შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (XI თავი)


27-11-2020, 17:40
ნანახია 484

ბოკალის ნატეხები მჭრელად შესრიალდა ხელისგულში, მარტივად გაკვეთა ნაზი კანიცა და რბილი ხორციც. ტკივილი არ მიგრძვნია, მხოლოდ თეკოს შეცხადებამ და პანიკურად გაფართოებულმა თვალებმა შემაშინა. ხელს დავხედე, დასერილი თითებიდან გამოჟონილი და ღრმა ჭრილობიდან ამონთხეული სისხლი სწრაფად შეგუბდა მტევანში. სალომე და ქრისტინე თვალის დახამხამებაში გაჩდნენ ჩემთან, მაგრამ მოკარება ვერ გაბედეს. თითქოს სისხლის მდინარე მიედინებოდა ჩვენ შორის, მათ კი ცურვა არ იცოდნენ, მეორე ნაპირამდე რომ მოეღწიათ. ჩემს გონებაში დრო და სივრცე გამრუდდა: უხილავ ნაჭუჭში აღმოვჩნდი, რომელშიც სრულმა ვაკუმმა დაისადგურა და წუთებიც გაშეშდა, მაგრამ მიღმა არსებული სამყარო ჩვეულ რიტმში აგრძელებდა არსებობას. მეგობრები კითხვებს მისვამდნენ, ვიღაცას ეძახდნენ - ალბათ დედას და ექიმს. მთელი „გალერიას“ ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. მთელი ტანით ვგრძნობდი, რომ ინტერესით შემომცქეროდნენ, მეც უაზროდ ვაცეცებდი თვალს, ერთიდან მეორეზე გადამქონდა ზმერა, მაგრამ სტუმრების სახეებს სათითაოდ მაინც ვერ ვარჩევდი.
- არაფერია... - ჩავილაპარაკე და ხალხში გზა გავიკვლიე. ჯერ კიდევ ლიბრი მქონდა გადაკრული თვალებზე, საგანთა კონტურებს ავღვიქვამდი და ვარაუდით ვმოძრაობდი.
- ქრისტი, სასწრაფო არ გამოიძახონ. იზრუნე ამაზე. - საპირფარეშოში შესვლამდე დავუბარე, რადგან მივხვდი სამივენი უკან მომყვებოდნენ: - სალო, შენ დედაჩემი დაამშვიდე, არ შემოუშვა აქ, თორემ გული გაუსკდება. თეკომ კი სპორტი და ბინტი მიშოვოს. წესით, სამზარეულოში იქნება.
საპირფარეშოს ნიჟარის წინ სრულიად მარტო აღმოვჩნდი. ბოკალის ნატეხები იქვე დავდე და ხელი გავითავისუფლე. ტკივილის შეგრძნება დამიბრუნდა. ცივი წყალი მოვუშვი და ნაკადს შევუშვირე ჭრილობები. ბავშვობაში, როცა ცუდ სიზმარს ვნახავდი, დედაჩემი მეუუბნებოდა, წადი და წყალს მოუყევი, კოშმარი თან გაატანეო. არ შეიძლებოდა ისრაელიც ცუდი სიზმარივით მისთვის გამეტანებინა? ექვსთვიანი განშორების შემდეგ ეს კაცი კვლავ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში - დაუკითხავად და თავხედურად; ამჯერად რა უნდოდა? იქნებ, პრობლემა ის იყო, რომ არც არაფერი უნდოდა? უმიზნოდ შემოისეირნებდა ხოლმე - როგორც ძვირადღირებული ტანსაცმლის მაღაზიაში დავდივართ, ვათვალიერებთ, მაგრამ არ ვყიდულობთ. თითქოს უნდოდა შეემოწმებინა, როგორ ვუმკლავდებოდი ჩემს ყოველდღიურობას; ან დავივიწყე თუ არა ნახევარ წელიწადში. რა სისასტიკეა, ყოველ ჯერზე გაახსენო ადამიანს საკუთარი არსებობა, როცა მის ცხოვრებაში დარჩენას მაინც არ აპირებ; როცა იცი, რომ შენი ადგილი სხვის გვერდითაა. მინდოდა, პერანგის საყელოთი დამეთრია და გემრიელად შემენჯღრია, მერე კი მეყვირა: „თვალით აღარ დამენახო!“ იმიტომ რომ მართლა აღარ მინდოდა ოდესმე მენახა. მისი სიახლოვე სიმშვიდეს მირღვევდა, ეჭვებს მიღვიძებდა და მოსვენებას მიკარგავდა.
უეცრად, კარი გაიღო და საპირფარეშოში ისრაელმა შემოაბიჯა. თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა. მაჯას იმავე საათი უმშვენებდა. გასაღები გადაატრიალა, რომ თან არავინ შემოყოლოდა. მერე პირველადი დახმარების ყუთი მშვიდად დადო ნიჟარასთან (არ მეცნო ეს ყუთი, თავისი მანქანიდან ამოიღო სავარაუდოდ) და წამლების ამოლაგებას შეუდგა. არ მივსალმებივარ. თავადაც დუმდა. მის მოძრაობებს ვაკვირდებოდი. მკლავები აიკეცა და მტევანში ცივად, ლამის უხეშად, ჩამავლო. ყურადღებით დამაკვირდა ხელისგულზე და ჭრილობაში ჩარჩენილი შუშა შენიშნა:
- გეტკინება. - ჩაილაპარაკა. ეს იყო პირველი სიტყვა, რომელიც მითხრა ამდენი ხნის შემდეგ.
- ვიცი. - ნეტავ, თავიდანვე ეღიარებინა, რომ მატკენდა, პირველივე დღეს, როცა მომწერა.
- პინცეტი თან გაქვს?
- „კოსმეტიჩკაში“ უნდა ჩავიხედო.
გადაკიდებული, მცირე ზომის ჩანთა მომხსნა და მასში ქექვა მოურიდებლად დაიწყო.
- პროფესია შეიცვალე? - ცინიკურად ჩავიცინე.
- ადამიანის დახმარებას პროფესიის შეცვლა არ სჭირდება, თებეა.
- დედა ტერეზასთან გაგივლია კურსები.
- ეგაა! და კეთილშობილებით გავსხივოსნდი, - პინცეტი იპოვა და სპირტით დაამუშავა.
ტკივილზე ხელი რომ არ გამეწია ინსტინქტურად, ძლიერად დამიკავა და ნატეხი ამოაძრო. მსურდა მეთქვა, რომ წინა ჯერზე გაცილებით უფრო მეტად მატკინა, ვიდრე ახლა. ეს უსიამოვნო განცდა ათ წუთში გაივლიდა, მასთან შეხვედრას კი თვეები ვინელებდი.
- აქ რა გინდა?
- შეყვარებულის გამოფენას ვესწრები. – წყალბადის ჟეზანგი გადამასახდა.
- ექსპონატები ტუალეტში არ არის წარმოდგენილი. - სიმწრისგან თვალებიდან ნაპერწკლები დამცვივდა.
- გაკერვა არ დაგჭირდება. გაგიმართლა. - ბრილიანტის მწვანე წამისვა. ბამბა დამადო და მჭიდროდ შემომაკრა დოლბანდი ხელისგულსა და თითებზე. - მალამოს გიტოვებ, შინ რომ მიხვალ, მოიხსენი სახვევი და წაისვი.
- მადლობის გადახდას არ ვაპირებ, მაგიტომ თუ გაისარჯე.
- მადლობისთვის არაფერი გამიკეთებია.
- აბა, რისთვის?
- იმისთვის, რომ ჩემ გამო გადაიხსენი ეგ ხელი.
გადავიხარხარე.
- გგონია, სამყაროში ყველაფერი შენ გამო ხდება?
- ყველაფერი არა, მაგრამ ეს ნამდვილად ჩემ გამო მოხდა, - ხელზე მიმითითა.
ყუთი ჩაალაგა და საკეტი გააღო.
- ვიცი, რომ იმ ღამეს შენ მომწერე... - თქვა და ისე რომ პასუხს არ დალოდებია, საპირფარეშოდან გავიდა. ის საშინელი განცდა დამიბრუნდა... მანქანაში, ჩვენი გამომშვიდობებისას რომ დამეუფლა პირველად.
ქრისტინე და სალომე იმწუთასვე შემოცვივდნენ. საიდან იცნობ ამ ბიჭსო, ჯერ ეს მკითხეს და მერე ხელის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ.
- იმან შეგიხვია?
- ჰო.
- ინნას შეყვარებული არ არის?
- არის.
- მეგობრობდით? - თვალები დაუწვრილდა სალოს.
- მგონი, მოსწონდათ ერთმანეთი. - იეჭვა ქრისტიმ.
- არა, არაფერი მსგავსი. არც ვმეგობრობდით და არც სხვა რამე. ერთადერთხელ მყავს ნანახი.
- კი, როგორ არა... - ერთმანეთს გადახედეს გოგონებმა.
- თეკო სად არის? - თემის შეცვლა ვცადე.
- დედაშენთან და ინნასთან ერთადაა.
- ძალიან ინერვიულა ეკატერინემ?
- შენ არ ინერვიულებდი, შვილს ხელი რომ გადაეხსნა?
- სახლში უნდა წავიდე.
- საავადმყოფოში ხომ არ შეივლიდი? გნახოს მაინც ექიმმა.
- ისრაელმა თქვა, საშიში არაფერი არ არისო.
- აჰა, ე.ი. ისრაელი ჰქვია იმ ბიჭს.
- მაგარი სიმპათიურია, ისე... - თვალი ჩამიკრა სალომემ.
- გოგოებო, ტაქსი გამომიძახეთ.
- თუ სერიოზული არაფერია, რატომ გარბიხარ?
- წამოწოლა და დაძინება მინდა.
- კარგი, ჩვენც წამოვალთ.
- არა, არა. დარჩით, გთხოვთ. - მარტო მინდოდა ყოფნა. მომხდარზე უნდა დავფიქრებულიყავი.
- ერთად მოვედით და ერთად უნდა წავიდეთ.
- სულაც არა. თეკო ინნას გაგაცნობთ, საინტერესო გოგოა, ბევრი ექნება მოსაყოლი. ვინ იცის, იქნებ ისეთი ცნობილი მხატვარი გახდება მალე, რომ ისტორიას დარჩება. ფოტოებიც გადაიღეთ.
წასვლამდე ეკატერინეს შევხვდი სამზარეულოში. გემრიელად ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში, როცა რამეს ვიტკენდი.
- ქორწილამდე გადაგივლის, - გამეხუმრა.
- ო, მაგაში დარწმუნებული ვარ. - გავუცინე.
- ძალიან გტკივა?
- აღარ, დე.
- მომწერე შინ რომ დაბრუნდები, მშვიდობით მივედი-თქო.
- აუცილებლად. ნუ ინერვიულებ, რა უნდა მომივიდეს გზაში?
ხალხით სავსე „გალერეა“ ისე დავტოვე, რომ ინნას არ დავმშვიდობებივარ. არ მინდოდა ისრაელთან ერთად სხვა ქალი დამენახა, მითუმეტეს ქარიზმატული, ეშხიანი, ჭკვიანი და ნიჭიერი. ინნა ძალიან მომეწონა, ისრაელი რომ არა, უსათუოდ დავუმეგობრდებოდი. ზოგჯერ ძალიან კარგი და ჩვენთვის მოსაწონი ადამაინებიც კი უბრალო ნაცნობებად რჩებიან, ერთადერთი რაც შეგვიძლია, ამ ფაქტთან შეგუებაა. არ ვიცი როგორ, მაგრამ „ის ებრაელი“ ყოველ ჯერზე მარწმუნებდა ამაში.
ტაქსიში ჩავჯექი. მძღოლმა მისამართი გადაამოწმა და ის იყო უნდა დავძრულიყავით, როცა მოულოდნელად კარი გაიღო და უკანა სავარძელზე, ჩემ გვერდით, ისრაელი დაეშვა. გაოცებულმა პირი გავაღე რომ მეკითხა, შენი საქციელი როგორ გავიგო-მეთქი, მაგრამ დამასწრო:
- მინდა იცოდე, რომ წარმოდგენაც არ მქონდა, „გალერეაში“ თუ დამხვდებოდი, თორემ შეიძლებოდა არც მოვსულიყავი.
- რატომ?
- შენთან შეხვედრა რომ ამერიდებინა.
- ამის სათქმელად დამედევნე?
- მე შენ არასდროს დაგდევნებივარ, შენგან განსხვავებით. თუ გნახავ ხოლმე, ვიცი შეგიყვარდები, მე კი არ გამიჩნდება შენდამი გრძნობები, თებეა. შენ დაიტანჯები, რაც მე საშინლად მაგრძნობინებს თავს, რადგან მართლა არაჩვეულებრივი ქალი ხარ. ნებისმიერი კაცი, რომელიც შენს გულს მოინადირებს, ბედნიერი იქნება.
- გადადი მანქანიდან! - არასდროს მქონია ისრაელთან საუბრისას ასეთი მკაცრი, შეუდრეკელი და მომთხოვნი ტონი: - ახლავე!
- საპირფარეშოში ეს დაგრჩა... - მალამო მუხლებზე დამადო და სწრაფად გადავიდა მანქანიდან.
ისრაეილმა კარი დახურა თუ არა, ცრემლები წამომცვივდა. თავი ვეღარ შევიკავე. უზომოდ მრცხვენოდა და მერიდებოდა ამხელა ქალი ტაქსის უკანა სავარძელზე რომ ვქვითინებდი, მაგრამ ვერაფრით შევაკავე ემოციები. მთელი გზა სახეზე მქონდა ხელი აფარებული, რომ მძღოლს სარკიდან არ დავენახე და არ დავმახსოვრებოდი. ერთი სული მქონდა სააბაზანოში როდის შევვარდებოდი, რომ ცხელ წყალში ჩამეკლა ეს ცრემლები.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგად წერ, ყველას მაგივრად გადმოსცემ ემოციას, ყველას სათქმელს ამბობ. არ გავხარ იმ ავტორებს, რომლის ნაწარმოების წაკითხვის შემდეგაც გულზე სკდებიან ქალები, ჩვენ რატომ არ გვყავს ასეთი შეყვარებულებიო. და არც ღრუბლებში დაფრინავ თვითონ და არც ჩვენ დაგვაპორწიალებ წინ და უკან არაფრისმთქმელი ემოციებით. ყოჩაღ, ნაწარმოები მშვენივრად მიდის, ფლობ ტექნიკას სისხარტისა და გონებაგახსნილობის წყალობით.

და კიდევ, უმთავრესი, როდესაც ვკითხულობთ ნაწარმოებებს, ავტორს ვენდობით. ჩვენ მოგყვებით და შენი გადასაწყვეტია საით წაიყვან შენს საკუთარ ქმნილებას. სადაც წახვალ, იქ გამოგყვებით, შენს გადაწყვეტილებას მივიღებთ უყოყმანოდ, თუ დამაჯერებელი იქნები. მადლობა დიდი ამ ყველაფრისთვის

 


№2  offline წევრი ნანა73

ღმერთო ჩემო, რა დამამცირებელი მდგომარეობაა...
უსაშინლესად ვიგრძნობდი თავს.
თავი ვინ ჰგონია ბატონ ისრაელს?
როდის აედევნა თებეა, ან საიდან ამდენი თავდაჯერებულობა?
ესემესის გამო?
ექპერტია ქალის ფსიქოლოგიის?
ბოლოს და ბოლოს ცოტა მოკრძალებული რომ იყოს არაა.
საშინლად გამაღიზიანა...
თებეასგან ცოტა მეზედმეტა ამდენი ემოციის ამოფრქვევა, ბოკალი შემოეფშვნა ხელში... smirk
საინტერესოა რა იქნება შემდეგ?
❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Kkk

Aba shepkrobilivaro ise aseo ra undoda ra xasiatisaa bandzi tipia

 


№4 სტუმარი ანუ

ნანა73
ღმერთო ჩემო, რა დამამცირებელი მდგომარეობაა...
უსაშინლესად ვიგრძნობდი თავს.
თავი ვინ ჰგონია ბატონ ისრაელს?
როდის აედევნა თებეა, ან საიდან ამდენი თავდაჯერებულობა?
ესემესის გამო?
ექპერტია ქალის ფსიქოლოგიის?
ბოლოს და ბოლოს ცოტა მოკრძალებული რომ იყოს არაა.
საშინლად გამაღიზიანა...
თებეასგან ცოტა მეზედმეტა ამდენი ემოციის ამოფრქვევა, ბოკალი შემოეფშვნა ხელში... smirk
საინტერესოა რა იქნება შემდეგ?
❤️❤️❤️

მეც ეგრე ვიგრძენი თავი :/

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

ესეთი გიჟურია სიყვარული.რა ქნას თუკი შეუყვარდა.

 


სტუმარი ნანა
კარგად წერ, ყველას მაგივრად გადმოსცემ ემოციას, ყველას სათქმელს ამბობ. არ გავხარ იმ ავტორებს, რომლის ნაწარმოების წაკითხვის შემდეგაც გულზე სკდებიან ქალები, ჩვენ რატომ არ გვყავს ასეთი შეყვარებულებიო. და არც ღრუბლებში დაფრინავ თვითონ და არც ჩვენ დაგვაპორწიალებ წინ და უკან არაფრისმთქმელი ემოციებით. ყოჩაღ, ნაწარმოები მშვენივრად მიდის, ფლობ ტექნიკას სისხარტისა და გონებაგახსნილობის წყალობით.

და კიდევ, უმთავრესი, როდესაც ვკითხულობთ ნაწარმოებებს, ავტორს ვენდობით. ჩვენ მოგყვებით და შენი გადასაწყვეტია საით წაიყვან შენს საკუთარ ქმნილებას. სადაც წახვალ, იქ გამოგყვებით, შენს გადაწყვეტილებას მივიღებთ უყოყმანოდ, თუ დამაჯერებელი იქნები. მადლობა დიდი ამ ყველაფრისთვის


ვფიქრობ, რეალურ ცხოვრებაში ძალიან რთული საპოვნელია მამაკაცი, რომელიც გიბიძგებს ინატრო, ნეტავ, მასეთი შეყვარებული მყავდესო. სასიყვარულო, რომანტიკული თუ, უბრალოდ, მეგობრული ურთიერთობები გაცილებით უფრო რთული, ჩახლართული და გამოწვევებით სავსეა ბევრი მიზეზის გამო. თუნდაც იმიტომ რომ ადამიანებს უჭირთ სიმართლის ლაპარაკი, რეალური სახის გამომჟღავნება, ნამდვილ გრძნობებზე საუბარი, უარის თქმა მაშინ, როცა მართლა უარზე არიან და დათანხმება მაშინ, როცა თანხმობა სურთ. ვინაიდან თავად ადამაინია კომპლექსური ქმნილება, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც კომპლექსურია, შესაბამისად შეუძლებელია ისეთი ამრტივი იყოს, როგორც პურზე კარაქის გადასმა. სწორედ ამიტომ ჩემს რომანებში, ჩვეულებრივ, მამაკაცებიცა და ქალებიც ნაკლოვანებებით არიან სავსე.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის. დიდი მოტივაცია და ძალა ხართ ჩემთვის! <3 რამდენჯერმე წავიკითხე ეს კომენტარი და ყოველ ჯერზე უფრო მეტად მესიამოვნა. <3

ნანა73
ღმერთო ჩემო, რა დამამცირებელი მდგომარეობაა...
უსაშინლესად ვიგრძნობდი თავს.
თავი ვინ ჰგონია ბატონ ისრაელს?
როდის აედევნა თებეა, ან საიდან ამდენი თავდაჯერებულობა?
ესემესის გამო?
ექპერტია ქალის ფსიქოლოგიის?
ბოლოს და ბოლოს ცოტა მოკრძალებული რომ იყოს არაა.
საშინლად გამაღიზიანა...
თებეასგან ცოტა მეზედმეტა ამდენი ემოციის ამოფრქვევა, ბოკალი შემოეფშვნა ხელში... smirk
საინტერესოა რა იქნება შემდეგ?
❤️❤️❤️


ნამდვილად... საშინლად ვიგრძნობდი მეც თავს. შეიძლება ითქვას, სასტიკი იყო ისრაელი თებეას მიმართ. ადამიანი, რომელსაც თავად აქვს თავმოყვარეობა და სიამაყე, სხვასაც შესაბამისად უნდა ექცეოდეს.
შესაძლოა კაცი, რომელსაც ძალიან ბევრი ქალი ჰყავდა, მართლაც იყოს ექსპერტი ქალის ფსიქოლოგიაშ, ისევე როგორც პირიქით, ქალებს, რომლებსაც ბევრ კაცთან ჰქონიათ ურთიერთობა, უფრო მარტივად კითხულობენ საპირისპირო სქესს... თუმცა, ექსპერტობა და პროფესორობა უფლებას არ გვაძლევს ვაწყენინოთ ვინმეს ან დავამციროთ ის.

სტუმარი Kkk
Aba shepkrobilivaro ise aseo ra undoda ra xasiatisaa bandzi tipia


მომავალ თავში შევიტყობთ ყველაფერს <3

სტუმარი nancho
ესეთი გიჟურია სიყვარული.რა ქნას თუკი შეუყვარდა.


ვერ ვიტყვით, რომ თებეას უყვარს ისრაელი... თუმცა, რაღაც გრძნობები ნამდვიად აქვს მის მიმართ.

 


№7 სტუმარი Life is beautiful

აბა ახლა ის მითხარი ხო მართლი ვიყავი.. როცა ვთქვი თებეასთვის იქნება უკანასკნელი მეთქი.. შეიძლება არ იყოს მაგრამ ისრაელსაც ასე გონია... ძალიან დავიძაბე რასაც ქვია....

 


Life is beautiful
აბა ახლა ის მითხარი ხო მართლი ვიყავი.. როცა ვთქვი თებეასთვის იქნება უკანასკნელი მეთქი.. შეიძლება არ იყოს მაგრამ ისრაელსაც ასე გონია... ძალიან დავიძაბე რასაც ქვია....


ჯერ მაინც რთული სათქმელია, ვინ ვისთვისაა ან იქნება უკანასკნელი. <3 თუმცა, თებეას ნამდვილად გაუჩნდა ისრაელის მიმართ გრძნობები. <3 და ისაელმა ძალიან მარტივად იგრძო ეგ, იმიტომ რომ ბევრ ქალთან ჰქონია რომანი და მეტნაკლებად შეიცნო ქალის ფსიქოლოგია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent