შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (VII თავი)


23-11-2020, 23:59
ნანახია 439

- ამ საათს, უსათუოდ, თავისი ისტორია აქვს... - ისრაელის მაჯას დავხედე. უკლებლივ ყველა ფოტოში ხელს უმშვენებდა ეს შავი, ტყავის აქსესუარი, თეთრი ციფერბლატით, ოქროსფერი ჩარჩოთი, ამავე ფერის რომაული ციფრებითა და ისრებით. სწორედ ამ სათმა მამცნო, იდუმალმა კავალერმა მოგაკითხაო, როცა უცნობმა „მერსედესმა“ გამიჩერა ქუჩის მოსახვევში.
- არც არაფერი. - ხელს უემოციოდ დახედა. - ძვირადღირებულიც კი არ არის. ქართულ ფულის ერთეულში რომ გადავიყვანოთ, 200 ლარამდე დამიჯდა. ორი წლის წინ თელ-ავივის ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი, დავინახე, მომეწონა და შევიძინე. ეს არის მთელი ამბავი.
- ნივთებს რომლებსაც არ ვიშორებთ, ყოველთვის აქვთ ისტორია... ან მოგვიანებით აუცილებლად იძენენ „თავიანთ ამბავს“, რადგან ჩვენი ცხოვრების თანამონაწილეები ხდებიან, უყურებენ როდის გვტკივა და როდის გვიხარია, ვის ვხვდებით და ვის ვშორდებით. ჩვენს სხეულის ტემპერატურასაც კი ითვისებენ და ვეღარ ვამჩნევთ, რომ თან უცხო სხეულს დავატარებთ. აი, მაგალითად, ჩემი ბეჭედი, - არათითზე წამოცმული სამკაული დავანახე, - ასეთი დედასაც აქვს. იმ დღეს, როცა ეკატერინე სახლიდან წავიდა, ეს დახვეული ლურსმნის ფორმის ბეჭედი დამიტოვა თაროზე, იმის ნიშნად, რომ ცხოვრებამ შეიძლება დაგგრიხოს, უწინდებური როლი დაგაკარგვინოს და მთლიანად შეგცვალოს, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა იყო „მეორე სიცოცხლისთვის.“
ბორდიურიდან მანქანისკენ გადავაბიჯე, ისე რომ ძირს არ დამიხედავს. ფეხი რაღაცას, ალბათ კენჭს, დავადგი და გადამიბრუნდა. მთელი სიმძიმით გავექანე ასფალტისკენ. წამის მეასედში დაიხარა ისრაელი და ძლიერი ხელები გამოიწვდინა. სანამ აზრზე მოვიდოდი, რა მოხდა, მის მკლავებში რბილად ჩავესვენე და სანახევროდ მივეკარი მკერდზე. საიმედო, მყუდრო და დაცულ ციხე-სიმაგრეში აღმოვჩნდი. სრული სიმშვიდე დამეუფლა. ქვემოდან ავხედე. არც უხერხულობას ვგრძნობდი, არც სინანულს ჩემი წუთიერი მოუხერხებლობის გამო. ალბათ, ყველაფერი ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო.
- აბა, როგორ ხარ? - ბაგე გახსნა და გამოაჩინა ჯარისკაცებივით სწორად ჩამწკრივებული, თეთრი კბილები. იცოდა, რომ ღიმილი ძალიან უხდებოდა და თავდაჯერებით იყენებდა ამ იარაღს. მეც ვიცოდი, რომ ჩემი ღიმილი მოსწონდა, ამიტომ შანსი ხელიდან არ გამიშვია:
- ძალიან კარგად.
- ანუ, არაფერი გიტკენია.
- არაფერი.
გავსწორდი და ავტომობილისკენ მშვიდი ნაბიჯით წავედი. სითბოს ვგრძნობდი მთელ სხეულში. „მერსედეს“ თვალი უკეთესად შევავლე, ახალი და დახვეწილი მოდელი იყო - ზუსტად ისრაელის შესაფერისი. მანქანაში ჩაჯდომისთანავე სხვა ადამიანი გახდა. თითქოს, დარწმუნდა, რომ აღარავინ აკვირდებოდა და თავს ნიღბის ჩამოშორების უფლება მისცა.
- შენ ხომ მოგწონს ჩემი მუსიკალური გემოვნება? - მკითხა და მობილური სადგამზე დააერთა, რომ სისტემასთან დაეკავშირებინა.
- ძალიან. სიმღერებს, რომლებსაც მიგზავნი ზოგჯერ ძლის წინაც კი ვუსმენ.
- ჰო და, ახლა მთელ Play List-ს გაგაცნობ, - ზუსტად ამას ელოდა თითქოს, და გაუხარდა, მის წარმოდგენებს რომ დაემთხვა ჩემი პასუხი. - ვნხოთ, აბა, ებრაულსაც თუ „დაუმუღამებ.“- ინტერესით გამომხედა.
- გზა შორია, მოვასწრებთ. - ვუთხარი და სათვალე მოვხსენი.
- ოხ! არა-არა, თებეა...
- რა?! - მისი სათვალე მოვირგე და ვცადე მინის მიღმა გამეხედა.
- ფაქტობრივად ვერ ვიხედები თვალებში.
- ვერ მხედავ უსათვალოდ?
- იმდენად კი გხედავ, რომ ფოტო გადაგიღო. - მობილური მოიმარჯვა და სცადა კადრი დაეჭირა. სახეზე ავიფარე ხელები:
- არაფოტოგენური ვარ, გაწიე კამერა.
- არაფერიც, ძალიან ფოტოგენური ხარ.
- მოაშორე, - სიცილით ავუქნიე ხელი. ფოტოებში უმეტესწილად, მართლა, შეუხედავი გამოვდიოდი. ამიტომ მიწევდა ასი „სელფი“ გადამეღო და ერადერთი ამერჩია, სოციალურ ქსელში ატვირთვამდე. არც კი მჯეროდა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც პირველივე სურათში კარგად გამოდიოდა. მსურდა ისრაელს ჩემი საუკეთესო ფოტო ჰქონოდა, მისთვის კი აშკარად სულერთი იყო რამდენად ლამაზაც გამოვჩნდებოდი, მთავარია, მისი სათვალე მეკეთა.
- სელფი!
- ფოტო!
- სელფი!
- ფოტო-მეთქი!
- შანსი არ არის!
ანდროიდი გამოვართვი. არ შემეთავაზებინა, კადრში თავი შემოყავი-მეთქი. ცოტათი ვნანობ, რომ საერთო ფოტო არ გადავაღებინე; რაღაც ხელშესახები მაინც დაგვრჩებოდა იმ დღის მოსაგონად, როცა ერთმანეთს პირველად შევხდით. მეორე მხრივ, ჩემი სიამაყე ნებას არ მაძლევდა ისრაელის ლამაზმანების კოლექციის მორიგი ექსპონატი გავმხდარიყავი და ჩემი გაუფასურების დამამატკიცებელ საბუთად ქცეულიყო ჩვენი საერთო „სელფი“ მის გალერეაში. ეკრანზე გამოვჩნდი, სათვალეში გრძელი ცხვირი გამომიჩნდა, გულზე შემომეყარა და სასწრაფოდ უკან დავუბრუნე მობილური.
- ფოტოები არ იქნება! აიღე სათვალეც.
- რა უცნაური ხარ, გამაგიჟებ რა!
„კიდე მე გაგაგიჟებ? ცისარტყელას შვიდი ფერივით იცვლი ხასიათს და განწყობებს.“ - გავიფიქრე.
- ისე, ქართველი ქალები მაგრად მაშინებენ. - თქვა და პარკირების ზოლი გადაკვეთა.
- შეშიებული კაცის კვალობაზე თავს მშვენივრად ართმევ: ერთ წელიწადში უკვე ორი ქართველი შეყვარებული გყავდა და, რა ვიცი, აბა?
ორი, რაც მე ვიცი (ერთხელ მიმოწერისას ახსენა), იმ ორის გარდა კიდევ ასსაც მოასწრებდა.
- და რატომ გაშინებენ?
- არ ვიცი, როგორ ავხსნა. ყოველთვის შეუსაბამო მოლოდინები აქვთ. - გულზე ეკლად მომხვდა მისი სიტყვები. ვერ მივხვდი, რამე მიმანიშნა?
- დაახლოებით ვიცი, რასაც გულისხმობ. - ვუპასუხე, თუმცა სხვა რამის თქმა მერჩია: „თუ ყოველთვის პირველსავე შეხვედრისას ეკითხები, ებრაულს ისწავლიო, ან აზუსტებ, საზღვარგარეთ ცხოვრება რამდენად უნდა, ბუნებრივია, რომ რაღაც დიდის მოლოდინი უჩნდებათ.“
მის პროფილს გავხედე და სახეზე დავაკვირდი. უსათუოდ იგრძნობდა ჩემს მზერას.
- მეც გაშინებ ისრაელ?
- შენ არ მაშინებ.
ჩვენი ერთ-ერთი საუბარი მომაგონდა. გაცნობიდან ოთხ-ხუთ დღეში მომწერა:
„მინდა გვერდით მყავდეს ქალი, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი, მგზნებარე საყვარელი და მთელი დარჩენილი ცხოვრების მეგზური იქნება. ვფიქრობ, მზად ვარ ასეთი სერიოზული ურთიერთობისთვის.“
„იფრთხილე ასეთი თამამი განცხადებისას. ჩვენ პასუხს ვაგებთ არამარტო საკუთარ ქცევებზე, არამედ სიტყვებზეც. კაცებს ხშირად გგონიათ ხოლმე, რომ მზად ხართ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, შუა ურთიერთობაში, აღმოაჩენთ საპირისპიროს. მერე კი ქალი გულნატკენი და იმედგაცრუებული რჩება, სიყვარული კი გაბერწებული.“
მეგონა, რომ ეს წერილი დააფრთხობდა, უკან დაახევინებდა და აღარსდროს გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ის კი პირიქით, გააქტიურდა, თითქოს ჩემმა ნათქვამმა ცეცხლი შეუნთო.
ებრაული ბალადა ააჟღერა ისრაელმა. სულის ამაფორიაქებელი და გულის მიუვალ ფსკერამდე ჩამწვდომი ჟღერადობა ჰქონდა მუსიკას. სუფთა და მოგრძნობიარე იყო ყველა ნოტი. განცდების მორევში გითრევდა სათუთად, ნაზად. მთელი გზა მითარგმნიდა ტექსტებს სიყვარულზე, მონატრებაზე, მარტოობაზე, სინანულსა და ტანჯვაზე. ჩამოვარდა მისი ნიღბები. დალეწილი ნიღბების ნატეხებს შორის კი მგრძნობიარე, გამოუსწორებელი რომანტიკოსი დამხვდა.
- ახლა უკვე ვიცი, როგორია შენი „შინაგანი ისრაელი,“ - წავიჩურჩულე.
იცოდა, რომ ასე მოხდებოდა... როგორც კი Play List-ს ჩართავდა, მისი სულის გაშიშვლებას დავიწყებდი და ვეღარაფერი შემაჩერებდა. ყველა შრეს შევისწავლიდი, ღმეთისგან მივიწყებულ კუნჭულებსაც კი შევახებდი ხელს ფაქიზად. გარისკა, მენდო...
- ძალიან შეყვარებული იყავი, არა?
- სასოწარკვეთით... - სევდიანად გაიღიმა.
„მადლობა სიმართლისთვის,“ - არ მითქვამს, მაგრამ იცოდა, რომ მადლიერი ვიყავი. ბლანტი ნაღველი ჩამიგუბდა არსებაში. ჯერ ასატანად მცირე იყო, არ დამახრჩობდა, მერე - გზადაგზა -გადიდდა და სასულემდე მიაღწია.
- ახლა სად არის?
- არ ვიცი, სადღაც, ისრაელში...
„ვხედავ, რომ ისრაელში ნამდვილად არის.“ - ცრემლი მომერია. ძალიან მინდოდა მეტირა.
- ვწუხვარ.
- არ ღირს წუხილად. უკვე აღარაფერი დარჩა, ცხრა წლის წინანდელი ამბავია. - გაეღიმა და რამდენიმე წამით თვალი დახუჭა.
დავკარგე ისრაელი. გვერდით მეჯდა, მაგრამ ფიქრით ძალიან შორს იყო ჩემგან. მანქანა მიქროდა... მუსიკა კი ყურთასმენას ელამუნებოდა. უზომოდ მარტო ვიგრძენი თავი. ფანჯრის ჩამოწევა და ჰარის ჩასუნთქვა მომინდა, მაგრამ მაშინ ისრაელის სურნელიც უნდა გამეტანებინა ქარისთვის. მისი კანისა და ოდეკალონის სუნი კი უზომოდ რეალურსა და ხელშესახებს ხდიდა ჩემთვის ამ გულგატეხილ მამაკაცს, რომელიც ლოველასობდა, უდარდელად მოჰქონდა თავი, სინამდვილეში კი ცხრა წლის განმავლობაში მოუშუშებელ იარებს უბერავდა სულს, სალბუნს ისვამდა ზედ და .
ჩემს ადგილას სხვა უნდა მჯდარიყო ახლა. მე კი, სადმე, სახლთან ახლოს, სკვერში უნდა მესეირნა და მელოდიებში უისრაელოდ ჩავკარგულიყავი. რადგან, თუ ფიზიკურად ჩემთან არ იქნებოდა, ასე მძაფრადაც ვერ ვიგრძნობდი უმისობას. ჩემ თვალწინ ღამის თბილისის ხედები ერთმანეთს ენაცვლებოდა. მიყვარდა ეს ქალაქი - მე მგავდა თითქოს, სიბერისა და ახაგაზრდობის იდეალური სინთეზით. მინდოდა შემეჩერებინა ავტომობილი, ისრაელს დავმშვიდობებოდი და საკუთარი ფიქრების გარემოცვაში დამეტოვებინა.

***
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. ცალი ხელი ჩანთას ჩავავლე, მეორე - სახელურს. ეს, მგონი, გაქცევას ჰგავდა. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. ერთი სული მქონდა გადავსულიყავი და ამ კაცს გავცლოდი. მე ვერ მოვუშუშებდი იარებს... ჯერ ჩემივე, პირღია ჭრილობებს უნდა გავმკლავებოდი.
- კარგი დრო გავატარე. - მითხრა ისრაელმა და ხმა გაებზარა.
- ხო, მეც...
- არ ჩამეხუტები?
სახელურს მტევანი ვუშვი, ჩანთა დავაგდე და ისრაელს გადავეხვიე. მის კისერში თავის ჩადებაც მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. რა საჭირო იყო ეს ფარსი? ჩვენ, ხომ, ორივემ ზუსტად ვიცოდით, რომ აღარასდროს შევხვდებოდით ერთმანეთს? ან, იქნებ, სწორედ ამიტომ იყო საჭირო უკანასკნელი გადახვევა, დამშვიდობება სხეულის ენით. ძლიერ ბეჭებზე მოვეხვიე. მან კი წელზე შემომარტყა მკლავები.
- მშვიდობით, - ვუთხარი და ხელები უღონოდ დავუშვი. უცრემლო ტირილს ჰგავდა ჩემი დამშვიდობება.
მობილურს დაწვდა და თავი ჩაქინდრა. თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობის საკითხი ელოდა ინტერნეტში. სულ რამდენიმე წამით შევჩერდი. იმედმა შემაყოვნა ალბათ, იქნებ ეთქვა, „დაგირეკავ“ ან „იმ კვირაში კიდევ შევხვდეთ“-ო. კრინტი არ დაუძრავს... ჩემკენ აღარც მოუხედავს. ავტომობილიდან გადავედი და თავჩაქინდრული, ფეხისთრევით წავედი სადარბაზოსკენ. ხომ შეიძლებოდა, გადაეფიქრა, გადმოსულიყო, დამდევნებოდა... უკან არ შევბრუნებულვარ, არ მინდოდა დამენახა, რომ მანქანა დაქოქა და გულგრილად გაშორდა ჩემს სახლს... კიბეები ავიარე და ლიფტში შევედი. ნირწამხდარმა დავხედე „სამსუნგს“, ეკატერინეს მესიჯი დამხვდა:
„როგორ მიდის პაემანი?“
„უკვე დასრულდა.“
„შთაბეჭდილებები?“
„შესანიშნავი ბიჭია.“
„მიხარია, რომ მოგეწონა.“
„...მაგრამ აღარასდროს მომწერს, დედა.“



№1 სტუმარი Qeti qimucadze

arvici. arvici. zalian momcons tepeas personaji. dinjia da gaconascorebuli. israeli jerjerobit amoucnob pirovnebad rcheba. raunda tvitonac aricisss. vfiqrob tebeas uketesi ekutvnisssl. velodebi momdevnos moutmenladdd. saibteresoaaa

 


Qeti qimucadze
arvici. arvici. zalian momcons tepeas personaji. dinjia da gaconascorebuli. israeli jerjerobit amoucnob pirovnebad rcheba. raunda tvitonac aricisss. vfiqrob tebeas uketesi ekutvnisssl. velodebi momdevnos moutmenladdd. saibteresoaaa


გაწონასწორებულობისა და სიდინჯის მიღმა, ვხედავთ, რაც იმალება, ბევრი ფიქრი და მსჯელობა, მუდმივად სწორი არჩევანის გაკეთების სურვილი, ხშირად დაძაბულობაც. ისრაელი კაცების უმეტესობას ჰგავს, მართლაც, არ იცის რა უნდა. მიხარია, რომ მომყვებით ბოლომდე და ახალ-ახალ თავებს ელოდებით. იმედი მაქვს, ყოველ ჯერზე ვამართლებ მოლოდინს. <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent