შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (XIV თავი)


30-11-2020, 23:45
ნანახია 655

ივნისმა სამზარეულოს დაამსგავსა თბილისი, რომელშიც მთელი დღე, უთავსახუროდ იხარშებოდა კერძები. ღამითაც კი ოხშივარი ასდიოდა დედაქალაქს. ყველა ფანჯარას ღიას ვტოვებდი, მაგრამ დაძინება მაინც მიჭირდა; არა იმიტომ, რომ ისრაელზე ვფიქრობდი, ლევისთან გატარებულ თვეებს ვაანალზიებდი ან სამსახურზე ვფშფოთავდი, მართლა ჯოჯოხეთურად ცხელოდა! ერთი სული მქონდა აგვისტოს ბოლო მოსულიყო, რომ ბარგი ჩამელაგებინა და ზღვის კურორტზე გავქცეულიყავი. იმ ორი კვირის განმავლობაში არც გაზს მივეკარებოდი, არც სარეცხის მანქანას ან მტვერსასრუტს; მობილურსაც აუცილებლად გამოვრთავდი, რომ სამსახურიდან აღარავის შევეწუხებინე. ცოტაც უნდა გამეძლო, შვებულებამდე მიმეღწია!
ლამის ორკვირიანი უძილობის შემდეგ - როცა ვაღიარე, რომ სრულიად არაპროდუქტიული გავხდი - გადავწყვიტე „კონდიციონერი“ მეყიდა და იმ ფაქტსაც შევგუებოდი, რომ აუცილებლად გამაცივებდა. ყოველთვის ასე მემართებოდა, ხან ყელს მატკიებდა, ხან ძვლებში მამტვრევდა, საკმარისი იყო მის სიგრილეში ერთი საათი მაინც გამეტარებინა.
შაბათ დილას კატერინასთან შევიარე, რომ ტექნიკის მაღაზიაში გამყოლოდა და ერთად აგვერჩია რამე. „გალერიაში“ ჩემს საყვარელ ადგილას დავჯექი და ცივი ყავა შევუკვეთე, რა თქმა უნდა, ნაყინით. თედო სინით მომიახლოვდა და შეკვეთა მომიტანა.
- შენი მომზადებულია? - წარბები ავათამაშე.
- გახლავს.
- მადლობა, „ჩაი“ ჩემზე იყოს! - თვალი ჩავუკარი.
- რამდენს დამიტოვებ?
- ვნახოთ, გემო რამდენად მომეწონება. იმასაც გავითვალისწინებ, რომ პირადად მომართვი და სხვას არ გამოატანე, ანუ ზედმეტად შეწუხდი ჩემი გულისთვის.
- ნუ ხარ ძუნწი.
- მე და ძუნწი? პირველად მესმის! გადაწყვიტე, რისთვის აგროვებ ფულს?
- კი, მაგრამ ვერ გეტყვი, საიდუმლოა.
- რად უნდა გასაიდუმლოება, ისედაც ვიცი, რომ ვიდეოთამაშებისთვის გინდა ან რამე მსგავსი სისულელისთვის.
- არაფერიც არ იცი. - ჩემმა პასუხმა გააბრაზა.
- მოგწონს მუშაობა?
- რავი, - მხრები აიჩეჩა: - ცუდი არ არის.
გამჭვირვალე ჭიქა ტუჩებთან მივიტანე და გემოების გრადაციაში ჩავიკარგე. სასიამოვნოდ გამაოცა დაბალანსებულმა სიტკბომ და გარდამავალმა არომატებმა.
- თედო, ეს მართლა შენ მოამზადე? - ეჭვისთვალით გავხედე.
- ხო, რა გაგიკვირდა? ყველაფერს მასწავლის ჩვენი ბარმენი.
- ეგ არ დაიჯერო, - გამეცინა.
- რატომ ვითომ?
- პროფესიულ ხრიკებს, რომლებიც შეუცვლელს გვხდის, არავის ვანდობთ, შესაბამისად, ყველაფერს არ გასწავლის, შე ბოთე.
- ბოთეს ნუ მეძახი! - შემომიბღვირა ჩემმა ძმამ.
- სტუმარს როგორ ელაპარაკები?! არ იცი, რომ „კლიენტი ყოველთვის მართალია?“ ეგ მაღალი დონის მომსახურების დაუწერელი კანონია.
- ეგეც ვიცი და სხვა ბევრი რამეც!
- მაგალითად?
- ის, რომ სულ ნერვებს მიშლი, თებეა და რაღაცას გამომტყუებ.
- კარგი ერთი, - დავეჭყანე. - ნუთუ, არ გენატრებით მე და სტელა, რაც დედასთან გადახვედი საცხოვრებლად?
- იმედია, სტელას ჩემს საძინებელში არ უშვებ!
- მე არ ვუშვებთ, თავისით შედის თუ არა, არ ვიცი. - თვალი ჩავუკარი.
„გალერეაში“ ჩვენი ძველი კლიენტები შემოვიდნენ. მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელიც პენსიაში გასვლისთანავე ჩამოფრინდა საქართველოში, მშვიდი სიბერის გასატარებლად.
- გაიქეცი, მიდი, გაავარჯიშე შენი ინგლისური.
- ოოოხ! ნეტავ, შენთვის მეცალოს! დაგაწიწკნიდი მაგ ბუწუწებს და შენს კატასაც ზედ მოგაყოლებდი!
- ხო, არა? ამ დღეებში დედასთან მოვალ და ვნახავთ, ერთი, რა ბიჭი ხარ! როგორ დამაწიწკნი ბუ-წუ-წებს. - ჩავიხითხითე.
პირველი ივნისიდან (სწავლის დაწყებამდე), დედაჩვენის დიდი თხოვნით, თედიკო მასთან გადავიდა საცხოვრებლად, ასევე, „გალერიას“ გაუფორმებელი, სეზონური თანამშრომელი გახდა, ხან მზარეულს ეხმარებოდა, ხან ჭურჭელს რეცხავდა, ხშირად ალაგებდა და იშვიათად ბარმენის ასისტენტობაც უწევდა. ყველაზე მეტად სწორედ ეს საქმე სიამოვნებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თედომ საკუთარი ძალებით დაიწყო თანხის გამომუშავება. ეკა თვლიდა, რომ დრო იყო მის ვაჟს ნამდვილი ცხოვრებისთვის მზადება დაეწყო, რაშიც ერეკლე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმებოდა; მამას მიაჩნდა, რომ კაცი ისედაც მთელ ცხოვრებას შრომაში ატარებს და, არაფერი დაშავდებოდა, თუ შევარგებდით ბავშვობას. მე დედას აზრს ვიზიარებდი, ამიტომ ერეკლეს დანებება მოუწია. ქალურმა სოლიდარობამ გაიმარჯვა! ვაშა! თავიდან ჩემი ძმა ცდილობდა აერიდებინა მუშაობა, ესირცხვილებოდა თითქოს, მაგრამ კატერინამ შეძლო მისი გადარწმუნება. თავადაც ალაგებდა ხოლმე, ბაზარში დადიოდა და პროდუქტს ეზიდებოდა; მეტიც, როცა „გალერეა“ ხალხით ივსებოდა, თავის თანამშრომლებთან ერთად, დარბოდა სამზარეულოსა და დარბაზს შორის, რომ შეკვეთას არავისთან დაეგვიანებინა.
- იცი, რატომ გახდა „გალერეა“ თბილისის გული? - გაანდო ერთხელ დედიკომ. სამსახურის შემდეგ მის სახლში მივდიოდით სამივენი.
- იმიტომ რომ ძალიან ლამაზი და მდიდრულია?
- არა.
- კერძების ფასებია მიმზიდველი?
- არა.
- მაშინ, იმიტომ რომ ცნობილი ადამიანები ხშირად მოდიან.
- არა. საიდუმლო „გალერიას“ თანამშრომლებში იმალება. თითოეული მათგანი - მზარეულიც, ბარმენიც, მიმტანებიცა და დამლაგებლებიც - აცნობიერებს, რომ ამბასადორი, ელჩი და პიარ მენჯერია აქაურობისთვის; რომ რასაც დასთესს, იმას მოიმკის. თუ დამლაგებელი სათანადოდ არ დააწკრიალებს დარბაზს, თუ მზარეული გემრიელ კერძებს არ მოამზადებს, ბარმენი კი ხარისხიან სასმელს, ბიზნესი ჩავარდება. რაც შეეხებათ მიმტანებს, მათ მაგიდასთან მხოლოდ კერძი კი არა, „გალერეას“ ფუნდამენტური იდეა მიაქვთ, იდეა, რომელიც ყველას გვაერთიანებს... როგორი ლამაზი გარემოც უნდა დაახვედრო სტუმრებს, როგორი იაფიც უნდა იყოს შენი კერძები, ფუჭია ყველა მცდელობა, თუ მომსახურება არ გივარგა. მნიშვნელოვანია როგორ ამარჩევინებ კერძსა თუ სასმელს, როგორ მომაწოდებ, რას მეტყვი, როგორ მეტყვი. რესტორნებში ადამიანების გამო ვბრუნდებით, მათი ხელახლა ნახვა გვახარებს და ის გრძნობა, რომელიც ურთიერთობისას გვეუფლება. ასე, რომ თედო, ვინც უნდა იყო, რესტორნის მფლობელი თუ მფლობელის მიერ დაქირავებული თანამშრომელი, სხვისი შრომა დააფასე, მისი როლი გააცნობიერე და არ გეგონოს, რომ ვინმე რამით შენზე ნაკლები ან მეტია.
ვფიქრობ, „გალერეაში“ მუშაობისას, დედისგან მიღებული ცხოვრებისეული გაკვეთილები, არასდროს დაავიწყდებოდა თედიკოს. შესაძლოა საკუთარი თავიც კი ეპოვა, ერთი შეხედვით, „რუტინაში“, სინამდვილეში კი ადამიანების ცხოვრების მცირე მომენტების მუდმივ თანაზიარობაში.


***

ტექნიკის მაღაზიაში დიდხანს ვიბოდიალეთ მე და ეკატერინემ, ხან ერთი ბრენდი შევათვალიერეთ, ხან - მეორე; ინტერნეტში სტატიები, ფორუმები და მოსაზრებები ამოვქექეთ, რომ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მიგვეღო. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი ავარჩიეთ. დავიღალეთ, ერთი სული გვქონდა იქაურობას გავცლოდით და გვესადილა. უკვე სალაროსთან ვიდექით და ჩვენს რიგს ველოდებოდით, როცა უეცრად მხარზე ვიღაც შემეხო:
- არ გირჩევდით მაგის შეძენას. - დააყოლა.
მოულოდნელობისგან შევხდტი.
- ღმერთო ჩემო, - შემცბარმა გავხედე: - როგორ შემაშინეთ!
გოლიათივით მაღალი ბიჭი მედგა უკან, ცოცხალი სარეკელა ჯოხი. გამიკვირდა, როგორ ვერ შევამჩნიე მისი მოახლოება-მეთქი. ალბათ, ჩვენი მოუთმენლობის ბრალი იყო, გაფაციცებით შევყურებდით ხელებში მოლარესა და კონსულტანტს.
- დიდი ბოდიში, თქვენი შეშინება არ მინდოდა, უბრალოდ, ვისურვებდი ერთი კვირის წინ, როცა ამ ბრენდზე შევაჩერე არჩევანი, ჩემთვისაც ეთქვათ, დიდ შეცდომას უშვებო. სანამ დროა, უკან დააბრუნეთ და შორს გაიქეცით. - გამიცინა.
დავაკვირდი. მოგრძო სახე და ღრმად ჩამჯდარი, ლურჯი თვალები ჰქონდა, ცხვირი ოდნავ განიერი. ქერა თმა მოკლედ შეეჭრა. პალმებიანი, მოკლემკლავიანი მაისური და შორტი ეცვა. გამხდარი იყო, მაგრამ მაინც სპორტული აღნაგობა ჰქონდა, კალათბურთელი უნდა ყოფილიყო.
- როგორი მაღალი ბიჭია, - გაუღიმა დედაჩემმა.
- ორი მეტრი და ათი სანტიმეტრი. - დაუკონკრეტა სარეკელამ.
მის ირგვლივ ყველანი ჯუჯებს ვგავდით, თითქოს გულივერის მოგზაურობის პერსონაჟები გავხდით და ვიღაც, ონავარი ბავშვი ხითხითებდა ამ ეპიზოდზე.
- ე.ი. არ უწევთ რეკომენდაციას ამ ფირმას? - საუბარი გაუგრძელა კატერინამ.
- ერთი კვირის წინ დავამონტაჟე, უკვე გაფუჭდა და გამოსაცვლელად ვარ მოსული.
- თქვენი სახელი?
- თორნიკე თორია ან თორი.
- მე ეკატერინე ვარ. - ხელი მომხვია: - ჩემი ქალიშვილი, თებეა.
- სასიამოვნოა, გოგონებო. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ დედა-შვილი ხართ. არ მიწყენთ, იმედია.
- პირიქით, მიხარია ხოლმე გულის სიღრმეში, როცა მაგას მეუბნებიან, - ისევ გაიცინა დედამ.
- ჩვენთვისაც სასიამოვნოა, - ზრდილობისთვის მივუგე, არც გამიღიმია და არც ჰიჰი-ჰოჰო ამიტეხია, რა საჭირო იყო? - მოვიდა, ამასობაში, ჩვენი ჯერი. რა ვქნათ, ახლა? - მივუბრუნდი დედას.
- დავუჯეროთ თორნიკეს და სხვა ავიღოთ, აუტკივარ თავს ნუ ავიტკიებთ.
- დაგეხმარებით. - თქვა თორიამ და მამაკაც კონსულტანტს „კონდიციონერი“ გადააცვლევინა.
- გაიხარე, თორი. რით შეგვიძლია მადლობა გადაგიხადოთ?
- რას ამბობთ, ეკატერინე, არაფერია სამადლობელი!
- როგორ არა! უარი არ გამაგონოთ! რესტორან „გალერეაზე“ თუ გსმენიათ?
- მსმენია და ვყოფილვარ კიდეც. ძალიან მომწონს იქაურობა. უგემრიელესი მინესტრონე აქვთ!
- ძალიან კარგი, კომპლიმენტი მიღებულია. როცა კვლავ გვეწვევით, აუცილებლად მიკითხეთ და პატივისცემა ჩემზე იყოს. იმასაც დავიმახსოვრებ, რომ ჩვენი მინესტრონე მოგწონთ!
მაღაზიის თანამშრომელი (ხელოსანი) იმავე საღამოს დავიბარე, რვა საათისკენ. თორნიკემ შენაძენი მანქანამდე მიგვატანინა, მერე ზრდილობიანად დაგვემშვიდობა და მაღაზიაში შებრუნდა.
- რა კარგი ტიპია, არა? - ეშმაკუნა ღიმილით შემომხედა კატერინამ, ზუსტად ისე, დაქალი როცა გირიგებს სიმპათიურ ბიჭს.
- კარგი ახლა... - თვალები გადავაბრუნე.
- შენ გგონია, ყველას მასე გამოელაპარაკებოდა?
- ახლა არ მითხრა, რომ ზურგით მოვეწონე, - ჩავიცინე.
- მოგკრა ეტყობა თვალი, სანამ რიგში ჩავდგებოდით.
- საოცარი ფანტაზიის უნარი გაქვს, - დავცინე და ავტომობილში ჩავჯექი.
- აი, ნახავ შენ, თუ არ მივა ეგ ბიჭი „გალერეაში“ და შენ გაცნობას თუ არ შეეცდება.
- გაცნობა რომ ნდომოდა, ხელს რა უშლიდა ახლა?
- ქაჯი ხომ არ არის, ეგრევე ნომერი რომ ეთხოვა?
- კარგი, კარგი, შევცვალოთ თემა.
- ოხ, თებეა! არასდროს არაფერს მიჯერებ.
- აირჩიე, სად ვისადილოთ და დაგიჯერებ.



***


- რამდენი მოგართვათ? - ვკითხე მაღაზიის თანამშრომელს, რომელმაც შენაძენი დამიმონტაჟა.
- არაფერი, - მიპასუხა და კიბიდან ჩამოვიდა.
- როგორ თუ არაფერი? უფასოა მომსახურება?
- თორნიკე თორიამ წინასწარ გადაიხადა დაყენების საფასური.
- გასაგებია, ცივ წვენსა და ტკბილეულზე მაინც დამეწვიეთ, - სასტუმრო ოთახში გავუძეხი, ჟურნალების მაგიდა უკვე გამეწყო.
ხელოსანი რომ გავისტუმრე, სწრაფად ამოვრეცხე ჭურჭელი და საძინებელში შევიკეტე. ფანჯარა დავხურე, „კონდიციონერი“ ჩავრთე და სოციალურ ქსელში შევძვერი. თორნიკე თორიას ძებნაც კი არ დამჭირვებია, მისგან გამოგზავნილი „მეგობრობის თხოვნა“ (Friend Request) დამხვდა Facebook-ზე. თორის 50 000 გამომწერი ჰყავდა. როგორც მივხვდი, საქართველოს ნაკრებში თამაშობდა. არ მიკვირს, რომ მასზე არასდროს არაფერი მსმენია, როგორც იტყვიან, კალათბურთის გარტყმაშიც არ ვიყავი. ერთხანს ვფიქრობდი, დამემატებინა თუ არა. ბოლოს „მეგობრობაზე დავთანხმდი“ და სასწრაფოდ გამოვრთე ინტერნეტი, რომ არ მოეწერა. გადავწტვიტე კატერინასთვის მომხდარი არ მომეყოლა, თორემ ამ ამბავს უსათუოდ კუდს გამოაბამდა.



***


ბებე დაბრუნდა თავისი მორიგი, ამაღელვებელი მოგზაურობიდან, ამიტომ მომდევნო შაბათი „დაქალობის დღედ“ გამოვაცხადე, ჩანთაში ყველაზე საჭირო ნივთები ჩავუძახე და შინ მივაკითხე. მარტო ცხოვრობდა, უფრო სწორად, ორ ტლიკინა კაკადუსთან ერთად, რომლებსაც ყველას უტოვებდა, ჩემ გარდა, მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში ფრიად მსუნაგი და თავხედი კატა გამოჩნდა. მოგზაურობიდან რომ ბრუნდებოდა ხოლმე, აუცილებლად ვრჩებოდი მასთან ამბების მოსასმენად, ჩვენი მეგობრობის განუყოფელ ნაწილად იქცა ეს ტრადიცია დროთა განმავლობაში.
ბებემ კარი რომ გამიღო, სიცილი წამსკდა, რადგან ერთ მხარეს კიკი ეჯდა - შავი ფერის, წითელქოჩრიანი, მეორე მხარეს კი კოკო - სულ მთლად თეთრი, ყვითელი ვარცხნილობით. დემონი და ანგელოზი გეგონებოდათ.
- ვერც კი გეხუტები, დაო! - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და შემოსასვლელში შევაჭერი.
- აბა, როგორ ხართ, კიკი, კოკო? - კაკადუების მოფერება ვცადე, მაგრამ საკბენად მოიმარჯვეს ნისკარტები.
- ერიდე, თებეა. რამდენიმე დღეა ვერ არიან ხასიათზე. გაბუტულები დამხვდნენ, რომ ჩამოვედი. არადა, თან ვერ ვატარებ, ხო იცი.
- მე კი ვიცი, მაგათმა თუ იციან?
ჩანთა მოვიხსენი და სავარძელზე დავაგდე.
- სად იყავი? ვისთან ერთად? რა ნახე? ვინ გაიცანი?... - მივაყარე.
- ისრაელში ვიყავი. - მითხრა და „ჯოინთის“ შეხვევა დაიწყო.
დედამიწის ზურგზე რამდენ ადგილას შეიძლებოდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ბებემ, მაინც და მაინც, ისრაელი აირჩია, ზუსტად იმ მომენტში, როცა ჩემს ცხოვრებაში „იმ ებრაელის“ ყოფნა-არყოფნა წყდებოდა და თან ვერ წყდებოდა. როგორ დამცინის ეს ცხოვრება-მეთქი გავიფიქრე და სიმწრისგან ავხარხარდი.
- რა გაცინებს, შე ქალო?
ვიცინოდი და ვიცინოდი, ვერ ვჩერდებოდი. კაკადუებიც ამყვნენ, გაურკვეველ ხმებს გამოსცემდნენ, ერთდროულად ჭყაოდნენ და ხითხითებდნენ თითქოს. რაზე გადაბჟირდიო, მეკითხებოდა ბებე, მე კი პასუხსაც ვერ ვუბრუნებდი. ცდილობდა კიკი და კოკო მაინც გაეჩუმებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
- ნუ გამაგიჟებთ ახლა! - იყვირა ბოლოს, როცა მე უკვე ცრემლები მდიოდა ხარხარისგან.
კაკადუებს შეეშინდათ, გაჩუმდნენ და თვალს მოეფარნენ. მე ბალიში ავიფარე სახეზე, რომ სიცილის ხმა დამეხშო.
- მგონი, ისტერიკა გაქვს... პლანს შემოგთავაზებდი, ალალი იქნებოდა, მაგრამ არ მოწევ, შენი ამბავი რომ ვიცი. - მითხრა და დამამშვიდებელს დაუწყო ძებნა. ჩემს ბედად, ბოლო აბს მიაგნო.
წამალი დავლიე და ერთხანს ჩუმად ვიჯექი. ისრაელთან ბოლო შეხვედრა დამიდგა თვალწინ: მანქანაში გატარებულმა, ტირილამდე ამაღელვებელმა მოგონებებმა შეიღვიძეს. თითქოს კვლავ ხელჩაკიდებულები ვიწექით მანქანაში ერთმანეთის პირისპირ და ჩვენს ამბებს ვყვებოდით - ამბებს, რომლებმაც შეგვცვალა და იმ ადამაინებად გვაქცია, რომლებადაც დიდხანს დავრჩით.
ლიკას თავის თავგადასავალზე სიტყვა აღარ დაუძრავს. ცოტა რომ მოვსულიერდი, კანაფი გააბოლა და მითხრა:
- რაღაც მნიშვნელოვანი გამოვტოვე, მგონი. დამალვა არც იფიქრო!... - და ბებემ ყველაფერი მომაყოლა ისრაელსა და ჩვენს გაურკვეველ ურთიერთობაზე, რომელსაც ორივენი მთელი მონდომებით გავურბოდით.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი იყო.მომწონს ძალიან.კატერინა მომწონს ძალიან.

 


№2 სტუმარი Kk

Ise momwons sheni weris stili gamartuli chamokalibebuli da ar bavshuri ar ici!!!! Dzaan magariaa veli axal tavs sul moutkmelad !! Kichag magram ese cota rato iko?

 


№3  offline წევრი Impermeable

ისრაელის ფონზე ეს ახალი ტიპი მე მეჩვენება უმნიშვნელოდ? როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ <3

 


№4  offline წევრი ნანა73

მშვიდობა გვქონდა ამ თავში.
სასიამოვნოა ახალი პერსონაჟის შემოსვლა...
ვფიქრობ სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა. ველოდები შემდეგ განვითარებას.
❤️❤️❤️

 


სტუმარი nancho
კარგი იყო.მომწონს ძალიან.კატერინა მომწონს ძალიან.

კატერინა ამ ნაწარმოებში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია. <3


Kk
Ise momwons sheni weris stili gamartuli chamokalibebuli da ar bavshuri ar ici!!!! Dzaan magariaa veli axal tavs sul moutkmelad !! Kichag magram ese cota rato iko?

ძალიან დიდი მადლობა <3

Impermeable
ისრაელის ფონზე ეს ახალი ტიპი მე მეჩვენება უმნიშვნელოდ? როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ <3

უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო. <3 მივცეთ თორიას შანსი, ჯერ ახლა გამოჩნდა.

ნანა73
მშვიდობა გვქონდა ამ თავში.
სასიამოვნოა ახალი პერსონაჟის შემოსვლა...
ვფიქრობ სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა. ველოდები შემდეგ განვითარებას.
❤️❤️❤️

მეც ერთი სული მაქვს, ახალი თავი შემოგთავაზოთ. <3

 


№6 სტუმარი სტუმარი Kkk

Dzaan minda katrrina kargad gaxdes da am bijtan kvelaperi gamouvides rom israels guli gauxetkos da naxos ra dakarga!!!! Nu egreve dasaseuli da arika ertad rom ar gaichitebian egec vici saintereso agar ikneba magram dzaan minda es chveni gogo bednieri ikos . Male gelit imedi da tavic ar ikneba moculobit patara imedia isedac semichkasavit ikitxeba da ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent