შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (IX თავი)


25-11-2020, 04:24
ნანახია 534

სახე გამებადრა. უეცრად ძალიან ჩამოცხა ოთახში, ან მე წამეკიდა ალმური, ფეხზე წამოვიჭერი და სალონიდან გავვარდი, სასწრაფოდ უნდა გავცლოდი ალკოჰოლიან ოხშივარს და ნოემბრის ბოლო დღის გრილი ჰაერი ჩამესუნთქა, რომ გამოვფხიზლებულიყავი და გამერკვია, რელობაში ვიყავი თუ თრობაში.
- სად გაიქცა? - გავიგონე, როგორ იკითხეს ქრისტინემ და სალომემ.
- სამსახურიდან დაურეკეს, - ხელი დამაფარა თეკომ.
- უიმე, საწყალი გოგო, ღამის თერთმეტ საათზეც ამუშავებენ, ცხოვრებაა ახლა ეს?!
სალონის კარის მიღმა დავტოვე გნიასი და მხიარულება. გული გამალებით მიცემდა, თითქოს ისრაელმა კი არ მომწერა, მომაკითხა, კუთხეში მიმიმწყვდია და ისე მომიახლოვდა, რომ მისი სუნთქვა ტუჩებზე მეგრძნო. მერე, ჩემი ნიკაპი ვანილისფერ თითებში მოიქცია და ზედ ბაგებზე დამჩურჩულა:
- „უბრალოდ გამოგცადე, ვიცი, რომ შენ ხარ, თებეა.“
მობილური ორივე ხელით ჩამებღუჯა, ეკრანს თვალს არ ვაშორებდი, სამი კვირის შემდეგ, პირველად მივიღე მისგან წერილი. მიხვდა, ან იეჭვა, რომ მე ვიყავი და მაინც იმწუთასვე მიპასუხა. ათასი კითხვა გამიჩნდა თავში ერთდროულად, შუაში მომიქციეს და თავს დამესხნენ: „პირველივე მესიჯით მიხვდა?“
„ახსოვს, რომ მეუბნებოდა, მთელი ცხოვრება მე მეძებდიო და ახლა, როცა შევუბრუნე ნათქვამი, საკუთარი სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში?“
„დაამახსოვრდა, რომ წითელ ღვინოს ვსვამ?“
„დავიჯერო, მხოლოდ მე მიყვარს მის ქალებში წითელი ღვინო?“
„იქნებ, მხოლოდ მე მიმიშვა იმდენად ახლოს, რომ მასში პატარა ბიჭი გამერჩია, რომელიც დიდობას ცდილობს?“
„უნდოდა, რომ მიმეწერა?“
„მელოდა?“
„ნეტავ, თავადაც მოვენატრე?“
„ახლა რა უნდა ვქნა?“
„სიმართლეში გამოვუტყდე?“
ვცდილობდი მომეგერიებინა შემოსევა, გონებაში ხელებს ვიქნევდი და კედლებს ვახლიდი აბეზარ აზრებს, ისინი კი შუპოვრად, ბუმერანგებივით მიბრუნდებოდნენ უკან. ყოველთვის ასე იყო, მხოლოდ საკუთარ გრძნობებთან და ფიქრებთან ჭიდილი მიჭირდა, შემეძლო მთელი სამყაროს წინააღმდეგ გამელაშქრა და გამემარჯვა, მაგრამ საკუთარი თავი ბეჭებით მიწაზე მცემდა, ყოველთვის - ვერა, მაგრამ ხშირად მიგებდა.
თვალები დავხუჭე და დამშვიდება ვცადე, მაგრამ თვალდახუჭულზეც ვხედავდი ისრაელის მესიჯსა და ნომერს. ნეტავ, სად იყო ახლა ან რას შვებოდა? ვარჯიშობდა თუ შენობის თავზე, დახურულ აუზში ბანაობდა? იქნებ „შემოდგომის გაცილება“ მოაწყო ბერდიამ თავის კაფეში და დაპატიჟა წარმოსადეგი, უცხოელი ძმაკაცი დამსწრე საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოსახდენად და ისრაელისთვის „ერთგულების“ დასამტკიცებლად? ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყო, თუნდაც სხვა ქალთან, მაგრამ გული მკარნახობდა (რა სიგიჟეა, ვერ მეცოდინებოდა, ვეც ვიგრძნობდი მისი ადგილსამყოფელს), რომ ზუსტად იმ საწოლზე იწვა, რომელსიც ჩვენს საერთო სიმძიმეს ვერ გაუძლებდა და ჩატყდებოდა. ის ამოჩემებული, ფითქინა ხალათი ეცვა, რომელშიც ფოტოებს იღებდა ხოლმე ჩემთვის (დაძინებამდე მასაც გაიხდიდა, მხოლოდ საბანი დაუფარავდა მოშიშვლებულ მკერდსა და ძლიერ ბეჭებს, რომელსაც ჩვენი ბოლო შეხვედრისას უზომოდ სევდიანად მოვეხვიე).
„ეს, უბრალოდ, მონაწერია. მონაწერი და მეტი არაფერი. შეწყვიტე მის მიღმა მინიშნებების ძიება.“ - გარკვევით წარმოვთქვი. იქნებ, საკუთარ ხმას რომ გავიგონებდი, ნააზრევს სიტყვებად რომ გადავაქცევდი, უფრო დამაჯერებელი გამხდარიყო და გონს მოვეყვანე.
კედელს მივეყრდენი და ნელა ჩავსრიალდი: „შესაძლოა მთელი ეს ისტორია, თებეასა და ისრაელზე, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია; რომ ყველაფერი, მხოლოდ ჩემს გონებაში მოხდა; რომ პაემანი სინამდვილეში სულ სხვაგვარად წარიმართა და მე მანქანაში ჩაჯდომის მომენტიდან არ დამიტოვებია საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ აღარ დარეკა ისრაელმა - ვერ მომწვდა, ვერ გამომიყვანა ტვინის ნაოჭებიდან. რას ვხედავ მე - სინამდვილეს თუ ჩემი სცენარებიდან ერთ-ერთს? შესაძლოა იმდენს ვმსჯელობ და განვსჯი, რომ საკუთარ ფანტაზიებში ავიბლანდე. შეიძლება სულაც არ მომიხსნია ნიღაბი ისრაელისთვის და არც მისი სული დამინახავს, თუნდაც შორიდან.“
გამახსენდა, პირველად რომ ჩავხედე თვალებში და მომენტალურად ავარიდეთ ერთმანეთს მზერა, თითქოს მზად არ ვიყავით ერთმანეთის აღმოსაჩენად. თვალწინ გამირბინა ჩვენი შეხვედრის საუკეთესო მომენტებმა - ბავშვებივით რომ ვთამაშობდით; ის რომ დამარცხებაზე ბრაზობდა, მე კი ვაწვალებდი და ვხალისობდი; ცხვირზე რომ მომეფერა, თმაზე რომ გამეთამაშა; გულიანად რომ ვიცინოდით, ერთმანეთის პირისპირ ვისხედით და მართლა ერთად ვიყავით. და კიდევ, ის ერთი წუთი, რომელიც მის მკლავებში გავატარე. წარმოვიდგინე, ძირს რომ დავცემულიყავი და სიცილი წამსკდა.
ეს მოგონებები - რაც უნდა ყოფილიყო - ფანტაზიის ნაყოფი თუ რეალობის პრიზმა - ჩემი ცხოვრების მშვენიერ და ამაღელვებელ ნაწიკალებად იქცა, ამიტომ ღირდა ჩემი ვერშემდგარი ურთიერთობების მუზეუმში მათი მოთავსება, შესაძლოა, არა ყველაზე გამოსაჩენ და საპატიო ადგილას, სადმე, კუთხეში ან მძაფრი და ნამდვილი სიყვარულის (თუნდაც ლევის) ჩრდილში. ჩვენი მოგონებების უმეტესობა მაინც ორიგინალის რეპროდუქციაა, რომელზეც ჩვენმა სურვილებმა, წარმოსახვის უნარმა და წარსულმა ერთად იმუშავეს.
- აქ რა აკეთებ? - მომესმა წრიპინა ხმა. გვერდით დემიკო მედგა, რომელსაც ქურთუკი არ ეცვა და უსათუოდ გაცივდებოდა.
- როდის გამოიპარე? - ფეხზე წამოვდექი და შარვალი გავისწორე, რომელიც ოდნავ ჩაცურებულიყო და წელი მიჩანდა.
- ამწუთას. - მიპასუხა და თვალები საყვარლად დაახამხამა.
- სასწრაფოდ შებრუნდი! გაცივდები, იცოდე! - მუქარის ტონით ვუთხარი, თუმცა სიყვარულით დავყურებდი ზემოდან.
- შენ არ გაცივდები? - ცნობისმიყვარეობით შემათვალიერა.
მაშინღა ვიგრძენი, რომ მციოდა.
- კარგი, ერთად შევბრუნდეთ.
- ჯერ მიპასუხე. - გამეკრიჭა. წინა ორი ღიმი არ ჰქონდა.
სიცილი ვერ შევიკავე მისი ღიმილის დანახვაზე.
- რაზე გიპასუხო?
- აქ მარტო რას აკეთებდი?
- ვფიქრობდი.
- რაზე?
- შენთვის უთქვამთ, რომ ძალიან, ძალიან ცნობისმოყვარე ხარ?
- კი, ხშირად მეუბნებიან. ბიჭზე ფიქრობდი?
- ჰო, როგორ მიხვდი?
- დედაც სულ ცუდ ხასიათზეა, როცა ბიჭებზე ფიქრობს.
- ბავშვის კვალობაზე ზედმეტი ხომ არ იცი?
- შესაძლოა. მოგწონს ის ბიჭი?
- არ ვიცი, შესაძლოა. ყველაფერი რთულად არის.
- დედაც სულ მაგას ამბობს.
- რას ვიზამთ, დიდების სამყარო ასეა მოწყობილი.
- მგონი, დიდები თავადვე ართულებთ ყველაფერს და სამყარო არაფერ შუაშია. - მხრები აიჩეჩა.
- მე თუ ვინმე მომწონს, მივდივარ და ვეუბნები.
- მამაცი ბიჭი ხარ.
- ან, თუ იმდენად მომწონს, რომ თქმას ვერ ვბედავ, ნაწნავზე და კიკინაზე ვქაჩავ. ერთხელ ფეხზეც ვუპწკინე.
გამახსენდა ისრაელი ჯერ ცხვირზე როგორ გამეთამაშა, მერე კი თმაზე მომქაჩა. გამეცინა.
- მადლობა რჩევისთვის, მეგობარო!
- არაფრის, როცა დაგჭირდება ჭკვიანური აზრები, სალონში დაგელოდები. დედა სხვაგან მაინც არსად მიშვებს.
- ახლა რას იზამ?
- უპასუხოდ არ დავტოვებ.
მობილური ჩავრთე და ისრაელს მივწერე: „შესაძლოა თებეა ვარ, შესაძლოა არც ვარ.“ მერე მესიჯები წავშალე, დემიკოს ხელი ჩავკიდე და მეგობრებთან დავბრუნდი.
ბალანსი აღდგა. სამართლიანობამ იზეიმა. ახლა ორივე თანაბარ გაურკვევლობაში ვიყავით.
ყველაფერი ისეთი ჩახლართული და რთული იყო, როგორც ზრდასრულების სამყაროს შეეფერებოდა.



***

ისრაელი აღარ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში და აღარც მე მიცდია მასთან დაკავშირება. ზოგჯერ ადამიანები მცდარ დროს ხვდებიან ერთმანეთს, ან დრო შესაფერისია, მაგრამ თავად არიან ერთმანეთისთვის შეუფერებლები. არც პირველი და არც უკანასკნელი - აი ვინ აღმოჩნდა ისრაელი ჩემთვის და თავად მეც, იმავე როლი მარგუნა ბედმა მის ისტორიაში. ალბათ, სწორი იყო, რომ ურთიერთობა დაწყებამდე დასრულდა, ამგვარად თავიდან ავირიდეთ ის, რისაც ორივეს პანიკურად გვეშინოდა - „ერთმანეთზე დამოკიდებულება“, „შეჩვევა“, „იმედგაცრუება“, „ტკივილი“, „ჭრილობების გამრავლება“ და „დამშვიდობება,“ რომელიც ყოველთვის რთულია მას შემდეგ, რაც ადამიანს შენი გრძელი გზის მცირე მონაკვეთის მეგზურად გაიხდი. ისრაელის გაცნობამ, მასთან შეხვედრამ და უმალვე გაყრამ ბევრი რამ შემძინა, ბევრი რამ მასწავლა. თუკი ოდესმე კვლავ მომეცემოდა მასთან ერთად კაპუჩინოს დალევის შანსი, აუცილებლად ვიტყოდი „ქა-ფუ-ჩი-ნო...“ და თვალს ჩავუკრავდი, რადგან ზუსტად მეცოდინებოდა, რომ იმ მომენტში ჩემთან ერთად დაბრუნდებოდა ბერდიას კაფეში, კვლავ ჩვენ გვერდით იდგებოდა ფრანგული აღნაგობის მიმტანი, რომელიც დაბნეული შეაჩერდებოდა ქართული აქცენტით ნათქვამ „კაპუჩინოზე“ ახარხარებულ ისრაელს.


***

დედაჩემმა და მამაჩემმა ნაადრევად შექმნეს ოჯახი. კიდევ კარგი, თორემ ასაკის მატებასთან ერთად აუცილებლად აღმოაჩენდნენ, რამდენად განსხვავებულები იყვნენ და ისე დაიშლებოდნენ, რომ ვერც მე მოვევლინებოდი ამ წუთისოფელს და ვერც ჩემი ძმა. პირველი, რაც ერეკლეს და კატერინას სიყვარულის ისტორიამ მასწავლა, ალბათ მიანც, შეცდომის შეფასებაა - რომ, თურმე, შეცდომა ყოველთვის ცუდი ან დასაძრახი როდია; რომ ზოგი შეცდომა, მართლაც, ყველაზე სწორი ნაბიჯის ტოლი და სწორია.
იმ დროს, ბნელ მაგრამ - როგორც თავად ყვებიან - მაინც ტკბილ და რომანტიკულ 90-იანებში, ყველა ნაადრევად ქორწინდებოდა: მომავლის წინასარმეტყველება რთული იყო, ქვეყანა სამარისკენ მიექანებოდა, ხსნა კი არ ჩანდა, ამიტომ დასაცდელად და საოცნებოდ არავის ეცალა, „დღევანდელისგან“ უნდა გამოეგლიჯათ ბედნიერების პაწაწინა ულუფები. განუკითხაობის, უსამართლობისა და გაჭირვების ბნელეთში ხანდახან, სიყვარულის სახით, შემოჭრილი სხივებით უნდა გაეთბოთ სული, სწორედ ეს იყო უმაღლესი ნეტარების წყარო. სიყვარული იყო სიცოცხლის ამოცანა, მიზეზი, მიზანიც და შინაარსიც, რადგან იცოდნენ, მხოლოდ ეს გრძნობა თუ გადაარჩენდათ. გასაკვირი არც არის, რომ ურთიერთობები სწრაფად ელვისებურად ვითარდებოდა.
ოცი წელი იცხოვრა დედამ „სხვებისთვის“ - ადამიანებისთვის, რომლებიც უყვარდა; ეძვირფასებოდა, ეიმედებოდა და პატივს სცემდა. ჩვენზე ზრუნვაში უღალატოდ ატარებდა ყოველ დღეს: არასდროს დაუწუწნია, არასდროს უჩხუბია და, რაც მთავარია, არასდროს დაუმადლებია ჩვენთვის მსხვერპლად შეწირული ახალგაზრდობა, მიზნები და სურვილები. ჯერ ერეკლეს ოცნებებს ასხამდა ხორცს (რადგან იშვიათად მოიძებნება იმდენად ძლიერი კაცი, რომ საკუთარ ოცნებას ბოლომდე უერთგულოს), მერე - ჩემსას, ბოლოს კი თედოც გაჩნდა - ნანატრი ვაჟი, „გვარის გამგრძელებელი“. თედიკოს ოცნებების ჯერი დადგა. დედის ხვედრი ეს ყოფილაო, ფიქრობდა ალბათ, და დასქეროდა საკუთარი ოცნებების სასაფლაოს გულმოკლული დედაჩემი.
- მამა, ერთი მიპასუხე, როგორ იძინებდი ღამით, იმის გაურკველად, თუ რატომ შეიცვალა შენი საყვარელი ქალი... ის პატარა გოგო, მოცუცქნნული კაბით, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ რომ ჩაუკარი თვალი, ხელი ჩაჰკიდე და ცისარტყელებს დაპირდი. როდის დაგავიწყდა, ნეტავ, რომ ცხოვრების გზაზე ფეხი სწორედ მასთან ერთად აიდგი? რომ მაგ გოგოს დიდი ოცნებები ჰქონდა; რომ დაჰპირდი: „ოცნენები აგიხდება!“
ყველა ქალი ხვდება, როგორ უნდა ზიდოს სიყვარულის სიმძიმე; ხვდება, როგორ ხდება შვილის სამყაროს დედაბოძი, ოჯახის კერია და ქმრის ზურგი, მაგრამ იცით, რას ვერ ხვდება? ყოველივე ამის ფონზე, როდის, რატომ, როგორ ან რამდენად შეიყვაროს საკუთარი თავი.
ოცი წლის თავზე წავიდა დედა, როგორც მიდიან ხოლმე მრავალჯერ ნაღალატები და მოტყუებული ქალები; ქალები, რომლებსაც არცერთი პირობა არ შეუსრულეს; ქალები, რომლებიც უსიყვარულოდ დატოვეს სიყვარულის ტაძარში და სანთელიც კი არ დაუნთეს.
მე არ შემეძლო მისი შეჩერება - საკუთარი ხელით ჩავულაგე ტანსაცმელი - რადგან დედა უკვე იყო გმირი, აღარ სჭირდებოდა ჩვენთვის რამის დამტკიცება. წავიდა და თან წაიღო მთელი სახლი, მაგრამ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა... მე კი მიხვდი, იქ ყოფილა, თურმე, სახლი, სადაც დედას უღამდება. ...და ვიდექი, თვალს ვერ ვაშორებდი... ისეთი დარდიანი მიდიოდა, დაშვებული მხრებით, თავჩაქინდრული, სევდიანი, გადაღლილი. უნდა მიდიოდნენ ქალები, როცა მათ ერთგულებას ღალატით პასუხობენ; როცა თავდადებას - უმადურობასა და გულგრილობას ახვედრებენ. უნდა მიდიოდნენ... აუცილებლად.


გადავწყვიტე, რაღაც გაგიმხილოთ. ამ თავის წერისას ძალიან ბევრი ვიტირე. იმდენად ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის, რომ წერის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე. იმედია, თქვენამდეც მოაღწია ამ ემოციებმა. მომავალ თავში ძალიან, ძალიან საინტერესო მოვლენას გიმზადებთ. <3



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კი ძალიან ემოციური .რა სევდიანად და რეალურად დახატე ,სახლიდან წასული ქალის სურათი.თუნდაც აუხდენელი და დამსხვრეული ოცნებები.

 


№2 სტუმარი Life is beautiful

და ეს თავი მართლაც ძალიან ემოციური იყო... მე ხომ ვთქვი შესაძლო დასასრული და ვხვდები რომ შემდეგი დასასრული ჩემი ნახსენები დასასრულებიდან ერთერთია აუცილებლად... შეიძლება სხვაგვარად აღწერო მაგრამ შენაარსით კი იქნება მსგავსი ჩემი დასასრულების....
ძალიან ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავი. აი ძალიან გთხოვ მალე დადე და დიდი მადლობა წინასწარ... :-)

 


სტუმარი nancho
კი ძალიან ემოციური .რა სევდიანად და რეალურად დახატე ,სახლიდან წასული ქალის სურათი.თუნდაც აუხდენელი და დამსხვრეული ოცნებები.

ჰოო, დღესაც ცრემლი მომერია, რომ წავიკითხე...


Life is beautiful
და ეს თავი მართლაც ძალიან ემოციური იყო... მე ხომ ვთქვი შესაძლო დასასრული და ვხვდები რომ შემდეგი დასასრული ჩემი ნახსენები დასასრულებიდან ერთერთია აუცილებლად... შეიძლება სხვაგვარად აღწერო მაგრამ შენაარსით კი იქნება მსგავსი ჩემი დასასრულების....
ძალიან ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავი. აი ძალიან გთხოვ მალე დადე და დიდი მადლობა წინასწარ... :-)

დიდი მადლობა, ჩემო კარგო. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent