შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (I თავი)


20-11-2020, 04:11
ნანახია 1 333

ეს ამბავი არ არის პირველ სიყვარულზე და, რაც მთავარია, არც უკანასკნელ სიყვარულზეა. ხშირად პირველ სიყვარულს კვარცხლბეგზე შემოვსვამთ ხოლმე - რამდენად უბადრუკიც უნდა ყოფილიყო ის, ვინც გვიყვარდა; ან ურთიერთობა რამდენად შორსაც უნდა ყოფილიყო სიტყვისგან „შესანიშნავი“. წლობით ვაიდიალებთ პირველ გრძნობას და რომანტიზმის საბურველში ისეთი გულმოდგინებით ვახვევთ, როგორც დედა შვილს ზამთრის სუსხიან ღამეს; (საკუთარ) სიბერემდე ვურწევთ აკვანს პირველშობილ სიყვარულს, რომ სიზმრები დავუტკბოთ და არასდროს გაეღვიძოს; დარჩეს ნაზი, ლამაზი და მიუღწეველი; რომ წარსულში მაინც იარსებოს გრძნობამ, რომელსაც ყოფიერება ვერ მოაქცევს უხეშ საცეცებში; რომელიც იმედს ვეღარ გაგვიცრუებს და საიდანაც მხოლოდ ექო თუ გამოგველაპარაკება; დაე, სიცოცხლის რომელიმე განზომილებაში მაინც გვეგულებოდეს გრძნობის ნარჩენი და მოგონებების მირაჟი, რომელსაც თავადაც ვეღარაფერს დავუშავებთ ჩვენში ჩაბუდებული დემონებით; მერე რა რომ პირველი სიყვარულიც კი შესაძლოა ძალიან მახინჯი იყო; რომ მანაც გვატკინა ან თავად ვატკინეთ, რადგან ეს სიყვარული აუცილებლად შობს ტკივილს? მთავარია, ჩამობანო უბედური მოგონებები, ყველა უგვანი საქციელი ამოაფხიკო ფუფხებივით, რომელიც სისხლდენის მერე რჩება; უჩინრად შემხმარი ცრემლის მდინარეებიც უნდა ჩამოაშორო და მზად არის - იდეალური მოგონება გასაკერპებლად; ათვლის წერტილად გადასაქცევად, რომ მერე ყველაფერი მას, მხოლოდ მას (და სხვას არავის) შეადარო.
მაგრამ ზოგჯერ გვეწვევა „სიყვარული უკანასკნელი“ - პირველზე უფრო ღრმა, უძირო ქვევრივით ამოუპირავი, ნაძვივით მარადმწვანე, ჩვილის ღიმილივით იმედის მომცემი და მტკიცე, როგორც სამშობლოსთვის ყველაზე თავდადებული ჯარისკაცი. ამ სიყვარულს თავგანწირვა და მოთმენა შეუძლია. იგი პატივისცემისა და ჭეშმარიტი მეგობრობის ღერძე ტრიალებს. უკანასკნელ სიყვარულს ერთი უცნაურობა ახლავს თან - „საცეცები“. წლებით იკვებება, საცეცები უძლიერდება, შენი „მისაში“ იზრდება, „მისი“ შენსაში და ასე იწყება გაუხლეჩელი ერთობის შეზრდა. შეგიძლია ხანდახან შენს ნაჭუჭში შეძვრე და მარტო დარჩე, მაგრამ თუ სივრცე გედიდება, იარსებებს ის, ვინც ნაჭუჭშიც შემოგაკითხავს. ამას რომ აცნობიერებ, მერე ოდნავაც აღარ გიკვირს, რომ „სიყვარული უკანასკნელი“ მზად არის ყველაფერი დაიტიოს: მძიმე გუდა, რომელსაც ორივენი წარსულიდან ეზიდებით; ჩახლართული ფიქრების აბლაბუდა, რომელსაც თქვენი ძალებით აცალკევებთ, მაგრამ მარტო ვერ ერევით; პირღია ჭრილობები და შეხორცებული იარები; აგონიაში ჩავარდნილი ოცნებებიც კი, რომელსაც გადარჩენა სჭირდება, ან ის ოცნებები, რომლებიც უკვე დაიხოცნენ და მხოლოდ რეინკარნაცია თუ გააცოცხლებს მათ. ეს სიყვარული უფრო საიმედო და სასიამოვნოა, სიმშვიდე მოაქვს, ოკეანიდან მონაბერი ბრიზია თითქოს, რომელიც არც შეგაციებს და არც ქარიშხალივით დაგაზიანებს, პირიქით, მხურვალებისგან გაგათავისუფლებს, რომ საკუთარ თავშივე არ გადაიწვა. და ეჭიდები უკანასკნელ სიყვარულს, როგორც ცხოვრების მთავარ ვენას. თუ პირველი სიყვარული კარავია, სიყვარული უკანასკნელი თბილი და მყუდრო სახლია, შენი ადგილი ამოდენა სამყაროში.
და მაინც, როგორც გითხარით, ეს ამბავი არ არის პირველ სიყვარულზე, მეტიც, არც უკანასკნელ სიყვარულზეა. იგი მოგვითხრობს გამოცდილებაზე, გრძნობებზე, ემოციებსა და მოგონებებზე, რომელიც პირველსა და უკანასკნელ სიყვარულს შორის იკარგება, ინთქმება და იზილება, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან შეუთავსებელი ინგრედიენტებივით, რომლის ბოლოც, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, გემრიელი კერძია; ეს ამბავი მოგვითხრობს პირველშობილსა და უკანასკნელ სიყვარულებს შორის არსებულ, ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე - გამოცდებზე, ხან რომ ვაბარებთ და ხან - ვერა, ნიშნები კი მაინც გვეწერება, საბოლოოდ - ჯამდება და „ატესტატშიც“ გვეწერება. ეს ადამიანები მძერწავები არიან, ისევე როგორც ჩვენ ვართ მათთვის მძერწავები. ისინი ჩვენ გვცვლიან: ხშირად თავგზას გვიბნევენ; ჩვენს შესაძლებლობებში გვაეჭვებენ ან, პირიქით, ჩვენს ცეცხლს სულს უბერავენ რომ აგიზგიზდეს, ბოლომდე წარმოაჩინოს თავისი ძალა; ხშირად მიზნებს გვაცდნენ, ბილიკიდან ბილიკზე გვექაჩებიან ან ხელს გვკრავენ და მორევში გვაგდებენ, როცა ცურვა არ ვიცით; ისინი გვაიძულებენ ლერწამივით რხევას; ჩვენ ვიტანჯებით, გვეშინია, გვიხარია, აღტაცებულები ვართ, სუნთქვას ვიკავებთ, ბოლო ხმაზე ვყვირით, ვტირით, ვხარხარებთ, ვეცემით, ვდგებით, ვცეკვავთ, გვინდა დავიხოცოთ, გვინდა ვიცოცხლოთ - ყველაფერს განვიცდით და ჩვენ ვცხოვრობთ. დიდხანს თუ ცოტა ხნით ჩვენს არსებაში შემოჭრილი ადამიანები და მათ მიერ მოტანილი გაუკრვევლობები თუ ლოგიკური ნაბიჯები, სინამდვილეში ჩვენს თავთან მისასვლელი გზაა.



***
ჩვენი, ადამიანური ბუნების გათვალისწინებით, რომელიც გაუცნობიერებლად მაშინაც კი სხვისი აღმოჩენა-შესწავლის ან შეთვისება-შეყვარებისკენ ისწრაფვის, როცა სულში აღარ არის დარჩენილი ადგილი „უცხო სხეულის“ შესაფარებლად და სასიცოცხლო ენერგიის გასანაწილებლად, ალბათ, გასაკვირი არც არის, რომ ისრაელს შეხვედრაზე დავთანხმდი.
თითქმის სამწლიანი ურთიერთობის დასრულებიდან არც თუ ისე დიდი დრო იყო გასული, როცა ეს ახალგაზრდა მამაკაცი (ჩემზე შვიდი წლით უფროსი) სრულიად შემთხვევით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ახალი ურთიერთობის დაწყებაზე არც ვფიქრობდი, ჯერ ძველი უნდა მომენელებინა და თან საქმეში თავით ვიყავი გადაშვებული, ვცდილობდი პროფესიულ ასპარეზზე თავი დამემკვიდრებინა, ამიტომ დღეს და ღამეს შრომაში ვასწორებდი.
ისრაელი შავგვრემანი, მაღალი და ახოვანი იყო, სწორი ცხვირით; მუქი, ჭკვიანი თაფლისფერი თვალებით და მოსქო, გვერდებში ოდნავ აზნექილი წარბებით. სათვალეს ატარებდა. ბუნებრივად ხვეული თმა მოკლედ შეეჭრა და ხშირად იპოხავდა ე.წ. ჟელეთი, რომ უკან გადაწეული და დასწორებული შეენარჩუნებინა (ასეთ ვარცხნილობაში მექალთანე მაჩოს ჰგავდა... ჰგავდა კი არა, იყო კიდევაც). ალბათ, ფიქრობდა, რომ კულულები მამაკაცურ იერს უფერმკრთალებდა. ზედა ბაგე ქვედაზე თხელი ჰქონდა. განიერი მხარ-ბეჭი, დაკუნთული მკლავები, ძლიერი ტორსი, თავდაჭერილი მიხრა-მოხრა და შესაშური თავდაჯერებულობა ბრუტალურობას სძენდა. რა დასამალია, გარეგნობით მომხიბლა. მთელი ცხოვრება კაცებს მასხრად ვიგდებდი, ქალების ფეხები და მკერდი აშტერებთ, ეგენი საერთოდ სერიოზულად როგორ უნდა აღიქვა-მეთქი, და უარესი დამემართა! შევყევი მასთან მიმოწერას... მერე კი ტიპური ქალივით მოვიქეცი, კაცს რომ ამოიჩემებს და გამოძიებას იწყებს. ისრაელის Facebook-ი შევისწავლე: ყველა გამოქვეყნებული ფოტო ვნახე და ვიდეოს ვუყურე. გავიგე, რომ საქართველოში საცხოვრებლად ერთი წლის წინ ჩამოვიდა; რომ შეყვარებული არ ჰყავდა და თავისი კომპანია ჰქონდა. გგონიათ ვიკმარე? Instagram-ზეც შევირბინე, საგულდაგულოდ დავათვალიერე ყველაფერი: მინდოდა მცოდნოდა, როგორი ცხოვრების წესი ჰქონდა, როგორ ატარებდა თავისუფალ დროს ან ვინ იყვნენ მისი მეგობრები. მოკლედ, მისი სახით და ჩემი საგამოძიებო უნარ-ჩვევების გამოყენებით კარგი გასართობი გამომიჩნდა.
ორი კვირა ვწერდით ერთმანეთს, თუმცა ისრაელზე ბევრი მაინც ვერაფერი შევიტყვე. თავი ისე ეჭირა თითქოს გადახსნილი, წასაკითხად გამზადებული წიგნი იყო, სინამდვილეში კი გულმოდგინედ მალავდა საკუთარ თავს მოჩვენებითი ზედაპირულობის და სერიოზულ საკითხებზე მდუმარების შრეებში. საკუთარ ცხოვრებასა და წარსულზე სიტყვაძუნწობდა, სამაგიეროდ, ბევრს ხუმრობდა და გულიანად მაცინებდა. ნეტავ, კაცები თუ აცნობიერებენ, როგორ მოგვწონს ქალებს, როცა მათ ჩვენი გულიანად გაცინება შეუძლიათ. სხვა ბევრი, ძლიერი და საშიში იარაღიც აქვთ ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ კარგია, რომ ტვინი არ ყოფნით მათ აღმოსაჩენად და გამოსაყენებლად. შესაძლოა „კაცებისა“ და „რომანტიკული ურთიერთობების“ ექსპერტი არ ვიყავი, მაგრამ ისრაელი ამ ფანდით ნაღდად ვერ გამაცურებდა.
გაცხოველებული იწონებდა ჩემს ფოტოებს სოციალურ ქსელში, „სთორი“ არ გამოუტოვებია კომენტარის და რეაქციის გარეშე. თვალის გახელისთანავე მობილურის ეკრანზე „დილა მშვიდობისა“ მხვდებოდა და დასაძინებლად ცოცხალი თავით არ წავიდოდა „ძილინებისას“ გარეშე. რამდენჯერმე შუა ღამით მოუწერია, ვერ ვიძინებ, შენზე ვფიქრობ, მგონი შეპყრობილი ვარო. მსიამოვნებდა მისი ყურადღება, კომპლიმენტები და დაჟინებული ინტერესი. ჩემი ნახვის სურვილით წამონთებული იყო, მაგრამ თავად ბევრი მიზეზის გამო ვიკავებდი თავს და ვცდილობდი ჩვენი შეხვედრის დღე გადამევადებინა. ერთი მხრივ, მინდოდა ინტერესში ჩამეგდო და მისი ცნობისმოყვარეობის ცეცხლზე ნავთი დამესხა (ოხ, ეს ქალური ხრიკები); დარწმუნებული ვიყავი, გოგონები სულ მის დაკრულზე ცეკვავდნენ და გადავწყვიტე დამენახებინა, რომ განსხვავებულ გოგონას შეხვდა. მეორე მხრივ, ტანსაცმელი არ მქონდა, რადგან ბოლო პერიოდში წონაში მოვიმატე და ვერცერთ ძველ სამოსში ვეღარ ვგრძნობდი თავს კომფორტულად; წარმოიდგინეთ, მამაკაცს ეპრანჭებით ან ეფლირტავებით და ამ დროს შარვალი ისე გიჭერთ, რომ მზად ხართ ღილი და ელვა იქვე შეიხსნათ, რომ როგორმე ამოისუნთქოთ. მოკლედ, ხელფასს უნდა დავლოდებოდი, რომ ჩემი ზომა სამოსი შემეძინა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი კი მაინც ჩემს წარსულში იმალებოდა, არ ვიცოდი მზად ვიყავი თუ არა პაემნისთვის და თავბრუსდამხვევი თავგადასავლისთვის, რომელიც სრულ გაურკვევლობაში მექაჩებოდა.
საბოლოოდ, გადავწყვიტე გამერისკა და თავი გამომეცადა, ამიტომ როცა შეხვედრაზე ისევ ალაპარაკდა, სიტყვა ბანზე აღარ ავუგდე.
- იცი, ისრაელ? პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანს ყოველდღე ვესაუბრები და მასზე მაინც არაფერი ვიცი. - მივწერე საუზმისას.
თითქოს ზუსტად ამას ელოდებოდა, უსწრაფესად დამიბრუნა პასუხი:
- თებეა, თუ შენთვის მართლა საინტერესო პიროვნება ვარ, გამოყავი დრო შენი გადატვირთული გრაფიკიდან და შემხვდი. იქნებ ღირს ჩემზე დროის დახარჯვა?

აი, როგორ მოვხვდი სერფინგის დაფაზე, აღელვებულ ოკეანეში, როცა სერფინგის არაფერი გამეგებოდა, ბედისწერა კი იმდენად კეთილი არ აღმოჩნდა, რომ ტალღის დაჭერაში დამხმარებოდა... ალბათ, ბედისწერის არც მჯერა, მაგრამ ყველა იმ ადამიანივით, რომელსაც ეშინია ბოლომდე საკუთარ თავზე აიღოს წარმატებისა თუ წარუმატებლობის პასუხსისმგებლობა, პერიოდულად ვიშველიებ მისი არსებობის ვარაუდს.

ავტორი: ფურცლებში დაკარგული



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია გააგრძელე

 


《Sunshine》
ძალიან მაგარია გააგრძელე

მადლობა მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ მოგეწონათ. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent