შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-4)


13-10-2020, 10:39
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 257

8 8 8 8


ავტობუსში, საკუთარ ზურგჩანთაზე ჩამოძინებული, ჩემს გვერდით მჯდომი გოგონას ხმამ გამომაღვიძა.
ნახევრად ძილ-ბურანში მყოფი, ჯერ კიდევ ბუნდოვნად ვხედავდი იქაურობასა და ტრანსპორტში მჯდომი ადამიანების სახეებს, რომელთა უმეტესობა, უკვე ბარგს იღებდა და ჩასასვლელად ემზადებოდა.
-სად ვართ? -ვკითხე გულუბრყვილოდ ჩემს გვერდით მჯდომს, თან ნახევრად გახელილი თვალებით გავხედე. ამ უკანასკნელმა, ღიმილით შემავლო მზერა და ჩემს ყურთან ტუჩები საკმაოდ ახლოს მოიტანა
-უკვე თბილისში ვართ, ლამაზო -ჩამჩურჩულა -სხვათა შორის, გზის უმეტესი ნაწილი, ჩემს მხარზე თავჩამოდებულს გეძინა
ამ სიტყვებზე, თავი ვაიძულე თვალები ბოლომდე გამეხილა და როგორც კი ეს გამომივიდა, გოგონა უკეთესად შევათვალიერე.
საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ფიგურაც თვალშისაცემად დამაკმაყოფილებელი ჰქონდა და ვიზუალური მახასიათებლებიც. ჩამეღიმა. თურმე ავტობუსით მგზავრობასაც ჰქონია რაღაც პლუსები.
-მაპატიე, ალბათ ჩემს გამო არაკომფორტულად იმგზავრე -ვუთხარი, თან ჩემი ბარგის ჩამოსაღებად ფეხზე წამოვდექი
-არა, პირიქით, ძალიან სასიამოვნო იყო შენი სიახლოვე -კვლავ ისეთივე თამამი ტონით გამეპასუხა უცნობი და ჩამოსართმევად ხელიც გამომიწოდა -მე ნენე ვარ
-ნიკოლოზი -მის გამოწვდილ ხელს, საკუთარი შევაგებე და გაცნობის ფორმალური მხარეც შედგა
-სასიამოვნოა
-ასევე . . . ჰო მართლა, საით მიდიხარ? ტაქსის აყვანას ვაპირებდი და თუ გინდა, ბარგის სახლამდე მიტანაშიც შემიძლია დაგეხმარო
-სერიოზულად? -შევატყვე გაეხარდა, თუმცა ვერ მივხვდი კონკრეტულად რა
-რა თქმა უნდა
-კარგი, თუ ასეა, დიდი სიამოვნებით მივიღებ შენს წინადადებას -მაშინვე დამთანხმდა, თან კვლავ მაცდური ღიმილით გამიღიმა -იმ ჩანთას ვერ მომაწვდი? -საბარგულ თაროზე შემოდებულ, პატარა, იასამნისფერი ჩემოდნისკენ მანიშნა თითით
პასუხად, უბრალოდ თავი დავუქნიე და ბარგის ჩამოსაღებად, კვლავ თაროსკენ მივტრიალდი. უნდა მეღიარებინა, ჩემი ახლადგაცნობილი თანამგზავრი, ნამდვილად მომხიბვლელი ვინმე იყო. უფრო მეტიც, ზედმეტად მომხიბვლელი, თუმცა არაფრით უნდა დამვიწყებოდა, რომ აქ რომანებისთვის კი არა, მნიშვნელოვან საქმეზე ვიყავი ჩამოსული და დროის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამისთვის უნდა დამეთმო.
საბარგო განყოფილებიდან ჩამოღებული ნენეს ჩემოდნის წამოღება, საკუთარ თავზე ავიღე და ავტობუსიდანაც სწორედ მასთან ერთად ჩამოვედი. სადგურზე, მართლაც რომ საკმარისი რაოდენობის ტაქსი იყო გაჩერებული, თუმცა ლოს-ანჯელესისგან განსხვავებით, ამ ქალაქში ნებისმიერი ფირმისა და ფერის მანქანას გადააწყდებოდით ტაქსის ტრაფარეტით, ამერიკაში კი, აღნიშნულ ფუნქციას მხოლოდ ყვითლად შეფერილი ავტომობილები ასრულებდნენ.
-მისამართი მითხარი, პირველად შენ მიგიყვან -ვუთხარი ნენეს და მძღოლს ფანჯარაზე მივუკაკუნე, რათა გადმოსულიყო და ჩემოდნების საბარგულში განთავსებაში დაგვხმარებოდა. გეგმა ასეთი იყო -ჯერ ამ გოგოს მივიყვანდი სახლამდე, ვინც აუცილებლად დამიტოვებდა თავის ნომერს მომავალი შეხვედრის იმედით, შემდეგ კი, ინტერნეტში ნანახი ინფორმაციით ვიხელმძღვანელებდი და პირდაპირ დავით დევდარიანის სახლისკენ გავეშურებოდი. ეს უკანასკნელი, ჯერ კიდევ ბათუმში გახლდათ, ამიტომ, მისი არყოფნის დროს უფრო გამიიოლდებოდა იმის გარკვევა, რისთვისაც ამხელა მანძილი მქონდა გამოვლილი.
როგორც აღმოჩნდა, ნენე ვაკეში ცხოვრობდა. ეს ჩემთვისაც საკმაოდ ხელსაყრელი გახლდათ, რადგან დევდარიანის რეზიდენციაც სწორედ ამ უბანში იყო აშენებული და გამოდიოდა, რომ ერთი გზა გვქონდა.
-თბილისში დიდი ხნით ჩამოხვედი? -მკითხა ნენემ, როგორც კი ტაქსიში ჩავსხედით. ამ გოგოს, აშკარად ეტყობოდა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მომეხდინა. ეს საკმაოდ სასიამოვნოც იყო და ამავრდოულად, ცოტათი დამღლელიც
-არა, მხოლოდ ხვალამდე -საქარე მინას დროებით მოვწყდი და ისე მივუგე -ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი
-დავინტერესდებოდი რა საქმე, თუმცა მგონი გაცნობის პირველ დღეს ასეთი გულახდილობა საჭირო არ არის -გამომცდელად შემომხედა ამის თქმისას, თითქოს ჩემს თვალებში ეძებს პასუხსო
-ჰო, აჯობებს გულახდილი საუბრები სხვა დროისთვის შემოვინახოთ
-ანუ, სხვა დროც იქნება
ესეც ასე, უკვე ცდილობდა შემდეგი შეხვედრის პერსპექტივა შემოეპარებინა, თანაც საკმაოდ ოსტატურ მომენტში. ვერაფერს ვიტყოდი, ეს გოგო თავისი საქმის პროფესიონალი ჩანდა.
-მოდი, ასე მოვიქცეთ, შენი ნომერი დამიტოვე და თუ ამაღამ თავისუფალი ხარ, საქმეებს რომ მოვრჩები დაგირეკავ
ნენე ცოტა ხნით ჩაფიქრდა. სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაიწია და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გამცა :
-მგონი, კარგი იდეა უნდა იყოს -თქვა ოდნავ ხმადაბლა -თანაც არა მგონია საღამოსთვის სხვა გეგმები გამომიჩნდეს
-ძალიან კარგი, მაშინ საკონტაქტო ინფორმაცია გავცვალოთ -ჩემი ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე ამის თქმისას, ნენეს გავუწოდე და ოდნავ გავუღიმე -მიდი, ჩაწერე შენი ნომერი
-სახელი რა დავაწერო? იმიტომ გეკითხები, რომ შესაძლოა, სატელეფონო წიგნაკში ჩემს გარდა სხვა ნენეც გეწეროს
-არა, მსგავსი სახელით მხოლოდ შენ გიცნობ, ამიტომ, მაგ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება
-მიხარია თუ ასეა -კიდევ ერთხელ გამიღიმა ამის თქმისას და სენსორზე თავისი ნომრის აკრება დაიწყო . . .


ნენეს სახლამდე მიცილების შემდეგ, ტაქსის დამატებითი ფული გადავუხადე და ამჯერად, დავით დევდარიანის სასახლისკენ დავადექი გზას. მისამართის გარკვევა, ჯერ კიდევ თბილისში ჩამოსვლამდე, ინტერნეტის მეშვეობით ვცადე და მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ძალიან დიდი დრო დამჭირდა, სასურველი შედეგის მიღწევა მაინც მოვახერხე.
საბოლოო გაჩერებამდე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა იქ მისვლის შემდეგ და კონკრეტულად რა გეგმით მეხელმძღვანელა. ეჭვი, რომ მელინა, თავად დავით დევდარიანის ქალიშვილი იყო, უკვე ღრმად მქონდა გულში გამჯდარი. თუმცა რატომ სარგებლობდა ამ შემთხვევაში სხვა სახელითა და გვარით, ან, რატომ უწევდა სასტუმროს ბარში მუშაობა?
ამდენი პასუხგაუცემელი კითხვისგან ლამის ტვინი ამფეთქებოდა. ბოლოს, გადაწყვეტილება მივიღე, იქ მისვლამდე, ზედმეტად აღარაფერზე მეფიქრა და სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი მანამ, სანამ ტაქსის მანქანამ პირდაპირ სასურველ მისამართზე არ მიმიყვანა.
საქარე მინიდან, რომელიც ნახევრად ჩამოწეული დამეტოვებინა, უზარმაზარი, რკინისჭიშკრიანი, სამსართულიანი შენობა მოჩანდა. მის თითოეულ კუთხე-კუნჭულს დაცვის თანამშრომლები აკონტროლებდნენ, ვინებიც ჯეიმზ ბონდის სტილის კოსტიუმებითა და მუქმინებიანი სათვალეებით გადიგამოდიოდნენ ეზოში და მის მთავარ შესასვლელთან.
მათ შემხედვარეს, მხოლოდ ერთი კითხვა გამიჩნდა -როგორ უნდა მოვხვედრილიყავი შიგნით ყველასგან მალულად ან, რა მიზეზი უნდა დამესახელებინა დაცვისთვის, რათა ჩემთვის შესვლის უფლება თავად მოეცა?
სიტუაცია აშკრად რთული ჩანდა, თუმცა ამხელა მანძილის გამოვლის შემდეგ, მაინც არ ვაპირებდი უკან ხელცარიელი დავბრუნებულიყავი, ამიტომ, ტაქსის მძღოლს კუთვნილი თანხა გადავუხადე, ვთხოვე ჩემი ბარგი მანქანაში დაეტოვებინა და საქმეების დამთავრებამდე აქ დამლოდებოდა, შემდეგ კი, ღრმად ჩავისუნთქე და უზარმაზარი ჭიშკრისკენ ისე ავიღე გეზი, თითქოს ამ სახლში, როგორც საპატიო სტუმარს ისე მელოდნენ.
დაცვის თანამშრომლებმა, ვინებიც სიგრძეზე გამწკრივებულიყვნენ, მაშინვე შეწყვიტეს ერთმანეთში საუბარი და მთელი ყურადღება, ამჯერად უკვე ჩემზე გადმოიტანეს. სავარაუდოდ, გონებაში უკვე იმ კითხვებს ამზადებდნენ, რომელთაც ყოველ უცხო ადამიანს უსვამდნენ ხოლმე, ვინც კი ამ სახლში მოისურვებდა ფეხის შედგმას.
-გამარჯობა -მივესალმე თითოეულ იქ მყოფს, როგორც კი ჭიშკარს ექვსიოდე ნაბიჯის ზომაზე მივუახლოვდი. იმ წამს გავიფიქრე, იმ ქონების მფლობელს, რამხელა ქონებასაც აარონი განკარგავდა, დევდარიანზე დიდი თუ არა, ნაკლები დაცვა მაინც არ უნდა ჰყოლოდა, თუმცა ჩემი უფროსი ძმა, იმ ინციდენტის შემდეგაც კი, ქუჩებში ისე თავისუფლად დასეირნობდა, თითქოს ამ ქვეყნად არანაირი საფრთხე არ მოელოდა. აღნიშნულ თემაზე, კამათიც ხშირად მოსვლია ჩემთან და ნიცასთან, თუმცა ჩვენი დიალოგი მუდამ უშედეგოდ მთავრდებოდა ხოლმე. ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, ის იყო, რომ აარონს იარაღის ტარების ლიცენზია მოვათხოვინეთ და ამით, ბოლომდე თუ არა, ცოტათი მაინც დავიმშვიდეთ გულები.
-გამარჯობა -თითქმის ერთდროულად მომესალმნენ დაცვის თანამშრომლები. მათგან ორმა, სათვალე თავზე აიტანა და ისე განაგრძო ჩემი თვალიერება
-შიგნით შესასვლელად ფეის-კონტროლის გავლაა საჭირო თუ უბრალოდ გამჩხრეკთ? -ვიკითხე, თან ინტერესიანი მზერა გადავავლე მათ გუნდს. წამიც არ იყო გასული, რომ უსაფრთხოების თამამშრომლებს, საშუალო სიმაღლის, სახეზე შრამდამჩნეული ბიჭი გამოეყო და ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
-მებაღის ვაკანსიაზე ხართ? -მკითხა მეტად სერიოზული სახით. გულში გამეცინა და ტანსაცმელზე დავიხედე. ნამდვილად არ მეცვა ისე, რომ ვინმეს მებაღე ვგონებოდი, მით უმეტეს, არც ყვავილების სურნელი ამდიოდა სამოსზე. ჩემი მებაღისთვის მიმსგავსებით იმედგაცრუებულმა, დავაპირე კიდეც დაცვის თანამშრომლის მოსაზრების უარყოფა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ, თითქოს ჩემს თავში სიბრძნის ნათურა აინთოო, სრულიად ახალ გადაწყვეტილებას ჩავეჭიდე.
არავინ იცოდა, შემიშვებდნენ თუ არა ამ სახლში, მაშინ, როცა ჩემს ნამდვილ ვინაობას ვიტყოდი. აი, როგორც მებაღეს კი შანსი მქონდა ყოველგვარი ზედმეტი დაკითხვის გარეშე მოვხვედრილიყავი ამ ჭიშკრის მეორე მხარეს, ამიტომ, ვარჩიე ცოტა ხნით მართლაც ვყოფილიყავი მებაღე.
-დიახ, ვაკანსიაზე ვარ -ვუთხარი თავდაჯერებულად -მაპატიეთ, ცოტა უფრო ადრე უნდა მოსვულიყავი, თუმცა საცობების გამო შემაგვიანდა
-მაგ მხრივ გაგიმართლა, ძმაო, ჯერჯერობით სახლის პატრონებთან მაინც არ გექნება კონტაქტი, რადგან მათგან შინ არავინაა. გასაუბრებას ერთ-ერთ მოახლესთან გაივლი
-მოახლესთან? ამ სახლში ასეთ მოლაპარაკებებს მოახლეები წარმართავენ?
-ყველა ნამდვილად არა, თუმცა ქალბატონი ლიდია უკვე ოცი წელია აქ მუშაობს, თითქმის ოჯახის წევრივითაა და მას ძალიან ენდობიან, ამიტომ, მსგავს საკითხებსაც ხშირად აგვარებს ხოლმე
-გასაგებია -ჩავახველე და მხრებში გავსწორდი -ესე იგი, უკვე მელოდებიან და შემიძლია შიგნით შევიდე
-ნუ ჩქარობთ, დასაწყისისთვის ჯერ უნდა შეგამოწმოთ -ამჯერად, მაღალი, შუა ხნის კაცი გამოეყო დაცვის წევრებს და ჩემთან ახლოს მოვიდა
-შემოწმებაში რას გულისხმობთ?
-იმედია შეურაცხყოფად არ მიიღებთ, თუმცა როცა ამ სახლში ვინმე უცხო შედის, ყოველთვის ვჩხრეკთ ხოლმე. ბატონი დავითის ბრძანებაა ასეთი -თავის მართლებასავით წარმოთქვა ბოლო სიტყვები და ისე შემომხედა, თითქოს ჩემგან ნებართვას ელისო. საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მქონდა. არც ტერორისტის ბომბი მედო მარცხენა ჯიბეში და არც მაყუჩიანი იარაღი, ამიტომ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ხელები ოდნავ ზემოთ ავწიე, რათა თავისი საქმე უფრო გაადვილებოდა.
ახლა მხოლოდ ერთი პრობლემა რჩებოდა მოსაგვარებელთა სიაში. რა უნდა მექნა მაშინ, თუკი ნამდვილი მებაღე აქ ჩემი ყოფნის დროს გამოჩნდებოდა? ასეთ შემთხვევაში, ტყუილი აუცილებლად გამოაშკარავდებოდა და დიდი ალბათობა იყო იმისა, პოლიციაც გამოეძახათ.
როგორც წესი, მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში, ჩემი გონება მუდამ ორჯერ უფრო სწრაფად იწყებდა ხოლმე მუშაობას და ხშირ შემთხვევაში, არც გამოსავლის მოძებნა წარმოადგენდა მისთვის სირთულეს. ჩემდა საბედნიეროდ, ამჯერადაც ძალიან გამიმართლა. საკმაოდ მალე დამებადა იდეა, თუ როგორ უნდა ჩამომეშორებინა გზიდან ის დაგვიანებული მებაღე და ზედმეტი პრობლემები თავიდან ამეცილებინა. საკუთარი თავით კმაყოფილმა, კიდევ ერთხელ შევავლე მზერა დავით დევდარიანის რეზიდენციას. იქაურობა იმდენად ლამაზად იყო გაფორმებული დიდი პალმებითა და სხვა ეგზოტიკური მცენარეებით, ნებისმიერ ადამიანს, თავს მაიამის რომელიღაც უბანში აგრძნობინებდა. ნუთუ მართლა ეს იყო მელინას სახლი? ნუთუ მართლაც აქ ჰქონდა გატარებული მთელი ბავშვობა?
-მორჩა, სუფთა ხართ, შეგიძლიათ შეხვიდეთ -თავაზიანი სახით მაცნობა დაცვის თანამშრომელმა, როგორც კი ჩემს შემოწმებას მორჩა
-სულ ეს არის?
-დიახ, სულ ეს არის -მომიგო, მერე კი, შესასვლელთან მდგომ ახალგაზრდა ბიჭს გახედა და გასძახა: -დიმიტრი, კარი გაუღე და შეუშვი, ელოდებიან
ჩემს წინ აღმართულმა რკინის ჭიშკარმა, სენსორულ ციფერფლატზე რაღაც კოდის აკრეფის შემდეგ, ერთი დაიჭრიალა და ნელ-ნელა, გვერდულად დაიწყო გაღება.
ესეც ასე, გეგმის მთავარი ნაწილი უკვე შესრულებული იყო. ახლა უკვე მეორე დაბრკოლებაზე უნდა მეზრუნა და ასეც მოვიქეცი -ჭიშკრის ზღურბლის გადაბიჯებიდან რამდენიმე წამში, ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე, რათა მებაღის პრობლემის მოგვარებას შევდგომოდი.
ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავლად ნიცასთვის დახმარების თხოვნა ჩავთვალე. ამ უკანასკნელმა, საერთოდ არ იცოდა, რომ თბილისში ვიყავი ჩამოსული, თუმცა ხმოვანი შეტყობინებით ყველაფერს მოკლედ ავუხსნიდი და ვთხოვდი, ჩემი უსაფრთხოება უზრუნველეყო, სანამ სასურველ ინფორმაციას არ მივიღებდი მელინას შესახებ.
საბედნიეროდ, ვიბერზე გამწვანებული დამიხვდა ნიცა. როგორც ჩანდა, ფორტუნა დღეს ჩემს მხარეს იყო და ამის გამო, მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი.
<<ტყუპისცალო, უნდა დამეხმარო!>> -მივწერე სასწრაფოდ. პარალელურად, დევდარიანების სასახლის გრძელ ეზოს მივუყვებოდი და მეჩვენებოდა, რომ მას დასასრული არც უჩანდა
<<რა იყო, ძვირადღირებული კონიაკის ბოთლი გაგიტყდა და ვალები დაგედო?">> -სულ რაღაც ათ წამში მომივიდა პასუხი ჩემი დისგან. როგორც ჩანდა, კვლავ ირონიის ხასიათზე იყო დამდგარი, თუმცა იმ დროს, ხუმრობებისთვის ნამდვილად არ მეცალა და სწრაფად გავაგზავნე ხმოვანი შეტყობინება :
<<ამ წუთას თბილისში ვარ. არ მკითხო როგორ ან რატომ . . . ახლა ერთი სახლის ლოკაციას ჩაგიგდებ, ტაქსი აიყვანე და სასწრაფოდ აქ მოდი! იმ ტერიტორიაზე, ვინც კი არ უნდა შენიშნო, იზრუნე იმაზე, რომ სახლში არავინ შემოვიდეს. დეტალებს მერე აგიხსნი">>
<<ჯეიმზ-ბონდობანას ვთამაშობთ?>>
<<ნიცა, უბრალოდ მოდი, ეს ძალიან სასწრაფოა!>>
<<კარგი, კარგი, უკვე ლიფტში ვარ, თანაც სახლის ტანსაცმლით და სრულიად მოუწესრიგებელი. იცოდე, მერე ყველაფერს ამიხსნი!>>
<<აგიხსნი, დაწყნარდი>> -მივწერე და იმით დაიმედებულმა, რომ ნიცა დროულად მოსვლას და რამის გაკეთებას მოახერხებდა, ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩავიბრუნე.
სახლს, წინა მხრიდან, საკმაოდ დიდი ზომის, შუშაბანდის კარი ჰქონდა დატანებული. სპეციალური მინის გამო, გარედან შიგნით არაფერი ჩანდა, თუმცა შიგნიდან ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იყო და შესაძლოა, ამ დროს ვიღაც მიყურებდა კიდეც.
იმ წამს, საკუთარი თავით გაოცებულიც კი ვიყავი. რამდენ სიგიჟეს ვაკეთებდი იმ გოგოს გამო, ვისაც ნორმალურად არც კი ვიცნობდი? რა მჭირდა? ასეთი როდის გავხდი? რა დეტექტივობანას ვთამაშობდი ოცდაორი წლის ასაკში?
ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდნენ, თუმცა რომ ვთქვა, რომელიმე მათგანმა ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა მეთქი, ნამდვილად არ ვიქნები მართალი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონების საღი ნაწილი კარგად აანალიზებდა იმას, თუ რამხელა სისულელეს ჩადიოდა, მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ და დასახული მიზნის მისაღწევად, უკან დახევას არც ვაპირებდი.
შესასვლელ კარს რომ მივუახლოვდი, მის მარცხენა მხარეს მიმაგრებულ ზარის ღილაკს დავაკვირდი. ეს უკანასკნელი, ციფერფლატზე იყო მიბმული და შუანა ნაწილში, წითელი წერტილი ციმციმებდა. სავარაუდოდ, იგი ვიდეო-კამერა უნდა ყოფილიყო, რომელიც ეზოს მთელ თუ არა, გარკვეულ ნაწილს მაინც აკონტროლებდა.
-ესეც ასე, თამაში დაიწყო! -ჩავილაპარაკე ჩემთვის და ზარის დარეკვის ღილაკს საჩვენებელი თითი ისე მივაჭირე, რომ მთელი ხუთი წამის განმავლობაში არ ამიშვია
ძალიან კარგიც კი იყო თუკი გასაუბრებას მხოლოდ მოახლე ჩამიტარებდა. სიმართლე რომ ვთქვა, წარმოდგენაც არ მქონდა რა უნდა მექნა მაშინ, თუკი სახლში დიასახლისები დამხვდებოდნენ და მათთან მომიწევდა დალაპარაკება. წინასწარი მომზადება ნამდვილად არ გამივლია, თუ რა უნდა მომემოქმედა ან მეთქვა დევდარიანების ზღურბლზე გადაბიჯებისას. ვთვლიდი, რომ იქამდე მიღწევის შემდეგ თავად მივხვდებოდი როგორ უნდა გამერკვია იყო ანტონია და მელინა ერთი და იგივე პიროვნება თუ არა.

პარაღმასთან მდგომს, ზარის დარეკვიდან დაახლოებით ნახევარი წუთის შემდეგ მომესმა კარის საკეტის ხმა. ჩემს წინ აღმართულმა შუშაბანდის კარმა, ჭიშკრის მსგავსად გვერდულად დაიწყო გაღება და სულ მალე, ოდნავ ასაკში შესული, ლურჯთავსაფრიანი, საშუალო სიმაღლის ქალბატონიც შევნიშნე ზღურბლზე. ეს უკანასკნელი ისე მათვალიერებდა თითქოს ჩემი სახით მის წინ სამუზეუმო ექსპონატი იდგა მისი ზედმიწევნით შესწავლა ჰქონდა დავალებული.
ზოგადად, ვერასდროს ვიტანდი ხოლმე როდესაც ვინმე ასე დაჟინებით მაშტერდებოდა. არც ახლა მესიამოვნა მსგავსი ჟესტი, ამიტომ, სიტუაციის განსამუხტად ოდნავ ჩავახველე და ქალს თავაზიანად მივესალმე :
-გამარჯობათ, მე მებაღის ვაკანსიაზე ვარ, ქალბატონ ლიადიასთან. შეგიძლიათ დაუძახოთ?
-მე ვარ, შვილო ქალბატონი ლიდია -მხიარულად შემომცინა მან -ასეთი ახალგაზრდა მებაღე ჯერ ამ სახლს არ ახსოვს და მეც მაგიტომ გიყურებდი ასე გაკვირვებული -მერე სახლისკენ ხელით მანიშნა და კვლავ თბილად გამიღიმა -შემოდი, ცივ წვენს დაგალევინებ და დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ
-გმადლობთ, არაფერი მინდა, უბრალოდ რამდენიმე კითხვა მექნება თქვენთან
-კი ბატონო, რაზეც შემეძლება გიპასუხებ -გვერდზე გაიწია, რათა შიგნით შევეტარებინე და როგორც კი ზღურბლს მარჯვენა ფეხი გადავაბიჯე, ისიც უკან მომყვა
დევდარიანების სახლი, შიგნიდან ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე გარედან. მისაღები თბილ ყავისფერ და რძისფერი ფერებში იყო გადაწყვეტილი, რომელსაც შავი ტყავის ავეჯი და საკმაოდ გემოვნებიანი დეკორაციები ეხამებოდა, დიდი და ლამაზი ქოთნის მცენარეების ჩათვლით.
მისაღებიდან, შუშაბანდის კარით, უკანა ეზოში გადიოდით, სადაც ძალიან ლამაზი ვერანდა მოეწყოთ, მრგვალი, დეკორატიული მაგიდით, ხელოვნური ყვავილებითა და ღია ფერის სავარძლებით. ორიგინალურად მოწყობილი ვერანდის წინ, ლურჯად აკამკამებული აუზი მოჩანდა, მის წინ ჩამწკრივებულ ზოლიან შეზლონგებთან ერთად, ხოლო ბასეინიდან ოციოდე მეტრში, უზარმაზარი ლაბირინთი იწყებოდა, რომელიც შორიდან ყურებითაც კი ზედმეტად ლამაზად ხვდებოდა თვალს.
-დაჯექი და მოხერხებულად მოეწყვე, შვილო -კვლავ თბილად გამიღიმა ქალბატონმა ლიდიამ, თან მზერით კაკაოსფერი დივნისკენ მანიშნა -ცივი წვენი მართლა არ გინდა?
-არა, დიდი მადლობა, აქ სულ სხვა საქმეზე ვარ
-ვიცი, ვიცი, სამუშაო გრაფიკზე გსურს დალაპარაკება და ანაზღაურების დეტალების გაგება. ყველაფერს ახლავე აგიხსნი, ნუ ღელავ
-ქალბატონო ლიდია, აქ მებაღის სტატუსით ნამდვილად არ მოვსულვარ -მაშინვე გავუმხილე, როგორც კი დივანზე ჩამოვჯექი -ეს ტყუილი, აქ შემოსაღწევად დამჭირდა, ჩემი სტუმრობის ნამდვილი მიზეზი კი სულ სხვა რამეა
ადვილი შესამჩნევი იყო, როგორ შეეცვალა სახე ჩემს სიტყვებზე. ალბათ, იმ წამს, ისიც კი იფიქრა, რომ შენიღბული მძარცველი ვიყავი, ვინაც სახლში მსგავსი გზით გადაწყვიტა შემოაღწევა და სახეზე ოდნავი შიშიც გამოესახა. ამის გამო, გადავწყვიტე დიდად აღარ გამეჭიანურებინა და ყველაფრისთვის მალევე ამეხადა ფარდა :
-აქ ანტონიას გამო მოვედი -თვალებში ჩავხედე და ქალის რეაქციას დავაკვირდი ამის თქმისას -მისი ახლო მეგობარი ვარ, ბათუმიდან
-ჰო მაგრამ, ქალბატონი ანტონია ახლა შინ არ გახლავთ, სანტორინშია წასული, მთელი ზაფხულით
-ჰოო? მე კი ბათუმში ვნახე და თქვენთან მნიშვნელოვანი წერილი გამომატანა -მოტყუების გზით გადავწყვიტე მისი გამოტეხვა, თან რეაქციას ვაკვირდებოდი, რათა შემთხვევით არაფერი გამომპარვოდა -ბათუმში, მელინას სახელით სარგებლობს, თუმცა მუდამ ვეუბნები, ანტონია უფრო გიხდება მეთქი. მოკლედ, როგორც გითხარით, თქვენთან მნიშვნელოვანი წერილი გამომატანა და მთხოვა პირადად გადმომეცა. სხვა შემთხვევაში, დაცვასაც დავუტოვებდი და აღარც ტყუილის თქმა დამჭირდებოდა, რომ მებაღის ვაკანსიაზე ვარ მოსული
ქალს, თვალები აუცემლიანდა ჩემს სიტყვებზე. ვერ მივხვდი ეს რატომ მოხდა და ის-ის იყო გავიფიქრე, რამე არასწორად ხომ არ გავაკეთე მეთქი, რომ ამ დროს, კვლავ მომესმა მისი ხმა :
-ჩემმა ანტონიამ, ბათუმიდან რამე წერილი გამოგატანა? -ხმაში სითბო ემჩნეოდა ქალს -ანუ, მასთან ახლოს ხარ და ყველაფერს გიყვება?
ესეც ასე, მგონი უკვე პროგრესი შეიმჩნეოდა. ამ ქალის ნდობა უკვე მოპოვებული მქონდა და თუ სწორად ვიმოქმედებდი, შემეძლო კიდევ ბევრი რამ დამეტყუა მისთვის.
-ჰო, ყველაფერს მიყვება -ღიმილით დავუქნიე თავი -სასტუმროში ერთად ვმუშაობთ და ძალიან ახლოს ვართ
-მართლა? -გულწრფელი სიხარული გაკრთა ლიდიას ხმაში -ალბათ, ნამდვილად კარგი და სანდო ადამიანი ხარ, თორემ ჩემი ანტონია სხვა შემთხვევაში თავის საიდუმლოს არასდროს გაგიმხელდა
-თქვენ მას დიდი ხანია იცნობთ? -დივნის სახელურს ხელით დავეყრდენი და ისე ვკითხე
-ანტონია ჩემს ხელში გაიზარდა, შვილო -ლიდიას, ხმიდან მასზე საუბრისას უდიდესი სითბო და სიყვარული იღვრებოდა -ყოველთვის უჩვეულო ბავშვი იყო, განსხვავებული რამები აინტერესებდა და მუდამ გამოირჩეოდა იმ საზოგადოებისგან, რომელშიც გაიზარდა. სხვა შემთხვევაში რა მოაფიქრებდა ოცდაერთი წლის გოგოს, სახელი და გვარი შეეცვალა და ამხელა სიმდიდრე მიეტოვებინა, რათა სასტუმროს ბარში ეთენებინა ღამეები, მძიმე შრომაში
-ჰო, ამ მხრივ მართლა განსაკუთრებულია -მივუგე და გონებაშიც ნაწილობრივ დამილაგდა მოვლენები. ესე იგი, ანტონია და მელინა მართლაც ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ და როდესაც მშობლები ფიქრობდნენ, რომ საბერძნეთში, კერძოდ, სანტორინში ატარებდა საზაფხულო არდადეგებს, ამ დროს იგი ბარში დაატარებდა შეკვეთებს "ქვიშის ქარიშხლის" სტუმრებისთვის. ნამდვილად უჩვეულო ადამიანთან მქონდა საქმე და ამაში, აღნიშნულ წამს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი
-სანამ წერილს გადმოგცემდეთ, შეგიძლიათ კიდევ მიამბოთ მასზე რამე? -გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა მეტი გამეგო მელინაზე -უბრალოდ, თუ მას დიდი ხანია იცნობთ, ჩემზე გაცილებით ბევრი გეცოდინებათ და ძალიან მინდა მოვისმინო
-ანტონიაზე სასაუბრო იმდენია, რომ შეიძლება მთელი დღე ვერ მოვრჩეთ -გაეცინა ქალს -შენი სახელი მითხარი, შვილო
-ნიკოლოზი
-ლამაზი სახელია. შენც ალენ დელონივით ბიჭი ხარ, გემოვნება კარგი ჰქონია ჩემს გოგონას შენ რომ აურჩევიხარ
აი, თურმე რას ფიქრობდა. ეგონა, რომ მე და მელინა წყვილი ვიყავით და თავისი საიდუმლოც ამიტომ გამანდო. პრინციპში, ეს ნამდვილად არ იყო ცუდი. თუკი მის შეყვარებულად მიმიჩნევდა, გაცილებით უფრო გულახდილი იქნებოდა ჩემთან და უფრო მეტ ინფორმაციასაც მომცემდა.
-მგონი, მე უფრო გამიმართლა, რადგან მისნაირი ადამიანის ყურადღების ღირსი გავხდი -ვთქვი, რაც შემეძლო დამაჯერებლად. სადღაც გულის სიღრმეში, სინდისის ქენჯნაც კი მაგრძნობინა ამ ტყუილმა, თუმცა იმდენად მაინტერესებდა თითოეული დეტალი მელინას შესახებ, ეს გრძნობა თავიდან მალევე მოვიშორე და კვლავ დასახული მიზნის მიღწევაზე დავიწყე ფიქრი
-უკვე წარმომიდგენია, რა ლამაზი დასანახები იქნებით ერთად -კვლავ ღიმილით განაგრძობდა ლიდია და ცოტაღა აკლდა როგორც მომავალ სასიძოს ისე გადამხვეოდა. აი, მე კი, დროში ვიწვებოდი, ამიტომ, სწრაფად უნდა გამეგო ის, რის გასაგებადაც ამხელა გზა გამოვიარე
-ქალბატონო ლიდია, იქნებ ანტონიაზე გადავსულიყავით? -შევაპარე ზრდილობინად -მინდა მასზე რაც შეიძლება მეტი ვიცოდე და ამაში, თქვენზე უკეთ ვერავინ დამეხმარება
-მაინც, რა გაინტერესებს, ჩემო კარგო? ანტონიას დაბადებიდან ვიცნობ და არც კი ვიცი, კონკრეტულად საიდან უნდა დავიწყო
-არ ვიცი, მაგალითად რა უყვარს, როგორი ხასიათი აქვს, რა ანიჭებს ბედნიერებას და ასე შემდეგ
-სიყვარულით, უბრალო ხალხი უყვარს -ღიმილით აღნიშნა ლიდიამ, თან, ლურჯი თავსაფარი ორივე ხელით შეისწორა და ისე განაგრძო :- ამის გამო, ხშირად ატარებდა დროს ჩვენთან, მოსამსახურეებთან საუბარში და ხშირად, საჭმელების მომზადებაშიც გვეხმარებოდა, როცა მისი მშობლები სახლში არ იყვნენ, რადგან იცოდა, რომ ამის გამო აუცილებლად უსაყვედურებდნენ. დედამისი, ქალბატონი ელენა, ხშირად ეუბნებოდა მათთან დიდ დროს ნუ ატარებ, შენ იმათი დონის არ ხარო, ანტონიას კი, მუდამ სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი და ისევ იგივე დამოკიდებულებაში რჩებოდა ჩვენთან. სიმართლე გითხრა, მშობლებზე უფრო ახლოს, მუდამ ჩემთან იყო. მათ არასდროს ესაუბრებოდა თავის შეხედულებებზე, რადგან ზუსტად იცოდა, ვერ გაუგებდნენ. მიუხედავად ამისა, უხეშად არასდროს მიუმართავს, რადგან მუდამ პატივს სცემდა, როგორც მშობლებს. მეც და ამ სახლში მომუშავე თითეოულ ადამიანსაც, უზომოდ გვიყვარს ანტონია. ხშირად გვიკვირს კიდეც, ისეთ ქედმაღალ ადამიანებს, როგორებიც ქალბატონი ელენა და ბატონი დავითი არიან, ასეთი საოცარი შვილი როგორ ეყოლათ
-გისმენთ და მგონია, რომ სერიალის სიუჟეტს მიყვებით -აშკარად გაოცებული ვიყავი განაგონით და ეს სიტყვებითაც ნათლად გამოვხატე. მელინა რომ სხვა გოგონებისგან განსხვავებული იყო ამას თავიდანვე მივხვდი, თუმცა არ მეგონა ასეთი ორიგინალური და გამორჩეული ცხოვრებისეული ისტორია თუ ექნებოდა. აი, თურმე რას მალავდა ასე საგულდაგულოდ და რას ნიშნავდა მისი უეცარი წამოცდენები პირადი იახტით სეირნობასა და სასახლის ზომის სახლზე. უკვე ყველაფერს ფარდა ჰქონდა ახდილი და მეც, თითქოს მაყურებელთა რიგებიდან ვადევნებდი თვალს ამ დიდი საიდუმლოს გამოააშკარავებას
-და, მაინცდამაინც მელინა რატომ დაირქვა? -ვკითხე რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ- ეს სახელი მოსწონდა, თუ უბრალო შემთხვევითობაა?
-ალბათ მოსწონდა კიდეც, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ ბებიამისს უნდოდა მისთვის ასე დაერქმია, ამის მაგივრად კი, სახელის შერჩევა მამამისმა, ბატონმა დავითმა აიღო საკუთარ თავზე და ეს ისტორიაც ასე დასრულდა -ლიდიამ, ამის თქმისას, ჩაფიქრებული სახე მიიღო, შემდეგ კი მე გამომხედა დაბნეული მზერით -კი მაგრამ, თუ ანტონიას რამის თქმა უნდოდა, წერილი რატომ გამოგატანა და თავად რატომ არ დამირეკა?
რა თქმა უნდა, ჩემს სხარტ გონებას, არც ამჯერად გასჭირვებია მორიგი თავის დასაძვრენი ისტორიის შეთხზვა :
-ალბათ იმიტომ, რომ ტელეფონი გაუფუჭდა. ახალს ამ დღეებში იყიდის და აუცილებლად დაგიკავშირდებათ, მანამდე კი წერილის გადმოცემა მთხოვა
-გასაგებია -ღიმილით დამიქნია თავი. რა მარტივი იყო ამ ქალის მოტყუება. გამიკვირდა კიდეც, მცირედი ეჭვიც რომ არ გამომიწვევია მასში. ალბათ, მუდამ ასეთი მიმნდობი და გულუბრყვილო იყო და მეც, ჩემდაუნებურად გამოვიყენე აღნიშნული ფაქტი ჩემივე სასარგებლოდ. თავი კიდევ ერთხელ ჩავთვალე უკანასკნელ ნაძირალად. ალბათ, ასე არც უნდა მოვქცეულიყავი, თუმცა სიმართლის დასადგენად, იმ წამს სხვა გზა ვერ გამოვნახე და სწორედ ამ მოსაზრებით ვანეიტრალებდი საკუთარ მიუღებელ საქციელს
-გმადლობთ რომ მასზე მესაუბრეთ და ცოტაოდენი ინფორმაცია მაინც მომაწოდეთ
-რისი მადლობა, შვილო, პირიქით, მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა, ვისაც ანტონია ამხელა ნდობას უცხადებს
-ასეთი ადამიანები ბევრნი არიან?
-მხოლოდ ერთი . . . მისი ახლო მეგობარია, მია ჰქვია. საკმაოდ საინტერესო გოგონაა, გამუდმებით მოგზაურობს და ცხოვრების უდიდეს ნაწილსაც თვითმფრინავში ატარებს. როგორც ვიცი, ამ წუთას, ტოკიოშია და სავარაუდოდ, მთელი ზაფხულით აპირებს იქ დარჩენას
-ალბათ, მელინაც ხშირად მოგზაურობს ხოლმე -მერე წამით შევიცადე და ნათქვამი გადავაკეთე -უფრო სწორად ანტონია… ბოდიში, მე მუდამ მელინათი მივმართავ ხოლმე და . . .
-მოგზაურობს, თუმცა მხოლოდ საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტით. თვითმფრინავების ძალიან ეშინია

-გასაგებია . . . ალბათ, ნელ-ნელა თავადაც მოვახერხებ მის უკეთ შესწავლას -მადლიერების მზერით გავხედე ლიდიას მოწოდებული ცნობების გამო. შემეძლო კიდევ დაუსრულებლად მელაპარაკა ამ ქალთან და გაცილებით უფრო მეტი ცნობაც მიმეღო, თუმცა არ მსურდა ვინმეს გამოვეჭირე და გადავწყვიტე, ამ ეტაპზე მიღებული ინფორმაციით დავკმაყოფილებულიყავი

-ქალბატონო ლიდია, ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისთვის -დივნის კიდისკენ ჩამოვიწიე და ისეთი ტონით ვუთხარი, სადაც აშკარად მემჩნეოდა, რომ უკვე ადგომასა და წასვლას ვაპირებდი

-არაფრის, შვილო, რისი მადლობა -კვლავ ის კეთილი ღიმილი გამოისახა მის სახეზე, რითაც უკვე უამრავჯერ დამაჯილდოვა -კიდევ მინდოდა შენთან ლაპარაკი, მაგრამ ვამჩნევ გეჩქარება

-ჰო, ცოტა არ იყოს, ვჩქარობ

-თუ ასეა, წერილი დამიტოვე და გაგაცილებ -თვითონაც წამოდგა დივნიდან ამის თქმისას, თან კიდევ ერთხელ შეისწორა ლურჯი თავსაფარი

-წერილი? რა წერილი?

-ის, რომელიც ანტონიამ გამოგატანა, ჩემთან -დაბნეულობა დავიჭირე მის სიტყვებში ამის თქმისას და მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომელ წერილსაც გულისხმობდა იგი

-დიახ, დიახ, წერილი სულ დამავიწყდა -ჯიბეებში დავიწყე ქექვა, თითქოს იქ მართლაც აღმოვაჩენდი რამეს, თუმცა სინამდვილეში, მხოლოდ დროს ვწელავდი, სანამ იმის მიზეზს მოვიფიქრებდი, თუ რატომ არ მქონდა წერილი თან

-სადმე ხომ არ დაკარგე შვილო? -შეწუხებული სახით გამომხედა ლიადიამ, როცა ძებნის პროცესი ოდნავ დიდხანს გამიგრძელდა

-არა, ზუსტად ვიცი არ დამკარგვია -მივუგე სრულიად დარწმუნებით, თან ზუსტად იმ წამს თავში აზრად მოსული სიტყვებიც დავამატე : -დიდი ალბათობით მანქანაში უნდა დამრჩენოდა, სანამ აქ შემოვიდოდი. კარგი იქნება, თუ ახლავე წავალ და შევამოწმებ
-თუ ასეა, მე მანამდე სამზარეულოდან რამე გემრიელს გამოვიტან. არ მინდა ისე გაგიშვა, რომ არაფრით გაგიმასპინძლდე
ლიდიას ამ სიტყვებზე, უფრო მეტად მომაწვა სინდისის ქენჯნა. მართლა რა ნაძირალა ვიყავი. დილიდან მოყოლებული, უკვე იმდენი ტყუილი მქონდა ნათქვამი, სათვალავიც კი ამრეოდა.
-მართლა არ ღირს შეწუხებად, არ გინდათ
-მინდა, მინდა და უარი არ გამაგონო! მართალია გეჩქარებოდა, თუმცა ხუთი წუთი არაფერს დაგაკლებს, ამიტომ, ცოტა ხნით კიდევ გამართე ამ გამოყრუებულ სახლში. რაც ჩემი ანტონია წავიდა, მას შემდეგ, ნორმალურად ვეღარავის ვესაუბრები და შენმა მოსვლამაც ამიტომ გამახარა
-კარგი, კარგი, მაშინ, წერილს მოვძებნი და დავბრუნდები -კიდევ ერთი ტყუილი მივამატე ჩემს ისედაც დაუსრულებელ სიას. ვერ ვიტანდი, როდესაც კარგ ადამიანებს ვატყუებდი და ახლაც სწორედ ეს მაგრძნობინებდა თავს ცუდად

-მიდი, მე მანამდე შოკოლადის კექსს დავჭრი, გუშინ გამოვაცხვე და ცოტა კიდევ უნდა იყოს დარჩენილი

ამ სიტყვების შემდეგ, მე და ლიდია, ერთმანეთს დროებით დავემშვიდობეთ და საპირისპირო მხარეებისკენ დავიძარით. მან სამზარეულოსკენ აიღო გეზი, მე გასასვლელი კარისკენ და ჩვენი დიალოგიც ზუსტად აქ დასრულდა.

როგორც კი კვლავ ეზოში აღმოვჩნდი და პალმებით გარემოცულ ხეივანს გავუყევი, მაშინვე მობილური ამოვიღე ჯიბიდან იმის შესამოწმებლად, ნიცას ხომ არ ჰქონდა რამე მოწერილი. საბედნიეროდ, ერთი შეტყობინებაც არ ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენს მისიას გართულებები არ მოჰყოლოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად ეცდებოდა კავშირზე გამოსვლასა და ჩემთვის როგორმე ხმის მოწვდენას.

ეზო რაც შემეძლო სწრაფად გავიარე. სახლიდან გასასვლელ ჭიშკართან, რა თქმა უნდა, ისევ მორიგეობდნენ დაცვის თანამშრომლები. საჭირო იყო, გასვლისას რამდენიმე სიტყვა მათთვისაც მეთქვა, რადგან სავარაუდოდ, დაინტერესდებოდნენ იმით, ამიყვანეს თუ არა ახალ სამსახურში.

სახლის მიმდებარე ტერიტორია ცარიელი იყო. საეჭვო ნამდვილად არავინ ჩანდა და მეც თავისუფლად მივუახლოვდი დევდარიანების რეზიდენციის გალავანს.

დაცვის ბიჭებმა კიდევ ერთხელ შეწყვიტეს წამოწყებული საუბარი, რომელიც ამჯერად საფეხბურთო გუნდებს შეეხებოდა და მთელი ყურადღება ისევ ჩემზე გადმოიტანეს.

უზარმაზარი ჭიშკრის გაღება ზუსტად იმავე ბიჭმა აიღო საკუთარ თავზე, რომელმაც თავის დროზე შიგნით შემომიშვა. დანარჩენები უბრალოდ იდგნენ და სიტუაციას ზვერავდნენ, ქამრებში იარაღგარჭობილნი.გარეთ საკმაოდ სასიამოვნო ამინდი იყო. ივნისის მზე ზომიერად აცხუნებდა და ქუჩაში თბილი სიოც ქროდა.

-აბა, რა ამბებია, მოაწონე თავი ქალბატონ ლიდიას? -მკითხა ერთ-ერთმა, ვისი სახელიც კი არ გახლდათ ჩემთვის ნაცნობი

-სავარაუდოდ, კი. მითხრა თუ რამე, დღის ბოლოს დაგიკავშირდები და დრო შევათანხმოთო

-თუ ასე გითხრა, ესე იგი მოეწონე და აპირებს მიგიღოს -ამჯერად, შავგრემანი, დაცვის წევრებს შორის ყველაზე მაღალი ჩაერთო საუბარში -ქალბატონი ლიდია საკმაოდ პირდაპირია და თუ შენს მიმართ ნეგატიურად განეწყო, არც ამას დაგიმალავდა

-ჰოო? ესე იგი, შანსები მაქვს -ისეთი ტონით წარმოვთქვი, თითქოს მსხვილ კომპანიაში მეძლეოდა დირექტორად დანიშვნის შანსი

-ასეა, ძმაო. დიდი ალბათობით, ხვალიდან შენც მოგიწევს ამ სახლში სიარული

-არაა გამორიცხული -მივუგე და გარემო მივათვალიერე. ნიცა წესით სადღაც ახლომახლო უნდა ყოფილიყო, თუმცა მას ჯერ ვერ ვხედავდი, ამიტომ, შეტყობინება გავუგზავნე ტექსტით <<სად ხარ?>> და კვლავ დაცვის ბიჭებს მივუბრუნდი -კარგი, ჩემი წასვლის დროა, კარგ დღეს გისურვებთ

-შენც ასევე, ძმაო -მითხრა რამდენიმემ ერთად, დანარჩენებმა უბრალოდ თავები დამიკრეს დამშვიდობების ნიშნად და მეც სწრაფი ნაბიჯებით მოვშორდი დევდარიანების რეზიდენციას. რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, ჩემს ხელში მოქცეული ტელეფონიც აზუზუნდა. როგორც ჩანდა, ნიცამ უპასუხა SMS-სს, ამიტომ, ეკრანს სწრაფად დავხედე, თან, პარალელურად სიარულს განვაგრძობდი

<<მოპირდაპირე ქუჩაზე რომ სკვერია იქ მოდი>> -მწერდა ის

ტაქსის მძღოლი, ვისაც ჩემი მცირედი ბარგი დავუტოვე და ვთხოვე მთელი ამ დროის მანძილზე დამლოდებოდა, კვლავ ერთგული ძაღლივით იდგა სახლის მოპირდაპირე მხარეს. ამის გამო, გადავწყვიტე ხსენებულ სკერამდე სწორედ მისი მანქანის საშუალებით მივსულიყავი და ნიცაც შიგნით ჩამესვა, რათა იმ მიდამოებისგან შორს, მშვიდად შეგვძლებოდა საუბარი.

<<ტაქსით გამოგივლი და მთავარ გზაზე გამოდი, რომ უკეთ დაგინახო>> -სწრაფად ავკრიბე კლავიატურაზე, რის შემდეგაც მაშინვე დავაწექი გადაგზავნის ღილაკს. პარალელურად, მანქანის უკანა კარი გამოვაღე და კვლავ ჩემს ადგილას მოვთავსდი.

მძღოლს სიტყვაც არ დაუძრავს. როგორც კი მანქანაში ჩამჯდარი დამინახა, მაშინვე აამუშავა ძრავა, შემდეგი გაჩერების მისამართი მკითხა და როცა იმ სასტუმროს დასახელება ვუთხარი, სადაც გაჩერებას ვაპირებდი, ადგილს შესაშური სისწრაფით მოწყდა. მისი ჩქარა სიარულის წყალობით, იმ მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე სკვერსაც საკმაოდ მალე მივუახლოვდით, რომელიც ნიცამ ახსენა შეტყობინებაში.

იქაურობა, ხალხის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა. ზოგიერთი უბრალოდ სეირნობდა, ზოგი სკამებზე მოკალათებული კითხულობდა წიგნს, ხოლო ზოგიც, ჩამოსასხმელ ნაყინს შეექცეოდა და ზაფხულის თბილ დღესთან გამკლავებას ამ გზით ცდილობდა.

ამ სამიდან, ნიცა მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სკვერში უამრავი ადამიანი მოძრაობდა, მისი შემჩნევა მაინც არ გამჭირვებია. თუმცა იმ ფაქტმა გამაკვირვა, რომ იგი კითხვის დროს ვიხილე. თუ სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდს არ ჩავთვლიდით, ნიცას ხელში წიგნი არასოდეს მაგონდებოდა, ამიტომ, ხელზეც კი ვიჩქმიტე, რათა დავრწმუნებულიყავი არ მეძინა.

არა, ნამდვილად ფხიზელ მდგომარეობაში გახლდით და ამაში დარწმუნებულმა, ტაქსის მძღოლს მორიგი განკარგულება მივეცი:

-აი აქ სვლა შეანელეთ, თუ შეიძლება, კიდევ ერთი ვინმე უნდა ჩავისვათ სასტუმროში წასვლამდე

<<ხომ გითხარით, მთავარ გზაზე გამოდი-მეთქი?>> -სწრაფად გავუგზავნე შეტყობინება ნიცას

<<უკვე მოხვედი?>>

<<ჰო, ტაქსით ვარ… დახურე ეგ წიგნი, ფანჯარა ჩაწეული მაქვს და მალე დამინახავ კიდეც>>

<<აჰა, ანუ შენ უკვე HD ხარისხში მხედავ>> -მომწერა და რამდენიმე წამში ფეხზეც წამოდგა დაკავებული ადგილიდან. მხოლოდ იმ წამს ვიგრძენი თუ როგორ მომნატრებოდა ჩემი და. ალბათ, მართლა არსებობდა რაღაც განსაკუთრებული კავშირი ტყუპებს შორის, რადგან ნიცას დანაკლისს, ყოველ დღე ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობასავით ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ყოფნისას, სათში ათჯერ მაინც ვასწრებდით ხოლმე ჩხუბს და ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთი წყობიდანაც კი გამოგვყავდა.

იმის გამო, რომ საქარე მინა ბოლომდე მქონდა ჩაწეული და მეც გარეთ ვიყურებოდი, ნიცას ჩემი შემჩნევა საერთოდ არ გასჭირვებია. როგორც კი გაჩერებულ მაქანაში მჯდომი დამინახა, მაშინვე შეინახა თავის წიგნი მხარზე მოგდებულ ზურგჩანთაში, გზაზე სწრაფად გადმოირბინა და გაღიმებული გამოიქცა ჩემკენ.

რა თქმა უნდა, აღარც მე გავჩერებულვრ ტაქსიში დიდხანს. ნამდვილად არ მსურდა, ამდენხნიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი შეხვედრა პატარა მანქანაში მომხდარიყო, სადაც მკლავის გაშლასაც კი ძლივს მოახერხებდა ორი ადამიანი ერთდროულად, ამიტომ, მაშინვე გადავედი სალონიდან, ნიცასკენ რაც შემეძლო ჩქარა გავემართე და როგორც კი ერთმანეთს ხელის შესახებ მანძილზე მივუახლოვდით, რამდენიმე დღის უნახავი ტყუპისცალი გულში მაგრად ჩავიხუტე.

სასიამოვნო განცდები მომაწვა მასთან კვლავ შეხვედრისას. იმ წამს, ვიგრძენი, რომ ისეთი ელემენტარული წვრილმანიც კი მქონდა მონატრებული, როგორიც ნიცას სუნამოს სურნელი იყო და უფრო ღრმად შევისუნთქე ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი "შალინის" არომატი.

-ვიცი მოგენატრე, მაგრამ შეეცადე კისრის მალები არ დამიზიანო -ვუთხარი სიცილით, როცა უფრო მაგრად შემომაჭდო თავისი წვრილი მკლავები კისერზე. ნიცა ჩემს მიმართ სიყვარულს, მხოლოდ დიდხნიანი განშორების შემდეგ გამოხატავდა ხოლმე და ეს ის ურყევი კანონი იყო, რაც არასოდეს იცვლებოდა ჩვენ ორის ურთიერთობაში

-რატომ წინასწარ არ გამაფრთხილე დღეს თუ აპირებდი ჩამოსვლას? ან რა საქმეებს ატრიალებ ასე გასაიდუმლოებით?

-სახლთან ვინმე იყო მოსული?

-ჰო, ვიღაც კაცი მოვიდა, მითხრა მებაღის ვაკანსიაზე ვარო და როგორც დამავალე, ვიზრუნე შიგნით არ შემეშვა

-ასეთი რა უთხარი?

-დავარწმუნე, საშინელი უფროსი გეყოლება-მეთქი და მერე აარონის სასტუმროში გავუშვი, ორჯერ მეტი ანაზღაურების იმედით

-მერე დაგიჯერა? -გამეცინა

-რა თქმა უნდა დამიჯერა. ჩემი ნომერი ჩავაწერინე და შენს გამო, ხვალ მე უნდა გავყვე გასაუბრებაზე, რათა უპრობლემოდ მიიღონ. მადლობის ნიშნად წიგნიც კი მაჩუქა -მერე, მზერა დაუსერიოზულდა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა გამოცდილი დეტექტივის მზერით -იმედია, ამიხსნი რა ხდება, თორემ ვერანაირი დასკვნა ვერ გავაკეთე

-აგიხსნი, აგიხსნი, ოღონდ ჯერ მანქანაში ჩაჯექი და იმ სასტუმრომდე მივიდეთ, სადაც გაჩერებას ვაპირებ -ჩვენს ფეხებთან გაჩერებული ტაქსისკენ ვანიშნე ამის თქმისას. მძღოლი კვლავ იმავე გაქვავებული სახით იჯდა წინა სავარძელზე და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ჩვენს იქ ყოფნას საერთოდ ვერ ამჩნევდა

-რა ტაქსი, წამოდი, მე წაგიყვან, მანქანით ვარ

-მანქანით?

-ჰო, აარონს მოვუგე ჭადრაკში ოთხი დღით და ჯერ მხოლოდ მეორე დღეა

-კარგი, კარგი, თუ ასეა გადავიხდი და ბარგს ავიღებ -ჯიბისკენ წავიღე ხელი საფულის ამოსაღებად და როგორც კი ამ უკანასკნელს შარვლის მარცხენა ჯიბეში მივაკვლიე, მესაჭის სავარძლისკენ დავიძარი, მძღოლისთვის კუთვნილი თანხის გადასახდელად, რაც მის ჩემზე დაკარგულ დროსაც აანაზღაურებდა და იმ საფასურსაც, რომელიც გავლილი გზის მიხედვით მქონდა გადასახდელი . . .



* * *

-აბა, აღარ მეტყვი რა ხდება? -მკითხა ნიცამ, როგორც კი ქუჩის ბოლოში ჩავედით და მოპირდაპირე მხარეს გადავუხვიეთ. თუ ნავიგატორს დავუჯერებდით, სასტუმრო, სადაც უნდა გავჩერებულიყავი აქედან ოთხ კილომეტრში მდებარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გზაშიც თავისუფლად მოვასწრებდი ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას

-გეტყვი, ოღონდ კონდინცირება ჩართე, ძალიან მცხელა

-არც ეგეთი სიცხეა -მხრები აიჩეჩა ნიცამ, თუმცა ჩემი თხოვნა მაინც შეასრულა და მალევე ვიგრძენი როგორ დატრიალდა სალონში სასიამოვნოდ გრილი ჰაერი

-ასე აშკარად უკეთესია

-იმ სიღარიბეში სულ დაგავიწყდა არა, რას ნიშნავს კონდინციონერი?

-ჰო, ძირითადად, მაცივრის გაღებული საყინულის წინ მიწევს ხოლმე დგომა, როცა სიცხე შემაწუხებს -ამის თქმისას, სწორედ ის ღამეები გამახსენდა, როცა მსგავსი საშუალებით ვებრძოდი ხოლმე აუტანელ სიცხეს და ძილის მაგივრად, ფხიზელ მდგომარეობაში ვატარებდი დროს სამზარეულოში, სიგრილის ერთადერთ წყაროსთან ერთად

-მე აშკარად შენზე უკეთეს პირობებში ვყოფილვარ. სხვა თუ არაფერი, ჩვენი ძმის სახლში მაინც ვცხოვრობ და არც აუტანელი სიცხე მიქმნის პრობლემას

-გაგიმართლა -სავარძელი დავადაბლე და მას მოხერხებულად მივეყრდენი თვალებდახუჭული

-კარგი, ამას შევეშვათ, ახლა თქვენ მითხარით რატომ მაიძულეთ უოტსონის როლის მორგება, მისტერ ჰოლმს?

-საკმაოდ გრძელი ამბავია -დახუჭული თვალები კვლავ გავახილე, თან ყოველივე დღეს მიღებული ინფორმაცია გამახსენდა მელინას შესახებ და კიდევ ერთხელ მომადგა ღიმილი. მართლა რა გაიძვერა იყო ეს გოგო. რა გაიძვერა და მეამბოხე

-არა უშავს, დრო ძალიან ბევრი გვაქვს, ამიტომ ამოღერღე, სანამ მანქანიდან მოგისროლე
ნიცას სიტყვებში, მუქარის გარდა მოუთმენლობაც იკითხებოდა, ამიტომ, გადავწყვიტე ბოლოს და ბოლოს ჩამექრო მისი ცნობისმოყვარეობის წითლად ანთებული ღილაკი და ქვემოთ დაწეული სავარძელი, კვლავ უწინდელ პოზიციას დავუბრუნე.

-ხომ გახსოვს, რამდენიმე დღის წინ რომ ანტონია დევდარიანი ახსენე? -გამომცდელი მზერით გავხედე ნიცას

-მახსოვს, მერე?

-მერე ის, რომ ეგ გოგო და ჩემს ცვლაში მომუშავე ბარისტა, ერთი და იგივე ადამიანები არიან. სასტუმროში მელინა ნებიერიძის სახელით მუშაობს და მისი ნამდვილი ვინაობა არავინ იცის

ნიცა წამით გაკვირვებული სახით მიყურებდა. შემდეგ თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, თავი ოდნავი ღიმილით გადააქნია და კვლავ საჭეზე გადაიტანა ყურადღება.

-ვერ გამიგია, ეგ სასტუმრო გაღატაკებული აზნაურების თავშესაფარია თუ რა ხდება? -მკითხა შეკავებული სიცილით -კარგი, შენი ამბავი გასაგებია, მაგრამ მაგ გოგოს რა მიზეზები აქვს?

-სწორედ ამის გასაგებად მივედი მის სახლში

-ანუ ის სახლი დევდარიანების იყო? ამიტომ იცავდა ამდენი ადამიანი?

-ჰო, მათი სახლი იყო. შიგნით ისე შევაღწიე, როგორც მებაღის ვაკანსიაზე მისულმა. შენც სწორედ ამიტომ გთხოვე იქ არავინ შემოგეშვა, მანამდე კი, მოახლის საშუალებით თითქმის ყველაფერი გავიგე ქალბატონ ანტონიაზე -მერე ჩავფიქრდი, შუბლი ხელით მოვისრისე და მცირედი შესწორება შევიტანე :- უფრო სწორად მელინაზე. მართალია ნამდვილი სახელი არაა, თუმცა მირჩევნია მაინც ასე დავუძახო

-გასაგებია და რა გაარკვიე? რა მიზეზით ათენებს ღამეებს იმ ბარში, შენთან ერთად?

-ზუსტი მიზეზი არც მე ვიცი, თუმცა იმ მოახლის მონათხრობიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თავის ცხოვრებას გაურბის და სურს რაღაც ახალი გამოცადოს . . . თუმცა მაინც მიკვირს საკუთარი ნებით რომ ჩაიგდო თავი ამ ყოფაში

-როგორც ჩანს, განსხვავებული გოგოა, ძამიკო. ალბათ, ყელში აქვს ამოსული მდიდრების საზოგადოება, მათი ქედმაღლური სახეები და უნდა რაღაც განსხვავებული სინჯოს

ნიცას სიტყვები, მეც საკმაოდ ლოგიკურად მომეჩვენა. მიუხედავად ამისა, საშინლად მაინტერესებდა როგორ უპასუხებდა ამ კითხვას თავად მელინა და ეს ინტერესი მაიძულებდა, მართლაც მეცადა აღნიშნულ თემაზე მასთან დალაპარაკება.

-გამოგიტყდები, ამ გოგოსავით იდუმალი აქამდე არავინ შემხვედრია -ვთქვი ისე, რომ დისკენ არც გამიხედავს. ჩემი გონების ერთი ნაწილი, უკვე სადღაც მოუსავლეთში წასულიყო. იქ, სადაც მხოლოდ მელინას სახეს ვხედავდი და მის ნამღერ "ცვლილების ქარს" კვლავ შეუჩერებლად ვაჟღერებდი საკუთარ წარმოსახვებში

-მოდი, აარონს დავურეკავ და ვეტყვი, რომ აქ ხარ -მოულოდნელად შეიცვალა საუბრის თემა ნიცას მიერ. თითქოს მეც ამან მომიყვანა გონს. გადავწყვიტე უწინდელი ფიქრები ცოტა ხნით სათადარიგო სკამზე მომეთავსებინა და ამ ყველაფერს მხოლოდ ბათუმში ჩასვლის შემდეგ დავბრუნებოდი

-შეეშვი, არ დაურეკო -ჯიბისკენ წაღებული ხელი, კვლავ საჭეზე მოვათავსებინე. ამ ეტაპზე ნამდვილად არ მსურდა ჩემი აქ ყოფნის შესახებ კიდევ ვინმეს სცოდნოდა, მით უმეტეს აარონს

-რატომ არ უნდა დავურეკო?

-ჯობს არაფერი უთხრა, მერე დაიწყებს, რომ აქეთ-იქით წანწალს ვერ ვეშვები, გართობის გარდა არაფერი მაინტერესებს და ასე შემდეგ. ხომ იცი როგორიცაა?

ნიცას, ჩემს სიტყვებზე ოდნავ ჩაეღიმა და სიჩქარის მაჩვენებელი 120კმ/სთ-ზე აიყვანა, თან, მაგნიტოფონში ბოლო ხმაზე ჩართო Imagine Dragons-ის Bad Liar და ღიმილიანი სახით გადმომხედა

-გახსოვს, ხმამაღლა აწეული მუსიკებით რომ დავქროდით ხოლმე ლოს-ანჯელესის ქუჩებში, როდესაც ღამით ვერ ვიძინებდით?

წარსულის მოგონებებმა, მის მსგავსად, ჩემს სახესაც მოჰგვარა უნებლიე ღიმილი.

-ჰო, მახსოვს . . . პარადოქსი იყო, თუმცა როდესაც შენ არ გეძინა, ზუსტად იმ მომენტში ვერც მე ვახერხებდი დაძინებას

-უცნაურია, თუმცა მე ეს უბრალო დამთხვევა მგონია და მეტი არაფერი

-შეიძლება… თუმცა ამას ვერასდროს გავიგებთ -მერე მუსიკას ოდნავ დავუწიე, ნიცას იმ ხელს, რომელიც საჭეზე არ ედო, ჩემი თითები მოვუჭირე და სახეში შევხედე

-დაღამებამდე ჩემთან დარჩი, კარგი? პოპ-კორნს ვიყიდი და რამე მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჩავუჯდეთ

-სხვათა შორის, ამ წელს ძალიან კარგი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გამოვიდა

-ჰოო? და რაზეა?

-ერთ მექალთანე ბიჭზე, ვისაც მდიდარმა უფროსმა ძმამ ყველაფერი წაართვა და კაბრიოლეტიდან, ველოსიპედზე გადასვა

-ხუმრობის ხასიათზე ხარ, არა?

-აღიარე, რომ კარგად გამომივიდა

-როცა შენი მისამართით ხუმრობენ ხოლმე, ზოგადად არ გეცინება

-კარგი, მაშინ ამას მე გავაკეთებ -გამომწვევად მომიგო ნიცამ და მაშინვე ატეხა ხმამაღალი სიცილი, ჩემი ნერვების მოსაშლელად

-გაჩუმდი და მითხარი წამოხვალ თუ არა

-დამშვიდდი, წამოვალ, თუმცა ღამით დავრჩები-მეთქი ვერ შეგპირდები, რადგან კარგად იცი როგორ ვერ ვიტან იაფფასიან სასტუმროებში ძილს

-შეიძლება აბაზანში ოქროს ჯაჯუზი არ დგას, თუმცა საკმაოდ ნორმალური და სუფთა სასტუმროა

ნიცამ თვალები აატრიალა, მერე კი კატეგორიულად გადააქნია თავი. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ მისი გადაწყვეტილება კვლავაც უცვლელი გახლდათ და შეწინააღმდეგებასაც არ ჰქონდა აზრი.

სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც მე დამიძალებია დასაძინებლად ჩემთან დარჩენილიყო. მისი წასვლის შემდეგ, ვაპირებდი იმ ავტობუსში გაცნობილ გოგოს დავკავშირებოდი და რახან პირობა მივეცი, მასთან ერთად გამეტარებინა ბათუმში წასვლამდე დარჩენილი დრო.

მანქანამ კვლავ მორიგიგ ქუჩაზე გადაუხვია. მაგნიტოფონიც სწორედ იმ წამს მორჩა სიმღერის ბოლო სტროფებს და ამჯერად, Wind Of Chang-ის ნაცნობმა ჰანგებმა მოიცვა მთელი სალონი. ნიცამ კარგად იცოდა, როგორ მიყვარდა ეს სიმღერა, ამიტომ, მელოდიის აჟღერების თანავე ღიმილით გადმომხედა და ხმასაც ოდნავ აუწია.

ამის წუთიდან მოყოლებული, სასტუმრომდე, სიტყვა არც ერთს დაგვიძრავს და არც, მეორეს. უბრალოდ ბოლო ხმაზე აწეულ მუსიკებს ვუსმენდით, მანქანას საკმაოდ სწრაფად მივაქროლებდით და ორივენი იმ დროს ვიხსენებდით, როდესაც ლოს-ანჯელესის ქუჩებში, სახურავგადახდილი მანქანით, გიჟებივით დავქროდით ხოლმე საერთო უძილობის ჟამს . . .



8 8 8

საათი ღამის ცხრას უჩვენებდა, როდესაც ჩვენი კინოთეატრის დასრულების შემდეგ ნიცა სახლში გავაცილე და ნომერში კვლავ მარტო დავრჩი.
ფილმი ნამდვილად საინტერესო შინაარსის იყო და არც ის ორი საათი ჩამითვლია ფუჭად დაკარგულად, რომელიც მის ყურებაში დავხარჯე. სამაგიეროდ, პოპ-კორნისა და კოკა-კოლის ქილები ეყარა საწოლზე უწესრიგოდ, რაც, რა თქმა უნდა ჩემი ასალაგებელი გახლდათ, რადგან ამის გამო House Keeping-ის თანამშრომლების გამოძახება, ცოტა არ იყოს უხერხულად მეჩვენებოდა. სინამდვილეში, იყო კიდეც უხერხული რამდენიმე პაკეტისა და თუნუქის ქილის გულისთვის სხვისი შეწუხება, ამიტომ, ყველაფერი თავად მოვაწესრიგე, საწოლი ლამაზად გავასწორე და საბოლოო ჯამში, საკუთარი ნაშრომით კმაყოფილი, ღიად დატოვებულ ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში ჩავესვენე.
სივრცეში უაზროდ ყურების პარალელურად, ტელეფონს ხელში დაუსრულებლად ვატრიალებდი და რატომღაც, ნენესთან დარეკვას არ ვჩქარობდი. იქნებ, საერთოდაც არ მსურდა ამ ღამის მასთან გატარება და უბრალოდ იმის გამო მქონდა გადაწყვეტილი დაკავშირება, რომ პირობის დარღვევაში არ ჩამთვლოდა?
რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, საკუთარ თავს მაინც მოვალედ ვთვლიდი მიცემული სიტყვა აუცილებლად შემესრულებინა. თანაც, რით ვიყავი უკმაყოფილო? ნენე ხომ სწორედ ისეთი გოგო იყო, როგორის ხელში ჩაგდებაზეც ნებისმიერი კაცი იოცნებებდა? მე კი, ლანგარზე დადებული მომართვა ბედისწერამ და მაინც მიმაჩნდა, რომ საღამოს, მარტო დარჩენილი უკეთესად გავატარებდი, ვიდრე მასთან ერთად.
საკუთარ ფიქრებზე გაბრაზებულმა, ღრმად ამოვიხვნეშე და მობილურს კიდევ ერთხელ დავხედე. ზუსტად იმ წამს, თავში ერთი იდეა დამებადა. თუ მელინა თავისი ყალბი სახელითა და გვარით არ იძებნებოდა სოციალურ ქსელში, იქნებ ნამდვილით მაინც მოძებნილიყო?
ამის გასარკვევად, ერთადერთი გზა ტელეფონისთვის ბლოკის მოხსნა და შემოწმება იყო. მეც სწორედ ასე მოვიქეცი, ეკრანზე "Pattern"-ის კოდი ცერა თითით მოვხაზე, ინსტაგრამი ჩავრთე და საძიებო ველში ანტონია დევდარიანი ავკრიბე. ამის გაკეთების შემდეგ, ცოტა ხნით მოცდა მომიწია, სანამ სასტუმროს არც ისე მაღალსიჩქარიანი WF სასურველ მისამართზე გადასვლას მოასწრებდა.

მერე კი . . .

ბინგო!
სწორედ იმას მივაგენი, ვინც მჭირდებოდა. უნდა მეღიარებინა, ზუსტად ისეთი გვერდი ჰქონდა, როგორიც მის ხასიათს შეეფერებოდა. მთავარი ფოტოს გარდა, მხოლოდ ერთი სურათი ედო და სულ რაღაც ათი ადამიანი ჰყავდა "დაფოლოვებული".
ამას არაუშავდა. მთავარია, რაღაც მაინც მქონდა ხელთ მის შესახებ, ამიტომ, მაშინვე გავხსენი ის ერთადერთი ფოტო, რომელიც გამაჩნდა და ზემოდან დავაცქერდი. უნდა მეღიარებინა, საკმაოდ ლამაზი კადრი გადამეშალა თვალწინ.
მელინა, მწვანე მდელოზე, მინდვრის ყვავილებში იჯდა, თავზე გვირილებისგან დაწნული გვირგვინი ჰქონდა დადგმული, ტანზე იასამნისფერი კაბა ეცვა და ჰელიუმის ფერადი ბუშტებით ხელში კამერას იმდენად ლამაზად უღიმოდა, წამით თვალებიც კი დავხუჭე მოწოლილი სურვილების თავიდან მოსაშორებლად.
რა მემართებოდა? ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს ამ გოგოს ფესვები გაედგა ჩემს გულში, ტყედ ქცეულიყო და ნელ-ნელა მთელს გონებას ედებოდა თავისი დაბურული ტოტებით.
გადახვეული ფილმის კადრებად მაგონდებოდა მასთან გატარებული ყოველი მომენტი, დიალოგი, დღე, როცა თავის საპირფარეშოში დამტოვა სკამზე მიბმული და ის წერილი დამიდო მუხლებზე, რომელსაც არც კი ვიცოდი რატომ ვინახავდი დღემდე, საწოლის გვერდით მიდგმული კომოდის უჯრაში.
თავში თითქოს სრული არეულობა მქონდა. დალევა მომინდა, თუმცა გამახსენდა, რომ ნომერში წვეთი სასმელი არ მომეპოვებოდა და ვცადე როგორმე ეს სურვილიც დამეძლია, რადგან გამოცვლა და ბარში ჩასვლა საშინლად მეზარებოდა. რაც უფრო დიდი დრო გადიოდა სავარძელში ჯდომასა და ხედის ყურებაში, მით უფრო მეტად მიტევდნენ ჩემთვის გაურკვეველი ფიქრები. ვხვდებოდი, რომ მარტო ყოფნის შემთხვევაში, ამ ხმების გაჩუმებას ვერაფრით შევძლებდი და არც დაძინება გამომივიდოდა ნორმალურად. იქნებ მართლა სჯობდა სატელეფონო წიგნაკში შევსულიყავი და ნენესთან დაუყოვნებლივ დამერეკა?

არც ისე გრძელვადიანი ფიქრის შემდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხმოცდაათი პროცენტით დაეთანხმა ჩემი ტვინიც, ხოლო დანარჩენ ათ პროცენტს ხელჩართულ ბრძოლა გაუმართა და საბოლოოდ, დაამარცხა კიდეც. გადაწყვეტილების შეცვლას, უკვე აღარ ვაპირებდი. მტკიცედ დავისახე მიზნად ყოველგვარი საწინააღმდეგო მოსაზრება გამესახლებინა საკუთარი გონებიდან და ნენესთან დაკავშირება წამითაც აღარ გადამედო. ასეც მოვიქეცი, მობილურში მის ნომერს სწრაფად მივაკვლიე, მწვანეს დავაწექი და დაველოდე, როდის შეიცვლებოდა წყვეტილი ზუმერი ჩემთვის სასურველი ხმით.
რომ ვთქვა, ამისთვის ზედმეტად დიდხანს დამჭირდა ლოდინი-მეთქი, მოგატყუებთ. ზარის გაშვებიდან დაახლოებით თხუთმეტი-ოცი წამის შემდეგ, საკმაოდ გარკვევით ჩამესმა გოგოს ნაზი ხმა და გადაღლილი სახით მივაწექი სავარძლის საზურგეს.
-შენი საღამოს გეგმები კვლავ უცვლელია ავტობუსის გოგონავ? -საუბარი ისე წამოვუწყე, რომ მაშინვე გაეაზრებინა ვინ ვიყავი და ზედმეტი ახსნა-განმარტებების მიცემა არ დამჭირვებოდა
რამდენიმე წამის განმავლობაში, ყურმილში შემაწუხებელი დუმილის გარდა არაფერი გამიგია. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, რომ არაფრის თქმას არ აპირებდა, რადგან გაბრაზებული იყო ასეთი გვიანი ზარის გამო, თუმცა ჩემი ეჭვები ერთობლივად გაიფანტა, როცა სიჩუმის ნაწილაკები უეცრად წარმოთქმულმა ნენეს სიტყვებმა გააქრო :
-უკვე აღარ მეგონა, რომ დამირეკავდი -სიხარულის ნოტები შევამჩნიე მი ხმაში -სიმართლე გითხრა, ცოტა ხანში დაძინებასაც ვაპირებდი
-მაპატიე, საქმეები მქონდა და უფრო ადრე დაკავშირება ვერ შევძელი. თუ გეძინება, შეგვიძლია შეხვედრა გავაუქმოთ
-ძილით ნამდვილად არ მეძინება, უბრალოდ, ვინაიდან ამ საღამოსთვის სხვა გეგმები არ მქონდა, ვერაფერი მოვიფიქრე ძილის გარდა
-ფილმის ყურება არ სცადე?
-ფილმები დიდად არ მიყვარს, ამიტომ, ამით დრო იშვიათად გამყავს ხოლმე
-კარგი, თუ ასეა, მაშინ შენი მისამართი მითხარი, გამოგივლი და სადმე წავიდეთ
-არა, არ გამომიარო -ხმაში ყოყმანი შევატყვე, თუმცა მანამდე ვერ მივხვდი ამის მიზეზს, სანამ კვლავ თვითონ არ ალაპარაკდა : -საქმე იმაშია, რომ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და არ მინდა ზედმეტი კითხვები დასვან. მითხარი, რომელ სასტუმროში ხარ გაჩერებული და თავად მოგაკითხავ. ახლა ხალხმრავალ ადგილას შეხვედრა მაინც არ მინდა, მირჩევნია სრულიად მარტონი ვიყოთ
-კარგი, თუ ასე გსურს, რა გაეწყობა-სახეზე ღიმილი გადამეფინა მის სიტყვებზე -მაშინ გავთიშავ და ლოკაციას შეტყობინებით გადმოგიგზავნი
-გელოდები -მხიარულად დამიბრუნა პასუხი ნენემ და ჩვენს შორის კავშირიც ზუსტად ამით გაწყდა
SMS-ის გადაგზავნის შემდეგ, ჩემი ღამეული სტუმრის მოლოდინში, ფანჯრის რაფას ხელებით დავეყრდენი და ლამაზად განათებულ ქალაქის მთავარ ანძას შევაცქერდი. ძალიან მელამაზებოდა ღამის თბილისი, ქუჩაში დაუსრულებლად მოსიარულე ფარებანთებული მანქანები და ლამპიონები, რომლებიც მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა ამ უბანს.
ხედის თვალიერებაში ისე გავერთე, ვერც კი შევამჩნიე როგორ სწრაფად გადიოდა დრო. იმ წამს გავაცნობიერე, რომ არანაირად არ ვიყავი მზად ნომერში გოგოს მისაღებად. არც შამპანიური მქონდა, არც ტკბილეული და არც სხვა რამე, რაც მსგავს საღამოს გაალამაზებდა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვიწვოდი სურვილით ნენესთვის სასიამოვნო ატმოსფერო შემექმნა, თუმცა ვალდებულება მაინც მკარნახობდა, რომ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი და მეც ზლაზვნით ავდექი ჩემი სავარძლიდან, რათა რესეფშენში დამერეკა და Room Service-ს მომსახურებით მესარგებლა, სასურველი რამების პირდაპირ ნომერში მისაღებად . . .





* * *

ზღურბლს, რაც შეეძლო თამამი ნაბიჯებით გადმოაბიჯა ნენემ. იმდენად უხდებოდა ტანზე მომდგარი მოკლე, ცისფერი კაბა, რომ სახეზე კმაყოფილების ღიმილი მომადგა. რამდენნაირი რომანი არ მქონია, თუმცა ავტობუსში გაცნობილ გოგოსთან საღამოს პირველად ვატარებდი და ეს, ჩემთვისაც ახალი იყო.
ოფიციანტის მიერ შემოტანილ ტროლზე, შამპანიურის ბოთლი, ჭიქები და ხილის ასორტი ელაგა, სხვადასხვა ფორმის თეთრ შოკოლადებთან ერთად. იქვე, ხელსახოცში გახვეული წითელი ვარდიც დაედოთ, სასიამოვნო აურის შესაქმნელად. ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად იყო, ჩემს ნომერში მყოფი გოგონას ჩათვლით, მაგრამ თავს მაინც ვერ ვგრძნობდი ისე, როგორც ადრე. არც ის ვიცოდი რა მჭირდა, თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილება მივიღე ყოველგვარი უსარგებლო ფიქრი თავიდან მომეშორებინა და მხოლოდ მოსალოდნელ ღამეზე მეფიქრა.
-ლამაზია აქაურობა -აღნიშნა ნენემ, როგორც კი გარემო მოათვალიერა. მართალია, ნომერი დიდი ვერაფერი იყო, თუმცა საკმაოდ მყუდროდ გახლდათ მოწყობილი და პანორამაც არაჩვეულებრივი იშლებოდა
-დაჯექი და მოდუნდი. ცოტათი დაძაბული ჩანხარ
-დაძაბული? -ხელოვნურად გაიოცა -ალბათ გეჩვენება
-დამიჯერე, მე არასდროს არაფერი მეჩვენება -გამამხნევებლად გავუღიმე ამის თქმისას, დივანთან საკუთარი ხელით მივიყვანე და იქ, მასთან ერთად ჩამოვჯექი -იმედია ცოტას დალევ
-ალკოჰოლი დიდად არ მიყვარს, თუმცა ერთ ჭიქას გავუმკლავდები
-ძალიან კარგი, რახან ასეა, მეტს არც მე დავლევ -პატიოსნად დავპირდი, მერე კი შამპანიურის ბოთლს, ოფიციანტის მიერ ნახევრად მოხსნილი საცობი, ამჯერად ბოლომდე მოვაძვრე. ნენე დაკვირვებით უყურებდა თითოეულ ჩემს მოქმედებას -იმას, თუ როგორ შევავსე ჭიქები ქარვისფერი, შუშხუნა სითხით, როგორ გავუწოდე ორიდან ერთ-ერთი სასმისი მას და როგორ მივეყრდენი დივნის საზურგეს. ამ გოგოს თვალები, თითქოს მბურღავდნენ და ატმოსფეროსაც უფრო ვნებიანს ხდიდნენ.
ისედაც გონებაარეულსა და გადაღლილს, აღარ მინდოდა უაზრო დიალოგებით საქმის გაჭიანურება. იმხელა მაგნიტური მიზიდულობა ჰქონდა ჩემს გვერდით ჩამომჯდარ ნენეს, რომ ჭიქა ერთი ყლუპის მოსმის თანავე დავაბრუნე უწინდელ ადგილას, მასაც ჩამოვართვი თავისი სასმისი და სახის კანზე თითები ნაზად ჩამოვუტარე.
გამეღიმა იმის დანახვაზე, თუ როგორ დაეხუჭა თვალები ჩემი შეხებისას. ოთახში გამეფებულ სიჩუმეში მხოლოდ ჩვენი სუნთქვისა და საათის წიკწიკის ხმა თუ ისმოდა.
-მოდი ჩემთან -ვუთხარი ჩურჩულით, როგორც კი თითებით ნენეს მსხვილ ტუჩებამდე მივაღწიე. მისი დახვეწილი ფორმები უკვე უზარმაზარ სურვილს აღმიძრავდა ეს საოცარი არსება რაც შეიძლებოდა მალე შემესწავლა სხეულის თითოეული ნიუანსით. ისიც თითქოს დაჰიპნოზებულივით დაჰყვა ჩემს ნებას, ფეხზე მოხდენილად წამოდგა, გამჭოლი მზერა მესროლა და დივნიდან პირდაპირ ჩემს კალთაში გადმოინაცვლა
-საოცრად ლამაზი ხარ, იცი?
-მე კიდევ ერთი რამ ვიცი -კისერზე მომხვია ხელები და ცხვირზე, ცხვირი მომადო
-მაინც რა? -დავინტერესდი. იმ წამს, საკმაოდ სერიოზული მზერა ჰქონდა
-ის, რომ ამ ღამეს გაგრძელება არ ექნება
ჩამეღიმა. რა თქმა უნდა, ამაში გამოტყდომას თავადაც ვაპირებდი, თუმცა როგორც ჩანს, მან დამასწრო.
-და შენ, ამასთან დაკავშირებით რამე პრობლემა გაქვს? -ვკითხე -თუ ასეა, მაშინ არაფერი მოხდება და აქედანაც სრულიად ხელუხლებელი გახვალ, მერე კი . . .
-ფეხებზე მ’კიდია ყველაფერი -შუა გზაში გამაწყვეტინა მონოლოგი ნენემ -ასე არასდროს მოვქცეულვარ, პირველი შემხვედრისთვის ამდენის უფლება არასდროს მიმიცია, თუმცა . . .
-თუმცა ხანდახან ყველა ადამიანი ჰყვება გრძნობებს -ამჯერად, მე გავაწყვეტინე, რადგან მივხვდი, სათქმელს ვეღარ აბოლოვებდა -თუ ზოგჯერ იმპულსურად არ იმოქმედე, ადამიანი ვერ იქნები, ნენე
-მართლა ეგრე ფიქრობ?
-რა თქმა უნდა
-კარგი, თუ ასეა, ვიმოქმედოთ იმპულსურად -ოდნავ გაეღიმა ამის თქმისას და მეტად სიტყვაც აღარ დაუძრავს ისე წამოიწია ჩემი ტუჩებისკენ
სასიამოვნო იყო მისი სიახლოვე. იმის გააზრება, თუ როგორ მორცხვად თრთოდა ჩემს მკლავებში, როგორ ნეტარებისგან ეხსნებოდა ბაგეები ჩემს ყოველ შეხებაზე და როგორ ცდილობდა, მთელი თავისი ქალურობა და სინაზე მთლიანად ეჩუქებინა.
ის საოცარი ღამე, მთლიანად ამ გოგოსთან ერთად გავატარე. ზუსტად ისევე მოხდა, როგორც ყველა სხვა დანარჩენთან -უბრალოდ ერთმანეთს სიამოვნება მივანიჭეთ, დრო იდეალურად გავიყვანეთ და მეორე დილით ყოველგვარი მოვალეობის გარეშე დავემშვიდობეთ.
წინ კვლავ ბათუმი და ჩემი სამსახური მელოდა. დრო იყო, რეჟიმში ჩავმდგარიყავი და თბილისში მიღებული ინფორმაციაც ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა. ნეტავ ახლაც თუ შეძლებდა ქალბატონი მელინა ხელიდან დამსხლტომოდა და ჩემი კითხვებისთვის თავი აერიდებინა? ამაში უკვე ეჭვი მეპარებოდა.



8 8 8 8


ბათუმი ჩემს დაბრუნებას საკმაოდ თბილი და სასიამოვნო დღით შეეგება. ისეთი მზიანი ამინდი დამხვდა, ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ, პირდაპირ სანაპიროზე გასვლის განწყობამ შემომიტია, თუმცა ვინაიდან არც გამოსაცვლელი ტანსაცმელი მქონდა თან და მხარზე მოგდებული ზურგჩანთაც მიშლიდა ხელს, საკუთარ სურვილი მაშინვე გადავისროლე აუსრულებელთა სიაში.
სადგურზე, სადაც უამრავი ხალხი დაიარებოდა, უცხოელი ტურისტების ჩათვლით, რამდენიმე ტაქსის მანქანასაც მოვკარი თვალი, ავტოსადგომზე, რომლებიც მოთმინებით აღჭურვილები ელოდნენ მომდევნო კლიენტს.
სადგური ჩემი სახლიდან არც თუ ისე შორს მდებარეობდა და შემეძლო ტრანსპორტის გარეშეც წავსულიყავი, თუმცა იმდენად ვიყავი დაღლილი რამდენიმესაათიანი მგზავრობით, ახლა ფეხით სიარულს ყველაფერი მერჩივნა დედამიწის ზურგზე, ამიტომ გადავწყვიტე ისევ ტაქსის მომსახურებით მესარგებლა და ჩემი მძიმე ზურგჩანთიანად დავიძარი მუქი ლურჯი ფერის ავტომობილთან ჩამომდგარი მელოტი მძღოლისკენ, ზურგით რომ მიყრდნობოდა თავის შემოსავლის წყაროს. ხმის ამოღება არ დამჭირვებია. როგორც კი თავისკენ მიმავალი დამინახა, რა თქმა უნდა მაშინვე გააცნობიერა რაც მინდოდა და უსიტყვოდ შეავსო მძღოლისთვის განკუთვნილი სავარძელი. მასთან დიალოგის წამოწყება არც თავად მიცდია. ამის მაგივრად, მხოლოდ მისამართის თქმით შემოვიფარგლე, ბეჭზე მოკიდებული ტვირთი გვერდზე მოვიდე და როგორც კი მანქანა ხმაურიანი ავტოსადგომიდან დაიძრა, საზურგეს მოხერხებულად მივეყრდენი.
სადგურიდან სახლამდე, მთელი გზა ისე გავლიე, რომ ნახევრამდე ჩამოწეული საქარე მინისთვის თვალი არ მომიწყვეტია. ქუჩებში უამრავი ხალხი მოძრაობდა -ზოგი სანაპიროსკენ მიემართებოდა, ზოგიც სწორედ იქედან მოდიოდა, ზოგიც კი ღია კაფეებში, ქოლგების ქვეშ ჩამომჯდარიყო და მაღალ ჭიქებში ჩასხმული ცივი სასმელით ცდილობდა სიცხისგან გახურებული, სხეულის გაგრილებას.
ავტომობილი უკვე ჩემს უბანს უახლოვდებოდა, როდესაც ფანჯარაში ყურება Whatsap-ზე მიღებული შეტყობინების ხმამ გამაწყვეტინა. მისი ავტორი, თვით თორნიკე ჯაყელი გახლდათ, ვინც მწერდა ხვალ სამსახურში ერთი საათით ადრე მოდი, ბარში რაღაც სასმელებია დასახარისხებელი და ეს საქმე შენ უნდა მოაგვაროო.
სასტუმროში, რამდენიმე დღეში კორპორაციული საღამო იგეგმებოდა. მის მოსამზადებელ სამუშაოებს უმეტესწილად ჯაყელი ხელმძღვანელობდა ხოლმე. ბოლო ერთი კვირა, ამ ადამიანის პირიდან გამუდმებით ის მესმოდა, რომ აღნიშნული საღამოსთვის ყველაფერი იდეალურ წესრიგში უნდა ყოფილიყო და სასმელების დახარისხებაც ალბათ სწორედ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა გახლდათ.
კორპორაციული წვეულების ჩამთავრების შემდეგ, აღარც ენკე იმუშავებდა ჩვენს ცვლაში. მე და მელინას მარტო მოგვიწევდა დარჩენა ერთმანეთის პირისპირ, ერთმანეთის იმედად.
ტუჩებზე ოდნავი ღიმილი მომადგა. ბოლო პერიოდში, ვამჩნევდი, რომ ყოველი ჩემი ფიქრი, საბოლოოდ მაინც მელინასთან მიდიოდა, არანორმალურ გოგოსთან, ვინც ოქროს სასახლეზეც კი თქვა უარი, რათა სიღარიბეში ცხოვრების გემო გაეგო. აქამდე, ასეთი რამ რომ ვინმეს ჩემთვის მოეყოლა, არ დავიჯერებდი და ვიფიქრებდი ფილმის სიუჟეტს მიყვება მეთქი, თუმცა ამჯერად, ყველაფრის მოწმე საკუთარი თვალებითა და ყურებით ვიყავი და ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო.
ფიქრებში გართულმა, ვერც კი გავიგე ისე გაჩერდა მანქანა ჩემი სახლის ჭიშკართან. მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვიგრძენი, რომ მოძრაობის მაგივრად, ერთ ადგილას ვიდექით გაუნძრევლად და აღარც მორბენალი კადრები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს საქარე მინიდან.
ქუჩაში შესამჩნევი სიწყნარე ჩამოვარდნილიყო. ირგვლივ ერთი სულიერი არსებაც კი არ მოძრაობდა. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რის გამოც ასე ძალიან მომწონდა ჩემი უბანი -დილის საათებშიც კი ისეთი სიმშვიდე ისადგურებდა, გონების დასვენებაც იდეალურად გამომდიოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, დაძინებაც კი.
ტაქსის მძღოლს, კუთვნილი თანხა გადავუხადე. ამ უკანასკნელმა ისევე უხმოდ ჩამომართვა დამსახურებული კუპიურა, როგორც მთელი მგზავრობის განმავლობაში იჯდა და სალონიდან ჩემი გადასვლის თანავე, მანქანა ისეთი სისწრაფით დაძრა, ფილმი "ტაქსის"-ს არანორმალური მძღოლის შესაძლებლობებიც კი გადაფარა.
ჩემი სახლის კიბეები ერთმანეთის მიყოლებით ავირბინე. ჯაყელის შეტყობინებისთვის ჯერ კიდევ არ მქონდა პასუხი გაცემული. ეს არც ზღურბლზე გადაბიჯების შემდეგ გამიკეთებია, მხოლოდ ცერა თითის ემოჯი გავუგზავნე იმის ნიშნად, ყველაფერი გასაგებია-მეთქი და დაღლილ-დაქანცულმა, საკუთარი ზურგ-ჩანთა მისაღების დივანზე მივაგდე.
იმისდა მიუხედავად, რომ დღეს შვიდ საათზე ვიყავი ამდგარი, რათა დილის ავტობუსისთვის მიმესწრო და ბათუმში ადრიანად დავბრუნებულიყავი, ძილი მაინც არ მსურდა. მაინცდამაინც არც უენერგიობას ვუჩიოდი, ამიტომ მხოლოდ ერთი ჭიქა ამერიკანოს დალევით შემოვიფარგლე და ამის შემდეგ პირდაპირ სააბაზანოს მივაშურე, ცივი შხაპის მისაღებად.
კაბინაში, დაახლოებით ორი წუთის გაავლობაში მესმოდა როგორ რეკავდა საძინებლის საწოლზე დატოვებული ჩემი მობილური, თუმცა გამოსვლა და ზარზე პასუხის გაცემა არც მიფიქრია. ტელეფონის ეკრანს მხოლოდ მაშინ დავხედე, როდესაც სააბაზანოდან, წელს ქვემოთ პირსახოცშემოხვეული გამოვედი და მასზე ამოკითხული ნომრის დანახვამ, წამსვე შემიცვალა სახის გამომეტყველება. ერთი ფიქრი ისიც კი ვიფიქრე ჩემი მხედველობა რაღაცას ურევს და მოჩვენებები დამეწყო-მეთქი, თუმცა მერე მივხვდი რამხელა სისულელე იყო ამის მერწმუნა და რეალობას მტკიცედ გავუსწორე თვალი. ეს უკანასკნელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ არც მეტი არც ნაკლები, ჩემი ცხრა მთას იქით გადაკარგული დედა მირეკავდა. ქალი, ვისაც უკვე ათი წელი სრულდებოდა, რაც ერთხელაც არ გავხსენებოდი . . .
ბრაზისგან ყბები დამეჭიმა. ვერც კი გავიაზრე ისე შევკარი მარცხენა ხელი მუშტად და სინათლის სიჩქარით მოვარდნილმა მრისხანებამ თვალების წვაც კი მაგრძნობინა. რა თქმა უნდა, წამითაც არ გამივლია გონებაში, გადამერეკა და მეკითხა რამე ხომ არ გინდოდა-მეთქი. ადამიანს, ვინც ბუნკერში გადაგდებული მოძველებული ნივთივით უსარგებლოდ მიგვიჩნებდა მეც და ჩემს დასაც, ამხელა მნიშვნელობას ნამდვილად არ მივანიჭებდი.
სიმწრის ღიმილი მომადგა სახეზე. რახან თავისი ქართული ნომრით მიკავშირდებოდა ესე იგი, უკვე დაბრუნებულიყო მალდივური მოგზაურობიდან და სრულიად უჩვეულო ვითარებაში გახსენებოდა საკითარი შვილი.

მართალია დედაჩემთან არანაირი კავშირის არ მქონდა ამ წლების განმავლობაში, თუმცა სოც-ქსელებში გამუდმებით ვადევნებდი თვალს მისი ცხოვრების ყოველ დეტალს და თითოეული მის მიერ გამოქვეყნებული ღიმილიანი ფოტო გულში ნემსის ჩხვლეტასავით მტკიოდა, რადგან ვხვდებოდი, რამდენად სულ ერთი გახლდათ ამ ქალისთვის შვილებისგან შორს ყოფნა.
ჩემზე მეტად, უდედობას მუდამ ნიცა განიცდიდა ხოლმე. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც შუა ღამით, ატირებულს გამოღვიძებია, ჩემს საწოლში გადმომძვრალა და მთელი ღამე მის დამშვიდებაში გამიტარებია. რამდენჯერ დამსველებია მაისური ტყუპისცალის მარილიანი ცრემლებით, ადიდებული მდინარესავით რომ გადმოდიოდა ხოლმე ჯებირებიდან და სანამ ბოლომდე არ დაიცლებოდა, ვერანაირი ძალა ვერ აშრობდა.
წარსულის ამ მოგონებებმა თითქოს უხილავი, ნეგატიური ტალღებით აავსეს ვაკუუმი. მეც გადავწყვიტე მათ ირგვლივ აღარ მეტრიალა, უბრალოდ გრძნობები გამეთიშა და ისე მოვქცეულიყავი, თითქოს ცოტა ხის წინ მომხდარი მხოლოდ წუთიერი ილუზია იყო და მეტი არაფერი. ერთ დროს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის მიმართ გრძნობებგაციებულს, ეს საკმაოდ მარტივად გამომივიდა. აღარ გახლდით ის პატარა ბიჭი, ვისაც სხვა ბავშვების შურდა, როცა დედასთან ჩახუტებულს დაინახავდა ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კმაყოფილი ვიყავი საკუთარი ცხოვრებით. კმაყოფილი იმიტომ, რომ ამ ქვეყნად ნიცა და აარონი გამაჩნდნენ -ჩემთვის ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი, რომელთა გამოც ზუსტად ისევე ვიყავი მზად თავგანწირვისთვის როგორც ისინი ჩემთვის.
ტელეფონი კვლავ ახმაურდა. უკვე კარადასთან მისულმა, ვიფიქრე, კვლავ დედა მირეკავს-მეთქი და მაისურის გადაცმის შემდეგ, დავიხარე კიდეც საწოლთან, რათა მობილური ამეღო და იგი ავტოპილოტის რეჟიმზე გადამერთო, თუმცა მის მაგივრად, ხელში ნიცა, ვინც, როგორც მუდამ ხდებოდა ხოლმე, ამჯერადაც ვიდეო-ზარით ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას.
-გისმენ -საძინებელში, ჩემს საყვარელ ფორთოხლისფერ სავარძელში ჩავესვენე და ისე ვუპასუხე მის ზარს. ეკრანზე სწრაფად გამოისახა ჩემი დის სახე. შევატყვე, ჩვეულ ხასიათზე არ იყო და რაღაც აწუხებდა. იქნებ სწორედ ის, რაც მე ამ წამს?
-რა ქენი, უკვე ჩახვედი?
-ჰო, დილის ავტობუსს გამოვყევი. რამე მოხდა? ცუდი ხმა გაქვს
-ვფიქრობ, უნდა ხვდებოდე რატომაც მაქვს ცუდი ხმა
-აჰა, ანუ შენც დაგირეკა, არა? -მაშინვე ვკითხე ის, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ გულში ვფიქრობდი
ნიცამ უხმოდ დამიქნია თავი. მის ტკივილიან მზერას კამერაშიც კი ცხადად აღვიქვამდი და კვლავ თვალების საშინელ წვას ვგრძნობდი. ზოგადად, მუდამ თვალების წვა მაწუხებდა ხოლმე, როდესაც რაღაცაზე ძალიან ვბრაზობდი.
-მერე რა ქენი? -ვკითხე -უპასუხე, თუ გაუთიშე?
-ვუპასუხე -თქვა, რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა და დაამატა -თუმცა ვერაფერი ვუთხარი. ყელში თითქოს ბურთი გამეჩხირა, ნიკა, მერე კი მივხვდი, რომ მასთან საუბარი არ მინდოდა და ყურმილი დავკიდე
ამ სიტყვების შემდეგ ჩვენს თავზე დუმილი ისე გაწვა, როგორც მთის მწვერვალზე დილის რძისფერი ნისლი. უბრალოდ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და დუმილისთვის წერტილის დასმას არც ერთი არ ვფიქრობდით. ვერ ვიტყვი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასე, სრულიად მოულოდნელად რაღაცის მსხვრევის ხმა რომ არ გამეგონა. თავდაპირველად ვიფიქრე ჩემს მისაღებში გატყდა რაღაც-მეთქი თუმცა ვინაიდან მარტო ვიყავი, არც რამე შინაური ცხოველი მყავდა და არც სულების ხეტიალი შემენიშნა სახლში, მივხვდი, რომ ეს ხმა ნიცას მხრიდან მოდიოდა.
-რა იყო, რამე გატეხე? -ვკითხე ჩემს ვარაუდში ბოლომდე დასარწმუნებლად
-ჰო, ღამის სანათი . . . ხომ იცი, როცა ვნერვიულობ ნივთების მსხვრევა მაწყნარებს
-ნიცა -დავიწყე ღიმილით, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მეღიმებოდა იმ წამს -ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ მხოლოდ სამნი ვართ. მე, შენ და აარონი -განსაკუთრებით ხაზგასმით წარმოვთქვი ბოლო სიტყვები -ნუ იფიქრებ იმაზე, ვისაც ათ წელიწადში ერთხელ ახსენდება, შვილების არსებობა. ნურც მის ზარებს უპასუხებ და ნურც შეტყობინებებს, რადგან ზოგიერთი იმადაც არ ღირს, მის გამო ყურმილის ასაღებ ღილაკს გადაუსვა თითი
-ნიკა . . .
-გისმენ
-შენ და აარონი ხომ არასდროს მიმატოვებთ? ხომ მუდამ გეყვარებით ჩემი სისულელეების მიუხედავად?
-გვეყვარები -ჩემს სიტყვებში ასი პროცენტით დარწმუნებულმა გავუღიმე. გული ნაწილებად მეფლითებოდა, რადგან ვხვდებოდი ახლა იმის ნახევარსაც არ გამოხატავდა ჩემს წინაშე, რასაც რეალურად გრძნობდა. საშინლად მომინდა იმ წამს ნიცასთან ყოფნა. ვინანე კიდეც, საღამოს რეისს რომ არ გამოვყევი ბათუმამდე
-მართლა?
-მართლა . . . რახან ოცდაორი წელი გაგიძელით, იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა და აღარც შემდგომში გაგვიჭირდება
-რა იდიოტი ხარ -პირველად გაეცინა მთელი ამ ხნის განმავლობაში და მეც, თითქოს გულზე ჩამოკიდებული მძიმე ლოდის ნაწილობრივი შემსუბუქება ვიგრძენი
-ეს იდიოტი მუდამ შენთან იქნება, რაც არ უნდა მოხდეს, არ დაგავიწყდეს, კარგი?
-კარგი -მცირედი პაუზა გააკეთა, შემდეგ კი დაამატა :-ძალიან მიყვარხარ ერთუჯრედიანო
-თავს გაუფრთხილდი, ალქაჯო . . . და ჰო, მეც ძალიან მიყვარხარ!


* * *

ნიცასთან საუბრის დასრულების შემდეგ, მობილური გამოვრთე. არ მინდოდა ვინმეს ზარებით ან შეტყობინებებით შევეწუხებინე მაშინ, როცა ნამდვილად არ ვიყავი არავისთან ლაპარაკის განწყობაზე.
ჩემი მაჯის საათი პირველის ნახევარს უჩვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ შუა დღის მზე, მთელი თავის რესურსს იყენებდა, რათა რაც შეიძლებოდა მცხუნვარე სხივებით გაენებივრებინა ქალაქი და გარეთაც უკვე სულის შემხუთველი სიცხე ტრიალებდა, მაინც საშინლად მომინდა ველოსიპედით გასეირნება. ძირითადად, ამის კეთებას მუდამ საღამო ხანს ვამჯობინებდი ხოლმე, როდესაც ზღვიდან უკვე გრილი ნიავი უბერავდა, თუმცა აღნიშნულ ეტაპზე ჩემთვის სულ ერთი იყო რა ციფრს უჩვენებდა გრადუსის მაჩვენებელი თერმომეტრი. ერთადერთი, რაც მინდოდა, ნიცას ტკივილიანი მზერის გონებიდან ამოშლა იყო, რასაც სახლში მარტო ყოფნით ნამდვილად ვერ მივაღწევდი.
ჩემი ველოსიპედი, როგორც ყოველთვის, სახლის მარცხენა მხარეს, პატარა ფარეხში მყავდა დაყენებული. უკვე იმდენად გახლდით შეჩვეული ამ ტრანსპორტით გადაადგილებას, ხანდახან მეგონა, რომ კვლავ ჩემს მანქანაზე გადაჯდომა ცოტათი გამიჭირდებოდა კიდეც. სიმართლე გითხრათ, დიდად არც მინდოდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ამას ვიტყოდი, მაგრამ მომწონდა ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება, წრე, რომელშიც გამუდმებით მიწევდა ტრიალი, ჩემს მეზობლად მცხოვრები ადამიანები, ვინებიც მუდამ ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი სითბოთი და ყურადღებით მესალმებოდნენ ხოლმე. დღევანდელი გადმოსახედიდან, სრულ უაზრობად მიმაჩნდა ჩემი ამერიკული დღეების დღიური, რაც ოცდაოთსაათიანი გართობის, ფულის ფლანგავისა და იმ გოგოებისგან შედგებოდა, რომლებიც საკუთარი სურვილით თანხმდებოდნენ ერთღამიანი გასართობები ყოფილიყვნენ ნიკოლოზ ქალდანის სიამოვნებისთვის.
იმდენად შორეულად მეჩვენებოდა ჩემი ასეთი ცხოვრება, თითქოს ეს ყველაფერი, თვეების წინ კი არა, საუკუნეების წინ ხდებოდა. უკვე ველოსიპედზე მჯდომს, თითქოს გაქცეულ კადრებად მივლიდა თვალწინ საკუთარი წარსულისა და აწმყოს მომენტები და რაც უფრო მეტი მოგონება მეხვეოდა გარს, მით უფრო სწრაფად ვატრიალებდი საკუთარი ორბორბლიანი ტრანსპორტის პედლებს. იმდენად სწრაფად მივდიოდი, ადრენალინის მოჭარბებასაც კი ვგრძნობდი სხეულის თითოეული უჯრედით. სიცხე ოდნავადაც არ მაწუხებდა. ალბათ იმ დონემდე გახლდით ჩაძირული საკუთარ სტიქიაში, ტემპერატურის შემაწუხებელი გავლენაც არ მიქმნიდა დისკომფორტს.
ჩემი ველორბოლა სულ რაღაც ხუთი წუთის დაწყებული იყო, როდესაც გავაცნობიერე, რომ ჩემთვის სრულიად ნაცნობ უბანს მივუყვებოდი. გამეღიმა ამის გააზრებისას. ისე უცნაურად და დაუგეგმავად ამოვყავი თავი იქ, საიდანაც რამდენიმე მეტრის მოშორებით მელინას სახლი იდგა, თავადაც ვერ მივხვდი. მხოლოდ უაკანსკნელ წუთებში აღვიქვი, რა მიმართულებით წამოვეყვანე ჩემს ქვეცნობიერს და კიდევ ერთხელ მომადგა სახეზე ღიმილი. ალბათ, ახლა სწორედ მისი ნახვა მჭირდებოდა. მინდოდა მელინას ხმა გამეგო, კიდევ ერთხელ მეხილა, როგორ იცურებდა თითებს თავის ღია თაფლისფერ თმაში, რა ოლიმპიური სიმშვიდით მიყურებდა თავისი ბავშვური თვალებით და მომესმინა როგორი ხავერდოვანი ხმით მეძახდა "ნიკოლოზ"-ს. თითქოს სრულიას სხვანაირად ჟღერდა მისი ბაგეებიდან წარმოთქმული ჩემი სახელი. აბსოლუტურად სხვა განზომილება იყო ეს გოგო. ისე იქცეოდა, ისეთ რამებს აკეთებდა, შეუძლებელი იყო არ შემემჩნია და ჩვეულებრივ, რიგით გამვლელად ჩამეთვალა, ვისთანაც არანაირი ურთიერთობა არ მექნებოდა. სხვა დროს თუ არა, ახლა ნამდვილად მეჭირა ხელში ის სადავეები, გუშინ გაგებული საიდუმლოს სახით, რომელიც აუცილებლად დამეხმარებოდა ჩემ ჭკუაზე ისე მეტრიალებინა, როგორც მომესურვებოდა. გეგმაში ცუდი არაფერი მქონია, უბრალოდ მსურდა ჩემგან თავი შორს აღარ დაეჭირა და დღევანდელ საღამოს, ერთ ადგილას წამომყოლოდა, სადაც განმარტოებასა და ზედმეტი ხალხის გარეშე შევძლებდით დროის გატარებას.
სასურველ სახლთან უკვე იმდენად ახლოს ვიყავი, იქამდე დარჩენილი გზის დასაფარად, სულ რაღაც ნახევარი წუთი დამჭირდა. სამკუთხედი გადახურვის ნაგებობა, კვლავ მდელოსფერი ხავსით დაფარული იდგა უამრავ ფერად-ფერად მცენარეს შორის, ისე, თითქოს თაიგულიდან ამოწვერილი ყველაზე ლამაზი ყვავილიაო.
ჭიშკართან მდგომი პატარა საფოსტო ყუთი, მწვანეს მაგივრად, ამჯერად ნარინჯისფრად დამიხვდა შეღებილი. ამ ფერის ტანისამოსი, მელინას ტანზეც ხშირად შემინიშნავს და ვარაუდი გამიჩნდა, რომ შეიძლებოდა ეს მისი საყვარელი ტონალობა ყოფილიყო.
როგორც ამ სახლში პირველი ვიზიტიდან მახსოვდა, კარს ზარის ღილაკი არ ჰქონდა, ამიტომ კიბეების არბენის შემდეგ, მასზე რამდენჯერმე ხმამაღლა დავაკაკუნე და მოაჯირზე მიყრდნობილმა დავიწყე ლოდინი. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა -რადაც არ უნდა დამჯდომოდა, დღევანდელი საღამო მელინასთან ერთად უნდა გამეტარებინა და მასთან მოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ ამაზე დაყოლიება გახლდათ.
კარის გაღება ზომაზე მეტად დააგვიანა ჩემს მასპინძელს. ამის გამო, მასზე მეორედაც დავაკაკუნე. არც ამჯერად ყოფილა რამე ცვლილება. წამით, ისიც კი ვიფიქრე, სათვალთვალოში შეამოწმა მომსვლელის ვინაობა და ჩემი დანახვის შემდეგ გაღება გადაიფიქრა-მეთქი. სწორედ ასე არ მპირდებოდა იმ დღეს, მუხლებზე დატოვებულ წერილში სახლში მეორედ აღარ შემოგიშვებო? ამის გახსენებისას, ლამის მეც დავიჯერე, რომ სწორედ ამიტომ ვიდექი ჯერ კიდევ ზღურბლთან, თუმცა სანამ ამაში საბოლოოდ დარწმუნებას მოვასწრებდი, გვერდიდან უცნობი ხმა მომესმა :
-მაგ გოგონასთან მოხვედი სტუმრად, შვილო?
თავი ხმის მიმართულებით მივატრიალე. ამ სიტყვების ავტორი, ოდნავ ხანში შესული, მცენარეების მაკრატლით ხელში მდგომი კაცი იყო, მეზობელი სახლიდან, ვინც ეზოში ლამაზად ჩამწკრივებულ ბუჩქებს კრეჭდა, თან მზერა ჩემკენ ჰქონდა მომართული.
-დიახ, მასთან . . . სახლში არ არის?
-ცოტა ხნის წინ გავიდა -მერე თავი მოიქექა და დაამატა -ალბათ ასე ათი-თხუთმეტი წუთის წინ
ნირი წამიხდა. ნუთუ ტყუილად გამოვიარე ეს გზა?
-ხომ არ იცით სად წავიდა? -ვკითხე უხასიათოდ -ან დაახლოებით როდისთვის დაბრუნდება?
-სახლის ფორმაში იყო, შვილო. ალბათ აქვე, მარკეტშია გასული და წესით მალე უნდა გამოჩნდეს
აღარაფერი მიპასუხია. მხოლოდ თავი დავუქნიე იმის ნიშნად გასაგებია-მეთქი და გადავწყვიტე მელინას კიბეზე ჩამომჯდარი დავლოდებოდი. იმედს ვიტოვებდი, ნამდვილად მარკეტში იყო გასული და არა სადმე სხვაგან, საიდან დაბრუნებასაც კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებდა.
მზე თანდათანობით უფრო და უფრო აჭერდა. ასეთ ამინდში, ალბათ ვეღარც მეზობლად მცხოვრებმა ჭაღარათმიანმა კაცმა შეძლო თავისი საქმის გაგრძელება, ბუჩქების კრეჭას თავი მიანება და შუბლზე შერჩენილი ოფლის წმენდით შებრუნდა ცეცხლისფერი აგურით ნაგებ სახლში.
მარტო დავრჩი. ქუჩაზე სხვა არავინ ჩანდა. მხოლოდ გზის მეორე მხარეს მდგომი სახლიდან გამოდიოდა ბავშვების ხმა, რომელთაგან ზოგი ტიროდა, ხოგიც კი ხმამაღლა ყვიროდა.
დაახლოებით ხუთი წუთი გავიდა ასე ჯდომასა და სივრცის უაზროდ ყურებაში. შემაწუხებელ სიცხეს, უკვე მეც მთელი სხეულით ვგრძნობდი და ვნანობდი უფრო ღია მაისური რომ არ ჩავიცვი სახლიდან გამოსვლის წინ. მიუხედავად ამისა, შინ დაბრუნება არც მიფიქრია. რახან ამდენ ხანს ველოდე, კიდევ ცოტახანსაც გავუძლებდი მზის სხივების სასტიკ მცხუნვარებას და გავუძელი კიდეც, მანამ, სანამ ბოლოს და ბოლოს ის ობიექტი არ მოხვდა ჩემი მზერის ფოკუსში, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდა ქვეცნობიერი.
მოპირდაპირე ქუჩის მოსახვევიდან გამოსულს, ხელში დიდი პარკები ეჭირა, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ნამდვილად მარკეტიდან ბრუნდებოდა სახლში. პარალელურად ტელეფონში მუსიკებს უსმენდა და ვიღაცას ემესიჯებოდა.
ჩემი შემჩნევა მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა მეორე მხარეს მყოფმა, გზის გადმოჭრა გადაწყვიტა და გაკვირვებული სახითაც მოიხსნა ცალი ყურსასმენი. როგორც ჩანდა, ყველაზე ნაკლებად იმას ელოდა თავისი სახლის საფეხურზე მჯდომი დავენახე, მის მოლოდინში. ამაზე ოდნავ გამეღიმა და როგორც კი ბოლო მოახლოებული მანქანის ჩავლის შემდეგ ქუჩა გადმოჭრა, მისალმების ნიშნად ხელი ავუწიე.

-კეთილი იყოს შენი შინ დაბრუნება, თავგადასავლების მაძიებელო!

-მეგონა, იმ წერილში გასაგებად დავწერე, მეორედ სახლში აღარ შეგიპატიჟებ-მეთქი

-თუ ასეა, აქ ვისაუბროთ -თვალებით ვანიშნე კიბეზე ჩემს გვერდით დამჯდარიყო. სწორედ იმ დროს შევნიშნე, რომ ხელში საკმაოდ მოზრდილი პარკები ეჭირა და მათ ჩამოსართმევად, მაშინვე ფეხზე წამოვდექი -ესენი მომეცი, დაგამძიმებს

-რისთვის მოხვედი, ნიკოლოზ?

-მომენატრე. შენ არა?

-ასე რომ ყოფილიყო, თავად დაგპატიჟებდი

-მეგონა დარეკვა გერიდებოდა და გადავწყვიტე მოულოდნელი სიურპრიზი გამეკეთებინა -კიბის ბოლო საფეხურზე მივუჩინე ადგილი მისთვის ჩამორთმეულ პარკებს. ასეც უნდა დამეტოვებინა, თუმცა როდესაც შიგნით ალოეს წვენის ბოთლებსაც მოვკარი თვალი, მაშინვე დავიხარე და ერთი ჩემთვის ამოვიღე, ერთიც კი ჩემი მასპინძლისთვის

-საიდან იცოდი ეს რომ მიყვარდა? -თავისისთვის განკუთვნილი ბოთლი მაშინვე მელინას გავუწოდე, თან კვლავ საფეხურზე ჩამოვჯექი, უწინდელ პოზაში. გარკვეული დროის განმავლობაში, ადგილიდანაც არ იძვროდა და ისე მიყურებდა. შემდეგ ღრმად ამოიხვნეშა, თვალები აატრიალა და სანამ გვერდით მომიჯდებოდა, მანამდე წვენის ბოთლიც ჩამომართვა, მოღუშული სახით

-რამის თქმა გინდა? -მკითხა მშვიდად. უკვე სიგიჟემდე მომწონდა მისი გადაჭარბებული სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში. თავაზიანი იყო მაშინაც, როცა წესით უხეში უნდა ყოფილიყო და მოთმინებას არ კარგავდა ისეთ მომენტებში, სადაც ნებისმიერი სხვა დაკარგავდა მის ადგილას.

-ჰო, მინდა -მივუგე ღიმილით, თან გამომცდელად ჩავხედე თვალებში -ზღაპრული პრინცესას ისტორიის შესახებ უნდა გიამბო, ვინც დიდებული სასახლიდან გამოიქცა, და პატარა ქოხში, ოჯახისგან მალულად ცხოვრობს, უბრალო ადამიანივით

ადვილი შესამჩნევი როგორ შეიცვალა მელინას გამომეტყველება ჩემი სიტყვების მოსმენისას. მის თვალებში, დაძაბულობისა და დაბნეულობის ნაზავი აისახა. ალბათ, აღნიშნულ წამს იმაზე ფიქრობდა, თუ საიდან მქონდა ეს ინფორმაცია და როგორ მოვახერხე მასზე მთელი სიმართლის დადგენა.

-რა მოხდა, დაიბენი? -ვკითხე ღიმილით -სიმართლე გითხრა, მე მართლა დამაბნიე. ღამის ცვლებში მუშაობის გამო სანტორინზე უარის თქმა, ნამდვილად ის საქციელია, ძალიან ცოტა რომ ჩაიდენდა . . . დავით დევდარიანსაც სწორედ ამიტომ დაემალე არა დახლს უკან? იმის გამო, რომ მამაშენია და არ გინდოდა იქ ენახე, ბარისტას უნიფორმაში გამოწყობილი

მელინამ ალოეს წვენს თავი მოხსნა და ერთი ყლუპი მოსვა. რამდენიმე წამით არაფერი უთქვამს, თუმცა როგორც კი მისი სახე ნიკაპზე ხელის მოკიდებით ჩემკენ მოვატრიალე, ფეხზე სწრაფად წამოდგა და სახლში შესასვლელი კარისკენ დაიძრა.

-წადი აქედან, ნიკოლოზ, დაღლილი ვარ და უნდა დავისვენო

-არსად არ წავალ, სანამ არ ვისაუბრებთ -მეც უკან ავედევნე

-საუბარი არ მინდა

-სამაგიეროდ მე მინდა

მელინამ სახლის კარი გასაღებით გააღო და ზღურბლზე გადაბიჯებისას, სცადა ჩემთვის იგი შიგნიდან ჩაეკეტა, თუმცა ბოლო წამს კარს ფეხი დავუხვედრე და ამის გაკეთების საშუალება არ მივეცი

-გითხარი არ წავალ, სანამ არ ვისაუბრებთ-მეთქი

-რაზე უნდა ვისაუბროთ? უკვე ყველაფრის გაგება მოგისწრია და არა მგონია კიდევ რამე იყოს დასამატებელი

-დამატება საჭირო არაა -ზღურბლს მის უკითხავად გადავაბიჯე და კედელზე ისე ავაკარი, რომ მთელი სხეულით გადავფარე -უბრალოდ მინდა გითხრა, რომ შენზე ძალიან დიდი საიდუმლო ვიცი, ამიტომ, ცოტა ხნით მონათმფლობელობის ეპოქაში დავბრუნდებით და იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი

-რაღაც არ მომწონს ეგ როგორც ჟღერს

-ნუ გეშინია, შენ რაც იფიქრე იმის გაკეთებას არ მოგთხოვ -გამეცინა მის სახეზე და თაფლისფერი თმა ყურს უკან გადავუწიე -უბრალოდ, მინდა ხელი არ მკრა და შენთან დაახლოვების საშუალება მომცე

-და გადაწყვიტე ამით დამაშანტაჟო, რათა შენს დაკრულზე მაცეკვო?

-მელინა, ბინძური ზრახვები არ მაქვს, დამიჯერე -ბოლომდე გულწრფელი ვიყავი მასთან იმ წუთას -უბრალოდ, მინდა ერთ სასიამოვნო ადგილას წაგიყვანო და დაგიმტკიცო, რომ არც ისეთი ნაძირალა ვარ, როგორიც წარმოგიდგენივარ. შეიძლება ამ ინფორმაციას დასაშანტაჟებლად ვიყენებ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შენთან ახლოს მოსვლის უფლებას სხვანაირად არ მაძლევ

-იქნებ იმიტომ, რომ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები? -ამის თქმისას, სცადა ჩემგან თავი გაეთავისუფლებინა, თუმცა უფრო მეტად მოვიმწყვდიე მკლავებში და ნიკაპი ხელით დავუჭირე

-შანსი არც არასდროს მოგიცია. შენთვის მუდამ გამოუსწორებელი კაზანოვა ვიყავი, ვისთან მიახლოვებაც კი არ შეიძლებოდა

-და რამე არასწორად ვიფიქრე?

-არ ვიცი რა იფიქრე სწორად და რა არასწორად, თუმცა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქამდე პაემანზე არასდროს ვყოფილვარ და მინდა პირველად ეს შენთან ერთად გამოვცადო

-რაო? -გაეცინა მელინას -პაემანზე არასდროს ყოფილხარ?

-არასდროს -დავადასტურე ჩემი სიტყვები -პაემანი ნამდვილად არ დამჭირვებია იმისთვის, რათა სასურველი გოგო ჩამეგდო ხელში და . . .

-კარგი, კარგი, გასაგებია, მივხვდი -შუა გზაზე გამაწყვეტინა სათქმელი მან -ამ წუთას მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს

-მაინც რა კითხვა?

-ხელს როდის გამიშვებ? -თავის წელზე შემოხვეულ ჩემს მკლავებს დახედა ამის თქმისას და სახეში შემოხედვის შემდეგ, ცალი წარბი მაღლა ასწია

-მაშინ გაგიშვებ, როცა დამთანხმდები

-თუ არ დაგთანხმდები, მამაჩემთან ჩამიშვებ?

-გამოიცანი

მიღებული პასუხის შემდეგ, მელინამ თვალები დახუჭა და ღრმად ამოიხვნეშა. იმ წამს, ტკივილამდე მომინდა მისთვის მეკოცნა, თუმცა თავს ვაიძულე მოწოლილი სურვილები მოეთოკა და გრძნობების ჩასახშობად, თავი სწრაფად გავატრიალე გვერდზე, რათა მისი სახისთვის ცოტა ხნით მაინც აღარ შემეხედა.
-როგორ გაიგე ჩემზე ეს ყველაფერი? -მკითხა უეცრად -სახელი, გვარი, იმიჯი -ყველაფერი შევიცვალე იმისთვის, რათა საკუთარი თავი კარგად შემენიღბა
-ასე ვთქვათ, პატარა გამოძიება ჩავატარე და საჭირო მოწმეები დავკითხე -გადავწყვიტე მოკლედ ამეხსნა. იმის თქმა აღარ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მის სახლში ვიყავი მისული და მოახლეს ათასი ტყუილი ვუთხარი, რათა სასურველი ცნობები გამომეძალა -შენ რატომ მოიქეცი ასე? რით იყავი საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო?
-ეგ მხოლოდ ჩემი საქმეა
-ძალიან მარტივი კითხვა დაგისვი, არ შეგიძლია უბრალოდ მიპასუხო?
-დავუშვათ, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ის ატმოსფერო მახრჩობდა. ახლა შენ აკეთებ იგივეს -ცდილობ ყელში თოკი ჩამაბა და მიღებული ინფორმაცია ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენო
-მე მხოლოდ შენთან ყოფნას ვცდილობ, სხვას არაფერს -მხრები ავიჩეჩე -მარტო იმის გამო ვერ დავნებდები, რომ ახლა ჩემზე ცუდი წარმოდგენა გაქვს. ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი და მეც სწორედ ამაზე ვმუშაობ -ჩემკენ მოვიზიდე, შუბლზე ვაკოცე და მელნისფერ თვალებში ჩავაცქერდი -ზიზღით ნურასდროს შემომხედავ, გთხოვ
-მე არავინ მძულს, მათ შორის არც შენ
-მაგრამ არც გულზე გეხატები, არა?
მელინა გაჩუმდა და აღარაფერი თქვა. სავარაუდოდ, მისი მხრიდან, ეს თანხმობის ნიშანი უნდა ყოფილიყო.
-კარგი, თუ კარგად გამიცნობ და სხვა კუთხითაც შემომხედავ, ამასაც ეშველება -საკუთარი თავის გამხნევებას უფრო ჰგავდა ჩემი სიტყვები, ვიდრე მის დასარწმუნებლად ნათქვამს
-გგონია ასე მოხდება?
-მცდელობად მაინც ღირს, არ მეთანხმები?
-ვერაფერზე დაგეთანხმები, სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდები -ჩემი მკლავებისგან თავი გაითავისუფლა ამის თქმისას და მზერა გასასვლელ კარს მიაპყრო -წავალ, პროდუქტებს შემოვიტან და რამეს მოვამზადებ, ძალიან მშია. შენ შეგიძლია წახვიდე
-ჯერ პასუხიც კი არ გაგიცია. სანამ თანხმობას არ მეტყვი, აქედან ფეხს არ მოვიცვლი
-თანხმობის გარდა სხვა გზა მაქვს?
-მგონი, არა -გამეღიმა -კარგი რა, ასეთი სახე ნუ გაქვს, მონსტრი არ ვარ და არც შენ შეჭმას ვაპირებ
-ასე შენს გამო ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ ძალიან მშია
-ჰოო? თუ გინდა მე მოგიმზადებ რამეს -ვთქვი და პირდაპირ კარისკენ წავედი, კიბეზე დატოვებული პროდუქტების შემოსატანად. მალე, მელინაც უკან ამედევნა
-ამის რამე გაგეგება? -მკითხა
-გამეგება, გამეგება. თავად თუ გამოსდის მზადება, უამრავი მოსამსახურის გარემოცვაში გაზრდილ ანტონია დევდარიანს? -გვერდულად გავხედე ამის თქმისას -მოდი, მე ისევ მელინას დაგიძახებ ხოლმე, ასე ვარ შეჩვეული
მცირედი დუმილი.
-შენ გგონია მდიდარი მშობლების გატუტუცებული შვილი ვარ? -მკითხა წყენით -ნამდვილად არ გავდივარ იმათ კატეგორიაში, ვინებმაც ისიც კი არ იციან, თუ როგორ გატეხონ კვერცხი
გულწრფელი ღიმილი მომგვარა ამ სიტყვებმა, თუმცა სევდითაც ამავსო. ამ სევდის მიზეზი, ჩემი და მისი რადიკალური სხვაობა იყო. ფულმა და ძალაუფლებამ, მელინას უარყიფითისკენ შეცვლა ვერ შეძლო, მე კი, თავქარიან, არასერიოზულ ადამიანად მაქცია, ვისაც სურდა ამ ქვეყნად ყველაფერი მარტივად მიეღო და თითიც კი არ გაენძრია, რათა თავად გაეგო წარმატების მწვერვალზე ასვლის გემო.
-არა, ასე არ მგონია -კიბეზე დადებულ პაკეტებს დავწვდი ამის თქმისას და კვლავ სახლში შესასვლელი კარისკენ მივტრიალდი -პირიქით, ვთვლი, რომ ძალიან განსხვავდები იმ მდიდარი გოგოებისგან, ვისაც აქამდე ვიცნობდი
-როგორც ჩანს, ყველანაირი კატეგორიის გოგოსთან გქონია საქმე
-რა მოხდა, ხომ არ ეჭვიანობ?
-როცა ასე ფიქრობ, თავს უკეთ გრძნობ? -კითხვა შემომიბრუნა, მერე კი, სხვა თემაზე სცადა დიალოგის გადატანა, ისე, რომ ჩემი პასუხისთვის არ დაუცდია :-ჰო მართლა, რის მომზადებას აპირებ?
-ვაუ, ჩემს სახლიდან გაგდებას აღარ ცდილობ, ეს უკვე პროგრესია
-კარიდან რომც გაგაგდო, ფანჯრიდან შემოხვალ, ამიტომ, აზრი არ აქვს
-ნუ იკბინები
-არ ვიკბინები -გააპროტესტა -კითხვაზე არ გიპასუხია
-მაინც რომელ კითხვაზე?
-რის მომზადებას აპირებ-მეთქი?-ეს რომ მკითხა, უკვე სამზარეულოში ვიყავით შესულები და პაკეტებიდან, პროდუქტებს, მაგიდაზე ვალაგებდით
-რაღაც განსაკუთრებულისას, სპეციალურად შენთვის. თუ გინდა დახმარება გამიწიე
მელინა მაგიდის კიდეს თეძოთი ჩამოეყრდნო და იდუმალი ღიმილით მომაცქერდა. ამის გამო, გადავწყვიტე პროდუქტებისთვის ცოტა ხნით თავი დამენებებინა და მთელი ყურადღება მასზე გადამეტანა.
-რა მოხდა, ასეთი სახით რატომ მიყურებ?
-შენს მხარზე ობობა დასეირნობს
-რა? სად? სად? მაშინვე გიჟივით დავიწყე ტანსაცმელზე ხელების სმა, თან თვალებით გამწარებული ვეძებდი ჩემს სხეულზე ამოხოხებულ არსებას. ვერ ვიტყოდი, რომ მწერების მეშინოდა, თუმცა იმხელა სიძულვილი მქონდა მათდამი, იმის წარმოდგენასაც კი წყობიდან გამოვყავდი, რომ იგი სადღაც ტანზე დამცოცავდა. რაც შეეხება მელინას, იგი უბრალოდ იდგა და ჩემს რეაქციებზე ხმამაღლა იცინოდა. დახმარება არც კი უცდია. მგონი, ერთობოდა კიდეც ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავდა
-სად არის? რა ადგილას მაზის? მომაშორე, ეგრე ნუ დგახარ! -მასთან ახლოს მივიწიე ამის თქმისას -სწრაფად, დროს რატომ კარგავ?
-დაწყნარდი, პატარა მწერია, რა პანიკებში ვარდები?
-თუნდაც მოლეკულას ზომისა იყოს, ახლავე მომაშორე!
-მშვიდად დადექი და ნუ ფართხალებ -სიცილით დამადო მხარზე ხელი, თან ჩემი მაისურის ბოლოებს წაეტანა და მისი გახდა დამიწყო -ხელები ასწიე და ეს რაღაც გაიძრე, მგონი შიგნით შეძვრა
-ჯანდაბა, ამ სახლში ობობებთან ერთად ცხოვრობ და თავს მაინც კომფორტულად გრძნობ? -მაშინვე დავემორჩილე მის „ბრძანებას“ და სულ რამდენიმე წამში, წელს ზემოთ შიშველიც ვიდექი მელინას წინ
-ჩვეულებრივი ობობა არ გეგონოს, ჩემმა მეგობარმა მაჩუქა -წარბის აწევით გამომხედა ამის თქმისას -სხვათა შორის, შარლოტა ჰქვია
-შარლოტა?
-ჰო, რა იყო?
-ის იყო, რომ არანორმალური ხარ. ობობას სახელს ვინ არქმევს?
-ვინ და მე -მომიგო წყენით, შემდეგ კი, ჩემი მაისური დაფერთხა და აქედან რამდენიმე წამში, უკვე გამხიარულებულმა წამოიძახა -აი ისიც! აქ ყოფილა
-მიმიშვი, უნდა მოვკლა -იატაკზე მცოცავი შავი, საზიზარი არსებისკენ ინსტიქტურად გავიწიე, თუმცა მელინას ხელმა შემაჩერა, რომელიც ელვის სისწრაფით მიმაბჯინა გულზე
-თუ არ გინდა შენც ზედ მიგაყოლო, მანდ იდექი და ფეხი არ მოიცვალო
-და რას აპირებ? სახლში თავისუფლად გინდა ასეირნო?
-ჩემი ბრალია, მისი კონტეინერი დამრჩა ღია, თორემ თავისთვის, ჭკვიანად ზის და ხელს არავის უშლის -ამიხსნა მშვიდად, მერე კი მაისური დამიბრუნა, ობობა იატაკიდან აიყვანა, ხელის გულზე ფრთხილად დაისვა და ისე, რომ აღარაფერი უთქვამს, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მისაღებიდან გასასვლელი კარისკენ, სავარაუდოდ, შარლოტას თავის უწინდელ ადგილას დასაბრუნებლად
საზიზღარი მწერის მოშორებით დამშვიდებულს, აღარც მე დამიკარგავს დრო. სანამ დროებით თვალს მიფარებული მელინა კვლავ სამზარეულოში შემოვიდოდა გადავწყვიტე საქმეს შევდგომოდი, ჩემი მაისური გადავიცვი და პირდაპირ მაგიდაზე დალაგებულ პროდუქტებზე გადავიტანე მთელი ყურადღება.
მათზე დაკვირვების შედეგად, მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე -რაც არ უნდა მომემზადებინა ამ ინგრედიენტებისგან, ყველაფერი დიეტური და ნაკლებად კალორიული გამოვიდოდა. ალბათ, საღამოობით ნოყიერი კერძების ჭამას ერიდებოდა, ან საერთოდაც სწორი კვების წესებს იცავდა.
მაგიდაზე სამი სახის ბოსტნეული -სტაფილო, ბროკკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მედო, ქაღალდის პარკებში გადანაწილებული. იქვე ზეითუნის ზეთი და ცხარე კეჩუბიც მოჩანდა. წარმოდგენაც არ მქონდა რა უნდა მომემზადებინა ამ ყველაფრისგან. ალბათ, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ისევ იმპროვიზაციისთვის მიმართვა იყო და მეც ჩემი ინიციატივით, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე დავიწყე ვახშმის მომზადება.
უნდა მეღიარებინა, პირველი შემთხვევა იყო, როცა ნიცას გარდა, სხვა გოგოსთვის ვამზადებდი საჭმელს. მსიამოვნებდა კიდეც ეს პროცესი და იმის გაცნობიერება, რომ მელინა სულ მალე ჩემს ნახელავს დააგემოვნებდა.
ამ ფიქრებით გარემოცულმა, სპეციალური სათავსოდან სწრაფად ამოვაცურე საშუალო ზომის დანა. არც საჭრელი დაფის მიგნება გამჭირვებია, რადგან მელინას, სამზარეულოში ყველაფერი იდეალურ წესრიგში ჰქონდა მოყვანილი და თითოეული ნივთი თავის ადგილას ედო. მომწონდა მისი პატარა, თუმცა მეტად მყუდრო და გემოვნებით მოწყობილი სახლი, სადაც ყოველ წერტილში ამ გოგოს ნაზი ხასიათის შტრიხები იგრძნობოდა. აქაურობის აურას მხოლოდ ის ობობა აფუჭებდა სახელად თურმე შარლოტა რომ ერქვა და თავისი კონტეინერიდან ამოსვლის შემდეგ, თავისუფლად რომ დასეირნობდა ხოლმე მთელს სახლში.
-სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან გიხდება -ზურგს უკნიდან გაგებულმა ხმამ მაიძულა მივტრიალებულიყავი. მელინა კარის ჩარჩოს ცალი მხრით მიყრდნობოდა, გულზე ხელები დაეკრიფა და თვალს ისე მადევვნებდა, როგორც საეჭვო დამნაშავეს, დაკითხვის პროცესში
-მგონი ეს პირველი კონპლიმენტი იყო, რაც შენგან მოვისმინე -სტაფილოს გასუფთავებას მოვრჩი და ამჯერად მისი დაჭრა დავიწყე
-აღარ მეტყვი რის მომზადებას აპირებ?
-შენი ნაყიდი პროდუქტებიდან გამომდინარე, დიდი არჩევანი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ ბოსტნეულის სალათზე შევაჩერე არჩევანი
მელინა კიდევ რამდენიმე წამით კიდევ მიყურებდა კარის ჩარჩოს მიყრდნობილი. მისკენ არ ვიყურებოდი, თუმცა მზერას ზურგიდანაც ვგრძნობდი და ჩემთვის მეღიმებოდა. მერე, ქოქოსის სურნელის გამძაფრებით ვიგრძენი როგორ მოვიდა ჩემთან ახლოს, გვერდით უხმოდ ჩამიარა, სამზარეულოს მაგიდაზე შემოსკუპდა და მასზე შემომჯდარმა განაგრძო ჩემი თვალიერება.
-გიზიდავ, მაგრამ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგები, რათა ამ გრძნობამ უფრო სერიოზული ხასიათი არ მიიღოს -ვუთხარი დარწმუნებით -ამიტომ არ გინდა ჩემთან ყოფნა, გეშინია შენს გონებაში ღრმად ჩაბეჭდილ აზრებს არ უღალატო და ჩემკენ არ გადმოდგა ნაბიჯი
-ისე დარწმუნებით ლაპარაკობ, თითქოს ჩემი გონების რენტგენში გატარება შეგეძლოს
-რა იცი, რომ არ შემიძლია?
-ვამჩნევ ძალიან თავდაჯერებული ხარ
-რას ვიზამთ, ბავშვობიდან ასეთი ვარ -თვალი ჩავუკარი -ისე თავად როგორი ბავშვი იყავი? შენმა მოახლებ ნაწილობრივ მიამბო, თუმცა ყველაფერი არა
-ჩემმა მოახლემ? -თვალები ორი ზომით დიდი გაუხდა, თან მაგიდიდან ჩამოხტა და წინ ამესვეტა -შენ რა, მას ელაპარაკე?
-ჰო, ველაპარალე -რახან საუბარში წამომცდა, გადავწყვიტე უკან აღარ დამეხია და ყველაფერი მეთქვა -მოვატყუე თითქოს შენგან წერილი უნდა გადამეცა, მერე კი საუბარში ცოტ-ცოტა რამები დავაცდენინე. სხვათა შორის, ფიქრობს, რომ მე და შენ ერთად ვართ და ძალიანაც მოვეწონე
-რა გაიძვერა ხარ, ეს თავში აზრად საიდან მოგივიდა? -ღიმილის შესაკავებლად ქვედა ტუჩზე იკბინა
-ჩავთვალოთ, ჩემი ფანტაზია საზღვრებს არ ცნობს, მით უმეტეს, თუ შესასწავლი ობიექტი ძალიან აინტერესებს -ხელში დაჭერილი დანის წვერი ლოყაზე ნაზად ჩამოვუსვი ისე, რომ კანი არ გამიჭრია, თან თვალებში ჩავხედე გამომცდელად. საოცრად გამჭოლი მზერით მიყურებდნენ მისი მელნისფერი სფეროები. ვერ ვხვდებოდი რისი თქმა სურდათ ამ გამოხედვით, ან ცდილობდნენ თუ არა საერთოდ რამის გადმოცემას. თავიდან ბოლომდე შეუცნობელი იყო ჩემთვის ეს ადამიანი და რამდენიც არ უნდა მეცადა, მის გაშიფვრას მაინც ვერ ვახერხებდი
-ანუ ძალიან გაინტერესებს შესასწავლი ობიექტი -ყოველი სიტყვას ხაზგასმით წარმოთქვამდა მელინა -თანაც ისე, რომ მის სახლში მოტყუებით შედიხარ და დეტექტივობანას თამაშს იწყებ
-აღიარე, ჩემმა გამომძიებლურმა შესაძლებლობებმა ძალიან მოგხიბლა
ჩაეცინა.
-ერთადერთი, რაც შენში მხიბლავს, ეგ საოცრად ლურჯი თვალებია -ჩემთან ახლოს მოიწია მელინამ ამის თქმისას, საჭრელი დაფიდან სტაფილოს ნაჭერი ამაცალა და ისე უეცრად მომშორდა, გააზრებაც კი ძლივს მოვასწარი. სანამ საპასუხოდ რამეს ვეტყოდი, კვლავ ის ალაპარაკდა :
-მე საძინებელში გავალ, ცოტას დავიძინებ -მითხრა მთქნარებით -როცა ვახშმის მომზადებას მორჩები და სახლში წასვლას გადაწყვეტ, გასასვლელი კარი ფრთხილად გაიხურე, რათა არ გამაღვიძო. საღამომდე, ნიკოლოზ . . .
სულ ეს იყო, რაც იმ მომენტში მითხრა. აღარც მე დამიბრუნებია პასუხი. უბრალოდ, სამზარეულოდან გასასვლელი კარისკენ წასულს, თვალი გავაყოლე, ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილი მომადგა და ჩემთვის ჩავილაპარაკე :
-რა უცნაურად წარიმართა ჩემი ცხოვრება შენი გაცნობის შემდეგ . . . რა უცნაურად და უჩვეულოდ . . .



№1 სტუმარი anna

ძალიან კარგია, ძალიან მომწონს ნიკოლოზის და მელინას წყვილი. ნიცას ცხოვრებაც ძალიან მაინტერესებს, მასზეც რომ დაწერო ძალიან კარგი იქნება. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მართლა უჩვეულოდ წარიმართა ნიკოლოზის ცხოვრება მგონი ეგ მორიგი გოგო არ იქნება ნიკოლოზის ცხოვრებაში არამედ უკანასკნელი სიყვარული????????

 


№3  offline მოდერი აირ ისი

anna
ძალიან კარგია, ძალიან მომწონს ნიკოლოზის და მელინას წყვილი. ნიცას ცხოვრებაც ძალიან მაინტერესებს, მასზეც რომ დაწერო ძალიან კარგი იქნება. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა მართლა უჩვეულოდ წარიმართა ნიკოლოზის ცხოვრება მგონი ეგ მორიგი გოგო არ იქნება ნიკოლოზის ცხოვრებაში არამედ უკანასკნელი სიყვარული????????


❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent