შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც პირველი, არც უკანასკნელი (XV თავი)


2-12-2020, 22:18
ნანახია 720

სულ სხვანაირია ამბები, როცა მხოლოდ შენს თავში ხდება; მერე კი, როცა მათზე ხმამაღლა საუბარს იწყებ - როცა აზრები სიტყვებად გადაიქცევა, მოგონებები კი წინადადებაბად, იმწუთასვე ეცვლებათ ელფერი. ისიც, ვისაც შენს ცხოვრებაში მუსიკალური გაფორმების ნაწილი ებარა, საშუადღეო შესვენებაზე გადის თითქოს. აკომპანიმენტის გარეშე რჩები და მოვლენების არარომანტიკულ ნოტაზე აღქმას იწყებ. ყელაფერი ისეთ განსაკუთრებულად და ამაღელვებლადაც აღარ გეჩვენება, როგორც იმ მომენტში, როცა ყოველივე განიცადე...
- დავიღუპეთ მემგონი! - მთელი ძალით შემოირტყა თავში ხელი ბებემ: - შეყვარებული ხო არ ხარ, გოგო?! - შეიცხადა მას შემდეგ, რაც მე თხრობა დავასრულე, მან კი კანაფის მოწევა.
- არა! რას ამბობ?! - ხელების უსწრაფესად სავსავი და თავის ქნევა დავიწყე უარის ნიშნად.
- რავიცი, ალეწილი ხარ მთელ სახეზე. ერთი სარკეში ჩაგახედა, სასალათედ გამზადებული ჭარხალი! თან, ხომ იცი, მე ჭარხლის სალათა როგორ მიყვარს!
- გულგრილი არ ვარ, მაგრამ...
- მაგრად მომშივდა! ასე იცის მწვანემ. ნეტავ, რამე თუ მაქვს მაცივარში?! - ჩამეჭრა ლიკა: - რა თქმა უნდა, არ ხარ გულგრილი, - დანარჩენი უკვე სამზარეულოდან გამომძახა: - სახელ „ისრაელს“ რამდენჯერაც წარმოთქვამ, იმდენჯერ გიბრწყინდება ეგ ლამაზი თვალები.
- აზვიადებ. - გავაკითხე და კარში ჩავდექი ხელებგადაჯვარედინებული.
- არაფერსაც არ ვაზვიადებ. იმედია, არ შეგყვარებია ორ შეხვედრაში ეგ ტიპი, თორემ ჩათვალე, მაგარ შარში ხარ!
- ძალიან დამაჯერებლად მამშვიდებ. ყოჩაღ, დაო, მასე გააგრძელე!
- მეგობრობის მთელი არსი სიმართლის ლაპარაკშია და არა დამშვიდებაში ან კომპლიმენტების რაკარუკში. რამდენი ხანია მიცნობ?! ოდესმე ისეთი რამ მითქვამს, რაც შენს ყურთასმენას მოელამუნებოდა, როცა სიმართლე სულ სხვა რამ იყო? არა, იმიტომ რომ მაგისთვის ისედაც მილიონი აფერისტი და ტრ*კილოკია გყავს. მე მწარეები უნდა გითხრა!
- წიწაკა ხარ?
- გახლავარ! ყველაზე მწარე! - უკმაყოფილებით დახურა მაცივარი: - კვერცხიც კი არ მქონია, ამის დედაც ჯეკ! აუ, როგორ მშია, არადა!
- „გალერეაში“ დავრეკავ, შევუკვეთავ და ჩემს ძმას მოვატანინებ.
- შენ თუ მაგას იზამ, ქალი კი არა, მზე იქნები, მზე!
მითხრა და თუთიყუშებს დაუწყო ძებნა. კოკო, კიკი, სად ხართო, გაჰკიოდა ბოლო ხმაზე. სანამ ლიკამ ფრთიანი მეგობრები იპოვა, მე მობილური ავიღე და კატერინას დავურეკე.
- დე, რას შვები?
- ზუსტად ახლა გირეკავდი, თებეა!
- ხო მშვიდობაა?
- ივი, ვინ შემოვიდა ამწუთას „გალერეაში?“
- ვინ?
- თორნიკე თორია!
- ჩვენი შეფის მინესტრონე მოენატრა, ეტყობა.
- მინესტრონე, აბა რა!
- ხო გითხრა მიყვარსო?
- კარგი ახლა, კარგი! ნუ იცი თავის გასულელება და გაჯიქება. სად ხარ?
- ბებესთან.
- მშვენიერია, გაუყარე ხელკავი და გამოქეცით ელვისებური სისწრაფით!
- ვერ მოვალთ ვერანაირად.
- ისე კოხტად მოხვალთ...
- დედა!
- რატომ ვერ მოხვალთ კი მაგრამ?
- ბებე თავს შეუძლოდ გრძნობს და მარტო ვერ დავტოვებ.
- დაწმუნებული ვარ, უბრალოდ, იმიზეზებ ბებეს ცუდად ყოფნას. სინამდვილეში, თორის ემალები. რას უწუნებ ვერ გავიგე, სიმპათიური და წარმატებული ბიჭია.
- მართალია, სიმპათიურიცაა და წარმატებულიც.
- მაგრამ? ჰე, დააყოლე ახლა რამე.
- მაგრამ ბებე ვერ არის კარგად, მეგობრის მიტოვება, მითუმეტეს კაცის გულისთვის, ღირსეული საქციელია?
- არა.
- თუ შეგიძლია, გამოგვიგზავნე საჭმელი, თუ არადა, სხვაგან შევუკვეთავ, - მკაცრად ვუთხარი და გავუთიშე.
„რატომ გამიბრაზდი? მომწერე, რას შეჭამთ და გამოგიგზავნით.“ - იმწუთასვე მომწერა დედაჩემმა. რამდენიმე კერძი დავუსახელე და სასტუმრო ოთახში შევბრუნდი. ლიკა თუთიყუშებს დახუჭობანას ეთამაშებოდა.
- ცხრა... ათი... ვინც არ არის დამალული... ჩემი ბრალი არ არის! ვიხილები და მოვდივარ! - დაიწყო ბებემ კაკადუების ძებნა. კოკო კარადის თავზე შემოჯდა და ძველ ჩემოდანს ამოეფარა, კიკი - მაგიდის ქვეშ შეძვრა და სკამის სქელი ფეხის მიღმა გაინაბა.
კანაფი რომ მომეწია, ალბათ, ეს სიტუაცია ასე ძალიანაც არ მეუცნაურებოდა, მაგრამ ახლა, როცა სრულიად ფხიზელი შევცქეროდი, როგორ თამაშობდა ზრდასრული ქალი ორ თუთიყუშთან დამალობანას, სიცილის შეკავება ვერ შევძელი. ავხარხარდი და იქვე ჩავიკეცე. სიტუაცია გაცილებით უფრო კომიკური გახდა, როცა ბებემ კოკოც იპოვა და კიკიც, შესაბამისად, მათი „დახუჭვის“ ჯერი მოვიდა. გინდა თუ არა, თამაშში უნდა ჩაერთო, თორემ ორნი არიან ჩემ წინააღმდეგ და დავიჩაგრებიო, ჩამაცივდა ლიკა. იმდენი იტიკტიკა, სანამ არ დამითანხმა, მერე დააყოლა, მაგიტო „მევასებიო“ და ფარდას ამოეფარა. მე კუთხეში მიდგმული სავარძლის უკან დამალვა მომიწია.
არ ვიცი, რამდენხასნ ვთამაშობდით კიკისთან და კოკოსთან, მაგრამ მობილურის ზარმა შეგვაწყვეტინა.
- მგონი, ჩემი ძმა მოვიდა. - ვთქვი და შემოსასვლელში ისე გავიქეცი, რომ არ გადამიმოწმებია, ვინ დამირეკა.
„შენ ვერ წარმოიდგენ, რას ვაკეთებდით!“ - სიცილით ვთქვი კარის გაღებისას და ხელში, თედოს ნაცვლად, სარეკელა არ შემრჩა?!
- შენ?
„გალერეას“ დაბრენდილი ჩანთა აწია და გამიღიმა:
- „თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან.“
„ოჰ, ბრძნული ფრაზებიც სცოდნია, ბურთის კალათში ჩაგდებასთან ერთად.“ - გავიფიქრე და საკვები გამოვართვი.
- დედაჩემის რესტორანში კურიერად დაიწყე მუშაობა?
- ჰობი მაქვს ასეთი.
- ლამაზი გოგონების დევნა?
- ლამაზების და გამხდრების დაპურება, - გაეცინა.
- მე რომ მასეთი გამხდარიც არ ვარ?
- ძალიან ლამაზი ხარ, სამაგიეროდ. რაო, რას ამბობდი კარის გაღებისას? ვერც კი წარმოვიდგენ, რას აკეთებდით, ხო?
- სანაძლეოს დავდებ... - ჩამეცინა.
- თუ მოვიგებ, თამაშზე მოდი და მიგულშემატკივრე.
- თუ წააგებ?
- საჭმელს მოგიტან ყველგან, სადაც უნდა იყო, ნებისმიერ დროს, ერთი თვის განმავლობაში.
- შენს ადგილას, კარგად დავფიქრდებოდი სანაძლეოს დადებამდე. თან ჩემი მადის თავისებურებებიც არ იცი.
- სულ ღამით გშივდება ხოლმე?
- კი. სპორტსმენს კი ღამით კარგად უნდა ეძინოს.
- ნუ ღელავ, გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება.
- წააგებ, თორნიკე. - გავაფრთხილე.
- მასე იყოს, წაგების არ მეშინია, - გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.
- მე ჩავჭრი! - გავიგონე უეცრად ბებეს ხმა. - ოღონდ, ჩამჭრელი არ კისრულობს!
ბებეს თავზე კოკო ეჯდა, ხელზე - კიკი.
- არ კისრულობს, არ კისრულობს! - გაიმეორეს რიგრიგობით.
- აბა, რას ვაკეთებდით? - ვკითხე ხელის ჩამორთმევის მერე.
- თუთიყუშებს ეთამაშებოდით და ელაპარაკებოდით, - თვალი ჩამიკრა.
- კარგი ერთი! - ავათვალიერ-ჩამოვათვალიერე და თვალები დავიწვრილე.
- ტიპი გენიოსია! - წამოიძახა აღფრთოვანებულმა ბებემ. - მორჩა, აწი მე ამისკენ ვარ, ისრაელის დედაც! - დააყოლა.
უკნიდან მოვექეცი და სასწრაფოდ პირზე ავაფარე ხელი.
- ნუ უსმენ, დაბოლილია და თავადაც არ იცის, რას ბოდავს, - უხერხულად გავუღიმე თორის.
- მე კი მგონია, გადასარევად იცის, რასაც ამბობ. მე უფრო მოვეწონე, - ჩაიცინა და ლიფტის ღილაკს დააჭირა.
- გემრიელად მიირთვით, გოგოებო. - თქვა და თავდახრილი შევიდა „კაბინაში“: - დაუჯერე მაგ გოგოს, კარგი გემოვნება აქვს, - გამომძახა იქიდან და ძირს დაეშვა.
- ბებე, გეფიცები, მიგახრჩობ, როცა გამოფხიზლდები! - თვალები დავუბრიალე, კარი ჩავკეტე და კერძები სამზარეულოში შევზიდე.


***
ნელ-ნელა თორნიკემ თავისი ადგილი იპოვა ჩემს ცხოვრებაში, შეყვარებულები არ ვიყავით, მაგრამ ვერც მეგობრობას დავიჩემებდით. თორიას მთელმა გუნდმა და საძმაკაცომ იცოდა, რომ ჩემზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული. მისთვის იმედი ერთხელაც არ მიმიცია, მაგრამ თითქოს არც სჭირდებოდა ჩემს თვალებში მომავლის დანახვა, აწმყოთიც ბედნიერი და კმაყოფილი იყო. წარმოდგენაც არ მაქვს, რომელმა მომენტმა განაპირობა ჩემდამი ასეთი ძლიერი და დაჟინებული გრძნობების წარმოშობა მის სუფთა და ალალ გულში. ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი მაინც ის იყო, რომ თორი არაფერს ითხოვდა ჩემგან, საერთოდ არაფერს - არც სტატუსებს, არც ფოტოებს, არც ფიზიკურ სიახლოვეს ან ალერსს, არც ვალდებულებას მაკისრებდა - ერთადერთი რამ სურდა, მის ყველა თამაშს დავსწრებოდი. სჯეროდა რომ იმ დღეს, როცა დარბაზში არ ვიჯებოდი, ვერცერთ ბურთს ჩააგდებდა კალათში და მისი კარიერის კვდომაც დაიწყებოდა. მხოლოდ ღმერთმა უწყის, ეს სისულელე საიდან მოიგონა, შესაძლოა არც სჯეროდა, მხოლოდ მე მანამუსებდა. თორნიკეს სამი თვის განმავლობაში მიზეზი არ დალევია ჩემ სანახავად. ყოველი შეხვედრის შემდეგ, ვფიქრობდი, აი, მეტს ვეღარაფერს მოიაზრებს-მეთქი, მაგრამ როგორღაც ყოველთვის ახერხებდა სიტუაციის სათავისოდ შებუნებას და ჩემთან შეხვედრას.
ისრაელთან უკანასკნელი საუბრის შემდეგ ოთხი თვე გავიდა, ჩვენი გაცნობის დღიდან კი ათმა თვემ ჩაიფრინა, თითქმის წელიწადმა. „ის ებრაელი“ აღარ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში. შევწყვიტე მასზე ფიქრიცა და საუბარიც. აღარც ჩემი და ინნას გზები გადაკვეთილა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, პერიოდულად სტუმრობდა სალონს. თეკოს, სალოსა და ქრისტის დახმარებით ვახერხებდით ერთმანეთისთვის გვერდის ავლას (არ მგონია თავად ნდომოდა ჩემი სახის დანახვა იმ დღის მერე, რაც ლამის ავატირე უადგილო და შეუფერებელი კითხვის დასმით, არაჯანსაღი ინტერესის გამოვლინებით), ეს ერთგვარი, გაუთქმელი და გამოუთქმელი შეთანხმება იყო ჩვენ შორის.
სექტემბრის ბოლოს ბებემ აიჩემა, საშემოდგომო ფოტოსესია მოვაწყოთ, რამდენიმე მართლა მაგარ ფოტოს გადავიღებ საკონკურსოდ და დანარჩენს გჩუქნიო. თბილისის ყველაზე ფერად ადგილს მივაკითხეთ, მთაწმინდის პარკს, რომელიც შემოდგომას მორთულ-მოკაზმულ, პაემნისთვის გამზადებულ ქალს ემსგავსება ხოლმე. ფოტოსესიის დაწყებამდე პატარა ბავშვებივით ავიჩემეთ ატრაქციონებზე დასხდომა, ამერიკული გორაკებისა და თავისუფალი ვარდნის შემდეგ, სარკეების ლაბირინთში და საშიშ სასახლეში შესეირნება გადავწყვიტეთ. საშიში სახლით დიდად ვერ ვისიამოვნეთ, მიხვდით, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ძალიან გართულდა ჩვენში შიშის გამოწვევა სიბნელით, სათამაშოებითა და მუსიკით, ამიტომ ბოლო იმედს, სარკეებიან სახლს მივაკითხეთ.
- მოდი, მუღამი რომ ჰქონდეს, შევეჯიბროთ, ვინ უფრო ადრე გააღწევს ლაბირინთიდან, მოსულა? - შემომთავაზა ბებემ. როგორ უყვარდა ყველაფერში აზარტის შეტანა.
- მასე იყოს. - დავთანმხდი და ლაბირინთში შევაბიჯე.
ლაბირინთში უსიამოვნოდ ბნელოდა, ალაგ-ალაგ სარკეები მთვარის სხივისებურ შუქს ირეკლავდნენ და ერთმანეთისკენ ტყორცნიდნენ, თითქოს ხელბურთს თამაშობნენ. არაფრისმთქმელი, მაგრამ შეპარვით შემაძრწუნებელი სიჩუმე იყო ირგვლივ. მხოლოდ საკუთარ თავს ხედავდი, თუმცა ისეთი განცდა გეუფლებოდა, რომ სარკიდან სხვისი თვალები უნდა დაგენახა. მღელვარება და შფოთი დაგყვებოდა აჩრდილად. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას წაგკბენდა შიში, ძალიან მწარედ არა, მაგრამ მაინც გაგრძნობინებდა ბასრ კბილს. ვერ მივხვდი, უფრო ვერთობოდი, თუ უფრო მეშინოდა.
მოულოდნელად ნახევრად ბნელ ლაბირინთში ისრაელი გავარჩიე. მუქი ბროწეულისფერი მაისური ეცვა, წვერი გაეპარსა და თმა იმდენად მოეზარდა, რომ მალე კულულებად ჩაეხვეოდა (ზუსტად ისე, როგორც სკოლის ავტობურსში გადაღებულ ფოტოში). გაახალგაზრდავებული მომეჩვენა. ძველებურად ძლიერი და ახოვანი, დინჯად შემომცქეროდა. არ გამკვირვებია ისრაელის დანახვა, რადგან შეჩვეული ვიყავი, რომ პერიოდულად მოგონებები მახსენებდნენ მის თავს. ახლაც მეჩვენება-მეთქი. თვალები დავხუჭე, რომ გონებიდან გამექრო მისი მონატრებული სილუეტი; გული მაინც გამალებით მიცემდა, ისეთი გაშმაგებით აწყდებოდა გულისფიცარს, მეგონა შუაზე გადახსნიდა მკერდს და სხეულიდან ამოვარდებოდა. რამდენიმე წუთი მჭირდებოდა ემოციების ცეცხლისთვის ცივი წყლის გადასასხმელად და განცდების დასაშოშმინებლად, რადგან ამ კაცზე მოგონებებს ერთი უცნაურობა ახასიათებდა - ზედმეტად რეალური იყო აზრების კვალობაზე, ლამის ხორცშესხმული, შეიძლებოდა გაეგიჟებინე. სისხლის სწრაფი მიმოქცევა ყურებში შიშინად ჩამესმოდა, პულსიც აგონიაში იყო. პირი გამიშრა და სუნთქვა შემეკრა, მაგრამ სანამ უჰაერობა შემაწუხებდა, ქალის ძახილი გავიგონე:
- ისრაელ, სად ხარ?! - ინნას ხმა ვიცანი და თვალები ვჭყიტე.
კაცი, რომელიც კინაღამ შემიყვარდა, ისევ იქ იდგა. ჩვეულებრივზე უფრო იდუმალი, მიუვალი, მდუმარე, ახლო და მაინც უზომოდ შორი. საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიტანა და მანიშნა, ხმა არ ამოიღოო. ძალიანაც რომ მდომოდა, ვერაფერს ვიტყოდი, რადგან ნაბიჯის გადასადგმელ ძალასთან ერთად, ხმაც წამართვა მოულოდნელად მისმა ხელახლა ხილვამ. ოპტიკური ილუზიით თავგზააბნეულმა ვერ გავარკვიე, მართლა ჩემ წინ იყო, თუ რომელიმე სარკე ირეკლავდა. რამდენიმე წამით თვალი არ მოგვიშორებია ერთმანეთისთვის. მერე კი შელოცვილებივით ერთდროულად გავიწვდინეთ ხელი ერთმანეთისკენ, რადგან მხოლოდ ფიზიკურ კონტაქტს შეეძლო გაეფანტა ზმანების განცდა; დავერწმუნებინეთ, რომ სრულიად შემთხვევით სარკეების ლაბიინთის შუაგულში მართლა ვიპოვეთ ერთმანეთი; ზუსტად მაშინ, როცა გზადაგზა ყველა სხვა შემოგვეკარგა. ცივ, გაუვალ შუშას შევეხე. მის მიღმა იყო? მივბრუნდი, მარჯვნივაც მინა დამხვდა და მარცხნივაც. ისიც ხელებს აცეცებდა, აქეთ-იქით სარკეების კედლებს ეხებოდა, რომ როგორმე ჩემამდე მოსასვლელი გზა შეენიშნა.
- სად ხარ? - წავიჩურჩულე, რომ მხოლოდ მას გაეგო.
- აქვე ვარ... - ჩურჩულითვე მიპასუხა. - სადღაც ახლოს ვარ, მაგრამ ვერ გაგნებ!
გასასვლელი დავინახე და უყოყმანოდ შევვარდი ახალ მოსხვავევში, მაგრამ ისრაელის გამოსახულება იმწუთასვე დავკარგე. უკან რომ მივბრუნდი, იქ აღარ დამხვდა. პანიკამ მომიცვა! თითქოს ლაბირინთს მიღმა ვერ შევხვდებოდი; თითქოს მისი ნახვის უკანასკნელი შანსი მომეცა და ხელიდან დამისხლტა! ან - ახლა, ან - არასდროს! მუხლებში ჯანის მოზღვავება ვიგრძენი! უნდა მეპოვნა! უნდა მეპოვნა, თორემ გული გამისკდებოდა, უმისობით გავიგუდებოდი, ცოცხალი ვერ გავაღწევდი აქედან! ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე ძალიან თუ მენატრებოდა გასული ოთხი თვის განმავლობაში. სხეული მიცახცახებდა, მივრბოდი, სარკეებს ვაწყდებოდი, ჭკუიდან ვიშლებოდი ნელ-ნელა.
- თუ ბედია, მიპოვის... თუ ბედია, მიპოვის... - ვიმეორებდი და ყველა მხარეს ვიყურებოდი. მხოლოდ თებეა იმზირებოდა სარკეებიდან. - თუ ბედია... - წინადადება გამიწყდა.
უეცრად მისი ხელები ვიგრძენი სხეულის ირგვლივ, ძალიან სწრაფად მომეხვია უკნიდან და ჰაერში ამიტაცა, ამ სივიწროვეშიც კი! არ ვიცი საიდან გამოჩნდა, როგორ მომაგნო ან როგორ მოაღწია ჩემამდე - ჩემსავით სასოწარკვეთილმა ირბინა თუ მისთვის ჩვეული სიმშვიდით ეძებდა ჩვენი გადაკვეთის დერეფანს; არც ის ვიცი, დაგვინახეს თუ არა ინნამ და ლიკამ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი და მზად ვიყავი სიხარულისგან გულამოსკვნით მეტირა.
- გთხოვ, გთხოვ, გთხოვ... - უხმოდ ვამბობდი.
არ ვიცი, ვის რას ვთხოვდი: ისრაელს? რომ ხელი არ გაეშვა? საკუთარ თავს, რომ არ მექვითინა? ინნას, რომ არ გამოჩენილყო და ბედნიერების კაფსულაში დავეტოვებინეთ? ბებეს? რომ მზერა აერიდებინა თუ დაგვინახავდა? იქნებ დროს, რომ გაჩერებულიყო, სანამ მე ამ კაცთან სიახლოვით ვტკბებოდი?
- გთხოვ... გთხოვ... გთხოვ... - უკვე ყურთასმენის ფსკერზეც ჩამოსმოდა, ვეღარ ვხდებოდი, მე ვამბობდი თუ ისრაელი. შესაძლოა, ოროვე ერთად.
ისრაელმა ძირს დამაბრუნა თუ არა, მისკენ მივბრუნდი. ფეხისწვერებზე ავიწიე, ტალღოვან თმაში შევუცურე ხელი და თითებით გავეთამაშე. გაეცინა და სიცილითვე ვუპასუხე.
„როგორ გგონია, ისრაელ, იქნებოდა ჩვენი ყოველი შეხვედრა ასეთი - მძაფრად ემოციური, გადარეულად და დაუოკებლად სასურველი და შეუქცევადი როგორც სტიქია, თუ ყოველდღე ვნახავდით ერთმანეთს? ალბათ, არა... ალბათ, მხოლოდ მონატრებას შეუძლია ასე გააცხოველოს ნახვის სურვილი და ყოველ ჯერზე დაკარგვას - პოვნის აუცილებლობა, ამიტომ დროულად უნა დაგტოვო ხოლმე და ისე დაგემშვიდობო, თითქოს ვეღარასდროს გნახავ.“ - გავიფიქრე და მისი ტალღებიდან თითები გამოვაცურე, მაგრამ სანამ ბოლომდე მოვაშორებდი, ხელებში ჩამავლო და სახე ჩემს ხელისგულებში ჩარგო.
- რანაირი ხარ... ყოველთვის არსაიდან ჩნდები და არსაითვე მიდიხარ. - ძალიან ხმადაბლა თქვა ისრაელმა, რომ სიტყვები მხოლოდ ჩვენ შორის დარჩენილიყო.
- რანაირი ხარ... - თმაზე ვაკოცე: - მიდიხარ და ბრუნდები. ბრუნდები და მიდიდხარ.
- მივდივარ და მაბრუნებს. მაბრუნებს და მივდივარ.
მივხვდი, რომ სარკეებში გავიჭედეთ. წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ უნდა დავმშვიდობებოდით ერთმანეთს, ვინ საით უნდა წასულიყო, მეორესთვის როგორ უნდა აევლო გვერდი. რომ დავრჩენილიყავით, რამდენ ხანში დაგვიწყებდნენ ძებნას და რამდენად მალე გვიპოვნიდნენ?
- დრო ცოტა გვაქვს. მითხარი, რას შვები ხოლმე? - თავი წამოწია ისრაელმა.
- სათქმელიც ბევრი არაფერია... - გაპარსულ სახეზე გადავუსვი თითები. კანის ნაცვლად თბილი ბარხატი დამხვდა თითქოს. სიამოვნებისგან დამბურძგლა. - დღე დღეს მისდევს, კვირა კი კვირას. ხშირად ვგრძნობ ხოლმე, რომ ცოცხალი ვარ და ამ შეგრძნებით ბედნიერი ვარ.
- უბედურად რომ გეგრძნო თავი, მომაკითხავდი, თებეა?
- არა, ისრაელ. ჩემი უბედურება შენი თავსატეხი არ არის.
- რას აკეთებ ხოლმე? ყველაფერი მომიყევი.
- ვცდილობ მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მაქვს და იმისთვისაც, რაც დავკარგე... სიყვარულს გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც მეძვირფასება და მათთან დაკავშირებულ ლამაზ მომენტებს საგულდაგულოდ ვიმახსოვრებ; დედას ვაკითხავ „გალერეაში,“ მამაზე, ძმაზე და სტელაზე ვზრუნავ...
- სტელა შენი კატაა, ხო?
- გახლავს. დიეტაზე დავსვი და ქრონიკულად უკმაყოფილოა. მეგობრებს ვხვდები, ბოლომდე ვიხარჯები სამსახურში, საინტერესო პროექტებში ვმონაწილეობ... ხანდახან წარსულშიც ვიხედები, ან იარებს ვამოწმებ, ხომ არ დააფჩინეს პირი; რომელიმე ხელახლა სამკურნალო ხომ არ არის.
- ჩემზე ფიქრობ ხოლმე?
- თითქმის არასდროს.
- მეც ხომ წარსული ვარ?
- სიზმარი უფრო, ისრაელ. მასავით მოკლე...
- მაგრამ მშვენიერი? - გამიღიმა.
- მშვენივრობამდე ბევრი გიკლია, - თვალი ჩავუკარი.
- კიდევ? - კისერში შემიცურა ვანილისფერი თითბი და სათუთად მომეფერა კეფის ქვეშ, ღინღლებზე.
- მომავალს ვგეგმავ, სურვილების ნუსხას ვადგენ.
- რომელია პირველი სურვილი მაგ ნუსხაში?
- ჯადოსნური ახალი წელი მინდა.
- ბავშვი ხარ. - გაეღიმა. - თოვლის ბაბუას ელოდები?
- არ უნდა მეთქვა.
- კარგი, ნუ ბრაზობ. ხო იცი, როგორ მიყვარს...
- ჩემი წვალება? - არ დავამთავრებინე.
თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
- მეორე?
- Ed Patrik-ის კონცერტს უნდა დავესწრო.
- უჩემოდ?
- უშენოდ.
- უსამართლოდ და ცოტა სევდიანად არ გეჩვენება?
- ჩვენი ამბავიც ხომ სევდიანია?
- ჩვენ ამბავი გვაქვს, საერთოდ? - გულზე მომხვდა მისი სიტყვები, შესაფხიზლებლად დამარტყა თითქოს.
- ალბათ, არც გვაქვს და სხვის ამბავში ვარ შეჭრილი, უადგილოდ. - მხრები ავიჩეჩე, წამოვდექი და შარვალი დავიფერთხე.
- უკვე მიდიხარ?
- მე დაქალი მელოდება, შენ - შეყვარებული.
ისრაელიც წამოდგა.
- მესამე სურვილს არ მეტყვი?
- და რა აზრი აქვს?
- მეცოდინება, რაზე ოცნებობს ქალი, რომელიც... - სიტყვა გაუწყდა.
- რომელიც? - გამომცდელად გავუმეორე.
- მინდოდა შემყვარებოდა... განსაკუთრებული ქალი.
ზურგი ვაქციე და გასასვლელს დავუწყე ძებნა.
- რატომ არ მკითხე, მე როგორ ვარ, ანდა, რას ვშვები?
- იმიტომ რომ ისედაც ვიცი. - სხვა დერეფანში შევძვერი.
- მაინც რა იცი? - დამედევნა ისრაელი, რომელსაც ჰგონია, რომ არასდროს დამდევნებია.
- ძველებურად...
- ანუ? - მომაბრუნა, სარკეზე ამაკრო და აქეთ-იქით ხელები დამახვედრა.
- მარტივად: ათასობით „სელფს“ იღებ, წვეულებებზე დადიხარ, ბევრს იცინი, მღერი, მანქანით დაკატაობ, შაბათობით თბილისიდან გადიხარ, თითქმის ყოველდღე ვარჯიშობ, ძილის წინ სერიალს ან ფილმს უყურებ, შენს დებს ესაუბრები, ზოგჯერ - დედასაც. თუ ვცდები?
- არ ცდები. - გაეცინა.
- ხშირად, უფრო ძილის წინ, „იმ ქალს“ იხსენებ და შენს უზომოდ სევდიან, მაგრა მაინც ძალიან რომანტიკულ Play List-ს უსმენ.
- მარალია.
- და თუ მაინც ყველაფერი ვიცი, რაღატო გკითხო?
- იმიტომ რომ ეს ყველაფერი სტატისტიკური ფაქტებია და არა ჩემი შეგრძნებები ან ემოციები.
- მაშინ მითხარი, ინნა რომ გიწევს გვერდით მაშინაც „იმ ქალზე“ ფიქრობ?
- „იმ ქალს“ რუთი ჰქვია.
- და რას ნიშნავს ებრაულად სახელი „რუთი?“
- მეგობარს.
- საუკეთესო მეგობრები იყავით, არა?
- ნამდვილად, მაგრამ მე მიყვარდა კიდეც ჩემი რუთი.
- იცოდა?
- არ იცოდა.
- არასდროს გითქვამს?
- ვუთხარი, მაგრამ გვიანი იყო.
- რა გიპასუხა?
- გული ეტკინა, რომ ჩემმა გრძნობებმა საუკეთესო მეგობარი დააკარგვინა.



№1 სტუმარი Life is beautiful

არა რა, ყველა ასპექტში, ავცდით ერთმანეთს.... ასეთ განვითარებას არ ველოდი, რამე უფრო " ბანალური " მეგონა(ამისთვის ბოდიში). არადა ისე მომწონს, არაორდინალური განვითარება რომ ძაბლისფერი თმა გამიღიავდა სიხარულით. ძალიან მომწონს რომ ემოციებს რაღაცნაირად, შენებურად აღიქვავ და ასევს უცნაურად, გადმოსცემ თუმცა არაფერია ზედმეტი.. და აი, როგორც ყოველთვის, ჩემთვის, მტკივნეულ ადგილზე მომხვდა ფეხი. როცა მართლა მეგობრობთ გასაოცრად, განსხვავებულად და შენ გიყვარს… მასაც უყვარხარ თუმცა, ისე არა როგორც შენ.. ასეთ დროს, საერთოდ ძალიან დიდი ძალისხმევა და გამბედაობაა საჭირო რომ უთხრა შენი გრძნობები, რომლის გამხელით ან ყველაფერი გექნება ან რაც გაქვს იმასაც დაკარგავ და ასე დაემართა ზუსტად ისრაელსაც... როგორ მეტკინა გული იცი...? ყვალაფერი ნორმანულად მიდიოდა სანამ, ამ ბოლო ამბით დაასრულებდი.. გაღიმებული ვკითხულობდი თორიც მომეწონა რაღაც მხრივ, რომ ცდილობს ყურადღების მიქცევას, მერე კი ისრაელის გამოჩენამ ამაღელვა, გამახარა და ბოლოს ამატირა როგორც ვთქვი.. "მტკივნეულ ადილზე"მომხვდა ფეხი:-)
წარმატებები! ტკბილო შაქარყინულო და ველოდები შემდეგს♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი ნანა73

აი, ახლა უნდა გითხრა, ძალიან ემოიური თავი იყო.
არ ყვიროდა ეს ემოციები... შეფარვით, ნელ-ნელა მოდიოდა და მთლიანად მოედო გულს.
აღარ ვიცი რა ვიფიქრო...
თებეას შეუძლია ისრაელის გარეშე ცხოვრება, მაგრამ როგორც კი ჩნდება, სრულად მოიცავს მის არსებას და რა არის ეს თუ არა სიყვარული?
იგივეს ვგრძნობ ისრაელისგანაც...
და თუ ასეა, მაშინ რა ხდება?
ეს პერსონაჟები დროს ცდიან თუ საკუთარ თავს?
მათი შეხვედრა რატომ არის ყოველთვის ასეთი ორაზროვანი?...
პასუხები ძალიან დამაინტრიგებელია.

თორნიკეს, როგორც ვხვდები დიდი მნიშვნელობა ვერ ექნება.
სახალისო ოყო ბებესთან.
ძალიან კარგად წერ!
აღარ დაიგვიანო რაა, მივეჩვიე ყოველ დღე სიახლეს kissing_closed_eyes
იმედია უკეთ ხარ.

❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ფურცლებში დაკარგულო, გილოცავ. არამცთუ გიგრძვნია შემოქმედებითი წვა, არამედ წაგკიდებია კიდეც მისი ალი ...ახლა იწყება ყველაზე საშიში პერიოდი შენს მოღვაწეობაში. ეს თავი იყო ემოციების ყველაზე მოქნილი და სხარტი გადმოცემა, ყველაზე თავშეკავებილი და მომთმენი აფეთქება გრძნობებისა და ნაფიქრისა, ამის შემდეგ აღარ და ვეღარც შექმნი ამაზე ნაკლებს. ეეეე, სად იყავი აქამდე, რატომ არ ჩანდი ამდენი თუ შეგეძლო❤️. არც თებეას გრძნობები მიკვირს, არც ისრაელის სიყვარული, მე ის მიკვირს, რომ არ აძლევ საშუალებას ამ ისტორიას გახდეს ბანალური და ჩვეულებრივი. პრინციპში შენი შესაძლებლობებიც ვიხილეთ, ანუ შედეგიც სახეზეა❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Impermeable

აუუ ისეთი თავი იყო, აი რაღაცნაირი, ზემოთაც დაგიწერეს და მეც გავიმეორებ რომ შენი ხელწერაა სიუჟეტის მოულოდნელი განვითარება და არაორდინალურობა. ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ისტორიას და ამ ჩვენს ცოტა ნერვების დამწიწკნავ ისრაელსაც. <3 <3 heart_eyes

 


№5  offline წევრი Smailiki

ვაიმეე სწრაფად დაიდოს ახალი თავი რააა :დდდდ♥️ მალეე მორჩები თუ კიდევ ბევრი თავი დარჩა და დიდი ხანი მომიწევს დასასრულისთვსი ლოდინი???

მაინც რა ჩამოუყალიბებელი ვარ. თან მინდა თავამთავრო და თან ეს რომ ვნახე ბოლო დადებული თავი იყო გული დამწყდა მეტს რომ ვერ წავიკითხავდი. და ჯანდაბა, რქტომ მგონია რომ ისრაელს აქვს გრზნობეი ამ გოგოს მიმააართ? იქ ისე იყო გაწყვეტილი: მეცოდინება რაზე ოცნებობს ქალი რომელიც...
მერე გაწყვიტა დაალაგა აზრები და მხოლოდ შემდეგ უთხრა პასუხი. ასეროოომ... აუუ მალე დადე გთხოოვ. ♥️

 


№6 სტუმარი Ana

Odesme imedia dadeb axal tavs????❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ხათო

რა დიდი დროით გაიწელა ახალი თავის გამოქვეყნება????. კარგი ისტორიაა და ველოდებით გაგრძელებას. წარმატებები.

 


№8 სტუმარი Xato.

Sadaa momdevno tavebi.yoveldghe veli.male dade:-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent