შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-7)


5-11-2020, 16:16
ავტორი აირ ისი
ნანახია 578

ზოგადად ყოველთვის ვცდილობ სიუჟეტი არ გაბანალურდეს და თუ ცოტათი მაინც ჩათვლით, რომ ასეა, უარყოფითი შეფასებებისთვისაც აბსოლუტურად გახლავართ მზად. მოკლედ, ესეც შემდეგი თავი <3


* * *
მანქანის სავარძელზე, ნახევრად თვალდახუჭული ვიყავი მიწოლილი და მუხლებზე თითებს მონოტონურად ვათამაშებდი. გიჟური სამუშაო გრაფიკის შემდეგ, შინ ენკეს მანქანით ვბრუნდებოდი, რადგან გარეთ კოკისპირულად წვიმდა და ველოსიპედით წასვლა არც თუ ისე ჭკვიანურ ვარიანტად მესახებოდა.
საშინელი ჭექა-ქუხილი, ირგვლივ ყველაფერს მიწისძვრასავით აზანზარებდა. მანქანის მინის საწმენდებიც, თითქოს ხელჩართულ ბრძოლაში ჩართულიყვნენ, შეთანხმებულად მოძრაობდნენ აქეთ-იქით და ძლივს ასწრებდბენ თავის საქმის შესრულებას, რომ წამის მეასედში კვლავ სველი ბურით იფარებოდა წინა ხედვის მინა.
გზაზე, ჩვენს გარდა, კიდევ ორიოდე მანქანა თუ მოძრაობდა. მოღრუბლული ამინდის გამო, გათენებასაც აგვიანებდა, ამიტომ, წყვდიადს მხოლოდ ლეგიონერებივით გამწკრივებული ლამპიონები უცხადებდნენ ბოიკოტს და მთელი ძალით ცდილობდნენ მის გადაფარვას.
ენკე კვლავ უხმოდ, ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე ატრიალებდა საჭეს. კიდევ კარგი ხვდებოდა, ჯაყელისა და მელინას კაბინეტში განმარტოებისა და ერთობლივი ვახშმის გამო, მაინდამაინც გადასარევ ხასიათზე რომ არ ვიქნებოდი და საშუალებას მაძლევდა მარტო დავრჩენილიყავი საკუთარ თავთან.
კვლავ იქუხა.
ცაზე, წინანდელთან შედარებით უფრო მკაფიოდ გაიბრწყინა კლაკნილმა ხაზმა და ამას, დაჭრილი ცხოველის მსგავსი საზარელი ხმაც მოაყოლა ბონუსად. სწორედ ასეთ ამინდში მომიწია მუშაობა, ერთი კვირის წინაც. კარგად მახსოვს, მაშინაც საშინლად ქუხდა და ამის გამო, არც ბარში შევუწუხებივარ ზედმეტ ხალხს, რადგან ვერანდა, წვიმის გამო არ ფუნქციონირებდა.
რამდენიმე წამში, კიდევ ერთი გაცრეცილი კადრი ამოტივტივდა ამ დღის მოგონებების ალბომიდან. თვალწინ დამიდგა მელინას საეჭვოდ დამფრთხალი სახე, როცა შუა ღამეს, ბარის მაგიდასთან იდგა და ჭიქებს სპეციალური ტილოთი აპრიალებდა. აღნიშნულ მომენტში, ენკე საპირფარეშოში იყო გასული, არც ჩვენ გვყავდა ბევრი სტუმარი, ამიტომ, ორივეს მცირედი შესვენება გვქონდა აღებული ლანგრით ხელში სირბილისგან.
-რა გჭირს? რაღაც შეშინებული მეჩვენები -ვუთხარი დარწმუნებით მისი გამომეტყველების შემხედვარემ -ცუდად ხომ არ ხარ?
-არა, ისეთი არაფერია, უბრალოდ მე და ჭექა-ქუხილი ერთმანეთს მაინცდამაინც ვერ ვეწყობით -ჩემკენ არც გამოუხედავს ისე მომიგო
-მგონი იმაზე მეტია ეს ყველაფერი, ვიდრე ვერ შეწყობა. სხეული გიკანკალებს, იცი?
-ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, ნიკოლოზ -კვლავ ჭიქის გაპრიალებას განაგრძობდა ყურადღების გადატანის მიზნით და ამ უკანასკნელს ხელს ისე უჭერდა, ცოტაც და მისი ნამსხვრევები მელინას კანქვეშ აღმოჩნდებოდა, დროულად რომ არ ჩავრეულიყავი
-ეს მე მომეცი -სწრაფად ჩამოვართვი ზომაზე მეტად გაპრიალებული ჭურჭელი და კვლავ ჭერიდან ჩამოშვებულ სათავსოში დავამაგრე, თავდაყირა. მელინამ წამით თვალები დახუჭა, რამდენიმე წამში კი საწყლად გამომხედა
-როგორ ფიქრობ, მალე გადაიღებს? -მკითხა აშკარად შეშინებული ხმით -არაფერი მთრგუნავს ისე, როგორც ელვის ხმა
წამით ჩავფიქრდი. ვეცადე რაღაც გამოსავალი მეპოვნა, რათა მისი ეს შიში ბოლომდე თუ არა, ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, დამებადა კიდეც ერთი პატარა იდეა.
-თვალები დახუჭე და აქ მოდი -მაჯაზე ხელი მოვკიდე ამის თქმისას, თან ოდნავ მოვიზიდე ჩემკენ. სანამ ცნობისმოყვარეობის ღილაკი აუციმციმდებოდა და მკითხავდა ასე რატომ იქცევიო, მანამდე მაგიდის უჯრაში ჩადებულ, ბასების პულტსაც დავწვდი, მუსიკას ხმა უფრო მეტად ავუწიე, ქუხილის გადასაფარად და წელზე ცალი ხელი შევუცურე -თვალები დახუჭე მელინა
-რატომ?
-გააკეთე რასაც გეუბნები
ამჯერად აღარაფერი უთქვამს და უსიტყვო მორჩილება ამჯობინა. ბავშვივით კანკალებდა მისი სხეული. ეტყობოდა, ძალზედ სერიოზული ფობია ჰქონდა მსგავსი ამინდის მიმართ და სწორედ ამიტომ იყო მთელი საღამო ასეთი დაძაბული.
-კარგი, დავხუჭე, ახლა?
-ახლა შეეცადე მხოლოდ იმ მუსიკას უსმინო, რომელიც ამ წამს უკრავს -ყურთან ახლოს ჩავჩურჩულე, თან მეორე ხელი მის კეფაზე მოვათავსე და უფრო მეტად მივუახლოვდი -კიდევ შეეცადე ჩემს სიახლოვეზე გადაიტანო მთელი ყურადღება, გარშემო ყველანაირი ხმა და გრძნობა ჩაახშე. მხოლოდ მელოდიას და ჩემს ხმას უსმინე
-შენ რა, ქალებთან გამოსაყენებელი მაცდური საუბრების კურსები გაქვს გავლილი? -ჩემს სხეულს არ მოშორებია ისე მკითხა.
ღიმილი მომგვარა მისმა სიტყვებმა.
-ეს მაცდური საუბრები კი არა, ერთგვარი ყურადღების გადასატანი საშუალებაა. სხვა ადამიანთან ფიზიკური კონტაქტი, შიშის დაძლევაში გიწევს დახმარებას
-მართლა მეხმარები, იცი? -ამის თქმისას, ვიგრძენი როგორ ფრთხილად შემომეხვია წელზე მისი წვრილი მკლავები და როგორ ჩამალა ცხვირი ჩემს ყელში. ტკივილამდე სასიამოვნო იყო ყველაფერი ეს
-უკეთ ხარ?
-ჰო, უკეთ ვარ -მერე მცირეხნიანი პაუზა გააკეთა და დაამატა -ასე მგონია სიმშვიდის გადამტანივით ხარ, გეხები და დაძაბულობას ოდნავადაც აღარ ვგრძნობ. როგორ აკეთებ ამას?
-დაბადებიდან ნიჭიერი ვარ -თაფლისფერ თმაზე ხელი ჩამოვუსვი ამის თქმისას და უფრო მაგრად ჩავიხუტე გულში სიფრიფანა სხეული. იმ წამს, ალბათ ორივესთვის სულ ერთი გახლდათ ვინ გვიყურებდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნამდვილად ასე იყო . . .
მოგონება, იმ წამს ცაზე გავარდნილი ელვის დამაბრმავებელი შუქივით გაქრა. თუ აქამდე შინ მისვლა მეჩქარებოდა და ერთი სული მქონდა როდის ვეღირსებოდი ნანატრ ძილს, წარსულის ამ პატარა მოგონებამ, ოთხმოცდაათი გრადუსით შემოატრიალა ჩემი გეგმები საპირისპირო მხარეს.
ასეთ საშინელ ამინდში, სავარაუდოდ, მელინა ისეთივე შეშინებული იქნებოდა, როგორც მაშინ, ჩვენი მორიგეობის საათებში. თითქოს გულზე რაღაც დამაწვა. არ შემეძლო სახლში წავსულიყავი და მშვიდად დამედო თავი ჩემს ბალიშზე, როცა ვიცოდი, რამდენად ანერვიულებული იქნებოდა იგი ამ წამს. მე ხომ საკუთარი თვალით გავხდი იმის მოწმე, რა პანიკურადაც ეშინოდა იმ ღამით ყოველი გაელვების? არა, ასე ნამდვილად არ გამოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ჯერ კიდევ ვბრაზობდი, ვერაფრით მოვახერხებდი ასეთ რთულ დროს მარტო დატოვებისთვის გამემეტებინა, ამიტომ, ლამის ჩემი ქუჩის გადასახვევამდე მისულ ენკეს გავხედე და ჩამოვარდნილი დუმილიც, საკუთარი ინიციატივით დავარღვიე, ამდენი ხნის შემდეგ:
-მისმინე, მარშრუტში პატარა ცვლილებებია -ვუთხარი შეპარვით -შინის მაგივრად, მელინასთან უნდა წამიყვანო, თანაც სასწრაფოდ -ისეთი ტონი მოვიშველიე, რომელშიც, კატეგორიულობასთან ერთად თხოვნაც გამოსჭვიოდა
აშკარად გაუკვირდა . . .
გარკვეული დროით, ისე მიყურებდა სიტყვაც არ უთქვამს. ალბათ ისიც იფიქრა, ეძინება და რაღაცას ბოდავსო, თუმცა როდესაც ჩემმა მზერამ დაარწმუნა არ ვხუმრობდი, მანქანის სიჩქარე საგრძნობლად დააგდო და მალე, იგი გზიდანაც გადაიყვანა.
გავჩერდით. ძრავა გამოირთო. აღარც საქარე მინიდან ცვლიდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ხედები. მხოლოდ წვიმის მსხვილი წვეთების შხაპუნი ისმოდა სალონში, ჩვენი სუნთქვის ხმებთან ერთად.
-რაო, რა თქვი ცოტა ხნის წინ? -გვერდულად გამოაპარა ჩემკენ მზერა ენკემ -ძმაო, შენ რა სულ გამოშტერდი? დილის ექვსის ნახევარზე იმ გოგოსთან რა ჯანდაბა გინდა, ალბათ ახლა უკვე მერვე სიზმარს ხედავს
-არა მგონია ეძინოს -მისი აღრენილი ტონის მიუხედავად, მაინც მშვიდად გავეპასუხე -ჭექა-ქუხილის ძალიან ეშინია და სრულიად შესაძლებელია ახლა ბოლო ხმაზე აწეული ტელევიზორის წინაც კი იჯდეს, ამ ხმების გადასაფარად
-Wait, Wait, Please -ხელის აწევით გამაჩერა, თან ნიკაპზე ხელი მოისვა -ახლა სერიოზულად აპირებ ნანატრ ძილზე უარი თქვა, მაგ გოგოსთან მიხვიდე და მხოლოდ იმიტომ უთიო ღამეები, რომ ცაზე გაკლაკნილი წვრილი ხაზი აშინებს? -ისეთი სახით მიყურებდა ამ კითხვის დასმისას, შეუძლებელი იყო არ გამცინებოდა და გამეცინა კიდეც
-ჰო, იცინე, იცინე, ნეტავ მართლა სასაცილოდ გქონდეს საქმე და მეც დიდი სიამოვნებით გავიცინებდი -დანანებით გადააქნია თავი ენკემ, როდესაც მიხვდა, რომ რასაც ვამბობდი იმაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული -მაგრად გაუბიხარ და ეგაა, სხვა რაღა უნდა გითხრა?
-ის უნდა მითხრა, რას აპირებ ბოლოს და ბოლოს -წამიყვან თუ ტაქსი გამოვიძახო?
-ჯანდაბას შენი თავი, ეგდე სადაც გდიხარ, წაგიყვან! -შემომიღრინა აშკარად უკმაყოფილების მორევში ჩაფლულმა
-სულ მქონდა შენი იმედი
-მოიშორე ეგ თვითკმაყოფილი გამომეტყველება
-ჩათვალე მოშორებულია
-ნამდვილად? მოდი შემოგხედო -სახეზე შემათვალიერა ამის თქმისას და როგორც კი ჩემს სიტყვებში თავადაც დარწმუნდა, კვლავ უწინდებურად გასწორდა თავის სავარძელში
-ღვედი გაიკეთე, დაგვიწყებია
-არ დამვიწყებია, უბრალოდ ღვედებს ვერ ვიტან
-მე კიდევ ჯარიმებს ვერ ვიტან, ამიტომ გააკეთე რასაც გეუბნები! -მომიგო ღრენით, ძრავა უწინდებურად აამუშავა, გაზს მიაწვა და მანქანა ისეთი მანევრით მოატრიალა უკან, დიდი ალბათობით გამოცდილ დრიფტერსაც კი შეშურდებოდა . . .
ენკეს მაღალი სიჩქარით სიარულის წყალობით, დანიშნულების ადგილას იმაზე სწრაფად აღმოვჩნდით, ვიდრე ამას თავდაპირველად ვვარაუდობდი.
ნესტისგან დაბურული საქარე მინიდანაც კი შევნიშნე, როგორ იღვრებოდა სამკუთხედი გადახურვის შენობის თითქმის ყოველი ფანჯრიდან ოქროსფერი განათება. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებდა, რომ სახლის პატრონს შუქი თითოეულ ოთახში ცალ-ცალკე დაეტოვებინა ანთებული. ყველაფერი ამის დანახვამ, ჩემი ინტუიციის ძლევამოსილებაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა -მელინას ნამდვილად არ ეძინა და სავარაუდოდ, ამას ვერც მოახერხებდა მანამ, სანამ ამინდი ოდნავ მაინც არ ჩაწყნარდებოდა.
-ველოსიპედი ცოტა ხნით შენს საბარგულში იდოს, მერე წავიყვან -ღვედის გახსნის პარალელურად, თავი ენკესკენ გავატრიალე. ამ უკანასკნელს, მანქანა უძრავად გააჩერებინა სახლის წინ და საჭეზე თითებს უსიტყვოდ ათამაშებდა
-მივხედავ შენს ველოსიპედს, გადადი -მითხრა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. შევატყვე, უხასიათოდ იყო, თუმცა ამის მიზეზს ვერა და ვერ ვხვდებოდი
-რამე არის, რაც უნდა ვიცოდე? -ვკითხე -ისეთი სახით იყურები, თითქოს ფრონტის წინა ხაზზე მგზავნიდე, საომრად
-შენ წარმოიდგინე, სიყვარული ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ფრონტის წინა ხაზი -ჩემკენ არც მოუხედავს ისე მომიგო, მერე კი მკითხა : -იცი, რომ ადრე ორი უახლოესი მეგობარი მყავდა და ახლა ისინი სწორედ ქალის სიყვარულის გამო აღარ მყავს?
-ანუ?
მწარე ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე ენკეს. აშკარა იყო, გონებაში რაღაც ისეთი აზრები უტრიალებდა, რის არსსაც ბოლომდე თავადაც ვერ ვწვდებოდი.
-ანუ ის, რომ ქალის სიყვარულმა ორივეს ცხოვრება შეიწირა -სივრცის ყურების პარალელურად შეუდგა თავისი სიტყვების ახსნას -ერთი უპასუხო სიყვარულმა გააგიჟა, თავის რჩეულს, ქორწილის დღეს საქმრო დაუჭრა ცეცხლსასროლი იარაღით და ვინაიდან, ის ტიპი პოლიტიკოსის შვილი იყო, ოცწლიანი პატიმრობა მისცეს. მერე ესეც არ აკმარეს და სპეციალურად შეგზავნილმა ტიპებმა ციხეშივე წაუჭირეს ყელზე მავთული -აქ მცირედი პაუზა გააკეთა, შუბლი ხელებით დაიზილა და რამდენიმე წამში კვლავ ალაპარაკდა :- მეორეს რაც შეეხება, თავისი იდიოტური ჭკუით, ქორწილის წინა ღამით, ზუსტად ღამის ორ საათზე მოუნდა საყვარელი საცოლის ნახვა. ჩაჯდა კიდეც მანქანაში და მისი სახლისკენაც აიღო გეზი, თუმცა საიდანღაც, გალეშილი, ძვირიან ავტომობილზე მომხტარი, მთვრალი მამიკოს ბიჭი გამოვარდა და ღრმად პატივცემული ავარია მოახდინა
კვლავ მცირედი პაუზა . . .
-სასაცილოა არა? სულ ეს იყო ამ ორი რეგვენის ისტორია. თანაც როგორც ხედავ, ორივეგან ქალის ბრალეულობა იკვეთება მათ ამბავში -მერე გვერდულად გამომხედა, თან საჭეს ცალი იდაყვით ჩამოეყრდნო -ძალიან მაინტერესებს შენ რა მოგელის? ხიდიდან გადავარდები სასმელის ნახევრად დაცლილი ბოთლით ხელში თუ სატვირთო გაგიტანს უახლოეს დღეებში?
ახლა უკვე ყველაფერი გასაგები გახდა. თითქოს ენკეს გონებაზე ჩამოფარებული წარმოსახვითი ფარდა ზემოთ აფრიალდა და გარკვევით დამანახა, რა ხდებოდა მის მიღმა. ღიმილი მომერია. აი, თურმე რატომ ჰქონდა მუდამ უკმაყოფილო სახე, როდესაც მელინას შესახებ ესმოდა ჩემგან. მას უბრალოდ არ სურდა მეც ისეთივე ფატალური შედეგით დამესრულებინა, როგორც ეს მისი ახლო მეგობრების შემთხვევაში მოხდა.
-მაგაზე შეგიძლია არ ინერვიულო და სადარდებელთა სიიდანაც ამოშალო. მე ისტორიის გამეორებას არ ვაპირებ -მხარზე ხელი გამამხნევებლად დავარტყი ამის თქმისას, თუმცა შევატყვე დიდად ვერ იმოქმედა, ამიტომ დავამატე :- და იმის პირობასაც ვდებ, რომ ღამის ორ საათზე, ქორწილის წინა ღამით საწოლში დავრჩები და არავის ნახვა არ მომინდება
-საერთოდ არ მეხუმრება!
-შენ რა გულჩვილი ვინმე ყოფილხარ, ტაბიძე -ხმამაღლა გამეცინა
-გაჩუმდი, თორემ ბო*იშვილი ვიყო მაგრად გცემ!
-ჩუმად ვარ, ჩუმად -დანებების ნიშნად ავწიე ორივე ხელი. გულში კვლავ მეღიმებოდა იმის გააზრებაზე, რომ მისი უხასიათობის მიზეზი ჩემზე ნერვიულობა იყო. ერთი შეხედვით ყველაფრის მიმართ ფლეგმატურ, ბავშვური გართობების მოყვარულ, არასერიოზულ, ნარცისიზმის სინდრომით დაავადებულ ტიპს, სიტყვა "მეგობრობა" იმაზე უკეთ ესმოდა, ვიდრე რომელიმე სხვას და ისეთი რთული რამები გადაეტანა წარსულ ცხოვრებაში, როგორსაც მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, თავად რომ არ მოეყოლა სრული სიმართლე
-გადახვალ ახლა ბოლო-ბოლო თუ გადაგაგდო? -კვლავ იღრინებოდა, სავარაუდოდ წარსულის ბნელი მოგონებების გახსენებისგან გამოწვეული ტკივილის გადასაფარად
-გადავდივარ, ჰო. თავად კი მანამდე მოასწარი სახლში მისვლა, სანამ წყალდიდობა მოგისწრებს. სურვილი არ მაქვს ხვალ დილით საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინო შენს შესახებ
-ნეტავ იმასაც არ მეტყოდე, როცა მიხვალ მომწერეო -ამდენ ხნიანი დაძაბულობის შემდეგ, პირველად გაეღიმა
-არ გეტყვი, მაგრამ შენ თუ მოგინდება მაინც მომწერე -გადავწყვიტე თავადაც ავყოლოდი ხუმრობაში
-კარგი, წადი შენს როუზთან, ჯეკ, სანამ მოთმინების ფიალა ამვსებია და მართლა მიცემიხარ . . .
ენკეს მანქანიდან პასუხის გაცემის გარეშე გადავედი. თავსხმა წვიმა გადაღების მაგივრად უფრო და უფრო ძლიედებოდა, მისი მძვინვარების შემხედვარეს კი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ნახშირისფერ ღრუბლებს, მთელი თავისი მრისხანების ამოფრქვევა ერთ ღამეში ჰქონდათ გადაწყვეტილი.
სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს, ბუნდოვნად ჩამესმა როგორ აამუშავა ენკემ მანქანის ძრავა და როგორ გაიყვანა იგი, პარკინგიდან, მთავარ გზაზე.
უკვე კარის ზღურბლთან ვიყავი მისული, როდესაც ელვამ ყველაფერი კიდევ ერთხელ გაანათა დღესავით და მეც სწრაფად დავაკაკუნე ჩემს წინ აღმართულ ბარიერზე, შიგნით შესვლაში რომ მიშლიდა ხელს.
ზღურბლის მეორე მხრიდან, საკმაოდ მაღალზე აწეული მუსიკების ხმა მომესმა. დიდი ალბათობით, ჩემს მიერ გამოყენებული საშუალება ჰქონდა გონებაში ჩარჩენილი, როდესაც ბარში, ქუხილის გადასაფარად ავუწიე ბასებს, რათა ნაკლებად შეშინებოდა და თავადაც ზუსტად იგივე გზას მიმართავდა.
გამეღიმა. ოცდაერთი წლის გოგოსთვის, მართლაც სასაცილო იყო ჭექა-ქუხილისადმი ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ფობია ისეთი რამ გახლდათ, რისი კონტროლიც ადამიანთა დიდ ნაწილს ცუდად გამოსდიოდა, ამიტომ მაინცდამაინც გასაკვირად ნამდვილად არ მეჩვენებოდა თავისი შიშის გადალახვა, ვერც ამ კედლების მიღმა მყოფმა რომ ვერ შეძლო.
პირველი დაკაკუნების შემდეგ, კართან დგომამ კიდევ დიდხანს მომიწია. რთული მისახვედრი არ იყო, რომ ხმამაღლა აწეული მუსიკების გამო, მელინამ ჩემი მოსვლის გაგება ვერ შეძლო და კაკუნი კიდევ ერთხელ გავამეორე, ამჯერად ორჯერ უფრო ძლიერად.
კიდევ რამდენიმე წამი გავიდა. გადავწყვიტე, მესამე მცდელობაც შემემატებინა წინა ორისთვის, თუმცა როგორც კი დასაკაკუნებლად ხელი ზემოთ ავწიე, სწორედ იმ წამს მომესმა საკეტის ჩხაკუნის ხმა და სულ მალე, მელინას გაოცებულ გამომეტყველებასაც შევეჩეხე, ჩემი დანახვისას უმალვე რომ გადაეკრა სახეზე.
-ნიკოლოზ? -ისე მკითხა, თითქოს ჩემს სინამდვილეში ეჭვი ეპარებოდა და მხოლოდ მირაჟი ვეგონე -ამ დროს, აქ რას აკეთებ?
-როგორც ჩანს, ქართველებს აშკარად დაკარგული გვაქვს სტუმართმოყვარეობა -ვითომ დანანებით გადავაქნიე თავი ამის თქმისას -ადრე, ასეთ თავსხმაში რომ ვინმეს სტუმარი ეწვეოდა, ზღურბლთან კი არ აყენებდა, არამედ სასწრაფოდ შეიპატიჟებდა შინ, ბუხარს უნთებდა, ათბობდა და ცხელ წვნიანს სთავაზობდა ხოლმე
მელინას ცილილი აუტყდა ჩემს ნათქვამზე, თან კარის ჩარჩოს იდაყვით მიეყრდნო და ცერა თითით შიგნითკენ მანიშნა.
-შემოდი, შემოდი -მითხრა გამხიარულებულმა -ცხელ წვნიანს და ბუხარს ვერ დაგპირდები, თუმცა პირსახოცის და ცაცხვის ჩაის შემოთავაზება არ გამიჭირდება
-ვერ ვიტან ცაცხვის ჩაის -შუბლშეჭმუხნულმა გადავაბიჯე ზღურბლს. მხოლოდ ნესტიანიდან, მშრალ ატმოსფეროში გადანაცვლებამ მიმახვედრა, თუ რამდენად სველი ვიყავი იმ წამს და აშკარად ვიგრძენი პირსახოცის საჭიროება
-მაშინ პიტნის ჩაის ვარიანტიც მაქვს, რას იტყვი?
-არაფერი მინდა, მხოლოდ პირსახოცის გადაუდებელი დახმარება მჭირდება
-ახლავე -სწრაფად დატოვა მისაღები ოთახი და ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ჩემთვის სასურველი ნივთით ხელში დაბრუნდა უკან
-აი, აიღე და მოწესრიგდი, მერე კი ის მითხარი, ამ დროს აქ რამ მოგიყვანა
-რიანა მეც მომწონს, თუმცა იქნებ ხმისთვის ოდნავ ჩაგეწია? შენი მეზობლები უკვე ხელმოწერებს აგროვებენ, რათა გაგასახლონ -ტელევიზორის ეკრანისკენ ვანიშნე, რომელიც მუსიკალურ არხზე გადაერთო და საკმაოდ ხმამაღლა აღრიალებდა
მელინამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. მიზეზს მაშინვე მივხვდი, მე ხომ კარგად ვიცოდი, რატომაც იყო მისი ტელევიზორი ჩართული დილის ექვსის ნახევარზე, ამიტომ, სველი თმის მშრალებისის პარალელურად, ღიმილით ვუთხარი:
-ვიცი რა მიზეზითაც გაქვს ხმა აწეული და აქ სწორედ ამიტომ ვარ -სველი მაისური ტანზე გადავიძრე ამის თქმისას და მისი ალეწილი სახის დანახვაზე გამეცინა -ტელევიზორის ბოლომდე აწევა და გარშემო ყველას გაღვიძება არაა საჭირო, მე დაგეხმარები ყურადღების გადატანაში
რამდენიმე წამით, გაფართოებული თვალებით მიყურებდა. ალბათ, იმ სიტყვების გადახარშვას ცდილობდა, რაც ცოტა ხნის წინ ვუთხარი. სახეზე ეტყობოდა, ძალიან აკვირვებდა ის დასკვნა, რომლისკენაც ნელ-ნელა მიდიოდა.
-შენ რა, ამ დროს აქ მართლა იმიტომ მოხვედი, რომ იცი ჭექა-ქუხილს ვერ ვიტან? -მკითხა ბოლოს, თან გამომცდელი მზერაც მოაყოლა თავის სიტყვებს
საპასუხოდ, წარბები ავზიდე თანხმობის ნიშნად. მერე წვიმის წვეთებით დანამული პირსახოცი დივნის სახელურზე გადავფინე, ჩემს გალუმპულ მაისურთან ერთად და თავადაც მასში ჩავეშვი.
-მოდი ჩემთან -თვალებით ვანიშნე მელინას გვერდით დამჯდომოდა
-უმაისუროდ ხარ, ნიკოლოზ
-იმიტომ, რომ ჩემი მაისური სველია და თუ არ გინდა შეურაცხყოფა მომაყენო, ნურც იმას მეტყვი, ჩემსას გათხოვებო -ბოლო სიყვებზე ღიმილით გავხედე და მისი გაღიმებაც შევძელი
-გამოუცნობი ვინმე ხარ, იცი? -გვერდით მომიჯდა, საზურგეს ცალი მხრით მიეყრდნო და თითქოს სულში შემიძვრა თავისი გამჭოლი მზერით
-კიდევ როგორი ვარ, ვამჩნევ რაღაც დაგრჩა სათქმელი
-ჰო, დამრჩა -ტელევიზორის ეკრანი მთლიანად ჩააბნელა იქვე მიგდებული პულტით, თან დივანზე აკეცილ მუხლებს, მკლავები შემოხვია
-თუ ასეა, გისმენ
-დამაბნეველი ხარ -თქვა სივრცეში, ერთ კონკრეტულ წერტილს მიშტერებულმა -ადამიანს ჰგონია გიცნობს, შენზე ზუსტი წარმოდგენა აქვს შექმნილი, თუმცა რაც დრო გადის მით უფრო არწმუნებ მას, რომ რასაც აქამდე ფიქრობდა ყველაფერი ტყუილი იყო. რთულია შენი კარგად შეცნობა
-ან, შენ არ გიცდია უკეთ გაგეცანი -შევუსწორე, მერე კი მის რეაქციას დაველოდე, თუმცა იმ წამს კიდევ ერთხელ იქუხა ძლიერად და მელინამაც უფრო მაგრად შემოაჭდო მკლავები მუხლებს. ისიც ნათლად დავინახე როგორ მთელი ძალით ჩააჭირა თავისი გრძელი ფრჩხილები შიშისგან, კანს
რაღაც უნდ გამეკეთებინა. რაღაც ისეთი, რომ კიდევ ერთხელ შემძლებოდა მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, ოღონდ ამჯერად მუსიკის გარეშე.
-მომიახლოვდი -მაჯაზე ხელი მოვკიდე ამის თქმისას და სანამ კითხვების დასმას მოასწრებდა, ჩემკენ მოვიზიდე -ახლა თუ რასაც გეტყვი ყველაფერს გააკეთებ, დამიჯერე ნახევარ საათში უკვე ჩაძინებული იქნები და სამსახურშიც ენერგიით სავსე წახვალ
-მაგას როგორ აპირებ? -ეჭვიანი მზერა ჰქონდა მელინას
-დასაწყისისთვის გულზე თავი დამადე და თვალები დახუჭე -ვუპასუხე ზედმეტი დაფიქრების გარეშე -ჩემს წელს ზემოთ სიშიშვლეს ყურადღებას ნუ მიაქცევ, ზღვაზე ისედაც ყოველ დღე ხედავ გახდილ ბიჭებს
-ძალიან ცდები თუ გგონია, რომ შენი მიმზიდველი პრესისკენ გამირბის თვალი და ყურადღებას ვაქცევ
-თუ არ გაგირბის, საიდან იცი, რომ მიმზიდველი პრესი მაქვს?
-გულზე თავის დადებაზე საუბრობდი -თვალი ამარიდა და ოსტატურად შეცვალა საუბრის თემა. მეც აღარ ჩავძიებივარ უწინდელს, რადგან ვხვდებოდი უხერხულობას ვუქმნიდი და უპრობლემოდ გადავერთე ახალ ტალღაზე.
-ჰო, ეს თერაპიის ნაწილია, ამიტომ მოუსმინე შენს ექიმს და შეწინააღმდეგებას ნუ ეცდები
ჩემდა გასაკვირად და გასაოცრად, ჯიუტობა არ დაუწყია. სულ მალე ვიგრძენი, როგორ მოიწია ჩემთან უფრო ახლოს, როგორ ჩამომადო თავი გულზე და როგორ გაიფანტა მისი თაფლისფერი ტალღები ჩემს სხეულზე.
-ახლა თუ ისევ გამარჯვებულის ღიმილით იყურები, იცოდე სახეს მოგაძრობ
-ნუ ღელავ, არ ვიყურები -გამეცინა მის სიტყვებზე, თან თმაზე გადავუსვი მარჯვენა ხელი. აბრეშუმივით რბილი და ფაფუკი ჰქონდა ეს უკანასკნელი -თვალები ხომ დახუჭული გაქვს?
-კი, დახუჭული მაქვს
ამ პასუხის მოსმენის შემდეგ, მარცხენა ხელი მელინას ხელში გადავხლართე, თითებზე ოდნავ შევეხე ტუჩებით და სიმშვიდის თერაპიისთვის, იმის ლაპარაკი დავიწყე, რაც თავში პირველად მომივიდა აზრად :
-იყო და არა იყო რა, ზონაში სადაც ღრმად პატივცემული ელექტრული ველის დაძაბულობამ კრიზისულ ზღვარს მიაღწია, ჰაერის თავისუფალი ელექრტონები, ჯეკი და ჯეიმსი, დიდი სიჩქარით გამოემართნენ დედამიწისკენ და ჰარის ატომებთან შეჯახებით გამოიწვიეს დარტყმის იონიზაცია -ისე ვუყვებოდი ამ ყველაფერს, როგორც ზღაპარს, ძილის წინ -შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს წარმოქმნილი კლაკნილი ხაზი, ეგრედწოდებული ელვა, ცაზე გავრცელდა, გაბრაზებული ხმები გამოსცა და ერთი ადამიანის ძილი დააფრთხო. გინდა ბოდიში მოვახდევინო ამისთვის?
-რა სულელი ხარ -მთელი იმ დროის მანძილზე, რაც ზემოთ აღნიშნულ აბსურდს ვლაპარაკობდი, ჩუმი სიცილი არ შეუწყვეტია მელინას, თან კვლავ ჩემს გულზე ჰქონდა თავი ჩამოდებული -ეს რა, ქუხილის წარმოქმნის შენებური მეცნიერული ახსნა იყო?
-ჰო, თანაც სახელები, ჯეკი და ჯეიმსიც იმიტომ გამოვიყენე, რომ პოზიტიურად ჟღერს და სიტუაციასაც უხდება -თითებზე მისი თმის ბოლოები დავიხვიე ამის თქმისას და მათზე დავიწყე თამაში
-იცი? თავიდანვე ასეთად რომ გამცნობოდი, როგორიც ახლა ხარ, ალბათ ბევრ რამეს გადაურჩებოდი
-მაგალითად?
-მაგალითად საათების განმავლობაში, საპირფარეშოში დაბმული ჯდომას
-ჰო, ეს რატომღაც თავიდანვე ვერ გავთვალე -გამეცინა, მერე კი და ვამატე :- მოკლედ და კონკრეტულად, უკვე დავრწმუნდით, რომ ჭექა-ქუხილში საშიში არაფერია, თუკი ამ დროს გარეთ არ ხარ და რკინები არ გაქვს ასხმული
-უკვე ვეღარ გავიგე ფსიქოლოგიას მე ვსწავლობ თუ შენ
-ფსიქოლოგიას სწავლობ? -კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია გავიგე მელინაზე იმ წამს
-ჰო, დამამთავრებელ კურსზე ვარ
-აჰა, ახლა უკვე გასაგებია რატომაც ხარ მუდამ ასეთი თავდაჯერებული
-ჩემი თავდაჯერება ასე გაშინებს? -ეჭვით ამომხედა თავისი მელნისფერი ბურთებით
-მე უფრო ვიტყოდი, რომ მიწვევს . . . ახლა კი მოდუნდი და შეეცადე დაიძინო
-ნიკოლოზ . . .
-გისმენ
-გუშინწინდელის გამო ხომ აღარ ბრაზობ? -მკითხა შეპარვით -მართლა არ მინდოდა უსამართლოდ მოქცევა, უბრალოდ ასე გამოვიდა
გამეღიმა. თავასაც მიკვირდა როგორ, თუმცა ბრაზის შეგრძნებისგან, რომელსაც მეგონა კიდევ დიდხანს ვერ მოვიშორებდი, თითქმის აღარაფერი დარჩენილიყო პატარა ფრაგმენტების გარდა და ისინიც ნელ-ნელა ეძლეოდა დავიწყებას.
-თუ ხუთ წუთში დაიძინებ, დიდსულოვნებას გამოვიჩენ და ყველაფერს გაპატიებ -ულტიმატუმის წაყენებასავით ჟღერდა ჩემი ეს სიტყვები
-შენ აქ დარჩები?
-გინდა რომ დარჩე?
-მსგავს ამინდიში გარეთ რომ გაგიშვა ძალიან სასტიკი უნდა ვიყო -კვლავ თვალებდახუჭულმა დამადო თავი გულზე
-შენს დაძინებამდე აქ ვიქნები, ახლა კი გონება დაიმშვიდე და შეეცადე რამე სასიამოვნოზე იფიქრო
აღარაფერი უპასუხია. უბრალოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად და ვიგრძენი როგორ აათამაშა თავისი წვრილი თითები ჩემს გულ-მკერდზე. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა მელინას ასეთი მოუსვენრობა, თუმცა როცა თითების მოძრაობა შეწყვიტა, მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ღრმად ჩასძინებოდა და მისი მშვიდი, თანაბარი სუნთქვის გაგონებამ ამაში საბოლოოდ დამარწმუნა . . .




8 8 8 8


შუა დღის ორი საათი სრულდებოდა, როდესაც ძილი რაღაც უსიამოვნო და ამავდროულად, უცნაურმა ხმამ დამიფრთხო. მელინას სახლიდან, გამთენიისას წამოსულს, აღნიშნულ მომენტში, კარგად გამოძინებაზე მეტად არაფერი მინდოდა, თუმცა როგორც ჩანდა, ვიღაც ნაკლებად იყო დაინტერესებული ჩემთვის სიმშვიდის უზრუნველყოფით და მეც, საკუთარ თავს მაქსიმალურად დავატანე ძალა, რათა თვალები გამეხილა და ამ უეცრად შემოჭრილი პიროვნების ვინაობა დამენდგინა.
გაკვირვება, ბრაზი, მოულოდნელობის შეგრძნება, თითქმის ყველაფერი ერთდროულად გამომესახა ნამძინარევ სახეზე, როგორც კი ოთახში, ბრაზიანი პოლკოვნიკივით თავზე მდგომი, კვირების უნახავი უფროსი ძმა შევნიშნე. ამ უკანასკნელს, ცალ ხელში ჩაის ჭიქა ეჭირა, მეორეში ვერცხლისფერი კოვზი და მას, ფინჯანს საკმაოდ ხმამაღლა ურტყამდა, ჩემს გასაღვიძებლად.
რამდენიმე წამის განმავლობაში, ლოგინზე წამომჯდარი, უხმოდ ვუყურებდი ამ სანახაობას. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, რამე ხომ არ მეჩვენება, ან უარეს შემთხვევაში, სიზმარში აარონს ხომ არ ვხედავ-მეთქი, თუმცა მალევე დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი რეალობაში ხდებოდა და საწოლიდან თვალების სრესით წამოვდექი.
-გეყოფა, გააჩუმე ეგ გონგი, უკვე მღვიძავს -ვუთხარი უხალისოდ, მერე კი გამახსენდა, რომ შემოსვლისას კარები გასაღებით ნამდვილად ჩავკეტე და ვკითხე : -აქ რანაირად შემოაღწიე? საკეტი გატეხე?
-ამდენი ხნის უნახავ ძმას ასე ხვდებიან, ნიკოლოზ? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით მიყურებდა ამის თქმისას აარონი
-მაგ ძმას რომ კეთილი ენება და ჩუმად შემოსულიყო, მერწმუნე უფრო თბილ დახვედრას მოვუწყობდი -მერე თავი გადავაქნიე, გამეცინა და შევათვალიერე. თითქოს არაფერი შეცვლილიყო მასში იმის გარდა, რომ თმა ონდავ წამოზრდოდა და მუდამ გაპარსული წვერი, ახლა დაბალზე მოეშვა -როდის ჩამოხვედი? ნიცაც აქ არის? თქვა რომ კორპორაციულისთვის ისიც აპირებდა ჩამოსვლას
-არა, ნიცა თბილისშია -სავარძელში ჩაჯდა და ისე მიპასუხა -რაღაც საქმე გამოუჩნდა და მხოლოდ მე და ანასტასია წამოვედით
-ჰოო? მერე მასაც რატომ ვერ ვხედავ?
-სასტუმროს ნომერში დავტოვე, გუშინ ღამით გვიან ჩამოვედით და აღარ გავაღვიძე, ღრმად ეძინა -მერე დაკვირვებით შემათვალიერა, თავისი სავარძლიდან და ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილი გაუკრთა -შენ როგორ ხარ? ამ ბოლო დროს პრეტენზიის გამოსახატი ზარებით ნაკლებად მანებივრებ ხოლმე, რაც ცოტა არ იყოს მიკვირს
-შემთხვევით ჩემი პრეტენზიების გამო ნოსტალგიის გრძნობა ხომ არ გაგიჩნდა?
-მე გაკვირვებას უფრო ვიტყოდი. რამე ხდება და არ ვიცი?
-რა უნდა ხდებოდეს? -მხრები ავიჩეჩე
-არ ვიცი, უბრალოდ რაღაც შეცვლილი მეჩვენები ნიკოლოზ -კიდევ ერთხელ ამათვალიერა დაკვირვებით ამის თქმისას, თან ოდნავი ღიმილით დაამატა :ოღონდ ვიზუალური მხარე არ მაქვს მხედველობაში
-ალბათ, მძიმე სამუშაო გრაფიკმა იმოქმედა -გამეცინა, მერე კი, რატომღაც საუბრის სხვა თემით ჩანაცვლება გადავწყვიტე -ჰო მართლა, რამეს ხომ არ დალევ?
-რა შეგიძლია შემომთავაზო?
-ვფიქრობ, დიდი ალტერნატივა არ მაქვს, ყავასა და ჩაის შორის უნდა გააკეთო არჩევანი
-თუ ასეა, იყოს ყავა
-მაშინ წადი და ერთი ჩემთვისაც გააკეთე, მანამდე პირზე წყალს შევისხამ -ვუთხარი სწრაფად და აბაზანის კარი ისე შევაღე, მეტად არაფრის თქმა აღარ დავაცადე.
"თურმე ყავა უნდა გავუკეთო. ყავების კეთება სამსახურშიც მყოფნის, ძვირფასო ძამიკო" -ხელის გულებში დაგუბებულ წყალს პირზე ვისხამდი, თან გაბრაზებული ვფიქრობდი. ვერ ვიტყვი, რომ აარონზე კიდევ ვიყავი ნაწყენი, თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყავების მომზადება უკვე იმ საქმიანობად ქცეულიყო, რომელიც გულს მირევდა და ენკესაც კი უკიდურეს შემთხვევაში ვუმზადებდი ხოლმე -ზუსტად მაშინ, როდესაც მინდებოდა, ცოტა ხნით პირი რამით დაეკავებინა და მოეკეტა.
სახეზე წყლის შესხმასა და კბილების გახეხვას რომ მოვრჩი, აბანაზნიდან შედარებით მოფხიზლებული გამოვედი. აარონი, ამჯერად ჩემი საძინებლის სავარძელში აღარ იჯდა და ოთახის ღია კარიდან მესმოდა სამზარეულოდან მომავალი მისი ნაბიჯების ხმა. როგორც ჩანდა, ნამდვილად ყავის მომზადებით იყო გართული, ჩემთვისაც და თავისი თავისთვისაც.
-რა ქენი, შაქარს მიაგენი თუ მოგაძებნინო? -გავძახე, თან ტანზე ახალი მაისური გადავიცვი, ძველს კი კუთხეში დადგმულ, გასარეცხი ტანსაცმლის კალათში მივუჩინე ადგილი
-ვიპოვე, არ მინდა -მალევე დამიბრუნა პასუხი -აქ ყოველთვის ასე ცხელა?
-მე უკვე შევეჩვიე ზაფხულში კონდინციონერის გარეშე ყოფნას -თავადაც სამზარეულოში გამოვედი ამის თქმისას და მაგიდას მივეყრდენი -თუ გინდა ვენტილატორს ჩაგირთავ, ან მაცივრის საყინულეს გაგიღებ და მის წინ დადექი, მაგრად ასწორებს
აარონს სიცილი აუტყდა ჩემს სიტყვებზე. მეც გამეცინა. თითქოს ამ წამს გავაცნობიერე მთელი სიცხადით, რომ სრულიად დამვიწყებოდა რას ნიშნავდა მაღალი სტანდარტებით ცხოვრება, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს ფაქტი ისევე მეკიდა ფეხებზე, როგორც ინდური დამწერლობის არცოდნა.
-კარგი, ეგრე ნუ ლაპარაკობ, თორემ თავს დამნაშავედ ვიგრძნობ -თქვა მაშინვე, როგორც კი სიცილს მოვრჩით, მერე კი დაამატა :- ჰო მართლა, აბაზანში რომ იყავი, შენს ტელეფონზე დროს ვამოწმებდი და შემთხვევით, გალერიაზე მომიხვდა თითი. მაშინვე ერთი გოგოს ფოტო გაიხსნა. საკმაოდ ნაცნობი სახე ჰქონდა
ერთადერთი გოგო, ვისი ფოტოც ტელეფონში მქონდა, ეს მელინა იყო, ამიტომ მაშინვე მივხვდი, რომ აარონი სწორედ იმ სურათს გულისხმობდა, მე რომ გადავუღე, მალულად, თავის მანქანასთან მდგომს.
-ჰო, ნაცნობი სახე ჰქონდა და იცნობ კიდეც -მივუგე მაშინვე
-ძალიან კარგი გოგოა -გულწრფელად აღნიშნა ჩემმა ძმამ -იცოდე, მაგასაც გამოყენებას და მიგდებას თუ უპირებ . . .
-აღარ დაასრულო, ძალიან გთხოვ -შუა გზაზე გავაწყვეტინე დაწყებული წინადადება -მაგ ადამიანისადმი, სიტყვების "გამოყენების" და "მიგდების" ხმარებაც კი არ მსიამოვნებს
აარონს, გაკვირვებული მზერა ღიმილიანმა შეუცვალა და ადუღებული ჩაიდნიდან, წყალი ჭიქებში გადმოასხა. ყავის არომატული სურნელი, პატარა სამზარეულოში მალევე გავრცელდა და ჩემი სუნთქვის რეცეპტორებამდეც მოაღწია. ამ სურნელზე, ნესკაფეს ყავის საახალწლო რეკლამები გამახსენდა, ჩემს ბავშვობაში რომ ტელევიზორის წინ, მოუთმენლად ველოდით ხოლმე მე და ნიცა, თოვლის ბაბუისა და მისი ირმებიანი მარხილის გამოჩენის იმედით.
საკუთარ ფინჯანს უხმოდ დავწვდი და მაგიდასთან ჩამოვჯექი. იგივე გააკეთა აარონმაც, თუმცა თავის ჭიქას არ გაჰკარებია. ამის მაგივრად, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, თითები ერთმანეთს გადააჭდო და მკითხა :
-თქვი ნაცნობი სახე აქვს და იცნობ კიდეცო, საიდან? -კვლავ უწინდელ თემას მიუბრუნდა იგი, თან კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მესროლა. რომ დავფიქრდი, არანაირი აზრი არ ჰქონდა აარონისთვის სიმართლის დამალვას. პირიქით, თუ საქმე ცუდად წავიდოდა და საიდუმლო გამოაშკარავების პირას აღმოჩნდებოდა, შეეძლო მელინას დახმარებოდა კიდეც, ამიტომ მისთვის ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე და საუბრის დაწყების წინ, საკუთარი ფინჯნიდან ოდნავ მოსვი.
-გოგო, ვისი სურათიც ტელეფონში ნახე, შენი საქმიანი პარტნიორის, დავით დევდარიანის შვილია -ვუთხარი -ალბათ ერთმანეთს სადმე შეხვედრიხართ და ნაცნობი სახეც ამიტომ აქვს
-დავით დევდარიანის? -გაუკვირდა -კი მაგრამ, მაგ გოგოს შენ საიდან იცნობ, დავითი რამდენიმე დღის წინ ვნახე და მითხრა, რომ ანტონია სანტორინში იყო, საზაფხულო არდადეგებზე
"ანტონია" -როგორ მეუცხოვებოდა ეს სახელი, მაშინ როცა მე სრულიად სხვანაირად გამეცნო და არა მარტო მე, არამედ მთელს ჩვენს გარემოცვასაც.
-არანარი სანტორინი -თავი გადავაქნიე ამის თქმისას -ეგ გოგო ამ ქალაქში ცხოვრობს, სასტუმროში ჩემს ცვლაში მუშაობს და სახელიც და გვარიც შეცვლილი აქვს
ამ სიტყვების მოსმენისას, აარონმა, პირისკენ წაღებული ფინჯანი, კვლავ მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა, თან გაოცებული ღიმილი მოადგა სახეზე.
-რას ბოდავ? -მკითხა -დავითის შვილს ჩემს სასტუმროში რა ესაქმება? იქ რატომ უნდა მუშაობდეს?
-იმიტომ, რომ თავის ცხოვრებას უცხადებს ბოიკოტს . . . გრძელი ამბავია, მეც ახლახანს გავიგე, თუმცა მამამისმა ამის შესახებ არაფერი უნდა იცოდეს და იმედია კორპორაციულ საღამოზე ისიც არაა მოწვეულ სტუმართა შორის
-არა, არ არის -ჩემს ძმას ხმაზე ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო სიტუაციაში -მაგრამ დევდარიანმა რომ ეს ამბავი გაიგოს, ალბათ ბრაზისგან შეიძლება. მისთვის და მისი ცოლისთვის, იმიჯი და "რას იტყვის ხალხი" ყველაფერს ნიშნავს
-მიკვირს ეგეთ უსიამოვნო ტიპთან საერთოდ რომ გაქვს ურთიერთობა -ვაღიარე გულწრფელად -თანაც იმდენად უსიამოვნოსთან, ვისაც საკუთარმა ქალიშვილმაც კი ვერ გაუძლო და სახლიდან გამოექცა
აარონს გაეცინა.
-მართალი ხარ, დავითი ნამდვილი სასჯელია, თუმცა საქმეში საჭირო კაცია. სხვა მხრივ, რომ გითხრა მასთან ძალიან ვმეგობრობ-მეთქი, მოგატყუებ
არც გამკვირვებია ასეთი სიტყვები. ზოგადად, აარონი ვერასდროს ეწყობოდა ხოლმე მსგავსი კატეგორიის ხალხს და მის სამეგობროშიც ყოველთვის უბრალო, მხიარული ადამიანები ჭარბობდნენ, რომელთათვისაც სხვებისთვის ქედმაღლურად ყურება სრულიად უცხო ცნება იყო.
-კიდევ კარგი, თორემ რომ გეთქვა ჩემი მეგობარიაო, შენი ძმობის შემრცხვებოდა
რამდენიმე წამით სიჩუმემ დაისადგურა ჩვენს შორის. ორივენი უხმოდ ვსვამდით დილის ყავას, მანამ, სანამ კვლავ აარონი არ ალაპარაკდა :
-და ანტონიასთან რა ურთიერთობაში ხარ? -გამომცდელი მზერა მოაყოლა ამ სიტყვებს. აშკარა იყო, მეტის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ რა მეპასუხა? პასუხი თავადაც არ მქონდა, ამიტომ სწორედ სიტუაციიდან გამომდინარე რაღაც ვთქვი :
-ვერ გეტყვი მასთან რა ურთიერთობა მაქვს. ისეთი მომენტია, რომ სახელს ვერაფერს ვარქმევ
-მაგრამ?
-მაგრამ ძალიან მინდა ჩემი იყოს -მერე შუბლი ორი თითით მოვისრისე და დავამატე :- ამ ბოლო დროს მეჩვენება, რომ ჩვენს შორის ყინულიც ლღვება
-ბევრი ქალი მოგდომებია, თუმცა შენს მობილურში არც ერთი მათგანის ფოტო არ მინახავს და დარწმუნებული ვარ, არც ყოფილა
-ჰო, არ ყოფილა -დავეთანხმე
-და რას ფიქრობ? შეგიყვარდა?
ღრმად ამოვიოხრე ამ მორიგ ჩამჭრელ შეკითხვაზე. ბოლო პერიოდში, ყველა სიყვარულზე მესაუბრებოდა, თუმცა რა ჯანდაბა უნდა მექნა, როცა ამ მხრივ სრულიად გამოუცდელს პასუხებს მთხოვდნენ?
-იქნებ შენ მითხრა ეს როგორი გრძნობაა? -მაგიდას მკლავებით დავეყრდენი და ისე მივუგე -როგორც ამ სფეროში გამოცდილმა, მითხარი რა სახის შეგრძნებები გეუფლება ხოლმე ანასტასიასთან ყოფნისას? აღმიწერე, რას განიცდი, როცა შენგან თითის შესახებ მანძილზეა?
-რას განვიცდი? -ჩაფიქრებული სახით დააცქერდა ფინჯანში ჩარჩენილ კოფეინს, თანაც ოდნავ ჩაეღიმა. მისი მზერაც კი სხვანაირი გახდა, როდესაც საყვარელი ქალის სახელი ვუხსენე -ანასტასიასთან ყოფნას ერთადერთი მინუსი აქვს -მუდამ მიწევს ავიტანო მისდამი მიმართული სხვა მამაკაცების სურვილით სავსე მზერა, მაშინაც კი, როცა ჩემს გვერდითაა, თუმცა ეს რაღაც მხრივ სასიამოვნოც კია. ფლობდე ქალს, ვისზეც ბევრი ოცნებობს და დარწმუნებული იყო იმაში, რომ მხოლოდ შენი შეხება მოქმედებს მისი სუნთქვის ცვლილებაზე, უჩვეულო სიამოვნებას გგვრის
-მაგრამ მე სულ სხვა რამ გკითხე -გამეცინა -თემას გადაუხვიე, ძმაო
-ვიცი რაც მკითხე და ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს -როცა ანასტასია ჩემთან ახლოსაა, როცა თითის შესახებ მანძილზეა, მუდამ თავისუფლების განცდა მაქვს. თითქოს დაძაბულობით სავსე გარმოდან, სიმშვიდის კუნძულზე გადავდივარ, სადაც ყველაფრისგან და ყველასგან შემიძლია დავისვენო. ამას ძალიანაც რომ მინდოდეს, მხოლოდ სიტყვებით ვერ ავხსნი, ეს თავად უნდა გამოსცადო
-ჰო, ალბათ მართალი ხარ -თავი დავუქნიე და მივხვდი, რომ ყავა მეტად აღარ მინდოდა -ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ჩემი და მელინას გზები გაიყრება, ამას სახეზე ღიმილით ნამდვილად ვერ შევხვდები. თითქოს ის ერთ-ერთი ნაწილი მომაკლდება, რაც ცხოვრებას აზრს აძლევს
-არ შევმცდარვარ
-რას გულისხმობ?
აარონმა ჩემს მსგავსად გადადო ყავის ფინჯანი გვერდზე და ნიკაპზე ხელი მოისვა. ამ მხრივ, ორივეს ერთნაირი ჩვევა გვქონდა, ყავას ბოლომდე ვერასდროს ვამთავრებდით ხოლმე და არც ამჯერად შეცვლილიყო რამე.
-აქ სრულიად სხვანაირი გამოგიშვი -მომიგო მან, მერე წარბები ისე შეჭმუხნა, თითქოს რაღაც მივიწყებულს იხსენებსო და დაამატა -ახლა კი, როცა საუბრობ და გისმენ, მგონია, რომ შენი თავი ვიღაცამ გამომიცვალა
-აი შენ კი ოდნავადაც არ შეცვლილხარ -ვუთხარი. ერთი სული მქონდა სასაუბრო თემისგან გადამეხვია, რადგან ვერასდროს ვიტანდი, როდესაც ჩემი პიროვნული ცვლილებები იყო განხილვის საგანი, დადებითისადმი გახლდათ მიმართული ეს ეს, თუ უარყოფითისადმი. მიუხედავად ამისა, სასიამოვნო განცდა დამეუფლა, აარონმა რომ ჩემში რაღაც კარგი აღმოაჩინა, ამდენი ცუდის შემდეგ
-მივხვდი, ამაზე საუბარი არ გინდა -მაშინვე გამშიფრა თავისი დამკვირვებლური მზერით. ზოგჯერ მიკვირდა კიდეც საიდან ხვდებოდა ასე ზუსტად იმას, რაც ჩემს გონებაში, მისგან ფარულად ხდებოდა
-ჰო, ასე ჯობია
-ცოტა არ იყოს მომენატრე, იცი? -სიცილით მიეყრდნო სკამის საზურგეს ამის თქმისას და ისე შემომხედა -თანაც შევამჩნიე, როდესაც მოგაკითხე, ნორმალურად არც კი მომსალმებიხარ. ჩემზე ისევ ბრაზობ, ხომ?
-ოდნავადაც კი არა -თავი გავაქნიე. ეს კითხვა, რომ ბათუმში გამოგზავნის წინა დღეს დაესვა, რა თქმა უნდა, პასუხი დადებითი იქნებოდა, თუმცა ახლა, მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა, რა უაზრო იქნებოდა ჩემი ცხოვრება, აარონს რომ შანტაჟის გზით არ წამოვეყვანე ლოს-ანჯელესიდან და ბათუმში არ გამოვეშვი, ჭკუის სწავლების მიზნით
-მიხარია თუ ასეა -ორივე გასარეცხ ფინჯანს დასწვდა ამის თქმისას, ფეხზე ნელა წამოდგა და ისინი ნიჟარისკენ წაიღო. ალბათ ამორეცხავდა კიდეც ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვებს რომ არ გაეჩერებინა :
-შეეშვი, ამ დროს წყლის მოწოდება წყდება რამდენიმე საათით, მერე მე თვითონ მივხედავ
-წყლის მოწოდება რატომ წყდება?
-რაო, გვიკვირს ძამიკო? -გამეცინა მის დაბნეულ სახეზე -ჩვეულებრივი ხალხი ასე ვცხოვრობთ და ჩვენთვის აქ გასაოცარი არაფერია
-ბევრს ნუ ლაპარაკობ -სიცილით მოშორდა ონკანს ამის თქმისას, მერე კი საზე საგრძნობლად დაუსერიოზულდა, თან შუბლი მოისრისა -მართლა არ მეგონა, თუ ასეთ შეუფერებელ პირობებში გიწევდა ცხოვრება
-შენ მაგაზე არ ინერვიულო -მაგიდიდან მწვანე ვაშლი ავიღე და ხმაურით ჩავკბიჩე. ვგიჟდებოდი ამ ხილზე. მისი სიმჟავე, განსაკუთრებით ლოს-ანჯელესში ცხოვრებისას მსიამოვნებდა, როდესაც კლუბებში გართობის შემდეგ, თითქმის ყოველ დილით ნაბახუსევზე ვიღვიძებდი ხოლმე
აარონი კვლავ მაგიდასთან ჩამოჯდა. თითები რომ ერთმანეთში გადააჭდო და გამჭოლი მზერა მესროლა, შევატყვე, კიდევ ჰქონდა დარჩენილი სათქმელი, თუმცა სანამ გონებაში მოტრიალე სიტყვების ხმამაღლა გასაჟღერებლად პირს გააღებდა, შემოსასვლელიდან წამოსულმა კარის ჯახუნმა მიიპყრო მისი ყურადღება და აგრეთვე, ჩემიც.
-ამ დროს ვინმეს ელოდებოდი?
-არა, არავის -მხრები ავიჩეჩე. სავარაუდოდ, აარონს შემოსვლის შემდეგ კარი ჰქონდა დატოვებული ღიად და ცოტა ხნიანი დაფიქრების შემდეგ, თავადაც მშვენივრად მივხვდი ყველაფერს. ვის შეეძლო შემოსვლა ყოველგვარი დაკაკუნებისა და ნებართვის კითხვის გარეშე? რა თქმა უნდა, მხოლოდ ენკე ტაბიძეს.
არც შევმცდარვარ, როდესაც მსგავსი აზრი მომივიდა თავში. ჩემი ვარაუდის წამოტივტივებიდან რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ, მისაღებში ნაბიჯების ხმასთან ერთად, ენკეს ძახილიც გაისმა :
-ნიკა, ბიჭო, იცი დღეს რა ნა*ა დავკერე? -მეკითხებოდა ენთუზიაზმით, თან სიარულს განაგრძობდა ჩემს მოსაძებნად -სადა ხარ ეე?
აარონმა შეკავებული სიცილით გადმომხედა და მზერით შემეკითხა ეს ვინააო.
-ერთ-ერთი ბარმენია შენს სასტუმროში -სწრაფად ვუპასუხე მის დაუსმელ შეკითხვას, მერე კი ენკეს გავძახე -სამზარეულოში ვარ, მოდი!
უნდა ითქვას, უცნაურ სიტუაციაში ვიყავი. აარონი ჩემთან იყო სახლში, მალე კი ენკეც შემოვიდოდა და აშკარად დააინტერესებდა იმის მიზეზი, თუ რატომ მეწვია ჩვენი სასტუმროს მფლობელი ჭიქა ყავაზე. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი მის მოტყუებას, თუმა აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, რომ ვინმესთვის სიმართლის გამხელა ასე მოულოდნელად და სრულიად მოუმზადებელ ვითარებაში მომიწევდა, სპონტანურობის აუცილებლობით.
მაგიდაზე თითებგადაჭდობილი ჩამოვჯექი და ღრმად ამოვიოხრე. აარონმაც მალევე დააფიქსირა ჩემი უკმაყოფილო მზერა და მხარზე ხელი დამადო.
-შეგიძლია ყველაფერი უთხრა, მე ნამდვილად არ გაიძულებ, რომ შენთვის ახლობელი ადამიანები მოატყუო
მის ამ სიტყვებზე კომენტარი არ გამიკეთებია. მართალია ვაპირებდი რაღაც მაინც მეთქვა საპასუხოდ, თუმცა ენის წვერზე მომდგარი წინადადების იქვე დატოვება, ენკეს შემოსვლის გამო მომიწია და მეც მდუმარების გზას მივუყვებოდი მანამ, სანამ მოულოდნელმა სტუმარმა თავად არ ამოიღო ხმა :
-მეგონა მარტო იყავი -მოტანილი პარკები, რომელშიც სავარაუდოდ კვლავ ლუდები და ჩიფსები ელაგა იატაკზე დადო და შორიახლოს მდგომ ჩემს ძმას დაკვირვებით შეხედა. მზერაზე შევატყვე აშკარად იცნო, რადგან მისიდან ჩემზე, იმდენად გაკვირვებული მზერა გადმოიტანა, რამდენადაც კი საერთოდ შესაძლებელი იყო.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სურვილი არ გამჩენია ენკეს მხრიდან იმ შეკითხვის ხმამაღლა გაჟღერებას დავლოდებოდი, რომელსაც ვიცოდი ადრე თუ გვიან აუცილებლად დასვამდა, ამიტომ, მაგიდიდან ფეხზე წამოვდექი, აარონს რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი და კვლავ შემოსასვლელ კარში მდგომ უეცარ სტუმარს გავხედე.
-ალბათ გაინტერესებს აქ რატომაა -ძმისკენ ვანიშნე თავით ამის თქმისას
-თუ გინდა, შემიძლია მე ვთქვა -შემომეშველა აარონი. ენკეს კვლავ დაბნეული მზერა ჰქონდა, ხან ერთს შემოგვხედავდა, ხან მეორეს და ვინ იცის, რა სახის აზრები უტრიალებდა თავში აღნიშნულ მომენტში
-გაჩუმდი, თავადაც შემიძლია ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა
-კი ბატონო, მაშინ ასპარეზს გითმობ -ორივე ხელი ასწია დანებების ნიშნად და ამჯერად თავად ჩამოჯდა მაგიდასთან, თანაც ზუსტად იმ სკამზე, რომელზეც ცოტა ხნის წინ მე ვიჯექი
ირგვლივ დაძაბულობა ჩამოწვა. ნიცა რომ აქ ყოფილიყო, ალბათ ხელში პოპ-კორნის დიდ ჯამს დაიკავებდა და ისე მიადევნებდა თვალყურს მინდინარე მოვლენებს. ჩემი ტყუპისცალი გიჟდებოდა ასეთ მძაფრ მომენტებზე.
-მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და სათქმელსაც გარშემო რომ არ ვუარო, ეს ადამიანი, ვისაც ახლა მაგიდასთან მჯდომს უყურებ, ჩემი ძმაა -ლამის ერთი ამოსუნთქვით წარმოვთქვი ეს წინადადება. ვაღიარებ, სასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა ყველაფრის სწრაფად გამჟღავნებამ. გულის სიღმეში, არასდროს მომწონდა, როცა ვინმეს ვატყუებდი, ან სიმართლეს არ ვეუბნებოდი და ახლაც, თითქოს ის დიდი ლოდი დაიფშვნა ნაწილებად, მტკივნეულად რომ აწვა ჩემს სინდისს, მთელი იმ დროის განმავლობაში. აღნიშნულ მომენტში, ისიც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ სიმართლე, მელინასთვისაც აუცილებლად უნდა მეთქვა, თანაც უმოკლეს ვადებში.
-მოიცა, მოიცა, რა? -ენკეს გაოცებულმა ტონმა მომწყვიტა ფიქრებს -სასტუმროს ფლობელი შენი ნამდვილი ძმაა?
-ვფიქრობ, მარტოებმა უნდა განაგრძოთ საუბარი -ფეხზე წამოდგა აარონი ჩვენი დაძაბულობით აღსავსე დიალოგის შემხედვარე, თან მანქანის გასაღებიც აიღო მაგიდის ზედაპირიდან -კორპორაციულზე შევხვდებით, ნიკოლოზ
-უკვე მიდიხარ?
-ჰო, მივდივარ -მომიგო მაშინვე და ენკესაც დაემშვიდობა მზერით -ანასტასიას დავპირდი, რომ დენდროლოგიური პარკის დასათვალიერებლად წავალთ და სავარაუდოდ, უკვე ღვიძავს კიდეც
-კარგი, თუ ასეა, კარგი დრო გაატარეთ
-გაცილება არ მინდა, მე თვითონ წავალ. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა . . . -მერე მიხვდა, რომ სახელი არ იცოდა და შუა გზაზე გაჩერდა, სანამ თავად საჭირო ადამიანმა არ შეაშველა სიტყვა :
-ენკე ტაბიძე -ხაზგასმით წარმოთქვა სახელი და გვარი, თან ჩამოსართმრვად გაუწოდა თავისი ხელი. აარონმაც შეაგება საკუთარი მარჯვენა, რითაც გაცნობის ფორმალური მხარე ოფიციალურად შედგა
-მოკლედ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ენკე, თუ სასტუმროს პერსონალს რამე ჩივილები გაქვთ და გინდათ ჩემამდე მოიტანოთ, ხვალინდელ კორპორაციულს თავადაც დავესწრები და შეგეძლებათ პირადად გადმომცეთ
ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა ენკემ, ჩემს ძმას უბრალოდ თავი დაუქნია და იგიც უკვე სწრაფი ნაბიჯებით გაემართა სამზარეულოდან გასასვლელი კარისკენ. მუდმივად მაჯის საათზე ყურება და ტელეფონის ეკრანის შემოწმება, სავარაუდოდ, იმის მანიშნებელი გახლდათ, რომ ანასტასიას შეტყობინებას ელოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის განმარტოვდებოდა მასთან კიდევ ერთხელ.
მე და ენკე, სახლში სრულიად მარტონი დავრჩით, ერთმანეთის პირისპირ. ამ უკანასკნელმა ჯერ უხნოდ მიყურა, გარკვეული დროით, შემდეგ იატაკზე დადებულ პარკებს მიუახლოვდა, იქედან, როგორც ვვარაუდობდი ლუდის ქილები ამოაძრო და ერთი ცალი ჩემკენ ისროლა.
-ახლა ეგ მოსვი, პირი გაისველე და მერე ნორმალურად ამიხსენი რა ჯანდაბა მოხდა ცოტა ხნის წინ -მაშინვე ალაპარაკდა, როგორც კი ლუდის ქილა ოსტატურად დავიჭირე ცალი ხელით
გამეცინა. ისეთი მზერით მიყურებდა, ალბათ მოსმენილის სინამდვილეში, ბოლომდე ჯერაც არ იყო დარწმუნებული.
-სათქმელი მეტი არაფერი მაქვს -ლუდის ქილის გახსნის პარალელურად მივუგე -მთავარი უკვე იცი და რაც მოისმინე სრული სიმართლეა
-და მთელი ეს დრო არაფერი თქვი? -აშკარა წყენა გაისმა მის ტონში -ან თუ მილიარდელი ძმა გყავს, ცოტა უკეთეს პირობებში რატომ არ ცხოვრობ, ან რამე ნორმალურ სამუშაოს რატომ ვერ გიძებნის? არ ევასები და რამე?
-ასეც ვერ ვიტყოდი, უბრალოდ, ჭკუის სასწავლებელ კურსებს გავდივარ, გარკვეული დროით
-ანუ?
პასუხი ცოტა დავუგვიანე. ეს უკანასკნელი, მხოლოდ ლუდის ქილიდან რამდენჯერმე მოსმის შემდეგ გავეცი.
-ანუ ის, რომ აქ ჩამოსვლამდე, ამერიკაში ვცხოვრობდი და ერთ დღეში იმდენს ვხარჯავდი, რასაც შენ ორი თვის განმავლობაში ხარჯავ, კომუნალური გადასახადების ჩათვლით -მწარედ ჩამეცინა. ახლანდელი გადმოსახედიდან, საოცრად შორეულად მეჩვენებოდა ჩემი უწინდელი ცხოვრება და ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს იგი ჩემი არც არასდროს ყოფილიყო -მერე კი აარონმა უბრალოდ გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო, ჩემს უაზრო გართობას ერთი თეთრითაც აღარ დააფინანსებდა და სასჯელის მოსახდელად ბარმენის პროფესიით დამასაჩუქრა, მისსავე სასტუმროში
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა ჩემი სიტყვების შემდეგ. ენკეს გამომეტყველებას დიდი, წითელი ასოებით ეწერა, რომ დუმილს მხოლოდ მიღებული ინფორმაციის ბოლომდე აღსაქმელად და კარგად გადასახარშად ინარჩუნებდა. არც გამკვირვებია ამგვარი რეაქცია. აქამდე მისთვის, „ქვიშის ქარიშხლის“ ერთ-ერთი უბრალო თანამშრომელი ვიყავი და რას წარმოიდგენდა, საბოლოო ჯამში თუ თავად დაწესებულების მფლობელის უმცროსი ძმა შერჩებოდა ხელში?
-არაფრის თქმას არ აპირებ? -საკმაოდ დიდხანს გაწელილ სიჩუმე, უკვე ჩემთვის გახდა შემაწუხებელი და გადავწყვიტე თავადვე დამესვა წერტილი მისთვის
ენკემ კვლავ შეინარჩუნა გაქვავებული ადამიანის პოზიცია რამდენიმე წამს, თუმცა შემდეგ ალბათ ვეღარც თვითონ გაუძლო და მაგიდას, რომლის შორიახლოსაც ვიდექი, რამდენიმე ნაბიჯით მოუახლოვდა.
-ანუ, მთელი ეს დრო ყველას გვაბოლებდი -ეჭვით დაწვრილებული თვალებით ლამის მხვრეტდა იმ წამს. გაბრაზებული იყო. ძალიან გაბრაზებულიც კი
-არავის დაბოლება, ან ზურგს უკან დაცინვა არ მიფიქრია. უბრალოდ პირობა თავიდანვე ასეთი იყო -ჩემი ნამდვილი ვინაობა არავის უნდა სცოდნოდა, რათა თითოეული იქ დასაქმებული ისე მომქცეოდა, როგორც თანასწორს. მარტო ჯაყელმა და სასტუმროს მთავარმა მენეჯერმა იცოდნენ ყველაფერი. მათაც მხოლოდ იმიტომ, რომ თვალყური ედევნებინათ რამე არ გამეფუჭებინა
-აჰა, ესე იგი ჯაყელიც საქმის კურსში ბრძანდებოდა მე კი, უბრალო გამვლელივით სრულიად შემთხვევით ვიგებ, თანაც მაშინ, როდესაც ფაქტზე გისწრებ და სხვა გამოსავალი აღარ გრჩება გარდა სიმართლის თქმისა
-თუ ძმა ხარ, ეს გაბუტვები არ გვინდა რა -შევატყვე საითკენაც მიყავდა დიალოგი და სწრაფად გავაჩერე -ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არც თავიდან დავმალავდი ვინ ვიყავი, თუმცა სულ სხვანაირი სიტუაცია შეიქმნა
ენკემ ლუდის ქილიდან მოზრდილი ყლუპი მოსვა და სკამზე ჩამოჯდა. თვალებში არ მიყურებდა, თუმცა ამის გარეშეც ადვილი მისახვედრი იყო, რომ ცოტა ხნის წინ მოსმენილის აღქმა ჯერ კიდევ უჭირდა.
-ანუ, ყველა ის ძვირადღირებული, ბრენდული ტანისამოსი და ნივთები შენი უწინდელი ცხოვრებიდანაა შემორჩენილი? -ძლივს მოიფიქრა ბოლოს სიტყვებისთვის თავმოყრა. მართალია, კვლავაც ნაწყენი ტონი ჰქონდა, თუმცა მაინც გამიხარდა რომ გამომელაპარაკა
-ჰო, ასეა
-მაშინ ძალიან მიკვირდა ხოლმე საიდან მოიტანე ფული მათ შესაძენად, ისიც კი ვიფიქრე, ადრე მდიდარი, მოხუცი საყვარელი ხომ არ ჰყავდა, ვინაც ბოლო წამს გაიგო, რომ მხოლოდ ფული აინტერესებდა და პანღური ამოჰკრა-მეთქი, თუმცა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ეს მდიდარი სპონსორი, თავად შენი ძმა თუ აღმოჩნდებოდა, აარონ ქალდანი
-ახლა უკვე ყველაფერი იცი
ენკემ ისევ მცირედი პაუზა აიღო. ხმა არ ამოუღია ერთხანს.
-ჰო, ვიცი -გაისმა რამდენიმე წამის შემდეგ მისი დახშული ხმა -ვიცი და მინდა კრივის მსხალივით გირტყა ამ წამს
-კარგი, მაწყობს, ოღონდ შენ თვითონ მოდი, თორემ მაქამდე მოსვლა ძაან მეზარება
კვლავ დუმილი მოპასუხე მხარისგან და კვლავ მცირედი პაუზა, რომელიც, ამჯერად ჩემს მიერ იქნა აღკვეთილი :
-ენკე, ფაქტზე წასწრების გარეშეც მოგიყვებოდი ერთ დღეს -ვუთხარი. მივხვდი სწორედ ამის გაგონება სჭირდებოდა, რათა მის გულში ჩარჩენილ წყენას, ბარგი ჩაელაგებინა და ნელ-ნელა დაეტოვებინა იქაურობა -დამიჯერე, ჩემი ნამდვილი ვინაობის დიდხანს დამალვას, უკვე აღარც მე ვაპირებდი
-ვითომ? -წარბების ქვემოდან ამომხედა, საგულდაგულოდ ჩაბღუჯული ლუდის ქილა მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა და სკამის საზურგეს მოხერხებულად მიაწვა
-თუ ვერ იჯერებ, სიცრუის დეტექტორი იშოვე და მიმაერთე
-მელინამაც არ იცის? -დაკვირვებით შემათვალიერა, თან ნიკაპზე მოისვა მარჯვენა ხელი
-არა, თუმცა ხვალ, კორპორაციულ საღამოზე, მასაც ყველაფერს ვუამბობ
-თუ ასეა წარმატებებს გისურვებ -ვატყობდი, მშვიდი ტონის შენარჩუნებას ძლივს ახერხებდა ის. მერე ფეხზე წამოდგა და სანამ მაგიდას მოშორდებოდა, ლუდის ქილიდან კიდევ ერთხელ მოსვა -მე ჯობია სახლში წავიდე. აქ კალათბურთის მატჩის საყურებლად გამოვედი, თუმცა რატომღაც ხასიათზე აღარ ვარ
-ვერც ის საათი მოგიყვანს ხასიათზე გუშინ რომ ჩემთან ყოფნისას ნახე და მოგეწონა?
-ჩემს მოსყიდვას ნუ ცდილობ!
-კარგი, ხვალამდე მაინც იფიქრე -გამეცინა, რადგან მივხვდი საათის ხსენებით მისი შინაგანი ბრაზი საგრძნობლად შევარყიე და როგორც კი გასასვლელი კარისკენ გაემართა, მაშინვე ფანჯრის მხარეს მივტრიალდი.
ხვალ გაცილებით უფრო რთული დღე მელოდა. კორპორაციულის საღამოზე თავად მელინასთვის უნდა მეთქვა სიმართლე და არ ვიცოდი რა დამოკიდებულება გაუჩნდებოდა იმ ნიკოლოზის მიმართ, რომელიც რამდენიმე თვის წინ, ლოს-ანჯელესში დავტოვე, ამ ქალაქში ჩამოსვლამდე . . .




8 8 8 8
კორპორაციული წვეულების გამო, სასტუმრომ, ყველა თანამშრომელს დასვენების დღე მისცა და იმ საღამოსთვის, სპეციალურად დაიქირავა მიმტანთა და მზარეულთა ჯგუფი, "ქვიშის ქარიშხალის" მრავალრიცხოვანი კოლექტივისთვის ხარისხიანი მომსახურეობის გასაწევად.
უნდა მეღიარებინა, ოდნავადაც კი არ მქონდა სურვილი ამ საღამოზე დასწრების. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც წასვლაზე უარს არ ვამბობდი, ეს მელინა იყო. გუშინდელი დღიდან მოყოლებული, მხოლოდ იმის ფიქრში ვიყავი, რომ კორპორაციულის საღამოზე მასაც ისევე გავუმხელდი სიმართლეს, როგორც ენკეს და ამით ჩემს პატარა ტყუილსაც საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი.
შეკრება საღამოს შვიდი საათიდან იწყებოდა. სასტუმროს რესტორანი, სპეციალურად მოყვანილი დიზაინერების მიერ, უკვე სადღესასწაულოდ გახლდათ მორთული და მოთმინებით ელოდა სტუმრების მიღებას.
დაახლოებით ექვსის ნახევარი იყო, როდესაც როგორც იქნა დავამთავრე ტელევიზორში, მარტო სახლშის ვინ იცის მერამდენედ ყურება და იმაში დარწმუნებულმა, რომ უკვე ადგომისა და მომზადების დაწყების დრო იყო, დივნიდან ზანტად წამოვდექი. ზოგადად, ვერასდროს ვიტანდი სმოკინგებს და მსგავს სულელურ დრესკოტებს, თუმცა რადგანაც, ამ საღამოს ყველა მსგავს ტანისამოსში იქნებოდა გამოწყობილი, არანაირად არ მსურდა ერთადერთი შავი ქვა ვყოფილიყავი, მარგალიტისფერი თვლებით აწყობილ მძივში და გადავწყვიტე, თავადაც ამეტანა სმოკინგის ტარება, რამდენიმე საათის განმავლობაში.
ვინაიდან, ბოლო დღეების განმავლობაში, წვიმიანი ამინდები ხშირი იყო და ჩემი ველოსიპედი არც ისე შესაფერისი გადაადგილების საშუალება ჩანდა ასეთ მომენტებში, გუშინ საღამოსვე მივიღე გადაწყვეტილება გაქირავებიდან რამე ნორმალური მანქანა გამომეყვანა და ჩემი ორბორბლიანი მეგობარი სათადარიგო სკამზე გადამესვა. სწორადაც მოვიქეცი. დღეს საღამოს, იმდენად ქარიანი ამინდი იყო, არც ველოსიპედით წასვლა გამოვიდოდა და არც ენკესთან დარეკვა, რათა სასტუმრომდე მივეყვანე. ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, ჩემზე ჯერ კიდევ უწინდელივით ბრაზობდა და არც ზარს
უპასუხებდა დიდი ალბათობით.
მომზადებას რომ საბოლოოდ მოვრჩი, სმოკინგში გამოწყობილი საკუთარი გამოსახულება სარკეში რამდენიმე წამით შევათვალიერე და კაკლისფერი ყუთიდან ამოღებული, ნიცას ნაჩუქარი საათი, მაჯაზე უწინდელის ნაცვლად მოვირგე. ცუდი იყო ისიც რომ ვერ ახერხებდა ამ საღამოზე დასწრებას. ნეტავ რა გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა ასეთი ჩამოსვლა რომ ვერ შეძლო?
ამას, მოგვიანებით აუცილებლად გავიგებდი, თუმცა ახლა დიდი დრო ნამდვილად აღარ მქონდა. შვიდ საათამდე, მხოლოდ ოცდაათი წუთი იყო დარჩენილი, მე კი ამ დროს განმავლობაში ორი რამ უნდა მომესწრო -მელინასთან შევლა და მასთან ერთად, სასტუმრომდე მისვლა. ეს აზრი, ჯერ კიდევ მაშინ დამებადა, როდესაც ავტომობილი გამომყავდა გაქირავებიდან. მართალია, მას თავისი მანქანაც ჰყავდა და შეეძლო მისი საშუალებით წასულიყო სასურველ ადგილას, თუმცა ღრმად გახლდით დარწმუნებული იმაში, რომ მარტო მგზავრობას, ჩემთან ერთად წამოსვლას არჩევდა, ჩემივე ავტომობილით.
შინიდან გამოსულს, კვლავ ჩვეული სიწყნარე შემომეგება ქუჩიდან. მხოლოდ უპატრონო კატები დარბოდნენ აქეთ-იქით. როგორც ჩანს, ერთი მეორეს მხოლოდ იმიტომ მისდევდა, რომ მის პირში მოქცეული საკვების ნაგლეჯი წაერთმია და თავად მიესაკუთრებინა. გამეცინა მათ შემხედვარეს. ჩემი და ნიცას ბავშვობა გამახსენდა, როდესაც მაცივარში დარჩენილი ბოლო შოკოლადის ნაყინისთვის ხელჩართულ ბრძოლას ვაწყობდით და ერთმანეთს ველურთა ტომის რიგითი წევრებივით დავდევდით მთელს სახლში.
კატები მეორე მოსახვევში მიეფარნენ თვალს და მეც, ბოლოს და ბოლოს შევწყვიტე მათი ყურება. ჩემი მანქანა ერთგული მეგობარივით მელოდა ჭიშკართან, ამიტომ აღარც მე დამიყოვნებია დიდხანს, იგი გასაღებზე თითის დაჭერით გავაღე და მესაჭის სავარძელზე სწრაფად მოვთავსდი.
მელინას სახლამდე მისასვლელ გზაზე, მთელი დროის განმავლობაში, მაგნიტოფონში აჟღერებული მუსიკა წამითაც არ გამიჩუმებია. არასდროს მიყვარდა უხმოდ მგზავრობა. ასეთ დროს მეგონა, თითქოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ვიყავი, ვინც მთელი დღის განმავლობაში ერთ წრეზე დადიოდა და მხოლოდ საჭის აქეთ-იქით ტრიალი ევალა.
სწრაფად სიარულის წყალობით, სასურველ ადგილას ორჯერ უფრო ნაკლებ დროში აღმოვჩნდი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ გახლდათ შესაძლებელი. თითქოს გასაოცარი არაფერი იყო ირგვლივ, ერთიანად მდელოსფერი ხავსით დაფარული, სამკუთხედი გადახურვის შენობა, რომლის კედლების მიღმაც მელინა ცხოვრობდა, კვლავ უწინდელივით იდგა თავის ადგილას. ეჭვს მხოლოდ ერთი რამ ბადებდა -სახლის წინ, ჭიშკრიდან დაახლოებით ორიოდე ნაბიჯის მოშორებით, შავი ჯიპი იყო გაჩერებული, ამ ჯიპის მარჯვენა კარს კი თავად თორნიკე ჯაყელი მიყრდნობოდა, სადღესასწაულო, მუქ ლურჯ სმოკინგში გამოწყობილი და რაღაცის მოლოდინში ტელეფონის ეკრანს ჩაშტერებოდა.
უნდა მეღიარებინა, ძალიან გამაკვირვა მისმა იქ დანახვამ, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, გამაბრაზა-მეთქი. აშკარა იყო, ამ ტიპის მელინასთან ვიზიტის მიზეზიც ზუსტად იგივე იყო, რაც ჩემი და ამის გაცნობიერებას, ნამდვილად არ დავუყენებივარ იდეალურ განწყობაზე. იქნებ, მელინა სწორედ მასთან ერთად აპირებდა წასვლას და ელოდა კიდეც? იქნებ, ჯაყელს აქ ჩემსავით გაუფრთხილებლად არ გადაეწყვიტა მოსვლა და ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი? დიდ იმედს ვიტოვებდი ასე არ იყო და მელინას ამ ტიპისადმი სიმპათიები არ გააჩნდა. სხვა შემთხვევაში, საღამოზე ჩამოტარებული ალკოჰოლური სასმელების ოთხმოცდაათი პროცენტი, ჩემს მიერ იქნებოდა გასაღებული.
თორნიკეს შემხედვარემ, მანქანის გასაღები უხალისოდ გადავატრიალე, ზედმეტად უხეშად გამოვაძვრე და სალონიდან სწრაფად გადმოვედი. მანქანას მიყრდნობილმა ჯაყელმაც მხოლოდ ამის შემდეგ იკადრა შეეწყვიტა თავისი ტელეფონისთვის დროის დათმობა და ამჯერად ჩემზე გადმოიტანა მთელი ყურადღება.
-აქ რა დაგრჩენია, ბოს? -ვკითხე დაეჭვებით, სანამ თავად მოასწრებდა ხმის ამოღებას. სახეზე აშკარად ეწერა, რომ იმაზე ორჯერ უფრო გაოცებული ჩანდა ჩემი აქ დანახვით, ვიდრე მე, მისით
-ნიკოლოზ? -თავის ჯიპს მოშორდა რამდენიმე ნაბიჯით და ძლივს ამოღერღა -თვითონ რა ქარმა გადმოგაგდო აქ?
-მელინას წასაყვანად მოვედი. შენ ალბათ ჩვენი ესკორტი იქნები, არა?
-ეგ დამცინავი ტონი მოიშორე! თუ დაგავიწყდა გეტყვი, რომ შენს წინ,
შენივე უფროსი დგას
-ჩემი უფროსი მხოლოდ სამსახურში ხარ, აქ კი სიტყვებზე ცენზურას ვერ დამიწესებ, ჯაყელო!
-მელინას თავად წავიყვან, სხვისი გაცილება არ სჭირდება -საუბრის თემის შეცვლის პარალელურად, კიდევ გადმოდგა ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი, თან ბასრი მზერაც მოაყოლა სიტყვებს ბონუსად. გამეცინა. ყოველთვის კომიკურად მეჩვენებოდა, როცა ფიქრობდა, რომ მისი მკაცრი გამოხედვა მომგვრიდა შიშს
-აჰა, ანუ შენ წაიყვან და სხვისი გაცილება არ სჭირდება -დაუფარავი ირონიით გავიმეორე მისი სიტყვები, მერე კი საკუთარი ავტომობილის კარს მივეყრდენი, ზურგით -კარგი, რახან ასე ამბობ, მაშინ წავალ
-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, ქალდანო, თორემ ისეთ დღეში ჩაგაგდებ, შენი მილიარდელი ძამიკოც ვერ შეძლებს დაგეხმაროს
-ჩემი ძმის დახმარებას ნამდვილად არ ვსაჭიროებ და არც მის კალთას ვარ ამოფარებული! -ბრაზისგან თავისდაუნებურად შემეკრა მუშტად მარჯვენა ხელი, რადგან მივხვდი რისკენაც მიმანიშნებდა
-ჰოო? მე კი სხვანაირად მგონია. შენ არ იყავი ლამის ყურით რომ მოგათრიეს სასტუმროში, რათა ერთი ადგილი გაგენძრია და შენი თავისთვის თვითონვე მიგეხედა? -თითქოს ჩემს პროვოცირებას ცდილობდა ამ სიტყვებით, რაც უნდა ვაღიარო, გამოსდიოდა კიდეც
-ზღვარს გადადიხარ, თორნიკე! შენს ადგილას ენას კბილს დავაჭერდი და არც კორპორაციულზე, ჩალურჯებული თვალით გამოცხადების რისკის ქვეშ დავაყენებდი საკუთარ თავს
ჯაყელმა გულზე ხელები დაიკრიფა, ირონიით გატენილი მზერა მესროლა და რამდენიმე წამის შემდეგ, მკითხა :
-აქ რისი იმედით მოხვედი? გგონია ეს გოგო -მელინას სახლისკენ გაიშვირა თითი ამის თქმისას -შენნაირ უსაქმურს გახედავს, როცა სიმართლეს გაიგებს? ფიქრობ მოეწონები იმის შემდეგ, რაც ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება როგორი უპასუხისმგებლო მაჟორიც ხარ სინამდვილეში? ამის ამბიცია მართლა გაქვს?
ამჯერად მის პროვოკაციას აღარ წამოვგებივარ. ოდნავ დამშვიდების შემდეგ, უკვე ჩემთვისაც ნათელი გახდა, რომ თორნიკეს ყოველი სიტყვა, ჩემი წყობიდან გამოყვანისკენ იყო მიმართული და მათ არაფრით არ უნდა ავყოლოდი.
-მე მხოლოდ სასურველი ქალისთვის ბოლომდე ბრძოლის ამბიცია მაქვს -მივუგე უზომოდ მშვიდი, თავდაჯერებული ტონით - ამას კი ვერც შენი სიტყვები შეცვლის და ვერც ვინმე სხვისი, ამ პლანეტაზე!
თორნიკეს ბრაზისგან აღრჭიალებული კბილების ხმა, ალბათ მთელს ქუჩას ექოდ გადაეცა ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ. ვინ იცის, კიდევ სადამდე გასტანდა ეს მზერებით პაექრობა, უეცრად და ორივესთვის მოულოდნელად, ჩვენს წინ აღმართული შენობის კარი რომ არ გაღებულიყო და იქედან, სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილი მელინა რომ არ გამოსულიყო, გასაღების ასხმით ხელში.
თითქოს ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი ისე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა ამ საღამოს. გრძელი, მეწამული ფერის კაბა, რომელიც მის სხეულს ფარავდა, ცალ მხარეს თეძომდე ჰქონდა ჩახსნილი, მკერდზე გაკეთებული ზომიერი ჭრილი კი, საკმაოდ მიმზიდველად უსვამდა ხაზს მისი სხეულის ამ ნაწილს. ყველაზე მძაფრად, მაინც ერთმა რამემ მიიპყრო ჩემი ყურადღება, აქამდე მუდამ დატალღული, თაფლისფერი თმა, დღეს ლამაზად დაესწორებინა და თითქმის წელამდე ჩამოსდიოდა ეს უკანასკნელი.
საოცარი იყო, უზომოდ სასურველი, სუნთქვისშემკვრელი და აგრეთვე, ჩვენ ორის თავისი სახლის ჭიშკართან ნახვით დაბნეული. უკვე დაზუსტებით შეიძლებოდა იმის მტკიცება, რომ ისევე როგორც ჩემსას, არც თორნიკეს ნახვას ელოდა ქუჩაში გამოსული და ამის გააზრებამ, დიდი ლოდი მომაშორა გულის არედან.
მელინამ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩვენი მიმართულებით. ახლოდან, ორჯერ უფრო მიმზიდველი მეჩვენა და სიგიჟემდე მომინდა მის გრძელ თმას ცოტა ხნით მაინც მოვფერებოდი.
-რა ხდება, კორპორაციულის გამართვა ჩემი სახლის წინ გადაწყდა? -ჯერ თორნიკეს შეხედა ამ კითხვის დასმისას, მერე კი ჩემზე გადმოიტანა მზერა, თან თავისი პატარა ჩანთა, უფრო მოხერხებულად გადაიკიდა მხარზე
-არა, არ გადმოუტანიათ -ჯაყელმა გასცა პასუხი ორივეს მაგივრად, მე კი უბრალოდ ჩამეღიმა და ჩემი მანქანის კაპოტზე ჩამოვჯექი, მელინასთვის თვალმოუშორებლად. ვხედავდი, თავადაც მიყურებდა. წამით მომეჩვენა, რომ იმას აკვირდებოდა, როგორ გამოვიყურებოდი სმოკინგში. თუმცა იქნებ არც მომჩვენებია და ნამდვილად ასე იყო?
-როგორღაც ისე გამოვიდა, რომ ორივემ გამოგიარეთ, სასტუმროში წასვლამდე -კვლავ განაგრძობდა ჯაყელი სიტუაციის ახსნას და ამ დროს, მეტად სასაცილოდაც გამოიყურებოდა -ახლა უკვე შენი გადასაწყვეტია რომელს გაჰყვები კორპორაციულზე და რომელს გაუშვებ ხელცარიელს
მელინამ ღრმად ამოიოხრა. რამდენიმე წამით ჩუმად იყო, მერე კი, ჩამოვარდნილ მდუმარებაში, მისი ხმაც გაისმა :
-საერთოდ, მე ჩემი მანქანით ვაპირებდი მოსვლას და არც კავალერებს ველოდი ჭიშკართან -სათითაოდ შეგვავლო თვალი ამის თქმისას. მერე, მზერა კვლავ ჩემზე გააჩერა, გარკვეული დროით მომაშტერდა და კვლავ ჯაყელს მიუტრიალდა
-თორნიკე, იცი, ზუსტად ახლა გამახსენდა, რომ მე და ნიკოლოზს რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე გვაქვს სალაპარაკო -დაიწყო მან, თან ჩემკენ ანიშნა თავით ამის თქმისას -ცუდია, რომ გაუფრთხილებლად მოხვედი და ასე უხერხულად გამოვიდა, მაგრამ წინააღმდეგი ხომ არ იქნები ამ ჯერზე მარტო რომ გაგიშვა და ნიკოლოზთან ერთად მოვიდე სასტუმრომდე?
აი, სწორედ ამას ვეძახდი გამარჯვების ტკბილ შეგრძნებას. რა თქმა უნდა მშვენივრად ვუწყოდი მე და მელინას რომ არაფერზე გვქონდა სასაუბრო ისეთზე, რის გამოც იგი ჩემთან ერთად წამოსვლას დათანხმდებოდა. ვხვდებოდი, ეს უბრალოდ გონივრული მიზეზი იყო ჯაყელის თავიდან მოსაშორებლად, რათა მისი პომპეზური ჯიპის ნაცვლად, ჩემს მანქანაში ჩამჯდარიყო და დანიშნულების ადგილამდეც ერთად მივსულიყავით.
-კარგი, არა უშავს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ -ალბათ, ყველანაირად შეეცადა თორნიკე იმ მომენტში ჯენტლმენურად გამოჩენილიყო და ის უკმაყოფილება არ შეტყობოდა, რომელიც დარწმუნებული ვიყავი მის შინაგანს ვულკანური ლავასავით სწვავდა
-ნამდვილად?
-ნამდვილად -ზედმეტად თბილად გაუღიმა, რის შემდეგაც, ჩემს ჯიბრზე, ლოყაზეც შეეხო ტუჩებით -ძალიან ლამაზი ხარ დღეს საღამოს. იცოდე, როდესაც მოხვალ ერთი ცეკვა აუცილებლად უნდა მაჩუქო
-შევეცდები -საპასუხოდ, მელინამაც გაუღიმა, მერე კი, ისე, რომ მეტად აღარაფერი უთქვამს, ჯაყელს ზურგი აქცია და პირდაპირ ჩემი მიმართულებით წამოვიდა
-მორჩა, შეგვიძლია წავიდეთ -მაჯაზე შემოხვეულ ოქროსფერ საათს დახედა ამის თქმისას -მხოლოდ ათი წუთი დაგვრჩა
-არაფერი მოხდება ცოტათი თუ დავიგვიანებთ -უკვე თავის მანქნაში მოკალათებულ და წასასვლელად გამზადებულ ჯაყელს, თვალი ჩავუკარი ამის თქმისას. ამ უკანსკნელმა, საპასუხოდ ერთი დაბღვერილი მზერა მესროლა, ავტომობილის ძრავა აამუშავა და იქაურობას ისე სწრაფად გაშორდა, როგორც ეს საერთოდ იყო შესაძლებელი.
მე და მელინა, ქუჩაზე სრულიად მარტონი დავრჩით. მასთან განმარტოებულმა, კიდევ ერთხელ შევათვალიერე თავიდან ფეხებამდე და ვერაფრით შევძელი კმაყოფილების ღიმილის შეკავება.
-რატომ იღიმი? -მანქანის კაპოტზე გვერდით ჩამომიჯდა და ისე მკითხა მელინამ. მისი კაბის ამოღებულ ზურგს, ლამაზად ეფინებოდა თაფლისფერი თმა და თოვლივით თეთრ კანს უფარავდა
-წამოდი, ეგ გზაში განვიხილოთ, თორემ საშინელი ქარია და ვარცხნილობა გაგიფუჭდება
მელინამ თავი დამიქნია, რის შემდეგაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვა ჩემს ნებას. მანქანაში უხმოდ ჩავსხედით. თუ ისევე სწრაფად ვივლიდი, როგორც აქეთობისას, წესით სასტუმრომდეც დროულად და დაგვიანების გარეშე უნდა მივსულიყავით.
-აბა? მზად ხარ მეჯლისზე წასასვლელად, კონკია? -გამომცდელად გავხედე გასაღების გადატრიალების წინ
-მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ეტლი გოგრად არ გადაიქცევა
-თუკი სახლში დაბრუნებას თორმეტ საათამდე მოვასწრებთ, მსგავსი არაფერი მოხდება
მელინას გაეცინა, მერე კი ჩვენი უწინდელი დიალოგი გაახსენდა და როგორც კი მანქანა მთავარ გზაზე გავიყვანე, შემახსენა კიდეც მის შესახებ :
-ჰო მართლა, ცოტა ხნის წინ შენი იდუმალი ღიმილის მიზეზის ახსნას დამპირდი
-ანუ არ დაგვიწყებია
-იშვიათად მავიწყდება რამე
-შენს ადგილას, მაგაში მთლად დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი -იმ ღამეზე ჩავუნამიოკე, როდესაც ბარიდან დაბრუნების შემდეგ, სველ ტანსაცმელს ვუცვლიდი და ჩემს მინიშნებას ისიც მშვენივრად მიხვდა
-მეგონა, ამაზე ლაპარაკს უკვე მოვრჩით და დავივიწყეთ კიდეც
-ჰო, მართალი ხარ -მერე მცირედი პაუზა გავაკეთე და დავამატე :- ჩემი ღიმილის მიზეზს რაც შეეხება, უბრალოდ სასიამოვნო შეგრძნება იყო ჯაყელის მაგივრად მე რომ ჩამიჯექი მანქანაში . . . მაინტერესებს კიდეც, ასე რატომ მოიქეცი?
-იმიტომ, რომ ასე მინდოდა
-მოკლედ და კონკრეტულად
-უფრო ვრცელ პასუხს ელოდი? -ღიმილი შეეპარა ღია ვარდისფრად შეღებილი ტუჩის კუთხეში
-სიმართლე გითხრა, ამაზე უარს არ ვიტყოდი
-კარგი, გეტყვი
-ყურადღებით გისმენ
-მიზეზი ის იყო, რომ ბოლო პერიოდში, შენს მხარში დგომას ყველაზე მეტად ვგრძნობ, ჩემთვის რთულ მომენტებში და გადავწყვიტე არც მე მეწყენინებინა
არაფერი მიპასუხია, მიუხედავად იმისა, რომ თავისი სიტყვებით გულწრფელი ღიმილი მომგვარა. ამის მაგივრად, კალთაში ჩადებულ მის ხელს დავწვდი, ტუჩებთან ახლოს მივიტანე და მთელი გრძნობით ვაკოცე. აშკარად არ გამჭირვებია იმის შემჩნევა, როგორ დაეჭიმა სხეული ამ შეხებაზე და ოდნავ შეაჟრჟოლა კიდეც. ესეც რომ არ ყოფილიყო, მარტო გამოხედვა გაყიდდა ისეთი არეული მზერით მიყურებდა იმ წამს. ვერ გეტყვით, რომ შეჩვეული არ ვიყავი გოგონებისგან მსგავს გამოხედვას, პირიქით, იმაზე მეტადაც კი გახლდით ნაჩვევი ვიდრე კოფეინის განსაზღვრული დოზის მიღებას, ყოველ დილით, მაგრამ როდესაც ამგვარ მზერას, ჩემთვის საოცნებო ქალისგან ვიღებდი, თვითკმაყოფილების გრძნობას, უჩვეულო ბედნიერებაც ემატებოდა თან და საბოლოო ჯამში, უზომოდ სასიამოვნო ნაზავს ქმნიდა.
-დამაკმაყოფილებელი იყო შენი პასუხი -ვუთხარი ბოლოს, თან მისი თითებიც გავათავისუფლე
-ჰოო?
-ნამდვილად . . . ჰო მართლა, კიდევ ერთი კითხვა მაქვს
-დამისვი, დღეს როგორც ჩანს მოპასუხე მხარე ვარ -ოდნავ ჩაეღიმა და კითხვით სავსე მელნისფერი თვალები შემომანათა. აღარც მე დავაყოვნე დიდხანს და მაშინვე ვკითხე, რაც გონებაში მიტრიალებდა :
-მაინტერესებს, სასტუმროში კიდევ რამდენ ხანს აპირებ მუშაობას? დიდი ალბათობით, როცა ამ ნაბიჯს დგამდი, არ გიფიქრია, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდებოდა
-ჰო, მართალი ხარ, არ მიფიქრია -სიტყვებითაც დამემოწმა და თავის დაკვრითაც -იქ მანამდე ვიქნები, სანამ მშობლებს საბერძნეთში ვეგონები. მერე არდადეგებიც მთავრდება და სწავლას უნდა დავუბრუნდე
შუქნიშანზე გავჩერდით. მწვანეს ანთებამდე, ოცი წამი იყო დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში, საჭეს ცოტა ხნით ხელები ავუშვი.
-იცი? დღეს ერთი რამ უნდა გაგიმხილო საკუთარი თავის შესახებ -ვუთხარი, თან გამომცდელი მზერით მივაცქერდი, რეაქციის მოლოდინში. მელინა ჩემკენ ნახევარი ტანით მოტრიალდა, ეჭვით დაწვრილებული თვალებით, ისე თითქოს დანაშაულში ცდილობს გამომტეხოსო.
-მაინც რა? -მკითხა ბოლოს
-გეტყვი, როდესაც სასტუმროში მივალთ . . . და კიდევ, დღეს რომ ჯაყელს ერთ ცეკვას დაპირდი ხომ გახსოვს?
-მახსოვს, მერე?
-ნებისმიერ ერთ სურვილს შეგისრულებ, თუკი რამეს მოიმიზეზებ და ამ დაპირებას არ აუსრულებ
-ნებისმიერსო თქვი?
-კომპრომისის სუნი მცემს?
-შესაძლოა, შესაძლოა -სიცილით გამეპასუხა მელინა, სავარძელში კვლავ გასწორდა და როგორც კი შუქნიშანზე მწვანეს ანთების შემდეგ ავტომობილი დავძარი, დაამატა :- ოღონდ მერე სურვილის სირთულეზე არ დაიწყო წუწუნი . . .



№1  offline წევრი A.N.A

ერთ_ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც ძალიან მომწონს შენ ისტორიებში, ეს თავების სიდიდეა ბევრისგან განსხვავებით საკმაოდ "მსუყე" თავებს დებ.
აი ვგიჟდები მე ნიკოლოზზე და ძალიან არ მომწონს ჯაყელი, რატომღაც მაგ საღამოსთან დაკავშირებითაც რაღაცნაირი წინათრგძნობა მაქს.თორნიკემ კიდე ისე უთხრა ნიკას მელინამ რომ გაგიგოსო ნუ რავი რაა.

მელინა რომ ნიკას გაჰყვა ეგეც ისე მესიამოვნაა:-*

მოუთმენლად გელიი ❣️იმედია დიდი ხნით არ შეგაგვიანდება.❣️

 


№2  offline მოდერი აირ ისი

A.N.A
ერთ_ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც ძალიან მომწონს შენ ისტორიებში, ეს თავების სიდიდეა ბევრისგან განსხვავებით საკმაოდ "მსუყე" თავებს დებ.
აი ვგიჟდები მე ნიკოლოზზე და ძალიან არ მომწონს ჯაყელი, რატომღაც მაგ საღამოსთან დაკავშირებითაც რაღაცნაირი წინათრგძნობა მაქს.თორნიკემ კიდე ისე უთხრა ნიკას მელინამ რომ გაგიგოსო ნუ რავი რაა.

მელინა რომ ნიკას გაჰყვა ეგეც ისე მესიამოვნაა:-*

მოუთმენლად გელიი ❣️იმედია დიდი ხნით არ შეგაგვიანდება.❣️


მადლობა დიდი ❤️ ვცდილობ ნიკოლოზის პერსონაჟი ისეთი შევქმნა, რომ ის უარყოფითი რაც აქვს, დადებითმა დაჩრდილოს და მიხარია თუ გამომდის ❤️

 


№3  offline წევრი ვიპნი

გაწბილებული თორნიკე მომეწონა ,ძალიანაც კარგი.იმედია მელინა ყველაფერს სწორად გაიგებს და ნიკუშას არ დაგვიტანჯავს ❣️

 


№4  offline მოდერი აირ ისი

ვიპნი
გაწბილებული თორნიკე მომეწონა ,ძალიანაც კარგი.იმედია მელინა ყველაფერს სწორად გაიგებს და ნიკუშას არ დაგვიტანჯავს ❣️


ნიკუშას ტანჯვას მე ვერ გადავიტან პირველ რიგში, იმდენად შემაყვარა თავი :დდ მადლობა შენ, რომ ასე აქტიურად მომყვები ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი nin

rodis dadeeb

 


№6  offline მოდერი აირ ისი

სტუმარი nin
rodis dadeeb


ატვირთული მაქვს უკვე, გამოქვეყნება აგვიანებს ამ ბოლო დროს ძაან ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent