შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები 4 თავი


19-10-2020, 22:13
ავტორი lullaby
ნანახია 1 961

30 ივლისი, 2019 წელი
***
ამჯერად ყველაფერი უფრო სერიოზულად ხდება. ამჯერად ჩემი და გიორგის ქართულის რეპეტიცია მოზარდების გართობას აღარ ჰგავს. მისი მხრებიც უფრო გაშლილია და ჩემი ნაბიჯებიც უფრო მოზომილი. შეიძლება იმიტომ, რომ სოფი ადევნებს თვალს ჩვენს ცეკვას. სოფის კი ბებიის დისციპლინა საკმაოდ უხვად ერგო მემკვიდრეობით. ან შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი სიზმარი თავიდან არ ამომდის და გონებაში გამუდმებით სიტყვა „ვიცი“ ტრიალებს. მიუხედავად ამისა, ვცდილობ ისეთივე იდეალური მექართულე ვიყო, როგორც სოფია. ვცდილობ სესილიმ არ ინანოს, რომ შვილიშვილის ნაცვლად საკუთარ იუბილეზე მთავარი ცეკვა სხვას მისცა.
მონახაზს ბრუნით რომ ვასრულებ, ჩაკეტილ ფილტვებს ჰაერს ვაწვდი და სხეულს მოდუნების საშუალებას ვაძლევ. სოფის და გიორგის ვუღიმი და ხელების ფშვნეტით ვუახლოვდები გოგოს.
- როგორია? - ვეკითხები შენიშვნების მოლოდინში.
- ძალიან კარგი ხარ, მარ. მიკვირს, აქამდე რატომ არ ჰყავდი სესილის მექართულედ. - მხრებს იჩეჩავს გოგო და გიორგის თვალებით ეკითხება. ბიჭიც მხრების აჩეჩვით პასუხობს. წავედიო ამბობს ის, წყლის ბოთლს იღებს და ჯგუფელებისკენ მიდის.
- მადლობა სოფი. მიხარია, რომ მოგწონს. მაგრამ შენსავით მაინც არ გამომდის. - ვეუბნები და თან ზუსტად ვიცი, რომ ასეა.
- რა თქმა უნდა, ერთნაირად არც გამოგვივა. შენ შენი მანერა, მკლავი და მზერა გაქვს. შენი და გამორჩეული. წლებთან ერთად ბევრი რამ იცვლება ცეკვაში. ჩვენ ხომ მაინც ვიცით ეს.
- ხო, მაგრამ სესილი ამას ვერ ეგუება. - აღვნიშნავს სიცილით. - სამი კილო დაიკელიო, მითხრა.
- ხუმრობ? - გაოცებული მეკითხება გოგო და ისიც იცინის. - ღმერთო, სესილი, რა ტიპია.
- ვერ გავამტყუნებ. ქართულს თავისი ფიგურა აქვს. - სარკეში ვიხედები და ჩემს სხეულს ვათვალიერებ.
- თქვენი ნებაა, ამჯერად მე არ ვერევი. - ხელებს სწევს გოგო და მობილურზე მოლაპარაკე ნანიკოს ეძახის სამაიის გასავლელად.


***
ლუკა უკვე ჩაბნელებულ ოთახში პოპკორნითა და პეფსით შემოდის და კოლოფს მაწვდის.
- მადლობა. - ვართმევ ბიჭს და ბატიბუტს ვაგემოვნებ.
- იმედია რომანტიულ კომედიას არ ელოდები. - მეუბნება ის, როცა სავარძელში თავსდება.
- რატო?
- რაც იყო ძალიან დებილობა იყო და ვერ გაკადრებდი. თანაც, სტერეოტიპების დამსხვრევის მომხრე ვარ. ვინ თქვა, რომ პაემანზე მხოლოდ რომანტიულ დრამებს უნდა უყურო?
- ანუ პაემანზე... - ვუყურებ ბიჭს. ლუკას ეცინება.
- ოდესმე ხომ უნდა ვახსენოთ ეს სიტყვა და ინიციატივას ჩემს თავზე ავიღებ.
- ვინმეს შენზე გაბრაზება შეუძლია? - ვეკითხები. - მამაშენის გარდა, რა თქმა უნდა.
- ძირითადად იმაზე ბრაზობენ, რომ ჩემზე ვერ ბრაზდებიან. - ხვდება რატოც ვეკითხები და საკმაოდ კონკრეტულად მპასუხობს.
- მინდა ხოლმე ხანდახან გისაყვედურო, მაგრამ ძალიან სასაცილო ხარ და არ გამომდის.
- ძალიან კარგი, მერე. საყვედურებისთვის ცალკე საზოგადოება მყავს და შენ მათ რიცხვში არ ხარ. იმედია არც იქნები. - თვალს მიკრავს ბიჭი.
დარბაზი ივსება. ფილმი საკმაოდ საინტერესო და დაძაბულია. ჰორორსა და თრილერს შორის მერყეობს. და კი, რომანტიული დრამის ყურებას ლუკასთან ერთად, ნამდვილად ეს მერჩივნა. ნანიკო აქაც არ მტოვებს მარტოს და მწერს, მერამდენე რიგში სხედხართო. თავს ძლივს ვიკავებ, რომ სიცილი არ ამივარდეს და გოგოს შუათითის სმაილს ვუგზავნი.
დარბაზიდან კმაყოფილი გამოვდივარ. ლუკა იქვე, პიცის ჭამას მთავაზობს. უარი მინდა ვუთხრა ჩემი მოკლე დიეტის გამო მაგრამ, ამის კიდევ ერთხელ გაკეთების მერიდება და ვთანხმდები. უგემრიელეს პეპერონს მივირთმევს.
- შენ რას ისურვებდი, ასეთი ოთახი რომ აღმოგეჩინა? - მეკითხება ბიჭი.
- რო მცოდნოდა, სინამდვილეში რასაც აკეთებს ოთახი, არაფერს. - შუბლს ვკრავ.
- არა. აი წარმოიდგინე. სულ ახლახანს აღმოაჩინე, რომ ოთახი გაქვს და რასაც ეტყვი მოგცემს. ჯერ არ იცი, რომ ნაბი.ჭვარი კედლებია. რას სთხოვდი?
ვფიქრობ. არა. საკუთარ თავთანაც არ ვიტყვი იმას, რომ გიორგის სიყვარულს ვთხოვდი. ილუზიებში არასდროს გავჭრილვარ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე შემთხვევა ვარ, რეალობის შეგრძნება არასდროს დამიკარგავს.
- კედლები მხოლოდ მატერიალურ სურვილებს ასრულებდნენ. ჩემი სურვილები კი არამატერიალურია. ამიტომაც, დავრჩებოდი ასე...
- კაი რა... თავს ნუ მაჩვენებ. არ ხარ ასეთი მოსაწყენი. დაფიქრდი.
- არ ვიცი. ალბათ დიდ და კომფორტულ სტუდიას. საკუთარს. რომ ქირა არ მეხადა. - მეცინება. - ახლა მხოლოდ ეგ მჭირდება. შენ?
- მანქანას... - თითზე ითვლის.
- რა თქმა უნდა. - თვალებს ვატრიალებ.
- შლიაპას და პერსონალურ თვითმფრინავს.
- თვითმფრინავს? - მეცინება მის ბოლო ორ ვარიანტზე.
- ხო, აზიაში გადავიდოდით. - წარბებს სწევს ნიშნისმოგებით.
- ახლა გასაგებია. - საწრუპს ვიდებ პირში. ამ თემის გავრცობა დიდად არ მინდა. - და შლიაპა რად გინდა?
- რავი, მაგრად ცხელა იქ და სახეზე მზე რო მეკიდება, კანი მიჭრელდება. - ამბობს ლუკა და ღიმილით ადევნებს თვალს, როგორ ვეღარ ვსუნთქავ სიცილისგან.
მალე ვტოვებთ კაფეტერიას და ისევ ჩვენ ჩვენი მანქანებით ვიშლებით.
სახლში მისული ტანსაცმელს ვიცვლი, ფურცლებს ვიღებ და აივანზე გავდივარ.



ფურცლები
ივლისი, 2009 წელი
***
- ძალიან რთული იყო, მარიამ. - ლაშას და ნანიკოს წასვლის შემდეგ, ჩემს ოთახში მარტო დავრჩით მე და გიორგი. ხოდა, როგორც დამპირდა, თავის სათქმელს არ გაქცევია. - მამამ რომ დამირეკა და მითხრა დედაშენი ძალიან ცუდადააო, ჯერ ეგ ძლივს გავაცნობიერე. მერე მითხრა, რომ ორი თვის უკან დაუკარგავს დედაჩემს გონება და მაშინ აღმოუჩენიათ თავზე სიმსივნე. უთხრეს, რომ ქიმიოთერაპიები არც ისე დიდი ხნით გაუხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს. რომ ჩავედი, ბოლოს მაშინ გაიკეთა. მის უკუჩვენებებს ვერ უძლებდა და თავის დანებება გადაწყვიტა. თავიდან ვერ ვეგუებოდი. წარმოგიდგენია? დედაშენი გეუბნება, რომ უნდა მოკვდეს და შენ ვალდებული ხარ, ამ აზრს მიეჩვიო.
- აქ წამოსვლა არ უნდოდა? - ვკითხე ჩუმად.
- ვუთხარი, მაგრამ არა. ნათესავები რატომღა ვანერვიულო და დავზაფრო ჩემი ყურებითო. - თავს აქნევს ბიჭი. - ასეთ რაღაცებს რომ ამბობდა, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ჩხუბი არ დამეწყო. დედა, რომელიც ყველანაირ მდგომარეობაში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი გგონია და ამ დროს საკუთარ თავზე ასე ლაპარაკობს... ცალკე მამა. თავიდან ვცდილობდი დედაჩემი დამეყოლიებინა, რომ მკურნალობა გაეგრძელებინა და თემო რომ არაფერს აკეთებდა ამისთვის, წყობიდან გამოვდიოდი. ერთხელ ცუდად გახდა თამო და საავადმყოფოში რომ წავიყვანეთ, მაშინ დამელაპარაკა ექიმი. ამიხსნა, რომ არ ჰქონდა აზრი არც ქიმიოთერაპიებს და არც ოპერაციას. ჯობდა სახლში მშვიდი გარემო შემექმნა დედაჩემისთვის. სულ ნერვებზე ვიყავი. არაფერი მაინტერესებდა. შენ გწერდი, მაგრამ ხომ ვიცი, როგორც გწერდი. ვფიქრობდი, რომ ასეთ მეგობარს არ იმსახურებდი.
- ეგ როგორ იფიქრე? - ვაწყვეტინებ. - გიორგი, მეგობრები მხოლოდ მაშინ ვიყავით, როცა ვცეკვავდით და ერთად ვგიჟობდით? როცა მართლა გჭირდებოდი, მაშინ არ მომეცი დახმარების უფლება.
- ვიცი. მაგრამ ძალიან შემცვალა თამოს სიკვდილის მოლოდინმა. დღისით უცინი, მასთან ერთად ხარ მთელი დღე. საჭმლის გაკეთებაში ეხმარები, ხან დაუთოვებაშიც. ფილმებს უყურებთ ერთად, მონოპოლიას თამაშობ მასთან და მის დაქალებთან. ღამე კიდევ დაწვები და ფიქრობ, როგორი იქნება მისი სიკვდილი, მისი სამძიმრები, დაკრძალვა. მერე ისევ თამაშობ, ვითომ არაფერი ხდება, ძალიან ჩვეულებრივი დღეა და არც დედაშენს უჭირს სუნთქვა. რომ დაახველებს, ისე უნდა მიიღო, ვითომ გაციებულია. არავისთან არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი. არც შენთან. სხვანაირს მიცნობდი და არ მინდოდა ისეთი გენახე, როგორიც მაშინ ვიყავი.
- იქაური მეგობრები?
- ისინიც ცდილობდნენ ხოლმე ჩემს გარეთ გატყუებას. ხანდახან ფეხბურთის სათამაშოდ გავდიოდი. მერე ცუდად წავიქეცი და იმასაც შევეშვი. ლაშას ველაპარაკებოდი და ვიცოდი, რომ ნაწყენები იყავით შენც და ნანიკოც. დიდი დრო იყო გასული, როცა ვიფიქრე, რომ მომეკითხე, მაგრამ ვიცოდი, ძალიან გამიბრაზდებოდი. სწავლობდი, არ მინდოდა ყურადღება გაგფანტვოდა.
- ხუმრობ, ალბათ. ეს... ეს რა მიზეზია, გიორგი. რას ნიშნავს ყურადღება გამფანტვოდა? ხო, შეიძლებოდა ცოტა გავბრაზებულიყავი კიდეც. ან არა. იქ, გზაჯვარედინზე მეტყობოდა, როგორ ვბრაზობდი? არა. არადა მინდოდა მუშტებით მეცემე.
- ბოლომდე ვერ აგიხსნი ჩემს საქციელს, იმიტომ, რომ თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა ასეთი. მინდოდა შენთან საუბარი, მაგრამ არ გამომდიოდა. ეს თავის გამართლება არ არის. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. უბრალოდ მიზეზის ახსნას ვცდილობ და ეგეც არ გამოდის მგონი.
- გამოდის. უბრალოდ არასწორია და ეს მწყინს. ვფიქრობდი კიდეც, რომ არ გინდოდა საუბარი, არ შეგეძლო. და ვიკავებდი თავს. მერე ისიც ვიფიქრე, იქნებ ჩავაცივდე, იქნებ სჭირდება, რომ მე ავიყოლიო საუბარშითქო, მაგრამ იმისიც მეშინოდა არ გაბრაზებულიყავი ამის გამო.
- დიდი გაუგებრობა იყო. - მკრთალად გაიღიმა ბიჭმა. - ჩამოსვლა რომ გადავწყვიტე, პირველად ის ვიფიქრე, ნეტავ მარიამის მუშტს თუ გადავურჩები. და თუ გადავურჩი, ნანიკო უეჭველი მიმაძაღლებსთქო.
- ორივემ დაგინდეთ.
- ხო, ვხედავ ამას და თან ამბიციაც მაქვს, რომ ყველაფერი ძველებურად იყოს. - ქვედა ტუჩი ამოაბრუნა გიორგიმ. გამეცინა და ხელები გავშალე.
- ჩემი დამნაშავე ბიჭი. - მოვეხვიე და თავზე მოვეფერე.
- ოთარი როგორ გყავს? - მკითხა უცებ.
- ყველაფრის საქმის კურსში ხარ, ხო? - მაშინვე გავუშვი და წარბები შევუკარი.
- ნანიკო ამბობდა რაღაცას, ყავას რომ აკეთებდი მაშინ. გამოგიტყდა როგორც იქნა?
გულზე დავიკრიფე ხელები და ნოხზე მჯდომი საწოლს მივეყუდე. ამდენი ხნის შემდეგ, მის მიმართ ასე გამყარებული გრძნობის ფონზე, ძალიან ძნელი უნდა ყოფილიყო სხვა ბიჭთან ურთიერთობაზე საუბარი.
- ხო. არც ისე დიდი ხნის წინ.
- მერე? - მკითხა ცნობისმოყვარედ.
- მითხრა, რომ მოვწონდი. მაგრამ მშვიდად ვისაუბრეთ და ჩემი უარიც ძალიან მშვიდად მიიღო. ოთო კარგი ბიჭია. ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც სკოლის დროს ვიცნობდი.
- და მაინც უარი უთხარი.
- ხო. - მხრები ავიჩეჩე.
- რატო?
- მარტივი მიზეზის გამო, გიორგი. ისე არ მომწონდა, როგორც მას მოვწონდი. მეგობრები ვიყავით და ასე დავრჩით.
- ძალიან კარგი. - დივანს მიეყრდნო.
- რა? რატო? - გაკვირვებულმა შევხედე.
- იმიტომ. არც მეგობრობაა მაინცდამაინც აუცილებელი მასთან. ჩემი მეგობრის მეგობარი რომ ჩემი მეგობარი არ იქნება, დიდად არ მხიბლავს ეგ აზრი.
- ახლა ეჭვიანობ, თუ მეჩვენება? - თვალები გამიფართოვდა გაოგნებულს.
- რაც გინდა ის დაარქვი მარიამ. - წარბები აზიდა, წყლის ჭიქას გადასწვდა და მოსვა.
სიცილი ამიტყდა, მაგრამ თვითონ წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ მიხაროდა მისი ამ სახის დანახვა. შესაძლოა მხოლოდ მეგობრულად, მაგრამ ეჭვიანობდა, და თან ასე აშკარად. მერე გავჩერდი. რადგან კიდევ ერთი საკითხი მქონდა მასთან განსახილველი.
- რატომ მეძახი მარიამს?
რამდენიმე წამით, სანამ მიპასუხებდა, ჭიქას უყურა.
- არ ვიცი, უბრალოდ, მარიამი გახდი და როცა ასე მოგმართე, მომეწონა.
- ასე არ მქვია, ხომ იცი. და მე არ მომწონს, გიორგი.
- არაუშავს. - გამიღიმა მან. - მიეჩვევი და მოგეწონება.


აგვისტო, 2009 წელი
***
„ზბორების“ პირველი დღე იყო, სტუდიაში სესილისთან ერთად ლამაზი შავგვრემანი გოგო რომ შემოვიდა. იდეალურად შეკრულ კოსაზე შავი ლენტი შემოეხვია. პატარა ცხვირი და მსხვილი ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა. გრძელი წამწამებიდან მზეებივით ანათებდნენ თაფლისფერი თვალები. გამხარი იყო და ნარნარა სიარულით მიჰყვებოდა ქალს უკან. მორიდებით გვათვალიერებდა ცნობისმოყვარე ჯგუფელებს, რომლებიც ერთმანეთში ჩურჩულებნენ, მაგრამ სიმორცხვე არ ეტყობოდა.
სესილიმ სოფი აბრამიძე გაგვაცნო. მისი შვილიშვილი იყო, რომელიც აქამდე ბათუმში ცხოვრობდა და ანსამბლ „მართვების“ მოცეკვავე იყო. ვიცოდი ეს ჯგუფი, რამდენიმე კონცერტზე საკმაოდ ძლიერი ცეკვები ჰქონდათ გამოტანილი. როგორც მერე გავიგეთ, ოჯახი თბილისში გადმოსულა საცხოვრებლად. სოფი კი უნივერსიტეტში აბარებდა და პასუხების მოლოდინში იყო ჩემსავით.
ცეკვები გავიარეთ. გოგო არაფერში იღებდა მონაწილეობას. ბებიამისს არც ერთ ცეკვაში მიუცია სოლო, არც მასაში ჩაუყენებია. სოფი მშვადად გვადევნებდა თვალს და ნელ-ნელა ყველას გვეცნობოდა. როცა აფხაზურს გავდიოდით და სოლოს ვცეკვავდი, შევამჩნიე თვალს რომ მადევნებდა და ცოტა გაკვირვებული ჩანდა.
- გოგოებს შეგიძლიათ წახვიდეთ. ბიჭები რჩებით. ტრიუკებზე უნდა ვივარჯიშოთ. გიორგი, გაიწელე და გახურდი, იცოდე თვალს გადევნებ. - წარბები აუწია სესილიმ ბიჭს.
ქალმა მისი ჩამოსვლის ამბავი, რომ გაიგო გაუხარდა. დაიბარა და უთხრა, რომ აგვისტოში თურქეთში მივდიოდით და თუ უნდოდა ცეკვაზე დაბრუნება, სიამოვნებით მიიღებდა. თანაც, იქაურ ფესტივალზე ქართულის წაღებაც სურდა და გიორგის, როგორც „დაირას“ რჩეულ მექართულეს თურქეთის სიაში აუცილებლად ჩაამატებდნენ. ბიჭმა ცოტა კი იყოყმანა, მაგრამ მეგობრები არ მოვეშვით და ცეკვაზე სიარული „ზბორებით“ განაახლა.
- ბევრს იწელები? - მკითხა ახალმა ჯუფელმა, როცა მის სიახლოვეს, ჩემი მოსაცმელის ასაღებად მომიწია მისვლა.
- მარტო ცეკვის წინ. სახლში იშვიათად. - გავუღიმე და სესილისკენ ჯაშუშურად გავიხედე, რომ არ გაეგო ჩემი სიზარმაცის ამბავი.
- მართლა? აფხაზურის სოლოში ძალიან მაგარი ფეხი გაქვს. ისე მაღლა სწევ, შემშურდა. - თავი დაიქნია კმაყოფილმა.
- მადლობა, ვცდილობ. გავიდვარ. არ მოდიხარ? - ვკითხე და უკან დავიხიე წასასვლელად.
- არა, რავი, სესილიმ ქართული უნდა გაგატაროვო. - ზურგს უკან შემოიწყო ხელები წელში გასამართად და უხერხულად გამიღიმა, ჩემთან ერთად რომ ვერ მოდიოდა იმის გამო.
- ა, მართლა? კარგი, მაშინ. - დაბნეულმა გადავგი ნაბიჯები კარისკენ და სანამ გავიდოდი, გიორგის გავხედე. ბიჭი შპაკატში იჯდა და წინ გადმოხრილიყო. რომ დამინახა დასამშვიდობებლად ხელი დამიქნია და თვალი ჩამიკრა. მეც ასევე ვუპასუხე და გამოვედი.
- სესილის ასლია. - საუბარი დაიწყო ნანიკომ, როცა ნაყინები ვიყიდეთ და სკვერში ჩამოვსხედით. ძალიან ცხელოდა.
- ხო, ძალიან ჰგავს. - დავეთანხმე.
- და ვითომ რატომ არ ცეკვავდა?
- როგორც ჩანს, მექართულედ სჭირდება.
- საიდან მოიტანე? - უნდობლად შემომხედა.
- თვითონ მითხრა წამოსვლამდე. დარჩა. ქართული უნდა გამატაროს სესილიმო.
- ძაან დიდი უსამართლობა და ნაგლობა მგონია. არ ველოდი. - ჩაიფრუტუნა ნანიკომ და გემრიელად უკბიჩა ნაყინის ვაფლს.
- რატო? კარგად ცეკვავს ალბათ, თორემ, მარტო იმიტომ, რომ თავისი შვილიშვილია, ამ ცეკვას არ მისცემდა. - მხრები ავიჩეჩე და კიდევ ერთხელ წარმოვიდგინე, როგორ დასრიალებდნენ სცენაზე ის და გიორგი. რაღაც უსიამოვნოს ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიცოდი, რა იყო.
- ჩვენც ძალიან კარგი მექართულე გვყავს. - ჯიბრით არ ეცემოდა მუხლებზე ჩემი მეგობარი. - და საერთოდაც, ასათიანს შარშან რომ არ ეჩქარა, შენც მშვენიერი მექართულე დადგებოდი.
გამეღიმა და ლოყაზე ვაკოცე. დაიწუწუნა, ნუ მატკბილიანებო. მერე უცბად თვალებგაფრთოებულმა შემომხედა.
- მოიცადე, ანუ... მაგან და გიორგიმ უნდა იცეკვონ? - თავი დავუქნიე და ნაყინს დავხედე. - და... შენ? - შეპარვით მკითხა.
- რა, მე?
- ეს ამბავი არ გაბრაზებს?
- მათ ცეკვას რომ ვნახავ, მერე გეტყვი, მაბრაზებს თუ არა.
- ღმერთო ჩემო, რანაირი ვინმე ხარ! მე შენს ადგილას ეჭვიანობით გავსკდებოდი.
ეჭვიანობა. მაშინ მივხვდი, რომ ის უსიამოვნო შეგრძნება ეჭვიანობა იყო.
მაგრამ მაინც არ გავბრაზებულვარ. ისეთი მშვენიერი გამოვიდა ქართული მათი შესრულებით, რომ ვერაფრით გავბრაზდებოდი. სოფის ულამაზესი მანერა და ხელი ჰქონდა. ყველა კრიტერიუმს ზედმეტად აკმაყოფილებდა, რაც მექართულე გოგოსთვის იყო საჭირო. დარწმუნებული ვიყავი, მათი დუეტი ყველას აღფრთოვანებულს დატოვებდა.

***
გამოცდების ქულები რომ გავიგე, უბედნიერესი ვიყავი. ზუსტად ვიცოდი, რომ სამოცდაათპროცენტიან დაფინანსებას მოვიპოვებდი. დედა სიხარულისგან ტიროდა და ის ჩემზე მეტად ელოდა უკანასკნელ პასუხებს, რომ გაგვეგო, სად მოვხვდებოდი. კარგად ავუხსენი, როგორ უნდა ენახა ყველაფერი კომპიუტერში, რადგან პასუხების დღეები სავარაუდოდ ჩემი თურქეთში ყოფნის პერიოდს დაემთხვეოდა.
გიორგის გადაეფიქრებინა უნივერსიტეტი. ამბობდა, დედას გამო ვაბარებდი ისედაც, ახლა კი აღარ მაინტერესებსო. თურმე, მამამისიც აძალებდა, რომ ევლო მასწავლებლებთან, მომზარებულიყო და შემდეგ წელს გამოცდები ჩაებარებინა, მაგრამ გიორგი უარზე იყო. ასე ამბობდა, მაგრამ ვატყობდი, რომ თან ორჭოფობდა. შევთავაზე, რომ მე დავეხმარებოდი. შემეძლო შაბათ-კვირა ერთად გვემეცადინა. აბიტურიენტობის ყველა კონსპექტი შენახული მქონდა. ასე რომ, არც ჩემ გარეშე მეცადინეობა გაუჭირდებოდა. მაინც უარზე იყო. ამბობდა, ეს ერთი წელი ვიმუშავებ, შემდეგ კი ნანიკოსთან და ლაშასთან ერთად ვცდი ქორეოგრაფიულზე ჩაბარებას, ისედაც ამაზე მეტად არ მგონია რამე მინდოდესო. აღარ ჩავაცივდი. მისი გადასაწყვეტი იყო თავისი მომავალი. თუმცა, გული მწყდებოდა, რომ ჩვენი საერთო გეგმები ნელ-ნელა იშლებოდა.

***
ავტობუსით სამდღიანი მგზავრობის შემდეგ, სასტუმროსთან გავჩერდით. ნაზილში ძალიან ცხელოდა. ფესტივალის გამო, თითქმის ყველა შენობას თურქეთის დროშა ჰქონდა გადმოფენილი ფანჯრიდან. მათი სიმღერები ისმოდა და ქუჩებში თავის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები გვხვდებოდნენ.
წასვლამდე გვქონდა ქალაქსა და სასტუმროზე ინფორმაცია და ინტერნეტშიც მოვიძიეთ, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ულამაზესი ადგილი იყო. დიდი აუზით, გამწვანებით, სხვადასხვა გასართობი მოედნითა და კუთხეებით. სასტუმროს ადმინისტრატორი ღიმილითა და სტუმართმოყვარეობით დაგვხვდა. აგვიხსნა იქაური წესები და ნომრებიც გვაჩვენა. ის დღე თავისუფალი გვქონდა, ამიტომ დავლაგდით თუ არა ოთახებში, მაშინვე ეზოში ჩამოვედით და იქაურობის დათვალიერებას შევუდექით. სესილის ნაცვლად თურქეთში მისი ქალიშვილი, სოფის დედა ქეთევანი წამოვიდა, რადგან ასათიანს მგზავრობა არ შეეძლო. ისიც ქორეოგრაფი იყო. ქეთევანი სესილიზე გაცილებით მკაცრი ჩანდა, მაგრამ სამდღიანი მგზავრობის შემდეგ ბავშვებს დაგვიახლოვდა. არ გვზღუდავდა იმ პირობით, რომ სანერვიულოს არაფერს გავაკეთებდით, ამიტომ საღამოს სასტუმროს გარეთაც (მაგრამ ძალიან შორს არა) მოგვცა გასვლის უფლება. ბევრი ტკბილეული გავსინჯეთ, სურათები გადავიღეთ. სკვერში ქართული სიმღერებიც ვიმღერეთ და თურქების ყურადღებაც მივიქციეთ. მერე ვახშმისთვის დავბრუნდით და სასტუმროს დიდ სასადილო ოთახში საერთო ვახშამსაც მივუსწარით. ქეთევანმა დაძინება გვირჩია, მაგრამ, მას მერე, რაც გიორგიმ და ლაშამ ხელ-ფეხში ჩამავლეს ხელები და აუზში ჩამაგდეს, ძილი გადაიდო. სასტუმროში ასევე ფესტივალისთვის ჩამოსული პოლონელი და უკრაინელი მოცეკვავეებიც იყვნენ, ამიტომ კიდევ ერთი გასართობი - მათთან დაახლოება და ენობრივი ბარიერის გადალახვა გამოგვიჩნდა. ძირითადად რუსულად ვკონტაქტობდით, მაგრამ ყველაზე მეტს გიორგი ირჯებოდა, რადგან ეს ენა მისთვის მშობლიურივით მარტივი იყო. დანარჩენმა ჯგუფელებმა აივნებიდან დაგვინახეს და სანამ ისინიც ჩვენთან დაეშვებოდნენ, ქეთევანმა თავაზიანად გვთხოვა ნომრებში დაბრუნება.
მეორე დღეს, საუზმის შემდეგ ჩვენს ნაციონალურ სამოსში გამოვეწყვეთ და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ქუჩაში მხიარულ და ხმაურიან მსვლელობას შევუდექით. ძალიან ცხელოდა და ბევრს ვწუწუნებდით. ერთი სული გვქონდა სასტუმროში დავბრუნებულიყავით და საღამოს კონცერტამდე აუზით დავმტკბარიყავით.

კონცერტი არც ისე შორს, მოედანზე მოწყობილ სცენაზე გაიმართებოდა. სასტუმროს მერვე სართულიდან კარგად ჩანდა, როგორ აწყობდნენ მას. აუზზე საკმაოდ დავიქანცეთ და ისევ ცეკვის ფორმებში გამოწყობა გვეზარებოდა. თან მზეზე საკმაოდ დავიწვი და უხეში მატერია ჩემს კანზე აუტანელი იყო. სანამ მოედნისკენ წავიდოდით, სასტუმროს პირველ სარულზე შევიკრიბეთ ყველა და მალევე ჩვენი ახლადგაცნობილი უკრაინელი მეგობრები გამოჩნდნენ. მოკითხვის შემდეგ, ერთმანეთს საკუთარი ცეკვებიდან მოძრაობებს ვასწავლიდით. მერე შეჯიბრება გამართეს, ვინ უფრო რთულ ტრიუკებს გააკეთებდა. გიორგიმ მუხლებზე ბრუნებით გახსნა დუელი, შემდეგ უკრაინელი ტურჩიკი გამოეყო თავის მოცეკვავეებს და ისეთი ბრუნები აკეთა, ერთ ადგილს სანტიმეტრითაც არ დაშორებია. ეშხში შესულმა ლაშამ საოცარი ირმულა შეასრულა. შემდეგმა უკრაინელმა კი ცალ ხელზე დაყრდნობით გააკეთა სალტო. მერე ნანიკო შეხტა სრულ ცერზე და წრე დაარტყა. კონკურენტები ისევ სალტოებით შემოიფარგლნენ. მერე კი გიორგიმ მთხოვა შენე გამეკეთებინა. მეც სიამობნებით დავდექი დერეფნის თავში და დაახლოებით ათი მეტრის მანძილი ბრუნებით დავფარე. აპლოდისმენტებიც დავიმსახურე და კმაყოფილმა გადავიყარე ჩემი გრძელი ნაწნავები უკან. მერე კი ქეთევანიც გამოჩნდა და სარეპეტიციოდ სასტუმროს უკანა ნაწილში გაგვიყვანა.
- მარი, - დამეწია სოფი. ჩვენს სამეგობროსთან დიდად ახლოს არ იყო. სხვა გოგონებთან ატარებდა ხოლმე დროს, ამიტომ ცოტა გამიკვირდა კიდეც. - იდეალური შენე იყო. ვერ წარმოიდგენ, როგორ მომეწონა.
- მართლა? - გამეცინა მის გაბრწყინებულ თვალებზე და თან ძალიან მესიამოვნა. როცა სრულყოფილი მექართულე კომპლიმენტს გეუბნება, ეს უნდა მიიღო განსაკუთრებულ შემთხვევად.
- კი, მართლა. ესეც თანდაყოლილი ნიჭია, თუ ბევრი ივარჯიშე?
- ბევრი ვივარჯიშე. - გავუღიმე. - ამაზე იმხელა ენერგიას ვხარჯავდი, უკვე მეგონა, რომ მალე წნევა დამარტყამდა.
- აი, მე ვარ ასე. სამ მეტრსაც ვერ გავდივარ, რომ თავბრუ მეხვევა. - გაეცინა გოგოს.
- მთავარია სურვილი და ნებისყოფა. - წარბები ავუწიე და საუბრით გავაგრძელეთ გზა.

კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. წინ კიდევ ოთხი დღე გვქონდა. იგივე სცენა და იგივე ცეკვები უნდა გაგვევლო. მეორე დღეს საშოპინგოდ ვაპირებდით წასვლას რამდენიმე გოგო. ვიცოდით, რომ ფასდაკლების დღეები იყო მაღაზიებში. წასვლამდე სოფი დავინახე. თავისი ოთახის აივანზე იჯდა და წიგნს კითხულობდა. დავუძახე და ვუთხარი, რასაც ვაპირებით, შევთავაზე, წამოსულიყო, თუ უნდოდა. ახლავე ჩამოვალო ჩამომძახა. ნანიკომ ერთხელ გამომხედა და ტუჩები გვერდით მოიქცია. კარგი გოგოათქო, მოკლედ ავუხსენი, მაგრამ პასუხი არ დაუბრუნებია. გოგოს, როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს, ისე ეპყრობოდა. სოფისთან დიდად კომუნიკაბელური არ იყო. მე უფრო ვცდილობი მასთან საუბარს, ვიდრე ის. აშკარა იყო, რატომღაც არ მოსწონდა და იმედი მქონდა, რომ ეს ჩემ გამო არ ხდებოდა.

და ზუსტად ასე, ჩემი მონდომებით დაუახლოვდა სოფი ჩემს სამეგობრობს.


***
წამოსვლამდე, წინა ღამით დამირეკა დედამ და იმ უნივერსიტეტის სახელი გამაგებინა, სადაც ჩავაბარე. ის არ იყო, რომელსაც ცეკვის ანსამბლი ჰყავდა, თუმცა ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ სოფიც იქ მოხვდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ორივეს გვიხაროდა, მაგრამ მას განსაკუთრებით, რადგან სწორედ იქ ოცნებობდა მოხვედრას. ქეთევანისგან ნებართვა ავიღეთ და აღსანიშნად სანაპიროზე გავედით. ბიჭებმა ლუდი, მზესუმზირა და მიწისთხილი იყიდეს. ვსვამდით და ერთმანეთის გეგმებზე ვსაუბრობდით. ლაშა და ნანიკო, როგორც უკვე ერთი წლის სტუდენტები, გამოცდილებას გვიზიარებდნენ და სტუდენტურ სირთულეებს გვაცნობდნენ.
გიორგიც ჩვეულებრივ იყო საუბარში ჩართული, მაგრამ ძირითადად იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ის თავისუფალი იქნებოდა, როცა ჩვენ სწავლისგან თვალებდასიებულები ღამეებს გავათენებდით. ხუმრობდა, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამ საკითხს მართლაც არ განიცდიდა. კი, მითხრა, რომ უნივერსიტეტში სწავლა არ უნდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რთული იქნებოდა თავისუფლებაში მარტო ყოფნა მაშინ, როცა ყველა მისი მეგობარი სწავლით იქნებოდა დაკავებული. საბედნიეროდ არსებობდა შაბათ-კვირა, დღეები, როცა ერთმანეთს შევხვდებოდით იქ, სადაც ჩვენთვის საყვარელი რამ ხდებოდა.



***
უკვე საქართველოში ვიყავით. ავტობუსი ცოტა ხნით ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერდა. ჩამოვედით, რომ გაგვევლო. მერე მარკეტშიც შევედით და წყალი ვიყიდეთ. ძალიან ცხელოდა. ლაშა ნაყინებით ხელში გამოვიდა და ჩუმად ჩამოგვირიგა, თითქოს სხვები მართლა ვერ დაინახავდნენ, რომ მან დაგვპატიჟა. სანამ ყველა თავის საქმეს მოითავება, ჩრდილში ჩამოვსხედით.
- ვგრძნობ, როგორ ატყვია ჩემს სულსა და სხეულს სკამის ფორმა. - წელის ვარჯიშებს აკეთებდა ნანიკო. - იმხელა ტრავმა მაქვს მიღებული, მეშინია, ჯდომის ფობია არ ჩამომიყალიბდეს.
- არ თქვა. - დავეთანხმე. - ალბათ ორი-სამი დღე აღარ დავჯდები. ფეხზე მდგომი დავიძინებ.
- მე კიდევ კარგად გამოძინება მინდა. - თვალები მოისრისა ლაშამ.
- ბიჭო, მთელი გზაა გძინავს. ორი დღეა უკვე. - გაეცინა გიორგის და თავის ნაყინს შოკოლადი მოაცალა.
- ეგ თუ ძილია, რა! რეალობა და სიზმარი ვეღარ განმისხვავებია, ყველგან თქვენი ინდაურის სახეებია!
- არადა, რას არ იზამდი ხატიასი იყოს. - თავი გაიქნია ბიჭმა.
- წადი შენი... - ლაშამ ბიჭს ხელი ჰკრა. გიორგიმ თავი ვერ შეიმაგრა და გვერდით მდგომ სოფის დაეჯახა, მისმა ნაყინმა კი გოგოს მხაზე ყოფნა მოისურვა.
ყველამ გაოცებულებმა შევხედეთ რეაქციის მოლოდინში, მაგრამ სოფის რომ გაეცინა, ჩვენც ამოვისუნთქეთ. გიორგიმ ბოდიში მოუხადა და ის იყო გოგოსკენ გავიწიე სალფეთქის მისაცემად, რომ ბიჭმა ჯიბიდან თავისი ბენდენა ამოიღო და სოფის მხარი მოწმინდა. თან ბოდიშს უხდიდა. სოფი კი მისთვის ნაჭრის გამორთმევას და მხარის თვითონ გაწმენდას ცდილობდა. გოგოს სიცილმა თითქოს განმუხტა სიტუაცია, მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი უხერხულ დაძაბულობას. სალფეთქი მუჭში მოვიქციე და ჩუმად ვუყურები, როგორ ეფაკლებოდა სოფის ლოყები, როცა გიორგი თავისი დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობდა. მერე წყალი გავუწოდე. კანი გატკბილიანებული ექნებოდა. გამომართვა და ღიმილით გადამიხადა მადლობა. მეც გავუღიმე და მაინც შევთავაზე სალფეთქი. სანამ გიორგი ლაშასთვის თავში წამორტყმას ცდილობდა, მობილურის შემოწმება მოვიმიზეზე და ავტობუსში ავედი. რაღაც ძალიან მხურვალე ტრიალებდა ჩემი გულის გარშემო, მაგრამ მასთან მიახლოების საშუალებას არ ვაძლევდი.


***
უკვე ღამე იყო. თბილისში დაახლოებით ორ საათში შევიდოდით. ავტობუსიც შედარებით ნელა დადიოდა, რადგან გზაში მოულოდნელად აირია ამინდი და ძალიან წვიმდა. ფანჯარასთან ვიჯექი და ვხედავდი, როგორ ჭრიდა ჩამუქებულ ცას მყვირალა ელვა. ჯგუფელებს ახალი დამთავრებული გვქონდა „წითელი, ყვითელი, შავის“ თამაში და დაღლილებს სთვლემდათ. ავტობუსში სიწყნარე იყო. ქეთევანი დროდადრო წამოდგებოდა და გადმოგვხედავდა ხოლმე ბავშვებს. მე და ნანიკოს ყურსასმენები გვეკეთა. წამდაუწუმ ბატარეას ვამოწმებდი. თორმეტ პროცენტზე იყო და იმედს ვიტოვებდი, თბილისამდე მეყოფოდა. თავი ფანჯარაზე მედო და მთვლემდა, გოგოს ადგომა რომ ვიგრძენი. მალევე დაჯდა და თითის მხარზე მობჯენით გამომაფხიზლა. თვალები გავახილე. ნანიკოს ნაცვლად გიორგი დამხვდა. გავუცინე. ბიჭმა ერთი ყურსასმენი მომაცალა და თვითონ გაიკეთა. მობილურიც გამომართვა და მუსიკა შეცვალა. სავარძელში მოკალათდა და თავი მხარზე ჩამომადო.
რამდენიმე წუთი ასე ვიმგზავრეთ. მომენტით ტკბობა უკვე ნასწავლი მქონდა, ამიტომ არც ერთ წამს არ ვკარგავდი უაზრო ფიქრებით. როცა გიორგი ჩემთან ასე ახლოს იყო, ვერაფერი იქცევდა ყურადღებას.
ცოტა ხანში ჩემი მარჯვენა ხელი აიღო და თითები გამაშლევინა. ჭრილობიდან დარჩენილ ვარდისფერ ნაიარევს დახედა და მერე თავისი ხელისგული დაადო ზედ. გამეღიმა და ამ სასიამონო ჟესტისგან მთელი სხეული ჟრუანტელმა მოიცვა. მერე თავი აიღო და შემომხედა. კრიალა თვალები დაღლილობისგან ჩასწითლებოდა.
- მოსკოვში რამდენჯერმე გამახსენდა ჩვენი სისხლიანი გაცნობა. - გაეღიმა და ჩვენს ხელებს დახედა. - იმედი მქონდა, მეორედ რომ ვნახავდი აქ აღარაფერი დამხვდებოდა.
- რატომ გადარდებს ასე? - გავუცინე.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა.
- ეს უბრლოდ ზოლია. ტკივილი აღარაა და არც იქნება. არც რაიმე მომაკვდინებელი სენი შემყრია ამით. და რაც მთავარია, არც შენ მოგიკლავს ადამიანი. თუ მაინც ვერ მშვიდდები, შემიძლია მეც გაგიჭრა ხელისგული.
- როგორი იდეალური გამოსავალი ნახე.
- გიორგი, ამ ამბავს გამოსავალი არ სჭირდება.
- კარგი, - თავი გააქნია მან, მერე ისევ ჩემს მობილურს დახედა და ისევ მუსიკა შეცვალა. - ესე იგი, მალე დავიშლებით? - მკითხა და ჩემკენ შემობრუნებულმა, თავი სავარძელს მიადო.
- დავიშლებით?
- ხო, მე სახლში, თქვენ განათლებისთკენ.
- არა, ბატონო გიორგი. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი წლისთვის მოვემზადებოდით. არ გახსოვს?
- მახსოვს.
- ხომ არ გადაიფიქრე?
- არა. - ამოიოხრა მან. - ცეკვაზე ალბათ აღარ ივლი...
- აი თურმე როგორ მიცნობს ჩემი საუკეთესო მეგობარი... - უკმაყოფილოდ მოვიქციე ტუჩები გვერდით და მეც მის მსგავსად დავჯექი. გიორგის გაეღიმა. - თმას მოვიჭრი, მაგრამ ცეკვას არასდროს მივატოვებ. გესმის?
- თანაც გარკვევით. - თვალები ჭყიტა ბიჭმა და ჩემი ნაწნავი ისე დაიჭირა, არსად გაგატანო, მიმანიშნა.
- არ ვიცი, მოსკოვში როგორ იყო, მაგრამ ჩვენი სამეგობრო ასეთია. მარტივად ვერ დაიძვრენ ჩვენგან თავს.
- მუქარაა?
- შეიძლება. - გამეცინა.
- მზად ვარ გამუდმებით ასეთი მუქარები ვისმინო.
- გიორგი...
- ხო.
- ხომ გახვალ ეროვნულებზე?
- ჰმმ... იცი, იქამდე იმხელა დროა, შეიძლება უნივერსიტეტში სწავლა შენც კი მოგბეზრდეს . - გაიცინა ბიჭმა.
- გიორგი! - თვალები დავუბრიალე და სანამ საყვედურებით ავიკლები, მომიღუტუნა და ამაყვირა. ავტობუსის სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა ნივთებმა იწყეს ჩვენი მიმართულებით ფრენა.


31 ივლისი, 2019 წელი
***
რადგან ხვალ უკვე ქობულეთში გვიწევს წასვლა, დღეს სესილისთან ვიკრიბებით დავალების ჩასაბარებლად. საცობების გამო, ოდნავ მაგვიანდება. ყველა არტ-ჰოლის დარბაზშია. ნანიკო ლაშასთან ზის, გიორგი და სოფი მოშორებით სხედან და ლაპარაკობენ, დანარჩენი ჯგუფელები სცენაზე არიან და ქეთევანს და სესილის ელაპარაკებიან. ნანიკო მამჩნევს და მეძახის. მერე ყველა ჩემსკენ იხედება და მესალმება. გიორგი და სოფი ისევ საუბარს აგრძელებენ. იქვე ერთ-ერთ სკამზე ვჯდები და საცეკვაო ფეხსაცმელს ვიცვამ.
- სიურპრიზიიი! - გვერდით მიჯდება ნანიკო. - ქობულეთში მეც მოვდივარ.
- რაა? - მისკენ ვტრიალდები მოულოდნელი ამბისგან. - აკი რაჭაო?
- ღმერთო, ასეც თუ გაგიხარდებოდა, არ მეგონა. - თვალებს ატრიალებს უკმაყოფილო ნანიკო.
- მიხარია იდიოტო. როდის გადაწყვიტე, ასე უცბად. ან სად გაჩერდები...
- შენს სასტუმროში. ცოტა თავის განებივრება მინდოდა და უკეთეს სასტუმროს ვფიქრობდი, მაგრამ, ჯანდაბას! გავიგე, რომ სოფიც მოდის, ამიტომ ასე ვერ გაგწირავ...
- რა სულელი ხარ. - თავს ვაქნევ და მეცინება. - მშვენივრად იცი, რომ დიდი ხანია რეაქცია არ მაქვს. შენ რომ ასე იქცევი, მერე უფრო ვფორიაქობ.
- როგორ ნერვებზე მშლი. - თვალებს უწვრილებს გოგო.
- კარგი და, რაჭა რატომ გადაიფიქრე?
- არ გადამიფიქრებია. რაჭაში სექტემბრში წავიდეთ. ვერ წარმოიდგენ ამბროლაურში რა ადგილი აღმოვაჩინე. შემოდგომა იდეალური პერიოდი იქნება იქაურობისთვის. - მობილურს იღებს ჯიბიდან ის და ფოტოებს მაჩვენებს. მოხიბლული ვუყურებ ოთახის ზომის რამდენიმე კარვისგან შემდგარ ბანაკს, რომელსაც პატრონმა სასტუმრო უწოდა.
- წავიდეთ. - თავს ვუქნევ აღფრთოვანებული. - სანამ განახლდება სწავლის სეზონი მოვასწროთ.
სცენაზე ავდივარ სესილის და ქეთევანის მოსაკითხად. მოკლედ ვუყვები ქობულეთის გეგმებზე. ამბობენ ოქტომბერში პოლონეთში მივდივართ და ცოტა თავის შეკავება გვიწევს შიდა „პაეზდკებისგანო.“ მერე მალევე გვიყრის ქალი თავს სცენაზე. მუსიკასაც გვირთავს და აფხაზურს გავდივართ. დიდი ხანია არტ-ჰოლში არ მიცეკვია და აქაური სცენის ნოსტალგია, აქაურ ფიცრულზე ქუსლით მტვრის ადენა სხვანაირ ჟრუანტელს მგვრის.
სამაიაზე ყველაფერი რიგზეა, თუმცა ვხედავ, ცეკვის დასრულების შემდეგ კულისებში გასულ სოფის, როგორ აჩვენებს ქეთევანი ერთ-ერთ ხელის მოძრაობას და მის მიმიკებზე ვხვდები, რომ შენიშვნას აძლევს. ცოტა მიკვირს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. სანამ სესილი ქართულის გავლას მოითხოვდეს, მუსიკალურ ცენტრთან მდგომ გიორგისთან მივდივარ.
- მშვიდობაა? - ვანიშნებ სოფიზე. რაც აქ ვართ, ერთმანეთისთვის არ გაუღიმიათ და დიდად არც კონტაქტობენ.
- ხო, არაფერია... ცოტა ვიკამათეთ. - წარბებს სწევს ბიჭი და თითებში პულტს ატრიალებს. იღიმის კიდეც, მაგრამ ვიცი, ეს იმიტომ, რომ დამარწმუნოს, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერია. მაგრამ მე მისი ყველა მიმიკა ვიცი.
- რაზე? - უკვე იმდენი ხანია მინდა ვკითხო ეს, რომ თავს აღარ ვიკავებ.
- ქობულეთის გამო. ალბათ დარჩება.
- ჰმ... - მიკვირს და ზურგით მდგარ სოფისკენ გამირბის თვალი. - და რატო?
- „უბრალოდ“ - ესაა მისი მიზეზი.
- წამოვა არ იღელვო. - მაჯაზე ვკიდებ ხელს და ვუღიმი.
- მისი ნებაა. პატარა ბავშვები აღარ ვართ, რომ უაზროდ გავებუტოთ ერთმანეთს, მარიამ. თუ არ უნდა, დარჩეს.
- გეყოფა. შეიძლება რამე დააშავე და ნაწყენია...
- სერიოზულად? - გაკვირვებული მიყურებს.
- უნებლიედ... - მხრებს ვიჩეჩავ.
- შენ ჩემი მეგობარი ხარ და ჩემს მხარეს უნდა იყო.
- ორივეს მეგობარი ვარ.
- სოფიც ისე გიყვარს, როგორც მე? - მეკითხება და მოლოდინით შემომყურებს. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ხელს ვუშვებ.
- ბავშვები აღარ ვართო, წეღან ამბობდი და ახლა...
- მიპასუხე. - მაწყვეტინებს.
- არა, რა თქმა უნდა. - თვალებს ვუბრიალებ გაბრაზებული. - მაგრამ ეგ არაფერ შუაშია. რამდენი ხანია ერთად ხართ და არ იცი, რომ, როცა მიზეზად სიტყვა „უბრალოდ“ მოაქვს, ესე იგი შენშია საქმე?
- მარიამ... - გაბრაზებული ტუჩებს მუწავს და ცალ წარბს სწევს.
- მე მაგ მზერით ვერ შემაშინებ. ახლა სახე დააყენე და ქართული გავიაროთ. სოფი კიდევ წამოვა, ნუ დარდობ. - სცენაზე გავდივართ და ნანიკოსთან მოლაპარაკე სესილის ვეუბნები, რომ ცეკვა გავიაროთ, თორემ ხვალინდელი დღის გამო ბევრი დრო არ მაქვს.
ქალს სახეზე ვატყობ, რამდენად კმაყოფილია ჩემი და გიორგის ქართულის შესრულებით. ვცდილობ, ბოლომდე არ დამეტყოს აჟიტირებულობა, მაგრამ წამდაუწუმ მეღიმება. ახალბედა მოცეკვავეს ვგავარ, რომელსაც პირველად მისცეს სოლო. წამოსვლამდე სესილი მადლობას გვეუბნება, რომ არ ვზარდებით და ქობულეთის ფესტივალზე წარმატებებს გვისურვებს. გარეთ გამოსულები ჯგუფელებს ვემშვიდობებით.
- დღეს ადრე ვიძინებთ, რომ დილის არავის ჩაგვეძინოს. - ვაფრთხილებ ქობულეთში წამომსვლელებს. - გიორგი, მაღვიძარა დააყენე, არ დაგავიწყდეს, თორემ არ დაგელოდებით. - ბიჭი უკმაყოფილოდ აქნევს თავს. ხელში მანქანის გასახებს აჩხარუნებს და ჩუმად მოგვყვება. - სოფი, გაიღვიძებ თუ არა, მაშინვე დაურეკე. მაინც ვერ ვენდობი ამის მაღვიძარას. - ვეუბნები გოგოს და ვხედავ, როგორი დაბნეული მიყურებს.
- მე-ე?.. - მეკითხება და ვამჩნევ, რომ ორჭოფობს. ალბათ ფიქრობს, თქვას თუ არა, რომ ქობულეთში წასვლა გადაიფიქრა. ალბათ იმაზეც ფიქრობს, ამას როგორ ახსნის.
- ხო, შენ. მართლა, - არ ვაცდი პასუხის გაცემას. - ახალი ამბავი იცით? ნანიკოც მოდის.
გოგო, რომელიც მობილურზე ლაპარაკობს, ხელს უქნევს გაკვირვებულ გიორგის და სოფის, უღიმის და ისევ საუბარს აგრძელებს.
- ეს რო ყველგან არ ჩაეკვეხოს... - ბუტბუტებს გიორგი. მეცინება.
- ხოდა, იდეა მაქვს. - გოგოსგან ფარულად, ჩუმად ვაგრძელებ საუბარს. - თავისი მანქანით მოდის და გზად რომ არ მოიწყინოს, მოდი, დავითს გავაგებინოთ და წამოვიდეს ისიც. მგონი კარგად გავერთობით. - ვუღიმი წყვილს. გიორგის გამომეტყველებიდან ვხვდები, რომ მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს და სანამ რამეს მანიშნებდეს, სოფის ვუბრუნდები. - მგონი ძაან კაი იდეაა. რას იტყვი?
გოგო ტუჩს იკვნეტს და გიორგისკენ აპარებს მზერას.
- ხო, კარგი აზრია. - ამბობს ბოლოს.
- ფოტოაპარატი არ დაგრჩეს, გთხოვ. შენს იმედზე ვართ.
- არ დამრჩება. - იღიმის სოფი და ჩუმად მიჰყვება გიორგის მანქანისკენ. მერე ხვალამდე ვემშვიდობები ორივეს და ნანიკოსთან ერთად, დედის სანახავად მივდივარ.
- რა დავითიო? მომესმა თუ მართლა ახსენე მაგ არასწორ სამყაროში დაბადებულის სახელი? - მეკითხება თვალებდაწვრილებული ნანიკო, მობილურზე საუბარს რომ ასრულებს.


1 აგვისტო, 2019 წელი
***
დილის ექვსი საათია. ტაქსიდან გადმოვდივარ და სპორტის სასახლესთან ჩამომდგარ ავტობუსს ვუახლოვდები. იქიდან ნაცნობი მძღოლი ჩამოდის და ღიმილით მესალმება. მეუბნება მეორე მძღოლიც მალე მოვაო და ავტობუსში ასასვლელ გზას მითმობს. ტრანსპორტი აქამდეც შევამოწმე და კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს. მერე გიორგის ვურეკავ. მეუბნენა გზაში ვარო. ნანიკომ დაიჩემა, მეც მანდ მოვალ და ერთად დავიძრათო, ამიტომ მასაც და დავითსაც აქ ველოდები. წესით შვიდ საათზე უნდა გავიდეთ. ბავშვები ნელ-ნელა იწყებენ მოსვლას. ქობულეთში ათი დღე გავჩერდებით. სამი დღე ფესტივალს დაეთმობა, დანარჩენი ზღვას, ბოტანიკურ ბაღს, დელფინარიუმს და ალბათ „ციცინათელასაც.“ მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი ზღვაზე შარშანაც მყავდა, მაინც ვღელავ. მაგრამ მშობლების იმედიც მაქვს, რადგან ოცდაათი ბავშვი იოლი დასამორჩილებელი არ არის, მით უმეტეს, ზღვაზე. მშობლები კი ნამდვილად შეგნებული ადამიანები არიან.
ბავშვები გაბრწყინებული თვალებით მესალმებიან და ავტობუსში ადგილებს იკავებენ. წამდაუწუმ საათს ვუყურებ. მალევე გიორგი და სოფიც მოდიან და მესალმებიან. სოფი ჩემთან რჩება. გიორგი კი ბარგის შესანახად მიდის. მალე ბავშვების ტყვეობაში ექცევა და მძღოლებთან ერთად ცდილობს მათთან გამკლავებას. სოფი ავტობუსში ამყავს და ვათვალიერებინებ. გოგო ადგილს იკავეს და ისევ ჩამოდის.
- დავითი დაითანხმეთ? - მეკითხება ის.
- ქობულეთში წამოსვლა მოუნდა, მაგრამ ნანიკოსთან ერთად მგზავრობაზე იყოყმანა. დარწმუნებული არ ვარ, რომ გზაში არ დამტოვებსო. - მეცინება, გუშინდელი საუბარი რომ მახსენდება მასთან.
- დიდი ხანია ერთად არსად ვყოფილვართ. კარგად მოიფიქრე. - იღიმის გოგო. მზის სხივების გამო თაფლისფერი თვალები მწიფე ყურძნის მარცვლებს მიუგავს.
- მართალია. ლაშასაც ვუთხარი გუშინ, მაგრამ პატარას ვერ დავტოვებთო. - მხრებს ვიჩეჩავ. - არადა კარგი იქნებოდა, ისიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო.
- ისე, ნაუცბათევ გადაწყვეტილებას ჰგავს... - გულზე დაკრეფილ ხელებზე თითებს ათამაშებს სოფი და ეჭვით მიყურებს.
- რა?
- ზღვაზე სამეგობროს წამოსვლა. - გვერდულად ეღიმება.
- ა... არა... იდეაში მქონდა, უბრალოდ გვიან გამახსენდა. - ვცდილობ, ტყუილი არ დამეტყოს და ბავშვებისკენ ვიხედები. სოფი თავს მიქნევს და სანამ ჩემთან მოსულ მშობელს ვესაუბრები, ვამჩნევ, როგორ არ მაშორებს თვალს.
- იცი, - მეუბნება გოგო, როცა ისევ მარტო ვრჩებით. - სესილიმ რომ „დაირაში“ მომიყვანა და თქვენი სამეგობრო შევამჩნიე, ძალიან შემშურდა. ბათუმში მეც მყავდა მეგობრები, საუკეთესო დაქალები, მაგრამ რაც უფრო გაკვირდებოდით, ვხვდებოდი, რომ საერთოდ სხვა რამ ყოფილა მეგობრობდა. დრო რომ გავიდა და ისინი დაიკარგნენ, მერე უფრო მივხვდი.
- ხო, ხანდახან ძალიან გვიცრუებენ ადამიანები იმედებს, მაგრამ ეგ დასასრული არ არის. სამაგიეროდ ჩვენში გაგიმართლა. - სიამაყით ვეუბნები.
- მართალი ხარ. - ჰაერს ხარბად უშვებს ფილტვებში სოფი. - გიორგისაც ძალიან გაუმართლა, შენ რომ ჰყავხარ. - აფრიალებულ თმას ყურებზე იწევს სოფი და მიყურებს. ნათქვამზე ვუღიმი და ყველანაირად ვცდილობ, დაბნეულობა არ შემამჩნიოს. - და დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ ბოლომდე ვერ იაზრებს.
- ჩვენმა სამეგობრომ ერთმანეთის ფასი დიდი ხნის წინ გავიგეთ. და თუ რამეს ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, ამაშიც ალბათ სიყვარული გვიშლის ხელს. - ვუცინი და მხრებს ვიჩეჩავ, მაგრამ მისი უკანასკნლი სიტყვები ისე უცნაურად იწყებენ ჩემს გონებაში ბრუნვას, რომ ჟრუანტელი მივლის სხეულზე.
- რა თქმა უნდა. - თავს მიქნევს გოგო და თითქოს დასრულებულად ითვლება ჩვენი საუბარი, მაგრამ დანაკლისის შეგრძნება არ მასვენებს.
- მარი მასწ! - მეძახის მოსწავლე გოგონა და ჩემთან მორბის. - ჩემს ოსურის ჩიხტს დიდი თვალი მოსძვრა, რა გავაკეთო? - ისეთი შეწუხებულია, სადაცაა იტირებს.
- წებო მაქვს, ნუ ნერვიულობ, ლიზიკო, წამოდი, დავაწებოთ. - სოფის ვუღიმი და მარტოს ვტოვებ. ცვდილობ გონება არ გამეფანტოს. ახლა ამის დრო არ არის. ახლა სხვა უამრავი საფიქრალი მაქვს. ბავშვები, მგზავრობა, მათი დაბინავება, ყურადღების მიქცევა, ფესტივალი. ღრმად უნდა ჩავისუნთქო ისე, რომ უკან დაბრუნებამდე მეყოს.
- მეც მოვედიი! - მესმის უცბად ნანიკოს ყვირილი და ავტობუსიდან ჩამოვდივარ. გოგო მკოცნის და საეჭვოდ ათამაშებს წარბებს. - სიურპრიზი მაქვს.
- მეშინია ნანი... - თავს ვაქნევ, რადაგან მისი ეს მზერა კარგად მაქვს შესწავლილი. მერე გოგოს მანქანისკენ ვიხედები, საიდანაც დავითთან ერთად ლუკა გადმოდის, მომხიბვლელად იღიმის და მისალმების ნიშნად ხელს მიქნევს.



№1 სტუმარი wero

აუ რა მომენტზე შეწყდა ისტორიააა((( როგორ მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან გთხოვ მალე დადე! პ.ს დეუდარებელი ხარრრრრრრრ (^^^^^)

 


№2  offline წევრი NA NO

სოფი ისე გაგვაცანი და ისე მომეწონა ეს გოგო, რომ ნერვები მეშლება. წუნს ვერ ვუძებდნი. ალბათ, მარიამი ამიტომაც ცდილობს გიორგისა და სოფის შორის ჩატეხილი ხიდის ისევ გამთელებას. მაგრამ....:(

 


№3 სტუმარი სტუმარი Khatuna

ამის შეწყვეტა იქნებოდა? მაგრამ სადღაც გამიხარდა სურპრიზი.

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

wero
აუ რა მომენტზე შეწყდა ისტორიააა((( როგორ მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან გთხოვ მალე დადე! პ.ს დეუდარებელი ხარრრრრრრრ (^^^^^)

ძალიან მიხარია, ასეთი ინტერესით რომ ელი სულ <3 ზეგ საღამოს დავდებ <3

NA NO
სოფი ისე გაგვაცანი და ისე მომეწონა ეს გოგო, რომ ნერვები მეშლება. წუნს ვერ ვუძებდნი. ალბათ, მარიამი ამიტომაც ცდილობს გიორგისა და სოფის შორის ჩატეხილი ხიდის ისევ გამთელებას. მაგრამ....:(

ხო, ყველთვის არის ეგ "მაგრამ".
მარიამი რეალისტი გოგოა და არ დაფრინავს. შეიძლება ეს სტკენს კიდეც, მაგრამ თვინონ აირჩია. კი, სოფი კარგი გოგოა და აწი კიდევ უფრო მოგეწონება. ეს ის ისტორიაა სადაც ვერავის ვერფერში დაადანაშაულებ და თან ყველას ყველაფერში >_<

სტუმარი Khatuna
ამის შეწყვეტა იქნებოდა? მაგრამ სადღაც გამიხარდა სურპრიზი.

დიდხანს არ გალოდინებ <3

 


№5  offline წევრი nukito20w

ლუკას ამბავს ვერ ვხვდები. ვერ ვხვდები მომწონს თუ არა. შუაში ვარ. ოთოზეც მასე ვიყავი ზუსტად.
მარიამის ნაცვლად მე ვიეჭვიანე. აი,ცეკვა ვერ წარმოვიდგინე უემოციოდ... დდდ არადა,სოფი რა კარგი გოგოა. გიორგი კიდევ მგონია ვერ გარკვეულა თავის თავში... ესე მგონია მარიამი იმაზე მეტად უყვარს და იმდენად სხვა სტატუსით, ვიდრე ჩანს... არ ვიცი, ან მე მინდა მეგონოს ასე და ან მართლა ასეა.

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

მგონი სოფი ხვდება რომ მისი ადგილი არაა გიორგის ცხოვრებაში, როგორც 'ქალის'... რატომღაც მარიამთან მისი დიალოგით ეს შთაბეჭდილება დამრჩა.
სხვა კი, მარიამის როგორ მესმის იცი?! ვერც ავხსნი ამას. მხოლოდ, იმ განსხვავებით, მე რომ სრულიად მარტო დავრჩი, მის ცხოვრებაში კი გიორგი კვლავ არსებობს და მჯერა რომ ბოლოს ერთადაც იქნებიან.
სიმსივნიანი დედა, რუსეთი, ეს სიცარიელე... იმდენი რამე ჰგავს ჩემს საკუთარ დრამას, ვფიქრობ როდისმე მისაუბრია განა კი შენთან?! :))))
მოგონებები გვაცოცხლებს და გვკლავს, ერთიანად და მაინც, როგორ გვიყვარს ეს სულის სიმწარე.
შეუდარებელი ხარ, როგორც ყოველთვის. და ძალიან მომნატრებია, შენეული ეს მძაფრი ემოცია.

 


№7 სტუმარი Marimari

Dzalian momwons, kargi wasakitxia, am tavit kidev ufro davrwmundi rom giorgi maris mimart megobrobaze mets grdznobda magran ganxorcielebis sashualeba ar miecat sofis gamochenit, cud dros gamochnda samegobroshi, exla ki mgoni giorgi da sofic xvdebian rom shecdnen tavis droze ragac dozit da imitomac erevat situacia nel-nela. Dzalian minda rom marim amoisuntqos da bednieri iyos giorgi gverdit rogorc qali. Ertad minda darchnen, bolos da bolos maris amden wliani tanjvac dasruldes. Warmatebebi :-)

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

დაიძაბა სიტუაცია აქ გაჩერება იქნებოდა მარიამ.ხოო ლუკა არ მესიამოვნა თუმცა მემგონი გიორგის გრძნობებში უკეთ გაგვარკვევს მისი იქ ყოფნით.რაც შეეხება სოფოს და გიორგის აი ვფიქრობ მისი წამოსვლა არც უნდოა ქობუკეთში მარიამა გააჩალიჩა ეგ ამბავი.გიორგი მგონი უკეთაც იქნებოდა ესე ვფიქრობ რატომღაც.სოფი კი ვფიქრობ ხვდება გიორგის გრძნობებს მარიამის მიმართ და ამიტომაც არიდებდა თავს წასვლას.ისე ჩვენ ხომ სოფი გიო ცალკე არ გვინახია რა ურთიერთობა აქვთ როგორი წყვილია არ ჩანს.ძალიან საინტერსოა გელოდები მოუთმენლად

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

nukito20w
ლუკას ამბავს ვერ ვხვდები. ვერ ვხვდები მომწონს თუ არა. შუაში ვარ. ოთოზეც მასე ვიყავი ზუსტად.
მარიამის ნაცვლად მე ვიეჭვიანე. აი,ცეკვა ვერ წარმოვიდგინე უემოციოდ... დდდ არადა,სოფი რა კარგი გოგოა. გიორგი კიდევ მგონია ვერ გარკვეულა თავის თავში... ესე მგონია მარიამი იმაზე მეტად უყვარს და იმდენად სხვა სტატუსით, ვიდრე ჩანს... არ ვიცი, ან მე მინდა მეგონოს ასე და ან მართლა ასეა.

არ ვიცი, ლუკაში თავად გაერკვიეთ... ეს პერსონაჟი უარყოფითად არ მყავს შექმნილი. ის ერთ-ერთი მადგანია, რომელიც მარის ცხოვრებაში უნდა გამოჩენილიყო, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. შეიძლება მისმა გამოჩენამაც შეცვალოს ბევრი რამ ;)
ქართულის ცეკვას გულისხმობ უემოციობას რომ ამბობ ალბათ ხომ? მასზე ბევრს არ ვსაუბრობ, რადგან წინაა ყველაფერი. ^^ გიორგის გრძნობებს კი ვნახავთ მოგვიანებით. იმედია მანამდე არ მოგბეზრდება <3

მე♥უცნაურე
მგონი სოფი ხვდება რომ მისი ადგილი არაა გიორგის ცხოვრებაში, როგორც 'ქალის'... რატომღაც მარიამთან მისი დიალოგით ეს შთაბეჭდილება დამრჩა.
სხვა კი, მარიამის როგორ მესმის იცი?! ვერც ავხსნი ამას. მხოლოდ, იმ განსხვავებით, მე რომ სრულიად მარტო დავრჩი, მის ცხოვრებაში კი გიორგი კვლავ არსებობს და მჯერა რომ ბოლოს ერთადაც იქნებიან.
სიმსივნიანი დედა, რუსეთი, ეს სიცარიელე... იმდენი რამე ჰგავს ჩემს საკუთარ დრამას, ვფიქრობ როდისმე მისაუბრია განა კი შენთან?! :))))
მოგონებები გვაცოცხლებს და გვკლავს, ერთიანად და მაინც, როგორ გვიყვარს ეს სულის სიმწარე.
შეუდარებელი ხარ, როგორც ყოველთვის. და ძალიან მომნატრებია, შენეული ეს მძაფრი ემოცია.

სოფი კარგი გოგოა და კი შეიძლება ხშირად ჩანს, მაგრამ ბევრ რამეს ხედავს.
ნამდვილად არ მახარებს, ყველაზე ნეგატიური ამბებით რომ აღმოჩნდა ეს ისტორია შენთან ახლოს... უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ახლა ყველაფერი რიგზეა შენსკენ <3 უღრმესი მადლობა, ამ სიტყვების დატოვებისთვის <3

Marimari
Dzalian momwons, kargi wasakitxia, am tavit kidev ufro davrwmundi rom giorgi maris mimart megobrobaze mets grdznobda magran ganxorcielebis sashualeba ar miecat sofis gamochenit, cud dros gamochnda samegobroshi, exla ki mgoni giorgi da sofic xvdebian rom shecdnen tavis droze ragac dozit da imitomac erevat situacia nel-nela. Dzalian minda rom marim amoisuntqos da bednieri iyos giorgi gverdit rogorc qali. Ertad minda darchnen, bolos da bolos maris amden wliani tanjvac dasruldes. Warmatebebi :-)

და შენ ისევ ბევრ რამეს სწორად ხვდები <3 ძალიან მიხარია, ასეთი დაკვირვებული მკითხველი რომ ხარ <3 უბრალოდ არ მინდა, ბევრი ვილაპარაკო, ჯობია სიუჟეტმა თქვას ჩემი სათქმელი ^^

სტუმარი თამო
დაიძაბა სიტუაცია აქ გაჩერება იქნებოდა მარიამ.ხოო ლუკა არ მესიამოვნა თუმცა მემგონი გიორგის გრძნობებში უკეთ გაგვარკვევს მისი იქ ყოფნით.რაც შეეხება სოფოს და გიორგის აი ვფიქრობ მისი წამოსვლა არც უნდოა ქობუკეთში მარიამა გააჩალიჩა ეგ ამბავი.გიორგი მგონი უკეთაც იქნებოდა ესე ვფიქრობ რატომღაც.სოფი კი ვფიქრობ ხვდება გიორგის გრძნობებს მარიამის მიმართ და ამიტომაც არიდებდა თავს წასვლას.ისე ჩვენ ხომ სოფი გიო ცალკე არ გვინახია რა ურთიერთობა აქვთ როგორი წყვილია არ ჩანს.ძალიან საინტერსოა გელოდები მოუთმენლად

რაღაცებში შესაძლოა მართალი ხარ. მაპატიე აქ რომ მომიწია გაჩერებამ :დდ სენტიმენტალურობასთან ერთად ცოტა ეფექტზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ავტორებმა :დდდ <3
ვნახოთ ვინ შეწუხდება ლუკას ქობულეთში ყოფნით და რა შეიცვლება ამით... შემდეგი თავები გაცილებით საინტერესო იქნება ^^

 


№10 სტუმარი Ninits

მიყვარხააარ<3<3<3 ამ ისტორიამ ცეკვაზე სიარული მომანატრა:))

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო სოფის და მარის დიალოგი ბევრამეს მიხვდა მარიც მაგრამ ამ ლუკას მოსვლა არ მინდოდა მაგრამ რას ვიზამთ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????

 


№12  offline წევრი Gone With Dreams

ნანიკოზე ვგიჟდები! ძალიან, ძალიან მომწონს ყველა დეტალი <3
--------------------
...

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

Ninits
მიყვარხააარ<3<3<3 ამ ისტორიამ ცეკვაზე სიარული მომანატრა:))

მიხარია, ნოსტალგია რომ შეგიქმენი ^^

სტუმარი ნესტანი
მაგარი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა იყო სოფის და მარის დიალოგი ბევრამეს მიხვდა მარიც მაგრამ ამ ლუკას მოსვლა არ მინდოდა მაგრამ რას ვიზამთ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????

მიუხედავად ყველაფრისა, ლუკამ მშვიდობით დაგვტოვა ^^

Gone With Dreams
ნანიკოზე ვგიჟდები! ძალიან, ძალიან მომწონს ყველა დეტალი <3

მიხარია ძალიაან... იმედია ვოლომდე ასე გაგრძელდება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent