შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები V


15-10-2020, 00:14
ავტორი belle...
ნანახია 4 594

კვიზინი/ "გაქცევა შოუშენკიდან"/ 15:22 წთ/ მთვარის 11 დღე, პირველი ფაზა...

დილაუთენია მაღვიძარის ხმა ჩამესმა - ადექი, „წითელქუდები“ დიდი სიყვარულით გელიან „საჭუკეთშიო“, რას გადავეკიდე ამ ჭუკებს მეტყვის ვინმე? სულ ბურდღუნ-ბურდღუნით წამოვჯექი. ჯერ ერთი თვალი ავახილე, მერე მეორე და პირველი დამეხუჭა. ჯანდაბა! მკვდარი ვარ, ვის რა ჭირად უნდა ჩემი უსულო სხეული დანადგარებთან? ხომ შეიძლება სიმინდის ნაცვლად მე შემჭამონ? უნდა დამემთქნარებინა წყლის ხმა რომ მისწვდა ჩემს ყურთასმენას და მაშინვე თვალები ვჭყიტე. წამის მეასედში ფანჯარასთან გავჩნდი - არააააააააა! წვიმს! წვიმს!!! ანუ სამსახურამდე ნახევარი საათის გზა მაქვს და სანამ, დაცვის კარამდე მივაღწევ ძაფი არ მექნება მშრალი! უკვე წარმოვიდგინე ჩემი თავი გაძუნძგლული კატის ამპლუაში და ყურები დამფრთხალი კნუტივით ჩამომეყარა.
ახალგაზრდა მანდილოსანი გამთენიის ოთხ საათზე თბილისელი ტაქსისტივით რომ იკურთხება დიდი ვერაფერი ხიბლია, მაგრამ იმ წამს მაგრად მეკიდა ეთიკის კოდექსი - ფილტვები წინასწარ წუწუნებდნენ ლომარდიდან გეყოლებით გამოსახნსელი და მერე არ დაგვიწყო რაღაცებიო. ტრაგედიაში ჩაძირულმა ხელში რაც მომხვდა ყველაფერი თავზე წამოვიცვი. ის იყო კედებს წამოვავლე ხელი რომ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. აქაურ ნომერზე იანის გარდა არავინ მწერს. გუნება ოდნავ გამომიკეთდა და შეტყობინება გავხსენი - „სამსახურს მოვრჩი. გარეთ წვიმს. დასველდები. დამელოდე, გამოგივლი და მე გაგიყვან“ - იწერებოდა განთიადის მხსნელი. კმაყოფილი ისე გავიკრიჭე ოცდათორმეტივე კბილი გამომიჩნდა. გელოდები-მეთქი - დავუბრუნე პასუხი და ხტუნვა-ხტუნვით გავაგრძელე მოწესრიგება.
უცებ კარზე კაკუნი შემომესმა და ზღურბლზე აბუზული „ცეცხლისფერი“ გამოჩნდა. ჩემსავით ჰუდი ჩაეცვა. მკერდზე ხელებმიკრულს სახეზე ფერი არ ედო. კინაღამ გამეცინა. საფლავიდან ამომხტარს ჰგავდა. წავედითო? - წინასწარ გააძაგძაგა წუმპლიანი ამინდის შემყურეს. მანქანით მივსისინებთ-მეთქი - დავამშვიდე და ფანჯარასთან მოვიკალათე. სანამ იანი შხაპს მიიღებდა და ვოლვოთი მოგრიალდებოდა ჭიშკართან, ერთი ღერის მოწევას მოვასწრებდი.
ოცი წუთის შემდეგ, როცა პირველ სართულზე ჩავედით კიდევ ორმა გამოყო თავი. ესეც თანამგზავრები! გაიზ, ჩვენ რომ აი მივბლატავებდეთ სამსახურში თქვენც სახლში უნდა დარჩეთ?! ბელ... თვალები არ გადაატრიალო, არ ქნა... არ ქნა... მაინც გამექცნენ!
მაჯის საათს დავხედე. წუთი წუთზე სახლთან იქნებოდა, გარეთ გავედით. ზუსტად ორ წამში გამთენიის მკვდარ მდუმარებაში ქვემოთა უბნიდან საბურავების წივილის ხმა შემომესმა და გამეცინა. მის მანქანას უკვე ხმაზე ვცნობ. წამში მოწყვეტით დამიმუხრუჭა მუხლებთან. ჯიპს შემოვუარე და გვერდით მივუჯექი. ქალებმა კარი რომ გამოუღეს და უკან ჩალაგდნენ, შევატყვე პოლონელს სახლისკენ რომ გაექცა მზერა - „დარჩა კიდე ვინმეო?“, გამომეტყველებით. ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა.
როგორც კი მანქანა დაძრა, აბუზღუნდა - დილაუთენი გაქანება რა უბედურებაა, ერთი ჭიქა ყავის დალევა მაინც მოგვესწროო. დაიპატიჟა თავი უცებ. კინაღამ ვაფეთე. უკაცრავად და მე ვადგენ გრაფიკს??? სახეზე კი შევატყვე, რომ ყავა არ აწყენდა. სამსახურიდან მოდიოდა. ღამენათევს ხორბლისფერი კანი ოდნავ გაფერმკრთალებოდა. თუმცა, მაინც მხნედ გამოიყურებოდა. ულევი ენერგია აქვს ამ კაცს და მოკალი! არასოდეს წუწუნებს, არასოდეს გამიგია მისგან - „დავიღალე“, „რთული დღე იყო“, „დასვენება მინდა“, ან რამე მსგავსი. მე კი, გაპარტახებულს რომ მიყურებს ხოლმე, თვალები ლეკვივით უმრგვალდება - გიჭირსო? არა რას იძახი-მეთქი! - ვპასუხობ ხოლმე ცხვირაბზუებული და სულ დამცინის.
გზაში გავილექსეთ. სანამ სამსახურამდე მიმიყვანა ყველაფერზე ტლიკინი მოასწრო. დაწყებული გასული ღამის მიმოხილვებითა და დღევანდელი დღის გეგმებით დამთავრებული ყველაფერზე იბჟუტურა. მერე იქვე ისიც გაახსენდა, რომ უკან ახალი სასტავი ეჯდა და მკითხა - „ჩვენები“ არიანო? იმდენი მდგმური ჰყავს სახეზე ვერ იმახსოვრებს ხალხს. უკაცრავად და კვიზინში მარტო ცხრა სახლის პატრონი ბრძანდება, გდანსკში კიდე აღარ ვიტყვი, მერიდება, ჰოდა რა გასაკვირია?
ზოგიერთი კი სისინებს ხოლმე იანის ზურგს უკან, - ქვეყანა ფული აქვს მაგ ჩემისასო. ირონიულად მეცინება - მეგობარო, დღეს და ღამეს ასწორებს მუშაობაში და იმიტომ აქვს, თორემ მტრედმა გარბენით კიარ დაასკლინტა! ბოღმა მაგარი უბედური რამეა, ნელ-ნელა გახრჩობს და მერე ფეხებს გაგაფშეკინებს.
ჰო... სად ვიყავი... კომბოსტოსავით შეფუთული რომ მნახა მკითხა, კიდევ ცუდად ხარო? სამი დღის უკან ქარხანაში ვიწუწავეთ და ცერცეტობამ თავისი შედეგიც გამოიღო - გავცივდი. თან ისე რომ დაცემინებაზე სახლში სამივე სართული „ჯანმრთელობას“ მპასუხობდა. ხსენებულმა „განთიადის მხსნელმა“ კი, როცა იმ საღამოს მოსაკითხად დამირეკა და ხმაზე შემატყო, რომ ბატივით ვახვახებდი, ზუსტად ათ წუთში გაჩნდა ჩემთან მთელი პარკი წამლებით ხელში. საკუთარი ხელით გამიკეთა ჩაი, წინ დამიდგა, ჩამოჯდა და მუქარით გამობზიკა თითი - დალიეო! ყურადღებიანი პოლონელი. მერე ავისმომასწავებლად დაამატა, მეორე დღეს ექიმთან გაიშოტები, თუ არ მომჯობინდებიო - ბოროტი პოლონელი! ვერ ვიტან ექიმებს! მითუმეტეს იმ ექიმებს, რომლებიც ჩემთვის გაუგებარ ენაზე მებურდღუნებიან რაღაცას, საშიში სახით.
იმდენი ვიქაქანეთ, სამსახურამდე როგორ მივედით ვერც კი შევამჩნიე. მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადმოსვლას ვაპირებდი, რომ გამიკრიჭა, თუ ისევ იწვიმებს აქ ვიქნებიო. „წვიმის კაცი“. „არ დასველდე კაცი“. „გაცივდები და გაგლახავ კაცი“. რამდენს მებლატავება?!
მანქანიდან კარგ ხასიათზე გადმოვხტი. ხელი დავუქნიე და კარი მივუხურე. დაცვას პოლონურად მივესალმე და ისე გავუკრიჭე გეგონება „ჭუკების ყარაულები“ კი არა, ნაყინის მცველები იყვნენ. ისე... რას გაასწორებდა ნაყინი (ამ დროს მახველებს, ხრჩობამდე!) ქარხანაში შეგრიალებისას როზას მოვკარი თვალი. სახედაჭმუჭნული იმალბოდა ქოლგაში. რაღაცნაირად გამიხარდა მოხუცის დანახვა, მაშინვე კისერზე ჩამოვეკონწიალე, - რავა ხარ მოხუცო-თქო. გამიცინა - როგორც ყოველთვის მხიარული ხარ, ბებოო. რატომ არა? ვინმე მოკვდა თუ რას უნდა ვგლოვობდე? იქ შესასვლელთან ტანიას მოვკარი თვალი და ახლა იმას ვეტაკე ფერდებში. ერთი შეჰკივლა დაფეთებულმა და რომ შემობზრიალდა და მე შევრჩი ხელში, დამჩქმიტა. მიყვარს ტანია. პატარა, ლამაზი ქალია. მოლდოველია, მაგრამ ისეთი კეთილი და მხიარულია, თავს ვერ ვიკავებ ხოლმე ახლოს რომ მიდგას სულ ვკოცნი. რაღაცნაირია, პატარა „მატრიოშკას“ მაგონებს. ქარხანაში ქმართან ერთად მუშაობს. მაგარი წყვილია. შესვენებისას „სამზარეულოში“ რომ ვიკრიბებით და სკამები გადაძეძგილია, ქმარი მუხლებზე ისვამს ხოლმე პატარა გოგოსავით. ყველაზე ლამაზი წყვილია „საჭუკეთში“. ისეთი გულწრფელები და თბილები არიან ერთმანეთის მიმართ, რომ გამოშტერდება კაცი, არადა ორივე ასაკიანია. არც ისე, მაგრამ მაინც.
„ცეცხლისფერმა“ გასახდელში წამათრია. ჩვენი “სუპერ ფორმაი” შემოვიცვით, ქუდები დავიხურეთ და ქარხანაში შევბოდიალდით. დილა მძაფრი შეგრძნებებით დაიწყო. მუშაობის დაწყებისთანავე დასცხეს. ერთმა პოლონელმა „ცეცხლისფერს“ ტარო გამოუქანა - რომ გეუბნები, გაჩერდი, გაჩერდიო! (სიმინდი წრიულად მოძრაობს ლენტაზე და ჯგუფი დროებით ყოვნდება, რომ აპარატმა რაც შეიძლება მეტი დააგროვოს, რომ ყველას თანაბრად შეხვდეს. წევრები კი თაღლითობენ ხოლმე და მალულად ცდილობენ აპარატში რაც შეიძლება მეტი სიმინდი მოათავსონ) სიმინდმა ისე ჩამიქროლა გვერდით სასწაულებრივად ასცდა წითელთმიანის თავს. ეს აქედან ყალყზე შედგა და „ბოი ბეზ პრაველს“ თუ როგორც იტყვიან ხოლმე წელში მოხრილი „ბირჟავიკები“, ცოტაღა უკლდა.
თვალებგაფართოებულმა ხმადაბლა დავუსტვინე, კაი, სიმინდის ტაროს გამო დანასისხლად თუ არ აქცევთ ერთმანეთს კარგი იქნება რა ვიცი... უცებ ხასიათი გამიფუჭდა, ხელი ჩავიქნიე, აპარატი მივატოვე და უკანა გასასვლელიდან მოსაწევ ბლოკში გავიძურწე. ჯერ ადრე იყო, გასვლის უფლება არ მქონდა, მაგრამ წესებს წავუყრუე. სკამზე ჩამოვჯექი და ერთი ღერი ამოვიღე. მოვუკიდე და ძლიერი ნაპასი დავარტყი, უჭმელზე გამაბრუა. თვალები დავხარე, ხანდახან ეს არანორმალური გარემო, არანორმალური ხალხით ჩემზეც მოქმედებს. ხანდახან ჩემნაირი ერთი შერეკილის პოზიტივი არაა საკმარისი ამდენი ნეგატივის გადასაფარად. ხანდახან მგონია, რომ მეც ვერ გავუძლებ და მერე თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ვისთან? ისევ საკუთარ თავთან. არ მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ რამეს ვერ გავუძლებ. არ მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა, როცა როზა ჩემს გვერდით იმაზე მეტად იტანჯება ვიდრე მთლიანად სასტავი ერთად აღებული. არ ვიცი ამ ქალს რატომ გადავეკიდე, არც ის ვიცი რატომ მიჩუყდება ცივი გული მისი დანახვისას. ვერც იმას გეტყვი საკუთარივით რატომ მტკივა მისი ატიკვებული წელი სკამზე გაჭირვებით ჩამოჯდომისას. არ ვიცი, რითი დაგეხმარო, როზა... ჩემს დრამებში გართულს თავს ახალი „წითელქუდა“ წამადგა ჯაჯღანით - აქ რას აკეთებო? ცალი თვალით ავხედე ქვემოდან - ბორშს-მეთქი, რომ გითხრა დამიჯერებ? ვინ ხარ? ვის დაკარგვიხარ, ქალო? ჩემი დობერმანი სადაა? მაგრამ რანაირად ვკითხო ეს მის ენაზე? ხელი ჩავიქნიე. მშვიდად გავაგრძელე მოწევა მისი ჯაჯღანის ფონზე. ბოლოს მიხვდა, რომ მეკიდა და შემეშვა. იბურდღუნა და გამეცალა.
თითქმის ჩამწვარი ფილტრი შორს მოვისროლე და წამოვდექი. უკან შებრუნებულმა გავაცნობიერე, რომ „წითელქუდიანების“ სასტავი მთლიანად შეცვლილიყო - სერიოზულად? ახლა ამათ გაატარე პრაქტიკები, რომ ჯიუტი ქართველი ხარ და მის დაკრულზე არ იცეკვებ! ამოვიოხრე. ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, მეორე „ბებოს სიცოცხლე“ რომ დამეცა თავზე - მეორე ბლოკში გადამყავხარო. წარბები მაღლა გამექცა - იქამდე შენ არაფერი გეტკინოს, ცუნცულით არ გამოგყვე! „ნი ხაჩუ-მეთქი“ ნაგლად ვუთხარი და გვერდი ავუქციე. გაგიგონია? ჩვენი დიმას ჯეკასავით დამედევნა, გინდა თუ არა მოდიხარო - ქალო, შენ თავი რამეს ხომ არ მიარტყი? ან სანამ მიგირტყამს გამეცალე! ის იყო, მუქარის გადმოცემის გზებზე დავიწყე ფიქრი, რომ მეორე „წითელა“ ტარაკანივით გამოძვრა მოპირდაპირე კუთხიდან (რა გამრავლებთ, ხალხო, გინება?!) პირველი „შერვა“ (შესვენება) უწევთ და მერე გადავიყვანოთო. „სამზარეულოში“ გაბრუნებულს „ცეცხლისფერმა“ მახარა მეც გადავყავარო, გამეცინა. ვხვდებოდი, ფოკუსების ჩატარება მოგვიწევდა ორივეს. თხუთმეტი წუთის გასვლის შემდეგ, მეორე შესასვლელიდან შევიპარეთ ქარხანაში, რომ „კიროვნიკებს“ არ დავენახეთ და პოსტებს დავუბრუნდით. დარბიან თურმე ჯიგრები და გვეძებენ მთელი ქარხნის მასშტაბით, თუ სად გაქრა ორი დეზერტირი, რომელსაც თბილ ცეხში უპირებდნენ გამწესებას. გაიხარე, ოქრო, ჩემს ადგილზეც თბილად ვარ! ცოტა სველი, მაგრამ „ნიჩეო“.
ტრაილერმა სიმინდი გამოლია. საქმე არ იყო და გზააბნეული ჭუკებივით დავბორიალობდით ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენზე დარჩეს და საქმეს ვაკეთებდით. რეზინის მილები ავიტაცეთ და რაც თვალში არ მოგვივიდა, ყველაფერს „ნაპორით“ გავუსწორდით. ანუ ისევ ვიწუწავეთ და ისევ დავსველდი, თან მაგრად დავსველდი. ცხვირმაც არ დააყოვნა და ისე სასტიკად დამაცემინა, ფილტვებმა ბოდიში მომახდევინეს. ჩემს გაწამაწიაში ვარ, რომ ახალმა ქორებმა ტურებივით მოგვაგნეს. შორიდან მოგვკრეს თვალი მე და „ცეცხლისფერს“ და მაშინვე ჩვენკენ დაეშვნენ - ოპაა, ბელ, მოკიდე აბა ხელი მაგ უზარმაზარ ჩოთქს და თუ გაგიძალიანდნენ ბეჭებზე გადაუჭირე!
თავს დაგვაცხრნენ და თავიანთ ენაზე რაღაცას გვეყაყანებოდნენ. ინტონაციით და თვალების ბრიალით დაახლოებით შინაარს მივხვდი და მკაცრი მზერით ვანიშნებ - ტყუილად ყიყინებთ ბატებივით, ფეხს არ გამოვადგამ არსად-მეთქი. „ცეცხლისფერმა“ ცალკე იქით გაჭიმა ფეხები და სანამ შამქორს გავაცნობდით, ისტორიის ფურცლებიდან, ჩვენი გუნდელი ჩაერთო საუბარში. იმან კარგად იცის რუსული, მე ვამტვრევ და ამ გაბრაზებულზე, კი არ ვამტვრევ და უკვე ვამსხვრევ. გუნდელმა უთარგმნა არ უნდათ წამოსვლაო. ამ ყაყანში კიდევ ერთი ქართველი ჩაერთო დისკუსიაში, შეეშვით ამ გოგოს, მე გადავალ მის ნაცვლადო - იმათ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, არაო! ანუ განა რამე მნიშვნელობა ჰქონდა ვინ გადავიდოდა თბილ ცეხში, უბრალოდ ჯიბრში ჩამიდგნენ რა. ამაზე მე და ხსენებულ „მხსნელ-შემცვლელს“ ერთდროულად აგვენთო წითელი და სანამ მართლა ვინმე ვინმეს სახით ათრევდა უფროსობასთან გადარეკეს - ქართველებთან პრობლემებიაო. დაეშვა დედა დათვი მოკვდავთა მიწაზე. ის უფრო ადეკვატური აღმოჩნდა. გასაუბრებამ გაჭრა - რა პრობლემაა, თუ შეეცვლებიან რა მნიშვნელობა აქვს ვინ გადავაო - „დობრაო“. უფროსის თანხმობის მიუხედავად, მაინც ჯაჯღანებდნენ და თითს ჩემკენ იშვერდნენ - ანუ ამიკვიატს რა. „გედემეკეტა“ და სანამ „წელის მოთრევის“ გეგმას სისრულეში მოვიყვანდი „თარჯიმანი“ შუაში ჩადგა. იქით „მხსნელ-შემცვლელს“ აკავებდნენ, ბოლო ხმაზე რომ უყვიროდა გაცეცხლებული - გოგო ადგილიდან ფეხს მოიცვლის და კბილებს დაგაყრევინებთო, რომ ამასობაში მთლად უფროსი გაგვიგიჟდა. ესენი ვინ არიანო. ბევრი აღარ მალაპარაკეს და ბონუსად სახლშიც გამოგვიშვეს. მეც და „ცეცხლიფერიც“ ორივე გალუმპულები ვიყავით და საშინლად მახველებდა. გარეთ გამოსულს კი თავსხმა წვიმა შეგვეგება. კაიფობ ხომ? თან ისე ციოდა, კბილს-კბილზე გვარტყმევინებდა ორივეს. გასახდელში ძლივს გამოვიცვალეთ და მეგობარმა მანქანით გაგვიყვანა სახლამდე. შინ დაბრუნება ასე ჯერ არ გამხარებია. სასწრაფოდ გამოვიცვალე და ცხელი ყავა დავლიე. ბეჭები და ფერდები ერთიანად მტეხდა. ჩემს ოთახში ავედი და ლოგინში ჩავწექი. ყურსასმენები მოვირგე და ჩამეძინებოდა კიდეც, იანის ესემესმა რომ გამომაფხიზლა - „საღამოს მცალია და გამოვივლიო“. ესე იგი, დღეს მაინც არ ექნებოდა ცუდი დასასრული... კმაყოფილმა თავი ბალიშის ქვეშ შევმალე და ისე ჩამეძინა ვერც გავიგე...


კვიზინი/ 02:15 წთ/ მთვარის 11 დღე, პირველი ფაზა, იგივე დღე...
ტელეფონის ზუზუნმა თვალის გახელა მაიძულა. გაბრუებულმა ეკრანს დავხედე. იანი რეკავდა. ოჰ, წერო კაცი მორჩა სამსახურს?
- მივესალმები იუმორის მამას! - ავხრიწინდი გამხიარულებული თან ისე დამახველა კინაღამ გავიგუდე.
- ოოო, ღმერთო! - წაიდუდუნა უკმაყოფილოდ - შენ რა ისევ გაცივდი?
- როდის მოვრჩი რო? - წარბი მაღლა გამექცა.
- ისევ დასველდი? - ხმა დაუსერიოზულდა.
- ჯერ ქარხანაში, მერე გარეთ და სახლში რომ მოვედი მერე აბაზანაში - გამეცინა.
- წამლები გაქვს?
- ჰო.
- მაგალითად?
- ოო, რა მახსოვს ასე.
- კაი, თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნები.
რაც ნიშნავს, თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნები და თავად შევამოწმებ „კურვა მაჩ!“ ( ერთი პლონური გინებაა, ათასი მნიშვნელობით). ახითხითებულს სიცილი ხველაში გადამივიდა და სახე ბალიშში დავმალე. აუ, ახლა თუ ფილტვების ანთება ავიკიდე მერე სასაცილოდ არ მექნება საქმე! ზუსტად თოთხმეტ წუთსა და ოცდათვრამეტ წამში (არ ვაჭარბებ, პუნქტუალური მანიაკია) კარზე მომიკაკუნა.
- შემოდი! - საწოლიდანვე გავძახე. სად მქონდა ადგომის თავი?!
- რა გჭირს?
ხმაში შეშფოთება გაერია. კარი მიხურა, წამლების პარკი მაგიდაზე დააგდო და ჩემკენ დაიხარა. ხელის გული შუბლზე მომადო. მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდი, კარგი ამბები არ ჰქონდა ჩემთვის ჩვენს „დოქტორს“.
- სიცხე მაქვს? - ჩემით ვერაფერი გამეგო. ხან მციოდა, ხან მცხელოდა.
- ექიმთან მიმყავხარ! გაიგე? - თითი მუქარით დამიქნია - ასე რა გავიგო რა გჭირს და რა არა. სახეზე ფერი არ გადევს!
- ნუ ჩავარდები ახლა პანიკაში! - შევუბღვირე.
- დამაცადე ცოტა ხანი, მალე დავბრუნდები.
კითხვაც ვერ მოვასწარი სად მიდიხარ-მეთქი. წამლების პარკიდან რაღაც ამოქექა და ოთახიდან გავიდა. ახლა კიდევ ის საზიზღარი ჩაი თუ უნდა ჩამასხას ხახაში, ვიტირებ! საძაგელი გემო აქვს! რაღაც დაობებული წყალმცენარეების! იუჰჰჰ! ის იყო ლოცვა დავიწყე ოღონდ ეგ არა-მეთქი, რომ მალევე შემოაღო კარი, უზარმაზარი ჭიქით ხელში. ბლანტი მოყვითალო სითხე ამაზრზენად ტივტივებდა გამჭვირვალე ჭიქაში.
- კაიი... - სახე ბალიშში დავმალე - იან, მომაშორე! ყარს!
- ხო, სულ შენ შეგეკითხები ახლა, გინდა თუ არა! შაქარიც ხომ არ ჩაგიყარო? - თვალები გადამიბრიალა მუქარით. ჩემს წინ მეორე საჭოლზე დაეშვა და ფინჯანი გამომიწოდა - დალიე! არ გამამეორებინო! ხვალ დილას სიცხე თუ გექნება, ექიმთან მივდივართ. წერტილი!
ისეთი ტონით დაასრულა მონოლოგი აღშფოთებული შეპასუხების შანსის გარეშე დამტოვა. გაბუტულმა ჭიქა გამოვართვი და დაბღვერილმა ზიზღით მოვსვი. ექიმს მერჩივნა ეს ნარეცხი!
- სამსახური უნდა შეგიცვალო. - ოხვრით მომაჩერდა - შენისთანა პატარა გოგონებისთვის არაა ის ადგილი, ანაბელ.
- ოხ, კაი კაცო! - გამეცინა - არც ჩემი მოხუცი მეგობრისთვისაა შესაფერისი ის ადგილი, მაგრამ მუშაობს, იან. ჩვენ ემიგრანტები ვართ, აქ ამისთვის ჩამოვედით.
მხრები უდარდელად ავიჩეჩე. წამით დადუმდა და უხმოდ მომაჩერდა. ვერ გეტყვი რაზე ფიქრობდა, იმ წამს მართლა ვერ ვკითხულობდი მის აზრებს. მოკლე დროში ძალიან დავახლოვდით. ძალიან კარგი მეგობრები ვართ და მისი ერთი გამოხედვაც საკმარისია, რომ გავიგო რა უნდა, რაზე ფიქრობს, ან რა უნდა მითხრას, მაგრამ იმ წამს ვერ გავიგე მის თავში რა ტრიალებდა. მინდოდა რომ მეკითხა, მაგრამ არ მიკითხავს. მდუმარედ მოვსვი საზიზღარი ნაყენი და ზიზღით გამაჟრჟოლა.
- სამსახური უნდა შევიცვალოთ, ანაბელ, - გამიმეორა ხმადაბლა. - ჯერ არ ვიცი რას მოვახერხებ, მაგრამ ვიმუშავებ ამაზე. კარგი? შენ იქ ვერ გაძლებ. მალე ზამთარი მოვა. ხელებში უნდა ჩამაკვდე? არ გამოვა ასე!
- ისედაც საკმარისად მეხმარები, - უხერხულად შევიშმუშნე - იან, ყველაფერი რიგზეა.
- არა, არ არის! - მზერა მრავალმნიშვნელოვნად გადაიტანა ჩემს ჭიქაზე - ამ თემაზე საუბარს აღარ ვაპირებ. გითხარი უკვე როგორც იქნება. დავასრულე. სიახლეებს კი შეგატყობინებ.
- ჩემს გარეშე გადაწყვიტე? - წარბები მაღლა გამექცა. თან ნერვები მეშლებოდა, თან ვცდილობდი არ გამცინებოდა.
- კი, რაღაცეებს შენს გარეშე გადავწყვეტ და ისიც მხოლოდ და მხოლოდ შენი კეთილდღეობისთვის. არ ხარ ვალდებული ჩემი აზრი მოგწონდეს. მთავარი ისაა რომ უკეთ იქნები.
ჯიუტად მიყურებდნენ მზესუმზირები ლილისფერი ტბიდან. თავი გავაქნიე. აღარაფერი მითქვამს. არც ჰქონდა აზრი. ტყუილად ვიკამათებდით. ახალი სამსახურის შოვნა, ემიგრანტისთვის რომელიც სხვა კომპანიას ჰყავს ჩამოყვანილი, უშველებელს არა, მაგრამ მაინც პრობლემას წარმოადგენს. არ მინდოდა ჩემს გამო პრობელმები შექმნოდა, ან მეტი საზრუნავი გასჩენოდა. არადა თუ თავისას დაიჟინებდა მოუწევდა, - შენ როგორ ფიქრობ? კომპანია რომელიც თანხას გიხდის იმისთვის, რომ თავისი კადრი შენს ჰოსტელში აცხოვრო, შენ კი ერთ-ერთი მათგანი მისი სააგენტოდან მიგყავს აი ასე თავხედურად, როგორი ჟესტია? არც ისე მეგობრული ხომ? მეც მანდ ვარ! საშინლად არ მინდოდა მისი თავისტკივილის მიზეზი გავმხდარიყავი, თუმცა თუ რამეს დაიჟინებს, ვერაფრით გადაათქმევინებ. სვანივით ჯიუტია!
- უკეთ ხარ? - ყურადღებით შემათვალიერა, როცა ჭიქა ბოლომდე გამოვცალე.
- ჯერ განსხვავებს ვერ ვგრძნობ.
მხრები ავიჩეჩე. მოსაცმელი კიდევ უფრო მჭიდროდ მოვისხი მხრებზე და ბალიშზე ჩავცურდი. მოვითენთე. წამოიწია და საბანი ბეჭებზე შემისწორა.
- ხვალ სამსახურში არ წახვალ! - თითი დამიქნია მუქარით - გაიგე?
- იეს, ბოსს! - საბნის ქვემოდან ავხითხითდი. ოხვრით გადაატრიალა თვალები.
- არანორმალური რომ ხარ იცი ხომ? - შეწუხებულმა დამხედა ზემოდან.
- აბა რომელი ნორმალური იმუშავებს „ჭუკების“ ქარხანაში? - ხელი გამოვყე და ფერდში ვუჩქმიტე. სასაცილოდ შეკრთა.
- ძალიან არ მინდა, მაგრამ უნდა წავიდე. - ჩემი ონავარი თითები ისევ საბნის ქვეშ შეტენა - თუ რამე დაგჭირდება დამირეკე. გაიგე? დროს მნიშვნელობა არ აქვს.
- ჰო, ჰო და ზარი რომ შემოგივა და გაგაღვიძებს, „კურვა მაჩო“ შენს ღრიალს ჟელაზნაზე გავიგონებ! - ისევ წამომიარა ხითხითმა და ისევ ხველაში გადამივიდა, ჯანდაბა!
- პირობა მჭირდება, რომ დარეკავ! - ისევ გაუმკაცრდა სახე. უიმე პოლონელო კრეჭა უფრო გიხდება.
- კარგი, ჰო, გავიგე.
- ხვალ დილის ცვლა მაქვს, სანამ სამსახურში წავალ შემოვივლი.
- ოქეი.
ენა გამოვუყე. გაეცინა. ფეხზე წამოდგა. საბანი კიდევ ერთხელ შემისწორა. ტემპერატურა ბოლოჯერ შემიმოწმა და ოხვრით გაბრუნდა. თვალი გავაყოლე - აყლაყუდა კაცი. წერო კაცი! ჩემს ოთახში რომ შემოდის ქოჩორით ლამის ჭერს ეხება. რანაირია?... სანამ კარს გაიკეტავდა თავი უკან შემოჰყო - კარის ჩაკეტვა არ დაგავიწყდესო, დამმოძღვრა და კიბეებზე დაეშვა. მაინც არ ენდობა ქართველებს. რატომ ჰგონია რომ ვინმე ოთახში შემომივარდება? წელი ძლივს ავითრიე. კარი გადავკეტე და ისევ საწოლში მივიბუდრე ავადმყოფი წიწილივით. ეს რა ჯანდაბა დამალევინა, რომ კისერი მომწყდა?! ტელეფონზე საათი შევამოწმე. ეკრანის ანთებისას ოცამდე გაუხსნელმა შეტყობინებამ შემომანათა წითლად. ამოვიოხრე და ტელეფონი გვერდით გადავდე - არაფრის თავი არ მქონდა. არც საუბრის, არც პასუხის გაცემის, არც არავინ მინდოდა... ხანდახან მარტოობაზე კარგი არაფერია... თვალები დავხუჭე და როგორ ჩამეძინა ვერც გავიგე.


კვიზინი/ ცვლილებები - ჭრელი ჰორიზონტი/ 22:11წთ/ მთვარის 20 დღე, მესამე ფაზა...

„ბეიბი ბოსის“ შეტყობინებას უკვე მეასედ ვკითხულობდი და ყოველ ჯერზე უფრო მიჭირდა რეალობის გაანალიზება - „ვწუხვარ. არაფერი გამოვიდა. ქალაქის დატოვება მოგიწევთ. მანქანას დღეს გამოგიგზავნით, ლოძში მიმყავხართ.“ გაცეცხლებულმა ტელეფონი ლამის კედელს მივალეწე. რა ლოძი, რის ლოძი, ხომ არ ღადაობ?! რა ჭირი მინდოდა, იმ მოუსვლელში?! მაშინვე იანს გადავურეკე. ზუმერი გაიწელა, როგორც წესი მაშინვე მპასუხობს ხოლმე, ალბათ დაკავებული იყო. უნდა გამეთიშა, რომ მისი ჩუმი ბურტყუნი მომესმა ვიღაცას ებოდიშებოდა - ახლავე დავბრუნდებიო. შეხვედრაზე იყო და ხელი შევუშალე. მოვუბოდიშე - მერე დაგირეკავ-მეთქი, მაგრამ გამაჩერა - რა ხდებაო? ვუთხარი რამდენიმე საათში ქალაქს ვტოვებ-მეთქი. ჯობდა ჩემგან გაეგო, სანამ სახლის მეპატრონეს უფროსობა მოახსენებდა - შენი მდგმურები მიდიანო. რაო?! - წამოიძახა უკმეხად. ახლოს არ იყო, მაგრამ წარმოვიდგინე, როგორ გაუფართოვდა ცისფერი თვალები - უკვე გზაში ვარ, გამოვდივარო. ნაჩქარევად მომაძახა და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი ტელეფონი გამითიშა.
საწოლზე მძიმედ დავეშვი და სახე ხელებში ჩავრგე. აქაურობას შევეჩვიე; ქალაქს შევეჩვიე; ხალხს შევეჩვიე; პოლონეთის ერთი მიგდებული, წყნარი და უბრალოდ ძალიან ლამაზი გარეუბანი მშვიდ ნავსაყუდელად მექცა. ახლა კი, ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი ამ სიმშვიდეს ნელ-ნელა და ცხოვრებაში პირველად მახრჩობდა ცრემლები. სამშობლოდან წამოსვლისას არ მიტირია. რა მეტაკა?! განერვიულებულმა განადგურებული კოლოფიდან ბოლო ღერი ამოვიღე და მოვუკიდე. ხელები მიკანკალებდა. წინა საღამოს მომხდარი კინოფირივით დამიტრიალდა გონებაში - აყვირებული ქართველები, აბუზული „კიროვნიკები“, ქართული გინება და პოლონური ბურტყუნი რაციებში. ფორმიანების გამოჩენა და დაშლილი „აქტივისტები“. წინა დღეს ერთი ჩვეულებრივი შელაპარაკება (ქარხანაში თითქმის ყოველდღე ვკამათობდით „კიროვნიკებთან“) სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალები ჩადგნენ შუაში, რომ ქართველებს პოლონელი ზედამხედველები შუაზე არ გაებრდღვნათ. განა რამე ტრაგედია მოხდა?! უბრალოდ შხამი დაგროვდა წვეთ-წვეთად და მერე ერთიანად ამოხეთქა. „წითელქუდებმა“ ერთ ჩვენიანს შეუქმნეს პრობლემები და არც დანარჩენებმა დავიხიეთ უკან. საერთო ბუნტს კი პასუხად ხელმძღვანელობისგან, ცოტა ბრუტალურად, რომ გითხრა „გაჯმევინების“ ბრძანება მოჰყვა - ესეც შენი რქები მეგობარო, უცხო ქვეყანაში რომ ჩამოდიხარ და შენს ტალღაზე „ატრაკებ“ ეგრე არ არის რა. აქაურ ხალხს ერთმანეთი ჰკიდია და შენ ვისი ტიკი ტომარა ხარ რომ გაგითვალისწინონ? ჰოდა ჩვენი გულისტკივილიც შესაბამისად „გაითვალისწინეს“, ნამეტანი გადაიღალეთ და „იძიწე გულაითო“ ასე დავკარგეთ ყველამ სამსახური და ჩვენი „ბეიბი ბოსიც“ ვერაფერს გახდა. რა ტრისტანას ბრალი იყო, ქართველმა რქები რომ ვერ დაიხერხა? ეცადა კაცი, მაგრამ „ბოტებიანმა მთლად ბოსმა“ - არაო! მაგათ ჩემს ქარხანას არ გავაკარებ, შეშლილები არიანო! დავაფრთხეთ ბოტებიანი კაცი.
სიგარეტის უკანასკნელი ღერი ისე ჩამეწვა თითებში ვერც გავიგე. თავი მაშინ ავწიე, როცა ტელეფონზე იანის შეტყობინება მივიღე - გაემზადე, წუთნახევარში შენთან ვიქნები, ერთ ადგილზე მივდივართო. დავიბენი. სად მივყავდი? ისედაც მზად ვიყავი. ბარგიც კი მქონდა ჩალაგებული. სანამ პასუხს დავუბრუნებდი, გავიგე, როგორ დაამუხრუჭა შავმა ჯიპმა ჭიშკართან - ასე სწრაფად როგორ მოვიდა? ოთახიდან გავედი და კიბეებზე ჩავირბინე. პირველ საფეხურზევე შემეჩეხა.
- იტირე? - შემიბღვირა.
- არა.
- ჰო, ჰო, ვხედავ. - თავი გააქნია - წამოდი, გასაუბრება გაქვს.
- რა გასაუბრება? - უარესად დავიბენი.
- გზაში მოგიყვები. გველოდება, წავედით.
სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდი წინ გამიგდო. მანქანაში რომ ჩავსხედით და ჯიპიც საბურავების წივილით მოსწყდა ადგილს, მხოლოდ მაშინ გამიმხილა, რომ სანამ სახლამდე მოაღწევდა იმ თხუთმეტ წუთში მოასწრო ჩემთვის ახალი სამსახურის პოვნა, პლუს ამას პოლონელ „ჰიტლერთან“ საქმის მოგვარება, რომ სასაზღვრო პოლიციისთვის „ჩახსნის“ ცნობა არ მიეწოდებინა. ანუ რა ხდება - თუ საზღვარგარეთ ჩამოსული შენს კომპანიას მიატოვებ, შენზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის, სასაზღვრო პოლიციას შენს მონაცემებს გადასცემს და კარგად მეყოლე - ჩარტერული რეისით სამშობლომდე!
გავშტერდი. როგორ მოახერხა ყველაფრის მოგვარება ასე სწრაფად?! ვამჩნევდი, რომ თვითონაც ღელავდა. გზაში გამაფრთხილა - წინასწარ არ ვიცი, ტომაშთან (მისი ახლო მეგობარია) გასაუბრება როგორ ჩაივლის, ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო. არ გპირდები, უბრალოდ ვეცდები დაგეხმაროო. მხოლოდ ის მინდა გთხოვო, რომ იყავი ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ, ამაზე მეტს შენგან არავინ მოითხოვსო. პოლონელის ნათქვამის გადახარშვა გამიჭირდა. ძალიან ვიყავი განერვიულებული და ვერ მივხვდი რას ნიშნავს - იყავი ის ვინც ხარ? რას მიწყვეტს აქ ჩემი თვისებები, როცა არანაირი გამოცდილება არ მაქვს იმ სფეროში სადაც სავარაუდოდ მიმაპრონწიალებს? შავ-ბნელი ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე, როცა მანქანა ავტო-სატრანსპორტო ქარხანის ეზოში დაამუხრუჭა. აქ რა ჯანდაბა უნდა ვაკეთო, მეტყვის ვინმე? მანქანის ნაწილებზე მუშაობაღა მაკლდა! თუმცა, რა მნიშვნელობა ჰქონდა სამსახურს? სალონიდან გადმოვედით და ქარხნისკენ ავიღე გეზი. სიცილით ჩამავლო მაჯაში ხელი - სად მიბოდიალებო და ოფისისკენ წამათრია. დაცვას საშვი გამოართვა და კიბეებზე პირველმა აირბინა. დაეჭვებული უკან მივყევი. კიდევ უფრო დავიბენი, როცა სრულიად სხვა სამყაროში ამოვყავი თავი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილმებში ბევრჯერ რომ გინახავს ზუსტად ისეთ „გაბზეკილ“ ოფისში - ევროპაში ჩამოწუწულმა, ევროპა პირველად ამ ზღურბლის გადაბიჯებისას ვიგრძენი. როგორ აგიხსნა ლაკონურად და თან ამომწურავად? სერიალებში მდიდარი მამიკოს ტუტუცი შვილების კომპანიებისთვის ხომ მოგიკრავს თვალი? - ანალოგი იხილა ჩემმა თვალებმაც ბატონი ტომაშის სახით, რომელიც ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ზურგშექცევით კაბინეტში იდგა, ყურსასმენში საუბრობდა და უმისამართოდ იქნევდა ხელებს - მორიგი მოლაპარაკება უცხოელ კლიენტთან? იანმა მდივანს ჩაუარა და მინის კარზე თითით მიუკაკუნა - გარეთ გამოდიო. ახალმა „ბოსმა“ დიალოგს დასრულება აღირსა, პატივი დაგვდო და გარეთ გამობლატავდა - შენადა უამრავი ქარხნის მფლობელის კვალობაზე, ზედმეტად სადად ხომ არ გამოიყურები? სადაა პინგვინის ჰალსტუხი და პიჯაკი? პერანგი და ჯასთ ჯინსის შარვალი, აქაური „მაფიოზური“ ტრენდია? მომეწონა. მდიდარ „ბომჟს“ არ ჰგავდა. ადამიანი იყო რა, უბრალოდ საქმიანი ადამიანი. ხელი გამომიწოდა და ღიმილით მომესალმა - სასიამოვნოა შენი გაცნობაო. ინგლისურს მსუბუქი პოლონური აქცენტი დაჰკრავდა. ხელით გვანიშნა თავისი კაბინეტისკენ, გზად კი მდივანს მიაძახა - სამი ყავა შემომიტანეთ კაბინეტშიო. განწყობაზე რომ ვყოფილიყავი ბევრს ვიხალისებდი ახალ „პერსონაჟზე“, მისი უცნაური ოფისიც აღმაფრთოვანებდა, რომელიც ცხოველების ფიტულებით, დასაკრავი ინსტრუმენტებითა და ულამაზესი ნახატებით მოერთო - თავი მუზეუმში მეგონა, კაბინეტში კი არა. მაგრამ ისე ვღელავდი, სანამ იანმა არ მიმაშველა ხელი, ჩამოჯდომა ვერც მოვისაზრე. ახალმა და სავარაუდო „ბოსმა“ ჩვენ წინ დაიკავა ადგილი, თითები ერთმანეთს გადააჭდო და ყურადღებით შემათვალიერა. პირველი კითხვა კი, რაც დამისვა ეს იყო - რამე გამოცდილება გაქვს ოფისში მუშაობისო? კაია, რომ ვიჯექი, თორემ ალბათ ადგილზე მოვითენთებოდი. არა-მეთქი. მოურიდებლად ვუპასუხე. რა ოფისი, შვილო, „კუკურუზას“ ვანადგურებდი დანადგარში. მე და შენი ოფისი ისე ვართ ერთმანეთთან, როგორც მახინჯი იხვის ჭუკი სარკეში. ჩემს ტრაგი-კომედიაში ჩაძირული, ტომაშის პასუხმა გამომაფხიზლა - არც მჭირდებაო. დაბნეული სკამზე შევსწორდი - რამე ხომ არ მომეყურა-მეთქი. გაურკვევლობა რომ შემატყო დააზუსტა - მე შენგან მხოლოდ ის მჭირდება, რომ გენდობოდე, დანარჩენში მოვგვარდებითო. გასწავლი ყველაფერს რაც საჭიროა, ოფისის საქმით დაწყებული უცხო ენებით დამთავრებული, თანამშრომლებისთვის ფული არ მენანება, მაგრამ შენში დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ნდობა შემიძლიაო. გამეღიმა - შეიძლება ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ ნდობის პრობელმა, ჩემთან ნაკლებად, მეგობარო. მტერი, რომ მტერია იმას არ ჩავარტყავ დანას ზურგში „არასპრავედლივი“ მგონია. კაი, ხუმრობა იქით იყოს და პირი გავაღე, რომ პასუხი დამებრუნებინა, მაგრამ ისევ თვითონ განაგრძო - იანმა, შენზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მითხრა, რომ სანდო პიროვნება ხარ და შემიძლია შენთან თანამშრომლობა, ამიტომ ზიხარ მანდო. მზერა ჩემი პოლონელი მეგობრისკენ გამექცა - რაები ირატრატე, „განთიადის მხსნელო“? იანს აშკარად შეეტყო უხერხულობა და ტომაშს რაღაც უთხრა პოლონურად. „ბოსმა“ შეუსწორა, - ინგლისურად ისაუბრე, გოგომაც გაიგოსო, მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია, პოლონურად ისე სწრაფად მიაყარა, იქიდან ჩემთვის ვერც ერთ ნაცნობ სიტყვას ვერ მოვკარი ყური. ისე ჩაერთვნენ დიალოგში მე სულ მიმივიწყეს, არც ასისტენტი შეუმჩნევიათ, რომელმაც ყავა მოგვართვა და არც ჩემი უკვე ნახევრამდე ჩაცლილი ჭიქა მათ ლოდინში. რაზე კამათობდნენ? ბოლოს ტომაშს გაეცინა და რაღაც იკითხა. იანმა თვალები გადაატრიალა. იქნებ მეც გამარკვიოთ რა ხდება-მეთქი? - სიტყვის ჩაკვეტება ვცადე წამიერი დუმილისას. უფროსმა ჩემზე გადმოიტანა ყურადღება და ღიმილით მკითხა, - რამდენი ხანი აპირებ აქ დარჩენასო? რაც უფრო დიდხანს მით უკეთესი-მეთქი და ჩაუცინა - მოდი პირდაპირ გეტყვი, პოლონელს უნდა გაჰყვე ცოლად და შენი პრობლემაც უმტკივნეულოდ მოგვარდებაო. წარბები მაღლა გამექცა. აი თურმე რაზე იცინოდა ვაჟბატონი საპასუხოდ კი ხელები ასწია - ვხუმრობო და უცებ დასერიოზულდა. თითები ერთმანეთს გადააჭდო და ჩემკენ გადმოიხარა - მე შენ მომავალს გაძლევ, გამოიყენებ თუ არა, შენი გადასაწყვეტია, ყველაფერი მხოლოდ შენს ხელშიაო. ჯერ ჩემი ერთ-ერთი ასისტენტი იქნები, დაგაკვირდები, თუ ამიწყობ ჩემი თვალები და ყურები გახდები, არა მარტო ამ კომპანიაშიო, მაგრამ თუ ვერ შეძლებ, ჩემი გოგოებიდან ერთ-ერთი მაინც შემოვა და მეტყვის, რომ შენთან მუშაობა არ სურს, აქ დავემშვიდობებით ერთმანეთსო. აი, ამ სიტყვებით გამომიწვია ადამიანმა, რომელიც თხუთმეტი წუთის გაცნობილი მყავდა და მხოლოდ იმიტომ მიღებდა სამსახურში, რომ მისმა მეგობარმა სთხოვა - ვერ გავექცევით ამ ნეპოტიზმს ვერა. კაი, ხუმრობა ისევ იქით იყოს - „ჩაწყობით“ მოხვედრა ერთია, მაგრამ შენ რამდენად გაქაჩავ მეორე. „ნეპოტიზმს“ ხანდახან შანსი ჰქვია, რომელიც უნდა გამოიყენო, თუ მართლა რამეს წარმოადგენ. იანმა დახმარების ხელი გამომიწოდა, მაშინ, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, ახლა კი შანსი მომეცა, რომ არა მარტო ჩემი მეგობრისთვის საკუთარი თავისთვისაც დამემტკიცებინა, რომ რთული და ძალიან ცუდი სიტუაციების მიუხედავად კარგიც ხდება. ცხოვრება შესაძლებლობის გარეშე არ გტოვებს - უბრალოდ შენზეა, რამდენად შეძლებ მის გამოყენებას. როგორც იანი იტყოდა - არ თქვა, გააკეთე. არ უთხრა, აჩვენე! მომავალ უფროსს მზერა გავუსწორე და ღიმილით ვუთხარი - თუ შენთან მუშაობას ვერ შევძლებ, თავად შემოვალ და გეტყვი სამსახურიდან მივდივარ-მეთქი, რაც მეეჭვება მოხდეს, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება-მეთქი. თავხედობა და თავხედობაც გამიგონია, ბელ მაგრამ, ცოტა ხომ არ გადააჭარბე? ზედმეტად თვითდაჯერებული ხალხი თავად მძაგს! ჩემმა პასუხმა „უგალსტუკო“ ბოსი გაახალისა - შევთანხმდითო. სამი გამოსაცდელი თვე შენ და შემდეგ... შემდეგ გაგრძელებაზე ვიფიქროთო. ასე იყო და ამგვარად, ბატონმა უფროსმა თავის ასისტენტს უხმო და საბუთების მოსაწესრიგებლად მეორე ოფისში გამიშვა. გზადაგზა კაბინეტბს ვათვალიერებდი. აქ ყველა პოლონელია, არცერთი უცხოელი არ ჭაჭანებს და მე რომ ჭრელი ყვავივით ვარ „ნიჩეო“? პასუხისმგებლობის სიმძიმე გაასმაგდა. გადამისამართებულ ოფისში ყველა ისე თბილად დამხვდა, ვიუცხოვე. ვინ თქვა პოლონელები ფხუკიანები არიანო? ყავა შემომთავაზეს და სანამ ჩემს მონაცემებს შეავსებდნენ გოგონების გაცნობაც მოვასწარი. ყველაზე მეტად ნატალკა მომეწონა - ჩემსავით გრძელი თმა აქვს, ოღონდ ქერაა, მწვანე თვალებით. რაპუნცელს ჰგავს, ოღონდ უფრო ლამაზია, ჩამოსხმული ტანით და ნაზი, ძალიან ნაზი ხმის ტემბრით - იცნობდეთ ბარბის, ლოჯისტიკის ოფისიდან. მორიგ ყავას ვწრუპავდი ჭიქიდან, გოგონებს ვუცინოდი და ვხვდებოდი, რაღაც ძალიან, ძალიან დიდი იწყებოდა. ახალი თავგადასავლებით, ახალი ფერებით და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პოლონელის, იანის დამსახურებით - რომელიც „არ გაცივდე კაციდან“, „ყოველთვის შენს გვერდით მიგულე“ კაცად იქცა. ჩამეღიმა. გოგონებს მადლობა გადავუხადე მასპინძლობისთვის, ბოლო საბუთებს ხელი მოვაწერე და უკან „ბოსის“ კაბინეტში დავბრუნდი. საუბარი მაშინვე შეწყვიტეს და ორივემ მე გამომხედა. მორჩიო? - გამიღიმა იანმა. ჰო-მეთქი, გავუკრიჭე. დავინახე, როგორ აერეკლა ჩემი სიცილი საკუთარ სიფათზე და კიდევ უფრო გავმხიარულდი...



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ამეტირაა.
შენიანი რომ არ გაგიკეთებს, ისეთი საქმე ითავა მაგ კაცმა.აღფრთოვანებული ვარ იანით და მისი ყოველმხრივი მზრუნველობით.
გილოცავ დარჩენას❤️
მჯერა, რომ კარგად გაართვი თავი დაკისრებულ მოვალეობებს და ალბათ, უფრო დიდი ხალისითაც შეუდექი საქმეს.

 


№2 სტუმარი მარიამ ენჯიბაძე

მიყვარხარ მე.შენ და მიხარია იციი მართლამისეთი რაღაც გააკეთა იანმა რო ბევრი საკუთარი არ გააკეთებს... ისე მეგობრობის მჯერ მაგრამ რაღაც მაიჭვებს მაგას მომავალში გავიგებ და მერე გაგიმხელ ♡♡♡♡☆

და თუ ჩემი ეეჭვები გამართლა ,,ქალი ყინული" მაშინ სადაც არ უნდა იყო ჩამოვალ და ჩაგკოცნი :დდდდ

 


№3  offline ახალბედა მწერალი belle...

მე♥უცნაურე
ამეტირაა.
შენიანი რომ არ გაგიკეთებს, ისეთი საქმე ითავა მაგ კაცმა.აღფრთოვანებული ვარ იანით და მისი ყოველმხრივი მზრუნველობით.
გილოცავ დარჩენას❤️
მჯერა, რომ კარგად გაართვი თავი დაკისრებულ მოვალეობებს და ალბათ, უფრო დიდი ხალისითაც შეუდექი საქმეს.


ძალიან დიდი მადლობა თბილი ემოციებისთვის ^_^ <3 <3 <3 კი კი, სიახლეებს მალე გაგაცნობ ^_^ <3 <3 <3 <3

მარიამ ენჯიბაძე
მიყვარხარ მე.შენ და მიხარია იციი მართლამისეთი რაღაც გააკეთა იანმა რო ბევრი საკუთარი არ გააკეთებს... ისე მეგობრობის მჯერ მაგრამ რაღაც მაიჭვებს მაგას მომავალში გავიგებ და მერე გაგიმხელ ♡♡♡♡☆

და თუ ჩემი ეეჭვები გამართლა ,,ქალი ყინული" მაშინ სადაც არ უნდა იყო ჩამოვალ და ჩაგკოცნი :დდდდ


როგორ დამაკლდი ჩემო საყვარელო <3 <3 <3 <3 ძალიან მიყვარხარ და მომენატრე ჩემო ლამაზო, <3 <3 ჩამოდი ხელებგაშლილი გელოდები <33333333333333333 რაც შეეხება იანს... უბრალოდ ისეთი ადამიანია როგორი ადამიანის არსებობისაც უბრალოდ არ გვჯერა <33333

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

ანანელ მართლა წასული ხარ და ეს რეალობაა? წარმატებები და გაძლება . ეგ იანი გეკურკურება და არ გამოგვაპარო სიახლეები . ისე რომ არ იდო დღეს გული დამწყდა მივეჩვიე ყოველ დღე რომ გვანებივრებ

 


№5  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი მაკო
ანანელ მართლა წასული ხარ და ეს რეალობაა? წარმატებები და გაძლება . ეგ იანი გეკურკურება და არ გამოგვაპარო სიახლეები . ისე რომ არ იდო დღეს გული დამწყდა მივეჩვიე ყოველ დღე რომ გვანებივრებ


კი მაკო, რასაც კითხულობ ყველაფერი სიმართლეა. ჩემი დღიური გამოვაქვეყნე თუ რატომ მიზეზებს ისტორიებში იპოვი <3 <3 <3 მადლობა შენ რომ აქ ხარ <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent