შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-8)


11-11-2020, 12:31
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 168

შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაგეზაროთ რა ყველაზე მეტად ამ თავზე მაინტერესებს თქვენი აზრი. გელოდებით




8 8 8 8
სასტუროს რესტორანი, იმდენად ლამაზად გახლდათ მორთული, პირველი შეხედვის თანავე, ადამიანს სასიამოვნო შეგრძნებებით ავსებდა.
ღია კრემისფერ გადასაფარებლებლებიან მაგიდებზე მრავლად იყო დაწყობილი ხილით, ტკბილეულითა და დელიკატესებით მოტთული მრავალსართულიანი, ვერცხლისფერი ლანგრები. თეთრ პერანგებში გამოწყობილი ოფიციანტები, სასმელებს აქეთ-იქით დაატარებდნენ, ხოლო სადღესასწაულო კაბებსა და სმოკინგებში ჩაცმული სასტუმროს თანამშრომლები, ნელ-ნელა ხურდებოდნენ და სივრცეში გაბნეული მელოდიის ჰანგებს მხიარულად ჰყვებოდნენ.
მე და მელინა, დარბაზში ერთად შევედით და ბოლომდე გაღებული, ორფრთიანი კარის ზღურბლსაც ერთობლივად გადავაბიჯეთ. შიგნით მოხვედრისას, პირველი რაც მან გააკეთა ის იყო, რომ ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა და ხელკავი ფრთხილად გამომდო. ვაღიარებ, მესიამოვნა მისი ეს ჟესტი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გავხედე კითხვით სავსე მზერით და ოდნავ გავუღიმე კიდეც.
-რა იყო? -ჩემი დაუსმელი შეკითხვის პასუხად მხრები აიჩეჩა მან -მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული მაინცდამაინც კარგად არ გამომდის, დარბაზში კი პრიალა იატაკია და არ მინდა ამდენი ხალხის თვალწინ წავიქცე
-ჰოო? თუ ასეთი ვითარებაა, მაშინ შემიძლია წელზეც მოგხვიო ხელი, რათა უფრო მეტად შევამციროთ დაცემის რისკები
-საჭირო არ არის, ხელკავიც საკმარისია
-როგორც გინდა, მე შემოგთავაზე
-რატომ გეცინება?
-არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ჩემთან ზედმეტი სიახლოვე გაშინებს, რადგან მშვენივრად ხვდები, შენი სხეულის ენა რა დაუფიქრებლადაც გაგყიდის ამ დროს
-თქვა სხეულის ენის ექსპერტმა, ნიკოლოზ ქალდანმა
-რა, არ გჯერა ამ სფეროში ჩემი პროფესიონალიზმის?
-ცუდია წებოვანი ლენტი რომ არ წამომიღია თან
-წებოვანი ლენტი რაში გჭირდება? -გაკვირვებულმა გავხედე
-იმდენ სისულელეს ლაპარაკობ, ცოტა ხნით გაჩუმება ნამდვილად არ გაწყენდა და იმაში
-როგორც ყოველთვის მწარე ენა გაქვს -ოდნავი ღიმილით შევხვდი მის სიტყვებს, თან, პარალელურად დარბაზი მოვათვალიერე. ენკე ჯერ არსად ჩანდა. როგორც მუდამ ხდებოდა ხოლმე, აქაც კი აგვიანებდა. არც ჯაყელისთვის მომიკრავს თვალი, თუმცა მიმტანებიდან ყველა ადგილზე იყო და საკმაოდ მხიარული საუბარიც ჰქონდათ გამართული ერთმანეთში.
მერე კი . . .
მერე იმათაც მოვკარი თვალი, ვინებსაც აქ შემოსვლის წამიდან ვეძებდი, მზერით. დარბაზის მარცხენა კუთხეში, ხილითა და სასმელებით გადავსებულ ფურშეტის მაღალ მაგიდასთან, ერთმანეთის გვერდიგვერდ აარონი და ანასტასია იდგნენ. ეს უკანასკნელი, მოკლე, კაქტუსისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, გრძელი თმა ცალ მხარეს გადმოეყარა და შამპანიურის ჭიქით ხელში, ჩემს ძმას რაღაცაზე მხიარულად ესაუბრებოდა. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ ერთად. ზედმეტადაც კი უხდებოდნენ და ამის გამო, მათი ყურებაც კი სასიამოვნო ემოციებს იწვევდა ჩემში.
-წამოდი, ვიღაცები უნდა გაგაცნო -ჩემი ძმისგან და მისი საცოლისგან, მზერა გვერდით მდგომ მელინაზე გადმოვიტანე ამის თქმისას
-ვინ უნდა გამაცნო? მეგონა, ამ დარბაზში მხოლოდ საერთო ნაცნობები გვყავდა
-გამომყევი და ნახავ. ხომ გახსოვს გზაში გეუბნებოდი საკუთარი თავის შესახებ რაღაც უნდა მოგიყვე-მეთქი? ახლა სწორედ ამას ვცდილობ და იმედია ამბის თხრობას ისე დავასრულებ, რომ მის ბოლოს, ჩემგან მილიონი კილომეტრის მოშორებით ყოფნის სურვილი არ შეგიპყრობს
-რა მოხდა, ვინმე მოკალი?
-არა, ბუნებით ძალიან ჰუმანური ვარ, ასეთ რამეს არ ვიკადრებდი -ავყევი ხუმრობაში, თან პირდაპირ იქითკენ წავიყვანე, სადაც ჩემი ძმა იდგა
-ნიკოლოზ, რომ იცოდე, ახლა პირდაპირ ამ სასტუმროს მფლობელის მაგიდისკენ მივდივართ, დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი გეშლება? -მისკენ არ ვიხედებოდი, თუმცა მაინც ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, ეჭვით დაწვრილებული თვალებით მათვალიერებდა
-არაფერი მეშლება, უბრალოდ ჩუმად გამომყევი, კარგი?
-კი ბატონო, ხმას არ ვიღებ -პირზე ელვის შეკვრის იმიტაციით მომიგო, თან დარბაზს ათვალიებრებდა დამკვირვებლური მზერით და აშკარა იყო, ყველაფერი ძალიან მოსწონდა
ანასტასია და აარონი, იმდენად გართულიყვნენ ერთმანეთით, ჩვენი მიახლოება მანამ არ გაუგიათ, სანამ ფურშეტის მაგიდიდან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით არ გავჩერდი და ყურადღების მისაქცევად არ ჩავახველე. აი, აქ კი უკვე გამოერკვნენ თავისი პატარა სამყაროდან, მზერებს მიმართულება შეუცვალეს და ამჯერად ჩვენკენ გამოიხედეს.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
-ნილოლოზ! -როგორც კი დამინახა, მაშინვე ღიმილით წამოვიდა ჩემკენ ანასტასია და თბილად გადამეხვია -მაპატიე, გუშინ აარონს ვერ გამოვყევი, როცა შენს სანახავად წამოვიდა, ძალიან ვიყავი დაღლილი
-არა უშავს, ხომ იცი ნიცასავით მარტივად არ მწყინს -მერე მელინას ჩავკიდე ხელი და მათთვის წარსადგენად ჩემთან უფრო ახლოს მოვიზიდე -გაიცანით, ეს მელინაა, ჩემი . . .
-უბრალოდ მელინა -სიტყვა შემაშველა, როდესაც მიხვდა, რომ წინადადებას ვერ ვაბოლოვებდი, შემდეგ კი მე გამომხედა ისეთი მზერით, რაშიც ნათლად ჩანდა შეკითხვა- "საიდან იცნობ ამ ხალხს?"
-სასიამოვნოა შენი პირადად გაცნობა -სანამ რამის ახსნას დავიწყებდი, მანამ გაუწოდა აარონმა ხელი ჩამოსართმევად, მერე კი, როდესაც მელინას მზერას გადააწყდა, დაამატა -მართალია, ადრე სულ სხვა სახელით გიცნობდი, მაგრამ ნუ ღელავ, ეს ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება
-ანუ გახსოვართ?
ანასტასიამ, მელინას მხარზე დაადო ხელი მეგობრულად და გამამხნევებლად გაუღიმა.
-ასეთი სახე ნუ გაქვს, რახან ამბობს, რომ ეს საიდუმლოდ დარჩება, ასეცაა -მერე მე მომიბრუნდა მზერით, თან თვალებით მანიშნა ახლა შენი საუბრის დროაო. მართალიც იყო. მელინასთვის ჯერ კიდევ არ ამეხსნა, რა კავშირი მქონდა აარონთან და ანასტასიასთან. ამისთვის შესაფერისი დრო, სწორედაც რომ ახლა იყო და აღარც მე ვაპირებდი დაყოვნებას.
-მელინა, ალბათ მედიის წყალობით ორივეს კარგად იცნობ და ვინაობის დასახელება არაა აუცილებელი, თუმცა იმის თქმა ნამდვილად საჭიროა, რომ ერთი ჩემი ძმაა, მეორე კი ჩემი ძმის საცოლე -ვუთხარი ერთი ამოსუნთქვით, თან წამითაც არ მომიშორებია მზერა მისი სახისთვის, რომელზეც ნელ-ნელა უფრო და უფრო მძაფრად იდებდა ბინას გაოცება. სწორედ ამგვარ რეაქციას ველოდი -რამდენიმე წამით გაჩუმებას, დუმილის შენარჩუნებასა და მხოლოდ თვალების ხამხამს, გაკვირვების ნიშნად, თუმცა როდესაც მისმა კომენტარმა ზომაზე მეტად დააგვიანა, კვლავ ჩემი ძმა ჩაერია საუბარში:
-ცუდად ნუ გაიგებ, მე მინდოდა, რომ თავისი ნამდვილი ვინაობა არავისთვის გაემჟღავნებინა -თითქოს გამომესარჩლა ამ სიტყვებით. მისი ნათქვამიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მელინამაც ამოისუნთქა ღრმად და მაგიდაზე ჩამწკრივებული ჭიქებიდან, ფორთოხლის წვენით სავსე ბოკალს დასწვდა. აშკარა გახლდათ წამი-წამზე მის ხმასაც გავიგებდი და ჩემი წინათგრძნობა გამართლდა კიდეც:
-გასაგებია, რა პრობლემაა -ოდნავ გაეღიმა ამის თქმისას -უბრალოდ ძალიან დავიბენი და იმას ვერ ვხვდები, ეს დაჯგუფებაში საიდუმლო აგენტის შეგზავნასავითაა, თუ რას ემსახურება ნიკოლოზის ამ დაწესებულებაში მუშაობა?
-აარონ, საცეკვაოდ არ დამპატიჟებ? -დარბაზის შუა გულში მდგომი, ერთმანეთზე მიხუტებული წყვილებისკენ ანიშნა ანასტასიამ ამ კითხვის დასმისას -მგონი, ნიკოლოზსა და მელინას განცალკევებით სჭირდებათ დალაპარაკება და უნდა დავტოვოთ
-ვფიქრობ სრულიად ლოგიკურია, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე -თბილად გაუღიმა მას ჩემმა ძმამ, წელზე მარჯვენა ხელი მოხვია და ჩვენთან თვალებით დამშვიდობების შემდეგ, იგი საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა
მე და მელინა, სრულიად მარტონი დავრჩით, ფურშეტის მაგიდასთან. ჩვენ ორს შორის ჩამოვარდნილი ეს აუტანელი დუმილი უკვე ნერვებს მიშლიდა, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ თავად ვიყავი ის, ვისაც უნდა ელაპარაკა, ხოლო მელინა კი ის, ვისაც ჩემთვის უნდა მოესმინა ამ დროს.
-მისმინე -დავიწყე, თან ქვედა ტუჩი ენის წვერით გავისველე -საამაყო წარსულით ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ და სიმართლე გითხრა, დეტალებში არც მინდა შენთვის ამ ყველაფრის მოყოლა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ოცდაორი წელი ნამდვილად შეუფერებელი ასაკია იმის მისახვედრად, როგორ არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, მაგრამ ისევე როგორც სიარულისა და ლაპარაკის სწავლა, ამის გაცნობიერებაც ძალიან დამიგვიანდა -გამეცინა და მისი ოდნავი ღიმილიც შევნიშნე აღნიშნულ მომენტში -რას ვიზამთ, დაბადებიდან ყველაფერში საკმაოდ ნელი ვიყავი, ალბათ ეს თვისება დღემდე მაქვს გამოყოლილი
-მგონი დაახლოებით უკვე ვხვდები შენი ქვიშის ქარიშხალში მოხვედრის მიზეზს -ყვითელი სითხე მოსვა ჭიქიდან. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ვსაუბრობდი, ყურადღებით მისმენდა და კომენტარიც მხოლოდ იმ წამს გააკეთა -დიდი ალბათობით, ამაში აარონის ხელი უნდა იყოს გარეული
-მართალი ხარ -თავის დაკვრით დავემოწმე -ჩემთვის უკითხავად ჩამწერა კურსებზე სახელწოდებით "გავიგოთ როგორია საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული" და სიმართლე გითხრა, ეს კურსები არც ისეთი საშინელი ყოფილა, როგორიც თავდაპირველად მეგონა -მერე მის გამომეტყველებას დავაკვირდი, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი და ვკითხე: -მიბრაზდები?
გარკვეული დროის მანძილზე, კვლავ სიჩუმის გვირგვინი ადგა თავზე მელინას. შემდეგ ჩაეღიმა, ცალი წარბი მრავალმნიშვნელოვნად აზიდა მაღლა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გამცა :
-შენ ხომ არ გაბრაზებულხარ, როცა ჩემი ნამდვილი ვინაობა დაგიმალე? -მკითხა -თუ ასეა, მე რატომ უნდა ვბრაზობდე?
-ალბათ იმიტომ, რომ გოგონები ზედმეტად მგრძნობიარედ უდგებით ამგვარ საკითხებს და ზოგჯერ პრეტენზიულებიც ხართ ხოლმე
-პრეტენზიებს ერთმანეთს შეყვარებული წყვილები უყენებენ, აი ჩვენ კი . . . -აქ სიტყვა უნებურად გაუწყდა, ქვედა ტუჩს კბილები მოსდო, თან მელნისფერ თვალებში დაბნეულობა ჩაუსახლდა
-ჩვენ რა? წინადადება დაასრულე
-იმის თქმა მინდოდა, რომ არც კი ვიცი რა ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის. მეგობარსაც ვერ დაგარქმევ, რადგან სასაცილოა მეგობარი უწოდო ბიჭს, ვინც დაგემუქრა ერთ დღეს ჩემად გაქცევ და აუცილებლად ავისრულებ იმ ოცნებას, რასაც შენი შეცდენა ჰქვიაო
-სხვათა შორის, ეგ სიტყვები შენზე გაბრაზებულმა ვთქვი. სიმართლე გითხრა, აღარც კი მეგონა თუ გახსოვდა
-ჰო, შეიძლება მეც ზედმეტი მომივიდა და ტუალეტში შენი დაბმა ოდნავ სისასტიკე იყო
-არა უშავს, სამაგიეროდ შენი პირადი ჰიგიენის თაროების თვალიერებისას ის გავარკვიე, რომ ქოქოსის შამპუნს, ტანის გელსა და თხევად საპონს იყენებ
-ძალიან მომწონს შენი იუმორი. ყოველთვის საჭირო ადგილას ურთავ ხოლმე
-კიდევ რა მოგწონს? -ყურთან ახლოს მივუტანე ტუჩები ამის თქმისას, თან მკლავზე ჩამოვუტარე ხელი გამომწვევად. ამჯერადაც შეაჟრჟოლა, მაგრამ გამოხედვა კვლავაც ისეთივე ამაყი, მშიდი და თავდაჯერებული ჰქონდა, როგორც ყოველთვის. სწორედ ეს თვისება მაგიჟებდა მასში
-კიდევ ის მომწონს, რომ სმოკინგში საკმაოდ მიმზიდველი ხარ და იგივე სუნამო გასხია, რომელიც იმ საღამოს გესხა, ბარში
-მეფლირტავები, ბამბის თოჯინა? -მისი თმის მცირედი ნაწილი დავიხვიე თითზე, თან გამომცდელი მზერით ჩავხედე თვალებში
-როგორც ჩანს, ძალიან გინდა ასე იყოს, თუ ვცდები?
-არა, ნამდვილად არ ცდები. თუკი ეგეთ ალერსიან საუბარს კიდევ ცოტა ხნით გააგრძელებ, შუა ღამით პრინცის კოცნასაც მიიღებ ჯილდოდ
-და პრინცი შენ ხარ? -შეკავებული ღიმილით ამომხედა, თან თავისი წვენის ჭიქა კვლავ მაგიდის ზედაპირზე დააბრუნა
-ახლა არ თქვა მირჩევნია ბაყაყს ვაკოცოო, თორემ გარეთ მართლა დავინახე სადღაც და წავალ, შემოგიყვან
-ბაყაყი სტუდიაში! -სიცილით ამყვა ხუმრობაში მელინა
-ბაყაყი, რომელიც პრინცად არ გადაიქცევა და ვერც შენ გაქცევს ზღაპრულ პრინცესად
ამჯერად ორივეს გაგვეცინა. ჩვენი საერთო მხიარულება თითქოს დარბაზსაც გადასდებოდა. ირგვლივ ყველა საუბრობდა, ერთობოდა, იცინოდა. ჩემს ძმასა და მის პარტნიორს რაც შეეხება, ისინი კვლავ საცეკვაო მოედანზე მოჩანდნენ, ღია იისფერი განათების ფონზე. ანასტასიას, აარონის კისერზე შემოეხვია ხელები, ცხვირით, მის ცხვირს ეხებოდა და თვალებდახუჭული, კვლავ ღიმილით ესაუბრებოდა რაღაცაზე. კარგად გამოიყურებოდნენ ერთად. საკმაოდ კარგადაც კი.
-ვაკვირდები და ვფიქრობ, ძალიან უხდებიან -თითქოს ჩემი ფიქრები გაახმოვანა მელინამ იმ წამს. ჩემსავით ისიც საცეკვაო მოედნისკენ იყურებოდა აღნიშნულ წამს და მის შუა გულში მდგომ წყვილზე ჰქონდა მზერა გაჩერებული
-ჰო, მეც ასე მგონია -შამპანიური მოვსვი -აარონი მუდამ ფიქრობდა, რომ მოდელის პროფესიის ქალს თავის ცხოვრებას არასდროს დაუკავშირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბრძნული გამონათქვამი - "არასოდეს თქვა არასოდეს" ამჯერასაც მოწოდების სიმაღლეზეა
-შეიძლება -თავის დაქნევით შეხვდა ჩემს სიტყვებს, მერე კი დარბაზს მოატარა მზერა და მკითხა: - ჰო მართლა, ენკეს ვერსად ვხედავ, მოსვლას არ აპირებს?
-წარმოდგენა არ მაქვს -მხრები ავიჩეჩე -შეიძლება უბრალოდ აგვიანდება. ჩვენ მაინც ხომ ვიცით, რომ დაგვიანების გარეშე ერთ დღესაც კი არ მოსულა სამსახურში
-სამსახური სხვაა და გართობა სხვა. სადაც მუსიკა, დასალევი და ლამაზად ჩაცმული გოგონებია, იქ არასდროს იგვიანებს ხოლმე -გაეცინა -სწორედ ამიტომ გამიკვირდა
დარბაზი კვლავ ახალი მელოდიის ჟღერადობამ მოიცვა და მოცეკვავე წყვილებიდან უკლებლივ ყველამ, შეუსვენებლად გადააბეს წინა ცეკვა, მომდევნოს.
-როგორც ჩანს, შენც კარგად მოგიხერხებია ენკეს შეცნობა
-ენკეს შევეშვათ და მგონი თორნიკე გვიახლოვდება -თვალებით მანიშნა ჩვენკენ ზომიერი ნაბიჯებით მომავალი, მომღიმარი ჯაყელისკენ, ვისი შემჩნევაც მელინაზე ბევრად უფრო ადრე მომესწო და ხასიათიც გამფუჭებოდა ამის გამო
-ჰო, ვხედავ -მივუგე ოდნავი ღიმილით -როგორც ჩანს დაპირებული ცეკვის მიღება სურს
-მეც ასე ვფიქრობ -მერე გამომცდელი მზერა მესროლა და მკითხა:- შენი ერთი სურვილი ისევ ძალაშია?
-გინდა თქვა, რომ მისთვის უარის თქმას აპირებ?
-გაჩუმდი, უკვე ძალიან ახლოსაა -ამჯერად უკვე ჩურჩულით მითხრა მელინამ, თან ჩვენგან უკვე ორიოდე ნაბიჯში მდგომი თორნიკე, თავაზიანი ღიმილით დააჯილდოვა
-კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობის -სიტყვებით ორთავეს მოგვესალმა, თუმცა მზერა მხოლოდ მელინასკენ ჰქონდა მიმართული ჯაყელს. ვაღიარებ, ამ ტიპს აშკარად ნიჭი ჰქონდა მუდამ შეუფერებელ სიტუაციებში "გავეხარებინე" ხოლმე თავისი მოულოდნელი გამოჩენით
-საღამო მშვიდობის -უპასუხა მელინამ, მე კი მხოლოდ თავი დავუკარი, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით, თან შამპანიურის აწ უკვე ჩაცლილი ჭიქა, ახლით ჩავანაცვლე
-მგონი, ჩემი რაღაც გემართა ამ საღამოს
-მართლა? -ისეთი ტონით მიუგო, მიანიშნა, რომ ყველაფერი ახსოვდა
-ჰო მართლა და იმედია ჩემს უარით გასტუმრებას არ გეგმავ
-როგორ შეიძლება ჩემს უფროსს უარი ვუთხრა -სწრაფად დააბრუნა თავისი წვენის ჭიქა უწინდელ ადგილას მელინამ, რის შემდეგაც, ჯაყელის გამოწვდილ მარჯვენას, თავისი ხელი დაადო, თანხმობის ნიშნად.
ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა. ცოტა ხნის წინ, თითქოს იმ ვარიანტს განვიხილავდით, რომ შეიძლებოდა თორნიკე უარით გაესტუმრებინა, მაგრამ ახლა ისე მიჰყვებოდა გვერდით, თითქოს არაფერიო.
აშკარად ვერ მივიღე მისი ამ ნაბიჯით სიამოვნება. მართალია, ეს მხოლოდ ცეკვა იქნებოდა და მეტი არაფერი, თუმცა რატომღაც ისიც კი საშინლად მაღიზიანებდა, რომ ეს ტიპი მელინას შეეხებოდა და მასთან ახლოს იქნებოდა.
გულზე მოწოლილი უარყოფითი შეგრძნებებისგან, მწარედ ჩამეცინა და თავი გადავაქნიე. მერე კვლავ მელინასკენ გავიხედე, რათა გამერკვია დაწყებული ჰქონდა თუ არა თორნიკესთან დაპირებული ცეკვა, მაგრამ იქ სრულიად განსხვავებული სურათი დამხვდა იმისა, რასაც თავდაპირველად მოველოდი. მელინა, საცეკვაო მოედანზე ყოფნის მაგივრად, კვლავ ჩვენი მაგიდისკენ მოემართებოდა, ოღონდ ჯაყელის მკლავზე ხელგადახვეული და ცალი ფეხის კოჭლობით. გამიკვირდა. ამას ნამდვილად არ ველოდი.
-რა გჭირს? რამე მოხდა? -ჭიქა მაშინვე დავდე, მათკენ რაც შემეძლო სწრაფად წავედი და თავისუფალ მკლავზე ხელი მოვკიდე, რათა თავადაც დავხმარებოდი სიარულში
-ისეთი არაფერი, უბრალოდ ფეხი გადამიბრუნდა -შეწუხებული სახით ამომხედა -გითხარი კიდეც, მე და მაღალქუსლიანები მაინცდამაინც ვერ ვმეგობრობთ-მეთქი
თორნიკე უკმაყოფილო სახით მიყურებდა. ალბათ ორი რამის გამო იყო გაბრაზებული -პირველი, იმის, რომ მელინასთან ცეკვა ვერ შეძლო, ხოლო მეორე იმის, რომ ერთადერთი არ იყო, ვინც ამ უკანასკნელს დახმარებას უწევდა კვლავ მაგიდასთან დაბრუნებაში.
-ნამდვილად კარგად ხარ? ექიმთან ხომ არ წაგიყვანო? -შესთავაზა ჯაყელმა
-თუ სჭირდება, თავად წავიყვან, ერთმანეთთან მაინც ახლოს ვცხოვრობთ
მელინამ ორივეს სათითაოდ გადმოგვხედა და უარყოფის ნიშნად თავიც გადააქნია.
-დამშვიდდით, არანაირ თეთრხალათიანს არ ვსაჭიროებ, უბრალოდ ნაკლებს ვივლი, ერთ ადგილას გაუნძრევლად ვიდგები და მალე გადამივლის
-ნამდვილად?
-ნამდვილად, თორნიკე -ღიმილით დაუმოწმა მან
ამასობაში, ჩვენს მაგიდამდეც მივაღწიეთ. ჯაყელმა კიდევ რამდენჯერმე ჰკითხა დაზარალებულს, ნამდვილად კარგად გრძნობდა თუ არა, თავს, რაც იმდენად მომაბეზრებლად ჟღერდა, მელინას მაგივრად მე გამოვედი წყობიდან და ეს ვერც დავმალე:
-იქნებ საკმარისია? -ბასრი მზერა ვესროლე ამის თქმისას ჯაყელს -უბრალოდ ფეხი გადაუბრუნდა, დრამატიზება არ არის საჭირო
-როცა აზრს გკითხავენ, მაშინ ილაპარაკე, გაიგე? -ზუსტად ჩემნაირად მკაცრი იყო მისი მზერაც
-არ ვიცოდი ხმის ამოსაღებად შენი ნებართვა თუ იყო საჭირო. სასტუმროს შინაგანა წესში ასეთ პუნქტს თვალი ვერსად მოვკარი
როგორც ჩანს, ჩვენს შორის არსებული ეს უთანხმოება, არც მელინასთვის ყოფილა უხილავი, რადგან კამათის დაწყებიდან მალევე, მაშველი რგოლივით ჩაგვიდგა შუაში და ორივეს სათითაოდ გამოგვიწოდა შამპანიურის ჭიქები.
-მოდით, უბრალოდ დაძაბულობა მოვიხსნათ და დღევანდელი დღის აღსანიშნავად თითო ჭიქა დავლიოთ
თორნიკეს გაეღიმა.
-კი ბატონო, თუკი შენც დალევ
-მელინა ვერ დალევს, სასმელი მასზე ცუდად მოქმედებს
-საინტერესოა, შენ საიდან იცი -ხმაში გაღიზიანება დაეტყო
-სიმართლეს ამბობს, თორნიკე. ჯობია მხოლოდ თქვენ ორმა დალიოთ, თუ ზედმეტ პრობლემებს არ ეძებთ
-კარგი, რა გაეწყობა, იყოს ასე -ღიმილით ჩამოართვა თავისი ჭიქა ჯაყელმა. მეც ზუსტად იგივე გავაკეთე, თუმცა დალევას არ ვაპირებდი. მახსოვდა, რომ საჭესთან ვიყავი და წინა ორი ჭიქაც საკმარისი ჩავთვალე ამ საღამოსთვის.
-და რის სადღეგრძელოს ვსვამთ? -ინტერესით გამომდედა ჯაყელმა კითხვის დასმისას, რითაც მიმახვედრა, რომ სწორედ მე უნდა ვყოფილიყავი ამის მოფიქრების ინიციატორი. იდეას დიდხანს არც დაუგვიანია:
-მოდი, პირველ რიგში იმ ცეკვის სადღეგრძელო დავლიოთ, რომელიც ვერ შეასრულეთ
მელინას ჩუმად ჩაეცინა, ხოლო თორნიკეს მჟავე გამომეტყველებამ გადაურბინა სახეზე, თუმცა თავისი ჭიქა, ჩემსას მაინც მოუჭახუნა და ქარვისფერი სითხე ოდნავ მოსვა. სწორედ იმ მომენტში, ტექსტური შეტყობინებაც მივიღე ტელეფონზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავად ჩემს გვერდით მდგომი მელინა მწერდა. SMS შემდეგი სახის შინაარსს შეიცავდა:
<<პირობა უკვე შევასრულე, ერთი სურვილი ჩემია>>
<<კონკრეტულად რა პირობის შესრულებაზე ლაპარაკობ?>> -დავუბრუნე პასუხი, ისე, რომ წერილის ავტორისკენ თავი არ გამიბრუნებია. არც ისე ზრდილობიანად გამოვიდოდა, ჯაყელს შეემჩნია, რომ მის წინ საიდუმლო მიმოწერა გვქონდა გამართული.
გაგზავნის ღილაკზე თითის დაჭერიდან ათი წამიც არ იყო გასული, ტელეფონი კვლავ აზუზუნდა.
"შენი აზრით, საცეკვაო მოედნისკენ მიმავალს მართლა გადამიბრუნდა ფეხი?" -ბოლოში, ჩაფიქრებული სმაილი და ცხვირგაზრდილი პინოქიო ახლდა შეტყობინებას. გამეცინა. ახლა უკვე ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. ცოტა ხნის წინ მომხდარი, უბრალოდ მელინას ერთგვარი ხრიკი იყო, რათა არც ჯაყელთან გამოსვლოდა უხერხულად დაპირებულ ცეკვაზე უარის თქმა და ჩემთვისაც მოეგო დაპირებული სურვილი.
<<მართლა რა გაიძვერა ვინმე ხარ. შენი უნდა ეშინოდეთ>>
<<როგორც ჩანს, ჩემგან ბევრი რამ გაქვს სასწავლი, ნიკოლოზ . . . სურვილზე მოგვიანებით დავფიქრდები>> -მომწერა და აღნიშნულ წამს ისიც დავინახე, როგორ ჩააცურა მობილური კვლავ თავის პატარა ჩანთაში. სავარაუდოდ, ეს მიმოწერის დასასრულს ნიშნავდა და აღარც მე მიხლია ჩემი ტელეფონისთვის ხელი მეტად.
იმ საღამოს, კიდევ ერთი რამ მოხდა ისეთი, რამაც საკმაოდ ნასიამოვნები დამტოვა. მაშინ, როდესაც უკვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩვენს შორის დამაბრკოლებელი ბარიერივით აღმართულ ჯაყელს ვერა და ვერ მოვიშორებდი თავიდან, სწორედ ამ დროს, სასტუმროს მთავარმა მენეჯერმა დაუძახა, აქეთ მოდი, ვიღაცას უნდა შენი გაცნობაო და მანაც უარი ვეღარ უთხრა, ზრდილობის ნორმებიდან გამომდინარე.
ჩემს ძმასა და ანასტასიას, უკვე დაემთავრებინათ საცეკვაო მოედანზე თავიანთი "გამოსვლა" და ამჯერად, ვიღაც შუა ხნის, სათვალიან მამაკაცს ესაუბრებოდნენ, ჩვენგან საკმაოდ მოშორებით მდგომ მაგიდასთან.
-კარგი, ესე იგი ერთი სურვილი წავაგე -ხილის ასორტის დაცარიელებული ჩხირის, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ სათავსოში ჩაგდების შემდეგ, კვლავ მელინას მივუტრიალდი. გამიკვირდა, თუმცა ფაქტი იყო, ამ უკანასკნელს სახეხე აღარც უწინდელი მხიარულების კვალი აჩნდა და აღარც უდარდელობის. ამის მაგივრად, გამომეტყველებაზე დაძაბულობა ეტყობოდა და თვალმოუშორებლად მიშტერებოდა ერთ კონკრეტულ წერტილს.
მის მზერას თვალი უხმოდ გავაყოლე. ერთი შეხედვით, გარშემო საეჭვო არაფერი ჩანდა ისეთი, რასაც შეეძლო მისი აფორიაქება გამოეწვია. უცნაური იყო ეს ყველაფერი.
-ისეთი სახე გაქვს, თითქოს შენი დიდი ბებიის აჩრდილი დაინახე, რა გჭირს?
ამ შეკითხვის მიუხედავად, მელინას კვლავაც არ შეუცვლია თავისი მზერისთვის მიმართულება.
-ჩემი დიდი ბებიის აჩრდილს ვერ დავინახავდი, იმიტომ, რომ ცოცხალია -მომიგო ხმადაბლა
-ჰოო, მაშინ რაღაც ვერ გამომსვლია კარგად -გამეცინა -შორიდან ვუხდი ბოდიშს პატივცემულ ბებიას
-გადავცემ, როდესაც ვნახავ -მითხრა და აღნიშნულ წამს, კიდევ ერთი უცნაური რამ გააკეთ - სახეზე თავისი პატარა ჩანთა აიფარა, მერე კი ჩემს ზურგს უკან მიიმალა, პოლიციისგან დევნილი საშიში დამნაშავესავით.
ნეტავ ამჯერად რაღაში იყო საქმე? ვაღიარებ, ეს ადამიანი მუდამ მაოცებდა ხოლმე თავისი იდუმალებითა და მოულოდნელობებით, ამიტომ ვერც ახლა ვიტყოდი, მისი საქციელით მაინცდამაინც გაკვირვებული დავრჩი-მეთქი. თუმცა მიზეზი მაინც მაინტერესებდა და გადავწყვიტე გამერკვია კიდეც:
-ხომ ვერ მეტყვი, დამცავ ბარიერად რატომ მიყენებ? -მისკენ არც გამიხედავს ისე ვკითხე -შემთხვევით, ის ბიჭი ხომ არ დანახე სადმე, წვეულებაზე რომ ხელი გთხოვა და უარი სტკიცე? -ნიცას მიერ, მანქანაში მოყოლილი ამბავი გამახსენდა იმ მომენტში.
მელინასგან გარკვეული დრო პასუხი არ ყოფილა. მისი ხმა მხოლოდ შეკითხვის დასმიდან ათი წამის მერე გავიგე:
-შენ საიდან იცი ეგ ამბავი?
-ჩავთვალოთ, რომ მე ყველაფერი ვიცი. ახლა კი, თუ შეიძლება კითხვაზე მიპასუხე
-აქედან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდე, ნიკოლოზ -ხმაზე შევატყვე რაღაც საშინლად ძაბავდა -სანამ მუსიკა უკრავს და შუქები ჩამქვრალია უნდა მოვასწრო. წამიყვან თუ ტაქსი გამოვიძახო?
თუკი აქამდე, ისე ველაპარაკებოდი, რომ მისკენ არ ვიყურებოდი, ახლა მთელი ტანით მივტრიალდი და დამკვირვებლური მზერით შევათვალიერე. ისე მოუსვენრად გამოიყურებოდა, ოდნავადაც არ ჰგავდა უწინდელ მელინას, ვისთანაც რამდენიმე წუთის წინ ვსაუბრობდი.
-ამიხსნი რა ხდება თუ მეექვსე გრძნობა ჩავრთო? -ვკითხე კატეგორიულად, რადგან მსურდა პასუხი რაც შეიძლებოდა მალე მქონოდა ხელთ. უნდა ითქვას, ჩემმა ხერხმა გაჭრა კიდეც:
-ამ განათებაზე კარგად ვერ ვარჩევ, თუმცა მგონი აქ დავითის დაცვის უფროსი შევნიშნე
-მამაშენის?
-ჰო, მამაჩემის -სასწრაფოდ მომიგო -გამორიცხული არაა რაღაცას ეჭვობდეს და აქ სწორედ ჩემს მოსაძებნად ჰყავდეს გამოგზავნილი. თანაც შევამჩნიე, რომ დარბაზს ათვალიერებდა და ეჭვები გამიმძაფრდა. ეს ნამდვილად არ უნდა იყოს უბრალო დამთხვევა
-კი მაგრამ მამაშენს საიდან უნდა გაეგო ეგ ყველაფერი?
-არ ვიცი, ამ სასტუმროში ბევრი გავლენიანი ადამიანი ისვენებს, ზაფხულობით და ნახევარზე მეტი ჩემს მშობლებს კარგად იცნობს. მართალია ბათუმში ჩამოსვლისას იმიჯი ძალიან შევიცვალე, მაგრამ შესაძლოა რომელიმე მათგანმა მაინც მიცნო და მამაჩემამდეც მიიტანა ეს ამბავი
-და ფიქრობ დავითმა გადასამოწმებლად თავისი დაცვის უფროსი მოგიგზავნა?
-არაა გამორიცხული -მერე კვლავ ჩემს ბეჭს იქით გაიხედა, მალულად და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია -დაუყოვნებლივ უნდა წავიდე აქედან!
აარონსა და ანასტასიას გავხედე. მათთან დაუმშვიდობებლად სასტუმროს დატოვება ნამდვილად არ შედიოდა ჩემს თავდაპირველ გეგმებში, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფაქტი იყო, ვერც მელინას მარტო გაშვებას შევძლებდი, ამიტომ გადაწყვეყილებაც რეკორდული სისწრაფით მივიღე:
-ტაქსის გამოძახება არ გჭირდება, თავად წაგიყვან -როგორც იქნა ვუთხარი ის, რასაც ამდენი ხნის მანძილზე მოელოდა ჩემგან -ოღონდ მანამდე მითხარი ის ტიპი როგორ გამოიყურება, რათა ვიცოდე ვისგან გვიწევს გაქცევა
-თეთრ სმოკინგშია გამოწყობილი, ასე მარტო მას აცვია და არა მგონია ცნობა გაგიჭირდეს
იქაურობას თვალი მოვატარე. ვინაიდან, დარბაზში თეთრი ფერის სამოსში არავინ იყო, ხსენებული ტიპის შემჩნევა ნამდვილად არ ყოფილა რთული ამოცანა. პირიქით, საკმაოდ მალე მოვახერხე მისი სხვებისგან გამორჩევა და მელინას ხელს, საკუთარი ჩავჭიდე.
-ვფიქრობ, აქ მართლა ვიღაცას ეძებს, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ზუსტად ისაა, ვინც გგონია? იქნებ გეშლება და ტყუილად გავრბივართ?
-ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ისაა
-კარგი, თუ ასეა, მაშინ, ჯობს ის ერთი პროცენტი დავიკიდოთ და ვიჩქაროთ!
დარბაზიდან გასასვლელი კარისკენ, იმდენად სწრაფად გავემართეთ, რამდენადაც ეს საერთოდ გახლდათ შესაძლებელი. როგორც ვფიქრობდი, აარონთან და ანასტასიასთან გამომშვიდობება ვერ შევძელი. მუსიკა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, მალე დარბაზიც უწინდებურად განათდებოდა და ახლა ნამდვილად არ იყო ვინმესთან გამოსამშვიდობებლად შესაფერისი დრო.
გასასვლელ კართან, დაახლოებით თხუთმეტიოდე ნაბიჯი გვაშორებდა, როდესაც, სრულიად მოულოდნელად, გზა ჩვენმა თამამშრომელმა ერთ-ერთი მიმტანმა გოგომ გადაგვიღობა. გაგიკვირდებათ, თუმცა მისი სახელიც კი არ მახსოვდა და არც ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა. მიუხედავად ამისა, ორივეს ისე გადაგვეხვია, როგორც ბავშვობის საუკეთესო მეგობრებს.
-ნიკოლოზ, რა სიმპათიური ხარ! -მხიარულად შემომცინა, როგორც კი კისერზე შეოხვეული ხელები მომაშორა -შენც საკმაოდ კარგად გამოიყურები მელინა
-გმადლობ, ენი, მაგრამ ახლა ძალიან გვეჩქარება
აჰა, ესე იგი ენი ერქვა. დღეიდან მეცოდინებოდა.
-სად გეჩქარებათ? თქვენ რა, უკვე წასვლა გადაწყვიტეთ? ასე ადრიანად? -გაკვირვება დაეტყო ხმაში, ლაიმისფერ კაბაში გამოწყობილ ენის
-ჰო, ასე გამოვიდა -პასუხებს ზედმეტად სწრაფად სცემდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა თავს როდის დააღწევდა მელინა. ინტუიცია გაუჩერებლად მკარნახობდა, გადაუდებელი ჩარევის დროაო და საბოლოოდ, დავემორჩილე კიდეც მის ხმას:
-მისმინე ენი -მხარზე ხელი დავადე ამის თქმისას -ვიცი, ჩვენი ასე ადრიანად წასვლა ცოტათი უცნაურად გეჩვენება, მაგრამ გადაუდებელი საქმე გვაქვს და სხვა დროს ვისაუბროთ
აღარაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, ჩემი პასუხი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა უხმოდ გამდგარიყო გვერდზე და ბოლოს და ბოლოს, ჩახერგილი გზაც დაეთმო, მატარებლის ორი ვაგონისთვის.
-ვაუ, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც წამების წინ გააკეთე, ძალიან სასტიკი ვინმე ყოფილხარ -მითხრა მელინამ, როგორც კი გაკვირვებულ ენის რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდით -გოგოს აშკარად მოსწონხარ, შენ კიდევ ეუხეშე
-საიდან მოიტანე, რომ მოვწონვარ?
-აბა რა გეგონა, ჩემს მოსაკითხად მოვიდა, როცა არც კი მიცნობს ნორმალურად? აშკარა იყო, ელოდებოდა როდის დაპატიჟებდი საცეკვაოდ
-ჰოო?
-ნამდვილად. ადამიანისთვის გონების არევის საოცარი ნიჭი აქვთ შენს ლურჯ თვალებს
-და კიდევ ვის აურია გონება ჩემმა ლურჯმა თვალებმა? შემთხვევით შენ ხომ არა? -თან გასასვლელისკენ მივემართებოდი, თან ვესაუბრებოდი
-გონება შენ უფრო გაქვს არეული ჩემს გამო, ასე რომ საკუთარ თავზე იზრუნე
-მომავალი ფსიქოლოგის თავდაჯერება კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა -მივუგე და უკვე დარბაზიდან გასასვლელი კარის ზღურბლსაც უნდა გადამებიჯებინა მასთან ერთად, რომ უეცრად მუსიკა შეწყდა და სადღესასწაულოდ მორთული დარბაზიც უწინდებურად გაანათა თბილმა ოქროსფერმა შუქებმა.
მელინამ თავი უკან მიატრიალა. შიგნიდან აპლოდისმენტების ხმაც მოისმა, თუმცა არ ვიცოდი რატომ. ამას არც დავუინტერესებივარ. მხოლოდ იმას ვაქცევდი ყურადღებას, რომ ჩემს ხელში მოქცეული მისი მტევანი, ნელ-ნელა ცივდებოდა და ვხვდებოდი, ეს ნერვიულობისგან იყო გამოწვეული.
-ნიკოლოზ, მგონი უკან რომ გავიხედე დაგვინახა და ახლა მოგვყვება -მითხრა, თან კვლავ შეატრიალა თავი
-ნუ იხედები, წინ იყურე
-ვცდილობ
-ცოტა სწრაფად არ შეგიძლია? -დარბაზს კარგა მანძილზე ვიყავით გაშორებული, როცა ეს ვკითხე -კუ ჩვენზე ბევრად უფრო სწრაფად ივლიდა
-რა ვქვნა, ისეთი მაგარი არ ვარ ქუსლიანებით სირბილი რომ გამომდიოდეს
-მე კი მაიკლ სკოფილდი არ ვარ, ასეთ გამოუვალ სიტუაციებშიც კი რომ ელვის სისწრაფით შემეძლოს ჭკვიანური გეგმის შემუშავება
-ჩემი ბრალი არაა, დახმარების ხელი თავად გამომიწოდე და ნამდვილად არ მქონდა იმის დრო, ამ ხელისთვის დიდი ხნის განმავლობაში მეყურებინა, რადგან ცუდ დღეში ვიყავი!
-კარგი, კარგი, როგორც ჩანს ისევ პრინცმა უნდა იხსნას კონკია -ამის თქმის შემდეგ დიდხანს აღარც დამიყოვნებია, სწრაფად შევუცურე ხელები მუხლების ქვეშ, ხელში ბუმბულივით მსუბუქად ავიტაცე და გზა ორჯერ უფრო სწრაფად განვაგრძეთ.
მელინამ ჩემს კისერს ხელები მოხერხებულად შემოხვია, მერე კი კვლავ უკან გაატრიალა თავი.
-ნიკოლოზ, მოგვდევს
-ხომ გითხარი უკან არ გაიხედო-მეთქი?
-აბა როგორ უნდა გავარკვიო მოგვყვება თუ არა?
-თავის დროზე რომ თავის ტრიალი არ დაგეწყო და მხოლოდ წინ გეყურა, დიდი ალბათობით საერთოდ ვერ შეგამჩნევდა
-ანუ მე ვარ დამნაშავე?
-რა თქმა უნდა შენ ხარ. ახლა კი გაჩუმდი და ხელს ნუ მიშლი, სადაცაა მანქანასთანაც მივალთ -უკვე სასტუმროს კარიდან გასულმა ვუთხარი. კიდევ კარგი, ბევრი არ დამილევია და ზუსტად მახსოვდა კონკრეტულად რა ადგილას ეყენა ჩემი ავტომობილი
-ეი, მის ანტონია! -მოგვესმა უკნიდან მამაკაცის ბოხი ხმა -მოიცადეთ, სად გარბიხართ?!
-მის ანტონია? -სიცილი ამიტყდა
-ძალიან გთხოვ, ამაზე კრინტი არ დაძრა! -თვითონაც ძლივს იკავებდა სიცილს დ ამისთვის, ქვედა ტუჩს კბილებს მთელი ძალით აჭერდა
-კარგი არ დავძრავ, მაგრამ ყველაფერი რომ დასრულდება, გამახსენე მარათონულ სირბილში ჩავეწერო, გამოცდილება რაღაც მხრივ უკვე მაქვს
-არანაირ სიტუაციაში არ კარგავ იუმორს
-მის ანტონია, ახლავე გაჩერდით! -მოგვესმა კვლავ, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, უკვე მანქანამდეც ვიყავით მისულები და სამშვიდობო ხაზის გადაკვეთამდეც სულ ცოტაღა გვაკლდა.
-ჩქარა, დაჯექი! -სასწრაფოდ ჩამოვსვი ძირს მელინა, შემდეგ კი გასაღებზე თითის დაჭერით კარებიც გავაღე და დაუყოვნებლივ მოვთავსდი მესაჭის ადგილას. წამიც არ იყო გასული, ჩემი გვერდითა სავარძელიც რომ შეივსო.
მელინამ ღვედი გადაიჭირა და გვერდზე გაიხედა. დაცვის მელოტი, თეთრსმოკინგიანი თანამშრომელი, დაგეშილივით მორბოდა და სულ მალე, მოგვიახლოვდებოდა კიდეც.
-რა ჰქვია ამ ტიპს? -ვკითხე მელინას, თან ძრავაც ავამუშავე
-შავლეგი
-შავლეგი? -სიბრალულით შევავლე თვალი სახელის გაგებისას, თან დავამატე:- ისე აწყვეტილი მორბის, ჩემი აზრით ჯეკა უფრო უხდება
-ჰო, მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები, ამიტომ, თუ ცოფის საწინააღმდეგო აცრა არ გაქვს გაკეთებული, დროზე გავასწროთ -გაეცინა და კვლავ საქარე მინისკენ გაიხედა -სწრაფად ნიკოლოზ!
-ჰო, მივდივარ, მივდივარ -გაზს რაც შემეძლო ძლიერად მივაჭირე ფეხი, რათა ავტოსადგომიდან რაკეტასავით სწრაფად გავვარდნილიყავი და ეს მიახლოებით გამომივიდა კიდეც.
ჩემი სწრაფი მანევრირების წყალობით, ზემოთ ხსენებული შავლეგი, ცოტა ხნით საგრძნობლად ჩამოვიტოვეთ, თუმცა სიტუაცია მაშინ გართულდა, როდესაც ეს უკანასკნელიც ჩვენს მსგავსად ჩაჯდა თავის ოთხბორბლიან მეგობარში და პოლიციის სირენებიანი მანქანასავით გამოგვედევნა უკან.
-ესღა გვაკლდა -თვალები მობეზრებით აატრიალა მელინამ, თან სავარძლის საზურგეს ხვნეშით მიეყრდნო
-ვაღიარებ შენთან სულ უფრო და უფრო მეტი ადრენალინია
-მეგონა გაბრაზდებოდი შარში რომ გაგხვიე
გამეცინა.
-შარში თავად ხარ ბამბის თოჯინა, აი მე კი იქედან გამოსვლაში საკუთარი ნებით გეხმარები და ეს რომ არ მინდოდეს, არც მაგ სავარძელში იჯდებოდი
-დამაჯერებელი პასუხი იყო
-გირჩევნია უკან გაიხედო და მითხრა მამაშენის ცოფიანი შავლეგი გვეწევა თუ არა
ჩანთის უკანა სავარძელზე მიგდების შემდეგ, მელინამ, როგორც ვთხოვე, თავი მიატრიალა და რამდენიმე წამში, კვლავ მე გამომხედა.
-ჯერ ვერ გვეწევა, თუმცა სიჩქარე არ დააგდო
-კარგი, ასე ვიზამ, მაგრამ სადამდე აპირებს ჩვენ დევნას? მთელი ღამით კატა-თაგვობანა უნდა გვეთამაშოს?
-არ ვიცი, მასთან ტელეპატიურ კავშირს ამ ბოლო დროს ვეღარ ვამყარებ . . .
-ირონია იქეთ გადავდოთ და შენ ხომ ნომერ პირველი გაიძვერა ხარ? ამჯერად არაფერი მოგდის თავში აზრად? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით ვკითხე. მელინამ მკლავზე მიჩქმიტა.
-რას აკეთებ, მეტკინა!
-თუ არ გაჩუმდები, ათჯერ უფრო მეტად გეტკინება
-გაბრაზებული იმიტომ ხარ, რომ თავის დასაძვრენი იდეები გაგირბიან?
-არა, გაბრაზებული იმიტომ ვარ, რომ ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს და ეკრანს მამაჩემის სახელი აწერია, დიდი ასოებით
-თუ გინდა მე ვუპასუხებ -შევთავაზე -ვეტყვი, რომ მისი შვილი გავიტაცე და გამოსასყიდს ვითხოვ, მილიონი დოლარის ოდენობით
-ჰო, მერე კი ფული ავიღოთ, მოვტყდეთ და ტოსკანაზე დავისვენოთ, არა?
-ვაღიარებ, მშვენიერი აზრია
ორივეს გაგვეცინა, ჩვენი საუბრის განმავლობაში კი თანდათანობით ის იდეაც გამოჩნდა ჰორიზონტის ხაზზე, რომელიც აღნიშნულ წამს, ჰაერზე მეტად გვჭირდებოდა.
-ვფიქრობ გეგმა მაქვს როგორ უნდა ჩამოვიშოროთ გზიდან ის მელოტი ბულდოგი
-მაინც როგორ? -თვალებში დაღლილობა ედგა და თავისი ხმაგამორთული მობილურის ეკრანს დაჰყურებდა. როგორც ჩანდა, დავით დევდარიანი კვლავაც არ წყვეტდა ქალიშვილთან დაკავშირების მცდელობებს. მიზეზი კი, დიდი ალბათობით ის იყო, რომ უკვე მოესწრო მისი ორმაგი ცხოვრების დეტალების გაგება, თავისი ერთგული დაცვის უფროსისგან
-სანამ გეგმას გაგიმხელდე, ჯერ ერთ კითხვას დაგისვამ
-რა კითხვას?
-ოდესმე დაძრული მანქანიდან გადამხტარხარ?
-რაო? -მელნისფერი თვალები გაკვირვებამ მოიცვა -ახლა არ მითხრა, რომ იმას აპირებ, რაც გავიფიქრე
-რას ვიზამთ, შენდა სამწუხაროდ უნდა გაცნობო, რომ ასეა
-ამას არ გავაკეთებ, ნიკოლოზ. მეცამეტე რაიონი მეც ნანახი მაქვს, მაგრამ მსგავსი ილეთების გამეორება ჩემს შესაძლებლობებს აღემატება
მიუხედავად მისი სიტყვებისა, ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელის აღებას არ ვაპირებდი. ვიცოდი, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებდი არც ერთს არ დაგვემართებოდა რამე ცუდი, ამიტომ, საჭეს დროებით ხელები ავუშვი და და პიჯაკის გახდა დავიწყე.
-რას აკეთებ?
-აი ეს მოიცვი, გადახტომისას მკლავები რომ არ დაგეკაწროს
-ნიკოლოზ, არ გადმოვხტები!
-გადმოხტები!
-არ გადმოვხტები!
-მელინა, მე შენთან ვარ და არ დავუშვებ რამე დაგემართოს -მის ხელს, ჩემი ხელი მაგრად მოვუჭირე გასამხნევებლად -უბრალოდ მენდე, კარგი? რამე ცუდის მოლოდინი რომ მქონდეს, არც საკუთარ თავს ჩავაგდებდი საფრთხის ქვეშ და მით უმეტეს, არც შენ!
შევატყვე, ჩემმა სიტყვებმა შიში საგრძნობლად შეურყია, თუმცა იგი საბოლოოდ მაინც არ გააქრო, რადგან მის მელნისფერ თვალებში მაინც ჩანდა ის ყოყმანი, რაც საშუალებას არ აძლევდა კვლავ ის მტკიცე გამომეტყველება მიეღო, ასე ნაცნობი რომ იყო მისი პიროვნებისთვის.
-ზუსტად იცი, რომ არაფერი მოგვივა? -მკითხა ცუდი ღამეული სიზმრისგან შეშინებული ბავშვივით. გამეღიმა მის სახეზე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სრულიად არ იყო ღიმილისთვის შესაფერისი დრო
-ზუსტად ვიცი, დამიჯერე -თითებზე ვაკოცე და მათ უფრო მაგრად მოვუჭირე -ახლა შემდეგ მოსახვევში გადავუხვევ, სვლას ოდნავ შევანელებ და სამ თვლაზე ვხტებით
-და მერე? -აშკარად ამზადებდა საკუთარ თავს მომავალი სახიფათო მანევრისთვის
-მერე უბრალოდ ბორდიულის უკან ჩავიმალოთ და სანაპიროსკენ დავიძრათ, რაც შეიძლება სწრაფად. სიბნელე იქნება და თავის დაძვრენას უფრო მარტივად შევძლებთ
-ნიკოლოზ . . .
-გისმენ
-შენთან ბევრად უფრო მეტი ადრენალინია, ვიდრე ჩემთან
-როგორც ჩანს ორივე ადრენალინის წყარო ვართ -დარწმუნებით მივუგე და კიდევ ერთხელ შევხედე გამომცდელი მზერით -მორჩა, მოსახვევთან ახლოს ვართ, მზად ხარ?
-მზად ვარ -ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ სწრაფად მომიგო. იმ წამს, ნაცნობი მტკიცე გამომეტყველებაც დაბრუნდა მის სახეზე -მზად ვარ, მაგრამ თუ რამე მოვიტეხე, ან ყველაფერი ისე არ წავიდა და პალატაში ამოვყავით თავი, იცოდე, რომ მადლობელი ვარ შენი იმის გამო, რაც დღეს ჩემი გულისთვის გააკეთე
-მაგაზე შეგიძლია არ იღელვო, არ დავუშვებ პალატაში მოგვიწიოს გაღვიძება, გაჭიმული ფეხითა და თაბაშირით -საკუთარი თავის ასეთ მდგომარეობაში წარმოდგენაზე, შემაჟრჟოლა კიდეც. ისიც კი ნათლად წარმოვიდგინე რამდენს სისულელეს დამახატავდა ნიცა თაბაშირით დაფარულ ადგილებზე
-კარგი, ესე იგი ამას ვაკეთებთ
-ვაკეთებთ -თავის დაკვრით დავუმოწმე და მოსახვევთან მიახლოებისას, სიჩქარის მაჩვენებელიც დავაგდე, ოდნავ -ახლა კი ღრმად ჩაისუნთქე, ღვედი გაიხსენი და მორალურად მოემზადე, თავდავიწყება იწყება!







* * *
ყველაზე სასიამოვნო გრძნობა ალბათ ისაა, როცა კონკრეტულ გეგმას დასახავ, მას გონებაში დაალაგებ და საბოლოოდ აღმოაჩენ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე აეწყო, როგორც ეს დასაწყისში გქონდა წარმოდგენილი.
აღნიშნულ მომენტში, სწორედ ამ გეგმის გამართლებისგან მოგვრილი კმაყოფილების შეგრძნებით მოცული მივუყვებოდი სანაპირო ზოლს, მელინასთან ერთად, თან შარვლის ბოლოები ოდნავ ამეკეცა, ხელში საკუთარი ფეხსაცმელი მეჭირა და ნაპირისკენ პეროოდულად წამოსული ტალღები მასველებდა.
შავლეგისგან გამოქცევის შემდეგ, უკვე ათი წუთი იყო გასული, რაც ასე უხმოდ დავსეირნობდით და ცოტა ხნის წინ განცდილ ადრენალინს, დუმილში ვახშობდით. ლამაზი ღამე იყო, თუმცა ქარიანი, ამიტომ, ჩემი პიჯაკი კვლავ მელინას ჰქონდა მხრებზე მოსხმული, ხოლო რაც შემეხება მე, ვცდილობდი, როგორმე ამის გარეშეც გავსულიყავი ფონს.
ტალღების შრიალი, ყურს ისე სასიამოვნოდ ხვდებოდა, როგორც აქამდე არასდროს. სანაპიროს იმ ნაწილშიც მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ვერც მყუდროებას დაგვირღვევდა ვინმე.
მელინას ტელეფონმა, ვინ იცის უკვე მერამდენედ გამოსცა შეტყობინების მოსვლის ხმა. ეს, ყოველი ოცი წამის ინტერვალში ხდებოდა ხოლმე ჩვენი სანაპიროზე მოსვლის შემდეგ და მეც მხოლოდ ახლა გადავწყვიტე კითხვა დამესვა, რადგან ვამჩნევდი ყოველი SMS-ის ხმა, მის ნერვებზე მოქმედებდა ცუდად.
-რა ხდება, ისევ მამაშენია? -ცალი ხელი ჯიბეში ჩავიყავი ამის თქმისას, მეორეთი კი კვლავ ფეხსაცმელი მიმქონდა. ჩემს მსგავსად, მელინასაც გაეხადა თავისი მაღალქუსლიანები და მასაც ხელით მოჰქონდა ეს უკანასკნელი, თან გრძელი კაბის ბოლო, მუჭში ჰქონდა მოქცეული, რათა ზღვის ტალღებში არ დასველებულიყო
-ჰო, მამაჩემია -ამოიოხრა -ზარებზე რომ არ ვუპასუხე, შეტყობინებებზე გადმოვიდა. აშკარად რთული სიტუაციაა
-კარგი და ახლა რას აპირებ? -მაინტერესებდა, აპირებდა თუ არა სასტუმროში მუშაობის გაგრძელებას
-წარმოდგენა არ მაქვს, იდეის გარეშე ვარ -მხრები აიჩეჩა -თუ მიპოვეს, საუკეთესო შემთხვევაში ინგლისისკენ მიმავალი გემის ბილეთს მიყიდიან და ლონდონში მიკრავენ თავს
-ლონდონში? ეს საიდან მოიტანე?
-. . .
-მელინა!
-დავითმა მომწერა ამ წამს -აღიარა ბოლოს. შევამჩნიე, რომ ამის თქმისას ხმა გაებზარა -როგორც ოჯახის რეპუტაციის შემარცხვენელს, სასჯელის მოხდა და სწავლის დასრულება ლონდონში მომიწევს. ამ ქალაქს და მის ნესტიანობას ვერ ვიტან. ეს მანაც კარგად იცის და სწორედ ამიტომ შეარჩია ლონდონი
-ხუმრობ არა? -მხრებზე ხელი მოვკიდე და თვალებში ისე ჩავხედე, რამდენადაც ამის საშუალებას ცაზე მანათობელი მთვარე მაძლევდა -შენი ასაკი ოცდაერთი წელია, რა უფლება აქვს იქ გაგიშვას სადაც თავად მოესურვება?
-შენ დავითს არ იცნობ, ნიკოლოზ -სინანული ეტყობოდა ხმაში -თუ რამე მოისურვა, გააკეთებს კიდეც, თუნდაც ძალის გამოყენება დასჭირდეს ამის მისაღწევად. ერთადერთი გამოსავალი ისაა, ჩემი პოვნა ვერ შეძლოს, თუმცა დიდხანს დამალვაც რომ არ გამომივა, ესეც ფაქტია
-ამას სერიოზულად ამბობ? -ყურებს ვერ ვუჯერებდი. წარმოდგენა არ მქონდა მსგავსი ტიპის მშობლები კიდევ თუ არსებობდნენ სადმე. მელინას გაეცინა, თუმცა სიმწრის სიცილს უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი
-სერიოზულად ვამბობ, სერიოზულად -მომიგო, მერე კი ხუმრობის ტონით დაამატა:- გათხოვება მაინც მომესწრო ამ დროის განმავლობაში, მერე ნამდვილად არ იქნებოდა დავითის საქმე სად წავიდოდი და როგორ
-თუ მოინდომებ, ვერც ახლა იქნება
ჩემი სიტყვების საპასუხოდ, თითქოს მათგან რაიმე სახის შთაგონება მიიღოო, მელინა უეცრად შედგა, ღრმად ჩაისუნთქა და დაკვირებით ამომხედა. მის მზერაში იყო რაღაც იდუმალი, რისი გაშიფვრაც ძალზედ გამიჭირდა აღნიშნულ წამს.
-როცა მითხარი, ერთ სურვილს შეგისრულებო, ნებისმიერი სახის სურვილისთვის იყავი მზად, არა? -სანამ ხმას ამოვიღებდი და მისი უცნაური გამომეტყველების შესახებ კითხვას დავსვამდი, ისევ თავად ალაპარაკდა.
გამიკვირდა ეს შეკითხვა. უფრო სწორად ის გამიკვირდა, თუ რატომ გაიხსენა ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა, მაშინ როდესაც სრულიად სხვა რამეზე ვსაუბრობდით. მიუხედავად ამისა, პასუხი მაინც გავეცი:
-ჰო, ნებისმიერი სურვილისთვის ვიყავი მზად . . . ზღვის ტალღებმა შთაგონება მოგცეს და რამე მოგაფიქრდა?
-კი, მომაფიქრდა -თავი დამიქნია და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მითხრა ის, რის მოსმენასაც მისგან ყველაზე ნაკლებად მოველოდი :-ცოლად უნდა მომიყვანო, ნიკოლოზ, თანაც დღესვე!
ვაღიარებ, მოულოდნელობისგან თვალებიც კი გამიფართოვდა ამ სიტყვების გააზრებისას. გოგო, ვინც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იმის სურვილით იწვოდა, მისგან თავი შორს დამეჭირა, დღეს სრულიად გააზრებულად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მთავაზობდა საკუთარ თავს, თანაც ისე, რომ ხმაში ხუმრობის არანაირი ნიშან-კვალი არ ეტყობოდა. მე რა, ახლა სიზმარში ვიყავი თუ შამპანიურის ჭიქაში ვინმემ ჰალუცინაციების გამომწვევი აბები გამირია? აშკარად ეს ვერსიები უფრო ლოგიკურად მეჩვენებოდა იმ წამს, ვიდრე მელინას უეცარი შემოთავაზება.
-ახლა იხუმრე ხომ? -გაოცებულს, ხმის ამოღებაც კი ძალიან დამიგვიანდა, თუმცა, საბოლოოდ ეს მაინც შევძელი და პასუხის მოლოდინში დაკვირვებით მივაცქერდი. ჯანდაბა, რაღა მაიცდმაიანც ახლა ბნელოდა და რაღა მაინცდამაინც ახლა ვერ ვხედავდი გარკვევით მის სახეს
-რომ იცოდე არ მიხუმრია -განაცხადა მტკიცედ -სურვილი სურვილია და რაც არ უნდა იყოს, იგი უნდა შესრულდეს
-კი მაგრამ, ეს აზრი საიდან ან რატომ დაგებადა? არაფერი მესმის
მელინას გაეცინა, მერე კი მხარზე დამადო ხელი.
-გეყოფა რა, ნუ გაქვს ეგეთი სახე, ნამდვილად არ ვაპირებ სახლში ბოროტი ცოლივით დაგიჯდე, უბრალოდ დამეხმარები, რათა ბოლო სასწავლო წელი აქ დავასრულო, მანამდე კი სიტუაციაც დაწყნარდება და ჩემი მშობლებიც დამშვიდდებიან
-აჰა, ანუ საქმე შენს მშობლებშია -მისი მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი, აბსოლუტურად გასაგები გახდა იმ წამს
-აბა რა გეგონა? გათხოვება სერიოზული ნაბიჯია და ქალები ამას ერთი წუთის ინტერვალში არ წყვეტენ
-ჰო, ვიცი, ძირითადად, როცა ბეჭედს წინ უდებენ, მოსაფიქრებლად დრო სჭირდებათ ხოლმე -ვთქვი ფარული ირონიით, რადგან მუდამ კომიკურად მეჩვენებოდა ხოლმე ქალის მხრიდან მსგავსი შინაარსის პასუხები. მამაკაცის ცოლობა ან გინდა, ან არა, ამაზე ფიქრს არ ვთვლი, რომ ერთ წუთზე მეტი მაინც სჭირდებოდეს
-კარგი, მოდი მსგავსი კატეგორიის სულელ ქალებზე ლაპარაკს შევეშვათ -მელინაც მიხვდა ჩემს ნამიოკს და სიცილით შემაჩერა -შენ ის მითხარი, ჩემს წინადადებაზე რა აზრის ხარ, მოსაფიქრებლად ერთი წუთი გაქვს -საკმაოდ ხაზგასმით აღნიშნა ბოლო სიტყვები
-ერთი წუთიც კი არ მჭირდება საპასუხოდ -მივუგე წამსვე - მართალია, მივხვდი ამას შენი მშობლების გამო აკეთებ, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ აშკარა სიგიჟის ჩადენას მთავაზობ
ჩემი პასუხის შემდეგ, გარკვეული ხნით ჩუმად იყო და მხოლოდ მისი სუნთქვის ხმა ერთვოდა ზღვის ტალღების მელოდიურ შრიალს. მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა კვლავ საკუთარ თავზე ვაპირებდი ამეღო დუმილის დარღვევა, რადგან უკვე მეგონა აღარაფერს იტყოდა.
-მოდი, ჩამოჯდეთ და ეგ საკითხი ისე განვიხილოთ -მითხრა ჩვეული სიმშვდით -ნამდვილად არაა ის თემა, რასაც ფეხზე მდგომები უნდა ვწყვეტდეთ
ნაპირს ოდნავ მოვშორდით და უხმოდ ჩამოვსხედით მშრალ ქვებზე. ვერ ვიტყოდი, რომ მელინას სურვილის შესრულება ჩემთვის რთული იქნებოდა, რადგან აშკარად არ მივეკუთვნებოდი იმ კატეგორიას, ვინებიც ქორწინების ხსენებაზე სოროებს ეძებდნენ დასამალად, თუმცა ჩემი თავქარიანი ცხოვრებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი თავქარიანი ნაბიჯის გადადგმა არც ისე ჭკვიანურ ვარიანტად მესახებოდა, თუნდაც იმ გოგოსთან ერთად, ვინც ჩემთვის საკმარისზე მეტს ნიშნავდა.
-კარგი, აბა განვიხილოთ, რაც განსახილველია -ვინაიდან ნაპირთან ახლოს აღარ ვიყავით, ფეხსაცმელები კვლავ ჩავიცვი და თასმების შეკვრის პარალელურად, გვერდით მჯდომს გავხედე. როგორც ჩანდა, იგი ღრმად გახლდათ დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში, რადგან შემდეგი სახის პასუხი გამცა:
-დასაფიქრებელი აქ არაფერია, ნიკოლოზ, მხოლოდ წლის ბოლომდე გთხოვ დახმარებას, სამუდამოდ კი არ გაიძულებ ჩემს ატანას
-არა -თავი გავაქნიე -შენთან მიმართებაში სიტყვა "ატანა" გადაჭარბებული ნათქვამია, რადგან . . . -მერე გადავწყვიტე წინადადება აღარ დამესრულებინა. ამის მაგივრად, საუბარი სრულიად სხვა კუთხით წარვმართე -და როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას თუკი ის გავაკეთეთ, რასაც მთხოვ? ნამდვილად ვიქნებით ცოლ-ქმარი, თუ ცალ-ცალკე ოთახებს გავინაწილებთ და აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ მორცხვი გოგოსავით დამემალები ხოლმე, რათა შემთხვევით პირსახოცშემოხვეული არ დაგინახო?
მელინამ პასუხი დამიგვიანა, თუმცა, საბოლოოდ მაინც ვეღირსე მისგან ხმის ამოღებას.
-მე არ გაძალებ, რომ ამ დროის მანძილზე მიერთგულო, ნიკოლოზ -მითხრა და ამით, თითქმის ყველა კითხვას გასცა პასუხი. მას მხოლოდ ჩემი დახმარება სჭირდებოდა და ნაკლებად ინტერესდებოდა იმით, მეყოლებოდა თუ არა ვინმე სხვა. ცუდი შეგრძნება იყო ამის გააზრება
-ანუ თუ ჩემს საწოლში სხვა გოგო დაინახე, გაიღიმებ და დილის ყავას შემოგვიტან, კრუასანებთან ერთად?
-ეს ზედმეტად ფრანგულია
-და ზედმეტად უაზროც -დავამატე -თუ ცოლად მოგიყვან, მე ნამდვილად არ მომინდება შენს გვერდით სათადარიგო მამაკაცის ხილვა, მიუხედავად იმისა, მშობლებისგან თავის დასაძვრენად აკეთებ ამას თუ არა
-დამიჯერე ვერც იხილავ -პირობის დადებას ჰგავდა მისი სიტყვები -არ ვაპირებ სხვა კაცებთან დავიწყო სირბილი, რადგან, შენც რომ სრული თავისუფლება მომცე, ამის მოთხოვნილება თავად არ გამიჩნდება
-და იქნებ არც მე მაქვს სხვა ქალთან მიკარების სურვილი? ამაზე არ გიფიქრია?
მელინას გაეცინა, თუმცა მის სიცილში იყო რაღაც სევდიანი.
-გინდა დამაჯერო, რომ ნიკოლოზ ქალდანს, ვინც ყოველ დღე ახალ-ახალ გოგოსთან ერთად იღვიძებს, ერთი პატარა ხელმოწერა შეაჩერებს, რათა ლამაზი ქალები სრულიად გააქროს თავისი ცხოვრებიდან?
-მაგრამ შენ ხომ გინდა ასე იყოს? -გამომცდელად გავხედე ამ კითხვის დასმისას, თან ნიკაპი ხელით დავუჭირე, რათა ჩემთვის მზერა არ მოეშორებინა -თქვი, ხომ გაქვს სურვილი, რომ არავის ხედავდე ჩემს გვერდით? ერთხელ მაინც შეწყვიტე თვალთმაქცობა და აღიარე. თუ ამას გააკეთებ, ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ და რაზეც გინდა იმაზე მოგიწერ ხელს
დავინახე როგორ გაწვა ქვებზე ზურგით მელინა, ჩემი შეკითხვის შემდეგ. მეც იგივენაირად მოვიქეცი და მასთან იმდენად ახლოს აღმოვჩნდი, მკლავებითაც კი ვეხებოდით ერთმანეთს. რაღაც პერიოდი, მხოლოდ მისი დაძაბული სუნთქვა მესმოდა. მერე ისიც ვიგრძენი, როგორ გადმობრუნდა ჩემკენ, გულზე ხელი ფრთხილად დამადო და ჩუმად ამოიჩურჩულა:
-მნიშვნელობა აქვს იმას, რა მინდა მე? -ხმა ტკივილით გაჟღენთვოდა. აღნიშნულ წამს თავი დამნაშავედ ვიგრძენი, თუმცა არ ვიცოდი კონკრეტულად რატომ -მე არ გაიძულებ შეიცვალო, არ მაქვს ამის უფლება
-არ მიკითხავს რისი უფლება გაქვს, მე გკითხე გინდა თუ არა ჩემს გვერდით სხვა ქალის დანახვა-მეთქი?
-ჩამჭრელი კითხვების დასმაში აშკარად უკონკურენტო ხარ -ამოიოხრა, სახეზე ხელები ჩამოისვა, შემდეგ კი ისინი თავქვეშ ამოიდო
-პასუხი მჭირდება მელინა, მათ ნუ გაურბიხარ
-არ ინერვიულო, არაფერს გავურბივარ. თუ პასუხებუ გჭირდება, მიიღებ კიდეც -ამჯერად უკვე დამშვიდებულმა ამოთქვა და იდაყვზე დაყრდნობილმა ოდნავ წამოიწია -შენს გვერდით სხვა ქალის ხილვა ნამდვილად არ მომგვრის სახეზე ღიმილს. არც დილის ყავის შემოტანა მაქვს გეგმაში, კრუასანითა და თეთრი ვარდით სინზე. არ ვიცი, კიდევ რისი მოსმენა გჭირდება, მაგრამ სულ ეს იყო, რაც ამ წამს აუცილებლად უნდა მეღიარებინა
თითქოს ბევრი არაფერი უთქვამს. არც ზედმეტად გამოუხატავს გრძნობები და ყველაფერი ოქროს შუალედში მოაქცია, თუმცა ჩემთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რათა სახეზე კმაყოფილების ღიმილი დამბრუნებოდა.
-კარგი
-რა კარგი?
-ვასრულებ შენს სურვილს -განვუმარტე -იმის მიუხედავად, რა გიჟურადაც არ უნდა ჩანდეს ეს ნაბიჯი, ვასრულებ და ამაზე ყოყმანს აღარ ვაპირებ
-მაგას სერიოზულად ამბობ?
-სრულიად . . . მართალია, ბეჭედი არ მაქვს, რათა ხელი რომანტიულ ვითარებაში გთხოვო, თუმცა ეს მხოლოდ შენი ბრალია, წინასწარ არ შემამზადე -დავამატე სიცილით
-ჯანდაბა, არც კი მეგონა მსგავსი სახის სიგიჟეზე თუ მართლა წახვიდოდი -ფეხზე წამოჯდა და ზემოდან გაკვირვებული დამაცქერდა -აშკარად არანორმალური ხარ, იცი ეს?
-ჩემი აზრით, იყო ბოლომდე ნორმალური, ეს მოსაწყენია
თანხმობის ნიშნად, მხოლოდ თავი დამიქნია, მერე კი მსუბუქად ჩაეცინა და საკუთარ თითებს დაუწყო წვალება. ალბათ იმიტომ, რომ სათქმელი მეტი აღარაფერი ჰქონდა და უხერხულ დუმილს ებრძოდა ასე. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, უხერხული სიჩუმის გასაფანტად ახალი თემა წამომეჭრა, ამისთვის კი, თავადაც წამოვჯექი, კვლავ ზღვის ტალღებს გავხედე და ხელის გულებით დავეყრდენი ცივ ქვებს.
-გინდა ეს ღამე პლაჟზე გავათიოთ? -შევთავზე -თუ აქაურობას კარგად მოვათვალიერებთ, სადმე ორი შეზლონგიც მოიძებნება, ჩვენთვის
-შენ რა, პლაჟზე ღამე აქამდეც გაგითევია?
-უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი მომიწია-მეთქი -ის შემთხვევა გამახსენდა, როცა ენკეს ჩემი სახლი სრულ განკარგულებაში გადავეცი, ერთი ღამით, თავის გოგოსთან განსამარტოებლად -ვაღიარებ, საერთოდ არ იყო ისეთი ცუდი, როგორიც თავდაპირველად წარმომედგინა
-კარგი, თუ ეგრეა, გავათიოთ. ჩემთვისაც ახალი გამოცდილება იქნება
-ხვალ კი, მოწმეები ვიშოვოთ და ხელი მოვაწეროთ, არა?
-მოდი ამაზე ცოტა ხანში ვისაუბროთ, კარგად რომ გადავხარშავ ყველაფერს
-როგორც გინდა -ღიმილით მივუგე და კვლავ გავჩუმდი. ტელეფონის ანთებული ფანარი რომ საათის ციფერფლატს დავანათე, შევამჩნიე, ისრები ღამის თოორმეტს უჩვენებდნენ. სწორედაც რომ შესაფერისი დრო იყო, ამ მომენტის დამაგვირგვინებელი ყველაზე სასიამოვნო ნაწილისთვის
-უკვე შუა ღამეა
-ჰო, მერე?
-ერთი დაპირება უნა შეგისრულო, რაც ჯერ კიდევ სასტუმროში ყოფნის დროს მოგეცი
-რა დაპირებას გულისხმობ? -ვიგრძენი აშკარად გაუკვირდა, ამიტომ, აღარც თავად დამიყოვნებია მისი სიტაუციაში გარკვევის მცდელობა:
-ალბათ იმ დაპირებას, რომლის მიხედვითაც, ამაღამ პრინცის კოცნა გეკუთვნის ჯილდოდ -ვუთხარი ღიმილით, წელზე ცალი ხელით ს მოხვევით ჩემკენ მოვიზიდე და ისე დავაცხრი მის ტუჩებს, ხმის ამოღებაც კი აღარ დავაცადე.



№1  offline წევრი L.eli13

როგორ მიყვარს ეს ორიიი.
მოვლენებს ისე საინტერესოდ აღწერ,იმდენად ზომიერად გადმოცემ ყველაფერს,რომ არ მინდა ოდესმე კითხვა შევწყვიტო. ისეთი წყვილია მათზე კითხვა რომ არასდროს მომბეზრდება.
თან ესეთ გემრიელად დიდ თავებს რომ დებ.
იმედი მაქვს კიდევ ბევრი დარჩა დასასრულამდე.

 


№2  offline წევრი A.N.A

მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებიანად. მელინას არანორმალურ იდეაზე და ნიკოლოზის თანხმობაზე კარგად ვიხალისე, ვგრძნობ წინ კიდევ ემოციებით დატვირთიული თავგადასავალი გველის და მინდა რაც შეიძლება მალე ვიხილო, თუმცა არც ის მინდა მალე დამთავრდეს ისეთი კარგია.მალე დაბრუნდი რაა გთხოვვ.❣️
მადლობა შენ და წარმატებები. ❣️

 


№3  offline წევრი ვიპნი

ჩემი ნიკუშაა❣️❣️ეს გოგო ნეტა როდის გატყდება :))

 


№4  offline მოდერი აირ ისი

L.eli13
როგორ მიყვარს ეს ორიიი.
მოვლენებს ისე საინტერესოდ აღწერ,იმდენად ზომიერად გადმოცემ ყველაფერს,რომ არ მინდა ოდესმე კითხვა შევწყვიტო. ისეთი წყვილია მათზე კითხვა რომ არასდროს მომბეზრდება.
თან ესეთ გემრიელად დიდ თავებს რომ დებ.
იმედი მაქვს კიდევ ბევრი დარჩა დასასრულამდე.


მადლობა შენ ასეთი სიტყვებისთვის ❤️ მართლა უდიდეს ყურადღებას ვაქცევ ზომიერებას და მიხარია, რომ ეს შეამჩნიე ❤️

A.N.A
მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებიანად. მელინას არანორმალურ იდეაზე და ნიკოლოზის თანხმობაზე კარგად ვიხალისე, ვგრძნობ წინ კიდევ ემოციებით დატვირთიული თავგადასავალი გველის და მინდა რაც შეიძლება მალე ვიხილო, თუმცა არც ის მინდა მალე დამთავრდეს ისეთი კარგია.მალე დაბრუნდი რაა გთხოვვ.❣️
მადლობა შენ და წარმატებები. ❣️


ძალიან მიხარია, რომ არ გინდა მალე დასრულდეს ❤️ როცა არ გინდა დასრულდეს, მაშინ მოგწონს რეალურად და მადლობა შენ ამისთვის kissing_heart

ვიპნი
ჩემი ნიკუშაა❣️❣️ეს გოგო ნეტა როდის გატყდება :))


50%-ით უკგე გატეხილია და დანარჩენსაც მიეხედება მალე :დდ ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგი იყო მართლა <3 არადა არ მყოფნის <3 ამათი ცოლ ქმრობა წაომიდგენია რა იქნება მაგრამ შენი ინედი მაქვს უბრალოდ ნუ აგვიანებ ხოლმე ძალიან გთხოვ რა :(

 


№6 სტუმარი სტუმარი tamuna.s

ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები, ამათი ცოლ-ქმრობა სულ სხვა განზომილება იქნება. ეხლა ახალი ეტაპი იწყება ორივეს ცხოვრებაში. მგონი მელინას მამა როცა გაიგებს ვის ძმასაც გაყვა ცოლად მისი შვილი, ძალიან აღარ გაიგიჟებს თავს. ძალიან კარგად წერ, ასე გააგრძელე. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და დიდხანს არ გვალოდინო გთხოვ.

 


№7  offline მოდერი აირ ისი

სტუმარი ნინა
ძალიან კარგი იყო მართლა <3 არადა არ მყოფნის <3 ამათი ცოლ ქმრობა წაომიდგენია რა იქნება მაგრამ შენი ინედი მაქვს უბრალოდ ნუ აგვიანებ ხოლმე ძალიან გთხოვ რა :(


მადლობა ძალიან დიდი ❤️ ყველანაირაფ ვცდილობ, როგორც კი დროს ვიპოვი მაშინვე გავაგრძელო ხოლმე და იმედია ისე არ ვაგვიანებ, რომ ამასობაში წინა თავები გავიწყდებათ (( ❤️

სტუმარი tamuna.s
ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები, ამათი ცოლ-ქმრობა სულ სხვა განზომილება იქნება. ეხლა ახალი ეტაპი იწყება ორივეს ცხოვრებაში. მგონი მელინას მამა როცა გაიგებს ვის ძმასაც გაყვა ცოლად მისი შვილი, ძალიან აღარ გაიგიჟებს თავს. ძალიან კარგად წერ, ასე გააგრძელე. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს და დიდხანს არ გვალოდინო გთხოვ.


ვნახოთ, რა მოხდება :დდ ჯერჯერობით მეც გონებაში ვწერ სცენარს და თავადაც არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები ❤️

 


№8  offline წევრი A.N.A

ახალ თავზე რა ხდებაა? იმედი მაქვს დიდი ხნით არ გაუჩინარდები:)) ❣️❣️

 


№9  offline მოდერი აირ ისი

A.N.A
ახალ თავზე რა ხდებაა? იმედი მაქვს დიდი ხნით არ გაუჩინარდები:)) ❣️❣️


Male iqneba ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ელე

ძალიან ძალიან აგვიანებ :(((

 


№11  offline წევრი crete20

ეხლა მოვრჩი ისტორიის კითხვას ორი დღეა ვკითხულობ. საყვარელი წყვილია. მელინასიც მესმის ძალიან კარგად სერიოზული და 'ღრმა' გოგოა ნიკოლოზი კი ზედაპირული და ქარაფშუტა.
მგონი დავითს არ გაუხარდება მათი ქორწინება ნიკოლოზის გამო, აი აარონისნაირი რომ ყოფილიყო მაშინ კიი.
ველი ახალ თავს????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent