შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (IV თავი)


22-11-2020, 03:57
ნანახია 7 062

მანქანის მოვერცხლისფრო სახელურისკენ ხელი გავიწვდინე თუ არა, გასულმა ორმა კვირამ ჩემ თვალწინვე შეისხა ხორცი. საუბრებმა, ფიქრებმა და ემოციებმა ერთ ადამიანში მოიყარა თავი და ჰაერში ამიტაცა თითქოს. მიწას ერთი, ან იქნებ ორი, ნაბიჯით ავცდი. ეს ჰგავდა ამოსუნთქვას მას შემდეგ, რაც დიდხანს ჩავიგუბე ჰაერი. მეგონა, ერთდროულად ფილტვები გამეხსნა და მოკეცილი ფრთები გამეშალა. უჩვეულო სიმსუბუქე ვიგრძენი მთელ სხეულში, ძველებურად ფრენა დავიწყე!
ჩვენი მიხრწნილი ურთიერთობის ბოლო თვეებში ხშირად ვეჩურჩულებოდი ლევის, დავმძიმდი და საკუთარი ფრთები ვეღარ მზიდულობს-მეთქი. ცრემლები მიჭერდა ყელში ამ სიტყვების წარმოთქმისას, მაგრამ უთქმელობაც არ იქნებოდა, დუმილი საბოლოოდ მომიღებდა ბოლოს და თავის მოსაკატუნებლად (რომ თითქოს კიდევ შევძლებდი ფრენას) შენახული ბუმბულებიც დამცვივდებოდა. მისთვის სულ ერთი იყო, მე რომ ზედმეტად მიწიერი გავხდი, მე კი სასოწარკვეთით მინდოდა ფრენა და შველას ვითხოვდი კაცისგან, რომელიც მართლა მიყვარდა. როცა ლევის პირველად შევხვდი - ანუ, სანამ სიყვარულის საგიჟეთში აღმოვჩნდებოდი(თ) - ფარფატა პეპელა ვიყავი, და მგალობელი, თავისუფლებაზე უზომოდ შეყვარებული ჩიტი; მერე პეპელა ნეხვის-ბუზისთვის თავგანწირვისას ეკალ-ბარდებში გაეჩხირა და ფრთები დაიზიანა; ჩიტმაც გალობა შეწყვიტა, რადგან უგულოდ შეაგდეს კრიტიკის, აგრესიის, უყურადღებობის, უპატივცემულობისა და უსიყვარულობის გალიაში.
ახლა კი, როცა უკვე შეგუებული ვიყავი, რომ ფრთები „წინა ცხოვრებაში“ დავტოვე... ან (აწ უკვე) გაქვავებულ სიყვარულში იმდენად ჩავიხარჯე, რომ ბუმბული დამიპატარავდა, ის განცდა დაბრუნდა - საკუთარი თავის შეგრძნობის განცდა. ვერ დავიჯერე, რადგან შემეშინდა... შემეშინდა, რომ დაჯერებისთანავე გაქრებოდა ჩემი ფრთები, ჩემი ფრენის უნარი და სიმსუბუქე.
ისრაელის მანქანის კარი გავაღე და კაშნე გადავიძრე. ისრაელი ინტერესითა და გაოცებით შემომცქეროდა, დნავ გადახრილიყო დაჭისკენ, რომ უკეთესად გავერჩიე.
- ჰეი... - სიტყვის წარმოთქმისთანავე იოგები დაუწვრილდა და ტემბრი უმისამართოდ გაექცა, გეგონებოდა ხელი კისერში მოუჭირეს, მაგრამა არ იმჩნევსო. მეგონა იმწუთასვე ჩაახველებდა.
- ჰეი... - ჩემი ხმაც კატის კნავილივით გაისმა, ალბათ. სტელა მაჯობებდა მისალმებაში. სამაგიეროდ, გავუღიმე...
არა ისე, როგორც ისრაელის სურათს ვუღიმოდი, როცა მობილურის ეკრანს ეფინებოდა; არა ისე, როგორც მის ხუმრობებზე ან შეფარულ უხამსობაზე ვიღიმოდი; და ისეც კი არა, როგორც მაშინ, როცა ჩემს მისაკუთრებას ცდილობდა თავდაჯერებული გამოხტომებით; გავუღიმე ისე, როგორც უღიმიან რაღაც ახალს, გამორჩეულსა და არაჩვეულებრივის... რაღაც ნამდვილის დასაწყისს. მანაც გამიღიმა. მე კი ზუსტად ვიცოდი ამ ღიმილის მნიშვნელობა. ისრაელი ღელავდა. კაცს, რომელიც ნებისმიერ ქალს პირვლივე მცდელობით თავს დააკარგვინებდა, ჩემი სიახლოვე მღელვარებას გვრიდა.
„მერსედესში“ ჩავჯექი და კარის მიხურვისთანავე, სრულიად შემთხვევით, პირველად ჩავხედე ისრაელს თვალებში. ვიგრძენი, რომ მისი სულის ზედაპირს მივადექი და იმწუთასვე ელდანაცემივით უკან დავიხიე, დაბნეულებმა და ამ დაბნეულობით შეშინებულებმა, თვალი ავარიდეთ ერთმანეთს. სადღაც გავიხედეთ, არა შორს და შესამჩნევად, არამედ ერთმანეთის მიღმა, გუგების ოდნავი ცეცებით. იმაზე სასიამოვნო გარეგნობის იყო, ვიდრე ველოდი. ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ყველაზე სიმპათიური კაცი იყო, ვინც კი შემხვედრია... იმდენად სიმპათიური, რომ კარგი იქნებოდა, წინასწარ შემემზადებინა თავი. ახლა უკვე გვიანი იყო. თავდაჯერებულობის მისხალი აღარ შემრჩა.
- ეს, მართლაც, შენ ხარ... - წარმოთქვა ისრაელმა. მას არ ჰქონდა ხმა, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებდი, მაგრამ უსათუოდ ჰქონდა ხმა, რომელსაც ყოველ ჯერზე სუნთქვაშეკრული დავუგდებდი ყურს.
- ძალიან ადრე მოხვედი... - წავიბუტბუტე და ჩანთა ფეხებთან ჩავდე.
- ღმერთო... რამდენი ხანია აქ დგახარ?
- შევხედრა ადრე დამიმთავრდა და... - არ მსურდა სცოდნოდა, რომ ასე მხოლოდ მისთვის გამოვიპრანჭე. არც ის მინდოდა სცოდნოდა, რომ ჭორიკანა მეზობლებს დავუმალე მისი თავი.
- არც კი მჯერა, რომ არ მომწერე, გელოდები, მალე მოდიო. ელვისებური სისწრაფით გავჩნდებოდი შენთან.
- ხო, რა ვიცი... არ იყო პრობლემა დათქმულ დრომდე მოცდა.
ისრაელმა მანქანა დაძრა და ჩიხში შეაყენა, რომ (როგორც თავად თქვა) ნორმალურად მომსალმებოდა. სანამ მე ღვედს ვეჭიდავებოდი, რომ სწორად გამეკეთებინა, ხელები გაშალა. თუ ვინმე მკითხავს, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე რამხელააო, ვეტყვი, რომ ამ ბიჭის გაშლილ მკლავებში ეტევა. და თუ საქართველოს ისტორიის აღორძინების პერიოდი დაიტია, ჩემს პიროვნებასაც დაიტევდა.
- არ გადამეხვევი?
ღვედს ხელი ვუშვი და მისკენ უხერხულად გადავიხარე. წრაფად, მორცხვად და ცივად ჩავეხუტე. ვერაფერს იგრძნობდა - ვერც ჩემს სურნელს, ვერც ჩემი კანის სითბოს ან გულისცემას. მივხვდი, რაღაც სხვას ელოდა და საშინლად ვიგრძენი თავი. სულ სხვაგვარი წარმომედგინა ისრაელთან პირველი შეხება, ალბათ მასაც. მე კი ყველაფერი გავაფუჭე. ღვედი კვლავ მოვქაჩე. ისრაელისკენ გახედვაც აღარ შემეძლო.
- გაიყინე, ხო? საქართველოში დრამატულად იცვლება ამინდი. - გათბობა ჩართო. - აბა, ისრაელში ახლა ისე ცხელა, სანაპიროზე გასვლა და ბანაობა შეიძლება.
საკუთარი სამშობლოს სახელი რომ გქვია, მას მხოლოდ გულით კი არა, ყოველდღიურობით(აც) თან ატარებ. გაღვიძებისთანავე თუ არა, სარკეში პირველი ჩახედვისას მაინც, გახსენდება მისი ცა და მიწა; გახსენდება სახლი, რომელშიც გაიზარდე; სკოლა, რომელშიც დადიოდი და ადამიანები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს შენზე. გახსენდება ენა, რომელზეც ფიქრი და სამყაროსთან საუბარი დაიწყე; ენა, რომლითაც სიტყვა „დედა“ პირველად წარმოთქვი და მოზარდობისას სიყვარულში პირველად გამოუტყდი იმ გოგოს, დღესაც რომ სიამოვნებით წაიყვანდი პაემანზე. საოცარია, მაგრამ ამ დროს სამშობლო მცირდება, შენში ექცევა და - ისე რომ თავადაც ვერ ხვდები როგორ - მისგან შორს მყოფი მთელ ქვეყანად გადაიქცევი. ისრაელი ისრაელში.
- ჰო, შემცივდა, მაგრამ მითბება ნელ-ნელა ხელები. - სხვა ვერაფრის თქმა მოვახერხე.
- იმედია, არ გაცივდი. საავადმყოფოში რა გინდოდა?
- აქვე, ბინაში მქონდა შეხვედრა.
- აჰა, გასაგებია. სად გინდა, რომ წავიდეთ?
- გადაწყვეტილება შენთვის მომინდია.
ხელები ისე ავწიე, თითქოს იარაღი მომაბჯინა ვინმემ შუბლზე. მივხდი, სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, ზუსტად ისე, როგორც წინა ღამით - თვალებს, ერთს რომ ვეუბნებოდი და მეორეს აკეთებდნენ. ეს ძალიან, ძალიან ცუდი იყო. თუ კიდურები, გონების ბრძანების გარეშე გამირბოდნენ, საკუთარ ქმედებებზე მთლად პასუხისმგებელიც ვერ ვიქნებოდი. კიდევ უფრო მეტად დავიძაბე.
- რთული ასარჩევია, როცა არ ვიცი, რა მოგწონს, რა გიყვარს, რა გიხარია... ზუსტად მაგის გასაგებად შეგხვდი.
ამ კითხვაზე პასუხი, უბრალოდ, არ მქონდა. ყოველთვის ვიცოდი, ლევის ბანკის ანგარიშზე რამდენი ჰქონდა თანხა და კვების ობიექტებსა თუ გასართობი ადგილების შერჩევისას „მის ჯიბეს“ ვერგებოდი. ისრაელის ფინანსურ შესაძლებლობებში კი ჩახედული არ ვიყავი. ალბათ, პირველ პაემანზე გოგომ ნამდვილად არ უნდა იფიქროს, ეს ბიჭი არ გავაკოტროო, მაგრამ ჩემი გონება დაპროგრამებულივით აგდებდა მხოლოდ იაფფასიან ადგილებს ან კაფე-ბარებს, სადაც ლევიკოსთან ერთად ერთხელ მაინც ვყოფილვარ. მე კი არ მინდოდა მკვდარი ბედნიერების ან დახოცილი გრძნობები სასაფლაოზე დამერგო ახალი მოგონებები. ალბათ, მხოლოდ ქალებს შეუძლიათ ერთდროულად ამდენ რამეზე ფიქრი, როცა მამაკაცები ეკითხებიან: „სად წავიდეთ?“
- კარგი, მარტივად დავიწყოთ. გშია?
- ისე რა... - ძალიან შემრცხვა იმის აღიარება, რომ დამშეული ვიყავი და მუცელს შევპირდი, ოღონდ ახლა არ აბუყბუბუყდე და თავი არ მომჭრა, გპირდები უსაკვებოდ აღარასდროს დაგტოვებ-მეთქი.
ამ სიტუაციამ ლევიკოსთან მესამე შეხვედრა გაამხსენდა, როცა მის კაბინეტში, მაგიდაზე სექსუალურად ჩამოვჯექი, ის მუცელზე მომეხუტა და უეცრად კუჭ-ნაწლავი ამიბღავლდა. ისე შემრცვხა, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და იქვე ჩავეტანე. ლევიმ ხელები ჩამოუშვა, კომპიუტერისკენ სერიოზული სახით მიბრუნდა და დამგესლა: „რას იზამ, თებეა, ყველაფერი რომანტიკული ვერ იქნება.“ ისრაელთან მსგავსი რამ არ უნდა განმეორებულიყო, არავითარ შემთხვევაში!
- დალევა გინდა?
- არა... - ისევ ვიცრუე.
დიდი სიამოვნებით დავლევდი ფერად, ეგზოტიკურ კოქტეილს ან ხარისხიან წითელ ღვინოს, მაგრამ ვიფიქრე, ლოთის შთაბეჭდილების დატოვება არ ღირს, თან თავად საჭესთან ზის და ალკოჰოლს ვერ გაეკარება, მე ხომ არ მომაჩერდება ნატურალური წვენით ხელში-მეთქი.
- იქნებ ყავა გინდა?
ყავის დალევა ყველაზე ნეიტრალურ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებად მომეჩვენა. არც ძირი დაჯდებოდა, არც არასწორ შთაბეჭდილებას მოვახდენდი და არც მსუნაგი გამოვჩნდებოდი.
- კარგი იდეაა, ყავა დავლიოთ!
ძალიან რთული აღმოჩნდა მასთან საუბარი. არადა, ლაპარაკი ჩემი სტრატეგიული იარაღი იყო ყველა სხვა ადამიანთან - სამსახურშიც და სამეგობროშიც. ახლა კი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, სიტყვებს ძლივს ვპოულობდი.
- როგორ ჩაიარა შენმა დღემ? - ძლივს ამოვღერღე.
- მთელი ღამე გადავათენე, დილას შენ გეჩატავე, შუადღემდე საწოლში ვინებივრე, მერე ცოტა წავივარჯიშე და მოგაკითხე. შენ რა ქენი?
და უეცრად, როცა ვცადე მომეფიქრებინა საინტერესო ისტორია, თუ რა ვაკეთე მთელი დღე - საჭმლის მომზადების, სტელას დევნისა და ისრაელთან შეხვედრისთვის მზადების გარდა, აღმოვაჩინე, რომ ფანტაზიის უნარი დამებლოკა და ყველა სიკეთესთან ერთად ინგლისურიც დამავიწყდა - ენა, რომელზეც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თავისუფლად ვმუშაობდი. ბრავო! ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. მიხვდი, რომ ჩვენი დღევანდელი პაემანი კრახისთვის იყო განწირული.



თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?



№1  offline წევრი ნანა73

რა საინტერესოდ წერ? heart_eyes
მომწონს თითქმის ყველაფერი.
ფიქრი, აზროვნება, ხასიათი...
სიამოვნებით მოგყვები. თან, როგორც ვატყობ არ იგვიანებ, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებსს.
არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, ბევრს ფიქრობს თებეა. შედარებებს აკეთებს.
საწინააღმდეგო ქმედებები ახასიათებს...
გამოცდილება აიძულებს.
ისრაელის იმედად ვარ blush
ვნახოთ... გენდობი.
წარმატებები!
❤️❤️❤️

 


ნანა73
რა საინტერესოდ წერ? heart_eyes
მომწონს თითქმის ყველაფერი.
ფიქრი, აზროვნება, ხასიათი...
სიამოვნებით მოგყვები. თან, როგორც ვატყობ არ იგვიანებ, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებსს.
არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, ბევრს ფიქრობს თებეა. შედარებებს აკეთებს.
საწინააღმდეგო ქმედებები ახასიათებს...
გამოცდილება აიძულებს.
ისრაელის იმედად ვარ blush
ვნახოთ... გენდობი.
წარმატებები!
❤️❤️❤️


დიდი მადლობა.
მართლა ძალიან მიხარია, რომ საინტერესოდ იკითხება.
სანამ ცოტა მაინც მაქვს დრო, მინდა მაქსიმალურად მივუძღვნა წერას.
ალბათ, შეუძლებელია არ შეადარო ყოფილი შეყვარებული ახალ მამაკაცს, რომელიც შენში ინტერესს აღძრავს. იდეაში, სწორედ მაგიტომ მოდიან ადამიანები ჩვენს ცოხვრებაში, რომ გაგვზარდონ, გვასწავლონ და მომავალში, ახალ ურთიერთობებში ძველი შეცდომები არ გავიმეოროთ.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ველოდები თქვენს კომენტარებს. <3

 


№3 სტუმარი wero

თებეას ვგავარ მხოლოდამხოლოდ დაბნეულობაში, რაც ძალიან მახალისებ. კარგად წერ და ასევე კარგადვე გადმოსცემ აზრებს.მინდა,რომ ასე გაგრძელო წარმატებები.

 


wero
თებეას ვგავარ მხოლოდამხოლოდ დაბნეულობაში, რაც ძალიან მახალისებ. კარგად წერ და ასევე კარგადვე გადმოსცემ აზრებს.მინდა,რომ ასე გაგრძელო წარმატებები.

მაგ თვისებით, მგონი, მეც ვგავარ თებეას.
დიდი მადლობა ქატნაურებისა და მხარდაჭერისთვის. <3
მოუთმენლად ველოდები თქვენს კომენტარებს სხვა თავებზეც. ძალიან მახარებს თქვენი აქტურობა და გამოხმაურება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent