შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - ფორთოხლის დღიურები XII


14-11-2020, 04:15
ავტორი belle...
ნანახია 14 825

კვიზინი/ „ცივი პომარანჯე“/ 02:01 წთ / მთვარის მე-11 დღე, მესამე ფაზა...

ჩემს საძინებელში გამოკეტილი ჩუმად ვიჯექი და ერთი წერტილისთვის უაზროდ გამეშტერებინა თვალი. საკუთარ გულისცემას ვაყურადებდი, ალბათ იმიტომ რომ სხვა არ ვიცოდი რა უნდა მეღონა. ბნელ ოთახს ფანჯრებიდან შემომავალი ლამპიონების შუქი მინათებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს შიგნეულობა სადღაც ჯანდაბაში მიმეკარგა და სხეულის ნაწილებთან ერთად ვეღარც სულს ვგრძნობდი თავის ადგილზე. ცხოვრების აქტიურ რიტმში ჩაკარგულს ბევრი რამ გამომეპარა, ძალიან ბევრი...
კოლოფიდან მომდევნო ღერი ზანტად ამოვაცოცე, ამწვარ ბაგეებში მოვიქციე და მოვუკიდე. სიგარეტის რძისფრად ავარდნილმა კვამლმა მხედველობა დამიბინდა, თვალი გამიშტერდა და ორი საათის წინანდელი მომხდარი კინოფირივით დამიტრიალდა გონებაში:
- ეს რა არის? - თვალით ვანიშნე ჩემოდანზე. ორივე სამზარეულოში ვისხედით.
- ანაბელ... - წარბშეკრულმა ხმადაბლა ამიოხრა.
- არა, - თვალები დამეხუჭა - შესავლების გარეშე, მოკლედ მითხარი, მიდიხარ?
- ჰო.
ზუსტად ვიცოდი რასაც მიპასუხებდა და ეს ორი ბგერა მაინც იმაზე მძიმედ მომხვდა გულზე ვიდრე ვიფიქრებდი. ნერწყვი გადავყლაპე ყელში მობჯენილი ცრემლების ჩასაწმენდად, მაგრამ ისე გამიჭირდა მეგონა დავიხრჩობოდი. ძნელად ვუახლოვდები ადამიანებს, ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის „მისაღებს“ იშვიათად ვპოულობ, მიჩვეულს კი მათი გაშვება ორგანოს მოკვეთად მიღირს. გულწრფელად რომ ვთქვა, ალბათ ეს არის ჩემი სიცივის მიზეზიც, ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია. ემოციების გამოხატვისგან თავი შევიკავე. თავი დავუქნიე უბრალოდ.
- კარგი, რა... - სევდიანად გაეღიმა - ამას ნუ აკეთებ...
- რას? - თვალებში არ შემიხედავს.
- თავს ისე ნუ მაჩვენებ, თითქოს შენთვის ყველაფერი სულერთია. არ არის ასე, საკმარისი დრო მქონდა, რომ გამეცანი პატარა გოგონა, თავი ყინულის დედოფლად მოგაქვს, სინამდვილეში ასე არ არის.
ისევ გაეცინა და ჯიბიდან კოლოფი ამოაძვრინა. ჯერ მე შემომთავაზა და როცა შეკვრას ერთი ღერი ამოვაცალე, თვითონაც ამოაძვრინა და მოუკიდა. ჟელაზნას სამზარეულო ასეთი მდუმარე არასოდეს მახსოვს. პირველად ვიგრძენი თავი უცხოდ. ისევ დაიწყეს კედლებმა გაფერმკრთალება, თითქოს უსასრულობაში ვიკარგებოდი ისე როგორც მაშინ „ცეცხლისფერის“ და საბას წასვლისას.
- არაფრად არ მომაქვს თავი! - ყავის ცარიელ ქილაში ჩავაფერფლე. წყენასთან ერთად ბრაზი და გაღიზიანებაც გამერია ხმაში - ვიცოდი რომ აქ დარჩენას არ აპირებდი, ადრე თუ გვიან ასეც მოხდებოდა. უბრალოდ მეგონა, რომ ეს საუბარი ასე მალე არ მოგვიწევდა, დონ...
- საქმე ამაში არაა, ანაბელ.
- აბა, რაშია? - პირველად ავწიე თავი და ცისფერ კრისტალებს მზერა გავუსწორე. სევდიანად მიყურებდნენ. - იკა, რა ხდება?
- გულზე მაქვს პრობლემები, წინა დღით სასწრაფო დამჭირდა.
ნათქვამის აღქმა გამიჭირდა. დაბნეულმა თვალები ავახამხამე. ვიცოდი, რომ თავს შესაშურად ნამდვილად არ გრძნობდა. იანმა მითხრა, რომ ჩემი ჩამოსვლიდან წინა დღეს ირაკლის გული გაუხდა ცუდად, მაგრამ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მითხრა, რომ პირადი პრობელმების გამო ნერვიულობა ზედმეტი მოუვიდა. ახლა კი, ვიგებდი, რომ პრობელმა გაცილებით სერიოზული ყოფილა!
- მე რატომ არ ვიცი არაფერი? - ხმა ჩამიწყდა.
- შენ როდის გცალია? - გაეცინა - სახლში მარტო ღამით თუ მოგკრავს თვალს ადამიანი, ისიც ორი წუთით, სანამ დასაძინებლად გაიქცევი.
- მაპატიე, იკა, მე...
- ვიცი, რას მებოდიშები! - შემიბღვირა - მშვენივრად ვიცი რაც ხდება შენს ცხოვრებაში ახლა და არ უნდა გაჩერდე. ნუ იხედები უკან, ვინ მოგყვება და ვინ არა, წინ იყურე! დანახვის წამიდან თვალში მომხვდი, პატარა გოგო, ზუსტად ვიცი რომ ბევრს მიაღწევ, მე კი საშუალება მომეცი, რომ შენით შორიდან ვიამაყო.
- იკა, ნუ მეუბნები სისულელეებს! და ამ პათეტიკური ტექსტით ნუ მემშვიდობები! - თვალები ამიცრემლდა - რა გჭირს? ცუდად ხარ? რა გითხრა ექიმმა? სად მიდიხარ?
- ვარშავაში, დროებით. მერე კი გერმანიაში გადავალ, როგორც კი „პაბიდუს“ მივიღებ. უნდა მომივიდეს წესით უკვე. ერთ, ან ორ კვირაში.
- გერმანიაში სამკურნალოდ მიდიხარ?
გაეცინა. მხრები აიჩეჩა და სიგარეტი კბილებშორის მოიქცია. სკამზე გადაწვა და დაკვირვებით დამიწყო ყურება. ვერ ვიტან როცა ასე აკეთებს! ათას რამეს განიხილავს გონებაში და სამადლოდ ორიოდე სიტყვას თუ გადმოგიგდებს! თუმცა, იმ წამს არც მჭირდებოდა სიტყვები. ჩვენ საუბრის გარეშეც მშვენივრად ვუგებდით ერთმანეთს.
ეულ მგელს სხეული აღარ ემორჩილებოდა, დაუმორჩილებელ სულს კი კვიზინის კედლები ვეღარ აკავებდა. გაქცევა უნდოდა, წასვლა, თუნდაც ძალიან შორს, ოღონდ ემოძრავა, ოღონდ ესუნთქა და თავი ისე არ ეგრძნო როგორც გალიაში გამოკეტილ მგელს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჰოსტელი ისე ემორჩილებოდა როგორც შვილები მამას, მაინც ისე გრძნობდა თავს თითქოს ეზოში დაბმული ძაღლი ყოფილიყო, ეჟვანით ყელზე - ზუსტად ასე განმიმარტა თავისი განცდები ერთ ცივ საღამოს. მაშინ, როცა ჯერ კიდევ ქარხანაში ვმუშაობდი და სასაცილოდ არ მყოფნის ამას, რომ ვამბობ, მაგრამ დრო თავზე საყრელად მქონდა.
- ყურები ნუ ჩამოყარე! - შემიბღვირა.
უქმად ბოლავდა სიგარეტის ღერი გაყინულ თითებში. რა უნდა მეთქვა? ბოდიში მომეხადა, რომ მეგობრის გასაჭირი თვალსადახელშუა გამომეპარა? მეთქვა ძალიან ვწუხვარ, რომ შენს გვერდით არ ვიყავი-მეთქი? თუ მეწუწუნა აქ მარტო არ მიმატოვო-თქო? მე აქ ჩამოსვლის წამიდან მარტო ვიყავი, თუმცა თავი ცუდად ერთხელაც არ მიგრძვნია, აბა რა ჯანდაბა მემართებოდა ახლა? რატომ გრძნობდა სული შიმშილს?
- აქედან რომ წახვალ თავს უკეთ იგრძნობ?
- ბელ...
- მიპასუხე უბრალოდ.
პირველად გავუსწორე მზერა და ნახევრად ჩამწვარ ფილტრს ძლიერად მოვქაჩე. ღმერთო ჩემო, ზღვისფერ თვალებში ვუყურებდი და ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ამ თეთრ მგელს აქ ვეღარ ვნახავდი. რომ სახლში დაბრუნებულს დაბალი, ხრინწიანი ბარიტონით არ გამიჯავრდებოდა - სულ გარეთ ხარ, სახლში მოსული კი ლუკმასაც არ ჭამ, ასე მოკვდები შვილოო!
- შეიძლება. - ტუჩი ყოყმანით მოეღრიცა - სიმართლე თუ გინდა აქამდე მხოლოდ შენს გამო გავჩერდი. არ მინდოდა მარტო მიმეტოვებინე ამ ნაგავსაყრელზე, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს. უნდა წავიდე, ბელ.
- გასაგებია.
მხოლოდ ერთი სიტყვა დამცდა. მშრალად, უაზროდ, ყოველგვარი მნიშვნელობის გარეშე. ვიგრძენი, რომ სამზარეულოში ყოფნა აღარ მინდოდა. ეგოიზმმა შიგნიდან გამომხრა და სანამ სახეზე შემეტყობოდა გაცლა ვამჯობინე. ნერვების უკიდურესი დაძაბვით ცივად და ძალიან ცივილიზებულად ვუსურვე გამოჯანმრთელებაც და წარმატებაც. ჩახუტებისგან და ხელის ჩამორთმევისგანაც კი თავი შევიკავე, რომ შემხებოდა ვიტირებდი. ვიცოდი რომ ვიტირებდი. თავი დავუკარი ღიმილით, ხელი ავუწიე და სიგარეტის კვამლში გახვეული, უცხო ემოციებით თვალებში, სრულიად მარტო დავტოვე სამზარეულოში. ის დღე იყო და ის დღე, მე და დონ კორლეონეს ერთმანეთი აღარ გვინახავს. მეორე დღეს ისე გაემგზავრა ჟელაზნადან, რომ მე ამ დროს იანის მანქანიდან უკრაინელებისთვის თეთრეულს მივათრევდი და ჩანთაზე მეტად სული მემძიმებოდა ტყავს შიგნით. გამლანძღე პომარანჯა მკითხველო, გამლანძღე, რომ ჩემი ერთადერთი შანსი ჩემთვის ყველაზე საყვარელ მეგობართან გამომშვიდობების ასე უგერგილოდ და უგულოდ უკუვაგდე. ისიც კი არ მითქვამს დონისთვის, რომ მოკლე დროში თავი ძალიან შემაყვარა. ვიცი, რომ იცის, მაგრამ ალბათ თქმა ჯობდა, ან არა... არ ვიცი, ამაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე ძილის წინ, საწოლში და იმასაც ვიაზრებ, რომ ჩემს გაფუჭბულ საქმეს აღარაფერი ეშველება... გაფრენილი წუთები უკან არ ბრუნდებიან. არც კორლეონე დაბრუნებულა და არც ჩემი შანსი, გულში რომ ჩავკროდი სიგიჟემდე მონატრებულ მეგობარს, რომელიც მამასავით მიყვარდა...


მარეზა/ უკანასკნელი „ღიმილაკი“ / 03:01 წთ/ მთვარის 15-ე დღე, მესამე ფაზა...

უცნაური განწყობა და არეული ფერები. ცარიელ ქუჩებში მოხეტიალე გამოფიტული სხეული და ბოლო ხმაზე აწეული მუსიკა. მოზომილი ნაბიჯები ტბამდე, სიგარეტის ერთი ღერით, შემდეგ კიდევ ერთით... ასე, ამღვრეული ფიქრებით. შინაგანი არსება გაღიზიანებულ ოკეანეს ემსგავსება. სხვადასხვა ემოციის ტალღებით ეხეთქება ტყავს. გარეთ გამოღწევა სურს, მაგრამ იცის რომ შეუძლებელია, ისევე შეუძლებელი, როგორც ახლა იაგამის ნახვა. ტბის პირას ვჯდები და ჯიბიდან ხელნაკეთ გემს ვიღებ. დიდი ხანია აღარ გამიკეთებია და ახლა უცნაური სევდა იგრძნეს თითებმა - მონატრების, სიცარიელის, ნოსტალგიის - ნერვები მეშლება. არ ვიცი რა მინდა, ან შენგან, ან საკუთარი თავისგან. უფრო სწორად ვიცი, მაგრამ თქმა არ ღირს, მემძიმება. ვგრძნობ როგორ ვიცვლები და არ ვიცის მომწონს ეს თუ არა, ვიცვლები და ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები იმ გარდამავალ ფინალს, რომელიც საბოლოოდ ამოატრიალებს ცნობიერს. საბოლოოდ ჩაწყვეტს სიმებს წარსულთან, გაწყდება მაკავშირებელი ძაფები და მორჩება დრამაც - თავს ავწევ და უემოციოდ გამეღიმება. ფლეილისთში მუსიკას შევცვლი და ისე გავაგრძელებ გზას, თითქოს აქ არც არასდროს გაუვლია სხვას. იაგამი... მაპატიე, რომ ელი წაგართვი... შეგიძლია? კვიზინში ჩამოსულს ყველაზე მეტად შენზე მეფიქრება. არ ვიცი რატომ გხედავ ყველა ჩიხის ყველა კუთხეში, არ ვიცი რატომ იზომებიან შენი ტკივილები ჩემი მოკლე ნაბიჯებით. ძარღვებში წვას ვგრძნობ, თითები კი მაინც ცივი მაქვს. საუბარი მინდა... შენთან საუბარი მინდა, მაგრამ ისევ არაფერი გამოდის. შორიდან მაკვირდები, მე კი შენს მზერას ვგრძნობ. თვალს ვერ გისწორებ, არ ვარ მზად... ჯერ არ ვარ მზად და იმიტომ. იმ გარდამავალ ფინალს ველოდები, რომელიც „სამშვიდობოს“ გამიყვანს. თვალები მეხუჭება. ფილტვები ისევ ნიკოტინით ივსება, ხელნაკეთი გემი კი ისევ აპობს მარეზას ტბის ზედაპირს, ოღონდ ამჯერად შენი არა, ჩემი ხელით. იგივე ფიქრებით, იგივე სურვილებით, იაგამი - მეც ვიმედოვნებ, რომ ოდესმე უკან დაბრუნდება და თან მომიყვანს იმას, ვისაც შენსავით ჩიხში დავეძებ. არა... არ ვეძებ, ვიპოვე მაგრამ... კარმა ძუკნაა, მეგობარო, ხურდას ორმაგად აბრუნებს უკან. ნერვიულად მეცინება და თავს ვაქნევ. ვამჩნევ როგორ მიყურებენ გამვლელები - გიჟი ვგონივარ ხალხს, მაგრამ არ მედარდება. ვოხრავ და ცივ მიწაზე გულაღმა ვწვები. კაპიუშონს სახეზე ვიფხატებ და მთელი არსებით მოგონებებში ვიძირები. ისე ცხადად მიდგება თვალწინ კადრები, რომ იმ დენთის სუნსაც კი ვგრძნობ, რომელიც ტატუებიანის იარაღის ლულიდან აყროლდა. ყურებში იარაღის გრიალი ჩამესმის, ქეთის კივილი ცნობიერს მირყევს, არყის ბოთლის მსხვრევის ხმა სხეულზე არარსებულ შუშებს მაყრის და ივა... ყბაზე კუნთი მეჭიმება. თვალის კუთხეებიდან უკითხავად მოხოხავენ თბილი ცრემლები - საკუთარი უმოქმედობა მახრჩობს. მაპატიე... მაპატიე, თუ შეგიძლია...
გული მტკივნეულად მახსენებს თავს და ისევ ჯდომას ვარჩევ. პირით ღრმად ვსუნთქავ და დამშვიდებას ვცდილობ. მილენა, მე და შენ ერთი პრობლემა გვაქვს... უცებ სიცილი მიტყდება. უემოციო, ცივი სიცილი, ფერების გარეშე, ელ... შენ რომ გჩვევია ზუსტად ისეთი - მგონი „ჩიხი“ თავს მესხმის. მე კი მისთვის მისაცემი არაფერი მაქვს, ახლა არაფერი მაქვს და მანადგურებს ეს ფაქტი... ყველაფერი ჩემს ნერვებზე როგორ თამაშობს? ფლეილისთი მუსიკას ცვლის და ყურებში ის აკორდები ჩამესმის, ქეთი რომ აჟღერებდა თავის როიალზე ანჯაფარიძეების ძველ სახლში. ჰო, ყველა თქვენი მოგონება და მელოდია თან დამაქვს... ყოველთვის... „ჩიხი“ სულის ნაწილია, „ჩიხი“ დიდი საიდუმლოებების სასაფლაოა, რა მნიშვნელობა აქვს სახელებს? არც არაფერი, როცა იცი რომ სხვა დანარჩენი რეალურია...
მარეზა... ტბა... ღამის სიჩუმე და მოსარკულ ზედაპირზე არეკლილი მთვარის კონტურები. გამოჩნდი... რა იქნება, ერთხელ მაინც დამენახე... ვერ გპოულობ, იაგამი... ისევ ინთება მორიგი ღერი, ნაცნობი სევდით - გვერდზე გადახრილი თავით, თვალს ვადევნებ როგორ მიჩოჩავს ჩვენი გემი ტბის ზედაპირზე და მზერა მიშტერდება. სიგარეტი თითებში უქმად ბოლავს. გვერდით აჩრდილის კონტურებს ვარჩევ. სურნელით ვხვდები ვინაობას და თავს ვხრი, მეღიმება. მთბება, მერე გულზე მეშვება ყველა ის დარდი და სევდა, რომელიც ნაპირთან მახრჩობდა უმოწყალოდ. ვგრძნობ როგორ იკავებს ჩემს გვერდით ადგილს. ფეხმორთხმით ჯდება და თითებიდან სიგარეტს მაცლის. ღრმა ნაფაზს ურტყამს და თავაწეული ზანტად აბოლებს. ყურსასმენებში ფლეილისთი უკანასკნელ თრექს ასრულებს და დუმდება.
- როგორც იქნა, მოგაგენი! - ყურში ჩამესმის ახალმოსულის ჩურჩული.
- ცოტა დაგაგვიანდა...
ვპასუხობ ცოტა ირნოულად. თავს მაღლა ვწევ და მოულოდნელ სტუმარს თვალს ვუსწორებ. სარდიონის სფეროებით მხიარულად უბზინავს და თავისი ჩვეული მომხიბვლელი ღიმილით მიღიმის. ისევ ისეთია... ზუსტად ისეთია, ბოლოს რომ ვნახე. მილენა...
ზმანება, სიზმარი, აგზნებული გონების ანშლაგი, რაც გინდა დაარქვი, „ჩიხის“ ნოსტალგიას, მილენას თბილ ღიმილს, ღამის მდუმარებში აფრიალებულ მის შოკოლადისფერ კულულებს შავი ვოლვოს ფარების შუქი აფერმკრთალებს. ხელის გაწვდენასაც ვერ ვასწრებ, ისე უჩინარდება ჩემი მილენა...
- წარმოდგენა მაინც გაქვს, როგორ შემაშინე?!
ზურგსუკნიდან მესმის პოლონელის ცივი ხმა. კარის ჯახუნი და ფარების შუქიც სანახევროდ იჩრდილება.
- ბელ, ასე მეორედ აღარ მოიქცე! ყველგან გეძებდი! ვინერვიულე.
- მაპატიე, იან.
- სად გაქვს ტელეფონი?! რატომ ვერ გიკავშირდებოდი?
- გატყდა...
უემოციოდ მცდება სიტყვები. მზერა კი მარეზის ტბაზე მიშტერდება სადაც, საათნახევრის წინ ნაფშვენებად ქცეული ჩემი „სამსუნგი“ ჩუმი ბუყბუყით ჩაიძირა ფსკერზე, უკანასკნელ შეტყობინებასთან ერთად - „ ერთხელ გითხარი ეს არასდროს დასრულდება-მეთქი, დღეს კი შენი სახლის გასაღები მდინარეში მოვისროლე. ვაღიარებ, მაჯობე და კიდევ ერთხელ მაგრძნობინე თავი არაკაცად. ბედნიერებას გისურვებ, ახალ ცხოვრებაში. უკან არ მოიხედო, აქ მთელი აღარაფერი დარჩა.“
- კარგად ხარ?
იანი ჩემს გვერდით იმუხლება. სახეზე ვამჩნევ, რომ შეშფოთებულთან ერთად ნაწყენიც არის და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
- არ ვიცი.
გულწრფელად ვპასუხობ და მუხლზე ვეყუდები. არ გაინძრე პოლონელო, შხამისგან დაცლა მაცადე, სულ ცოტა ხნით. ორი, ან სამი წუთის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება, უნდა იყოს, რადგან ასეთი იყო ჩემი არჩევანი, რომელმაც პოლონეთში, შენი სახლის კართან მომიყვანა...


შადოვი/ „ეკლიფსი“ - ბროწეულისფერი ჰორიზონტი, უსიამოვნებები? ასეც შეიძლება ითქვას / 12:05 წთ/ მთვარის 18-ე დღე, მესამე ფაზა.

ღამდება. პოლონეთის ჰორიზონტს ძილისპირული დაეტყო - ბროწეულისფრადაა შეღებილი. ჩამავალი მზის აგიზგიზებული სხივები თაფლისფერ ტონებს ურევენ სიღრმეში ბამბის ქულებად გაბნეულ ღრუბლებს. ისევ მანქანის კაპოტზე ვზივარ, ჩემი საყვარელი ჟოლოს ლუდით ხელში და ხარბად ვისუნთქავ საღამოს გრილ ჰაერს, გაზაფხულის ყვავილების სურნელი რომ დაჰკრავს მორცხვად და გაყინულ ბაგეებზე უნებურ ღიმილს მგვრის - ორაზროვანია ჩემი ფიქრები. რამდენადაც ლამაზია თუნდაც ერთი საღამო, იმდენად ცივი შეუძლია იყოს იმავდროულად. იცი რას ვგულისხმობ? – სირთულეებს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯში. უსიამოვნებებს, ყოველი „წარმატების“ მიღმა. მაინც ჯიუტ ღიმილს მტრული მზერების მიუხედავად და სევდას... ძალიან დიდ სევდას, ხანდახან კარდაკარ მოხეტიალეს, პატრონის მსგავსად... ყოველ წაბორწიკებაში კბილების ღრჭიალით შემაგრებულ გამძლეობას - აი ამას ვგულისხმობ, ანუ სურათს „გაზაფხულს“ მიღმა, ანუ მედალის მეორე მხარეს, რომელიც მაცდურად ბზინავს. გიზიდავს, გიახლოებს და ყოველი შეხებისას თითებზე კანს გიწვავს. მაინც როგორი რთულია მისი მოპოვება...
უღრან ტყეში ვარ, ისევ ტბის პირას, მიყვარს ეს ადგილი. მშვიდია, წყნარი, თან რაღაცნაირია - ძალიან მწვანე, ძალიან ხასხასა და ძალიან სუფთა, შეურყვნელი. მოსარკულ ტბას ფართოფოთლებიანი მცენარეები გაბნევია გულში, თითქოს გამჭვირვალე წყალი ბუნებასთან სიშიშვლეს იმორცხვებსო, ყოველი ქვა და კენჭი მოუჩანს ფსკერზე და მზერა მენთება. მხიბლავს, მნუსხავს, მაჯადოებს ბუნების სისპეტაკე. მთელი დღის სტრესს მავიწყებს, ჩუმ-ჩუმად რომ დაეხეტება ორგანიზმში, მიკედლებული პარაზიტივით.
ყვითელნისკარტიანი იხვები ისე მშვიდად დასრიალებენ ზედაპირზე ცოტა მშურს კიდეც. ცურვა მაინც ვიცოდე. დიდხანს... ძალიან დიდხანს ვიტივტივებდი ზედაპირზე და გაყინულ წყალს ყურადღებას არ მივაქცევდი. ბელს, ყოველთვის იმ ბილიკებით რატომ გინდება სიარული, სადაც იცი რომ გავლა საშიშია? - მხოლოდ ასეთ დროს ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ, მხოლოდ ასეთ დროს ვგრძნობ რომ ვსუნთქავ, მხოლოდ ასეთ დროს ვიაზრებ რომ საკუთარი თავი მხოლოდ მე მეკუთვნის. ჩემი მომავალი კი, ჩემს ხელშია... ესაა კითხვაზე პასუხი, ამ ბოლოს ქვეცნობიერს უშნოდ რომ აეკვიატა.
ლუდი მოვიყუდე. აგზნებული მზერა ვერაფრით მოვწყვიტე ტბას. რა ჭია შემიჩნდა? წყლის მიმართ ასეთი ლტოლვა არასოდეს მიგრძვნია. იქნებ იმიტომ, რომ არც არასდროს ვყოფილვარ „თავისუფალი“? გამეღიმა და ცეცხლისფრად ალაპლაპებული ტბიდან მზერა ისევ სისხლისფერ ჰორიზონტზე გადავიტანე - შევიცვალე? შეიძლება. იქნებ რაღაც დაკარგული ვიპოვე? - არა, სუნთქვა ვისწავლე, სწორად სუნთქვა ვისწავლე. საკუთარი თავის ნდობა ვისწავლე. ოღრო-ჩოღრო ბილიკებზე სიარული ვისწავლე, რომელიც კარგს არაფერს გიქადის თუ ერთხელ მაინც შეგეშლება. ეს ის თამაშია სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, თორემ... ჩაიძირები. ჩამოიქცევი. განადგურდები და რა უნდა ქნა როცა გრძნობ რომ ასეთ დროს მარტო რჩები? - მარტივად გირჩევდი, საკუთარი გამოცდილებით - „ფლეილისთში“ მუსიკა შეცვალე და ახალ ტაქტიკაზე დაფიქრდი იმ შეგნებით, რომ სარკიდან მომზირალი ერთადერთია ვინც უნდა შეინარჩუნო, ერთადერთია ვისაც უნდა ენდო და ერთადერთია ვისი იმედიც უნდა გქონდეს, ნებისმიერი ჩიხის ნებისმიერ განშტოებაში. იოლად ჟღერს, გასაკეთებლად რთულია, მისგან სასურველი შედეგის გამოწურვა ხომ მთლად აუწყობელი კუბიკ-რუბიკია, მაგრამ რეალურია - ერთადერთი რეალური გზაა გამარჯვებისკენ. დამიჯერე...
გრძელ თმაში თითები შევიცურე და უკან გადავიყარე. მსიამოვნებს როგორ მეალერსება ხოლმე ჩამავალი მზის სხივები ხორბლისფერ კანზე - ტუტუცობს, თითქოს გეარშიყება, ვერ გათბობს, მაგრამ შეხებას მაინც გაგრძნობინებს. ნაზად და ალერსიანად. თავბრუსრომდაგახვევს და მაინც თბილად გაგაღიმებს, თავისი ღიმილის დარად, თვალსმიფარებამდე რომ სჩვევია ხოლმე პოლონეთის მუდამ ბროწეულისფერ ჰორიზონტზე.
ისე... რა მოხდებოდა ხატვის ნიჭი რომ მქონოდა? დიდი სიამოვნებით დავიდგამდი მოლბერტს ზუსტად ამ ტბის წინარე ფიცრულზე და იქამდე ამოვითხვრებოდი საღებავებში, სანამ მთელი სრულყოფილებით არ გადმოვიტანდი თვალწარმტაც პეიზაჟს ტილოზე. მერე ჩემს ოთახში დავკიდებდი, საწოლის მოპირდაპირედ ახალგაღვიძებულს პირველი მისთვის რომ შემეხედა, ისევ თავიდან მეგრძნო, ის რასაც იმ წამს განვიცდიდი - გრძნობას, რომელსაც სახელი არ ჰქონდა, მაგრამ ყველაზე ნამდვილი იყო, რაც განმიცდია. გრძნობას, რომელიც ყველაზე ლამაზ ფერებში იხატებოდა ჩემს არსებაში, მხატვარი კი ფუნჯით ჰორიზონტისგან სესხულობდა ბრჭყვიალა და მაინც მსუბუქ ფერთა გამას...
ჯანდაბა, მართლა მთელი გრძნობით დავხატავდი, რომ შემძლებოდა. ისე დავხატავდი, როგორც ჩემი პოლონელი მხატვარი ანდრეი ვილირიელი „პაზლების ქურდიდან“. ანდრეი... თვალები გამიფართოვდა, სულ დამავიწყდა, ის ხომ პოლონელი იყო?! აი ასე ერთ დღეს კარი შემომიღო სახლში და დუჩესთვის საჩუქრად თან „მილენა“ მომიტანა. უნებურმა და რაღაც ძალიან ღრმა დამთხვევამ ისევ უცნაურად გამითბო გული.
ხანდახან გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ, ბელ... საკუთარ თავზე გამეცინა.
ძილი მომერია, მოვითენთე. ბოთლი გვერდით გადავდგი და საქარე მინაზე გადავწექი. თვალები დამეხუჭა და ისე მშვიდად ამოვისუნთქე, თითქოს პირველად იგრძნეს ჟანგბადი ფილტვებმა.
- შეგიძლია გამიბრაზდე... - მყუდროებას შემოეპარა პოლონელის დაბალი ბარიტონი - ამას მხოლოდ შენი უსაფრთხოებისთვის ვაკეთებ. სხვა არაფერი. შეგიძლია ხმა საერთოდ არ გამცე, არც შემომხედო. მაგრამ ღამით მშვიდად დავიძინებ. მეცოდინება რომ უსაფრთხოდ ხარ.
თვალები ავახილე. სევდანად და მაინც მტკიცედ მიყურებდნენ მზესუმზირები „ლურჯი ოკეანეებიდან“. აზრი არ ჰქონდა საუბარს, ვერ გადავათქმევინებდი. გადაწყვეტილება მიიღო, მე აზრს არც მეკითხებოდა. გულის სიღრმეში ვერც ვამტყუნებდი.
საქარე მინაზე შევსწორდი და მზერა სახეაბრაწულ ჰორიზონტზე გადავიტანე. ამოვიოხრე. მომდევნო დილას „ჟელაზნას“ ვტოვებდი...

ერთი დღით ადრე.

სახლში დაღლილი და გუნებამოშხამული დავბრუნდი. ოფისში მუშაობა გამიჭირდა. გონებაარეულმა ბლომად შეცდომები დავუშვი. თავში ათასი რამ მიტრიალებდა პირადით დაწყებული მეგობრებით დამთავრებული. დონის წასვლამ ჟელაზნაზე სიტუაცია სულ მთლად არია. თავისუფლებას მოწყურებულმა მამრებმა სულ მთლად აუშვეს - სმას და ღრეობებს მოუხშირეს. შინ დაბრუნებულს ხან რა საჩივრები მხვდებოდა თანამოსახლეებისგან ხან რა. ტვინადუღებულს აღარ ვიცოდი რომელ ერთზე მეზრუნა.
სანამ ჰოსტელს ჩამოვუვლიდი, გადავწყვიტე რომ ცოტა მეჭამა. შიმშილისა და დაღლილობისგან თავბრუმესხმოდა. თუნუქის ჭიქას ფოლგა ავახიე და გაფშეკილ „ლაფშას“ მდუღარე წყალი დავასხი. გემრიელმა სუნმა ნესტოები ამიწვა. დაილოცოს შენი მომგონი, მარტივია, სწრაფი და განაყრებს თან. ის იყო სუნელებიც ჩავაყარე, თავზეც დავახურე, რომ სამზარეულოში თამარი შემოვიდა და როგორც კი თვალი მომკრა მაშინვე ჩემკენ გამოემართა. პირი გავაღე, უნდა მეთქვა ჯერ ჭამა დამაცადე და მერე მოგისმენ-თქო, რომ როზას სახელის ხსენებაზე ყველაფერი გადამავიწყდა.
- ანაბელ, როზა ოთახშია და ტირის. მთელი დღეა თვალები დაისივა. არავის გველაპარაკება, მარტო შენ მოგისმენს, იქნებ დაელაპარაკო?
- რა მოხდა? - უკვე კიბეებზე ავრბოდი.
- თემომ უყვირა. აბაზანაში შესვლა დაასწრო და ხომ იცი მისი ხასიათი, როგორ იცის ხოლმე, გაბრაზდა და ხმამაღლა დაიწყო გინება... როზას შეეშინდა და...
აღარ ვუსმენდი, როზას საძინებლის კარი შევაღე. თამარასთან და მაიასთან ერთად ცხოვრობდა მოხუცი. საკუთარ საწოლზე მოკუნტული იწვა. ჩემს ნაჩუქარ საბანში გახვეულს ცრემლიანი თვალებით ჩასძინებოდა. გული მომეწურა. ვინ შეგაშინა ბებო? ვიგრძენი ძარღვებში როგორ ამემღვრა სისხლი. ცივად გამოვბრუნდი უკან და მესამე სართულზე ავირბინე და თემოს კარზე მთელი ძალით დავაბრახუნე. სახელური მოვსინჯე. ღია დამხვდა, ნებართვას არც დავლოდებივარ ისე შევაღე. დაბნეული და გაოცებული შუახნის კაცი მაშინვე ფეხზე წამოიჭრა.
- რა ხდება?
- რა ხდება? - კარი ზურგსუკან მივაჯახუნე - დედის ტოლა ქალს პირველყოფილივით ბოლო ხმაზე უყვირი და მე მეკითხები რა ხდება? სულ შეიშალე ამხელა კაცი?!
- რა? - დაიბნა.
- წყობიდან არ გამომიყვანო! - თითი გამაფრთხილებლად მივუშვირე, მისი თავის გამოშტერება სულ მთლად მაგდებდა კალაპოტიდან - ახლავე ჩახვალ და როზას ბოდიშს მოუხდი, თორემ ჩემს პატარა ძმას ვფიცავ მწარედ განანებ!
- არ ვიცოდი, ის თუ იყო სააბაზანოში, მეგონა...
- ფეხებზე რა გეგონა! - ვუყვირე გაკაპასებულმა - თავი ვინ გგონია, რომ ხალხს უყვირი და უთითებ ვინ როდის და რა უნდა მოიხმაროს ამ სახლში?! ვინ გგონია-მეთქი შენი თავი?! ეს პირველი შემთხვევა? არა! აქამდე თვალს ვხუჭავდი, რამდენჯერმე დელიკატურად გაგაფრთხილე ხმის ტონი აკონტროლე ხალხთან-მეთქი, ეს კი გაფრთხილება არაა! ჩახვალ და იმ ქალს ბოდიშს მოუხდი! ყველაფერს ვფიცავ, როზას თვალზე ცრემლი კიდევ რომ ვნახო ამ ღამევე დაგატოვებინებ ჰოსტელს! ამ ზომამდე არ მიმიყვანო!
- ანაბელ, - გადაფითრდა - მე მართლა არ მეგონა, რომ ბებო...
- როდის და სად ვიკითხე, რა გეგონა და რა არა?!
ბოღმა კისერში მომაწვა. ასეთი გაცოფებული მას შემდეგ არ ვყოფილვარ, რაც ჩემს ძმას ლამის თვალი გამოსთხარეს და ხალხი ჩამიდგა შუაში ის პატარა ქვის მსროლელი შუაზე რომ არ გამებრდღვნა წიწილივით.
- ჯერ იმ ქალს დაამშვიდებ და მერე მე და შენ გავარკვევთ შენს უფლებებს ამ სახლში. რახან ირაკლი წავიდა ეს იმას არ ნიშნავს რომ თავზე უნდა გადაიჯვათ ყველამ! სანამ სიბოროტეს არ გავაკეთებ, იქამდე ვერ უნდა იგრძნოთ, რომ აქ ხალხი უპატრონოდ არაა?! თუ დანელიას იმედი გაქვთ? იმასაც მივწვდები ჯერ დამაცადე!
გაცოფებულმა ოთახის კარი გამოვიჯახუნე და კიბეებზე ჩავირბინე. გააფთრებულმა დანელიას მივუბრახუნე კარზე ისე მძიმედ ვსუნთქავდი, გული ყელში მებჯინებოდა. ჰოსტელის „ბრიგადირმა“ სამი წუთის შემდეგ გამიღო კარი, ნამძინარევს თვალები ებლიტებოდა.
- რა ხდება? - უკმეხად მომიგდო, როცა მე შევრჩი ხელში.
- ახლავე გეტყვი რაც ხდება, - ტკბილად გავუღიმე - სამი საღამო გადაბმული სმა, - თითებზე დავიწყე ჩამოთვლა - ბოლო ხმაზე გინება და თეფშების მსხვრევა სამზარეულოში, სხვა ინვენტარზე აღარაფერს ვამბობ. ეს რასაც მე შევესწარი და პლუს ამას თავზეგადაჯმული შენი სასტავი, რომელიც ქალებთან ხმის ტემბრს ვერ აკონტროლებს. დანელია, შენ „ბრიგადირი“ ხარ, თუ „ჟელაზნას“ წურბელა, რომელიც ღამ-ღამობით მაცივრიდან ხალხის საჭმელს იპარავს?!
- ერთი წუთით, ახლა მოიცადე!
ხმას აუწია ტყიურმა და ერთი ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. წარბი არ შემიხრია. ამ ცხოველის არც არასდროს მეშინოდა და გაბოროტებულზე შემეძლო ხელითაც შევხებოდი, ორი სიტყვა არასწორად რომ ეთქვა. მართალი ხარ დედაჩემო, შეცდომით გავჩნდი გოგოდ!
- მე მოვიცადე, „გძეტა“ ერთი კვირა! - შევაწყვეტინე ცივი ღიმილით - შედეგად კი „ჟელაზნა“ კოლონიად იქცა. აი აქ დამთავრდა შენი მოღვაწეობა, ამის პირობას მე გაძლევ! პირში გეუბნები, ზურგსუკან ტურასავით რომ არ არკვიო ვინ „გამიჩალიჩაო“.
ბოღმისგან გასიებული და თვალებდაქაჩული საძინებლის კართან მივატოვე და კიბეებს ავუყევი. გზად შევამჩნიე როზას კართან ატუზული თემო, კარის ღრიჭოდან რომ ებოდიშებოდა მოხუცს, რადგან ქალი შიგნით არ უშვებდა და არც გარეთ გამოდიოდა სასაუბროდ. დონ, სად ხარ? სად?! ამ საგიჟეთში მარტო როგორ მიმატოვე?!
განერვიულებული და გაღიზიანებული მესამე სართულის ვერანდაზე გავედი სიგარეტის მოსაწევად. ის იყო ერთი ღერი ამოვაძვრინე, რომ გამახსენდა წყეული სუპი სამზარეულოში დამრჩა. მშიერ კუჭზე მოწევა უარესად გამხდიდა. ჩუმი ლანძღვა-კურთხევით ჩავაბრუნე ღერი კოლოფში და სამზარეულოში ჩავირბინე. თუნუქის ჭიქას ხელი წამოვავლე. გამობრუნებას ვაპირებდი, რომ სამზარეულოდან ეზოში გამავალ კართან მდგარ სავარძელში ნიკუშას მოვკარი თვალი. თავი მუხლებზე ედო და ჩუმად ბუტუტებდა რაღაცას.
სუპი ადგილზე დავდგი და წარბშეკრული მისკენ გავემართე. მის ფეხებთან ჩავიმუხლე და თავი ავაწევინე. სახემოქცეულს თვალები სადღაც გაურბოდა. გაფითრებული საერთოდ არ იყო ამ ქვეყანაზე. პირკატა მეცა.
- ნიკუშ! - შევანჯღრიე. - ნიკუშ, რა გჭირს?
- არაფერი არ სჭირს, ცოტა დალია!
მომესმა ზურგსუკნიდან. მივიხედე და ხელში ჩემი საძულველი კარის მეზობელი შემრჩა. დასანახად ვერ ვიტანდი ამ ტიპს. იანს მუდამ ლანღავდა და აგინებდა. ეს იმ არანორმალურის მეგობარი იყო, რომელიც პირველ ღამეს სახლიდან გააპანღურა პოლონელმა. ის ღამე არც ერთს არ შეგვარჩინა და შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ რომელიმესთვის არ წაეკბინა. მე შეურაცხყოფას ვერ მიბედავდა, მარტო გველური კომენტარებით თუ შემოიფარგლებოდა ხოლმე. აი იანს კი არ ზოგავდა, ისიც იმიტომ, რომ პოლონელს მისი ენა არ ესმოდა - კრისა!
- რას ნიშნავს ცოტა დალია?! - ხმას ავუწიე და გულგახეთქილი მეგობარს მივუბრუნდი. უნიათოდ აკანტურებდა თავს და უსუსური მცდელობით ცდილობდა ჩემი ხელები მოეშორებინა - ნიკუშ, ჩემი გესმის?!
- შემეშვი... მომეშვი...
ბურტყუნებდა გაბრუებული. მგონი საერთოდ ვერ მცნობდა.
- რა გაუკეთეთ?
- მე რა გავუკეთე, ტო, შენ ხომ არ უბერავ!
- ტონი და სიტყვები აკონტროლე, მეტრეველი! - ფეხზე წამოვდექი. ეს რა დღე გამითენდა?! - გეკითხები რა სჭირს-თქო? სად დალია ამდენი, რომ სახე არ აქვს?!
- ფირანას დაბადების დღე იყო რა, - მხრები აიჩეჩა ნასვამმა და არეული მზერა მოატარა ლუდის ქილებით მოფენილ ეზოს. ახლაღა შევამჩნიე საღორე! ისე ვიყავი არეული გზად არაფრისთვის მომიკრავს თვალი - ცოტა გავერთეთ, რა მოხდა? სულ რომ ციხის ზედამხედველივით ყვირიხარ! გოგონი, ცოტა შენც დალიე, იქნებ მოგეშვას?!
- უკაცრავად, რა მითხარი? - ვიგრძენი, როგორ ამენთო წითელი.
- ჰო, რა იყო, რო? - ჯიბეებში ხელებჩაწყობილი რწევით გაიჯგიმა - ისე მაგრად კი მევასები, მაგარი თავისუფალი გოგო ხარ, შენს გემოზე ატრაკებ და იღებ კიდეც რასაც გინდა! მარტო მაგიტო გაფასებ! ისე... ცოლად მოგიყვანდი, უკვე ცოლი რომ არ მყავდეს!
- შენ სულ გამოდებილდი, ბიჭო?!
გაოცებულს წამით სიბრაზეც კი გადამავიწყდა. მის ნათქვამში გარეულ ქარაგმაზე გულმუცელი ამომეწვა. რას ნიშნავდა „თავისუფალი გოგო?“
- ჰო, რა იყო, უარს მეტყოდი?! - გაპუტული მთვრალი მამალივით წამეჭიმა - შენ ვინ შეგეკითხებოდა, გოგო, რომ მინდოდე?!
არც ვაციე, არც ვაცხელე - გაშლილი ხელი პირდაპირ სიფათში ვლეწე. საკმარისი გამოდგა მისთვის, რომ ცოტა მოფხიზლებულიყო და მოულოდნელობისგან თვალები დააჭყიტა.
- ანაბელ!
უცებ ისე შევკრთი, თითქოს ჩემთვის ხელი შემოებრუნებინოს. ამ ხმამ ცივი წყალი გადამავლო სხეულზე. წარბშეკრული პოლონელი გაზონზე დაყრილ ბინძურ ქილებში მოიკვლევდა გზას. პირგამეხებული ქორივით წაგვადგა თავზე.
- აქ რა ხდება?
- არაფერი, იან... - ავირიე. ახლა რაღაც ძალიან ცუდი მოხდებოდა.
- არ გაბედო და არ მომატყუო! - ასეთი მკაცრი პოლონელი არასოდეს მინახავს. სახე გაჰქვავებოდა. - გეკითხები და სიმართლე მითხარი, რამე გაკადრა?
- იან, მთვრალია...
- რა გითხრა-მეთქი?!
- ოეეე! - გონს მოსული მეტრეველი ჭიაყელასავით გაიკლაკნა და პოლონელს აესვეტა სახესთან - ბიჭო, ამ ბოთლს ავიღებ და თავზე გადაგამტვრევ! გაიგე შენ?! ვის ებლატავები, ბლიად! ეს დედამოტ,ყნული პოლონელები ყელში ხართ უკვე!
მარჯვენა ხელში ლუდის ბოთლი მუქარით აღმართა მაღლა.
- უკან დაიხიე, თორემ მე თვითონ გადაგამტვრევ მაგ ბოთლს თავზე! - სანამ იანი გონს მოეგებოდა შუაში ჩავდექი და მკერდში ვუბიძგე ნასვამს. - გაეთრიე აქედან!
- ზურა!
ჰოსტელიდან თემო მორბოდა ძმაკაცისკენ. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და უნდოდა იქამდე გაერიდებინა, სანამ სიტუაცია გამწვავდებოდა, მაგრამ შექმნილ ვითარებას ვეღარაფერი დაამძიმებდა. პოლონელის გაყინულ მიმიკაზე ვკითხულობდი ბევრის აღსასრულს.
თემო მეტრეველს ქეჩოში ჩააფრინდა და აღრიალებული ძმაკაცი ძალით წაათრია სახლიკენ. იანმა აუღელვებლად გააყოლა თვალი და შემდეგ მე მომიბრუნდა.
- ყველაფერი გასაგებია! - ყინულივით ცივი ხმა ჰქონდა მუდამ თბილ ქერა კაცს - ვოვასთან დავრეკავ, რომ ეს ჩემს ჰოსტელს დღესვე გაარიდოს, ან საკუთარი ხელით გავისრვი ქუჩაში. მეორე, შენ ბარგს ჩაალაგებ და აქედან მოდიხარ.
- მაგრამ იან...
- შეკამათების გარეშე! - თითი მომიშვირა სახიფათო მზერით - შენ თუ გგონია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ აქ წამით მაინც გაგაჩერებ, საერთოდ არ გცნობივარ ანაბელ, ან სულ გაგიჟებულხარ!
- აქ მეგობრები მყავს, მათ მარტო ვერ დავტოვებ! რა ეშველებათ ამ ცხოველების ხელში!
- ყ,ლეზე ! - პირველად გავიგონე მისგან ასეთი სიტყვები - ბარგი ჩაალაგე-მეთქი, ყველამ თავის თავს მიხედოს. შენ აქ საფრთხე გემუქრება და ეგ ჩემი თვალით დავინახე. არ მეუბნები რა გითხრა და არცაა საჭირო, საკმარისი ვნახე. სასწრაფოდ ოთახში-მეთქი!
სახლისკენ გაიშვირა თითი, თან ტელეფონი ამოიღო. ალბათ, ვოვასთან რეკავდა. აცრემლებული ნიკუშას მივუბრუნდი, მინდოდა მეკითხა როგორ ხარ-მეთქი, მაგრამ გაცოფებულმა პოლონელმა დამიცაცხანა მოეშვი და გააკეთე რაც გითხარიო. ნიკას ჩემი არსებობა არც შეუმჩნევია. მარტო დალეული არ ჰქონდა. ვხედავდი, რომ ისევ დაუბრუნდა იმას, რასაც საქართველოდან გამოექცა და აცრემლებულმა ზურგი ვაქციე. ოთახში ავირბინე და გამწარებულმა ბარგის ჩალაგება დავიწყე.
ნერვებისგან ორი ბალიშისპირი შემომეხა. ყველა ნივთს ჩემოდანში ჩავუძახე, ზოგი პარკებში გადავანაწილე და მოქანცული საწოლზე ჩამოვჯექი, რომ კარიც გაიღო და გაბოროტებული იანი საძინებელში შემოვიდა.
- ამის დედაც! მარია სახლში არაა, დღეს მუშაობს და ოთახი დაკეტილი აქვს, საკეტის გასაღები კი არ მაქვს. სხვაგან ადგილი არ მაქვს და არც წაგიყვან, მარტო სპულნაზე გადახვალ და ეს დილამდე ვერ მოხერხდება!
სკამზე მძიმედ დაეშვა და ქოჩორზე ხელი გადაისვა. ისეთი პირგამეხებული იყო სიტყვის შებრუნება ვერ გავუბედე. მომხდარის მიუხედავად წასვლა არაფრით მინდოდა, რა ეშველებოდა როზას ამ ტყიურებში?
- ასე მოვიქცეთ - თავი ასწია - კარს გადაკეტავ და დღეს ოთახიდან არ გამოხვალ, თუ რამე გჭირდება საპირფარეშო ან სამზარეულო ახლავე მოითავე, მე აქ ვიქნები და დაგელოდები. შემდეგ კი ოთახში შეიკეტები და კარს არაფრის დიდებით არ გააღებ, სანამ მე არ მოვალ. მოწევა თუ მოგინდება ფანჯარა გამოაღე და ოთახში მოწიე. გასაგებია?
- კარგი.
- ანაბელ, არ ვხუმრობ, დღეს ოთახს არ დატოვებ-მეთქი!
- გავიგე, იან.
- ძალიან კარგი. გარეთ გასვლა გინდა?
- არა.
- გშია?
- არა.
- მაშინ მე წავედი!
ფეხზე წამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს განწყობას გრძნობდა იმ წამს ეკიდა და როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვყოფილიყავი, ვაღიარებ, რომ სამართლიანადაც მაიგნორებდა. კიდევ ერთხელ გამიმეორა მითითება და კარი გაიხურა. სანამ გასაღების ჩხაკუნის ხმა არ გაიგონა, იქამდე არ გამიგია მისი ნაბიჯების ხმა ჩამავალ კიბეებზე.
მარტო დარჩენილმა ცარიელ ოთახსა და აშლილ ლოგინს მოვავლე თვალი. ნუთუ „ჩემს სახლს“ ვტოვებდი? თვალები ამეცრემლა. ერთი რიგითი ხმაურიანი საღამო ასე თუ დასრულდებოდა რას ვიფიქრებდი?! ისევ მოწყვეტით დავენარცხე საწოლზე და სახე ხელებში ჩავრგე.
იმ ღამეს იანი იქამდე მწერდა, სანამ არ ჩამეძინებოდა გაუხდელად მიგდებულს. ლოგინის ხელახლა გაშლა დამეზარა და არც მინდოდა. სულ ერთი იყო, ჩემთვის. მთელი ღამე ანერვიულებული მიგზავნიდა შეტყობინებებს, ვინმე ხომ არ გაწუხებს, ერთი ზედმეტი კაკუნი კარზე და ეგრევე დამირეკე შენთან გავჩნდები, სოცქსელს ჩართულს ვტოვებო, მაგრამ იმ ღამით არავის შევუწუხებივარ. მე არ მეშინოდა მათი. თავგასული სითავხედისა და უთავმოყვარეო საქციელების მიუხედავად, მშვენივრად ვიცოდი როგორ ვირთხებთან ერთადაც ვცხოვრობდი - ამათ მარტო სიტყვების რახარუხი შეეძლოთ, რეალური ზიანის მოტანის ნაცვლად. იანი კი არ მეთანხმებოდა, სიმთვრალეში ათასი საშინელება შეიძლება მოუვიდეს თავში ავადმყოფ მანიაკსო. თუმცა, მისი წინასწარმეტყველება არ გამართლებულა, ლეპტოპზე დამეძინა გადაღლილს. ჩემი ტელეფონი ხომ მივაფშვენი, არა? მეორე დილას, ადრიანად დამადგა თავზე. მთელი ჩემი ბარგი მანქანაში გადაიტანა, ხელი წამავლო, მანქანაში ჩამტენა და დანარჩენებს დაუბარა, რომლებიც ეზოში გამოფენილიყვნენ ჩემი უეცარი აბარგებით გაოცებულები - თქვენ მოგვიანებით მოგხედავდთო და გაზის პედალს ტერფი მიაწება...

პ.ს. მაპატიეთ, მეგობრებო რომ ასე იშვიათად ვახერხებ ხოლმე გამოჩენას <3 <3 :((( იმედი მაქვს არ მიბრაზდებით. ჩანაწერებიდან გამომდინარე კი ხვდებით როგორი სიტუაციაც მაქვს. ((( მენატრებით და მიყვარხართ ყველა (( <3 <3



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ანაბელ შენ ძლიერი გოგო ხარ და ყველაფერი კარგად იქნება

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი მანანა
ანაბელ შენ ძლიერი გოგო ხარ და ყველაფერი კარგად იქნება


სხვა რა გზაა უნდა იყოს, ქალბატონო მანანა <3 <3 <3 ეგ არაფერი კატასტროფა არაფერი მომხდარა. ამ ყველაფერს ღიად იმიტომ ვწერ, რომ ძალიან ბევრს ემიგრანტი - "ემიგრანტი" ჰგონია, სინამდვილეში კი ასე არ არის...

 


№3  offline წევრი beshqen

ვაიმე ბელ,ეს რა დღეში ხარ,გული დამიმძიმდა,არ ინერვიულო,ყველაფერს ეშველება,გამაგრდი,იანი გიცავს,რაც მთავარია და არც შენ ხარ სუსტი..დალაგდება არეული სულიც და დამშვიდდები მალე,მერე შეძლებ წერასაც და სხვა ყველაფერსაც,,,შენს გვერდიტ მიგულე kissing_heart საკუტარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვი, რომ სჯობს სყვარელ ადამიანებს გაუმხილო რასაც გრზნობ და გულში არ ჩაიტოვო,აგრზნობინე ის,რასაც განიცდი მათ მიმართ,ცხოვრება ისეთია,დღეს ვართ და ხვალ არვიცით რა გველოდება,გულში ხინჯად გაგყვება ყოველი უთქმელი სიტყვა,რაც გინდოდა და ვერ გააკეთე,ასე რომ შემდეგისVის გაითვალსწინე,გაფასებ და მიყვარხარ

 


№4  offline წევრი შამხათი

კი მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა შენს თავს, რომ აღარ გამოჩნდი. თავს გაუფრთხილდი, ბელ, კიდევ კარგი, იანია შენს გვერდით.

 


№5  offline ახალბედა მწერალი belle...

beshqen
ვაიმე ბელ,ეს რა დღეში ხარ,გული დამიმძიმდა,არ ინერვიულო,ყველაფერს ეშველება,გამაგრდი,იანი გიცავს,რაც მთავარია და არც შენ ხარ სუსტი..დალაგდება არეული სულიც და დამშვიდდები მალე,მერე შეძლებ წერასაც და სხვა ყველაფერსაც,,,შენს გვერდიტ მიგულე kissing_heart საკუტარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვი, რომ სჯობს სყვარელ ადამიანებს გაუმხილო რასაც გრზნობ და გულში არ ჩაიტოვო,აგრზნობინე ის,რასაც განიცდი მათ მიმართ,ცხოვრება ისეთია,დღეს ვართ და ხვალ არვიცით რა გველოდება,გულში ხინჯად გაგყვება ყოველი უთქმელი სიტყვა,რაც გინდოდა და ვერ გააკეთე,ასე რომ შემდეგისVის გაითვალსწინე,გაფასებ და მიყვარხარ


ძალიან დიდი მადლობა ბექუშ <3 <3 <3 მეც ძალიან მიყვარხარ ძვირფასო ^_^ <3 <3 <3 რაც შეეხება რჩევას ვეცდები გავითვალისწინო (ხომ იცი ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო...) <3 ნუ მაინც და მაინც მაგარი სიტუაცია არაა, მაგრამ ეგ არაფერი. აქ ასეთი ამბები ბუნებრივია, მივეჩვიე, ჯერ სად ხარ, კიდე რეები უნდა მოგიყვე ;დდდდ <3 <3 <3 დღეს დავდებ ალბათ კიდევ, მორიგი შოკი რომ არ გაგიზიაროთ რა გამაჩუმებს ;დდდდდდდდდ <33333333333 პ.ს. დიდი მადლობა თანადგომისთვის, მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ და გაფასებ <3 <3 <3

შამხათი
კი მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა შენს თავს, რომ აღარ გამოჩნდი. თავს გაუფრთხილდი, ბელ, კიდევ კარგი, იანია შენს გვერდით.


ხო ნუ აბა, რომ ვიკარგები ხოლმე ხან რა გართულებას ვუმკლავდები ხან რას, მაგრამ რაც მთავარია ვუმკლავდებით სხვა დანარჩენი ცხოვრებიეული "იამკებია" ;დდდდ <3 <3 ეგ არაფერი, ჩემზე არ ინერვიულოთ პატარა კი ვარ, მაგრამ მაინც "პაზლების ქურდი" ;დდდ <3 <3 მიყვარხართ ძალიან ^_^ <3 რომ ვიცი აქ მელოდებით ხოლმე რა მომკლავს <333333333333

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

მეთქი როგორ დაიკარგა და თურმე რა ამბებში ხარ (((
ძალიან განვიცადე ყველაფერი.

 


№7  offline ახალბედა მწერალი belle...

მე♥უცნაურე
მეთქი როგორ დაიკარგა და თურმე რა ამბებში ხარ (((
ძალიან განვიცადე ყველაფერი.


არაფერი ისეთი <3 <3 უსიამოვნებები კატასტროფა არაა <3 <3 ყველაფერი კარგად იქნება ^_^ <3 <3 უბრალოდ ამ ეპიზოდებით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ზოგს რომ ჰგონია თავისიანს საზღვარგარეთ უშვებს და ისიც სახეს იხევს მუშაობით ასე არაა )) ძალიან ბევრი ჩემი თანამაცხოვრებელი თავიანთ ფინანსებს სასმელში და გვერდით ქუჩაზე მცხოვრებ ბარიგასთან ანიავებს მოსაწევში <3 აი ეს კი ნამდვილად უსიამოვნებაზე მეტია, ჩემთვის ნაკლებად მაგრამ მაინც პრობელემებს ქმნიან...

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

ხო ფრთხილას იყავი და თავს გაუფრთხილდი,შენზე გაბრაზება როგორ შეიძლება,ძნელია ემიგრაცია,გამოცდილი მაქვს,ისე აურიეს ქართველებმა რომ შეგრცხვება.სამწუხაროდ,

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან ვწუხვარ ასეთ მდგომარეობაში გიწევს ყოფნა და ჩვენძე ფიქრობ ძალიან მაგარი გოგო ხარ და თან ძლიერი ძალიან მინდა ყველაფერი კარგად ქონდეს წარმატებები ჩემო კარგო♥️♥️♥️

 


№10  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი nancho
ხო ფრთხილას იყავი და თავს გაუფრთხილდი,შენზე გაბრაზება როგორ შეიძლება,ძნელია ემიგრაცია,გამოცდილი მაქვს,ისე აურიეს ქართველებმა რომ შეგრცხვება.სამწუხაროდ,


ასეთია მათი რეალური სახე აქ )) რა თქმა უნდა, ყველა ასეთი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ 50% ვსაუბრობ. ჯერ უცნობი პოლონელები რომ იგბენ ქართველი ვარ, სახეზე უსიამოვნო გამომეტყველებას ვამჩნევ ხოლმე )) კი, სამარცხვინოა...

სტუმარი ნესტანი
ძალიან ვწუხვარ ასეთ მდგომარეობაში გიწევს ყოფნა და ჩვენძე ფიქრობ ძალიან მაგარი გოგო ხარ და თან ძლიერი ძალიან მინდა ყველაფერი კარგად ქონდეს წარმატებები ჩემო კარგო♥️♥️♥️


ძალიან დიდი მადლობა, ნესტანი ^_^ <3 <3 ჩემო საყვარელო, კარგად ვარ, ამაზე არ იფიქრო ^_^ <3 <3 მეც ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში <3 მადლობა თანადგომისთვის ^_^ <3 <3

 


№11 სტუმარი Nino

Anabel chixs agar dadeeb?????

 


№12  offline ახალბედა მწერალი belle...

Nino
Anabel chixs agar dadeeb?????


ჯერ არ დამისრულებია. ნელ-ნელა ვწერ, რასაც ვასწრებ იმის შესაბამისად. როგორც კი დავასრულებ მაშინვე ავტვირთავ <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent