შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები I


10-10-2020, 00:49
ავტორი belle...
ნანახია 8 998

პომარანჯე პოლონურად ფორთოხლებს ნიშნავს. წარმოდგენა არ მაქვს ჩანაწერებს მაინც და მაინც ეს სათაური რატომ შევურჩიე, მაგრამ მომწონს. ლამაზი სიტყვაა, ლამაზი მოგონებებით... ეს კი უმისამართო მოგზაურის დღიურია, არც მხატრულად გაბღენძილი (კაიი შიგადაშიგ, „მოჟნა“), არც ჩამატებული, არც მიშენებული ეპიზოდებით. სრული სიმართლეა, შეულამაზებელი, ჯერ ხელის გულზე დადებული და მერე წვალებით აკრეფილი. ანუ პომარანჯა დღიურია, პომარანჯა მკითხველისთვის.
დიდი ვერაფერი სასიამოვნოა პირადი ცხოვრების აფიშირება, მაგრამ „ნიჩეო“, მგონი ამ ჩანაწერებში არის „რაღაც“ რაც ემიგრანტებმა და არაემიგრანტებმაც უნდა იცოდნენ. მოკლედ - ვწერ იმიტომ, რომ მსიამოვნებს, შენ კი კითხულობ, იმ შემთხვევაში თუ კი ჩემი ბოდიალი რამეში გაინტერესებს. დავიწყე და შენც თუ აქ ხარ, როგორც აქაურები იტყვიან ხოლმე „ვშისტკო დობრა“ (ყველაფერი რიგზეა) და ჩემს ძალიან დიდ თავგადასავალზე წვრილად გიამბობ ყველაფერს!

თვითმფრინავში ჩასხდომამდე 4 საათით ადრე / ქუთაისის აეროპორტი/ 11:01 წთ/ მთვარის 28-ე დღე, მეოთხე ფაზა.
მთელი ღამის ნათევი, აეროპორტის შესასვლელში ვგდივარ. გარეთ ასფალტზე ჩანთები მიყრია და ერთ-ერთზე კომფორტულად ვზივარ. მუსიკას ვუსმენ, რომ არ ჩამეძინოს. დავიღალე. ძალიან მეძინება. ამ წყეულ თვითმფრინავსაც ჩემს ჯინზე აგვიანდება და ნერვებს მაწყვეტს. ისე ვარ დაღლილი, იმისთვისაც კი არ მცხელა, რომ ცოტა ავღელდე - ეს ხომ ჩემი პირველი ფრენაა??? ვის ადარდებს თუ ქალი ხარ, სადმე მიმაგდო და მიმაძინა იმას ვნატრულობ მთელი გულით.
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი სისულელე მომაფიქრდა და მთლად უარესი - გამომივიდა! ახლა ამ კოვიდის გადამკიდე საზღვრები ქვეყნებმა კი არა, ლამის ქალაქებმაც ჩაკეტონ, მე კი წინა დღით დამკრა თავში, რომ უცებ თბილისი მომბეზრდა და სიახლე მჭირდება და სხვა ქალაქში კი არა, სხვა ქვეყანაში მივწოწიალებ. დარტყმული არ ვარ? აბა რა ჯანდაბა ვარ! ორი დღით ადრე სოცქსელში განცხადება ვიპოვე - დასაქმება პოლონეთში, სოლიდური ანაზღაურებითო! იიი, ჩაგღიმეთ გაბერილ ამბიციებში! მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ხალხს ჯიბეები გაუსქელოთ, მაგრამ „ნიჩეო“ ჰაერის გამოცვლა არ მაწყენდა-მეთქი. სრულიად პლანეტაზე გაბრაზებულმა და ცხოვრებამობეზრებულმა ნომერი ავკრიფე და გადავრეკე. ვიღაც ტრისტანიმ მიპასუხა - კოორდინატორი გახლავართ რით შემიძლია დაგეხმაროთო. ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა. ტიპს ისეთი სახელი აქვს, მარტო გამარჯობაზე არ უნდა ენდო. ნუ, ჰო, კაი. რა დღე დაგიდგა, ბელ, ტრისტანის შეკვეთილი მარშრუტით უნდა გადაშენდე მოუსავლეთში! ტრისტანა - ანუ შემდგომ ბეიბი ბოსი, აქედანვე იცნობდე.
ბევრს რომ არ მივედ-მოვედო, საინტერესოც არ არის თორე კი, მე და ტრისტანი შევთანხმდით გარკვეულ პირობებზე და აი ასე სპონტანურად ავიბარგე, ისე რომ არავისთვის არაფერი მითქვამს, არც გამიფრთხილებია და ქუთაისში წამოვწოწიალდი, თბილისიდან აფხეკილ გუნდთან ერთად, რომელიც ტრისტანის უკვე შეეგროვებინა პოლონეთისკენ საფრენად. მთელი ღამე თეთრად დამათენდა. ავტობუსი კომფორტული კი იყო, მაგრამ ვერ მოვისვენე. მთელი გზა ყურსასმენები მეკეთა - ხან თავს ვაკანტურებდი და ხან იძულებით რეჟიმში მუსიკას ვაყოლებდი, რომ არ ჩამძინებოდა, თან გზადაგზა ათას რამეზე ვფიქრობდი - კერძოდ, ჩემი რომელი ორგანო გაიყიდებოდა უფრო ძვირად, თუ ტრისტანი ცუდი ბიძია აღმოჩნდებოდა, ან რა უნდა მექნა, უცხო ქვეყანაში წახეტებულს პასპორტს თუ ვინმე მომპარავდა. იქნებ მონადაც გავეყიდეთ სადმე? ათასი რჯულის სცენარი მარტო მე მქონდა შეთხზული ჩემს ნაწარმოებებში და რა გასაკვირია, რომ ქვეცნობიერმა წამით არ დამინდო მთელი მგზავრობის განმავლობაში?! მეორე „მეს“ ჯიბრზე მუსიკა ბოლო ხმაზე მქონდა აწეული, რომ მისი ირონიული კომენტარები და ცბიერი ქირქილი როგორმე ჩამეხშო. ხან გამოდიოდა, ხან არა... როგორც იქნა, ჩამოვეწუწეთ ქალაქში, მძღოლმა აეროპორტამდე მოგვიტანა, ახალციხის კარტოფილებივით ჩამოგვცალა და წავიდა. ჩვენ კიდე, ერთმანეთისთვის ჯერ კიდევ სრულიად უცხო ხალხი, დაშტერებული ჭუკებივით ვუყურებდით ერთმანეთს. შიგნით არ შეგვიშვეს. სანამ ჩასხდომა არ გამოცხადდება გარეთ იზურზუტეთო. ოქეი-თქო, რაღას ვეტყოდით. ასე და ამგვარად აღმოვჩნდი, აეროპორტის შესასვლელთან ჩანთებზე გაშოტილი. ბოლო ხმაზე მუსიკებითა და უძილობისგან ჩასისხლიანებული თვალებით. იმ წამს ჩემთვის რომ შემოგეხედა, ჩემი მეზობლის ბრაზიანი ჯეკასგან ვერ განმასხვავებდი. საწყალი ძაღლი ვეგეტარიანულ კვებაზე ჰყავს დამწყვდეული შინაბაერა ქალს. აი, გახსენებაზე კიდე გული დამეწვა. ცივსისხლიან მეზობელს ლამზირა ჰქვია, ორმოცდახუთი წლისაა და კიდე გასათხოვარია. ან მისი ხასიათის ბრალია, ან სახელის, მაგრამ მოდი სადღაც ორივეს თავი გავანებოთ და ამ გადამწვარი ტვინით ლამზირაზე რატომ მეფიქრება, ცხოვრებისეულ გარდამტეხ ზღვარზე მყოფს, მეტყვის ვინმე, თუ პირდაპირ ფსიქიატრიულში დავრეკო, თეთრი ხალათის შესაკვეთად “S” საიზ ზომით?! ჩაისუნთქე, ბელ, ნუ მიაყარე რემბოს პულიმიოტივით!
ლეპტოპი ამოვიღე ჩანთიდან. დროს ნაყოფიერად მაინც გამოვიყენებ-მეთქი და დღიურის წერა დავიწყე. რა იცი წინ რა მელის, იქნებ ფურცლებზე შესანახად ღირდეს, ა? მაგრამ ისე მეწელება თვალები, მეტი არაა ჩემი მტერი მე რამე საღი ვიბოდიალო ჩანაწერებში... ნუ კაი, ეგეც „ნიჩეო“.
უპატრონო ლეკვივით მშია. წეღან ჩანთაში შემორჩენილი შოკოლადი ვიპოვე და ისე გამიხარდა, თითქოს მილიონი აღმომეჩინოს. წავუსნიკერსე, მაგრამ რად გინდა?! - ტყუილი ყოფილა მთელი ის ჭრელა-ჭრულა რეკლამები! ენერგია არა ჩემი ფეხები! თიში მაქვს ჩვეულებრივი - როგორ მეძინებაა, ხალხოო!!!
მოიცა, ყურადღება გადავიტანოთ და ცოტა გავხალისდეთ - მიმოვიხედოთ, რა ხდება ჩვენს გარშემო, ვისთან ერთად მივდივარ უცხო ქვეყანაში ან რამე. იქნებ მანიაკები არიან? ან რომელიმე მოსადის მოგზავნილია და თვითმფრინავის აფრენისთანავე მთელი ეკიპაჟი საახალწლო შუშხუნის მსგავსად გავიფურჩქნებით?! უიმე, რაებზე მეფიქრება, მე არაჯანსაღს?! წამოსვლისას არ უნდა მენახა ის მძაფრსიუჟეტიანი თრილერი - ჩამრჩა, არ მეტყობა?! სად ვიყავი... ჰო, ხალხი... ერთხელ რომ გადავხედო პიტეკანტროფების არმიაა, უმეტესობა კუთხურად მეტყველებს და ღიპს იფხანს, მეორედ რომ გადავამოწმო, ზომბების გამოფენაა - სიგარეტს ნერვიულად ექაჩებიან და მძინარეებს ფეხზემდგომთ აკიმარებთ, მესამედაც რომ ვცადო სურათის შეცვლა, ჩემი თავის ამბავი ვიცი და აქედან უკანმოუხედავად ავიხვეტები! ასე რომ სჯობს ჩემს ლეპტოპს ვუყურო, საყოველთაო უსაფრთხოებისთვის!
შტერივით ჩემთვის რომ მეღიმება და ჩუმ-ჩუმად ჩემკენ აპარებენ თვალს ნეტა რა ჰგონიათ, რას ვაკეთებ? იიი, ფეხებზე მაინც არ მეკიდოს, რა კითხვებს ვსვამ? კითხვებზე გამახსენდა და ჯერ თორმეტს უკლია ათი წუთი, ის დედანატირები თვითმფრინავი 4 საათზე უნდა ჩამოფრინდეს და რა გამოდის „გძეტა“ 3 საათი აქ უნდა დავეყუნცო? კაი, ჯანდაბას მაგას გადავიტან როგორმე, მთავარია რეისი არ გადაიდოს - მაგას ვინღა ჩივისო, ბელს? აუ, უფრო დიდი ჩანთები მაინც იყოს ჩავჯდებოდი, ჩავწვებოდი და მივიძინებდი ავრორასავით. ან ფიფქიასავით. ოღონდ აქ პრინცები არ არიან - გორილები კიდევ შეიძლება - რომ მშია და რომ მცივა და რომ მეძინება, მაგიტომ ვინესტრები გუნდიდან გამოგდებული კრაზანასავით, თორემ სულ ასეთი „სწერვა“ კი არ ვარ! ჰოდა, ვხითხითებ ახლა ჩემს თავზე, ასე გიჟივით!
არა ისე, ეს აკვატებული გრძნობა ვერაფრით მოვიშორე - მგონია რომ მთელი გზაა რაღაც კოშმარს ვხედავ და ნებისმიერ წამს შეიძლება თვალი გავახილო და აღმოვაჩინო, რომ სინამდვილეში ყველაფერი მესიზმრებოდა. არსად გამოვსულვარ და სახლში მძინავს ჩემს მოუხერხებელ საწოლში - მაგრამ კოშმარიც გამეწელა და რეალურობის შეგრძნებაც! აღრენილ ფიქრებს ჩემი კუჭის ღრენაც ერთვის და ისევ მახსენდება, რომ სასტიკად მშია! მაღაზიაც არაა ახლოს, ადამიანმა რამე რომ იყიდოს და სული მოითქვას! ისე საკაიფოდ კი ცივა. ნიავი უქიქინებს და ცოტა არ იყოს მბურძგლავს. რას ვიტრიპაჩე ვითომ, აგვისტოა და დიდი ამბავი, თხლად თუ ჩავიცვამ-თქო? (ტრისტანამ გამაფრთხილა პოლონეთში სიცივე იქნება და თბილად ჩაიცვიო) - ესე იგი მშია, მცივა, მეძინება და დედა მინდა. ახლა ზედ ლეპტოპზე დავიძინებ და ჩასხდომა რომ დაიწყება გამაღვიძებს ალბათ დაცვა, ნახევარი საათია ნახევრად ღია კარიდან შორიდან მიჭიტინებს. ბიჭი, რომ არ გიყურებ ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ გხედავ! ლეპტოპი ჩანთაში ჩავაბრუნე. ფლეილისთში მუსიკა შევცვალე. მკერდზე ხელები მივიკარი, თვალებიც დავხუჭე ბარემ, მზად ვიყავი ძილისთვის, რომ უცებ ტელეფონზე შეტყობინება მოზუზუნდა. გაჭირვებით დავაწიწკნე ქუთუთოები ერთმანეთს და ეკრანს ისე დავხედე, შეტობინება არც გამიხსნია. არც იყო საჭირო, მოკლე ტექსტი დაბლოკილ სქრინზევე იკითხებოდა - „შენთან ვარ, კარი გამიღე.“
ცივად გამეღიმა. ჰო, ჰო, მოიცადე ერთი ხუთი-ათი წუთი და ზღურბლზე შეგეგებები ცივი ყავით ხელში! - იდიოტი! ტელეფონი „ფლაიმოდზე“ გადავიყვანე, რომ არავის დაერეკა და მუსიკას ისე ავუწიე, გონებში აბოდიალებული მოუსვენარი ფიქრებიდან ბგერაც აღარ მესმოდა...


ვარშავა/ 16:05 წთ/ მთვარის 28 დღე, მეოთხე ფაზა...
როგორც იქნა, თვითმფრინავი აეროდრომზე დაეშვა. ჩემს ჩანთებზე მეძინა მაგ დროს. შემაღვიძეს. დიდი ამბით წამოვფრინდი, მეშველეა-მეთქი, მაგრამ ორმოცი წუთი კიდე დაგვაყუდეს. სანამ თვითმფრინავის გამართულობას შეამოწმებდნენ, კიდევ რამდენჯერმე ჩამეძინა გადაღლილს.
ეღირსათ! რიგი გაიხსნა და გარეთ გაგვიშვეს. ხალხი გზაში ვიდეოს იღებდა, კამერას ისე ეკრიჭებოდნენ თითქოს, პირადი ვერტმფრენით, დიდი ბრიტანეთის პრიცმა მიიწვია ნადიმზე მთელი სასტავი - რა კამერა და სელფები აგიტყდა, , ძაღლივით გშია, სახე მოქცეული გაქვს, თვალები დასიებული, უძილო ხარ, ტუჩის კუთხესთან დორბლი გაქვს შემხმარი და თავს ისე იჭერ, თითქოს ყემოღერებული წითელ ხალიჩაზე „პრადას“ ფეხსაცმლით გადიხარ! აბა რა, სთორიზე თუ არ გამოიბზიკე, რომ საზღვარგარეთ მიემგზავრები ცხოვრებისეულ „რყევებს“ ისე ვერ იგრძნობ, ხომ? თვალები მოვისრისე, ნეტა რატომ არ ?
ბორტზე ავედით. სტიუარდესა ინგლისურად მოგვესალმა. გავუღიმე და გვერდით ჩავუარე. ლამაზი გოგოა. ძალიან ლამაზი თან. ჩანახატს გააკეთებდა კაცი-მეთქი - შთაგონებული ფანჯარასთან მოვკალათდი და ქამარი ისე გადავიჭირე გეგონება სკამს ვინმე მართმევდა - „სოფლელი“ მე. ისე მჭიდროდ ვიყავი ჩაჭედილი, სული უფრო იოლად დატოვებდა ჩემს სხეულს, ვიდრე მე სავარძელს.
მოკლედ, როცა ასექვსი წიწილა სკამზე მოვთავსდით და ყაყანიც ჩაწყნარდა, დაიწყო ლექციები - როგორ არ უნდა მოიტეხო კისერი თვითმფრინავში მგზავრობისას. სამი ლამაზმანი ჟესტიკულაციით მიგვითითებს ოპერატორის ნაბოდიალებს.
ჰოდა, უყურებს ეს ხალხი პირდაღებული ქალებს. ინგლისური არ ესმის 90% და ის მაინც გაიგონ რაზეა საუბარი - უსაფრთხოებაზე, გლობალურ დათბობაზე, თუ კარანტინის საშიშროებაზე, სადაც შეიძლება ორი კვირა ძაღლივით დაგამწვდიონ და ისე დაგაკვირდნენ, როგორც ზოოპარკის ცხოველს. კარმა ძუკნაა - ბუნებამ ბუმერანგი სტყორცნა კაცობრიობას, ფლორა-ფაუნის სახელით.
თვითმფრინავი დაიძარა. ჯერ მიღოღავს. ხალხი, რომელიც პირველად მგზავრობს, გაშტერებულები მისჩერებიან ილუმინატორს - იყო ისეთი კომენტარები ზოგზე რომ წარბები მაღლა გამექცა, ზოგზე ჩემებურად გამეღიმა და ზოგზეც გულიანად ვიცინე.
ავფრინდით - მაგარი შეგრძნებაა. დაუვიწყარი. რა წნევა, რის წნევა, რა გულის შეღონება და ცხვირ-პირი პარკში გაქანებული?! - თავისუფალი ხარ, ჩიტი ხარ და ფრენა შეგიძლია. მაღლა მიდიხარ, ძალიან მაღლა, შორს, მონარქი პეპელას მსგავსად! - იმ წამს ძალიან შემშურდა მისი შესაძლებლობების. ცოტა ხანს ცხოვრობს, მაგრამ ეს დრო დაუვიწყარია.
მერე... იყო ბამბის ქულის, ნისლში მოტივტივე - „ცხენი“ „სპილო“ „ძაღლი“ „ვაშლი“ „ნაყინი“ და ათასი ფორმის ღრუბლები; ათასი დაუვიწყარი მომენტი თუ ეპიზოდი, რომლის ფირზე აღბეჭდვაც მთელი გულით მინდოდა, მაგრამ „Nikon D3500” ჯერ კიდევ ოცნებაში მედო, ერთ-ერთ თაროზე, რომელსაც ჯერ ვერ ვწვდებოდი.
გონებაში შევინახე ბუნების სილამაზე. ჩანაწერებში გავაცოცხლებ-მეთქი - თავი დავიმშვიდე. უცნაური შეგრძნებაა, როცა სამყაროს ზემოდან უცქერ - არც ისე თვალისმომჭრელი ხედია ქვემოთ, როგორც ჩერჩეტობენ ხოლმე - მიკროსკოპული შენობები და მწვანე ტბად ქცეული ტყეები. ისეთი არაფერი, რა. დედამიწა ისევ უინტერესო იყო ჩემთვის, ხმელეთზეც და მერეც ჰაერში.
სამაგიეროდ, ცის მოყვარულს, ისევ ცისთვის ვერ მომეშორებინა თვალი. ღრუბლებში დავძვრებოდი მზერით. რა აღარ გააცოცხლა ფანტაზიამ. წავღიმე ხუთი წლის ბავშვს, ზღაპრების წარმოდგენაში! - ყველა ღრუბელზე ვიხტუნავე, ყოველ მათგანში გავყავი თავი და სადაც, თავი ვერ შევძელი, ხელი. რძის აბაზანებიც მივიღე, უზარმაზარ ოკეანედ რომ მიედინებოდა ჰორიზონტზე. ძალიან ლამაზი ხარ-მეთქი, ვფიქრობდი მონუსხული. ქვემოდან რომ ვუყურებდი მაჯადოებდა, მასთან ახლოს მისულს კი სუნთქვა შემეკრა აღფრთვანებით. ჯადოსნურია ზეცა. ახლა ვხვდები, გარდაცვალების შემდეგ, რატომ ხვდებიან კეთილი ადამიანები იქ...
მთელი დღის დაღლილს ძილი მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. არაკომფორტული სავარძელი იყო. წელი გამიშეშდა, თან არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა - ყოველდღე ხომ არ ხარ ნანატრ „კონტინენტზე“? ცნობისმოყვარე ბავშვივით მინაზე ცხვირი მქონდა მიჭეჭყილი.
თვალებით მეღვიძა. გონებით მეძინა. მაგრამ შემაფხიზლეს. ერთ-ერთი სტიუარდესა თავს წამადგა და ინგლისურად მთხოვა - დამეხმარეო. თურმე, მგზავრებიდან ორ მათგანს ჯანმრთელობის მოწმობის ანკეტა შევსებული არ ჰქონდა და ვინაიდან და რადგანაც უმეტესობამ უცხო ენა არ იცოდა, ვერც აგებინებდნენ რა უნდოდათ მათგან. თარჯიმნობა მთხოვა. ისე თბილად მიღიმოდა, ვეღარაფერი ვუთხარი. გავყევი. ტელეფონთან მიმიყვანა და ყურმილი გამომიწოდა - ხალხს მიმართეო. იფ, მე ტრამპი ვარ და სიტყვით გამოვივარ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის კვადრატები შეავსეთ, თუ არ გინდათ კარცერში ორი კვირა იყურყუტოთ! მე დაუმწიფებელმა ქლიავმა, პროფესორივით ინგლისურად დავიწყე ჩხლართვა - არადა, ქალმა მშობლიურ ენაზე მთხოვა ბაასი. ხომ გითხარი მეძინა-თქო?! - ისევ შემაღვიძეს! ჰო, ჰო, მწვანეა-თქო - უკან წავგლიჯე ყურმილი და შეტყობინება ვუთარგმნე. ისევ ისეთი გაოცებული სახეებით მიყურებდნენ, როგორც მანამდე სტიუარდესას. ამოვიოხრე. ამათ საკუთარი ენაც დაავიწყდათ, თუ ლემურის მზერა როგორ გავიგო?
ქართველი ქართველს უგებსო? - მივხვდი სიტყვით გამოსვლით შორს ვერ წავიდოდი. ყურმილი დავუბრუნე და სათითაოდ ჩამოვუარე სასტავს - დროზე საბუთები-მეთქი! კაი ჯარისკაცივით კი მივმართე, მოწყენილი როლში შევიჭერი. ეგ იყო ალბათ, უნდობელი მზერის მიზეზიც. ბოლოს, ორი მიმალვაში მყოფი, მაინც აღმოვაჩინე. ანკეტები შევავსებინე და სტიუარდესა სიხარულისგან ჩამეხუტა - ქართული სითბო? გადამდებია მგონი, რა ვიცი. მესიამოვნა.
ადგილსაც დავუბრუნდი და ყვინთაობასაც. მე ხომ ძილი არ მეღირსა დედა რომ ვატირე ამათი! დამ, დამ თვითმფრინავი ეშვება ვარშავაში - ხიდების ქალაქში, სისუფთავის ქალაქში, პოლონელების დედაქალაქში, სადაც რუსებს ვერ იტანენ, უცხოელები არ უყვართ და რომელიმეს ინგლისურად რომ ჰკითხო რამე მხოლოდ იმიტომ დაგიბრუნებს პასუხს, რომ განათლებული ადამიანია და იცის, რომ ამაში გასატეხი არაფერია.
დანარჩენები კი, თავს ჯორებივით აქნევენ - მარტო პოლონური ვიცი და ჩემს ენაზე მესაუბრეო. რა გეამაყება, შე ბნელო? - ჩემს ქვეყანაში ეგრე არ ხდება. მარტო ქართული იმან იცის, ვინც ბავშვობაში დედისა და მასწავლებლის რისხვას როგორღაც უმკლავდებოდა. ჩვენ გვიწოდებთ ჩამორჩენილებს? - ინგლისური თუ არ ვიცით, რუსულს ვახერხებთ. ანდა პირიქით და თუ ორივე არ ვიცით, მაინც ვხვდებით რას გვეკითხებით და გაგებინებთ, ბლინ!
ვარშავა წარბშეკრული გვხვდება, არც ისე მეგობრული განწყობით - საბაჟოზე ფორმიანები გოგოები თვალს მჭრიან. უხდებათ მწვანე, გერმანულ-ფაშისტური სამოსი. მკაცრი პოლონური აქცენტი და ცივი მზერა, რომელიც ასე ითარგმნება - „ეს ჩვენი ტერიტორიაა, ტურისტო!“
ცალ-ცალკე კაბინებში ხუთი რობოტი-პოლონელი ზის და პასპორტებს ყურადღებით ჩხრეკენ. ხალხს, ჯიბეებში არა - თვალებში უყურებენ გამჭოლი მზერით და ფიქრობენ, გაგიშვან, თუ არა? - ჩემ წინ ორი დაადეპორტეს. ერთმა იტირა, მეორე მგონი ვერ მიხვდა რა მოხდა. დაბნეული სახე ჰქონდა, როცა მიჰყავდათ.
მე, ან მეტისმეტად ამჩემსფეხება ვარ, ან ზედმეტად თავდაჯერებული - კაბინის „რობოტს“ რუსულად მივესალმე. მთლად შვილები არ მომიკითხავს, როგორ გყავს-მეთქი, მაგრამ თავაზიანობა სასიამოვნოა, შენს ბუდეშიც და სხვაგანაც. რა მნიშვნელობა აქვს, თავად როგორ გიყურებენ?
მძიმედ დამიქნია თავი. პასპორტი გამომართვა. გადაფურცლა. არაფერი უთქვამს, არც უკითხავს, არც შემოუხედავს - ბეჭედი ხეთქა და გამომიშვა. აბა ჰე-მეთქი. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლაო - გაგიკვირდება და ასე მიპასუხა. მართლა მიპასუხა-მეთქი! ისევ რაღაცნაირად ვიგრძენი თავი, ცივ ქვეყანაში სადაც არავის იცნობ.
გაკრეჭილმა გამოვიარე საბაჟო და ბარგს დავუწყე ძებნა. სამი განყოფილება იყო, სადაც ჩანთები „შავი ყუთიდან“ მოგორავდნენ ლენტაზე. ბრბო დაფანტული წიწილებივით ეძებდა ჩემოდნებს. რატომ ვერ მოიფიქრეს, რომ ჩანთებს რეისის ნომერი აწერია და იმით უნდა მოძებნო შესაბამისი განყოფილებაც? არ მიკარნახია - ბოროტი მე!
ჩანთები ავიკიდე და გასასვლელს მივაშურე - ვცადე. იმხელა ვესტიბიული იყო, ელჯერნონის ლაბირინთს შეშურდებოდა. ერთი ქალი გავაჩერე, ორ ენაზე ვკითხე გასასვლელი და პასუხი თავის ენაზე დამიბრუნა - აზრზე არ ვარ რას მელაპარაკებიო. პოლონური რუსულს წააგავს და ისევ მე გავუგე რა.
ხელი ჩავიქნიე. არაფერი გამოვა თქვენგან-მეთქი და წარწერებს მივყევი. საკუთარ ნაწარმოებებში მინიშნებებს რომ პურის ნამცეცებივით ყრი და ხალისობ, როგორ ცდილობს ხალხი სამშვიდობოს გასვლას, ეგ ხო კაია?!
ძლივს გამოვაღწიე. ხუთი ტაქსისტი მომჩერებია გალაპლაპებული მანქანებიდან - „სად წაგიყვანო, გენაცვალე“ გამომეტყველებით. ტუჩები გავკივრვებით ამერიხა. კაიიი - ამათ რომ ტაქსის მანქანები ჰყავთ, ასეთებით ჩვენთან მაღალჩინოსნები მოძრაობენ. ითსოქეი, ჯერ-ჯერობით ანგარიში მაინც საქართველოს სასარგებლოდაა - 3-1, ბანძებო! ჩვენთან თბილ ღიმილს არავინ დაგამადლით. ლაპლაპა „ჟესშტები“ ბევრს არაფერს ნიშნავს.
მგზავრებისთვის განკუთვნილ ავტობუსში ავდივარ - კომფორტი? იცოცხლე! მაგრამ რად გინდა, ტელეფონი მკვდარია ამ ვაკუუმში. არც სატენი ჭაჭანებს სადმე და არც მსგავსი რამ. კაიი - თბილისში ავტობუსებში ყველგან შეგიძლია დედანატირებ ბატარეას „წყალი დაალევინო“. სერიოზულად?
ხალხი ამბობს ჩვენს ქალაქამდე 5 საათი დაგვჭირდება მგზავრობაო. ანუ ყურსასმენები დამიჯდა; ანუ ტელეფონიც დამიჯდა; ანუ ლეპტოპიც დამიჯდა; ანუ ტექნიკა მკვდარი მაქვს და 5 საათი გზაში ხედებს ვუყურო, თუ მელანქოლიურ ფიქრებში ჩავიმარხო?! ჩემს ბედს!
წინა რიგში, მძღოლის მარცხენა მხარეს დავეხეთქე და ველოდები როდის დაიძვრება ავტობუსი - შევავლოთ თვალი ვარშავს. გავიგოთ რა ხდება სინამდვილეში შიდა სამზარეულოში. როგორი ხალხი მოძრაობს, როგორი კულტურა აქვთ. როგორია სინამდვილეში პოლონეთი? მაგრამ გზად ისევ ქართული პრობლემა მეღობება - თანამგზავრებმა, ვიღაც ჩვენიანი აეროპორტში დაიკარგაო. ერთმა ბარგი მიაკარგა, მეორემ კიდე თავიო - თვითონ დაიკარგა როჟა. ერთი ჩამეცინა და ჩუმად შევიკურთხე. უყურე ახლა ავტობუსის მძღოლს, რომელიც პოლონელია, გერმანელს ჰგავს, რუსულის ნახევარი აქვს მოპარული და ღრუზინული ჩვევებით იჩემებს - თუ რამე სათქმელი გაქვთ, ჩემს ენაზე გამაგებინეთო - ებიჯო, ჯერ შენ ჩამოყალიბდი, რომელი „კლასტერიდან“ ხარ და მერე მეჭიმე მხრებში გამართული! ეგ პირველი შთაბეჭდილება იყო, მერე მივხვდი რომ არაა ცუდი ტიპი. უბრალოდ... - პოლონელია.
მისდა ჭირად ერთი აჭარელი შეუჩნდა. მთელი სამი საათი, რაც იქ ვიყურყუტეთ და რობიზონ კრუზოს ველოდეთ, თავისი გაუჩინარებული ბარგით, რომელიც ბოლოს ისევ ჩვენი ავტობუსის საბარგულში აღმოჩნდა (ერთ-ერთს არევია და იმ კაცისას უთრევია. ყეყეჩოვსკი!) ხსენებულმა აჭარელმა, ხსენებულ „აჯაფსანდალს“ ყველა ნერვი გააწყვიტა რაც ჰქონდა - ჯერ საჭესთან დაუჯდა, მერე ასიგნლაებდა, მერე რადიო გადაურთ-გადმოურთო, არხები და მუსიკა დაუწუნა. მერე წინა საბარგულში ჩაუძვრა და ბოთლით წყალი, ბოლომდე გამოუცალა. კაროჩე, ტიპმა უყურა და ჩემი პატრიოტი დედაც, გერმანულს მივაწვებიო - ჩვენი აჭარელი კუთვნილი სკამიდან დააპანღურა! თან ქართული, ჯიგრული სარკაზმით დაადევნა, - შტურმანად დაგსვავ ჩემ გვერდით, გული არ გაიტეხოო! რამდენი ვიცინე,, მაგარი საყვარელი კაცი გაიჩითა „პოლანდა“.
აჭარელმა ენა არ გააჩერა. ათას რამეს ეკითხებოდა. გერმანული გენოციდთ დაწყებული, პოლონეთის მიწასთან გასწორებით დამთავრებული - ყველა შემზარავი ფაქტი და დეტალი გაიხსენა შორეული წარსულიდან. პოლანდას სახეზე შუქნიშანი უთამაშებდა. წითელზე უფრო დიდხანს ჩერდებოდა გაბოროტებული - დიდი ალბათობა იყო, მარჯვენის გაქნევის. რაღა დაგიმალო და მოუთმენლად ველოდი ამ ფინალურ სცენას - არ იქნა და არ მოხდა. პოლონელები მომთმენი ხალხი ყოფილა. გული დამწყდა.
როცა მესამედ ჩამოვარტყი თავი, საზურგეს მიმაგრებულ პატარა მაგიდას, დაკარგული რობიზონა დედის ორგანოების ფრიალით დაგვიბრუნდა. პოლანდამ შვებით აღაპყრო ხელები მაღლა, კოხტა ულვაშზე ხელი გაისვა და წავედითო - რაღაც საკაიფო სიტყვას ამბობენ აქაურები ამ დროს და ვერაფრით დავიმახსოვრე, პატარა წიგნაკი უნდა ვატარო რა!
ჩვენი მძღოლი მაგარი კაცი რომაა ეგ უკვე გითხარი. სიმპათიური რომაა, ეგ გამომრჩა. ასაკიანი, მაგრამ იმდენად მოწესრიგებული, გადატკეცილი სუფთა კანით, შესანიშნავი ვარცხნილობით და მიმზიდველი აღნაგობით - ასეთ ბაბუები, მარტო კორეულ ფილმებში მინახავს დირექტორების თანამდებობებზე - დინჯია, ცივი, ზრდილობიანი და გაწონასწორებული. იშვიათად იღიმის, მაგრამ ამ ღიმილს სითბო არ აკლია.
პოლანდა ნელა მიაგორებდა ორსართულიან ავტობუსს, თავისი სასაცილო სკამით. რბილი სავარძელია, უზარმაზარ ზამბარაზე ზის და ტრანსპორტის მცირედ ბიძგებზე ზემოთ-ქვემოთ რიტმულად მოძრაობს - გულაობს კაცი. რელაქსაცია და რამე. აჭარელი გვერდით უზის და დაბოღმილი უყურებს. იმასაც უნდა მოხტუნავე სკამი განსატვირთად. გვერდულად ვუყურებ პოლანდას და სიცილს ვერ ვიკავებ. რომელიღაცა მულტფილმის სასაცილო გმირს ჰგავს. თეთრი ზეფირია სუფთა.
პოლანდას მოწოდება გიდობა არაა. მძღოლია. ამიტომ, როცა ვეკითხები რაღაცებს, ან ძალიან მოკლედ მპასუხობს, ან თავს ისე იჭერს, თითქოს არაფერი გაუგია.
ვარშავას ვათვალიერებ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ - იცი, ცენტრალური ქუჩები რაღაცით თბილისს ჰგავს. გულში ორმაგი გრძნობა მილღვება - მენატრება ჩემი ქვეყანა და ახალიც მომწონს.
ვარშავა - გითხარი ხიდების დედაქალაქია-მეთქი? გზად უამრავი შემხვდა. სხვადსხვა ფორმის, ზომის, ფერის, განათების, დანიშნულების, პროექტის. თითოეული მათგანი ისეთი დასამახსოვრებელი, ლამაზი, უცხო და მიმზიდველია, სათითაოდ რომ აღვწერო მოგზაურის ჩანაწერები კი არა, მხატვრული პუბლიცისტიკა შემრჩება ხელთ - „ვარშავის ხიდები“.
ფერადი ფანტანები, სუფთა, ძალიან სუფთა, კრიალა ქუჩები, ლამაზი, კოხტა შენობები, უზარმაზარი ცათამბჯენები. ცენტრალული სტადიონი ხომ ცალკე სასწაულია. აი სპაგეტი მაკარონს რომ ქვაბში ჩაყრი, როგორ იფურჩქნება ჩხირები? ზუსტად ეგეთი ფორმა აქვს და ბრწყინავს. ლამაზია.
ლამპიონები გვირილის ფორმისანი არიან. ათამდე ნათურით გაფურჩქნულები და ბრდღვიალებენ. ყველა ლამპიონი ასეთია. ფერადი ქვებით მოკირწყლული, კიდევ უფრო ლამაზი ჩიხები. კოხტა, სამკუთხა, წითელსახურავებიანი სახლები. მოვლილი გაზონები, რომლებიც რკინის გისოსებით, ან ულამაზესი ქვის გალავნით აქვთ შემოსაზღვრული. ყველა სახლის ვერანდაზე პოლონეთის დროშა ფრიალებს. ლამაზ ბაღებში სხვადასხვა ჯიშის ყვავილები და მცენარეები ყვავიან. ზოგის სახელი ვიცი, ზოგის არა.
ნიშნები - ჯანდაბა, საგზაო ნიშნები უამრავია! თითქმის ყოველ ნაბიჯზე. მთელი ანკეტაა გაწერილი - როდის უნდა შეანელო, როდის უნდა მოუმატო სიჩქარეს, რომელ მოსახვევში შეიძლება გადმოგიხტეს ირემი, რომელ გაჩერებაზე უნდა ჩაისუნთქო უფრო ღრმად და რომელზე ამოისუნთქო უფრო თავისუფლად. ერთი ისეთი ტრაფარეტი არ შემხვედრია, რომელიც ფიქრებსაც გიკონტროლებს, თორემ დანარჩენი ყველა ვნახე. იმდენია, მარტო მაგათ თვალიერებაში მოიტეხ კისერს ადამიანი!
კარგი, ვაღიარებ შენს უპირატესობებს, ბატონო, - ჩაგიწერ კუთვნილ ქულას სიაში. ჩვენზე სუფთები და მოწესრიგებულები ხართ - ყველაფერში! 3-2. მაპატიე, სამშობლოვ, მაგრამ ობიექტური ვარ! პოლონეთში მხოლოდ იმით იცნობ ქართველ გამვლელს, რომ აუცილებლად ნაგავს დაყრის ძირს! თუმცა, შენ გული არ გაიტეხო, საქართველო, შენს ნებისმიერ წერტილში მშიერს მაინც არ დატოვებ შენს შვილს. გინდ ვაკეში იყო და გინდ სოფლად. ნებისმიერ ადგილას, სადღაც სამ მეტრში მაინც შეგხვდება მაღაზია, დიდი მარკეტი, პატარა „ბუტკა“ თუ „ბრაძიაგების ზავიძენია“, სადაც წყალს მაინც დაგალევინებენ, ან ყავას. იაფფასიან შოკოლადს მაინც იყიდი, ან პურს. აბა აქ?
გავწყდით მშივრები! მარკეტებს ნაადრევად კეტავენ. ობიექტები კილომეტრებითაა დაშორებული ერთანეთთან. გზადაც იშვიათად გხვდებოდა რაიმე ისეთი, სადაც გაჩერებას შეძლებდი. ყველა კარმიკეტილი დაგხვდა - ესეც თბილი „ველქამი“ პოლონეთისგან! დამპლები! ჩამოეთრევით საქართველოში და მოგინდებათ ცხელი ხაჭაპური და პილპილმოყრილი ხინკალი. გაფშეკილი მჭადის მეტი არაფერი უნდა გაღირსოთ კაცმა!
ბოლოს დამგელებულმა სასტავმა, მძღოლს რომ დაუწყო მშიერი თვალებით ცქერა, თუ რომელი ნაწილი მოეჭამათ, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეაჩერა, მარკეტი 15 წუთში იკეტებოდა და მივუსწარით. ეგეთი ბანძი მაღაზიის მნახველი არ ვარ. განა პროდუქტს, ან შენობას ვერჩი რამეს - მომსახურება აქვთ ისეთი, ორი ნაბიჯის უჟმურ კონსკულტანტს შეშურდება.
ამრეზილი გვიყურებდა უცხოელებს. თავაწეულმა ამაყად გამოგვიცხადა მარტო პოლონური ვიციო - რა გიხარია, შე ბნელო?! არ გაგიგია გამოთქმა - „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო“?! საკუთარ ენაზე პასუხის გაცემაც ეზარებოდა! ერთიც არა, შე ნახევარქალა!
შოკოლადები ვიყიდე და კიდევ რაც მომხვდა ხელში, ყველაფერი. აქ საჭმელს განსხვავებული გემო აქვს. შოკოლადსაც კი. ძალიან გემრიელია. აი, ძალიან! შიმშილი, უძილობა, გაჭირვება და მგზავრობა ხალხს ერთმანეთთან აახლოებს. მარკეტში შესვლისას, ადამიანები, რომელიც ჩემთვის უცხონი იყვნენ, ახლობლად ქცეულიყვნენ. მეგობრული გადაძახილები, სიცილი, ჰაერში გაცვლილი შოკოლადები და ჯიბეში აჩხაკუნებული ზლოტები. გამოსვლისას მაღაზიას შეეტყო, რომ თავს ქართველები დაესხნენ - ჩიფსებისა და „ლაიონებს“ (აქაურო ხრუხუნა „სნიკერსია“ ) დედა კიარა მწარმოებელი აღარ ჰყავდა.
კონსულტანტმა ისეთი უნდილი მზერით გამოგვაცილა, გეგონება თვითონ დაგვპატიჟა. არ უნდა მიუბრუნდე და ჩააკვეხო იმ თავის დანადგარში სოსისებს რომ აბზრიაელბს წინ და უკან?! ფუ, როგორ ვერ ვიტან უჟმურ ხალხს!
ასე და ამგვარად, როცა ცოტა აზრზე მოვედით და მძღოლის შეჭმის სურვილიც ნაწილობრივ გაგვიქრა, გზა გავაგრძელეთ. კვიზინში როგორ ჩამოვაღწიე არ მახსოვს. ხან მეძინა, ხან თიში მქონდა. თვალი რომ ავახილე, ავტობუსი ლამაზი, სამსართულიანი სასტუმროს წინ იდგა. მოვლილი, გალავნიანი ბაღითა და ჭრელკედლებიანი ტანით. დროებითი გაჩერების ადგილი ისე თბილად მიღიმოდა, მარტო შეხედვისას მომერია ძილი - ველქამ თუ „ჟელაზნა“ (ქუჩის სახელია)!
აი გამოუძინებელი რომ ხარ, თვალები და სხეული ერთიანად გეწვის, საუკუნეა გზაში ხარ და ლამის სამი დღეა არ გიძინია - ბაღში კოხტად დადგმულ მაგიდას, სარწეველა სკამებით, შთაგონებამდე რომ მიჰყავხარ, ხვდები რომ გიჟი ხელოვანი ხარ.
აბა, მანდ დააპაუზე ღიმილი - მთელი ექშენი აქ იწყება. სცენაზე ვუხმობ, იან ნოვაცკის, სასტუმროს მფლობელსა და ჩანაწერების მთავარ მოქმედ გმირს, წითელ შორტებსა და კუბოკრულ პერანგში. მაღალს, ქერას, ცისფერ თვალებას, გერმანელსა და რუსის ნაჯვარს - პოლონელს, რომელმაც რუსულიცა და ინგლისურიც იცის - და მადლობა ღმერთს, რომ საუბარი არ ეზარება!!!
იანმა კიბეები ჩამოირბინა და ხალხს გადახედა. სტუმრებს ელოდა, მაგრამ ამდენს? ხორბლისფერ სახეზე მწვანემ გადაჰკრა. თავი მალე მოთოკა და ხალხის დალაგებას შეუდგა. თავის მარჯვენა ხელს უხმო, შორტებში და მანქანის გასაღები გადაუგდო - ზოგი ჩემთან და ზოგი ახლომახლო ჰოსტელებშიო. წავიდა დამკის პრინციპით ხალხის გადანაწილება. ნერვი მიმდის და მომდის. ღმერთი არ გაგიწყრეს და არ ამასხას. დაღლილ-განადგურებულს კიდევ ლოდინი შემიძლია?
ბარგის ჩანთა ძირს დავაგდე, ზედვე ჩამოვჯექი და სიგარეტი ამოვიღე. ნიკოტინის გარეშე, ჩემმა მტერმა გიყურათ! ქაოსი, გადაძახილები - ვიღაც სადღაც ვერ ეტევა, ვიღაც ვიღაცას ოთახში შეუსახლეს. აქ ჰკიდიათ შენი ეთიკა - ევროპაა, დიდი ამბავი ტიტლიკანა მამაკაცს გვერდით თუ მიგიწვინეს. გადაბრუნდი და თვალები დახუჭე! არა, ეგ არ ქნა!
პროტესტი, წივილი, კივილი, ყვირილი, ქართული დედის გინება და პოლონური ბოდიშები. გაწამდა ჩვენი იანი. ქერა კაცი, ერთ ღამეში გათეთრდა. გავიდა ერთი საათი, სიგარეტის კოლოფში ღერები შემითხელდა, - ხვდები ხომ, რა ხასიათზე ვარ? ყველა სადღაც გაალაგა. აი, ყველა! მე ვზივარ მარტო ვარდივით ჩემოდანზე და ღერს-ღერზე ვეწევი, რომ წერო კაცს რამე არ მოვწიო.
როგორც იქნა, ჩემამდეც მოაღწია. ერთი შემათვალიერა და სანამ პირს გააღებდა, იქამდე დავასწარი ინგლისურად მელაპარაკე, მარტივად ავეწყობით-თქო. შვებით ამოიოხრა. (ინგლისური იცის, რუსულიდან ხუთი სიტყვა ესმის და ქართულის აზრზე ხომ საერთოდ არაა) თავით მანიშნა თავისი მანქანისკენ რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ლამაზ სახლში ადგილი არ იყო და სხვა სახლში მომიწევდა გაჩერება. ცოტა გულდასაწყვეტია, მაგრამ სულერთი იყო. მხოლოდ ერთი მინდოდა - ნანატრი ძილი და დასვენება!!!
მეორე სასტუმროში მისულებს სრული ბარდაგი გხვდება. (იანს, სასტუმროების ქსელი აქვს, პოლონეთში ჩამოსულ ტურისტებს თავისთან იტოვებს. „მოწყალეა“) ჯერ მარტო მისაღებში, ათი კაცია. სავარძლებში სხედან და იბღვირებიან. ვიღაც ღიპიანი უკრაინელი მოურიდებლად დატანტალებს აივნიდან-სამზარეულოში და პირიქით. ჩვენ აშკარად ვკიდივართ. წარბები მაღლა მიმდის და ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო. ანუ დღეს ღამე რა ხდება ჩემს თავს? მართლა ვინმე უნდა ჩამიგოროს ლოგინში? ისტერიკას ცოტა მიკლია.
იანი ყველა სიკეთესთან ერთად თარჯიმნობას მთხოვს. საერთაშორისო მომლაპარაკებელი და ელჩიც გამომიყვანეს ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას, სადაც მეზობელი მეზობელს საწოლს კიარა ზეწარს ედავება - ფუ, შენი! დავითარსე, ჩამოსვლის წამიდან!
იანს თხოვნას მაინც ვუსრულებ და აღრენილ სასტავს ბოდიშს ვუხდი გაუთვალისწინებელი პრობლემისთვის. ვაიმედებ, რომ ხვალ ყველას თავისი კომფორტული ოთახი ექნება და ეს პრობლემებიც მოგვარდება (ვიცი, რო? რა ვიცი!). მე ეჭვისთვალით არ მიყურებენ, უფრო პირიქით. ქართველი ქართველს უცხო მხარეში არ გაწირავს - მე ასე მგონია. ასე უნდა იყოს!
სიტყვით გამოსვლას ვასრულებ და აღრენილი იანს ვუბრუნდები. ხმადაბლა, მხოლოდ მის გასაგონად ვცრი კბილებში, რომ ხალხი ნორმალურად გაანაწილოს. რომ ჩვენ ქართველები ვართ და დედა-შვილი, უცხო ტიტლიკანა ცოლ-ქმრის გვერდით, ვერ დაიძინებს. თავს მიქნევს და ოხრავს - რა ჯანდაბა ქნას? ადგილები არ აქვს და მოკალი!
დალაგება-დანაწილებაში დრო იწელება. მაჯის საათი გამთენიის ოთხს მიჩვენებს და დაღლილობისგან ფეხზე ძლივს ვდგავარ. მოთმინება მეწურება და იანს უკვე ვეჩხუბები, რომ ოთახი მინდა, განმარტოებით და საწოლი, სასწრაფოდ! სანამ ისტერიკა მომიწყვია! სულ ფეხებზე დანარჩენზე რას იზამს!
მიყურებს და ხედავს, რომ ვბრაზდები. ძალიან თან! საუბარს აღარ მიგრძელებს. ხვდება რომ ამ სასტუმროში არ გავუჩერდები. ჩემს ბარგს ხელს ჰკიდებს და ისევ იქ მივყავარ, საიდანაც წამომიყვანა. ვიღაც მდგმურს ოთახში უვარდება და იქიდან აგდებს (კონფლიქტი მოსვლიათ წინა დღეს. კაცს ისედაც უნდა დაეტოვებინა მისი ადგილი და იანმა გამთენიის ოთხ საათზე სიურპირიზი გაუკეთა)
პოლონურ ომებზე რა გაქვთ წაკითხული არ ვიცი, მაგრამ იქ ამბები ატყდა? ისტორიის გადმოცემის ხარისხს გადააჭარბა. გაწევ-გამოწევის, გინება კურთხევისა და ნივთების სროლის შემდეგ, იანმა კუთვნილი ტერიტორია მაინც დაიბრუნა - ოთახი საკუთარი ხელით მომიწესრიგა. ვუყურებდი როგორ აფარებდა საწოლს ზეწარს და ვცდილობდი არ გამცინებოდა.
ბოლოს, საქმიანობას რომ მორჩა ბაღში გამომაკითხა. სკამზე ვიჯექი და ზეზეულა მეძინებოდა. ისე იყო ნანერვიულები საუბარი უჭირდა. ბოდიშებს მიხდიდა შექმნილი უხერხულობისთვის, დამპირდა ყველა პრობელმას მოვაგვარებ. არ ინერვიულო, დაიძინე და დაისვენე, არ იდარდო ჩემს ჭერ ქვეშ შენ ზედმეტად ვერავინ შეგეხებაო („ჩემი“ ოთახის აღებას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია, მდგმურმა ხელით გაიწია იანისკენ და ერთხელ მოუქნია კიდეც მარჯვენა. ჩემი თვალით რომ არ დამენახა ვერ დავიჯერებდი, პოლონელმა ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვით მოთოკა თავი, გადამეფარა და ძალიან მშვიდი ტონით უთხრა - გააჯვი ჩემი სახლიდან, ახლავეო! მე ხომ შარიანი ვარ?! კარგს არაფერს გადაეყარო, ბელ. ხათაბალა ქალი! ყველაზე უცნაური რა იყო? პოლონელმა ქართველისგან დამიცვა...)
იანის ბოდიშებმა თავი უხერხულად მაგრძნობინეს. ბოლოს და ბოლოს ჩემს გამო მოხვდა... წასვლამდე ვაიფაის პაროლთან ერთად, ნომერიც დამიტოვა - თუ რამე დაგჭირდება დამირეკეო. ხვალ საღამოს მოგაკითხავ და პირობებზე შევთანხმდეთო. გამთენიის 6 საათზე სამსახური ეწყებოდა და ორზე ამთავრებდა. საქმე გდანსკში ჰქონდა და კვიზინამდე სანამ ჩამოაღწევდა საღამო იქნებოდა. გვიან მოვალო დაიბარა. კარგი-მეთქი, რაღას ვეტყოდი. გამიღიმა და წავიდა.
საწოლს გავხედე და ამოვიოხრე. ესეც შენი პირველი გიჟური დღე, ბელ, ვნახოთ ხვალინდელი რას გიმზადებს. საწოლზე მივეგდე და გაშტერებული ჭერს მივაშტერდი. ყველა სახის მოწყობილობა, რაც კი გამაჩნდა, „შტეფსელს“ იყო მიერთებული და არსებობას იბრუნებდა. ტელეფონი ორ პროცენტზე იყო და ჩემსავით გადამწვარი მიჩვენებდა, რომ სადღაც ხუთი საათი ხდებოდა. თვალის მოხუჭვა და თიში ერთი იყო...

პ.ს. "ჩიხს" და "პაზლებს" ვინც ელოდებით არ დამცხოთ. დღიურების პარალელურად მათზეც ვმუშაობ ასე რომ მანამდე არ მოგაწყენთ ;დდდდ <3 <3 მიყვარხართ და მომენატრეთ, მეგობრებო ^_^ <3 <3 <3



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

მაინც შემეცოდა ის კაცი, შუა ღამეს რომ გააგდო.
მაგრამ იმაზე კი გამეცინა, სად მიყავდი არ იცოდა ვითომ, იქ სიტუაცია? ნომრის დატოვება კარგი ამბავია, მაინც იმედია.

 


№2  offline მოდერი belle...

მე♥უცნაურე
მაინც შემეცოდა ის კაცი, შუა ღამეს რომ გააგდო.
მაგრამ იმაზე კი გამეცინა, სად მიყავდი არ იცოდა ვითომ, იქ სიტუაცია? ნომრის დატოვება კარგი ამბავია, მაინც იმედია.


როგორ არ იცოდა, მაგრამ ადგილი არ ჰქონდა და რა ექნა. კატეგორიულ უარზე გადაწყვეტილება შეცვალა და ისე მოხდა როგორც დავწერე. რაც შეეხება ხსენებულ მამრს... დასკვნების გამოტანა არ იჩქარო, ნელ-ნელა გაგარკვევ აქ რა ხდება და როგორ...

 


№3  offline წევრი ნანა73

ამ გამთენიას რა არ მაძინებს ნეტავ! თუმცა ვიცი რაც laughing
ხოდა რომ ვერ მოვისვენე აქ შემოვედი და რას ვხედავ ? საყვარელ ბელს დღიურების გამოქვეყნება გადაუწყვეტია! kissing_closed_eyes
სულ მინდოდა მეკითხა - ამ გაგანია ქოვიდის მძვინვარებაში, რა დროს ემიგრანტობა იყო? ( მე მშიშარა ვარ ) blush
ბელ ძალიან გამეხარდა აქ რომ დაიწყე გამოქვეყნება ჩანაწერების.
ჯერ იმიტომ რომ ვიცი , საინტერესო იქნება, მერე შენი მოყოლილი, ასე უშუალოდ და იუმორში გაჯერებული საკმაოდ სახალისოც.
ვფიქრობ მეც ამ გარიჟრაჟზე გადავწყვიტე პოლონეთში გადაფრენა შენთან ერთად.
შემოგისახლდი საყვარელო kissing_closed_eyes

❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

სასწაული ხარ,შენ ვინ რას გეტყვის,გელოდები აბა რაა.?თანც პრეტენზიების გარეშე,ღირს შენი ლოდინი,

 


№5 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

გითხარი უკვე რო ვგიჟდები შენს ნამუშევრებზეე?? და შენზეც?? ბელს ეს მართლა გადაგხდაა ?? ვაიმე შევიშლები ეხლა ასე მგონიაა შენთან ერთად ვმოგზაურობ და ყველა დეტალს შენთან ერთად გავდივარ სუპერ გოგო ხარ შენ ♡ ♡

 


№6 სტუმარი სტუმარი Khatuna

მადლობა კარგი ხასიათისთვის და სიცილისთვის. ძალიან კარგი ისტორიაა. მიუხედავად იმისა ემიგრანტი ვარ და ეს ყველაფერი ჩემთვის ნაცნობია, ოღონდ მუქ ფერებში, უამრავი დადებითი ემოცია გამოიწვია. ველოდები გაგრძელებას. ..

 


№7  offline წევრი პოპო

აიმეეეჰ...სასწაული იყო ნაღდად)))
ასე ჯანსაღი იუმორით გაჯერებული ნამუშევრები, ბევრი კი არ არის.
საკმაოდ მომეწონა...ყოჩაღ ბელ,სუპერი ხარ
წარმატებებიი ♡♡♡

 


№8  offline მოდერი belle...

ნანა73
ამ გამთენიას რა არ მაძინებს ნეტავ! თუმცა ვიცი რაც laughing
ხოდა რომ ვერ მოვისვენე აქ შემოვედი და რას ვხედავ ? საყვარელ ბელს დღიურების გამოქვეყნება გადაუწყვეტია! kissing_closed_eyes
სულ მინდოდა მეკითხა - ამ გაგანია ქოვიდის მძვინვარებაში, რა დროს ემიგრანტობა იყო? ( მე მშიშარა ვარ ) blush
ბელ ძალიან გამეხარდა აქ რომ დაიწყე გამოქვეყნება ჩანაწერების.
ჯერ იმიტომ რომ ვიცი , საინტერესო იქნება, მერე შენი მოყოლილი, ასე უშუალოდ და იუმორში გაჯერებული საკმაოდ სახალისოც.
ვფიქრობ მეც ამ გარიჟრაჟზე გადავწყვიტე პოლონეთში გადაფრენა შენთან ერთად.
შემოგისახლდი საყვარელო kissing_closed_eyes

❤️❤️❤️


მე კიდევ ძალიან მომენატრეთ და უკან დავბრუნდი არა ისტორიით არამედ პირადი დღიურით ;დდდ <3 <3 <3 მიყვარხარ ნან და მიხარია შენი გამოჩენა <3 <3 <3 ბევრს გამოგზაურებ პოლონეთში <3 <3

სტუმარი nancho
სასწაული ხარ,შენ ვინ რას გეტყვის,გელოდები აბა რაა.?თანც პრეტენზიების გარეშე,ღირს შენი ლოდინი,


შემოგევლე შენ <3 <3 უღრმესი მადლობა <3 <3 ვერ წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის გმადლობ საყვარელო ^_^ <3 <3 <3 <3

მარიამ ენჯიბაძე
გითხარი უკვე რო ვგიჟდები შენს ნამუშევრებზეე?? და შენზეც?? ბელს ეს მართლა გადაგხდაა ?? ვაიმე შევიშლები ეხლა ასე მგონიაა შენთან ერთად ვმოგზაურობ და ყველა დეტალს შენთან ერთად გავდივარ სუპერ გოგო ხარ შენ ♡ ♡


მარიამ ჩემო პატარა ^_^ <3 <3 კი საყვარელო ყველაფერი ეს რასაც ვწერ სიმართლეა. თავად გამოვიარე და გავდივარ ამ პერიოდს ახლაც კი ასე რომ ჯერ კიდევ პოლონეთში მოღვაწე ათას შარში უკვე გაბმული არ მოგაწყენთ ;დდდდ <3 <3 მიყვარხარ და მიხარიხარ <3 <3

სტუმარი Khatuna
მადლობა კარგი ხასიათისთვის და სიცილისთვის. ძალიან კარგი ისტორიაა. მიუხედავად იმისა ემიგრანტი ვარ და ეს ყველაფერი ჩემთვის ნაცნობია, ოღონდ მუქ ფერებში, უამრავი დადებითი ემოცია გამოიწვია. ველოდები გაგრძელებას. ..


ხათუნა, არც აქ აკლია ფერებს სიმუქე მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს შენ როგორ ხედავ ყველაფერს <3 <3 თანაგიგრძნობ, მეც ხომ ემიგრანტი ვარ ვიცი ეს ყვეალფერი რას ნიშნავს, დავწერ, ყველაფერს მოგიყვებით წვრილად <3 მიხარია რომ აქ ხარ <3 <3 იქნებ ცოტათი მაინც შევაპაროთ შენს სიმუქეს ჭყეტელა ფერები <3 <3 ^_^

პოპო
აიმეეეჰ...სასწაული იყო ნაღდად)))
ასე ჯანსაღი იუმორით გაჯერებული ნამუშევრები, ბევრი კი არ არის.
საკმაოდ მომეწონა...ყოჩაღ ბელ,სუპერი ხარ
წარმატებებიი ♡♡♡

ძალიან დიდი მადლობა შენ ^_^ <3 <3 <3

 


№9  offline წევრი beshqen

დანარჩენი სადააააა???????????????????მიაბი ბარემ რაა,გამზვრა სული ლოდინში...ოქროს გოგო რომ ხარ იცი?არა ბრილიანტის!!!!!!!!!!!!!! heart_eyes heart_eyes

 


№10  offline მოდერი belle...

beshqen
დანარჩენი სადააააა???????????????????მიაბი ბარემ რაა,გამზვრა სული ლოდინში...ოქროს გოგო რომ ხარ იცი?არა ბრილიანტის!!!!!!!!!!!!!! heart_eyes heart_eyes


ნელ-ნელა ავტვირთავ ხოლმე ბექა ;დდდ ^_^ <3 <3 <3 აქაური ამბებისდა შესაბამისად. <3 <3 <3 გმადლობ თბილი და ტკბილი სიტყვებისთვის ^_^ <3 <3 <3

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია იუმორისტული ანხიარულებ ადამიანს,ველოდები ჩიხს და პაზლებს მადლობა წარმატებები ???????????? ჩემო.კარგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent