შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროწეულისფერი შეღამება


24-11-2020, 05:25
ავტორი ჰებე
ნანახია 421

"ბროწეულისფერი შეღამება"

    მზის სხივთა როკვით აკიაფებული რიჟრაჟი ვნებისფრად ელავდა. ფარდაგადაწეულ ღია საძინებელში მორიდებული ქურდივით შემოჭრილი აისი თბილი სინათლით აღავსებდა ოთახს. გაბრიელის გულ- მკერდზე თავდადებული, თვალებმილულული ვუსმენდი მის ესოდენ მშვიდ გულისცემას და მოცეკვავე სხივთა ყურების ფონზე სასიამოვნო იდილიას შევიგრძნობდი. თხელი ზეწრის ქვეშ ჩემს წელს დადებული მისი ძლიერი მკლავი მიტოვებდა რა უსაფრთხოების შეგრძნებას, სიმშვიდით მოცულს ყველა უსახური და ცუდი ფიქრი მშორდებოდა გონებიდან. როცა მამაკაცმა ფრთხილად და ნაზად აატარა ხერხემალზე თითები, რამაც ჩემი ჟრუანტელი გამოიწვია, მივხვდი გაღვიძებოდა. ქვემოდან ავხედე.
- დილამშვიდობისა- ჩაიჩურჩულა ბოხი ხმით და ტუჩები შუბლზე მომაკრო. გავიტრუნე. მან ჩაიცინა.
- თავს როგორ გრძნობ?- იკითხა მან. და მარჯვენა ხელით ლოყაზე მომიალერსა.
- ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ- ჩავიჩურჩულე ღიმილმორეულმა და კიდევ უფრო უკეთესად მოვათავსე თავი მის კისერში. გაბრიელის არომატი შევისუნთქე და სასიცოხლო ელექვით მოდებულმა მისმა მზის სურნელმა სასიამოვნოდ გამაბრუა.
- ვფიქრობ ადგომის დროა,  სამშობლო მიხმობს- ჩაიქირქილა და თმაზე ხელი დამისვა. მისი ყელიდან თავი ამოვწიე და ტუმბოზე დადებულ მაღვიძარას შევხედე. შვიდი იწყებოდა.
- ასე მალე გავიდა დრო?- ვიკითხე გაკვირვებულმა.
- ხედავ, ჩემს გვერდით დროის შეგრძნებას კარგავ- ჩამიღიმა.
- რა, შენ არ კარგავ?- შევეკითხე და გადახოტრილ თავზე თითები გადავუსვი.
- შენს გვერდით ვერაფერს აღვიქვამ- მითხრა და ტუჩებში ნაზად მაკოცა. ბედნიერებით პირთამდე სავსე დოქს ვგავდი, მისი ვარსკვლავებივით მოციმციმე ჭრელი თვალების შემყურე.
    გაბრიელი წამოდგა, კარადიდან ტილო გამოიღო და თავისთან მიხმო, მერე კი მის გვერდით კარიდან სააბაზანოში გავიდა. დავამთქნარე და ფეხზე ამდგარმა სააბაზანოში შევაბიჯე. ორივემ მივიღეთ გამაგრილებელი შხაპი და მოვწესრიგდით. გაბრიელი ჩემს ყველა მოქმედებას ღიმილით აკვირდებოდა. ღამის ატლასის ხალათი გადავიცვი და მას შევხედე.
- რა?
- ჩემი პირადი სასწაული ხარ- შემომცინა.
ოთახში გასულმა მაღალ სარკესთან თმა გავიშალე. სამხედრო მაისურის ჩაცმით დაკავებული გაბრიელი უკან დამიდგა. სარკეში ერთმანეთისგან ორი სრულიად განსხვავებული პიროვნება ვჩანდით. მე ნაზი და სუსტი ვიყავი, ყავისფერი თმით და შავი თვალებით. ჩემზე მთელი ერთი თავით მაღალი გაბრიელი მხარბეჭიანი და დაკუნთული იყო, გადახოტრილი თავით და სერიოზული, ამავედროულად ეშმაკური მზერით. მას ყოველთვის ამხიარულებდა ფაქტი, თავისთან შედარებით, სისუსტის გამო ჭიანჭველას რომ ვჰგავდი. რის გამოც ხშირად ჩემს წყრომას იმსახურებდა.  სამზარეულოში გასულმა ორი ჭიქა ყავა მოვამზადე და ტკბილეულთან ერთად დახლზე დავალაგე. მსუბუქი საუზმის შემდეგ, მალევე სახლის კართან მდგარი გაბრიელი გულში ჩაკვრით დამემშვიდობა და საყვარელი მამაკაცი თავისი პირადი მოვალეობის შესასრულებლად გავუშვი.
მე და გაბრიელი, მის ჯარისკაცობას არასდროს მოვიხსენიებდით სამსახურად.

***

ახალ რუტინას ჯერ ვერშეგუებულს ერთ დილასაც გაბრიელი საწოლში არ დამხვდა. უფრო მეტიც, სახლში არ იყო. საკუთარ თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდე, რადგან ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა: იგი თავისი მოვალეობის გამო ხშირად მიდიოდა გაუფრთხილებლად ხოლმე.
სამსახურში მოახლოებული ქორწილის გამო შვებულება მქონდა აღებული, რადგან მე და გაბრიელი თაფლობის თვის გატარებას თავიდანვე ვგეგმავდით. ამიტომ იმ დღისით სახლიდან არ გავსულვარ, და რაც უფრო აგვიანებდა დარეკვას იგი, მით უფრო მძაფრად მიპყრობდა ცუდი წინათგრძნობა და მემატებოდა ფორიაქი.
აივანზე გავედი. ჩამავალ მზეს თავისი სხივები ზეცისთვის ლალებად მოებნია.

თითქოს საჩუქარს უტოვებდა დაბრუნებამდე.

ნანახის სილამაზით გაოცებულმა აღფრთოვანება ვერ დავმალე და მით უმეტეს, სახლის კარიც გაიღო. გაბრიელი შემოსასვლელში ფეხსაცმელს იხდიდა. მისი ხილვით დამშვიდებული კინაღამ ავტირდი, თუმცა მან მომისწრო, თავის ძლიერ მკლავებში მომიქცია და გულში ჩამიკრა.
- ბოდიში  თეკლე.- მწუხარე იყო მისი ხმა.
-არაუშავს- ამოვიჩურჩულე და ხელები მის განიერ მხერბზე მოვხვიე. გაბრიელს დიდხანს ვყავდი ჩახუტებული.
არც იმ ღამით და არც მეორე დღით, გაბრიელი არ წასულა. ასე თქვა: ვისვენებო. მაგრამ საეჭვოდ მეჩვენებოდა მისი გონებაგაფანტულობა და მუდმივი ყურადღება მობილურისკენ მიმართული. თუმცა არ მინდოდა ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, კიდევ უფრო დამეძაბა იგი.
მეორე დღეს, საღამოს, სააბაზანოდან გამოსულს სამხედრო ფორმაში დამხვდა. გულმა რეჩხი მიყო.
- გაბრიელ, რა ხდება?
- თეკლა, ძვირფასო- მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
- წასვლა მიწევს...მაგრამ გპირდები დავბუნდები!-დაამატა როცა შეწინააღმდეგება ვცადე.
-რატომ გაბრიელ?! რახდება!-  გული მაღალი ძგერისგან ყელს მომებჯინა და თვალებში ჩაგუბებულ ცრემლებს ძლივძლივობით ვიკავებდი.
- ზუსტად არავინ ვიცით, ახლა ბაზაში გვიბარებენ, ცხინვალისკენ რაღაც საეჭვო შეუმჩნევიათ, ჩვენ უბრალოდ ყოველი შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ.
- გაბრიელ...- მე არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის. მან უბრალოდ მთელი გრძნობით მაკოცა და უკანმოუხედავად გავიდა კარიდან.

არ მინდოდა ოჯახის წევრებს ენერვიულათ, ამიტომ იძულებული გავხდი ის მშფოთვარე ღამე, თეთრად მარტოს გამეთენებინა.

განთიადისას ჩავთვლიმე. აი მაშინ, ჰორიზონტიდან ცეცხლისფერ ენებად რომ აალდნენ სხივები.

სინათლემ თვალი მომჭრა, მერე ვიგრძენი როგორ მომეჩრდილნენ.

მილულული  თვალები ზანტად დავახამხამე, და შევეჩეხე რა მამაკაცის სილუეტს მაშინვე გამოვფხიზლდი.
გაბრიელი იჯდა საწოლის კიდეზე და მუხლებს დაყრდნობილი გვერდულად მიყურებდა. თავადაც ვერ მოვასწარი გააზრება როგორ მოვეხვიე. მან ძლიერად ჩამიკრა გულში.
-მორჩა?- ამოვთქვი.
-მორჩება- ჩაიჩურჩულა ურწმუნოდ. ამოვიხვნეშე. გაბრიელი მოწესრიგდა და კვლავ წავიდა.

თავზარდამცემი იყო შემთხვევა, როდესაც იმავე დღეს ტელევიზორში გორის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, და ვარაუდობდნენ, ოკუპანტები თბილისისკენაც აპირებდნენ დაძვრას. ველოდი და ახდა: ერთ საათში სახლში შემოვარდნილმა სამხედრო ზურგჩანთაში ნივთების ჩალაგება დაიწყო.
- გაბრიელ!
- კარგო, უნდა წავიდე, ყველა მელოდება.
-მომისმინე გაბრიელ... გაჩერდი... ერთი წუთით გაბრიელ!- დავუყვირე მოთმინება ამოწურულმა რადგან არ მისმენდა. მან ჩანთა საწოლზე მიაგდო და მაგიდას მიეყრდნო. თავისი ხელები გამომიწოდა.
-მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე!- გულზე ამიკრა და მტკიცედ ჩამჩურჩულა. მე ცრემლები მომეძალა.
- შენ მარტო მითხარი, ხომ დაბრუნდები?- იმედით სავსე იყო ჩემი მზერა.
- არ ვიცი თეკლე- ამოიჩურჩულა გულწრფელად და კულულა ყურზე გადამიწია- იქ უნდა დავიცვა, ჩემების გვერდით უნდა ვიდგე, მაგრამ გპირდები, შევეცდები დავბრუნდე!- პირველად ვხედავდი მის ცრემლიან ჭრელებს.
- ვერ გეტყვი არ წახვიდე მეთქი, არ მაქვს უფლება! მაგრამ იცოდე დაგელოდები, რაც არ უნდა მოხდეს!- კატეგორიული იყო ჩემი ხმა.
- თეკლე, ჩემო კარგო- გაბრიელი ჩამეხუტა ძლიერად. მაქსიმალურად მოკრებილი ნებისყოფის წყალობით არ ავტირებულვარ და მანამდე ვიყავი ასე თავშეკავებით სანამ ტელეფონზე არ დაურეკეს. ელოდნენ.
- ნუ ტირი ძვირფასო, შენს გვერდით ვიქნები სულ! ნუ ტირი!- გაბრიელი ცრემლიან სახეს მიკოცნიდა.- ტელეფონი ახლოს გგქონდეს, როგორც კი მოვახერხებ დაგიკავშირდები!- ლაპარაკით გაემართა გასასვლელისკენ.
- მიყვარხარ!- ამოვიჩურჩულე როდესაც საფეთქელზე ცხელი ბაგეები ძლიერად მომაკრო.
- ჩვენებს უთხარი კარგად ვიქნები, დედას გადაეცი მიყვარს...
შენც ძალიან, ძალიან მიყვარხარ თეკლე- ბოლოჯერ მაკოცა და უკანმოუხედავად ჩაირბინა კიბეები ზურგჩანთა გადაკიდებულმა.
მე კარებთან ჩავსრიალდი და ავტირდი. ბურვანიდან ხელებმა გამომიყვანეს. მარია იყო. აცრემლებული მარია.
-თეკლე, რა ხდება?- ტიროდა გოგონა- გაბრიელმა თავს გაუფრთხილდიო, ჩამეხუტა და გავარდა, თეკლე, ამოიღე ხმა!
- წავიდა- ამოვთქვი ეს ერთი სიტყვა და გულის ტკივილმა გონება დამიბინდა. მარია ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ძლიერად ჩამიკრა გულში.

საღამო ხანს, გაბრიელის მშობლების სახლში შეკრებილი ორი ოჯახი გაფაციცებით და ყურადღებით ვადევნებდით თვალს მიმდინარე მოვლენებს. მეგონა ნერვიულობისგან სულს დავლევდი. მშურდა მაიასი, გაბრიელის დედის, იმდენად მტკიცე იყო, მე მამშვიდებდა. ვერ ვტიროდი. თავს ტირილის უფლებას ვერ ვაძლევდი, რადგან მჯეროდა, ვერანაირი საფრთხე ხელყოფდა გაბრიელს.

ვერც დრომ ვერ შეძლო გავეტეხე. ჩემი ორი ოჯახის გვერდში დგომით მარტივად ვაგორებდით მონატრებისგან, შიშისგან და ხანდახან შემოპარული უიმედობისგან განცდილ ტკივილს.

გაბრიელისს დაბრუნებისა  და მომავლის კეთილდღეობის იმედით აღვსილი გუმხურვალედ ვლოცულობდი სამშობლოსა და ჩემი ქმრისთვის.

ათ აგვისტოს მე და გაბრიელს ქორწილი უნდა გვქონოდა.
აი ის ჩვენებური, პატარა და მოკრძალებული.

მესამე დღეს, ჩვენი ქორწილის დღეს მომწერა: კარგად ვართ, არ ინერვიულოთ, ღმერთი ჩვენსკენააო. იმდენად დიდი მუხტი და ძალა მოიტანა მისმა სიტყვებმა, თითქოს სული ხელახლა შთამებერა. ვუპასუხე:მიყვარხარ, გელოდებით, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.

რას ვიფიქრებდი, ამ დიალოგს უკანასკნელად რომ შევრაცხავდი?

    გაბრიელის ოთახში მეძინა. ვბორგავდი, კოშმარები არ მასვენებდნენ. ვხედავდი დაჭრილ გაბრიელს და მისგან მოშორებით მდგომ ჩემს თავს, თუმცა ძლიერ ვცდილობდი, მასთან ვერ მივდიოდი.
გამომეღვიძა.
ავტირდი.
მეხუთე ღამე იწურებოდა გაბრიელის წასვლიდან.
მეხუთე ღამეს დამთავრდა ომი.

როცა დარჩენილი ორი დღე არც გაბრიელი გამოჩნდა, და ვერც მის შესახებ ვიგებდით ინფორმაციას, მამამ და სიმამრმა, ვალერიმ, გაბრიელის მეგობრებთან ერთად მისი ძებნა დაიწყეს. საეჭვო იყო ფაქტი, უამრავ დაბრუნებულ ჯარისკაცში იგი არ ერია. გაფიქრება რომ გაბრიელი ან მოკვდა ან ტყვედ ჩავარდა, შიშის ზარს მცემდა და სუნთქვას მიკრავდა. წარმოვიდგენდი სადღაც მომაკვდავი იწვა და სული მითუხთუხებდა ტკივილისგან.

ომს შეწირული ადამიანები, უსახლკაროდ დარჩენილნი, ბავშვები, ქალები, გახიზნულნი, ტყვედ წაყვანილნი...
ომის საშინელების წარმოდგენისას გული მეწვოდა...

მამა და მამამთილი გორშიც კი ჩავიდნენ, თუმცა გაბრიელის ასავალ დასავალს ვერ მიაგნეს. ვერც სამძებრო სამსახურმა და ვერც პოლიციამ იგი ვერ იპოვა. მასთან ერთად მებრძოლი ბატალიონიდან თითქმის ყველა საღსალამათი იყო. ხოლო თვითონ, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, გაქრა და გაბრიელი სახელმწიფომ დაკარგულ ჯარისკაცთა რიგებში ჩარიცხა.

არ მეგონა ტკივილისგან თუ გადავრჩებოდი...

***

სექტემბერი იწურებოდა.
ჭკნობისფრად ელავდნენ ამომავალი მზის სხივები და ჭრელ ხეთა ჯარის ფონზე, მისი ნათება მგლოვიარის სევდას მოგაგონებდათ.
კვლავ გაბრიელის ოთახში ვიყავი.
საწოლიდან ვუყურებდი სიბნელის შეღამებას და გაბრიელის ფოტოს მდუმარედ ვეფერებოდი.
-თეკლე- კარზე კაკუნის შემდეგ ოთახში მარიამ შემოიხედა.
- გისმენ.
- არ გძინებია არა?- შეამჩნია ჩემი გაბზარული ხმა.
გოგონა ოთახში შემოფლატუნდა, თხელი საბანი გადაწია და ჩემს უკან დაწვა. ჩემს თმებთან დაიწყო თამაში.
- შენ ძალიან კარგი გოგო ხარ- ჩურჩულებდა ის- მეც და დედასაც ისე არ გვჯერა ჩემი ძმის დაბრუნების როგორც შენ.
- წარმოიდგინე უბრალოდ სამოგზაუროდაა წასული.- გადავბრუნდი მისკენ.- მე ვტირივარ რადგან მენატრება, მაგრამ წამითაც არ გამიფიქრია, ვაითუ ცოცხალი არ არის მეთქი. სანამ მას არ ვნახავ, ვერ მოვისვენებ.
- მის სახელს რატომ აღარ ახსენებ?- შემეკითხა მოულოდნელად მარია.
მე დავიბენი.
- მოვიდეს და დავუძახებ- ჩავიცინე სევდიანად.
მარიამ გულში ჩამიკრა.

როცა გავიღვიძე, სწორედ მაშინ შემოაღო მაიამ კარი, ჩემზე ჩახუტებულ მძინარე მარიაზე გაეღიმა და მანიშნა, სასაუზმოდ გავსულიყავი. თავი ღიმილით დავუქნიე და მისი გასვლის შემდეგ საათს გავხედე. თერთმეტი სრულდებოდა. მარიას მარწუხებიდან ფრთხილად დავეხსენი და ზანტად წამოვიწიე. თავბრუსხვევას ვგრძნობდი. სულ გაბრუებული დავდიოდი გაბრიელის წასვლის შემდეგ. სააბაზანოში შევედი და სარკეში ჩემს ანარეკლს შევხედე. ძველი თეკლასგან თითქმის არაფერი დარჩენილიყო. ამოღამებული თვალები, დასუსტებული და მეტად გამხდარი სხეული, ფერდაკარგული თმა ჩემს შინაგან ყოფას ერთი პროცენტიცათ ვერ ასახავდა, იმდენად ღრმა იყო სულის ტკივილი. წამით წარმოვიდგინე ჩემს უკან კარში მდგარი გაბრიელი და გამეღიმა. სარკეში არეკლილი მისი სხეული ტალღასავით ირხეოდა. კაცი მიღიმოდა. მერე კი ნირვანასავით გაუჩინარდა, ისე როგორც მასთან ერთად ჩემი ღიმილი. მძიმედ ამოვიოხრე. ცივი წყლით გამოვიფხიზლე თავი და სახე შევიმშრალე.
სასადილო ოთახში ჩავედი. სახლში მარტო მაია იყო. ვალერი ყოველ დილით სამსახურში მიდიოდა, ამავედროულად ყველაფერს აკეთებდა დაკარგული შვილის პოვნის გამო.
ჩვენში იმედი ბოლო კი არა, საერთოდ არ ჩამქრალა. და აქამდე მხოლოდ გაბრიელის სუნთქვის რწმენა მაძლიერებდა.

გაშლილ სუფრას მივუჯექი, თუმცა ვიცოდი, ლუკმა ყელში ვერ გადამივიდოდა, არ მინდოდა მაიასთვის უფრო მეტი სადარდებელი გამეჩინა, ამიტომ ყველის ნაჭერი უღიმღამოდ მოვკბიჩე. თუმცა სხეულმა ვერ მიიღო- გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.

***

- გილოცავთ, ორსულად ხართ! თქვენ ტყუპები შეგეძინებათ, სულ რაღაც ორი თვის ფეხმძიმე ბრძანდებით- მიღიმოდა ქალი.
-რა?!
-ექიმმა თქვა, ორსულად ხარო. ტყუპებზეო, გესმის თეკლე?- გაიმეორა გოგონამ. ტაშს უკრავდა და ყურებამდე გაღიმებულს თვალებში ცრემლები ეპარებოდა.
- მე და გაბრიელი... მშობლები ვხდებით?- ამოვილუღლუღე დაბნეულმა. თვალებგაბრწყინებული მარია სიცილით დამეთანხმა.

ჩემთვის ხელახლა შთაბერილ სულებს ჰგავდნენ, ჩემს ხელებქვეშ მუცლად მყოფი სიყვარულის ნაყოფნი.

ამეტირა, მერე გავიცინე, მერე ისევ ვიტირე. მაიას სიხარულით გაბრწყინებული თვალები, ვალერის მამაშვილური მზერა, ჩემი მშობლების სხივჩამდგარი სახეები და მარიას კისკისი, კიდევ უფრო მაღლა მიყვანდა, ზეცისკენ, ღრუბლებისკენ და ტკივილითა და შინაგანი სიცივით ვგრძნობდი მწვერვალამდე მხოლოდ ერთი ადამიანიღა მაკლდა.
გაბრიელი.

დღეები რომელიც მის გარეშე, მშფოთვარედ გადიოდნენ, იყვნენ უფერულნი და მძიმენი. ხოლო ჩვენი შვილები კი გადამწვარ მინდორზე ამოსულ პირველ ყვავილებს ჰგავდნენ;
ალბათ, როგორც გაბრიელი იტყოდა, მახარობლებს.

აჟიტირებულ მარიას უკვე მოეფიქრებინა, როგორც დედა ამბობდა "გაზაფხულის ბარტყებითვის" სახელები. გოგონა გაიძახოდა, გოგოს გაბრიელას ვარქმევთ, და ბიჭს გაბრიელსო. ამ უკანასკნელზეც ყველა თანახმა იყო, გარდა ჩემი.
გაბრიელს უნდოდა ჩვენი ვაჟისთვის ნიკოლოზი დაგვერქმია, და მე არ ვაპირებდი მისი სურვილის გადათქმას.

დედა დარდობდა. ერთადერთი ქალიშვილის ცხოვრებას მომავალი უღიმღამო ფერებში უხატავსო. ვიცოდი, მას არ სურდა მარტო ვყოფილიყავი, მაგრამ რა მექნა; გაბრიელს დავპირდი. ასეც რომ არ ყოფილიყო, ჩემი მთელი არსება წინააღმდეგი იყო სხვა კაცის არსებობისა ჩემს ცხოვრებაში. ეს წამითაც კი არ გამიფიქრებია. მიუხედავად იმისა რომ მე და გაბრიელი არ დავქორწინებულვართ, ვცხოვრობდი მისი მშობლების სახლში როგორც რძალი და როგორც მათი შვილი.

***
წამები, წუთები და საათები ერთმანეთს მონოტორულად უწყობენ ნაბიჯს. დღეებად, თვეებად და წლებად ახანგრძლივებენ რა დროის საფეხურებს, აუტანელს ხდიან არსაიდან მოტანილ მოლოდინის რეჟიმს და მონატრების უნებლიე შეგრძნებას.

გამობერილ მუცელზე ხელი ნაზად გადავისვი და გაბრიელის ფოტოს ფრთხილად შევეხე ტუჩებით. ღიმილაკრული იყურებოდა კამერისკენ და მეგონა მე მიღიმოდა. ამის გამო, მეც ბაგე გაპობილი ვუმზერდი ფოტოს.
ზამთრის სუსხ შემოპარული მიდამო, ვიცოდი მალე თეთრად გადაიპენტებოდა, და მიხაროდა.
მხოლოდ ფიფქებთან დაკავშირებით რამდენი ლამაზი მოგონება გვქონდა მე და გაბრიელს, გული ვერ დაიტევდა- სწორედ ამ მოგონებების არსებობა მახარებდა და თბილად ჩაფუნთული მთვლემარე გავყურებდი ფანჯარას.

ფიქრები მიტაცებდნენ და თითოეულ წამს ნაგრძნობ ტკივილს მიასმაგებდნენ. ნეტავს სად იყო? რა სჭირდა, რა სტკიოდა, როდის დაბრუნდებოდა?

ანდა საერთოდ იყო კი ცოცხალი?!

ცრემლები მერეოდნენ და ჩემს მუცელს ხელებს ვხვევდი.
ტირილის ხმაზე ოთახში მარია შემოვიდა, ჩემს დაწყნარებას ცდილობდა. მერე ორივე ვიჯექით და მონატრებისგან ვტიროდით.

არასდროს დამიკარგავს რწმენა, გაბრიელის სიცოცხლე ხელმოუსპობი იყო. მაგრამ ეჭვები მღრნიდნენ.
გულმხურვალე ლოცვა მშვიდად მასუნთქებდა ჰაერს და მერე, ძილის წინ ემოციებმოზღვავებული ვიხსენებდი ყველაფერს კარგს და ასე ვარიდებდი თავს ჩემს წკმუტუნს. ტკივილისგან ღრიალს უბრალოდ ვერ ვბედავდი- რადგან სულის ფსკერამდე მჯეროდა, გაბრიელი ცოცხალი იყო!
არ ვაპირებდი მეგლოვა!

ნერვიულობითა და სტრესით გადატანილი უამრავი ემოციური ღამე, შიშითა და მონატრებით განცდილი ტკივილები; გაბრიელის ჩემს გვერდით ყოფნა ჰაერივით მჭირდებოდა.
ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გააზრებული უმისობა და სხეულში დავლილი უსიამოვნო სპაზმები, ვერშეკავებული ქვითინი და განცდა თითქოს ჩემს შვილებთან ერთად მარტოდ-მარტო უდაბნოში ვიყავი დაკარგული, თითოეულ დღეს უფრო და უფრო აუარესებდა.

მხოლოდღა ჩემი შვილების არსებობა მახსენებდა იმას, რომ უნდა მეცოცხლა, ძლიერი უნდა ვყოფილიყავი; უფლება არ მიმეცა მონატრების მარწუხებს, ისე შევებოჭე, სუნთქვა რომ არ შემძლებოდა.

***
  როდესაც პირველად მომეჩვენა გაბრიელი, იმდენად რეალური იყო სუნთქვაშეკრული მისკენ გავიქეცი, მაგრამ საყვარელი სხეულის მაგივრად ცარიელ სივრცეს მოვხვიე მკლავები. მაშინ ვიტირე, საშინლად ვიტირე. ემოციებისგან გამოვიფიტე და ერთადერთი რამაც დამაწყნარა ეს ჩემი შვილების ჯანმრთელობა იყო. მერე მისი გამოჩენა რუტინად იქცა...

***
დედის კალთაში თავჩარგული თვალებმინაბული ვცდილობდი სუნთქვა დამერეგურილებინა. მისი ხელები მასაჟით იყვნენ დაკავებულები და ჩემს სიმშვიდეს უზრუნველყოფდნენ. მისაღები ოთახის ფანჯრები ჩემი თხოვნით გაეღოთ, რათა აპრილის ყვავილნართა გრილი სურნელება ტკბილ მალამოდ მოფენილიყვნენ.
- მოდი, დედაშენს დაუჯერე ჩემო კარგო, წადი მასთან, ბავშვები რომ დაიბადებიან მარიაც მოგეხმარება, მეც შენს გვერდით ვიქნები.- მაია ხელზე მეფერებოდა.
- თან დედი ცოტა გულს გადააყოლებ, მე და მამაშენს მოგვენატრა შენი სახლში ყოფნა- ჩურჩულებდა დედა.
ბრძოლისგან დაღლილივით ამოვიხვნეშე და ჩავიჩურჩულე:
- კარგით, გადავალ.- დავეთანხმე. თუმცა ვერ ვხედავდი ვიგრძენი როგორ გაებადრათ სახეები ოთახში მყოფებს. ისინი ცდილობდნენ დავეყოლიე ჩემს მშობლებთან ცხოვრებაზე, რათა სახლი, სადაც ვიმყოფებოდი, უფრო და უფრო მეტად მსტრესავდა, რაც გამოუვიდათ. გაბრიელის დაუღალავი ლოდინი, უხილავ ტანჯვად მეფინებოდა გულზე.
მარიას ცოტაოდენი ტანსაცმელი ჩავალაგებინე, თუმცა არც გაბრიელის პერანგები  დამვიწყებია.
ახლაც მისი მაისური მეცვა და ოთახიდან ოთახში ძლივძლივობით დავსეირნობდი. ტყუპების ცელქობაზე მეცინებოდა და ჩემს მუცელს ვეფერებოდი.
- აი, თეკლე, ეს მეორე ჩემოდანი საავადმყოფოსთვისაა, ექიმმა მალე იმშობიარებსო, ხოდა გაგიმზადე.- გამოფარფატდა მარია საძინებლიდან. მე მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე და ლოყაზე ვაკოცე მულს. გოგონა გაიბადრა.

გაბრიელის წასვლის დღიდან მე და დედამისს, მაიას არასდროს ჩაგვიცვამს შავები. ქალი დარდისგან აღარ იყო, თუმცა მისი შეუვალობა მაოცებდა. სულერად ვერგატეხილი მუდამ მედგა გვერდში და ახლაც თბილი ჩახუტებით მაცილებდა.

მამამ მანქანა დაქოქა და დავიძარით. ჩემს გვერდით მყოფი მარია მუცლად მყოფებს საყვარლად  ეჭუკჭუკებოდა. მე კი მისი მიმიკები მართობდა.

მაშინ ვინანე მშობლებს საავადმყოფოში დაწოლაზე არ დათანხმება, როდესაც მშობლიურ სახლის დიდ ჭიშკართან გაჩერებულებს მოულოდნელმა ტკივილმა შემომიტია. სუნთქვა გამიჭირდა და იმის ბოლომდე გააზრებამ რომ გაბრიელი ამ მნიშვნელოვან მომენტს გამოტოვებდა გული საშინლად ამიჩქარა, მუცელს მოწოლილი ტკივილი გამიზარდა და კვნესა აღმომხდა. შეშფოთებულმა მარიამ მაშინვე იყვირა, საავადმყოფოშიო, დაბნეულმა მამაჩემმა როგორღაც მოახერხა მანქანის ხელახლა დაძვრა. ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, მხოლოდ უგაბრიელობას ვდარდობდი. შევეცადე ტკივილი იმით დამეამა, რომ სულ მალე ჩემს შვილებს ავიყვანდი ხელში, მაგრამ არც ამდენად ძლიერი აღმოვჩნდი.  ვერ მივხვდი, საავადმყოფოში მისვლამდე ერთიანად მოწოლილი ყველა გრძნობისგან გონება როგორ დავკარგე.

გონზე კი თეთრ, ხელოვნური სინათლით გაჩახჩახებულ პალატაში მოვედი. პირველი რაც შევამჩნიე, ეს ფანჯრისმიღმა დაისი იყო. მზე კვლავ ცეცხლისფერ ენებად დნებოდა და თითქოს ცას კვლავ საჩუქარს უტოვებდა დაბრუნებამდე.

გული უცნაურად შემიფრთხიალდა.
მერე ჩემი ყოფა გავიაზრე, ბრტყელი მუცელი მეხამუშა. რატომღაც ცუდის მოლოდინში მყოფი, ვედრებად ვიღვრებოდი მარიას თვალებში.
- თეკლე, კარგადაა ყველაფერი, დამშვიდდი. იცი რა პატარები გყავს? სულ პატარა გოგო და ბიჭი- ცრემლიანად ჩაიცინა გოგონამ და შუბლზე მეამბორა. გავიღიმე. სიხარული ათას დიდ ტალღად შემოვარდა ჩემში და უგაბრიელობა წუთით წალეკა.

მკლავებში მოქცეული ორი მოვარდისფერო არსება, და მათგან გამოწვეული სიხარულისგან მრავალი დანთებული კანდელი ღვიოდა ჩემს სულში. არასდროს მიგრძვნია თავი ასე მშვიდად, ბედნიერად და ლამაზად ცხოვრებაში. მაგრამ არ მშორდებოდა გაბრიელზე ფიქრი და უკვე ღიად ვეგებებოდი სხეულში მჩვხვლეტავ ენებად შემოსულ ასე ნაცნობ ტკივილს, რომელსაც მეშინოდა რომ შევისისხლხორცებდი. მაშინებდა იმის გააზრება, ოდესმე დილით გაღვიძებულს უგაბრიელობა ყელში რომ აღარ წამიჭერდა.

თავი დავხარე და გაბრიელას და ნიკოლოზს ფრთხილად ვეამბორე შუბლზე. 

გარეთ ფანჯრებს იქით, ღრუბლებს თითქმის ჩასული მზისგან ატაცებული სიწითლე ხელიდან ეცლებოდათ.

***

   მონატრების მხარეები, სიძლიერე და დრო  განუსაზღვრელი, შეუცნობელი და შეუფასებელია. მონატრება ყველაზე დიდი განცდაა რაც კი ერთმანეთისგან დაშორებულ ადამიანებს შეიძლება სტანჯავდეთ. ერთადერთი განზომილებაა, სადაც ყველა გრძნობა ერთად იყრის თავს, ერთადერთი ყველაზე მტკივნეული მიზანია, რომლისკენაც მხოლოდ მაზოხისტი თუ გაიწევს.

***

    სიცარიელე შეჭრილიყო ჩემი და გაბრიელის სახლში, და თითქოს დიდი ძილისთვის ემზადებაო, იქაურობისთვის თავისი სიცივე ფრთებსქვეშიდან დაევანებინა. გამაჟროლა ამ სიცივისგან.  ამღვრეული მზერა მოვატარე სახლს, რომელიც ჩემი და ჩემი ქმრის სიყვარულის ბუდე უნდა ყოფილიყო, ღრმად ჩავისუნთქე მტვერს შერეული ჰაერი და მოწოლილი მღელვარება შეძლებისდაგვარად დავაიგნორე. მისაღების ფარდები მოუთმენლად ჩამოვწყვიტე.
- თეკლე... დარწმუნებული ხარ?- ჩემს ზურგსუკან გაისმა მარიას გატეხილი ხმა.
- სხვანაირად გაბრიელს ვერ ვგრძნობ. ასე მგონია ჩემში სამუდამოდ გავაქრე და ეს მაშინებს. აქ უფრო ბედნიერი ვიქნები- გავუღიმე და მტვრის საწმენდი ტილო ავიღე.
მეორე საღამოს უკვე აღნიშნული სახლის აივნიდან ვუყურებდი შეღამებას. საძინებელ ოთახში, საწოლზე მშვიდად მძინარე შვილები თითქოს ყველა დარდს მიქრობდნენ. მათი დანახვისას ყოველ ჯერზე გაღიმებული ჩემი თავი მაბედნიერებდა, რადგან მეგონა არ იქნებოდა ასე ადვილი მათი შეხება, სურნელის შეგრძება გაბრიელის გარეშე.

მაგრამ ვიღაცამ თქვა და მართალიც აღმოჩნდა.

ადამიანები ყველაფერს ვეგუებით.

საბედნიეროდ...

***

     თბილი ფერებით შემოსილი ყოველდღიურობა, ვგრძნობდი ჩემს სულში როგორ აგაზაფხულებდა ტკივილისგან მორჩენილ ზამთრის ყვავილობას და მაინც მოუთმენლად, სულის შეკრვრამდე მონატრებით ველოდებოდი. იმედი და რწმენა, რომელსაც საბედნიეროდ ჩემში ღრმად გაედგათ ფესვები ყოველდღიურად მასულდგმულებდა, ახალი ძალებით მასაჩუქრებდა და მაიძულებდა ფეხზე მყარად ვმდგარიყავი. ცხოვრების რუტინას აყოლილი ახალი მე, აღარ ჰგავდა ყოველ დილით ფანჯრის რაფაზე მომლოდინე ნამტირალევ გოგონას, ჩაწითლებული თვალებით და მტკივნეული ფიქრებით.  არაფერს ვნანობდი და ბედისწერის კეთილ ნებას მინდობილი აქტიურად ვერთვებოდი დროის ფერხულში. ეგოისტურად მაბედნიერებდა შეუჩერებელი დრო, რომელიც ჩემში ჯიუტად არსებული იმედის წყალობით თითქოს მაახლოვებდა გაბრიელს. ამავედროულად მტკიოდა, რომ მასთან დაკავშირებულ მოგონებებს უფრო და უფრო ვშორდებოდი, რადგან რა ვიცოდი იქნებ? იქნებ ჩემი იმედი ყოფაში დაკარგული აკვიატება იყო? იქნებ? იქნებ?!
აი სწორედ ეს "იქნებ" მაშინებდა.
საშინელი სიტყვაა, ადამიანებს აფრთხობს.


***

   რომ არა ღამეები, ადამიანები ჩვენს თავებში დავიკარგებოდით. ღამე დროის ერთადერთი განზომილებაა, როდესაც სხეულის გაშიშვლება და სულის წარმოჩენა არ გაშინებს.
  
   ცრემლში გათქვეფილსა და თეთრად გათენებულ უამრავ ღამეს იტევდა ჩემი ცხოვრება, და უფრო მეტად ახლა, როდესაც საწოლის  მარჯვენა მხარეს მუდმივ სიცარიელეს ვგრძნობდი. დანამული ბალიშით ჩახშობილი უამრავი კივილი თან ახლდა ამ ღამეებს. სუნთქვისშემკვრელ ტანჯვას აყოლილი ჩემი თავი და ყირაზე დაყენებული ოთახიც თან ახლდა, საყვარელი ადამიანის სურნელებაშემორჩენილ პერანგებით საყვარელ მელოდიაზე ცეკვაც, ლოცვაც, ვედრებაც, ილუზიებიც, სიზმრებად გადაქცეული ოცნებებიც და ყველაზე საშინელი უნებური ფიქრებიც.

***

    მთვარის სონატის დაბალი მელოდია ნაზ ნოტებად იფრქვეოდა ოთახში. ათას საბუთებს შორის მყოფი მშვიდად ვაკეთებდი სამსახურის საქმეებს.
- დედიი...- საძინებლიდან გამოსული გაბრიელას დანახვაზე ჩამეღიმა. პატარას თმა აბურდვოდა და ძილისგან აწითლებული ლოყების დაკოცვნა მომინდა.
- მოდი დეე- გავიწვდინე მისკენ ორი ხელი. - რა იყო?- გოგონა კალთაში ჩავისვი და საწადელი ავისრულე.
- მამა დამესიზმრა იცი?- ამოიბუზღუნა თვალების სრესით და თავი ჩემს კისერში მთქნარებით ჩარგო. შევეცადე მოწოლილი მღელვარება დამეიგნორებინა.
- მერე დე?- ხმა გამბზარვოდა.
- დეე, მამა როდის მოვა?- ცხვირის წვერი ამიწვეს მოწოლილმა ემოციებმა.
- მალე დე...
- არ მოვა მალე!- წარბები შეეკრა კართან მდგარ ნიკოლოზს.-დედა რატო გვატყუებ? სულ ასე გვეუბნები!
- ნიკო...
- მამა სადაა არიცი ჰო?- ჯერ ექვსისაც არ იყო, ბიჭი იმდენ რამეს ხვდებოდა, მაშინებდა.
- ნიკოლოზ!- ხმა გამიმკაცრდა.
- მინდა აქ იყოს, ჩვენთან იყოს, ზღაპრები წაგვიკითხოს- უეცრად თვალები აემღვრა ბიჭს- შენ ხო გვიყვები მასზე ზღაპრებს, მე მინდა მამამ მოგვიყვეს...
- მოდი ჩემთან. - მისკენ ხელი გავიწვდინე ხმაგატეხილმა. ტყუპებს ძლიერად ვხვევდი ხელს და მოწოლილი ქვითინის შესაკავებლად ტუჩებს კბილები ჩავასე, მზერა მაღლა ავღმართე.
- მამას არ ვუყვარვართ?- ამოისლუკუნა გაბრიელმა.
- უყვარხართ დე, ყველაზე მეტად უყვარხართ...
- მალე მოვა?
- მალე მოვა.- ვუპასუხე და ამაში დარწმუნებულმა კვლავ იმედით გავიღიმე.
დიდი ხანი იყო რაც "მალე" წლებად გაიწელა.

კარგი რამაა იმედი, არ გკარგავს, უკანასკნელ ძალებს გაძლევს.

***

   აგვისტოს პირველი რიცხვები აეთვალა. ომის თარიღი მეექვსედ ახლოვდებოდა და უფრო მეტი სიმძაფრით ვხვდებოდი ყოფას. ომიც ყოფაა, სიმძიმეა, აუტანელი სიმძიმე.

თაკარა მზე ცის თაღიდან გადასულიყო და ჩასასვლელად ემზადებოდა. ნიავის წყალობით ირგვლივ სასიამოვნო სიგრილე გამეფებულიყო და სიმშვიდისმომგვრელი აურა ტრიალებდა. ღია ფანჯრებიდან ოთახებში შემოსული იდილია სრულ ჰარმონიას ქმნიდა.

რაოდენ რეალური იყო ჩემს გარშემო არსებული მოჩვენებები, ამის აღქმა მხოლოდ მე მძალმიძდა. ბოსტნეულის ჭრას თავი დავანებე და ქაღალდის ასაღებად შევბრუნდი. მოულოდნელობისგან შევხტი.  მისი დანახვისას კვლავ ხელიდან გავარდნილ ნივთის ასაღებად ოხვრით დავიხარე. ვიცოდი გაბრიელი მხოლოდ  მოჩვენება იყო, ის არარსებული რეალობა რომლის არდავიწყებას მაიძულებდა ჩემი მთელი არსი. ბეჭებში გასწორებულმა ურეაქციოდ შევავლე მზერა რატომღაც იერშეცვლილს და კოვზი მაგიდაზე დავდე. შემდეგ დახლს დავაყრდენი ხელები და ჩემს პირდაპირ მდგარზე გადავიტანე ყურადღება. გაკვირვებული სახე ჰქონდა მოლანდებას, თუმცა მისი ჭრელი თვალები რატომღაც  ცოცხალი მეჩვენა. წარბებშეკრულმა და შეშფოთებულმა ჩემსკენ მძიმე ნაბიჯი გადმოდგა, რომელმაც ეჭვი შემატანინა მის არარეალურობაში.
მაგრამ აზრები უკუვაგდე. თბილად გავუღიმე, თვალები დავხუჭე და მისი ხელახლა დამახსოვრებული მზერა უკვდავი სურათის სახით შევინახე გონებისა და გულის წიაღში.  რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და მისი გაქრობის მოლოდინში თვალები გავახილე. ღიმილი სახეზე შემეყინა. გაბრიელი ჩემს წინ იდგა. იდგა დაძაბული. ანდა, იგი ყოველთვის მიღიმოდა, ახლა რატომ იყო მრისხანებით სავსე მისი მზერა და ამავე მიზეზით დაჭიმული სხეული? და სამოსიც კი განსხვავებული ეცვა: შავი მაისური მის განიერ და დაკუნთულ სხეულს შემოტმასნოდა. მეუცნაურა.
- გაქრი- არაფრისმეტყველი იყო ჩემი ხმა. მისგან ზურგშექცევით დავდექი და ბოსტნეულის დაჭრა განვაგრძე.
- თეკლე...
- შენ რეალური არ ხარ!- შევაწყვეტინე აფორიაქებულმა.- არ ხარ რეაულური, რატომ გაცვია მაისური? სულ სამხედრო ფორმა არ გეცვა ხოლმე? -  მინდოდა წარმოსახვის იერის შეცვლის მიზეზი გამეგო. გაბრიელი საოცრად შეცვლილი მეჩვენა, ჩემი ქვეცნობიერი იმ აზრს არ იღებდა რომ ჩემი საყვარელი კაცი ნამდვილად ჩემს წინ იდგა, ცოცხალი და საღსალამათი.
- რას ბოდავ, თეკლე!- დაიგრგვინა მან. ავკანკალდი. ზურგსუკან დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი.
- შენ არასდროს დაგიყვირია ჩემთვის!- ტირილის ნოტები შემერია ხმაში.  ოთახში გამეფებული დაძაბული აურა და გაურკვევლობის შეგრძნება სულს მიმძიმებდა.
მისი ხმა ასეთი რეალური არასდროს ყოფილა.
ათრთოლებული ხელები მაგიდის ზედაპირს დავაყრდენი.
ჩემს უკან გაბრიელი იდგა.
ჩემი გაბრიელი.
ნამდვილი გაბრიელი.
ამოვისუნთქე.
მისკენ შევბრუნდი.
- აღარ მეჩვენები?- ვიკითხე და თავი ჩავხარე ცრემლები რომ დამემალა. 
- თეკლე...- ტკივილით სავსე იყო მისი ხმა. მას შევხედე. მონატრებულს თვალებით მივეალერსე და მისკენ ხელი გავიწვდინე. მინდოდა შევხებოდი. თუმცა ნაბიჯს ვერ ვადგამდი, ვიცოდი დავეცემოდი.  სხეულის ადგილზე შემაგრება ისედაც მიჭირდა.
- თეკლე... ჩემო თეკლე...-ხმაგატეხილმა ამოთქვა მან, ჩვენს შორის არსებული მტანჯველი მანძილი უმალვე დაფარა და ერთიანად დაღლილი, ემოციებით დახუნძლული და გასავათებული მისმა ძლიერმა მკლავებმა შემიფარეს, თბილ, მყუდრო ბინას რომ წარმოადგენდნენ ჩემთვის.
თითქოს ამ დრომდე არ მესუნთქოს, მისი შეუცვლელი სურნელი ღრმად შევისუნთქე და გაორმაგებული გულისცემაც მთელ სხეულში გავრცელდა.
ავტირდი.

***

მისაღებ ოთახში გაშლილ სუფრას, რომლის გარშემო ჩემი ყველა ძვირფასი ადამიანები შეკრებილიყკ თვალი მოვარიდე და დაისს გავხედე.

მზე კვლავ ჩადიოდა.
და ყოველთვის როდესაც მზე ჩადის, ეს უნებურად ნიშნავს იმას, რომ დაუსრულებელი ციკლი მარად იქნება ჩვენი თანმდევი. როგორც დღე და ღამე იცვლებიან ერთმანეთში, ასევე იცვლებიან სიხარული და ბედნიერებაც. დაუშვებელია აზრი არგათენების, დაუშვებელი უნდა იყოს აზრი რომ უბედურებას ბედნიერება არ ჩაანაცვლებს.

მოაჯირს ჩაჭიდებულ ხელზე გაბრიელის ხელი შემომეხვია. კაცმა ღიმილით დამხედა და შუბლზე ნაზად მეამბორა.

- ხვალ ჩვენი მახარობლების დაბადების დღეა, არ გინდა სადმე გარეთ აღვნიშნოთ?
  სანამ ვუპასუხებდი დასავლეთს გავხედე, ცაზე ათას ლალებად გაბნეულიყო სხივები.
- ხედავ?- ჩამავალი მზის ფერით გაჟღენთილ დიდი ღრუბლისკენ გავიშვირე ხელი.- ის მე ვარ, ის კი შენ- და ბოლოს მზისკენ ვანიშნე.
კაცს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.


ეძღვნება ყველას, ვისაც ომის გამო მონატრება უგრძნია.



№1 სტუმარი სტუმარი Khatuna

ძალიან კარგია! !!!!!!!

 


№2 სტუმარი სტუმარი ჰებე

სტუმარი Khatuna
ძალიან კარგია! !!!!!!!

<3<3

 


№3 სტუმარი Marimari

Kargi da emociuri istoria iyo, magram kitxvebi darcha gabriels gauchinarebastan. Ise kargi iyo

 


№4  offline წევრი მარტა პერესი

ომის თემა იმდენად მტკივა ხოლმე,არა იმიტომ,რომ მახსოვს,ან ვინმე დავკარგე)უბრალოდ ის ადამიანები მტკივა,ის ტკივილიც მტკივა ისინი რომ განიცდიან)
შენ კი ძალიან კარგი ხარ❤️

 


№5  offline მოდერი ჰებე

მარტა პერესი
ომის თემა იმდენად მტკივა ხოლმე,არა იმიტომ,რომ მახსოვს,ან ვინმე დავკარგე)უბრალოდ ის ადამიანები მტკივა,ის ტკივილიც მტკივა ისინი რომ განიცდიან)
შენ კი ძალიან კარგი ხარ❤️

მადლობაა
<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent