ნაბიჯები 14 თავი
27 აგვისტო, 2019 წელი *** - შიგნით რამე მოხდა? - მეკითხება სოფი, მზის სათვალეს იხსნის და მიახლოვდება. ღმერთო, არა... ოღონდ ახლა მისთვის არ მქონეს რამე ასახსნელი. - არა, არაფერი. დაივიწყე. - გაღიმებას ვცდილობ, ცრემლებს ვიწმენდ და მანქანისკენ ვბრუნდები. - მაპატიე, სოფი, უნდა წავიდე. ჯერ კიდევ შიგნით არიან დანარჩენები. - მარი... - მხარზე მადებს გოგო ხელს. ვბრუნდები. - მოდი, ვილაპარაკოთ.. თუ არ გეჩქარება. - რაზე? - ვეკითხები. - იმაზე, რაზეც ტირი. - ამბობს და მელოდება, როდის ვუპასუხებ. დაბნეული ვაკვირდები მის თვალებს. იცის? არა, გიორგი ამას არ ეტყოდა. ჩემს ფურცლებზე არ მოუყვებოდა, გამორიცხულია. მაგრამ აშკარაა, ჩემი ტირილის მიზეზთან ახლოსაა. - შენთან ეს არ გამოვა, სოფი. - გამოვა. სანამ წავალ, რაღაცები უნდა გავარკვიოთ. - კარგი. - ვეუბნები. ის თავს მიქნევს და ეზოში შესულს მივყვები. ისე ვარ დაღლილი, ემოციებისგან, რომ ვეღარ გავრბივარ. ძალა არ მაქვს, რომ მიზეზები მოვიფიქრო და გოგოსთან საუბარი თავიდან ავიცილო. ცუდად მხდის ეს „რაღაცები უნდა გავარკვიოთ“, მაგრამ უკან დახევაზე ფიქრსაც კი ვერ ვახერხებ. შესასვლელისგან მოშორებით სკამზე ვსხდებით. სოფი ერთხანს არტ-ჰოლის შენობას ავლებს თვალს და მერე ჩემსკენ ბრუნდება. - ალბათ იცი, მე და გიორგი რომ დავშორდით. - ამბობს ის და ქვემოდან მიყურებს. თითებში მომწყვდეულ სათვალეს მოუსვენრად ატრიალებს. კანზე ეკალი მაყრის. როგორც ჩანს დავითის წვეულებიდან წასულებმა ამაზე ილაპარაკეს. იცის, რომ გიორგი არაფერს მიმალავას, მაგრამ ის არ იცის, რომ რამდენიმე დღეა ჩვენ უკვე მეგობრები აღარ გვქვია. - არ ვიცოდი, მაგრამ... ჩვენ... ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, მითხრა, რომ აპირებდა შენთან ამაზე საუბარს. - მაგრამ არ უთქვამს, რომ დავშორდით? - წარბებს ჭმუხნის ეჭვით. - არა. - უცნაურია. მეგონა ამას პირველი შენ გაიგებდი. რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, ჩემს სახლში მისულს ფურცლები რომ არ ეპოვა და უბრალოდ დამლოდებოდა. იქ ალბათ ამაზე სასაუბროდ იყო მოსული. - რამდენიმე დღეა, არ მინახავს. მე... ფორმების კერვა დავიწყე და მთელი დღე მაიკოსთან ვარ. ამის გამო... - მარი, ვხვდები, რომ რაღაც მოხდა. - მაწყვეტინებს სოფი. - ახლა გიყურებ და ამას ვხედავ კიდეც, მაგრამ არ გკითხავ არაფერს. მგონი აღარ მაქვს უფლება იქ ჩავერიო, სადაც ამდენი წელი ვერეოდი. რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს უკვე შენი საქმეა. - რას გულისხმობ? - გული გამალებით მიცემს. ვგრძნობ, როგორ მევლება სხეულზე ცივი ტალღა და გოგოს დაბნეული ვუყურებ. შეუძლებელია ისიც იმას გულისხმობდეს, რასაც ნანიკო ჩამძახოდა მთელი ეს წლები. - ხო, ბოლო წამამდე ცდილობ დამალვას, მაგრამ ვფიქრობ უკვე გვიანია. - ტუჩს შიგნიდან იკვნეტს გოგო და მკრთალად მიღიმის. - იცი ახლა როგორი საუბარი მინდა გამოგვივიდეს? შენ და გიორგი რომ აწყობთ ხოლმე. შეიძლება ადგილი არა, მაგრამ მგონი კარგი დროა ამისთვის. გამოგვივა? - შენ თუ ასე გინდა, გამოგვივა, სოფი. - თავს ვუქნევ გოგოს. - სულ, სულ პირველი მომენტი უნდა ვახსენო, გიორგი რომ შემიყვარდა, აი ის. არ ვიცი, შენს შემთხვევაში ეს როგორ იყო, მაგრამ მე ისეთი აღტაცებული ვიყავი, მის გარდა არაფრის შემჩნევა აღარ მინდოდა. - სოფი... - თავისით მცდება გოგოს სახელი. ისე მოულოდნელად სვამს წინადადებაში გიორგის მიმართ ჩემი გრძნობების ფაქტს, რომ შეკითხვასაც კი არ მისვმას, იქნებ ცდება. ის დარწმუნებულია. გაოგნებული სიტყვებსაც ვეღარ ვუყრი თავს. - ხო, - თავს მიქნევს და მეუბნება, რომ ყველაფერი იცის. - დასაწყისი მართლაც არაჩვეულებრივი იყო. თავბრუდამხვევი და მღელვარე. მომდევნო წლებიც. მაგრამ წლები. შვიდი წელი. დღემდე მიკვირს უკანასკნელი რამდენიმე თვე, როცა წარსული მახსენდება. მიკვირს ეს როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტია - ჩემი და გიორგის ურთიერთობა ჩვევაში გადაიზარდა ისე, რომ ვერც კი გავაცნობიერეთ. ძალიან ბევრ რამეს ძალიან გვიან მივხვდი, მარი. იმდენად ვიყავი გიორგის ნაჭუჭში მოქცეული, რომ ბევრ დეტალს არ ვაქცევდი ყურადღებას. ახლა ვხედავ წარსულს. ახლა, როცა გიორგის მიმართ ძველებური გრძნობები აღარ მაქვს, ძალიან ბევრ რამეს ვხედავ. მომიყვები? - რას? - ხმა მებზარება, მაგრამ თავის ხელში აყვანას ვახერხებ. ვუყურებ მის თითებს, მშვიდად რომ ასრიალებს ერთმანეთში და ვერ ვხვდები, ამხელა ძალას როგორ პოულობს, რომ ჩემთან ილაპარაკოს ამ ყველაფერზე. - ასე როგორ ახერხებდი გრძნობების დამალვას. - ამის მოსმენა რატომ გინდა? - ამას ისე გეკითხები, როგორც მეგობარი და არა როგორც გიორგის ყოფილი შეყვარებული, მარი. ნუ დარდობ, ეგ მე გულს აღარ მატკენს. - ჩვენ თავიდანვე მეგობრობით დავიწყეთ, სოფი. - ერთი წამით სუნთქვას ვიკრავ და მოულოდნელად ჩამოღვრილ ცრემლს ვიწმენდ. - სანამ ბავშვები ვიყავით და მარტონი ვიყავით, ვჯერდებოდი ჩემს წილ სიყვარულს. აზრადაც არ გამივლია, რომ გიორგის ვინმე შეუყვარდებოდა. მყოფნიდა მისი მეგობრობა. მოგვიანებით, როცა მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები გაცილებით სერიოზულ სახეს იღებდა, შემეშინდა. მისგან მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულება იგრძნობოდა და მე ჩემი სიყავრულის გამხელით, ამ მეგობრობას საფრთხეს ვუქმნიდი. მეშინოდა, რომ თუ თავს გავანდობდი, იგივეს ვერ მივიღებდი და საერთოდ დავკარგავდი იმას, რაც ძვირფასი იყო. მერე გამოჩნდი შენც. ვხედავდი, როგორ იზრდებოდა თქვენს შორის მიზიდულობა. გიორგი ბედნიერი იყო შენთან და ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. გაგიცანი სოფი და მივხვდი, რომ შენზე უკეთესს გიორგი ვერავის იპოვიდა... - ხო, შიშის ბრალია. შიშის ბრალია ის, რაც შენ გამოიარე ამ წლების მანძილზე და დარწმუნებული ვარ, იგივე შიში ჰქონდა გიორგისაც. ტუჩებზე ვისვამ თითებს და ორი წამით თვალებს ვხუჭავ. ისევ ამაზე საუბარი და ახლა ვისგან? ადამიანისგან, რომელმაც შვიდი წელი გაატარა გიორგის გვერდით. შვიდი წელია ჩემი მეგობარია და ახლა მანაც ის უნდა მითხრას, რომ გიორგის ვუყვარვარ? და მე რა უნდა ვუპასუხო? ისევ ვიუარო? ისევ ის ვთქვა, რომ ჩვენს შორის მეგობრობის გარდა არასდროს არაფერი ყოფილა? მაშინ რა იყო ის კოცნა? - გიორგი ყოველთვის ჩემი მეგობარი იყო, სოფი. - ვიცი, იმიტომ, რომ შენსავით ისიც ძალიან კარგად იმალებოდა. ამდენი წელი... ორივეს ამდენი წელი ისე ღრმად გქონდათ გამოკეტილი რეალური გრძნობები ერთმანეთის მიმართ, რომ ვერაფერს გატყობდით. ვერავინ ვერაფერი შეგამჩნიათ. - უბრალოდ შენ ეჭვიანი არ ხარ. - ხო. ძალიან ბევრს უკითხავს, როგორ ვეგუებოდი, რომ გიორგის გოგო საუკეთესო მეგობარი ჰყავდა. ვაფასებდი იმას, რაც ჩემამდე იყო და ეს ნორმალურად მიმაჩნდა ყოველთვის. - მხრებს იჩეჩავს ის. - უბრალოდ ვერ ვხვდები, თავიდანვე, ორივეს რატომ გქონდათ ამოჩემებული მეგობრობა. - ასე რატომ ხარ დარწმუნებული, რომ გიორგის ვუყვარვარ, სოფი? აღიარა? რამე მიგანიშნა? - არაფერი უთქვამს, მარ. - ეღიმება სოფის. - არც კი უხსენებიხარ ბოლო დროის ჩვენს საუბრებში. უბრალოდ მაშინ, როცა უკვე გიორგის მიმართ აღარაფერს ვგრძნობდი, ქობულეთი ძალიან ბევრისმთქმელი მეჩვენა. არა, არა. კიდევ უფრო ადრე. ჩემი დაბადების დღე. - მეე? მე გავაკეთე მაშინ რამე არასწორად? - ვეკითხები და პასუხის მოლოდინში თითებს მაგრად ვუჭერ ერთმანეთს. ვგრძნობ, რომ ამ საუბრის გაგრძელების ძალა აღარ მაქვს, მაგრამ აღარც ჩემი სისუსტის დროა. - არა, - ეღიმება გოგოს. - ლუკა გამოჩნდა. და გამოჩნდა გიორგის გრძნობებიც. დარწმუნებული არ ვიყავი. ჯერ მართლა მეგონა, რომ, როგორც მეგობარი ისე ეჭვიანობდა. რომ ლუკა არ მოსწონდა. მაგრამ მის მიმართ გიორგის ანტიპათია ზომაზე მეტი იყო, ხოდა ამან ჩემი ყურადღება მიიქცია. მერე გამომექცა თვალები შენსკენ და აღმოვაჩინე ბევრი ისეთი რამ, რაც მანამდეც უნდა შემემჩნია. მაგალითად, როგორ უყურებდით ერთმანეთს, როგორ ელაპარაკებოდით და რას აკეთებდით ერთმანეთისთვის. გიორგი შენით სულ იყო აღფრთოვანებული და აი ახლა ვხვდები, რომ საქმე მხოლოდ აღფრთოვანებაში არ იყო. არა, ასეთი სახე ნუ გაქვს, მარი. მანამდე დიდი ხნის ნაფიქრი მქონდა დაშორებაზე და გადაწყვეტილიც კი. ქობულეთში წამოსვლა იმიტომ არ მინდოდა, რომ დრო მჭირდებოდა, დავრწმუნებულიყავი, სწორად ვიქცეოდი თუ არა, მაგრამ ვინ დამაცადა... - გვერდით იქცევს ტუჩებს. - მერე ლუკაც წამოვიდა და მისი იქ ყოფნა იყო ჩემი გადაწყვეტილების ყველაზე დიდი გამართლება. ბოლო თვეების მანძილზე მე და გიორგიმ რამდენჯერმე განვიხილეთ ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ხვდები? დამოკიდებულება და არა გრძნობები, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, რას ვეჭიდებოდით აქამდე. რატომ ვაჩვენებდით თავს ყველას და საკუთარ თავებსაც, თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო. მით უმეტეს, რომ დარწმუნებული ვარ, ისიც დიდი ხნის წინ ფიქრობდა დაშორებაზე. ქობულეთში კი ყველაფერი გამარტივდა. ლუკამ მიმახვედრა, რომ გიორგის ეჭვიანობა ოდნავადაც არ იყო მეგობრული და ჩემი გადაწყვეტილება მცდარი... - კარგი... სოფი, შენგან ამის მოსმენა არც ისეთი მარტივია. - ვაჩერებ გოგოს და გამშრალ ტუჩებს ვილოკავ. - ვიცი, მაპატიე. ყველაფერი ისე მივაყარე ერთმანეთს, თითქოს დრო არ გვქონდეს. მართალია, ეს ახალია, მაგრამ მე უკვე გადავხარშე, დიდი ხნის წინ. შენ კი... - ჰაერს უშვებს ფილტვებში ის და ცოტა ხნით ჩუმდება. რამდენიმე წამით ქუჩის ხმაურს ვუსმენთ. შემდეგ ორივე ვხედავთ, როგორ გამოდიან არტ-ჰოლის შენობიდან ჩვენი მეგობრები და ჯგუფელები. ჩვენ ვერ გვხედავენ, ბილიკს მიუყვებიან და გარეთ გადიან. - ხო, მართლა. შენ და ლუკა? - ისევ ჩემსკენ ბრუნდება და თვალებს იწვრილებს. - დავშორდით რამდენიმე დღის წინ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მანაც შენსავით ყველაფერი შეამჩნია და ისიც შენსავით თვლის, რომ... - ვერაფრით ვიმეორებ ხმამაღლა, რომ გიორგის ვუყვარვარ. ათი წელია საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ ეს ასე არ არის. ბოლო რამდენიმე დღე კი საპირისპიროს მიმტკიცებენ. ძალიან რთულია. ასე მგონია, ხმამაღლა რომ გავიმეორო, საპნის ბუშტივით გასკდება ამ სიტყვების მნიშვნელობა. - არც მიკვირის. შენი შესაფერისი არაა, თორემ, ნამდვილად ჭკვიანი ბიჭია. - თავს იქნევს გოგო და მაჯაზე საათს უყურებს. იმ წუთას ჩემი მობილური რეკავს. ნანიკოა. - ხო, ნანი. - ვპასუხობ. - წასული მეგონე და შენი მანქანა შევნიშნე. სად ხარ? არ ვიცი ასეთი გაბრუებული და თავგზააბნეული სახლში როგორ წავალ. არც მაიკოსთან მინდა ამ მდგომარეობაში მისვლა. ამიტომ ვთხოვ, რომ ცოტა ხნით დამელოდოს და მობილურს ვთიშავ. - შენს ტკივილზე საუბარს არ ვიწყებ, მარი. დარწმუნებული ვარ, ამაზე ლაპარაკი არ გინდა. - მეუბნება სოფი. - ვერც ვერაფერს ახსნის და გამოასწორებს. - გამოსასწორებელი აქ მხოლოდ ერთი რამაა და კარგად იცი, რაც. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა შენთვის, რომ გაბრაზებული არ ვარ, არც ნაწყენი. თვეების განმავლობაში ისე ნელ-ნელა შევეჩვიე გიორგის მიმართ გაუცხოვებას, ვერ ვგრძნობ, რომ ახლახანს დავშორდით. თითქოს ეს უკვე მოხდა დიდი ხნის წინ. - მხრებს იჩეჩავს ის. ვუყურებ და არ ვფიქრობ, რომ ამას ჩემს დასამშვიდებლად, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო შეიძლება ამბობდეს. - ახლა რაღაც ახალი მჭირდება და ლონდონი ზუსტადაც რომ დროულია. - ხომ უნდა დაბრუნდე უკან? - რა თქმა უნდა. იქ არ დავრჩები. შეიძლება მეორე წელზეც კი ვთქვა უარი. - მიხარია. არ მინდა, ჩემ გამო აქაურობაზე თქვა უარი. - მარი, რაც მოხდა, შენ გამო არ ყოფილა. და ვფიქრობ, ამაში დამნაშავე არავინ არაა. ხომ იცი, ბათუმიდან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ აქ თქვენ დამხვდით და მეგობრობაზე ბევრად მეტი მომეცით. ამის დაკარგვას არ ვაპირებ. ჯერ მარტო იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ნანიკოს და დავითის ჩხუბს ასე ხშირად ვეღარ მოვისმენ. თავს მოვაბეზრებ, იმდენჯერ დავურეკავ ხოლმე ორივეს ერთად. - ეცინება სოფის. - მე მჭირდებით. ცვლილებებით, მაგრამ მე მაინც ვაპირებ თქვენთან ყოფნას. თქვენ? - მეც მჭირდება, რომ ჩვენს გვერდით იყო. ახლა ეს რომ ვიცი, გაცილებით მშვიდად ვიგრძნობ თავს. - მიხარია, რომ საუბარი გამოგვივიდა, მარ. - მიყურებს სოფი და მის თვალებში სიმშვიდეს ვხედავ. ჯერ ისევ მაკვირვებს ეს, მაგრამ მალე დავიჯერებ, რომ ის რაც მისგან მოვისმინე სიზმარი არ ყოფილა. - აეროპორტში ხო ყველა მოხვალთ? - მარტო არ მოგიწევს თვითმფრინავის ლოდინი. - მისთვის გაღიმებას ვცდილობ. სოფიც მპასუხობს, მემშვიდობება და შენობისკენ მიდის. 1 სექტემბერი, 2019 წელი *** უცნაურია. ჩემს სიზმრებსა და ოცნებებში, როცა ვიგებდი, რომ გიორგის ვუყვარდი, ბედნიერებისგან სუნთქვა მეკროდა. ხანდახან ეს განცდა იმდენად რეალური იყო, რომ საათების მანძილზე თავიდან ვერ ვიშორებდი ამ სიხარულისგან დატოვებულ ნაკვალევს ჩემში. ახლა კი, მეუბნებიან, რომ ეს სინამდვილეა, რომ ეს სიზმარი არაა. მე კი დაჯერებაც არ შემიძლია. იმდენად ჰქონდა ფესვები გამდგარი ჩემში იმის რწმენას, რომ მე და გიორგი მხოლოდ მეგობრები უნდა ვყოფილიყავით, რომ ახლა აზრი, თითქოს მას ვუყვარვარ, რომ მთელი განვლილი წლები ვუყვარდი, ზუსტად ჩემს სიზმრებს ჰგავს. ველოდები, რომ სადაცაა გამომეღვიძება და ყველაფერი გაქრება. სოფი და გიორგი ისევ ერთად იქნებიან, მე და ლუკაც და ის აზრიც აღარ იარსებებს, რომლის დაჯერებასაც ბოლო დროს მაიძულებენ. მაგრამ ეს ასე აღარ იქნება. ახლა რაღაცები შეცვლილია. მტკივნეულად, მაგრამ ბევრი რამ გადასხვაფერდა და ერთადერთი დაბრკოლება გიორგისთან სალაპარაკოდ, მხოლოდ ჩემი შიში და გონებაა, რომელსაც ისევე დავიმორჩილებ, როგორც ამას ჩემს გრძნობებს ვუკეთებდი განვლილი წლების მანძილზე. უკვე ერთი საათია მე და ნანიკო რაჭაში, ჩვენი კარვის გვერდით პატარა ხის აივანზე ვართ და ხედით მოხიბლულები ჩუმად ვდგავართ. აქაურობა სამოთხეა. მთების შუაგულში ჩამდგარი რამდენიმე სასტუმრო-კარავი მინდვრად ამოსულ სოკოს ჰგავს. ეს ადგილი ხმაურიანი ქალაქისგან იმდენად შორსაა, რომ შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ დაგავიწყოს კიდეც, რომ სადღაც შორს არსებობენ მანქანები, საწარმოები და საქმიანი, ხმაურიანი ადამიანები. ირგვლივ მხოლოდ ბუნების სურნელი ტრიალებს. ერთადერთი, რაც მესმის ნანიკოს სიამოვნების ამოოხვრა და ჩიტების ჭიკჭიკია. - აქაურობა ბევრ პრობლემას მოაგვარებდა. - თითქოს თავისთვის ბუტბუტებს გოგო და მერე მე მიყურებს. - საოცრებაა, არა? - ვგრძნობ, რომ ამ ადგილის დატოვება ძალიან გამიჭირდება. - თვალს ვავლებ ბორცვებზე შემდგარ კარვებსა და მათ პატარა აივნებს. ზოგიერთ მათგანზე ბინადრები რომ სხედან და ხედით ტკბებიან. - ხო. ეჭვიც არ მეპარება. - წარბებს სწევს გოგო. - რა გჭირს? - ვაკვირდები მის მზერას, გამწვანებულ ბუნებას რომ არ სცილდება. - რაზე ამბობ? - შენს სახეზე ქვეტექსტებს ვხედავ თუ მეჩვენება? - გარემოს ცვლილების ბრალია. ყავა არ გინდა? მიდი რა გააკეთე. ხვალ წვიმაა გამოცხადებული და სანამ მზე და ამინდია, აივნით დავტკბეთ. - ჩანთიდან ნივთების ამოლაგებას არ აპირებ? - სად გაიქცევა. - მხრებს იჩეჩავს. კარავში შევდივარ და ჩემი სალაშქრო ჩანთიდან ყავას და შაქარს ვიღებ. ამ ადგილს ერთ-ერთი დიდი პლიუსი ის აქვს, რომ აქამდე მანქანები არ მოდიან. გარკვეული მანძილი ფეხით უნდა გაიარო, რომ დაიმსახურო აქ მოხვედრა. ქურაზე წყალს ვადგამ და ფინჯნებში ყავას ვყრი. გარედან ნანიკოს საუბარი შემოდის. სიტყვებს ვერ ვარჩევ, ამიტომ გარეთ ვიხედები, რომ გავარკვიო, მე ხომ არ მელაპარაკება, მაგრამ ვხედავ, რომ მობილური უჭირავს. საწოლზე ვჯდები და თვალს ვავლებ აქაურობას. დიდი აბსტრაქციული ფორმის ფანჯრიდან, რომელიც კედელი უფროა, სიმწვანის გარდა არაფერი ჩანს. შეგიძლია შეხედო და უბრალოდ წარმოიდგინო შენ რისი დანახვა გინდა. მახსენდება სიღნაღი და მზის ამოსვლა. მაშინ ყველაფერი მშვიდად, თავისი კალაპოტით მიედინებოდა და მეც მშვიდად ვინახავდი ლამაზ მომენტებს. არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ოდესმე ჩემი შინაგანი განცდები სხვებისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. რომ გიორგი გაიგებდა, როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინდელი მზის ამოსვლით. ფინჯნებში წყალს ვასხამ და გარეთ გავდივარ. ნანიკო იმ წუთას თიშავს მობილურს და პატარა შუშის მაგიდაზე დებს. ყავას ვაწვდი, ვჯდები და ქუსლებს სკამზე ვაწყობ. - ვინ იყო? - ვეკითხები გოგოს, რომელიც ჩემს გვერდით ჯდება და ყავას ყნოსავს. - ბექა. - ბრუნდება და ჩემს გახსნილ სახეს რომ ხედავს, თვითონაც ეღიმება. - ვაღიარებ, მართლა იდიოტი ვიყავი. ეს უიშვიათესი მომენტია და კარგად დაიმახსოვრე. - მიდი, მომიყევი. - მეცინება მის სიტყვებზე. - გაბრაზებული იყო. შენი დანახვაც არ მინდოდაო. - კისკისებს. - თავიდან მუშაობას ვაყოლებდი გულს, მაგრამ აქეთ წამოსვლისთვის რომ დავიწყე მზადება, მივხვდი, რომ ისე ვერ გიტანდიო. ხვდები? მერე შემხვდა და მომენატრეო მეუბნება. ხო ვერაა ეგ... - თქვენ ორივე დასაწყისიდანვე ვერ იყავით, ნანი. მაგიტომაც გამიკვირდა, ასე რომ აიჭერი ბექას წასვლაზე. რატომღაც მეგონა, შენც დაგარტყამდა რაღაც და გაყვებოდი. ან... რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში, შენს ისტერიკებს არ ველოდი. - ხოო, ხო იცი, როგორი არაპროგნოზირებადი ვარ. ფრთხილად იყავი, შეიძლება რომ დაიძინებ, გაგეპარო. - იცინის. - არაუშავს. აქ თავს მარტოც მშვენივრად ვიგრძნობ. - როგორ არა. - თავს მიქნევს ის. - იცი, მგონი ჯობდა, გიორგი წამოსვლამდე გენახა. - არა. მირჩევნია აქ დავლაგდე და საკუთარი თავი შევაგუო. - ფინჯანს ხელებს ვხვევ და ორთქლადენილ სითხეს დავყურებ. - ვერ წარმომიდგენია, როგორი იქნება ჩვენი საუბარი. - მე გეტყვი. ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებით. ერთხელ და სამუდამოდ და დამასვენებთ! - გამოუსწორებელი იდიოტი ხარ! - ვუბღვერი გოგოს, მაგრამ მაინც მეცინება. - არა. გამწარებული მეგობარი, რომელსაც უკვე აღარ შეუძლია ამ საიდუმლოს ტარება. - ისედაც ბევრი თამამი სვლა გააკეთე ბოლო პერიოდში. - და ძალიანაც ვამაყობ ამ სვლებით. ვიცი, ბრაზდები ამას რომ ვამბობ, მაგრამ შეხედე... ისედაც ყველაფერი აქეთ მიდიოდა. მე უბრალოდ დავაჩქარე. ნუ, მე და ლუკამ. არ მომწონს ამ ამპლუაში ჩემთან ერთად კიდევ რომ ვიღაცას ვიხსენიებ, მაგრამ ხომ იცი, ხარბი არა ვარ. იცი გიორგის რას ვერ ვპატიობ? - რას? - შენს საქაღალდეზე ვუთხარი, ჩემი ჩანაწერებიათქო. რანაირად გაბედა წაკითხვა, როცა იცოდა, რომ ჩემი პირადი ფურცლები იყო? - ხომ გიხაროდა, რომ წაიკითხა? - ახლაც მიხარია, მაგრამ არ იცოდა შიგნით სინამდვილეში რა იყო. მაგას ვუთხარი, ჩემი ჩანაწერებიათქო. ადგა და წაიკითხა. - თავს აქნევს გაოგნებული. - ჩემთან რომ იყო, ალბათ მიხვდა, რომ მოატყუე. არ ვიცი. - მხრებს ვიჩეჩავ. - შეგიძლია ამაზე პირადად უსაყვედურო. - იდიოტი. - ბუტბუტეს ის. სანამ ჩვენს ფინჯნებში ყავაა, ჩუმად ვართ. ნანიკოს ხანდახან შეტყობინება მოსდის მობილურზე და ისიც პასუხობს. შორიდან ბავშვების ხმაური აღწევს ჩვენამდე. ალბათ მოშორებით ოჯახს აქვს აღებული ერთი „სოკო.“ თვალს ვადევნებ, როგორ სხდებიან დროდადრო აივნის მოაჯირზე ჩიტები, ახალ სტუმრებს გვათვალიერებენ და გვტოვებენ. ნანიკო ფოტოებს იღებს. რამდენიმე სელფისაც და არ ტოვებს ფეისბუქის „სთორის“ ცარიელს. მე კი მოწყვეტილი ვარ სოციალურ ქსელებს. ყურადღებას ვერ მიფანტავენ სიახლეები. საფიქრალი მხოლოდ ერთი მაქვს. გიორგისთან საუბარი. ამას აღარ გადავდებ. თბილისში ჩასვლისთანავე დავურეკავ. - გეღიმება. - მეუბნება ნანიკო და თან მობილურს ჩაჰყურებს. - ასე გააგრძელე. *** სანამ მზე ძალიან აჭერს აივანს, გარეთ გაჩერება არც ისეთი იოლია. კარავში შევდივართ და ტელევიზორს ვრთავთ. „ნეტფლიქსზე“ „mindhunter”ის სერიები გადის და ნანიკოს წამოღებულ მარილიან სასუსნავთან ერთად მისი ყურებით გაგვყავს დრო. მეორე დღეს, თუ ძალიან არ იწვიმებს, შაორის ტბის სანახავად წასვლას ვთავაზობ. მგონია, რომ დაეზარება, მაგრამ სწრაფად მთანხმდება და ცოტა მიკვირს. საღამოს ჩაისთან ერთად ისევ აივანზე ვბრუნდებით და მზის ჩასვლის საოცარი ხედით ვტკბებით. მთის კალთებს თბილად ედებათ ნარინჯისფერი და მზის გაქრობასთან ერთად ისინიც ნელ-ნელა მუქდებიან. კარვებს შორის რამდენიმე პროჟექტორი ინთება და მიდამოს მისტიურ ელფერს სძენს. გარეთ მალე გრილდება. თითქოს შუქის ჩამრთველით დაღამებასთან ერთად სიცივეს რთავდნენ. შიგნით შევდივართ. რამდენიმე დღის უკან ნანიკო ხელაძეს შეხვედრია და მიყვება, რაზე ილაპარაკეს. მერე მობილურზე ურეკავენ და სანამ უპასუხებდეს, გარეთ გადის. ეჭვით ვაყოლებ თვალს. არასდროს მტოვებს მარტოს ტელეფონზე საუბრისას და მისი საქციელი ცოტას მაფიქრებს. შიგნით მალე ბრუნდება და ვითომ არაფერი მომხდარა, ისე შედის სააბაზანოში. სურვილი მიჩნდება გადავამოწმო ბოლო ზარი, მაგრამ მაშინვე ვიშორებ განზრახვას. გამოსული თავის სპორტულ მოსაცმელს იღებს და ბოტასებს იცვამს. - შენ მგონი ჩემს დაძინებასაც აღარ ელოდები, ისე იპარები. - მეცინება და თან მის მოძრაობებს ვადევნებ თვალს. - გადმოგირეკავო, ბექამ მითხრა და ქვემოთ გავივლი. - აა. - წარბებს ვწევ. - თუ გინდა დარჩი და მე გავივლი. - არა, არა. - თავს აქნევს. - თან სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ. ჯერ ისევ დამჭირდება მაგასთან ლაპარაკისას. - ეცინება გოგოს. მობილურს იღებს და კარვიდან გადის. აივანზე არ ჩერდება. კიბით დაბლა ჩადის და პროჟექტორთან ახლოს ტრიალებს. მიხარია ბიჭის დაბრუნებასთან ერთად მათი ურთიერთობაც რომ ბრუნდება. ყურსასმენებს ვიკეთებ, საწოლზე ვწვები და მუსიკას ვრთავ. *** თვალებს ვახელ. ფლეილისტი ისევ ტრიალებს. ჩამძინებია. ღამის თორმეტის ნახევარი ხდება. ყურსასმენებს ვიხსნი, მობილურს ტუმბოზე ვდებ და ნანიკოს შესამოწმებლად საწოლის მეორე მხარეს ვბრუნდები, მაგრამ იქ ის არ არის. საწოლზე გიორგი ზის ზურგით და ჩემს გადაბრუნებასთან ერთად ისიც უკან იხედება. - ღმერთო, გიორგი! - სწრაფად ვსწორდები. დაბნეული და გაოგნებული ვუყურებ და ჯერ ისევ ეჭვი მაქვს, რომ სიზმარში ვარ. - მაპატიე, ხომ არ შეგაშინე? - ფეხს საწოლზე იკეცავს, ჩემსკენ ბრუნდება და მათვალიერებს. - აქ რას აკეთებ... აქ საიდან გაჩნდი? - ბალიშს ვეყუდები, მაგრამ ვერ ვისვენებ. გული ამოვარდნას მაქვს გაურკვევლობისგან. მერე უცბად ყველაფერს ვხვდები. - ნანიკო... - ვცრი გაბრაზებული. - ჩემი იდეა იყო. - რომელზეც სიამოვნებით დაგთანხმდა. - რა თქმა უნდა. ეს ხომ ნანიკოა. - მხრებს იჩეჩავს ის და ეღიმება. - მაგრამ, არავინ იცოდა აქ რომ მოვდიოდით. - ხო, კარგი, ნუ უბრაზდები. ფეხზე ვდგები და თითებს ვმუშტავ. ფანჯარასთან მივდივარ და ეზოს ვათვალიერებ. ასე არ შეიძლება. ასე მოულოდნელად არ უნდა მოსულიყო. თვითონ დავურეკავდი თბილისში ჩასვლისას. მე ხომ ამას ვაპირებდი. - მარიამ... - დგება გიორგიც და მიახლოვდება. - სად არის? - ვეკითები, სანამ რამეს მეტყოდეს. - წავიდა. - რას ჰქვია, წავიდა... სად წავიდა? - ვბრუნდები მისკენ და პასუხის მოლოდინით ვუყურებ მის მუქ, კრიალა თვალებს, რომლებიც მშვიდად მარკვევენ სიტუაციაში. - თბილისში დაბრუნდა. - ამ დროს? მარტო? გიორგი... - ბექამ წაიყვანა, არ ინერვიულო. ზარები, მესიჯები მთელი დღე. ახლა ყველაფერი გასაგებია. ერთი წამით თვალებს ვხუჭავ და ისევ ფანჯრისკენ ვბრუნდები. გიორგი იქვე სავარძელში ჯდება და თავის მობილურზე მოსულ შეტყობინებას სწრაფად პასუხობს. - ვიცი, რომ დაგაფრთხე. ჩუმად ვიქნები, სანამ გაბრაზება გადაგივლის. ან ჩაის გავაკეთებ. - დგება ის და სამზარეულოს კუთხისკენ მიდის. თვალს ვაყოლებ და ვბრუნდები. პატარა ჩაიდანში წყალს ასხამს და ქურაზე დგამს. ფინჯნებს იღებს და დაკვირვებით ათვალიერებს იქაურობას. ალბათ ჩაის ეძებს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. გაბრაზებას აზრი არ აქვს. ალბათ უკეთესიც კია გიორგი ახლა აქ რომაა. ალბათ ჩვენი საუბრის გადადება უკვე სისულელე იყო. სავარძელში ვჯდები და ფეხებს ვიკეცავ. - ქვედა უჯრაშია, უკან. - ვეუბნები. ბიჭი პატარა უჯრას სწევს და ჩაის იღებს. - ლიმონიც გქონიათ. - თავს აქნევს. ვუყურებ მის მოძრაობებს და ვაცნობიერებ, რომ უზომოდ მომენატრა. მინდა, რომ მივიდე და ჩავეხუტო. ხელები მომხვიოს ისე თბილად და ძლიერად, მან რომ იცის და მონატრების შეგრძნება თავის მკლავებში გამიქროს, მაგრამ ჩვენს შორის ჯერ ისევ დაბურულია მინა. „ - შენსავით ისიც ძალიან კარგად იმალებოდა.“ მახსენდება სოფის სიტყვები და ერთი წამით თვალები მებინდება. გაყინულ თითებს მუხლებს შორის ვიქცევ. გიორგი ფინჯნებს იღებს, ჩემთან ბრუნდება და მაგიდაზე აწყობს. თვითონაც სავარძელს უბრუნდება, იდაყვებს მუხლებზე იწყობს და თითებს ერთმანეთს ჰხვევს. ჯერ ორთქლადენილ ფინჯანს უყურებს, მერე მე. - მარიამ... - ამბობს ჩუმად, თითქოს არ უნდა ირგვლივ არსებული სიმშვიდე დაარღვიოს. მისი მზერა მაფორიაქებს. მასზე სიფრთხილეს, ღელვას და თან თავდეჯერებულობას ვკითხულობ. - მარიამ... მიყვარხარ. ვთრთი და სუნთქვა მეკვრის. ასე მგონია, რამდენიმე წამით გული მიჩერდება და მისი მზერა მაძლევს ძალას ამ დროის მანძილზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მერე ისე უცბად იწყებს ძგერას, რომ მგონია, ცოტაც და გასკდება. ეს სიტყვა, რომლის მოსმენაზეც ათი წელი ვოცნებობდი, ერთმანეთისგან განსხვავებულ გრძნობებს იწვევს. თან იმდენს, რომ თავბრუ მეხვევა. თვალები ცრემლებით მევსება და სანამ ლოყებზე გადმოიღვრებიან, გიორგი ორი წამით ქრება. არ მინდა შეამჩნიოს, როგორ ვკანკალებ, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ. - შეგეძლო... შეგეძლო აქამდე გეთქვა. - ჩემი ხმა გატეხილია. - შენც. - მართლა გეშინოდა? - შენსავით. - მპასუხობს და ჰაერით ივსებს ფილტვებს. არაფერს ვეუბნები, ვხვდები, რომ რაღაცის თქმას აპირებს და ვაცდი. - შენს ფურცლებში განა ჩვენი თავი ვერ ვიცანი, მარიამ. იქ... იქ იმას ამბობ, რომ თურმე წარსულში ყველაფერი ისე იყო, როგორც მინდოდა, რომ ყოფილიყო. იყო, მაგრამ მე ვერ ვხედავდი. - გინდოდა, რომ მყვარებოდი? - ბიჭი თავს მიქნევს და თვალს არ მაცილებს. ასე მგონია, არც ერთი ჩემი მიმიკის და რეაქციის გამოტოვება არ უნდა. ასე მგონია, ყველაფრის დამახსოვრებას ცდილობს. - მაშინ ჩემსავით სუსტი რატომ იყავი, გიორგი. ამ სურვილს რატომ მალავდი? მანამ მაინც, სანამ სოფი გამოჩნდებოდა. - იმიტომ, რომ მეგობრობით დავიწყეთ. ჩემი მეგობარი, ჩვენი მეგობრობა, საუკეთესო მეგობარი, განსხვავებული მეგობრობა. სულ, მარიამ, გამუდმებით ამას ვიმეორებდით. - შუბლს ჰკრავს ის და ისე მაკვირდება, თითქოს ელოდება, რომ უნდა დავეთანხმო. - შენ ხომ გეშინოდა, რომ თუ რაღაც მინიშნებებს მომცემდი და მე მივხვდებოდი, შენგან თავს შორს დავიჭერდი? ხომ ასე იყო? მე საკუთარ თავს იმაშიც ვერ ვუტყდებოდი, რომ მიყვარდი. ჩვენი ეს მეგობრობა, რომელსაც ვერ ველეოდით, იმ განსხვავებულ და გაუგებარ გრძნობებს, რომლებიც შენს მიმართ მქონდა იმდენად აიძულებდა დამალვას, რომ ვეღარ ვხვდებოდი, რა იყო საერთოდ. - გამოდის, ჩემი ბრალია. - არა. არც ერთის ბრალი არაა, მაგრამ მაინც ორივე დამნაშავე ვართ. - სავარძელს ეყრდნობა გიორგი და რამდენიმე წამით ფანჯრიდან ჩამუქებულ მთებს უყურებს. ვეთანხმები, ამიტომ აღარ ვპასუხობ. მაისურის მკლავებს ვქაჩავ და თითებს მასში ვახვევ. მერე მახსენდება, რომ წინ ჩაი დგას. ვიღებ და ხელებს ვხვევ. სასიამოვნო არომატი აქვს, მაგრამ ასე მგონია, მისი ერთი ყლუპიც კი დამახრჩობს. ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა მშვიდდება ჩემი აჩქარებული გულისცემა და ვერ ვხვდები, რატომ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს საუბარი აქამდე უკვე ბევრჯერ შემდგარა. მერე ვაცნობიერებ, რომ კი, ეს უამრავჯერ იყო ჩემს წარმოსახვაში. მისი იმდენი ვარიანტი ამიწყვია, რომ ახლა ეს ღამე ერთ-ერთი მათგანი მგონია. იქნებ ამიტომაა, რომ ყელზე დაჭიმული ძარღვებიც ნელ-ნელა ეშვებიან. - ვერ გავაცნობიერე, რომ მიყვარდი. - ისევ მიყურებს, ჩემს ხელებს აკვირდება და შემდეგ ოთახს ავლებს თვალს. - დედას სიკვდილის შემდეგ, მოსკოვიდან რომ ჩამოვედი და გზაჯვარედინზე შემთხვევით შეგხვდი, მაშინ მივხვდი, როგორ მჭირდებოდი მთელი ის თვეები. მეზიზღებოდა ჩემი თავი იმის გამო, რომ შენი ცხოვრებიდან გავქრი და მერე ერთ წამში, შენი დანახვისას მივხვდი, რამდენად ძვირფასი იყავი ჩემთვის. მერე ვისაუბრეთ და ისევ მეგობრობა ახსენე. ისევ უკან დაიხია ყველაფერმა. - მე რატომ ვერაფერს ვამჩნევდი. ორივე ასეთი სულელი რანაირად ვიყავით, გიორგი? - ამჩნევდი. - ამბობს ის, შემდეგ დგება, საწოლიდან ჩემს პლედს იღებს, მიახლოვდება და მხრებზე მხვევს. - ყველაფერი წავიკითხე და იქ ჩანს, რომ ამჩნევდი. - გიორგი კისერზე ასრიალებს თითებს და ზურგში ჩაყოლებულ თმას პლედის ზემოთ მიქცევს. მოულოდნელი შეხებისგან ინსტიქტურად ვკრთები და მთელს სხეულზე მოგვრილი ჟრუანტელი დიდხანს არ წყდება. ის კი ისევ სავარძელზე ჯდება, თავის ფინჯანს იღებს და ჩაის სვამს. ერთმანეთზე ზრუნვა იმდენად გვაქვს გამჯდარი, რომ ჯერ ალბათ ვერ აცნობიერებს, რამდენად მაღელვებს მისი უმნიშვნელო შეხებაც კი. არადა ფურცლებში ამაზე ზომაზე მეტიც კი წერია. - რამდენჯერაც ეჭვი გაგიჩინე, რამდენჯერაც თვალი დახუჭე და ჩათვალე, რომ მოგეჩვენა; რამდენჯერაც იფიქრე, რომ „არა, ეს ასე არ იქნება,“ იმდენჯერ შემამჩნიე, რომ ის ყველა სიტყვა და მოქმედება ჩემი გრძნობებისგან იყო წამოსული. გაუცნობიერებელი ნაბიჯები იყო, მაგრამ შენი ჩანაწერებიდან მივხვდი, რომ ასე იყო. და მართალი ხარ, ორივე ძალიან სულელი ვიყავით, ჩვენს შიშებს რომ ავყევით. - ამბობს და ისევ ოთახს ავლებს თვალს. - ამათ გათბობა არ აქვთ? - მგონი ჯერ არა. - იმდენად მოულოდნელია მისი შეკითხვა, რომ მეცინება. გიორგისაც ღიმილი უხსნის სახეს. რამდენიმე წამით ერთმანეთს ვუყურებთ და ვგრძნობ, რომ აი ასეთი, ზუსტად ასეთი იქნება ამის შემდეგ ჩვენი ყველა მზერა, რომელსაც ერთმანეთს მივაპყრობთ. - მერე სოფი მოვიდა. - ერთი წამით თვალებს ხრის გიორგი და სახე ისევ უსერიოზულდება. უკვე შეგრილებულ ფინჯანს მჭიდროდ ვხვევ თითებს. გული ისევ მიჩქარდება. რამდენიმე დღის წინ გოგოსთან საუბრის მონაკვეთები თავისით ჩნდებიან თავში. - ყურადღება იმიტომ მივაქციე, რომ მისგან ღიად ვიღებდი იმას, რასაც შენში გაუცნობიერებლად ვეძებდი. ეს ცუდად ჟღერს, ვიცი... მაგრამ არც მაშინ იყო იოლი. ერთ დღესაც იეჭვიანე. გისმენდი და შენს სიტყვებში რაღაცის დაჭერას ვცდილობდი, მარიამ და რა მოხდა მერე... ისევ ყველაფერი მეგობრობით აიხსნა. საბოლოოდ კი, ამ მოლოდინებმაც უკან დაიხიეს და სოფიმაც თავი მომაწონა. - საბოლოოდ? - შუბლს ვკრავ. - მაშინ ნანიკოს დაბადების დღეზე რა მოხდა? ის... ის კოცნა რა იყო? გიორგი მუხლზე ისვამს ხელს და ისე ოხრავს, რომ ვხვდები, ამაზე პასუხი არ აქვს. მის მოლოდინში, გული გამალებით მიცემს და ვცდილობ აჩქარებული სუნთქვა დავიმშვიდო. მაგრამ რატომ უნდა დავმალო რას ვგრძნობ ახლა? რატომ არ უნდა შემამჩნიოს, რომ ამაზე პასუხები მჭირდება? - მაგას ვერ ვხსნი, მარიამ. არ ვიცი რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს გაუცნობიერებლად არ გამიკეთებია. - ალბათ ინსტიქტურად, მაგრამ ტუჩებზე ისვამს თითებს. თვალები ისევ მემღვრევა და მკერდში რაღაც მჩხვლეტს. მახსენდება ის დღეები, როცა კოცნის შემდეგ, საკუთარი თავი ტკივილს დავუთმე და ჩემს შინაგან ხმას ვაჯერებდი, რომ გიორგი მაშინ ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. მახსენდება ნანიკოს სიტყვები. არ სჯეროდა, რომ ბიჭი ამას თითქოს გაუცნობიერებლად გააკეთებდა. მახსენდება, რამდენად ცუდად ვიყავი და ძვლებამდეც კი ატანს სიცივეში გადაზრდილი მაშინდელი ტკივილი. - და შენ გახსოვდა. - ხმა მიტყდება. - ვერ გიტანდი თმის შეჭრის გამო. იმის გამო, რომ მას მერე, რაც გამუდმებით მეგობრობას მიტრიალებდი თვალწინ, სოფიზე იეჭვიანე. წახვედი და ის წამართვი, რაც ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. მერე ადექი და ისე მარტივად გადაიტანე, თითქოს ფრჩხილი მოგეჭრას. ვერც საკუთარ თავს ვიტანდი იმის გამო, რომ ვერ გპატიობდი. მაშინ, სოფიმ რომ შეგვახვედრა, მაშინაც ვცდილობდი გამომეტყუებინა შენთვის თმის შეჭრის ნამდვილი მიზეზი, მაგრამ ისევ გაჩუმდი. სამაგიეროდ, თვითონ გამომტყუე ის, რომ ძალიან მენატრებოდი. მერე ისევ ვიკამათეთ. ისევ გაბრაზებული ვიყავი, ფეხი საშინლად მტკიოდა, სასმელმაც იმოქმედა... გიყურებდი და... არასდროს ვყოფილვარ ისეთი არეული არც მანამდე და არც მას შემდეგ. - ამაზე საუბარი არასდროს გდომებია? - დილით გელოდებოდი. შენსავით. შენ... მაშინ გაითიშე და ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა არც კი გხსომებოდა. ვკითხულობდი შენს ჩანაწერებს, მარიამ და მეგონა ჩემს მაშინდელ ფიქრებს აცოცხლებდი იქ. მე რაღაც მიზეზი მაინც მქონდა, რომ არაფერი შემემჩნია. შენ? შენ რატომ გადაიტანე ეს... - მიზეზიც საერთო გვქონდა, გიორგი. ესეც ეწერა იქ. - სოფის დავშორდებოდი. მაგრამ ხო... არც ერთმა არაფერი ვიცოდით და არც ერთმა არაფერი შევიმჩნიეთ. ორივე ერთმანეთს ვაკვირდებოდით და საბოლოოდ დავიჯერეთ, რომ სასმელმა ყველაფერი დაგვავიწყა. - სახეზე ისვამს ხელს და თვალს მავლებს. - გცივა შენ. - და, მერე? - ფინჯანს მაგიდაზე ვდებ, ფეხებს ვიკეცავ და პლედს კარგად ვიხვევ. - მერე არ ყოფილა ამ მოგონებით ცხოვრება მარტივი, მარიამ. წლები გადიოდა, მაგრამ არ დამვიწყებია. თავს ხშირად მახსენებდა. ხანდახან სოფისთან ურთიერთობაშიც მიშლიდა ხელს. და მოგვიანიებით მივხვდი, რომ მასთან გრძნობების გაციების ერთ-ერთი და იქნებ მნიშვნელოვანი მიზეზიც ეგ იყო. მაგრამ ვატყობდი, რომ სოფიც აღარ იჩენდა ჩვეულ ყურადღებას და სიყვარულს ჩემს მიმართ. მე და შენ ამაზე ვილაპარაკეთ ცოტა ხნის წინ, რაღაცების დამალვით, მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც იცოდი. ვფიქრობდი მასთან დაშორებას, მაგრამ არ ვიცოდი, შენთან მეგობრობას როგორ გავაგრძელებდი, როცა გაუთავებლად მახსენები თავს. მერე... მერე ლუკა გაგაცანი. - ეღიმება და თავს აქნევს. - ხო, მანამდე ოთო იყო და დიდხანსაც იყავით ერთად, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ მქონდა რეაქცია მაგ ტიპზე. ალბათ, სულ მეგონა, რომ ის არ იყო, ვისთანაც ურთიერთობას გაასერიოზულებდი. ან იმ პერიოდში სოფის მიმართ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი. არ ვიცი. მაგრამ ლუკა... ეს ტიპი... - ტუჩებს ერთმანეთს აკრობს ის და ერთი წამი ფანჯრისკენ იხედება. მახსენდება, რა მითხრა ამაზე სოფიმ და თვითონ ლუკამ. საკმაოდ მსუბუქად ჟღერდა ორივე ვარიანტი. ახლა კი, ვუყურებ გიორგის სახეს და დარწმუნებული ვარ, რომ მისი მონაყოლი ახლოსაც არ იქნება მათთან. ღელვისგან პლედის ქვეშ მუცელზე ვიკრობ ხელებს. - გიორგი... - მოთმინებას ვკარგავ მისი დუმილისგან. - წყობიდან გამომიყვანა. - მიყურებს და წარბებს სწევს. ისეთი ტონი აქვს, თითქოს ამ ორმა სიტყვამ ყველაფერი თქვა და მეც უნდა დავკმაყოფილდე, მაგრამ აგრძელებს. - არ შეგეშვა. ყველგან იყო. შენი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. გეხებოდა. გკოცნიდა... - ოთოც იქცეოდა ასე. - ვაწყვეტინებ დაბნეული და გაკვირვებული, მაგრამ მისი რეაქცია ამ ყველაფერზე გულს გამალებით მიჩქარებს, თუმცა, ეს აჩქარება უზომოდ მსიამოვნებს. - ეს სხვანაირად. - თავს აქნევს. - ისე გიყურებდა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან მის მიმართ გრძნობები გაგიჩნდებოდა და თავდავიწყებით შეგიყვარდებოდა. - აგდებით ამბობს და ტუჩებს გვერდით იქცევს. - ნაიარევზე გაკოცა... მარიამს გეძახდა და ნერვები მეშლებოდა, რომ არ უკრძალავდი. რატო არ უკრძალავდი? - მიბღვერს. - გიორგი, არც მე მსიამოვნებდა, მაგრამ მასთან ურთიერთობის აწყობა მინდოდა და ეს რომ გამეკეთებინა, თავს გავყიდდი. - თავს ძალას ვატან, მაგრამ ოდნავ მაინც მეღიმება. - ხო, რა თქმა უნდა. - თავს აქნევს. - კიდევ თავს ვიკავებდი მაგის გამო. გამუდმებით იმას მიმეორებდი, რომ მოგწონდა და ბოლოს და ბოლოს უნდა მიმეღო ეგ ფაქტი. მე კიდევ მაგის მოსმენაც არ მინდოდა... - და ალბათ ამიტომაც უთხარი ლუკას, რომ მჭირდებოდა და ჩემთვის გული არ ეტკინა. - ვეუბნები და მისი რეაქცია მახალისებს კიდეც. - ეგ... - პირს აღებს გაოგნებული და მერე ოხრავს. - ხომ ვამბობ, ნანიკოსავით ბევრს ლაპარაკობს მეთქი. - და კიდევ, ძალიან ბევრს მიხვდა. - და ამიტომაც დაგშორდა. ახლა მე ვუყურებ დაბნეული, მაგრამ მალევე ვხვდები ყველაფერს. - ნანიკოს შეეშვი, მარიამ. ისედაც დიდხანს იკავებდა თავს, რომ ჩემთვის ყველაფერი არ ეთქვა. ალბათ ერთი სული აქვს, როდის მეტყვის, სინამდვილეში რატომ ვარ ვირი. მეცინება, მაგრამ ჯერ ისევ უხერხულობას მიქმნის ის ფაქტი, რომ ფურცლებიდან ბევრი რამ გაიგო გიორგიმ. ბევრი ისეთი რამ, რასაც ალბათ არც ახლა და არც მომავალში ვეტყოდი. მაგრამ ალბათ ესეც გაივლის, ისევე, როგორც ჩემი ღელვისგან დაძაბული კუნთები. - ხო... ლუკას ეგ იმიტომ ვუთხარი, რომ შენ გინდოდა ასე ყოფილიყო. მასთან ყოფნა გინდოდა... მაგრამ მერე... მეორე დღეს, მარიამ... ნანიკოს იდეაზე, რომ დაგველია. ვიხუმრე და შენ ისეთი რეაქცია გქონდა, ისე დაიბენი, რომ ეჭვი გამიჩნდა. მთელი დღე ვფიქრობდი, შეიძლებოდა ის კოცნა გხსომებოდა და მერე ღამით ამაში დავრწმუნდი კიდეც. საცეკვაოდ გახვედით და... საიდან გაჩნდა ის მუსიკა? მაინცდამაინც ის! არ მინდოდა იმის ყურება, როგორც ცეკვავდი ამაზე მასთან... ვერ შევძელი ამის დაიგნორება, მარიამ. მაცოფებდა თქვენი ის ცეკვა მოგონებების ფონზე. გეხებოდა... შენც... მერე დამინახე, მაგრამ მაინც ცეკვავდი. ლუკა იქ იყო, სადაც მხოლოდ მე და შენ უნდა ვყოფილიყავით... - ჩვენთან მოდიოდი? - ვეკითხები ხმაჩამწყდარი. მისი მიმიკები და თვალები მაფორიაქებენ. ახლად გამჟღავნებული მისი მაშინდელი სურვილები სხეულზე მეხებიან და ვგრძნობ, როგორ მიმღვრევენ შიგნით ყველაფერს. გამშრალ ტუჩებს ერთმანეთს ვაწებებ და ვცდილობ პირით სუნთქვა შევწყვიტო. - შენთან... არ მინდოდა, რომ ის მუსიკა მასთან ცეკვაში გაგელია. ვისაც რა არ უნდა ეფიქრა, ამის დაშვებას არ ვაპირები. - თავს აქნევს ის. - მაგრამ წახვედი. და ამოვისუნთქე. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი გახსოვდა. რომ ის კოცნა შენში უკვალოდ არ ჩაივლიდა. შენს გრძნობებში დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ ჩემსაში ეჭვი აღარ მეპარებოდა. მაშინ მივხვდი, როგორ მიყვარდი, როცა შენი დაკარვის რეალური საფრთხე ისევ მაგიდასთან ჩამოჯდა და შენზე ნერვიულობა დაიწყო. „როგორ მიყვარდი,“ „როგორ მიყვარდი,“ ტრიალს იწყებენ თავში ეს სიტყვები... დღეს უკვე მეორედ და ვგრძნობ, როგორ ავსებენ ნელ-ნელა ჩემს სიცარიელეს. ნერვებს ვერ ვთოკავ. ისევ მეპარებიან თვალებიდან ცრემლები. სწრაფად ვიშორებ, მაგრამ გიორგი თვალს არ მწყვეტს და არც დამალვა გამომდის. რამდენიმე წამით მუხლებს ეყრდნობა იდაყვებით და სახეს ხელებში რგავს. - გინდა დავიძინოთ? - მეკითხება შემდეგ და მის თვალიერებას ვწყვეტ. - მინდა. - ვპასუხობ. წინ კიდევ ორი დღე გვაქვს. დღეისთვის საკმარისზე მეტი მოვისმინე და თითქმის არაფერი მილაპარაკია. - არაფერს მკითხავ? - შეკითხვები ბევრია, გიორგი. ლაპარაკი კი წერაზე რთული. - კარგი. - თავს მიქნევს ის. ამბობს, ცოტა ხნით გავალო. თავისი სალაშქრო ჩანთიდან, რომელსაც ახლაღა ვამჩნევ კართან, სიგარეტს და სანთებელას იღებს და აივანზე მიდის. პლედს ვიხსნი, ვდგები და ერთი წამით ვჩერდები. სუსტი თავრუსხვევა მალე რჩება. წყალს ვსვამ და ჩაის ფინჯნებს ნიჟარაში ვაწყობ. გაბრუებული მივდივარ საწოლთან და მობილურზე საათს ვამოწმებ. შუაღამის სამი ხდება. მერე ნანიკოს მოსულ შეტყობინებას ვხსნი. „ - მაპატიე. მიყვარხარ.“ - მწერს გულის სმაილებთან ერთად. მეღიმება. „ - მეც, ნანი. ჩახვედით?“ - ვეკითხები. „ - უკვე სახლში ვარ. შენ კი მწერ. ესე იგი ყველაფერი რიგზეა.“ „ - სანამ მანდ ხარ, არაფერი გემუქრება.“ „ - ვიცი, მ ა რ ი ა მ... ჩემთვის ნუ გცალია, გოგონი. ხვალ შეგეხმიანები. ძილინებისა.“ „ - ძილინებისა, ნანი.“ მეცინება. მობილურს ვდებ და სააბაზანოში შევდივარ. სახეს ვიბან და გახურებული ლოყების ჩაცხრობას ვცდილობ. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ და ვხედავ, როგორი დაბნეულია. მინდა გიორგის საუბრის მონაკვეთების გახსენება, მაგრამ ყველა მხრიდან მისი ხმით ნათქვამი „მიყვარხარ“ ისმის. სარკიდან ჩემი თავი მიღიმის. აჩქარებულ გულზე ხელს ვიდებ, მაგრამ ეს მის დამშვიდებაში არ მეხმარება. არა, სინამდვილეში არც მინდა. სააბაზანოდან გამოსული საწოლს დავყურებ. მერე დივანს. მერე ისევ საწოლს და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვცდილობ, სწრაფად ვიპოვო გამოსავალი, მაგრამ არ გამომდის. - რაღაცები არ იცვლება, მარიამ. - მესმის ზურგიდან გიორგის ხმა და მისკენ ვბრუნდები. ზღურბლთან დგას და გულზეხელებდაკრეფილი მიყურებს. ალბათ დაინახა, როგორ ვიდექი საწოლთან, და ვფიქრობდი. ღმერთო... უხერხულობისგან ალბათ ერთიანად ვწითლდები. - შენს საწოლში ვარ მიჩვეული ძილს, ხოდა, დივანზე დაძინებას არ ვაპირებ. ბოდიში. - თავს აქნევს და ეღიმება. - მაგრამ ეს ჩემი საწოლი არ არის. - წარბებს ვწევ. - აქაურობა მე არ დამიქირავებია. თანხა შენი გადახდილია. ამიტომ შენია. - მხრებს იჩეჩავს. მიახლოვდება, სიგარეტს და სანთებელას ტუმბოზე აწყობს და პასუხს ელოდება. უკან ვდგამ ერთ ნაბიჯს და საწოლს მეორე მხრიდან ვუვლი. ვხედავ თვალს რომ მაყოლებს. - ისედაც არ ვაპირებდი შენს დივანზე მოთავსებას. - ძალიან კარგი. - ამბობს. ფეხზე იხდის და წვება. შუქს ვაქრობ და მეც ვწვები. მინის კედელზე ფარდებს არ ვაფარებ, ამიტომ გარედან შემოსული პროჟექტორის შუქი ოთახს მკრთალად ანათებს. მისკენ ვბრუნდები. ჩუმად ვართ, მაგრამ ვხედავ, რომ გიორგიც მიყურებს. ვიცი, რომ საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია. ვიცი, რომ კიდევ ბევრ რამეს მეტყვის, მაგრამ ახლა არა. ახლა დაღლილია. შეიძლება ყველაზე დაზარალებულად მე ვჩანდე, მაგრამ ასე არაა. მე ნანიკო მყავდა. ჩემი ტკივილის გაზიარება შეეძლო. ნებისმიერ დროს მზად იყო მოესმინა ყველაფერი, რაც მაწუხებდა და ცუდად მხდიდა. მერე დამამშვიდებდა და რეალობაში დამაბრუნებდა.. გიორგი კი მარტო იყო. სულ მარტო. თავის ეჭვებთან და გაურკვევლობასთან ერთად მარტო. ათი წელი მარტო. და ის დაღლილია. საბნიდან ვყოფ ხელს და მის ლოყას ვეხები. გარეთ ყოფნის გამო გაჰყინვია. სიცივე სწრაფად ვრცელდება ჩემზე და კანზე ეკალი მაყრის. გიორგი თვალებს ხუჭავს და ვგრძნობ, როგორ ირღვევა მისი მშვიდი სუნთქვა. მაგრამ დიდხანს არა. მალე ისევ მწყობრში დგება და ჩემკენ ოდნავ ახლოს იწევა. - მაპატიე, მარიამ. - მეუბნება ჩუმად, თითქოს ვინმეს გააღვიძებდეს. ან იქნებ იმ სიმშვიდის დარღვევა არ უნდა, რასაც ორივე უთქმელად ვგრძნობთ. - მიყვარხარ. - ვპასუხობ ჩურჩულით ისე, თითქოს ამას მიჩვეული ვიყო და მის ლოყაზე მოსრიალე ჩემს ცერა თითს ვაჩერებ. გიორგი თვალებს ახელს. ერთხანს მიყურებს. ისე მიყურებს, თითქოს ესმოდეს ჩემი აჩქარებული გულისცემის ხმა. ისევ ვგრძნობ ხელისგულზე მისი ემოციების ცვლილებას. მკლავზე მეცემა მისი გახსნილი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ცხელი ჰაერი და სუნთქვას ვიკრავ, რომ ჩემი შინაგანი მღელვარება გავაჩუმო. მერე გიორგი ჩემს ხელს იღებს, ნაიარევზე მკოცნის და აღარ მიშვებს. თვალებს ვხუჭავ და იმაზე მალე მეძინება, ვიდრე ველოდი. პ.ს. იმედია ამ თავის დადებით შევძლებ თქვენთვის იმის დამტკიცებას თუ როგორ მიყვარხართ. უბრალოდ ვერაფრით შევძელი პირობის გატეხვა და გადაგდება. <3333 მიზეზები თუ რატომ არაა ეს ბოლო თავი: მინდოდა გიორგის და მარის რაჭაში ყოფნა ერთ თავში მომექცია, რაღაც სიმყუდროვის შექმნა მინდოდა მათთვის. და იმედი მაქვს ორად გაყოფა იმ ხიბლს, რაც მათ ერთად ყოფნას უნდა ჰქონდეს, არ დაუკარგავს. (( უბრალოდ ბოლო თავი გამოდიოდა უშველებელი. იმხელა, რომ თავისუფლად შემეძლო მისი ორად გაყოფა. ხოდა ვინაიდან წუხელ მხოლოდ ორი საათი მეძინა და იმედი არ მაქვს, რომ ამაღამაც მშვიდად დავწერ, ვამჯობინე, გამეხარებინეთ... და ძაააალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამომივა და არ ვინანებ <33333 მაპატიეთ, რომ დღეს ასე დაგაბნიეთ. <3333 ბოლო თავს მალევე დავდებ. ხვალ ღამით თუ არა, ზედ დილით აუცილებლად. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ <3333 პ.პ.ს. ვისაც აინტერესებს რეალურად როგორ გამოიყურება ადგილი, სადაც გიორგი და მარი არიან, დაგუგლეთ glamping georgia khrixi ოდესმე მოვხვდები იმედია (( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.