" იქ,სადღაც ბაღში.." (სრულად)
- ნახე,რა ლამაზია,- ზურგსუკან სასიამოვნოდ ჩამესმა წკრიალა ხმა. სწრაფად შევტრიალდი. თავის ხელისგულს ღიმილით დაჩერებოდა. -ვერ ხედავ?- გაბრწყინებული თვალები მომანათა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.-უყურე,მოასწარი,თორემ მალე დნება,-შემომცინა. მაშინღა დავაკვირდი მის ნამიან ხელს,რომელზეც თავს იკლავდნენ თოვლის ფიფქები. გავუღიმე და ის იყო წასვლა დავაპირე,ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი. გახუნებულ მოსაცმელის ჯიბიდან შოკოლადის ნატეხი ამოიღო და გამომიწოდა. -დამდეგს გილოცავ,-ღიმილით მითხრა და გამეცალა. -მეც გილოცავ,-დაბნეულმა ვთქვი და თვალი გავაყოლე. ისე მჩატედ და უდარდელად მიდიოდა,კარგა ხანს ვერ მოვწყვიტე თვალი. გზადაგზა აჩერებდა გამვლელებს და ყველას შოკოლადის ნატეხებით უმასპინძლდებოდა. -რაც მათხოვრობით იშოვნა, სულ დღეს დაარიგა! ხმის მიმართულებით გავიხედე. პურის საცხობის კართან ტანმსხვილი ქალბატონი იდგა. -იცნობთ?-მისკენ წავედი. -მაგას ვინ არ იცნობს,გიჟი ციცინოა,-თქვა და გაიცინა. -არავინ ჰყავს?- ქალის გამხიარულების მიზეზს ვერ მივხვდი,კუშტად შევხედე. -ვინმე,რომ ჰყავდეს, ბაღში კი არ იცხოვრებდა,სკამზე,-უკმაყოფილოდ მითხრა და კარი ბრაზიანად მომიჯახუნა. თვალებით ისევ ციცინოს დავუწყე ძებნა. დავინახე,მაღაზიიდან გამოდიოდა. პირღიმილიანმა შემოხსნა შოკოლადს ვერცხლისფერი ქაღალდი და იქვე მდგომ პატარა ბიჭუნას გაუწოდა ერთი ნატეხი. მისვლა დავაპირე,აწკრიალებულმა ტელეფონმა შემაყოვნა. -სად ხარ აქამდე,გარეთ უნდა შეხვდე ახალ წელს? საათს დავხედე.დრო გამპარვოდა. ციცინოც აღარსად ჩანდა. *** სავსე სუფრას "ცარიელი" თვალებით ვუყურებდი. შემატყო. -სხვა გყავს?! არაფერი მითქვამს. უხმოდ გავედი სახლიდან. ბარდნიდა. ხელისგული ფიფქებს შევუშვირე. სანამ ჩემს ხელზეც მოასწრებდნენ ტავის მოკვლას, მათი დანახვა მოვასწარი. ციცინოსავით ლამაზები იყვნენ. -ახალ წელს გილოცავ,ძმაო! ვიღაც ჩემსავით გაქცეოდა სავსე სუფრას. მივდიოდი და თოვლზე ჭრაჭუნით ვტოვებდი ნაფეხურებს. ბაღის შუაგულში მკლავებგაშლილი იდგა. მომღიმარი სახე ცისთვის მიეშვირა. დედოფალს ჰგავდა. მის თმაზე დაფენილ ფიფქებს, ვერ მოესწროთ თ.ავის მოკვლა. -ნახე რა ლამაზია?! დამინახა. -შენსავით,-ჩუმად ვუთხარი. მორცხვად შემომხედა. -რატომ ხარ გარეთ? -შენთან მოვედი,მეკვლედ. შოკოლადის ფილა გავუწოდე. -ახალ წელს გილოცავ! მის თვალებში აკიაფებულ ვარსკვლავებივით გაიბრწყინეს ცრემლებმა. -მე გიჟი ვარ,-"ვარსკვლავი" ჩამოუგორდა. -მეც,-მხრები ავიჩეჩე. ჩემსავით სუფრას გაქეულიც მოგვადგა,ღიმილით. პატარა ბიჭუნაც გამოჩნდა დედასთან ერთად. მათ უკან, ბედნიერად მომღიმარი გამვლელები იდგნენ. დედოფლის სახეზე ვარსკვლავთა ცვენამ იმატა. დასასრული (დამდეგს გილოცავთ ჩემო საყვარელო ხალხო <3 ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.