შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები IV


13-10-2020, 02:18
ავტორი belle...
ნანახია 8 398

კვიზინი/ 02:11წთ / მთვარის მე-15-ე დღე, მეორე ფაზა...

პირველი სამუშაო დღეც გათენდა. დილის სმენა უკვე ქარხანასთან ვიცდიდით. სადღაც ნახევარ საათში დაცვის პოსტი უნდა გაგვევლო, ტემპერატურა გაგვეზომა და ისე შევსულიყავით შიგნით. მე და „ცეცხლისფერი“ გარეთ ვისხედით და ჩუმ-ჩუმად ვხითხითებდით. რაღაც სულელურ ისტორიას მიყვებოდა, თან ფხუკუნ-ფხუკუნით სიგარეტს ვეწეოდით. ჩვენს პონტში გართულებმა ვერც კი შევნიშნეთ უკრაინელი ნაკადის მოახლოება. (ახლა რა ხდება, აი ფილმებში ხომ გინახავთ ორი ლუზერი როგორ გადადის ახალ სკოლაში და იქაური „ძერსკი“ ნაროდი ხვდებათ, მერე იმ „ძერსკი“ ნაროდის „თემაში“ შემოსვლაც ხომ გაქვთ გაზუთხული სადღაც ნელ კადრებში, აფრიალებული თმებითა და მთელი ბომჟუკელა გაფორმებებით. აი ეგ მომენტი გვქონდა მე და წითელმიანს, ერთი-ერთში!) ერთ-ერთმა ჩვენმა თანამოძმემ ხმამაღალი კომენტარი გააკეთა „მიმცემი სასტავიც მოსულაო“. ჯერ ვერ მივხვდი რაზე ამბობდა, სანამ თავი არ ავწიე. პირველი ვინც თვალში მომხვდა ელასწიკებში გამობზეკილი უკრაინელი „სურამელაშვილი“ იყო, მოულოდნელობისგან სიგარეტის კვამლი გადამცდა და ხველა ამიტყდა. ახარხარებულმა წითელთმიანმა ბეჭებზე ისე დამკრა ხელი კინაღამ მიწას დავეხალე ლაყე კვერცხივით. დავიხრჩე ქალი ნუ! - კაიიიი, „საჭუკეთში“ +18 დრესკოდი თუ იყო, ტრისტან წინაპართა სახელების რისხვამ რატომ არ გამაფრთხილა?! მორალური ზიანისთვის უნდა ვუჩივლო!
- და ამას ამ ზმანით შიგნით შეუშვებენ? - ამოვიხავლე აცრემლებულმა.
- ერთი თითის გატკაცუნება და ნებისმიერ პოზას მიიღებს როგორსაც სთხოვენ, - იმ ტიპმა მიპასუხა ვინც მათ დანახვაზე უხამსი კომენტარი გააკეთა.
- იცნობ? - ცალი თვალით მოჭუტულმა ავხედე. ეს მზე მაინც და მაინც მე რატომ მიჭიტინებს თვალებში?! ცხრავე თვალით მე მიჭიტინებს თან!
- შვიდი თვეა მაგის როჟას ვუყურებ! ერთხელ კინაღამ სახე გავუბრტყელე, - ზიზღით გადააფურხა - პედერასტი ა! დადის და ხალხს ნერვებს უშლის. დამპალი უკრაინელი, ყველას ეუფროსება, არადა ერთი ჩვეულებრივი ა.
- დირექტორის შნირია, - აჰყვა მეორე - მგონი სხვა თხოვნებსაც უსრულებს ხოლმე ჩუმ-ჩუმად...
ჩაიქირქილა და ტუჩზე მრავალმნიშვნელოვნად გაისვა თითი. შემაჟრჟოლა. სურამელას შეძრწუნებულმა გავხედე. არც კი ვიცნობდი და ჩემმა მეორე მემ უკვე გადაწყვიტა, რომ საშინლად არ მოსწონდა ელასწიკებში მკვეთრად გამობზეკილი ორი საუცხოოდ მომრგვალებული უკანალი - ახლა შემშურდა თუ მომეჩვენა?
- ჩემზე კარგი კი აქვს!
გადაყირავდა წითელთმიანი. ნუ ჰო აბა ამას რას დაასწრებ? მე გავიფიქრე და ჩემთვის შევინახე, ეს კიდე ხმამაღლა ყრანტალებს, ხეპრე ქალი! კაი რა დროს სურამელაა, მოიცა! სიგარეტის ნამწვი ურნაში კარგი სნაიპერივით ჩავაგდე და წამოვდექი - დრო იყო პირველი დღე მომესინჯა, ვნახოთ ქალბატონო რეალურად რამდენი შეგიძლია! (საკუთარ თავს რომ ველაპარაკები ხოლმე ეგ პრივიჩკად მაქვს, არ ვუბერავ)
„ცეცხლისფერს“ ხელი გავუწოდე, წამოვაყენე და უკრაინელ ნაკადს უკან მივყევით. შიგნით შესულებს ერთი ახმახი შუბლზე ციცქნა მოწყობილობას ადებდა (არ ვიცი რა ჰქვია მაგას ქართულად) და ტემპერატურას უზომავდა. მე როგორც დიპლომატიური პიროვნება (ჩამიქრა იძიოტკა თავი) სანამ ქარხანაში წამოვიდოდი გუგლს დავეკითხე და პოლონურად პირველი სიტყვა ვისწავლე - „დჯინ დობრი“ ანუ გამარჯობა. ანუ ცოტა „სტრანად“ გამოითქმის, მაგრამ მიახლოებითი ვერსია დავწერე რა. ჩემი რიგი რომ მოვიდა ახმახს მის ენაზე მივესალმე და ლოყები ყურებამდე ავწელე. გაგიკვირდება და ზორბას სიფათმა იგივე მიმიკა აირეკლა, ოდნავ გაოცებული მზერით „ჩეშჩო“ დამიბრუნა პასუხად. სიცხე გამიზომა „სიცხიანს“ და გაკრეჭილმა თავით მანიშნა თავისუფალი ხარო. რა ჯანდაბაა ეს „ჩეშჩ“? (პრივეტს ნიშნავს) იჭმევა? წითელმიანი ჩემს უკან მოდიოდა და კარში გასული, მალევე წამომეწია - რაებს ბჟუტურობდი იმ აყლაყუდასთანო?! ეს ხომ კუდის ადვოკატია, აჩოტებს იბარებს!
- გოგო, თავს გადაგიღებავ იცოდე! - მუქარით გავბზიკე თითი - ჭყეტელა ყვითლად და „პოჯეკაი“ შუქნიშანს დაგამსგავსებ!
- პო... რას? - ენა დაება. ავხარხარდი.
- მოცდას ნიშნავს, მოცდას! - გვერდში ვუჩქმიტე და ხელკავი გამოვდე.
- მაგდენი როდისღა მოასწარი, სამი დღეა ჩამოთრეული ხარ!
წარბები მაღლა გაექცა პერსპექტიულ „პოჯეკაი“ შუქნიშანს. შენ მონდომება მითხარი და სურვილი თორე, ყველაფერს მოასწრებ და აითვისებ ადამიანი. გასახდელში შევბოდიალდით, სწრაფად გამოვიცვალეთ და ეზოში გამოვედით დანარჩენ ჯგუფთან ერთად. ქართველებს უკრაინელები შერეოდნენ - იბღვირებოდა ორი რასა ერთმანეთში აღრეული. ჩამეცინა - ვიგრძენი, წინ დიდი მხიარულება მელოდა. მეღადავები? უკრაინელი ქართველს ვერ იტანს და პირიქით, სხვაგან რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში და აი ამ ქარხანაში - მოსისხლე მტრები ვართ! როზიკო ისე იყო აწურული კუთხეში უნებურად ტუჩი ამებურცა. არ ინერვიულო მოხუცო - შორიდან გითალთვალებ, როგორც კი გაგიჭირდება შენთან გავჩნდები. მიყვარს ეს ქალი. უაზროდ მიყვარს. რაღაცნაირია... მიუსაფარი, აბეზარი და თან ისეთი სახალისო მინდება რომ ის „ჩიროვკა“ ლოყები დავუჩქმიტო.
სულ მალე ჩვენი გუნდის „ბრიგადირიც“ გამოვიდა გასახდელიდან. ყველას მოგვესალმა და ხელით გვანიშნა წავედითო. „ცეცხლისფერმა“ ერთი ამიხვნეშა და უკან ამედევნა. შიგნით შესულებს ისეთი ხმაური დაგხვდა ყურებზე ხელი ავიფარე. იოგების ჩაწყვეტამდე რომ გეღრიალა გვერდით მდგომს ძლივს გააგონებდი - სწორედ ამიტომ დაგვირიგეს ყურის საცოფები, საწვიმრები, ხელთათმანები და კიდე რაც ყველაზე მეტად მეჯავრება - თეთრი ქუდები. ყველაფერი გავიგე, მაგრამ საწვიმრები რა ჭირად გვინდოდა? - მერე კი მივხვდი, რისთვისაც იყო საჭირო, სიმინდთან მუშაობის დროს საკაიფოდ რომ იწუნწკლები ვირთხასავით. მოკლედ დასველების საშიშროებაზე როგორც კი შევიტყეთ მე და წითელთმიანი ორმაგ საწვიმრებში გავეკვეტეთ. ყურისაცობები გავირჭეთ, ქუდები ჩამოვიფხატეთ, ხელთათმანები წამოვიცვით და ბეცი ბავშვებივით დიმას (ბრიგადირს) მივაჩერდით. ცისფერთვალებამ აპარატებთან გაგვანაწილა ყველა, წესები აგვიხსნა რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა, აბა თქვენ იცითო გზა დაგვილოცა და თავის საქმეს მიუბრუნდა. ჰოომ... აპარატისკენ შევბრუნდი და პირველად გამოგორებული სიმინდი ხელში ავიღე... კადრი დაპაუზდეს - გენერალური შეჯამება სამსახურის სადაც ვმუშაობ და შიდა სამზარეულოს მოკლე მიმოხილვა, რომელიც სრულიად საკმარისი იქნება შენთვის.
ქარხანა, რომელმაც მოკლე დროში ბევრი რამ მასწავლა; ქარხანა, რომელიც მსოფლიოს ორმოცდაათამდე ქვეყანას ბოსტნეულის კონსერვით ამარაგებს, ჩვეულებრივი, მოქმედი ფრონტის ხელისგულს წარმოადგენს. ეს არის უზარმაზარი დაწესებულება სადაც, მმართველმა ორგანომ ათასი რჯულისა და ეროვნების ადამიანი ერთად შეკრიბა, მისცა სამსახური და არ უთხრა, თუმცა აგრძნობინა - აწი კისერი გიტეხიათო.
ანუ ახლა რა ხდება - მოლდოვა, უკრაინა, პოლონეთი და ბოლოს ჩვენი პატარა საქართველო თვითდამკვიდრებისთვის იბრძვის. გაქვს სამსახური, თუმცა ის მაინც არ გეკუთვნის ბოლომდე - გინდა მიღებული თანამდებობა შეინარჩუნო? მაშინ იბრძოლე!
მოკლედ გაგარკვევ სიტუაციაში. ქარხანაში, მთელი „სტაფი“ ჯგუფებადაა დაყოფილი. ყველა ჯგუფს თავისი ხელმძღვანეილი, ანუ ამათ ენაზე რომ გითხრა „ბრიგადირი“ ჰყავს, რომელიც რომ ვთქვა რამე მნიშვნელოვანს აკეთებს-თქო მოგატყუებ. უბრალოდ ჯგუფის დავალებების ორგანიზებას თავის თავზე იღებს. უფროსობაც მას უკავშირდება და უთანხმდება გეგმიურ მუშაობაზე. ესაა და ეს, თორემ ხსენებული ხელმძღვანელიც ისევე შრომობს შენს გვერდით და სახეს იხევს, როგორც შენ.
გაგაცნობ ჩემს „ბოსს“ - მისი სახელია დიმა. პოლონელია, საშუალო სიმაღლის, ჭრელი თვალებით, შავი თმითა და სამყაროში ყველაზე, ყველაზე უცოდველი გამოხედვით. ტიპი იმდენად რაღაცნაირია, რომ როცა ვუყურებ ხოლმე სულ ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ცხოვრებაში ცოდვა არ აქვს ჩადენილი. სათნოებისა და ზრდილობის განსახიერებაა. მაგრამ როგორც ბრძენმა გამოცდილებამ მასწავლა არასოდეს მოტყუვდე ზედაპირითო. ჩვენს „ბოსს“, როგორც საცოდავი ქვირელის საყელოში მიმალული ვოლდემორი, ავი სული ჰყავს შეჩენილი - აქაურებმა ხსენებულ „ბოროტებას“ „ახრანა“ შეარქვეს ( ხო კაი მე ავკიდე ეგ ზედმეტსახელი) მოკლედ, გოგოა რა, დღემდე არავინ იცის ცოლია, საცოლე, შეყვარებული თუ ფსიქიკა შერყეული მეგობარი, რომელიც მორალურ ტერორში ამყოფებს ჩვენს დიმას. ტიპშა ბიჭს გვერდიდან არ შორდება. საპირფარეშოში შესვლისასაც კი გარეთ ელოდება ხოლმე კართან. არ ვაჭარბებ. თავიდან გულწრელად მიკვირდა ხოლმე, ჩქმეტაც მჭირდებოდა ხანდახან რომ გამეაზრებინა არაფერი მეჩვენებოდა, ახლა მივეჩვიე და პატარა ჯეკას გამოჩენაზე სიცილს ვერ ვიკავებ ხოლმე. გოგოც ალბათ პოლონელია, არ ვიცი არ დავინტერესებულვარ. ჩვენში დარჩეს და მამაკაცური იერი აქვს, ალბათ ამისი ბრალია მისი კომპლექსებიც, რა ვიცი. მოკლედ იცნობდეთ დიმას, ყველაზე სათნო ტიპს პოლონეთიდან და მის „ახრანას“ ჩემ მიერ წოდებული კიდევ ერთი მეტსახელით - ჯეკას. ისე ხსენებულ ქალბატონს ერთი დღე უნდა ვკითხო, ფეხის ქირას თუ იღებს ხოლმე, მაგრამ ჩემებურ სარკაზმზე ენობრივი ბარიერი მიტეხავს და ვარ ჩემთვის შორიდან მოხითხითედ შემყურე ამა სიტუაციისა.
გამიგრძელდა სიტყვა ჯეკაზე, მაგრამ რატომ გიყვები ახლა ამას - აქ ყველა ასეა. ქარხანაში უმეტესობა წყვილებად მუშაობს და უნდა ნახო რა სიფათებს კერავენ, თუ ბიჭები სხვებთან ფლირტაობას ბედავენ. შეიძლება გადამამუშავებელ დანადგარშიც თავისუფლად ჩააყუდონ „მეტოქე“. ახლა ის არ იფიქრო, რომ მსგავსი შემთხვევა მქონია, არა. მე არა ამაზე გამახსენდა და „ცეცხლისფერი“ ერთ პოლონელს მაგრად ეღადავება. მუშაობისას რომ მოიწყენს ხოლმე აწვალებს, ჰოდა გვერდით მომუშავე როზა გადმოიხარა და გადმოულაპარაკა - ნუ ეფლირტავები, ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს, ცოდვაში ფეხი არ ჩადგაო. გადავყირავდი - როზიკო, შენ როდისღა მოასწარი ხსენებული მამრის გამოკვლევა? სცადე რამე და არ გამოგივიდა? უსაყვარლესი ბებოა, მაგრად ვეღადავები ხოლმე და ისეთ როჟებს მიკერავს ხარხარს ვერ ვიკავებ, ჰოდა მიყურებს მთელი მოლდოვა-უკრაინა გამოშტერებული სიფათით - რა აცინებსო?! როზა, მაგრად შემიყვარდი, მოხუცო. ისე, აქაურებს რომ ვაკვირდები, ხუმრობის გარეშე ვამბობ, მართლა უნდა ფრთხილობდე, როგორც სამუშაოსთან ისე, პარტნიორთან - ნებისმიერ წამს შეიძლება აგეხეს, ერთიც და მეორეც. უკრაინელები სომხებივით არიან, ჩემია ჩემიას გაიძახიან ყველაფერში.
„უფროსობაზე“ მოგითხრე, ახლა უშუალოდ მუშაობის პროცესს გაგაცნობ - ბავშვობაში „მარიო“ ხომ გითამაშია? ან რამე მსგავსი კომპიუტერული თამაში, სადაც „ლეველები“ გაქვს გასავლელი და ფინიშთან ან მიდიხარ, ან ვერა? ჰოდა, ჩათვალე რომ ჩემი ჯგუფიც კომპიუტერულ თამაშს თამაშობს, რომელიც ქულების მოპოვებისთვის იბრძვის. კონკრეტულ „ლეველამდე“ მიღწევისას კი, ბონუს თანხებით გაჯილდოებენ. მოკლედ რომ გითხრა ჩვენი ჯგუფის თითოეული წევრი სახის გაგლეჯვამდე ცდილობს მაგ „ლეველს“ მისწვდეს და ცვლის დასრულებისას გამომუშავებულ თანხას ბონუსი დაუმატოს და ისე გაიშოტოს საწოლში. ჰოდა, აი აქ იწყება მთელი დრამა - ქულების მოპოვების პროცესი ცოტა „მტკივნეულია“. ანუ ერთმანეთს მუშაობას არ აცდიან, ყველა ცდილობს რაც შეიძლება მეტი სიმინდი მოათავსოს დანადგარში, რომ რაოდენობრივად ბარიერს ასცდეს. წარმოიდგინე რა ხდება, სხვადასხვა ეროვნების ხალხი, ერთად შეყრილი, საკუთარი მესთვის რომ იბრძვის? რბილად რომ აგიხსნა, პაწია არმაგედონია. ქართველი ქართველს არ ინდობს და უცხოელი შეგიცოდებს? გამორიცხე! ერთი სიამოვნებაა უყურო, როგორ წყვეტენ ერთმანეთს ქულებისთვის. ხანდახან სიტუაცია ისე მწვავდება ხოლმე ნებისმიერ წამს ველი რომ ხელითაც შეეხებიან ერთმანეთს (თუ მომასულიერონ!) გითამაშია „მარიო“ 12 „ჯოისტიკით“, 12 მოწინააღმდეგესთან? მაშინ თამაშის მუღამიც არ გიგრძვნია ეს არ არის უბრალოდ ქულების მოპოვებისთვის ბრძოლა, აქ „პალაჟენიაზე“ ვსაუბრობთ. ღმერთმანი, ამათი გადამკიდე ლექსიკონი სლენგებით გამევსო... ნუ, რას ვამბობდი - აქ, ქალები იბრძვიან პირველობის მოსაპოვებლად! აქ, პირველად ყოფნა პრინციპის ამბავია, მეგობარო; აქ, შენს ქვეყანას წარმოადგენ და ძალიან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია, რომ არ შეარცხვინო მისი სახელი; აქ, ბოლომდე დაგჩაგრავენ, თუ კლანჭებს არ გამოაჩენ. ქარხანა, სადაც ეროვნებით გაფასებენ, სინამდვილეში ნამდვილი პოლიგონია! და ამაყად რომ გითხრა - ქართველები ტოლს არავის ვუდებთ!
თუ სერიოზულად ატრაკებ ესე იგი „გრუზინი“ ხარ; თუ ხელში მოჩეჩებულ „ცოცხს“ ცბიერი ღიმილით უკან უბრუნებ მომწოდებელს და მუქარით ამატებ სად შეიძლება მოთავსდეს მისი ტარი, თუ წამის მეასედში არ აგიორთქლდება თვალთახედვის არეალიდან - ესე იგი, „გრუზინი“ ხარ და კიდევ არსებობს ბევრი უამრავი „და“, რომელიც შემიძლია სიამაყით გაგიზიარო და არსებობს უამრავი „და“, რომლის თქმისაც მერიდება. ჰო, მრცხვენია, როცა მთვრალი კაცის შემხედვარეს ამბობენ - უეჭველი ქართველიაო. მრცხვენია, როცა მამაკაცი ხმამაღლა იწყებს გინებას, არ ერიდება არც ქალებს, არც ბავშვებს და არც შეკრებილ საზოგადოებას და გარშემომყოფები ერთმანეთს ეჩურჩულებიან - უეჭველი ქართველიაო. თემა რომ შევაჯამო, აქაურები ბოლომდე ვერ გარკვეულან როგორები ვართ - კარგები, ცუდები, შერეკილები, დარტყმულები, თუ ყველაზე სასურველი კადრი, რომელიც თუ მიიჩვიე ისე გაგიკეთებს საქმეს, როგორზეც რობოტად ქცეული უკრაინელი ვერც კი იოცნებებს. ჩემი ობიექტური დაკვირვებით, ზემოთ ჩამოთვლითაგან, ცოტ-ცოტა ყველა წვეთი გვირევია. და მაინც, როცა სამსახურში ჩვენი გაგვაქვს ხოლმე სიცილით ვუქნევთ ხელს დაბოღმილ უკრაინელებს - „მი გრუზინი, სუჩკი!“ მოდი ასე გეტყვი, სადაც არ უნდა წახვიდე, ყოველთვის გახსოვდეს საიდან ხარ, გახსოვდეს ვინ ხარ და გახსოვდეს, რომ შენი თითოეული გადადგმული ნაბიჯით მხოლოდ შენ კი არა, შენს ქვეყანას აფასებენ. როდის მერე გავხდი ასეთი პატრიოტი არ ვიცი, მაგრამ რაც აქ ფეხი დავდგი, მას შემდეგ გავაცნობიერე, რომ ქართველი ვარ და არავის, არავის დავუთმობ იმას რაც ჩემია!
გუშინ საღამოს შესვენებაზე ვიყავი გასული. მოსაწევის ბლოკში სკამზე ვიჯექი, თან ვეწეოდი თან ტელეფონზე მოსულ შეტყობინებებს თვალს ვარიდებდი. მეზარებოდა ყველასთვის პასუხის გაცემა. თან საკმარისი დროც არ მქონდა. ფიქრებში გართულს „წითელქუდა“ მომიჯდა გვერდით. მისი სახელი არ ვიცი, მაგრამ უამრავ „კიროვნიკში“ (ასე უწოდებენ ოფიციალურად „წითელქუდებს“) ეს ქალი ყველაზე მეტად მომწონს. მაღალია. სლავური იერი აქვს, უცნაურზე უცნაური ჭრელი ცისფერი თვალები და მამაკაცივით ბოხი ხმა. ასაკოვანია, ძალიან თხელი სხეული და კუშტი შეხედულება აქვს. ბევრს ყვირის და ისეთი მკაცრი გამოხედვა ახასიათებს, ციხის ზედამხედველი ფინია ძაღლად მოგეჩვენება, „არშეინიკით“ ყელზე. მაგარი ქალია, მე მოვკვდე!
თავიდანვე თვალში მომხვდა. ისე გამოირჩევა აქაურ ბარდაგში, როგორც დობერმანი პუდელებში ხვდები, ხომ? ვგიჟები ამ ქალზე!!! პირველად ზუსტად მოსაწევ ბლოკში გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, უფრო სწორად სიგარეტზე გამოსულს თავს დამაცხრა. პოლონურად რაღაცას ყვიროდა, მაგრამ ვერ გავიგე - თურმე, ჩემ გვერდით მყოფ ქართველებს უჯავრდებოდა - მეორედ გხედავთ გამოცუღლუტულებს და კოჭებს დაგიმტვრევთ, დროზე პოსტებზეო! კოლოფიდან ღერიც არ ამომიღია, უკან ვაპირებდი გაბუნებას, მოულოდნელად მაჯაში რომ მეტაკა - მოდი შენ აქო. შენთვის არ მითქვამსო, რუსულად მითხრა. სკამზე ჩამომსვა და გვერდით მომიჯდა. სიცილი ამიტყდა. კაი ყარაჩოღელი ქალივით მუხლს ხელის გული დააყრდნო და თავისი უცნაური ფერის თვალებით ყურადღებით შემათვალიერა. თან კბილებში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი. მკითხა - სადაური ხარო? მერე მოწვა, რომ პოლონურს ვერ გავუგებდი და რუსული მიახმარა. ქართველი-მეთქი, ვუპასუხე. ერთი ჩაეცინა და თავი დამიქნია - გასაგებიაო. გარეგნობაზე არ გეტყობაო. კაიიიი, შენც „ფაშისტკა“? სამშობლოში ყველა აზიელს მამგვანებდა. ცოტა ვიუხერხულე უცხოელმაც რომ მითხრა ქართული იერი არ გაქვსო. წელში გამართულმა კი, ვუპასუხე - ცდები-მეთქი. ამაყ ტონზე დამიჯერა. ქართველები მოურჯულებლები ხართო - ჩაილაპარაკა. მე კიდევ, შენ მომწონხარ-მეთქი, - პირდაპირ ვუთხარი. გაგიკვირდება და ამ ყინულის დედოფალმა, საშიში გარეგნობით - გამიღიმა. მხარზე ხელი დამკრა და სამუშაოს დაუბრუნდა. ის დღე იყო და ის დღე, მე და „ფაშისტკა“ დავმეგობრდით. ერთხელ ცუდად გავხდი და ისე მომიარა, გული ამიჩუყადა ქვისგულა ბავშვს. სამსახურში მისვლა მხოლოდ მისთვის მიხარია. თუ სადმე მოვკრავ ხოლმე თვალს ხელს ვუქნევ, თუ ახლოს დავიგულებ მოსულს, რომ ჩემი მონაცემები ამოიწეროს აპარატიდან, პოლონური მისალმებით ვეგებები და თითის წვერებზე აწეული ნიღბიან ლოყაზე ვკოცნი. როგორ იბადრება ხოლმე უნდა ნახო. ვგიჟდები ამ ქალზე! ვგიჟდები! რამდენადაც ავია (სამართლიანად) იმდენად თბილია, იშვიათად მაგრამ მაინც. ერთხელ სამსახური გავაცდინე გაციების გამო და მკითხულობდა კიდეც, სად არისო. ხვალ ვისვენებ და ზეგ რომ მივალ სამსახურში ისე უნდა ჩავეხუტო, მივამტვრიო ის გაფშეკილი ტანი!
მეღიმება. გასაკვირია პირდაპირ. ჭუკების სუნად აქოთებული ქარხანაც კი მომენატრა. ხვდები? არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობ - განწყობას და დამოკიდებულებას ადამიანები ქმნიან და არა ადგილები. მე იმ საგიჟეთში ქალი მენატრება, რომლის სახელიც კი არ ვიცი, მაგრამ მის თვალებში ვკითხულობ მის სულს, ცივი კედლის მიღმა, რომ მალავს მოხერხებულად. ჩვენ ნორმალურადაც კი ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ღიმილს მგვრის მისი მცდელობები, როგორ ცდილობს ხელებით, თვალებით, ყველანაირი ჟესტიკულაციითა, თუ სხვა ენების მოშველიებით გამაგებინოს რისი თქმა სურს. ხშირად ისეთი სახალისოა ხოლმე ხითხითი მიტყდება, ვიყოლიებ და ორივე ვიცინით ჩემს უვიცობაზე, რომ პოლონური არ ვიცი. ითსოქეი გამოვასწორებ, იანი დამპირდა, რომ პოლონურის სწავლაში დამეხმარება.
მოკლედ რამდენი ვიბოდიალე. პირველი დღის აღწერით დავიწყე და ერთი კვირა კი შემიჯამდა. შეხვედრამდე პომარანჯა მკითხველო, თუ ჯერ კიდევ აქ ხარ...


კვიზინი/ "განწყობა? - ჩამავალი მზის ფერი"/ 03:55 წთ/ მთვარის მე-20-ე დღე, მესამე ფაზა...

მესამე სართულზე, ვერანდაზე ვზივარ, იანის ნაჩუქარი ფორთოხლის ღვინით ხელში და ვეწევი - არ გაიშვა შენი ნიკოტინი „ჩესტერფილდო“! ქართული „პარლამენტი“ მენატრება, მაგრამ სადაა?! უცნაურ განწყობაზე ვარ. ბევრ რამეზე მეფიქრება - მიზეზებზე, თუ რის გამო დავიკარგე, რის გამო ვერ ვახერხებდი წერას და დაჭიმული კუნთები, გაშეშებული წელით, უსიამოვნოდ მახსენებს თავს. მაინც მეღიმება. რაღაცნაირია აქაურობა, თან მიმზიდველი, თან აუტანელი, თან იმდენად ჩემი რომ მაშინებს ეს კავშირი კვიზინთან.
რამდენი კვირა გავიდა? ორი? სამი? ვეღარ ვითვლი. დღე და ღამე არეული მაქვს. გვიან გავდივარ და უთენია ვბრუნდები სახლში, მერე კი მთელი დღე მძინავს მომდევნო ცვლამდე. ალბათ, გაინტერესებს რა ხდება ქარხანაში. ორაზროვნად მეცინება - სრული კოშმარია. თორმეტი საათი ფეხზე და შესვენებები მხოლოდ ოთხ საათში ერთხელ, ისიც 15 წუთით. მოწევის უფლებას იშვიათად გაძლევენ. „წითელქუდას“ თუ მოუტყდი შეუმჩნევლად, სამ საათში ერთხელ მაინც შეძლებ ერთი ღერით აზრზე მოსვლას - როგორც წესი, არ გამოდის ხოლმე. მაგარი ტიპები არიან, მოთვალთვალე კამერებზე მეტი სარგებელი მოაქვთ კომპანიისთვის - ყოველთვის ყველაფერს ამჩნევენ. დასუნსულებენ ასე ტურებივით და თავიანთ ენაზე გაუჩერებლად ქოთქოთებენ. ზოგი „წითელქუდა“ კარგია, ზოგი რაღაცნაირი, ზოგი კუსლზე უნდა დაარჭო და ზოგს სიგარეტიც უნდა მიაწოდო, მოსაწევის ბლოკთან არანაკლებ გადაღლილს. ხალხი ჭრელია, სამყაროშიც, ქვეყნებშიც, ქალაქებშიც, ქარხნებშიცა და ჩვენ შორისაც.
შუა მუშაობისას ხანდახან ერთმანეთს გადავხედავთ ხოლმე - დაღლილობისგან გაფითრებულ სახეებს მონაცვლეობით ცვლიან არეული ფიქრები - „აქ რას ვაკეთებ?“ „ღმერთო, ეს ღამე გადამატანინე“, „ნეტავ ჩემი შვილი რას აკეთებს ახლა?“ „ვერ გავუძლებ, ვეღარ გავუძლებ...“ ბოლო ფიქრის ამოკითხვა ჩემი, უკვე შეძენილი, დიდი ოჯახის სახეზე მანაღვლიანებს. ფეხების ტკივილის მიუხედავად, ჩემი დაღლილობა მავიწყდება, სიმინდის ტაროებს ბოლოებს ვამტვრევ და აპარატთან მდგარი ყველაზე გაჭირვებულისკენ ვისვრი ხოლმე. დაბნეულები კრთებიან და თავს მაღლა სწევენ. ვუცინი, არ მეცინება, მაგრამ მაინც ვუცინი, მერე გზაში ხასიათი მიკეთდება, ხათრით მოღრეცილ ტუჩებზე და მართლა ვიკრიჭები. იმასაც ეკრიჭება და იწყება გართობა შუა „აპოკალიფსში“ - სიმინდის ბოლოები ახლა სხვას ხვდება, მერე კიდევ სხვას და ქარხნიდან ბრძოლის ველზე ვინაცვლებთ. სახალისოა, ხანდახან მართლა სახალისოა ყველაფერი.
შესვენების დრო რომ მოდის „წითელქუდა“ აბორიგენივით იწყებს ყმუილს. დანადგარებიდან დიდ კონტეინერში ვინაცვლებთ, რომელიც ეზოში დგას. შიგნით სამი გრძელი მაგიდა დგას, უამრავი სკამით. კუთხეში „ფაშისტკა“ (გერმანული გარეგნობა და ხასიათი აქვს. მაგრამ ახლოს რომ გავიცანი, მივხვდი რომ ცივი ვიდის მიუხედავად, კეთილია) დგას და პლასტმასის ჯამებში „ბალანდას“ ასხამს. დაღლილობა მაშინვე მიქრება და სიცილი მიტყდება - აშკარად გავისროკე და ჯერ არ ვიცი. დანარჩენებიც იგივეს ფიქრობენ. სახეზე აწერიათ, როცა სუპში მოტივტივე სხვადასხვა რჯულის მცენარეს ზიზღით მისჩერებიან, მაგრამ შიათ და რა ქნან? იცი? აქ, ხალხი საჭმელსაც არ ყიდულობს, რომ ფული არ დახარჯონ და სახლში მომლოდინე ოჯხებს თვის ბოლოს შეგროვებული კაპიკები ანგარიშზე დაურიცხონ.
გახსოვს, როზა? ბევრს ვხუმრობდი ბებოზე. მართლა ბებოა. მოხუცია და მუშაობა უჭირს, მაგრამ მუშაობს. მისი შემხედვარე გულში პროტესტის გრძნობა მიჩნდება - რომელმა უღმერთომ გამოუშვა ქალი ასეთ საქმეზე? მერიდება, ვერ ვეკითხები ოჯახზე. ან გული უნდა მეტკინოს, ან ნერვები მომეშალოს. არ მინდა. როზა აბეზარი ქალია, ხშირად გვიშლის ხოლმე ნერვებს, მაგრამ საყვარელია. მაინც საყვარელია, მისი შემხედვარე ბებიაჩემის ნოსტალგია მაწვება ხოლმე და ისევ რაღაცნაირად ვგრძნობ თავს.
წუხელ „სასადილოში“ მდუმარედ ვიჯექი. წინ „ბალანდა“ მედგა - სტაფილოთი, ბროკოლითა და კიდევ ათასი უბედური მცენარით სავსე, რომელიც ვერ ვიცანი. პირი არ დამიკარებია. განა იმიტომ, რომ უგემური იყო. არა, გაგიკვირდება და აქ გემრიელად ამზადებენ, ასეთ ნარეცხსაც კი, უბრალოდ არ მშიოდა. სიგარეტი მინდოდა, მაგრამ კოლოფში ბოლო ქართული ღერი მიცდიდა სევდიანად. მენანებოდა. სუპი ისე გაცივდა კოვზიც არ დამიკარებია. მაგიდას გადავხედე. ორი პურის შეკვრა, თხელი ნაჭრებით, ერთჯერადი ჩაის პაკეტები, უამრავი პლასტმასის ჭიქა და ნარეცხი თეფშებში - ეს არაა „სტაფის“ გამოკვება, ეს დაცინვაა. შენ როგორ ფიქრობ? ჩემი წინ მჯდომი, რომელსაც ზეზეულა ეძინება, 10 საათია ფეხზე დგას და კიდევ ორი მოუწევს, ეს „ნასუფრალი“ ძალას მისცემს? მაპატიეთ და მოგი,ტყანთ გაგება! მე ახალგაზრდა ვარ, ავიტან, ფეხებზეც დავიკიდებ, ერთ შოკოლადს ვიყიდი და მთელს დღეს სიგარეტით გადავაგორებ სახლამდე, მაგრამ როზას იგივე შეუძლია? არა, არ შეუძლია. მაგრამ „ვალდებულია“ შეძლოს. ვეღარ ვხვდები რაზე უფრო მეშლება ნერვები, აქაურების დამოკიდებულებაზე ემიგრანტებთან, თუ ცხოვრების უსამართლობაზე, ეს ხალხი რომ მოიყვანა ამ ჯოჯოხეთის კარზე. დღეს ვერ ვიკრიჭები. ვერა, მაპატიე, მაგრამ ვერა. მე არ მაწუხებს სხეულის ტკივილი, არც გაუბედურებული ხელები, არც გაშეშებული წელი და არც უძილობისგან დაწითლებული თვალები - მე ჩემი ქართველები მტკივა, ისე რომ ექცევიან აქ თითქოს უპატრონო ძაღლები იყვნენ. კიდევ ბევრს არ გიყვები, არაა საჭირო და იმიტომ. უბრალოდ შენ, თუ ახლა ამას კითხულობ, შენ, თუ შენი რომელიმე ოჯახის წევრი სადმე გყავს გადახვეწილი მინდა დაფიქრდე, მინდა ცოტათი მაინც გაიაზრო, რაზე მიდის შენი სიყვარულის გამო!!! არა, არ განამუსებ, არც გავალდებულებ, არც გამადლებ, მინდა ეს ჩანაწერები შემოლაწუნებასავით იყოს შენთვის - ერთია გესმოდეს, მეორეა გრძნობდე. მე აქამდე მხოლოდ მესმოდა, მაგრამ აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ მეგრძნო. ვიგრძენი და მეტკინა, გაჭირვებული ადამიანის ღიმილი მეტკინა, გამომშრალ ბაგეებზე.
ფიქრებში გართულმა სუპზე გადავიტანე მზერა. ოთახში მობოდიალე უამრავი ქინქლიდან, ერთ-ერთმა ჩემს ნარეცხში მოიკლა თავი. ჯამს ზიზღით მივკარი ხელი, სკამი უკან გავწიე და წამოვდექი. გამოსულმა მოსაწევი ბლოკისკენ ავიღე გეზი. ძელსკამზე ჩამოვჯექი და ბოლო ღერს მოვუკიდე. ცაში ავიხედე, იუპიტერს დავუწყე ძებნა, მაგრამ გამქრალიყო. ჰორიზონტს ფორთოხლისფერი შეჰპაროვდა. ჯანდაბა, თენდებოდა! ალიონი არასოდეს ყოფილა ასეთი უცნაური, არც სიგარეტს ჰქონია ასეთი ტკბილი გემო და არც ის ადამიანი მომანტრებია ასე ძლიერად, ვინც პირველად გამომიწოდა „პარლამენტის“ პირველი ღერი, ალმაცერი ღიმილით - „გაგასინჯო?“ როგორ დავიკიდეთ ერთმანეთი, ღიმილაკო... მაგრად დავიკიდეთ... მე აქ წამოვედი ის კი იქ დარჩა, ჩემს კართან ატუზული, გაგნებაში რომ არ იყო რა „სიურპრიზს“ ვუმზადებდი. თუმცა ხეს ის ტოტი უნდა მოაჭრა, რომელიც გამხმარია...
გამეცინა. მაღლა აწეული თმა გავიშალე. კულულები წელზე ჩამომეყარა და დილის სუსხისგან აბურძგნულ კანს სითბო აჩუქა. სანამ ბოლო ღერი ფილტრის კიდემდე არ ჩამეწვა ჰორიზონტისთვის თვალი არ მომიშორებია. შემდეგ, წამოვდექი, ნამწვი ნაგავში მოვისროლე და გულხელდაკრეფილმა ქარხნისკენ გავაბიჯე. წინ კიდევ სამი საათი მქონდა...
ახლა ვერანდაზე გამოჭიმული სხეულს ვასვენებ, თეთრ ღვინოს ვწრუპავ და ვფიქრობ, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც კარგად ვარ. ძალიან კარგად და ძალიან ვეცდები, რომ ადამიანებს, რომლებიც მოკლე დროში „ვაგზალიდან“ ოჯახად მექცნენ ყველანაირად შევუმსუბუქო მდგომარეობა. შენ არ იცი... არ იცი, რომ აქ ქართველი ქართველს სწირავს. ჰო, სწირავს, თუ ეს სჭირდება, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომელთან ერთადაც გამთენიისას სიცილით ვბრუნდები სახლში, გადაღლილობის მიუხედავად ერთად ვსხდებით სამზარეულოში, ყველაზე ენერგიული კი სხვა დანარჩენს მაცივარში შემორჩენილ კვერცხს უწვავს, საუზმობისას კი, ერთმანეთის სიფათებზე ვიცინით. ვხუმრობთ, ვიკრიჭებით და ბოლოს წელმოწყვეტილები ლასლასით ვუბრუნდებით ჩვენს ოთახებს...
გუშინ სანთებელა მიმეკარგა, დღეს კი ახალი მაჩუქეს. სასაცილო ძაღლი ახატია, რეიბანებით ყურებზე, ხურდაში კი ალუბლის იოგურტი მოჰყვა თბილი ღიმილით - „ნახე, რა გაგასინჯო!“ მაცივარში ნაჩუქარი ლუდიც მიცდის, დღეს გამთენიისას დაბრუნებულს მისთვის ძალა აღარ მეყო. სამაგიეროდ არასოდეს დამავიწყდება ტაფაში ათქვეფილი კვერცხის გემო, სამ გოგოს ერთი ბიჭი რომ გვიმზადებდა საუზმეს. ზუსტად მას ეკუთვნის ეს ბოლო მონაკვეთი, საჩუქრებითა და იუმორით დახუნძლულს. ბიჭს, რომელსაც ყავა ძალიან უყვარს, თუმცა მისი გაკეთება ყოველთვის ეზარება. სასტავის ნათელ ფერს, რომელსაც დაღლილობის მიუხედავად ქალაქში ხეტიალია და ფოტოების გადაღება უყვარს. უღებს ყველაფერს, რაც თვალს სჭრის და უღებს „მძინარე დრაკონსაც“, რომლის ხვრინვაც დაძინებაში ხელს უშლის. რა დაგარქვა? მოდი, იყოს უბრალოდ „ფოტოგრაფი“. ახლა სამსახურშია, ღამის ცვლა აქვს და ზუსტად ვიცი, რომ სახეს გააცლიან. დილას დაბრუნდება, ასე შვიდ საათზე. გათანგულს „ცეცხლისფერის“ მსგავსად აღმართზე საუბარი გაუჭირდება. სახლში მოვა, ლუდს მოიყუდებს და წაეხეტება ისევ ქალაქისკენ. როგორ შეუძლია ამდენი? ჩემთვის გამოცანაა.
ღადაობ? ამ ლაპარაკში ნახევარი ბოთლი გამომიცლია. აღარც შეკეთებული „ჩესტერფილდი“ შემრჩა კოლოფში. „ჩიხის“ ახალი თავებიც დასაწერი დამრჩა. თუმცა, არაუშავს, არ ვდარდობ, ვფიქრობ რაღაც მნიშვნელოვანი მოგაწოდე დღეს, ესეც საკმარისია... იან, მადლობა კიდევ ერთხელ, „თეთრი ფორთოხალისთვის“, ძალიან, ძალიან გემრიელია...


კვიზინი/ „მარეზას შარმი - მწვანე ტბის საიდუმლო“ / 23:15 წთ/ მთვარის 25-ე დღე, მეოთხე ფაზა...

საღამოვდებოდა. მზე დასაძინებლად ემზადებოდა. საძინებელში ლოგინზე ვიწექი და მუსიკას ვუსმენდი, ტელეფონზე შეტყობინება რომ მომივიდა: „გშია?“ იწერებოდა მოხეტიალე „ფოტოგრაფი“, გამეღიმა. ეკრანზე თითები გავასრიალე და სწრაფად ავკრიფე მოკლე ტექსტი - „ცვეტში, მაგრამ მაგრად მეზარება“. ერთ წუთში დამიბრუნა პასუხი - „რომ მოგწერ, ჩამოდი“. გაკვირვებულს ტუჩი ამეპრიხა, ამჯერად რას ამზადებს შეფი?
გვერდი ვიცვალე და მუსიკა შევცვალე. მეძინებოდა. მომდევნო დღეს სამსახურში ვიყავი წასასვლელი და მოვიწყინესავით. არა, ვიტყუები, სინამდვილეში ჩემი მეგობარი მომენატრა. იანი ორი დღეა არ გამოჩენილა. ოფისში ზედმეტად იყო დაკავებული და ვერ მოახერხა მოსვლა. სამაგიეროდ ტელეფონზე მწერდა და მეკითხებოდა რამე ხომ არ მჭირდებოდა, ან თავს როგორ ვგრძნობდი. სამსახურში ხომ არ ვიღლებოდი და ასე შემდეგ. ბოლო ესემესი დაგრუზულზე მივწერე - ვერ ვარ ხასიათზე-მეთქი. მკითხა - სამსახურს რომელზე ამთავრებო? საღამოს-თქო, ჰოდა სამსახურის მერე გამოგივლიო. გავიკრიჭე. ხვალ ჯიპით მოგრიალდება. ეზოს კართან მოწყვეტით დაამუხრუჭებს. მისი მანქანის ხმაზე კი, ჩემი გიჟი მეზობელი გამოვარდება და ისევ იანთან დაიჩივლებს შენი ქართველები თავს მომაკვლევინებენო (ხმაურს ჭკუიდან გადაჰყავს, ტიტლიკანა კაცი). ჩვენი პოლონელი ისევ წაუყრუებს, რამდენჯერმე თავს დაუქნევს და ისე აქცევს ზურგს, ჭიშკართან მოსულს მისი ნაბოდიალები აღარც ემახსოვრება.
იანი გაღიზიანებული მებურტყუნება ხოლმე, ერთი დღე იქნება თავისი მტრედების ოთახში დავამწყვდევო! ეგ შეურაცხადი მეზობელი ჩემ წინ ცხოვრობს, ხმაური არ უყვარს, მუსიკას ვერ იტანს, ღამღამოთ ტიტლიკანა გამოვარდება ხოლმე და პოლიციის გამოძახებით იმუქრება, რასაც ჩვენი ქართველი მამრები შუა თითის აწევით პასუხობენ ხოლმე. ისე ბრაზდება ხოლმე მკერდზე ბალანს გაიბრდღვნიდა ქოსა რომ არ იყოს. გიჟ პოლონელს ჩიტები უყვარს და სახლის გვერდით პატარა ფარეხივით აქვს მოწყობილი, სადაც მტრედების მთელი გუნდი ჰყავს „გამოკეტილი“. მგონი ფსიხოზს ამ ხერხით მკურნალობს. შედეგებს თუ გადავხედავთ, რეაბილიტაციის პროცესი არც ისე ნაყოფიერად მისდის.
ფიქრებიდან „ფოტოგრაფის“ ესემესმა გამომარკვია - უკვე მზადაა, ჩამოდიო. ყურსასმენები მოვიხსენი. ტელეფონი დასატენად შევაერთე და ოთახიდან გავედი. პირველ სართულზე, სამზარეულოში, სასტავი სრული შემადგენლობით დამხვდა. მაგიდასთან ისხდნენ და სამსახურის თემებს განიხილავდნენ. „ფოტოგრაფი“ კი ორ თეფშში ანაწილებდა სოკოს. კვერცხში და ყველში შეეწვა. მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ჩანგლები ავწაპნეთ და ვერანდაზე გავიპარეთ. „ცეცხლისფერმა“ თვალი რომ მოგვკრა - მეც ჩამაკვეტეთ, თქვენ დამპლებოო და თეფშით აგვედევნა. ბოლო დროს სასტავში ახალი „კლასტერი“ ჩამოგვიყალიბდა - ჩვენ სამნი ერთად მივირთმევთ და ქალაქში საბოდიალოდაც ერთად დავდივართ. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად (არც ისე დიდია) ერთმანეთს იდეალურად ვუგებთ.
სოკო ისე მოგვეწონა, „ფოტოგრაფი“ ოფიციალურად დავნიშნეთ შეფად. „ცეცხლისფერმა“ მაშინვე გამოუძებნა საქმე - ჩვენ პროდუქტს მოგიზიდავთ, შენ მოგვიმზადე, ჭურჭლის გარეცხვა კი ჩვენზე იყოსო. გაკრეჭილმა თავი დაგვიქნია - მოსულაო! თან ვჭამდით, თან ვიცინოდით. ვახშმობის შემდეგ, ტბაზე გასეირნება გადავწყვიტეთ. ქალაქგარეთაა, მაგრამ შორს არაა, ფეხით თუ მიდიხარ კილომეტრნახევარი გამოგდის მეტი არა.
ოთახში ამოვედი, თბილად ჩავიცვი, ტელეფონი ჯიბეში გავაქანე და უკან დავეშვი. თანამგზავრები უკვე ეზოში მიცდიდნენ. ჭიათურამ და ზესტაფონამ ალმაცერი ღიმილით გამოგვაცილეს - ბაყაყების გუბურა თუ არ დასმოტრეთ, ღამით ტკბილად ვერ დაიძინებთო?! ჭიათურას „ნიჩეო“, ვუტარებ, მაგრად მევასება იუმორის მამაა. აი, ზესტაფონას როდის მივახრჩობ რომელიმე კუთხეში არც იმან იცის ჯერ და არც მე. ორჯერ უკვე დავემუქრე მოკვლით, მაგრამ რატომღაც გაფრთხილებას არასერიოზულად აღიქვამს. ერთ ღამესაც მარილით რომ დავადგები მძინარეს და ყურებს გამოვუტენი, მერე მიყაროს კაკალი. კარგი, ვხუმრობ. მართლა კიარ მძულს. სახალისო ტიპია, მწარე ენით და კიდევ უფრო მწარე კომენტარებით. სულ იკრიჭება და როცა არ იკრიჭება დაჭრლი დათვივით ღრიალებს. მერე თუ შეახსენებ, რომ ადამიანის ფორმა აქვს დაკარგული, ისევ ყურებამდე ეწელება ხოლმე ლოყები - ზესტაფონელია, რა უნდა ელაპარაკო?! ჩვენ რომ დისკუსიაში ჩავრთვებით „ცეცხლისფერი“ ჩვენ შორის თეთრი მანდილით დაქრის.
ზესტაფონი და თავზე ტონა ქერტლი მაგას, სად ვიყავი?... ჰო, მოკლედ ჩვენ სამნი ტბაზე წავედით. გზად იმდენი ლამაზი რამ შეგხვდა გული მწყდებოდა, რომ ფოტოების გადაღება არ შემეძლო. ჩემი ბანძი ტელეფონი სულს ღაფავს. როდის ჩამაკვდება ხელებში კაცმა არ იცის, შეტყობინებს და ზარებს ძლივს პასუხობს, სად აქვს სურათების გადაღების თავი? „ფოტოგრაფმა“ მაშინვე აამუშავა კამერა. ლამაზ პეიზაჟებსა თუ ტაძრებს ობიექტივში აქცევდა. მივსეირნობდით და თან ვსაუბრობდით. სუფთა ჰაერმა და კარგმა გარემომ იმოქმედა, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი. იცი? მართლა ძალიან ლამაზია აქაურობა.
საუბარში ისე დავტოვეთ ქალაქი ვერც კი მივხვდი, სანამ ტრაფარეტზე არ მანიშნეს - აქ დამთავრდა კვიზინიო. კეთილი იყოს თქვენი ფეხი მარეზაში! რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ტბაც გამოჩნდა. წამით შევდექი და თვალი მოვავლე ამწვანებულ გარემოს. ჭაობისფერი წყლის ზედაპირზე იხვები დაცურავდნენ. ტბის კიდეებზე დიდი, ლამაზფოთლებიანი მცენარე გაშლილიყო. გარშემო კი ბილიკი მიიკლაკნებოდა, თავჩაქინდრული ლამპიონებით. სამი მეტრის დაშორების ინტერვალით სკამები ჩაემწკრივებინათ - იდეალური სიმშვიდე და სიმყუდროვე სუფევდა. „ცეცხლისფერს“ აღფრთვანების შეძახილი აღმოხდა. „ფოტოგრაფს“ კი, კმაყოფილს ჩაეღიმა. მე?... გაშეშებული ერთ ადგილზე ვიდექი და ვერაფრით მომესაზრებინა ნაბიჯის გადადგმა - შესაძლებელია? ასეთი რამე მართლა შესაძლებელია? აქ უკვე ვყოფილვარ!!! ეს ტბა, ეს ბილიკი, სკამები, გარემო, აურა... ყველაფერი ისეთი ახლობელი და ნაცნობი იყო იდიოტივით თვალზე ცრემლი მომადგა. კი, აქ ვყოფილვარ, ჩემს ნაწარმოებში ზუსტად ეს ადგილი მქონდა აღწერილი, ბოლო ეპიზოდში, სადაც ავალიანი ქაღალდის გემით ემშვიდობებოდა მტკივნეულ წარსულს, რომლის უკან დაბრუნების იმედიც ჯერ კიდევ ჰქონდა... ისე აღვწერე აქაურობა, რომ წარმოდგენაც არ მქონდა მართლა თუ არსებობდა, თან ასეთი სიზუსტით?! რას ვიფიქრებდი, რომ მასთან შემთხვევითობა მიმიყვანდა, სრულიად სხვა ქვეყანაში? არავინ თქვას, რომ „რაღაც არ არსებობს“ არსებობს და მაჯადოებს ეს მისტიკა.
„ფოტოგრაფმა“ თვალწინ ხელი გამიქნია - რა გჭირსო? გამოვფხიზლდი. რეალობას დავუბრუნდი და უცნაური, ძალიან უცნაური კმაყოფილება ვიგრძენი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ სწორ ადგილას ვარ. ბილიკს გავუყევით. „ცეცხლისფერი“ ჩამოგვრჩა. თავჩარგული ტელეფონში ვიღაცას სწერდა, დროდადრო კი ფოტოებს იღებდა.
მე? ისევ დავიკარგე. თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე ვგრძნობდი იაგამის ნაკვალევს, ერთ დროს მისი ტერფები ზომავდნენ უცნობ სევდას იმავე ბილიკზე. საკუთარ ისტორიაში უკვე მეორედ ამოვყავი თავი - რა სჭირს ამ ქალაქს? თუ მე გავაფრინე? ვეღარ ვხვდებოდი სად იწყებოდა ფურცლის „ბილიკები“ და სად ასრულებდა რეალობა თავის წერტილს. რა მნიშვნელობა აქვს? ისუნთქე! იყავი ბედნიერი, თავი მაღლა ასწიე და დატკბი იმ წუთებით, რომელიც თავს არაჩვეულებრივად გაგრძნობინებს.
ტბას წრე დავარტყით. „ფოტოგრაფმა“ სკამზე მიმითითა - ჩამოვსხდეთო. ძელსკამებს შუაში მოზრდილი მაგიდა ედგათ. ძირს ნაგავი ეყარა. გამიკვირდა. პოლონელები ისეთი პეწენიკები არიან სიბინძურეს ვერ იტანენ. ეს ადგილი კი... სავსე იყო მარტოსულობით, ნაგვით, წაქცეული ლუდის ჭიქებით, მზესუმზირის ნარჩენებითა და ათასი საძაგლობით. ალბათ, შემეზიზღებოდა და ახლოს ვერ გავეკარებოდი, მაგრამ მაგიდის ზედაპირმა ყურადღება მიიქცია - ძველისძველი ხე ინიციალებით აეჭრელებინათ. დანის ნაკვალევი აჩნდა ყოველ სანტიმეტრს. ზოგს ინგლისურად წაეწერა რაღაც, ზოგს პოლონურად. ზოგის ხელწერას საერთოდ ვერ ვარჩევდი. სკამზე ჩამოვჯექი და ფეხები ავიკეცე. ფოტოგრაფი ჩემ წინ დაეშვა. „ცეცხლისფერმა“ კი ტბის გალავნის ბეტონზე მოიკალათა.
წამით სამივენი მდუმარედ მივაჩერდით ციტრუსისფერ ჰორიზონტს. მძინარე მზე ტბის ზედაპირზე ირეკლავდა ფორთოხლისფერ სხივებს. ისეთი ლამაზი იყო სუნთქვა შეგეკვრებოდა ადამიანს. დასავლეთის ცა პოლონეთში განსხვავებულია. დაღამებისას ჰორიზონტს ისევ დაჰკრავს ხოლმე ატმისფერი, იქამდე სანამ შუაღამეს კარგად არ გადასცილდება.
ნამგალა მთვარემ მალე წამოჰყო წვერი და ისე დაეკიდა ლურჯ ცას, თითქოს ბუნებრივი ნათურა ყოფილიყო ბენიდონიტისფერი კაბადონის. კუდში ადევნებული იუპიტერი კი კაისის ბრილიანტივით უბრწყინავდა გვერდით. გამეღიმა. მკერდშორის მოქცეულ სვირინგზე, ერთ-ერთმა მთვარემ სითბო შემოაპარა სხეულს - იცნო თანამოძმე ცაზე? ალბათ იცნო...
„ფოტოგრაფმა“ პირველმა დაარღვია მდუმარება. წარსულზე ალაპარაკდა, განვლილ გზაზე, რომელმაც საბოლოოდ აქამდე მოიყვანა. გამიკვირდა, დიჯეი ყოფილა. სანამ საქართველოს დატოვებდა შარდენზე მუშაობდა ბარში. ოთხი წლის სამსახური კი, ვირუსმა დააკარგვინა. მოხეტიალე მუსიკოსმა კი, მიატოვა სამშობლო, ზურგზე ჩანთა გადაიკიდა და „ჩარტერული რეისით“ თვითმფრინავის ბორტზე ამოვიდა. იმდენი საინტერესო რამ მოგვიყვა მე და წითელთმიანი გასუსულები ვუსმენდით. შეგნებულად არ დავწერ დეტალებს. ეს მისი პირადია, ჩვენ შორის რჩება. სასიამოვნო მომენტი კი ის იყო, რომ კიდევ რამდენიმე ნაბიჯით დავუახლოვდით ერთმანეთს. ვუყურებდი ჩემთვის უკვე ორ, ძვირფას ადამიანს და გული მეწურებოდა. ერთმანეთი აქ გავიცანით და უკვე იმდენად ახლოს ვართ, არც კი ვიცი როგორ უნდა გამოვემშვიდობო, როცა ამის დრო მოვა. არც ის ვიცი „ცეცხლისფერის“ იუმორისა და ხისტი, პირდაპირი მწარე ენის გარეშე როგორ უნდა გავძლო - ყველაზე კარგი თვისება აქვს, რაც ადამიანებში იშვიათია. ზურგსუკან საუბარი არ სჩვევია, პირდაპირია მოურიდებელი და სულ ერთ ადგილზეც ჰკიდია გეწყინება, თუ გეამება. სიმართლეს მოგახლის დაუნდობლად. ჯიუტი კახელია, რომელმაც თუ თავისიანად მიგიღო სულსა და გულს მოგცემს.
მკლავები მკერდზე მივიკარი და ჰუდის კაპიუშონს სახისკენ დავექაჩე, შემცივდა. საღამოს სუსხი შეუმჩნევლად შემოგვეპარა საუბარში გართულებს. წამით ისევ დავდუმდით. თავჩაქინდრულმა ლამპიონებმა თვალი აახილეს და ბნელში ჩაკარგული გარემო, ოქროსფერ ნათელში გახვიეს. ბუჩქებში ჭრიჭინები ახმაურდნენ. ღამის ცამ ისევ ატმისფრად შეიღება კიდეები...
ინიციალებით აჭრელებულ მაგიდას სამი ადამიანი უსხდა - „ფოტოგრაფი“, რომელსაც არაფერი აკავებს ცხოვრებაში და მოგზაურობას აპირებს სხვადასხვა ქვეყნებში. ადამიანი რომელსაც მძიმე წარსული აქვს და უკეთესი მომავლისკენ მიიკვლევს გზას, ზურგზე გადაკიდებული, ერთადერთი ჩანთით.
„ცეცხლისფერი“, რომელსაც ხშირად უსევდიანდება გული შვილების მონატრებით. ძალიან მხიარული, პოზიტიური და ენამოსწრებული კახელი, რომელიც მკაცრი და უხეშიც კი ჩანს სხვების თვალში, სინამდვილეში კი თბილი გულის პატრონია და ძალიან მარტივია მისთვის გულის ტკენა. ქალი, რომლის გვერდითაც სამყაროს ფერები უხალისდება; ქალი, რომელიც „ფოტოგრაფის“ მსგავსად უკეთესი მომავლისთვის იბრძვის უცხო მხარეში.
ბოლოს კი, „ჩიხის“ ბილიკებს ადევნებული „წყალწაღებული“ მწერალი, რომელიც რაღაც მნიშვნელოვანს ეძებს, გზადაგზა კი ნამცეცებს აწყდება, პატარა მინიშნებებს, გრანდიოზულ ფინიშამდე. უბრალოდ კალმის მოყვარული, რომელიც საყვარელი წიგნის სახელით ცდილობს უკეთესი მომავლის შექმნას.
ხვდები? ჩვენ სამნი, სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ცხოვრებითა და წარსულით ერთმანეთს შევხვდით ერთი მიზნით - სამივეს გვსურს უკეთესის მიღება. რაღაც მნიშვნელოვანის, რომელიც სააქაოზე ჩვენი წასვლის შემდეგ კვალს დატოვებს. ერთი იდეა გვაერთიანებს - გვინდა, რომ ცხოვრების მომდევნო ფურცლები ფერადი იყოს, გაცილებით ფერადი ვიდრე მანამდე. ამაში კი ერთანეთს ვეხმარებით. როგორც შეგვიძლია, როგორც გამოგვდის. ამბობენ, ადამიანები სამშობლოდან რომ მიდიან საკუთარ მეს კარგავენო, ასე არ მგონია - ვუყურებ ამ ორს და ჩემთვის მეღიმება. ამ უცხო მხარეში, დაკარგულ ნაწილებს ვაგროვებ, რომელიც სამშობლოში ვერ მოვახერხე...
თვალები დამეხუჭა და ღრმად ჩავისუნთქე. არც კი მახსოვს, ასეთი მშვიდი როდის ვიყავი... ალბათ... ალბათ არც არასდროს... შემდეგ? შემდეგ ერთი ღერი მოაკლდა თეთრ „მარლბოროს“, სამეულიც მოსცილდა მაგიდას და შინისაკენ გაუდგა გზას. წითელი მუხის მაგიდას კი ახალი ინიციალი შემატებოდა შეუმჩნევლად, ჩემმა ბასრპირიანმა დანამ დანარჩენებზე მკვეთრად რომ ამოკვეთა შეტყობინებად - „იაგამი, ცოცხალი ვარ. ელი.“




№1 სტუმარი მმ

cry რაღაცნაირად სევდიანად ემოციურია

 


№2  offline წევრი მე♥უცნაურე

ყველაზე მძიმე ემიგრაციაში სიმარტოვეა, ვერავინ და ვერაფერი რომ ვერ გივსებს. მიხარია, რომ ეს ადამიანები ამის საშუალებას არ გაძლევენ.
სევდიანი გამოვიდა, მაგრამ რეალობაში რომ უფრო მძიმეა ვიცი.
ერთმანეთს გაატანინებთ ყველა დღეს, მჯერა.
წარმატებები.
ძალიან კარგად აღწერ ყველაფერს❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი xxx

მართალია ყოველი თავის ბოლოს კომენტარს არ ვაკეთებ მაგრამ თვალს გადევნებ და ყოველთვის ველოდები ახალ თავებს. დიდი ხანია შენს ყველა ჩანაწერს ვკითხულობ. მიყვარხარ როგორც მწერალი იმიტომ რომ შენი საქმე იდეალურად გამოგდის და მიყვარხარ როგორც პიროვნება ანაბელ ამის თქმა მინდოდა მარტო

 


№4  offline მოდერი belle...

მმ
cry რაღაცნაირად სევდიანად ემოციურია


<3 <3 <3 <3 <3

მე♥უცნაურე
ყველაზე მძიმე ემიგრაციაში სიმარტოვეა, ვერავინ და ვერაფერი რომ ვერ გივსებს. მიხარია, რომ ეს ადამიანები ამის საშუალებას არ გაძლევენ.
სევდიანი გამოვიდა, მაგრამ რეალობაში რომ უფრო მძიმეა ვიცი.
ერთმანეთს გაატანინებთ ყველა დღეს, მჯერა.
წარმატებები.
ძალიან კარგად აღწერ ყველაფერს❤️


ძალიან დიდი მადლობა <3 <3 ^_^ რაც შეეხება სიმძიმეს... არ ვიცი, მე მაგალითად თავს ასე არ ვგრძნობ, რომ ვაიმე უშველებელი მჭირდეს. ხანდახან რთულია, ხანდახან სამშობლოშიც რთულია. მთავარია სიტუაციას როგორ აღიქვამ ადამიანი <3 <3 <3

სტუმარი xxx
მართალია ყოველი თავის ბოლოს კომენტარს არ ვაკეთებ მაგრამ თვალს გადევნებ და ყოველთვის ველოდები ახალ თავებს. დიდი ხანია შენს ყველა ჩანაწერს ვკითხულობ. მიყვარხარ როგორც მწერალი იმიტომ რომ შენი საქმე იდეალურად გამოგდის და მიყვარხარ როგორც პიროვნება ანაბელ ამის თქმა მინდოდა მარტო


ვაიმე, უღრმესი მადლობა თქვენ ^_^ <3 <3 <3 <3

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

belle...
მმ
cry რაღაცნაირად სევდიანად ემოციურია


<3 <3 <3 <3 <3

მე♥უცნაურე
ყველაზე მძიმე ემიგრაციაში სიმარტოვეა, ვერავინ და ვერაფერი რომ ვერ გივსებს. მიხარია, რომ ეს ადამიანები ამის საშუალებას არ გაძლევენ.
სევდიანი გამოვიდა, მაგრამ რეალობაში რომ უფრო მძიმეა ვიცი.
ერთმანეთს გაატანინებთ ყველა დღეს, მჯერა.
წარმატებები.
ძალიან კარგად აღწერ ყველაფერს❤️


ძალიან დიდი მადლობა <3 <3 ^_^ რაც შეეხება სიმძიმეს... არ ვიცი, მე მაგალითად თავს ასე არ ვგრძნობ, რომ ვაიმე უშველებელი მჭირდეს. ხანდახან რთულია, ხანდახან სამშობლოშიც რთულია. მთავარია სიტუაციას როგორ აღიქვამ ადამიანი <3 <3 <3

სტუმარი xxx
მართალია ყოველი თავის ბოლოს კომენტარს არ ვაკეთებ მაგრამ თვალს გადევნებ და ყოველთვის ველოდები ახალ თავებს. დიდი ხანია შენს ყველა ჩანაწერს ვკითხულობ. მიყვარხარ როგორც მწერალი იმიტომ რომ შენი საქმე იდეალურად გამოგდის და მიყვარხარ როგორც პიროვნება ანაბელ ამის თქმა მინდოდა მარტო


ვაიმე, უღრმესი მადლობა თქვენ ^_^ <3 <3 <3 <3


კი, სამშობლოში რომ ემიგრანტობაზე უფრო მძიმედ ხარ, ეგ ცალკე პრობლემაა და მე პირადად ემიგრაცია მირჩევნია.

 


№6 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

პირველ რიგში ვერ მოვახერხე წაკითხავ ჯერ ბავშვი ბაღდი მერე დაბადების დღე და მერე ისევ მთელი დღე ბაღში . იცი ერთი წლით ნუ დიდი დრო არ ყოფილა მაგრამ მაინც მე და ჩემი ოჯახიც ვიყავით ემიგრანტები მართალია ტოლვილად ვიყავითაგრამ სანამ წამპვიდოდით ჩამმა მამათილმა დაიწყო დროებით მიშაობა სოციალურს რომ აღარ გვიხდიდნენ .. ისე გადაღლილი ბრუნდებოდა ხანდახან ჭმის თავიც არ ქონდა ჩემს უფროს გოგოზე გიჟდება მის გამო ალბათ სამყაროს გადაატრიალებ ისეთი დაღლილი იყო ხოლმე ბავშვსაც ვეღარ ეთამაშებოდა და მე მეამის ყველა იმ ადამიანის ვინც სამშობლოდან გადახვეწილია კაპიკების საშოვნელად ოჯახები რო გამოკვებოს.. არავინ თქვას რა ენაღვლებათო აქ მყოფებს გონიათ საზღვარ გარეთ ქუჩაში ყრია ფული იმას არ ფიქრობენ რის გადატანა უწევთ საკუთა დედას ბებიას ან ნებისმიერ ოჯახის წევრს..... მე მეამაყები ვარსკვლავ გოგონა ძალიან თან ეგ გოგოებიც მემაყებიან და უკვე მიყვარს ორივეე .. ჩემთვის ეს თავი სევდიანი იყო მოვიღუშე რაღაც ნაირად რადგან იმ ემოციებს რასაც გადმოცემ ნაწერით საკუთარი თვალით მაქვს ნანახიც და გამოვლილიცც

 


№7  offline მოდერი belle...

მარიამ ენჯიბაძე
პირველ რიგში ვერ მოვახერხე წაკითხავ ჯერ ბავშვი ბაღდი მერე დაბადების დღე და მერე ისევ მთელი დღე ბაღში . იცი ერთი წლით ნუ დიდი დრო არ ყოფილა მაგრამ მაინც მე და ჩემი ოჯახიც ვიყავით ემიგრანტები მართალია ტოლვილად ვიყავითაგრამ სანამ წამპვიდოდით ჩამმა მამათილმა დაიწყო დროებით მიშაობა სოციალურს რომ აღარ გვიხდიდნენ .. ისე გადაღლილი ბრუნდებოდა ხანდახან ჭმის თავიც არ ქონდა ჩემს უფროს გოგოზე გიჟდება მის გამო ალბათ სამყაროს გადაატრიალებ ისეთი დაღლილი იყო ხოლმე ბავშვსაც ვეღარ ეთამაშებოდა და მე მეამის ყველა იმ ადამიანის ვინც სამშობლოდან გადახვეწილია კაპიკების საშოვნელად ოჯახები რო გამოკვებოს.. არავინ თქვას რა ენაღვლებათო აქ მყოფებს გონიათ საზღვარ გარეთ ქუჩაში ყრია ფული იმას არ ფიქრობენ რის გადატანა უწევთ საკუთა დედას ბებიას ან ნებისმიერ ოჯახის წევრს..... მე მეამაყები ვარსკვლავ გოგონა ძალიან თან ეგ გოგოებიც მემაყებიან და უკვე მიყვარს ორივეე .. ჩემთვის ეს თავი სევდიანი იყო მოვიღუშე რაღაც ნაირად რადგან იმ ემოციებს რასაც გადმოცემ ნაწერით საკუთარი თვალით მაქვს ნანახიც და გამოვლილიცც


კი კი კი და კი... ზუსტად ვიცი და მესმის რასაც გულისხმობ, ნუ ეს ის ეტაპია რომელიც გამოვლილი გაქვს, არავისგან გსმენია და არც უბრალოდ შორიდან მოგიკრავს თვალი... ვიცი და მე ამ უცხო მხარეში ჩემი ადგილი ვიპოვე. ვიცი რას ნიშნავს იყო ემიგრანტი სრულიად მარტო და საკუთარი თავის იმედად დარჩენილი. ამიტომ ყველანაირად ვცდილობ აქაურ ჩვენს ქართველებს მაქსიმალურად დავეხმარო რითიც შემიძლია... ძალიან გამიხარდა შენი გამოჩენა ჩემო პატარა და ძალიაბ ვერი კოცნა და ჩახუტება შენ ჩემგან აი ასე ისევ შორიდან <3 <3 <3 პ.ს. რაც შეეხება ხალხის წარმოდგენებს ემიგრანტებზე მგონი მაგ თემაზე ცალკე ფურორს მოვახდენ. არც ისეა საქმე, როგორც ბევრს ჰგონია. დავწერ, შეულამაზებლად, დაუნდობლად, სიმართლეს <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent