შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები III


11-10-2020, 23:29
ავტორი belle...
ნანახია 639

კვიზინი/ „თეთრი ფორთოხალი“ /08:10 წთ/ მთვარის 29-ე დღე, მეოთხე ფაზა...

დილაუთენია გამეღვიძა. უფრო სწორად ხვრინვამ გამაღვიძა. მობეზრებულმა თვალები ავახილე. ქალი, რომლის სახელიც ვერაფრით დავიმახსოვრე პირაღმა იწვა და ისე ხვრინავდა ბიძაჩემს შეშურდებოდა ნახალოვკაში. შემაჟრიალა - ყველა ცოდვას და მანკიერ მხარეს მივუტვებ ადამიანს ამის გარდა! ავდექი ჩავიცვი და კბილის პასტას წამოვავლე ხელი. კართან მისული უცებ შევჩერდი, სწრაფად მოვტრიალდი, ჩემს ერთ-ერთ წებოვან ფურცელს სწრაფად წავაწერე რაღაც და ოთახიდან უჩუმრად გავიძურწე. მესამე სართულზე სხარტად ავირბინე და სანამ აბაზანაში შევიდოდი კარზე წარწერა მივაწებე. კბილები გამოვიხეხე, სახე დავიბანე და სარკეში საკუთარ ანარეკლს მივაშტერდი. ჰო, ამდენი უძილობისგან თვალები ცოტა ჩაშავებული მაქვს. პოლონეთი საქართველოსგან განსხვავებით ორი საათით უკან არის. სანამ ამ ახალ რეჟიმს მივეჩვევი იქამდე ვივლი ტრანსილვანიელი ვამპირივით. ეგ არაფერი, კაცო, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი...
აბაზანიდან გამოვედი, რომ კართან წითელთმიანი შემეჩეხა. ჩემი წებოვანი ქაღალდი მოექცია თითებში და სიცილით კითხულობდა წარწერას.
- დაკავებულია! - გაახმოვანა ხმამაღლა - პატივისცემით, შეურაცხადი პანტერა...
- კაი ხო, ბოლოში გავაზვიადე.
მეც გამეცინა და კბილის ჯაგრისი კბილებში გავირჭე, რომ ჩამოშლილი თმა მაღლა ამეწია. ჩემი სიყვარულის ბუკეტი ისე დამიგრძელდა რაპუნცელს თმის ფერში ვერა მაგრამ სიგრძეში თამამად შევეჯიბრები!
- მაგარი შერეკილი ხარ, ხო? - გამიცინა - წამო ყავალა დავლიოთ და ერთიც მოვსწიოთ.
ეს მოვსწიოთ, მის ენაზე მოწევას ნიშნავს და ჩასიძებული „ს“ რა მაფიაა არც იმან იცის და არც მე, მაგრამ გვკიდია. გუშინ ცოტა ვისაუბრეთ, სანამ კისერი მომწყდებოდა და მომეძინებოდა, მასზე რაღაცეები გავიგე. მოკლედ რომ გითხრა იმ ემიგრანტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც შინ ოჯახი და საყვარელი ადამიანები დატოვა, ღამით მარტო დარჩენილი კი კბილს-კბილზე აჭერს, რომ ყელში მობჯენილი ცრემლები უკან ჩააბრუნოს. როგორც თვითონ მითხრა ხან გამოსდის, ხან არა. მე რა ვარ აბა ასეთი ცივსისხლიანი? არავის რომ არ მივტირი ძილისწინ? ალბათ იმიტომ, რომ ნახევარი ცხოვრების განმავლობაში სულ მარტო ვცხოვრობდი დედაჩემისა და ჩემი ძმისგან მოშორებით. ჩემი არჩევანი იყო, არავის გამოვუგდივარ. დამოუკიდებლად ცხოვრება მინდოდა და ვახერხებდი კიდეც. ამიტომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ქვეყნის საზღვრებში ვიქნებოდი ეული მგელი, თუ საზღვრებს მიღმა. ემიგრანტობას, მარტო მონატრება არ დასდევს აჩრდილივით, სხვა რამ დაიძურწება მის ზურგს უკან. აი ამ „სხვა გრძნობის“ წინაშე კი თვით მეც კი ვერ ვარ ისეთი ლომგული, როგორც თავი მომაქვს... ვაღიარებ, ხანდახან ძალიან მძიმეა იმის გააზრება რომ მარტო ხარ, სრულიად მარტო საკუთარი თავის ამარა... ჰო, მაგ აჩრდილს „მარტოობა“ ჰქვია და ძალიან ცუდი მეგობარია.
- მოვსწიოთ, - სიცილით გამოვაჯავრე და კბილის ჯაგრისი თითებში შევათამაშე - ოღონდ ჯერ მძინარე გველეშაპი უნდა გავაღვიძო. იანი ერთ საათში მოვა მის წასაყვანად.
- რა ხმაზე ხვრინავს, ქალო, ღამე როგორ გეძინა? - შეთქმულივით გადმომიჩურჩულა და თვალები გადაატრიალა.
- არ თქვა! მთელი ღამე საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროში ვიწექი. მეტრო მაგრად მიყვარს და მის ხმაურზე ალერგია არ მაქვს.
- შენ მართლა ვერ ხარ! - აკისკისდა.
- როცა რეალობა ხელს არ გიწყობს, შეცვალე დამოკიდებულება, მისი ფერიც შეიცვლება, „ცეცხლისფერო“.
თვალი ჩავუკარი და კიბეებზე ხტუნვა-ხტუნვით დავეშვი. მერე გზაში გამახსენდა, რომ ძალიან ადრე იყო და ნახევარ „ვაგზალს“ ფეხზე წამოვყრიდი და კბილებდაკრეჭილმა თითის წვერებზე გავაგრძელე გზა.
ოთახში დაბრუნებულს შავთმიანი უკვე გაღვიძებული დამხვდა. საწოლზე იჯდა და თვალებს იფშვნეტდა. სახე ისე ჰქონდა მონგრეული უნებურად გამეცინა. ისე, მამრებმა რომ იციან ხოლმე ბოჟიალი - შენს გვერდით გამათენებინა ღამე მეტი არაფერი მინდაო, ტყლარწივით გაწელილი სიფათისა და თივის ზვინივით აბურდული თმის დანახვისას იგივე აზრზე თუ იქნებიან ნეტა ცალი თვალით შემაჭყიტა იმ მომავლის კარში! კარგი, გეყოფა გოგო! მერე ქაჯივით სიცილი უნდა აგიტყდეს მარტოს და გარშემომყოფებს აგრძნობინო, რომ შენ და შენმა მეორე მემ უკვე წაუჭორავეთ დილაადრიან! ნუ გააქცევ ამ საცოდავს დროზე ადრე!
- დილამშვიდობის... ეეე... - კეფა მოვიქექე. სახელი რომ არ მახსოვს, არაუშავს ხო? - მოკლედ, დილა მშვიდობის, როგორ გეძინა?
გამოვძვერისავით და მხიარულად გავუკრიჭე. ზანტად ამომხედა. უი დედა! ოდესმე თუ ჩავბრატდებით აუცილებლად გაგიმხელ, რომ დილაადრიან ჩემზე უარესი შესახედი ხარ!
- რა მეძინა?! - წაიბუტბუტა უკმაყოფილოდ - მეღვიძა ნახევარზე მეტი!
წარბები მაღლა გამექცა. მე ვხაოდი დაჭრილი ტირანოზავრივით, თუ როგორაა შენი საქმე აფერისტო ქალო, ა?
- ჰო, ჰო ახალ ადგილას უკეთ გამოიძინებ - მაინც ვერ დავიმორჩიე ეს სისინა ენა! - ბარგი ჩაალაგე, სადღაც ორმოც წუთში მოგაკითხავენ. მანამდე ყავას ხომ არ დალევდი?
არა, ტიპშა აშკარად არ მევასება, მაგრამ ზრდილობის საკითხია, მაინც. ქართველობა უპირველეს ყოვლისა! რაღაც ძაან წავპატრიოტდი ამ უცხო მიწაზე ჩამოსვლისას...
- აუ, კი რა.
თავი დამიქნია სახედაღრეჯილმა. ოუ, რატო არა, მე რომ მომსახურება შემომთავაზონ, უარს კი არ ვიტყვი, ნარგიზი. კაი ვიცი, რომ ეგ არ გქვია, მაგრამ იყოს, მაგას უფრო იოლად ვიმახსოვრებ.
- კარგი, ბარგი ჩაალაგე და სამზარეულოში ჩამოდი. ქვემოთ ვიქნები. შაქარი რამდენი? - კართან შევყოვნდი.
- ორნახევარი.
- ოკეი.
კარი გამოვიხურე და კიბეებზე დავეშვი. მურაბა მქონდა მოსადუღებელი ყავა კი არა! სამზარეულოში შესულს იმდენმა წყვილმა თვალმა შემომანათა, წამით კართან გავხევდი. ბარო, ვაგზალი! კინაღამ გამეცინა.
- გამარჯობა.
ზრდილობიანად გავუღიმე დამხვდურებს. თბილი სალამი დამიბრუნეს და მეც წამში გადამერეცხა უკმაყოფილებანარევი გაოცებაც. ხანდახან ხუთი წლის ბავშვი ვარ, რომლის მოქრთამვაც თხუთმეტთეთრიანი ჩუპაჩუპსით სავსებით შესაძლებელია. ადამიანის თბილი სიტყვა და ჩემი ქვის გულიც ჟელიბონადაა ქცეული, კალანდიას ასისტენტის ოთხი ზომა მკერდის მსგავსად.
„ცეცხლისფერი“ გასქურასთან იდგა და ყავას ისეთი გამომეტყველებით ხარშავდა, ბოროტი დედაბერი მომაგონდა ჩემი ბავშვობის წიგნების ფურცლებიდან.
- ერთიც დავამატოთ, რაქტორმა მეც მინდაო. - ვუჩურჩულე ხმადაბლა.
- დედიმისისა არ უნდა?!
შეურაცხყოფილი ძერასავით ამომხედა. სიცილი ამიტყდა. ისეთი მოურიდებელი და პირდაპირია სულ არ დაგიდევს ზრდილობიანად გეუბნება თუ უხეშად.
- რა მეგობრული ხარ, მიჯოკრავ!
- დილაუთენია ნერვები მომიშალეს!
ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. თან ხმადაბლა, მხოლოდ ჩემს გასაგონად ჩურჩულებდა, რომ დანარჩენებს არაფერი გაეგოთ.
- რა იყო? - წარბი შევიკარი.
- ტრისტანამ დარეკა. ორი დღით გვაგვიანდება ქარხანაში.
- რაო? - ახლა მე შევდექი ყალყზე.
- კარგის კვრაო მაგისი! - ყავასავით ათუხთხებულმა ცხელი სასმელი გადმოდგა და ჭიქებში გაანაწილა - ორი დღე კიდე უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ. როგორც თქვა ქარხანაში საწარმოო პროდუქტი მისაღებია და ჯერ არ დაწყებულა მუშაობა. ამ წყეულმა ვირუსმა იმპორტი შეზღუდა და აქაური მარაგი უკვე ამოწურეს.
- ფუ შენი! - ნერვიულად მოვისრისე შუბლი. ვერ იყო ეს კარგი ამბავი.
- აბა, ქალო! - კახური აქცენტით წაიბურდღუნა და ცხელი ყავა მოსვა. - არ უნდა გადაჭიმო, ლარივითაა? მა რა ჩემი ფეხები უნდა ვქნა, აქ რისთვის ჩამოვედი? დასაჯდომაად?
„ცეცხლისფერი“ კახელია და მისი საუბარიც და კილოც ისეთი რაღაცნაირია, რომ რა თემაზეც არ უნდა საუბრობდეს ტუჩებს ვიჭამ ხოლმე რომ არ გამეცინოს.
- კაი, დაწყნარდი. ორი დღე საპანიკო თემა არაა, მთავარია არ გაგვეწელოს. რა გინდა, ზოგი ჭირი მარგებელიაო. პოლონეთი დავათვალიეროთ ამასობაში!
თვალი ჩავუკარი და ყავა მეც მოვსვი. დავიჯღანე. შე ქალო, მწარე ყავას რა გასმევს?! სწორედ ამ დროს სამზარეულოში „ბოლო ხმაზე კი ვხვრინავდი, მარა მაინც არ მეძინა“ ქალი შემოვიდა და თვალები დააცეცა. მე მეძებდა ალბათ. ხელი დავუქნიე მაცივარს მიყრდნობილმა - აქეთ წამოდი-მეთქი.
- ეს სად მიყავს რო? - უნდობლად შეათვალიერა ჩვენკენ მომავალი.
- იანის ასისტენტად თუ გავიჩითები, ეგეთ კითხვებს წამით არ ჩაგიგდებ ხოლმე! - თვალი ჩავუკარი. გაეცინა.
- სადაა ჩემი ყავა?
- დუღდება, ლამარა, მოიცადე ცოტახანი. - ჩაურაკრაკა წითელთმიანმა და ზურგსუკან უნდილად მობუყბუყე ყავას ცალი თვალით გახედა.
- ლეილა, მე ლეილა მქვია. - შეუსწორა აშკარად გაღიზიანებულმა და სკამის მოსატანად წავიდა.
- შენც არა გერქვას ახლა დედოფლის სახელი, მა...
წაიდუდუნა აფხორილმა და შავი თვალები ისე გადაუბრიალა სიცილის დასაფარად ჭიქაში ჩავყე ცხვირი. იანი ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა. მე და წითელთმიანი ეზოში ვისხედით, სიგარეტს ვეწეოდით, როცა შავმა ვოლვომ ზედ ჭიშკართან დაამუხრუჭა. ჩემი ჩათვლით, ყველამ მზერა ახალმოსულზე გადავიტანეთ. ქერა კაცს როგორც ყოველთვის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. როგორც კი, დამინახა ხელი ამიწია, მეც დავუქნიე მისალმების ნიშნად. მანქანის უკანა სავარძელზე რაღაცას ეჯაჯგურებოდა. როგორც იქნა წელში გასწორდა. საბნები და თეთრეული მიეხუტებინა მკერდზე.
- მაგარი კაცია, რას იტყვი? - მუჯლუგუნი გამკრა წითელთმიანმა.
- მორჩი ახლა! - შევუბღვირე. შუტკაც გამიგია და შუტკაც, ზედმეტები არ მიყვარს!
- როგორ ხარ, ქალბატონო „გამორიცხულიავ“? - შემომცინა ჭიშკარში შემოსულმა.
- რამდენ ხანს უნდა მაძახო? - თვალები გადავატრიალე.
- მოიცა დავფიქრდე... - ჩემს ფეხებთან შედგა და ცალი თვალი ისე მოჭუტა თითქოს მეტად მნიშვნელოვან თემაზე ბჭობდნენ ის და მისი მრავალნაოჭიანი ტვინი - იქნებ მთელი ცხოვრება?
ახითხითდა გახალისებული. თავი ძლივს შევიკავე რომ ფეხზე არ მეჩქმიტა. ეგეთი გაშინაურებულიც არ ვარ. არადა მინდოდა!
- ჰა... ჰა... - გამოვაჯავრე - იუმორის მამა ხარ.
- კარგი, სადაა ის ქალი?
- გელოდება - წარბები შევუთამაშე. ცერად გამომხედა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
- ოხ ეს ქართველები...
კიბეები აირბინა და სახლში შევიდა. სწორედ ამ დროს ერთი უცხო მამაკაცი წამადგა თავს.
- გამარჯობა.
- გაგიმარჯოს.
- შენ ინგლისური იცი ხო? - კაი ეგრე პირდაპირაც ნუ მაგრძნობინებ, რომ რაღაც გჭირდება.
- ვთქვათ, მერე? - არც მე დავიშურე ცივი ნოტები.
- შეგიძლია იმას უთარგმნო რაღაც? - თავი გაიქნია სახლში შესული იანისკენ.
- იანს გულისხმობ? - ხაზგასმით წარმოვთქვი სახელი.
- ჰო. - ნამიოკს მიმიხვდა და დიდად არ ეპიტნავა საუბრის „შესწორება“.
- კარგი.
რაღას ვეტყოდი? ისე კი შემეძლო მეთქვა თავიდან მომწყდი-მეთქი, მაგრამ თავიდანვე უკმეხობა არ მგონია სწორი ნაბიჯები, თუნდაც შენში აუხსნელ აგრესიას იწვევდეს ადამიანი.
„ცეცხლისფერს“ ხმა არ გაუღია. მდუმარედ ეწეოდა სიგარეტს და ტელეფონს გაუაზრებლად სქროლავდა. ის იყო შიგნით შესვლა დავაპირე, თუ რამე მივეხმარები-მეთქი, რომ სახლის მეპატრონე კარის ზღურბლზე გამოჩნდა „ნარგიზთან“ ერთად, ხელში მძიმე ჩემოდნები ეკავა და კიბეებზე ისე მარდად ჩამოირბინა, ვითომც არაფერიო. უნებურად ტუჩები ამეპრიხა.
ქერამ ბარგი მანქანაში დააბინავა თავის პატრონთან ერთად და საბარგულს მოუარა.
- შენთვის რაღაც მაქვს! - გამომძახა გაკრეჭილმა. თვალები გამიფართოვდა. მოიცა, გუშინ ღვინოზე რომ მითხრა არ ხუმრობდა?
- სერიოზულად? - გამეცინა, როცა თეთრი ღვინით შეიარაღებული თავს წამადგა.
- ხომ დაგპირდი? - გამიმოწოდა წინა ღამის „ქრთამი“. გამოვართვი და ეტიკეტს დავხედე. თეთრ ღვინოს ფორთოხლები ეხატა.
- ფორთოხლისაა? - გამიკვირდა. მსგავსი ჯერ არ გამესინჯა.
- პომარანჯაა, ანაბელ - თვალი ჩამიკრა.
- პომარანჯა... - ღიმილით გავიმეორე ხმადაბლა. სიტყვა მომეწონა, ღვინოც, ყურადღებაც.
- ჰმმ - ჩახველა ვიღაცამ. თავი ავწიე. ისევ ის ქართველი იდგა და მომლოდინედ შემომყურებდა.
- კარგი, მითხარი რა გინდოდა.
იანმა მზერა მამაკაცზე გადაიტანა და მე გამომხედა მრავალმნიშვნელოვნად.
- ჰკითხე, თუ შეუძლია, რომ მანქანა გამიფორმოს? ჩამწეროს რომ ამ სახლში ვცხოვრობ. – „ჟელაზნას“ 16 ნომრისკენ გაბზიკა ცერი.
იანს კითხვა ინგლისურად გავუმეორე. წამით დაფიქრდა და მერე თავი დამიქნია, კარგი არ არის პრობლემაო.
- გაგიკეთებს.
- ძალიან კარგი! - ისეთი ტონით მითხრა გეგონება პოლონელი ვალდებული იყო მისთვის რამე გაეკეთებინა. ვიგრძენი როგორ შემერხა ერთადერთი ნერვი. - და ისიც უთხარი, რომ კარებებს დედა აქვთ ნატირები და კეთილი ინებოს და შეაკეთოს!
- მართლა? - ამჯერად ამასხა - იქნებ ცოტა ფრთხილად რომ მოქცეოდით სახელურებს დედაც აღარ მოღრეცოდათ ანჯამებში?!
მამაკაცს სახე მიეყინა. აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს. იანმა ხმადაბლა მკითხა რა მოხდაო. ნათქვამიდან სიტყვაც ვერ გაიგო, მაგრამ მიხვდა რომ გავბრაზდი.
- არაფერი, - ვუპასუხე პოლონელს და მიმიკა შევისწორე - განსაკუთრებული არაფერი. სხვათაშორის მანქანის თემაზე გადაიფიქრა. აღარ ყიდულობს!
ზიზღით გავხედე თანამემამულეს. პაზორი მოკვდავები! სწორედ მისნაირი „რიკაშეტა“ ხალხის გადამკიდეა, რომ აქაურებს ცხოველები და ნადირები ვგონივართ ქართველები. ამაზე დაწვრილებით უფრო მერე მოგიყვები, ჯერ თავიდან ვიწყებ ყველაფრის თხრობას. სანამ თანამდებობისთვის შეუფერებელი სიტყვას დაძრავდა არსაიდან გამოჩენილმა „დონმა“ დაუძახა და ორი თითით მიიხმო თავისთან. არ დავინტერესებულვარ მათი დიალოგით, მზერა პოლონელზე გადავიტანე, რომელიც უცნაურად მაკვირდებოდა.
- რა მოხდა? - გავიოცე.
- ეს მე უნდა გკითხო, რა მოხდა მასთან? - დასერიოზულებული იანი უცებ სხვანაირი ხდება ხოლმე.
- არაფერი ისეთი, უბრალოდ ზოგს ზრდილობა აკლია.
- გაკადრა რამე?
- უიმე არა! - გამეცინა - მე ვარ აგრესიული, შენ თვითონაც ხომ ნახე?
- ჰო, ჰო, „გამორიცხულია“! - ისევ დაუბრუნდა მხიარულება - კარგი, მგონი ჯობია რომ შენი გადაყვანის თემას მივხედო. აქ მეტისმეტად ბევრი მამაკაცია, გართულებებისგან თავი რომ ავირიდოთ სხვაგან წაგიყვან, ოღონდ ცოტა დრო უნდა მომცე, კარგი? ოთახები გასაცლელია.
- მე აქაც კარგად ვგრძნობ თავს, იან! - გამეღიმა - გმადლობ, მაგრამ იყოს, დავრჩები.
- ამათთან? - წარბები აზიდა და ქართველებს უნდობლად გახედა.
ნეტავ რამდენ საშინელებას შეესწრო? „ცეცხლისფერმა“ უკვე მოასწრო რაღაცეების მოყოლა რაც მანამდე აქაურებს დააფქვევინა წინა ღამით. ჩვენი ქართველები არც ისე სახარბიელო სახეს აჩენენ ევროპაში. პოლონელის გამომეტყველება რომ გენახა, მიხვდებოდი რასაც ვგულისხმობ, მკითხველო.
- ისინი ჩემი ხალხია, იან, შეიძლება მანერებით არ გამოირჩევიან, მაგრამ მათთან საფრთხე ნამდვილად არ მემუქრება.
ხმამაღალი განაცხადია, ბელ, მაგრამ „ნიჩეო“, თუ ცოტათი მაინც გერჩის ინსტიქტები, არამგონია ცდებოდე. წამით ჩაფიქრდა. მერე ჩაიბურტყუნა მაინც მივხედავ შენი გადაყვანის თემასო. ნაჩქარევად დამემშვიდობა, ხელი დამიქნია და ჯიპში ჩახტა. მომაძახა მოგვიანებით გამოვივლიო და საბურავების წივილით მოსწყდა ადგილს. გაღიმებულმა თეთრ ღვინოს დავხედე.
- რაო რა ჰქვიაო? - წითელთმიანმაც ღვინოს დახედა.
- პომარანჯა...
წავიჩურჩულე ღიმილით და ეტიკეტზე მიკრულ ფორთოხლებს თითით შევეხე. საღამოს კარგად მიმუშავია წიგნზე... გმადლობ, იან...


კვიზინი / "თეთრი სიკვდილი" - ყავა უშაქროდ / 12:17წთ/ მთვარის მე-2 დღე, პირველი ფაზა...

ასე გათიშულს ჯერ არ მიძინია. თვალი რომ ავახილე, თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი. ფანჯარა ღია მქონდა და ეზოდან მეზობლების საუბარი მესმოდა. ორი „ჩიროვკა“ (მოხუცი ქალები) მრგვალ მაგიდასთან ყავას მიირთმევდნენ. ჩემი ოთახისკენ თვალს აპარებდნენ. გამეღიმა - არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ხარ, „უშიშროება“ „უშიშროებად“ რჩება - ახალი სასტავი შემოუსახლეს მეზობლად, რა დაადუმებდათ? დილიდანვე ტვინი გაბურღეს!
დავამთქნარე და თვალები ფართოდ დავაჭყიტე - ადგომა არ მინდოდა და წოლაც აღარ შემეძლო. საათი შევამოწმე. რვა ხდებოდა. აქ ჩამოსვლის დღდან დათქმულივით ერთი და იმავე დროს რატომ მეღვიძება, მეტყვის ვინმე?! წამოვდექი. ხელ-პირი დავიბანე, კბილები გავიხეხე და ლამაზი ხის კიბეზე ხტუნვა-ხტუნვით ჩავედი - დღეს, რაღაც კარგ ხასიათზე ვარ.
სამზარეულოში შესულს ოცი კაცი ისე მომესალმა, „სადგურის მოედანი“ მთელი სიცხადით შევიგრძენი. კაიიიი. ხელის აწევით დავუბრუნე სალამი. გამეცინა. რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი - იცინოდნენ, მწარე რეპლიკებით ერთმანეთს კბენდნენ, ხითხითებდნენ, თან ილუკმებოდნენ. მეც ჩამაკვეტეთ-მეთქი, შუაში გავეკვეხე და სანამ ჩამოვჯექი თეფში უკვე სავსე მქონდა - გადაიღე არ მოგერიდოსო. გაიზ, მადლობა, მაგრამ მაგდენი სად შემიძლია? ჰო, ნელ-ნელა დათბა სიტუაციაში, ერთმანეთს ვეჩვევით, როგორც საკუთარ თავს ვეუბნებოდი უკვე მესამე დღეა და იგრძნობა პროგრესიც...
ჭიქაში წვენი ჩამოვასხი და მოვიყუდე. თან ვჭამდი, თან ვუსმენდი. ისე მშიოდა, საუბარში ჩართვა არც მიფიქრია. ერთი ყვებოდა (სახელებს ვერ ვიმახსოვრებ და მომკალი. მამაკაცების უმეტესობას ზურა ჰქვია, რომ დაიძახო რვა კაცი შემოგხედავს. ამიტომ სახელები დავიკიდე), რომ ჯგუფის მეორე ნახევარი ისე სიტუაციაში გაიჩითა თავბედს იწყევლიანო - ერთი ბიჭი უკრაინელების ოთახში შეუსახლებიათ. ანუ დაამუღამე, ორი წყვილის ოთახში, ერთისაც არა, ორი წყვილის! შემეცოდა, რას იძახი?! საწყალი, მურმანის ეკალივით გააკვეტეს. უკრაინელებმა კიდე ღამით შეუბერეს. ბიჭს თვალები შუბლზე ასვლია და სანამ ერთმანეთს დააწყვეტდა „საოხრეებს“, თვითონ აწყვეტილი გამოვარდა ოთახიდან (შეგნებულად არ დავწერ დეტალებს, ცოდოა ) - წვენი გადამცდა და ხველა ამიტყდა. უსინდისოდ ვიცინე გალურჯებამდე. ზუსტად ვიცი, იმ უბედურს ეგ დღე არასოდეს დაავიწყდება! არც მე...
საუზმობას, რომ მოვრჩი ყავა მოვიმზადე. აქ ხომ შაქარი რა ხილია არ იციან! მგონი მომიწევს უგემურ ყავასთან მიჩვევა. არადა ყავის გარეშე არ შემიძლია. ჩემთვის ნარკოტიკია. მუღამი რომ უკიდურესად გამიბანძეს არ შევიმჩნიე. თავი დავიმშვიდე ნაწილობრივ კარგია-მეთქი - შაქარი, ხომ „თეთრი სიკვდილია“?
ჭიქა ავიღე, სიგარეტის კოლოფი გავიყოლე და ვერანდაზე გავედი. ხის სკამზე ჩამოვჯექი და სახე მზეს მივუშვირე. აქ ჯერ მაგრად ცხელა. მუქი კანის მიუხედავად, მზე იოლად მეკიდება. ნახევარი საათი მაინც, რომ დავრჩენილიყავი ადგილზე ტარაკანივით გამაშავებდა. მანქანის ხმა გავიგე და თავი ავწიე - ოჰ, იანი გვესტუმრა?!
ხალხს ზრდილობიანად მიესალმა. თვალი რომ მომკრა ხელი ამიწია და თბილად გამიღიმა. ნაყინებით შეიარაღებული მომიახლოვდა, ერთი კალთაში ჩამიგდო და გვერდით მომიჯდა.
- სერიოზულად? - გავიბადრე.
- ცხელა დღეს, - გამიცინა და ჯოხიან ნაყინს ქაღალდი შემოახია - აბა, მომიყევი, როგორ ატარებ დროს?
- უსაქმურობისგან ვკვდები!
- ააჰ, როგორც ნამდვილი ქართველი!
ცერად გამომხედა და სიცილის დასაფარად ნაყინი კბილებში გაირჭო. თავი ვერ შევიკავე და გვერდში ვუჩქმიტე. გოჭივით აჭყვიტინდა.
იანი კარგი კაცია. მისი შემხედვარე დარწმუნდები, რომ ყველა პოლონელი უჟმური და უჯიშო არაა. დიდხანს ვსაუბრობდით. ბევრი რამ გავიგე მასზე, მან კი ჩემზე. საინტერესო პიროვნებაა.
აღმოვაჩინე, რომ გულისხმიერ ადამიანთან ერთად ძალიან მშრომელია. სულ დაკავებულია; სულ სადღაც ეჩქარება; სულ ტელეფონზე ურეკავენ და სულ საქმეებს აგვარებს, როგორც თვითონ ამბობს - ხან პატარა და ხანაც დიდ პრობლემებს. ქართველ კაცს ერთი სამსახური აქვს და იმაზეც თავი უკვდება. (ეგეც არ აქვს ბევრს, თორე კი) აქაურებს კი ორი, სამი სამსახური აქვთ. თავისუფალი დრო იშვიათად რჩებათ, მაგრამ როგორც იანი მიყვება - ეს დისკომოფრტს არ უქმნის. პირიქით, მოსწონს როცა დაკავებულია. უყვარს შრომა და დროდადრო გამომუშავებული ფულით ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა.
ვუსმენდი და მეღიმებოდა. ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან. აი ძალიან. ყველაზე სახალისო ის იყო, რომ გაცილებით მეტი რამის თქმა და მოყოლა უნდოდა, მაგრამ ენობრივმა ბარიერმა შეგვაფერხა (სიღრმისეულად ინგლისურს ვერცერთი ვერ ვბრდღვნით). სასაცილო იყო, როგორ მონდომებით ცდილობდა ჟესტიკულაციით მიეხვედრებინა რას გულისხმობდა. თან ტფუი, ტფუიო ერთვოდა წინადადებებს, როცა რაღაცას არასწორად ამბობდა. თავი ვერ შევიკავე და კისკისი ამიტყდა. ერთი შემომხედა, ჰაერში აშვერილი ხელები ჩამოეყარა, თავი ჩახარა და მასაც გაეცინა. მაპატიე, ინგლისურს ჯერ კიდევ ვხვეწავო - თავი იმართლასავით.
ისევ ტელეფონზე დაურეკეს. ბოდიში მომიხადა, - ეს უნდა მოვაგვაროო და უპასუხა. საკუთარ ენაზე ისე მიაყარა სიტყვები, ლამის გადავყირავდი. თითქოს დამწყვდეულ ჩიტს თავისუფლება აღირსესო, თავისუფლად არაკრაკდა და სახეზე შევამჩნიე, რომ ცოტა მოეშვა - ჯანდაბა, პოლონური უნდა ვისწავლო! ასე რომ რატრატებს მომწონს მათი ენა, ნაკუწებისგან შეგროვებული კი არის, მაგრამ რაღაცნაირი ხიბლი აქვს მაინც, თავისებური.
საუბარს რომ მორჩა ისევ გვერდით დამიჯდა. გუშინდელი საუბარი განვაახლეთ - გაგიკვირდება და ბინის შეცვლა უკვე თავადვე ვთხოვე. სხვაგან მინდა გადასვლა. აქ თავი მართლა ვაგზალზე მგონია. მითხრა, რომ ამაზე უკვე იზრუნა და ბინა მიშოვა, მაგრამ იქაური მდგმურების გამოსახლებას ელოდება და მაფრთხილებს, რომ პროცესი ხვალამდე გაიწელება.
წარბი შევიკარი - იმედია სააბაზანო კარგად არის მოწყობილი-თქო. (ზოგადად, უცხო ქვეყნებში ასე ჩამობლატავებულ ტურისტებს, საცხოვრებელში ძირითადად აბაზანის პრობლემა აქვთ ხოლმე, ჩასიძებულ მდგმურებს თუ არ ჩავთვლით.) შეყოყმანდა. ჯერ მაჯის საათს დახედა. მერე მე შემომხედა და უცებ მითხრა - ადექი, გავიდეთო. ცოტა დროს მოვიპარავ სამსახურიდან და გაგიყვან, ბინას განახებო. გამიკვირდა. აქ, თუ დაკავებული ადამიანი თავის დროს ასე უბრალოდ გითმობს ეს ძალიან ბევრს ნიშნავს - პატივისცემისა და ყურადღების ამბავია. მეგობრული ჟესტია რა.
გავიკრიჭე. მაშინვე დავთანხმდი. ჯიპში ჩავსხედით და ისიც საბურავების წივილით მოსწყდა ადგილს. გზად ქალაქი დამათვალიერებინა. ათას რამეს მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე. ვცდილობდი ყველა დეტალი დამემახსოვრებინა. ყველაზე მეტად მისი სამსახურის ამბების აღწერა გაუჭირდა. დიდი ცოდვილობის შემდეგ, ნაკუწებისგან აკინძულ სურათზე შევჯერდით - იანი ქარხანის მფლობელია, რომელიც პოლონეთში ქაღალდს აწარმოებს. ეს მისი პირველი სამსახურია. მეორე კი სასტუმროების ქსელი გახლავთ, რომელსაც ჩამოსულ ტურისტებს აქირავებს, ან ემიგრანტბს, რომლებსაც მუშაობა სურთ. ქირავნობის ხელშეკრულების პირობების აღწერაზე ბევრი იცოდვილა. (დეტალებში ვეკითხები ყველაფერს, მაინტერესებს და რა ვქნა?!) სიცილს ვერ ვიკავებდი და უხერხულობისგან კიდევ უფრო წითლდებოდა ქერა კაცი - სადაცაა ენა მომტყდებაო, ამოიოხრა ბოლოს, ჩემი კისკისის საპასუხოდ.
ბინამდე მისასვლელად თხუთმეტი წუთი დაგვჭირდა. მანქანა, ისეთი ლამაზი, კოხტა, სახლის წინ შეჩერდა, როგორებიც მხოლოდ ზღაპრებში მინახავს. მყუდროა, ლამაზი, პატარა, ორსართულიანი, სამკუთხა წითელი სახურავითა და ატმისფერი კედლებით. ამწვანებული გაზონითა და ლამაზი ქვის გალავნით შემოსაზღვრული. ჩემი მყუდრო ნავსაყუდელი. დავინახე თუ არა - შემიყვარდა. მანქანიდან გადმოვედი და ქუჩას თვალი მოვავლე. ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავდა და სიმეტრიული მიმდევრობით იყვნენ ჩამწკრივებულები. თავი მაკეტის დაფაზე მეგონა - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „სპულნა სთრითზე“! (ეს ადგილი დაიმახსოვრე, ახლა არა და მერე გამოგვადგება)
იანი პირველი შევიდა შინ. უკან მივყევი. ზღურბლს გადავაბიჯე და თოჯინების სახლში ამოვყავი თავი - ევროპული სტილში მოწყობილი, შუშებში ჩასმული კედლებით გალაკული ხის იატაკითა და კიბეებით, თანამედროვე ტექნიკითა და ლამაზი ნივთებით გაწყობილი. გამეღიმა. სახლში იმდენი ლამაზი და საინტერესო ნივთი იყო, მე კიდევ მინის კედელთან აფრიალებულ რძისფერ ფარდაზე გამიშტერდა თვალი - „ჩიხი“ მომაგონდა, ანჯაფარიძის ბინა. უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საკუთარი ნაწარმოების ერთ-ერთ გვერდზე შევაბიჯე.
იანმა დამიძახა - ზემოთ ამოდიო. გამოვერკვიე და კიბეებზე ავირბინე. ოთახები მაჩვენა. ძალიან მომეწონა. პოლონელმა სახეზე შემატყო, რომ საცხოვრებელი ადგილით კმაყოფილი დავრჩი და ესიამოვნა. მკითხა - მოგწონსო? ძალიან-მეთქი. მიხარიაო. უკან ჩამოვბრუნდით. სახლის სხვა მდგმურები სამზარეულოში ისხდნენ და სადილობდნენ. მათი არსებობა გვიან შევიმჩნიე - ვამუღამებ და პოლონელებმა რასისტობა გადმომდეს? უკრაინელებს რატომ ვეროჟები? („სპულნაზე“ ნახევარი ქართველები ცხოვრობენ და ნახევარი უკრაინელები) იანმა ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად და წამოვედით.
მანქანა სახლისკენ მოატრიალა. მინებს აუწია და სალონში კონდიციონერი ჩართო. ძალიან ცხელოდა. შეწყვეტილი საუბარი განვაგრძეთ - თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა დავუწუნე ყავის უგემური არომატი - ახითხითდა. ჩვენ შაქარი დიდად არ გვიყვარსო. მე პირადად ყველაფერს უშაქროდ ვსვამო.
ჩამეცინა. იან, შეიძლება ბევრ რამეში კაი ტიპი ხარ, მაგრამ ყავის აზრზე არ ხარ, მეგობარო! - დავპირდი „ნამდვილ“ ყავას გაგასინჯებ-მეთქი. გამიცინა - ყავაზე შევთანხმდით, შემდეგში იყოსო. სახლამდე მომიყვანა. მანქანიდან არც გადმოსულა. ეჩქარებოდა. სწრაფად დავემშვიდობე. მადლობა გადავუხადე და გადმოვედი. ეზოში „ვაგზლის“ ნახევარი გამოფენილიყო. ყველა მე მომაჩერდა. სანამ კითხვებს მომაყრიდნენ, გვერდი ავუქციე ხალხს და ჩემს ოთახში ავირბინე. თეთრი ღვინო მელოდა ფანჯარასთან, ლეპტოპისა და მომლოდინე მუზის გვერდით - დრო იყო, „ჩიხზე“ მუშაობა გამეგრძელებინა.
გულში ვფიქრობდი, ნაწარმოებს რომ დავასრულებ, ემიგრანტების ყოფაზე აუცილებლად წამოვიწყებ ახალ პროექტს-მეთქი - თქვენ, არ იცით ხალხს რა პირობების ატანა უწევს, რომ შვილს, მშობელს ან ოჯახის სხვა რომელიმე წევს აქედან ფულით დაეხმაროს. არ იცით, რადგან არ გიყვებიან. არ საუბრობენ, რადგან არ სურთ რომ ინერვიულოთ. არ სურთ საუბრისას ხმა გაებზაროთ და იტირონ. არადა, იტირებენ, აუცილებლად იტირებენ და გეტყვიან რომ სიცოცხლესაც დათმობდნენ, რომ 5 წუთით მაინც შეეძლოთ თქვენ გვერდით გაჩენა. ზუსტად ეს სიტყვები მითხრა, „ცეცხლისფერმა“, როცა ერთად ვსეირნობდით კვიზინის წყნარ ქუჩებში. არაფერი მითქვამს. არ მინდოდა ფუჭი სიტყვებით გამებერა, ან უაზროდ გამემხნევებინა. ჯიბეებში ხელები ჩავილაგე. გავჩერდი და ჰორიზონტს გავხედე. სისხლისფერი მზე დასაძინებლად ემზადებოდა. გამეღიმა - მე ახლა ერთ-ერთი მათგანი ვარ. სამშობლოდან ძალიან შორს წამოვედი. მეც ემიგრანტი ვარ, მაგრამ მისი და ჩემი მიზნები განსხვავდება - მე ბევრი რამ მაქვს საპოვნელი, მან კი ყველაფერი რაც იპოვა უკან ჩამოიტოვა, რადგან სხვა გზა არ აქვს. ჩემთვის აქ ყოფნა უფრო იოლია ვიდრე მისთვის. ვწუხვარ „ცეცხლისფერო“, ძალიან ვწუხვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ გაგრძნობინებ...

კვიზინი/ "თეთრხალათიანი კუკურუზა" / 22:15 წთ/ მთვარის 5 დღე, პირველი ფაზა...

დილაუთენია მაღვიძებენ - მალე, ადექი გასაუბრება იწყებაო! ცალი თვალი ავაჭყიტე. მეორეს ჯერ კიდე ეძინა. გასაუბრება თორე, პოლონეთის საელჩოში მიბარებენ საერთაშორისო ურთიერთბების მთავარ მენეჯერად აი! - საკუთარ სარკაზმზე სიცილი ამიტყდა და იქამდე ვერ გავჩერდი, სანამ ფუმფულა ბალიში არ დამაჯდა კეფაზე - მასხარა ხარ, ამხელა ქალიო! რამხელა ქალი? 25 წელი ბევრია? მეტი არ მინდა დამეთანხმო!
გაბურძგნული თავი ძლივს ავწიე. თან თვალები მებლიტებოდა. დავამთქნარე და გაბრუჟებულმა მზერა მოვატარე ოთახს - ჩემს საძინებელს თურქ-სელჩუქები როდის შემოესივნენ, ისე რომ მე ვერ შევამჩნიე? ყველაფერი ისეთი არეული იყო, სერიოზულად გამიტყდა. ისევ ბალიშზე ვაპირებდი დანარცხებას, რომ მეორე ბალიშმა სახეში მიწია და მომაფხიზლა. „ცეცხლისფერო“, მოძალადე ხარ!
საწოლიდან კალიასავით ავხტი და კომფორტული სამოსი გადავქექე. ჩემოდანი ჯერ კიდევ არ ამომილაგებია. ვერ ჩამოვყალიბდი, „ვაგზალი“ მომწონს, თუ არა. წავიდე, თუ დავრჩე? ასეთი ბარდაგში არასოდეს მიცხოვრია და თავიდან ემოციური შოკი მქონდა, მაგრამ მერე, როცა გარემოს შევეჩვიე, მივხვდი, რომ მსიამოვნებს, დილაუთენია სამზარეულოში ჩასულს, ბევრი გაკრეჭილი სიფათი რომ მეგებება ყავითა და ჩაით ხელში. უცხო მხარეში, ამ უზარმაზარ სახლში, პატარა „საქართველო“ გვაქვს. მგონი დავრჩები...
დღის ზმანი - კედები, ჯინსის შარვალი, ფართხუნა ზედა, მუცელთან ნასკვით და რაპუნცელა თმები ცხენის კუდად შეკრული - რას ერჩი? კომფორტულია. მესამე სართულზე ავირბინე. აბაზანაში მინდოდა შესვლა, თან წებოვანი ქაღალდი მიმქონდა კარზე მისაკრავად - „რიგში ჩადექი, დუდ, დაკავებულია!“ მაგრამ კიბეზე იანი შემეფეთა, ხელსაწყოების ყუთით ხელში.
- ჰეი! - გამეღიმა სასიამოვნოდ გაოცებულს. ასე ადრიანად არ ველოდი - აქ რა დაგრჩენია?
- გუშინ ხომ მითხარი შხაპის მიღებას ვერ ვახერხებო? ჰოდა, კარი შევაკეთე. ახლა უსაფრთხოა. იკეტება. - გამიცინა.
- გმადლობ, როგორი ყურადღებიანი ხარ. - გავიბადრე.
- ეგ არაფერი. - ხელი ამიქნია. - გასაუბრება რომელზე გაქვს? გაგიყოლო?
- არაა, იყოს. ჯგუფი მივდივართ და იმათ გავყვები. გმადლობ, იან.
მაშინ, კარგიო - ერთმანეთს სწრაფად დავემშვიდობეთ. იმასაც ეჩქარებოდა და მეც. აბაზანაში შევედი და შიგნიდან კარი გადავკეტე. საიმედო ჩხაკუნის ხმამ სიმშვიდე მომგვარა. აღარავითარი წებოვანი სტიკერები! ხელ-პირი დავიბანე და სამზარეულოში ჩავირბინე. ჩვეულისამებრ, მაგიდას „მრგვალი მაგიდის რაინდებივით“ შემოსხდომოდნენ მდგმურები. ყავის ჭიქები მადისაღმძვრელად ორთქლავდნენ თითებში.
ისეთი სიფათებით დამხვდნენ მივხვდი, დილიდანვე მოესწროთ გლოვაც და კისკისიც. ცოტას ღელავენ, არავინ იცის ქარხანაში როგორი სამსახური დაგხვდება. ისე ვამუღამებ და მაგარი გიჟი ვარ. თავი რომ გამოვიდე, მეც მინდა მანდ მუშაობა-მეთქი, ჯერ იკითხე, შვილო, შეგიძლია, არ შეგიძლია? მაგრამ მაგაზე დიდად არ ვღელავ. ჯიუტი ვარ, თუ რამეს ავიჩემებ ჩემსას გავიტან! თან სახალისოა. ჩემს დღეში არ მცმია „ვალინკები“!
ყავის მზადებას მოვრჩი და მაგიდასთან ჩამოვჯექი. ასე არაფერი გამოვა, დაღვრემილ სიფათებზე მაყრის - რა მნიშვნელობა აქვს, რისი გაკეთება გიწევს? მერე რა რომ, რბილ სავარძელში არ ზიხარ და გაზულუქებული ვით (უკაცრავად) წინ და უკან არ ბზრიალებ? ცხოვრებაში არსებობს რაღაცები, რასაც განსხვავებული გემო აქვს. ეგრე ნუ მიყურებ, არ გამშვიდებ. მე მიყვარს „პიკანტური“ არომატები. სხვა მუღამი აქვს. არც ისე იოლი, ძნელად მისაღწევი, რთულად მოსაპოვებელი და ბოლოში? ბოლოში, ყველაზე გემრიელი, დამსახურებული და რაც მთავარია, დაფასებული ფინალი!
უცებ წარმოვიდგინე საკუთარი თავი მუხლებამდე „ბოტებსა“ და თეთრ ხალათში, შაურმასავით გახვეული და გადავყირავდი. შეუფერებელი განწყობით ყურადღება სწრაფად მივიქციე. რა დასამალია და მოკლე დროში უკვე შემამჩნიეს, რომ ცოტა უცნაური ვარ და დიდად არ უკვირთ ხოლმე ჩემი ახირებები.
ატმოსფეროს შესაცვლელად, ჭიათურას (იქიდან ბრძანდება ხსენებული ვაჟბატონი) წინა დღით მიღებულ წამალზე დავუწყე ღადავი. ტიპს კბილი სტკიოდა და სიცხის დამწევი დალია, პახოდუ უშველა. რას აღარ გაიგებ კაცი! სანამ სრული შემადგენლობით წამაყრიდნენ - რა გახითხითებსო, „კომუნისტამ“ ( ქარხნის „ბრიგადირია“, მაგარი კაცია, ძველი სიმღერები ევასება და მანქანაში კაი თბილისელი ტაქსისტივით ბოლომდე აღრიალებს ხოლმე ფლეილისთს) მოგვისიგნალა - აეფხიკეთ, გასაუბრებაზე მივდივართო!
ეს „გასაუბრება“ მეხამუშება. რაღაც ისე ჟღერს, ყვავს რომ ჰალსტუხი გაუკეთო, თან სერიოზულად შეაქო გიხდებაო. მე შედარებებში ძაან. „კომუნისტამ“ სამსახურამდე გადაშენებას მყოფი თრექებით მიგვაცილა და სანამ ყურები ჩამიხმებოდა და ჩამომძვრებოდა, პატივი დამდო და ცოტა ჰაერი შემოუშვა სალონში - „ენრიკემ“ ტკბილად იღუღუნა დანიშნულების ადგილამდე. გამისწორდა, ბავშვობა გამახსენდა.
დამ, დამ! ბოლო გაჩერება - ქარხანა, რომელიც ორმოცდაათამდე ქვეყანას ამარაგებს ბოსტნეულის კონსერვებით; ქარხანა, რომელიც თუ ოდესმე ჩამოიქცა, მასშტაბური ისტერიკა გარანტირებულია; ქარხანა, სადაც ჩვენ „კუკურუზნიკებად“ დაგვნიშნეს (სიმინდის დანადგარის ოპერატორი გახლავართ), მეთვალყურეებად კი, „წითელქუდები“ გვყავს, ოღონდ ბებიებისა და მგლების გარეშე („კლიჩკა“ აქაურმა ემიგრანტებმა შეარქვეს ზედამხედველებს, წითელი ქუდების გამო); ქარხანა რომელიც ჭუკების საკვების სუნად ყარს. პირველი ეს მომივიდა თავში, შიგნით რომ შევაბიჯე და ისევ ბავშვობაში დავბრუნდი - მახსოვს ბებიაჩემი როგორ უმზადებდა მზისფერ ჭუკებს საკვებს. რაღაც არანორმალურად მომწონდა, იმ ფაფის სუნი. წლები გავიდა და აღმოვაჩინე, რომ „გემოვნება“ შემცვლია, თუმცა ჭუკების მოგონებამ მაინც სითბო მომგვარა... გაბანჯგლული ყვითელი ჭყიპინები, ნიჩაბივით ნისკარტებით და ტყაპა-ტყუპა ფეხებით, ვუაიმე ღუნღლაააა!!!
რას გიყვებოდი... ჰო, მოკლედ. მივედით ქარხანაში და ხელმძღვანელმა მეორე სართულზე აგვიყვანა. ვათვალიერებ ახლა შენობას და ჩემი მძაფრი ფანტაზიის პატრონმა მაშინვე აშალა აფრები - კედლები, დერეფნები, ოთახები, ყველაფერი ისე ჰგავდა საშინელებათა ფილმებში ნანახ მიტოვებულ საავადმყოფოებს, წარბები მაღლა გამექცა. გარეთ სიმინდები, რომ არ მენახა და უზარმაზარი ტრაილერები, ვიფიქრებდი დასაკლავად შემოგვიტყუეს ცხვრებივით-მეთქი.
ის იყო, დარეფნის შუაგულში შეგვიყვანა ტრისტან სახელსარგასაკარებელმა, რომ საწამებელი ოთახის მომლოდინემ თავი კაფეტერიაში ამოვყავით. იიი, არ გაიშვა თქვენი სასადილო! - უამრავი პატარა, ოთხკუთხა მაგიდა, გამწოვის საშინელი ხმაური და რამდენიმე მობოდიალე პოლონელი, რომლებიც ისე გვათვალიერებენ, თითქოს ზოოპარკში ახალი ცხოველები შემორეკეს.
ხელმძღვანელმა მაგიდებზე მიგვითითა - დასხედითო. დარბაზი მოვათვალიერე და იმ მაგიდას მივუჯექი, რომლის გადასაფარებელიც ყველაზე მეტად მომეწონა - ჭაობისფერი იყო, რუხი პრინტებით. დილას, შუკვანზე მეფიქრებოდა. მომენატრა ჩემი დეტექტივი ბიჭი. სახლში რომ მივალ „ჩიხი“ უნდა გავაგრძელო. მკლავს საყვარელი პერსონაჟების ნოსტალგია.
ყველამ ჩვენი ადგილი რომ დავიკავეთ, უფროსის მთლად უფროსი მობაჯბაჯდა. დაბალი კაცია, მელოტი და პრიალა თავით. ერთი ავხედ დავხედე და რომ არ გამცინებოდა ტუჩი მოვიკვნიტე - იპოდრომა, შენ რომ იცოდე რამდენი მელოტი მყავს ნაწამები ჩემს ნაწარმოებებში, სამსახურს კი არა, მზის სინათლეს არ მაღირსებდი! სახე ხელებში დავმალე რომ სიცილისგან თავი შემეკავებინა. რა ჯანდაბა მჭირს დილაუთენია?!
იმის ნაცვლად, რომ გასაუბრებას სერიოზულად ჩაევლო. კაკალმა კაცმა სულ კრეჭა-კრეჭით მოგვითხრო როგორ არ უნდა შევეჭამეთ დანადგარებს და ისეთ მარტივ დეტალებზეც კი გაამახვილა ყურადღება, ნერვი შემიტოკდა - თუ შეამჩნევთ, რომ რაიმე თავზე გეცემათ, გაიქეცითო! ატრაკებ! მე რატომ ვაპირებდი თავის შეშვერას??? გაიტანეთ ეს კლოუნი, სანამ ალაპლაპებულ თავზე ცხენებს სარბენი ბილიკი შემოვუხაზე!
ახსნა განმარტებისას (მის საუბარს ტრისტან ბეიბი ბოსი გვითარგმნიდა მშობლიურ ენაზე) ჟესტიკულაციას იშველიებდა. ანუ „ჩლუნგების“ წინ იდგა და სიტყვით ვერა და ხელებით გვაგებინებდა, ხვდები? არ უნდა წაამტვრიო ძირში ის არგასაქანებელი ხელები? მაგრამ ისეთი სასაცილო სანახავი იყო, ნახევარი სასტავი სიცილით იწყვიტებოდა - ბეიბი ბოსსაც კი, გაეპარა ღიმილი ულვაშებში. სანამ ბიგ ბოსის ნაბოდიალებს გვითარგმნიდა ქართულად ამკობდა თბილ-თბილი რეპლიკებით. მთლად უფროსს კიდევ სახე ებადრებოდა ხალხის ხითხითზე - ეგონა, მისი უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება გვამხიარულებდა „მოსწრებული ენითურთ“. ის კი არ იცოდა, რას ბურტყუნებდა თარჯიმანი მის გვერდით.
დეტალებში რომ მოგიყვე „გასაუბრების“ ამბები, ზეგ დილამდე ვერ დავამთავრებ და შეგიჯამებ - ზუსტად ისე ჩაიარა ხსენებულმა „გასაუბრებამ“, როგორც ჰალსტუხმა ყვავის კისერზე! მილიარდი რჩევა-დარიგებისა და მითითების მოსმენის შემდეგ, როცა საბუთებიც მოვაწესრიგეთ და ხელშეკრულებებზე ხელი მოვაწერეთ, დადგა დრო, ჩვენთვის ფორმები გადმოეცათ - პირველ სართულზე დავეშვით.
საწყობის დარაჯი საცავთან იდგა და სათითაოდ გვაწვდიდა ფორმებს - თეთრ ხალათს და „ვალინკებს“. თუ ვინმეს არ მოერგებოდა, უცვლიდნენ. წარმოიდგინეთ, რომ ტანსაცმლის გადანაწილება ხდება 25 კაცში; ანუ დომხალია; ანუ ისეთი კურიოზები იჩითება, შეიძლება ჩაიკეცო - ზოგს ფეხი არ ეტევა და ჯაჯღანებს. ზოგს ხალათი არ მოუვიდა და ისე უხერხულად გაეკვეტა, გამოხსნაში მიხმარება დასჭირდა. ზოგი კი, პირიქით ფართო ხალათში უპერსპექტივო ექიმივით ჩაძვრა;
მე და „ცეცხლისფერი“ მოშორებით ვიდექით და როზა ბებოზე ვხითხითებდით. ჯგუფის ხელმძღვანელსა და საცავის დარაჯს, სინქრონულ ტემპში ტვინი ამოუკორტნა - ხალათის გამოცვლა ხუთჯერ ითხოვა, არ მომდისო, ეს უშნოაო, ეს მეტისმეტად ფართხუნაოო. მერე „ვალინკებს“ მისდგა, იმის ფერი არ მომწონსო. ამას ქუსლი ზედმეტად სქელი აქვსო. ტრისტანამ მკლავი ფანჯარაძე ჩამოდო და ზედ თავი ურტყა, ჩუმი ბურტყუნით - ღმერთო, გევედრები მკვლელობის უფლება არ მომცეო.
ტრისტან ბეიბი ბოსს მოთმინების უნარი აქვს, ჭიათურას არა. ნერვმა შეუღიტინა და ბებერს აწყვეტილი ბულდოგივით ებრდღვნა - ქალბატონო, ნუ დაგვაწყვიტეთ ნერვები, ქარხანაში უნდა იმუშაოთ სიმინდებთან, პოდიუმზე კი არ გადიხართო! გაიბუტა, როზიკო. თავის დაწუნებულ ხალათსა და „ბალენსიაგას“ ხელი წაავლო და კუთხეში მიიბუდრა.
განგებ მოვიცადე ბოლომდე, სანამ ყველამ არ მოირგო ტანსაცმელი და „ცეცხლისფერს“ მუჯლუგუნი მივცხე - ვუჩვენოთ კლასი-მეთქი?! წარბები შეათამაშა, მეტი რა უნდოდა? წამოო! დარაჯის პირქუში სახისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, გაკრეჭილებმა ჩვენი ზომების შესაფერისი ფორმები შევუკვეთეთ. გადმოგვაწოდა. ისეთი ხალისით ჩავხტი ბოტებში გეგონება, კონკიას ბროლის ფეხსაცმელი ეღირსაო. თეთრი ხალათი თეატრალურად შემოვიცვი - აი ექშენ დრამებში, კაი ტიპები, რომ ტრიპაჩობენ ხოლმე ნელ კადრებში, ხომ ხვდები? და საყელო ისეთი სერიოზული მზერით შევისწორე დაწყდა ხალხი სიცილით. გაჯგიმულმა დოინჯი შემოვირტყი და „ვაჟნი“ მზერით გადავხედე „ცეცხლისფერს“.
- მიხდება, გოგონი? - მზის სათვალე მაღლა ასწია, ერთი ამხედ-დამხედა და გადაფიჩინდა.
- ბოტები, გიტეხავს თორემ ექიმის ვიდი გაქვს.
- რა იყო, გოგო, ექიმი ბოტებით ვერ ივლის?! - შევუბღვირე.
თვითონაც გაეკვეტა ფორმაში და ერთმანეთი რომ შევათვალიერეთ, ტელეფონი დააძრო და ჩასელფა. იქვე მომუშავე პერსონალი გაშტერებულები გვიყურებდნენ - ესენი არ არიან ნორმალურებიო. ფოტოსესიას, რომ მოვრჩით ჯგუფისკენ შევბრუნდით.
- რას იტყვით, წავა? - აზრს დავეკითხე სასტავს. (მაგ კითხივს შემდეგ შემარქვეს სმაილიკა)
- გაკვდება!
- შენთვისაა შეკერილი!
სიცილით მომაყარეს რეპლიკები. ვაგზალმა ისევ თავი შემახსენა, ციგნებმა იციან ხოლმე ეგრე შებმა, რაღაც გარეწრობის შემოსაღებას რომ ცდილობენ. წამპლებო!
- მაი, რა კაი ხალათია, ბებო, - კუთხიდან გამოიყუჟა როზიკო - შენ რატომ მოგიხდა? მე, არ მიხდება.
დარაჯთან ჩავაწყე, როზა! რატომ გადაგვეკიდე, ქალო? რა გინდა? რას გვერჩი?????? სანამ ფორმას გავიხდიდი და ჩემი პატარა, კოხტა, მწვანე „ვალინკებიდან“ უკან ამოვხტებოდი, შევამჩნიე როგორი სახით გვიყურებდა უჟმური დარაჯი - იღიმოდა. მშვენიერია. სულ რაღაც ათი წუთით ვიკონტაქტეთ და უკვე შერეკილი ვგონივარ.
ზუსტად ვიცი, ეს დღეები არასოდეს დამავიწყდება. გააფერადო, იქ სადაც ნაცრისფერია, გააღიმო, იქ სადაც დაღლილობისგან კრიჭა აქვთ შეკრული. იხალისო იმით, რაც დანარჩენებს უტყდებათ? - ჩემი სტილია!
პოლონური ზაფხულის ჩვენება დასრულდა! - გახდა ისე დრამატულად ვერ გამომივიდა, როგორც ჩაცმა, მაგრამ „ნიჩეო“. ყველამ ავკრიფეთ ჩვენი ძერსკი ზმანები და სახლისკენ წამოვეხეტეთ. გზაში „ცეცხლისფერმა“ (წითელი თმის გამო გადავეკიდეთ მე და ჩემ მიერ მოფიქრებული ზედმეტსახელი) ხელი გადამხვია. თვალები უციმციმებდა.
- ანაბელ, დიდი ხანია ასე არ მიხალისია. მაგრად გავერთეთ, ძალიან მაგრად! ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი პოზიტიური დღე იქნებოდა.
- გაასწორა! ისე, ჩვენ კი ვიხალისეთ და იმ ხალხს მაგარი შერეკილები ვგონივართ!
- არ ვართ, თუ? - წარბი აზიდა.
- გეკამათები? - გავიოცე.
ორივეს გაგვეცინა. რაღაცნაირი დღე იყო. ვერ ვხსნი, მაგრამ ერთი მიხაროდა - „ცეცხლისფერი“ აღარ ტიროდა...
საღამოს, ჩემს ოთახში ლეპტოპთან ვიჯექი და ამ ტექსტს შენთვის ვკრეფდი, „მოგზაურის ჩანაწერებს“, რომ მანქანის ხმა შემომესმა. მივხვდი, იანი ისევ მოვიდა. ხუთ წუთში კარზე მომიკაკუნა. შემოდით-მეთქი - გავძახე. კარი გააღო და უხერხულად გამიღიმა, - გცალიაო? გავუცინე. ლეპტოპი დავხურე და ქვემოთ ჩავყევი.
ეზოში გავედით და კიბეზე ჩამოვსხედით. სიგარეტი ამოიღო და გამომიწოდა. წვრილ „გოლდს“ ეწევა? სერიზულად? ეს სიარეტი აქ ერთი ფილტვის ფასი ღირს! ერთი ღერი ამოვაცალე და მოვუკიდე.
- აბა, დღემ როგორ ჩაიარა? - ყურადღებით შემომხედა.
- კარგად. გავერთე. - გამეცინა,
- მართლა? - ცოტა გაუკვირდა, თან ესიამოვნა - მეგონა სამუშაო ადგილს, რომ ნახავდი ქვეყნიდან გაიქცეოდი.
- მერე კი, ამ სახლიდან? - მივეშველე.
- ჰო. - აღიარა - იმედია მართლა არ გაიქცევი.
- ეგეთი მშიშარა გგონივარ? ჯერ აქედან წასვლას არ ვაპირებ! - ისეთი კატეგორიული ტონი მქონდა გაეცინა.
გვიანობამდე ვისხედით. ორი ჭიქა ყავის დალევაც კი მოვასწარით. ვსაუბრობდით. პირველ გიჟურ დღეს ვიხსენებდით - დღემდე ახსოვს როგორ ვეჩხუბე ოთახზე და იმდენად ხშირად მახსენებს ხოლმე, თავს ძლივს ვიკავებ ფერდში არ ვუჩქმიტო! თან სიცილით კვდება, - მაშინ ძალიან ბრაზიანი მომეჩვენეო. სინამდვილეში მხიარული და კეთილი ხარო. მე კი, თავიდან ვირი მომეჩვენე, მაგრამ სინამდვილეში ჯენტლმენი აღმოჩნდი-მეთქი - კი გავიფიქრე, მაგრამ არ მითქვამს.
წასვლის დრომ რომ მოაწია, წელი ძლივს აითრია, ცარიელი ჭიქა ღიმილით დამიბრუნა და ყავისთვის მადლობა გადამიხადა. კიდევ ერთხელ მკითხა, - ესე იგი, ჯერ არ გარბიხარო? სიცილი ამიტყდა. ვნახოთ-მეთქი - თვალი ჩავუკარი. შემიბღვირა.
სიგარეტის კოლოფი მუხლზე დამიდო - აქ, ძვირი ღირსო. დასამშვიდობებლად ხელი დამიქნია და ჯიბეებში ხელებჩაწობილი მანქანისკენ გაემართა. დამპირდა, რომ ხვალ თავისუფლად დროს თუ გამონახავს ისევ მოვა.
ერთმანეთს შევეჩვიეთ. უკვე ახლო მეგობრები ვართ. არადა სულ რამდენიმე დღეა ერთმანეთს ვიცნობთ. სანამ სალონში გაუჩინარდებოდა ბოლოჯერ შემომხედა გაკრეჭილმა და საბურავების წივილით მალე გაეცალა სახლს. მარტო დავრჩი. მზერა პოლონელის ცარიელი ჭიქისკენ გამექცა, მოვიწყინე - აქ დიდხანს ვერ დავრჩები, იან...



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ემიგრანტობა ძალიან მძიმეა, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში რომ ემიგრანტზე უფრო ცუდად გრძნობ თავს, იმას მაინც სჯობს.
ყველაზე მძიმე მონატრებაა და ის სიცარიელე, სიმარტოვე უცებ რომ დაგრევს ხელს და თავის მარწუხებში ისე გაგხვევს, აზრზე მოსვლას ვერ ასწრებ, რომ ცრემლების ტბა გაქვს დაყენებული.

მაგათთვის მზის სითბოსავით ხარ, დარწმუნებული ვარ.
ზოგჯერ ძალიან გჭირდება ეგ პოზიტივი, მაგრამ თავად ვინ გიშველის?
მომწონს ის, რომ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების არ გეშინია და ასეთ რისკზე წახვედი. მაგ დასაქმებების დიდად არასდროს მჯეროდა, რადგან უამრავი ადამიანი გააუბედურეს, გააყიდინეს სახლები და დატოვეს მშრალზე ვაი დამსაქმებლებმა.
მიხარია, რომ 'გაგიმართლა' და მართლა მოახერხე დასაქმება.

იანი ძალიან საინტერესოა. რაღაცები ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენი და მაინტერესებს უფრო მეტად, მისი მოტივები.

 


№2 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

ვარსკვლავ გოგონა იციი ძალიან მამხიარულებ შენი ნაწერით შენი სტილით გადმმოცემის უნარით.... მიყვარხარ მე.შენნ ... შენი ყველა ნაწერში ვიძირები გარე სამყაროს ვწყდები და მგონია რო შენს პერსონაჟებთან ერთად განვიცდი ყველაფერს.. ეხლა კიდე ეს ასე მგონია შენთან ერთად ვმოგზაურობ და ყველა დეტალს შენთან ერთად გავდივარ.. იმაზე დიდი იყო ვიდრე წარმოვიდგენდი ძალიან ვისიამპვნე ბევრი ვიმხიარულე ლამარაზე ნარგიზაზე თუ ლელიაზე ნუ მოკლედ რაც ქვია.. მაგაზე განსაკუთრევით და შენი ,, ნიჩევო" მკლავსს :დდდდდდდდდდდ

 


№3  offline ახალბედა მწერალი belle...

მე♥უცნაურე
ემიგრანტობა ძალიან მძიმეა, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში რომ ემიგრანტზე უფრო ცუდად გრძნობ თავს, იმას მაინც სჯობს.
ყველაზე მძიმე მონატრებაა და ის სიცარიელე, სიმარტოვე უცებ რომ დაგრევს ხელს და თავის მარწუხებში ისე გაგხვევს, აზრზე მოსვლას ვერ ასწრებ, რომ ცრემლების ტბა გაქვს დაყენებული.

მაგათთვის მზის სითბოსავით ხარ, დარწმუნებული ვარ.
ზოგჯერ ძალიან გჭირდება ეგ პოზიტივი, მაგრამ თავად ვინ გიშველის?
მომწონს ის, რომ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების არ გეშინია და ასეთ რისკზე წახვედი. მაგ დასაქმებების დიდად არასდროს მჯეროდა, რადგან უამრავი ადამიანი გააუბედურეს, გააყიდინეს სახლები და დატოვეს მშრალზე ვაი დამსაქმებლებმა.
მიხარია, რომ 'გაგიმართლა' და მართლა მოახერხე დასაქმება.

იანი ძალიან საინტერესოა. რაღაცები ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენი და მაინტერესებს უფრო მეტად, მისი მოტივები.


რისკი ყოველთვის არსებობს ყველაფერში, მაგრამ ნაბიჯს თუ არ გადადგამ ოცნებებსაც ვერ აიხდენ ასე რომ ცუდი გამოცდილება მირჩევნია "ნეტავ მექნას". იოლად ვერაფერს მიიღებ ცხოვრებაში ასე რომ დიდად არ ვდარდობ იმ გართულებებზე რასაც აქ ვაწყდები, პირიქით... რაც შეეხება იანს, არანაირი მოტივი არ ამოძრავებს გარდა იმისა, რომ უბრალოდ ძალიან მეგობრული და კეთილი ადამიანია. თუ სიკეთეს ხედავს ადამიანში იგივეთი პასუხობს, ესაა და ეს. მისნაირი ხალხი იშვიათია მაგრამ ფაქტია რომ არსებობს და ამას თავისი ქმედებებით ამტკიცებს და არა სიტყვებით... <3 ძალიან დიდი მადლობა შენ რომ ჩემს გვერდით ხარ <3 <3

მარიამ ენჯიბაძე
ვარსკვლავ გოგონა იციი ძალიან მამხიარულებ შენი ნაწერით შენი სტილით გადმმოცემის უნარით.... მიყვარხარ მე.შენნ ... შენი ყველა ნაწერში ვიძირები გარე სამყაროს ვწყდები და მგონია რო შენს პერსონაჟებთან ერთად განვიცდი ყველაფერს.. ეხლა კიდე ეს ასე მგონია შენთან ერთად ვმოგზაურობ და ყველა დეტალს შენთან ერთად გავდივარ.. იმაზე დიდი იყო ვიდრე წარმოვიდგენდი ძალიან ვისიამპვნე ბევრი ვიმხიარულე ლამარაზე ნარგიზაზე თუ ლელიაზე ნუ მოკლედ რაც ქვია.. მაგაზე განსაკუთრევით და შენი ,, ნიჩევო" მკლავსს :დდდდდდდდდდდ


შემოგევლე მე შენ მაგ თბილ გულში მარიამ ^_^ <3 <3 ძალიან მიყარხარ ჩემო პატარა და უამრავი მადლობა, ბევრი ჩახუტება და ბევრი კოცნა შენ ჩემგან აი ასე ცოტა ძაან შორიდან მაგრამ ეგეც "ნიჩეო" ;დდდდდდდდდდდ <3 <3 <3 <3

 


№4  offline წევრი beshqen

წუხელ გამომეპარა,როდის დადე,ვერ გავიგე,ხოდა რისი თქმა მინდა,ზოგირამე ხომ უკვე წაკითხული მაქვს,მაგრამ ისევ ისეთი უდიდესი სიამოვნებით და გატაცებით ვკითხულობ,თავის აწევა აღარ მინდა ხოლმე...შენი იუმორისტული ხედვები მაგიჟებს,რომ შეგიძლია ყველაფერში დაინახო პოზიტივი ეს კიდევ სხვა რამეა,ხო,როგორ იყო?შეურაცხადი პანტერაო sweat_smile შენ ხარ პოზიტივის დედოფალი,რამხელა სითბო შეგაქვს მკითხველთანაც ვერ წარმოიდგენ..მოგზაურის ჩანაწერები,როცა იქნება წიგნად უნდა გამოიცეს,ეს იქნება შოკი,ბეტსელერად იქცევა აუცილებლად,არ მიატოვო,ბოლომდე მიყევი..ველოდები ახლებს heart_eyes შენც ჩემსავით ყოფილხარ,მეც ჯელიბონივით ვდნები თბილ სიტყვებზე laughing

 


№5  offline ახალბედა მწერალი belle...

beshqen
წუხელ გამომეპარა,როდის დადე,ვერ გავიგე,ხოდა რისი თქმა მინდა,ზოგირამე ხომ უკვე წაკითხული მაქვს,მაგრამ ისევ ისეთი უდიდესი სიამოვნებით და გატაცებით ვკითხულობ,თავის აწევა აღარ მინდა ხოლმე...შენი იუმორისტული ხედვები მაგიჟებს,რომ შეგიძლია ყველაფერში დაინახო პოზიტივი ეს კიდევ სხვა რამეა,ხო,როგორ იყო?შეურაცხადი პანტერაო sweat_smile შენ ხარ პოზიტივის დედოფალი,რამხელა სითბო შეგაქვს მკითხველთანაც ვერ წარმოიდგენ..მოგზაურის ჩანაწერები,როცა იქნება წიგნად უნდა გამოიცეს,ეს იქნება შოკი,ბეტსელერად იქცევა აუცილებლად,არ მიატოვო,ბოლომდე მიყევი..ველოდები ახლებს heart_eyes შენც ჩემსავით ყოფილხარ,მეც ჯელიბონივით ვდნები თბილ სიტყვებზე laughing


აუ ბექააა ;დდდდდდ <3 <3 <3 მაგრად მიყვარხარ ;დდდ <3 <3 <3 გეფიცები არაფერს ვამატებ, ეგეთი სიკრიჭია დამოკიდებულება რომ მაქვს უმეტეს შემთხვევებზე მაგიტომ მთვლიან აქ ცოტა ჭანჭიკმორყეულად მაგრამ "ნიჩეო" თვითონაც იკრიჭებიან ხოლმე მერე ;დდდდ <3 <3 მადლობა საყვარელო შენ თბილი და ტკბილი სიტყვებისთვის ეგრევე ჟელიბონი ვხდები ხოლმე შენს კომებს რომ ვკითხულობ ;დდდდ <3 <3 <3 <3 თბილო, ტკბილო, სიყვარულო! <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent