შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარაფებზე მოსიარულე (11)


11-10-2020, 07:40
ნანახია 1 199

***
-ვივიენ, არც კი ვიცი სათქმელი საიდან დავიწყო,- მხრებაწურული იდგა სარა და მისტერ სკოტთან მომხდარი ამბის მოსაყოლად ემზადებოდა.
-რა ჩაიდინე? - ათასგვარ საკითხს ერთად შეჭიდებულმა ვივიენმა კომპიუტერის ეკრანს თვალი მოაშორა და გადაღლილი თვალები მოისრისა.
-ჯერ დავიწყებ იმით, რომ არ ვიცოდი მარგალიტას ავადმყოფობის შესახებ და იმედი მაქვს, მალე კარგად გახდება. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
-მადლობა.
-ახლა გავაგრძელებ იმით, რომ გუშინ ცოტა გავთამამდი, ისე დავადე თავი და წავედი საჯინიბოსკენ, შენთვის არც მითქვამს. აი, სად დავუშვი შეცდომა. ძალიან ვნანობ.
-მოდი, შორიდან ნუღარ მივლი და პირდაპირ მითხარი, რა მოხდა?
-ვიღაცის ცხენი მარგალიტაში ამერია, სადგომიდან გამოვიყვანე, მისი ნივთებით შევკაზმე და სეირნობას შევუდექი.
-მერე?
-უეცრად პატრონი გამოჩნდა და ყვირილი დამიწყო, ახლავე ჩამოდი ჩემი ცხენიდანო. ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში ჩავვარდებოდი? ვიღაც ქურდი გამომიყვანა. თავიდან წყნარად ავუხსენი, ეს შენი ცხენი კი არა, ვივიენ კარტერის არის და თუ რამე პრეტენზია გაქვს, საჯინიბოს ზედამხედველობას მიაკითხე-თქო. აღარ მომეშვა და ცხენიდან ჩავხტი, რომ სიმართლე დამემტკიცებინა. ჯერ ფეხი ლამის მოვიტეხე და სული გავიმწარე, მერე ზედამხედველებმა მთლად სახარბიელო დღეში ჩამაგდეს - მითხრეს, მარგალიტა ავად არის და ბაგაში არ იმყოფებაო. თურმე ნუ იტყვი და მარგალიტა კი არა, ის ცხენი ვაჟბატონი ფრანკლინი ყოფილა. ავდექი და შექმნილი გაურკვევლობისთვის ბოდიში მოვიხადე. ტუტუცი რომ იქნები ადამიანი. ვყოფილიყავი სახლში. მოვინდომე ცხენზე ჯირითი და იპოთერაპია.
-ვინ იყო ის მამაკაცი?
-ვიღაც მისტერ სკოტი. სახელიც არ ვიცი, კუდამოძუებული გამოვრბოდი იქიდან.
-მაღალი და შავგვრემანი მამაკაცი ხომ არ იყო?
-დიახ, სუფთად გაპარსული სახით. არ მითხრა, რომ იცნობ.
-ჩემი მეგობარია, ოლივერი ჰქვია.
-ის უხეში?
-სულაც არ არის უხეში, ძალიანაც კარგი ტიპია.
-რა ყველა მამაკაცს ჩემთან მოუნდება საზიზღარი ხასიათის გამოვლენა ხოლმე? დამინახავენ თუ არა, ურჩხულები ხდებიან. დავაშავე რამე?
-კაცს ცხენს ართმევდი და აბა, რას ელოდებოდი, ფეხის გულებს დაგიკოცნიდა?
-მე ხომ არ ვიცოდი?
-არც იმან იცოდა, რომ ცხენები აგერია და სხვა რა უნდა ეფიქრა?
სარა დაიბნა, აღარ იცოდა რა ეთქვა:
-ყოველთვის იცი, ჩიხში როგორ მომიმწყვდიო. მერე ვითრგუნები.
-არც შენ ხარ ნაკლები, თუ გაჯიუტდი, შენთან შედარებით, თხა მოგონებაა.
ორივეს ერთდროულად გაეცინა.
-ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. იცი, როგორ შემრცხვა?
-ნუღარ ინერვიულებ. როცა შევხვდები, დაველაპარაკები და ავუხსნი, რომ განზრახ არ გაგიკეთებია.
-ეგ მგონი ისედაც დაიჯერა.
-ჰოდა, ძალიან კარგი. მაშინ სანერვიულოც არაფერია. დაწყნარდი და გამოფენისთვის მოემზადე.
-უჰ!..- ერთ ამოსუნთქვას ერთბაშად ამოაყოლა მთელი გასაჭირი და გულდამძიმებულმა თავი დაბლა დახარა.


***
ახალი გარემო დღითიდღე უზრდიდა მისაღებ ულუფებს და ტკბილმწარე სინამდვილეს სხვადასხვა ფორმებით აჩვენებდა სარას. სინათლე ახალფეხადგმული ბავშვივით ნელა მიიწევდა მისკენ და ჯერ არ მიახლოვებოდა.
სად არის მოსვენება და მშვიდი ცხოვრება?
იქნებ ნებისმიერი ადამიანი ყველა გარემოში ტკივილისთვის და მარტოობისთვის არის განწირული?
იქნებ ხანგრძლივად შედუღაბებული ტკივილი და მარტოობა ყველას ხვედრი არ არის?
იქნებ სასიამოვნო გრძნობების მაღაზიაში შესვლა და განსაკუთრებულად სასურველის - სიყვარულისა და ბედნიერების ყიდვა ყველას ძვირი უჯდება?
არ ასვენებდნენ კითხვები სარას.


***
„Art Space beneath Bridge” გალერეაში თორმეტი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. ფერწერა, გრაფიკა და კოლაჟი - ეს იყო ის ძირითადი დარგები, რომლებშიც ხელოვანები ლავირებდნენ.
დამთვალიერებლებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა მისულიყვნენ, ნიჭიერი მხატვრების შემოქმედებას გასცნობოდნენ და წარმოდგენა შეექმნათ ეპოქალური ბრუნვის მიერ მოტანილი სიახლეების შესახებ.
სარა ანას გვერდიდან არ შორდებოდა. წარამარა ეკითხებოდა, რამდენად თავდაჯერებულად ეჭირა თავი და შინაგან მღელვარებას მთელი ძალებით უტევდა. რამდენჯერაც მის ნახატებთან ჩამოდგებოდნენ, იმდენჯერ გული შეუფართხალდებოდა და ცეცხლის ალი ეკიდებოდა.
-საინტერესოა, რას ფიქრობენ? როგორ ესმით ჩემი მოხატული ფიგურების? ვინ იცის, იქნებ სხვა არსით ჩაწვდნენ? - ჩუმად იდგა და საკუთარ თავს უხმოდ ელაპარაკებოდა ფიქრებს შეყვარებული სარა.
მოულოდნელად ვივიენი და მისტერ სკოტი გამოჩნდნენ. როგორც კი სარამ მისთვის ნაცნობი მამაკაცი დაინახა, გაოგნება ვერ დამალა. უმალ მკლავი მიჰკრა ანას, რომ ეთქვა, ეს ის პიროვნებაა, რომელთანაც საჯინიბოში ჩხუბი მომივიდაო, მაგრამ სიტყვის წარმოთქმაც ვერ მოასწრო, ისე აღმოჩნდნენ მისული სტუმრები მათთან ახლოს. ანა ორივე სტუმარს მიესალმა და გაეცალა.
-გილოცავ. იღბლიანი ყოფილიყოს შენი პირველი გამოფენა და ამის შემდეგ კიდევ მრავალში მიგეღოს მონაწილეობა,-გაუღიმა ვივიენმა.
-მადლობა. დიდი პატივია შენი აქ გამოჩენა ჩემთვის,- მიუგო სარამ და მის გვერდით მდგომი მამაკაცისკენ გააპარა თვალი.
-როგორც ვიცი, ერთმანეთს უკვე იცნობთ, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, ეს ჩემი მეგობარი ოლივერია. ოლივერ, ეს კი სარაა, ჩემი ნიჭიერი ვიზაჟისტი და ამავდროულად მხატვარი.
-პირველ გამოფენას გილოცავთ,- ხელი ჩამოართვა ოლივერმა.
-სად ვნახოთ შენი ნამუშევრები?- აქეთ-იქით იყურებოდა ვივიენი.
-აქეთ მობრძანდით,- თავის ნახატებთან მიიპატიჟა სარამ.
ვივიენმა სამივე ნამუშევარი დაათვალიერა, იქვე აღნიშნა, შთამბეჭდავი და არავის მსგავსი ნიშა გაქვსო და დანარჩენი ხელოვანების ნახატების სანახავად სხვა მხარეს გადაინაცვლა. მისტერ სკოტი იგივე ადგილას დარჩა და სერიოზული სახით მიაშტერდა „დაბადებას“, რომლის მონახაზიც სწორედ მაშინ შეიქმნა სარას გონებაში, როდესაც თემის დატოვება გადაწყვიტა.
-ეს ოვალური სივრცე კვერცხს წააგავს, ახალ სიცოცხლეს. შიგნით მოთავსებული ადამიანი კი ახალი ცხოვრებისთვის მზადებას იწყებს. დაქსაქსული სისხლძარღვები ახალი სისხლის გადასხმას ჰგავს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ნახატი ასე აღვიქვი,- სიტყვა დაასრულა და სარას გახედა ოლივერმა.
ქალს გააჟრჟოლა. საშინელი შეგრძნება იყო, როდესაც სულის სამოსი შემოძარცვეს. სიამოვნებით მიატოვებდა გალერეას და იქიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა, მაგრამ სად უნდა ეთქვა, რომ ჩემი ნამუშევრების წინ მდგომი ხალხის მრცხვენიაო?
-ეს მაშინ დავხატე, როდესაც ჰასიდები დავტოვე,- როგორც იქნა, განმარტება გააკეთა და ერთ წინადადებაში მოაქცია ნახატის შექმნის მოტივი.
-ჰასიდი იყავი?- მამაკაცმა თავიდან ბოლომდე შეათვალიერა.
სარას ჰასიდი ქალისგან განსხვავებით თავისუფლად ეცვა და ოდნავ შეიშმუშნა. არ ესიამოვნა ოლივერისგან ზედმეტი ყურადღება.
მამაკაცმა შენიშნა, რომ ქალი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და მზერა კვლავ ნახატისკენ გადაიტანა:
-ამის შეძენა შეიძლება?
-არა,- მაშინვე მიუგო სარამ.
-რატომ? მყიდველებს არჩევ?
-არა, ეგ არაფერ შუაშია. ამ სამიდან არცერთი მეთმობა. სულ ეს არის.
-გასაგებია,- ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ახლა „მაგედარზე“ შეაჩერა მზერა.
სარას შინაგანი დაჭიმულობა გაეზარდა.
-ნეტა რა უნდა ამ კაცს? რას გადამეკიდა? ჩემი ნამუშევრების გარდა, სხვისას ვერ ამჩნევს? -გულში ფიქრობდა და თითზე მორგებულ ბეჭედს აწვალებდა.
მისტერ სკოტმა ნახატების თვალიერება დაასრულა და ქალს მიუბრუნდა:
-უნდა ვაღიარო, ხატვა ცხენით ჯირითზე უკეთ გამოგდით.
-არც ვამბობ, რომ ცხენის მართვა იდეალურად გამომდის. ჯერ სწავლის პროცესში ვარ.- სარას გულზე მოხვდა მისი სიტყვები.
-ხომ არ გეწყინათ?
-არა.- აშკარად იცრუა.
-ტერფი როგორ გაქვთ?
-აღარც მახსოვს, რომელი ფეხი დავიშავე,- ტყუილს ტყუილი დაამატა.
-ძალიან კარგი. ვივიენს მოვუყევი მომხდარის შესახებ და მითხრა, თავადაც შენსავით წუხსო. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ჩვენი შეხვედრა შენი ტირილით დასრულებულიყო.
-თქვენზე არ გავბრაზებულვარ.
-მაშინ რა მოხდა?
-რა გითხრათ? ალბათ, საკუთარ თავზე გავბრაზდი. არ მიყვარს უხერხული სიტუაციები, როდესაც საბოდიშოდ მიხდება საქმე.
-კარგად მესმის შენი.
-ოლივერ, სარა, აბა, ჩემს ახალ შენაძენს შეხედეთ. როგორ მოგწონთ?- საუბარი შეაწყვეტინა ვივიენმა.
სარამ და ოლივერმა ნახატი მოუწონეს და ურჩიეს, საძინებელ ოთახში დაეკიდა, რადგან მისი აბსტრაქტულობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად საწოლის თავს დაამშვენებდა.
-იცი? დღევანდელი საღამო აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. მე, შენ და შენი მეგობარი, ანა. რას იტყვი?- რაწამს ვივიენმა ოლივერი გვერდზე გასული დაიგულა, მაშინვე სარას მაცდუნებელი წინადადება შესთავაზა.
-ანაც?
-ჰო, რატომ გაგიკვირდა? არ იმსახურებს, თუ? ნუ გავიწყდება, რომ მთელი შენი დღიური გადაკითხული მაქვს და ვიცი, ანას დამსახურებაა, აქ რომ დგახარ, თავს იწონებ და ამდენ მნახველს შენს ნახატებთან მასპინძლობ.
-მართალი ხარ.
-ჰო, მგონი, ამ ყმაწვილთანაც შეგარიგე.
-ეგეც უნდა აღვნიშნოთ?- სასაცილოდ ნათქვამი გამოუვიდა სარას.
-თუ გინდა, რა პრობლემაა? აღვნიშნოთ,- თვალი ჩაუკრა ვივიენმა.
-არა, არ მინდა,- გაეცინა სარას,- შენ ის მითხარი, სად მივდივართ?
-ერთი გემოვნებიანი და დახვეწილი ადგილი ვიცი. ცოცხალი მუსიკა, გართობა და ცოტა ალკოჰოლი ისე მოგადუნებს, ემოციურ გადაღლილობას ჯანდაბაში გაუშვებს სამოგზაუროდ.
-თუ ასეა, თანახმა ვარ.
-გალერეა სანამ დაიკეტება, ნახევარი საათით ადრე მომწერე და აქ გავჩნდები,- ბოლო სიტყვები მიაძახა და ოლივერთან ერთად იქაურობა დატოვა.


***
გამოფენის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. სარა გალერეადან ანასთან ერთად გამოვიდა და შვებით ამოისუნთქა:
-არც ისეთი რთული ყოფილა გამოფენაში მონაწილეობა. მე კი ვფიქრობდი, საღამომდე სულს ვერ მივატანდი.
-კარგი რა, სხვა მხატვრებიც რომ ასე ნერვიულობდნენ, ნახევარს გალეერეებში უნდა დაელიათ სული.
-არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და მეგობრობისთვის.
-გააგრძელე ხატვა. მე მეტი არაფერი მინდა შენგან. საკუთარ სურვილებზე უარი არ თქვა.
-ჩემი დიასახლისი ისეთი ქოფაკია, ბინის შეცვლა მომიწევს.
-რატომ?
-საღებავების სუნი არ მოსწონს, აიჩემა, ჯანმრთელობას ვნებსო და ხატვას მიკრძალავს.
-ჯაჯღანა მოხუცი!- ცხვირი ასწია ანამ,- შენ მაგაზე არ იდარდო, ისედაც დრო იყო, რომ მაგ ბინიდან წამოსულიყავი და შენთვის ცალკე გექირავა რაღაც, თუნდაც სტუდიოს მსგავსი საცხოვრებელი.
-ჰო, მაგრამ ადვოკატის ფულს ვაგროვებ. ხომ იცი, როგორი ძვირია? ამიტომ ვიკავებ თავს, თორემ ნამდვილად აღარ ღირს იქ გაჩერება.
-ნერვებს ხომ არ შეაჭმეინებ? ადრე კონდიციონერის ჩართვას გიკრძალავდა, დენის ფული მეტი მოდისო, ახლა ეს. მიზეზები არ ელევა.
-რამენაირად ცოტაც უნდა გავუძლო. სამაგიეროდ, ოთახის ქირაობა ბევრად იაფია, ვიდრე ბინის.
-ეგ ჰო,- ღრმად ამოისუნთქა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა და მოციმციმე ციური სხეულებით მოხიბლულმა მზერა რამდენიმე წამით მათკენ შეაჩერა.
ამასობაში ვივიენის მანქანაც გამოჩნდა და მეგობრებს ხელი დაუქნია. სარამ ანიშნა, დაგინახეთო და შუქნიშანის წითლად ანთებისთანავე, ანასთან ერთად ქუჩა გადაკვეთა.
-დიდხანს ხომ არ გალოდინეთ? - შეწუხებული სახით იკითხა გვიან მისულმა და საცობებზე დაიწყო წუწუნი.
სარამ და ანამ დაამშვიდეს, რომ შენობიდან ახალი გამოსულები იყვნენ და ასაღელვებელი არაფერი იყო.
ვიდრე Greenwich Village-ში მაკდაგელის ქუჩაზე მდებარე პატარა მუსიკალურ კლუბს „Café Wha”-ს მიუახლოვდებოდნენ, გზაში ანამ და ვივიენმა ბევრი საერთო ინტერესის თემა გამოძებნეს და შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს. სხვადასხვაფრად აბრჭყვიალებულ კლუბს რომ მიადგნენ, იქიდან გამომავალი შესანიშნავი მუსიკის ხმა გაიგონეს. შესვლისთანავე გემრიელი მენიუდან ვახშამი შეუკვეთეს და საღამო კოქტეილების წრუპვით გახსნეს.
ცოტა ხანში მუსიკა შეწყდა და მუსიკოსები დროებით კომიკოსის გამოსვლამ ჩაანაცვლა. ლაღი საზოგადოება იუმორისტული ჩართვით კიდევ უფრო გამხიარულდა. იყო ხორხოცი და ცრემლებამდე მისული ხარხარი.
-იცი ეს კლუბი რატომ მიყვარს? თითოეული აქ გამომსვლელი იმდენად ნიჭიერია, ხვალ-ზეგ შესაძლოა უფრო დიდ სცენაზე ვიხილოთ. უამრავმა ცნობილმა პიროვნებამ დაიწყო სწორედ ამ კლუბიდან კარიერა. მაგალითად, ბობ დილანმა, ჯიმი ჰენდრიქსმა, ვუდი ალენმა, ლენი ბრიუსმა, ბილ ქოსბიმ და უამრავმა მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წამიყვანს,- წამოიწყო ვივიენმა.
-უყურე შენ, რა ვარსკვლავთცვენაა,- გაიკვირვა ანამ.
-აი, ესენიც შესაძლოა, მომავალი ვარსკვლავები იყვნენ,- სცენის გვერდით მყოფ როკ-მუსიკოსებს გახედა და ჩაეცინა,- სასწაულ მუსიკას ქმნიან.
სარა კომიკოსის სიტყვას გაჰყვა და სხვებთან ერთად კისკისებდა. ისე გულიანად გამოსდიოდა, გვერდითმსხდომებსაც გადაედოთ და სამივე ერთად იცინოდა.
მხიარული საღამო კვლავ მუსიკამ ჩაანაცვლა. მუსიკას ალკოჰოლი მოჰყვა, ალკოჰოლს -ცეკვა, ცეკვას ისევ ალკოჰოლი და მხიარულება. შესანიშნავმა წრებრუნვამ სამივე მათგანი გვარიანად დაქანცა, დაათრო და ბოლოს ერთადერთი, ვისაც მათ შორის ჭკუა მოეკითხებოდა, სარა იყო.
ღამის პირველი საათი დაწყებულიყო, როდესაც სამივე მათგანი ფეხის არევით გამოვიდნენ კლუბიდან. ანამ დაიჟინა, ჰაერზე გავლა მჭირდება, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავსო. ვივიენმა საჭესთან დაჯდომა ვერ გარისკა, არც ტაქსი გამოიძახა და ანასავით სეირნობა მოინდომა.
-ვივიენ, არც თუ ისე კარგად გამოიყურები. მთელი ქალაქი გცნობს და უმჯობესია, ქუჩაში სიარულს მოერიდო, ტაქსი გამოვიძახოთ,-არწმუნებდა სარა.
-მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც თავს უფლებას აძლევს, საღამოობით ამ ცხოვრებას მიაფურთხოს, ყველაფერი ფეხზე დაიკიდოს და დრო კარგად გაატაროს. რას ხედავ ამაში სასირცხვილოს? გინდა ვიყვირო და სხვებსაც იგივე ვურჩიო, რომ სევდის ბუკეტებიდან თავები ამოყონ და ბოლომდე აიწყვიტონ?
-წავიდეთ რა, გეხვეწები,- არ მოეშვა სარა.
რთული დასაყოლიებელი აღმოჩნდა ვივიენი. სარამ ანა სახლში გაუშვა და საბოლოოდ ტაქსით მიაცილა კორპუსამდე. ბოლოს გულმა ვერ მოუთმინა და ბინაშიც აჰყვა.
-მობრძანდი, -ხელები გაჭიმა ვივიენმა,- დღეს შენი დღეა და ბოლომდე დავიმხოთ თავზე ყველაფერი.
სარამ დიდ ბინას გახედა და შეჰყვა. ვივიენი კედელს გვერდულად მიეყრდნო, ფეხსაცმელი გაიხადა და რამდენიმე წამით უზარმაზარი საცხოვრებლის სიჩუმეს დაუგდო ყური. შემდეგ სტუმარს სევდიანად გაუღიმა:
-მოწყენილობაა, არა? მოიცადე, მხიარულებით ჩავანაცვლებ, - ბარისკენ წავიდა და ვისკის ბოთლს ხელი წაატანა.
-ძალიან ბევრს სვამ, გეყოფა!
-ეს ერთადერთი საშუალებაა ეკალბარდიანი გზები ადვილად გავთელო და ერთი ალაგიდან მეორეზე გადავინაცვლო. ნახევარი ბოთლი ვისკი და შენ ისეთი მსუბუქი ხარ, ეკლები და ბარდები რა მოსატანია? ყველა მიუვალ გზას გადაივლი. კარგად ვიცი ჩემი დოზა, ჭკუას ნუ მასწავლი,-ბურბონის ვისკი ჭიქაში დაასხა და ერთიანად გამოცალა.
სარამ ბოთლი ხელში აიღო და ზურგს უკან დამალა:
-აღარ გინდა!
-შენ რა იცი მე რა მინდა და რა -არა? რატომ მიკრძალავ?- სახე შეჭმუხნა ვივიენმა.
-შენზე ვღელავ. ალკოჰოლს ცუდად ეტანები. როგორ არ გესმის? ჯანმრთელობას ზიანს აყენებ.
-ზედმეტი ხომ არ მოგდის?
-ვივიენ, დამიჯერე, აღარ დაამატო.
ქალმა ვისკის ბოთლი ხელიდან გამოსტაცა და კიდევ დაისხა:
-ვინ ხარ, რომ ამდენის უფლებას აძლევ თავს?!
-მიყვარხარ, გული შემტკივა შენზე, გაფასებ... საკმარისი არ არის?
ვივიენმა თავი გააქნია და თვალები დახუჭა:
-მე არავის სიყვარულს არ ვიმსახურებ და არც არავისგან ვითხოვ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ის ვივიენი, რომელიც ხალხს უყვარს და მათ შორის შენც, ჩემი გამოგონილია და სინამდვილეში არ არსებობს.
-რას გულისხმობ?
-კარგი, დაივიწყე,- ხელი ჩაიქნია და სმა განაგრძო.
-მოაშორე ეს ბოთლი აქედან და წესიერად მიპასუხე.
-მე რომ ვივიენ კარტერის ტყავი გავხიო და მის ქვეშ მცხოვრები ქალი დაგანახო, აღარ გეყვარები.
-მე შენ ყოველთვის მეყვარები.
-ტყუილია!-იღრიალა და ბოთლი მთელი ბრაზით ძირს დაახეთქა.
-რა გაწუხებს, ვივიენ? მითხარი. გეფიცები, შენს მიმართ არ შევიცვლები.
ვივიენი იატაკზე დაჯდა, ფეხები მუხლებში მოკეცა, თავი ჩაქინდრა და გაიმეორა:
-აღარ გეყვარები-მეთქი.
-რა იცი, რა როგორ იქნება? ცდები.
-არ ვცდები. სწორედ ასე იქნება. მე ერთი ცოდვილი ვარ, რომელიც ტკივილებისგან იმდენად არის დაშანთული, ყველა ადამიანური გრძნობა გადამებუგა.
სარა მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და მოსასმენად მოემზადა. ვივიენმა თვალი გაუსწორა და ტირილით აღმოხდა:
-მითხარი, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც წესიერად თავის გულის სწორის შერჩევაც არ შეუძლია და ერთ დროს, უთავმოყვარეო და ზნედაცემულივით გადაცემის წამყვანობისთვის ხელის გამოსაკრავად, მზად იყო მომავალ პროდიუსერს საწოლში ჩასწოლოდა? ან ეს იარა, რომელიც წარბთან მაქვს, მართლა ბავშვური სიცელქის შედეგი გგონია? არა, ეს ჩემი ფსიქოპათი ქმრის ნახელავია. მაშინ ჩაიდინა, როცა ცოლად ჩვიდმეტი წლის ორსული, უსუსური, უენო და ობოლი ვივიენი ჰყავდა გვერდით. მითხარი, როგორ უნდა გიყვარდეს ქალი, რომელმაც ორი თვის შვილი უცხო ოჯახის კართან დატოვა და მერე უბადრუკმა წესიერად თავიც ვერ მოიკლა? ვერ გავაპარე ეს დამპალი გული სიკვდილისკენ და ვერ ჩავძაღლდი საფლავში, - ბოლო სიტყვებზე ქალმა ხმას აუწია და ღვართქაფად დაიღვარა.
-მოდი ჩემთან,-სარამ ატირებული ქალი გულზე მიიკრო და მაინც მეყვარებიო -აწყნარებდა.
ვივიენს აღარცერთი სიტყვა დაუძრავს, მხოლოდ გმინავდა...
არც სარას დასცდენია რამე. მოსმენილმა მთლიანად მოწყვიტა და დაადუმა...



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

აჰააა გამჩნდა ვივიენის საიდუმლო.როგორ შემცოდა არადა რა ძლიერი ქალია ერთი მხრიდან..სარას და ოლივერის საუბარმა გამახალისა,რა საყვარლები არიან.საინტერესოა ვივიენის შვილის ამბავიც,რომელსაც ასე განიცდის და მჯერა სარა დაეხმარება.

 


№2 სტუმარი თმთ

აი, ამას ველოდი ...

 


№3  offline წევრი ვიპნი

დარწმუნებული ვარ ვივიენმა უერთგულესი მეგობარი შეიძინა ,ოლივერს კი ვგულშემატკივრობ❣️❣️❣️

 


№4  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ნინო
აჰააა გამჩნდა ვივიენის საიდუმლო.როგორ შემცოდა არადა რა ძლიერი ქალია ერთი მხრიდან..სარას და ოლივერის საუბარმა გამახალისა,რა საყვარლები არიან.საინტერესოა ვივიენის შვილის ამბავიც,რომელსაც ასე განიცდის და მჯერა სარა დაეხმარება.

შემდეგ თავში ვივიენზე მეტს გაიგებ. სარა და ოლივერი კიდევ ბევრჯერ გაგახალისებს ❤️

თმთ
აი, ამას ველოდი ...

ჰო, ვიცი... ❤️

ვიპნი
დარწმუნებული ვარ ვივიენმა უერთგულესი მეგობარი შეიძინა ,ოლივერს კი ვგულშემატკივრობ❣️❣️❣️

სარა სასწაულად კარგი ადამიანია ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესო თავი იყო,ვივიენმაც გაგვანდო თავისი დარდები,ვნახოთ სარა როგორ დაეხმარება,ნამდვილად კარგი ადამიანია სარას .

 


№6  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
საინტერესო თავი იყო,ვივიენმაც გაგვანდო თავისი დარდები,ვნახოთ სარა როგორ დაეხმარება,ნამდვილად კარგი ადამიანია სარას .

ვივიენს ჯერ არ დაუმთავრებია ამბების მოყოლა. შემდეგ თავში მეტს გავიგებთ.
სარა დიდებული ადამიანია ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№7  offline წევრი ჟოზე

ქეთი,როგორ ველოდები დასასრულს რომ ერთბაშად გადავიკითხო.♡
დარმწუნებული ვარ უდიდესი სიამოვნება მელოდება ♥︎

 


№8  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ჟოზე
ქეთი,როგორ ველოდები დასასრულს რომ ერთბაშად გადავიკითხო.♡
დარმწუნებული ვარ უდიდესი სიამოვნება მელოდება ♥︎

ნახევარზე მეტი უკვე დაიწერა და აიტვირთა. კი ბატონო, ვისაც სრულად გირჩევნიათ, დაელოდეთ. იმედი მაქვს, ისიამოვნებ ❤️
ამ ნაწარმოებმა ყველაზე დიდი ენერგია გამაცალა, ოღონდ მართლა :D
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№9  offline მოდერი guroo

რთულად საპასუხო ეგზისტენციალური კითხვები გონებაში ჩამრჩა. კიდევ დიდხანს მემახსოვრება. იმიტომ, რომ ეგრევე ის ვიფიქრე, რა კარგი ფორმულაა წიგნების დასაწერად-მეთქი... და არასდროს აზრთა ასეთ გაელვებებს მე არ ვივიწყებ. საჭიროა და გამომადგება.
"ეპოქალური ბრუნვის მიერ მოტანილი სიახლეები" - ანდეეე, არ იცის?! :დდდ
აი, რა უნდა ვთქვა? შენში უზარმაზარ ამბიციას ვხედავ, რომელიც გაუწვრთნელი, გაუხედნავი ნადირის სპონტანურობასა და ჩერჩეტულ აქტიურობას კი არ მაგონებს, არამედ მშვიდი, გაწონასწორებული, ცხვირზე სათვალე-დაკოსებული, თავდაჭერილი, ბრძენი ბუ უფრო მეტად არის და ცდას არ აკლებს, რომ აქტუალობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლამაზად ნათქვამი, ლაკონური შეფასებები გააკეთოს და ამით გვაჩვენოს, რომ მისი გონება - შემზარავი და დახვეწილი - წარმოუდგენელი ობიექტურობით აკვირდება ყველაფერს და "აბა მოდით და თუ მაგრები ხართ, უკეთესად შეძელით იგივე". გავაფრინო უნდა? კედელზე მივენარცხო ჩემი სურვილით? რა ვქნა, როგორ დავძლიო დაუძლეველი შური? კარგი, გავაგრძელოთ ცხოვრება, სხვა რა გზა არის... ყელს ხომ არ გამოგჭრი ბოღმისგან, არა?
"-საინტერესოა, რას ფიქრობენ? როგორ ესმით ჩემი მოხატული ფიგურების? ვინ იცის, იქნებ სხვა არსით ჩაწვდნენ?". ცნობისმოყვარეობამ შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს ამ დროს, შეგარყიოს, დაგაქანაოს, საყრდენი გამოგაცალოს და უბრალოდ თავდაჯერება დაგაკარგვინოს, რომლის გარეშე, დამეთანხმები, მიწაზე გართხმული და გადაბრტყელებული ხალიჩა ხარ და ადამიანები ზედ გივლიან. გთელავენ - გამეტებით, ყველა საშუალებით. ზოგი შეიძლება მთელი სხეულით დაგაწვეს და ცხვირი მოგაბჯინოს, რომ უკეთ დაგაცქერდეს, ძალიან ახლოდან დაგათვალიეროს. შენ კი, მიწაზე ერთ სიბრტყედ გადაწოლილი, უფრო მარტივი აღსაქმელი ხდები დამთვარიელებლისთვის, რადგან ქანდაკება აღარ ხარ, რომლის შემოვლა და ყველა მხრიდან გულმოდგინედ დაკვირვება მოუწევდათ, თუ განიზრახავდნენ, რომ შეუმცდარი, ნამდვილი ინფორმაცია ამოეკითხათ შენს შესახებ.
ოლივერ სკოტმა ცვირი ჩაჰყო სარას შინაგან სამყაროში, ეს უდაოა! რადგანაც ხელოვნება სულს აშიშვლებს და შემოქმედნი კი სირცხვილისგან იწვიან, კარგად უნდა გავიაზროთ სარას მდგომარეობა, უნდა შევიგრძნოთ მისი დაბნეულობა, მისი სიმორცხვე, მღელვარებისგან მუხლებში მოცელვა და მსგავსი გარემოებები, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ სარას ეიფორია ერთი-ორად გაზრდილიყო და ათასმაგად აღფრთოვანებულიყო ოლივერისეულ ხედვებზე. წარმოდგენაც კი ძალიან მომნუსხველია იმისა, ემოციების ჩანჩქერმა როგორ ჩახვრიტა და გაარღვია სარას უკლებლივ ყველა თავდაცვითი სისტემა, ყველა შრე და კლიტული, წინააღმდეგობა და ეჭვი, შიში და მორიდება, სიყვარულის საფარი, რომლის მიღმა სარას კოსმოსი წლების განმავლობაში უშფოთველად თვლემდა და ახლა ძილი დაუფრთხეს, გამოაღვიძეს, ბოლოს და ბოლოს, დაბადეს სარას არსებაში ეს გრძობა, მომაჯადოებელი განცდა, წმინდათა წმინდა სიყვარული და პირი გახსნა ცამ, რომ კოსმოსი ბოლომდე, შეუფერხებლად გადმოიღვაროს დედამიწაზე. დიახ, სარას ოლივერი შეუყვარდა. ძალიან ლამაზად და ოსტატურადდ შეუკავშირდა მათი გულები ერთმანეთს.
ქეთი. (ამ წერტილთან დიდხანს გააკეთე პაუზა) ბრავო!
ვივიენი მეც მიყვარს და ვერაფერი გადამაყვარებს. ეგეთი ქალები საოცნებოა.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

guroo
რთულად საპასუხო ეგზისტენციალური კითხვები გონებაში ჩამრჩა. კიდევ დიდხანს მემახსოვრება. იმიტომ, რომ ეგრევე ის ვიფიქრე, რა კარგი ფორმულაა წიგნების დასაწერად-მეთქი... და არასდროს აზრთა ასეთ გაელვებებს მე არ ვივიწყებ. საჭიროა და გამომადგება.
"ეპოქალური ბრუნვის მიერ მოტანილი სიახლეები" - ანდეეე, არ იცის?! :დდდ
აი, რა უნდა ვთქვა? შენში უზარმაზარ ამბიციას ვხედავ, რომელიც გაუწვრთნელი, გაუხედნავი ნადირის სპონტანურობასა და ჩერჩეტულ აქტიურობას კი არ მაგონებს, არამედ მშვიდი, გაწონასწორებული, ცხვირზე სათვალე-დაკოსებული, თავდაჭერილი, ბრძენი ბუ უფრო მეტად არის და ცდას არ აკლებს, რომ აქტუალობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლამაზად ნათქვამი, ლაკონური შეფასებები გააკეთოს და ამით გვაჩვენოს, რომ მისი გონება - შემზარავი და დახვეწილი - წარმოუდგენელი ობიექტურობით აკვირდება ყველაფერს და "აბა მოდით და თუ მაგრები ხართ, უკეთესად შეძელით იგივე". გავაფრინო უნდა? კედელზე მივენარცხო ჩემი სურვილით? რა ვქნა, როგორ დავძლიო დაუძლეველი შური? კარგი, გავაგრძელოთ ცხოვრება, სხვა რა გზა არის... ყელს ხომ არ გამოგჭრი ბოღმისგან, არა?
"-საინტერესოა, რას ფიქრობენ? როგორ ესმით ჩემი მოხატული ფიგურების? ვინ იცის, იქნებ სხვა არსით ჩაწვდნენ?". ცნობისმოყვარეობამ შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს ამ დროს, შეგარყიოს, დაგაქანაოს, საყრდენი გამოგაცალოს და უბრალოდ თავდაჯერება დაგაკარგვინოს, რომლის გარეშე, დამეთანხმები, მიწაზე გართხმული და გადაბრტყელებული ხალიჩა ხარ და ადამიანები ზედ გივლიან. გთელავენ - გამეტებით, ყველა საშუალებით. ზოგი შეიძლება მთელი სხეულით დაგაწვეს და ცხვირი მოგაბჯინოს, რომ უკეთ დაგაცქერდეს, ძალიან ახლოდან დაგათვალიეროს. შენ კი, მიწაზე ერთ სიბრტყედ გადაწოლილი, უფრო მარტივი აღსაქმელი ხდები დამთვარიელებლისთვის, რადგან ქანდაკება აღარ ხარ, რომლის შემოვლა და ყველა მხრიდან გულმოდგინედ დაკვირვება მოუწევდათ, თუ განიზრახავდნენ, რომ შეუმცდარი, ნამდვილი ინფორმაცია ამოეკითხათ შენს შესახებ.
ოლივერ სკოტმა ცვირი ჩაჰყო სარას შინაგან სამყაროში, ეს უდაოა! რადგანაც ხელოვნება სულს აშიშვლებს და შემოქმედნი კი სირცხვილისგან იწვიან, კარგად უნდა გავიაზროთ სარას მდგომარეობა, უნდა შევიგრძნოთ მისი დაბნეულობა, მისი სიმორცხვე, მღელვარებისგან მუხლებში მოცელვა და მსგავსი გარემოებები, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ სარას ეიფორია ერთი-ორად გაზრდილიყო და ათასმაგად აღფრთოვანებულიყო ოლივერისეულ ხედვებზე. წარმოდგენაც კი ძალიან მომნუსხველია იმისა, ემოციების ჩანჩქერმა როგორ ჩახვრიტა და გაარღვია სარას უკლებლივ ყველა თავდაცვითი სისტემა, ყველა შრე და კლიტული, წინააღმდეგობა და ეჭვი, შიში და მორიდება, სიყვარულის საფარი, რომლის მიღმა სარას კოსმოსი წლების განმავლობაში უშფოთველად თვლემდა და ახლა ძილი დაუფრთხეს, გამოაღვიძეს, ბოლოს და ბოლოს, დაბადეს სარას არსებაში ეს გრძობა, მომაჯადოებელი განცდა, წმინდათა წმინდა სიყვარული და პირი გახსნა ცამ, რომ კოსმოსი ბოლომდე, შეუფერხებლად გადმოიღვაროს დედამიწაზე. დიახ, სარას ოლივერი შეუყვარდა. ძალიან ლამაზად და ოსტატურადდ შეუკავშირდა მათი გულები ერთმანეთს.
ქეთი. (ამ წერტილთან დიდხანს გააკეთე პაუზა) ბრავო!
ვივიენი მეც მიყვარს და ვერაფერი გადამაყვარებს. ეგეთი ქალები საოცნებოა.

გურამ, შენი მოჩუქურთმებული ენით დაწერილი კომენტარების კითხვა ერთი სიამოვნებაა და მარტო შენ არა, მეც ვინიშნავ მარგალიტებს. როგორ მომეწონა სარას მთვლემარე კოსმოსის შეფხიზლება, შენ ხომ წარმოდგენაც არ გაქვს. ნახატად დავინახე. შავ ცაზე გამოკერებული ყვითელი მზე და ასევე მოყვითალო და მოცისფრო ციური სხეულები უამრავი ლურჯი წერტილით გარშემო. ვიზუალურად გადავიტანე შენი სიტყვები გონებაში და ულამაზესი იყო.
სარას და ოლივერის სიყვარულზე ჯერ რა უნდა ვთქვა? ალბათ ჩანასახის დონეზეა ამ თავში და ემბრიონად ჩამოყიბებამდე ბევრი აკლიათ.
გაშიშვლებული სულის ყურება ზუსტად ისეთია, ვიღაც ფიზიკურად გააშიშვლონ და დააკვირდნენ. ამიტომაც არის ურთულესი ეს სარასთვის, თუმცა როგორც ანა ეუბნება, ასე თუ არ მოიქცევა, შესაძლოა მასზე ნაკლებად ნიჭიერმა საკუთარი თავის ბრჭყვიალა ქაღალდში გამოკვრით აჯობოს და
ბევრად რეალიზებადი გახდეს.
ეს კი არაფრით აწყობს და ცდილობს, სიმორცხვე დაძლიოს.
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent