შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოზიტიური ვარსკვლავი (სრულად)


8-10-2020, 14:18
ავტორი აირ ისი
ნანახია 4 821

ხანდახან, შენ არ გინდა, რომ ზომბი ან რობოტი იყო. ხანდხან შენ არ გაინტერესებს მატერიალური საკითხები. ხანდხან, შენ უბრალოდ თავისუფლების განცდა გსურს.


. . .
ეიფელის წინ, გაზონზე ვდგავარ, მარცხენა ხელის გულზე დაყრილ ყვავილის ფურცლებს სულს ვუბერავ და უკვე ჰაერში მოფარფატეებს, კოშკთან ერთად ვახვედრებ მოულოდნელ კადრში.
ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ აქ ვიმყოფები. უკვე მესამე თვეა ამის გაცნობიერება მიჭირს. ირგვლივ ყველაფერი ისეთი უცხო და ჯადოსნურია, თავი საოცრებათა ქვეყანაში მოხეტიალე ალისა მგონია. ჩემს ყურებს, მელოდიასავით ხვდება ფრანგების ჟღერადი საუბარი, რაც ყოველი კუთხე-კუნჭულიდან ჩამესმის. სიამოვნებით აღსავსე მზერით ვაყოლებ თვალს მაღაზიის ვიტრინებზე, ქურქებში გამოწყობილ მანეკენებს და მთელი ქალაქი ჩემი საკუთრება მგონია.
არასდროს ვფიქრობდი, კონკრეტული ადგილის ფულის გარეშე შეცნობა არ შეიძლება-მეთქი. პირიქით, ყოველთვის მეგონა, რომ ის ადამიანები უფრო უკეთ შეიგრძნობდნენ ქალაქის რიტმსა და სურნელს, ვისაც მხოლოდ ზურგ-ჩანთა, ფოტოაპარატი და ყავის დასალევი ფული ებადათ. ისინი ივლიდნენ ვიწრო ქუჩებში, ბავშვების მიერ გადმოგდებულ ბურთს ფეხს დაარტყამდნენ და რამდენიმე წუთით მათთანაც ითამაშებდნენ, შეხვდებოდნენ მდინარის პირას მჯდომ მაწანწალა პოეტებს, რითმებს გაუცვლიდნენ და იქნებ სასიამოვნო დიალოგიც კი გაებათ? ნახავდნენ, თუ როგორ ჩქეფდა ქალაქში სიცოცხლე და როგორ სიმეტრიულად იყო გადმოფენილი ღარიბულ უბნებში, ქათქათა თეთრეული, ფანჯრების წინ გაბმულ თოკებზე.
ყოველთვის მეგონა, რომ სწორედ ეს იყო მთელი ნეტარება და არა, ძვირადღირებულ წვეულებებზე შეკრებილი ტუჩებდაბერილი ელიტა, ვინებიც შამპანიურის ჭიქებით ხელში, სპეციალურად დაყენებული სახეებით იდგნენ და თავიანთი მოგზაურობის ყველა დეტალს ინტერნეტ-სივრცეს მხოლოდ იმიტომ აცნობდნენ, რომ ვინმეს ძალიან შეშურებოდა, ან მათ ადგილას ყოფნა ენატრა.
ამ ფიქრებსა და გაუთავებელ სეირნობაში, რის დროსაც ქალაქის ლამაზ ადგილებს ვინახავდი ფირზე, ვერც კი გავიგე ისე აღმოვჩნდი სენას ხმაურიან ნაპირზე. ირგვლივ, ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ჩემგან ოდნავ მოშორებით, ვიღაც მოხუცი, ლურჯკეპიანი კაცი ჰოთ-დოგებს და ჰამბურგერებს ყიდდა, ხოლო მისგან რამდენიმე ნაბიჯში, ბატიბუტის, ბამბის ნაყინისა და სხვა ტკბილეულის ჯიხურები იწონებდნენ თავს.
უეცრად, ქუჩაში მუსიკალური საკრავების ხმა გაისმა. გვერდზე მიხედვა და ჩემი გამხიარულება ერთი იყო. თვალწინ, მართლაც რომ განსაკუთრებული სანახაობა გადამეშალა-თავზე ბუმბულებდამაგრებული და ფერად ტანსაცმელში აჭრელებული, ინდიელ მუსიკოსთა ჯგუფი, თავის ენაზე რაღაც სიმღერას ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, თან, ჩემთვის აქამდე უცნობ მუსიკალურ საკრავებს ახმიანებდა.
როგორც ველოდი, ახლაც ნაცნობმა ჩვევამ იჩინა თავი და კვლავ ფოტოს გადაღების წყურვილმა შემიპყრო. ხშირად მემართებოდა ხოლმე ასე, უეცრად, უცნობ ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს დავინახავდი, მათში რაღაც განსაკუთრებულს აღმოავაჩენდი და შემდეგ, დაუოკებელი სურვილი მიჩნდებოდა, მათთვის ფოტო მალულად გადამეღო. ახლაც ეს დამემართა-ვერ მიხვდი კონკრეტულად რამ მიმიზიდა ამ ქუჩის მოხეტიალე მუსიკოსებში, მაგრამ ფოტოაპარატი მაინც მოვიმარჯვე, ობიექტივი გავასწორე და რამდენიმე წამში იდეალური კადრიც მზად იყო!
ჩემი გამოანგარიშებით, რომელშიც თითქმის არასდროს ვცდებოდი ხოლმე, პარიზში ჩამოსვლიდან დღემდე, სამი ათასი ფოტო მაინც მქონდა გადაღებული. სკამზე ჩამომჯდარი და გარესამყაროსგან მოწყვეტილი ვათვალიერებდი სხვადასხვა რაკურსიდან დაფიქსირებულ ლუვრს, ტრიუმფალურ თაღს, ელისეის მინდვრებს და ყველაზე საუკეთესოებს, ამოსაბეჭდადაც კი ვახარისხებდი.
ამ საქმიანობამ ისე გამიტაცა, დროის და სივრცის შეგრძნებაც კი დავკარგე. არც ირგვლივ მოსიარულე ხალხი მახსოვდა და არც, ხმაურიანი ქუჩები. დანამდვილებით ისიც არ შემეძლო მეთქვა, თუ რა დრო გავიდა ასე ყოფნაში.
გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როდესაც უეცრად, ჩემს ცხვირწინ, მარწყვის დიდი ნაყინი გაჩნდა და მეც ინსტიქტურად მოვწყვიტე თვალი განუყრელი ფოტოაპარატის ეკრანს, რის გარეშე ცხოვრება, ფაქტობრივად, ვერც კი წარმომედგინა.
-ჯანდაბა, ნიკ, როდის მოხვედი? -მოტანილი, აღტაცებული პატარა ბავშვივით ჩამოვართვი ახლად მოსულს. მართალია, რომ ამბობენ, ერთი მნიშვნელოვანი რამ, მეორეს გავიწყებსო. ჩემმა საყვარელმა დესერტმა იმდენად გადამიბირა თავის მხარეზე, ფოტოების თვალიერებას მაშინვე შევეშვი და გადავწყვიტე მხოლოდ ამ უგემრიელესი ნაყინით მესიამოვნა
-ტრიუმფატორო, იმდენად იყავი ჩაძირული შენსავე სტიქიაში, რომ ალბათ, ისიც კი დაგავიწყდა, აქ, მე, რომ უნდა შემხვედროდი -გაეცინა მას და ჩემს გვერდით, მოხერხებულად მოკალათდა . . .
ნიკი ამ ქალაქში გავიცანი. იგი, ჩემი კარის მეზობელია, "ტრიუმფატორი" კი ის ზედმეტსახელი, რომლითაც ეს ადამიანი ხშირად მომმართავს ხოლმე, რადგან, ტრიუმფისა და გამარჯვების მითოლოგიური ღვთაების-ნიკეს სახელს ვატარებ.
უნდა ითქვას, რომ საოცარი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა მე და ნიკს. როგორც შემდეგ გავიგე, ავსტრალიელი იყო და აქ, არავინ ჰყავდა. მეც სრულიად მარტო ვიყავი ამ ქალაქში. ალბათ, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ გაცნობის მომენტიდან, ერთმანეთის გარეშე ერთი დღეც კი არ გვახსენდებოდა. თითქოს, ჩემი სამყაროს განუყოფელი დანამატი გახდა, მე კი მისი. გიჟური ცხოვრება მოგვწონდა, ღამით ქალაქში უაზროდ ხეტიალი, ეიფელის ქვეშ, მდელოზე გაწოლილებს ღამეების თენება და ახალი საოცარი ადგილების აღმოჩენა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვიყავით და სხვა არავინ.
-შენთვის ერთი სიახლე მაქვს -გადავწყვიტე, პირველივე სიტყვებიდან ცუდი ამბის მაცნე გამოვსულიყავი, თან ნაყინის კოვზი პირისკენ უდარდელი გამომეტყველებით გავიქანე -საზეიმოდ გაცნობებ, რომ დღეს სამსახურიდან გამომაგდეს!
ნიკმა თავის შოკოლადის დესერტს წამით თავი მიანება და გაოცებით გადმომხედა. მივხვდი, უკვირდა ამას ასე არხეინად და ერთობ გახარებულიც რომ ვამბობდი, ამიტომ მის ენის წვერზე მომდგარ კითხვას, პასუხი მანამ გავეცი, სანამ ხმამაღლა გაიჟღერებდა:
-მაინც არ მომწონდა ის სამუშაო, თან, ჩემი მელოტი და ცოლიანი უფროსი მაბამდა
-გაბამდა?
-ჰო, დღეს კაბინეტში დამიბარა და საჭიროზე მეტად მომიახლოვდა
-მერე შენ რა გააკეთე? -ღიმილი მოერია ნიკს. იცოდა ისეთ რამეს ვუპასუხებდი, რაც გაამხიარულებდა და არც შემცდარა:
-რა ვქენი და იმ შრეკისგან ნათხოვარ სახეში ცივი წვენი შევასხი! მადლობელი იყოს, ცხელი ყავა რომ არ ავირჩიე, ისიც იქვე იდგა -დავძინე ბოლოს საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილმა
ამ დროს, ჩვენს წინ ველოსიპედიანმა ბიჭმა ჩაიარა და თავისი ტრასნპორტი ბამბის ნაყინის ჯიხურთან გააჩერა, სადაც საშუალო ასაკის ქალი და პატარა გოგონა იდგნენ რიგში.
-ჩვენც ხომ არ ვჭამოთ? -შემომთავაზა ნიკმა და თავით პატარა ჯიხურისკენ მანიშნა. გამყიდველი, ახალგაზრდა გოგონა იყო, რომელსაც სახე ისე უღიმოდა, იფიქრებდით მასავით ბედნიერი დედამიწაზე არავინ დაიარებაო
-არა, არ მინდა -ვუთხარი გადაჭრით -დღეისთვის ტკბილეული საკმარისია!
-ოხ, ეს ქალები და მათი მუდმივად წონაზე ზრუნვა -თვალები აატრიალა ნიკმა. მის რეაქციაზე გულწრფელად გამეცინა და მარწყვის ნაყინის მცირედი ნაწილი, პირდაპირ ცხვირზე მოვუსვი
-ჰო, ყველა კაცი ასე ამბობს, თუმცა შემდეგ ლამის გამადიდებელი შუშით გაზომოთ ქალის სხეულის თითოეული პარამეტრი. მითხარი, თუ ვცდები და გავჩუმდები
ნიკმა ცხვირიდან ნაყინი მოიწმინდა და გვერდულად გამომხედა.
-კარგი, პოლემიკაში დამარცხებული ნიკ გრიფინი, ქალბატონ ნიკეს თავს უხრის და ემორჩილება -განაცხადა მან თეატრალური ხმით, შემდეგ კი თავისი ნაყინის კოვზი გამომიწოდა, რათა იგი მეც დამეგემოვნებინა
უნდა მეღიარებინა, არც მისი შოკოლადის დესერტი იყო ურიგო, ამიტომ ბოლო მომენტში გაცვლაც კი შევთავაზე და თუ აქამდე მარწყვის გაყინულ კრემს შევექცეოდი, ახლა იგი გემრიელმა, შოკოლადისფერმა ტკბილეულმა ჩაანაცვლა.
-პოლემიკაში დამარცხებულ ნიკ გრიფინს ისიც ხომ არ უნდა, რომ დღეს ჩემთან ერთად ღამის თევით მოაწყოს კინო-მარათონი? -შევთავაზე და მის რეაქციას დაველოდე. რატომღაც, დღეს მარტო ყოფნა არ მინდოდა. შეიძლება, სამსახურის დაკარგვის გამოც მქონდა მცირედი დეპრესია და მიზეზიც სწორედ ეს იყო, თუმცა ის ფაქტი, რომ ღამით ლოგინში დაწოლასა და დაძინებას ყველაფერი მერჩივნა, მაინც უცვლელი რჩებოდა
-ჰოო, მოიცა დავფიქრდე -თითები, ნიკაპზე რიტმულად აითამაშა ჩემმა მეგობარმა, მერე კი გამომცდელად გადმომხედა -მპირდები, რომ ჟანრი -რომანტიკის ხსენებაც კი არ იქნება ამ საღამოს?
მის სიტყვებზე სიცილი ამიტყდა. ის დღე გამახსენდა, როდესაც მთელი საღამო რომანტიკული კომედიების ნახვას ვაიძულებდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ეს ჟანრი საშინლად არ მოსწონდა.
-კარგი, პატიოსან სიტყვას გაძლევ! -მეტი დამაჯერებლობისთვის, მარჯვენა ხელი ზემოთ ავწიე. ამ საღამოს, რატომღაც არც მე ვიყავი რომანტიკის ხასიათზე, აი, საშინელებათა ფილმები კი, ცუდი არჩევანი არ უნდა ყოფილიყო, თანაც ვიცოდი, რომ ნიკსაც მოეწონებოდა
-მაშინ თანახმა ვარ, მაგრამ ერთი პირობით -ეს რომ თქვა, ტუჩის კუთხეში ცბიერი ღიმილი გაუკრთა. ეტყობოდა, რომ რაღაც სულელურის თქმას აპირებდა -იცოდე, რომ ჩამეძინოს, სიტუაციით არ ისარგებლო და ძილში არაფერი მაკადრო!
-ჯანდაბა, რა იდიოტი ხარ, ნიკ -მხარზე ხელი ვკარი ვითომ გაბრაზებულმა, თუმცა ბოლოს, თავი ვერ შევიკავე, მაინც გამეცინა და დავძინე -ჩემი პირადი საოცრება ხარ, ნიკ გრიფინ. უშენოდ ამ ქალაქში გავგიჟდებოდი!
-იამაყე, ყველაზე სიმპათიური მეგობარი გყავს მთელს პარიზში -მაშინვე შეიფერა ჩემი სიტყვები, დაცარიელებული ნაყინის ჭიქა სანაგვეში მოისროლა და როგორც კი იგივე ჟესტი მეც გავიმეორე, თავისი მოტოციკლისკენ მანიშნა, რათა სახლისკენ მიმავალ გზას ერთად დავდგომოდით . . .





.
დილა, როგორც ყოველთვის მაღვიძარას ნეტარი ხმით დაიწყო. არა, როგორ მინდა დიდი ურო მქონდეს, რათა ყოველ დილით ამ ტელეფონს ჩავარტყა და სამუდამოდ მოვაკეტინო. ამ წუთსაც სწორედ იგივე სურვილები მიპყრობს, თუმცა შემდეგ მახსენდება, რომ მობილური საჭირო ნივთია, ახლის საყიდელი ფულიც არ მაქვს და ნერვებს შეძლებისდაგვარად ვიწყნარებ.
მორჩა, ოფიციალურად გახსნილად ცხადდება დილის მომაბეზრებელი პროცედურები. ამ ყველაფერს შხაპის მიღებით ვიწყებ და კბილების გაწმენდის შემდეგ, ჩაცმით ვამთავრებ. ჩვეულ სტილში მაცვია-ჯინსის შორტები და ჩემი საყვარელი ლურჯი მაისური. რა უნდა ვქვნა? თავს ყველაზე კარგად ასეთ სამოსში ვგრძნობ. არ გამომდის მაღალქუსლიანებით სიარული და მათზე წონასწორობის დაცვა, თუმცა პატივს ვცემ ისეთ მანდილოსნებს, რომელთაც ასეთ ფეხსაცმელზე სირბილიც კი შეუძლიათ.
ჩემი და ნიკის გუშინდელი კინო-მარათონის შემდეგ, რომელიც რიგი მიზეზების გამო, საკმაოდ გვიან, უფრო კონკრეტულად კი, დილის ექვს საათზე დასრულდა, გადაღლილობა ოდნავადაც არ მიგრძვნია. პირიქით, დილიდანვე ამოვხაზე გაზეთში ვაკანტური ადგილები, რათა სამსახური უმოკლეს დროში მომეძებნა და ჩემი ბინის პატრონისთვის, ვინც ასეთ საკითხებში ზედმეტ სიმკაცრეს იჩენდა, ბინის ქირა ერთი დღითაც არ გადამეცილებინა.
სამსახურის საძებნელად წასვლამდე, ნიკს შევუარე და ერთი ჭიქა მაგარი ყავის მოდუღება ვთხოვე, შემდეგ კი, უკვე ბოლომდე გამოცოცხლებული და ენერგიაზე მოსული, დიდი მონდომებით გავუდექი გზას, რომლის ბედნიერი დასასრულიც, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
ზოგადად, ვიცოდი, რომ სამსახურის ძებნის დროს, პირველი გასაუბრება ყოველთვის წარუმატებელი იყო, ან არ ვიცოდი და უბრალოდ ფილმებიდან მახსოვდა ასე. მართლაც ძალიან ბევრი მქონდა ნანახი ისეთი ეკრანიზაცია, სადაც მთავარი გმირი გაზეთში დაბეჭდილ ვაკანტურ განცხადებებს, ყოველ წარუმატებელ სვლაზე წითელი ფლომასტრით ხაზავდა და კვლავ აგრძელებდა დამღლელ ძიებას.
იმ იმედით, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე არ მოხდებოდა, პოზიტივით აღსავსემ შევაბიჯე ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, რომელსაც შესაძლო ვარიანტების სიაში პირველი ადგილი ეკავა, ხელსაყრელი მდებარეობის გამო. მინდოდა, სამუშაოდ სწორედ აქ ავეყვანეთ, რადგან კაფე ჩემს სახლთან ძალიან ახლოს იყო და არც ტრანსპორტში დამეხარჯებოდა დამატებითი თანხა.
საუბედუროდ, მეც დრამატული ფილმის პერსონაჟად ვიქეცი და პირველივე ჯერზე გამართლება ნამდვილად არ მერგო წილად. კაფეს პატრონმა, საშუალო ხნის, მკაცრი გარეგნობის ქალმა, მიუხედავად ჩემი თავგამოდებული მცდელობისა, ცივი უარით გამომისტუმრა. მიზეზად, ამ სფეროში ხანგრძლივად მუშაობის გამოცდილების არქონა დაასახელა და კარი, მისნაირი ამაყი ადამიანებისთვის დამახასიათებელი გულგრილი გამომეტყველებით მომიხურა. ეს ყველაფერი არ მწყენია, თუმცა ერთი რამ არ მესმოდა- რა გამოცდილება ან ზედმეტი განათლება იყო საჭირო იმისთვის, რათა კლიენტებისთვის, სინებით შეკვეთები მიგეტანა და მომსახურებოდი?
მართალია, ეს კითხვა პასუხგაუცემელი დამრჩა, თუმცა საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე ამის გამო ხასიათი არ გამეფუჭებინა და ამჯერად, შემდეგ განცხადებას ჩავაშტერდი. აქ, უკვე ოპერატორი სჭირდებოდათ Call-ცენტრში. ვერაფერს ვიტყოდი, მშვენიერი სამუშაო იყო-მთელი დღე სკამზე უნდა მჯდარიყავი და ვიღაც უცნობ ადამიანებთან გელაყბა. თუ გავითვალისწინებდით იმას, რომ აქაურ ენასაც ბრწყინვალედ ვფლობდი, ეს ყველაფერი ნამდვილად არ უნდა გამჭირვებოდა.
ფრანგული მარტომ, საკუთარი ძალისხმევითა და მუდმივი მეცადინეობით ავითვისე. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ ქვეყანაზე, იქ ცხოვრებასა და დამკვიდრებაზე. მახსოვს, თორმეტი წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ახლო მეგობარმა, ვინაც ზაფხულის არდადეგები საფრანგეთში გაატარა, ეიფელთან გადაღებული სურათი მაჩვენა. იმდენად დიდი ენთუზიაზმითა და აღმაფრენით მიყვებოდა იქაურობაზე, ხალხზე, მაღაზიებსა და ქუჩებზე, რომ ეს ქვეყანა, ჩემდაუნებურად შემიყვარდა.
თითქმის ყოველ დღე რაღაც ახლის გაგებას ვცდილობდი საფრანგეთის შესახებ, ვაგროვებდი წიგნებს, სადაც ამ ქვეყნის ქალაქებსა და ადგილებზე შემეძლებოდა ინფორმაციის მოპოვება და უკანასკნელი რომანტიკოსივით მთელ დროს ოცნებებში ვხარჯავდი.
ორი წლის შემდეგ, როდესაც უკვე ყველანაირ ინფორმაციას ვფლობდი ჩემს სათაყვანებელ საფრანგეთზე, მიზნად დავისახე, რომ მეც ამ ქვეყანაში უნდა მეცხოვრა. ვაკითხავდი ბიბლიოთეკებს, წიგნების მაღაზიებს, ვითვისებდი ფრანგულ ენას, ვკითხულობდი ფრანგულ წიგნებს და ნელ-ნელა ისე ვიხვეწებოდი, რომ საკუთარი თავის, თავად კი მიკვირდა.
მშობლები, ჩემს გატაცებას, მხოლოდ ახირებული ბავშვის ბოდვად თვლიდნენ და ხშირად დამცინოდნენ კიდეც. ვერ ვიტყვი, რომ მათი აზრი ოდნავ მაინც მაღელვებდა-მე ხომ ამ ყველაფერს მხოლოდ საფრანგეთისადმი სიყვარულის გამო არ ვაკეთებდი? მათგან თავის დაღწევა და შორს ყოფნა მინდოდა. მობეზრებული მქონდა გამუდმებული ჩხუბი, კამათი, სახლში ნასვამი დაბრუნებული მამა და იმის ატანა, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა დედას, შემდეგ კი, თავად, მე.
ყველანაირად ვცდილობდი სახლში გამეფებულ აურზაურს, ჩემს შინაგანზე არ მოეხდინა გავლენა. ოცნებები მაძლებინებდა, იმედი იმისა, რომ ერთ დღესაც საკმარის ფულს შევაგროვებდი, ამ ქვეყანას დავტოვებდი და ჩემი ცხოვრების ზღაპარიც დაიწყებოდა.
მახსოვს, როდესაც სრულწლოვანი გავხდი, სამ ადგილას ერთდროულად ვმუშაობდი ამ თანხის შესაგროვებლად. პარალელურად, უნივესრიტეტშიც დავდიოდი, სადაც ასპროცენტიანი დაფინანსებით მოვხვდი, თუმცა ეს იმ დროს საერთოდაც არ მაინტერესებდა. ნამდვილად არ ვაპირებდი სამართლის ფაკულტეტს გავყოლოდი და მომავალში, მოსამართლის მანტიით წარვმდგარიყავი პატიმრების სამსჯავროზე. ვგრძნობდი, რომ ეს პროფესია საჩემო არ იყო, რომ მხოლოდ მშობლების დაჟინებული თხოვნით ვიტანდი ამ ყველაფერს, მათ კი, რაც არ უნდა სამწუხარო ყოფილიყო, ჩემი აზრი არასდროს აღელვებდათ.
დიდხანს ვიცდიდი.
მოთმინებით ვიტანდი ყველაფერს, რადგან ვიცოდი ახლოს იყო ის სანატრელი მომენტი, როდესაც ზუსტად ისე ვიცხოვრებდი, თავად რომ მსურდა. როცა სრულიად თავისუფალი ვიქნებოდი, მხოლოდ საარსებო თანხა მებადებოდა და ამით ბედნიერი, ბოლომდე დავტკბებოდი ცხოვრების თითოეული საათით, წუთითა, თუ წამით.
წარსული ცხოვრების სკივრიდან ამოვარდნილ ფიქრებში, რომლებსაც თავს თითქმის არასდროს ვხსნიდი ხოლმე, ვერც კი გავიგე ისე მივადექი ჩემს უკვე რიგით მეორე, პოტენციურ სამუშაო ადგილს და კიბეები წამებში ავირბინე.
კეთილგანწყობილი და მეგობრული ბუნებით, მაინცდამაინც, ვერც ამ დაწესებულების თანამშრომლები დაიკვეხნიდნენ. თითოეულ მათგანს, ცხოვრებისგან დაღლილი და მკაცრი გამომეტყველება გადაჰკრავდა, ისედაც ცივ და პირქუშ სახეზე. ამან, ცოტა არ იყოს დამძაბა კიდეც. ალბათ, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ მენეჯერთან შესული, უკანასკნელი იდიოტივით ავბლუკუნდი და აშკარად ვერ დავიმსახურე მისი კეთილგანწყობა. მცირედი იმედიც კი აღარ მქონდა, რომ ეს გასაუბრება ჩემს ტელეფონზე შემომავალი ზარით დასრულდებოდა, სადაც ოვაციებით მახარებდნენ, სამსახურში აყვანილი ხარო.
შეიძლება ითქვას, წარუმატებლობა იმ დღის შავ-ბნელ გვირგვინად მექცა. მართლაც ძალიან ბევრი ვიარე და საკმაოდაც დავიღალე. ყველაზე ცუდი მაინც ის იყო, რომ ჩემი გაზეთიც სწორედ ისევე აივსო წითელი ფლომასტრით გადახაზული ვაკანსიებით, როგორც იმ დრამატული ფილმების პერსონაჟების შემთხვევაში ხდებოდა. როდესაც უკვე მერვე განაცხადს გავუკეთე იქსი და გაზეთი დავკეცე, გადავწყვიტე, რომ დღეისთვის საკმარისი იყო.
მერე რა? ყველაფერს ხომ ერთი წარუმატებლობა არ განსაზღვრავდა? კიდევ ვცდიდი ბედს, თუმცა ახლა, რაიმე გემრიელი საჭმელისა და ცივი კოქტეილის დალევის გარდა არაფერი მინდოდა, ამიტომ ტელეფონი ამოვიღე, ნიკის ნომერი ავკრიბე და ზარის გასვლას, პარკში მდგომ სკამზე ჩამომჯდარი დაველოდე.





.
-მოდი დაგენიზლავები, რომ იმ ბიჭს ტელეფონის ნომერს ვერ გამოართმევ -მითხრა ნიკმა, როდესაც ვახშამს მოვრჩით და ცივ სასმელებზე გადავედით.
კაფის კუთხეში, მყუდრო ადგილას, პირდაპირ ვიტრინასთან მდგომ წითელ სავარძლებზე ვისხედით, გარეთ კი, როგორც ყოველთვის დაუსრულებლად მოძრაობდნენ მანქანები და ფეხით მოსიარულეები
-რომელს? -საწრუპს ტუჩები მაშინვე ავუშვი და იქაურობას მზერა მოვატარე
-აი იმას, ლეპტოპს რომ ჩასჩერებია. მგონი მწერალი უნდა იყოს, თანაც აქ ხშირად დადის. რამდენიმე დღის წინ, ვიღაც გოგომ მისი შებმაც სცადა, თუმცა ყურადღებაც არ მიუქცევია
ნიკის მიერ ნახსენებ ბიჭს გავხედე. ერთი შეხევით, მომხიბვლელადაც კი მომეჩვენა. თეთრი, ქათქათა პერანგი ეცვა, ბოლოებში ამოკეცილ ჯინსებთან ერთად, ხოლო ღია ყავისფერ თმაზე, ლურჯი კეპი უკუღმა დაეხურებინა.
მის თვალიერებას რომ მოვრჩი, მზერა ისევ ნიკისკენ გადავიტანე, შემდეგ მაგიდას დავეყრდენი მკლავებით და ხელით ვანიშნე ჩემთან ახლოს მოწეულიყო. წამიც და მე და ნიკი, ლამის ცხვირის წვერებით ვეხებოდით ერთმანეთს.
-იცი რატომ ვერ შეაბა იმ გოგომ? -ჩემმა მეგობარმა ინტერესით გამომხედა. აშკარა იყო, რომ კითხვას თვალებით მისვამდა და მეც, ბევრი აღარ დამიყოვნებია:
-მისნაირ კაცებს, რომელთაც ყოველი მეორის შებმის სურვილი არ კლავთ, ვულგარული ქალები აღიზიანებთ. ისეთები, ვისაც ყველაფერი სახეზე აწერიათ და თვალებით გბურღავენ. მთავარია ტაქტიკა შეიმუშავო, შენი შარმი დაანახო, ის, რომ კარგი მოსაუბრე ხარ და, რომ შენთან დროის გატარება ყოველთვის სასიამოვნო იქნება. აი, სწორედ მაშინ მოიგებ ასეთი კაცის გულს
-რა თავდაჯერებული ხარ, ტრიუმფატორო -სკამის საზურგეს მიაწვა ნიკი, გულზე ხელები დაიკრიფა და ცალი წარბი აზიდა -მიდი და დამიმტკიცე შენი შესაძლებლობები
-ამ წამს? იქნებ კოქტეილის დალევა მაცადო?
-სამ კოსმოპოლიტენს ვკისრულობ, თუ ეს გამოგივა
-ჩემი საყვარელი კოქტეილი სპეციალურად აარჩიე, არა?
-რა თქმა უნდა
-იცი? -ნიკაპზე თითები რიტმულად ავათამაშე და ჯიბრიანად გადავხედე -მგონი სანაზლეოს პირობები ზედმეტადაც მაწყობს
-მაგრამ თუ არ გამოგივა -ნიკმა, ჩემს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და თვალები ოდნავ მოჭუტა -ამ შემთხვევაში სამი დღის განმავლობაში იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი. ყველანაირი პროტესტის გარეშე. თანახმა ხარ?
-რა თქმა უნდა, თანახმა ვარ -სრულიად თავდაჯერებულად მივუგე. საკუთარ შესაძლებლობებში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ წამითაც კი არ მიფიქრია, რას გულისხმობდა ნიკის სანაზლეოს პირობა- "სამი დღე იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი"
-თუ ასეა, მაშინ ჩაჭერი!
-შენ კი საფულე გაამზადე, ვეჭვობ ამ თვეში ბინის ქირის გადასახდელი თანხა არ გექნება -მერე ბოლოჯერ მოვსვი კოქტეილის ჭიქიდან, თმა სახელდახელოდ შევისწორე, ტუჩებზე სწრაფად გადავისვი უფერული საცხი და ისე, რომ ნიკის ნერვებისმომშლელი მზერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, პირდაპირ "მწერლის" მაგიდისკენ გავეშურე.
როგორც ველოდი, ჩემი მიახლოებისას თავი არ აუწევია, თუმცა ამას არ შევუშინებივარ და მის წინ თამამად ჩამოვჯექი. რეაგირება ამჯერადაც ნული. მხოლოდ ოდნავ ამომხედა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა. მერე რა? ეს ხომ მხოლოდ დასაწყისი იყო? არ უნდა დავნებებულიყავი.
-იცით, წერა მეც მიყვარს -დიალოგის წამოწყება ვცადე და თითები ერთმანეთში ავხლართე. ვცდილობდი ნიკის მხარეს არ გამეხედა, რადგან დაახლოებით ვხვდებოდი როგორი სახითაც იყურებოდა ამ წამს -ძირითადად, პატარა ნოველებს ვწერ ხოლმე. თქვენ რა ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?
"ესეც ასე. თავის საქმეს მოწყდა და გამომხედა. სამი კოქტეილის ფული გაამზადე, ნიკ."
მწერალმა, ლაპარაკის დაწყებამდე, ფინჯანში ჩარჩენილი ყავა მოსვა და მიმტანს ანიშნა ერთი ჩემთვისაც მოეტანა, შემდეგ კი თავაზიანად გამიღიმა:
-დეტექტივები მომწონს, თუმცა ამჯერად ფანტასტიკის ჟანრში ვწერ
-რომ გითხრათ, მცირედ აბზაცი წამაკითხეთ-მეთქი, ალბათ უარს მეტყვით -რაც შემეძლო გავინაზე. არა, უცნობებთან ფლირტი ნამდვილად არ გამომდიოდა. ეს სწორედ ამ წუთას დავასკვენი, მაგრამ თავმოყვარეობას როგორ ვუღალატებდი?
-სამწუხაროდ, მართლაც უარის თქმა მომიწევს
უხერხული დუმილი ჩამოვარდა. არ ვიცოდი რა მეთქვა. გამბედაობა მხოლოდ მაშინ შემემატა, როდესაც მიმტანმა მაგიდაზე ჩემთვის განკუთვნილი ფინჯანი დამიდგა და კვლავ უკან გაბრუნდა.
-ამისთვის გმადლობთ -ყავაზე ვანიშნე
-სამადლობელი არაფერია -კვლავ ლეპტოპს მიუბრუნდა იგი. შევამჩნიე, რომ დამტენს ჩანთაში დებდა. ის, რა მიდიოდა? აბა ეს ყავა რა იყო? მეგონა ჩემთან ერთად დალევდა. და ნომერი? ნომრის გამორთმევის გარეშე აქედან ვერ გავუშვებდი. ეს სანაზლეო არ უნდა წამეგო, არაფრის დიდებით!
-უკაცრავად, თქვენი ტელეფონის ნომერს ვერ მომცემთ? -სასოწარკვეთილმა, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და პირდაპირ სათქმელზე გადავედი. რა საწყალი ვიყავი ამ წუთას, ჩემივე თავზე თვითონაც მეცინებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, სიმწრით
მამაკაცს უბრალოდ ჩაეცინა, უსიტყვოდ გადააქნია თავი, ლეპტოპი შავ ჩანთაში მოათავსა და მრგვალ მაგიდასთან, ორთქლადენილი ყავის ფინჯნით ისე დამტოვა, რომ ენის მობრუნებაც ვერ მოვასწარი. ესეც ასე! სრული ფიასკო გინდოდა, ნიკე? ხომ მიიღე?
ამ უკანასკნელზე მეტად, ახლა მაინც ის მადარდებდა, რომ კვლავ ნიკის მაგიდასთან უნდა დავბრუნებულიყავი. ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა! ახლა, ამას ხრამში გადაჩეხვაც კი მერჩივნა. იქნებ, ავმდგარიყავი და გავქცეულიყავი? ჰო, ნამდვილად არ იყო ცუდი აზრი. ამ წუთას იმ მაგიდასთან მისვლას, მართლა ყველაფერი მერჩივნა, მაგრამ ვინ გაცადა? ფეხზე წამოდგომაც ვერ მოვასწარი, რათა ჩემი განზრახვა სისრულეში მომეყვანა, რომ დღის გმირი, გვერდით სიცილით მომიჯდა და მხარზე ხელი დამადო.
-რაო ჩავფლავდით, ტრიუმფატორო?
"არა, ამას მართლა მოვკლავ"-გამიელვა გონებაში, ხმამაღლა კი ვთქვი:
-მითხარი შენი პირველი სურვილი და დღეისთვის დავამთავროთ!
-კარგი, ნუ ჩქარობ, მოდი აქ -სკამით, თავისთან ახლოს მიმწია და მხრებზე თავისი მკლავებით მომეხვია. მესიმოვნა მისი სხეულიდან წამოსული სითბო და სურნელი -ერთ რამეს გეტყვი, ოღონდ არ გაბრაზდე და სურვილები ამით არ უქმდება
-რას? -აშკარად დავინტერესდი
-ეგ ბიჭი, გეი იყო და მე ეს ვიცოდი -მითხრა და მაშინვე გაჩუმდა. ვიცოდი, ჩემს რეაქციას ელოდებოდა. ჯანდაბა, რატომ ვერ ვუბრაზდებოდი ამ ადამიანს? არადა, ახლა ეს ყველაზე ძალიან მინდოდა
-ბინძური მეთოდებით თამაშობ, ნიკ. მე კი სერიოზულად ჩავთვალე, რომ მახინჯი ვიყავი
-Are You Kidding Me? საოცრად ლამაზი ხარ -გამამხნევა ჩემმა მეგობარმა -რაც არ უნდა იყოს, თამაში მაინც არ უქმდება. მე იმაზე დაგენიზლავე, რომ ტელეფონის ნომერს ვერ გამოართმევდი და მართლაც ვერ გამოართვი. მზად ხარ პირველი სურვილი მოისმინო?
-რაღაც საშინელება იქნება, არა?
არაფერი უპასუხია, უბრალოდ, მაგიდაზე დატოვებულ, მწერლის ნაჭამ ჰოთ-დოგს დააკვირდა, რომლის თეფშზეც ჯერ კიდევ იყო შერჩენილი მრგვალად დაჭრილი ხახვები. ერთხანს თვალმოუშორებლად უყურა ამ უკანასკნელს, ნიკმა, შემდეგ ხახვის რგოლებიდან ერთ-ერთი მათგანი აიღო, ხელსახოცით მასზე შერჩენილი კეტჩუპი მოაშორა, გამომიწოდა და გამიღიმა.
-რა უნდა ვქვნა? -მართლა ვერ მივხვდი მის ჩანაფიქრს
-მაგიდაზე ადი, იყვირე ყველას ყურადღება ჩემკენ-თქო, შემდეგ მუხლებზე დამიჩოქე და ამ ხახვის რგოლით მთხოვე, რომ შენი ქმარი გავხდე -სიცილს ძლივს იკავებდა -წინასწარ გეუბნები, მე უარს გეტყვი
-ნიკ, არა! -სახე, საწყლად დავმანჭე
-სურვილი, სურვილია, ნიკე -ჩემს სიტყვებს არ დალოდებია, ფეხზე წამომაყენა და თვალებით მანიშნა მოქმედებაზე გადავსულიყავი
მართლაც რა უნდა მექნა? ყველა ვარიანტში იძულებული ვიყავი ამ სპექტაკლში მთელი ოსტატობით მეთამაშა. რომ დავფიქრებულიყავით, ისეთიც რა იყო? სრულიად უცხო ხალხში ვიმყოფებოდი, რომელიმე მათგანი მეორე დღეს ქუჩაში რომც შემხვედროდა, დიდი ალბათობით ვეღარც კი მიცნობდა, იმ წუთას კი ყველას გავამხიარულებდი.
"კარგი, რაც არის, არის" -გავიფიქრე, ნიკს "ნიშნობის ბეჭედი" ჩამოვართვი და მაგიდაზე კალიასავით შევხტი. ჩემმა მეგობარმა ღიმილით შემაგულიანა და სავარძლის საზურგეზე ცალი ხელი არხეინად გადადო. ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ისევ ამოვისუნთქე. მორჩა, შოუ იწყებოდა.
-ყველას ყურადღება თუ შეიძლება! -ვიყვირე რაც შემეძლო ხმამაღლა. კაფეში მსხდომებმა, თითქოს სწორედ ამას ელოდნენო, ჭამა მაშინვე შეწყვიტეს და ჩემკენ, დამკვირვებლურ მზერათა მთელი ნაკადი მომართეს
-თქვენს ყურადღებას ვითხოვ! მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავაკეთო! -ეს, რომ ვთქვი, დავინახე, თუ როგორ ჩართო რამდენიმე მათგანმა ვიდეო-კამერა. სავარაუდოდ, იუთუბშიც ვიხილავდი ჩემს სამარცხვინო გამოსვლას. სიმართლე რომ ვთქვა, იმ წამს ესეც ფეხებზე მეკიდა
-ნიკ! -ახლა მას მივუტრიალდი. უბრალოდ იჯდა და მიღიმოდა. ხელი მისკენ გავიწვდინე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩამოსვლაში უნდა დამხმარებოდა
რამდენიმე წამში, უკვე ცალი მუხლით დაჩოქილი ვიდექი ჩემი მეგობრის წინ და საცოდავი სახით ვუყურებდი
-ნიკ, საყვარელო, გახდები ჩემი ქმარი?!
კაფეში მსხდომ საზოგადოებაში მხიარულებამ იმატა. ნიკს, სახეზე კვლავ სარკაზმული ღიმილი დასთამაშებდა.
-უფრო ხმამაღლა, საყვარელო, არ მესმის!
-ნიკ! -თვალები დავუბრიალე -გახდები, ჩემი ქმარი-მეთქი?! -დარბაზში ტაში და შეძახილები გაისმა. ვიღაც ქალმა იყვირა "დათანხმდი ნიკ-ო". კუთხის მაგიდასთან, დედის გვერდით მჯდომი პატარა გოგონები სიცილით კვდებოდნენ, თან მარწყვის ნაყინს გემრიელად მიირთმევდნენ
-მოსაფიქრებლად დრო მჭირდება, ხომ ხვდები? ასე უცებ ვერ დაგთანხმდები -ბოლომდე მაინც არ გადამიწურა იმედი ჩემმა "საქმრომ" და ქვედა ტუჩი, კბილებს შორის ღიმილით მოიქცია
"ნიკ გრიფინ, ამას ასე არ დავტოვებ, აი ნახავ" -ვუთხარი მზერით და ჩემი "მეორე ნახევრის" მიერ დამცირებული, ფეხზე "ნიშნობის ბეჭდიანად" წამოვდექი. იქ შეკრებილი საზოგადოების მზერისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ჩემს მაგიდას დავუბრუნდი და მწერლის მიერ შეკვეთილი ყავა იმდენად დიდი დოზით მოვსვი, ენაზეც კი ვიგრძენი დამწვრობა.
ესეც ასე, პირველი სანაზლეო შესრულებული იყო, რა იქნებოდა შემდეგი? ჩემი ვარაუდით, რაღაც ბევრად უარესი . . .



.
ადრიანი დილა იყო. აივანზე ვიჯექი და ყურსასმენებში კვლავ ჩემს საყვარელ სიმღერას ვუსმენდი:
I see trees of green, red roses too
I see them bloom, fot me and you . . .
And i think to myself, what a wonderful world . . .
არმსტრონგის თითოეული სიტყვა, ყურებში ნაზად ჩამესმოდა. ზოგადად, ამ მელოდიას სხვა განზომილებაში გადავყავდი. არარსებულ სივრცეში, რომელიც მხოლოდ ჩემი იყო და ყველაფერ დანარჩენს, მილიონობით კილომეტრით იყო მოშორებული.
The colors of the rainbow, so pretty in the sky
Are also on the faces, of people going by
I see friends shaking hands, saying "How Do You Do?" They're really saying
I love you -კვლავ ჩამესმოდა ყურებში და იმ მომენტში, მართლაც რომ სასიამოვნო რელაქსაციას განვიცდიდი. ვერც კი გავიგე, ისე აჰყვა მუსიკას ჩემი ტუჩების მოძრაობა და რატომღაც ვინატრე, რომ ძლიერი წვიმა წამოსულიყო.
ცას ავხედე. არც ნაცრისფერი იყო და არც ღრუბლიანი. ალბათ, ჩემს ოცნებას ახდენა არ ეწერა, თუმცა მერე რა? მე ხომ ყველანაირი ამინდი მიყვარდა? მზიანიც, წვიმიანიც, ნისლიანიც და ზედმეტად ცხელიც?
ამ და სხვა ფიქრებში გართულს, რომლის დროსაც, თავი სავარძლის საზურგეზე მქონდა ჩამოდებული და თვალები სიამოვნებისგან დახუჭული, უკნიდან მხარზე ხელის დადება ვიგრძენი. მერე ნაცნობი სურნელი მისწვდა ჩემს სუნთქვის რეცეპტორებს და გამეღიმა. ყოველთვის ასე იყო, ისე შემოდიოდა და გადიოდა, ვერც კი ვაცნობიერებდი. მხოლოდ ამ ადამიანს ჰქონდა უფლება ჩემს სახლში წინ და უკან, თავის ნება-სურვილზე ესეირნა და ზემოთ ხსენებული ფაქტი, მუდამ უცვლელი იყო.
-რა მოხდა, ნიკ? კიდევ ერთი სურვილი მოიფიქრე? -ვუთხარი ისე, რომ თვალები არ გამიხელია. ვიგრძენი როგორ მოაჩოჩა ჩემს გვერდით, აივნის კუთხეში მდგომი სავარძელი და როგორ მოხერხებულად ჩაესვენა მასში
-ამჯერად, არა. პირიქით, კარგი ამბით ვარ მოსული!
-რა მოხდა? გაარკვიეს როგორ უნდა გადაარჩინონ დედამიწა გლობალური დათბობისგან?
-არა, მაგაზე ჯერ კიდევ მუშაობენ -გაეცინა და ყურსასმენები მომხსნა -უბრალოდ, იმ გემ-რესტორანზე, სადაც ვმუშაობ, ერთ-ერთი მიმტანი სამსახურიდან წავიდა და ჩემს უფროსს შენი კანდიდატურა შევთავაზე. ხვალ საღამოს ხარ დაბარებული გასაუბრებაზე, ამიტომ ფსიქოლოგიურად მოემზადე
-მართლა?! სერიოზულად?! -ფეხზე გახარებული წამოვფრინდი -რომელ საათზე? რა უნდა ჩავიცვა? თმა როგორ გავიკეთო? როგორი უფროსი გყავთ? მკაცრია? ტირანი? თუ რბილი დათუნიასავით საყვარელი?
-ჰეი, ჰეი, დაწყნარდი! -ნიკმა ხელზე ხელი მომკიდა და კვლავ სავარძელზე დამსვა ღიმილით -სანერვიულო მართლა არაფერია. უფროსს რაც შეეხება, მკაცრია, თუმცა სპეციალურ მიდგომას საჭიროებს და ყველაფერი რიგზე იქნება
-ნიკ, იცი როგორ მიხარია შენ რომ მყავხარ? -ლოყაზე მაგრად ვაკოცე და მოვეხვიე -არის კატეგორია ადამიანებისა, ვისი არსებობაც მაბედნიერებს და შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ!
ნიკს არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის ვიგრძენი, როგორ მომეხვია წელზე მისი ხელი და წამებში გადამსვა თავის კალთაში. ოდნავ შევცბი. აქამდე ასეთი სიახლოვე არასდროს გვქონია, თუმცა მერე ერთიანად მოვეშვი, მხარზე თავი დავადე და თვალები დავხუჭე.
-ჩემთვის ნარკოტიკი ხარ, ნიკე -ბუნდოვნად ჩამესმა მისი ხმა -ერთმანეთს ასე რატომ მივეჯაჭვეთ? ეს, ხომ არარეალურია?
-ხანდახან არარეალურიც რეალური ხდება ხოლმე, ნიკ. თანაც, ერთი რამ დაზუსტებით ვიცი-ოდესმე თუ ვინმე მკითხავს ვინ არის შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანიო, შენ დაგასახელებ
-ახლა თავში ამივარდება -არ დამინახავს, თუმცა ვიგრძენი გაეღიმა
-არ მჭირდება თავში ავარდილი მეგობარი, მე თავმდაბალი ადამიანი ვარ
-კარგი, მაშინ მეც დავეშვები ღრუბლებიდან
-ნიკ!
-ჰო
-იქნებ, ჩვენი სანაზლეო გავაუქმოთ?
-არც იფიქრო, ნიკე! ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ -გადაჭრით მომიგო, მერე კი ცალი ყურსასმენი გამომაძრო და ამჯერად, ორივემ ერთად განვაგრძეთ ჩემთვის საყვარელი სიმღერის მოსმენა, რომელიც უკვე თავის ბოლო სტროფებს ასრულებდა :
I'm going back to 505
If its a 7 hour flight or a 45 minute drive
In my imagination you're waiting lying on your side
With your hands between your thighs and smile . . .

და ისევ, ნაცნობი სიმშვიდე . . .
სახეზე, კვლავ ღიმილი მომეფინა. ის დღე მომაგონდა, როდესაც ნიკი გავიცანი :



მახსოვს, ორშაბათი დღე იყო, საღამო ხანი. სამსახურიდან თავისუფალი ვიყავი და გადაწყვეტილი მქონდა, რელაქსაციის ნიშნად, ხანგრძლივი კინო-მარათონი მომეწყო, ჩემივე სახლში. სამი ფილმი მქონდა პროგრამაში-ლოლიტა, რომელიც ჩემი საყვარელი წიგნის ეკრანიზაცია იყო, მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფილმი-ცხოვრება მშვენიერია და ბოლოს, როგორც საუკეთესო მარგალიტი, ჰორორის ჟანრის ფილმი -საბოლოო დანიშნულება ნაწილი სამი.
ვერაფერს ვიტყოდი, იდეალური არჩევანი იყო. სანამ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს სიაში ჩავამატებდი, თითოეული მათგანის IMDB კოეფიციენტი გადავამოწმე და შედეგით კმაყოფილმა, ფარდები ბოლომდე ჩამოვაფარე, რათა სახლისთვის კინო-თეატრის აურა შემექმნა. თითოქოს ყველაფერი რიგზე იყო, ლეპტოპი მზად მქონდა, თუ შემცივდებოდა პლედი დივანზე მედო, სახლშიც სრული სიწყნარე მეფობდა, მაგრამ . . . პოპ-კორნი არ მქონდა! კინოთეატრის აუცილებელი დანამატი, რის გარეშეც ფილმის ყურება ისეთივე შეუძლებელი გახლდათ ჩემთვის, როგორც მაღვიძარას გარეშე გაღვიძება.
მარკეტი ჩემი კორპუსის წინ, ქუჩის მეორე მხარეს მდებარეობდა, ამიტომ, თუ ადრე იქედან სახლამდე მისასვლელად ორი წუთი მჭირდებოდა, ახლა, ორმოცდაათ წამში უკვე ჩემი სადარბაზოს კიბეებზე მივრბოდი და თან ვცდილობდი გულზე ახუტებული პოპ-კორნის ყუთებიდან შიგთავსი არ გადმოყრილიყო. როგორც ყოველთვის მჩვეოდა, ამჯერადაც გონებაში ვითვლიდი, თუმცა ასამდე ასვლა ნამდვილად არ დამჭირვებია. ციფრი ოცდაათის გონების ხმით წარმოთქმისას, უკვე ჩემს კარებს ვხედავდი და იმასაც, თუ როგორ პოზაშეუცვლელად იჯდა ზღურბლზე დაფენილი ხალიჩის წინ, ტელეფონში თავჩარგული ბიჭი.
ჩასვლისას დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ახლა, როდესაც ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, ჩემდაუნებურად დაკვირვებაც მოვასწარი. ოქროსფერი თმა ჰქონდა, ან მზისფერი, არ ვიცი. ზოგი ამას ქერასაც ეძახის, თუმცა მე ასეთი ფერისთვის ჯერ სახელიც ვერ მომეძებნა. მიუხედავად იმისა, რომ იჯდა, მაინც შევამჩნიე მისი იდეალური სიმაღლე, ხოლო თვალები კი . . . ყოველთვის მებანალურებოდა, როდესაც გოგონები ცისფერთვალება ბიჭებზე გიჟდებოდნენ, თუმცა მას იმდენად არაბუნებრივად ლურჯი სფეროები ჰქონდა, შემეძლო დამეფიცა, რომ აქამდე, ამაზე ლამაზი თვალის ფერი არ მენახა. მაშინვე ფოტოგრაფის რეჟიმი ჩამერთო-საშინლად მომინდა ეს ყველაფერი ფირზე გადამეტანა და ბოლოს, საკუთარი ნახელავით დავმტკბარიყავი.
-აქ ცხოვრობ? -ფიქრებიდან გამომარკვია უცნობმა ხმამ. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ სწორედ ის მელაპარაკებოდა, ვისი სურათიც, საკუთარ წარმოსახვებში, უკვე დიდი მონდომებით გადამქონდა მეხსიერების ბარათზე ჩაწერილ ფაილში სახელწოდებით-"უცნობები".
-დიახ -ჩახლეჩილი ხმის ჩასაწმენდად რამდენჯერმე ჩავახველე -მე ნიკე ვარ, გამარჯობა -ზრდილობიანი ჟესტით გავუწოდე ხელი, ხოლო მეორეთი, ჩემი პოპ-კორნის ყუთები მაგრად დავიჭირე
-მე კი ნიკი ვარ, სასიამოვნოა -ოდნავ წამოიწია და ჩემს გამოწვდილ მარჯვენას, თავისი შეაგება
"ნიკე და ნიკი" გამიელვა გონებაში და კინაღამ სიცილი ამიტყდა.
-აქ ცხოვრობ? -სწორედ იმ კარზე მივუთითე, რომლის წინაც უსახლკარო მეეზოვესავით ჩამომჯდარიყო
ბიჭს ჩაეცინა და კიდევ ერთხელ ამომხედა თავისი ლურჯი ბურთებით.
-ცოტა ხნის წინ, ერთმა ქალმა ამოიარა -თქვა ბოლოს და ქვედა ტუჩი კბილებს შორის ღიმილით მოიქცია -მაწანწალა ვეგონე და წინ ხურდა დამიყარა. მადლობელი ვარ, რომ შენც იგივე არ გააკეთე, თორემ თავს უკვე მეორედ ვიგრძნობდი შეურაცხყოფილად -თან მობილურს ათამაშებდა ხელში, თან მელაპარაკებოდა
-თუ ადამიანს წინ ქუდი არ უდევს და ხელში გიტარა არ უჭირავს, ეს არ უნდა აკადრო -ვუთხარი დარწმუნებით, თან ღიმილი მომერია მის ისტორიაზე
სანამ ცალი ხელით ცივ ფილებს არ დაეყრდნო და ფეხზე არ წამოდგა, მანამ არაფერი უპასუხია, შემდეგ კი თავისი კარის ჩარჩოს ცალი მხრით მიეყრდნო და გვერდულად გამომხედა.
-მგონი მეზობლები ვართ არა, ნიკე?
-ესე იგი, აქ ცხოვრობ -მეც მის მაგალითს მივბაძე, საკუთარ კარს მივეყრდენი და პოპ-კორნიდან ამოღებული ყუთიდან ერთი ცალი შევჭამე, შემდეგ კი, იგი ჩემი თანამოსაუბრისკენაც გავწიე, რომელმაც დიდი სიამოვნებით დააგემოვნა ფილმებისთვის განკუთვნილი დანამატი
-ჰო, სამი კვირის წინ გადმოვედი. გასაღები დავკარგე და ოსტატს ველოდები, დუბლიკატის შეკვეთა მაქვს მიცემული -კისერზე ხელი მოისვა -დამპირდა, კურიერს გამოვატანო, თუმცა ცოტა ხნის წინ დამირეკა, რაღაც პრობლემა შემექმნა და საღამომდე არა მგონია შევძლოო
-გასაგებია -თავი ოდნავ დავუქნიე. თითქოს თავში ურო ჩამარტყესო, მხოლოდ იმ წუთას გამახსენდა ჩემი კინო-მარათონი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო, ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო. არ ვიცოდი, რამდენად ზრდილობიანი ჟესტი იქნებოდა, თუ ჩემს მეზობელს კარს ცხვირწინ მივუხურავდი, შიგნით შევიდოდი და კვლავ ფეხის საწმენდ ხალიჩაზე ჩამოჯდომისთვის გავიმეტებდი. იქნებ სახლში შემეპატიჟა? ბოლოს და ბოლოს, ადამიანურობა ხომ გამაჩნდა?
-კარგი, მგონი გაყოვნებ. შედი და რელაქსაციის წუთები არ მოიკლო -გულწრფელად გამიღიმა. რა საოცრად თეთრი კბილები ჰქონდა. სწორედ ისეთი, ქოლგეითის რეკლამებში რომ აჩვენებდნენ. შეიძლება უფრო ქათქათაც კი
-ვიფიქრე . . . -გამშრალ ყელში ნერწყვი გადავაგორე და ნიკს მზერა გავუსწორე -იქნებ შემოსულიყავი, სანამ შენი გასაღები მზად იქნება? აქ თუ დაგტოვებ, შეიძლება კიდევ ბევრს ეგონო მაწანწალა და თავს დამნაშავედ ვიგრძნობ -როგორც იქნა, დავამთავრე ბრძნული მონოლოგი, შემდეგ კი, მის რეაქციას დაველოდე. ჩემდა გასაკვირად, ამას არც დაუგვიანია:
-მართლა თბილი ადამიანი ხარ, ნიკე. აქ, ასე უანგაროდ არავინ დაგეხმარება და შენს გამო არ შეწუხდება. ფრანგები ცივი ხალხია, განსაკუთრებით პარიზის მაცხოვრებლები -მისმა სიტყვებმა მიმახვედრა, რომ აქაური არც თვითონ იყო. მიუხედავად ამისა, იდეალური აქცენტი ჰქონდა -ახლა, იმდენად რთულ სიტუაციაში ვარ, მომიწევს ეგოისტურად ვისარგებლო შენი სიკეთით, მაგრამ, თუ შეგაწუხებ და ვიხმაურებ, უფლებას გაძლევ გარეთ გამომაგდო -დაამატა ბოლოს სიცილით, კართან მიგდებული თავისი ზურგ-ჩანთა აიღო, ყუთები ჯენტლმენურად ჩამომართვა და ჩემს მიერ გაღებულ კარშიც, პირველი გამატარა.



.
გემ-რესტორან-"ლურჯი მანდარინის" წინ ვიდექი და მკლავზე გადაკიდებული ზურგ-ჩანთის სალტეს, ნერვიულობისგან ფრჩხილებით ვაწვალებდი. ნიკის სიტყვების მიხედვით, რომელიც ახლაც მიტრიალებდა გონებაში, გემ-რესტორანზე მიმტანის ადგილისთვის იყო ვაკანსია. რატომაც არა? ზღვის ვირუსი ნამდვილად არ მქონდა, პირობებიც მაწყობდა და ტერიტორიაც.
„უბრალოდ არ ინერვიულო და სცადე ნიკე“ -გავამხნევე საკუთარი თავი და ჩანთის წვალებას მაშინვე შევეშვი.
ჩემს წინ მართლაც აღმართულიყო პატარა, ლამაზი გემი, რომელიც თავისი ზომით იახტას მოგაგონებდათ. ძალიან დახვეწილი სტილის იყო, ფერები თეთრში და შავში გადაეწყვიტათ, ხოლო იატაკზე, საღებავებით შესრულებული სხვადასხვა ნახატები და წარწერები მოგხვდებოდათ თვალში.
გქონიათ ოდესმე შემთხვევა, როცა კონკრეტული ადგილის დანახვისას, იქ ყოფნა მთელი გულით მოგდომებიათ? ახლა სწორედ ასეთი შეგრძნება მქონდა. უკვე მიყვარდა ეს პატარა სიცრცე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გასაუბრებაც არ გამევლო და ვინ იცის, იქნებ არც კი ავეყვანეთ?!
ჰოთ-დოგების გამყიდველ მოხუცს, უფრო სწორად, მის მიერ გასაყიდად გამოტანილ პროდუქციას, როგორც იქნა თვალი მოვწყვიტე და მზერა ჩემს პოტენციურ სამუშაო ადგილზე გადავიტანე. მართალი იყო ძალიან მშიოდა, მაგრამ გასაუბრებაზე საჭმლით ხელში მისვლა, მაინცდამაინც კარგ იდეად არ მეჩვენებოდა და ვერც ზრდილობის ნორმებს აკმაყოფილებდა. წამით წარმოვიდგინე, თუ როგორ ვიჯექი ჰოთ-დოგით ხელში, აქაურობის მეპატრონის კაბინეტში და საჭმლის ღეჭვის თანხლებით როგორ ვეუბნებოდი, რომ სამსახურში აყვანის შემთხვევაში იმედებს არ გავუცრუებდი. მერე, როგორც ყოველთვის, საკუთარ წარმოდგენებზე თავად გამეცინა და ისე, რომ მეტად აღარ გამიჭიანურებია, ხმელეთიდან ფეხი პირდაპირ ბორტზე გადავდგი.
მეორე სართული, როგორც ჩანდა, სტუმრების მიღებისთვის იყო განკუთვნილი და იქ შავი ფერის დაკლაკნილი კიბე ადიოდა. აქედან გამომდინარე, სამზარეულო და უფროსის კაბინეტი პირველ სართულზე უნდა ყოფილიყო. ამას დიდი ცოდნა და ფილოსოფია ნამდვილად არ სჭირდებოდა, ევროპაში თითქმის ყველა გემ-რესტორანზე მსგავს სიტუაციას წააწყდებოდით და ამ მხრივ, არც საფრანგეთი იყო გამონაკლისი.
გეზი პირდაპირ ხელმარცხნივ, იმ ვიწრო დერეფნისკენ ავიღე, რომელიც ძლივს მოჩანდა გაშლილი ბორტიდან. მივდიოდი და თან გონებაში ნაბიჯებს ვითვლიდი.
ერთი, ორი, სამი, ოთხიი . . .
ეს ჩვევა ბავშვობიდან მქონდა აკვიატებული და როგორც ყოველთვის, რაღაც ან ვიღაც მაწყვეტინებდა ხოლმე. ზოგჯერ, ეს ნაცნობის ძახილი იყო უკნიდან, ვინც ქუჩაში შემთხვევით დამინახავდა და თუ გზები ერთმანეთისას ემთხვეოდა, სიარულს ჩემთან ერთად აგრძელებდა, ზოგჯერ უბრალო გონების გაფანტვა გახლდათ მიზეზი, ზოგჯერ კი, თავად ჩემი თავი, რომელსაც ციფრ სამასზე მისულს, უკვე ნერვები ეშლებოდა და წამოყებულ საქმეს ივიწყებდა ხოლმე.
შვიდი, რვა, ცხრა . . . -ვაგრძელებდი თვლას და თან რაღაც ხმებს ვუგდებდი ყურს, ჩემს ზურგს უკან. მეჩვენებოდა, თუ ვიღაც მომყვებოდა? გახედვა არ მინდოდა, ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე და თვლა განვაგრძე -ათი, თერთმეტი, თორმეტი...
არა, ნამდვილად არ მეჩვენებოდა, ჩემს უკან უკვე მკაფიოდ მოისმოდა ძლიერი ნაბიჯების ხმა და მალე ეს დადასტურდა კიდეც. როდესაც უკვე ხის კედლებიან დერეფანში შევაბიჯე, ასევე ზებრას ფერებში რომ შეეღებათ, უკნიდან გამყინავი ხმა მომესმა :
-სტოპ! არ იმოძრაო!
ვაღიარებ, ცოტა შემეშინდა. მართალია დღე იყო და რომც მოენდომებინათ, ამდენ ხალხში ვერავინ ვერაფერს დამიშავებდა, თუმცა საკმაოდ მოზრდილ ფრჩხილებს, საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის იარაღად რომ აღვიქვამდი, მაინც კმაყოფილმა დავხედე და ვითომც არაფერიო, უკან მშვიდი გამომეტყველებით მივტრიალდი.
ჩემს წინ, დაახლოებით ოცდახუთი წლის მამაკაცი იდგა, შოკოლადისფერი მოსაცმელითა და ამავე ფერში გადაწყვეტილი ტანისამოსით. ყელზე რაღაც გაურკვეველი ფორმის კულონი ეკეთა, ხოლო სახეზე, მცირედი წვერი წამოზრდოდა, რაც კიდევ უფრო გამოკვეთდა მის ისედაც მამაკაცურ ნაკვთებს.
უცნობი ჩემკენ წამოვიდა და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა. უკვე, დრო იყო ხმა ამომეღო:
-მოხდა რამე? -რაც შემეძლო ამაყად გამოვკვეთე ჩემი ფრანგული აქცენტი. ამაში მაინც ვერ მაჯობებდნენ აქ ჩამოსული ტურისტები, რაც თავი მახსოვდა, ხელში მუდამ ქართულ-ფრანგული სასაუბრო, გრამატიკისა და გამოთქმების წიგნები მეჭირა. იმდენად ვიყავი ამ ენაზე ჩაციკლული, ყველანაირი რეპეტიტორისა და მომზადების გარეშე შევძელი მისი სრულყოფილად ათვისება. მხოლოდ ბოლო წელს მივაკითხე ფრანგულის შემსწავლელ კურსებს და ასე ვთქვათ, ცოდნის გაღრმავების შემდეგ, საბოლოოდ ვთქვი, რომ ფრანგულად საუბარი უკვე თავისუფლად შემეძლო.
-შემთხვევით, გასაუბრებაზე ხომ არ ხარ? -ღიმილით შემომხედა უცნობმა. იმდენად სიმპათიური იყო, წამით ხმის ამოღებაც კი ვერ შევძელი. მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, როდესაც მისტერ ფლეიბოიმ, გამოსაფხიზლებლად ცხვირწინ თითები გამიტკაცუნა და უხერხულობის განსამუხტად, მაშინვე ხელი გავუწოდე
-ბოდიში . . . მე, ნიკე ვარ, გამარჯობა!
-ნიკე? -იმდენად სასიამოვნოდ წარმოთქვა ჩემი სახელი, რომ ტანზე ხორკლებმა დამაყარა -ალბათ, შენს მშობლებს ბერძნული მითოლოგია იტაცებდათ
-განგებას მადლობას ვწირავ, რომ აფროდიტა არ დამარქვეს, ან, რაიმე უფრო უარესი
-ჰო, ამ მხრივ გაგიმართლა -ამყვა ხუმრობაში -ჰო, მართლა, მე ანდრესი ვარ
-ანდრესი? ანუ აქაური არ ხარ
-ასეა. ეროვნებით, ბრაზილიელი ვარ
-პარიზში რას აკეთებ, ანდრეს?
-ბიძაჩემს სჭირდება დახმარება, რესტორანთან დაკავშირებით. სანამ ახალ მენეჯერს იპოვის, მანამდე მე მომიწევს აქ ყოფნა, როგორც ამ სფეროში გამოცდილ ადამიანს
-მოიცა, მოიცა -შევაჩერე -ამ რესტორნის დირექტორი, შარლი, ბიძაშენია?
-ასეა, ამიტომ, თუ მასზე რამე ცუდის თქმას აპირებდი, ჯობია თავი შეიკავო -გაეცინა და დერეფნის ბოლოსკენ გამიძღვა
სიარულისას, მხოლოდ რამდენიმე წამით მოვკარი თვალი, სამზარეულოს ორფრთიან კარში ჩატნეული მრგვალი ფანჯრებიდან, თუ როგორ დარბოდნენ ტაფებითა და პროდუქტებით ხელში, სოკოსებრ ქუდებში გამოწყობილი მზარეულები და ვიგრძენი, რომ წარუმატებელი გასაუბრების შემთხვევაში, გული ძალიან მეტკინებოდა.
ანდრესი მრჩევლის რანგში იყო. მარიგებდა, თუ რისი თქმა ღირდა, ან, არ ღირდა გასაუბრებაზე. რჩევებს მაძლევდა და მასწავლიდა, თუმცა როდესაც უფროსის კართან მივედით, წამებში გაჩუმდა, ხელები ბეჭებზე შემომაწყო და თვალებში ისე შემომხედა, რომ კვლავ ჩემდაუნებურად დამაყარა ტაომ.
-აბა შენ იცი. რამე საჭმელი გაქვს?
-საჭმელი? -გაკვირვებულმა ავხედე. რად მინდოდა საჭმელი?
-თუ რამე ტკბილს და გემრიელს მიუტან, მის თვალში უკვე ქულებს დაიწერ. ამ კარს შეხედე, სხვებთან შედარებით იცი ფართე რატომაა?
-რატომ? -უფრო დაკვირვებით შევხედე და მართლაც არაბუნებრივად დიდი მომეჩვენა
-იმიტომ, რომ ჩვენი დირექტორი იმდენად ჭარბწონიანია, ვიწრო კარებში ვერ ეტევა
ანდრესის სიტყვებზე ისტერიკული სიცილი ამიტყდა და ეს ხმა უფროსის კაბინეტში რომ არ შესულიყო, პირზე ორივე ხელი ავიფარე.
-კარგი, ვიცი რომ კარგად ვხუმრობ -მომაჯადოებლად გამიღიმა მან. მართლა ძალიან საყვარელი იყო -ახლა კი დროა შეხვიდე. სხვათა შორის, შენამდე აქ ერთი გოგონა იყო მოსული გასაუბრებაზე, თუმცა ბიძაჩემზე მაინცდამაინც კარგი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია
-კარგი, მგონი ჯობია შევიდე -რატომღაც სიტყვა ბანზე ავუგდე -სამწუხაროა, რომ ტკბილი და გემრიელი არაფერი მაქვს, თუმცა შევეცდები იგი სხვა რამით მოვხიბლო . . .
-თუ ასეა, წარმატებებს გისურვებ
-გმადლობ ანდრეს -გულწრფელად გავუღიმე და კარის სახელურს წავეტანე. შიგნით შესულს, ხავერდოვანი ხმით წამომეწია მისი ნათქვამი "სამადლობელი არაფერია" და ჩემდაუნებურად, ისევ ღიმილი გადამეფინა.




.
დირექტორი, მართლაც ისეთი აღმოჩნდა, როგორც ანდრესმა აღმიწერა. ღამესავით შავი, ფაფუკი ულვაშები ჰქონდა, ტანად კი აიზგერგის მთას წააგავდა. საკმაოდ სოლიდურად ეცვა. თეთრი პერანგისთვის, მოკლემკლავიანი შავი კოსტიუმი შეეხამებინა და სახელოებიც თითქმის ბოლომდე ჰქონდა აკაპიწებული. ჭრელი ხალსტუხი, სავარაუდოდ სიცხის გამო, სამუშაო მაგიდაზე ჰქონდა შემოდებული და რაღაც წითელ საქაღალდეს ჩაჰკირკიტებდა, ისე თითქოს, პატარა ბავშვი ყოფილიყო, ვინც წერა-კითვას ახლა სწავლობდა.
ჩემი შესვლისას, უფრო სწორად კი, მაშინ, როდესაც კარი ზურგს უკან მივიხურე, მომენტალურად მოწყდა თავის საქმეს და საქაღალდე სწრაფად დახურა. მხოლოდ მაშინ მივხვდი რა უტაქტოდაც მოვიქეცი. სად გაქრა ჩემი შეგნება? როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ შიგნით შესვლამდე უნდა დამეკაკუნებინა? ოხ ანდრეს, სულ შენი ბრალია. ისე დამაბნია თავისი ზესიმპათიურობით და იმდენი მელაპარაკა, რომ სულ მთლად გამაბრუა. თუმცა, მაინც საყვარელი იყო.
ჩემს ფიქრებზე, ისევ თავად გამეღიმა და სანამ უფროსის წინ დავიკავებდი ადგილს, კარს ზურგით მივეყრდენი.
-ბოდიშით, დაკაკუნება დამავიწყდა. გასაუბრებაზე ვარ, შეიძლება შემოვიდე?
კაცმა დაკვირვებით გადმომხედა სათვალის ზემოდან, რომელიც ცხვირზე მიეკოფსებინა, მაგიდაზე უწესრიგოდ მიყრილი საბუთები შეძლებისდაგვარად მოაწესრიგა და თავის პირდაპირ მდგომი სკამისკენ ხელით მანიშნა, ისე რომ ხმაც კი არ ამოუღია.
მხოლოდ ახლა მოვასწარი კაბინეტის შეთვალიერება. ძალიან ლამაზი და მყუდრო იყო. ისევე, როგორც დერეფანში, აქაც ხის კედლები იწონებდნენ თავს. მარჯვნივ და მარცხნივ, სამგანყოფილებიანი თაროები მთლიანად წიგნებით იყო გადავსებული. მათზე „მობი-დიკი“-ს, „მოგზაურობა დედამიწის გარშემო“-სა და „საიდუმლო კუნძულს“ მოვკარი თვალი. ამით დავასკვენი, რომ ჩემი პოტენციური უფროსი, სათავგადასავლო ჟანრის მოყვარული უნდა ყოფილიყო და მის წინ, ადგილი გაუბედავად დავიკავე.
როგოც ნერვიულობის დროს მჩვეოდა, ახლაც ჩემი გრძელი ფრჩხილები მოვიმარჯვე გონების დასაწყნარებლად და იგი კანს მთელი ძალით ჩავაჭირე. ჩავაჭერდი, მოვუშვებდი, ჩავაჭერდი, მოვუშვებდი და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ, კაბინეტში ჩამოწოლილი დუმილი, რომელიც წესით და რიგით მე უნდა დამერღვია, ჩემს წინ მჯდომმა პიროვნებამ არ გაფანტა, ღამეული ნისლივით.
-ხმას არ ამოიღებთ, გოგონა? -მომმართა მან სასიამოვნო ფრანგული აქცენტით. პირველ რიგში, სწორედ ამის გამო მიყვარდა ეს ქვეყანა, ხოლო ყველაფერი სხვა, ამ უკანასკნელს ავსებდა
-გასაუბრებაზე ვარ მოსული -ძლივს ამოვიდგი ენა, თან გონებაში საკუთარი თავი გამოვლანძღე. ყოველთვის ასე მემართებოდა, მნიშვნელოვან სიტუაციებში დაბნეულობის სინდრომი შემომიტევდა და იმდენად მბოჭავდა, რომ ჩემი ხმის იოგებს სადღაც ჯანდაბაში გზავნიდა. მახსოვს, ერთხელ მეოთხე კლასის ღონისძიებაზე, ჩემი ტექსტი დამავიწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ მაინც მქონდა წაკითხული და ორი ამდენჯერ, სარკის წინ მოყოლილი, თუმცა გადამწყვეტ მომენტში "ჰოპ" და მხოლოდ გაყინული თევზის მზერა ვაჩუქე დამსწრე საზოგადოებას. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ კლასის დამრიგებლისგან ორმოცსართულიანი ლანძღვის მოსმენა მომიწია და კლასელების თვალშიც საკმაოდ შევრცხვი. ჰო, ნამდვილად არ იყო წარმატებული დღე.
-ეს გასაგებია -კვლავ თავისი მუსიკალური ფრანგულით ამეტყველდა ჩემი პოტენციური უფროსი -ამ სფეროში რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ, პატარა ქალბატონო?
-დიახ -ოდნავ გავთამამდი -გარკვეულო დრო, მიმტანად ვმუშაობდი ერთ-ერთ ბარში, რამდენიმე უცხო ენაც ვიცი და ვფიქრობ, პასუხისმგებლობის გრძნობაც არ უნდა მაკლდეს
ბოლო სიტყვებზე, დავინახე თუ როგორ ჩაეცინა შარლს და წამით მომეჩვენა, რომ ჩემს მიმართ კეთილად განეწყო.
მერე, იყო როგორც ყოველთვის მოსაწყენი ფორმალობები, წინა სამსახურიდან სარეკომენდაციო წერილის წარდგენა, რაღაც სულელური ტესტის შევსება, რომელიც მიმტანისა და კლიენტის ურთიერთობის შესახებ იყო და დაგროვებული ქულების რაოდენობა ნაწილობრივ განსაზღვრავდა, თუ როგორი იქნებოდი ამ სამუშაოს შესრულებისას.
ერთ-ერთი ასეთი კითხვაც შემხვდა-"როგორ მოიქცევით იმ შემთხვევაში, თუ კლიენტმა შეურაცხყოფა მოგაყენათ?"

ა) თქვენც იმავეს გააკეთებთ
ბ) აუცილებლად მოსთხოვთ პატივისცემით მოგმართოთ
გ) თავს მორჩილად დახრით და გაეცლებით, რადგან კლიენტთან უხეშობა არ შეიძლება
დ) შეეცდებით გაარკვიოთ მისი გაღიზიანების მიზეზი და სიტუაცია დააბალანსოთ
გამოცანით მე რა შემოვხაზე? რა თქმა უნდა-დ) თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საკუთარი დამატებითი ვარიანტის მიწერა არ მინდოდა, რომელიც სკამის თავზე გადალეწვასა და მირთმეული კერძით კლიენტის მაისურის „გაფორმებას“ გულისხმობდა. არა, აშკარად სიბრაზის მართვის კურსები მჭირდებოდა. იქნებ მედიტაცია მეცადა? დაფიქრებად ნამდვილად ღირდა.
იმ დღეს, დანამდვილებით არაფერი გადაწყვეტილა. როგორც შარლმა მითხრა, ჩემი კანდიდატურის დადებითად შეფასების შემთხვევაში, მისი მდივანი სამი დღის განმავლობაში დამიკავშირდებოდა და სამუშაო პირობებს გამაცნობდა. ორი კვირა, საცდელი ვადა უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც, რესტორნის მენეჯმენტი თავად გადაწყვეტდა ვიყავი თუ არა ამ ადგილისთვის შესაფერისი.
სიმართლე, რომ ვთქვა, ცოტა ზედმეტი მომეჩვენა ამგვარი გართულება, თანაც უბრალო მიმტანის პოზიციაზე, თუმცა რა უნდა მექნა? ყველაზე მეტად, მაინც ის მახარებდა, რომ სხვებივით ცივი უარით არ გამომისტუმრეს და შანსი მომცეს. უკვე დაზუსტებით ვიცოდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რათა ეს ადგილი ჩემი გამხდარიყო. მართალია, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რა მიზეზით ვიყავი ასე ღრმად დარწმუნებული საკუთარ წარმატებაში, თუმცა ვაღიარებ, ეს თავდაჯერებულობა ჩემს მეოცნებე გულს ძალიან მოსწონდა და მომავლის იმ რწმენას უნერგავდა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.





.
-რაღაცნაირი ღამე, არა? -ცალი ხრით მივეყრდენი ნიკს და ლუდის ბოთლიდან კიდევ ერთხელ მოვსვი.
პარიზის ერთ-ერთ უკაცრიელ, არაფრით გამორჩეულ ქუჩაზე ვიყავით. ტროტუარზე მუქი ლურჯი, საღებავგადაცლილი მანქანა ეყენა, რომელიც იმ წუთას საკუთარ ლოგინად გვექცია და კაპოტზე გაწოლილები, ღამის ცის სიშავეს უკანასკნელი რომანტიკოსებივით შევცქეროდით. ან, იქნებ, ვიყავით კიდეც რომანტიკოსები?
-როგორი? -ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით გამომხედა მან. სასმელის ბოთლი უკვე ნახევრამდე ჩაეცალა, თუმცა გარეგნულად ისევე არაფერი ეტყობოდა, როგორც მე
-არ ვიცი, ვერ გიხსნი, თუმცა მგონია, რომ ეს ღამე სხვებისგან რაღაცით განსხვავდება
-მთვრალი ხარ, ნიკე -სიცილით აღნიშნა
-ტყუილია, მთვრალი არ ვარ! -მაშინვე ვიუკადრისე. სხვა თუ არაფერი, ის მაინც ვიცოდი, რომ ლუდი არ მათრობდა. სწორედ ამიტომ ვეტანებოდი მას ასე თამამად
-მაინტერესებს მთვრალი ნიკე როგორია -რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ კვლავ ალაპარაკდა და გვერდულად გამომხედა. მივხვდი ჩემგან პასუხს მოელოდა, თუმცა მანამ არ გამიცია, სანამ საკუთარი ბოთლიდან კიდევ ერთხელ არ მოვსვი
-ყოველ შემთხვვევაში, შუა ქუჩაში შიშველს არ მირბენია -ვთქვი ბოლოს -თუმცა სიმთვრალის დროს, ერთი სისულელე ნამდვილად გავაკეთე
-რა გააკეთე? -თვალებზე ეტყობოდა, რომ აშკარად დაინტერესდა
-შემპირდი, რომ არ გაიცინებ!
-ნიკ გრიფინის პატიოსან სიტყვას გაძლევ -ცალი ხელის გული ასწია ფიცის ნიშნად -მიდი, დაიწყე
-კარგი . . . -ისტორიის მოყოლამდე ღრმად ამოვიოხრე და როგორც კი მივხვდი, რომ დროს მეტად ვეღარ გავწელავდი, დავიწყე :
-მოკლედ ერთ დღეს, ბარში კლასელებთან ერთად ვსვამდი -იმ მოგონებებზე ახლაც სირცხვილის გრძნობა მომაწვა, თუმცა ყველაფერი ისე შორეულად მეჩვენებოდა, რომ იმდენად აღარ მიდარდია -ხომ ხვდები, ერთ ჭიქა მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მერე უკვე თავზე კონტროლი დავკარგე. არ მახსოვს იქედან როგორ ან რანაირად წამოვედი, თუმცა დილით, რომ გავიღვიძე, თავზე ვიღაც მოხუცი ცოლ-ქმარი მადგა. როგორც აღმოჩნდა, მისამართი ამრევია და ღამით მათ კარზე ამიტეხავს ბრახუნი. ისინიც მიმხვდარან, რომ ნასვამი ვიყავი, სახლში შევუშვივართ და იქ დარჩენის ნება მიუციათ. თურმე, მთელი ღამის განმავლობაში, ჩემს ღებინების შეგრძნებას ებრძოდნენ და სათლს, სათლზე მიცვლიდნენ. ეს ყველაფერი თავად გამახსენეს, თორემ მე თვითონ მცირედი დეტალიც კი არ მაგონდებოდა-სიცილით დავასრულე ჩემი სამარცხინო ისტორია და ლუდი მოვსვი.
ნიკს გავხედე, უბრალოდ იღიმოდა. როგორ ჩანს, პირობის შესრულებას ცდილობდა იმის თაობაზე, რომ არ გაეცინა.
-მითხარი, ნიკ ავსტრალია როგორია? სხვა კონტინენტებისგან ასე დაცილებული, რატომღაც სულ სხვა განზომილებად წარმომედგინა -ვკითხე ის, რაც მთელი ცხოვრება მაინტერესებდა. ბავშვობაში, მუდამ ვფიქრობდი იქ წასვლაზე, თუმცა რადგან პარიზზე ოცნება რეალობად ვაქციე, გადავწყვიტე ამით დავკმაყოფილებულიყავი
-ავსტრალია როგორია? -შემომიბრუნა კითხვა მან. მერე ბოთლიდან კიდევ ერთხელ მოსვა და ცას ააშტერდა -ვერ გეტყვი, რომ ჩემი ქვეყნის ყველა ქალაქში ნამყოფი ვარ, მაგრამ სიდნეი მართლა საოცრებაა. ერთ დღეს, აუცილებლად წაგიყვან და ყველაფერს დაგათვალიერებინებ
-მართლა? -პატარა ბავშვივით გამიხარდა
-ერთი შემთხვევა მაინც გახსენდება, როდესაც შენთვის ტყუილი მითქვამს?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-სხვათა შორის, დღეს სავსე მთვარეა -შეცვალა საუბრის თემა მოულოდნელად. ინსტიქტურად ზემოთ ავიხედე. სიშავით მოცულ კაბადონზე, მთელი სიდიადით კაშკაშებდა ვერცხლისფერი ბურთი, რომელიც პაწაწინა ვარსკვლავების გვერდით, მართლაც რომ გიგანტივით გამოიყურებოდა
-ჰო, ძალიან ლამაზია -მივუგე მოჯადოებულივით, თან თავში მორიგი გიჟური იდეა დამებადა და ჩემს მეგობარს მუდარით სავსე მზერა ვესროლე -ნიკ, რაღაც რომ გთხოვო დამთანხმდები?
ჩემკენ არ გამოუხედავს, თუმცა მაინც შევამჩნიე მის სახეზე გამკრთალი ღიმილი.
-გააჩნია რა გინდა. თუ სურვილების ანულირებას მთხოვ, ერთპროცენტიანი შანსიც კი არ გაქვს -განაცხადა კატეგორიულად
-არა, არა, სულ სხვა რამეა . . .
-მაშინ, მითხარი
-მეცეკვები მთვარის შუქზე? -ოდნავ წამოვიწიე და სანამ იგი პასუხს გამცემდა, ტელეფონში ჩემი საყვარელი სიმღერა Dancing In The Moonlight ავაჟღერე, თან ნიკს თვალს არ ვაშორებდი.
რამდენიმე წამში, ტუჩის კუთხეში კვლავ მისთვის დამახასიათებელი ირიბი ღიმილი გაუკრთა. არ ვიცოდი რას ნიშნავდა იგი, თანხმობას, თუ ზრდილობიან უარს, მაგრამ ყველაფერი ნათელი გახდა, როდესაც ხელზე მისი თითების შეხება ვიგრძენი და რამდენიმე წამში, ნიკის ძლიერი მკლავიც მომეხვია წელზე, რომელმაც მანქანიდან ჩამომიყვანა და სხეულზე ამიკრა.
-ოჰო, ყველაზე ორიგინალური საცეკვაო თანხმობა იყო, რაც კი ოდესმე მინახავს
-ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებ შენს გაოცებას
-მოუთმენლად ველოდები, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი -როდესაც ეს ვთქვი, რაღაც იდუმალი გაკრთა ჩემი მეგობრის თვალებში, თუმცა რა იყო ეს იდუმალი, ამაზე ფიქრი აღარ დამცალდა, რადგან ზუსტად იმ წამს, ნიკმა, მუხლების ქვეშ ხელი ამომდო, ჰაერში ბუმბულივით მსუბუქად ამიტაცა და ისე დამაბზრიალა, რომ ლამის თავ-ბრუ დამეხვა
-უნდა ვაღიარო, ცეკვა ჩემზე კარგად გცოდნია -აღფრთოვანებით ვახარე, როდესაც კვლავ მიწაზე დავდგი ფეხი და უწინდებურად მის სხეულზე აღმოვჩნდი აკრული
-გასაუბრების მერე არ დაურეკავთ? -რატომღაც სხვა თემაზე გადამიტანა
-დღეს მხოლოდ მეორე დღეა, ნიკ. მითხრეს, რომ სამი დღის განმავლობაში დამიკავშირდებიან -მერე, ანდრესთან შეხვედრის ეპიზოდი გამახსენდა და ჩემს მეგობარს აღტაცებული მივაშტერდი -იცი დღეს ვინ გავიცანი?
-ვინ?
-შარლის ძმისშვილი. ძალიან თბილი ადამიანია, მგონი, ცოტათი მოვიხიბლე კიდეც
-მოიხიბლე? -მომეჩვენა, რომ ჩემი ნათქვამი არ ესიამოვნა -ნიკე, მაგ ტიპთან ფრთხილად იყავი, ნამდვილი ქალების მუსუსია და ასეთ ადამიანთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანს
-კარგი რა, ნიკ! ამას იმიტომ ამბობ, რომ ძალიან სიმპათიურია -თავი ღიმილით გადავაქნიე -შენ მასზე ბევრად უფრო მომხიბვლელი ხარ, თუმცა მუსუსად არავინ გთვლის. ვერ ვხვდები, ყველას რატომ ჰგონია, რომ სიმპათიური ბიჭები აუცილებლად მექალთანეები უნდა იყვნენ და ნებისმიერ ქალს აბამდნენ?
-ნიკე, მე რაც დაზუსტებით ვიცი იმას ვამბობ. ანდრესისგან თავი შორს დაიჭირე!-ამჯერად, კატეგორიულად განმიცხადა მან, შემდეგ კი ხელები ცივად შემიშვა და იქვე მიყენებული თავისი მოტოციკლისკენ დაიძრა -გვეყო გასეირნება, სახლში წავიდეთ!
-რამე მოხდა? ასე უეცრად წასვლა რატომ გადაწყვიტე?
-არაფერიც არ მოხდა, წამოდი . . .
-დარწმუნებული ხარ?
-ასი პროცენტით
-კარგი . . . შენ როგორც გინდა -მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოკლე-მოკლე პასუხები არ მაკმაყოფილებდა, მაინც დავემორჩილე, მის უკან მოხერხებულად მოვკალათდი და მოტოციკლზე წონასწორობის შესანარჩუნებლად, წელზე ხელები მაგრად შემოვხვიე.
ჩვენს საცხოვრებელ კორპუსამდე დარჩენილი გზა, რაც დაახლოებით სამ კილომეტრს შეადგენდა, ისეთ უცნაურ ვითარებაში გავიარეთ, რომ დუმილი არც ერთს დაგვირღვევია და არც, მეორეს. მომხდარმა ხასიათი საგრძნობლად გამიფუჭა. იმ ღამით დაძინებაც კი ვერ შევძელი და ფილმების ყურებაში გავათენე. ამჯერად, ნიკის გარეშე . . .




.
იმ დღის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა უკვე სამსახური მქონდა. ყველაზე უკეთესი კი ის იყო, რომ საშინლად კმაყოფილი ვიყავი მთელი კოლექტივითა და იქაური სიტუაციით.
გემზე, სულ ხუთი მზარეული ჰყავდათ. ამდენივე იყო მიმტანიც. მზარეულებს კარგად არ ვიცნობდი, მათთთვის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი შეკვეთების გადაცემა მევალებოდა. აი, ოფიციანტებს რაც შეეხება, მზარეულებისგან განსხვავებით, ყველას დარბაზში უწევდა მუშაობა და მათთან ბევრად უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა. ამათგან სამი გოგონა იყო-სელინი, სტელა და მარსი. ორიც კი ბიჭი-ნიკი და ჩვენს გუნდში ყველაზე უმცროსი-დენისი.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მართლა ძალიან მომწონდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. კლიენტებთან ურთიერთობაც მშვენივრად გამომდიოდა, ყველას თავაზიანად ვუღიმოდი, ვიწერდი შეკვეთებს და სამზარეულოში მივდიოდი, ამ ყველაფრის მზარეულებისთვის გადასაცემად.
რაც შეეხება ჩემი და ნიკის ურთიერთობას, მეჩვენებოდა, რომ იმ დღის შემდეგ რაღაც საგრძნობლად შეცვლილიყო. მართალია, ჩემთან ისევ დიდ დროს ატარებდა, საქმის ათვისებაშიც ძალიან მეხმარებოდა და სამსახურის შემდეგ კვლავ ერთად მივდიოდით სახლში, თუმცა მაინც ვფიქრობდი, რომ მის თავს რაღაც უცნაური ხდებოდა. რამდენჯერმე ვკითხე კიდეც, თუმცა მუდამ იმას მიმეორებდა, არაფერი შეცვლილა და ეს ყველაფერი უბრალოდ გეჩვენებაო.
იმის გამო, რომ მეტად აღარ გამეღიზიანებინა, მაშინდელი საღამოს შემდეგ ანდრესზე სიტყვაც კი აღარ დამიძრავს. თუმცა არც ის იქნება მართალი თუ ვიტყვი, რომ ამ ადამიანზე წარმოდგენა შემეცვალა და თავის არიდებას ვცდილობდი. პირიქით, მომწონდა მისი თბილი გამომეტყველება ჩემი დანახვისას, მოკრძალებული სალამი და მსუბუქი ფლირტი, რომლის მუხტიც მუდამ იგრძნობოდა ხოლმე ჩვენს შორის. არ ვიცოდი, თუ სად მიმიყვანდა ეს ურთიერთობა ან, რა იქნებოდა შემდეგ, თუმცა ამაზე ფიქრით თავის გადაღლა არც მიფიქრია. უბრალოდ მომწონდა ეს ყველაფერი, დინებას მივყვებოდი და იმ წუთას, მეტს აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
ანდრესთან და ჩემს სხვა კოლეგებთან ერთად, სტაჟირების პირველმა შვიდმა დღემ იმდენად სწრაფად გაირბინა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. მეორე კვირის დასაწყისს, რატომღაც, კლიენტთა ნაკადის საგრძნობი ზრდა მოჰყა. ორშაბათი საღამოდანვე შეინიშნებოდა აშკარა ხალხმრავლობა. თავისუფლად შემეძლო მეთქვა, რომ ეს დღე ყველაზე დამღლელი იყო მათ შორის, რაც კი აქამდე მქონია. მე, მარსი და სტელა, მიუხედავად უკიდურესი დაქანცულობისა, კლიენტების მაგიდებს ჩვეული თავაზიანი ღიმილით ვემსახურებოდით, ხოლო სელინი საეჭვოდ გამქრალიყო და არსად ჩანდა.
მოძებნა შესაფერისი დრო გადასაკარგავად! არა, ნამდვილად მარცხენა ფეხზე ვიყავი ამდგარი. ჯერ იყო და ავტობუსში მომიჯდა ვიღაც შეშლილი, მთელი დრო რომ თავის ფასდაუდებელ ღვაწლზე მესაუბრებოდა 1815 წელს გამართულ ვატერლოოს ბრძოლაში, სადაც თურმე თავად ნაპოლეონის მხარდამხარ იქნევდა ხმალს. შემდეგ ეს საშინელი დაღლილობა და ერთ-ერთი მიმტანის უეცარი გაუჩინარება. ვერაფერს ვიტყოდი, ყველაზე გამორჩეული წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში.
-ნიკე, ნიკე, ნიკე!!! -შეკვეთა ახალი მიტანილი მქონდა, როცა წიგნაკმომარჯვებული მარსი წუწუნით მომვარდა -ვეღარ ვუმკლავდებით. არც დენისი მოსულა დღეს, მაღალი სიცხე აქვს, რა უნდა ვქვნათ? მერვე მაგიდასთან მჯდომი კლიენტი კითხულობს, თუ რომელ საუკუნეში მიუტანენ თავის დესერტს . . . იქნებ, სელინი მოძებნო?
მარსის, სახეზე საშინელი დაღლილობა ეტყობოდა, ფეხზეც კი ძლივს იდგა, ხოლო სტელა იქვე, მეორე მაგიდასთან იდგა და მოხუცი ცოლ-ქმრის ნათქვამ თითოეული კერძის დასახელებას, ფურცელზე დიდი მონდომებით იწერდა.
-მეც ძალიან დავიღალე. კიდევ კარგი თქვენ მაინც ხართ აქ, თორემ გავგიჟდებოდი -თხელი წიგნაკი სახეზე ავიფრიალე, რადგან ხალხმრავლობის გამო საშინლად ცხელოდა
-მე ამ მაგიდებს მივხედავ, შენ კი წადი და სელინი მოძებნე. რომ იპოვი, ჩემგან ერთი მაგარი სილა გააწანი! -თვალებიდან უკვე ცოფებს ყრიდა ის
-კარგი, იქნებ . . . -სიტყვის დამთავრება, მხარზე ვიღაცის ხელის დადებამ არ მაცადა. უცნობმა ელვის სისწრაფით მიმატრიალა თავსკენ და ფართედ გამიღიმა. ასეც ვიცოდი, უკან ჩვენი რესტორნის საკმაოდ უცნაური, თუმცა მეტად მხიარული ადმინისტრატორი-ჟაკი მედგა. პრინციბში, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო? ზოგადად, ასეთი მოულოდნელი თავდასხმები მხოლოდ მას ჩვეოდა ჩვენს რესტორანში
-ჩემო საყვარელო, რას აპირებ, წვეულებაზე ხომ მოდიხარ? -უსიამოვნოდ მომხვდა ყურებში მისი წრიპინა ხმა -ლამაზად უნდა გამოიპრანჭო, მართალია ჩემსავით ეფექტური არ იქნები, მაგრამ შენც ძალიან ლამაზი ხარ, არ მოიწყინო
მორჩა დაიწყო! ეს ადამიანი ნამდვილი ენერგოვამპირია, თუმცა რომ ვთქვა მეზიზღება-მეთქი ნამდვილად არ ვიქნები მართალი. პირიქით, რაღაც დადებითსაც კი აღძრავს ჩემში და ასე თუ ისე, მეგობრული ურთიერთობაც გვაქვს.
-მოვდივარ, ჟაკ -დაღლილობის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცადე გულწრფელი ღიმილი გამომსვლოდა. ამასობაში შევამჩნიე, რომ მარსი უკვე გასცლოდა ჩვენს "საზოგადოებას" და მორიგი მაგიდისკენ წასულიყო, ახალი კლიენტის დასახვედრად
-შენთან შეჯიბრებას არ ვაპირებ, ვიცი არც გამომივა -დავამატე ბოლოს, რათა მისი ის თვითკმაყოფილი მზერა დამენახა, რომელზეც შემდეგ კარგად ვიცინებდი. და, აი ისიც! სამუშაო საათებში ტელეფონის გამოყენების უფლება რომ მქონოდა, ალბათ სამახსოვრო ფოტოსაც კი გადავიღებდი ხსენებულ გამომეტყველებასთან
-რა თქმა უნდა, ჩემო კარამელო, რა თქმა უნდა! -როგორც ჩვეოდა ახლაც ცხვრი ასწია -სწორედ ამიტომ მიყვარხარ, რომ ჩემს სიდიადეს აღიარებ -მერე მზერა დარბაზს მოატარა, ხელები ნიკაპზე ჩამოისვა და წარბები ბრაზიანად შეჭმუხნა -ის მახინჯი სელინი სად არის? დღეს არ მუშაობს?
-მგონი, საპირფარეშოში გავიდა, რაღაც ცუდად გრძნობდა თავს -ვიცრუე -სწორედ ახლა ვაპირებდი მისთვის დაძახებას. წვეულებაზე გნახავ, ჟაკ! -ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და სანამ მორიგი კითხვის დასმას მოასწრებდა, დარბაზიდან გასასვლელი კარისკენ გავიქეცი.
შექმნილი ვითარება უკვე ძალიან მანერვიულებდა, რასაც ბრაზიც თან ერთვოდა. მართლაც სად შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გოგო? შარლს რომ გაეგო, აუცილებლად დაითხოვდა სამსახურიდან. რა თქმა უნდა, საპირფარეშოში არ დამხვდებოდა, ამიტომ პირდაპირ გასახდელი ოთახისკენ წავედი. ოფიციანტები ყოველთვის იქ ვისვენებდით ხოლმე, როდესაც კლიენტების მომსახურება მოგვქანცავდა. მამაკაცი თანამშრომლების გასახდელიც ზუსტად ჩვენს გვერდით იყო.
ფრთხილად შევაბიჯე მოკლე კორიდორში, რომელიც ამ ორ ოთახს მოიცავდა და ის-ის იყო ქალების გასახდელში უნდა შევსულიყავი, რათა სელინი თავისი საქმიანობისთვის დამებრუნებინა, რომ მეორე ოთახიდან რაღაც ისეთი დავინახე, რამაც ერთ ადგილას მიმაყინა. სელინი, ვინც წესით ახლა დარბაზში, კლიენტების მომსახურებით უნდა ყოფილიყო დაკავებული, მამაკაცი თანამშრომლებისათვის განკუთვნილ გასახდელში, ნიკს კისერზე ჩამოკიდებოდა და მთელი გრძნობით ეალერსებოდა მის ტუჩებს.
რატომღაც, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი ამის დანახვისას. ტვინში სისხლი მომაწვა, ერთიანად ავწითლდი. გაშეშებული ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კარის შეღება და შიგნით შევარდნა ყველაზე მეტად მინდოდა. მეუცხოვებოდა ამ წამს ნიკი, ის ადამიანი მეუცხოვებოდა, რომელთანაც ყველაზე დიდი სულიერი სიახლოვე მაკავშირებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც დამიშავა თავის საქციელით, თითქოს ჩემს სულს შეეხო და ყველაზე მეტად მატკინა.
აღნიშნულ მომენტში ვფიქრობდი, რომ თუ ნიკის ცხოვრებაში ვინმე გოგო გამოჩნდებოდა, ვეღარ შევძლებდით ჩვენი მეგობრობის შენარჩუნებას და ეს მანადგურებდა. მაგიჟებდა იმაზე ფიქრიც კი, რომ მასთან ვიღაც ჩემზე მეტად ახლოს იქნებოდა და ნიკის ყოველდღიურ ცხოვრებად იქცეოდა. ალბათ, სწორედ ამ მიზეზით გამოვყავდი წყობილებიდან იმ ხელებს, რომლებიც ნიკის სახეს ეფერებოდნენ და იმ ტუჩებს, რომლებიც მის ბაგეებს აგემოვნებდნენ. უბრალოდ ერთი რამ იყო აშკარა-აქედან უნდა გავსულიყავი, თორემ უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა. მახრჩობდა ეს ატმოსფერო. გარშემო, ყველაფერი მაღიზიანებდა. უნდა წავსულიყავი! რაც შეიძლებოდა სწრაფად!
ნანახისგან აფორიაქებული, გარეთ, ფაქტობრიბად, ფსიქიატრიულიდან გამოპარული გიჟივით გამოვვარდი. არაფერი არ მაინტერესებდა. ფეხებზე მეკიდა ვინ რას იფიქრებდა, მაშინვე მოვიძრე სამუშაო წინსაფარი, სირბილით გავიარე გემბანი, ხმელეთზე გადავედი და როგორც კი, კვლავ თავის ჯიხურთან ერთგულად მდგომი, მოხუცი მეჰოთდოგე დავინახე, მივვარდი და აცრემლებული გადავეხვიე.
სიგიჟე იყო არა ჩემი საქციელი? ვიცოდი, მაგრამ ახლა ვინმეს რომ არ ჩავხუტებოდი, ალბათ ჭკუიდანაც კი შევიშლებოდი. მთელი უბედურება ის გახლდათ, რომ წარმოდგენაც არ მქონდა რა მჭირდა. ჯანდაბა, რა სასაცილო ვიყავი ამ წუთას.
გარკვეული დრო დავყავი მოხუცთან ჩახუტებულმა, სრულ მდუმარებაში, შემდეგ კი მისი ბოხი, თუმცა რაღაცნაირად მაინც მომნუსხველი ბარიტონი გავიგონე:
-დაწყნარდი, შვილო. რაც არ უნდა იყოს, აუცილებლად მოგვარდება. ყველაფერი კარგად იქნება -თითქოს ჩემი გასაჭირის მთელ სიღრმეებს ჩასწვდაო, ისე ჩამომისვა თმაზე ხელი, კაცმა. ნეტავ როგორ? მეც კი არ ვიცოდი, თუ რა მატირებდა
-გამასინჯებთ თქვენს ჰოთ-დოგს? -მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. სლუკუნის შეკავებას მთელი ძალით ვცდილობდი და მოხუცს ისევ ტკიპასავით ვეკვროდი. ახლა მიხვდი, თუ რატომაც იწვევდა ეს კაცი ჩემში ასეთ დადებით ემოციას. ბაბუას მაგონებდა. კაცს, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან მიყვარდა
ახლაც მახსოვდა მასთან გატარებული თითოეული ზაფხულის გემო, როდესაც საღამოობით ეზოში, ხის ჩრდილში ვჯდებოდით, თავს მის კალთაზე ვდებდი ის კი, დაუსრულებლად მიყვებოდა თავისი სამხედრო სამსახურის ამბებს, იმას, თუ როგორ გაიცნო ბებია, ვინც დაჭრილი ჯარისკაცების ჰოსპიტალში მუშაობდა მედდად და როგორ სთხოვა ხელი გაცნობიდან ოთხი თვის შემდეგ. ამ ისტორიებს მუდამ ისე ვისმენდი, როგორც პირველ ჯერზე, ყოველთვის ერთნაირად მსიამოვნებდა და ერთსა და იმავე ემოციას მიტოვებდა.
-გაგასინჯებ, რა თქმა უნდა -მართალია ვერ ვხედავდი, მაგრამ ხმის ტონზე შევატყვე იღიმოდა
ნელა მოვცდილდი კაცს, მის გვერდით, ჯიხურთან მიდგმულ შემაღლებულ სკამზე ჩამოვჯექი, ცრემლები შევიმშრალე და დოლარის კუპიურა გავუწოდე, თან ყოველი შემთხვევისთვის მობილურიც გავთიშე და კაპიუშონი წამოვიფარე. არ მინდოდა გარეთ გამოსულ ნიკს, რომელიც ძებნას დამიწყებდა, რათა როგორც ყოველთვის, სახლში ახლაც ერთად წავსულიყავით, როგორმე ჩემი მოძებნა შესძლებოდა. სწორედ ამიტომ, ყველა გზა მოვუჭერი და ამით კმაყოფილმა, გემრიელად ჩავკბიჩე მოხუცის მიერ გამოწვდილი ჰოთ-დოგი. განცდილი სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე. მხოლოდ იმ წამს გავაცნობიერე, თუ როგორ ძალიან მომშიებოდა მთელი ამ დროის მანძილზე. მე ხომ დილის მერე ერთ ჭიქა ყავის მეტი არაფერი ჩამსვლოდა კუჭში?
-უგემრიელესია. ნეტავ აქამდე რატომ არ მოვდიოდი თქვენთან -ვუთხარი, როდესაც პირველი ლუკმა გადავყლაპე -რა გქვიათ? მე, ნიკე ვარ
-შეგერგოს, შვილო -გულწრფელად გამიღიმა მან -სახელი საფრანგეთის მეფის მაქვს, მაგრამ მეფური ცხოვრებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი
მაშინვე ავამუშავე ჩემი ისტორიული ცოდნა. საფრანგეთის მეფეზე, პირველად ლუი გამახსენდა. უმეტეს ნაწილს, სწორედ ეს სახელი ერქვა და სანამ მეორე ლუკმას კისერში გადავუვებდი ვუთხარი:
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, ლუი -გაეღიმა. როგორც ჩანდა, გავარტყი
-აბა, მითხარი რა ჰქვია მას?
-ვის? -გავიოცე. მართლა ვერ მივხდი, რას მეკითხებოდა. იქნებ ამ გემრიელმა ჰოთ-დოგმა გამომირეცხა ტვინი?
-იმას, ვის გამოც ამ დღეში ხარ. ყველაფერი თვალებზე გეტყობა, შვილო -იმდენად თბილად მიღიმოდა მოხუცი, რომ კიდევ ერთხელ მომინდა ჩავხუტებოდი. თუმცა რა მეპასუხა? რა დამესახელებინა ჩემი უეცარი სიგიჟის მიზეზად? მეთქვა მეგობარი დავინახე სხვა გოგოსთან და ნერვები მომეშალა-მეთქი? ნეტავ თავად მცოდნოდა იმაზე პასუხი, რაც ახლა მჭირდა
-სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი რა დამემართა. მგონი, გადაღლილობის ბრალია -ამჯერადაც გემრიელ ჰოთ-დოგს მივუბრუნდი. ნეტავ, მართლა სად ვიყავი აქამდე? რამდენ ადგილას გამისინჯავს სწრაფი კვების ეს საჭმელი, თუმცა ლუის ჰოთ-დოგები მაინც სულ სხვა იყო. დღეიდან, მეცოდინებოდა სად უნდა მივსულიყავი, როდესაც ეს უკანასკნელი მომინდებოდა -თქვენი ჰოთ-დოგი, ნამდვილად საუკეთესოა -ნეტარებისგან აღმომხდა
მოხუცმა უბრალოდ გამიღიმა და მხარზე ხელი დამადო. სიმშვიდე ვიგრძენი ამ ადამიანის გვერდით. ვერც კი გავაცნობიერე, ისე გამიგრძელდა მოხუცთან უაზრო ლაპარაკი. ათას თემას გადავწვდით, ძირითადად თავის თავზე მიყვებოდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახი გერმანიაში ჰყავდა და მხოლოდ დღესასწაულებზე ახერხებდა მათთან შეხვედრას. თავისი პატარა შვილიშვილის ფოტოც მაჩვენა, რაც გაცრეცილი საფულის პატარა ჯიბეში ჰქონდა ჩადებული. პატარა, ნაწნავებიანი გოგონა იყო, ლამაზი, თაფლისფერი თვალებით და გულწრფელად იღიმოდა.
ცოტა რამ საკუთარ თავზეც და ოჯახზეც მოვუყევი. აშკარად დამეხმარა სრულიად უცნობ ადამიანთან საუბარი მდგომარეობიდან გამოსვლაში, თუმცა გულის სიღრმეში, ყრუდ მაინც მტკიოდა ის სცენა, რასაც სრულიად უნებლიედ მოვკარი თვალი და რამაც საბოლოოდ ამრია.
ჰოთ-დოგების ჯიხურიდან, პირდაპირ სახლში არ წავსულვარ. მინდოდა ცოტა ხნით გამევლო და ღამის პარიზი დამეთვალიერებინა. ფეხით დავუყევი სენას სანაპიროს. ნელა, აუჩქარებლად მივდიოდი და თითოეულ გამვლელ-გამომვლელს, სამუზეუმო ექსპონატებივით ვაკვირდებოდი. მინდოდა ცოტა ხნით ფეხით მევლო, მინდოდა მოჩვენებად გადავქცეულიყავი და ვერავის შევემჩნიე. რა მემართებოდა თავადაც ვერ ვაცნობიერებდი.
სადარბაზოში რომ შევედი, უკვე გვარიანად ჩამობნელებულიყო. ნელა ავუყევი კიბეებს, თან ჩანთაში სახლის გასაღებს ვეძებდი. როგორც ყოველთვის, ახლაც დიდხანს მომიწია ძებნა, თუმცა ბოლოს, როგორც იქნა მივაკვლიე და ის-ის იყო ჩემს კართან უნდა მივსულიყავი, რომ უეცრად, ერთ ადგილას შევხტი.
თავიდან ტვინმა ვერ გააცნობიერა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ როდესაც გულისცემა ჩავიწყნარე და მწყობრში მოვედი, უკვე ნათლად დავინახე ჩემი კარის წინ, ფეხის საწმენდ ხალიჩაზე ჩამომჯდარი ნიკი.
გავოგნდი, თუმცა ამაზე მეტად მისმა თვალებმა გამაოგნა, რომელიც შეშლილისას მიუგავდა. როგორც კი, დამინახა მაშინვე ფეხზე წამოხტა. პირველად ვხედავდი ასეთ განერვიულებულს. თვალის გარსი მთლიანად ჰქონდა ჩაწითლებული და გაბრაზებულ გამომეტყველებას არ მაშორებდა.
-ნიკ, რა გჭირს? -მისმა მზერამ, უწინდელი საბოლოოდ გადამავიწყა და მეგობრის სახე ხელებში მოვიქციე. ჩემი ხელები უხეშად მოიშორა
-სად იყავი, ნიკე? გირეკავდი, გეძებდი, ლამის კარი ჩამოგიღე -ცდილობდა ხმა ეკონტროლებინა, თუმცა, ფაქტი იყო არ გამოსდიოდა -რა აღარ ვიფიქრე, შენ კი თურმე მშვენივრად ხარ და ღამეული სეირნობა გაქვს დანიშნული
გავშრი, ამას არ ველოდი. ცოტა გავბრაზდი კიდეც.
-რა მოხდა? შენს გარეშე ნაბიჯიც ვერ უნდა გადავდგა? იქნებ, მარტო მინდოდა ყოფნა?
-შეგეძლო მოგეწერა -პოზიციას არ თმობდა ის -ბოლოს და ბოლოს, ხომ იცი, რომ ფეხებზე არ ? შენზე ვნერვიულობ, რადგან ჩემთვის სულ ერთი არ ხარ, ნიკე!
ქვედა ტუჩი ნერვიულად მოვიკვნიტე. ამჯერად ნამდვილად მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდა, რის გამოც, გადავწყვიტე ჩემი სიამაყე საბოლოოდ გამეჩუმებინა და უბრალოდ შეცდომა მეღიარებინა.
-კარგი, მაპატიე, მართალი არ ვიყავი -გაუბედავად ამოვთქვი. იმ წუთას, მთელი სიცხადით ვიგრძენი საკუთარი დანაშაული და ხელზე, ხელი მოვკიდე.
რაც მერე მოხდა, იმის გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. ნიკი უეცრად მკლავში მწვდა, თავისკენ მიმიზიდა და ძვლების ატკივებამდე მომეხვია. ისე მიკრავდა სხეულზე, თითქოს სურდა ერთ არსებად გარდავქმნილიყავით. თავი ვეღარ შევიკავე და ამჯერად მეც ჩავეხუტე. ისევ ისეთი გამაბრუებელი სურნელი ჰქონდა. მიყვარდა ეს არომატი. ჩემი პოზიტიური ვარსკვლავის არომატი . . .
-ნარკოტიკად მექეცი, ნიკე, უშენოდ ვეღარ ვსუნთქავ -ჩემს თმებში ცხვირჩარგულმა, მძიმედ ამოთქვა -სიგიჟეა არა ასეთი ურთიერთობა? ჭკუიდან მშლი. შენი სრულყოფილება ხანდახან მაგიჟებს კიდეც
ვისმენდი ამ სიტყვებს და დამეფიცებოდა, რომ ნიკის ხელების გარეშე, ჩემს წელს რომ მარწუხებივით შემოხვეოდა, ფეხზე დგომასაც კი ვერ შევძლებდი. რაღაც აუხსნელი ხდებოდა ჩვენ ორს შორის. იმდენად აუხსნელი, რომ ჩემი პოზიტივის ვარსკვლავის გარეშე ცხოვრება მხოლოდ უღიმღამო, შავ-თეთრ კადრად წარმომედგინა.
ფრთხილად მოვშორდი მის სხეულს და თვალებში ჩავხედე. წვრილი კაპილარები ოდნავ შეწითლებოდა, თუმცა აშკარად უფრო ჩაწყნარებული ჩანდა, ვიდრე ცოტა ხნის წინ.
-ნიკ, იქნებ შევიდეთ? -ძლივს ამოვთქვი ამდენი ემოციისგან გადაღლილმა. აღარ მინდოდა იმაზე საუბარი, რაც მოხდა და საბედნიეროდ, არც ჩემი მეგობრის დაყოლიება გამჭირვებია.
შვებით ამოვისუნთქე და ჩანთაში დავიწყე ქექვა, გასაღების ასხმის მოსაძებნად. ნიკი თავისი ზღურბლისკენ არ წასულა იგივეს გასაკეთებლად, პირიქით, როგორც კი საკეტს შესაბამისი მეტალი მოვარგე და კარი შევაღე, ისიც თან შემომყვა. რა თქმა უნდა, არ გამიპროტესტებია. ნიკის ჩემს სახლში გვიანი სტუმრობები, ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როგორც დღე-ღამის მონაცვლეობა.
-კოლექტივის კორპორაციულ საღამოზე რა გადაწყვიტე? მოდიხარ? -მკითხა, როდესაც დივანში ჩაესვენა და გასავათებული, მეც გვერდით მივუჯექი. იმდენად ვიყავი დაღლილი, საუბრის თემის ასეთ რადიკალურ ცვლილებასაც არ გავუკვირვებივარ. უბრალოდ, ნიკის მუხლებს თავი ჩამოვადე, დივანზე ზურგით გავწექი და თვალები დავხუჭე. წამებში ვიგრძენი, თუ როგორ შემიცურა თმაში თითები და ფერება დამიწყო. აუტანლად მესიამოვნა. საერთოდ აღარაფერი დარჩენილიყო იმ სიუცხოვის შეგრძნებისგან, რაც მაშინ, გასახდელში განვიცადე მის მიმართ. ნიკი, ისევ ნიკი იყო. ისევ ანათებდა ჩემს ცაზე, როგორც ყველაზე პოზიტიური ვარსკვლავი
-არ ვიცი, თქვეს მეწყვილეების გარეშე არ მიიღებითო -გამეცინა და ცალი თვალი გავახილე, რათა მისთვის შემეხედა -მე კი, მეწყვილის გარეშე დარჩენილი კონკია ვარ
ამის თქმა და მისი სახის გამომეტყველების შეცვლა ერთი იყო. ჩემს თმებზე თამაშიც რატომღაც შეწყვიტა.
-ერთად წასვლას არ ვაპირებთ? -მკითხა ბოლოს. ვიგრძენი, რაც ვთქვი, ცოტათი არ ესიამოვნა. მაშინვე წამომიტივტივდა თავში, გასახდელში ნანახი კადრები. წამით ვიფიქრე, რომ ჩემმა გონებამ აურია და რაღაც შემეშალა
-მეგონა, იქ სელინთან ერთად მიდიოდი -აშკარად დაბნეული ტონი მქონდა. არ ველოდი, იმ ყველაფრის შემდეგ, კვლავ მე თუ ამირჩევდა თავის მეწყვილედ. შევატყვე, რომ ჩემმა სიტყვებმა ჩააფიქრა. ჯერ გაოცება გამოესახა სახეზე, შემდეგ გაურკვევლობა, ბოლოს კი, კითხვით სავსე თვალებით დამაშტერდა ზემოდან. როგორც ყოველთვის, ახლაც ჩავწვდი მისი დაუსმელი შეკითხვის არსს და არც პასუხი დამიგვიანია:
-დღეს, ცოტა ცუდ დროს შემოგისწარით გასახდელში და ეს დასკვნაც ამის ბრალია.
ჩემთვის არ უნდა გეთქვა, თუ სელინს ხვდებოდი? -ვეცადე ხმაში ცოტაოდენი წყენაც ჩამედო. დავინახე როგორ შეეცვალა სახის გამომეტყველება კიდევ ერთხელ. ლურჯ თვალებში, ამჯერად გაურკვევლობა იკითხებოდა.
დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა, ეს უაზრო სიჩუმე. შემდეგ კი, როგორც იქნა პასუხი გამცა:
-სელინს არ ვხვდები, ნიკე -შევატყვე, ოდნავ ჩაეღიმა
-რატომ იღიმი? რამე სასაცილო ვთქვი?
-კი, თქვი -ჩემს თმაზე ფერება კვლავ განაგრძო -ეს, უბრალოდ კოცნა იყო და მეტი არაფერი
-მექალთანე იდიოტი! -თვალები ავატრიალე მის სიტყვებზე. თურმე, უბრალოდ კოცნა იყო. ნეტავ, რას ნიშნავდა ეს უბრალო კოცნა? ადამიანები ამას მაშინ აკეთებენ, როდესაც იმ კონკრეტულისადმი სიმპათიები გააჩნიათ. არა, ნამდვილად ვერ ვუგებდი და არც მინდოდა ამის გაკეთება, თუმცა სანამ რამის სათქმელად პირს გავაღებდი, აქაც ნიკმა დამასწრო:
-სელინი გამბედავი გოგოა, მასში სწორედ ეს მომწონს. ბევრი ვერ მოახერხებდა გრძნობებში ასე ღიად გამოტყდომას, თუმცა ცუდია, რომ მისდამი იგივეს არ განვიცდი და მომიწია გული მეტკინა -ქვედა ტუჩი, როგორც ჩვეოდა კბილებში მოიქცია
-ასე პირდაპირ მიახალე? -გამეცინა -Shitt! რა სასტიკი ხარ, ავსტრალიელო. ამას ვამბობდი, თუმცა სრულიად საპირისპიროს ვფიქრობდი. მომწონდა ნიკის ასეთი ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიმპათიური იყო და გოგონები მართლაც ბუზებივით ეხვეოდნენ, მაინც არ ჰგავდა თავში ავარდნილ, თავმომწონე ბიჭებს ამით რომ სარგებლობდნენ და არც ერთ მათგანს არ უშვებდნენ ხელიდან. საჭირო შემთხვევებში სერიოზულიც გახლდათ, თუმცა ჩემთვის მაინც პოზიტივის ვარსკვლავად რჩებოდა. ჰო, პოზიტივის ვარსკვლავი ვუწოდე, რადგან შეუძლებლად მიმაჩნდა ოდესმე მასთან ვყოფილიყავი და მომეწყინა. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ მუდამ ნიკისკენ მიმიწევდა გულიც და გონებაც.
-უბრალოდ, არ მომწონს ადამიანის გრძნობებზე თამაში -მხრები აიჩეჩა ჩემმა მეგობარმა. იმდენად საყვარელი იყო იმ წამს, რომ უნებურად სახეზე ღიმილი მომადგა -ჰო, თავისუფლად შემეძლო ეს გამომეყენებინა და მისი საწოლში შეტყუება მეცადა, მაგრამ მსგავსი რამები საჩემო არ არის. სელინი კარგი გოგოა, არ იმსახურებს, რომ მისით ვინმე გაერთოს -თავადაც გაღიმებული დამაცქერდა, როდესაც ჩემი მისკენ მიმართული ღიმილი დააფიქსირა
-მამაკაცის იდეალური ვერსია ხარ, იცი? -უნებურად დამცდა, თუმცა რაც ვთქვი იმაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული
ნიკმა ღრმად ამოისუნთქა და ჩემკენ გადმოიხარა. აქედან სულ მალე, მისი დაბალი ხმის ტემბრიც გაისმა სიჩუმის ნაწილაკებით გაჟღენთილ სივრცეში:
-რას იტყვი, დარჩები ამაღამ ჩემთან? -ზედ, პირდაპირ ყურთან მიჩურჩულა -მინდა შენი სურნელი შევიგრძნო და ისე დავიძინო
შინაგანად გამეღიმა, თუმცა ვცადე ეს ყველაფერი გარეგნულად არ შემტყობოდა.
-ძილი არ მინდა, ნიკ . . . მოდი, უბრალოდ ვილაპარაკოთ, კარგი?
-მაინც, რაზე?
მუხლებზე თავი უფრო მოხერხებულად ჩამოვადე და თვალები დავხუჭე. სიამოვნებამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც მისი თითები ვიგრძენი მკლავებზე, რიტმულად რომ მოძრაობდნენ და ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებებს აღმიძრავდნენ.
-არ ვიცი, რაზეც შენ გინდა
-იქნებ, შენ იყო სასაუბრო თემის მოფიქრების ინიციატორი?
-ნიკ . . .
-გისმენ, ნიკე -ვიგრძენი გაეღიმა
-გახსოვს, ერთხელ მშობლებზე მკითხე, მე კი გავჩუმდი და პასუხი არ დაგიბრუნე
-მახსოვს, მერე? -დაიხარა და საფეთქელზე ტუჩები ნაზად შემახო. იცოდა, რომ ჩემთვის მტკივნეული თემაზე ვაპირებდი საუბარს და თავისებურად მამხნევებდა. ამის გამო, უფრო მეტად მომინდა ყველაფრის მოყოლა. უბრალოდ, არ მსურდა მისგან რაიმე დამალული მქონოდა, რადგან ჩემთვის ეს ადამიანი უზომოდ ახლობელი იყო და ყველაზე მეტად სწორედ მას ვენდობოდი -თუ გიჭირს, აუცილებელი არაა ამის გახსენება, ნიკე . . .
-არა, არა, მინდა, რომ მოგიყვე -მის მუხლებზე ჩამოდებული თავის ქვეშ, მარჯვენა ხელი შევიცურე. თუ ნებისმიერ სხვასთან ამ ყველაფრის ამოფრქვევა ტკივილს მომაყენებდა, ნიკთან რაღაც საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. არ ვიცოდი, თუ რატომ ხდებოდა ეს, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ მინდოდა, ამიტომ შემაწუხებელი აზრები თავიდან მოვიშორე და ჩემი ცხოვრებისეული დრამის წიგნიდან პირველი გვერდის კითხვა დავიწყე :
-ჩემი ბავშვობის ყველაზე ცუდი მოგონება, მამაჩემი, ნამდვილი ლოთი და ნაძირალა იყო -ისე ვლაპარაკობდი, რომ თვალების გახელაზე არც მიფიქრია -მასზე ბევრი არაფერი მეთქმის და არც მინდა, რომ ვთქვა, რადგან სათქმელი არაფერია -ღრმად ამოვიოხრე, ქვედა ტუჩი წამით კბილებში მოვიქციე და განვაგრძე -აი დედა კი . . . ყველა ბავშვი დედას მაინც უფრო სხვანაირად აღიქვამს, რაც არ უნდა ცუდი იყოს ეს უკანასკნელი. პატარა რომ ვიყავი, სია მქონდა სათაურით-"ის, რაც დედაჩემს არ უყვარს". მახსოვს, პატარა, ვარდისფერ წიგნაკში ვწერდი, რათა უნებურად არ გამებრაზებინა. რვა წლის ვიყავი, ამ სიაში საკუთარი თავიც რომ დავამატე . . .
ჩემი პოზიტივის ვარსკვლავი დადუმდა. მეც ვდუმდი. მხოლოდ მის ტუჩებს აღვიქვამდი ჩემს საფეთქელზე, შემდეგ კი ნიკის თითების ვიგრძენი საკუთარზე, ნელა რომ წამოვიდნენ ჩემკენ, ჩემსავე თითებში გადაიხლართნენ და ყველა ტკივილი დამავიწყეს.
ჰო, მუდამ ასე ხდებოდა. ნიკი იყო პოზიტივი, ბედნიერება, ცხოვრების ხალისი. თითქოს მთელი სამყარო თავმოყრილიყო ამ ერთ ადამიანში. მჭირდებოდა, ჰაერივით მჭირდებოდა მისი არსებობა, რათა მესუნთქა. ვგრძნობდი რომ მასაც. უბრალოდ არ შეგვეძლო, ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო და ეს ორივემ კარგად ვიცოდით. ვერ გადავიტანდი, რომ ჩემი პოზიტიური ვარსკვლავი ოდესმე აღარ დამენახა, დილა მისი ღიმილით არ დამეწყო, არ დამელია მისი მომზადებული ყავა, ან მას ჩემი. თავისუფლება იყო ნიკი და ამასთანავე ის ადამიანი, ვისთვისაც მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა, რადგან ვიცოდი, ისიც იმავეს იზამდა ჩემს გამო.
ჰო, ხანდახან ასეც ხდება. მოკლე დროში ადამიანებს იმდენად ვეჩვევით და ვისისხლხორცებთ, რომ მათ გარეშე არსებობა შეუძლებლად ან წარმოუდგენლად გვეჩვენება. ჩვენ უბრალოდ არავინ ვართ უმისოდ დარჩენილი და ისე გამოვიყურებით, როგორც ჯინისგან დაცლილი ლამპრები, რომელთაც უკვე აღარანაირი ფუნქცია არ აკისრიათ . . .
რომლებიც უკვე სრულიად ცარიელნი არიან . . .






.
-აბა, რაღაც ვუცდით დავატრიალოთ -მხიარულად შესძახა იატაკზე ფეხმორთხმით მოკალათებულმა მარსიმ და თავისი დიეტური კოლას ქილიდან კიდევ ერთხელ მოსვა
ორშაბათი საღამო იყო. სამსახურის შემდეგ, ნიკმა, დენისმა, სტელამ და მარსიმ იდეა წამოჭრეს დამღლელი სამუშაო დღე რაიმე სასიამოვნოთი დაგვეგვირგვინებინა. თავდაპირველად, ბარში წასვლა მოგვივიდა თავში, თუმცა გრძელვადიანი განხილვისა და ორჭოფობის შემდეგ, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ყველანი ჩემს ბინაში ასვლაზე შევთანხმდით. მართალია, ნიკი კარის მეზობლად მყავდა და მისი სახლი, ჩემსას ორჯერ აღემატებოდა, თუმცა ჩემმა მეგობარმა არეულობა მოიმიზეზა და თავის ზღურბლზე გადაბიჯების უფლება არავის მოგვცა.
დასაწყისისთვის, რომელიმე ფილმის ყურება გადავწყვიტეთ, საშინელებათა ჟანრის კოლექციიდან. ტკბილეულიც შერჩეული გვქონდა და სასმელებიც, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ, მარსიმ განაცხადა, რომ რაიმე უფრო მხიარულის მოფიქრება იყო საჭირო და მანამ არ მოისვენა, სანამ ჩვენი არჩევანი იძულებით არ შეაჩერა ყველაზე ბანალურ თინეიჯერულ თამაშზე, "Spin Bottle"-ზე.
უნდა ითქვას, ჩვენს შორის არავის სურდა ამ სულელურ გამოწვევაში ჩაბმა. განსაკუთრებით მე და ნიკს, თუმცა საბოლოოდ, მარსის ჯიუტობისა და გაუთავებელი წუწუნის გამო, მაინც მოგვიწია დათანხმება.
რაღაც ვიზამდით? თითოეული ჩვენგანი წრეზე მოვკალათდით და თამაშს, ყველაფრისდა მიუხედავად, მხიარულ ნოტაზე შევუდექით, თან, გამაგრილებელი სასმელებიც უხვად მოვიმარაგეთ, რათა დამატებით მოტანა აღარ გამხდარიყო საჭირო.
თამაშის დაწყების წინ, მარსიმ ყველას ღიმილით გადმოგვხედა.
ეტყობოდა, რომ თავის გამარჯვებას გულში ზეიმობდა. სწორედ მან გამოაცხადა პირველი რაუნდი ოფიციალურად გახსნილად და იატაკზე, ბოთლის ტრიალის ხმა გაისმა. სანამ ეს უკანასკნელი წრეზე ბრუნვას შეწყვეტდა, თითოეული ჩვენგანის მზერა, სწორედ მისკენ იყო მიპყრობილი. მოთმინებით ველოდით, თუ ვისზე გაჩერდებოდა ისარი და მანამდე სიტყვასაც არ ვძრავდით.
სიჩუმის დასადგურებისა და მოძრავი ობიექტის გაჩერების მომენტში, როდესაც მის წვერს კარგად დავაკვირდით, თითქმის ყველამ ერთხმად შევძახეთ : "სტელა და დენისი!". ამ უკანასკნელს მოპასუხის როლი უნდა შეეთავსებინა, ხოლო სტელა მკითხველის როლში გვევლინებოდა.
-აბა, დენის -ღიმილით გადმოგვხედა მან თითოეულ ჩვენგანს -სიმართლე თუ მოქმედება?
მოპასუხე მხარეს, წამითაც არ უფიქრია ისე აირჩია მოქმედება. ამან ყველა ჩვენგანი გაამხიარულა. პირველივე ჯერზე ასეთ რისკზე წასვლა, ნამდვილად შეიტანდა სიხალისეს თამაშის მსვლელობაში. ყველანი ველოდით, რომ სტელა რაღაც საშინელებას იტყოდა და უნდა ითქვას, რომ არც შევმცდარვართ.
-ძალიან დიდ შარში გაყავი თავი, პატარავ -გოგონას ბოროტული ღიმილის მიღმა მზაკვრული გეგმები ჩანდა -მაგრამ თუ ასე გადაწყვიტე, მაშინ, ახლავე ადგები, სასმელს დადებ და რაც გაცვია ყველაფერს გაიხადი -თქვა მან სერიოზული ხმით -გამონაკლისის სახით, შეგიძლია საცვალი დაიტოვო, მაინც არ გვაინტერესებს
ამის გაგონებაზე, კოლა კინაღამ ყელში გადამცდა. ჩემს გვერდით მჯდომ ნიკს ჩუმად ჩაეცინა და ზურგზე ხელი მაგრად დამარტყა.
-არ დაიხრჩო, ნიკე -მითხრა, თან მარსის და სტელას მოავლო მზერა, რომლებიც სიცილის შეკავებას ძლივს ახერხებდნენ დენისის საცოდავი სახის დანახვისას. მეც ვეღარ მოვითმინე და გამეცინა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი მსხვერპლი წამოიმართა და ქამრის შესაკრავის გახსნას მოჰყვა. სულ რამდენიმე წამიც და მისი ტანსაცმელი უკვე იატაკზე ეყარა, დენისი კი, წრეში მხოლოდ შიდა საცვლით იჯდა.
-აი, ასე -თქვა მან თვითკმაყოფილი სახით -თქვენ იფიქრეთ, რომ ვერ შევძლებდი, არა?
-ვაუ, დენის -მარსიმ მისკენ პანტერას მზერით წაიწია -თუ გინდა, მერე განვმარტოვდეთ, კარგი? შენმა პრესმა სიმართლე გითხრა ვნებები აღმიძრა
-ოღონდ ჩემს სახლში არა -სიცილით ჩავერიე მათ საუბარში, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ვიცოდი ეს მხოლოდ უწყინარი ხუმრობა იყო. ზოგადად მარსი გახლდათ ასეთი, არასდროს და არანაირ სიტუაციაში არ რცხვენოდა იმის თქმა, რასაც გონებაში გაივლებდა. მასში ყველაზე მეტად, სწორედ ამ თვისებას ვაფასებდი
-უბრალოდ მაინტერესებს, აცნობიერებ, რომ ახლახანს უდიდესი შეურაწყოფა მომაყენე? -წარმოთქვა მან ჩემი მისამართით, თუმცა ცქერით დენისს უცქერდა წარბების გამომწვევი თამაშით. ამ უკანასკნელს მხოლოდ გაეცინა და გართობაც ბავშვებივით მხიარულად განვაგრძეთ
ბოთლმა კიდევ ერთი ბრუნი გააკეთა იატაკზე. თითქმის ერთმანეთის გვერდიგვერდ ჯდომის გამო, მართლაც, რომ დაბალი იყო შანსი იმისა, მე და ნიკი ერთად ამოვსულიყავით, თუმცა ყველასდა გასაოცრად, ეს მაინც მოხდა.
-სიმართლე თუ მოქმედება, ნიკ? -ღიმილით გადავხედე ჩემს მეგობარს. დენისის მსგავსად, არც მას დასჭირვებია ფიქრისთვის დიდი დრო. პირდაპირ მოქმედება დაასახელა და მომლოდინე თვალებით შემომაცქერდა. აი, ახლა ვიყავი ნამდვილ შარში. წარმოდგენა არ მქონდა რა მეთქვა. რატომღაც თავში არაფერი მომდიოდა აზრად და ამის გამო, თამაშსაც ვაფერხებდი.
-კარგი რა, ნიკე, მოიფიქრე რამე ბოლოს და ბოლოს, თორემ ამასობაში, გლობალური დათბობაც დაიწყება -როგორც ველოდი, პირველად მარსი აწუწუნდა. მას სტელა და დენისიც აჰყვნენ და იძულებული გავხდი, მაგრად მოკუმული საინფორმაციო წყარო გამეხსნა:
-ვერაფერს ვიფიქრებ, იქნებ თქვენ მირჩიოთ. დღეს ძალიან გამოთიშული ვარ რეალობას
-ჯანდაბა, თუ ასე ძალიან გიჭირს, მე შემიძლია დახმარების ხელი გამოგიწოდო და კარგი რჩევაც მოგცე
-მიდი, მარსი -ღიმილი ვერ შევიკავე. მხოლოდ ის თუ იხსნიდა ამ ჩახლართულ სიტუაციას
-მაგ შენს ზესიმპათიურ მეგობარს სთხოვე, რომ გაკოცოს. ოღონდ ლოყაზე არა, პირდაპირ ტუჩებში
უკვე მეორედ გადამცდა კოლა, თუმცა ეს არც იყო დიდად გასაკვირი.
-რაო, რა თქვი?
-რაც გაიგე -იდუმალი ღიმილით მიღიმოდა ჩემი თანამშრომელი. ვერაფერი ვუთხარი, უბრალოდ თავი გვერდზე მივატრიალე და ნიკს გავხედე. ჩემგან განსხვავებით, იმდენად მშვიდად იჯდა, რომ ჩემივე აფორიაქების, საბოლოოდ შემრცხვა კიდეც და თავის დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე
-ნიკ გრიფინ! -მივმართე, რაც შემეძლო თავდაჯერებულად -თუ შეიძლება თამაშის წესებს ავყვეთ, ამ პარაზიტებს გული არ დავწყვიტოთ და მაკოცეთ! -ბოლო სიტყვაზე, ვიგრძენი ხმა ამიკანკალდა. არც კი მჯეროდა, რომ ამას ვამბობდი. რაღაც უცნაურად ვგრძნობდი თავს. მეგონა, ჩემი მოქმედებით რაღაც სერიოზულს ვაშავებდი, თუმცა ზუსტად რას, ამაზე ფიქრი დიდხანს არ დამცალდა, რადგან დასაშვებზე სწრაფად ვიგრძენი სახეზე ნიკის ნესტოებიდან გამოსუნთქული ჰაერი. დაძაბულობისგან, ინსტიქტურად თვალები დამეხუჭა, პულსაციამ პიკს მიაღწია და ჩემდა გასაკვირად, ხელებიც კი ამიკანკალდა.
მაშინვე არ უკოცნია, რამდენიმე წამით, მხოლოდ მისი ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა სახეზე. მეჩვენებოდა, რომ ყოყმანობდა, თუმცა ყველა ფიქრი ერთობლივად გაიფანტა, როდესაც უფრო მეტად ვიგრძენი ჩემი მეგობრის მოახლოება და ცალი ხელი წელზე, რომელმაც დასაშვებზე მეტად მიმიზიდა თავისკენ. იმდენად ახლოს ვიყავი მასთან, მეჩვენებოდა, რომ გულისცემების კი ერწყმოდნენ ერთმანათს.
შემდეგ კი . . .
შემდეგ ბუნდოვნად ვიგრძენი როგორი სინაზით და ამავდროულად ამ საქმეში გაწაფული მამაკაცისთვის დამახასიათებელი ოსტატობით აიხლართა ჩემს ტუჩებში ნიკის თბილი ბაგეები.
ლამის გული გამიჩერდა, როდესაც მისი ხელის გული ვიგრძენი სახეზე. არც კი ვიცოდი, რას ვაკეთებდი, თუმცა თმებში, რომ თითები შევუცურე და კოცნაში თავადაც აქტიურად ავყევი, მაშინ მივხვდი, რომ სრულ ჭკუაზე არ ვიყავი. მაინც არ მინდოდა ამ ყველაფერის დასრულება. არც დავასრულებდი, ჩვენს ირგვლივ შეკრებილ ადამიანთა მხიარული შეძახილები და სტვენა, რომ არ გაგვეგონა. ამ უკანასკნელმა, მაშინვე გამომარკვია ბურუსის სამყაროდან. კოცნა მაშინვე შევწყვიტე, ნიკს გულზე ხელები მივაბჯინე და ისე მოვშორდი, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო ელექტროგაყვანილობის მავთულს.
ჯერ კიდევ საკუთარზე ვგრძნობდი მისი ტუჩების გემოს და ყველა ის ადგილი მეწვოდა, სადაც კი მისი თითები ოდნავ მაინც შემეხო.
"სერიოზულად? ეს მართლა მოხდა? მე, ჩემს საუკეთესო მეგობარს ვაკოცე?" -მაშინვე ეს კითხვები ამომიტივტივდა ათასი გაურკვეველი ფიქრით გამოტენილ თავში.
ინსტიქტურად ნიკს გავხედე. ნერვიულობა კვლავაც არ ეტყობოდა. იმდენად თავისუფლად იჯდა, რომ მისი უემოციობის შემშურდა კიდეც
-კიდევ კარგი დაასრულეთ, თორემ უკვე წასვლას ვაპირებდით, რათა ხელი არ შეგვეშალა -მარსი ამჯერადად მორიგი სიტყვით გამოვიდა ჩვენს წინაშე. წამოვწითლდი. კიდევ ერთი სიტყვაც და ალბათ იქედან გაქცევაზეც არ ვიტყოდი უარს
-უზარმაზარი ქიმია იგრძნობა თქვენს შორის, ბავშვებო -ჩემდა საუბედუროდ, სტელაც მას აჰყვა -მერე კიდევ იტყვით, ჩვენს შორის არაფერი ხდებაო
მოვიღუშე. ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო. ისედაც აფორიაქებულს, მათი სიტყვები უარესად მხდიდა და ამის დამალვას არც ვაპირებდი.
-მე და ნიკს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს! -საკმაოდ ხმამაღლა გამომივიდა, მაგრამ ამის გამო სირცხვილი წამითაც არ მიგრძვნია -უკანასკნელი იყოს, როდესაც ამ თემაზე კიდევ მესმის ვინმეს კომენტარები, გასაგებია?!
ყველა გაოცებით შესცქეროდა ჩემს გამომეტყველებას. ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასეთი კატეგორიული და საკუთარი თავის თვითონვე მიკვირდა.
-ბოდიში, მაგრამ თამაშის უჩემოდ გაგრძელება მოგიწევთ. ღამით აქ დარჩით, ნურსად წახვალთ, მე კი, თქვენის ნებართვით, გავალ დავიძინებ -ბოლო სიტყვები უკვე მთქნარებით წარმოვთქვი და ფეხზე წამოსადგომად, იატაკს ხელის გულებით დავებჯინე.
ოდნავადაც არ დავინტერესებულვარ იმით, თუ როგორი სახეები ჰქონდათ იმ წამს ჩემს მეგობრებს. უბრალოდ კორიდორში გავედი, საძინებელი ოთახის კარი ფრთხილად შევაღე და იგი ზურგს უკან ისე ჩუმად მოვიხურე, თითქოს ვინმესგან ან რამესგან დამალვას ვცდილობდი.
შემეძლო თამამად მეთქვა, რომ საშინლად ვიყავი ანერვიულებული. იმდენადაც კი, რომ საწოლამდე მისვლაც ვერ შევძელი. ამის მაგივრად, იქვე, იატაკზე ჩავსრიალდი, კარის ჩარჩოს ზურგით მივეყრდენი და სახეზე გაყინული ხელის გულები ჩამოვისვი. მაშინ პირველად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა თუ რამ ამანერვიულა ასე ძალიან? მე ხომ ნამდვილი ბავშვივით მოვექეცი და პლუს ამას, მეგობრებიც მივატოვე. თავი ორმაგად უფრო საშინლად ვიგრძენი როცა ეს გავაცნობიერე. წამით ისიც ვიფიქრე, მისაღებში დავბრუნებულიყავი და თითოეულ მათგანისთვის ბოდიში მომეხადა, თუმცა მივხვდი, რომ ამის თავი ახლა ნამდვილად არ მქონდა.
აღნიშნულ მომენტში, მხოლოდ დასვენება მჭირდებოდა, ამიტომ თავს ძალა მაქსიმალურად დავატანე, კარის სახელურზე დაყრდნობით ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი და ჩემს ფუმფულა ბალიშებით გადავსებულ საწოლზე ძალაგამოცლილი დავენარცხე.
მაჯის საათს დავხედე. თორმეტს უჩვენებდა. ამ დროს წესით არასდროს ვიძინებდი ხოლმე, თუმცა ახლა იმდენად ვიყავი მოთენთილი, რომ არავისზე და არაფერზე მიფიქრია. ამის მაგივრად, პლედის კუთხე სხეულზე გადავიფარე, თვალები მაგრად დავხუჭე, საწოლზე მარსისთვის და სტელათვის სამყოფი ადგილი დავტოვე და ძილის სამყაროში მთელი არსებით გადავეშვი.


















.
-ნიკე, მესამე მაგიდასთან მიდი ახალი კლიენტია -მომესმა ზურგს უკნიდან მარსის ხმა და მომენტალურად, იქითკენ გავიხედე.
სკამზე დაახლოებით ორმოცი წლის, დარბაისელი შესახედაობის, მეტად ლამაზი ქალბატონი ჩამომჯდარიყო, მაჯაზე შემოხვეულ ოქროს საათს ეთამაშებოდა და წინ გადაშლილი მენიუთი საერთოდ არ ინტერესდებოდა.
მართალია, აქ ყველას აზრს ვითვალისწინებდი, თუმცა იმ მომენტში, მარსის თხოვნა წამსვე არ შემისრულებია. გარკვეული დროით დავაცადე ქალს, მეგონა თვითონ გააკეთებდა არჩევანს და მომსახურე პერსონალს შემდეგ დაუძახებდა შეკვეთის ჩასაწერად, თუმცა ეს რომ არა და აღარ მოხდა, სინი დავდე, წინსაფარი შევისწორე და სპეციალურად დაყენებული ღიმილით გავემართე მისი მაგიდისკენ.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება -წიგნაკი და კალამი ამოვიღე წინსაფრის გულის ჯიბიდან -რა მოგართვათ? რამეზე ხომ არ შეაჩერეთ არჩევანი?
ქალმა საათზე თამაში მაშინვე შეწყვიტა და თავისი დიდრონი, თაფლისფერი თვალებით ამომხედა. იმდენად ლამაზი იყო, წამით მის ასაკში ყოფნაც ვინატრე და მისი გარეგნობაც.
-თქვენ რასაც მიირთმევდით, შეგიძლიათ მეც ის მომიტანოთ -მითხრა რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ, რომელსაც ვერც კი მივხვდი, თუ რატომ აწარმოებდა -მენიუდან ვერაფერს ვარჩევ, რთულია . . .
-აქაური არ ხართ, არა? -მაშინვე გავშიფრე ჩვენი ელეგანტური კლიენტი. როგორც ჩანდა, კერძების დასახელებები ამოიკითხა, თუმცა ყველა ეუცხოვა და არჩევანის გაკეთებაც ზუსტად ამიტომ გაუჭირდა
-დიახ, სწორად მიხვდით -იმდენად გამოკვეთილი, წკრიალა ხმით საუბრობდა, თანაც, ისეთი დახვეწილი მანერებით, რომ ლამის ინგლისის დედოფლობა დავწამე
-კარგით, მაშინ დაელოდეთ. შემთხვევით, ცხარე საჭმელებზე ხომ არ გაქვთ ალერგია?
-ნამდვილად არა -უზადოდ თეთრი კბილები გამოაჩინა მან და მეც აღარ დამიყოვნებია ისე გავემართე სამზარეულოსაკენ, საკუთარი გემოვნებით არჩეული კერძის სახელწოდებით
თერთმეტი საათი სრულდებოდა.
სამუშაო დღეს ათ წუთში ვამთავრებდი და ლამის იყო, სიხარულისგან ჰაერში სალტოები მეკეთებინა. უკვე მეორე კვირა სრულდებოდა, რაც აქ ვიყავი, თუმცა ზოგჯერ ეს ყველაფერი იმდენად მღლიდა, მზად ვიყავი აბსოლუტურად ყველაფერზე ხელი ჩამექნია. აქაც ნიკი მეხმარებოდა, სულ ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და ზოგჯერ, იმ მაგიდებსაც კი ემსახურებოდა, რომლისთვისაც წესით მე უნდა მიმეხედა.
ნიკზე გამახსენდა, დღეს მასთან ერთად უნდა მევახშმა, კაფეში. ყოველთვის ასე ვიქცეოდით, სამსახურიდან შინ ერთად ვბრუნდებოდით, მანამდე გზად სადმე შევივლიდით, ცოტას წავიხემსებდით და შემდეგ, ან მასთან ვატარებდი მეორე დღემდე დარჩენილ დროს ან, ის ჩემთან. ზოგჯერ სულელური ფილმების ყურებაში გაგვყავდა დრო, ზოგჯერ ნიკი ქალაქში დამახეტიალებდა და ყველაფერს მათვალიერებინებდა მცირედი დეტალების ჩათვლით.
მართლაც რომ მოსიარულე საოცრება იყო ეს ადამიანი ჩემთვის. განუყოფელი ნაწილი, ვინც ნარკოტიკივით მჭირდებოდა, რათა დღე მშვიდად გამეტარებინა. თითქმის ერთი მთლიანი ვიყავით. სამსახურში, მიმტანი გოგოები, მიუხედავად მაშინდელი "ინციდენტისა", მაინც ხშირად გვეკითხებოდნენ ხდებოდა, თუ არა ჩვენს შორის რამე სხვა, თუმცა ორივეს ერთი და იგივე პასუხი გვქონდა-"არა".
უბრალოდ, საშინლად გვსიამოვნებდა ერთად ყოფნა. მიყვარდა მისი შინაგანი პოზიტივი, მრავალფეროვანი ბუნება და უბრალოდ, ნიკთან დროის გატარება, როგორც იმ ადამიანთან, ვისაც ჩემი ყველაზე კარგად ესმოდა.
სამუშაო დღის ბოლო კერძი, რომელიც საკუთარი გემოვნებით უნდა შემერჩია, ათწუთიანი ლოდინის შემდეგ მაგიდასთან მივიტანე და საათს კმაყოფილი სახით დავხედე. უკვე თერთმეტი გამხდარიყო. ჯერ-ჯერობით სამჯერ მაინც მქონდა წარმოდგენილი რას შევჭამდი კაფეში და რა სასმელს დავაყოლებდი. იმდენად მშიოდა, სხვაზე უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი იმის გარდა, რომ გასახდელში მალე შევსულიყავი, გამომეცვალა და აქედან რაკეტის სიჩქარით გავვარდნილიყავი. ასეც მოვიქეცი-სამუშაო უნიფორმისგან სწრაფად გავთავისუფლდი, იგი ჩემს პერსონალურ კარადაში შევკიდე, გასაღებით გადავკეტე, მარსის, სელინსა და სტელას, რომლებიც ჩემთან ერთად იცვლიდნენ, თბილად დავემშვიდობე და მაშინვე ნიკს დავურეკე. მაინტერესებდა მალე გამოვიდოდა თუ, არა.
მეორე ზარის გასვლაზე მიპასუხა. მისმა ხმამ, როგორც ყოველთვის ახლაც კარგ ხასიათზე დამაყენა და სასიამოვნო ტალღებად დამიარა მთელს სხეულში.
-ნიკ, სად ხარ? გარეთ გელოდები
-მოგენატრე?
-შეწყვიტე, რა -ვითომ გაბრაზებულმა ჩავძახე
-აქ ვარ, ნიკე -ორმაგად ჩამესმა მისი სიტყვები და სწორედ იმ მხარეს გავიხედე, საითაც, ლუის ჰოთ-დოგების ჯიხური იდგა. ნიკს ტელეფონი ყურზე მიედო და მიღიმოდა
-როდის მომეპარე? -გამეცინა და ლოყაზე მაგრად ვაკოცე -მმმმ, რა კარგი სუნამო გასხია -მართლაც საოცარ არომატს აფრქვევდა
-დღეს რას ვაპირებთ ტრიუმფატორო? -ჩემს სახელზე, მუდამ ასე მაჯავრებდა ხოლმე. ნეტავ, რატომ ვერ ვბრაზდებოდი მასზე?
-რამე თუ არ ვჭამე, შეიძლება აქვე გადაგყლაპო. კაფეში წავიდეთ, როგორც შევთანხმდით
-წავიდეთ -მხარზე, ხელი ღიმილით გადამხვია ჩემმა მეგობარმა და ორივენი, იქვე, პარკინგზე მდგომ დაყენებულ მოტოციკლზე დავსხედით.
ამჯერად, კაფე ნიკის გემოვნებით იქნა შერჩეული. საკმაოდ მყუდრო და ლამაზი ადგილი გახლდათ გარეუბანში. ყველაზე მეტად, მაინც შიდა ინტერიერით მოვიხიბლე, რომელიც იმდენად თბილ ატმოსფეროს ქმნიდა, იქიდან წამოსვლის სურვილსაც კი გიკარგავდა
ჩემი ყურადღების მიღმა, არც ამ დაწესებულების სახელი დარჩენილა. წითელი, ბრჭყვიალა ნათურებით განათებულ ბანერზე, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობისა იყო, მუქი ლურჯი ასოებით წაეწერათ- „Blue Cafe“. ჩვენი გემ-რესტორნის დასახელება გამახსენდა, "ლურჯი მანდარინი". ალბათ, პარიზში ბევრს უყვარდა ლურჯი ფერი და ეს ფაქტი ძალიან მახარებდა, რადგან ეს ტონალობა, პირადად მეც ძალიან მომწონდა.
სანამ ინტერიერს ვაკვირდებოდი და ყველაფერს დეტალურად ვსწავლობდი, რათა აქაურობა ჩემს საფირმო ადგილას მექცია, ნიკმა მაგიდაზე ორი მილქშეიკი დადგა და ჩემს წინ ჩამოჯდა. ვიცოდი, რომ ორივე ჩემთვის ჰქონდა მოტანილი და ღიმილი მომერია. ეს ადამიანი, დასაშვებზე კარგად მიცნობდა და კარგად ხვდებოდა, რომ ერთი პორციით ნამდვილად ვერ დავკმაყოფილდებოდი.
ჭიქა ჩემკენ მოვიწიე და პირველად, მარწყვის სასმელი დავაგემოვნე. შოკოლადის სიამოვნებას, შემდეგისთვის მოვიტოვებდი. ნიკმა თავისთვის მხოლოდ შავი ჩაი აიღო, კარდამონით. რაც შეეხებოდა საჭმელს, გადავწყვიტეთ პეპერონის პიცა შეგვეკვეთა, რომელიც დაახლოებით თხუთმეტ წუთში იქნებოდა მზად. მანამდე კი, ჩემი ინიციატივით, დესერტებს შევუტიეთ, რათა დრო ასე მაინც გაგვეყვანა.
უკვე მეორე შეიკზე ვიყავი გადასული, რომ ნიკმა ტელეფონიდან როგორც იქნა თავი ასწია და როგორც კი ჩემს წინ ცარიელი ჭიქა შენიშნა, სიცილი აუტყდა.
-ასე მალე რა ქენი, ნიკე? -თვალით ბოლომდე ჩაცლილ მარწყვის სასმელზე მანიშნა -ათი წუთიც არაა, რაც წინ დაგიდგი და ჭიქაში უკვე სრული სიცარიელეა
ცალი წარბი მაღლა ავწიე და ისე შევხედე. პარალელურად, ჩემი მორიგი მილქშეიკიდან ამოწვერილი საწრუპი პირში მქონდა მოქცეული და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი. მხოლოდ იმას ვაკვირდებოდი, როგორ იწევდა სითხე ნელ-ნელა დაბლა და ერთი სული მქონდა, როდის დამიდებდა მიმტანი წინ ნანატრ პეპერონის პიცას, რათა რაც შეიძლებოდა მალე დავნაყრებულიყავი.
ნიკმა თავი გადააქნია. როგორც ჩანდა მიხვდა, რომ ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და კვლავ თავის ტელეფონს მიუბრუნდა. ამასობაში, სასმელის მეორე პორცია დავამთავრე და ის-ის იყო, მეც ჯიბეში ჩადებული ჩემი მობილურისკენ წავიღე ხელი, რათა სოციალური ქსელი შემემოწმებინა, რომ ნიკი უეცრად ჩემკენ გადმოიხარა, თავისი ტელეფონის ეკრანი ცხვირთან მომიტანა და ხელით მანიშნა ახლოს მივწეულიყავი.
-რა იყო? მოხდა რამე? -მაგიდას მკლავებით დავეყრდენი და ანთებულ სენსორს შევხედე. ბროშურის სურათი იყო. წარწერა გვატყობინებდა, რომ ორ კვირაში, ეიფელის კოშკის წინ ცნობილი ჯგუფის Arctic Monkey-ს კონცერტი გაიმართებოდა. არც ბილეთების ფასი გახლდათ ზედმეტად ძვირი და იმის გაგებამ, რომ სიმღერებსაც ჩემი საყვარელი ალბომიდან შეასრულებდნენ, ლამის სიხარულისგან ჭკუიდან გადამიყვანა.
-ჯანდაბა, ნიკ, რა მაგარია! -ხმამაღლა ვიყვირე, თუმცა შემდეგ ჩემივე თავის თავად შემრცხვა და ტონს ოდნავ ჩავუწიე -მანდ აუცილებლად უნდა მოვხვდეთ, ხომ იცი?
-შენი ამ კონცერტზე დაუსწრებლად დატოვება იგივეა, რაც მსოფლიო მასშტაბის დანაშაულის ჩადენა. თუ ჭკვიანად მოიქცევი, შეიძლება დაგპატიჟო კიდეც -თავისი ყავის ფინჯნიდან ოდნავ მოსვა და ღიმილით გადმომხედა ზღვისფერი თვალებით
-ჭკვიანად მოქცევაში რას გულისხმობ?
-აი, მაგალითად როდესაც დილით შენთან შემოვალ ყავის დასალევად, მარილი და შაქარი ერთმანეთში აღარ უნდა აგერიოს ხოლმე
-ეგ არ მერევა, ნიკ, სპეციალურად ვაკეთებ -გამარჯვებულის მზერით გავხედე, სკამის საზურგეს მოხერხებულად მივეყრდენი, თან ხელსახოცების ყუთიდან ერთი ცალი ამოვაძრე და ქაღალდის ტიტას გაკეთება დავიწყე. ერთხანს, თვალმოუშორებლად მიყურებდა ნიკი, ეტყბოდა, რომ რაღაცას ფიქრობდა. არც მე ვიხედებოდი მისკენ, კვლავ საკუთარი საქმით ვიყავი დაკავებული. გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როდესაც ჩემთვის საყვარელი არომატი ვიგრძენი და აქედან რამდენიმე წამში, მაგიდის შუაში დადებულ თხელ, სურნელოვან პიცას მოვკარი თვალი.
-როგორც იქნა -თვალებგაბრწყინებულმა გავხედე ჩემს მეგობარს. ერთი სული მქონდა, როდის აღმოჩნდებოდა ეს საოცრება ჩემს პირის ღრუში და ის-ის იყო, თეფშისკენ წავიწიე, რათა ერთი ნაჭერი გადმომეღო, რომ ნიკმა ხელზე, ხელი დამატყა და შეკვეთა მთლიანად თავისკენ მიიწია
-ამას არ შეჭამ, ნიკე -ცბიერი ღიმილით მიყურებდა, იგი. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. არც ის მესმოდა, თუ რატომ არ უნდა მივკარებოდი იმ პიცას, რომელსაც მთელი თხუთმეტი წუთი სულმოუთქმელად ველოდი. ახლა რომ ეთქვა, წონაში მოიმატე და დიეტა გჭირდებაო, ალბათ ჭკუიდანაც კი გადავიდოდი, რადგან ასეთ რამებს უზომოდ დიდ ყურადღებას ვუთმობდი
-რატომ არ შევჭამ? ნუთუ ზედმეტ კილოგრამებს მატყობ? -ირიბად გავხედე. ნიკმა თეფშიდან ერთ ნაჭერი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა. ჩემი მადა, ლამის შეიშალა ამის დანახვაზე, თუმცა სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, კვლავ ის ალაპარაკდა :
-ხომ გახსოვს, ჩემთან სამი სურვილი რომ წააგე? -დაკვირვებით შემათვალიერა მან -შენი მზერა მეუბნება, რომ გახსოვს, ამიტომ, მოდი მორიგ სურვილს გაგაცნობ -პიცას არ მიეკარები და დღეს მშიერი დაიძინებ. მორჩა, განაჩენი გამოტანილია -მაგიდაზე მოსამართლის ჩაქუჩის დარტყმის იმიტაცია გააკეთა ნიკმა და პიცის ჭამა უდარდელად განაგრძო
შვებით ამოვისუნთქე. ანუ ის არ იყო, რაც მეგონა და ამან იმხელა ბედნიერება მომგვარა, რომ მთავრი უბედურება -ამაღამ მშიერი დაძინება, სრულიად გადამავიწყა.
მარტივად დავთანხმდი ამ სურვილზე. ნამდვილად ჯობდა იმას, რაც წინა ჯერზე გადავიტანე და ამით ოდნავ დამშვიდებული, უჩუმრად განვაგრძობდი ინტერნეტში ხეტიალს, მანამ, სანამ ნიკი პიცის გრანდიოზულობით მარტოდმარტო ტკბებოდა.
არც ამ სოციალურ ქსელებში რომ არ ხდებოდა რამე საინტერესო? ფეისბუქი უკვე კარგა ხნის გაუქმებული მქონდა და ამჟამად, მხოლოდ თვითერზე ვიყავი დარეგისტრირებული. სამწუხაროდ, არც აქ გახლდათ შეყვარებულს დაშორებულ ადამიანთა სევდიანი პოსტების ნაკლებობა, რომელთაც თითქოს "მარიაჟობის" გამო ჰქონდათ გასაჯაროებული საკუთარი განცდები. ასეთი რამების ხილვისას, მუდამ მიჩნდებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ხსენებული ადამიანების ტკივილი, მხოლოდ მოჩვენებითი იყო და მარტო ის სურდათ, მათი ვითომ დრამატული ცხოვრება სხვების განხილვის საგანი გამხდარიყო.
თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე, თვითერი გამოვრთე და იმ წამს, Gmail-ზე მოსული შეტყობინება უნდა გამეხსნა, რომ საკმაოდ გარკვევით მომესმა მაღალი ტონით წარმოთქმული ჩემი სახელი. ნიკის ხმა ნამდვილად არ იყო, ეს კარგად ვიცოდი, ამიტომ, ტელეფონს თავი დავანებე, ირგვლივ მიმოვიხედე და ჩვენგან რამდენიმე მაგიდის მოშორებით, მზის სათვალეებითა და საკმაოდ დახვეწილი ჩაცმულობით მომავალი ანდრესი შევნიშნე, ვინც მიღიმოდა და თვალს წამითაც არ მაშორებდა.
ნიკმა გამაგრილებელი სასმელი მოსვა. შევატყვე, სახეზე უკმაყოფილება გაუკრთა, თუმცა ანდრესი უკვე ჩვენს მაგიდასთან იყო მოსული და შესაბამისად, ჩემს მეგობარსაც მოუწია ნაძალადევი ღიმილის მოშველიება.
-აი, დამთხვევაც ამას ჰქვია, აქ საიდან გაჩნდით? -კითხვა ორივესადმი იყო მომართული, თუმცა ბიჭი, რატომღაც მხოლოდ მე მიყურებდა და ამან სახეზე ღიმილი მომგვარა
-განტვირთვისთვის შემოვიარეთ -მერე სკამისკენ ვანიშნე -თუ გინდა შემოგვიერთდი, შენთვისაც დავამატებთ რამეს
ანდესმა მადლობა გადამიხადა და სკამი ჩემს გვერდით გამოსწია. მეგონა, ისიც საჭმელად იყო შემოსული, თუმცა როდესაც მიმტანს მხოლოდ ყავის შეკვეთა მისცა, თანაც მის გამოუძინებელ თვალებს შევავლე მზერა, მივხვდი, რომ უბრალოდ მოფხიზლება სჭირდებოდა, ჩემთვის უცნობი მიზეზით გამოწვეული გადაღლილობის გამო.
-შენ რატომ არ ჭამ არაფერს, ნიკე? -მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა ანდრესმა -დიეტაზე ხარ?
-ნამდვილად არა -იმ წამს, ვნატრობდი ნიკს რამე ცუდი არ წამოსცდენოდა, რადგან ჩემი მეგობრის სახის თითოეულ ნაწილაკს ვამჩნევდი შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილებას
-მშვენიერია, არც გჭირდება -ღიმილით მამცნო ჩემს გვერდით მჯდომმა -იდეალური სხეული გაქვს
-გმადლობ -მისმა კომენტარმა ოდნავი უხერხულობა მაგრძნობინა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ არ მესიამოვნა. ქალებს ხომ მუდამ მოსწონთ იმ კონპლიმენტების მოსმენა, რომელთაც მამაკაცები ეუბნებიან?
ინსტიქტურად ნიკს გავხედე. ამ უკანასკნელს საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ანდრესის მაგიდასთან ჯდომა სიამოვნებდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, ახლაც მე მიწევდა ანგარიშს და თავს მაქსიმალურად იკავებდა. იცოდა, უხერხულში ვვარდებოდი მაშინ, როდესაც ჩემი თანდასწრებით ვინმეს უმიზეზოდ ეუხეშებოდნენ და ეს მართლაც არასდროს ავიწყდებოდა.
იქნებ, სწორედ ამიტომ ვაფასებდი ამ ადამიანს? იგი ერთადერთი იყო, ვინც ჩემს სურვილებს და გრძნობებს საკუთარზე წინ აყენებდა. სიგიჟემდე მიყვარდა ნიკი. არანორმალურად! ვგიჟდებოდი მის თითოეულ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე, ჟესტებზე, ღიმილზე, ხასიათზე, თბილ მზერაზე. მომწონდა, რომ მუდამ მიმტკიცებდა რამდენად იდეალური იყო და რამდენად გამიმართლა მასთან შეხვედრით.
საოცარია, მაგრამ როგორც კი ნიკის გარეშე დარჩენილ საკუთარ თავს წარმოვიდგენდი, მაშინვე საშინელი ნერვული კანკალი მიპყრობდა. იმდენად ძლიერი იყო ეს შიში, ზოგჯერ თავადაც მეპარებოდ ეჭვი ჩემს ნორმალურობაში, თუმცა ამას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდი იგი ჩემგან არასოდეს წავიდოდა.
-ნიკე, კორპორაციულზე რას აპირებ? -ფიქრებში წასული, ანდრესის ხმამ დამაბრუნა კაფის პატარა მაგიდასთან. ბიჭი კვლავაც ჩვენთან ერთად იჯდა, თავის მომწვანო თვალებით დაჟინებით შემომცქეროდა და რაღაცის მოლოდინში, ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილიც დასთამაშებდა
-არ ვიცი, ალბათ წამოვალ. რატომ მეკითხები?
-იმიტომ, რომ, თუ კავალერი ჯერ კიდევ არ შეგირჩევია, შემიძლია ეს ფუნქცია მე შევითავსო -გამომიცხადა. ნეტავ, ასე უეცრად რა მოუვიდა? არა, მისგან მცირედ ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი და იმასაც მშვენივრად ვხვდებოდი, რომ გემ-რესტორანზე მომუშავე სხვა მიმტანებისგან საგრძნობლად გამომარჩევდა, თუმცა ამდენად დიდ ნაბიჯს, პირველ ეტაპზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და ალბათ, გაოცება სახეზე მეწერა, რადგან ანდრესმა მკითხა:
-რა მოხდა? გაგიკვირდა? დიდი იმედი მაქვს, უარს არ იტყვი, თორემ პრინცი კონკიას გარეშე დარჩება მეჯლისზე
-ისე, მე და ნიკე ერთად ვაპირებდით წასვლას -მშვიდად ჩაერთო საუბარში ნიკი. სწორედ ამას ველოდი. მართალია, ანდრესი როგორც მამაკაცი საკმაოდ მიმზიდველი გახლდათ, თუმცა ჩემს პოზიტივის ვარსკვლავთან ყოფნას არაფერი მერჩივნა და თუ სადმე წავიდოდი, მხოლოდ მასთან ერთად
ანდრესი დაიბნა. ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ნიკს, რომელსაც ხელსახოცი მუჭში მოექცია და ცოტა არ იყოს, წარბშეკრული იყურებოდა.
-არ ვიცოდი, თუ ერთმანეთს ხვდებოდით -თქვა ბოლოს უხერხულად -გარედან სულ სხვანაირად ჩანდა
ის იყო წინააღმდეგობის გაწევა და იმის მტკიცება დავაპირე, რომ მე და ნიკი წყვილი არ ვიყავით, ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა - ანდრესის დასანახად, წელზე ხელი გამომწვევად მომხვია და ლამის კალთაში გადამისვა. მიუხედავად სიტუაციის უხერხულობისა, სიცილს ძლივს ვიკავებდი ნიკის ასეთ საქციელზე. გაურკვეველი შინაგანი ხმებიც კი მაწუხებდნენ. ისინი, ბოროტი ენებივით განუწყვეტლივ ჩამძახოდნენ, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და ჩემს გონებას მეტად უცნაური გრძნობები იპყრობდა.
-ჰო, სხვანაირად ჩანდა, თუმცა ერთად ვართ და არც კავალერის დანაკლისს განიცდის კორპორაციულზე -უწინდებურად მშვიდად და ყალბი თავაზიანობით უღიმოდა ანდრესს, ნიკი
ერთიანად გავწითლდი. ორივე ისე საუბრობდნენ, თითქოს მე იქ არც ვყოფილიყავი, ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე ჩემი არსებობა მათთვისაც შემეხსენებინა.
-თუ პიცის ჭამას მორჩი, დროა გავიდეთ -ნიკისკენ გადავიხარე კატეგორიული მზერით. იმ მომენტში, ირგვლივ გამეფებული დაძაბულობის ჩაცხრობაზე მეტად არაფერი მსურდა, ამიტომ, ვცადე ეს ორი, ერთმანეთისთვის ნებისმიერ ფასად მომეშორებინა. როგორც ჩანდა, ჩემი მეგობარიც მიმიხვდა ხრიკს, თუმცა მხოლოდ მსუბუქი ჩაცინებით შემოიფარგლა და თვალებით მანიშნა გემორჩილებიო
-ჰო, მოვრჩი. გზად რამე ტკბილეულიც გავიყოლოთ და სახლში ავიდეთ. მომავალ შეხვედრამდე ანდრეს -ხელი ჩამოართვა წამოდგომისას, ჯერ კიდევ იმედგაცრუებული გამომეტყველებით მჯდომ ბიჭს და როგორც კი ამ უკანასკნელს მეც გამოვემშვიდობე, ორივენი კაფედან გასასვლელი კარისკენ დავიძარით.
ჩვენს კორპუსმდე მისაღწევად, დაახლოებით ნახევარი საათი დაგვჭირდა. პიცით ნასიამოვნებმა ნიკმა, სახლში მარტო ყოფნას ამჯერადაც ჩემთან შემოსვლა და მორიგი კინომარათონის მოწყობა ამჯობინა. დაახლოებით ათწუთიანი დავის შემდეგ, თუ რომელ ეკრანიზაციაზე შეგვეჩერებინა არჩევანი, საბოლოოდ, ჩვენს საყვარელ კომედიური ჟანრის ფილმს- "ნაკიან წელიწადს" მივანიჭეთ უპირატესობა და დივანზე მოხერხებულად მოვკალათდით.
კინომარათონისთვის ჩვენი საყვარელი ტკბილეულის- თეთრი შოკოლადის უამრავი ფილაც გვქონდა შეძენილი, რომელსაც ცხელ შოკოლადთან ერთად მივირთმევდით და პერიოდულად, ამ ყველაფრისთვის საკმაოდ შეუფერებელ, ამერიკულ ვისკისაც ვწრუპავდით მინის ჭიქებიდან.
მესამე ჭიქაზე რომ ვიყავით, ნიკმა ერთ მომენტზე ეკრანი დააპაუზა და ის კითხვა დამისვა, რაც ანამ, დეკლანს, როდესაც მიტოვებული შენობის სანახავად გორაკზე ადიოდნენ.
-ნიკე -მომმართა მან ღიმილით -დავუშვათ შენი სახლი იწვის და ათი წამი გაქვს, რომ ერთ-ერთი ნივთი გადაარჩინო, რა იქნება ეს ნივთი?
-არ ვიცი, ალბათ, შენი ნაჩუქარი სამაჯური -ვუთხარი და დივნიდან იმდენად გრაციოზულად წამოვდექი, რამდენადაც შემეძლო. სასმელი უკვე საგრძნობლად მომკიდებოდა და ალბათ ამიტომ, ცეკვაც კი მომინდა. ფილმის გაგრძელება აღარც მიფიქრია, სწრაფად ამოვაცურე ჯიბიდან ჩემი მობილური, მასში Ed Sheeran-ის Thinking Out Loud ჩავრთე და ისე, რომ ნიკის ის ყოფნისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, თვალებდახუჭულმა, ვისკის ჭიქით ხელში, ნელი მოძრაობების კეთება დავიწყე.
ისე ვცეკვავდი, ვინმე იფიქრებდა საკუთარ სხეულს ეფერებაო, რადგან მოძრაობისას განუწყვეტლივ ვეხებოდი ჩემს მკლავებს, ფეხებს, ლავიწებს და სხვა ნაწილებს. ნიკის ცხელი სუნთქვა, რომ ვიგრძენი საკუთარ ყელთან, მივხვდი, რომ იგი უკვე საკმაოდ ახლოს მოსულიყო და უნებურად, თვალები გავახილე.
-მეცეკვები, ავსტრალიელო? -ვკითხე, თუმცა კისერზე ხელები მანამ შემოვხვიე, სანამ რამეს მიპასუხებდა და ცხვირი, ცხვირთან საკმაოდ ახლოს მივუტანე. ნიკი შეცვლილი და ჩემთვის იდუმალი მზერით მიყურებდა. არ ჰგავდა ეს უბრალო, თბილ და მეგობრულ მზერას, თუმცა იმ წამს, ეს ოდნავადაც არ მაწუხებდა. მსიამოვნებდა კიდეც მის თვალებში ამოკითხული მამაკაცური ჟინი. იმ წამს, ისე გამოვიყურებოდი, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა. მოკლე ქვედა ბოლო, ტანზე საკმაოდ მადისაღმძვრელად მადგა, ხოლო თუ ჩემს პარამეტრებსა და ალკოჰოლის რაოდენობასაც გავითვალისწინებდით ორგანიზმში, რამაც, საკმაოდ გამომწვევი მოძრაობებით ცეკვა მაიძულა, ნამდვილად ზედმეტად სასურველი ქალი ვიყავი ნებისმიერი მამაკაცისთვის
იმ წამს, ის მომენტი დამიდგა თვალწინ, როდესაც ნიკს ვეცეკვებოდი მთვარის შუქზე. ამას, ის მოგონებაც დაერთო, როცა სიმართლესა და მოქმედების თამაშის დროს, ერთმანეთისთვის კოცნა მოგვიწია და დამეფიცებოდა, რომ მეც ისევე გამიკრთა თვალებში რაღაც იდუმალი, როგორც მას.
-ცეკვა მაინცდამაინც არ გამოგდის, ნიკ -მხარზე თავი ჩამოვადე. მისი სურნელიც კი საოცრად მიზიდავდა იმ წამს
არაფერი უპასუხია. უბრალოდ თავი ამაწევინა, დაჟინებული მზერით მომხვია წელზე ხელი და ჩემს თმაში ცხვირი ჩარგო. მელოდია უწინდებურად უკრავდა, ჩვენ კი, მის ფონზე ვირწეოდით ერთმანეთზე მიკრულები. საოცარი წუთები იყო. რაღაც აუხსნელი, ისეთი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემდი და არც მინდოდა გადმომეცა. მთავარი ის გახლდათ, რომ ჩემთვის უახლოესი ადამიანი მყავდა გვერდით. ის, ვისაც თვალდახუჭული ვენდობოდი და ვიცოდი, რომ მისი იმედი ყოველთვის და ყველაფერში უნდა მქონოდა.
მელოდია უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ნიკის ტუჩების შეხება ვიგრძენი საფეთქელზე. თითქოს სისხლი ამიდუღდა და ტანზე ეკალმა დამაყარა. არასდროს გამომეცადა აქამდე მსგავსი შეგრძნებები, მაგრამ ნამდვილად არ გამჩენია სურვილი ამ გრძნობებს ჩავღრმავებოდი და გამერკვია, თუ რა მემართებოდა. არც ალკოჰოლისთვის დამიბრალებია ყოველივე ზემოთ ხსენებული, რადგან ნიკთან სიახლოვე, ასეთ მძაფრს თუ არა, მსგავს შეგრძნებებს თითქმის ყოველთვის მიტოვებდა ხოლმე.
-რაღაც მინდა გითხრა, იცი? -ქვემოდან ავხედე. მისი ცისფერი ბურთები, თითქოს სულ სხვანაირად ანათებდნენ იმ წამს და სრულიად შეცვლილი მზერით მიყურებდნენ
-გისმენ, ნიკე
-არასდროს დამტოვო . . . მხოლოდ ეს თხოვნა მაქვს შენთან. უბრალოდ არ შემიძლია უშენოდ -ცხვირი მის ყელში ჩავრგე, სურნელი ღრმად შევისუნთქე და კვლავ თვალებში ჩავხედე -რაღაც არანორმალურს მმართებ. ყველანაირად მიმონებ და იმდენს ახერხებ, რომ უშენოდ სუნთქვაც კი მიჭირს. აქამდე როგორ ვარსებობდი ჩემი პოზიური ვარსკვლავის გარეშე?
-პოზიტიური ვარსკვლავი? -ჩამეკითხა და ლოყაზე ცხვირის წვერი ღიმილით გამისვა. არ მაგრძნობინებდა, მაგრამ ვიცოდი, იმ წამს სუნთქვაც კი არეული ჰქონდა
-ჰო, ასე დაგარქვი. ეს ერთადერთი რამ იყო, რასაც გიმალავდი და უკვე იცი
-გაჩუმდი . . . გაჩუმდი და მოდი ჩემთან -იმდენად მაგრად მომეხვია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით სუნთქვა შემეკრა. მთლიანად ნიკის სხეულზე ვიყავი აკრული და მისი მკლავები წელზე მარწუხებად მქონდა შემოხვეული. არ ვიცი იმ დროს ჩემში რა ტრანსფორმაცია მოხდა. თითქოს ოთხმოცდაათი გრადუსით შემომიბრუნდა ტვინი. გამახსენდა ნიკთან გატარებული ყოველი წუთი, მისი გაცნობის დღიდან ამ მომენტამდე, მომაგონდა ის რთული მომენტები, როდესაც ეს ადამიანი ჩემს გვერდით იდგა, ის დღეები, როდესაც გაუჩერებლად დავხეტიალობდით პარიზის ქუჩებში, ვნახულობდით აქამდე ჩვენთვის უცნობ ადგილებს და ათას სიგიჟეს ჩავდიოდით. მერე, გასახდელში დანახული ნიკის და სელინის კოცნაც დამიდგა თვალწინ, ის, თუ როგორი გულნატკენი გამოვიქეცი იქედან და ჩემმა ტვინმა საგანგაშო სიგნალები აანთო.
თავი ავწიე და კვლავ მის სახეს შევხედე. ჩემს წინ იდგა, ძალიან ახლოს და თვალს წამითაც არ მაშორებდა. არ ჰგავდა ეს მზერა იმ ადამიანის გამოხედვას, ვინც შენში მხოლოდ კარგ მოსაუბრეს და მეგობარს ხედავს. ეს რაღაც მეტი იყო. შეიძლება, მსგავსი რამ აქამდეც მქონდა შენიშნული, თუმცა ალბათ, იმ მომენტში გამბედაობა არ მეყო მეღიარებინა.
-მუსიკა დასრულდა, ნიკ -ოთახის სიჩუმეშიც კი ძლივს გავიგონე საკუთარი ხმის ჟღერადობა
-ვიცი, მაგრამ ჩემს გონებაში ისევ გრძელდება -მომიგო დახშული ხმით. აქედან რამდენიმე წამში, მისი ბაგეების შეხებაც ვიგრძენი ყელზე, რომელიც ნელ-ნელა ზემოთ აცოცდნენ და ნიკაპთან გაჩერდნენ -არ მინდა შენს სხეულს მოვშორდე, ნიკე. მინდა, რომ სულ ასე ვიყოთ
-როგორ ასე? -უკვე სუნთქვა მიჭირდა. ინსტიქტურად, ხელი მაისურზე მოვუჭირე, თითქოს ასე მთელი იმ ემოციებისგან გავთავისუფლფებოდი, რასაც აღნიშნულ წამს განვიცდიდი, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა
-ნიკე, მე ცუდი მეგობარი ვარ. ძალიან, ძალიან ცუდი
-ამას რატომ მეუბნები?
-იმიტომ, რომ ასეა -ამჯერად, ყურთან ახლოს მაკოცა და მარჯვენა ლოყაზე გადმოვიდა. სუნთქვა იმდენად აჩქარებული ჰქონდა, მთელს ოთახში გარკვევით ისმოდა
-რა ხდება? უნდა ვიცოდე, გესმის? ჩემთან გულახდილი უნდა იყო
-ვგრძნობ, რომ მაგიჟებ . . . თავიდანვე მაგიჟებდი. გაცნობის პირველივე დღიდან ჭკუიდან მშლი, თუმცა არ მინდოდა, რომ . . .
-ჩუმად -ბეჭზე თავი დავადე -უბრალოდ იცოდე, რომ შენი უსიტყვოდაც მესმის და არც ამ წინადადების დასრულებაა საჭირო. არ დაასრულო, ნიკ
-კარგი, ისე იქნება, როგორც შენ გინდა. რაც არ უნდა მოხდეს და როგორიც არ უნდა იყოს შენი რეაქცია, მე არასდროს წავალ შენგან. შენ ჰაერი ხარ, მე კი ეს უკანასკნელი მჭირდება, რათა არსებობა შევძლო
-მართლა არასდროს წახვალ? ხომ არასდროს მიმატოვებ?
-შენი აზრით, ეგ შემიძლია? -კითხვაზე, კითხვითვე მიპასუხა. ვიცოდი, რასაც ამბობდა ყველაფერი ას პროცენტიანი სიმართლე იყო და მას ბოლომდე ვენდობოდი, თუმცა გულის სიღრმეში რაღაც მაინც მაშინებდა. ყოველთვის ვეთანხმებოდი გამოთქმას -"არასოდეს თქვა არასოდეს", ამიტომ ნიკის ჩემგან წასვლას, ბოლომდე ვერ გამოვრიცხავდი და ალბათ, სწორედ ეს მაწუხებდა ყველაზე მეტად
-არც მინდა, რომ შეგეძლოს. ეგოისტი ვარ, მაგრამ შენ დაკარგვას, ნამდვილად ვერ გადავიტან
-ნიკე, მითხარი, ანდრესი მოგწონს? -მოულოდნელად გაჩერდა. თვალებში, რომ ჩამხედა და ცეკვაც შეწყვიტა, მივხვდი ამ შეკითხვაზე პასუხი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და დიდი ხნით აღარც გამიჭიანურებია:
-მის მიმართ, საერთოდ არაფერს ვგრძნობ. უბრალოდ, მომხიბვლელი მამაკაცია, რომლის მხოლოდ ვიზუალური მხარე მიზიდავს და მეტი არაფერი
-ისე, როგორც მე, მეგან ფოქსი მიზიდავს, არა? -გაეცინა
-ჰო, ზუსტად ეგრე -ვერც მე შევიკავე სიცილი და ნიკს მაგრად მოვეხვიე
იმ ღამით, ერთად გვეძინა, ერთმანეთზე ჩახუტებულებს. მე, თავი ნიკის გულზე მედო, წელზე კი მისი ხელები მქონდა შემოხვეული, რომლებიც ისე ძლიერად მიჭერდნენ, თითქოს სადმე გაქცევა მქონდა დაგეგმილი.
საოცარი ღამე იყო. პირველი სამი საათი, საერთოდ არ ჩაგვძინებია, თუმცა არც ხმის ამოღების ინიციატივა გამოგვიჩენია რომელიმეს. მხოლოდ ნიკის გულისცემას და ჩემს მკლავებზე მოსრიალე მის თითებს აღვიქვამდი, რაც მართლაც ნარკოტიკივით მოქმედებდა და ისეთ შეგრძნებას მიჩენდა, თითქოს ჰაერში, ბალიშიდან ამოვარდნილი ბუმბულივით ვლივლივებდი.
არ მახსოვს რა დროს დავხუჭე თვალები და რა დროს გამოვეთიშე რეალობას, მაგრამ ბალიშიდან თავწამოწეულმა, როდესაც ფანჯარაში შემოჭრილ მზის სხივებს მოვკარი თვალი და ვეღარც ნიკი დავინახე ჩემს გვერდით, ლამის პანიკა დამმართა. ჩემდა საბედნიეროდ, ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. ერთი წამით მართლა გავიფიქრე, რომ ასე უბრალოდ დამტოვა, თუმცა, როდესაც მისთვის განკუთვნილ ბალიშზე დადებულ, ორად გადაკეცილ ქაღალდს მოვკარი თვალი, გული მაშინვე დამიმშვიდდა, აბურდული თმა კოსად ავიკარი, საწოლზე იოგას პოზაში მოვკალათდი და წერილი ღიმილიანი სახით გავხსენი:
"ნიკე . . . ალბათ, გუშინ მოულოდნელი იყო ჩემი ასეთი საქციელი, სიტყვები, გამოხედვა და საერთოდ ყველაფერი . . . ვიცი, ახლა დაბნეული ხარ, თუმცა ამდენს ნამდვილად არ გავბედავდი, შენს თვალებშიც იგივეს რომ არ ვკითხულობდე. შეიძლება, ახლა ამას თავადაც ვერ აცნობიერებ, მაგრამ მინდა ერთხელ მაინც დაფიქრდე იმაზე, თუ რას იგრძნობ ჩემს გვერდით, მეორე ნახევრის ამპლუაში სხვა ადამიანი, რომ წარმოიდგინო.
გულახდილად გეტყვი-პირველად, რომ დაგინახე და გაგესაუბრე, საშინლად მომინდა ძალიან ხშირად მენახე ხოლმე და შენთან ახლო ურთიერთობა მქონოდა. არც მიფიქრია იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. უბრალოდ, დინებას მივყვებოდი და რამდენიმე თვეში, ისიც გავაცნობიერე, რომ იმ ადამიანის გარეშე, ვისთვისაც ახლა ამ წერილს ვწერ, არსებობა წუთითაც აღარ მინდოდა. ჩემი სუნთქვა გახდი, ნიკე. ვინ მოთვლის, რამდენჯერ შემოვსულვარ შენს ბინაში, მხოლოდ იმისთვის, რომ მძინარე მენახე, მოგფერებოდი, შენი სურნელი მეგრძნო და შენს ლამაზ თმას შევხებოდი.
ჰო, ცუდი მეგობარი ვარ. ცუდი ვარ, რადგან არც ერთი წამით არ ჩამითვლიხარ მხოლოდ მეგობრად. ქვეცნობიერად, ამას ხვდებოდი კიდეც, მაგრამ ხმამაღლა არასდროს არაფერი გითქვამს. ალბათ, შენც ისევე გეშინოდა, როგორც მე, სიმართლის თქმის და ჩვენი ურთიერთობის გაფუჭების. ახლაც მეშინია, ნიკე. პანიკურად მეშინია იმის, რომ ალღომ მიმტყუვნა და არასდროს აღგიქვივარ, როგორც მამაკაცი. მე კი, უკვე აღარ შემიძლია გაჩუმება. ჩემთვის ქალი ხარ-სასურველი, ვნებიანი, მიმზიდველი, სექსუალური. უბრალოდ, ყველაფერს აქვს საზღვარი და ვეღარც მე შევძელი უთქმელი სიტყვების შეჩერება. მინდა ჩემი იყო, გესმის? ჭკუიდან მშლის იმის გაფიქრებაც, რომ მომავალში ვინმე სხვა შეგეხება, შენს ტუჩებს მოეფერება, შენს სხეულს დაისაკუთრებს. არა, ნიკე . . . ამას ვერ გავუძლებ. ალბათ, სწორედ ამ საფრთხის წინაშე დადგომამ ითამაშა დიდი როლი, რომ ახლა, უბრალოდ ვზივარ, პერიოდულად შენს მძინარე სახეს ვუცქერ და სიმართლეს გიყვები. ეს უკანასკნელი კი, მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მაგიჟებ!
არ მინდა შენზე ზეწოლა მოვახდინო. არც ის მსურს, რომ უხერხულში ჩავარდე. გადავწყვიტე, რამდენიმე დღით სრულიად ჩამოგშორდე და ფიქრის დრო მოგცე. ვეღარც სამსახურში ვნახავთ ერთმანეთს და ვერც, სადმე სხვაგან. როდესაც გადაწყვეტ, რომ ყველაფერი კარგად აწონდაწონე და ჩემთან სალაპარაკოდ მზად ხარ, უბრალოდ დამირეკე.

პ.ს - კომოდის უჯრაში შენი საყვარელი შოკოლადი დაგიტოვე. რაც შეეხება საუზმეს, მაცივრის მეორე თაროს თუ დააკვირდები, ბევრ საინტერესო რამეს იპოვი. შეხვედრმდე, ნიკე. . .

Your Positive Star

წერილის ბოლო აბზაცის ჩამთავრება და თვალებიდან მდუღარე ცრემლების წამოსვლა ერთი იყო. არ ვიცოდი რა მატირებდა-სიხარული, გაოცება თუ უბრალოდ ნიკის წასვლით გამოწვეული სიცარიელე, მაგრამ ფაქტი იყო გაჩერება არ შემეძლო და არც მინდოდა გავჩერებულიყავი. ნიკი ჩემთვის მუდამ ის ადამიანი იყო, ვისთან ერთადაც, ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესი მეჩვენებოდა და ყოველ წამს ვგრძნობდი, თუ რა ლამაზი იყო სიცოცხლე.
წერილი უწინდებურად გადავკეცე და იმის წარმოდგენა ვცადე, რაც მან მთხოვა. დავფიქრდი, თუ რას ვიზამდი მაშინ, ჩემი პოზიტიური ვარსკვლავის ცხოვრებაში სხვა ქალი რომ გამოჩენილიყო. ამ აზრებზე უსიამოვნებისგან შემაჟრჟოლა. გავაცნობიერე, რომ ეს ყველაზე მეტად არ მინდოდა. უბრალოდ, არ მსურდა ჩემს გარდა ვინმეს ჩახუტებოდა, მასთან ერთად ფილმებისთვის ეყურებინა, თვალებში ჩაეხედა, თმაზე მოფერებოდა. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ეს ჩემთვის კატასტროფა იქნებოდა და თუ რატომ ვფიქრობდი ასე, ამის პასუხი საკმაოდ მარტივი იყო -ნიკი მხოლოდ ჩემთვის მჭირდებოდა. მას, სხვა არავინ უნდა შეხებოდა!
.
-მაინც, როდის უნდა დაურეკო? -უკვე მეათასედ მისვამდა მარსი ამ კითხვას, თან, ჩემს მიერ სახელდახელოდ მომზადებულ სალათს შეექცეოდა, ჩემივე პიჟამაში გამოწყობილი
ნიკის წასვლიდან უკვე სამი დღე იყო გასული. ხვალინდელი საღამოსთვის, სამსახურში კორპორაციული წვეულება იგეგმებოდა, რომელზეც, წესით ჩვენ ორნი ერთად უნდა წავსულიყავით, თუმცა რამდენჯერაც მომინდებოდა მისი ნომრის აკრება და ზარის გაშვება, მაშინვე რაღაც ძალა უკან მექაჩებოდა, თანაც, იმდენად ძლიერად, რომ წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ ვუბედავდი.
მისი გაქრობიდან მეორე დღეს, როდესაც აივანზე მოკალათებული, ცხელ შოკოლადს ვსვამდი და ნიკის დატოვებულ თეთრი შოკოლადის ფილას ვაყოლებდი, ჩემს გვერდითა სავარძელს გავხედე. დღის ამ მონაკვეთში, ჩემი პოზიტიური ვარსკვლავი მუდამ იქ იჯდა ხოლმე და ჩვენი საყვარელი დესერტის თანხლებით, ერთად ვაკვირდებოდით პარიზის ხმაურიან რიტმს.
იმ მომენტში, არანორმალური მონატრება ვიგრძენი. საშინლად მომინდა ნიკი ჩემს გვერდით ყოფილიყო და ამან იმდენად შემიპყრო, რომ მაშინვე მობილურს დავტაცე ხელი. მახსოვს, თითები იმდენად მიკანკალებდა, ტექსტის აკრეფაც კი ძლივს მოვახერხე და მრავალი ჩასწორების შემდეგ, ჩემმა შეტყობინებამ ასეთი სახე მიიღო:
"ნიკ, ახლა ჩემს აივანზე ვზივარ და აუტანელი სიცარიელის გარდა ვერაფერს განვიცდი. საშინლად მაკლიხარ, იცი? მახსოვს, რომ ამბობდი, თეთრი შოკოლადის ფილა და ცხელი შოკოლადი ერთად იდეალურ ნაზავს ქმნისო. უნდა გითხრა, რომ მართალი ხარ. ახლა, სწორედ ამ ორ გემრიელობას შევექცევი და კვლავ შენზე მეფიქრება. მინდა აქ იყო, გეხვეოდე, შენს არომატს ვგრძობდე, იმ თვალებში გიყურებდე, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და მუდამ მეყვარება . . . დაბრუნდი, ნიკ . . . დაბრუნდი იმიტომ, რომ შენს გარეშე სუნთქვაც კი საშინლად ძნელია . . . "
წერილი დავასრულე და ტექსტს კიდევ ერთხელ გადავხედე. ნიკი ჩემგან სულ სხვანაირ პასუხს ელოდა, ეს პასუხი კი, ამ სიტყვებში არსად ჩანდა. უბრალოდ, ეგოისტურად ვთხოვდი დაბრუნებულიყო მაშინ, როდესაც მის გრძნობებთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია. ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად ამ ყველაფრის გადასახარშად. ქვეცნობიერად, მშვენივრად ვხვდებოდი, რომ არც ერთი მამაკაცის გვერდით ყოფნა არ მერჩივნა ნიკის სიახლოვეს, მაგრამ ამის ხმამაღლა აღიარება, თუნდაც საკუთარ თავთან, ძალიან დიდ სირთულეს მიქმნიდა.
-რამდენჯერაც მასთან დაკონტაქტება გადავწყვიტე, იმდენჯერ დამხია რაღაცამ უკან. არ ვიცი, მარსი. ასე უცნაურად თავი არასდროს მიგრძვნია -სახეზე ხელები ჩამოვისვი და დივანზე დაგდებულ ერთ-ერთ ბალიშს ჩავეხუტე
-პატარა ბავშვივით მსჯელობ. თუ ეგ ადმაიანი გჭირდება, ასწიე ერთი ადგილი და უთხარი, რომ ან თავისი ნებით დაბრუნდება, ან მიაკითხავ და ძალის გამოყენებით მოიყვან შენამდე
-კარგი რა, ახლა ხუმრობის დროა?
-მერე და ვინ გითხრა, რომ ვხუმრობ? თავად შეიძლება ვერ ხვდებოდი, მაგრამ მე მშვენივრად ვიცოდი როგორ მალულად ყლაპავდა შენზე ნერწყვებს ის უეცრად გადაკარგული მომხიბვლელი ავსტრალიელი
-შეგეძლო ჩემთვისაც გეთქვა
-არ გითხარი? -ვგრძნობდი, უკვე ნერვები ეშლებოდა -შენთან რომ შევიკრიბეთ და სიმართლე და მოქმედების თამაშის დროს ერთმანეთს აკოცეთ, მაშინაც კი ჩაგინამიოკეთ მსუბუქ ფორმებში, თუმცა ისე უეცრად აფეთქდი, კინაღამ იმ ღამით შენთან დარჩენა გადავიფიქრე. ბედი შენი, რომ ტაქსის ფული არ მქონდა, თორემ მარსის შენს ლოგინში ვერ იხილავდი
-გიჟი ხარ -ვუთხარი დარწმუნებით და სალათის თეფშისკენ წავიწიე, სტაფილოს ნაჭრის ასაღებად. სამწუხაროდ არ დამცალდა, რადგან მარსიმ ხელზე, ხელი დამარტყა და საჭმელი ჩემგან შორს გასწია
-თუ გინდა ახალი მოამზადე -განმიცხადა მან -ეს მხოლოდ მე უნდა ვჭამო!
-მარტო ერთი ნაჭერი მინდოდა
-არა!
-რომ გასუქდები, მერე მე არ დამაბრალო -გაბუსხულმა ჩავრთე ტელევიზორი და პირდაპირ მუსიკალურ არხზე გადავრთე
-შენ ნუ ნერვიულობ, რამდენიც არ უნდა ვჭამო, ერთ გრამსაც არ მოვიმატებ
-გაგიმართლა
-არც თავად გაქვს საწუწუნო, პატარავ, იდეალურ ფორმაში ხარ. არც მიკვირს, ჩვენს საბრალო ნიკს რომ შენზე გარყვნილი ფანტაზიები ეხსნება
-მარსი, რა გაფუჭებული ენა გაქვს -უკმაყოფილოდ შევჭმუხნე ცხვირი. მართალია, მისგან ასეთ პირდაპირ საუბრებს შეჩვეული ვიყავი და არც რამე შენიშვნას ვაძლევდი, თუმცა ახლა საქმე ნიკს ეხებოდა და არ მსიამოვნებდა, როდესაც მისი მისამართით მსგავსი სიტყვები მესმოდა
-შენი მართლა არ მესმის, ნიკე -კვლავ პირგამოტენილი ალაპარაკდა მარსი და ფეხები მუხლებზე მოხერხებულად შემომაწყო -ანდრესისნაირ ზესიმპათიურ არსებას ყურადღებას არ აქცევ, მეორე ზესიმპათიური, ცოტა ხნის წინ სიყვარულში გამოგიტყდა, თან, არც შენ ხარ მის მიმართ გულგრილი და იმის მაგივრად, რომ უბრალოდ დაურეკო, შენამდე მოიყვანო და სამუდამოდ დაისაკუთრო, ჩემს წინ ზიხარ და კატებიანი მოხუცივით მოთქვამ, რომ ძალიან გენატრება
-და რა გინდა რომ ვქვნა, მარსი? -სახეზე ხელები ნერვიულად ჩამოვისვი -მთელი ეს დრო, მე და ნიკს მეგობრები გვერქვა და ასეთი რადიკალური ცვლილებები რომ მაშინებს, შენი აზრით გასაკვირია?
-შეიძლება გასაკვირი არც არის, თუმცა ცხოვრება სულ რაღაც ერთი წამია -ბერძენი ფილოსოფოსივით ალაპარაკდა იმ წამს -თუ ხვდები, რომ გჭირდება და მის გარეშე შენ, შენ არ ხარ, მაშინ, გადალახე ეს წყეული შიში. ნუ მიყვები იმ მორალს, რომ ადრე მეგობრები რადგან იყავით, თქვენს შორის სხვა სახის ურთიერთობა დაუშვებელია და უზარმაზარი შეცდომაა. ასე, მხოლოდ გონებაჩამორჩენილი ადამიანები აზროვნებენ. იცი რატომ არის მეგობრობით დაწყებული სიყვარული ყველაზე ძლიერი და საიმედო?
-რატომ?
-იმიტომ, რომ მეგობართან იდეალური ადამიანის როლს არ ვთამაშობთ. ასეთმა პიროვნებებმა ყველა ჩვენი ნაკლი იციან, მათთან უამრავ სისულელეს ვამბობთ, ხანდახან უაზროდაც ვხუმრობთ -დივნის საზურგეს მიაწვა და უკვე ცარიელი თეფში, პატარა ჟურნალების მაგიდაზე შემოდო -ამით იმის თქმა მინდა, რომ ნიკმა ყველა შენი უარყოფითი მხარე იცის და ისეთ გიღებს, როგორიც სინამდვილეში ხარ. ახლა წარმოვიდგინოთ მეორე სიტუაცია -ერთმა ძალზედ სიმპათიურმა ბიჭმა პაემანი დაგინიშნა. შენც ადექი და დათანხმდი. ბუნებრივია, მასთან იდეალურ მოქცევას, ზომიერად და ჭკვიანურად საუბარს შეეცდები, რათა მოხიბლო და მისი გულიც მოიგო. თუ გაგიმართლა, ამ ადამიანს მოეწონები კიდეც, მეორე შეხვედრასაც დაგინიშნავს, მესამესაც, მაგრამ, იმის გარანტია არ არსებობს, რომ, როდესაც თქვენი ურთიერთობა უფრო ღრმა გვირაბში შევა, მას ყველა შენი თვისება მოეწონება და ცხოვრების ბოლომდე შენთან ყოფნა მოუნდება. ზუსტად ამიტომ შორდება წყვილების უმეტესობა. თავდაპირველად, თავიანთ საუკეთესო მხარეებს გამოამჟღავნებენ და მეწყვილეს იზიდავენ, თუმცა როდესაც სრულყოფილად გაცნობა ხდება, ადამიანთა უმეტესობა ერთმანეთს ვეღარ ეგუება და ურთიერთობასაც ფერი გასდის
-ანუ, იმას ამბობ, რომ თუ სიყვარული მეგობრობით არ დაიწყო, იგი დასასრულისთვისაა განწირული?
-ჯანდაბა, ყველაფერი უკუღმა გესმის! მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ მეგობრობით დაწყებულ ურთიერთობას მეტი შანსი აქვს სამუდამოდ გაგრძელდეს, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენს
-დევს ამაში რაღაც აზრი
-რაღაც კი არა, საკმაოდ დიდი აზრი დევს
მის თავმომწონე მზერაზე, თვალები ავატრიალე, ცარიელ თეფშს დავწვდი და სამზარეულოში გავიტანე ნიჟარაში ჩასადებად. ონკანში რომ წყალი მოვუშვი და სარეცხ ღრუბელს დავწვდი, მარსი უკვე გვერდში ამომდგომოდა, თან, წინა დღეს ჩემს მიერ ნაყიდ მარწყვის ნაყინს შეექცეოდა გემრიელად
-ხვალ, სანამ კორპორაციულზე წავალთ, შემოგივლი და აქვე მოვემზადები -მახარა მან -პირს დააღებ ისეთი ორიგინალური სამოსი მაქვს შერჩეული
-მაინც როგორი?
-ამას ხვალ იხილავ, პატარავ. მანამდე საიდუმლოდ შევინახავ
-კარგი, მარსი, ასე დაინტრიგებულსაც ნუ დამტოვებ -გამეცინა
-შენ დამცინე და ხვალ რომ ყველას ჭკუიდან შეგშლით, მერე გაიგებთ რა შეუძლია მადმუაზელ მარსის
-დღეს ჩემთან დარჩი, კარგი? მარტო ყოფნა არ მინდა
-კორპორაციულის ტანსაცმელი რომ სახლში მაქვს? საღამოსთვის ხომ უნდა მოვემზადო?
-არა უშავს, რომ გაიღვიძებ სახლში წახვალ და მერე ისევ შემოივლი მოსამზადებლად
-კარგი, თუ ასეა, თანახმა ვარ. სახლში მარტო ყოფნა ჩემთვისაც მოსაბეზრებელია და მირჩევნია შენთან ერთად ვიყო, კარამელო
-ჟაკის ტერმინები აიკიდე?
-კარამელი რომ დაგიძახე იმაზე ამბობ? -გაეცინა -არა უშავს, მერე საავტორო უფლებასაც მოვთხოვ
-არა მგონია, ეღირსო
-მერწმუნე, ყველას მოთაფვლა და გადმობირება შემიძლია, პატარავ -ნაყინის კოვზი ბოლოჯერ გალოკა და ნიჟარაში ჩამიდო -შენ ჭურჭლის რეცხვა დაამთავრე, მე კი მანამდე რამე კარგ ფილმს შევარჩევ ჩვენი საღამოსთვის
-რომანტიკის გარეშე, კარგი?
-ვითომ არ იცი, რომ მაგ ჟანრს ვერ ვიტან. მე უფრო ბოევიკი, საშინელება და დრამა მიზიდავს
-აბა შენ იცი -ქაფიანი ღრუბელი ცხვირზე ოდნავ მოვუსვი და კვლავ ჩემს წამოწყებულ საქმეს მივუბრუნდი
მარსის შერჩეული ფილმი ნამდვილად კარგი გამოდგა. ეკრანიზაციაზე მეტად, მაინც მისი კომენტარები მართობდა პერსონაჟების შესახებ. ტელევიზორის ყურების პარალელურად, ბალიშებით გადავსებულ დივანზე მოკალათებულები, ჩემს მიერ, კაფეში ნაყიდ კექსებს შევექცეოდით და ცივ ანანასის წვენსაც ვაყოლებდით.
მარსის ჩემთან ყოფნა, ნიკის სიშორეს ცოტათი მაინც მავიწყებდა, რის გამოც, მისი უზომოდ მადლობელი ვიყავი. შეუძლებელი იყო ეს ადამიანი შენთან ყოფილიყო და მაინც მოწყენილი მჯდარიყავი. იმოდენა პოზიტივი და ქარიზმა მოდიოდა მისგან, რომ მხიარულებაში მეც ამიყოლია და ფილმის დასრულების შემდეგ დამითანხმა, რომ გართობა კარაოკე-ბარში გაგვეგრძელებინა, სახლში კი შუა ღამისას დავბრუნებულიყავით.
ტასაცმლის არჩევას, საკმაოდ დიდი ხანი მოვანდომეთ. მარსიმ ჯინსის შორტი და ლურჯი, უმკლავო მაისური შემირჩია, თავისთვის კი ჩემი სალათისფერი კაბა მოირგო, რომელსაც ზურგი საკმაოდ ლამაზად ჰქონდა ამოჭრილი. სარკეში ჩახედვისას, ჩვენი ანარეკლები იმდენად ლამაზად იმზირებოდნენ, სახეზე უნებურად გამიკრთა კმაყოფილების ღიმილი. ამას, მარსის აღფრთოვანების კომენტარებიც დაემატა და ხუთი წუთის შემდეგ, უკვე ტაქსის ყვითელი მანქანა მიგვაქროლებდა დანიშნულების ადგილისკენ.
იმ წუთას, გართობა და ცოდაოდენი განტვირთვა მართლა ძალიან მჭირდებოდა. ნიკის არყოფნა სხეულის თითოეულ უჯრედში მქონდა გამჯდარი, ამიტომ, უნდა მეცადა ამაზე რაც შეიძლებოდა ნაკლები მეფიქრა და ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. მარსი და კარაოკე-ბარის მყუდრო ატმოსფერო, ამ მიზნის განხორციელებაში საკმაოდ კარგად უნდა დამხმარებოდნენ. შესვლის თანავე, ჩემმა თანმხლებმა ყველაზე ძლიერი და ძვირადღირებული ვისკი შეუკვეთა. ადგილიც ხმაურიანი მაგიდებისგან მოშორებით ავირჩიეთ, სასმელთან ერთად სპაგეტიც შევუკვეთეთ, ბოლონეზეს სოუსით და გოგონების საღამო ოფიციალურად გახსნილად გამოვაცხადეთ.
მართალი აღმოვჩნდი. ამ ადგილმა და გარემომ, ჩემზე საკმაოდ დადებითად იმოქმედა. სასმელმა, მუსიკამ, გართობამ და ჩემს წინ მჯდომი ადამიანის დაულეველმა პოზიტივმა, წუთითაც კი არ მომცა მოწყენის საშუალება. უკვე მეათე ჭიქას ვცლიდით, როდესაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ცეკვაც მომინდა. ამას, ენერგიული მუსიკის აჟღერებამაც შეუწყო ხელი, რამაც ჩემი სხეული მთლიანად აიყოლია და ორ წამში, უკვე საცეკვაო მოედანზე აღმოვჩნდი მარსისთან ერთად. იმდენად ვიყავით აჟიტირებულნი, რომ საკუთარ მოძრაობებს უკვე ვერანაირ კონტროლს ვეღარ ვუწევდით. ისე ვცეკვავდით, თითქოს, იქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვყოფილიყავით და გაერთიანებული ძალებით, არც აბეზარი ბიჭების თავიდან მოშორება გვიჭირდა, ვინებიც ან ცეკვას გვთხოვდნენ, ან უფრო მეტს-მათთან ერთად სადმე განმარტოებას.

გიჟური საღამო, საკმაოდ გიჟურად დასრულდა დილის ხუთ საათზე. სახლამდე მისულებმა, მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ ფეხსაცმელები გაგვეხადა და საწოლზე ისე დავენარცხეთ, რომ არც საგარეო ტანსაცმლის გამოცვლა გაგვხსენებია და არც, ის მაკიაჟის მოგვიშორებია, რომლის გაკეთებაშიც, თითოეულმა ჩვენგანმა მინიმუმ ნახევარი საათი მაინც დახარჯა.







.
მეორე დილა, საკმაოდ თბილი და მზიანი გათენდა. კორპორაციულ წვეულებასთან დაკავშირებით, რომელიც საღამოს საათებში იგეგმებოდა, ჩვენმა უფროსმა- შარლმა გადაწყვიტა ყველასთვის დასვენების დღე მიეცა, რათა ამ ლამაზი საღამოსთვის უფრო კარგად მომზადებულიყვნენ.
მარსი საკმაოდ ადრიანად, დაახლოებით რვა საათისთვის წავიდა ჩემი სახლიდან. პირველად მოხდა, რომ დილით ადრიანად გაღვიძება ოდნავადაც არ შემზარებია. ლოგინიდან წამოდგომის თანავე, სამზარეულოს მივაშურე და ჩემთვის უშაქრო ყავის მზადება დავიწყე.
სულ რამდენიმე წუთიც და, უკვე საყვარელი სითხით სავსე ფინჯნით ხელში ვიდექი საკუთარ სამზარეულოში. ამასთან, ორიოდე ფილა შოკოლადიც ავიღე მდუღარე კოფეინთან ერთად, მერე კი, პირდაპირ აივნისკენ ავიღე გეზი.
ყველაზე დიდ სიამოვნებას, მართლაც იქ მდგომ სავარძელში ჯდომა, ცხელი სითხით ტკბობა და ქალაქის ხედების ყურება მანიჭებდა. საოცრება იყო ჩემთვის პარიზი. მიყვარდა ის ძველი რკინის კონსტრუქცია ეიფელის კოშკი რომ ერქვა და ყოველ ღამით საოცრად ლამაზად ბრჭყვიალდებოდა ხოლმე. ვგრძნობდი, რომ ეს ქალაქი ჩემი იყო, რომ ასე კარგად თავს ვეღარსად ვიგრძნობდი და, რომ აქ ცხოვრება ის იყო, რაც ჩემს გულს ყველაზე ძალიან სურდა.
ყავით დაწყებული გიჟური დღე, ორმაგად უფრო გიჟური გახადა ჟაკის გამოჩენამ. თავზე ისე მოულოდნელად დამადგა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. პირველყოფილი დამპყრობელივით შემომივარდა, წვეულებისთვის მე უნდა მოგამზადო და პროტესტი არ მიიღებაო. თვითონ, საკუთარი ტანსაცმელიც თან წამოეღო, რათა ჩემივე სახლში გამოწყობილიყო და აქედან ერთად წავსულიყავით გემზე გამართულ საღამოზე. მართლაც რომ უამრავი ყუთი დაახვავა საძინებლის საწოლზე. ერთი პერანგის იყო, ერთი შარვლის, ერთი ფეხსაცმლის, ერთი ჰალსტუხის და ერთიც, პიჯაკის. თუმცა ეს არ გახლდათ ყველაფერი -გადასაფარებელზე კიდევ ერთი შეფუთვა იდო ზედმეტად, რომლის შიგთავსი ჩემთვის ჯერაც უცნობი იყო.
-ჟაკ, ეს რა ყუთია? -ვკითხე, თან კბილის ჯაგრისით ხელში სააბაზანოსკენ წავედი. ისიც უკან გამომყვა
-რომელი, ვარდისფერი? -სარკეში შევამჩნიე, რომ იდუმალი ღიმილით იღიმოდა
-ჰო, ეგ -ჩოთქზე პასტა წავუსვი, ონკანი მოვატრიალე და კბილების გაწმენდას საგულდაგულოდ შევუდექი. რომ მახსენდებოდა, კიდევ რამდენი რამ უნდა გამეკეთებინა თავის წესრიგში მოსაყვანად, ფანჯრიდან გადახტომის სურვილი ნელ-ნელა მიათმაგდებოდა
-აი ეგ, შენი კაბაა, ნიკმა გამოგიგზავნა
მისი სახელის ხსენებაზე, ქაფი კინაღამ ყელში გადამცდა და ხველა ამიტყდა. ჟაკი მაშინვე მომვარდა და ისე მწარედ მითავაზა ზურგში გაშლილი ხელის გული, რომ წელში გასწორება ძლივს მოვახერხე, თუმცა ფაქტი იყო ეს დამეხმარა, ხველა წამებში შემიწყდა
-კარგად ხარ? -მკითხა მან. ხელი ჯერ კიდევ ჩემს მხარზე ედო
-კი, კი, კარგად ვარ, ჟაკ. რაო რა თქვი, ნიკმა გამოგიგზავნაო? -ჩავეკითხე -როდის ნახე?
-არ მინახავს, ფოსტის საშუალებით მომაწოდა -თვითკმაყოფილი სიცილით ჩაიცინა მან -მითხრა, ნიკემ თავისთვის ბოლომდე შესაფერისი კაბა ჯერ ვერ აარჩია და მიუტანე, ეს აუცილებლად მოეწონებაო. თან შენი საყვარელი ფერია-იასამნისფერი
მესიამოვნა ამის გაგონება. ჩემმა პოზიტიურმა ვარსკვლავმა, ჩემზე მართლაც რომ ყველაფერი იცოდა, უმცირესი დეტალების ჩათვლით. გამახსენდა, როცა მითხრა კაბის თემაზე არ ინერვიულო, ყველაფერს მე მოვაგვარებო და აი, მოაგვარა კიდეც.
"ნეტავ ძალიან ძვირი ხომ არ გადაიხადა?" -მომიარა უეცრად ამ კითხვამ. თუმცა ფულის დაბრუნება რომ შემეთავაზებინა, ვიცოდი, მინიმუმ ერთი წელი ხმას აღარ გამცემდა და ეს ყველაფერი ნამდვილად არ მაწყობდა.
-კარგი, კაბას ვნახავ, მაგრამ არ მეტყვი ნიკი სადაა? ისიც კი არ ვიცი, საერთოდ პარიზშია თუ, არა
-ამაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვი. შენ უბრალოდ კაბა ნახე, მე უკვე ჩავიჭყიტე შიგნით, ხომ იცი, რა ცნობისმოყავრე ვარ? -ვითომ დამნაშავე ბავშვივით ჩახარა თავი. გამეცინა და ლოყაზე ვაკოცე
-ვიცი, ჟაკ და გპატიობ. ხომ იცი, შენზე გაბრაზება არ შემიძლია?
-აი ამიტომ მიყვარხარ. მოდი აქ, ჩემო კარამელო -ღიმილით მომვარდა, თავისკენ მიმიზიდა და ისე ჩამეხუტა, რომ ლამის ძვლები ჩამიმტვრია . . .

პირველი საათი სრულდებოდა ჩვენს დუეტს მარსიც რომ შემოუერთდა. სახეზე გუშინდელი გართობის კვალი ნათლად ეტყობოდა და ოდნავ გადაღლილიც იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ენთუზიაზმი და პოზიტივი არც იმ დღეს ღალატობდა.
სახლში შემოსულმა, პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ ჩემი და ჟაკის არჩეული ტანსაცმელი, მოდის სფეროში დახელოვნებული კრიტიკოსივით შეათვალიერა. შემდეგ უკვე მისი ექსლუზივის ჯერიც დადგა, რომელსაც, გუშინდელიდან მოყოლებული, ცოცხალი თავით არ ამხელდა. რა თქმა უნდა, ამ წუთამდე.
სიმართლე რომ ვთქვა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, რაღაც ზედმეტად ამოღებული და ზომაზე მეტად თამამი კაბის ნახვას ველოდი, თუმცა დანახულმა მართლაც, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მარსის სამოსი არც კაბა იყო, არც ელეგანტური კომბინიზონი და არც რამე ამდაგვარი. ყუთში პოლიციის ლოგოიანი მოკლე შორტი, ამავე ლოგოთი გაფორმებული მკერზე ოდნავ ამოჭრილი ტოპ-მოსაცმელი და პოლიციის ქუდი იდო, ბორკოლებთან და ფეხზე შემოსახვევ რეზინის სალტებთან ერთად, რომლებშიც დასაკეცი დანები და სხვა წვეტიანი საგნები იყო ჩამაგრებული.
-პირები დახურეთ, პატარებო -ორივეს სათითაოდ გადმოგვხედა მან, კმაყოფილების ღიმილით -ჰო მართლა, ძალიან სერიოზული საკითხი მაქვს გადასაწყვეტი და იქნებ დამეხმაროთ?
-რა მოხდა, რა უნდა გადაწყვიტო?
-გავიკეთო თუ არა, საღამოზე ხალსტუხი?
პასუხმა ღიმილი მომგვარა, მარსის კი სახე მოეღუშა
-რა გაცინებს? ჩემზე იცინი და იმაზე -ხელი ჟაკისკენ გაიშვირა, ვინაც მაშინვე ცქვიტა ყურები თავისი სახელის გაგონებისას -იმაზე რატომ არ გეცინება?
-ჩემზე რატომ უნდა ეცინებოდეს? -საწოლზე არხეინად გაგორებული ჟაკი ფეხზე წამოდგა
-ჰო, მასზე რატომ უნდა გამეცინოს? -ორი დავდექით ერთის წინააღმდეგ. მარსის სახეზე ირონია გამოესახა
-რაში გჭირდება მიზეზი, რათა ჟაკს დასცინო? შეხედავ და მაშინვე სიცილი გიტყდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა -თქვა და მანამ იცინოდა, სანამ ამ უკანასკნელის ნასროლი ბალიში არ მოხვდა თავში . . .
საოცრად ბევრი ვიგიჟეთ, საღამოს მოახლოებამდე. მარსის, თავისი არჩეული სამოსი ალბათ ათჯერ მაინც შევუქე. ამის შემდეგ, ყველანი ახალ ვიდეო-თამაშებს ჩავუჯექით, რომელიც ჟაკმა წამოიღო სახლიდან, დროის გასაყვანად. მე ცალკე ვიბრძოდი, ხოლო ჟაკი და მარსი ერთმანეთის მხარდმხარ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველი რაუნდი მათი წაგებით სრულდებოდა და ამაზე ძალიან ბევრს ვხალისობდი.
იმდენი იწუწუნეს, რომ ლამის გადამავიწყეს სად ვიყავი წასასვლელი და რა დროს. შვიდი საათი იყო დაწყებული, როცა ყველამ ერთიანად დავიწყეთ მზადება. მარსი მისაღებში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად და დაგვიბარა ოთახიდან გამოხედვა არავინ გაბედოსო, ჟაკმა კი დრო იხელთა, თავისი ტანსაცმელები აიღო და გამოსაწყობად სააბაზანოში შეიკეტა. შესვლის წინ გამაფრთხილა, გარეთ გამოსული ფურორს მოვახდენ და გული არ წაგივიდესო.
საწოლზე კვლავ ხელუხლებელი მელოდა ნიკის ნაჩუქარი კაბა. ფრთხილად მივუახლოვდი ზეწარზე დადებულ ყუთს, იქედან ქსოვილი ფრთხილად ამოვასრიალე და თითები დიდი სიყვარულით გადავუსვი. გრძელი კაბა იყო, აბრეშუმის ნაჭრით და ამოღებული ზურგით. ჩაცმისას, როდესაც შევიგრძენი, თუ როგორ ნაზად ეხებოდა ჩემს კანს, ბევრად უფრო დიდი სიამოვნება განვიცადე. მართლაც საოცრად მომიხდა. საკუთარ თავს ვუყურებდი და ანარეკლისთვის თვალის მოწყვეტა არ მინდოდა. ნიკს აშკარად ჰქონდა გემოვნება და ისიც კარგად იცოდა რა მომიხდებოდა ყველაზე მეტად. თუმცა სასიამოვნო მაინც ის იყო, რომ ჩემი საყვარელი ფერის მიხედვით ამირჩია სამოსი. ღიმილი მომადგა ამის გახსენებაზე და იგი მანამ დარჩა ჩემ სახეზე, სანამ მოულოდნელად აბაზანის კარი არ გაიღო და იქიდან, სმოკინგში გამოწყობილმა ჟაკმა არ გამოაბიჯა თავმომწონე სახით.
-აბა, როგორი ვარ, კარამელო? დავიპყრობ მსოფლიოს? -ხელები გაშალა და ჩემს წინ ქუსლებზე დატრიალდა, თუმცა მერე, მოულოდნელად გაშეშდა და თავიდან ბოლომდე ამათვალიერა -ნიკე, რა ლამაზი ხარ -გულწრფელად გაეღიმა -იასამანს მაგონებ
-რა სულელი ხარ, ჟაკ -სიცილი ამიტყდა -შენც ძალიან კარგად გამოიყურები, ნამდვილად დაიპყრობ მსოფლიოს -ვთქვი და კისერზე ბაფთა შევუსწორე
-რა თქმა უნდა, აბა რითი ვარ მაკედონელზე ნაკლები?
-მაკედონელი, ალბათ ახლა საფლავში ტრიალებს -მოგვესმა უეცრად მარსის ხმა, ვინც ოთახში გიჟივით შემოვარდა. უკვე გამოწყობილიყო, თუმცა რაღაც აკლდა საბოლოო შტრიხად
-ნიკე, ხალსტუხი შემიკარი, რა -ხელში შემომაჩეჩა გრძელი, ნაჭრის ზოლი და პატარა ლეკვის მსგავსად ჩამხედა თვალებში
-რა იდიოტი ხარ, ამდენი ხანი ეგ როგორ ვერ ისწავლე -ამას რომ ამბობდა, თან სარკის წინ თავის ანარეკლს ათვალიერებდა ჟაკი. მის პოზიორობაზე, ლამის სიცილი ამიტყდა, თუმცა ვეცადე თავი შემეკავებინა და მარსის, ზოლი კისერზე შემოვახვიე
-ჟაკ, ერთი კვირის წინ გაიგე, რომ ვასკო და გამა, ორი კი არა, ერთი პიროვნებაა -როგოორც ველოდი, არც მარსიმ დაუთმო პოლემიკაში გამარჯვებულის სტატუსი, მერე კი, კვლავ მე მომიბრუნდა -ჯანდაბა, რა მაგარი მკერდი გაქვს, ფისო
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, თორემ ამ ხალსტუხით გაგგუდავ!
-სიამოვნებით მოგეხმარები -როგორც იქნა სარკეს მოშორდა ჟაკი და ამ დროს, მეც დავამთავრე მარსის მოწესრიგება. უნდა მეღიარებინა, საოცრად გამოიყურებოდა პოლიციელის სამოსში. ამ სტილში ჩაცმულ მარსის პირველად ვხედავდი და იმდენად მომწონდა, რომ ეს არც დამიმალავს :
-საოცრად ლამაზი ხარ, მეგობარო. მგონი, ამაღამ ბიჭსაც იშოვი
-რა თქმა უნდა, თანაც ერთს ნამდვილად არ დავჯერდები, მრავალფეროვნება მიზიდავს -ცხვირი ჟაკივით თავმომწონედ ასწია და საწოლზე დაგდებულ თავის ტელეფონს დაწვდა -თუ ყველანი მზად ვართ, ტაქსის გამოვიძახებ . . .








.

წვეულებაზე, სამივენი ერთად მივედით. გემზე, თითოეული კუთხე-კუნჭული სადღესასწაულოდ მოერთოთ. ყველაფერი სურნელოვანი, ფერადი სანთლებით იყო გაფორმებული, კედლებზე ლურჯი, თეთრი და წითელი ბუშტები მიებნიათ, რაც საფრანგეთის დროშის ფერებს განასახიერებდა. ირგვლივ ისეთი სითბო და სიმყუდროვე სუფევდა, თანაც წყნარი, ცოცხლი მუსიკა იმდენად უხდებოდა ყოველივე ზემოთ ხსენებულს, რომ არ შემეძლო აღფრთოვანებული არ დავრჩენილიყავი.
შესვლის თანავე, ფურშეტის მაგიდასთან მდგომ დენისს, სტელასა და სელინს მოვკარი თვალი, შამპანიურის ჭიქებით ხელში რომ იდგნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. დენისი საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურებოდა თავის თეთრ სმოკინგში, სელინს, მუხლამდე ვარდისფერი კაბა ეცვა, ზომიერად ამოჭრილი მკერდით, ხოლო სტელას შავი, ბრჭყვიალა შარვალ-კომბინიზონი და ილუზიონისტის შლიაპის მსგავსი ქუდი ამშვენებდა. როგორც ყოველთვის, ეს გოგო თავის განსხვავებულ სტილს არც აქ კარგავდა, რაც მისი ხასიათის ინდივიდუალურობას უსვამდა ხაზს.
-ნიკე, აქეთ მოდით -დენისმა, შემჩნევის თანავე ხელი დამიქნია და დანარჩენებიც გამოახედა. მე და ჟაკი, პირდაპირ მათი მაგიდისკენ დავიძარით. თვალებით შარლის ძებნა დავიწყე, თუმცა ვერსად დავლანდე. შეიძლება არც იყო მოსული და ჯერაც გზაში იყო ან, სადმე აქვე დაძრწოდა და მე ვერ ვხედავდი
მაგიდას რომ მივუახლოვდით, გოგონებს სასმელის ჭიქები უკვე დადებული ჰქონდათ. ჟაკის მკლავში გაყრილი ხელი, მაშინვე გამოვიღე, დენისს, სელინსა და სტელას მისვესალმე და პატარა კუბიკებად დაქუცმაცებული თეთრი შოკოლადის დიდი ვაზიდან, ერთ-ერთ ნატეხს დავწვდი. გამახსენდა, ის დღე, როდესაც მე და ნიკი, თეთრ შოკოლადს, ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქას ვაყოლებდით, რამაც სახეზე ღიმილი მომგვარა. მომენატრა ნიკი, უეცრად ვიგრძენი, რომ საშინლად მაკლდა და ვინანტრე იგი ჩემთან ერთად ყოფილიყო. არ მინდოდა არც წვეულება, არც ბუშტები და არც დასალევი, უბრალოდ იგი ყოფილიყო ჩემს გვერდით, სადმე უკაცრიელ ადგილას, სადაც მხოლოდ მე და ის ვილაპარაკებდით და სხვა არავინ.
ნიკი ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარ . . .
მეგობარი? ეს სისულელე იყო. აჩქარებულ კადრებად გამირბოდა თვალწინ მასთან გატარებული ყოველი დღე გაცნობის მომენტიდან დაწყებული, დღევანდელით დამთავრებული. მომაგონდა ჩვენი ღამეული ხეტიალი პარიზის ქუჩებში, ეიფელის სიახლოვეს, გაზონზე დაფარებულ პლედზე გათენებული ღამეები, გულღია საუბრები, ცხოვრების ყველაზე სიღრმისეული დეტალების გამხელა, საოცარი სიახლოვე, მუხტი და გავაცნობიერე . . . მივხვდი, თუ რატომ მაღიზიანებდა ნიკის გვერდით სხვა გოგოს დანახვა, რატომ არ მინდოდა, რომ მასთან ვინმე ყოფილიყო, თუ რატომ ვიგრძენი თავი ასე საშინლად, როდესაც გასახდელში სელინთან ერთად დავინახე. ყველაფერი, უკვე დღესავით აშკარა გახლდათ -ჩემი საუკეთესო მეგობარი მიყვარდა. მიყვარდა არა, როგორც მეგობარი, არამედ, როგორც მამაკაცი . . .
საკუთარ თავთან ამაში გამოტყდომისას, ერთბაშად დამეხვა თავ-ბრუ და რომ არა მაგიდა, რომლის წინაც ვიდექი, ალბათ დავეცემოდი კიდეც. ჟაკმა მაშინვე შენიშნა ჩემი ცვალებადობა, ალბათ სახეზეც ცუდი ფერი მქონდა, რადგან შეშინებულმა გამომხედა და მკლავზე ხელი მომკიდა:
-ნიკე კარგად ხარ? რა გჭირს? -მის ხმაზე, გოგონებმაც შეწყვიტეს ერთმანეთში საუბარი და მე გამომხედეს
-ცუდად გამოიყურები, თუ გინდა, ჰაერზე გავიდეთ -მაშინვე შემომთავაზა მარსიმ
-არა, მგონი აჯობებს აბაზანაში გავიყვანოთ, პირზე წყალს შეისხამს და კარგად გახდება -ამჯერად, სტელა გამოვიდა სიტყვით. სამივეს სათითაოდ ჩამოვუარე მზერით და სათქმელი ძლივს ამოვთქვი :
-საჭირო არ არის, მადლობა. უკვე კარგად ვარ, უბრალოდ, ხმამაღალი მუსიკაა და . . . -მერე გავაცნობიერე, რომ მუსიკა საერთოდ არ იყო ხმამაღალი. ნერვები მომეშალა საკუთარ თავზე, უკეთესი მიზეზის მოფიქრება რომ ვერ შევძელი სიტუაციის ასახსნელად. ჟაკის იდუმალ მზერას შევეჩეხე. ისე მიყურებდა, თითქოს ყველაფერი იცოდა რაც მჭირდა და რაც ჩემს გულს აწუხებდა. იქნებ, იცოდა კიდეც? ამ არგუმენტის სისწორე-არასწორობაში, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი
-შარლს გავაფრთხილებ და წავიდეთ, კარგად არ გამოიყურები -არ მეშვებოდა ჟაკი. როგორც ჩანს, ტყუილის თქმა კარგად არ გამომდიოდა. ამაზეც მჭირდებოდა სერიოზული მუშაობა, რათა მსგავს სიტუაციებში ყველას არ გამოვეჭირე
იმედგაცრუებისგან თავი გადავაქნიე. აქედან წასვლა, მართლა მინდოდა, თუმცა ვიცოდი, რომ გაქცევა საუკეთესო გამოსავალი ამჯერადაც არ იქნებოდა. პირიქით, ჩემს სისუსტეებს გაუსვამდა ხაზს.
-ნიკე ახლა ძალიანაა გადაღლილი -გავიგე ხმა ჩემს უკნიდან და ინსტიქტურად მივტრიალდი. ხელში ანდრესი შემრჩა, ვინც საოცრად თბილი მზერით მიყურებდა -წყნარ მუსიკაზე ცეკვა აუცილებლად გამოიყვანს მდგომარეობიდან, ჟაკ. ნუ ღელავ, მას მე მივხედავ -თქვა მან, შამპანიურის ჭიქა ფურშეტის მაგიდაზე შემოდო და პასუხს არ დაუცადა ისე წამიყვანა საცეკვაო მოედნისკენ
ჩვენს გარდა, იქ კიდევ რამდენიმე წყვილს მოეყარა თავი. ზოგს ვიცნობდი, ზოგსაც კი პირველად ვხედავდი, თუმცა იმის გარკვევა არ მიცდია საიდან მოვიდნენ ეს უკანასკნელნი.
იმ მომენტში, საერთოდ არაფრის განწყობა არ მქონდა. ეს მეტყობოდა კიდეც, როგორც გამომეტყველებაზე, ისე მოძრაობებზე. რა თქმა უნდა, არც ჩემს მეწყვილეს დარჩენია შეუმჩნეველი ჩემი უხასიათობა.
-ცეკვა არ იცი, თუმცა ლამაზი ნამდვილად ხარ -მიჩურჩულა მან ყურთან ახლოს. სწორედ იმ წამს, მარსის მზერა დავაფიქსირე. წამით გამომხედა, თუმცა როგორც კი შეამჩნია ვუყურებდი, თავი დენისისკენ მიატრიალა და საუბარი უწინდებურად განაგრძო
-ჰო, ცოტა მოუხერხებელი ვარ -ვაღიარე -თუმცა ყველანაირად ვეცდები, ფეხი არ დაგაბიჯო
-მოწყენილი რატომ ხარ, ნიკს ეჩხუბე? -მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა. დაბნეულმა, გაჭირვებით გავიაზრე რა მკითხა და ძლივს მოვიფიქრე პასუხის დაბრუნება :
-მსგავსი არაფერია, მოგეჩვენა . . .
-მგონი, არ მომჩვენებია -ისე გამიღიმა, რომ ოცდათორმეტივე კბილი უკლებლივ გამოუჩნდა -ბერძნულ მითოლოგიაში თუ ერკვევი, ისიც გეცოდინება, რომ ნიკეს დაფნის ტოტით ხელში გამოსახავდნენ ხოლმე -თქვა და საცეკვაო მოედანზე დამატრიალა. წამით მის ადგილას ჩემთვის სასურველი ადამიანი წარმოვიდგინე. ფანტაზია ჩავრთე და ანდრესის სახე, ნიკის სახით შევცვალე, თუმცა ბოლომდე არც ეს გამომივიდა. ალბათ იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო მისი ვინმეთი შეცვლა
-ამის გარდა კიდევ ბერი რამ ვიცი -როგორც იქნა, გამახსენდა ჩემი პარტნიორი, ვისთვისაც პასუხი უნდა გამეცა. ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ გამოვყევი საცეკვაოდ, მაგრამ ახლა, როდესაც მის ხელებს ვგრძნობდი წელზე, რომლებიც ურცხვად მიკრავდნენ სხეულზე, მსურდა ეს ყველაფერი რაც შეიძლებოდა მალე დასრულებულიყო.
გონებაში საკუთარ თავს ვლანძღავდი. მარსისკენ გახედვა აღარ მინდოდა. არ მსურდა მას ჩემი დაღვრემილი სახე შეემჩნია, ამიტომ დარბაზის იმ ნაწილს მოვავლე თვალი, სადაც იგი არ მეგულებოდა. ჟაკი კვლავ მხიარულად ესაუბრებოდა სელინს და სტელას. დენისი თავის შეყვარებულთან ერთად ცეკვავდა, მზარეულები, რომელთაც დღეს, თეთრი უნიფორმების გარეშე პირველად ვხედავდი, შამპანიურს აგემოვნებდნენ და მშვიდად საუბრობდნენ, ხოლო შარლი, სპეციალურად გამოყოფილი შემაღლებული სცენისკენ მიიწევდა, სადაც, ვიღაც ყურსასმენებიანი ბიჭი მიკროფონსა და სხვა მოწყობილობებს ასწორებდა.
ჩემს საცეკაო მეწყვილეს გავხედე. კვლავ დაჟინებით მომშტერებოდა. შევამჩნიე, რომ რაღაცის სათმელად პირიც გააღო, თუმცა მოულოდნელად დარბაზში ხმამაღალი ზრიალი გაისმა, შემდეგ ამას მქუხარე აპლოდისმენტებიც დაერთო და ბოლოს, სცენაზე ასულ შარლსაც მოვკარი თვალი, გაცისკროვნებული სახით რომ გადმოგვყურებდა შემაღლებულიდან, ქვემოთ შეკრებილ საზოგადოებას.
მუსიკა წამსვე დადუმდა. დარბაზი წამიერმა სიჩუმემ მოიცვა და მეც, დრო ვიხელთე, რათა ანდრესს ხელიდან დავსხლტომოდი.
-ცეკვისთვის გმადლობ -ნაზად გავუღიმე ზრდლობის ნიშნად. ჩაეცინა და ხელზე ოდნავ მომიჭირა თავისი მარჯვენა
-არაფრის, ნიკე. გამიხარდებოდა მე რომ ვიყო ის ადამიანი, ვის გამოჩენასაც მთელი საღამოა ელოდები, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს -თვალი ჩამიკრა, თან სახეზე სევდიანი ღიმილი გადაეფინა.
კანი ამიწითლდა, ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. ჩემი აფორიაქება შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩენია და კიდევ ერთხელ გაეცინა.
-არ მოგერიდოს, ყველაფერი რიგზეა. შენ უკვე სხვას ეკუთვნი და ეს მშვენივრად მესმის -ამის თქმის შემდეგ, მზერა სცენაზე ასული შარლისკენ მიმართა, ვინც, იმ დროს უკვე სიტყვით გამოსასვლელად ემზადებოდა
ანდრესს ისეთი თვალებით შევხედე, თითქოს მის წინაშე რამე დანაშაული მქონოდა ჩადენილი. ამ უკანასკნელმაც დაბარებულივით მოატრიალა თავი ჩემკენ და კიდევ ერთხელ გამიღიმა, რითაც მანიშნა ბოდიშის მოხდა საჭირო არ არისო, მერე კი, ყველამ ერთად გავიგონეთ შარლის საზიმო ხმა, მთელს დარბაზში რომ ხმამაღალ ექოდ გაიფანტა და ბუშტებით მორთულ კედლებს შეეჯახა:
-გამარჯობათ, ძვირფასო მეგობრებო -აწეული შამპანიურის ჭიქით დაიწყო მან და მიკროფონი პირთან უფრო ახლოს მიიტანა -დღეს არასამუშაო გართობის დღე მოგიწყვეთ, რის სამადლობლადაც, შეგიძლიათ ყოველ დილით, თითოეული თქვენგანი კენკრის ღვეზელებით გამიმასპინძლდეთ
დარბაზს ხმამაღალმა სიცილმა გადაურბინა. უკნიდან, ვიღაცამ დაუსტვინა კიდეც, თუმცა დარბაზის დაბურული, წითელი განათების ფონზე ყველაფერი არც ისე კარგად ჩანდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც გავაცნობიერე, რომ ანდრესი გვერდით აღარ მედგა. სამაგიეროდ, ჟაკი ტრიალებდა ჩემს სიახლოვეს.
-მოკლედ, თუ კენკრის ღვეზელებს ვერ იშოვით, გაითვალისწინეთ მარწყვისაც მიყვარს -კვლავ აგრძელებდა შარლი. ჩემ გვერდით მდგომ ჟაკს სიცილი აუტყდა და ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა :-ნამდვილი ბულდოზერია და კიდევ საჭმელს ახსენებს. მე, რომ მისი წონის ვიყო, თავს სენაში ჩავიხრჩობდი
ღიმილი მომერია მის სიტყვებზე, ბოლოს კი თავი ვერ შევიკავე და ჩავიფხუკუნე. ჟაკს მკლავზე ვუჩქმიტე და ვანიშნე მეტი აღარაფერი ეთქვა, რათა ხმამაღლა არ გამცინებოდა ამდენი მდუმარედ მდგომი ხალხის წინაშე.
-მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს მთელი ღამის განმავლობაში ვერთობით! მალე საკმაოდ ძვირიან სასმელებსაც მოიტანენ და ყველაფერი ჩემს ხარჯზე იქნება! სასიამოვნო გართობას გისურვებთ, ძვირფასო თანამშრომლებო! -ჭიქა მაღლა ასწია შარლმა და მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით იგი ბოლომდე გამოცალა . . .
ნამდვილი გართობა, თორმეტი საათის შემდეგ დაიწყო. სასმელით გათამამებულები, უკვე გიჟებივით იქნევდნენ ხელ-ფეხს და გარშემო არავის აზრი არ ადარდებდათ. ჟაკი, მარსისთან და სტელასთან ერთად ცეკვავდა, შარლი თავის მეუღლესთან, ხოლო სელინი, ჩვენს ერთ-ერთ მზარეულთან -ლევთან.
რაც შემეხებოდა მე, გასასვლელთან ახლოს ვიდექი, მარგარიტას ნელ-ნელა ვწრუპავდი და უკვე მერამდენედ ვპასუხობდი უარის მზერით მარსის საცეკვაო მოედნიდან გამოწვდილ ხელს, ვისაც სურდა, რომ მას, სტელასა და ჟაკს შევერთებოდი. თავადაც მინდოდა ეს გამეკეთებინა, თუმცა განწყობა არაფრისა მქონდა. ვგრძნობდი, რომ სულის ნაწილივით მაკლდა რაღაც და ეს რაღაც, ერთი ადამიანის სიახლოვე იყო. მახსენდებოდა ის დღეები, როდესაც ერთად ვგეგმავდით კორპორაციულ საღამოზე მოსვლას და გულის არეში მძიმე წვას ვგრძნობდი. როგორ მინდოდა ახლა წყნარი მელოდია ყოფილიყო აჟღერებული, მე, ჩემი პოზიტიური ვარსკვლავის მხარზე მქონოდა თავი ჩამოდებული და უბრალოდ მუსიკისთვის ტანი აგვეყოლებინა.
თვალები დავხუჭე და კლაჩიდან მობილური ამოვიღე. გალერია გადავსებული იყო ჩემი და ნიკის საერთო ფოტოებით. ერთ-ერთ მათგანზე, ლუვრის წინ ვიყავით გადაღებულები. მე, ბამბის ნაყინს შევექცეოდი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამ დროს ნიკს სელფის კამერა ჰქონდა ჩართული. იმდენად სასაცილო კადრი შექმნილიყო ჩემი დაღებული პირით, რომლისკენაც ნაყინის ნაგლეჯი მიმქონდა, რომ ბაგეებზე უნებურად ღიმილმა გადამირბინა.
დანარჩენი ფოტოები, ძირითადად, ბუნებასა და ქალაქის გარეუბნებში იყო გადაღებული. სიყვარულით დავყურებდი ამ კადრებს და ვაცნობიერებდი, რომ მე და მას, ზედმეტად ბევრი წუთი და მომენტი გვაკავშირებდა ერთმანეთთან. ქვეცნობიერად, ალბათ, თავიდანვე ვხვდებოდი, რომ ნიკი ჩემთვის ჩვეულებრივ ყოველდღიურობაზე მეტი იყო, თუმცა, სულელური შიშების გამო, ამას საკუთარ თავთანაც კი არ ვაღიარებდი.
მეტი უკვე მართლა აღარ შემეძლო. მთელი სხეული და გონება ერთობლივი ძალებით მთხოვდა, რომ იგი მენახა და ამ სურვილს, უკვე ვეღარც ვეწინააღმდეგებოდი. ოთხდღიანი მოთმინებამ, უკვე საბოლოოდ ამოწურა თავისი რესურსები და მტკიცედ გადავწყვიტე ყველანაირი განსჯის გარეშე გამეკეთებინა ის, რასაც გული მიკარნახებდა.
გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე. დარბაზს თვალი იმის გამო მოვატარე, რათა გადამემოწმებინა მიყურებდა თუ არა ვინმე, მაგრამ როდესაც დავრწმუნდი, რომ ჩემთვის არავის ეცალა, მარგარიტას ჭიქა იმ წამს გამოვლილი ოფიციანტის სინზე შემოვდე, ტელეფონი ჩანთაში ჩავაბრუნე და იქედან ისე გამოვიქეცი, რომ ყურადღება აღარავისთვის მიმიქცევია.
თავდაპირველად დარეკვა და ნიკისთვის მისი ადგილსამყოფელის კითხვა მქონდა გეგმაში, თუმცა ჩემმა გონებამ, თითქოს სწორედ იმ მომენტში ამუშავდაო, ერთი იდეა მომაწოდა. იგი, პირველ რიგში იმ სასტუმროში უნდა მომეძებნა, რომელიც მისი თქმით, მთელს ქალაქში ყველაზე მყუდრო, ლამაზი და წყნარი იყო. ნიკისგანვე ვიცოდი, რომ ამ სასტუმროს, რომლის სახელწოდება "ატლანტის ოკეანე" იყო, არაჩვეულებრივი ხედი ჰქონდა სახურავიდან, სადაც ჰოტელის სტუმრებისთვის პატარა ბარ-რესტორანი იყო მოწყობილი. მე და ნიკი, თითქმის ყოველ ორ კვირაში ვსტუმრობდით ამ დაწესებულებას. იქ, მუდამ ერთი და იგივეს-ბრაუნსა და ცხელ შოკოლადს ვუკვეთავდით, დარიჩინის არომატით.
წარმოდგენა არ მქონდა რატომ, მაგრამ მთელი სხეულითა და ტვინის ყოველი უჯრედით ვგრძნობდი, რომ თუ ნიკი ჯერ კიდევ პარიზში იყო, მისი პოვნა სწორედ იქ შემეძლებოდა. წინათგრძნობას ჩემთვის არა ერთხელ უღალატია, თუმცა მოსალოდნელ მარცხზე არც სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მიფიქრია, რომელსაც, ტაქსის საშუალებით მივუყვებოდი და არც, რესეფშენში დგომისას, სადაც მომლოდინედ შევყურებდი სასტუმროს ლოგოიან კოსტიუმში გამოწყობილ გოგონას, ვინც კომპიუტერის დაკვირვებით შეჰყურებდა სტუმრებს შორის, ჩემთვის სასურველი ადამიანის სახელისა და გვარის საპოვნელად.
თითოეული განვლილი წამი, იმ დროს საუკუნედაც კი მეჩვენებოდა, თუმცა გარეგნულად არაფერს ვიმჩნევდი და მოლოდინის პროცესში, საკმაოზე მეტად წამოზრდილ ფრჩხილებს ვიწვალებდი.
რესეფშენის დახლს ახალგაზრდა წყვილი მოადგა. მორიგე გოგონამ, მხოლოდ მაშინ ასწია თავი და ქვემოდან თავისი ღია თაფლისფერი თვალებით ამომხედა.
-ნიკ გრიფინი მითხარით, არა?
-დიახ, ასეა -დავიძაბე -თქვენს სასტუმროშია?
-უკვე მეოთხე დღეა, რაც აქაა დასახლებული
შვებით ამოვისუნთქე. ჩემი წინათგრძნობის გამართლება ასე ძლიერ არასდროს გამხარებია. მთელი სხეული მეწვოდა ნიკის ნახვისა და მასთან ჩახუტების სურვილით. იგი აქ იყო, ჩემთან ძალიან ახლოს და ყოველივე ეს, არარეალურ სიხარულს მანიჭებდა.
-შეგიძლიათ მითხრათ რომელ ნომერშია? ისეთი საქმე მაქვს, რომ გადადება არ შეიძლება და ახლავე უნდა დაველაპარაკო
გოგონამ დაკვირვებით შემათვალიერა. ალბათ, ეჭვობდა გაეკეთებინა თუ არა ის, რაც ვთხოვე. იმ წამს, ნამდვილად არ მეგონა, თუ ჩემს კითხვას უპასუხებდა, მაგრამ ალბათ, ისეთი გასაცოდავებული სახე მქონდა, უარი ვერ მითხრა და მხრები ჩამოუშვა:
-მესამე სართული, ოთახი N: 302
ამ ყველაფერს, სასტუმროს თანამშრომლებისთვის დამახასიათებელი ეტიკეტის ღიმილიც დაურთო. რა თქმა უნდა, საპასუხოდ მეც გავუღიმე, მადლობა გადავუხადე და ლიფტის საშუალებით, მესამე სართულზე ავედი.
ოთახის ძებნისას, მთელი სხეული ხის ტოტზე სუსტად დაკიდებული ფოთოლივით მითრთოდა, თუმცა მოსალოდნელი შეხვედრა იმდენად ტკბილად და სასიამოვნოდ მესახებოდა, რომ პეპლებს არა მხოლოდ მუცელში, არამედ მთელს სხეულში ცხადად ვგრძნობდი. ჰაერიც კი სხვანაირი მეჩვენებოდა, როდესაც ჩემი პოზიტიური ვარსკვლავის სიახლოვეს ვაცნობიერებდი, თუმცა ამ ყველაფერმა პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ოთახ N:302-ის წინ აღმოვჩნდი და მთელი სიცხადით გავაცნობიერე, რომ მალე შიგნით უნდა შევსულიყავი.
გამბედაობა ყოველთვის მაკლდა და არც ზედმეტი სითამამით გამოვირჩეოდი, თუმცა ახლა, მიუხედავად ჩემი შინაგანი ფორიაქისა, შეკრული მუშტი მაინც თამამად ავწიე ზემოთ და ოთახის კარზე ძლიერად დავაკაკუნე. ძალიან გამიხარდა, რომ ზღურბლის მეორე მხრიდან, ადამიანის ამოძრავების ხმის გაგონებას დიდხანს არ დაუყოვნებია. ნაბიჯებით თუ ვიმსჯელებდით, ნელა, აუჩქარებლად მოემართებოდა კარისკენ და ჩემში გამეფებულ ქარიშხალს ნამდვილ ტორნადოდ აქცევდა.
-ვინ არის? -მისი ხმა რომ გავიგონე, თვალებზე ცრემლებიც კი მომადგა. ანერვიულებულმა, პირზე ხელი ავიფარე, სუნთქვის დარეგულირება ვცადე და საპასუხოდ ძლივს ამოვიხრიალე:
-ოთახის დასუფთავებაა, თუ შეიძლება გააღეთ
მოლოდინის პროცესში უკან დავიხიე და თვალებზე მოწოლილი მლაშე სითხე სწრაფად მოვიწმინდე. რამდენიმე წამის განმავლობაში, მხოლოდ მისი სუნთქვის ხმა მესმოდა კარის მეორე მხრიდან. ჩემი შეცვლილი ხმის ტემბრის მიუხედავად, რითაც მას გავეპასუხე, დარწმუნებით შემეძლო მეთქვა, რომ ხვდებოდა ვინც ვიყავი. ალბათ, სწორედ ამიტომ გააჭიანურა კარის გაღება, რამაც მაიძულა მასზე მეორედაც დამეკაკუნებინა.
მორიგმა მცდელობამ, საბედნიეროდ, სასურველი შედეგი გამოიღო. ახლა ნამდვილად გავიგონე ნანატრი საკეტის გაჩხაკუნების ხმა და გული ლამის ცერცვის მარცვალივით დამიპატარავდა, როდესაც ოთხი დღის უნახავ მის სახეს მოვკარი თვალი. ისე მიყურებდა, თითქოს რეალური არ ვიყავი ან, სურდა ჩემს ნამდვილობაში დარწმუნებულიყო. ნიკს ხუთი თითივით ვიცნობდი. ზუსტად ვიცოდი, იმ მომენტში ცდილობდა მოქმედებებით არ გამოეხატა ის, რაც მის შიგნით მიმდინარეობდა და ვინ იცის, რა ნებისყოფის ფასად უჯდებოდა ეს ყველაფერი.
ჩვენს შორის ჩამოვარდნილ სიჩუმეს უკვე ვეღარ ვუძლებდი. ვიცოდი, საუბრის წამოწყების ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა ამეღო, რადგან მას თავად მივაკითხე, ამიტომ, მთელი არსებული და არარსებული ძალ-ღონე მოვიკრიბე, გულზე ხელის მიბჯენით მას კვლავ ოთახისკენ ვუბიძგე და კარი, მარჯვენა ფეხის ქუსლით მივიხურე ზურგს უკან.
-იცი, რომ ჰაერივით მჭირდები, შე იდიოტო?!
-საოცრად გამოიყუები მაგ კაბაში -ჩემი სიტყვები დააიგნორა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა, მან
-შენს არჩეულ კაბაში
-ერთადერთი ქალი ხარ, ვისი გემოვნებაშიც საკუთარივით ვერკვევი
-შენ კი ერთადერთი კაცი, ვისი ხილვაც ყოველ წამს მინდა
-ყოველ წამს?
-ჰო, ყოველ წამს-დილით გაღვიძებისას, ღამით დაძინებისას. ერთადერთი ხარ, ვისაც მინდა საუზმე ლოგინში მივართვა, კოცნით გავაღვიძო და ვუთხრა, რომ დროა რამე შეჭამოს და სამსახურში წავიდეს. ის ხარ, ვისთან ერთადაც მინდა მთელი ღამით ვუყურო სულელურ ფილმებს, ვაკეთო ათასი სიგიჟე, ცაზე ვარსკვლავების ყურებაში დამათენდეს, მის გულზე თავჩამოდებულს. სწორედ ის ადამიანი ხარ, ვისაც მინდა ჩემი სხეულის თითოეული მონაკვეთი ეკუთვნოდეს -კისერზე ხელები შემოვხვიე და შუბლზე, შუბლი მივაბჯინე -ამ ცხოვრებაში მხოლოდ შენ მჭირდები, ნიკ გრიფინ. შენ ის ხარ, ვისთვისაც მართლა მიღირს ვიცოცხლო
-რისი თქმა გინდა, ნიკე? -ვგრძნობდი, რომ იმ წამს ხმაც კი დახშული ჰქონდა. ჩემს წელზე მოხვეულ ხელებს ისე მიჭერდა, თითქოს ეშინოდა სადმე გავიქცეოდი და მისი ასეთი საქციელი სახეზე ღიმილს მგვრიდა
-იმის, რომ მეც ცუდი მეგობარი ვარ -სახეზე ორივე ხელის გული მივადე და ზღვასავით ლურჯ თვალებში შევხედე -არ ხარ უბრალოდ ბიჭი, ვინც ჩემს მეზობლად ცხოვრობს და რომელთანაც, იდეალური დრო მაქვს ნატარები. შენ კაცი ხარ, ჩემთვის სასურველი კაცი, რომლის სხვა ქალის მკლავებში წარმოდგენაც, ჭრილობაზე მოყრილი მარილივით აუტანელ ტკივილს მაყენებს. ჩემგან აღარასდროს წახვიდე, ნიკ!
-ჯანდაბა, შენი თავი რით დავიმსახურე? ცხოვრებაში ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ . . .
-იცი? მეც ზუსტად ამას ვფიქრობ შენთან მიმართებაში -გავაწყვეტინე, ლოყაზე მაგრად ვაკოცე, შემდეგ მის კისერში ჩავრგე ცხვირი და მონატრებული სურნელით გავივსე ფილტვები -ავსტრალია რომ უნდა დამათვალიერებინო ხომ გახსოვს?
-მანამდე Arctic Monkey-ს კონცერტზე ვართ წასასვლელები ერთად -ბოლო სიტყვა, საკმაოდ გამოკვეთილად წარმოთქვა ნიკმა და ცერა თითი, ჩემს ქვედა ტუჩს გადაატარა
-ანუ მეპატიჟები
-გეპატიჟები -მორჩილად დამიქნია თავი. შემდეგ თითები თმაში შემიცურა და სახე, სახესთან ახლოს მომიტანა -საშინლად ლამაზი ხარ, ნიკე. მგონი, ჩემი დარჩენილი ერთი სურვილის გამოყენების დროა
-მითხარი, გისმენ
-ისე მაკოცე, როგორც აქამდე არავისთვის გიკოცნია. მთელი შენი გრძნობა ჩადე ამ კოცნაში და უბრალოდ იგი მე გადმომეცი
გამეღიმა ამის მოსმენისას. იმდენად თბილი მზერით შემომცქეროდნენ აღნიშნულ მომენტში მისი ზღვისფერი თვალები, რომ ბევრი ნამდვილად აღარ მიფიქრია -ყველანაირი პროტესტის გარეშე შევუსრულე ეს რომანტიკული თხოვნა და იმ წამს ერთ რამეს მივხვდი -ნიკი საოცრება იყო. საოცრება, რომელიც ადამიანის სახით მომევლინა . . .






დასასრული . . .



№1 სტუმარი ani

უკარგესი იყო❣

 


№2  offline წევრი Alaskuna

dzakian sayvarloba istoria iyoo, am istoriis kitxvisas wasuli muza mivibrunee

 


საყვარელოოოოო, ეს რა საოცრება წაიკითხეს ჩემმა თვალებმა? აუ ძააან მაგრად ვისიამოვნე, მადლობა

 


№4 სტუმარი როენა

მიყვარს ასეთი სიგიჟეები,და თუ კარგი დასასრულია მითუმეტეს,უღრმესი მადლობა ამ სიამოვნებისთვის????????????

 


ძალიან კარგი და სასიამოვნო წასაკითხია. ემოციები საოცარი ❤️

 


№6  offline წევრი დელირიუმი

საყვარლობა იყო❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent