შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-3)


5-10-2020, 09:36
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 024

8 8 8

შაბათი დღე იყო. ამ ღამით, სამსახურისგან თავისუფალი ვიყავი და ჩვეულებრივად შემეძლო მთელი დრო ის მეკეთებინა, რასაც მოვისურვებდი.
დილით, რა თქმა უნდა, საკმაოდ გვიანობამდე მეძინა და მხოლოდ შუა დღის პირველ საათზე შევძელი ლოგინთან გამოთხოვება. მობილურში უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება დამხვდა. ნაწილი ჩემი ამერიკელი მეგობრებისგან იყო, ნაწილი იმ გოგონებისგან, ვისთანაც მხოლოდ ერთღამიანი გართობა მაკავშირებდა, ნაწილი კი, სარეკლამო მესიჯები გახლდათ, რომელთაც თითქმის არასდროს ვკითხულობდი ხოლმე.
გადარეკვით არც ერთ მათგანთან არ გადამირეკავს. არც შეტყობინებებზე გამიცია პასუხი. ახლა მხოლოდ უიკენდის საინტერესოდ დაგეგმვა და ამ დროის შინაარსიანად გამოყენება მსურდა, ამიტომ, ტელეფონი მაშინვე მივაგდე საწოლზე, კარადიდან გამოღებული პირსახოცი მხარზე გადავიფინე და პირველ რიგში, გადავწყვიტე დღე აბაზანის მიღებით დამეწყო.
გრილმა შხაპმა, როგორც ყოველთვის, ახლაც საბოლოოდ გამომაფხიზლა. მერე უკვე შიმშილის გრძნობაც მომერია, თუმცა აღმოვაჩინე, რომ მაცივარში მზა საჭმელი არაფერი მქონდა, რის გამოც, იძულებული ვიყავი თავად მეზრუნა საუზმის მომზადებაზე. კულინარიაში, არც თუ ისე ცუდი ვიყავი. შეფ-მზარეულის ნიჭით ნამდვილად არ გახლდით დაჯილდოვებული, თუმცა იყო რაღაცები, რაც ზედმეტად კარგად გამომდიოდა, ამიტომ, ახლაც დაკვირვებით გადავათვალიერე მაცივარში განთავსებული პროდუქტები და დავფიქრდი, თუ რისი მომზადება შემეძლო მათგან.
საუზმეზე მსჯელობისას, რატომღაც მელინასთან გატარებული საათები მომაგონდა, მანქანაში. მას შემდეგ ორი დღე იყო გასული, თუმცა კვლავ ცხადად მედგა თვალწინ მისი მძინარე სახე, ისევ ჩამესმოდა მელინას მშვიდი სუნთქვა, რომელსაც, მასზე ადრე გამოღვიძებული, ღიმილით ვუსმენდი. მახსენდებოდა მისი სხეულიდან წამოსული ქოქოსის არომატი, მუდამ სასიამოვნოდ რომ მაბრუებდა ხოლმე და ვგრძნობდი, რომ რაღაც მეტად აბსურდული ხდებოდა ჩემს თავს.
ამ გოგოზე ფიქრებში, ჩემდაუნებურად დავიწყე თაროებიდან პროდუქტების გამოლაგება. გადაწყვეტილი მქონდა, ერბოკვერცხი მომემზადებინა ლორით, გახეხილი ყველითა და ტომატის პასტით. ამ მარტივ კერძს, ნიცასაც ხშირად ვუმზადებდი ხოლმე, დილაობით, ვინც მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან განსხვავებით მდედრობითი სქესისა იყო, თავისთვის ელემენტარული ტოსტის გაკეთებაც კი არ შეეძლო ისე, რომ ეს უკანასკნელი არ დასწვოდა.
დასაწყისისთვის, ტაფა გაზქურაზე შემოვდგი და იგი ნელ ცეცხლზე დავაყენე. მინდოდა სანამ კვერცხს ავთქვეფდი და ლორს დავჭრიდი, გაცხელება მოესწრო. მერე, ყველა საჭირო ინგრედიენტი ჩემთან ახლოს მოვწიე და ის-ის იყო, ხელი ხის სათავსოში ჩალაგებული დანებიდან ერთ-ერთისკენ წავიღე, რათა საქმეს შევდგომოდი, რომ ამ დროს ჩემს კარზე სრულიად უადგილოდ გაისმა ზარის ხმა.
ლოდინით, მართლა არავის ველოდი და ვერსიაც არ მქონია, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ქურა დროებით მაინც გამოვრთე და დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობის დასადგენად, პირდაპირ ჰოლისკენ ავიღე გეზი.
სათვალთვალოში გახედვისას, სიმართლე რომ ვთქვა, ოდნავ გაკვირვებული დავრჩი. ზღურბლთან, ჩემს გვერდითა სახლში მცხოვრები მოხუცი ქალი იდგა, პატარა ბავშვით ხელში. ამ ქალს, საკმაოდ იშვიათად ვხვდებოდი ხოლმე და მაშინაც მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდი, ამიტომ, ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მოსულიყო ჩემთან სტუმრად, თანაც ბავშვთან ერთად. ამის გაგების ერთადერთი გზა კარის გაღება იყო. მეც სწორედ ასე მოვიქეცი -საკეტი გადავატრიალე და მოულოდნელ სტუმარს პირდაპირ თვალებში შევხედე.
-გამარჯობა, შვილო -ღიმილით მომესალმა ქალი, როგორც კი ჩემი სახე დაინახა
-გამარჯობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ? -პარალელურად ბავშვს შევხედე. დაახლოებით შვიდი-რვა თვისა თუ იქნებოდა. ბურთივით მრგვალსა და მომღიმარს, იმდენად უცხო თვალის ფერი ჰქონდა, მსგავსი აქამდე არასდროს არავისზე შემემჩნია, თუმცა ამ თემას დიდხანს არ ჩავღრმავებივარ. ბავშვის თვალის შეფერილობის დადგენაზე მეტად, ის მაინტერესებდა, რა უნდოდა ჩემგან ამ ქალს. დიდი იმედი მქონდა, ეს ჩემი შვილი არ იყო, ვინც დიდი ხნის შემდეგ მომიყვანეს, რათა ეთქვათ, გაიცანი, შენ მამამისი ხარო
-ძალიან სასწრაფო საქმე რომ არ მქონდეს, ასე არ შეგაწუხებდი -მორიდებული ტონით ალაპარაკდა ჩემი მეზობელი -იქნებ, რამდენიმე საათით შვილისშვილი შენთან დამეტოვებინა? სხვანაირად რომ მოხერხდებოდეს, აუცილებლად მოვიფიქრებდი რამეს, მაგრამ ერთადერთი საშუალება ესაა
ამ სიტყვების გაგონებისას, თან მომეშვა, თან საგონებელში ჩავვარდი. ბავშვის მოვლის მე რა გამეგებოდა, მით უმეტეს თვეების ბავშვის? არა, ამის გაკეთება ნამდვილად არ შემეძლო.
-მაპატიეთ, მაგრამ ბავშვებთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არ მაქვს. მის მოვლას ვერ შევძლებ, თუნდაც თხუთმეტი წუთით გადიოდეთ მარკეტში
-რა დიდი მოვლა ამას უნდა შვილო? საჭმელიც და პამპერსებიც ჩანთაში აქვს. არც ჭირვეულია, რომ ზედმეტად შეგაწუხოს, ზუსტად ვიცი თავს გაართმევ
-მაგრამ . . .
-არა, მაგრამ არ გამაგონო -გამაფრთხილებლად ამიწია თითი და ბავშვი, თავის ჩანთიანად ისე შემომაჩეჩა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი -ნუ გეშინია, ჭკვიანად იქნება და არ შეგაწუხებს. როცა აჭმევ, შეგიძლია დააძინო კიდეც და შენც უფრო მშვიდად იქნები
-როგორ უნდა დავაძინო? ან, პამპერსი როგორ უნდა გამოვუცვალო?
ქალს გაეცინა და მხარზე ხელი ძველი მეგობარივით დამარტყა.
-მაგას პრაქტიკა გიჩვენებს, ტკბილო. შენც მომავალი მამა ხარ და ჯობს რაღაცებში ერკვეოდე, სანამ საკუთარ შვილს დაიჭერ ხელში, თორემ ის დრო წავიდა, ბავშვებს მარტო ქალები რომ ზრდიდნენ და კაცები, მეორე ოთახში ძმაკაცებს უჭახუნებდნენ სუფრასთან ჭიქებს
„რაღა მაინცდამაინც ამის შვილისშვილზე უნდა გამევლო პრაქტიკა, თანაც მაშინ, როცა უიკენდის დღით ვაპირებდი სიამოვნების მიღებას?“ -გავიფიქრე უკმაყოფილოდ, თუმცა იმასაც მივხვდი, რომ ამ სიტუაციაში სხვა გზა არ მქონდა, გარდა ბავშვის დატოვებისა
-დაახლოებით რამდენ ხანში დაბრუნდებით? -ვკითხე და ვიგრძენი, როგორ დამიწყო თავისი პატარა თითებით სახეზე თამაში ბავშვმა. უზომო ცნობისმოყვარეობით რომ მათვალიერებდა, გაურკვეველი ფერის თვალებით, ამაზე უკვე აღარაფერს ვამბობ
-დაახლოებით სამი-ოთხი საათი დამჭირდება -პასუხის გაცემისას, ქალმა სიხარულით შემომცინა, რადგან მიხვდა წინააღმდეგობის გაწევას აღარ ვაპირებდი -როგორც უკვე გითხარი, რძის ბოთლი და ყველა საჭირო ნივთი ჩანთაში ჩავუდე. დანარჩენს თავად მიხვდები
-დიდი მადლობა, უიკენდის უკეთესად გატარებაზე ვერც კი ვიოცნებებდი
-ნუ წუწუნებ, მეზობლები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. შენ რომ შვილი გეყოლება, შეგიძლია ნებისმიერ დროს დამიტოვო ხოლმე -მერე, ჩემს ხელში მოქცეულ პატარას მიეფერა ლოყაზე და გამაფრთხილებელი მზერით ამომხედა -აბა შენ იცი, საჭმელის ჭმევა არ დაგავიწყდეს და ყოველ ნახევარ საათში შეამოწმე ხოლმე პამპერსი ხომ არ აქვს გამოსაცვლელი
-გასაგებია -უღიმღამოდ დავუქნიე თავი, თან ბავშვი უფრო მოხერხებულად მოვიქციე მკლავებში, რადგან ძალიან მოუსვენრად იყო და შემეშინდა არ გადამვარდნოდა
ქალმა, ვისი სახელიც ვერა და ვერ აღვიდგინე მეხსიერებაში, შვილისშვილს კიდევ ერთხელ უჩქმიტა ლოყაზე, ორი თითით და საკმაოდ ამაღლებული განწყობით დატოვა ჩემი ეზო. იმ წამს, საშინლად ვინანე, რომ კარი საერთოდ გავაღე და თავი არ მოვიკატუნე, თითქოს შინ არ ვიყავი. ის ფაქტორიც მაკვირვებდა, რომ ეს ქალი საერთოდ არ მიცნობდა და როგორ შეძლო ასეთი ადამიანისთვის საკუთარი შვილისშვილი ენდო, მით უმეტეს, როცა ვუთხარი ბავშვების მოვლის არაფერი გამეგება-მეთქი? აღნიშნულმა სიტუაციამ, მაფიქრებინა, ჩემი მეზობელი მთლად ნომრალურიც ვერ უნდა იყოს-მეთქი და ამაში დარწმუნებულმა, მოღუშული სახით შევიყვანე ბავშვი შიგნით. ისიც კი დამავიწყდა, რომ ბებიამისისთვის, მისი სახელი მეკითხა, თუმცა ამას კიდევ მოევლებოდა. გარკვეული დროით, თავად მოვუფიქრებდი რამეს და იმ საათების განმავლობაში, რასაც ჩემთან გაატარებდა, სწორედ ასე მივმართავდი ხოლმე.
მართალია, ბავშვის სქესის გარჩევა აღნიშნულ ასაკში ძალიან რთული გახლდათ, მაგრამ ტანზე, ვარდისფერი ბოდეს მიხედვით მივხვდი, რომ ხელში გოგონა მეჭირა. სწორედ ამ მიზეზით, გადავწყვიტე მისთვის დროებით ელისაბეტი დამეძახა, რადგან ამ ბავშვსაც ზუსტად ჩემი პატარა დასავით საყვარელი ღიმილი და გამოხედვა ჰქონდა.
-აბა, რა გავაკეთოთ მე და შენ? -ცხვირზე თითი ნაზად ჩამოვუსვი აწ უკვე ელისაბეტს, თან მისი ჩანთა დივანზე მოვათავსე და მეც ზედ ჩამოვჯექი, ბავშვიანად. იმ წამს, სამზარეულოში დატოვებული პროდუქტი მომაგონდა, რომელთაგანაც საუზმე უნდა მომემზადებინა, თუმცა ახლა მადა ნამდვილად აღარ მქონდა, ამიტომაც ჭამა დროებით გადავდე და ბავშვის ნივთებში რძის ბოთლის ძებნა დავიწყე. ჩანთაში, პამპერსებთან ერთად, გამოსაცვლელი ტანსაცმელიც იდო პატარასთვის. ალბათ იმ შემთხვევისთვის, თუ ღებინებისას დაესვრებოდა, ან რამე ამდაგვარი. ბედისწერას ვთხოვდი, მსგავსი არაფერი მომხდარიყო მისი აქ ყოფნის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან მე გავგიჟდებოდი, ან ამ ბავშვს გადავიყვანდი ჭკუიდან.
როგორც იქნა, ჩანთაში ვარდისფერი ყვავილებით მოხატულ რძის ბოთლსაც მივაკვლიე და თავი ფრთხილად მოვხადე. არც კი მჯეროდა, რომ ამას ვაკეთებდი, თუმცა როგორც კი პატარას თავი წამოვაწევინე და საწოვარა პირში ჩავუდე, თავი ძიძად ვიგრძენი, ვისაც, გარკვეული დროით მისი მოვლა ევალებოდა. აშკარად სასაცილო მდგომარეობაში ვიყავი. ზოგადად, ბოლო პერიოდში ხშირად ვვარდებოდი ხოლმე მსგავს სიტუაციებში. ვერაფერს ვიტყოდი, აშკარად დიდებული ცხოვრება მქონდა ბათუმში ჩამოსვლის მერე.
-შენმა ბებიამ მთელი გეგმები ჩამიშალა პატარავ, იცი? -მოღუშული დავცქეროდი ჩემს მარჯვენა მკლავზე მწოლიარე ელისაბეტს, ვინც ნეტარებით სვამდა თავის რძეს და რაღაც ბავშვურ, გაურკვეველ ხმებს გამოსცემდა, თან წამით არ მაშორებდა მზერას, თითქოს ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანის თქმას ცდილობსო -ჰო, რას მიყურებ? ცოტათი მაინც უნდა გეცოდებოდეს ბიძია ნიკა იმის გამო, რომ სადმე გასვლისა და გართობის მაგივრად, უწევს სახლში იჯდეს და შენს დასაძინებლად იმღეროს სიმღერები
ელისაბეტი კვლავ განაგრძობდა თავისი რძის დაგემოვნებას. რა თქმა უნდა, ჩემი საუბრიდან ერთი სიტყვაც არ ესმოდა, თუმცა მაინც განვაგრძობდი მასზე ჯავრის ამოყრას, მანამ, სანამ ბოთლი თითქმის ბოლომდე არ გამოცალა და თავი გვერდზე არ გასწია, იმის ნიშნად, რომ მეტის ჭამა აღარ უნდოდა.
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ელისაბეტი არ ჭირვეულობდა და მშვიდადაც დახოხავდა თავისთვის დივანზე, მანამ, სანამ მე ტელევიზორის ყურებით ვიყავი გართული, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იმდენად ისტერიკული ტირილი ატეხა, მისი დაწყნარება ვერაფრით შევძელი. რა აღარ ვცადე -ეზოშიც გავიყვანე, ჰაერშიც ვაგდებდი და ვიჭერდი, რათა როგორმე გამეცინებინა, პრინცესების ზღაპრის მოყოლაც ვცადე და წარმოიდგინეთ, სიმღერაც კი, თუმცა არაფერმა გაჭრა. ბავშვი უწინდებურად განაგრძობდა ხმამაღალ ტირილს, რითაც ჩემს მოთმინების ფიალას უდიდეს დარტყმას აყენებდა.
აღარ ვიცოდი რა მომემოქმედა. უკვე იმ ზომამდე ვიყავი მისული, რომ მეც ყვირილს დავიწყებდი. არც ბებიამისის ნომერი ვიცოდი, რათა დამერეკა და მეთქვა, დაუყოვნებლივ დაბრუნდი-მეთქი. შექმნილ სიტუაციაში, მხოლოდ ერთი გზა მრჩებოდა -ენკეს უნდა დავკავშირებოდი და დახმარება მისთვის მეთხოვა. რაც არ უნდა ყოფილიყო, იგი ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო ამ ქალაქში და მსგავს სიტუაციაში მხოლოდ ის გამახსენდა. თან, ერთხელ, საუბრისას წამოსცდა, რომ პატარა ძმისშვილი ჰყავდა, ვისაც თავისთანაც ხშირად იტოვებდა ხოლმე, ამიტომ, ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება ასე თუ ისე, უნდა ჰქონოდა.
მორჩა, გადაწყვეტილი იყო, ენკესთან ვრეკავდი!
ბავშვი, დამშვიდების მაგიერ, ტირილს თანდათანობით უფრო უმატებდა. ხელში აყვანილს აქეთ-იქით დავატარებდი და მთელი ძალებით ვცდილობდი მის დამშვიდებას, თან, პარალელურად, ტელეფონი ყურზე მქონდა მიდებული და ველოდებოდი როდის უპასუხებდა ენკე ჩემს ზარს.
სამწუხაროდ, ყურმილში მხოლოდ წყვეტილი ზუმერის ხმა მესმოდა, მეორე ყურის სმენადობას კი ელისაბეტის ჩხავილი მიტკბობდა.
-ჯანდაბა, ენკე სად ხარ? -როდესაც მივხვდი რომ არ მიპასუხებდა, ტელეფონი დივანზე გაბრაზებულმა მივაგდე და ბავშვი ორივე ხელით დავიჭირე
-გთხოვ პატარავ, ცოტა ხნით მაინც გაჩუმდი. სულ რაღაც ხუთი წუთით დავასვენებ გონებას და მერე ისევ იტირე, კარგი? -ისე ველაპარაკებოდი, თითქოს საქმიან ბიზნესმენთან ვაწარმოებდი დიპლომატიურ მოლაპარაკებას. ჩემმა ხვერწნა-მუდარამ, რა თქმა უნდა არ გაჭრა. ენკესთან დარეკვაც ვსინჯე კიდევ ერთხელ, თუმცა ყურმილს ამჯერადაც არ იღებდა. უნდა მეღიარებინა, ასეთ ცუდ სიტუაციაში მაშინაც კი არ ვყოფილვარ, როცა აარონმა გამომიცხადა თბილისში ჩემთან ერთად ბრუნდებიო.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაში ლამის ტვინი ამიფეთქდა.
ბოლოს კი . . .
ბოლოს თითქოს ჩემს გონებაში ოქროსფერი ნათურა აინთო. რაღაც დამატებითი იდეაც დამებადა, რომელსაც განწირულივით ჩავებღაუჭე. იქნებ, მელინასთან დამერეკა და სწორედ მისთვის მეთხოვა დახმარება? მახსოვდა, რომ მისი ტელეფონის ნომერი პერსონალის პირადი მონაცემების დაფიდან გადმოვწერე, ბარის დახლს შიგნიდან რომ ჰქონდა მიმაგრებული.
იდეა მართლაც კარგი იყო. შეიძლებოდა, ამჯერადაც არაფერი გამომსვლოდა, თუმცა რაც იქნებოდა, იქნებოდა. უბრალოდ ვცდიდი, ხოლო გამომივიდოდა თუ არა, ეს უკვე სხვა საქმე გახლდათ.
ტელეფონი რომ ხელში ავიღე და სატელეფონი წიგნაკში მელინას ნომერს მივაკვლიე, აჩხავლებული ელისაბეტი მაშინვე დივანზე მივაწვინე, რათა მობილურზე საუბარი უფრო თავისუფლად შემძლებოდა. აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა, თუკი ეს გეგმაც ჩამეფუშებოდა. სიმართლე გითხრათ, არც მინდოდა ამაზე ფიქრი. მერჩივნა, პოზიტიური აზრებით დამეტვირთა გონება, რათა შექმნილი სიტუაციისთვის საკუთარი ფსიქიკა არ შემეწირა.
ყურმილში, გაბმული ზუმერის ჟღერადობა დაახლოებით ათი წამის გასვლის შემდეგ შეცვალა ჩემთვის სასურველმა ხმამ. მელინას, ტონზე ეტყობოდა, აშკარად არ იცოდა ვის ესაუბრებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ნომერი ჩაწერილი არ ჰქონდა. ამან ცოტათი იმედები გამიცრუა, თუმცა ახლა რა დროს ეს იყო?
-მელინა, ნიკა ვარ -მაშინვე ვაცნობე ჩემი ვინაობა, თან დივანზე გაწოლილ ბავშვს შევხედე, ვინც ტირილით იკლებდა მთელ მისაღებს -ძალიან, ძალიან მჭირდება შენი დახმარება, ჩემთან უნდა მოხვიდე, სახლში
-ნიკოლოზ, ახლა შენი თამაშებისთვის არ მცალია, უნდა გავთიშო
-არა, არა, გთხოვ . . . გეფიცები, არანაირი თამაში, უბრალოდ მეზობელმა პატარა ბავშვი დამიტოვა მოსავლელად, რამდენიმე საათით და ვერაფრით ვაწყნარებ -მეტი დამაჯერებლობისთვის, ხმამაღალი კავშირიც ჩავრთე, რათა ელისაბეტის ტირილი უკეთ გაეგონა -გაუჩერებლად ტირის, არ ვიცი რა ვუყო. შენამდე ენკეს დავურეკე, თუმცა ყურმილს არ იღებს
-რა ხნისაა ბავშვი?
-სადღსც შვიდი-რვა თვის, ზუსტად მეც არ ვიცი
მელინამ ღრმად ამოიხვნეშა და რამენიმე წამიანი პაუზა გააკეთა. მე კი, უკვე ერთი სული მქონდა, როდის მოვისმენდი მის გადაწყვეტილებას.
-გთხოვ, თქვი რამე, თორემ მალე სუიციდამდე მიმიყვანს ეს სიტუაცია
-კარგი, კარგი, დაწყნარდი, მოვალ -მართალია ვერ ვხედავდი, თუმცა მივხვდი იცინოდა -ხელში აიყვანე და იარე, იქნებ დამშვიდდეს
-უკვე ყველაფერი ვსინჯე, არაფერი მოქმდებს. რამდენ ხანში მოხვალ?
-ჩქარა ვივლი და ხუთ წუთში მანდ ვიქნები. ცოტაც გაუძელი
-გმადლობ მელინა, ჩათვალე შენთან ვალში ვარ -შვებით ამოსუნთქულმა ჩავძახე ყურმილში და კავშირის გაწყვეტის შემდეგ, კვლავ ბავშვს მივუტრიალდი -იმედია, მელინა დეიდას მაინც მიახვედრებ რატომ ტირი ასე გაუჩერებლად . . .





* * *

მელინას მანქანა, ზუსტად ხუთ წუთში გაჩერდა ჩემი სახლის წინ. ამჯერად, ელისაბეტი ხელში მყავდა აყვანილი და აქეთ-იქით დავასეირნებდი. ამ დროის მანძილზე, მხოლოდ რამდენიმე წამით შევძელი მისი გაჩუმება. ამის შემდეგ, კვლავ ხმამაღალი ტირილი ატეხა და ჩემი ოცნების კოშკებიც ერთი ხელის მოსმით ჩამომანგრია თავზე.
ახლა, ერთადერთ ჩასაბღაუჭებელ საშუალებად მელინა მრჩებოდა. იმედს ვიტოვებდი, ის მაინც მოახერხებდა იმის გარკვევას, თუ რა აწუხებდა ამ პატარა პარაზიტს.
როგორც კი კარზე ზარის ხმა გავიგე, მის გასაღებად ბავშვით ხელში გავემართე. საკეტის გადატრიალების შემდეგ, ღიმილი მომგვარა იმის დანახვამ, რომ მელინას კვლავ ჩვეულ სტილში ჩაეცვა და ტანს, ამჯერადაც თავისზე ორჯერ დიდი მაისური და ამ მაისურის შესაბამისი მოკლე შორტი უფარავდა. თმის მცირედი ნაწილი უკან ჰქონდა ჩაწნული, დიდი ნაწილი კი მხრებზე ეყარა ტალღებად და მისთვის დამახასიათებელი ქოქოსის არომატით, კვლავ სასიამოვნოდ მახვევდა თავბრუს.
-აბა, ეს არის ის პატარა მტირალა? -როგორც კი შიგნით შემოვუშვი, ღიმილით წამოიწია მან ბავშვისკენ და ფრთხილად ჩამომართვა ხელიდან
-ჰო, ეს არის, გმადლობ, რომ მოხვედი
-არაფრის . . . ისე, აშკარად გეტყობა, რომ გამოუცდელი ხარ, ხელშიც კი ძალიან სასაცილოდ გიჭირავს
-პრაქტიკის უქონლობის ბრალია, მე არაფერ შუაში ვარ
-კარგი, საჭმელი აჭამე?
-ვაჭამე -თავი დავუქნიე -თითქმის მთელი ბოთლი გამოცალა და ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ტირილიც ატეხა. საკვებმა ხომ არ მოწამლა, ან რამე ამდაგვარი?
-არა მგონია -თავი უარყოფის ნიშნად გადააქნია, შემდეგ კი ბავშვი ოდნავ ზემოთ ასწია და ტანსაცმელზე უსუნა -ასეც ვიცოდი, ჩვენთვის სიურპრიზი მოამზადა
-რა სიურპრიზი? -გამიკვირდა
-პამპერსი აქვს გამოსაცვლელი
-ფიქრობ, ამის გამო ტიროდა ამდენ ხანს?
მელინას გაეცინა.
-რა თქმა უნდა ამის გამო. მაგას შენითაც უნდა მიმხვდარიყავი, არც ისე რთული იყო
ამ სიტყვებზე, ელისაბეტის ბებიის დანაბარები გამახსენდა, ვინც მეუბნებოდა, ყოველ ნახევარ საათში შეამოწმე პამპერსი ხომ არ აქვს გამოსაცვლელიო და საკუთარი თავი უკანასკნელ იდიოტად შევრაცხე. არა, ნამდვილად არ უნდა ენდოთ ჩემთვის ამ ასაკის ბავშვი.
-კარგი, მგონი პამპერსები მის ჩანთაში უნდა იდოს, წავალ მოგიტან
-მოიცა, მოიცა, მე უნდა გამოვუცვალო?
-ამის არაფერი გამეგება, მელინა, ამ ასაკის ბავშვი ხელშიც კი პირველად დავიჭირე დღეს
-არც მე მყავს გაზრდილი ოთხი შვილი, ამიტომ, დიდი გამოცდილებით ვერც მე დავიკვეხნი
-მაგრამ ქალებს ასეთი რამები უკეთ გამოგდით ხოლმე -საცოდავი სახე მივიღე, თან აჩხავლებულ ელისაბეტს გავხედე, თითქოს მისგან დამოწმებას ველოდი
მელინამ ერთი ბასრი მზერა მესროლა, მერე კი, ღრმად ამოიხვნეშა. რა თქმა უნდა, ჩასვრილი საფენების გამოცვლა არც მისთვის უნდა ყოფილიყო სახალისო, თანაც სრულიად უცნობი ბავშვისთვის, თუმცა ფარ-ხმალი მაინც დაყარა და ელისაბეტთან ერთად სავარძლისკენ დაიძრა.
-მიდი, პამპერსი და სველი ხელსახოცების შეკვრა მომიტანე, ვეცდები როგორმე მოვაგვარო
-ახლავე . . . ჩათვალე მივფრინავ
ბავშვი სავარძელზე დავაწვინეთ. მელინამ, ტანზე მორგებული ვარდისფერი ბოდე გახადა და პამპერსის შესაკრავები გაუხსნა. ამ ყველაფერს იმდენად ფრთხილად აკეთებდა, ვინმე იფიქრებდა ტერიტორიის განაღმვას ცდილობსო. პამპერსის გახსნა და გულის რევის შეგრძნების მოსვლა ერთი იყო.
-ჯანდაბა, ეს რა უქნია? -მაშინვე გავატრიალე თავი გვერდზე და ცხვირზე ხელი მოვიჭირე -ბავშვი რომ მეყოლება, აუცილებლად ძიძას ავუყვან და გამოსაცვლელად ცალკე ოთახს გამოვუყოფ, რათა ასეთი საზიზღრობები არ ვნახო
მელინამ სუფთა საფენი ჩამომართვა, თან, სველი ხელსახოცებით ბავშვის გაწმენდა დაიწყო.
-ნუ წუწუნებ, შენც ზუსტად ასე აკეთებდი ბავშვობაში -მითხრა სიცილით
-ეგ სიტყვები, გულის რევის შეგრძნების დაძლევაში ვერ მეხმარება
-დამშვიდდი, ცოტაც და მოვრჩები, შენ მანამდე ესენი გადაყარე -ძველი საფენი, დასვრილ ხელსახოცებთან ერთად, პოლეეთილენის პარკში მოათავსა მელინამ და მე გამომიწოდა -ჰო მართლა, ბავშვის ჩანთაში პუდრი არ იდო?
-პუდრი რად უნდა?
-მოკლედ, მართლა არაფრის აზრზე არ ხარ -კვლავ გაეცინა, თან თვალებით პოლეეთილენის პარკზე მანიშნა -მიდი გადააგდე ეგ რაღაც, პუდრს მე თვითონ ვიპოვი მის ჩანთაში
საფენის გამოცვლისა და გასუფთავების შემდეგ, ელისაბეტის გაუჩერებელ ტირილს მართლაც დაესვა წერტილი. იმდენად სასიამოვნოდ მეჩვენა სახლში ჩამოვარდნილი სიჩუმე, ნეტარებისგან თვალებიც კი დავხუჭე და ფსიქოლოგიურად გადაღლილი დავენარცხე დივანზე.
-შენ რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა -თვალები არც კი გამიხელია ისე ვუთხარი მელინას. ეს უკანასკნელი, ამჯერად უკვე დაწყნარებულ ელისაბეტს ეთამაშებოდა, ხალიჩაზე ჩამომჯდარი
-შენი არ ვიცი, თუმცა ბავშვი ნამდვილად გამოუცვლელი საფენით დახვდებოდა თავის დედას
-დედას არა, ბებიას -შევუსწორე
-აჰა, ესე იგი ბებიამისმა დაგიტოვა
-კი არ დამიტოვა, შემომტენა. არადა, დასვენების დღე ნაყოფიერად უნდა გამომეყენებინა, ახლა კი იმის თავიც არ მაქვს, რომ უბრალოდ ველოსიპედით გავისეირნო ბულვარში
მელინა ჯერ დივანს მიეყრდნო, შემდეგ დაამთქნარა და ელისაბეტი, ვინც ხალიჩაზე ოთხზე მდგარი დახოხავდა, კალთაში გადმოისვა.
-მეც ძალიან დაღლილი ვარ -თქვა მან -სამსახურის შემდეგ, ათ საათამდე ვერ დავიძინე, გვერდითა სახლში გამართული წვეულების გამო, ორის ნახევრისთვის კი შენც დარეკე
-მაპატიე, არ ვიცოდი თუ ძილი დაგიფრთხე
-იმიტომ ნამდვილად არ მითქვამს, რომ პატიება გეთხოვა. დახმარების სურვილი რომ არ გამჩენოდა, საერთოდ არ მოვიდოდი, ამიტომ სანერვიულოც არაფერია
ამ დროს, თავში ერთი იდეა მომივიდა და ეს უკანასკნელი, მაშინვე გავაჟღერე :
-ისე, ახლა ბავშვსაც ძილი უწევს და მასთან ერთად ჩვენც ხომ არ დაგვესვენა?
საპასუხოდ, მელინამ თავი გააქნია.
-შენ თუ გინდა ეგრე მოიქეცი, მე სახლში მისვლის შემდეგ გამოვიძინებ
-შენთვის გეუბნები -დაკვირვებით შევაცქერდი მის მელნისფერ თვალებს, რომლებშიც დაღლილობა ნათლად იკითხებოდა -ძალიან ხარ მოთენთილი, ჯობს აქ დაიძინო და სახლშიც დასვენებული წახვიდე. სამადლობლად, ვახშამსაც მომზადებულს დაგახვედრებ როცა გამოგეღვიძება
ამჯერად, პასუხი აღარ დაუბრუნებია მელინას. მისი სიჩუმე, სავარაუდოდ იმაზე მეტყველებდა, რომ ჩემს შემოთავაზებაზე ფიქრობდა, ამიტომ გადავწყვიტე პროცესის დაჩქარებისთვის ხელი შემეწყო.
-კარგი, ნუღარ ყოყმანობ . . . შეგიძლია ჩემს ოთახში შეხვიდე და იქ გამოიძინო, ელისაბეტს მე მივხედავ. შევამჩნიე დაღლილია და მისი დაძინება არ უნდა გამიჭირდეს
-სხვის ოთახში ძილს შეჩვეული არ ვარ
-სადაც მანქანის სალონში მოახერხე ძილი ჩემთან ერთად, არც უცხო საძინებელში დაძინება უნდა გახდეს შენთვის პრობლემა
-ელისაბეტის მიხედვას მართლა შეძლებ?
-სხვათა შორის, ბავშვის სახელი არც მე ვიცი, ამიტომ ელისაბეტი დროებით დავარქვი, რათა მისთვის როგორღაც მიმემართა
-ჭკვიანური სვლაა -გაეღიმა და ბავშვს ხელის გულზე ნაზად აკოცა. იმ წამს აზრად გამიელვა, რომ მელინა საკმაოდ კარგი დედა იქნებოდა თავისი შვილისთვის
-წადი, ნუ ღელავ -გამამხნევებლად ვუთხარი -მთავარი პრობლემა უკვე გადალახულია, დანარჩენს თავად მივხედავ. შენ, შეგიძლია მშვიდად გამოიძინო
-კარგი, კარგი -ხალიჩიდან ფეხზე წამოდგა, მერე კი ფრთხილად დამიწვინა გულზე მომღიმარი ელისაბეტი-საით არის შენი საძინებელი?
-აქედან რომ გახვალ, ხელმარჯვნივ პირველი კარია
-გასაგებია . . . აბა შენ იცი, თუ რამე დაგჭირდა, დააკაკუნე და გამეღვიძება -უკვე მთქნარებით ამბობდა ამ სიტყვებს
-ნუ ღელავ, არა მგონია დამჭირდეს. ტკბილ ძილს გისურვებ მელინა
-გმადლობ -გასვლისას, კიდევ ერთხელ წაეთამაშა ჩემს მკლავებში მოქცეულ პატარას, შემდეგ კი მისაღებიდან ნელი ნაბიჯებით და მთქნარებით გავიდა
ბავშვთან სრულიად მარტო დარჩენილი ფიქრებს მივეცი. რატომღაც, იმის წარმოდგენაც კი მსიამოვნებდა, რომ მელინას, ჩემს საძინებელში, ჩემივე საწოლში უნდა გამოეძინა. მომწონდა მის სიახლოვეს ყოფნა, მასთან დროის გატარება, კონტაქტი, ის რომ უბრალოდ გვერდით იყო და შემეძლო მისთვის მეყურებინა. რაღაც მხრივ მეჩვენებოდა, რომ მხოლოდ იმის გამო ღირდა აქ ჩამოსვლა, რათა ის გამეცნო და მასთან ურთიერთობა სასიამოვნო მოგონებად გამყოლოდა, კვლავ თბილისში დაბრუნების შემდეგ. ამ გოგოსთან, საწადელს აუცილებლად მივაღწევდი. უბრალოდ ცოტაოდენი მოთმინება უნდა გამომეჩინა, ყურადღებიანი და თავაზიანი უნდა ვყოფილიყავი, შემდეგ კი ყველაფერი ისე აეწყობოდა, ზედმეტად თითის განძრევაც არ დამჭირდებოდა.
იმის წარმოდგენაზე, რომ ოდესმე მელინას სხეულით ვისიამოვნებდი, მთელს ტანზე ნეტარების ტალღებმა დამიარა. მართლაც დიდი გამოწვევა გახლდათ ჩემთვის ეს გოგო. ინტერესი, რომელიც მისდამი მქონდა, უზარმაზარი იყო და უწინდელი გატაცებები, მასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ამგვარი წინააღმდეგობა, აქამდე არავის მხრიდან შემხვედრია და სწორედ ამას შევყავდი უზარმაზარ აზარტში.
მელინაზე ფიქრებში გართულს, მხოლოდ ჩემს გულზე დაწვენილი ბავშვის ხმამაღალი ამოსუნთქვისას გამახსენდა მისი არსებობის შესახებ. ამ უკანასკნელს, უკვე ღრმად ჩასძინებოდა, ძილისას კი, ტუჩები ისე სასაცილოდ ჰქონდა წამოწეული წინ, სახეზე ღიმილი მომადგა და გაუცნობიერებლად ვაკოცე საფეთქელთან ახლოს.
ნეტავ მელინა როგორი იყო ძილის დროს? უნდა მეღიარებინა, ამან ძალიან დამაინტერესა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ეს უბრალო ინტერესი უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა, რამაც საბოლოოდ, გიჟურ გადაწყვეტილებამდეც მიმიყვანა -მიზნად დავისახე საკუთარი ცნობისმოყვარეობისთვის საკვები გადამეგდო და მძინარე ელისაბეტთან ერთად, პირდაპირ საკუთარი ოთახისკენ გავეშურე, რათა რამდენიმე წამით მაინც დამეხედა ჩემს ლოგინში მწოლიარე მძინარე გოგოსთვის.
სიარულისას, დიდ სიფრთხილეს ვიჩენდი, რათა უნებურად ბავშვი არ გამეღვიძებინა. რაღაც მხრივ, მომწონდა კიდეც ამ პაწაწინა არსების სიახლოვე, ვისაც მიკრო ზომის თავი, იმ წამს ჩემს მხარზე ჩამოედო და მშვიდად სუნთქვას განაგრძობდა.
ნეტავ სინამდვილეში რა ერქვა? მსოფლიო მასშტაბის დამთხვევა იქნებოდა, მისი სახელი მართლაც ელისაბეტი რომ ყოფილიყო.
და, აი, ჩემი საძინებელის კარის წინაც აღმოვჩნდი. საბედნიეროდ, საკეტი არ ჭრიალებდა, ამიტომ შემეძლო ოთახში ისე უხმაუროდ შევსულიყავი, რომ მელინას არ გაღვიძებოდა. ამით დაიმედებულმა, ცალი ხელით მჭიდროდ დავიჭირე ელისაბეტი, მეორე სახელურისკენ წავიღე და ის-ის იყო, შიგნით უნდა შევსულიყავი, რომ გზად დაბრკოლება გადამეღობა. ოთახის კარი შიგნიდან ჩაკეტილი გახლდათ და მისი გაღება, მხოლოდ ზღურბლის მეორე მხარეს მყოფს შეეძლო.
ასე, რატომ მოიქცა, შეეშინდა? თავი უხერხულად იგრძნო? დაფრთხა? -ამ კითხვებზე პასუხი არ მქონდა, თუმცა ფაქტი იყო გეგმები ჩამივარდა.
იმედგაცრუებული, კარს ზურგით მივეყრდენი. რამდენიმე წამით, მხოლოდ ერთ ამოჩემებულ წერტილს ვუყურებდი, მოპირდაპირე კედელზე. გონებაში, თითქოს ყველაფერი ნელ-ნელა მილაგდებოდა -ჩემი და მელინას პირველი შეხვედრიდან დაწყებული, დღევანდელი დღით დამთავრებული და მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივდიოდი -იგი მე არ მენდობოდა.
ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც, დაძინებამდე კარი შიგნიდან ჩაკეტა და შიგნით შესასვლელად ყოველგვარი გზა მომიჭრა. ყრუ ტკივილი მაგრძნობინა გულში ამის გაცნობიერებამ. ალბათ, აღარც განწყობა გამიუმჯობესდებოდა მთელი დღის განმავლობაში.








8 8 8 8
საღამო ხანი იდგა. სამუშაო საათების დაწყების წინ, განსატვირთად, ზღვის ნაპირას ვიჯექი და ყოველ მოახლოებულ ტალღას, თითო ქვას ვესროდი, მუჭში დაგროვებული "კოლექციიდან".
ზღვის ნაპირას ჯდომა და სივრცეში ყურება, ჩვენს ოჯახში, ყველაზე მეტად, მე და ელისაბეტს გვიყვარდა. მახსოვს, საათობითაც კი ვიჯექით ამ პეიზაჟის წინ და სახლში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ ვბრუნდებოდით ხოლმე.
როგორ მენატრებოდა ის დრო და ჩემი პატარა დაიკო. მისი არყოფნა, მუდამ სხეულის დაკარგული ნაწილივით მაკლდა და ამ ტკივილს, გამუდმებით გულით დავატარებდი.
ლისას (როგორც მას მე ვეძახდი) დაკარგვის შემდეგ, მუდამ ვცდილობდი სახლში არ მივსულიყავი, თავი ყველასგან შორს დამეჭირა და დღე და ღამე, კლუბებსა და ბარებში ვათენებდი. შემდეგ დაიწყო გოგონების დაუსრულებელი სერია. თუ აქამდე ურთიერთობა მხოლოდ მათთან მსურდა, ვინებიც ჩემთვის ნაცნობები იყვნენ, ახლა ყოველ დილით სხვადასხვა გოგოს სახლში ვიღვიძებდი ხოლმე და დღის ბოლოს, მათი სახელებიც კი მავიწყდებოდა.
მხოლოდ ასე შემეძლო იმ ტრაგედიაზე არ მეფიქრა, რამაც ჩვენი ოჯახი კინაღამ დაშალა და ნანგრევების ქვეშ მოიყოლა.
თავდაპირველად, ამ ყველაფერს მხოლოდ იმ პრობლემისგან გასაქცევად ვაკეთებდი, რაც ჩემს გულს ყველაზე მეტად აწუხებდა, თუმცა ნელ-ნელა, გოგონების სიმრავლე, მათთან გრძნობების გარეშე გატარებული ღამეები და ყოველივე ამდაგვარი, უკვე იმ ჩვევაში გადამეზარდა, რომლის გარეშეც, უკვე ვეღარანაირად ვერ წარმომედგინა, რადგან რვა თვის განმავლობაში, სწორედ მსგავსი წესებით ცხოვრებით ვიყავი დაკავებული.
ლისას წასვლის შემდეგ, ყველანი შევიცვალეთ. აარონი, გულჩათხრობილი გახდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნიცამ ჯიუტობა და ჭირვეულობა დაიწყო, მე კი, ვინც ერთ დროს გამოუსწორებელ რომანტიკოსად ვითვლებოდი, ახლა გრძნობების გარეშე დავიწყე მოქმედება. თითქოს უგულო არსება ვიყავი, ვისაც ქალისგან მხოლოდ სხეული სურდა და ყველაფერ სხვას არავითარ მნიშვნელობას აღარ ანიჭებდა.
ზღვის ტალღები კვლავ დაუსრულებლად განაგრძობდნენ მელოდიურ შრიალს. მსიამოვნებდა ამ ხმის მოსმენა, მარილიანი სურნელი და ოდნავი სიო, რომელიც პირდაპირ სახეში მეცემოდა, ჩახუთულობით სავსე დღის შემდეგ.
ჰორიზონტის ხაზზე დაკვირვების პროცესში, მხოლოდ კარგა ხნის მერე თუ ვიგრძენი მარცხენა ჯიბეში ჩადებული მობილურის სუსტი ვიბრაცია. მართალია, იმ წამს ვინმესთან საუბარი ყველაზე ნაკლებად მსურდა, თუმცა როდესაც ტელეფონის ამოღების შემდეგ ეკრანზე ჩემი ტყუპისცალის სახელი ამოვიკითხე, ვინც ვიდეო-ზარით ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, წინანდელი ყურმილის დაკიდების იდეა მაშინვე წარმოსახვით სანაგვე ყუთში მოვისროლე და მწვანე ღილაკს თითი დაუფიქრებლად დავაჭირე.
-რა იყო, უკვე ვეღარ ძლებ ჩემს გარეშე? -მაშინვე ვუთხარი, როგორც კი ეკრანზე მისი სახე გამოისახა. სახლში აშკარად არ იყო, რადგან მანქანების ხმა ისმოდა, ხოლო მის უკან, მწვანეში ჩაფლული სკვერი ჩანდა
-შენ თვითონ თუ ძლებ ჩემს გარეშე? ზუსტად -ვიცოდი კითხვას შემომიბრუნებდა და ასეც მოიქცა -ამდენი ხნით უერთმანეთოდ დიდი ხანია აღარ ვყოფილვართ და ცოტა მიჭირს
-აჰა, ანუ გენატრები
-ზუსტად ვიცი, შენ ორჯერ უფრო მეტად გენატრები, ვიდრე მე -ენა გამომიყო და უკეთესად შემათვალიერა -მგონი ცოტათი გარუჯული ხარ
-არ ვიცი, არ შემიმჩნევია. შენ სად ხარ, დღეს სამსახურიდან ისვენებ?
ნიცამ თავი მხიარულად დამიქნია.
-ჰო, უიკენდი მაქვს და გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა. აქეთ ცოტა მეგობარი შევიძინე და თუ რამე მათაც მივწერ. ჰო მართლა, აარონმა მითხრა, რომ ორ კვირაში მაგ სასტუმროში კორპორაციული საღამო იგეგმება თანამშრომლებისათვის. თვითონაც აპირებს ჩამოსვლას, ანასტასიასთან ერთად და სავარაუდოდ, მეც გამოვყვები
-მართლა? -გულწრფელად გამიხარდა, რადგან ყველას ნახვა ძალიან მინდოდა, ჩემი რთულ მდგომარეობაში ჩამგდები უფროსი ძმის ჩათვლით
-ჰო, მართლა . . . ამ დღეებში ანასტასიას ვთხოვ რამე ძალიან მოდური კაბის ასარჩევად გამყვეს მაღაზიებში. მის გემოვნებას ვენდობი
-ისე, როგორი ურთიერთობა აქვთ მას და აარონს? კვლავ ისეთი, როგორიც ადრე, თუ ერთმანეთი ნელ-ნელა ყელში ამოსდით?
-ყელში ამოსდით? -ნიცამ თავი სიცილით გადააქნია -რა მობეზრებაზეა საუბარი, მათი შემყურე, ნელ-ნელა მეც კი ვიჯერებ, რომ სიყვარული არსებობს
გამიხარდა ამის მოსმენა. ჩემი ძმისა და ანასტასიას ურთიერთობის საწყის ეტაპზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ აარონს იგი აუცილებლად მობეზრდებოდა, როგორც კი მისგან ყოველგვარ სასურველს მიიღებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. აღნიშნულ წამს, პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ რა იქნებოდა მაშინ, არც მე რომ არ მომბეზრდებოდა მელინა, მას შემდეგ, რაც მის სხეულს მივიღებდი? იქნებ, მისი გაშვება არც თავად მომდომებოდა? იქნებ, სურვილი გამჩენოდა კიდევ დიდხანს დარჩენილიყო ჩემთან?
-ჰეი, რაზე ჩაფიქრდი? -ნიცას ხმამ გამომაფხიზლა და მზერა კვლავ ეკრანს მივაპყარი, საიდანაც, ჩემი ტყუპისცალი დაკვირვებით მათვალიერებდა
-არაფერზე, არაფერზე, უბრალოდ თუ საქმე ასე კარგად მისდით, მაშინ მალე ქორწინებასაც უნდა ველოდოთ, არა?
-არც ეგაა გამორიცხული -გაეღიმა ნიცას -შენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მინდა აარონის შვილი რაც შეიძლება მალე დავიჭირო ხელში. თითქმის სულ მასთან ვიქნები და ძალიან ბევრ რამეს ვასწავლი ხოლმე
-ნიცა, ბავშვის ფსიქიკის ნორნალურად ჩამოყალიბებისთვის უკეთესი იქნება თუ შენთან რაც შეიძლება ცოტა დროს გაატარებს
-და ამას მეუბნება ნომერ პირველი ერთუჯრედიანი, ვინც ქალების იქეთ ვეღარავის ხედავს -ენა გამომიყო -ჰო მართლა, ქალებზე გამახსენდა, მანდ ჯერ არავისზე დაგიდგამს თვალი? დარწმუნებული ვარ, მარტო დიდხანს ვერ გაძლებდი
-და შენ როდის აქედან ინტერესდები ჩემი პირადი ცხოვრებით?
-დღეიდან… მიდი, ამოღერღე თუ რამე გაქვს მოსაყოლი
-სათქმელი არაფერია, ჯერჯერობით ჩვენს შორის არაფერი ხდება -ვუთხარი და მელინას გახსენებაზე, სახეზე ღიმილი მომადგა -თუმცა ეს დროებითია, მალე აუცილებლად ვრცლად გიპასუხებ მაგ შეკითხვაზე
-აჰა, ანუ გეჯიუტება და არ გიკარებს -სიცილით გააკეთა დასკვნა ნიცამ -რომ იცოდე, აქაური გოგონები მიუწვდომლების როლს ხშირად თამაშობენ, ამიტომ მაგან არ მოგატყუოს, ძამიკო -მერე, ცოტა ხნით გამომცელად მაკვირდებოდა, სანამ ისევ არ ალაპარაკდა :- ჰო მართლა, მაინტერესებს როგორ გამოიყურება შენი ახალი რჩეული, სადმე მისი ფოტოც ხომ არ მოგეპოვება?
-რა მოხდა გემოვნება უნდა შემიფასო? -მეც გამომცდელად შევხედე, თან გამახსენდა, რომ მართლაც მქომდა მელინას ერთი ფოტო-სურათი, რომელიც ჩუმად გადავუღე მაშინ, როდესაც ავტოსადგომზე დაყენებულ თავის მანქანაში ჯდებოდა, სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ. საკმაოდ ლამაზი კადრი მქონდა დაჭერილი. ადრიანი დილის ნიავს, მისი თაფლისფერი თმა მარცხენა მხარეს ჰქონდა წაღებული, ხელით მანქანის კარს ჩამოყრდნობოდა და გვერდზე იყურებოდა. ამ სურათს ხშირად ვუყურებდი ხოლმე ძილის წინ, ზოგჯერ, გადაბმულად რამდენიმე წუთიც კი, თუმცა მაინც არ მბეზრდებოდა. თითქოს მაჰიპნოზებდა კიდეც და უნარს მართმევდა მისთვის თვალი მომეწყვიტა.
-ჰო, უნდა შეგიფასო -თავდაჯერებით განმიცხადა ჩემმა ტყუპისცალმა -შეიძლება დატვირთული სამუშაოსა და რთული გრაფიკის გამო, აზროვნების უნარიც დაგიქვეითდა და ვინმემ ხომ უნდა მოგიყვანოს გონს?
-ალღო მკარნახობს, სანამ საწადელს არ მიაღწევ, მანამ არ მომეშვები, ამიტომ ჯობს დავნებდე
-აშკარად უკეთესად აზროვნებ, ვიდრე ადრე, ალბათ ბათუმის ჰაერმა იმოქმედა
პასუხად აღარაფერი მითქვამს. ამის მაგივრად, მობილურის ფოტო-გალერიაში შევედი და ვინაიდან, მელინა არც ერთ სოციალურ ქსელში არ იყო დარეგისტირებული, ნიცას ჩემს მიერ მალულად გადაღებული ფოტო გავუგზავნე, რათა მისი ცნობისმოყვარეობა ნაწილობრივ მაინც დამეკმაყოფილებინა.
-მორჩა, პირობა შესრულებულია
-ჰოო? აბა, ვნახოთ ამჯერად ვინ ამოიღო მიზანში ჩემმა კაზანოვა ძამიკომ -ნიცა ეკრანს დაკვირვებით მოაშტერდა, რამაც მიმახვედრა, რომ ფოტო-სურათი გახსნა და ახლა მასზე გამოსახული ადამიანის შესწავლით გახლდათ დაკავებული.
სანამ ჩემი ტყუპისცალი, თავის პატარა "გამოძიებაში“ იყო ჩაბმული, ტელეფონს თვალი მოვაშორე და კვლავ ჩემს წინ გადაშლილი უკიდეგანო სილურჯე მოვაქციე მზერის ფოკუსში. ტალღების ზომა თანდათანობით მატულობდა და ზღვაში აქა-იქ მობანავე ხალხიც ნელ-ნელა მოიწევდა ნაპირისკენ. ზოგადად, განსატვირთად და ჩამოსაჯდომად, ყოველთვის სანაპიროს იმ ნაწილს ვარჩევდი ხოლმე, სადაც ხალხმრავლობა ყველაზე ნაკლებად იყო. სწორედ აქ ვნახე პირველად მელინაც და ზუსტად აქ მოვუსმინე, მის მიერ შესრულებულ "ცვლილების ქარსაც".
-არ არსებობს! -ნიცას აჟიტირებული ხმა, ლამის მთელმა პლაჟმა გაიგო და მეც მაიძულა ზღვის ტალღებისთვის თვალი მომეწყვიტა
-რა იყო, რა გაყვირებს?
-ანტონია დევდარიანი მოგწონს?
-რა ანტონია, მელინა ჰქვია და ჩემთან ერთად მუშაობს, ბარისტად -აშკარად გამაკვირვა ნიცას სიტყვებმა
-არა, არა, ეს გოგო პირველად მაშინ ვნახე, როდესაც ოთხი წლის წინ, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვაკითხე აარონს და მასთან ერთად, მისი პარტნიორის დაბადების დღის წვეულებაზე წავედი. ერთ-ერთი უმდიდრესი თბილისელი ბიზნესმენის, დავით დევდარიანის შვილია
-ალბათ ვიღაცაში გეშლება
-გამორიცხულია… მართალია, მაშინ ჩოლკას ატარებდა და დაახლოებით ჩვიდმეტი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ მაინც კარგად დამამახსოვრდა, რადგან იმ წვეულებაზე საჯაროდ სთხოვა ხელი ერთმა ბიჭმა და მანაც ყველას თვალწინ სტკიცა უარი. მახსოვს, იმ ბიჭის სახეზე ძალიან ბევრი ვიცინე
-ნიცა, სისულელეს ამბობ -ვუთხარი დარწმუნებით -თუ ასეთი მდიდარი ბიზნესმენის შვილია, აარონის სასტუმროში რატომ უნდა მუშაობდეს და ღამის ცვლებში რატომ უნდა იტანჯავდეს თავს?
-იქნებ, ისიც შენსავით დასჯილია და ცუდი მოქცევის გამო, მშობლებმა ყური აუწიეს?
-ასეთი დამთხვევების არ მჯერა, ნიცა . . . ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამ გოგოს მელინა ჰქვია და არა, ანტონია, როგორც ცოტა ხნის წინ თქვი
-ჰო, მაგრამ . . .
-ამბობ, ბოლოს ოთხი წლის წინ ვნახეო, შეცდომის ალბათობა ძალიან დიდია
-არ ვიცი, არ ვიცი -თავი გადააქნია ამის თქმისას -ისიც შესაძლებელია, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ
-მეც ეგ ვარიანტი უფრო ლოგიკურად მიმაჩნია -საათს დავხედე ამის თქმისას, რომელმაც მამცნო, რომ სამუშაო დროის დაწყებამდე, სულ რაღაც ოცი წუთი მქონდა დარჩენილი.
სანაპიროდან "ქვიშის ქარიშხლამდე" დაახლოებით ათი წუთის გზა იყო. ველოსიპედი, სანაპირო ზოლიდან საკმაოდ მოშორებით მქონდა დატოვებული. მისი საშუალებით მანძილს უფრო სწრაფად დავფარავდი და შემეძლო კიდევ დიდხანს ვმჯდარიყავი ზღვის ტალღების ცქერაში, თუმცა რატომღაც ეს აღარ მინდოდა. მსურდა, რაც შეიძლებოდა მალე მივსულიყავი სასტუმრომდე და მელინა მენახა. იგი ჩვეულებრივ, დროზე ადრე მიდიოდა ხოლმე სამსახურში და სავარაუდოდ, უკვე ადგილზეც უნდა დამხვედროდა.
-ნიცა, სხვა დროს დაგირეკავ, ახლა უნდა გავთიშო, სამუშაო მიხმობს
-ჰო, ჰო, დამავიწყდა, რომ დღეს მხოლოდ მე ვისვენებ, შენ კი, წელში გაწყვეტის დღე გაქვს
-გმადლობ გამხნევებისთვის
-არაფრის, ძამიკო, აბა შენ იცი, მიტანისას ჭიქები არ გაგიტყდეს თორემ ხელფასიდან ჩამოგაწერენ -სიცილით მითხრა, ხელი დამიქნია და ჩვენს შორის კავშირიც ამ სიტყვებით გაწყვიტა
ნიცასთან საუბრის შემდეგ, აღარც მე დამიცდია დიდხანს. ზღვიდან უკვე სველი ქარი უბერავდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მალე წვიმასაც დაუშვებდა, ამიტომ, სწრაფად წამოვდექი ფეხზე, ბოლო ქვა ვესროლე ნაპირისკენ წამოსულ ტალღას, კიდევ ერთხელ დავხედე მაჯის საათს და პირდაპირ ჩემი ველოსიპედისკენ გავეშურე.




* * * *


სამსახურში მისულმა, საკმაოდ სამწუხარო ამბავი გავიგე. თურმე მელინა რომელიღაც მიმტანის მაგივრად მუშაობდა, სასტუმროს რესტორანში, ვისაც პირადი პრობლემების გამო, რამდენიმე საათით ჩანაცვლება ეთხოვა მისთვის. აქედან გამომდინარე, საწყის ეტაპზე, ბარში, მხოლდ მე და ენკეს მოგვიწევდა მორიგეობა, რითაც დიდად აღფრთოვანებული ნამდვილად ვერ ვიყავი. ვგრძნობდი, რომ მის გარეშე უინტერესო იქნებოდა ყოველი წამი, წუთი და საათი. მართალია, მელინაც ამ შენობაში იმყოფებოდა ჩემს მსგავსად, თუმცა მაინც არ მომწონდა ის ფაქტი, რომ გარკვეული დრო მის სახეს ვერ ვიხილავდი და მხოლოდ ენკესთან მომიწევდა სმენის განაწილება.
ბარი ნელ-ნელა ხალხით ივსებოდა. დღეს საჭმელს თითქმის არავინ უკვეთავდა, ძირითადად, ყველანი სასმელით კმაყოფილდებოდნენ და ერთმანეთში მხიარული საუბარი ჰქონდათ გამართული.
კლიენტთა სიმრავლის მიუხედავად, მე და ენკე მაინც კარგად ვუმკლავდებოდით, რადგან წვიმის გამო ვერანდაზე არავინ იჯდა და ამის გამო, ერთმანეთში სასაუბრო დროც გვრჩებოდა პერიოდულად.
-Dude, რაღაც უსიამოვნო უნდა გითხრა -სიცილით მახარა დარბაზის შუა გულიდან, კიდევ ერთი ცარიელი სინით ხელში მობრუნებულმა ენკემ, ვისაც ყელზე ბაფთა ოდნავ შეეხსნა და პერიოდულად, აწვალებდა კიდეც ამ უკანასკნელს. ენკე უკვე საკმაოდ კარგად მყავდა შესწავლილი და ვიცოდი, რომ ბაფთის წვალებას მხოლოდ მაშინ მიმართავდა, როცა ვიღაცისთვის რაღაცის თხოვნა სურდა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე არაფერი მეთქვა და მეცლია, თავად მისულიყო შემოვლითი გზიდან, მთავარ სათქმელამდე
-რა უნდა მითხრა? -სხვათა შორის ვკითხე
-ის, რომ შენი ჯულიეტას გარეშე, სიკვდილმისჯილი პატიმარივით ჩამოგტირის სახე
-ჩამომტირის თუ არ ჩამომტირის, საქმეს მაინც ჩვეულებრივად ვაკეთებ -მერე გამეცინა და დავამატე :- როგორც დიადი თორნიკე ჯაყელი იტყოდა, სტუმარს ყოველთვის უნდა გავუღიმოთ
-ჩვენთვის მთავარი სტუმრისთვის კომფორტის შექმნა და მისთვის სიამოვნების მინიჭებაა -თორნიკეს ხმა და გამომეტყველება მიიღო ამის თქმისას ენკემ, რაც მართლაც რომ შესანიშნავად გამოუვიდა და ჩემი მჟავე სიფათისთვის, ცოტაოდენი მხიარულების მინიჭებაც შეძლო
-ყოჩაღ, პაროდისტის ნიჭი ნამდვილად გაქვს -შევაქე
-ჰოო? თუ ასეა, შენთან ერთი თხოვნა მექნება -შეპარვით შემომიგდო სიტყვა, თან ბაფთის წვალება განაგრძო და კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩემი ლოგიკის ძლევამოსილებაში
-მაინც, რა თხოვნა?
-შენი სახლი უნდა მათხოვო ერთი ღამით -ყოველგვარი შესავლის გარეშე, პირდაპირ მომახალა
-ჩემი სახლი? და რატომ?
-იმიტომ, რომ გოგოსთან მინდა მარტო დარჩენა, საკუთარ ბინაში კი, ამის საშუალება არ მაქვს, რადგან ჩემი ძმა, თავისი ოჯახიანად ჩემთან იცხოვრებს რამდენიმე დღით, სანამ მათი სახლი გარემონტდება
-კარგი, ეს გასაგებია, მაგრამ მე სად წავიდე ამ დროს? პლაჟზე გავათიო ღამე?
-იცი რა სასიამოვნოა ზღვის ტალღების ხმაში დაძინება? -მუდარის თვალებით შემომხედა ენკემ ამის თქმისას, რითაც მიმახვედრა, რომ სწორედ სანაპიროზე ძილისთვის მიმეტებდა
-სხვა ვარიანტი არ გაქვს? რაღაც ღია ცის ქვეშ ძილის პერსპექტივა მაინცდამაინც არ მხიბლავს
-სცადე, იქნებ არც ისე ცუდია, როგორც თავად ფიქრობ?
-თუ ღირს მაინც ეგ გოგო ჩემს ამდენ წვალებად? -გამომცდელად გავხედე და იმ წამს, ისიც წარმოვიდგინე, როგორ ვიძინებდი შეზლონგზე, ზღვის შრიალის ხმაში
-ღირს, ძმაო, თანაც როგორ -თვალები გაუბრწყინდა ენკეს თავის რჩეულზე საუბრისას -მარტო მისი დანახვისასაც კი ნერწყვების ყლაპვა მახრჩობს. ძლივს რაღაც შანსი მომეცა და ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრა, თორემ იმათ სიაში ჩაგწერ, ვისზეც მომავალში შური უნდა ვიძიო
-ეგეთი სია მართლა გაქვს? -გამეცინა
-არა, მაგრამ დღესვე შევადგენ და შენ პირველ რიგში ჩაგწერ
-უღრმესი მადლობა ამხელა პატივისთვის
-არაფრის, ძმაო, ახლა მითხარი თანახმა ხარ, თუ არა?
კითხვის დასმისას ჩაფიქრებული სახე მივიღე. მართალია, არ მიყვარდა ჩემს პირად სივრცეში ვინმეს შეშვება და არც გარეთ დაძინების ვარიანტით ვიყავი დიდად აღფრთოვანებული, თუმცა, რაღაც ძალა მაინც მაიძულებდა უარი არ მეთქვა და საბოლოოდ, გადავწყვიტე მეც ამ ძალას დავმორჩილებოდი.
-კარგი, კარგი, შეგიძლია ერთი დღით იქაურობა ისე გამოიყენო, როგორც გინდა, ოღონდ ჩემს საძინებელში შესვლა არც კი გაიფიქრო!
ენკეს სახეზე, სიხარული და შვება ერთდროულად გამოისახა. ამის შემდეგ, ისე უეცრად მომეხვია, რომ სიტყვის თქმაც ვეღარ მოვასწარი.
-ძმა ხარ, რა, სულ მქონდა შენი იმედი -მითხრა მხიარულად -შენს ოთახს რაც შეეხება, იქ ცალ ფეხსაც არ შევდგამ, ენკე ტაბიძის პატიოსან სიტყვას გაძლევ -ცალი ხელის გული მაღლა ასწია ფიცის ნიშნად
-კარგი, თუ ასეა, სამუშაოდ დღის ბოლოს შემახსენე და სახლის გასაღებს მოგცემ
-მადლობა, ნამდვილი მეგობარი ხარ -მხარზე ხელი დამარტყა მან -ახლა კი საქმეს მივხედოთ, თორემ ჯაყელმა თუ ასე უსაქმურად გვნახა, დღესვე გაგვყრის აქედან
-სიხარულისგან ცეკვასაც კი დავიწყებდი, ჩემი აქედან გაგდება მხოლოდ ჯაყელზე რომ იყოს დამოკიდებული
-რას გულისხმობ? -ეჭვით ჩამეკითხა ენკე და იმ წამს, მეც მივხვდი, რომ ზედმეტი წამოვროშე. საჭირო იყო სიტუაცია როგორმე გამომესწორებინა :
-არა, არაფერს, უბრალოდ გუშინ ცუდად მეძინა და რაღაცებს ვურევ -მივუგე სწრაფად, თან ბარის მაგიდაზაზე შემოდებულ წიგნაკს დავწვდი -წავალ, ახალი სტუმარი შემოვიდა და შეკვეთას ავიღებ. შენ მანამდე მონიტორზე მაგიდა გახსენი
-წარმატებები, Dude, ეგკაცი The Most Of პრეტენზიული ვინმეა, მათ შორის ვინც კი აქამდე მინახავს
-ასეთი ვინაა?
-დავით დევდარიანი - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი ჩვენს ქვეყანაში, ვისაც ჰგონია, რომ დედამიწა საკუთარი ღერძის კიარა, Only მისგარშემო ბრუნავს
ამ სახელის და გვარის გაგონებაზე, ნიცასთან სატელეფონო საუბარი გამახსენდა, როცა მელინას ორეულ -ანტონია დევდარიანსა და მამამისზე მიყვებოდა, ვინც, როგორც გავიგე, ჩემი ძმის საქმიან პარტნიორად ითვლებოდა.
სავარაუდოდ, ეს კაცი სწორედ ის უნდა ყოფილიყო, ვისზეც მე და ნიცას რამდენიმე საათის წინ გვქონდა საუბარი. აი, დამთხვევაც ამას ერქვა.
-კარგი, ვნახოთ ამჯერად რა პრეტენზიები გაუჩნდება -მაგიდასთან პლანშეტით ხელში მჯდომ დავითს, კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ამის თქმისას, თეთრი ტილო მკლავზე გადავიფინე და პირდაპირ მისკენ დავიძარი
როგორც ეტყობოდა, ტიპური ამაყი მდიდარი იყო, ვინც მომსახურების სფეროს თითოეულ წარმომადგენელს, მონასავით ეპყრობოდა ხოლმე. ეს, პირველივე მიახლოებისას შევნიშნე, როცა ჩემი მისვლისას, სახეშიც კი არ შემოუხედავს ისე მომახალა ერთი ბოთლი ირლანდიური ვისკი მომიტანე, ლიმონთან ერთადო. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს არც მე ვითვლებოდი დაბალი ფენის წარმომადგენლად, ჩემზე ვერავინ იტყოდა, სასტუმროებში ან რესტორნებში, მიმტანების მიმართ უპატივცემულობას იჩენს და მათ ზემოდან დაჰყურებსო. პირიქით, მუდამ მაღიზიანებდნენ ხოლმე ცხვირაწეული პიჟონები, რომელთაც თავი ქვეყნის მბრძანებლები ეგონათ მხოლოდ იმის გამო, რომ ჯიბეები ფულით ჰქონდათ გამოვსებული. დავით დევდარიანმაც სწორედ ამგვარი შთბეჭდილება დატოვა ჩემზე. აღნიშნულმა ფაქტმა, მაშინვე მიმახვედრა, თუ რატომ მისურვა ენკემ წარმატებები, როდესაც ამ ტიპის მაგიდისკენ მივემართებოდი შეკვეთის ასაღებად.
-გასაგებია, ახლავე მოგართმევთ. კიდევ ხომ არაფერს დაამატებდით?
-თუ რამის დამატება მომინდება, მეორედაც დაგიძახებ -კვლავ ისე მომიგო, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. როგორც ჩანდა, სიმდიდრე, ბევრ ადამიანს, ზრდილობის ეტიკეტის დაკარგვაში უწევდა დახმარებას
დავითის მაგიდა ისე დავტოვე, მისთვის პასუხი აღარ დამიბრუნებია. მხოლოდ ბართან მდგომ ენკეს გადავეცი მისი შეკვეთა და თაროდან ირლანდიური ვისკის მთლიანი ბოთლიც ჩამოვაღებინე.
-რაო, კარგი შთაბეჭდილება დატოვა ბატონმა დევდარიანმა? -სიცილით მკითხა, როგორც კი წინასწარ გამზადებული, დაჭრილი ლიმონი ლანგარზე დამიდო მან
-იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი
-ეს მართლა კარგად თქვი
-მიდი, ჭიქა მომეცი და შეკვეთას მივუტან
-ჰო, ეგ სულ დამავიწყდა -მაგიდის ზემოთ მიმაგრებული სათავსოდან, სადაც მინის ჭურჭელი თავდაყირა იყო დამაგრებული, ერთ-ერთი მათგანი ჩამოიღო, თან გარედან კიდევ ერთხელ გადაუსვა სუფთა ტილო -ეს, ყოველი შემთხვევისთვის, რათა არ თქვას ნათითურები ამჩნევიაო
ამ სიტყვებზე, ღრმად ჩავისუნთქე. როგორც ჩანდა, ეს ტიპი ნამდვილი სასჯელი იყო და ენკესაც უკვე საკმაოდ კარგად ჰქონდა შესწავლილი მსგავსი კატეგორიის ადამიანებთან გამოსაყენებელი მარტივი წესები.
ლანგარი ფრთხილად ავიღე და შესაბამისი მაგიდისკენ ნელი ნაბიჯებით დავიძარი. დავითი კვლავ თავის პლანშეტს ჩაშტერებოდა, თან ყურსასმენებიც მოერგო და თუ მისი ტუჩების მოძრაობით ვიმსჯელებდით, ვიღაცას ესაუბრებოდა. შეკვეთის დალაგებისას, ბარში აჟღერებული მუსიკის ფონზე, ბუნდოვნად თუ მესმოდა დევდარიანის სიტყვები, მაგრამ ის აზრი მაინც გამოვიტანე, რომ საუბარი სამსახურს შეეხებოდა და სავარაუდოდ, ყურმილის მეორე მხარეს მისი საქმიანი პარტნიორი უნდა ყოფილიყო.
შეკვეთა მაგიდაზე მაქსიმალურად სწრაფად დავალაგე. არც ჩვენი ეტიკეტით განსაზღვრული სიტყვები -"გემრიელად მიირთვით" დამვიწყებია და ის-ის იყო უკან უნდა გამოვბრუნებულიყავი, რომ მოულოდნელად, იმ წამს, შეტყობინების მოსვლისგან განათებულ, მისი მობილურის ეკრანს მოვკარი თვალი, რომლის Screen Lock-ზეც, თაფლისფერთმიან გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო ეყენა. ეს უკანასკნელი, საოცრად მივამგვანე მელინას და კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩემი და ნიცას დიალოგი დავით დევდარიანის ქალიშვილ, ანტონიაზე, ვინც მართლაც რომ წყლის ორი წვეთივით ჰგავდა ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ ადამიანს.
როდესაც ნიცას აღნიშნულ თემაზე ვესაუბრებოდი, ამგვარ მსგავსებას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. გაოცებულიც კი დავრჩი და საკუთარ ფიქრებში მყოფმა, ისიც ვერ გავაანალიზე, რომ კვლავ დევდარიანის მობილურს დავშტერებოდი, ფეხმოუცვლელად. გონს, სწორედ ამ უკანასკნელის ხმამ მომიყვანა. როგორც ეტყობოდა, ჩემი ჯერ კიდევ იქ ყოფნით, მაინცდამაინც ნასიამოვნები არ ჩანდა :
-ვერ მეტყვით, კვლავაც თავზე რატომ მადგახართ? -მკითხა უკმაყოფილოდ -რაღაც არ მახსოვს, პირად დაცვად ამეყვანეთ
მისმა უხეშმა ტონმა ძალზედ გამაღიზიანა, თუმცა ამისდა მიუხედავად, წყობიდან გამოსვლის უფლება, ჩემს თავს არც ამჯერად მივეცი.
-იცით, ეგ არც მე მახსოვს -მივუგე ოლიმპიური სიმშვიდით -მაგრამ თუ ვაკანსიები გაქვთ, დიდი სიამოვნებით მოვისმენ პირობებს, იქნებ დამაინტერესოს
-ეს უკვე საინტერესოა -ფართედ გაეღიმა ჩემს სიტყვებზე, მობილურის ეკრანი ღილაკზე თითის მიჭერით ჩააქრო და სკამის საზურგეს მიაწვა -აქამდე, ამ დაწესებულებაში ასეთი თავხედი მიმტანი არ შემინიშნავს. საინტერესოა, ზურგს ვინ გიმაგრებთ?
-არ ვფიქრობ, რომ ვინმესგან ზურგის გამაგრება მჭირდება -კვლავ ზრდილობიანად მივუგე, მიუხედავად იმისა, რომ ამ წამს საერთოდ არ მსურდა ზრდილობის ჩარჩოებში მოქცევა -თუ კიდევ რამის დამატება მოგინდებათ, მაცნობეთ. ახლა კი, თქვენის ნებართვით, სხვა სტუმრებსაც მივხედავ. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ . . .
დევდარიანის მაგიდას ისე მოვშორდი, მისი საპასუხო "დარტყმისთვის" არც დამიცდია. საათი უკვე ღამის თერთმეტს უჩვენებდა, თუმცა წინა დღეებთან შედარებით, დროის ამ მონაკვეთში, ხალხის ნაკადი იმდენად დიდი არ გახლდათ. ეს სავარაუდოდ იმიტომ, რომ ცუდი ამინდების გამო ფრენები ორი დღით გადაიდო და წინასწარ დაჯავშნილ ნომერთა უმრავლესობა, ჯერ კიდევ თავისუფალი გახლდათ.
-როგორც ჩანს, ეს ღამე ნაკლებად გადატვირთული იქნება -კმაყოფილებით აღნიშნა ენკემ, თან თავისთვის ლატეს მზადება დაიწყო
-ჰო, მგონი მართალი ხარ
-შენც ხომ არ გინდა? -თვალებით მანიშნა ყავის აპარატისკენ
-მინდა, ოღონდ ჩემთვის ამერიკანო გააკეთე
-გაგიმართლა, ამერიკანო ყველაზე კარგად გამომდის -აღნიშნა თავმომწონედ -სხვა რამებშიც არაჩვეულებრივი ვარ რა თქმა უნდა
-ეგეთი სიტყვები შენი გოგოებისთვის შემოინახე, თავის მოსაწონებლად
-შენ არ მოგწონვარ, ფისო? -წარბების თამაშით გადმოიხარა ჩემკენ ამის თქმისას
-გაჩუმდი, სანამ ყბაში მოგდე
-კარგი, კარგი -გაეცინა და კვლავ ყავის აპარატს მიუბრუნდა წამოწყებული საქმის დასასრულებლად . . .
ენკეს მომზადებული ამერიკანო, მართლაც საჭიროებდა დამსახურებულ შექებას. ტრადიციული ინგრედიენტების გარდა, კიდევ რაღაც სხვაც ჰქონდა გარეული, თუმცა კონკრეტულად რა, ეს ვერაფრით ვერ დავაცდენინე. რაც არ უნდა ყოფილიყო საიდუმლო რეცეპტი, ცხელი კოფეინი მაინც წამადგებოდა ენერგიის შესანარჩუნებლად, ამიტომ, გადავწყვიყე აღარაფერი მეკითხა ზედმეტი ჩაძიების გარეშე განვაგრძე ჩემი ყავის სმა.
დარბაზის შუა გულში მხოლოდ ორიოდე კაცი იჯდა. შედარებით ხალხმრავლობით, მისი მარჯვენა მხარე გამოირჩეოდა, სადაც, ძირითადად ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ და წვიმიან საღამოს სასმელით იმრავალფეროვნებდნენ. წინ, საკმაოდ გრძელი ღამე გველოდა. მეც, თითქოს ნაწილობრივ შევჩვეოდი ახალ რეჟიმს და აღარ მეჩვენებოდა, რომ სამუშაო საათები ათასწლეულივით იწელებოდა.
ხალხის სიმცირის გამო, მე და ენკეს დასვენებისთვისაც საკმაო დროს ვიტოვებდით და სასასაუბროდაც.
ჩვენი მთავარი სტუმარი, დავით დევდარიანი ჯერ კიდევ ნეტარებით შეექცეოდა თავის ვისკის და როგორც ჩანდა, წასვლას კიდევ დიდხანს არ აპირებდა. პირიქით, მორიგი ჭიქის დაცლიდან რამდენიმე წამში, მარჯვენა ხელი ზემოთ ასწია, რათა შეკვეთისთვის კიდევ რაღაც დაემატებინა.
-წავალ, გავიგებ ამჯერად რა ინება მისმა უდიდებულესობამ -ენკე ბარის დახლს გამოეყო, მკლავზე ტრადიციულად გადაიფინა თეთრი ტილო და შემდეგ მე გამომხედა -ისე დღეს მაინც დრო გამოგვიჩნდა და მოდი, იმ კოქტეილების გაკეთებას გასწავლი, რომელიც ჯერ კიდევ არ იცი
-მხოლოდ "დებიუტანტს" და "კოსმოპოლიტენს" ვერ დავუჭირე მუღამი, დანარჩენი ასე თუ ისე, მალევე ავითვისე
-ჰოდა, ძალიან კარგი, რომ დავბრუნდები მაგაზეც ვიმუშავოთ -გამოცდილი მასწავლებელის ჟესტით მითხრა ენკემ და პირდაპირ ჩვენი მთავარი სტუმრის მაგიდისკენ გაემართა, წიგნაკითა და კალმით ხელში.
მისი წასვლის შემდეგ, მარტო დიდხანს ნამდვილად არ ვყოფილვარ. ათი წამიც კი ძლივს იყო გასული, რომ მოულოდნელად, ჩხაკუნის ხმა გავიგონე და უკან გახედვის შემდეგ, ბარში, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კარიდან შემოსულ მელინას მოვკარი თვალი, ვისაც, წინა დღეებისგან განსხვავებით, სახეზე დაღლილობის არანაირი კვალი არ ემჩნეოდა. გამიხარდა მისი დანახვა. იმდენად გამიხარდა, რომ განსხვავებული პოზიტივით ავივსე, თუმცა გარეგნულად არაფერი შემიმჩნევია. პირიქით, ვცადე საკმაოდ ჩვეულებრივად მივსალმებოდი :
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება -ვუთხარი ისე, რომ მისთვის სახეშიც არ შემიხედავს -თავს როგორ გრძნობ?
-გმადლობ, კარგად . . . როგორც ვხედავ, დღეს ცოტა ხალხია
-ჰო, მაგრამ ერთი ისეთიც გამოერია, ვინც ერთდროულად ათს უდრის
-ეგეთი ვინაა? -გაეცინა მას, ყავის აპარატთან მივიდა და თავისთვის ესპრესოს მომზადება დაიწყო
-აი, მეოთხე მაგიდასთან რომ შუა ხნის კაცი ზის, ირლანდიური ვისკით
მელინას აღარაფერი უპასუხია. უბრალოდ, იმ მიმართულებით გაატრიალა თავი, საითაც ცოტა ხნის წინ მე ვანიშნე და სახეზე მაშინვე უზარმაზარი შიში გამოესახა. ჭიქა, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელში ეჭირა, მოულოდნელად იატაკზე დავარდა, ნაწილებად დაიფშვნა და იქედან გადმოღვრილმა სითხემ, იატაკს შავი ლაქაც დაამჩნია.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ეს აქ რას აკეთებს? -დამსხვრეული ჭურჭლისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია მელინას ისე ჩაიმალა ბარის მაგიდის უკან და თმაში ხელი ნერვიულად შეიცურა -შეუძლებელია, რამე უნდა მოვიფიქრო, რათა ვერ გამომიჭიროს
-მელინა, კარგად ხარ? -გაკვირვებული ვადევნებდი თვალს მის საქციელს და ვერ გამეგო რა დაემართა ასე მოულოდნელად -მანდ რატომ იმალები?
-ძალიან გთხოვ, არაფერი მკითხო
-რას ნიშნავს არ გკითხო? -მის წინ ჩავიმუხლე და ორი თითით ნიკაპი ავუწიე -სახეზე ფერი არ გადევს, ასე იმ კაცის დანახვამ იმოქმედა? -ვკითხე, რადგან მელინამ სწორედ დევდარიანისკენ გახედვის შემდეგ დაიწყო უცნაურად მოქცევა
-ეგ ადამიანი რა შუაშია? -თვალი ამარიდა ამის თქმისას, რითაც მაშინვე მიმახვედრა, რომ იტყუებოდა
-აბა ვინ არის შუაში?
-იქნება არ იყო ასეთი ცნობისმოყვარე? -თავისი მელნისფერი თვალებით, გამჭოლი მზერა მესროლა ამის თქმისას
-მაპატიე, მაგრამ როდესაც ბარში შემოდიხარ და ერთ-ერთ სტუმარს მაგიდის უკან ემალები, აუცილებლად ჩნდება კითხვა "რატომ"
-როდესაც ადამიანი კარგად არ გიცნობს და შენი თითოეული წვრილმანით მაინც ასე ინტერესდება, აუცილებლად ჩნდება კითხვა -"რატომ"
-მშვენივრად ხვდები, რომ მიზიდავ და შენდამი გულგრილი არ ვარ
მელინამ თავი ირონიული ღიმილით გადააქნია.
-ცდები, ნიკოლოზ, შენ ქალი მანამდე მოგწონს, სანამ სასურველს არ მიიღებ. მერე უკვე ისიც ისეთივე ფეხის საწმენდ ტილოდ იქცევა ხოლმე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი
-უკაცრავად რომ გაწუხებთ ახალგაზრდებო, მაგრამ ხომ ვერ მეტყვით აქ რა საიდუმლო კონგრესი გაქვთ გამართული? -მელინას სიტყვებზე პასუხის გაცემაში, ხელი მოულოდნელად თავზე წამომდგარმა ენკემ შემიშალა. იგი ორთავეს გაკვირვებული სახით დაგვჩერებოდა ზემოდან და აშკარად არანაირი ვერსია არ გააჩნდა, თუ რატომ ვიყავით დამალულები ბარის მაგიდის უკან -ჩუმად რატომ ხართ? არ მიპასუხებთ?
-ჯობს, ეგ კითხვა მელინას დაუსვა, იქნებ შენ მაინც გიპასუხოს -ფეხზე წამოვდექი ამის თქმისას, თუმცა მას იგივე ნამდვილად არ გაუმეორებია. კვლავაც დახლს უკან რჩებოდა დამალული, საშიში დამნაშავის მსგავსად
-ლამაზო, სამუშაო დღის ბოლომდე თუ მანდ აპირებ ჯდომას, ხანდახან დაგველაპარაკე მაინც, რათა არ დაგვავიწყდე და შემთხვევით ფეხი არ დაგაბიჯოთ -უთხრა სიცილით ენკემ, თუმცა მელინასგან პასუხი ვერ მიიღო. ეს უკანასკნელი, ჯიუტად იცავდა დუმილის უფლებას, თან მუხლებზე მკლავები მაგრად ჰქონდა შემოხვეული და სადღაც, უსასრულობაში იყურებოდა. მიუხედავად მისი მდუმარებისა, იმ დასკვნის გამოტანა მაინც არ გამჭირვებია, რომ მელინა, ასე საგულდაგულოდ, თვით დავით დევდარიანისგან ცდილობდა დამალვას, მაგრამ რატომ?
იქნებ, აქ იმაზე უფრო დიდი საიდუმლო იმალებოდა, ვიდრე მე წარმომედგინა? იქნებ, ნიცას არაფერი შეშლია და ანტონია და მელინა ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ?
ნუთუ ეს შესაძლებელი იყო? თუ კი, მაშინ რატომ უწევდა მდიდარ მემკვიდრეს სასტუმროს უბრალო თანამშრომლად მუშაობა, როდესაც მამამისი ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესმენად ითვლებოდა ჩვენს ქვეყანაში?
რაც უფრო მეტს ვფიქრობდი აღნიშნული საკითხის ირგვლივ, ამ ჩახლართულ პაზლს, კიდევ უამრავი ნაწილი ემატებოდა და საბოლოოდ, გონების არევამდე მივყავდი. თავად მელინასგან ამ თავსატეხის ამოხსნაში დახმარების მიღება ილუზიად მეჩვენებოდა. ვიცოდი, რამდენიც არ უნდა მეცადა, მაინც არაფერს მეტყოდა, ამიტომ, სიმართლე თავად უნდა დამედგინა, რისთვისაც მომიწევდა ჩემი დასვენების დღე, თბილისში წასასვლელად გამომეყენებინა. პასუხებს მხოლოდ იქ თუ ვიპოვნიდი, არც მეტი არც ნაკლები, დავით დევდარიანის რეზიდენციაში.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალი მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ???????????? unamused

 


№2  offline წევრი Notyourbabe

ძალიან ძალიან მომწონს ისტორია და ის თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
სამწუხაროა რომ ბევრი არ აფასებს მსგავს საინტერესო , დახვეწილ და კარგ ისტორიებს.
ველი გაგრძელებას მოუთმენლად <3

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

საოცრად კარგად წერთ, კარგი და დახვეწილი ისტორიაა, ველოდები კიდევ ერთ ლამაზ წყვილს...

 


№4  offline წევრი ვიპნი

სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე ნიკუშას გარდაქმნის პროცესს ,იმედებიც არ მიცრუვდება ,წარმატებები ❣️

 


№5 სტუმარი მე

ძალიან კარგად წერთ მსიამოვნებს კითხვა, წარმატებები

 


№6 სტუმარი სტუმარი nikoko

malee iqnebaa?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent