შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯები 5 თავი


22-10-2020, 11:20
ავტორი lullaby
ნანახია 2 260

1 აგვისტო, 2019 წელი
***
ნანიკოს ვუყურებ და გოგო მაშინვე წყვეტს სიცილს.
- იმედია ნომერი ჩემს ოთახთან ახლოს არ მოგცეს. - ვცრი კბილებში და გაღიზიანებული ხელს კისერზე ვისვამ. მშობლებსაც და ბავშვებსაც ახლადმოსულებისკენ გამოურბით თვალი.
- ოო, რა ჩემი ბრალია. - წუწუნებს გოგო და სოფის მოსაკითხად მიდის.
რატომ ვბრაზობ? ღმერთო, ისეთი დაძაბული ვარ, თითქოს ტერორისტი აპირებდეს ჩვენთან ერთად დამგზავრებას. მერე ვაცნობიერებ, რომ ასე გიორგის გამო ვარ. ვაცნობიერებ, რომ ვღელავ იმაზე, თუ როგორ ავუხსნი, რატომაა აქ ლუკა. მაგრამ მალევე მახსენდება, რომ გიორგი ჩემი მეგობარია და არა შეყვარებული, რომელიც იმ ბიჭის გამო დაიძაბება, რომელიც ჩემს მოხიბვლას ცდილობს. თავი ხელში აიყვანე, მარი!
- აუუ, რა სახე გაქვს, მარ? - სიცილით მიახლოვდება ლუკა და გადაკოცნით მესალმება. - არადა სიურპრიზს გავუკეთებთქო, ვიფიქრე.
- ხოდა, გამოგივიდა. - ხელებს ვშლი და ვცდილობ მეც გავიცინო. - მაგრამ მაინც მაინტერესებს, საიდან დაიკარგე აქ.
- გუშინ რომ დამირეკე, ამასთან ვიყავი. - მეუბნება დავითი და მესალმება. ბიჭს თავზე თეთრი პატარა შლაპა ახურავს, თეთრი ბრიჯები და ფარფარა პალმებიანი პერანგი აცვია. სასაცილოდ გამოიყურება. - აგვეკიდა, რა.
- ეე ბიჭო, სიტყვები. - მკერდზე ხელის ზურგს ურტყამს ლუკა მას და ისევ მე მიცინის. - შემიძლია ავტობუსით წამოვიდე, თქვენთან ერთად.
- ადგილები არ არის. - ზურგიდან მესმის გიორგის ხმა, მერე ჩემს გვერდით ჩერდება და მოსულს ხელს ართმევს. ჯერ ისეთი სერიოზული სახე აქვს, არც კი ვიცი დაძაბულობისგან რა გავაკეთო და სად გავიქცე. მერე იცინის. - უბრალოდ ბავშვებიც ზოგგან სამნი სხედან.
- გასაგებია, ძმა. - თავს აქნევს ლუკა და თვალს მიკრავს.
სანამ დავითი გიორგისთან აგრძელებს თავის ჩაცმულობაზე ლაპარაკს, მე და ლუკა მოშორებით გავდივართ.
- ბოდიში, მართლა არაა ადგილები...
- მჯერა, რატო მიხსნი. - მხრებს იჩეჩავს ბიჭი. - სამაგიეროდ, ზღვაზე უამრავი თავისუფალი ადგილი იქნება. ცურვა იცი?
- კი. - ვუცინი და ავტობუსისკენ ვიხედები. უკვე საკმაოდ მოგროვილან ბავშვები.
- ოო, კაი, რა. გეგმა მქონდა, უნდა მესწავლებინა.
- კარგი, იქამდე დიდი გზაა და რამეს მოიფიქრებ. შენი შესაძლებლობების მჯერა. - საათს ვუყურებ. სადაცაა შვიდი გახდება. - ბოდიში, ბავშვებს უნდა მივაქციო ყურადღება. იქ შევხვდეთ კაი?
- არაა, პრობლემა, მარი მასწ. - იღიმის ბიჭი, დროებითო ამბობს და დავითისა და გიორგისკენ მიდის. შორიდან თვალს ვადევნებ, როგორ საუბრობს ეს სამი და რატომღაც მაინც ვღელავ. მერე უკანასკნელი მოსწავლეც მოდის და გიორგის ვეძახი, რომ წასვლის დროა. ავტობუსში ავდივართ. ბიჭი ტრანსპორტის უკანა ნაწილიში მიდის. იქ შეკრებილ მოზარდებს ამშვიდებს და უკან ორლიტრიანი ლუდით ხელში ბრუნდება. გაბრაზებული ვიხედები უკან. ბავშვები გაბუტულები სხედან.
- ვის ჰქონდა? - ვეკითხები გიორგის.
- ვის ექნებოდა. - წარბებს სწევს.
- ბერიანიძე! - ვეძახი დამნაშავეს.
- დიახ, მასწ!
- გინდა, რომ ეს დღეები შენი მშობელი გავხდე?
- მყავს მასწ, მადლობა. - მეძახის, მაგრამ თვითონ არ ჩანს.
- დარწმუნებული ვარ, ისინი სასტრუმროს ნომერში არ ჩაგკეტავნენ და ზღვაში ჩასვლას არ აგიკრძალავდნენ! - ვუყვირი, მაგრამ პასუხი აღარ მესმის. ვჯდები. სოფის ეცინება. - ამას ერთხელ თავს გავუხეთქავ. - ვიმუქრები და მეც მეცინება.


***
გზა ძალიან იწელება. ცოტა მოდუნება მინდა, მაგრამ არ გამომდის. თითქოს გადავხარშე ის ფაქტი, რომ ეს დღეები ლუკა ჩვენთან იტრიალებს, მაგრამ შინაგანად მაინც ვღელავ. რამდენჯერმე ბავშვებთანაც ვთამაშობ ავტობუსის უკანა ნაწილში, მინდა, რომ ფიქრები შორს გადაიკარგონ, მაგრამ ვუბრუნდები თუ არა ჩემს ადგილს, ყველაფერი თავიდან იწყება. ვიცი, რომ სისულელეა ჩემი ეს შანაგანი ბრძოლები და მახსოვს, რომ ლუკას შანსი მივეცი, მაგრამ გულს ვერაფერს ვუხერხებ. ის ისევ მოზარდი ბავშვივით განიცდის ყველაფერს.
მგზავრობისგან საშინლად მტკივდება თავი და ვერაფრით ვიყუჩებ. ბავშვების სასტუმროს ნომრებში გადანაწილებას ძლივს ვახერხებ. გიორგი მეხმარება, მაგრამ ისეთი არეულობა და ხმაურია, მაინც დიდ დროს ვანდომებთ ყველაფრის დალაგებას. ჩვენთან ადგილები აღარაა, ამიტომ ლუკა და დავითი გვერდით სასტუმროში ჩერდებიან. ჩემს ნომერს ორადგილიანში ვცვლი და ნანიკოც ჩემთან ბინავდება.
- მოკლედ, ხომ ყველამ ვიცით, რომ ფესტივალი ზეგ იწყება, - სასტუმროს ბაღში ვკრებ ბავშვებს და მშობლებს, რომ ყველას ერთად ვუთხრა სათქმელი. - დღევანდელი საღამო და ხვალინდელი დღე გვაქვს თავისუფალი. არ ვაპირებთ არსად გასვლას, ამიტომ, შეგიძლიათ ზღვით დატკბეთ. შეგიძლიათ სანაპიროზე გაისეირნოთ, მაგრამ გთხოვთ, ძალიან გთხოვთ! შორს ნურც სასტუმროდან გახვალთ და განსაკუთრებით, ნურც ზღვაში. შეიძლება ვიღაც-ვიღაცებმა ცურვა კარგად ვიცით, მაგრამ, მოდით, ნუ ვიტრაბახებთ ამით და შეჯიბრებებს ნუ მოვაწყობთ. კიდევ, ეცადეთ, მზისგან არ დაიწვათ, თორემ შემდეგ ცეკვის ფორმების ჩაცმა გაგიჭირდებათ. და ყველაზე მთავარი. სრულწლოვანი აქ ჯერ არავინ არაა, ამიტომ ვინც ალკოჰოლის დალევას გადაწყვეტს, იმედია მანამდე დაფიქრდება იმ სირთულეებზე, რომლებსაც აუცილებლად გადააწყდება ახალი სასწავლო წლიდან. - ვამბობ ნელა და ხაზგასმით. ვხედავ, როგორ იქექავს თავს ბერიანიძე და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამეცინოს. - მესმის, რომ გართობა გინდათ, ამიტომ აღნიშნულის გარდა, არაფერში გზღუდავთ. უბრალოდ, გთხოვთ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში და კიდევ ერთი: როცა დაგირეკავთ და გეტყვით, რომ სასტუმროში უნდა დაბრუნდეთ, მეორე ზარი აღარ უნდა დამჭირდეს. შეკითხვები?
ყველა ჩუმადაა. მშობლებს კმაყოფილებს ეღიმებათ.
- ძალიან კარგი. - ვამბობ და საათს ვამოწმებ. - ნახევარ საათში ვახშამია და ვისაც შია, შეუძლია შემოგვიერთდეს.
ბავშვები იშლებიან.
- თავი ისევ გტკივა? - მიახლოვდება გიორგი. თავს ვუქნევ. - ალბათ შიმშილის ბრალიცაა. ჭამე და ადი ნომერში. ამათ მე მივხედავ. კარგი?
- კარგი. დღეს ვერსად გამოვალ. თქვენ გაერთეთ. - ლოყაზე ვკოცნი ბიჭს და სასტუმროს სასადილოში შევდივარ.
ლუკა დღევანდელი საღამოს გეგმებზე მწერს, მაგრამ სიტუაციას ვუხსნი და ძალას აღარ მატანს. ვახშამი ნომერში ამაქვს და ვჭამ თუ არა, ტკივილგამაყუჩებელს ვსვამ და ვიძინებ.


2 აგვისტო, 2019 წელი
***
ძილიდან ფრთხილ შეხებას გამოვყავარ, მაგრამ თვალებს არ ვახელ. არ ვიმჩნევ, რომ უკვე მღვიძავს. ვიღაც ჩემს საწოლზე ზის და თმაზე მეფერება. ვიცი, რომ ეს გიორგია. მისი სურნელი ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებს და ამ გამაბრუებელი მომენტით, რამდენიმე წამით ვნებივრობ. მერე ნელა ვახელ თვალებს.
- როგორ ხარ? - მეკითხება ბიჭი, მიღიმის და ხელისგულით საწოლს ეყრდნობა. - თავი ისევ გტკივა?
- არა, კარგად ვარ. - ბალიშს ვხვევ ხელებს. - ბავშვები რას შვებიან?
- ზღვაზე წავიდა ყველა. მეც იქ მივდივარ, სანამ მზე დააცხუნებს. - ახლაღა ვუყურებ კედელზე ჩამოკიდებულ საათს. დილის შვიდი ხდება. - სოფი ოთახში მელოდება. თუ კარგად ხარ, წამოდი.
- თხუთმეტი წუთი დამელოდებით?
- ხო. მიდი. - ამბობს გიორგი და დგება. ის-ისაა საწოლიდან ვიწევი, რომ ბიჭი ისევ ბრუნდება. - ისე... არ დამვიწყებია, მარიამ.
- რაზე ამბობ?
- სამეგობროს შეკრებაზე იმისთვის, რომ სოფი აქ წამოსულიყო.
- არ უნდა გამეკეთებინა? - ხელებს გულზე ვიკრეფ.
- ვიცი, რატოც გააკეთე. სხვა სიტუაცია, რომ ყოფილიყო, გამიხარდებოდა შენი ხრიკი, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ჯობდა ყველაფერი ისე დარჩენილიყო, როგორც მიდიოდა.
- და ახლა რა სიტუაციაა?
გიორგი ოხრავს და ერთხანს ქვემოდან მიყურებს. ტუჩის კუთხე კბილებით უჭირავს. არ იცის თქვას თუ არა. ან არ იცის, რა უნდა თქვას. მსაყვედურობს? არა, ამასაც ვერ დავარქმევ, მაგრამ რაც არის, გულზე მხვდება და დანაშაულის შეგრძნებას მიჩენს.
- კარგი, მივხვდი, - ვეუბნები. - აღარ ჩავერევი.
- არ გეწყინოს, მარიამ. - მკრთალად ეღიმება გიორგის, ხელებს მხვევს და გულზე მიხუტებს. - უბრალოდ ახლა, რაღაც შეკითხვებზე პასუხები მე თვითონაც არ მაქვს.
- თუ გინდა, ვილაპარაკოთ, როცა დროს გამოვნახავთ.
- ხო, ვნახოთ. - თმაზე მკოცნის ბიჭი და მიშვებს. - მიდი, გამოიცვალე და გავიდეთ.

***
რვის ნახევარზე უკვე სანაპიროზე ვარ. მზე სავარაუდოდ გამოსვლას ჯერ არ აპირებს. ცას ოდნავ შეპარვია ნაცრისფერი. ბავშვებს ვაფრთხილებ, რომ ნიშნულას არ გასცდნენ, ისინიც მპირდებიან, მაგრამ თვალს მაინც ვერ ვაცილებ. იქვე ცურავენ სოფი და გიორგიც. ვუყურებ მათ და ბიჭის სიტყვები მახსენდება. რაღაც მართლაც ხდება მათ ურთიერთობაში, მაგრამ არ იმჩნევენ. არც გიორგი მელაპარაკება და არ ვიცი, რატომ. ჩვენ ხომ რაღაც შეზღუდვები საუბარში არასდროს გვქონია. ხო, ცოტა ირონიულად ჟღერს, მაგრამ ერთხელ შევარიგე კიდეც ნაჩხუბრები. მაგრამ ახლანდელი შემთხვევა როგორც ჩანს, მართლა განსხვავდება მაშინდელისგან. რაც არ უნდა იყოს, თვითონ მოგვარდნენ, მე ჩარევას აღარ ვაპირებ.
- დაშორდებიან. - მესმის გვერდიდან ნანიკოს ხმა, რომელიც შეზლონგზე ლოტოსის ფორმაში ზის, მზის სათვალე უკეთია და მედიტირებს. სინამდვილეში უყურადღებოდ თევზიც არ რჩება ზღვაში.
- რა? - გაკვირვებული ვუყურებ.
- დაშორდებიან მეთქი, მაგათზე გეუბნები. - ნიკაპს ოდნავ მაღლა სწევს და გიორგიზე და სოფიზე მანიშნებს.
- საიდან მოიტანე? - მისკენ ვბრუნდები ნახევარი ტანით. გოგო ორი წამით სათვალეს ცხვირის წვერამდე სწევს.
- უბრალოდ სიტყვაზე მენდე.
- უბრალოდ ასეთ რამეს არ იტყოდი.
- ხოდა მეც მაგას ვამბობ. სიტყვაზე მენდე და ნახავ. მაქსიმუმ ერთი თვე.
- ნანი!
- რა გინდა, რა! ვერ ხედავ, რომ უკვე ძალისხმევა სჭირდებათ, ერთმანეთს რომ გაუღიმონ? ნაცნობებივით ორმეტრიან დისტანციას იჭერენ, ერთად რომ დადიან.
- დაძაბულობა არის, ხო, ვამჩნევ, მაგრამ არ მგონია დაშორებამდე მივიდეს საქმე. - მხრებს ვიჩეჩავ. „რაღაც შეკითხვებზე პასუხები თვითონაც არ მაქვს.“ მახსენდება გიორგის ნათქვამი.
- ვნახოთ. - ისევ იკეთებს ნანიკო სათვალეს.
ისევ ზღვისკენ ვიხედები, რომ ვხედავ, როგორ ამოდის იქიდან ლუკა. მერე გიორგისთან ერთად მოცურავე დავითსაც ვხედავ. ალბათ მანამ მოვიდნენ, სანამ გოგოს ველაპარაკებოდი. ბიჭი გვიახლოვდება, ნანიკოს ესალმება და ჩვენს შორის ჯდება. საკმაოდ მიმზივლია სველი თმითა და სხეულით, მით უმეტეს, რომ ასე მაცდურად იღიმის. ნანიკო ისევ სათვალის ქვემოდან იხედება და ყელს ხელით ინიავებს. დარტყმული.
- როგორ გამოიძინე? უკეთ ხარ? - მეკითხება ბიჭი.
- კი, მადლობა. როგორი წყალია?
- ცოტა ცივია, მაგრამ ამღვრული არაა, კარგია. ჯერ არ ჩასულხარ? - თვალს მავლებს. ღიმილს ვერ ვიკავებ. მასაც ეღიმება. - ხო, შენი ლამაზი კუპალნიკები ჯერ ისევ მშრალია. თმაც.
- ახლა ძალიან მინდა, რომ რამე სალანძღავი გითხრა. - თავს ვაქნევ.
- გადადე, ახლა წყალში უნდა შევიდეთ. - დგება ის, ხელს მაჯაში მავლებს და ზღვისკენ მიმაქანებს.


***
საუზმის შემდეგ ნომერში ავდივარ და წყალს ვივლებ. მერე მე და ნანიკო სუვენირების მაღაზიების დასათვალიერებლად გავდივართ. ვაპირებ სოფისაც ვუთხრა, მაგრამ აივნიდან ვხედავ, გიორგისთან ერთად რომ გადის სასტუმროდან. შემდეგ ეზოში მობილურებში ჩაყირავებულ ჩემს რამდენიმე მოსწავლეს ვამჩნევ, ვეძახი და თან მიმყავს. გოგონები უკან მოგვყვებიან, მაგრამ მესმის მათი ჩურჩული. უხარიათ მასწავლებელთან და მის მეგობართან ერთად სასეირნოდ გასვლა. გზად წყლის თოფებს ვყიდულობთ და ღამით ბიჭებზე ვგეგმავთ თავდასხმას. მერე ერთ-ერთ მაღაზიაში შევდივართ და ხელნაკეთ სამკაულებს ვათვალიერებთ. ღიმილით გვხვდება მწვანეთვალბა კონსულტანტი, რომელსაც ბეიჯზე თამთა აწერია და ნანიკოს წელის მძივს არჩევინებს. სამკაულები დიდად არ მიყვარს, ნანიკომაც მშვენივრად იცის ეს, მაგრამ ერთს მეც მყიდულობს. მეუბნება, შენს შავ კუპალნიკს მოუხდებაო. ჯერ-ჯერობით მაჯაზე ვიხვევ და მაღაზიიდან გამოსულები, კაფეში ნაყინის საჭმელად შევდივართ. ის-ისაა მაგიდასთან ვსხდებით, რომ შემოსასვლელიდან გიორგი და სოფი გვხედავენ. ხელს ვუქნევ, რომ მოვიდნენ და ისინიც შემოდიან. მოსწავლე გოგონები გვერდით მაგიდაზე გადადიან და შორიდან გვიღიმიან.
- კარგია, რომ გამოჩნდი. - ვეუნები გიორგის და მაგიდას ვეყრდნობი. - საღამოს ხო იცი, მელაძე უნდა ვნახოთ. - ვეუბნები ფესტივალის ხელმძღვანელზე.
- ხო მახსოვს. - თავს იქნევს გიორგი. - სიურპრიზი გინდა? ხვალ წვიმაა გამოცხადებული.
- არაა! - გული მიწუხდება. ნანიკო მხარზე მისვამს ხელს და მოტანილ ნაყინებს მაგიდაზე ანაწილებს.
- დღეს ვნახე სცენა. საიმედოდაა გადაფარებული. წესით ხელი არ უნდა შეგვეშალოს, თუ გაწვიმდა. - გიორგი სკამის სახელურზე დებს ხელს. ველოდები, რომ ახლა სოფი საჩვენებელ თითს გადაატარებს მის თითებს (გოგოს ჩვევაა, რომელიც დიდი ხნის წინ შევნიშნე), მაგრამ არა. აყოვნებს, ისევ აყოვნებს და საბოლოოდ მგონი არც აპირებს. ნაყინს იღებს და მშვიდად აგრძელბს ჩვენს მოსმენას.
- იმედია, იმედია. - ტუჩს ვიკვნეტ და ნანიკოსკენ ვაპარებ თვალებს, რომელიც ნაყინით ტკბება. მისი დილით ნათქვამი სიტყვები მახსენდება და თავს ვაქნევ, რომ ფიქრები გამეფანტოს. - ჩვენი მძღოლები?
- რავი, ზღვაზე იყვნენ. - მხრებს იჩეჩავს ბიჭი.
- ის ორი სადაა? - სავარაუდოდ დავითსა და ლუკას კითხულობს ნანიკო.
- იმან თავისი ნაცნობი ნახა და გაყვნენ. გვიან მოვალთო. - ამბობს გიორგი, თავის ნაყინის ქილას იღებს და შოკოლადისფერ მასას ინტერესით ათვალიერებს.
იმან? დავითზე ასე არ იტყოდა. ლუკა იგულისხმა?
- ალბათ ლუკას გულისხმობ. - სოფი ამბობს ჩემს სათქმელს და ფიქრიანად ათვალიერებს.
- დიახ. - პასუხობს ბიჭი, მერე ჩვენს მოსწავლეებს ეძახის და თვალს უკრავს.


***
გვიან ღამით ჩვენი გეგმა სისრულეში მოგვყავს და გოგონები სასტუმროს უკან შეკრებილ ბიჭებს, რომლებიც კალათბურთს თამაშობენ, წყლის თოფებით ვესხმით თავს. ზოგიერთი მიძინებული ფანჯრიდან უკმაყოფილო სტუმრები ჰყოფენ თავებს და საყვედურებით გვიკლებენ. ჩემთვის მთავარი კი ისაა, რომ ბავშვებს მასწავლებლებთან ერთად გართობა უხარიათ.
ლუკა არ ჩანს. ალბათ თავის ნაცნობთან კარგად მოილხინა.
როცა ყველას სასტუმროს ნომერში ვიგულებ, მეც მშვიდად შევდივარ ოთახში. წყალს ვივლებ და ჩემოდნიდან საქაღალდეში მოთავსებულ ჩემს ფურცლებს ვიღებ. ნანიკოს უკვე სძინავს. ლუდმა, რომელიც ბიჭებზე თავდასხმის შემდეგ დავლიეთ, მასზე დამამშვიდებლად იმოქმედა. სავარძელში ვჯდები, ჟურნალზე ვდებ სუფთა ფურცელს და კალმის წვერით ვეხები. წამოვიღე ისინი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ წერის დრო და სურვილი მექნებოდა.



ფურცლები
2010 წელი, სექტემბერი
***
საკმაოდ დიდი გამოვიდა ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღე. ალბათ იმიტომ, რომ უკვე სტუდენტი ვიყავი და თან სრულწლოვანიც. ამ სიტყვაზე ბევრს ვფიქრობდი მაშინ. შეზღუდული ისედაც არ ვყოფილვარ არასდროს. ის პრივილეგიები კი, რასაც თვრამეტი წელი მანიჭებდა, დიდად არ იქცევდნენ ჩემს ყურადღებას. ერთადერთი იმის შეგრძნება გამიჩნდა, რომ უკვე დიდი ვიყავი. მაგრამ დავინახე თუ არა ის უზარმაზარი თაფლისფერი დათვი, რომელიც გიორგის სხეულს ფარავდა, სიხარულისგან პატარა ბავშვივით დავიწყე ხტუნვა. ბიჭი ჩემს რეაქციაზე იცინოდა და თან უხაროდა, მისი საჩუქარი რომ ასე მომეწონა. სანამ სხვა სტუმრები მოვიდოდნენ დათუნიას კალთიდან არ ავმდგარვარ. ბევრი არ მიფიქრია, ბალუ დავარქვი და ჩემს საწოლზე მოვათავსე. მერე გიორგი გავაფრთხილე, რომ ოთოც იყო დაპატიჟებული და ისე გაეკეთებინა, რომ მის მიმართ ანტიპათია ბიჭს არ შეემჩნია. ვერ დაგპირდებიო, უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ჩემი ტორტიდან კრემის ასაღებად თითი გაიშვირა. ხელი ჩავავლე და მისთვის შეხება კატეგორიულად ავუკრძალე.
კლასელებმა, მეგობრებმა და ცეკვის ჯგუფელებმა ჩემი სახლი აახმაურეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამას ისიც დაემატა, რომ სიურპრიზად მამა ჩამოვიდა და ხელში გასაღები ჩამიდო. იმ სახლის გასაღები, რომელშიც ახლა ვცხოვრობ. მაშინ გაგირავებული გვქონდა. თურმე დიდი ხნის წინ დაუცლია ბინა, ცოტა შეურემონტებია და ჩემზე გაუფორმებია. მითხრეს თუ გენდომება იქ ცხოვრება, შეგიძლია ხვალვე გადახვიდეო. სიხარულისგან ყველა კუთხეს მოვედე. როცა ვუთხარი, დედას მარტოს ვერ დავტოვებთქო, მაშინ გავიგე, რომ გივი თავს ანებებდა სამსახურს. თვეობით საზღვარგარეთ ყოფნა არ მოუწევდა. ახლა თვითონ ჩამოიყვანდა მანქანებს და გაყიდდა. მიუხედავად ამისა, ერთი წელი ისევ მათთან ვიცხოვრე.
ოთომ ჩემი საყვარელი მომღერლის, ბეთ ჰარტის ახალი ალბომი მაჩუქა. ვიყვირე კიდეც, ისე გამიხარდა, ლოყაზე ვაკოცე და მოვეხვიე. ბიჭი გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა, რაც არ გამოპარვია დაბღვერილ გიორგის.
- ხომ დამპირდი? - ვუთხარი, როცა ეზოში სიგარეტის მოსაწევად გასული დავინახე.
- რას? - ინტერესით გამომხედა.
- ოთოზე.
- არაფერიც. არ დაგპირებივარ, ნუ მაბოლებ.
- ნუ ხარ ასეთი ჯიუტი, რა. - მხარზე ვუჩქმიტე. გიორგიმ წამოიყვირა და შუბლშეკრულმა მოისრისა კანი. - გამოელაპარაკე და მიხვდები, რომ კარგი ბიჭია.
- ვიცი, რაც არის.
- ისევ... - თვალები გადავატრიალე. - შემახსენე, დღეს ვისი დაბადების დღეა?
- ა, ამ სახლში დაბადების დღეზე ვარ მოსული? - გაკვირვებულმა გახედა ოთახს.
- რატო ლაშას არ აღიზიანებს, ან ნანიკოს? ისინიც ხომ ჩემი მეგობრები არიან? - გულზე დავიკრიფე ხელები.
- ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირი მეგობრები ვართ. - მითხრა და ისე გამიღიმა, თითქოს საუბარი უკვე დასრულებული იყო. ცოტა დავიბენი, მაგრამ კარგად თუ დავუკვირდებოდით, მართლა ასე იყო. არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა, ამიტომ ისევ საყვედური ვარჩიე.
- და კიდევ, ნუ ეწევი. ხომ იცი, რომ დროთა განმავლობაში ვარჯიში გაგიჭირდება.
გიორგიმ ცალყბად გაიცინა და თავი დამიქნია.




***
სწავლა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო. აღელვებული წავედი უნივერსიტეტში. ნახევარი საათით ადრეც კი მივედი და სოფი ვნახე. ჩემი ფაკულტეტი მეშვიდე სართულზე იყო, მისი მეხუთეზე. საბედნიეროდ ლიფტი მუშაობდა. ახალი გარემო, ახალი სახეები, ახალი შენობა და მისი სურნელი, ახალი ცხოვრების დაწყებას საკმაოდ თვალნათლად მიხატავდნენ. ყურადღებით ვიყავი. ვცდილობდი, არაფერი გამომრჩენოდა, ბევრი მომესმინა და ცოტა მელაპარაკა. რამდენიმე ლექტორმა ლექცია მხოლოდ ჩვენს გაცნობას დაუთმო, ზოგმა კი ამ პროცესში მხოლოდ ათი წუთი დახარჯა და პირველივე დღე პირველ საკითხს დაუთმო სილაბუსიდან. ჯგუფში ოცდაათი სტუდენტი ვიყავით, აქედან ბიჭი მხოლოდ ხუთი იყო. ერთად ისხდნენ და მუშკეტერებს ჰგავდნენ.
პირველი დღე რომ დამთავრდა, მე და სოფიმ შეხვედრა იქვე კაფეში დავთქვით, ყავა შევუკვეთეთ და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ. რაც უფრო დიდ დროს ვატარებდი ამ გოგოსთან საუბარში, მით უფრო კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. ჭკვიანი იყო, სამართლიანი და ცოტა მორცხვიც. ეშინოდა, რომ ჯგუფში საერთოს ვერავისთან აღმოაჩენდა. მე კი ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი, რომ დროთა განმავლობაში ყველას გაიცნობდა და გამორიცხული იყო, ორმოცდაათ ჯგუფელს შორის ერთი მაინც არ აღმოჩენილიყო მისი ჭკუის.
მას შემდეგ თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ხანდახან, ლექციების შემდეგ გიორგი გამომივლიდა და ხან ჩვენ ორნი მივდიოდით განტვირთვისთვის, ხან სოფიც მოგვყვებოდა. ხან კი ნანიკო და ლაშაც ჩვენთან ერთად იყვნენ.
გიორგი მუშაობდა. როცა მამაჩემი მძღოლობას შეეშვა და თავისი პატარა ბიზნესისთვის ასევე პატარა ოფისი გახსნა და გაიგო, რომ გიორგის ერთი წელი ტყუილად უცდებოდა, მუშაობა შესთავაზა. მე უარზე ვიყავი. ვამბობდი, უქმად არ იქნება, მომდევნო წლისთვის უნდა ვიმეცადინოთ მეთქი, მაგრამ ბიჭი მაინც დათანხმდა გივის. ხან კურიერი იყო, ხან საბუთების მოწესრიგებას სწავლობდა. მეცადინეობას ვახერხებდით, მაგრამ იმდენად ხშირად ვერა, რამდენი თავისუფალი დროც გვქონდა.
ნოემბრის ბოლო იყო, ნანიკო რომ გამომიტყდა შეყვარებული ვარო. არ ვიცოდი, რატომ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა და სიცილი ამიტყდა. ვერ წარმომედგინა ნანიკო და სიყვარული. გოგო გაბრაზებული მიყურებდა და მიცდიდა, როდის დავამთავრებდი კისკისს. მერე ბოდიში მოვუხადე და მოვუსმინე. ჩვენი რომეო მისი კოლეჯის სტუდენტი იყო. მხატვარი. ფოტო სპეციალურად არ მაჩვენა, როცა გაგაცნობ, შენი სახე უნდა ვნახოვო. ყელიანი სვიტერით, ჯინსის შარვლითა და გახსნილთასმებიანი ბათინკებით დაგვხვდა კაფეში. ლამაზი იყო. ძალიან ლამაზი. ბიჭისთვის ზედმეტად ლამაზი და საეჭვოდ ლამაზი. ჩვენზე ორი წლით უფროს ალექსანდრეს საკმაოდ მომნუსხველი ლექსიკა და მანერები ჰქონდა. მართალია, სასიყვარულო ურთიერთობებში გამოცდილი არ ვიყავი, მაგრამ შეხვედრიდან ათ წუთში მივხვდი, რომ ნანიკოს და ამ ბიჭს საერთო არაფერი ჰქონდათ. მოგვიანებით არც დავუმალე და მსუბუქად მოვახსენე გოგოს ჩემი აზრი. მითხრა, არ იღელვო, არც ჩემს თავს და არც ჩემს გრძნობებს არავის დავაჩაგვრინებო. დეკემბრის ბოლოს კი გამომიცხადა, ალექსანდრემ შიშველი დამხატაო.
- უკანა ხედით. - დაამატა ბოლოს, როცა ჩემი აღშფოთებული სახე დაიანახა. უხაროდა, მუზა ვარო და არ ესმოდა, როცა ვეუბნებოდი, რომ მაგ ტიპს ვერ ვენდობოდი. მაგრამ, ვერც ვერაფერს ვამბობდი, რადგან ბატონი მხატვარი მიზეზს არ მაძლევდა.
ჩემს ჯგუფელებს დავუახლოვდი, მაგრამ მაინც დისტანციას ვიჭრდი. ახალი მეგობრების იდეა დიდად არ მომწონდა. კინოშიც დავდიოდით, კაფეებშიც და სასეირნოდაც, მაგრამ ბოლომდე საკუთარ თავს არავის ვაცნობდი. არც ისინი მიკლებდნენ პირადი შეკითხვებით და თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი.
შუალედური გამოცდები გადავლახე, მაგრამ ფინალურებზე ძალიან ვღელავდი. საკმაოდ რთულ საგნებს გავდიოდით და თეორიული მასალაც საკმაოდ ბევრი იყო. საკუთარ თავს ვიჭერდი იმაში, რომ მეცადინეობისას ხანდახან ლაზურის მელოდიას ვღიღინებდი, ან კალამს რვეულს ვურტყამდი და რვამდე ვითვლიდი, თითქოს რაღაც მოძრაობას ვაკეთებდი. შაბათ-კვირას ერთი სულით ველოდი, რომ ნამდვილი განტვირთვა მომეწყო ხოლმე სულისა და სხეულისთვის. ფილოსოფია, აკადემიური წერა და ენათმეცნიერება საერთოდ მავიწყდებოდა, როცა სტუდიის კარს ვაღებდი. მუსიკა და ეს მოძრაობები, რომლებიც სიცოცხლეს მერჩივნა, განსაკუთრებით ძვირაფასად მაშინ მეჩვენებოდა, როცა ვხვდებოდი, რომ მათთვის გაცილებით ნაკლები დრო მრჩებოდა. ხანდახან, როცა სამეცადინო მიგროვდებოდა, მიწევდა შაბათ-კვირის გაცდენა. საშინლად განვიცდიდი, იმაზე მეტად, ვიდრე შუალედურების გამოცდებზე არასასურველ საკითხებს. მაგრამ ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა. ცეკვა ყოველთვის ჩემთან ახლოს იქნებოდა. ლექციებსა და ქულებს კი სხვა დროისთვის ვერაფრით გადავდებდი.
არც ოთო გამქრალა ჩემი ცხოვრებიდან. ჩემი სასწავლებლის პარალელურ ქუჩაზე სწავლობდა. ერთ დღეს შემთხვევით შევხვდით გაჩერებაზე და მაშინღა გამახსენდა, რომ ასე ახლო იყო ჩემთან. ამიტომ ხანდახან ჩვენც ვსვამდით ხოლმე იმ კაფეში ყავას, სადაც მე და სოფი. ერთხელ სამივეს ერთად მოგვიწია იქ ყოფნა და როცა დავიშალეთ, გოგომ მითხრა, ამ ბიჭს მგონი ისევ მოსწონხარ, რომ გიყურებს უცნაურად იღიმისო. მე არ შემიმჩნევია. ალბათ იმიტომ, რომ არ მინდოდა ამაზე ფიქრი. სამაგიეროდ, მას შემდეგ, როცა ოთოს ვხვდებოდი, სულ გოგოს სიტყვები მახსენდებოდა და თავს ისევ უხერხულად ვგრძნობდი.


იანვარი
***
ფილარმონიის დარბაზში ძველით ახალ წელს კონცერტი იმართებოდა და არც „დაირას“ გამოუტოვებია ეს დიდებული სცენა. კულისებიდან ვუთვალთვალებდი დარბაზს, რომელიც ნელ-ნელა ივსებოდა და ადრენალინიც თანდათან იწყებდა ჩვენზე ზემოქმედებას. კონცერტის დაწყებამდე ხატიას შევხვდით. ანსამბლი გორიდანაც იყო ჩამოსული. ის და ლაშა უკვე შეყვარებულები იყვნენ. სანამ დავიშლებოდით, იმაზე საუბარიც მოასწრეს, თუ რა ცეკვებით წარსდგებოდნენ ჟიურის წინ მისაღებ გამოცდაზე კოლეჯში. ისეთი აჟიტირებულები და ბედნიერები იყვნენ, ცოტა შემშურდა კიდეც. როგორი წარმოსადგენი იყო, რომ სამივე და შესაძლოა გიორგიც ისწავლიდნენ იქ, სადაც ყოფნა ყველაფერს ერჩივნათ.
ნანიკოს მობილური ჩაებღუჯა და ნერვიულად აკაკუნებდა მასზე ფრჩხილს. მისმა ალექსანდრემ კონცერტზე მოსვლა ვერ მოახერხა და ბრაზობდა. მერე სესილიმ დაგვიძახა რეპეტიციისთვის. დავლური უნდა გაგვეტანა. სოლო კი ქართული იქნებოდა. ამიტომ სოფიც იყო კონცერტზე. შორიდან დავინახე გოგო. მარტო იდგა ზურგით და მობილურზე ლაპარაკობდა. შევამჩნიე რომ ჩიხტის ფატა ჰქონდა გასასწორებელი და ის იყო მისკენ ნაბიჯი გადავდგი მის გამოსასწორებლად, რომ გოგოსთან გიორგი გაჩნდა და სწორედ ის გააკეთა, რასაც მე ვაპირებდი. სოფი დაბნეული შემობრუნდა, მერე ალბათ გიორგიმ აუხსნა, რაც ხდებოდა და ორივეს გაეცინათ. ბიჭი ნამდვილ თავადს ჰგავდა, სათანადოდ დალაგებული ვარცხნილობით, შავ ჩოხა-ახალუხზე მოხვეული რუხი მანტიით კოხტად მომდგარი აზიურებით. სოფი კი თავისი მორცხვი ღიმილითა და გამართული სიარულის მანერით, ნამდვილი დედოფალი იყო. იდეალურ წყვილზე ხომ გსმენიათ? თავში სწორედ ამან გამიელვა და ნახევარი წამით საფეთქელთან წვაც კი ვიგრძენი. მუცელი შემეკუმშა, იმდენად ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, რომ ყელში მოწოლილი ბურთი შემეკავებინა. საკუთარ თავს შევძახე, რომ ამის დრო არ იყო. ახლა კონცერტზე, მოძრაობებსა და განწყობაზე უნდა მეფიქრა და არა ამ მტკივნეულ სილამაზეზე, ნელა რომ მიახლოვდებოდა. ცეკვა ყველაფერს გამოასწორებდა. ცეკვა მიშველიდა. ცოტაც უნდა მომეთმინა. უკან დავიხიე და შორს წასულ ნანიკოს დავეწიე.
- რა გჭირს? - დანახვისთანავე მკითხა.
- არაფერი. - სწარაფად ვუპასუხე. ლაპარაკი არ მინდოდა, ჯერ ისევ ყელში იყო ტირილის სურვილი. მაკიაჟის ხელახლა გაკეთების დრო არ იყო. არც უამრავი კითხვისგამჩენი დრამების.
- რა არაფერი, ისეთი სახე გაქვს, სადაცაა იტირებ. - მომიახლოვდა და მხარზე დამადო ხელი.
- თუ არ გაჩუმდები, მართლა ვიტირებ. სხვა დროს გეტყვი, დღეს არა. - ვუთხარი და ვერცხლისფერ კაბაზე მოცმული რუხი ბარხატის ჟილეტი შევისწორე.
- კარგი. - ჩაიჩურჩულა გოგომ და გამომყვა.
მაოცებდა საკუთარი თავი, იმხელა მოთმინების უნარს ვამჟღავნებდი რაც დრო გადიოდა და რაც უფრო მეტად მჭირდებოდა. გადაყლაპვა იყო რთული და გულში გამოკეტვა, თორემ იქ მოთავსებული გრძნობები ერთმანეთს აძლიერებდნენ და მე მათ უკვე აღარ ვჭირებოდი.
ღიმილი დავიბრუნე. რეპეტიცია გავიარეთ და კონცერტიც მალევე დაიწყო. ჩვენი დავლური ნამდვილ საოცრებად მიმაჩნდა. გულში ჩამწვდომი მელოდია თითქოს ჩემს განწყობას გრძნობდა. ულამაზესი კაბების შრიალი სასიამოვნო ჩამესმოდა. ეს ცეკვა ჩემი მშველელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც პირიქით მოხდა. ალბათ იმიტომ, რომ განწყობით რთმანეთს ვგავდით.
ცეკვამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. აპლოდისმენტებიც ნამდვილად მქუხარე იყო. სანამ გამოვიცვალეთ, კონცერტიც დასრულდა და ფილარმონიიდან ხალხთან ერთად მოგვიწია გამოსვლა. გიორგი უკან მომყვებოდა და ჯერ ისევ ჩაწნულ ნაწნავებს მიშლიდა. ყოველი კონცერტის ბოლოს საკუთარ თავს დააკისრა ეს მისია. უფლებას არ მაძლევდა ეს ჩემით გამეკეთებინა. მეტროთი ერთად უნდა წავსულიყავით და იმედი მქონდა, რომ ჩემს თავში დაბრუნებული ფიქრები სახეზე არ დამეტყობოდა. ის იყო, გარეთ გამოვედით, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის კიბესთან ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. ეს ალექსანდრე იყო, ნანიკოს შეყვარებული. მხედველობა დავძაბე, ხომ არ მეჩვენება მეთქი, მაგრამ მისი მოგრძო ქერა თმა და დგომის მანერა ვერავისში ამერეოდა. უკვე ნანიკოსთვის ვაპირებდი თქმას, რომ ბიჭს ვიღაც გოგო მიუახლოვდა და კისერზე ჩამოეკიდა. ლამის პირი დავაღე და ინსტიქტურად შევწყვიტე მოძრაობა. გოგოს მოკლე ტყავის ბოლოკაბა და სქელი ჯემპრი ეცვა. მოკლე თმა უკან გადაეწია და საკმაოდ გამომწვევი მზერით მიშტერებოდა მომღიმარ ალექსანდრეს.
- მარიაამ. - დამიძახა გიორგიმ, რომელსაც მეორე ნაწნავი მოემარჯვებინა და შემომყურებდა. - რა დაინახე? - მანაც ჩემს მზერას გააყოლა თვალი და მაშინვე წარბები შუბლზე აზიდა. მიმოვიხედე, ნანიკოს ვეძებდი. გოგო უკან იდგა, ლაშასთან ლაპარაკს ამთავრებდა და ჩემსკენ მოდიოდა.
- ეს ის პიკასო არაა? - მიჩურჩულა გიორგიმ. თავი დავუქნიე. არ ვიცოდი უნდა მეთქვა თუ არა. რამდენიმე წამით ძალიან დავიბენი. მერე ნანიკოც მომიახლოვდა და შევხედე თუ არა, გამახსენდა, როგორი აღფრთოვანებული მეუბნებოდა ალექსანდრეს მუზა გავხდიო. ისიც გამახსენდა, რომ ვეუბნებოდი, ამ ტიპს არ ვენდობითქო.
- არ წავიდეთ? რა მოგივიდა. კიდე ტირილი გინდა? - მკითხა უხასიათოდ. ჯერ თვალები ვჭყიტე. დავინახე გიორგის სახე, როცა უკანასკნელი შეკითხვა მოისმინა და გაბრაზებულმა, გოგო იმ მხარეს მივატრიალე, საითაც მისი ფუნჯიანი მხატვარი იდგა.
- ალექს... - დაძახება დააპირა ნანიკომ, მაგრამ მალევე აღიქვა კადრი. თვალები გაუშტერდა, ტუჩები მომუწა და მუშტები შეკრა.
- ახლა არ აყვირდე. - ვურჩიე მშვიდად, რადგან კარგად ვიცოდი მისი ფეთქებადი ხასიათის ამბავი.
- თუ გინდა ჩავერვი. - გიორგიმ ჩემი ნაწნავის დაშლა გააგრძელა, იცოდა, რომ ნანიკო უარს ეტყოდა.
- არავინ ჩაერევა. მე თუ ამას დალტონიკად არ ვაქცევ და ნახავს... - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა. - წავიდეთ.
გზაში შევთავაზე, შენთან წამოვალ დღეს და დავრჩებითქო, მაგრამ უარი მითხრა. ნუ დარდობ, მაგ ნაგავის გამო ტირილს და დარდს არ ვაპირებ. მხოლოდ კარგ გეგმას დავსახავ, რომ შურისძიებისას დანაკლისი არ ვიგრძნოო. ერთმანეთს მეტროში დავშორდით.
- ტირილი რატომ გინდოდა? - მკითხა გიორგიმ, როცა უკვე გზაჯვარედინთან ვიყავით.
- ტირილი? - წარმატებულად შევიცხადე.
- ნანიკო ამბობდა წეღან...
- ა, არა. მეძინებოდა და მაგაზე მითხრა, ასე მგონია, ტირილს აპირებო.
- გეძინებოდა... - ეჭვით დამიქნია თავი.
- არ ჩამაცივდე. იგივეს გიპასუხებ. - გავუცინე და სახლისკენ გავიხედე. ერთი სული მქონდა, ჩემს ოთახში შევსულიყავი.
- კარგი, და... მართალია, რომ იმ ოთოს ისევ მოსწონხარ?
- რა? საიდან გაგახსენდა, ან საიდან მოიტანე?
- თურმე შენთან და სოფისთან ერთად ყავას სვამს ხოლმე.
- შენ და სოფი ჩემზე ჭორაობთ? - შუბლი შევკარი. ისედაც შეკავებულ ემოციებს ახლა საშინელი სიბრაზეც დაემატა და გული ისე ამიჩქარდა, მეშინოდა, რომ თავს ვეღარ გავაკონტროლებდი.
- ვჭორაობთ? მარიამ...
- ასე ნუ მეძახი!
- რა? - გაკვირვებულმა შემომხედა. - რა გჭირს? ახლა მეგობრებში საუბრებს ჭორაობას ვეძახით?
- ვეძახით, როცა ეს თემა არც ერთს არ გეხებათ. - მკლავებზე გადაფენილ ცეკვის ფორმას თითები მაგრად მოვუჭირე. ვლაპარაკობდი და ვხვდებოდი, რომ ეს სიტყვები ჩემსას არ ჰგავდნენ. უნდა წავსულიყავი, სანამ ზედმეტი მომივიდოდა და ყველაფერს გავაფუჭებდი. - დავიღალე, უნდა წავიდე. - ვუთხარი და უკან დავიხიე, მაგრამ გიორგიმ ხელში თითები ჩამავლო.
- სანამ არ მეტყვი, რა დაგემართა, არსადაც არ წახვალ. - თქვა კატეგორიულად.
- შენს ახალ მეგობართან ერთად გამოიცანი, რა დამემართა.
გიორგიმ წარბები შუბლზე აზიდა და გაკვირვებული სახე ნელ-ნელა ღიმილმა გაუხსნა. მერე გაეცინა.
- რა გაცინებს? - გავბრაზდი, მაგრამ გულზე მომეშვა. ვიცოდი ახლა რასაც მეტყოდა და ჯობდა ზუსტად ეს ეფიქრა, ვიდრე კამათით დავშორებოდით ერთმანეთს.
- ეჭვიანობ, ტყუილი თუ მართალი?
- მართალი. და შესაძლოა ოთოსაც ისევ მოვწონვარ. - მივახალე და გამოვბრუნდი. ზურგს უკან გიორგის სიცილი მესმოდა. მერე მობილურზეც მომივიდა შეტყობინება, ეს საუბარი არ დაგვიმთავრებიაო და სახლშიც შევედი. მამას ეძინა. დედასაც დავემშვიდობე, ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე ძალაგამოცლილი მივწექი.
თავი საშინლად მტკიოდა. ყველა ნერვის დაბოლოება გულისგამაწყალებლად ფეთქავდა.
მანამდე აზრად არასდროს მომსვლია, მაშინ კი საკმაოდ ცხადად გავაცნობიერე, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა. გიორგის ვინმე აუცილებლად მოეწონებოდა, ვინმეს შეიყვარებდა ისე, როგორც მე მიყვარდა და მე ვიქნებოდი ამის თვითმხილველი. გამახსენდა, როგორ წმენდდა ის სოფის ნაყინს მხრიდან და როგორ უღიმოდა გოგო მას. გამახსენდა დღევანდელი მცირე ჟესტი და მისით გამოწვეული დიალოგი. მათი ღიმილიანი სახეები. ის მუხტი, რასაც მათ შორის აშკარად ვხედავდი. განსაკუთრებით კი სოფის მხრიდან. ის მოხიბლული იყო და საკმაოდ მოსალოდნელი იქნებოდა, გიორგიც თუ უპასუხებდა ამით.
ჩვენ სხვანაირი მეგობრები ვიყავით. ასე მითხრა, ასე იყო და ალბათ ასევე გაგრძელდებოდა. შემეძლო რამის შეცვლა? ამის ძალა არ მქონდა. მისთვის მეგობარი ვიყავი. სხვანაირი, მაგრამ მაინც მეგობარი. ესეც რომ დამეკარგა? ერთხელ უკვე გამოვიარე და მეორედ ვერ გავუძლებდი, მით უმეტეს, როცა მიზეზი მე ვიქნებოდი.
და მის გვერდით სხვის დანახვას რამდენად შევძლებდი? გონებაში თავისით ჩნდებოდნენ არასასურველი სურათები და გული მისივდებოდა. მომუშტულ თითებს მუცელზე ვიჭერდი, რომ ტკივილი შემეჩერებინა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. შიგნით რაღაც ძალიან მხურვალე იზრდებოდა და ასე მეგონა დამწვავდა. რაც უფრო მეტი ფიქრი გროვდებოდა თავში, მით უფრო იწელებოდა ის ღამე.
წამოვდექი. ბალუს ფუმფულა ხელი ცრემლებით დასველებოდა. უჯრაში პატარა ყუთი მოვძებნე, რომელშიც გიორგის მოცემულ წვრილმან ნივთებს ვინახავდი. იქიდან კი ბენდენა ამოვიღე. გარეცხილი და სუფთა იყო, მაგრამ, მოგონებას მაინც უნაკლოდ ინახავდა. რამდენჯრმე დამავიწყდა ცეკვაზე მისი წაღება, რომ გიორგისთვის დამებრუნებინა. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე დამეტოვებინა. იმდენად ცხადად მახსენებდა იმ დღის შეგრძნებებსა და ფიქრებს, რომ არ მინდოდა მისი დაკარგვა. მასთან ერთად თმისსამაგრიც იდო, იმ რუსული შოკოლადის შეფუთვაც, შემოსარიგებლად რომ მაჩუქა და კიდევ რამდენიმე წვრილმანი ნივთი. ალბათ კიდევ ბევრი მიემატებოდა, ის კი მათ ვერასდროს ნახავდა.
მერე ჩვენი ბოლო საუბარი გამახსენდა და გამეღიმა. იფიქრა, რომ ვიეჭვიანე. მართალი იყო, მაგრამ არ იცოდა რამდენად მძაფრად. არ იცოდა და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებდა.

***
მეორე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო გაფრთხილებული მყავდა, ორ დღეში ფინალური მეწყება და ვერ მოვცდები მეთქი, მაინც თავზე დამადგა. თან ცხელი შოკოლადი მოიტანა. იცოდა, როგორ უნდა გავეჩუმებინე. სანამ მას ვამზადები, თვითონ ბალუს ეხუტებოდა.
- აბა, როგორია შენი გეგმა? - ვკითხე გოგოს და ფინჯანი გავუწოდე.
- იდეალური გეგმა მაქვს. სასწავლებელი თვის ბოლოს აწყობს წარმატებული სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. მაგ იდიოტის ორი ნახატიც უნდა იყოს. სამუდამოდ დავამახსოვრებ იმ დღეს.
- დახმარება ხომ არ გინდა? - გავუცინე.
- არ მგონია, თუ რამეა არ მომერიდება. - ჩაიხითხითა. - ახლა შენ მომიყე, რა ხდება? - მოიკალათა ბალუსთან და ინტერესით შემომხედა.
- არაფერი ისეთი ნანი. ვიეჭვიანე. - ბოლო სიტყვა ჩუმად ვთქვი, მაგრამ მაინც გაიგო.
- რაა? ღადაობ? უნდა აღვნიშნოთ. - წამოიყვირა, მაგრამ ჩემს ნირწამხდარ სახეს რომ გადააწყდა, გაჩერდა. - მოიცადე და, ვისზე? - მხრები ავიჩეჩე და ცხელი სითხე მოვსვი. - სოფიზე?
- ხო.
- ვიცოდი!
- სოფის მოსწონს გიო. ხომ გახსოვს, ნაყინით რო დასვარა შემთხვევით... - გოგომ თავი დამიქნია. - ჯერ კიდევ მაშინ შევამჩნიე.
- დარწმუნებული ხარ? მე რანაირად გამომეპარა?
- ხო, უბრალოდ აქამდე თითქოს ყურადღებას არ ვაქცევდი...
- და გუშინ რამე მოხდა?
- არაფრი განსაკუთრებული. საუბრობდნენ რომ შევამჩნიე და... უბრალოდ აშკარაა, რასაც ვამბობ. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.
- კარგი. - ამოიოხრა გოგომ და ერთი წამით ჩაფიქრდა. - და შენ? რას აპირებ?
- რას უნდა ვაპირებდე...
- მარი! ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანო და არ მითხრა, რომ აპირებ უყურო, როგორ გაჩაღდება მათ შორის სასიყვარულო რომანი.
- ღმერთო, რანაირი პირდაპირი ხარ ხან. - დავუბღვირე გოგოს.
- მეტის ღირსი ხარ, თუ მართლა ასე ფიქრობ! - წარბები ასწია მაღლა.
- და რა უნდა გავაკეთო? მივიდე გიორგისთან და ვუთხრა, მიყვარხარ მეთქი?
- ხო, ხო, ზუსტად ეგ. უნდა მიხვიდე და უთხრა.
- გამორიცხულია!
- მაშინ შეიცვალე. რაღაცნაირად მიახვედრე, რომ შენთვის მხოლოდ მეგობარი არ არის. თქვენ... ისეთი ურთიერთობა გაქვთ, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს კიდეც, რომ თქვენს შორის რაღაც არის...
- ნუ სულელობ. მსგავსი არაფერია.
- ხო, იმიტომ, რომ თავს მშვენივრად ართმევ მისი მეგობრის როლის თამაშს.
- მე მისი მეგობარი ვარ!
- მაგრამ ეს ხომ ის არ არის, რაც შენ რეალურად გინდა? რა ჯანდაბაა... ასე რანაირად იმეტებ თავს?
- გეყოფა. - ვუღიმი ჩემს აღელვებულ მეგობარს.
- არ მეყოფა. რაღაც უნდა გააკეთო. ან გიორგის მიახვედრე, რომ გიყვარს, ან სოფის სადმე ბნელში დავხვდები.
- იდიოტო!
- ამ ყველაფრის შემდეგ შენ გეცინება და კიდევ მე ვარ იდიოტი? შე მართლა იდიოტო! მარი გთხოვ, არ მაყურებინო, როგორ უღიმი შეყვარებულ სოფის და გიორგის. რამე გააკეთე.
- არ მინდა, რომ დავკარგო, ნანი. მაგ მცდელობებმა რომ გიორგი დამაკარგვინოს... ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ვერ გავრისკავ, ვერანაირად, გესმის? - ფინჯანი დავდე და სახეზე ხელები ავიფარე. ხმა გამიტყდა. ტირილი არ მინდოდა, მაგრამ ნერვებმა მიმტყუნა.
- კარგი რაა... - ნანკომ თავი კალთაში ჩამადებინა და თვითონაც დაებრიცა ტუჩები.
- რასაც შენ ამბობ, ის „რაღაცნაირი ურთიერთობა“ ჩემთვის გარანტია არაა, რომ გიორგი ყველაფრის გაგების შემდეგ დარჩება და ჩემს ისე შეყვარებას შეძლებს, როგორც მე მიყვარს. მირჩევნია ის იყოს მყარი, რაც მასთან მაკავშირებს, ვიდრე გავრისკო და ყველაფერი დავკარგო.
- ვერ ვიტან სოფის. - ჩაილაპარაკა ზიზღით გოგომ.
- ის კარგია. მართლა კარგია.
- ვერც შენ გინტან ამის გამო. და საერთოდაც, - თმა გადამიწია და ზემოდან დამხედა. - რას აიჩემე ეს სოფი და გიორგი. იქნებ გეჩვენება?
- არ მეჩვენება. და რომც მეჩვენებოდეს, არაფერს ცვლის ეს.
- ასე არ შეიძლება. - ჩაიბუტბუტა ნანიკომ და ბალუს ლოყაში მუშტი უთავაზა. გამეცინა. ვიცოდი ეს მუშტი ვისაც ეკუთვნოდა სინამდვილეში.



№1  offline წევრი ნანა73

ვგრძნობ, როგორ მიპყრობს მოუთმენლობა...
სიმართლე გითხრა, ყოველდღე რომ ვიცოდე რაღაც დოზით მივიღებ სიახლეს ხმასაც არ ამოვიღებდი, მაგრამ... მოლოდინი არც ისე ძლიერი მხარეა ჩემი. blush
ხოდა ძვირფასო მარიამ? heart_eyes
❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნანა73
ვგრძნობ, როგორ მიპყრობს მოუთმენლობა...
სიმართლე გითხრა, ყოველდღე რომ ვიცოდე რაღაც დოზით მივიღებ სიახლეს ხმასაც არ ამოვიღებდი, მაგრამ... მოლოდინი არც ისე ძლიერი მხარეა ჩემი. blush
ხოდა ძვირფასო მარიამ? heart_eyes
❤️❤️❤️

ძვირფასო ნანიკო, <3 ვინაიდან და რადგანაც ახლა მეათე თავის წერის პროცესში ვარ და წინ ალბათ კიდევ ოთხი თავია დასაწერი, ვცდილობ ისე გავაკეთო, რომ ორი დღის ნაცვლად, ერთი კვირა არ მოგიწიოთ ლოდინმა. <3 ვიცი შენი ფორიაქის და მოუთმენლობის ამბავი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ყოველ თავზე აქ ხარ <3

 


№3 წევრი nukito20w

ამ გიორგის ერთს კი შემოვცხებდი, ჩამოუყალიბებელი ქმედებებისთვის. აშკარაა,მარიამთან მეგობრობაზე მეტი აქვს... იმაზე მეტი და არ ვიცი, არ ვიცი სოფისთან ურთიერთობა აღტაცებაა თუ სხვა რამ.
მარიამი იმაზე მეტს იმსახურებს,ვიდრე იღებს ცხოვრებისგან. ამ ლუკასა და ოთოზე მაინც ვერ გავერკვიე დდ, მომწონს თუ არა, კი თუ არა დდდ ( და მე რომ გიორგის ვაკრიტიკებ ქმედებაზე ამის შემდეგ). ნანიკო ძალიან საყვარელია, ძალიან კარგი მეგობარი. უი,ლამის გამომრჩა მეთქვა, მარიამი მხიბლავს,როგორც მასწავლებელი. ბავშვებს ძალიან კარგად ექცევა, მეგობრულად და მზრუნველობით. რა მაგარია,როცა შენს პროფესიაზე გიჟდებუ კაცი.. სიგიჟეა,ნამდვილად!
შემდეგ თავს ველოდები მოუთმენლად.

წარმატებები❤❤❤

 


№4  offline წევრი ვიპნი

ძალიან კი მაინტერესებს სოფის და გიორგის შორის რა ხდება

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

როგორ მესმის მარიამის(((
სულ გაქრობას და დაკარგვას, ისევ მეგობრობა რომ ურჩევნია. ეს სიყვარულის გამო არ ხდება, არამედ იმიტომ რომ გიორგი ძვირფასია, როგორც პიროვნება. ერთ დროს, მეც ეს გადაწყვეტილება მივიღე და არ ვნანობ, რადგან მის ჩემგან გაქრობას ვერასდროს შევეგუები. თუმცა, რთული ასატანია სხვა გოგო, საყვარელი ადამიანის გვერდით. უბრალოდ, თავს იმშვიდებ, რომ ბედნიერია ის და ამით შენც რაღაც დონეზე ბედნიერი ხარ, მაგრამ საკუთარი თავი?! ის ვინც გადადე და გაწირე სიმარტოვისთვის, რა მწარე სილის გაწვნასავით შემოგყურებს, ზოგჯერ.
ზოგადად, ძალიან მიყვარს შენი ნაწერები, მაგრამ ამას გულგამსკდარი ვკითხულობ, პირდაპირი მნიშვნელობით და ასეთი მძაფრი განცდები არ მქონია უწინ.
ცოტათი, იმედია ჩემთვისაც და რეალობის შეგრძნების სიმწარეც, არ მტოვებს.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

nukito20w
ამ გიორგის ერთს კი შემოვცხებდი, ჩამოუყალიბებელი ქმედებებისთვის. აშკარაა,მარიამთან მეგობრობაზე მეტი აქვს... იმაზე მეტი და არ ვიცი, არ ვიცი სოფისთან ურთიერთობა აღტაცებაა თუ სხვა რამ.
მარიამი იმაზე მეტს იმსახურებს,ვიდრე იღებს ცხოვრებისგან. ამ ლუკასა და ოთოზე მაინც ვერ გავერკვიე დდ, მომწონს თუ არა, კი თუ არა დდდ ( და მე რომ გიორგის ვაკრიტიკებ ქმედებაზე ამის შემდეგ). ნანიკო ძალიან საყვარელია, ძალიან კარგი მეგობარი. უი,ლამის გამომრჩა მეთქვა, მარიამი მხიბლავს,როგორც მასწავლებელი. ბავშვებს ძალიან კარგად ექცევა, მეგობრულად და მზრუნველობით. რა მაგარია,როცა შენს პროფესიაზე გიჟდებუ კაცი.. სიგიჟეა,ნამდვილად!
შემდეგ თავს ველოდები მოუთმენლად.

წარმატებები❤❤❤

ძალიან რადიკალური ხარ :დდ მაგრამ მაინც მესმის შენი... ყველა მკითხველი ერთნაირი მოთმინებით ვერ შეხედავს ამ ამბავს... ადრეც ვახსენე. ეს ის ისტორიაა, სადაც თან არავინაა დამნაშავე, თან ყველა. შესაძლოა მე ვერ აღვწერ იმდენად რეალურად, რომ ნაად დაინახო, როგორი მეგობრობა აქვთ გიორგის და მარიამ. ალბათ არა არის აღწერილი საკმარისი იმისთვის, რომ გიორგისაც გაუგო. იქნებ მომავალი დიალოგები და მოვლებენი დაგეხმაროს ამაში. მეცინება ჩემს ბიჭს რომ ცემით ემუქრები :დდდ ჩამოუყალიბებელი სხვა რამაა, დაბნეულობა სხვა, მიუხვედრელობა სხვა. გიორგი ალბათ რომელიმეს განიცდის. ჩვენ ხომ არ ვიცით. მოვა ალბათ იმის დროც, რომ იტყვის თვითონ :დდდ
ძალიან მიხარია მარიამის მოსწავლეებთან დამოკიდებულება რომ აღნიშნე. დიდი დიდი მადლობა ამისთვის <3 სულ ვცდილობ, ეგ არ გამომრჩეს <3
აბა ვნახოთ, შემდეგ თავებში გადაგივლის თუ არა გიოს ცემის სურვილი :დდდ

ვიპნი
ძალიან კი მაინტერესებს სოფის და გიორგის შორის რა ხდება

გავიგებთ მალე <3

მე♥უცნაურე
როგორ მესმის მარიამის(((
სულ გაქრობას და დაკარგვას, ისევ მეგობრობა რომ ურჩევნია. ეს სიყვარულის გამო არ ხდება, არამედ იმიტომ რომ გიორგი ძვირფასია, როგორც პიროვნება. ერთ დროს, მეც ეს გადაწყვეტილება მივიღე და არ ვნანობ, რადგან მის ჩემგან გაქრობას ვერასდროს შევეგუები. თუმცა, რთული ასატანია სხვა გოგო, საყვარელი ადამიანის გვერდით. უბრალოდ, თავს იმშვიდებ, რომ ბედნიერია ის და ამით შენც რაღაც დონეზე ბედნიერი ხარ, მაგრამ საკუთარი თავი?! ის ვინც გადადე და გაწირე სიმარტოვისთვის, რა მწარე სილის გაწვნასავით შემოგყურებს, ზოგჯერ.
ზოგადად, ძალიან მიყვარს შენი ნაწერები, მაგრამ ამას გულგამსკდარი ვკითხულობ, პირდაპირი მნიშვნელობით და ასეთი მძაფრი განცდები არ მქონია უწინ.
ცოტათი, იმედია ჩემთვისაც და რეალობის შეგრძნების სიმწარეც, არ მტოვებს.

ძალიან მიხარია,რომ მარიამის ასე გესმის. კი, რთულია რაღაცებზე უარის თქმა იმისთვის, რომ ყველაფერი არ დაკარგო. რომ ამბობ ხოლმე, მეც გამოვიარე ასეთიო, გული მეწურება. მე არ გამომიცდია, მაგრამ მესმის, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს. და ყოჩაღ შენ, რომ ამდენი შეძელი <333
უღრმესი მადლობა ასეთი ემოციური შეფასებისთვის ჩემო კარგო <3 ძალიან მახარებს ხოლმე შენი აქ დანახვა <3

 


№7 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან რთულია მარიამის სიტუაცია.საკმაოდ და რაღაცმხრივ მესმის მისი მეც ვიყავი მსგავს სიტუაციაში უბრალოდ ჩვენი მეგობრობა გადაიზარდა სიყვარულში თუმცა თავიდან მეც მარიამივით ვიყავი.სულ ის მახსენდება როდესაც სამეგობრო ვიყაბით ეხლ უკვე ჩემი მეუღლე ამბობდა მაშინ შეყვარებული რომ.მყავდეს მასთან ვიქნებოდი აქ თქვენთანაც კარგია მაგრამ მასთან ვიქნებოდიო ეხლაო და იმ დროს ვიგრძენი რა იქნებოდა მართლა მის გვერძე სხვ რომ ყოფილიყო და უმეტესი დრო მისთვის დაეთმო.ასე რომ კარგად მესმის მარიამის.ვიდემოვნებ რომ მისი ამბავი კარგად დასრულდება.მარიამმა თავს წირას რომ არ დაკარგოს გიორგი.ისე მეც არ მიგრძნობინებია მისთვის რამე უბრლოდ ვცდილობდი ხშირი კონტაქტი მქონოდა უფრო და სიყვარულში მეც ვწრ გამივუტყდებოდი ნამდვილად.საოცარი ისტორიაა და გელი ახალი თავით მოუთმენლად

 


№8 სტუმარი Life is beautiful

;-)ძალიან მადარი იყო... ავჟიტირდი... ახალი თავი მალე დადეთ რა

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თამო
ძალიან რთულია მარიამის სიტუაცია.საკმაოდ და რაღაცმხრივ მესმის მისი მეც ვიყავი მსგავს სიტუაციაში უბრალოდ ჩვენი მეგობრობა გადაიზარდა სიყვარულში თუმცა თავიდან მეც მარიამივით ვიყავი.სულ ის მახსენდება როდესაც სამეგობრო ვიყაბით ეხლ უკვე ჩემი მეუღლე ამბობდა მაშინ შეყვარებული რომ.მყავდეს მასთან ვიქნებოდი აქ თქვენთანაც კარგია მაგრამ მასთან ვიქნებოდიო ეხლაო და იმ დროს ვიგრძენი რა იქნებოდა მართლა მის გვერძე სხვ რომ ყოფილიყო და უმეტესი დრო მისთვის დაეთმო.ასე რომ კარგად მესმის მარიამის.ვიდემოვნებ რომ მისი ამბავი კარგად დასრულდება.მარიამმა თავს წირას რომ არ დაკარგოს გიორგი.ისე მეც არ მიგრძნობინებია მისთვის რამე უბრლოდ ვცდილობდი ხშირი კონტაქტი მქონოდა უფრო და სიყვარულში მეც ვწრ გამივუტყდებოდი ნამდვილად.საოცარი ისტორიაა და გელი ახალი თავით მოუთმენლად

აი, შენც... კიდევ ერთი ხარ, ვისთვისაც ასეთი ახლობელია მარიამის ისტორია <3 მიხარია, რომ შენთვის ყველაფერი კარგად დამთავრდა. ახლა ალბათ ძველ ნერვიულობებზე გეღიმება ^^ ვნახოთ მარიამიც გაიღიმებს თუ არა წარსულის გახსენებისას... ძალიან მიხარია, ასეთი ემოციური კომენტარი... მადლობა, რომ აზრი დამიტოვე <333

Life is beautiful
;-)ძალიან მადარი იყო... ავჟიტირდი... ახალი თავი მალე დადეთ რა

ხვალ დილით იქნება ახალი თავი <3
მიხარია, რომ მოგწონს <3

 


№10 სტუმარი მე

მინდა, რომ სულ,დაუსრულებლად ვიკითხო შენი ისტორიები <3 აი, არ მომბეზრდება!

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

მე
მინდა, რომ სულ,დაუსრულებლად ვიკითხო შენი ისტორიები <3 აი, არ მომბეზრდება!

აი რამხელა ბედნიერება და მოტივაციაა, ვერც კი წარმოიდგენ <3333 უღრმესი მადლობა ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent