შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარაფებზე მოსიარულე (10)

4-10-2020, 07:34
ნანახია 1 141

***
ვივიენისთვის მიცემული სიტყვა სარამ პირნათლად შეასრულა. ლინდასთან ურთიერთობა დაალაგა, დირექტორსაც დაელაპარაკა და ყველაფერმა ჩვეული რეჟიმით გააგრძელა არსებობა. მშვიდი ატმოსფერო სუფევდა პირად ცხოვრებაშიც, თუ არ ჩავთვლით ბოლო დროს უჩვეულო შინაგან არეულობას და შფოთვას, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. ეს მდგომარეობა ხან გადაღლილობას დააბრალა, ხან მარტოობის განცდას და მაქსიმალურად ცდილობდა, თავი ხანმოკლე გასართობებით შეექცია, მაგრამ არაფერი შველოდა.
ერთ საღამოს, ჰასიდების უბანში გავლა და მონატრებულ ქუჩებში ხეტიალი მოინდომა. დადიოდა უილიამსბურგის ქუჩებში, ყურადღებით ათვალიერებდა მაღაზიებს, რესტორნებს, საცხობებს, სკოლის შენობებს, სახლებს და სევდა ნისლად აწვებოდა თვალებზე.
-რა იქნება, სადმე შვილებს, დედ-მამას და ძმებს გადავეყარო,- ფიქრობდა და მათთან ერთად გატარებულ ბედნიერ წუთებს იხსენებდა.
დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ფეხებში ტკივილი იგრძნო, გაჩერდა და ცას ახედა. ერთბაშად მოსული აზრები ნატვრად გააერთიანა და ზეცაში გაგზავნა. ვინ მოსთვლის, რამდენი რამ ჩაატია უხილავ აბსტრაქციაში, რომელიც უბნის დატოვების დღიდან ყელზე მარყუჟივით უჭერდა. სამწუხაროდ, ეს იყო საზღაური მისი თავისუფლებისა...
სახლში წასვლას არ ჩქარობდა, ფეხს ითრევდა და დროს წელავდა. არ უყვარდა გაციებულ კედლებში ყოფნა, რომლებიც ესთერისა და იაკობის წასვლის მერე ვერაფრით გაეთბო. ალბათ, კიდევ იდგებოდა ნაცნობი უბნის ნოსტალგიით შეპყრობილი და იქიდან წასვლას არ იჩქარებდა, რომ არა დედამისის ზარი, რომელმაც ფიქრებში წასული შეაფხიზლა. სახლის ტელეფონის ნომერი მაშინვე იცნო და გაუკვირდა. იცოდა, სერიოზული მიზეზის გარეშე არ დაურეკავდნენ. ერთ წამში რა აღარ გაივლო გონებაში. ტვინიდან წამოსულმა შიშმა ხერხემალში ჩააღწია და წამებში მთელ სხეულს მოედო. ეკრანს თითი გადაუსვა და ძლივს უპასუხა. ქალს არც მოუკითხავს. მაშინვე ძირითად სალაპარაკო თემაზე გადავიდა და ესთერის საავადმყოფოში გადაყვანის ამბავი შეატყობინა.
-ბავშვი ეზოში თამაშის დროს ველოსიპედიდან გადავარდა, დაეცა და თვალი დაიშავა. საავადმყოფოში ვართ, ექიმებს საოპერაციოში ჰყავთ შეყვანილი და ყველა ღონეს მიმართავენ, რომ მხედველობა შეუნარჩუნდეს. ბევრს ტირის, გახსენებს. მეტი არ ვიცი, რა ვთქვა.
სარას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, მთელი სხეული აუკანკალდა და ქოშინი აუვარდა. შემდეგ მუხლებზედაცემულმა ხელში აიღო და საუბარი გააგრძელა, -მითხარი, რომელ საავადმყოფოში ხართ?
დედამისმა არ დაუმალა და მისამართი უკარნახა.
თავზარდაცემული სარა ადგილს შურდულივით მოწყდა.

***
საავადმყოფოს დერეფნები ქარიშხალივით გადაიარა და გულამოვარდნილი ჩამოდგა ყოფილ ოჯახის წევრებთან. ნეითანმა ერთხელ გახედა და სხვაგან გადაინაცვლა, არაფერი უთქვამს. სარა დედამისს მიუბრუნდა და ყველაფერი გამოჰკითხა. ვითარება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა- ბავშვს ბადურა ჰქონდა აღსადგენი და ამ საშინელებას თავის ტვინის მცირედი ტრავმული დაზიანებაც ერთვოდა. ახლა ყველაფერი ექიმების პროფესიონალიზმზე იყო დამოკიდებული.
დრო საშინლად იწელებოდა. სარა შინაგანად იშლებოდა და ფიტულს ემსგავსებოდა. ვერც შეამჩნია, როგორ თანდათან შემოეცალნენ მასთან ახლოს მდგომები და ნეითანისკენ გადაინაცვლეს. გონს რომ მოვიდა, ყველას ერთად გააწვდინა თვალი და სიმწრისგან ჩაეცინა.
იდგა მარტოდ და სიცარიელე უფრო დიდი ეჩვენებოდა, ვიდრე არასდროს. მასში შემოჭრილი ახალი ტკივილი ბასრი დანასავით უსერავდა ასჯერ დადაგულ გულს.
საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა კარგი ამბავი გამოიტანა. მხედველობა აუცილებლად შეუნარჩუნდება, თუმცა საჭირო გახდება განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაო. მეორე ოპერაციას ვინ ჩიოდა? ბავშვის კარგად ყოფნისთვის გამჩენს მადლობას სწირავდნენ.
სარამ შვებით ამოისუნთქა. ექიმს სალაპარაკოდ ჩამოუდგა და ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ მის წინ კითხვების კასკადი აღმართა. დამაიმედებელი პასუხები რომ მიიღო და მკურნალობის გაგრძელების სხვა დეტალებიც მოისმინა, ადამიანის სახე დაიბრუნა.

***
-შვილთან უნდა შევიდე!- პირდაპირ მიახალა სათქმელი ნეითანს და პალატაში გადაყვანილი ბავშვისკენ გაიწია.
ნეითანმა თავი გააქნია:
-ვერ შეგიშვებ!
-რატომ?!- ხმა გაიმკაცრა ქალმა.
-ესთერს ის ტკივილიც ეყოფა, რასაც განიცდის. საკმარისია! ნუღარ დაუმატებ.
-მე ის მკითხულობდა. არ გაქვს უფლება, მასთან შესვლა დამიშალო.
-მაქვს.
-ვერ შემაჩერებ!-გვერდი აუქცია და კარების სახელური დასწია.
ნეითანმა კარი დახურა და ცივად უთხრა:
-წადი! ის კარგად არის. მე ვიზრუნებ მის გამოჯანმრთელებაზე. აქ არაფერი გესაქმება.
სარას სხეული გაუხურდა და თვალები ცრემლით აევსო:
-მესმის, ჩემზე გაბრაზებული ხარ, ნეითან და სამაგიეროს მიხდი. მაპატიე, თუ რამე გაწყენინე და გული გატკინე. მერწმუნე, ტყუილში ცხოვრებას ასე სჯობდა. ვიცი, ახლა ამის სალაპარაკო დრო არ არის, მაგრამ მე არასოდეს ვეკუთვნოდი ჰასიდებს. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ვინც მეძვირფასებოდა, დღეს არავინ გვერდში აღარ მყავს. გგონია, ეს იოლი ასატანია? ამას გარდა, შენ არ ხარ დედა და ვერ გამიგებ რას განვიცდი შვილების გარეშე გატარებული თითოეული დღისთვის. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ მიჭირს მათ რომ ვერ ვხედავ და ვეღარ ვეხები. ახლა ან შემიშვებ ჩემს გოგონასთან, ან მომკლავ. მხოლოდ ასე თუ შემაჩერებ.
ნეითანს სარას სიტყვებმა გული ვერ მოულბო, მაინც არ უნდოდა, ბავშვის სანახავად შეეშვა. ბოლოს საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა და ესთერის გამო გვერდზე გადგა.
სარა პალატაში შევიდა და შვილის საწოლს მიუახლოვდა. ბავშვს ცალ თვალზე სახვევი ჰქონდა, მეორეს სუსტად ახამხამებდა. როგორც კი დედა დაინახა, დაღლილი სახე ღიმილმა გაუპო და დაბალ ხმაზე წარმოთქვა:
-დედიკო, გელოდებოდი.
-აქ ვარ, პატარავ, - შუბლზე და ლოყაზე ცხელი ტუჩები დაადო და სათითაოდ დაუკოცნა ხელის თითები.
-თვალი მეტკინა.
-ვიცი, სიხარულო. ხომ არ შეშინდი?
-სისხლი რომ დავინახე, ძალიან შემეშინდა.
-იცი, როგორი კარგი და კეთილი ექიმები გყავს? გიმკურნალებენ, ტკივილებს მოგიხსნიან და მალე სახლში წაგიყვანთ.
-დედააა.
-რაო, საყვარელო?
-ამ თვალიდან ვერაფერს ვხედავ,- თითი სახვევთან მიიტანა.
-ნუ გეშინია. ავად გახდა შენი ცქრიალა თვალი და ცოტა დაველოდოთ, კარგად გახდება და ისევ დაინახავ. გახსოვს თოჯინა კრისტი? ისიც ბევრჯერ გაგვიხდა ავად, მაგრამ ვუმკურნალეთ, მოვუარეთ და ფეხზე დავაყენეთ. ასე იქნება შენს შემთხვევაშიც.
-დედააა.
-ჰო, ჩემო ჭრიჭინავ.
-ჩემთან დარჩი.
-შენთან ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ.
ბავშვმა თვალი მილულა. შემდეგ რაღაც გაახსენდა და თავი შეიფხიზლა:
-დედააა.
-გისმენ, ესთერ.
-კურდღელი დეიზი სად არის?
ქალმა ირგვლივ მიმოიხედა და ბავშვის საყვარელ სათამაშო რომ ვერსად ნახა, დაამშვიდა:
-კურდღელი დეიზი სტაფილოს საყიდლად გაიქცა. იყიდის, შეახრამუნებს და შენთან გამოიქცევა.
-მალე მოვა?
-სანამ შენ გამოიძინებ, გპირდები, ქალბატონ დეიზის პალატაში მოვაბრძანებ და თვალს როცა გაახელ, საწოლზე წამოსკუპებული დაგხვდება.
გოგონას სუსტად გაეცინა და თვალი დახუჭა. ცოტა ხანში, ძილმა წაიღო.
სარამ შვილს საწოლის თეთრეული შეუსწორა და ჩაძინებულს თითებით მიუალერსა. ესთერის წარმოთქმული „დედააა“ ისევ ცხადად ჩაესმოდა ყურებში და ცრემლებს ძლივს იკავებდა. რამდენ რამეს დასთმობდა, რომ ეს სანატრელი „დედააა“ კიდევ ბევრჯერ გაეგონა.

***
სარას მხოლოდ იმ დღეს არ მოუხდა ნეითანთან შეჭიდება. ყოველი მისვლა და ესთერის პალატაში შესვლა ნერვების ფასად უჯდებოდა, მაგრამ პოზიციებს მაინც არ თმობდა, შეუძლებელსაც ხელს აწერდა და შვილისთვის მიცემულ დაპირებას ყოველ მიზეზგარეშე ასრულებდა.
პალატაში ყოფნის დრო რომ ეწურებოდა, გაშმაგებული ნეითანი მის გასაძევებლად ოთახში შედიოდა, მაგრამ როგორც კი მოსიყვარულე დედა-შვილს თავზე წამოადგებოდა, უკან იხევდა.

***
მეორე ოპერაციაც წარმატებით დასრულდა და გამოჯანმრთელება წინ სწრაფი ტემპით მიიწევდა. სარა კვლავ განაგრძობდა საავადმყოფოში სიარულს და სახეგაბრწყინებული შვილის ყურება მთელ სიცოცხლედ უღირდა.
საბოლოოდ ყოფილი მეუღლის საქციელებით შეწუხებულმა ნეითანმა პალატიდან გამოსული შეაჩერა და სერიოზული სახით გამოუცხადა:
-თუ ბავშვებთან ყოფნა გინდოდა, სხვანაირად მოიქცეოდი. ესთერს ისევ თავს აჩვევ. ვერც კი ხვდები, ამით უფრო გაუჭირდება უშენობა და უარეს დღეში აღმოჩნდება. ჩემიც უნდა გესმოდეს. უკვე ნამეტანი მოგდის და თემიც ღიზიანდება. ნუ სარგებლობ იმ ფაქტით, რომ შვილის გულისთვის ბევრ რამეზე ვხუჭავ თვალს. კარგად იცი, თუ მოვინდომე, სამართალდამცავების ძალით, ნერვის შეურხევლად შემიძლია, საავადმყოფო დაგატოვებინო. ასე, რომ აქედან მიბრძანდი და მეორეჯერ აქ ფეხმოდგმული არ გნახო!
-რატომ მიგვიყვანე ამ მდგომარეობამდე შვილები და მე, ნეითან? შეგეძლო, საქმე ისე წაგემართა სასამართლოში, ერთმანეთის ნახვის უფლება მაინც გვქონოდა.
-არავის ახსნა-განმარტება არ გჭირდება, რომ ჩვენი რელიგია ვერასოდეს შეირწყავს ცვლილებებს. ბავშვებს გონებას უწამლავდი, არარელიგიურად ზრდიდი და შენი ჯიუტი ხასიათის წყალობით, სამარცხვინოდ იქცეოდი.
-უღირსი ადამიანი გამოგყავარ. არადა, ასე არ არის.
-ზედმეტს ნუღარ მალაპარაკებ! დროა გააცნობიერო, რომ დედა აღარ გქვია! - მამაკაცმა აგდებულად უთხრა და მის მიმართ ზიზღი მოერია.
სარა სიბრაზისგან წამოწითლდა და მაქსიმალურად სცადა, წყობიდან არ გამოსულიყო:
-მოვა დრო და დედის სტატუსს დავიბრუნებ. ეს სიტყვები დაიმახსოვრე!
-როგორც შენ ბრძანებ.
ქალი სალაპარაკოდ აღარ გაუჩერდა და გულნატკენმა დატოვა იქაურობა.
იმ დღის შემდეგ საავადმყოფოში არ მისულა, დედისგან იგებდა სიახლეებს და დროებით ამ სიტუაციას სჯერდებოდა.
ესთერი საავადმყოფოდან მალე გამოწერეს.
დედამისისგან მიღებული ზარები მაშინვე შეწყდა და თემიდან მოკვეთილი სარას ცხოვრება უწინდებურად გაგრძელდა.
ესთერისა და სარას დროებით აღდგენილმა ურთიერთობამ თავის ნაყოფი გამოიღო და დედის გრძნობებად დანთხეულმა ფერებმა ტილოზე მორიგი შედევრი შექმნეს. ცის თაღებზე ჩამოკიდებულ ჰამაკზე უზარმაზარი ზღვის ნიჟარიდან გადმოსული დედა-შვილი ჰაეროვან, ვარდისფერ კაბებში გამოწყობილი ჩამჯდარიყვნენ და სანთელივით ჩაღვრილი სიყვარულით გამთბარ გარემოში ირწეოდნენ. ორივე მშვიდი იყო. გარშემო არსებული მზისფერი სამყაროც მათ ესალბუნებოდა.

***
-კომპანიამ, რომელსაც შენი ნამუშევრები ერთი თვის წინ გადავუგზავნე, თანხმობის წერილი გამომიგზავნა, სარა. საშუალება გეძლევა, ქალაქის ცნობილ გალერეაში, როგორიც დამბოს „Art Space Beneath Bridge”-ია, სხვა მხატვრებთან ერთად წარდგე და სამხატვრო კარიერაში სერიოზული ძვრები მოახდინო. გესმის ეს რას ნიშნავს?- გულაღტყინებულმა ანამ თავის მეგობარს ახალი ამბავი აცნობა.
-მოიცა, ვერაფერი გავიგე. კარგად ამიხსენი.
-რა ვერ გაიგე? დღეს ბრუკლინის გალერეა, ხვალ მანჰეტენის, ზეგ მაიამის, მაზეგ სან-ფრანცისკოსი. ასე მოედები და დაიპყრობ მთელ ამერიკას.
-დაწყნარდი და გამაგებინე, რა ხდება?
-ორ კვირაში მე და შენ ჩვენი ნამუშევრებით სხვადასხვა მხატვრებთან ერთად ერთ საგამოფენო სივრცეში წარვდგებით.
სარას სიხარულისგან სახე გაებადრა და გულმა გამალებული ფეთქვა დაუწყო:
-დაუჯერებელია.
-უნდა დაიჯერო! ოცნებები ხდება, მეგობარო.
-შემახსენე, როდის არის გამოფენა?
-სამ კვირაში.
-მოსამზადებელი დრო საკმარისად გვაქვს. ეს ის არის, რისთვისაც დაიბადე, სარა. შენი სიტყვის სათქმელად ყველაფერი უნდა გააკეთო.
-არ ვარ უარს, ანა, თუმცა ვაღიარებ, ადვილი არ იქნება ამდენი ხელოვნების მოყვარულის წინაშე წარვდგე.
-ვერ წარმოიდგენ, როდესაც შენი ნამუშევრებით აღფრთოვანებული მნახველი მათ წინ დგას, აკვირდება, ფიქრობს და იქ აღბეჭდილს ითავისებს, როგორი სასიამოვნო პროცესია.
-შენთვის კი, მიჩვეული ხარ, მაგრამ მე?
-ერთი რამ დაიმახსოვრე, რაც არ უნდა კარგი ხელოვანი იყო, თუ აქტიურობა არ გამოავლინე, ვერავინ გაგიცნობს და შესაძლოა, შენზე ნაკლებად ნიჭიერი ადამიანის სახელით დაიჩრდილო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, ჩემო ძვირფასო, რომ დაუზარელი, მომნუსხველად შეფუთული მხატვრები წარმოჩინდებიან და შენ უმოქმედობის გამო დაიჩაგრები.
-მართალი ხარ.
დიალოგში შეჭრილმა ანამ მოულოდნელად სარას საწოლზე მოფენილ თარგებს, ქსოვილებს და ბისერებს მოჰკრა თვალი:
-არ მითხრა, რომ ამ თარგებით რაღაცას კერავ.
სარას ეშმაკურად ჩაეცინა.
-შენზეა ნათქვამი, ფუტკარივით შრომობსო. ამოუწურავი შესაძლებლობების პატრონი ხარ,- გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა ანას.
-ვნახოთ, რა გამოვა.
-არ ვიცოდი, თუ კერვა შეგეძლო.
-კერვაც ვიცი და ქარგვაც, ბებიამ მასწავლა.
ანა ძვირფას ქსოვილებს ხელით შეეხო და შეეტყო, ცნობისმოყვარეობამ წალეკა:
-აღარ იტყვი, რას კერავ?
-საღამოს კაბას.
-ღმერთო ჩემო, გული მიგრძნობს, მალე რაღაც სასწაულის მხილველი გავხდები.
-ეს თუ გამომივიდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. რაღაცას ვაპირებ, ოღონდ ნუ მკითხავ, რას. ცოტა შორეული გეგმაა და სულ ახლახან შევეჭიდე.
-გატყობ, რაც უფრო წვალობ და თავს ძალას ატან, მით უფრო უახლოვდები წარმატების მწვერვალს.
-ეს დასაწყისია. ვიმედოვნებ, გაგრძელება სარგებელს მომიტანს და კარგი მიმართულებებით წარიმართება.
-ეჭვიც არ მეპარება,- ანა თარგების ქექვას აგრძელებდა და სარკის წინ, შემოხვეული ქსოვილებით პოზიორობდა.
სარა შეჰყურებდა სარკის წინ მდგომ მეგობარს და მომავლიდან მობრძანებულ სტუმარს ამსგავსებდა. წარმოიდგინა მის კაბაში გამოწყობილ ერთ-ერთ კმაყოფილ კლიენტად და გულში დიდი გამარჯვებების იმედებს სახავდა.
სამი ძირითადი რამ ამოძრავებდა სარას - გეგმები, იმედები, გარჯა, რომლებიც ყოველწამს ერთმანეთში ეკვეთებოდნენ და მჭედელივით უჭედავდნენ მომავალს და სულიერ სიმშვიდეს. დროდადრო აფორიაქებაც სჩვეოდა, მაგრამ ისიც იცოდა სადამდე შეეტოპა. წარსულისგან მიღებული მწარე გაკვეთილები შეცდომების დაშვების საშუალებას არ აძლევდნენ.

***
ბავშვის ავად ყოფნამ, სამსახურმა, პირველი გამოფენისთვის მზადებამ და ღამის საათებში საღამოს კაბების შექმნაზე მუშაობამ თავის შედეგი გამოიღო და სარა ფიზიკურად ძალიან დასუსტდა. ანა და ვივიენი ექიმთან მისვლას აძალებდნენ. სამედიცინო პერსონალის კონსულტაციის გარეშე, თავადაც ხედავდა, რომ ძილი, დასვენება და კარგი კვება სჭირდებოდა, მაგრამ დატვირთული რეჟიმის პირობებში, ვერაფრით ახერხებდა საკუთარ თავზე ზრუნვას. არცერთი ეთმობოდა და მისი ძირითადი პრობლემაც ეს იყო.
რამდენჯერმე რომ ფეხები მოეკვეთა და დაეცა, საბოლოოდ შეშინდა, ღამისთევა ძილით ჩაანაცვლა და შეძლებისდაგვარად კვებასაც მიხედა.
ერთი კვირა დღე განტვირთვასაც დაუთმო და ვივიენის ცხენების მოსანახულებლად საჯინიბოსკენ გაეშურა. ტობი ძილ-ფხიზლობდა. მასთან მისული სარა მაშინვე იცნო. ქალმა ულაყს გრძელ კისერსა და განიერ მკერდზე მიეფერა. ცხენმა ყურები აცქვიტა და ფრთხვინვა დაიწყო.
-ბოდიში, ტობი. შენნაირ ცხენს ნელი სვლით სიარულს ვერ შევკადრებ. პატრონს დაელოდე და მასთან ერთად გაკაფე ტყით დაფარული, ლამაზი მაღლობები,- გაუღიმა და მარგალიტასკენ გადაინაცვლა.
თეთრი ცხენი გაყურსული იდგა და სარას შესცქეროდა.
-ვერ მიცანი?- ქალმა საუბარი გაუბა და ტობის მსგავსად, არც მას დააკლო ალერსი.
ცხენმა თითქოს იუცხოვა, მაგრამ როგორც კი კეთილგანწყობა იგრძნო, დაძაბულობა მოეხსნა. სარამ კარი გაუღო, ბაგიდან გაიყვანა, ზურგზე თექალთო დაადო, უნაგირი შეადგა, მოსართავები ამოუჭირა, საძუე და სამკერდული გაუმართა, პირში ლაგამი ამოსდო, აღვირი კისერზე გადაუდო, მერე ღია ტერიტორიაზე გაიყვანა, ზურგზე მოაჯდა და თოხარიკით შემოუყვა ხის ღობეს.
კონცენტრაცია მთლიანად ცხენზე გადაიტანა, მისმა მართვამ თავდაჯერებულობა შესძინა და ყოველდღიური ფიქრებისგან გათავისუფლდა. ცოტა ხანში გათამამდა კიდეც, ცხოველს ქუსლები შემოჰკრა და ის იყო, ნავარდობისთვის მოემზადა, როდესაც მისკენ მიმავალი ბრგე მამაკაცის ყვირილმა შეაკრთო.
-ნორმალური ხარ? რას აკეთებ?
სარამ სერიოზული სახით გახედა, ეგონა, ცხოველთან მიმართებაში რაღაცას არასწორად აკეთებდა.
-ახლავე ჩამოდი ცხენიდან!
-რატომ?
-როგორ თუ რატომ? ეს ჩემი ცხენია.
-ხუმრობ, არა?
-საერთოდ არ მეხუმრება.
-ეს შენი ცხენი კი არა, ვივიენ კარტერის საკუთრებაა. მისგან თანხმობა მაქვს მიღებული, როცა მომინდება, მოვიდე და მის ცხენებთან დრო დავყო.
-არა, მართლა არ ხარ ნორმალური,- რიხიანი ხმით უთხრა მამაკაცმა.
-შეურაცხყოფას მორჩი და დანარჩენი საჯინიბოს ადმინისტრაციასთან გაარკვიე.
-არ გრცხვენია, რომ იტყუები?
-კიდევ არ იშლი შენსას? აკი გითხარი, ადმინისტრაციასთან გაარკვიე-მეთქი?
-განა იმაშია საქმე, რომ ცხენს არ გათხოვებდი. ასე რომ თავხედობ და უაზრობას მიმტკიცებ, ეს მაგიჟებს.
სარას ნერვები მოეშალა და ცხენიდან ჩამოსვლა მოინდომა, თუმცა დაუხმარებლად გაუჭირდა და მიწაზე ზღართანი მოადინა.
-ჯანდაბა!- სიმწრისგან კოჭზე იტაცა ხელი და გაიზილა.
-კარგად ხარ?
-წადი რა, თავი დამანებე. რას შემიჩნდი?
-რა ჩემი ბრალია, თუ ცხენიდან წესიერად ჩამოსვლაც არ იცი?
-იქნებ მოკეტო?
-უზრდელიც ყოფილხარ, მაგრამ თუ გინდა, წამოდგომაში დაგეხმარები.
-არ მჭირდება,- გაწვდილი ხელი გააწევინა და ფეხზე ძლივს-ძლივობით წამოდგა.
-ნება შენია,- მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.
-დაგიმტკიცებ, რომ ეს ცხენი ვივიენ კარტერის არის და ბოდიშსაც მოგახდევინებ,-ქალი კოჭლობით და ტკივილებისგან შეწუხებული გაემართა საჯინიბოსკენ.
-ბოდიშს შენ მოიხდი! - უკან გაჰყვა მამაკაცი.
-მაგასაც დავინახავთ,- საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული ლაპარაკობდა სარა და მოულოდნელად გამოჩენილი, შარის ხასიათზე მოსული მამაკაცის მიმართ ბრაზს ვერაფრით იკავებდა.
საჯინიბოს ზედამხედველებმა აპილპილებულ სარას მშვიდად აუხსნეს, რომ ვივიენ კარტერის მარგალიტა ავად გამხდარიყო და დროებით ვეტექიმის ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. ასე რომც არ ყოფილიყო, მას თავის მუდმივი სადგომი აქვს და დღევანდელი ფაქტი სხვა არაფერია, გარდა იმისა, მისტერ სკოტის ცხენი მასში აგერიათო.
-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ცხენი ულაყია,- დასძინა კმაყოფილი იერით მომზირალმა სკოტმა.
-გაურკვევლობისთვის ბოდიშს ვიხდი,- სირცხვილით თქვა სარამ და ზედამხედველების ოთახიდან გავიდა.
მისტერ სკოტი სარას აედევნა:
-ვიღაც ცოტა ხნის წინ ჩემგან ბოდიშის მოხდას ელოდებოდა, თავად ცხენების სქესსაც ვერ არჩევს.
-შეწყვიტე!
-გასაგებია, რომ ჩემი ცხენიც თეთრია, მაგრამ...
-ხომ დაიბრუნე შენი ცხენი? ბოდიშიც მოვიხადე. რაღას მომყვები?
-შენი ვერ გაიტანე და ლამის არის, ბოღმისგან გასკდე. ყველაფერთან ერთად, ამპარტავანი ადამიანის ხასიათსაც ამჟღავნებ.
სარა გაჩერდა, თვალზე ცრემლმომდგარი ბალახზე ჩამოჯდა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
-ამპარტავანი კი არა, უბრალოდ არაფერში მიმართლებს.
-არ მეგონა, თუ ამ ცხენის გულისთვის ასე ატირდებოდი. თუ ეს არის მიზეზი, შემიძლია დაგითმო.
ქალმა სასწრაფოდ მოიწმინდა ცრემლი, გასიებულ კოჭს შეწუხებული სახით დახედა და თითები ნაზად შეახო.
-თუ გტკივა, არ მოგერიდოს, დაგეხმარები.
-გთხოვ, დამტოვო. უკვე ძალიან მაღიზიანებ,- ხმა გაიმკაცრა სარამ.
-მიუხედავად იმისა, მე უნდა გიწყრებოდე, ისე გამოგყავს ყველაფერი, თითქოს დამნაშავე ვიყო რამეში, - მამაკაცს მეტი აღარაფერი უთქვამს, ქალს გაეცალა და ცხენისკენ წავიდა. რამდენიმე წუთში მარგალიტას შესაკაზმი მიუტანა და დაემშვიდობა.

№1 სტუმარი სტუმარი nancho

სულ მიხარიახარ ქეთი,მაოცებ ,როგორი უშრეტი ხარ ყველა სფეროში,ყველა დეტალში იგრძნობა ცოდნა არსისა,ყველა ფრაზა რეალობას მამცნობს,საიდან იცი ის გრძნობა ,დედისა რომელსაც შვილები წაართვესს.გიმეორებ , გრძნობების და ემოციების ჯადოქარი ხარ.ვისურვებდი შენთან რეალურად ურთიერთობას და მსჯელობას,,წარმატებები,მეგობარო.

№2  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
სულ მიხარიახარ ქეთი,მაოცებ ,როგორი უშრეტი ხარ ყველა სფეროში,ყველა დეტალში იგრძნობა ცოდნა არსისა,ყველა ფრაზა რეალობას მამცნობს,საიდან იცი ის გრძნობა ,დედისა რომელსაც შვილები წაართვესს.გიმეორებ , გრძნობების და ემოციების ჯადოქარი ხარ.ვისურვებდი შენთან რეალურად ურთიერთობას და მსჯელობას,,წარმატებები,მეგობარო.

ნანჩო, შენი თითოეული სიტყვა რომ გულს მიხარებს და მეც სულ პოზიტივს გიგზავნი, ჯერ არ მითქვამს ხომ? ❤️
სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი სადმე, მყუდრო გარემოში შენთან ერთად და ფინჯან ჩაისთან და ნამცხვართან ერთად დაუსრულებლად ვისაუბრებდი ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№3 სტუმარი სტუმარი nancho

თუ არ გითქვამს ვგრძნობ,.ვიტოვებ იმედს მომავალში შეხვედრის.კარგი აღარ მოგაცდენ ,ისედაც ბევრი საფიქრალი და დრო გჭირდება,სარას დაუბრუნდი.

№4  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
თუ არ გითქვამს ვგრძნობ,.ვიტოვებ იმედს მომავალში შეხვედრის.კარგი აღარ მოგაცდენ ,ისედაც ბევრი საფიქრალი და დრო გჭირდება,სარას დაუბრუნდი.

მეც ამის იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, ერთმანეთს პირადად გავიცნობთ❤️
გულწრფელად გამიხარდება ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№5  offline წევრი Marita_G

არავინ იცის როგორ წარიმართება ბედისწერა...
ძალიან მაგარი მოთხრობაა და ველოდები შემდეგს ♡♡♡

№6  offline წევრი ვიპნი

მისტერ სკოტს კიდევ ვისურვებდი შემდეგ თავებში :)

№7  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

Marita_G
არავინ იცის როგორ წარიმართება ბედისწერა...
ძალიან მაგარი მოთხრობაა და ველოდები შემდეგს ♡♡♡

დიდი მადლობა ❤️

ვიპნი
მისტერ სკოტს კიდევ ვისურვებდი შემდეგ თავებში :)

გამოჩნდება :D
--------------------
When nothing goes right, go left!

№8 სტუმარი სტუმარი ნინო

ვააახ,ვაახხ რაო აბაა? რაღაც სიახლის სუნი მცემსოო..რა კარგი თავი იყოო,ვისიამოვნე მართლა :) სარა როგორ გაბრაზდაა.

№9  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ნინო
ვააახ,ვაახხ რაო აბაა? რაღაც სიახლის სუნი მცემსოო..რა კარგი თავი იყოო,ვისიამოვნე მართლა :) სარა როგორ გაბრაზდაა.

გაბრაზდებოდა, აბა, რა მოუვიდოდა? ძლივს მოიცალა საკუთარი თავისთვის და ცხენიდან ჩამოაგდეს :D
--------------------
When nothing goes right, go left!

№10  offline მოდერი guroo

ცხოვრება გრძელი, დროში გაწელილი დრამატურგიაა, რომელიც მანამდე არ წყვეტს ახალი და ახალი ქარიშხლების თავზე დატყდომას, სანამ სიცოცხლეს არ ამოხაპავ ღრმულში ჩამდგარი გუბესავით. ქარიშხლები კი, როგორც შენ თქვი, ახლიდან დაბადებას უყრიან საფუძველს. შესაძლოა სარა არ იაზრებს ამას, მაგრამ ქვეცნობიერად ნამდვილად გათავისებული აქვს, რომ დრამატურგია ნაწილებისგან შედგება, რომელთაგან ერთის ამოვარდნაც კი ყველაფერს აფუჭებს და ნაგავს ქმნის ცხოვრებისგან - უინტერესო ამბავს, დამყაყებულს. და რა საკვირველია, რომ მას არ სურს, მისი ცხოვრება საშინელება იყოს სხვა საშინელებების მსგავსად. კვლავ და კვლავ წარსულს უბრუნდება, ფესვებისკენ მიუწევს გული, საიდანც მისი ამბავი დაიწყო. დრამატურგია ჩამოიშლება, თუ სარა დაივიწყებს ყოველივე ამას, ანუ დასაწყისს. და თუ დრამატურგია არ ვარგა, მაშინ ცხოვრებაც უვარგისია და ქვეყნად არავის მოუნდება, რომ დაბადებიდან გარდაცვალებამდე მის არსებობას სრულიად აუტანელი ეპითეტი განსაზღვრავდეს და ეს უკანასკნელი არის: "ნაგავი".
იმის თქმა მინდა, რომ სატმართა თემი სარას ცხოვრების ნაწილია, მისი ფესვებია, საიდანაც ყლორტად ამოიზარდა, როდესაც ქარიშხალმა სულ პირველად გადაუარა და ახლიდან დაიბადა, რასაც კიდევ მოჰყვა უფრო ძლიერი, დაუნდობელი და გამანადგურებელი ქარიშხლები და ისევ უფრო მტკიცე, ლითონივით გამოწრთობილი გამოძვრა ოვალური სივრციდან, მისი ტრანსფორმაციების საშვილოსნოდან და ამასთან დაკავშირებით ისევ გავიმეორებ, რომ უძლიერესი მეტაფორა შექმენი.
ნებისმიერი ადამიანისთვის არსებობს ფესვები, რომელსაც ვერ სწყდება და იშვიათები ახერხებენ, რომ სარასავით სევდიანი, ტკივილიანი, წყენებით გაჯერებული კავშირი არ ჰქონდეთ მასთან, რადგან ფესვები, დაბდება - უკვე მტკივნეული დასაწყისია. და ჰო, სარა ვერასდროს ვერ მოიშორებს და უკუაგდებს გარემოს, საიდანაც მისი ცხოვრება, სიცოცხლის წლებზე ლურსმნული დამწერლობით ამოტვიფრული დრამატურგია, მიწაში ჩაგდებული თესლივით ღვივდება და ფესვის ფორმირებას იწყებს.
ვერასდროს გავიგებთ რა არის უფრო კარგი ან საინტერესო, თუ საგნებს, მოვლენებს, თვისებებსა და კიდევ უამრავ რამეს ერთმანეთს არ შევადარებთ. ამიტომაც წარმოვაჩინე სიცოცხლე იმ პროცესად, რომლის მიმდინარეობისას ღრმულში ჩამდგარი გუბე შრება. არა, ამოიხაპება-მეთქი, ასე ვთქვი წეღან. ნუ, რა მნიშვნელობა აქვს... ნებისმიერი ადამიანის გარშემო ტრიალებენ სხვა, "წუმპე-ადამიანები" და მათთან შედარებით შეიძლება ვუწოდოთ ჩვენს ცხოვრებას საინტერესო, ან ვერ ვუწოდოთ... უეჭველია და წყალი არ გაუვა იმას, რომ ლინდა წუმპე-ადამიანია!
მე არ გამოვრიცხავ, რომ მკითხველში ჰასიდებისადმი დამოკიდებულების დასაბალანსებლად მიიყვანე სარა თავის ძველ უბანში, რადგან არაჩვეულებრივად გესმის და გრძნობ, რაოდენ საპასუხისმგებლოა ამ ვიწრო ბილიკზე, მაღლობ ქარაფებს შორის გადაჭიმულ და ალმოდებულ ხიდზე, გადარბენა. დიახ, გადარბენა და არა სხვა მოქმედება! იმიტომ, რომ ასეთ რაღაცებთან ხანგრძლივი თამაში აუცილებლად გამოიწვევს შეუქცევად პროცესებს.
ახლა რაც შეეხება სარას ძვირფას დედიკოს, რომელმაც თავის დზროზე, ალბათ, რელიგიური მოწიწებით შვა პატარა, იმთავითვე მეამბოხე ჩვილი, ძალიან ბევრს და ხმამაღლა რომ ტიროდა და მე მჯერა, რომ ღმერთისადმი მორჩილების პარარლელურად დედობრივი სიყვარულიც უჩქეფდა სისხლთან ერთად ვენებსა და კაპილარებში, ამ თავში ძალიან საზიზღრად გამოჩნდა. აი, სადღაც რომ რეკავ და უცებ ისმის უცნობის ხმა, რომელიც ჩანაწერია და იმას სულ აინტერესებს შენ როგორ უსმენ ამ ყველაფერს, მთავარია ინფორმაცია მშრალად მოგაწოდოს და იტლიკინოს რაც სათქმელი აქვს და ყოველმხრივ გამორიცხულია, რომ მასთან ინტერაქციაში შეხვიდე, ანუ შენ მხოლოდ მსმენელი ხარ, ყურმილთან აწურული და უუფლებო, რომელსაც გიყვებიან რაღაცას და ეს რაღაცა წყალობაა, რადგან, როგორც წესი, შენ ამას არც იმსახურებდი. აი, ეს იყო დედამისის ზარი, ეს უმსგავსობა და შეურაცხყოფა! მაგრამ რა გააკეთოს სარამ? ჯერ-ჯერობით ამაზეც კმაყოფილია და მადლიერი. "ამ ცხოვრების დედაც!"
"იდგა მარტოდ და სიცარიელე უფრო დიდი ეჩვენებოდა, ვიდრე არასდროს. მასში შემოჭრილი ახალი ტკივილი ბასრი დანასავით უსერავდა ასჯერ დადაგულ გულს" - მე უბრალოდ მიყვარს, თავდავიწყებით შევტრფი ამისთანა წინადადებებს და მიხარია, რომ აქ, შენთან, ბევრს ვპოულობ.
მაგედარი, რომელიც სარამ დალანდა თვეების წინ ნიუ-იორკის რომელიღაც ქუჩაზე, მალე გამოჩნდება. მიხარია. ხელოვანი ადამიანების წარმატება ყოველთვის განსაკუთრებით მაბედნიერებს.
მისტერ სკოტზე და ანაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. სხვა თავების ქვეშ.
heart_eyes heart_eyes

№11  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

guroo

მართალია! სარა ვერასოდეს დაივიწყებს თავის წარსულს. ეს შეუძლებელია, მაგრამ წარსულის გარემო, რომელიც მარყუჟივით უჭერდა და სუნთქვას უკავებდა, გაარღვია, გაგლიჯა და გაფლითა. ამას მთელი სიმძაფრით ვხედავთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ეპუება და მიღწეული წარმატებებით წინ მიიწევს.
გაუმართლა! მეგობრებიც მისნაირად ძლიერები შეხვდნენ!
ეს სამი ქალი... ეს სამი უძლიერესი ქალი!.. ❤️
ვფიქრობ, შესანიშნავი ტანდემია და ვამაყობ, რომ მათი სახეები შევქმენი!
დიახ, სარა მიდის მაგედარისკენ და ვერავინ შეაჩერებს ამ პროცესს!
ისე, მეც კი მაქვს ჩემი მაგედარი...
ნეტა, მე როდის მეღირსება იქ მოხვედრა?
როგორც ყოველთვის, ყველასგან გამორჩეული და ძალიან საინტერესო კომენტარი იყო.
არაფერს დავამატებდი, რადგან ყველაფერი სწორად არის გააზრებული. ასეთი მკითხველი იშვიათია.
მადლობა!
--------------------
When nothing goes right, go left!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent