შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (X თავი)


26-11-2020, 04:20
ნანახია 600

ერთი თვე ცხოვრობდა ბავშვობის მეგობრის, მარიამის სახლში ეკატერინე. ფანჯარასთან დაჯდებოდა ხოლმე ჩაის ჭიქით ხელში, ზამთრის სუსხით შეცივებული ბეღურასავით მობუზული, და ცხოვრებაში პირველად მართლა ფიქრობდა საკუთარ თავზე - არა ისე, აზრი რომ გადაგირბენს და მის დაჭერას ვერ ასწრებ, არამედ სიღრმისეულად, მრავლისმომცველად, შრე-შრე და უჯრედ-უჯრედ რომ მიუყვები; დრო მოვიდა, რომ გაერკვია, ვინ იყო და რა უნდოდა.
რომელიმე საოჯახო სასტუმროში ოთახსაც იქირავებდა, რომ მოენდომებინა, მაგრამ მეგობართან სიახლოვე ერჩივნა, ვინც მის მივიწყებულ წარსულს იცნობდა; ვისაც ახსოვდა, როგორი იყო კატერინა, სანამ ყოფიერება დაავლებდა ხელს - ლაღი, სათუთი, მხიარული და იმედიანი. რომანტიკოსიც იქნებოდა, ალბათ, როგორც ყველა სულიერი სინაზით აღსავსე ქალი. მერე კი ყველაფერი ყოველდღიურობასთან ბრძოლაში დაიფლა, იმაზე ღრმად, ვიდრე ქვიშაში მარხავენ ნიჟარებს; იმაზე ღრმადაც, ვიდრე ზღვა ყლაპავს ნაპირიდან ნასროლ ქვებს. იმ ადამიანთან უნდა ესაუბრა ეკატერინეს, ვინც შეხედავდა და, ნაცვლად მოამაგე დედისა, ცხოვრებისგან ნაადრევად მოყირჭებული ქალისა და ოჯახის დამანგრეველი, უვარგისი ცოლისა (რომელსაც დარჩენილი წლები ქმრის ჩრდილში უნდა გაეტარებინა, რადგან სწორედ ასე იქცევა ყველა „ღირსეული“ და „პატიოსანი“ ქალი), როლებში დატყვევებულ ადამიანს დაინახავდა, ვინც ვეღარ გაიგო, ვინ არის ამ როლების გარეშე; როგორც მსახიობმა სცენა ან გადასაღები მოედანი რომ დატოვა განსახიერებული პეროსნაჟებისგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ვეღარ გაიგო ვინ დარჩა მათი დატოვების შემდეგ... აღმოაჩინა, რომ ყველა გმირმა შემატა რაღაც, მაგრამ უფრო მეტი - წაართვა, და დააცარიელა.
მგონია, მე მგავდა დედა ახალგაზრდობაში, შესაძლოა ნაკლებად გაბედული ყოფილიყო, უფრო თავშეკავებული და დამთბობიც, მაგრამ მაინც მისი პიროვნების ანარეკლი ვარ, სწორედ ამიტომ ვერასდროს მივცემდი თავს უფლებას სათანადოდ არ მყვარებოდა მისი ნაწილი, მისი გაგრძელება და კვალი ამ სამყაროში - საკუთარი თავი. გასაოცარი, ალბათ, არც არის, რომ იმათ უფრო უყვართ თავიანთი თავი, ვინც დედას უყვარდა ძალიან - არა მახინჯად, მოთხოვნებით, არაჯანსაღი მოლოდინებით და პაწაწინა ბეჭებზე საზიდარის აკიდებით - არამედ უანგაროდ, მოლოდინის გარეშე; ამ შემთხვევაში, მათ სხვებზე უკეთესად იციან, რა უნდა შეიყვარონ საკუთარ არსებაში...
ამბობენ, მაისში ვარდი ხარობს და სხვას არავის გაახარებსო, მაგრამ სწორედ ვარდობისთვეს გაიშალა დედაჩემის კვირტებიც - უმშვენიერეს, სურნელოვან ყვავილებად გადაიქცა, რომელსაც მოწყვეტას ვერ გაუბედავდი, შორიახლოს დადგებოდი და დატკბებოდი მისი ცქერით, მისი ტკბილი არომატის შეგრძნობით. სწორედ მაისში გახდა კატერინას „გალერიას“ ფლობელი და დაიწყო მისი „მეორე ცხოვრება“, დიდი მოგზაურობა აქამდე უცნობ სამყაროში და, რაც მთავარია, მოგზაურობა საკუთარი თავის საპოვნელად.
საერთო მანქანისა და საოფისე ფართის გაყიდვის შემდეგ ერეკლემ და ეკატერინემ თანხა გაიყვეს. დედას შეეძლო ბინა ეყიდა და აღარასდროს ედარდა ქირის გადასახადზე, მაგრამ გარისკა. ეს იყო ყველაზე დიდი რისკი მის ცხოვრებაში, ოჯახიდან წასვლის შემდეგ, ნახტომი სრულ გაურკვევლობასა და ცარიელ მოლოდინებში: ფინანსები მთლიანად თავისი, პირველი ბიზნესისკენ მიმართა. გალერიის ტიპის კაფე გახსნა ქალაქის შუაგულში - ხელოვანთა ატელიე, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ მხატვრები, მწერლები, პოეტები, სკულპტორები თუ დიზაინერები; მოკლედ, ყველა ვინც შემოქმედების ცეცლხში იწვოდა ან, პირიქით, დაკარგულ მუზას დაეძებდა ყოველ მოსახევში. ვიქტორიანულ სტილში მოაწყო ინტერიერი, დარბაზის ყველა სანტიმეტრს - შინაარსი, ნივთს კი ისტორია შესძინა, რადგან თავად იყო სიცოცხლისმშობელი. დედას „გალერიას“ უზარმაზარი, ოქროსფერკანტიანი ოთხი ფანჯარა ჰქონდა, რომელიც შეყვარებული ქალივით მისჩერებოდა ქუჩას, სამხრეთ კედლიდან. ამ კედელზე ყოველთვის ქანდაკებები იყო ჩამწკრივებული, უმეტესწილად - ცნობილი სკულპტორების, ზოგჯერ კი დამწყები, უცნობი ხელოვანების, რომლებსაც დედა სრულიად უსასყიდლოდ უთმობდა სივრცეს. დარბაზს სამი, უშველებელი, ბროლით გაწყობილი ჭაღი ამშვენებდა, რომელსაც კატერინა შემთხვევით წააწყდა ანტიკვარიატის მაღაზიაში, ჩეხეთში პირველი მოგზაურობისას. დედამ „გალერეას“ ჭერი საკუთარი ხელით მოხატა. რა თქმა უნდა, მე და მარიამი ვეხმარებოდით ეკას, მაგრამ კომპოზიციის დასრულებაში ლომის წილი მაინც მარიამის უმცროსმა ქალიშვილმა, თინიმ, შეიტანა. თინი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო. უზარმაზარი ოთახის დასავლეთ კედელთან დეკორატიული ბუხარი იდგა, რომლის თავზეც გამოფენის მთავარ ექსპონატს დაკიდებდნენ ხოლმე. იმავე კედელზე ათობით სარკე დაემაგრებინა დედაჩემს - სხვადასხვა ზომის და ფორმის, მაგრამ ყველა ოქროს ჩუქურთმაში მოქცეული. ბუხრის წინ მოთავსებული „დივანი“ და სავარძლები ფარშევანგთა გობელენით იყო გაწყობილი - ბარხატისებური ცისფერი, ხალასი მწვანე, კვერცხისგულისფერი და ოკეანის ფსქერივით ლურჯი ფერები ზედ ერტწყმოდნენ ერთმანეთს. დაბალ, ჟურნალების მაგიდას ყვავილებიანი ჩინური ქოთნით, მეტალის ზარდახით ან ძველებური შანდლებით აფორმებდა, რომელშიც სურნელოვანი სანთლებით კიაფობდა ღამღამობით. კაჟისფერ კედლებს რძისფერი, ფართო კანტი დაჰყვებოდა, მითიური არსებებით, თუმცა მაინც სადად ჩანდა, საგამოფენო ნახატებისთვის მშვენიერება რომ არ დაეკარგა. რამდენიმე მაგიდა შირმით გამოეყოთ მეტი პრივატულობისა და სიმყუდროვისთვის, შეგეძლო ამოფარებულიყავი რომანტიზმის სტილში შესრულებულ ხელოვნების ნიმუშს და ყველაზე გაუთქმელ საიდუმლოებებზეც კი გეჩურჩულა თანამოაზრესთან. სხვა მაგიდები კი წიგნიდან გამოპარული პერსონაჟებივით ერწყმოდნენ „გალერიას“ ცხოვრებას. აღმოსავლეთ კუთხეში მარმარილოს ბარი და მუხის განჯინა იდგა, რომელშიც საჩვენებლად გამოედოთ ძველებური ჭურჭელი. ძალიან მიყვარდა დედასთან მისვლა, ამოჩემებული ადგილიც კი მქონდა ფანჯარასთან ახლოს, სიადანაც მთელი დარბაზიც ჩანდა და ქუჩაც, რომელიც მთელი დღე ზუზუნებდა, ღამღამობით კი, როცა მთვლემარე და მდუმარე უნდა გამხდარიყო, სინამდვილეში მხოლოდ თავს იმძინარებდა, რომ მთვარისა და ვარსკვლავებისთვის ეთვალთვალა.
დედას ატელიემ მალევე გაითქვა ქალაქში სახელი, მერე კი მთელ ქვეყანას მოედო მისი ამბავი და საქართელოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ მის სანახავად. ზოგჯერ თვეობით ადრე იჯავშნებოდა ადგილები. „გალერიას“ დაარსებიდან მეხუთე წელს, იუბილეზე, კატერინას კაფერში არ წყდებოდა ღონისძიებები, დედა თავიდან ბოლომდე ჩაფლული იყო სამუშაოში, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო თავის მრავალფეროვან, ხელოვნებითა და იდეებით სავსე სამყაროში, სწორედ ამიტომ ვცდილობდი არ მომეცდინა, მიმეცა უფლება სრულად შეეგრძნო თავისუფლება. პარასკევობით და შაბათობით ვეწვეოდი ხოლმე, ბართან ჩამოვჯდებოდი, ჭიქა ღვინოს, ლიქიორს ან ბარმენის ექსპერიმენტულ კოქტეილს დავიდგამდი ახლოს და ვაკვირდებოდი, როგორ დაფრინავდა სუფრიდან სუფრაზე, ულამაზესი პეპელასავით, რომელიც სიცოცხლის ყოველი წუთით ხარობს. ყველას იცნობდა, ვინც კი მის კაფეს ერთხელ მაინც ესტუმრებოდა, იმდენად აყვარებდა ხალხს თავს, რომ ყოველთვის ბრუნდებოდნენ უკან მის სანახავად, სიცოცხლით ასავსებად.
- იმ კვირაში ამერიკაში მოღვაწე, ქართველი მხატვრის გამოფენა გვექნება, - მითხრა და მომეხუტა. - ისეთი აღელვებული ვარ! ათი წელია საქართველოში არ ყოფილა! იმედია, მოეწონება ჩვენთან!
- როგორ შეიძლება ვინმეს შენს „გალერეაში“ არ მოეწონოს?
- რამდენი წლის არის?
- ოცდაათი. ულამაზეს ფურშეტს გავუკეთებ და ყველაზე მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს დავახვედრებ!
- შეიძლება გოგონები მოვიყვანო?
- რა თქმა უნდა! ვის დაპატიჟებას აპირებ?
- ქრისტინეს, სალომეს და თეკოს. ბებესაც დავუძახებდი, მაგრამ საქართველოში არ არის.
- გამახსენე, ბებეს რომელს ეძახით?
- ვიკა, უნივერსიტეტში რომ გავიცანი, პირველ კურსზე.
- ხო, ხო! ფოტოგრაფი. უცბად გონებიდან ამომივარდა. უნიჭიერესი გოგონაა, სხვათა შორის.
- ხომ არ გაგვეკეთებინა ბებეს ფოტოგამოფენა?
- კარგი იდეაა!
- შევთავაზოთ, რომ ჩამოვა. თედო დაითანხმე შენთან მუშაობაზე? - ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.
- თან კი და თან ვერა... მოვიდეს ზაფხულის არდადეგები და გაირკვევა, რა გადაწყვიტა საბოლოოდ.
- ფაქტია, სხვისი შრომა რომ დააფასოს, თავადაც უნდა იშრომოს. თან, აქ ადამიანებს გაიცნობს, შეიძლება მეგობრები შეიძინოს ან საკუთარი მოწოდება იპოვოს, და მიხვდეს, რომ ნამდვილი ცხოვრება ვირტუალურზე უფრო საინტერესოა.
- ამინ... - ჭიქა ისე ავწიე, თითქოს ღმერთი მის ხსენებას ელოდებოდა და ზემოდან მოუთმენლად დამცქეროდა.
***
მუქი იასამნისფერი, აბრეშუმის კაბა ეცვა ეკატერინეს, გრძელი საყურე დასთრევდა ბეჭებზე. თმა მაღლა აეწია და ძალიან ნაზი მაკიაჟი გაეკეთებინა. თვალისმომჭრელი იყო! მხატვარი, თუ მამაკაცი არ იქნებოდა, უსათუოდ გაუბრაზდებოდა დამსწრე საზოგადოების ყურადღების მოპარვისთვის.
- მომტაცებენ შენს თავს, დედა! - კარშივე შევძახე. რამდენიმე უცხოელმა გაკვირვებით გამომხედა, რას ყვირისო. „გალერეაში“ პირველად ვხედავდი. მივხვდი, რომ საღამოს ვარსკვლავის მეგობრები ან გულშემატკივრები უნდა ყოფილიყვნენ.
„ამ სნობებს ხომ ვერსად ავცდი.“ - გავიფიქრე და ცხვირაბზუებული ჩავუარე გვერდით. კატერინა მოგვესალმა, რამდენიმე ფოტო გადაიღო ჩვენთან ერთად, მერე კი ბულკეტები მოგვაჩეჩა, გადაიკითხეთ, დაახლოებით რომ იცოდეთ საღამოს შინაარსი და მიზანიო. ბუკლეტს დავხედე, მხატვარს, ვინმე ინნას, გამოფენისთვის „ისტერია“ დაურქმევია.
- ისტერია რა „პონტში?“- გაუკვირდა სალომეს.
- ისტერიკულ მდგომარეობაში ხატავდა ეტყობა, - გაეცინა ქრისტინეს.
- „ისტერია“ სინდრომია, რომელიც ხასიათდება ამნეზიით, ფსევდოკრუნჩხვებით, ფსევდო-დამბლებით, მგრძნობელობის ცრუ დაკარგვით, სულით შეპყრობილობის განცდით და ტრანსით, - წარმოვთქვი და ბუხრის თავზე დაკიდებულ ნახატს დავაკვირდი. რთული სათქმელი იყო რა ეხატა... სავარაუდოდ ქალის გადახსნილი გენიტალია უნდა ყოფილიყო, საიდანაც შინაგანი სამყარო იღვრებოდა.
- შენ ხომ ყოველთის ყველაფერი იცი, - ჩაიხითხითა სალომემ.
- მაგიტომაც „გვევასება,“ არა? - ხელი გაჰკრა ქრისტინემ. მერე მობილური ამოიღო და „ინსტაგრამზე“ „დასთორა“ ნახატი.
- ისტერია კლასიკურ საბერძნეთში იღებს სათავეს. - განვაგრძე თხრობა: - მაშინ მიაჩნდათ, რომ მისი მიზეზი საშოა.
- რატომ?! - შეიცხადეს გოგოებმა.
- რა სექსიზმია, - კბილებში გამოსცრა თეკომ.
- იმიტომ რომ იმ პერიოდში ისტერია მხოლოდ ქალებში იჩენდა თავს.
- სავარაუდოდ სწორედ ამიტომ ჰგავს ეს ნახატიც ჩვენს ვაგინას. - დამასწრო თეკომ.
ბებეს ძალიან მოეწონებოდა ეს გამოფენა. არასამთავრობო, ფემინისტური ორგანიზაცია ჰქონდა ჩამოყალიბებული. საქართველოს რეგიონებში დადიოდა, წარმატებული ქალები მიჰყავდა და ტრენინგებს ატარებინებდა მოზარდების ცნობიერების ასამაღლებლად. სურდა სკოლის მოსწავლეებში გენდერული უთანასწორობა მოესპო. სჯეროდა, რომ ამ გზით საზოგადოების განვითარებას უწყობდა ხელს. ბებეს სურათების მთავარი გმირებიც უმეტესწილად ქალები იყვნენ - თავიანთი ისტორიებით. ბევრს მოგზაურობდა და ყველაზე სულშიჩამწვდომ ამბებს აგროვებდა, კადრებში მხოლოდ მომენტებს კი არა, მთელ ცხოვრებას აფიქსირებდა. სოციალურ ქსელში შევედი და მივწერე: „ნეტავ, აქ იყო.“
- საინტერესო ადამიანი ჩანს ეს ინნა, - ბუკლეტის უკანა მხარე შეათვალიერა თეკომ. მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ მისი ფოტო ვერ ნახა.
სასმელს დავავლეთ ხელი და ნახატებს ჩამოვუარეთ. სპეციალური განათება იყო დამონტაჟებული, რომ ფერებისა და ფორმების აღქმა არ გაგვჭირვებოდა, რასაც ავტორის მთავარი სათქმელის ამოცნობა უნდა გაემარტივებინა ჩვენთვის.
- შენი ძმა რატომ არ წამოვიდა? - მკითხა დედამ, რომელმაც ყველაფეი შეამოწმა და ახლა შეეძლო დამტკბარიყო ნაშრომით.
- „ბიჭების დღე“ აიჩემეს მამა-შვილმა.
- სპეციალურად მიკეთებს მაგას ერეკლე. - წარბი შეკრა ეკატერინემ.
- საღამოს ნუ ჩაიშხამებ, დედა.
- მხატვარი მოვიდა უკვე? - დაინტერესდა თეკო.
- კი, შირმის უკან ზის და სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება.
დარბაზი შეივსო. რამდენიმე მამაკაცის გამჭოლი მზერა ვიგრძენი, ზოგი ქალთან ერთად იყო და მაინც მოურიდებლად მაკვირდებოდა. თავი უხერხულად ვიგრძენო და შევიშმუშნე.
- ვულგარულად გამოვიყურები? - ვკითხე გოგოებს.
- არა, რას ამბობ.
- მგონი, ზურგის მოხსნა არ ღირდა. - მუხლამდე, გამოყვანილი, წითელი კაბა მეცვა, ლიფის გარეშე, რომ ზორტი უშნოდ არ გამოჩენილიყო. გაშლილი, დატალღული თმა უკან გადავიყარე ბეჭების სიშიშვლის მაქსიმალურად დასაფარად.
ინნა რომ შირმიდან გამოვიდა, მომენტალურად მოახდინა პირველი ეფექტი. საშუალო სიმაღლის გოგო იყო, კატისებურად წაგრძელებული თვალებით, აჩეჩილი წარბებით და ბუნებრივად გრძელი წამწამებით. სავსე სახე და ტუჩები ჰქონდა. ორივე ლოყა გაეხვრიტა. ტონალურიც კი არ ესვა, ალაგ-ალაგ სახის სიჭრელე დიდ დისკომფორტს ნამდვილად არ უქმნიდა. ჩახუჭუჭებული თმა წითლად შეეღება. თავზე შარფი ეკეთა და სადა, მწვანე კომბინეზონი ეცვა, ფეხზე - სანდლები. მასთან შედარებით ყველანი ძალიან გადაპრანჭულები ვჩანდით. უხერხულობა არ უგრძვნია, პირიქით თითქოს გაართო ამ სიტუაციამ:
- მოგესალმებით, ნაცნობ და უცნობ სახეებს ვხედავ. მიხარია, რომ ბევრნი ვართ... დარწმუნებული ვარ, ჩემს სათქმელს ამ სივრციდან გაიტანთ, ჩემი მაცნეები იქნებით, რომ მთელ საქართველოს მივაწვდინოთ ხმა. - ბუხრისკენ წავიდა, რომლის კედლიდანაც გამოფენის მთავარი ექსპონატი იმზირებოდა.
- სიმართლე გითხრათ, ეს ვიქტორიანული სტილი საჩემო არ არის, - განაგრძო ღიმილი. - მაგრამ როცა ვიკითხე, გამოფენა სად მოვაწყო-მეთქი, ყველამ კატერინა მიხსენა. ისეთი რეკომენდაცია გაუწიეს ამ ადგილს და საზოგადოებას, რომელიც „გალერეაში“ იყრის თავს, ცდუნებას ვერ გავუძელი. ვფიქრობ, თუ ჩემს ისტორიას მოგიყვებით, ბევრ ნახატს მოეფინება ნათელი... საქართველო რომ დავტოვე ოცი წლის ვიყავი. მახრჩობდა აქაური მენტალიტეტი. მუდმივად საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი, რომ ისე მეცხოვრა, როგორც სხვებს მოეწონებოდათ. ეს დაუსრულებელი კონფლიქტი მაძულებდა „მეობას“. მეჩვენებოდა, რომ.... უფრო სწორად, კი არ მეჩვენებოდა, მართლა ფარსი იყო ყველაფერი ჩემ ირგვლივ. თავადაც ერთი დიდი ტყუილი ვიყავი. დილემების წინაშე ვიდექი გამუდმებით, როგორ დავრჩენილიყავი საკუთარ თავად და, ამასთან ერთად, როგორ ვყოფილიყავი საამაყო შვილი, კარგი მეგობარი, საზოგადოებისთვის სასურველი წევრი. ერთ დღეს, როცა მივხვდი, რომ ცოცხლად ვიხრწნებოდი, გადავწყვიტე თავი გადამერჩინა. გამბედაობა მოვიკრიბე, ბარგი ჩავალაგე, ჩემებს დავემშვიდობე და წავედი. თავს დავპირდი, თუ ოდესმე იმდენად ძლიერი გავხდები, რომ საკუთარ თავად დარჩენას შევძლებ ასეთ პურიტანულ საზოგადოებაშიც კი, აუცილებლად დავბრუნდები-მეთქი. ათი წელი გავიდა და... აი, აქ ვარ. დავინახე, რომ ამ ათი წლის განმავლობაში საქართველოშ ბევრი რამ შეცვლილა, მაგრამ ჯოგური აზროვნებიდან არ განდევნილა სიბნელე. ზოგს ქალი ისევ ნივთი ჰგონია, რომელსაც ადგილი უნდა მიუჩინო და პერიოდულად კარგად უნდა მოიხმარო; ზოგს ცხოველი, რომელიც უნდა მოიშინაურო და აღზარდო.
ინნას სიტყვის მოსმენისას ლევი გამახსენდა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. ხუმრობდა ხოლმე, რომ ქალები ნივთები არიან და სახლის რომელიმე კუნჭულში გახდილი ფესაცმელივით უნდა გეგდოს. ხუმრობდა, მაგრამ ამ ხუმრობის მიღმა მისი ნამდვილი აზრები იმალებოდა.
- საქართველოსთან ძაფი არასდროს გამიწყვეტია, ჩემი ქართველი მეგობრები ხშირად მიამბობდნენ პირად ამბებს, რომელთა დაჯერებაც კი მიჭირდა. - განაგრძობდა მხატვარი. - ეს გამოფენა ქართველ ქალებს ეძღვნებათ, რომლებსაც ისტერიაში ამყოფებენ... ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან გენდერულ დისკრიმინაციას - ოჯახში, პირად ურთიერთობაში, სანაცნობო თუ სანათესაო წრეში, სასწავლებელში და სამსახურში. იმედი მაქვს, ჩემი გამოფენა კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება გონებიდან სიბნელის გასადევნად.
ინნამ სიტყვა დაასრულა და ტაშმა იქუხა. მადლობა მოიხადა და ხალხს შეერია. დიდი ხნის უნახავი მეგობრების მოკითხვა სურდა. ვიცოდი, თეკოს ინნას უფრო ახლოს გაცნობა უნდოდა, მაგრამ მისვლა ერიდებოდა, ამიტომა, როგორც კი საკუთარი ნახატის წინ მარტო გამოვიჭირე, მეგობარს ხელი გამოვდე და მასთან მივაჭერი.
- გამარჯობა, ინნა. მე კატერინას ქალიშვილი ვარ. - მტევანი გავუწოდე.
- ვაუ! მართლა ვაუ! - ხელი ჩამომართვა. - ვერასდროს დავიჯერებდი, რომ კატერინას ამხელა შვილი ჰყავს!
- ჰო, ხშირად გვეუბნებიან მაგას. მინდა ჩემი მეგობარი თეკოც გაგაცნო.
- ჰეი, რა მაგარი სტილი გაქვს! შენი ტატუებიც მომწონს.
- მმ, მადლობა, თავად დავხატე.
- აი, ეს, ხელზე განსაკუთრებულად!
- ეგ ჩემმა ბიჭმა აარჩია.
- ბოიფრენდმა?
- არა, შვილმა.
- იმდენი ხანია ვფიქრობ და ვერაფერი შევარჩიე.
- შემიძლია დაგეხმარო, თუ ატელიეში შემომივლი.
- შევთანხმდით. - მობილურის ნომრები გაცვალეს.
- ძალიან მოგვეწონა შენი ნამუშევრები. - ვთქვი და ოთახს მოვავლე თვალი.
- სიტყვით გამოსვლაც, - დააყოლა თეკომ. - საქართველოს ნამდვილად სჭირდება ეს „დრაივი“, პირადი გამოცდილება მალაპარაკებს.
- ხო, ოდესმე ყველამ უნდა ვაღიაღოთ, რომ პატრიარქალურ სამყაროში ქალად დაბადება სასჯელია ლამის. ჩვენ გვაიძულებენ დავთრგუნოთ საკუთარი სურვილები, შევიცვალოთ და გავამართლოთ ჩვენზე დამყარებული მოლოდინები. გვზრდიან სირცხვილის, თავშეკავებისა და დანაშაულის განცდით. საუკუნეების განმავლობაში მამაკაცები - იმ ქალებთან ერთად, ვისაც დააჯერეს თავიანთი სიტყვის უტყუარობა - ქმნიდნენ და ამყარებდნენ სტერეოტიპებს, როგორი უნდა ან არ უნდა იყოს ქალი. მერე კი გვაიძულებდნენ დავეკმაყოფილებილა სტანდარტები და გაგვემართლებინა სულელური სტერეოტიპები.
- ხო, მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარიცაა ამავდროულად. - ჩავურთე და ღვინო მოვსვი. ვიცოდი, ეს აზრი დიდად არ მოეწონებოდა ინნას, მაგრამ მართლა მასე ვფიქრობდი. - პირადად მე ყოველთვის ვტკბები იმით, რომ ქალი ვარ და არ მგონია, რომ ეს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას მირთულებს.
- ბევრი ეროტიკული პასაჟ დავიჭირე შენს ნამუშევრებში. - აღნიშნა თეკომ.
- კარგია რომ შენიშნე, ე.ი. სხვებიც დაინახავდნენ. ჩვენ, ქალებს, გვაიძულებენ გვესირცხვილებოდეს ჩვენი სექსუალური სურვილები, სექსით სიამოვნების მიღების უნარი, გვაიძულებენ შეგვზიზღდეს, ზურგი ვაქციოთ ან შეგვეშინდეს...
არ ვიცი, რატომ, მაგრამ უეცრად გონებაში ისრაელი ამომიტივტივდა. ჩვენი ძველი მიმოწერა გამახსენდა.
„ამოდი ჩემთან, ვერანდიდან ისეთი ხედია, ნახვად მართლა ღირს.“
„მადლობა დაპატიჟებისთვის, მაგრამ არ მგონია კარგი აზრი.“
„რატომ?“
„ნორმალურად არ გიცნობ.“
„და ხომ გამიცნობ?“
„მაინც.“
„რატომ გეშინია ასე ჩემი?“
თავად ისრეალის კი არა, მასთან მარტო დარჩენის მეშინოდა. იმის მეშინოდა, რომ შეიძლებოდა ეკოცნა ჩემთვის, მე კი წარმოდგენაც არ მექნებოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ავყოლოდი კოცნაში? მაშინ, მეტს მოითხოვდა. მასთან დაწოლას კი ვერ შევძლებდი.
- ღვინის მოსატანად გავალ, გოგოებო. თქვენც ხომ არ წამოგიღოთ?
- თუ არ შეუწხდები, - მითხრა თეკომ.
ფურშეტის მაგიდას მივუახლოვდი და ცარიელი ბოკალი დავდე. რა დროს ისრაელი იყო? საერთოდ, რამ გამახსენა? ექვსი თვე გავიდა ჩვენი ბოლო მიმოწერიდან. Eyes On You და ერთადერთი პაემანი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.
- რაზე ჩაფიქრებულხარ, გოგონი? - მაგიდას თეკო მოადგა.
- არაფერზე. - სავსე ბოკალს დავტაცე ხელი და მივიყუდე.
- ანერვიულებული ხარ თითქოს.
- ვიღაც ისეთი გამახსენდა, ვისი გახსენებაც საჭირო არ იყო. - ჭიქა გავუწოდე: - შენ რა, ინნა მარტო დატოვე? თუ წაგართვა ვინმემ?
- არა, შეყვარებულმა მოაკითხა და... „მურმანის ეკალი“ ხომ არ ვიქნებოდი? აი, იქ დგანან. თვალით მანიშნა კარისკენ.
წყვილს გავხედე. ინნა სიმპათიურ, მასკულინურ მამაკაცს ეხუტებოდა. მეცნო მისი აღნაგობა, ამიტომ კარგად დავაკვირდი სათვალიან, შავგვრემან მამაკაცს. ელდა მეცა და ბოკალს ისე ძლიერად მოვუჭირე, რომ ხელში ჩამატყდა. ისრაელი იყო!


ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ ამბის გაგრძელების თქვენეულ ვერსიებს.



№1 სტუმარი Life is beautiful

დიდუ ეს საიდან გაჩნდა... ვგრძნობდი რომ ამ საღამოს შეხვდებოდნენ ერთმანეთს... და იმასც ვგრძნობდი რომ სავარაუდოდ შეყვარებული ისრაელი იქნებოდა.... რაღაცა ხდრბა აქ....
ველი შემდეგსსსს<3<3<3

 


Life is beautiful
დიდუ ეს საიდან გაჩნდა... ვგრძნობდი რომ ამ საღამოს შეხვდებოდნენ ერთმანეთს... და იმასც ვგრძნობდი რომ სავარაუდოდ შეყვარებული ისრაელი იქნებოდა.... რაღაცა ხდრბა აქ....
ველი შემდეგსსსს<3<3<3


ძალიან კარგი ინტუიცია გაქვს და, ამასთნ ერთად, ჭკვიანი ხარ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

აიი იციი რა მომწონსს შენს ისტორიაშიი? მთელი ემოციებით და სიზუსტით რომ აღწერ ყველაფერს თუმცაასევე ვფიქრობ ისტორია ასე გაგეწელება.
ძალიან მაინტერესებს რა მოხდება შემდეგში. აბა ჰეე აბა ჰო:))

 


№4 სტუმარი სტუმარი Kkk

Ai ar arsebobs ra gamadzlebinebs axal tavamde gavrekeeeee .... auu dzaan mainteresebs tu reakcia tu Shevedraa au male dade gtxov

 


სტუმარი ნინი
აიი იციი რა მომწონსს შენს ისტორიაშიი? მთელი ემოციებით და სიზუსტით რომ აღწერ ყველაფერს თუმცაასევე ვფიქრობ ისტორია ასე გაგეწელება.
ძალიან მაინტერესებს რა მოხდება შემდეგში. აბა ჰეე აბა ჰო:))


მიხარია, რომ მოგწონს. <3
რაც შეეხება ისტორიის გაწელვას, სიმართლე გითხრა, არ მეჩქარება მოვლენების განვითარება ან თხრობის დასრულება. ეს სათავგადასავლო წიგნი არ არის, ქალის გონებაში, აგნცდებში და ემოციებში მოგზაურობაა, შესაბამისად, ის უფრო მნიშვნელოვანია, რა ხდება მთავარ გმირში, ვიდრე ის, რა ხდება მის მიღმა. თუ შევცვლი ამ ნიუანსს, გამოვა ჩემს პირვანდელ მიზანს ავცდები და მიუღწეველი დამრჩება. <3

ველი შენს კომენტარებს მომავალშიც, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. <3

სტუმარი Kkk
Ai ar arsebobs ra gamadzlebinebs axal tavamde gavrekeeeee .... auu dzaan mainteresebs tu reakcia tu Shevedraa au male dade gtxov

დღეს ვეცდები ორი თავი ავტვირთო. ერთი უკვე დავდე, რომ ლოდინის რეჟიმი არ გაწელილიყო. <3

 


№6 სტუმარი სტუმარი Kkkk

Magariaaaaa dzaaannn

 


სტუმარი Kkkk
Magariaaaaa dzaaannn

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent