შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვიშის ქარიშხალი (თავი-11)


24-11-2020, 12:38
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 057

ვიცი, რომ ვაგვიანებ ხოლმე მაგრამ სხვანაირად არ მიხერხდება (( შემდეგში გავითვალისწინებ და აღარ დავიწყებ დაუსრულებელი ისტორიის ატვირთვას.




* * * *
დანახვის თანავე, საკმაოდ შეცვლილი მეჩვენა კაფის შუა გულში მდგომ მაგიდას მიმჯდარი თორნიკე. მხრებს მიწვდენილი, ქერა თმა, რომელიც აქამდე მუდამ ზემოთ ჰქონდა ხოლმე აკრული, ახლა საკმაოდ მოკლედ შეეჭრა და თითქოს სრულიად გადასხვაფერებულიყო ვიზუალურად ამ მცირედი დეტალის გამო.
უცნაური იყო ამდენი ხნის შემდეგ მისი ნახვა. უფრო უცნაური კი იმის გაცნობიერება გახლდათ, რომ პირისპირ დავუჯდებოდი წინ ადამიანს, ვისგანაც ერთ დროს სრულებითაც ვერ ვგრძნობდი მეგობრულ დამოკიდებულებას და შეფარულად ვიღებდი იმას, რაზე პასუხის გაცემასაც ჩემი გული ვერასდროს შეძლებდა.
თორნიკეს წინ ორთქლადენილი ყავის ფინჯანი ედო, თავი ოდნავ ჩაეხარა და მოლოდინის პროცესში ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა. ალბათ, ჯერ კიდევ იმ შეტყობინების პასუხს ელოდა, რამდენიმე წუთის წინ რომ გამომიგზავნა, თუმცა მასზე პასუხის გაცემის აუცილებლობას ვეღარ ვხედავდი, რადგან უკვე აქ ვიყავი და შემეძლო პირადად მეპასუხა იმ SMS-ზე, იგნორირება რომ გავუკეთე ცოტა ხნის წინ.
-ბოდიში, ცოტათი დამაგვიანდა -ჯერ კიდევ მობილურში ჰქონდა თავი ჩარგული, როცა მის წინ სკამი გამოვწიე და მხარზე გადაკიდებული ჩანთა მოვიხსენი
თორნიკე თითქოს ღრმა ძილისგან გამოერკვაო, ისე ასწია თავი ზემოთ. როგორც კი დამინახა, მაშინვე კმაყოფილების ღიმილმა დაუწყო სახეზე თამაში, ფეხზე სწრაფად წამოიმართა და მომეჩვენა, რომ ზედმეტად თბილადაც გადამკოცნა.
-არა უშავს, მეც ახლახანს მოვედი, მაგაზე შეგიძლია არ ინერვიულო -მერე სკამი თავაზიანად გამომიწია და მანიშნა დავმჯდარიყავი -სანამ მოხვიდოდი, ჩემთვის ყავა შევუკვეთე, შენ რას დალევ? თუ გშია, რამეს კიდევ დავამატებ, პრობლემა არაა
-გმადლობ, არ მშია, მხოლოდ შავ ჩაის დავლევ -მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ცაცხვის ჩაის ვანიჭებდი უპირატესობას, ახლა რატომღაც არსებული ჩვევას გადავუხვიე და სრულიად სხვა მიმართულებით წავედი
თორნიკემ მიმტანი კიდევ ერთხელ იხმო და შეკვეთა მისცა. მერე, ზედმეტად სერიოზული სახით ჩამოჯდა ჩემს წინ, თან ოდნავ შუაზე გაყოფილი ნიკაპი ხელის გულს დააბჯინა.
-შენზე და შენს ქმარზე, უკვე ყველაფერი ვიცი მელინა -ისეთი ტონით წარმოთქვა სიტყვა "ქმარი" მთელს სხეულზე ცივი ქარივით მომედო უსიამოვნო ჟრუანტელი. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ან რა იცოდა, ამიტომ, კითხვის დასმა ყველაზე ჭკვიანურ გამოსავლად ჩავთვალე ამ მომენტში:
-მაინც რა იცი? -თბილი შარფი, რომელიც აარონმა დამიტოვა წასვლის წინ, კისრიდან ოდნავ ქვემოთ ჩამოვიწიე, რადგან ისევე როგორც მანქანაში, ამ შენობაშიც ძალიან თბილოდა
თორნიკე სკამის საზურგეს მიერდნო. ისე მიყურებდა, თითქოს დაკითხვის ოთახში მამყოფებდა და ჩემგან იმ დანაშაულის აღიარებას ელოდა, რაც ზუსტად იცოდა მე მქონდა ჩადენილი.
-ვიცი, რისთვისაც გაყევი ცოლად იმ ტიპს -ხმადაბლა, თან უზომოდ მშვიდად მომიგო მან, მერე კი ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში -თავდაპირველად, მეგონა მასთან ოჯახის შექმნა გრძნობებმა გადაგაწყვეტინა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ მიზეზი სრულიად სხვა რამ ყოფილა
თვალებში, გულში, სხეულის თითოეულ უჯრედში გაოცება შემომისახლდა. ნუთუ მართლა ყველაფერი იცოდა? მაგრამ როგორ? ეს ხომ მარტო უახლოესმა ადამიანებმა და ჩვენი ქორწინების მოწმეებმა იცოდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი ენკე იყო, მეორე კი . . .
და უცებ გონების თვალი ამეხილა. გამახსენდა, რომ ენკემ, მეორე მოწმედ ქვიშის ქარიშხალში მომუშავე ერთ-ერთი მიმტანი - სახელად ნეკა წამოიყვანა. იქნებ თორნიკესაც სწორედ მან მოუყვა ყველაფერი? იქნებ სწორედ ამ გოგოსგან გაჟონა ჩვენმა საიდუმლომ?
-ეს საიდან გაიგე? -ვკითხე, როგორც კი ცხელი ჩაით სავსე ჭიქა დამიდგა მიმტანმა მაგიდაზე -ნეკამ გითხრა, არა?
-ჰო, სწორედ მან მითხრა, რამდენიმე დღის წინ -წამითაც კი არ უფიქრია ამის უარყოფა -ალკოჰოლი ადამიანებს გულახდილ საუბარში ეხმარება. თანამშრომლებმა ცოტა დავლიეთ, ზოგიერთმა ბატონი ნიკოლოზიც გაიხსენა და ჩვენმა ნეკამაც, საღამოს გასალამაზებლად ეს შესანიშნავი ისტორია გვიამბო. ყველაფერი მოგვიყვა შენზე, შენს ოჯახზე, მამაშენზე და იმ მიზეზებზე, რის გამოც, იმ კაზანოვასთან მოაწერე ხელი -თავისი სიტყვების ბოლოს, ყავა ოდნავ მოსვა და პირდაპირ თვალებში დამიწყო ყურება. ვერ ვხვდებოდი, რისი მოსმენა სურდა ჩემგან, ან რატომ მიტარებდა ამ დაკითხვას, თუმა ვაცნობიერებდი, რომ ამ ყველაფერს აშკარად ჰქონდა თავისი ლოგიკური მიზეზები.
-თორნიკე, რატომ მესაუბრები ამ საკითხზე? -ვცადე იმაზე მიმეღო პასუხი, რაც აღნიშნულ წამს ყველაზე მეტად მაინტერესებდა -თუ იმაზე გწყდება გული, რომ აქამდე არაფერი იცოდი, მიზეზად ერთ რამეს დავასახელებ -მე და შენ, მაინცდამაინც ახლოსაც არ ვყოფილვართ და გასაკვირიც არაა საქმის კურსში თუ არ ჩაგაყენე -ბოლო სიტყვები, ოდნავ უხეშად ვუთხარი, რადგან მისი გამომძიებლური ტონი, თანაც ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ცოტათი მაღიზიანებდა
-აქ იმაზე სასაყვედუროდ არ მომიყვანიხარ, რომ არაფერი მითხარი, მელინა -მშვიდად დაიწყო მან, თან მაგიდას დაეყრდნო ორივე. მკლავით -თუ გირჩევნია შენი ნამდვილი სახელი დაგიძახო?
-სიმართლე გითხრა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, როგორც თავად ჩათვლი საჭიროდ, ისე მომმართე
-კარგი, მაშინ როგორც სასტუმროში გაგვეცანი, მეც ისე მოგმართავ და მთავარ საქმეზე გადავალ, რათა უფრო მეტად აღარ გავწელო -საქმიანი ტონი დაიჭირა ამის თქმისას. თავის ყავის ფინჯანს რომ თითები შემოხვია, პირდაპირ სახეში მიყურებდა გამჭოლი მზერით და უნდა ვაღიარო, ასეთი დაჟინებული გამოხედვით, დისკომფორტსაც კი მიქმნიდა, რაღაც მხრივ
-მეც სწორედ ეგ მინდა, ამიტომ ყურადღებით გისმენ -პირველად მოვსვი მთელი ამ დროის მანძილზე ჩემი ჩაი და ცხელი სითხის ორგანიზმში მოხვედრა ძალიანაც მესიამოვნა
თორნიკე კიდევ რამდენიმე წამს იყო ჩუმად. მერე, თითქოს უხილავმა ხელმა კულისებიდან, სცენაზე გამოაგდოო, შუბლი ორი თითით მოისრისა და დაიწყო:
-შენ ალბათ მუდამ ხვდებოდი, რომ სასტუმროში მუშაობის პერიოდში, ისე არ გიყურებდი, როგორც დანარჩენებს. გთხოვ, არ გამაწყვეტინო, დამამთვრებინე! -მაშინვე გამაფრთხილებლად ასწია ხელის გული, როდესაც შეატყო მის სიტყვებზე ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას. მეც სხვა გზა აღარ დამრჩენოდა. პირზე ბოქლომი უნდა დამედო და მიუხედავად იმისა, რომ მისი საუბრის ბოლომდე მოსმენა არ მინდოდა, ეს მაინც მეიძულებინა საკუთარი თავისთვის.
-სანამ ჩვენთან სამუშაოდ მოხვიდოდი, მანამდე ერთხელ უკვე მყავდი ნანახი -ამჯერად უკვე ბაგეებზე ღიმილშეპარულმა განაგრძო -მახსოვს, ქუჩაში შეგნიშნე, სრულიად შემთხვევით. მართლა ყველასგან გამოირჩეოდი იმ წამს. თმა გაშლილი გქონდა, კისერზე ფოტო-აპარატი გეკეთა და ირგვლივ ყველაფერს ბედნიერი სახით აფიქსირებდი. ისე საოცრად იღიმოდი, თითქოს მსოფლიოს მთელი ბედნიერება შენ ერთში ყოფილიყო თავმოყრილი და მეც წამითაც ვერ გაშორებდი თვალს. ვაღიარებ, საშინლად მომინდა გამოგლაპარაკებოდი, მეტი გამეგო შენზე და ასე უბრალოდ არ დამეკარგე, მაგრამ ჩავთვალე, სისულელე იქნებოდა, ქუჩაში დანახულ გოგოს მივდგომოდი და მისთვის გაცნობა შემეთავაზებინა -ამ სიტყვების ბოლოს, თორნიკემ მზერა ერთ ამოჩემებულ წერტილს მოაშორა და თვალებში ისე ჩამხედა, თითქოს მათში რაღაც პასუხების პოვნას ცდილობსო
-მერე უკვე ისე მოხდა, რომ უამრავ ხალხში, ვერც კი გავიგე როგორ გაქრი მხედველობის არეალიდან -კვლავ განაგრძო მან, თავისი ხანმოკლე, მზერითი გამოძიების შემდეგ -გული დამწყდა. მეგონა ვეღარასოდეს გნახავდი მეტად, თუმცა აშკარად ძალზედ სასიამოვნო სიურპრიზი იყო შენი ქვიშის ქარიშხალში მოსვლა. გამოგიტყდები, მაშინვე გიცანი და ყველაზე მეტად, იმ ფაქტმა გამახარა, რომ ბუნებითაც ზუსტად ისეთი აღმოჩნდი, როგორიც დანახვის პირველ დღეს წარმოგიდგინე
-თორნიკე . . .
-გთხოვ, ნუ მაწყვეტინებ -მუდარა ჩადგა მის წყლისფერ თვალებში -ამას ოთხი თვე ვინახავდი გულში, რადგან მეგონა მართლა ის განებივრებული ტიპი აირჩიე ცხოვრების მეგზურად და მე ყველანაირი შანსი დავკარგე
კვლავ გაჩუმება ვამჯობინე. გადავწყვიტე, რაც არ უნდა ეთქვა, ყველაფერს დუმილით შევხვედროდი და კომენტარიც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გამეკეთებინა, როცა საბოლოოდ მორჩებოდა საუბარს. ასე, ბევრად უკეთესი იქნებოდა.
-კარგი, დაასრულე რისი თქმაც გინდოდა -ჩემს წინ მდგომ ჩაის ფინჯანს დავხედე ამის თქმისას და გავაანალიზე, რომ მისი დალევა აღარ მინდოდა. შექმნილი სიტუაცია ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა, თითქოს ჭიქიდან ერთი ყლუპის მოსმაც კი დამახრჩობდა.
თორნიკემ, ჩემს ხელს, თავისი ხელი დაადო ზემოდან და ცერა თითით მომეფერა. იმდენად ვიყავი შოკირებული ყველაფერი იმით, რასაც ამბობდა, განძრევაც კი ვერ მოვიფიქრე. უბრალოდ, უხერხულად დავხედე მის ხელს და ამით ვაგრძნობინე, რომ უნდა გაეშვა. საბედნიეროდ, ჩემი ეს ჟესტი, მისთვის მარტივად გასაგები გახდა და სულ რამდენიმე წამში მომაშორა თავისი თითები. მერე კვლავ შემათვალიერა ჩვეული, გამომცდელი მზერით და ღრმად ამოიოხრა.
-ამ ყველაფერს, ახლა იმიტომ გეუბნები, რომ შენდამი პირველივე დღეებიდანვე გაჩენილი ეს უჩვეულო დამოკიდებულება, ჯერ კიდევ არ შეცვლილა -საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანის ტონი იღვრებოდა ხსენებული სიტყვებიდან -ყველაფერში დაგეხმარები, რაც კი გინდა, მშობლებთანაც მოგიგვარებ პრობლემებს, თუკი მცირედი შანსი მაინც მაქვს შენთან. ვიცი, აბსურდია ამის გათხოვილი ქალისთვის თქმა, მაგრამ ჩემი გონება ვერაფრით უშვებს იმას, რომ შენნაირს, ოდესმე შეიძლება ისეთი მამაკაცი შეუყვარდეს, ვისაც სიტყვა ერთგულების მნიშვნელობაც კი არ ესმის და ეს უკანასკნელი "გუგლში" აქვს მოსაძებნი. ბევრად უკეთესის ღირსი ხარ, ვიდრე ისაა და მე . . .
-თორნიკე გეყოფა! -მართალია, საკუთარ თავთან პირობა დავდე ბოლომდე მოვუსმენ-მეთქი, მაგრამ ამ სიტყვებს უკვე ვეღარც მე ვუძლებდი და ვეღარც ჩემი სმენითი ორგანოები. ნიკოლოზის ასეთი აგდებული მოხსენიება, ერთ-ერთი იყო იმათგან, რის უფლებასაც სხვას არასდროს მივცემდი -მითხარი, აქ ამაზე სალაპარაკოდ დამიბარე?
-მელინა, თუ საქმე მორიდებაშია, გთხოვ ჩემი არ მოგერიდოს, კარგი? -კვლავ სცადა ჩემს ხელს შეხებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი, ვითომ შემთხვევით თმაში შევიცურე და ამის უფლება აღარ მივეცი
-მორიდება არაფერ შუაშია -ვცადე რაც შეიძლებოდა გარკვევითა და ხაზგასმით მეთქვა თითოეული სიტყვა -მართალია, ერთ დროს მე და ნიკოლოზმა საკმაოდ არეულ ვითარებაში მოვაწერეთ ხელი, მაგრამ ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და ამის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ.
თორნიკეს გვერდულად ჩაეცინა ჩემს სიტყვებზე. მერე ქვედა ტუჩის კუთხეს მოსდო კბილები და კეფაზე გაშლილი ხელის გული გადაისვა.
-და ფიქრობ ასეთი ადამიანის გვერდით დიდხანს გაძლებ? -კიდევ ერთი უსიამოვნო შეკითხვა დაამატა თავის სიას -გგონია, მისი თვალები ოდესმე სხვა ქალებისკენ გაქცევას შეწყვეტენ და თითზე გაკეთებული რგოლი შეაჩერებს, რათა უწინდელ თავაშვებულ ცხოვრებას შეეშვას? რეალურად გაქვს ამის იმედი?
-ახლა ჩემს პირად საქმეებში ერევი, თანაც ძალიან უხეშად და სრულიად უუფლებოდ -თანდათან ვბრაზდებოდი, თუმცა გონებაში განუწყვეტლივ ვიმეორებდი, რომ ზედმეტად უხეში ტონი არ უნდა გამომეყენებინა მის წინაშე
-ჰო, ვერევი, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ მისნაირი იდიოტისთვის არ მემეტები და ნუ მისცემ უფლებას გამოგიყენოს -მერე ჩემკენ გადმოიხარა, სახეზე ხელის გული ჩამომისვა და როგორც კი იგი კვლავ მაგიდაზე დააბრუნა, თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა -მელინა, არ უარყო, რომ თავდაპირველად, ჩემდამი რაღაც სიმპათიები ნამდვილად გქონდა. თუ აქედან რამე კიდევ არის დარჩენილი, არ დაელოდო იმას, როდის გატკენს გულს შენი ქმარი. მე მუდამ მზად ვიქნები სიხარულით მიგიღო, თუკი ჩემი მიმართულებით გადაწყვეტ წამოსვლას, რადგან შენთან დაკავშირებით, მართლა ძალიან დიდი გეგმები მქონდა თავის დროზე. არც კი იცი, რამდენად რთული გადასატანი აღმოჩნდა შენი უეცარი ქორწინების ამბავი. მთელი ზაფხული ისე გავატარე, მხოლოდ სამუშაოში ვიყავი ჩაფლული და ამ გზით ვცდილობდი სხვა რამეზე გადართვას, რათა კვლავ შენი სახე არ გაჩენილიყო გონებაში
ყველაფერ ამას ისეთი მზერითა და ხმით წარმოთქვამდა, ეჭვის შეტანა მართლაც შეუძლებელი იყო, თუმცა ერთი პროცენტითაც კი არ შემეძლო მისი გრძნობებისთვის მეპასუხა. ჩემს გონებაში მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი ეწერა დიდი ასოებით და ამ სახელს, ვერც ერთი საშლელი ვერ წაშლიდა იქედან.
-თორნიკე, მისმინე -დავიწყე, თან გამომშრალ ყელში მოზრდილი ნერწყვი გადავაგორე -ნამდვილად დასაფასებელია შენი გულახდილობა და ისიც, რომ ამ ყველაფრის თქმა არ შეგეშინდა, მაგრამ ჩემი და ნიკოლოზის ქორწინება, უკვე დიდი ხანია ნამდვილია და მას ბოლომდე ვენდობი
-ნამდვილში რას გულისხმობ? -შევატყვე ყბები ნერვიულად დაეჭიმა -მასთან უკვე გქონდა რამე?
-უხერხულ შეკითხვებს მისვამ!
-აქ არაფერია უხერხული, მელინა, ან ჰო მითხარი, ან არა -მის ტონს წინანდელი სირბილე დაკარგვოდა და უკვე კატეგორიული გამხდარიყო
-ჩვენს შორის ნამდვილი ცოლ-ქმრული ურთიერთობაა -მივუგე მტკიცედ და ვაგრძნობინე, რომ ამ თემაზე მასთან საუბარი დიდად არ მსიამოვნებდა -დანარჩენზე დასკვნები თავად გამოიტანე და მეტად ნუღარ დამისვამ პირადულ შეკითხვებს
მწარე ღიმილი გადაეფინა ბაგეებზე, ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ. შევატყვე არ ელოდა ასეთი სახის პასუხს. იმედგაცრუება იდგა მის თვალებში და მეც უკვე ვინ მოთვლის მერამდენედ ვიწყევლე თავბედი აქ მოსვლის გამო. მართალია, თაყვანისმცემლები ადრეც მყოლია და უარის თქმის გამოცდილებაც საკმაოდ დიდი მქონდა, მაგრამ ამის გაკეთება, მაშინ, როცა თითზე ოქროს ბეჭედი მიბრწყინავდა, გაცილებით უფრო უხერხული იყო ჩემთვის, ვიდრე სრული თავისუფლების მომენტში.
-ანუ, უკვე მიგამატა თავის კოლექციას -თითქოს ბასრი ხმალივით გაკვეთა ჩვენს შორის არსებული სიჩუმე თორნიკეს უეცარმა სიტყვებმა.
აი ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო და ვეღარც მე შევძელი, ჩემს შიგნით გამომწყვდეული უხეში ტონის შეკავება, მთელი ძალით რომ ცდილობდა ბოქლომით დაკეტილი კარების გამონგრევას.
-მე არავის კოლექციის ნაწილი არ ვარ და ზრდილობიანად მელაპარაკე! -ვერც კი შევამჩნიე, ისე ავუწიე ხმას. ზოგადად, უიშვიათესი იყო მომენტები, ვინმეს წყობიდან გამოვეყვანე, თუმცა თორნიკე, ამ ამოცანას იდეალურად გაუმკლავდა -მოვედი, მოგისმინე, ყველაფერი აგიხსენი და აქ ჩემი ყოფნის აუცილებლობას უკვე ვეღარ ვხედავ. ჯობია სახლში წავიდე
-მელინა, მოიცადე -თვალებში შიშჩამდგარმა დამიჭირა ხელი, როცა მიხვდა სკამიდან წამოდგომას ვაპირებდი -გთხოვ, მაპატიე, ეს არ უნდა მეთქვა, ძალიან უტაქტოდ გამომივიდა
ღრმად ამოვიოხრე. ეს საუბარი უკვე ნერვებზე მოქმედებდა.
-მართალი ხარ, არ უნდა გეთქვა, მაგრამ მაინც თქვი
-კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, უბრალოდ ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის ამის მოსმენა და წყობიდან გამოვედი
-არანაირი უფლება არ გაქვს ჩემთან მიმართებაში წყობიდან გამოხვიდე, თორნიკე -ამჯერად, უკვე თავადაც მშვიდი ტონი მქონდა -მე, ჩემი სათქმელი უკვე გითხარი და არაფრის დამატებას აღარ ვაპირებ
-დარწმუნებული ხარ? -ეჭვით ჩამეკითხა -ზუსტად იცი, რომ სწორედ იმ ადამიანის გვერდით ხარ, ვის გვერდითაც მთელ ცხოვრებას გაატარებდი?
მისი წყლისფერი თვალები, კვლავ იმავე გამომძიებლური მზერით მათვალიერებდნენ და ამის გამო, წარმოვიდგინე კიდეც მოცემულ მომენტში თავი, დაკითხვის ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში.
პასუხი, რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი მქონდა. ენის წვერზე მადგა სიტყვები, რომ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული ყველაფერში და ჩემი ცხოვრებაც სწორედ ისე მიდოდა, როგორც მინდოდა წასულიყო, თუმცა სანამ ამ წინადადებას ხმამაღლა გავაჟღერებდი, კვლავ თორნიკეს სიტყვებმა შემაჩერეს:
-ამას შენ უთხარი რომ აქ ვიქნებოდით?
-ვის? -დაბნეულმა ავახამხამე წამწამები და იმ მიმართულებით გავიხედე, საითაც ჩემს პირდაპირ მჯდომი იყურებოდა. ლამის ადგილს მივეწებე, როცა კაფის კუპედან გამომავალი შუა ხნის, მაღალი, სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი და მისი თანმხლები პირი შევნიშნე, ჩვენი მაგიდიდან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით
-ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო, სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი -უკმაყოფილო ღიმილმა გადაურბინა თორნიკეს ბაგეებს -ანუ, შენ არ გითქვამს, არა?
-არაფერი მითქვამს -ჯერ კიდევ თვალმოუშორებლად ვუყურებდი როგორ ართმევდა ხელს დამშვიდობების ნიშნად, ის შუა ხნის კაცი, ნიკოლოზს. მახსოვდა, მისი დილით ნათქვამი სიტყვები, რომ შუა დღის საათებში კლიენტთან ჰქონდა შეხვედრა, თუმცა რას ვიფიქრებდი, ბრაზილიური სერიალების უკვე კარგად ნაცნობი, ბანალური სცენარი თუ ჩემს ცხოვრებაში გადმოინაცვლებდა და მას ზუსტად აქ გადავაწყდებოდი, თანაც რა დროს? მაშინ, როდესაც თორიკესთან ერთად ისე ვსვამდი ჩაის, თითქოს არაფერიო. არა, ნამდვილად უიღბლო დღე მქონდა. ძალიან, ძალიან უიღბლო.
-ავდგებოდი და მივესალმებოდი, თუმცა კარგად იცი, რამდენადაც არ გვეხატება გულზე მე და შენს ქმარს ერთმანეთი -კვლავ თორნიკე ამეტყველდა საერთო სიჩუმეში. ნიკოლოზი ჯერ ჩვენკენ არ იყურებოდა, რადგან თანმხლებ პირს ესაუბრებოდა გაცილების წინ. ნუთუ მთელი ეს დრო, ისიც აქვე იყო, კაფის დახურულ კუპეში? ამის წარმოდგენაც კი სისხლს მიყინავდა ძარღვებში.
-შენი ადგომა საჭირო არ არის, როცა შეგვამჩნევს თავად მოვა
-არ გინდა, რომ ჩემს გვერდით დაგინახოს, ხომ ასეა?
-ვერ ვიტყვი მინდა-მეთქი, თუმცა არც დამნაშავესავით გაქცევას ვაპირებ -სახეში არც კი ვუყურებდი, ისე ვეუბნებოდი ამ სიტყვებს -რაც არის, არის, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო
-ჰოდა მოემზადე ქარიშხლისთვის, მგონი უკვე შეგვამჩნია
მზერა კვლავ ნიკოლოზისკენ მივმართე. მისი თანმხლები პირი უკვე აღარსად ჩანდა, თავად ის კი, აშკარად ჩვენი მაგიდისკენ მოდიოდა, თან არც ისე კეთილგანწყობილი სახით. განერვიულებულმა, წამით თვალები დავხუჭე. ჯანდაბა, რა იდიოტურად ვგრძნობდი თავს ამ წამს!
თორნიკე კვლავ თავის ყავას მიუბრუნდა და მივიწყებული ფინჯნიდან, სავარაუდოდ უკვე გაცივებული კოფეინი მოსვა. ნიკოლოზიც სწორედ იმ წამს წამოგვადგა თავს და მეც, როგორც იქნა ავიღე ოდნავ ჩახრილი თავი, პარალელურად, მუხისფერ მაგიდაზე, წარმოსახვითი წრეების ხაზვა შევწტვიტე.
-აბა, რა ხდება, ძველი კოლეგების შეკრებიდან მომტეხეთ? -მხარზე ვიგრძენი მისი ხელის დადება ამის თქმისას. ვიცოდი, ყურებითაც მე მიყურებდა, თუმცა ჯიუტად არ ვიხედებოდი ზემოთ, რათა მის თვალებში წყენა არ დამენახა
-შეკრება ახლახანს დაიწყო, კარგ დროს მოხვედი -მოჩვენებითი თავაზიანობით გაუღიმა მას, ჯაყელმა
რამდენიმე წამს ჩუმად იყო ნიკოლოზი. შემდეგ ჩემი მხარიდან ხელი აიღო, სკამი გამოსწია და ჩვენთან ერთად ჩამოჯდა, მაგიდასთან. ახლა უკვე გარკვევით ვხედავდი მის სახეს და აღარ ვიცოდი, სად წამეღო დანაშაულის გრძნობით აღსავსე თვალები.
-მელინა, აქ რატომ ხარ? -მკითხა მან სიმშვის ნიღაბმორგებული ბრაზით -ამ ტიპთან რა საქმე გაქვს?
-ამ ტიპს სახელი აქვს, აქ კი იმიტომაა, რომ მე ვთხოვე მოსვლა
-შენ რომ გელაპარაკებოდე, თვალებში შემოგხედავდი -მშრალად გააკეთა მან კომენტარი ჯაყელის სიტყვებზე, რის შემდეგაც კვლავ მე მომიბრუნდა, კითხვით სავსე გამოხედვით. უკვე დრო იყო ხმა ამომეღო და რამე მაინც მეთქვა.
-თორნიკეს რაღაც საქმე ჰქონდა, უკვე წასვლასაც ვაპირებდი
-ჰო, აპირებდი და წახვალ კიდეც, თანაც დაუყოვნებლივ -მაშინვე დამეთანხმა. ვგრძნობდი, რამხელა ნებისყოფად უჯდებოდა თავის შეკავება იმ წამს და მართალიც იყო რომ ბრაზობდა -შენი ნივთები აიღე და გარეთ დამელოდე. მე ანგარიშს გადავიხდი და მოვალ
-ქმრის სტატუსი მასზე მბრძანებლობის უფლებას არ გაძლევს, ქალდანო -აშკარა ზიზღით იყო ნათქვამი ეს წინადადება თორნიკეს მიერ. ვგრძნობდი, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდებოდა, თუკი არ ჩავერეოდი და ასეც მოვიქეცი
-მბრძანებლობა არაფერ შუაშია, უკვე თავადაც წასვლას ვაპირებდი, თორნიკე -ყელსახვევი და ჩანთა ავიღე ფეხზე ადგომის პარალელურად -ჩაისთვის მადლობა
-ბოლომდე არც კი დაგილევია
-შენ არ ინერვიულო, სახლში დალევს -წარბებშეკრული უმზერდა მას ნიკოლოზი, რითაც კიდევ უფრო მეტად მაგრძნობინებდა საკუთარ შეცდომას, აქ მოსვლით რომ გამოიხატებოდა
ჯაყელს ისე დავემშვიდობე, ნორმალურად არც კი შემიხედავს ამ უკანასკნელისთვის. ვინაიდან, ნიკოლოზს ანგარიში უნდა გადაეხადა და მთხოვა ქუჩაში დამეცადა, გარეთ მის გარეშე გავედი, ფილტვები სუფთა ჰაერის უხვი მარაგით გავივსე და უკვე ნათლად წარმოვიდგინე ის მძიმე დიალოგი, რაც წინ ყოველ მიზეზგარეშე გველოდა.
არადა როგორ არ მსურდა დღევანდელი დღის კამათით დაგვირგვინება. ვფიქრობდი, სახლში მშვიდად დავისვენებდი, შინ დაბრუნებულ საყვარელ ადამიანს მოვეხვეოდი და ეს დღეც წინების მსგავსად სასიამოვნოდ ჩაივლიდა. სიტუაციიდან გამომდინარე კი ჩანდა, რომ ჩემს ამ სურვილს ახდენა არ ეწერა.
ზურგს უკნიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. იმაში დარწმუნებული, რომ ეს ნიკოლოზი იქნებოდა, მაშინვე მივტრიალდი, თუმცა წინანდელზე ორჯერ უფრო მეტად დავიძაბე, როცა მის მაგივრად, ხელში, ჩემკენ ზედმეტად სწრაფი ნაბიჯებით მომავალი თორნიკე შემრჩა.
-რა მოხდა, შიგნით რამე დამრჩა? -დაახლოებით ოთხიოდე ნაბიჯი თუ მაშორებდა მისგან, როცა ეს კითხვა დავუსვი. პირველად, სწორედ ეს მომივიდა თავში აზრად, რადგან სხვა მიზეზს ვერ ვპოულობდი, რა უნდა სდომებოდა თორნიკეს იმ დიალოგის შემდეგ, ცოტა ხნის წინ რომ გვქონდა
-არა, არაფერი დაგრჩენია -მომიგო მსწრაფლ, თან, ბეჭებში ხელის ჩავლებით თავისკენაც მიმიზიდა -უბრალოდ, ეს თუ არ გავაკეთე, მთელი დარჩენილი ცხოვრება დამტანჯავს. უნდა გავაკეთო, ერთხელ მაინც
-რა უნდა გააკეთო? -ვუყურებდი მისი წყლისფერ თვალებში აღბეჭდილ ამღვრეულ მზერას და ვერ ვხვდებოდი, როგორი იქნებოდა ჯაყელის შემდეგი ნაბიჯი
-უნდა დავრწმუნდე, მცირედი რამ მაინც თუ არის დარჩენილი იმ თავდაპირველი სიმპათიიდან, ჩემს მიმართ რომ გქონდა
-შენს მიმართ სიმპათია არასდროს მქონია, თორნიკე -ვაღიარე გულწრფელად, თუმცა მან უფრო მეტად მიმიზიდა თავისკენ, მითხრა დაზუსტებით ვიცი გქონდაო და ისე მოულოდნელად დააცხრა ჩემს ტუჩებს სიატუაციის გააზრებაც კი გამიჭირდა რამდენიმე წამს. თავდაპირველად ვერ გავიგე ეს რეალურად ხდებოდა თუ არა, მაგრამ როდესაც უკვე მძაფრად ვიგრძენი თორნიკეს ბაგეები, ჩემსაზე, გონზე მოსულმა გულზე ხელების მიჭერით მოვიშორე და ერთი ნაბიჯით მოვშორდი მის სხეულს.
-რას აკეთებ? გაგიჟდი?! -განერვიულებულმა მიმოვიხედე ირგვლივ. ვნატრობდი ნეტავ ეს ვინმე სხვასაც არ დაენახა-მეთქი, თუმცა არც ამ მხრივ გამიმართლა. კაფეს კარისკენ გახედვისას, ნათლად დავინახე, როგორ მოემართებოდა ჩვენი მიმართულებით ის, ვისაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა ცოტა ხნის წინანდელი ეპიზოდი ეხილა. ჯანდაბა, მართლა რამდენი პრობლემა იყო ერთი დღისთვის? ნეტავ, როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი?
-ეს მის გასაღიზიანებლად გააკეთე, არა? -ბრაზით შევატრიალე თავი თორნიკეს მხარეს და სანამ პასუხს გამცემდა, მანამ წავედი გაცოფებული ნიკოლოზისკენ, რათა რამე სისულელე არ ჩაედინა
-მელინა, გაფრთხილებ წინ არ გადამიდგე! -ხმამაღლა დამიყვირა მან, თანაც ჩვენი გაცნობის მომენტიდან, პირველად. მის ლურჯ სფეროებში აგიზგიზებული ცეცხლის ალი, თითქოს გარშემო ყველაფერს წვავდა და შეწინააღმდეგებაც დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული
ნიკოლოზის მრისხანების შემხედვარემ, თვალები მაგრად დავხუჭე და გზიდან აკანკალებული გადავდექი. მხოლოდ მაშინ ავწიე ზემოთ გუგებზე ჩამოფარებული ფარდა, როდესაც მან გვერდით ჩამიარა და უკან გახედვისას, ნერვიულობისგან დაბინდული მზერით დავინახე, რა ძლიერადაც გაარტყა სახეში ერთ ადგილას, ქანდაკებასავით უძრავად ჩამომდგარ ჯაყელს.
სიმწრისგან ქვედა ტუჩზე ვიკბინე. თორნიკეს, ცხვირიდან შადრევანივით წასკდა სისხლი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ირონიულად იღიმოდა და თითქოს გამარჯვებულის მზერით ცდილობდა ნიკოლოზის გამოწვევას. მივხვდი, ასეთი ქცევით მის პროვოცირებას ცდილობდა და ამ ყველაფრისთვის შორიდან ყურება აუცილებლად უნდა შემეწყვიტა.
-ნიკოლოზ, გთხოვ, შეეშვი -მასთან მივვარდი და მხარზე ხელი მაგრად ჩავჭიდე, თუმცა ამ უკანასკნელმა ყურიც არ მათხოვა, ისე უთავაზა ჯაყელს მეორე მუშტიც. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, ეს უკანაკნელი ასფალტზე დაეცა და კბილებიდან გამოჟონილი სისხლი გადააფურთხა. უწინდელი ირონიული გამომეტყველება, დამცირებულმა ჩაანაცვლა მის სახეზე. როგორც ჩანდა, ძირს გართხმა ნამდვილად არ შედიოდა მის გეგმებში.
-ამ ყველაფერს მწარედ განანებ, ქალდანო, გესმის? -როგორც კი სული მოითქვა, მაშინვე შეუღრინა თავზე წამომდგარ ნიკოლოზს, ვისაც ჯერ კიდევ მკლავით ვიჭერდი, რათა მეტად აღარაფერი მოემოქმედა
-დასაწყისისთვის, გატეხილი ცხვირზე იზრუნე და მერე მანანე -მე მომიტრიალდა ამ სიტყვების პარალელურად, გამჭოლი მზერით ლამის გამხვრიტა, ხელში თავისი „ჰონდა“-ს გასაღები ჩამიდო თან ავტოსადგომისკენ მანიშნა თვალებით -წადი და ახლავე მანქანაში ჩაჯექი, შენ იქ დაგელაპარაკები!
-არ ჩავჯდები, თუკი შენც არ წამოხვალ
-მელინა, ცოტა ხნით გაჩუმდი და შენი ხმა არ გავიგო!
-არა, არ გავჩუმდები! -თავადაც შევუტიე -როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, უნდა ვეცადო დაგამშვიდო. აი, რაც შეგეხება შენ -იმ წამს ფეხზე წამომდგარ თორნიკეს გავხედე, ვინც ჯერ კიდევ ცხვირის ქვეშ დარჩენილ სისხლის ნაკვალევს იწმენდდა, ჯიბიდან ამოღებული ხელსახოცით -აღარ გაბედო და მეორედ ახლოს არ გამეკარო. დღეს უკანასკნელად შევხვდით ერთმანეთს
ტკივილნარევი მზერით ჩაეცინა ჩემს სიტყვებზე ჯაყელს. მერე თავისი მანქანა, გასაღებზე თითის დაჭერით გააღო და სანამ მისკენ წავიდოდა, კვლავ თვალებში ჩამხედა :
-საწყენია შენნაირ ლამაზ ყვავილს, რომ ასეთი შხამიანი ფუტკარი დასტრიალებს თავს -დანანებით აღნიშნა მან. ნიკოლოზმა კვლავ გადადგა ერთი ნაბიჯი მისი მიმართულებით, თუმცა ამჯერადაც შევაჩერე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცოდი საცემად აღარ მიიწევდა
-ეპიკური პოემის გმირივით საუბარს შეეშვი და მოშორდი აქედან! -ბრაზისგან კბილებში გამოსცრა მან -თუ კიდევ ერთხელ შეეხები ჩემს ცოლს, ან მასთან კონტაქტზე გასვლას შეეცდები, ცოტა წნის წინანდელი ცემა მასაჟად მოგეჩვენება
-ნიკოლოზ, მორჩა, წავიდეთ ამ ადგილიდან -შორიახლოს დაყენებულ მის ავტომობილს მოვკარი თვალი და იმით დაიმედებულმა, რომ მესამე მსოფლიო ომი ავიცილე თავიდან, მაჯაზე ხელის ჩავლებით, ძლივსძლივობით წავათრიე ავტოსადგომისკენ. ამჯერად, უკვე თავდაპირველივით აღარ მიწევდა წინააღმდეგობას. რამდენიმე წამის შემდეგ კი, სრულებით მოდუნდა და უკვე თავისი ნებით მომყვა უკან
სალონში, უხმოდ დავიკავეთ ჩვენ-ჩვენი ადგილები. თორნიკე უკვე აღარსად ჩანდა. მხოლოდ მისი დაბურულმინებიანი მანქანა ეყენა პარკინგზე და სავარაუდოდ, ისიც შიგნით იჯდა.
-თუ გინდა, საჭესთან მე დავჯდები -შევთავაზე გვერდითა სავარძელში მჯდომს, როდესაც უკვე კლიტეში გასაღებს არგებდა
-ვცდილობ დავწყნარდე, ამიტომ შენი ხმა ნუ მესმის!
-ზუსტად შენს დაწყნარებას ვცდილობ ახლა, თუკი ვერ შეამჩნიე
-როცა საუბრობ, პირიქით ჩემს სიმშვიდეს უშლი ხელს!
-გეყოფა რა -თავი ჩემკენ მოვაბრუნებინე და სახეზე ხელები დავადე. ლურჯ თვალებში, ნაცნობი სითბოს ვერ დანახვამ გული მატკინა, თუმცა მაინც არ გავჩუმებულვარ -ისეთი არაფერი მომხდარა, რომ მსგავსი რეაქცია გქონდეს. შენც კარგად იცი, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, ჩემთვის არაფერს ნიშნავს
-აღარ მინდა მაგ ტიპს კიდევ შეხვდე -სახიდან ჩემი ხელები მოიშორა და მანქანა შესაშური სისწრაფით დაძრა -შენ იცი, რომ აქამდე არასდროს არაფერი მიბრძანებია, რადგან ცოლ-ქმრობა მონური ბორკილების დადებას არ ნიშნავს ერთმანეთისთვის, თუმცა ეს შემთხვევა ყოველგვარ ზღვარს სცდება! ან გაითვალიწინებ ჩემს აზრს, ან არადა ოჯახური კონფლიქტების მაჩვენებლით, ალბათ გინესის რეკორდს მოვხსნით!
-ნუ ღელავ, ცოტა ხნის წინაც ვთქვი და ახლაც პირობას ვდებ, რომ თორნიკე დღეს ბოლოჯერ ვნახე -მაშინ მივუგე, როდესაც უკვე მთავარ გზაზე ვიყავით გასულები -არც მე მესიამოვნებოდა ასეთი რამის გადატანა, ამიტომ შენი კარგად მესმის -მერე საჭეზე დადებულ ხელზე, საკუთარი ხელი დავადე და მისკენ ოდნავ გადავიხარე -ახლა მანქანა გააჩერე და საჭესთან დამსვი, არ მინდა ასე განერვიულებულმა მართო ავტომობილი
დამემორჩილა. ჩემდა საბედნიეროდ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, მანქანა გზიდან გადაიყვანა, მანიშნა გადმოდიო და ადგილებიც უხმოდ, ზედმეტი კომენტარების გარეშე გავცვალეთ. მიუხედავად ამ მცირედი კომპრომისისა, ჩვენს შორის მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა. არ მინდოდა ასე. მსურდა კვლავ უწინდელი ნიკოლოზი დაბრუნებულიყო, ამიტომ, პოზიტივის შემოსატანად მაგნიტოფონში მუსიკები ჩავრთე და სიჩქარეს ოდნავ მოვუმატე.
-ვერ მეტყვი საით მიდიხარ? -ჩემკენ არც გამოუხედავს ისე მკითხა ნიკოლოზმა
-კონკრეტულად არსაით . . . უბრალოდ, გზა და მუსიკა განწყობას ამაღლებს, შენ კი ზუსტად ეს გჭირდება -ამის თქმისას, თითები, მის თბილ თითებში გადავხლართე, ღიმილით გავხედე და დავამატე :-თორნიკეს მხოლოდ იმიტომ შევხვდი, რომ დამარწმუნა, მართლა აუცილებელი საქმე მაქვსო. გთხოვ, დაივიწყე ეს ეპიზოდი. ერთადერთი, ვის შეხებასაც სიამოვნების ზენიტში ავყავარ, ეს შენ ხარ და ამას ვერასდროს ვერაფერი შეცვლის.
და აი ისიც! ამდენი ხნის შემდეგ, ძალიან ოდნავშესამჩნევი, თუმცა მაინც ღიმილი დავინახე ნიკოლოზის სახეზე. გარკვეული დროით კვლავ უხმოდ იყურებოდა წინ, შემდეგ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მთელი ტანით მომიტრიალდა და ხელზე, ხელი უფრო მაგრად მომიჭირა :
-გააჩერე მანქანა!
-რა?
-მიდი, გააკეთე რასაც გეუბნები
-მაგრამ . . .
-მელინა, გააჩერე-მეთქი!
-კარგი, კარგი, ვაჩერებ -მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი გავიგე, მაინც გადავწყვიტე მისი თხოვნის შესრულება
ძრავა გამოირთო. ოდნავ ჩაწეული საქარე მინიდან ჯერ კიდევ შემოდიოდა გრილი ჰაერი, რომელიც ახლა მართლაც სასიცოცხლო სჭირდებოდა ნერვიულობისგან მომატებულ ჩემს შინაგან ტემპერატურას. უკვე ვაპირებდი მეკითხა, თუ რატომ გავჩერდით შუა გზაზე ასე მოულოდნელად, მაგრამ სანამ რამის სათქმელად პირს გავაღებდი, ნიკოლოზმა, წელზე ხელის მოხვევით კალთაში გადამისვა, ნიკაპი ხელით დამიჭირა და თვალებში დაჟინებით ჩაშტერების პარალელურად, მითხრა :
-ახლა ადგები და ისე მაკოცებ, რომ ცოტა ხნის წინანდელი სცენა სრულებით გადამავიწყო. ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ჯაყელის კვალი ერთიანად გაქრეს შენი ტუჩებიდან. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავმშვიდდები, ასე, რომ ძალიან უნდა მოინდომო!

გამეღიმა. ეჭვიანობის გრძნობაც კი რა თავისებურად ზომიერი იყო ამ პიროვნებაში. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც იდეალურთან მიახლოვებული ადამიანები და ეს ერთი-ორად მიზრდიდა მისდამი მიჯაჭვულობას.

-რომ იცოდე, ეგ პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს -კისერზე ღიმილით მოვხვიე ხელები ამის თქმისას, თან ცხვირზე, ცხვირის წვერი მივადე და მისი სხეულიდან წამოსული არომატის შეგრძნებისას, თვალები სიამოვნებისგან მივლულე

-აბა ვნახოთ, რამდენად კარგად გაართმევ თავს ამ ამოცანას

-როგორც ყოველთვის იდეალურად -ვეცადე საკმაოდ დიდი თავდაჯერება ჩამედო ამ სიტყვებში და მისი რომანტიული თხოვნის შესრულებას მთელი მონდომებით შევუდექი.










8 8 8 8

ხუთშაბათი საღამო იყო. სამსახურიდან დაბრუნებული, საშხაპედან ახალი გამოსული ვიყავი, როდესაც კარზე გაბმული ზარის ხმამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ნიკოლოზის დაბრუნებამდე, ჯერ ძალიან ადრე იყო, რადგან ნახევარი საათის წინ დამირკეა იმის სათქმელად, დღეს ჩვეულებრივზე ცოტათი გვიან მოვალო.
ტანსაცმელი ჯერ კიდევ არ მეცვა და მხოლოდ საცვლებში ვიყავი გამოწყობილი, ამიტომ, ზღურბლის მეორე მხარეს მყოფი რომ უსასრულობამდე არ მელოდინებინა, ტანზე რაც პირველად ხელში მომყვა ის გადავიცვი და სასწრაფოდ გავემართე კარის გასაღებად.
სათვალთვალოში გახედვა არც მიფიქრია. საშინაო სპორტიულებში გამოწყობილმა, საკეტში გარჭობილი ვერცხლისფერი გასაღები ისე გადავატრიალე, შინაგანადაც კი არ დავუინტერესებივარ იმას, თუ ვინ დამადგა თავს ასე მოულოდნელად, მაგრამ როგორც კი ზღურბლთან მდგომ ადამიანს მოვკარი თვალი, სახე მაშინვე ბედიერების ღიმილმა გამინათა და დიდი სიხარულისგან, გულიდან ამოხეთქილი ხმაც კი ვერ გავაკონტროლე.
-ენკე! შენ . . . შენ აქ რას აკეთებ?
-რა იყო, მოგენატრე? -ღიმილით გადმოაბიჯა კარის ზღურბლს და გულში მაგრად ჩამიკრა. მიუხედავად იმისა, რომ მეც და ნიკოლოზსაც მასთან სატელეფონო კონტაქტი საკმაოდ ხშირი გვქონდა, ნახვით ბათუმიდან წამოსვლის შემდეგ აღარ გვენახა, ამიტომ, უნდა მეღიარებინა, მართლა ძალიან მყავდა მონატრებული
-რომ გითხრა მომენატრე-მეთქი, მაშინვე თავში აგივარდება -სიცილით შემოვხვიე მკლავები, თან ჩალისფერი თმა ავუჩეჩე
-როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ კარგად მიცნობ, მელტონია
-კარგი რა, რამდენჯერ უნდა გითხრა ეგრე აღარ დამიძახო-მეთქი? -ცალი წარბი მკაცრად ავზიდე. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე მთელი სიმართლე მოვუყევი, მუდამ ჩემი ორი სახელის -მელინასა და ანტონიას ნაზავს -"მელტონიას" მეძახდა და მიუხედავარ დიდი მცდელობისა, ამას ვერაფრით გადავაჩვიე
-რამდენჯერაც არ უნდა მითხრა, შედეგი მაინც ნული იქნება -ცხვირზე ხელი მომიჭირა და მისაღებში გასულმა, იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა -ჰო მართლა, შენი ფიქტიური ქმარი სად ბრძანდება? რაღაც მისი ხმა არ ისმის
-ჯერ არ მოსულა, დღეს ცოტათი შეაგვიანდება -მერე უკვე დივანში არხეინად მოკალათებულს გვერდით მივუჯექი და პლაზმურ ტელევიზორს, რომელიც მუსიკალურ არხზე მქონდა გადართული, ოდნავ ჩავუწიე -აბა, ახლა მოყევი შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ. დავიჯერო მხოლოდ ჩვენს მოსანახულებლად ჩამოხვედი?
ენკემ ჯერ დივანზე დადებული ფუმფულა ბალიში შეათამაშა ხელში, მერე ჩემგან ოდნავ შორს ჩაიწია, ეს უკანასკნელი ბურთივით გადმომიგდო და პასუხიც გამცა:
-მხოლოდ მოსანახულებლად არა, სამსახურის შემოთავაზება მივიღე ერთ-ერთი ახლადგახსნილი სასტუმროდან, ამ ქალაქში
-მართლა? -ბალიში კვლავ უკან ვესროლე და მანაც დაიჭირა. საკმაოდ კარგი ახალი ამბავი იყო ის, რაც მითხრა. თუკი ენკე თბილისში დარჩებოდა, უფრო ხშირადაც ვნახავდით ხოლმე და ეს ფაქტი ძალიან მახარებდა
-ჰო მართლა -მომიგო, თან კვლავ უწინდებურად განაგრძო ბალიშის ბურთად გამოყენება და ისევ ხელებში მესროლა იგი
-კარგი, მოვრჩეთ, ცხელ კარტოფილს ხომ არ ვთამაშობთ? -გამეცინა იმის გააზრებისას, რასაც ცოტა ხნის წინათ ვაკეთებდით, თუმცა ზუსტად ვიცოდი, ენკეს ბავშვური ხასიათიდან გამომდინარე, მისთვის არც ეს ბავშვური გართობა გახლდათ პრობლემა
-შენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ თამაშს დღემდე ვეთამაშები ხოლმე საკუთარ ძმისშვილებს
-თუ ასეა, შენს ძმისშვილს ძალიან გაუმართლა, თავისი ჭკუის ბიძა რომ არგუნა ბედმა
მანამ, სანამ პასუხად რამეს მეტყოდა, შეტყობინების მოსვლის ხმა გამოსცა ენკეს მობილურმა. ეკრანზე დახედვისას, მის სახეზე აშკარა უკმაყოფილება გაკრთა და სენსორი ისე დაბლოკა, SMS-ის ავტორისთვის პასუხი არც დაბრუნებია.
-რა იყო, რამე ცუდი მოხდა? -ვკითხე შეპარვით
-არა, რა ცუდი, უბრალოდ ჯაყელმა მომწერა, სამსახურში ერთი საათით ადრე მოდიო -ამიხსნა მაშინვე -ამ იდიოტმა ჯერაც არ იცის, ქვიშის ქარიშხლიდან რომ უკვე წამოვედი და იქ აღარ ვმუშაობ
ამ გვარის ხსენებაზე, ტანში უსიამოვნოდ გამცრა. ჯერ კიდევ შავი ლაქასავით აჩნდა გონებას მისი და ნიკოლოზის ქუჩაში ჩხუბის მომენტები და დანაშაულის გრძნობას ვერ ვიშორებდი იმის გამო, რომ ამგვარი სიტუაციის შექმნაში, მთავარი ბრალეულობა სწორედ ჩემს სინდისს აწვა, ტვირთად.
-ძალიან გთხოვ, მაგ ადამიანს ნუ მიხსენებ -დივანზე აკეცილ მუხლებს, მკლავები მოვხვიე ამის თქმისას, თან მათ ნიკაპით დავებჯინე. მართალია, ენკესკენ არ ვიყურებოდი, თუმცა მაინც ვიგრძენი რამხელა ინტერესი გამოიწვია მასში ჩემმა ნათქვამმა და ეს მალე სიტყვებითაც გამოხატა:
-რამე ისეთი მოხდა, რაც არ ვიცი? -ჩემს შემხედვარეს, ხმა საგრძნობლად დაუსერიოზულდა. დარწმუნებული ვიყავი, გამოხედვაც სწორედ ასეთი ჰქონდა
-თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მე და ნიკოლოზმა, ორი დღის წინ, მის გამო საშინლად ვიმამათეთ, კი
-ასეთი რა ჩაიდინა იმ გამოქლიავებულმა?
ღრმად ამოვიოხრე. მართალია, ახლა ამ ყველაფრის გახსენება კვლავ ნეგატიურ შეგრძენებებში გამხვევდა, თუმცა რახან დავიწყე, უნდა დამესრულებინა კიდეც, ამიტომ ფეხზე წამოვდექი და ჯერ კიდევ დივანში მოკალათებულ ენკეს, ზემოდან დავხედე.
-სამზარეულოში გამომყევი, ნაყინი ვჭამოთ და თან ყველაფერს გიამბობ, სანამ ნიკოლოზი დაბრუნდება
-კარგი, ოღონდ დიდი ბურთულები უნდა მომიჭრა -მაშინვე პატარა ბავშვივით ამედევნა გემრიელი დესერტის ხსენებაზე, თან მხარზე ხელი გადამხვია და ოდნავ გამიღიმა -მომენატრე მელტონია. შენ წარმოიდგინე, ის ნახევრად ჩამოძინებული სახეც კი მენატრება ხოლმე, სასტუმროში მოსვლის პირველ დღეებში რომ გქონდა, ღამის ცვლებისგან გატანჯულს
სახეზე ღიმილი მომადგა. იყო რაღაცები, რაც ნამდვილად არ იცვლებოდა და ენკეს ხასიათიც სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. კარგი იყო ეს თუ ცუდი?
რა თქმა უნდა, კარგი, რადგან პირადად მე, ამ ადამიანში სწორედ ის უზღვავი, დაულეველი პოზიტივის წყარო მიზიდავდა, რაც ყოველი მის გვერდში მყოფისთვის, მუდამ განწყობის გაუმჯობესების საწინდარი ხდებოდა ხოლმე.
სამზარეულოს მაგიდასთან, ნაყინის დიდი თასებით დავსხედით და დესერტის დაგემოვნების პარალელურად, ენკესთვის ორი დღის წინანდელი ისტორიის მოყოლას შევუდექი. მართალია, ჩემი თხრობის მომენტში, ხმამაღლა კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი მზერა წამში ერთხელ მაინც იცვლებოდა და მონაცრისფრო თვალებიც თანდათან უფრო და უფრო იკრებდა უკმაყოფილებას.
ნაყინის თასი, დაახლოებით ნახევარზე მაინც მქონდა ჩაყვანილი, როცა თავს გადამხდარი ამბის თხრობას საბოლოოდ მოვრჩი და დიდი წერტილიც დავუსვი ამ ყველაფერს. ჩემგან განსხვავებით, ენკეს თავისი დესერტი ბოლომდე დაემთავრებინა და სანაყინეს მიწვდიდა იმის ნიშნად, ცოტა კიდევ დამიმატეო.
-ნეტავ რატომ იქ არ ვიყავი, რომ მაგ რეგვენის ცხვირის გატეხვისთვის პირდაპირ ეთერში მეყურებინა -დანანებით აღნიშნა მან და თავიც გადააქნია მოღუშულმა -არ გინდა შენს მაზლს დაელაპარაკო და ეგ ტიპი სასტუმროდან მოაშორონ? ყველას ნერვებს უშლის, მიმტანი გოგოების გარდა
-კარგი რა ენკე -კიდევ ორი ნაყინის მოზრდილი ბურთულა მოვუჭერი, ზემოდან შოკოლადის სიროფი მოვუსხი და წინ დავუდე -შეიძლება პიროვნულად არ მოგწონდეს, მაგრამ საქმეს აშკარად იდეალურად უძღვება და ამის დავიწყებაც არ შეიძლება
-შენი ჰუმანურობა უკვე მღლის -სიცილით აატრიალა თვალები -ოდნავი აგრესია მაინც გამოხატე ვინმეს მიმართ, თორემ უკვე სერიოზულად ვიწყებ დაჯერებას, რომ არაამქვეყნიური ხარ
-გაჩუმდი და შენი ნაყინი ჭამე, თორემ იმდენს ლაპარაკობ, სანამ პირს დააკარებ, მანამდე გალღვება
-რა გაალღვობს გოგო ნაყინს გაგანია ნოემბრის თვეში?
-რა გაალღვობს და მაღალი ტემპერატურა -თვალებით, მისაღებში დამონტაჟებულ თითქმის ბოლომდე აწეულ კონდინციონერზე ვანიშნე ამის თქმისას
-ამას ხომ სიტყვა-პასუხში ვერ მოუგებ
-ჰოდა ნურც ეცდები -გამარჯვებულის მზერაც დავურთე ჩემს სიტყვებს, თან კვლავ მის პირდაპირ ჩამოვჯექი -ჰო მართლა, თბილისში რატომ გადმოხვედი? ამ სასტუმროში უკეთესი პორობებია?
ენკემ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
-არა, პირობები იგივეა, უბრალოდ მე ვერ ვჩერდები დიდხანს ერთ ადგილას. ბათუმი ზაფხულშია კარგი ახლა კიდევ, სიახლეები მჭირდება -მერე ნაყინის კოვზი გალოკა და დაამატა:-თან ამ სასტუმროს მმართველთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. მალე კრეატიული დირექტორიც აპირებს სამსახურიდან წასვლას და თუკი ამ პოზიციაზე მე ამიყვანეს, გპირდები მალდივების საგზური ჩემზეა -გაშლილი ხელის გული ასწია მოცემული დაპირების დამადასტურებელ ნიშნად.
-კი მაგრამ, მალდივებზე, მარტომ რა უნდა ვაკეთო, ენკე? -სიცილით ვკითხე, ღიმილჩამდგარი თვალებით ჩემკენ მომზირალს
-რას ქვია რა უნდა აკეთო? პირველ რიგში, ცოტა ხნით შენს ქმარს მოშორდები, გაირუჯები, გაერთობი და ჩემს სადღეგრძელოსაც შესვამ, დიდი ჭიქით. მერე კი, თუ გინდა ვინმე სიმპათიური მარიოც გაიცანი, დაკუნთული სხეულით და ცოტა გახალისდი
არა, ოდნავადაც არ შეცვლილა. ისევ ისეთი დარტყმული იყო, როგორიც ადრე.
-ახლა რომ ნიკოლოზი გისმენდეს, მაგ ჯერ კიდევ არ ნაყიდ მალდივების ბილეთებს თავზე გადაგახევდა -ვუთხარი სიცილით, თან ბანანის შეიკის მზადება დავიწყე, რადგან ვიცოდი, ენკეს ძალიან უყვარდა
-ჰო, გამახსენდა ეგ რომ "ერთგულება მევასება"-სასტავში გადის და თვითონაც "ცოლის მეტი არავინ მაინტერესებს"-კატეგორიაში რომ გადაეწერა
-ოდესმე შენც მოიყვან ცოლს და მერე ვნახოთ, თავად როგორ გაუშვებ ხოლმე ზაფხულობით, სიმპათიურ, დაკუნთულ მარიოსთან გასართობად, მალდივებზე

-ცოლს თუ მოვიყვან, არც მას ექნება ჩემს მიმართ მოვალეობები და არც, მე -განაცხადა მტკიცედ, რითაც კიდევ უფრო დამარწმუნა თავის არანორმალურობაში
-ახლა რომ ფემინისტები გისმენდნენ, ალბათ ხელებსაც დაგიკოცნიდნენ, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ძალიან მაგრად გაკლია
-მაინც რატომ მაკლია? ზუსტად ვიცი, ქორწინების შემთხვევაში, მაინც არ გამიქრება დანარჩენი ქალებისადმი ლტოლვა და საკუთარი ცოლი რატომ უნდა შევზღუდო, როცა თავად სხვასთანაც მექნება ურთიერთობა? მე, ჩემო მელტონია გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ
-გენდერული თანასწორობის მომხრე კი არა შეშლილი ხარ -სიცილით ჩავყარე ბლენდერში შეიკის ინგრედიენტები და თავიც მჭიდროდ დავახურე, რათა კარგად ამეთქვიფა
-მთავარია შენ მყავდე დალაგებული და დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა -მერე სამზარეულოს კედელზე მიმაგრებულ კარადას მიუახლოვდა, იქედან ორი ჭიქა გამოიღო, სავარაუდოდ, მზადების პროცესში მყოფი სასმელისთვის და გვერდით ცნობისმოყვარე მზერით მომიდგა -ისე, შენს კურსზე ლამაზი დაქალები არ გყავს? ამ ბოლო დროს რაღაც ვპასიურობ პირადი ურთიერთობების მხრივ
-არც იფიქრო ენკე, ჩემს მეგობრებს კი არა, შენთვის მოსისხლე მტერსაც ვერ გავიმეტებდი, მისი ყოლის შემთხვევაში
-იქნებ მაინც გამოგემეტებინა რომელიმე? -საყვარლად ააფახულა თავისი მონაცრისფრო თვალები და ვინ იცის, უკვე მერამდენედ მოახერხა დღეს ჩემი გაცინება
-გითხარი არა-მეთქი და გადაფიქრების პერსპექტივა ნულს ქვემოთაა
-მომენტებში რა მამაშენივით უსიამოვნო ხდები ხოლმე, მელტონია -უკმაყოფილებისგან შეეჭმუხნა წარბები ენკეს
-ნუ გადაეკიდეთ რა ამ მამაჩემს, თორემ, დარწმუნებული ვარ, ამდენი ხსენებისგან უკვე ასლოკინებს კიდეც
-კარგი, კარგი, დღეს მშვენიერ ხასიათზე ვარ და ამ ჯერზე დავინდობ ბატონ დავითს -დამპირდა პატიოსნად, შეიკის ბლენდერში თქვეფის პროცესის დასასრულს კი, კარადიდან გამოღებული მინის ჭიქები შემომაშველა, რათა დესერტი მათში თანაბრად გადამენაწილებინა . . .
ოჯახის ახალი წევრის შემომატებას ჰგავდა ენკეს თბილისში გადმოსვლის ამბავი. ვგრძნობდი, რომ ჩვენს ცხოვრებაში უფრო მეტი სიხალისე, სიფერადე და პოზიტივი შემოვიდოდა და ამაში, ნასაღამოვებს, ნიკოლოზის შინ დაბრუნებამაც ღრმად დამარწმუნა, ვინც ჩემზე არანაკლებ ამაღლებული განწყობით შეხვდა დიდი ხნის უნახავ მეგობარს.
საკმაოდ ბევრი ვიმხიარულეთ იმ დღეს. ლამის მთლიანად გავავლეთ მუსრი დესერტს, რაც კი მაცივარში მოგვეპოვებოდა. მისაღების ხალიჩაზე მსხდომნი, ათასგვარი ტკბილეულობით გარემოცულები, ღიმილით ვიხსენებდით ქვიშის ქარიშხლის დატვირთულ გრაფიკს, პრობლემურ სტუმრებს, ვინებიც განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებდნენ, ჩვენს უწინდელ სამსახურთან დაკავშირებულ წვრილმანებს, ხალისიან უქმეებს და ხელის მოწერის გიჟურ დილას, რამაც ძირფესვიანად შეცვალა ჩემი და ნიკოლოზის მთელი ცხოვრება.
იმ საღამოს, ენკე საკმაოდ გვიანობამდე, თითქმის თერთმეტ საათამდეც კი შემორჩა ჩვენთან. ის ვარიანტიც განვიხილეთ, რომ ღამითაც აქ დარჩენილიყო, სასტუმრო ოთახში, თუმცა საბოლოოდ, მაინც წასვლა გადაწყვიტა და მიზეზად, პირადი ჰიგიენის იმ ნივთების არქონა დაასახელა, რაც მუდამ სჭირდებოდა ხოლმე ყოველ დილით.
დღე სასიამოვნოდ დასრულდა. მხოლოდ ხალიჩაზე მიმოფანტული დესერტის შეფუთვები ქმნიდა უსიამოვნო განწყობას, თუმცა მეც და ნიკოლოზმაც, როცა იქაურობის მოთვალიერების შემდეგ ერთმანეთს გადავხედეთ, მზერით შევთანხმდით ყველაფერს ხვალ ავალაგებთ-მეთქი და ეს შეთანხმება, თავის მსუბუქად დაქნევითაც დავადასტურეთ.
-საძინებელში გასვლას აღარ ვგეგმავთ? -შევეკითხე მთქნარებით. ძილით მაინცდმააინც არ მეძინებოდა, თუმცა როცა საათის ისრები ათს გადაცდებოდა, მუდამ მთქნარება მიტყდებოდა ხოლმე
-შენ გადი, მე მინერალურს დავლევ და ახლავე მოვალ
-ბევრი ტკბილეული მოგივიდა არა? -გამეცინა. ყოველთვის ასე იყო, თუკი ერთ ლუკმას მაინც გადაამეტებდა, უსიამოვნო დისკომფორტს გრძნობდა ხოლმე და გაზიანი წყლის დაუოკებელი მოთხოვნილება უჩნდებოდა ამ დროს
-ჰო, მგონი დოზას გადავაჭარბე. გამახსენე ხვალისთვის სპორტ-დარბაზში შევიარო
-აუცილებლად გაგახსენებ, რადგან შენი პრესის ღიპით ჩანაცვლებას პირველ რიგში მე ვერ გადავიტან
-გაჩუმდი რა, მაგ სიტყვის ხსენებაც კი ცუდ ხასიათზე მაყენებს -თავადაც გაეცინა უკვე სამზარეულოსკენ წასულს და ჩემკენ მოუბრუნებლად მომაძახა -მიდი, დაწეწი და მეც მალე შემოგიერთდები
საძინებელში მთქნარებით შევედი. ვინაიდან ირგვლივ სრული სიბნელე იყო, ფარდები კი ჩამოფარებული, კედელზე მიმაგრებული, ღამის პატარა სანათით გავანათე იქაურობა. ამ უკანასკნელს, ძილის დროსაც კი არ ვაქრობდით ხოლმე, ჩემი სულელური ამოჩემების გამო, რადგან ბავშვობიდან არ მიყვარდა ისეთ ოთახში ძილი, რომელსაც რამე მცირედი მაინც არ ანათებდა. კიდევ კარგი, ამ მხრივ არც ნიკოლოზს გასჩენია პრობლემა. ბოლო დროს ძილი იმდენად უყვარდა, მაშინაც კი შეეძლო ამის გაკეთება, თუკი პირდაპირ პროჟექტორს დაანათებდი დახუჭულ თვალებზე.
გარდერობის მეორე თაროს, ლამაზად დაკეცილი ჩემი პიჟამა ამშვენებდა. მისი გამოღების შემდეგ, ამ გარდერობის მეორე თანამფლობელის განყოფილებებსაც შევავლე თვალი. თეთრი შურით მშურდა მისი -თავისი ტანისამოსი, იმდენად ლამაზად ჰქონდა შეკეცილი უჯრებში, ასე ეფექტურად მეც კი არ გამომდიოდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვიყავი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. აღნიშნულის გამო, ბევრჯერ პირდაპირ მითხოვია კიდეც საკუთარი გარდერობის მოწესრიგებაში დამხმარებოდა.
საღამურის გამოღების მერე, ისინი საწოლზე ლამაზად დავაწყვე, კბილები გავიხეხე და კვლავ ტახტთან ახლოს მივედი, რათა ტანსაცმელი გამომეცვალა. ნიკოლოზმა სწორედ იმ მომენტში შემოაღო ჩვენი საძინებლის კარი, როდესაც ბიუსჰალტერის გაჭედილ შესაკრავს ვეწვალებოდი გასახსნელად და როგორც კი შეატყო, მის გახსნა არ გამომდიოდა, სწრაფად მომიახლოვდა, ეს საპატიო მოვალეობა საკუთარ თავს დააკისრა და გაჭედილი შესაკრავის გახსნის შემდეგ, ლიფი საწოლზე დაუდევრად მიაგდო
-მორჩა, საქმე გაკეთებულია -პირდაპირ ყურთან ჩამჩურჩულა ეს სიტყვები. ვიგრძენი როგორ მომეხვია უკნიდან ამის შემდეგ მთელი ძალით და ჩემს მუცელზე დაიწყო ხელების სრიალი, თან ცხელი ტუჩების მწველი შეხებით თითქოს ცეცხლივით მედებოდა ყელის არეებზე და ლამის რეალობისგანაც კი გამოვთიშულიყავი მიღებული სიამოვნებისაგან.
-მიყვარს შენი სხეული -კვლავ ჩემს ყელში თავჩარგულმა ამოთქვა და ამჯერად ჩემს მხარს აკოცა -შენს ბეჭზე დამჩნეული პაწაწინა ხალიც მიყვარს, ის სურნელიც, რომელსაც შენი კანი აფრქვევს, ის გემოც, რაც შენს ტუჩებს აქვთ. ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რამხელა სიამოვნება ხარ
-ნიკოლოზ… -სუნთქვაგახშირებულმა ამოვთქვი მისი სახელი, თვალები მაგრად დავხუჭე და უკან გადაგდებული თავი მის ბეჭს ჩამოვადე. იმ წამს, ნათლად ვიგრძენი ჩემთვის საყვარელი გულისცემა და გამეღიმა. ნიკოლოზის და ჩემი გახშირებული სუნთქვა, ლამის მთელს ოთახში ისმოდა და სიჩუმის ნაწილაკებს ერთიანად ფანტავდა.
-რაღაც უნდა გითხრა -სიამოვნების ზენიტში მყოფი, ამჯერად უკვე თავისკენ მიმატრიალა მან, თან მკერდზე ჩამოყრილი თმა ზურგზე გადამიყარა და მეტად კმაყოფილი მზერით შემათვალიერა
-რა უნდა მითხრა?
-პირველ რიგში ის, რომ ტანსაცმლის გარეშე გიჟურად ლამაზი ხარ
-და მეორე რიგში? -გაღიმებულმა შევუცურე ხელები მკლავების ქვეშ და ტკიპასავით ავეკარი მის სხეულს
არაფერი უპასუხია. ამის მაგივრად შუბლზე ნაზი კოცნის კვალი დამიტოვა, ხელში ამიტაცა და პირდაპირ საწოლისკენ წამიყვანა. ამჯერად აღარაფერი მიკითხავს. თითოეულ მის მოქმედებას უსიტყვოდ ვყვებოდი და ვცდილობდი ყველა მომენტი კარგად შემენახა მეხსიერებაში.
ნილოლოზმა ზედმეტად ნაზად, ლამის ფაიფურის თოჯინასავით გადამაწვინა რბილ მატერიაზე, თავადაც ზემოდან გადამაწვა და ლურჯი თვალებიდან გადმოღვრილი თბილი მზერით, ჩემს შიშველ სხეულს მთლიანად მოედო.
-გახსოვს, ცოტა ხნის წინ ენკემ რომ თავისი ძმისშვილის ვიდეოები გვაყურებინა? -მკითხა მოულოდნელად. გამეცინა. ვერც კი მივხვდი, რა შუაში იყო ახლა ეს ყველაფერი, თუმცა მაინც ვუპასუხე:
-მახსოვს, მერე?
ნიკოლოზი ჩემკენ დაიხარა და კიდევ ერთი კოცნა მომპარა.
-მერე ის, რომ მეც მინდა ერთი ასეთი, შენგან
-რაო რა თქვი? -აშკარად ვერ აღიქვა მოსმენილი ჩემმა გონებამ. ნუთუ მართლა იმას გულისხმობდა, რაც ამ წამს გავიფიქრე? ნუთუ ეს რეალურად სურდა?
-რაც გაიგე -ხელები თავს ზემოთ გამიკავა ამის თქმისას, მეორე ხელი კი თმებში შემომიცურა და თავისკენ დამქაჩა -შენ არ გინდა პაწაწინა არსება, რომელიც ხალიჩებზე ოთხზე დამდგარი იხოხებს და სიარულის ჩათვლით ყველაფერს ჩვენ ვასწავლით?
-ნიკოლოზ, მახსოვს შენი დამოკიდებულება ბავშვებთან, პამპერსის გამოცვლაც კი არ შეგიძლია -ელისაბეტის შემთხვევა მოვაგონე და მისი გაცინებაც შევძელი
-მერე რა? ადამიანი გამოცდილებაზე სწავლობს, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიქნები
-ვერ ვიჯერებ -თავი გავაქნიე ჯერ კიდევ მის ქვემოთ მოქცეულმა -შენ ეს მართლა რეალურად გინდა? სრულიად საღ აზრზე მყოფი ამბობ მაგას?
-ასი პროცენტითაც საღ აზრზე მყოფი და ყოველგვარი ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავლენისგან თავისუფალი -წამის მეასედიც არ დასჭირვებია მოსაფიქრებლად ისე მომიგო -ახლა კი, პატივი დამდე, გაჩუმდი და მაცადე საქმეს მივხედო -ღიმილიანი მზერა ჩაუდგა ლურჯ თვალებში ამის თქმისას, თავისი მაისური სადღაც ჯანდაბაში მოისროლა და ვნებამორეული დამაცხრა ტუჩებზე.



№1  offline წევრი ვიპნი

ნეტა ჯაყეჰლი ხო არ უჩივლებს ჩვენს ნიკოლოზს???

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ვგიჟდები ამ წყვილზე და ის თორნიკე უფრო კარგად უნდა დაენაყა მოსი ადგილი რომ გაეგო

 


№3 სტუმარი Life is beautiful

რათქმა უნდა არ მიკვირს ნიკოლოზის ქცევა და ძაანაც ყმაყოფილი ვარ მისით იმ ეგოისტ თორნიკეს რომ მიუნაყა ცხვირი აი წარმოვიდგინე რა სასიამოვნო იყო...
მაგრამ ის ფაქტი რომ მაინც შეიკავა თავი და არ მოკლა ჰუმანურობის ინდექსები გამოეხატა ძაან მომწონს...
ენკე ოხ ეს ნამდვილი მოსიარულე პოზიტივია. ძაან ამრავალფეროვნებს ამ ისტორიას... აი ძაან მინდა ესეც დააბან უხილავი ბორკილებით...აი მაგის საბედო რო გამოჩნდეს უბრალოდ ძაან მაგარი იქნება...
აუუ რა კაი იქნება ამათი პაწაწა... გული გამითბა.... ვგრძბობდი რომ ამ თავში რაღაც მაგდაგვარი გაიჟღერებდა. არც შევმცდარვარ. აუ როგორი საყვარლები არიან ორივე ძალიან კარგები...
ეს თავი ძაან საყვარელი გახდა ჩემთვის<3:-)

 


№4  offline მოდერი აირ ისი

ვიპნი
ნეტა ჯაყეჰლი ხო არ უჩივლებს ჩვენს ნიკოლოზს???


არამგონია ვინმემ თორნიკეს გატეხილი ცხვირის გამო საქმე აღძრას, ისედაც ბევრი საქმე აქვს პოლიციას :დ ❤️



სტუმარი მაკო
ვგიჟდები ამ წყვილზე და ის თორნიკე უფრო კარგად უნდა დაენაყა მოსი ადგილი რომ გაეგო

Life is beautiful
რათქმა უნდა არ მიკვირს ნიკოლოზის ქცევა და ძაანაც ყმაყოფილი ვარ მისით იმ ეგოისტ თორნიკეს რომ მიუნაყა ცხვირი აი წარმოვიდგინე რა სასიამოვნო იყო...
მაგრამ ის ფაქტი რომ მაინც შეიკავა თავი და არ მოკლა ჰუმანურობის ინდექსები გამოეხატა ძაან მომწონს...
ენკე ოხ ეს ნამდვილი მოსიარულე პოზიტივია. ძაან ამრავალფეროვნებს ამ ისტორიას... აი ძაან მინდა ესეც დააბან უხილავი ბორკილებით...აი მაგის საბედო რო გამოჩნდეს უბრალოდ ძაან მაგარი იქნება...
აუუ რა კაი იქნება ამათი პაწაწა... გული გამითბა.... ვგრძბობდი რომ ამ თავში რაღაც მაგდაგვარი გაიჟღერებდა. არც შევმცდარვარ. აუ როგორი საყვარლები არიან ორივე ძალიან კარგები...
ეს თავი ძაან საყვარელი გახდა ჩემთვის<3:-)


ამ ჯაყელზე საკმაოდ დიდი აგრესია მიდის და უკვე მე მეცოდება :დდ

ნიკას ემოციებს რაც შეეხება, მართლა ძაან ვეცადე ნორმის ფარგლებში მომექცია და მიხარია თუ ეს გამომივიდა ❤️

 


№5  offline წევრი A.N.A

ნიკოლოზის ზომიერება ყველაფერში ძალიან მომწონს,მაგიჟებს ეს ბიჭი. იცის ზღვარი და თორნიკესთან მომხდარი ინციდენტის გამო რომ არ მოკლა ბიჭი და არც მელინას დაუწყო ორ საათიანი ლექციები ეჭვიანი ქმარივით ძალიან დასაფასებელია.მსგავს სიტუაცუებში ბანალურად წელავენ ხოლმე წყვილის შერიგებას და უაზრო ეჭვიანობის სცენებსაც მართავენ არადა გოგოს დანაშაული არ ჩანს.
ნუ ენკეზე ვგიჟდები, ეს ბიჭი ნამდვილი პოზიტივია.
მელტონია.. მომწონს, ეს სახელიც და ნუ მელინაზეც ვგიჟდები.
მთელი გულით ველი შემდეგ თავს, ამათ პაწაწუნას და წარმატებები შენ. ❣️

 


№6  offline მოდერი აირ ისი

A.N.A
ნიკოლოზის ზომიერება ყველაფერში ძალიან მომწონს,მაგიჟებს ეს ბიჭი. იცის ზღვარი და თორნიკესთან მომხდარი ინციდენტის გამო რომ არ მოკლა ბიჭი და არც მელინას დაუწყო ორ საათიანი ლექციები ეჭვიანი ქმარივით ძალიან დასაფასებელია.მსგავს სიტუაცუებში ბანალურად წელავენ ხოლმე წყვილის შერიგებას და უაზრო ეჭვიანობის სცენებსაც მართავენ არადა გოგოს დანაშაული არ ჩანს.
ნუ ენკეზე ვგიჟდები, ეს ბიჭი ნამდვილი პოზიტივია.
მელტონია.. მომწონს, ეს სახელიც და ნუ მელინაზეც ვგიჟდები.
მთელი გულით ველი შემდეგ თავს, ამათ პაწაწუნას და წარმატებები შენ. ❣️


პირველ რიგში მადლობა ასეთი სიტყვებისთვის ❤️ ნიკოლოზს და ენკეს რაც შეეხებათ, ორივეს ხასიათი და ტიპაჟი ათასჯერ მაინც წარმოვიდგინე და დავგეგმე, სანამ პერსონაჟებად ვაქცევდი, ამიტომ მიხარია თუ მოწონება დაიმსახურეს ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ძალიან ეს თავი ჯაყელის ცემა კი ძალიან მინდოდა მიიღო კიდეც მიხარია წყვილი ერთად რომ დარჩნენ და ჯაყელის ინტრიგებს არ აყვნენ ენკეც პოზიტიური ბიჭია მომეწონა ძალიან ვიხალისე მაგის ხუმრობებზე ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????????????????

 


№8  offline მოდერი აირ ისი

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ძალიან ეს თავი ჯაყელის ცემა კი ძალიან მინდოდა მიიღო კიდეც მიხარია წყვილი ერთად რომ დარჩნენ და ჯაყელის ინტრიგებს არ აყვნენ ენკეც პოზიტიური ბიჭია მომეწონა ძალიან ვიხალისე მაგის ხუმრობებზე ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????????????????


პირიქით, მადლობა შენ, შეფასებისთვის ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent