შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარაფებზე მოსიარულე (15)


9-11-2020, 08:16
ნანახია 1 105


***
დიდხანს იწრიალა სარამ. უნებურად ოლივერის და თავის დიალოგზე ეფიქრებოდა. იმ ღამეს მასთან სიახლოვით გამოწვეული შიში რომ არა, დაუსრულებლადაც შეეძლო ესაუბრა სხვა დანარჩენზეც.
მაინც რამ გამოიწვია შიში? სარას სხეულში წარმოქმნილ რომელ ფაქტორს უშენებდა ეს გრძნობა ბარიერებს? ამ კითხვაზე პასუხს არც ეძებდა, რადგან მის პრიორიტეტთა ნუსხაში მსგავსი სახის ცხოვრებისეული მომენტები ყველაზე ბოლო ადგილას ინაცვლებდნენ.
რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ოლივერიც. სარას გაცნობის შემდეგ შესამჩნევად აირია და ძველებურ ცხოვრების წესს ვერაფრით უბრუნდებოდა. შინაგანი კომფორტი დისკომფორმა შეუცვალა, საღი აზროვნება - გონებაგაფანტულობამ, მშვიდი ნერვები- მოუსვენრობამ და მუდმივმა გაღიზიანებამ... შორეულ ჰორიზონტზე მდგომი ქალი ნელ-ნელა ამცირებდა მის გულამდე მისასვლელ მანძილს და დაუკითხავად იჭრებოდა ოლივერის სულიერ სამყაროში. ერთადერთი რამ აფერხებდა, რომ თამამ მოქმედებაზე გადასულიყო- სარას რელიგია. არ იცოდა განსხვავებული მრწამსის ქალბატონი როგორ მიიღებდა მის გრძნობებს.

***
გათენებისას სარა ვივიენის სატელეფონო ზარმა გააღვიძა. „უბერის“ კომპანიიდან მანქანა გამოეძახებინა და მასთან ერთად ნიუ-იორკში ჩასვლას სთავაზობდა. მანაც სიტუაციით ისარგებლა და გაჰყვა.
ვივიენს დაძაბულობა ეტყობოდა. მთელი გონებით სამსახურზე იყო გადართული და ნაკლებს ლაპარაკობდა. ასე იცოდა, როცა სერიოზული საკითხის წინაშე იდგა. იმ დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემით მიჰყავდა გადაცემა. მრავალი საგამოძიებო ოპერაციების შემდეგ მორიგი სკანდალური ამბავი უნდა გაეშუქებინა. საქმე ეხებოდა პრინსტონის უნივერსიტეტის ლექტორისა და სტუდენტების ურთიერთობას. ლექტორს ბრალი ედებოდა სტუდენტი გოგონების სექსუალურად შევიწროებაში. გადაცემა „Face”-ს მოპოვებული ჰქონდა ფარული ჩანაწერები, რომლებიც მოძალადე მამაკაცს დანაშაულებრივ ქმედებებში ამხელდნენ.
ვინ აღარ დაურეკა და საიდან აღარ შეაწუხეს ვივიენი, რომ გადაცემა არ ჩაწერილიყო და ეთერში არ გასულიყო, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ცვლიდა. სანამ საზოგადოებას მისტერ ჰილისნაირი ხორცმეტები და მისი დამცველები ეყოლება, მანამდე არაფერი ეშველება ადამიანთა მიმართ გამეფებულ უსამართლობას. ბოდიში, მაგრამ საერთოდ არ მანაღვლებს მისტერ ჰილის დანგრეული პირადი ცხოვრება და კარიერა. ერთი დიდი ბიომასაა, რომელიც გარემოს წამლავსო,- მკვახედ უპასუხა თანამშრომლის ბედით შეწუხებულ რექტორს, რომელიც თავის მხრივ ასევე უნივერსიტეტის პრესტიჟზეც ფიქრობდა და საერთოდ არ აწყობდა საზოგადოებაში ცუდად გაჟონილი ინფორმაცია.
ტელევიზიის შენობაში ამაყად შევიდა, თანამშრომლები მოიკითხა და კაბინეტში ჩაიკეტა. კომპანია ჩვეული რუტინით აგრძელებდა მუშაობას. როგორც ყოველთვის, თითოეული წუთი გათვლილი იყო და ზედმეტი დრო არავის არაფრისთვის რჩებოდა.
ვივიენი სამუშაო მაგიდას არ სცილდებოდა, მონოლოგებს წერდა და ხელთ არსებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ უკირკიტებდა. თანამშრომლებმა იცოდნენ, გადაცემის ჩაწერის წინ ზედმეტი კითხვებით არ უნდა გადაეტვირთათ. ყველა დუმდა და მხოლოდ მის მიერ გაცემულ ინსტრუქციებს ელოდებოდა. ზოგჯერ თანაშემწეებს იბარებდა, გადაცემაში მონაწილეებთან არეკინებდა და ამოწმებდა რამე ხომ არ შეიცვალა, ან რომელიმემ საჯაროდ საუბარი ხომ არ გადაიფიქრა. როცა რწმუნდებოდა, ყველაფერი რიგზე იყო, ოდნავი სიმშვიდე იმორჩილებდა და მუშაობას უფრო გამრჯედ აგრძელებდა.
-ისე ვნერვიულობ, გეგონება ის ლექტორი მე ვიყო,- გადაცემის ჩაწერამდე სარამ ვივიენს აკანკალებული ხმით გამოუცხადა.
-მოეშვი დრამებს და მაკიაჟზე იფიქრე! - გულგრილად უთხრა ვივიენმა და სავარძელში მოხდენილად მოთავსდა.
-ვაიმე, რა ავი ხარ,-სარამ კოსმეტიკური საშუალებები მოამზადა და თავის საქმეს შეუდგა.
-ყველა იმას იმკის, რასაც სთესს.
-ყოველთვის სიმართლის მხარეს ხარ და ამის გამო, ყველას ხარივით რქებით ასკდები.
-და რატომ გიკვირს?-შეიცხადა ვივიენმა.
-არ მიკვირს. წარმომიდგენია ის ლექტორი რას განიცდის. მტრებს იჩენ და კაცმა არ იცის, ერთ დღეს როგორ შემოგიბრუნდება ეს ყველაფერი. ნეიტრალური ზონებიც არსებობს. ერთხელ იქაც გეცადა შესეირნება.
-ახლა მდგომარეობიდან არ გამომიყვანო! -ცივი ტონით ნათქვამი გამოუვიდა, მაგრამ არ დაეძებდა.
-ჩუმად ვარ! - თვალები დაუჭყიტა და პირი მოკუმა სარამ.
-ისე გამოგყავს ყველაფერი, თითქოს საუკუნის დანაშაულს ჩავდიოდე.
-მისტერ ჰილს ბრალი რაშიც მიუძღვის, ამისთვის პასუხს აგებს, მაგრამ მე სხვა რაღაც მადარდებს და უკვე აღვნიშნე.
-იმაზე უარესი არაფერი მოხდება, რაც დიდი ხნის წინ ვიგემე. დასაკარგი არაფერი მაქვს.
-სიცოცხლე? ეს არაფერია?
-როცა გიღირს, დიახ!
-ეჰ! -აღმოხდა სარას და არაფერში შეეწინააღმდეგა, ტყუილად წყლის ნაყვა იყო.

***
ვივიენი სერიოზული სახით შევიდა სტუდიაში. ხალხით სავსე დარბაზს გადახედა და მომზადებული სიტყვა წარმოთქვა. იმ საღამოს გადაჭარბებულად ენამახვილი იყო. ყველა სულგანაბული უსმენდა და ეთანხმებოდა. მთელი ცხოვრება საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ქალბატონი ცდილობდა, სხვებისთვისაც იგივე მაგალითი მიეცა.
გადაცემა შედგა. ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორი ორმა სტუდენტმა ზნედაცემულ საქციელში ამხილა.
ცხადი იყო, გადაცემა „Face” უნიჭიერესი წამყვანის, ვივიენ კარტერის წყალობით, რეიტინგულ პოზიციებს კიდევ დიდხანს არ დათმობდა.
-გიყურებდი და ზოგიერთ მომენტში ვფიქრობდი, როცა გაგიცანი, მაშინაც ასეთი დაუნდობელი ქალი იყავი, თუ თვალსა და ხელს შუა შეიცვალე? არა, თავიდანვე გეტყობოდა, რომ ფორთოხლის ჯემივით ტკბილი არ იქნებოდი, მაგრამ დღეს რაც იკადრე, ნამეტანი იყო,-შეშფოთებული სახით მისდევდა სარა ვივიენს.
-წამყვანი ვარ და როგორც საჭიროდ ჩავთვლი, ისე მოვიქცევი. მისტერ ჰილი სათანადოდ უნდა დაისაჯოს.
-მესმის, ხელებს ვწევ და გეუბნები, რომ ის ამას იმსახურებს, მაგრამ მიწასთან გაასწორე და ჯოჯოხეთის კუპრიან მდინარეში აბანავე. ასეც არ შეიძლება. ჩემი რჩევაა, ამ გადაცემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში რაღაც განცხადება გააკეთო, ან სოციალური ქსელით მაინც გაავრცელო რამე წინასწარ შემუშავებული ტექსტი.
-ევფემიზმებით საუბრის დრო დამთავრდა. თუ ატყობ, აღარც მოჭარბებული ემოციებისგან მოვარდნილი სიტყვებით აწყობილ ტექსტებს ვაქვეყნებ. არ შემიძლია მათი ბუყბუყის მოსმენა, ხმაც კი მაღიზიანებს, არამც თუ მათში არსებული სიმართლის მარცვლებისთვის მაძიებელი ხალხისგან ქექვა და კომენტარები.
-მე ჩემი მოსაზრება გაგაცანი, მეგობარო, დანარჩენი შენ იცი.
-მგონი, გაგვიანდება. მეორე სამსახური გეძახის,- მაჯის საათი დაანახა ვივიენმა.
სარამ წაიბურდღუნა, მივდივარო და ჩანთის ასაღებად წავიდა.

***
უხასიათოდ მყოფი სარა ოლივერს მიესალმა, თავის ოთახში შუქი აანთო და ცოტა ხნით ჩამოჯდა, რომ გონება ახალი საფიქრალისკენ მიემართა. ჭმუნვით გახედა თარგებს, მერე მანეკენზე მორგებულ, ნახევრადშეკერილ კაბას და აწუწუნდა, მეტი აღარ შემიძლიაო.
-უმშვენიერეს ქალბატონს ენერგიის მოსაკრებად და სამეფო კარის წევრებისთვის საოცარი კაბების შესაკერად,- ოლივერი „სტარბაქსის“ ყავის ჭიქებით შევიდა და საყვარელი ყავა „მაკიატო“ გადასცა.
სარას მის ხუმრობაზე გულიანად გაეცინა:
-ჩამოჯექი, დავლიოთ და ცოტა ხანს ვისაუბროთ.
-სიამოვნებით. მანამდე კი ეს გამომართვი,- სამაჯური გაუწოდა მამაკაცმა.
სამაჯურს გოგონას და ბიჭის გამოსახულების თხელი ფირფიტები ეკიდა. თითოეულს სახელი ჰქონდა ამოტვიფრული. სარამ თავის სამკაული მაშინვე იცნო და გული შეუქანდა:
-კი, მაგრამ ეს სამაჯური შენთან როგორ აღმოჩნდა? ეს რომ დამკარგვოდა... მეგონა, საფულის ჯიბეში შევინახე და თურმე... სად იპოვე?
-ჩემს მანქანაში.
-ალბათ, ამომივარდა. მადლობა გამჩენს, რომ როდეოზე ან იმ სახლში არ დამიკარგავს.
სარამ სამაჯური ხელზე შეიბა და თვალები აუცრემლიანდა.
-შენს შვილებს ესთერი და იაკობი ჰქვია?-დაბალ ხმაზე ჰკითხა ოლივერმა.
ქალმა ნაღვლიანი თვალებით გახედა და თავი დაუქნია.
მამაკაცმა თანაგრძნობით გახედა, მისი ხელები თავისაში მოიქცია და დაამშვიდა:
-ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება.
სარამ ფრთხილად გააშვებინა ხელი და განცვიფრებულმა ჰკითხა:
-შენ რა, ყველაფერი იცი?..
-ვიცი...
-ვივიენმა გითხრა?
-არა.
-აბა?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-როგორ გაიგე?
-გადაცემა „Face”-ის ჩანაწერი ვნახე.
სარას ცრემლები მოეძალა და ოლივერს რომ არ დაენახა, გვერდზე გაიხედა.
-არაფერია სათაკილო იმაში, რომ დედას შვილები ენატრება და მათთან უნდა. თუ გეტირება, იტირე. ეს შენს სისუსტეზე არ მიანიშნებს.
მამაკაცის სიტყვებზე ქალს გული მიეცა და უფრო ატირდა. ოლივერი სარას მიუახლოვდა და ხელსახოცი გაუწოდა. რამდენჯერაც შეიმშრალა, იმდენჯერ გადმოსჩქეფა ახალმა ნაკადმა. ოლივერმა მის ცრემლებს ვეღარ გაუძლო და გულზე მიიხუტა.
სარამ სულის მოთქმისთანავე დაშორდა:
-ორ კვირაში სასამართლოა დანიშნული. იმედი მაქვს, ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ გადაწყდება.
-არ ინერვიულო, კარგი? ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს. შენს გვერდით ვარ.
-მადლობა,- სევდიანი სახე ღიმილმა გაუპო და პარკში ჩადებული ქსოვილების ამოლაგება დაიწყო.
ოლივერმა ხელი აღარ შეუშალა, თუ რამე დაგჭირდეს, აქ ვარო,- უთხრა და სამუშაო მაგიდას შემოუჯდა.

***
სარა წინა ღამის უძილობისგან გამოწვეულ დაქანცულობას და სამსახურში მიღებულ სტრესს ყურადღებას არ აქცევდა. კლიენტისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, დადგენილ ვადაში თითქმის დასრულებულს მოასინჯებდა და ამის შემდეგ ხელით ქარგვაზე გადავიდოდა. არ უნდოდა, პირი გაეტეხა. ფეხზე ვეღარ იდგა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა. თავს აიძულებდა, ეფიქრა, იმაზე მეტი შეეძლო, ვიდრე წარმოიდგენდა. თვალებს ძლივს ახელდა, მაგრამ საკუთარ პრინციპებს არ ღალატობდა.
ოლივერსაც მასსავით ჩაერგო თავი სამუშაო ქაღალდებში და ახალი კოლექციის შექმნით იყო დაკავებული. ზოგჯერ რაღაც არ გამოსდიოდა, გაბრაზებული ჭმუჭნიდა ქაღალდებს და იატაკზე ყრიდა. სარას გახედავდა ხოლმე და საქმეში გართულს რომ ხედავდა, ისევ ეძლეოდა მოტივაცია, არ გაჩერებულიყო და ხელახლა ეცადა.
საკმაოდ გვიანი იყო, სამუშაო დღე რომ დაასრულეს. სარამ მანეკენს კაბა ჩამოხსნა, დაკეცა და მეორე დღისთვის სალონში წასაღებად გაამზადა. სიჯიუტის მიუხედავად, ოლივერი არ მოეშვა და სახლამდე მიაცილა.
ბინაში შესვლისთანავე არწივივით მომზირალი დიასახლისი მომზადებული დაუხვდა მორიგი საყვედურებისთვის. ნახევრად მძინარ სარას თითქმის არაფერი ესმოდა მოცლილი ქალის სიტყვებიდან. მხოლოდ ის უთხრა, შემდეგი თვიდან ახალი მობინადრე ეძებეთო და პირზე სიტყვაშემხმარს კარი მიუკეტა.

***
სახლისკენ მიმავალი ოლივერი ფიქრებს ისევ სარასკენ გადაესროლა. ოცდაათი წლის განმავლობაში არცერთხელ ახსოვდა, რომელიმე ქალისთვის ზედმეტად მეტი ყურადღება დაეთმო და ისე განეცადა მისი ტკივილი, როგორც რამდენიმე საათის წინ, სარასთან მიმართებაში დაემართა. ასეთ მდგომარეობას ჯერ კიდევ ვერ უძებნიდა სახელს და თანდართული გაურკვევლობა ანადგურებდა.

***
მეორე დღეს თანხა რომ დაეზოგა, სარამ კლიენტის კაბა ბრუკლინიდან მანჰეტენამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით ხელით ატარა. მაღაზიამდე დაუზიანებელი მიიტანა, თანამშრომლებს მიესალმა და კლიენტების მისაღებად გამოყოფილ სალონში შევიდა. ოლივერი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გაცნობილ დამკვეთს ტყავის მასალას აჩვენებდა, დაწნეხვის დასავლურ ტექნოლოგიაზე ესაუბრებოდა და ქარქაშების დიზაინს უთანხმებდა. ქალმა ბოდიში მოიხადა, კაბა ფრთხილად დადო და გასასვლელად მოემზადა. სწორედ მაშინ შემოვიდა მისი კლიენტი მაღაზიაში. უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სთხოვა, რამდენიმე წუთი დაეცადა. ოლივერმა დრო დიდხანს არ გააჭიანურა, მალევე გამოვიდა და სარას აუხსნა, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დიალოგი გაგვეწელა და დროულად ვერ დავასრულეთო. არაუშავსო,-ქალმა ღიმილით მიუგო და კლიენტი ოთახში შეიყვანა. ცხვირაბზუებულმა კლიენტმა უკმაყოფილო სახით დაუწყო კაბას ყურება:
-ეს რა არის?
-ვერ მიგიხვდით,-დაიბნა სარა.
-მე ხომ გითხარით, სახელოები მაჯებზე გრძლად გადმოსულიყო? ბოლოში რუში უნდა დაგემაგრებინათ. სად არის?
-ჯერ ერთი, რუშზე და გრძელ სახელოებზე არაფერი გითქვამთ, ჩაიცვით, იქნებ მოგწონთ და არაფრის შეცვლა არ გინდათ?
-შენ მასწავლი, მე რა გითხარი და რა არა? თუ წესიერად მოსმენა არ შეგიძლია, მაშინ დიზაინერობას არ უნდა იბრალებდე.
-ქალბატონო, ეს საბოლოო სახე არ არის, შეცვლა და გადაკეთება ყოველთვის შეიძლება.
-გგონია ამდენი დრო მაქვს, რომ შენს მიერ დაშვებული შეცდომების გამო აქ ვისეირნო? შევცდი, არაპროფესიონალთან საქმე არ უნდა დამეჭირა.
სწორედ ამ დროს ოლივერმა კარი შეაღო და ხმამაღლა მოსაუბრეს შუბლშეკრულმა შეხედა. კლიენტი არ ჩერდებოდა. ახლა ქსოვილის ხარისხს დაუწყო დაწუნება.
-კი, მაგრამ თავიდანვე ეს ქსოვილი გაჩვენეთ და მოგეწონათ. მოდელი თქვენთან ერთად შევქმენი, ზომები ავიღე და ყველა დეტალი ჩავიწერე. რა მოთხოვნებიც გქონდათ, ყველა მათგანი გავითვალისწინე და დღეს თურმე აღარც ქსოვილი ვარგა და აღარც კაბა? თქვენი პრეტენზიები არცერთ ლოგიკაში არ ჯდება.
-ესე იგი, რა გინდათ, რომ მითხრათ? მე ვტყუი და თქვენ ცამდე მართალი ხართ?
მისტერ სკოტმა ორივე მათგანი მკაცრი ტონით შეაჩერა:
-ვინმე ამიხსნის, აქ რა ხდება?
-თქვენ ნუ ერევით, მე ამ ქალბატონთან მაქვს საქმე!- უკმეხად მიუგო კლიენტმა.
-რას ნიშნავს, ნუ ვერევი? ჩემს სალონში ხართ, მთელ მაღაზიას ესმის როგორ ილანძღებით და მეუბნებით, გავჩუმდე?
-ეს ქალბატონი სხვა კაბას შემპირდა, ეს ის არ არის, რაც მე მინდოდა.
სარამ ქაღალდზე დახატული კაბა მოძებნა და სახესთან ახლოს მიუტანა:
-მაჩვენეთ, რომელი ნაწილი არ ემთხვევა იმას, რასაც ახლა ვუყურებთ. ეს თქვენთან ერთად დავხატე.
-არ მაინტერესებს, რასაც მაჩვენებ. ქაღალდის შეცვლა ყოველთვის შეიძლება.
ოლივერმა სარას ნახატი გამოართვა, იქ დახატული შეკერილს შეადარა და როდესაც დარწმუნდა, რომ კლიენტი უბრალოდ შარზე იყო და სარა მასთან არ ტყუოდა, გაცეცხლებულმა უთხრა:
-ახლა შებრუნდები, აქედან რაც შეიძლება დროულად გახვალ და მეორედ ფეხს აღარ მოადგამ!
-არსადაც არ წავალ. ნახევარი კაბის საფასური მაქვს გადახდილი. ნება იბოძოს და თავის შეცდომები გამოასწოროს.
-ოლივერ, ძალიან გთხოვ, კლიენტთან მარტო დამტოვე, თავად მოვაგვარებ,- შექმნილი სიტუაციით შეწუხებული სარა ცდილობდა, მამაკაცის გვერდის ავლით დაეშოშმინებინა კლიენტი.
-ნუ მასწავლი ამნაირებს როგორ დაველაპარაკო! ასე გაწვალებს, საბოლოოდ მაინც უკმაყოფილო დაგრჩება და ბოლოს ფულსაც არ გადაიხდის!
-მარტო დამტოვე-მეთქი!- სარამ ხელახლა გაუმეორა.
მისტერ სკოტი იქამდე არ გაჩერდა, სანამ კლიენტი მაღაზიიდან არ გააძევა.
კლიენტზე და ოლივერზე გაცოფებულმა სარამ მაკრატელი იატაკზე დაანარცხა და სახეაალებული გავარდა ქუჩაში. მისტერ სკოტი უკან დაედევნა:
-ახლა არ მითხრა, რომ ამ შარის მაძიებელი ქალის გამო გამირბიხარ.
-მან თავის კაბას მოაკითხა. ის მე შევკერე და შესაბამისად ჩემთან ჰქონდა გასარკვევი. შენ როგორ მოიქეცი? შემარცხვინე, პირში ჩამივარდი და კლიენტი დამაკარგვინე.
-შენ რა, სერიოზულად ცხარობ ჩემზე?
-არა, გეხუმრები.- ირონია გაურია სიტყვებს.
-დამიჯერე, ის ქალი ზარალის მეტს არაფერს მოგიტანდა. უამრავ მისნაირს შევხვედრილვარ და კარგად ვიცი, როგორ გრძელდება და სრულდება მათთან ურთიერთობები.
- მე პატარა ბავშვი არა ვარ, რომ თავის დაცვა არ შემეძლოს. არც შენთვის მითხოვია, მოდი, მიშველე-თქო. სიტუაციის განმუხტვას ვაპირებდი. შენ კიდევ ქვა ააგდე და თავი შეუშვირე. ახლა რა ვქნა? ყველაფერი გააფუჭე.
მამაკაცმა წარბები შეკრა, მასზე გამწყრალ ქალს თვალებში ჩახედა და დანანებით უთხრა:
-სამწუხაროა, რომ ოდნავადაც ვერ მიხვდი, რა და რატომ გავაკეთე.
-ჰო, შეუგნებელიც გამომიყვანე.
-დავასრულოთ ლაპარაკი. აზრი არ აქვს.
-დასრულებულია! - მხარზე ჩანთა შეისწორა ქალმა. -კარგად იყავი!- დაემშვიდობა და გადატვირთულ ტროტუარზე მოსიარულე ხალხს შეერია.

***
ოლივერთან შეკამათება ძვირად დაუჯდა სარას. თავს საშინლად გრძნობდა და წუხდა, რომ საათივით აწყობილი ურთიერთობა ხელის გულზე დაგროვილი ქვიშასავით დაცლას იწყებდა. არ შეეძლო ახლობელი ადამიანისთვის ეწყენინებინა და მეორე დღეს თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს არაფერი მომხდარიყო, ან უბრალოდ გული არ ეჩვენებინა. მომხდარი ტანჯავდა, მაგრამ საკუთარ ხასიათს ვერ ღალატობდა. მეტისმეტად ბევრი რამ გამოსტაცა ხელიდან ცხოვრებამ და ამავდროულად მეტისმეტად ბევრი ახალი ამოცანის წინაშე დააყენა, რომელსაც თავს ვეღარ ართმევდა. ყველაფერი ერთმანეთში აიბურდა -თავსატეხები, მოვალეობები, გრძნობები, ახალი ურთიერთობები... დაქვეითებული ენერგიით ბრძოლა სულ უფრო რთული ხდებოდა. შესვენების საშუალებაც არ ჰქონდა, რომ სადმე გაჩერებულიყო და ახალი ძალები მოეკრიბა.
სახლში მისვლა სიკვდილივით ეზარებოდა. ახლა ვინმესთვის საკუთარი დარდების გადმოლაგება ისე სჭირდებოდა, როგორც უდაბნოში დაკარგულს წყალი. პირველი ანა გაახსენდა. ნუგეშის საძიებლად მოწყენილი მიადგა მეგობარს და მომხდარის შესახებ მოახსენა, მაგრამ შეცდა, ტკბილ სიტყვებს მოწყურებულმა სანაცვლოდ გათათხვა დაიმსახურა.
-ოლივერი მართალია, ვერ გავამტყუვნებ.
-ანა, დაფიქრდი, რას ლაპარაკობ.
-სიმართლე მწარეა, მაგრამ მოგიწევს, თვალები გაუსწორო. ადამიანი მანჰეტენზე მაღაზიის და სალონის მეპატრონეა. ძალებს არ იშურებს, ბიზნესი გააფართოვოს და კლიენტები მოიზიდოს. ვის გაუხარდება, ვიღაც პრეტენზიულმა კლიენტმა იყვიროს და მყიდველები დაუფრთხოს? სიტუაციაში გაერკვა, დარწმუნდა, რომ ვიღაც შარიანი იყო და ნერვების მოშლის მეტს არაფერს მოგიტანდა. გვერდში დაგიდგა, შეეცადა, შენთვის დაენახებინა, რომ ტიპური თაღლითი იყო, რომელმაც ადამიანებთან წესიერი მოპყრობაც არ იცოდა და თავის ადგილი მიუჩინა. სანაცვლოდ რა მიიღო შენგან? აქეთ გამოლანძღე და მადლობაც არ გადაუხადე.
-თავად გავერკვეოდი სიტუაციაში და თუ სადმე შეცდომას დავუშვებდი, ჩემს თავს დავაბრალებდი.
-ადამიანმა სიკეთე გაგიკეთა და ზარალისგან გიხსნა. რატომ უნდა წაგეგო და ვიღაც თავხედს ეხეირა? დავიჯერო, არაფრად გიღირს ზედმეტად წამუშავებული საათები? მე მაინც ხომ ვიცი, რად გიჯდება? მესმის, რომ დამოუკიდებელი ხარ და გიყვარს, როდესაც თავად ჭრი წინ ამოტივტივებულ აისბერგებს, მაგრამ ზედმეტად მეტ ლოდებს ილაგებ ზურგზე სათრევად და ზოგჯერ თუ ვინმე ერთს მაინც მოგაშორებს, ნუ ფიქრობ, რომ ამას იმიტომ აკეთებს, ბეჩავად გთვლის და ეცოდები. გათავისუფლდი შენივე ყალიბებში შექმნილი ცხოვრების წესებისგან და ხანდახან მიიღე სხვების რჩევებიც. ყოვლისმცოდნეები მხოლოდ იდიოტები არიან. დანარჩენები ყოველდღე სწავლობენ რაღაცებს.
სარამ ამოიოხრა და გაირინდა. წამით მის გონებაში კიდევ ერთხელ გაირბინეს მომხდარმა ფაქტებმა და გამოსავლის ძებნა დაიწყო. ანამაც აღარ დაამძიმა. დადუმებული იყო და თავი ჩაექინდრა.
-რაღაც არ მომწონხარ. მშვიდობა გაქვს? - სარამ საკუთარი პრობლემები დროებით გვერდზე გადადო და მეგობარს მიაჩერდა.
-დედაჩემია ავად, გულზე ოპერაციის გაკეთება სჭირდება. სასწრაფოა. დაზღვევა არ აქვს. ბანკში ვიყავი და კრედიტის აღებაზეც უარი მითხრეს.
-მერე? რას გაჩუმებულხარ?
-და ვის მივადგე?
-რამდენი გჭირდება? სასამართლო პროცესისთვის ადვოკატის გასამრჯელო მაქვს გადადებული. შემიძლია, მოგცე.
-არც კი გაივლო გულში. ასეთი წვალებით ნაშოვნ ფულს ხელს როგორ მოვკიდებ?
-ახლა არ მაწყენინო.
-ადვოკატს რაღა უნდა გადაუხადო?
-დედაშენის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ და არა ვიღაც უცნობზე.
-არც შენი შვილების დაბრუნებაა ნაკლებად მნიშვნელოვანი.
-ნუ ნაღვლობ. მოვახერხებ რამეს. რაც მაქვს, ხვალვე მოგიტან.
-არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო,-გული აუჩუყდა ანას.
-მაგაზე არ იღელვო. სხვათაშორის, ერთი წინადადება მაქვს. დედაშენი როცა გამოჯანმრთელდება და ჩემი სასამართლო პროცესიც ჩაივლის, იქნებ ბინა ერთად გვექირავა და ხარჯი თანაბრად გაგვეყო?
-შენი დიასახლისი ისევ არ ისვენებს, არა?-ამოიქშინა ანამ.
-ძალიან აუტანელი გახდა. იქიდან თუ არ წამოვალ, მალე ჭკუიდან გადამიყვანს.
-თანახმა ვარ. სხვებთან ცხოვრებას, შენთან ცხოვრება მირჩევნია.
სარას მწუხარე სახეზე ნათელი გადაეფინა და დაძაბული დღის მიუხედავად, ერთმა სასიკეთოდ გადაწყვეტილმა ამბავმა გუნება გამოუკეთა.
ანასგან წამოსულმა ოლივერის მისამართი გაიგო და მასთან მომხდარი უთანხმოება რომ გამოესწორებინა, სასწრაფოდ აიღო გეზი ასტორიისკენ.

ასტორია*-ქუინსის ერთ-ერთი უბანი ნიუ-იორკში



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საუკეთესო იყო,ისე ჩავიძირე კითხვაში,მეგონა,იქ სადღაც ახლო-მახლო ვიყავი.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ამაღამ უნდა დავაგემოვნო))) ჩემს სარას ხომ არაფერი მოსწიე?)))
<3 <3 <3

 


№3 სტუმარი ტაისა

ყოველთვის ვერ გიკომენტარებ ხოლმე, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს heart_eyes
მაგრამ იცოდე, რომ სულ აქ ვარ,სულ ვკითულობ და მოუთმენლად გელი heart_eyes

 


№4  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი nancho
საუკეთესო იყო,ისე ჩავიძირე კითხვაში,მეგონა,იქ სადღაც ახლო-მახლო ვიყავი.

ვაიჰ, როგორ მახარებ შენ ხომ არ იცი, ნანჩო ❤️
ეგ მინდა მეც, რომ მკითხველმა ნაწარმოების სიუჟეტები ბოლომდე იგრძნოს. ბედნიერი ვარ, რომ გამომივიდა.

ტერიკო74
ამაღამ უნდა დავაგემოვნო))) ჩემს სარას ხომ არაფერი მოსწიე?)))
<3 <3 <3

ნინა, საყვარელო და კარგო ადამიანო, გელოდები ❤️

ტაისა
ყოველთვის ვერ გიკომენტარებ ხოლმე, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს heart_eyes
მაგრამ იცოდე, რომ სულ აქ ვარ,სულ ვკითულობ და მოუთმენლად გელი heart_eyes

ტაისა ❤️
არადა, ზოგჯერ ძალიან მჭირდება მკითხველთან საუბარი. მე კი ვიცი რა და როგორ უნდა მოხდეს. თავიდანვე მქონდა გონებაში მონახაზი, მაგრამ მკითხველთან ურთიერთობას დიდი ძალა აქვს და ზოგჯერ ძალიან გადამწყვეტიც.
მადლობა, რომ კითხულობ❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

ახლა ჩავამთავრე და უცებ შემომეჭამა.ოლივერის მესმის ძალიან.უბრალოდ სარა ჯერ კიდევ იქ არის ჩარჩენილი სადაც ყველა მისნაირი სათნო გულის გონია.ყოჩაღ ოლივერს ეგრე უნდა სარას.იქნებ გაახილოს თვალები.ცოტა შეფუცხუნება არ აწყენდა.რაც შეეხება ვივიენს, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო.მომწონს ამ ქალის სიძლიერე და სიჯიუტე.უშიშარია და სარასგან განსხვავებით ვარდიფერი სათვალით არ უყურებს სამყაროს.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

სტუმარი ნინო
ახლა ჩავამთავრე და უცებ შემომეჭამა.ოლივერის მესმის ძალიან.უბრალოდ სარა ჯერ კიდევ იქ არის ჩარჩენილი სადაც ყველა მისნაირი სათნო გულის გონია.ყოჩაღ ოლივერს ეგრე უნდა სარას.იქნებ გაახილოს თვალები.ცოტა შეფუცხუნება არ აწყენდა.რაც შეეხება ვივიენს, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო.მომწონს ამ ქალის სიძლიერე და სიჯიუტე.უშიშარია და სარასგან განსხვავებით ვარდიფერი სათვალით არ უყურებს სამყაროს.

კარგად აღნიშნე. სარას ისევ მოსდევს წარსული ცხოვრების გარემოსგან რაღაც, ბუნებრივიც არის. ასე ყველაფერს ვერანაირად ვერ წაშლიდა და ძალიან არადამაჯერებლად გამოჩნდებოდა სხვაგვარად რომ ყოფილიყო, მაგრამ შეძლებისდაგვარად უწყობს ფეხს ახალ საზოგადოებას. დამეთანხმები, იოლი არ არის. ერთ ცხოვრებაში მეორედ დაბადებული ახლა დგამს ნაბიჯებს და რა თქმა უნდა, შეცდომებიც ბევრი იქნება. ყველას გვაქვს შეცდომები, ზლიერი მხარეები, სისუსტეები. ასე არ არის? ეს არის ცხოვრება. ვივიენზე რა ვთქვა? ვერაფერს ვეღარ დავამატებ იმის მეტს, რასაც ნაწარმოებით ვამბობ და იქ ვახასიათებ. ვაღიარებ, რომ ჩემი შექმნილი პერსონაჟებიდან ერთ-ერთი ფავორიტია და ყველაზე ახლოს მდგომი ჩემს გულთან blush გაგვიბრაზდა ოლივერი. რას ვიზამთ smile არაუშავს, მივხედავ მაგის ბრდღვინვას. მიყვარს შენი მოსაზრებების კითხვა. მადლობა, საყვარელო kissing_heart
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№7 სტუმარი ია

რა ძალიან ცოტა იყო... (((

 


№8  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ია
რა ძალიან ცოტა იყო... (((

ესეც კარგის ნიშანია, რომ არ გყოფნით ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent