შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (III თავი)


21-11-2020, 20:04
ნანახია 553

სადარბაზოდან გამოსულს ხეთა სიშიშვლე მომხვდა თვალში. მხოლოდ ნაძვები გახვეულიყვნენ მწვანე საფარში, მაგრამ მათთვისაც დაემჩნია სევდიან ნეომბერს შემოდგომისეული კვალი, წიწვებდაშვებული და თავჩაქინდრულები იდგნენ, თითქოს სხვათა სიშიშვლეში საკუთარი სამოსი ესირცხვილებოდათ; ერჩივნათ დანარჩენებივით მერქანზე გადაეტანათ სუსხიანი ზამთარი. დასჯილ ბავშვს ჰგავდნენ, ვისაც ხელმომჭირნე მეგობრებმა ზურგი აქციეს ლამაზი ქურქის გამო, რომლის ჩაცმაც თავად სულ არ სურდა, მაგრამ მშობლებმა აიძულეს. მტვრიანი, სველი ასფალტის, ნოტიო მიწის და გამხმარი ფოთლების სურნელი მეცა, რომლებიც წვიმამ გასულ ღამეს ცხარე ცრემლით დაიტირა. ღრმად შევისუნთქე გრილი, სასიამოვნო ჰაერი და კიდევ შევათვალიერე ქუჩა, რომელსაც შემოდგომამ ფუნჯით გადაუარა. ერთი შეხედვით, არსაიდან მოსული კმაყოფილების განცდა დამეუფლა, რადგან თავადაც ამ ფერებში მოვხატავდი ეზოს თუ ტილოს, ფერთა შეზავების დიდოსტატი რომ ვყოფილიყავი. უეცრად ძალიან მომინდა ისრაელი გვერდით მყოლოდა და სწორედ მისთვის გამეზიარებინა ეს გუაშებით შეფერილ-შელამაზებული წუთი.
სალონისკენ მიმავალ გზას სწრაფი ნაბიჯით გავუყევი. წყნარი კვირა დღე იყო, მხოლოდ მანქანები არღვევდნენ მის სიმშვიდეს. ჩემი შავი მანტოს ქამარზე ვფიქრობდი, რომელიც წინა წელს შემომეკარგა - ან ტაქსიში დამრჩა, ან სიჩქარეში სადმე დავარდა. ახლა რომ თან მქონოდა, წელს ლამაზად გამომიკვეთდა. საშინლად მაღიზიანებდა ეს თვისება საკუთარ თავში - გაფანტულობა, დეტალებზე ყურადღების გამახვილების უუნარობა თუ არაამქვეყნიურობა, როგორც მამაჩემი ეძახდა. ფაქტია, ოცდახუთის გავხდი და ზუსტად ისე მეკარგებოდა ნივთები, როგორც ბაღში ან სკოლაში. იმასაც კი ვერ ვიხსენებდი, ბოლოს სად დავდე ან სად დავინახე. მუხლამდე მანტო, რომელმაც ორი, საშინლად ცივი ზამთარი თბილად გადამატარა, დედაჩემმა საახალწლოდ მაჩუქა. ეკატერინე, საოცარი ქალი იყო! თვალით ხვდებოდა სამოსი ჩემი ზომის იყო თუ არა, მისი ფერი რამდენად მომიხდებოდა, შესაძლოა საიდუმლო ჩვენს შორის გასაოცარ მსგავსებაში იმალებოდა - ერთნაირი კანის ფერი, ერთნაირი ნაკვთები, გამომეტყველება და ხმაც კი. მხოლოდ ასაკი და თმის ფერი განგვასხვავებდა - მე ქერად მქონდა თმა შეღებილი, მას კი კონიაკისფრად. ჩაიხედებოდა კატერინა სარკეში, მიიზომებდა ტანსაცმელს და იფიქრებდა, მე თუ მიხდება, ჩემს ქალშვილსაც მოუხდებაო. ჯიბეში მობილური ამიწრიალდა. ეკრანს დავხედე, ის იყო. თითქოს გულმა უგრძნო, რომ გონებაში მასზე ფიქრმა გამირბინა:
- რას შვება დედას ლამაზი გოგო? - სამყაროში ყველაზე ტკბილი ხმა ჩამესმა.
- ქრისტინესთან მივდივარ, დე. შენ რას აკეთებ?
დედამ იცოდა, რომ ქრისტინე ჩემი სტილისტი იყო, რადგან წლების განმავლობაში თავადაც მასთან იკეთებდა ვარცხნილობებს. მამასთან განქორწინების მერე უბანი შეიცვალა და მის ახალ სახლთან ახლოს არსებულ სალონში გაიჩინა მეგობრები.
- შინ ვარ და ბანანის ჩაის ვსვამ. ვცდილობ გიჟურ სამუშაო კვირამდე დარჩენილი ერთადერთი დღე დასვენებისთვის გამოვიყენო. ფილმის ყურება მინდა... მირჩევ რამეს?
- რამდენიმე იდეა მაქვს, მოგწერ სათაურებს სალონში რომ მივალ.
- ძალიან კარგი.
- მეც დავლევდი, ისე, ბანანის ჩაის. ხომ იცი, როგორ მიყვარს მისი ასომატი.
- შემომიარე პაემნის შემდეგ და დარჩი ჩემთან, თუ გინდა, თან შეხვედრის შესახებ დეტალებსაც მომიყვები.
- სიამოვნებით... მაგრამ დღეს არ გამოვა, მამას დავპირდი ათი საათისთვის დავბრუნდები-მეთქი.
- ნუ, თუ დაპირდი... თედო რას შვება?
- აბა, თუ გამოიცნობ.
- Among Us-ს ან PUBG-ს თამაშობს.
- ვეტყვი რამეს და ეგრევე ჩხუბს იწყებს, ჩემს საქმეში ნუ ერევიო.
- ნუ ღელავ. უკვე მოვიფიქრე, როგორ უნდა ჩამოვაშოროთ ვირტუალურ სამყაროს.
- ძალიან კარგი, ხვალ „გალერეაში“ შემოგივლი და მომიყევი ყველაფერი.
- შევთანხმდით. ვაჟბატონი შეგეხმიანა დილას?
- კი, მომწერა, მოგაკითხავო...
- ძალიან კარგი, დიდი ალბათობით სახლამდეც მიგიყვანს.
- სალონის კართან ვარ, უნდა გაგითიშო.
- თებეა, ერთს გირჩევ, დიდი მოლოდინები არ დაამყარო დღევანდელ შეხვედრაზე.
- არა, რა თქმა უნდა... - გავიცინე, კოცნა გავუგზავნე და გავთიშე. მთელმა განვლილმა, თითქმის უძინარმა, ღამემ გამირბინა თვალწინ.
მღელვარება ჩამოვიფერთხე. ვიცოდი, მკბენარასავით ისევ ამომაბღდებოდა, მაგრამ ჩემი განცდების სხვებისთვის თავზე მოხვევა არ მჩვეოდა, ამირომ დროებით მაინც დავტოვე თამაშგარეთ. ღიმილი მოვიმარჯვე და თეთრი, რკინის კარი ლაღად შევაღე.
- ლამაზმანი მოსულა! - გულიანად შემეგებნენ გოგონები.
მეც გემრიელად მოვიკითხე ქრისტინე, სალომე და თეკო.
ქრისტინეს ჩემი გულისთვის მუშაობა განთიადზეც (ექვს საათზე) არაერთხელ დაუწყია; თმასთან დაკავშირებული ჩემი ნებისმიერი ახირებისა და ექსპერიმენტის თანამონაწილე იყო, თუმცა, ბოლოს ცისფრად შეღებვა გადამაფიქრებინა, ნუ გაიმუდრეგებ, სჯობს პარიკი შეიძინოო. პარიკი დღემდე არ მიყიდია, მაგრამ თმა დაწვასა და ბაბაიაგას ცოცხლივით გაფშეკას კი გადავარჩინეთ. ახლა რომ ვუფიქრდები, კარიერული თვალსაზრისით, ცისფერი თმით სამსახურში გამოცდახდება, ალბათ, არც იქნებოდა გონივრული არჩევანი. როცა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ხარ, კლიენტებიც, პარტნიორებიცა და თავად კომპანიაც, შენგან სოლიდურობას და წარმოსადეგობას მოითხოვს. ექსცენტრიულ გადაწყვეტილებებსა და თავისუფლებას, ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით უყურებენ. ქრისტინე ოცდარვა წლს, საშუალო სიმაღლისა და შესაბამისი წონის გოგო იყო, ბოლო რამდენიმე წელიწადი მელირებასა და კარეს ატარებდა. ერთი დიდი, „ამერიკული ოცნება“ ჰქონდა, სურდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასულიყო და რომელიღაც ცნობილ სალონთა ქსელში დაეწყო მუშაობა.
სალომე (შავგვრემანი, თითქმის წელამდე, ტალღოვანი თმით, დაახლოებით ქრისტინეს სიმაღლე) ჩემი კოსმეტოლოგი იყო, პერიოდულად სახის პროცედურებს მიტარებდა, წარბსაც მხოლოდ მას ვანდობდი, რადგან პანიკურად მეშინოდა ვინმეს არ გაეფუჭებინა ჩემი ბუნებრივი ფორმა. სალომესაც ჰქონდა სანუკვარი ოცნება, სურდა „ის ერთადერთი“ ეპოვნა, მაგრამ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ძალიან აგვიანდებოდა. თვითონ პირად ცხოვრებაში უიღბლობას ზედმეტ კილოგრამებს აბრალებდა, მსუქანი ვარ, ტანი არ მივარგაო, იძადა და ჩემსას - ნატრულობდა. რამდენ ქალს ჰგონია, რომ კარგი გარეგნობა მის ყველა პრობლემას მოაგავრებს... რამდენ ქალს სჯერა, რომ სილამაზე შესაფერისს კაცსაც აპოვნინებს, არადა, როგორ მწარედ ცდებიან. რამდენად რთული დასაჯერებელიც უნდა იყოს, ლამაზები ისეთივე უბედურები და უიღბლოები არიან, როგორც ქალები, რომლებიც ვიღაც სულელების მიერ მოგონილ სილამაზის სტანდარტებში არ ჯდებიან.
თეკო ძალიან მაღალი და გამხდარი იყო. დიდი, უზომოდ ღრმა, ზღვისფერი თვალები და თხელი, აპრეხილი ცხვირი ჰქონდა (დედამისის სლავური გენი ნამდვილად არ დაკარგულა!), რომელზეც პირსინგი ეკეთა. ქერა თმა მოკლედ შეეჭრა და კეფაზე - აეპარსა. ცალ წარბზე დიდი შრამი ჰქონდა, რომელიც მოძალადე შეყვარებულისგან „სამახსოვროდ“ დარჩა. ეს არ იყო ერთადერთი „საჩუქარი“, რომელიც ტოქსიკურმა ურთიერთობამ დაუტოვა. თეკო ექვსი წლის ვაჟს, დემეტრეს (მოფერებით დემიკოს) სრულიად მარტო ზრდიდა. ეს მამაცი და დამოუკიდებელი, ახალგაზრდა ქალი არამარტო ფრჩხილის სპეციალისტი, არამედ ტატუ არტისტიც იყო. მის სხეულზე ტატუების დათვალიერება და ფრჩხილებზე დაკვირვება (ყოველ ჯერზე სხვადასხვა ლაქით მხვდებოდა, როდის ასწრებდა მათ მოშორება-წასმას, მართლა ვერ ვხდები) კლიენტების საყვარელ გასართობად დიდხანს რჩებოდა.
სალონს კვირაში ერთხელ მაინც ვსტუმრობდი. ჩემი სამსახური და პოზიცია მუდამ ფორმაში ყოფნას მაიძულებდა. შეიძლება სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საზოადოებასთან ურთიერთობა ავირჩიე. მუდმივი მოტივაციის წყარო რომ არა, ვიცი, თავის მოვლა ძალიან დამეზარებოდა, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ სახლის საქმე არასდროს მელეოდა.
- ყავას დალევ? - სამზარეულოდან გამომძახა სალომემ.
- შენ გაიხარე, დღეს ვერც მოვასწარი დალევა.
- ნალექიანი თუ უნალექო?
- შენთვის როგორსაც მოიდუღებ, ისეთი გამიმზადე მეც. - გავძახე.
დემეტრეს თავზე მოვეფერე და თეკოს მაგიდას მივუჯექი:
- ჭურჭლის რეცხვისას შენი გაკეთებული მანიკური გავანადგურე!
- კიდევ ბევრჯერ გაანადგურებ, თუ „შილაკის“ გაკეთებას არ დაიწყებ.
- კარგი, მოდი, დღეს „შილაკი“ ვცადოთ!
- ოჰ, რამე მნიშვნელოვანი ხდება?
- არაფერი, მაინტერესებს, რამდენ ხანს გამიქაჩავს.
- რა ფერი?
- მალინისფერი... აი, ზუსტად ამ ტონალობაში. – „ბლუზკაზე“ მივუთითე.
- მმმ, კი არ მახსოვს, თუ მაქვს ეგ ფერი. – „მანიკურების“ თვალიერება დაიწყო.
ქრისტინემ კლიენტი გაისტუმრა და ცოცხს დაუწყო ძებნა, რომ იატაკი შეჭრილი თმა გადაეყარა, თან მახარა:
- თებეა, როგორც იქნა, Green Card-ის აპლიკაცია შევავსე და ჩავერთე გათამაშებაში!
- მართლა?! მაგარი გოგო ხარ! ყოჩაღ რა, აი, აქამდე რატომ არ სცადე, მართლა მიკვირს.
- რომ დავუფიქრდი, რას ვკარგავ-მეთქი... - მხრები აიჩეჩა. - ხოდა, ველოდები ახლა პასუხებს.
- ჩემმა მეზობელმა მოიგო რამდენიმე წლის წინ და ახლა ამერიკაშია.
- ხო, არა? იქნებ, გამიმართლოს მეც.
- გაგიმართლებს, გაგიმართლებს და მერე სანატრელი გამიხდება შენი ჯადოსნური ხელები!
სალომემ სამზარეულოდან ყავა გამომიტანა და გვერდით მომიჯდა.
- შენი ფოტოები დავათვალიერეთ გუშინ სოციალურ ქსელში. - მითხრა და ცნობისმოყვარე მზერა შემომანათა.
თუ ჩემი Facebook გადაქექეს, მიხვდებოდნენ, რომ ლევის დავშორდი, რადგან ყველა ფოტო წავშალე. ალბათ, სალოს უნდოდა გამენდო მისთვის, როდის და რა მიზეზით დავემშვიდობეთ ერთმანეთს მე და ლევიკო, მაგრამ ნამდვილად არ მსურდა საიამოვნო დღე ყოფილ შეყვარებულის გახსენებით ჩამეშხამებინა, ამიტომ ზრდილობიანად გავუღიმე და თვალი ავარიდე.
- არ მქონია მალინისფერი... - უკმაყოფილოდ მოკუმა ტუჩები თეკომ. - მოდი, ღია, ნაზი ვარდისფერი ვცადოთ. შენს თხელ და გრძელ თითებს მოუხდება.
სალომე მიხვდა, რომ არაფერს მოვყვებოდი, ამიტომ აღარ ჩამაცივდა. დაახლოებით სამი საათი გავატარე სალონში. ვხუმრობდით და გულიანად ვკისკისებდით. გოგონები უცნაური კლიენტების ამბებს იხსენებდნენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა პროფესიას თავისი ხიბლი აქვს, განსაკუღებით კი მომსახურების სფეროში, რადგან ადამიანები ყველა ელფერით განახებენ საკუთარ თავს, ზოგჯერ იმაზე მეტად გიშვებენ ახლოს, ვიდრე ისურვებდი, და ისეთ ინფორმაციას გაჩეჩებენ, რომელიც არაფრში გჭირდება. მართლაც, წიგნი დაიწყერება მათი ამბების გაერთიანებით.
ბოლოს, როცა სარკეში ჩავიხედე, გავოგნდი - როგორ შემეძლო ერთდროულად ვყოფილიყავი საფრთხობელა და ლამაზმანი? ალბათ, ყველა ქალს გვაქვს გარდასახვის მაგიური უნარი, მოუწესრიგებელი დიასახლისიდან თვალწარმტაც ქალღმერთობამდე.
- ანათებ, თებეა! - წამოიძახა აღფრთოვანებულმა სალომემ.
- მართლა ბრწყინავ, გოგო! - დაეთანხმა ქრისტინე.
- უალამზესი ხარ, აი, ჩაბჟირებამდე ლამაზი! - ჩაერთო თეკოც.
საათს დავხედე. ორმოცი წუთი იყო დარჩენილი პაემნამდე. არ მინდოდა უბანში ვინმეს დაენახა, რომ მამაკაცმა მანქანით მომაკითხა, ენებს დაიგრძლებდნენ და ათას ჭორს მომიგონებდნენ, როგორც ყოველთვის, მამაჩემსაც ცუდად მიუტანდნენ ენას, ამიტომ მეგობრებს დავემშვიდობე, ტაქსი გამოვიძახე და მეზობელი მიკრო-რაიონისკენ ავიღე გეზი. გზის პირას, საავადმყოფოსთან ჩამოვედი, ჩავთვალე, რომ ასე უფრო მარტივად მომაგნებდა ისრაელი. მისამართი გავუგზავნე და აღმოვაჩინე, რომ ბატარეა მიჯდებოდა.
- ჯანდაბა, ჩემი იღბლის ამბავი რომ ვიცი, მობილური გამომერთვება, ის კი ვერ მომაგნებს. - ჩავიბუტბუტე და ყოველი შემთხვევისთვის გავაფრთხილე, შეიძლება წუთი წუთზე გაითიშოს და ვეღარ დამიკავშირდები-მეთქი.
მზე ჰორიზონტს მიღმა ჩაესვენა თუ არა, სიცივე გაბატონდა ქუჩაში. ქარი უბერავდა, ძვალსა და რბილში ატანდა, დამშეული ცხოველივით იკბინებოდა, ამიტომ თავზე თეთრი, ღუნღულა კაშნე წამოვიფარე. წინ და უკან დავდიოდი, ზოგჯერ მანქანათა დაბურულ შუშებში ვიყურებოდი და ვამოწმებდი, ხომ კარგად გამოვიყურები-მეთქი, თითქოს შეიძლებოდა ხუთ წუთში რამე შეცვლილიყო. რამდენჯერმე გავიფიქრე, სადმე, აქვე რომ იდგეს და მაკვირდებოდეს, გაეცინებოდა ჩემზე-მეთქი. ახლო-მახლო ჩამოსაჯდომიც კი არ იყო, მე კი მაღალქუსლიანმა ფეხები ამატკია. ხელები და ცხვირი გამეყინა. ლოყები კი ისე მიხურდა, როგორც გასულ ღამეს. საშინლად იწელებოდა დრო. წარამარა ვამოწმებდი საათს, თითქოს წუთებს ლოდები დაჰკიდეს და - ძლივს ექაჩებოდა მათ. მობილურის ეკრანმა გაანათა:
„მაინც მოგაგნებ.“
ჰმ... მაინც მოგაგნებო, ვითომ კომპასი იყოს, რომელიც მხოლოდ იმიტომ შექმნეს, რომ ყოველ ჯერზე ჩემთან მოსასვლელი გზა იპოვოს.
ჩამობნელდა, თითქოს მითიურმა ფრინველმა უზარმაზარი ფრთა ჩამოაფარა ქალაქს, და ლამპიონები ციცინათელების გუნდივით წამოინთო, ზუსტად ისე, როგორც ჩემს წარმოდგენაში წინა ღამით და ყველა იმ ღამეს, როცა Eyes On You-ს ვუსმენდი... მოსახვევში ჩანთით ხელში ვიდექი სრულიად მარტო, მის მოლოდინში და კაშნეს ვისწორებდი, რომელიც თმაზე ყოველწუთს ცურავდა, გეგონებოდათ ფეხი უცდებაო.
ექვს საათამდე ჯერ კიდევ ოცდახუთი წუთი იყო დარჩენილი, როცა მოსახვევში შავად მოელვარე „მერსედესი“ გამოჩნდა. ძალიან ნელა, ელეგანტურად შემოსრიალდა და ზუსტად ჩემ წინ გაჩერდა. ავტომობილის მინაში საკუთარი დაბნეული სახე დავინახე, შემდეგ კი მის მიღმა სიჩქარის გადამრთველზე მსუბუქად ჩამოდებული მარჯვენა ხელი გავარჩიე, რომელზეც ჩემთვის კარგად ნაცნობი საათი ბზინავდა. ლამპიონის შუქი ზუსტად მის მტევანს ეცემოდა. გული შემიტოკდა. ისრაელი იყო!



№1 სტუმარი wero

ვაიმე რა საინტერესო ისტორიაა. როგორ მომეწონა. ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები. წარმატებები.

 


wero
ვაიმე რა საინტერესო ისტორიაა. როგორ მომეწონა. ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები. წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა. თქვენი აზრი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. დაველოდები თქვენს მომავალ კომენტარებს. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent