ვთქვი, რომ ჩემად გაქცევდი
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს
-ნახავ თუ ეს ოცნება რეალობად არ ვაქციო -მუქარის ტონით მივუგე და სავარძლის შუაში ჩამონტაჟებული პატარა სათავსოდან, ბორკილები ავიღე -ეს რა არის?
მელინამ მხოლოდ წამით გამომხედა, მერე კი კვლავ გზას შეხედა. მართლაც რომ შესაშური სისწრაფით მიდიოდა, თუმცა ჩქარა სიარულს შეჩვეულს, ეს ოდნავ დისკომფორტსაც კი არ მიქმნიდა.
-მანქანა ჩემი არ არის, რამდენიმე დღის წინ ვიქირავე. ნამდვილი მფლობელი პოლიციელია და ეგ ბორკილებიც მას დარჩა
-გასაგებია. დაბრუნებას არ აპირებ? -ვთქვი, თან ბორკილის ერთი მხარე მაჯაზე შემოვისალტე, ხოლო მეორე კი მანქანის ჭერზე მიმაგრებულ ხელის მოსაკიდებელს გავუკეთე და სავარძლის საზურგეს მივეყრდენი
-დასვენების დღე რომ მექნება დავუბრუნებ -მერე ჩემს ჭერიდან ჩამოშვებულ ხელს დააკვირდა და ბაგეები ღიმილმა გაუპო
-რა მოხდა, რატომ იცინი?
-შენ რა, ბორკილი ჩაკეტე?-კითხვითვე უპასუხა ჩემს შეკითხვას
-ჰო, მერე? -გვერდულად გავხედე -მოიცა, მოიცა, არ თქვა, რომ იმ პოლიციელს მხოლოდ ბორკილები დარჩა და გასაღები არა
-ზუსტად ამის თქმას ვაპირებდი -კვლავ იცინოდა მელინა, მე კი ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, თუ რაოდენ სულელურ მდგომარეობაში ჩავაგდე საკუთარი თავი ამ დაუფიქრებელი საქციელით
-ჯანდაბა, ახლა რა უნდა გავაკეთო? -ჭერიდან ჩამოშვებულ, მიბმულ ხელს დავეჯაჯგურე, თუმცა რა თქმა უნდა, ბორკილის გახსნა ასეთი გზით შეუძლებელი იყო და მალევე გავჩერდი
-ახლა ვერაფერს გავაკეთებთ, ამიტომ მე პირდაპირ სახლში წავალ და დავიძინებ
-მოიცა, მოიცა, მე ამ მანქანაში უნდა დამტოვო დაბმული ზოოპარკის ვეფხვივით?
-სხვა ალტერნატივა გვაქვს? -ალმაცერად გამომხედა, თან ცალი წარბი მაღლა ასწია
-არ ვიცი, შეგვიძლია ახლავე წავიდეთ იმ პოლიციელთან, ვისგანაც მანქანა იქირავე და გასაღები გამოართვი, მე აქ დარჩენას არ ვაპირებ
მელინამ ერთი შემომხედა და თავი მაშინვე გადააქნია.
-ვწუხვარ, მაგრამ დილის ხუთ საათზე მსგავსი მიზეზის გამო ვერავის ვესტუმრები . . . ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც თუ ისე ზრდილობიანი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან
-ახლა ზრდილობის ნორმები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს -კვლავ დავეჯაჯგურე ჩემს დაბმულ ხელს, თუმცა რა თქმა უნდა, უშედეგოდ -საშინლად ვარ დაღლილი და გათენებამდე მანქანაში ჯდომას, თანაც მარტო, ნამდვილად არ ვაპირებ
მიუხედავად ჩემი კატეგორიული ტონისა, მელინაზე ამ სიტყვებს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია. დავინახე, თუ როგორ გასცდა იმ ჩიხს, რომელიც ჩემი სახლისკენ მიდიოდა და პირდაპირ შინისკენ აიღო გეზი. ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი თავის ლოგინში დაიძინებდა, რბილ ბალიშებთან ერთად, მე კი ამ სავარძელში მომიწევდა ჯდომა, მანამ, სანამ ვინმე ბორკილს არ გამიხსნიდა და ტყვეობიდან არ გამათავისუფლებდა
-მელინა, სერიოზულად გეუბნები, რამე მოიფიქრე და აქ არ დამტოვო
-მაპატიე, მაგრამ მაგაზე იქამდე უნდა გეფიქრა, სანამ ხელბორკილებით თამაშს გადაწყვეტდი
-საიდან უნდა მცოდნოდა, რომ გასაღებიც არ დარჩენია იმ პოლიციელს?
-შეიძლება არ გცოდნოდა, მაგრამ უნდა გევარაუდა მაინც
-მე, ასეთ სიტუაციაში მარტო არ დაგტოვებდი
-სწორედ ამიტომ ხარ შენ ნიკა და მე, მელინა, რომ ერთნაირ სიტუაციებში, სხვადასხვაგვარად ვიქცევით ხოლმე -კვლავ ისე მომიგო, ჩემთვის არც შემოუხედავს და თავის სახლისკენ მიმავალ ჩიხში გადაუხვია. სიჩქარე ოდნავ შენელებული ჰქონდა, რადგან გზაზე უპატრონო კატები დარბოდნენ და სავარაუდოდ, არ სურდა მათთვის გადაევლო
-ჯანდაბა, ეს რა დღეში ვარ -გაღიზიანებულმა, კეფაზე თავისუფალი ხელი მოვისვი და ღრმად ამოვისუნთქე -დილიდან მოყოლებული დაბმული ვარ, ალბათ დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი
-შემდეგში ყურადღება მიაქციე ხოლმე რომელი ფეხით დგები
-მგონი უკვე შენს სახლთან ვართ
-ვიცი -თვალი ღიმილით ჩამიკრა და კიდევ უფრო შეანელა სვლა, რადგან მანქანა პარკინგზე უნდა დაეყენებინა
რაც იყო, იყო. მივხვდი თხოვნით ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ, რამდენიმე საათით უნდა ამეტანა ტყვეობაში ყოფნა, შემდეგ კი, მელინა სავარაუდოდ იმ პოლიციელთან წამიყვანდა და ამ წყეული ბორკილებისგანაც გამათავისუფლებდა.
მანქანა სახლთან ახლოს, დაახლოებით ათიოდე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა. მელინამ გასაღების ასხმა გამოაძრო და ჩამოწეული საქარე მინა კვლავ ზემოთ ასწია. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიხედა ჩემკენ, თან რაღაც ღილაკზე თითის დაჭერით, სავარძელი ოდნავ დამიდაბლა.
-აი, ასე უფრო კომფორტულად იქნები. შეიძლება დაგეძინოს კიდეც
-არ ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში ძილი მომერევა, თუმცა მაინც გმადლობ გულისხმიერებისთვის -ზედმეტად დიდი ირონიით წარმოვთქვი ბოლო სიტყვა
-ცდილობ დანაშაულის გრძნობა გამიღვიძო, არა?
-არ გამომდის?
მელინამ თავი გადააქნია და წამით თვალები დახუჭა. ამ ჟესტით მივხვდი, რომ მასაც არ აძლევდა სინდისი საშუალებას ასე უბრალოდ მივეტოვებინე და ამაზე გულში გამეღიმა კიდეც. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი ამ ადამიანთან, მით უფრო მიზიდავდა მისი პიროვნულობა. თითქოს მცირედი დეტალითაც კი არ ჰგავდა მათ, ვისთანაც ადრე მქონია ურთიერთობა და ეს ერთიორად სახიფათოს მხდიდა მისთვის, რადგან ვგრძნობდი, რომ სანამ ჩემი არ გახდებოდა, მანამ თავს ვერ დავანებებდი.
-რაც გაგიცანი, მას შემდეგ პრობლემებს მიქმნი -სალონში გამეფებული სიჩუმე, მელინას ოხვრით ნათქვამმა სიტყვებმა დაარღვია -ახლა გული მკარნახობს, რომ ბალიშები მოვიტანო და მეც აქ დავრჩე, გონება კი მხოლოდ ყველაფრის ფეხებზე დაკიდებას და საწოლში ჩაწოლას მირჩევს
-თუ არაკომფორტულად იქნები და ძილს ვერ შეძლებ, შეგიძლია კვლავ სახლში დაბრუნდე, არც მე მინდა ჩემს გამო გამოუძინებელი მიხვიდე სამსახურში
-მგონი, უკანა სავარძელზე დაძინება უნდა შევძლო -ამის თქმისას, მანქანის კარი სწრაფად გამოაღო და გარეთ გადასვლამდე კიდევ ერთხელ შემომხედა -წავალ, ბალიშებს მოვიტან
-შეგიძლია ჩემთვის ერთი ბოთლი წყალიც წამოიღო?
-მაცივრის გირჩევნია თუ ოთახის ტემპერატურის?
-რა თქმა უნდა მაცივრის, ოღონდ თავსახური შენ უნდა მომიხსნა, მე ერთი ხელი პარალიზებული მაქვს -თვალებით ვანიშნე ჩემს ბორკილშემოხვეულ მაჯაზე
მელინას აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ, ჩემს მდგომარეობაზე გაეცინა და ავტომობილიდან გადავიდა. ქოქოსის არომატი, თითქოს წამებში გაქრა. არ მესიამოვნა მისი წასვლა, ამიტომ სახლისკენ მიმავალს თვალი გავაყოლე. ქარი კვლავ ნაზად უფრიალებდა თაფლისფერ თმას, ხოლო ზურგზე ამოღებული ალუბლისფერი კაბა, საკმაოდ მიმზიდველად გამოკვეთდა მისი სხეულის ფორმებს. იმდენად ბუნებრივი და ნაზი იყო, მიკვირდა კიდეც როგორ ვიკავებდი თავს მასთან, თუმცა მიხაროდა, რომ ეს გამომდიოდა. სიამოვნების გახანგრძლივება, ერთის მხრივ ჩემთვისაც აზარტული იყო. გრძელი ფინიშის ხაზის ბოლოს, გამარჯვების გემო უფრო ტკბილი მომეჩვენებოდა და მეც, სწორედ ამ მომენტს ველოდი ნეტარებით.
მელინას დიდხანს არ დაუგვიანია. მანქანიდან გადასვლიდან ზუსტად ხუთ წუთში გამოჩნდა ორი მოზრდილი ბალიშით ხელში. ამჯერად ალუბლისფერი კაბა გაეხადა და ჩვეული სტილით -თავისზე ორჯერ დიდი მაისურითა და ზედის შესაბამისი, მოკლე შორტით მოემართებოდა. ალბათ ჩათვალა, რომ ის კაბა ძალზედ გამომწვევად ითვლებოდა ასეთი ინტიმური გარემოსთვის და გადაწყვიტა იგი სხვა რამით ჩაენაცვლებინა. ვერაფერს ვიტყოდი, საკმაოდ ლოგიკური სვლა იყო მისი მხრიდან, თუმცა იმ ალუბლისფერ კაბაზე რომ გული დამწყდა, ამას ვერსად გავექცეოდი.
-აი, აიღე -როგორც კი კარი გააღო, ორი ბალიშიდან ერთ-ერთი მე გამომიწოდა, თან გახსნილი ბოთლიც მომცა, საიდანაც მაშინვე მოვსვი ერთი ყლუპი წყალი
-გმადლობ
-არაფრის -მომიგო, მერე კი, როგორც თქვა, უკანა სავარძელზე დაიწყო პირადი კუთხის მოწყობა სახეზე ეტყობოდა, ძალიან იყო დაღლილი და პირდაპირ დაძინებას აპირებდა. არც მე ვიყავი ნაკლებ დღეში. იქნებ, მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, მაინც მომეხერხებინა ცოტა ხნით თვალის მოხუჭვა?
ამით დაიმედებულმა, სავარძელი უფრო მეტად დავადაბლე, ბალიში მოხერხებულად განვათავსე სავარძელზე და მასზე თავის დადების შემდეგ, პირდაპირ მელინას შევხედე. მას უკვე თვალები დაეხუჭა, ბალიშზე ხელები პატარა ბავშვივით შემოეხვია და ძილბურანისკენ მიმავალ გზას ადგა.
-მელინა -დავუძახე ისე ხმადაბლა, რომ ჩემი ხმა სალონში ძლივსძლივობით გაისმა
-ჰოო
-რაღაც დაგავიწყდა
-მაინც რა? -დაღლილი ხმით ამოთქვა -ძილისპირული უნდა მემღერა შენთვის?
-არა, ძილინებისა უნდა გესურვებინა
ჩემს სიტყვებზე, ოდნავი ღიმილი მოადგა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ამოთქვა :
-ძილინებისა, თავის ტკივილო
-ტკბილი სიზმრები, ბამბის თოჯინა -კვლავ მასზე მიშტერებულმა მივუგე და ნელ-ნელა ვიგრძენი როგორ მეხუჭებოდა თვალები. როგორც ჩანს „პარალიზებული“ ხელი, ჩემს დაღლილობისგან გამოფიტულ სხეულს, დაძინებაში ხელს მაინც ვერ შეუშლიდა . . .



№1  offline წევრი L.eli13

ძალიან საყვარლები არიან.მომწონს მელინას პიროვნება.ნიკოლოზი და ენკე კარგები არიან ერთად,იმედია მეგობრობას განაგრძობენ.

 


№2 სტუმარი ღამის სტუმარი

სადა ხარ მომექცა თვალები:):):).უყურე შენ ნიკოლოზს როგორ სხვა პიროვნება მოგვევლინა:):):).დიდხანს ნუ გვალოდინებ მკითხველს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგია რაღაც განსხვავებული ძალიან მომეწობა

 


№4  offline მოდერი აირ ისი

L.eli13
ძალიან საყვარლები არიან.მომწონს მელინას პიროვნება.ნიკოლოზი და ენკე კარგები არიან ერთად,იმედია მეგობრობას განაგრძობენ.

ღამის სტუმარი
სადა ხარ მომექცა თვალები:):):).უყურე შენ ნიკოლოზს როგორ სხვა პიროვნება მოგვევლინა:):):).დიდხანს ნუ გვალოდინებ მკითხველს

სტუმარი ნესტანი
კარგია რაღაც განსხვავებული ძალიან მომეწობა



ვეცდები დიდხანს არ გავწელო ხოლმე მოლოდინი kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent