შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (XIII თავი)


29-11-2020, 20:10
ნანახია 8 495

- ცდები, ისრაელ... და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჩემზე არაფერი იცი. ჩემმა ასაკმა ხომ არ მოგატყუა შემთხვევით? - ზურგზე გადავბრუნდი და გადაწეული „ლუქიდან“ ცას ავხედე. იმაზე ლამაზი მომეჩვენა, ვიდრე ჩემი სააბაზანოს სარკმლიდან. შესაძლოა, ხედებს ის ადამიანები ალამაზებენ, ვისთან ერთადაც შევიგრძნობთ ბუნების უმშვენიერეს გამოვლინებას.
- შენ გაცნობამდე ერთი თვით ადრე მივატოვე კაცი, რომელზეც, გადაჭარბების გარეშე, ჭკუას ვკარგავდი სამი წლის განმავლობაში; კაცი, რომლის გარეშე სუნთქვაც კი ვერ წარმომედგინა, არათუ უმისოდ ცხოვრების გაგრძელება.
ლევის სახე დამიდგა თვალწინ. ახლა უკვე დიდად აღარ მომწონდა - ისევე როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას - მაგრამ ოდესღაც ჩემთვის მასზე სასურველი და მომხიბვლავი არავინ იყო.
- თუ ოდესმე კვლავ შეგვახვედრებს ცხოვრება ერთმანეთს, ისრაელ, შეიძლება ყველაფერი გიამბო, დასაწყისიდან დასასრულამდე და დასასრულის შემდეგაც კი. მაგრამ ახლა მხოლოდ იმას გეტყვი, რომ იმ კაცის გამო ათასჯერ გადამიდია ჩემი საქმე, ოჯახისთვის ზურგი მიქცევია, მეგობრები დამიკარგავს, კარიერულ აღმავლობასა და ოცნებებზეც დაუნანებლად მითქვამს უარი. თვალის გახელისთანავე ჩემი მთავარი საფიქრალი იყო... და ბოლო აზრიც დაძინებამდე მხოლოდ მას უკავშირდებოდა. ყოველთვის ასეა, როცა მართლა გვიყვარს, მთელი გულით მისკენ ვართ მიმართული, ბოლომდე ვიხარჯებით, თავს არ ვზოგავთ; რომ გაგიცანი, გადავწტვიტე, არაფერი მომეყოლა მასზე. განა მომეტყუებინე? არა, უბრალოდ დუმილი ამეჩია და, თუკი მკითხავდი, მეთქვა რომ წარსული ცხოვრების განვლილი ეტაპია და მისი გახსენება არ ღირს. რას შეგმატებდა იმის ცოდნა, როგორ მიყვარდა სხვა კაცი ოდესღაც... რამდენად ძვირფასი იყო ჩემთვის და როგორ გაიყარა ჩვენი გზები? მაგრამ ახლა, როცა ასეთი გულახდილი ხარ... და როცა ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ შორის არასდროს არაფერი იქნება, შემიძლია შემოვათრიო გუდა, რომლითაც წარსულს ვეზიდები, ჩვენ შორის დავახვავო იმედგაცრუებები, გატეხილი გრძნობები თუ დაჟანგული მოგონებები.
კვლავ ისრაელისკენ გადავტრიალდი და ლოყით ხელს ჩამოვეყრდენი:
- ცხრა წლის წინ ძლიერ გიყვარდა? ამით მე ვერ გამაკვირვებ, რადგან ჩემი სიყვარულიც სამყაროზე დიდი იყო, დღეს კი აღარაფერია მისგან დარჩენილი… ერთ მშვენიერ დღეს შენც აუცილებლად გათავისუფლდები იმ ქალის აჩრდილისგან, რომელიც სასოწარკვეთითა და თავდავიწყებით გიყვარდა, მაგრამ ეს დღე მხოლოდ მაშინ დადგება, როცა თავად გენდომება მისი გაშვება საკუთარი ცხოვრებიდან...
ისრაელი თვალს არ მაშორებდა და გარინდული მისმენდა.
- მიტოვებით კი აუცილებლად მიგატოვებდი, რადგან თავს დავპირდი, რომ აღარასდროს დავრჩები იქ, სადაც სიყვარულს არ მაგრძნობინებენ; სადაც, საჭირო აღარ ვარ. სხვა რომ არაფერი, თავმოყვარეობის ამბავია. ისედაც დიდი დრო გავატარე უსიყვარულობაში; იმ ურთიერთობაში, რომელმაც დამტანჯა; რომლის დატოვებისას დიდხანს ვითრიე ფეხს; მართლაც, ყველაფერს ვეჭიდებოდი წყალწაღებულივით. უბედურ, დაუფასებელ და მუდამ გულნატკენ თებეას, უბრალოდ, არ უნდოდა ეღიარებინა, რომ სიყვარული წავიდა და თან უნდა გაყოლოდა მას... ლევის მიტოვების შემდეგ თავს დავპირდი, რომ ყოველთვის დროულად დავსვამდი წერტილს, რამდენად რთულიც უნდა ყოფილიყო სამუდამოდ დამშვიდობება. გაჯანჯლება არ ამცირებს განშორების ტკივილს. მეტიც, ტკივილის თავიდან არიდება შეუძლებელია, როცა ადამიანები განცალკევებას იწყებენ. უნდა მიიღო ეს ტკივილი, გაუძლო და უფლება მისცე გამოგბრძნიდოს... ეს ტკივილი სამართლიანია, შენი ბედნიერების საზღაურია.
- ე.ი. ლევი ჰქვია.
- ხო.
- როგორია?
- რა ვიცი, ჩვეულებრივი.
- ჩვეულებრივი კაცი შენ არ შეგიყვარდებოდა.
- როცა მიყვარდა, არაჩვეულებრივი იყო, გადამიყვარდა და ჩვეულებრივი გახდა.
- ბევრი იბრძოლა შენს დასაბრუნებლად?
გამეცინა. ისრაელი ყველაფერს მიხვდა ამ სიცილით.
- არ მიკვირს. როცა ძალიან ახალგაზრდები და სულელები ვართ, გვგონია, ადამაინებს მარტივად ჩავანაცვლებთ. რა გულუბრყვილობაა, არა? ვერ ვაცნობიერებთ, რომ შეუძლებელია მათი ჩანაცვლება, ვერავინ გვაგრძნობინებს თავს ზუსტად ისე, როგორც ისინი გვაგრძნობინებდნენ. არც მე მიბრძოლია მისთვის...
- ახლა გვიანია?
- ძალიან... ახლა ცოლი და დედაა.
- შენთვის ეს სტატუსები რამეს ცვლის?
- სტატუსები არაფერს ნიშნავს, უბრალოდ, ოჯახს არასდროს დავანგრევინებ. არ მინდა მისმა შვილმა გამოსცადოს ის, რაც მე გავიარე ბავშვობაში: დედ-მამის დაშორება, უმშობლობა, ორად გახლეჩა, არასრულფასოვნების კომპლექსი... არ მინდა თავს ის გადახდეს, რაც დედაჩემს - გაჭორვა, გაკიცხვა, გულისტკენა.
- თუ თავად მოუნდება ოჯახიდან წამოსვლა და ცხოვრების შენთვის დაკავშირება, დათანხმდები?
- არ ვიცი. არ მიფიქრია მაგაზე.
- მატყუებ. - დატუქსვის მიზნით თითი დავუქნიე.
- როგორ ახერხებ ამას?! - გაეცინა და ცხვირზე მომიჭირა ხელი, როგორც მაშინ, კაფეში.
- შენს დანახვას?
- ხო.
- წარმოდგენაც არ მაქვს. - გავუღიმე.
ისრაელმა მობილური აიღო და Eyes On You ჩართო. პირველივე აკორდით ვიცანი „ჩვენი სიმღერა.“ მერე ჩემკენ გადმოიხარა, ბეჭებზე ხელი ფრთხილად მომხვია და მკერდზე მიმიხუტა. სხეული მოვადუნე, თვალები დავხუჭე და მისი სურნელი შევიგრძენი. ცხვირი ჩემს ნამიან თმაში ჩაერგო. ჩვენ სამყაროში ვიყავით თითქოს; სამყაროში, რომელიც მანქანაში ეტეოდა, მხოლოდ თებეას და ისრაელის ადგილი მოიძებნებოდა მასში. არ მინდოდა Ed Patrik-ს სიმღერა დაესრულებინა, რადგან მის ტკბილ ხმასთან ერთად გაქრებოდა ეს წარმოსახვითი სიმყუდროვეცა და განსაკუთრებული სიახლოვეც. ვგრძნობდი, როგორ ღრმად აღწევდა მუსიკის მომაჯადოებელი ჰანგები ჩვენში, რადგან ყოველ მომდევნო სტროფზე, ისრაელი უფრო ძლიერად მიკრავდა გულში. მეც ვეკვროდი... ისე ვეკვროდი, თითქოს მინდოდა მის სხეულში შემეღწია. განა სული საკმარისი არ იყო? რატომ ვერ ვძღებოდი ამ ადამიანით? სინდისის ოდნავ ქენჯნასაც არ ვგრძნობდი, არც ინნას და არც იმ უხილავი ქალის წინაშე, რომელიც ისრაელის მთელ ცხოვრებას თან დაჰყვებოდა ჩრდილივით, რადგან ამ ღამით, სულ რამდენიმე საათით, ისრაელს მხოლოდ ჩემთან ყოფნა სურდა; რადგან ეს წუთები, ალბათ, აღარასდროს განმეორდებოდა...
- ვინმეს შეყვარება რომ შემეძლოს, დარწმუნებული ვარ, სწორედ შენ შემიყვარდებოდი, თებეა. - ჩამჩურჩულა, როცა სიმღერა დასრულდა და მანქანაში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა.
წამოვიწიე და თვალებში ჩავხედე. მომეჩვენა (ან იქნებ არც მომჩვენებია), რომ სიმართლეს მეუბნებოდა; რომ ძალიან უნდოდა ჩემი შეყვარება; მთელი არსებით ჩემი შეგრძნობა. მიუღწეველი ედელვაისი ვიყავი თითქოს, ალპების დალაშქვრა და ჩემი დაუფლება კი მას არ შეეძლო.
- სახლის კარი ღია დავტოვე. უნდა წავიდე. - ვუთხარი და მანქანიდან გადავედი.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ლანდივით ამედევნა. ლიფტამდე უსიტყვოდ მიმაცილა. ღილაკს დავაწექი და ისრაელსისკენ სანახევროდ მივბრუნდი. სადარბაზოში მოვარვარე ნათურის შუქი სახეზე ეფინებოდა. ისეთი სასიამოვნო დასანახი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი. კარი რომ გაიღო, ისრაელმა ლიფტში შესვლა არ დამაცადა, ხელებში მოიქცია ჩემი სახე და სითბოთი აღსავსე თვალებით დამაკვირდა. ერთხანს ჩუმად იყო, მერე ჩაილაპარაკა, არ დაელოდო ჩემგან ზარს ან მესიჯსო.
- არც მიფიქრია დალოდება. ქალი, რომელიც თავად ღირს მოლოდინად, არასდროს ელოდება კაცს. - მის ხელებს მოვეფერე და ნაზად მოვიშორე.
ისრაელი იქამდე იდგა გაუნძრევლად, სანამ სახლში არ შევედი. ფანჯრიდან რომ გადავიხედე, მხოლოდ მაშინ გამოვიდა სადარბაზოდან. მანქანას მიეყრდნო და წამონთებულ ფანჯრებს ამოხედა. ფეხებზე სტელას ბეწვი ვიგრძენი, მეფერებოდა, ან პირიქით, მთხოვდა მოომეფერეო. ხელი დავავლე, რაფაზე შემოვსვი და ისრაელი დავანახე:
- აი, მაგ ბიჭზე გეუბნებოდით, თქვენო უდიდებულესობავ... დღეის მერე ვეღარ ვნახავ, მაგრამ ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დარჩება ჩემში.

***
კვირას, როგორც ყოველთვის, თავის მოსაწესრიგებლად სალონში შევიარე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თეკოს მაგიდასთან მჯდარი ინნა დავინახე.
- რამხელა სიურპრიზია! - დაბნეულმა გადავხედე გოგონებს.
- „ჰელოუ,“ თებეა. როგორ ხარ? - ინნა წამოდგა და გადამკოცნა.
- კარგად ვარ, თავად? - ვცადე გამეღიმა, მაგრამ ხელოვნურად გამომივიდა.
- არაჩვეულებრივად. თეკოსთან მოვედი ტატუს დასახატად. - სკამზე დაეშვა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- აარჩიეთ უკვე? - შამპუნი და ბალზამი გავუწოდე ქრისტინეს, რომ აბაზანაში შეეტანა.
- ჯერ კიდევ მთავაზობს ვერსიებს და მათ სიმბოლურ დატვირთვას მიხსნის.
- თმას ვასწორებთ თუ ვახვევთ? - მკითხა ქრისტიმ.
- ბოლოებში დავახვიოთ.
- ხელი როგორ გაქვს? - გამიგრძელა ინნამ საუბარი.
- უკეთესად. ერთ, ლამის სასწაულებრივ მალამოს ვისვამ და მშველის. - საკუთარი თავი ნიშნის მოგებით საუბარში გამოვიჭირე და ძალიან შემრცხვა. ნეტავ, თავად თუ იგრძნო ჩემს ტონში ეს უცნაური გაელვება: - როგორ ჩაიარა გამოფენამ? ბოლომდე ვერ დავრჩი, სამწუხაროდ. - საუბარში ავყევი, რომ სიტუაცია გამომესწორებინა: - კმაყოფილი დარჩი?
- ყველაზე მაგარი გამოფენა იყო, რაც კი მქონია! დიდწილად კატერინეს დამსახურებაა. როგორც იტყვიან, ზედ გადამყვა!
- მიხარია. დედამ მართლა მთელი გულით იცის საქმის კეთება.
- კატერინას დამსახურებით ტელევიზიამაც გაიგო ჩემი გამოფენის შესახებ, გუშინ სიუჟეტისთვის შეაგროვეს მასალა და ორშაბათს ერთ-ერთ არხზე, დილის გადაცემაში ვარ მიწვეული.
- გილოცავ. მიხარია, რომ კარგი ამბებით ხარ დახუნძლული.
თავი დავიბანე და ქრისტინეს სამუშაო სივრცეში, სკამზე მოვკალათდი.
- შენს მოსვლამდე ინნა გვიყვებოდა შეყვარებული როგორ გაიცნო. - თქვა სალომემ და თვალი ჩამიკრა. კიდევ კარგი, ინნას არ შეუმჩნევია. პასუხად თვალები დავუბრიალე, ვანიშნე, მიგახრჩობ-მეთქი.
- კარგია რომ გამახსენე, გავაგრძელებ ბარემ. მოკლედ, ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში ვისვენებდი, ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში. ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი გამოფენის ორგანიზება. სხვათა შორის, ისრაელს ლომის წვლილი მიუძღვის, საბოლოოდ, სწორედ მან დამარწმუნა, რომ ცდად ღირდა.
ეჭვიანობა მკბენარასავით შემიჩნდა და სულის ყველა რბილი ადგილი დამიკბინა. შინაგანი სამყარო მტკიოდა და მექავებოდა, ზუსტად ისე, როგორც დაშავებული სხეული.
- პარასკევ საღამოს შევნიშნე ვახშამზე. ეგრევე არ მივაჭერი, ჯერ დავაკვირდი, ხომ უნდა გამეგო, მეწყვილე ჰყავდა თუ მარტო იყო ჩამოსული. მალევე მივხვდი, რომ მეგობრებთან ერთად ატარებდა „უიქენდს,“ ქალი არ ჭაჭანებდა მის სიახლოვეს. „ტუზი“ დამეცა-მეთქი, გავიფიქრე, დღესაც მასე ვფიქრობ. ქუჩაში რომ მივსეირნობთ ან კაფეში შევდივართ, მაგისი შემხედვარე ქალსაც ყბა უვარდება და კაცსაც. - გადაიკისკისა. საშინლად გამაღიზიანა მისმა სიცილმა, გამარჯვების ზარივით რეკავდა ჩემს ყურებში.
- შაბათს საუზმეზე გამოველაპარაკე. ამიხსნა, რომ მის ძმაკაცს ოჯახი ჰყავდა, თავად კი ჩიტივით თავისუფალი იყო.
ყურებზე ხელის აფარება მომინდა, რომ ინნას ნათქვამი ერთი სიტყვაც კი აღარ გამეგონა. „ჩიტივით თავისუფალი?! როგორ არა!“ - სიტყვა რომ არ დამცდენოდა ენაზე ვიკბინე. ქრისტინემ ფენი ჩართო და თმის გაშრობა დამიწყო. ერთი სული მქონდა, ვარცხნილობა დაესრულებინა და სალონს გავცლოდი.
- ორშაბათს ისრაელი თბილისში დაბრუნდა, მე - სასტუმროში დავრჩი. მეგონა, აღარც გამოჩნდებოდა, მაგრამ მთელი კვირა მწერდა და შემდეგ პარასკევს ჩამომაკითხა კიდეც. აი, ასე დაიწყო ჩვენი ამბავი.
მძაფრი სიძულვილი ვიგრძენი ინნას მიმართ. „თქვენი ამბავი არ არსებობს, ეგ ყველაფერი შენს პატარა ჭკუაში განვითარებული მოვლენებია, შენივე ფანტაზიის უნარის მოზელილი და შეთითხნილი მოგონებები,“ - მინდოდა სახეში მიმეხალა.
- სამი თვეა ერთად ვართ და თითქმის ყველაფერი ვიცი მასზე... - განაგრძობდა თავდაჯერებით, თითქოს ისრაელის გონებაში გავლებულ ყველა აზრს საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა.
„არა, შენ არაფერი იცი, ინნა! საერთოდ არაფერი!“ ვცდილობდი ყელიდან მომედღლიზა სიძულვილისა და მრისხანების მშობელი ეჭვიანობა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერად მიჭერდა, ჩემს დახრჩობად ცდილობდა.
- როგორ გგონია, უყვარხარ? - უეცრად, ინნას მივუბრუნდი და ქრისტინეს ფენი ხელით გავაწევინე. იმწუთასვე ვინანე ფიქრის წამოყრანტალება, რადგან მივხვდი, რომ ძალიან უცნაურად გაიჟღერა ჩემმა შეკითხვამ.
ინნამ გაკვირვებით გამომხედა. ქრისტინემ ფენი გამორთო. სრული სიჩუმე ჩამოვარდა სალონში, როგორც მძმე ლოდი, რომელიც ყველას თანაბრად დაგვაწვა ბეჭებზე. მთელი ტანით ვგრძნობდით უჩვეულო უხერხულობას. ეს გალექსილი, საკუთარი პირადი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი გოგო ჩემმა შეკითხვამ ისე დაადუმა, თითქოს ენა ამოვაგლიჯე. ბოლოს, თავს ძალა დაატანა და ერტადერთი სიტყვა წარმოთქვა, კიო.
- კი? - გამომცდელად გავიმეორე მისი ნათქვამი. - და შენ გიყვარს?
- მეც მიყვარს, რა თქმა უნდა. აქ არ ეწევით, ხო? - იკითხა და ჯიბიდან თამბაქო ამოიღო.
- გარეთ გავდივართ მოსაწევად. - თქვა თეკომ, ისიც წამოდგა და სანთებელას დაავლო ხელი.
- გავაბოლოთ? - ნერვიულად გაუღიმა ინნამ ახალ მეგობარს.
- სიამოვნებით, - ხელკავი გამოსდო თეკომ და ერთად გავიდნენ გარეთ.
- მგონი, მიხვდა... - ჩაილაპარაკა სალომემ.
- რას მიხვდა, როცა მისახვედრი არაფერია?! - თავი გავისულელე.
- იმას, რომ შენ და ისრაელს რაღაც გაკავშირებთ. - მომიგო სალომ.
- ან იმას, რომ ისრაელს არ უყვარს. - ჩაილაპარაკა ქრისტინემ და ჩემი თმის გაშრობა განაგრძო.



№1  offline წევრი ნანა73

აბსოლიტურად ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას, არ ღირს ცხოვრების იმაში გალევა როგორიც არ უნდა იყოს მამაკაცი სხვა ქალი ( სიყვარული) დაავიწყო.
ამ მისიის საკუთარ თავზე აღება, თუნდაც გამარჯვების მიღწევის შემთხვევაში დამცირებად მიმაჩნია.
შეიძლება არც დამეთანხმოს ვინმე, ათასი არგუმენტი მომიყვანოს, მაგრამ ასე ვფიქრობ.
რაც შეეხება თებეას, ღირსეული პასუხი გასცა და მიხარია ასეთი თავდაჯერებული რომ არის.
მომწონს მისი აზრების მსვლელობა.
ისიც გასაგებია, ნებისმიერი ინფორმაცია რამდენად მოქმედებს მასზე.
გვერდიდან განსჯა ადვილია და უმტკივნეულო სულელი ქალების ფიქრების. თვითოეულის ჩაღრმავებისას კი ვეძებთ ნებისმიერ მიზეზს რომ გავამართლოთ მაგრამ აბა როგორ?
ინნას "სულელის" როლში ყოფნა ვისთვისაა შვება?
მოკლედ ისრაელის მსგავსი მამაკაცები დიდი ცდუნებაა, თითქოს ვირუსია, რომელსაც გინდა აერიდო და მაინც გეყრება.
მისნაირი კაცები სუსტი ქალებისთვის განაჩენია.
და ერთად-ერთი რაშიც გამოსავალს და სიმშვიდეს ვხედავ - შორს!მსგავსი ინდივიდებისგან!
არა რაა, არ მომწონს ეს კაცი, რაც არ უნდა თვალებს სჭრიდეს ორივე სქესს!
დღეს დიდხანს გელოდი...
❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

საერთოდ, მოუცლელობისა და თავის არ შეწუხების გამო კომენტარს იშვიათად ვწერ. სულ ალბათ 3-4 კომენტარი მექნება დაწერილი. როდესაც შენი მაწარმოები სურვილს მიჩენს, ჩემი აზრი დავაფიქსირო, ეს უკვე მიღწევაა შენი მხრიდან და რატომ, აგიხსნი: 1. მე შენთან ერთად განვიცადე, მტკიოდა და შენთან ერთად ვწერდი. 2. მე ვარ თებეა, მე ვარ ისრაელი, 3. მე შენთან ერთად ვფიქრობ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგაც და განვიცდი, როგორ განვითარდება მოვლენები. 4. მე მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავებს. ანუ მე ჩართული ვარ შენთან ერთად შემოქმედების პროცესში და სტიმულს გაძლევ. მე ვარ ძაააააალიან ბევრი და ჩვენ ყველანი შემოგყურებთ ხან შიშით, იმედები არ გაგვიცრუო, ხან სიყვარულით, უი, ჩვენი სათქმელი თქვაო, ხანაც გაოცებით: ეეეე, ეს რა მაგრად დაწერაო❤️

და კიდევ, იცი, როგორ წერ? აი მაგალითად, ჩვენ, ყველას, ჩვეულებრივ ადამიანებს გვაქვს ჩვენი ცხოვრების, სიყვარულისა თუ იმედგაცრუების ისტორია. ჰოდა, ამ ისტორიის დაწერას რომ მოგანდობდით, ისე წერ.

და კიდევ, ავად ხარ? რა დროს ეგ არის, რა წამლები, რა ავადმყოფობა. გადაყარე ყველაფერი, ხალხი გელოდება. ეს ხალხი გენდობა და მოგყვება და ახლა ავადმყოფობის დრო არ არის. შენში იმხელა პოტენციალია დაგროვილი, მიკვირს აქამდე სად იყავი, რატომ არ გამოგქონდა სააშკარაოზე ეს ყველაფერი. კიდევაც დააგვიანე გამოჩენა ასპარეზზე და ახლა გაჩერება იქნება? ეჭვი მაქვს, პროფესიონალის ინტუიციით ვგრძნობ, ეს შენი პირველი ნაწარმოები არ იქნება. შეიძლება სხვები არ გამოგიშვია ჯერ, მაგრამ თავში იქნება აუცილებლად. წარმატებები და ჯანმრთელობა სასწრაფოდ. ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Kkkk

If iff axali tavi

 


№4 სტუმარი სტუმარი კლავდია

მთავარი ნიუანსი გაქვს დაჭერილი - განწყობა რომელიც პირველი თავიდან მოყვება ისტორიას, არ ვიცი ჯერ ზუსტად როგორია, ცოტა სევდიანი ცოტა უცნაური. პერსონაჟები თავიანთი ისტორიით და განცდებით, ისეთი შეგრძნება რჩება თითქოს სადღაც მართლა ცხოვრობენ. იმედი მაქვს ბევრ საინტერესო ისტორიას გაგვიზიარებ <3

 


№5 სტუმარი Life is beautiful

ნამ ნამ რა კარგი იყოოოო... აი ეს თავი ყველაზე ახლოს იყო რეალობასთან დ რ იყო შორიდან დანახული....ვერ ვიტყვი რომ საყვარელი თავია მაგრამ ერთ ერთი საუკეთესო.

<3333

 


№6  offline წევრი Impermeable

სამწუხაროდ ისრაელისნაირ ადამიანებს მარტივად ვერ აქრობენ ცხოვრებიდან. რაც არ უნდა უარყოს თებეამ, ფაქტია, მის მიმართ აქვს გრძნობები. ინტერესით ველი მოვლენათა განვითარებას. <3 <3 <3

 


ნანა73
აბსოლიტურად ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას, არ ღირს ცხოვრების იმაში გალევა როგორიც არ უნდა იყოს მამაკაცი სხვა ქალი ( სიყვარული) დაავიწყო.
ამ მისიის საკუთარ თავზე აღება, თუნდაც გამარჯვების მიღწევის შემთხვევაში დამცირებად მიმაჩნია.
შეიძლება არც დამეთანხმოს ვინმე, ათასი არგუმენტი მომიყვანოს, მაგრამ ასე ვფიქრობ.
რაც შეეხება თებეას, ღირსეული პასუხი გასცა და მიხარია ასეთი თავდაჯერებული რომ არის.
მომწონს მისი აზრების მსვლელობა.
ისიც გასაგებია, ნებისმიერი ინფორმაცია რამდენად მოქმედებს მასზე.
გვერდიდან განსჯა ადვილია და უმტკივნეულო სულელი ქალების ფიქრების. თვითოეულის ჩაღრმავებისას კი ვეძებთ ნებისმიერ მიზეზს რომ გავამართლოთ მაგრამ აბა როგორ?
ინნას "სულელის" როლში ყოფნა ვისთვისაა შვება?
მოკლედ ისრაელის მსგავსი მამაკაცები დიდი ცდუნებაა, თითქოს ვირუსია, რომელსაც გინდა აერიდო და მაინც გეყრება.
მისნაირი კაცები სუსტი ქალებისთვის განაჩენია.
და ერთად-ერთი რაშიც გამოსავალს და სიმშვიდეს ვხედავ - შორს!მსგავსი ინდივიდებისგან!
არა რაა, არ მომწონს ეს კაცი, რაც არ უნდა თვალებს სჭრიდეს ორივე სქესს!
დღეს დიდხანს გელოდი...
❤️❤️❤️



ინნას, რომელიც პროგრესიულობაზე და თავისუფლებაზე დებს თავს, ორმაგად არ ეპატიება თავის გასულელება, ჩემია აზრით. მაგრამ როცა ადამიანებს ვიღაც ძალიან მოგვწონს ან გვემაყება ვიღაცასთან ყოფნა (რადგან ამით მარკას ვიწევთ, თავდაჯერებულობას ვიძლიერებთ), აშკარა სიმართლეზეც კი შეგვიძლია თვალის დახუჭვა. იმაშიც კი ჩანს ისრაელის მიერ ინნასადმი დმაოკიდებულება, რომ დააგვიანა მის გამოფენაზე მისვლა, მაშინ როცა თებეასთან შესახვედრად ნახევარი საათით ადრე მივიდა.

ზოგადად ადამაინის ფიზიკურმა მონაცემებმა არ უნდა დაგვატყვევოს და არც ზეგავლენა უნდა იქონიოს მისი შეფასებისას. ინნა მეტს უნდა უყურებდეს იმას, როგორ შესცქერის ისრაელი მას, და არა იმას, თუ როგორ შეცქერიან ისრაელს სხვა ადამიანები.

რაც შეეხება ისრაელის მსგავსი კაცებისგან თავის შორს დაჭერას, ძალიან გონივრული საქციელია. ჯერჯერობით თებეაც მაგას ცდილობს. რამდენად გამოსდის სხვა საკითხია. ალბათ, უფრო მეტად რომ ცდილობდეს ქვემოთაც არ ჩავარდებოდა იმის გადასამოწმებლად, ისრაელის მანქანა იდგა თუ არა.

მადლობა, რომ ყოველი თავის ბოლოს კომენტარით მანებივრებ. <3 <3

 


სტუმარი ნანა
საერთოდ, მოუცლელობისა და თავის არ შეწუხების გამო კომენტარს იშვიათად ვწერ. სულ ალბათ 3-4 კომენტარი მექნება დაწერილი. როდესაც შენი მაწარმოები სურვილს მიჩენს, ჩემი აზრი დავაფიქსირო, ეს უკვე მიღწევაა შენი მხრიდან და რატომ, აგიხსნი: 1. მე შენთან ერთად განვიცადე, მტკიოდა და შენთან ერთად ვწერდი. 2. მე ვარ თებეა, მე ვარ ისრაელი, 3. მე შენთან ერთად ვფიქრობ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგაც და განვიცდი, როგორ განვითარდება მოვლენები. 4. მე მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავებს. ანუ მე ჩართული ვარ შენთან ერთად შემოქმედების პროცესში და სტიმულს გაძლევ. მე ვარ ძაააააალიან ბევრი და ჩვენ ყველანი შემოგყურებთ ხან შიშით, იმედები არ გაგვიცრუო, ხან სიყვარულით, უი, ჩვენი სათქმელი თქვაო, ხანაც გაოცებით: ეეეე, ეს რა მაგრად დაწერაო❤️

და კიდევ, იცი, როგორ წერ? აი მაგალითად, ჩვენ, ყველას, ჩვეულებრივ ადამიანებს გვაქვს ჩვენი ცხოვრების, სიყვარულისა თუ იმედგაცრუების ისტორია. ჰოდა, ამ ისტორიის დაწერას რომ მოგანდობდით, ისე წერ.

და კიდევ, ავად ხარ? რა დროს ეგ არის, რა წამლები, რა ავადმყოფობა. გადაყარე ყველაფერი, ხალხი გელოდება. ეს ხალხი გენდობა და მოგყვება და ახლა ავადმყოფობის დრო არ არის. შენში იმხელა პოტენციალია დაგროვილი, მიკვირს აქამდე სად იყავი, რატომ არ გამოგქონდა სააშკარაოზე ეს ყველაფერი. კიდევაც დააგვიანე გამოჩენა ასპარეზზე და ახლა გაჩერება იქნება? ეჭვი მაქვს, პროფესიონალის ინტუიციით ვგრძნობ, ეს შენი პირველი ნაწარმოები არ იქნება. შეიძლება სხვები არ გამოგიშვია ჯერ, მაგრამ თავში იქნება აუცილებლად. წარმატებები და ჯანმრთელობა სასწრაფოდ. ❤️



ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, რომ დროს უთმობ ჩემს შემოქმედებას; კიდევ უფრო დიდი მადლობა იმისთვის, რომ კომენტარების გარეშე არასდროს მტოვებ. ვფიქრობ, ქვეშეცნეულად გრძნობ, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ეს კომენტარები ჩემთვის. <3 შემოქმედების პროცესი - ფიქრი, შექმნა, შეგრძნებები - მართლაც, საოცარია! ამ საოცრების ძირითადი ელემენტი, ღერძი სწორედ გაზიარებაა; ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ვართ ცეცხლსა და ქარიშხალში!

შთააგონებდე სხვა ადამიანს, კალამს აღებინებდე ხელში და თავის ამბავს აწერინებდე, დიდი ნიჭია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კომპლიმენტია! მინდა თქვენც წეროთ, თქვენი კვალი დატოვოთ, თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ და არასდროს შეგეშინდეთ, რომ რამე არ გამოგივათ <3

ჯერ კიდევ არ მაქვს ძალები, თუმცა, მართლა ძალიან ემოციური თავი დავწერე, მეთექვსმეტე თავს ვგულისხმობ. მეთექვსმეტე თავამდე კიდევ 2 თავია ასატვირთი. ძალიან არ მიყვარს, როცა ავად ვარ და უღონობა ხელს მიშლის წერაში, მუშაობაში ან ადამიანებთან ურთიერთობაში.
შენმა კომენტარმა ძალიან გამაძლიერა. რამდენჯერმე წავიკითხე. ყოველთვის ასე ვიქცევი ხოლმე, ვკითხულობ და ვკითხულობ კომენტარებს, გეგონება უკვდავების წყალი იყოს ან პანაცეა, რომელიც ყველაფერს უშველის. <3 მართალი ხარ, ეს ჩემი პირველი ნაწარმოები არ არის. მეტიც, ამ რომანს რომ დავამთავრებ 2-3 თვე მხოლოდ მის რედაქტირებაზე ვიქნები გადართული, რომ მაქსიმალურად დავხვეწო. ეს მხოლოდ ჩონჩხია, შეიძლება ითქვას. <3

სტუმარი კლავდია
მთავარი ნიუანსი გაქვს დაჭერილი - განწყობა რომელიც პირველი თავიდან მოყვება ისტორიას, არ ვიცი ჯერ ზუსტად როგორია, ცოტა სევდიანი ცოტა უცნაური. პერსონაჟები თავიანთი ისტორიით და განცდებით, ისეთი შეგრძნება რჩება თითქოს სადღაც მართლა ცხოვრობენ. იმედი მაქვს ბევრ საინტერესო ისტორიას გაგვიზიარებ <3


შენი კომენტარის წაკითხვის მერე, მეც დავფიქრდი, რა ჰქვია ამ განწყობას, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ნაწარმოებს. გოდერძი ჩოხელის სიტყვები გამახსენდა "ადამიანად ყოფნის სევდა"... ალბათ, სწორედ "ადამიანად ყოფნის სევდაა" პასუხი.

ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის... <3 თუ შენთვის ისინი ნამდვილები არიან, ე.ი. მართლაც არსებობენ. <3 ყოველთვის მინდოდა რეალურ პრობლემებზე, რეალურ შეგრძნებებზე დამეწერა, მაშინაც კი როცა ფანტაზიის ნაყოფი იქნებოდა საკუთრივ რომანი.

Life is beautiful
ნამ ნამ რა კარგი იყოოოო... აი ეს თავი ყველაზე ახლოს იყო რეალობასთან დ რ იყო შორიდან დანახული....ვერ ვიტყვი რომ საყვარელი თავია მაგრამ ერთ ერთი საუკეთესო.

<3333


ძალიან დიდი მადლობა. <3 წინა თავის ნაწილი იყო რეალურად ეს თავი, უბრალოდ ერთად ვერ ავტვირთე. <3 შეკრულად რომ წაგეკითხა კიდევ უფრო მეტად დაგრჩებოდა სისავსის და სინამდვილის განცდა. <3

Impermeable
სამწუხაროდ ისრაელისნაირ ადამიანებს მარტივად ვერ აქრობენ ცხოვრებიდან. რაც არ უნდა უარყოს თებეამ, ფაქტია, მის მიმართ აქვს გრძნობები. ინტერესით ველი მოვლენათა განვითარებას. <3 <3 <3



ოოო, მეც მასე მგონია. ძალიან რთულია ბოლომდე ამოძირკვო ასეთი ადამიანი, განსაკუთრებით იმის მერე, რაც სული გაიშიშვლა შენ წინაშე, თავისი ტკივილის, გამოცდილების, შიშის თანაზიარი გაგახადა. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent