შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (II თავი)


20-11-2020, 22:16
ნანახია 630

მოდიან ადამიანები და მოაქვთ სიმღერები ჩვენს ცხოვრებაში... მერე გვტოვებენ, მაგრამ სიმღრები თან არ მიაქვთ. ამგვარად თანამზრახველებად ვრჩებით თითქოს, რომლებიც საერთო საიდუმლოს ინახავენ და უსიტყვოდ პირდებიან ერთმანეთს „დანაშაულის“ გაუთქმელობას. ისრუტავენ სიმღერები მოგონებებს, იქამდე სანამ ბოლომდე არ გაჯერდებიან. ჩვენც გაფუჭებული კასეტებივით ვიხვევთ სიმღერას, ხელახლა და ხელახლა ვუსმენთ სანამ მუსიკისგან ნოტებს არ გამოვწურავთ, სანამ ბგერებად არ დავშლით და ავაწყობთ შინაარსს. გონებაში ვატრიალებთ ტექსტებს, ასოებში დავძვრებით, რომ მხოლოდ სიტყვები კი არა, მათ მიღმა დამალული აზრები ამოვიკითხოთ. ბოლოს, როცა გონებაში ყველა სცენარი გათამაშდება და ყველაზე არარეალურს ავარჩევთ ძილის წინ წარმოსადგენად, ყველაზე რეალურს კი საკუთარი თავისთვის ხმამაღლა მოსაყოლად, სიმღერა ნელ-ნელა ჩვენი ყოველდღიურობიდან გაუჩინარებას იწყებს. ის აუცილებლად რჩება ჩვენს Play List-ში, როგორც ძველი კაბა, რომელიც ბედნიერ მოგონებებს აღგვიძრავს და გადასაგდებად ვერ ვიმეტებთ, ამიტომ გარდერობის ყველაზე მივიწყებულ კუნჭულში მივუჩენთ ადგილს. ვიცით, ოდესმე მისი ხელახლა აღმოჩენის მოულოდნელობა წუთიერ ბედნიერებას მოგვნიჭებს და ეს, მართლაც, მშვენიერი იქნება!
Ed Patrick-ის შემოქმედება ისრაელმა შემაყვარა, ყველაზე მეტად კი Eyes On You - სიმღერა, რომელიც თბილ ჩახუტებას ჰგავდა. ერთ ღამეს, „ძილინებისას“ მოაყოლა ბმული: „არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ სიმღერის მოსმენისას მხოლოდ შენზე შემიძლია ფიქრი...“ ასე ჩასახლდა Eyes On You ჩემს მობილურში. სიმღერის პირველივე აკორდისას თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ისრაელი - ეს უცხო მიწიდან ჩამოსული, ჩემთვის იდუმალი მამაკაცი - ძლიერ მკლავებს შლიდა გულში ჩემ ჩასაკრავად. მე ვუძალიანდებოდი, ვეუბნებოდი, რომ არ მჭირდებოდა სითბო, ის კი თითქოს არც მისმენდა, არ მეშვებოდა. მუსიკაში ისრაელის გულისცემის გარჩევა შემეძლო. სიმღერა გრძელდებოდა, მე კი უეცრად ჩაბნელებული ქუჩის კუთხეში აღმოვჩნდებოდი, თავზე ეული ლამპიონი დამნათებდა და თავის მინავლულ, მაგრამ მაინც ოქროსფერ სხივებში მახვევდა. გული მიჩქარდებოდა, რადგან ვიცოდი თვალის დახამხამებაში ან ერთ ამოსუნთქვაში ისრაელის სიულეტი გამოეყოფოდა ღამეს და პირველად დავინახავდით ერთმანეთს...
მთელი ღამე ვბორგავდი საწოლში. ათასჯერ მაინც მოვუსმინე Eyes On You-ს. უამრავჯერ წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ჩვენი პირველი შეხვედრა. რას მეტყოდა ისრაელი, ან მე რას ვუპასუხებდი. სახეზე სიცხიანივით ვხურდი და ხელ-ფეხი ისე მქონდა გაყინული, თითქოს თოვლიან ბაკურიანში ფეხშიშველამ ვირბინე. ქართული და უცხოური ასტროლოგიური საიტები გადავქექე და დღის ჰოროსკოპი ლამის დავიზეპირე, არც კაცობრიობის ცხოვრებაზე პლანეტათა გავლენის მჯერა დიდად, მაგრამ ხელჩასაჭირს ვეძებდი, რაღაც ან ვიღაც ისეთს, ვინც მეტყოდა, მშვიდად დაიძინე თებეა, ხვალ არაჩვეულებრივი დღე გელოდება, ნერვიულობა არ ღირს. მაგრამ აი რა მოხდა სინამსვილეში: ზოგი პაემნის სევდიან დასასრულს მიქადდა, ზოგმა სრული იმედგაცრუება მიწინასწარმეტყველა, მარკეტინგში ყველაზე კარგად გარკვეულმა საიტებმა კი დამაიმედეს, საბოლოოდ ყველაფერი შენდა სასიკეთოდ შემობრუნდებაო. სანამ ტაროს კარტით მკითხაობაზე გადავიდოდი, მობილური გამოვრთე და ჭერს მივაშტერდი.
„ჰაჰა, ძვირფასო, მე ვარ კაცი, რომელსაც შენ მთელი ცხოვრება ეძებდი...“ - ისრაელის სიტყვები მომაგონდა (ნეტავ, მისი თავდაჯერებულობა მომცა, მთებს გადავდგამდი.) და ჯარივით მიეწყო ყველა ლამაზი სისულელე, რაც კი წამოუროშავს: „რომ დაბერდები, მე ძველებურად აღტაცებული ვიქნები შენით, ზუსტად ისე, როგორც ახლა ვარ“; „ნაოჭებით და ჭაღარით, ან თეთრად გადაპენტილი თმით რომ გამეცანი, მაინც არ გაგიშვებდი ხელიდან“.
ვცადე ფიქრები აბეზარი მწერებივით გამეფანტა და ძილისთვის მიმეცა თავი, მაგრამ თვალებიც კი აღარ მემორჩილებოდნენ. ძილბურანში გახვეულ სახლს დავუგდე ყური, დღისით როგორი ცოცხალი იყო, ღამით კი უდრტვინველად გაირინდებოდა ხოლმე. მხოლოდ ჩვენი კატის, ესტელას ფხაკუნს ან წამოკნავლებას თუ გაიგონებდით. დიდი ონავარი ვინმე იყო, მასზე მოგვიანებით უფრო მეტს მოგიყვებით.
სამი საათი იქნებოდა, როცა საკუთარ თავთან შეთანხმებას მივაღწიე, ცოტა მაინც წაუძინე რომ ხვალ საფრთხობელას არ ჰგავდე და ისრაელი არ გააქციო-მეთქი. ჩამეძინა. ერთ საათში კი უხილავმა ძალამ წამომახტუნა და თვალები დამაჭყეტინა (ალბათ, მოლოდინი ერქვა სახელად). „სამსუნგს“ დავავლე ხელი რომ დრო შემემოწმებინა და ყოველი შემთხვევისთვის სოციალურ ქსელშიც შევიჭყიტე, მაინტერესებდა, ისრაელს ტკბილად ეძინა თუ ჩემსავით წვალობდა. მწვანედ ანთებული დამხვდა. ძილი არც ამას ეკარება, როგორც ჩანს-მეთქი, გავიფიქრე და არეულ-დარეულ სიზმრებს დავუბრუნდი. გათენებამდე ვიწვალე, რადგან ჩემი სხეული ყოველ ერთ საათში იღვიძებდა, მეც ყოველ ჯერზე Facebook-ზე შევდიოდი და ისრაელიც იქვე მხვდებოდა. ფაქტობრივად, გადავათენეთ. თორმეტ საათზე საწოლიდან ძლივს წამოვიზლაზნე, წინა ღამის ტანჯვა-გვემამ თავისი ქნა.
„ჰეი!“ - სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე მომწერა.
„დილა მშვიდობისა!“ - არც მე დამიყოვნებია მისალმება.
„როგორ ხარ, ჩემი ცხოვრების ნათელო სხივო?“ - ამოვიკითხე და თვალები გადავატრიალე. ოჰ, ისრაელ... ნათელო სხივო არა, ბებიის ნაქონო აბაჟურო.
„კარგად ვარ, შენ?“
„რა გითხრა, ძალიან გვაინ დავიძინე.“
„იმის ბრალია, რომ მთელი შაბათი საწოლში იკოტრიალე.“
„ჩემი ჭკვიანი გოგო.“
„ან შეიძლება იმის ბრალია, რომ მოუთმენლად ელოდი ჩემთან შეხვედრას და ვერაფრით მოსივენე.“
„გაგეღიმება და, მართლა გიჟივით მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი. ექვსი საათისთვის ვხვდებით, ხო?“
„ექვსზე. არ დააგვიანო, თორემ მომიტაცებენ.“
„მხოლოდ ის მომწერე, სად მოვიდე.“
„მისამართს მოგვიანებით გაგაგებინებ. ახლა უნდა გავიდე. სელფს ხომ არ ჩამიგდებ?“
ფოტო გამომიგზავნა. საწოლზე წამოწოლილიყო, თეთრი ხალათი ეცვა. მესიამოვნა მისი სახის დანახვა. გამეღიმა კიდეც. როგორ მძულს ეს მომენტი, როცა კაცის დანახვისას ჩემდაუნებურად მაღლა გამირბის ტუჩის კუთხეები. ასე მგონია, სულელს ვემსგავსები.
„შენი ფოტო სად არის? არ მომივიდა.“
„მე სელფს არც დაგპირებივარ.“
„თებეა!“
„ისრაელ! საღამოს ხომ მაინც მნახავ... და თან ძალიან მოგეწონები.“
„უსამართლობაა!“
„ნწ, ნწ, ცუდი გოგოა თებეა.“
„დავსჯი თებეას!“
„ხო? აბა, სცადე“.
„შენს ადგილას უფრო ფრთხილად ვიქნებოდი, ქალბატონო...“
„იმავეს გირჩევ, ბატონო.“ - თვალი ჩავუკარი და მობილურში ინტერნეტი გამოვრთე.
მამაჩემს, ერეკლეს, და ჩემს უმცროს ძმას, თედოს, საუზმე გავუმზადე. ჩემს ძმას დახრაკული კვერცხი მოსწონდა, მამას - „თოხლო“, თედოს კარაქით უნდოდა, მამას - ზეთით, ამიტომ, როგორც ყოველთვის, ორი სხვადასხვა ტაფის გამოყენება მომიწია სამზარეულოში ფუსფუსისას. თედო პურს არ ჭამდა, მაგრამ სუხარი უყვარდა, ამიტომ პურის გახუხვის ტრადიცია არც ამჯერად დამირღვევია. მამას ცივი რძე ერჩივნა, ჩემს ძმას - შემთბარი. ღმერთო, რატომ იყვნენ ყველაფერში ასეთი განსხვავებულები?! ხომ შეიძლებოდა ჩემი დილა ცოტა უფრო მარტივად დაწყებულიყო.
სიმართლე რომ ვთქვათ, ერეკლეს თავადაც ეხერხებოდა გემრიელი კერძების კეთება და დალაგება, მაგრამ სახლის საქმეებს ყოველთვის უმისოდ ვუმკლავდებოდი დედას წასვლის შემდეგ, თითქოს მინდოდა მდგომარეობა შემემსუბუქებინა მამისთვის; არ მიმეცა მიზეზი დასაფიქრებლად, იმ წარსულის გასახსენებლად, როცა დედა ჩვენთან იყო. ვცდილობდი მისთვის დამენახებინა, რომ მე ჯერ კიდევ გვერდში ვყავდი და შემეძლო შემეთავსებინა დიასახლისის როლი, რომელსაც ოჯახური სიმყუდროვე უნდა შეექმნა; თითქოს უსიტყვოდ ვებოდიშებოდი დედას გადაწყვეტილების გამო, მიუხედავად იმისა, რომ გულში აღფრთოვანებული ვიყავი მისი სიმამაცით და მივიჩნევდი, რომ ბედნერებას იმსახურებდა, თუნდაც ამ ბედნიერების ნაწილი ჩვენ არ ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, ჩემი მცდელობები თავის მოტყუება იყო; რადგან ოჯახის დანგრევის ტკივილს და ცოლის დაკარგვას (რომელიც ოდესღაც მართლა გიყვარდა) დაწკრიალებული სახლი და გემრიელი საჭმელი ვერ გაგიყუჩებს. მიუხედავად ამისა, მე ცდას არ ვაკლებდი...
თავად სუფრასთან არ დავმჯდარვარ. ესტელას დავუწყე ძებნა და კარადის თავზე აღმოვაჩინე.
- ჩამობრძანდით, დედოფალო. მისი უდიდებულესობის ტრაპეზი მზად არის. თქვენმა მონა-მორჩილმა თებეამ ქვიშაც გაგისუფთავათ.
ესტელამ ალმაცერად შემათვალიერა. დაამთქნარა, მერე ტაატით გაიზმორა და დაიკნავლა, ჩამომსვიო. კატების ენა ისე ვისწავლე, ვერც კი მივხვდი. ესტელა ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა ურთიერთობის დაწყებისთანავე მაჩუქა, კატების მუსუსი იყო და უნდოდა, მეც მასავით შემყვარებოდა ეს ეშმაკუნა, ამაყი და წუნია ცხოველები.
- სერიოზულად? ასვლით, ხო, მშვენივრად ახვედი? გაგიმართლა, რომ შენთან კამათის დრო არ მაქვს, ტუტუცო! - ტუმბოზე შევდექი, ხელი გავიწვდინე, ჩავავლე და ჩამოვიყვანე.
წინა დღით საგანგებოდ შეძენილი შავი, ნაჭრის შარვალი და მალინისფერი პულოვერი ჩავიცვი. დედამ შემარჩევინა, ყოველთვის ცხრიანში არყამდა (გახსენებაც არ მინდა, რამდენხასნ ვიარეთ მაღაზიიდან მაღაზიაში)! მაღალწელიანი შლაქსი იყო, ჩემს სწორ მუცელს და სავსე, ლამაზი ფორმის საჯდომს კვეთდა. ფეხზე შავი, ტყავის „შუზი“ მეცვა, მაღალი ქუსლით.
- სად მიდიხარ? - მკითხა ერეკლემ.
- სამსახურის შეხვედრა მაქვს.
- კვირას?
- კი, პროექტის კონცეფციას ვცვლით და სასწრაფოა.
ვერ ვიტანტი საკუთარ თავს, როცა ვცრუობდი, მაგრამ... მამაჩემს ნამდვილად არ მოეწონებოდა, თუ გაიგებდა, რომ ინტერნეტით გაცნობილ, შვიდი წლით უფროს, განსხვავებული რელიგიის, უცხოელს ვხდებოდი. ერეკლე აუცილებლად შეეცდებოდა ჩემს გადარწმუნებას, მე კი მომიწევდა შემეხსენებინა, რომ ოცდახუთი წლის ასაკში თავად უნდა გადავწყვიტო ვის შევხდები და ვის -არა; ან თავი უნდა დამექნია, არ მეწყენინებინა მისთვის, და პაემანი გამეუქმებინა. ვიცოდი, რომ მამაჩემს ჩემი დაცვა სურდა; უნდოდა ტკივილი აერიდებინა, მაგრამ ამასთან ერთად, ქვეშეცნეულად იმასაც ვგრძნობდი, რომ ერეკლეს ძალიან ეშინოდა ჩემი დაკარგვის. ეგონა, რომ თუ გავთხოვდებოდი, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, გაუხარდა კიდეც, როცა ლევის დავშორდი.
- არ ათხოვებ შენს გოგოს? - ეკითხებოდნენ ცნობისმოყვარე ნათესავები და მეზობლები.
მძულდა ეს კითხვა. მომენტალურად აგრესია აზვირთდებოდა ხოლმე ჩემში და ძლივს ვიკავებდი თავს, ტალღასავით რომ არ მიმეთხლიშა მრისხანება მათთვის. მშობელმა რატომ უნდა გამათხოვოს ან გამაჩუქოს, ნივთი ვარ?!
- სად ეჩქარება? - აიჩეჩავდა ერეკლე მხრებს. - კარიერაზე ზრუნავს, მოგზაურობს. - მერე წამით შეყოვნდებოდა, თავის ნათქვამზე დაფიქრდებოდა და გააგრძელებდა: - თებეამ იცის, რომ ქორწინება სახუმარო ამბავი არ არის. იპოვის ადამიანს, რომელიც იმსახურებს მის სიყვარულს, და როცა მიხვდება, რომ მზად არის, სწორედ მაშინ დაოჯახდება. - მერე მხარდაჭერის ნიშნად ხელს გადამხვევდა ხოლმე და მიღიმოდა, როგორც ყველაზე საამაყო შვილს.
- რომელ საათზე მოხვალ?
- ათისთვის შინ ვიქნები.
მამას კოცნით დავემშვიდობე და ლიფტში შევვარდი. თედო, ლაბათ, უკვე კომპიუტერთან იჯდა და ვიდეოთამაშებს დაზომბირებული მიშტერებოდა. სარკეში ჩავიხედე, მხოლოდ ჯადოქრები თუ დამეხმარებოდნენ ამ გაპუწული თმის დასწორებაში, ფრჩხილების მოწესრიგებასა და ალაგ-ალაგ თავაშვერილი გამონაყარის დაფარვაში.


ავტორი: ფურცლებში დაკარგული

დიდი მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ნაწარმოებს. მოუთმენლად ველოდები თქვენს კომენტარებს. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent