შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-9)


16-11-2020, 22:07
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 184

მართალია ისევ დავაგვიანე, მაგრამ როცა მუზები მსტუმრობენ, მაშინვე ვიღებ ბუმბულს და ფურცელს, ასე რომ მაპატიეთ. ვეცდები შემდეგი უფრო მოკლე დროში მოვასწრო :*


8 8 8 8

ხელის მოწერიდან ორი დღის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენზე უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა, მე და მელინა დაუყოვნებლივ ჩავედით თბილისში, რათა დასახული გეგმა, საკუთარ ოჯახებთან დალაპარაკებსას რომ მოიაზრებდა, სისრულეში მოგვეყვანა, ოღონდ ცალ-ცალკე და ერთმანეთის გარეშე, რათა სიტუაცია უფრო მეტად არ გამწვავებულიყო.
ნამდვილად არასწორი ვიქნები თუ ვიტყვი, ჩემებმა ცუდად მიიღეს ეს ამბავი-მეთქი. როდესაც სიტუაცია ავუხსენი და მთელი სიმართლე დაწვრილებით ვუამბე, აარონმა და ნიცამ, რაღაც მხრივ მხარიც კი დამიჭირეს, თუმცა მაინც კარგად ვამჩნევდი, როგორ გიჟურადაც ეჩვენებოდათ ჩემი ეს სრულიად მოულოდნელი ცხოვრებისეული ნაბიჯი. ოჯახის წევრებიდან, მხოლოდ ანასტასია გადამეხვია მოლოცვის ნიშნად და აარონისგან შეუმჩნევლად, შემდეგი სიტყვებიც ჩამჩურჩულა ყურში : -"კორპორატიულზე მაგ გოგოს ისე უყურებდი და ისე გიყურებდა, ერთ წელიწადში ნამდვილად არ დამთავრდებით. გაგრძელებაც აუცილებლად გექნებათ."
სასიამოვნო იყო მისგან ამ სიტყვების მოსმენა. ესე იგი, მხოლოდ მე არ მიტრიალებდა თავში მსგავსი შინაარსის ფიქრები და ვიღაც სხვაც ვარაუდობდა, რომ ჩვენს ერთობლივ ცხოვრებისეულ ფილმს, მეორე ნაწილიც ექნებოდა, სრულიად ახალი სცენარითა და განსხვავებული სიუჟეტით.
სამწუხაროდ, დევდარიანების გვარში საქმე გაცილებით რთულად წავიდა. როგორც კი ყველაფერზე დალაპარაკების შემდეგ, აარონის სახლი დავტოვე და მელინასთან გადარეკვა შევძელი, ამ უკანასკნელმა, მოღუშული ხმით მაცნობა, რომ დაცვა სახლში შესვლის უფლებასაც კი არ რთავდა, მამამისის მიერ გაცემული ბრძანების გამო. მშობლებთან დალაპარაკებაზე საუბარიც ზედმეტი იყო.
-ისევ მანდ ხარ? -ვკითხე და გზაზე მომავალი პირველივე ტაქსი გავაჩერე
-ჰო, აქვე ვარ, სკვერში -მიპასუხა აშკარად უხასიათოდ, მერე კი დაამატა :-ნიკოლოზ, ჩემს მშობლებს მართლა სასტუმროში მომუშავე ბარმენი ჰგონიხარ და ამიტომაც აქვთ ასეთი მწვავე რეაქცია. სულ სხვანაირად იქნებოდა, აარონისა და შენი ნათესაური კავშირის შესახებ რომ ჰქონდეთ ცნობები
ღრმად ამოვიოხრე. ზუსტად ვიცოდი ამ ხალხს როგორი მამაკაციც ჰყავდათ შერჩეული წარმოსახვებში, თავიანთი შვილის გვერდით, მე კი სრულებითაც არ ვიყავი სიმდიდრის ის ეტალონი, რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებოდათ. მართალია ადრე ზუსტად მათნაირად ვცხოვრობდი, თუმცა ახლა აღარ ვაპირებდი მარტივი ფული მიმეღო, იმისგან, ვისგანაც მთელი ეს დრო ვიღებდი სარგებელს. მსურდა თავად მომეწყო საკუთარი ცხოვრება და უკვე დაზუსტებით შემეძლო იმის თქმა, რომ საჭირო მონდომების შემთხვევაში, ყველაფერში სასურველ შედეგს დავდებდი.
-მელინა, მე სწორედაც რომ მაგ სასტუმროში მომუშავე რიგითი ბარმენი ვარ და მეტი არაფერი -საქარე მინა ჩამოვწიე და ნესტიანი ჰაერი ჩავისუნთქე. ღრუბლებს ისეთი ფერი ჰქონდა, სავარაუდოდ, მალე იწვიმებდა კიდეც -შენებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილი, არც მდიდარი ოლიგარქის მემკვიდრეს გაჰყოლია ცოლად და არც ლორდის ტიტულის მატარებელს, ვინც ორივე ჯიბით ლიმიტამოუწურავ საკრედიტო ბარათებს დაატარებს. მე აღარ ვაპირებ ჩემს ძმას ერთი თეთრი მაინც გამოვართვა. ეს თემა აღარ განიხილება
პაუზა რამდენიმე წამს გაიწელა. ამ დროის მანძილზე, ტაქსის მძღოლს, ვინც ჯერ კიდევ გაჩერებული იდგა და ელოდებოდა როდის ამოვიღებდი ხმას, სწრაფად ვუკარნახე დევდარიანების სახლის მისამართი და მანქანის დაძვრის მოლოდინში, სავარძლის საზურგეს მივაწექი.
-ზუსტად ამის მოსმენა მჭირდებოდა შენგან -როგორც იქნა, კვლავ ალაპარაკდა ყურმილის მეორე მხარეს მყოფი. ტონზე კმაყოფილებაც კი შევატყვე აღნიშნულ წამს-სიმართლე გითხრა, არც ოლიგარქის მემკვიდრე მჭირდება და არც ჯიბეგასქელებული ლორდი. უბრალო ადამიანებთან ურთიერთობაა ჩემთვის სიამოვნება. ამ სიტყვებით დაამტკიცე, რომ შენში არ შევმცდარვარ
-მაინც რაში არ შემცდარხარ?
-იმაში, რომ ნიკოლოზ ქალდანში ყველაფერია, რამაც კი ადამიანში შეიძლება მიმიზიდოს . . . საკუთარი თავი სათანადოდ დააფასე, რადგან ძალიან განსაკუთრებული ხარ
-ახლა რომ აქ იყო, თავს ვერ შევიკავებდი და ისევ გაკოცებდი -ვაღიარე და თვალებიც დავხუჭე. მართალია, რეალურად ვერ განვახორციელე, თუმცა გონებაში მაინც წარმოვიდგინე ეს სცენა, რათა ცოტათი მაინც ჩამეცხრო აშლილი გრძნობები
-ზუსტად ისე დაუკითხავად მაკოცებდი, როგორც მაშინ გააკეთე, სანაპიროზე?
-რაღაც არ გეტყობოდა, რომ უკმაყოფილო დარჩი. ისიც კი მახსოვს, რა მითხარი
-ჰოო? და რა გითხარი?
-მითხარი, შენს ტუჩებს სითბოს გემო აქვსო -თითქოს კვლავ მკაფიოდ ჩამესმა მისი სიტყვები და სახეზე ოდნავი ღიმილიც მომადგა
-მანქანის ხმა ისმის, ჩემთან მოდიხარ? -სწრაფად გადამიტანა სხვა თემაზე. მუდამ ოსტატურად ეხერხებოდა ხოლმე პასუხებისგან თავის დაძვრენა, როდესაც მისთვის უხერხულ თემებზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი და რაკი არ სურდა, აღარც მე ჩავცივებივარ დიდად
-ჰო, შენთან მოვდივარ, იქნებ ჩემი ნახვა და დალაპარაკება მაინც მოუნდეთ შენს მშობლებს
-ხომ შევთანხმდით, რომ ეს სიტუაციას გაამწვავებდა?
-იმაზე მეტად ვეღარ გაამწვავებს, როგორც ახლაა გამწვავებული
-პრინციპში მართალი ხარ -დანებდა ბოლოს, მერე კი დაამატა :- მაპატიე, ისე გავერთე ჩემი ამბებით, სულ გადამავიწყდა მეკითხა შენებმა როგორ მიიღეს ეს ამბავი. მათაც ცუდი რეაქცია ჰქონდათ?
-დამშვიდდი, ჩემკენ სრული სიმშვიდეა, ამაზე შეგიძლია არ ინერვიულო
-მართალს ამბობ? -შევატყვე გულზე მოეშვა. მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ, ვატყობდი, თავს ძალიან დამნაშავედ გრძნობდა ჩემს წინაშე, რადგან ეგონა შარში გამხვია და ამისთვის, რამდენჯერმე ბოდიშიც კი მომიხადა. ალბათ ამას არც გააკეთებდა, რომ სცოდნოდა, რამდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის ის ქსელი, რომელშიც მისი წყალობით გავეხვიე და როგორ ძალიან არ მინდოდა იქედან თავის დახსნა
-მართლა, მართლა -დავუმოწმე კიდევ ერთხელ -მანდ იყავი, უკვე ძალიან ახლოს ვარ და სულ მალე შენთან ვიქნები
-ანუ ჩემს მშობლებთან დალაპარაკებას სერიოზულად აპირებ?
-რატომაც არა?
-ეს, ლომის ხახაში თავის შეყოფას ჰგავს, ნიკოლოზ, არ მინდა რამე ცუდი მოხდეს. იქნებ შევეშვათ ამ საქმეს და როცა ცოტათი დამშვიდდებიან მერე მოვინახულოთ?
-როცა მანდ ვიქნები, ამ ყველაფერზე შემდეგ ვისაუბროთ, კარგი?
-კარგი, გელოდები -მიპასუხა მშვიდად მელინამ და აქედან რამდენიმე წამში, წყვეტილი ზუმერის ხმაც მომესმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყურმილი დაკიდა.
საუბრის დასრულების შემდეგ, ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩავაბრუნე და ამჯერად, ტაქსის მძღოლს ვაცნობე, რომ საბოლოო გაჩერების მისამართს ვცვლიდი. დევდარიანების სახლის მაგივრად, ვთხოვე იმ პატარა სკვერთან შეეჩერებინა მანქანა, რომელიც იქვე ახლოს, მასთან ორმოციოდე მეტრის მოშორებით მდებარეობდა.
მიუხედავად მელინას სიტყვებისა, მის მშობლებთან დალაპარაკების გეგმა მაინც არ მქონდა მოხსნილი დღის წესრიგიდან. ვხვდებოდი ამას რისთვისაც აკეთებდა -უნდოდა ჩემთვის ის უსიამოვნო სიტყვები აეცილებინა თავიდან, რომელთაც აუცილებლად მოვისმენდი, თუკი მისი სახლის ზღურბლს გადავაბიჯებდი, მაგრამ ამას ახლა საერთოდ არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. აღნიშნულ მომენტში, მელინასა და მის მშობლებს შორის არსებული დაძაბულიბის გაქრობა უფრო მაინტერესებდა, ვიდრე დავით დევდარიანის მახვილივით ბასრი სიტყვები, რომელთაც ჩემი მისამართით გამოისროდა ასიდან, ოთხმოცდაცხრამეტი პროცეტის შემთხვევაში. რაც არ უნდა ყოფილიყო, ამ თემის განხილვა კიდევ ერთხელ მოგვიწევდა, მაშინ, როდესაც მელინას პირადად შევხვდებოდი და ამ მომენტამდე, გადავწყვიყე ზედმეტი ფიქრებით თავი არ შემეწუხებინა. ყველაფერს ჩვენი მომავალი საუბარი გადაწყვეტდა და აგრეთვე ის, თუ რა ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებდით ამ დიალოგის ბოლოს.
ტაქსის მანქანა რომ ჩემთვის სასურველ ადგილას გაჩერდა, დაახლოებით საღამოს რვა საათი იყო. მელინა, ზუსტად იმავე სკამზე მჯდომი დამიხვდა, რომელზეც ნიცა იჯდა, როცა ჩემი თბილისში ჩამოსვლის დღეს, ამ სკვერში შევხვდით ერთმანეთს. გამეღიმა ამის გააზრებაზე. არა, რაღაც ნამდვილად არსებობდა.
-მართლა რა მალე მოხვედი -ფეხზე წამოდგა და ისე შემეგება, როგორც კი მანქანიდან გადმოსული დამინახა მელინამ
-რა იყო, ასე მალე მოგენატრა შენი ქმარი?
-ლამის დამწვა მონატრებამ. წვიმას ველოდები ცოტათი რომ გავგრილდე -მერე ცას ახედა, გაეღიმა და კვლავ ჩემკენ მომართა მზერა -ისე, მგონი ნამდვილად აპირებს წვიმას, ხომ არ ჯობია სადმე თავი შევაფაროთ?
-ნუ ცდილობ გადამარწმუნო, რათა შენს მშობლებს არ დაველაპარაკო -მაშინვე გავშიფრე მისი ხრიკი. დამარცხებული მელინა კი მოიღუშა
-ასე ძალიან მეტყობა?
-შეტყობით არა, უბრალოდ მე გავიწაფე ამ ბოლო დროს შენი ოინების ამოცნობაში
-თუ ასეა, ცუდად ყოფილა ჩემი საქმე
-კარგი, მაგას შევეშვათ. მოდი, დავსხდეთ -სკამისკენ ვანიშნე თვალებით და როგორც კი კვლავ მასზე დამჯდარი დავიგულე, თავადაც გვერდით მივუჯექი
-ისეთი ტონით თქვი დავსხდეთო, აშკარად რაღაც სერიოზულს განვიხილავთ -მომესმა რამდენიმე წამში მელინას დაღლილი ხმა. სახეზე პირველი წვიმის წვეთიც დამეცა იმ მომენტში
-შენი აზრით არ უნდა განვიხილავდეთ? -ვკითხე -ჩემებთან დასალაპარაკებლად რომ წავედი, შეგნებულად არ გამომყევი, რადგან ჯერ კიდევ თვლი, რომ ეს ყველაფერი მარტო შენი მოგებული სურვილის გამო ხდება და თავს იდანაშაულებ. დავიჯერო მართლა ვერ ხვდები, სხვას რომ იგივე ეთხოვა, მასთან ხელის მოწერის ალბათობა, მინუსებში რომ იქნებოდა გადასული?
-ამას მეც ვხვდები, ნიკოლოზ -ამოთქვა დახშული ხმით და მაშინვე მომხვდა თვალში მისი სითბოთი სავსე მზერა -უბრალოდ პირველად გადავდგი ცხოვრებაში ასეთი სპონტანური ნაბიჯი და სანამ არ მითხარი, ჩემი ოჯახის მხრიდან პრობლემა არ შექმნილაო, მანამდე შვებით ამოსუნთქვაც კი ვერ შევძელი. პარადოქსია, მოსალოდნელ შედეგებზე მხოლოდ ქორწინების სახლიდან გამოსვლის შემდეგ რომ დავფიქრდი, მაგრამ როგორღაც ასე მოხდა
-ჰოდა თუ მოხდა, ესე იგი ასეც უნდა მომხდარიყო -გამამხნევებლად დავადე მხარზე ხელი. მერე მის ტალღოვან თმაში ავხლართე თითები, სახე ჩემკენ მოვაბრუნებინე და თოვლისფერ კანზე ხელის გული ჩამოვუტარე -დამიჯერე, არანაირი გართულება არ მოჰყვება შენს ამ ნაბიჯს, მშობლებს რაც შეეხება, ადრე თუ გვიან, მაინც გადაწყვეტენ კომპრომისზე წასვლას, ამას მე მოვაგვარებ
-მჯერა, მოაგვარებ, მაგრამ მოდი დღეს არა, კარგი?
-მელინა, რაც არ უნდა მითხრას მამაშენმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ ჩემს სიტუაციიდან გარიდებას შეეშვი და გამომყევი!
-მარტო ეს არ არის მიზეზი -ოდნავ მოშორდა ჩემს სახეს და ნერვიული გამოხედვაც დაურთო თავის სიტყვებს -სანამ ჩემი სახლიდან აქ მოვიდოდი, დაცვის თანამშრომელს ველაპარაკე. მითხრა, დავითმა რაღაც მნიშვნელოვანი ტენდერი წააგო, საშინლადაა გაცოფებული ცალკე ამის და ცალკე შენი ამბის გამოო. ასეთ სიტუაციაში, მართლა არაა შესაფერისი დრო მისი და ჩემი საუბრისათვის, თანაც მაშინ, როცა იმის შესახებაც ახალი გაგებული აქვს, საბერძნეთში რომ ერთი დღეც არ გამიტარებია
დავნებდი. მელინას საუბარმა, საბოლოოდ მაინც მაიძულა თეთრი დროშის ფრიალი დამეწყო. თუ დავითი ნამდვილად მსგავს სიტუაციაში იყო ჩავარდნილი, სრულიად ალოგიკური იქნებოდა მისთვის რამის ახსნის მცდელობა, ამიტომ, თავადაც მოცდა ჩავთვალე უფრო გონივრულ ვარიანტად და გვერდით მჯდომს ოდნავ გავუღიმე.
-კარგი, იყოს როგორც შენ გინდა. თუმცა ერთი რამ იცოდე -გამაფრთხილებელი მზერა ვესროლე ამის თქმისას -როდესაც მშობლებთან ამ თემის განსახილველად წახვალ, მეც იქვე ვიქნები და შენი ხელი მეჭირება, რადგან ზუსტად ვიცი, ამის აუცილებლობას იგრძნობ და ძალიან გთხოვ არც შემეკათო!
საბედნიეროდ, ჩემმა კატეგორიულმა ტონმა, სასურველი შედეგი გამოიღო, რადგან ამჯერად მართლა აღარ შემწინააღმდეგებია და უხმოდ თავის დაქნევა ამჯობინა. იმ წამს, კიდევ ერთხელ დამეცა სახეზე მორიგი წვიმის წვეთი. როგორც ჩანს, ჩემი პროგნოზი გამართლდა -მალე მართლაც დაუშვებდა წვიმა.
-კარგი და ახლა რა იქნება? -ინტერესით შემომყურებდნენ აწ უკვე ჩემი ცოლის მელნისფერი თვალები -ისევ ბათუმში დავბრუნდებით და სასტუმროში გავაგრძელებთ მუშაობას?
უცნაურად მეჩვენა, რომ აღნიშნულ თემაზე ჯერ კიდევ არ გვესაუბრა ხმამაღლა, თუმცა გონებაში უკვე ყველაფერზე ზედმიწევნით მქონდა ნაფიქრი, ამიტომ, ბევრი ფიქრიც არ დამჭირვებია პასუხის გასაცემად.
-არა, ბათუმში აღარ დავბრუნდებით, აქ დავრჩებით
-აქ?
-ჰო, აქ . . . უნივერსიტეტში არქიტექტურას ვსწავლობდი, შევეცდები რამე ნორმალური სამსახური ვიშოვო, შენ კი როცა ზაფხული ჩამთავრდება, სწავლას მიხედავ და თუ რამე შეთავსებით სამუშაოსაც მოახერხებ, შეგიძლია იმუშავო კიდეც, ეგ უკვე თავად უნდა გადაწყვიტო
-მგონი კარგი აზრია -დაიჩურჩულა თავისთვის, სკვერში დადგმული სასრიალოებისკენ გაიხედა და მასთან მოთამაშე ბავშვებს უყურებდა მანამ, სანამ კვლავ ჩემკენ არ მოატრიალა თავი
-როცა შენს გეგმებს ვუსმენ, ასე მგონია, თავიდან დავიბადე და სიარულსაც ახლა ვსწავლობ -აღიარა სიცილით. მეც გამეცინა მის სიტყვებზე, რადგან თავადაც ზუსტად მსგავსი შეგრძნებებით ვიყავი გარემოცული
-კარგად მესმის შენი. შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ თუ ვეცდებით ჩვენში ის გაფუჭებული, მდიდარი ბავშვი მოვკლათ, ვისაც ყველაფერი ლანგარზე დაწყობილი მისდიოდა, აუცილებლად გამოგვივა რამე
-არ გინდა ცოტა ხნით ამ ქალაქიდან წავიდეთ? -მოულოდნელად, სამას სამოცი გრადუსით შემოატრიალა საუბრის თემა და თავის შეკითხვას, გამომცდელი მზერაც მოაყოლა თან
-თაფლობის თვეში წასვლას მთავაზობ, თუ უბრალოდ მეჩვენება?
-კარგი, რა -სიცილით გამკრა მხარი -უბრალოდ ცოტა ხნით, სადმე საინტერესო ადგილას დავისვენოთ. ქვიშის ქარიშხლის გიჟური გრაფიკის გამო, ეს ნამდვილად მჭირდება, ცოტა ხნით
-მაინც სად გინდა წასვლა? -გადავწყვიტე მისი უეცარი იდეის მიმართ მეტი ყურადღება გამომემჟღავნებინა, რადგან თავადაც დავინტერესდი. რატომღაც იმის მოლოდინი მქონდა, რომ პასუხი ან საფრანგეთი იქნებოდა, ან იტალია, ან კიდევ ავსტრია, თუმცა მისმა ნათქვამმა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, როცა მკითხა, ოდესმე კახეთში თუ ყოფილხარო.
-კახეთში? -ვკითხე დაეჭვებით, რათა დავრწმუნებულიყავი ნამდვილად სწორად გავიგე თუ არა
-ჰო, კახეთში. ყოველთვის მინდოდა ამ მხარის მონახულება, თუმცა შესაძლებლობა არასდროს მომცემია
-სიმართლე გითხრა, ყველაფერს ველოდი იმის გარდა, რაც ახლა მითხარი -ვაღიარე გულწრფელად. ჩემმასიტყვებმა, მელინას ინტერესიანი მზერა დაიმსახურა
-მაინც რას ელოდი? -სკამის საზურგეზე მკლავით დაყრდნობილმა მკითხა -გეგონა ვერონაში მომინდებოდა წასვლა, რათა ჯულიეტას ქანდაკების მკერდს შევხებოდი, თუ იფიქრე ვენეციაში, გონდოლებით სეირნობას ვინატრებდი, სიმპათიურ მევიოლინე გამცილებელთან ერთად?
ჩამეცინა. ეს გოგო აშკარად კითხულობდა ჩემს ფიქრებს.
-ჰო, სიმართლე გითხრა, რაღაც ეგეთს ველოდი -ვთქვი ბოლოს -მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კახეთი უფრო საინტერესოდ გეჩვენება
-თუ შენ არ გინდა, შეგვიძლია ცვლილებები შევიტანოთ -მაშინვე დაიხია უკან, თუცმა შევაჩერე :
-არა, არა, ეგ კუთხე არც მე მაქვს მონახულებული და მაინტერესებს კიდეც -აბსოლუტურად გულწრფელად ვუთხარი ეს სიტყვები. ნამდვილად გამოიწვია იქაურობამ ჩემში ინტერესი. ბოლოს და ბოლოს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მქონდა ათვისებული ყოველი კუთხე-კუნჭული, საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი მხარე კი ჯერაც მოუნახულებელი დამრჩენოდა. აშკარად არ ეკადრებოდა ეს ჩემნაირ „პატრიოტ“ ადამიანს
-ანუ წავალთ, ხომ? -ოდნავ წამოწია თავი მელინამ. თვალებში სიხარულის ნაპერწკლები უთამაშებდა და მათი შემჩნევა, ადვილზე ადვილი იყო
-წავალთ, თუმცა ამისთვის ავანსის აღება დაგჭირდება სამსახურიდან -ფინანსებზე დავიწყე ფიქრი, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ
-კარგი რა, რა ავანსი, ნიკოლოზ? -ხმამაღლა გაეცინა -დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც მე, ძველი ცხოვრებიდან, შენც გექნება შემორჩენილი ნივთები, რომელთა გაყიდვის შემთხვევაშიც კი სერიოზულ ჯეკპოტს მოვხსნით. ჩათვალე, რომ ეგაა შენი ავანსი
საკმაოდ ლოგიკური მეჩვენა მელინას აზრი. ჭკვიანურიც კი და ეს არც დამიმალავს:
-კარგი მოფიქრებაა. თუ ჩემი საათების კოლექციას მთლიანად გავყიდი, კახეთში კი არა, მალდივებზეც დავისვენებთ, ერთი თვით, ინგლისის მონარქებივით
-ჰოდა თუ ასეა, ორივემ გავწიროთ რამე ძვირფასი ნივთი
-მაწყობს -მის გამოწვდილ ხელს, ჩემი შევაგებე და გარიგებაც შედგა
-ანუ, ფინანსური პრობლემა უკვე გადავჭერით
-გადავჭერით -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე -ახლა კი, მშრალი ადგილის პრობლემა გადავჭრათ და სადმე თავი შევაფაროთ, თორემ მალე ძლიერი წვიმა დაუშვებს
მელინა ფეხზე სწრფად წამოდგა, ჭაობისფერი ჩანთა მხარზე გადაიკიდა და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გამცა :
-რამე იდეა გაქვს, სად შეიძლება თავის შეფარება? -მკითხა, თან ზემოდან დამაცქერდა, გულზე ხელებდაკრეფილი. შორტებსა და უმკლავო მაისურში გამოწყობოლი, თანაც გაშლილი თმით, იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა, საკუთარ თავს ძლივს ვუწევდი კონტროლს, მისთვის კოცნაში არ ამომეხადა სული
-მაქვს ერთი იდეა -ვნებებაშლილმა თავი გვერდზე გავატრიალე და წამით თვალებიც დავხუჭე -აქვე ახლოს, ერთი ვინტაჟური კაფეა, საკმაოდ გემრიელ ჩაის ამზადებენ, თუ გინდა იქ შევიაროთ
-მაწყობს. ჩაი და წვიმიანი ამინდი ერთმანეთს ძალიან უხდებიან
-რომანტიკოსი ხარ ბამბის თოჯინა? -ფეხზე წამოვდექი ამ სიტყვებზე, თან თითით ვანიშნე იქითკენ, საითაც ხსენებული კაფე მდებარეობდა -აი, იმ მხარეს წავიდეთ, ქუჩის ბოლოს რომ მოსახვევია, იქვეა
-რომანტიკოსი რომ ვიყო, წვიმაში ვალსის ცეკვაც მომინდებოდა, მაგრამ ახლა თავის შესაფარებელ ადგილს ვეძებ
-რომ იცოდე, შენდაუნებურად ახლა არაჩვეულებრივი იდეა მომაწოდე -ერთ ადგილას გავჩერდი ამის თქმისას, თან მის მაჯასაც ჩავავლე ხელი და ჩემკენ მოვიზიდე. თვალებში შევატყვე უკვე ხვდებოდა რასაც ვაპირებდი და არც შევმცდარვარ, როცა ასე ვიფიქრე :
-ნიკოლოზ, უკვე წვიმს და მალე უფრო გაძლიერდება, შენ რა ამის გაკეთებას მართლა აპირებ? -ხმაშიც და სახეზეც ღიმილი ეპარებოდა
-გაჩუმდი და მოდი ჩემთან
-მერე ჩვენი გეგმა კაფესა და ცხელ ჩაიზე?
-კაფეში მაშინ შევალთ, როცა დავსველდებით და შეგვცივდება
-გიჟი ხარ -გაეცინა, თუმცა მეტად აღარაფერი უთქვამს. ამის მაგივრად სხეული მოადუნა, კისერზე ხელები შემომხვია და ჩემს ნელ მოძრაობებს აჰყვა, თან პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მზერას არ მაშორებდა. სახიფათოდ მიწვევდა თავისი ასეთი გამოხედვით. დარწმუნებული ვიყავი, ეს თვითონაც მშვენივრად იცოდა და სპეციალურად უკრავდა ჩემს ნერვულ სისტემაზე
-იმაზე მეტად არა, ვიდრე ჩემი ცოლი -მის ლოყაზე გავასრიალე ტუჩები და თვალთან ძალიან ახლოს ვაკოცე
-შენი ცოლი დისტანციის დაცვას ითხოვს -ისეთი ხმით ამოთქვა, მივხვდი ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო ნამდვილი გრძნობების დასამალად და იმ წამს, ისევე როგორც მე, მელინასაც ფეხებზე ეკიდა ჩვენს შორის გავლებული დისტანციის ზღვარისთვის გადაბიჯება
-ცოლსა და ქმარს შორის დისტანციის დაცვა დიდი უსამართლობაა -ამჯერად მის წვიმის წვეთებისგან დასველებულ ყელს ავუყევი ტუჩებით. ვიგრძენი, როგორ მომენდო ამის შემდეგ მთელი სხეულით, თავი გულზე დამადო და ღრმად ამოიოხრა
-რაღაც მჭირს, ნიკოლოზ -შხაპუნის ხმაში, სმენას ძლივს მისწვდა მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები. იმდენად ჩუმად საუბრობდა, წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ საერთოდ არ სურდა გამეგო, თუმცა როდესაც ლაპარაკი უკვე ჩემი თვალების ყურების პარალელურად განაგრძო, უწინდელ მოსაზრებაში მაშინვე შევიტანე ეჭვი -ამას დღითიდღე უფრო ცხადად ვგრძნობ და სიმართლე გითხრა საკმაოდ მძაფრადაც
-მაინც რა გჭირს?
-ვერ გეტყვი . . . მხოლოდ ის ვიცი, რომ ასეთი გრძნობა მხოლოდ შენთან ყოფნისას მაქვს
მელინას გული საოცრად ფეთქავდა იმ წამს. ისე, თითქოს რაღაცას ელოდა. თითქოს ბავშვი იყო, ვინც დაბადების დღეზე, ნანატრ საჩუქარს აცლიდა შეფუთვას და გულისფანცქალით უცდიდა იქედან სასურველი პრიზის ამოღებას.
თვალები დავხუჭე და მის წვრილ წელს, უფრო მაგრად შემოვხვიე მკლავები. უკვე კოკისპირულად წვიმდა, თუმცა ფეხებზე მეკიდა. ვინმეს რომ ეთქვა, ოდესმე სასიყვარულო ფილმების ამ ბანალურ სცენას რეალობაში გადმოიტანო, ალბათ ბევრს დავცინებდი, თუმცა როგორც ჩანდა, აქაც "არასოდეს თქვა, არასოდეს" პრინციპი თამაშობდა გადამწყვეტ როლს და გულიანადაც იცინოდა ჩემი შემხედვარე.
არც ეს მაინტერესებდა. უბრალოდ ყველას და ყველაფერს ვიყავი მოწყვეტილი საყვარელი ქალის გარდა, ვისაც მკლავები, ჯერ კიდევ კისერზე შემოეხვია ჩემთვის და წვიმის მელოდიას ჩემთან ერთად აყოლებდა ტანს.
-აღმიწერ ახლა რას გრძნობ? -დავიჩურჩულე პირდაპირ მის ყურთან -შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ შეეცადე
პირი რამდენჯერმე გააღო მელინამ რაღაცის სათქმელად, მაგრამ ყოველ მცდელობაზე ჩაფლავდა. მის სიტყვებს, თითქოს უხილავი ბორკილები დაედოთ, ვერაფრით ახერხებდა დუმილის სამყაროდან გამოსვლას. ისევ თავად უნდა დავხმარებოდი ამაში.
-თვალები დახუჭე და ეცადე ისე თქვა, თითქოს არავინ გისმენს. თითქოს მე მეუბნები, მაგრამ მე აქ არ ვარ და წარმოსახვით ნიკასთან გაქვს დიალოგი გამართული
-ნიკოლოზი . . .
-რა?
-ნიკა არა, ნიკოლოზი -განმიმარტა -ასე უფრო გიხდება
გამეცინა.
-კარგი, ამ მხრივ შეზღუდვა არ გაქვს, რაც გინდა ის დამიძახე, ოღონდ ჯერ ჩემს კითხვას უპასუხე
-ამ ბოლო დროს, საკმაოდ ბევრ ისეთ კითხვას მისვამ, რომლებზეც პასუხების გაცემა ძალიან მიჭირს
-მაგრამ მაინც მიპასუხებ, არა? -ნიკაპში ხელი ჩავავლე, სახე, სახესთან ახლოს მივუტანე და ისეთი ტონი დავიჭირე, რომელშიც თხოვნაც ისევე იყო გარეული, როგორც ბრძანება
-ჰო, გიპასუხებ -აქამდე თუ მზერის არიდების მცდელობებში ამყარებდა რეკორდს, ახლა კვლავ უწინდებურად თავდაჯერებული მელინა დაბრუნდა, ვინც უტეხად ჩამაშტერდა თვალებში და შემდეგი სიტყვები მითხრა :- როცა ახლა, შენს გვერდით ვარ, მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ. შენი კოცნის უზარმაზარ სურვილს
ძარღვებში თითქოს სისხლი ადუღდა ამის მოსმენისას. შინაგანად მანგრევდა მისდამი ამხელა მიზიდულობა. თითქოს რკინა იყო, მე კი მაგნიტი, რომელსაც მთელი ძალით ექაჩებოდა თავისკენ და გასაქანს არ უტოვებდა.
-გინდა ეგ სურვილი ახლავე შეგისრულო? -ჩემი ხმაც კი მეუცნაურა იმ მომენტში. სიტყვები რომ ძლივს გადავაბი ერთმანეთს, მოწოლილი სურვილებისგან, ამაზე უკვე აღარაფერს ვამბობ
-მინდა -ოდნავ დამიქნია თავი -ყველაფერზე მეტად მინდა
-ანუ ჩემდამი გრძნობები აღარ გაშინებს?
-ცხოვრებაში რისკზე არა ერთხელ წავსულვარ, ნიკოლოზ, შენც მორიგი რისკი იქნები
-მორიგი, თუმცა ყველაზე სასიამოვნო რისკი -ვუთხარი ღიმილით და როგორც კი ჩემი სიტყვების საპასუხოდ მასაც გაეღიმა, ალუბლისფერ ტუჩებზე ფრთხილად შევეხე.
კოცნა, თითქოს უსასრულობამდე გაგრძელდა. არ შემეძლო მის სხეულს მოვშორებოდი, მისი ბაგეები ასე მარტივად დამეთმო, ამიტომ, ჰაერის მარაგის შევსების შემდეგ, კოცნას ისევ და ისევ ვანახლებდი და ერთი წამითაც არ ვაძლევდი ამოსუნთქვის საშუალებას.
დრო კი კვლავ მიდიოდა . . .
არც წვიმა აპირებდა გადაღებას . . .
სადღაც, კორპუსის რომელიღაც ფანჯრიდან, ფოტო-აპარატის ჩხაკუნიც გაისმა. როგორც ჩანს, ვიღაცამ სურათი გადაგვიღო, თუმცა იმ მომენტში, ესეც ფეხებზე მეკიდა, ისევე როგორც, ჩემი სველი მაისური და ის დაკარგული თავი, რომელიც მელინას გაცნობამდე აშკარად მხრებზე მება.



8 8 8 8
კახეთში დასასვენებლად წასვლა, მართლაც საუკეთესო იყო იმ გადაწყვეტილებათაგან, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმეღო.
უკვე მეორე კვირა იწყებოდა, რაც სიღნაღში, პატარა, ეზოიანი კოტეჯი გვქონდა დაქირავებული და ყველას და ყველაფერს მოწყვეტილები, მხოლოდ ერთმანეთთან ვატარებდით დროს.
საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში ჩემსა და მელინას შორის. ვგრძნობდი როგორ მეჩვეოდა თანდათანობით, როგორ იხსნებოდა ჩემთან, როგორ ამჟღავნებდა თავის ნამდვილ ხასიათს, რაც იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი გაცნობის პირველ დღეებში ვფიქრობდი. უმთავრესი კი მაინც ის გახლდათ, რომ მისი ჩემდამი ნდობა დღითიდღე უფრო და უფრო იზრდებოდა. ვგრძნობდი, ისევე როგორც მე, ისიც მოელოდა რაღაცას ამ ურთიერთობისგან, თუმცა ხმამაღლა არასდროს არაფერი უთქვამს და არც აშკარად გამოუხატავს საკუთარი სურვილები. მეც თავს ვიკავებდი. მსგავს სიტუაციაში, სიჩქარე მაინცდამაინც კარგი გამოსავალი ვერ იყო, ამიტომ, თვითონაც დინების მიყოლას ვამჯობინებდი, იმ იმედით, რომ ბოლო გაჩერება სასურველი შედეგის მომტანი აღმოჩნდებოდა.
ორშაბათი საღამო იყო. ვინაიდან აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდანვე, ვახშმის მომზადებაზე განრიგი გქვონდა დაწესებული და ამჯერად, მასში ჩემი სახელი ფიგურირებდა, ვცდილობდი მაცივარში მქონე მცირედი პროდუქტებისგან რაღაც მარტივი, თუმცა გემრიელი მომემზადებინა.
მელინა, კოტეჯის ეზოში, კერძოდ, პალმის ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში იჯდა და თავის მეგობარს, სახელად მიას, ვისაც ჯერ კიდევ არ ვიცნობდი პირადად მისი ტოკიოში ყოფნის გამო, ვიდეო-ზარით ესაუბრებოდა.
მზიანი ამინდი იყო. ვახშმის შემდეგ, ალაზანზე წასვლა გვქონდა გადაწყვეტილი, საბანაოდ, იმ მანქანით, რომელიც გაქირავებიდან გამოვიყვანეთ სიღნაღში ჩამოსვლის პირველივე დღესვე. ზოგადად, ყოველ ახალ დღეს, ერთად ვგეგმავდით ხოლმე რა დროს რა უნდა გაგვეკეთებინა და უნდა ითქვას, გასული ერთი კვირის მანძილზე, თითქმის მთელი კახეთის მოვლა შევძელით, თანაც ისე, რომ ერთი ქვაც კი არ დაგვიტოვებია უნახავი.
საჭირო პროდუქტების გამოღების შემდეგ, მაცივარი კვლავ მივხურე და ინგრედიენტები მაგიდაზე მოვათავსე. სწორედ იმ მომენტში, ნაბიჯების ხმაც შემომესმა მისაღებიდან. როგორც ჩანდა, უკვე დაემთავრებინა მელინას, თავის მეგობართან სატელეფონო საუბარი და საბოლოოდ, ჩემი არსებობის შესახებაც გახსენებოდა.
-აი მეც მოვედი -მითხრა მხიარული ტონით, როგორც კი შიგნით შემოვიდა და სანამ პასუხს გავცემდი, გრძელი მაგიდის ბოლოშიც შემოსკუპდა, თან დაკვირვებით გადახედა ერთად დახვავებულ, სხვადასხვა სახის ბოსტნეულს -მოიფიქრე რის მომზადებას აპირებ?
-ალბათ რაღაც ისეთის, რაც იჭმევა -მივუგე -დიდი არჩევანი რომ არ მაქვს და ჩვენი ბოლო გაჩერება ბოსტნეულის სალათია, ალბათ ხვდები
-ჩემი ბრალია, პროდუქტების საყიდლად მე არ გაგიშვი, გუშინ
-მაგას არა უშავს, სამაგიეროდ, პოპ-კორნი გავაკეთეთ და ტომი-ჯერის ვუყურეთ ბოლომდე, ეს უფრო მნიშვნელოვანია
მელინამ მხარზე მიჩქმიტა.
-კარგი რა, ნუ დამცინი, მულტფილმები ადამიანს ყველა ასაკში უნდა უყვარდეს -ეს კი მითხრა, თუმცა ვამჩნევდი თვითონაც ძლივს იკავებდა სიცილს -სხვათა შორის, ახლა ცოლ-ქმარი ვართ და ტელევიზორის ერთად ყურება ძალიან მნიშვნელოვანია მყარი ურთიერთობისთვის
-ნამდვილად? -მართალია ეს სიტყვები ხუმრობის ტონით თქვა, თუმცა მაინც სიამოვნებით ავყევი წამოწყებულ თამაშში, რომელიც ზუსტად ვიცოდი, იუმორით შენიღბულ ფლირტსაც გულისხმობდა, რაღაც კუთხით -მოდი, მაშინ ახლა თავადაც ჩამოვთვლი შენს მოვალეობებში რა შედის
-კი ბატონო, მაწყობს
-პირველ რიგში ჩემი ღალატი აზრადაც არ უნდა გაივლო, მეორე -მუდამ რბილი უნდა იყო ჩემთან მიმართებაში და მესამე -როცა ფეხბურთი დაიწყება, სერიალზე გადართვა არ უნდა მთხოვო
მელინამ ყველაფერი მშვიდად მოისმინა და ჩემი სიტყვების ბოლოს, გვერდულად ჩაეცინა.
-კარგი, იყოს ასე -რატომღაც მაშინვე დამთანხმდა, მერე კი ბასრი მზერაც მოაყოლა თავის სიტყვებს -ახლა, თუ ნებას დამრთავ, მეც ჩამოგითვლი ჩემს წესებს
-ბრძანეთ, ყურადღებით გისმენთ
-დავიწყებ იმით, რომ შენი სუნამო არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოცვალო -გამაფრთხილებლად ამიწია თითი ამის თქმისას -დანარჩენი ორი კი შემდეგში მდგომარეობს -სახლში არ უნდა მოწიო და ფრაზა "ნასკი გამხადე ქალო" არასდროს უნდა გამოიყენო
სახალისო იყო მისთვის მოსმენა. ზედმეტად სახალისოც კი.
-ვინაიდან ძალიან იშვიათად ვეწევი, მეორე პუნქტის შესრულება არ გამიჭირდება, დანარჩენებზე კი როგორღაც ვიმუშავებ -გამეცინა და მაგიდაზე შემომჯდარს, წელზე ხელები მაგრად მოვხვიე. ამ შეხებაზე ოდნავ შეკრთა, თუმცა პროტესტი არ გამოუთქვამს. ბოლო დროს, ეჩვეოდა კიდეც ჩემს სიახლოვეს, რომელსაც მუდამ ნორმის ფარგლებში ვაქცევდი და ზედმეტი არასდროს მომდიოდა ხოლმე -კიდევ ხომ არ გაქვს რამე დამატებითი პუნქტი, ბამბის თოჯინა?
-სიმართლე გითხრა, მაქვს, ოღონდ თხოვნა
-მაინც რა თხოვნა?
-გუშინწინ რომ გამასინჯე, იმ კერძს ხშირად მოამზადებ ხოლმე -მუდარით შემომყურებდნენ მელნისფერი თვალები ამის თქმისას -მართლა საოცრად გემრიელი იყო
-რა თქმა უნდა გემრიელი გამოვიდოდა -გადავწყვიტე კონპლიმენტი ბოლომდე შემეფერებინა, თან სიცილით დავძინე :- ისე, კარგი იქნებოდა ცოტა ჩემთვისაც დაგეტოვებინა, რავიცი მაინც ორზე იყო გათვლილი
-სხვა დროს შენც დაგიტოვებ ხოლმე, ამ ჯერზე როგორმე მაპატიე. ჰო მართლა, რამდენი ხანი დასჭირდება შენს ბოსტნეულის სალათს, ხომ არ მოგეხმარო?
-რავიცი, თუ გინდა მეორე დანა აიღე და სტაფილო დაჭერი -შევთავაზე -ორის მუშაობის შემთხვევაში, მდინარეზე უფრო მალე წავალთ
-ჰო მართლა, ცურვა თუ იცი? -მაგიდიდან ჩამომხტარი მელინა გვერდით დამიდგა და სტაფილოები მოიმარაგა. მერე საშუალო ზომის, ყავისფერტარიანი დანა ამოაცურა სათავსოდან და ჯერ კიდევ გაურეცხავი სტაფილო ონკანს შეუშვირა
-ოცდაორი წლის ასაკში რომ ცურვა არ ვიცოდე, სირცხვილით თავს ვერსად გამოვყოფდი
მელინამ ღიმილით გადმომხედა, თან მაგიდაზე, წვერით დარჭობილ დანის ტარს დაეყრდნო, მარჯვენა მკლავით.
-ანუ როცა მდინარეზე მივალთ, ყვინთვაში შეჯიბრებასაც შევძლებთ
ვაღიარებ არ იყო ცუდი იდეა და გადავწყვიტე დავთანხმებოდი :
-რა თქმა უნდა, შევძლებთ, ოღონდ თამაშს რომ აზარტი ჰქონდეს, წაგებული მხარე, მოგებულის პირადი შეფ-მზარეული იქნება, მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც აქ ვიქნებით.
მელინას თვალები ეჭვით დაუწვრილდა, მერე კი, უკვე გასუფთავებული სტაფილო ხმაურით ჩაკბიჩა.
-ცდილობ, წამაგებინო და საჭმლის მომზადებას აარიდო თავი, არა?
-პირიქით, ვცდილობ ჩემი ცოლი კარგ მზარეულად ჩამოვაყალიბო. ქალის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ისაა, რომ გემრიელი საჭმელების მომზადება შეუძლია
-არა, დღითიდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, მართლაც კუჭზე გადის -თვალები აატრიალა ამის თქმისას, მერე კი სათადარიგო საჭრელი დაფა აიღო და სტაფილოს "შეუტია"
-ვინც ეგ თქვა, ალბათ ს*ქსის შესახებ არ სმენოდა არაფერი
ჩემმა სიტყვებმა, მელინას იდუმალი ჩაცინება გამოიწვია.
-გირჩევნია გაჩუმდე -დანის წვერი მიმოშვირა ამის თქმისას. აღარც მე მითქვამს რამე, უბრალოდ ოდნავი ღიმილით შევავლე თვალი მის სახეს, რომელიც უკვე მე აღარ მიყურებდა და თავადაც ნახევრად დაჭრილ პროდუქტებს მივუბრუნდი.
მთელი დარჩენილი დრო, უხმოდ ვამზადებდით ჩვენს ბოსტნეულის სალათს. სამზარეულოშიც მხოლოდ საჭრელ დაფაზე დანის პერიოდული კაკუნის ხმა ისმოდა. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა დუმილიც კი უზომოდ სასიამოვნოდ მეჩვენებოდა მასთან ერთად. ალბათ, ესეც ამ გოგოსადმი გაჩენილი გრძნობებისგან გამოწვეული ერთ-ერთი პარადოქსი იყო.



* * *

არ არსებობს იმაზე უარესი სასჯელი, ვიდრე გყავდეს ცოლი, ვისი უბრალოდ ყურებაც კი ძარღვებში სისხლს გიცხელებს და მისი შეხების უფლებას იყო მოკლებული.
სწორედ ეს აზრი მიტრიალებდა თავში მას შემდეგ, რაც, მდინარეზე წასასვლელად გამზადებული, შოკოლადისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მელინა დავინახე პირველად. ახლაც, როდესაც ნაპირზე ვიჯექი და მის მშვიდ ცურვას ვაკვირდებოდი, იმას, თუ როგორ ლამაზად უბრწყინავდა წყლის წვეთები ბამბისფერ კანზე, ლამის მთელი სხეული მტკივდებოდა მოწოლილი სურვილებისგან.
ჩვენს შორის გამართულ ყვინთვის შეჯიბრში, სპეციალურად წავაგე, რათა მის თვალებში ის სიხარულის ნაპერწკლები დამენახა, ასე ძალიან რომ მიყვარდა, თუმცა არ გამომივიდა. წარმოდგენა არ მაქვს საიდან, მაგრამ როგორღაც მაინც მოახერხა ჩემი პატარა ტყუილის გაშიფვრა და მაშინვე მეორე ტური მოითხოვა, ამჯერად ყოველგვარი თაღლითობის გარეშე.
მეორედ ჩატარებულ ორთაბრძოლაში, გამარჯვებულის გვირგვინი უკვე მე დავიდგი თავზე და ამის გამო, მელინას მოუწევდა მთელი დარჩენილი დრო, რასაც კახეთში გავატარებდით, დამოუკიდებლად ეზრუნა საუზმის, სადილისა თუ ვახშმის მომზადებაზე. აი მე კი, ჭურჭლის დარეცხვის საპატიო მოვალეობა ავიღე საკუთარ თავზე, რათა სახლში ყველაფერი მისი გასაკეთებელი არ ყოფილიყო.
მდინარის ნაპირზე უხმოდ მჯდომმა, კვლავ ცას ავხედე. უკვე აშკარად შეიმჩნეოდა დაბინდების ნიშნები და ნელ-ნელა, მტრედისფერი ედებოდა ნარინჯისფრად შეფერილ კაბადონს. ალაზნის იმ ნაწილში, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ჩემი სურვილი იყო ისეთი ადგილი ამერჩია საბანაოდ, სადაც სხვა არ შეგვაწუხებდა, თუმცა ახლა აშკარად ვნანობდი ამ გადაწყვეტილების მიღებას. მელინასთან განმარტოება, თანაც ასეთ გარემოში, აშკარად ფსიქოლოგიური წამების ტოლფასი გახლდათ ჩემთვის.
-ნიკოლოზ, რატომ აღარ ჩამოდიხარ?! -გამომძახა წყლიდან კიდევ ერთი ამოყვინთვის შემდეგ, თან სველ თმაზე გადაიტარა ორივე ხელი. გადავწყვიტე ცოტა მეხალისა, ამიტომ შემდეგი სახის პასუხი გავეცი :
-არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა, თუმცა ცოტა ხნის წინ, დავინახე რაღაც დიდი მისრიალებდა წყლის ქვეშ
-რაღაც დიდი მისრიალებდა? -ტონი შეეცვალა და სახეზეც გადაურბინა ფერებმა. მაშინვე ნაპირისკენ რომ დაიწყო სვლა, ცურვით, იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ. სიცილის შეკავება ვცადე. არაფრით უნდა შეემჩნია, რომ ვეხუმრებოდი
-ჰო, ასეა და ჯობს დროულად ამოხვიდე, რა იცი რამდენად შხამიანი იქნება
-აქამდე რატომ იყავი ჩუმად? რას ელოდებოდი? -შეკრული წარბებით ამოვარდა წყლიდან. აშკარად გაბრაზებული ჩანდა და ამას არც მალავდა, თუმცა გაბრაზებულზე მეტად, შეშინებული უფრო იყო
-ალბათ იმიტომ, რომ შენი საცურაო კოსტიუმში დანახვა მიფანტავს აზრებს -უკვე ჩემს გვერდით ჩამომჯდარს, გამჭოლი მზერა ვესროლე და როგორც კი კვლავ მოვკარი თვალი მის სხეულს, ხვნეშით დავამატე -ჯანდაბა მელინა, უფრო დახურული ვერაფერი ნახე?
ჯერ დაბნეული სახით მიყურებდა ჩემი სიტყვების შემდეგ. მერე გარშემო მიმოიხედა და გაკვირვებულმა მკითხა :
-რა მოხდა? აქ ხომ არავინაა? ან რომც იყოს, ჩემს ჩაცმულობას რატომ აკრიტიკებ?
-ჩაცმულობის კრიტიკა აქ არაფერ შუაშია -გამეცინა, რადგან ყველაფერი არასწორად გაიგო და თვალის დახამხამებაში მიმაკუთვნა იმ მამაკაცების რიცხვს, ვინებიც ოდნავ მოღებულ სამოსზეც კი "ჭედავენ"
-აბა რა არის შუაში? -მუხლებს ხელები შემოხვია და ისე მკითხა. მისი ამ ჟესტით მივხვდი, რომ წყლიდან ამოსულს შესცივნოდა და სწრაფად მოვახურე თავისთვის განკუთვნილი პირსახოცი. ასე აშკარად უკეთესი იყო, რადგან ჩემი ინტერესის სფერო მთლიანად დაიფარა და შედარებით ნორმალურად მოვახერხე ამოსუნთქვა
-არაფერი, დაივიწყე -კვლავ მდინარსეს გავხედე ამის თქმისას. ცაზე უკვე ერთი ნაფლეთი ნარინჯისფერიც აღარ იყო დარჩენილი. თუ კარგად დააკვირდებოდით, სავსე მთვარის მკრთალი გამოსახულებაც იკვეთებოდა უკვე
-ნიკოლოზ, შეიძლება რაღაც გკითხო? -ჩემკენ შემოტრიალდა მელინა ამის თქმისას, თან პირსახოცი უფრი მჭიდროდ მოიხვია მხრებზე და ლოტუსის ფორმაში დაჯდა
-მკითხე რაც გინდა
ხმის ამოღების წინ, ღრმად ამოისუნთქა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. აშკარად ფიქრობდა, გაეჟღერებინა თუ არა ხმამაღლა სასურველი შეკითხვა. ბოლოს, ალბათ მაინც პინაზე მოთავსებულმა დადებითმა პასუხმა გადაწონა მის გონებაში არსებული სასწორი და პირდაპირ თვალებში ჩამხედა :
-ოთხი დღის წინ, როდესაც მარკეტში ვიყავით და შენი საფულე მომეცი, რათა პროდუქტების თანხა გადამეხადა, შევამჩნიე, რომ მასში ვიღაც პატარა გოგონას სურათი გედო -ისე მიყურებდა ამის თქმისას, თითქოს ჩემს რეაქციებს აკვირდება და რამე არასასურველის დანახვის შემთხვევაში, მაშინვე მზადაა გაჩუმდესო -მაინტერესებს, ვინ არის იგი? ვინმე მნიშვნელოვანია?
და აი, ის თემა წამოიჭრა, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა წამოჭრილიყო ჩვენ ორს შორის. რაც ბათუმში ხელი მოვაწერეთ, მას შემდეგ ვიცოდი, მელინასთან აუცილებლად მომიწევდა ამ საკითხის განხილვა, თუმცა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუკი ეს ახლა და ამ წამს მოხდებოდა.
ქვებზე უხმოდ გავწექი და ცას ავაშტერდი. მუდამ ცუდ გუნებაზე მაყენებდა აღნიშნული თემის ირგვლივ ტრიალი, თუმცა ვაცნობიერებდი, მას უფლება ჰქონდა ყველაფერი სცოდნოდა და არც რამის დამალვა იჯდა ჩემს სამომავლო გეგმებში.
-ჩემი უმცროსი დის სურათია, ელისაბეტის -ვუთხარი ისე, რომ ცისთვის თვალი არ მომიშორებია -ზუსტად იმ წელს დაგვტოვა, როცა ეგ ფოტოა გადაღებული
მდუმარებაში ჩავიძირეთ ამ სიტყვების შემდეგ. მელინას სიტყვაც კი არ დასცდენია, თუმცა რამდენიმე წამში, ცხადად ვიგრძენი როგორ ამოივსო მისი თითებით, ჩემს თითებს შორის დარჩენილი ნაპრალები და როგორ ძლიერად მომიჭირა ხელი. სწორედ ეს მჭირდებოდა ახლა -უსიტყვო მხარდაჭერა და მანაც თითქოს ჩემი ფიქრები მოისმინა იმ წამს.
-თუ გინდა არ გააგრძელო -თავადაც გვერდით მომიწვა ამის თქმისას, თანაც ისე, რომ ჩემი ხელისთვის წამითაც არ გაუშვია -ისეთ რამებს ნუ გაიხსენებ, რაც ხასიათს გაგიფუჭებს
-ნუ ღელავ, შემიძლია ამბის ბოლომდე მოყოლა -მელინას მზრუნველობამ, სახეზე ოდნავი ღიმილიც კი მომგვარა და ინსტიქტურად გავიწიე, რათა შუბლზე მეკოცნა მისთვის
-დარწმუნებული ხარ?
-მოდი ჩემთან -პასუხის გაცემის მაგივრად, მისი თავი დავიდე გულზე და სველ თმაში შევუცურე თითები, მერე კი, თითქოს ამან უხილავი ძალა შემმატაო, ამბის თხრობა ისე დავიწყე, თითქოს ჩემს მაგივრად სრულიად სხვა ადამიანი ლაპარაკობდა -ელისაბეტი, ჩვენს შორის ყველაზე უმცროსი იყო და ყველაზე მეტად გვიყვარდა -ამის თქმისას, თითქოს უჩვეულო ნაღველი დამაწვა გულზე, თუმცა საუბარი მაინც არ გამიწყვეტია -ზოგადად, მე, ნიცას და აარონს, ბავშვობაში მუდამ შეჯიბრი გვქონდა გამართული, ვინ უფრო კარგ საჩუქარს აჩუქებდა ხოლმე დაბადების დღეზე, ლისას. მახსოვს, მისი მეშვიდე იუბილე ახლოვდებოდა, როდესაც მტკიცედ გადავწყვიტე ის ველოსიპედი მეჩუქებინა, რომელიც ჩემთან ერთად სეირნობის დროს, მაღაზიის ვიტრინასთან ჩავლისას მოეწონა. მინდოდა თანხა თვითონ შემეგროვებინა და რას აღარ ვაკეთებდი ამის გამო -ხან მეზობლებს ვუწმენდდი თოვლიან სახლებს, ხან თეატრებს ვალაგებდი ხოლმე რეპეტიციის ბოლოს, ხანაც ნაცნობ ბიბლიოთეკარს ვეხმარებოდი წიგნების დახარისხებაში და მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერს ვიყავი მოდებული -ბოლო სიტყვებზე ცას თვალი მოვწყვიტე და მელინას შევხედე. გაკვირვებული მიმზერდნენ მისი მელნისფერი თვალები
-რა მოხდა? გაოცებს ის ფაქტი, რომ ოდესღაც ასეთიც ვიყავი? -მაშინვე მივუხვდი გულის ფიქრებს
-სიმართლე გითხრა, ჰო, თუმცა უკვე შევეჩვიე შენი პიროვნების მიღმა ახალ-ახალი სახეების აღმოჩენას -მერე ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა და დაამატა :- კარგი, შეგიძლია თხრობა განაგრძო, თუ რა თქმა უნდა . . .
-უკვე გითხარი ყველაფერი კარგადაა-მეთქი -ვცადე ისევ გამამხნევებლად გამეღიმა. როგორც კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, ცაზე მკრთალად დამჩნეულ მთვარეს შევხედე, თითქოს იგი საუბრის გასაგრძელებლად საჭირო უხილავი ძალის მომცემი იყო -ჩემი დის დაბადების დღემდე, ერთი კვირა იყო დარჩენილი, როცა იმ ველოსიპედისთვის საჭირო თანხის შეგროვება შევძელი. უნდა გენახა რა დიდი ენთუზიაზმით შევფუთე ეს საჩუქარი და რა გახარებულმა გადავეცი ზუსტად შუა ღამით, ჯერ კიდევ ოჯახის წევრების მოლოცვის მოლოდინში მყოფ ელისაბეტს. გუშინდელივით მახსოვს, მისი ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები, იმ მომენტში. ისე იყო გახარებული, იმ ღამითაც კი აპირებდა ახალი ველოსიპედით სასეირნოდ გასვლას, თუმცა მე, აარონმა და ნიცამ, გაჭირვებით ჩავაწვინეთ საწოლში და ათასი ზღაპრის მოყოლა მაინც დაგვჭირდა, რათა საბოლოოდ ჩასძინებოდა. აქედან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ კი, სწორედ ის წყეული საჩუქარი აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რის გამოც, ლისას დაბადების დღეს, უკვე მერვედ აღვნიშნავთ მის გარეშე
-ანუ? -ძალიან ჩუმად ამოილაპარაკა მელინამ. ემოციურად გატეხილი ხმის გადასაფარად, ოდნავ ჩაახველა კიდეც -ველოსიპედი რა შუაშია? ვერ მივხვდი
-იმ შუაშია, რომ ზუსტად ჩემი ნაყიდი საჩუქრით დასეირნობდა ქუჩაში, როდესაც, მოსახვევიდან მაღალი სიჩქარით გამოვარდნილმა მანქანამ დაარტყა -სიმწრით დავხუჭე თვალები ამ სიტყვების წარმოთქმისას, რადგან მოყოლილი ისტორიის შესაბამისი კადრები ისე ცხადად დამიდგა თვალწინ, თითქოს მათი მომსწრე თავად გავმხდარიყავი ერთ დროს -მას შემდეგ თითქოს ჩვენი ოჯახიც დაინგრა -დედა, მამას გაშორდა, სხვა კაცს გაჰყვა ცოლად და აღარც კი გვეხმიანებოდა, ნიცას ფსიქიკა აერია, აარონი კი, გამუდმებით საქმეებში ჩაფლული ცდილობდა ამ ტკივილის გადალახვას. რაც შემეხება მე, სასმელი, გოგონები, ბარები და კლუბები ჩავთვალე დეპრესიის გადასალახ ერთადერთ გზად, რადგან მომხდარში მუდამ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, იმ საბედისწერო საჩუქრის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს ხმამაღლა არავის უთქვამს.
-ნიკოლოზ, ამის შენთვის დაბრალება ყველაზე დიდი უსამართლობა იქნებოდა -ღრმად ამოსუნთქვის დახმარებით, ცრემლებს სააშკარაოზე გამოსვლის უფლება ჩამოართვა მელინამ
-არ ვიცი . . . წარმოდგენა არ მაქვს, ვის რა ბრალეულობა მიუძღვის ამ საკითხში, თუმცა ელისაბეტის დაკარგვამ, რომ ყველანი სრულიად შეგვცვალა და ჩვენი პირვანდელი სახე დაგვაკარგვინა, ეს აშკარაა. მერე ალბათ ისე შევეჩვიეთ ამ ახალ სახეებს, ნელ-ნელა დაგვავიწყდა კიდეც როგორები ვიყავით ადრე
-ვფიქრობ, შენ ეს ნელ-ნელა გახსენდება -საკმაოდ დამაჯერებელი ტონი ჰქონდა ამის თქმისას, თან მზერას წამითაც არ მაშორებდა, თითქოს ჩემს შიგაგან სამყაროში სურს შეღწევა, ზუსტი პასუხების საპოვნელადო
-ასე გგონია?
-და შენ არა? -ხელის გული ჩამომისვა ლოყაზე ამის თქმისას, მერე კი ტუჩებით შემეხო ზუსტად იმ ადგილას და კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ჩემი მშვიდი სუნთქვის დარღვევას -ერთი რამ არასდროს დაივიწყო, ნიკოლოზ
არაფერი მითქვამს, თუმცა კითხვით სავსე მზერა ვესროლე, რათა თავისი სიტყვები დაებოლოვებინა და აღარც მან მალოდინა დიდხანს :
-ყოველთვის გახსოვდეს, რომ ნებისმიერ თემაზე შეგიძლია დამელაპარაკო, მე კი მუდამ მზად ვიქნები მოგისმინო და თუკი საჭირო გახდა ხელი ძლიერად ჩაგკიდო. დამიჯერე, ამას ყველას არ ვეუბნები, თუმცა შენ გაცილებით მეტს იმსახურებ, ვიდრე ეს სიტყვებია
გამეღიმა. ზედმეტად სასიამოვნო იყო იმის გააზრება, რომ ამას ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანისგან ვისმენდი და არა ვინმე სხვისგან, ვისგანაც ამდენად დიდი ეფექტი არ ექნებოდა.
-თუ ასეა, მაშინ შენც გახსოვდეს ერთი რამ -მისი სველი თმის კულულს წავეთამაშე. მელინას მზერაში ცნობისმოყვარეობამ გაიდგა ფესვები
-რა უნდა მახსოვდეს?
-ის, რომ ჩემთვის ბედნიერებასთან ასოცირდები
მისი წვრილი თითები, კვლავ ჩემსაში იყო გადახლართული. სასიამოვნო იყო ასე წოლა. თითქოს ყოველ კუთხე-კუნჭულში სიმშვიდე იგრძნობოდა და უნდა მეღიარებინა, მეც პირველად ვგრძნობდი თავს ასე მშვიდად და თავისუფლად, ამდენი ხნის შემდეგ. როგორც ჩანდა, სიმშვიდე და მელინას სიახლოვე, პირდაპირპროპორციულ კავშირში იყო ერთმანეთთან.
იმ წამს, აარონის პასუხიც მომაგონდა, როდესაც ვკითხე, რა სახის შეგრძნებები გეუფლება ანასტასიასთან გვერდით-მეთქი. კარგად მახსოვს, მითხრა, მასთან ყოფნა იგივეა, რაც დაძაბულობით სავსე სამყაროდან, სიმშვიდის კუნძულზე გადმოსვლაო. ახლა უკვე მეც მქონდა ჩემი სიმშვიდის კუნძული და ყველაფერს გავაკეთებდი, რათა მასზე ფეხის დადგმის უფლება არასოდეს დამეკარგა.



№1  offline წევრი A.N.A

შენი დანახვა ყოველთვის მახარებს❣️
მიყვარს როგორც აღწერ ყველაფერს, ის ზომიერება და ვიტყოდი "ოქროს შუალედი" გაქვს, რაც ყველაფერს ისე გაწერინებს რომ კიდევ ბევრჯერ წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს მკითხველს. ნიკოლოზის პიროვნული ცვლილებები აშკარაა და მომწონს მელინა რომ ამჩნევს ამ ყველაფერს და ნდობა უჩნდება.
წარმატებები და მოუთმენლად გელიი❣️

 


№2 სტუმარი სტუმარი tamuna.s

აი ძალიან კარგად მიდიხარ წინ, ნიკოლოზი რა საყვარელია, საოცარი წყვილია და ძალიან მომწონს რომ არც წელავ მოვლენებს და არც ძალიან აჩქარებ. ერთი სული მაქვს როდის გამოუტყდებიან ერთმანეთს გრძნობებში. რაღაც დოზით მათი ოჯახის წევრებიც რომ შემოიყვანო კარგი იქნება, თუნდაც აარონი და ნიცა უფრო ხშირად რომ გამოჩნდნენ კარგი იქნება.

 


№3  offline წევრი Notyourbabe

როგორ მომწონს ისტორიაც და წყვილიც.
ნელნელა წინ მიიწევენ რაც ძალიან მახარებს ❤️
ძალიან კარგად წერ იმდენად რომ არასდროს მყოფნის ახალი თავი ❤️

 


№4  offline მოდერი აირ ისი

A.N.A
შენი დანახვა ყოველთვის მახარებს❣️
მიყვარს როგორც აღწერ ყველაფერს, ის ზომიერება და ვიტყოდი "ოქროს შუალედი" გაქვს, რაც ყველაფერს ისე გაწერინებს რომ კიდევ ბევრჯერ წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს მკითხველს. ნიკოლოზის პიროვნული ცვლილებები აშკარაა და მომწონს მელინა რომ ამჩნევს ამ ყველაფერს და ნდობა უჩნდება.
წარმატებები და მოუთმენლად გელიი❣️



ყველაზე მეტად ის გამიხარდა რომ აღნიშნე "ოქროს შუალედს" იცავო. ამას მუდამ უზომოდ დიდ ყურადღებას ვაქცევ და ძალიან მიხარია სხვისთვისაც თუა შესამჩნევი ❤️

სტუმარი tamuna.s
აი ძალიან კარგად მიდიხარ წინ, ნიკოლოზი რა საყვარელია, საოცარი წყვილია და ძალიან მომწონს რომ არც წელავ მოვლენებს და არც ძალიან აჩქარებ. ერთი სული მაქვს როდის გამოუტყდებიან ერთმანეთს გრძნობებში. რაღაც დოზით მათი ოჯახის წევრებიც რომ შემოიყვანო კარგი იქნება, თუნდაც აარონი და ნიცა უფრო ხშირად რომ გამოჩნდნენ კარგი იქნება.


რაღაც დოზით კი არა, საკმაოდ კარგად შემოვლიან, ოღონდ ჯერ ამათ ვაცადოთ ურთიერთობის დალაგება. ცოტა ხანს მარტო მინდა დავტოვო და ფარდაც ჩამოვუფარო :დდ მადლობა შენ რომ კითხულობ და აზრებს მიზიარებ ❤️

Notyourbabe
როგორ მომწონს ისტორიაც და წყვილიც.
ნელნელა წინ მიიწევენ რაც ძალიან მახარებს ❤️
ძალიან კარგად წერ იმდენად რომ არასდროს მყოფნის ახალი თავი ❤️


ძალიან მიხარია შენი შეფასებების დანახვა და ორმაგად ის, რომ ყოველ მომდევნო თავს ასე ელოდები ❤️ ძალიან მალე იქნება შემდეგიც. რაღაც ძაან მოვიქოქე ამ ბოლო დროს :დ

 


№5  offline წევრი ვიპნი

მაბედნიერებს ეს წყვილი,თითქოს გიჟური მაგრამ სიმყუდროვით სავსე წყვილია.

 


№6  offline მოდერი აირ ისი

ვიპნი
მაბედნიერებს ეს წყვილი,თითქოს გიჟური მაგრამ სიმყუდროვით სავსე წყვილია.


ალბათ ყველაზე ზუსტი აღწერა იყო ეს, ამ წყვილთან დაკავშირებით ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent